სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

სასექტემბრო აქტივობები დაწყებითი საფეხურისთვის

0

მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის აღძვრა არის გასაღები, რომლითაც  სწავლა-სწავლების  წარმატებული პროცესი იწყება. ეს ზოგჯერ ცნობილი სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებით მიიღწევა, ზოგჯერ ექსპრომტად შექმნილი ან მოდიფიცირებული ხერხებითა და აქტივობებით.

ახალი სასწავლო წლის დაწყება ხშირად მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პირველ შეხვედრას, ანუ გაცნობას უკავშირდება. დაწყებით საფეხურზე ამ აქტივობის განხორციელება სხვადასხვა სახალისო ფორმით შეიძლება. ფორმის მიცემამდე კითხვების შერჩევა  მოგვიწევს, რომლის მიხედვითაც მოსწავლემ უნდა მოამზადოს თვითწარდგენა ან მეწყვილის წარდგენა.

აქტივობა 1. ,,ეს მე ვარ“

ვიყენებთ ტრადიციულ კითხვებს, რომლებსაც ჩვენი მიზნების (საგანთან მიმართებაში) შესაბამისი შინაარსიც შეიძლება შევძინოთ:

  • სახელი, რატომ დაარქვეს ეს სახელი და რა იცის თავისი სახელის შესახებ.
  • რა სურს გვითხრას თავის ოჯახზე?
  • რა უყვარს (მცენარე, ცხოველი, ამინდი, საჭმელი, ფერი…) და რატომ?
  • რა აინტერესებს და რას აკეთებს თავისუფალ დროს?
  • როგორ იქცევა, როცა უხარია, როცა სწყინს? როგორ სურს იქცეოდეს?
  • საინტერესო ამბავი, რომელიც ამ ზაფხულს გადახდა…
  • კიდევ რა სურს იცოდნენ მეგობრებმა მასზე?
  • როგორია მისი ოცნების სკოლა?

მასწავლებელი ამ კითხვებს აკრავს თვალსაჩინოდ და კითხულობს ხმამაღლა. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს  ეს ინფორმაცია ასახონ ნახატზე, რომელზეც საკუთარ თავს კაცუნას სახით წარმოადგენენ და კითხვებზე პასუხებს ასახავენ ნახატების და მცირე ტექსტების სახით.

 

განვმარტავთ, რომ მათ აქვთ რომელიმე კითხვაზე პასუხის გამოტოვების, ან ნაწილობრივი პასუხის უფლება.

სამუშაოს დასრულების შემდეგ ისინი გამოფენენ  ნამუშევრებს და ისაუბრებენ მასზე.

აქტივობა 2. ,, ჩემი გულის რუკა“

სასწავლო წლის დასაწყისში, ჩვეულებრივ, მოსწავლეებს ზაფხულის შთაბეჭდილებებზე ვასაუბრებთ ხოლმე, განცდილისა და ნანახის გასახსენებლად და ზეპირი ან წერითი კომუნიკაციის უნარების გასააქტიურებლად. პარალელურად ვცდილობთ, ნაამბობიდან სადისკუსიოდ ,,წამოვიღოთ“ თემები, რომელიც მათ ღირებულებებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში დაეხმარება. ამ აქტივობისთვის ცოტა განსხვავებულ ფორმას შევთავაზებთ:

ვთხოვთ თაბახის ფურცელზე ან რვეულში შემოხაზონ გულის დიდი კონტური, რომელიც რუკად უნდა წარმოიდგინონ ზაფხულის შთაბეჭდილებების მიხედვით და ,,გულში“ გამოყონ პატარ-პატარა სახელმწიფოები, რომელსაც შეუძლიათ დაარქვან სახელები, ან შეურჩიონ ნახატი სიმბოლოები. განწყობების მიხედვით  ამ ,,სახელწიფოებს“ მისცენ  შესაბამისი ფერი, გააკეთონ წარწერები.  შემდეგ გვიამბონ ერთ ან ორ ,,სახელმწიფოზე“, როგორ შეიქმნა ის, რა განცდებს უკავშირდებოდა, რატომ ჰქონდა ეს ფერი და ასე შემდეგ.

ეს აქტივობა რამდენიმე  მიმართულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. მსგავსი აქტივობა სასწავლო პროცესთან მიმართებაშიც შეიძლება გამოვიყენოთ, რაც მასწავლებელს საჭირო მინიშნებებს მისცემს სწავლებაში ცვლილებების შეტანის, ან პირიქით – რომელიმე მიდგომის გააქტიურების შესახებ.

 

აქტივობა 3.  ,,რა იყო? როგორ მინდა შევცვალო?“

მოსწავლეებს ვთხოვთ შემოხაზონ თაბახის ფურცელზე თავისი ხელები გაშლილი თითებით (მარჯვენა და მარცხენა);

მარცხენა ხელზე ასახონ, როგორ იქცეოდნენ ისინი წინა სასწავლო წელს ოჯახში, კლასში/გაკვეთილზე, სკოლაში/დასვენებებზე, სამეგობროში და საზოგადოებაში (ეს სათაურები კეთდება თითებზე, მათ გასწვრივ კი – პასუხის ამსახველი ნახატები და წარწერები);  მარჯვენა ხელის  თითებზე, წინას შესაბამისად, დაიტანონ სათაურები, დაფიქრდნენ, შეაფასონ მარცხენა ხელზე დატანილი ინფორმაცია და ნახატით, სიტყვებით მარჯვენა ხელზე ასახონ, რის შეცვლა სურთ ან გეგმავენ თავიანთ ქცევაში.

ნამუშევრის წარმოდგენისას სასურველია ისაუბრონ იმაზეც, რა იქნება საჭირო ამ ცვლილებებისთვის. ნამუშევრები შეიძლება მოათავსონ თავიანთ პორტფოლიოში. მასწავლებელმა  შეიძლება წელიწადში ორ-სამჯერ გამოყოს დრო შუალედური თვითშეფასებისთვის გეგმების და მათი მიმდინარეობის, ან ხელშემშლელი მიზეზების შესახებ სასაუბროდ.

აქტივობა 4. ,,მეგობრობის „სახელოსნო“

ამ აქტივობის შესასრულებლადაც ხელების კონტურები გამოგვადგება. მოსწავლეები  მარცხენა ხელისგულზე დაწერენ „ჩემი მეგობარი მინდა იყოს“ და თითებში ჩაწერენ იმ 5 მთავარ თვისებას, რომელიც, მათი აზრით, უნდა ჰქონდეს  კარგ მეგობარს.

წარმოდგენისას  ისაუბრებენ, რატომ ფიქრობენ, რომ ეს თვისებები აუცილებელია მეგობრისთვის.

მარჯვენა კონტურის შუაში კი წერენ „მე ვარ/ვიქნები ასეთი მეგობარი“: და თითებში წერენ საკუთარ თვისებებს;

წარმოდგენისას კი ასახელებენ ამ თვისების დამადასტურებელ თითო მაგალითს, ან მსჯელობენ, რას გააკეთებენ ამ თვისების დასადასტურებლად.

ეს სავარჯიშო შეიძლება მესამე კლასში „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე თემაზე „სკოლა, მეგობრები, თანატოლების“ მუშაობის დროს სამიზნე ცნება „საზოგადოების“  გასააზრებლადაც გამოვიყენოთ. ის გამოადგებათ კლასის დამრიგებლებს საკლასო წესების შესამუშავებლად, კლასში კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე  მუშაობისას.

ამ დავალებების წარმოდგენის დროს მასწავლებელი დაფაზე ინიშნავს ჩამოთვლილთაგან კარგი მეგობრის იმ თვისებებს, რომლებიც უფრო ხშირად მეორდება. თითოეულს ანიჭებს ნომერს და  ჯგუფებში უნაწილებს ამ თვისებებს. შემდეგ ჯგუფებს სთხოვს  დასახელებულ თვისებებთან დაკავშირებით პასუხი გასცენ  შემდეგ კითხვებს:

  • რატომ არის ეს თვისება მნიშვნელოვანი მეგობრობისთვის?
  • რა რჩევას მისცემდით თანაკლასელს, რომელსაც ეს თვისება არ აქვს?
  • ვპატიობთ თუ არა მეგობარს შეცდომას?
  • საჭიროა თუ არა მეგობრისთვის ბოდიშის მოხდა, თუ შეგვეშალა?

დასასრულ, ჯგუფები წარმოადგენენ პასუხებს და ხდება აქტივობის შეჯამება.

ამ აქტივობებისთვის ხელმისაწვდომი რესურსები: ქაღალდი და ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები. ისინი ხელს შეუწყობს ისეთი გამჭოლი უნარების განვითარებასაც, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება და კრეატიულობა.

 

გაცნობა და მისალმება სწავლის დაწყების პირველ დღეს

0

ახლოვდება სწავლის დასაწყისი და ყველას ერთი საფიქრალი გვაქვს: როგორ შევხვდეთ მოსწავლეებს ისე, რომ რეგულაციებიც შესრულდეს და 6 თვის უნახავებსა და მონატრებულებს თბილად დავხვდეთ. კიდევ უფრო რთულია პირველი შეხვედრის ისე ორგანიზება, რომ სითბოს გამოხატვა შევძლოთ.

        პირველკლასელებისთვის შეიძლება ასეთი დახვედრა მოვაწყოთ:

      დაფაზე გავაკრათ თაბახის ფურცლები, ამ თაბახებზე შებრუნებულ მდგომარეობაში მოვათავსოთ მოსწავლის სურათი და თაბახის იმ ნაწილზე, რომელიც ქვემოთ დარჩება, დავწეროთ ამ ბავშვის სახელი. ისინი ფოტოს ვერ ხედავენ, ხედავენ მხოლოდ სახელს.

         ამ ფოტოებს მთელი დაფა დაიკავებს. ის ბავშვებისთვის საინტერესო იქნება, რადგან უმეტესობამ საკუთარი სახელის ცნობა იცის და შეიძლება თავადაც იპოვოს იგი დაფაზე.

           ცენტრში ვათავსებთ საქართველოს რუკის, სკოლისა და მასწავლებლის ფოტოებს, ასევე დაფარულ მდგომარეობაში.

           როგორც კი შეშინებული პირველკლასელები ჩვენთან პირისპირ აღმოჩნდებიან, ვესალმებით, ვეცნობით, სიტყვიერად ვეფერებით და დაფაზე ფოტოების გახსნას ვიწყებთ. ჯერ ვხსნით საქართველოს რუკის ფოტოს და ვეუბნებით, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, შემდეგ – სკოლის ფოტოს, ჩვენს ფოტოს და რამდენიმე სიტყვით ჩვენს თავს საინტერესოდ ვუხასიათებთ. ბოლოს ვიწყებთ მათი ფოტოების გახსნას, თუმცა ჯერ ხმამაღლა გამოვთქვამთ მათ სახელს. ამ სახელის მქონე ყველა მოსწავლე ადგილიდან გვეცნობა, ვხსნით ყველა ფოტოს ეტაპობრივად და ბოლოს დაფაზე დავინახავთ მთელ კლასს.

        პროცესის წარმართვა ჩვენზეა დამოკიდებული. ფოტოები მშობლების ნებართვით პირადი საქმეებიდან შეიძლება ავიღოთ. მართალია, მათ არ ვიცნობთ, მაგრამ მონაცემები უკვე გვაქვს.

              ექვსი თვე ცოტა არ არის და ამიტომ ყველას გვიჭირს, მონატრებული მოსწავლის დისტანცირებული მოახლოება, როგორ ვუთხრათ მათ უარი სითბოსა და შეხებაზე.

              ბევრი ფიქრის შემდეგ გამახსენდა ფოტო, რომელიც ოდესღაც გადავიღე. აი ისიც:

     ეს ფოტო გადავიღე, რაიონში ევროკავშირის დღეების მიმდინარეობის დროს, დამსწრე საზოგადოებისათვის ჩამორიგებულ წიგნში ,,მოგზაურობა ევროკავშირში“.  აქ ბევრი ღიმილი და ბევრი მისალმებაა.

     დაფაზე შეტრიალებულ მდგომარეობაში მოვათავსოთ თაბახზე ამობეჭდილი ასეთი ღიმილები, შესაბამისი ქვეყანა და სალამი. დავნომროთ, სიის მიხედვით ამოვაბრუნოთ. მოსწავლეებმა წაიკითხონ, რომელი ქვეყანა შეხვდათ და მოგვესალმონ მათ ენაზე. კითხულობს ყველა ბავშვი და ფურცლები ამობრუნდება. პროცესის დროს, ამ კონკრეტულ მოსწავლეს შეიძლება ვესაუბროთ ზაფხულზე, მონატრებაზე, გეგმებზე და ასე შემდეგ.

        ამ მისალმების ვერსია სადამრიგებლო კლასისთვის ცოტა განსხვავებულია. დამრიგებელი კარგად იცნობს მოსწავლეთა ჰობს, ინტერესებს, მიღწევებს, შესაძლებლობებს. შესაბამისად, მოვძებნე ღიმილები, მათი ხასიათის გათვალისწინებით. ვიპოვე: მოჭადრაკე, მედალოსანი, მომღერალი, სპორტსმენი, მეთევზე, მოგზაურობის მოყვარული, მხატვარი, დიზაინერი და სხვა ღიმილები. მისალმებაც და აღიარებაც აუცილებლად სასიამოვნო იქნება. ოთახი აივსება ბევრი ღიმილითა და სითბოთი.

 

      ასეთი დახვედრა შეესაბამება როგორც კონტაქტურ, ასევე უკონტაქტო სიტუაციას. მომზადება არ მოითხოვს დიდ დროს, ამ ფურცლებს მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ, ის ექვემდებარება მოდიფიკაციას.

ჩემში სოფელი

0

ახლა ცოტა ჩემ სოფელზეც უნდა ვთქვა, გიამბოთ. მე მამისეული სოფელი არა მაქვს, არ გამაჩნია. კი, ბატონო, გვარი აფხაზეთიდან მოდის, მეტიც, წარჩინებული წინაპრებისა და მთავრების მთელი დასიც კი მენათესავება, თუმცა, ახლა სხვა რამ მინდა გითხრათ. მე ახლა სულ სხვა რამ მაღელვებს და მაფორიაქებს. კერძოდ, ის, რომ ჩემ ფესვად, ნიადაგად და ამოსავალ წერტილად სწორედ აქაურობას ვთვლი, აღვიქვამ და არა იმ ისტორიულ სამშობლოს, სადაც, სამწუხაროდ, ფეხიც კი არ დამიდგამს. ჩემი სოფელიც ესაა… ისე, აბა, სხვანაირად როგორ შეიძება იყოს, როდესაც მთელი ბავშვობა და სიყმაწვილე სწორედ აქ, რაჭაში მაქვს გატარებული და არა იმ ჩემ, ჩვენ აღქმულ მიწაზე?!

 

საერთოდ სხვა თემაა ის უბანი და ადგილი, სადაც ჩვენი სახლი დგას. რაჭა პატარა არ გეგონოთ, ტერიტორიის მიხედვით, არც ისე მცირეა, თუმცა დაუსახლებელი გახლავთ. ადრე როგორი იყო არ ვიცი, ახლა კი ისეთი მიტოვებულია, რომ სრულიად… სოფლებში უბნები საგვარეულოებად იყოფა, მათ შორის მანძილი კილომეტრებად და ურთიერთობები კი ,,შვიდთაობად”, ნათესაობად. ჰოდა, ჩვენი უბანი, რომელიც იმ გვარის სახელს ატარებს, რომელი გვარიც იქ სახლობდა და ახლა კი ცოტა პირიქითაა საქმე, რადგან, ჩვენ, ბებიებით რაჭველებმა ბაბუებით რაჭველებს გადავაჭარბეთ, გრძელიძეებისაა. დიახ, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  ხშირად ისეც ხდება, ჩვენ, თუნდაც შერვაშიძეები იქ, ,,ნაბჟოვარზე” უმრავლესობაშიც კი ვართ ხოლმე…

 

ახლა ეს ,,ნაბჟოვარი” რაღაა?! ერთი ჩვეულებრივი სწორი ადგილია, მოედანი, სანახშო, სადაც ადრე ბჟოლა იდგა და ხალხიც მის ჩრდილში იკრიბებოდა მეტად საჭირბოროტო და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების განსახილველად. ახლა იქ კაკალი დგას. ეს კაკალი საუკუნისაა. შეიძლება, მეტისაც. ალბათ ხუთი კაცი არ ეყოფა და ვერ გასწვდება, ერთმანეთს ხელი რომ ჩასჭიდოს და წელზე მოეხვიოს. ბჟოლა აღარავის ახსოვს, თუმცა ადგილის დედა მაინც ისაა. ახლა იქ ერთი ფაცხაც დგას. ძველ კოჭებზე შემდგარი ფაცხა, რომელიც შინაარსით სწორედაც რომ სოფლის გულია. დღისით ის ყმაწვილების თავშესაქცევი ალაგია, მათი მოედანია, აი, საღამოს კი, როცა შებინდდება და ყველა ოჯახიდან თეფშმომარჯვებული მამაკაცი გამოვა, ეს ,,ნაბჟოვარი” სულ სხვა ადგილი ხდება. თეფშზე კი რა აღარ დევს, აწყვია. შეკეცილი გინდა, თუ განატეხი, ლობიო ასე თუ ლიბიო ისე, ყველუკა თუ პურუკა… მოკლედ, რაჭა არაა მდიდარი მხარე. არც ჩვენ გადაგვდის თავზე, თუმცა მთავარი სწორედ ურთიერთობაა და არა სამსართულიანი სუფრა. სწორედ ის ურთოერთობა, რომელიც დიდსა თუ პატარას თავისი ერთი თავი კერძით ,,ნაბჟოვარზე” მიარბენინებს. მიარბენინებს, რათა მერე ერთი სიტყვა თავისი თქვას და ათიც სხვისი მოისმინოს.

 

ვის აღარ შეხვდები ამ ფაცხაში და რას აღარ მოისმენ. ერთი კი არის, რომ იქ დიდად არავის აინტერესებს, უბნის, ფაცხის გარეთ ვინ ხარ, რას შვრები, რას წარმოადგენ. მათთვის მთავარია აქ და ახლა. არავინ ჩაგაცივდება მიდი, აბა, მოხსენი გუდას თავი და მოყევი, როგორი კოხტა ხარ და რამდენ ფულს შოულობო. იქ უბრალოდ დაგაკვირდებიან, შემოგხედავენ, დაგინახავენ და ზუსტად მიხვდებიან, ვინც ბრძანდები. მათთვის ეგეც საკმარისია… და თუ მაინც სურვილი გაგიჩნდება, რომ მოყვე, მიდი და მოყევი შენი ათასი და კიდევ ერთი ამბავი. ისინიც დინჯად მოგისმენენ, არ გაგაწყვეტინებენ, მერე თავსაც დაგიკრავენ და, საბოლოოდ, კი არც არაფერს შეცვლიან. შენ ისევ ის იქნები, ვინც ყოველთვის იყავი, ხარ. ჰო და აქაურობის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, აი, იმ ფაცხაში რომ დაჯდები, უფლის სადიდებელს იტყვი და მწარეზე მწარე არაყს გადაკრავ, უცებ მიხვდები, ეს იმის გაგრძელებაა, რაც შარშან იყო. თითქოს, წელიც არ გასულიყოს და ეს ყველაფერი გუშინ ყოფილიყოს. თითქოს, გუშინ ვუსხედით ასევე, ამავე სუფრას, ვკამათობდით რაღაც სრულიად არასაკამათო საკითხზე და ისე მოურიდებლად ვიცინოდით, რომ ჩვენი ჟრიამული მრავალძალსაც კი სწვდებოდა.

 

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი ჩემია და მე კი მისი… ვერც მე ვუცხოვდები მისგან და არც ის გამირბის. ვართ ასე სიამტკბილობაში და ერთგვარ კომუნასაც კი ვქმნით, წარმოვადგენთ. კომუნას, რომელსაც მრავალი საერთო გრძელი საღამო და დაუსრულებელი საუბარი აქვს. საუბარი წარსულზე, აწყმყოსა და მომავალზე. ჰო, და კიდევ იმათზე ვინც იყო, არის და იქნება… ამინდზე იშვიათად ვსაუბრობთ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზეც. თუმცა, თუ გაწვიმდა მტრისას. მოაღებს პირს და მთელი კვირაც კი წვიმს ხოლმე. მოადიდებს რიონსა თუ სხვა, მეტად მცირე მდინარეებს და მიაქვს რაც გზად შეხვდება, ხიდი თუ სახლი… ამინდზე მაინც არ ვსაუბრობთ. იქ გასატარებელი ორი კვირა იმდენად ცოტა და ძვირფასია, რომ ამად არ ღირს. არ ღირს ტალახზე სასაუბროდ… ტალახი კიდევ ისეთი იცის, იცოცხლე… იქაურობა სულ თიხნარია და ერთი თუ აიზილა, ისეთი ხდება, იქიდან ადამსაც გამოძერწავ, ევადაც და კიდევ ბევრ სხვასაც. მოკლედ, ესაა ჩემი სოფელი. ჩემში არსებული სოფელი… და მიხარია, რომ ეს ასეა, რადგან ძნელია უსოფლოდ, უფესვოდ და უნიადაგოდ…

 

როგორ შევქმნათ ქცევის წესები პირველკლასელთათვის

0

ცოტაც და დაიწყება სასწავლო წელი, რომლისთვისაც საგანგებოდ ემზადება მოსწავლე, მშობელი თუ მასწავლებელი. ამ პროცესს ყველაზე მეტი მღელვარება და ფორიაქი კი პირველკლასელთათვის მოაქვს. მათი წარმოდგენები სკოლასთან დაკავშირებით ხშირად ისეთი არ აღმოჩნდება ხოლმე, როგორიც ჰგონიათ. მათ ხომ არასდროს უნახავთ, რა ხდება გაკვეთილზე; ვერ აცნობიერებენ, რა ევალებათ, ჯერ კიდევ ვერ ითავისებენ საკუთარ პასუხისმგებლობებს. ისინი ვერც კი ხვდებიან, რა რთული იქნება, სრული 35 წუთი  დაუთმონ ისეთ გაკვეთილებს, რომელიც მათთვის  ზოგჯერ არც თუ ისე საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამის გაკეთება დღეში 4-5-ჯერ მოუწევთ, ეს უფრო მეტ სირთულეს აჩენს.

ზოგჯერ ბავშვებზე მეტად მშობლები ღელავენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველი დღის ბოლოს, ბავშვის წასაყვანად სკოლის კართან მდგომნი მოუთმენლად ელოდებიან, როდის დაასრულებს მასწავლებელი დღის მიმოხილვას, რომ მაშინვე კითხვები მიაგებონ: „რა ქნა დღეს ჩემმა შვილმა?  როგორ იქცეოდა? ხომ არ შეგაწუხათ? იაქტიურა? კლასელებთან უთანხმოება ხომ არ მოსვლია?“ და ა.შ.

დაბოლოს, გამოგიტყდებით, რომ ამ ორზე მეტად ემოციისგან მასწავლებელი ფუთფუთებს. ვისაც პირველი კლასი ჰყოლია, დამეთანხმება, რომ მიუხედავად გამოცდილებისა, დამრიგებელი ყოველთვის ისე ღელავს და განიცდის ამ დღეს, როგორც სულ პირველად ჩატარებულ გაკვეთილს. რატომ? ამის მიზეზი ბევრია, თუმცა იმის გაცნობიერება, რომ ამ პატარებს  სკოლისა და სწავლების ავან-ჩავანის არაფერი გაეგებათ, ცოტა არ იყოს გაბნევს, გაშინებს, მაგრამ გარკვეულ აზარტსაც ბადებს. იმაზე ფიქრიც კი, რომ შენ ხარ ის ერთადერთი, ვინც ამაზე უნდა იზრუნოს, უკვე უდიდესი პასუხისმგებლობაა. უმნიშვნელოვანესი კი ის არის, რომ მათ ეს ყველაფერი იმდენად უმტკივნეულოდ, თამაშ-თამაშითა და პოზიტიური გარემოს შექმნით უნდა გადაალახვინო, რომ ვერც კი მიხვდნენ, რაოდენ რთულია მათი ძვირფასი თავისუფალი დრო შენ დაგითმონ, მოგისმინონ, დაისწავლონ, შეასრულონ და ა.შ.

ამ ყველაფრის უკეთ წარმართვისთვის კი მნიშვნელოვანია გარკვეული წესების შემოღება, რომლებიც მოსწავლეებს სახალისოდ უნდა მივაწოდოთ, გაავააზრებინოთ, შემდეგ კი ჩვევაში ჩამოვუყალიბოთ.

საკლასო ქცევის წესებს მასწავლებლები სწავლის დაწყების დღეს ვქმნით და ვაღიაროთ, რომ ის დიდ დახმარებას გვიწევს კლასის მართვისას. მათი შედგენისას რამდენიმე რეკომენდაციასაც ვითვალისწინებთ. მაგალითად:

  • წესები უნდა მოვარგოთ კლასის საჭიროებებსა და სპეციფიკას;
  • უნდა შევქმნათ მოსწავლეების ინიციატივითა და მათი დახმარებით;
  • არ უნდა აღემატებოდეს 5-6 წესს;
  • უნდა იყოს დადებითი შინაარსის მატარებელი, რაც მოსწავლეს დადებითი ქცევისკენ უბიძგებს;
  • არ უნდა შეიცავდეს აკრძალვას, უარყოფით ფორმებს და ა.შ.

ეს ყველაფერი ბევრად მარტივია, თუ მოსწავლემ წერა-კითხვა იცის, თუმცა პორველკლასელებთან საქმე ცოტა უფრო რთულად გვაქვს. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის წესები, რის მაქნისი არიან ისინი და რა მოჰყვება მათ შეუსრულებლობას. მოსწავლეთა ინიციატივასა და დახმარებაზე კი, რა თქმა უნდა, ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ მათთვის შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის სასურველი ხატულა, რომელიც გარკვეული შინაარსის მატარებელი იქნება, ამობეჭდოთ და  მოსწავლეთა გაცნობის შემდეგ, მათთან ერთად განიხილოთ თითოეული. დაუსვით კითხვები: რა არის გამოსახული ფურცელზე? რაზე გვესაუბრება იგი? დაგვეხმარება თუ არა სწავლაში?  და ა.შ. ეცადეთ მიიყვანოთ  თქვენთვის სასურველ პასუხამდე. ისაუბრეთ ამ ქცევის გაუთვალისწინებლობის შედეგებზეც.

განხილვის შემდეგ  შეგიძლიათ ეს ფურცლები დაურიგოთ მოსწავლეებს და სთხოვოთ გააფერადონ სურვილისამებრ. ამით მათ უკეთ დამახსოვრებაზეც იზრუნებთ (კეთებით სწავლა) და ნატიფი მოტორიკის განვითარებასაც შეუწყობთ ხელს. როცა დაასრულებენ, აუცილებლად გამოაკარით ისე, რომ მოაქციოთ მათი მხედველობის არეში, რათა ხშირად შეხედონ და შეამჩნიონ. დარღვევის შემთხვევაში შეახსენეთ შეთანხმება და ასევე ის, რომ  ეს მათი გაფერადებულია და პატივი სცენ საკუთარ  შრომასა და დახარჯულ დროს.  კვლავ ისაუბრეთ შედეგებზე, რას გამოიწვევს ამ წესის შეუსრულებლობა (მაგ. საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას, ხმაურს, მასწავლებლისთვის და კლასელისთვის ხელის შეშლას და ა.შ). რას ვიზამთ?! ამ ასაკის მოსწავლეებში ამის გამეორება მოგვიწევს მანამდე, სანამ ეს მათ ჩვევად არ ჩამოუყალიბდებათ.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ქცევის რამდენიმე წესს. საჭიროების შემთხვევაში, თქვენც შეგიძლიათ საჭიროებისამებრ ამოკრიბოთ, შეცვალოთ და მოარგოთ თქვენს ინტერესებს. ამოსაბეჭდი მზა რესურსი კი შეგიძლიათ იხილოთ აქ ამოსაბეჭდი ვერსია.

  1. მივესალმოთ ერთმანეთს!

 

  1. საგაკვეთილო პროცესის დროს დავიცვათ სიჩუმე!

  1. კარგად მოვუსმინოთ მასწავლებლებს და მეგობრებს!

 

  1. თუ რაიმეს თქმა გვსურს, ხელი ავიწიოთ!

  1. გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვის ნივთებს!
  2. გავუნაწილოთ მეგობარს!
  3. მეგობრის დასახმარებლად მუდამ მზად ვიყოთ!

  1. ვიზრუნოთ საკლასო ოთახის სისუფთავეზე!

 

  1. უთანხმოება მშვიდად გავარკვიოთ, ან დასახმარებლად მივმართოთ მასწავლებელს!

 

 

USAID საბაზისო განათლების პროგრამა

0

დამდეგი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება ახალი საგანმანათლებლო პროექტი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მიზანიც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობაა. პროგრამა მოიცავს ოთხ მიმართულებას; ესენია: მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება. USAID საბაზისო განათლების პროგრამა ეფუძნება თანამედროვე პედაგოგიკას და მოქნილი, დინამიკური ფორმა აქვს. საქართველოში აქამდე განხორციელებული მსგავსი პროექტებისგან მას გამოარჩევს ახლებური დიზაინი, რომელიც შეივსო და უფრო მომცველი გახდა: პროგრამის ფარგლებში პირისპირ და ონლაინ ჩატარებული ტრენინგები, ქოუჩინგის სესიები, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები მორგებული იქნება საქართველოს როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან საჯარო სკოლებზე და დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებლისა და დირექტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„პროგრამა მასშტაბური და მრავალწახნაგოვანია“, ამბობს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის მართვის სპეციალისტი მედეა კაკაჩია,  „თუ გაეცნობით პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს, ცხადი გახდება, რომ სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ზოგადად, პროგრამის მიზანი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ესაა ახალი სკოლის მოდელის დანერგვისა და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის მხარდაჭერა მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრატორთა პროფესიული განვითარების ძლიერი ინსტიტუციების ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით“.  პროგრამას პარტნიორობას გაუწევს და მის განხორციელებაში წვლილს შეიტანს საქართველოს რვა უნივერსიტეტი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება

USAID საბაზისო განათლების პროგრამამ საგრანტო ხელშეკრულებები გააფორმა რვა ქართულ უნივერსიტეტთან, რომლებიც მასწავლებელთა მოსამზადებელ და პროფესიული განვითარების პროგრამებს შექმნის და დაამუშავებს. ამ პროცესში ჩართულ ტრენერებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ქართველი თუ უცხოელი განათლების სპეციალისტები ნაირგვარ ექსპერტულ მხარდაჭერას შესთავაზებენ. პარტნიორ უნივერსიტეტებში მომზადდება ტრენერთა გუნდები, რომლებიც ადამიანური რესურსების ძლიერ ბაზად ჩამოყალიბდება. ეს უნივერსიტეტები სკოლებს ტრენინგებსა და ვებინარებს ჩაუტარებენ, ქოუჩინგს გაუწევენ სკოლის დირექტორებსა და ლიდერ მასწავლებლებს, დაეხმარებიან მათ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროცესის ჩამოყალიბებასა და წარმართვაში. „პროგრამაში მონაწილეობა ამაღლებს პარტნიორი ინსტიტუციების ხარისხის სტანდარტს, ასევე, ამ გზით ისინი უფრო  აქტიურად მონაწილეობენ განათლების სისტემის განვითარებაში“, ამბობს USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკი.

 

ეთნიკური უმცირესობების განათლება

პროგრამის პარტნიორია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი, რომელიც აქტიურ მუშაობას გასწევს, რათა ახალი სკოლის მოდელი დაინერგოს საქართველოს იმ სკოლებში, სადაც სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს. კერძოდ, ცენტრი იზრუნებს, რომ სასწავლო ერთეულები და საგანმანათლებლო რესურსები მისაწვდომი იყოს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, ჩაატარებს ტრენინგებს იმ მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ქართული. ასევე, ცენტრი იზრუნებს, რომ აზერბაიჯანული და სომხური სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები დაეუფლონ ეფექტიანი სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც მათ მოსწავლეებს უეჭველად გაუუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას. ცენტრის ტრენერების დახმარებით 1200-ზე მეტი მასწავლებელი ჩაერთვება პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში და ისარგებლებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსით.

 

ინკლუზიური განათლება

პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, რომელიც დაამუშავებს კითხვისა და მათემატიკის აქტივობებს I-VI კლასების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები პროგრამის თანამშრომელი სპეციალისტების დახმარებით დაამუშავებენ ახალი სკოლის მოდელის სასწავლო ერთეულებსა და რესურსებს, მოარგებენ მათ მოსწავლეთა სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს, რის შედეგადაც ყველა მოსწავლეს შეეძლება, უფრო სრულფასოვნად ჩაერთოს გაკვეთილებსა და სხვა სასკოლო აქტივობებში.

 

საგანმანათლებლო პორტალი

პორტალზე თავმოყრილი იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი ყველა საგანმანათლებლო რესურსი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. პორტალი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ონლაინ თუ ოფლაინ ფორმატში, მათ შორის, მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც.

დისტანციური სწავლების კიდევ ერთი გამოწვევა 

0

ვერავინ იფიქრებდა, რომ სასწავლო წლის ნახევარზე მეტი საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ასე უჩვეულოდ, მოულოდნელი სწავლა-სწავლების რეჟიმში შემოგველეოდა. ერთია უკვე ნაცნობ კლასთან, ნაცნობ მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად დაგეგმო და განახორციელო საგაკვეთილო პროცესი; ვირტუალურ რეჟიმში, დისტანციურად ჩაერთო ათასნაირ სოციალურ ქსელში და მოსწავლეებთან ერთად გაუმკლავდე 30-40-წუთიანი სწავლების უჩვეულო მეთოდს; სულ სხვაა – მოიფიქრო და ფრთები შეასხა მოხალისეობრივ საქმიანობას, რომელიც ითვალისწინებს დისტანციურ რეჟიმში, ვირტუალურად ახალი კოლეგებისა და მოსწავლეების გაცნობას, ერთმანეთთან დაკავშირებას, ჯგუფების შექმნას, თათბირების გამართვას, გაკვეთილების დაგეგმვას, თემატური თუ ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინებით გაკვეთილების ჩატარებას… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ათობით აქტივობისა, რომელთა განხორციელებაც მოუწია მარინე ფორჩხიძესა და მის ახლად დაფუძნებულ მსოფლიო მასშტაბის საგანმანათლებლო არმიას.

 

დიახ, ხმამაღალი ნათქვამი არაა – „მსოფლიო მასშტაბის”, რადგან პროექტში მონაწილე მოხალისე მასწავლებლად იქცა არა მხოლოდ ევროპის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეც.

 

  „მოხალისე” ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, უფასოდ დაეხმაროს საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს, მათ შორის განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, სსსმ და შშმ მოსწავლეებს, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებსა და ემიგრანტ ქართველ ბავშვებს სხვადასხვა საგნის ათვისებაში, სკოლის გაკვეთილების შემდგომ დამატებითი მუშაობის პრინციპით.

პროექტი მიზანია, უფასოდ დაეხმაროს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რათა მოამზადოს ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მაშტაბით უფასო სასწავლო კურსების ჩამოყალიბებას სასწავლო წლის განმავლობაშიც და არდადეგებზეც. კურსები ტარდება როგორც ონლაინრეჟიმში, ასევე პირისპირ შეხვედრებით. მოსწავლეები ახერხებენ არა მარტო აკადემიური, არამედ სოციალური უნარების გაუმჯობესებასაც.

 პროექტში ჩართული არიან საქართველოში მომუშავე მოქმედი მასწავლებელები სხვადასხვა რეგიონიდან და მაძიებელი მასწავლებლები, ასევე მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებიდან, რათა მოხდეს უცხო ენების ათვისების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ტარდება უფასო ტრენინგები მასწავლებლებისთვის და ხდება გამოცდილების გაზიარება.

იგეგმება ბევრი საინტერესო ქვეპროექტი მოხალისე მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობით. პროექტი არის მუდმივად გაგრძელებადი.

 

მისი ორგანიზატორია სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა, ხოლო დამფუძნებელი და ხელმძღვანელი კი – ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარინე ფორჩხიძე.

 პროექტ „მოხალისესთვის” სასიამოვნო გამოწვევა გამოდგა 2020 წლის ზაფხული.

 

„საზაფხულო სკოლა 2020” დასრულდა, რომელიც რამდენიმე შემდგარ აქტივობას ითვლის:

  • 16 დასრულებული კურსი მოსწავლეებისთვის (ინგლისური, რუსული, გერმანული, ქართული, როგორც მეორე ენა; გეოგრაფია, ისტორია, დაწყებითი კლასების განათლება, მხატვრული კითხვა);
  • 2 ჩატარებული ტრენინგი და 1 ვებინარი მასწავლებლებისთვის.

 

  • მასში ჩართული იყო 300 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და 1 ემიგრანტი ქართველი მოსწავლე საფრანგეთიდან;
  • 25 უცხოელი პედაგოგი და 42 ქართველი მონაწილე მასწავლებელი.

 

პროექტში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, რუმინეთი, ლატვია, იორდანია, ინდოეთი, სერბეთი, თურქეთი, მაროკო, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, პოლონეთი, სომხეთი. ჯამში 67 მასწავლებელი 13 ქვეყნიდან.

 

 მოხალისე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი საგნის მოქმედი მასწავლებელი, ტრენერი, მაძიებელი მასწავლებელი (მასწავლებლობის უფლების

მქონე), უცხოელი პედაგოგი ან განათლების სფეროში მომუშავე ადამიანი.

პროექტის მოქმედების ფარგლებში მოხალისე მასწავლებლები და მოსწავლეები რეგისტრირდებიან სპეციალურ პორტალზე. მასწავლებლები ჯგუფდებიან სპეციალობისა და სწავლების საგნის მიხედვით, ხოლო მოსწავლეები სწავლების ხანგრძლივობის, ასაკის/კლასის, საგნის მიხედვით.

შემდეგ ეტაპზე ხდება სარეგისტრაციო ფორმების გადარჩევა. კონკრეტული საგნის ხელმძღვანელი მასწავლებელი დისტანციურ შეხვედრებს აწყობს მოხალისე მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. მათთან შეთანხმებით იგეგმება გაკვეთილები, დგება გაკვეთილების ცხრილი. თითოეულ ჯგუფზე პასუხისმგებლობას იღებს 1 ან 2 მასწავლებელი.

 

მიმდინარე საზაფხულო სკოლაში მონაწილე მასწავლებელთა რიცხვი იმდენად

დიდი იყო, რომ ზოგიერთ საგანში 2 მასწავლებელი ერთდროულად ატარებდა

გაკვეთილს.

სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა. ზოგიერთი მოსწავლე არდადეგებზე დაგეგმილი სხვა აქტივობების გამო დროზე ადრე გამოეთიშა პროექტს. ისინი გვწერდნენ ან გვირეკავდნენ და გვატყობინებდნენ, რომ მიუხედავად დიდი

სურვილისა, სხვა, უფრო ადრე დაგეგმილი აქტივობის გამო ტოვებდნენ პროექტს, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად შემოგვიერთდებოდნენ. ეს იმის მანიშნებელია, რომ პროექტი მდგრადია და აუცილებლად უნდა  გაგრძელდეს.

 

პროექტში დარჩენილი მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა სახალისო, ინოვაციური გამოწვევებით სავსე და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ეს გამოჩნდა მათ მიმოწერებში, უკუკავშირში, სოციალურ ქსელებში გამოქვეყვებულ სამადლობელ პოსტებში. საოცარი იყო ერთი მოსწავლის უჩვეულო გამომშვიდობება  უცხოელ რუსულის მასწავლებელთან, რომელმაც დამშვიდობების ჟესტად პირდაპირი ჩართვისას ფორტეპიანოზე სიმღერა შეასრულა. აქტიურად ჩართულმა მოსწავლეებმა დასასრულს სიგელები დაიმსახურეს, ხოლო ყველა მოხალისე მასწავლებლისთვის მადლობის ნიშნად დამზადდა დიპლომები პროექტის დამფუძნებლისა და ავტორი სკოლის დირექტორის ხელმოწერებით.

 

პროექტის დასასრულიც ისეთივე ხმაურიანი აღმოჩნდა, როგორიც დასაწყისი იყო. საზაფხულო სკოლის სულისჩამდგმელის, მარინე ფორჩხიძის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი და უცხოელი მოხალისე მასწავლებლები, ასევე მოწვეული ქართველი ექსპერტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლები და სხვა საინტერესო სტუმრები:

  • ნინო ფეტვიაშვილი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმცირესობათა ენებისა და რუსულის, როგორც უცხოური ენის ექსპერტ-კონსულტანტი;
  • ეკა ტყავაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი და გარე დამკვირვებელი, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და ბრიტანეთის საბჭოს მენტორი;
  • მაია ტყემალაძე – საჩხერის მეორე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი. ინგლისურად მოსაუბრეთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონკურსის „საუკეთესო მასწავლებელი – ზეპირმეტყველების განვითარებაში – Best teacer – Oracy”-ის მეორე ადგილის მფლობელი. ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებლის სახლის მოწვეული ტრენერი;
  • გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი, სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის ტრენერი, 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული;
  • ლადო აფხაზავა – ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული და მსოფლიო მასწავლებლის ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი.

 

კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებმა წარმოადგინეს რამდენიმე წუთიანი პრეზენტაცია საზაფხულო სკოლის მუშაობის, გამოცდილების გაზიარების, საინტერესო და სახალისო დეტალების შესახებ. ხოლო მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე და სასიამოვნო გაოცება გამოხატეს გაწეული შრომის შეფასებისას. მათი რეკომენდაცია იყო და ასევე პროექტის სამომავლო გეგმებშიც შედის აქტივობა, რომელიც გულისხმობს პროექტში ემიგრანტი მოსწავლეების აქტიურ ჩართვასა და მათ მხარდაჭერას როგორც ენების, ასევე სხვა საგნების სწავლების დახმარების კუთხით.

 

პროექტი „მოხალისე” შედგა. საზაფხულო სკოლის ინიციატივამ გაამართლა და უდიდესი გამოწვევა დისტანციურ რეჟიმში სპეციალისტების შეგროვების, უცხოელი და ქართველი მასწავლებლების ერთმანეთთან დაკავშირების, გაკვეთილების ერთობლივად დაგეგმვისა და ჩატარების შესახებ დაძლეულია. დასახულია სამომავლო გეგმებიც: შემოდგომიდან კვლავ განახლდება პროექტი და

თუ ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ არსებული ეპიდსიტუაცია საშუალებას მოგვცემს, მზად ვართ უკვე პირადად შევხვდეთ ერთმანეთს და დავაფუძნოთ მოხალისეობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება სხვადასხვა სოციალური სფეროს წარმომადგენელ მოსწავლეთა უფასო დახმარება და მათთვის ხელსაყრელი სწავლების ფორმებით სასურველი საგნის შესწავლაში მხარდაჭერა. დიდი იმედი გვაქვს, გამოჩნდებიან მხარდამჭერი პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც დაგვეხმარებიან, შევქმნათ მოხალისე ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით, შევძლოთ, თავი მოვუყაროთ უამრავ სპეციალისტსა და მოსწავლეს, რომელთა მხარდაჭერისთვისაც შეიქმნა პროექტი „მოხალისე”.

 

 

 

 

 

 

 

რამდენიმე აქტივობა პირველი კლასელების დასახვედრად

0

ცხოვრება კვლავაც გრძელდება კორონავირუსთან ერთად. შეზღუდვები, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების მიზნითაა დაწესებული, რა თქმა უნდა, დისკომფორტს გვიქმნის, თუმცა ვზრუნავთ მათ მაქსიმალურად დაცვაზე. მე 15 სექტემბერს უნდა გავიცნო ადამიანები, რომლებიც სკოლაში პირველად მოდიან. მასწავლებლები განსაკუთრებულად ვცდილობთ ხოლმე, რომ სკოლის პირველი დღე გამორჩეულად ფერადი, სასიამოვნო, საინტერესო მომენტებით აღსავსე გავხადოთ, რათა სახლში წასვლის შემდეგ, როდესაც ბავშვი დაფიქრდება, გაიხსენოს სკოლაში გატარებულ მომენტები და მეორე დღესაც მოუნდეს იმ გარემოში წასვლა. „ნეტავი ხვალ რას დაგვახვედრებს მასწავლებელი?“ – თუ ბავშვი ამ შეკითხვას დასვამს, ანუ მეორე დღის ინტერესიც თუ გაღვივდება მასში, მაშინ ჩვენი პირველი შეხვედრის მიზანიც მიღწეული იქნება. ბავშვების უმრავლესობა სკოლაში ბაღიდან მოდიან, სასკოლო გარემოსთან შეგუება რომ მსუბუქად, უმტკივნეულოდ და სასიამოვნოდ მოხდეს, მნიშვნელოვანია, სასკოლო აქტივობებიც დატვირთული იყოს სახალისო ელემენტებით. პირველ კლასში 6-7 წლის ადამიანები შედიან.

  • მრავალფეროვანი გარემო;
  • მათი ასაკის შესაფერისი საინტერესო რესურსებით აღჭურვილი საკლასო ოთახი;
  • მათდამი გამოჩენილი გულწრფელი ინტერესი, მიღება, როგორც სრულუფლებიანი პიროვნებისა საკლასო გარემოში და მათში იმ გრძნობის გაღვიძება, რომ ის შენთვის ძვირფასია, მიუხედავად იმისა, რომ ახლახან გაიცანი;
  • ის შეთავაზებები, რომლებსაც აქტივობებისა თუ დავალებების სახით ვთავაზობთ მათ;
  • და კიდევ ის უხილავი, მზის სხივების მსგავსი იმპულსები, რომლებიც ჩვენგან გამოვა და თითოეულ მოსწავლემდე მიაღწევს, იმის გარანტია, რომ მათ ჩვენ მოვეწონებით და ეს გრძნობა სიყვარულსა და გულწრფელ, გულითად მეგობრობაში გადაიზრდება.

აუცილებლად უნდა გამოვყოთ მასწავლებლის გულწრფელი ღიმილი და აციმციმებული, გაბრწყინებული თვალები, როდესაც ამ პატარა ასაკის ადამიანებს მიუახლოვდება და გაეცნობა.

ახლა მოდით, დავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ რეალობას. სკოლებს გადაეცათ რიგი რეგულაციები, რომელთა დაცვაც სკოლაში მყოფ ყველა ადამიანს მოუწევს. მათ შორის გამოვყოფ რამდენიმეს, მაგალითად, სავალდებულოა სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; ინდივიდუალურად ჯდომის, შესაბამისად, ინდივიდუალურად მუშაობის უპირატესობა; მასწავლებლის ყოფნა პირბადით. რთული იქნება, თუ ღიმილიან სახეს ბავშვებს ვერ დავანახებთ, თუმცა, გამოსავალი აქაც გვაქვს, საბედნიეროდ, ჩვენი ციმციმა და ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები შეგვიძლია შევანათოთ ჩვენს თითოეულ პატარა მეგობარს. ღიმილიც თვალებმა უნდა დაიკისრონ. აქტივობებიც და საკლასო ოთახში ავეჯის განლაგებაც რეგულაციების დაცვით უნდა მოვახდინოთ. ჩვენ ხომ მასწავლებლები ვართ, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონენი, ამასაც გავუმკლავდებით. ბევრს ვიფიქრებთ, ვიმსჯელებთ, დავგეგმავთ, შევეცდებით და გამოგვივა!..

მოგვიწევს აქტივობები და საკლასო ოთახის გაფორმება რეგულაციებს შევუსაბამოთ და მათ მიხედვით გადავაწყოთ, ერთგავარად სახე ვუცვალოთ, რომ უსაფრთხოება დავიცვათ.

მინდა შემოგთავაზოთ რადენიმე აქტივობა, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში მოვიფიქრე. შესაძლოა მათში გარკვეული ტიპის ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო, რათა მაქსიმალურად დავიცვათ დაწესებული რეგულაციები:

  • შეგვიძლია წინასწარ დავამზადოთ დიდი ზომის შრიფტით დაწერილი ბავშვების ამობეჭდილი სახელები, სახელის გვერდით კი – გოგონას და ბიჭის შესაბამისი რაოდენობის გამოსახულება. ეს სახელები დავკიდოთ ლენტზე. კლასში შესვლისას, ვთხოვოთ ბავშვებს, ინდივიდუალურად მივიდნენ ლენტთან, მოძებნონ საკუთარი სახელი და სასურველ მერხზე დაიკავონ ადგილი. ამ აქტივობით გავიგებთ, რამდენ მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სახელის ამოცნობა. გოგონასი და ბიჭის გამოსახულება სახელის გვერდით კი ბავშვის უნარს დაგვანახებს, რამდენად შეუძლია მას გამოსავლის პოვნა, მაგალითად, თუ ბიჭია, არ დაყოვნდება გოგონას გამოსახულების გვერდით დაწერილ სახელთან და საკუთარ სახელს ბიჭუნას გამოსახულებიან ფურცელზე დაუწყებს ძებნას. ჩვენი დახმარება მუდამ უნდა სდევდეს თან მოსწავლეს, აუცილებელი სულაც არ არის, ბავშვს საკუთარი სახელის ამოკითხვა შეეძლოს.

 

  • აქტივობა – „რა ფერი ვარ მე?“ მასწავლებლის მაგიდაზე აწყვია (ან შეგვიძლია მსუბუქად ჩამოვკიდოთ) მცირე სიგრძის ფერადი ლენტები, უმჯობესია, ნაჭრის. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, სათითაოდ აირჩიონ ის ფერი, რა ფერისაც წარმოუდგენიათ საკუთარი თავი იმ მომენტში და ისაუბრონ საკუთარი თავის შესახებ. შემდეგ შესაძლებელია ეს ლენტი ყველამ მაჯაზე შეიბას. უმჯობესია, ნიმუშისთვის, აქტივობა დაიწყოს მასწავლებელმა. მაგ. მე ვარ ინა მეცხვარიშვილი, 27 წლის, მე ვარ მასწავლებელი, მე მწვანე ფერის ვარ, რადგან მიყვარს სიცოცხლე და მგონია, რომ მწვანე სწორედ სიცოცხლის ფერია.

 

  • კლასში, მოსწავლეთა სიმაღლის გათვალისწინებით, გაბმულ ლენტზე დავკიდოთ საშუალოდ გაბერილი ფერადი ბუშტები. ეს კლასის ვიზუალსაც გაამრავალფეროვნებს, ბავშვების ყურადღებასაც მიპყრობს და აქტივობისთვისაც გამოგვადგება. გაცნობის პირველი დღე, ახალი გარემო ბავშვისთვის ისედაც სტრესულია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, შევთავაზოთ რაიმე ისეთი, რაც მათთვის უცხო და რთული არ არის. ყველასთვის სახალისო გასახსენებელია ზაფხულის არდადეგები, თავისუფლად, უსაქმოდ ყოფნა, მხიარული და თავგადასავლებით სავსე დღეები. შევთავაზოთ ბავშვებს, გადაეშვან მოგონებებში, გაიხსენონ ზაფხულის 1 გამორჩეული დღე, გადახედონ ლენტზე ჩამოკიდებულ ფერად ბუშტებს, აირჩიონ ერთი ფერი, რომელსაც ამ დღეს შეუსაბამებენ და მოკლედ გვესაუბრონ მასზე. რატომ მაინცდამაინც ეს ფერი? ამ აქტივობით გავეცნობით მოსწავლეთა მეტყველებას, გადმოცემის უნარს, ემოციურ მახასიათებლებს და ა.შ. კარგი იქნება, თუ პირველი ჩვენ წარვდგებით ბავშვების წინაშე.

 

  • საკლასო წესების გაცნობა მნიშვნელოვანია პირველსავე დღეებში, თუმცა პატარა ადამიანები არ უნდა შევაშინოთ და დავთრგუნოთ. უმჯობესია, თავად იმსჯელონ, ჩამოთვალონ, როგორ გარემოში სურთ ყოველდღიურობის გატარება. საწყის ეტაპზე, მანამ, სანამ წერა-კითხვას თავად შეძლებენ, ილუსტრირებული სახე მივცეთ მათ ნამსჯელს. მნიშვნელოვანია, რომ პირველი დღეებიდანვე დავიყოთ მუშაობა, რათა დავეხმაროთ ბავშვებს იმის გაცნობიერებაში, რომ წესები მათ სასარგებლოდ არსებობს.

 

  • მნიშვნელოვანი და საჭიროა კლასში გაკვეთილების ცხრილის არსებობა. პირველი კლასის დასაწყისში, როდესაც ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, რა ხდება მის თავს, კარგი იქნება, მასწავლებელმა მათი მრავალფეროვანი აზროვნება მიმართოს მსჯელობისკენ – რის სწავლას მოელიან თითოეული საგნისგან. მასწავლებელმა მათი ნააზრევი უნდა ჩაინიშნოს და მოიძიოს ან შექმნას თითოეული საგნის შესაბამისი ილუსტრაციები, ბავშვების მსჯელობაზე დაყრდნობით. საბოლოოდ, ასეთი გაკვეთილების ცხრილი საინტერესოც იქნება და ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანი და გასაგები გახდება.

 

  • შეგვიძლია ბავშვებს შევთავაზოთ ასეთი აქტივობა: „რა შემიძლია, გიჩვენებთ“ . ვისაც სურვილი აქვს, შევთავაზოთ, წარდგეს ჩვენ წინაშე საკუთარი შესაძლებლობის, ნიჭის გამოსავლენად. მაგალითად, შეიძლება პირველი თავად მე ვიყო, დავხატო დაფაზე წრე, გავუკეთო ღიმილიანი გამომეტყველება და ირგვლივ სხივების მსგავსად გავუკეთო გულები. კლასში აუცილებლად გამოჩნდება მოსწავლე, რომელიც მოისურვებს თავის გამოჩენას, მთავარია, ატმოსფერო იყოს მეგობრული. ამის წახალისება კი ჩვენზეა.

 

  • შეგვიძლია ლენტზე დავკიდოთ გულის ფორმის ფურცლები, შესაძლოა წითელი ან ფერადი და ვთხოვოთ მოხალისეებს, გამოვიდნენ ინდივიდუალურად, ჩამოხსნან სასურველი გული და გაგვიზიარონ, რა უყვართ. გული შეუძლიათ თან წაიღონ.

 

  • პირველსავე დღეს შეგვიძლია ერთობლივი ნამუშევრის დამზადებაც. ამისათვის დაგვჭირდება წვრილი, მოგრძო ჯოხი, წებო ან წებოვანი ლენტი, წინასწარ მოვამზადოთ ყვავილის ფურცლისმაგვარი (გამოჭრილი) ფერადი ფურცლები, უმჯობესია სქელი, რათა მყარი იყოს. მივმართოთ ბავშვებს, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია რაიმე ჭკვიანური გამონათქვამის მოფიქრება. მაგალითად, „გავიღიმოთ, რომ ვიყოთ ლამაზი“, ,,კეთილი ადამიანი ბედნიერია“ და ა.შ. ბავშვების მიერ გამოთქმული წინადადებები დავწეროთ ფერად ფურცლებზე და ისინი ყვავილის მსგავსად ჯოხზე დავაწებოთ. გამოგვივა ჭკვიანური გამონათქვამების ყვავილი. შესაძლოა, ბავშვებს შევთავაზოთ საკუთარი მოლოდინების/განწყობების დასახელება, მაგალითად, „მგონია, რომ სკოლაში ყოფნა სახალისოა“, ,,მომწონს კლასში ყოფნა“…

 

შესაძლოა ვათქმევინოთ რა გეგმა/მიზანი აქვთ, მაგალითად, „მინდა კარგად ვისწავლო“, „მინდა ბევრი მეგობარი გავიჩინო“, „მინდა მშობლებმა იამაყონ ჩემით“ და ა.შ. და ესენი განვათავსოთ ფურცლებზე.

 

მთავარია, აქტივობები იყოს ფერადი და სააზროვნო, ხალისისა და გონებრივი ვარჯიშის შემცველი.

ბედნიერღმილიან სასწავლო წელს გისურვებთ!

 

 

 

 

 

ლექსის სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიებით

0

დღეს ყველა ქვეყანაში, მხარესა თუ ოჯახში აქტუალურია პანდემიის საკითხი. პანდემიამ დიდი აღმოჩენებისკენ გვიბიძგა. ვახერხებთ იმას, რასაც ვერც, არც ვიფიქრებდით, თუმცა საჭიროება მოითხოვს, საათობით ვეძიოთ ინფორმაციები, ბმულები, გავიზიაროთ სხვების გამოცდილება, დავესწროთ ლექცია-ვებინარებს, მიღებული ინფორმაცია, აქტივობები ერთმანეთს შევუნაცვლოთ მოსწავლის შესაძლებლობის მიხედვით.

ესგ ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის შესავალ ნაწილში საგნის სწავლების მიზნებზე საუბრობს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია:

  • ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, რეფლექსური აზროვნების უნარი;
  • შევაყვაროთ კითხვა, გამოვუმუშაოთ ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის აღქმისა და გაცნობიერების უნარი.

მოცემულ მდგომარეობაში მიზანი უცვლელია, შეიცვალა სწავლის ურთიერთობის ფორმა. დისტანციური სწავლების დროსაც ცალსახად აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის გათვალისწინება, მრავალმხრივი ინტელექტის, დიფერენცირებული სწავლების, კომპლექსური დავალებების მიწოდება.

გთავაზობთ იმ აქტივობების ჩამონათვალს, რომლებიც განაპირობებს კლასის აქტიურ ჩართულობას, პოზიტიურ სასწავლო პროცესს. საჭიროა ისეთი აქტივობით მუშაობა, რომელიც შედეგიანი იქნება.

  • ვიმუშაოთ კოგნიტური სქემების გამოყენებით, რაც მოსწავლეს გაუადვილებს აღქმას, ლექსის ერთ სისტემაში წარმოდგენას;
  • ინტერნეტსივრცეში მოვიძიოთ საკითხთან დაკავშირებული ვიდეოები და სხვა სახის მასალები;
  • დავხატოთ ლექსის შინაარსი, შესაძლებელია პოსტერის შექმნა. თუ ლექსი გვაძლევს ამის შესაძლებლობას, დავამზადოთ კომიქსი;
  • სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებმა შეარჩიონ მუსიკალური ნაწარმოები, გაითვალისწინონ ემოცია;
  • ლექსის ემოცია, ხასიათი გადმოვცეთ ფერების გამოყენებით, გავაკეთოთ პრეზენტაცია;
  • შეგვიძლია learningapp-ში შევქმნათ რესურსი, ბარათები, ვიქტორინები, ქრონოლოგიური სახის დანართი;
  • Power-point-ში ავაწყოთ ლექსი, თავად მოსწავლეებმა იმუშაონ პროგრამაში „ვსწავლობთ თამაშით’’;
  • მივაწოდოთ ტაეპები არათანმიმდევრულად. ვთხოვოთ, დაალაგონ. მოუფიქრონ სიტყვებს რითმები;
  • ლექსთან დაკავშირებული ილუსტრაციები დაალაგონ თანმიმდევრობით, შეურჩიონ ტაეპები და სტროფები;
  • შევქმნათ კროსვორდი;
  • გავხდეთ პანტომიმის მსახიობები. მოძრაობებით გადმოვცეთ შინაარსი, ემოცია, დავინახოთ კავშირი პოეზიასა და პერფორმანსს შორის;
  • წარმოსახვითი დიალოგი გავმართოთ პოეტთან;
  • შევარჩიოთ ხედვის კუთხე;
  • მოვაწყოთ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ვირტუალურ გალერეაში;
  • შევთავაზოთ მოსწავლეებს, შეავსონ ცხრილი, ტაეპში სიტყვების, მარცვლების, ხმოვნების, რაოდენობის შესახებ;
  • შექმნან ანიმაცია;
  • მასალა დავამუშაოთ კითხვა-პასუხის ფორმატით, ვისაუბროთ ლექსის შინაარსზე, განწყობაზე, ქვეტექსტებზე, მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე, იმაზე, თუ რამ განაპირობა მისი დაწერა.

ვფიქრობ, ჩამოთვლილი აქტივობები, ვებგვერდების გამოყენება სხვა სახის ლიტერატურულ მასალაზე სამუშაოდაც ნაყოფიერია. წინარე აქტივობები ინტეგრირებულია სხვადასხვა საგანთან: მუსიკა, ხელოვნება, მათემატიკა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

შექმნილი პროდუქტის პრეზენტაცია მოსწავლეს საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, გამოხატვის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის განვითარების საშუალებას მისცემს.

ახლა კი გთავაზობთ იმ ვებგვერდებს, რომლებიც დაგვეხმარება ნაყოფიერად მუშაობაში:

გამოყენებული ლიტერატურა:

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels;

ლექსის აწყობა – ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
https://ncp.ge/ge/leqsis-atskoba?resid=153;

პოეზია და პერფორმანსი- პოეტური ნაწარმოების სწავლება | mastsavlebeli.ge
https://mastsavlebeli.ge/?p=14046.

პანდემიური გაკვეთილების გამოცდილება

0

თუ მკითხავთ, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი, ჩემი პასუხია: თანამედროვე მეთოდებზე და ტექნოლოგიებზე მორგებული, მოსიყვარულე, მისთვის სირთულე უბრალოდ გამოწვევა უნდა იყოს და არა პრობლემა.

სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელი უამრავ სირთულეს აწყდება, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მოსწავლის რთულ ქცევასთან, ათვისების პრობლემებთან და ა.შ. რთული სიტუაციიდან მარტივი გზების პოვნა პედაგოგის მნიშვნელოვანი უნარი უნდა იყოს. საკლასო ოთახში შექმნილი სიტუაციებიდან განსხვავებულ, სულ სხვა რთულ სიტუაციაზე მსურს საუბარი.

ეს სირთულე არის პანდემია, რომელმაც მთლიანად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრების რიტმი და საკლასო ოთახმა კომპიუტერის მონიტორთან გადაინაცვლა. სიყვარულით, სითბოთი და გულწრფელი ჩახუტებით სავსე დღეები ვირტუალურმა ურთიერთობამ ჩაანაცვლა. დაიწყო პანდემიური გაკვეთილები, რომლებიც დიდი სიახლე იყო ყველასთვის. ონლაინსწავლების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. უმეტეს შემთხვევაში მათი აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა და ამბობდნენ, რომ მსგავსი სწავლების პროცესი ვერ იქნებოდა შედეგიანი, თუმცა მასწავლებლების შრომამ და მონდომებამ მალე შეცვალა პესიმისტთა შეფასებები.

ონლაინგაკვეთილისთვის პირველი მზადება დიდი ხნით ადრე დავიწყე. ვფიქრობდი, რომელი მეთოდი ამერჩია პირველ კლასთან, რათა დროც დამეზოგა და შედეგიც მიმეღო. აუცილებელი იყო თვალსაჩინოების დამზადება, რომელიც დამეხმარებოდა მათთვის მასალის უკეთ გაგებაში. თავდაპირველად გამოვიყენე: Microsoft Office PowerPoint, Microsoft Word, www.toondoo.com, www.pixton.com, www.kargiskola.ge, https://learningapps.org და სხვა…

პირველი გაკვეთილისთვის ზუსტად ისე მოვემზადე, როგორც საკლასო ოთახში მოვემზადებოდი. სამუშაო მაგიდაზე მქონდა: გაკვეთილის გეგმის ძირითადი აქტივობების მონახაზი, კალამი, აღრიცხვის ფურცელი. წინასწარ, კომპიუტერის სამუშაო ეკრანზე გავამზადე თვალსჩინოებები და დავაჭირე ზარის ღილაკს. თითქოს საკლასო ოთახში პირველი ზარი დაირეკა! Teams-ის ჯგუფი მალე გაივსო ჩემი პატარების ბედნიერი სახეებით.

პირველ დღეს გავეცანით ქცევის წესებს. თუმცა, ეს არ იყო საკლასო წესები. ეს ონლაინქცევის წესები გახლდათ, რომლებიც პატარებმა უსწრაფესად აითვისეს.

  • საუბრის დროს ჩავრთოთ მიკროფონი;
  • გაკვეთილის ახსნის დროს მიკროფონი გვაქვს უხმო რეჟიმში;
  • კითხვაზე პასუხობს მოსწავლე და არა მშობელი (ასეც ხდება ხოლმე);
  • შესრულებული დავალება იგზავნება დათქმული დროის ამოწურვამდე;
  • ჯგუფში შემოვდივართ მასწავლებლის ზარის შემდეგ.

გაკვეთილის მსვლელობაში ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. გაკვეთილის ბოლოს ვაკეთებდით შეჯამებას: რა ვისწავლეთ დღეს? რა იყო რთული? პასუხების მიხედვით ვაკეთებდი ჩანაწერებს, რაზე უნდა მემუშავა ამა თუ იმ მოსწავლესთან. ხდებოდა ინდივიდუალური გასაუბრება/მიმოწერა მშობელთან, სადაც ვთანხმდებოდით, როგორ უნდა გვემუშავა პრობლემის დასაძლევად.

მაოცებდა მშობელთა ჩართულობა და პატარების მონდომება. გვქონდა ჯგუფური სამუშაოები, ვატარებდით ცდებს, იღებდნენ ვიდეოებს და მიგზავნიდნენ სოციალურ ქსელში. დავალებებს ინდივიდუალურად ვუმოწმებდი და წერილობით ვაძლევდი შესაბამის განმავითარებელ შეფასებას, სადაც ყურადღებას ვამახვილებდი დადებით მხარესა და შეცდომაზე შესაბამის ინსტრუქციას ვაძლევდი. დავალების შემოწმების მსგავსი სისტემა საკმაოდ შრომატევადი იყო და ხშირად გრძელდებოდა შუაღამემდე, თუმცა ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შრომა, რადგან მოსწავლეები ხედავდნენ, რომ მათი ნამუშევრები ყოველთვის მოწმდებოდა, ამიტომ აქტიურად ასრულებდნენ დავალებას და ონლაინგაკვეთილებსაც მაქსიმალურად ესწრებოდნენ.

პანდემიური გაკვეთილები იყო მუდმივი სიახლის ძიების, სირთულეებთან გამკლავებისა და უდიდესი გამოცდილების მომცემი ყველა პედაგოგისთვის, რომლებიც არ უშინდებოდნენ სიახლეებს. ყოველი დღე იყო სიყვარულით სავსე. მშობლებმა უკეთ დაინახეს ის შრომა, რომელსაც მასწავლებლები დებდნენ საგანმანათლებლო პროცესში. მოსწავლეებმა შეძლეს სასწავლო პროგრამის დაძლევა და ამ პერიოდში უამრავი ახალი უნარ-ჩვევაც აითვისეს.

რთული იყო პანდემიური გაკვეთილები? – დიახ, თუმცა სირთულეების დაძლევა ადამიანს აძლიერებს!

გაუჭირდათ მოსწავლეებს მსგავს სიტუაციაში სწავლა? – დიახ, რთული იყო, მაგრამ არა შეუძლებელი!

რა იყო ყველაზე რთული?- სიშორე! ჯანსაღი ურთიერთობა, რომელსაც მოსწავლე საკლასო ოთახში ერთ სივრცეში გრძნობს! თუმცა, ეს ხომ დროებითია? ჩვენ მალე დავუბრუნდებით საკლასო  ოთახებს და თუ კიდევ დაგვჭირდება პანდემიური გაკვეთილები, მზად ვართ ამისთვის და არ გვეშინია!

 

 

 

 

 

 

როგორ „ვაწერინო“, როცა არ „ეწერინება“ ანუ შემოქმედებითი წერის ზოგიერთი ასპექტის შესახებ

0

ყველას აინტერესებს, როგორ წერენ მწერლები – სხედან მაგიდასთან, წვანან მინდორში, იმალებიან სარდაფში თუ აივნიდან ქუჩას გაჰყურებენ, წერენ დილით ადრე, როცა ქალაქს ჯერ კიდეც სძინავს, შუადღის ხმაურსა და აურზაურში, თუ გვიან ღამით, როცა სიჩუმეს მხოლოდ ძაღლის შორეული ყეფა არღვევს, წერენ მაშინვე, როგორც კი თავში აზრი გაუელვებთ, ცოტა ხნის შემდეგ, როცა ეს აზრი მომწიფდება და წინადადებებად იქცევა თუ დიდი ხნის მერე, როცა იმდენ აბზაცად გადაიქცევა, რომ ახალ აზრს ბადებს, წერენ მხოლოდ იმაზე, რაც თავად ნახეს და განიცადეს, იმაზე, რაც არასდროს უნახავთ, მაგრამ განუცდიათ, თუ იმაზე, რისი განცდაც სურთ, წერენ პატარა ბლოკნოტებში, გაყვითლებულ რვეულებში, თაბახის ფურცლებზე თუ ვორდის ფაილებში, წერენ დამშვიდებული გონებით, კონცენტრირებულები და მობილიზებულები, ცხოვრებისგან დაბნეულები და არეულები თუ შეშლილები და უცნაურ ფიქრებს აყოლილები, წერენ, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტეს და უნდა წერონ, იმიტომ, რომ სიტყვები ისედაც არ აძლევენ მოსვენებას თუ უბრალოდ იმიტომ, რომ დასაწერი მართლაც ბევრია.

მაგრამ რამდენად განსხვავებულიც უნდა იყოს მათი წერის მანერა, ერთი რამ საერთო აქვთ – იმპულსი, რომელიც წერის სურვილს აღძრავს და ადამიანში არსებულ მთელ შემოქმედებით ენერგიას ერთად უყრის თავს. მწერლისთვის ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი რამ, დაწყებული სამეცნიერო წიგნში ამოკითხული უცნაური ინფორმაციით და დასრულებული უცნობი ადამიანის ღიმილით. მაგრამ რა შეიძლება იქცეს ამგვარ იმპულსად, ბიძგად სკოლის მოსწავლისთვის? რამ შეიძლება, აიძულოს მოზარდი, გამოუხმოს თავის შემოქმედებით უნარებს და დაწეროს თუნდაც პატარა ტექსტი ისე, რომ:

ა) იყოს გულწრფელი, ბ) იყოს ინდივიდუალური, გ) არ მოერიდოს საკუთარი აზრის გამოთქმას, დ) შეაფასოს მოვლენები და ადამიანები, ე) დაინახოს და აღმოაჩინოს დეტალები, ვ) დროებით დაივიწყოს, რომ ტექსტს მასწავლებლისთვის წერს.

როცა ამ პრობლემის წინაშე დავდექი, უპირველეს ყოვლისა მოსწავლეებს შევთავაზე, დაფაზე ერთად დაგვეწერა პატარა, რამდენიმეწინადადებიანი ტექსტი, მაგალითად, აღგვეწერა ჩვენი დილა. ტექსტი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

„დილით ძალიან ადრე ავდექი, სწრაფად ჩავიცვი და ვისაუზმე. რვეულები მოვძებნე, ჩანთაში ჩავაწყვე, ოჯახის წევრებს დავემშვიდობე და მაშინვე წამოვედი, რადგან სკოლამდე მისასვლელად დიდი დრო მჭირდება, მე კი სულ ვაგვიანდებ. ვჩქარობდი, ამიტომ ჩემს უმცროს ძმას ვერ დაველოდე.“

შემდეგ კი ტექსტის გასამდიდრებლად მათ რამდენიმეეტაპიანი სქემა შევთავაზე:

ა) დაამატე ტექსტს აღწერები (შესაძლოა, მოსწავლემ აღწეროს, როგორია დილა, აღწეროს ოთახი ან რაიმე ნივთი, ფანჯრიდან დაინახოს პეიზაჟი).

ბ) გამოკვეთე პერსონაჟები (სასურველია, მოსწავლემ ნახსენები ოჯახის წევრებიდან გაგვაცნოს რომელიმე, აღწეროს მისი გარეგნობა, გადმოსცეს მისი ნათქვამი).

გ) დაამატე ემოციები და გრძნობები ( შესაძლებელია, მოსწავლემ აღწეროს ემოცია, რაც ეუფლება მაშინ, როცა დილით მაღვიძარა აღვიძებს, ან როდესაც ფანჯრიდან პეიზაჟს ხედავს. ტექსტი უფრო ცოცხალი და ინდივიდუალური გახდება, თუკი გვეცოდინება, რას გრძნობს ის, როცა რაღაცას აღწერს).

დ) ყურადღება გაამახვილე დეტალებზე (მოსწავლეს ავუხსენი, რომ ნებისმიერი ნივთი, მოვლენა ან პერსონაჟი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი, თუკი ყურადღებას მივაქცევთ დეტალებს, მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ რვეულებს, რომელიც პერსონაჟმა ჩანთაში ჩაალაგა, ყდა მოხეული აქვს, რის გამოც სულ შენიშვნას იმსახურებს, ხოლო ძმა, რომელსაც ვერ დაელოდა, ალბათ, განაწყენდება და საღამოს მას არც კი დაელაპარაკება).

ე) შეეცადე, დაასრულო ამბავი, რომლის მოყოლასაც იწყებ, შექმნა ისტორია (მოსწავლე შეეცდება, რომ გააგრძელოს ერთად დაწყებული ამბავი, შესაძლოა, დაწეროს, როგორ დასრულდა ერთი კონკრეტული დღე).

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემოქმედებითი სამუშაოს შესრულებამდე გავაფრთხილე მოსწავლეები, რომ კარგი იქნებოდა, ეწერათ მხოლოდ იმ თემებსა და ამბებზე, რაც კარგად იცოდნენ, აღეწერათ განცდები, რომელიც თავად განეცადათ და ადამიანები, რომლებსაც იცნობდნენ, თუნდაც იმ სქემებისა და ისტორიისგან დამოუკიდებლად, რაც მანამდე შევთავაზე (ამ ეტაპისთვის ძალიან რთულია გამოგონილი სამყაროს ან უცხო პერსონაჟების შესახებ წერა).

აქვე დამეხმარა დაფაზე ჩამოწერილი კითხვები:

მე, ამ კონკრეტულ ადამიანს, რა მაინტერესებს და რა მაღელვებს?

არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ, რის შესახებაც სხვას სიამოვნებით მოვუყვებოდი?

არიან ჩემს ცხოვრებაში ადამიანები, რომელთაც სხვებს გავაცნობდი? როგორ აღვწერდი მათ?

რა გადამხდენია ყველაზე საინტერესო?

რით ვარ მე საინტერესო?

მე რომ მწერალი ვყოფილიყავი, როგორ აღვწერდი საკუთარ თავს?

ეს თითქოსდა ეგზისტენციალური კითხვები, გაკვეთილზე მათი განხილვა და სავარაუდო პასუხების მოსმენა დაეხმარება მოსწავლეს, საკუთარ თავს გარედან, უცხო თვალით შეხედოს და დაინახოს ის, როგორც შესაძლო პერსონაჟი, რომელსაც უამრავი რამ აქვს სათქმელი. შედეგად შეიძლება მივიღოთ:

ა) ტექსტი, რომელშიც გულწრფელადაა მოყოლილი ისტორია, არის ფაქტებიც და აღწერებიც.

ბ) ფატებთან და აღწერებთან ერთად, ტექსტში ყურადღება გამახვილებულია დეტალებზე, კონკრეტულ ადამიანებზე.

გ) ტექსტში იგრძნობა ინდივიდუალიზმი, რადგან მოსწავლემ შეძლო, გაემიჯნა საკუთარი პერსონა მთხრობელისგან, თავისუფლად გამოთქვა აზრი, ისიამოვნა წერის პროცესითაც.

ცხადია, ამ ტიპის გაკვეთილებსა და დავალებებს არ აქვს მუდმივი სახე, ის იშვიათი და  მოულოდნელია, მაგრამ ყოველთვის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი, რადგან ის, რაც ასეთ დროს იწერება, არსად იკარგება, ერთიორად ზრდის მოსწავლის თავდაჯერებულობას და საკუთარ განსაკუთრებულობაში არწმუნებს მას.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...