ორშაბათი, აგვისტო 25, 2025
25 აგვისტო, ორშაბათი, 2025

რჩევები ლიტერატურული ესესთვის

0

არც ისე დიდი ხნის წინ ეროვნული გამოცდების ქართულის ტესტში შეტანილმა ცვლილებებმა დიდი ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იყვნენ მომხრეები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ტესტი გამარტივდა და დაიხვეწა. მოწინააღმდეგეების აზრით, ორი ტიპის ესეს გაერთიანება აბიტურიენტების დაბნეულობას გამოიწვევდა. ასეც მოხდა, არა მარტო მოსწავლეები, მასწავლებლებიც დავიბენით. ერთმანეთს ვურეკავდით, ვეკითხებოდით, როგორი შეიძლება ყოფილიყო სტრუქტურა, განლაგება, მოცულობა ახალი დავალებისთვის. შეფასების კრიტერიუმებისა და დავალების პირობის გაცნობის შემდეგ ვნებათა ღელვამ იკლო და მუშაობას შევუდექით. გარკვეული გამოცდილებაც დაგროვდა, რომლის გაზიარებაც კოლეგებისთვის, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება.

ესეს წერისას ძირითადი ორიენტირი უნდა იყოს ოთხი კრიტერიუმი, რომლებსაც ყველაზე მაღალი ქულები აქვს. ესენია: პრობლემის აქტუალობა, მხატვრული ტექსტის ანალიზი (5-5 ქულა), ზოგადი განათლება და დამოუკიდებელი აზროვნება (3-3 ქულა).

ეს ესეც, როგორც ყველა სხვა, შედგება შესავალი, შუა და დასკვნითი ნაწილებისგან.

დავიწყოთ საკითხის ზოგადი მიმოხილვით, დავსვათ კითხვა: რატომ არის ყველა დროსა და ეპოქაში აქტუალური მოცემული პრობლემა?

პასუხის შემდეგ მოვიყვანოთ მაგალითები ისტორიიდან, რეალური ცხოვრებიდან, ფილმებიდან, ლიტერატურიდან დასაბამიდან დღემდე (თანამედროვეობას აქ არ შევეხოთ). მოცემული მაგალითებით უნდა დავადასტუროთ, რომ ეს პრობლემა აწუხებდათ ადამიანებს ყველა საუკუნეში მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. თითო მაგალითის შემდეგ კარგი იქნება შუალედური დასკვნების გამოტანა და მუდმივი აპელირება საკითხის აქტუალობაზე, მაგალითად, ასე: მოცემული ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ადამიანი ემოციური, ინტერაქციული არსებაა და მას მუდმივად აწუხებს სულიერი წონასწორობის დაცვის საკითხი. ასეთი შესავალი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, ქულები მოიპოვონ როგორც პრობლემის აქტუალობაში, ისე ზოგად განათლებაშიც.

მეორე აბზაცში მიმოვიხილოთ მწერლის ეპოქა, მოღვაწეობის ასპექტები, ვუპასუხოთ კითხვას: რითაა ამ შემოქმედისთვის საინტერესო მოცემული საკითხი?

შესაძლოა, საჭირო გახდეს ბიოგრაფიული დეტალების მოყვანაც. ამის შემდეგ გადავიდეთ ტექსტის ანალიზზე. ამისთვის მოცემული ნაწყვეტიდან მოსწავლეებს მოვანიშნინოთ ციტატები, რომლებიც მიემართება სათაურს (კარგი იქნება, სანამ თემის წერას დავაწყებინებთ, ვამუშაოთ ციტატა/კომენტარის სქემით, რათა მიეჩვიონ კომენტარების წერას და პერიფრაზი არ გამოუვიდეთ). აქვე უნდა მოვიყვანოთ პარალელები ზოგადი განათლებისთვის და შუალედური დასკვნები დამოუკიდებელი აზროვნების კრიტერიუმისთვის. მოცემულ ეპიზოდში შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე აბზაცის გამოყოფა.

ბოლოდან მეორე აბზაცში, ვფიქრობთ, უნდა ვისაუბროთ თანამედროვეობაზე, მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითები, სასურველია სტატისტიკაც, რათა დავადასტუროთ, რომ ეს პრობლემა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თუმცა შესაძლოა იყოს ისეთი საკითხიც, რომელიც ჩვენს ეპოქაში აღარ არის ისეთი მწვავე. ესეც უნდა აღვნიშნოთ და მაგალითებით დავადასტუროთ.

ბოლო აბზაცი იქნება დასკვნა, სადაც მოკლედ შევაჯამებთ ნააზრევს და წარმოვაჩენთ პრობლემის გადაჭრის ჩვენეულ ხედვას.

ასეთი მიდგომით, ჩვენი ვარაუდით, ესე გამოვა 700-800 სიტყვა, რაც საშუალებას მოგვცემს, სიღრმისეულად მიმოვიხილოთ საკითხი და მაღალი ქულაც დავიმსახუროთ.

ქვემოთ გთავაზობთ წერითი დავალების ნიმუშს, რომელიც, რასაკვირველია, იდეალური არ არის, მაგრამ შეიძლება ერთგვარ ორიენტირად გამოადგეთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

 

შოთა რუსთაველი პოემა „ვეფხისტყაოსანში“ დაგვანახვებს ტარიელისა და ფარსადანის დიდსულოვან დამოკიდებულებას მოღალატე მტრის მიმართ.

იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემული პრობლემა ტექსტში და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

 

ადამიანი ეგოცენტრული არსებაა, მას უჭირს თავის სურვილებზე უარის თქმა, კომპრომისზე წასვლა, პატიება. ამიტომაც ხშირია პიროვნებებს, ქვეყნებს შორის დაპირისპირება, რომლის დროსაც მოკვდავები კარგავენ ჰუმანურობას, დიდსულოვნებას და მხეცებად, ტირანებად იქცევიან. ამის მაგალითი მსოფლიომ მრავლად იცის. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში „ღვთის რისხვად“ წოდებული ჰუნების ბელადი ატილა არბევს ბალკანეთს, ანადგურებს ქალაქებსა თუ სოფლებს. „ჩემი ცხენის ნატერფალზე ბალახიც კი არ უნდა ამოვიდეს“ – ბელადის ეს სიტყვები ნათელი დადასტურებაა ადამიანთა სისასტიკისა და დაუნდობლობისა. მეათე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-ის ბრძანებით 15 ათასი ბულგარელი ტყვე დააბრმავეს. ასეთი გაუგონარი უმოწყალობის გამო მას ბულგართმმუსვრელი (ბულგართმჟლეტი) უწოდეს. როცა ჰუმანიზმის პრობლემას ვეხებით, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს პირველი და მეორე მსოფლიო ომები – ქვეყნების გლობალური დაპირისპირება, რომელმაც ას მილიონზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ეს და მრავალი სხვა ფაქტი მაუწყებელია იმისა, რომ ყველა საუკუნეში აკლიათ ადამიანებს სულგრძელობა, პრობლემა მწვავედ დგას მსოფლიოს ნებისმიერ ხალხთან.

შოთა რუსთაველი მე-12 საუკუნის მოღვაწეა. ეს ის ეპოქაა, როდესაც თამარ მეფის მმართველობით ქვეყანა განვითარების მწვერვალს აღწევს და „ოქროს ხანად“ იწოდება. მიუხედავად ამისა, ამ დროშიც აქტუალური რჩება ისეთი მარადიული ზოგადსაკაცობრიო საკითხები, როგორებიცაა სიყვარული, მეგობრობა, კაცთმოყვარეობა, პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი.

„ვეფხისტყაოსნის“ მოცემულ ეპიზოდში საინტერესოდაა წარმოჩენილი დამარცხებული მოწინააღმდეგის მიმართ ტარიელისა და ფარსადანის დამოკიდებულება. ხატაეთის ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული ამირბარი ხელს არ ახლებს მოსახლეობას:

„მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით“.

ტარიელის გადაწყვეტილება ისევე აოცებს ადამიანს, როგორც ქრისტეს საქციელი. ასეთი მიმტევებელი ხომ მხოლოდ განკაცებული ღმერთია, რომლის სიტყვები: „მამაო, შეუნდევ, რამეთუ არ იციან, რას იქმან“, – სამარადისო გაფრთხილებად უნდა ქცეოდა კაცობრიობას. მაცხოვარი უფალს იმ ადამიანთა შენდობას სთხოვს, რომელთაც ჯვარს გააკრეს, ამით მიტევების საოცარ მაგალითს უტოვებს კაცთა მოდგმას. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მიბაძვის სურვილი იშვიათად უჩნდებათ ადამიანებს. ტარიელი კი ზეადამიანს განასახიერებს, რომელიც ქრისტეს მიემსგავსება. ამას ავტორის დამოკიდებულებაც ცხადყოფს, როდესაც ამბობს, მისი მსგავსი დედამიწაზე არავინ დაიბადებაო:

„მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი“.

ინდოეთის მხედართმთავარი ურყევად ასრულებს ქრისტეს მცნებას: „გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი“. დიდი მოკრძალებითა და პატისცემით ექცევა ხატაელებს და ამბობს:

„ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: ,,იყვენით თქვენ უკრძალავად,

მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად“.

ვფიქრობ, მკითხველთა უმეტესობისთვის ასეთი საქციელი წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. თუმცა საქართველოს ისტორიიდანაც შეიძლება მსგავსი მაგალითების გახსენება. მეათე საუკუნის მოღვაწე თორნიკე ერისთავი ბარდა სკლიაროსის დამარცხების შემდეგ ბრძანებს, ყველა მეომარს თანაბრად დაეხმარონ, რადგან იცის: „ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს, დასატანჯავად ისიც ეყოფა“.

ტარიელის მიერ მტრის მიმართ ღირსეული, დიდსულოვანი მოპყრობის შემდეგ, ჩემი აზრით, აღარ არის გასაკვირი ფარსადან მეფის სულგრძელი, შემწყნარებლური ქცევა:

„ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე“.

ის არა მხოლოდ უმასპინძლდება მოღალატეებს, არამედ საჩუქრებითაც ამკობს მათ:

„მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია,

შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია“.

ინდოეთის ხელმწიფე არ ბღალავს რამაზ მეფის ღირსებას და შეწყალებულს, ნაპატიებს აბრუნებს სამშობლოში. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, რომელშიც მთავარი გმირი წაქცეულ ყიზილბაშს ფეხზე წამოაყენებს, ვაჟკაცობას შეუქებს და ამ სიტყვებით გაუშვებს: „შენი თავი შენი ვაჟკაცობისთვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო“. ასე იქცევა ნამდვილი ვაჟკაცი – დამარცხებულს არ შეურაცხყოფს, არ ქედმაღლობს.

ტარიელისა და ფარსადანის ჰარმონიულ ურთიერთობაზე მეტყველებს ამ უკანასკნელის კითხვაც, შეუნდონ თუ არა მოღალატე რამაზს. ამირბარის პასუხი ძალიან თავმდაბლურია:

„…ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,

უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა“.

უდავოა, ინდოეთის მმართველი სრულყოფილი ვაჟკაცი, ღირსეული რაინდი, ზნესრული ადამიანია, შეუძლია სხვის ადგილას თავის წარმოდგენა, გააზრებული აქვს წუთისოფლის ცვალებადობა. მან იცის, რომ, თუ დღეს გამარჯვებულის ამპლუაშია, ხვალ შესაძლოა დამარცხებული იყოს. ეს ხაზს უსვამს ტარიელის სულიერ სიმაღლეს, უდიდეს ჰუმანურობას, უნარს „სამოცდაათჯერ შვიდგზის“ მიუტევოს თავის მსგავს ქმნილებას, რათა განკითხვის ჟამს მასაც მიეტევოს.

შოთა რუსთაველი ამგვარად ეხმიანება მოცემულ პრობლემას და ტარიელისა და ფარსადანის სახით დაგვანახვებს იდეალურ ადამიანებს, ღირსების უზენაეს გამოვლინებას.

21-ე საუკუნეში, დროში, რომელშიც უკვე აღარავინ იბრძვის ხმლებითა და ცხენებით, კვლავ აქტუალური რჩება ჰუმანიზმის, მოწინააღმდეგის მიმართ დიდსულოვანი დამოკიდებულების პრობლემა. დღეს ღირსება, სულგრძელობა იშვიათია. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები ვირტუალურ თუ რეალურ სამყაროში თვალსაჩინოა. მიუხედავად დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისა, მსოფლიო უფრო ჰუმანური რომ არ გამხდარა, ამას კვლევებიც ადასტურებს – ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობამ ათ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასად გაიარა დაახლოებით ას ორმოცდაათი სამოქალაქო ომი. საქართველოში მომხდარი სალარიძისა და შაქარაშვილის გახმაურებული მკვლელობებიც მოწმობს დღევანდელი ახალგაზრდების ერთმანეთისადმი არაჰუმანურ და დაუნდობელ დამოკიდებულებას. საკითხის სიმწვავეს წარმოაჩენს რუსეთ-უკრაინის ომის დროს განვითარებული მოვლენები.

საბედნიეროდ, დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ ღირსეული, სულგრძელი ადამიანები და მათი საქციელი ამ სასტიკ სამყაროში დიდ აღფრთოვანებას იწვევს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სანტანდერის ტრიატლონის მონაწილე ესპანელი სპორტსმენის დიეგო მენტრიდას საქციელი. მან შეამჩნია, რომ კონკურენტმა შეცდომა დაუშვა. ესპანელი ტრიატლონისტი დაელოდა ინგლისელს, სამართლიანი გამარჯვება დაუთმო მას და ფინიშის ხაზი გადააკვეთინა. უდავოა, ასეთი ადამიანური დამოკიდებულება სპორტში, პოლიტიკასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში იდილიურს გახდიდა ჩვენს ყოფას.

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, ჰუმანიზმი, დანდობა, პატიება ყველა დროისა და ეროვნების ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ძლიერ, ჯანსაღ საზოგადოებას სწორედ სულგრძელი, კაცთმოყვარე პიროვნებები ქმნიან. ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება ჰუმანური მოქალაქეები, რათა ადამიანზე მორგებული, დემოკრატიული სახელმწიფო შეიქმნას.

თამაშისა და სათამაშოს როლი ბავშვის განვითარებაში

0

ვფიქრობ, ყველა თქვენგანი დამეთანხმება, რომ ბავშვის ცხოვრება სათამაშოს გარეშე წარმოუდგენელია. ბავშვი, თამაში და სათამაშო განუყოფელი ცნებებია. შეუძლებელია, ბავშვის განვითარებაზე საუბრისას გვერდი ავუაროთ ამ პროცესში თამაშისა და სათამაშოს როლს.

სკოლამდელ ასაკში ქცევის წამყვანი ფორმა თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ასაკში ბავშვის განვითარება სწორედ თამაშის პროცესში ხდება, თამაში კი სათამაშოსაც მოიაზრებს.

სათამაშო, გარდა იმისა, რომ კარგი გასართობია ბავშვისთვის, ფსიქიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი საშუალებაცაა. ის სამყაროს შემეცნების ინსტრუმენტი და, იმავდროულად, ამ სამყაროს არსებითი ნაწილიცაა. ბავშვი გარემოსთან პირველ კონტაქტს სწორედ სათამაშოების მეშვეობით ამყარებს. მანიპულირებს რა მისთვის ხელმისაწვდომი საგნებით, პატარა შეიმეცნებს გარე სამყაროს, აზროვნებს, ვითარდება და იმაზე, სახელდობრ რას შევთავაზებთ ასეთი მანიპულაციებისთვის, დამოკიდებულია, თუ რა მიმართულებით განვითარდება მისი აზროვნება. სწორად, ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შერჩეული სათამაშო არა მხოლოდ გონებრივ, ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ, ემოციურ, პიროვნულ და სოციალურ განვითარებასაც უწყობს ხელს.

სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, უფროსების ძალისხმევით და დახმარებით, ბავშვი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ გარემოს ჭვრეტითაა დაკავებული, ეცნობა თავის პირველ სათამაშოებს. უფროსები, როგორც წესი, თავდაპირველად ბრჭყვიალა, ჩხრიალა სათამაშოებს სთავაზობენ. როდესაც ასეთი სათამაშოებით მანიპულაციები განმტკიცებულია მშობლების ალერსიანი სიტყვებით, ღიმილით, პატარას სიხარულს ანიჭებს არა მხოლოდ თავისთავად სათამაშო, არამედ უფროსთან ურთიერთობაც. სათამაშოს ფერი და ხმიანობა ხელს უწყობს ბავშვის უნებლიე ყურადღების განვითარებას. პატარა ათვალიერებს სათამაშოს, უღიმის ადამიანს, რომლის ხელშიც ხედავს მას, მერე კი სათამაშო თავისთავად მიმზიდველი ხდება როგორც საგანი, რომლითაც შეიძლება მოქმედება.

მას შემდეგ, რაც პატარას განუვითარდება ტაცების რეაქცია, ჩამოუყალიბდება მხედველობით-მოტორული კოორდინაცია, ის იწყებს ჩხრიალა სათამაშოთი მანიპულირებას – აქნევს, ანჯღრევს, დაბლა აგდებს,  და აჩერებს მასზე მზერას, ყურს უგდებს მის მიერ გამოცემულ ხმას. ძალიან მნიშვნელოვანია ხელსაყრელი ემოციური ფონის შექმნა, ბავშვისთვის სხვადასხვა ფერისა და ფორმის სათამაშოების გაცნობა.

მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიწყებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და საგნების ფუნქციონალური დანიშნულების ათვისებას, სასურველია, სათამაშოების წრე გავაფართოოთ.

პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ სათამაშოები, რომლებიც უფროსებისთვის განკუთვნილ ნივთებს ჰგავს: სათამაშო ჭურჭელი, ავეჯი, შრომის იარაღები, სამედიცინო ინსტრუმენტები. თამაშის პროცესში ბავშვი იმახსოვრებს თითოეული საგნის სახელწოდებას, ითვისებს მის დანიშნულებას, სწავლობს მის მოხმარებას.

ბავშვებს ასევე იზიდავთ სათამაშოები, რომლებიც რაღაცის შექმნის, აშენების საშუალებას იძლევა: კუბები, პირამიდები, კონსტრუქტორები, ფაზლები… კუბებისგან ბავშვმა შეიძლება ააწყოს კოშკი, მანქანა, გემი… გარდა ამისა, ასეთი სათამაშოები ასწავლის პატარას ფორმის, ზომის, ფერის შეცნობას. ისინი შესანიშნავი ტრენაჟორებია წვრილი მოტორიკის, აზროვნების, წარმოსახვის განვითარებისთვის. სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის ფიგურების ნაკრები სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ნებისმიერ სხვა სათამაშოზე ძვირფასია. ფაზლები და კონსტრუქტორები ხელს უწყობს ანალიზის, სინთეზის, განზოგადების, მოზაიკა კი ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარებას.

ემოციური განვითარებისთვის აუცილებელია თოჯინა ან რბილი სათამაშო (დათუნია, კურდღელი, ცუგა, ფისო). ამ სათამაშოებს ბავშვი მეგობრად აღიქვამს. მისთვის ის ცოცხალია: უნდა გამოკვებოს, დააძინოს, უმკურნალოს, თუ „ავად გახდა“. ასეთი სათამაშოებით თამაშის პროცესში ვლინდება ემპათიის, ზრუნვის, სიყვარულის პირველი ნიშნები. ის განიცდის, როგორც საკუთარ, ისე ზრდასრულთა ცხოვრების მოვლენებს; იზრდება როგორც ემოციურად, ისე ზნეობრივად. ეს სათამაშოები (თოჯინა, დათუნია, კურდღელი, ცუგა, ფისო) შეიძლება დამხმარედაც იქცეს მშობლისთვის ბავშვის ქცევის რეგულირების პროცესში. ამისთვის უფროსს ამ სათამაშოების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, როგორიც ბავშვის ცოცხალი მეგობრების მიმართ. ბავშვის დადებითი ემოციური დამოკიდებულება აღმზრდელობითი ზემოქმედების ძალას სძენს ასეთ სათამაშოებს, რისი იგნორირებაც არ შეიძლება. ერთია, როცა დედა ან მამა სთხოვს გაჯიუტებულ პატარას დამშვიდებას და სულ სხვაა, როცა ამ პროცესში ერთვება საყვარელი თოჯინა, რომელსაც „არ მოსწონს“, რომ ბავშვი უფროსებს არ უჯერებს. ის, რომ თოჯინა დამჯერე გოგონასთან წავა და დათუნიასაც თან წაიყვანს, შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი აღმოჩნდეს ბავშვის ქცევის დასარეგულირებლად.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სათამაშო ბავშვის შინაგანი სამყაროს ერთგვარი სიმბოლური გასაღებია. მისი მეშვეობით პატარა აშენებს თავის სამყაროს, რომელიც მას ექვემდებარება. ზრდასრულთა სამყაროში ბავშვზე არაფერია დამოკიდებული, რადგან ის პატარაა, სათამაშოების სამყაროში კი ის დიდი და ძლიერია, აკეთებს იმას, რაც სურს. შეიძლება ითქვას, რომ სათამაშო ხელს უწყობს ბავშვის პიროვნული ავტონომიის ჩამოყალიბებას, მისი თვითცნობიერების განვითარებას. ამიტომ აუცილებლად პატივისცემით უნდა მოვეპყროთ ბავშვის სათამაშოებს და ყურადღება გამოვიჩინოთ ისეთი სიტუაციების მიმართ, როცა ბავშვი სათამაშოებისადმი გულგრილობას ან სისასტიკეს ამჟღავნებს – ეს შესაძლოა მის შინაგან არაკეთილდღეობაზე მიუთითებდეს.

იმისთვის, რომ პატარას არ მობეზრდეს თავისი სათამაშოები, არ დაკარგოს ინტერესი მათ მიმართ, სასურველია, პერიოდულად მოვაცილოთ ისინი ბავშვის მხედველობის არეს. გავა გარკვეული ხანი და პატარა მათ აღიქვამს როგორც ახალს. ბავშვის წინ გაშლილი არ უნდა იყოს ბევრი სათამაშო – დიდი რაოდენობის ნივთიდან მას გაუჭირდება სასურველის ამორჩევა და მალე შესაძლოა ვეღარც კი შეამჩნიოს ისინი.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ სათამაშოები, თამაშის პროცესში მათი გამოყენება ეხმარება ბავშვს, განივითაროს შესაძლებლობები და უნარები, რომლებიც მას ზრდასრულთა რთულ სამყაროში საცხოვრებლად დასჭირდება. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მართალია, სათამაშოს როლი ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდია, მაგრამ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების ყურადღება, მზრუნველობა და სიყვარული. მხოლოდ პატარასთან ახლოს ყოფნით, მასთან ურთიერთობით და სწავლებით შევძლებთ ჯანსაღი ფსიქიკის, საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, სრულყოფილად განვითარებული ადამიანის აღზრდას.

მომხმარებლური სამყაროს მეტაფორა – თხამ ვენახი შეჭამა?

0
Cancel culture, erasing a member of community, social media censorship, new ethics

ხშირად მიფიქრია, რა შეიძლება იყოს ამ ლექსის/სიმღერის იდეა? ერთი შეხედვით, თითქოს და, არაფერი… მაგრამ თუ უფრო ღრმად წავალთ, ადამიანის ბუნებასთან მივალთ. მთელი ლექსი იგავია, მაგრამ ამ იგავში მთავარი აზრი ის არის, რომ სამყაროში ყველა ყველას ჭამს… მაგრამ უფრო მთავარი ისაა, რომ ყველა მჭამელს თავისი მჭამელი გამოუჩნდება და ასე… უსასრულოდ გრძელდება… აი, თხამ რომ ვენახი შეჭამა, მერე თხა მგელმა შეჭამა, მგელი – თოფმა და ასე შემდეგ. გავიხსენოთ ეს ტექსტი და შევეცადოთ ავხსნათ, რატომ ხდება ასე და შეიძლება თუ არა სხვაგვარადაც მომხდარიყო ან მოხდეს?

რა კვებავს „თხა და ვენახის“ იდეას? მომხმარებლური სამყარო თუ ადამიანის ბუნება?

„მოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი;
მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი.
მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა;
მიველ ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა.
მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ მგელი, რამ შეჭამა მგელი;
მიველ ვნახე მგელი, თოფმა ჭამა მგელი.
თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ თოფი, რამ შეჭამა თოფი;
მიველ ვნახე თოფი, მიწამ ჭამა თოფი.
მიწამ თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ მიწა, რამ შეჭამა მიწა;
მიველ ვნახე მიწა, თაგვმა ჭამა მიწა.
თაგვმა მიწა, მიწამ ჟანგი,
ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი,
მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ თაგვი, რამ შეჭამა თაგვი;
მიველ ვნახე თაგვი, კატამ ჭამა თაგვი.
კატამ თაგვი, თაგვმა მიწა,
მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი,
თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა“.

ადამიანი, რომელმაც დაკარგა ღირებულებები და რომლის მთავარი მოთხოვნილება დაკმაყოფილებაა, ჩართულია ამ წრებრუნვაში. „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ და ამიტომ უნდა დაგასწროს შეჭმა, რადგან მატერიალიზმით დაავადებულ ცნობიერებას ჰგონია, რომ თავად შეჭამ მას… გაგიგიათ ხომ: „ვიდრე შენ შემჭამ, მე შეგჭამ…“. უბრალოდ, ასეთი „მჭამელი“ მხედველობიდან ტოვებს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რაც ამ ტექსტის იდეაცაა: რომ აუცილებლად მასაც გამოუჩნდება შემჭმელი.

მომხმარებლური სამყაროს ამ სევდიან ისტორიაზე ბევრი მიფიქრია… ნუთუ მხოლოდ „აღუვსებელი და დაუკმაყოფილებელი“ სურვილების მანქანაა ადამიანი?

„მაინც რა არის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..“.

შვეიცერის აზრით, „ინდივიდი საზოგადოებიდან იღებს მზა იდეებს და ხდება მათი მომხმარებელი, რითაც საზოგადოება შთანთქავს ინდივიდს. შვეიცერის აზრით, ეს შუა საუკუნეების თავისებურების აღდგენაა, როდესაც რელიგია ცხადდებოდა ყოველგვარი განაზრებისაგან თავისუფალ სფეროდ და ბატონობდა აბსოლუტური დოგმატიზმი. თანამედროვე ვითარებაში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ ეძიებს ჭეშმარიტებასა და სიმართლეს, მათ ადგილს იჭერს პროპაგანდა; ჭეშმარიტებისადმი რწმენა დაკარგულია.

თანამედროვე ადამიანის ყველაზე არსებით ნიშნად შვეიცერი მიიჩნევს საზოგადოების მიერ პიროვნების ნიველირებას. საზოგადოება მას მზა სახით აწვდის ეროვნულ, პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებს. ადამიანი დაემსგავსა უხეირო ბურთს, რომელსაც ყოველი დარტყმის შემდეგ უჩნდება ჩანაზნექი“.

სტრუქტურა, რომელშიც ადამიანი ინდივიდი კი არა დანომრილი ჭანჭიკია, მოქმედებს ავტომატურად და სწორედ ამგვარი ავტომატიზმის შედეგია ადამიანი, რომელიც სიტყვებით მანიპულირებს, მაგრამ არსს დაშორებულია. ყველაფერი ხდება „სიყვარულის სახელით“ და არა სიყვარულით, ლიბერალიზმის სახელით და არა ლიბერალური ბუნებით, პატრიოტიზმის სახელით და არა შინაგანი პატრიოტობით… სამყარო იქცა ცარიელ ნიშანთა სისტემად, რომელსაც გაწყვეტილი აქვს კავშირი არსთან; სწორედ ამიტომ ყველა ყველას ჭამს…

როცა ამაზე ვფიქრობდი, ერთმა აზრმა გამიელვა: რა იქნებოდა, რომ თხას ვენახი არ შეეჭამა? როგორ საზოგადოებას მივიღებდით მაშინ….? ან რაკი უკვე ყველამ ყველა შთანთქა, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ყველა კადრი უკან დაბრუნდეს?

ამ ფიქრში ვიყავი და მოულოდნელად ჩემი მეგობარი, პოეტი დავით რობაქიძე, კითხულობს ლექსს „ვენახნანახი“, რომელშიც ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ამ შემთხვევამ გადამაწყვეტინა, თქვენთვის საფიქრალად ეს ორი ლექსი შემომეთავაზებინა… ვფიქრობ, საინტერესო დისკუსია გამოვიდოდა.

აგერ ეს ლექსიც:

„გამოფენაზე წარმოდგენილი მოტორიანი თხა

მგელმა შეჭამა, ვაზის პატრონმა არ ამოიღო ხმა,

მგელი შეჭამა ორლულიანმა თოფმა – არ უნდა თქმა,

თოფი შეჭამა ჟანგმა თავისი სიტყვა ჟანგბადმაც თქვა,

ჟანგი შეჭამა მიწამ, უკეთესს რას შეგიჭამდა სხვა,

მიწა შეჭამა თაგვმა თხილივით არ უტკენია ყბა,

თაგვი შეჭამა კატამ, ეგონა დიდი ამბავი ქნა,

კატას აჭამა ვაზის პატრონმა პირაწყობილი რქა.

კატის თავიდან თაგვი ამოხტა, თაგვმა თხილივით შვა

მიწა, მიწიდან ჟანგი გამოჩნდა, ჟანგმა თოფს მიცა გზა,

თოფი შერიგდა მგელთან, მგელმა კი აღარ შეჭამა თხა,

თხამ დაუბრუნა პატრონს ვენახი ტირის, დასრულდა სხვლა“.

 

ჩემი წერილის გზავნილი კი ასეთია: თუ თქვენ „შეგჭამეს“, თქვენ სხვას ნუ შეჭამთ და თქვენს შემჭმელს სხვა უფრო დიდი მჭმელი ისედაც გამოუჩნდება… მხოლოდ ამ დამოკიდებულებით შეიძლება დაძლიოთ „მჭამელი“ თქვენში.

შემომხედე!

0

ვალიკო

შემომხედე!

გული არ ხუცდება! და რეიზა არ ხუცდება, თუ იცი? ნამეტარი პატარა დროა ბაღნობიდან სიბერემდე. უნდა იცეკვო და იცეკვო. ბაღნობა იყო  ხმელა პური და კარაქი. ომის კუდში ვცხოვრობდით. ბაღნობა იყო ცხენი, ხარი. მერე იყო პაპიროსის თესვა. თამბაქოსი. და ცეკვა.

ადრე ხომ ვცეკობდი? ახლა, ცოტა მუხლი აღარ მიჭრის, მარა უფრო ვცეკობ. იცი რაფერ? სიბერე არის ახალგაზრდობის გულში გამეორება. უკუღმა რეპეტიციასავით გამოდის რაცხა.

სიცოცხლე არის, რას შევადარო ახლა, სიცოცხლეა რა. კარგად თუ ხარ – კაია, თუ გაჭირვებული ხარ – აფერი არაა. სულ აგია სიცოცხლე.

სიცოცხლე ხომ აფერი არაა და სიკვდილი კიდო უფრო აფერი არაა. კტები და ქრები, მეტი აფერი. მარა, მეიცა. არ მინდა, თლა მასე იყოს. სიკვდილი მოი უფრო უკეთესი იყოს. სიკვდილი იყოს ასე, რომე კტები და ცეკვავ. ცეკვავ და ცეკვავ.

მარა ჯერე სიკვდილამდე რა დროისაა. ხორუმი ხომ გახსოვს? მაქანე რომ ხელს მიიდობ შუბლზე და გახედავ შორს, შორს – მასეა სიკვდილი. დილით გამოვალ, ხელს მივიდობ მასე და დასავლეთისკენ ვიყურები. შორს კი არა, სულ არ ჩანს. და არც გამოჩნდება კაი ხანი.

 

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

იუთუბ არხები როგორც სასწავლო რესურსი

0

კარგი მასწავლებლობა ადვილი არ არის. არც მოსწავლეების შესაძლებლობებზე, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გაკვეთილების ჩატარებაა ადვილი. ჩემი პროფესიული დახელოვნება სამ ძირითად ფუნდამენტზე დგას: 1. კარგი პრაქტიკის გაზიარება; 2. მუდმივი თვითრეფლექსია; 3. დაუღალავი შრომა.

დამეთანხმებით, რომ დამწყები მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგებთან კომუნიკაცია, მათგან ეფექტური უკუკავშირის მიღება და მათი რესურსების გაზიარება. ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც ეფექტური დამხმარე რესურსი გინდოდათ, მაგრამ არ იცოდით, სად გეძებნათ იგი. ამ პრობლემას მასწავლებლობის პირველ წლებში ხშირად ვაწყდებოდი. სწორედ ამიტომ ჩვენს ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობას საკუთარი პრაქტიკის გაზიარებას ვუთმობ.

2021 წელს მოვამზადე ორი წერილი (იხილეთ: ნაწილი პირველი და ნაწილი მეორე), სადაც მკითხველს გავუზიარე ვებგვერდები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ სასკოლო პრაქტიკაში. ამ სტატიაში საინტერესო იუთუბ არხებზე ვისაუბრებ. აქ ატვირთული საგანმათლებლო რესურსების საკლასო ოთახებში, შესაბამისი თემატიკის მიხედვით გამოყენება გაამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს.

შემოთავაზებული ვებგვერდები და იუთუბ არხები უმთავრესად საგან „სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის“ მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა, ვფიქრობ, სხვა საგნების მასწავლებლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ როგორც თავიანთი საგნის სწავლებისას, ისე არაფომალური განათლების მიმართულებით.

გასართობ-შემეცნებითი პლატფორმა Movement EDU სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილ ეფექტურ ვიდეორგოლებს გვთავაზობს. ვიზუალურად და გრაფიკულად კარგად გაფორმებული, საინტერესოდ და გასაგები ენით მოთხრობილი ამბები იპყრობს მოსწავლეების ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ ვიდეოების ქრონომეტრაჟი 3-4 წუთს არ აღემატება.

Movement-ის ვიდეოთეკასა და ფლეილისტში აღმოაჩენთ ვიდეოებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ოკუპაცია, ურბანული პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, ადამიანური ისტორიები და ა.შ. წამოწყება ხელმისაწვდომია ფეისბუქ გვერდის სახითაც.

სოციალურ პოლიტიკაზე, დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე, კომპანიების უპასუხისმგებლობით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ურბანულ პოლიტიკაზე, უმცირესობათა უფლებრივ მდგომარეობაზე მსჯელობისთვის გირჩევთ ინდიგოსა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოებსა და პოდკასტებს.

მნიშვნელოვანია ეთნიკურად მრავალფეროვანი სახელმწიფოს ერთიანობის აღმა და გააზრება. ამისათვის კარგად უნდა ვიცნობდეთ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ჯგუფებს. ჩვენ ხომ ხშირად ვეუბნებით მოსწავლეებს, რომ ქართველები ტოლერანტობითა და მიმღებლობით გამოვირჩევით. მსგავსი შინაარსის შემცველია სხვადასხვა სახელმძღვანელოში არაერთი საგაკვეთილო საკითხი. რას ნიშნავს ეთნიკურად მრავალფეროვან სახელმწიფოში ცხოვრება? როგორ გვაერთიანებს მრავალფეროვნება? როგორია ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ჯგუფების ყოფა-ცხოვრება? – ამ და სხვა საკითხებზე სამსჯელოდ გთავაზობთ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ვიდეორესურსებს.

რადიო „თავისუფლება“ ყველასთვის ცნობილი მედიასაშუალებაა. მრავალფეროვანი და იმავდროულად ძალიან საინტერესოა რადიოს იუთუბ არხზე თავმოყრილი ვიდეორესურსები. დოკუმენტური ფილმები, ჟურნალისტური გამოძიებები, თავისუფლების დღიურები… პრაქტიკაში ძალიან კარგად გამოვიყენე კორუფციის თემატიკაზე შექმნილი ხუთწუთიანი ფილმები. მათი საშუალებით მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს კორუფციის შედეგები და მისგან მომდინარე საფრთხე.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ეგიდით გამოიცემა ჟურნალი „ჩემი სამყარო“. 2020 წლიდან ჟურნალს დაემატა ახალი კომპონენტი – აუდიოვიზუალი, რომელიც აერთიანებს ინფორმაციულ, სახალისო, შემეცნებით ვიდეორგოლებს. ვიდეოები აგებულია ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსის მიხედვით და ეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, ლიტერატურას, მეცნიერებას, ხელოვნებას, საინტერესო ამბებსა და მოვლენებს, ქვეყნისა თუ კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან ადამიანებს. ვიდეორგოლები წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის, ისე ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზეც. ჟურნალის ელექტრონული ვერსია და უკვე გამოცემული 33 ნომერი ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

შემოთავაზებულ იუთუბ არხებზე განთავსებული ვიდეორესურსები გვაძლევს საშუალებას, მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისკენ ვუბიძგოთ. თემატიკის შესაბამისად შერჩეული ვიდეოების მეშვეობით კლასში შესაძლებელია დისკუსიის გამართვა. განხილვის პროცესში შეგვიძლია მედიაწიგნიერების კომპონენტის გააქტიურება. თითოეული ვიდეოს ჩვენების შემდეგ დავსვათ კითხვები (სრულად გაეცანით სტატიას – კითხვის ტექნიკა მედია შინაარსის კრიტიკული გააზრებისთვის):

  • ვინ არის ავტორი?
  • რისთვის შეიქმნა ეს გზავნილი?
  • რით ცდილობს მედიაგზავნილი თქვენი ყურადღების მიპყრობას?
  • ვინ შეიძლება ისარგებლოს მისი შინაარსით?
  • შესაძლოა თუ არა, სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვანაირად გაიგოს ეს შეტყობინება? ექნებათ მათ ინტერპრეტაციის საშუალება?

მივცეთ მოსწავლეებს მსჯელობის საშუალება.

უკუკავშირი

0

მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი არ გქონდათ, მადლობა, რომ ჩემთან იყავით. თავს მეტად აღარ შეგაწყენთ, მინდა მომწეროთ, ჩვენი ლექციებიდან რა გახსოვთ კარგად და რა – ცუდად.

ნინო

……….

დავალება

 

იმ სკოლაში, რომელშიც მე ვმუშაობ, მეათეკლასელები საერთოდ არ მოვიდნენ შემაჯამებელი დავალების დასაწერად. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მერე თქვენ გამახსენდით და დალაპარაკება ვცადე. გამომივიდა! იმასაც მივხვდი, რომ ადამიანური უნდა ვიყო და არასოდეს დავუპირისპირდე ბავშვებს. საერთოდაც, ვცდილობ, ისე მივმართო, როგორც თქვენ მოგვმართავთ ხოლმე ჩვენ. ხშირად ვიხდი მადლობას, როგორც თქვენ. უკვირთ და თან ძალიან უხარიათ. ეს მე თქვენ მასწავლეთ.

კარგად ვერ ვსწავლობ, ვიცი. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინოდა ეს სკოლა და მასწავლებლობა-მეთქი, მაგრამ მერე ამ უბედურ ქვეყანას რომ ვუყურებ, მეცოდება და მინდა, ამ ბავშვებმა უკეთესში იცხოვრონ. ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა დაცული იქნება ნებისმიერის ძალმომრეობისგან.

ამის გამო გავხდი მასწავლებელი..

თქვენ გამო და ერთი ადამიანის გამო, რომელსაც ვუყვარვარ, ამ კურსს დავამთავრებ და გპირდებით, რომ ვეცდები, ეს სამყარო სულ ოდნავ მაინც უკეთესი გავხადო.

ცუდს ვერ ვიხსენებ, არაფერი მახსენდება კარგის მეტი.

04.02. 2022 წ.

დავწერე თქვენი ლექციის შემდეგ

დათია

……….

დათია, რა საოცარია ეს სამყარო! რა საოცარია, რომ ის სიტყვები მომწერეთ, რომლებიც ძალიან მჭირდებოდა და მაშინ, როცა რაღაცები ისე დამიმძიმდა და ვეღარ ვუძლებდი!

ზუსტად ვიცი, რომ ამ სამყაროში უმიზეზოდ და შემთხვევით არ მოვდივართ! ზუსტად ვიცი, რომ ბევრი კარგი გოგო-ბიჭის ცხოვრებას გაანათებთ! ზუსტად ვიცი, რომ გულში და ფიქრებში მეყოლებით და სხვა თუ ვერაფრით, ფიქრებით დაგეხმარებით!

ღმერთი გფარავდეთ ყველა კეთილ საქმეში!

მუდამ თქვენი ნინო

სინამდვილე, მთელი თავისი სისავსით

0

„უშენოდ არცა სიხარულს და არც მშვენიერებას არა აქვს მადლი“

ლუკრეციუსი

(ხუან ვალერა „პეპიტა ხიმენესი”)

ხუან ვალერას (1824-1905) ფსიქოლოგიურ რომანში „პეპიტა ხიმენესი”, რომელიც ესპანური რეალისტური პროზის საუკეთესო ნიმუშია, დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს ფარულად დასმულ კითხვას ფრაზაში: Neskit lobi virtus – სათნოებისთვის უცხოა ყოყმანი. აღნიშნულ კითხვაზე პასუხია ეს ნაწარმოები, მივყვეთ მას და პასუხიც ნათელი იქნება. საკათედრო ტაძრის წინამძღვრის ქაღალდების დასტაზე აღმოჩენილ ამ ლათინურ წარწერაში უმაღლესი სათნოება იგულისხმება.

ნაწარმოები სამი ნაწილისგან შედგება.

  1. ჩემი ძმისშვილის წერილები”

„პატარა პროვინციულ ქალაქებში სამეცნიერო, სალიტერატურო ტიტულებს, კეთილშობილებას, დახვეწილ გემოვნებას, ნიჭსა და თავაზიანობას ნაკლები ფასი აქვს და დიდ ღირებულებადაც ნაკლებად მიიჩნევა. აქ მხოლოდ ერთი რამ არის მთავარი: სოციალური იერარქია. ვიღაცა დიდი ქონების პატრონია, ვიღაცა – პატარასი” (15), – სწორედ ამ ფორმულას აბათილებს მთავარი გმირი, დონ ლუის დე ვარგასი, რომანის დასაწყისში მღვდლობაზე მხურვალედ მეოცნებე სემინარისტი, თავისი ცხოვრების წესით, ქცევითა და თვისებებით. სწორედ მისი ბიძისადმი, ტაძრის წინამძღვრისადმი, გაგზავნილი წერილებით იწყება და ვითარდება სიუჟეტი. მკითხველი ხვდება, რა მტკიცეა გადაწყვეტილება ყმაწვილი კაცისა, რომელსაც სულ ახლახან შეუსრულდა ოცდაორი წელი, რომელიც ერთადერთი მემკვიდრეა მდიდარი, დიგვაროვანი მამისა. იგი მზად არის, შეეწიროს ქრისტესა და რჯულის სიყვარულს, გახდეს მღვდელი და წავიდეს მისიონერად შორეულ აღმოსავლეთში. თვითონვე ცდილობს, გაერკვეს ამ დიდი სურვილის მოტივაციის სიღრმეებში: ამქვეყნიური ამაოების მიმართ გულმიუსვლელობა ამოძრავებს თუ რელიგიური ცხოვრებისადმი ჭეშმარიტი სწრაფვა? იქნებ ეს შურისძიებისგან თავდაცვა იყო, რომელიც შეიძლებოდა მექალთანე მამის მიმართ გასჩენოდა, ასე რომ სარგებლობდა მთავარი გმირის დედის სულგრძელობით? მამის მიმართ არასდროს ჩაიდენდა ქედმაღლობის ცოდვას („სხვებზე მეტი არაფრით ვარ”). მისი სულიერი სწრაფვა მძაფრია, მაგრამ არ გეგონოთ, ეს მას რეალობის გრძნობას აკარგვინებს. „იქნებ თავად სამღვდელოებაა დამნაშავე? იქნებ დღესდღეობით არ დგას იგი თავის სიმაღლეზე? მრევლს რომ ზნეობაზე უქადაგებს, აქვს კი მას ამის უფლება? მავანნი რომ თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან, ეს ჭეშმარიტი რწმენით არის ნაკარნახევი, თუ მხოლოდ არსებობის წყაროს წარმოადგენს მათთვის? მით უმეტეს, რომ ღარიბები მომრავლდნენ ღვთის მსახურებად… ჭკვიანი, სათნო, კეთილი, ჭეშმარიტად ღვთისმსახური მღვდელი სანთლით საძებარი გახდა დღეს”(23), ფიქრობს დონ ლუისი, თითქოს, ყველა დროისა და ქვეყნის სატკივარზე. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ უნდა, ასეთი მღვდელმსახური იყოს, თავს იმუნათებს ასკეტივით: მისი მატერიალური სამყაროს სილამაზით გატაცება, ყველაფერი დახვეწილი, ნაზი და ჰაეროვნით ტკბობა, უფრო სულით რომ აღიქმება, ვიდრე ხორცით, როგორიც „მინდორ-ველების სურნელებით გაჟღენთილი კამკამა ჰაერის მსუბუქი ქროლაა, ჩიტების გალობაა… საღამოჟამს მშვიდი, დიდებული სიჩუმეა ბაღებში”, რაც უმაღლესი მშვენიერებაა, ხომ არაა კერპთაყვანისმცემლობა და ხომ არ აკლდება ამით მ ი ს სიყვარულს, ვინც შექმნა ეს „ჰარმონიული, დიდებული შენობა”? – მკითხველსაც ჩააფიქრებს ეს კითხვები, თავისთავად… რა არის ის სულიერი მდგომარეობა, როცა რომანის ახალგაზრდა გმირი ლამაზი ყვავილის ან შორეული ვარსკვლავის იდუმალი ციმციმის ჭვრეტისას იოლად ტირის, სინაზით შეპყრობილი? ეს ხომ ცოდვა არაა, რადგან თუნდაც წმინდანებს ახასიათებდათ ადამიანური სისუსტეები, რომლებისგან ვერ გათავისუფლდება ჩვენი სული, სანამ ის სხეულშია. დონ ლუისის ეს შინაგანი სიფაქიზე ვლინდება მის დამოკიდებულებაშიც ქალისადმი, უმშვენიერეს პეპიტა ხიმენესისადმი, რომელიც სწორედაც რომ თავდავიწყებით შეუყვარდება. აი, როგორ აღწერს იგი პეპიტას ხელებს, როგორც უტყუარ ნიშანს ჩვენი კეთილშობილებისა: „პეპიტას ხელები კი გამჭვირვალეა და მოვარდისფრო, თითქოს ხედავ, როგორ ფეთქავს სუფთა კრიალა სისხლი, რა ნაზი სილურჯით ფერავს იგი ძარღვებს. ეს ხელები, ეს ჩამოქნილი თითები თითქოს სიმბოლოა ჯადოსნური ძლიერებისა და იდუმალი ძალაუფლებისა – რომელსაც ხორცი შეასხა ადამიანის სულმა მატერიალური ძალის დაუხმარებლად – იმ ხილულ საგნებზე, ღმერთმა რომ შექმნა, ხოლო შემდეგ სრულყო ადამიანის დახმარებით. ძნელი დასაჯერებელია, ასეთი ხელების პატრონს გააჩნდეს ბნელი ზრახვები და უხეში, მდაბალი ანგარება” (41). ნახეთ, რა არაჩვეულებრივად ახასიათებს ხუან ვალერა ქალისა და მამაკაცის ცოლქმრული ურთიერთობის ხიბლს: „განა, ის სიყვარული არ სჯობს, ტანჯვა, გრძნობათა ჭიდილი რომ ახლავს. შეჩვევა რომ გადადის სინაზეში და საკუთარი თავისადმი სიყვარულს ემატება” (43).

„განა, სუფთა, სპეტაკ სულს უფლება აქვს იხაროს სხეულის სილამაზით?” – ეს კი ის კითხვაა, რომელსაც სვამს ქრისტიანულიც და მთელი ძველი ელინური სამყაროც. დონ ლუისს ეშინია, ცხოვრებამ მატერიალისტად არ აქციოს და მისი რელიგიური გზნება არ გაანელოს. ნუთუ სიცოცხლის სიყვარული დანაშაულია?! „ამას წინათ შუაღამისას გამაღვიძა შეყვარებული სოფლელი ბიჭის სიმღერამ. თავის დანჯღრეული გიტარის თანხლებით მღეროდა ფანდანგოსა და როიდენიას კუპლეტებს, რომლებიც პოეტურობითა და დახვეწილობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ გული ისე ამიჩუყდა, თითქოს ციურ მელოდიას ვუსმენდი…” (46), – რატომ უნდა იყოს ეს ღმერთისთვის მიუღებელი? ან თუნდაც ის ფიქრი დონ ლუისის მამასთან მისულ გლეხზე – თავისი ფეხმოტეხილი ხბო რომ მიუყვანა, რომელი ნაჭერი მოგართვათ, რომ დავკლავო – ხბო ხომ არ ვიყიდო, ფეხი მოვურჩინო და დაკვლას გადავარჩინოო, მორცხვობის გამო ქმედებად რომ ვერ იქცა. ეს ხომ ლოცვასაც აღემატება და ვაჟას მინდიას ურთულეს სიბრძნემდე მაღლდება?…

მთავარ გმირზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ წიგნში აქცენტი მეორე გმირზე, პეპიტა ხიმენესზეა, რომელშიც სწორედ სამყაროს ყველა მშვენებამ, სულიერმა თუ ფიზიკურმა, შეისხა ხორცი და ამას ნაწარმოების სათაურიც მოწმობს. სწორედ მისგან გამომდინარე ხდება დონ ლუსისის ის დიდი მეტამორფოზა, რომელზეც ეს წიგნი მოგვითხრობს. ვინაა იგი („პეპიტა საშიში ქალია და ასე მოუმზადებელი არ უნდა შევხვედროდი მას”)? ქალი, რომლის „ღვთისმშობლისადმი ერთგულებაში იგრძნობა ის ავადმყოფური განცდა დამცირების, ნაღვლისა და ტანჯვისა, რომელიც თავის უნაყოფო ქორწინებას ახსენებს ხოლმე” და რომელიც წმინდა ჩასახვასა და იდეალურ ბავშვზე ოცნებობს. ეს უდიდესი ამპარტავნებაა, ღვთის რჩეულობაზე პრეტენზია? ანგელოზია ის, თუ „ბუნებით ცბიერი დახვეწილი კოკობზიკა”? ქალი, რომლისადმი დონ ლუისი ბავშვური სინაზის მოზღვავებას გრძნობს, რომელიც მეცადინეობას, განსჯასა და ლოცვას ავიწყებს, რომელსაც ისე ჭვრეტს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, „მით უმეტეს, თუ ეს ნიმუში „უმაღლესი ხელოვანის” მიერ არის შექმნილი და მისი სამყოფელი ტაძარია”, ანუ სამყარო (57). პეპიტასაც განდეგილივით ცხოვრება აურჩევია, რითაც ძალიან ჰგავს დონ ლუისს, ამიტომ თავიდან ეს უკანასკნელი იმით აპირებს მისი ჩანაფიქრი უარყოს, რომ ცდილობს, პეპიტა მამამისს გაჰყვეს ცოლად. იქნებ ამ ფიქრშია ფესვი მისი მოგვიანო „სიმართლისა”, როცა თავის სანუკვარ ოცნებას „უღალატებს”? დონ ლუისს შეუცნობლის შიშის, მოკრძალების გამო თავი არ მიაჩნია იმ კაცად, რომელსაც ძალუძს, ზოგადად, ქალის ყურადღება მიიქციოს თავისი მოუქნელობის გამო, იმიტომ, რომ მათთან საუბარს შეჩვეული არაა და ჰგონია, რომ პეპიტას ყურადღებას, პატივისცემას, მეგობრობას ერთ მშვენიერ დღეს სიწმინდითა და შრომისმოყვარეობით დაიმსახურებს, პეპიტასი, რომლისგანაც გაქცევა არ უნდა, რადგან თუ ეს ბრძოლაა, „გამარჯვებას სხვა გზით უნდა მიაღწიო და არა გაქცევით”. მიმართავს კიდეც მოძღვარს ამის შესახებ საოცარი გულწრფელობით, რომელიც მისი კიდევ ერთ-ერთი დიდი ღირსებაა.

ხანდახან გვიჩნდება განცდა, რომ დონ ლუისის მიმართება ცხოვრებასთან, სიცოცხლის ვნებაში გადაზრდილი დიდი სიყვარულია („შენ უნებურად წარმოიდგენ, როგორ ცხოვრობდნენ ძველი პატრიარქები, პირველყოფილი გმირები, მწყემსები და მზიან შუადღეს როგორ ეცხადებოდნენ მათ ნიმფები, ღმერთები, ანგელოზები”), რომელიც ქრიტიანულიცაა და წარმართულიც, ისეთივე ძირძველი, როგორც თავად ყოფიერება… თუ ასკეტების ლამაზი ქალისგან დამცავი ხერხი ისაა, რომ მას ბებერს, სნებისგან სახედაღმეჭილს ან სულაც მკვდარსა და მატლებდახვეულს წარმოიდგენენ, დონ ლუისი ფიქრობს: „სილამაზე ღვთითბოძებული განძია, უმაღლესი ღვთაებრივი ხელოვნების ქმნილება. ის შეიძლება იყოს არამყარი, ეფემერული, შეიძლება ერთ წამში გაქრეს, მაგრამ მისი იდეა, როგორც ასეთი, მარადიულია” (71). და ეს ძალიან ჰგავს ნეოპლატონიზმს. ეს მომხიბვლელი გმირი ხანდახან წარმოიდგენს, რომ თავისი სულიერი ლტოლვებით პეპიტასადმი ღმერთთან მებრძოლი იზრაელია; ღმერთი მას თეძოში დაჭრის და ამ ორთაბრძოლაში დამარცხებით გახდება გამარჯვებული.

დონ ლუისის აღსარებები მოძღვარი ბიძისადმი წერილებში გულახდილობით ჰგავს, მაგრამ არც ჰგავს აღსარებას – მათში სულ უფრო იკლებს სინანული და იმატებს აღტაცება სიცოცხლით, მისი მოულოდნელობებითა და იდუმალი სიტკბოთი, სწორედ ზემოთქმული ვნება არსობისა: „როგორ უნდა მეშინოდეს სიკვდილისა, როცა თავად მივილტვი მისკენ… სიყვარული და სიკვდილი ხომ ძმები არიან”. ადამიანი ერთადერთი არსებაა, ანგელოზებრივად რომ მეტყველებს, მაგრამ „ჩვენი სხეული წმინდა სულების ტაძარია და თუ ალი ლოკავს მის კედლებს, თუნდაც უცეცხლოდ, კედლები იჭვარტლება” (94). მთავარი გმირის ლტოლვა საბედისწერო სიყვარულისკენ ძალიან პოეტურია – „ის, ვინც მიყვარს აღმატებული სიყვარულით, ჩემს რელიგიურ ხედვას წარმოუდგება, როგორც მანათობელი მზე, რომელიც უზარმაზარ სივრცეს ჰფენს თავის შუქნათელ სხივთა ტალღებს; ხოლო ის, ვინც მიყვარს მიწიერი სიყვარულით, ჰაერში ფარფატებს მზის შუქში გახვეული ოქროსფერი მტვერივით” (99). მოძღვარი ბიძაც იმავეს ამბობს მასზე ნაწარმოების ბოლოს: „მჯეროდა, რომ სული აღსავსე ჰქონდა ჭეშმარიტი მოწოდებით, მაგრამ შევცდი, პოეტის მშფოთვარე სული ჰქონდა” (199).

„მძულს და ვაღმერთებ” – ესაა დიდი სიყვარულის ბედისწერა. საოცარია მისი ძალა: „შემიძლია ქრისტეს მივბაძო. თუ მტერ-მაცდური მთაზე ამიყვანს და მთელ სამყაროს შემომთავაზებს მის წინაშე დაჩოქების სანაცვლოდ – არ დავიჩოქებ! მაგრამ თუ ამ ქალს შემომთავაზებს, ჯერ კიდევ ვყოყმანობ, ჯერ კიდევ არ ვდგავარ მტკიცედ. ნუთუ ეს ქალი ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მთელი სამყარო, სახლი, ღირსება, ძალაუფლება?” – დონ ლუისის ეს „თავგანწირული სულისკვეთება” ძალიან ნაცნობია ჩვენთვის, თუნდაც იმით, რომ ჩვენ ის ილიას „განდეგილშიც” გვიგრძნია… დილემის წინაშეა მღვდლობაზე მეოცნებე დონ ლუისი – თუ ღვთისადმი სიყვარული არ გამორიცხავს სიყვარულს სამშობლოსადმი, ადამიანებისადმი, მეცნიერებისადმი, ბუნებისადმი, სილამაზისადმი, ხელოვნებისადმი, მაშინ ქალისადმი სიყვარულმა რა დააშავა? რატომ დააკარგვინა ამ სიყვარულმა ადამს სამოთხე და გახადა იგი ცოდვილი. მას შემდეგ კი „გასაკვირი ის კი არ არის, რომ სცოდავენ, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არ სცოდავდნენ”, როგორც წმინდა ბონავენტურა ბრძანებსო, მე-13 საუკუნის იტალიელი საეკლესიო მოღვაწე. ძალიან მძიმეა ეს განაჩენი, როცა ქალი, როგორც ბეატრიჩე დანტესთვის, სამშობლოს სახე, სიბრძნისა და სილამაზის განსახიერებაა; როგორც დონ ლუისი ამბობს, ქალის საშუალებით შევიცანი სადღაც სულის სიღრმეში მიმალული უმაღლესი სიკეთე, რის წყალობითაც ვტკბები სიმშვიდითა და ყოველთა სიყვარულით” – ეს ყველაფერი ოდნავ აბსტრაგირებული, მაგრამ სრულყოფილებასთან მაზიარებელია.

  1. „პარალეპომენოს”

ძნელი სათქმელია, ვინაა მთხრობელი ამ თავში: ავტორი თუ მისი ერთგვარი ცენზორი? აქ წინა პლანზე უფრო პეპიტაა, თავისი შინაგანი გაორებითა და ქარიშხლებით. აი, რას ამბობს იგი დონ ლუისზე: „თუ ასე ძალიან უყვარს ღმერთი, მის შექმნილ საბრალო არსებას რატომ ტანჯავს ასე? ეს არის გულმოწყალება, ეს არის რწმენა? არა, ეს უსულგულო ეგოიზმია!” (126) – სიყვარულისგან, რომელზე ძლიერი არც მიწაზე და არც ზეცაში არაფერია („დონ ლუისის გულისთვის სულის ცხონებაზეც ვიტყოდი უარს” – ეს არა მარტო თავის, ყველაფრის დავიწყებაა).

ნაწარმოების იდეის კარგად გასააზრებლად გასათვალისწინებელია ისიც, როგორი ძლიერია დონ ლუისის სიყვარული ღვთისადმი: მას საკუთარ თვალში არაფერი დაამცირებდა ისე, როგორც უარის თქმა კარგა ხნის არჩეულ მრწამსზე. ეს არის ადამიანი, უმაღლესი რწმენის ფილოსოფიით გამსჭვალული: ცხოვრება ღმერთს მიუძღვნას მომავალი წმინდანივით. მაგრამ წუთისოფლის „კანონით” გვაქვს განგება – ღვთის უცვლელი ნება, ბედისწერა, რომელსაც ადამიანიც წარმართავს და საბედისწერო შემთხვევითობაც, ასე ზუსტად და ოსტატურად რომაა აღწერილი ამ ნაწარმოებში: „საერთოდ ჩვენ, ადამიანები, ხშირად ვხდებით ვითარების სათამაშო. იმის ნაცვლად, რომ მიზანმიმართულად, უყოყმანოდ მივიწევდეთ წინ, დინებას მივყვებით, თავად კი არ ვირჩევთ როლს, არამედ ჰაიჰარად ვიღებთ იმას, რაც წილად გვხვდება, თანაც შემთხვევით. პროფესია, პოლიტიკური შეხედულებები, მთელი ცხოვრება ხშირად დამოკიდებულია გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე, ბედ-იღბალზე” (136). დონ ლუისსაც, – რომელსაც კარგად ახსოვს იოანე ოქროპირის ამბავი, დედამისი რომ ემდურებოდა, ღვთისმსახურების გამო მარტო ნუ მტოვებო და გულსაკლავი ქვითინითაც კი ვერ გატეხა შვილი, – ცდის მიუხედავად, არ ჩამორჩეს წმინდანებს, წაიღებს ცხოვრების, სიყვარულის ძლიერი დინება, საბედისწერო შემთხვევითობების იმპულსებითა თუ შენაკადებით.

„მოკვდავმა ადამიანმა კი არა, მერყევი მდაბიოების ხუშტურებმა კი არა, ბარბაროსთა შემოტევამ კი არა, სიხარბეშეპყრობილმა მეამბოხეთა ძალადობამ კი არა, მთავარანგელოზმა კი არა, ხალხის მიერ აღიარებულმა მბრძანებელმა კი არა – არამედ თვით წმინდა სულმა დაადგინა მღვდლობა, როგორც ჩინი” (138) – ეს მშვენივრად იცის დონ ლუისმა, ღირსეულმა, შეურყვნელმა, რაინდულმა („არ ახსოვს, ბავშვობაში მისი თანდასწრებით ვინმეს დასცდენოდა უდიერი სიტყვა, უხეშადაც არავინ იქცეოდა”). სხვებიც ხვდებიან, რომ ეს ღვთისმოსაობის განსაკუთრებული შემთხვევაა, ამიტომაც პაპი გამოგზავნის სპეციალურ დისპენსიას, რომლის საფუძველზეც დონ ლუისი, ასაკის მიუხედავად, გამონაკლისის სახით, დადგენილ ვადაზე ადრე მიიღებდა მღვდლობის ხარისხს. „ის, ვისაც მღვდლობა სურს – უნდა იყოს თავმდაბალი, მორჩილი, მშვიდი. ის არ ჰგავს მუხას, ამაყად მდგარს მანამ, სანამ მეხი არ დაეცემა. ის ჰგავს ტყის ბალახს, მორცხვ მინდვრის ყვავილს, რომელიც მაშინაც კი – და უფრო მეტადაც – ირგვლივ ნაზ სურნელს აფრქვევს, როცა უხეშად თელავენ” (148); – აქ აუცილებლად გაგვახსენდება დიდი ქართველი ჰუმანისტის „ბალახი ვიყო სათიბი”, საკუთარი თავის დიდ მსხვერპლშეწირვაზე რომ მიგვანიშნებს. იქნებ ეს მსხვერპლშეწირვაცაა, თუმცა უფრო სხვა მოვლენაა ქართული, მებრძოლი ქრისტიანობა (ბერი თევდორე ან თუნდაც მღვდლები, ცხინვალიდან მეომართა გვამები რომ გამოჰქონდათ საკუთარი სიცოცხლის ფასად)…

რომანი თხრობის საოცარი ექსპრესიულობითაც გამოირჩევა და პერსონაჟთა ღრმა ფსიქოლოგიზმის ოსტატურად, მსუბუქად წარმოჩენით. ამას დავუმატოთ ისიც, რასაც ამ თავის მთხრობელი – „ცენზორი” (თითქოს, ერთგვარი ლიტერატურული ხერხია) გვთავაზობს: „…ის (ავტორი – მ. ი.) არ უნდა დავტუქსოთ იმისთვის, რომ სხვისი ნაკარნახევი ხერხები არ გამოიყენა, პირიქით, დიდი მადლობა უნდა მოვახსენოთ ასეთი მომეტებული კეთილსინდისიერებისთვის: ამბავი რომ ზუსტად გადმოსცა, უარი თქვა ყოველგვარ ეფექტებზე, ფანტაზიას გასაქანი არ მისცა და პაემანი არ დაამძიმა ზედმეტი ეპიზოდებით” (167). როგორ ვხვდებით, წარმმართველი აქ არც ზემოხსენებული ბედისწერა ან შემთხვევაა, არამედ რომანში მონაწილე ადამიანების გრძნობებია „დამნაშავე”, როგორც ამბობს მწერალი („პეპიტა ჩვენ ძალიან გვიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტება უარვყოთ”).

პეპიტა თავისდაუნებურად თავიდანვე მაცდური, ბიბლიური ევაა, ურყევი მცდელობით, „რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დაემარცხებინა ეს კაცი”. ეს არის ქალი, რომლისთვისაც საშუალო არ არსებობდა, ყველაფერში უკიდურესობამდე მიდიოდა: ჯერ ბრმად დაემორჩილა დედასა და ქმარს და მერე „დესპოტურად” მბრძანებლობს, განაგებს გარშემომყოფებს. ეს, გავიმეორებთ, თავისდაუნებურად ხდება და ძალაუფლების წყურვილი ამ ქალში ბოლომდე გაუმჟღავნებელი რჩება. რაც შეეხება დონ ლუისს, ის პეპიტაში განსხეულებულ ქალის იდეალს ხედავს („მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი”) – ფიქრობს, რომ პეპიტამ დაჩრდილა მისი ყმაწვილკაცური სიზმრებისა და ფანტაზიების ნიმფები, დედოფლები, ქალღმერთები: „მე ხომ თქვენ პირველსავე შეხვედრისას შემიყვარდით, მგონი, სულაც უფრო ადრე, სანამ გნახავდით, სანამ გავაცნობიერებდი, რომ შემიყვარდით… მე უკვე მიყვარდით. არის აქ რაღაც საბედისწერო. ეს ალბათ წინასწარ იყო გაწერილი, განსაზღვრული…”(181) ეს არის, როცა „ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ”, როცა ადამიანი კვდება საკუთარ თავში, რომ იცოცხლოს საყვარელ არსებაში.

ამ ნაწილის ბოლოს დონ ლუისი ცდილობს, საკუთარ თავში გაამართლოს ის, რასაც უკვე დაცემას კი არა, ცვლილებას ეძახის. ასკეტიზმისთვის ხომ საჭიროა ხანგრძლივი შრომა, ცოდვების მონანიება, აღსარება, დრო, რომ მიიღოს ღვთის მადლი, დაიმსახუროს მარადიული წყალობა. თვით ცრუმოძღვრებსაც კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდათ, ვიდრე თავიანთ ცრუსასწაულებს ჩაიდენდნენ. მას კი „წლები არ გაუტარებია ჭვრეტაში და რა დამსახურებისთვის უნდა დაეშვა ღმერთს მისთვის ასეთი გამონაკლისი?”. დონ ლუისი აღიარებს, რომ დამარცხდა, რომ იდეალი დაენგრა და მისი სიხარული სევდანარევია. სწორედ ამ სევდით ემსგავსება დონ კიხოტს, „რომელზეც „თეთრი მთვარის” რაინდთან დამარცხებამ და ხუმრობამ ისეთი დამანგრეველი გავლენა მოახდინა, რომ გადაწყვიტა მწყემსი გამხდარიყო” (202). დონ ლუისიც გადაწყვეტს, იქორწინოს პეპიტაზე, სახლი აქციოს ტაძრად, გააერთიანოს ცოლქმრული თუ ღვთის სიყვარული, შექმნას თუნდაც თავშესაფარი უსახლკაროებისთვის, ღარიბებისთვის, თავისი კულტურული ცენტრითა და მეგობრული გარემოთი… და ჩნდება ორი კითხვა: ა) იქნებ ყველას ვერ მოსთხოვს ღმერთი მსხვერპლს, ასკეტიზმს, რომელიც სწორედ ამ სიცოცხლის ვნების დაძლევით მიიღწევა? და ბ) ი გ ი ხომ უბრალო ადამიანებსაც ეცხადება და ანდობს ჭეშმარიტებას?…

ბოლომდე უცნობი რჩება, ვისი დაწერილია ეს თავი. თავიდან ავტორს „ეგონა”, რომ ის მოძღვრის დაწერილია, მაგრამ იმან, რომ შემწყნარებლობითაა ნახსენები ზოგიერთი შეხედულება, ის დააეჭვა, რადგან მოძღვარი ამდენ მელანს არ დახარჯავდაო ამ საკითხებზე წერისთვის, ანუ ავტორი ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს სენიორ მოძღვრის ავტორობას.

რაც შეეხება ამ ნაწილის ლიტერატურულ გემოვნებას, ის შესაშურია…

  1. „ჩემი ძმის წერილები” – ეპილოგი

ამ თავში ვიგებთ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ბედზე, რომელიც არ რჩება ავტორის ყურადღების მიღმა. თუნდაც პადრე ვიკარიო, რომელიც ბრწყინვალე განათლებით არ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ, ფლობდა მტკიცე ნებას, უბადლო რწმენასა და ღმერთის უმაღლეს სიყვარულს, „მისი ცხოვრება სამაგალითო იყო ყველასთვის”. ეს ესპანელი, 80 წლამდე მღვდელი, არის ძალიან საინტერესო გმირი, თავისი გულწრფელობით, კეთილშობილებითა თუ მიამიტობით. ის ბევრად სჯობს ნებისმიერ ნაკითხ ეკლესიის მსახურს, რომლის სულშიც რწმენის ცეცხლი ისეთი ძალით არ გიზგიზებს, როგორს პადრე ვიკარიოში. დამაჯერებელია მისი ხასიათის რეალისტურობაც: „იგი ყველაფერში კარგად ერკვევა, კარგად უთავსებს ერთმანეთს რელიგიის ჭეშმარიტ სიყვარულს და იმ სასარგებლო ძვრების მიმართ პატივისცემასაც, რომლებიც თანამედროვე ცივილიზაციამ მოგვიტანა” (48). როცა დონ ლუისი მას თავს შეადარებს, აღიარებს, რომ პადრე ვიკარიოს ზნეობრივ სრულყოფილებამდე ბევრი აკლია. თუმცა ყველა სხვადასხვა გზით მიდის ღმერთამდე…

არანაკლებ დასამახსოვრებელია კურიტო – პერსონაჟი ხალხის წიაღიდან, უსაქმური, გზაკვალარეული, მაგრამ გულკეთილი ყმაწვილი. მას თავისი კუზენი დონ ლუისი მხოლოდ თეოლოგად მიაჩნდა, არცთუ ისე დიდი წარმოდგენისა იყო მასზე. მაგრამ, როცა დაინახა, რა მოხდენილად ატარებდა ეს თეოლოგი ცხენს, სწორედ მიწიერმა აქცია იგი მისთვის ლამის ზეცისკაცად, კერპად. დონ ლუისი კი მას ნებას აძლევს, ეთაყვანებოდეს, უყვარდეს ის, ოღონდ ძალიან უცნაური ფორმით, რადგან იქით ექცევა მისი გავლენის ქვეშ. ეს უცნაური ფსიქოლოგიური მომენტია რომანში. ბოლოს კურიტოს, თავისი ბიძაშვილის ბედნიერი ოჯახის შემყურეს, თვითონაც მოუნდა დაქორწინება. რადგან მსუქანი და პირმშვენიერი ქალები უყვარდა, მისმა საცოლემ, მდიდარი მიწათმფლობლის ლამაზმა, ყაყაჩოსავით ლოყებღაჟღაჟა ქალიშვილმა, პირობა დადო, მალე სიმსუქნეში ჩემს დედამთილს, დონია კასილდას, გადავაჭარბებო. ეს იუმორია, მსუბუქად, უმტკივნეულოდ ირონიაშეპარული, ცხოვრების სიღრმეებს შეგნებულად აცდენილი ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ზედაპირულობა დიდი ფილოსოფიაა…

დონ ლუისის რეალისტი და ბრძენი მამა დონ პედრო – „არ ჯობია თავის სახლში იქადაგოს, ერთი ბუდის პატარა ქრისტიანები მაჩუქოს, ქერუბინოებივით ქერაკულულებიანი და ვარდისფერები, პეპიტას მსგავსნი?” (220). აქვე მოვიხსენიოთ პეპიტას უსაქმური ძმა, რომელიც ნაწარმოების ბოლოს იწერება, რომ მნიშვნელოვანი პიროვნება გახდა და ოჯახის შემარცხვენელი კი არა, დამამშვენებელია. თუმცა დონ პედრო, ეს ბებერი დიონისე, მაინც ფიქრობს, რომ მას ბედად უწერია, თაღლითად დარჩეს და „იმ თაღლითობაში ბედნიერი ვარსკვლავიც ახლდეს თან”.

„ადამიანს შეუძლია, ემსახუროს ღმერთს ყველა ვითარებასა და მდგომარეობაში. შეუძლია ერთმანეთს შეუთავსოს ცოცხალი რწმენა და ღვთის სიყვარული – მის სულს რომ ავსებს – ნებადართულ მიწიერ და წარმავალ სიყვარულს” (232), – სწორედ ეს სიყვარულია ღვთაებრივი საწყისიც… ადამიანი კი „სულის ცოცხალი ტაძარია”, რომელიც შემქმნელის გარეშე ვერ შეძლებდა ვერც მოყვრისა და ვერც კაცობრიობის სიყვარულს. სწორედ ამ სიყვარულის ჰიმნია ეს რომანი, როგორც ჩამონატეხი სამყაროს მომაკვდავი ჰარმონიისა, როგორც სურათზე გამოსახული მთრთოლარე ჭრიჭინობელა დაფნისის მშვენიერი სიმღერა, უნაზეს ქლოეს მკერდზე რომ ეძებს თავშესაფარს.

რაც მთავარია, ეს ნაწარმოები იმდენად დამაჯერებელია, რომ წუთითაც არ გეპარება ეჭვი, რომ ეს „ჭირი იქა, ლხინი აქა” კი არაა მხოლოდ, ზღაპრის მარადიული „ჰეფი ენდი”, არამედ სინამდვილე, მთელი თავისი სისავსით… ანუ ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ზღვარი ზღაპარსა და რეალობას შორის წაშლილია…

 

 

 

ციტატები წიგნიდან – ხუან ვალერა „პეპიტა ხიმენესი”, გამომცემლობა „ინტელექტი”, 2017

 

 

 

 

ომის ლექსები

0

პატარაობიდანვე პოეზიით შეპყრობილს, მახსოვს, როგორ მიყვარდა და თან მზაფრავდა მირზა გელოვანის ამ ორი ლექსის დაწყვილება:

***

ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით

გამახსენდება თმები შოლტები.

როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,

მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.


ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები

ასფურცელას და ოქროსთმებიანს,

ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები

და შენზე დარდში დამთენებია.


მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები

და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.

მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,

მე შენი თმები დამაბრუნებენ.

 

ო, მაპატიეთ

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,

თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…

და, როგორც კარტში აგურის ქალებს,

გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

 

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,

რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,

მაგრამ დღეები, როგორც ქურდები

ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს

გულს საშინელი განადგურებით,

თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,

დანაშაული არდაბრუნების.

ჩემთვის ეს იყო ომის ლექსები… ზაფრას ამძაფრებდა იმის გაგება, რომ პოეტის ომიდან ვერ დაბრუნდა.

მეორე, რამაც შემძრა, ის იყო, რომ 9 აპრილს, როცა მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და არ მესმოდა, რა ტრაგედია ტრიალებდა ჩემს ქვეყანაში, თურმე ადამიანები რუსთაველზე, ხეებზე აკრავდნენ ლექსებს. ასე გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს, ტკივილს, დარდს, სასოწარკვეთას მომხდარის გამო და მხეცურად დაჩეხილი ახალგაზრდებისადმი თანაგრძნობას.

„ხეები ლექსებით იფარჩება, ხეებზე აკრავენ ღვთის ბრალდებას

ამდენი მგოსნის ძლივს მარჩენალს, ისევ მგოსნები გიმრავლდება…“ –

დაუწერია შოთა ნიშნიანიძეს მაშინ.

ომი და განსაცდელი არც მერე ჰკლებია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არასოდეს ასეთი მძაფრი არ მომჩვენებია ომში, ომზე და ომის გამო დაწერილი პოეზია.

აი, უკრაინის ომმა ხომ მსოფლიოს აუხილა თვალები, მანამდე შემაშფოთებლად ოდნავშეშფოთებული ევროპის გრძნობებისა და სინდისის ძაფები ერთდროულად შეარხია, საერთაშორისო ორგანიზაციების საჭიროება ეჭვქვეშ დააყენა, მუდმივი დამპყრობლის სახე კიდევ ერთხელ და მთელი სისაზარლით დაანახვა სხვა არადამპყრობელ, მაგრამ სხვისი ჩაგვრის ვერგანმცდელ ქვეყნებს…

ჩვენც უცნაური რამ დაგვემართა ამ ომში: თუ რამ ტ კ ი ვ ი ლ ი გვქონდა – სიმძაფრის გამო ვერთქმული, ნ ა ნ ა ხ ი  კ ა დ რ ე ბ ი – დაუჯერებლობის, წარმოუდგენლობის გამო თვალებში ჩამარხული, ს ა თ ქ მ ე ლ ი – შემსმენელის არყოლის გამო გულში ჩატოვებული, მ ო მ ა ვ ლ ი ს  ი მ ე დ ი – ვერასრულების შიშით კბილებს არგაცდენილი… ყველაფერი ამოიყარა ზედაპირზე, ამოტივტივდა, ამოხეთქა, გამოიფინა, გამომზეურდა. აუცილებელი იყო. და, მგონია, ეს ყველაზე უკეთ პოეზიამ გააკეთა. სოციალურმა ქსელებმა კი ხელისგულზე დაგვიდო ეს ლექსები.

ახლა ასე ვარ, დილით რომ ვიღვიძებ, უკრაინის კიდევ ერთ ჯოჯოხეთურ, მაგრამ მაინც გათენებულ ღამეს ვაკვირდები, ჯერ საზარელი ამბები მხვდება თვალში, მერე – ლექსებად ტრანსფორმირებული, მშობლიურ ტკივილთან შერწყმული ისევ ეს საზარელი ამბები. რა თქმა უნდა, ყველაზე ვერა, რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებ ამ სტატიაში.

ეს ლექსები ომს კი ეხება, მაგრამ ნათლად აჩვენებს, რამდენი წახნაგი აქვს ამ ყველაზე დიდ ბოროტებას, რომელსაც სულ სხვადასხვა მხრიდან ხედავენ პოეტები.

მარადჭაბუკი, უბრალოდ ცოცხალი კი არა, მარადიული კლასიკოსის, ბესიკ ხარანაულის, ლექსები ჩვეული სიმძაფრითა და სიზუსტით ეხმიანება ყველაფერ იმას, რაც მსოფლიოსა თუ ჩვენს ქვეყანაში ხდება, ამიტომ აუცილებლად პასუხგასაცემი მგონია მისი უმწვავესი კითხვა, რომელსაც სვამს მეტისმეტად შთამბეჭდავსათაურიან ლექსში – „ლაფიტოპია ნისლიდან გამოდის“:

„აი, ამ ლაფს ვიფიცები,

რომელსაც მოვტოპავ,

ამ ჭუჭყს და ამ ტალახს,

რომელიც მაკრია,

ამ საძაგლობას ვიფიცები,

როგორც ჩემს საკუთარს:

ომი რომ მორჩება,

ჩვენ სად ვიქნებით?

მთვარე ამოვა,

მზე ჩავა,

ჩვენ სად ვიქნებით?

სამყარო გამოიცვლება,

შეიქნება სირცხვილნამუსი,

ჩვენ სად ვიქნებით?

რომ დავიხოცებით,

ვინ დაგვმარხავს,

მიწას ვინ მოგვაყრის,

ჩვენ სად ვიქნებით?“

ლექსის ბოლოს ჩნდება შთამბეჭდავი სახე ლაფიტოპია ხარისა, რომელსაც მკერდით ჭალა მოაქვს, რქებით ნისლს მოარღვევს და მშრალზე გამოსული, ლაფჩამობერტყილი, აუცილებლად მოსთხოვს ამ კითხვაზე პასუხს ლირიკულ გმირს. მკითხველის გონებაში კი მაშინვე წამოტივტივდება ასე ნაცნობი წარმართულ-მითიური სახე-სიმბოლო უძლეველი ხარისა…

ამ ლექსში ძალიან კარგად ჩანს ის გარდამტეხი და საპასუხისმგებლო ადგილი, სადაც ახლა მოულოდნელად აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა და ის ეგზისტენციალური კითხვა, რომელიც, წესით, ყველა ქართველს უნდა აწუხებდეს: რა ვიღონოთ ამ მუდმივი ბოროტების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის მომავლის სასიკეთოდ, ისე, რომ ღირსება შევინარჩუნოთ.

მეორე ლექსში მიწებით გაუმაძღარი მონსტრის, რუსეთის, სახეს წარმოაჩენს პოეტი, შეუჩერებელ დამპყრობელს, რომელიც მიილტვის, გააფართოოს თავისი ისედაც ვრცელი საზღვრები, უფრო სწორად, უსაზღვროებას ეძებს მიწაზე და ეს სურვილი თავისთავად ნიშნავს უმიწაწყლობას, ბოგანოობას, მაშინ როცა ასანთის კოლოფისხელა მიწებსაც კი მტკიცე საზღვრები აქვთ.

„… რუსო,

შენი რქა თურმე ცვილისაა,

გახსოვდეს, ხარჩამავალი ქვაბი თუხთუხებს ცეცხლზე,

გახსოვდეს, სხვისი მიწები რომ მიგაქვს ჩასაყლაპად,

ზოგიერთი ალმასისაა.

რუსო!

გაჭირვებამ დედამიწის ხალხები ახლობლები გახადა,

მტრობის ხემაც ხმობა დაიწყო,

რუსო! მტრობას შენღა ანედლებ!

რუსო! შენი სახელიც ერთი მოკლე სიტყვით იწერება.

რუსო!

ყველაფერი სამწუხაროა, რაც რომ მოგახსენე,

მწყინს, რომ სიმართლეა.

ყველა როდია ყრუ შენს მიწაზე.

რუსო!

შეისმინე შენი დიდი მწერლის სიტყვები:

განა რამდენი მიწა ჭირდება ადამიანს?

ჩემიც გაიგონე:

დიდო ერებო!

ნუ ჩაყლაპავთ პატარა ხალხებს,

ვაითუ რომელიმე იყოს ალმასისა“.

ჩემი ქვეყანა ალმასია,

მწიფე ვაზივით მიმზიდველია აგრესიისთვის,

ყელზე დაგადგებით!“

ძალიან კარგად ჩანს, მცირე ქვეყნებიც რომ შეიძლება საფრთხედ იქცნენ დამპყრობლებისთვის, რადგან სულისკვეთება სხვადასხვაა: მცერედნი საზღვრებს იცავენ, მონსტრები უსაზღვრობის ძებნაში მთავარს კარგავენ: საკუთარის, ნაღდის, მნიშვნელოვნის განცდას. ასევე პოეტის მიმართვა, არა მრავლობითში, არა ერისადმი, არამედ უმოკლესი სიტყვით – რუსო – მრავალჯერ განმეორებული, მიანიშნებს რუსეთის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზე ქვეყნის სახელით ჩადენილ ბოროტებაში.

* * *

ერის პერსონალიზაციის, თითოეული რუსის პასუხისმგებლობის თემას სხვა კუთხით აგრძელებს შოთა იათაშვილის ლექსი რუს ჯარისკაცზე: ფსევდოპატრიოტიზმისა და ფსევდომართლმადიდებლობის მსხვერპლი რუსი ჯარისკაცი როგორ ეჯახება სიმართლეს – ისე ზრდიდნენ, ვითომ მორწმუნეს, მეათე და უმნიშვნელოვანეს ცნებას უმალავდნენ: ,,არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყუასისა შენისა, არცა სახლისათვის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაჲ იყოს მოყუასისა შენისა”.

ლექსში ზუსტად არის ჩატეული ის სამარცხვინო რეალური სახე, დამცირებულმა, დამონებულმა, დაბრმავებულმა, უოჯახოდ ან ოჯახში უსიყვარულოდ გაზრდილმა რუსმა ჯარისკაცებმა ჯერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მერე კი უკრაინაში რომ აჩვენეს: გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, დანგრეული სახლები, დახოცილი შინაური ცხოველები, წამოკიდებული უნიტაზები და ბოხჩებში გამოხვეული საყოფაცხოვრებო ნივთები. აი, რა ირონიულად ჟღერს ამ ფონზე სტროფი, რომლითაც საკუთარ თავზე საუბარს იწყებს ლირიკული გმირი:

მე რუსი ჯარისკაცი ვარ,

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი,

გულანთებული პატრიოტი,

და მარიუპოლთან ჩემი სამშობლოს საზღვრებს ვიცავ…“

უსახელო რუსი ჯარისკაცის სახეს ლექსშივე უპირისპირდება მეორე „პერსონაჟი“, იაშკა, ასევე რუსი, რომელსაც სიმართლე ბებიამ კი უთხრა, მაგრამ სახელმწიფომ ასწავლა, რომ მეათე მცნების გამხელა დანაშაულია, რადგან ის რუსეთის უსაზღვრობის იდეას უშლის ხელს, სხვისი ქვეყნების დაპყრობას უშლის ხელს, სხვისი ცოლების დაუფლებას, სხვისი ოჯახების გაუბედურებას, საერთოდ, ყველასა და ყველაფრის, რაც შენი არაა, იმის არმითვისებას გვასწავლის!

აი, ეს რუსი ჯარისკაცი რომ ომში დაიღუპოს, რას იტყვის, რას იფიქრებს, როგორ განაგრძობს დედამისი ცხოვრებას? როგორია მოკლული ჯარისკაცების დედების ცხოვრება? რას გრძნობენ, ერთი მხრივ, ომში მოტყუებით გარეკილი 17-18 წლის ბიჭების დედები? დედები, რომლებსაც ჰგონიათ, მათი შვილები დიდ რუსეთს იცავენ მომცრო, მაგრამ ალმასივით ქვეყნებისგან? და, მეორე მხრივ, რა სტკივათ დედებს, რომელთა შვილები, ადრე მომღერლები, მასწავლებლები, მექანიკოსები, მსახიობები, ახლა კბილებით იცავენ სამშობლოს? ან როგორ ხვდებიან სიკვდილს დედები, რომელთა შვილები სხვისი სამშობლოს დაცვით საკუთარს იცავენ და იხოცებიან? ყველას ხომ არ შეუძლია, მუშტშემართული, სახეზე უდიდეს ტკივილაღბეჭდილი, მაგრამ შვილის სიმართლეში დარწმუნებული, ოთარაანთ ქვრივივით შეუდრეკლად იდგეს?!

* * *

ნატო ინგოროყვას ლექსში „ნატირალიდან“ შვილმკვდარი დედის სულ სხვანაირი განცდის ამოკითხვა შეიძლება. მან იცის, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ კაცისკვლისთვის მაინც არ ემეტებოდა. სიამაყესა და შეუპოვრობაზე მეტად, ტკივილით აქვს სავსე თვალები: „უპეებიდან გმირი შვილის უკანასკნელი კვნესა მოუჩანდა. ცოტათი ჰგავს კიდეც „ვეფხისა და მოყმის ბალადის“ დედას მტერთან მობოდიშებით:

არ იყო ჩემი შვილი კაცთმოძულეო

ებოდიშებოდა მოკლულ მტერს

და ცოცხალ მოყვარეს.

ჩემი ხელით ჩავალაგე მისი

ბოლო გზის ტანსაცმელიო,

თქვა და სიტყვა გაუშრა.

მეტი რა უნდა მექნაო

გულზე მივიწვენ,

დედა ვარ და მიწაც“. –

უკანასკნელი სტრიქონი იტევს დედობის ყველა სიმძიმეს, პასუხისმგებლობასა და სიდიადეს.

მეორე ლექსში, „პურის რიგი“ რომ ჰქვია, დედა არ არის ნახსენები, მაგრამ როცა მამები იბრძვიან, პურის რიგში, ალბათ, დედა თუ იდგება. შემაძრწუნებლად ზუსტი შედარებით ირევა მკითხველის გონებაში ნამდვილი და წარმოსახვითი:

„ბოლო ვიყავი რიგში და

პირველი ტყვია მომხვდა.

თითქოს მეპურემ ცხელი პური

გამომიწოდა და უბეში ჩავმალე“.

მომაკვდავი მხოლოდ შვილებზე ფიქრობს, როგორ გაიყოფენ იმ ერთადერთ პურს, რომელიც სინამდვილეში დედის გულში გავლილი ტყვიაა. კიბეზე არბის, შვილებს უნდა გაუნაწილოს, თვითონ სულმა არ უნდა წასძლიოს… და ერთი ტრაგედია კიდევ უფრო დიდი ტრაგედიით გრძელდება:

„დახოცილებს გულისჯიბით

ხორბალი გავატანე –

ვიცი, გაღივდება“.

საოცრად მტკივნეული და, გავიმეორებ ამ სიტყვას, შემაძრწუნებელი სახეა გარდაცვლილი შვილების გულისჯიბეში გასაღვივებელი ხორბლის მარცვლები.

ყველაზე დაუნდობელ განსაცდელს რომ მოგივლენს ცხოვრება და შენ, სასოწარკვეთილი და განადგურებული, გამართლებას მოუძებნი მაინც.

ოჯახი, პური და ხორბალი – რა მარტივი, ცხოვრებისეული, ყოფითია ეს სიტყვები და თან ბიბლიური, მეტისმეტად ღრმა სიმბოლიკაა ამ მოკლე და რთულ ლექსში.

ომის დასაწყისში, სანამ ქვემოთ მოყვანილი ლექსი გაჩნდებოდა;

სანამ მსოფლიო შეეჩვეოდა, რომ ომი… უკრაინაშია;

სანამ ჯერ კიდევ არ გვჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა ჩვენს თავს ოცდამეერთე საუკუნეში;

სანამ ჯერ კიდევ ღამეს ვუთევდით უკრაინის ცას, –

მაშინ გაჩნდა პოეტის სოციალური ქსელის კედელზე სულისშემძვრელი სიტყვები: „ღმერთო, არ ჩაგეძინოს!“

ჰო, არის მომენტები, როცა ჩვენი, ადამიანები, სიფხიზლე და თანაგრძნობა აღარ არის საკმარისი, ერთმანეთის იმედი აღარ გვყოფნის, როცა ყბადაღებული პრაგმატულობა და რაციონალურობა ცვდება, აზრს კარგავს და მის ადგილს მთავარი, რწმენა იჭერს.

მოგვიანებით ლექსიც დაიბადა:

„ღმერთო, არ ჩაგეძინოს!

მინიმა ომზე,

სხვა ლექსისთვის წასამძღვარებლად“

ასე იწყება ლექსი ადამიანურ ურთიერთობებზე: იმაზე, რას განიცდიან მეგობრები ომში; როგორ ცვლის ომი სურვილებსა და მიზნებს, როცა გავიაზრებთ, რომ ხვალისთვის გადადებული საქმეები, თუ ისინი ახლობელ, საყვარელ, მონატრებულ ადამიანებს უკავშირდება, რა საშური ყოფილა თურმე!

და რადგან ომში მათი შესრულება მოკვდავის ძალებს აღემატება, ამიტომაც სრულდება ეს სითბოთი და ტკივილით გაჟღენთილი ლექსი უფლისადმი პარადოქსული მიმართვით:

„ ღმერთი არ გაგიწყრეს,

არ ჩაგეძინოს!“

* * *

პოეტი, რომელიც არაერთხელ გამოეხმაურა თავისი პოეზიით ოცდამეერთე საუკუნის დიდ ბოროტებას, გიორგი ლობჟანიძეა. მისი ლექსიც, რომელიც ეხება უკრაინის ომის ყველაზე მძიმე ღამეს, რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვას, – სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ამ შენობას მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის – უამრავი ბავშვი აფარებდა თავს და მის წინ დიდი ასოებით, რუსულად ეწერა: дети! – რათა ნებისმიერ სამხედრო პილოტს დაენახა და ისინი მაინც დაენდო.

ამ საზარელი ღამის შემდეგ გავრცელდა ცრუ ცნობა, რომ თეტრის ბომბსაფარმა საჰაერო დარტყმებს გაუძლო და ყველა ცოცხალია. ამ ცნობით აღფრთოვანებას მოჰყვა გიორგი ლობჟანიძის ლექსი, რომელიც თითქოს გაგრძელებაა ზემოთ განხილული ლექსისა. ის ასე სრულდება:

„… იქ კი, სარდაფში,

ძველი ნიღბების ნატეხებში,

იშმუშნება

ახალი სიცოცხლე,

საღ, თოთო ხელებს იწვდის

მომავლისკენ

და ჰაერს ისე ებღაჭაუება,

თითქოს დედის მკერდი იყოს,

საიდანაც სიმართლე გადმოჩქეფს.

მიწისქვეშეთში ანგელოზები არ არიან.

მარიუპოლის თეატრის სარდაფში ყოფილხარ, ღმერთო!“

ეს შეძახილი ლექსის ბოლოს თითქოს მთელ მსოფლიოს აღმოხდა, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა; ყველას, ყველას, ვისაც სჯერა, რომ პუტინის რუსეთი და ომი ბოროტებაა და რომ თვით ყველაზე დიდ ბოროტებასაც აქვს ზნეობრივი კანონები, რომლებსაც მხოლოდ უღირსები არ იცავენ.

სანამ ქვემოთ მოყვანილ კიდევ ერთ ლექსს წაიკითხავთ, წარმოიდგინეთ პატარა უკრაინელი გოგონას ფოტო, გოგონა დგას ზურგით კამერისკენ და სიფრიფანა, ნორჩ სხეულზე მარკერით აწერია თავისი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და მშობლების ტელეფონის ნომრები – ერთმანეთის დაკარგვის შიშით შეპყრობილმა დედამ დააწერა:

„თუ ჩვენ დაგვხოცეს,

შენ გახსოვდეს შენი სახელი,

სად დაიბადე,

ვინ ვიყავით შენი მშობლები.

კაცს ბედი შუბლზე აწერია.

სახელი -ზურგზე,

როგორც ტვირთი,

ჩემო პატარავ.

და ეს ტვირთი მთელი ცხოვრება

უნდა ატარო.

აღარ მახსოვს,

მე თვითონ რა მერქვა

ომამდე,

მაგრან შენ, ამ ომს გადარჩენილო,

დაიმახსოვრე,

რომ შენ გქვია თავისუფლება

გაუფრთხილდი

ამ ძვირფას სახელს

და უსახელო ჯარისკაცებს

არ დაგვაყვედრო,

რომ ბედისწერას მოთმინებით ვერ გადავურჩით.“

ეს ლექსიც გიორგი ლობჟანიძეს ეკუთვნის. მისი ლირიკული გმირი ჯარისკაცია, მიმართავს პატარას და ეუბნება მთავარს: იმ საზარელ ომში უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან სწორედ ბავშვებისთვის, ომს სასწაულით გადარჩენილი პატარების თავისუფლებისთვის! და მე მახსენდება პოლ ელუარის ცნობილი ლექსი:

„…უსურვილო სიცოცხლეს

შიშველ სიმარტოვეს

სიკვდილის ნაბიჯებს

ვაწერ შენს სახელს

 

აღდგენილ ძალ- ღონეს,

დაკარგულ საფრთხეს თუ

უხსოვარ იმედს

ვაწერ შენს სახელს

 

და ერთი სიტყვის ფესვებიდან ვიწყებ სიცოცხლეს

შენი შეცნობით ვიბადები

შენი სახელით

 

თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა.“

* * *

მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ომში ყველა ბავშვი არ გადარჩენილა, ბავშვებს ისევ ემუქრებათ საფრთხე. ვერგადარჩენილებზე გვესმის გაუგონრად, დაუჯერებლად, გაუსაძლისად საზარელი ამბები. მაგრამ ამ ამბების ერთ ლექსში მოქცევა შეძლო პოეტმა დიანა ანფიმიადიმ. ლექსს ჰქვია „მარიუპოლი“: ალყაშემორტყმული ქალაქი, ახლა მთავარი ჯოჯოხეთი მთელ დედამიწაზე:

 

მარიუპოლი

 

-ჩემი დაწყებითი კლასის მასწავლებელი

-არის

-ყვავილების გამყიდველი მეზობელი ქუჩიდან

-არის

-მხარნატკენი ჩელისტი გოგო

-არის

-ჩემი პირველი შეყვარებული

-არის

-კარის მეზობლის სამი ბავშვი

-გადარჩნენ.

-მეფუნთუშე, რომლისგანაც ვყიდულობდი ვატრუშკებს საუზმისათვის

-დაჭრილია

-მეზობლის ბიჭი, მუსიკას რომ ხმამაღლა უსმენს

-ნაღმზე აფეთქდა

-მწვანეთვალება გოგო, ჩუმად რომ წერდა ლექსებს

-ნანგრევებიდან ვისი ხმა ისმის?

-დედაჩემი

-არის

-მამაჩემი

-ვერ ვნახეთ გვამი.

-ქალაქი?

-არის, მაგრამ კვამლში.

-ჩემი შვილები?

-არ დაიბადებიან.

 

ომში ბევრი ლაპარაკისთვის არავის სცალია, ომი მოკლე და აუცილებელი კითხვა-პასუხის დროა. ალბათ ამიტომაც აირჩია პოეტმა ეს შთამბეჭდავი ფორმა, რომელსაც ზედმეტი სასვენი ნიშანიც კი არ ამძიმებს, თითქოს არც უნდა ამოისუნთქონ შემკითხველ-მოპასუხემ. ამოსუნთქვის დროც არ არის.

ამ ვრცელ სტატიას დიანასავე ლექსით დავასრულებ: „აღდგომა“, – რადგან სიკვდილს აღდგომა მოსდევს, დაცემას – წელში გამართვა, ხოლო თავდადებულ ბრძოლას თუ მთელი მსოფლიოს გაერთიანებული ნება და სურვილი შეუერთდა, წამებულთა გამარჯვება გარდაუვალია!

„ აღდგა მკვდრეთით ოთხი წლის საშკა,

როცა დახვრიტეს, თმა ჰქონია ჯერ კიდევ სველი.

აღდგა მკვდრეთით ცხრა წლის უცნობი გოგო,

თერთმეტი მხეცის დაგლეჯილი,

აღდგა მკვდრეთით ველოსიპედიანი მოხუცი კაცი,

ჩამოიფერთხა შარვალი და თმა გაისწორა,

აღდგა მკვდრეთით ჩემი გაგრელი ნათესავი,

მოხერხებულად მოაგორებს თავის თავს, კენწლავს.

აღდგა მკვდრეთით ქალი კვასკვასა, წითელი ლაქით,

სულ მალე მოვა, ცოტა ფრჩხილებს მოიწესრიგებს,

შვილის გათხრილი სამარიდან მკვდრეთით აღდგა უცნობი დედა,

დედის გათხრილი სამარიდან მკვდრეთით აღდგა უცნობი შვილი,

აღდგა მკვდრეთით პურის რიგში დახვრეტილი უცნობი კაცი,

აღდგა მკვდრეთით ქალი, წყალი რომ ვერ მიიტანა სამალავამდე,

აღდგა მკვდრეთით შუაზე გადაჭრილი გოგო, ვინ თქვა, ვერ ივლისო,

ამ აღდგომაზე ბევრი აღდგა, ბევრად მეტი, ვიდრე ოდესმე,

ახლა ყველანი აქ მოჯარდნენ, გამოქვაბულთან,

შემოგძახიან, ლოდსაც შენ ნაცვლად გადაწევენ,

ოღონდ არ შეგრცხვეს, არ დაიმალო,

შენც აღსდექი, უფალო,

მესამე დღეს ანდაც თუნდაც ერთი თვის თავზე

მსგავსად წერილისა.

კიდევ ბევრი პოეტი გამოეხმაურა საზარელ რეალობას: რატი ამაღლობელი, ლელა სამნიაშვილი, დავით მაღრაძე და სხვები. წარმოუდგენელია ერთ სტატიაში მათი მოქცევა. ალბათ, კიდევ ბევრი ლექსი დაიწერება ომის დროსაც და ომის შემდეგაც – ყველაზე მძიმე ჭრილობების მოსაშუშებლად. სოციალური ქსელი დღეს თითქოს რუსთაველის ფუნქციას ასრულებს, სადაც ხეებზე – თავიანთ კედლებზე – აკრავენ ლექსებს პოეტები თუ პოეზიის მკითხველები და ამით არსებულ რეალობას ეხმიანებიან.

* * *

აკა მორჩილაძემ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე თქვა, საქართველო უფრო პოეზიის ქვეყანაა და ახლა მე, პროზაიკოსი რომ ვლაპარაკობ, უხერხულად ვგრძნობ თავსო. ქართულ პოეზიაში ასეთი სისავსით ასახულმა უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მართალია აკა: მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად. ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და მავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს“.

სწრაფი ტესტი ფაშიზმზე

0

ქართული საზოგადოება უმბერტო ეკოს ძირითადად მხოლოდ მწერლად აღიქვამს. შუა საუკუნეების მკვლევართა ვიწრო წრეებში იტალიელის ფილოსოფიურ მემკვიდრეობასაც ხშირად განიხილავენ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ დიდმა რომანისტმა მრავალი საფიქრალი გაუჩინა პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენლებსაც.

უმბერტო ეკომ 1990-იან წლებში ფაშიზმის 14 ძირითადი მახასიათებელი გამოკვეთა. ესეის მომზადების დროს მეცნიერი აკადემიურ მემკვიდრეობასთან ერთად პირად გამოცდილებასაც დაეყრდნო. მან და მისმა ქვეყანამ საკუთარ მხრებზე გადაიტანეს ფაშისტური რეჟიმის სუსხი, უმბერტო ეკო მთელი ცხოვრების განმავლობაში პირადად აკვირდებოდა საზოგადოების სხეულზე მუსოლინის დიქტატურის შედეგად წარმოქმნილ ჭრილობებსა და მათი მოშუშების პროცესს. საბოლოოდ არავის გაჰკვირვებია, რომ ფენომენალური ნიჭის მქონე მოაზროვნემ ერთგანზომილებიან პოლიტტექნოლოგებზე უკეთესად განსაზღვრა ფაშიზმის არსი და შემოხაზა მისი საზღვრები.

უმბერტო ეკოს ესეის წაკითხვის შემდეგ ბევრი ამტკიცებს, რომ თუ რომელიმე საზოგადოებაში 14 კრიტერიუმიდან ნახევარი მაინც შეიმჩნევა, მაშასადამე ის ქვეყანა ახლოს არის ფაშიზმის დამყარებასთან. მე რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვიყო, ჩემს მოსწავლეებთან ერთად ფაშიზმის ტესტს ჩავატარებდი, რათა უკრაინაში ომის გამჩაღებელი ქვეყნის – რუსეთის წყობის არსი ამომეხსნა.

მოდით, მარტივად დავუკავშიროთ უმბერტო ეკოს კრიტერიუმები თანამედროვე რუსეთს.

1. ფაშიზმისთვის დამახასიათებელია ტრადიციონალიზმის ყველაზე მანკიერი ფორმა, რომლის მიხედვითაც ცოდნას განვითარება აღარ სჭირდება. ამ ხედვის მიხედვით, საზოგადოების ყველა საფიქრალზე პასუხი უკვე გაცემულია, ახალი იდეებისა და ღირებულებების განსჯა დროის ფუჭად ხარჯვასთან არის დაკავშირებული. ჭეშმარიტება ერთხელ და სამუდამოდ უკვე აღმოჩენილია.

თუ კარგად დავაკვირდებით, დავასკვნით, რომ პუტინის რუსეთშიც უკვე დიდი ხანია მიაგნეს ჭეშმარიტებას, რომელიც საუკუნეების წინ ჩამოყალიბებულ კონცეფციებთან არის დაკავშირებული. ახალს არავინ ეძიებს, პირიქით, მხოლოდ ძველი იმპერიის რესტავრაციის იდეით არიან შეპყრობილნი.

2. ფაშიზმს გამოარჩევს მოდერნიზმის მიუღებლობა და ირაციონალიზმი. ფაშისტები უარყოფენ განმანათლებლობას, ეწინააღმდეგებიან სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, ინდუსტრიალიზაციის მასშტაბებს. თუმცა მათ უარყოფასა და წინააღმდეგობას სრულყოფილი ხასიათი არ აქვს, ხანდახან მხოლოდ ვერბალური ჯანყით შემოიფარგლებიან. მაშასადამე, სიამოვნებით სარგებლობენ იმ მოვლენათა შედეგებით, რომელთაც თავად აკრიტიკებენ.

რუსეთი გლობალური კაპიტალიზმის ერთ-ერთ კრიტიკოსად გვევლინება. რუსები შიშობენ, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები ხელში ჩაიგდებენ რუსეთის სიმდიდრეებს და ბაზარზე გაანიავებენ მას. იდეური კრიტიკის პარალელურად, საქმით რუსები თავად ქმნიან ამგვარ კორპორაციებს და თავად ანიავებენ ეროვნულ სიმდიდრეს გლობალურ ბაზრებზე. მათი საქმე და სიტყვა ირაციონალურად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან.

3. „მოქმედება მოქმედებისთვის“. უმბერტო ეკოს მტკიცებით მოქმედებას აზრი, კულტურული ამოცანა უნდა ედოს საფუძვლად. მოქმედება გამართლებული უნდა იყოს გარკვეული კულტურული მიზნებით. ფაშისტებისთვის კი მოქმედება თავისთავად ღირებულებაა, მას არ სჭირდება კულტურული საფუძვლები. კულტურა, უნივერსიტეტები, ინტელიგენცია „კომუნისტური ბაცილის“ გავრცელების კერებად მიიჩნევა, მათგან თანხმობა და მათი იდეური მხარდაჭერა არაფერში არ არის საჭირო.
ლია ახეჯაკოვას, ბორის აკუნინის, ვიქტორ შენდეროვიჩისა და სხვა მოღვაწეების დევნის მაგალითზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ რამდენად სჭირდება კრემლის მოქმედებებს კულტურულ-საგანმანათლებლო წრეების მხრიდან ლეგიტიმაცია.

4. ფაშიზმისათვის თანხმობის არარსებობა ღალატის ტოლფასია. ფაშისტური მმართველობა ვერ იტანს კრიტიკას, დაეჭვებას, ნაწილთა ინტერესების გათვალისწინებას. ის ესწრაფვის საერთო სახალხო თანხმობას გამონაკლისის გარეშე.

რუსეთში ყველა კრიტიკული მედია საშუალება დახურულია, სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციები გაუქმების პირას არიან და თავისუფალი საქმიანობის საშუალება არ ეძლევათ.

5. კრიტიკისა და წინააღმდეგობის არარსებობას მივყავართ მტრების, „სხვების“ ძიებამდე, განსხვავებული ადამიანების დევნამდე, მათ სიძულვილამდე.

2000-იანი წლებიდან დღემდე ვაკვირდებით რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტებად, მოღალატეებად, მასონებად გამოცხადებული ადამიანების მთელ არმიას, რომელთაც სამშობლოში არ დაედგომებათ და ემიგრაციასა თუ იატაკქვეშეთს აფარებენ თავს.

6. დიდი ლიტერატორის აზრით, ფაშისტური სისტემები განსაკუთრებით უჭერენ მხარს ბურჟუაზიას და საშუალო კლასს თავის დასაყრდენად აცხადებენ.

თანამედროვე რუსეთი ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთშეზრდის საფუძველზე ჩამოყალიბებულ კლასსა და სპეციალური სამსახურების შემადგენლობაზე დგას. შესაბამისად, საშუალო ფენასთან განსაკუთრებული კავშირის კრიტერიუმს ჩვენი მეზობელი ქვეყანა ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს.

7. რას ეუბნება ფაშისტური ხელისუფლება ღარიბებსა და მასებს? მათ უნდა იამაყონ, რომ საუკეთესო, გამორჩეულ ქვეყანაში დაიბადნენ. აღნიშნული გარემოება მასებს უნდა აბედნიერებდეს და ამაზე დიდ სიხარულს არ უნდა ესწრაფოდნენ. ამასთანავე, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი სათაყვანებელი ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულება მზადდება. რიგით მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მტრები ყველგან არიან, ქვეყნის გარეთაც და მის წიაღშიც. ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ სამშობლო ალყასა და განსაცდელშია.

უმბერტო ეკოს მეშვიდე კრიტერიუმი ერთი ერთში შეესაბამება თანამედროვე რუსეთში გამეფებულ განწყობას. დღეს ყველა ფედერალური ტელევიზია საუბრობს იმის შესახებ, რომ სამყარო რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, რათა მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყნის სიდიადეს წერტილი დაუსვან.

8. ფაშისტები თავიანთი მტრების წინააღმდეგობრივ სურათს წარმოადგენენ. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მტერი ძლევამოსილია, აქცენტს სვამენ მათ განსაკუთრებულ მახასიათებლებზე. ამავდროულად კი აცხადებენ, რომ მათი დამარცხება ძალიან ადვილია. ისინი ვერასდროს აფასებენ მტერს ადეკვატურად.

მრავალი გარემოება მიანიშნებს, რომ რუსეთის მთავარსარდლობა უკრაინის აღებას სამ დღეში ვარაუდობდა. თუმცა, როგორც ვხედავთ ჩვენი მეგობრები არნახულ წინააღმდეგობას უწევენ მოწინააღმდეგეს და რამდენიმე კვირაა სიცოცხლის ფასად ამაგრებენ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებს.

9. „არ ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვცოცხლობთ ბრძოლისთვის“ – მაშასადამე, ფაშიზმი ბრძოლას თვითმიზნად აცხადებს. ამასთანავე, ფაშისტებს აქვთ გადამწყვეტი ბრძოლის რწმენა, რომელშიც გამარჯვება სამუდამო მშვიდობისა და კეთილდღეობის დასადგურების წინაპირობა გახდება.

რუსული პროპაგანდისტული მედია აღნიშნულ გარემოებაზეც ხშირად საუბრობს. სალავიოვი, კისილიოვი, სიმონიანი არცთუ ისე იშვიათად მიანიშნებენ იმაზე, რომ უკრაინასთან ომში გამარჯვება რუსეთის ყველა ძირითად გეოპოლიტიკურ ამოცანას გადაწყვეტს და სლავ ხალხებს შორის დიდი ხნით დაამყარებს მშვიდობას.
10. ელიტარიზმი – ფაშისტური მმართველობის დასაყრდენს ერთგვარი ელიტა წარმოადგენს. ელიტის მიზანს წარმოადგენს მისი წევრების ორგანიზება და ძალაუფლების ვერტიკალის ირგვლივ მათი გაერთიანება. ამასთანავე, ელიტა საკუთარ ამოცანად მიიჩნევს მასის დაყოფას, დაქსაქსვას. მასების მობილიზება მხოლოდ ხელისუფლებას უნდა შეეძლოს და არავის სხვას. ხელისუფლების გარეშე მასა ატომიზირებული, მარტო დარჩენილი ინდივიდებისგან უნდა შედგებოდეს.
თანამედროვე რუსეთშიც შესამჩნევია ამგვარი კონსტრუქციების არსებობა. პუტინის ირგვლივ ადვილად აღმოაჩენთ ორგანიზებულ ელიტებსა და ინტერესჯგუფებს, რომლებიც რეჟიმის საიმედო პარტნიორები არიან. საერთო რუსული მასშტაბით შეუძლებელია იმგვარი ოპოზიციური პარტიის, პროფკავშირების, ეკლესიის ან სხვა ტიპის ინსტიტუტის აღმოჩენა, რომელსაც ხელისუფლების გარეშე შეუძლია კრიტიკული მასის მობილიზება.

11. ფაშისტურ საზოგადოებებში არსებობს სიკვდილის კულტი. ადამიანებს ზრდიან იდეით, რომ გმირულ სიკვდილზე უკეთეს საქმეს სამშობლოსთვის ვერ გააკეთებ. გმირული სიკვდილი ყველასთვის უმაღლესი ჯილდოა.

სამწუხაროდ, დადასტურებული ცნობები არ მაქვს იმის შესახებ, თუ რამდენად არის ამგვარი სულისკვეთება გავრცელებული რუსეთის ფედერაციაში. ჩავთვალოთ, რომ ფაშიზმის ამ კრიტერიუმს მეზობელი ქვეყანა ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს.

12. ომისკენ, ძალადობისკენ მისწრაფება ფაშისტურ ქვეყანაში მასკულინური კულტის, პატრიარქალური კულტის წარმოქმნის წინაპირობებს ქმნის. მიზოგინია და შეუწყნარებლობა ამგვარი რეჟიმების მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
ვისაც ერთხელ მაინც მოუკრავს თვალი რუსეთის წინასაარჩევნო კამპანიისათვის, შესანიშნავად უწყის, თუ რა არნახულად დიდი გასავალი აქვს მეზობელი ქვეყნის საზოგადოებაში ვულგარულ „მაჩოიზმს“.

13. ფაშიზმი პოპულიზმის განსაკუთრებულ ფორმას ანიჭებს უპირატესობას. ამგვარი პოპულიზმი ხალხს მონოლითურ ერთობად განიხილავს, რომლის ნება თავს ერთ, რჩეულ წინამძღოლში იყრის. ამგვარი პოპულიზმი არ ტოვებს ადგილს საპარლამენტო დემოკრატიისათვის, არჩევნებისთვის.

პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთის პარლამენტიდან საბოლოოდ გაქრნენ დემოკრატიული ძალები, პარლამენტი უფუნქციო სტრუქტურად იქცა. პრეზიდენტის ხელში კი თავი მოიყარა ფაქტობრივად შეუზღუდავმა ძალაუფლებამ. რამდენიმე დღის წინ „ლუჟნიკების“ მოედანზე პუტინის გამოჩენამ და ლიდერის დანახვით გამოწვეულმა ოვაციებმა შესანიშნავად წარმოაჩინა თანამედროვე რუსეთის კავშირი თვისებრივ, განსაკუთრებულ პოპულიზმთან.

14. ფაშიზმი საუბრობს მარტივ, ახალ ენაზე, რომელიც ხელს არ უწყობს აზროვნებას და წყალს ასხამს ადამიანებით მანიპულაციის წისქვილზე. ღარიბი ლექსიკა, პრიმიტიული სინტაქსი, აზროვნების შემზღუდავი ჩარჩოები ფაშისტური ქვეყნების სახელმძღვანელოთა მთავარი მახასიათებელია.

სამწუხაროდ, ახალი ენის შესახებ მსჯელობისთვის საჭირო მასალები არ გამაჩნია. აქედან გამომდინარე, ამ კრიტერიუმის ბედი რუსეთისთვის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ.
თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ უმბერტო ეკოს ნუსხას და მის მიერ ჩამოთვლილი პუნქტების მიხედვით ჩვენ მიერ ჩატარებულ სწრაფ ტესტს, აღმოვაჩენთ, რომ რუსეთი ფაშიზმის 14-დან 11 კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ცხადია, ხელის ერთი მოსმით წარმართული მსჯელობის საფუძველზე უტყუარი დასკვნების ჩამოყალიბების პრეტენზია არ გვაქვს. არც უმბერტო ეკოს კონცეფციაა ერთადერთი და უნივერსალური. უბრალოდ, მოსწავლეებს მსჯელობისთვის საფუძველი მიეცემათ და შეიძლება ფაშიზმზე „PCR-ტესტის” ჩატარების სურვილი, ლაბორატორიული კვლევების გაგრძელების განზრახვა გაუჩნდეთ.

ჩინური თავსატეხი-ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის

0

როგორ მოახერხა ჩინეთმა განვითარების ყველასგან განსხვავებული გზის პოვნა

ნაწილი მეორე

დღეს ჩინეთი იძულებულია, შეცვალოს თავისი სავაჭრო-ეკონომიკური მოდელი – ორიენტაცია შიდა ბაზარზე აიღოს. ჩინურ ეკონომიკურ ლექსიკონში ამას „ორმაგი ბრუნვის“ პრინციპს ეძახიან. ამას ერთვის ისიც, რომ ადამიანებს მეტი შრომა უწევთ – ჩინეთში ჩამოყალიბდა ე.წ. საშუალო კლასი, რომელიც დაახლოებით 400-450 მილიონ ადამიანს ითვლის. ამ ფენას სულ სხვა მოთხოვნები და ცხოვრების წესი აქვს. როგორც ყველგან, საშუალო კლასი მუშაობს საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, სიმდიდრის დასაგროვებლად, ხოლო ჩინეთს შემდგომი წინსვლისთვის კვლავ ძალიან სჭირდება ეკონომიკური ზრდის სტიმულის შენარჩუნება. ხშირად ამ ფაქტორს ჩინეთის გრძელ სამუშაო დღეებს აბრალებენ. აქ სიტუაციაში კარგად გარკვევაა საჭირო – ჩინეთში ეკონომიკის მთავარი მახასიათებელი არა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), არამედ მენეჯერული აქტივობის ინდექსი (Purchasing Managers’ Index, PMI) გახლავთ. ითვლება, რომ თუ ეს მაჩვენებელი 50-ზე მაღალია, მაშინ ვაჭრობა და ეკონომიკა ვითარდება. ბოლო ხანს ეს ინდექსი 50-ზე დაბლა ჩამოვიდა. ეს ქვეყნისათვის ნამდვილ შოკად იქცა. რაც შეეხება ტრადიციულ ინდიკატორებს, მათ შორის – მშპ-ს, არიან ქვეყნები, რომლებიც ამ მონაცემით ჩინეთს უსწრებენ, მაგალითად, მეზობელი ვიეტნამი. ასევე დიდხანს ჰქონდა 17%-იანი ზრდა ჩინეთის ჩრდილოელ მეზობელს – მონღოლეთს. მაგრამ ეს მცირე ეკონომიკური საბაზო მაჩვენებლებით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე რეალური ეკონომიკური ზრდით. მზარდი მშპ-ს რიცხვებით მანიპულაციას ხშირად შეცდომაში შევყავართ. ამიტომ ჩინეთიც PMI მაჩვენებელს უფრო უყურებს და მის სტიმულირებას ცდილობს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინეთის წამყვანი ბანკები მთლიანად სახელმწიფოს მფლობელობაში არიან, რაც კაპიტალიზმის პირობებში შეუძლებელია.
რა თქმა უნდა არსებობს მსხვილი კერძო სექტორი – Huawei, ZTE, Alibaba. ყველა მათგანი კერძო კორპორაციაა, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, როგორ გაჩნდნენ ისინი. თავიდან სახელმწიფომ გამოყო მსხვილი კრედიტები ამ კომპანიების განსავითარებლად, რის შედეგადაც სტარტაპები უმსხვილეს კორპორაციებად გადაიქცნენ. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რაკი მას ამ ბიზნესების სტიმულირებაში წვლილი აქბს შეტანილი, კორპორაციებიც ვალდებულნი არიან, სახელმწიფოსთვის იმუშაონ.

თუ სახელმწიფო მოწყობის სხვადასხვა მოდელს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ჩინური მოდელი რუსულთან უფრო ახლოა (მასშტაბებში განსხვავების მიუხედავად) და არაფრით ჰგავს ამერიკულ ან ევროპულ მოდელებს. ჩინეთის მოდელს და მის გამოცდილებას მრავალი აზიური ქვეყანა გაჰყვა. მაგალითად, ინდონეზია და მალაიზია, სადაც სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებს სახელმწიფო აგვარებს, ხოლო ტაქტიკა მცირე და საშუალო საწარმოებს ეთმობა.

„ტოტალური კონტროლის ტექნიკური სისტემა ჩინეთს უკვე აქვს“. ალბათ გსმენიათ ჩინეთში არსებულ „რეიტინგების სისტემაზე“. მის შესახებ აზრი იყოფა. ზოგი მას განხორციელებულ ანტიუტოპიად და ორუელისებურ ტოტალიტარიზმად მიიჩნევს, ზოგი კი ამბობს, რომ საუბარია მხოლოდ საბანკო სისტემის მცდელობაზე, რომელიც ცდილობს, არაკეთილსინდისიერ მოვალეებს ფული დააბრუნებინოს. სინამდვილეში როგორ არის საქმე? რას ნიშნავს ადამიანების ტოტალური კონტროლი, შეფასება და მათთვის რეიტინგების მინიჭება?

პროფესორი მასლოვი განმარტავს, რომ სოციალური რეიტინგის ან სოციალური დაკრედიტების სისტემა ჩინურ კანონმდებლობაში 2021 წლის იანვარში შევიდა. მისი დანერგვა პანდემიის გამო დგვიანდა, თუმცა ფორმალურად გადაწყვეტილება 2014 წლიდან არსებობდა და სისტემას სატესტო რეჟიმში ამუშავებდნენ, სხვათა შორის, კერძო კომპანიებიც (Alibaba და Tencent).

სოცრეიტინგების ჩინური სისტემა დახლოებით ასე გამოიყურება: თითოეულ ადამიანს ენიჭება ათასი ქულა – საკრედიტო ერთეული. ქულები შეიძლება გაზარდოთ, ხოლო თუ „ცუდად მოიქცევით“ – დაკარგოთ. ტექნიკურად ტოტალური კონტროლის სისტემა უკვე არსებობს, თუმცა ის ყველგან არ არის დანერგილი. აშკარაა, რომ თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, სისტემა ხვალვე ყველგან ამოქმედდება.

ქულების რაოდენობაზე მოქმედებს საბანკო კრედიტების მიმართ მსესხებლის კეთილსინდისიერება. მეორე მომენტია ადამიანის მონაწილეობა სოციალურად მნიშვნელოვან ღონისძიებებში. მაგალითად, მოხალისედ მუშაობა კოვიდით დაავადებულთა სავადმყოფოში. რეიტინგზე დადებითდ მოქმედებს მოხუცებზე ზრუნვა. ჩინეთში მოქმედებს ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების კომიტეტები, რომელთა ხელმძღვანელობა აკვირდება ბინადართა ქცევას. თუ თქვენი კომიტეტის ხელმძღვანელობამ ზემდგომებს შეატყობინა, რომ თქვენ სათანადოდ ზრუნავთ თქვენს მოხუც მშობლებსა და შვილებზე, თქვენი რეიტინგი მოიმატებს; თუ პირიქით – დაიკლებს.

არსებობს ასეთი პუნქტიც: სტიმულირება პირადი მაგალითით. მაგალითად, შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ შაბათობაში ან პირველმა გაიკეთოთ კოვიდის ვაქცინა. არის სრულიად უბრალო მაგალითებიც – ქულებში აისახება, ამტვრევთ თუ უფრთხილდებით ნაქირავებ ველოსიპედს. ეს მონაცემთა გიგანტური ბაზებია, რომლებსაც მთავრობა ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმში სწავლობს.

რისთვის კეთდება ეს? ამის გაგება ალბათ შეიძლება – დედამიწაზე არ არსებობს მეორე ქვეყანა 1,4 მილიარდი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს. ბევრი მათგანი არც წყანარია და არც ზრდილობიანი. ისიც სიმართლეა, რომ ყოველგვარ დარღვევაზე ჯარიმას ვერ გამოწერ, ციხეს ვერ მიუსჯი. ეს ხალხში ბრაზსა და უკმაყოფილებას გამოიწვევს.

წამოწყების მთავარი იდეა ალბათ ის არის, რომ ყველა აკვირდებოდეს ყველას ქცევას. ეს მნიშვნელოვანია. წინათ, თუ მეზობლები ზედმეტად ხმაურობდნენ, თავად გიწევდათ მათთან ჩხუბი და ურთიერთობის მოგვარება, სოციალური რეიტინგების სისტემის დანერგვის შემდეგ კი საკმარისია შეატყობინოთ „სადაც ჯერ არს“. უნდა ითქვას, რომ ასეთი პრაქტიკა ჩინეთში ადრეც არსებობდა, მაგრამ მაშინ „საჩივრებს“ ქაღალდზე წერდნენ.

მოსალოდნელია, რომ ჩინეთი სოცრეიტინგების სისტემას სავალდებულოს გახდის, თუმცა ეს ალბათ თანდათანობით მოხდება. ჯერჯერობით ხელისუფლება აკვირდება, როგორ მიიღებს ხალხი ამ ახალ წესებს.

სოციალური გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოება სოცრეიტინგებს დადებითად იღებს. ძნელი წარმოსადგენია ასეთი სისტემის დანერგვა, ვთქვათ, ევროპაში. ასეთი წამოწყებების კოპირება დიდი ხიფათის შემცველია. მაგრამ ჩინეთში ასეთი რამ ყოველთვის არსებობდა – წინათ ყველა ქუჩაზე იდგა „ნდობის ყუთები“ – ყველას შეეძლო, დაეწერა დასმენა ან საჩივარი და ჩაეგდო ყუთში – მას აუცილებლად განიხილავდნენ. თუმცა ეს კლასიკური „ანონიმკა“ არ ყოფილა – განიხილებოდა მხოლოდ ხელმოწერილი საჩივრები.

როგორც ხედავთ, შუა საუკუნეების ჩინეთში უკვე არსებობდა რაღაც სოცრეიტინგების მსგავსი – ყველა ყველას უთვალთვალებდა და აკვირდებოდა. აზიური წესების მცოდნეთათვის ეს შეიძლება უზბეკურ „მახალლას“ ჰგავდეს – თემის წევრებზე სათემო მეთვალყურეობის წესს. ჩინეთიც აზიის სახელმწიფოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სათემო ცხოვრების წესები იქ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ჩინეთი თემურობისგან შორს არ წასულა, ის დღესაც ძლიერია.

რაც შეეხება სოცრეიტინგის ქულების კლებას, უნდა გვახსოვდეს, რომ რეიტინგი არ არის სისხლის სამართლის კოდექსის ანალოგი თუ მისი შემცვლელი. თუ რამეს მოიპარავთ, ციხეში მოხვდებით, ხოლო თუ რეიტინგი შეგიმცირდათ – გაგიჭირდებათ ბანკში სესხის აღება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თითქმის ყველა ჩინელი ამა თუ იმ ტიპის მეწარმეობას ეწევა.

მეორე მომენტი: დაბალი ქულის შემთხვევაში შესაძლოა შეგეზღუდოთ საავიაციო და სარკინიგზო ბილეთების შეძენის უფლება პიკურ სეზონებზე. თქვენ უბრალოდ რიგის ბოლოსკენ გადაგწევენ.

მესამე: თუ დაბალი ქულა გაქვთ, მაგალითად, ველოსიპედის დაქირავებისას დეპოზიტის შეტანას მოგთხოვენ, მაღალი სოცრეიტინგის მქონე ადამიანებს კი ეს არ მოეთხოვებათ. ჩინეთში ველოსიპედი მნიშვნელოვანია – ის ქალაქში გადაადგილების მთავარ საშუალებას წარმოადგენს.

კომერციულმა კომპანიებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში უკვე მიაჩვიეს ჩინელები სოციალური რეიტინგების სისტემას. ჩინეთში ეს ერთგვარ თამაშად გადაიქცა. მაგალითად, საკომუნიკაციო კომპანიები მომხმარებელს მუდმივად სთავაზობენ ქულების დაგროვებას და ტარიფზე მათ გადაცვლას. სოცრეიტინგების სიტემაც დაახლოებით ასეთივე წესებით მოქმედებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...