კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

როცა მასწავლებლის შვილი ხარ

0

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის თანახმად, მასწავლებლის შვილი ყველაფერში სამაგალითო უნდა იყოს: კარგად სწავლობდეს, ყოველთვის ასრულებდეს დავალებას, არაფერს აშავებდეს. ხშირად სხვა პედაგოგები და მშობლები მას ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, რაც, საბოლოოდ, ნეგატიურად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე,  ტვირთად აქცევს არაფრისმომცემ პასუხისმგებლობას.

როგორც წესი, მასწავლებლის შვილებს იშვიათად აქვთ მშვიდი სასკოლო ცხოვრება. ისინი გამუდმებით იქცევენ ყურადღებას, არიან მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხედველობის ცენტრში, მათ გამუდმებით ვიღაცას ადარებენ და სხვა ბავშვებზე მეტად  საყვედურებენ.

თუ მასწავლებლის შვილს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ეს  დაუყოვნებლივ აისახება მშობელი პედაგოგის რეპუტაციაზე. ამის გამო მშობლები მასწავლებელს ემდურიან. ალბათ თქვენც გსმენიათ მშობლების მხრიდან ასეთი შეფასება: „ამ მასწავლებელს საკუთარი შვილი ვერ გაუზრდია და ჩემსას როგორ გაზრდის?..“

მასწავლებლის შვილს ზოგჯერ თანაკლასელებიც უნდობლად ექცევიან ან მხოლოდ იმიტომ ემეგობრებიან, რომ ის მასწავლებლის შვილია. მათ ხშირად ზურგს უკან დასცინიან.

თუ ბავშვის მშობელი მასწავლებელია, ის იძულებულია საკუთარი შვილი ზედმიწევნით აკონტროლოს, რაც ბავშვისათვის ყოველდღიურ ტრავმულ სიტუაციას ქმნის.

რთული სათქმელია, ვისთვის უფრო რთულია ერთ სკოლაში ყოფნა – მასწავლებლის შვილისთვის თუ თავად მასწავლებლისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ მათი თანაარსებობა ერთ ტერიტორიაზე დისკომფორტს და დაძაბულობას უკავშირდება (ცხადია, არსებობს ბედნიერი გამონაკლისებიც).

პედაგოგები ხშირად ხუმრობენ, რომ „მასწავლებლობა დიაგნოზია“ და ამაში არის სიმართლის მარცვალიც. ზოგი მასწავლებელი იმდენად ითავისებს „მასწავლებლის როლს“, რომ უნებურად მას ყოველდღიურ ცხოვრებასაც არგებს და ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, მასწავლებლური პათოსით აფასებს – „ეს კარგია, ეს – ცუდია“, „შეეძლოთ უკეთ გაეკეთებინა“, „მე უკმაყოფილო ვარ“ და სხვ. მასწავლებლის ქცევითი პათოსი ოჯახზეც ვრცელდება. ის შვილისგან უფრო და უფრო მეტს ითხოვს და თუ მისი მოლოდინი არ მართლდება, ეს ძლიერ იმედგაცრუებას იწვევს არა მხოლოდ შვილში, არამედ საკუთარ პროფესიულ შესაძლებლობებში.

რა სახით ვლინდება მასწავლებლის შვილის სინდრომი?

  1. სრული მორჩილება. მშობელი ბავშვს სრულად აკონტროლებს და დროთა განმავლობაში მათ შორის „ჰარმონია“ ისადგურებს: ბავშვი ყოველთვის კარგად ასრულებს საშინაო დავალებას, არ არღვევს დისციპლინას. თითქოსდა თავს ყველა კომფორტულად გრძნობს, მაგრამ ასეთი ბავშვები უინიციატივო ადამიანებად ყალიბდებიან, მათ არ შეუძლიათ უარის თქმა, ისინი თრგუნავენ ყველა სურვილს და მზად არიან დაემორჩილონ უფროსებს. ისინი ყველასთვის „კომფორტული“ არიან, გარდა საკუთარი თავისა.
  2. დაუმორჩილებლობა. ბავშვი ცდილობს მშობლის კონტროლს თავი დააღწიოს. კონფლიქტი აქვს სხვა პედაგოგებთან, არღვევს დისციპლინას, არ ასრულებს დავალებებს ან ასრულებს მხოლოდ ფორმალურად. დაუმორჩილებლობა შეიძლება გადაიზარდოს პროტესტსა და სიჯიუტეში. ბავშვს სურს, გააღწიოს „მასწავლებლის შვილობის ჩარჩოდან“ და ყველას დაუმტკიცოს, რომ მას აქვს თავისი ხმა და ცხოვრება. ზოგჯერ ეს არცთუ ცუდ შედეგს იღებს, მაგრამ ბავშვი თუ ამას ბრაზით აკეთებს, ახლობლების მხარდაჭერის გარეშე, ის ვერ ჩამოყალიბდება პოზიტიურ პიროვნებად.
  3. დაკარგული თვითრწმენა. ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის რაღაცას არასწორად აკეთებს და შემდეგ ეს შფოთვასა და შიშში გადადის. ის მუდმივად ნერვიულობს. მუდმივად იღებს შენიშვნებს. მისი არაფერი მოსწონთ. საკუთარი მშობელიც კი ეუბნება, რომ არასაკმარისად შრომობს წარმატების მისაღწევად, „არასწორ“ ბავშვებთან მეგობრობს. არადა, სინამდვილეში, შეუძლებელია ყველასათვის მოსაწონი იყო, გიყვარდეს ყველა საგანი. ამ დროს ბავშვი თავის თავში იკეტება, ადვილად ღიზიანდება, არის სტრესში და ეს ცუდად აისახება მის ემოციურ კეთილდღეობაზე.
  4. ტყუილი. ყველაზე ხშირად ბავშვები, ვის მიმართაც საზოგადოება გადაჭარბებულ მოთხოვნებს აყენებს, უხშირებენ ტყუილებს. საყვედურებისა და პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად ისინი წინასწარ იგონებენ არგუმენტებს, რითაც თავის მართლებას შეძლებენ. ყველაზე ხშირად ცრუობენ, რომ თავს შეუძლოდ გრძნობენ, მასწავლებელი გაკვეთილს გაუგებრად ხსნის ან ცუდად ჰყავს ამოჩემებული.

მასწავლებლის შვილის სინდრომის ჩამოყალიბება შინაგანი თვითშეფასებისა და მშობლის შეფასებიდან გამომდინარე ხდება. მუდმივი კონტროლი, რომელსაც თან ახლავს აკრძალვები და სასჯელები, იწვევს „მე“-ს ჩახშობას, რაც აიძულებს ბავშვს იმოქმედოს უფროსების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.

როგორ მოვიქცეთ სიტუაციის გამოსასწორებლად? შესაძლებელია თუ არა ეს? რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ მასწავლებელი შვილის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის.  ყველაზე ბევრ პრობლემას შვილს მშობელი მასწავლებელი უქმნის.

პირველ რიგში, მასწავლებელმა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს ოჯახისა და პროფესიული ცხოვრება. სახლში ის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ურთიერთობს შვილთან და არ ასწავლის, არ აკრიტიკებს და ეხმარება მას.

მეორე – მასწავლებელმა განსჯითი ჩვევა უნდა შეცვალოს, მიიღოს ახლობლები ისეთებად,  როგორიც არიან. ნუ გამოიგონებენ იდეალურ ბავშვს.

მესამე – მასწავლებელმა შვილს მეტი თავისუფლება უნდა მისცეს თავისუფალი დროის სახით, ნუ გამოეკიდება გამუდმებით და გადაამოწმებს ვისთან მეგობრობს, მან პატივი უნდა სცეს ბავშვის სურვილებსა და არჩევანს.

მეოთხე, მასწავლებელმა უნდა ისწავლოს სათანადო რეაგირება კოლეგების კომენტარზე. ყველა სიტუაციაში თავად უნდა გაერკვეს, შვილთან ერთად ისმჯელოს სადავო საკითხებზე.

მასწავლებლის შვილობა სკოლაში ადვილი არ არის. ბოლოს და ბოლოს, თითქმის ყველა გიცნობს და თუ შენი მშობელი, როგორც საგნის მასწავლებელი, მოსწავლეებს ნაკლებად უყვართ, პატივს არ სცემენ, ეს შვილზეც აისახება, მასაც ანალოგიურად მოექცევიან. ეს კი დიდი ვერაფერი სიამოვნებაა და მით უფრო, შეღავათი.

რაც შეეხება შეღავათს, ხშირად მასწავლებლის შვილს სკოლის დამთავრებამდე უწევს იმის მტკიცება, თუნდაც, კლასელებთან, რომ ის შეღავათებით არ სარგებლობს. ბევრი ბავშვი გამუდმებით ამტკიცებს, რომ ყველა შეფასება და წარმატება მხოლოდ მისი დამსახურებაა და არა დედა/მამა მასწავლებლის.

ზოგჯერ სხვა მასწავლებლებიც საქმეს უფუჭებენ კოლეგის შვილს – ლოიალურად ექცევიან, რაც თვალსაჩინო ხდება სხვა მოსწავლეებისთვის და კლასში დიდ პრობლემებს ქმნის.

ასევე, როგორი კომუნიკაბელური და კარგიც არ უნდა იყოს ბავშვი, ზოგჯერ თანაკლასელები მასწავლებლის შვილს შეგნებულად არიდებენ კლასის საიდუმლოებებს, არ უმხელენ მათ, რიყავენ, ვაიდა, მშობელს უთხრას, წამოსცდეს, ის ხომ მაინც დედამისი/მამამისია. მასწავლებლის შვილისთვის ესეც მტკივნეული ასატანია და მას უწევს „ერთგულების“ მტკიცება ცალკე თანაკლასელებისთვის, ცალკე – მშობლისთვის.

 

მასწავლებლის სტრესის გავლენა  მოსწავლეთა ქცევაზე

0

რამდენად დასტრესილია მასწავლებელი? „გალაპის“ ამასწინანდელმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ დღევანდელ ამერიკაში მასწავლებლები ძიძებთან ერთად ყველაზე სტრესული პროფესიის წარმომადგენლები არიან. სამწუხაროდ, ამ სტრესს გავლენა აქვს მათ მოსწავლეებზე, რასაც არასასურველ ქცევამდე და მისგან გამოწვეულ მოსწავლეთა სტაგნაციამდე მივყავართ.

 

ამ გადატვირთული მასწავლებლებიდან ერთ-ერთი არის ჯენიფერ ლოიდი, საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი მერილენდიდან და მისურის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. მან შენიშნა, როგორი მგრძნობიარენი არიან მისი მოსწავლეები მისი განწყობის მიმართ და როგორ შეუძლიათ „იკვებონ” მისი კარგი თუ ცუდი ენერგიით.

 

„თუ გაკვეთილზე შევდივარ არასასიამოვნო თათბირის  ან სტრესული დილის შემდეგ და ეს შეგრძნებები საკლასო გარემოში შემაქვს, ბავშვები ამჩნევენ ამას, – ამბობს ლოიდი. – ზოგჯერ ისინი მაშინვე მიბრუნებენ ნეგატიურ ენერგიას და შედეგად ჩვენ ყველას ცუდი დღე გვაქვს”.

 

იმისათვის, რომ შეესწავლათ მასწავლებლის „გადაწვის” გავლენა მოსწავლის ქცევის შედეგებზე, ლოიდის დამ კოლინ ედიმ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს მასწავლებელთა გამოკითხვა და კლასებზე დაკვირვება მისურის სკოლებში. მათ გამოარკვიეს, რომ როდესაც მასწავლებლები ძლიერ დასტრესილი და ემოციურად გამოფიტული არიან, მათი მოსწავლეები ამ დროს სტაგნაციისა და სკოლის ადმინისტრაციისაგან დისციპლინური სახდელის გამოყენების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

 

მოსწავლეების სასწავლო გარემოდან გაძევება, როგორც სასჯელის ფორმა, შესაძლოა მართლაც ზიანის მომტანი იყოს. თუ ჩვენ გვსურს, სკოლა მოსწავლეებისათვის პოზიტიურ სასწავლო გარემოდ ვაქციოთ, პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის პოზიტიური სამუშაო გარემოა მასწავლებლებისათვის. უნდა ვასწავლოთ მათ მოსწავლეთა არასასურველი ქცევის უკეთ მართვის სტრატეგიები, შედეგად მათ მეტი დრო დარჩებათ სწავლებისა და მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობების დასამყარებლად.

 

მასწავლებელთა სტრესთან გამკლავების სტრატეგიები უფრო მეტად პერსონალურ გამკლავებას გულისხმობს, მაგალითად, რეფლექსია იმაზე, რისთვისაც მადლობელი ხარ, ასევე თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

„მასწავლებლებს აქვთ პოტენციალი, გავლენა მოახდინონ მრავალ მოსწავლეზე, – ამბობს ედი, – შესაბამისად, მათი მხარდაჭერა საჭირო უნარებით კლასის მართვასა და სტრესის მართვაში ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგანაც ამას გრძელვადიანი დადებითი გავლენა ექნება მათ მოსწავლეებზე”.

 

როგორც მასწავლებლის დას, ედის პირადად შეუმჩნევია ის გავლენა, რომელიც ლოიდს აქვს თავის მოსწავლეებზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

„მოსწავლეებს უთქვამთ ჩემთვის, რომ ძალიან ეხმარებათ იმის ცოდნა, რომ ჰყავთ ვიღაც, ვინც მათ მხარეს იჭერს და მხარს უჭერს მათ, და როდესაც მოსწავლეებს ეს არ აქვთ, ჩვენ ვხედავთ გაცდენების უფრო მაღალ მაჩვენებლებს და უფრო დაბალ შედეგებს დავალებების შესრულებისას, – ამბობს ლოიდი. – ისინი არ აქტიურობენ, თუ გრძნობენ, რომ შენობაში არავინ ზრუნავს მათზე. შესაბამისად, თუ ისინი გრძნობენ ზრუნვასა და მხარდაჭერას სასწავლო გარემოში, უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ დარჩნენ სკოლაში და გახდნენ სასწავლო გამოცდილების ნაწილი”.

 

ცნობილია, რომ ახალი მასწავლებლების დაახლოებით ნახევარი ამ პროფესიას პირველი ხუთი წლის განმავლობაში ტოვებს. შესაბამისად, მხარდაჭერის სისტემის შექმნას, მასწავლებლის სტრესის მართვაში ხელშესაწყობად, შეუძლია, შეამციროს მასწავლებლის „გადაწვა” და გააუმჯობესოს მოსწავლის შედეგები.

 

„ჩვენი კვლევა ფოკუსირებულია იმის გამოვლენაზე, თუ რა შეგვიძლია შევცვალოთ მოსწავლეების გარემოში მათი სწავლისა და ქცევის შედეგების გასაუმჯობესებლად, – ამბობს ედი. – მასწავლებლები ძალიან მნიშვნელოვანნი არიან და მათი გავლენა მოსწავლეებზე ძალიან დიდია. ისინი სუპერვარსკვლავები არიან და იმსახურებენ ყოველგვარ მხარდაჭერას, რისი მიცემაც შეგვიძლია”.

 

წყარო: https://www.sciencedaily.com/releases/2020/09/200915105929.htm

 

 

სახელმწიფო სახელმწიფომდე

0

ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ მეოცე საუკუნეში დამოუკიდებლობა ორჯერ გამოაცხადა. ორივე შემთხვევაში ახალი რესპუბლიკის დაარსებას ქვეყნის პოლიტიკური კლასი მოუმზადებელი შეხვდა. ცხადია, საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციათა ავტორებს ჰქონდათ ოცნებები, იდეალები, ღირებულებები, მზად იყვნენ თავი გაეწირათ თავიანთი პრინციპებისათვის, მაგრამ ასწლეულის დასაწყისშიც და მიწურულსაც სახელმწიფოს თავისუფალი ცხოვრებისთვის საკმარისი წინაპირობები ჩამოყალიბებული არ ყოფილა. 1918 წელსაც და 1991 წელსაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ სასურველისა და შესაძლებლის ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა, ხალხის ენერგიის სათანადოდ მობილიზება.

მსოფლიოს სხვაგვარი მაგალითები მრავლად ახსოვს. ჩემს ბევრ სტუდენტს ჰგონია, რომ ისრაელის სახელმწიფოს მშენებლობა 1948 წლის 14 მაისს დაიწყო. თავად კი ვცდილობ დავუმტკიცო მათ, რომ ებრაელებმა სახელმწიფოს მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდამდე დაიწყო. ჩემთვის უძვირფასეს მოპაექრეებს ყოველთვის სიამოვნებით მოვუთხრობ ხოლმე იმ ინსტიტუტებისა და მოვლენების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოს არსებობას მის დაარსებამდე უყრიდნენ საფუძველს.

1896 წელს  ვენაში დაიბეჭდა წიგნი „ებრაელთა სახელმწიფო – ებრაელთა საკითხის თანამედროვე პირობებში გადაწყვეტის გამოცდილება“, რომლის ავტორი ბუდაპეშტში დაბადებული ჟურნალისტი და დრამატურგი გახლდათ. წარსულში ავსტრო-უნგრეთის იმპერიის მკვიდრი ფიქრობდა, რომ ყველა ებრაელს ქრისტიანობა უნდა მიეღო და ასიმილაციის გზით ეხსნა საკუთარი თავი გადარჩენისაგან. საფრანგეთის არმიიდან დამცირებით გაგდებული და დევნილი ებრაელის, დრეიფუსის საქმემ, ერთი პატიოსანი ჯარისკაცის უმიზეზოდ განადგურების მცდელობამ პუბლიცისტის გარდაქმნას შეუწყო ხელი. ევროპულ საზოგადოებაში ათქვეფის, მასთან სამუდამოდ შეკავშირების იდეის ნაცვლად ბუდაპეშტელი ასობით წლის წინ დაკარგულ ისტორიულ სამშობლოში ებრაული სახელმწიფოს შექმნის აპოლოგეტი გახდა. ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ნახევარი საუკუნით ადრე, თეოდორ ჰერცლის მიერ სიონიზმის იდეის ჩამოყალიბებით დაიწყო.

თეოდორ ჰერცლი მხოლოდ წიგნის დაწერითა და იდეის სისტემატიზაციით არ შემოფარგლულა. მან სიცოცხლის ბოლო წვეთამდე მუყაითად იმუშავა საკუთარი იდეის ხორცშესხმისთვის. ჰერცლმა საფუძველი ჩაუყარო მსოფლიოს ებრაელთა კრებების – სიონისტური კონგრესების გამართვის ტრადიციას. კონგრესებზე თავს იყრიდნენ პლანეტის ყველა კუთხიდან ჩამოსული ებრაელები და თავიანთი სახელმწიფოს შექმნის სტრატეგიებზე მსჯელობდნენ. კონგრესის წევრები განსხვავებული მოსაზრებების გამო ხშირად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, იმართებოდა უმწვავესი დისკუსიები და დებატები, მსჯელობდნენ მუშაობისთვის საჭირო თანხების მობილიზებისა და განაწილების საკითხებზე, ირჩევდნენ გადაწყვეტილებათა აღმსრულებელ პირებსა და ჯგუფებს. პირველი სიონისტური კონგრესი 1897 წლის აგვისტოს მიწურულს, შვეიცარიულ ბაზელში გაიმართა. მაშასადამე, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდე ნახევარი საუკუნით ადრე ებრაელებს უკვე ჰქონდათ ინსტიტუტი, რომელიც პარლამენტებისთვის დამახასიათებელ რამდენიმე ფუნქციას წლების განმავლობაში წარმატებით ასრულებდა.

ებრაელებს თავიანთი სახელმწიფო 1948 წლამდე არ ჰქონიათ, მაგრამ კონგრესის დაარსებისთანავე თეოდორ ჰერცლმა და სხვა სხვა სიონისტებმა ინტენსიური კავშირები დაამყარეს მსოფლიოს ლიდერებთან. ჰერცლიც და მისი თანამოაზრეები ხშირად სტუმრობდნენ სულთნებსა და მეფეებს, პრეზიდენტებსა და პრემიერ მინისტრებს, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს და მათ პალესტინაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების ინიციატივას აცნობდნენ. ისრაელი არ არსებობდა, მაგრამ ასობით ადამიანი სიამოვნებით ასრულებდა ჯერ არ შექმნილი სახელმწიფოს ელჩის მოვალეობას სხვადასხვა ქვეყანაში და უკომპრომისოდ უწევდა პროპაგანდას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალი პოლიტიკური სისტემის დაფუძნების თაობაზე.

1906 წელს პალესტინის მიწაზე ფეხი დადგა ქალაქ პლონსკში დაბადებულმა დოვჩიკ გრინმა. ის მარტო არ ყოფილა, იაფოში თანამოაზრეების ჯგუფთან ერთად დაიწყო ცხოვრება. 1906 წლისთვის პალესტინის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი განაშენიანებული არ ყოფილა. მოახალშენეებს ჭუჭყიანი ქუჩებისა და დანგრეული ქოხმახების ხელახლა მოწესრიგება, ხეების დარგვა, მეურნეობის გამართვა უწევდათ. პალესტინაში დამკვიდრებული ახალგაზრდა ებრაელები კიბუცებში – სასოფლო-სამეურნეო, შრომით კომუნებში ცხოვრობდნენ, ერთი სახლი ჰქონდათ, მოწეულ მოსავალს თანაბრად იყოფდნენ, ერთად იყვნენ ჭირშიც და ლხინშიც, მათთვის მთავარი იყო ის, რომ ისრაელის მიწაზე ეცხოვრათ და პალესტინაში ნელ-ნელა ებრაული კერის გაღვივება დაეწყოთ, ადგილობრივი ებრაული თემისთვის საფუძველი ჩაეყარათ. დოვჩიკ გრინი მომავალში მსოფლიომ ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრის, დავით ბენ-გურიონის სახლით გაიცნო.

1900-იანი წლებიდან ნელ-ნელა პალესტინაში დაბრუნებულ ებრაელ რეპატრიანტთა რაოდენობა გაიზარდა, იორდანეს სანაპირო ახალ-ახალი კიბუცებით გაივსო. კომუნები ნელ-ნელა პატარა ქალაქებად გარდაიქმნენ. ყველა ქალაქს მოვლა და მართვა-გამგეობა, შრომის დანაწილება სჭირდება, ღარიბ მიწაზე მკაცრ კლიმატში თავის გასატანად და შიმშილისგან თავის დასახსნელად „კიბუცნიკების“ უკეთ ორგანიზება იყო საჭირო. შესაბამისად, ათიანი წლებიდან პალესტიანაში ებრაული არაფორმალური თვითმმართველობის პირველი ნიშნები გაჩნდა. უცხო მოსახლეობის ზრდას ადგილობრივთა წინააღმდეგობაც შეხვდა, ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამადე გამოინასკვა ებრაულ-არაბული კონფლიქტის კვანძები. პალესტინაში დაბრუნებულ ებრაელებს არაფორმალური სამართალდამცავი უწყებების შექმნაც მოუწიათ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ებრაელებმა საჯარო ინსტიტუტების არაფორმალური მშენებლობა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამდე გაცილებით ადრე დაიწყეს.

1920-იანი და 1930-იანი წლები განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ებრაული საზოგადოებისთვის. თავდაპირველად, ერთგვარი კონფლიქტი წარმოიქმნა მსოფლიოს სიონისტურ მოძრაობაში. ხაიმ ვეიცმანი, სიონისტური მოძრაობის ლიდერი და ისრაელის პირველი პრეზიდენტი, პალესტინაში მოგზაურობის შემდეგ რეპატრიაციის მოწინააღმდეგე გახდა. იგი ამტკიცებდა, რომ ყველაფრის მიტოვება და უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების არარსებობის პირობებში ახლო აღმოსავლეთში დაბრუნება არაგონივრული იყო. ვეიცმანის განაცხადმა ძალიან გააღიზიანა იდეის გამო ისტორიულ სამშობლოში დამკვიდრებული ებრაელები, რომელთა ლიდერიც დავით ბენ-გურიონი გახლდათ. კონფლიქტს თან დაერთო არაბთა წინააღმდეგობის გაძლიერება, ნაციზმის მომძლავრება ევროპაში, ბოლოს კი არაბთა აჯანყების პრევენციის მიზნით დიდმა ბრიტანეთმაც ზურგი აქცია „ბალფურის დეკლარაციის“ პრინციპებს და ებრაელთა რეპატრიაციის შესაჩერებლად ახალი რეგულაციების („თეთრი წიგნის“) დაწესებას მიჰყო ხელი. გამოწვევების ზრდასთან ერთად, ებრაელთა საწინააღმდეგო მოქმედებებმაც არ დაახანეს. 1920-იანი წლებიდან პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედებას იწყებს ებრაული პროფკავშირი „ჰისთადრუთი“. მეორე მსოფლიო ომამდე პროფკავშირი პალესტინის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ებრაული დაწესებულების შემაკავშირებელ და მაკოორდინირებელ ინსტიტუტად იქცა, მის საფუძველზე მოხდა პოლიტიკური ჯგუფების შრომის პარტიად კონსოლიდაცია. ფაქტობრივად, 1930-იანი წლებისთვის პალესტინის სამანდატო ოლქში დამკვიდრებულ ებრაელებს ჰქონდათ ინსტიტუტი, რომელიც პარტიისა და პროფკავშირის როლის შესრულების გარდა, სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ ბევრ ფუნქციასაც იღებდა საკუთარ თავზე. ფაქტობრივად, „ჰისთადრუთი“ გახლდათ ებრაელთა წინარესახელმწიფო, პროტოსახელმწიფო, რომლის საშუალებითაც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ებრაული თემი საკუთარ პოლიტიკურ იდენტობას გამოხატავდა და თავის პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობას ადასტურებდა. სწორედ აღნიშნული სტრუქტურების ხელშეწყობით გაძლიერდა და მწყობრ სისტემად ჩამოყალიბდა ებრაელთა პარამილიტარისტული დაჯგუფება „ჰაგანა“. „ჰაგანა“ ერთგვარი არმია იყო, რომელიც არაბებისა და ებრაელების წინააღმდეგ აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო-შეიარაღებულ დაპირისპირებებში. „ჰაგანამ“ 1948 წლამდე, ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდე მესამედი საუკუნის განმალობაში იარსება.

ჩვენ კი გვეგონა, რომ დიდი იმპერიების ნანგრევებში აღმოჩენის შემდეგ მინერალური წყლებითა და მანდარინით გავიდოდით ფონს.

„თევზი ხეზე“ – წიგნი, რომელიც ყველას დაგვაფიქრებს

0

მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ახალი საფიქრალი, მით უმეტეს დისტანციური სწავლების ერაში, შემცირებული ურთიერთობების ფონზე და იმ სივრცეში, სადაც სკოლა ფიზიკური სახით გამქრალია. წიგნისკენ მიმავალ გზას თუ დავადგებით, კიდევ შეგვიძლია დროებით მაინც დავივიწყოთ რეალობა – ვირუსი, იზოლაცია, შიშები და სასაუბრო გავიჩინოთ ჩვენს შვილებთან, მოსწავლეებთან…

 

ასე დავადექი ჩემს შვილებთან ერთად წიგნებში „შეძვრომის” გზას. ხან მე ვუკითხავ, ხან ისინი კითხულობენ. ლინდა მალალა ჰანთის „თევზი ხეზე” – ბესტსელერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ბავშვის გულში შეაღწია და ალბათ დააფიქრა ისინი. სხვანაირად შეუძლებელი იქნება. თუ ამ წიგნს წაიკითხავ, შეეცდები სხვანაირად შეხედო ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ შესაძლებლობებსა და მათ პრობლემებს…

 

ავტორი წიგნს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უძღვნის, იმ ადამიანებს, რომლებმაც ყოველდღიურად უნდა ასწავლონ და ისწავლონ ერთმანეთისგან:

 

მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვს ხედავენ; რომლებიც გვახსენებენ, რომ თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული; რომლებიც ხელს გვიწყობენ, ვიყოთ გამორჩეული და არ ვეცადოთ, ერთმანეთს დავემსგავსოთ

 

ბავშვებს

 

რომლებიც პოულობენ შინაგან ძალას

ნებისმიერ ძალას გაუმკლავდნენ.

 

თქვენ გმირები ხართ.

ეს წიგნი თქვენთვისაა.

 

წიგნი სკოლის მოსწავლე გოგონაზე, ელი ნიკერსონზეა. მნიშვნელოვანი ამბები სკოლის კედლებში ვითარდება. ისევე, როგორც სხვა სკოლებში, ელის სკოლაშიც არის ბულინგი, დამცირება, უთანასწორობა, გულის ტკენა, მასწავლებლის შეცდომები და ფიქრი საკუთარ შესაძლებლობეზე, რომლებიც ბავშვებისთვის ხშირად თავსატეხად იქცევა. მათთვის ხომ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ვინ არიან და რა შეუძლიათ. ელის შესაძლებლობები გამოსაკვლევია, მას დახმარება სჭირდება და არა სკოლის დირექტორის კაბინეტში ჯდომა და მასწავლებლებისგან დამუნათება, იმის გამო, რომ წერა და კითხვა არ გამოსდის. მაგრამ, ჯერ ელი უნდა დაინახონ, დაფიქრდნენ მასზე, რომ მისი პრობლემის მიზეზი იპოვონ. ელის მართალია, წერა და კითხვა უჭირს, სამაგიეროდ, საოცრად ხატავს და მათემატიკა უყვარს. მაგრამ, მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ის საკმარისად არ ინდომებს. ელის კი თვითონაც ვერ გაუგია, რატომ ხედავს საგნებს განსხვავებულად, რატომ დაფრინავენ ასოები პეპლებივით, როცა სხვები თავისუფლად კითხულობენ. კითხვა ელისთვის რთულია, სამაგიეროდ ის ცოცხალ სცენებს ხედავს, რომლებსაც ცხადად შეიგრძნობს და შემდეგ ეს სცენები, „დაუჯერებელი ამბების” რვეულში ცოცხლდება.

 

როგორ არ ვეცადე, ვილოცე, ბევრი ვიწვალე, იმედი მქონდა, მაგრამ კითხვა ჩემთვის ისევე რთულია, ასოებისგან გაკეთებული წვნიანი რომ დამისხან თეფშზე და სიტყვების წაკითხვა მთხოვონ. ვერაფრით ვხვდები, ამას სხვები როგორ ახერხებენ, ამბობს ელი.

 

ასოები შავი ხოჭოებივით მიემართებიან კედლებზე… ელის კლასელები არანორმალურს ეძახიან, დასცინიან, მაგრამ მალე მათ სასკოლო ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილება ხდება, უპირველესად კი ელისთვის… სკოლაში ახალი მასწავლებელი მოდის, მისტერ დენიელსი. მისტერ დენიელსს შეუძლია, იპოვოს პრობლემის გასაღები, აღმოაჩინოს ელის პრობლემა და სახელი დაარქვას იმას, რასაც აქამდე სხვები ვერ ხვდებოდნენ და მოახერხებს კიდეც.

 

ელის პრობლემას დისლექსია ჰქვია. დისლექსია – სწავლის უნარ-ჩვევების დარღვევაა, რომელიც გულისხმობს როგორც კითხვის დარღვევას, ასევე მოიცავს წერის სიძნელეეებსაც.

 

ცოტა ხნის წინ სწორედ დისლექსიაზე ჩავწერე ინტერვიუ ნეიროფსიქოლოგ მაია მაჭავარიანთან, სადაც ჩემს შეკითხვაზე, თუ როგორი ტიპის სწავლება მოიაზრება დისლექსიის მქონე ადამიანებისთვის, ის ამბობს: „ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ დახმარება და მხარდაჭერა როგორც სასწავლო გარემოში, ისე ოჯახში. ამის მაგალითი შეიძლება იყოს წერით გამოცდაზე დამატებითი დროის გათვალისწინება, სასწავლო პროცესში აუდიო- და ვიდეო მასალის, ლიტერატურისა და სხვა დიდტანიანი ტექსტების ნაცვლად აუდიო წიგნების გამოყენება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დისლექსიის მქონე ბავშვისთვის კითხვისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება შეუძლებელია”.

 

„თევზი ხეზე” მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნია. ელის ამბავი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა პირობითი ტერმინია და დაგვარწმუნებს იმაშიც, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, მონდომება, გულისხმიერება და უფროსების ჩართულობა სასწავლო პროცესში, როცა პატარა ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე ვერ გარკვეულა. და რა უნდა თევზს ხეზე? ეს სიტყვები ცნობილ მეცნიერს ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის, ის ამბობდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია”. დისლექსია ალბერტ აინშტაინსაც ჰქონდა, კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია.

 

გამოყენებული ფოტო: ნატა ჟვანია/ წყარო helloblog.ge

 

ინფორმაციის უსიერ ტყეში

0

თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების ფლობა პროფესიული განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ინფორმაციის მოძიება, შემოწმება-დამუშავება და სანდო წყაროს არასანდო მონაცემებისგან გარჩევა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ზოგჯერ კი მრავალფეროვან მედიარესურსში ტყუილ-მართლის განცალკევება კონკიას მიერ მუხუდოსა და ოსპის მარცვლების გადარჩევას ემსგავსება.

მედიაწიგნიერების ცალკე საგნად სკოლებში სწავლების იდეა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეშიც არაერთხელ ქცეულა განხილვის საგნად. თუმცა ჯერჯერობით ზემოაღნიშნული „დისციპლინისთვის“ სასწავლო პროგრამების ჩამონათვალში ადგილი ვერ მოინახა. არადა, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხი და, ამასთან, ინფორმაციის დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო მიზნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.

თუ სკოლაში მასწავლებლის მხარდაჭერა და ჯგუფზე გადანაწილებული პასუხისმგებლობა მოსწავლეს მისი წილი დავალების შესრულებას უადვილებდა, დისტანციური სწავლების პროცესში მას მიზნობრივი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება-დახარისხება და სრულ სასწავლო პროდუქტად ჩამოყალიბება დასჭირდა. შედეგად მივიღეთ ვიკიპედიის, ე.წ. კონსპექტებისგან შეკოწიწებული დავალებები და გადაუმუშავებელი (წყაროს სანდოობის შემოწმება, ინფორმაციის დაწურვა მეორეხარისხოვანი თემებისგან, ზოგ შემთხვევაში კი „copy-paste“) ინფორმაცია, რომლის სწორად ფორმულირება და  პრეზენტირება დავალებების ავტორთა უმეტესობას საკმაოდ გაუჭირდა. შედეგი გასაკვირი სულაც არ იყო, რადგან ინტერნეტსივრცეში არსებული ზღვა რესურსის სწორად შერჩევა-გამოყენებას გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება სჭირდება.

ალბათ ზოგიერთ თქვენგანს დააინტერესებს, რატომ არ გადავიტანეთ ჯგუფური მუშაობის ფორმატი დისტანციური სწავლების პროცესში. ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებად დავასახელებდი კომპიუტერთან გასატარებელი დროის გაზრდას (საფრთხე ჯანმრთელობისთვის), კიბერუსაფრთხოების საკითხს (კონფლიქტის წარმოქმნის საშიშროება) და სამუშაო პროცესზე დაკვირვების სირთულეს (მასწავლებელი ყველა ჯგუფის ფასილიტაციას ვერ შეძლებდა).

დაბრკოლებების მიუხედავად, ზემოაღნიშნულ პრობლემას დისტანციურ ფორმატშიც შევეჭიდე და კოლეგებთან ერთად მედიაწიგნიერების კვირეულის ჩატარება გადავწყვიტე. პროექტი IV-V კლასელებისთვის დაიგეგმა, აქტივობები და სასწავლო რესურსებიც ზემოაღნიშნული საფეხურის მოსწავლეთა უნარ-ჩვევებსა და საჭიროებებს მოვარგეთ. ამას გარდა, კვირეულის დღეები ერთმანეთს შინაარსობრივადაც დავუკავშირეთ. ასე დაიბადა რეზიკო – მეოთხეკლასელი ბიჭუნა, რომელსაც რამდენიმე თავსატეხის ამოხსნაში დავეხმარეთ.

პირველ დღეს რეზიკომ თავისი საყვარელი თამაში გამოგვიგზავნა. მოსწავლეებს ვიქტორინის ფორმატში აწყობილი დავალების დახმარებით საკუთარი თავი უნდა შეემოწმებინათ და ნამდვილი და გამოგონილი ამბები ერთმანეთისგან გაერჩიათ (ვიქტორინაში გამოყენებული იყო რეალური ფაქტები, მითები და ლეგენდები). თამაშის დახმარებით მოსწავლეები თავად უნდა მისულიყვნენ დასკვნამდე, რომ, ე.წ. საკვანძო სიტყვებზე დაკვირვებით რეალური და გამოგონილი ამბების ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება.

ვიქტორინას კონკრეტული (დაზუსტებული) და ზოგადი (დაუზუსტებელი) ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევის გაკვეთილი მოჰყვა. რეზიკომ თანატოლებს ეს გამოცდილებაც გაუზიარა. ქვემოთ შეგიძლიათ, გაეცნოთ დავალების დეტალურ ინსტრუქციას და ელექტრონულ რესურსს (ჩემ მიერ სახელდახელოდ შეთხზულ საგაზეთო სტატიას), რომელშიც მოსწავლეებს დაუზუსტებელი ინფორმაციის მანიშნებელი ზოგადი სიტყვები უნდა აღმოეჩინათ:

დავალების ინსტრუქცია

დამხმარე რესურსი

სამუშაო ფურცლის სანახავად მიჰყევით ლინკს:

https://learningapps.org/display?v=psqrxphdn20&fbclid=IwAR0TatICSebzFch4TPY-Is8EuVxzi_Q25_wR8ETW0FnPYM6s_P-jXwsr83A

როგორც ხედავთ, მოსწავლეებს ზოგად სიტყვებზე (ამბობენ, ალბათ და სხვ.) უნდა „დაეკლიკებინათ“ და ამ გზით სტატიაში არსებული დაუზუსტებელი ინფორმაცია აღმოეჩინათ. შემდეგ შეხვედრაზე, დავალებაში მოძიებული ზოგადი მონაცემების სანდოობის განხილვასთან ერთად, დაზუსტებული ინფორმაციის (ფაქტების) შემცველი მაგალითებიც გავარჩიეთ.

ლიტერატურაშიც რომ მტყუან-მართალი არ ეძებნათ, შემდეგი შეხვედრა მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის შედარებას დავუთმეთ და შევთანხმდით, რომ ხელოვნებაში „ტყუილი მოსულა“. შემდეგ მოსწავლეებს ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარება შევთავაზე და ყველასათვის ნაცნობი ზღაპარი „წითელქუდა“ საგაზეთო სტატიად ვაქციეთ. ბოლოს კი „დანაშაულის ადგილზე“ მოსულ „ექსპერტებს“ ქვემოთ მოცემული კითხვარის შევსება შევთავაზე.

  1. სინამდვილეში რა ჰქვია წითელქუდას?

ა) ვარდო

ბ) მალინა

გ) სახელის დარქმევა დაავიწყდათ

დ) ნამდვილი სახელი უცნობია

 

  1. სად ცხოვრობს წითელქუდას ბებია?

ა) თბილისის გარეუბანში

ბ) ტყის პირას

გ) სოფლის შუაგულში

დ) ზღვის სანაპიროზე

 

  1.  რატომ წავიდა წითელქუდა ბებიასთან?

ა) წითელი ქუდი უნდა დაებრუნებინა

ბ) დედამ დაავალა და რა ექნა?!

გ) ავად იყო და უნდა მოენახულებინა

დ) ღვეზლების გამოცხობა უნდა ესწავლა

 

  1. ვინ უთხრა დედას, რომ ტყეში მგელი ცხოვრობდა?

ა) დაესიზმრა

ბ) მონადირემ გააფრთხილა

გ) ბებიამ გააგებინა

დ) შარლ პერომ უთხრა

 

  1. ვინ გაუმხილა მგელს პირადი ინფორმაცია ბებიას საცხოვრებელი ადგილის შესახებ?

ა) დედამ

ბ) ბებიამ

გ) წითელქუდამ

დ) მონადირემ

 

  1. უსაფრთხოების რომელი წესი დაარღვია წითელქუდამ?

ა) ბილიკიდან გადაუხვია და მგელს გამოელაპარაკა

ბ) ტყეში ყვავილების კრეფა დაიწყო

გ) ბებიას ფუნთუშებით სავსე კალათა წაუღო

დ) მგელს ფუნთუშები არ აჭამა

  1. ვინ მოჰყვებოდა ამ ამბავს ყველაზე ობიექტურად, ანუ გაზვიადების გარეშე?

ა) წითელქუდა

ბ) ბებია

გ) მგელი

დ) მონადირე

 

  1. წარმოიდგინე, რომ ჟურნალისტი ხარ და მონადირეს ინტერვიუს ართმევ. პირველ რიგში, რას ჰკითხავდი მას?

__________________________________________________________________

 

კვირეულის ბოლო შეხვედრა ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეჯამებას დავუთმეთ. მოსწავლეებს დამხმარე კითხვებზე დაყრდნობით უნდა შეედგინათ „რჩევების ბარათი“, რომელზეც კვირეულის მთავარ მიგნებებს განათავსებდნენ და უმცროსკლასელებს გაუზიარებდნენ. მოსწავლეებმა ბოლო დავალებაც რეზიკოსგან მიიღეს:

მალე მოსწავლეებისგან ფერად-ფერადი, საჭირო რჩევებით აღჭურვილი ბარათები მივიღე. კვირეულის მსვლელობის პროცესში მოსწავლეებს ახალი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა „რჩევების ბარათში“ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენებს მოუყარეს თავი და გამოცდილების გაზიარების საშუალებაც მიეცათ. ჩემი აზრით, თუ სკოლებში ტექსტების „მოშინაურების“ გაკვეთილებს ხშირად ჩავატარებთ, დროთა განმავლობაში მოსწავლეებს ტყუილ-მართლის გარჩევა გაუადვილდებათ და თამამად გაიგნებენ გზას ინფორმაციის „უსიერ ტყეში“.

 

როგორ გავხდეთ ბავშვებისთვის უფრო საინტერესო

0

პანდემიის ფონზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სკოლა არ არის საზოგადოებისაგან ცალკე მდგომი, დახურული ინსტიტუცია და მასზე გავლენას შიდა ფაქტორებთან ერთად გარე ფაქტორებიც ახდენენ. ამის საუკეთესო და ყველაზე სევდიანი მაგალითი სწორედ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებია.

თითქმის ერთი წელია, სკოლები დახურულია. შესაბამისად, ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეთათვის უფრო და უფრო რთული ხდება კონცენტრირება, აქტიური მონაწილეობა, დავალებების შესრულება, გაკვეთილებზე დასწრება და ა.შ. ამაზე მიუთითებს წინა სემესტრის გამოცდილებაც:

„მოტივაცია ბოლოსკენ ძალიან დაეცა; ივნისისკენ უკვე თითქმის აღარ შემოდიოდნენ ბავშვები“[1];

გარკვეულწილად, იგივე შეიძლება ითქვას მასწავლებლებზეც (ჩემს მაგალითზე, როგორც მინიმუმ).

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, [კიდევ] რა უნდა გააკეთონ სკოლებმა და მასწავლებლებმა რომ სასწავლო გარემო და პროცესი საინტერესო იყოს მოსწავლეთათვის?

ჩემი აზრით, გარდა აქსიომური პასუხებისა, რომ მასწავლებელი კარგად უნდა მოემზადოს გაკვეთილისათვის (რისი დროც ხშირად არ არის ხოლმე), მთავარი რჩევა იქნება ყურადღების გადატანა სოციალიზაციის ასპექტებზე, ურთიერთობების მხარდაჭერაზე, კომუნიკაციაზე.

ერთი შეხედვით, ესეც მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ არც თუ ისე. მე ვფიქრობ, რომ განტვირთვა და არაფორმალური განათლებით სწავლება დღეს საუკეთესო საშუალებაა შედეგების მისაღებად. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ამის საშუალებები მცირეა ან დიდი დრო სჭირდება მასწავლებელს რესურსების შესაქმნელად, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი.

პირველ რიგში, უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია არის მზად, მოხალისეობრივად დაეხმაროს სკოლებს და სთავაზობენ სხვადასხვა აქტივობასა თუ პროგრამას. მაგ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ტრენინგების სერია „ციფრული უსაფრთხოება – ტრენინგებისა სერია სკოლის მოსწავლეებისთვის“ ან ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ მიერ ორგანიზებული ვებინარების სერია „საუბრები ფსიქოლოგიაზე მოზარდებისა და მშობლებისთვის“.

გარდა ამისა, ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ეფექტიანია მოწვეული სტუმრების ჩართვა გაკვეთილებზე. ჩვენს შემთხვევაში, მოსწავლეებმა ჩამოწერეს ის ადამიანები, რომლებთანაც ისურვებდნენ შეხვედრას, ასევე ის პროფესიები, რომლებიც აინტერესებდათ. საბოლოო შეთანხმებით, დავუკავშირდით რამდენიმე მათგანს, რომლებიც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ მონაწილეობაზე. შესაბამისად, რთული ამაში არაფერია, მით უმეტეს, ინტერნეტის ეპოქაში.

კიდევ ერთი რამ, რაც კარგად მუშაობს, ეს არის კინოკლუბი. კინოკლუბის ფარგლებში შესაძლოა შეირჩეს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სია, რომელთა ჩვენებაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება. მაგ. სამშაბათს, 18:00 საათზე. ხოლო, ფილმის დასრულების შემდგომ, გაიმართება დისკუსია. დისკუსიებში შესაძლოა, მოიწვიოთ როგორც გარე სტუმრები, ასევე სკოლის შიდა წარმომადგენლები, რომ დისკუსია უფრო საინტერესო იყოს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია თანამედროვე, მოსწავლეთათვის საინტერესო ფილმების შერჩევა.

კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, თუმცა, ვფიქრობ, იდეა გასაგებია – მეტი ყურადღება სოციალიზაციასა და ურთიერთობებზე.

 

ფსიქოლოგიური თამაში

 

„მოსწავლეები ყველაზე უკეთ აფასებენ ან „მოსწავლეები საუკეთესო შემფასებლები“ არიან, ეს და მსგავსი ფრაზები ყველაზე მეტად მესმოდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ განხორციელების 4 წლის მანძილზე. კონკურსის ერთ-ერთ ეტაპზე შერჩეული მასწავლებლების მოსწავლეებსაც ვხვდებოდით და, ნამდვილად, ისინი ყველაზე უკეთ აფასებდნენ მასწავლებლის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მათთან დისკუსიები ამ კონკურსის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი იყო/არის.

ანალოგიურად, ბავშვები ყველაზე უკეთ გრძნობენ, რისი გაკეთება „მოსულა“ გაკვეთილზე და რისი – არა. შესაბამისად, გარკვეულწილად ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ თამაშს ჰგავს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის, უხილავს მაგრამ, გაწაფული თვალისთვის მაინც ხილულს.

ჩემი მცირე გამოცდილებით, სწორედ ეს არის მთავარი მასწავლებლისათვის – ფსიქოლოგიური მდგრადობა. სწორედ ამ მდგრადობისა და პროფესიის სირთულეებიდან გამომდინარე არის, რომ არაერთ ქვეყანაში მასწავლებლებისათვის სარელაქსაციო ოთახები აქვთ მოწყობილი, ჰყავთ ქოუჩები, ფსიქოლოგები, მხარდამჭერი ჯგუფები და ა.შ. სამწუხაროა, რომ ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ჩვენი კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, ასეთი სერვისებისგან ჩვენ ძალიან შორს ვართ.

თუმცა, ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური მდგრადობა გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან დაპირისპირებაში. არაერთი კვლევის მიხედვით, მასწავლებლების ყველაზე დიდი გადინება სწორედ საქმიანობის დაწყების პირველ წლებში ხდება, რადგან ისინი ვერ უძლებენ იმ წნეხს, რომელიც ამ პროფესიას ახლავს. მეც რამდენჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის, ვაკეთებ კი საკმარისს მოსწავლეებისთვის? როგორ დავაინტერესო ბავშვები? რჩებათ კი რაიმე ცოდნა გაკვეთილების შემდგომ? აქვს კი საერთოდ სწავლებას აზრი? ხომ არ სჯობს, რომ სხვამ ასწავლოს და ა.შ.

ეს ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის დროს, როდესაც მასწავლებლებს მოკლე დროში მოუწიათ დისტანციურ სწავლებაზე გადაწყობა.

„ონლაინდავალებების დაგეგმვას მიჰქონდა ძალიან დიდი დრო. ყოველდღიურად ფიქრი რომ ხვალ რა გააკეთო, რომ ბავშვები დააინტერესო, იყო ყველაზე დამღლელი“[2].

ამ მიმართულებით, არაერთი რეკომენდაცია გაჟღერდა და არსებობს მტკიცებულებები, თუ რა მუშაობს. თუმცა, როდესაც ამ სტატიას ვწერდი, დაემთხვა, რომ იმ მომენტში მეგობარს გაზიარებული ჰქონდა ბრიტანელი მწერლისა და ჟურნალისტის, იოჰან ჰარის ტედის გამოსვლა (Ted Talk), სადაც ის საუბრობდა დეპრესიისა და ღელვის შესახებ. გამოსვლის ზუსტი სახელია „ეს შეიძლება იყოს ის, რატომაც ხარ დეპრესიული ან აღელვებული“ (“This could be why you’re depressed or anxious”). ეს ადამიანი ჩემთვის ცნობილი იყო ტედის სხვა გამოსვლიდან, სადაც ადიქციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემო ფაქტორები პრობლემის მოგვარებაში (სხვათა შორის, ეს პრობლემა ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია და აგრესიული რეკლამებია ზუსტად ის გარემო ფაქტორები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას შეუძლებელს ხდის).

მოკლედ, ამ გამოსვლით დავინტერესდი და დიდი სიამოვნებით ვუყურე ვიდეოს, რომელშიც ეს ადამიანი საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა იგრძნოს თავი რაღაც ჯგუფის ნაწილად და არ ჩათვალოს, რომ ეს მხოლოდ მისი პრობლემა ან მისი სისუსტეა. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნებოდა სკოლებში მასწავლებელთა მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა, საგნობრივი ასოციაციების, პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გააქტიურება ამ მიმართულებით. შეუძლებელია ასეთი გამოწვევების გადაჭრა ინდივიდუალიზებული და ერთჯერადი ტრენინგებით, ეს გაცილებით სისტემური, მდგრადი და საინტერესო პროცესი უნდა იყოს მასწავლებელთათვის, რომლებიც, დროთა განმავლობაში ორგანულად გაგრძელდება და სკოლებისა თუ ზოგადად მასწავლებლის თემის ბუნებრივ ნაწილად იქცევა.

 

[1] რა უნდა გავითვალისწინოთ 2020-2021 აკადემიური წლისათვის. რეკომენდაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. განათლების კოალიცია. 2020.

[2] რა უნდა გავითვალისწინოთ 2020-2021 აკადემიური წლისათვის. რეკომენდაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. განათლების კოალიცია. 2020.

გზები და შტრიხები გეოგრაფიის გაკვეთილისთვის

0

ადამიანის ნებისმიერ საქმიანობას აქვს განსაკუთრებული მიზანი. მასწავლებლის მუშაობის მთავარი მიზანი მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის ამაღლება და მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ მიზნის მიღწევა ბევრი სასწავლო ამოცანის გადაჭრის საშუალებას გვაძლევს. შედეგად ვიღებთ შესწავლილი მასალის ინფორმაციულ ცოდნას, ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის უნარს, ცხოვრებაში სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღების ჩვევას, რომელთა საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ, შემოქმედებითად დაეუფლონ არჩეულ სპეციალობას. ადამიანის შესაძლებლობები საქმიანობის პროცესში ვითარდება. უნარების ჩამოყალიბება ხდება რეგულარულად, დროში განაწილებულ სპეციალურად ორგანიზებულ სიტუაციებში აქტიური მონაწილეობით.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეთა კოგნიტიური შესაძლებლობების განვითარება მასწავლებლის აქტივობის მიზანია, ხოლო მათი გააქტიურების სხვადასხვა მეთოდი – ამ მიზნის მისაღწევად საჭირო საშუალება. მოსწავლეთა განვითარების მიზნით საჭიროა სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარების დონის გათვალისწინებით.

სწავლა-სწავლის ფორმირება ხანგრძლივი პროცესია. შეუძლებელია ყველა უნარის ჩამოყალიბება თუნდაც ერთ სასწავლო წელს. ამ პროცესმა უნდა გაიაროს გზა მარტივიდან რთული ცოდნისკენ. საყოველთაო საგანმანათლებლო მოქმედებების ფორმირების პროცესის გაგრძელების მიზნით აუცილებელია განვასხვაოთ სწავლა-სწავლის ფორმირების დონე-ეტაპები. ეს დონეები უნდა ჩამოყალიბდეს არა „სრულყოფილად ან ნაწილობრივ ოსტატობის“ ტიპით, არამედ როგორც ინტეგრალური თვისებები, რომლებიც ახასიათებს მარტივიდან რთულისკენ გადასვლას.

სასწავლო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციური უნარების განითარება, რადგან ინფორმაციის სწორად აღქმისა და სხვისთვის სწორად გადაცემის უნარი მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის საფუძველია. მეტყველების უნარის (მოქმედების) ნაკლებობა კონცეფციების შემუშავებაში ხშირად იწვევს მოსწავლეებში ცრუ იდეების ჩამოყალიბებას. საკომუნიკაციო უნარები საგანმანათლებლო საგნების შინაარსის მთავარი საშუალებაა.

სწავლების წარმატება დამოკიდებულია კლასებში მოსწავლეთა კომუნიკაციის ხარისხზე, ბავშვის უნარზე, იმუშაოს სხვადასხვა ტიპის ტექსტებთან. პირველ რიგში, მოსწავლეს უწევს სწავლის პროცესში მათთან გამკლავება, ამიტომ კომუნიკაციის უნარის ფორმირება თითოეული საგნის მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ეს უნარები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლეებს შორის სხვადასხვა ტიპის ურთიერთქმედების ორგანიზების ჭრილში. ეს მოითხოვს საგანმანათლებლო პროცესის საგნების ურთიერთმიმართებას და საკუთარი საქმიანობის ორგანიზებას.

განვითარების ნებისმიერ უფრო რთულ ფორმას მოსწავლე ეუფლება თანამშრომლობით, მერე კი დამოუკიდებლად. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლობაში არსებობს ობიექტური მოქმედებებისა და მეტყველების ფორმების იდეალური შაბლონების ოსტატობა, სხვების გამოცდილება, რაც ხდება რეპროდუქციული-მიბაძვითი საქმიანობის საფუძველზე.

ქმედებები დაკავშირებულია თანატოლებსა და უფროსებთან თანამშრომლობის უნარის განვითარებასთან:

  • ურთიერთქმედების მიზნების, წესებისა და მეთოდების განსაზღვრა, მონაწილეთა ფუნქციების განაწილება;
  • წყვილში მუშაობა ურთიერთდამოკიდებულების წესების შესაბამისად;
  • პარტნიორის პოვნა;
  • მცირე ჯგუფებში მუშაობა ურთიერთქმედების წინასწარ განსაზღვრული წესების საფუძველზე;
  • განსხვავებული აზრის დაშვება და სხვადასხვა პოზიციის კოორდინირება;
  • საკუთარი თვალსაზრისის დაცვა;
  • საერთო გადაწყვეტილების შეთანხმება და მიღება, თუნდაც ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში;
  • საუბარი სხვების შეწუხების გარეშე (წყვილში – ჩურჩულით, ჯგუფში – ვალდებულებით);
  • მეგობრის მოსმენა შეფერხების გარეშე;
  • წესების დაცვა წყვილებში, ჯგუფებში.

კომუნიკაციის უნარის განვითარება გულისხმობს მასწავლებელთან კომუნიკაციასაც, რომელიც ეტაპობრივად ყალიბდება. მთავარია, მოსწავლე ხედავდეს, რომ გაკვეთილი მრავალფეროვანია და ჰქონდეს სიახლეების მოლოდინი. პატარა შტრიხიც კი რადიკალურად ცვლის მოსაწყენ გაკვეთილს. არაერთხელ დამიწერია ხატვით სწავლაზე, თამაშებზე, რომლებიც კოგნიტიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში გვეხმარება. სათამაშო ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას მაძლევს, გავაუმჯობესო მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობა კლასში და კომუნიკაციის უნარი. არ არის აუცილებელი მთელი გაკვეთილის თამაშზე აგება, ხანდახან ერთი პატარა შტრიხიც საკმარისია. განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო ხდება თამაში, როცა მასში მასწავლებელიც მონაწილეობს.

მინდა შემოგთავაზოთ პრაქტიკაში გამოყენებული რამდენიმე ვარიანტი:

მე-7 კლასში ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ და ახალმა სახელმძღვანელომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩვენ კი ნელა, ყველა პრინციპის გათვალისწინებით, რაც თავიდანვე მოგახსენეთ, მივიწევდით წინ – ხან ვითამაშეთ, ხან ვხატეთ… პარაგრაფი „როგორ გროვდებოდა გეოგრაფიული ცოდნა“ საკმაოდ ინფორმაციული და დიდია. გავანაწილეთ როლები: ზოგი ერატოსთენე იყო, ზოგი – სტრაბონი, ზოგიც – კოლუმბი თუ მაგელანი… პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ უნდა შეეფასებინათ საკუთარი და სხვათა ღვაწლი გეოგრაფიის განვითარებაში. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. ყველა „საკუთარი“ ღვაწლის წარმოჩენას ცდილობდა.

აზიმუტის შესწავლისას ეზოში ბურთითაც კი ვითამაშეთ. ცენტრში ერთი მოსწავლე ბურთით ხელში იდგა და ჩემს ინსტრუქციას ელოდა. დანარჩენები წრეზე განლაგდნენ მის გარშემო. მე ვასახელებდი აზიმუტს, რომლის მიმართულებითაც უნდა ესროლა მოსწავლეს ბურთი. შემდეგ წრეში ის მოსწავლე დგებოდა, რომელმაც ბურთი დაიჭირა და მას ახალ ინსტრუქციას ვაძლევდი. უნდა გითხრათ, რომ შემაჯამებელ გაკვეთილზე ყველამ კარგად განსაზღვრა აზიმუტი.

ეზოში აზიმუტის განსაზღვრისას

 

მეორე მაგალითი რელიეფი და რელიეფწარმომქმნელი ფაქტორების განხილვას ეხება. ამ თემას რამდენი წელია ხატვითა და BBC-ს ფილმით განვიხილავთ. პირველ გაკვეთილზე ვაჩვენებ ფილმს „ვულკანები“ და „მთები“. მეორე გაკვეთილზე უკვე სახელმძღვანელოში არსებულ პარაგრაფს განვიხილავთ, ვხატავთ, მოსწავლები ამზადებენ პრეზენტაციებს… მაგრამ წელს გაკვეთილზე „ვაღიარე“, რომ უცხოპლანეტელი ვიყავი და მინდოდა გამეგო პლანეტა დედამიწის აგებულებისა და რელიეფის შესახებ. სულ სხვა მუხტი შემოიტანა ჩემმა „აღიარებამ“. გუნდებმა სახელებიც კი დაირქვეს და პრეზენტაციის დროს ცდილობდნენ, თავი მოეწონებინათ „უცხოპლანეტელისთვის“ – მას ხომ თავის პლანეტაზე წასაყვანი ადამიანები უნდა აერჩია. კიდევ ერთი დეტალი: გეოგრაფიის დარგობრივი სტრუქტურის შესწავლისას შევთანხმდით, რომ თემების შესაბამისად გეოგრაფების როლს მოირგებდნენ: ჯერ კარტოგრაფები იყვნენ, მერე – გეომორფოლოგები, მეტეოროლოგები და ა.შ. ყოველ ჯერზე იხსენებდნენ, გეოგრაფიის რომელი დარგი რას შეისწავლის.

მოსწავლეთა ნამუშევრები

 

მერვე კლასი ჯერ კიდევ ძველი სახელმძღვანელოებით სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს წიგნიც და თემაც, ყოველ წელს ვცდილობ, რამე ახალი მოვიფიქრო. აქაც უმნიშვნელო დეტალის ცვლილებაც კი გვახალისებს. ახლა ესენი გახდნენ ხან კოლუმბები და ხან ლივინგსტონები, მე კი ევროპელი ბანოვანი გახლდით, რომელიც საცხოვრებელს ირჩევდდა.

 

კოლუმბი და მისი ეკიპაჟი

მახსოვს, გასულ სასწავლო წელს როგორ ეძებდნენ ჩემი მეათეკლასელები საკუთარი ქვეყნის შესახებ ახალ-ახალ ინფორმაციას, რათა ემიგრაციაში მიმავალი ქალბატონისთვის შესაფერისი გარემო შეერჩიათ. ეს ქალბატონი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი, მეც თამაშის მონაწილე გავხდი. ქვეყნებს პერიოდულად ვცვლიდით. ყოველ ჯერზე ახალი შტრიხი ემატებოდა „ჩემს პიროვნებას“ და ახალ-ახალი თავსატეხი უჩნდებოდათ ჩემს აგენტებს. იქამდე მივედით, რომ სასურველი ქვეყნების განათლებისა და მიგრანტების შესახებ კანონებიც კი მოძებნეს და თარგმნეს, ყველისა და ღვინის დღესასწაულები აღმოაჩინეს. ასე განვიხილეთ და შევისწავლეთ ქვეყნები.

არის საკითხები, რომელთა „ახსნაც“ მიწევდა. ამ დროს ინტერაქციულ ლექციას ვიყენებდი. თუმცა მიმდინარე წელს ეს ლექციებიც შევამცირე. ასე მოხდა მეათე კლასში ცხოვრების დონის განხილვისას. მოსწავლეებმა ჯგუფებში თავად განსაზღვრეს სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა. ძალიან საინტერესო გამოვიდა, რადგან ბავშვებმა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ანალიზის შედეგად შექმნეს წრიული დიაგრამები. მინდა გითხრათ, რომ მათი დიაგრამები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სამომხმარებლო კალათა და მისი ღირებულება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სურათის მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო მახასიათებელი რომ არის ეს თავად დაადგინეს.

ევროკავშირისა და ბრექსიტის განხილვისას CNN-ის გადაცემა მომიწყვეს. მინი სტუდია გამართეს და საინფორმაციო გადაცემის მოსმენა გვაიძულეს, ჩართული რეკლამებითურთ. უკვე თავად ეძებენ და იგონებენ პრეზენტაციის გასხვავებულ ფორმებს. მრავალფეროვანი შემეცნებითი ამოცანების სისტემატური გადაწყვეტა მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებაა.

ასეთია ჩვენი გეოგრაფიის გაკვეთილები.

მეშვიდეკლასელი მარიამის კითხვით დავასრულებ:

– მას, გეოგრაფიაც მეორე სემესტრში ისევე გართულდება, როგორც სხვა საგნები?

ერთმანეთის გასამხნევებლად

0

თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მშობიარობის შემდეგ დეპრესიას – როცა არც შენი განწყობები და არც შენი სხეული დიდად შენ არ გეკუთვნის, ახალ რეალობაში ჯერ არ იცი, როგორ იცხოვრო და ძველი რეალობა აღარასოდეს დაბრუნდება. როცა ზრუნვა, ყურადღება, სიყვარული და მოთმინება მოგეთხოვება, შენ კი სინამდვილეში არაფერი შეგიძლია, ტირილის გარდა. ერთადერთი, რაც გინდა ისაა, გაჩერდე და ღრმად ისუნთქო, მიხვდე, სად ხარ და იქნებ სადმე გასასვლელი დაინახო.

 

ახლა ვიცი, რომ ეს მშობიარობის შემდეგ დეპრესიაზე ბევრად მძიმე გამოცდილებაა და ალბათ ყველაზე მეტად ომს ჰგავს – ისეთ მტერთან ომს, რომელსაც ვერ ხედავ და რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს: შენს სიყვარულებს, თავისუფალ დროს, სილაღეს, ადამიანებს, რწმენას, იმედს და სრულიად მარტოს და დაუცველს გტოვებს შიშებთან, გაჩვევს იზოლაციას და გიკარგავს მომავლის კონტურებს. ეს ომია, რომელსაც მოაქვს სიღარიბე. ომია, რომელიც ბავშვებს სკოლის გარეშე ტოვებს. ამ ომშიც მარტო კვდები და თუ სხვა ომებში შეიძლება არსებობდეს მიზეზი ბრძოლისა და თავგანწირვისთვის, ეს ისეთი ომია, რომელიც ჩვენ არ წამოგვიწყია.

 

როგორც ყველა ომი, ოდესმე ესეც მორჩება და მთავარი ამბებიც მერე დაიწყება – ომში დაკარგულების დათვლა და ცხოვრების ხელახლა დაწყების რთული და მტკივნეული პროცესები, ტრავმების მოშუშებისა და ომის შედეგებთან გამკლავების მცდელობები.

 

ცოტა ხნის წინ ძველ ნაცნობს დავურეკე საქმეზე – იმასაც ორი გოგო ჰყავს, ჩემს შვილებზე ცოტა დიდები – მოვიკითხე და მითხრა, რომ ინტერნეტდამოკიდებული გახდნენ უკვე რახანია, თამაშებში ცხოვრობენ და ვერც ვერაფერს ვთავაზობს სხვას უკეთესს. მე მთელი დღე ვმუშაობ და სახლის საქმეებს ვაგვარებ, არაფრისთვის დრო არ მრჩებაო.

 

ერთი კვირის წინ ხატვის სკოლაში ბავშვებს ველოდებოდი. სხვა ბავშვის მშობელი მოვიდა და მითხრა – რა კარგია, აქ რომ მაინც შეგვიძლია ვატაროთ ბავშვები, ჩემი შვილი მარტოა სახლში, არც და ჰყავს, არც ძმა, უკვე სამი წარმოსახვითი მეგობარი გაიჩინა ბოლო 6 თვეში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თავის ტოლებს ნახულობს და მთელი კვირა ამ დღეს ელოდება ხოლმეო.

 

მეგობარი მიყვებოდა, სკოლის მოსწავლეს კიდევ რა უშავს – ხან გაკვეთილს ესწრება, ხან კითხულობს, უმცროსი შვილი, რომელიც ბაღის ასაკის არის, საერთოდ ვერ იგებს ამდენი შეზღუდვებით რატომ ცხოვრობს, კედლებს აწყდება და ჩვენ მთელი დღე სამსახურის საქმეებს ვაკეთებთ, ვერ ვიცლით, რომ იმდენი ხნით გვყავდეს გარეთ, რამდენიც ამ ასაკში მისი განვითარებისთვის არის საჭირო. არ ვიცით, რა ვქნათო.

 

მშობლები გვირეკავენ და გვთხოვენ, ნუ გეშინიათ ჩვენი, გამოუშვით ბავშვები ჩვენთან, ვირუსი რომც დაგვემართოს, ისეთი მავნებელი ვერ იქნება, როგორც მთელი დღეები მარტო ყოფნა და ლოდინი, როდის მოვლენ ბავშვები ჩვენთან და მოიტანენ სიხარულსო – ჩვენ მაინც გვეშინია, თუმცა ისიც გვესმის, რაც უფრო დიდხანს იქნებიან მარტო, მეტი იქნება სევდა და უფრო მტანჯველი მარტოობა.

 

არ ვიცი, რა იქნება მერე, მაგრამ ვიცი, რომ ახლა, თუკი გვინდა ამ ბრძოლაში არ დავმარცხდეთ, უნდა ვიპოვოთ სიტყვები და გზები ერთმანეთის გასამხნევებლად. თვალებში ჩავხედოთ პრობლემებს, რაც ამ დრომ მოგვიტანა და ახლავე დავიწყოთ ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება შევამციროთ ზიანი. უდანაკარგოდ, უკვე ცხადია, აქედან ვერ გამოვალთ.

 

ბევრი ვიკითხე და ვიფიქრე ცალკეულ, პარტიზანულ ინიციატივებზე, თვითდახმარების ქსელისმაგვარ სისტემებზე, იმაზე, როგორ ამხნევებენ და ეხმარებიან მშობლები მასწავლებლებს, მასწავლებლები – მშობლებს, დასაქმებულები – დამსაქმებლებს, დასაქმებულები – უმუშევრად დარჩენილებს, ბავშვიანი ოჯახები ერთმანეთს, ექიმები მათ, ვინც ჯანდაცვის სისტემის გარეშე რჩება და ექიმებს სხვები, ვინც ჯერ კიდევ ჯანმრთელადაა. მთავარი პრინციპი ერთია, დავინახოთ სხვები ჩვენი პრობლემების მიღმა და ვუთხრათ, რომ გვესმის მათი, ვიცით, რასაც ის გრძნობს და ამაში უჩვეულო არაფერია, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ ჩვენი სისუსტეებითა და შესაძლებლობებით. სისუსტეების არ უნდა შეგვრცხვეს და შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ.

 

მარტივია ვუთხრათ დედას, რომელიც შფოთავს შვილის წარმოსახვითი მეგობრების გამო, რომ ამაში უშვეულო არაფერია და თუკი ბავშვს ისინი ეხმარებიან, უკეთ იგრძნოს თავი, დაე, ჰყავდეს რამდენიც უნდა – ჩვენ შეგვიძლია ისინი გავიცნოთ და ჩვენც ვემეგობროთ.

 

შეგვიძლია მოვუსმინოთ დედას, რომელსაც დრო არ რჩება სამსახურის მიღმა ბავშვების სხვა აქტივობით დასატვირთად, რომ ჩვენც ასე ვართ, უამრავ რამეს ვერ ვასწრებთ და ეს მას, როგორც დედას არ აკნინებს. რომ პირიქით, ამ დროს, როგორც კრიზისულ პერიოდებს ჩვევია ხოლმე, ქალებზე წარმოუდგენლად დიდი დატვირთვა მოდის და შეუძლებელია ვინმე იყოს ერთდროულად ერთნაირად კარგი დედა, კარგი შვილი, კარგი თანამშრომელი, კარგი ცოლი, კარგი მეგობარი და ა.შ.

 

ვუთხრათ მასწავლებლებს, რომ გვესმის, მათ ჩვენზე არანაკლებ რთული დრო აქვთ, გვესმის ონლაინსწავლების გამოწვევები და მადლიერები ვართ მათი ძალისხმევის გამო. სხვებს კი, ვინც ჯერ კიდევ საკლასო ოთახებში ატარებს გაკვეთილებს, ვაგრძნობინოთ, რომ მათი შიშებიც ბუნებრივია, არ გვინდა რისკის ფასად უწევდეთ მუშაობა და ვეცადოთ, ყველანაირად დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, მათი ჯანმრთელობის დასაცავად.

 

ბავშვებსაც უნდა ვუთხრათ, რომ ყოჩაღები არიან, როცა ნიღაბს სწორად ატარებენ, ონლაინგაკვეთილებზე წესებს იცავენ და დავალებების შესრულებას არ იზარებენ, როცა ესმით, რომ ყველაფერი არც უფროსებს გამოსდით და იმის მიუხედავად, რომ პატარები არიან, მათ შეუძლიათ ჩვენი გამხნევება. მათთან ერთად ყოფნა ამ პერიოდს უფრო იმედიანს ხდის.

 

ეს სია გრძელია. მთავარია ვიპოვოთ ძალა, მოვუსმინოთ მათ, ვისაც სურს ილაპარაკოს ამ დროის სირთულეებზე და გავამხნევოთ, მისი პერსპექტივიდან დავინახოთ სამყარო.

 

საბავშვო ბაღში ჩემი შვილები მღეროდნენ ხოლმე ერთ კეთილ სიმღერას, სადაც მადლობას უხდიდნენ მზეს, რომელიც ანათებდა, რომლის სხვივების ქვეშაც თამაში უფრო სასიამოვნო იყო, ყვავილები უფრო სწრაფად იზრდებოდნენ და ცხოველები ბედნიერად ცხოვრობდნენ – მაშინ მეცინებოდა ამ გულუბრყვილო ტექსტზე, ახლა ხშირად მახსენდება ხოლმე და ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, სანამ მზე ანათებს და ჩვენ მას ვხედავთ, ყველაფერს ეშველება.

 

ერთმა კარგმა ექიმმა, გასამხნევებელი საუბრისას მითხრა, უხერხულია გამოტოვებულ შვებულებებსა და მოგზაურობებზე ლაპარაკი მაშინ, როცა ხალხმა სიცოცხლე და ოჯახის წევრები დაკარგაო და ვერაფერი ვუთხარი. იმ დროის განმავლობაში, სანამ მე სახლში მყოფ ბავშვებზე ვდარდობდი, ის ადამიანების სიკვდილისგან დახსნას ცდილობდა.

 

ნასტასია არაბული

საინტერესო ვებგვერდი გეოგრაფიისა და STEM საგნების მასწავლებლებისთვის

0

შესავალი

სასწავლო პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს რესურსების აქტიურ გამოყენებას.  მრავალფეროვანი რესურსები საჭიროა, როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციური სწავლების პროცესში (განსაკუთრებით ბოლო შემთხვევაში, რადგან საკლასო სივრცეს მოწყვეტილ ბავშვს, რომელსაც ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი ან ზის კომპიუტერის პირისპირ, ონლაინგაკვეთილზე დასწრების ნაცვლად შესაძლოა, კომპიუტერული თამაშებისკენ გაექცეთ თვალი).

პანდემიის გავრცელების შედეგად, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სიკეთედ, სხვადასხვა პლატფორმაზე და საკომუნიკაციო ჯგუფში, ჩემი კოლეგები და განათლების ექსპერტები სამ ფაქტორს ასახელებენ.

  1. თავისუფალ ინტერნეტში არსებული ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენების ზრდა;
  2. ახალი ელექტრონული რესურსების შექმნა;
  3. შექმნილი ელექტრონული რესურსების მოსწავლეებამდე მიტანის გაადვილება (ეკრანის გაზიარების თუ დავალებაში ბმულების სახით გაგზავნა).

ელექტრონული რესურსების გამოყენება ტექნიკურ სიძნელესთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, საკლასო ოთახებში არ არის დამონტაჟებული პროექტორები, ყველა ოთახში არ დგას ინტერნეტზე მიერთებული კომპიუტერი და ა.შ. ასეთი რეალობის მიუხედავად, ცალკეული მასწავლებლები მაინც ახერხებენ რესურსების გამოყენებას, მოსწავლეთა დაინტერესებისა და მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით.

სტატიაში მინდა, გაგიზიაროთ საინტერესო ვებგვერდი, სადაც განთავსებულია საინტერესო რესურსები და გვთავაზობს კარგ შესაძლებლობებს გეოგრაფიის, მეცნიერების, მოქალაქეობის მათემატიკისა და სხვა საგნის მასწავლებლებს მათი მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარებისთვის.

ვებგვერდის ზოგადი მიმოხილვა

ვებგვერდი www.encounteredu.com ქმნის და აწვდის გლობალურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც გარდაქმნის/ცვლის განათლებას საკლასო ოთახებში და მის გარეთ. მათი გამოცდილება მოსწავლეებს მსოფლიოს ყველაზე აქტუალური პრობლემებზე ფიქრისა და მათი გადაჭრის გზების ძიების უნარებს სძენს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9.8 მილიონი მოსწავლე და პედაგოგია რეგისტრირებული.

ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსებით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომობისთვის საჭიროა სტანდარტული რეგისტრაციის გავლა. ქვემოთ განთავსებულ სექციებში მიუთითეთ ასაკობრივი ჯგუფი, რომელთაც ასწავლით, დაწესებულება და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

რესურსები/შესაძლებლობები

ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ გექნებათ წვდომა Live-გაკვეთილებზე, მასწავლებლებისთვის განკუთვნილ, მულტიმედია, STEAM და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ელექტრონულ რესურსებზე.

Live გაკვეთილებზე შეგიძლიათ დაასწროთ მთელი კლასი. ამისთვის საჭიროა, შეარჩიოთ თემა და კალენდრიდან დაჯავშნოთ შესაბამისი გაკვეთილი. თემები მოცემულია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. კალენდარში შემოთავაზებულ საკითხებში წააწყდებით საინტერესო გაკვეთილებს, ოკეანეების დაბინძურებაზე, მარჯნის რიფებზე და მათ პრობლემებზე, მარჯნის რიფების სასიცოცხლო ციკლზე, ურბანულ პრობლემებზე, მყინვარების მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. თითოეულ გაკვეთილს მოჰყვება რესურსები რეფლექსიისთვის. თუ ვერ მოახერხებთ Live-გაკვეთილზე დასწრებას, საიტი უზრუნველყოფს ვიდეოჩანაწერის მოწოდებას. თქვენი კაბინეტიდან შეგიძლიათ ეკრანის გაზიარების ფუნქციით გაუზიაროთ მოსწავლეებს. რეალურ საკლასო ოთახში კი ლეპტოპით ან პროექტორის გამოყენებით.

მასწავლებლებისთვის განკუთვნილ რესურსებში, საგნობრივი დისციპლინების მიხედვით, დაჯგუფებულია მზა ელექტრონული რესურსები. გეოგრაფიის განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი თავები: ჩვენი ოკეანე, ოკეანეების დაბინძურება, კლიმატი და ენერგია, გაყინული ოკეანეები და ა.შ. თითოეული თავი მოიცავს გაკვეთილებს, რომლებსაც მოჰყვება მზა პრეზენტაციები. შეგიძლიათ გადმოწეროთ პრეზენტაციები ინგლისურის მინიმალური ცოდნითა და Google Translate-ის გამოყენებით გადათარგმნოთ ქართულად. პრაქტიკაში ყველაზე ეფექტურად სწორედ ამ პრეზენტაციებს ვიყენებ.

მულტიმედია რესურსების განყოფილება მდიდარია შთამბეჭდავი ვიდეოებით, რომლებიც მოსწავლეებს შეუქმნის წარმოდგენას, თუ როგორ სწავლობენ მეცნიერები – არქტიკას, ანტარქტიდას, ოკეანეებს, სხვადასხვა მინერალებს და ა.შ. შეგხვდებათ 360° ხედვის ვიდეოები და მაღალი ხარისხის ფოტოები. ასევე მდიდარია STEAM მიმართულების განყოფილება.

დასკვნა

ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსები იძლევა საგნობრივი ინტეგრაციის კარგ შესაძლებლობას. მაგალითად, გეოგრაფიის მასწავლებელს შესაბამისი საკითხის ადაპტირებაში შეუძლია დაიხმაროს ინგლისური ენის მასწავლებელი. რესურსები ინგლისურ ენაზეა და მათი გამოყენებით, ერთი მხრივ, მოსწავლეებს მიეცემათ სტიმული, დაძლიონ ენეობრივი ბარიერი, მეორე მხრივ, ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების არაჩვეულებრივი საშუალებაა.

 დისტანციური სწავლება სხვა ქვეყნებში

0

პანდემიის  პარალელურად სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემა ახალ რეალობაში აღმოჩნდა. 2020 წლის აპრილში 192 ქვეყანაში სკოლები დაიხურა, 50-ზე მეტ ქვეყანა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მას შემდეგ ზოგი სახელმწიფო საფუძვლიანად მოემზადა სასწავლო წლისთვის, ზოგმა კი ახალ გამოწვევებს თავი სუსტად გაართვა. კოლუმბიის, პალესტინის, იტალიასა და სამხრეთ კორეაში მცხოვრები ადამიანები ჰყვებიან, როგორ სწავლობენ იქ სკოლის მოსწავლეები დისტანციურად.

 

ალესტინა

ლარა ჰანდალი მასწავლებელია. ის დისტანციურად მეხუთე და მეექვსე კლასის 38 მოსწავლეს ასწავლის. მისი თქმით, პალესტინის მთავრობამ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვეტა სწავლების რა ვარიანტი უფრო მისაღებია. მაგალითად, პალესტინაში 5-11 წლის ბავშვებს შეუძლიათ, სკოლაში იარონ (0-4 კლასები), ასევე მათ მასწავლებლებს. ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა.

ამავდროულად, პალესტინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 5-12 კლასის მოსწავლეები   დისტანციურად სწავლობენ, მაგრამ ზოგიერთ სკოლას გაკვეთილების სკოლაში ჩატარების სპეციალური ნებართვა აქვს. ასეთი ნებართვები ძირითადად გაცემულია მცირე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სადაც შეიძლება საუკეთესოდ იყოს დაცული სოციალური დისტანცირების წესები.

თავდაპირველად დისტანციური სწავლების ექსპერიმენტი პალესტინაში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თუ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდებოდა, ბავშვები სკოლას დაუბრუნდებოდნენ.

ლარა ჰანდალის თქმით, დისტანციური სწავლებისთვის ქვეყანა ცუდად მოემზადა:  „მხოლოდ სამედიცინო ინსტრუქციები გაიცა ხელების დეზინფექციისა და დაბანის შესახებ, მაგრამ საერთოდ არ ყოფილა რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ესწავლებინათ ონლაინ“.

დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის მასწავლებლები, დისტანციური სწავლებით არ არიან  აღფრთოვანებული. ერთი მხრივ, პანდემიის პირობებში დისტანციურად სწავლება მოსახერხებელი და უსაფრთხოა, მაგრამ აშკარაა, რომ ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, რთულია გაკვეთილებზე მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნება.

დისტანციური სწავლების კიდევ ერთი დიდი პრობლემა ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაა. ამ მიზეზით ზოგიერთ ბავშვსა და ოჯახს უბრალოდ არ შეუძლია ონლაინგაკვეთილზე დასწრება.

 

კოლუმბია

იოჰან ჰერანდეზო ამბობს, რომ კოლუმბიაში კორონავირუსული ინფექციის დღეში 8 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ შემოიტანა მკაცრი შემზღუდველი ზომები. სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული.

სექტემბრის დასაწყისიდან ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეხსნა კვების ობიექტები, რათა დასუსტებული ეკონომიკა აეღორძინებინა. მას მერე დისტანციის შენარჩუნება და ნიღბების ტარების პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს დაეკისრა.

„ვირუსმა შეცვალა ყველაფერი, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ. განათლება კოლუმბიაში ონლაინ ტარდება. ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. ყველას არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა. მთავრობა ცდილობს კოლუმბიელების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ყველას ვერ სწვდება“, – განმარტავს იოჰანი.

კოლუმბიისთვის დისტანციური სწავლება ერთ-ერთი გამოსავალი იყო: „დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის შემდეგ დისტანციური სწავლება ნორმად, ახალ რეალობად იქცევა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ. ის ისედაც არსებობდა, მაგრამ ასეთი ეპიდემიის შემდეგ უფრო მომძლავრდება და ვფიქრობ, ეს შესანიშნავიცაა, რადგან ახლა მთელი ჩვენი ცხოვრება ინტერნეტზეა მიბმული“.

 

იტალია

სილვია იონას ბიძაშვილი სკოლის მოსწავლეა და იძულებულია განათლება დისტანციურად მიიღოს. „ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ მისთვის თანაკლასელებთან განშორება არც ისე ადვილია და მას არ  მოსწონს დისტანციური სწავლება“, – ამბობს სილვია.

მისი თქმით, სკოლის მოსწავლეები ხშირად ვერ კონცენტრირდებიან სწავლაზე, აცდენენ ონლაინგაკვეთილებს, დაკავებული არიან სხვა საქმიანობით, რომელსაც სკოლასთან საერთო არაფერი აქვს. ასევე, იტალიაში არსებობს ხარისხიანი ინტერნეტკავშირის პრობლემა, რომელიც თავს შუა გაკვეთილის დროს იჩენს.

ყველაზე მეტად იტალიელებს, დიდებსაც და ბავშვებსაც, ერთმანეთთან ცოცხალი კომუნიკაციის დანაკლისი ადარდებს. მათი აზრით, ცოცხალი ურთიერთობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვებისათვის.

თავდაპირველად, როდესაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ სკოლებში დისტანციური სწავლება დაინერგებოდა, მასწავლებლების უმეტესობამ შოკი მიიღო. იტალიელები დღესაც მიიჩნევენ, რომ კარგად ვერ მოემზადნენ ასეთი ტიპის სწავლებისთვის.

იტალიაში სწავლა 14 ოქტომბერს განახლდა. განათლების სფეროში მომუშავე ბევრი ჩინოვნიკი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის წინააღმდეგიც კი იყო და ამბობდა, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა სკოლებში სხვადასხვა კლასის სხვადასხვა დროს შეშვება, რაც შეამცირებდა უშუალო კონტაქტების რაოდენობას. ყველა მოსწავლე ცალ-ცალკე მერხზე უნდა მჯდარიყო, საკლასო ოთახი კი რეგულარულ დეზინფექციას ექვემდებარებოდა. კლასის გარეთ მოსწავლეებს ნიღბები უნდა ეტარებინათ. ამჟამად იტალიაში უფროსკლასელები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, უმცროსი კლასის მოსწავლეები კი საკლასო ოთახებში ნიღბებით სხედან.

 

სამხრეთ კორეა

ეს ქვეყანა ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ახალ რეალობასთან ადაპტირება მშვენივრად მოახერხა. აქ მცხოვრები სტუდენტის, აიგანიმ ტოლეულიევას თქმით, სამხრეთ კორეაში კარანტინი არ გამოცხადებულა და ყველა საჯარო ადგილი ღია იყო.

კარანტინის ნაცვლად, კორეის მთავრობამ შემოიღო მკაცრი წესები – ნიღბების ტარების, სკრინინგისა და სოციალური დისტანცირების შესახებ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნივერსიტეტები ონლაინგანათლებაში აქტიურად ჩაერთენ. შუა სექტემბრში კი ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი დაიხურა.

აიგანიმი ამბობს, რომ გაურკვეველია, რამდენ ხანს მოუწევთ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ონლაინ სწავლა – ახლა ისინი დისტანციურად სწავლობენ. თუმცა, მცირე კერძო სკოლები და უწყვეტი განათლების ცენტრები ახლაც ღიაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბევრი მშობელი მუშაობს და ბავშვის დამტოვებელი არავინ ჰყავთ.

სამხრეთ კორეა ლიდერია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ახლა ქვეყანაში დაახლოებით 5,4 მილიონი ბავშვი დისტანციურად სწავლობს. სახელმწიფო ბევრ ოჯახს  დაჰპირდა უკაბელო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას და ამისთვის 1,2 მილიონი დოლარი გამოყო. ფიჭურმა ოპერატორებმა შეამცირეს მომსახურების ღირებულება სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან EBS-ში (საგანმანათლებლო მაუწყებლობის სისტემა). იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ლეპტოპები და კომპიუტერები, სკოლებმა მისცეს.

მსხვილმა კომპანიებმა – Apple-მა და Samsung-მა – დააწესეს სპეციალური ფასდაკლებები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. ამ წლის მარტში მაღაზიებში ლეპტოპები და პლანშეტები, მაღალი ფასის მიუხედავად, სწრაფად გაიყიდა, მაგრამ ახლა უკვე მოსწავლეებს შეუძლიათ, მიიღონ დიდი ფასდაკლებები პირადობის მოწმობის საფუძველზე. გარდა ამისა, მთავრობამ საჭირო ტექნიკით უზრუნველყო შორეულ ადგილებში მცხოვრები 220 000 სტუდენტი.

„თავდაპირველად, სამხრეთ კორეაში ონლაინგაკვეთილების დროს მასწავლებლები მოსწავლეებს Zoom-ით ან სკოლის ონლაინპლატფორმების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ. მცირედი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სკოლამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და შეეცადა ინტერნეტის პრობლემების მოგვარებას. სამხრეთ კორეაში ტაბლეტებს სკოლის და უნივერსიტეტის პრაქტიკაში პანდემიამდეც იყენებენ. ამიტომ მოსწავლეებმა დიდად ვერ იგრძნეს მნიშვნელოვანი განსხვავება დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას. მათ ისედაც იცოდნენ, რას წარმოადგენს  წიგნების ნაცვლად კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენება“, – აღნიშნავს აიგანიმი.

თუმცა, ახალ სასწავლო პროცესს სამხრეთ კორეაში მინუსებიც ახლდა. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამოუკიდებლად არ შეეძლოთ ონლაინპლატფორმებზე წვდომა, ხოლო მშობლებს მათთან ერთად ჯდომის დრო არ ჰქონდათ, ისინი ვერ აკონტროლებდნენ პროცესს. აპრილში, როდესაც კორონავირუსის სიხშირემ პიკს მიაღწია, საგანგებო საგანმანათლებლო სპეციალურ ცენტრებში (გადაუდებელი დახმარების კლასები) მოსწავლეთა რაოდენობა 4,2%-მდე გაიზარდა. მასწავლებლები დილით მშობლებს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ: „უკვე გღვიძავთ?“, „კავშირზე ხართ?“, „პრობლემები ხომ არ გაქვთ?“. ეს ძალიან ძაბავდა ყველას, ოჯახებსაც და მასწავლებლებსაც.

დიდად სხვა მინუსები არ ყოფილა, რადგან კორეულ კულტურაში ბავშვების განათლება პირველ ადგილზე დგას და მშობლები თავსა და ფინანსებს არ ზოგავენ, რომ შვილებს მხოლოდ საუკეთესო მისცენ. სწორედ ასეთი აზროვნება დაეხმარა კორეას, სწრაფად გამოსწორებულიყო კომპიუტერების დეფიციტის პრობლემა. ისევ და ისევ, კორეული კულტურა, სადაც გუნდური მუშაობა უმაღლესი მიზნის მისაღწევად ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, დაეხმარა განათლების სისტემას ბევრი პრობლემის აღმოფხვრაში.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...