ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

როგორი ჰაერი არის გარეთ?

0

ჰაერი, უხილავი და საოცარი ნარევია, რომელიც არეგულირებს ორგანიზმების ზრდას, განვითარებას, ჩონჩხის აგებულებას და სიცოცხლის ხანგრძლივობას.

წარმოიდგინეთ,  სულ ხუთი წამის განმავლობაში, რომ  ჰაერი გაქრეს… ჩვენი თვალები გასკდება, ყველა ცოცხალი არსება სმენას დაკარგავს, რადგან წნევის ამგვარი ცვლილება წყალში 2 კმ-ზე ქვემოთ  ჩაძირვის ტოლფასი იქნება. საერთოდაც, ადამიანისგან აღარაფერი დარჩება.  ჩონჩხიც კი გაქრება, რატომ? ძვლებში შემავალი კალციუმის ფოსფატისგან კალციუმის ოქსიდი, შემდეგ კი  კალციუმი გამოთავისუფლდება, რომელიც ცილების დაშლის ინიციირებას გამოიწვევს.

ამ უჰაერო 5 წამის განმავლობაში ჩამოიშლება ყველა რკინა-ბეტონის შემცველი შენობა.  ყველა თვითმფრინავი ძირს ჩამოვარდება, რადგან ჰაერი აღარ იქნება და სადღა იფრინონ?    მოძრაობის სივრცის არ ქონის გამო, გაჩერდება ყველა ავტომანქანა.  ჩაქრება  ცეცხლი, აღარ იქნება წყალი,  ოკეანეები, ზღვები, მდინარეები წყალბადად გადაიქცევიან.  მზისგან  დიდი შავი წერტილი დარჩება, რადგან   სწორედ ჰაერი განაბნევს  მზის ენერგიას და ქმნის ჩვენთვის ხილულ მზის სინათლეს.

სხვადასხვა მინერალების, მაგ. ქარვის კვლევისას, დადგენილ იქნა, რომ მეზოზოურ ერაში ჰაერი შემადგენლობით და სიმკვრივით  თანამედროვეობისგან განსხვავდებოდა. ატმოსფერული წნევაც დღევანდელთან შედარებით ათჯერ მეტი ყოფილა.  ამიტომ, ჰაერი უფრო მკვრივი იყო და გიგანტურ ხვლიკებს ფრენის საშუალებას აძლევდა.  სხვათა შორის, ამაზე ძველ მითებსა და ჩანაწერებშიც არის საუბარი. აი, მაგალითად, „დრო იყო, როცა მიწაზე ისეთი სქელი ნისლი იდგა, რომ მზე და მთვარე ღია წერტილებად მოჩანდა, ვარსკვლავების დანახვა კი შეუძლებელი იყო“, ერთ-ერთი ალქიმიკოსის ჩანაწერში ვკითხულობთ.

იმ ძველ პერიოდში ჩვენი წინაპრები ვულკანური გაზებითაც სუნთქავდნენ. გამოქვაბულებში ღია კოცონებით გამოწვეული არასრული წვის შედეგად, ნახშირბადის მონოქსიდიც დიდი კონცენტრაციით უგროვდებოდათ.  ცოტა აქეთ, ძველ ეგვიპტეში ადამიანები ფილტვის დაავადებებით კვდებოდნენ, რადგან აზბესტის ბოჭკოთი გაჯერებული ჰაერის სუნთქვა უწევდათ.

ალქიმიკოსები და შემდეგაც, უკვე ახალ ფეხადგმული ქიმიის ერაში მომუშავე ყველა მკვლევარი  გამოყოფილ გაზს განურჩევლად სუნთქავდა და  ჯანმრთელობა ბედ-იღბალზე ჰქონდათ მინდობილი.

ორგანული ქიმიის,  ლაქ-საღებავების განვითარების ფონზე გერმანიაში 1800 წელს მასშტაბური მოწამვლა დაფიქსირდა. ასი წლის შემდეგ შეამჩნიეს, რომ მომწამლავი ნარჩენების გარემოში დაგროვება იზრდებოდა. მანუფაქტურების განვითარებამ ქლორის, ქრომის, ტყვიის და რკინის ნარჩენების დაგროვება გამოიწვია. ასეთივე კვალი დატოვა პოლიმერების, პლასტმასების სინთეზმა, ხის გადამუშავებამ და ზოგადად მრეწველობამ.

დღეს გოგირდის და აზოტის ოქსიდები ატმოსფერული ჰაერის მუდმივ დამაბინძურებელ ნაწილად ითვლება. გოგირდის დიოქსიდი SO2, რომელიც წიაღისეულის დამუშავება-მოპოვების პროცესში, ასევე ინდუსტრიული პროცესებიდან და მანქანის გამონაბოლქვიდან უერთდება ატმოსფერულ ჰაერს. მისი გამოყოფის ინტენსიურობა დამოკიდებულია საწვავის ტიპზე. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მას დიზელზე მომუშავე მანქანები გამოყოფენ. მისი კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია დელის, თეირანის და აზიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში. ასევე, რაოდენობა ნორმაზე მკვეთრად მეტია ლონდონსა და სან პაოლოში. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ პერიოდი ემისიებს შორის საშუალოდ 10 წუთს შეადგენს.

აზოტის ოქსიდები NOx, მანქანის გამონაბოლქვიდან, ინდუსტრიული პროცესებიდან და ძალოვანი სადგურებიდან გამოიტყორცნება. მისი გამოყოფის ინტენსივობაც საწვავის ხარისხზე და გამოყენებული სასუქების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მყარი ნაწილაკები, გამოიტყორცნება სატრანსპორტო გამონაბოლქვიდან, ინდუსტრიული პროცესებიდან;

ჩამონათვალს აღარ განვაგრძობ, რადგან ამ წერილში სწორედ ჩამოთვლილ დამაბინძურებლებს მიმოვიხილავ თბილისის ოთხ ადგილას.

საქმე NATO SPS პროგრამის ფარგლებში მოქმედ სამეცნიერო პროექტს შეეხება, რომლის ფარგლებშიც თბილისის ოთხ ადგილას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ვიკვლევთ. სტატიაში  ერთ კონკრეტულ დღეს მიმოვიხილავ.

მაშ, ასე წერილს 2023 წლის 11 აგვისტოს ვწერ.

პირველი ლოკაცია ვაკე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირია. თავადაც მოგეხსენებათ, აქ სულ მოძრაობაა.

დღის ოთხი საათია და 36.23 ცელსიუს გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 954.18 hPa. აზოტის დიოქსიდი 4.69 ppb (particle per bilion), გოგირდის დიოქსიდი 0.5 ppb.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, NO2 ის დასაშვები ნორმა არის 40ppb -მდე  (ემისია ერთი საათის განმავლობაში). 40-100 კარგია, 100-200 საშუალო, 200-400 ცუდი, 400-1000 საგანგაშო.  სურ. 1 იხილეთ აზოტის ოქსიდების კავშირი ჰაერის სხვა დამაბინძურებლებთან. ფაქტობრივად აზოტის დიოქსიდთან კავშირშია PAN (Peroxyacetyl Nitrate), VOC (Volatile Organic Compounds), PM (Particular Matter) და აზოტმჟავას წარმოქმნასთან. მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის  პირობებში გვევლინება სმოგის პროდუქტების წინამორბედადაც.

სურ.1. აზოტის ოქსიდების კავშირი ჰაერის სხვა დამაბინძურებლებთან.

 

SO2-ის რაოდენობა 100ppb-დე ძალიან კარგ მდგომარეობად ითვლება. ჩვენ მიღებული მონაცემებით, 0.5 ppb გვაქვს.

PM1, PM2,5 და PM 10 ნაწილაკების რაოდენობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. PM1 -0-10 კარგი მდგომარეობაა. ჩვენი მონაცემებით 13.60 აფიქსირებს. ანუ, დაბინძურებას აქვს ადგილი, რაც არცაა გასაკვირი, ისეთი ბუღი, სიცხე და მტვერი დგას.

PM2,5 0-20 კარგი მდგომარეობაა, 50-800 ძალიან ცუდი. ჩვენი მონაცემებით,7.27-ია.  PM10 ნორმაშია 0-20, 35-50 საშუალო, 50-ზემოთ ცუდი. სენსორი 7.62 აფიქსირებს. გამოდის, რომ მხოლოდ ძალიან მიკრო ნაწილაკებია მომატებული, რაც ალვეოლებში იოლად აღწევს.

შემდეგი ლოკაცია კვლავ ვაკეა, ოღონდ ჭავჭავაძის გამზირი (სურ 2).  აქ უფრო ჩრდილია და 34 ცელსიუს გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 959.97 hPa. აზოტის დიოქსიდი ძალიან მომატებულია და 60.98ppb აჩვენებს, გოგირდის დიოქსიდი 17 ppb. PM1- 12.31, PM2.5 -7.27, PM10- 10.67. ზედა აბზაცში მითითებული ნორმების მიხედვით, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ მტვრის ნაწილაკების მდგომარეობაზე. რაც შეეხება ხმაურს,  62.56 დეციბელ გვიჩვენებს.

სურ.2 ჭავჭავაძის გამზირის ზოგიერთი მაჩვენებელი

 

სხვადასხვა წყაროს მონაცემებით,ხმაურის მაქსიმალური რაოდენობაა 70დეციბელი. ჩვენს მიერ დაფიქსირებული მონაცემი სწორედ სამშენებლო და მსუბუქი მანქანებით არის გამოწვეული (იხ. სურ 3).

სურ. 3. ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის სხვადასხვა წყარო

შემდეგი ლოკაცია ბოტანიკის კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც გოგირდის აბანოების, ლეღვთახევის თავზე მდებარეობს. 4 საათზე აქ  ტემპერატურა 35.54 გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 960.34 hPa. აზოტის დიოქსიდი 30.59 ppb.

გოგირდის დიოქსიდი 27 ppb.  PM1 6.57, PM2.5 5.04, PM10 6.21, ხმაური კი 64.11დეციბელია.

SO2-ის რაოდენობა ამ ტერიტორიაზე ფაქტობრივად ბუნებრივია, რადგან მოდის გოგირდით გამდიდრებული წყალი, გამოიყოფა გოგირდის დიოქსიდი, რომელიც რეაგირებს ჰაერში არსებულ  გოგირდწყალბადთან და წარმოქმნის წყალს და გოგირდს. გამოყოფილ წყლის ორთქლთან ჭარბი დიოქსიდი შედის რეაქციაში და გოგირდმჟავა წარმოიქმნება. შედეგად, ვიღებთ მჟავა ნალექებს.   ტერიტორიაზე იგრძნობა ლაყე კვერცხის (გოგირდწყალბადის სუნი) და გოგირდის დამახასიათებელი სუნი.

ბოლო საკვლევი ადგილი ნუცუბიძის ქუჩაა, ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის ტერიტორია. სენსორს ერთი მხრიდან უკანონო მშენებლობა აქვს, მეორე მხრიდან კი ტყე. დღის 4 საათზე ტემპერატურა 35,69  გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 955.27 hPa. აზოტის დიოქსიდი 50.61 ppb. გოგირდის დიოქსიდი  18.29 ppb.  PM1 7.56, PM2. 3.5, PM10 5.24, ხმაურის მაჩვენებელი  60.78 დეციბელია.

ასეთი მდგომარეობაა ჩვენს მიერ საკვლევ ტერიტორიებზე. ჰაერი შორს არის იდეალური მდგომარეობისგან, თუმცა ჩვენ ჯერ ისევ სუნთქვას ვახერხებთ.

როგორ გავიცნოთ მეხუთეკლასელები?

0

მათი სურვილებისა და უნარების შეცნობა- დიაგნოსტირება

ისე მოხდა, რომ ჩემი ჩვიდმეტწლიანი  პედაგოგიური გამოცდილების მანძილზე სულ ორჯერ აღმოვჩნდი მეხუთეკლასელებთან: მასწავლებლობის პირველივე წლებში და ბოლოს 6 წლის წინ. ბავშვები გაიზარდნენ და მეც ნელ-ნელა გადავეჩვიე პატარებთან ურთიერთობას. ახლა თავიდან უნდა გავიხსენო. ადვილი არაა და ვემზადები. რასაც აქ ვწერ, ჩემი ერთგვარი სამოქმედო გეგმაა და თქვენც გიზიარებთ.

ეს დღეებია უწყვეტი, გულისგამაწვრილებელი ზუზუნი მაქვს თავში: ვინ არიან ისინი, ვინც გაფართოებული და ცოტა შეშინებული თვალებით მიყურებენ პირველი შესვლისას? (წარმოვიდგენ) რას ელიან ჩემგან? თავად რისი თქმა და გაზიარება სურთ? მე როგორ და რამდენს შევძლებ? ამ დაძაბულობის მოხსნის ერთადერთი გზა ვიცი: კეთილგანწყობის, ღიმილის, სწავლისა და თამაშის კომბინაცია. ვეცდები, გამოვიყენო.

ჩემი მიზანია:

ა) გავიგო, რა ჰქვია და რაიმე ნიშნით დავიმახსოვრო თითოეული;

ბ) დავინახო, აკვირდებიან თუ არა საკუთარ თავებს, აფასებენ თუ არა თავიანთ შესაძლებლობებს რეალურად;

გ) რა სურთ, რას ნატრობენ სწავლასთან, სკოლასთან დაკავშირებით, რომ როგორმე გავითვალისწინო.

დ) შევამოწმო მათი უნარები: თხრობა, წერა, ლექსიკური მარაგი.

პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, გაცნობა იქნება. ამისთვის შევქმენი გაცნობის ბარათი, რომელიც ერთგვარი თვითშეფასებაცაა. ბარათებს ამოვბეჭდავ და თითოეულ ბავშვს დავურიგებ.

ეს ბარათი მარტივი შესავსებია, მაგრამ მოითხოვს საკუთარ თავზე დაკვირვებას. საინტერესოა, რას ჩათვლის მოსწავლე თავის მახასიათებლად, რის დახატვას არჩევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომელ თვისებებს აღნიშნავს, დადებითს თუ უარყოფითს- ამით ძალიან კარგად გამოჩნდება, როგორია მისი თვითშეფასება. მოსწავლეების პარალელურად მეც გავაკეთებ იმავეს დაფაზე. მოსწავლეები შეავსებენ ბარათებს, რამდენიმეს პრეზენტაციას მოვასწრებთ გაკვეთილზე, დანარჩენს მოვაგროვებ, რათა კარგად გადავათვალიერო და ვეცადო, თითოეული ბავშვის მახასიათებელი დავიმახსოვრო. ჩემს შთაბეჭდილებებს მოსწავლეებს მეორე დღეს გავაცნობ. შესაძლებელია, ეს ერთგვარი ,,ავტოპორტრეტები“ გავაკრა კედელზე და ვუთხრა ბავშვებს, რომ რასაც აღმოაჩენენ საკუთარ თავში, მიაწერონ ან მიახატონ ხოლმე და ვნახოთ, წლის ბოლოს როგორ პორტრეტებს მივიღებთ. ამით მოსწავლეები მიეჩვევიან საკუთარ თავზე დაკვირვებას, რაც, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი უნარია.

თუ მოვასწრებ, ამავე გაკვეთილზე გავაცნობ ბლიცინტერვიუს, ავუხსნი მის არსს, შევსების წესს და გავატან საშინაო დავალებად. ასეთი ტიპის დავალებების შესრულება ბავშვებს არ ეზარებათ ხოლმე, ბევრ დროსა და ფაქტობრივ ცოდნას არ მოითხოვს, ისევ საკუთარ თავზე წერენ. იმასაც ვეტყვი, რომ შემდეგ გაკვეთილზე მე მათთან ერთად ვუპასუხებ იმავე შეკითხვებს. მსგავსი ბლიცინტერვიუები გამიკეთებია უფროსკლასელებთან ლიტერატურულ ბანაკებში და სწავლის ბოლო დღეებში – როგორც სწავლა-სწავლების პროცესის თვითშეფასება და ნამდვილად ვიცი, ეხალისებათ. ვინც ვერ ან არ შეასრულებს სახლში, შეგვიძლია იქვე, გაკვეთილზე, ზეპირადაც გავაკეთებინოთ.

 

წერილობითი ბლიცინტერვიუ საკუთარ თავთან

უპასუხე მოკლედ, კონკრეტულად და გასაგებად.

 

  • სახელი ____________________________________________
  • გვარი _______________________________________________
  • ჩემი დაბადების დღე _________________________________
  • საყვარელი საქმიანობა _________________________________________________________
  • სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ __________________________________
  • საყვარელი ფილმი და წიგნი ___________________________________________________
  • ვბრაზდები, როცა _____________________________________________________________
  • ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ______________________________________________________
  • მეგობრად ვთვლი იმას, ვინც ___________________________________________________
  • არ მიყვარს, როცა ______________________________________________________________
  • სიამოვნებით ვერთვები გაკვეთილში, თუ ________________________________________
  • ყურადღებით ვუსმენ მასწავლებელს, რომელსაც __________________________________
  • სკოლა რომ არ იყოს, ___________________________________________________________
  • როცა სახლში ვარ, _____________________________________________________________
  • ჩემი ოჯახი ჩემთვის ___________________________________________________________
  • ნატვრისთვალი რომ მქონდეს, __________________________________________________

 

შემდეგი ეტაპია თხრობა. გაბმული, ლოგიკური თხრობა მნიშვნელოვანი უნარია. კარგი იქნება, ახალგაცნობილი მოსწავლეების ამ უნარსაც დავაკვირდეთ. ამისთვის მოვიფიქრე  აქტივობა „ჩვენი კლასის ამბები“.

უმჯობესია, ეს აქტივობა წყვილების ჩართულობით წარვმართო. ბავშვები ერთმანეთსაც დაეხმარებიან, უფრო თამამადაც მოუყვებიან სხვებს, თან დავაკვირდები, როგორ შეენაცვლებიან ერთმანეთს, როგორ გაინაწილებენ სათქმელს, აცლიან თუ არა ერთმანეთს აზრის დასრულებას. მივხვდები, რამდენად აქვთ განვითარებული თანამშრომლობითი უნარები და მოსმენის კულტურაც.

საინტერესო ამბის გახსენება და თხრობა მარტივი არაა, ამიტომ კარგი იქნება, თუ მაპროვოცირებლად წავუკითხავ ამონარიდს რომელიმე საბავშვო ნაწარმოების პერსონაჟის კლასის ამბებიდან. მაგალითად, თამარ გეგეშიძის წიგნიდან „სული-ჩიტი“. მთავარია, ავუხსნათ ჩვენს მოსწავლეებს, რომ ამბავი ბევრნაირი შეიძლება იყოს: სახალისო, სევდიანი, შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი, გასაოცარი, დამაფიქრებელი, ჭკუის სასწავლებელი, გულისამაჩუყებელი… თავიდან გონებრივ იერიშს გამოვიყენებ. საინტერესოა, ბავშვებს როგორი ამბები წარმოუდგენიათ და მერე დავამატებ ჩემს ვერსიებსაც.

პროცესს გააადვილებს და სახალისოს გახდის მზამზარეული, ამბის დასაწყები ფრაზების შეთავაზება მოსწავლეებისთვის. ფერად ფურცლებზე გადატანილ ფრაზებს მოვათავსებ პატარა სკივრში, ლამაზ ქილაში ან ტომსიკაში.

ეს ფრაზებია:

  • ეს ამბავი სასაცილო არაა, მაგრამ…
  • ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, დასამახსოვრებელი იყო იმით, რომ….
  • იმ დღეს გაკვეთილები ჩვეულებრივ ტარდებოდა, მაგრამ მოულოდნელად…
  • ამ ამბავს რომ ვყვები, ცოტა ვსევდიანდები, რადგან…
  • ერთ დღესაც დაგვიანებით შემოვაღე საკლასო ოთახის კარი და…
  • ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა…
  • პირველად რომ შემოვედი ამ კლასში…
  • ახლა მე მოგიყვებით ერთ ჭკუისსასწავლებელ ამბავს, რომელიც ჩვენს კლასს უკავშირდება…
  • სახალისო ამბებს კურიოზს ეძახიან. ჰოდა, მე მოგიყვებით ახლა კურიოზს … და ა.შ.

შესაძლოა, წყვილმა ამოიღოს ორი ფრაზა და მერე აირჩიოს, რომელიც უფრო მოეწონება. აუცილებლად უნდა მივცეთ მოსაფიქრებლად 5 წუთი მაინც. მათ ევალებათ, გაიხსენონ ამბავი, რომელსაც ისინი შენაცვლებით მოჰყვებიან.

ახალ კლასში უმნიშვნელოვანესია დიაგნოსტირება:  რა უნარებს ფლობენ ბავშვები? რამდენად აქვთ გააზრებული საგნობრივი ცნებები? ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია, დავადგინოთ, რა მიმართულებით სჭირდებათ მოსწავლეებს დახმარება. დიაგნოსტირებისთვის ბევრნაირი დავალება გამოდგება, მთავარია, გავითვალისწინო:

 

  • დავალების პირობა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ მოსწავლემ წინარე ცოდნის კომპლექსურად გამოყენებით შექმნას პროდუქტი, რომელშიც ყველა საგნობრივი სამიზნე ცნება გააქტიურდება;
  • უნდა ეფუძნებოდეს ერთ კონკრეტულ საკითხს.
  • უნდა წარმოჩნდეს საგნის კავშირი რეალურ ცხოვრებასთან.

 

ერთ-ერთი ასეთი დავალება შეიძლება ავაგო ნახატებზე:

 

აირჩიე ერთი ან რამდენიმე ნახატი და მასზე/ მათზე დაყრდნობით შექმენი ამბავი, რომლის გმირი თავად იქნები.

 

ნამუშევარში:

  • ნახატის/ ნახატების გამოყენებით ააგე ამბავი, რომლის მთავარი გმირი იქნები შენ და რომელსაც ექნება დასაწყისი, ძირითადი ნაწილი და დასასრული; (ტექსტი; სიტყვა, წინადადება, ტექსტი);
  • ამბის თხრობისას აღწერე ნახატზე ასახული გარემო, წარმოაჩინე განწყობა, ემოციები, რომლებსაც ეს ნახატი აღძრავს( ტექსტი; სიტყვა, წინადადება, ტექსტი);
  • დაიცავი მართლწერის წესები; ეცადე, მართებულად დასვა სასვენი ნიშნები( გრამატიკა).

 

შენიშვნა: ფრჩხილებში მიწერილი სამიზნე ცნებები მხოლოდ მასწავლებლისთვისაა, ბავშვებს როცა მივცემთ ამ პირობას, ფრჩხილებში დაწერილი ინფორმაცია უნდა წავშალოთ.

დიაგნოსტირებისას აუცილებელი ეტაპია ნამუშევრების ანალიზი. ამისთვის ქვემოთ მოცემულ ცხრილს გამოვიყენებ, დავაკვირდები მოსწავლეთა ნაშრომებს ცნებების მიხედვით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დიაგნოსტირებისას არ არის აუცილებელი, ყველა მოსწავლის ნამუშევარი ამ ფორმით შემოწმდეს. შემიძლია, ავიღო ყოველი მესამე ან ყოველი მეხუთე მოსწავლის ნაწერი შემთხვევითობის პრინციპით და მხოლოდ ისინი გავასწორო ასე, რათა კლასის საერთო სურათი დავინახო.

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებულ რომელ ქვესაკითხებს ახსენებს/იყენებს მოსწავლე შეაფასეთ, რამდენად ღრმადა აქვს მოსწავლეს  გააზრებული სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული ქვესაკითხები: ახსენით, რით არის განპირობებული

მოსწავლის შეცდომები

ქვესაკითხებთან მიმართებით

(მაგალითად, რაიმეს შეცდომით ცოდნით)

I სამიზნე ცნება – ტექსტი

ქვესაკითხები:

·         მოგონილი ამბის თემა, დედააზრი;

·         მოსწავლე, როგორც ავტორი, მთხრობელი;

 

 

 

 
II სამიზნე ცნება – სიტყვა, ტექსტი, წინადადება

ქვესაკითხები:

·         მოგონილი ამბის სამნაწილიანობა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული);

·         ნახატზე ასახული გარემოსა და მთხრობელში გამოწვეული ემოციების  აღწერა

 

 

 

 

 
III სამიზნე ცნება- გრამატიკა

ქვესაკითხები:

·         შესწავლილი სასვენი ნიშნები;

·         სახელის ბრუნვის ფორმებთან დაკავშირებული მართლწერა:

·         ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებული მართლწერა:

 

 

 

 

 

 

დაბოლოს, ლექსიკაზე მუშაობაც.

აქტივობა სინონიმები და ანტონიმები. ამ აქტივობამდე მოსწავლეებს ავუხსნი ან გავახსენებ, რა არის სინონიმი ან ანტონიმი. თავდაპირველად დაფაზე ჩამოვწერ სიტყვებს, რომლებისთვის სინონიმებისა თუ ანტონიმის მოფიქრება მარტივი იქნება და  მეხუთეკლასელებს ნამდვილად ეცოდინებათ. დათქმა ასეთია: მოსწავლეებმა ტაში უნდა დაუკრან მხოლოდ მაშინ, როცა მე კონკრეტული სიტყვის სინონიმს დავასახელებ, ანტონიმზე- არა. დავადებ ხელს დაფაზე ჩამოწერილ სიტყვათაგან ერთ-ერთს და სწრაფად ვასახელებ სინონიმს ან ანტონიმს. მოსწავლეები, რომლებიც შეცდომით დაუკრავენ ტაშს, თამაშს ტოვებენ. ეს თამაში-აქტივობა ძალიან სახალისოა, ფაქტობრივ ცოდნასაც ამოწმებს და ყურადღების კონცენტრაციასაც ავარჯიშებს პატარებში.

ამის შემდეგ დაფაზე ჩამოვწერ სიტყვებს, რომლებსაც რამდენიმე სინონიმი აქვს, მაგალითად: ლამაზი, მამაცი, განთიადი, საუბარი ( შესაძლოა, გავიმეორო ის სიტყვებიც, რომლებიც წინა აქტივობაში გამოვიყენე), მოსწავლეები ისევ წყვილებში მუშაობენ. მითითებულ დროში მათ უნდა მოიფიქრონ რაც შეიძლება მეტი სინონიმი მოცემულ სიტყვებზე და შეადგინონ წინადადებები მოფიქრებული სინონიმების გამოყენებით. რომელი წყვილიც უფრო მეტ სინონიმსა და წინადადებას მოიფიქრებს, ის იქნება გამარჯვებული. შეიძლება გამოვავლინოთ ყველაზე ყოჩაღ წყვილთა სამეული ან ხუთეული, დამოკიდებულია კლასში მოსწავლეების რაოდენობაზე.

საშინაო დავალებად შემიძლია მივცე რამდენიმე ფრაზეოლოგიზმი, რომელთა მნიშვნელობაზე გაკვეთილზევე ვისაუბრებთ. ესენია: გულის გადაშლა, აბუჩად აგდება, ყურის დაგდება, ალმაცერად ყურება. მოსწავლეებმა უნდა ააგონ ნებისმიერი ტიპის მცირე ტექსტი, რომელშიც ამ ფრაზეოლოგიზმებს გამოიყენებენ. რა თქმა უნდა, რამდენის გამოყენებასაც შეძლებენ. მთავარია, კონტექსტში სწორად ჩასვან.

ვფიქრობ, ამ თავისუფალი ტექსტების წაკითხვაც საინტერესო იქნება და ასე დასრულდება ახალი მოსწავლეების გასაცნობ- შესაცნობი გაკვეთილები, დაიხატება იმ სურათის კონტურები, რომლის გაფერადება მე უნდა გავაგრძელო და უკვე მეცოდინება, რომელი ფერით, საიდან და როგორ. დანარჩენს საკლასო ურთიერთობა გვიკარნახებს.

 

 

პირველი დღე სკოლაში

0

მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი. ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები და მთელი საზოგადოება ფიქრობს პირველი დღეების ემოციებზე.

შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე თბი­ლი მო­კითხ­ვა, ღი­მი­ლი ალ­ღობს ყი­ნულს, მოს­წავ­ლეს უჩ­ნ­დე­ბა განცდა, რომ მი­სით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ის ახ­სოვთ. იბ­მე­ბა უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი მოს­წავ­ლესა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, რა­საც მოჰ­ყ­ვე­ბა შემ­დ­გო­მი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

სასწავლო პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნა. უზრუნველყოფილი   უნდა იყოს სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.

როდესაც რაღაც სიახლე გვინდა გავაცნოთ ბავშვს, ახალ გამოცდილებას  ვაზიაროთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი წახალისება,  ყველა ეტაპზე ბავშვის ინტერესის, ბავშვის საჭიროებების და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ჩვენ ამ პროცესში უნდა ვიყოთ მათი  მხარდამჭერები.

მსურს შემოგთავაზოთ და გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან აქტივობები, რომელიც  ვფიქრობ, გამოგადგებათ  სწავლის პირველი დღის აქტივობების გათვალისწინებისას.

ვისურვებდი, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს…

 

ეს აქტივობა მეტყველებისა და წერითი უნარების გაუმჯობესებისთვისაა:

მოსწავლეებს დაურიგეთ ფერადი ფურცლები და

სთხოვეთ, დაწერონ ის, რაც სურთ, რომ იცოდეთ მათ შესახებ.

გარდა იმისა, რომ ეს აქტივობა წერით უნარსა და ლექსიკას ავარჯიშებს, პედაგოგი  უფრო კარგად ეცნობა  მოსწავლეებს, მათ ინტერესებსა და სურვილებს.

 

არდადეგების, დღესასწაულის მოგონებები

 

აღნიშნული აქტივობა თქვენი მოსწავლეების მეტყველების უნარს გაავარჯიშებს და უკვე ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამეორების საშუალებაც იქნება.

სთხოვეთ თითოეულ მოსწავლეს, საზაფხულო არდადეგების პერიოდიდან გაიხსენონ 3 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი და მათ შესახებ თანაკლასელებს მოუთხრონ.

აღნიშნული აქტივობის ჩატარება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში.

 

ზღვის სანაპიროს ბურთის კითხვები

 

ეს აქტივობა არაჩვეულებრივია გონებისა და სხეულის გასავარჯიშებლად.

ამ აქტივობისათვის მოსწავლეები დააყენეთ წრეზე, ის მოსწავლე, რომელიც ბურთს დაიჭერს, რომელზეც კითხვებია დაწერილი, უპასუხებს იმ შეკითხვას, რომელზეც მისი ცერა თითები მოხვდება.

შეკითხვების თემატიკა დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე, შესაძლოა შეკითხვები იყოს:

  1. როგორ გაატარე ზაფხული?
  2. რომელი წიგნი წაიკითხე?
  3. რა ფილმს უყურე?
  4. რა დახატე?
  5. ვინ გაიცანი?

ეს აქტივობა დაგეხმარებათ ყველა მოსწავლე თანაბრად ჩართოთ საგაკვეთილო პროცესში.

 

ყველაფერი ჩემ შესახებ: ,,მე

მეტად სახალისო აქტივობაა, რომელიც შეიძლება სკოლის პირველ დღეს მასწავლებლებმა  აქტიურად გამოიყენონ.  აღნიშნული აქტივობა ახალი მოსწავლეების გაცნობისა და მათთან დაახლოების საშუალებას იძლევა.

ასევე, ამ აქტივობით შეგიძლიათ მათი ინგლისური ენის  დონისა და სალაპარაკო უნარის განსაზღვრა.

დაისახეთ მიზანი

ახალი სასწავლო წლის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა.

მოსწავლეებს სთხოვეთ ფერადი ქაღალდებისგან დაამზადონ  ისეთი თოჯინები, როგორებიც ფოტოზეა გამოსახული.

ამის შემდეგ ფურცელზე ჩამოწერონ ის მიზნები, რომლებიც უნდა განახორციელონ მიმდინარე სასწავლო წელს და ეს ფურცლები მოათავსონ თოჯინაზე.

გააკარით თითოეული მოსწავლის თოჯინა საკლასო ოთახის კედელზე, რათა მთელი წლის განმავლობაში ყველას ახსოვდეს საკუთარი მიზანი.

 

 

 

 

 

ზრდასრულობის ხიბლი

0

ზრდასრულობა, როგორც ვალდებულებებით დამძიმებული ადამიანის ხატთან გაიგივებული ცხოვრების საფეხური, ბევრ ადამიანში საფრთხის განცდას აღვივებს. თუმცა, სწორედ პასუხისმგებლობის უნარისგან გამომდინარე, ზრდასრულობა, სინამდვილეში, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას პირდაპირ უკავშირდება.

ერთ – ერთი მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც მნიშვნელოვანია, სავარაუდოდ, ასე ჟღერს: „რა არის ზრდასრულობა და რისთვის გვჭირდება ზრდასრული ადამიანები?“

რა არის ზრდასრულობა?

ზრდასრულობა, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ადამიანის სხეულისა და ფსიქიკის მზაობას და, ამავდროულად, შესაძლებლობების ერთობლიობას, გააცნობიეროს და მართოს საკუთარი შინაგანი მდგომარეობები და ქცევები, გაიაზროს, როგორ მოქმედებს მისი ქცევები როგორც საკუთარ თავზე, ასევე – სხვა ცოცხალ არსებებზე, ივარაუდოს და წარმოიდგინოს, რას შეიძლება განიცდიდნენ ირგვლივმყოფები და შესატყვისად შეაფასოს საკუთარი თუ სხვისი შესაძლებლობების საზღვრები და მკაფიოდ შეეძლოს საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების გახმოვანება, დიდწილად, უსაფრთხო გარემოში.

საკუთარი შინაგანი მდგომარეობების გაცნობიერების უნარი, ისევე, როგორც სხეულის მდგომარეობისადმი ყურადღების გამოვლენის უნარი, წარმოადგენს ადამიანის საყრდენს, რომელსაც შეუძლია, საკუთარი ქცევის მამოძრავებლების შესახებ აზრის ჩამოყალიბება. ამ უნარის მქონე ადამიანები განირჩევიან საკუთარი შინაგანი სამყაროსა და მდგომარეობების წვდომის განვითარებული უნარით, რაც, მათ საშუალებას აძლევს, ივარაუდონ, რას შეიძლება განიცდიდეს სხვა და რა შეიძლება ამოძრავებდეს სხვების ქცევებს, რაც საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღების უნარის ჩამოყალიბების წინაპირობაა: საკუთარი შინაგანი მდგომარეობების გაცნობიერების გარეშე, რთულია, პასუხი აგო შენს ქცევებზე ან მის შედეგებზე.

საკუთარი ქცევების შედეგების გაცნობიერების უნარი მოიაზრებს იმის აღიარების უნარს, რომ ცოცხალი არსებები ურთიერთდამოკიდებულები ვართ და ვზემოქმედებთ ერთმანეთზე: ჩემს ქცევებს შედეგები მოჰყვება – ზოგჯერ ეს შედეგები დადებითია, ზოგჯერ – უარყოფითი ან დამაზიანებელიც კი.

ურთიერთდამოკიდებულების აღიარების ორი, – ერთი შეხედვით, მცირე, თუმცა, სინამდვილეში უდიდესი – ქმედებაა სიტყვიერად და ქმედებით გამოხატული წრფელი მადლიერებისა და სინანულის განცდა.

ზრდასრულობის ერთ – ერთი აღმნიშვნელი საკუთარი ქცევების შესაძლო შედეგების შესახებ ვარაუდების წარმოება და ქცევის ნამდვილი შედეგების ასე თუ ისე განჭვრეტის უნარია რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი არსებებისთვის დამახასიათებელი ძირეული თავისებურებები არა მხოლოდ ვიცი, არამედ განვიცდი – პირველ რიგში, თუ საკუთარ თავს განვიცდი, შესაბამისად, სხვა ცოცხალ არსებებსაც განვიცდი, როგორც ცოცხალს.

საკუთარი თავისადმი განცდილი თანაგრძნობა – თანაგანცდის უნარი საშუალებას მაძლევს, გულმოწყალება სხვა ცოცხალ არსებებზეც განვაზოგადო და, რაც მთავარია, წარმოვისახო, დაახლოებით მაინც როგორ შეიძლება აისახოს ჩემი ქცევები მათზე.

ფართო გაგებით, ზრდასრულობა საკუთარი და სხვების ნაკლოვანების აღიარების და საკუთარ თავსა და სხვებთან კავშირისთვის მიყენებული ბზარების ნატიფად აღდგენის ხელოვნებაა.

ზრდასრულ ადამიანს შეუძლია აღიაროს და მოიაზროს თავისი წვლილი როგორც საკუთარი, ასევე – სხვების მდგომარეობაში და, ასე თუ ისე მკაფიოდ გამიჯნოს ერთმანეთისაგან თავისი და სხვების პასუხისმგებლობა.

ზრდასრულობა არ ნიშნავს საკუთარ თავზე წარმოდგენებიდან უგუნური, წინდაუხედავი და დამაზიანებელი ქცევების განხორციელების ალბათობის ამოკვეთა – ამოძირკვას. პირიქითაც კი: ზრდასრულობა ზუსტად იმისი აღიარების უნარია, რომ მე, როგორც ცოცხალ არსებას, შემიძლია, ისეთი ქცევები გამოვავლინო, რომლებიც – კეთილი ზრახვების მიუხედავად – დამაზიანებელი და, მეტიც, დამანგრეველი აღმოჩნდეს. თუმცა, მზად ვარ, მომავლისთვის მაინც, გავითვალისწინო, რა შემიძლია, გამოვასწორო იმისათვის, რომ შენზე (გარემოზე, სხვა ადამიანზე, სხვა ცოცხალ არსებებზე) და ჩემზე განმავითარებლად აისახოს ჩვენი კავშირი.

ზრდასრულობა, ასევე, საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების გაცნობიერების, მათი წვდომის და, დიდწილად, უსაფრთხო გარემოში, მათი მისაღები სახით გახმოვანების მეტ – ნაკლებად განვითარებული უნარია. ასევე, მნიშვნელოვანია შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემის უნარიც: „ის, რაც მინდა, რამდენად უსაფრთხოა და ის, რაც მინდა, რამდენად მჭირდება?“

ზრდასრული ადამიანი, ასე თუ ისე, წინასწარმეტყველებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, დიდწილად, შეუძლია, საკუთარი ყოველდღიური შინაგანი მდგომარეობები გააცნობიეროს და იმგვარად მართოს, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ირგვლივმყოფების კეთილდღეობას. ეს კი უსაფრთხოების განცდისა და ნდობის საფუძველია.

რისთვის გვჭირდება ზრდასრული ადამიანები?

ზრდასრულობა, ფართო გაგებით, სწავლისადმი მზაობაა. ცდომილებისა და საკუთარ თავში როგორც დადებითი და განმავითარებელი, ასევე – უარყოფითი და დამაზიანებელი თუ ზოგჯერ დამანგრეველი ლტოლვების აღიარება იმ ღირებულებების მიხედვით ნამდვილი ცხოვრების საფუძველია, რომელიც უსაფრთხო გარემოს, ნდობასა და კეთილდღეობის განცდას უზრუნველყოფს.

ზრდასრული ადამიანი როგორც საკუთარ თავში, ასევე – სხვაში აღიარებს როგორც სხეულებრივი, ასევე ფსიქიკური, ძირეული მოთხოვნილებების მნიშვნელობასა და მნიშვნელოვნებას და, ამის საფუძველზე, ქმნის წინასწარმეტყველებად გარემოს, რაც უსაფრთხოების განცდის საფუძველია.

ზრდასრული ადამიანისათვის სირთულეებისგან გამოსავალს წარმოადგენს არა ცრუ უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის განცდა ან სირთულეების მოჩვენებითი დაძლევა, არამედ საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების სწორი ხედვის ჩამოყალიბების მზაობა – „სად არის ჩემი შესაძლებლობების საზღვრები, ჩემი მიკერძოებები, ჩემი ცდომილებები და შემიძლია თუ არა რაიმე გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემი შესაძლებლობების საზღვრები გაფართოვდეს, ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ ნაკლოვანი ვარ?“

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლა?

0

სკოლის წლებიდან კარგად მახსოვს, როცა დაწყებითი კლასის საფეხური უკვე დასრულებული მქონდა, როგორ ვბრუნდებოდი სკოლიდან მარტო სახლში, ავირბენდი უამრავ კიბეს, ვისადილებდი და ვიწყებდი გაკვეთილების შესრულებას. ამოვალაგებდი წიგნებს მეორე დღის ცხრილის მიხედვით და ასე შევუდგებოდი გაკვეთილების მომზადებას მეორე დღისთვის. თავად ვიყავი ამ პროცესის მაკონტროლებელი და ყველაზე დიდ სიმშვიდეს, მაშინ მოვიპოვებდი, როდესაც სკოლის ზურგჩანთაში ჩავაწყობდი მეორე დღისთვის საჭირო წიგნებს, რვეულებს და შესრულებულ დავალებებს. ახლაც ხომ ასეა – თეთრ ფურცელზე ჩამოწერილი საქმეებიდან ნელ-ნელა გადახაზავ უკვე გაკეთებულ საქმეებს და დიდ ტვირთსაც იხსნი.

ჩემი სწავლის პარალელურად ჩემი მშობლები მუშაობდნენ, რის გამოც ფუფუნება არ მქონია, ვინმეს ჩემი აკადემიური პროცესი მკაცრად ეკონტროლებინა და ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეეხსენებინა, რა იყო ჩემი მოვალეობა, როგორ უნდა მომემზადებინა თითოეული საგანი, როგორ მესწავლა. ამ პროცესის მართვით ვიღებდი სიამოვნებასაც და თავსაც იმაზე უფრო დიდად მივიჩნევდი, ვიდრე ვიყავი. ახლა ვხვდები ეს ძალიან საჭირო შეგრძნებაა ბავშვისთვის. განცდა, რომელსაც დღეს ჩვენ თვითეფექტურობას ვეძახით.

სწავლა-სწავლების პროცესი ყველა ეტაპზე რთულია, მოსწავლისთვის ყოველთვის იარსებებს გამოწვევები, ხელის შემშლელი ფაქტორები და დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. ასე რომ, უმნიშვნელოვანესია ბავშვს პატარაობიდანვე გავუღვივოთ დამოუკიდებლობის გრძნობა, მივცეთ ამისთვის გასაქანი, არ შევზღუდოთ მათი მცდელობები, იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები; გავუჩინოთ სწრაფვა იმისკენ, რომ მომავალში თავად შეძლონ ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება.

რა არის დამოუკიდებლობა სწავლაში?

დამოუკიდებლობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენცია, როდესაც ადამიანი თავად განსაზღვრავს, ახორციელებს, აკონტროლებს, გეგმავს საკუთარ სასწავლო პროცესს. ასეთ დროს ადამიანი იაზრებს ამ პროცესისთვის საჭირო ცოდნას, მისი დაუფლების გზებს და აანალიზებს სამომავლო შედეგებს. ამ წინასწარგანწყობით შეიარაღებული ადამიანი და ბავშვი უფრო მეტად არის განვითარებაზე ორიენტირებული, უფრო მეტად იაზრებს ახალი ცოდნის დაუფლების მნიშვნელობას და მის სასიკეთო გავლენას ცხოვრებაზე. ასეთ ბავშვს აღარ სჭირდება გამუდმებული ჩიჩინი, რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი; რატომ უნდა ისწავლოს; როგორ აისახება სწავლა მომავალში მის ცხოვრებაზე და რა სასიკეთო შედეგებს უნდა ელოდოს მისგან. ამიტომ დამოუკიდებლად სწავლა, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარი, ძალიან წაადგება ბავშვს, გაიაზროს, რამდენად ღირებულია ახალი ცოდნის დაუფლება მისი პიროვნული თუ ინტელექტუალური განვითარებისთვის.

რა უშლის ბავშვებს ხელს დამოუკიდებლად სწავლაში?

ხშირად, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში გამოუცდელობის გამო ბავშვებს შეცდომის დაშვების შიში აქვთ, რის გამოც თავს იკავებენ დავალების დამოუკიდებლად შესრულებისგან, ელოდებიან მშობელს ან მასწავლებელს, რომ მისგან მიიღონ მზა რჩევა, ან მზა პასუხი. თუ ჩვენ დავეხმარებით ბავშვს, გადალახოს შეცდომის დაშვების შიში, დავეხმარებით მას შეცდომების მიმართ ტოლერანტული განწყობის ჩამოყალიბებაში, ბავშვში უფრო მეტად გაიზრდება მისი თვითშეფასებაც. არაფერი ისე არ აფერხებს სწავლის, თვითშემეცნების პროცესს, როგორც დაეჭვება საკუთარი შესაძლებლობებისადმი. ამ ეჭვების გაქარწყლება მასწავლებლისა და მშობლის თანაბარი მოვალეობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლე დაწყებით საფეხურზეა და პრობლემა დროულად არის აღმოსაჩენი და მოსაგვარებელი.

ჯანსაღი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა და შესაძლებლობებისა და უნარების სწორად და ობიექტურად აღქმა, დაეხმარება ბავშვს, დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები. ასეთ დროს მოსწავლე პასიური მდგომარეობიდან, როდესაც ზის და მშობელს ელოდება დასახმარებლად, გადაიქცევა აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც უფრო მეტი ხალისით ისწავლის და სკოლა მისთვის ნამდვილად იქცევა საყვარელ და საიმედო ადგილად, სადაც სიხარულით ივლის.

 

 

 

Technovation Girls Sakartvelo  – გზა გოგონების ტექნოლოგ მეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის

0

17-24 აგვისტოს, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, Technovation Girls Sakartvelo 2023-ის მონაწილე 13-დან 18 წლამდე გოგონებისთვის, კაჭრეთში, კოლეჯ აისში, ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა. ეს იყო ფინალური ეტაპი 6 თვიანი პროექტისა, რომლის ფარგლებშიც გოგონები მენტორების დახმარებით და სპეციალურად ამ პროგრამისთვის შედგენილი კურიკულუმით ცდილობდნენ მათ თემში არსებული პრობლემების კვლევას და ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიებას ტექნოლოგიების გამოყენებით.  Technovation Girls საერთაშორისო, ტექნოლოგიურ-სამეწარმეო და საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც გოგონებს აძლევს საშუალებას, შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ ტექნოლოგ მეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

 

“ამგვარ პროგრამებს ორი მიზანი აქვს: ერთი მხრივ, მოქალაქეს ავითარებ, რომ, აი, შენ, კონკრეტულად ერთ მოქალაქეს, რა შეგიძლია და მეორე მხრივ, ტექნოლოგიებით ინტერესდებიან გოგოები– გვეუბნება ნანა დიხამინჯია, Technovation Girls საქართველოს ელჩი, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციების ცენტრის ხელმძღვანელი.

ნანას მათემატიკისა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ სფეროში საგანმანათლებლო-კვლევების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  წარმატებით ხელმძღვანელობს როგორც სამეცნიერო, ისე ინდუსტრიულ პროექტებს, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ უნივერსიტეტებთან და კომპანიებთან როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის, ისევე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და შეფასების კუთხით. ნანა დიხამინჯიამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა მოსწავლეებისა და სტუდენტების ციფრული განათლების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ქალების ტექნოლოგიური გაძლიერების კუთხით.

2023 წელს Technovation Girls საქართველოს მთავარი მასპინძელი ალტე უნივერსიტეტი იყო.  პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და STEM მასწავლებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით და თი ბი სი  ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

ნანა ამბობს, რომ ისეთი პროექტები, როგორიც Technovation Girls-ია, ქართველ მოსწავლეებს   სთავაზობს გამოცდილებას, რომელსაც სასკოლო განათლება იშვიათად თუ აძლევს.

“ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის ბავშვებს არაფრის განსაკუთრებული ცოდნა არ მოეთხოვებათ – კურიკულუმი ისეა აგებული, რომ ნებისმიერს შეუძლია ისწავლოს პრობლემის აღმოჩენა, იდეის გენერირება, პროტოტიპის შექმნა, ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელის დატრენინგება და ბოლოს უკვე ბიზნეს-გეგმის დაწერა. ჩვენ არანაირ წინარე ცოდნას არ ვამოწმებთ, აქ იდეა მნიშვნელოვანი და შეიძლება გამოუცდელმა ბავშვებმა კიდევ უფრო საინტერესო იდეები მოიფიქრონ, ან საკუთარი გამოცდილება აქციონ იდეად.

ამ ნახევარი წლის განმავლობაში ხედავ, როგორ ეცვლებათ დამოკიდებულება საქმის მიმართ, როგორ სწავლობენ გუნდურ მუშაობას, დამოუკიდებლად მუშაობას – საქართველო სკოლებში  ძირითადად ყველაფერი დაგეგმილია და ვინც გასწავლის, ის შენზე გამოცდილი უნდა იყოს. ეს კი არის ამერიკული მოდელი, როცა მშობელიც კი შეიძლება იყოს მწვრთნელი განსაკუთრებული ცოდნების გარეშე. სწავლის პროცესსაც კი სწავლობენ,  სწავლობენ, როგორ მოიძიონ ინფრმაცია, როგორ მოიპოვონ პასუხები. ეს არის ძალიან მდგრადი პროექტი და ამიტომაც იზრდება დაინტერესება ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში. გვქონდა შემთხვევები, როცა სხვა ტექნოლოგიურ პროექტებში მომუშავე გოგოები თავიანთ უმცროს დებს მონაწილეებად  არეგისტრირებენ პროექტში, თვითონ კი მენტორებად მოდიან, რომ მათ დაეხმარონ” – გვიყვება ნანა.

პროექტი, რომელიც 80-მდე ქვეყანას ფარავს, მოხალისეობრივ პრინციპებზე დგას. მენტორები, რომლებიც გოგონებს იდეების განხორციელებაში ეხმარებიან, პროექტში ანაზღაურების გარეშე არიან ჩართულები. ამ ტიპის პროექტში მონაწილეობა კი სამომავლოდ მასში ჩართულ ბავშვებს უბიძგებს, თვითონაც დაეხმარონ სხვებს, გადასცენ ცოდნა და იზრუნონ მათ განვითარებაზე.

 

გლობალურ პროექტს 17 წლიანი ისტორია აქვს, საქართველოში ის სულ რამდენიმე წელია  ტარდება. მასშტაბები ნელ-ნელა იზრდება: თუკი თავიდან 50 გოგონა მონაწილეობდა საქართველოდან, წელს ეს რაოდენობა სამასს აღწევდა.

 

Technovation Girls-ის პრინციპი ასეთია: გოგონები ერთიანდებიან მაქსიმუმ 5 კაციან ჯგუფებში, ჰყავთ მენტორი და ეჯიბრებიან  თანატოლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ 6 თვის განმავლობაში, სანამ საკუთარ იდეაზე მუშაობენ, პროექტის მონაწილე გუნდები წერენ ორ ვიდეორგოლს, ერთს −მათ მიერ აღმოჩენილი პრობლემის, მეორეს კი ამ პრობლემის ტექნოლოგიური გზებით გადაწყვეტის შესახებ. ამ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური აფასებს. გუნდები იქმნება ორ ასაკობრივ კატეგორიაში: 13-დან 15 წლამდე გოგონები ჯუნიორებად ითვლებიან, 15-დან 18 წლამდე− სინიორად. ზოგიერთ ქვეყნებში იქმნება 13 წლამდელთა გუნდებიც. კურიკულუმი, რომელიც პროგრამის მონაწილეებისთვის არის შედგენილი, ეხმარება გოგონებს, 40+ სამუშაო საათში შეძლონ პროექტის დასრულება. ბანაკში კი,  რომელიც ამ პროგრამის ფინალური ეტაპია, გოგონები ისმენენ ლექციებს  კლიმატის, სამედიცინო და აგროტექნოლოგიების შესახებ, ესწრებიან ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამუშაო შეხვედრებს და თამაშობენ სახალისო STEM თამაშებს.

 

“წელს 60-მა გუნდმა დაასრულა პროექტი და ეს იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამ გუნდებიდან შეირჩა 6 ნახევარფინალისტი რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც მაისში ჩატარდა ალტე უნივერსიტეტში. ხოლო ნახევარფინალში გასულ გუნდებს შემდეგ აფასებდა საერთაშორისო ჟიური.”  ფინალში მხოლოდ 15 გუნდი გადიოდა. ფინალში  ვერ მოვხვდით, მაგრამ ჯუნიორ კატეგორიაში საქართველოდან გამარჯვებული გახდა სვანეთიდან გუნდი, რომელიც ფარის და ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან იყო დაკომპლექტებული. მათ  წარადგინეს პროექტი  სმარტ ლაით. მესტიაში, სადაც ელექტროენერგია უფასო, არავინ  ზოგავს და უფრთხილდება ელექტროენერგიის არამიზნობრივ გამოყენებას, ამიტომ სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს მოწყობილობა და აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელია თვალი ადევნო ელექტროენერგიის ხარჯვას და სადაც საჭირო არ არის, გამორთო გვიყვება ნანა. მისი დაკვირვებით, პროექტების ხარისხზე გარკვეული გავლენა აქვს გამოცდილებას, პირველად აქვთ გოგონებს შეხება ტექნოლოგიებთან თუ არა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პირადი გამოცდილებები ყოველდღიური ცხოვრებიდან. მაგალითად, წელს საქართველოში ერთ-ერთმა გუნდმა შექმნა აპლიკაცია, რომელიც გოგონებს ადვოკატთან დაკავშირებაში ეხმარება – ამ იდეის ავტორს თავად ჰქონდა გამოცდილი ოჯახში ძალადობა და იცის, როგორი მნიშვნელოვანია ამგვარ შემთხვევებში სანდო ადამიანის დროულად ჩართვა საქმეში. კვლევა იმის შესახებ, რომელ ქვეყანაში რა თემებია უფრო მნიშვნელოვანი პატარა გოგონებისთვის ამ პროექტის ფარგლებში არ ჩატარებულა, თუმცა ნანა გვიყვება, რომ გარკვეული ტენდენციები შეიმჩნევა: მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში მეტად აქტუალურია სოციალური თემატიკა, განვითარებულ ქვეყნებში მეტი აპლიკაცია იქმნება კლიმატის ცვლილებების, კონსიუმერიზმის, ჭარბი მოხმარების თემატიკაზე.

პროექტის ფინალი ბანაკია, სადაც პროგრამის ის მონაწილეები, ვინც ყველა ეტაპს გაივლიან, ისმენენ ლექციებს და ერთვებიან სამუშაო შეხვედრებში.

 

“წელს ბანაკი იყო ორი გუნდი, თითოში  75 – 75 გოგონა და  მენტორები. ოთხი დღე და სამი ღამე იყო გათვლილი თითოეული ნაკადისთვის.

შინაარსობრივად ცოტა განსხვავდებოდა ბანაკები ერთმანეთისგან. პირველში უფრო მეტი დატვირთვა იყო სამუშაო შეხვედრებზე, შეისწავლეს ელექტრონიკის საფუძვლები არდუინოზე, გაეცნენ პითონის საფუძვლებს, ლექციები ქონდათ კლიმატის ტექნოლოგიებსა და მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე, ვათამაშეთ სხვადასხვა სტემთამაშები, კიბერ უსაფრთხოებაზე  მიიღეს სიღრმისეული ინფორმაცია. მეორე ნაკადზე მეტი ლექციები გაიმართა დიზაინ აზროვნებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, დემოკრატიის და კლიმატის ტექნოლოიებზე, მეწარმეობის შესახებ შეხვედრაზე  მეტი ყურადღება დაეთმო პროდუქტისთვის ბაზრის კვლევა, ამ ბანაკის მონაწილეებმაც ითამაშეს ბევრი სტემთამაში. ორივე ნაკადის  მონაწილეები დამეგობრდნენ, მომავლის გეგმები დასახეს.

 

უფროსებში არდუინო, მიკროკონტროლერზე  დაპროგრამება რამდენიმემ იცოდა, პატარების ჯგუფებში თითქმის არავის ჰქონდა ეს გამოცდილება. ორი სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა ამ საკითხს, რაც  საკმარისია დამოუკიდებლადაც გაიგნონ გზა, ტუტორიალები ნახონ და მარტოებმა სცადონ მისი გამოყენება“ გვიყვება ნანა. ის დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიების სამყაროში, სადაც ჯერ კიდევ თვალშისაცემად ნაკლებია ქალების რაოდენობა, ამგვარი პროგრამები გოგონებს ეხმარება როგორც პროფესიულ არჩევანში, ისე თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი აზროვნების ჩამოყალიბებაში.

 

ნანას ვკითხეთ, რა როლი შეიძლება ჰქონდეს სკოლას, როგორ შეიძლება წაახალისოს  მასწავლებელმა , მისცეს მოტივაცია გოგონებს, რომ  რაც შეიძლება  მეტმა სცადოს  და ამგვარ პროექტებში მონაწილეობით მიიღოს გამოცდილება.

“სკოლების ჩართულობა იქნება ძალიან კარგი, როცა სკოლიდან მოდის ერთი შეკრული გუნდი, ბევრად მარტივია, მათ აქვთ დრო და სივრცე, რომ ერთად იმუშაონ – კვირაში 3-4 საათი მაინც ჭირდება ამაზე მუშაობას. გვქონდა ისეთი შემთხვევებიც, როცა გუნდის ყველა წევრი სხვადასხვა სკოლიდან იყო. ასეთ  შემთხვევაში მენტორებს უჭირდათ მათი ერთად თავმოყრა. იდეალურია, თუკი სკოლიდან მოდის გუნდი და მათ მენტორიც იმ სკოლის მასწავლებელია“ – გვიხსნის ნანა.

 

 

 

 

თბილისმა ქიმიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

0

 რა ხდებოდა 19-22 აგვისტოს აგრარულ უნივერსიტეტში

19-22 აგვისტოს თბილისი ქიმიის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა, სადაც საქართველო ერთი 6 კაციანი გუნდით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ნაკრებმა გუნდური მე-5 ადგილი დაიკავა და პირად ჩათვლაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინდივიდუალური მედლები მიიღეს მოსწავლეებმა: არჩილ წიკლაურმა, კონსტანტინე დავითაშვილმა და თემიკო მაჭავარიანმა.

საქართველოს გუნდი ასპარეზობაზე თინათინ ბუთხუზის, სოფიკო ფაცაციასა და ლაშა ხუციშვილის ხელმძღვანელობით წარსდგა.

სწორედ ლაშა ხუციშვილს ვესაუბრეთ ქიმიის საერთაშორისო ტურნირის მნიშვნელობასა და სპეციფიკაზე. ის ტურნირის მთავარი ორგანიზატორია. ტურნირს თბილისში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია მასპინძლობდა.

“ქიმიის საერთაშორისო ტურნირი განსხვავდება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისგან, რომელიც უფრო ძველი და ტრადიციული ღონისძიებაა. ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა წელს 55-ედ ჩატარდა, ტურნირი მეექვსედ. ტურნირის მთავარი პრინციპი ის არის, რომ გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს ქიმიის საკმაოდ განსხვავებული ამოცანების ამოხსნაში, ირჩევა საუკეთესო და მათ შორის ნაწილდება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ეს საკმაოდ ინტერაქტიური და შემოქმედებითი ღონისძიებაა.

ქიმიის საერთაშორისო ტურნირში მონაწილე გუნდში შეიძლება იყოს 4-6 მოსწავლე. 

ყველა გუნდს მომზადებული აქვს 12 ამოცანა, რომელიც წინასწარ არის ცნობილი.

მაგალითად რომ მოვიყვანოთ, როგორი ამოცანებია, ერთ-ერთს გეტყვით: უნდა შეძლო  ნივთიერების სინთეზი, რომელიც შეიცავს რაც შეიძლება მეტ ელემენტს პერიოდულობის ცხრილიდან. ცხადია, ეს არის თეორიული და ამოხსნა დამყარებული უნდა იყოს სამეცნიერო კვლევებზე, პრაქტიკული ნაწილი აქ არ მოითხოვება.

ტურნირი იყოფა რაუნდებად: თითო რაუნდში მონაწილეობს სამი გუნდი – ერთი გუნდი არის მომხსენებელი, მეორე ოპონენტი და მესამე  რეცენზენტი. როლები გუნდებს სულ ეცვლებათ და ყოველ დღე სამივე გუნდს სამივე როლი აქვს. მომხსენებელ გუნდს ოპონენტი გუნდი სთავაზობს, რომელ ამოცანას წარადგენს წინასწარ ცნობილი 12 ამოცანიდან – სამი აცილების უფლება აქვთ. როცა შეთანხმდებიან, მომხსენებელი წარადგენს 8 წუთიან პრეზენტაციას, მერე ოპონენტი გუნდის წარმომადგენელი გამოდის და  5 წუთში აფასებს, რა სუსტი მხარეები ჰქონდა მომხსენებელს. შემდეგ იმართება დებატები და ბოლოს რეცენზენტი აფასებს, როგორ წარიმართა დისკუსია. ეს ყველაფერი ხდება საერთაშორისო ჟიურის წინაშე, რომელიც აფასებს სამივე როლს. შეფასებებს იღებენ როგორც გუნდები, ისევე ინდივიდუალური მონაწილეები. შემდეგ დგება თითოეული ადამიანის მიერ მოპოვებული ჯამური ქულების სია და იქაც ნაწილდება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები” – გვიხსნის ლაშა.

ქიმიის საერთაშორისო ტურნირი უფროსკლასელებისთვის არის განკუთვნილი – მასში მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები მონაწილეობენ. საქართველოში წელს ჩატარებულ ტურნირში სულ 8 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს გარდა წარმოდგენილი იყო სინგაპურის, რუმინეთის, მექსიკის, ტაილანდის და უნგრეთის გუნდები. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან უნგრეთი და ტაილანდი ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. უნგრეთი ტურნირის შექმნის დღიდან აქტიურად არის მასში ჩართული – გასულ წელს, სწორედ ბუდაპეშტმა უმასპინძლა ამ ღონისძიებას. საქართველომ მაშინ პირველად მიიღო მონაწილეობა ტურნირში და სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი სპეციალური პრიზი მოიპოვა. იქვე გაჩნდა იდეა, რომ მომავალ წელს საქართველო გამხდარიყო ტურნირის მასპინძელი.

“ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირად ემზადება ტურნირში მონაწილეობისთვის: მაგალითად, სინგაპურში სკოლებში ჯერ ტარდება ინტერვიუები იმ მოსწავლეებთან, ვისაც უნდა ტურნირში მონაწილეობა, მერე ტარდება ტესტირება იმის დასადგენად, რა იციან და რამდენად შეუძლიათ სამეცნიერო სტატიების გარჩევა და შემდეგ ირჩევენ საუკეთესოებს გუნდისთვის. უნგრეთი ატარებს შიდა ტურნირს, სადაც სხვა, ასევე წინასწარ ცნობილი ამოცანები აქვთ. საქართველოშიც ტურნირს ვატარებთ დაინტერესებული ბავშვებისთვის – სპეციალური ფორმაა, იმას ავსებენ, მერე ვიბარებთ, ვისმენთ მათ მიერ ამოხსნილ ერთ ამოცანას და ასე ვპოულობთ ნაკრების წევრებს.

ასპარეზობისასაც განსხვავდებიან ქვეყნები ერთმანეთისგან. მაგალითად, სინგაპურის გუნდს აქვს ტრადიციულად ისეთი შთამბეჭდავი პრეზენტაციები, რაც ზრდასრულების სამეცნიერო კონფერენციებზეც კი იშვიათად მინახავს. ჩვენ წელს ვეცადეთ, ამოცანებში შეგვეტანა ქართული თემატიკა და მართლაც, ერთ-ერთი ამოცანა 12-დან საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ჩვენ წარვადგინეთ ეს ამოცანა: საქართველო არის ღვინის უძველესი მწარმოებელი – გვაქვს 8 ათას წლიანი ისტორია. შეაგროვეთ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ღვინის დაყენების ტექნოლოგია წამოვიდა საქართველოდან.

სხვათა შორის, ნორმალურად გაართვეს თავი. უნგრეთის გუნდმა აიღო ეს ამოცანა დასამტკიცებლად და კარგად გამოუვიდათ. ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით უნდა დაემტკიცებინათ ეს და გენეტიკური სეკვენირება გამოეყენებინათ. ფიზიკურ-ქიმიური მეთოდის ერთ-ერთი მაგალითი, რის საშუალებითაც ამოხსნეს ამოცანა, არის რადიოაქტიური ნახშირბადის გამოყენებით  დათარიღება. ამოცანის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი სანდო მეთოდით დაემტკიცებინათ გამოთქმული მოსაზრება” – გვიყვება ლაშა. ის გვიხსნის, რომ ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა მოსწავლეებს გარდა კონკრეტულ საგანში ცოდნის გაღრმავებისა, სხვა უამრავ სიკეთეს უკეთებს და ახალ უნარებს უვითარებს. ტურნირის სამუშაო ენა ინგლისურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები არამარტო ინგლისურ ენაზე ურთიერთობენ ტურნირის განმავლობაში, არამედ ამ ენაზე წარადგენენ მოხსენებებს და ამზადებენ პრეზენტაციებს. ენის კარგად ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია ორატორული ნიჭი, სწორი სტრატეგიის დასახვა, განსაზღვრული დროის ჩარჩოებში ჩატევა და დისკუსიის უნარი. თუმცა, ყველაზე რთული მოსწავლეებისთვის მაინც სამეცნიერო სტატიებთან მუშაობაა, რომლებიც მათ ამოცანების ამოსახსნელად სჭირდებათ.

“მხოლოდ სკოლის მასალა არ არის საკმარისი, ფაქტობრივად სამეცნიერო სტატიების გარჩევა უწევთ, რის პრაქტიკაც სკოლებში არ არის. ქიმიის ოლიმპიადაზეც გაცილებით მაღალი დონის ამოცანები მოდის, ვიდრე ნაციონალურ დონეზე“ – ამბობს ლაშა და გვიხსნის, რა გზა მოიფიქრა პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ ქართველი მოსწავლეების საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად. ასოციაციის ინიციატივით, ფუნქციონირებს პროექტი “ზურგჩანთა”, რაც ამ ეტაპზე ონლაინ სკოლის ფორმატს ატარებს და მხოლოდ ქიმიის საფუძვლიან შესწავლაში ეხმარება მოსწავლეებს. ამ სკოლაში გადაადგილება და მოგზაურობა მარტივია. სკოლის საიტზე ნებისმიერი ბავშვი იოლად იპოვის კლასს, შესასწავლ საკითხებს და ლაბორატორიაშიც უსაფრთხოდ გაიკვლევს გზას. “ზურგჩანთა“, გარდა სასწავლო მასალისა, ოლიმპიადასაც სთავაზობს მოსწავლეებს. ამ ოლიმპიადის მიზანია საშუალო სკოლის მოსწავლეებში ქიმიის საგნის პოპულარიზაცია და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

“მასწავლებლებს შეუძლიათ კარგად ასწავლონ სასკოლო პროგრამა და თუ შეატყობენ მოსწავლეს, რომ განსაკუთრებული ინტერესი აქვს ქიმიის მიმართ, გამოუშვან ჩვენთან“ – ამბობს ლაშა.

ონლაინ სკოლა “ზურგჩანთაში” ქიმიის მოყვარული მოსწავლეების გადამისამართებისთვის კარგი დროა – აქ ახალი სემესტრი 2 ოქტომბერს იწყება, მანამდე კი ახალი მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს.

საერთაშორისო ტურნირებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასე თავად ქვეყნისთვის.

„ამ ტურნირის შემდეგ უკვე გვაქვს უნგრეთის უნივერსიტეტთან, ოქსფორდში არსებულ უნგრეთის ქიმიკოსთა საზოგადოებასთან კონტაქტი, ეს გვაძლევს წვდომას სხვა ქვეყნების ლაბორატორიებზე, ძვირადღირებულ ინსტრუმენტებზე, სამეცნიერო გამოცემებზე, ზრდის ინტერდისციპლინარულ კვლევებში კოლაბორაციის შესაძლებლობებს.  ამის გარდა, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, იცნობდნენ საქართველოს, ქართულ კულტურას – გახსნის ღონისძიებაზე მოხიბლულები იყვნენ როგორც ჩვენი ცეკვით და სიმღერით, ასევე სტუმართმოყვარეობით“ – გვიყვება ლაშა.

 

 

 

 

ქალის დაწერილი

0

***

კერამიკის მაღაზიაში ვარ, ფილების შესაკვეთად. ერთი კვირის წინ შევთანხმდით, დიზაინს მოვიფიქრებ და დავბრუნდები-მეთქი. ახლა სხვა გოგო დამხვდა. ვაკეთებთ კარის აბრებს, როგორ არაო, ერთი ქალი იყო მოსული და იმისთვის ვამზადებთ ამ ფერს და იმ ფერს, ასე და ისეო, ანუ თქვენ პირველი კი არ ხართო. შევყევით ლაპარაკს და გაირკვა, რომ პირველი ქალიც მე ვარ, მეორეც და ერთადერთიც.

 

***

აი, სადაც წერია, არ შეეხოთ, არ დაჯდეთ, არ გადასცდეთ, სწორედ იმ ადგილას უნდა დამებინდოს მზერა, ჩავიკეცო, წამომაწვინონ და ყველა წესი დავარღვიო, რაც ძირითადად საგამოფენო დარბაზებში მემართება ხოლმე. „ძვირფასო, შენ იქაც წოლილხარ, სადაც ტომას მორი იდგა და მეფეს ეურჩებოდა. ნუ, შენი ისტორია უკეთ დამთავრდა.“ – გონს მოსულს ჩუმად მეუბნება ლევანი.

 

***

დილიდან ვიმტვრიე თავი ადრე წაკითხულ წიგნზე. არც ავტორი მახსოვდა (თან მიყვარს), არც სათაური, მხოლოდ რამდენიმე კადრი – ზღვის სანაპირო, შეყვარებული წყვილი, თაფლობის თვე და მესამე, მშვენიერი ქალი. მივწერე მეგობარს, ვინც მათხოვა და გავედით კვალზე.

 

***

98 წელს ბინა რომ ვიყიდეთ, ცოლ-ქმარმა სუროვცევებმა რუსულ-ქართული ლექსიკონები და ოთახის მცენარეები დაგვიტოვეს. არ უთხოვიათ, დაგვავალეს, ყვავილებს კარგად მიხედეთო. მას მერე დროდადრო გვაკითხავდა მეზობელი, რომელსაც სუროვცევები დონის როსტოვიდან ურეკავდნენ და სთხოვდნენ, ჩვენთან ჩამოსულიყო და მრავალწლიანი მონსტერასთვის დაეხედა. ხანდახან ასეც ხდება – როდესაც საკუთარ ფესვებზე ფიქრობ, მხოლოდ შენი ხელით დარგული და გახარებული მცენარის ფესვები გახსენდება.

ჰო, საჰაერო ფესვები არ მოაჭრათო, ეგეც დაგვიბარეს.

 

***

ჯიმი, ღამის კლუბი, აუზი, ძაღლების გამოფენა, სოლარიუმი, მანქანების ბაზრობა, ლუდის ბარი, ფეშენ უიკი, ტექნიკის მაღაზია – იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, სადაც ოჯახის წევრებს თურმე ჩემი ნახვა გაუკვირდებოდათ. სცადეთ თქვენც, გამოკითხეთ ახლო ხალხი.

 

***

მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მე და ჩემი და ინჟინრები გამოვსულიყავით. ჩემზე კიდევ, მაგას შეეშვი, თემებს კარგად წერს, თემებს კარგად წერსო და შემეშვა. ამ თემებშიც სულ რაღაცას რომ ითვლი, პროპორციებზე, ხაზებზე, სტრუქტურაზე, ინსოლაციასა და სივრცეებზე ფიქრობ, ინჟინერიაა, აბა, რა არის. ბარემ გამოვსულიყავი.

 

***

საქმე ისე მიდის ფეისბუქში, ერთი კითხვის ნიშნით ამოკნავლებულს პასუხის ღირსად აღარავინ აგდებს. სასვენი ნიშნების ისტერიული გამოყენების გამო პოსტპუნქტუაციური აპოკალიფსი არ აგვცდება.

 

რად გვიღირს???

 

***

ვინტაჟური ნივთების მაღაზიაში ძირითადად წარწერებს ვაკვირდები სუვენირებზე. ერთი მწვანე ტოლჩა ყველაზე უსახურად გამოიყურებოდა, მაგრამ ზედ მიწერილი პატარა იტალიური ქალაქი მაინც დავგუგლე. ამ ყაიდის მოგზაურებიც არსებობენ, ორიოდე კილომეტრის გავლით ნახევარ სამყაროს რომ მოივლიან.

 

***

ტრენიგზე ვთხოვ მონაწილეებს, თვალები დახუჭონ და წარმოიდგინონ… ყველა ემორჩილება ინსტრუქციას, მხოლოდ ერთი ურჩობს. კიდევ ერთხელ ვუმეორებ – დახუჭე თვალები! ჯგუფი იცინის და იხილება იმის გამოსარკვევად, ვინ არ დაიხუჭა. ახლა მხოლოდ ეს ბიჭია თვალდახუჭული და ქუთუთოებს მიღმა ეშმაკები უთამაშებს.

***

ჩემმა მობილურმა ტელეფონმა თავი მოიკლა და არცერთი თვითმკვლელი მობილური ამას არ სჩადის საგარანტიო ვადაში. ოჯახის სხვა მობილურები ერთმანეთის კამერებთან საუბარს ერიდებიან, თუმცა პირად საუბარში აცხადებენ, რომ ეკრანდაბნელებულს ვალები არ ჰქონდა. მეტიც, სწრაფ სესხებზე მესიჯებს თვითონვე შლიდა.

 

***

– გაჩერებასთან გამიჩერეეეთ! (წამღერებით)

– გაუჩერეთ! (ბანი)

– გამიჩერეთ რააა! (წატირებით)

– გაუჩერეთ, გაუჩერეთ! (გუნდი)

– ჩადიან? (ხრინწი)

– კი, ქალი ჩადის, ქალი ჩადის! (ბექები, უკანა რიგი)

– მერე ვერ იტყვით, კაცო? (ახველებს, ხმა ეწმინდება)

 

***

ვითომ საქმე დავატრიალე. დავწერე მოთხრობა, გამოვაქვეყნე გაზეთში, ავიღე ცოტაოდენი ჰონორარი. ვიფიქრე, ავტორიც ხომ უნდა გამოადგეს ტექსტს-მეთქი და ამ ჰონორარიდან ცოტაოდენი საქმეში ჩავაბრუნე, ანუ პოსტი დავბუსტე. სამი დღე აფრიალა ფეისბუქმა, მაგრამ წაკითხვით  ცოტაოდენმა წაიკითხა. რად უნდოდა ათი დოლარი იმის მიხვედრას, რომ პროზა პოეზია არ არის, დაბუსტავ – ვერ წააკითხებ.

 

***

 

ტაქსის ოპერატორებს მითითება აქვთ, რომ ყველაფერი დააზუსტონ:

– თამარაშვილი რომელი, მიხეილი?

– დიახ.

– და სად მიდიხართ?

– აღმაშენებელზე.

– აღმაშენებელი დავითი?

 

***

მთელი დღეა წვიმს თელავში. გავშალეთ ქოლგები და ამოვიარეთ ქალაქი. ერეკლეს სასახლეზე მატასი ლევანს ეკითხება: მამა, ეს რა არის? ლევანს ხმა ეცვლება და დიდაქტიკურად იწყებს – მამა, ეს არის… ელენე ლევანზე მანიშნებს: ნახე, რა მონდომებული ყოფილა საგანმანათლებლო ტურისთვის, კიდევ კარგი, გამოვყევით.

 

***

გუშინდელ საღამოზე ძირითადად მეგობრები მოვიდნენ, რა თქმა უნდა. თავიდანვე გავაფრთხილე, რომ არ დაესვათ შეკითხვები:

– რომ გირეკავ, რატომ არ იღებ?

– ერთნაირი ფეხსაცმელები რომ ვიყიდეთ, გახსოვს?

– ის როგორ იყო, გაზეთიდან ეროტიკულ სპექტაკლზე რომ აღმოვჩნდით?

მოკლედ, ასეთები არ იყო, თუმცა მათთან ერთად ძველი ამბების გახსენებას არაფერი მირჩევნია.

 

***

არსებობს ხელის მტევნის ორი ისტორიული ფოტო. პირველი ეკუთვნის ანა ბერტა ლუდვიგს, X-სხივების გამომგონებლის, ვილჰელმ რენტგენის ცოლს. მეორე ჩემია, რომელიც შარშან ბათუმიდან ლევანს გამოვუგზავნე, მინაწერით – „მოვკაკვე!“. აქვე, მადლობა გია ჯალალიშვილს, რომელმაც მიექიმა გაწყვეტილ მყესზე და ერთი წლის თავზე ისევ ძველებურად შემიძლია შუა თითის ჩვენება, თუკი ამას გარემოება მოითხოვს.

 

***

ნესტის სუნს მივყევი და წიგნების კარადასთან მიმიყვანა. გადმოვალაგე, ვაშრობ, ვფურცლავ.

 

– ნუთუ ეს ყვავილი მე ჩავდე?  – გაკვირვებული დავყურებ.

– არ არის გამორიცხული, რომ მე,  – წიგნს მართმევს ლევანი.

 

***

ისეთი დაუნდობელი ჩხუბის ხმა გამოდიოდა მეზობლისგან, ვიფიქრე პატრულს მივაშველებ-მეთქი. ასინეთასავით მივადე ყური კედელს და, სავარაუდოდ, ოთხ ხმაში გამოვარჩიე მართალი კაცის ხმა: დამა ყვავი იყო, ბიჭო!

 

***

ხანდახან ასეც ხდება, ავტორმა იცის, რომ ბოლო კრებულზე მუშაობს და უკანასკნელად უბერავს სულს მინავლებულ ცეცხლს. ლეონარდ კოენის წიგნში ვერ ნახავთ შეწყვეტილი ცხოვრების ამბავს, ეს ბრწყინვალე დაისია და ამასთანავე ახალი გზის დასაწყისი:

 

I pray for courage

At the end

To see death coming

As a friend.

 

***

უხსოვარ დროს ერთი მეზობელი გვესტუმრა, ჩვენს ეზოზე წიგნს ვწერ, თქვენც იქა ხართ, მერე რომ არ გაგიკვირდეთო. ისე, დიალოგებს კი წავიკითხავდი.

 

***

ბოტები, ბოტებიო და მე ჩემი ძველი ბოტები გამახსენდა. თინეიჯერები უცნაური ხალხია – ოღონდ რამე მოეწონოთ და მოერგებათ თუ არა, აღარ დაეძებენ. ერთხელ იმხელა ბოტები ვიყიდე, ცუდ ამინდში ხან მე მეცვა და ხან მამაჩემს.

 

***

გაიხსენეთ სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც არ იცოდით და სხვა რამე წარმოგედგინათ. მაგალითად, მე პანაკოტა ერთხანს რაღაც იშვიათი თევზი მეგონა. შეიძლება იმიტომ, რომ პირველად ზღვისპირა რესტორანში გავიგე – თავისუფალი მაგიდა არ გვაქვს, ისეთი ხალხი მოდის, სულ პანაკოტები აქვთ შეკვეთილიო.

 

***

წლების უნახავი ნაცნობი მხვდება. მოვიკითხე, ბავშვები ახლა რამხელები არიან-მეთქი. მახსოვს, მაშინ თინეიჯერები იყვნენ. ცხრის და ოთხისო. ეგ როგორ, რა დაგმართნიათ-მეთქი. აა, მეორე ცოლი მოვიყვანე, აბა, ისინი რაღა ბავშვებიო.

 

***

შემომხედავ, თითქოს დალაგებული ვარ. დავჯდები საწერად და დროებს ისე ვურევ, ფაილის დახურვას ვეღარ ვახერხებ აწმყოში. კარგი რედაქტორები მყავს და იმათ იდარდონ.

 

***

რაღაცას რომ ვწერ, უნდა ჩავურთო წუთში ერთხელ რაც ჩამესმის – „დე, ნახე, რა გავაკეთე!“ „დე, ქალის სახელს ვერ გათქმევინებ?“, „დე, ჩემი მობილურის დამტენი სად წავიდა?“, „დე, ყირაზე გადავიდე?“, „დე, გადმოვყრი ჩემ ტანსაცმელს და მერე ისევ დავალაგებ!“

 

ხომ არ დაეტყობა, რომ ქალის დაწერილია?

 

 

 

 

ამბები მასწავლებლის დღიურიდან

0

– როგორი დღე გქონდა? რა მოხდა სკოლაში? – ეკითხებიან სკოლიდან შინ დაბრუნებულ ბავშვებს. მასწავლებლებს ვინ გვისვამს ასეთ კითხვებს? ვის აინტერესებს, რა გაგვიხარდა ან გვეწყინა, როგორი გაკვეთილები ჩავატარეთ?

ძალიან მიყვარს დღიურები. წლების განმავლობაში ბევრი ჩანაწერი დამიგროვდა. გაკვეთილებზე სულ დამაქვს ერთი დღიური, რომელშიც მოსმენისას საინტერესო ფრაზებს ვინიშნავ, ზოგჯერ პირადი მაგალითისთვის მოსწავლეებთან ერთად ვწერ დავალებებს და ვუკითხავ. ჩემი შვილები ხშირად მთხოვენ სკოლის ამბების გაზიარებას. მთავარი „მსმენელი“ კი წითელყდიანი დღიურია, რომელიც საგანგებოდ სკოლის ყოველდღიურობის აღსაწერად ვიყიდე. დღიური დღეების მიხედვით არის დაყოფილი და გვიან ღამით მოკლედ ვინიშნავ მხოლოდ გაკვეთილების ამბებს – რომელ ტექსტს ვსწავლობთ და რომელ მეთოდებს ვიყენებთ. ნაჩქარევი, მშრალი ჩანაწერების მიღმა კი იმდენი ემოცია იმალება, არ ვიცი, წლების შემდეგ მათ ამოკითხვას თუ შევძლებ.

კვირის ბოლოს ჩანაწერებს თვალი გადავავლე და ისეთი მრავალფეროვანი დღეები გვქონია, გადავწყვიტე, რამდენიმე ამბავი თქვენც გაგიზიაროთ.

 

გულდაფაკედელსაკიდელა

ორი თვეა, მეექვსეკლასელებს თამარ გეგეშიძის წიგნს „სული-ჩიტი“ ხმამაღლა ვუკითხავ. თავებს ისეთი საინტერესო სათაურები აქვს, იდეებით მავსებს. ერთ-ერთ თავს ჰქვია „ვატოს ოთახი“. მთავარი პერსონაჟი, ლუკა, კლასელს შინ ესტუმრება. ვატოს ძველებურ სახლში მზრუნველი ადამიანები ტრიალებენ. მისი ოთახი კი ლუკას გააოცებს: „ვატოს ოთახში შევედი თუ არა, სუნთქვა შემეკრა. ვიფიქრე, რა უცნაური და ჭრელი შპალერია-მეთქი. მერე კი მივხვდი, ასე იმიტომ მომეჩვენა, რომ კედლები სულ პლაკატებით იყო აჭრელებული. რომ დავაკვირდი, წიგნებიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან ამოხეული ფურცლები ყოფილა. თურმე, ვატოს რაც მოეწონებოდა, სტატია, სურათი, განცხადება თუ კომიქსის ნაწყვეტი, ყველაფერს კედელზე აწებებდა. ერთ მხარეს ძირითადად კოსმოსის შესახებ იყო ცნობები, მეორე კედელზე კი შარშანდელი ისტორიის წიგნიდან ამოჭრილი ვახტანგ მეფე და ხოხობი ვიცანი. სტიკერებიც იყო, მარკებიც და რამდენიმე ფურცელი სულ ვატოს დაწერილი ჩანდა. ალბათ წერილები იქნებოდა“.

აღფრთოვანებულ ლუკას ვატო ეუბნება, რომ ოთახის მოწყობაში დაეხმარა ბაბუა, რომელსაც სურდა, მისი ოთახი მხიარული ყოფილიყო.

ყურადღება გავამახვილეთ ამ ეპიზოდზე. ვისაუბრეთ პირადი სივრცის შესახებ და გადავწყვიტეთ, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, რას გამოვფენდით ჩვენს კუთხეში. ერთად შედგენილი ნუსხა ამგვარად შეივსო:

  • წიგნის ყდა;
  • საყვარელი მწერლის, მომღერლის, სპორტსმენის, პერსონაჟის პოსტერები;
  • პირადი წერილი ან ღია საფოსტო ბარათი;
  • ლექსის ერთი სტროფი;
  • საკუთარი ან ნაჩუქარი ნახატი.

იმისთვის, რომ უფრო ნათელი ყოფილიყო, რას ვთხოვდი ბავშვებს, მეორე დღისთვის დავხატე საყვარელი პერსონაჟი ანიმედან, წიგნის ყდა, დავწერე ლექსის ერთი სტროფი, დავამზადე ჰერბარიუმი, მოვძებნე მოსწავლის ნაჩუქარი ნახატი და ღია საფოსტო ბარათი, რომლებიც სათითაოდ ჩამოვკიდე ძაფზე და ყუთში მოვათავსე.

ამგვარად მიწოდებული რესურსი დიდ ცნობისმოყვარეობას აღძრავს და ყურადღების მოკრების საუკეთესო გზაა.

ვკითხე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყუთში. ბევრი რამ ჩამოთვალეს. რამდენიმემ გამოიცნო. შემდეგ ყველაფერი დაფაზე დავამაგრე და არჩევანის შესახებ ვისაუბრე, კერძოდ, დავასაბუთე, რატომ შევარჩიე თითოეული მათგანი.

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, ერთად აკინძულ ნივთებს გულდაფაკედელსაკიდელა დავარქვით.

პრეზენტაციაც საგულდაგულოდ ჩავატარე. ანიმეს პერსონაჟთაგან ლისა შევარჩიე ჰაიაო მიაძაკის ფილმიდან „პონიო“. ლისა ახალგაზრდა ქალია, მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს, შვილს უვლის და ქარიშხლის დროს შარაგზაზე გადმოსულ ტალღებს შორის მანქანას ელვის სისწრაფით დააქროლებს. ლისას ცხოვრება მომწონს. ის გამბედავია, მზრუნველი, კაცთმოყვარე და ძალიან კარგად ესმის ბავშვების. თავისი შვილის სურვილს – იმეგობროს ნახევრად თევზ გოგოსთან, დიდი გაგებით ეკიდება. ზოგჯერ ბრაზსაც გამოხატავს და მისი ეს თვისება ძალიან მხიბლავს. საინტერესო გზავნილია დედებისთვის, რისხვის შემოტევისას როგორ უნდა გავავლოთ ზღვარი გამომწვევ მიზეზსა და გამოხატვის ფორმას შორის და ჩვენი უარყოფითი ემოციები ბავშვებს, შეძლებისდაგვარად, არ მოვახვიოთ თავს.

საყვარელი წიგნებიდან შევარჩიე „ენი ევონლიდან“, რადგან ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რედაქტორმა, მარიამ კორინთელმა, წიგნზე მუშაობისას მომწერა, ასე მგონია, შენს ამბებს ვკითხულობო. ენი სოფლის ახალბედა მასწავლებელია და კითხვისას მარის ჩემი რაჭული თავგადასავლები ახსენდებოდა. ამასთანავე, ავტორი, ლ. მ. მონტგომერი, წიგნს თავის მასწავლებელს უძღვნის: „მადლიერებით, ჩემი ყოფილი მასწავლებლის, ჰეითი გორდონ სმითის ხსოვნას, თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის“. ალბათ, ყველა მასწავლებელი ისურვებდა, მოსწავლეებისგან ასეთივე მიძღვნა დაემსახურებინა.

ნაჩუქარ ყვავილებს წიგნებში ვახმობ. მეექვსეკლასელების მშობლებმა ერთ დღეს თაიგული მაჩუქეს. მადლიერების ნიშნად ამ ყვავილებისგან ჰერბარიუმი დავამზადე. ვფიქრობ, ამგვარი პატარა ნაბიჯებით ბავშვების გულებს სხვებისადმი კეთილი ფიქრებით ავავსებთ.

გალაკტიონის ლექსში „ქარი ქრის“ მართლაც ისმის ქარის ხმა. ამაზე დიანა ანფიმიადის წერილმა დამაფიქრა. სიტყვებიდან ხმოვნებს თუ ამოვიღებთ დარჩება თანხმოვნები: ქრ… ქრ… ქრ… – და საკლასო ოთახშიც ქარის ხმა გაისმის.

ერთხელ ვაჟიკომ, მეექვსეკლასელმა ბიჭმა, თავისი დახატული რეპერ Snoop-Dog-ის პორტრეტი მაჩუქა. ბავშვების ნაჩუქარ ნივთებს რომ ვუფრთხილდებით, ესეც პირადი მაგალითია მათთვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვაჟიკომ თავის გულკედელდაფასაკიდელაზე „ემილის თავგადასავლის“ ყდა გამოფინა და გაგვახსენა: – ეს წიგნი მესამე კლასში ცუდად ყოფნისას ლელა მასწავლებელმა მაჩუქა და ანდრიამ სახლში ამომიტანა; ისე გამიხარდა, იმავე დღეს დავიწყე კითხვა და მეორე დღეს დავამთავრეო. ყდაზე დატოვებული წარწერაც ზეპირად ახსოვდა. როცა ვაჟიკო ამ ამბავს გვიამბობდა, მე მის მერხთან ვიჯექი ჩანაწერის გასაკეთებლად. შევამჩნიე, რომ რამდენიმე ბიჭმა შემომხედა. აინტერესებდათ ჩემი ემოციები. მე კი თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. ასე იცვლება დადებითი ენერგიები, რაც ურთიერთობებს ჰარმონიულს ხდის.

ჩემმა ბიჭმა დაბადების დღეზე ღია საფოსტო ბარათი მაჩუქა წარწერით: მადლობა, ადამიანო, რომ გამაჩინეო, – და ამ სიტყვებით დამემშვიდობა: კეთილი და სულიერიო. დედისადმი გამოჩენილი მზრუნველობა ღია საფოსტო ბარათით ბავშვებისთვისაც პირად მაგალითად იქცევა.

შევაჯამეთ პრეზენტაცია, ვისაუბრეთ მთავარ გზავნილებზე, გავიხსენეთ, რა უნდა გაითვალისწინონ საჯარო საუბრისას და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მეორე დღეს მსმენელის როლი მოვირგე. შეიძლება ითქვას, რომ გულკედელდაფასაკიდელა წლის საუკეთესო აქტივობად იქცა. მოსწავლეების არჩევანის გაცნობისას ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საკუთარი ოთახისთვის შერჩეული ნივთები თითოეული მოსწავლის ბუნებას გამოხატავდა და მათი სამყაროს კარს გვიღებდა. წიგნის პერსონაჟ ლუკას მსგავსად, გაოცებას ვერ ვმალავდით და ხელნაკეთი ნივთებით გადავსებულ დაფას სიყვარულით ვაკვირდებოდით.

ელენეს ვან გოგის სახისთვის ყვითელი თმა-წვერი უჩვეულოდ შემოევლო; ნიკამ პატარა ქვა მოგვიტანა, სკოლის პირველ დღეს ვიპოვე, შინ წავიღე და ამბებს ვუყვებოდიო. ალექსმა რაგბის გუნდის დროშა მოიტანა და გუნდ „იუნკერები-სარაჯიშვილის“ სახელზე გვესაუბრა: იუნკერები ჯარისკაცები იყვნენ და 1921 წელს დაიღუპნენ, ამიტომ ჩვენს ფორმას „1921 წელი“ აწერიაო. ანდრიამ თავისი ნახატი „Lost in New-York“ მოიტანა, ჩემს ნახატებს შორის ყველაზე მეტად მომწონსო. შოთიკომ ლექსი „საბრალო დედაბრისასა“ შეარჩია, ახლაც მახსოვს, მესამე კლასში რომ წაგვიკითხეთ და ბავშვებს თვალების დახუჭვა რომ გვთხოვეთო. ნინიმ ნაქსოვი ჩანთა დაფის გვერდით ჩამოკიდა, ამ ბოლო დროს არავინ ქსოვს და მინდა, ქსოვა სხვებმაც გაიხსენონო. სანდროს გულკედელდაფასაკიდელა ყველაზე მძიმე იყო, რადგან ფურცლებთან ერთად ბუცები ჰქონდა ჩამოკიდებული. ყველა გაგვახალისა დაფაზე ჩამოკონწიალებულმა დაფლეთილმა ბუცებმა. აი, საბას ბუცის ფორმის პენალმა კი გულიანად გვაცინა, მასწავლებლებს ბუცი ჰგონიათ ხოლმე და მერხიდან აღებას მთხოვენო. ნიკოლოზმა „ცხრაკარა“ წაგვიკითხა, ყველაზე მეტად ამ ლექსმა ჩამითრიაო. ბარბარემ ჯინზე ისაუბრა და სურვილების ჩაფიქრება მოგვანდომა. გელამ მურმან ლებანიძის ლექსის ერთი სტროფი წაგვიკითხა და გვითხრა, რომ „ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო…“ ნიკას რვეულში აღმოაჩინა, ძალიან მოეწონა და ინტერნეტში მოძებნა. თამარმა ბარბარეს ნახატი გაგვაცნო, ერთ გაკვეთილზე ჩვენ უკან იჯდა და მე და ნატალი დაგვხატაო.

განსაკუთრებით გამიხარდა ბიჭების მიერ ნაპოვნ-გამხმარი ფოთლები და ყვავილები. მგონია, რომ ბავშვები, რომლებიც ყვავილებს ახმობენ და ლექსებს კითხულობენ, ცხოვრებისეულ სისასტიკეს აისხლეტენ. დაფა გადაივსო მსახიობების, მომღერლების, სპორტსმენების, მხატვრების ამსახველი ნახატებით, ღია საფოსტო ბარათებით, ლექსებითა და ჰერბარიუმებით. ერთმანეთს დიდი ყურადღებით ვუსმენდით, კითხვებს ვუსვამდით, ვიცინოდით და თვალები ცრემლებით გვევსებოდა. ყველას მოსასმენად სამი გაკვეთილი დაგვჭირდა. მე დღიურში საკვანძო სიტყვებს ვინიშნავდი და ბოლოს სახალისო ვიქტორინაც ვითამაშეთ.

გულკედელდაფასაკიდელების სანახავად გვესტუმრნენ მასწავლებლები და სხვა კლასის მოსწავლეები. ერთმა ბავშვმა ხმამაღლა თქვა, თავი მუზეუმში მგონიაო.

 

 

ფეხტური ბიბლიოთეკაში

ოთხშაბათობით მეოთხე კლასთან წყვილი გაკვეთილი მაქვს. 27 მოსწავლიდან სკოლაში მხოლოდ ცოტნე არ იყო. ფეხტური ხომ არ მოვაწყოთ და თან ცოტნეს შევძახოთო, მკითხეს. როგორც წესი, ფეხტურებს იმ დღეებში ვაწყობ, როცა ცოტანი არიან. თვალი გადავავლე 26 მოსწავლეს და სკოლის გარეთ მათი მარტო გაყვანა ცოტა შემეშინდა. მერე სალიტა მოვიდა და მთხოვა, სათავგადასავლო წიგნი შემარჩევინეთო. ქცევის წესებზე შევთანხმდით და უბნის ბიბლიოთეკაში ფეხტური დავგეგმეთ. პუნქტებად ჩამოვწერეთ, რა უნდა გვენახა და სად უნდა წავსულიყავით. გზად კორპუსებს შორის მოქცეული სტადიონი უნდა გაგვევლო. ცოტნეს შევძახეთ. სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო ვერ შემოგვიერთდა. ამასობაში ჩემი მეგობარი მაკა დავინახეთ. ვთხოვეთ, ჩვენთვის დრო დაეთმო და კლასის საკითხავი წიგნი „ვაფლის გულები“ გავაცანით. შემდეგ პატარა მაღაზიაში კანფეტები ვიყიდეთ და ბიბლიოთეკისკენ გავეშურეთ. კანფეტებით გამვლელებსაც გავუმასპინძლდით. ბიბლიოთეკაში დაფაზე დატოვებული წარწერა შევნიშნეთ. უცნობი მკითხველი წერდა, აქ ზღაპრული გარემოაო. მის სიტყვებს ჩვენც გამოვეხმაურეთ და წიგნ-თავგადასავლების სამყაროს მადლობა გადავუხადეთ. სალიტასთვის საინფორმაციო წიგნი „როცა მთვარეზე გავიარეთ“ შევარჩიეთ და სასწრაფოდ სკოლაში დავბრუნდით. საშინაო დავალებად ფეხტურის ამბები უნდა დაეწერათ. საკლასო ოთახიდან გასვლამდე სალიტას გახსნილ ჩანთას მოვკარი თვალი, საიდანაც ერთად შერჩეული წიგნი იყურებოდა. მეორე დღეს სიხარულით კითხულობდნენ სხვადასხვა თანმიმდევრობითა და სიტყვებით აკინძულ ერთსა და იმავე ამბავს. ჩემი მეგობარი მაკა დღის მთავარ გმირად იქცა.

 

დავით კლდიაშვილის ბიოგრაფია

მერვე კლასის ერთ-ერთი საპროგრამო ტექსტია „სოლომან მორბელაძე“. კვირა ღამით ავკინძე სლაიდშოუ და ხელახლა გადავიკითხე დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი ცხოვრების გზაზე“. ბიოგრაფიების გაცნობა ჩემი საყვარელი აქტივობაა. მწერალი როგორც მოქალაქე თავისი ადამიანური ისტორიებით მოსწავლეებსაც ძალიან აინტერესებთ და ძველი ტექსტების გაგება-გააზრებასაც აადვილებს. გონებრივი იერიშით ვადგენ, რა იციან, შემდეგ მინილექციით ახალ ინფორმაციას ვაწვდი და ბოლოს გასასვლელ ბარათებს ავსებენ, კერძოდ, წერენ 5 რამეს, რაც დაამახსოვრდათ.

მწერლის ადამიანებითა და სიყვარულით სავსე ბავშვობა, რუსეთის სამხედრო სასწავლებელში გამგზავრება, ქართული ენის დავიწყება, ნიკო ლომოურის ნაჩუქარი გაზეთ „ივერიის“ კითხვით მშობლიური ენის გახსენება, 26-წლიანი სამხედრო კარიერა, რუსი უფროსებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ბათუმის ბულვარის გაშენება, თეატრისა და სკოლის დაარსება, მოსიყვარულე მეუღლე და ხუთი შვილი, მოთხრობების წერის პროცესის აღწერა – ეს ყველაფერი ხომ საინტერესოა, მაგრამ „ჩემი ცხოვრების გზა“ კიდევ ერთი ნიშნით არის გამორჩეული: დავით კლდიაშვილი უდიდესი სიყვარულით წერს ცნობილი და უცნობი ადამიანების შესახებ. დაუვიწყარია შეხვედრა ივანე ჯავახიშვილთან, რომელიც სინის მთის მანუსკრიპტებზე ესაუბრა, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართული საღამოები ქუთაისში. მწერალი იხსენებს, როგორ სწამებდნენ ცილს და როგორ სტკენდნენ გულს ალექსანდრე ყაზბეგს, რა გააფთრებით იცავდა ვანო მაჩაბელი კაცს, რომელსაც ლაპარაკი არ ეხერხებოდა, როგორ უყვარდა ხალხს გაბრიელ ეპისკოპოსი, რომელიც ზამთარში გარდაცვლილა და თვე-ნახევარი არ დაუკრძალავთ, რადგან ყველას სურდა, სულიერ მამას გამომშვიდობებოდა. „პირველ რიგში ვარ მოქალაქე და შემდეგ სამხედრო პირი“, – წერს ერთგან დავით კლდიაშვილი და აქ მისი სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია მჟღავნდება. რუს მოხელეებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას საქმითა და სიტყვით მტრობდნენ, მწერალი მიწასთან ასწორებს და, ამავე დროს, მათ შორის ღირსეულ ადამიანებს კეთილი სიტყვებით ამკობს.

გასასვლელ ბილეთებზე მერვეკლასელებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე, რაში გვეხმარება მწერლის ბიოგრაფიის გაცნობა. შინ დაბრუნებული, მათი ნაწერების კითხვისას ვფიქრობდი, რომ ჩემი სათქმელი მათ გულებამდე სწორად მივიდა.

 

ელპიტეს მზითევი

დიალოგების სიმრავლე, დიალექტიზმები, ისტორიული კონტექსტის არცოდნა „სოლომან მორბელაძის“ გაგებას ართულებს. თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი ბატონყმობის გაუქმების ისტორია, სოციალური სტატუსით დაყოფილი საზოგადოების სირთულეები, შემდეგ მოვძებნე რადიოპიესა და ფირსაკრავით ავაჟღერე. ხმამაღლა წავიკითხეთ ტექსტი, შეავსეს პერსონაჟის რუკა, დაწერეს პერსონაჟის მონოლოგი, ერთ-ერთი განსხვავებული აქტივობა კი ამგვარი იყო: თანამედროვეობაში გადმოვიტანეთ მოთხრობაში ასახული სიტუაცია და მოსწავლეებს შევთავაზე, დაეწერათ, ქაიხოსრო ქათამაძის მსგავსად, მაჭანკლის საშუალებით თავად რომ გაებათ მოლაპარაკება ბიჭის საცოლის მშობლებთან, რას მოსთხოვდნენ. დაფაზე ჩამოვწერეთ ელპიტეს მზითევი: 20 თუმნის ვექსილი, 40 თუმანი ხელზე და 20 თუმნის ქონება.

13-14 წლის გოგო-ბიჭები ამ დავალებამ ძალიან გაახალისა. ერთმანეთს არ აცდიდნენ დავალების წაკითხვას. რა აღარ მოსთხოვეს საწყალ ბესარიონ საქარაძეს: უახლესი მობილური ტელეფონები, ჰავაის კუნძულებზე დასვენება, ბარათზე 5000 დოლარის გადარიცხვა და ა.შ.

ვფიქრობ, ამგვარი მიდგომით არასდროს დაავიწყდებათ „სოლომან მორბელაძე“.

 

მინისპექტაკლი

მოთხრობის მეოთხე თავზე ფიქრისას მინისპექტაკლის დადგმის იდეა გამიჩნდა. გავანაწილეთ როლები, შეერთებული მერხები სეფაში გაშლილ სუფრად ვაქციეთ და ახალი ეპიზოდები დავამატეთ, მაგალითად, როგორ ტირის ელპიტე და როგორ ამშვიდებენ მეგობრები. მღვდლის როლის შემსრულებელმა აკაკიმ იკითხა, რა ხდებაო და მისმა ამ გულგრილად ნათქვამმა ფრაზამ შესანიშნავად ასახა მოთხრობაში აღწერილი საზოგადოების გულგრილობა, გონებადაბინდულობა, „თუმნებზე“ გაყიდული გოგოების ბედი.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესი

ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა, ლია მეტივიშვილმა, შუა კვირაში სოციალურ ქსელში დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ გამართეს სასამართლო პროცესი „მგელი და კრავის“ მიხედვით. ლია ხაშურის სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ქართულს ასწავლის. მისი აქტივობები მასწავლებლის უწყვეტი ფიქრისა და შრომის შედეგია. დავურეკე და გამოცდილების გაზიარება ვთხოვე. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს მსგავსი აქტივობები. ლია აღფრთოვანებული მიამბობდა თავისი მოსწავლეების გონებაგახსნილობის შესახებ. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა მოახვიოს თავს სხვამ საკუთარი აზრი და ეს უზომოდ მახარებსო, მიყვებოდა ლია ხაშურიდან გლდანულაში მყოფს და გული სიხარულით მევსებოდა.

მეორე დღეს, ლიას რჩევების გათვალისწინებით, მეოთხე კლასთან მეც გავმართე იმიტირებული სასამართლო პროცესი. შევარჩიეთ მგელი, ცხვარი, მათი ადვოკატები, მოსამართლე, ნაფიცი მსაჯულები, დაცვა, მგლისა და ცხვრის მეგობრები, მაგალითად, იგავში ცხვარს და-ძმა არ ჰყავს, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრეთ: გავიხსენეთ კეთილი პერსონაჟები – წიქარა, დათვი („ენით დაკოდილიდან“), ანდროკლეს მეგობარი ლომი, ნუცამ გაგვახსენა ჰაიდის პაპის ცხვრები იოჰანა შპირის რომანიდან. ასევე შევურჩიეთ ნაცნობ-მეგობრები მგელსაც. სამწუხაროდ, ზარმა მოგვისწრო და სასამართლო პროცესის გადადება მოგვიწია. ბავშვებს როლიდან გამოსვლა გაუჭირდათ, მცველების როლში მყოფი ორი ბიჭი ეცა და გაკოჭა, ცხვრის დამცველმა ადვოკატმა კი სახელდახელოდ დამზადებული პლაკატი ააფრიალა წარწერით: „მგელი მოძალადეა!“

ლიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მითხრა: არასდროს მომწონდა დასასრული: „დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი“, – და ძალიან მინდა, ეს უსამართლობა შევცვალოო. მჯერა, რომ ჩემი მეგობრის აღზრდილი მოსწავლეები უკეთესობისკენ შეცვლიან გარემოს.

პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ, მკითხველთა კლუბის წევრებს შევხვდი, ლიტერატურული კაფესთვის პოსტერები მოვხატეთ და ჩემი გამომცხვარი ნამცხვრით – „ლელათი“ გავუმასპინძლდი. სკოლიდან მოსწავლეებთან ერთად დავბრუნდი და სადარბაზოსკენ მიმავალს დაღლილობისგან ზუსტად ისე მეხუჭებოდა თვალები, როგორც ჩემი საყვარელი ანიმეს მთავარ პერსონაჟს – პონიოს.

 

ასეთი მრავალფეროვანი კვირა იმალება წითელყდიან დღიურში ჩაწერილი მოკლე ფრაზების მიღმა. იმის შესახებაც ვწერ, რაც არ გამომივიდა. მასწავლებლის ყოველდღიურობის მოკლე ჩანაწერებად ასახვა თვითრეფლექსიისა და დროის დაზოგვის მშვენიერი გზა აღმოჩნდა.

 

აქტივობები სწავლის პირველ დღეს

0

„დაუწერე წერილი საკუთარ თავს: რას ელი ახალ სასწავლო წელს? რა მიზნები გაქვს? რას გრძნობ ან ნერვიულობ?“ – რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, თუ ამას მასწავლებელი სასწავლო წლის პირველ დღეს გეტყოდათ, მერხზე ფერად, სუფთა ფურცელს დაგახვედრებდათ და წერისთვის დროს მოგცემდათ. ალბათ დაფიქრდებოდით. „ძვირფასო, მე…“ დაიწყებდი წერას და თქვენს მოლოდინებს, ფიქრებს, ხელის ერთი მოხაზულობით გადაიტანდით. შემდეგ კლასში მასწავლებელი შეაგროვებდა ფიქრებით სავსე ფურცელს და ლამაზ, გამჭვირვალე ქილაში საგულდაგულოდ შეინახავდა. დაგპირდებოდათ, რომ წლის ბოლოს ყველას დაგიბრუნებდათ მას და კიდევ ერთხელ გაგახსენებდათ, დაგანახებდათ განსხვავებას სასწავლო წლის პირველი და ბოლო დღის ფიქრებზე. ეს ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს.

 

ზაფხულის დასვენება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანაბრად სჭირდებათ, რათა ახალი ძალითა და ენერგიით დაიწყონ სკოლა. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ძალიან მალე გარბის ზაფხულის მხიარული, მსუბუქი და ცხელი დღეები, თუმცა ჯერი აუცილებლად მიდგება იმ დღეზე, როცა მოგვიწევს სამუშაო რეჟიმთან დაბრუნება. მასწავლებლები ყოველთვის ფიქრობენ, რა შესთავაზონ მოსწავლეებს სწავლის პირველ დღეს ისეთი, რომ მათთვის ის მსუბუქად დაიწყოს და განწყობა აუმაღლდეთ. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაგეხმარებათ ახალი სასწავლო წლის პირველ კვირებში.

 

აქტივობა – იყავი უნიკალური

საკლასო ოთახში სთხოვეთ მოსწავლეებს – ყველა წრეში დადგეს. წაახალისეთ თითოეული სათითაოდ დაასახელოს ის სფერო, რომელშიც, მათი ფიქრით, უნიკალურები/განსხვავებულები არიან. მაგალითად: „მე მქვია ფოტინე და მყავს ოთხი ძმა“; ან „… და მე ვსაუბრობ სამ ენაზე“. მოსწავლეებს აუხსენით, რომ თუ მათი თანაკლასელი იტყვის ისეთ წინადადებას, რაც მასაც უნიკალურს ხდის, მაშინ უნდა დასხდნენ. მაგალითად: თუ სხვა მოსწავლესაც ასევე ჰყავს ოთხი ძმა ან საუბრობს სამ ენაზე, ისინი უნდა დასხდნენ.

ამ აქტივობის მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს იდგნენ მოსწავლეები ფეხზე და დაასახელონ განსაკუთრებული რამ საკუთარი თავის შესახებ, რასაც არავინ ახასიათებს. ასე უფრო ახლოს გაიცნობენ ერთმანეთს და აღმოაჩენენ საერთო ინტერესებს ან რამე ისეთს, რაც ამ დრომდე უცნობი იყო.

 

აქტივობა – იპოვე მეგობარი

ამ აქტივობისთვის დაგჭირდებათ წინასწარ რესურსის მომზადება. ამობეჭდეთ მოსწავლეების რაოდენობაზე გათვლილი სამუშაო ფურცლები და დაურიგეთ მოსწავლეებს. მიეცით დაახლოებით ხუთი წუთი ყველას, რათა კალმით ან ფანქრით შემოხაზონ თავიანთი საყვარელი კატეგორიები. შემდეგ, სთხოვეთ მოსწავლეებს, წარადგინონ ნამუშევარი და ამის შემდეგ იპოვონ თანაკლასელები, რომლებმაც იგივე კატეგორიები შემოხაზეს და შესაბამისად, საერთო ინტერესები და გემოვნება აქვთ. ეს მისცემს მათ ბუნებრივ სალაპარაკო თემას; დაეხმარებათ, იპოვონ, რა აქვთ საერთო.

აქტივობა – ნავიგაცია საკლასო ოთახში

მნიშვნელოვანია, მოსწავლეები გათვითცნობიერებულნი იყვნენ სკოლის გარემოში. იცოდნენ, სად რა არის. ამისათვის მასწავლებლები ხშირად აწყობენ მინი-ექსკურსიას სწავლის პირველ დღეს, რათა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდონ მათთვის საჭირო კაბინეტების შესახებ. განსაკუთრებით სახალისო გამოდის ის აქტივობები, სადაც მოსწავლეები ფიზიკურადაც იხარჯებიან. თქვენ შეგიძლიათ სწავლის პირველ დღეებში მათ საკლასო ოთახში დიდი თავგადასავალი შესთავაზოთ. დაავალეთ მოსწავლეებს საკლასო ოთახში „ნადირობა“, დაეხმარეთ მათ, გაიცნონ ერთმანეთი და მათი ახალი სასწავლო სივრცე.

მიაწოდეთ სამუშაო ფურცელი, სადაც ჩამოთვლილი იქნება ის ნივთები, რომლებიც უნდა მოიძიონ/დააკვირდნენ საკლასო ოთახში. ფურცელზე დატოვეთ სივრცე მოსწავლეებისთვის, რომ დაწერონ მოკლე აღწერა, თუ სად იპოვეს თითოეული ნივთი.

მიეცით მოსწავლეებს მარტივი მინიშნებები. თქვენ ასევე შეგიძლიათ თავად შეადგინოთ მოსაძებნი ნივთების სია და გაუკეთოთ ლავირება. ამ აქტივობით მოსწავლეები ადვილად შეისწავლიან საკლასო ოთახში საჭირო ნივთების ადგილს. აქტივობა შეგიძლიათ განახორციელებინოთ როგორც ინდივიდუალურად, წყვილებში, ისე ჯგუფურად. ასევე შეგიძლიათ გაცდეთ საკლასო ოთახს და მოსწავლეები სკოლის ტერიტორიაზე „ანადიროთ“.

 

რას ამბობენ სახლში ჩემზე..

ჩართეთ მშობლებიც აქტივობაში. სთხოვეთ წინასწარ მოგაწოდონ 2-3 წინადადებით თქვენს მოსწავლეზე ინფორმაცია. რომელიც შეიძლება შეიცავდეს სულ ორ ფრაზას: „ჩემს შვილს უყვარს ძერწვა. არის ძალიან მუსიკალური“, და მსგავსი. მშობლების მიერ მოწერილი ინფორმაცია გადაიტანეთ ფერად ფურცელზე. ჩაყარეთ ლამაზ ყუთში. ამოიღეთ სათითაოდ ფურცელი, წაიკითხეთ და სთხოვეთ მოსწავლეებს, იმ შემთხვევაში, თუ ეს მათ ეხებათ, განიშნონ ხელის აწევით. წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებიც წერილში საკუთარ თავს ამოიცნობენ.

 

სოციალური კონტაქტი

ამ აქტივობისთვის დაგჭირდებათ ოთხი ფორმატი. თითოეულს გაუკეთეთ შემდეგი სათაური:

  • „როგორ მინდა, რომ მომექცეს მასწავლებელი?“
  • „როგორ მინდა, რომ მოექცნენ მასწავლებლები სხვა მოსწავლეებს?“
  • „როგორ მოვექცე მასწავლებელს?“
  • „როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები?”

დაურიგეთ მოსწავლეებს წებოვანი ფერადი ფურცლები და სთხოვეთ, დაწერონ პასუხები თითოეულ კითხვაზე და განათავსონ შესაბამის ფორმატზე. მოსწავლეებთან ერთად წაიკითხეთ პასუხები, განიხილეთ და განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას. აუხსენით თქვენს მოსწავლეებს, რომ ეს არის კლასის სოციალური კონტრაქტი. ეს შესანიშნავი გზაა საზოგადოების შესაქმნელად და საზღვრების დასადგენად. ამით მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გახდება ერთმანეთის გათვალისწინება.

რის სწავლა მინდა

ეს აქტივობა დაგეხმარებათ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეებზე მორგებული აქტივობების დაგეგმვაში. ფორმატზე დააწერეთ „რის სწავლა მინდა ნამდვილად“. მოსწავლეებს სთხოვეთ, წებოვან ფურცელზე დაწერონ პასუხები, იქნება ეს კონკრეტულად რომელიმე საგანი, მათი ჰობი, ინტერესები თუ სხვა. არ შეზღუდოთ მოსწავლეები პასუხებში. წაიკითხეთ ხმამაღლა, რათა მათ მოისმინონ ერთმანეთის ინტერესის შესახებ. ჰკითხეთ, ხომ არ გაუჩნდათ იდეა? რამე პროექტი ხომ არ მოაფიქრდათ? შესაძლოა, მოსწავლეებს გაუჩნდეთ იდეები. აუცილებლად ჩაინიშნეთ და სამომავლოდ შეიტანეთ განსახორციელებელ გეგმაში. ეს აქტივობა დაგეხმარებათ სწორად და საინტერესოდ დაგეგმოთ მოსწავლეებზე მორგებული აქტივობები.

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგვეხმარება, ახალი სასწავლო წელი დაიწყოთ ხალისით და მაღალი მოტივაციით.

დავიმახსოვროთ, რომ თქვენი განწყობა გადამდებია და მოსწავლეები ყოველთვის გრძნობენ მას!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...