სამშაბათი, აგვისტო 26, 2025
26 აგვისტო, სამშაბათი, 2025

როგორ დავნერგოთ ინტერკულტურული განათლება სასწავლო პროცესში

0

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას დღეს დემოკრატიული სამყაროს წინაშე, არის ინტერკულტურული ურთიერთობები. სწორედ ამ საკითხს მინდა შევეხო და, შეძლებისდაგვარად, გავაანალიზო ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი რგოლის – მასწავლებლის როლი.

ინტერკულტურული ურთიერთობა – ეს არის კულტურათაშორისი კავშირი, ურთიერთობა ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი თუ სხვა ნიშნით განსხვავებულ კულტურებს შორის, რომლებიც ერთ სოციუმში ცხოვრობენ. დღესდღეობით, როდესაც გლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ამგვარი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია.

ინტერკულტურული განათლების მიზანს წარმოადგენს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენელი მოზარდების წარმატებული ინტეგრაცია თანამედროვე მრავალეთნიკურ საზოგადოებაში. ინტეგრაცია გულისხმობს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შეთვისება-აღიარებას, ყველა კულტურის თანაბრად დაფასებას, უმრავლესობისა და უმცირესობისთვის თანაბარი მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

ინტერკულტურული აღზრდის მიზანია, ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა: ჰუმანურობა, სოლიდარობა, ურთიერთგაგება, კულტურათა პატივისცემა, ტოლერანტობა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მასწავლებელი) უნდა უღვივებდეს მოსწავლეებს განსხვავებულის მიმღებლობისა და თანასწორობის განცდას. მინდა, ვილაპარაკო ინტერკულტურული სწავლების რამდენიმე მიდგომისა და მეთოდის შესახებ.

კონტრიბუციული მიდგომა – სასწავლო გეგმაში ეს მიდგომა არის საწყისი დონე მულტიკულტურული განათლებისთვის. მას გმირებისა და დღესასწაულების შესახებ მიდგომასაც უწოდებენ. სასწავლო გეგმაში ხდება მცირედი შინაარსობრივი ცვლილებები, მაგ., კულტურული მრავალფეროვნების დღის დამატება, რაც ეხმარება მოსწავლეებს, მიიღონ ინფორმაცია სხვა კულტურის შესახებ.

ტრანსფორმირებული მიდგომა – ეს მიდგომა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, რაიმე საკითხს სხვადასხვა კულტურული პერსპექტივიდან შეხედოს. ამ დროს მას მიეწოდება მრავალმხრივი ინფორმაცია, თვალსაზრისი საკითხის შესახებ – როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიურიც, მოვლენათა ანალიზსა და შეფასებას კი თავად ახდენს. ამ დროს მოსწავლე დამოუკიდებელია და გამოხატავს საკუთარ აზრსა და პოზიციას მთელი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

სოციალური ქმედებების მიდგომა – ამ მიდგომის დროს მოსწავლე არა მარტო აანალიზებს საკითხს სხვა კულტურული პერსპექტივიდან, არამედ მზად არის, დაიცვას განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანთა უფლებები. მისი მთავარი მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი და ხელი შეუწყოს დემოკრატიული სახელმწიფოს აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას.

 

სიმულაციური თამაშები

სიმულაციური თამაშები მიზნად ისახავს საზოგადოების მრავალფეროვნების გაცნობიერების ხელშეწყობას. ასეთი თამაშები ქმნის თანამშრომლობით გარემოს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააცნობიერონ საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარი.

სიმულაციური თამაშების გამოყენება ინტერკულტურული სწავლების პროცესის წარმართვას უწყობს ხელს. მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შედეგების გაცნობიერების უნარი, ასევე ეცნობიან სხვა კულტურის ადამიანების ცხოვრების წესს.

 

როლური თამაში როგორც მეთოდი

როლური თამაში სწავლების აქტიურ მეთოდს წარმოადგენს და მონაწილეთა გამოცდილების შესწავლას ეფუძნება. მისი ძირითადი მიზანია, მონაწილეებმა მეტი ცოდნა მიიღონ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით. სცენარით განსაზღვრული აქტივობა შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს მონაწილეებისთვის.

 

უმცირესობაში მოხვედრა:

ამ სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეებს შესძინოს უმცირესობაში ყოფნის გამოცდილება და გააცნოს კულტურული განსხვავებები.

მრავალკულტურულ საზოგადოებაში ადამიანებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, პატივისცემა და თანამშრომლობა. ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი ედგარ ფორი (1908-1988) გვახსენებს, რომ „სწავლება ნიშნავს, დაეხმარო ადამიანს ცხოვრების სწავლაში“. მასწავლებელი როგორც ცვლილებების მთავარი ინიციატორი ვალდებულია, შეუქმნას მოსწავლეებს ღია სასწავლო გარემო და ხელი შეუწყოს ყველა კულტურის მონაწილეობას დემოკრატიული პრინციპების დაცვით. მაშასადამე, ინტერკულტურული განათლება დღეს ყველა სკოლის მიზანი უნდა იყოს.

 

ინტერკულტურული განათლების გაკვეთილებისთვის შესანიშნავი რესურსია გორგი ჭაუჭიძის „დიდი ნუნუ“. ნუნუ მეორეკლასელი გოგონაა. მისი კლასი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნაწარმოებში მასწავლებელიც და მოსწავლეებიც, მათ შორის – თავად ნუნუც, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მეგობრობენ სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებთან. მთავარი პერსონაჟის საუკეთესო მეგობარი გაიანე ვოსკანიანია. ჩემმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,დიდი ნუნუ“ შექმნეს საინტერესო პრეზენტაციები განსხვავებული ინტერპრეტაციებით. ნუნუ, მისი ოჯახი და მასწავლებელი დაახასიათეს, როგორც მეგობრულები და ტოლერანტულები.

მასწავლებელს შეუძლია, ამ წიგნის და ზემოთ მოცემული აქტივობების დახმარებით დაგეგმოს შესანიშნავი სასწავლო პროცესი ინტერკულტურული გაკვეთილებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  • შალვა ტაბატაძე, ნათია ნაცვლიშვილი. „ინტერკულტურული განათლება“
  • ალექსანდრა რიკოვა, კლაუდია შაჰინგერი. ,,კულტურათშორისი სწავლება და ევროპული ფასეულობები“
  • სოფიკო ლობჟანიძე. „ინტერკულტურული განათლების ძირითადი პრინციპები“

ოკუპანტის პირისპირ: Modus operandi, რამდენიმე კომენტარი „მგზავრის წერილებისთვის“

0

ძალიან მოხარული ვარ.
პეტერბურგიდამ.
მე გახლავართ ერთი სომხის სოვდაგრის დახლიდარი.

ესაა პირველი სამი ფრაზა, რომელთაც ილია ჭავჭავაძის მგზავრი რუს ოფიცერთან შეხვედრისას წარმოთქვამს. რადგან „მგზავრის წერილებში“, ილიას სხვა პროზაულ ნაწარმოებებთან შედარებით, პერსონაჟი და ავტორი ყველაზე ახლოს დგანან ერთმანეთთან, ჩვენს წერილში მათ შორის ტოლობის ნიშანს დავსვამთ. პოდპორუჩიკის გამოჩენაც კი საკმარისი აღმოჩნდა, ილიას უყოყმანოდ დაეჭირა დისტანცია ალკოჰოლიკ რუსთან ურთიერთობაში. უკვე მესამე ფრაზით მან აირჩია ირონია, როგორც  მეთოდი ოფიცერთან საურთიერთოდ.

ცხადია, ვიცით, პირველი ვინ ელაპარაკებოდა ადამიანებს ირონიის მოშველიებით. ოღონდ სოკრატე მოსაუბრეებზე მეტს ლაპარაკობდა, ილია ჭავჭავაძე კი ირონიულ სიტყვაძუნწობას ირჩევს. სხვებთან საუბრისას სოკრატეს მიზანი ხშირად რაიმე საკითხის გამორკვევა იყო. ილიას მიზანი რამდენადმე განსხვავებულია: მკითხველის წინაშე ცხადყოს, რა ადამიანია თანამოსაუბრე და გვიჩვენოს, როგორ უნდა მოვეკიდოთ მას. და კიდევ ერთი, არსებითი სხვაობა: სოკრატესთან დიალოგში ჩაბმული იყვნენ თავისუფალი ათენის თავისუფალი მოქალაქეები. მგზავრის წერილებში კი ქართველი კაცი, რომელსაც ეროვნული თავისუფლება დაკარგული აქვს, ელაპარაკება დამპყრობელს. უკეთ, დამპყრობელი ელაპარაკება იმპერიის ქვეშევრდომს, რომელიც მთელი არცთუ მოკლე დიალოგის მანძილზე ჯამურად სამოცდაათ სიტყვასაც არ ამბობს ხმამაღლა.

მე გახლავართ ერთი სომხის სოვდაგრის დახლიდარი  – ამ ირონიული ფრაზით ილიამ მკვეთრად დაადაბლა თავისი სოციალური სტატუსი. ის თავადიშვილია, თან პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. როგორც ჩანს, მგზავრი ცოტას ხალისობს, მას სოციოფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ჩატარება მოუნდა და გამოუვიდა კიდეც: პირველივე ბიჯმა ცდისპირს ტუჩები აუპრუწა. პოდპორუჩიკმა იმთავითვე ჩაიქნია ხელი იმაზე, რომ მგზავრთან „გონების გასაფხიზლებელი და ჭკვის საზრდო“ მუსაიფი გამოუვიდოდა.  ვინაობისა და სტატუსის დამალვით ილიამ საშუალება მისცა სატიტულო ერის წარმომადგენელსა და იმპერიის მსახურს მთელი თავისი კულტურტრეგერული გაქანება წარმოეჩინა.

„დახლიდარიო!“ – თქვა და ტუჩები აიპრუწა“. – ეს მოკლე წინადადება მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ ჩვენი დაკარგული თავისუფლების სადარაჯოზე დგას ადამიანი, რომელსაც, ალბათ, ჰგონია, იცის, მაგრამ რეალურად წარმოდგენა არ აქვს, რა არის ღირსება. ქედმაღლურად განეწყო იმ კაცის მიმართ, ვისაც მოსალოდნელი სოციალური სტატუსი არ აღმოაჩნდა, უწინარესად სწორედ უღირსობის ნიშანია.

ოფიცერთან შეხვედრის ეპიზოდს ილია ინტენსიურად ტვირთავს საზრისებით, რომლებიც იოლად დისტილირდება ცივი გონებით განსჯისას. მგზავრისა და პოდპორუჩიკის დიალოგზე ერთი რამ მრავალგზის ნათქვამია: როგორია რუსეთის სახე, წარმოდგენილი ამ „აფიცრით“. ორიოდ სიტყვას ჩვენც შევმატებთ. მაგრამ ნათქვამია, უკეთ, მონიშნულია ისიც, ჩვენ, დაპყრობილი, თავისუფლების არმქონე ადამიანები როგორ შეიძლება და როგორ უნდა ვუყურებდეთ რუსეთსა და რუსებს.

მაგრამ, მოდი, ჯერ პოდპორუჩიკის მცირე დოსიე დავდოთ: ის უტაქტოა და არაგულისხმიერი, რადგან გამარჯობის თქმის მერე იმ ადგილზე ლაპარაკობს აგდებით, სადაც თვითონ არამკითხე სტუმარია; ლარსის მიდამოებს უდაბურად  და ვერანად იხსენიებს. „დახლიდარობის“ შეტყობა აქცევს ქედმაღალ და დამცინავ ადამიანად, რაც ინტონაციაშიც კი გამოეხატება და პეტერბურგთან, როგორც რუსეთის გულთან შედარებისას, დამატებით მიაფურთხებს თბილისს („წიტიანი ქალაქი“ გაქვთო). წყენა, შეურაცხყოფა ისე „ორგანულად“ გამოსდის, რომ ეგებ თავსაც არ აძლევს ანგარიშს. მოისურვებს ინტელექტუალური უპირატესობის დამტკიცებას და განაცხადებს, მწერალი ვარ, ეგრე კი ნუ მიყურებთო.  ეტყობა, მგზავრის მზერაში კარგი ვერაფერი ამოიკითხა. შემდეგ ქართველებსა და სომხებს უწუნებს განსჯის, სისტემური მსჯელობის უუნარობას და გაუნათლებლებად მიიჩნევს. აქ ეგებ გარკვეულწილად მართალიც იყო, მაგრამ თავადაც არ ეტყობა ნიშანწყალი განათლებისა. ისედაც, იმ ეპოქაში რუსეთის იმპერიის რუსი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უწიგნურია, წერა-კითხვის არმცოდნე. ოფიცერმა იცის, რომ იმპერიის ჭანჭიკია, მაგრამ რუსობა აძლევს საფუძველს, დაახარისხოს და დააკნინოს ქვეშევრდომები, ამ შემთხვევაში ქართველები და სომხები (რუსეთის იმპერიამ ისე დაასრულა არსებობა, რომ მოქალაქეები უფლებრივ თანასწორობას ვერ ეღირსნენ და სხვადასხვა დისკრიმინაციას განიცდიდნენ). მე-19 საუკუნის მთავარი ლიბერალური ნაბიჯი, ყმების გათავისუფლება (არსებითად, მონათმფლობელობის გაუქმება)  პრობლემების დასაბამად მიაჩნია. პოდპორუჩიკი სრულიად მოკლებულია კრიტიკული თვითრეფლექსიის უნარს, მისი მიეთ-მოეთი მგზავრს ერთხელ გააცინებს კიდეც. გულწრფელად აღაფრთოვანებს ეთნიკურად ქართველ გენერალთა რაოდენობა, რადგან ეს ცივილიზაციის დამყარების ნიშნად მიაჩნია. ილია ჭავჭავაძე ისე გადმოსცემს პოდპორუჩიკის საუბარს, რომ მისი ვიზავი, პერსონაჟი მგზავრი თითქმის არაფერს ამბობს და ირონიული მდუმარებით, იშვიათი და ასევე ირონიანარევი რეპლიკებით მკითხველი ხვდება (ან უნდა მიხვდეს) მგზავრის სათქმელს ვრცლად. რას იზამ, ცენზურაა, ღიად ვერ იტყვი.  მაგალითად, ამ ეპიზოდში

„რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ, ქართველებს?

იქნება, ერთი ოციოდე მოგროვდეს“.

 მიახლოებითი რიცხვითი სახელი, ჩვენი აზრით, ირონიულ ელფერს ატარებს. -ოდე ბოლოსართი მიანიშნებს, რომ მგზავრისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რაც ღირებულად მიაჩნია ოფიცერს და ეს ღირებულებითი აცდენა ერთ ქვეტექსტსაც შეიცავს: რუსეთის იმპერიის ქართველი გენერალი რუსეთის ინსტრუმენტია, ის ბევრი არაფერში არგია თავის დაპყრობილ სამშობლოს.

 მგზავრის პოზიცია მნიშვნელოვანია იმით, რაც ამ პოზიციაში არ არის, საერთოდ არ იგრძნობა და არც იგულისხმება: ესაა მოწიწება, კრძალვა, შიში, შებოჭილობა რუსი ოფიცრის წინაშე. „შენ ზევითა ხარ,  მე ქვევით“, შენ დამპყრობელი ხარ, ჩემზე ძლიერი, მე მმართებს მაამებლობა, პატივი უნდა გცე, როგორც მწყალობელს და გემორჩილებოდე – ამგვარი  განწყობები მგზავრმა იმთავითვე უარყო, მანამ, სანამ ჩვენ, მკითხველებს, შეგვხვდებოდა.

ვლადიკავკასში მყოფი მავანი ფრანგის რეპლიკა – „მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი“ – ცხადია, მხოლოდ „ფოშტის პოვოსკას“ არ ეხება. ამ ეპიზოდში ავტორი ევროპული პრიზმიდან უყურებს რუსეთს და თანამემამულეებს მოთხრობის დასაწყისშივე აფრთხილებს: იმპერია ალაყებს ქვეშევრდომებს, თავისუფლების დაკარგვა, მონობა, დამპყრობლის მორჩილება, უკრიტიკო ლოიალობა მოასწავებს დეგრადაციას – უწინარესად ინტელექტუალურსა და ზნეობრივს. ერთი ეგეთი არსება, ველიკოდერჟავული ქედმაღლობით აღსავსე პირუტყვი იამშჩიკი იქვე ზის თუ დევს კოფოზე, როგორც ცოცხალი მტკიცებულება. რუსი იამშჩიკი არის ტიპი, რომლის ხატად და მსგავსად არ უნდა ვიქცეთ. არადა, ეს გვემუქრება, ეგებ იმპერიის მიზანიც ეგ იყოს.

მგზავრი ითმენს პოვოსკაში ჯაყჯაყსაც და ოფიცრის ლაყაფსაც. სხვა გზა ჯერ არ არის. ოღონდ თმენა არ ნიშნავს, რომ მას, თმენას, თანდათან მიჩვევა, მოწონება ან შეგუება შეუწყვილდეს.  ეს არის მოცემულობა, რომელიც არ უნდა მიიღო და რომელსაც შენი, თუნდაც მხოლოდ ფარულად  რეზისტენტული, მოქმედების წესი შეაგებო.

გავიხსენოთ ქრესტომათიული აბზაცი: „ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, – ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა. ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა“.

ტროპებით უხვად გაჯერებული ამ ტექსტიდან მრავალი შეტყობინება შეიძლება „გამოვხადოთ“. მე მხოლოდ ორს დავჯერდები: პირველი, რუსეთი არის მხოლოდ შესაძლებლობა და არავითარ შემთხვევაში სიკეთე. თუ ერთმნიშვნელოვნად სიკეთეზე ლაპარაკობ, არ ახსენებ სიბნელეს, ძაღლყურძენას, ბეწვის ხიდის ჩაწყვეტას, როგორც სიკეთის მახასიათებელს. იმპერიაში შეიძლება მიიღო განათლება, მაგრამ ეს განათლება იმპერიის დიდებას არ უნდა მოახმარო. აქ არანაირი მორალური პრობლემა არ არის.  სწორედ რიგიანად მოხმარებული ოთხი წლის დამსახურებაა, რომ მგზავრი ფხიზელი თვალით უყურებს რუს ადამიანს, რუსულ კულტურას და რუსეთის „მისიას“. მეორე, ეს მონაკვეთი ირიბად უკავშირდება რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ცივილიზაციურ „სიკეთეს“, იზლერის ბაღს, რომელსაც პოდპორუჩიკი განათლების კერად თვლის.

მცირე ინფორმაცია იზლერის ბაღზე: როგორც წესი, კლასში ბავშვებს, გამომთვრალი პოდპორუჩიკის გარდა, არავინ ეუბნება, რა იყო ეს იზლერის ბაღი პეტერბურგში. საბჭოთა ტერმინოლოგიით რომ აღვწეროთ, ეს იყო კულტურისა და დასვენების პარკის სინთეზი სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კომპლექსთან. მესმის, ბავშვები ამ მკვდარი სიტყვებით ვერაფერს გაიგებენ. იოჰან ლუციუს იზლერი (რუსეთში ივან ივანოვიჩად წოდებული) წარმოშობით შვეიცარიელი კაცი გახლდათ, რომელიც რუსეთის იმპერიაში საცხოვრებლად  მამამისს წაჰყვა. შემდეგ მამინაცვლისგან შეისწავლა კონდიტერის ხელობა და, ჩანს, ბიზნესი ისე წარმატებით განავითარა, რომ 1848 წელს იჯარით აიღო პეტერბურგში გაშენებული „ხელოვნური მინერალური წყლების დაწესებულება“. „დაწესებულებაში“ მოქალაქეები მიდიოდნენ მინერალური წყლების დასალევად, სხვადასხვა ტიპის აბაზანების მისაღებად. ცალკე შენობები ეკავა მომსახურე პერსონალს. დიდად წარმატებული პროექტი ვერ გამოდგა. ივან ივანოვიჩ იზლერმა კი ეს დაწესებულება გამოაცოცხლა. გააშენა ბაღნარი, სადაც ადამიანები სეირნობდნენ, აწყობდა კონცერტებს, წვეულებებს, დღესასწაულებს. „დაწესებულებას“ გვარიანად დიდი ტერიტორია ეკავა და იზლერმა ამ მიწაზე გააშენა პავილიონები და სცენები, ასევე ხელოვნური ტბორები, ხელოვნური კუნძულები, დეკორატიული თაღები, „სიურპრიზებისა და ოცნებების“ ხეივნები (როგორც ეტყობა, ილიას პოდპორუჩიკს სწორედ იქაური ზმანებები ახსენებენ თავს). ბაღი ნათდებოდა. ხანდახან საჰაერო ბურთს და ფოიერვერკსაც გაუშვებდნენ.  კონცერტის თუ სხვა სანახაობის პროგრამაში უთითებდნენ, რომელი მარნის ღვინოს მიართმევდნენ სტუმრებს. ჩაის სამოვარით პირდაპირ ბალახზე სვამდნენ. საკუთარი ფერმაც ჰქონდათ და ზოგჯერ მოქალაქეებს მათ თვალწინ მოწველილი ძროხის თბილ, ორთქლიან რძეს შესთავაზებდნენ. იზლერის ბაღს საკუთარი პოლიცია ჰყავდა და იქ მისვლა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, შუაღამითაც, მათ შორის. ბაღში ერთდროულად ყოფნა შეეძლო 8000-ზე მეტ ადამიანს.   პოდპორუჩიკის და მგზავრის ლაპარაკის დროს (1861წ.) იზლერის ბაღი, როგორც ბიზნესი, ყვავის. 1876 წელს ხანძარმა მთელი ბაღი ნაცარტუტად აქცია და ის აღარ აღუდგენიათ. ერთი წლის შემდეგ თავად იზლერიც მოკვდა, უკიდურეს სიღატაკეში.

„მგზავრის წერილებში“ ილია სიტყვაძუნწი და ცოტა მკვახეა, როცა დაუპატიჟებელი სტუმრის ჩაციებას – იზლერის ბაღი გინახავთ თუ არაო? – ერთი სიტყვით, მოჭრილად უპასუხებს: „მინახავს!“ თავად კი არაფერს ამბობს ამ ბაღზე, რომელიც პოდპორუჩიკს ცივილიზაციისა და განათლების კერად მიაჩნია. აქ მნიშვნელოვანია, რომ პორუჩიკი, გარდა იმისა, რომ გულწრფელია თავის სიბრიყვეში, დაპყრობილ ქვეყანას განათლების მისაღებ ადგილად  „ასაღებს“ არა უნივერსიტეტს ან თუნდაც სამხედრო სასწავლებელს, არამედ სივრცეს, სადაც ერთობი, სეირნობ, ისვენებ. ვფიქრობ, აქ მხოლოდ რუსი ოფიცრის სიჩლუნგეზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ქართველებისთვის „საგანმანათლებლო ორიენტირად“ იზლერის ბაღის  დასახვა არაპირდაპირი მოწოდებაა, რომ არ ისწავლო, არ განვითარდე, გართობა და დროსტარება სჯობს,  ხოლო მეორე მხრივ – გაფრთხილებაცაა, რამ შეიძლება ჩაგიწყვიტოს ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ“. პოდპორუჩიკიც, მთელი თავისი არსებით, მშვენივრად განასახიერებს,  რა ნაყოფს იძლევა იზლერის ბაღი, როგორც „განათლების კერა“.

„მგზავრის წერილები“, როგორც ეს კარგ პროზას შეჰფერის, მრავალშრიანი ტექსტია. ყველას გვახსოვს, ვის იხსენიებს და რა ციტატები მოჰყავს ილია ჭავჭავაძეს მოთხრობაში. რუსული სიტყვიერებიდან მას ორი ფრიად საგულისხმო ციტატა მოაქვს, გრიბოედოვის და ლერმონტოვის. გრიბოედოვის ციტატა მშობლიური კვამლის სიტკბოებაზე მოთხრობის დასაწყისშივე განიმარტება, ეს განმარტებაც ბევრჯერ ადეკვატურად განმარტებულია და გამეორება არ ღირს. თუმცა, აქ შეიძლება კიდევ ერთი სარქველი იყოს ასახდელი ბოლის გამოსაშვებად და გასაფანტად; ესაა რეალური ისტორია თვითონ გრიბოედოვისა, მისი ქორწინების, მისი სიკვდილის, რაც ე.წ. რომანტიკულობის საბურველს სრულიად ჩამოგლეჯდა  მის ბიოგრაფიის „ქართულ ნაწილს“ და მთაწმინდის საფლავზე წაწერილ პათეტიკურ სიტყვებს.

რაც შეეხება ლერმონტოვის ცნობილ ციტატას,  бежали робкие грузины (გარბოდნენ მშიშარა ქართველები), ის მაქსიმალურად ფუნქციურია ილიას ტექსტში; ხსენებული სტრიქონს წარმოთქვამს პოდპორუჩიკი და ავტორი ამით (და შორეულად ეგებ გრიგოლ ორბელიანის ციტირებითაც) მიანიშნებს, რაც უნდა სიქველე გამოიჩინოს ქართველმა, რუსი, დამპყრობელი, არჩევს შენი სისუსტე დაინახოს და აგიფრიალოს. მესამე ციტატა ირიბია  და ისიც მოთხრობის დასაწყისშია: „საკვირველია!  რუსის მხატვრების სურათებზედ რა ლამაზად არის ხოლმე გამოყვანილი ამ სქელკისერა „იამშჩიკის“ ბრიყვი სახე, იმისი ოყრაყული სანახაობა, იმისი მიდუნ-მოდუნებული ზლაზვნა, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა. რამოდენადაც სურათია კარგი, ორ იმოდენად საძაგელია ნამდვილი“. მგონია, რომ ეს სიტყვები დაიწერა პუშკინის „ზამთრის გზის“ გათვალისწინებითაც:


Что-то слышится родное
В долгих песнях ямщика:
То разгулье удалое,
То сердечная тоска…

სამივე ეს ინტერტექსტი ერთ მიზანს ისახავს: ფხიზლად შევხედოთ რუსულ კულტურას. მისი საუკეთესო წარმომადგენლებიც კი შეალამაზებენ, ცვლიან რეალობას (რაც ხელოვნებისთვის ბუნებრივია), ოღონდ მერე ამ შელამაზებულ რეალობას გვატენიან, როგორც ნამდვილ სურათს. კი ბატონო, დატკბით ხელოვნებით, მაგრამ იცოდეთ, რომ სინამდვილე სხვაა: პუშკინთან იამშჩიკი გაბმით მღერის, რეალურად კი ილიასთან ზმუის პირუტყვივით. პოდპორუჩიკი ლოთი და შტერია, მაგრამ მას როტა აბარია. სამხედრო ძალა არის ყველაზე ქმედითი ბერკეტი, რასაც უჭირავს ჩვენი დაკარგული თავისუფლება. იურთიერთეთ დამპყრობელთან ამის გათვალისწინებით; ცხოვრება ისედაც გვიწევს ლოთებისა და პირუტყვების გვერდით და არ არის საჭირო მათთან რაიმე საერთოს ვეძიებდეთ.

იამშჩიკთან და პოდპორუჩიკთან შეხებისას, აგრეთვე რუსეთში გატარებულ წლებზე ფიქრისას, მგზავრი არანაირ პოზიტიურ სენტიმენტებს არ ამჟღავნებს რუსეთისა და რუსების მიმართ. არავითარი სიმპათია, ლტოლვა, სიყვარული არც რუსეთის მიმართ იგრძნობა და არც რუსეთი ავლენს საქართველოს მიმართ.

რუსები არ მიაჩნია მგზავრს არც როლურ მოდელებად; როდესაც ის ფიქრობს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოქმედების მოდუსზე, მისი აზრი ევროპელ გენიოსებს დასტრიალებს, ბაირონი და გოეთე ესახება შესაძლო სამოქმედო სტრატეგიების მეტაფორებად.

„მგზავრის წერილების“ სწავლებისას ბავშვებს ტრადიციულად ელაპარაკებიან რუსეთის სახეზე ამ ტექსტში. ვფიქრობ, უნდა ველაპარაკოთ იმაზეც, თუ რას ვშვრებით, როგორ ვიქცევით, როცა რუსეთის სახეს თვალს გავუსწორებთ. ილია ჭავჭავაძეს აქვს ამის პასუხიც.

 

ფოტო :https://saba.com.ge/Books/AudioDetails/6602/%e1%83%9b%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98

 

 

დიდი ლურსმანი, პატარა ლურსმანი

0

იმ დღეს მოულოდნელად ქურთულ ქორწილში აღმოვჩნდი. ჰო, მოქმედება თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ხდება. ამ ქალაქში ერასმუს პროექტის გაცვლითი ლექციებით ვარ. ამ დროს გარემოს ქიმიის ლაბორანტის ბიჭი ცოლს ირთავდა. ქალაქში ბევრი ქურთი ცხოვრობს, თუმცა თურქებისგან ვერც გაარჩევ, სანამ საკუთარ ენაზე არ დაიწყებენ საუბარს. ჰოდა, აიჩა ჰანიმმა ბიჭის ქორწილში დამპატიჟა. მეც სიამოვნებით წავედი, რატომაც არა? საინტერესოა სხვადასხვა ტრადიციის ნახვა და მონაწილეობის მიღება.

ჩვენებური სუფრა არ ჰქონიათ, შვედურ სტილში იყო მაგიდები გაშლილი. ვისაც უნდოდა, მიდიოდა და მიირთმევდა. დანარჩენები ტრადიციულ ქურთულ ჰალაიში იყვნენ ჩაბმული.

ჰალაი რა არის? ცეკვაა, ტელევიზორში მაინც გექნებათ ნანახი. ერთ მწკრივში დგებიან და მიდიიი…. ცეკვავენ. პირველი და ბოლო მოცეკვავე ცხვირსახოცებს იქნევენ.

მომღერლებიც მონდომებულები მღერიან:

„გირგირ ბისმაროოო, ჰაიდა, ჰურჰურ ბისმაროოო“. და მიდიი მოცეკვავეები როკვას უფრო უმატებდნენ. აიჩამ ჰალაიში მეც მიმიპატიჟა. ვინც მიცნობს, ძალიან გაუკვირდება, რასაც დავწერ – მეც ჰალაიში ჩავდექი.

რატომ გაუკვირდება, იცით? არ მიყვარს ცეკვა და მგონი აცეკვებული, არც არავის ვუნახივარ, მაგრამ აიჩას ბიჭის ქორწილში ჰალაიში ჩამაყენეს და მეც ბისმაროს შეძახილებით მწკრივს გავყევი. შეიძლება აქა-იქ ფეხიც ავურიე, მაგრამ არც არავის შეუმჩნევია, რადგან „გირგირ, ჰურჰურ“ შეძახილებით აქეთ-იქეთ როკავდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ, როცა უკვე ჩემს საყვარელ თურქულ ყავას ვწრუპავდი და ზედ რომელიღაც ქურთულ ტკბილეულობას ვაყოლებდი, მორიდებით ვიკითხე, ეს გირგირ ჰურჰურ ბისმარო, რას ნიშნავს-მეთქი?

გირგირ ბისმარო – დიდი ლურსმანი; ჰურჰურ ბისმარო – პატარა ლურსმანიო, მითხრეს.

აქ კი ჩემდაუნებურად წამომცდა – მოიცა, მოიცა, ეს ამდენი ხალხი დიდ-პატარა ლურსმნის გამო ვცეკვავდით-მეთქი?

კიო, შემომცინეს და მაშინვე მივხვდი, რომ მომავალი სტატიის თემა ვიპოვე.

ორ სინჯარაში რკინის ლურსმანი მოვათავსოთ, ჩავამატოთ 10-10 მლ განზავებული მარილმჟავას ხსნარი. პირველ სინჯარაში ჩავამატოთ უროტროპინი (დაახლოებით ¼ აბი) და მთლიანად გავხსნათ.

პირველ სინჯარაში წყალბადის გამოყოფის სიჩქარე ნელ-ნელა მცირდება და რამდენიმე წამის შემდეგ ძნელად შესამჩნევი ხდება.

მეორე სინჯარაში, რომელშიც უროტროპინი არ იყო დამატებული, რკინა მარილმჟავასთან ენერგიულად მოქმედებს.

ამერიკელმა ქიმიკოსებმა შეისწავლეს, რის დასამზადებლად იკმარებს ადამიანის ორგანიზმში არსებული რკინა. აირჩიეს ახალგაზრდა, სპორტს მიმდევარი, ჯანმრთელი კაცის სხეული (საერთოდ, კაცის ორგანიზმი უფრო მეტ რკინას შეიცავს). აღმოჩნდა, რომ თუ ასეთი სხეულიდან რკინას მთლიანად გამოვყოფთ, მისგან ერთ საშუალოზე მცირე ზომის, ანუ „ჰურჰურ“ ლურსმანს დავამზადებთ.

რკინა ადამიანის ორგანიზმში ისეთი ცილების შემადგენლობაში შედის, როგორიც ჰემოგლობინი და მიოგლობინია. ჰემოგლობინი რთულ ორგანულ ჯგუფს შეიცავს, რომელსაც ჰემი ეწოდება. რკინის იონი სწორედ ჰემთან არის დაკავშირებული. ჰემოგლობინს ჟანგბადი გადააქვს და მთელ ორგანიზმში ანაწილებს. უკან კი მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ენდოგენური ნახშირორჟანგი და წყალბადის იონები მოაქვს, რომელიც ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად გამოდის გარეთ. მიოგლობინი კუნთის ცილაა. ის ასევე იკავშირებს ჟანგბადს, ოღონდ მას მარაგად ინახავს.

რკინას სპეციფიკური ცილა ფერიტინიც შეიცავს. ის რკინის იონების სამარაგო ფუნქციას ასრულებს.

ალუმინის შემდეგ რკინა დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მეტალია. თავისუფალი სახით იშვიათად გვხვდება, უმთავრესად მადნებსა და მინერალებშია: ოქსიდებში, კარბონატებში, სულფიდებში, სულფატებში, სილიკატებში. სამრეწველო მნიშვნელობის რკინის მადნებია: მაგნეტიტი (მაგნიტური რკინაქვა Fe3O4), ჰემატიტი (წითელი რკინაქვა Fe2O3), ლიმონიტი (მურა რკინაქვა 2Fe2O3·3H2O), სიდერიტი (რკინის შპატი FeCO3), პირიტი (რკინის ალმადანი FeS2). ზოგიერთი მინერალური წყალი რკინას სულფატისა (FeSO4) და ჰიდროკარბონატის (Fe(HCO3)2) სახით შეიცავს. ზოგჯერ მინერალური წყაროს სათავესთან მურა წითელი ფერის დანალექი შეიმჩნევა. ეს ნალექი მიუთითებს, რომ წყალი სხვა მარილებთან ერთად რკინასაც შეიცავს. ორვალენტიანი რკინა იჟანგება ჰაერის ჟანგბადით, ურთიერთქმედებს წყალთან და წითელი ფერის რკინის (III) ჰიდროქსიდად გამოილექება.

ერთი „გურგურ ბისმაროთი“, ანუ დიდი ლურსმნით სახალისო ექსპერიმენტის გაკეთება შეიძლება. ლურსმნის რკინის საგნის ზედაპირი გახეხეთ (გააპრიალეთ). აანთეთ სანთელი და საგნისკენ ისე დახარეთ, რომ პარაფინი კრიალა რკინის ზედაპირს დაეწვეთოს. თავად ლურსმანი ოდნავ შეათბეთ, რათა პარაფინი დაცემისთანავე არ გაცივდეს, გაიშალოს და მეტალის ზედაპირი თხელი ფენით დაფაროს. გაციების შემდეგ პარაფინის შრე რკინის ზედაპირამდე ნემსით დაკაწრეთ. პიპეტით აიღეთ აფთიაქში ნაყიდი იოდის ხსნარი და ნაკაწრის ღარებში ჩააწვეთეთ. იოდის ხსნარი გაფერმკრთალდება. იგივე გაიმეორეთ. ერთი საათის შემდეგ პარაფინიანი შრე მოაცილეთ. მეტალის ზედაპირზე დაინახავთ ნაკაწრების მკაფიო სურათს – ყველაფერს, რაც პარაფინის ფენაზე დახატეთ ან დაწერეთ.

ლურსმანი შესაძლოა „უხილავი“ ხანძრით დაიწვას.

როდესაც ამბობთ სიტყვა „ხანძარს”, რას გულისხმობთ? არა, „ხანძარს” ჩვენც იმავე მოვლენას ვუწოდებთ, რასაც თქვენ, მაგრამ თუ ვიტყვით: „უხილავი ხანძარი”, აბა, რას ვგულისხმობთ? ახლავე აგიხსნით.

ადამიანი უძველესი დროიდან ცდილობდა ატმოსფერული ზემოქმედებისგან მეტალების დაცვას. ამისთვის იყენებდა ცხიმს, მცენარეულ წებოვან ნივთიერებებს. მოგვიანებით მეტალების, კერძოდ, კალის გამოყენება დაიწყო.

რკინა საშუალო აქტიურობის მეტალია. ჰაერის, წვიმის, ნიადაგისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით ადვილად იჟანგება და ფხვიერ მასას წარმოქმნის.

რკინის ლურსმანი სუფთა ჟანგბადის არეში აქტიურად იწვის და რკინის ოქსიდის ფენით იფარება. ჟანგბადი დედამიწის ატმოსფეროს მეხუთედს შეადგენს, ამიტომ რკინისა და ფოლადის ნაკეთობების „წვა” ძალიან ნელა მიმდინარეობს, მაგრამ არ წყდება. ეს უხილავი ხანძარია, რომელსაც კოროზია ეწოდება. მის შედეგად ყოველწლიურად იშლება ათეულ მილიონობით ტონა ლითონი, რომლის გამოდნობაზეც უზარმაზარი შრომა და სახსრებია დახარჯული.

თავისუფალი სახით დაუჟანგავი რკინა მთვარეზეა აღმოჩენილი, რაც იქ ატმოსფეროს არარსებობითაა გამოწვეული. გამოდის, რომ კოროზიისგან დასაცავად რკინა მშრალ ადგილას უნდა ინახებოდეს, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელია.

როგორ დავიცვათ მეტალები და მათი შენადნობები კოროზიისგან?

მეტალის კონსტრუქციებს ჰაერის მიმართ მდგრადი საღებავებით, ლაქებით ფარავენ.

იღებენ უჟანგავ ფოლადს, რისთვისაც Cr, V, W, Si, Ni, Co-ს ამატებენ.

მეტალის კონსტრუქციებს სხვა მეტალებისგან (Zn, Mn) დამზადებულ ფირფიტებს ამოაკრავენ.

ამატებენ ინჰიბიტორებს (კოროზიის შემანელებელ ნივთიერებებს), მაგ. უროტროპინს.

ჰოდა, ჩემი სტატიაც სწორედ ამ ექსპერიმენტით დავიწყე, რადგან იმ გახურებული ცეკვა-თამაშის დროს, არც მეტი, არც ნაკლები, თურმე, ლურსმანს უმღეროდნენ.

ლიტერატურას, რომ გადავხედე, რამდენიმე სახეობის ლურსმანი არსებობს.

ანჯამის, ბრტყელთავა, გემის, ერთზომა, თავბურცა, თავმსხვილა, თავფართო, მავთულის, ნალის, ნაჭედი, ორზომა, რელსის, საბუნიკე, საკასრე ლურსმანი და ვინ მოთვლის, კიდევ რა. ძველად ლურსმნებს მადნებიდან გამოდნობილი რკინისგან ამზადებდნენ.

მადნებიდან რკინის მიღების ტექნოლოგია დაახლოებით შემდეგი უნდა ყოფილიყო. გამოდნობას წინ უძღოდა მადნის გამდიდრება, ფუჭი ქანების მოცილება, ხშირად დაფხვნა, გარეცხვა, წინასწარი გამოწვა აქროლად ნივთიერებათა მოსაცილებლად. ამ გზით შესაძლებელია, მადანს გოგირდსაც აცლიდნენ.

ქურას ჯერ შეშით გაახურებდნენ, შემდეგ ხის ნახშირით ავსებდნენ და ჰაერს უბერავდნენ. როდესაც ნახშირი გავარვარდებოდა და მისი დონე დაიწევდა 2-3 კგ. მადანს ჩატვირთავდნენ და ზემოდან ნახშირით დაფარავდნენ. ასე მეორდებოდა 5-6-ჯერ, შედეგად ქურაში დაახლოებით 20კგ. მადანი გროვდებოდა.

როდესაც ნახშირი ქურის შუაწელამდე გამოიწვებოდა, წიდას გამოუშვებდნენ და პროცესს ნახშირის საბოლოო დაწვამდე განაგრძობდნენ. ამის შემდეგ გავარვარებულ, დარბილებულ რკინას გამოიღებდნენ და გამკვრივების, წიდის მოცილების მიზნით, უროებით ჭედავდნენ. ამ გზით მიღებული რკინა ნახშირბადის მცირე რაოდენობას შეიცავდა. ასეთი რკინა რბილი იყო, არ იწრთობოდა, ამიტომ იარაღების დასამზადებლად არ გამოდგებოდა. ალბათ, არც ლურსმანი გამოვიდოდა მისგან. საჭირო იყო მისი ნახშირბადით გამდიდრება. ამას რკინისა და ნახშირის ერთად გახურებით აღწევდნენ, შემდეგ კი გამოჭედავდნენ. პროცესს რამდენჯერმე იმეორებდნენ, ასე ხდებოდა რკინისგან ფოლადის მიღება.

უკვე დაღამდა, მეც ნელ-ნელა სასტუმროსკენ წასასვლელად მოვემზადე. აიჩამ თქვა, ესენი დილამდე მოილხენენო… სავარაუდოდ, „გირგირ ჰურჰურ“ ლურსმნის ჰანგებზე.

 

 

 

 

„სწავლის პირამიდა“ და განათლების სისტემის თანამედროვე გამოწვევები

0

უძველესი დროიდან ცდილობს ადამიანი, დახვეწოს ცოდნის გადაცემისა და ათვისების, ანუ სწავლა-სწავლების ფორმები და დროის მოითხოვნებს შეუსაბამოს. ისტორიულ ახალ დროში ეს მოთხოვნები კიდევ უფრო აქტიური გახდა. ამ მხრივ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს განმანათლებლებმა და ერთგვარად განსაზღვრეს კიდეც უახლოესი პერიოდის კონკრეტული ამოცანები. მაგრამ განმანათლებელთა ეპოქისთვის დამახასიათებელი ცოდნის გადაცემის ფორმები და მიღწევის გზები გლობალიზაციის ეპოქაში აქტიურად ჩაანაცვლა კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებულმა სასწავლო პროცესმა, და ესეც ისევ დროის მოთხოვნის გამო, რადგან XXI საუკუნის ადამიანს დასჭირდა არა უბრალოდ „ცოდნა“, არამედ „ცხოვრების უნარიც“, ანუ ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების, კომპეტენციების ჩამოყალიბება. ამან განაპირობა ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების ერთ-ერთ ფუნდამენტურ მახასიათებლად კომპეტენციების წინ წამოწევაც – სტანდარტები აიგო არა „კვალიფიკაციის“ მიდგომის საფუძველზე (სპეციალისტების მომზადება), არამედ დაეფუძნა კომპეტენციებს, რაც გულისხმობს „მონაწილეობას“ (კომპეტენცია განიხილება როგორც „ცოდნა“, ხოლო კომპეტენტურობა – როგორც „უნარი“). შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი ტრანსფორმირდა ოთხი ძირითადი მიმართულებით: „ცოდნის სწავლა“ („სწავლის სწავლა“), „სწავლა კეთებით“, „ერთად ცხოვრების სწავლა“ და „ცხოვრების სწავლა“.

შედეგად სასკოლო განათლების სისტემაშიც აქტუალური გახდა კომპეტენციებზე მუშაობა. ამ მიმართულებით საქართველოს განათლების სისტემაში წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაც ხელს უწყობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი კომპეტენციებით, რომელთა საჭიროებაც თანამედროვე ცხოვრებითაა განპირობებული.

რადგან სწავლება თეორიაცაა და პრაქტიკაც, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, როგორ შევაფასოთ კომპეტენციების შეძენისკენ მიმართული დავალებების შედეგიანობა. ამისთვის მნიშვნელოვანია:

  • განვსაზღვროთ სასწავლო ამოცანის მიზანი;
  • დავალების შესაბამისობა განვითარების (აზროვნების) დონესთან (ბლუმის 6 დონე);
  • მოსწავლე მიზნამდე უნდა მივიდეს აზროვნების პირველი-მესამე დონის ფარგლებში (დავალების ძირითადი ნაწილი);
  • თითოეული დონის დასაუფლებლად მოსწავლემ უნდა შეასრულოს, სულ მცირე, 3-5 სავარჯიშო;
  • აზროვნების მეოთხე-მეხუთე დონეზე მოსწავლემ უნდა დაინახოს (მისთვის ნათელი უნდა გახდეს), რა შესძინა დავალებების შესრულებამ;
  • მეექვსე დონეზე დავალება მეტასაგნობრივია და მოსწავლეს უყალიბდება ცხოვრებისეული გამოცდილება, ქცევის შესაბამისი უნარ-ჩვევები;
  • წარმატებაზე (წარუმატებლობაზეც), საზოგადოდ, კლასში განსაკუთრებული აქცენტი არ დაისმის;
  • მასწავლებელი არ არის ძირითადი „მოსაუბრე“ გაკვეთილზე – ძირითადია მოსწავლე (მაგალითად, მასწავლებელი საგაკვეთილო დროის მხოლოდ 7-15 წუთს იტოვებს თავისთვის);
  • მთელი საორგანიზაციო ყურადღება ეთმობა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებას;
  • ეფექტური და წარმატებული სასწავლო პროცესის მისაღწევად გამოიყენება სააზროვნო პროცესების გააქტიურებისკენ მიმართული მრავალფეროვანი დავალებები, რომლებიც ზრდის მოსწავლის მოტივაციას და ხელს უწყობს ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება-განვითარებას.

ეკონომიკურად დაბალშემოსავლიან ქვეყნებში კომპეტენციებისკენ მიმართული სწავლება, საზოგადოდ, ნაცადი პრაქტიკაა. მისი საფუძველია ბლუმის ტაქსონომია – სააზროვნო პროცესების კოგნიტიური იერარქია, რომლის დროსაც აზროვნების ყველა დონეზე თვალსაჩინოა, რას აკეთებს მოსწავლე კონკრეტული უნარ-ჩვევების სახით (და ბლუმის გამოყენებაც სწორედ ამიტომ დაიწყეს განათლების სისტემაში – ის ხელს უწყობდა ისეთი კომპეტენციის მქონე მოსწავლის აღზრდას, რომელიც სწრაფად დაძლევდა საბაზრო ეკონომიკის უმარტივეს გამოწვევებს. მაგალითად, დაიმახსოვრო მასალა და უპასუხო კითხვებს – ცოდნის დაგროვებისკენ მიმართული აქტივობაა, ჩასვა ფორმულაში სათანადო მონაცემებები – ცოდნის გამოყენება, ამოიცნო მრავალრიცხოვანი მაგალითებიდან შენი მიზნის შესაბამისი – უნარების გამოვლენა, გამოიყენო შენი ცოდნა და უნარი კლასგარეშე პრაქტიკულ სიტუაციებში – კომპეტენტურობის დადასტურება და ა.შ). უფრო თვალსაჩინოდ ბლუმის დონეებსა და შესაბამის კომპეტენციებს აჩვენებს ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი (იხ. სურ.1):

მართალია, დღეისთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოლო-ტაქსონომიას, მაგრამ ძირითადი აქცენტები ისევ „იერარქიულია“ და „პირამიდისებური“. მთავარი აქცენტი აქ დაისმის შედეგიანობაზე, კომპეტენციებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მაქსიმალურ ეფექტზე. სწავლის პირამიდა, ბლუმის მსგავსად, საფეხურების მიხედვით გვიჩვენებს:

  • რომელ ეტაპზე რამდენად აქტიურია მოსწავლის სააზროვნო პროცესები, როგორია კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარების დონე და რა არის მისი მოსალოდნელი შედეგი.

სწავლის პირამიდა, იგივე „სწავლის კონუსი“ (სურ. 2), სწავლის მოდელია, რომელიც თვალსაჩინოს ხდის სწავლის ზოგიერთი ფორმის (მეთოდის) ეფექტიანობას სხვა ფორმებთან (მეთოდებთან) შედარებით და მიუთითებს, რომ არსებობს სწავლის განსხვავებული მეთოდები, რომლებიც მიმართულია უფრო ღრმა და საფუძვლიანი დასწავლისკენ. ზოგიერთი ხელს უწყობს მასალის დიდი ხნით დამახსოვრებას (მაგალითად, ლექციის მოსმენით ჩვენ ვიმახსოვრებთ მასალის მხოლოდ 5%-ს, ხოლო როდესაც სხვას ვასწავლით – მასალის 90%-ს). ამიტომაცაა „პირამიდაზე“ კონკრეტული მინიშნება პასიურ და აქტიურ სწავლასა და შესატყვის ფორმებზე.

 

სურ.2. სწავლის პირამიდა (The learning pyramid (Learning Pyramid, 2020)

პასიური სწავლა – სწავლის ყველაზე გავრცელებული გზაა, ესაა მოსმენა, კითხვა, ყურება და დემონსტრირება, რომელთა საშუალო შედეგიანობა შესაბამება 30%-ს. რაც შეეხება აქტიურ სწავლას – მას შედარებით იშვიათად მიმართავენ სასწავლო პროცესში (ჯგუფური დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები, ურთიერთსწავლება), თუმცა მისი შედეგიანობა სწავლის დროს დაახლოებით 70%-ზე მეტია. მოცემული მეთოდების გამოყენებისას მოსწავლეს აზროვნების გააქტიურების, სწავლის, შეჯამების, ნებისმიერი ინფორმაციის მაქსიმალურად აღქმის რეალურ საშუალებას ვაძლევთ. ეს აქტიური სწავლის ეტაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლის გამოცდილებას. საგაკვეთილო საქმიანობისას მასწავლებელი ცალკეულ აქტივობებად გარდაქმნის თითოეულ ამ ეტაპს და საინტერესო შედეგამდე მიიყვანს მოსწავლეს.

მოცემული პირამიდის ვარიანტული მიდგომაა ე.წ. იუნესკოს სწავლის პირამიდაც (სურ. 3), სადაც მოსწავლის საქმიანობის თითოეული ეტაპი, შედეგიანობის მიხედვით, შექსაბამება 10-ბალიანი სკალის ცალკეულ დანაყოფს. შეიძლება, მასწავლებელმა ეს თავისი გაკვეთილის მაორგანიზებელ სქემადაც კი წარმოიდგინოს:

 

(იხ.: Learning at the bottom of the pyramid:Science, measurement, and policy in low-income countries https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000265581)

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ სწავლის მეთოდისა და კონკრეტული ნაბიჯების ეფექტურობაზე (როგორც უნდა იყოს ისინი წარმოდგენილი სასწავლო პირამიდაში) გავლენას ახდენს მოსწავლის უნიკალური სწავლის სტილი: ზოგიერთი მოსწავლე ინფორმაციას ყველაზე უკეთ იმახსოვრებს და ითვისებს ვიზუალური (სივრცითი) სწავლის გზით, ზოგი კი – მოსმენით, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ მოსწავლეს სწავლის სტილის პოვნაში. მთავარია, არჩეული გზა იყოს მრავალფეროვანი და მიმართული უკეთესი შედეგისკენ. მაგალითად, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ლექცია/ მასალის ზეპირი გადმოცემა ინფორმაციის დამახსოვრების ყველაზე ნაკლებად ეფექტური სასწავლო მეთოდია. ლექციური მეთოდი ისევე საჭირო და მნიშვნელოვანია, როგორც სასწავლო პირამიდაში წარმოდგენილი ნებისმიერი სხვა. მაშინაც კი, თუ ვერ მოხერხდა ყველაფრის დამახსოვრება, რაც ლექციური მეთოდის გამოყენებით ისწავლება, შენიშვნები, რომლებსაც იღებენ მოსწავლეები ასეთი შეხვედრების დროს, შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს შედეგის თვალსაზრისით.

მთავარია, რომ სწავლის პირამიდა მკაფიოდ აჩვენებს იმ გზებს, რომლებზეც უნდა დაისვას აქცენტი წარმატების მისაღწევად. ამიტომ არის, რომ სწავლის პირამიდა სწავლის შედეგების გაზომვისთვის, ელემენტარული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის რაოდენობის განსაზღვრისთვის აქტიურად გამოიყენება ე.წ. განვითარებად ქვეყნებში, სადაც დაბალი შემოსავლების გამო განათლების სისტემას აქტიური დახმარება სჭირდება (UNESDOC – Learning at the bottom of the pyramid:Science, measurement, and policy in low-income countries). ამ შედეგების გათვალისწინებით და სწავლის პირამიდის მოქნილი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესის ინკლუზიურობას უწყობს ხელს, შესაძლებელია წარმატების მიღწევა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი კომპეტენციების დაუფლება.

კომპეტენციებისკენ მიმართული მიდგომის გამოყენებისას მოსწავლე ადვილად აცნობიერებს ამოცანის არსს, აფასებს ახალ გამოცდილებას, რომელიც ამოცანის ამოხსნით, პრობლემის გადაჭრით მიიღო, ნათლად ხედავს საკუთარ ქმედებებსა და პროგრესს. ეს მისთვის, მოტივაციის თვალსაზრისით, გადამწყვეტია და ის აგრძელებს წინსვლას ცოდნის დაუფლებისა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების გზაზე.

ქალაქის ხმები

0

#ტაქსი

 

***

„ვარდი, ვარდი, ვარდები, რა ლამაზი ბრძანდები,“ –  ასე იწყებს მარშრუტს მოხუცი მძღოლი.

 

***

– ქიაჩელზე გახვალთ?

– გამახსენეთ, სად არის?

– აი, ფილარმონიასთან, იქვე.

– კოსტავაზე დავეშვა?

– არა, რუსთაველისკენ რომ გაუყვებით, გამზირის პარალელურია.

– ჰოდა, ბელინსკით ავუხვევ.

– არა, ქვედა ქუჩაა.

– ქიაჩელზე მეუბნები, კაცო? ეგრე გეთქვა, რა, თავიდან.

 

***

ცენტრი: გამოძახებაა თავდაცვის სამინისტროსთან.

მძღოლი: ცენტრი, პლეხანოვზე რო თავდაცვის სამინისტროა, იმასთან თუა, მე დავაკავებ.

მეორე მძღოლი: ბიჯო, თავდაცვა ერთია, ერთი! და საერთოდ ყველა სამინისტრო თითო გვაქ, რით ვერ დაიმახსოვრეთ!

 

***

ვერაზე მივდივარ, ტაქსის ვურეკავ, სტამბასთან-მეთქი და ოპერატორი ხოშარაულამდე ფასს ანგარიშობს.

„გაზეტჩიკები“ გამიგებენ.

 

***

ტაქსის მძღოლს მობილურზე ურეკავენ:

– ბაბუ, როგორ ხარ?

– ბებიაშენს დაურეკე და გეტყვის.

– ეე, იმას ვეკითხები, როგორა ხარ-მეთქი და ბაბუაშენს დაურეკე და ის გეტყვისო.

ნაჩხუბარია თავის ხაზეიკასთან და ღიღინებს, ვითომ არაფერი.

 

***

– თქვენ ადრეც გიმგზავრიათ ჩემთან.

– შეიძლება.

– აქსისის კორპუსში ხომ არ ცხოვრობთ?

– არა.

– მეცნობით ძალიან. სამი დღის წინ დადიანზე არ გაგიყვანეთ?

– არა.

– აბა, იქიდან წამოგიყვანეთ?

– არ ვყოფილვარ სამი დღის წინ დადიანზე.

– სად მიდიხარ, სადა?! – ქალს გასძახა ქუჩაში, – უჰ, ჩემი ცოლი მეგონა. ასეთი კურტკა აქვს ზუსტად!

 

***

ტაქსის რაციით სოფლელი და ქალაქელი მძღოლები ჩხუბობენ:

„ამ სოფლელებმა ხო შეგვჭამეთ, რა!“

„ეხლა ქალაქელებმა ცოტა თავი შეიკავეთ!“

 

***

„თოვლი გამააცხადეს, აბა, თოვლი?! არადა, მუხლებამდე თოვლი იყო ჩემ შეყვარებულს პირველად რომ ვაკოცე, მეათე კლასში ვიყავი, მეტი კი არა, ჰოდა, რომ მოთოვს, სულ ეგ მამაგონდება ხოლმე. ერთი აღარ ჩამოთოვა, რა.“

ტაქსის მძღოლი იქნებოდა სამოცდაათის.

 

***

„რიგის ქუჩას რო მეუბნები ქალაქურადა, მე სოფლელი კაცი ვარ და როგორცა ეხლა ჰქვიან, ეგრე ვიცი აქაურობა.“

 

***

ტაქსის მძღოლს ვეკითხები, კამოზე რამდენად გახვალთ-მეთქი და მომიბრუნდა, რამდენი წლის ხარ, შვილო, რაღა დროს კამოაო.

 

***

კავკასიის უნივერსიტეტთან გავაჩერე ტაქსი, შევთანხმდით, დავიძარით. საცობებია, აღარ მოსწონს ტარიფი და მეგრული წამღერებით მეუბნება:

– ქალბატონო, უმაღლესში ასწავლი და უმაღლესი თუ არა, მაღალი ხომ გაქვს ხელფასი?

არ ვპასუხობ, არც ხელფასი მაქვს მაღალი.

სარკიდან განაწყენებული მიყურებს და ცალ მხარს ათამაშებს: „აბა, სტუდენტს არ გავხართ და…“

 

***

ტაქსის მძღოლმა ახლა გაიგო ჩემგან, რომ კენტი და ლუწი კორპუსები ქუჩის სხვადასხვა მხარესაა.

 

***

ტაქსის მძღოლის შეთავაზება:

„პირბადეს ქუჩაში რატო მაკეთებინებ, რატო?! აი, დაუშვათ, ორი კაცი მიდის ერთად, დააწესე, რომ ერთმანეთს გვერდით არ გახედონ, წინ იყურონ და ისე ილაპარაკონ. ეგრე არ გადაგედება, შანსი არაა, მაგრამ მოფიქრება ხო უნდა?!“

 

***

ტაქსის მძღოლი მიყვებოდა, როგორ იშოვეს დიდი ფული მუზიკანტებმა შაბაშით ზაქათალაში, თან იმდენი, რომ შუა წვეულებიდან გაპარულან იმის შიშით, არ წაგვართვანო. მართლაც დადევნებიან ერთი მაშინა კაცები, ამათ ბაქომდე უვლიათ, იქ დამალულან, კარგად დაუთვლიათ, გაუნაწილებიათ და მერე დიდი ამბებიც მოუწევიათ. ეს კაცი გახლდათ არა მედუდუკე ან მედოლე, არამედ გადმოგდებული შაბაშის ჩამვლები, აი, ისეთი მოხერხებისა, ძაღლი პურის ნაჭერს ჰაერში რომ იჭერს. ფული ყველას უნდა, თვალი უნდა გეჭიროს და ამოიცნო, ვინ გადმოაგდებს და რამდენის გადმომგდებიაო. აკა-ძია, მე რა ღირსი ვარ, ამ ყველაფერს შენ რად არ ისმენდი.

 

***

– ფრანგული დუხია?

– დიახ.

– მომაშია, აი!

 

***

სანამ მე ვეტყოდი, ტაქსის მძღოლმა თვითონ მკითხა, თამარაშვილზე მარცხნივ გინდათ თუ მარჯვნივო. მარცხნივ-მეთქი. აჰა, ესე იგი, მარცხნივო. კი-მეთქი. არა, წინასწარ ხო უნდა ვიცოდეო. რა თქმა უნდა-მეთქი. დროზე თუ არ მითხარით, მერე ჭირს მარცხნივ აღება, ეგრე არ არიო. მესმის-მეთქი. ნახევარმა ტარება არ იცისო.  მართალი ხართ-მეთქი. მერე რომ მეუბნებიან, უკვე გვიანიაო. ჰო-მეთქი, ჰო და გაუტია მარჯვნივ. აბა, რატომ მკითხეთ-მეთქი. ვახ, ისევ ამერიაო.

 

***

ტაქსით მგზავრობისას წესად მაქვს, ფანჯარა ღია უნდა იყოს. მოვყევით ვაკის საცობში და გავყინე მძღოლი.

– ხო გამყინეთ, ქალბატონო!

– ხო მომკალით, ქალბატონო!

– რაფერ თბილოდა, იცით, თქვენ სანამ ჩაჯდებოდით?!

– თქვენი თავი მიმაყვანინა, ქალბატონო, და მეტი არ მინდა არაფერი!

– უჰ, ახლა ამაწევინა ოთხივე ფანჯარა!

– თქვენ რომ გულიანად იცინით, მეც მაგი მიხარია, ქალბატონო, თვარა ამისთანებისთვის გამიძლია?!

 

***

– რამდენი წლის ხარ, ბუძი?

– ექვსის.

– რვის მეგონე მე კიდე! შვილიშვილი მყავს სახლში, სამი წლის. ნეკა თითით შედის ყველგან ტელეფონში. რო შეხედო, ხუთის გეგონება სრაზუ! აკონტროლე, ქალბატონო, აკონტროლე, სწრაფად იზრდებიან ძალიან!

 

***

– ეჰ, სულ ასეთი კი არ იყო ეს ცხოვრება, ერთ დროს მეც შენსავით ვიდუხა ბიჭი ვიყავი…

– ბატონო!

ჩემს ხმაზე შეცბა, სარკიდან გამომხედა და დარცხვენილმა მომიბოდიშა.

 

***

„წავიდნენ ბიჭები უცხოეთში სამუშაოდ და იმდენი დააგროვეს, სულ ჩეხურები იყიდეს გლდანში.“

 

***
2.8! წარმოგიდგენიათ?!

მძღოლი რადიოს უსმენდა და ამ შეძახილით გამიჩერა ტაქსი.

 

***

„ნეტაი იმას, ყველა საბუთი დახია, ყველა ხელშეკრულება გააუქმა – აღარც ბანკის ვალი, აღარც შუქის გადასახადი, აღარც „ეს აღარა გვაქვს“, აღარც „ის მაიტანე“!

ერთ სახლთან პანაშვიდის გამო ტაქსი შეფერხდა.

თბილისობა, 2019

 

***

დღეს ტაქსის მძღოლი ტაქსის მძღოლებზე მიყვებოდა ამბებს. იმედია, ტაქსიში ვიჯექი.

 

რუსუდან რუხაძე (როცა ძალიან ეჩქარება, წვიმს ან იქამდე შორია)

ციფრული ტექნოლოგია გაგება-გააზრებისთვის

0

წაკითხულის გაგება-გააზრება, არსებითად, კითხვის ძირითადი დანიშნულებაა. გაგებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს აკადემიური წარმატებების მიღწევასა და პრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობაში. გაგება-გააზრება არის იმგვარი სააზროვნო ინტერაქცია ტექსტსა და მკითხველს შორის, რომლის შედეგია ტექსტში გადმოცემული შინაარსის კონსტრუირება მკითხველის ცნობიერებაში. როცა გაგება შედეგიანია, მკითხველს იმდენად ღრმად ესმის ავტორის მიერ გადმოცემული სათქმელი, რომ მას შეუძლია წაკითხულის გონებაში წარმოდგენა, ვარაუდების ჩამოყალიბება, დასკვნების გამოტანა, ტექსტში გადმოცემული არა მარტო ექსპლიციტური, არამედ იმპლიციტური ინფორმაციის ამოღება, შეჯამება და შეფასება, შეკითხვების დასმა, შედარება, კავშირების გაბმა, წაკითხული იდეების სხვებისთვის გაზიარება და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება.

  • რა შეიძლება იყოს დაწყებით კლასებში ტექსტის გაგება-გააზრების, იმპლიციტური აზროვნების შეფერხების / პრობლემის გამომწვევი მიზეზი?
  • როგორ შეუწყობს ხელს გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება ამ სირთულის დაძლევას?

 დიდია მოსწავლეთა ინტერესები და მოთხოვნები ციფრული ტექნოლოგიების დაუფლებისა და გამოყენების მიმართ. თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღიც სწორედ ციფრული ტექნოლოგიებით სწავლებაა. ამით მათ უმაღლდებათ მოტივაცია და მთლიანპიროვნული მზაობა, იზრდება  ჩართულობა  მით უფრო, თუ ისინი უშუალოდ არიან ჩართულნი ამ საინტერესო  პროცესში.

   ჩემი მიზანია,  გაგიზიაროთ  ერთ-ერთი  ციფრული ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება,  რომელიც  დაგეხმარებათ როგორც  მოსწავლეთა აქტიური ჩართვის ორგანიზებაში, ასევე  გაგება-გააზრების ეფექტიანობის გაზრდაში და განსაზღვრაში. რეიტინგული მაჩვენებლების ნახვის შემდეგ, პრევენციული აქტივობების დაგეგმვასა  და  რემედიაციაში. ყოველივე ეს კი  საბოლოოდ  სრულყოფს გაგება-გააზრების ხარისხს.

საპილოტე პროექტში „ციფრული სკოლა- საქართველო“ ჩართულობამ  მომცა შესაძლებლობა, პროგრამის ´„plickers.com“  გამოყენებით შემექმნა კლასები და წინასწარ ნასწავლი, გაზიარებული  ან განხილული მასალის (ტექსტი, პრეზენტაცია, ვიდეო, რომელიც მოითხოვს როგორც ექსპლიციტურ, ისე იმპლიციტურ აზროვნებას) საფუძველზე შემექმნა ტესტები თავისი სავარაუდო პასუხებით,  უმოკლეს დროში შემემოწმებინა მოსწავლეთა ცოდნა,  მიმეცა მათთვის  ადეკვატური უკუკავშირი და მიმეღო პრევენციული ზომები აღმოჩენილი პრობლემის დასაძლევად.

 

 გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას

 

დარეგისტრირება პროგრამაში-„plickers.com“, კლასის/კლასების შექმნა, “Plickers Cards”/ მოსწავლეთა  საიდენტიფიკაციო ბარათების  ამობეჭდვა.

 

ნაბიჯი 1.  უპირველეს ყოვლისა,  „Google Chrome“- ს  მეილისა და პაროლის საშუალებით დავრეგისტრირდი  ´„plickers.com“  პროგრამის გვერდზე.  შევქმენი საკუთარი სივრცე.  ეს სივრცე გამოიყურება შემდეგნაირად:   Plickers.com.png  .  მარცხენა სვეტში მოთავსებულია  ჩანართები :

  1. ახალი ნაკრები;
  2. აღმოაჩინეთ;
  3. თქვენი ბიბლიოთეკა;
  4. ბოლო, ანგარიშები;
  5. ანგარიშის ფურცელი;
  6. შენი კლასები;
  7. სვეტის ბოლოს ჩანს ახალი კლასის შექმნის ფუნქცია.

ნაბიჯი 2.  „ახალი კლასის“  ფუნქციაში შესვლით ვქმნი ახალ კლასს,  ვარქმევ სახელს: მაგ. „2 – კლასი“.  კლასის  სახელის ქვემოთ  მოცემულ  სიისთვის განკუთვნილ  ცხრილში  შემაქვს ამ კლასის  მოსწავლეთა სია (აქვს კორექციის – მოსწავლის დამატების და ამოშლის ფუნქცია). უკვე  შექმნილი  კლასები ავტომატურად  გამოჩნდება  მარცხენა სვეტის  ბოლო  ჩანართში – „შენი კლასები“.

ნაბიჯი 3.   კლასის/კლასების შექმნის  შემდეგ  იმავე სივრცეში  ზედა მარჯვენა  კუთხის  Help.PNG   ჩანართის ჩამოშლისას  კი  რიგით  მეოთხე  ჩანართში  Get Plickers Cards.PNG   შესვლით  ვირჩევ   Print Cards.PNG  და ვიწყებ  ამ ბარათების  ამობეჭდვას.  ვბეჭდავ  იმდენ ბარათს, რამდენი მოსწავლეც მყავს  კლასში. ბარათები  დანომრილია, შავ ლაქას ყველა კუთხეში აწერია ერთი და იგივე ციფრი/ნომერი.  ეს  პირველი ბარათია:  Plickers ბარათი.png.

ნაბიჯი 4. როგორ გავარკვიოთ, რომელ მოსწავლეს რომელი ბარათი ეკუთვნის? პროგრამა კლასების მიხედვით ავტომატურად ანიჭებს ყველა მოსწავლეს თავის საკუთარ ნომერს.  ამის სანახავად  შევდივარ  მარცხენა სვეტის ჩამონათვალის  ბოლოს, უკვე შექმნილ ჩემთვის სასურველ კლასში,  მაგალითად, „2-კლასი“.  ვირჩევ  ჩანართს  Go tu Students.PNG   და  ჩამოიშლება თითოეული მოსწავლისათვის გამოსაყენებელი  ბარათის  ნომერი  Print Klass Poster.png .

    

 ტესტის შექმნა

ნაბიჯი 1.  ვაცნობ მოსწავლეებს ახალ მასალას ნებისმიერ საგანში (ქართული ენა, მათემატიკა, ბუნება, მუსიკა, ხელოვნება …). უმჯობესია, მასალის გაცნობა მოხდეს ვიზუალურად – ციფრული რესურსების გამოყენებით. თუმცა არანაკლებ ეფექტიანია ტრადიციულად გადაცემული მასალის ათვისების დონის გადამოწმებაც.

ნაბიჯი 2.   ´„plickers.com“  პროგრამის გვერდზე, ჩემს  საკუთარ სივრცეში  ვქმნი ტესტს  ჩანართიდან  „New Set” New Set.PNG .  ვარქმევ  სახელს,  მაგალითად,  „ამოცანები“ – ველში „Untitled Set”.  სახელის  ქვემოთ, ჩარჩოში ვწერ  შეკითხვას, ხოლო  შეკითხვის ქვემოთ ჩარჩოში ოთხ სავარაუდო პასუხს.  ახალი/ მომდევნო  შეკითხვის შესაქმნელად ვირჩევ  მარჯვენა ზედა კუთხეში  „ + “   დამატებას   ტესტის შექმნა.PNG  .   ასე  ვაგრძელებ  მეხუთე  შეკითხვამდე.  პროგრამა  სწორი  პასუხის აღნიშვნის საშუალებას იძლევა მხოლოდ სწორი პასუხის აღმნიშვნელ ლათინურ ასოზე  დაწკაპუნებით  და  ავტომატურად ინახავს ყველა  კითხვას თავისი პასუხებით. ასევე იძებნება შექმნილი ტესტი მაგ: „ამოცანები“ ზემოხსენებულ მარჯვენა სვეტის ჩამონათვალში „თქვენი ბიბლიოთეკა“.

 

ტესტირების ჩატარება/გამოკითხვა

 

ნაბიჯი 1.   საგაკვეთილო მასალის გაცნობის/დამუშავების  შემდეგ  მოსწავლეებს  ურიგდებათ  მათთვის განკუთვნილი ბარათებით  Plickers ბარათებით.png ,  რომელიც იკავებს თაბახის ფურცლის ნახევარს.

ნაბიჯი 2.   კომპიუტერში  შევდივარ  უკვე შექმნილ ჩემს გვერდზე  https://www.plickers.com/account#upgrade  ,  ვირჩევ „თქვენს ბიბლიოთეკას“,  რომელიც მარცხენა სვეტის ჩამონათვალში რიგით მესამეა. ჩემ მიერ შექმნილი ტესტებიდან  ვირჩევ  სასურველს, მაგალითად, „თაგვი და ლომი“. ვაწკაპუნებ ჩანართს „Play now”,  შემდეგ გამოჩნდება კლასების  ჩამონათვალი,  ვირჩევ სასურველ კლასს  და ტესტი პროექტორის გამოყენებით  გაეშვება  ეკრანზე –  გაშვების პროცესი.PNG  .

ნაბიჯი 3.   მოსწავლეები   გულმოდგინედ კითხულობენ შეკითხვას, ეცნობიან  ასევე სავარაუდო  ოთხ (შესაძლებელია  ნაკლებიც 3 ან 2) პასუხს .                                                                                                                                                                                                         გამოსაკითხ ბარათზე  მოთავსებულ  შავ  ლაქასაც  ოთხივე  გვერდზე  აწერია  ლათინური  ასოები: A, B, C, D .  შეარჩევენ სწორი პასუხის შესაბამის  ასოს,  მაგალითად „B” და ბარათის  მაღლა  აწევით,  მხოლოდ ისე, რომ  შერჩეული სწორი პასუხი  „B”  მოექცეს  ზემოთ ,  მაჩვენებენ – Plickers ბარათებით.png  .    ასე  გრძელდება  თითოეულ შეკითხვაზე.

 

ნაბიჯი 4.   ჩემს  სმარტფონში  წინასწარ  ჩამოტვირთული  მაქვს  „plickers.com“  აპლიკაცია. შევდივარ აპლიკაციაში,  გამოჩნდება  ფანჯარა  და  შევდივარ  ტესტში შესვლა.PNG  „თაგვი და ლომი“ ,იხსნება პირველი შეკითხვა:  შეკითხვა.jpg  ,  ვაწკაპუნებ  ეკრანზე გამოტანილ დიდ ლურჯ წრეს  და  ამ მომენტიდან  ვიწყებ   პასუხების  მყისიერად  შეგროვებას. გამოკითხვა სმარტფონით.png  , რაც  სინქრონულად  აისახება პროექტორით გაშვებულ ეკრანზე.   ასევე, ეკრანის მარჯვენა სვეტებში  ჩანს  მოსწავლეთა სია,  სადაც  აისახება  შედეგები: უპასუხა თუ არა თითოეულმა მოსწავლემ კითხვას სწორად.

მომდევნო კითხვაზე გადასასვლელად, ჯერ იმავე, მრგვალ  ღილაკზე დაწკაპუნებით ვწყვეტთ წინა კითხვაზე მუშობას, ხოლო  სმარტფონშივე მარჯვენა  ისარზე  დაწკაპუნებით  გადავდივართ მომდევნო  კითხვაზე.

 

ყურადღება:  კომპიუტერი და სმარტფონი სინქრონულად მუშაობენ. ტელეფონში მარჯვენა ისრით გადავდივარ მომდევნო შეკითხვაზე, კომპიუტერშიც ზუსტად იგივე აისახება, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ  სწორი პასუხის მაჩვენებელი მხოლოდ სმარტფონში ჩანს  და  ვხედავ  მხოლოდ მე.

 

მოსწავლეთა  რეიტინგების ნახვა

 

ნაბიჯი 1.  მოსწავლეთა შედეგები ტესტის დასრულებისთანავე აისახება პროგრამაში. მარცხენა სვეტის ჩამონათვალში, რიგით მეხუთე  ჩანართში  „Reports“ შესვლით  გამოვა შესრულებული ტესტების  ჩამონათვალი   Reports.png  .  თვითონ  ტესტზე დაწკაპუნებით კი  ტესტის ანგარიშები.png  ,  ჩამოშლის  ანგარიშებს,  როგორც თითოეული მოსწავლისას  მოსწავლეთა ანგარიშები.PNG  , ასევე  თითოეული  საკითხისას    თითოეული საკითხის ანგარიში.PNG .

 

     თავდაპირველად,  ეს  სამუშაო მოითხოვს  გარკვეულ დროს  და  ენერგიას, მაგრამ  ხშირად  გამოყენების  შემთხვევაში  პროცესი  სახალისო, მოქნილი  და  ეფექტური  ხდება.  იმედია, მკითხველს  გაუჩნდება  სურვილი  ამ  აქტივობის  დანერგვისა  და  გამოყენებისა.    

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისა“ სწავლების ზოგიერთი ასპექტი

0
Vintage wallpaper. Stack of books and a red rose still life

ტექსტი, როგორც სასწავლო მასალა, თითქოს ყველა მასწავლებლისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირ შესაძლებლობებს იძლევა, თუმცა, ამავდროულად, პედაგოგის, როგორც ინდივიდის ხედვა და გამოცდილება, მაინც მკვეთრად აისახება თითოეული ნაწარმოებისა და მასწავლებლის შემთხვევაში. შევეცდები მოგიყვეთ საკუთარი გამოცდილების შესახებ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაზე „ბედი ქართლისა“.

უპირველესად, რა თქმა უნდა, საჭიროა, განისაზღვროს მხატვრული მიმდინარეობა. რომანტიზმის შესახებ პოემის სწავლებისას ზოგადი წარმოდგენა უკვე აქვთ. მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც, როგორც რომანტიზმის მხატვრული მეთოდი, მეტადაა აღბეჭდილი ტექსტში „ბედი ქართლისა“. ერთ-ერთი უმთავრესი ამ თვალსაზრისით, უშუალოდ უკავშირდება პოემის ჟანრობრივ თავისებურებას. აქამდე ჩვენს მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ეპიკური ქმნილებაა. „ბედი ქართლისა“ მათთვის პირველი პოემაა, რომელიც ლირიკულ-ეპიკური ჟანრისაა. საჭიროა, მოსწავლეებს შევახსენოთ, რომ ლირიკულ ნაწარმოებში ავტორის შინაგან ხედვასა და გრძნობებთან ერთად, შესაძლოა, მოცემული იყოს მისი ფილოსოფიური ნააზრევი, მისი მოქალაქეობრივი თუ პატრიოტული პოზიცია. ნიშანდობლივია, რომ ლირიკული პოემა სწორედ რომანტიზმის წიაღში იბადება. ვფიქრობ, ტექსტის გაცნობის შემდეგ მსჯელობა მის ჟანრობრივ კუთვნილებაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან კლასს საშუალებას აძლევს, ტექსტი გადააფასოს ეპიკური და ფილოსოფიური კუთხით და აწონ-დაწონოს, რატომაა ფილოსოფიური დილემა – ოქროს გალია თუ თავისუფლება – უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თვითონ ამბავი, ამბავი ბრძოლისა.

ერთ-ერთი განსახილველი თემა უდავოდ გახლავთ ისტორიული პოემის საკითხი. საერთოდ მოზარდები ახალგაზრდული მაქსიმალიზმით მოითხოვენ ხოლმე – თუკი ნაწარმოები ისტორიულია, ფაქტები უნდა გადმოსცემდნენ ისტორიულ სინამდვილეს. მხატვრული გამონაგონისთვის ისინი საკმაოდ მცირე სივრცეს ტოვებენ ხოლმე და ყოველთვის აშფოთებთ და აკვირვებთ, როდესაც იგებენ, რომ პოემაში „ბედი ქართლისა“ არეულია მოვლენათა ქრონოლოგია და მთავარი ამბავი – სოლომონისა და ერეკლეს შეხვედრა – საერთოდაც გამონაგონია.

ვფიქრობ, ერთ-ერთი საყურადღებო საკითხია თავად სათაური. ტექნიკური თვალსაზრისით, ეს გახლავთ კლასიკური ნიმუში სათაურისა, რომელიც წერისას არ შეიცვლება, რადგან მისი ბოლო სიტყვა სახელობითი ბრუნვის ფორმა არ გახლავთ. როგორც წესი, ამის შეხსენება მოსწავლეებისთვის საჭიროა, რადგან ისინი ხშირად უშვებენ შეცდომას და წერენ „პოემა „ბედი ქართლისაში“ და ა. შ. ამდენად, თავიდანვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

მეორე საკითხი სათაურთან მიმართებით გახლავთ თავად ტერმინი ქართლი, რომელიც, თავის მხრივ, ვიწრო მნიშვნელობით საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა, ხოლო ფართო გაგებით ის მთელ საქართველოს ნიშნავს და ფუძის სახით მოცემულია ქვეყნის დასახელებაში. მით უფრო აქტუალურია საკითხი, რომ პოემა იწყება მიძღვნით „კახთა მიმართ“. თითქოს ერთმანეთს უპირისპირდება გეოგრაფიული ტერმინები „კახთა“ და „ქართლისა“. სანამ ამ საკითხზე იმსჯელებენ, მნიშვნელოვანია შევახსენოთ გიორგი მერჩულეს ისტორიული ფრაზა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების…“. თუ არ ახსოვთ, უნდა შევახსენოთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ ტერმინი მნიშვნელობას იცვლის, ფართოვდება, მთელ ქვეყანას აღნიშნავს და არა ერთ კონკრეტულ კუთხეს. აქვე, შეგვიძლია მივცეთ სავარჯიშოები სიტყვების მნიშვნელობის ცვლილებასთან დაკავშირებით (ქვეყანა, სოფელი… ).

ერთ-ერთი თვალში საცემი საკითხია განსხვავება მიძღვნისა და ძირითადი ნაწილის სალექსო საზომებს შორის.

„ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;“ –

თხუთმეტმარცვლიანი საზომითაა დაწერილი, ხოლო თავად პოემა –

მწყემსო კეთილო, შენს წმინდა სამწყოს

შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს…“ –  ათმარცვლიანი საზომითაა დაწერილი. მიძღვნის დეკლამირებისას აშკარად ისმინება ერთგვარი ჰეროიკული პათოსი, რომელიც, ერთი მხრივ, უპირისპირდება მის შინაარსს, რომ ქეიფიასას მოიხსენიონ „ყარიბი“ პოეტი, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედაც იმსახურებს მეტად ამაღლებულ ტონს, რადგან მათში „აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;“ როდესაც იწყება თავად ტექსტი, თითქოს ამბავი ითხოვს სალექსო ფორმის მეტად მსუბუქ ვარიანტს. ასევე შესაძლებელია მსჯელობა და პარალელების გავლება „მერანთან“, რომელშიც ნიკოლოზ ბარათაშვილს ასევე ორი სალექსო ფორმა აქვს გამოყენებული.

პოემის „ბედი ქართლისა“ რომანტიზმისადმი მიკუთვნებულობა, ჩემი აზრით, ყველაზე მძაფრად გამოხატულია ავტორის სურვილში, შეძლებისდაგვარად მოარღვიოს ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი აზროვნების ჩარჩოები და დაბადოს ეჭვი, რომელიც რომანტიკოსი ავტორისათვის მრავალგვარი განსაცდელის მომტანია, თუმცა, ამავე დროს განვითარების, წინსვლის, ახლებური სამყაროს ერთადერთი გარანტიაა.

ფეოდალიზმი და ფეოდალური ისტორია, ისტორია დაწერილი ამავე კლასის წარმომადგენლების მიერ, ყოველთვის ინახავდა მეფეთა და დიდებულების სახელებს, ხოლო გლეხების, რიგითი მეომრების ხსოვნას უგულებელყოფდა. დღესაც, თავისთავად ცხადია, მხედართმთავრისა და მმართველის სახელები მეტად ისმის, თუმცა უამრავი ისტორია რიგითი მეომრების გმირობის შესახებ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა, აღიწერება, მათ სახელებს დღევანდელობა უკეთ ინახავს. საკლასო დისკუსიისთვის მნიშვნელოვანი თემებია:

  1. როგორ შეიცვალა კაცობრიობა და რამ განაპირობა ინდივიდის, რიგითი მებრძოლისადმი მეტი ყურადღება და პატივისცემა?
  2. როგორ არის ასახული ჩვენს სულზე, ვთქვათ, კრწანისის გმირების ხსოვნა?
  3. რა შეიძლება ვიგულისხმოთ ტერმინში „სული“ („რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის“)?

პოემის „ბედი ქართლისა“ სწავლებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფეოდალური აზროვნების რღვევის დასაწყისია. ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გადარჩენის, ერთიანობის, ეროვნულობის მთავარი ქვაკუთხედი იყო („ვინცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან“), ნელ-ნელა განვითარების, თავისუფლების შემაფერხებელი ხდება, რადგან ტექნიკური პროგრესი და მისი თანამდევი კაპიტალიზმი კარსაა მომდგარი და მსოფლიო ფორმაციების ისტორიაში თავის ადგილს ითხოვს.

სწორედ ამიტომ სოლომონის სინანული მეფის, ერეკლეს, ერთპიროვნული ძალაუფლების გამო სრულიად ლეგიტიმურია:

„მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!
ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!“.

თუმცა სოლომონს ჯერ არ შეუძლია ბოლომდე უერთგულოს თავისივე ირონიას, მისთვის მეფის ღვთიურობის საკითხი საკმაოდ წმინდა და ხელშეუხებელია:

„ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის
გონება ყმათა ვერა მიხვდების!”.

თუმცა ეჭვის დაბადება ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ის აუცილებლად მოიკრებს ღონეს და იქცევა შეუვალ ჭეშმარიტებად, რაც, თავის მხრივ, ახალი ეპოქის დასაწყისია, განვითარების მთავარი იმპულსის მომცემია.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აზრი, რაც ტესტში წერია, დამეთანხმებით, შემდეგია:

„სახელმწიფოსა სჯულის ერთობა

არარას არგებს,

ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს“.

 

ერთა შორის თვისებების სხვადასხვაობაზე, ვფიქრობ, სასკოლო ასაკში დისკუსიის, მსჯელობის წარმართვა ვერ ხერხდება. მოზარდებს მთელი ერის, თუნდაც მხოლოდ ქართველი ერის, თვისებების დანახვა და განზოგადება არ შეუძლიათ. აქ, ვფიქრობ, გადამწყვეტია, პედაგოგის როლი, რომელმაც, შეძლებისდაგვარად, ადეკვატურად უნდა ისაუბროს ერების ზოგად თვისებებსა და განსხვავებებზე. სასურველია, დაეყრდნოს ისევ ლიტერატურას და ლიტერატურულ ხასიათებს და რაც შეიძლება, მოერიდოს ამ საკითხის მორალურ ჭრილში გადატანას. უმჯობესია საუბარი ერის ხასიათზე და არა მისი ქება ან ძაგება.

ასევე პრობლემურია დისკუსია თემაზე – რამდენად სწორი იყო მეფე ერეკლე, როდესაც რუსეთისათვის ხელშეკრულების დადება გადაწყვიტა.

ერთი მხრივ, ასეთი დისკუსიისას მოსწავლეები იძენენ კამათისთვის საჭირო უნარებს, ეჩვევიან არგუმენტების მოძიებას, შეტევას, უკან დახევას, მაგრამ, მეორე მხრივ, ესაა საკითხი, რომლის შესახებაც ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია, რადგან ისტორიაზე ამ კუთხით მსჯელობა უშედეგოა. თუმცა, კამათის ამგვარი გამოცდილებაც სასარგებლოა.

მხატვრული თვალსაზრისით, ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პეიზაჟის როლის ჩვენება პოემის მიხედვით. ის ხან გვამზადებს მოსალოდნელი ამბებისთვის (მზიანი დღეა და ჯარი იმარჯვებს; ხან, პირიქით, კონტრასტის ეფექტის მატარებელია (აღწერილია ლაღი, ცოცხალი მხიარული სურათი არაგვის ჭალებისა და მის ფონზე გამოჩნდება მეფე ერეკლე თავისი მჭმუნვარე აზრებით. ასევე მნიშვნელოვანია ეპითეტის „არაგვიანი“ („მორბის არაგვი არაგვიანი“) ორგვარი ახსნა. ერთი არაგვიანი, ანუ ჩქარი, მეორე – არაგვიანის აკ. შანიძისეული ახსნა, რომ არაგვი მთიულეთში იმდენად თვითკმარი რამაა, თავის თავს თვითონ განსაზღვრავს (როგორც კაცი კაცური). ინტერპრეტაცია მხატვრული ტექსტის ან თუნდაც კონკრეტული მხატვრული სახის ახსნისას ერთ-ერთი უმთავრესია, რაც ლიტერატურის სწავლებისას წინ უნდა წამოვწიოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ატმოსფერული წნევა. ტორიჩელის ცდა

0

უკვე მრავალჯერ ნათქვამს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – სიმძიმის ძალა დედამიწაზე არსებულ ყველა სხეულზე მოქმედებს, მათ შორის დედამიწის გარშემო არსებულ აირად გარსზე – ჰაერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერს წონა გააჩნია. ეს მტკიცება უძველესი დროის მეცნიერთათვის დავის საგანი იყო. სხვა მეცნიერებთან ერთად, არისტოტელეც ფიქრობდა, რომ ჰაერს წონა არ გააჩნია. დღეს ყველასათვის ცხადია, რომ ეს მტკიცება არასწორია. რასაკვირველია, ჰაერს აქვს წონა, რაც უმარტივესი ცდით დასტურდება. თუ შევადარებთ ცარიელ და ჰაერით სავსე ერთნაირი რეზინის ბუშტების მასებს, ჰაერით სავსე ბუშტის მასა მეტი აღმოჩნდება (სურ.1). მაშასადამე, ჰაერს აქვს წონა და გამოთვლებით დადგენილია, რომ 1მ3 მოცულობის ჰაერის მასა 1,3კგ-ია, ხოლო წონა

სურ.1

ნებისმიერი ციური სხეულის (ვარსკვლავის, პლანეტის, თანამგზავრის, კომეტის ა. შ.) აირად გარსს ატმოსფერო ეწოდება. ბერძნულად „ატმოს“ ორთქლს, ჰაერს ნიშნავს, „სფერა“ კი – სფეროს. დადგენილია, რომ დედამიწის ატმოსფეროს რთული შემადგენლობა აქვს, თუმცა თუ არ გავითვალისწინებთ სხვა აირების მცირე პროცენტულ შემადგენლობას, შეიძლება ჩაითვალოს, რომ დედამიწის ზედაპირის მახლობლად ჰაერის  78% აზოტია,  21% ჟანგბადი, % არგონი, % ნახშირორჟანგი.

ნახ.1 დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ატმოსფერო რამდენიმე ათასი კილომეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. ესე იგი ჩვენ, ჰაერის ოკეანის ფსკერზე, დედამიწაზე ვცხოვრობთ. ოკეანის წყლის მსგავსად, ჰაერის ზედა ფენები აწვება ქვედა ფენებს. ჰაერის ფენა, რომელიც უშუალოდ დედამიწას ეკვრის, ყველაზე მეტად არის შეკუმშული. დედამიწის ზედაპირი და მასზე მდებარე სხეულები, მათ შორის ჩვენც, ჰაერის უზარმაზარი ფენების ზეწოლას განვიცდით, ანუ, როგორც ამბობენ, განვიცდით ატმოსფერულ წნევას.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ დედამიწა იზიდავს ჰაერის შემადგენელ მოლეკულებსა და ატომებს, რატომ არ ეცემიან ჰაერის მოლეკულები დედამიწის ზედაპირზე? როგორ ინარჩუნებს დედამიწა თავის ატმოსფეროს? ამის მიზეზი ჰაერის მოლეკულების განუწყვეტელი და ქაოსური მოძრაობაა. მოლეკულები განუწყვეტლივ ქაოსურად მოძრაობენ, თუმცა დედამიწის ატმოსფეროს ვერ ტოვებენ, რადგან დედამიწის მიზიდულობა აკავებთ მათ.

ატმოსფერული წნევის არსებობის დამასაბუთებელი უამრავი ცდა არსებობს. ერთ-ერთი ცდა ასეთია: მინის მილი მჭიდროდ მორგებული დგუშით მეორე ღია ბოლოთი ჩავუშვათ წყალში (ნახ.2). ავწიოთ დგუში. დავაკვირდეთ, შევამჩნევთ, როგორ მიჰყვება დგუშს წყალი. ეს ხდება იმიტომ, რომ დგუშის აწევისას დგუშსა და წყალს შორის წარმოიქმნება უჰაერო სივრცე. გარე ატმოსფერული წნევით აწვება ჰაერი წყალს და უჰაერო სივრცეში დგუშის კვალდაკვალ შედის წყალი. ამ პრინციპით მუშაობს ტუმბო, რომელიც ჯერ კიდევ

ნახ.2

შორეულ წარსულში შეიქმნა, თუმცა მაშინ მიაჩნდათ, რომ „ბუნებას სიცარიელის ეშინია“ და ამიტომ მიჰყვება წყალი დგუშს. ეს მოსაზრება საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა. მაგრამ ერთხელ ფლორენციაში, როდესაც წყლის დიდ სიმაღლეზე აყვანა დასჭირდათ, აღმოაჩინეს, რომ 10,3მ-ზე მაღლა წყლის აყვანა არ ხერხდებოდა. გალილეო გალილეიმ შეამოწმა ტუმბოები. ისინი წესრიგში იყო, თუმცა წყალი მაღლა ვერ ადიოდა. რატომ? დიდმა მეცნიერმა ვერ მოასწრო კითხვაზე პასუხის გაცემა. ის გარდაიცვალა. ამ კითხვაზე პასუხი გასცა გალილეო გალილეის მოწაფემ ევანჯელისტა ტორიჩელიმ, უფრო მეტიც, მან პირველმა გაზომა ატმოსფერული წნევა, თუმცა ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

ძალზე შთამბეჭდავია ისტორიაში ცნობილი გერიკეს ცდა. ოტო ფონ გერიკე გერმანიის ქალაქ მაგდებურგის მერი იყო (XVII საუკუნე). ის ამავე დროს შესანიშნავი ფიზიკოსი გახლდათ. გერიკემ გამოიგონა ტუმბო, რომლის საშუალებითაც ერთმანეთზე მჭიდროდ მორგებული ლითონის ნახევარსფეროებიდან გამოტუმბა ჰაერი. ნახევარსფეროების შიგნით შეიქმნა უჰაერო სივრცე და შესაბამისად, წნევა ნახევარსფეროების შიგნით გახდა ნულთან მიახლოებული (იმ პერიოდში აბსოლუტური ვაკუუმის შექმნა ტექნიკურად შეუძლებელი იყო). გარე ატმოსფერული წნევის მოქმედებით სფეროები ისე ძლიერად მიეკრა ერთმანეთს, რომ რვა წყვილმა ცხენმა ვერ შეძლო მათი დაშორება (ნახ.3).


სურ.3

მაშასადამე, არსებობს ატმოსფერული წნევა, მაგრამ შეიძლება თუ არა მისი გაზომვა? ამ შემთხვევაშიც ხომ არ ვისარგებლოთ სითხის წონით გამოწვეული ჩვენთვის ცნობილი ფორმულით? არა, რადგან ატმოსფეროს სიმაღლის ზუსტი საზღვარი ზემოთ არ გააჩნია, ამასთან ჰაერის ფენების სიმკვრივე ზუსტი არ არის. იგი სიმაღლის ზრდასთან ერთად მცირდება.

ატმოსფერული წნევა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველად გაზომა იტალიელმა ფიზიკოსმა ტორიჩელიმ (1608-1647). თავდაპირველად მან გამოთქვა ვარაუდი, რომ წყლის დგუშით აწევის ნამდვილი მიზეზი არის არა „ბუნების შიში სიცარიელისადმი“, არამედ ატმოსფერული წნევა.

მან ასევე ივარაუდა და ცდით დაასაბუთა, რომ უფრო მძიმე სითხე დგუშს 10,3მ-ზეც ვერ აჰყვება. ტორიჩელი მიხვდა, რომ ატმოსფერული წნევის გაწონასწორება შესაძლებელი იქნებოდა წყალზე მკვრივი სითხით, ვერცხლისწყლით და შესაბამისად, ვერცხლისწყლის სვეტის წნევის გაზომვით ატმოსფეროს წნევასაც გაზომავდა. მართლაც, ტორიჩელის მიერ ჩატარებული ცდა (ნახ.4), რომლის

 

ნახ.4

საშუალებითაც პირველად გაიზომა ატმოსფერული წნევა, მდგომარეობდა შემდეგში: ერთი მხრიდან დარჩილული 1მ. სიგრძის მილი აავსო ვერცხლისწყლით, მჭიდროდ დახურა მინის ღია ბოლო, გადმოაბრუნა, ჩაუშვა ვერცხლისწყლით სავსე ჯამში და მილის ღია ბოლო გაათავისუფლა. ვერცხლისწყლის ნაწილი ჯამში ჩაიღვარა. სვეტის სიმაღლე მხოლოდ 76სმ. შენარჩუნდა. ვერცხლისწყლის ჩაღვრა მაშინ შეწყდა, როცა სვეტის წნევა გაუტოლდა ვერცხლისწყლის ღია ზედაპირზე ატმოსფერულ წნევას. მილში ვერცხლისწყლის ზემოთ სივრცე ცარიელი აღმოჩნდა. ამ სივრცეს ტორიჩელის სიცარიელეს უწოდებენ.

ამგვარად, ვერცხლისწყლის სვეტის წნევა გაწონასწორებულია გარე ატმოსფერული წნევით და თუ გამოვთვლით სვეტის წნევას, გვეცოდინება ატმოსფერული წნევა.

ნახ.5

 

თუ ტორიჩელის მილს მივამაგრებთ სახაზავს, მივიღებთ ატმოსფერული წნევის გასაზომ ხელსაწყოს, რომელსაც ვერცხლისწყლიანი ბარომეტრი ეწოდება. ბერძნულად „ბაროს“ – სიმძიმეს აღნიშნავს, „მეტრეოს“ კი – ვზომავ. ასეთი ხელსაწყოს დაგრადუირება გაცილებით მოსახერხებელია ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებით:

ამრიგად, ამ სტატიაში ჩვენ გავეცანით ატმოსფერულ წნევას, მისი ექსპერიმენტული გაზომვისთვის ჩატარებულ ტორიჩელის ცდას, გავაანალიზეთ გერიკეს ცდა და დავაკავშირეთ ერთმანეთთან ატმოსფერული წნევის საზომი ერთეულები.

 

ლიტერატურა:

  1. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  2. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  3. ილუსტრაციები აღებულია ვებგვერდებიდან:

 

https://magdeburg-deneyi.nedir.org/

https://www.nasa.gov/centers/langley/pdf/245898main_MeteorologyTeacherRes-Ch7.r3.pdf

https://www.pinterest.com/pin/90986854943969010/?lp=true

ენობრივი პრაქტიკის მეთოდი

0

კითხვის ეფექტურ მეთოდებს შორის გამოირჩევა ენობრივი პრაქტიკის მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების მიერ შეთხზული ტექსტის თვალსაჩინოდ ჩაწერას და შემდეგ ამ ტექსტზე მუშაობას.

ენობრივი პრაქტიკა წარმოადგენს მთლიანი ენობრივი მიდგომის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მეთოდს და იგი გულისხმობს ტექსტთან მრავალგზის მიტრიალებას და მასზე მრავალმხრივი სამუშაოების დაგეგმვასა და შესრულებას. თავად მეთოდი იმით არის საინტერესო, რომ მოიცავს აზროვნების, მეტყველების, წერისა და კითხვის პროცესებს. ამასთანავე მეთოდი არის ძალიან სახალისო და მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან მასში.

მოცემული მეთოდის სასარგებლო შედეგებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშირის დამყარება და ტექსტის ძირითადი მახასიათებლების  გააზრება, რაც მოსწავლეს ეხმარება გააცნობიეროს წერა-კითხვის კონცეპტუალური საფუძვლები. კერძოდ: რასაც ვფიქრობთ, შეიძლება, წარმოითქვას, რასაც ვამბობთ, შეიძლება, დაიწეროს.

რაც დაწერილია, შეიძლება, წავიკითხოთ. ანუ, მე შემიძლია, წავიკითხო ის, რაც დავწერე, აგრეთვე ისიც, რაც სხვამ დაწერა ჩემთვის წასაკითხად.

თუ გადავხედავთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებს, აღმოვაჩენთ, რომ ენობრივი პრაქტიკის მეთოდი თითქმის ყველა სასწავლო შედეგის მიღწევაში ეხმარება მოსწავლეს, იქნება ეს ტექსტის კონცეპტების დაუფლება, კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ამოცნობილი ლექსიკური ერთეულების მარაგის შევსება და სხვა.

ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ეფექტურად გამოიყენება პირველივე კლასიდან.

ამ მეთოდის განხორციელებისთვის უმჯობესია, მოსწავლეები დაფის გარშემო, მერხების გარეშე, ნახევარ წრეზე დასხდნენ. თუ საკლასო ოთახის რესურსი ამის საშუალებას არ იძლევა, მასწავლებელს შეუძლია მეთოდი ჩვეულებრივად მოწყობილ საკლასო ოთახშიც განახორციელოს.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოიმარაგოს დიდი ფორმატის ქაღალდი, მარკერები, თვალსაჩინოება, იქნება ეს ილუსტრაცია თუ სათამაშო, რაიმე ნივთი, რის შესახებაც ბავშვებმა ტექსტი უნდა შექმნან.

ენობრივი პრაქტიკა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტექსტის შესაქმნელად.

დამწყები მკითხველები ეცნობიან ტექსტის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა სათაური,

აბზაცი, სტრიქონი და ა.შ. იმავდროულად, მოსწავლეებს უვითარდებათ ფანტაზია, ინფორმაციის სტრუქტურირებისა და თხზვის უნარები.

მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ აქტივობის დაწყებამდე მოტივაციის აღძვრა არის საფუძველი იმისა, რომ მოსწავლე შემდგომ ხალისით ჩაერთოს კითხვის პროცესში და აქტიურად შეასრულოს კითხვის სავარჯიშოები.

 

თემის შერჩევა

 -რას აკეთებენ მწერლები? (მასწავლებელი კითხვას უსვამს მოსწავლეებს)

-წერენ…

-რას წერენ?

– ამბავს, ზღაპარს, მოთხრობას, ლექსებს…

– დღეს ჩვენ ვიქნებით მწერლები და ვეცდებით, რომ მოვიგონოთ რაიმე ამბავი. მოიგონებთ რაიმე ამბავს?

კითხვის სწავლების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის ავთენტურობას,

მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს, ისაუბრონ მათთვის საინტერესო, ავთენტურ საკითხზე, სხვადასხვა ნივთზე, საყვარელი საკვების, ფერების, სეზონების შესახებ. სასაუბრო მასალად გამოიყენებს პოსტერებს, დიდ წიგნებს.

მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ის იქნება ,,კალამი’’, ბავშვები მოიფიქრებენ წინადადებებს, უკარნახებენ და დაფაზე დაწერს.

თავდაპირველად მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად შეარჩევენ და კარნახობენ მოთხრობის სათაურს.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები და მასწავლებელი შეთანხმდებიან, რის შესახებ აპირებენ წერას, არჩევენ პირველ წინადადებას, რომლის დაწერაც სურთ. თუ ბავშვებს უჭირთ ფრაზების მოფიქრება, სასურველია, პირველი წინადადება მასწავლებელმა შესთავაზოს. შემდეგ მასწავლებელი შეკითხვების მეშვეობით ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას.

მსგავსი დავალებები ერთობლივ ფიქრთან ერთად საინტერესო და სახალისო გამოწვევაა მოსწავლეებისათვის.

ტექსტის შექმნა

 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ უკარნახონ წინადადებები მოთხრობის შესაქმნელად. მსურველი მოსწავლეები თანმიმდევრობით კარნახობენ მასწავლებელს თითო წინადადებას. მასწავლებელი იმეორებს წინადადებას და წერს დაფაზე.

ერთობლივი წერა წერის სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. ეს არის შუალედური რგოლი მასწავლებლის მიერ წერის მოდელირებასა და მოსწავლის მიერ დამოუკიდებლად წერას შორის. წერის მოდელირების დროს მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ, ყველასთვის თვალსაჩინოდ წერს დაფაზე და თან საუბრობს

საკუთარი მოქმედებების შესახებ. დაკვირვებისა და მოსმენის გზით, მოსწავლეები თანდათანობით აცნობიერებენ წერის ყველაზე მნიშვნელოვან მხარეებს.

ერთობლივი წერის დროს ცალკე ხაზგასასმელია ბავშვების მიერ დაშვებული შეცდომები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა თავად კი არ შეასწოროს, შეკითხვების დახმარებით მიუთითოს და მისცეს  მოსწავლეს შეცდომის დამოუკიდებლად გამოსწორების საშუალება.

ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა

 კარნახით შედგენილ ტექსტს ჯერ მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეებს, ხოლო შემდეგ უკვე მოსწავლეები კითხულობენ ერთობლივი კითხვის ვარიაციების გამოყენებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო გაკვეთილებზე (რამდენიმედღიანი ინტერვალით) მასწავლებელმა აქტიურად გამოიყენოს მოსწავლეების მიერ შექმნილი ტექსტი სხვადასხვა მიზნისთვის. შემდეგ გაკვეთილებზე კვლავ მიუბრუნდეს ტექსტს და ამით მოსწავლეებს მისცეს ტექსტის დამოუკიდებლად აღქმის საშუალება.

ტექსტის წინადადებებად დაშლა და აწყობა

 მომდევნო გაკვეთილისთვის მასწავლებელი გადაწერს მოსწავლეების მიერ შექმნილ ტექსტს დიდი ფორმატის ქაღალდზე და აკრავს მას დაფაზე ნიმუშად. შემდეგ გადაწერილი ტექსტის მეორე ეგზემპლარს დაჭრის წინადადებებად (ზოლებად) და სთხოვს მოსწავლეებს, ააწყონ წინადადებები დაფაზე გაკრული ნიმუშის მიხედვით.

ტექსტის სიტყვებად დაშლა და აწყობა

 მეორე აქტივობა პირველის შედარებით გართულებულ ვარიანტს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ბავშვებს სიტყვებად დანაწევრებული ტექსტის გამთლიანება უწევთ. ისინი შეადარებენ სიტყვების ბარათებს ტექსტის დედანს, რომელიც კვლავ დაფაზეა გაკრული.

მნიშვნელოვანია, რომ ენობრივი პრაქტიკის დროს გამოყენებული სიტყვები მასწავლებელმა სხვა აქტივობებშიც ჩართოს. მაგ: ფონოლოგიურ სავარჯიშოებში, სიტყვების კლასიფიცირებასა თუ ახალი წინადადებების შედგენაში.

მრავალფეროვანი დავალებები

 სასურველია, მოსწავლეებმა თავად დაასურათონ თავიანთი ტექსტი. ამისათვის მასწავლებელი ტექსტს ყოფს მონაკვეთებად და თითოეულ წყვილს ან ჯგუფს აძლევს შესაბამის მონაკვეთს, რათა მათ შექმნან ტექსტის შესაბამისი ილუსტრაცია.

კარგი იქნება თუ მასწავლებელი ბავშვების მიერ ენობრივი პრაქტიკის მეთოდით გამოყენებით შექმნილ ტექსტებს მოგვიანებით შეაგროვებს, გადააწერინებს მათ თაბახის ფურცლებზე, ან თუ წერა არ იციან, თავად დაეხმარება გადაწერაში, დაასურათებინებს და შემდეგ წიგნებად აკინძავს.

ამგვარად, ბავშვებს უკვე ექნებათ საკუთარი წიგნები, რომელიც მათთვის ძვირფასი გახდება, როგორც საკუთარი შრომის შედეგი და ამასთანავე – შემდგომი მოტივაციის წყარო.

სასურველია, ეს წიგნები კლასში გამოიფინოს, მოსწავლეებმა შინ წაიღონ და მშობლებს აჩვენონ, მოეწყოს სკოლაში მათი პრეზენტაცია და ა.შ. ეს მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაციის წყარო გახდება.

ენობრივი პრაქტიკის პირველივე კლასიდან გამოყენებით, ჩვენ ერთგვარად ვაბალანსებთ კითხვის სწავლების ტრადიციულ გზასა და ფონეტიკურ ვარჯიშებს და ვაღვივებთ კითხვისადმი, როგორც გაგება-გააზრების პროცესისადმი მოსწავლეების დამოკიდებულებას.

ხაზგასმით აღსანიშნავია მოსწავლის მოტივაცია, როგორც მკითხველის ფორმირების უმნიშვნელოვანესი წყარო. მოტივაციის აღძვრა და შემდეგ მისი მუდმივად შენარჩუნება სწავლის, ამ შემთხვევაში კითხვის პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

გამოყენებული რესურსი:

 

საგანმანათლებლო ვებპორტალი ,,კარგი სკოლა’’- მეთოდური ვიდეოფილმები მასწავლებლებისთვის

https://kargiskola.ge/tech_videos.php?videoid=reading2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რელიგიის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში

0

რწმენა ის უმნიშვნელოვანესი ძალაა, რომელსაც ადამიანთა შეკავშირება ან გათიშვა შეუძლია, ამიტომაც, მასების მართვის მიზნით, მას ხშირად მიმართავენ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ საგანმანათლებლო დილემას სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის მიზნით გამოყენება წარმოადგენს. ამ საკითხთან დაკავშირებული ეთიკური წინააღმდეგობები, რომელთა დაძლევაც სასკოლო საზოგადოებას უწევს, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის ურთიერთდამოკიდებულებაზე. ისმის კითხვა: ეთიკურია თუ არა სკოლაში რელიგიის სწავლება?! საინტერესოა, რამდენად კარგად არეგულირებს კანონი თეოლოგიური საკითხების სწავლების დოზებს და იცავს თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებებს. ასევე მნიშვნელოვანია, მიიჩნევა თუ არა მასწავლებლის და/ან სკოლის ადმინისტრაციის თვითნებური გადაწყვეტილებით სასწავლო  პროცესის  რელიგიური რიტუალებით გამრავალფეროვნება მოსწავლეთა უფლებების დარღვევად. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი არ არის ეროვნებით ქართველი და არც სახელმწიფო რელიგიად აღიარებულ ქრისტიანულ მრწამსს იზიარებს. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია მართლმადიდებლობა (მოსახლეობის დაახლოებით 70%), მას მოსდევს კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი (ბაპტიზმი), მრავლად შეხვდებით სხვადასხვა რელიგიური სექტის წარმომადგენლებსაც. აჭარის მაღალმთიან რეგიონში კი უმეტესად ქართველი მუსლიმები ცხოვრობენ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხი დღემდე კამათის საგანს წარმოადგენს. 1988 წლიდან, საქართველოში „ქრისტიანული რელიგიის ისტორია“ ჰუმანიტარული მიმართულების სკოლებში ისწავლებოდა. მალე აღნიშნულმა დისციპლინამ არჩევითი საგნის სიაში გადაინაცვლა.  რელიგიის ისტორიის სწავლების სპეციფიკას განსაზღვრავდა საქართველოს საპატრიარქო, რომელსაც ეს უფლებამოსილება იმდროინდელი კანონმდებლობით ჰქონდა მინიჭებული (განათლების შესახებ“ კანონის 18.2 მუხლი (22.06. 1997) – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა ითანამშრომლოს საქართველოს საპატრიარქოსთან სასკოლო გეგმის შემუშავებისას). 2005 წელს მიღებული ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, რელიგიის ისტორიის სწავლება სავალდებულო აღარაა. თუმცა მას შემდეგ არაერთხელ წამოიჭრა აღნიშნული დისციპლინის სკოლებში დაბრუნების საკითხი, რასაც  ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში დღემდე აქტიურად განიხილავენ.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის (რწმენის თავისუფლება) თანახმად, მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება. დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს… საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. თუმცა ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ 2017).

ზოგადი განათლების კანონთან ერთად, რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხს ასევე არეგულირებს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პედაგოგები (სასულიერო სასწავლებლის გარდა) არ ეწევიან მოსწავლეებთან რელიგიურ  პროპაგანდას. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მასწავლებელს არ აქვს უფლება რელიგიური ან სხვა ნიშნით გამოარჩიოს მოსწავლე და არ მისცეს მას ხარისხიანი განათლება (მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი 2010). მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მასწავლებელი და/ან სკოლის მმართველი გუნდი თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებას და სასწავლო პროცესში რელიგიურ რიტუალებს (ლოცვა, წირვაზე მოსწავლეების წაყვანა და სხვ.) რთავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რელიგიის სწავლების თემას სამართლის ეთიკის კუთხით განვიხილავთ, კანონი არეგულირებს იმ ეთიკურ პარადიგმას, რომელიც უმრავლესობისგან დაკომპლექტებულ სოციუმში განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელთა სრულფასოვან ჩართვაზეა ორიენტირებული. როგორც ვიცით, სამართლის ეთიკა ლიბერალურ-დემოკრატიული ტრადიციის ნაწილია, ის ითვალისწინებს ტოლერანტობას და პიროვნების თანაბარი მოპყრობის პატივისცემას, რაც, თავის მხრივ, თანასწორ შესაძლებლობებს და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფას ნიშნავს.

რელიგიური ნიშნით განსხვავებულობა სასკოლო საზოგადოებაში წარმოქმნილი უთანხმოების/ჩაგვრის და უთანასწორობის შეგრძნების გამომწვევი ერთ-ერთი მწვავე მიზეზია. ამ ტიპის უთანასწორობას კრიტიკის ეთიკის პოზიციიდანაც განიხილავენ. რელიგიური ნიშნით მოსწავლეთა გამორჩევა სოციალური უთანასწორობის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. როდესაც მასწავლებელი სასწავლო დღეს ლოცვით იწყებს, ამ დროს კი მისი ზოგიერთი მოსწავლე, თუნდაც ქართველი, არ არის მონათლული, ან სხვა რელიგიის აღმსარებელია, ცალსახად ირღვევა მათი უფლებები და ეს საკითხი კრიტიკის საბაბს იძლევა. მოსწავლის მხრიდან მძაფრი რეაქცია ე.წ. არასასურველ აქტივობაზე ხშირად ხდება მოქმედი პირების მიერ ბავშვის ან მშობლის გაკიცხვის/ამოჩემების მიზეზი. ჩემი აზრით, მასწავლებელმა მხოლოდ იმისთვის უნდა იკვლიოს მოსწავლეთა მრწამსი, რომ შეძლოს მულტიკულტურული საზოგადოების თავისებურების განსაზღვრა და მიღებული ინფორმაციის მხოლოდ მოსწავლეთა სასიკეთოდ (სასწავლო პროცესის ინტერკულტურული განათლების პრინციპების გათვალისწინებით დაგეგმვა) გამოყენება. კრიტიკის ეთიკის თეორეტიკოსები ცდილობენ მოუსმინონ იმ ადამიანებს, რომელთა ხმაც ყველაზე სუსტია საზოგადოებაში, ამ კატეგორიას კი, პირველ რიგში, მოსწავლეები მიეკუთვნებიან.

ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ ზრუნვა და წახალისება და თუ ისინი რაიმე ნიშნით სასკოლო საზოგადოებისგან გარიყულები აღმოჩნდებიან, მათი პიროვნული და მორალური განვითარება შეფერხდება. აქედან გამომდინარე, სამართლიანად მიიჩნევენ, რომ სკოლებში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესები ყველაზე მეტად ზრუნვის ეთიკას უნდა ითვალისწინებდეს. ამერიკელი ფილოსოფოსისა და განათლების სპეციალისტის, ნელ ნოდინგსის პოზიციას თუ გავითვალისწინებთ, მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეზე ერთნაირად უნდა იზრუნოს, რათა არც ერთმა მათგანმა თავი პაიკად არ იგრძნოს.

რელიგიის სკოლებში სწავლების საკითხის ეთიკური პარადიგმების ჭრილში განხილვისას ცხადად ჩანს, რომ იგი ნამდვილად წარმოადგენს ეთიკურ დილემას: თუ ერთ (თუნდაც სახელმწიფო) რელიგიას ვასწავლით, ვეწინააღმდეგებით რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებულ   მუხლს. მოზარდებით დაკომპლექტებულ სოციუმში არსებული უთანასწორობა კრიტიკის ეთიკის წარმომადგენლების ყურადღებასაც იქცევს და ზრუნვის ეთიკასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევის საფრთხესაც ქმნის. ეთიკური პარადიგმებისა და კანონით გათვალისწინებული რეგულაციების გარდა, არსებობს პირადი კოდექსი, რომელიც ემყარება ინდივიდთა მორალურ ღირებულებებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები ხშირად სწორედ მასზე დაყრდნობით მოქმედებენ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სკოლებში სახელმწიფო რელიგიის სავალდებულო საგნად სწავლება განსახილველი საკითხების სიაში აღარ უნდა დავაბრუნოთ. თუმცა შესაძლოა მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოებში უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ რელიგიების საკითხს ეპოქებისა და ქვეყნების მიხედვით, რათა მოსწავლეების თვალსაწიერი მაქსიმალურად გავაფართოოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს  ქვეყანაში არსებული რელიგიების შესახებ გარკვეული ინფორმაცია ბავშვობიდანვე სწორად მივაწოდოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში გაუცხოებას ან უპირატესობის განცდას არასწორად ფორმულირებული ინფორმაცია იწვევს. ჩემი აზრით, მსგავსი ინიციატივები ადამიანთა ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით ჩაგვრის შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, ტოლერანტული საზოგადოების შექმნას შეუწყობს ხელს და ინტერკულტურული განათლების მთავარი პრინციპების ფურცლიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას გაგვიადვილებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოსკანონი ზოგადი განათლების შესახებ, 2005.
  2. მასწავლებლისპროფესიული ეთიკის კოდექსი, 2010.
  3. ტაბატაძე,შ., 2018, რელიგიის სწავლება საჯარო სკოლებში.
  4. გაჩეჩილაძე,პ., შავგულიძე ნ., 2016, რელიგიის სწავლება საჯარო სკოლებში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...