სამშაბათი, მაისი 27, 2025
27 მაისი, სამშაბათი, 2025

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა წერის სწავლებისთვის

0

წერის სწავლება მარტივი არ არის. ალბათ, დაკვირვებიხართ, შეიძლება, ბავშვი ბევრს კითხულობდეს, მაგრამ წერა სულაც არ იყოს მისი ძლიერი მხარე. ისიც ადვილი შესამჩნევია, როგორც კი ამ მიმართულებით ბავშვთან მუშაობას ვიწყებთ, წინადადებები და სიტყვები მალევე ჩიტივით რომ იწყებს ფრენას.

მაინც როგორ უნდა ვასწავლოთ წერა?

ცნობილი მოსაზრება მახსენდება – თუ გვინდა, წერა ვისწავლოთ, ბევრი უნდა ვწეროთ.

პირადი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც სწორედაც რომ „ბევრ წერას“ უკავშირდება.

მეორე კლასი

სასწავლო წელი სრულდება, რაც დაკვირვებისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას მაძლევს.

აღსანიშნავია პანდემიის გამო შექმნილი ვითარება – ბავშვებს რამდენიმე თვე შინ ყოფნა მოუწიათ. მშობლების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდა სწავლება. ჩემი დაკვირვებით, ბავშვებმა, რომელთა მეცადინეობას მშობელი უზრუნველყოფდა, სკოლაში დაბრუნებისას სასწავლო პროცესს ადვილად აუწყვეს ფეხი, ხოლო ბავშვები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ესწრებოდნენ დისტანციურ გაკვეთილებს, შესამჩნევად ჩამორჩნენ პროგრამას, თუმცა, სკოლის ჯადოსნური ძალა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა – ორი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კლასის ყველა მოსწავლეს თანაბარ ტემპში  დაეწყო მუშაობა.

მრავალრიცხოვანი კლასისთვის შემცირებული საგაკვეთილო დრო ჩემს თავსატეხად იქცა. გადავწყვიტე, მთელი ძალისხმევა წერისკენ მიმემართა. წერენ, შესაბამისად, კითხულობენ კიდეც.

სათაური

წერას დღის სათაურის მოფიქრებით ვიწყებთ, რაც განწყობისა თუ მობილიზებისთვის ათვლის წერტილად იქცა.

საიდან დავიწყო? ორი თითი დავადო? – გეცნოთ, ალბათ, კითხვები, ხოშკაკალასავით რომ გვსეტყვავენ დაფასთან ჩამომდგარ მასწავლებლებს.

წერის სწავლების დაწყებით ეტაპზე მრავალი ნიუანსია გასათვალისწინებელი – რვეულში ორიენტირება, სასვენი ნიშნები, დავიწყებულ თუ დეფორმირებულ ასოებზე თვალთვალი.  გამოცდილებამ მიკარნახა, რომ აღელვებასა და ბრაზს აზრი არ აქვს. მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინსტრუქცია ნელ-ნელა საერთო მდინარებაში მოაქცევს ყველას.

სათაური ერთგვარ გონებრივ იერიშადაც შეიძლება მივიჩნიოთ. სათაურად რა დავწეროთ? – მთელი კლასი ფიქრს იწყებს.

 

ჩანაწერები რამდენიმე წინადადებით

კლასის საერთო ჩანაწერი მშვენიერი აქტივობა აღმოჩნდა წერის სწავლებისთვის.

როგორი ამინდია? რას გრძნობთ? რა გესმით? რას ხედავთ? – ეს ოთხი კითხვა საკმარისია ჩანაწერისთვის. ჯერ ერთი, რომ კითხვები ფიქრის დასაწყებად სტიმულის მიმცემია, მეორეც, სამყაროზე დაკვირვებას იწყებენ. შემდეგ კი შესაფერისი სიტყვების შერჩევის, წინადადებების აკინძვისა და რვეულში გადატანის დრო დგება.

საერთო ჩანაწერი ამბად იქცევა. აბზაცის საჭიროებაც დგება და ბოლო ეტაპი უკუკავშირია – სათითაოდ მისვლა, დაკვირვება, განმავითარებელი შეფასების მიცემა.

ეს კლასის საერთო ჩანაწერია:

13 აპრილი

კლასში ნინო მასი შემოვიდა

          ღრუბლიანი დღეა. ინსტრუქციას დავაკვირდით. გაბომ „ცნობილი ხუთეული“ გაგვაცნო.

          რატომ არ ჩანს მზე?

შემდეგ დღეს გაკვეთილის ბოლოს ვთხოვე თავად დაეწერათ ჩანაწერი. თედოს რვეულში ასეთ რამეს ამოიკითხავთ:

          „მე ვაცემინებ. კლასში სიჩუმეა ძალიან მომწონს. ლელა მასწავლებელმა მუსიკა ჩაგვირთო. ძალიან გავმხიარულდით. ლელა მასწავლებელმა მწერლები დაგვიძახა“ .

ჩანაწერის დაწერა საშინაო დავალებად იქცა. ინსტრუქცია უკვე ნაცნობი და ადვილად აღსაქმელია. შინ ილუსტრაციის დახატვის დროც აქვთ.

ინდივიდუალური აზროვნების განვითარებისთვის კითხვების მოფიქრებას ვთავაზობ, მაგალითად, დაუსვით ერთი კითხვა კლასელს, მასწავლებელს ან საკუთარ თავს.

კარნახი – თვითშეფასება

წერითი აქტივობების ცვლილება განწყობას ამაღლებს. დროდადრო კარნახის ჩართვა წერის სწავლებისას მნიშვნელოვანია. კარნახისას სიტყვების მოსმენას, ბგერების ასოებად აღქმას სწავლობენ. გასათვალისწინებელია ემოციური ფონი, ვერგაგებისა თუ ვერმოსწრების შიში თვითშეფასებით ჩავანაცვლოთ – ვთხოვოთ, საკუთარი ნაშრომი ერთი წინადადებით თავად შეაფასონ. პირადად ჩემთვის, 90-იანი წლების მოსწავლისთვის, სიტყვა „კარნახი“ და „კითხვებზე პასუხი“ ნამდვილად არ უკავშირდება სასიამოვნო განცდებს. მთავარია, ბავშვს დასჯის შიში გავუქარწყლოთ და ზედაპირული დამოკიდებულებაც წარსულში დავტოვოთ.

წერილი

წერილი წერის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

თავდაპირველად საერთო წერილს ვწერთ. სათაური, მიმართვა, ძირითადი ტექსტი და დამშვიდობება – პირადი წერილის მახასიათებლებზე ვამახვილებთ ყურადღებას. ეჩვევიან იმასაც, რომ მიმართვასთან მძიმე იწერება.

ჩემს დაბადების დღეზე წერილების მოწერა ვთხოვე. ყველაზე ძვირფას საჩუქრებად მექცა მათი აცაბაცა ასოებით გამოყვანილი სასიყვარულო სიტყვები, გულწრფელი აღიარებები, ნაჩქარევად გაკეთებული ილუსტრაციები. ბავშვების წერილებს თავი ბლოგზე მოვუყარე და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ, დაათვალიეროთ.

https://comreadspress.wordpress.com/2021/04/26/%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93/?fbclid=IwAR26Ea_NrMzkxCchmXHi4hqEEVWYchciMtwGU-HjU3v1bh2FwkqXs

სამსტრიქონიანი ლექსი

დროდადრო ჟანრს ვცვლით. ერთ სტროფს დაფაზე ვწერ და რვეულში იწერენ. ამასაც დიდი ალიაქოთი მოჰყვება ხოლმე. ჯერ კიდევ უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ხშირად ინდივიდუალური მითითება სჭირდებათ იმისთვის, რომ სტრიქონი ველიდან დააშორონ. რომ მგონია, ყველაფერი იდეალურადაა და თავჩახრილები გამალებით მუშაობენ, აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ლექსის სტროფი ზოგს გაბმულ აბზაცად გადაუწერია. შემდეგ ჯერზე იმ ბავშვებს განსაკუთრებით ვუთვალთვალებ, რომელთაც რვეულის სივრცეში ორიენტირება უჭირთ და კალამს კურსარეული გემივით მიაცურებენ ფურცელზე.

გაკვეთილის თემა გადამფრენ ფრინველებზეა. გახსოვთ, იაკობ გოგებაშვილი როგორ წერს მათზე?

„შოშია ლამაზი ფრინველია, მეტად ცქვიტია და მხიარული ხასიათისაა. მისი პირი დილიდან საღამომდე არ დადგება, სულ ყბედობს, გალობს, უსტვენს, ტრიალებს, ცელქობს. რაც უნდა ცუდ გუნებაზე იყოს კაცი, შოშია დარდს უქარვებს; თავისი მხიარულებითა და სიცოცხლით სავსე მოძრაობით ყოჩაღად იყავიო.“ – ვუკითხავ ამონარიდებს და თვალები უთბებათ. ასი წლის წინ დაწერილი წინადადებები ჰაერში ლივლივებს. განსაკუთრებით მოსწონთ სიტყვა „უქარვებს“. ნუცა  ამბობს, როცა თქვენ ახსენეთ  „უსტვენს“, ჩიტი ეზოში სწორედ მაშინ აჭიკჭიკდაო.

შემდეგ შიო მღვიმელის „შოშიას“ ვკითხულობ. პირველ სტროფს დაფაზე ვწერ და რვეულში იწერენ.

მეც ვეგებები გაზაფხულს

ფრთების ქნევით და სტვენითა,

ვახარებ დიდს და პატარას

მის მოსვლას ტკბილის ენითა.

ძალიან  მოსწონთ პირველ პირში ალაპარაკებული ლექსი. ბოლოს სამსტრიქონიანი ლექსის შექმნა გადავწყვიტეთ. სათაურად, იაკობ გოგებაშვილის გავლენით, სიტყვა „ცქვიტი“ შეურჩიეს. ცხადია, ამ ეტაპზე მე ვაძლევ ბიძგს, მაგრამ სიტყვების „დალაგებაში“ მეხმარებიან. ამ ეტაპზე სამსტრიქონიან ლექსს დამოუკიდებლად ვერ დაწერენ, ამიტომ ბოლო სტრიქონის  მოფიქრებას ვთავაზობ.

ცქვიტი შოშია

კოხტა, ცელქი, ცქვიტი,

გალობს, ყბედობს, უსტვენს,

ეს საერთო ძალებით დაწერილი სათაური და ორი სტრიქონია. ბავშვების მოფიქრებულ სტრიქონები კი განსაკუთრებულ ელფერს სძენს ლექსს:

ნუცა:        „შოშია, რატომ ხარ მოუსვენარი?

გაჩერდი, ცოტა დაისვენე.“

ბარბარე:     „მოდი ჩემთან, შოშია, უნდა გაჭამო.“

რეკლამა

წერითი აქტივობების მონაცვლეობა ხალისიან განწყობას ქმნის. რეკლამის შექმნამ ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული გაკვეთილი გვაჩუქა. მთელი წლის განმავლობაში ვკითხულობდით ლელა ცუცქირიძის წიგნს „ატუსა და მატუსა“. ერთი წიგნის კითხვა გვაერთიანებს. ამას ვეჭიდები და პატარა გულების მონადირებას ადვილად ვახერხებ. რა უნდა ქნას ერთმა მასწავლებელმა, თუკი ბავშვების თვითგამოხატვის სურვილები წალეკვით ემუქრება? იმ დღეს ნუცას დაბადების დღე იყო. ამიტომ წინადადებების მოფიქრება მას ვთხოვეთ, ცოტა ჩვენც დავეხმარეთ. წიგნის რეკლამა ამგვარი გამოვიდა:

„ ეს არის საბავშვო წიგნი. შეიძინეთ! აქ მეგობრობა და სასაცილო ეპიზოდებია“.

შემდეგ ინდივიდუალურად დაწერეს პირადი ნივთების რეკლამა.

„შეიძინეთ საყურე! ის ბრჭყვიალებს! თან როგორ“ – ეს ლიზის რვეულში ვიპოვე. ხომ არ გაგიჩნდათ ლიზის ბრჭყვიალა საყურის ყიდვის სურვილი?

ერთი წინადადება

მცირე საგაკვეთილო დრო და მოსწავლეთა სიმრავლე კვლავ აქილევსის ქუსლად რჩება, თუმცა სიტუაციას ვერგები. ერთი წინადადებით საკუთარი აზრისა თუ ვარაუდის გამოხატვა მშვენიერი გამოსავალია.

„ჩემი აზრით“- ეს ორი სიტყვა ყოველდღიურად უნდა ხმიანდებოდეს გაკვეთილზე, რადგან საკუთარი აზრის გამოხატვა მოაზროვნის აღსაზრდელად უაღრესად მნიშვნელოვანია, ამასთანავე, დროსაც ვიგებთ და წინადადების აწყობასაც ეჩვევიან.

ილუსტრაცია

საშინაო დავალებების ინსტრუქციაში ბოლო პუნქტად ხშირად არის ილუსტრაციის დახატვა.  ხატვა ვიზუალური გამოსახვის, თვითგამოხატვის, ინდივიდუალიზმის გამოვლენის საშუალებად იქცა. ვათვალიერებ ბავშვების რვეულებს და ნახატები სიტყვების ფონად მათი განწყობისა და ხასიათზე დაკვირვებისკენ მიბიძგებს. ალაგ-ალაგ იგრძნობა მშობლის გულმოდგინე დახმარების კვალიც, რაც  ბავშვის ხასიათს ფარავს.

რედაქტირება

ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს მეორეკლასელის რვეულში ჩანაწერის დატოვება. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან. გაიხსენეთ, ბოლოს როდის იტირეთ. ახლა წარმოიდგინეთ, მასწავლებლის მიზეზით ატირებული მოსწავლე. გაფიქრებაც კი მზარავს. არასწორი უკუკავშირი შეიძლება დიდ გულისტკივილად, მოუშუშებელ ტრავმად გადაიქცეს.

პირველი ნაბიჯი საკუთარი ნაწერის ხმამაღალი კითხვაა. ეს დავალების ინსტრუქციაშიც ერთ-ერთი მუდმივი პუნქტია. როდესაც მოსწავლე კლასის წინ კითხულობს, ვთხოვ, თავად დააკვირდეს, სად ყოვნდება და მერე ერთად ვმსჯელობთ და ვარჩევთ სასვენ ნიშნებს. მიმართვასთან რომ მძიმე დაისმის, პირადი წერილის წერისას დაიმახსოვრეს. ამ ეტაპზე მძიმის აღქმა და გააზრება რთულია მათთვის, ამიტომ ძირითადად დასრულებულ აზრზე (წინადადებაზე) ვამახვილებთ ყურადღებას. კითხვისა და ძახილის ნიშნებსაც ადვილად აუღეს ალღო.

მათ ნაწერში იკვეთება ფონეტიკური ხარვეზები, რის გამოც დროდადრო ვუბრუნდები ბგერებისა და ასოების სამყაროს.

ვცდილობ, სტილს არ შევეხო. ვფიქრობ, როგორც აზროვნებენ, ისე წერენ და სწორედ ეს ანიჭებს მათ ნაწერს დადებით ენერგეტიკას – ჯერ რომ ძალიან გულწრფელები არიან, ჯერ რომ მკითხველზე არ ფიქრობენ.

კალიგრაფია სწრაფი წერის გამო ხშირად ეცვლებათ. ასოების უმრავლესობა შინ ისწავლეს, რაც დიდ თავსატეხად იქცა.  მითითებები სჭირდებათ კონკრეტული ასოების „გამოსასწორებლად“, თუმცა კალიგრაფიაზე  დიდი ყურადღების გამახვილება დაბალი თვითშეფასების წინაპირობაა.

განმავითარებელ კომენტარებს შეცდომებზე მისათითებლად ვიყენებ. ამის შესახებ ცალკე სტატიაში გიამბობთ.

უკუკავშირი

  • რვეულები მომიტანეთ, შეგიმოწმებთ და დაგიბრუნებთ!
  • იმედია, დაგვიბრუნებთ! – დღევანდელი დიალოგი ჩემსა და მეორეკლასელ გაბრიელს შორის ამგვარი იყო. ერთი გაკვეთილი მყოფნის მათი ნაწერების წასაკითხად და კომენტარების დასაწერად. ადრე ყველაზე მეტად რვეულებთან ურთიერთობა მთრგუნავდა. დაწყებითი კლასის მასწავლებლობისას კი დღის რუტინის საყვარელ მონაკვეთად მექცა.

უკუკავშირი ჰაერივით მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ვერ ვასწრებ რვეულების დაბრუნებას. დღეს გულში ჩახუტებული რვეულებით მისულს კლასი ცარიელი დამხვდა. თამარის წინადადება ამეკვიატა და მოსვენებას არ მაძლევდა: „მე ვგრძნობ სუნთქვას“. – დღის ჩანაწერში დაუწერია.

ფერადი კალმები, სტიკერები, ბრჭყვიალა წებოვანი ლენტები – ყველაფერი აღაფრთოვანებთ და ახარებთ, თან დამოკიდებულება – ფიქრი და ზრუნვა სხვაზე – მათ ქვეცნობიერში ილექება.

გაკვეთილზე რამდენჯერმე მიწევს თითოეულ მოსწავლესთან მისვლა. ძალიან მიყვარს ეს პროცესი – ცარიელ ფურცელზე წინადადებებს რომ მახვედრებენ ხოლმე. პირველი ეტაპი „ჩამოვლაა“, წერს თუ არა ყველა ან გაიგეს თუ არა დავალების ინსტრუქცია. გაკვეთილის დასრულებისას მოაფრიალებენ ხოლმე რვეულებს – ყველას სჭირდება შექება, წახალისება.

კიდევ რა შემიძლია?

დღეს ჩემმა კოლეგამ, ნინო მასწავლებელმა, მიამბო, მეორე კლასში ბავშვებს საკუთარი ოცნების შესახებ დავაწერინე, შენახული მქონდა და ბოლო ზარზე წავუკითხეო.  მეც გამიჩნდა ნინო მასწავლებლის მიბაძვის სურვილი – მეორეკლასელი ბავშვების ოცნებების შენახვისა.

კიდევ რა შემიძლია? – გამუდმებით ვეკითხები საკუთარ თავს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, მეორეკლასელებისთვის დამახასიათებელი დიდი გულწრფელობის კრიტიკული აზროვნების უნარად და შემოქმედებით ენერგიად გარდაქმნისთვის მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო.

მოკლედ შეჯამებული პრაქტიკული დაკვირვებანი ამგვარია:

შევთავაზოთ მრავალფეროვანი წერითი აქტივობები; ხმამაღლა გავაჟღეროთ, როგორ ვფიქრობთ, როგორ ვარჩევთ სიტყვებს, აზრებს წინადადებებისთვის; ვწეროთ ყოველ გაკვეთილზე, თუნდაც ერთი წინადადება; გაკვეთილზევე დავაკვირდეთ ბავშვს წერის პროცესში; ვიმეგობროთ მათ რვეულებთან – განმავითარებელი კომენტარებით ბავშვებთან ინდივიდუალი ურთიერთობები გავაბათ.

 

 

 

ლინგვისტური ექსპერიმენტები ქართულის გაკვეთილზე

0

კიდევ ერთხელ ვაღიაროთ,  რომ  უმეტეს შემთხვევაში ჩვენს მოსწავლეებს არ უყვართ გრამატიკა. ის მოსაბეზრებელი, წესებითა და აუცილებლობებით გატენილი უინტერესო საგანი ჰგონიათ. ფიქრობენ, რომ ზმნაზე უფრო რთული ამქვეყნად არაფერია, ხოლო სახელის ბრუნებაზე უფრო არაფრის მთქმელი დედამიწის ზურგზე არაფერი მოიძებნება.

იქნებ გვეცადა მოსწავლეებისთვის დაგვენახებინა, რომ გრამატიკა დიდი, მრავალწახნაგოვანი, საინტერესო მეცნიერების – ენათმეცნიერების ნაწილია და გრამატიკული სისტემა ენის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ის ფაქტი, რომ ქართულ ზმნას ამდენი სერია თუ მწკრივი აქვს,  ჩვენი აზროვნების თავისებურებიდან გამომდინარეობს.

გრამატიკული სისტემა ჩვენი ხედვაა,  ჩვენი მოსაზრება სამყაროს წესრიგის შესახებ, ეს მხოლოდ მართლწერა კი არა, მართლაზროვნება, მართლგაგება, მართლმეტყველებაა…

როდესაც რომელიმე ნაწილს გრანდიოზული მთელის შემადგენლად მოვიაზრებთ, როდესაც დეტალებით მთლიანი პაზლის აწყობა შეგვიძლია, სწავლაც უფრო საინტერესოა, კვლევაც და დაკვირვებაც.

თუ ქიმიისა და ფიზიკის გაკვეთილზე პრაქტიკული ექსპერიმენტებით მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას აღვძრავთ და ინტერესს ვაცოცხლებთ, რატომ არ შეიძლება ენობრივი ექსპერიმენტებიც გამოვიყენოთ ამავე მიზნისთვის.

მაგალითად, რომელი?

  1. ფონემა და სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქცია

ყველამ ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად წარმოთქვამს ამა თუ იმ ბგერას, მისი მნიშვნელობა მაინც ყველასთვის ერთია, იმიტომ, რომ ფონემას აქვს სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქცია. დავაკვირდეთ სხვადასხვა მოსწავლის მიერ წარმოთქმულ ერთსა და იმავე ფონემას, აღვწეროთ განსხვავებები და ის საერთო ნიშნები, რაც მას ერთ ფონემად აქცევს.

  1. ფონეტიკური პროცესები პრაქტიკაში

ფონეტიკისა და ორთოგრაფიის ზღვარზეა მეორე ექსპერიმენტი, რომელიც ფონეტიკურ პროცესებს ეხება. თუმცა ამ ფონეტიკური პროცესების გამო, ხშირად ორთოგრაფიულ შეცდომებს ვუშვებთ და არასწორად ვწერთ. თუ კარგად აღვწერთ და დავაკვირდებით, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა, რატომ ყრუვდება სიტყვის ბოლოს მჟღერი თანხმოვანი, რის გამოც ვითარებითი ბრუნვის დაბოლოებას არასწორად ვწერთ, რატომ იკარგება „ვ“ თანხმოვანი „უ“-ს წინა პოზიციაში და ა.შ., მრავალი სხვა პროცესიც შეგვიძლია აღვწეროთ,  შეცდომებსაც ნაკლებად დავუშვებთ.

ამისთვის დაგვჭირდება ბევრი სამეტყველო სავარჯიშო, წარმოთქმა, მოსმენა, დაკვირვება. რადგანაც ჩვენი მოსწავლეები ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებული არიან, შეგვიძლია მარტივი აუდიოპროგრამებიც გამოვიყენოთ სამეტყველო პროცესების ჩასაწერად და ამ პროცესებზე დასაკვირვებლად. ექსპერიმენტის შედეგების აღწერა შემაჯამებელ დავალებად შეგვიძლია ვაქციოთ.

  1. სიტყვათწარმოება და სახელდება

ძალიან საინტერესოა სიტყვათწარმოქმნისა და სახელდების პროცესზე დაკვირვება. განსაკუთრებით პრაქტიკული და მხიარული ექსპერიმენტის ჩატარება შეგვიძლია ხმაბაძვით სიტყვებსა და ზმნებზე დაკვირვებისას. სულაც, შეგვიძლია თავად მოსწავლეებს მოვაფიქრებინოთ ამა თუ იმ მოქმედების  თუ საგნის აღმნიშვნელი ახალი სიტყვები.  ასევე ძალიან სახალისო ექსპერიმენტია არარსებული ნივთის თუ არსების შექმნა და შემდეგ მისთვის სახელის დარქმევა. მაგალითად, მუყაოს გამოყენებით დავამზადებინოთ ბავშვებს რომელიმე სასაცილო არსება და შემდეგ ვთხოვოთ, სახელი დაარქვან მას.

  1. მართლაც ისეთია სამყარო, როგორც ამას ენა გვეუბნება? როგორ ხედავს ჩვენი ენა სამყაროს, როგორ გვაჩვენებს ჩვენ, რას გვატყუებს, რას ცვლის? ამ ენობრივ ექსპერიმენტში დაგვჭირდება სხვადასხვა ენის მონაცემების შედარება. შევადაროთ სულაც ფერთა სისტემა, რომელია ძირეული ფერების დასახელებები ამა თუ იმ ენისთვის, რომელია შექმნილი, ნასესხები, რატომ? შეგვიძლია ექსპერიმენტი ინტერდისციპლინურიც გავხადოთ. მაგალითად, ბუნება ან გეოგრაფია დაგვეხმარება შევადგინოთ ფლორის, ფაუნის, ჰიდრონიმების ცხრილი და დავაკვირდეთ, როგორია ერთი და იმავე მცენარის დასახელება სხვადასხვა ენაში ან როგორ სისტემას იყენებს ესა თუ ის ენა მდინარეების, ტბების ან ზღვების სახელდებისას.
  2. საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება წინადადებაზე, მის სახეებსა და სინტაქსურ კავშირებზე საუბრისას. აქ ტექსტის მრავალგვარად დაშლა, დეკონსტრუქცია და რეკონსტრუქცია მრავალი აქტუალური გრამატიკული საკითხის გამოყოფაში დაგვეხმარება.
  3. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტად შეგვიძლია ვაქციოთ სხეულის ენაზე, ემოციებზე, მიმიკებზე დაკვირვება. ამისთვის, ყველაზე მარტივი გზა არსებობს, ავარჩიოთ საჯარო გამოსვლის ამსახველი ვიდეო და ვუყუროთ მას ხმის გარეშე, ასევე, შეიძლება უხმო კინოს ნიმუშების ნახვა და ხმოვანი ფილმების ცქერა ხმის გარეშე.

 

 

 

 

 

 

რა უშლის ხელს მშობელთა ჩართულობას

0

სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის შესახებ საქართველოში ეროვნული კვლევა არ ჩატარებულა. საკითხი, რომელიც მილიონ ორასი ათასამდე მშობელს, 67 ათასამდე პედაგოგს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირადად ეხება, ყოველდღიური განხილვის საგანია. თუმცა მშობელთა თანამონაწილეობის შესახებ გაჟღერებული თითოეული მოსაზრება თუ მოარული აზრი მხოლოდ ცალკეულ პირთა დაკვირვებას ეფუძნება.

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის პრაქტიკის შესწავლა შეზღუდული რესურსით სცადა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ და კვლევისთვის ქალაქის, რაიონული ცენტრისა და სოფლის სამი ტიპური სკოლა შეარჩია. პრაქტიკის კვლევაში ჩაერთნენ მშობლები, კლასის დამრიგებლები და სამივე სკოლის მოტივირებული დირექტორი, სულ – 1034 ადამიანი. ჩატარდა ანკეტირება, ფოკუსჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები.

პრობლემა, რომელიც პრაქტიკის კვლევამ გამოავლინა, კიდევ უფრო ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე თითოეული ჩვენგანი ეჯახება ყოველდღიურ ცხოვრებაში. კვლევის შედეგების დოკუმენტური გადმოცემით არ დაგღლით, მოკლედ აღვწერ, სისტემის რომელ რგოლში რა ტენდენციები და დამოკიდებულებები იკვეთება.

მშობლებით დავიწყოთ.

  • კვლევაში მონაწილე სკოლის მოსწავლეთა მშობლების შეფასებით, მათი უმრავლესობა ყურადღებით არ ეცნობა და არ ინტერესდება საკუთარი უფლებებით. გამოკითხულთა თითქმის მეოთხედს არც კი ახსოვს, გაფორმებული აქვს თუ არა სკოლასთან ხელშეკრულება და რა წერია მასში.
  • ძალიან მწირია მშობლების ინიციატივებისა და მოხალისეობის პრაქტიკა. გამოკითხულ მშობელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მათი ინიციატივები სასკოლო განათლებას გაამრავალფეროვნებდა, თუმცა ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, რა შეიძლება გააკეთონ სწორი და ეფექტიანი ჩართულობისთვის.
  • კვლევამ ისიც დაადასტურა, რომ მშობლები თავიანთ აზრს სკოლის კედლებში იშვიათად გამოთქვამენ. კერძოდ, მხოლოდ ნახევარს გაუცვნია თავისი მოსაზრებები კლასის დამრიგებლებისთვის, დირექციამდე კი მხოლოდ 3%-ს მიუტანია თავისი აზრი.
  • მშობლებს მიაჩნიათ, რომ სკოლის მართვის საკითხებში მათ ჩართულობას ნეგატიურად აღიქვამენ პედაგოგები და სკოლის დირექტორები. ისინი ამბობენ, რომ სასკოლო წესების შედგენაში არ მონაწილეობენ, რადგან „გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო სისტემიდან მოდის“.

 

რა ხდება მასწავლებლებსა თუ კლასის დამრიგებლებთან?

კვლევაში მონაწილე პედაგოგებს გაუჭირდათ მშობლების უფლებების ჩამოთვლა, თუმცა კარგად ახსოვდათ მათი მოვალეობები. მიუხედავად ამისა, პედაგოგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თავად მშობლების მიმართ ბევრი ვალდებულება და ცოტა უფლება აქვთ. შესაბამისად, მასწავლებლების უმრავლესობა მშობლებს არ აცნობს იმ უფლებებს, რომლებსაც მოსწავლეთა ოჯახებს ზოგადი განათლების შესახებ კანონი ანიჭებს, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, საკითხის არცოდნაა.

მშობლების მონაწილეობას პედაგოგები მაშინ მიიჩნევენ საჭიროდ, როცა კლასგარეშე შემეცნებითი აქტივობების ორგანიზება სჭირდებათ ან კლასში კონფლიქტია, სასწავლო პროცესში მონაწილეობას კი მხოლოდ შშმ და სსსმ ბავშვების მშობლებთან მიმართებით იხსენებენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ მშობლებს მხოლოდ ნიშნები აინტერესებთ და ყველაზე ხშირად კომუნიკაციის თემა განმსაზღვრელი შეფასებაა.

 

როგორ არეგულირებს სასკოლო დოკუმენტები სკოლისა და მშობლის თანამშრომლობას?

იმ ფონზე, რომ სკოლის არც ერთ დოკუმენტში (შინაგანაწესი, წესდება, მშობელსა და სკოლას შორის გაფორმებული ხელშეკრულება) ნახსენები არ არის სასწავლო პროგრამებთან, სკოლის სამოქმედო გეგმებთან, სკოლის რესურსების მართვასთან, სწავლის მეთოდებთან დაკავშირებული შინაარსის რეგულარული კომუნიკაცია სკოლასა და მშობელს შორის, რა გასაკვირია, რომ მშობელს მხოლოდ ბავშვის აკადემიური მოსწრება აინტერესებდეს.

  • სასკოლო დოკუმენტების შესწავლისას გაირკვა, რომ საჯარო სკოლის წესდება აღწერს მშობლების უფლებებისა თუ თავისუფლებების მხოლოდ დარღვევასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებსა და მექანიზმებს, როგორიც არის, მაგალითად, საჩივრების განხილვის წესი.
  • შინაგანაწესში ყველაზე ვრცლად და დეტალურად აღწერილია სკოლისა და მშობლების ურთიერთობის ნეგატიური მხარე, რაც გამოწვეულია მოსწავლეთა დისციპლინური გადაცდომებითა და შესაბამისი პასუხისმგებლობებით. სასკოლო ცხოვრებაში ლეგიტიმურად ჩართვის საშუალებებად ნახსენებია მხოლოდ რეგისტრირებული განცხადებით ან საჩივრით მიმართვა. აღნიშნული განცხადებების განხილვის წესი აღწერილი არ არის.
  • რაც შეეხება ხელშეკრულებას, სრულიად არათანაზომიერია დასახელებული მხარეების (სკოლა, მშობელი) უფლებები და მოვალეობები. მაგალითად, მხარეთა შორის ურთიერთობის ეთიკური (თავაზიანობა, პატივისცემა, კეთილგანწყობის შენარჩუნება და ა.შ.) ვალდებულებები აქვთ მხოლოდ მშობელს და მოსწავლეს. ანალოგიური შინაარსის ვალდებულებები სკოლისთვის საერთოდ არ არის ნახსენები. ასევე, სკოლას აქვს ცალმხრივი უფლება, დაუშვას ან არ დაუშვას მშობელი ტერიტორიაზე.

სამივე სკოლის სამივე დოკუმენტი – წესდება, შინაგანაწესი, ხელშეკრულება – თითქმის იდენტურია და მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავებს შეიცავს, რაც განათლების სისტემის მკაცრად ცენტრალიზებულ მართვასა და სკოლების შეზღუდულ ავტონომიურობაზე მიუთითებს.

 

როგორ უყურებენ სკოლის დირექტორები სასკოლო ცხოვრებაში მშობლების მონაწილეობას?

სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთობები უპირატესად დამოკიდებულია სკოლის დირექტორის მოტივაციაზე, პიროვნულ თვისებებსა და კომპეტენციაზე. კვლევაში მონაწილე სკოლების დირექტორებს მიაჩნიათ, რომ მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათი უფლებების შესახებ დამატებით სამუშაოებს მოითხოვს, რადგან სადღეისოდ მშობელთა თანამონაწილეობის პრაქტიკა ძალიან მწირია. სკოლის მართვის საკითხებში მშობელთა ჩართულობას დირექტორები უკავშირებენ სამეურვეო საბჭოს, თუმცა, ამავე დროს, ხაზს უსვამენ საბჭოს ინერტულობას. დირექტორები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ლიდერს პირადად ჰქონდეს კავშირი მოსწავლეთა ოჯახებთან, რადგან ზოგჯერ დამრიგებლები არასასურველ როლს ასრულებენ კომუნიკაციის პროცესში.

საზოგადოდ, სკოლებში ერთი რამ სჩვევიათ კლასის დამრიგებლებს – პრობლემ დამალონ და მშობელი შენამდე არ მოუშვა. რას ამბობ, მე რისთვის ვარ აქ, მე ვერ მოვაგვარებ?! – აი, ასეთი დამოკიდებულებაა, სამწუხაროდ. სულ მიწევს იმაზე საუბარი, რომ პრობლემა უნდა იყოს გახსნილი, ერთად უნდა დავსახოთ გადაჭრის გზები. ეს იციან ჩემმა მშობლებმა და მოდიან ხოლმე ხანდახან ჩემთა“, – აცხადებს ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი.

სამივე სკოლის დირექტორი ამბობს, რომ დირექციისა და პედაგოგიური გუნდის ერთობლივი მცდელობები, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ქმნის დადებით ტენდენციებს.

 

სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა დღეს აბურდულ ძაფის გორგალს ჰგავს და ერთი შეხედვით გაურკვეველია, სად არის ბოლო, საიდანაც უზარმაზარი კვანძი უნდა გაიხსნას. კარგი ის არის, რომ ამ კვანძის გახსნის აუცილებლობაზე ზოგადი განათლების სისტემის ყველა აქტორი თანხმდება.

ვიდრე საკითხის ეროვნული მასშტაბით შესწავლა დაიწყება, სამი სკოლის პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაც წინ წასწევდა საქმეს. რეკომენდაციები კი ასეთია:

  • საჯარო სკოლების დირექციებმა და სამეურვეო საბჭოებმა ერთობლივად დაიწყონ სასკოლო დოკუმენტების – წესდების, შინაგანაწესისა და ხელშეკრულების -შემუშავების თანმიმდევრული და ფართო მონაწილეობითი პროცესი, შედეგად კი თითოეულ დოკუმენტში დააზუსტონ ყველა ის უფლება და მოვალეობა, რომელსაც ზოგადი განათლების შესახებ კანონი ანიჭებს სისტემის აქტორებს, მათ შორის -მშობლებს. ამ პროცესის გამჭვირვალეობა და საჯაროობა უზრუნველყოფს მისი შედეგებისადმი სასკოლო საზოგადოების ნდობას.
  • სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა შედეგიანი ჩართულობის ასამაღლებლად სკოლის დირექციამ, სამეურვეო საბჭომ და პედაგოგიურმა საბჭომ ერთობლივად უნდა შეიმუშაონ და დანერგონ მშობელთა პროაქტიური, რეგულარული და სრულფასოვანი ინფორმირების მექანიზმები, მშობლებთან ორმხრივი და პერსონალიზებული კომუნიკაციის მექანიზმები.
  • არასამთავრობო სექტორმა იმუშაოს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის კარგი პრაქტიკის გავრცელების, დანერგვისა და ინსტიტუციონალიზაციის ხელშესაწყობად.

 

კვლევის სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3xAeQSQ

დაუსრულებელი მოთხრობა, როგორც საკორექციო მუშაობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

0

ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ სკოლის პერიოდი უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ადამიანის განვითარებაში. სწორედ ამ დროს ხდება ისეთი ცვლილებები და თან ისეთი ტემპით, რომლის მსგავსსაც ადამიანის განვითარების ვერცერთ ეტაპზე ვერ შევხვდებით. სასკოლო პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს პიროვნების ჩამოყალიბება და გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესი. თუ ეს პროცესები არასწორად წარიმართა და აღმზრდელთა მიერ შეცდომები იქნა დაშვებული, მომავალში ამ შეცდომების გამოსწორების ყველანაირი მცდელობა შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.

 

სკოლა საკმაოდ სპეციფიკური სასწავლო დაწესებულებაა, მისი მიზანი არ არის და არც შეიძლება იყოს ბავშვებისთვის მხოლოდ ცოდნის გადაცემა. ეს ფაქტი ეროვნული სასწავლო გეგმით, მასწავლებლის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტითაც კარგად დასტურდება. მასში ხაზგასმით არის მითითებული, რომ სკოლის მიზანია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოზარდებში გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავება და განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ასე, რომ სწორად და ეფექტიანად წარმართული სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მასწავლებელმა უნდა შეძლოს სამი პროდუქტის მიღება – ცოდნა, უნარები და განწყობა-დამოკიდებულებები.

 

პიროვნების ჩამოყალიბების პროცესის ინტენსიურად მიმდინარეობისას ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით მოზარდში ღირებულებების და განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ზრუნვას. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი უმტკივნეულოდ და სწორხაზოვნად არ მიმდინარეობს. ხშირად საჭირო ხდება ბავშვის ქცევაში, მის ღირებულებებსა და განწყობა-დამოკიდებულებებში გარკვეული ცვლილებების შეტანა, კორექციული მუშაობის ჩატარება. ასეთი მუშაობის ეფექტიანობა უპირველეს ყოვლისა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მეთოდებს და ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. როგორც წესი, ასეთ დროს უფროსები – პედაგოგები და მშობლები ან სჯიან ბავშვს თავიანთი „უსაქციელობის“ გამო, უწესებენ სხვადასხვა სახის აკრძალვებს, ან უტარებენ „სააღმზრდელო“ საუბრებს და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ კარგი ბავშვები ისე არ იქცევიან, როგორც ის მოიქცა. დასჯა, როგორც წესი, არათუ სასურველი მიმართულებით ქცევის კორექციის საშუალებას არ გვაძლევს, არამედ უფროსებსა და მოზარდს შორის კონფლიქტების აღმოცენების მიზეზიც კი ხდება, რაც, ბუნებრივია, ახალი პრობლემების წინაშე გვაყენებს. რაც შეეხება „სააღმზრდელო“, ჭკუისდამრიგებლურ და მენტორული ტონით წარმართულ საუბრებს, ამ შემთხვევაში შეიძლება მოვლენების განვითარების ორ ვერსიაზე გავამახვილოთ ყურადღება – არიან ბავშვები, რომლებიც ასეთი საუბრის დროს, განსაკუთრებით თუ ის ხმააწეული ტონით და საყვედურებით მიმდინარეობს, ხდებიან აგრესიული, ბრაზობენ, გადადიან თავდაცვის პოზიციაში და ცდილობენ, ყველა დაარწმუნონ, რომ მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ, ძალიან კარგები არიან, მაგრამ გარშემომყოფები ვერ უგებენ. ბავშვების მეორე კატეგორია თავჩაღუნული, მორჩილად ისმენს ასეთ საუბრებს, თითქოს აღიარებს კიდეც მის მიმართ წაყენებულ „ბრალდებებს“, შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს, მაგრამ არაფერს ცვლის და ფარულად ყველაფერს ისევ ისე აკეთებს, როგორც აკეთებდა. განსაკუთრებით სითამამეს და გამბედაობას მაშინ ამჟღავნებს, თუ უფროსებს მის ქცევაზე დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ.

 

ვფიქრობ, ადვილი მისახვედრია, რომ როგორც დასჯა, ასევე „ჭკუისდამრიგებლური“ საუბრები ბევრს ვერაფერს ცვლის მოზარდის ქცევაში. ეს ბუნებრივია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უფროსები პირდაპირ ზემოქმედებას ცდილობენ ბავშვზე, ბრალს სდებენ უსაქციელობაში და გამოსწორებისკენ მოუწოდებენ მას. მოზარდების უმრავლესობა ამ დროს თავდაცვის პოზიციაშია და ყველანაირად ცდილობს, გაამართლოს საკუთარი ქცევა.

 

სულ სხვა შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ მსგავს სიტუაციაში საკორექციო მუშაობის არაპირდაპირ მეთოდებს გამოვიყენებთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საკითხის განხილვას ვცდილობთ არა იმ ბავშვის ქცევის ანალიზი საფუძველზე, ვისზე ზემოქმედების მოხდენასაც ვცდილობთ, არამედ სხვა, სრულიად უცხო ბავშვის ცხოვრების ამა თუ იმ მონაკვეთის ისტორიას ვაცნობთ და მომავალში მის სავარაუდო ქცევაზე ვსაუბრობთ. ასეთ დროს, ბავშვი, ეცნობა რა სხვის ქცევას, ქვეცნობიერად მის პროექცირებას საკუთარ თავთან ახდენს, რაც ცვლილებების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

 

იმისათვის, რომ უფრო გასაგები იყოს, თუ რაზეა საუბარი, მოვიყვან ერთ შემთხვევას ჩემი პრაქტიკიდან. წლების წინ მეხუთე კლასის ხელმძღვანელი აღშფოთებას და ბრაზს ვერ მალავდა იმის გამო, რომ მისი კლასის ერთ-ერთი მოსწავლე, სახელად გიორგი ისე უხეშად, აგრესიით ელაპარაკა სკოლაში მოსულ ბებიას, რომ საბრალო ქალმა ტირილი დაიწყო. როგორც კლასის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მისი ინიციატივით გიორგის ქცევა თანაკლასელების ჯგუფში განხილვის თემად იქცა. როგორც მასწავლებელი, ასევე ბავშვები ადანაშაულებდნენ გიორგის და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ის კი ყველას არწმუნებდა, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია. რადგან ამ კლასთან შეხვედრა ხშირად მიწევდა, გადავწყვიტე ჩავრეულიყავი საქმეში, ოღონდ ისე, რომ გიორგის ქცევა კლასში განხილვის და ანალიზის საგნად არ მექცია. აღნიშნულ კლასთან მუშაობის დროს ხშირად ვიყენებდი მოთხრობის სახით მომზადებულ ჩემ მიერ შეთხზულ დაუმთავრებელ ისტორიებს, ვუკითხავდი და ვთხოვდი, მოეფიქრებინათ მოთხრობილი ამბის სავარაუდო დასასრული, დაეწერათ და შემდეგ თავისი ვერსიები თანაკლასელებისთვის გაეცნოთ. ამ ისტორიების თემატიკა, როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან დაფიქსირებულ პრობლემებს ეხებოდა. ამჯერად ბავშვებს შევთავაზე დაუსრულებელი მოთხრობა მათი თანატოლი ბიჭუნას, გიგას შესახებ. მოთხრობის შინაარსი ასეთია:

 

„ძალიან ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარდა, პატივს სცემდი, თურმე ის არ ყოფილა, ვინც გეგონა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გიგაზე ვაჟკაცური ბიჭი ქვეყნად არ დაიარებოდა, მასზე კეთილი და სამართლიანი არავინ იყო. ყველა გოგონა მოხიბლული იყო გიგას ვაჟკაცობით, კეთილშობილებით და სიმპათიას ვერ მალავდნენ მის მიმართ. მეც მათ შორის ვიყავი და ძალიან მეამაყებოდა, რომ გიგა გამორჩეულად ყურადღებიანი და მზრუნველი იყო ჩემ მიმართ. თავს ბედნიერად ვთვლიდი, რომ ასეთი ვაჟკაცური ბიჭი ჩემთან მეგობრობის სურვილს ყველას თანდასწრებით გამოხატავდა. გოგონები შურით ივსებოდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, გიგას ყურადღება მიეპყროთ. თუმცა, ერთ დღეს ისეთი რამ მოხდა, რომ სრულიად შეიცვალა ჩემი წარმოდგენა გიგაზე. რადგან მე და გიგა მეგობრები ვიყავით, ხშირად ვსტუმრობდით ერთმანეთს ოჯახში – ხან გაკვეთილებს ვამზადებდით ერთად, ხან სხვადასხვა თამაშს ვთამაშობდით. იმ დღესაც გიგასთან ვიყავი სტუმრად – გადავწყვიტეთ საკონტროლო წერისთვის ერთად მოვმზადებულიყავით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, გიგა ჩვეულებისამებრ ზრდილობიანი და თავაზიანი იყო, თუმცა, როცა ოთახის კარი გაიღო და გიგას ბებია ხელში ნამცხვრით სავსე თეფშით გამოჩნდა, ყველაფერი უეცრად შეიცვალა. „ბებო გენაცვალოთ, იქნებ ჯერ ნამცხვარი გაგესინჯათ, საგანგებოდ თქვენთვის გამოვაცხვე“ – მოხუცი საოცრად თბილი და ალერსიანი თვალებით გვიყურებდა და ნამცხვრით სავსე თეფშს გვიწვდიდა. მე გიგას გავხედე და თავზარი დამეცა. ის ისეთი განრისხებული სახით უყურებდა საკუთარ ბებიას, თითქოს მის წინ დაუძინებელი მტერი მდგარიყოს. „რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ჩემს ოთახში არ შემოხვიდე და არ შემაწუხო, არ მჭირდება მე შენი გამომცხვარი ნამცხვარი“ – განრისხებული გიგა ადგილს ვერ პოულობდა. მოხუცი უკანმოუხედავად ხმაამოუღებლად გავიდა ოთახიდან. მე გაოგნებული შევყურებდი გიგას – ჩემ წინ სულ სხვა ადამიანი იდგა. ეს რამდენიმე წამს გაგრძელდა. ცოტა ხანში გიგა ისევ ზრდილობიან და თავაზიან ბიჭად გადაიქცა. ის შეეცადა კვლავ გაეგრძელებინა მეცადინეობა, მაგრამ მე ვეღარ შევძელი ეს, უცბად წამოვდექი, მოვიმიზეზე, რომ სახლში მელოდებოდნენ და სასწრაფოდ გამოვედი გიგას ბინიდან. მივდიოდი ქუჩაში და ვფიქრობდი რა ადვილად შეიძლება შეცდე ადამიანში. როგორ შეიძლება თავაზიანი, ზრდილობიანი და ვაჟკაცური იყოს ადამიანი, რომელიც მისთვის ახლობელ ადამიანს, მით უმეტეს ბებიას, ასე უზრდელად ექცევა. ნეტავი თუ მიხვდა გიგა, რომ მასთან მეგობრობაზე უარის თქმას ვაპირებ……..“.

   ტექსტის მოსმენის შემდეგ ბავშვებმა დაიწყეს ფიქრი მოთხრობის სავარაუდო გაგრძელებასა და დასასრულზე და ნაფიქრის ფურცელზე გადატანა. ყველა, მათ შორის გიორგიც გატაცებით და გულდასმით მუშაობდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ მან მთხოვა, რომ პრეზენტაციები მისი ნამუშევრის გაცნობით დაგვეწყო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. გიორგიმ მოსმენილი ისტორიის შემდეგი სავარაუდო გაგრძელება შემოგვთავაზა:

 

„გავიდა რამდენიმე დღე. გიგა მიხვდა, რომ მისმა საქციელმა მეგობარი ძალიან გაანაწყენა, რადგან ის მუდმივად გაურბოდა მასთან ურთიერთობას. ერთ დღეს გიგამ კვლავ შესთავაზა მეგობარს, რომ ერთად ემეცადინათ მათემატიკა მასთან სახლში. ის დათანხმდა. ოთახში შესვლისთანავე ბებიას, რომელიც ღიმილით შეხვდა ბავშვებს, გიგამ სთხოვა, რომ თუ ძალიან არ შეწუხდებოდა მათთვის ის ნამცხვარი გამოეცხო, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. გიგა სიყვარულით სავსე თვალებით, გაღიმებული ესაუბრებოდა ბებიას. მეგობარს ძალიან მოეწონა გიგას საქციელი და არც კმაყოფილება დაუმალავს. ამის შემდეგ მათ კვლავ ძველებურად გააგრძელეს მეგობრობა“.

 

  ძალიან მაინტერესებდა ამ ყველაფრის შემდეგ თავად გიორგი თუ შეცვლიდა რაიმეს საკუთარ ბებიასთან ურთიერთობაში. ამ მიზნით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდი სკოლაში მოსული ბებიისა და გიორგის ურთიერთობას. უნდა ითქვას, რომ საყურადღებო და საგანგაშო არაფერი შემინიშნავს. თავად ბებიამ კი ერთხელ საუბარში კმაყოფილება ვერ დამალა შვილიშვილში მომხდარი უცნაური ცვლილებების გამო – „ჩემი გიორგი სანატრელი ბავშვი გახდა. თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი. როგორც ჩანს, გაიზარდა და დაჭკვიანდა“.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ზემოაღნიშნული მუშაობის ჩატარების დროს:

 

  • გამოყენებული დაუსრულებელი მოთხრობა უნდა ეხებოდეს იმ პრობლემას, რომლის დაძლევასაც ვცდილობთ, თუმცა, ზუსტად არ უნდა ასახავდეს მას, იმისათვის, რომ ბავშვმა მასში საკუთარი თავი არ ამოიცნოს;
  • მოთხრობაში აქცენტები უნდა კეთდებოდეს კონკრეტული ასაკისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებზე, ფასეულობებზე, იმაზე, რისი შეუსრულებლობაც დიდ საფრთხეს შეუქმნის მოზარდის კეთილდღეობას, სიმშვიდეს. მაგ. უკვე მეხუთე კლასიდან ბავშვებისთვის ყველაზე საგანგაშო მეგობრის კეთილგანწყობის დაკარგვაა. ამის თავიდან აცილების მიზნით მან შეიძლება ბევრი ისეთი რამ გააკეთოს, რასაც ვერანაირი სასჯელი და უფროსების ვერანაირი ჭკუისდამრიგებლური საუბარი ვერ გააკეთებინებდა. ზემოაღწერილ სიტუაციაში სწორედ მეგობრის დაკარგვის საფრთხემ გიორგის ქცევა შეაცვლევინა;
  • მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ნუ შევეცდებით, გავაანალიზებინოთ ბავშვებს მოსმენილი, სანამ ისინი ისტორიის გაგრძელების საკუთარ ვერსიებს არ მოამზადებენ. ნუ მოვთხოვთ ბავშვს, გვიპასუხოს ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა, მაგ: „შენ როგორ მოიქცეოდი ასეთ სიტუაციაში“; „შენ თუ გააკეთებდი მსგავს რამეს“. ასეთი შეკითხვები მნიშვნელოვნად შეამცირებს არაპირდაპირი ზემოქმედების ეფექტს;
  • დისკუსიის დროს ნუ დავუკავშირებთ განხილულ ისტორიას იმ პრობლემას, რომლის დაძლევასაც ვცდილობთ. ეს ბავშვმა თავად უნდა გააკეთოს ჩვენი ზედმეტი მინიშნებისა და ჩარევის გარეშე;
  • გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს ერთი უნიკალური რეცეპტი, ხერხი, მეთოდი, საშუალება, რომელიც ბავშვის ქცევაში დაფიქსირებულ ნებისმიერ სირთულეს უპრობლემოდ დაგვაძლევინებდა. ყოველ კონრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მეთოდის გამოყენება იქნება ეფექტიანი. მართალია, ზემოაღნიშნულ სიტუაციაში გამოყენებულმა მეთოდმა ეფექტიანად იმუშავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მსგავს შემთხვევაში ეს ხერხი ზუსტად ასეთივე შედეგის მომტანი იქნება. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არაპირდაპირი საკორექციო მეთოდები ბევრად უფრო სწრაფ და უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ბავშვის ქცევაზე, მის პიროვნებაზე პირდაპირი ზემოქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ბავშვთან დაკავშირებული დაუძლეველი პრობლემა. მთავარია საკორექციო მუშაობის სწორად დაგეგმვა, ბავშვის ასაკის, ინტერესების, შესაძლებლობების ზუსტად განსაზღვრა და მუშაობის მეთოდების აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩევა.

 

 

 

 

 

ბავშვები ექსპერიმენტებში

0

მკვლევრები ყოველთვის ინტერესით ატარებდნენ ექსპერიმენტებს ბავშვების მონაწილეობით და მიუხედავად იმისა, რომ მათი სამეცნიერო ღირებულება იმ დროისთვის საეჭვოც კი იყო, მათმა უმეტესობამ კაცობრიობის ისტორიაში თავისი როლი მაინც ითამაშა.

მაგალითად, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ფსიქოლოგმა უინთროპ კელოგმა, ექსპერიმენტი საკუთარ შვილზე ჩაატარა – ის მას ჩვილობიდან შიმპანზესთან ერთად ზრდიდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანს მეტი შანსი აქვს მაიმუნად გადაიქცეს, ვიდრე პირიქით, რის შემდეგაც ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეჩერდა.

უინთროპ ნაილს კელოგი 1898 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. დაამთავრა საშუალო სკოლა, ჩაირიცხა კორნელის უნივერსიტეტში, ერთი წლის შემდეგ კი ჯარში წავიდა  და ევროპის ომში აღმოჩნდა. ომის შემდეგ ის სწავლას ინდიანას უნივერსიტეტში დაუბრუნდა, სადაც ერთდროულად გაიტაცა ფსიქოლოგიამ და ფილოსოფიამ. უნივერსიტეტში მან მომავალი მეუღლე, ლუელა დოროთი აგერიც გაიცნო. ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ, კელოგმა აკადემიური საქმიანობა გააგრძელა, 31 წლის ასაკში კი დოქტორის წოდება მიიღო.

კელოგი ინდიანას უნივერსიტეტში პედაგოგად დარჩა. ჩართული იყო ქცევის შესწავლასთან დაკავშირებულ კვლევებში, მაგალითად, აკვირდებოდა ტვინის ქერქგამოცლილი ძაღლების რეაქციებს, ვირთხებისა და ფრინველების შიშს, მათი ემოციების გავლენას კუნთოვან სისტემაზე. თუმცა, ყველაზე უჩვეულო ექსპერიმენტისთვის კელოგმა საკუთარი შვილი გამოიყენა.

სტუდენტობის დროს ის ბევრს კითხულობდა ბუნებაში ველურად აღზრდილ ბავშვ მაუგლებზე. მას ძალიან აოცებდა ის ფაქტი, რომ ცოცხალი ბუნებიდან საზოგადოებაში დაბრუნებულ ბავშვთა უმეტესობა ვერ ახერხებდა სრულ სოციალიზაციას. მკვლევარს ამ საკითხის შესწავლა უნდოდა, მაგრამ იმასაც ვერ ბედავდა, რომ ექსპერიმენტში სხვისი ბავშვი ჩაერთო.

ბოლოს მოუსვენარმა კელოგმა მაინც მიიღო წარმოუდგენელი გადაწყვეტილება – 1931 წელს მეუღლესთან ერთად მან საცხოვრებლად ინდონეზიაში გადასვლა მოინდომა, სადაც თავის ახალშობილ ვაჟთან, დონალდთან ერთად პრიმატი უნდა აღეზარდა. თუმცა, თავდაპირველად, ოჯახმა ვერ შეძლო დიდი მოგზაურობისთვის საჭირო თანხის დაგროვება.

კელოგმა დახმარებისთვის ადამიანისმაგვარი მაიმუნების შემსწავლელ ცენტრს მიმართა, სადაც მას აღსაზრდელად შვიდი თვის შიმპანზის, სახელად გუას აყვანა შესთავაზეს. უინთროპი მაშინვე დათანხმდა. მის შვილს ათი თვე უსრულდებოდა, შიმპანზე კი შვიდი თვის იყო.

უინთროპმა გუა სახლში მიიყვანა, ბავშვის ტანსაცმელი ჩააცვა და საბავშვო ავეჯი გამოუყო – სკამი, საწოლი, პატარებისთვის განკუთვნილი გამოსაცვლელი მაგიდა.

კელაგების მთავარი წესის მიხედვით, მათი დამოკიდებულება ბავშვისა და შიმპანზეს მიმართ ერთნაირი უნდა ყოფილიყო. ბავშვსა და შიმპანზეს საცხოვრებელი პირობებიც იდენტური უნდა ჰქონოდათ.

გუა სწრაფად შეეჩვია ახალ მშობლებს, მანამდე ის ზოოპარკში იზრდებოდა და ადამიანების არ ეშინოდა. მან დოლადთანაც უცბად იპოვა საერთო ენა.

როდესაც გუა ახალ ადგილს შეეჩვია, კელოგებმა კვლევა დაიწყეს. შეისწავლეს ბავშვისა და შიმპანზეს სხეულის ზრდა, რეფლექსები, მოძრაობები, მოქნილობა, მეხსიერება, სისწრაფე, შიში, ქცევა თამაშის დროს. ცოლ-ქმარი აანალიზებდა მათ ნახატებსა და რეაქციებს. ისინი ყოველდღიურ ჩანაწერებსაც აკეთებდნენ და ექსპერიმენტების შედეგებს კინოფირზე ასახავდნენ.

თავიდან გუა დონალდზე ბევრად ჭკვიანი და წარმატებული გამოდგა. მან სწრაფად გაარკვია, როგორ უნდა ეხმარა ჯოხი ორცხობილის მოსაპოვებლად. პირველმა ისწავლა კოვზით ჭამა, ჭიქიდან სმა და კარის გაღება. ის შესანიშნავად ბაძავდა ადამიანის ქცევას – გამოხატავდა სიყვარულს კოცნითა და ჩახუტებით, იმეორებდა ე.წ. „მშობლების“ ჟესტებს, როდესაც რაიმე სურდა, ისწავლა ორმოცდაათამდე ფრაზა და თხოვნებს (ხელის ჩამორთმევას და ჰაეროვანი კოცნის გაგზავნას) დაუყოვნებლივ ასრულებდა. ამ ყველაფერს ექვს თვეზე ნაკლები დასჭირდა.

კელოგი შიმპანზეს წარმატებას იმით ხსნიდა, რომ პრიმატები, ადამიანებთან შედარებით მალე იზრდებიან და მწიფდებიან. მაგალითად, სქესობრივად მაიმუნი ოთხი წლის ასაკიდან მწიფდება, ხოლო ადამიანი – 13-14 წლიდან.

ამავე დროს, მეცნიერს ესმოდა, რომ არსებობდა ისეთი რამ, რასაც გუა ვერასოდეს ისწავლიდა, მაგალითად, ლაპარაკს. დიდი ხნის განმავლობაში გუა ვერ იგებდა  ტუალეტის დანიშნულებას და დიდი დრო დასჭირდა, სანამ ღამის ქოთნის გამოყენებას ისწავლიდა. ის ვერ გაერკვა, რატომ აძლევდნენ ფანქარს და რა უნდა ექნა მისთვის. და ეს მაშინ, როდესაც ბიჭუნამ მაშინვე დაიწყო ხატვა, როგორც კი ფანქარი ხელში დაიჭირა.

გარკვეულ მომენტში ცხადი გახდა, რომ ვერანაირი ვარჯიში ვერ გამოასწორებდა შიმპანზეების გენეტიკურ მახასიათებლებს.

1931 წლის 28 მარტს, როდესაც დონალდი წლინახევრის გახდა, კელოგებმა მოულოდნელად შეწყვიტეს ექსპერიმენტი და აღიარეს, რომ ის ჩაიშალა. მათ გუა იმავე ცენტრში დააბრუნეს, საიდანაც წამოიყვანეს.

არგუმენტები ასეთი იყო: ადამიანი შესაძლოა უფრო სწრაფად გადაიქცეს შიმპანზედ, ვიდრე შიმპანზე ადამიანად. ბავშვის მშობლები სერიოზულად შეაწუხა იმან, რომ დონალდმა მაიმუნის ქცევისა და ჟესტების გამეორება დაიწყო.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ცხოველს შეუძლია გახდეს ადამიანის მსგავსი არსება ვარჯიშისა და ადამიანებთან კომუნიკაციის გზით, მაგრამ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც ის ვერ გადადის, განურჩევლად სოციალიზაციისა და ჰუმანიზაციის ეფექტებისა.

ბევრმა ადამიანმა, ვინც ექსპერიმენტს აკვირდებოდა, მისი დასრულების მიზეზების შესახებ საკუთარი თეორია გამოთქვა. ზოგი ამბობდა, რომ  შიმპანზე დონალდზე ბევრად უფრო ძლიერი და ბავშვისთვის საშიში გახდა.

ბიოეთიკის კვლევის ცენტრის მეცნიერი, ჯეფრი კანი წერდა: „თუ ბავშვს ლეკვთან ერთად ზრდით, მას ადამიანის თვისებები არ გაუჩნდება, თუმცა ვის არ უნახავს იატაკზე მცოცავი ბავშვი, რომლებიც ლეკვივით ყეფს?“

ბევრმა ფსიქოლოგმა, რომლებმაც ამ ექსპერიმენტის შესახებ შეიტყო, კელოგი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. მათი თქმით, ჩვილის ექსპერიმენტში ჩართვა  არაეთიკური იყო. ასევე, ისინი წუხდნენ ჩვილ შიმპანზეზეც, რადგან ის მისთვის ჩვეულ გარემოს მოსწყვიტეს, სხვა პრიმატებთან ურთიერთობა დაუშალეს, შემდეგ კი, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ისევ იმ გარემოში დააბრუნეს. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ამან გუას ცხოვრება ბევრად გაართულა.

ზოგი კელოგს გიჟათაც მიიჩნევდა იმის გამო, რომ მან საკვლევი ობიექტების მიმართ საკმარისი თანაგრძნობა და ემპათია არ გამოიჩინა. ბევრი მკვლევარი კი იმასაც წერდა, რომ ერთ-ორ ობიექტზე დაკვირვება არამეცნიერული იყო.

„ყოველთვის, როდესაც ექსპერიმენტს ოჯახსა და საკუთარ ცხოვრებაზე ატარებთ, სამეცნიერო გაგებით, ის ფუჭია და ნაკლებად სარწმუნო, ვიდრე ლაბორატორიული კვლევა“, – ასეთია ჯეფრი კანის მოსაზრება.

იყვნენ ისეთებიც, ვისაც სჯეროდა, რომ კელოგს ამ ხმაურიანი ექსპერიმენტის გზით ცნობადობის მოპოვება სურდა. სინამდვილეში კი ექსპერიმენტის მსვლელობას მხოლოდ ცოლ-ქმარი აფიქსირებდა და მისი შედეგები არცერთ სამეცნიერო ჟურნალში არ ქვეყნდებოდა!

1933 წელს კელოგებმა გამოსცეს წიგნი „მაიმუნი და ბავშვი“, სადაც მათ საზოგადოებას საკუთარი დაკვირვებები გაუზიარეს. ამასთან, კელოგს ჰყავდა მომხრეები, რომლებსაც სწამდათ, რომ მკვლევარმა უდიდესი წვლილი შეიტანა პრიმატების ადამიანთან ურთიერთობის შესწავლაში, მინიმუმ, ექსპერიმენტი ღირებული იმიტომაც იყო, რომ 1931 წლიდან მისი გამეორება აღარავის უცდია.

2017 წელს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც მსგავსი კვლევებით იყო დაინტერესებული, გამოაქვეყნა სტატია ჟურნალ Animal Cognition-ში, სადაც კელოგის მსგავსი ექსპერიმენტების უმეტესობა მიკერძოებულ და არაობიექტური მცდელობებად მოინათლა – ჯერ ერთი, შერჩევის გამო, თუნდაც, ერთსა და იმავე ბიოლოგიურ სახეობებში ცხოველებს განსხვავებული ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ; მეორე – ბავშვებს შეუძლიათ უფრო წარმატებული იყვნენ, ვიდრე პრიმატები, რადგან ისინი პირველივე დღიდან იზრდებიან გარემოში, სადაც მშობლებისა და სხვა ადამიანების ქცევას აკვირდებიან. შიმპანზეები კი სხვა გარემოდან მათთვის ახალ გარემოში ხვდებიან.

გუა ექსპერიმენტის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დონალდის ბედი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, 42 წლის ასაკში მან  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცხადია, უინტროპ კელოგი ერთადერთი არ იყო, ვინც ექსპერიმენტში ბავშვი ჩართო. კვლევებში ბავშვების მონაწილეობა ყოველთვის სენსიტიური და პოპულარული თემა იყო. სოციალურ-ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 1961 წელს კანადელ-ამერიკელ ფსიქოლოგ ალბერტ ბანდურასა და მისი კოლეგების – შეილა და დოროთეა როსის ექსპერიმენტიცაა. მეცნიერებს სურდათ, დაედგინათ, მიბაძავდნენ თუ არა ბავშვები მოზრდილებს აგრესიულ ქცევაში, თუ მათ სრულ თავისუფლებას მიანიჭებდნენ.

ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის მკვლევრებმა 3-დან 5 წლამდე ასაკის 36 ბიჭი და 36 გოგონა შეარჩიეს და სამ ჯგუფად დაჰყვეს: პირველ ჯგუფს უფროსების აგრესიული ქცევა აჩვენეს, მეორეს – ნეიტრალური ქცევა, მესამეს კი – არაფერი.

ექსპერიმენტში აგრესიის ობიექტად შეირჩა მეტრანეხევრიანი გასაბერი თოჯინა, სახელად ბობო, რომელიც პირველი ჯგუფის უფროსებმა სასტიკად სცემეს. მეორე ჯგუფში უფროსები კი ბობოს ყურადღებას არ აქცევდნენ და მშვიდად ერთობოდნენ  კონსტრუქტორით. მას მერე, რაც ბავშვებმა ეს ნახეს, ისინი სხვა ოთახში გადაიყვანეს და  თოჯინა ბობო დაუტოვეს. ასე შეძლეს ოთახის გაუმჭვირვალე მინის მიღმა მყოფმა მკვლევრებმა ბავშვთა ქცევის შეფასება.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც უფროსების აგრესიულ ქცევას უყურებდნენ, თვითონაც აგრესიულად ექცეოდნენ თოჯინას, ხოლო ის ბავშვები, რომლებიც ნეიტრალურ ქცევას უყურებდნენ, მშვიდად თამაშობდნენ კონსტრუქტორითა და სხვა სათამაშოებით. საინტერესოა ისიც, რომ ბავშვები იმავე სქესის უფროსების ქცევას იმეორებდნენ, რომლის წარმომადგენლებიც თვითონ იყვნენ, თუმცა ბობოს მიმართ ფიზიკურ სისასტიკეს უფრო მეტად მაინც ბიჭები გამოხატვადნენ.

ექსპერიმენტმა დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია, გავლენიანი და სამაგალითო უფროსების ქცევა ბავშვებისათვის.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

 

 

ვინ არიან „ინდიგო ბავშვები“

0

„ინდიგო –  არის ის, ვისაც უნდა სამყარო უკეთესი გახადოს;

ვისაც აქვს იდეები და იცის, როგორ გააკეთოს ეს.

თუ მეტყვიან, შენ ბავშვი ხარ და გულუბრყვილო ხარ, მე ვეტყვი:  აი, სწორედ იმიტომ რომ ბავშვი ვარ, მე არ მაწუხებს აზრები: „ვერაფერს ვერ იზამ, ასეთია სამყარო…“

 არა, ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ, უბრალოდ, უნდა ვიმოქმედოთ!

ინდიგო ბავშვი[1]

 

თქვენც ხშირად გქონიათ შემთხვევა, ძვირფასო მასწავლებლებო, ბავშვთან საუბრის დროს თვალები რომ გაგფართოებიათ, მათ უცნაურ კითხვებს დაუფიქრებიხართ, დაუბნევიხართ კიდეც… ასაკის შეუსაბამო ინფორმაციაც მოგისმენიათ მათგან და ცოდნის და სიბრძნის წყარო ვერ დაგიდგენიათ. ამ განსაკუთრებული უნარის ბავშვებს „ინდიგო ბავშვებად“ მოიხსენიებენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ თანამედროვეობისთვის ეს სიტყვა უფრო მეტაფორაა. რაც შეეხება ტერმინს – „ინდიგო ბავშვები“ – პირველად 1982 წელს გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა. ექსტრასენსების მტკიცებით, ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, მუქი იისფერი, აურა აქვთ და სწორედ ამის გამო ეწოდათ მათ  ინდიგო. როგორც მეცნიერებიც ადასტურებენ, დღეს ამ ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია.

ინგიდო ბავშები იზრდებიან და უკვე დედები და მამები, ბებიები და ბაბუებიც არიან. სტუდენტებთან მრავალწლიანი სწავლების გამოცდილებით, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მეც ბევრი ინდიგო-სტუდენტი შემხვედრია. მათი შემოქმედებითობა და ინტუიციური ცოდნა განსაკუთრებით იზრდებოდა, როდესაც მათ თავისუფლებას ვანიჭებდი და, ამავე დროს, ინტერეპრეტაციის მრავალფეროვნებას ვიღებდი/ვაღიარებდი (მაგალითად, პოეზიის აღქმისას, ან მეტაფორების „გაშიფვრისას“ და სხვა); ასეთ დროს მათ ანთებული თვალებიდან და გახსნილი გონებიდან და  გულიდან ისეთი მეტყველება „იბადებოდა“, ჩვეულებრივი ლექცია შემოქმედებითი ცეცხლით რომ იმუხტებოდა და ყველა გრძნობდა განსაკუთრებულ, უნიკალურ ატოსფეროს.

ჩემს შვილთან გულითადი საუბრების დროსაც  ხშირად აღმომიჩენია, რომ ის ისეთ თემაზე მესაუბრება, მე რომ წინა კვირას დავწერე სტატია, მაგრამ ჯერ რომ არ გამომიქვეყნებია. მიკითხავს კიდეც: – შენ რა, ჩემი სტატია წაიკითხე? – რა სტატია…? მოიცა რა, მეტი საქმე არ მაქვს… J უბრალოდ, მე ასე ვფიქრობ. და ვიცოდი, რომ გულწრფელი იყო.

იმ დღეს კი პატარა ანდრია მელაპარაკა უცხოპლანეტელებზე და იმაზე, როგორ სურს, რომ ისინი მოინახულოს. რომ ისინი (უცხოპლანეტელები) განსხვავებულები არიან და რომ „ცოტა“ სხვანიარად ცხოვრობენ, ვიდერე დედამიწაზე ადამიანები და რომ ეს ყველაფერი ძალიან აინტერესებს. არა, ეს უბრალოდ ფანტაზიები არ იყო, ფილმების შემდეგ რომ რჩებათ ბავშვებს. ისეთი დაბეჯითებით ჰყვებოდა ამბებს, თითქოს პირდაპირ „იმ ცხოვრებიდან“ ჩამოსვეს დედამიწაზე.  იმ ღამეს ერთად ვიყავით მე და ანდრია და გავათენეთ. ვკითხე, სახლში ვინ გელაპარაკება ამ თემებზე მეთქი? და: – ეჰ, ვის ცალია ჩემთვისო, მე ამაზე საუბარი არასდროს მომწყინდებაო. ამ ბავშვთან საუბრისას მე დამეკარგა საერთოდ დროის და ასაკის შეგრძნება, გამიუქმდა ყველა გამოცდილება, რაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ვაგროვე; ანდრიას კითხვებს მე ცოდნით კი არა, ინტუიციით ვპასუხობდი… ის კი არ იღლებოდა. რამდენი ასეთი შემთხვევა გაგახსენდებათ, ძვირფასო მშობლებო და მასწავლბლებო? და როგორ ფიქრობთ, ამ ბავშვების ინტერესები ჩვენი განათლების სისტემის ჩარჩოებში ჩეტევა?

„ინდიგო ბავშვი“ – როგორც გითხარით, დღეს მეტაფორაა და აღნიშნავს განსაკუთრებული უნარების, პროგრესულ ბავშვებს. ეს განსაკუთრებული უნარები განსხვავებულია – თავდაჯერება, ცოდნის წყურვილი, აღმოჩენებისკენ სწრაფვა, „სიბრძნე“, ისეთი ინფორმაციის ფლობა, რომელიც არსად ამოუკითხავთ, სენსიტიურობა ურთიერთობებში და სამყაროს მიმართ… ბავშვები, რომლებთანაც არასდროს მოიწყენთ… თუმცა, რა ბავშვები…? ისედაც ჩემი ურთიერთობები ახალგაზრდებთან  ყოველთვის „თანასწორია“,  დრო და ასაკი – გაუქმებული, მათთან კი, მით უფრო… საერთოდ მგონია, რომ ყველა ადამიანია „ინდიგო“, უბრალოდ, მათ არ შეექმნათ შესაბამისი პირობები განვითარებისთვის და დანებდნენ, მაგრამ მოდის თაობა, რომელიც სულ უფრო მეტად არ დანებდება არსებულ უაზრო წესრიგს და შაბლონებს!

არსებობს ცოდნა, რომელსაც წიგნებიდან ვიღებთ და ცოდნა, რომელსაც სამყაროდან „ვტვირთავთ“, ინტერნეტის და კომპიუტერის გარეშე; აი, ასეთ ცოდნას ფლობენ „ინდიგოები“. ხშირად ისინი დაუღლელები და ჰიპერაქტიურები არიან და ახლა წარმოიდგინეთ ისინი მერხთან, სკოლაში,  მასწავლებელი რომ ეუბნება: გადაშალეთ წიგნი 24-ე გვერდზე… თანამედროვე განათლების სისტემა ამ ბავშვებისთვის არის „ცოდნის სასაფლაო“.

აი, რას წერს „ინდიგო ბავშვებზე“ აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი:

„ინდიგო ბავშვების თაობა პრაქტიკაში პირველად მასწავლებლებლებმა შენიშნეს. პედაგოგები შეეჯახნენ უჩვეულო ბუნებისა და მონაცემების ბავშვებს. დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხები, რაც პედაგოგიკაში მანამდე არ არსებობდა. ეს ჰიპერაქტიურობა იყო. ბავშვები ჰიპერაქტიურები გახდნენ. ადრე ეს ცნება არ არსებობდა, არც ჰიპერაქტიური ბავშვები არსებობდნენ, პირიქით, პედაგოგიკას უნდა გაეაქტიურებინა ბავშვი, რათა ხელის აწევის სურვილი გასჩენოდა, დავალებები შეესრულებინა, თავად ბავშვი პასიური იყო. დღეს კი ბავშვები არათუ პასიური, ძალიან აქტიურები არიან, ჰიპერაქტიურები. მათ მშობლებს მასწავლებლებისგან ნოტაციების მოსმენა უწევთ – “თქვენი შვილი გაკვეთილზე არ ჩერდება, არ გვიჯერებს, ხტის, ყვირის, ჩხუბობს, ჭკუა ასწავლეთ და აუხსენით, როგორ უნდა იქცეოდეს სკოლაში”. ბევრ მასწავლებელს დღემდე ასეთი მიდგომა აქვს ჰიპერაქტიური ბავშვების მიმართ. ეს ბავშვები 70-80-იანი წლების ბავშვებისგან ძალიან გასხვავდებიან. მათ მრავალწახნაგოვანი შესაძლებლობები აქვთ, უმეტესობა ჩვენთვის უცნობი და გაუგებარია.“[2]

თუ უფრო მეტად განვაზოგადებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი თაობა უკვე „ინდიგოა“, არა ერთი და ორი ბავშვი კლასში, არამედ, თითქმის ყველა ბავშვი განსაკუთრებულია; რაც სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, ეს არის განათლების სისტემა, რადგან ახალ თაობას „პროკრუსტეს საწოლზე“ აკრავენ, „აჭრიან“ და უკლავენ ყველა უნიკალურ უნარს (ეს არ ეხება იმ მასწავლებლებს, რომლებსაც პრობლემა გაცნობიერებული აქვთ და ყველაფერს აკეთებენ, ამ სისტემაშიც კი, რომ არ დაიკარგოს ბავშვი).

ინდიგო თაობას ვერ აღზრდით „ქარხნული წესით“, ვერ უკარნახებთ ძველი პედაგოგიკის წესებს, ვერ დაიმორჩილებთ;

ეს არის თაობა, რომლისგანაც უნდა ისწავლონ მშობლებმა, მასწავლებლებმა… ეს არის თაობა „მზა ცოდნით“, პროგრესული და ევოლუციონირებული ცნობიერებით.

ფილოსოფიის დოქტორი Robert V. Gerard-ი ამ ბავშვების შესახებ წერს: „ბევრი ინდიგო ხედავს ნატიფი სამყაროს ანგელოზებს და სხვა არსებებს, დროდადრო ისინი დეტალურად ჰყვებიან ამის შესახებ. ეს არ არის წარმოსახვა, ეს რეალობაა…“ [3]

ყველა მშობელმა და მასწავლებელმა სამუშაო მაგიდასთან უნდა გაიკრას ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „ბავშვები“. ძებნაში დრო რომ არ დაკარგოთ, აქვე გთავაზობთ ამ შესანიშნავ ფრაგმენტს და მანიფესტს.

 

* * *

„თქვენი ბავშვები თქვენ არ გეკუთვნით.

ისინი თქვენი საშუალებით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან.

და თუმცა თქვენთან ერთად არიან, თქვენს კუთვნილებას არ წარმოადგენენ.

შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა აზრები.

რადგან მათ თავიანთი ფიქრები აქვთ.

შეგიძლიათ შეიკედლოთ მათი სხეულები, მაგრამ არა – სულები,

რადგან მათი სულები ხვალინდელი დღის მკვიდრნი არიან, თქვენ კი ოცნებაშიც არ შეგიძლიათ მომავლის მონახულება.

შესაძლოა, ესწრაფოდეთ, მიემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით დაიმსგავსოთ ისინი, რადგან ცხოვრება უკან-უკან არ მიდის და გუშინდელ დღესთან არ ყოვნდება.

თქვენ მშვილდები ხართ, რომლიდანაც თქვენი შვილები, როგორც ცოცხალი ისრები, წინ-წინ გაიჭრნენ.

მსროლელი ხედავს მიზანს უსასრულობის ბილიკზე და ის გღუნავთ თქვენ თავისი ძალით, რომ მისი ისრები სწრაფად და შორს გაფრინდნენ.

იყოს თქვენი მოხრილობა მსროლელის ხელში მხოლოდ სიხარულის მომტანი, რამეთუ, როგორც გაფრენილი ისარი, ისევე უყვარს მას მშვილდი, რომელიც ადგილზე რჩება.“

[1] https://www.youtube.com/watch?v=r1qGpoFSm78

[2] https://plus.kvira.ge/%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1

 

[3] https://books.google.ge/books?id=nHpNCwAAQBAJ&pg

სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება – „მე“ კონცეფცია და თვითშეფასება

0

„ჩემი შედევრი სასწრაფოდ უფროსებს ვაჩვენე, თან გულის გამაწვრილებლად ყველას ერთსა და იმავეს ვეკითხებოდი, ჩემი ნახატი შიშის ზარს თუ გცემთ-მეთქი. უბრალო შლაპამ აბა როგორ უნდა შეაშინოს ადამიანიო? – უკვირდათ მათ“

/„პატარა უფლისწული“, ანტუან დე სენტ ეგზიუპერი/

აჩუქეთ ბავშვებს ბედნიერება დღეს და ხვალ ისინი წარმატებულ ზრდასრულებად მოგვევლინებიან. წინა წლებთან შედარებით, უკვე მეტი ადამიანი თვლის ასე, თუმცა ზოგისთვის ის ემოციები, რომლითაც ბავშვები ბედნიერების განცდას იწვევენ, სულაც არ არის მნიშვნელოვანი, არც ის არის დიდად არსებითი, ბავშვებს საკუთარი ან სხვისი გრძნობებისა თუ ემოციების შეცნობა ვასწავლოთ და მათი პოზიტიურად მართვის გასაღები ჩვენვე ჩავუდოთ ხელში.

მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში უკვე კარგა ხანია, აღიარებული ფაქტია, რომ:

  • სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ბავშვობაში ნიშნავს ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის;
  • ისინი იზრდებიან მოქალაქეებად, რომელთაც აქვთ უნარი, აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთი გადაწყვეტილებების შედეგებზე საკუთარი თავისა და სხვების მიმართ;
  • აქვთ თანასწორუფლებიანობის განცდა;
  • ბავშვების სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა კორელაციაშია მათ მომავალ კეთილდღეობასთან.

აღნიშნული პერსონალური და ინტერპერსონალური კომპეტენციები ეხმარება მათ, ზრდასრულ ასაკში შეძლონ უსაფრთხო ნავიგაცია სოციალურ ვითარებებში და ეფექტიანად და ეთიკურად გაუმკლავდნენ ოჯახში, სამსახურში, სოციუმში წამოჭრილ ან სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

რამდენადაც სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება არის პროცესი, რომლის მეშვეობით, ბავშვები იძენენ ცოდნას, ღირებულებებსა და უნარებს; მათი გამოყენებით შეუძლიათ ამოიცნონ და დაასახელონ ესა თუ ის ემოცია და მართონ ისინი, დაისახონ პოზიტიური მიზნები და მიისწრაფოდნენ მათ მისაღწევად; გრძნობდნენ და გამოხატავდნენ ემპათიას ერთმანეთის მიმართ, აყალიბებდნენ და ავითარებდნენ სოციალურ ურთიერთობებს და იღებდენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს –საგანმანათლებლო სივრცეებში მათი დანერგვა მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ იმ სკოლებში, რომლებშიც ზრუნავენ სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე:

  • ბავშვები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, გრძნობენ ემოციურ მხარდაჭერასა და სოციალურ კავშირს;
  • არსებითად შემცირებულია ბულინგისა და კიბერბულინგის პრეცედენტები;
  • გაზრდილია ბავშვების რეზისტენტულობა ძალადობის მიმართ;
  • სწავლების შედეგად, მოსწავლეები აუმჯობესებენ აკადემიურ მიღწევებს სასკოლო საგნებში.

ისიც ცნობილია, რომ სოციალურ-ემოციური სწავლების პროცესში უნიკალური და გადამწყვეტი როლი ენიჭება მასწავლებელს. იგი გავლენას ახდენენ ბავშვების სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე და თუკი მოსწავლისა და მასწავლებლის ყოველდღიური ურთიერთობა დაფუძნებულია ღირებულებებზე, თუკი სკოლაში შექმნილია ემპათიის, ზრუნვისა და ტოლერანტობის კულტურული კლიმატი, მაშინ შედეგები ბევრად მაღალია. სოციალურ-ემოციური უნარების გამომუშავებაში მხარდაჭერა სკოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით, ოჯახებში მოკლებული არიან ამ უნარების განვითარების შესაძლებლობებს.

რა იციან ბავშვებმა?

,,სულ უფრო და უფრო მეტად ვცდილობ, ვიყო მე და შედარებით ნაკლებად ვფიქრობ იმაზე, მოვეწონებით თუ არ მოვეწონებით“, – იქნებ, ამის მსგავსი სიტყვები ჩვენი თინეიჯერი შვილისგანაც გვსმენია, თუმცა, შესაძლოა, სულაც არ იცოდეს, რომ ამ სიტყვების წარმოთქმა ვინსენტ ვან გოგმა დაასწრო. უბრალოდ იციან, რომ პრობლემა მათშია, ვინც სხვისი პირსინგების, სამკაულების, ჩაცმულობის ან ვარცხნილობის გამო თავს რამდენჯერმე გვერდზე გადააქნევს თან მათ გამზრდელებსაც არაადეკვატურად მოიკითხავს. დიახ, პრობლემა ნამდვილად მათშია!

ვინ ვარ მე?

რატომ არის მნიშვნელოვანი, რას ვფიქრობთ საკუთარი თავის შესახებ?

რა არის თვითშეფასება?

  • აღნიშნული კითხვები ამონარიდებია სოციალურ-ემოციური უნარების სახელმძღვანელოებიდან. ეს კი დავით გურამიშვილისეული ფრაზაა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“. ნათელია, რომ, დროსივრცული ასინქრონიზმის მიუხედავად, განმანათლებლები „ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ“.

„მე“ კონცეპცია

მიჩნეულია, რომ „მე“ კონცეპცია არის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახული ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. იგი მოიცავს ცოდნას საკუთარი გარეგნობის, ქცევის მიზნების, მოტივების, ფორმებისა და მათი განხორციელების შედეგების (წარმატება-წარუმატებლობის) შესახებ. იგი მოიცავს აგრეთვე ცოდნას სოციალური ურთიერთობების (მეგობრების, ოჯახის, კოლეგების და ა.შ.), გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებულობის, შინაგანი პროცესების, გრძნობებისა და განწყობების შესახებ. „მე“ კონცეფცია განსაზღვრავს არა მარტო იმას, თუ რას წარმოადგენს ინდივიდი, არამედ იმასაც, თუ რას ფიქრობს ის საკუთარ თავზე. ზოგიერთი ავტორი „მე“ კონცეფციის აღწერით ნაწილს უწოდებს „მე“-ს ხატს, ხოლო ნაწილს, რომელიც საკუთარ თავთან, ან საკუთარ თვისებებთან დამოკიდებულებას გამოხატავს – თვითშეფასებას.

მაშასადამე, საკუთარი თავის შესახებ არსებულ შეხედულებათა ნაკრები, რაც თითოეულ ჩვენგანს, მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის დირექტორს თუ მშობელს, გაგვაჩნია, სპეციალურ ლიტერატურაში „მე“ კონცეფციის სახელწოდებით არის ცნობილი. „მე“ კონცეფციაში შემავალი წარმოდგენები რამდენიმე კატეგორიად გამოიყოფა:

  • წარმოდგენები საკუთარი გარეგნობის შესახებ;
  • წარმოდგენები საკუთარი ფიზიკური და გონებრივი უნარების შესახებ;
  • წარმოდგენები საკუთარი პიროვნული თვისებების შესახებ;
  • წარმოდგენები იმ როლების შესახებ, რომლებსაც ცხოვრებაში ვასრულებთ და განვსაზღვრავთ ჩვენს თვითიდენტობას ჩვენი სქესის, ეროვნების, რელიგიური მიკუთვნებულობის, რწმენებისა და ღირებულებების მიხედვით.

რა ვასწავლოთ ბავშვებს? – საიდან ჩნდება და როგორ ყალიბდება წარმოდგენები საკუთარ თავზე?

მიჩნეულია, რომ საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენები ადრეული ასაკიდან და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გვიყალიბდება, მაგალითად:

  • შედარება გარშემომყოფებთან: ხშირად საკუთარ თავზე სხვებთან შედარების საფუძველზე ვმსჯელობთ. თუკი სხვებს უფრო წარმატებულად, მომხიბვლელად და ბედნიერად მივიჩნევთ, ამან შეიძლება საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი წარმოდგენები გაგვიჩინოს. დავალებაში მიღებული 9 ქულაც კი შეიძლება არადამაკმაყოფილებლად იქნას აღქმული, თუკი ყველა სხვა თანაკლასელი იმავე დავალებაში 10-იანს მიიღებს.
  • საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის გამოცდილება: როდესაც რომელიმე რთულ ამოცანას კარგად ვართმევთ თავს, ეს ხშირად ჩვენს შესაძლებლობებში გვარწმუნებს, წარუმატებლობები კი, პირიქით, გვაეჭვებს.
  • გარშემომყოფთა შეფასებები: ხშირად გარშემომყოფთა, განსაკუთრებით კი უფროსების უკუკავშირი აისახება ჩვენს „მე“ კონფეციაზე. არის შემთხვევები, როდესაც ცალკეული შეფასება (მაგალითად, „მათემატიკაში სუსტი“) იარლიყივით მოგვეწებება და, წლების განმავლობაში, უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე ან პირიქით, დადებითი მოლოდინის არსებობა ჩვენს მიმართ გვაიძულებს, ისინი გავამართლოთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი კარგად ვიცნობდეთ ჩვენს „მე“ კონცეპციას?

ადამიანებს, რომელთაც პოზიტიური „მე“ კონცეპცია აქვთ, უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ, უფრო თავდაჯერებულნი არიან, მეტად კომპეტენტურად გრძნობენ თავს, ანუ სწამთ, რომ შეუძლიათ წარმატების მიღწევა და არ ეშინიათ ახალ ამოცანებთან და გამოწვევებთან შეჭიდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პოზიტიური „მე“ კონცეფცია საკუთარი თავის ან შესაძლებლობების გადაჭარბებულად და მხოლოდ დადებითად აღქმას არ გულისხმობს. პოზიტიური თვითშეფასების მქონე ადამიანი აცნობიერებს საკუთარ სუსტ მხარეებსა და საჭიროებებსაც, იღებს იმ მოცემულობას საკუთარ თავში, რისი შეცვლაც შეუძლებელია, ამავე დროს ცდილობს დაშვებული შეცდომები გააანალიზოს და გაკვეთილად აქციოს, ისმენს და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს გარშემომყოფთა უკუკავშირს.

სპეციალისტები გვთავაზობენ რამდენიმე გზას, რომელიც პოზიტიური „მე“ კონცეპციის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ესენია:

  • საკუთარი თავის მიღება განვსაზღვროთ, რის შეცვლა შეგვიძლია და რის —არა საკუთარ თავში.
  • შევწყვიტოთ ნერვიულობა იმაზე, რაც არ არის ჩვენზე დამოკიდებული და მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი უნიკალური, როგორიც ვართ.
  • საკუთარი თავის მხოლოდ საკუთარ თავთან შედარება – თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული ძლიერი და სუსტი მხარეები გვაქვს.
  • მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყოველთვის სასურველია, საკუთარი თავი მხოლოდ საკუთარ თავს შევადაროთ და ჩვენს წინსვლაზეც საკუთარი პროგრესის მიხედვით ვიმსჯელოთ და არა გარშემომყოფთა მიღწევების მიხედვით.
  • გარშემომყოფთა შეფასებების სწორი ანალიზი – ჩვენ შესახებ გამოთქმული მოსაზრებები ყურადღებით განვიხილოთ; დავფიქრდეთ, რომელიმე კონკრეტული უნარის განვითარებაზე, ან რომელიმე არასწორი ჩვევის გამოსწორების საჭიროებაზე ხომ არ მიგვანიშნებს. ასეთ შემთხვევაში, ვიმუშაოთ მათ გაუმჯობესება/გამოსწორებაზე.
  • თუკი შეფასება უარყოფითია ზოგადად და ჩვენთვის სასიკეთო გზავნილს არ შეიცავს, არ მივცეთ უფლება მას, დაგვთრგუნოს ან საკუთარ შესაძლებლობებში დაგვაეჭვოს.
  • გვახსოვდეს, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, გავხდეთ ისეთი, როგორიც გვინდა, რომ ვიყოთ.
  • მიზნების დასახვა და მიღწევა – დასახული მიზნის მიღწევა ან ამა თუ იმ სირთულის გადალახვა ყოველთვის დადებითად აისახება ჩვენს თვითშეფასებაზე.
  • ამ გზით ვრწმუნდებით საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში. თუმცა მნიშვნელოვანია, მიზანი კონკრეტული და რეალისტური იყოს.
  • ახალი უნარების დაუფლება – ამა თუ ამ ახალი უნარის დაუფლება ან უკვე არსებული უნარის დახვეწა, თავს უფრო კომპეტენტურად გვაგრძნობინებს. გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი უნარის განვითარებას ვარჯიში სჭირდება.
  • გამოყავით ყოველდღიურად წინასწარ განსაზღვრული ერთი და იგივე დრო ამა თუ იმ უნარში სავარჯიშოდ.
  • საკუთარი თავის შექება გამოვლენილი ძალისხმევისთვის – მაშინაც კი, თუ ჩვენი მცდელობა წარუმატებლად მთავრდება, მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი გავამხნევოთ და შევაქოთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ამა თუ იმ საქმიანობაში ჩავდეთ.
  • საკუთარი მიღწევების ჩამოთვლა – ზოგჯერ სასარგებლოა, შევახსენოთ საკუთარ თავს იმ მიღწევების შესახებ, რომლებიც კონკრეტული დღის, ან კვირის განმავლობაში გვქონდა. ეს შეიძლება იყოს დავალებების დროულად შესრულება, მეგობრის მხარდაჭერა, ახალი რამის სწავლა და ა.შ.

ჩვენი მოსწავლეების პოზიტიური „მე“ კონცეფციის შენარჩუნებაში დაგვეხმარება შემდეგი რჩევები:

  • ეცადეთ, თითოეული მოსწავლის მიმართ გამოხატოთ ინტერესი.
  • დააკვირდით მოსწავლეების ძლიერ მხარეებს, ინტერესებს, გატაცებებს, დაინტერესდით მათი საყვარელი სატელევიზიო გადაცემებით ან ვიდეო თამაშებით, წიგნებით და ა.შ.
  • გამოიყენეთ ეს ინფორმაცია სწავლების პროცესში, მაგალითად, გაავლეთ პარალელი კონკრეტული მოსწავლის ინტერესსა და ახალ მასალას შორის.
  • გამოხატეთ მიმღებლობა და პატივისცემა თითოეული მოსწავლის მიმართ, მათი ახლანდელი თუ წარსული ქცევების მიუხედავად.
  • ყოველთვის აგრძნობინეთ, რომ ის, როგორც პიროვნება, უპირობოდ ღირებული და მისაღებია თქვენთვის.
  • არასასურველი ქცევების შეფასებისას, ხაზი გაუსვით თავად ქცევას და არა იმ მოსწავლის პიროვნულ მახასიათებლებს; მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უთხრათ „უპასუხისმგებლო ბავშვი ხარ!“ უმჯობესია აღნიშნოთ, რომ „ასეთი საქციელი უპასუხისმგებლო იყო!“.
  • მოერიდეთ ბავშვისთვის იარლიყის მიწებებას წარსულში განხორციელებული რთული ქცევების გამო.
  • ეცადეთ, შეინარჩუნოთ და გამოხატოთ ოპტიმიზმი ბავშვის ქცევის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
  • აგრძნობინეთ, რომ ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა და თქვენ გწამთ, რომ მისი ქცევები უკეთესობისკენ შეიცვლება.
  • ხშირად აღნიშნეთ, რომ შეცდომები მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილებაა და მათ ყოველთვის უარყოფითად არ უნდა შევხედოთ.
  • შეცდომებით ბევრი რამის სწავლა და გაგება შეიძლება.

„მე“ კონცეფცია ადრეული ასაკიდან ვითარდება და ბავშვის ზრდა-განვითარებასთან, ასევე ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად იცვლება; ბავშვების შემთხვევაში, „მე“ კონცეფციის უმნიშვნელოვანეს წყაროს სწორედ მასწავლებლების შეფასებები წარმოადგენს. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ვუთხრათ – „უპასუხისმგებლო ბავშვი ხარ!“, უმჯობესია აღვნიშნოთ, რომ „ასეთი საქციელი უპასუხისმგებლო იყო!“ მოვერიდეთ ბავშვისთვის იარლიყის მიწებებას წარსულში განხორციელებული რთული ქცევების გამო. ეცადეთ, შეინარჩუნოთ და გამოხატოთ ოპტიმიზმი ბავშვის ქცევის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვაგრძნობინოთ, რომ ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა და ჩვენ გვწამს, რომ მისი ქცევები უკეთესობისკენ შეიცვლება. ხშირად აღვნიშნოთ, რომ შეცდომები მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილებაა და მათ ყოველთვის უარყოფითად არ უნდა შევხედოთ. შეცდომებით ბევრი რამის სწავლა და გაგება შეიძლება.

ვინ როგორ ახდენს გავლენას ჩვენს მეკონცეციაზე?

აქტივობის მიზანი: „მე“ კონცეფციაზე და თვითშეფასებაზე გარშემომყოფთა შეფასების გავლენა;

სამიზნე კლასი: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური;

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ დისნეის მულტფილმი „მეფე ლომი “.

გაიხსენეთ მულფტილმის სიუჟეტი, აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ როდესაც სიმბას მამა, მუფასა იღუპება ჰიენებთან შეტაკების პროცესში, სკარი – სიმბას ბიძა, მოუწოდებს მას, დატოვოს მამის სამეფო და აღარასდროს დაბრუნდეს უკან. იგი შთააგონებს სიმბას, რომ მამამისის გარდაცვალება მისი ბრალია. დისკუსია: განიხილეთ შემდეგი საკითხები: 1. როგორ მოქმედებს სკარი სიმბას „მე“ კონცეფციაზე? მის თვითშეფასებაზე? 2. რაში ვლინდება სიმბას ნეგატიური წარმოდგენები საკუთარ თავზე? 3. ვინ და რა დაეხმარება სიმბას თავდაჯერებულობის დაბრუნებაში?

 

სავარჯიშო 2

ყველაფერი ჩემ შესახებ

აქტივობის მიზანი: საკუთარი პიროვნების უნიკალურობის გაცნობიერება; სამიზნე კლასი: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური;

სავარჯიშო #2 ვინ ვარ მე?

აქტივობის მიზანი: საკუთარ მახასიათებლებზე, „მე“ კონცეფციაზე დაფიქრება; სამიზნე კლასი: საბაზო და საშუალო საფეხური; აქტივობის აღწერა: სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ სხვადასხვა სიტყვითა და ფრაზით დაასრულონ წინადადება: „მე ვარ…“. აღნიშნეთ, რომ ეს შეიძლება იყოს მათი უნარები, ნიშან-თვისებები, უკავშირდებოდეს იმას, რაც მოსწონთ ან პირიქით არ მოსწონთ – სქესს, ასაკს, ფიზიკურ მახასიათებლებს და ა.შ.

სავარჯიშო #3 აქტივობის აღწერა: სთხოვეთ მოსწავლეებს, დაასრულონ შემდეგი წინადადებები: „ჩემი საყვარელი საჭმელია…“, „ჩემი საყვარელი ადგილია…“, „ჩემი საყვარელი ნივთია…“, „ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არის….“, „ჩემი საყვარელი სიმღერაა…“, „ერთი რამ, რაც არ მომწონს არის….“, „კარგად გამომდის….“, „რაზეც ვოცნებობ, არის….“. მოსწავლეებს განუცხადეთ, რომ ამ დავალებას არ აქვს სწორი და არასწორი პასუხები და ყველა მათგანმა საკუთარი შეხედულებების თანახმად უნდა შეასრულოს იგი. განიხილეთ პასუხები კლასში, ხაზი გაუსვით იმ ინდივიდუალურ განსხვავებებს, რომლებიც პასუხებში დაფიქსირდება. მაგალითად, ასე: „მე ვარ კარგი მსმენელი. მე ვარ ადამიანი, რომელიც წინააღმდეგია ომების. მე ფეხბურთის გუნდის წევრი ვარ. მე კალათბურთის ფანი ვარ და ..

განიხილეთ პასუხები ჯგუფში, ხაზი გაუსვით იმას, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და ამ უნიკალურობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები, არამედ ისიც, რაც შეიძლება სისუსტედ მიგვაჩნდეს ან ნაკლებად მოგვწონდეს საკუთარ თავში.

 

ჩვენი ძლიერი მხარეები

 

აქტივობის მიზანი: იმის გაცნობიერება, რომ ყველა ჩვენგანს აქვს ძლიერი მხარეები;

სამიზნე კლასი: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური;

აქტივობის აღწერა: დაჭერით ფერადი ფურცლები დაახლოებით 3-4 სმ-ის სიგანის ზოლებად და დაურიგეთ მოსწავლეებს ისე, რომ თითოეულს შეხვდეს დაახლოებით 5 ფურცლის ნაჭერი. შემდეგ სთხოვეთ მათ, ფურცლებზე ჩამოწერონ საკუთარი 5 ძლიერი მხარე, ეს შეიძლება იყოს მათი პიროვნული ნიშან-თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დახმარებისთვის მზაობა ან რაიმე ნიჭი, მაგალითად: მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, სპორტი, ხატვა და ა.შ. განიხილეთ შესრულებული დავალებები ჯგუფში და აქცენტი გააკეთეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მრავალფეროვანი ნიჭისა თუ უნარის არსებობა საზოგადოებისთვის. დაჭრილი ფურცლებისგან მოსწავლეებთან ერთად გააკეთეთ ქაღალდის წრეები და შემდეგ გადააბით ერთმანეთს ისე, რომ მიიღოთ ქაღალდის ჯაჭვი. ასეთი ნამუშევარი იმის ილუსტრაცია იქნება, თუ რა ძლიერი მხარეები აქვთ კლასის ცალკეულ წევრებს და რა წვლილი შეაქვთ მათ კლასის მრავალფეროვნებაში. სასურველია, ჯაჭვი საკლასო ოთახში განათავსოთ, მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო ადგილას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება ბავშვებისთვის, სახელმძღვანელო მომზადებულია ორგანიზაცია „ილიასის“ მიერ, ევროპის ფონდის დაფინანსებით, თბილისი, 2021.

როგორ შევაქმნევინოთ მოსწავლეებს საკლასო წესები?

0

„სკოლაში მოვდივართ დროულად“, „თუ რამის თქმა გვსურს, ვიწევთ ხელს“, „ვინარჩუნებთ სისუფთავეს“ და სხვა ბევრი ჭრელი წესი არსებობს, რომლებსაც ხშირად ვუმეორებთ მოსწავლეებს. ვაკეთებ წესების პლაკატებს და თვალსაჩინო ადგილას ვაკრავთ საკლასო ოთახში.

გვიფიქრია, იმაზე ესმის თუ არა მოსწავლეს ყველა წესის მნიშვნელობა? ეთანხმება თუ არა მათ? როგორი იქნებოდა წესები, რომლებსაც ჩვენ კი არა, თვითონ შემოგვთავაზებდნენ და შეიმუშავებდნენ? გიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც სწორედ მოსწავლეების მიერ შემუშავებულ წესებს ეხება.

„მე და საზოგადოების“ გაკვეთილია. სახელმძღვანელოს ერთ-ერთ გვერდზე ნახატებია შემოთავაზებული და გვეკითხებიან: აბა თუ გამოიცნობ, რომელი წესისკენ არის მიმართული ეს ილუსტრაციაო. შინაარსიდან გამომდინარე ვცდილობთ, წესის გამოცნობას. რამდენიმე წესის შეხსენების შემდეგ მიჩნდება სურვილი, მოსწავლეებმა თავად შეიმუშაონ ისინი, თუმცა მანამდე საჭიროა მათი მომზადება.

– თქვენი აზრით, რისთვის არსებობს წესები? – ვეკითხები კლასს.

– იმისთვის, რომ წესრიგი იყოს, – მპასუხობს ერთი მოსწავლე.

– რა იქნებოდა, წესები რომ არ არსებობდეს? – არ ვეშვები.

– ალბათ ქაოსი. მპასუხობენ მოსწავლეები და არგუმენტებად გზაზე გადასვლის, შუქნიშნის აუცილებლობის მაგალითები მოჰყავთ.

– გვაქვს თუ არა კლასში წესები? რომელ წესს გაიხსენებდით? ეთანხმებით ამ წესს?… რამდენიმე შეკითხვის შემდეგ უკვე მთელი კლასი ჩართულია და თითქმის ვაღწევ ჩემს მთავარ მიზანს – სწორედ ისინი ვაქციო წესების შემქმნელებად.

კლასს ვყოფ რამდენიმე ჯგუფად და ვკარნახობ ინსტრუქციას. მათ უნდა შეიმუშაონ სასკოლო წესები. რის გათვალისწინებასაც თვლიან საჭიროდ. ჩამოწერონ და ფორმატზე გააფორმონ შესაბამისი ილუსტრაციით, ხოლო პრეზენტაციისას წარადგინონ ნამუშევარი და არგუმენტებით დაასაბუთონ, რატომ თვლიან საჭიროდ ამ წესების დაცვას.

მოსწავლეებმა ჯგუფში დაიწყეს მუშაობა. სხვათა შორის არაა აუცილებელი დიდი ფორმატების წინასწარ შეძენა, თუ ის ამ დროისთვის არ გექნებათ ან დაუგეგმავი იდეა მოგივათ თავში. ოთხი თაბახის ფურცლის წებოვანი ლენტით ერთმანეთზე მიწებებით, შესანიშნავი „ფორმატი“ გამოდის.

მოსწავლეები მსჯელობენ ჯგუფებში. ვცდილობ მათ ახლო ვიტრიალო და მოვისმინო მათი მოსაზრება. რას ფიქრობენ, როგორ თანამშრომლობენ ჯგუფში. რამდენიმე ჯგუფში წესები მეორდება. პრეზენტაციის დრო დგება და თითოეული ჯგუფი გამოდის ნამუშევრებით. ერთ-ერთი კითხულობს:

  • „ულამაზოა გაკვეთილზე სუსნაობა.. არ დავაბულინგოთ ერთმანეთი… მოვუაროთ სკოლის ნივთებს.. შევინარჩუნოთ დისტანცია… ვაცადოთ ერთმანეთს საუბარი“ და ა.შ.

თითოეული წესის დასახელების დროს მოსწავლეს ვთხოვ, ამიხსნას, რატომ ჩათვალა საჭიროდ ამ წესის არსებობა, რისთვის არის ის საჭირო. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, თუ მას არ გავითვალისწინებთ? პარალელურად კლასისთვის მიცემული მაქვს დავალება, რომ პრეზენტაციისას პარალელი გაავლონ თავიანთ და ჯგუფის სხვა წევრების მიერ შემუშავებულ წესებს შორის. გამეორების შემთხვევაში კი დაფიქრდნენ, რამდენად დაემთხვა მათი მოსაზრება ერთმანეთს. ამით ვცდილობ, პროცესში მაქსიმალურად ჩავრთო ყველა მოსწავლე.

 

შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთავაზობ ვიდეორგოლის შექმნას, რომელიც უცხოური ვიდეოს ანალოგია. ვაყურებინებ ვიდეოს და მათთან ერთად განვიხილავ თითოეულ წესს. შემდეგ კი ვგეგმავთ ჩვენეულ ვარიანტს.

ვიდეოს შექმნის პროცესში მოსწავლეებმა უკეთ დაინახეს წესების მნიშვნელობა და საჭიროება. მე კი გთავაზობთ ჩვენ მიერ შექმნილ ვიდეორგოლს – როგორი უნდა იყოს საკლასო წესები და პოზიტიური ქცევა სკოლაში.

 

 

ტომ სოიერის სწავლა-სწავლებისათვის დისტანციურ სკოლაში

0
  • ტომ!

პასუხი არ არის.

  • ტომ!

პასუხი არ არის.

  • რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

მასწავლებელი აკვირდება კომპიუტერის ეკრანზე გამორთული ხმისა და ვიდეოკამერის ნიშნებს ….

გეცნოთ, ალბათ, ეს სიტუაცია?! ხშირად აღმოვჩენილვართ დეიდა პოლის როლში, როდესაც ამაოდ ვეძებთ და ვუხმობთ მოსწავლეს. არ იქნება ურიგო, თუ ჩვენს გამოცდილებას გაგიზიარებთ, როგორ შევძელით დისტანციური სწავლების პირობებში  მოსწავლეები არ „გვეძებნა“ გამორთული კამერების მიღმა და თავად გასჩენოდათ სურვილი, „ღია“ ყოფილიყვნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეფექტური სწავლების ძირითადი განმსაზღვრელი პირობა მოტივაციაა, მოსწავლეთა მოტივირებულობის ერთ-ერთი ფაქტორი კი მასწავლებლის პროფესიონალიზმთან, მშობელთა ჩართულობასთან და საგნობრივ სტანდარტთან ერთად შინაარსიცაა, ჩვენ გადავწყვიტეთ შინაარსზე ორიენტირება. მისი მნიშვნელობის წინ წამოწევა. ისეთი დავალებების და აქტივობების შეთავაზება, რომელთა შინაარსი იქნებოდა მათთვის სტიმულის მიმცემი.

მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში „ ტომ სოიერის თავგადასავლის“  მოცემული ნაწყვეტის გაცნობის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, როგორ აგვერიდებინა რუტინული დავალებები და შეგვეთავაზებინა მოსწავლეებისათვის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განმავითარებელი აქტივობები. დავალებები, რომელთა შესრულებისას ბავშვები შეძლებდნენ ტექსტის შინაარსის დაკავშირებას თავიანთ რეალობასთან. ვინაიდან, ონლაინ სწავლების დროს მარტივად გვქონდა წვდომა ელექტრონულ რესურსებზე, შევძელით და ერთობლივად  ვნახეთ ამავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმი ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“. რა თქმა უნდა, შევადარეთ ტექსტი ფილმს და მსგავსება- განსხვავებებიც მრავლად აღმოვაჩინეთ.  მომდევნო ეტაპზე გამოვიყენეთ ,,რადიო თავისუფლების“ ვიდეორგოლი  სახელწოდებით „რატომ ვცემთ ბავშვებს აღზრდის სახელით“, რომელიც ძალიან დაგვეხმარა პრობლემის გააზრებაში, ვარაუდების გამოთქმასა და დასაბუთებულ მსჯელობაში. ბავშვებმა გამოკვეთეს ტომის პრობლემები და შემოგვთავაზეს მათი გადაჭრის გზები  საკუთარი  გამოცდილებიდან. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იყო  ,,წერილი დეიდა პოლს“.  დავალების პირობის მიხედვით, დეიდა პოლისთვის მიწერილ წერილში ბავშვებს უნდა გაეზიარებინათ საკუთარი აზრები,  შეხედულებები და შთაბეჭდილებები ტომისა და დეიდას ურთიერთობის, აღზრდის წესების და სასჯელის გამოყენების შესახებ.    მათი წერილები  საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ვიმედოვნებთ, მიაღწევს თანამედროვე „დეიდა პოლის“ ყურამდე ეს გულწრფელი სიტყვები  და ეს, ფაქტობრივად, მათი იდეების გამოცდა იქნება.

მომდევნო აქტივობა მიზნად ისახავდა ბავშვებში წარმოსახვის, ფანტაზიის განვითარებას. ვთხოვეთ მათ, წარმოსახვაში სტუმრებოდნენ ტომის კარ-მიდამოს, დახმარებოდნენ ტომს მესრის შეღებვაში, ერთი პირობით, მესერზე უნდა დაეწერათ ფრაზები, რომლებიც უნდოდათ ეთქვათ ტომისთვის. ეს შეიძლება ყოფილიყო რჩევები, თხოვნები, მოწოდებები  ან შეტყობინებები.

შემოქმედებითი სახის პროდუქტის შექმნა დავგეგმეთ შემაჯამებელ აქტივობად. დავალების პირობა ასეთი იყო: წარმოიდგინე, რომ შენ ხარ დიზაინერი, ვინც ქმნის და აფორმებს წიგნის ყდას (გარეკანს). ამჟამად გაქვს შემოთავაზება შექმნა ,,ტომ სოიერის თავგადასავლის“ ახალი გამოცემისთვის ილუსტრირებული გარეკანი, რომელიც უნდა ეხმიანებოდეს ნაწარმოების შინაარსს, პერსონაჟების ხასიათს და გარეგნობას. არ დაგავიწყდეს ისიც, რომ ყდაზე უნდა ეწეროს ნაწარმოების სათაური და ავტორი. არ მიითვისო სხვისი ნამუშევარი, შეეცადე შენი ხედვა გვაჩვენო (მთავარი შინაარსია და არა ნახატის ხარისხი). ჩვენ გავაკეთებთ ამ ნამუშევრების წარდგენას. წარდგენისას უნდა მოგვიყვე, როგორ ჩადე ნაწარმოების მთავარი სათქმელი ილუსტრაციაში და თუ შესაძლებელია, როგორ გააუმჯობესებდი შენს ნამუშევარს.

 

 

 

დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ ბავშვების შექმნილი  ილუსტრაციები  ორიგინალური ხედვით გამოირჩევა.

საკითხი ვრცელი და საინტერესო აქტივობებით იყო დახუნძლული, მაგრამ ერთი სტატიის ფარგლებში, მხოლოდ მნიშვნელოვანი და ბავშვებისთვის განსაკუთრებულად სახალისო დავალებები გაგიზიარეთ.

აქვე დავამატებთ, რომ სამომავლო გამოწვევად დაგვრჩა იდეა  „ტომი ჩემს საკლასო ოთახში“ (დისტანციურ თუ რეალურ გარემოში). როგორი მეგობარი იქნებოდა? რით დაინტერესდებოდა ყველაზე მეტად? როგორი ურთიერთობა ექნებოდა მასწავლებლებთან?  რა იქნებოდა მისი საყვარელი  ონლაინ  ან ოფლაინ ოინი?

 

 

 

 

 

 

 

ბუნების მცველები – ფინეთის გამოცდილება

0

თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ფინეთი, რომელიც გამოირჩევა შესანიშნავი ინფრასტრუქტურითა და ცხოვრების მაღალი დონით, ჯერ კიდევ ასი წლის წინ აგრარული ქვეყანა იყო. მოსახლეობის უმრავლესობა უშუალოდ ან ირიბად იყო ჩართული სოფლის მეურნეობაში. დღეს ფინეთის ეკონომიკის 69% მომსახურების სექტორზე მოდის, 28% – მრეწველობაზე, ხოლო 3% – სოფლის მეურნეობაზე. ბედნიერების მსოფლიო ინდექსით ფინეთი უკვე მეოთხე წელია ლიდერობს, რასაც, სავარაუდოდ, ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობაც განაპირობებს.

როგორ დაიწყო ბუნების დაცვა და რა პრიორიტეტები დაისახა ქვეყანამ მე-20 საუკუნეში?

ფინელებს ჯერ კიდევ ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ ბუნებასთან, რომელიც უნიკალურია დასავლურ სამყაროში. ფინეთის ურბანულ ცენტრებშიც ყოველთვის არის სწრაფი და მარტივი გზა პარკში, ტყეში ან უდაბნოში გაქცევისა და ბუნებასთან ჰარმონიზაციისთვის.

ფინეთის პირველი ეროვნული პარკი შეიქმნა 1938 წელს, 60-წლიანი დებატებისა და იურიდიულ სისტემაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ. ეროვნული პარკების შესახებ საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია მეცნიერისა და მკვლევრის  ადოლფ ერიკ ნორდენშელდის წინადადებამ, დაცული ტერიტორიები დამკვიდრებულიყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე.

ფინეთის პირველი დაცული ტერიტორიების შექმნისას გაითვალისწინეს იგივე საკითხები, რომლებიც დღესაც მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ბუნება განიხილებოდა როგორც ეროვნული მემკვიდრეობა და არა როგორც ნედლეული ეკონომიკური ზრდისა და სამეცნიერო განვითარებისთვის. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბუნების დამცველებს მკაცრი კულტურული და პატრიოტული ღირებულებები ჰქონდათ. ანალოგიურად იქნა განხილული ბუნების კონსერვაცია შეერთებულ შტატებშიც, მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკის – იელოუსტოუნის დაარსებისას.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენა და ომის შედეგების აღმოფხვრა ჰქონდა პრიორიტეტად დასახული, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნაც ეროვნული მნიშვნელობის ამოცანად ითვლებოდა. ეროვნული პარკების მეორე ნაკრები შეიქმნა 1956 წელს: ლიესიარვი, ლინანსაარი, პიუჰია-ჰიაკი, პეტკელიარვი, როკუა, ოულანკა და ლემენიოკი.

ეროვნული პარკები განლაგებული იყო მეცჰალიტუსის (Metsähallitus, სახელმწიფო სატყეო საწარმო) საკუთრებაში არსებულ მიწებზე და მათ მეცჰალიტუსი მართავდა. იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა კანონები, რომელთა მიხედვითაც წარმიმართებოდა დაცულ ტერიტორიებზე ზრუნვა. ეროვნული პარკების დასასვენებელ ადგილებად გამოყოფა მხოლოდ 70-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. იმ პერიოდისთვის ფინეთის ეროვნული პარკების ქსელი რეგიონული და ბუნებრივი ღირებულებების თვალსაზრისით არასაკმარისად მიიჩნეოდა. შესაბამისად,  საჭირო გახდა ეროვნული პარკების წარმომადგენლობითი და კარგად მართული ქსელის შექმნა.

ეროვნული პარკების კომიტეტმა 1974 წელს დაიწყო ფუნქციონირება, ორი წლის შემდეგ კი  ფინეთის მთავრობამ 42 ახალი ეროვნული პარკი შექმნა, რომლებიც მოიცავს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებს. 1982 წელს დაარსდა კიდევ 11 ეროვნული პარკი.

დაცული ტერიტორიების შექმნის დასაწყისში აქცენტი უმთავრესად ნაკრძალებზე ისმებოდა, მერე კი ეროვნულ პარკებზე გადაინაცვლა. მიიჩნეოდა, რომ ეროვნული პარკები უკეთესად ემსახურებოდა დასვენების საჭიროებებს, ხოლო ნაკრძალები ძირითადად სამეცნიერო მიზნებისთვის იქმნებოდა და იქ მკაცრი კანონები მოქმედებდა.

ეროვნული პარკების შექმნისას თავდაპირველად საჭირო იყო მართვის გეგმის შედგენა, რომლის კონცეფცია “იმპორტირებულ” იქნა აშშ-ს ეროვნული პარკების სამსახურიდან. მართვის გეგმაში ჰარმონიულად არის შერწყმული ბუნების დაცვისა და რეკრეაციული მიზნები.

ფინეთის ეროვნული პარკები ამერიკულ მოდელებს ჰგავს სხვა თვალსაზრისითაც: ბუნება ველური და ხელუხლებელია. გარდა ამისა, ეროვნული პარკის კონცეფცია აშკარად აერთიანებს ეროვნული ლანდშაფტის კონცეფციას.

ფინეთის ისტორია და კულტურა განუყოფელია ფინური ბუნებისგან. ეს განსაკუთრებით ეხება ლაპლანდიის მკვიდრ ხალხს, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში მჭიდრო კავშირი ჰქონდა მიწასთან მეცხოველეობის, თევზაობის, ნადირობისა და ტრადიციული ხელნაკეთობების საშუალებით. მათი საარსებო წყარო უმთავრესად ბუნება იყო.

მრავალი ისტორიული და კულტურული ადგილია შემონახული ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის, რათა შეისწავლონ, განიცადონ და ისიამოვნონ. ისტორიული წყაროები ცხადყოფს, თუ როგორი გახდა ფინეთი დღეს.

თქვენც შეგეძლებათ წარსულში გადაინაცვლოთ, თუ ღამეს გაატარებთ ქოხში, სადაც წინათ ოქროს მაძიებლები, ირმების მწყემსები ან ტყის რეინჯერები ცხოვრობდნენ. ფინეთის ეროვნულ პარკებში შეგიძლიათ იხილოთ პეიზაჟები, რომლებიც შთააგონებდა მხატვრებსა და მწერლებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ფინეთის ისტორიასა და კულტურას ქმნიდნენ.

ფინეთის უმეტეს ნაწილში დომინირებს ფიჭვისა და ნაძვის წიწვოვანი ტყეები, გვხვდება ზოგიერთი ფოთლოვანი ხე, უმთავრესად – არყი. ფინეთის ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია, მაგრამ არსებობს მრავალი ტყე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელუხლებელი იყო და ახლა ეროვნულ პარკებსა და სხვა ნაკრძალებშია დაცული.

ფინეთისთვის დამახასიათებელია ტბებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების, მდინარეებისა და ნაკადულების სიმრავლე. საუკუნეების განმავლობაში მრავალი ჭაობი განადგურდა სოფლის მეურნეობისთვის ან გამოყენებულ იქნა ტორფის მოსაპოვებლად.  ბიომრავალფეროვნების კუთხით ამ ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობის აღიარებამ განაპირობა მათი შენარჩუნება და აღდგენა. ჭაობები დღეს ეროვნულ პარკებშია დაცული.

ფინეთს ასევე აქვს ძალიან გრძელი სანაპირო ზოლი რამდენიმე დიდი არქიპელაგით, სადაც უამრავი კუნძული და სკვერია. სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი და ბევრი კუნძული თითქმის დაუსახლებელია. ზოგიერთი უდიდესი არქიპელაგი ფინეთის საზღვაო ეროვნული პარკების საზღვრებშია მოქცეული და დაცული.

გარდა ლაპლანდიისა და აღმოსავლეთი ფინეთის ბორცვებისა, ქვეყნის უმეტესი ნაწილი შედარებით ვაკეა. ფინური ლანდშაფტი გამოირჩევა წყლის უნიკალური სიმდიდრითა და სუფთა ჰაერით, უზარმაზარი დაუფარავი ტყეებით და შეგრძნებით, რომ ბუნება ყოველთვის ახლოსაა.

ეს ხელუხლებელი და თვალწარმტაცი ლანდშაფტები მრავალი გარეული ცხოველისა და ფრინველის საცხოვრებელი ადგილია. მათ შორის არის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობები. მათი დიდი ნაწილი დასავლეთი ევროპის დანარჩენ ქვეყნებში გადაშენებულია. ოთხი დიდი მტაცებელი: დათვი, ფოცხვერი, მგელი (Canis lupus) და სამურავი (Gulo gulo), –  საერთოდ თავს არიდებენ ადამიანებს. დიდებული ლოსი (Alces alces; Moose ჩრდილოეთ ამერიკაში) უფრო ხშირად ჩანს, ხოლო პატარა, მაგრამ მაინც შესანიშნავი ირემი (Rangifer tarandus tarandus) ლაპლანდიის ჩვეულებრივი სანახაობაა. ორივემ შეიძლება მოულოდნელად გადაკვეთოს საავტომობილო გზა და სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფინეთის სოფლებში გადაადგილებისას.

ფრინველებზე დამკვირვებლები ფინეთში მიდიან ისეთი სახეობების სანახავად, რომლებიც ევროპის სხვა ქვეყნებში ძნელი საპოვნელია.

კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებას გავლენა არ მოახდინა მეცჰალიტუსის სოციალურ ვალდებულებებზე, ხოლო ტყეების რეკრეაციული გამოყენება და ბუნებრივი მრავალფეროვნების დაცვა სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტად განიხილება.

ჩრდილოეთ ლაპლანდიაში შეზღუდულია არქტიკული ტყის მართვის ოპერაციები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატყეო საქმიანობას. ჭრა ხორციელდება ძირითადად ხელით და მთელი ფართობის მხოლოდ მეათედზე.

ლაპლანდია მრავალსექტორული რეგიონია, სადაც ყველა ბიზნესი, ტურიზმით, ბიოეკონომიკით, ინდუსტრიით დაწყებული და არქტიკის კვლევებით დამთავრებული, ბიზნესია. როგორც დიდი, ისე მცირე კომპანიები და ინვესტორები პოულობენ ეფექტურ ქსელებს და ნამდვილ პარტნიორებს ჩრდილოეთში.

ლაპლანდია ტურიზმის კარდიოსტიმულატორი და საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ბრენდია. მას ძლიერი დასაყრდენი აქვს სამრეწველო სექტორში. ლითონებისა და ხის დამუშავება დიდი საექსპორტო სფეროებია და სამრეწველო წრიულ ეკონომიკაში არსებობს მაღალი კლასის ნოუ-ჰაუ. ლაპლანდია სამთო ცენტრია, რომელიც უამრავ შესაძლებლობას იძლევა.

დიდი ინვესტიციები იგეგმება ლაპლანდიის ბიოეკონომიკის სექტორში, თუმცა მცირე ან შედარებით მცირე ინვესტიციებიც იღებენ მოგებას. მაგალითად, საერთაშორისო მასშტაბის მოთხოვნაა სუფთა ბუნებრივ პროდუქტებზე.

ჩრდილოეთის კვლევა და განვითარება მრავალფეროვანი სფეროა მომსახურებებიდან ინფრასტრუქტურისკენ.

ლაპლანდიის გარემო შესანიშნავია შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ მსხვილ ბიზნესს რეგიონში.

ასეთი ბუნების დამცველია ეს ბედნიერი ქვეყანა, რომლის შესახებაც მომდევნო სტატიებშიც მოგიყვებით.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.worldwildlife.org/stories/what-s-a-boreal-forest-and-the-three-other-types-of-forests-around-the-world;  https://ibfra.org/about-boreal-forests/;

https://moscsp.ru/ka/vostochno-evropeiskaya-ravnina-osnovnye-harakteristiki-sostav-i.html

https://www.lapland.fi/business/responsibility-tourism-lapland/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...