შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

გეომეტრიული გარდაქმნები ჩემი თვალით

0

მოსწავლეებს, კომპლექსური დავალების ფარგლებში, არჩევანის საშუალება თუ ექნებათ, მათი მოტივაციაც გაიზრდება და შედეგიც თვალსაჩინო გვექნება.

ასეთია ამ სტატიაში მოცემული დავალება, რომელიც მოიცავს დეკლარაციულ, პირობისეულ და პროცედურულ  ეტაპებს.

სამიზნე ცნება:
ანალიზური გეომეტრია, გარდაქმნები:

საკითხები

  • გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე: პარალელური გადატანა, ღერძული სიმეტრია;
  • მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე. ორიენტირება სიბრტყეზე კოორდინატების საშუალებით,
  • გეომეტრიული გარდაქმნების (ღერძული სიმეტრია საკოორდინატო ღერძების ან მათი პარალელური წრფეების მიმართ, პარალელური გადატანა,მობრუნება სათავის მიმართ) გამოსახვა კოორდინატებში.

საკვანძო შეკითხვა:

  • სად და როგორ შეიძლება გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დავალების პირობა

წარმოიდგინეთ, რომ ხართ დიზაინერი, ხელოვანი  ან არქიტექტორი. გამოიყენეთ სიმეტრიის თვისებები და შექმენით რაიმე ნამუშევარი( თარგი,რომლითაც კაბას კერავს დიზაინერები,ან რაიმე კომპოზიცია საკოორდინატო სიბრტყეზე,ხიდი,რომლის შექმნის დროს გამოიყენებ სიმეტრიის თვისებებს).

  • აღწერეთ თქვენი შექმნილი პროდუქტი ტერმინების – სიმეტრია, პარალელური გადატანა – გამოყენებით.
  • მოძებნეთ სიმეტრიის და პარალელური გადატანის მაგალითები და წარმოადგინეთ პრეზენტაციის სახით.
  • შეადგინეთ რებუსი მოცემული ნიმუშის მიხედვით!

გადავდივართ საკოორდინატო სიბრტყეზე წერტილის  აგებაზე და მის გარდაქმნაზე. სანამ მათ დავაწერინებ შესამოწმებელ წერით  დავალებას, ვსწავლობთ და ვაკეთებთ შემდეგი ტიპის  სახალისო დავალებას. აქ ვუხსნი მობრუნების საკითხებსაც.

  • (1;2)-წ (-3;3)-ფ
  • (1;-1)-გ
  • (1;-2)-ჰ
  • (1;-3)-ჯ
  • (2;-1)-ჟ
  • (2;-2)-კ
  • (2;-3)-ლ
  • (3;-1)-ზ
  • (3;-2)-ძ
  • (3;-3)-ხ
  • (-1;-1)-ც
  • (-1;-2)-ჩ
  • (-1;-3)-ვ
  • (-2;-1)-ბ
  • (-2;-2)-ნ
  • (-2;-3)-მ
  • (1;3)-ჭ
  • (2;1)-ე
  • (2;2)-რ
  • (2;3)-ღ
  • (3;1)-ტ
  • (3;2)-თ
  • (3;3)-ყ
  • (-1;1)-უ
  • (-1;2)-ი
  • (-1;3)-ო
  • (-2;1)-პ
  • (-2;2)-ა
  • (-2;3)-ს
  • (-3;1)-შ
  • (-3;2)-დ

 

 

პრეზენტაციისას  ხაზგასმით წარმოადგინე:

როგორ გამოიყენე  გეომეტრიული გარდაქმნები შენ მიერ შერჩეული ნახატის, ნახაზის ასაგებად?  (მ.წ.1)

როგორ დაგეხმარა სიმეტრიის და გარდაქმნების ცოდნა შენს მიერ არჩეული ნახატის და დავალების შესრულებაში? აღწერე შენს მიერ შექმნილი ნამუშევარი (მ.წ.2)

მოსწავლემ უნდა შეძლოს სიბრტყეზე და სივრცეში ორიენტირება და გეომეტრიული ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა;

გეომეტრიული ობიექტების გარდაქმნებით მიღებული ფიზიკური ცვლილებების გააზრება,

საპრეზენტაციო თემის არჩევა შეიძლება შემდეგი ვარიანტებიდან:

სიმეტრია ჩვენ ირგვლივ (ზოგადი);

სიმეტრია ბუნებაში(ფოთლები,პეპლები, ყვავილები);

სიმეტრიის გამოყენებით შექმნილი არქიტექტურული და ხელოვნების საოცრებები;

პარალელური გადატანა არქიტექტურაში;

პარალელური გადატანის გამოყენება ხალხურ სამოსში;

პარალელური გადატანის გამოყენება მოდაში;

სიმეტრია “ვეფხისტყაოსანში”. რამდენიმე სტროფის და ზოგადი განხილვა;

სიმეტრია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში;

ბავშვების მიერ შექმნილი სიმეტრიის სურათები ან ნივთები;

გეომეტრიული ფიგურები და მათი სიმეტრიის ღერძები და ცენტრები;

სიმეტრია ქართულ და ინგლისურ ანბანში;

ჰერმან ვაილის აზრი სიმეტრიის შესახებ და ზოგადად, სიმეტრიის იდეა მაგალითად, 5 ჯგუფად დაყოფა:

AMTUVWY          სიმეტრიის 1-ღერძიანი
BCDEK                  სიმეტრიის 1-ღერძიანი
NSZ                       სიმეტრიის   ცენტრიანი
HIOX                     სიმეტრიის  2-ღერძიანი
FGJLPQR              სიმეტრიის ღერძის არმქონე

 

რა თქმა უნდა, IV კატეგორია უფრო ლამაზია, რადგან უფრო მეტად სიმეტრიულია.

სიმეტრიის საოცარი გამოვლინება არითმეტიკაში უამრავია:

სიმეტრია და ფოლკლორი.

სიმეტრიის გამოყენება მოდის ხელოვნებაში.

 

რეკომენდაციები მოსწავლეს:

შევთავაზე ტელესკოლის გაკვეთილები, რომელიც სწორედ სამიზნე ცნებას ეხება.

https://www.youtube.com/watch?v=dFGtveXdVRM

https://www.youtube.com/watch?v=zF8C7lRoUUE

https://www.youtube.com/watch?v=JMB9FQ38EJo

ასევე ხანის აკადემიის გაკვეთილები:

https://www.youtube.com/watch?v=C0QaegD-J7Y

Geogebra გეომეტრიული გარდაქმნები

Ck 12-გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტეზე

Geogebraპარალელური გადატანა

ეტაპები ასეთია:

1.დავალების პირობის გაცნობა;

2.წინარე ცოდნის გააქტიურება სადისკუსიო კითხვების საშუალებით;

3.თეორიული მასალის ახსნა და განმტკიცება პრაქტიკული სავარჯიშოებით;

4.მუშაობის პროცესზე დაკვირვება და განმტკიცება პრაქტიკული სავარჯიშოებით;

5.დავალების წარდგენა და შეფასება.

 

ვწერთ ტესტს შემდეგი სქემით:

კლასმა  თითო წერტილის გარდაქმნა შეასრულა  შემდეგი სქემით:

უნდა ეპოვათ მათი წერტილის შესაბამისი წერტილის

სიმეტრიული წერტილი  x ღერძის მიმართ;

სიმეტრიული წერტილი  y  ღერძის მიმართ;

სიმეტრიული წერტილი  სათავის  მიმართ;

მოეხდინათ პარალელური გადატანა მოცემული ფორმულით;

შეესრულებინათ მობრუნება სამკუთხედის თვისებების გამოყენებით ოთხმოცდაათი გრადუსით;

შეესრულებინათ მობრუნება სამკუთხედის თვისებების გამოყენებით ასოთხმოცი გრადუსით;

შეესრულებინათ მობრუნება სამკუთხედის თვისებების გამოყენებით ორასსამოცდაათი  გრადუსით;

შეესრულებინათ მობრუნება სამკუთხედის თვისებების გამოყენებით სამასსამოცი  გრადუსით;

მოეხდინათ პარალელური გადატანა X ღერძის პარალელური წრფის მიმართ;

მოეხდინათ პარალელური გადატანა Y  ღერძის პარალელური წრფის მიმართ.

 

პირველი მოსწავლის შედგენილი
რებუსი:

1.(2;3) წერტილის სიმეტრიული წერტილი Y ღერძის მიმართ

2.(1;2)წერტილის სიმეტრიული წერტილი Y ღერძის მიმართ

3.(2;3)წერტილის სიმეტრიული წერტილის კოორდინატები სათავის მიმართ

4.(2;1)წერტილის კოორდინატები 360°იანი კუთხით მობრუნების შედეგი სათავის მიმართ

5.(3;1)წერტილის კოორდინატები 360 გრადუსიანი კუთხით მობრუნების შედეგი სათავის მიმართ

6.(-2;2)ის წერტილის სიმეტრიული წერტილი Y ღერძის მიმართ

7.(-1;-2)ის წერტილის სიმეტრიული წერტილი X ღერძის მიმართ

8.(-2;-2) ის წერტილის სიმეტრიული წერტილი X ღერძის მიმართ

პასუხი იყო: სიმეტრია

მეორე მოსწავლის შედგენილი რებუსი:

1.(1;1) წერტილის სიმეტრიული წერტილი სათავის მიმართ.

2.(1;2) წერტილის სიმეტრიული წერტილი y ღერძის მიმართ.

3.(-2;-3) წერტილის სიმეტრიული წერტილი x ღერძის მიმართ.

4.(2;-2) წერტილის სიმეტრიული წერტილი სათავის მიმართ.

  1. (-2;-2) წერტილის 180 გრადუსიანი კუთხით მობრუნების შედეგი სათავის მიმართ.
  2. (3;1) წერტილის კოორდინატები 360 გრადუსიანი კუთხით მობრუნების დროს სათავის მიმართ.
  3. (-3;-3) წერტილის სიმეტრიული წერტილი სათავის მიმართ.
  4. (-2;1) წერტილის სიმეტრიული წერტილი y ღერძის მიმართ.
  5. (2;3) წერტილის სიმეტრიული წერტილი x ღერძის მიმართ.
  6. (2;2) წერტილის სიმეტრიული წერტილი y ღერძის მიმართ.

პასუხი:ცისარტყელა

მესამე მოსწავლის შედგენილი რებუსი:

1.(-1;-3) წერტილის სიმეტრიული წერტილი X-ის მიმართ.

2.(-1;-1) წერტილის სიმეტრიული წერტილი 360 გრადუსით შემობრუნება სათავის მიმართ.

3.(2;2) წერტილის სიმეტრიული O სათავის მიმართ.

4.(-2;1) წერტილის Y-ის მიმართ.

  1. (2;-1) წერტილის სიმეტრიული y-ის მიმართ

6.(2;2) წერტილის სიმეტრიული y-ის მიმართ.

პასუხი იყო: ოცნება.

 

თითოეული მოსწავლე თავისი არჩევანის მიხედვით ასრულებდა ოთხ დავალებას:

  1. წერდა წერტილის გარდაქმნის შესახებ დავალებას;
  2. მოიძიებდა ინფორმაციებს ჩამოთვლილ საპრეზენტაციო საკითხებთან შესაბამისად;
  3. ადგენდა რებუსს საკოორდინატო სიბრტყეზე კოდის საშუალებით;
  4. ქმნიდა რაიმეს ამ თემის გამოყენებით.

 

ბოლო  დავალება აღმოჩნდა ძალიან  საინტერესო, ბავშვებმა  კომპიუტერული პროგრამით ააგეს ხიდი,  შეკერეს ტანსაცმელი, დახატეს, ბუნებრივი რესურსებით მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს.

შეფასებები:

შეფასება სოლო ტაქსონომიით:

 

აბსტრაქტული დონე 

მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და მისიდეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს მაგალითებთან შედარების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას. 

 

მოსწავლეს შეუძლია ,სიმეტრიის და პარალელური გადატანის არსის ზუსტი განსაზღვრა.შეუძლია გამოთვალოს სიმეტრია ღერძების ცენტრის და ღერძების პარალელური წრფის მიმართ,იცის და აყალიბებს, რაში გამოიყენება გეომეტრიული გარდაქმნების თემა, შეუძლია შექმნას პროდუქტი, შეუძლია ვარაუდის გამოთქმა საკითხის ირგვლივ, განზოგადება, მსჯელობა, თუ სად , რა სფეროში გამოადგება შესწავლილი საკითხი.

 

მიმართებითი დონე 

მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის. 

 

მოსწავლეს შეუძლია ,სიმეტრიის და პარალელური გადატანის არსის განსაზღვრა.შეუძლია გამოთვალოს სიმეტრია ღერძების ცენტრის და ღერძების პარალელური წრფის მიმართ,იცის და აყალიბებს რაში გამოიყენება გეომეტრიული გარდაქმნების თემა,შეუძლია ვარაუდის გამოთქმა საკითხის ირგვლივ, განზოგადება,

 

 

მულტისტრუქტურულიდონე 

მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი,უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 

 

მოსწავლეს შეუძლია ,სიმეტრიის და პარალელური გადატანის გამოთვლა, ნაწილობრივ აყალიბებს ამ თემის გამოყენების საჭიროებას.

 

უნისტრუქტურულიდონე

მოსწავლეს  აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

მოსწავლეს შეუძლია, სიმეტრიის და პარალელური გადატანის გამოთვლა, ვერ აყალიბებს ამ თემის გამოყენების საჭიროებას.

 

პრე-სტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.

მოსწავლეს შეუძლია უბრალოდ ამოიცნოს თემა.

 

 

 

 

განმსაზღვრელი შეფასება ქულა
თემის შესახებ ინფორმაცია მოიძია. 0-1
მოძიებული ინფორმაცია გაუზიარა  გუნდს. 0-1
სიტყვიერად შეაჯამა სწორად. 0-1
10 საკითხიანი წერტილის გარდაქმნის სწორი შესრულება(სწორი პასუხების რაოდენობა 0-3 ) 1
10 საკითხიანი წრტილის გარდაქმნის სწორი შესრულება(სწორი პასუხების რაოდენობა 4-6 ) 2
10 საკითხიანი წერტილის გარდაქმნის სწორი შესრულება(სწორი პასუხების რაოდენობა 7-8 ) 3
10 საკითხიანი წერტილის გარდაქმნის სწორი შესრულება(სწორი პასუხების რაოდენობა 9-10 ) 4
რებუსების გამოცნობა 1
რებუსის შედგენა 1-2

 

  • პირველმა და მეორე მოსწავლემ ყველა კრიტერიუმით აბსტრაქტულ დონეზე, ინსტრუქციის ზუსტი დაცვით, სრულყოფილი ნამუშევრები წარმოადგინეს : მოიძიეს ინფორმაცია, გაუზიარეს კლასს, შეაჯამეს, დაწერეს 10- პუნქტიანი დავალება საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტებით, შეადგინეს რებუსები, გამოიცნეს სხვა  ბავშვების შედგენილი რებუსები,შექმნეს პროდუქტი ამ თემის გამოყენებით.  შეუძლიათ ნასწავლის რეალურ  ცხოვრებაში გამოყენება და  იდეების დაკავშირება ახალ სფეროსთან.
  • მესამე მოსწავლის ნამუშევარი შევაფასე როგორც მიმართებითი დონე. მან პროდუქტი შექმნა, რებუსიც, პრეზენტაციაც დამაჯერებელი ჰქონდა, მაგრამ დამაჯერებლობა აკლდა სხვა მოსწავლის მიერ შექმნილი რებუსის განხილვისას. მცირე ხარვეზი ჰქონდა  ტესტის დაწერისას.
  • მეოთხე მოსწავლის ნამუშევარი შევაფასე როგორც მულტისტრუქტურული დონე, რადგან მან შექმნა პროდუქტი, მაგრამ ვერ შეადგინა რებუსი, მოიძია ინფორმაცია და გაუზიარა კლასს, თუმცა პრეზენტაციისას დაუშვა რამდენიმე შეცდომა. ნაწილობრივ ჩამოაყალიბა ამ თემის გამოყენების საჭიროება.

რებუსების პასუხები იყო ძალიან მრავალფეროვანი და პოზიტიური. მოსწავლეებს მიეცათ არჩევანის საშუალება საპრეზენტაციო თემის არჩევისას. ასევე, რებუსების გამოცნობაც იყო  საინტერესო აქტივობა და მოსწავლეები აქტიურობდნენ. ყველამ მოახდინა თითო წერტილის გარდაქმნა და გამოასწორეს შეცდომები. ბოლოს, რებუსის გარდა  მათი  პროდუქტი იყო მათივე შექმნილი მოდელები თუ ხიდები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„კუჭის კანონი“

0

„-ხინკალი თუ გიყვარს შენ?

-კი ბატონო, ოღონდ გააჩნია გაკეთებულს.

-რა არის იცი კაცო, მე პირადად ხინკალმა ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.

-აღმოჩენამდე?

-ნიუტონის კანონია? (იცინის გერასიმე)

-არა, არა, კუჭის კანონია ეს.

გერასიმეს უკვირს…

-ხინკალი, გერასიმე, რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო. ჰოდა, შეხვალ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში, მაგრამ ჯერ სხვებისთვის გამოაქვთ. ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს ბოლო როგორც იქნება შენი რიგი და მოგაწვდის, მაგრამ რას მოგაწვდის მეხინკლე იგი… ცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს. სულ ციმ-ციმ მოგაქვს და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყავთ ფეხზე დამდგარნი. შემდეგ, თქვენს შორის ყველაზე დადებითი პიროვნება მეზობლებისგან შავ წიწაკას იმათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის…ჰო, ჰოჰოჰო, მწვავეს, მადიანს, ველურს.

-კარგი ხარ, კარგი, ეპასუხება ყურებამდე გაცინებული გერასიმე.

-მაგრამ, რად გინდა, ცხელია ხინკალი, ცხელი… მერე შე კაცო, აიღე ფრთხილად, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, შიგ ცენტრში უბერე…მერე ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე და ახლა იქ ჩაბერე ოხშივარში…ოჰ! ზედ ცხვირ-პირზე გელამუნება და შეიწოვე მერე ეს გულ-ბოღ დამთუთქავი წვენი. მერე, რომ აგრილდება პატარაზე ღეჭე, ყლაპე და იფიქრე, უჰ, ამის გამკეთებელი, უჰჰჰჰ….

მერე ცოტა ხანში სუნთქვა, რომ გაგიჭირდება, იფიქრებ, ე ბიჭო, იქნება მეყო?…არა, იქითაც დასწვდი კიდევ, დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგისველებს, თუ რა? ახლა, იქეთას შეხედე, ხედავ როგორ გეხვეწევა შემჭამეო, ნუ ეტყვი უარს.

-რა იყო, სუნთქვა მაგრად გიჭირს არა? რა მოხდა შე კაცო, სირბილით და მუშაობით ხომ არ დაღლილხარ და ბოლოს იმ კანონს მაინც აღმოაჩენ, დანაყრებისგან, რომ დაუძლურდები, მოფომფლოვდები, თვალზე რული ჩამოგაწვება, გუნებაში ბუნდოვნად იგრძნობ, რომ ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე იყავი, ხინკლის ჭამამდე.

კუჭის კანონია ეს.“

დიალოგი იცანით, არა? შეუდარებელი ეროსი მანჯგალაძე და გოგი გეგეჭკორი, სატელევიზიო ტელესპეკტაკლიდან, რომელიც გურამ დოჩანაშვილის დაუვიწყარი  ნაწარმოების მიხედვითაა დადგმული.

თუ კარგად ჩაუკვირდებით, აქ ხინკალზე მხოლოდ საუბარია, თორემ ხინკლის იქეთ სხვა რამეა გასაგებ-დასამახსოვრები, რომ კუჭის კანონის აყოლა არადსროს იქნება კარგი საქმე.

თუმცა, აქ ეს  დიალოგი სხვა მიზნისთვის მინდა გამოვიყენო და არასწორ კვებით წყვილებს დავუკავშირო. ანუ, ისეთ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც უგემრიელეს ტანდემს ქმნიან, კუჭის კანონს ამართლებენ, მაგრამ ჩუმად, შეპარვით ორგანიზმს ანგრევენ.

პირველი მათგანი  ცილა და ნახშირწყალი იქნება ერთად. ანუ, ხინკალი, სადაც ხორცი და ცომია. აქვე მიამატეთ ყველანაირი ხორციანი ღვეზელი, ხორცი და კართოფილი, ხორცი და პური და ა.შ. და ა.შ.

ახლა, სავარაუდოდ, ჩემი ერთი სტუდენტივით წამოიძახებთ:

-მოიცა, მოიცა, ახლა თქვენ, რომ კაცმა გისმინოთ, ხინკალი ვეღარ უნდა ვჭამოთო.

დიახ, ასეთი გულწრფელი რეაქცია ჰქონდა, შესავალი კურსის ერთ სტუდენტ ბიჭს ჩემი ლექციის ერთ თემაზე, რომელიც ჯანსაღ კვებას ეხებოდა  და იქვე გამოაცხადა, რომ ხინკლის დათმობას არ აპირებდა.

არც მე ვაპირებ!

ოღონდ, მე იშვიათად ვჭამ. თქვენ?

მოდით, ვნახოთ, რა ხდება ქიმიურ დონეზე.

იმაზე, მგონი უკვე შეთანხმებულები ვართ, რომ ჩვენი ორგანიზმი ერთი დიდი ქიმიური ქარხანაა, რომელიც ამუშავებს იმას, რასაც ჩვენ მივაწვდით, ანუ, რასაც გეახლებით.

საჭმლის მონელება პირის ღრუდან იწყება. აქ მოხვედრილ საკვებზე ნერწყვში არსებული ფერმენტები მოქმედებენ- ალფა და ბეტა ამილაზები და ენის ლიპაზა. პირველი ორი ნახშირწყლების გახლეჩით არიან დაკავებულნი, მეორე ტრიაცილგლიცეროლებზე ანუ ცხიმზე ზემოქმედებს.

გამოდის, რომ პირის ღრუში  მხოლოდ ნახშირწყალი და ცხიმი მოინელება. ისიც, ძალიან მცირე რაოდენობით, რადგან საკვები პირის ღრუში მცირე დროით რჩება. ამიტომაც არის, რომ საკვები კარგად უნდა დაიღეჭოს. ამით, მასზე ნერწყვში არსებული ფერმენტების ზემოქმედებას ვახანგრძლივებთ და ასევე ვზრდით ფერმენტების და საკვების შეხების ზედაპირს, რომ მასზე ეფექტურად იმოქმედონ სხვა ფერმენტებმაც.

ნერწყვის pH ტუტეა, სწორედ ასეთ გარემოში არიან ზემოთ დასახელებული ფერმენტები აქტიური.

შემდეგ, საკვებს ვყლაპავთ და ის კუჭისკენ მიემართება. კუჭის წვენის pH მჟავაა, ამიტომ მართალია, ნერწყვი მუდმივად გადადის კუჭში, მაგრამ იქ მჟავა გარემოში ტუტე გარემოს ნერწყვის ფერმენტები აქტივობას კარგავენ. კუჭის წვენის ფერმენტები კი მხოლოდ ცილებზე მოქმედებენ. ანუ, კუჭში მხოლოდ ცილა მოინელება.

კუჭის შემდეგ არის თორმეტგოჯა ნაწლავი, სადაც ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავების გადასამუშავებელი ფერმენტები გვაქვს. უკვე ფაქტიურად მონელებული საკვები გადადის წვრილ ნაწლავში, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვა ხდება. დარჩენილი მასა კი მსხვილ და სწორ ნაწლავებში გადადის, რათა ორგანიზმი დატოვოს.

ეს საჭმლის მონელების ქიმიზმის უმოკლესი და უმარტივესი ვერსიაა, რაც ახლა ამ ფორმატისთვის საკმარისია. თუმცა, ამ მოკლე ვერსიიდანაც შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ თუ ადამიანი ერთად მიირთმევს ცილას და ნახშირწყალს, მაგ. ხინკალს, მაშინ პირის ღრუში სულ ოდნავ გადამუშავებული ცომი, ანუ ნახშირწყალი ცილასთან ანუ ხორცთან ერთად გადაინაცვლებს კუჭში, სადაც გაჩერდება ერთი ან რამდენიმე საათი (ხორცს გააჩნია), სანამ ცილა გადამუშავდება და შემდეგ რაღაც დონეზე გადამუშავებულ ხორცთან (ცილასთან) ერთად გადაისროლება თორმეტგოჯაში. აქ კვლავ ტუტე გარემოა და ნახშირწყლების მომნელებელი ფერმენტების  ჯგუფიც გახლავთ, მაგრამ სამწუხაროდ ნახშირწყლები უკვე ადუღებული სახით მოხვდება თორმეტგოჯაში. კუჭის წვენის მჟავა გარემო ნახშირწყლების დუღილის პროცესს გამოიწვევს. შედეგი ის იქნება, რომ ნახშირწყლოვანი საკვები დადებით თვისებებს კარგავს (ორგანიზმი მისგან ვერაფერს იღებს). თუმცა, ორგანიზმს ამ მდუღარე მასის გადამუშავება მაინც უწევს, რაზეც დამატებითი ენერგია და რესურსი იხარჯება.

ჩვენ რას ვგრძნობთ ამ დროს?

ვიბერებით და ვბუყბუყებთ.

ეს სავარაუდოდ, სწორედ ის მდგომარეობაა, „დანაყრებისგან, რომ დაუძლურდები, მოფომფლოვდები, თვალზე რული ჩამოგაწვება, გუნებაში ბუნდოვნად იგრძნობ, რომ ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე იყავი, ხინკლის ჭამამდე“.

…არაფერი აღარ მინდა. არ არის საჭირო… კარგი, რაკი არ იშლით, დიდი ტორტი, რამდენიმე კოლოფი ორცხობილა, შოკოლადის მთა და კანფეტების დიდი პარკი ჩემს გუნებაზე მოსაყვანად საკმარისი იქნება…

ასე მე კი არა, მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური, ზომიერად ფერ-ხორციანი, ჯან-ღონით სავსე, ტანადი და მოწიფული მამაკაცი კარლსონი ამბობდა. თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს და ტორტის ნაჭრები და ფუმფულა კრემიანი ნამცხვრები ზოგჯერ მეც მიყვარს. უფრო სწორედ, მუდამ  მიყვარს, მაგრამ ძალიან ვცდილობ მხოლოდ ზოგჯერ მივირთვა.

მათში შემდეგი წყვილი-სწრაფი რაფინირებული ნახშირწყალი და ცხიმი იმალება. თანაც უმეტეს მათგანში ე.წ. არასწორი ანუ  ტრანს-ცხიმები და ფქვილია. ამას დამატებული შაქრის დიდი დოზა და მუდმივი/ხშირი მოხმარების ფონზე ორგანიზმში ანთებითი პროცესების წახალისება (აქ ვგულისხმობ, რომ თუ სადმე მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, მისთვის ეს წყვილი, კარგი საწვავი მასალაა   რადგან ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე ფაქტიურად მუდმივ ანთებით პროცესებს ნიშნავს), კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები, ზედმეტი წონა  და ა.შ. ასევე, პრობლემა შეექმნება ნაწლავის მიკროფლორას, შესაბამისად ჩვენს იმუნიტეტსაც.

…და ისევ შეგვიძლია ვიკამათოთ და მერე რაო?

არც არაფერიო (აქ წითელ ლოყება საყვარელ ღიმილუკას  დავსვამდი), კვებაში მეც თქვენსავით ვცოდავ თქო, მაგრამ ზოგად სტატისტიკას, რომ გადავხედოთ ჩვენს გარშემო არის უამრავი-ამოკვეთილი ნაღვლის ბუშტი, ვარიკოზი, ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნური წარმონაქმნები, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა და აღარ განვაგრძობ…

ეს ყველაფერი კი „კუჭის კანონის“ მოქმედების შედეგია.

 

 

კენ რობინსონი სკოლების, შემოქმედებისა და ახალი საუკუნისთვის საჭირო განათლების შესახებ

0

 

განათლების პოლიტიკის ბრიტანელი ექსპერტის სერ კენეტ (კენ) რობინსონის და TED-ის გლობალური პლატფორმის დირექტორის კრის ანდერსონის საუბარი (პოდკასტ-ინტერვიუ) განათლების პოლიტიკასა და მისი ცვლილების აუცილებლობაზე სამყაროში[1]

 

„ხომ არ კლავენ სკოლები ბავშვებში შემოქმედებითობას?“ – ეს კითხვა კენ რობინსონმა 2006 წელს TED-ის აუდიტორიას დაუსვა. შედეგი მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მისმა გამოსვლამ უამრავ ადამიანზე იმოქმედა და ვიდეოს ნახვების რიცხვმა 73 მილიონს გადააჭარბა. აქ წარმოდგენილ ინტერვიუში, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა YouTube-ზე (ექსპერტი 2020 წელს გარდაიცვალა), რობინსონი იმ ცვლილებებსა და პროგრესზე საუბრობს, რაც 2006 წლის შემდეგ მოხდა განათლებაში და პასუხს სცემს საკუთარ კითხვას.

 

კრის ანდერსონი: ყველას მოგესალმებით. ეს TED-ინტერვიუა, პოდკასტების სერია, რომელშიც TED-ის სპიკერებს ვხვდებით და უფრო საფუძვლიანად განვიხილავთ მათ მიერ წამოჭრილ საკითხებს. დღეს განსაკუთრებული სტუმარი გვყავს – სერ კენ რობინსონი, რომლის ინტერვიუ 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა (ყველაზე მეტი მნახველი TED-ის პლატფორმაზე მისი დაარსების დღიდან). მან ეს პლატფორმა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია!

კენ რობინსონი: ცოტა ხნის წინ დიდებული ამბავი მოვისმინე პატარა გოგონაზე, რომელიც ხატვის გაკვეთილს ესწრებოდა. ბავშვი 6 წლის იყო და, როგორც მასწავლებელმა თქვა, დიდად არ აინტერესებდა ხატვა. აი, ამ პატარა გოგონამ საოცარი მაგალითი მოგვცა. როდესაც მასწავლებელი მასთან მივიდა და ჰკითხა, რას ხატავდა, გოგონამ უპასუხა: „ღმერთის პორტრეტს“. „კი მაგრამ, არავინ იცის, როგორ გამოიყურება ღმერთი“. გოგონამ მიუგო: „რამდენიმე წუთში გეცოდინებათ“.

კრის ანდერსონი: იდეებმა, რომლებიც კენ რობინსონმა გააჟღერა, გამოძახილი პოვა მილიონობით ადამიანში მთელი მსოფლიოდან – მათში, ვისაც არ მიეცა საშუალება, გამოეხატა და სხვებისთვის გაეზიარებინა თავისი შემოქმედებითი უნარები.

კენ რობინსონი: მწამს, რომ ჩვენ შემოქმედებითად კი არა, შემოქმედების საწინააღმდეგო მიმართულებით გვზრდიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ გვანათლებენ შემოქმედების საწინააღმდეგო მიმართულებით.

კრის ანდერსონი: ბატონი რობინსონი თითქმის მთელი ცხოვრება განათლების საკითხების მკვლევარი იყო და დღეს მისი სტუმრობა დიდი პატივია, ამასთან, კარგი შესაძლებლობაც განათლების საკითხებზე სასაუბროდ. ბატონო რობინსონ, კეთილი იყოს ჩვენთან თქვენი სტუმრობა.

კენ რობინსონი: ეს დიდი პატივია, კრის, დიდი მადლობა!

კრის ანდერსონი: მოდი, თქვენი განათლების ისტორიით დავიწყოთ.

კენ რობინსონი: კი ბატონო, ასე იყოს. მე ლივერპულში დავიბადე 1950 წელს და შვიდი და–ძმიდან ერთ-ერთი ვიყავი. ღარიბ ოჯახში ვიზრდებოდით, თუმცა ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით.

კრის ანდერსონი: შვიდიდან მაინც რომელი?

კენ რობინსონი: მეხუთე გახლდით.

კრის ანდერსონი: ნომერი ხუთი. გამოდის, მართლაც რამე უნდა მოგემოქმედათ, რომ მშობლების ყურადღება მიგეპყროთ.

კენ რობინსონი: დიახ, ასე იყო. ვიზრდებოდი და წარმოდგენა არ მქონდა, საით წავსულიყავი ან რა მეკეთებინა, ან საერთოდ მეკეთებინა თუ არა რამე. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი თემა იყო ჩემს  ცხოვრებაში. ადამიანები ხომ თვითონ ვქმნით საკუთარ ცხოვრებას და დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, სად დავიწყებთ ამ პროცესს.

კრის ანდერსონი: ბავშვობაში მძიმე დაავადება დაგემართათ. გსურთ ამაზე საუბარი?

კენ რობინსონი: დიახ. ოთხ წლამდე მამაჩემი დარწმუნებული იყო, რომ ფეხბურთელი გავხდებოდი. როგორც ჩანს, ჩემში საამისო ნიჭი დაინახა, რადგან ძლიერი და სწრაფი ვიყავი, ხელებისა და თვალების კარგი კოორდინაცია მქონდა, ხოლო მამაჩემი ახალგაზრდობაში ნახევრად პროფესიონალურად თამაშობდა ფეხბურთს. 50-იან წლებში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პოლიომიელიტის ეპიდემია დაიწყო და მეც ეს დაავადება დამემართა. შედეგად ოთხი წლისა საავადმყოფოში მოვხვდი და იქ თითქმის რვა თვე გავატარე, თუმცა პარალიზებული დავრჩი. მერე სპეციალური განათლების სამყაროში აღმოვჩნდი და იქიდან ბევრი არაფერი მიმიღია. შემდეგ მარგარეტ ბევანის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სკოლაში გადამიყვანეს, სადაც და სხვადასხვა ფიზიკური დაავადების მქონე ბავშვები ყავარჯნებით და ეტლებით გადაადგილდებოდნენ. ამან მთელი ჩემი ოჯახი ამ უცხო სამყაროში მოისროლა.

კრის ანდერსონი: მიუხედავად ამისა – ან იქნებ სწორედ ამიტომ – თქვენ კარგად სწავლობდით და ბოლოს, როგორც ვიცი, სწავლა გრამატიკის სკოლაში დაასრულეთ, რომელიც ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

კენ რობინსონი: დიახ, ასე იყო. საინტერესოა, როგორ მოხდა ეს. ადამიანთა ფიზიკურ უნარშეზღუდულობას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ვგულისხმობ იმას, რომ შეზღუდულ უნარებს არ განუსაზღვრავს ჩემი შემდგომი სწავლა-განათლება – მე არ ვფიქრობდი ჩემს თავზე როგორც პოლიომიელიტით დაავადებულზე და არც სხვა ბავშვებს ვუყურებდი როგორც ცერებრალური დამბლის მქონეებს. ჩვენ უბრალოდ ბავშვები ვიყავით, რომლებიც სხვებივით ცელქობდნენ და ფლანგავდნენ დროს. ჩემთვის ნათელი იყო, რომ სისტემა ბევრს არაფერს ელოდა ამ მოსწავლეებისგან და ვერც მე გავაკეთებდი იმას, რაც გავაკეთე, ცხოვრების გზაზე ორ-სამ ადამიანს რომ არ გადავყროდი.

ერთი მათგანი გახლდათ სასკოლო ინსპექტორი ჩარლზ სტრატფორდი, რომელიც ერთ დღეს ჩვენთან, საკლასო ოთახში შემოვიდა. მაშინ ათი წლის ვიყავი, უკან ვიჯექი და როგორც სხვები, ბევრს არაფერს ვაკეთებდი. მახსოვს, ჩემს მეგობარს, რობერტს ვესაუბრებოდი (მას ჰიდროცეფალია და გადიდებული თავის ქალა ჰქონდა). იმ დღეს ვესაუბრე ამ მამაკაცსაც, რომელზეც შემდგომ გავიგე, რომ ჩარლზ სტრატფორდი ერქვა.

რამდენიმე დღეში დამიძახეს და მითხრეს, უფროს მასწავლებელთან მივსულიყავი. მის კაბინეტში ბატონი სტრატფორდი დამხვდა. აღმოჩნდა, რომ იგი სპეციალური განათლების ინსპექტორი იყო და ჩემით დაინტერესდა. მან სკოლის ადმინისტრაციას შესთავაზა, ჩემთვის რამე ახალი გაეკეთებინათ. ამ შეხვედრის შედეგად აღმოვჩნდი სხვა კლასებში, სადაც შევხვდი შესანიშნავ მასწავლებელსა და ადამიანს, ქალბატონ იორკს. იგი წარმოუდგენლად კარგი, მაგრამ ასევე წარმოუდგენლად მომთხოვნი აღმოჩნდა.

იმ დროს დიდ ბრიტანეთში იმართებოდა სპეციალური გამოცდა (რომელიც ყველა ბრიტანელმა იცის) – „11 პლუსი“. ეს გახლდათ საჯარო გამოცდა 11 წლის ასაკში, რომლის მიხედვითაც ხდებოდა მოსწავლეთა განაწილება (მათ შორის – გრამატიკის სკოლაში). მის იორკი, უფროსი მასწავლებელი და ჩარლზ სტრატფორდი რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მე შევძლებდი „11 პლუსის“ ჩაბარებას. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გამოცდა ჩავაბარე და გავხდი პირველი მოსწავლე სკოლის ისტორიაში, ვინც ეს შეძლო. ინგლისში. განსაკუთრებით კი ლივერპულში, „11 პლუსის“ ჩაბარება უდრიდა პასპორტის მიღებას ახალ სოციალურ სამყაროში, ახალ პლანეტაზე გადასახლებას. როგორც მოგახსენეთ, გამოცდა ჩავაბარე და გამგზავნეს კოლეჯში, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

კრის ანდერსონი: ნებისმიერი ამ ადამიანთაგანი, რომლებიც თქვენ ინდივიდუალურად მოგიდგნენ, იამაყებდა შედეგით, რომელსაც მიაღწიეთ და ჩათვლიდა, რომ თქვენთვის დახარჯული დრო და მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იყო. თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ბავშვებისადმი პერსონალიზებული მიდგომა და განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და განათლება არ არის სამოსი, რომელიც ყველას ზომას მოერგება.

სერ კენ რობინსონი: ვფიქრობ, ეს აქსიომაა. განათლება ადამიანისთვის არსებობს. იგი ადამიანის ზრდასა და განვითარებას გულისხმობს და უაღრესად პერსონალური პროცესია.

განათლებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური განზომილება, მაგრამ ყოველი ჩვენგანი უნიკალურია. ჩვენ სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ, განსხვავებული შესაძლებლობები, ტალანტები და მისწრაფებები გვაქვს და ყველაზე დიდი კრიტიკა, რომელიც მე მაქვს განათლების მასობრივი სისტემებისადმი, გახლავთ ის, რომ ეს სისტემები ამ განსხვავებებს შლიან. მაგალითად, ჩემი მოხვედრა გრამატიკის სკოლაში სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მე იქ მომეწონა, თუმცა ეს სკოლა ყველასთვის არ გამოდგებოდა.

ბევრი მოხვდა გრამატიკის სკოლაში, მაგრამ არ მოსწონდათ იგი. ასევე ბევრი, ვისაც ამ სკოლაში სურდა მოხვედრა, ვერ მოხვდა იქ, რადგან გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლეს. შეიძლება მათ იქ მოსწონებოდათ, მაგრამ არ მიეცათ ამის შესაძლებლობა; მე კი ეს შესაძლებლობა მომცეს. ამ სისტემის ერთ-ერთი თავისებურება ის გახლავთ, რომ იგი ემყარება გონებრივი შესაძლებლობების გარკვეულ ხედვას, თუმცა ინტელექტი ბევრად უფრო ფართო მასშტაბის რამაა, ვიდრე ის უნარები, რომლებიც კულტივირებულია ამ სისტემაში. მე არ ვაკრიტიკებ საკუთრივ აკადემიური განათლების სისტემას. მე იგი მომწონს კიდეც. ვგულისხმობ იმას, რომ მიმუშავია პროფესორად უნივერსიტეტში, ვწერ წიგნებს, დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და, როგორც ხედავთ, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ ეს არ გახლავთ ცხოვრების ერთადერთი ფორმა და მით უმეტეს, არ არის ცხოვრების უმაღლესი ფორმა. ეს ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა.

 

ინტერვიუ თარგმნა ლევან ალფაიძემ

[1] ინტერვიუ შემოკლებულია. სრული ვერსიისთვის იხ. აუდიოფაილი:  https://www.ted.com/talks/the_ted_interview_sir_ken_robinson_still_wants_an_education_revolution?language=en

რას გვასწავლის პოზიტიური მშობლობა

0

მე შემიძლია დაგინახო შენ;

და ამოვიცნო შენი საჭიროებები;

მე შემიძლია მჯეროდეს შენი,

ვიზრუნო შენზე და დაგიცვა.

მე შემიძლია შენ გამო ვეცადო, გავხდე უკეთესი მშობელი, უკეთესი დედა ან მამა,

და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში დაგეხმარო, როცა ეს დაგჭირდება.

მე შემიძლია გიტვირთო და დავიტიო ყველაფერი, როცა არც ისე „კარგად” იქცევი, როცა რაიმე ძალიან მიუღებელს აკეთებ, როცა რაიმეს აშავებ. ასეთ დროს მე არ მომწონს შენი საქციელი, მაგრამ ეს ვერაფერს აკლებს ჩემს შენდამი სიყვარულს.

შენ, როგორც ყველა ადამიანს გაქვს შეცდომის დაშვებისა და მისი აღიარების უფლება.

მე, როგორც ყველა ადამიანს, ბევრი რამ მეშლება და ალბათ უამრავჯერ შემეშლება, მაგრამ ჩემს ყველა შეცდომას კრიტიკულად ვაფასებ.

მე შემიძლია, გაგიგო რთულ დროს და ვიყო შენი მეგობარი და მესაიდუმლე.

შემიძლია შევეცადო, გაგიგო ყოველთვის და მხარი დაგიჭირო, როცა არც ისე კარგად გექნება ყველაფერი.

რადგან ეს ყველაფერი მეც გამოვიარე და კარგად ვიცი, რასაც გრძნობ.

მე შემიძლია, ვიყო შენ გამო ათასჯერ მეტად ძლიერი და ათასჯერ მეტი დაფარული შესაძლებლობა აღმოვაჩინო საკუთარ თავში და ეს ძალიან მომწონს. შენ გარეშე შეიძლება ეს ვერ აღმომეჩინა.

მე შემიძლია შენს დანახვაზე უფრო მეტად გავიღიმო, გაგიზიარო სიხარული და არ ვიყო ისეთი თავკერძა, როგორიც სხვა შემთხვევაში ვიქნებოდი.

შენ პატარა ხარ, მაგრამ სრულუფლებიანი წევრი ხარ ამ სამყაროსი, შენი ემოციები ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

შენ გაქვს უფლებები და ასევე მცირე პასუხისმგებლობები, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიზრდება, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებს, ასე ცხოვრება ძალიან საინტერესოა.

მე ყოველთვის მაინტერესებს შენი აზრი და მიყვარს შენი მოსმენა,

იმიტომ, რომ შენ საინტერესო იდეები გაქვს და ყოველთვის ვეცდები, მხარი დაგიჭირო მათ განხორციელებაში.

შენი სურვილები ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, ბევრი წლის წინანდელ ჩემს თავს მახსენებს და შევეცდები დაგეხმარო, რომ მათი განხორციელება შეძლო.

შენ ელვის უსწრაფესად იზრდები, გიყალიბდება წარმოდგენა ამ სამყაროზე, შენს შესაძლებლობებზე და ძალიან მალე მოგინდება, იყო დამოუკიდებელი ადამიანი, შენი გზით იარო და საკუთარი აღმოჩენები გააკეთო. მინდა, იცოდე, რომ ფიქრებში ყოველთვის შენთან ვიქნები.

მე შეიძლება უცებ დამაფრთხოს დამოუკიდებლობის ასე ცალსახად გამოცხადებამ და მოთხოვნამ, მაგრამ ჩემს შიშებს არ დავემონები და ხელს არ შეგიშლი.

პ.ს რომ მკითხონ, რას გვასწავლის პოზიტიური მშობლობა, ალბათ ამ ყველაფერს ვეტყოდი.

მარტივად კი ასეა: პოზიტიური მშობლობა გვასწავლის – გვიყვარდეს ბავშვი კრიტიკის და საყვედურების გარეშე, მივიღოთ მისი პიროვნება ზედმეტი და გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე და დავაფასოთ ის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიკუთვნებულობის განცდა სკოლისადმი

0

რატომ არ უყვართ ჩვენს მოსწავლეებს სასკოლო გარემო? სწორედ ამ დილემას განვიხილავდით მე და ჩემი მეგობარი/კოლეგა. ვცდილობდით, გვეპასუხა კითხვებისთვის – რატომ აზიანებენ მოსწავლეები სკოლის კედლებს? რატომ ერჩიან/არ უფრთხილდებიან სასკოლო ინვენტარს? რატომ არ ზრუნავენ სასკოლო გარემოზე? რატომ იჩენენ გულგრილობას  და ა.შ. ბევრ მიზეზს შევეხეთ. შევთანხმდით, რომ მოსწავლე-სკოლის უხილავი თუ ხილული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ისეთი აქტორები თამაშობენ განსაკუთრებულ როლს, როგორებიცაა:

  • მოსაწყენი, ერთფეროვანი არქიტექტურა;
  • სკოლების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა;
  • კვალიფიკაციის ნაკლებობა სკოლაში (დირექტორი, მასწავლებელი, სხვა პერსონალი);
  • სიყვარულისა და თანაგანცდის ნაკლებობა;
  • საგულდაგულოდ ჩაკეტილი სივრცეები;
  • ნდობის ნაკლებობა და ა.შ.

ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. აღნიშნული ფაქტორები, ერთად აღებული თუ ცალ-ცალკე, განაპირობებენ იმას, რომ მოსწავლეს არ უჩნდება/უყალიბდება მიკუთვნებულობის განცდა სასკოლო სივრცისადმი. პრობლემას, რომელსაც წერილში შევეხები, თვალში საცემია ქართული სკოლების უმეტესობაში.

დამეთანხმებით, შეუძლებელია მოსწავლეს ჰქონდეს მიკუთვნებულობის განცდა იმ სივრცისადმი, სადაც გაკვეთილების შემდეგ მისი დარჩენა დირექციისათვის დიდი პრობლემაა. რამდენჯერ გექნებათ მოსმენილი შემდეგი ფრაზები: „რამეს გააფუჭებთ ახლა; დროზე წადით სახლში; სახლი არ გაქვთ, რას ჩამომსხდარხართ აქ; ხელი ეშლება სასწავლო პროცესს…“. შეუძლებელია მოსწავლეს ჰქონდეს იმ სივრცისადმი მიკუთვნებულობის განცდა, სადაც მას არ ენდობიან და არ უყვართ!

ქართულ რეალობაში, სკოლების უმეტესობაში გადაწყვეტილებები მოსწავლეების გარეშე მიიღება. ხშირად სკოლის დირექცია, ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მათ აზრს საერთოდ არ ეკითხება. მოსწავლეების რეალური მონაწილეობის გარეშე იცვლება სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი თუ სხვა დოკუმენტები. ფორმალობადაა ქცეული მოსწავლეთა თვითმმართველობა (ზოგადად ბოლო პერიოდში დაგვჩემდა ფორმალობები).

შეუძლებელია, მოსწავლეს ჰქონდეს მიკუთვნებულობა იმ სივრცისადმი, სადაც მას არ აქვს დროის გასატარებელი გარემო. ადგილი, სადაც ის თანაკლასელებთან თუ თანამოაზრეებთან ერთად მოკალათდება. შეასრულებს დავალებას, იმუშავებს პროექტზე ან უბრალოდ დაისვენებს.

მოსწავლესა და სკოლას შორის გაუცხოება კოვიდ პანდემიის შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდა. ჯერ სრული დისტანციური სწავლების თითქმის ერთწლიანმა პერიოდმა,  ხოლო შემდეგ, შერეული სწავლებისა თუ გაუთავებელი ჩაკეტვა-გახსნის მონაკვეთმა აღსაზრდელები სრულად განსხვავებული რეალობის წინაშე დააყენა. ამ ყველაფერს თან დაერთო შეზღუდვები, რამაც მოსწავლე და სკოლა ერთმანეთს უფრო დააშორა.

საჯარო სკოლების უმრავლესობაში ფაქტობრივად არ არსებობს მოწესრიგებული სასადილოები. საბჭოთა გადმონაშთები, ე.წ. ბუფეტები გათვლილი იყო სწრაფ მომსახურებაზე (ახალგაზრდას რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დაეხარჯა ჭამაზე). ასეთ პირობებში, დღეს მოსწავლეს არათუ სკოლაში შეძენილი საკვების მირთმევა არ შეუძლია, არამედ სახლიდან წაღებული სადილსაც ვერ გეხლებათ ნორმალურად. საზღვარგარეთ ერთად ჭამის კულტურის გამომუშავება სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.  ცალკე პრობლემაა სველი წერტილები…

საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად მოზარდის აღზრდის საკითხში უდიდესი როლი ოჯახსა და ზოგადად საზოგადოებას აკისრია.

ოჯახშიც პრობლემას ვაწყდებით. მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე მშობლების ერთი ნაწილი ემიგრაციაშია წასული, მეორე ნაწილი კი, არაადამიანური გრაფიკით მუშაობს. შედეგად, ბავშვს სწორი ღირებულებები ამ ინსტიტუტშიც ვერ უყალიბდება. ამის მარტივი საზომია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. გადავხედოთ სკვერებს, ბაღებს, პარკებს და სხვა თავშეყრის ადგილებს. ყველგან თვალშისაცემია დაზიანებული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და ა.შ. ზოგადად, ჩვენ არ ვიცით იმის მოვლა-პატრონობა, რაც საზოგადოა. ალბათ, ამაში დამნაშავე ჯერ კიდევ მოუშორებელი ჭირი, საბჭოთა მენტალიტეტიცაა.

ცხადია, საგანმანათლებლო დაწესებულებას უფრო მეტი როლი და ბერკეტი აქვს, მოსწავლეებში განავითაროს სწორი ღირებულებები. აი, დღევანდელი ჩვენი სკოლები, პირიქით სუფთა ტექნიკური როლის შემსრულებლად გვევლინება. ჩაიბარა ბავშვი დილით, ასწავლა გარკვეული საგნები და გაუშვა დათქმულ დროს. აღზრდის კომპონენტი სრულად მივიწყებულია. არადა, ჩვენი გენიოსი ილია პირიქით ამბობდა – „განათლება შეიძლება გქონდეს საშუალო, მაგრამ აღზრდა გქონდეს უმაღლესიო“.

არსებობს, საჯარო სკოლები, მცირე გამონაკლისების სახით, სადაც დირექცია ორიენტირებულია მოსწავლეებზე, მათ საჭიროებებზე. ასეთ სკოლებში მოქმედებს მართვის ჰორიზონტალური პრინციპი. მოსწავლეებთან დაკავშირებული საკითხები წყდება მათი ჩართულობით. მოსწავლეებს ნამდვილად უყვართ სკოლა, ის სივრცე, სადაც დროის ძალიან დიდ მონაკვეთს ატარებენ. შესაბამისად, აქვთ მიკუთვნებულობის განცდა.

ჩემი ემპირიული დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ. სკოლაში, სადაც ვასწავლი ორი სექტორი მოქმედებს. სამოქალაქო განათლებას ქართულ სექტორზე ვასწავლი. მოსწავლეებთან ერთად, სკოლის უკან, არაფორმალური სივრცე განათლების ბაღი შევქმენით. მის შექმნაში ნაკლებად იყვნენ ჩართული არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეები.

ცხადია, აღნიშნული სივრცე ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომია. ჩემი კოლეგებიც ხშირად ატარებენ გაკვეთილებს. შემიმჩნევია, რომ მათი გაკვეთილების შემდეგ განათლების ბაღი ან დანაგვიანებულია, ან მცენარეა მოტეხილი, ან რაიმე ნივთი დაზიანებული. რატომ გვაქვს ერთ სკოლაში ორი რეალობა? იმიტომ, რომ იმ სივრცის შექმნაში არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეებს მონაწილეობა არ მიუღიათ. შესაბამისად, რაც მათი ხელით არ არის შექმნილი, ის სხვისია.

არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც სკოლის დირექცია საკუთარი ხარჯებით ვერ მოაგვარებს. სკოლა ვერ შეცვლის ერთფეროვან საბჭოთა არქიტექტურას, ვერ ააშენებს დარბაზებს (სამწუხაროდ, ქართულ სკოლებს ამის ფუფუნება არ აქვთ) და ა.შ. ეს ყველაფერი ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით უნდა გაკეთდეს.

აი მიკუთვნებულობის განცდის ჩამოსაყალიბებლად სკოლისადმი, საწყის ეტაპზე, მცირე ნაბიჯები საკმარისი იქნება. დავუთმოთ ერთი ოთახი, მოვუწყოთ კუთხე, გავხსნათ  გამოკეტილი დარბაზები და ვიზრუნოთ ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბებაზე. ცხადია, აქა-იქ თავს იჩენს არაკეთილსინდისიერი მოპყრობა. აუცილებლად გამოვავლინოთ ასეთი შემთხვევები და ვიფიქროთ გამომწვევ მიზეზებზე და არა დასჯაზე. პრაქტიკა ასევე აჩვენებს, რომ მიკუთვნებულობის განცდა იზრდება მაშინ, როდესაც მოსწავლეები ქმნიან კლუბებს და აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებაც იმავეს ამბობს. ნებისმიერ საგანმანათლებლო სივრცეში, უდიდესი ყურადღება ექცევა მოსწავლეებისთვის მოსასვენებელი ადგილების, იგივე საერთო სივრცეების, მოწესრიგებული სასადილოების, აღჭურვილი სამკითხველო სივრცის, კომპიუტერული ლაბორატორიებისა და, რაც მთავარია, სპორტული მოედნების არსებობას.

ახლახან დანიის ერთი პატარა ქალაქის სკოლა მოვინახულე. დირექციას დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მოწყობილი აქვს სივრცე, სადაც პატარებს გაკვეთილების დაწყებამდე, ან მის შემდეგ (მშობლების მოსვლამდე) შეუძლიათ დარჩნენ და გაატარონ დრო ნაყოფიერად. დავსვათ შეკითხვა – რატომ არ ეყვარება მოსწავლეს ასეთი სკოლა? რატომ არ ექნება მიკუთვნებულობის განცდა ამ სივრცისადმი?

 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო მკითხველებო, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას! ნაყოფიერი წელი გვქონდეს! ვისურვოთ, კიდევ უფრო მეტად დაეფასებინოთ ჩვენი შრომა, რომელიც ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანია. ვისურვოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო უხაროდეთ სკოლაში მოსვლა და ჰქონდეთ ახლი ცოდნის მიღების სურვილი.

მხარდამჭერი ტექნოლოგიების ფუნქციები სსსმ მოსწავლის დარღვევებთან მიმართებით (ნაწილი I)

0

წინამდებარე წერილში ვისაუბრებთ სპეციალურ განათლებაში მხარდამჭერი ტექნოლოგიების (AT – Assistive technology) როლსა და დარღვევის ტიპთან მათი მიმართების შესახებ[1].

მხარდამჭერ ტექნოლოგიებად მოიაზრებენ სერვისებსა და მოწყობილობებს. რომლებიც ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, გაზარდოს, შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს მოსწავლის ფუნქციური შესაძლებლობები. დამხმარე ტექნოლოგიების მოწყობილობების მაგალითებია:

  • ეტლი ან ეტლის პანდუსი;
  • ხმით გააქტიურებული კომპიუტერი;
  • სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა;
  • ხმოვანი ტექსტების ელექტროსინთეზატორები[2] ­– პატარა, პორტატული მოწყობილობები ინფორმაციის შესანახად ბრაილის ან საბეჭდი მანქანის კლავიატურის გამოყენებით. შენახულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ჩაშენებული მეტყველების სინთეზატორის, ბრაილის ეკრანის ან ორთავეს მეშვეობით. წარსულში მსგავს მოწყობილობებს, რომლებიც ნაკლებად მძლავრი და ნაკლებად მრავალმხრივი იყო, მოიხსენიებდნენ, როგორც ბრაილის ჩანაწერებს, რომლებიც გამოიყენებოდა სახელებისა და ტელეფონის ნომრების შესანახად, შეხვედრების თვალყურის სადევნებლად და ჩანაწერების მისაღებად. ამ ფუნქციების გარდა, უახლესი ელექტრონული ჩამწერები უზრუნველყოფენ ტექსტის გაფართოებულ დამუშავებას, ვებგვერდების დათვალიერებას და სხვა ფუნქციებს.
  • FM ტრენერი და წრიული გადამცემი[3];
  • დიდი შრიფტით ნაბეჭდი წიგნები;
  • სიტყვების პროგნოზირების, ხმის ამოცნობასინთეზისა და სიტყვების დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • გადამრთველები და სამართავები მოწყობილობაზე წვდომისათვის;
  • ტაქტილური მასალები მხედველობადაქვეითებული სტუდენტებისთვის, როგორიცაა: ბრაილის შრიფტი, ფიგურების ან სივრცითი ურთიერთობების სწავლების დაფები, სახელმძღვანელო და ელექტრონული ბრაილის კლავიატურა, ადაპტირებული ქაღალდი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით ვიზუალურ ან ტაქტილურ უკუკავშირს, როგორიცაა ამაღლებული ხაზის ქაღალდი;
  • ფანქრის სახელურები;
  • სმენის დამხმარე საშუალებები[4].

სამედიცინო მოწყობილობები, რომლებიც ქირურგიულად არის იმპლანტირებული, არ განიხილება მხარდამჭერ ტექნოლოგიად. დამხმარე ტექნოლოგიების სერვისი არის ნებისმიერი პირდაპირი დახმარება სწავლაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, რაც გულისხმობს სათანადო ტექნოლოგიის შერჩევას, შეძენას ან გამოყენებას.

დამხმარე ტექნოლოგიების სერვისების მიწოდება მოიცავს: მოსწავლის საჭიროების შეფასებას, მათ შორის, ფუნქციური შეფასებას მოსწავლის ჩვეულ გარემოში; დამხმარე ტექნოლოგიის მოწყობილობის შეძენას, ლიზინგს ან მოპოვებას;

დამხმარე ტექნოლოგიების მოწყობილობის შერჩევას, დიზაინს, მორგებას, ადაპტაციას, შეკეთებას და შეცვლას; წვრთნას ან ტექნიკურ დახმარებას მოსწავლისათვის/სტუდენტისთვის, მისი ოჯახისთვის ან სხვა პროფესიონალებისთვის, რომლებიც მომსახურებას უწევენ ან სხვაგვარად არიან ჩართულნი მოსწავლის/სტუდენტის ძირითად ცხოვრებისეულ ფუნქციებში; სპეციალური განათლების მოთხოვნებისა და ტერმინების მოკლე მიმოხილვას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების აქტებს.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური განათლების ფედერალური კანონი საჯარო სკოლებს ავალდებულებს, ყველა ბავშვისთვის უზრუნველყონ მათ საჭიროებაზე მორგებული, უფასო საჯარო განათლება (Free Appropriate Public Education). აღნიშნული მხარდამჭერი სისტემის ფარგლებში სკოლებს სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვისთვის მოეთხოვებათ განსხვავებული ტექნოლოგიის შეძენა.

ინტელექტუალური ჩამორჩენის დროს მიზანშეწონილი ტექნოლოგიებია: საერთო გამოყენების ხელსაწყოები, როგორიცაა: სმენის აპარატები, კალმები სპეციალური დამჭერებით[5], კომპიუტერის ალტერნატიული მოწყობილობები, როგორიცაა: კლავიატურა და მაუსი; ვერბალური ტექსტის ამომცნობი/გარდამქმნელი ხელსაწყოები[6]; მართლწერისა და გრამატიკის შემმოწმებლები; შეხების კონტროლის მოწყობილობები[7], AT ვიზუალიზატორები[8], გაფართოებული ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებები[9], გრაფიკული ორგანიზატორები[10].
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის
რეკომენდებული ტექნოლოგიებია: მარტივი სმარტფონები; Ginger, რომელიც თავიდან ააცილებს ბავშვს წერის პრობლემებით გამოწვეულ ტანჯვას; Solo 6 Literacy Suite, რომელიც მოიცავს ტექსტის წამკითხველს, გრაფიკულ ორგანიზატორებს, სამეტყველო პროცესორს და სიტყვების მოკარნახეს/გამომცნობს; See and Learn Speech ‘შეხედე და ისწავლე მეტყველება’ – არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც შექმნილია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად სალაპარაკო ენის უნარებისა და უფრო მკაფიო მეტყველების განსავითარებლად; Echo Smartpen ’ექო ჭკვიანი კალამი’, რომელიც ინახავს ყველა ინფორმაციას, რაც დაწერა, დახატა, მოხაზა და ა. შ.[11]; ‘მყარი კლავიშები’Rigid Keyguards, რომელიც უზრუნველყოფს ბარიერს მომხმარებლის ხელსა და კლავიატურას შორის, რაც საშუალებას აძლევს მას, დაასვენოს ხელები კლავიატურაზე ღილაკების გააქტიურების გარეშე. გამჭვირვალე ხისტი და მდგრადი პლასტმასის კლავიშები ადვილად მაგრდება ჩვეულებრივ კლავიატურაზე და ხელს უწყობს თითების სტაბილიზაციას; ანბანის შემსწავლელი სამოგზაურო თამაშები; PFM PRO პერსონალური FM მოსმენის სისტემა, რომელიც აწვდის გაძლიერებულ ბგერას პირდაპირ ყურს, აძლიერებს ხმას სახლსა თუ სკოლაში – ყველგან, სადაც ფონური ხმაური ან წყაროდან დაშორება ართულებს მოსმენას. ეს სისტემა იყენებს ტუტე ბატარეებს.

ენა-მეტყველების შეფერხებების, სმენის და მხედველობის დაქვეითების, დაბალი ემოციური ინტელექტის, ორთოპედიულ დარღვევების, აუტისტური სპექტრის აშლილობის, თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისა და სხვა შეზღუდვების მქონე მოსწავლეების მხარდამჭერი ტექნოლოგიების შესახებ წერილის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ.

 

 

[1] https://www.disabilityrightswa.org/publications/assistive-technology-special-education-students/

[2] https://www.afb.org/node/16207/electronic-notetaker-speech

[3] FM სისტემის გამოყენებისას სპიკერი იყენებს მიკროფონს, ხოლო მსმენელი ატარებს მიმღებს. მიმღები შეიძლება იყოს: მარტივი ყურსასმენები, სიგნალის მიმღები, რომელიც აწვდის ხმას ყურებში, ან სმენის მოწყობილობა, როგორიცაა, კოხლეარული იმპლანტები თუ სასმენი აპარატები.

[4] https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hearing-loss/in-depth/hearing-aids/art-20044116

[5]https://www.google.com/search?q=Pens+with+special+grip&rlz=1C1GCEA_enGE938GE938&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwjf5K6A1uL5AhXTQfEDHRHuCAQQ_AUoAXoECAEQAw&biw=1396&bih=604&dpr=1.38#imgrc=36sGdXZgbO_CUM

[6] დღესდღეობით საუკეთესო გარდამქმნელ სისტემებად მიჩნეულია: Google Docs Voice Typing; Dragon Professional Individual; Braina Pro; Speechnotes; e-Speaking; Voice Finger; Apple Dictation; Windows Speech Recognition და სხვა.

[7][7] მათში ძირითადად გამოყოფენ: რეზისტულს, საპროექციოს, ოპტიკურ-გამოსახულებითს და ინფრაწითელს. https://www.viewsonic.com/library/business/touch-panel-types-explained/

[8] https://www.aver.com/AVerExpert/4-ways-visualizers-enhance-classroom-learning

[9] https://www.alert-software.com/blog/internal-communication-tools

[10] https://creately.com/blog/diagrams/types-of-graphic-organizers/

[11] https://www.youtube.com/watch?v=oNjSN0y5A48

თამაში, შემოქმედებითობა და თავისუფლება

0

შემოქმედებითობა ის უნარია, რომელიც მოსწავლეს საკუთარი თავისა თუ სამყაროს შემეცნებაში ეხმარება. მასწავლებელი კი მეგზურია ამ რთულ და უმნიშვნელოვანეს გზაზე. სკოლამ შეიძლება განავითაროს ან შეაფერხოს ბავშვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ყველა ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება. რაღაცის შექმნა (აბსტრაქტულისა თუ მატერიალურის, წარმოსახული ხატისა თუ რეალური საგნის) ადამიანის მთავარი სასიცოცხლო ვნებაა.

ცნობილი მეცნიერი, ფსიქოლოგი პიტერ გრეი, თავის წიგნში „სწავლის თავისუფლება. თამაში სკოლის წინააღმდეგ“ მრავალ პრობლემურ და აქტუალურ საკითხს აანალიზებს. მათ შორის უმთავრესია თამაშის როლი მოსწავლის შემოქმედებითი უნარის გააქტიურებაში. იგი მსჯელობს ცნობისმოყვარეობაზე როგორც ცოდნისა და შემეცნების მძლავრ მოტივატორზე, იხსენებს განათლების ექსპერტის სუგატა მიტრას ერთ ექსპერიმენტს, როდესაც მან ინდოეთის ერთ მიყრუებულ სოფელში კომპიუტერი ჩაიტანა. იმდენად დიდი იყო ბავშვების ინტერესი, ამოეხსნათ უცხო მექანიზმის მუშაობის პრინციპი, რომ მათ დამოუკიდებლად მოახერხეს მისი ანაბანის ათვისება.

პიტერ გრეი მეორე ექსპერიმენტსაც იხსენებს: ბავშვების ორ ჯგუფს ცალ-ცალე აჩვენეს სათამაშო ყუთი, საიდანაც სხვადასხვა ღილაკზე თითის დაჭერისას იხვი ან თოჯინა ხტებოდა. ერთ ჯგუფს აუხსნეს, როგორ მუშაობდა ყუთი, მეორეს კი – არა. როცა ბავშვებს სხვა სათამაშოებიც აჩვენეს და არჩევანი შესთავაზეს, მან, ვინც ყუთის მუშაობის პრინციპი იცოდა, ის აღარ აირჩია, ხოლო მას, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმოდა ამ მექანიზმის არსი, ცნობისმოყვარეობამ სძლია და ისევ ყუთი აიღო, რათა ბოლომდე ჩასწვდომოდა საიდუმლოს.

ცნობისმოყვარეობის მამოძრავებელი ძალა სწორედ შემოქმედებითი უნარია, რომელიც დროთა განმავლობაში ან განვითარდება, ან ჩაიხშობა. ერთსაც და მეორესაც ათასი მიზეზი აქვს. მთავარია, ამ მიზეზთა შორის არ იყოს სკოლა, პედაგოგების არასწორი მეთოდიკა და შეხედულებები. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მასწავლებლის უწყვეტი ზრუნვა საკუთარ განვითარებაზე, იმ საინტერესო ლიტერატურისა თუ ტექნიკების გაცნობა, რომლებიც მას ამ საქმეში დაეხმარება.

პიტერ გრეი ასკვნის, რომ სკოლები ძირითადად აბრკოლებენ ცნობისმოყვარეობას, რადგან მასწავლებლები მოსწავლეებს ბოლომდე უხსნიან ყველაფერს. როდესაც მათემატიკის მასწავლებელი განტოლების ამოხსნის გზას უჩვენებს, მოსწავლეს ჰგონია, რომ მეტი არაფერია აღმოსაჩენი, ის აღარ დაეძებს ალტერნატიულ გზებს, ამიტომაც ცნობისმოყვარეობა უნელდება და არც აღმოჩენის სიხარულს განიცდის, რომელმაც შეიძლება სწავლისკენ უბიძგოს.

მეცნიერს მიაჩნია, რომ თამაშისკენ სწრაფვა ბადებს მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და სწავლაში ეხმარება მას. საიდუმლოს ამოხსნის წყურვილი აიძულებს ბავშვს, ეძებოს ახალი ცოდნა, დაეჭვდეს იმაში, რაც ასწავლეს, მოიფიქროს განსხვავებული გზები. თამაში სწორედ ის არის, რაც მოტივაციას აჩენს ახალი უნარების შესაძენად. ძიების პროცესში კი საჭირო ხდება ფანტაზიის ჩართვა. მაგალითად, სუგატა მიტრას ზემოთ ნახსენებ ექსპერიმენტში ბავშვებმა დამოუკიდებლად გაარკვიეს თუ არა გრაფიკული დიზაინის მუშაობის პრინციპი, მაშინვე დაიწყეს სხვადასხვა რამის დახატვა. ამ ნახატებს ისინი თვითონვე იგონებდნენ და არ ხატავდნენ იმას, რაც უკვე ნანახი ჰქონდათ.

ცნობილია, რომ ბავშვები ენასაც თამაშით სწავლობენ. ფრაზების აგება, კალამბურების მოფიქრება, სტრიქონების გარითმვა ხომ ფაქტობრივად სიტყვებით თამაშია. ამიტომ არის, რომ ისინი ხშირად აოცებენ მშობლებს მახვილგონივრული გამონათქვამებით. ქართულ სოციალურ ქსელებში დღესაც შეხვდებით მშობლებს, რომლებიც თავიანთი პატარების ამგვარ მახვილსიტყვაობას აზიარებენ. სამწუხაროდ, სიტყვებისადმი, ენისადმი ასეთი დამოკიდებულების ხარისხი თანდათან იკლებს. ეს ინტერესი მხოლოდ მას რჩება, ვინც ხელობად მწერლობას ან ჟურნალისტიკას ირჩევს. ქართულ ლიტერატურაში სიტყვებთან ასეთი ბავშვური სიცელქით მოთამაშედ ბოლომდე დარჩა გურამ დოჩანაშვილი. ამ თამაშს მოაქვს უცნაური და მრავალმნიშვნელოვანი ახალი სიტყვები, პოეტური ნეოლოგიზმები. გალაკტიონ ტაბიძე და გიორგი ლეონიძე სიტყვათქმნადობის გასაოცარი სიუხვით გამოირჩევიან.

პიტერ გრეის აზრით, ვინაიდან ადამიანი ჰომო საპიენსია გონიერია, მას უყვარს აღმოჩენისკენ მიმართული თამაშები, რომლებშიც ცნობისმოყვარეობისა და თამაშის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. ასეთი გართობით ადამიანი შეიცნობს სამყაროს. რეალურად ყველა საბავშვო თამაში კვლევაა. ჩვენ გადარჩენას ვახერხებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ ვმოძრაობთ, ერთგვარ კონსტრუქციულ თამაშში ვართ ჩართულნი. ბავშვები ქვიშისგან კოშკებს აგებენ, კუბიკებისგან – კოსმოსურ ხომალდებს, ხატავენ უცნაურ საგნებს. ისინი ბაძავენ დიდებს, რომლებიც უკიდეგანო ფანტაზიის წყალობით შეუძლებელს შესაძლებლად აქცევენ.

შეიძლება თუ არა, შეფასება შემოქმედებითი უნარის დამაბრკოლებლად იქცეს?

პიტერ გრეი შეფასების ფარდობით ხასიათზეც მსჯელობს. მისი აზრით, შეფასება მხოლოდ მისთვისაა მამოტივირებელი, ვინც უკვე იცის რაღაც, მისთვის კი, ვინც ახლა იწყებს რამის შესწავლას, შესაძლოა მართლაც დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, ამიტომ მასწავლებელი ფრთხილად უნდა იყოს შეფასებისას, ზუსტად განსაზღვროს, რა შემთხვევაში გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი.

სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები ახალ უნარებს შეიძენენ. მიუღებელია, გაკვეთილი მხოლოდ ამ უნარების დემონსტრირებას ემსახურებოდეს. მასწავლებელმა უნდა გაიაზროს, რომ ბავშვი არ სწავლობს იმისთვის, რათა სხვებზე მოახდინოს შთაბეჭდილება. მუდმივი კონტროლი სტიმულს აძლევს მხოლოდ იმ მოსწავლეს, რომელიც ისედაც წარმატებულია, მაგრამ აფერხებს იმას, ვინც ნაკლები იცის. შეფასება ერთმანეთისგან განაცალკევებს კარგსა და ცუდ მოსწავლეებს და უთანასწორო მდგომარეობის არასასურველ კონტექსტს ქმნის.

თამაშის მნიშვნელობისა და გავლენის შესახებ პიტერ გრეის ოთხი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვს:

  1. თუ მოსწავლეს ვაიძულებთ, კარგად ისწავლოს, შესაძლოა ხელიც კი შევუშალოთ მისი სწავლისა და განვითარების პროცესს. როდესაც მოსწავლე თავისუფალია „დამკვირვებლისგან“ (შეფასებისგან), მაშინ უფრო თავისუფლად და ხალისიანად მოქმედებს, ცდილობს, ამოხსნას მათემატიკური ამოცანა თუ გადაჭრას სხვა ტიპის პრობლემა.
  2. თუ ვაიძულეთ, შემოქმედებითად იაზროვნოს, მოსწავლეს შემოქმედებითი უნარები არ განუვითარდება. პიტერ გრეის მოჰყავს ცნობილი ფსიქოლოგის ტერეზა ამაბაილის ექსპერიმენტი. მეცნიერი ბავშვების ჯგუფს აძლევდა შემოქმედებითი ტიპის დავალებას (დაეხატათ რამე, დაეწერათ სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტი და სხვ.). მოტივაციის ასამაღლებლად მათ ნაწილს წინასწარ ეუბნებოდა, რომ ნამუშევრები შეფასდებოდა იმის მიხედვით, რამდენად წარმოაჩენდნენ შემოქმედებით უნარს, შესაძლოა გაეგზავნათ კონკურსზეც, მიიღებდნენ ჯილდოს და სხვ. შემდეგ მათი ნამუშევრები დამოუკიდებელ ექსპერტებს შეაფასებინა. აღმოჩნდა, რომ იმ მოსწავლეთა ნამუშევრებში უფრო გამოიკვეთა შემოქმედებითი უნარები, რომლებსაც წინასწარ არაფერი უთხრეს შეფასების შესახებ და რომლებიც შედეგებზე არ ფიქრობდნენ. ისინი მუშაობდნენ საკუთარი სიამოვნებისთვის და არა მაღალი შეფასების მისაღებად, შეიძლება ითქვას, ერთობოდნენ, თამაშობდნენ. არაშემოქმედებითი საქმიანობისას გარკვეული ტიპის ჯილდო შესაძლოა მართლაც იყოს სტიმულის მიმცემი, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. მცდელობა ადამიანს შემოქმედად ვერ აქცევს.
  3. ლაღი განწყობილება სტიმულს აძლევს შემოქმედებით უნარებს და ადამიანს პრობლემის არსში ჩაწვდომაში ეხმარება. ექსპერიმენტის მიხედვით, ბავშვებს კოლაჟები უნდა შეექმნათ. მათ ერთ ჯგუფს შემოქმედებითი დავალების მიცემამდე შესთავაზეს, ეთამაშათ, ცომისგან გამოეძერწათ, რაც სურდათ, მეორეს კი ტექსტის გადაწერა დაავალეს. შედეგად, იმ ბავშვებმა, რომლებმაც ცომით ითამაშეს, უკეთესად გაართვეს თავი დავალებას. ამ ლაღმა, სათამაშო განწყობილებამ შემოქმედებით უნარებს გამოვლენის მეტი საშუალება მისცა. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რა კარგად მოქმედებს სახალისო განწყობილება ანალიტიკური პრობლემების გადაწყვეტაზე.

ამას მოწმობს ფსიქოლოგ კარლ დუნკერის ექსპერიმენტიც. მონაწილეებს დაევალათ, პატარა სანთელი ისე დაემაგრებინათ კედელზე, რომ ნაღვენთი იატაკზე არ ჩამოწვეთილიყო. ამისთვის მისცეს მხოლოდ სანთელი, ასანთი და ჭიკარტების კოლოფი. დავალების შესრულებამდე ნაწილს აჩვენეს ხუთწუთიანი ნაწყვეტი კომედიიდან, მეორეს – სერიოზული დოკუმენტური ფილმიდან მათემატიკაზე, მესამეს – არაფერი. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: კომედიის მნახველთა 75%-მა დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი. დანარჩენ ორ ჯგუფში მაჩვენებელი 20% და 13% იყო. ამგვარად, იუმორის ხუთმა წუთმა ხელი შეუწყო შემოქმედებითი უნარის გაღვიძებასა თუ გაღვივებას, გზა გაუხსნა არასტანდარტულ აზროვნებას. წინასწარი გართობა, სილაღე მოსწავლეებს თამაშის განწყობილებას უტოვებს და ამოცანის გადაწყვეტას უიოლებს.

  1. მხიარული, ლაღი, სათამაშო განწყობილება ბავშვებს ლოგიკური პრობლემების გადაჭრაშიც ეხმარება.

ჩვენი აზრითაც, შემოქმედებითობა თვითონ პროცესზე კონცენტრირებას გულისხმობს. ამის შესახებ მოხდენილად ამბობს გურამ რჩეულიშვილი: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ („ალავერდობა“). ამიტომაც იყო პროტესტის მისეული ფორმა ასეთი სპონტანური და შემოქმედებითი.

პიტერ გრეი თამაშის ხუთ მახასიათებელს გამოკვეთს:

  • ჩვენ თვითონ ვირჩევთ თამაშებს და დამოუკიდებლად ვთამაშობთ;
  • თამაშის პროცესი და საშუალებები შედეგზე მეტად ფასდება;
  • თამაშს აქვს სტრუქტურა და წესები, რომლებიც თამაშის მონაწილეებისგან მომდინარეობს და არ არის ნაკარნახევი გარე მიზეზებით;
  • თამაში მოიცავს ფანტაზიას, წარმოსახვას, მასში ყველაფერი არ გაიგება პირდაპირ, სიტყვასიტყვით, მონაწილეთა წარმოდგენაში ის შორს არის „რეალური“ ან „სერიოზული“ ცხოვრებისგან;
  • თამაშის დროს ცნობიერება აქტიური და ფხიზელია (მღვიძარეა), თანაც არ არის დაძაბული.

პიტერ გრეის აზრით, თამაში თავისუფლებასთან ასოცირდება. ეს ის არის, რასაც არავინ გვაიძულებს. ერთი ექსპერიმენტის მიხედვით, ბავშვები თამაშად ნათლავდნენ იმას, რასაც საკუთარი სურვილით აკეთებდნენ შესვენებაზე, ხოლო მუშაობად – იმას, რასაც გაკვეთილზე მასწავლებლის მოთხოვნით ასრულებდნენ. შესაძლოა, თამაშს ყოველთვის არ ახლდეს ღიმილი და მხიარულება, მაგრამ თავისუფლების შეგრძნება ყოველთვისაა.

ძალისხმევა მიზნის მისაღწევად განსხვავდება სათამაშო სიტუაციისგან. მუშაობისას ადამიანი შედეგზეა ორიენტირებული, ამიტომ ყოველგვარი მოქმედება მას ექვემდებარება. თუ არ თამაშობს, ადამიანი ირჩევს საშუალებას, რომელიც ყველაზე სწრაფად და ნაკლები ძალისხმევით მისცემს შედეგს. ასე იქცევა მაღალი ნიშნის მიღებაზე ორიენტირებული მოსწავლეც. მისთვის არანაირი საქმე არ არის ღირებული, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება. თამაშს კი გონება სხვა რეჟიმში გადაჰყავს. თამაში თამაშისთვისაა, თვითონ პროცესია საინტერესო და არა შედეგი. თუ მოსწავლე ორიენტირებული არ იქნება შედეგზე, ნიშნის მიღებაზე აღარ იღელვებს, მისთვის თვითონ სწავლის პროცესი გახდება სასიამოვნო და საინტერესო.

თამაშის დროს საშუალებაა მთავარი და არა მიზანი, ამიტომაც გონება აღარ ეძებს მარტივ გამოსავალს. პიტერ გრეი მკითხველს სთხოვს, ჯერ წარმოიდგინოს კატა, რომელიც თაგვზე ნადირობს, მერე კი – კატა, რომელიც თაგვის ჭერით ერთობა. პირველ შემთხვევაში კატა ეცდება, ყველაზე სწრაფი გზა გამოძებნოს თაგვის დასაჭერად, მეორე შემთხვევაში კი სხვადასხვანაირად, თამაშ-თამაშით გაიმეორებს დაჭერის პროცესს.

ექსპერიმენტები და გამოკვლევები ადასტურებს, რომ თავისივე არჩეულ დავალებას ადამიანი უკეთესად ასრულებს, ვიდრე გარედან ნაკარნახევს, ამიტომ სკოლაში მოსწავლეებს ყოველთვის უნდა მიეცეთ ალტერნატიული დავალებები. შეიძლება, თვითონაც მოიფიქრონ ამოცანები. მაშინ მეტი ხალისით შეუდგებიან საქმეს. ნაკლები კონტროლი მეტ თავისუფლებას მისცემს მოსწავლეს, რათა არ შეეშინდეს დასჯის, იმოქმედოს ლაღად და ამ პროცესში გამოავლინოს შემოქმედებითი უნარები.

დავალების შესრულებისთვის ჯილდოს დაწესებაც აქრობს სათამაშო სიტუაციის შეგრძნებას. ტომ სოიერმა მეგობარ ბენს ღობე ისე შეაღებვინა, რომ ბენმა აქეთ გადაუხადა ამ „პრივილეგიისთვის“. რატომ? – ბენს ჰქონდა ილუზია, რომ ეს მისი არჩევანი იყო, ამიტომ სიამოვნებით და ხალისით ღებავდა.

მკვლევართა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა. ბავშვები, რომლებსაც ფლომასტერებით ხატვა უყვარდათ, სამ ჯგუფად დაყვეს. პირველს დაჰპირდნენ, რომ საუკეთესო ნახატის ავტორს სიგელს მისცემდნენ, მეორეს უთხრეს, რომ ჯილდო სიურპრიზი იქნებოდა, მესამეს არაფერს დაჰპირებიან. პირველი ჯგუფის ბავშვებმა სწრაფად და უხარისხოდ შეასრულეს დავალება, დანარჩენი ორი ჯგუფის ბავშვთა ნახატები კი წარმოსახვის სილაღითა და მდიდარი ფანტაზიით გამოირჩეოდა. ჯილდოზე ორიენტირებამ შემოქმედებითი თავისუფლების მუხტი გააქრო.

ვფიქრობთ, ყველა მასწავლებლის ამოცანა უნდა იყოს, ხშირად მოიფიქროს ისეთი დავალებები, რომლებიც შედეგზე, შეფასებაზე, ჯილდოზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ იმაზე, რომ თვითონ პროცესი იყოს საინტერესო – განურჩევლად შედეგისა. ეს კლასში თამაშის სიხალისეს, თავისუფლებას (ილუზიურსა თუ რეალურს) შემოიტანს, რაც მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების გამოვლენის მეტ შესაძლებლობას მისცემს. პიტერ გრეის ნაშრომის გაცნობა კი მასწავლებელს შესაძლოა ურთულესი ამოცანების გადაწყვეტაშიც დაეხმაროს (https://loveread.me/read_book.php?id=56195&p=1).

 

 

 

იმპულსის მუდმივობის კანონი ცოცხალ სისტემაში

0

სამყაროში ისეთი არაფერი არსებობს, რაც არ ემორჩილება ფიზიკის კანონზომიერებებს. ცოცხალი სისტემაც ფიზიკის კანონებს ემორჩილება. ბიოლოგიისა და ფიზიკის კავშირი მნიშვნელოვანია საკითხების ერთიანობაში აღსაქმელად. ჩემი წერილი იმპულსისთი

https://bit.ly/3oUTDQx ბმულზე წარმოდგენილია ინფორმაცია იმპულსის მუდმივობის კანონის შესახებ ბილიარდის მაგალითზე. მოსწავლეები იმუშავებენ გაკვეთილში ჩაშენებულ ინტერაქტივში.

აქტივობა 5: სამეცნიერო ტექსტის დამუშავება – მოსწავლეები გაეცნობიან საინფორმაციო ხასიათის ტექსტს:

ცოცხალი სამყარო – იმპულსის მუდმივობის კანონი

ავაზას მოძრაობის ორი ფორმა აქვს: შეკრული და გახსნილი, შეკრული გულისხმობს წინა და უკანა კიდურების თავმოყრას შუა ხაზის ოდნავ ქვემოთ და ამ დროს ხერხემალი მოღუნულია, გაშლილი ფრენის დროს წინა და უკანა კიდურები მაქსიმალურად არიან დაშორებული ერთმანეთისგან და ხერხემლის მალები ზემოთ მომართულ რკალს ქმნიან. ეს ზრდის ნაბიჯის სიგრძესა და სიჩქარეს. ცხენებს მხოლოდ შეკრული მოძრაობა ახასიათებთ და შესაბამისად, ნელა დადიან. ავაზას გაშლილი ფრენა საშუალებას აძლევს აჩქარებულად იმოძრაოს, მისი კიდურების ხმელეთთან ურთიერთქმედებით ნიუტონის მესამე და იმპულსის მუდმივობის კანონების შესაბამისად.

მთლიანად იმპულსის მუდმივობის კანონს ეფუძნება კალმარების, რვაფეხების, მედუზების მოძრაობა. მათ შეუძლიათ გამოიყენონ საცეცები, წყვილი ფარფლი, ან მანტია. მათი მოძრაობის ძირითადი ტიპი რეაქტიული მოძრაობაა. კალმარისა და რვაფეხას მანტიაში წყლის სხვადასხვა რაოდენობა შედის. რაც სიფონს სხვადასხვა მიმართულებით მიმართავს. ამავე დროს იცვლება სიჩქარეც. საცეცები საჭის როლს ასრულებენ. დაწყვილებული კუდის ფარფლი მიმაგრებულია მანტიის ზედაპირზე. ფარფლის ხრახნისებრი მოძრაობით კალმარი წინ მიცურავს. ფარფლები მოძრაობის მიმართულების შესაცვლელადაც გამოიყენება. სიფონი კალმარის კუნთოვანი სტრუქტურაა, რომელიც მდებარეობს მანტიის ვერტიკალურ ზედაპირზე. სიფონი მონაწილეობს სუნთქვასა და ნარჩენების გამოთავისუფლებაში. ძაბრი მონაწილეობს წყლის გადაადგილებაში.

მანტიის შეკუმშვისას სხეულიდან წყალთან ერთად მავნე ნივთიერებებიც გამოდის. კალმარი კი ამ დროს უკან გადაადგილდება რეაქტიული მოძრაობის გზით, ამას წყლის სწრაფი გამოსროლა უზრუნველყოფს.

რეაქტიული მოძრაობა გვხვდება უხერხემლოებში. მაგალითად ხავერდოვანი ჭია თავის გვერდით არსებული ჯირკვლიდან წებოვან სითხეს გამოტყორცნის, რომ მტაცებლისგან დაიცვას თავი. ობობები შხამს რეაქტიული მოძრაობით უშვებენ ჯირკვლიდან. ე.წ. ,,ბომბდამშენი“ ხოჭო უჩვეულო ბრძოლას აწარმოებს. მის ორგანიზმში მიმდინარე ეგზოთერმული რეაქციის შედეგად წარმოქმნილ სპრეის ამოაფრქვევს და აფეთქების ხმას გამოსცემს. ერთ-ერთ ხოჭოს შეუძლია ჭიანჭველმჟავას გამოტყორცნა და მტრის მოგერიება.

ხერხემლიანებს შორის გეკონი შავ ან ყვითელ წებოვან სითხეს 1 მეტრის მანძილზე გამოაფრქვევს. თევზი მშვილდოსანი პირიდან ამოტყორცნილი წყლით წყალმცენარეების ტოტებზე არსებულ წვრილ უხერხემლოებს მოაშორებს მცენარეს და შემდეგ საკვებად იყენებს. შხამიანი კობრა კბილიდან გამოაფრქვევს შხამს და მტერს თვალებში უმიზნებს. კრუხობის დროს პინგვინების განავლის გამოყოფა რეაქტიული მოძრაობის გზით ხდება. ფეკალურ მასებს დაახლოებით 50 სმ. მანძილზე გადაისვრიან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიზეზი ერთი მხრივ კვერცხის, მეორეს მხრივ ბუდის დაბინძურებისგან დაცვაა. ქამელეონების, ბაყაყებისა და სალამანდრების ენები ყბის ძვალზეა დამაგრებული. ენის მოძრაობა რეაქტიული მოძრაობის მაგალითია. დასვენების დროს ენის ზედა ნაწილი ქვედა ნაწილი ხდება. ქამელეონში ენა იკუმშება, ის აწვება ჰიოიდურ ძვალს და ბოლოს წინ „გავარდება“ დიდი სიჩქარით. სალამანდრებში მხოლოდ კუნთი ვერ ახერხებს დიდი მექანიკური ძალის დაძლევას. ამიტომ დაემატა შემაერთებელ ქსოვილოვანი წარმონაქმნები. შემაერთებელ ქსოვილს შეუძლია უკან დახევა და დიდი რაოდენობით დაგროვილი ენერგიის გამოთავისუფლება. ქამელეონის კუნთოვან ენას აქვს Z დისკები, მას სარკომერის დიდ მანძილზე მოძრაობა შეუძლია. კრევეტების მარწუხები პისტოლეტის მსგავსად მოქმედებს. სახსრის მოძრაობაში აირადი ნივთიერება მონაწილეობს. ის დიდი ძალით აწვება ხრტილს და გამოტყორცნის გარეთ. ძალა იმდენად დიდია, რომ მინის დამსხვრევაც კი შეუძლია. სპერმატოზოიდების მოძრაობაც იმპულსის მუდმივობის კანონს ეფუძნება. მსგავსი შემთხვევები მრავლად გვხვდება მცენარეებსა და სოკოებში. მაგალითად, კარგად დამწიფებული ნაყოფიდან ზოგიერთი მცენარის თესლი თავისით გამოიტყორცნება დიდი წნევით. ასევე ხდება სპორების გამოთავისუფლება სასპორე კოლოფებიდან. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. თუმცა ჩამოთვლილიც საკმარისად ადასტურებს ფიზიკის კანონების მოქმედებას ბიოლოგიურ სისტემებში.

აქტივობის ბოლოს მოსწავლეები იმუშავებენ ან კორნელის გრაფის მეთოდის გამოყენებით, ან შეავსებენ ცხრილს:

რამრაც აღმოვაჩინეთ 2 რამრითაც დავინტერესდით კითხვარომელიც დაგვრჩ
 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 6: გაკვეთილის შეჯამება და დავალების წარდგენა.

მასწავლებელი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე წარადგენს დავალებას. მოსწავლეები რამდენიმე წინადადებით შეაფასებენ გაკვეთილს.

 

პირველი დღის აქტივობები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის

0

მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება. მასწავლებლები აქტიურად ვემზადებით მოსწავლეებთან შესახვედრად: ვადგენთ კურიკულუმს, ვქმნით რესურსებს, ვაწყობთ სასწავლო გარემოს. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის პირველი დღე, რომელიც სასიამოვნო ემოციებთან და შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებული. დადებითი განწყობისა და მოტივაციის შექმნა მეტწილად დამოკიდებულია ჩვენ მიერ დაგეგმილ აქტივობებზე. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე სახალისო დავალება, რომლებიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. ის ამავე დროს ხელს უწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას.

აქტივობა 1. ვემშვიდობებით ზაფხულს, ვეგებებით სკოლას. ხშირად მოსწავლეებს უჭირთ არდადეგებიდან სასწავლო პროცესზე გადართვა. მნიშვნელოვანია, მათ გააცნობიერონ ამ ორ პერიოდს შორის არსებული განსხვავებები. მოსწავლეები ერთობლივად ავსებენ წარმოდგენილ ცხრილს, მარცხენა მხარეს წერენ აქტივობებს, რომლებიც ზაფხულში განახორციელეს, ხოლო მარჯვენა მხარეს წერენ იმას, რაც, მათი აზრით, სკოლაში სიარულთან არის დაკავშირებული.

აქტივობა 2. დავწეროთ ლექსი სკოლაზე. მოსწავლეები პასუხს სცემენ დასმულ შეკითხვებს და ავსებენ ხუთსაფეხურიან პირამიდას. აქტივობა ხელს უწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას, ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. გთავაზობთ, აქტივობის ერთ-ერთ მაგალითს.

აქტივობა 3. მათემატიკა ჩემ შესახებ. მოსწავლეები ავსებენ პოსტერს, ჭრიან, აფერადებენ და ქმნიან ავტოპორტრეტს. გარდა იმისა, რომ აქტივობა სახალისოა, მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად მათემატიკური უნარ-ჩვევების გამოყენება სჭირდებათ. ბოლოს ეწყობა გამოფენა და პრეზენტაცია.

რესურსის ამობეჭდვა შეგიძლიათ ქვემოთ წარმოდგენილი ლინკიდან.

https://drive.google.com/file/d/1FYV9Pd9AuHEj2CNgxHuQn9YMq3kn_uEi/view?usp=sharing

გამოყენებული ლიტერატურა:
• მათემატიკის სტანდარტი I-IV კლასები;

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...