შაბათი, ივნისი 7, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

მასწავლებლის ზაფხული

0

ივნისის შუა რიცხვებში მოსწავლეებისთვის სწავლა სრულდება. დამღლელი წლის შემდეგ მათთვის ნანატრი დასვენების დღეები დგება, რასაც ვერ ვიტყვით მასწავლებლებზე. როცა მოსწავლეები სკოლისკენ მიმავალ მასწავლებელს მოჰკრავენ ხოლმე თვალს, გაოცებულები ეკითხებიან: „მას, თქვენ კიდევ სკოლაში დადიხართ?!“ დიახ! მასწავლებლები ჯერ კიდევ დადიან სკოლაში. ესწრებიან ტრენინგებს, აჯამებენ დასრულებულ სასწავლო წელს და მომავალი წლის გეგმასაც კი ადგენენ.

როგორია მასწავლებლის ზაფხული? დასვენების დღეების მიუხედავად, მაინც მძიმე და დაღლილობის შეგრძნებით სავსე. ყველა მასწავლებელს აქვს პორტფოლიო, რომელსაც სასწავლო წლის პარალელურად აწესრიგებს. თუმცა სასწავლო წლის ბოლოს მისი საბოლოოდ სისრულეში მოყვანის დრო დგება, რაც გულისხმობს შემდეგს: ჩააწყოს მოსწავლეთა აკადემიური შედეგები, წარადგინოს დამრიგებლისა და საგნის ანგარიში, შეადგინოს ჩატარებული ღონისძიებების ნუსხა, გადაახარისხოს რესურსები და ა.შ.

საკლასო ოთახის მოწესრიგებაც ერთი დიდი ცალკე აღებული საქმეა. მთელი წლის განმავლობაში ივსება საკლასო ოთახი სხვადასხვა რესურსითა თუ თვალსაჩინოებით, რომელთა გადახარისხებაც მასწავლებლის მოვალეობაა – რას გამოიყენებს მომდევნო წლისთვის, რა აღარ დასჭირდება და ა.შ. აქ უნდა ითქვას ისიც, რომ კოლეგები აქტიურად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, რესურსებსა თუ ჩატარებულ ღონისძიებებს და ურთიერთთანამშრომლობის ფონზე მასწავლებელს უფრო მეტი იდეა უჩნდება მომავალი წლის დასაგეგმავად.

დაგეგმვა მნიშვნელოვანია, რათა მასწავლებელი მომზადებული შეხვდეს ახალ სასწავლო წელს. ალბათ გაგიკვირდებათ – ხომ შეიძლება, ეს ყველაფერი სექტემბერშიც მოესწროსო? გეტყვით, რომ ბევრი მასწავლებელი ზაფხულშიც არ წყვეტს მოსწავლეებზე ფიქრს. ჩემი მოსწავლეები შემოდგომაზე უკვე მეოთხეკლასელებად დამიბრუნდებიან. არც კი ვიცი, ასე მალე როგორ გავიდა დრო. დისტანციურ სწავლებას ვაბრალებ და თან გული მწყდება. რა თქმა უნდა, დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ აღვნიშნოთ მეოთხე კლასის დამთავრება, რა ტიპის აქტივობები ჩავატაროთ და ღონისძიების როგორი ფორმატი იქნება მისაღები. გარდა ამისა, რამდენიმე პროექტის განხორციელებაც დავსახე მიზნად და კვირიდან კვირამდე ახალი დეტალებითა და იდეებით ვავსებ. დარწმუნებული ვარ, პირველკლასელთა მასწავლებლებიც არანაკლებ ღელავენ – ისინი ხომ ახალ მოსწავლეებთან შესახვედრად ემზადებიან. ეს ყველაფერი კი ზაფხულში ხდება, მაშინ, როდესაც ოფიციალურად კუთვნილი შვებულება გვაქვს, თუმცა იქ, სადაც მოსწავლეებსა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე ფიქრს ეხება საქმე, მასწავლებლისთვის შვებულება არ არსებობს.

ასე იცის ამ პროფესიის სიყვარულმა.

ჯადოსნური მთხრობელი – როგორ მოვყვეთ ამბავს საინტერესოდ

0

ამბების ლამაზად თხრობა, საინტერესოდ გადმოცემა დღეს, ციფრულ ეპოქაში, არამხოლოდ მწერლებსა და ჟურნალისტებს გვჭირდება – ვფიქრობ, ეს უნარი ყველა პროფესიის ადამიანებს გამოადგებათ, განსაკუთრებით კი მასწავლებლებს. მათ გამუდმებით უწევთ იმაზე ფიქრი, როგორ გახადონ სწავლების პროცესი უფრო საინტერესო, როგორ მიაწოდონ მოსწავლეს მასალა ისე, რომ ადვილი აღსაქმელი და დასამახსოვრებელი იყოს, როგორ გადმოსცენ სათქმელი ისე, რომ მოსწავლემ ის იოლად გაიგოს და აითვისოს. კარგი მასწავლებელი გაკვეთილს ისე გეგმავს, რომ მოსწავლე მთელი გულისყურით ერთვება პროცესში და ასეთი გაკვეთილი მისთვის დაუვიწყარი ხდება.

 

ადამიანებს გვიყვარს ისეთი ისტორიების მოსმენა, რომლებთანაც ემოციურ კავშირს ვგრძნობთ; რომლებიც დავიწყებულს გაგვახსენებს, მოგონებების სიმებს შეარხევს, ძველ სურნელს მოიყოლებს ან იმდენად ცოცხალი აღმოჩნდება, რომ მათზე ფიქრი დიდხანს გაგვყვება და ყველასთვის გაზიარებას მოგვანდომებს. ხომ იმისთვის ვკითხულობთ წიგნებს, ვუყურებთ ფილმებს და ვუსმენთ მუსიკას, რომ მოსაწყენი რეალობის მდინარება დროებით შევაჩეროთ.

ზოგიერთ ადამიანს ამბების საინტერესოდ გადმოცემის ნიჭი აქვს, თუმცა შესაძლებელია ამ უნარის განვითარება და ისეთი ფორმების მიგნება, რომელთა წყალობით ამბებს შთამბეჭდაობას შევმატებთ და შესაძლოა დაუვიწყარიც კი გავხადოთ.

დღეს ჩვენ ბევრი ამბის ტყვეობაში ვართ, თუმცა ყველა ამბავი განსაკუთრებული არ არის. ამიტომაც ვეძებთ უნიკალურ ისტორიებს, რომლებიც ჩვენზე იმოქმედებს, ესთეტიკურ სიამოვნებას მოგვანიჭებს და ცოტა ხნით სხვა განზომილებაში გადაგვიყვანს.

სთორითელერი, სთორითელინგი – ეს სიტყვები ბოლო დროს ხშირად გვესმის. ორივე სიტყვა ამბების მოყოლას უკავშირდება და მთავარი აქაც ისაა, ვინ უფრო საინტერესო, ცოცხალ და შთამბეჭდავ ამბავს მოგვითხრობს, როგორი იქნება მისი ამბავი და თხრობის რა ფორმებს გამოიყენებს ჩვენს დასაინტერესებლად. სთორითელერი მთხრობელია, რომელიც სიტყვით აჯადოებს მსმენელს, წარმოსახვას უღვიძებს და თავისი ამბების სამყაროში იტაცებს.

რამდენიმე წლის წინ მეუღლესთან ერთად მოკლე ვიდეოფილმი გადავიღე წალკის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდა მასწავლებელ ირა ძირკვაძეზე. გადაღებების წინ ვფიქრობდით, საინტერესოდ როგორ გვეჩვენებინა ახალგაზრდა მასწავლებლის საქმიანობა და ცხოვრება რეგიონში, ვეძებდით ფორმას, რომ ვიდეოს თავისი მაყურებელი ეპოვა და თავი დაემახსოვრებინა. სანამ გადაღებას შევუდგებოდით, ირასთან წინასწარ გავიარეთ დეტალები, შევთანხმდით კადრებზე და იმაზე, რა იქნებოდა გადაღებისთვის კარგი და საინტერესო. ვიდეო მშვენიერი გამოვიდა. ირას ამბავში ახალი ის იყო, რომ ახალგაზრდა და მოტივირებული მასწავლებელი წალკის რაიონის სოფელში ასწავლიდა, მოსწავლეების საჭიროებებს იცნობდა, მათთან დასაახლოებლად ახალ-ახალ გზებს პოულობდა – ხან ველოსიპედით სეირნობდა მათთან ერთად, ხან ფეხბურთს ეთამაშებოდა და გაკვეთილებსაც ისე გეგმავდა, რომ ამ პროცესის მთავარი გმირი მოსწავლე ყოფილიყო.

ირას უყვარს თავისი პროფესია და მისი მნიშვნელობაც კარგად ესმის. Ჩვენი ვიდეოს შემდეგ ირას საქმიანობა სხვა ტელევიზიებმაც გააშუქეს, გაზეთებმაც დაწერეს მასზე და სოფელ გუმბათსაც ბევრჯერ ესტუმრნენ. ერთი სიტყვით „გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან“, როგორც ამბავი, შედგა და თავისი აუდიტორია იპოვა.

 

როდესაც ამბის თხრობას ვიწყებთ, ზეპირად წერილობით თუ სხვა ფორმით, მნიშვნელოვანია, თავად გვქონდეს მასთან ემოციური კავშირი, რათა შეგვეძლოს, სხვასაც გავუზიაროთ ეს ემოცია და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ნაამბობი. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ მივიტანთ ჩვენს ამბავს აუდიტორიამდე და რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ამისთვის.

სანამ ჩვენი ამბის გაზიარებას შევუდგებოდეთ, კარგი იქნება, წინასწარ დავსვათ რამდენიმე კითხვა და შევაფასოთ ამბის პოტენციალი.

 

* როგორი ამბავია საინტერესო და როგორ ამბავს მოვუსმენდი, წავიკითხავდი ან ვნახავდი?

* როგორ მოვყვე ჩემს ამბავს, როგორ ავაწყო მისი სტრუქტურა ისე, რომ საინტერესო და მიმზიდველი გავხადო?

* რაგვარ ჭრილში უნდა დავინახო და დავანახო სხვებს ეს ამბავი, როგორი კუთხე მოვუძებნო?

* რა მიზანი აქვს ჩემს ამბავს? რას გვაძლევს ეს ამბავი, რატომ უნდა ავირჩიოთ ის და რა ღირებულების მატარებელია?

 

დღეს ინფორმაციების, ამბებისა და ისტორიების ზღვაში გვიწევს ტივტივი, ყველაფრის წასაკითხავად, მოსასმენად და სანახავად დრო აღარ გვაქვს და ყურადღების მიპყრობაც საკმაოდ ძნელია. თუ ვიცით, რომ ჩვენს ამბავს აქვს რაღაც განსაკუთრებული მახასიათებელი, რაღაცით უფრო მეტია იმაზე, რაც ჩვენს ირგვლივ ირევა, უფრო მიმზიდველია, მეტი ღირებულება გააჩნია, ის აუცილებლად იპოვის თავის აუდიტორიას.

სწორედ ამ მიზნით და ამ პრიორიტეტების გამო ვირჩევთ ჩვენც სხვა ამბავს, წინასწარ ვარკვევთ, რა სარგებელს მოგვცემს ის და რატომ უნდა დავუთმოთ მას დრო.

Ჩემი საყვარელი სთორითელერი კი ჩემი ბებია იყო, ისტორიების უბადლო მთხზველი და ძველი ამბების ჩვენამდე მომტანი. ბებია, რომელსაც სკოლაში არ უვლია, მაგრამ ჩინებული უნარი ჰქონდა, ძველი ამბები ისე გაეცოცხლებინა, რომ ხელშესახები და დასანახი ყოფილიყო პატარა შვილიშვილებისთვის. ზამთრის ცივ საღამოებში, როცა ბებია მის საწოლში შეყუჟულებს ან ბუხართან, ჭრაქის შუქზე, მოკალათებულებს, გვიყვებოდა ათას ამბავს, ზოგს – მართლა თავს გადახდენილს და ზოგს – მოგონილს, ჩვენი წარმოსახვა ფრთებს შლიდა და გვინდოდა, ბებიას არასდროს დაესრულებინა თხრობა. კარგი სთორითელერობაც ალბათ ეს არის – მოჰყვე ისე, რომ არ დაღალო, თავი არ მოაბეზრო მსმენელს.

წიგნები, რომლებიც აქტივობებს თავად გვკარნახობენ

0

სასწავლო წლის ბოლოს ახლად კითხვანასწავლი მოსწავლეებისთვის სარეკომენდაციო წასაკითხ ლიტერატურას ვეძებდი. ხომ არის ხოლმე, რომ მასწავლებელი ზოგჯერ ისეთ წიგნს წააწყდები, რომელიც თავად გკარნახობს საინტერესო აქტივობებს. ჩემთვის ამგვარი აღმოჩენა იყო ქართველი მწერლის ინგა თეთრაძის ერთი პატარა წიგნი „რატომელა ანუ ცნობისმოყვარე ბიჭი“, რომელიც წელს გამოიცა.

წიგნის მთავარი გმირი რატომელა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. კითხვა „რატომ?“ მოსვენებას არ აძლევს, ამიტომაც ბავშვებმა „რატომელა“ შეარქვეს. იგი ბევრს კითხულობს, ფიქრობს, აზროვნებს… ხან თავად პოულობს პასუხებს, ხან კი უფროსების დახმარებით აკვირდება სამყაროს და უდიდეს სიხარულს ანიჭებს ახალი აღმოჩენები.

წიგნის წაკითხვის შემდეგ ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ამ ბიჭუნას გაცნობა ჩემი 6-7 წლის მოსწავლეებისთვის. ჰოდა, შევიძინე თითოეულისთვის წლის სამახსოვრო წიგნად და თითქმის ყოველ გვერდზე ჩავაკარი შესაბამისი კითხვები თუ აქტივობები. როგორც მშობლები მწერენ ამგვარმა დეტალურმა ინსტრუქციამ ბავშვებსა და მშობლებს წიგნზე მუშაობა გაუადვილა. ამან მიბიძგა და გამათამამა, რომ სტატიის შინაარსიც ამგვარი ყოფილიყო.

გთავაზობთ აქტივობათა ინსტრუქციას, რომელიც ამ წიგნისთვის გავწერე:

„გვ. 3-5

რატომ შეარქვეს ბავშვებმა „რატომელას“ ეს სახელი?

როგორი ბიჭია რატომელა?

წერილობით დაასრულე წინადადება: „მშვენიერია, როცა შენი ცხოვრების გზას ……“.

როგორ ფიქრობ, რატომ არ არის მატარებელი, თვითმფრინავი, გემი ცოცხალი არსებები, ისინიც ხომ მოძრაობენ?

დახატე 1 ცოცხალი და 1 არაცოცხალი საგანი. ამ საგნებზე შეადგინე სამ-ოთხსიტყვიანი წინადადებები და მიაწერე ნახატის ქვეშ.

გვ.6-7

დაფიქრდი, რატომ აწყობენ ყვავილებს წყლიან ვაზაში?

სოფელში ყოფნისას დაკრიფე სხვადასხვა ყვავილი თუ ფოთოლი, ჩადე წიგნში. ამოიღეთ 1 კვირის შემდეგ და ჩააკარი დღიურში (რვეულში, წიგნაკში), რომელსაც დააწერ „ჩემი ზაფხული“. შეეცადე, დაადგინო, რა ჰქვია შენს ყვავილებს და მიაწერო სახელებიც.

დახატე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე ფესვებიანად. მიაწერე ყველა ორგანოს თავისი სახელი (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი ან ნაყოფი). მოიფიქრე სახელი თითოეული ხისთვის.

გვ. 8-9

წყლიანი ჭიქა მოათავსე ფანჯარაზე. დანიშნე მარკერით წყლის დონე. 5 დღის შემდეგ ისევ მოინახულე შენ მიერ დადგმული ჭიქა. რაიმე უცნაურს ხომ არ ატყობ?

დაადგინე, რატომ შრება მზის გულზე  გაფენილი სველი სარეცხი ?

ნახატის სახით შექმენი ბუნებაში წყლის მოძრაობის მარშრუტი, რუკა.

გვ. 10-12

როგორ ჩნდება ცისარტყელა?

დაასახელე ცისარტყელას ფერები.

დახატე ცისარტყელა, სადაც ფერები ზუსტად იმავე თანმიმდევრობით იქნება, როგორც რატომელას მასწავლებელი აღწერს.

რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?

რომელი პლანეტა ამოიღეს მზის სისტემიდან? შენი აზრით, რატომ?

შეგიძლია ინტერნეტის დახმარებით მოძებნო და ამოწერო პლანეტების სახელები?

როგორ ფიქრობ, რას საქმიანობენ ასტრონავტები?

გვ. 13-18

გაყავი თაბახის ფურცელი ოთხ ნაწილად ოთხი სეზონის შესაბამისად. შექმენი ნახატები თითოეულისთვის. არ დაგავიწყდეს ყველა დროისთვის თვეების მიწერა.

შეარჩიე ერთი დრო და შენი სიტყვებით აღწერე იგი წერილობით.

გვ. 19

შენს დღიურში შექმენი პოსტერი, სადაც დაიტან ჰიგიენის წესებს. შეამოწმე ძილის წინ, მოახერხე თუ არა შენ მიერ შექმნილი წესების დაცვა.

გვ. 20-21

ჩამოწერე რისი ოთახები არსებობს შენს სკოლაში და რა ფუნქცია აქვთ მათ.

ქოთანში ჩარგე რაიმე მცენარე და გადაიღე ვიდეო, მოუარე მთელი ზაფხული, შემოდგომით კი მოიტანე სკოლაში და იზრუნე შენი ოთახის გალამაზებისთვის. გახსოვდეს, რომ მასზე ზრუნვა საკლასო ოთახშიც შენი პასუხისმგებლობა იქნება.

გვ. 22

ზოგიერთ შენს მეგობარს ზაფხულში აქვს დაბადების დღე. დაამზადე მათთვის მისალოცი ბარათი. გაითვალისწინე კეთილი სურვილები. არც გამგზავნის ვინაობის მიწერა დაგავიწყდეს და არც სადღესასწაულოდ გაფორმება.

გვ. 25-26

გულისყურით წაიკითხე მშვიდობის მტრედის ამბავი. ინტერნეტის დახმარებით მოძებნე ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ნახატი „მტრედი“. უყურე ანიმაციას „ჩიტების საძმო“. ხომ ვერ გაიხსენებდი კიდევ რაიმეს მტრედთან დაკავშირებით?

გვ. 27-29

მისწერე წერილი მასწავლებელს და მოუყევი შენი საზაფხულო ამბები. წერილისთვის დაამზადე კონვერტი, რომელზეც დააწერ ადრესატს და ადრესანტს (ვის ვისგან). შეგიძლია დახატო კიდეც რაიმე.

გვ. 30-33

პლასტელინის ან სხვა მასალის დახმარებით შექმენი ზოოპარკის დიორამა. ვოლიერებისთვის შეგიძლია გამოიყენო ასანთის ჩხირებიც. არ დაგავიწყდეს, ყველა ვოლიერს გაუკეთე შესაბამისი წარწერა!

გვ. 34-39

ინტერნეტის დახმარებით მოიძიე 10 საინტერესო ფაქტი შენთვის სასურველ არსებებზე და ჩაწერე შენს დღიურში. შეხვედრაზე გაგვაცანი ეს მასალა. ინტერესით მოგისმენთ.

გვ. 40-45

შენი სოფლად ცხოვრების შესახებ რას მოუყვებოდი კლასელებს? როგორ და რაში ეხმარებოდი უფროსებს? რა აღმოაჩინე საინტერესო?

გვ. 46-47

მოუსმინე სიმღერებს „სხვა საქართველო სად არის“, „ჩაკრულო“, საგალობელი „შენ ხარ ვენახი“.

გამომიგზავნე შენი საყვარელი სიმღერის სახელი ან თავად ლინკი, მეც სიამოვნებით მოვუსმენ.

წერილობით ჩამოთვალე ქართული ეროვნული სიმბოლიკა. მაგ. ქვევრი, ჩოხა, ჩურჩხელა და ასე შემდეგ.

გვ. 53-57

მოაწყვე პიკნიკი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. შეადგინე საჭირო ნივთების სია, ქცევის წესები. გადაიღე ფოტოები. შეგიძლია, გადმომიგზავნო პირად შეტყობინებებში ან გვაჩვენო შეხვედრაზე.

გვ. 58-60

მოძებნე სახლში რაიმე ძველი ნივთი და შეეცადე გააახლო ან სხვა დანიშნულება მოუძებნო. მაგ. შეგიძლია ტომატის თუნუქის ქილა გარედან შეღებო და საფანქრედ გამოიყენო, ძველი ღილებისგან ან მძივებისგან თმის სამაგრი დაამზადო და ასე შემდეგ.

გვ. 61-66

როგორ დაარიგა პაპამ რატომელა?

ინტერნეტის დახმარებით მოძებნე საკვებად ვარგისი სოკოს სახელები და ამოწერე შენს დღიურში. თუ საშუალება მოგეცემა უფროსთან ერთად ეწვიე ახლომდებარე ტყეს, დააკვირდი და  აღმოაჩინე სოკოები. გადაუღე ფოტო და დაადგინე, რომელი ჯიშია.

გვ. 67

ღამით გამოიტანე პლედი და ბალიში გარეთ ეზოში ან აივანზე. დააკვირდი ღამის ცას, ვარსკვლავებს და შეეცადე, აღმოაჩინო ცისკრის ვარსკვლავი. გახსოვდეს ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. თვალდახუჭულმა და სულგანაბულმა მოუსმინე ღამის ხმაურს.

შეეცადე დახატო ღამის ცა.

გვ. 68-74

დაამზადე რაიმე კერძი ან ცოცხალი სალათა. გადაიღე ვიდეო ან ფოტო, როგორ ამზადებ. დაწერე კლასელებისთვის რეცეპტი. გაითვალისწინე, რომ თავიდან უნდა ჩამოწერო მასალა, რაც გამოიყენე, შემდეგ კი აღწერო მომზადების პროცესი.

გვ.75-79

რას ეტყოდი გუგულას?

როგორ გესმის ამბის დასასრული – „ჩააღწია თუ არა გუგულამ ამერიკამდე, ეს თავად განსაჯეთ, ერთი კია – ეცადა მაინც!“.

გვ. 80

წარმოიდგინე, რომ სოფლიდან მეგობარი გეწვია. შენი მეგობრული ვალია მას მასპინძლობა გაუწიო და დაათვალიერებინო თბილისი. დაასახელე 2 ადგილი, რომლებსაც მეგობარს აჩვენებდი. ახსენი ამ ორი ადგილის მნიშვნელობა. შეგიძლია მასალა ინტერნეტ-წყაროებშიც მოიძიო.

გვ.92-93

რატომელამ ბევრ კითხვაზე იპოვა პასუხი. თუმცა ბევრიც პასუხგაუცემელი დარჩა.

ვიცი, თქვენც რატომელასავით ბევრი კითხვა გიტრიალებთ თავში. მოიფიქრეთ რამდენიმე საინტერესო კითხვა ან საკითხი რომელიც გაინტერესებთ, გამომიგზავნეთ პირად შეტყობინებაში და შევეცდები მათ შესახებ გადამოწმებული და დაზუსტებული პასუხები მოგიძებნოთ.

ეს ის აქტივობებია, რომლებიც ერთი წიგნის ფარგლებში შევთავაზე მოსწავლეებს. თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ეს ჩამონათვალი არ წარმოადგენდა სავალდებულო დავალებებს. ბავშვებს შეეძლოთ, საკუთარი სურვილისა და კეთილი ნების საფუძველზე შეერჩიათ რომელიმე ერთი მაინც და ის წარმოედგინათ ყოველთვიურ შეხვედრაზე.

დაბოლოს, საზაფხულო აქტივობებზე მუშაობისას ხშირად მივმართავ ქვემოთ მოცემულ მიდგომებს და  ამართლებს ხოლმე. იქნებ თქვენც გამოგადგეთ, ძვირფასო მასწავლებლებო?!

  1. აირჩიეთ ერთი კონკრეტული თარიღი და დრო  (მაგ. ყოველი თვის 30 რიცხვი, საღამოს 6 საათი) და დანიშნეთ მოსწავლეებთან ონლაინშეხვედრა. დისტანციური სწავლების პრაქტიკამ ამის ძალიან კარგი შესაძლებლობა გააჩინა. ზოგი შინიდან ჩაგერთვებათ, ზოგი ჰამაკიდან, ზოგიც ზღვის სანაპიროდან, თუმცა ეს იმდენად საინტერესოა, რომ შესაძლებელია ერთმანეთთან სასაუბროდ ორი საათიც კი არ გეყოთ. კარგი იქნება, თუ სასაუბრო თემატიკას წინასწარ გაწერთ, პრეზენტაციას მოამზადებთ და თავად მისცემთ მაგალითს. მაშინ ისინიც მარტივად აგყვებიან.
  2. ზოგჯერ გადაიქეცით მოსწავლედ და თავადაც სცადეთ მათთვის მიცემული საზაფხულო რეკომენდაციების შესრულება. შედეგები კი აჩვენეთ მოსწავლეებს. აუხსენით, რომ ეს თქვენთვისაც შრომატევადი, თუმცა საინტერესო გამოდგა. ამით მოსწავლისთვის მოდელი იქნებით და აღძრავთ მოტივაციას მისი შესრულებისთვის. მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ  დავალებები შეასრულეთ ისე, თითქოს თქვენც მათი ასაკისა იყოთ.
  3. ზოგჯერ მისწერეთ წერილი თითოეულ მოსწავლეს, სადაც ისაუბრებთ თქვენი საზაფხულო თავგადასავლების შესახებ. მოსწავლეთა გაბედნიერება ამ  ჟესტით ძალიან მარტივია. გარდა იმისა, რომ ამით მოსწავლეებს წერილის წერის მაგალითს აჩვენებთ, მათში გააჩენთ სურვილს, თავად შექმნან საპასუხო შეტყობინება. გარწმუნებთ, ამის შედეგს იმ დღესვე იხილავთ პირად შეტყობინებებში.
  4. ყოველ გამოგზავნილ ფოტოსა თუ შეტყობინებას აუცილებლად უპასუხეთ დროულად და სიყვარულით. დაუკავშირდით და გამოხატეთ მადლიერება ჩართულობისთვის, როგორც მოსწავლის, ასევე მშობლის მიმართ. ეს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მონდომებით განმსჭვალავს მათ.

ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!

 

 

 

კომპლექსური დავალება – სწავლების გზა, ანუ ვასწავლოთ როგორ ისწავლონ

0

„მაინც რა არის ამ კომპლექსურ დავალებაში ასეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, რატომ უნდა ჩავრთო ის ჩემს სასწავლო პროცესში? მე ხომ ასეთ დავალებებს სულ ვაძლევ ბავშვებს?“ – ბევრ მასწავლებელს სკეპტიკურ განწყობასთან ერთად ასეთი კითხვებიც უჩნდება. აღმოჩნდა, რომ არც ისე ადვილი ყოფილა სიახლეების მიღება და ათვისება, როცა მასწავლებლობის გამოცდილება ათწლეულებს ითვლის და სწორედ ეს გამოცდილება იქცევა ხოლმე დაბრკოლებად რეფორმების, სიახლეების გზაზე. კი, მასწავლებლები დაიღალნენ, მუდმივი ცვლილებები და არასტაბილურობის განცდა დამქანცველია, მაგრამ მაინც, მოდი, ვაღიაროთ, რომ ცვლილებები განვითარებისკენ მიმავალი გზაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ არ შევიცვალეთ, ვერ განვვითარდებით.

სიახლეები ყველა სფეროსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჯანდაცვის მაგალითი მოვიყვანოთ: აი, ჩემი შვილი ერთი წლისაა და იძულებული ვარ ვიცოდე, რომ გაიდლაინები ყოველ წელს იცვლება და ისეთი „უმნიშვნელო“ რამაც კი, როგორიც ბავშვთა კვებაა, არასტაბილურია და მუდმივად ახლდება. მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ განათლების სისტემას დღეს, ისე როგორც არასდროს სჭირდება ცვლილებები.

ახალი სკოლის მოდელი, ეს ძალიან საინტერესო და ამავე დროს ბევრი კითხვის გამჩენი (მათთვის, ვინც ძირეულად არ იცნობს პროექტს) რეფორმა, ვფიქრობ, ახალი სისხლია ჩვენი სკოლებისთვის, მასწავლებლებისთვის, პირველ რიგში კი ბავშვებისთვის.

რატომ? რითაა ის ასეთი მნიშვნელოვანი?

უამრავი მიზეზი არსებობს და მგონია, ერთი წერილი ყველას ვერ დაიტევს. მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხები: კომპლექსური დავალებები, განმავითარებელი შეფასებები და სხვა ინსტრუმენტები მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლეს სწავლა ვასწავლოთ. ჰო, შესაძლოა, ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ამ მოდელით მომუშავე მასწავლებელს კომპლექსური დავალების შედეგზე მეტად მოსწავლის სწავლების გზა, ის კოგნიტიური პროცესები აინტერესებს, რომლებიც მან გავლო კომპლექსური დავალების შესრულებისას უნდა გაიაროს. ამიტომ კომპლექსური დავალების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ნამუშევრის წარდგენაა, სადაც მოსწავლე საუბრობს იმაზე, რა სტრატეგიები გამოიყენა ან რას შეცვლიდა, ახლა რომ იწყებდეს დავალების შესრულებას. ამ დროს მასწავლებლის მიერ დასმული კითხვები აუცილებელი და არსებითია.

შეიცვალა მიზნებიც. მცირე საგაკვეთილო, სემესტრული თუ წლის მიზნები მსხვილმა საფეხურის მიზნებმა ჩაანაცვლა. ავიღოთ, მაგალითად, ქართული. მიზანი: ტექსტი. ტექსტი ისეთი მიზანია, რომ მხოლოდ ერთ კლასში ან ერთ წელს კი არ მუშავდება, არამედ სულ, სანამ მოსწავლე საშუალო საფეხურზე სწავლობს, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, უბრალოდ, ის ნაბიჯ-ნაბიჯ, ასაკის შესაბამისად ძლევს ამ მიზნის კომპონენტებს.

სამიზნე ცნება ტექსტი თავის თავში უამრავ საკითხსა და ქვეცნებას მოიცავს. ტექსტის დასამუშავებლად მნიშვნელოვანია მისი სტრუქტურის გაგება, ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, პერსონაჟის სქემა, რიგი გრამატიკული საკითხები, ტექსტის მხატვრული მხარე, კავშირი რეალურ სამყაროსთან, სხვა ტექსტებთან, ფილმებთან, გამოცდილებასთან და ასე შემდეგ. და სწორედ ეს სიღრმეებია, რომლებშიც მასწავლებელი მოსწავლეს უნდა ჩაhყვეს და მეგზურობა გაუწიოს.

კომპლექსური დავალებa არ არის მხოლოდ დავალება, ეს არის მუდმივი სასწავლო პროცესი. ამ ყველაფრის უკეთ გასაგებად გაგიზიარებთ პირველი კლასის ერთ კომპლექსურ დავალებას თავის აქტივობებით, რათა პროცესი თვალსაჩინო იყოს.

კლასი: პირველი

თემა: სიზმრების სამყარო, წარმოსახვა

ტექსტი: ძილისპირული

https://kargiskola.ge/anbani/zilispiruli.pdf

სამიზნე ცნება: ტექსტი

ქვეცნებები: დეტალი, ეპიზოდი

გაგების სტრატეგიები

კომპლექსური დავალება:

ტექსტის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება

გაიხსენე საკუთარი ცხოვრებიდან ამბავი, რომელიც გაგახსენა მოსმენილმა ტექსტმა და დახატე იგი.

ნამუშევრის წარმოდგენისას ისაუბრე:

. რით უკავშირდება შენი ამბავი წაკითხულ ტექსტს;

. როგორ დაგეხმარა ცხოვრებისეული ამბისა და მოთხრობის შედარება ნაწარმოების უკეთ გაგებაში, რას მიაქციე ყურადღება ისეთს, რაზეც მათ შედარებამდე არ დაფიქრებულხარ.

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები)

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს სიტყვა „ძილისპირული“?
  • ილუსტრაციის მიხედვით, ვინ არიან ამ მოთხრობის პერსონაჟები?
  • თქვენი აზრით, რაზე იქნება ეს მოთხრობა?
  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება.
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რისი შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, დავალების წარდგენა

ნაბიჯი 1-ლი. რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად?

ა) რა სტრატეგიები გამოვიყენო ტექსტის შინაარსის აღმოსაჩენად?

ბ) რა სტრატეგიები გამოვიყენო უცნობი სიტყვების გასაგებად და ასათვისებლად?

 

რესურსები და აქტივობები

რესურსი: ტექსტი: „ძილისგუდა“

აქტივობა 1. ზღაპრის პაუზებით მოსმენა, ვარაუდების გამოთქმა

პაუზა 1. „თვალები დახუჭე და ძაფი გააგორე…“

პაუზა 2. „ვაი, მგონი მგელია!“

აქტივობა 2: მუშაობა სიტყვებზე „ძილისგუდა“, „ძილისპირული“

აქტივობა 3. წინასწარ გამზადებულია ბარათები: ძუნწი მეფე, მძინარე მზეთუნახავი, მგელი, ძაღლი, ძიძა (ილუსტრაცია და სიტყვა), ისინი არეულადაა დაფაზე მოთავსებული. მოსწავლე ალაგებს თანმიმდევრულად. გაგორდა გორგალი, გაგორდა, სად მიგიყვანა?

აქტივობა 4. მასწავლებელი აკეთებს პაუზას, ყოვნდება და ბავშვებმა უნდა მოასწრონ იმ ეპიზოდის გრაფიკული ჩანახატის გაკეთება.

 

ნაბიჯი მე-2. რით უკავშირდება შენი ამბავი წაკითხულ ტექსტს?

 

რესურსები და აქტივობები

რესურსი: ტექსტი: „ძილისგუდა“

ქართული ანიმაციური ფილმი „სიზმარა“

https://youtu.be/iV1Ut3s0OEc

აქტივობა 1. აქტივობა 4-ის დროს გაკეთებული ჩანახატებიდან მოსწავლეები ირჩევენ იმ ეპიზოდს, რომელსაც საკუთარ ამბავს დაუკავშირებენ.

აქტივობა 2. მოსწავლეები იხსენებენ საკუთარ გამოცდილებას, უზიარებენ ერთმანეთსა და მასწავლებელს.

აქტივობა 3. ანიმაციის ყურება. დისკუსია – ანიმაციის, ტექსტისა და საკუთარი გამოცდილების შედარება.

 

ნაბიჯი მე-3. როგორ დაგეხმარა ცხოვრებისეული ამბისა და მოთხრობის შედარება ნაწარმოების უკეთ გაგებაში? რას მიაქციე ყურადღება ისეთს, რაზეც მათ შედარებამდე არ დაფიქრებულხარ?

 

რესურსები/აქტივობები

რესურსი: მოსწავლეთა ნამუშევრები

 

აქტივობა 6. იდეების გენერირება

აქტივობა 7. ინდივიდუალური მუშაობა – მოსწავლეები ხატავენ ტექსტში მოცემული ამბის მსგავს პირად შემთხვევას.

აქტივობა 8. ნამუშევრების გამოფენა და წარდგენა

 

დავალების წარდგენის პროცესში დასასმელი კითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ):

  • აღწერე შენი ნამუშევარი და ახსენი, კონკრეტულად რომელ ეპიზოდს ან დეტალს უკავშირდება ტექსტიდან.
  • ისაუბრე, რამდენად დაგეხმარა დავალებაზე მუშაობა ნაწარმოების უკეთ გაგებაში.
  • აღწერე, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით.
  • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადალახე? რატომ ვერ გადალახე? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა? რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი პროცესი არ არის სრულყოფილი, აქტივობების დროს მასწავლებელი სვამს სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებულ შეკითხვებს, რომელთა აქ მოყვანით წერილი აღარ გადავტვირთე. გარდა ამისა, აღნიშნული აქტივობებიც არ წარმოადგენს აუცილებლობას, ყველა მასწავლებელი საკუთარი სურვილის, გემოვნების, საჭიროებისამებრ ცვლის მათ, არგებს კლასისა და მოსწავლის თავისებურებებს.

ამ მცირე მაგალითშიც, ვფიქრობ, კარგად გამოჩნდა, რომ კომპლექსური დავალება მხოლოდ დავალებას არ მოიცავს და ის სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსური დავალების დროს საგანთა ინტეგრირება მეტად მოხერხებულია, ხოლო მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება – აუცილებელი და მიზანშეწონილი. ყველა მოსწავლეს საკუთარი ხედვა და მიდგომა აქვს, ყველა თავისებურად მუშაობს და ამიტომაცაა ყველა უნიკალური, მათი ნამუშევრები კი – განსხვავებული. როდესაც თითოეული მათგანი წარადგენს საკუთარ ნაშრომს, ის თავის განვლილ გზაზეც გვიამბობს და ხედვასაც გვიზიარებს. ერთი შეხედვით არც ისე გამორჩეული დავალების მიღმა შესაძლოა მოსწავლის საოცარი გამოცდილება და აღმოჩენები იმალებოდეს, აი, ამიტომ არის კომპლექსური დავალება შესანიშნავი ინსტრუმენტი სწავლა-სწავლებისას.

 

  1. S. წლების წინ, როცა 16 წლის ინა პირველ კურსზე აღმოჩნდა, პირველი შოკი და ელდა მაშინ მიიღო, როცა ორმოცდაათგვერდიანი მასალის ერთ დღეში მომზადება მოუხდა. არ იცოდა, საიდან დაეწყო, როგორ წაეკითხა და მთავარი როგორ დაემახსოვრებინა, არ იცოდა გააზრებული კითხვის არც ერთი სტრატეგია. აი, სკოლაში რომ კითხვისა და გაგების სტრატეგიები ესწავლა, კომპლექსური დავალებები შეესრულებინა და ეს ყველაფერი კლასის წინაშე შეეჯამებინა, ვინ იცის, იქნებ ამაო აღარ აღმოჩენილიყო ბაკალავრიატის ოთხი წელი. ნეტავ სტუდენტობა იმ უნარ-ჩვევებით აღჭურვილს გაეტარებინა, ასე რომ დააკლდა და რამდენიმე წლით უკან დახია, სანამ წლების შემდეგ თავად არ გაერკვია ამ ყველაფერში. თუმცა ყველაფერი ხომ გამოცდილებად იქცევა ხოლმე. რომ არა ეს მტკივნეული მოგონება და წლები, ვერ მიხვდებოდა კომპლექსური დავალების რეალურ სიკეთეს, ვერ გააანალიზებდა და ამ წერილსაც არ დაწერდა.

„ჩემი ფანჯრებიდან“ – ხსოვნის სამზერი          

0

„სიცოცხლე ნიჭად გვენიჭება“

რაბინდრანატ თაგორი

 

„მეგობარო ეს არ არის წიგნი, ხელი ახლე და კაცს შეეხები“ – უოლტ უიტმენის ამ სტრიქონით იღება კარი ვახუშტი კოტეტიშვილის ავტობიოგრაფიულ რომანში „ჩემი წუთისოფელი“. უიტმენიც და „ჩემი წუთისოფელიც“ არაერთხელ გამახსენდა ერთი კარგი წიგნის კითხვისას. ამ წიგნს „ჩემი ფანჯრებიდან“ ჰქვია და მისი ავტორი პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე გახლავთ. „ჩემი ფანჯრებიდან“ ავტობიოგრაფიული რომანია და ზუსტად ისეთი მღელვარებითაა დაწერილი, როგორითაც ალბათ უიტმენის მიერ ნაგულისხმევი – კაცადქცეული წიგნები იქმნება.

საერთოდ, ბიოგრაფიული ტექსტის დაწერა დიდ შინაგან მზაობას და სითამამეს მოითხოვს. სტუდენტობის მიწურულს, სადიპლომო თემად მე-19 საუკუნის მემუარული პროზა ავირჩიე და მახსოვს, რამხელა სიამოვნებით და ინტერესით შევაღე მაშინ „განკაცებულ წიგნთა“ კარიბჭეები. ყველა მათგანი (აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი და ა.შ.) საინტერესო და მნიშვნელოვანია არამხოლოდ თავისთავად, ავტორის ცხოვრების თავგადასავლის გამო, არამედ ეპოქალური და ზოგადსამყაროული კონტექსტის გამოც, იმ ხედვისა და აღქმების, შთაბეჭდილებებისა და მეხსიერების გამო, რომელიც ზოგადადამიანურ გამოცდილებად ეძლევა მწერალს/შემოქმედს, ის კი ამ მედიტაციაში ითრევს ყველა დროის მკითხველს.

რა აიძულებს მწერალს, მოჰყვეს საკუთარი ბიოგრაფია? ამ კითხვაზე პასუხი მრავალმხრივიცაა და ერთმნიშვნელოვანიც – ესაა სურვილი რაღაც ისეთის გახსენების, რაც მარტო ერთი კაცის ბედისწერაში არ ეტევა; ზოგჯერ ესაა საკუთარი ცხოვრებისეული საიდუმლოს ამოხსნის მცდელობაც – უკვე ტექსტად ქცეულ, სიტყვებად გადაშლილ ტილოზე იმ ქარაგმებისა და კოდების ამოცნობა, რომლებიც თავის დროზე, ყოფის ქვეტექსტებში ჩაილექა და როგორც ყველაფერმა – ღრმამ და ამოუცნობმა, მათაც ამ სიღრმის ძალით განსაზღვრეს ავტორის ცხოვრება. ზოგჯერ ეს იმ ადამიანთა მიმართ პატივის მიგება და სიყვარულის გამოცხადებაა, რომლებიც ცხოვრების გზაზე გადაყრია ავტორს, ვის პორტრეტთა გალერეაშიც სიხარულითა და აღტაცებით ეპატიჟება მკითხველს და უყვება მათზე, როგორც მისი ცხოვრების დიდ გამართლებაზე, როგორც ამ სამყაროში ადამიანად ყოფნის გამართლებაზე!.. ხოლო ყველაზე მეტად კი ალბათ ავტობიოგრაფიული რომანის დაწერის სურვილი მადლიერების იმ განცდიდან მოდის, რომელსაც ადამიანი სამყაროს მიმართ განიცდის, იმ ტკივილების და ტანჯვის მიმართაც კი, რაც ამ სამყარომ მისთვის არ დაიშურა, ეს მადლიერება მსჭვალავს მის „აღსარებასაც“, მის ხსოვნას, წყენას, სიყვარულს და ისეთი გადამდები ძალით ზემოქმედებს მკითხველზე, როგორც ყველაზე ღონიერი, ღირსეული სულიერი აქტი.

გიორგი ლობჟანიძის „ჩემი ფანჯრებიდან“ სწორედ ამ მიზეზით დაწერილი წიგნი მგონია – ესაა მისი მადლიერებისა და სიყვარულის გამოცხადება ყველასა და ყველაფრის მიმართ, რაც ებოძა ამ სამყაროში, ცხოვრების და შემოქმედების ძნელ გზებზე. ეს მიზეზი ძალიან მკაფიოდ ჩანს ყველა ეპიზოდსა და ნიუანსში, ამიტომ, თავიდანვე, პირველი აბზაცებიდანვე საოცარი კეთილშობილებით განაწყობს მკითხველს და ამ განწყობითვე თანამგზავრობს მასთან წიგნის ბოლო სტრიქონებამდე.

„დღეს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე“ – ასე იწყება წიგნი და საგულისხმო დეტალია, რომ მთელი ეს თხრობა აწმყო დროში მიმდინარეობს, თითქოს ავტორი წარსულს კი არ იხსენებს, არამედ მარადიულ აწმყოდ მოხელთებულ ცხოვრებას ჰყვება, აქ და ახლა მიმდინარე ამბავს განიცდის და განაცდევინებს მკითხველსაც. ეს დროითი კონტრაპუნქტი, ვფიქრობ, მწერლის გულწრფელობის ხარისხსაც გულისხმობს, თხრობის ეფექტიანობასაც, რადგან სწორედ „აქ და ახლა“ მომხდარი ამბავი იწვევს თითქოს მეტ ნდობასა და ინტერესს, ზოგადად, ინფორმაციის გაუვალ ჭაობში ჩაძირული და „ნიუსებზე“ დაგეშილი თანამედროვე ადამიანისათვის.

გიორგი ლობჟანიძის „ნიუსები“ კი იმ ელეგანტურ ნონფიქშენს ქმნის, რომელიც მრავალი ფიქრისთვის აღგძრავთ, გაგაღიმებთ და აგატირებთ კიდეც. ხსოვნის ფსკერიდან ამოზრდილი ნიუანსები ტვიფრავს ადამიანთა პორტრეტებსაც და მოვლენათა კონტურებსაც – ამ ნიუანსებით იცნობა თავად მწერლის შინაგანი სამყარო, მისი გულის არჩევანი: რა დაიტოვოს მარადიულ ხსოვნად და რა მისცეს სამუდამო დავიწყებას… ბავშვობის ეპიზოდებში ჩამდგარი სინათლე ცხოვრების შემდეგდროინდელ ეტაპებსაც სწვდება და ანათებს, უფრო სწორად – ეს სინათლეა ორიენტირი ყველა დანარჩენი მოვლენისათვის, მისი შუქი ეფინება მომავლის „ვარდსა და ნეხვს“ და ამით სწორდება ყველაზე უკუღმართი და უსამართლო ტკივილებიც. ობლობაში გატარებული ბავშვობის ყველაზე დიდი ჯილდო ადამიანები არიან, თითოეულ მათგანს დაუვიწყარ მინიატურებში აცოცხლებს გიორგი ლობჟანიძე. მუსიკის მასწავლებელი ლიანა ტატიშვილი, მოულოდნელსახელიანი ანსამბლით: „დისკანტი“; ბევრისთვის ნაცნობი და ძალიან საყვარელი პოეტი და ადამიანი მურად მთვარელიძე – გიორგის დიდი მხარდამჭერი და მფარველი; ბევრი ტკივილის, გაჭირვების მიუხედავად მაინც ლაღი და ერთადერთ ძმაზე გადაფოფრილი დები და მათი დიდი ოჯახები; ბავშვობის ოკრობოკროებზე, წვრილიანსა თუ შარა-გზებზე ამვლელ-ჩამვლელი ყოველი მგზავრი, ვინც მწერლის ხსოვნას რაღაც განუმეორებელი ნიუანსით წამოედო – სწორედ ისინია ძალა, რომელმაც ლექსების მწერალი ბიჭი გაამხნევა და ცხოვრების უფრო რთული აღმართებისკენ უბიძგა.

ხაშურის სოფელ ნაბატხევიდან დაწყებული, სამეგრელოს ლაჟვარდოვანი სანახებით დამთავრებული, დავით კაკაბაძის ნახატებივით შთამბეჭდავ ესკიზებადაა გაშლილი წიგნში საქართველოს ეთნოგრაფიული სურათი, ის ლაზათი და სიკოხტავე, რომლითაც ყველა კუთხე გამოირჩევა. ამ ესკიზების ჰერბარიუმში კი ჩაკრულია ამბები-ექსპონატები: პირველი ლექსის დაწერისა და მაღალი სიცხის, გვირილებისა და დედის სამუდამო ჩაძინების, ნაჩუქარ წიგნში ჩარჩენილი ყოჩივარდებისა და ვინ მოთვლის კიდევ, რამდენი ასეთი ამბავი, რომლებიც, ავტორის ყველაზე დიდ სიმართლედ – მხატვრულ სინამდვილედ იქცნენ.

უნდა ითქვას, რომ ეს წიგნი დაწერილია დიდი ტაქტით, იუმორით. მწერალი ერთი შეხედვით საჩოთირო თემასაც კი ისეთი სიმსუბუქით ეხება, რომ საბოლოოდ უწყინარ ღიმილს იწვევს მკითხველში. ეს ტაქტი მხოლოდ პოზიცია არაა, ის ასევეა მწერლის არჩევანი.

წიგნის შესავალში, მწერალი და პუბლიცისტი როსტომ ჩხეიძე (ამ რომანის ერთ-ერთი ძვირფასი და ხშირად ნახსენები პერსონაჟი) წერს: „გიორგი ლობჟანიძის ავტობიოგრაფიულ თხზულებაში ორივე ნაკადია გამოკვეთილი – როგორც ცნობილი პირნი, ისე უცნობნი, ოღონდ ვერ იტყვი, რომელი რომელს სჯობს, რადგანაც უცნობ პირთა ნაკადში ისეთი ამბები ტრიალებს, ისეთი სილუეტები და ხასიათები იხატება, თითოეულის თარგზე შესაძლოა, სწორედაც რომ ნოველა გაიშალოს“.

რაც შეეხება ცნობილთა პორტრეტებს, თუნდაც ამ მხრივაა „ჩემი ფანჯრებიდან“ მნიშვნელოვანი და საგულისხმო წიგნი – პაატა ნაცვლიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ოთარ ჩხეიძე, ნაირა გელაშვილი -წიგნში შთამბეჭდავადაა აღწერილი მათთან ურთიერთობის ბედნიერება, გაცოცხლებულია ისეთი კადრები, რომლებიც, არათუ უდასტურებს მკითხველს ამ პიროვნებათა მიმართ პატივისცემას და სიყვარულს, არამედ კიდევ უფრო განუმტკიცებს მას და გააცნობს მათ აქამდე უცნობი ადამიანური მშვენიერების კუთხიდან…

ცალკე აღსანიშნავია უნივერსიტეტის გარემო, იმ ადამიანთა სამყარო, რომლებსაც გიორგი ლობჟანიძე პროფესიულ გზაზე დაუკავშირდა. სტუდენტობის ძნელი და მაინც თავბრუდამხვევად შთამბეჭდავი თავგადასავალი, ნაომარი, სუსხიანი და საშიში 90-იანები, ამ შიშზე ძლიერი მეგობრები – ერთმანეთის ჭირისუფლები, სიდუხჭირის, უნუგეშოდ რთული ყოფის წყვდიადში გამოსხივებული ადამიანობის მაგალითები…

ამ წიგნში დიდი ადგილი ეთმობა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის საქმეების აღწერას, იმ ადამიანთა წარმოჩენას (ირინე გოცირიძე, აპოლონ სილაგაძე, მაია ანდრონიკაშილი, ნინო კახიანი და ა.შ.), რომლებმაც პროფესიონალიზმის მაგალითი აჩვენეს – ესაა სრულიად უნიკალური პროფესიული გამოცდილება, ღრმა და შთამბეჭდავი ურთიერთობები, პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხი! ამ ადამიანებზე საუბრით, გიორგი ლობჟანიძემ საგანმანათლებლო სკოლის ის მოდელი გვაჩვენა, რომელიც, წესით, ბუნებრივი და საყოველთაო უნდა იყოს ყველა პედაგოგისთვის, ეს ის თამასაა, რომლის ქვემოთ სწავლაზე, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული საზოგადოება არც უნდა იხედებოდეს… რომანის მთავარი პროტაგონისტი შემეცნების, განათლების დიდ წყურვილზე ისე გადამდებად წერს, რომ ვფიქრობ, ბევრი სტუდენტისთვის იქნება სამომავლო წამქეზებელი ცოდნის გზებზე დაუღალავად და რაც მთავარია, ნაყოფიერად სიარულისთვის.

ეს კეთილი, ლაღი, ხსოვნით სავსე წიგნი ავტორის თეირანში სასწავლებლად გაგზავნის ეპიზოდით სრულდება, თუმცა ეს არაა ამ თავგადასავლის ბოლო წერტილი. ეს მხოლოდ მისი პირველი ნაწილია და მკითხველს წინ მისი გაგრძელება ელოდება.

რაც უფრო მეტად იხსნება მეხსიერების უფსკრული, მით უფრო მეტად ივრცობა სამყარო, რომელიც ნაფიქრის და ნანახის, განცდილის და აღქმულის სარკმლიდან ჟონავს. ამ გავრცობილ სამყაროში ერთმანეთს უკეთესად ვცნობთ, საიდუმლო ენით ვეხებით. „ჩემი ფანჯრებიდან“ ეგეთი სამზერია: ყველაზე იდუმალიც ჩანს და რაც მთავარია – ბოლო არ უჩანს სიყვარულს.

 

 

 

 

პური, ყველი და კეთილი გული…

0

ერთ ძალიან კარგ ქალს ვიცნობდი. რთული, მაგრამ ლაღი ბავშვობა ჰქონდა. რთული იყო-მეთქი, ვწერდი, რადგან ომის პერიოდის ბავშვი იყო და მთელი მისი ავბედობა თავად გამოცადა. ლაღი კიდევ იმიტომ, რომ ბუნებაში, სიმწვანეში, სუფთა ეკოლოგიურ გარემოში იზრდებოდა. სუფთა წყალი და ჰაერი ჰქონდა. მაშინდელ ბავშვებს არც გაჯეტები, არც ინტერნეტი და არც ვირტუალური გაკვეთილები არ უღლიდათ თვალებს.

 

ერთხელ ეს ქალი, უფრო სწორად მაშინ პატარა გოგო, დეიდას ესტუმრა თბილისში. აქ კი ტალონით ხელში პურზე გაგზავნეს. ომის შემდგომი შიმშილი იდგა. გოგოც ისეთი გამხდარი ყოფილა, ბანაობისას საკუთარი ნეკნების თვლით ირთობდა თურმე თავს. ტალონით ერთი „ბუხანკა“ და პატარა ნაჭერი მოსვლია. ეს ნაჭერი გადაღლილს სადღაც დავარდნია და დეიდასთვის ეს ამბავი გულწრფელად მოუყოლია. დეიდას ქმარს არ დაუჯერებია, შეჭამე ნამდვილადო და იმ დღეს პურის გარეშე დაუტოვებიათ…

 

წარმოგიდგენიათ? პატარა გაკნაჭულ გოგოს ამხელა „მუტრუკი“ რომ პურის გარეშე დატოვებ… ზემოხსენებულ სიტყვაზე განსაკუთრებულ ბოდიშს ვიხდი, თუმცა ზოგჯერ სწორედ ასეთი სიტყვები ყველაზე უკეთ გადმოსცემენ ადამიანის ბუნებას. აკი ვაჟაც ამბობს – „მუტრუკი მიტომ მუტრუკობს….“.

 

კეთილი, სხვა მხარეს არ გადავუხვევ და წერილს განვაგრძობ.

 

პურის რიგში მეც ვმდგარვარ. ისიც მახსოვს, თითო ადამიანზე გარკვეულ რაოდენობას რომ ჰყიდდნენ, თუმცა იმ გოგოსნაირი ბოროტი ნათესავები არ მყოლია და ძალიანაც კარგი.  დღეს სუპერმარკეტებში პურის უამრავ ნაირსახეობას შეხვდები. ზოგიერთი მათგანი, რაც არ უნდა დიდხანს გედოს, არც კი ობდება, ნაწილს ასე ვთქვათ, სასარგებლო დანამატები აქვს, შენ მხოლოდ აირჩიე, რა გსურს.

 

თუმცა, მე, კახეთში მიმავალს, ერთი ადგილი მაქვს ამოჩემებული, თონის შოთს და გუდის ყველს ყიდიან. თონეში მომუშავე ქალები ცხელი შოთის ხელში ჭერას ისე მიჩვეულან, რომ ხელი აღარც კი ეწვებათ და ჰგონიათ, რომ შენც ეგრე უნდა იყო. ამიტომ, ამოყრიან, ამოყრიან და ხელებში მომაჩეჩებენ – აჰა, ცხელ-ცხელი მიირთვიო. მე კიდევ მათნაირი გამოწრთობილი ვერა ვარ და ხან ერთ ხელში გადავიტან, ხან მეორეში… რაც ძალი და ღონე მაქვს მანქანისკენ გავრბივარ, რომ მალე დავაბინაო, მე დამწვრობას გადავრჩე, პურები კიდევ – დაბლა დაყრას.

 

პური ნახშირწყალია. ნახშირწყალი ბუნებრივი პოლიმერია. მისი მონომერები მარტივი მონოსაქარიდებია. ჩვენს ორგანიზმში მას ორი ძირითადი ფუნქცია აკისრია: სტრუქტურული და ენერგეტიკული. ნახშირწყლების მონელება პირის ღრუდან იწყება. აქ მათზე ნერწყვში შემავალი ფერმენტები – ამილაზები მოქმედებს. მათი ზემოქმედებით ნახშირწყლების უზარმაზარი ჯაჭვები იხლიჩება და ოლიგოსაქარიდების გროვები წარმოიქმნება. შემდეგ ისინი კუჭში ხვდებიან. კუჭში მჟავა გარემოა, ამიტომ ნერწყვის ტუტე გარემოში აქტიური ამილაზები პასიურ მდგომარეობაში გადადიან და ნახშირწყლების დაშლაც წყდება. კუჭში მხოლოდ ცილა მოინელება. თორმეტგოჯა ნაწლავში ნახშირწყლების მონელება განახლდება და საბოლოოდ წვრილ ნაწლავში სრულდება, სადაც წარმოქმნილი მონოსაქარიდები სისხლში შეიწოვება და შესაბამის ორგანოებში გადანაწილდება.

 

პური უმთავრესად რთულ პოლისაქარიდს – სახამებელს შეიცავს.

 

სახამებელი მცენარის ნახშირწყლოვან მარაგს წარმოადგენს, ფოტოსინთეზის შედეგად წარმოიქმნება და მცენარის თითქმის ყველა ნაწილში  სხვადასხვა რაოდენობით მარცვლებად გროვდება.

 

სახამებლით მდიდარია: ბრინჯი – 78%; ფქვილი – 74%; სიმინდი – 70%; კარტოფილი – 16%.

 

სახამებლის მოლეკულები α-გლუკოზის ნაშთებისგან შედგება. ნაშთები ერთმანეთთან 1,4 გლიკოზიდური ბმითაა დაკავშირებული. სახამებლის მოლეკულას როგორც ხაზობრივი (წრფივი), ისე განშტოებული აგებულება აქვს. წრფივი მოლეკულები სპირალურად იხვევა.

 

ფქვილი სახამებელთან ერთად სამი ტიპის წყალში ხსნად ცილებს შეიცავს: ალბუმინებს, გლობულინებსა და პროტეაზებს. შეიცავს წყალში უხსნელ ცილებსაც: გლუტენინებსა და გლიადინს. ცომის მოზელისას ხსნადი ცილები წყალში იხსნება, გლუტენინი და გლიადინი კი ცომის სტრუქტურის ფორმირებაში მონაწილეობს. ამიტომ, თუ ვინმეს ცილა გლუტენის აუტანლობა აწუხებს, სპეციალურად მისთვის გამომცხვარი პური უნდა მიირთვას. გლუტენზე სტატია იხილეთ ამ მისამართზე https://mastsavlebeli.ge/?p=23688.

 

ახლა კი ის  ზოგიერთი დანამატი მინდა ჩამოვთვალო, რომლებსაც თანამედროვე ადამიანი დღევანდელ პურში შეხვდება. ეს თონეში შეშაზე გამომცხვარ პურსაც   ეხება, რადგან ზოგიერთ დანამატს პირდაპირ ფქვილს ამატებენ და რაც არ უნდა კეთილსინდისიერი მცხობელი იყოს, ფქვილს სად წაუვა?

 

მაშ ასე, პურში შესაძლოა იყოს:

 

  • ემულგატორები E471, E472e, E481, E482. ეს ნაერთები ბუნებრივი და სინთეზური წარმომავლობისაა. მათი მოვალეობა ცომის კონსისტენციის გამაგრება ან დარბილებაა.
  • ნატრიუმის დიაცეტატი (E262) – პოპულარული კონსერვანტია, რომელიც პურს ახლად გამომცხვარის იერს უხანგრძლივებს. ძირითადად, ე.წ. ტოსტების წარმოებისას იყენებენ. შედარებით უვნებელია.
  • გოგირდის დიოქსიდი (E220) ძლიერი კონსერვანტია, რომელიც პურს დაობებისგან იცავს. დიდი დოზებით, შეიძლება საჭმლის მონელების პროცესის არევა გამოიწვიოს. უნდა მოერიდოს ის ხალხი, რომებსაც აწუხებს ასთმა და სუნთქვის პრობლემები აქვს.
  • სორბინის მჟავა და სორბატები (E200-E203). პურპროდუქტებს გაფუჭებისგან იცავს და შედარებით უვნებელია.
  • ასკორბინის მჟავა (E300), იგივე C ვიტამინი, მას ფქვილს უმატებენ და ხარისხის მიუხედავად მოზელილი ცომი კარგად ფუვდება.
  • ლიმონმჟავა (E330), ბუნებრივი მჟავას სინთეზურ ანალოგს უმატებენ, რომელიც არეგულირებს მჟავიანობას. ზოგჯერ შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს.
  • კალციუმის ფოსფატები (E339-34) ასევე პურის მჟავიანობის მარეგულირებელია. ხელს უშლის კალციუმის შეწოვას.
  • L-ცისტეინი (E920) – აუმჯობესებს ცომის სტრუქტურას და ფქვილისვიზუალურ ხარისხს.
  • სოიას ფქვილი, საშუალებას იძლევა, რომ ცომს ზელისას მეტი წყალი დაემატოს. ცომი უფრო რბილი ხდება, მისი მასა იზრდება, თუმცაეცემა ხარისხი.
  • პროპიონის მჟავა და ნატრიუმის პროპიონატი (E280-281) უკვე დაფასოებულ ტოსტებს უმატებენ. იშვიათად და მცირე დოზებით უვნებელია.

 

ქიმიის გაკვეთილზე ან კლუბური მუშაობისას პურის მჟავიანობის შემოწმება შეიძლება. აიღეთ ნებისმიერი პური, ჩამოაჭერით რაღაც ნაწილი და გული ქერქისგან განაცალკევეთ. აწონეთ 15 გრამი  რბილობი და ფაიფურის როდინში მინის წკირით დააქუცმაცეთ. მოათავსეთ შემდეგ ქიმიურ ჭიქაში და დაამატეთ 150მლ. გამოხდილი წყალი. კარგად მოურიეთ და დაასვენეთ ხუთი წუთი. მიღებული ნარევი დოლბანდზე გაფილტრეთ და ფილტრატი კოლბაში მოათავსეთ. ახლა ამ კოლბიდან აიღეთ 50მლ. მიღებული ფილტრტატი და სხვა კოლბაში გადაიტანეთ.  დაამატეთ ფენოლფთალეინის 2-3 წვეთი.  კარგად მოურიეთ.  შემდეგ აიღეთ ნატრიუმის ტუტის 0.1 N ხსნარი და ჩაასხით ბიურეტში გასატიტრად. ვტიტრავთ სუსტი, მდგრადი ვარდისფერი შეფერილობის წარმოქმნამდე.  მჟავიანობას ვადგენთ ფორმულით:

მჟავიანობა= V•150/50•15•10

სადაც, V – გატიტვრაზე დახარჯული ტუტის რაოდენობა;

10 – 0.1 N ხსნარის გადაანგარიშება 1 N ხსნარზე;

15- პურის წონა;

150- პურის ფილტრატის  რაოდენობაა.

 

კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რომელიც სახლშიც შეიძლება ჩატარდეს – რომელ პურში მეტი სახამებელია?

აიღეთ რამდენიმე სახეობის პურის ნაჭერი, ჩაალბეთ წყალში, გააჩერეთ მცირე ხნით და შემდეგ იმ წყალში, სადაც პური გქონდათ ჩალბობილი იოდის რამდენიმე წვეთი ჩაასხით. თუ ლურჯად შეიფერა, ნიშნავს, რომ სახამებელი გვაქვს.

 

გახსოვთ, გოგოზე ვყვებოდი. ომის შემდგომ საქართველოში რომ იზრდებოდა და სულ გემრიელი საჭმელი და ტკბილეული ენატრებოდა. მარტო იმას კი არა, ყველანი ეგრე ყოფილან იმ დროს. ეს გოგო რომ გავიცანი ასე 28 წლისა იქნებოდა. მე პატარა ვიყავი, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, რა ლამაზი იყო და რა სითბოთი მიმზერდა. უკვე სიცილით მიყვებოდა ომის შემდგომი დროის ამბებს. ბუნება და სხვანაირი იმედიანი განწყობა შველოდა ხალხსო.

 

სკოლიდან დაბრუნებულს და 5-6 გაკვეთილ გამოვლილს დედა მაგიდაზე ლამაზად გაწყობილ ახლად გამომცხვარ პურს და ყველს შემოდებდაო, შაქრიანი ჩაიც თუ იქნებოდა, მთლად კარგი იყოო და კიდევ დააყოლებდა, კეთილი გულიც გვქონდაო.

 

ჰოდა, სულ მერიდებოდა კითხვა – სად იდო მაგიდაზე კეთილი გული?

როგორ შევუნარჩუნოთ ბავშვს სკოლისადმი ინტერესი

0

დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა, ამერიკელმა ბარბარა შილმა, 36 მოუსვენარ თინეიჯერებთან ერთად ექსპერიმენტი ჩაატარა. მან მოზარდებს განუცხადა, რომ პირველი დღის განმავლობაში შეეძლოთ ის ეკეთებინათ, რაც სურდათ. იგივე განმეორდა მეორე დღეს, თუმცა შემდეგ მასწავლებელმა მოზარდებს ერთი კვირის გეგმა შეუდგინა. აუხსნა, რომ სასწავლო გეგმას უნდა მიჰყოლოდნენ და თავი გამოეჩინათ. ექსპერიმენტის დროს ყველა მოზარდს გაუჩნდა სწავლის მოტივაცია, ყველას სურდა ეყოჩაღა. შედეგად, მათ მეტი მონდომებით განაგრძეს სწავლა.

მშობლები ხშირად ცდებიან, როცა განუწყვეტლივ უჩიჩინებენ შვილს, რომ სწავლა მათი ცხოვრების უმთავრესი ქვაკუთხედია, რომ თუ გაკვეთილებს არ მიხედავენ, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ.

ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ბავშვებს, რომ სკოლაც მნიშვნელოვანია და ისიც, რისი კეთებაც  ძალიან მოსწონთ – ჰობი იქნება ეს, სპორტი თუ მუსიკა, მეგობრებთან ურთიერთობა თუ ლაშქრობები. დიახ, ზოგი ბავშვისთვის სკოლა რეალურად შეიძლება იდგეს პირველ ადგილზე და ის ბუნებრივად ეწაფებოდეს ცოდნას, მაგრამ აუცილებელია ბავშვის არასასკოლო აქტივობებში ჩართვაც.

მშობლები მაშინაც ცდებიან, როცა ბავშვებს სწავლაში გაქეზების მიზნით, მეგობრისა და მეზობლის შვილებს ადარებენ. რა თქმა უნდა, კონკურენცია ზოგჯერ არის მოტივაცია, მაგრამ არა მოზარდობის ასაკში. თუ მშობლები შვილებს სხვა ბავშვებს ხშირად შეადარებენ, ეს დემოტივაციას გამოიწვევს და სწავლისადმი ინტერესი ნელ-ნელა დაეკარგებათ.

ბავშვი სულ რომ ცუდად სწავლობდეს, არ შეიძლება ამის გამო მისი შეურაცხყოფა, დაშინება, მუქარა, იმის თქმა, რომ სულელი და ბრიყვია. გვახსოვდეს: მშობლის მიერ ნათქვამი გულსატკენი მოკლე ფრაზაც კი ბავშვს შეიძლება მთელი ცხოვრება ახსოვდეს და  უარყოფითად აისახოს მის მომავალზე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. ვიფრთხილოთ სიტყვებთან, როდესაც ბავშვების გაკიცხვას გადავწყვეტთ.

ჩნდება კითხვა – მაშ, როგორ დავაინტერესოთ ბავშვები სწავლით? უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ დროდადრო სიზარმაცე ან არაფრის კეთების სურვილი ყველას გვიჩნდება და ეს გლობალურ საშიშროებას არ წარმოადგენს იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც ბავშვი სკოლის მიმართ სრულიად გულგრილი ხდება. თუ ბავშვს უბრალოდ არ სურს სწავლა, არსებობს საამისო მიზეზი და ეს კატასტროფა როდია.

ასევე, არაეფექტიანია ბავშვის მუდმივი კონტროლი. ადრე თუ გვიან ბავშვი იმასაც მოიფიქრებს, როგორ დაგვისხლტეს ხელიდან. საქმის იძულებით კეთება რთულია და ეს ბავშვს კი არა, ჩვენც არ მოგვწონს. მშობლების ზემკაცრმა მოთხოვნებმა შესაძლოა ბავშვში სწავლა-განათლების პროცესისადმი ზიზღი გამოიწვიოს, რომელიც მას ზრდასრულობაშიც გაჰყვება.

გამოდის, რომ სწავლით დაინტერესების ერთადერთი გზა მოტივაციის შექმნაა. ის  შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი, დადებითი და უარყოფითი. განვიხილოთ უფრო დეტალურად.

გარეგანი მოტივაცია დაკავშირებულია ნებისმიერ გარე გარემოებასთან, მაგალითად, ჯილდოსთან ან, პირიქით, დასჯასთან. ის შეიძლება იყოს პოზიტიური, მაგალითად, როდესაც ბავშვს სემესტრის ბოლოს კარგი სწავლისთვის ახალი ტელეფონით დავასაჩუქრებთ; ასევე, შეიძლება იყოს ნეგატიური – თუ, ვთქვათ, ბავშვი სემესტრს დაბალი ქულებით ხურავს და ამის გამო ჩვენ დასჯით დავემუქრებით და მეგობრებთან ურთიერთობას შევუზღუდავთ.

შინაგანი მოტივაცია დაკავშირებულია საქმესთან და იმასთან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანისთვის. მაგალითად, პოზიტიური შინაგანი მოტივაციაა, როდესაც ბავშვი ცდილობს მაღალი ქულების მიღებას იმის გამო, რომ შემდგომში გამოცდები კარგად ჩააბაროს, ჩაირიცხოს უნივერსიტეტში იმ ფაკულტეტზე, რომელზეც თვითონ სურს ჩარიცხვა და ისეთი სამსახური იპოვოს, რომელიც მის მისწრაფებებსა და შესაძლებლობებს მოერგება. რაც შეეხება ნეგატიურ მოტივაციას, ეს ის შემთვევაა, როდესაც ბავშვი ხვდება, რომ თუ კარგად არ ისწავლის, გრანტს ვერ მიიღებს.

ყველაზე პროდუქტიულია შინაგანი პოზიტიური მოტივაცია. სწორედ ის არის ახალი  წამოწყების, რეალიზებული პროექტების, დასახული მიზნების მიღწევის წყარო. ადამიანები, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს, პირველ რიგში, მაღალი შინაგანი მოტივაციით გამოირჩეოდნენ.

მაგრამ გარეგან მოტივაციას, ფსიქოლოგთა აზრით, საერთოდ არ შეუძლია ბავშვის სწავლით დაინტერესება. მაგალითად, ალფი კონი, პოპულარული ავტორი წიგნისა „ჯილდოთი დასჯა“, ამტკიცებს, რომ თუ ბავშვის მოტივირებას გარეგანი წახალისებით შევეცდებით, ის დავალების შესასარულებლად ყველაზე მარტივ და იოლ გზებს მიაგნებს და ამ დავალების შესრულებას შემოქმედებითად არ მიუდგება. მაგალითად, საშინაო დავალებას „დაგუგლვით“ შეასრულებს. შესაბამისად, ასეთ სწავლას შედეგიც არასახარბიელო ექნება, რადგან ბავშვისთვის მთავარი ამოცანა გახდება არა ცოდნის, არამედ ახალი ტელეფონის მოპოვება.

ბავშვი სწავლით რომ დაინტერესდეს, მას გულწრფელად უნდა მოეწონოს სწავლების პროცესი. ეს ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი სკოლაში ავტორიტარი პედაგოგები ასწავლიან, კლასში კი მძიმე ან კონფლიქტური ატმოსფეროა.

ფსიქოლოგები გვირჩევენ:

შევქმნათ სასწავლო განწყობა – თუ თქვენი ჰობი, მაგალითად, ფორტეპიანოზე დაკვრაა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაუკრათ მაშინ, როცა მშიერი ხართ, ცუდ ხასიათზე ან თავი გტკივათ. სწავლასთან დაკავშირებითაც ასეა. ბავშვი სამეცადინოდ უნდა დაჯდეს მშვიდ ვითრებაში, ნორმალურად ნაკვები. შეგიძლიათ დაეხმაროთ კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში, შეუძინოთ კარგი სამეცადინო მაგიდა, სკამი, განათება. დაეხმაროთ საშინაო დავალების მომზადებაში, წაახალისოთ.

მხარი დაუჭირეთ ბავშვის ჰობის – წაახალისეთ ყველაფერი დადებითი, რის მიმართაც ის ინტერესს გამოხატავს. თუ მოსწონს ასტრონომია, წაიყვანეთ  პლანეტარიუმში, უყიდეთ ვარსკვლავების რუკა. თუ წიგნების კითხვა უყვარს, ერთად მოინახულეთ ლიტერატურული ადგილები, დალაშქრეთ მწერლების სახლ-მუზეუმები, იარეთ პოეზიის საღამოებზე. ეცადეთ, მონაწილეობა მიიღოთ ყველა ღონისძიებაში, რომელიც ბავშვისთვის საინტერესოა. ერთმანეთს გაუზიარეთ მიღებული შთაბეჭდილებები.

მიიღეთ ინსპირაცია წარმატებული ადამიანებისგან – როგორც აღვნიშნეთ, ცხოვრებაში დიდ წარმატებას შინაგანი მოტივაციის მქონენი აღწევენ. ბავშვებს უყვართ ბიზნესმენების, მეწარმეების, ტექნოლოგიური ინოვატორების წარმატების ისტორიების მოსმენა. წაიკითხეთ ჯეკ მას, ელონ მასკის ბიოგრაფიები ბავშვებთან ერთად. მაგალითად, ჯეკ მა ბავშვობიდანვე მრავალ საათს უთმობდა უცხოელ ტურისტებთან ურთიერთობას, რათა ინგლისური ენა სრულყოფილად ესწავლა; ელონ მასკი კი ნულიდან სწავლობდა კოსმონავტიკას, ფიზიკას, ხომალდმშენებლობას და ასე გახდა თავისი საქმის დიდი მცოდნე. წარმატების ისტორიები ხელს უწყობენ ბავშვების სწავლით დაინტერესებას.

უპასუხეთ ყველა შეკითხვას – არ გაექცეთ პასუხებს, როგორი გულუბრყვილო ან უსარგებლოც არ უნდა მოგეჩვენოთ ბავშვის კითხვები. თუ მათ ყველაფერს დეტალურად და სიამოვნებით უამბობთ, გახდით მას ცნობისმოყვარეს, ასწავლით კრიტიკულ აზროვნებას, შეკითხვების დასმას, ანალიზის უნარს. ამის შემდეგ თქვენ არ მოგიწევთ მისთვის სწავლის იძულება. ამას თავად გააკეთებენ.

სწორი გარემო – ხშირად სწავლისადმი ინტერესს ბავშვებს თავიანთი თანატოლები აკარგვინებენ. სწორი გარემო ხელს შეუწყობს განათლების სიყვარულის გაღვივებას. მეგობრები, თანაკლასელები, უფროსი და-ძმა, ოლიმპიადებისა და შეჯიბრებების მეგობრები, მეზობლები – ყველა, ვისაც მოზარდი პატივს სცემს, შეუძლია მისთვის კარგი მაგალითი აღმოჩნდეს და სწავლით დააინტერესოს.

ისწავლეთ ბავშვთან ერთად – დაანახეთ, რომ სიახლეებით თქვენც ინტერესდებით. ერთად უყურეთ საგანმანათლებლო ფილმებს, ვებინარებს, ვიდეოებს.  სწავლის კიდევ ერთი კარგი გზაა თამაშები.

შეაქეთ და გააკრიტიკეთ მოზარდი სამართლიანად – კომპეტენტური უკუკავშირი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სამოტივაციო ინსტრუმენტია. შეაქეთ თქვენი ბავშვი სწავლისადმი ინტერესის, შემოქმედებითი გადაწყვეტილებებისა და დისციპლინური წარმატების მიღწევისთვის. კრიტიკაც საჭიროა, მაგრამ არა განსჯის ფორმით. ერთად გააანალიზეთ, რა გამოუვიდა, რა უნდა გააუმჯობესოს შემდეგ ჯერზე.

გაათავისუფლეთ ბავშვი ზედმეტისგან – შეუძლებელია, იცოდე ყველაფერი ყველაფრის შესახებ. თუ მოზარდი საერთოდ არ არის დაინტერესებული, ვთქვათ, ქიმიით, არ უნდა აიძულოთ, ამ საგანში მიაღწიოს იდეალურ შედეგს. სკოლის დამთავრების შემდეგ ის დაივიწყებს ვალენტობასა და ფორმულებს, ხოლო საყვარელი საგნის ცოდნამ კი შეიძლება მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

ისლამი – ქართული კულტურის ნაწილი

0

რამდენიმე კვირის წინ ტელევიზიით ერთი ქართველი, არცთუ ცნობილი მოცეკვავის გამოსვლას ვუსმინე. სამწუხაროდ, ქართული მედიის უმდიდრეს და საკმაოდ პოპულარულ საშუალებებს მიაჩნიათ, რომ მოცეკვავეები რელიგიურ მრავალფეროვნებასა და კონფლიქტებზე მსჯელობის დროს ყველაზე კომპეტენტური რესპონდენტები არიან. ხელოვანმა ნინოწმინდის მართლმადიდებლურ პანსიონში განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღების მოდუნება ისლამზე შეტევით სცადა და განაცხადა: „მთელ აჭარაში  [მედრესეებში] ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ და აღარაფერი ქართული მათში აღარ არის, ვინმეს უკითხავს, რატომ?“

წამყვანები და სტუდიის სტუმრები საზოგადოებრივი აზრის მომავალი ლიდერის გამოსვლას კმაყოფილებითა და მდუმარებით შეხვდნენ. ალბათ, ფიქრობდნენ, რა კარგია, რომ ჩვენი სათქმელი ამ ქალმა თქვა და თავსატეხი თავიდან აგვაცილაო.

რატომ არ უნდა დავტოვოთ მოცეკვავის გამოსვლა უპასუხოდ?

მხოლოდ ვიწრო წრეებისთვის ნაცნობმა მჭევრმეტყველმა თავისი გამოსვლით ირიბად აღიარა სრულიად მანკიერი მიდგომა. მან მიგვანიშნა, რომ მართლმადიდებლურ პანსიონატში ბავშვის ჩაგვრა და შევიწროება უფრო მისაღებია (ნინოწმინდის მოვლენებს აქ არ განვიხილავ, პირობითად აღვნიშნავ ამ გარემოებას), ვიდრე ზემოაჭარელი მუსლიმი მოსწავლეების მიბარება შაბათ-კვირის რელიგიურ სასწავლებლებში. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიყვანოს ქართველმა  მუსლიმმა, რომლის წინაპრებიც საუკუნეების განმავლობაში ამ რელიგიის მიმდევრები იყვნენ, შვილი რელიგიურ სემინარებზე, რომლებიც საჯარო სკოლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და ადეკვატური რეგულაციების საფუძველზე იმართება. რას აშავებს ის? რა არის „არაქართული“ მის ქცევაში? შემაშფოთებელია, როდესაც საჯარო სივრცეში ერთმანეთს აჯიბრებენ სხვადასხვა კონფესიის მიერ დაარსებულ სკოლებსა თუ პანსიონატებს, მათ უპირატესობებზე მსჯელობენ და არაფერს ამბობენ სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სიღარიბესა და სისუსტეზე, ეროვნული ზრუნვის სისტემების გაუმართაობასა და მწირ დაფინანსებაზე. რელიგიური კურსები, ბიბლიისა თუ ყურანის შემსწავლელი წრეები, პანსიონატები გრანდიოზულ პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როდესაც საჯარო სკოლა ვერ ახერხებს მოსწავლისთვის კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, საკმარისი ცოდნის გადაცემას, სოციალური სისტემა კი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის დაბინავებას ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში ანაქრონიზმად აღიარებული სახლების მიღმა. ჩვენი მიზანი რელიგიური ერთობების დასუსტება კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს.

საქართველოს ათეულობით ათასი მოქალაქე ისლამის მიმდევარია. ისინი მუსლიმები 21-ე საუკუნეში არ გამხდარან. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ზოგიერთი ხალხი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ისლამთან იყო დაკავშირებული. მთიან აჭარაში მოსახლე ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმია. მიცხოვრია იმ ოჯახებში, სადაც დილით, საუზმის დაწყებამდე, ყურანიდან ლოცვებს კითხულობენ და ღმერთს მთელი სამყაროს დაპურებას შესთხოვენ. დარწმუნებული ვარ, ამ ოჯახებში ჩემზე მეტად უყვართ ჩვენი ქვეყანა, ამ ოჯახის წევრები ბევრზე მეტს აკეთებენ საქართველოს კეთილდღეობისთვის.

ამასთანავე, ყურანი საკაცობრიო მემკვიდრეობის ნაწილია, მის სიბრძნეს აღიარებენ და სწავლობენ სამყაროს ყველა კუთხეში. ორი მილიარდი ადამიანი წმინდა წიგნის პრინციპებით ცხოვრებას ცდილობს. მუსლიმად ყოფნასა და ყურანის კითხვაში „არაქართული“ რა არის? ჩვენს ამდენ თანამოქალაქეს რატომ ვარწმუნებთ, რომ „სხვები“ ან მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან?

არავინ უარყოფს, რომ გასული ათასწლეულის განმავლობაში საქართველოს განუწყვეტლივ უწევდა ისლამურ სამყაროსთან ბრძოლა. ისლამური სახელმწიფოების წყალობით ჩვენმა ქვეყანამ უამრავი სისასტიკე და უბედურება გამოიარა (სისასტიკე და უბედურება ერთმორწმუნეთაგანაც მრავლად გვახსოვს), მაგრამ გადავრჩით და დაუსრულებელი მეტოქეობის პირობებში ერთმანეთის გარდაქმნასაც შევუწყვეთ ხელი, ერთმანეთის თვისებებიც შევიძინეთ. ქართული ენა, ლიტერატურა და პოეზია, ფოლკლორი, ხუროთმოძღვრება და ხელოვნების სხვა დარგები, ტრადიციები, კულინარიაც კი აღბეჭდილია ისლამური კულტურების ზეგავლენის ნიშნით. საქართველოს უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ ჩვენი იდენტობა მხოლოდ დასავლეთის გავლენით არ ჩამოყალიბებულა. ქრისტიანული სამყაროსადმი ერთგულება, მისკენ სწრაფვა ხელს არ გვიშლიდა, კარი ფართოდ გაგვეღო აღმოსავლეთის სიკეთეებისთვის. მხოლოდ ბეცმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს ქართული კულტურული საგანძურის ის ნაწილი, რომელიც ისლამურ სივრცესთან ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბდა.

თუმცა საქართველოს, მისი იდენტობისა და კულტურის ნაწილად ისლამის გამოცხადება პრობლემას ვერ წყვეტს. როგორც რუსეთის იმპერიალისტურ ძალებთან დაკავშირებული ქრისტიანული კავშირები იმსახურებენ გამადიდებელი შუშის ქვეშ ყოფნას, ასეთივე ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ზოგიერთ ისლამურ ჯგუფსაც.

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად?

ევროპის ქვეყნების მთავრობები ხშირად იყენებენ ტერმინს „პოლიტიკური ისლამი“. ავსტრიის მინისტრთა კაბინეტის დოკუმენტების მიხედვით, პოლიტიკური ისლამის წარმომადგენლებად მიიჩნევიან ის ჯგუფები და ორგანიზაციები, რომელთა იდეოლოგიურ ფუნდამენტს მუჰამედ წინასწარმეტყველის მიერ ნაქადაგები რელიგია ქმნის და რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიული წესრიგის შეცვლას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების უარყოფას, საზოგადოების სრულ ისლამიზაციას. შესაძლოა, ამგვარი მისწრაფებები, გერმანიის, საფრანგეთის, ჩრდილოეთ კავკასიის მსგავსად, საქართველოში მოქმედ ზოგიერთ გაერთიანებასაც ჰქონდეს. ისლამი ხომ სრულად დეცენტრალიზებული რელიგიაა, რომლის უმთავრესი კატეგორიების ინტერპრეტაციის ათასწლოვანი, უკიდურესად მრავალფეროვანი გამოცდილება არსებობს.

აქვე თვალი უნდა გავუსწოროთ იმ საფრთხეს, რომელსაც ზოგიერთი ავტორიტარული სახელმწიფო ქმნის. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მრავლად მოიძებნებიან ქვეყნები, რომლებიც საზღვარგარეთ მომუშავე ისლამურ ჯგუფებსა და სასწავლებლებს თავიანთი გავლენისა და ძალის გასაზრდელად იყენებენ. მიზნის მისაღწევად ისინი არ ერიდებიან კოლოსალური ფინანსური თუ სხვა რესურსების გამოყენებას. ამგვარი ინტერვენციის ეშინიათ საქართველოზე გაცილებით უფრო ძლიერ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. შესაბამისად, არც ჩვენ გვაქვს უსაქმოდ ყოფნისა და სირაქლემას პოზიციაში დარჩენის უფლება.

რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა: „საფრანგეთის მიზანია აღზარდოს ისეთი ინტელექტუალები და იმამები, რომლებიც დაიცავენ ისლამს და ძირს არ გამოუთხრიან რესპუბლიკის უმთავრეს ღირებულებებს“. იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო ოდესმე დაიწყებს ისლამური სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნაზე ფიქრს. ეს იქნებოდა სასწავლებელი, სადაც მაკრონის კონცეფცია ქართული შინაარსით განხორციელდებოდა. უნივერსიტეტი იქცეოდა მთავარ სასწავლო და სამეცნიერო ცენტრად, რომელიც სისტემურ სახეს მისცემდა ისლამის ქართული კულტურის ნაწილად აღიარების პროცესს და დაგვიცავდა ავტორიტარული, ექსტრემისტული ცენტრებიდან მომავალი საფრთხისგან.

ურთიერთობების სკოლა

0

სკოლა სოციალიზაციის ადგილია, სადაც ცოდნის, ღირებულებებისა და ნორმების შეთვისების პროცესი მიმდინარეობს. ბავშვებისთვის ურთიერთობის უნარის ჩამოყალიბების გარეშე ის დაკარგავდა თავის სახეს, თუმცა ისიც ცხადია, რომ სკოლა ასი პროცენტით ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესის წარმატებას და მიზეზი ხშირად არაერთგვაროვანია.

ეს ამბავი უფრო საძნელო ჩანს რაიონის მცირეკონტინგენტიან სკოლებში, იქ, სადაც თითო კლასში სამი, ორი და ხშირად ერთი მოსწავლეა, რის გამოც ისინი თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდიან. ასეთი ბავშვებისთვის განწყობის გამოკეთება შეიძლება პოზიტიური მოლოდინის გაღვივებით, რომ წინ საინტერესო და ურთიერთობებით სავსე სტუდენტური მომავალი ელით.

მრავალი წლის წინათ მეც პატარა ქალაქში დავამთავრე სკოლა და მეგაპოლისის სულისშემხუთველი ტემპის საკეპში მოვყევი. თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღიდან აღმოვჩნდი დილემის წინაშე – უნდა მომეფიქრებინა, ტრანსპორტის ორი სახეობიდან (ავტობუსი-მეტრო) რომელზე შემეჩერებინა არჩევანი და უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე გავყოლოდი. არსებობდა მესამე, თეორიულად ყველაზე ეფექტური ვარიანტიც – ტაქსით მგზავრობა, მაგრამ რადგან მისი განხორციელების შანსი, ჩემი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ისეთივე მცირე იყო, როგორიც მსოფლიოს გარშემო პირადი თვითმფრინავით მოგზაურობა ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად, უმალვე უარვყავი. საბოლოოდ ჩემი არჩევანი ოდნავ მოუხერხებელ, თუმცა უსაფრთხო ვარიანტზე შეჩერდა.

მეტრო, მართალია, ოდნავ მიგრძელებდა უნივერსიტეტამდე მისასვლელ ისედაც უცხო გზას, მაგრამ შეიცავდა ნაკლებ რისკს, რომ ამ გზიდან დაბნეულს გადამეხვია. მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ამოვედი და ჯერ კოსტავას და მერე მელიქიშვილის ქუჩებს ისე გავუყევი, რომ, პირდაღებულს, გამვლელებისა და შენობებისთვის კარგა ხანს არ მომიცილებია თვალი. იმ ქალაქში, სადაც სკოლა დავამთავრე, მიწისქვეშა გადასასვლელების პრაქტიკა, ადგილმდებარეობის თავისებურების გამო, ცხადია, არ არსებობდა, ამიტომ, უნივერსიტეტის პირველ კორპუსს მიახლოებულმა, ქუჩის მეორე მხარეს მოსახვედრად განკუთვნილ ამ უაღრესად პატივსაცემ, მაგრამ ჩემთვის სრულიად არაფრისმთქმელ ადგილს ცივად ავუარე გვერდი და შენობების გასწვრივ იმ იმედით განვაგრძე გზა, რომ შუქნიშნიანი გადასასვლელი გამოჩნდებოდა. შუქნიშანი არ გამოჩნდა და საბოლოოდ ასე უპერსპექტივოდ სიარულმა მაიძულა, რისკიანი გადაწყვეტილება მიმეღო და ვიღაც თავზე ხელაღებულს, რომელიც ყოველგვარი წესის დარღვევით აპირებდა ხმაურიანი ქუჩის გადაკვეთას, გვერდით ამოვუდექი. ქუჩა მშვიდობით გადავკვეთე თუ არა, იმ კაცის აღმაფრენით შევაბიჯე უნივერსიტეტის შენობაში, რომელიც ეს-ესაა გასრესას გადაურჩა. ღიმილი მანამდე არ მომშორებია სახიდან, სანამ, სხვა პირველკურსელებთან ერთად რეგისტრაციის რიგში მდგომს, სამსაათიანი ლოდინის შემდეგ რეგისტრატორმა შესაშური სიმშვიდით არ მითხრა: „ჯერ მესამე სართულზე უნდა აბრძანდეთ, მერე კი – ჩვენთან“.

მომდევნო კვირა სარეგისტრაციო დეტალებზე უთავბოლო სირბილს შევალიე, ნულოვანი სართულიდან მესამემდე არსებულ ყველა ადმინისტრაციულ ოთახში შევდგი ფეხი და ბოლოს ამ სირბილმა, როგორც იქნა, ცხვირი აუდიტორიებშიც შემაყოფინა. იქ დანახული გენდერული დისბალანსით გამოწვეულმა პირველმა ელდამ როგორც კი გამიარა, ოთახი გადავჭერი და უკანასკნელ მერხზე კომფორტულად მოკალათებულმა, პანორამული სურათის თვალიერებით დავიწყნარე აწეწილი ნერვები. ფილოლოგიურის კურსზე ორმოც გოგოზე ერთი ბიჭი მოდიოდა, ეს თანაფარდობა კი, მოგეხსენებათ, ბიჭების სასარგებლოდ მეტყველებს.

მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს ადგილი პროფესიულ ცოდნასთან ერთად მჩუქნიდა ადამიანებს – ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას მეგობრებს, ვისაც კი შეიძლება ცხოვრებაში შევხვდროდი. რომ მისი ფუნქცია იყო ურთიერთობები აეხსნა ჩემთვის, მათთან დავეახლოებინე და ისეთი პირობები შეექმნა, რომ თავი ირაციონალურ სამყაროშიც კი არ მეგრძნო მარტოს.

ახლა რომ მკითხოთ, რა მახსენდება ყველაზე კარგად უნივერსიტეტში გატარებული წლებიდან, მცხეთაში, ჩემი ჯგუფელის, სალომე ბედუკაძის სახლში დანარჩენ ჯგუფელებთან ერთად სტუმრობის ტრადიციას დავასახელებდი, სადაც ოთახებს, ეზოს და საერთოდ ყველაფერს ძალიან მაგარი წიგნები დარაჯობდნენ. მაშინ, გარდა ამ წიგნებთან ურთიერთობისა, ჩვენი უფროსი მასპინძლისგან, ბატონი ანდროსგან, წითელ ღვინომდე მისასვლელი გზის ცოდნის ექსკლუზიური პატივიც მქონდა. ვსვამდი და თან ჯგუფელებს ვუყვებოდი წინა ღამით ნანახ სიზმრებს.

მაგალითად, ერთხელ დამესიზმრა, როგორ ვითავსებდი მწვრთნელის თანაშემწის ფუნქციას ისეთ სახელოვან საფეხბურთო კლუბში, როგორიც „ბარსელონაა“. უფრო მეტიც, მთავარ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდს ძირითადი შემადგენლობის გადახალისებაში ვეხმარებოდი და ერთმანეთის მიყოლებით შემყავდა მოედანზე ჩემი ჯგუფელი გოგოები: თაკო კიკვაძე, ქეთევან ბურნაძე, ლალუკა გოგოლაძე… მატჩის სტარტზე ჩემი ტაქტიკური გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, არ ამართლებდა, რადგან კამპ ნოუზე შეკრებილ განაწყენებულ პუბლიკას მიზანში ვყავდი ამოღებული და სტვენა-ღრიანცელით გამოხატავდა ჩემი შუაზე გაგლეჯის სურვილს. ვითარება მანამდე არ შეცვლილა, სანამ სათადარიგოთა სკამზე მჯდომ სალომე ბედუკაძეს არ ვუხმე, საყრდენი ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი მოედნიდან არ გამოვაბუნძულე და სალომე მის მაგივრად არ ჩავრთე თამაშში. და საჩემპიონო სპექტაკლი დაიწყო. დაიწყო ის, რის გამოც ფეხბურთის ქომაგებს სიგიჟემდე უყვართ და მთელ ცხოვრებას ურჩევნიათ სპორტის ეს სახეობა.

ამ სიზმრის ემოციური გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მეორე დღეს, რუსთველოლოგიის ლექციაზე მჯდომი, კარგა ხანს ვაკვირდებოდი სალომეს და არ მესმოდა, რატომ ანიავებდა ფილოლოგიის კურსის შესწავლაში იმ ძვირფას დროს, რომელიც შეეძლო ფეხბურთელის კარიერის ასაწყობად გამოეყენებინა.

ამ და კიდევ უამრავი თბილი სიზმრის ფონზე კი ალბათ არ არის გასაკვირი, თუ სოფლის სკოლის მასწავლებელი ხშირად უყვება მოსწავლეებს, რომ ის ადგილი, სადაც სკოლის შემდეგ აპირებენ გამგზავრებას, ნამდვილად ზედგამოჭრილია ცოდნის მისაღებად, მაგრამ მისი გამორჩეულად სამახსოვრო საჩუქარი იმ ადამიანებამდე მისასვლელი გზების აღმოჩენაა, რომლებიც სამუდამოდ რჩებიან ჩვენთან.

ნაირობი – ცივი ნაკადული

0

ნაირობი კენიის დედაქალაქი და აღმოსავლეთი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია. მასაის ტომის ენაზე მისი სახელი ნიშნავს “ცივი წყლის ადგილს” ან “ცივ ნაკადულს”. ქალაქად ქცევამდე ნაირობი აფრიკის ცენტრიდან აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმავალი ქარავნების შესვენების ადგილი და პატარა ოაზისი იყო. 1899 წელს აქ რკინიგზის დეპო აშენდა, 1907 წლისთვის კი ბრიტანელების წყალობით სავანაში ჩაკარგული პატარა ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს მეგაპოლისად და ბრიტანული აღმოსავლეთი აფრიკის დედაქალაქად იქცა.

დღეს ნაირობის მდიდარი ისტორია და ტომობრივი კულტურა მის შესანიშნავ მუზეუმებში ცოცხლობს. ეს ქალაქი არა მხოლოდ კენიის, არამედ მთელი აფრიკის უდიდესი სატრანსპორტო კვანძია. ნაირობი ცნობილია თავისი ფანტასტიკური საფარით, მუზეუმებითა და მხიარული ატრაქციონებით.

ნაირობიში ინგლისური გავლენა ყველგან იგრძნობა. ცენტრალურ მოედანსაც კი ამშვენებს საათის კოშკი, რომელიც ძლიერ წააგავს ლონდონის ბიგ ბენს. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, თუ კოშკთან ახლოს მიხვალთ, მზის ენერგიით და ცხოვრებისეული სიბრძნით აივსებით.

ეს კოსმოპოლიტური დედაქალაქი მსოფლიოში ერთადერთი ქალაქია, რომლის საზღვრებშიც მოქცეულია საფარის პარკი. ის კარიბჭეა კენიის მსოფლიოში ცნობილი საფარის პარკისთვის, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იზიდავდა თავგადასავლების მაძიებლებს. ნაირობის ცენტრში მდებარე ცათამბჯენებიდან შეგიძლიათ აფრიკის ველური ბუნებით დატკბეთ.

ნაირობი ქალაქებს კამპალასა და მომბასას შორის მდებარეობს. მის დასავლეთით მდებარე ნგონგის ბორცვები ყველაზე მაღალი წერტილია ნაირობიში.

ქალაქის ჩრდილოეთით აღმართულია კენიის მთა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით -კილიმანჯარო. მზიან ამინდში ორივე მთა შესანიშნავად მოჩანს ნაირობიდან.

ნაირობი აღმოსავლეთი აფრიკის რღვევის ხაზის მახლობლად მდებარეობს, ამიტომ მის შორიახლოს პერიოდულად ხდება მცირე მიწისძვრები და მიწისქვეშა ბიძგები.

ნაირობი აფრიკის ფინანსური დედაქალაქი და ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქია.

აქაური კლიმატი ზომიერია, ამინდი მთელი წლის განმავლობაში თითქმის ერთნაირია, რადგან ქვეყანა ეკვატორის ახლოს მდებარეობს. დედაქალაქში ყველაზე ცივი სეზონი ორი თვე გრძელდება – ივლისიდან აგვისტომდე. ამ პერიოდში საშუალო დღიური ტემპერატურა 16-18 გრადუსია ცელსიუსით. ყველაზე ცხელი პერიოდი იანვრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება და ტემპერატურა 34 გრადუსს აღწევს. სამოგზაუროდ ყველაზე არსასურველ სეზონად მიიჩნევა შემოდგომის დასაწყისიდან ზამთრის დასაწყისამდე პერიოდი, როდესაც აქ წვიმების სეზონი იწყება.

ნაირობი ახალგაზრდა ქალაქია. მისი მოსახლეობაც ახალგაზრდაა. კენიელების საშუალო ასაკი 28 წელია. სიბერემდე თითქმის ვერავინ აღწევს. ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით სიტუაცია საუკეთესო ნამდვილად არ არის. შესაძლოა რამდენიმე ათასი კილომეტრი ისე გაიაროთ, რომ ვერც ერთ სოფელში, ვერც ერთ დასახლებულ პუნქტში ვერ იპოვოთ არათუ საავადმყოფო, პირველადი სამედიცინო დახმარების სამსახურიც კი. კენიაში 10 000 კაცზე მხოლოდ ერთი ექიმი მოდის.

დღეს კენია შიდსით დაავადებულთა რაოდენობით მესამეა მსოფლიოში. დაავადებას ქვეყანაში ყოველდღე 420 ადამიანი ეწირება. კენიელების ცხოვრების წესი ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას. სიდიდით მესამე წარმართულ ტომში, ლუოში, მრავალი საუკუნეა გავრცელებულია მრავალცოლიანობა. შიდსი კენიაში უკვე გამოცხადებულია ეროვნულ კატასტროფად. არსებობს ვერსია, რომ მისი ვირუსი მაიმუნისგან გადაეცა ადამიანს. მაიმუნები მას ასეულობით ათასი წლის განმავლობაში ატარებდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა კი მაიმუნების ხორცის ჭამის შედეგად დაინფიცირდა. წინათ, როდესაც მოსახლეობა მცირე იზოლირებულ ჯგუფებად ცხოვრობდა, დაავადება არ სცდებოდა ტომის ფარგლებს., მაგრამ მასობრივი მიგრაციების დაწყებისთანავე ეპიდემიამ მთელი აფრიკა მოიცვა. მიჩნეულია, რომ ვირუსის ძირითადი გამავრცელებლები არიან სატვირთო მანქანების მძღოლები, რომლებიც მთელ აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მოგზაურობენ.

ყოფილი მეტროპოლია დღემდე ზრუნავს კენიაზე. გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში კენიაში შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლისთვის 10 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.

საზოგადოდ, კენიაში ყოფილი კოლონიზატორისადმი კარგი დამოკიდებულებაა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელმაც მოიპოვა სასურველი დამოუკიდებლობა, შეინარჩუნა მრავალი ინგლისური წესი. მაგალითად, რკინიგზის სადგურებს ჯერ კიდევ აქვთ ცალკე გასასვლელი პირველი, მეორე და მესამე კლასის მგზავრებისთვის. მატარებლების განრიგიც კი არ შეცვლილა.

კენიელები ამაყობენ ბრიტანელი კოლონისტების შთამომავლებით, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან. ნაირობის გარეუბანში დგას ინგლისელი დავით დუნკანის მიერ XIX საუკუნეში აშენებული კოლონიური სტილის სასახლე.

ჯირაფ მეინორი (Giraffe Manor) ყველაზე პოპულარული სასტუმროა. აქ დღისით თუ ღამით თავისუფლად დასეირნობენ ჟირაფები. სტუმრები სიამოვნებით აპურებენ მათ მეორე სართულის ფანჯრებიდან. ჟირაფებიც უშიშრად სტუმრობენ ხოლმე ადამიანებს და საგანგებოდ მათთვის მომზადებულ საკვებს შეექცევიან.

ნაირობის ეროვნული პარკი ქალაქის ცათამბჯენებიდან სულ შვიდიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. პარკში 50-ზე მეტი მარტორქა ცხოვრობს. გადაშენების პირას მყოფ ამ ცხოველებთან ერთად პარკში ბინადრობენ ლომები, გაზელები, კამეჩები, ანტილოპები, ზებრები, ჟირაფები და სირაქლემები, ხოლო ჭარბტენიან ადგილებში 400-ზე მეტი სახეობის ფრინველია აღნუსხული.

ნაირობის ტერიტორიაზე მდებარეობს პარკის ველური ბუნების დაცვის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ ლექციები ველური ბუნების შესახებ.

ნაირობიში რამდენიმე მუზეუმიცაა. მათგან ყველაზე დიდია კენიის ეროვნული მუზეუმი, რომელშიც დაცულია ჰომო ერექტუსის ნაშთები.

ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა კარენ ბლიქსენის მუზეუმი. ცნობილი დანიელი მწერალი, ბარონესა კარენ ბლიქსენი, შეყვარებული იყო შავ კონტინენტსა და მის ხალხზე. მისი ცხოვრება უნიკალური ისტორიებითაა სავსე. ბლიქსენის წიგნი „აფრიკიდან“ ემანსიპირებული და ნატიფი დანიელი არისტოკრატი ქალის თვალით დანახულ ადგილობრივ ტომებს და მათ ადათ-წესებს, კენიის მკვიდრთა ცხოვრებას და ტრადიციებს ასახავს.

წიგნი „აფრიკიდან“ მსოფლიო ბესტსელერად იქცა და საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების ფილმს მერილ სტრიპისა და რობერტ რედფორდის მონაწილეობით.

კარენ ბლიქსენის გარდაცვალების შემდეგ, 1931 წელს, მის სახლს მემორიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შემდგომში დანიის მთავრობამ სახლი და მის გარშემო მდებარე მიწა კენიას გადასცა. ვილა აღადგინეს და 1986 წელს გახსნეს ტურისტებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ საოცარი ქალის ცხოვრება აინტერესებს.

პარლამენტის შენობის წინ კენიის პირველი პრეზიდენტის ჯომო კენიატას საფლავია. ვიდეოგადაღება პრეზიდენტის ხსოვნის შეურაცხყოფად მიიჩნევა და კანონით ისჯება. კენიელები ჯომო კენიატას აღმერთებენ და აფასებენ ყველაფერს, რაც მას ეხება. ნაირობის ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატია პრეზიდენტის საყვარელი სპილოს ნატურალური ზომის ასლი. პირველ პრეზიდენტს ისე უყვარდა თავისი შინაური ცხოველი, რომ მას პირადი დაცვა მიუჩინა. როდესაც სპილო გარდაიცვალა, პრეზიდენტმა მისი ასლი დაამზადებინა და მუზეუმში მოათავსა.

 

სხვა საინტერესო ამბებს შემდეგი ვებგვერდებიდან შეიტყობთ:

https://prosemenov.ru/

https://www.bestreferat.ru/referat-2837.html

https://en.wikipedia.org/wiki/Nairobi .

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...