კვირა, ივნისი 15, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

„დრო, დრო აღნიშნე“

0

ამბები მაჩაბლის #13-დან

დ ღ ი უ რ ე ბ ი

 

04.11.2021

დღეს „ჩემს სახლში“ შემოვედი…. და ეს მართლა ისეთი უცნაური განცდა იყო… არა და, ყველაფერი შემთხვევით მოხდა: ფეისბუქზე ნატო ინგოროყვამ მწერალთა სახლის კონკურსი გააზიარა. ეწერა: კარგი ამბავი, მეგობრებო… ნატო იშვიათად აზიარებს და თუ აზიარებს, ესე იგი, მართლა კარგი ამბავია. ჰო და, გავხსენი… ცოტა დავფიქრდი და მერე იმ დღესვე გადავგზავნე საკონკურსო დოკუმენტები. თემამ გადამაწყვეტინა. მერე კონკურსში გავიმარჯვე და ახლა აქ ვარ…

სარეზიდენციო პროგრამას ჰქვია: „დრო, დრო აღნიშნე…“ და მე უნდა ვიმუშაო სტატიაზე: ქართული ენა და მისი მომავალი“.

 

05.11.2021

წუხანდელმა ღამემ მწერალთა სახლის რეზიდენციაში, დიუმას ოთახში, მშვიდობით ჩაიარა… გვიანობამდე მე, ირმა ტაველიძე და ლექსო დორეული ლიტერატურულ საუბრებს შევყევით… ბარტის მოკლული ავტორი ლექსო დორეულმა არგუმენტირებულად აღადგინა, ხოლო მე შევეცადე, მკვდარი ღირსეულად დამემარხა .

უცნაური შეგრძნებები მქონდა ძილის წინ… ამ სახლში მომხდარიდან, მიხვდებით, პირველი რაც გამახსენდებოდა… ჰო, პაოლოს ამბები… მოულოდნელად მომეჩვენა რაღაც ბიძგები კედლებიდან და მეთქი, აჰააა… მალე იარაღის ხმას გავიგონებ… ამის გაფიქრება იყო და რაღაცამ გაიხრჭიალა… რა მოხდა, თავს ვიმშვიდებ… ძველი შენობაა… ან ვიღაც დერეფანში გამოვიდა… მერე არ ვენდე ჩემს თავს და რაკი არ მეძინებოდა, ფბ ჩავსქროლე და უუუჰ, შვებით ამოვისუნთქე: ის ხრჭიალი, მეგობრებო, მიწისძვრა ყოფილა და არავითარი პაოლოს და სხვათა აჩრდილი… დილით მწერალთა სახლის თანამშრომელი, ჩვენი მეგობარი, ვასო გულეური ყავაზე გვესტუმრა და პირველი წინადადება იყო: – რა ხდება, ცირა, აბა? პაოლოს აჩრდილი გეწვია წუხელ…? #კაირაააავასო #კაირაააა

 

 

06.11.2021

დილიდან ვფიქრობ ილია ჭავჭავაძის ამ ფრაზაზე: “…ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება“.

რატომ…? რატომ?

მწერალთა სახლიდან სამყარო სხვანაირად ჩანს… მართლა…

 

07.11.2021

ორდღიანი აკლიმატიზაციის შემდეგ დღეს წერა დავიწყე…  ყველა ადგილს სჭირდება ენერგეტიკული მორგება… და დღეს მივიღეთ ერთმანეთი მე და ჩემმა ახალმა სახლმა… სრულად და საბოლოოდ… და მერე ჩნდება ისეთი შეგრძნება, რომ აქ მოგონებებიც კი გაქვს… სადღაც ტვინის რომელიღაც შრეებში დაარქივებული… აქ უბრალოდ ხმა ხარ და წერა ხარ, მიერთებული რაღაც განუზომელ ენერგიას… გრძნობ, რომ ამოიფრქვევი და ეს ყველაფერი მწერალთა სახლში ბინადრობის გამო…

 

08.11.2021

საუკეთესო ადგილი ფიქრისთვის და წერისთვის… დამჯდარი ელემენტი რომ ბოლომდე ივსება, ისე ვგრძნობ თავს… სხვა ადამიანი ხარ… ან საერთოდაც არ ხარ ადამიანი… და სულ დამყვება ენაზე ფიქრი…იმაზე, რაზე საწერადაც აქ ვარ… ისეთი იდეებიც ჩნდება, გარეთ რომ არასდროს დაიბადებოდა… „გარეთ“ წამომცდა,  თუმცა რეალობაა… აქ სულ შიგნით ხარ და ისე აღიქვამ სამყაროს… მწერლის პოზიციიდან გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი და ძალიან მინდა,  მეცნიერებისთვისაც არსებობდეს ასეთი გამოცდილება… ეს სახლი არ არის… ეს სასახლეა… და აქ ვინც შემოდის, მეფეა ან დედოფალი (მეტაფორაა, პირდაპირ არ გაიგოთ)…

ჩემი მეგობარი მწერლები, აგერ, ჩემ გვერდით ოთახებში, სულ ღრუბლის ქულებად მეჩვენებიან – ირმა ტაველიძე, ლექსო დორეული, ალექს ჩიღვინაძე, ნიკა შენგელია…

ნატაშა ლომოური თავისი თანამშრომლებით ნამდვილი ელფები არიან… სულ მგონია, კი არ დადიან, დაფრენენ… მოკლედ, აქ  ფენტეზის ჟანრია…

 

09.11.2021

წუხელ ამეკვიატა და დილითაც ვაგრძელებ ფიქრს…იცით, რაზე? სტუდენტობაში სახელმწიფო არქივში გვქონდა პრაქტიკა და მე მწერალთა კავშირის სხდომათა ოქმები მოვითხოვე. გადმომილაგეს სხვადასხვა წლების. 37 და მასთან ახლოს წლები შევარჩიე… ხომ მქონდა მოლოდინი, მაშინ რა ხდებოდა მწერალთა კავშირში, რომლის სხვენში ახლა ვზივარ და ამას ვწერ… მაგრამ წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა… ბევრი მწერალი გააქრო ჩემს ცნობიერებაში. მაგრამ ერთი ფრაზა განსაკუთრებით ჩამრჩა. ცნობილი კრიტიკოსი მწერალთა სხდომაზე ამბობდა (სტენოგრამა სიტყვა-სიტყვით გადმოსცემდა): მიხეილ ჯავახიშვილის ნაწერებს მელანი უნდა გადავასხათო…. მელანიო…გესმით? რა შეიცვალა? ასე დაუნდობლად ვასხამთ მელანს ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანებს ყველგან…

 

10.11.2021

დღეს დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეა… მწერალთა სახლში მისი მუზეუმი გასულ წელს გაიხსნა და დღესაც აღვნიშნავთ…

ახლა მე მწერალთა სახლის, ანუ დავით სარაჯიშვილის სახლის, ბინადარი ვარ სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. “დრო…დრო აღნიშნეო…” და ეს დღეც ის დღეა, რომ უნდა აღინიშნოს!

გაგახსენებთ ამ დიდი ადამიანის საქმეებს: სარაჯიშვილმა, ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიას უნიშნავდა. დავითის სტიპენდიატებს  შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და მრავალი სხვა. იგი ასევე ეხმარებოდა აკაკი შანიძეს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას და სხვა ცნობილ წარმატებულ ქართველებს.

სადა ხართ, ქართველო ქველმოქმედო ბიზნესმენებო? გამოდით!

&

სანამ მე ენათა ციფრულ მომავალზე ვფიქრობდი და ვწერდი, გარეთ ისე გაწვიმებულა, არც გამიგია… სარკმლიდან რომ ქართლის დედას გავხედე, მაშინ აღმოვაჩინე… და არის ამ წვიმიანი შემოდგომის საღამოში რაღაც უცხო… უფრო მეტი, ვიდრე შემოდგომა. საერთოდაც, უფრო მეტი ვართ, ვიდრე ფიზიკურ სხეულში გამომწყვდეული ჰორმონები, მთავარია, იგრძნოთ… შენც უფრო მეტი ხარ…. ეს ქალაქიც უფრო მეტია, ეს ქვეყანაც და ეს პლანეტაც… კოსმოსის მოქალაქეებო, ძილი ნებისა ❤

 

11.11.2021

უკვე ერთი კვირაა მწერალთა სახლის ბინადარი ვარ  სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. ისეთი შეგრძნება მაქვს,  ქალაქში რომ სხვა ქალაქს აღმოაჩენ და სახლში – სხვა სახლს… მწერლისთვის ხომ გეოგრაფია ყოველთვის დაუსაზღვრავია ისევე, როგორც სიტყვა. ირღვევა საზღვრები ამ სახლიდან და სხვა პორტალში აღმოჩენილი ყველაფერს განსხვავებულად აღვიქვამ და განვიცდი. ენაზე წერაც ამ კედლებში – სულ სხვა გამოცდილებაა.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ის, რისი აღნიშვნაც სულ მავიწყდება, დროა. მაგალითად, ლექსებს იშვიათად ვაწერ თარიღს, ვფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს ამას…? თან სულ მგონია, რომ დრო, რომელშიც შემოქმედი ქმნის, მარადი დროა, უდროო დრო. და რა უცნაურია, რომ აღმოვჩნდი პროექტში, რომელსაც ჰქვია: „დრო, დრო აღნიშნე“. იმდენი ვიფიქრე ამ ფრაზაზე, რომ ჩემთვის პასუხიც ვიპოვე: აღნიშვნა – დროისა და მარადისობის გადაკვეთაა… ამიტომ ყოველთვის უნდა აღნიშნო! თუმცა ერთი პატარა პრობლემაა: ამ სასახლეში, სადაც ვცხოვრობ, იმდენი დროა… აღარ ვიცი, რომელს აღვნიშნავ J

ახლა ეს ფრაზა ყველგან მესმის: როცა ვწერ, როცა სარკმლიდან პეიზაჟებს ვაკვირდები, როცა კიბეზე ავდივარ-ჩავდივარ, როცა ყავას ვსვამ. ისედაც დრო ჩემი საყვარელი კატეგორიაა, რომელზეც რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვიკარგები და ახლა – მით უფრო. როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ უნდა გაუგო იმას, რაც/ვინც გიყვარს.

ბორხესი „ლაბირინთებში“ დროს ასე ხსნის: „დრო არის სუბსტანცია, რომლისგანაც მე ვარ შექმნილი, დრო მდინარეა, რომელმაც წამიღო, მაგრამ ეს მდინარე მე ვარ, დრო ცეცხლია, რომელიც მწვავს, მაგრამ ეს ცეცხლი – მე ვარ….” მოკლედ, დრო ყველა სტიქიაა და თან ყველა სტიქია შენ ხარ… აი, ასეთი გასაგებია დრო….

წუხელ ქარი იყო… დიდხანს არ დამეძინა… მერე ჩემს ლამაზ სარკმელთან მივედი და სავარძელში მოვკალათდი… ისევ ჩამერთო:  „დრო, დრო აღნიშნე…“ და დაიწყო შინაგანი დიალოგი; ესეც ფრაგმენტები ამ დიალოგიდან:

* * *

მე შემოვედი ამ სახლში, რომ „დრო, დრო აღვნიშნო“,

ყველა ნაბიჯი დროს მახსენებს

და კიბის ყველა საფეხურზე

მხვდება წარწერა: საით მიდიხარ…?

ჯერ დრო აღნიშნე!

* * *

შენ ვისი დრო ხარ, ამ სარკესთან ვის დაეკარგე?

ნება იბოძოს და გიპოვოს,

გადაგინახავ…

გარეთ ქარია… ღმერთო ჩემო, ქარის დრო იყო?

რა უდროოდ იცის ხოლმე შემოხეტება….

მაჩაბლის 13-ს მოაყარა ფოთოლთა გუნდი….

 

* * *

ნუ გაუშვებ ამ დროს ხელიდან,

ხელიდან წავა…

შეჩერდი, წამო… შეჩერდი, წამო…

არა მარტო მშვენიერი ხარ…

თუ შევჩერდები, როგორ წამოვალ?

წამო…. წამო…. წამო, წავიდეთ …

მდინარეს გავყვეთ სამოგზაუროდ,

დროს ნუ დავკარგავთ!

11/11/2021 04:57 – დრო აღვნიშნე

 

 

12.11.2021

* * *

სულ ტყუილია, რომ ამბობენ:

დროს ვერაფრით ვერ დააბრუნებ!

ბოლოს როდის სცადე დროის დაბრუნება?

არ გეყო ნება დაბრუ… ნების?

იქნებ გგონია, რომ მართლა მიდის?

იქნებ გგონია, შენ ცხოვრობს დროში?

სულაც პირიქით:

შენა ხარ ყველა დროის შემკრები…

დრო გეკარგება?

დროს ვერ პოულობ?

ადექი და აღნიშნე ხოლმე…

„დრო… დრო აღნიშნე“,

თუ გინდა, რომ არ დაგეკარგოს…

თუ გინდა, რომ გამოიძახო,

შენი ტვინის საძიებოში

შეიყვანე დროის სახელი

და ყველა დრო შენთან გაჩნდება,

მთავარია, გაიხსენო:

ვისი სული გსურს?

 

12.11.2021 03:23

გაგრძელება იქნება….

 

 

პედაგოგიური ტოლერანტობა – როგორც თანამედროვე პედაგოგის პროფესიული მახასიათებელი

0

„განათლების უმთავრესი შედეგი ტოლერანტობაა” – წერდა ჰელენ კელერი (1880-1968), ამერიკელი პოლიტიკოსი და ლექტორი.

თანამედროვე სამყარო არის მულტიკულტურულობისა და გლობალური ინტეგრაციის სინთეზი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის განათლებაში. ამ მხრივ განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს პედაგოგიური ტოლერანტობის ჩამოყალიბება, რაც უდავოდ აისახება მოსწავლეთა სულიერ და სოციო-კულტურულ განვითარებაზე, როგორც ფსიქიკური და სოციალური ჯანმრთელობის საფუძველი.

ტოლერანტულობის აღზრდა – საჯარო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების საერთო საქმეა, მაგრამ როცა მისი ობიექტი ბავშვია, მათთან მუშაობის მთავარი ტვირთი და პასუხისმგებლობა სწორედ საგანმანათლებლო გარემოს, მასწავლებელს, აღმზრდელს, ფსიქოლოგსა და ა.შ. ეკისრება.

პედაგოგიურ ტოლერანტობაში ვგულისხმობთ მასწავლებლის პროფესიულ ხარისხს, რომელსაც ახასიათებს მაღალი მორალური პოტენციალი, მოსწავლის თვითგანვითარების უნიკალურობის (ინდივიდუალურობის) გაგება, თანაგრძნობის განვითარებული გრძნობა და სასწავლო პროცესის ყველა მონაწილის უკონფლიქტო ურთიერთობის უზრუნველყოფის უნარი. ეს პარამეტრები მონაწილეობს მასწავლებლის ჰუმანიტარული (ზოგადი) კულტურის, როგორც პიროვნული და პროფესიული თვისებების, ასევე ღირებულებებისა და უნარების ერთობლიობის ჩამოყალიბებაში. ტოლერანტობა არის მასწავლებლის პროფესიისთვის აუცილებელი პიროვნული თვისება, რომელიც ნაკარნახევია მისი საქმიანობის ამოცანებით, შინაარსითა და ხასიათით. ეს იმით არის განპირობებული, რომ არატოლერანტული პიროვნება ვერ შექმნის გარემოს, სადაც მის აღსაზრდელებს ტოლერანტული უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდებათ. როდესაც ბავშვები სკოლაში სწავლას იწყებენ, მათ ურთიერთობა აქვთ სხვა ბავშვებთან; ანგარიშს უწევენ მათ ქცევას, განსჯას, აზრებსა და შეხედულებებს. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს ბავშვს პრობლემების გადაჭრაში, ამრიგად, მასწავლებლის ამოცანაა კლასის საათებში მოსწავლეებს ასწავლოს იმის დანახვა, რომ სამყარო და ადამიანი, როგორც სამყაროს ნაწილი მრავალფეროვანია. რაც უფრო მდიდარია ადამიანის შინაგანი სამყარო, მით უფრო საინტერესოა მისი ცხოვრება. ტოლერანტობა კი ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია განათლების სფეროში. თანამედროვე სამყაროში კომპრომისების მიღწევა შეუძლებელია ურთიერთშემწყნარებლობის, სხვისი უფლების, კულტურის აღიარების გარეშე.

ტოლერანტულობა პედაგოგის მთავარი თვისება უნდა იყოს, რადგან წარმატებული პედაგოგური საქმიანობის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ბავშვის მიმღებლობა – ისეთის, როგორიც ის სინამდვილეშია; ტოლერანტული მასწავლებელი უკეთეს შედეგს იღებს.

ტოლერანტობის დანერგვის მიზანია ტოლერანტული ქცევის გამომუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, რამაც უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური და სოციალური ჯგუფების ქცევა სოციალური დაძაბულობის სხვადასხვა სიტუაციაში.

ტოლერანტულობის პრობლემა ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ეთნოგრაფიის, ისტორიის, რელიგიური მეცნიერების, კულტუროლოგების შესწავლის საგანია. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰუმანისტურ განათლებაში. პედაგოგი უნდა იძლეოდეს მოქალაქეობის, ჰუმანური დამოკიდებულების ნიმუშს ირგვლივ მყოფებისთვის.

მოსწავლეებში ტოლერანტობის განსავითარებლად სასწავლო პროცესში აუცილებელია შემდეგი კომპონენტების შეტანა:

  • ფორმალურ სასწავლო პროცესთან ერთად, სკოლებმა უნდა უზრუნველყონ არაფორმალური სასწავლო გარემოს შექმნაც;
  • სკოლებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ საზოგადოებისთვის სასარგებლო ექსტრაკურიკულარული აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, რათა ხელი შეუწყონ მათში დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების განვითარებას;
  • მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ჩართული იყვნენ სწავლების პრაქტიკისა და მეთოდების შერჩევის პროცესში. ასეთ დროს ისინი მეტად მოტივირებული არიან და დიდ ინტერესს იჩენენ. გარდა ამისა, მათი პასუხისმგებლობის დონე მკვეთრად იმატებს, რადგან ხედავენ, რომ მათთან ურთიერთობისა და მუშაობის პროცესში თავიანთი სურვილები და აზრები გათვალისწინებულია, რაც წარმატებული შედეგის წინაპირობაა;
  • მოსწავლეებისთვის თეორიულთან ერთად, მნიშვნელოვანია პრაქტიკული სამუშაოების გამოყენება, რომელთა შესრულებისას მათ ექნებათ გამოხატვის თავისუფლება. შედეგად იზრდება მოსწავლეების ინტერესი, თვალსაწიერი და ვლინდება ინდივიდუალური ხედვა და უნარები;
  • მოსწავლეებს ვასწავლოთ ინტერკულტურული ურთიერთობები და შევძინოთ შესაბამისი ღირებულებები. ვინაიდან, ჩვენს მრავალეთნიკურ ქვეყანაში აუცილებელია, მოსწავლეები მოვამზადოთ ეთნიკურად განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რასაც მოიცავს დემოკრატიული მოქალაქეობის კონცეფცია.

მასწავლებლის ტოლერანტულობის პრობლემაზე ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ლიტერატურის ანალიზმა შესაძლებელი გახადა, გამოეყო პედაგოგიური ტოლერანტობის კომპონენტები, მათი ჩამოყალიბების ძირითადი მექანიზმები და ფაქტორები. პედაგოგიური ტოლერანტობის მექანიზმების, ფაქტორებისა და კომპონენტების თანაფარდობა ასახულია ცხრილში.

 

ცხრილი. პედაგოგიური ტოლერანტობის ფორმირების მექანიზმები და ფაქტორები

 

პედაგოგიური ტოლერანტობის კომპონენტები პედაგოგიური ტოლერანტობის ფორმირების მექანიზმები პედაგოგიური ტოლერანტობის ფორმირების ფაქტორები
1 სამოტივაციო-ღირებულებითი ღირებულებითი ორიენტაციები პედაგოგიური ორიენტაცია;

ალტრუისტული მიმართულება;

თანაბარი დიალოგის, თანაგრძნობის, რეფლექსიის, ტოლერანტული ურთიერთობებისთვის ემოციურ-ნებაყოფლობითი მზადყოფნა.

2 კოგნიტური ტოლერანტობის შესახებ ცოდნის ინტერესი და მოთხოვნილება თვითგანათლება

სწავლების ინტერაქციულობა

თვითშემეცნება და თვითგანვითარება

3 ემოციურ-ნებაყოფლობითი ემპათია

თვითრეგულირება

ემოციური სტაბილურობა;

ემოციური მოქნილობა;

რეფლექსია

კმაყოფილება საკუთარი თავითა და პროფესიული საქმიანობით

4 ქცევითი იდენტიფიკაციის დეცენტრაცია მიღება

აფილიაცია

სუბიექტისუბიექტური ურთიერთობები

 

ტოლერანტობას პედაგოგიკა ორ ასპექტს ითვალისწინებს:

1) მასწავლებლის შემწყნარებლობა მოსწავლეების მიმართ;

2) მოსწავლეებში ტოლერანტული ქცევის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ამ პრობლემების წარმატებით გადაჭრა ნათლად ვლინდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უშუალო კომუნიკაციისას, ანუ თავად პედაგოგიურ პროცესში. შედეგად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პედაგოგიური პროცესის აუცილებელი ემოციური ფონი. ეს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს როგორც მოსწავლეების მიერ ნასწავლი დისციპლინების ათვისების ბუნებაზე, ასევე მასწავლებლის პროფესიულ კმაყოფილებაზე მათი პრაქტიკული საქმიანობით.

ტოლერანტობის კულტურის ჩამოყალიბება – აღზრდის ერთ-ერთი ამოცანაა. ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობს, სხვა ადამიანების მიმართ იყოს ტოლერანტული, პატივი სცეს და მიიღოს სხვები ისეთები, როგორებიც არიან. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდობის ასაკში ადამიანმა გაიგოს, რომ არა მხოლოდ ცხოვრების წარმატება, კარიერა, არამედ ზოგჯერ თავად ცხოვრება დამოკიდებულია ტოლერანტული ცნობიერებასა და ქცევაზე.

 

გამოყენებული წყაროები:

 

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი

https://www.unicef.org/georgia/media/1071/file;

 

ტოლერანტობის გაკვეთილები

https://tdi.ge/sites/default/files/tolerantobis_gakvetilebi_0.pdf;

 

ჯონ ლოკის პედაგოგიური იდეები. ჯონ ლოკის ფილოსოფია

https://zserials.ru/ka/pedagogicheskie-idei-dzhona-lokka-filosofiya-dzhona-lokka.html;

 

სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები

https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/154154/1/Akaki_Weretlis_Saxelmwifo_Universitetis_Shromebi_2015.pdf;

 

ტოლერანტი მასწავლებელი – საიმედო მეგზური ტოლერანტი საზოგადოებისკენ

https://mastsavlebeli.ge/?p=3917;

 

Ტოლერანტობის განათლება

https://ka.unistica.com/ტოლერანტობის-განათლება/;

Ტოლერანტობის პრობლემა: მტკიცებულებები ლიტერატურაში.

https://ka.unansea.com/ტოლერანტობის-პრობლემას/.

 

 

 

 

რატომ უნდა ჩავეხუტოთ ბავშვებს

1

ერთხელ, სკვერში, მოთამაშე ბავშვებზე დაკვირვებით გართული, საინტერესო სცენის მოწმე გავხდი. 2-3 წლის ბიჭუნამ, რომელიც გაგორებულ ბურთს მისდევდა, თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. ბავშვი ატირდა, ალბათ უფრო შიშისგან, ვიდრე ტკივილისგან, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არაფერი დაშავებოდა. შორიახლოს მდგარი დედა მაშინვე მასთან გაჩნდა, ხელში აიტაცა, გულში ჩაიხუტა, მოეფერა და დამშვიდება დაუწყო. პატარა მალე დამშვიდდა და ჯერ ცრემლებიც არ შეშრობოდა, რომ გაღიმებული ისევ სათამაშოდ გაიქცა.

ცოტა ხნის შემდეგ მეორე ბიჭუნა წაიქცა, ატირდა და იქვე, სკამზე მჯდომ დედას უხმო დასახმარებლად. დედამ მკაცრად გახედა შვილს, უსაყვედურა და მოსთხოვა, თავად ამდგარიყო და მისულიყო მასთან. ბავშვი ტიროდა, დედას უხმობდა და არც კი ცდილობდა წამოდგომას. მისი ტირილით შეწუხებული შორიახლოს მდგომი ახალგაზრდა კაცი პატარას მიუახლოვდა, რომ აეყენებინა, მაგრამ ბავშვის დედის სიტყვებმა შეაჩერა: „ხელი არ ახლოთ ჩემს შვილს, ის თავად ადგება, დახმარება არ სჭირდება!“ ცოტა ხანში ბავშვი, მართალია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც წამოდგა, ატირებული დედასთან მიბაჯბაჯდა, მუხლებზე შემოეხვია და ხელში აყვანა სთხოვა. დედამ საყვედურებით აავსო, გვერდით მოისვა და მკაცრად გააფრთხილა: „რადგან თამაში არ შეგიძლია, სახლში წასვლამდე ჩემ გვერდით იჯდები და ხმას არ ამოიღებ“. პატარა უსიტყვოდ დაემორჩილა, ტირილი შეწყვიტა და სევდიანად მიაჩერდა შორიახლოს მოთამაშე ბავშვებს, რომელთა ჟივილ-ხივილი მთელ სკვერში ისმოდა.

დარწმუნებული ვარ, მკითხველთა აზრი აღწერილი სიტუაციების შესახებ ორად გაიყოფა. ზოგისთვის მისაღები აღმოჩნდება დედის ქცევა პირველ სიტუაციაში, ზოგი კი უფრო მეტად მოუწონებს საქციელს მეორე დედას, რომელიც შვილს მეტ დამოუკიდებლობას აძლევს. დამოუკიდებლად მოქმედების უნარ-ჩვევები პატარებს აუცილებლად უნდა განვუვითაროთ, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩახუტება, მოფერება, ალერსი იმდენად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, რომ მისმა დეფიციტმა შესაძლოა სერიოზული პრობლემები წარმოშვას ბავშვის არა მხოლოდ ემოციურ, არამედ ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებაშიც.

მაინც რითაა ასეთი მნიშვნელოვანი ჩახუტება და რა როლი შეიძლება შეასრულოს მან ბავშვის ცხოვრებაში?

* ჩახუტების დროს ბავშვის ორგანიზმში გამომუშავდება ენდორფინი, რომელსაც ხშირად „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებენ. სისხლში მოხვედრისას ენდორფინი ამაღლებს განწყობას, ასუსტებს ტკივილის შეგრძნებას. პატარას გამოუმუშავდება იმუნიტეტი სტრესის, შიშისა და შფოთვის მიმართ. ჩახუტების დროს მშობელთან სიახლოვის სასიამოვნო შეგრძნებას ემატება დედის გულისცემის დამამშვიდებელი რიტმი. ბავშვს უჩნდება დაცულობის განცდა და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ჩახუტება საუკეთესო პირველი დახმარება და ბავშვისთვის ბედნიერების მინიჭების შესანიშნავი საშუალებაა.

* ჩახუტების წყალობით ბავშვი უფრო სწრაფად იზრდება – მასაჟი, კანის კანთან შეხება, მოფერება ძლიერ სტიმულს აძლევს ბავშვის ზრდა-განვითარებას. ბავშვები, რომლებსაც მეტს ეფერებიან, უფრო სწრაფად იმატებენ წონას, უფრო აქტიურები არიან, უკეთესად იკვებებიან, ნაკლებად ტირიან და სტრესისადმი მეტ გამძლეობას ამჟღავნებენ.

* ჩახუტებისას უმჯობესდება ემოციური კონტაქტი მშობელსა და შვილს შორის. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩახუტება სასარგებლოა არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლისთვისაც, განსაკუთრებით მამებისთვის. მამები, რომლებიც ხშირად ეხუტებიან თავიანთ პატარებს, უკეთესად ურთიერთობენ მათთან და საერთოდ, გაცილებით ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე ის მამები, რომლებიც მოკლებულნი არიან შვილთან ჩახუტების სიხარულს.

* ჩახუტება აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის დაავადებებისადმი მდგრადობას და წინააღმდეგობის გაწევის უნარს. კანის კანთან შეხება, მოფერება, ალერსი ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის მომატებას. სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნებები გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე ყველაზე ღრმა პროცესებზე, მაგალითად, უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ბავშვის ფილტვებიდან ყველა მიმართულებით და ამით მნიშვნელოვან როლს ასრულებს პატარას განვითარებაში.

. ჩახუტების წყალობით ბავშვს უჩნდება ემოციური დაცულობის განცდა, უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს, ძლევს შფოთვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის პირველ წლებში. მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვი მყუდრო და კომფორტულ გარემოშია, რადგან ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია საშვილოსნოს რბილი და თბილი კედლებით. დაბადების შემდეგ მისი საარსებო გარემო მკვეთრად იცვლება. დედის მუცელში ყველაფერი მარტივი და გასაგები იყო, მას შეეძლო, მთელ გარემომცველ სამყაროს შეხებოდა ხელით ან ფეხით, აქ კი ყველაფერი სხვანაირადაა, დაახლოებით ისე, როგორც კოსმონავტისთვის – ღია კოსმოსში. ასეთ უზრმაზარ და შეუცნობელ, ახალი ემოციებითა და გრძნობებით სავსე სამყაროში დედის ჩახუტება, მისი ალერსი ბავშვს ამშვიდებს და ნაცნობ ტაქტილურ შეგრძნებებს უბრუნებს. სწორედ დედის ჩახუტება და ალერსი ეხმარება ბავშვს ერთი სამყაროდან მეორეში უმტკივნეულოდ გადასვლაში. ვინაიდან ჩვილ ასაკში მხედველობა და სმენა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, ბავშვისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი საიმედო არხი ტაქტილური შეგრძნებებია. ამიტომ არის ჩვილისთვის კანი ყველაზე მნიშვნელოვანი და დომინანტური გრძნობის ორგანო გარე სამყაროსთან ურთიერთობისას. როდესაც ბავშვი დედას ეხუტება და მის სითბოს გრძნობს, ხვდება, რომ ყველაფერი რიგზეა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვილი უფრო მშვიდად იტანს სამედიცინო პროცედურებს, როდესაც ის დედას უჭირავს ხელში ან უზის კალთაში. გარდა ამისა, დედის ალერსი ბავშვს საშუალებას აძლევს, უსიტყვოდ გაიგოს, რომ ის საყვარელი, სასურველი და დიდი ხნის ნანატრია. ეს ცოდნა ხელს უწყობს სამყაროს მიმართ ნდობის ფორმირებას. დედის ჩახუტების, მოფერების, კანთან ნაზი შეხების წყალობით ბავშვი სწავლობს ადამიანების ნდობას და მათთან თავს დაცულად გრძნობს.

ამრიგად, ჩახუტება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, მისი განვითარებისთვის, სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. ჩახუტება არასოდეს არის ზედმეტი, ნუ შეგვაშინებს გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ ზედმეტმა მოფერებამ ბავშვი შეიძლება გაანებივროს – არაფერია ცუდი იმაში, თუ ბავშვი ჩახუტებას მიეჩვევა. ამით ის უფრო თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული გახდება, ეს კი მომავალში დიდად დაეხმარება სირთულეთა გადალახვაში.

მოგზაურის დღიურები #2

0

***

არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულითა და მომავლით, უქმდება და უფასურდება.

და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!

თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგანწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვამცნობს. ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ.

ახლა სხვა ყველაფერი ყალბი მგონია, გარდა ამ გაყინული, უფიქრო შეძრწუნებისა. ის სიტყვებიც ყალბია, რომ თითქოს წუთისოფლის წამიერება შევიგრძენით და უფრო დავაფასებთ ერთმანეთს და ცოცხლად ნაკლებად დავღრღნით. ყველაფერი ყალბია, გარდა იმ ორ ,,ჯანმრთელ” სახლს შორის სიკვდილის ღია პირივით დაფჩენილი ნასახლარი ნაპრალისა.

 

 

***

 

შალვა ბექაური გუდამაყრელი კაცია. გუდამაყარს + ადამიანი გარდაუვლად პოეზიას უდრის და რა გასაკვირია, რომ ისიც ლექსებთან ერთად გაიზარდა. საკუთარი სამება ჰყავს: რუსთაველი, გურამიშვილი და ვაჟა. ბიძამ უკარნახა მათ შესახებ და მერე, ცხვრის მწყემსვისას ხმამაღლა იმეორებდა ავთანდილის ამბებს, ზუბოვკელ ქალს უმზერდა და სოფლის უკუღმა ტრიალს აკვირდებოდა. ერთ-ერთია იშვიათთაგან, ვინც ვეფხისტყაოსანი მთლიანად ზეპირად იცის. თანაც ეს ზედაპირული ზეპირობა როდია, ყველა სტრიქონს ფიქრს ატანს და ეს ფიქრია ახლა მისი მთავარი ფიქრი – 88 წლისაა და უკვე იოლად და შენობით ელაპარაკება შოთას.

 

***

 

ეს დღეები იყო. ექვსი წლის წინ.

– მამაშენის ფერი არ მომწონს ძაან – დამირეკა დედაჩემმა.

მამაჩემი მუშაობდა. მთელი ცხოვრება. ჩუმად. თავდახრილი. ოფლის უკანასკნელ წვეთამდე.

– მუშაობის ბრალი იქნება! – თავი გავიმხნევე მე. ასე წვიმდა. ან ცოტა უფრო ნაკლებად. და მეტად თბილოდა.

მამაჩემს ყველაზე ბნელ ფიქრზე შავი ფერი ჰქონდა. იწვა ქვედა სართულზე. ტახტზე. გურიაში ყველა მეორე სართულზე იძინებს ხოლმე. ქვევით წოლა უცნაური ნიშანია.

და სხვა ნიშანი ის იყო, რომ არასდროს არაფერი უთხოვია.

– გადამარჩინე – მთხოვა პირველად და უკანასკნელად მაშინ – შენი ბაღანა მინდა ვნახო.

– გადაგარჩენ – ვუთხარი მე. გულწრფელად დარწმუნებულმა.

ექიმმა სხვა რამ მითხრა თბილისში.

მეორე დღეს უკან, გურიაში დაბრუნება მომიხდა. რაღაც საბუთები დაგვრჩა.

– როგორ არის? – მკითხა მეზობელმა.

– კარგად – ვუთხარი მე უსამართლოდ ცივად.

– კაია, პატრონი რომ ყავს ადამიანს, ყოლიფერი ეშველება – ჩაილაპარაკა მეზობელმა – როგორც გვიან გაირკვა – ასევე უსამართლოდ.

ტახტზე ის გაშლილი ქვეშაგები, როგორც დავტოვეთ – იმაზე ოდნავ აშლილი და პირღია იყო. წვიმისგან ჩავარდნილ სამარეს ჰგავდა და საშინლად შემეშინდა. საბუთებს ხელი მოვკიდე და გამოვიქეცი.

ახლა ვზივარ და წვიმას ვუსმენ. ექვსი წლის წინ დაწერილი წვიმის სწრაფ ვერსიას. მას მერე შემოდგომის ყველა წვიმაც ეგ არის. ხან სწრაფი, ხან ნელი. ხან წვეთი არ ჩამოვარდება, მაგრამ მაინც წვიმს.

 

მუზილი, მოზარდობის ვნებები

0

„ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ – დიდი მწერლის, რობერტ მუზილის პირველი რომანი – ისეთი წიგნია, ნელა, დროდადრო თავის აწევითა და უხილავი წერტილისთვის თვალის გაშტერებით რომ უნდა იკითხო. აუცილებლად დაგაბრუნებს სკოლის წლებში, იმ მოგონებებსაც წამოგიშლის, რომლების დავიწყებაც გინდა და ვერ მოგიხერხებია. წარსულის სიბნელიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოვლენ ისინი, ვინც გაღიზიანებდნენ, გტკენდნენ, გაწამებდნენ, ვისაც აღიზიანებდი, სტკენდი, აწამებდი… წაკითხული მეხსიერების ზედაპირზე მოულოდნელად გაჩენილს შეერევა, დაუნაწევრებელ მთლიანობად იქცევა. დიახ, შენც ასეთი აზრები გიჩნდებოდა, როცა ცხოვრების საიდუმლოს ამოხსნას სასოწარკვეთით ესწრაფვოდი, როცა საკუთარ ფრაზებს, ქმედებებს ვეღარ სცნობდი.

„ყოველთვის არსებობს რაღაც წერტილი, როცა ვერ ხვდები, იტყუები თუ რაც მოიგონე, იმაზე რეალურია, ვიდრე შენ ხარ“, – ამბობს წიგნის მთავარი გმირი – ტერლესი, რომელსაც ათასგვარი საფიქრებელ-სადარდებელი მოსვენებას არ აძლევს. ცხელ თავში ფიქრების ქარიშხალი ტრიალებს – დიდი, დამანგრეველი ძალის. ახალ-ახალი შეგრძნებები ჩნდება და ქრება. „ტერლესს ტანში ზიზღის ჟრუანტელმა დაუარა. საკუთარმა წარმოსახვამ თავადვე გააკვირვა და ცოტა შეაშინა კიდეც, რადგან დღეს უკვე მეორედ მის ფიქრებს სრულიად მოულოდნელად და უადგილოდ რაღაც შეერია, რაც სქესს უკავშირდებოდა“.

მოზარდობისას სქესის საკითხი ყველაზე მტანჯველია – ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი ლამის სიცოცხლის ფასად გიჯდება. არასდროს იცი, რისკენ წაგიყვანს აზრი, თავში რომ უცაბედად გაგიკრთა, ტუჩებს დაცდენილი სიტყვა, უნებლიე თუ თითქმის უნებლიე მოძრაობები… „მოზარდის პირველი ვნება ერთი ადამიანის სიყვარული კი არა, ყველას სიძულვილია. გრძნობ, რომ შენი არავის ესმის და შენთვისაც გაუგებარია სამყარო, პირველი ვნების თანმხლები კი არა, მისი ერთადერთი და არცთუ შემთხვევითი მიზეზია. თავად ვნება კი გაქცევაა და ამ დროს ორის ერთად ყოფნა გაორმაგებული მარტოობაა“, – ვკითხულობთ რომანში, რომლის ახალგაზრდა ავტორიც გამოცდილი მწერლის ოსტატობით აღწერს ყველაზე რთულად აღსაწერს. ვხედავთ, როგორ ემსგავსება სამყარო ბნელ, ცარიელს სახლს, სადაც ერთადერთი ადამიანი დადის – შეშინებული, ხელის ცეცებით. ვერასდროს გამოიცნობს, რა შეიძლება ელოდეს ახალ ოთახში, ახალ დერეფანში.

ასეთ ტექსტებს ყოველთვის ატყვია პირადი გამოცდილების კვალი. „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვაც“ იმდენადვეა ავტობიოგრაფიული, რამდენადაც მოსწავლეობის წლებზე დაწერილი სხვა კარგი წიგნები, სადაც მწერლები არაფერს ხსნიან, სახელებს არ არქმევენ, დიდი ხნის წინ განცდილს, დამახსოვრებულს კი მხოლოდ მცირედ ცვლიან. კითხულობ და ხვდები, რომ რაღაც ისეთი გაგიმხილეს, რაც აუტანლად მძიმე ტვირთივით დაგაწვება მხრებზე – ერთხანს მაინც. სხვა წიგნის გადაშლამდე მაინც.

მახსენდება, როგორ ვარიდებდი თავს იმ გოგოსთან მეგობრობას, რომელიც მუდმივად ცუდ ნიშნებს იღებდა. თითქოს მისი ბრალი იყო, რომ სქელშუშიანი სათვალით დადიოდა გაკვეთილებზე, ვერც გამართული წერა-კითხვა ისწავლა და ვერც კალათში ბურთის ჩაგდება.

ტერლესი და მისი ახალი მეგობრებიც პოულობენ მას, ვინც ჯერ უნდა აითვალწუნონ, მერე კი სამაგალითოდ დასაჯონ – ცხადია, თავადვე არ ეცოდინებათ – რისთვის? გზა, რომელსაც მიუყვებიან, უფრო და უფრო შემზარავი ხდება, მოზარდების ფანტაზიები თავზარდამცემ სინამდვილედ იქცევა. მთავარი გმირი ხან შეშინებულია იმით, რაც მის თვალწინ ხდება და რის მონაწილედაც იქცევა, ხან უსაშველოდ დაღლილი და ფეხქვეშ მიწაგამოცლილია, ხან კი, გაწამებულს, კითხვების ნიაღვარი ახრჩობს: „უფროსებიც ასეთები არიან? სამყაროც ასეთია? საყოველთაო წესია, რომ ჩვენში რაღაც ჩვენზე უფრო ძლიერი, დიდი, ლამაზი, ვნებიანი და ბნელია? რაზეც ჩვენი ძალა აღარ ვრცელდება და მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ალალბედზე მიმოვაბნიოთ მარცვლები, სანამ უეცრად რომელიმესგან მუქი ალი არ იფეთქებს, რომელიც ჩვენზე მაღალი იქნება?.. და სხეულის თითოეულ ნერვში პასუხად მოუთმენელი „დიახ“ უცახცახებდა“.

„რა მინდა მისგან?“ – როცა ტერლესი საკუთარ თავს ეკითხება, მარტივი პასუხის ძებნა დიდხანს არ უხდება. თავს უტყდება, რომ „ამ სისასტიკესა და ავხორცობას მიზანი არ აქვს“.

რობერტ მუზილის ეს წიგნი ადვილად წასაკითხი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც შევიტანდი სავლდებულო საკითხავის სიაში და უფრო მოზარდებს გავუწვდიდი, ვიდრე ზრდასრულებს.

ესეც – მის მიხედვით გადაღებული ფოლკერ შლენდორფის შესანიშნავი ფილმის ბმული:

https://www.imovies.cc/ka/movies/5777/Young-Trless/GER/MEDIUM

 

მშობლები, სკოლა და COVID უსაფრთხოების დაცვა

0

კოვიდპანდემიის პირობებში სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა ერთი-ორად გაიზარდა. საგაკვეთილო პროცესის მუდმივ რეჟიმში გადაწყობა და შეზღუდული რესურსებით სკოლაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაზე ზრუნვა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. ამ პირობებში კიდევ მშობლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და მათი ნდობის მოპოვებაზე ზრუნვა, შეიძლება ვინმეს არაადეკვატურად მოეჩვენოს, მაგრამ სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ გაგრძელებისა და სკოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, ზუსტადაც რომ მნიშვნელოვანია, სკოლებსა და მშობლებს შორის არსებობდეს, ერთი მხრივ, ნდობა, მეორე მხრივ კი – ურთიერთკონტროლის ქმედითი მექანიზმები.

მაგალითად, რა ბერკეტი აქვს დღეს მშობელს, გაიგოს, როგორ იცავს სკოლა ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებულ რეგულაციებს? ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო ბავშვია, ან ცალკეული მასწავლებელი, რომელსაც მშობლებთან კომუნიკაცია აწყობილი აქვს და რეგულარულად აცნობს მშობლებს მდგომარეობას. თუმცა ასეთი პედაგოგების რაოდენობა არც ისე ბევრია.

მშობელს, რომელიც ყველა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით, სკოლის წესდებით თუ შინაგანაწესით, სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორია, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო შენობაში შესვლა არ შეუძლია. მშობლების უდიდესი უმრავლესობა არ იცნობს სკოლის დასუფთავების სტანდარტს, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი.

ერთადერთი ორგანო, რომელიც სკოლებში რეგულაციების დაცვას ამოწმებს განათლების სამინისტრო და მისი ქვედანაყოფებია. თეორიულადაც შეუძლებელია, ერთმა უწყებამ შეამოწმოს – სწორად ატარებს თუ არა პირბადეს 2300 სკოლის 60 ათასზე მეტი მასწავლებელი და ნახევარი მილიონი მოსწავლე. შედეგად ვიღებთ იმას, რომ სკოლაში წესებს ისე ვიცავთ, როგორც შეგვიძლია, მოგვინდება ან გამოგვდის, და არა ისე, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო მოგვიწოდებს.

რა უნდა გააკეთოს სკოლის ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ დაიცვას ბავშვები და თანამშრომლები კოვიდინფიცირებისგან და ამავე დროს, გაზარდოს უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამჭვირვალობა, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის ნდობას სკოლასა და მოსწავლის ოჯახს შორის, ნაკლები ბავშვის მშობელი აირჩევს Online-სწავლას და მეტ ბავშვს ექნება შესაძლებლობა ისწავლოს და განვითარდეს მისთვის ბუნებრივ გარემოში.

როგორ უნდა გააკეთოს სკოლამ ეს?

იმის ნაცვლად, რომ მშობელი შენობაში არ შეუშვას, დირექციამ უნდა აჩვენოს მშობლებს, როგორ ახერხებს სკოლაში უსაფრთხოების ნორმების დაცვას. უპასუხოს შეკითხვებს და შეამციროს მოარული ხმები იმის შესახებ, რომ იქ სადაც ბევრი ბავშვია, წესების დაცვა შეუძლებელია. ამისთვის კი საუკეთესო საშუალება იქნებოდა, მონიტორინგის მექანიზმის შექმნა მშობლების მონაწილეობით და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში მოსწავლეთა ოჯახისთვის პასუხისმგებლობის განაწილება.

ცხადია, სკოლაში მშობლების შესვლამ ქაოსი არ უნდა გამოიწვიოს, COVID-ის რისკები კიდევ უფრო არ უნდა გაზარდოს, სასწავლო პროცესი არ უნდა შეაფერხოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას სკოლაში მყოფი პირების პერსონალურ მონაცემებს.

ამისთვის, აუცილებელია წესების შემუშავება, რომლებიც ყველა სკოლამ თავისი სპეციფიკიდან (თემის მახასიათებლები, მოსწავლეთა და პედაგოგთა რაოდენობა, შენობის ფართობი, საგაკვეთილო პროცესის გეგმა და ა.შ.) თავად უნდა შექმნას. უნივერსალურ წესთა ერთობლიობა არ არსებობს, თუმცა იმისათვის, რომ მკაფიო წარმოდგენა შეექმნას მკითხველს, დეტალურად აღვწერ წესების ერთ-ერთ ვარიანტს.

წესები სკოლებში მშობლების ვიზიტისთვის:

ყველა სკოლაში, კერძო იქნება თუ საჯარო, მშობლების მცირე ჯგუფს ფიქსირებული რაოდენობით, დღის გარკვეულ მონაკვეთში უნდა ჰქონდეს სკოლაში შესვლის უფლება. ამ ჯგუფში უნდა ხდებოდეს მშობლების მონაცვლეობა, ყველა კატეგორიის მშობელს უნდა შეეძლოს, მისთვის განკუთვნილ დღეს სკოლაში შესვლა პირბადით, ხელთათმანით, ბახილებით, შესაძლოა ერთჯერადი სამედიცინო ხალათითაც კი, ცხადია, თერმოსკრინინგის შემდეგ.

სკოლაში შესვლამდე მშობელს უნდა ჰქონდეს კონკრეტული ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს შენობაში. მშობელი ინსტრუქციას სკოლაში მისვლამდე უნდა იცნობდეს, რათა მისმა ვიზიტმა არ გამოიწვიოს უწესრიგობა.

ინსტრუქცია აუცილებლად უნდა იყოს მოკლე და ყველასათვის გასაგები ენით დაწერილი. მაგალითად ასეთი შინაარსის:

სკოლის შენობაში დაუშვებელია:

  • გაკვეთილის მიმდინარეობის შეფერხება.
  • ფოტო-ვიდეო გადაღება შენობის ყველა იმ სივრცეში, სადაც არასრულწლოვანი პირები იმყოფებიან.
  • გადაადგილება სკოლის სველ წერტილებში სკოლის თანამშრომლის გარეშე და ა.შ.

სკოლის შენობაში დაშვებულია:

  • დაკვირვება თერმოსკრინინგის პროცესზე.
  • დაკვირვება, რამდენად დაცულია სკოლაში პირბადის ტარების წესი.
  • რამდენად დაცულია სკოლაში ბავშვებს შორის და ზრდასრულებს შორის ფიზიკური დისტანცია საგაკვეთილო და დასვენების საათებში.
  • რამდენად ახერხებს სკოლა ნაკადის მართვას.
  • რამდენად ახერხებს სკოლა შენობის დასუფთავებას, მათ შორის, რა სიხშირით სუფთავდება სველი წერტილები, მოაჯირები, სახელურები
  • რამდენი დამლაგებელი იცავს სისუფთავეს და აქვს თუ არა სკოლას დასუფთავების სტანდარტი.
  • რამდენად შესაძლებელია, სმენებს შორის ოთახების განიავება და დასუფთავება.
  • აღჭურვილია თუ არა სკოლა დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარით.
  • მომარაგებულია თუ არა სველი წერტილები წყლით, საპნითა და ქაღალდით.
  • გამოყოფილია თუ არა იზოლირებული ოთახი იმ პირთათვის, ვისაც სკოლის ტერიტორიაზე დაუფიქსირდება ტემპერატურა ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი და ა.შ.

სკოლაში ვიზიტის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია სკოლამ მშობლებს ისე უნდა მიაწოდოს, რომ არ შეუქმნას უხერხულობა. ვერბალურად თუ არავერბალურად არ აგრძნობინოს, რომ მისი მოსვლა, ე.წ. არასასურველი კონტროლია, რომელიც დისკომფორტს უქმნის სკოლის თანამშრომლებს. მეტიც, მშობლის სკოლაში ვიზიტი აღქმული უნდა იყოს როგორც სკოლის მართვის გამჭვირვალობის ნიმუში, როგორც სასკოლო დემოკრატიის გამოვლინება, როგორც მშობელსა და სკოლას შორის პასუხისმგებლობის განაწილების ინსტრუმენტი.

ვიზიტის შემდეგ სასურველია, სკოლამ მშობელს შეავსებინოს კითხვარი, რომლითაც მიიღებს ინფორმაციას მშობლის შთაბეჭდილებების შესახებ. ამით ის 1. ოპერატიულად მიიღებს ინფორმაციას მისი შთაბეჭდილებების შესახებ; 2. საკუთარ სივრცეში გაუხსნის ველს შესაძლო კრიტიკას.

სკოლამ მშობელს უნდა შეუქმნას ჯანსაღი გარემო განსხვავებული აზრის გამოსახატად და, რაც მთავარია, რეაგირება მოახდინოს მშობლის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე და აცნობოს მშობელს ამის შესახებ.

ვინ იქნება მშობლების ვიზიტებზე პასუხისმგებელი პირი? ცხადია, საგაკვეთილო პროცესში სკოლის შენობაში მშობლების მოძრაობა პასუხისმგებელი პირის თანხლებით უნდა მოხდეს. თუკი სკოლას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჰყავს, მშობლებს სკოლის დათვალიერებაში ის დაეხმარება. თუ ასეთი კადრი არ ჰყავს, მაშინ დირექტორს, მოადგილეს ან მოხალისე მასწავლებელს მონაცვლეობით შეუძლიათ ამ საქმის შესრულება.

ასეთი ვიზიტის დროს, სკოლის თანამშრომელი მშობლებს იმ მოთხოვნებსაც დეტალურად გააცნობს, რომლებსაც სახელმწიფო ბავშვის ოჯახის წევრებსა და კანონიერ წარმომადგენლებს ავალდებულებს. სასურველია, ეს წესები პუნქტებად იყოს ჩამოწერილი, რათა უფრო ადვილად გასაგები გახდეს ყველა მშობლისთვის. მაგალითად ასე:

  • ასწავლეთ მოსწავლეს ჰიგიენური ნორმების დაცვის მნიშვნელობა;
  • უზრუნველყავით მოსწავლე პირბადით და ჰიგიენური ნორმების დასაცავად საჭირო რესურსებით;
  • აკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა: დაუშვებელია მოსწავლის გამოშვება სკოლაში, თუკი მას აღენიშნება ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი ან ვირუსის დამახასიათებელი ნებისმიერი სხვა სიმპტომი;
  • დაუშვებელია მოსწავლის გამოშვება სკოლაში, თუკი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება ვირუსის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომი;
  • აუცილებლად აცნობეთ კლასის აღმზრდელ-პედაგოგს, თუკი ოჯახის რომელიმე წევრს დაუდასტურდა COVID-19 ვირუსი და ამ შემთხვევაში არ გამოუშვათ მოსწავლე სკოლაში და ა.შ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სკოლა უნდა იყოს მშობლების წამახალისებელი, რომ მათ საკუთარი თვალით ნანახის შესახებ ინფორმაცია გაუზიარონ სხვა მშობლებს.

ასეთი სახის თანამშრომლობა უსაფრთხოების დაცვის საკითხის ირგვლივ გააერთიანებს მთელ სასკოლო საზოგადოებას. დაეხმარება მშობელს, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება ბავშვის სკოლაში გაშვებასთან დაკავშირებით. დაეხმარება სკოლის ადმინისტრაციას, დამოუკიდებელი ბერკეტებით აკონტროლოს სკოლაში რეგულაციების დაცვის ხარისხი და გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლი, სკოლაში წესრიგის დაცვას, რაც პანდემიის პირობებში უპირველესი ამოცანაა.

როგორ ვასწავლოთ გენდერი სკოლაში

0

სასკოლო ცხოვრებაში ხშირად იჩენს თავს გენდერთან დაკავშირებული პრობლემები. სამწუხაროდ, სკოლა გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებისა და გავრცელების ერთ-ერთ ადგილად რჩება. კარგად თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ გავრცელებული სტერეოტიპული მოსაზრებების უმეტესობა სწორედ სკოლიდან მოდის. „ბიჭებმა ფეხბურთი ითამაშეთ, გოგოებმა ხელბურთი“, „მერხები ბიჭებმა წაიღეთ, ხოლო კლასი გოგონებმა დაალაგეთ“, „ტექნიკური საგნებს ბიჭები უკეთ სწავლობენ“… ეს ფრაზები, ჩვენი რეალობისთვის ნამდვილად არ არის უცხო. მსგავსი გამონათქვამები, გაუცნობიერებლად, ილექება მოსწავლეების ქვეცნობიერში და მომავალში გამოვლენის არასასურველ საშუალებებს პოულობს.

ამავდროულად, სასკოლო სივრცე ის ადგილია, სადაც შესაძლებელია გენდერული სტერეოტიპების ეტაპობრივად მსხვრევა.

როგორ?

მოვუყვეთ მოსწავლეებს საინტერესო წამოწყებების შესახებ. ვფიქრობ, ახალგაზრდები დაინტერესდებიან კამპანიით „კაცები ზრუნავენ“. მისი მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ბავშვის აღზრდაში მამის ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეების ყურადღებას იპყრობს მულტიმედია რესურსები. ეფექტური ფოტო-ვიდეო მასალები ღრმად ილექება მეხსიერებაში. კამპანიის ფარგლებში შექმნილია ცნობილი ადამიანების ვიდეოები, რომლებიც ამსხვრევენ გენდერულ სტერეოტიპებს.

ჩემი პრაქტიკის მიხედვით ეფექტური აღმოჩნდა ტოქსიკური მასკულინობის შესახებ ფოტოების ჩვენება და შემდგომი დისკუსია. კედელზე ერთ მხარეს გამოვაკარი სიტყვა – ვეთანხმები, მეორე მხარეს – არ ვეთანხმები. მოსწავლეებს წავუკითხე ქვემოთ მოცემული დებულებები:

  • ბიჭებს არასოდეს ეშინიათ;
  • კაცმა არ შეიძლება იტიროს;
  • კაცმა დახმარება არ უნდა ითხოვოს;
  • კაცი არ შეიძლება იყოს ფემინისტი;
  • კაცი არ იცვამს ფერად ტანისამოსს;
  • ბიჭმა სხვას უნდა მოსთხოვოს სხვების პატივისცემა და საქციელზე პასუხისმგებლობის აღება.

მივეცი საშუალება, აერჩიათ ერთ-ერთი მხარე. ამის შემდეგ გავაცანი ტოქსიკური მასკულინობის ფარგლებში შექმნილი ფოტოები და ვკითხე:

  • რატომ დაეთანხმნენ ან არ დაეთანხმნენ კონკრეტულ დებულებას?
  • რა გავლენა იქონია ფოტოებმა?
  • ხომ არ შეიცვალეს აზრი და რატომ?

 

განსხვავება სქესსა და გენდერს შორის

 

ხშირად ხდება სქესისა და გენდერის აღრევა. იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ განსხვავება მათ შორის, მოსწავლეებს შევთავაზოთ შემდეგი მარტივი სავარჯიშო:

გავყოთ დაფა/ფლიპჩარტი ორ ნაწილად (T დიაგრამა). ერთ მხარეს დავწეროთ „ქალი“, მეორე მხარეს – „კაცი“. ვთხოვოთ მოსწავლეებს, ჩამოთვალონ ორივე სქესისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. მაგალითისათვის პირველი ორი სიტყვა ჩვენ დავწეროთ ქალი – დედა, კაცი – მამა. ამის შემდეგ, დასახელდება გენდერული მახასიათებლები. როცა ორივე მხარეს საკმარისი რაოდენობის ჩამონათვალი გვექნება, სადაც გვეწერა „ქალი“, დავწეროთ „კაცი“ და პირიქით. შემდგომ დავიწყოთ მოსწავლეების მიერ შედგენილი ჩამონათვალის განხილვა. შედეგად, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ კაცი შეიძლება იყოს მზრუნველი ადამიანი, დამლაგებელი, მასწავლებელი, ძიძა და ა.შ. ხოლო ქალთან მიმართებით გამოვლინდება, რომ მდედრობითი სქესისთვისაც არ არის უჩვეულო ტაქსის მძღოლობა, მშენებლობა, პოლიციელობა და სხვა.

ეს სავარჯიშო ძალიან კარგი საშუალებაა, მოსწავლეები დავაფიქროთ საზოგადოების მიერ განსაზღვრულ გენდერულ როლებზე. ამავდროულად, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ ბიოლოგიური მახასიათებლები უცვლელი რჩება – დედა ყოველთვის არის ქალი, ხოლო მამა – კაცი.

კაცი თუ ქალი

დავხატოთ გოგოსა და ბიჭის სილუეტი დაფაზე/ფლიპჩარტზე. შემდეგ მოსწავლეები დავყოთ ჯგუფებად და დავურიგოთ შემდეგი სიტყვები:

სასიამოვნო, ლიდერი, ძლიერი, მოუწესრიგებელი მშობელი, მგრძნობიარე, ფულის გამომუშავება, დასუფთავება, მშენებლობა, სანდომიანი, დამცინავი, ჩხუბისთავი, კითხვა,  საყიდლებზე სიარული, საკვების მომზადება, სასაცილო, წყნარი, უხეში, ჭკვიანი,  მათემატიკა, ინჟინერი. ფოტოგრაფი, შემდუღებელი.

ვთხოვოთ, რომ გაეცნონ შეთავაზებულ სიტყვებს, შეთანხმდნენ ჯგუფში რომელი შეუსაბამონ გოგოს და რომელი ბიჭის სილუეტს. მივცეთ ამისათვის საკმარისი დრო.

შემდეგ ვთხოვოთ, ფლიპჩარტები გამოაკრან თვალსაჩინო ადგილას და დავიწყოთ განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ბავშვები საინტერესო აღმოჩენებს თავადვე გააკეთებენ, რომლებიც სტერეოტიპებთან დაკავშირებით დააფიქრებთ და სხვაგვარად შეხედავენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრს. ამგვარად, მასწავლებელმა მიზანი მიღწეულად უნდა ჩათვალოს, რადგან სტერეოტიპების მსხვრევისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული იქნება.

 

გამოყენებული წყაროები:

გენდერი და ჩემი გარემო „SHE’s GREAT!“-ის სასწავლო მასალები

როგორ ავირჩიოთ პროფესია იკიგაის მეთოდით

1

„იკიგაი ყოველდღიურ წვრილმანებში უნდა ვეძებოთ, მცირედით დავიწყოთ: ვიცხოვროთ აწმყოში”.

კენ მოგი

 

„აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ. ეს აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე. ყოველ დღე მე ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, მენდომებოდა თუ არა იმის გაკეთება, რაც დღეს უნდა გავაკეთო? და თუ პასუხი რამდენიმე დღის განმავლობაში იქნებოდა „არა“, ეს ნიშნავდა, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.“

სტივ ჯობსი

 

 

ერთხელ პატარა იაპონურ ქალაქში ქალი კვდებოდა. რაღაც მომენტში მან იგრძნო, რომ მისი სული ტოვებდა სხეულს და ზემოთ მიქროდა.  უეცრად ვიღაცამ  ხმამაღლა ჰკითხა:

  • ვინ ხარ?
  • მე მერის ცოლი ვარ.
  • მე არ გეკითხები, ვისი ცოლი ხარ? მიპასუხე, ვინ ხარ?
  • ოთხი შვილის დედა ვარ და სკოლის მასწავლებელი.
  • მე ხომ არ მიკითხავს, რამდენი შვილი გყავს ან სად მუშაობ?

…ასე გაგრძელდა დიალოგი მანამ, სანამ ქალმა არ უპასუხა:

  • მე ის ვარ, ვინც ყოველდღე იღვიძებს იმისთვის, რომ დაეხმაროს ოჯახს და ასწავლოს ბავშვებს სკოლაში.

ამის შემდეგ ქალის სული დაუბრუნდა სხეულს და  სრულიად  გამოჯანმრთელდა, რადგან მან იპოვა თავისი იკიგაი.

რა არის იკიგაი, რომელიც დღეს ცხოვრების საზრისის ძიების ფორმულად განიხილება?

იკიგაი იაპონური სიტყვაა. ამ კონცეპტით აღნიშნავენ „ცხოვრების საზრისს“, სიცოცხლის მოტივაციას. დენ ბიუტნერი, ე.წ. სიცოცხლისუნარიანობით გამორჩეულ „ცისფერ ზონებს“  იკვლევდა, მის ნაშრომში “The Blue Zones: Lessons for Living Longer from the People Who’ve Lived the Longest”, მსოფლიოს ხუთ ძირითად რეგიონს შორის იაპონიის ერთ-ერთი შორეული კუნძული ოკინავაც მოხვდა. კუნძულზე ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 92 წელია, ხოლო მამაკაცების – 88. დენ ბიუტნერი აღწერს, რომ ოკინავას მოსახლეობის ძირითადი საკვებია ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი. აქტიურად მისდევენ ტაი-ჩის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების პრაქტიკას, მაგრამ მათთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი ცხოვრების უნიკალური კონცეფციაა – იკიგაი.

იკიგაი – ეს არ არის უბრალოდ კითხვებზე პასუხი, ეს არის საზრისის ძიება და ცხოვრების იდეოლოგია და ფილოსოფია. კენ მოგი წიგნში: “The Little Book of Ikigai: The Essential Japanese Way to Finding Your Purpose in Life“ წერს:  „იკიგაი ყოველდღიურ წვრილმანებში უნდა ვეძებოთ, მცირედით დავიწყოთ: ვიცხოვროთ აწმყოში”. მოგის აზრით, არა აქვს მნიშვნელობა “მატარებლის დამლაგებელი ხარ, ახალშობილის დედა თუ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი მზარეული — თუ შეგიძლია, სიამოვნება და კმაყოფილება მიიღო იქიდან, რასაც აკეთებ და რაც კარგად გამოგდის, გილოცავ, იკიგაი უკვე ნაპოვნი გაქვს”.

ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად ცხოვრობენ, გაუცნობიერებლად სჩადიან სიკეთეს ან ბოროტებას, უბრალოდ, დინებას მიჰყვებიან… ასეთი ცხოვრება გარკვეული დროის შემდეგ ხდება რუტინული და მოსაწყენი. მერე, საუკეთესო შემთხვევაში, იწყება რეფლექსია: რა ხდება და როგორ უნდა დაიბრუნოს ადამიანმა ცხოვრების სიხარული? ყოველდღიური პატარა ამბებით ტკბობის სურვილი?

სიცოცხლის ბოლოს რომ არ აღმოვჩნდეთ ამ დილემის წინაშე, სჯობს, თავიდანვე ვიზრუნოთ ამაზე და ბავშვებსაც სკოლაში ვასწავლოთ იმაზე ფიქრი, რას მოაქვს მათთვის ბედნიერება, რის გაკეთება სურთ, რა უხარიათ?

ნურც ის შეგაშფოთებთ, ძვირფასო მასწავლებლებო, რომ, შესაძლოა, თქვენმა მოსწავლეებმა ძალიან ხშირად იცვალონ აზრი, გაუჭირდეთ იმის პოვნა, რის კეთებაც უხარიათ, ან რაც კარგად გამოსდით. მაგრამ ფიქრი ხომ პროცესია და იკიგაის აღმოჩენაც 2 დღეში არ ხდება. მთავარია, ფიქრი დაიწყონ და ცვალონ მერე გატაცებები, სურვილები, ჰობები ყოველწლიურად. როდესაც პროფესიის არჩევა მოუწევთ, უკვე მზად იქნებიან იმისთვის, რომ პროფესია სწორად აირჩიონ.

იკიგაი – კითხვების დასმის ხელოვნება არ არის. ეს არის ყოველდღიური მოქმედებების გაცნობიერების, ცხოვრების ხელოვნება.

სულ 4 კითხვა და გულწრფელი პასუხებია საჭირო. ეს კითხვებია:

  1. რა გიყვარს, რა საქმეს აკეთებ სიამოვნებით?
  2. რა გამოგდის კარგად, რისი უნარი გაქვს?
  3. მიიღებ თუ არა შემოსავალს ამ საქმიანობიდან?
  4. რა სჭირდება სამყაროს?

ამ კითხვებზე პასუხით შეგიძლია განსაზღვრო აგრეთვე: შენი გატაცება, მისია, პროფესია და მოწოდება.

გატაცება – ეს არის ის, რაც გიყვართ და შეგიძლიათ;

მისია – ეს არის რაც გიყვართ და რაც სჭირდება სამყაროს;

მოწოდება – ის, რაც სჭირდება სამყაროს და რაშიც გიხდიან;

პროფესია – ის, რაც შეგიძლიათ და რაშიც გიხდიან.

მაგრამ იკიგაის აღმოჩენა მხოლოდ ეს არ არის. მნიშვნელოვანია, ამ ოთხი ელემენტის გადაკვეთა. სწორედ მათი სინერგია ქმნის იკიგაის. დააკვირდით ფოტოს: რაც ცენტრშია, ის არის იკიგაი.

შეიძლება არასდროს ამდგარიყო ადამიანი საწოლიდან, რომ არა ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. იკიგაი არის საწვავი, რომელიც თუ მანქანაში არ ასხია, ადგილიდან ვერ დაძრავ, როგორი გამართულიც არ უნდა იყოს.

„შენს სამსახურს შენი ცხოვრების დიდი ნაწილი უჭირავს, კმაყოფილების მისაღწევად ერთადერთი გზაა, აკეთო დიდებული საქმეები. დიდებული საქმის საკეთებლად ერთადერთი გზაა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუკი საყვარელი საქმე ჯერ არ გიპოვია, განაგრძე ძიება. არ გაჩერდე. როდესაც იპოვი, აუცილებლად მიხვდები“ (სტივ ჯობსი).

 

ხარისხის უზრუნველყოფა, როგორც სასკოლო კულტურის ნაწილი – მეორე ნაწილი

0

პირველი ნაწილი

ვაგრძელებთ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ერთ-ერთი მოდელის განხილვას, სადაც აქცენტი სწორედ სამოქალაქო კომპეტენციების შეფასებაზე კეთდება. ამ მოდელის მიხედვით განისაზღვრება შეფასების ოთხი სფერო, რომელიც თავის მხრივ ჯამში თორმეტ მიმართულებად იშლება. ამ ნაწილში განვიხილავთ საგაკვეთილო, სასკოლო დონეზე არსებულ პროცესებსა და სასკოლო გარემოს.

საგაკვეთილო პროცესი

გაკვეთილისათვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა – ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს დრო წარმოადგენს. გაკვეთილისა და საგაკვეთილო ცხრილის ანალიზისას ნათლად ჩანს, რა დრო ეთმობა თითოეულ მოსწავლეს. რადგანაც სკოლა ორიენტირებულია მაქსიმალური დრო საგაკვეთილო პროცესს დაუთმოს, თითქოს უბრალოდ „დაიმედებულია“, რომ მოსწავლეები თავად გამოძებნიან საკმარის რესურსს სკოლის გარე აქტივობის, სწავლისა დ არაფორმალური განათლებისათვის. ამიტომ სკოლის, როგორც შიგნით და ასევე მის გარეთ სწავლაზე დახარჯული დროის გადამოწმება (ე.წ. საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათების რაოდენობა) თავად მოსწავლეებისთვისაა კარგი. ამით განისაზღვრება, რამდენად ეფექტურად ანაწილებენ ისინი დროს. კითხვები, რომლებსაც ამ შემთხვევაში სკოლამ პასუხი უნდა გასცეს, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

  • რამდენი გაკვეთილი ცდება წლის განმავლობაში და რა მიზეზით?
  • გაკვეთილის რა დრო ეთმობა ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ადმინისტრაციული საკითხები, დისციპლინა, და ა.შ.?
  • დაახლოებით რა დროს ხარჯავენ მოსწავლეები საშინაო დავალების მომზადებაზე?
  • თანაბარ დროს უთმობენ თუ არა დაბალი და მაღალი მოსწრების მოსწავლეები გაკვეთილი მომზადებას?

გაკვეთილისათვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა და მისი ეფექტურობა შესაძლებელია ვიკვლიოთ გაკვეთილზე დაკვირვების, სპეციალური დღიურების (ჩანაწერების) შესწავლისა და დაკარგული დროის ანალიზის მეშვეობით.

გაკვეთილის ხარისხი – გაკვირვებას არ იწვევს იმ კვლევების სიმრავლე, რომლებიც წლების განმავლობაში გაკვეთილის ხარისხს შეისწავლიდა. ყველა მათგანი ძირითადად თანხმდება, რომ კარგი სკოლის საფუძველს კარგი გაკვეთილი წარმოადგენს. ტერმინი „კარგი სკოლა“ შეიძლება ნამდვილად მოიცავდეს „კარგ გაკვეთილს“, მაგრამ ამ ორ ცნებას შორის ტოლობის დასმა ძალიან ზედაპირული მიდგომა იქნებოდა. იმის მისახვედრად, რომ გაკვეთილი კარგია, ძალიან ნათელი კრიტერიუმები არსებობს: ნათელი და გამჭვირვალე შეფასების სისტემა, პროფესიონალი მასწავლებელი, მიღწეული საგნობრივი შედეგი და ა.შ. თუმცა ეს ინდიკატორები არასოდეს იძლევა იმის საშუალებას, შევამოწმოთ ყველამ აითვისა თუ არა სტანდარტით გათვალისწინებული მასალა; გავიგოთ, მიუხედავად კარგად ახსნილი გაკვეთილისა, რატომ უჭირს ზოგიერთ მოსწავლეს შედეგზე გასვლა და რატომ შეუძლია ზოგიერთ მათგანს მასალის დამოუკიდებლად ახსნის გარეშე დაძლევა. ამიტომ, გაკვეთილის ხარისხის შეფასებისას კონცენტრირება ორივე ცნებაზე უნდა მოხდეს და კვლევის კითხვები შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს:

  • აღიქვამენ თუ არა ერთნაირად მასწავლებლები და მოსწავლეები სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ მიზნებს?
  • რამდენად ეფექტურია სწავლება?
  • რამდენად ეფექტურია სწავლა?
  • რა მეთოდები გამოიყენება სკოლაში გაკვეთილი ხარისხის კვლევისა და მისი გაუმჯობესებისათვის?
  • იღებს თუ არა ყველა მოსწავლე თანაბარი ხარისხის გაკვეთილს?
  • იღებენ თუ არა სწავლის სირთულის მქონე მოსწავლეები მათთვის აუცილებელი შინაარსისა და ხარისხის გაკვეთილს?

სკოლაში გაკვეთილის ხარისხის კვლევისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდები: მინი-კითხვარი მოსწავლეებისათვის (იმ შემთხვევაში თუ რამე ვერ გავიგე, შემიძლია მასწავლებელს ვთხოვო დახმარება; ვიგებ მასწავლებლის მითითებებს/ინსტრუქციას; მასწავლებელმა იცის, როდესაც ვერ ვიგებ გაკვეთილს; როდესაც დახმარებას ვთხოვ მასწავლებელს, მაშინვე ვიღებ რეაგირებას), კოლეგიური დაკვირვება (მოიცავს შემდგომ უკუკავშირს), კოლექტიური (ჯგუფური) ისტორიების ანალიზი, კითხვარი.

სირთულეები სწავლის დროს – მოსწავლეების და/ან მოსწავლეთა ჯგუფების განსაკუთრებული საჭიროებების შესწავლისათვის სკოლას აწყობილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა აქტორს, იცოდეს, როდის რა ნაბიჯები უნდა გადადგას. ყველა მონაწილე, ვისთანაც მსგავსი საჭიროება დგება, წარმოადგენს პროტოკოლს, რომელიც დეტალურად აღწერს სიტუაციას. ამის მიხედვით წყდება მხარდაჭერის რა ფორმა უნდა შევთავაზოთ პირს. განსაკუთრებული სირთულის ქეისის შესწავლა აუცილებლად სხვა კონკრეტული შემთხვევებისგან დამოუკიდებლად უნდა მოხდეს. შესაძლებელია პროცესში საჭიროებამ მოითხოვოს, დავაკვირდეთ კონკრეტულ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს, ჩავატაროთ ჩაღრმავებული ინტერვიუ მშობლებთან, ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან და ა.შ.

ქეისების შესწავლისას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მოსწავლეთა დღიურებს. დღიურები საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ინფორმაცია კონკრეტული დავალებების შესრულების შესახებ, საშინაო დავალებებთან დაკავშირებულ სიძნელეებსა თუ სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებზე. უბრალოდ მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული კითხვების დასმა, მაგალითად: რა გიჭირს განსაკუთრებით? ძირითადად როდის აწყდები ამ პრობლემას? ადრეც შეგხვედრია მსგავსი სირთულის დავალება? და ა.შ.

პროცესები სასკოლო დონეზე

სკოლა როგორც სასწავლო  გარემო – სასწავლო გარემოს კვლევისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდები: პრო- და კონტრანალიზი. მოსწავლეებს ეძლევათ ფორმულარი, სადაც კონკრეტულ საკითხზე დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა ჩამოაყალიბონ. მაგალითად: რა ქმნის სკოლაში კარგ სასწავლო გარემოს? (მასწავლებლების დამოკიდებულება ჩემთან; მოსწავლეები, რომლებიც მიხსნიან ჩემთვის გაუგებარ საკითხებს; მე მაქვს შეცდომის დაშვების უფლება).

კითხვარი სასკოლო გარემოს კვლევის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. კითხვარის შინაარსი ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და იმაზე, აღიქვამს თუ არა სკოლას მისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოდ.

სკოლა, როგორც სოციალური გარემო – სკოლა სოციალური ადგილია, სადაც მოსწავლეები თავიანთი სოციალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ატარებენ. სკოლაში ყალიბდება მეგობრობა, იკვრება ჯგუფები კონკრეტული ნიშნით, ყალიბდება ურთიერთობები განსხვავებულ ასაკსა და სქესს შორის. სკოლაში სწავლობენ ბავშვები, რას ნიშნავს ავტორიტეტი, გავლენა, დამოუკიდებლობა, დამოკიდებულება და ა.შ. მათი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს ერთგვარ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს სოციალურ კლიმატსა და ურთიერთობებში. კითხვები, რომლებიც სოციალური გარემოს კვლევის დროს უნდა გამოვიყენოთ, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: აქვთ თუ არა მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა სკოლაში წამახალისებელ და სადამსჯელო ღონისძიებებზე? არის თუ არა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო? არსებობს თუ არა მოსწავლეებისათვის ისეთი გარემო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, მიიღონ საერთო გადაწყვეტილებები და აიღონ პასუხისმგებლობა? აქვთ თუ არა მოსწავლეებს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სკოლის სოციალურ ცხოვრებაში? კვლევის მეთოდებად გამოიყენება კითხვარი, ფოტოშეფასება და დღიური.

სკოლა, როგორც სამუშაო გარემო – სკოლა, როგორც სამუშაო გარემო, პირველ რიგში მოიაზრება მასწავლებელთათვის კომფორტულ ადგილად, სადაც ხდება მათი პიროვნული და პროფესიული განვითარება. ამ სფეროს კვლევაში პირველ რიგში პერსონალური განვითარების ანგარიში, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები და კვირეული დღიურები მოიაზრება. სკოლებში, სადაც დანერგილია აღნიშნული პრაქტიკა გამოიყენება შეფასების კონკრეტული სქემები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯგუფური მუშაობა დისტანციურ გაკვეთილზე

0

დისტანციურმა სწავლებამ მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა მასწავლებლები. მოგვიწია საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილების მოდიფიცირება და დისტანციური მუშაობის რეჟიმისთვის მორგება. ნელ-ნელა ვისწავლეთ, როგორ გადმოვწყობილიყავით საკლასო ოთახებიდან მართკუთხა მონიტორებთან ისე, რომ სწავლების ხარისხი არ გაუარესებულიყო, მოსწავლეთა ინტერესიც შეგვენარჩუნებინა და პროცესში სიახლეებიც შეგვეტანა.

ახალი გზების ძიება ჩემთვის საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ვცდილობდი, ბავშვებისთვის ყოველ გაკვეთილზე ახალი რესურსები შემეთავაზებინა, ვიფიქრე: რა მოხდება, რომ მათი საყვარელი აქტივობაც დისტანციურად ჩავატარო-მეთქი? ეს იყო ჯგუფური მუშაობა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ნუნუ გაწერელიას „ბეღურა და ზამთარი“ შევისწავლეთ. მომდევნო შეხვედრისთვის დავგეგმე გაკვეთილი, რომელიც წინასწარ მქონდა აწყობილი პრეზენტაციის სახით.

წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მოსწავლეებს შევახსენე ახალი სიტყვების მნიშვნელობა და დავუსვი რამდენიმე კითხვა ტექსტიდან:

  1. რატომ იყო და-ძმა დაღონებული?
  2. რა განიზრახა ბეღურამ ბავშვების გასახარებლად?
  3. რატომ გაუკვირდა ფიფქს ბეღურას თხოვნა?
  4. ბეღურამ იცის, რომ თოვლის მოსვლის შემთხვევაში ის ცუდ დღეში ჩავარდება. ვისი დახმარების იმედი აქვს მას?

 

ამის შემდეგ ვთხოვე დაფიქრებულიყვნენ, რა იყო მოთხრობის მთავარი სათქმელი.

თითოეული გვერდი გაფორმებული იყო ანიმაციით, რომელიც მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ.

ამის შემდეგ ჯგუფური მუშაობისთვის მოვემზადეთ. მოსწავლეებმა გაიხსენეს ჯგუფური მუშაობის წესები. მათ ავუხსენი, რომ ჯგუფური მუშაობა დისტანციურ ფორმატში მხოლოდ ფიზიკური გარემოთი განსხვავდება საკლასო ოთახში ჩატარებულისგან, რადგან ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია გუნდურობა, თანამშრომლობა და ყველა ის წესი, რომელიც მათ ახსენეს. თავდაპირველად მთელ კლასს გავაცანი ჩვენი მუშაობის მიზანი და დავალება, მერე კი ისინი ტექნიკურად გავანაწილე სხვადასხვა ოთახში ანუ ჯგუფში. (მოსწავლეების ჯგუფებად განაწილების ინსტრუქცია)

სანამ მოსწავლეებს ჯგუფებად დაყოფთ, აუცილებელია აუხსნათ, რომ ჯგუფური მუშაობის დროს მხოლოდ თავისი ჯგუფის წევრებთან აღმოჩნდებიან. თქვენ პეროდულად თითოეულ ჯგუფს შეუერთდებით მონიტორინგისთვის. სასურველია, ერთი პრაქტიკული სამუშაო გაკვეთილამდე გაიაროთ მათთან ერთად.

მას შემდეგ, რაც დავალებას მთელ კლასს გააცნობთ, კიდევ ერთხელ ცალ-ცალკე გააცანით ჯგუფებს. ჯგუფებში განაწილება შეიძლება როგორც ავტომატურად, ისე თქვენი სურვილისამებრ. შეგიძლიათ, მოსწავლეებს მოაფიქრებინოთ სახელები ჯგუფებისთვის.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ჯგუფებად გავანაწილე, თითოეულ ჯგუფთან შევედი და გავაცანი დავალება და სამუშაო დრო. ჯგუფის წევრებს უნდა დაეწერათ ამბის გაგრძელება სხვადასხვა მითითების მიხედვით, აერჩიათ ერთი წევრი, რომელიც ჩაიწერდა ჯგუფის წევრების ნააზრევს და ჯგუფის სახელით წარადგენდა.

განუწყვეტლივ ვაკვირდებოდი მუშაობის პროცესს. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი დამატებით მითითებებს. დროის ამოწურვის შემდეგ ყველა მოსწავლე საერთო შეხვედრაში დავაბრუნე და პრეზენტაციისთვის მოვემზადეთ.

ჯგუფებმა ისაუბრეს მუშაობის პროცესსზე, ჩაატარეს პრეზენტაცია. თითოეულ ჯგუფს მივეცი შესაბამისი უკუკავშირი. ასევე ვთხოვე, გაკვეთილის დასრულების შემდეგ ფოტოს სახით გამოეგზავნათ მათ მიერ მოფიქრებული ამბავი.

შემდეგი გაკვეთილისთვის მოსწავლეებს უნდა შეექმნათ ილუსტრაცია ჩამოთვლილი თემებიდან რომელიმე ერთზე:

* ბეღურებისა და ფიფქების დიალოგი;

* დათოვლილი ქალაქი;

* ბეღურების ცხოვრება ზამთარში.

ნება მივეცი, სურვილისამებრ, ემუშავათ პროგრამაში „ვსწავლობთ თამაშით“ ან თავად დაეხატათ.

მომდევნო გაკვეთილზე მოსწავლეებისგან არაჩვეულებრივი ილუსტრაციები მივიღე.

 

„დათოვლილი ქალაქი“ (შექმნილია პროგრამაში „ვსწავლობთ თამაშით“)

 

„ბეღურების ცხოვრება ზამთარში“

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...