სამშაბათი, ივნისი 3, 2025
3 ივნისი, სამშაბათი, 2025

საბავშვო ბაღში უკვე გვიანია

0

საბავშვო ბაღის თანამშრომელი ხართ? ახალშობილის დედა ან მამა? იქნებ უბრალოდ რთული შვილი გყავთ და მიზეზი ვერ გაგირკვევიათ, ან გაინტერესებთ, რა გამოგრჩათ უკვე თინეიჯერი შვილის აღზრდისას? ეს წერილი შესაძლოა გამოგადგეთ.

 

იაპონელები რომ სრულიად განსხვავებულთან ერთად, გამორჩეული ხალხიცაა ბევრი დამეთანხმება. მათი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ სრულიად არასტანდარტული და ვიტყოდი, არაამქვეყნიურია, რადგან ამ ბუნებით მოფიქრალ, ღრმად მოფიქრალ ერში ზედაპირულობა დიდ უკულტურობად ითვლება.

ყველაფერი იაპონური ჩემში აღფრთოვანებას თუ არა, გაკვირვებას ნამდვილად იწვევს და სწორედ ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როდესაც მასარუ იბუკას ძალიან მაგარი წიგნი ჩამივარდა ხელთ.

იბუკა კორპორაცია „სონის“ დამფუძნებელია. ამ კაცმა თავისი იდეებით ერთხელ უკვე შეცვალა მსოფლიო. თითქოს მისი სული იაპონიის სულის გამომხატველად იქცა და სადაც სონის ამბობენ, იქ ყველას იაპონია გვახსენდება.

და მაინც, ამ გიგანტური ენერგიის პროფესიით ინჟინერს ცხოვრების უმთავრეს გამოწვევად განათლება დაუსახავს. ხანდახან, ბედისწერა ადამიანებს უცნაურად ეხმარება ხოლმე სამყაროს შეცვლის სურვილში უკან დასახევი გზა მოიჭრას და აი, მასარუს ამ გამოცდის გავლა საკუთარი შვილის მაგალითზე მოუხდა – იბუკას შვილი გონებრივი განვითარებით სხვა ბავშვებს მკვეთრად ჩამორჩებოდა, საზოგადოებამ და განათლების სისტემის სტანდარტულმა მიდგომებმა კი არაფერი ან ვერაფერი იღონა საიმისოდ, რომ მისი შვილი ნორმალურ, განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო.

ეს დამღა – „გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა“ განაჩენია, იბუკასთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. შვილის პირადი ტრაგედია იაპონელი გენიოსისთვის საკითხში არსებითად ჩაღრმავების საფუძველი და მიზეზი გახდა. ინჟინერმა კაცმა დაივიწყა ყველა და ყველაფერი ირგვლივ, რომ ცხოვრების მთავარი ნაშრომი „საბავშვო ბაღში უკვე გვიანია“ დაეწერა და შეეცვალა ათასობით, ასობით ათასობით ადამიანის ცხოვრებაც და იქნებ კაცობრიობის გზაც ფაშიზმისგან და „არასრულყოფილებისგან გათავისუფლებისგან“ მაღალგანვითარებულ საზოგადოებამდე, სადაც უვარგისი და არასაჭირო სული არ იბადება.

მასარუმ 1969 წელს „ადრეული განვითარების იაპონური ასოციაცია“ შექმნა, რომლის იდეაც და კონცეფციაც ერთ მარტივ პოსტულატს ეფუძნება – ადამიანის სრული პიროვნული ჩამოყალიბება 5 წლიდან 8 წლამდე კი არ ხდება, როგორც ამას ბევრი დასავლური სკოლა ამტკიცებდა (არც ფროიდის ცნობილი თეზა, რომ ადამიანი 5 წლამდე იქმნებაო), არამედ 3 წლის ასაკში მთავრდება.

ის, რაც ჩვენ, მშობლებს ხშირად გვგონია, რომ „პატარა სული“ ჯერ ადრეა და ბაღიდან უნდა მოხდეს მისი წვრთნაც, ფორმირებაც და ჩამოყალიბებაცო, იბუკასთვის სრული უაზრობაა. ავტორი ამტკიცებს (და ეს მეცნიერულად მტკიცდება), რომ ადამიანის ტვინის უჯრედების 70-80% სამ წლამდეა ჩამოყალიბებული და ეს საკმარისად ნოყიერი ნიადაგია იქ გენიალური ხის გადასარგავად. მასარუსთვის არ არსებობს უფრო ნიჭიერი და ნაკლებ ნიჭიერი ადამიანი, ის აქ ქრისტიანულ ლოგიკას მიყვება და ამბობს, რომ ყველა გონება და ყველა სხეული სასტარტო პირობებით თანასწორია. მოცარტი შეიძლება დაიბადოს ვენაშიც და კასპშიც, გააჩნია რომლის ოჯახი უფრო მზად იქნება შვილს მუსიკა დედის რძესთან ერთად მიაწოდოს. და ცნობილია, რომ მოცარტის მამას იდეაფიქსი ჰქონდა გაეზარდა გენიოსი. ის შვილს მართლაც თვეებიდან ასწავლიდა მუსიკას, ბავშვს, ვინც ჯერ სიარული და ლაპარაკი არ იცოდა, ასმენინებდა თანამედროვე კომპოზიტორებს და ვოლფგანგის ცხოვრებაშიც იმაზე მეტად იყო მუსიკა, ვიდრე სასმელი წყალი.

ეს მეთოდი დოქტორმა სუზუკიმ თავის „ახალგაზრდა ტალანტების“ სკოლაში სცადა და ალბათ ყველას გინახავთ არაამქვეყნიური კადრები, სადაც 4 წლის იაპონელი ბიჭი პაგანინის სავიოლინო კონცერტს უკრავს, ან 5 წლის იაპონელი გოგონა რახმანინოვის Moment Musicaux No. 5 in D-flat major. და მაინც, იბუკას მეთოდი და მიზანი გენიოსების კი არა, ბედნიერი ადამიანების აღზრდაა და ამას მიუძღვნა ამ საოცარმა კაცმა ცხოვრების დარჩენილი წლებიც.

 

Tabula rasa

 

იბუკა ამტკიცებს, რომ ადამიანის სხვანაირი განვითარება, რასაც საზოგადოება ჩამორჩენას, დაავადებას და სხვას ეძახის, პირიქით, პიროვნების უზარმაზარ პოტენციურ შესაძლებლობებზე მეტყველებს. საამისოდ მას შესანიშნავი მაგალითი მოჰყავს თუ რატომ იბადება ბავშვი სრულიად უმწეო სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, მაგრამ ყოველ მომდევნო დღეს მისი გონებრივი შესაძლებლობები გეომეტრიული პროგრესიით უსწრებს წინ დანარჩენ ცოცხალ არსებებს.

იბუკა სამწლამდელთა მიმართ აღზრდის სრულიად არასტანდარტულ და უცნაურ მიდგომებზეც ლაპარაკობს, რამაც ძალიან დამაბნია და ბევრი მაფიქრა.

 

მკაცრი დედა, რბილი დედა

 

ავტორი წერს, რომ თანამედროვე აღზრდის სკოლა უკუღმართულად მუშაობს ბავშვებთან მიმართებით, მშობელიც და საზოგადოებაც ალერსიანია სამ წლამდე ბავშვთან და ბაღის ასაკიდან მომენტალურად მკაცრ და პიროვნული ნების შემზღუდავ „მონსტრად“ შეიძლება გადაიქცეს. მოსიყვარულე დედები მრისხანე დედებად გადაიქცევიან ხოლმე შვილებიც ამ გავლენების წყალობით სულ უფრო შორდებიან ღვთიურ ინდივიდუალიზმს და ყალიბდებიან სტანდარტულ და „გამოძერწილ“ ადამიანებად. იბუკა ურჩევს ყველას, რომ შეწყვიტოს შვილზე ზეგავლენა საბავშვო ბაღში მისვლასთან ერთად და იქცეს მეგობრად და არა მენტორად მოზარდისთვის.

 

შეატრიალეთ „შეუძლებელია“ და „შესაძლებელია“ ასაკის მიხედვით

 

იბუკა წარმოუდგენელ პარადიგმას გვთავაზობს და ამბობს, რომ რაც ზრდასრულისთვის შეუძლებლად გვეჩვენება ის ბავშვისთვის უიოლესია და რაც უფრო შეუძლებელი და მიუღწეველი გვგონია რაღაც უფროსებს ის ეადვილებათ… ჩვილებს.

მაგალითად ორ ახლოს მდგომ მანქანას შორის შეიძლება ვერ ჩააყენოს თავისი ავტომობილი 9 თვის ჩვილმა, მაგრამ ის უფრო მალე და უკეთესად ისწავლის ცურვას, ვიდრე ამ სტატიის დამწერი ცდილობს და ვერც გამოსდის. მასარუ ამბობს, რომ სწორად მოწოდებული ალგებრა 3 წლამდე ბავშვისთვის სრულიად გასაგებია და ამას მისი „ადრეული განვითარების სკოლაში“ ასწავლიან კიდეც.

 

არ არსებობს უნარ დაქვეითებული ბავშვი

 

იბუკას წიგნი იმედის სხივივითაა, განსაკუთრებით მშობლებისთვის, ვისაც სპეციალური საჭიროებების მქონე შვილი ესტუმრათ კოსმოსიდან.

გარკვეული ტიპის საზოგადოებები ჯერ მზად არ არიან დაინახონ რა უდიდესი და განსხვავებული განძისა და ენერგიის მატარებლები არიან ასეთი ბავშვები. ბუნება ბრძენი გონის შექმნილია, შეუძლებელია და არც იქნებოდა სამართლიანი რომელიმე სული თუ გნებავთ სხეული ღმერთს არასრულყოფილი შეექმნა.
იბუკა ამბობს, რომ მთავარია ვისწავლოთ გარჩევა და არსში ჩასვლა, თუ ვინაა ბავშვი, რა პიროვნებაა და რა შესაძლებლობები აქვს მას და სწორედ ასეთი პატარა მთებს გადადგამს თავისი შინაგანი რესურსით.

 

და უფრო მთავარი, რასაც იაპონელი ინჟინერი, ჩემთვის უკვე დიდი მასწავლებელი მასარუ იბუკა გვასწავლის შემდეგია: აუცილებელი ის კი არაა ადამიანმა ჯადოქარივით დაუკრას ვიოლინო ან გამოიგონოს უეკრანო ტელევიზორი, არამედ როდესაც ერთს ან მეორეს გააკეთებს ან ვერ გააკეთებს, იყოს უბრალოდ ბედნიერი და მადლიერი იმისთვის, რომ ის განუმეორებელი ინდივიდია, პიროვნებაა და დაიბადა.
 

 

მედიაწიგნიერების რაობა. eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის!

0

2021 წელს eTwinning-ი უძღვნის მედიაწიგნიერების თემას, მთელი წლის განმავლობაში პროგრამის გუნდი შეეცდება ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მრავალი აქტივობის საშუალებით:

✅ პროფესიული განვითარების შესაძლებლობებით;
✅ ონლაინ ღონისძიებებით;
✅ კონფერენციებით;
✅ პუბლიკაციებითა და პორტალზე გამოტანილი სხვადასხვა საინტერესო სტატიით;
პირველი ანიმაცია, “მედიაწიგნიერების რაობა” დაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების  მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების   გაცნობასა და გააზრებაში.

 

 ჰაკლბერი ფინის აჩრდილი

0

მე ჰაკლბერი ფინის ქომაგი ვარ. ტომ სოიერის თავგადასავალსაც მისი ხათრით ვკითხულობდი და მოუთმენლად ველოდი, ფურცლებზე მის გამოჩენას. ყველაზე მეტად ის მხიბლავდა, რომ სადაც და როცა არ უნდა წამეკითხა ეს წიგნი, ორი რამ არასდროს იცვლებოდა: პირველი – იმ ფურცლებს, რომლებზეც ჰაკი ჩნდებოდა, ყოველთვის უდიოდა ძველმანების სუნი და მეორე – მისი გამოჩენა აუცილებლად მოასწავებდა გარდაუვალ ხიფათს.

სიბეჯითით გამორჩეული მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოფაქცევის პრობლემებსაც ნაკლებად ვუჩიოდი, თუ მაინცდამაინც არალეგალური გაცდენების (შატალოების) სოლიდურ რაოდენობას არ მივიღებთ მხედველობაში. მათი რიცხვი კი, მართალია, საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ იშვიათად იპოვიდით შემთხვევას, როცა ასეთ დროს გვერდს პარტნიორი თანაკლასელები არ მიმშვენებდნენ. ძირითადად ჩვენი შატალოები ვიდეოთამაშების ერთი ჯიხურიდან მეორეში მოგზაურობის რიტუალისგან შედგებოდა. ამიტომ, მის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა გვქონოდა სათამაშოდ საჭირო ფულის მინიმუმი, ამ ამბავში კი არცთუ ხშირად გვიმართლებდა ხოლმე.

თუმცა იმ გამონაკლის დილას, როცა სკოლისკენ მიმავალი გზიდან მარტომ გადავუხვიე, მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, შატალოებზე სიარულის ნაკლები გამოცდილება მქონდა და არც კომპიუტერების ჯიხურში ვიზიტი იყო ჩემი ამოცანა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ჰეკლბერი ფინის გამო მოხდა.

თუ ჰაკლბერი ფინის ქომაგი ხარ, ჯერ კიდევ 90-იანი წლებია და სკოლამდე დანგრეული რუტინული გზის ყოველდღე გავლა გიწევს, ერთ დღეს ამ გზიდან აუცილებლად გადაუხვევ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება უამწიგნოდაც შეიძლება, მაგრამ არა ისე სხარტად და ორაზროვნად, როგორც მაშინ, როცა მის კითხვას ეს-ესაა მორჩი. იმ დღეს კი ზურგზე ელვაგაფუჭებული ჩანთა მეკიდა და ვგრნობდი, რომ გზიდან ეს გადახვევა არცერთ შემდგომ გადახვევას არ ჰგავდა. არსებითად ეს ის გზა არ იყო, რომელსაც მე და ჩემი თანატოლები კომპიუტერული თამაშების ჯიხურებისკენ მივყავდით. ეს სხვა გზა იყო, რომელსაც ყველა დანარჩენისგან განსხვავებით არ გააჩნდა ჩვეულებრივი დანიშნულების წერტილი, ბავშვური სოლიდარობის გამომხატველი უთავბოლო მარშრუტი სევდასა და კიდევ იმ გაურკვეველ გრძნობას შორის, რომელიც ამ წიგნის კითხვის შემდეგ რჩება.

დროდადრო ფრთხილად ვათვალიერებდი ფეხით მოსიარულე თანატოლებს, უფროს გამვლელებს და ყველანაირად ვცდილობდი, ნაცნობებთან უსიამოვნო შეხვედრებისთვის, რომლებიც ჩემი სკოლაში არწასვლის მიზეზით აუცილებლად დაინტერესდებოდნენ, თავი ამერიდებინა. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ხმაურიან ქუჩას გავერიდე და რიონის პირას გადებული ხიდის ქვეშ დრო მანამდე დავყავი, ვიდრე ზემოთ მღელვარება არ ჩაცხრა. მერე ფურცლებს ამოყოლილ, ძველმანებში გახვეულ ჩიბუხიან აჩრდილს ქალაქის სანიაღვრე თხრილების, დაბზარულკედლებიანი შენობებისა და გაჩერებული ატრაქციონის ნაპირებთან მანამ ვდიე, სანამ იქ არ მიმიყვანა, სადაც მდინარე ზღვას უერთდება.

აწეწილი, ქარში გადახლართულ წვიმიანი ამინდი იყო და სახლიდან გამოგდებული ძაღლის განწყობა თავს არ მანებებდა. ძაღლის, რომელმაც პირველად ნახა, რომ სამყარო არ ჰგავდა იმ სახლს, სადაც მზრუნველად კვებავდნენ და ეფერებოდნენ; რომ ამ საგულდაგულოდ შეფუთული ტყუილის ჭერით სარგებლობის უფლებას ეს-ესაა ვადა გაუვიდა, სიმართლემ წვეთებად ჩამოცლა დაიწყო და აწი მარტოს უნდა ეზრუნა თავის გადარჩენაზე, ჩამძვრალიყო ნაგვის ბუნკერებში, ან გაჰყოლოდა ლეშის სუნს, თავი დაეღწია თავდამსხმელი ძაღლების კორიანტელისთვის და ელოკა თავისი სისხლიანი, დაწყლულებული თათები.

წყლისგან გაჟღენთილი ტოტებით, კონსერვის ქილებითა და ნაგვის ათასგვარი ნარჩენით გარემოცული ვიჯექი მაშინ, როცა სკოლაში პირველი, ან მეორე გაკვეთილი მიმდინარეობდა, ჩანთა გვერდით მეგდო და პირველად ვიკვებებოდი ენერგიით, რომელსაც მაშინ და იქ სახელს ვერ ვარქმევდი. ახლა კი ვიცი, რაც ჰქვია. სიბინძურის ესთეტიკა. ესთეტიკა ძუკნა ძაღლებივით მოთარეშე, პირზე დუჟმომდგარი ტალღების, ზღვის და თევზის სუნს რომ დააწიალებდნენ ქვიშიან ნაპირზე. ესთეტიკა უშუქო, ფეჩის ბოლით გამჭვარტლული ოთახების და ნავთის სუნით გაჟღენთილი კედლების, მორყეული სკამების, დანჯღრეული ქუჩებისა და შინაგანი ძრწოლის. მივხვდი, რომ ეს მანძილი ჩემსა და ჰეკლბერი ფინს შორის არ იყო გასავლელი იმ გემით, შორს, ღია ზღვის ჰორიზონტთან რომ მოჩანდა. ჰეკი გაცილებით ახლოს იყო, ვიდრე თუნდაც ის გემი. მეტიც, მაშინდელი ჩემი ქალაქი ჰაკლბერი ფინებით იყო სავსე, ოღონდ შეუძლებელი იყო ამას მივმხვდარიყავი, მანამ, სანამ ის არ წავიკითხე, სანამ მარკ ტვენის ეს შედევრი გასაღებივით არ მოვარგე მაგრად დაკეტილ კარს და შიგნით არ შევედი. იქ სიგიჟით გარემოცული ბავშვი დამხვდა, რომელსაც სამყარო აიძულებდა, დიდი ყოფილიყო. დამხვდა ის, რაზე ხანგრძლივი ფიქრიც აგერ 20 წლის შემდეგ მკარნახობს, ვთქვა, რომ მთელი ეს წიგნი სხვა არაფერია, თუ არა ერთიანად მომართული ძალისხმევა წასართმევად განწირული ბავშვობის შესანარჩუნებლად, მარკ ტვენი კი – ის ყველაზე დიდი გენიოსია, რომელიც ამ ნარატიულ ბეწვის ხიდზე წარმატებით გადადის.

მას შემდეგ სინამდვილის აღქმის სენსორები საბოლოოდ გადამეწვა და ჩემი სიმართლის სინთეზატორები ის წიგნები გახდნენ, რომელთაც ვკითხულობ, რადგან სამყაროს გადაუმუშავებლად მიღება და მისი პირდაპირ გაგება მიჭირს. ამას კი საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როცა გარემომცველი სამყაროს შესაფასებლად სკოლისკენ მიმავალი გზიდან მარტომ გადავუხვიე, ფოთის დანგრეულ ზღვის სანაპიროზე აღმოვჩნდი და სიმართლის ტვენისეული მოწყობილობა ჩავრთე.

დაახლოებით 8 წლის შემდეგ, შემთხვევით, ქუჩაში მიმავალი გზად ერთ მეშვიდეკლასელ ბიჭს გადავაწყდი. ამ დროს წესით სკოლაში, გაკვეთილებზე უნდა ყოფილიყო. მაისის მზიანი დღე იდგა, თავჩაქინდრული მარტო მოდიოდა და უგულოდ მოათრევდა ზურგზე შემოგდებულ ჩანთას. სანამ არ გავუსწორდი და ერთმანეთს ძალიან არ მივუახლოვდით, თავი არ აუწევია. როცა აწია წინ ისეთი ვინმე დაინახა, ვის ნახვასაც ალბათ ყველაზე ნაკლებად ისურვებდა იმ მომენტში. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, თავისი უფროსი ძმა. შეცბა და დარცხვენილმა დაიხია ორი ნაბიჯით უკან. ქუჩაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიდექით, მაგრამ რატომღაც მაინც ვკითხე, ნამდვილად მარტო აცდენდა თუ არა გაკვეთილებს. თავი კიდევ უფრო დახარა და არაფერი უთქვამს. ერთხანს ვფიქრობდი, რა მექნა, მაგრამ იმაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, რომ გვერდით ამოვდგომოდი და მეთქვა: „კარგი, ერთად წავიდეთ და მე ერთ ამბავს მოგიყვები, გაწყობს?“

მერე დავინახე, ჩემი შეთავაზებით დაბნეულმა რა გაუბედავად გადადგა ნაბიჯი წინ და დავამატე:

„ოღონდ მანამდე უნდა მითხრა: „ჰაკლბერი ფინი“ თუ გაქვს წაკითხული“.

 

 

 

აუტიზმი როგორც მდგომარეობა

0

აუტისტური სპექტრის აშლილობა მიჩნეულია, როგორც ინდივიდის თავის ტვინის ნეირო-ბიოლოგიური განვითარების დარღვევა, რომელიც DSM-5-ის საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით მრავალი ქცევითი თავისებურებით ხასიათდება.

DSM-5-ის მიხედვით, აუტისტური სპექტრის აშლილობის ძირითადი კლინიკური მახასიათებლებია: 1. ინდივიდის განვითარების შეფერხება სოციალურ კომუნიკაციაში; და 2. ინდივიდის განვითარების შეფერხება სოციალური ინტერაქციაში, რასაც ხშირად თან ახლავს განმეორებადი ქცევითი მახასიათებლები (მოძრაობები).

სიმპტომები ბავშვებში ძირითადად ადრეულ ასაკში ვლინდება, თუმცა გარკვეული სიმპტომები თავს დროთა განმავლობაში სოციალური გარემო-მოთხოვნილებების შესაბამისად იჩენს.

ისტორია

ევგენი ბლეიერი (1857-1939) ავტორი ტერმინებისა „შიზოფრენია და აუტიზმი“. აუტიზმი, მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „აუტოს“, რაც ითარგნება როგორც „სელფი“ (თვითობა).

ბლეიერი აღწერს პაციენტებს, რომლებიც ფანტაზიაში არიან.

თანამედროვე სახით ტერმინ „აუტიზმის“ გამოყენება ბლეიერის მოღვაწეობიდან 30 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ავსტრიელმა პედიატრმა ჰანს ასპერგერმა ადაპტირება გაუკეთა ბლეიერის ტერმინოლოგიას „აუტისტური ფსიქოპატი“.

ექიმი ჰანს ასპერგერი

საგულისხმოა ისიც, რომ 1944 წელს ასპერგერი აქვეყნებს თავისი სადოქტორო ნაშრომის მე-2 თეზისს, სადაც საუბრობს  მსგავსი ინდივიდების შესახებ და აუტისტური სპექტრის მქონე პირებს აღწერს, როგორც ბავშვებისა და მოზარდების ჯგუფს, რომლებიც ხასიათდებიან, სოციალური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დეფიციტით.  ამავე პერიოდში დამოუკიდებლად მუშაობენ სხვა მეცნიერებიც. 1943 წელს ლეო კენერი, ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში აქვეყნებს თავის ნაშრომს, სადაც საუბარია, აუტისტური სპექტრის დარღვევების დროს ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.

 

ეპიდემიოლოგია

მსოფლიო სტატისტიკა

ინდივიდი 1-68-დან
გოგონები 1-48-დან
ბიჭები 1-189-დან

 

 

აუტისტური სპექტრის გავრცელების სტატისტიკა აზიურ, ევროპულ და ჩრდილოამერიკულ მოსახლეობაში -1%

 

წლების მიხედვით   გავრცელების საშუალო მაჩვენებელი ყოველ 1000 ბავშვზე გავრცელება
2000 1992 6.7% 1/150
2002 1994 6.6 1/150
2004 1996 8 1/125
2006 1998 9 1/110
2008 2000 11.3 1/88
2010 2002 14.7 1/68

 

 

ადრეული გამოკვლევა და მისი მნიშვნელობა

დღესდღეობით აუტისტური სპექტრის ნიშნების ადრეული გამოვლენის მრავალი სკრინინგინსტრუმენტი არსებობს, რომლებიც შექმნილია მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის კლინიკური ჯგუფის მიერ.

მცირე ასაკის ბავშვებისათვის (ტოდლერებისათვის) გამოიყენება შემდეგი ინსტრუმენტები: Autism in Toddlers (M-CHAT) (Robins et al, 2001) and the Childhood Autism Spectrum Disorders Test (CAST) (formerly known as Childhood Asperger Syndrome Test, რომლებიც ადაპტირებულია სხვადახვა კულტურაში.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციის თანახმად, სასურველია, 18-თვიდან 24-თვემდე ბავშვებში მასობრივად ჩატარდეს სკრინინგი, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ, ამ გარემოებას აქვს დამატებითი ეთიკური მახასიათებლებიც.

ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს ბავშვისა და ოჯახის შემდგომ გაძლიერებას, რათა დროულად მოხდეს ადეკვატური და კვალიფიციური დახმარება, რაც დადებითად აისახება ბავშვის შემდგომ განვითარებაზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ადრეული განვითარების ქვეპროგრამები, რომლებიც არამარტო აუტისტური სპექტრის, არამედ სხვა სახის საჭიროებების მქონე ინდივიდებსა და ოჯახებს ემსახურება და რომლის მიზანი, პირველ რიგში, მშობლის გაძლიერებაა.

აუტისტური სპექტრის აშლილობა საკმად რთული ფენომენია და ამ მიმართულებით მრავალი გამოჩენილი მკვლევარი მუშაობს.

მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ბერნარდ რიმლენდის (1928-2006) მოღვაწეობა, რომელიც გახლდათ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და აშშ-ის ფსიქოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის ,,აუტიზმის კვლევის ინსტიტუტის’’ დირექტორი და დამფუძნებელი.

ბერნარდ რიმლენდი (1928-2006)

 

მან საფუძველი ჩაუყარა დღესდღეობით გაბატონებულ ხედვას, რომლის მიხედვითაც, აუტიზმი განიხილება, როგორც ადამიანის თავის ტვინის ნეირო-ბიოლოგიური განვითარების დარღვევის შედეგი.

რისკფაქტორები

  1. ტყუპისცალი აუტისტური სპექტრის მქონე
  2. ტყუპისცალი სხვა ტიპის აუტისტური სპქეტრის აშლილობის მქონე
  3. მშობლების ისტორია – შიზოფრენია-ფსიქოზი
  4. მშობლების ისტორია – აფექტური აშლილობა
  5. მშობლების ისტორია – სხვა ტიპის აფექტური ან/და ქცევითი აშლილობა
  6. დედის ასაკი 40 და ზემოთ
  7. მშობლების ასაკი 40-50
  8. ნაყოფის მცირე წონა -2,5კგ <
  9. ადრეული მშობიარობა – 35 თვე <
  10. სხვადასხვა ტიპის თანდაყოლილი ლაფორმაციები
  11. სქესი – მამრობითი
  12. ცხოვრობს დედაქალაქში
  13. ცხოვრობს დედაქალაქის გარე უბანში

 

აუტიზმის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება; 2 აპრილი და მისი მნიშვნელობა

2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღეა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას!

ეს დღე აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ,,რეზოლუციას’’ ეფუძნება (2007).  ადაპტირება მოხდა 2007 წლის 18 დეკემბერს.

 

როგორ ვასწავლოთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვს?

ეს საკითხი დღესდღეობით საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომელიც თავისთავად კომპლექსური ფენომენია და მრავალ ასპექტს მოიცავს.

ბავშვის საჭიროებებიდან და თავად სპექტრის მრავალფეროვანი გამოვლინებიდან გამომდინარე სწავლების პროცესი ინდივიდუალურია. თუმცა თანამედროვე კვლევების მიხედვით არსებობს რიგი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის!
ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა თვალით კონტაქტისა და ბავშვის მზერის ,,დაჭერა’’.

სასურველია ასეთ ბავშვს ინსტრუქცია მივაწოდოთ ვიზუალური ფორმით და მარტივი და გასაგები ენით.

მნიშვნელოვანია, თავდაპირველად განვსაზღვროთ კონკრეტული აქტივობები, რომლებსაც გამოვიყენებთ ბავშვის საჭიროებებზე დაყრდნობით.

მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვის პროსოციალური ქცევისა და მცდელობის წახალისება, რაც ხელს შეუწყობს საგაკვეთილო პროცესში მის უფრო მეტად ჩართვას.

თერაპია

აუტისტური სპექტრს აშლილობის მქონე ინდივიდის საჭიროებებიდან გამომდინარე თერაპია სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ხორციელდება. ძირითადად ადგილი აქვს, კომპლექსურ მიდგომას, რომლის დროსაც, თუ საჭიროება მოითხოვს, ბავშვი შეიძლება ჩართული იყოს, როგორც: ქცევითი თერაპიის, სენსორული თერაპიის, მუსიკოთერაპიის, არტთერაპიის რაიდინგთერაპიის, ჰიდროთერაპიისა და სხვა სახის თერაპიის პროცესებში. საჭიროებების გათვალისწინებით გამოიყენება ფარმაკოთერაპიაც, როგორც დამხმარე და/ან ძირითადი მიმართულება.

 

ბიბლიოგრაფია:

  1. Fuentes J, Bakare M, Munir K, Aguayo P, Gaddour N, Öner Ö. Autism spectrum disorder. In Rey JM (ed), IACAPAP e-Textbook of Child and Adolescent Mental Health. Geneva: International Association for Child and Adolescent Psychiatry and Allied Professions 2014.

 

 

 

 

 

ხმამაღლა კითხვა და მისი სარგებელი

0

ვფიქრობ, არავინ კამათობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა და მისი სიყვარული ბავშვის განვითარებისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ კითხვა დიდი სიკეთის მომტანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მაგრამ რამდენად სასარგებლოა ხმამაღლა კითხვა ბავშვისთვის, მისი ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისთვის.

რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს ხმამაღლა ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან:

  • ხმამაღლა კითხვა ბავშვის მეტყველების განვითარების ხელშემწყობია. ასევე აფართოებს მის ლექსიკურ მარაგს. ცნობილია, რომ, რაც უფრო მეტ სიტყვას იყენებენ მშობლები 8 თვის პატარასთან ურთიერთობისას, მით უფრო მოცულობითია მისი ლექსიკური მარაგი 3 წლის ასაკისთვის. წიგნებში ბევრი ისეთი სიტყვაა, რომელიც საეჭვოა, პატარამ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას ისწავლოს. საბავშვო წიგნებიდან გაცილებით მეტი სიტყვის გაგება შეუძლია ბავშვს, ვიდრე სატელევიზიო გადაცემებიდან ან ურთიერთობებიდან.

მეტყველება აზროვნების საფუძველია. ამასთან, წიგნიერი მეტყველება ბევრად რთულია, ვიდრე ზეპირმეტყველება, რადგანაც ის არ არის დაკავშირებული ურთიერთობის კონკრეტულ სიტუაციასთან, არ არის შევსებული თანამოსაუბრის ვიზუალური აღქმით, მიმიკითა და ჟესტებით. მას ყოველთვის გამოარჩევს რთული გრამატიკული კონსტრუქციები. ენის გრამატიკა კი ასახავს ადამიანური აზროვნების ხერხებს. ამიტომ, ბავშვებისთვის ხმამაღლა კითხვა ნებისმიერ ასაკში განვითარების ქმედითი მექანიზმის როლს ასრულებს;

  • ხმამაღლა კითხვა ბავშვს უვითარებს ფანტაზიას, უუმჯობესებს წარმოსახვასა და შემოქმედებით უნარებს. პატარა ვერ ხედავს იმას, რასაც ავტორი აღწერს. ის ამ ყველაფერს წარმოისახავს. ხმამაღლა კითხვა კარნახობს მას, საით წაიყანოს წარმოსახვა;
  • ხმამაღლა კითხვა ბავშვისთვის დედ-მამასთან და ბებია-ბაბუასთან გატარებული სასიამოვნო დროცაა. ბავშვებს უყვართ უფროსების გვერდით ყოფნა, როცა ისინი ხმამაღლა უკითხავენ წიგნს. ასეთი სიახლოვის წყალობით კი ვითარდება მჭიდრო კავშირი მშობლებსა და შვილებს შორის;
  • ხმამაღლა კითხვა განამტკიცებს უფროსის ავტორიტეტს ბავშვის თვალში. როდესაც ჩვენ ხმამაღლა ვუკითხავთ ბავშვს, ამით მის თვალში ვიმაღლებთ პატივისცემას, ვუმუშავებთ გარკვეულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქცევის მოტივაციას. ხანდახან საჭირო ხდება დამატებით ავუხსნათ პატარას, რატომ მოიქცა ესა თუ ის პერსონაჟი ასე და არა სხვაგვარად. ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. წიგნის კითხვის პროცესში ხომ სწორედ ჩვენ ვხდებით ბავშვისთვის ავტორიტეტი. როცა ბავშვი თავად, დამოუკიდებლად, ჩვენ გარეშე კითხულობს, ის დიდწილად აღიქვამს მხოლოდ იმას, რაც მისთვის ნაცნობია, რაც უკვე კარგად იცის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მშობელი უკითხავს ხმამაღლა, პატარას ეძლევა საშუალება, მისგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია მისთვის გაუგებარ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია ამდიდრებს მის ცოდნას, უვითარებს ხედვას და აფართოებს მის ჰორიზონტს;
  • ხშირად წიგნის ხმამაღლა კითხვა ბავშვს ამშვიდებს და სტრესის დაძლევაშიც ეხმარება. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წიგნი ბავშვის ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით იქნება შერჩეული;
  • ბავშვები, რომლებსაც წიგნებს ხმამაღლა უკითხავენ ცხოვრების პირველივე წლების განმავლობაში, გაცილებით დიდი ალბათობით იქნებიან კითხვით გატაცებული უფროს ასაკში. ისინი, როგორც წესი, წიგნის კითხვას აღიქვამენ, როგორც მნიშვნელოვან, ამასთან სასიამოვნო და სახალისო პროცესს. მშობლების მიერ გამოვლენილი მზრუნველობა და ყურადღება წიგნის ხმამაღლა კითხვის დროს ბავშვს წიგნების მიმართ დადებით დამოკიდებულებას უყალიბებს;
  • წიგნის ხმამაღლა კითხვა ბავშვს ყურადღებით მოსმენას ასწავლის, რაც მოგვიანებით სკოლაში ძალიან გამოადგება.

    იმისათვის, რომ წიგნის ხმამაღლა კითხვამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს, საჭიროა გარკვეული წესების დაცვა:

  • სანამ ბავშვს წიგნს ხმამაღლა წავუკითხავთ, გავეცნოთ შერჩეული წიგნის შინაარსს, ჩვენ თავად წინასწარ რამდენჯერმე წავიკითხოთ;
  • გავარკვიოთ, იცის თუ არა ბავშვმა ყველა სიტყვა, რომელიც წიგნში გვხვდება. ხომ არ არის ტექსტში სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც ჩვენ თავად უნდა ავუხსნათ ბავშვს;
  • ხანდახან უმჯობესია წიგნის ამა თუ იმ მონაკვეთში აღწერილი ისტორია ბავშვს ჩვენი სიტყვებით მოვუთხროთ, იმისათვის, რომ მან უკეთესად გაიგოს ის;
  • მივცეთ ბავშვს დრო წიგნში წარმოდგენილი ილუსტრაციების დასათვალიერებლად და ერთად განვიხილოთ ისინი; დავასახელოთ საგნები, ცხოველები, ფრინველები, ბუნებრივი მოვლენები და ა.შ., რომლებიც გამოსახულია სურათებზე. ამასთან, აუცილებელია, ამ დროს სწორი სახელები გამოვიყენოთ;
  • წიგნის ხმამაღლა კითხვის პროცესში შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ბავშვს თავისუფლად შეეძლოს შეკითხვების დასმა. თუ ჩვენ ამა თუ იმ შეკითხვაზე არ შეგვიძლია პასუხის გაცემა, გულწრფელად ვაღიაროთ ეს. ასეთ სიტუაციაში კარგი იქნება, თუ პირდაპირ ბავშვის თვალწინ, მისი თანდასწრებით ჩავიხედავთ ლექსიკონში. ჩვენი ასეთი ქცევის წყალობით ის ისწავლის წიგნის, როგორც საინფორმაციო წყაროს გამოყენებასა და დაფასებას;
  • მნიშვნელოვანია, რომ წიგნი, რომელსაც ბავშვს ვუკითხავთ, მისთვის საინტერესო იყოს. ცნობილია, რომ პატარების უმრავლესობას თავისი საყვარელი, „ამოჩემებული“ წიგნი აქვს და დაჟინებით მოითხოვს, რომ მუდმივად ეს წიგნი ვუკითხოთ. ნუ დავიზარებთ, ნუ გავღიზიანდებით და წავუკითხოთ მისი რჩეული წიგნი იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგვთხოვს. განმეორებითი კითხვით ხშირად ის ზეპირადაც კი სწავლობს იმას, რასაც ვუკითხავთ. ამიტომ, ხმამაღლა კითხვის პროცესში ჩვენ შეიძლება გავჩერდეთ და თუკი პატარა ამას მოისურვებს, მივცეთ საშუალება თავად მოგვითხროს იმის შესახებ, რა მოხდება ამ ისტორიაში შემდგომ. ან შეიძლება განზრახ დავუშვათ შეცდომა კითხვისას იმისათვის, რომ დავინახოთ, რამდენად კარგად გაიგო ბავშვმა წაკითხულის შინაარსი;
  • ხმამაღლა კითხვის დროს ყურადღება გავამახვილოთ სიტყვების გამართულად და სწორად წარმოთქმაზე. საჭირო ადგილას გავაკეთოთ აქცენტები და პაუზები;
  • მნიშვნელოვანია ტექსტის ემოციური შეფერილობა. კითხვის პროცესში თამამად ვცვალოთ ხმის ტემბრი, სიმაღლე, მეტყველების ტემპი, არ დავივიწყოთ მიმიკა და ჟესტები. არტისტულად გავახმოვანოთ პერსონაჟები;
  • სასურველია, რომ ბავშვს 12 წლამდე ვუკითხოთ ხმამაღლა მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში მას დამოუკიდებლადაც უკვე შესანიშნავად შეუძლია ამის კეთება. მშობლის მიერ ხმამაღლა წაკითხულის მოსმენა ეხმარება ბავშვს უკეთესად აითვისოს მოსმენილი, დაიმახსოვროს სიტყვები და აღიქვას პერსონაჟების ემოციები;
  • კითხვის პროცესში მოსმენილის უკეთესად ასათვისებლად და წაკითხულიდან სარგებლის მისაღებად გავააქტიუროთ კითხვის პროცესი ტექსტთან დაკავშირებული შეკითხვებით: „რა მოგეწონა უფრო მეტად წაკითხულიდან?“, „რისი თქმა/გაკეთება უნდოდა გმირს?“, „შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?“. ასეთ შეკითხვებზე ფიქრი და პასუხების ჩამოყალიბება ბავშვის აზროვნების, მეხსიერების, მეტყველებისა და წარმოსახვის განვითარების კარგი საშუალებაა.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს, რომ ხმამაღლა კითხვა სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს ბავშვის განვითარებისთვის და გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბავშვობის პერიოდში მშობელთან ერთად კითხვა უკვე ზრდასრულობაში ადამიანისთვის სასიამოვნო მოგონებებთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ბავშვობის  ყველაზე თბილი და ნათელი მომენტები, როცა ჩვენ გვერდით მჯდომი დედა საინტერესო ისტორიებს გვიკითხვდა. ეს მოგონებები ყოველთვის გვათბობს ჩვენი ცხოვრების რთულ მომენტებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

 

„შემდეგი პანდემია გარდაუვალია?…“

0

ამას წინათ პლასტმასებზე ვწერდი. ვამბობდი პლასტმასის ეპოქაში ვცხოვრობ-მეთქი… განა მარტო მე? თქვენც და მთლიანად მსოფლიოც. კოვიდპანდემიის დროს არსებულმა ვითარებამ გარემოს ქიმიის მონაცემები შეცვალა და თუ მიკეტვ-მოკეტვების დროს ატმოსფერული ჰაერი თითქოს ოდნავ გაიწმინდა, პლასტმასებით გარემოს დაბინძურებამ, პირიქით – იმატა. ეს განსაკუთრებით ერთჯერადი პლასტმასის ნივთების ინტენსიურად გამოყენების ხარჯზე მოხდა და ჟურნალმა Science of the Total Environmental პრობლემას სპეციალური ნომრების მთელი სერია დაუთმო. პანდემიის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სუპერმარკეტებში შეხვდებოდით წარწერას, რომ იყენებენ მხოლოდ პოლიეთილენის პაკეტებს და მორჩა.

 

 

 

 

ამავე ჟურნალის მონაცემების მიხედვით, პლანეტის დაბინძურება ერთჯერადი ნიღბებისა და ხელთათმანების გამოყენების მატებამაც გამოიწვია. დღეისათვის გამოყენებულია 89 მილიონი ნიღაბი, 30მლნ. ხელთათმანი, 1,59მლნ. პლასტმასის დამცავი ფარი თუ სათვალე და ა.შ. (წერილის დაბეჭდვისას ეს მონაცემები უფრო გაიზრდებოდა) დიახ, გამოყენებული და გარემოში მოსროლილია.

ერთჯერადი ნიღბების გამოყენებამ, მრავალჯერადი გამოყენების ნიღბების მოხმარებასთან შედარებით, შეიძლება კლიმატის ცვლილება 10-ჯერ გაამძაფროს.  შებრძანდით და თავად ნახეთ ინფორმაცია https://www.mdpi.com/1660-4601/17/15/5439. თქვენი სურვილის შემთხვევაში კი PITTCON 2021, SHORT COURSE, March 2, Virtual Event-ის პრეზენტაციაც შემიძლია გაახლოთ, რომელიც Science of the Total Environmental-ის მთავარმა რედაქტორმა – დამია ბარჩელომ წარმოადგინა. წერილზე თანდართული სურათებიც სწორედ მისი პრეზენტაციიდანაა.

ჩატარებული კვლევების შედეგად კი შემდეგი დასკვნები გაკეთდა:

Covid-ის გამო 2020-21 წლებში პლასტმასის ნარჩენები (ნიღბები + PPE) შეიძლება 25-50%-მდე გაიზარდოს. ნიღბებში ცელულოზას ბოჭკოებთან ერთად PP გამოყენებულია პოლიმერიც. ამიტომ, გამოსავალი მხოლოდ ასეთი პლასტმასების ხელახალ გადამუშავებაში მდგომარეობს და სათავო პოლიმერებად ბიოდეგრადირებადი PLA და PCL უნდა იყოს აღებული.

რაც შეეხება უმისამართოდ გადაყრილ ნიღბებს, ისინი ზღვისა და ოკეანის წყლებში იყრიან თავს და შესაბამისი დარგის მეცნიერებს გვარიან თავსატეხსაც უჩენენ.

ჩვენ სკოლის ქიმიის გაკვეთილზე მიკროპლასტმასის რაოდენობას ზღვის წყალში ვერ განვსაზღვრავთ. თუნდაც იმიტომ, რომ ამას ძვირადღირებული აპარატურა სჭირდება. ზღვის წყლის ანიონების რაოდენობრივი განსაზღვრა კი თავისუფლად შეიძლება. თუ ზღვასთან ახლოს არ ცხოვრობთ, ჩვეულებრივ წყალში ზღვის მარილი გახსენით და ესეც გამოდგება. სამუშაო გრძელია. ან ნაწილ-ნაწილ შეასრულეთ (როგორც მე ვაპირებ მის დაყოფას ჩემს სტატიაში), ან საკლუბო მეცადინეობა დაუთმეთ და მთლიანი პროცესი ერთად ჩაატარეთ.

მაშ ასე….

ზღვის წყლის ანიონების რაოდენობის განსაზღვრა (ნაწილი პირველი)

ზღვის წყალი რთული ხსნარია, რომელიც მრავალ მარილს შეიცავს. მისი მარილიანობა დამოკიდებულია მდებარეობაზე, სიღრმეზე, წელიწადის დროზე და სხვა ფაქტორებზე. სტანდარტული ზღვის წყლის ერთი ლიტრი, კვლევაზე დაფუძნებით, შეიცავს დაახლოებით 964.83გ. წყალს და მასში გახსნილ 35.17გ. მარილებს. ეს უკანასკნელი რაოდენობა შეიცავს 19.35გ (55.0%) ქლორიდ იონებს, 10.78გ (30.7%) ნატრიუმის იონებს, 2.71გ (7.71%) სულფატ იონებს, 1.28გ (3.64%) მანგანუმის იონებს, 0.41გ (1.17%) კალციუმის იონებს, 0.40გ (1.13%) კალიუმის იონებს და 0.24გ (0.68%) სხვა იონებს (მათ შორის სტრონციუმს, ბრომიდს, ფთორიდს, ბიკარბონატს, კარბონატს და სხვა).

წარმოდგენილ სამუშაოში (პროტოკოლი რობერტ ბრიუს ტომპსონის წიგნის მიხედვითაა All Lab, No Lecture) შევასრულებთ ქლორიდ და სულფატ იონების რაოდენობრივ განსაზღვრას. ამ ორი ანიონის რაოდენობის განსაზღვრა საკმარისია, რათა სწორად გავიგოთ რაოდენობრივი ანალიზის მეთოდები. თვალსაჩინოებისთვის ქლორიდ და სულფატ იონების ანალიზისთვის სხვადასხვა მეთოდს გამოვიყენებთ. ქლორიდ იონების რაოდენობას გატიტვრით დავადგენთ, სულფატ იონების რაოდენობას კი – გრავიმეტრიული ანალიზით.

როგორც ვიცით, ქლორიდ იონები შეიძლება ვერცხლის იონების მეშვეობით დაილექოს და ნალექის სახით უხსნადი ვერცხლის ქლორიდი წარმოიქმნას. თვისებითი ანალიზისთვის ქლორის შემცველ წყალში ვერცხლის ნიტრატის დამატება და თეთრი ხაჭოსებრი ნალექის სახით ვერცხლის ქლორიდის წარმოქმნა საკმარისია იმის დასტურად, რომ საკვლევ წყალში ქლორის იონები მართლაც არის.

ზღვის წყლის ნიმუშს, როგორც ინდიკატორი დავამატოთ კალიუმის ქრომატის მოყვითალო ხსნარი. ვერცხლის ქრომატი ასევე უხსნადია, თუმცა ვერცხლის ქლორიდზე ოდნავ მეტად იხსნება. როდესაც ზღვის წყლის ნიმუშს გავტიტრავთ ვერცხლის ნიტრატის სტანდარტული ხსნარით, პირველად უფრო ნაკლებხსნადი ვერცხლის ქლორიდი გამოილექება. ეს ნალექი უფრო მოყვითალო იქნება, ვიდრე თეთრი, რადგან ხსნარს დამატებული აქვს ქრომატ იონები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვერცხლის ქლორიდის მთლიანი რაოდენობა დაილექება, ვერცხლის ნიტრატის ტიტრანტი დაიწყებს ქრომატ იონთან ურთიერთქმედებას და წარმოქმნის აგურისფერ მოწითალო ვერცხლის ქრომატს.

გატიტვრის ბოლო წერტილი ადვილად ჩანს, როგორც ფერის მკვეთრი შეცვლა ლიმონისფერი ყვითლიდან მკაფიო ფორთოხალისფრამდე, რომელიც ფორთოხლის წვენს წააგავს.

ვერცხლის ქრომატის ნალექი

ზღვის წყალში სულფატ იონების რაოდენობა ქრომის იონებთან შედარებით ნაკლებია. თუმცა, თვისებითი ანალიზისთვის საკმარისია. სულფატ იონების აღმოჩენა ბარიუმის ნიტრატის ჭარბი რაოდენობის დამატებით შეიძლება. ბარიუმის იონები სულფატ იონებთან ურთიერთქმედებენ და ნალექში გამოიყოფა ბარიუმის სულფატი. ეს უკანასკნელი გაფილტვრით შეგვიძლია გამოვყოთ. ბარიუმის სულფატის მასის განსაზღვრის შემდეგ ზღვის წყლის ნიმუშში იოლად გამოვიანგარიშებთ სულფატ იონების რაოდენობას.

ბარიუმის სულფატი ხსნარში

ექსპერიმენტულ ნაწილამდე ჩასატარებელი…

ექსპერიმენტული ნაწილის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს, ზღვის წყლის ნიმუშის რა რაოდენობაა საჭირო თვისებითი ანალიზისთვის.

 

ცნობილია, რომ ზღვის წყლის ნიმუშის ერთი ლიტრი ქლორიდ იონების დაახლოებით 20გ.-ს უნდა შეიცავდეს. ქლორის ფარდობითი ატომური მასა 35.45გ/მოლია. ზღვის წყლის მოლარობა ქლორიდის იონთან მიმართებაში არის 20/35.45=0.56M. თუ ავიღებთ ნიმუშის 5მლ-ს, ის დაახლოებით 0.0028 მოლ ქლორიდ იონებს უნდა შეიცავდეს. სტოქიომეტრიის მიხედვით, ერთი მოლი ქლორიდიონი ვერცხლის ნიტრატის ერთ მოლთან ურთიერთქმედებს. შესაბამისად, გვჭირდება 0.0028 მოლი ვერცხლის ნიტრატი, რომ ნიმუშის 5მლ. რეაქციაში შევიდეს. ჩვენი 0.1M ვერცხლის ნიტრატის ტიტრანტი შეიცავს 0.1მოლი/ლ.-ს ან 0.0001მოლი/ლ.-ს. ასე რომ, გვჭირდება დაახლოებით 28მლ. ტიტრანტი, რაც 50მლ. მოცულობის ბიურეტის დიაპაზონის შესაბამისია.

 

ვიცით, რომ ზღვის წყლის ნიმუში ერთ ლიტრზე დაახლოებით 3გ. სულფატ იონებს შეიცავს. სულფატ იონების მასა დაახლოებით 96.06გ/მოლია. ზღვის წყლის მოლარობა სულფატ იონთან მიმართებაში არის 3/96.06=0.03 M. თუ გამოვიყენებთ ზღვის წყლის ნიმუშის კიდევ ერთ 5მლ-ს, ის უნდა შეიცავდეს დაახლოებით 0.00016 მოლ სულფატ იონებს. სტოქიომეტრულად ერთი მოლი სულფატ იონი მოქმედებს ერთ მოლ ბარიუმის ნიტრატთან. ასე რომ, 0.00016 მოლი ბარიუმის ნიტრატი იმოქმედებს 5მლ. ნიმუშთან და წარმოქმნის 0.00016 მოლ ბარიუმის სულფატს. ბარიუმის სულფატის მოლეკულური მასაა 233.43გ/მოლი. ასე რომ, ამ რეაქციით წარმოიქმნება დაახლოებით, 0.04გ ბარიუმის სულფატი.

 

ასეთი მცირე რაოდენობის პროდუქტი მნიშვნელოვან ცდომილებას გამოიწვევს. ასე რომ, გამოვიყენებთ ბევრად უფრო დიდი ზომის ნიმუშს. ამ ნიმუშის მისაღებად მოსახერხებელია 100 მლ. მოცულობის კოლბის გამოყენება. თუ დავიწყებთ 100 მლ. ზღვის წყლით მოცულობით კოლბაში და ქლორიდის იონების შესამოწმებლად ავიღებთ 5 მლ.-ს, მაშინ კოლბაში 95 მლ. ზღვის წყალი დარჩება. თუ 5 მლ. ნიმუშის გამოსავალი დაახლოებით 0,04გ. ბარიუმის სულფატი იქნება, 95მლ. ნიმუშის გამოსავალი დაახლოებით 0,76გ. ბარიუმის სულფატია. ამ რაოდენობის გაზომვა ბევრად უფრო ადვილია. თუ ზღვის წყალი ბევრი გაქვთ, მაშინ 100მლ. ნიმუშის გამოყენება მთლიანადაც შეგიძლიათ.

 

ასევე შეგვიძლია ვიანგარიშოთ, 0.1 M, რისთვისაც  ბარიუმის ნიტრატის ტიტრანტია აუცილებელი. თუ ჩავთლით, რომ ზღვის წყლის ნიმუშის 5 მლ.-სთან მოქმედებისთვის საჭიროა 0.00016 მოლი ბარიუმის ნიტრატი, მაშინ ზღვის ნიმუშის 95მლ.-სთან ურთიერთქმედებისთვის საჭირო რაოდენობა იქნება (95მლ./5მლ.) X0.00016 მოლი= 0.0030 მოლი. ჩვენი 0.1 M ბარიუმის ნიტრატის ტიტრანტი შეიცავს 0.1მოლი/ლ.-ს ან 0.0001 მოლი/მლ.-ს. შესაბამისად, 95 მლ. ნიმუშთან სრულად სამოქმედოდ დაგვჭირდება დაახლოებით 30მლ. ნიტრატი.

 

ახლა, სანამ იონების განსაზღვრას შეუდგებით, ისევ მცირეხნიანი მომზადებაა აუცილებელი.

 

აიღეთ 100მლ. სუფთა მშრალი კოლბა და აწონეთ. შედეგი შეიტანეთ ცხრილში, რომელიც ამ ექსპერიმენტის მეორე ნაწილში იქნება წარმოდგენილი. გაავსეთ კოლბა ზღვის წყლით და აწონეთ. შედეგი კვლავ ცხრილის შესაბამის გრაფაში შეიტანეთ. ნიმუშით სავსე წონაკს გამოაკელით ცარიელი კოლბის წონაკი და მონაცემი შეიტანეთ ცხრილში. ზღვის წყლის ნიმუშის სიმკვრივე გამოიანგარიშეთ გ./მლ.-ში და კვლავ შეიტანეთ ცხრილში. აწონეთ 150მლ.-იანი მშრალი ქიმიური ჭიქა და მონაცემები ცხრილში შეიტანეთ. ზღვის წყლის ნიმუში სწორედ ამ ჭიქაში გადაიტანეთ. ჭიქა ქურაზე მოათავსეთ და ხსნარი ადუღეთ, რათა წყალი ამოშრეს. თუ ექსპერიმენტისთვის ჩვეულებრივ წყალში გახსნილ ზღვის მარილს გამოიყენებთ, მაშინ ამოშრობა საჭირო არ იქნება. უბრალოდ აღებული მარილის რაოდენობის ცოდნა დაგჭირდებათ. ზღვის წყლის გამოყენებისას კი აწონეთ აორთქლების შემდეგ დარჩენილი მასა. ჭიქის წონის სხვაობები ასევე ცხრილში იქნება შესატანი.

ამ ეტაპზე ასე იყოს. ექსპერიმენტის მეორე ნაწილი კი შემდეგ წერილში გამოქვეყნდება.

წერილის მყვირალა სათაური რაღას ნიშნავს? სემინარს ერქვა ასე და ორგანიზატორებს სწორედაც, რომ ყურადღების მიქცევა სურდათ იმ პრობლემაზე, რომელსაც გარემოს, კერძოდ კი, ზღვის პლასტმასის მიკრონაწილაკებით დაბინძურება ჰქვია.

 

კვლავ ბებია

0

წუხელ მესიზმრა ის დილა, რომლის მოყოლაც თქვენთვის გამომრჩა. ეს დილა უჩემოდაც გეცოდინებათ, თუ ოცდაათის მაინც ხართ და დასავლეთ საქართველოში დაიბადეთ. დაიბადეთ და გახსოვთ ზამთრის შეთენება და წამოდგომის საზარელი დაზარება. ტანსაცმელი აწყვია თავთან, სკამზე. მაგრამ ტანსაცმელი ძალიან ცივია და ცოტა სისველე დაკრავს ან განცდა სისველის. ბებიაჩემი იღებს, თბილ ლოგინში იდებს, ათბობს და მაწვდის. განა არსებობს რამე ამაზე უფრო უცნაურად ადამიანური? მგონი არაფერი. ვერაფერი.

 

დღეს ბებიაჩემის, მედიკოს დაბადების დღეა.

ექვსი წლის წინ, მამაჩემის პანაშვიდზე მოვიდა და უთხრა, ახალ წლამდე წამიყვანეო. მანამდე მეზობლებისთვის დაუბარებია, ზურიკელას რამე რომ მუუვიდეს, ვერ გადევიტანო. ჰოდა, მოვიდა და წაყვანა სთხოვა. იქვე გარდაიცვალა. დედაჩემის დედა იყო მედიკო. ზურიკოს სიკვდილიდან მესამე დღეს მოხდა ეს ამბავი. საღამოს ჩამეხუტა. „ახლა შენ ხარო“, -მხოლოდ ეს მითხრა, თითქოს ბუნდოვანი, მაგრამ ძალიან ზუსტი სიტყვები. საერთოდაც ძალიან ზუსტი ქალი იყო. ნატანებში ცხოვრობდა. სანამ ოზურგეთში წამოვიდოდა მამაჩემის დასატირებლად, სახლი დაულაგებია. რომ მივასვენეთ, ყველაფერი დაგვხვდა. სასტიკი, მაგრამ აუცილებელი დეტალებით: „ყბის ასაკონი“ ნაჭრით, გასაპატიოსნებელი ხელთათმანებით, გამპატიოსნებელთა გვარ-სახელებით, გადასაფარებლით, საწვიმარი ბრეზენტით, საკუბოე ტანსაცმლით. ყველაფერი საწოლზე ეწყო. ლამაზად. სკამზე თავისი საუკეთესო ხალათი გადაეფინა საგანგებოდ და ზედ „პორტმანით“ „დასასაფლავებელი“ ფული მიემაგრებინა.

მარტო ცხოვრობდა და ამ მარტოობაში გაჯიუტებული იყო. ქმარი ძალიან ადრე გარდაეცვალა. კი ეხვეწებოდნენ შვილები, წამოდიო, მაგრამ ფუძე გაამაგრა. განა მხოლოდ ფუძე. იქ, სოფელში, შემთხვევათა თავიქალი გახლდათ, დღემდე დიდი მოწიწებით მოსაგონარი. ბევრს არ ლაპარაკობდა. უფრო მოქმედებდა. სულ მინდოდა მიმებაძა, მაგრამ ახლა ჩამოვრჩი. ჩემი ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილი მორცხვი და მცირედმოსაუბრე ადამიანი მეთქმოდა. ჩემი დანარჩენი ცხოვრება ამ ყველაფერზე შურისძიება გამოდგა. ავად თუ კარგად, ასე იყო. მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე და ვხვდები, რომ ეს მე არ ვარ. ვიღაც სხვაა, რომელსაც სარკეში ვხედავ. და ეს სხვა ძალიან ბევრს ლაპარაკობს. და რაც უფრო მეტს ლაპარაკობს, მით უფრო ყალბი და უსაგნოა მისი ნათქვამი. ზოგადად, მგონია, რომ არ შეიძლება, ადამიანმა ბევრი ილაპარაკოს და ასე არ მოუვიდეს. ამ დილით საკმარისად ვიფიქრე ამაზე. ამიტომ ბებიაჩემის, მედიკოს დაბადების დღეს ამ აზრით შემობრუნების დღედაც ვაქცევ. უფრო მეტი საქმის და ნაკლები ტელეკეკლუცობის დღედ. ასე მივულოცავ.

სკოლისა და მშობლების წარმატებული პარტნიორობის გასაღები

0

ნეტავი ხელს არ მიშლიდნენ და ჩართულობას ვიღა დაეძებს?!

„სკოლაში მოვიდოდეს მშობელი და შვილის ამბავს იკითხავდეს, რაღა მინდა! ჩაერთონ, ვინ უშლით ხელს?!

პედაგოგებთან მშობელთა ჩართულობაზე საუბრისას ყველაზე ხშირად ეს ორი ფრაზა მესმის და მინდა, ყოველ ჯერზე მქონდეს საკმარისი დრო და ენერგია, ავუხსნა მათ, რა შრომა აქვთ გასაწევი მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფისთვის.

სინამდვილეში საქმე გაცილებით რთულადაა.

მშობლებს აღელვებთ შვილის სასკოლო ცხოვრება, მაგრამ მათ პასიურობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

  • ზოგიერთმა მშობელმა არ იცის, როგორ იურთიერთოს შვილის სკოლასთან.
  • ზოგიერთს კომუნიკაცია გამოსდის, მაგრამ ბავშვის ინტერესების სასარგებლოდ ვერ იყენებს ამ უნარს.
  • ზოგიერთმა იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა სასკოლო საზოგადოებისგან ან სხვა მშობლებისგან.
  • ზოგიერთს აქვს მხარდაჭერა, მაგრამ არ აქვს საკმარისი დრო, ენერგია ან მოტივაცია, რომ  შვილების სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთოს.

მე ახლა ორი მიზანი მაქვს: ერთი – განსხვავებული კუთხით შეგახედოთ მშობელთა მონაწილეობის სარგებლიანობისთვის და მეორე, მთავარი – მცირედით მაინც გაგიადვილოთ მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობა.

თუ გავიხსენებთ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ადვილად მივხვდებით, რომ მშობლების გარეშე სკოლა ამ მიზნებს ვერ მიაღწევს და ვერც აღწევს. რატომ? იმიტომ, რომ სიტყვა „მშობლების“ უკან მილიონ-ნახევარი ადამიანი დგას. საზოგადოების უდიდესი აქტიური ნაწილი. თუ საზოგადოებრივი ღირებულებები განსხვავდება სასკოლო ღირებულებებისგან, მიზანს ვერ მიაღწევთ: ვერ აღზრდით ტოლერანტ პიროვნებას; ვერ განუვითარეთ მოქალაქეობრივ აზროვნებას; ვერ დაამარცხებთ ბულინგს; ვერ ასწავლით ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას; ვერ გამოუმუავებთ ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს; ვერ ასწავლით, რომ თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე.

ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ თქვენ, სკოლის თანამშრომლებმა. ეს არის სკოლის დანიშნულება, რომელიც მთავრობის დადგენილებით გამყარდა და ამ დადგენილებას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჰქვია. ეს არის სკოლის მიზანი და არა ის, რომ მოსწავლემ ცალკეულ საგანში  მაღალი ქულები მიიღოს, დეკლარაციული ცოდნა დააგროვოს და როგორმე/სადმე სტუდენტი გახდეს. თუ ჩვენ სწორად გავიაზრებთ, რა არის სკოლა, აღარ გაგვიჩნდება კითხვა, რა საჭიროა მშობელთა ჩართულობა: ეს არის სკოლისა და ოჯახის ერთობლივი და უწყვეტი პასუხისმგებლობა მოსწავლის მიღწევებისა და სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მშობლების ჩართულობა არ არის ადვილად ან ერთჯერადად მოსაგვარებელი საკითხი, მაგრამ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში არც ძალიან რთულია.  რა არის ამისთვის საჭირო?

  1. თქვენი განწყობა – თუ გჯერათ, რომ გაზრდით მშობელთა მონაწილეობას, ამას აუცილებლად შეძლებთ.
  2. ცოდნა – თუ იცით, ეს როგორ გააკეთოთ, სასურველ შედეგს მიიღებთ.

 

იმისთვის, რომ სკოლის თანამშრომლებმა სიღრმისეულად გაიაზრონ მშობელთა ჩართულობის ყველა მექანიზმი, გთავაზობთ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) პარტნიორობის სკოლების ეროვნული ქსელის დირექტორის, დოქტორ ჯოის ეპშტეინის მიერ შემუშავებულ ჩარჩო  დოკუმენტს სახელწოდებით წარმატებული პარტნიორობის გასაღები.

ეპშტეინის ჩარჩოში ასახულია, როგორ შეიძლება გააძლიერონ სკოლებმა მშობლების ჩართულობის კულტურა ექვსი სახეობის მიხედვით:

 

  1. მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა კეთილდღეობისთვის

ოჯახების მხარდაჭერის მიზნით სკოლა გეგმავს საგანმანათლებლო აქტივობებს მშობლებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. მაგალითად, სთავაზობს მშობლებს სემინარებსა და ტრენინგებს მშობლობის სტილის, ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ბავშვების ციფრული უსაფრთხოების ან სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. საგანმანათლებლო აქტივობებში მშობლებთან ერთად ერთვებიან მასწავლებლები და სკოლის სხვა თანამშრომლებიც. თუ სკოლას არ აქვს შესაძლებლობა ტრენერების მოწვევის მოიწვიოს, შესაძლოა დაადგეს უფრო მარტივ გზას და მშობლებს შესთავაზოს უკვე შექმნილი მულტიმედია მასალების ჯგუფური ან იდივიდუალური გაცნობა, ვიდეორესურსები იქნება ეს, ანიმაციები, საკითხავი ბლოგები თუ სახალისო ტესტები. ასეთი რესურსები არაერთ ქართულ ვებგვერდზე იძებნება. მათ შორისაა საგანგებოდ შექმნილი გვერდი www.mshobeltaskola.ge

  1. სკოლასა და მშობლებს შორის ეფექტური ორმხრივი კომუნიკაციის დამყარება

ეფექტური კომუნიკაციის მიზნით სკოლა მოსწავლეთა ოჯახებისადმი მეგობრულ გარემოს ქმნის. სკოლის პერსონალი გადის ტრენინგებს, რათა გაიუმჯობესოს მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობის უნარები. სკოლა ამცირებს ბარიერებს, თანამდებობაზე ნიშნავს მშობლებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირს, წინასწარ უთანხმებს მშობლებს მთელი წლის შეხვედრების განრიგს, რათა მოსწავლეთა ოჯახებმა დაგეგმონ თავიანთი დრო. სასკოლო სივრცეში აკრავენ, ვებგვერდებზე აქვეყნებენ მშობლებისთვის მამოტივირებულ პოსტერებს. სკოლის მიზანია, დაარწმუნოს მშობელი, რომ სკოლაში მას სიხარულით ელოდებიან და მზად არიან, თანამშრომლობისთვის სასურველი გარემო შექმნან. სკოლის თანამშრომლები იყენებენ შეტყობინებებს, შეხსენებებს, სატელეფონო ზარებს, E-mail-სა და კომუნიკაციის სხვა არხებს, რათა რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებს მათი შვილების პროგრესისა და წარმატების შესახებ.

  1. მშობელთა მოხალისეობის ხელშეწყობა

მშობელთა მოხალისეობის სისტემის ასაწყობად სკოლები ქმნიან სტრატეგიებს. გაწერილი სტრატეგიის ფარგლებში ისინი ყოველწლიურად ატარებენ გამოკითხვას, რათა მოიძიონ ინფორმაცია მოხალისე მშობლების შესახებ. კერძოდ, გაარკვიონ მათი ინტერესები, ნიჭი და ხელმისაწვდომობა. გამოკითხვის შედეგად შეკრებილი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში გროვდება და მოხალისეთა აქტივობები ამის მიხედვით იგეგმება. იქმნება არაფორმალური ხასიათის მხარდაჭერის ქსელი, რომელშიც ყველა კლასიდან თითო მშობელი მაინც არის ჩართული. სკოლის შენობაში გამოყოფილია მშობლების ოთახი ან საოჯახო სივრცე მოხალისეობრივი მუშაობისთვის, შეხვედრებისა და საოჯახო რესურსებისთვის. რეგულარულად ტარდება შეხვედრები მოსწავლეთა წინსვლის, თამაშების, შეკრებების მიმოხილვისთვის, რომლებზე დასასწრებადაც მშობლებს მოსაწვევებს უგზავნიან. ეს მოსაწვევები პერსონალურია და არა ზოგადი.

  1. შინ მეცადინეობისას დახმარება

სკოლის თანამშრომლები ასწავლიან მშობლებს, როგორ დაეხმარონ შვილებს საშინაო დავალების მომზადებაში და როგორ გახადონ ეფექტიანი შინ სწავლა. მაგალითად, როგორ მოაწყონ სამეცადინო სივრცე. ასევე – როგორ დაეხმარონ ბავშვებს იმ უნარ­ჩვევების განვითარებაში, რომელთა გაუმჯობესებაც სჭირდება; როგორ განიხილონ შვილთან ერთად საშინაო დავალება. სკოლაში ბავშვებს ეძლევათ ინტერაქციული საშინაო დავალება, რომელიც ბავშვს იმის წარმოჩენის საშუალებას აძლევს, რა ისწავლა სკოლაში ყოფნის დროს.

  1. მშობლების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

სკოლა მშობლებს თანაბარუფლებიან პარტნიორებად მოიაზრებს და ცდილობს, ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს.  სასკოლო პოლიტიკის ცვლილებების მიღებამდე მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს მოსწავლეთა ოჯახებსა და თემთან. სკოლა წაახალისებს მშობელთა გააზრებულ ჩართულობას მშობელთა ოფიციალურ ორგანიზაციებში, სკოლის სამეურვეო საბჭოში, მრჩეველთა საბჭოში ან მშობელთა ლიდერობისა და მონაწილეობის კომიტეტში. სკოლა ეხმარება მშობლებს, რათა სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მშობლები იცნობდნენ ერთმანეთს და თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.

  1. სკოლისა და თემის თანამშროლობა

მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ასამაღლებლად სკოლა ქმნის თემთან თანამშრომლობის სტრატეგიას. სკოლა, ოჯახი და თემის წარმომადგენელი მართავენ დისკუსიებს, ამყარებენ კავშირებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრებთან, რათა მათი სერვისები სასკოლო საზოგადოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს. სკოლა თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან, კულტურულ ჯგუფებთან, წაახალისებს თემში სკოლის ისეთი რესურსების გამოყენებას, როგორიც არის ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და სხვა.

 

რაც მთავარია, მშობელი და მასწავლებელი ერთმანეთთან კომუნიკაციისას მხოლოდ ბავშვზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი და არა საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებსა და საკუთარ მორალზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში წარვმართავთ პროცესებს ეფექტურად და მივიღებთ შედეგს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://mshobeltaskola.ge/wp-content/uploads/2021/03/%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.pdf

შეფასების სისტემის უცხოური გამოცდილება

0

„რამდენი ვარსკვლავი დაგიწერა მასწავლებელმა?“, „დღეს რა მიიღე?“ – ეს კითხვები მოსწავლეებსაც ეცნობათ და მშობლებსაც. პედაგოგიურ წრეებში კი ახლაც დავობენ იმაზე, შეფასების რომელი სისტემაა უფრო მოქნილი და მოტივაციის მომცემი – ქულებით თუ სხვადასხვა სიმბოლოების საშუალებით?

მრავალ ქვეყანაში ცოდნის შეფასების საკითხი მდგრადია და აღარ განიხილება. მისი მიზანიც უცვლელი რჩება – შეფასებამ, რა სახისაც არ უნდა იყოს, მინიმალური ცდომილების გარეშე უნდა წარმოაჩინოს მოსწავლეთა სასკოლო მიღწევები.

იმისთვის, რომ უფრო ნათლად დავინახოთ, როგორ აისახება მსოფლიოში არსებული შეფასების სხვადასხვა მეთოდი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებზე, გაგაცნობთ მშობლების მოსაზრებებს.

ფინეთი: ქვეყანაში შეფასების 10-ქულიანი სისტემაა. მე-3 კლასამდე ქულები საერთოდ არ იწერება. მე-7 კლასამდე მასწავლებლები ბავშვებს სიტყვიერად აფასებენ, მაგალითად, დადებითი შეფასებაა „შესანიშნავი“. მე-8 კლასიდან კი 10-ქულიანი სისტემა ირთვება.

ნიშნების გამო ფინეთში მოსწავლეებს არ კიცხავენ. შეფასების მიზანია მოსწავლის მოტივირება, მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განვითარება და კორექცია.

ფინელი მეათეკლასელი მარგარიტას დედა ამბობს: „თუ მოსწავლემ დავალება შეასრულა, „პლუსს“ დაუწერენ, თუ არა – „მინუსს“. თუ რაიმე ფორმით თავი ვერ წარმოაჩინა, მასწავლებელი მის ელექტრონულ დღიურში შეტყობინებას ჩაწერს და მუშაობას შემდეგ ჯერზე შესთავაზებს. დღიურში შენიშვნებს წერენ ფსიქოლოგი, სოციალური და სამედიცინო მუშაკი და ე.წ. „მომავლის მასწავლებელიც“ – სპეციალისტი, რომელიც მოსწავლესთან გასაუბრებით ავლენს მის მიდრეკილებას რაიმე სახის საქმიანობისკენ. ყველა სპეციალისტის მომსახურება ფინეთის სკოლაში უფასოა.

მასწავლებელი ყველა მშობელს სათითაოდ ხვდება და ბავშვის საქმიანობის შესახებ 15 წუთის განმავლობაში ესაუბრება. მოსწავლეთა შორისაც არავინ იცის, ვის რა შეფასებები აქვს სკოლაში. ძირითადად შეფასებას წერენ არა შედეგის შესაფასებლად, არამედ გაწეული ძალისხმევისთვის. სემესტრული შეფასება არის შედეგი იმისა, თუ როგორ უმკლავდება მოსწავლე დავალებებს კლასში, როგორ აბარებს გამოცდებს და რამდენად აქტიურია. ყველა მასწავლებელი თავად წყვეტს, რას და როგორ შეაფასებს“.

სინგაპური: 2018 წლის PISA-ს კვლევის თანახმად, სინგაპურმა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ კვლევა ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. სინგაპურს „ახალგაზრდა“, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა აქვს. 1997 წლიდან ქვეყანა ახორციელებს რიგ ღონისძიებებს დაწყებით და საშუალო სკოლებში გამოცდებისა და შეფასებისთვის. ამ გარდაქმნების მიზანია საგანმანათლებლო პროცესის კონკურენტუნარიანობისგან მიღებული მოსწავლეთა სტრესის შემცირება.

10 წლის ირინეს დედა ამბობს: „მეექვსე კლასამდე სინგაპურელი მასწავლებლის მიზანი არ არის ქულების დაწერა და ბავშვების რანჟირება კლასის შიგნით. ჩემმა ვაჟმა სემესტრის განმავლობაში უბრალოდ უნდა ჩააბაროს ყველა სამუშაო და პროექტი, რომელზეც მასწავლებელი უკუკავშირით ეხმაურება და არა რაიმე შეფასებით. პედაგოგები იყენებენ განმსაზღვრელ მიდგომას, ანუ უწერენ: „კარგია“ ან „ეცადე, სამომავლოდ უკეთესი შედეგი მიიღო“. სემესტრის ბოლოს სკოლებში ტარდება საკონტროლოები 100%-იანი სკალით. თუ ბავშვმა 51% მაინც დააგროვა, ითვლება, რომ მან უკვე ჩააბარა.

რაც შეეხება საშინაო დავალებას, თუ მოსწავლემ ის ვერ შეასრულა, გაკვეთილზე მოუმზადებელი გამოცხადდა, მას გაკვეთილების შემდეგ დაიტოვებენ და ისე შეასრულებინებენ ყველა დავალებას. სინგაპურში არ ტარდება მშობელთა საერთო კრებები. თითოეულ სკოლაში ოჯახს ცალკე იწვევენ და ბავშვის შედეგებს ინდივიდუალურად აცნობენ. არც მე, არც ჩემმა შვილმა არ ვიცით, ვინ არის კლასში ფრიადოსანი და ვინ – არა“.

საფრანგეთი: ქვეყნის მთავრობა 2012 წლიდან ახორციელებს განათლების სისტემის რეფორმას, თუმცა აქ შეფასების სისტემა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უცვლელია. საფრანგეთში მიაჩნიათ, რომ ცოდნის შეფასების ოცქულიან სკალას თავისი უპირატესობა აქვს.

13 წლის ნიკოლის მამა ამბობს: „ჩემი გოგო კარგად სწავლობს, 15-18 ქულას იღებს. თუ მასწავლებელმა 10 ქულაზე მეტი დაუწერა, ჩათვალეთ, რომ მან დადებითი ქულა მიიღო. თუ 9.5 – მასალა კიდევ უნდა შეისწავლოს. 12 ქულა საშუალო შედეგია, 12.5 კი უკვე „კარგთან“ მიახლოებული. მიხუმრია ხოლმე, სკოლის შეფასებები მოციგურავეთა ოლიმპიური თამაშების შეფასებას ჰგავს-მეთქი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს მიდგომა ბავშვის უფრო ობიექტურად შეფასების საშუალებას იძლევა. როდესაც მასწავლებლის არსენალში მხოლოდ რამდენიმე ქულაა, დიდი შანსია, „სუსტები“ ამოქაჩო, მაგრამ „ძლიერის“ წარმატება დააკნინო. ფრანგულ სისტემაში კი ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია“.

ავსტრალია: PISA-ს ბოლოდროინდელ რეიტინგში ავსტრალია მე-20-30 ადგილზეა და მისი პოზიცია წლიდან წლამდე სუსტდება. 2003 წელს ის მე-10 ადგილზე იყო. სკოლებში მოსწავლეებს არ კვებავენ ცხელი კერძებით, მაგრამ მათ ორი დიდი შესვენება აქვთ – ამის შესაძლებლობას იქაური კლიმატი იძლევა. უფროს კლასებში ბავშვს შეუძლია აირჩიოს საგნები, რომელთა სწავლითაც დაინტერესებულია. ამავე დროს, არსებობს სავალდებულო საგნებიც – მათემატიკა და ინგლისური.

დღეს ავსტრალიაში ათი ათასამდე სკოლაა, 300-ზე მეტი საჯარო კოლეჯი და 40 უნივერსიტეტი. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და იცავს სახელმწიფო სტანდარტებს. სკოლებში 3 მილიონზე მეტი მოსწავლე ირიცხება. მხოლოდ ახალი სამხრეთი უელსის შტატში 2200 სკოლაა. საჯარო სკოლები 71%-ს შეადგენს, დანარჩენი კერძოა. სკოლები იყოფა საერთო, მხოლოდ ვაჟთა და მხოლოდ ქალთა სკოლებად.

4 წლის დავითის დედა ამბობს: „ჩემი შვილი ჯერ არ დადის სკოლაში, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, წინასწარ შევისწავლე შეფასების სიტემა, რომელიც მას სკოლაში ელის. ჩვენთან ბავშვები 5 წლის ასაკში მიდიან სკოლაში და ეს საკმაოდ ადრეა. მოსამზადებელი კლასი უფრო საბავშვო ბაღს ჰგავს, თუმცა იქ ბავშვს არავინ აჭმევს და აძინებს. შეფასების სისტემა ხუთქულიანის მსგავსია. მეგობრებმა მითხრეს, რომ რამდენიმე წლის წინ „A“ ფრიადივით იყო, „A+“-ის მიღება კი მოსწავლეს მხოლოდ განსაკუთრებული მიღწევებისთვის შეეძლო. „A“-ს მასწავლებლები იშვიათად წერდნენ, „B“-ს ან „C“-ს – გაცილებით ხშირად“.

ვეიცარია: ეს კიდევ ერთი ქვეყანაა, რომლის საშუალო განათლების ხარისხი მსოფლიოში ძალიან ფასობს. სასწავლო პროცესში ყურადღებას ამახვილებენ თითოეული მოსწავლის პიროვნებაზე: იმისთვის, რომ სწავლამ ბავშვებს სარგებლობა მოუტანოს, მოსწავლე თვითონვე უნდა იყოს დაინტერესებული სწავლით, რისთვისაც მასწავლებლები იყენებენ ინდივიდუალურ მიდგომას, იმდენ დროს უთმობენ თითოეულ ბავშვს, რამდენიც კონკრეტული მასალის ასათვისებლად დასჭირდება.

შვეიცარიის შეფასების სისტემის სპეციფიკა ისაა, რომ თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი წესები, ანუ, ფაქტობრივად, საუბარია 26 დამოუკიდებელ საგანმანათლებლო სისტემაზე. შვეიცარიის სკოლები მოსწავლეებს მხოლოდ აკადემიური მოსწრების საფუძველზე არ აფასებენ. ეს საშუალებას აძლევს ბავშვებს, ჰქონდეთ ჯანსაღი კონკურენცია ერთმანეთთან.

7, 9, 12 და 14 წლის ბავშვების დედა: „ციურიხის რეგიონში, სადაც ვცხოვრობთ, ბავშვებს ექვსქულიანი სისტემით აფასებენ. მეტიც – არსებობს ასეთი ქულებიც: 4.9 ან 5.7. სკოლამდელ ასაკში მომზადების დროს ქულები არ იწერება, დაწყებით სკოლაში კი – მხოლოდ მეორე კლასიდან. თუმცა სწავლის პირველი წლის განმავლობაში, აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების მიხედვით, ბავშვები სხვადასხვა კლასში ნაწილდებიან. მოსწავლეები, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს, ხვდებიან „A“ კლასში, საშუალო შედეგისები – „B“-ში, დანარჩენი კი – „C“ კლასში. რა თქმა უნდა, მშობლებს სურთ, მათი შვილები A კლასში მოხვდნენ, რადგან შემდეგ საშუალო სკოლაში სწავლა უფრო გაუადვილდებათ. გამოდის, რომ სკოლაში არის ძლიერი და სუსტი კლასები. და თუ ბავშვს უფრო ძლიერ კლასში გადასვლა სურს, მას თავისი შესაძლებლობების დამტკიცება მოუწევს.

შვეიცარიაში ოთხი ოფიციალური სახელმწიფო ენაა და მათ სწავლას დიდი ყურადღება ეთმობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვებს სკოლაში კარგი შეფასებები ჰქონდეთ. ამას ყურადღება ექცევა როგორც სკოლაში შესვლისას, ისე დაწყებითი სკოლიდან საშუალო სკოლაში გადასვლის დროსაც“.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

   ღვთის ანაბარა დარჩენილები

0

კარტოფილს ვიღებდი სამი დღე, ამოღება ერთია და ბარს რა ამოაქვს – მეორე. წვრილი, ჟიჟმატი, თვალი არ წაგივა და გული. მიწა მაგარია, ფიქალივით, მუჭი ჩაეტევა ნახეთქებში. ან რა კეთილი დაეყრებოდა, ორ კვირაზე მეტია, წამლად წვეთი არ ჩამოვარდნილა ციდან. პირველი ბარი რომ გავტეხე, ვიფიქრე, მივანებებ-მეთქი თავს, მაგრამ დამენანა, ბარვასა და თოხნაში დამწყდარი მაჯები.

ეს უჩინარი სატკივარი რომ გაჩნდა, სიკვდილზე მეტად შიმშილის შემეშინდა. გულდაგულ ვაბრუნე ბელტები, გულდაგულ ჩავყარე თესლი. მუხლებზე ვიდექი, ისე ვმარგლიდი ხელით, სარეველის ღერი არ ამომიშვია მიწიდან. აღელდა კვლები, შედედდა და მწვანედ დაიწყო ბიბინი.

შემდეგ კი ორი კვირა ენთო აგვისტოს ღურღურა მზე, არ ჩანელებულა. ჩაიშრიტა მიწაში, მზემომსწრალი, აყვავებული კარტოფილი.

როცა მე და მიწამ მეორე ბარიც მოვინელეთ, ნატეხები ბელტებს მივახეთქე და თავი მივანებე.

დაღლილი ვწევარ და ვკითხულობ ბექა ქურხულის „მკვლელს“ მიწამიმხმარი ხელებით. ადრეც მინდოდა წაკითხვა, მინდორში ვიყავი და არ დამაცადა ნისლმა და ჟინჟღლმა. ახლა ვკითხულობ და შემებრალა ყველა, ისე შემებრალა, გულ-მუცელი ჩამეწვა.

ნაბაკეველი პარტიზანი გია ეზუხბია ცოლ-შვილთან ერთად სოფელ ახალკახათის კულტურის სახლშია შეკედლებული. სკამი არ მოეძევებათ, მანქანის სიდენიაზე ზის, უფილტროს სრუტავს და  ღუმელს ეფიცხება. ამ ცივ დილაბნელს ცოლი ეჩხუბება. გამწარებული ქალი ქმარს ეუბნება, რომ სულელია, თუ ომი და უბედურება უნდოდა, რაღას მოჰყავდა ცოლი და რაღას იყოლია შვილები; რომ ყველა მტრად მოიკიდა, მისასვლელი არავისთან აქვს… ქალი ტირილით იფხეკს ცომის ბოლო კორძებს ხელიდან…

გიას ეცოდება ცოლი, აქვე ყურისძირში ბიძაშვილი მოუკვდა და ფეხზე ამოსაცმელი არაფერი არ აქვს, სამძიმარზე რომ წავიდეს..

რცხვენია ცოლის. იცის, რომ გმირი სწორედ ისაა. გმირები მარტო ომში მსროლელები ანდა დახოცილები არ არიან. გმირები მათი დედები არიან, წელზე ფეხის დადგმით ობლებს რომ უზრდიან; ცოლები, ქმრის მაგივრად ღამე თავისი გმირის სახელი რომ მიუწვებათ. ფიქრობს ეზუხბაია, რა წყალში გადავარდეს, ცოლისთვის ფეხზე ამოსაცმელი რომ იშოვოს.

ცოლსაც ეცოდება ქმარი. იცის სხვანაირად არ შეეძლო – ორმოცდარვა წელი მიწაში იცქირებოდა, გლეხი იყო, მანდარინის ბაღით, პირუტყვით, და ავტომატი ააღებინეს ხელში. ომში ჯერ მისი ბავშვობის მეგობარი დათო შერვაშიძე ჩაერთვება. ის გიასნაირი არაა, წამალი, შავები მიდი-მოდი. გიას კი ისე უყვარს, თავისი ოთხი შვილიდან ორ ბიჭს მის სახელს დაარქმევს: ერთს დათას, მეორეს – დათოს. გიაც წავა თავის უფროს ძმასთან ერთად. კაცი, რომელსაც თოხის მეტი არაფერი უნახავს. პირველივე ბრძოლაში ბალახში ჩაწვება და თავს მაღლა ვერ სწევს.

უფროსი ძმა დაამუნათებს: „ისროლე, აწი სირცხვილია“. უმცროსი ეზუხბაიაც ისვრის და ამ ოხერი გრძელი, ცხელი დღის დაღამებას ნატრობს. როცა პირველად ნახავს მკვდარ მებრძოლს, ვერ იჯერებს, რომ ეს კაცი დილით ცოცხალი იყო. ახლა სულთმობრძავი, დაკრუნჩხული თითებით ისევ ცდილობს სასხლეტის გამოკვრას. კვდება გიას უფროსი ძმაც, რუსი სნაიპერის ტყვიით. ცრემლგამშრალი უმცროსი წაასვენებს და მშობლიურ სოფელში დამარხავს.

სროლა დამთავრდა, ომი კი გრძელდება. ახლა მშვიდობისმყოფელები ისინი არიან, ვისი წაქეზებითაც ეს ყველაფერი დაიწყო. იქ ენგურს გაღმა გიას ნახევრად დამწვარი სახლი და უფროსი ძმის გატყიურებული კამეჩი დარჩა, რომელიც არ გადმოჰყავს არაფრის დიდებით. ისაა ყველაფერი დაკარგულის სამაგიერო.

გია გაცეცხლებული გამოვარდება სახლიდან, რომ ან ცოლს ფეხსაცმელი უშოვოს ან არ დაბრუნდეს ცოცხალი სახლში. ცოლი გამოეტირება, რომ უჭმელი მაინც არ წავიდეს სახლიდან. ისედაც ბოლო ფქვილი მოზილა დღეს. გარეთ გიას ამბები დახვდება, აგეტირება კაცს…

შერვაშიძე უპატრონო მოხუცს გამოესარჩლება, რიგით გაზულუქებულს მიუვარდება და დაიჭერენ. ტყუილად ილაწლაწა გიამ, ვერაფერი იშოვა და ფეხსაცმლის ნოქარიც კინაღამ სცემა. უცბად ისევ ცოლის ნათესავი გამოუჩნდება „მშველელად“. იქ აფხაზეთში ხომ აქვს წაბლის კარ-ფანჯარა, ცეცხლს რომ გადაურჩა, სახლის პირველ სართულზე. გადაიპაროს ენგურს გაღმა, მოხსნას, მოუტანოს და ის მისცემს ფეხსაცმელს, ცოლი რომ სამძიმარზე გაგზავნოს.

წავა, გადაიპარება ეზუგბაია თავის სახლში და ისე მიუდგება საქმე, თავის გადატენილ ავტომატს დაეყრდნობა ნიკაპით. ვერ გაისვრის, დაუცლია სულ, სახლში რომ მიიპარა, აფხაზები დახვდნენ იქ.

კითხულობ და არ გინდა, დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ. არ გინდა დაჯერება, მაგრამ ასეა..

გევსება, გეტენება ბრაზით გული. ჯერ იმის გამო, პატრონი რომ არ გვყვავს და ღვთის ანაბარა რომ ვართ დარჩენილები; ჩვენი მეზობლის გამო, გასაქანს რომ არ გვაძლევს. პირში სული რომ გვიდგას, ის რომ შურს ჩვენი და ვერც ჩვენი შავი მიწით ძღება.

ავდექი გამეხებული, გავმართე გატეხილი ბარი და ჩავედი ბოსტანში. მაგათ ჯიბრზე გავაგრძელე ისევ ჩემი ურწანი მიწის თხრა. სანამ პირში სული მაქვს, მაგათ ჯიბრზე ვიქნები ამ მიწაში მაცქერალი და ამ ცის შემყურე. მანამდე, სანამ ეს მიწა არ შემჭამს, როგორც სხვები შეუჭამია.

ნუ დამაჭირვებ ღმერთო, რომ ის დამპალი თოფი ავიღო, ამ მიწის დასაცავად…

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...