პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

ქსელური ჩანაწერების გაკეთების ტექნოლოგიები

0

თანამედროვე სასწავლო სისტემას თან ბევრი სიახლე
ახლავს, რომელიც სწავლისა და სწავლების პრობლემების დაძლევაში გვეხმარებიან. ეს მექანიზმები
სასწავლო პრაქტიკისათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი  გამოყენება არა მარტო დადებითად აისახება მოსწავლეთა
აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ სასწავლო პროცესის გაცილებით სახალისოდ და საინტერესოდ  წარმართვაში გვეხმარებიან.

ვრცლად

როგორ გავაუმჯობესოთ შეფასების პრაქტიკა: პირველი კლასიკური გიმნაზიის გამოცდილება

0

მეოთხე კლასიდან მეხუთე კლასში გადასვლის შემდეგ მკვეთრად უარესდება მოსწავლეთა შეფასება. ამ პრობლემას თითქმის ყველა ქართულ სკოლაში ვაწყდებით. სტატიაში მოთხრობილია, პრობლემის გადაჭრის რა ხერხებს მიაგნეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლებლმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა, 2010-2011 სასწავლო წელს განხორციელებული პრაქტიკული კვლევის შედეგად.

მოსწავლეების შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლაში მოსწავლეთა შეფასების სისტემის გამართულ და ეფექტიან მუშაობას. შეფასების მიზანია, გამოავლინოს მოსწავლის უნარები და შესაძლებლობები, აამაღლოს სწავლის მოტივაცია, დაეხმაროს მოსწავლეს სწავლის პროცესის წარმართვაში, მიაწოდოს მშობელს, მასწავლებელს და ადმინისტრაციას ინფორმაცია მოსწავლის მიღწევებზე სტანდარტთან მიმართებაში და დაეხმაროს მასწავლებელს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
საქართველოში, 2004 წლიდან, განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმების შედეგად, შეიცვალა ზოგად განათლებაში შეფასების სისტემა. ცვლილებები შეეხო დაწყებით საფეხურზე შეფასებას, რომლის თანახმად, I-IV კლასებში იწერება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, ხოლო მეხუთე კლასიდან განმავითარებელთან ერთად _ განმსაზღვრელიც (ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2009). განმსაზღვრელი შეფასება გვიჩვენებს, თუ რამდენად ახლოსაა მოსწავლე დასახულ მიზანთან, განმავითარებელი შეფასება კი აღწერს მიღწევებს და მიუთითებს გამოსასწორებელ ასპექტებზე.
სწორედ განმავითარებელი შეფასების შემოღებას უკავშირებენ მასწავლებლები მეოთხე კლასიდან მეხუთე კლასში გადასვლის შემდეგ მოსწავლეთა შეფასებაში მკვეთრ ვარდნას. დაბალი შეფასება, ბუნებრივია, მშობლების უკმაყოფილებასაც იწვევს.
თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ ამ პრობლემაზე მუშაობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შესთავაზა. სკოლასთან ერთად, განათლების ადამინისტრირების სტუდენტებმა 2010-2011 სასწავლო წელს ჩავატარეთ პრაქტიკული კვლევა, რომლის მიზანიც ზემოთ წამოჭრილი პრობლემის გადაჭრა იყო.
პრაქტიკული კვლევა განსხვავდება ჩვენთვის ნაცნობი, ტრადიციული კვლევისგან. პრაქტიკული კვლევისას ორგანიზაციის თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ კვლევის პროცესში და ის არ სრულდება პრობლემის შესწავლით ან რეკომენდაციების მიცემით. საკვლევ პრობლემას განსაზღვრავს სკოლა და შემდეგ, კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ცვლილების დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების შეფასების პროცესს სკოლაში ჩამოყალიბებული კვლევის კომისია მართავს. მკვლევრები, ჩვენს შემთხვევაში, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, მხოლოდ ფასილიტატორების როლს ვასრულებდით. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში კვლევის კომისია შვიდი პედაგოგისგან შედგებოდა.
კვლევის მთავარი კითხვა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: რა არის დაწყებით საფეხურზე, კერძოდ, V კლასში განმსაზღვრელი შეფასების შემოღებით გამოწვეული პრობლემების მიზეზები? კითხვაზე პასუხის გასაცემად კვლევის ჯგუფმა მონაცემები შევაგროვეთ ჩაღრმავებული ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფების, მეორადი მონაცემების დამუშავების და ანკეტირების საშუალებით. კვლევის მიმდინარეობის პარალელურად კვლევის კომისია იკრიბებოდა, განიხილავდა პრობლემას და მსჯელობდა გადაჭრის გზებზე.
შეგროვებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა კვლევის ძირითადი მიგნებები:
(1) მეხუთე კლასში შეფასების ვარდნა არ არის გამოწვეული განმავითარებელი შეფასების შემოღებით. პრობლემა არსებობდა განმავითარებელი შეფასების შემოღებამდე. XII კლასის მოსწავლეების IV და V კლასებში მიღებული შეფასებების ანალიზმა ანალოგიური ტენდენცია აჩვენა.
(2) გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შორის: მასწავლებლებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და საკითხის საკვლევი კომისიის სხდომებზე მიმდინარე განხილვისას გამოიკვეთა, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს შორის არ ხდება ინფორმაციის ხშირი და სისტემატური გაცვლა. მასწავლებლები ინდივიდუალურად ცდილობენ სწავლების და შეფასების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას, არ ხდება მიღებული გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება და განხილვა.
(3) მკვეთრად განსხვავებული შეფასების სიმბოლოები და ტერმინოლოგია მეოთხე და მეხუთე კლასებში: მასწავლებლებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და საკითხის საკვლევი კომისიის სხდომებზე მიმდინარე განხილვისას ასევე გამოიკვეთა, რომ მეოთხე კლასის მასწავლებლებს ერთმანეთისაგან განსხვავებული შეფასების სისტემები აქვთ (მაგ.: მზე, ყვავილი, დროშა და ა.შ.). მეხუთე კლასის მასწავლებლები კი მათგან სავსებით განხვავებულ სიმბოლოებსა და ტერმინოლოგიას იყენებენ მოსწავლეთა შეფასებისას, რაც ბავშვებში დაბნეულობასა და გაურკვევლობას იწვევს.
(4) მეხუთე კლასის პედაგოგების შეუსაბამო მოლოდინები ბავშვების მიმართ: ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ისინი კარგად არ იცნობენ მეოთხე კლასის სასწავლო გეგმას (რეფორმის შედეგად სტანდარტში შეტანილი ცვლილებების გამო) და მოსწავლეთა ცოდნას და უნარებს მეოთხე კლასის ბოლოს.
(5) შეფასებისას მეოთხე კლასის მასწავლებლების ლმობიერი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ: როგორც ინტერვიუებიდან გაირკვა, მეოთხე კლასის მასწავლებლები მკაცრად არ აფასებენ საკუთარ მოსწავლეებს იმის გამო, რომ ბავშვები მტკივნეულად განიცდიან უარყოფით შეფასებებს. პედაგოგების მტკიცებით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობელს დასჯის სხვადასხვა მეთოდი გამოუყენებია ბავშვის მიერ მიღებული დაბალი შეფასების გამო. ასევე, ბავშვების მიმართ ლმობიერი დამოკიდებულების მიზეზად დასახელებული იყო დაწყებითი კლასის მასწავლებლების ხანგრძლივი ურთიერთობა ერთსა და იმავე ბავშვებთან და მათ მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
პრობლემის მიზეზების შესწავლის შემდეგ კვლევის კომისიამ განახორციელა შემდეგი ცვლილებები:
(1) მესამე კლასის მასწავლებლებისათვის მეხუთე კლასის საგნობრივი სტანდარტის გაცნობა: მესამე კლასის ორი პედაგოგი გაეცნო ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტს. სტანდარტის გაცნობის მიზანი იყო, მასწავლებლებს მეოთხე კლასის სასწავლო გეგმის შედგენისას გაეთვალისწინებინათ მიღებული ინფორმაცია. მათ საკლასო აქტივობები ისე უნდა დაეგეგმათ, რომ მოსწავლეს მიეღო ისეთი ცოდნა და გამოემუშავებინა ის უნარები, რომლებიც მას მეხუთე კლასის პროგრამის დასაძლევად დასჭირდებოდა. საგნობრივი სტანდარტის გაცნობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მესამე კლასის მასწავლებლებს საშუალებას მისცემდა, გაეთვალისწინებინათ და სიახლეები შეეტანათ შემდეგი სასწავლო წლის დაგეგმვაში.
(2) თანამშრომლობის გაღრმავება IV და V კლასების მასწავლებლებს შორის: ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების და შეფასების პროცესში არსებული პრობლემების ნათლად დანახვის მიზნით, მეოთხე კლასის მასწავლებელი და მეხუთე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დაესწრნენ ერთმანეთის გაკვეთილებს. თითოეული პედაგოგი აკვირდებოდა კოლეგის მიერ მოსწავლის შეფასების პროცესს და იწერდა შენიშვნებს. ინტერვენციის ამ მოდელის განხილვისას კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ კომისიის თავმჯდომარეს მეოთხე კლასის მოსწავლეები, დაკვირვების მიზნით, შეეფასებინა მეხუთე კლასის საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინებით. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ეს ინტერვენცია მაისში განხორციელდა. შესაბამისად, მოსწავლეები საკმაოდ მომზადებულები იყვნენ მეხუთე კლასისათვის. გაკვეთილს ესწრებოდა მეოთხე კლასის დამრიგებელი, კვლევის კომისიის წევრი, რომელიც შემდეგ მეხუთე კლასში ჩატარებულ ქართულის გაკვეთილსაც დაესწრო. ამის შემდეგ კომისიის თავჯდომარე საკუთარი ინიციატივით დაესწრო ქართული ენის გაკვეთილს პარალელულ მეოთხე კლასში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ამ ორი კლასის მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა შეფასების პროცესის შედარება. მასწავლებლებმა შეძლეს უკეთ დაენახათ მსგავსებები და განსხვავებები, დაეახლოებინათ კრიტერიუმები და გაეაზრებინათ შეფასების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები. კვლევის კომისიის სხდომაზე მათ გამოთქვეს მოსაზრებები და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები. განხილვისას ისინი დაეთანხმნენ კომისიის წევრებს, რომ საჭირო იყო მეოთხე და მეხუთე კლასებში გამოყენებული ყოფილიყო შეფასების მსგავსი კრიტერიუმები.
ინტერვენციის ამ ეტაპების დასრულების შემდეგ, კვლევის კომისიის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გააკეთეს დაწყებითი კლასების კათედრის წევრებთან, კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასების მასწავლებლებთან. პრეზენტაციის მიზანი იყო მიღებული გამოცდილების გაზიარება და ინტერვენციის მომდევნო ეტაპზე გადასვლა. პედაგოგებმა განხილვისას აღნიშნეს, რომ მეხუთე კლასის შეფასების კრიტერიუმებიდან თითოეულის გამოყენება აუცილებელია მეოთხე კლასშიც და რაიმეს შეცვლა ამ კუთხით საჭირო არ არის. გადაწყდა, რომ მესამე კლასის მასწავლებლები და მეოთხე კლასის ის პედაგოგი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით დაესწრო გაკვეთილზე ერთი კვირის განმავლობაში, შეფასების ამ კრიტერიუმებს გამოიყენებდნენ საკუთარ მოსწავლეებთან.
(3) შეფასების კრიტერიუმების დაახლოება: მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასების მასწავლებლებმა ერთად განიხილეს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ მეხუთე კლასისათვის შემუშავებული შეფასების კრიტერიუმები. განხილვისას პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ამ კრიტერიუმების გადატანა უცვლელად შეიძლებოდა მეოთხე კლასში მოსწავლეთა შეფასებისთვის. გადაწყდა, რომ მესამე და მეოთხე კლასების მასწავლებლები, ერთი კვირის განმავლობაში, საგაკვეთილო პროცესში უცვლელად გამოიყენებდნენ აღნიშნულ კრიტერიუმებს და დააკვირდებოდნენ შეფასების პროცესს.
იმის გათვალისწინებით, რომ კვლევითი ნაწილი მეორე სემესტრში დასრულდა, კვლევის კომისიის სხდომებზე წამოჭრილი ინიციატივების განხორციელება დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა. ასევე იყო ინიციატივები, რომელთა დასანერგადაც საჭირო იყო ადმინისტრაციის აქტიური ჩარევა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევის კომისიამ ადმინისტრაციისათვის შეიმუშავა რეკომენდაციები დაწყებით საფეხურზე შეფასების სისტემის გასაუმჯობესებლად. ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი განიხილავენ კვლევის კომისიის მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს და გაითვალისწინებენ სასკოლო სასწავლო გეგმაში.
კვლევის კომისიამ აღნიშნული რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
1) საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს შორის: (ა) თანამშრომლობა III, IV და V კლასების მასწავლებლებს შორის. შემუშავდეს III, IV და V კლასების მასწავლებლებს შორის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი; როგორც გოუერი და საფიერი აღნიშნავენ, კარგი შეფასების სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია: „იმ მასწავლებელთა ჯგუფმა, რომლებიც ერთსა და იმავე კლასთან მუშაობენ, ან ერთსა და იმავე მასალას ასწავლიან (ან ორივე პირობას აკმაყოფილებენ), ერთად უნდა იმუშაოს შეფასების საერთო დავალებების/ამოცანების შექმნაზე” (გოუერი & საფიერი, 2010, გვ.415). (ბ) შეფასების ერთიან კრიტერიუმებზე შეთანხმება: IV და V კლასების მასწავლებლები შეთანხმდებიან კონკრეტულ საგანში შეფასების ერთიან კრიტერიუმებზე; (გ) მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება IV და V კლასებში, როგორც შეფასებისას, ასევე სწავლების შინაარსში; (დ) III და IV კლასების პედაგოგები გაეცნონ V კლასის საგნობრივ სტანდარტებს, სტანდარტში ცვლილებებს და პირიქით.
2) სასურველია, მეხუთე კლასში პედაგოგისა და მოსწავლეების მიერ ერთმანეთის გაცნობის და შეგუების მიზნით, პირველ სემესტრში, ერთი თვის განმავლობაში მასწავლებლებმა თავი შეიკავონ დაბალი ნიშნების წერისგან და ის მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო პროცესში ხარვეზები აქვთ, შეაფასონ მხოლოდ განმავითარებელი შეფასებებით. მნიშვნელოვანია, სასკოლო სასწავლო გეგმაში ნათლად და დეტალურად იყოს ასახული დაწყებითი საფეხურის, კერძოდ კი, მეოთხე და მეხუთე კლასებისათვის კრიტერიუმების ჩამონათვალი, ანუ რა ცოდნა და უნარები უნდა მიიღოს თითეული კლასის ბოლოს მოსწავლემ. ასევე, უნდა შემუშავდეს ერთიანი სტანდარტი დაწყებითი საფეხურისთვის.
მეხუთე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტის გაცნობის შემდეგ, მესამე კლასის მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ არსებობს გარკვეული განსხვავებები მეოთხე და მეხუთე კლასების კრიტერიუმებს შორის (მაგალითად, გრამატიკაში). ზოგიერთი მასწავლებელი, ამ განსხვავების აღმოსაფხვრელად, დამატებითი სახელმძღვანელოების დახმარებით მუშაობს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ყველა პედაგოგისთვის ერთიანი მოთხოვნა არ არსებობს. პედაგოგებმა ინტერვიუში აღნიშნეს, რომ შეეცდებიან, მეხუთე კლასის საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნები გაითვალისწინონ მეოთხე კლასის სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.
თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიღებული გამოცდილების გამოყენება შეუძლიათ იმ სკოლებს, რომლებშიც ანალოგიური პრობლემა დგას და მისი გამომწვევი მიზეზებიც იდენტურია. კლასიკური გიმნაზია აგრძელებს ინტერვენციის განხორციელებას. თუმცა კვლევის პირველ ეტაპზე მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ მეოთხე კლასიდან მეხუთეში გადასვლისას შეფასებაში ვარდნა არ უკავშირდება განმავითარებელი შეფასების შემოღებას. ეს პრობლემა არსებობდა განმავითარებელი შეფასების შემოღებამდე. პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია (1) მეოთხე და მეხუთე კლასების მასწავლებლების ერთობლივად მუშაობის და (2) მეხუთე კლასში გადასვლის პირველ პერიოდში მხოლოდ განმავითარებელი შეფასების გამოყენებით.

მოქმედებს თუ არა უარყოფითად სტერეოტიპების შთაგონება მხოლოდ გოგონებზე?

0

როდესაც 2005 წელს ლარი სამერსმა, იმ დროისთვის ჰარვარდის პრეზიდენტმა, თავისი აზრი გამოთქვა „ბუნებრივი უნარების” შესახებ, როდესაც ის განმარტავდა ბიჭებისა და გოგონების განსხვავებულ მოსწრებას მათემატიკასა და სხვა ზუსტს მეცნიერებებში, ის დაადანაშაულეს ხსენებულ დისციპლინებში სწავლის გართულებულად წარმოდგენაში გოგონებისთვის, მაგრამ არ იქნა დადანაშაულებული ბიჭებისადმი მიკერძოებულ მიდგომაში.

ახალი კვლევების თანახმად, სივრცეზე ორიენტირებულ ამოცანებს ცუდად ასრულებენ გოგონები (ან ბიჭები) იმ შემთხვევებში, როდესაც წინასწარ ეუბნებიან, რომ ეს მათი ბუნებრივი უნარის ბრალია, როცა მათ მიერ ჩაბარებულ ტესტში მიღებული ქულები განსხვავდება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიერ იგივე ტესტში მიღწეულ შედეგებთან შედარებით.
კვლევაში, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალ “Learning and Individual Differences”-ის თებერვლის გამოცემაში, ფსიქოლოგმა ანჯელიკა მოიმ სკოლის დამამთავრებელი კლასის (high school) 201 მოსწავლეს განუცხადა, რომ ისინი ჩააბარებენ ტესტს, რომლის მიხედვითაც შეფასდება წარმოსახვითი ობიექტების მენტალური მანიპულაციები. იმავდროულად მათ აუწყეს, რომ ამ სავარჯიშოს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „მენტალური როტაციის ტესტი”, ბიჭები უფრო კარგად ასრულებენ, ვიდრე გოგონები. ამგვარი წინა-ტესტური კომენტარი წარმოადგენს შთაგონების სტანდარტულ გზას, რომელსაც ფსიქოლოგები „სტერეოტიპულ მუქარას” უწოდებენ.
როგორც გამოვლინდა, როდესაც ტესტის ჩამბარებლებს ახსენებენ, რომ ჯგუფები, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან, დაბალ ქულებს იღებენ, ისინი მართლაც ცუდად ართმევენ თავს დავალებას, ვიდრე იმ შემთხვევებში, როდესაც მსგავსი წინასწარი კომენტარები არ ესმით არავისგან. შიში იმისა, რომ ისინი ნეგატიურ სტერეოტიპს გაამართლებენ, ამცირებს მათი ქმედების პროდუქტიულობას.
მაგრამ ანჯელიკა მოიმ შემდეგი ნაბიჯი გადადგა: მან მოსწავლეები ოთხ ჯგუფად გაყო და თითოეულს კონკრეტული ახსნა შესთავაზა თუ რატომ აბარებენ გოგონები ცუდად აღნიშნულ ტესტს. პირველ ჯგუფს უთხრეს, რომ ეს გამოწვეულია გენეტიკური სხვაობით ბიჭებსა და გოგონებს შორის. მეორე ჯგუფს განუცხადეს, რომ პრობლემა დროითი შეზღუდვა იყო: ბიჭებს ისევე წარმატებით შეუძლიათ ამ ტესტის ჩაბარება, როგორც გოგონებს, მაგრამ ამ უკანასკნელებზე უფრო ძლიერად მოქმედებს ის გარემოება, რომ შეიძლება დროში ვერ ჩაეტიონ ტესტზე მუშაობისას. მესამე ჯგუფს მოახსენეს, რომ ამაში დამნაშავეა ზოგადად ადამიანებში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები, რომ გოგონებს უფრო ნაკლები უნარი აქვთ ამ ამოცანის შესრულებისთვის, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მეოთხე ჯგუფს კი მარტივად მხოლოდ ის აუწყეს, რომ ამ ტესტს ბიჭები უფრო კარგად აბარებენ, ვიდრე გოგონები. ამის შემდეგ თითოეული ჯგუფი შეუდგა სამუშაოს.
შედეგები ასეთი იყო: გოგონებმა, რომლებსაც საკუთარი წარუმატებელი ტესტირების გარეგან მიზეზებზე მიუთითეს (დროითი შეზღუდვა ან სხვებში არსებული სტერეოტიპები), კარგად ჩააბარეს ტესტი. მაგრამ თუ მათ ამ წარუმატებლობის შინაგან მიზეზზე მიუთითებდნენ, – დეფექტური გენები, – ისინი ცუდად ასრულებდნენ ამ სავარჯიშოს. ამ ექსპერიმენტის ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა ის იყო, რომ ბიჭებიც ისევე ცუდად აბარებდნენ ტესტს, როდესაც მათ ეუბნებოდნენ, რომ სწორედ გენებია ამგვარი გენდერული სხვაობის ბრალი ტესტში მიღებული ქულების თვალსაზრისით.
აღმოჩნდა, რომ გენეტიკური ხასიათის ახსნები ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების წარმატება-წარუმატებლობის შესახებ, არ არის სასარგებლო არავისთვის: გოგონები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი უხარისხო გენები არ მისცემს მათ ბიჭებთან ძლიერი კონკურენციის გაწევის საშუალებას, ბიჭები კი იმაზე ნერვიულობენ, რომ ვერ გაამართლებენ იმ მაღალ მოლოდინს, რომელიც უკავშირდება Y ქრომოსომას. „აქ მნიშვნელობა არ აქვს ეს გენეტიკური ახსნა სიმართლეა თუ არა ან რა დოზით არის ის მართალი” – წერს მოი. „რაც რეალურად გავლენას ახდენს, არის იმის რწმენა, რომ მარცხი ან სირთულე წარმოიქმნება გენეტიკური ფაქტორით”.
თუკი ამგვარი გენეტიკური ახსნა სიმართლეა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას, როგორც სოლიდურ სამეცნიერო მოწმობას. მაგრამ დაუსაბუთებელი საუბრები ამა თუ იმ უნარის გენეტიკური დეტერმინირებულობის შესახებ, – იქნება ის კოლეჯის პრეზიდენტების საჯარო გამოსვლებსა თუ საგაზეთო სტატიების სათაურებში, – გვარიანი ზიანის მიყენება შეუძლია ნებისმიერი ადამიანის აზროვნებასთვის, ქალი იქნება ის თუ კაცი.

მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ ასეთი ზიანის მომტანი საუბრების წინააღმდეგ მოქმედება გონების მოქნილ ბუნებაზე ხაზის გასმით ყოველი შესაძლებლობისას. მაგალითად, თუკი მიუთითებენ, რომ „მენტალური როტაციის ტესტის” მსგავსი ამოცანების შესრულების ხარისხი უმჯობესდება წვრთნითა და პრაქტიკით. ტესტის ჩამბარებლებს შეუძლიათ საკუთარ თავს შთააგონონ შემდეგი: „მე ამას წარმატებით გავართმევ თავს, თუ მაქსიმალურად შევეცდები კონცენტრაცირებას” ან „პრაქტიკასთან ერთად თანდათან უკეთესად შევასრულებ ამ ამოცანას”. ეს არ არის საკუთარი სიძლიერის მტკიცების იაფფასიანი მეთოდი, არამედ გონების იმგვარად მომართვაა, როდესაც მას მაქსიმალურის გაკეთება შეუძლია.

თარგმნა დავით თინიკაშვილმა

ქართული კინო და მასწავლებელი

0

მასწავლებლის პროფესიას კინემატოგრაფი ყოველთვის სწყალობდა. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობის თემაზე დღემდე არაერთი კინემატოგრაფიული შედევრი შექმნილა. იმ ფილმების გარდა, სადაც ამ საკითხს ცენტრალური ადგილი ეთმობა, მოზარდებზე გადაღებულ სურათებში რეჟისორები სკოლას გვერდს ვერ უვლიან.

წლების მანძილზე უცხოურ თუ ქართულ ფილმებში პედაგოგების სტერეოტიპული სახეებიც ყალიბდებოდა. მასწავლებლებს ხშირად საერთო მახასიათებლები აღენიშნებოდათ: გადაჭარბებული სიმკაცრე, საქმიანობის მიმართ გულმოდგინება, ძველმოდურობა და ა.შ. ბევრ შემთხვევაში, მათი პორტრეტები მკვეთრად შეფასებითი და ცალსახაა, სწორხაზოვნად დადებითი ან უარყოფითი. ამ მხრივ არც საბჭოთა ხანის ქართული კინოა განსხვავებული. პედაგოგების კარიკატურული სახეების შექმნა ჩვენს კინორეჟისორებსაც უყვარდათ, რადგან კომიკური სახე, მაყურებლისათვის პერსონაჟის და მთლიანად ფილმის დამახსოვრების საუკეთესო საშუალება იყო.
რა სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მამალს, გარდა იმისა, რომ “ბუნდღას” და ხორცს იძლევა? ამ კითხვაზე ნანა მჭედლიძის ფილმის, “იმერული ესკიზების” ყურებისას ალბათ ყველა დაფიქრებულა. მართლაც, რა უნდა ეპასუხა მოსწავლეს? თითქოს ყველაფერი ცხადი და მარტივია, მაგრამ განრისხებული პედაგოგისა და კუთხეში მიმჯდარი ბავშვის აწეული თითების დანახვისას მაინც გულიანად გვეცინება. უკმეხი მასწავლებელი გარეგნულადაც უშნოდ გამოიყურება. კუთხური სიტყვებით გაჯერებული ლექსიკა, დაჟინებით გამეორებული “კიდევ, კიდევ რა სარგებლობა მოაქვს…” და მზარდი ისტერიულობა კომიკურ სიტუაციას ქმნის. პედაგოგი ბოროტ ფურიად გადაიქცევა, უსამართლოდ დასჯილი ბავშვი კი _ დაჩაგრულ არსებად. ამგვარად, რეჟისორი მარტივად ახერხებს ჩაგრულისა და მჩაგვრელის კლასიკური მოდელის გათამაშებას, რამაც მაყურებელი (სავარაუდოდ, საკუთარი სასკოლო გამოცდილების გახსენების შედეგად) იოლად უნდა ააღელვოს.
“უჯიკე მაგას!”, “ჩინჩლავს, მასწავლებელო”, “ძაღლს ჯაჭვით აბამენ!” _ ნანა მჭედლიძის ფილმის მარგალიტებს საქართველოში დღემდე იმეორებენ. თუმცა სკოლასთან დაკავშირებული სხვა კინო-ციტატებიც ძალიან პოპულარულია. არცთუ იშვიათად ლიტერატურული ნაწარმოებიდან აღებულ მფრინავ ფრაზებს კინემატოგრაფი ყოველდღიურ ლექსიკაში უფრო მყარად ამკვიდრებდა. ასე მოხდა ნოდარ დუმბაძის რომანების ეკრანიზების შემთხვევაში. “მე ვხედავ მზეს”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” _ ამ ფილმების მახვილსიტყვაობა პუბლიკამ იმთავითვე აიტაცა და დღემდე გაიგონებთ გამოთქმებს: “ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ იყო”, “მოხარშული წაბლის ჭამა არ გიყვართ, მასწავლებელო?”…
ლანა ღოღობერიძის ფილმში “მე ვხედავ მზეს” (1965) პატარა, სახასიათო ეპიზოდი გვხვდება, რომელიც საკლასო ოთახში ვითარდება. მასწავლებელი (გოგი გეგეჭკორი) სამხედრო საქმის სპეციალისტია, მოწოდებითა და “წარმოშობით” კი – ტანკისტი. პროფესიული ცხოვრების ამ დეტალს იგი ბავშვებს თავიდანვე განუმარტავს, აქაოდა მასწავლებლად არ დავბადებულვარო. პედაგოგს ბავშვები სერიოზულად არ აღიქვამენ, არც მაშინ, როდესაც ის საკლასო ოთახის კედელზე პლაკატს აკრავს: “სიკვდილი გერმანელ ოკუპანტებს!”. რაც უფრო მეტად მოითხოვს სამხედროს მასწავლებელი კლასში ისეთ სიჩუმეს, რომ ბუზის გაფრენის ხმაც კი ისმოდეს, მით უფრო ფრთებს ისხამენ ბავშვები. რაც უფრო მეტად ემუქრება იგი “ტყავის გაძრობით”, მოსწავლეები მით უფრო აბრაზებენ და ღიად დასცინიან. შუა გაკვეთილზე ისინი ჯგუფურ სიმღერასაც კი არ ერიდებიან.
ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით გადაღებულ კიდევ ერთ ფილმში _ “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (რეჟისორი თენგიზ აბულაძე) _ განათლების თემას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. დილაობით სოფელში ზარის რეკვა გაკვეთილების დაწყების მაცნეა, ზურიკელა ვაშალომიძეს კი სწავლა სიკვდილივით ეზარება. თუმცა ქიმიისა და სხვა საგნების სიყვარულით არც მისი კლასელები გამოირჩევიან. ბავშვების უცოდინრობით გაღიზიანებული ქიმიის მასწავლებელი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ სწავლის სურვილი გაუჩნდეთ. მხოლოდ დამსჯელის როლში გვევლინება: მისი ერთადერთი მიზანი კლასში წესრიგის დამყარებაა. სასურველი შედეგის მიღწევას სხვების ჩარევით ცდილობს, მაგალითად, სკოლაში ზურიკელას ბებიის (სესილია თაყაიშვილი) გამოძახებით. წერილების არევის ეპიზოდი კი ფილმს კომედიის ელფერს აძლევს.
მასწავლებლის განსხვავებულ სახეს გვთავაზობს გუგული მგელაძე ფილმში “ცისკრის ზარები” (1967). ახალგაზრდა ლადო იაშვილი (გრიგოლ წიტაიშვილი) სამუშაოდ სვანეთის სოფლის სკოლაში ჩადის. პირველი გაკვეთილის ჩატარებისთანავე ცხადი ხდება, რომ ის სხვა ტიპის მასწავლებელია. რეჟისორს არათუ მოსულელო პერსონაჟად არ გამოჰყავს ახალგაზრდა ქალაქელი პედაგოგი, არამედ მისგან პროფესიონალ, გაწონასწორებულ, ჭკვიან და წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე მთავარ გმირს ქმნის. ის გულწრფელი და გახსნილია მოსწავლეებთან ურთიერთობაში. უფრო მეტიც, ეს ურთიერთობა პროფესიულ მოვალეობასაც კი სცდება. წინამორბედებისგან განსხვავებით, კლასში შესვლისთანავე ლადო ხმამაღალ სალამს არ მოითხოვს, მოსწავლეებსაც თანასწორებად აღიქვამს. თუკი დუმბაძის ეკრანიზაციებში მოზარდებს ერთი სული ჰქონდათ, გაკვეთილიდან გაქცეულიყვნენ, აქ პიქირით ხდება: როდესაც სევდიან მასწავლებელს უყურებენ, მათ საკლასო ოთახიდან გასვლაც არ უნდათ. ბავშვები ბოლომდე თანაუგრძნობენ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც დანიშნული ქალი შეუყვარდა. ბიბლიოთეკართან რომანის გაბმას სკოლის დირექტორი მასწავლებლის ავტორიტეტის შემლახავ მოვლენად აფასებს. მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის აქამდე არსებული სუბორდინაცია კი ირღვევა და მეგობრობად გარდაიქმნება.
ლადო იაშვილი მოზარდების გულს თავიდანვე იგებს. “დღეს პირველ გაკვეთილს ვატარებ, შეიძლება რიგიანად ვერ გამომივიდეს,” _ საკუთარ თავში დარწმუნებული და ჯიუტად თავდაჯერებული მასწავლებლის იმიჯიდან სრულიად ამოვარდნილი ეს ფრაზა ქართული რეალობისთვის შეიძლება დღესაც უჩვეულო იყოს. გრიგოლ წიტაიშვილის პერსონაჟი გარემოს შეცვლას მხოლოდ სკოლაში კი არ ცდილობს, არამედ სოფლის ტრადიციულ საზოგადოებაშიც. ასეთი მოკრძალებული, მაგრამ უდრეკი რეფორმატორი მასწავლებელი ქართულ კინოში გამონაკლისი არ არის, მაგრამ საკმაოდ იშვიათია.
ლანა ღოღობერიძის ფილმში “როცა აყვავდა ნუში” (1971) მასწავლებელი მთავარ როლს არ ასრულებს, მაგრამ ცენტრალური პერსონაჟის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ერევა. მთავარი გმირი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ზურა მამაცაშვილია (ზურა ყიფშიძე). ეს ახალგაზრდა საკუთარ თავს რისკიანი ქმედებების უფლებას აძლევს, მაგალითად, მამის მეგობრის მანქანას გაიტაცებს. მოგვიანებით მისი მსხვერპლი უკვე ლექსო ხდება _ თანაკლასელი და მეგობარი. ზურას მამა შვილს ყურადღებას არ აკლებს და მის დაუსჯელობას ახლობლებისა თუ ნაცნობების დახმარებით უზრუნველყოფს. მისგან განსხვავებით, ზურას მასწავლებელი ფიქრობს, რომ “არის საკითხები, რომლებზეც ხუმრობა არ შეიძლება”. იგი სულ სამჯერ ჩნდება ეკრანზე: ფილმის დასაწყისში, ზუსტად შუაში და ბოლოს. რეჟისორმა მასწავლებლის ეკრანული ტრაექტორია სწორად გათვალა: ის მაშინ ჩნდება, როდესაც ზურას ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. პედაგოგის ვიზუალური მხარე ამ ფილმშიც ტრადიციულია (სათვალე, ულვაშები და ა.შ.), მაგრამ იცვლება რაკურსი _ კამერა ქვემოდან იღებს პერსონაჟს, რაც მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და უფრო პათეტიკურადაც წარმოაჩენს.
ფილმში არ ჩანს, რამდენად ერევა მასწავლებელი მოსწავლეთა პირად ცხოვრებაში. დასასრულს, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი პედაგოგთან სასაუბროდ მიდის. თითქოს მღვდელთან აღსარებაზე იყოს, მასწავლებელთან პირისპირ დარჩენილი ბიჭი დანაშაულს ინანიებს, თუმცა უსიტყვოდ. საკლასო ოთახში განვითარებულ რიტუალურ სცენაში კი ზურა პედაგოგის წინაშე მორალურ ვალს იხდის. მასწავლებლის უკანასკნელი დამოძღვრა _ “წადი, ზურა, კაცი მაინც იმითი იზომება, რამდენს იტვირთავს ცხოვრებაში” _ ფილმის ბოლო ფრაზაა და მის მორალს გამოხატავს.

ამდენად, საბჭოთა მასწავლებლის ქართული მოდელი არც ისე ცალსახაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პერსონაჟების გალერეაში კომიკურ და არაკომპეტენტურ პედაგოგებს (“არაჩვეულებრივი გამოფენა”, “იმერული ესკიზები”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს”), მორალისტებს და მოძღვრებს (“როცა აყვავდა ნუში”) საკუთარი ადგილი უკავიათ, ისევე როგორც მასწავლებლებს შედარებით თავისუფალი აზროვნებით (“ცისკრის ზარები”).

ნინო ძანძავა

რადგან გაზაფხული დაგვიანდა

0

პირველი ლირიკული
გადახვევა

ალბათ იფიქრეთ, რა კავშირშია ეს სათაური ბლოგთან , რომელსაც
ქიმიკოსი წერს. განსაკუთრებული არაფერი, მომინდა თქვენთვის ერთი ლამაზი ქიმიური ექსპერიმენტი
მეჩვენებინა, რომელიც ძალიან ჰგავს გაზაფხულს, რომელმაც დაიგვიანა.

მოდით, ჯერ შევხედოთ ამ ექსპერიმეტს, მისი სილამაზით
დავტკბეთ.

 

გინდათ, რომ
იგივე თქვენს ლაბორატორიაში ან ოთახში მოხდეს? ეს არ არის ძნელი და რაც ყველაზე მთავარია,
სრულებითაც არ მოითხოვს ქიმიის ცოდნას. მთავარია თქვენს არსენალში მოიძიებოდეს შემდეგი
მასალები: სუფრის მარილი, ნიშადურის სპირტი,
სარეცხი ლილა და წყალი. გარდა ჩამოთვლილი
“რეაქტივებისა” დაგჭირდებათ მუყაოს ქაღალდი, პატარა ჯამი, მაკრატელი და კულინარიული
საღებარი – სასურველია ვარდისფერი.

შევუდგეთ ექპერიმენტს. ამიღოთ პატარა ჯამი და ჩავასხათ 6 სუფრის კოვზი
წყალი და დავამატოთ 6 სუფრის კოვზი მარილი,
1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი, 6 სუფრის კოვზი ლილა (თხევადი). კარგად მოვურიოთ. შემდეგ შევუდგეთ მუყაოსაგან ხის
გამოჭრას. შევეცადოთ, რომ მუყაო არ იყოს ძალიან მაგარი მასალისაგან დამზადებული და
მას ჰქონდეს სითხის “ამოწოვის” უნარი. ქიმიკოსები ამას ოსმოსს ვუწოდებთ.
მუყაოს ფორების წყალობით უნდა შეეძლოს სითხის შეწოვა “ფესვებიდან” და
“კენწერომდე” ატანა. ეს ძირითადაც ფორების ზომაზე დამოკიდებული. ამდენად
მუყაო საგულდაგულოდ უნდა შევარჩიოთ.

მისი შერჩევის შემდეგ დავხაზოთ იგი და გამოვჭრათ განიერი
ვარჯის მქონე ხის ფორმით. ასევე გავითვალისწინოთ, რომ მას დამოიკუდებლად “დგომაც”
უნდა შეეძლოს. იმედი მაქვს ამას დამოუკიდებლადაც მოახერხებთ.

თუ უკვე დავამზადეთ მუყაო, მაშინ ჩამუშვათ იგი უკვე
მომზადებულ ხსნარში და … დაველოდოთ… 24 საათი. მოერე დღეს თქვენს ოთახში ალუბლის
ხე აყვავდება.

 

მეორე ლირიკული
გადახვევა

და რადგან, გაზაფხულმა დაიგვიანადა თბილიამინდების ნაკლებობაცაა, ყვავილობიდან პირველ ქიმიური რეაქციასმივადგეთ.

რამდენიმე წლის წინ მწერალმა და მთარგმნელმა დათო აკრიანმა
გამოსცა წიგნი, რომელსაც სახელად „დაბადება”
ერქვა. მის გარეკანზე დატანილია ფოტო, მასზე
ფოტოგრაფის მიერ კაცობრიობისათვის ორი საშიში
სტიქიის – ვულკანის ამოფრქვევისა და მეხის ჩამოვარდნის – შერწყმაა დაფიქსირებული. და კიდევ ერთი, წიგნის გარეკანზე, რომელიც უკვე ფოტომონტაჟს წარმოადგენს, ფოტოზე დამატებულია პეგასი, რომელიც ვულკანის კრატერიდან
ლამობს აფრენას…

რამ გამახსენა ამ წიგნის გარეკანი და სახელი? ან რა კავშირშია იგი დღევანდელი წერილის სათაურთან?

კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ: წვა პირველი ქიმიური რეაქციია,
რომელიც ადამიანმა განახორციელა!

მაგრამ როგორ ისწავლა ადამიანმა ამ რეაქციის ჩატარება?
ცხადია, იგი მართლა პრომეთეს ან ამირანს არ მოურთმევია ჩვენთვის. თუმცა თვით ის ფაქტიც, რომ დედამიწაზე ცეცხლის
„ჩამოტანა” არაერთი ქვეყნის მითოლოგიაშია აღწერილი, მიუთითებს მის მნიშვნელობას.

მაინც რა მოხდა რამდენიმე ათასი წლის წინ? რას ნიშნავს
მისი „ზეციდან”ან მაღალი მთებიდან ჩამოტანა?

ცეცხლის პირველი კერები დედამიწაზე მეხის (ზეციდან)
ჩამოვარდნის ან ვულკანის ამოფრქვევის (მაღალი მთებიდან) შედეგად მოხდა.

მეხის ჩამოვარდნას თან ახლდა დიდი ენერგიის გამონთავისუფლება. ტყეში ჩამოვარდნის
შემთხვავაში იგი ხშირად ცეცხლის გაჩენის მიზეზი ხდებოდა. მეორე ვერსიის თანახმად, ვულკანის
ამოფრქვევის შემდეგ გადმოღვრილ ლავას ადამიანი ჯოხით შეეხო. ლავის მაღალი ტემპერატურის
შედეგად ჯოხს ცეცხლი მოეკიდა… ცხადია, პირველი რეაქცია შიშის მომგვრევლი და განსაცვიფრებელი იქნებოდა,
მაგრამ ცეცხლის გაჩენის თანამდევი პროცესები
სითბო და სინათლე, იმდენად მიმზიდველი და „მაცდუნებელი” იყო, რომ ადვილად გადაილახა
შიშის გრძნობა და ადამიანმა ხელი მიჰყო მის გამოყენებას…

ვულკანებს ყველა შიშის თვალებით ვუყურებთ, თუმცა ქიმიკოსებს შეგვიძლია ვულკანი თავად
გავაჩინოთ და ხელის გულზეც მოვითავსოთ. ამისათვის მხოლოდ ამონიუმის ბიქრომატი გვჭირდება.
მის დაშლას, როგორც წესი, ფაიფურის ჯამში ატარებენ, მაგრამ ამ შემთხვევისათვის უარი
ვთქვათ კლასიკურ ქიმიურ ჭურჭელზე. ნუ დავიზარებთ
და ეს მოწყობილობა თავად შევქმნათ. პატარა
ქვები ისე შევაწებოთ ერთნათს ბეტონით ან სხვა რაიმე საშუალებით, რომ მთის იმიტაცია მივიღოთ. მთა კი ისე „ავაგოთ”,
რომ თავზე კრატერი – ჩაღრმავება – ჰქონდეს. კრატერში ჩავყაროთ 10-15 გრამი ამონიუმის ბიქრომატი.
შევეცადოთ, იგი კონუსური ფორმით დავყაროთ. ფრთხილად მივუახლოვოთ ანთებული ასანთის ღერი
ამონიუმის ბიქრომატის „მთის” წვეროს. გაჩნდება პირველი ნაპერწკლები და შევნიშნავთ,
რომ დაიწყება დაშლის რეაქცია. მოვაცილოთ ასანთის ღერი და… დავტკბეთ პროცესის მსვლელობით…

ამონიუმის ბიქრომატის დაშლის პროცესი თავისთავად წარიმართება.
მას აღარ სჭირდება ჩვენი ჩარევა. რაც დრო გავა, მით უფრო გაძლიერდება და ერთხანს მთელი
სიმძლავრით იგიზგიზებს ცეცხლი, შემდეგ ნელ-ნელეა შესუსტდება და ბოლოს ჩაქრება. ამავდროულად
ვნახავთ, რომ „ვულკანის აქტიურობის” პერიოდში „მთის” პერიმეტრი იფარება მწვანე ფერის
ნავლით, გარკვეული რაოდენობა კი ატმოსფეროშიც გამოირტყოცნება. ვერაფერს იტყვით, ვეზუვიც ასე იქცეოდა ერთდროს.
სხვაობა მხოლოდ მასშტაბებსა და გამოტყორცნილ ნივთიერებათა რაოდენობაშია.

მოცემული ექსპერიმენტი ვიზუალურად შეიძლება შემდეგი
ვებ-მისამართზე ვიხილოთ:
https://www.chem-toddler.com/redox-reactions/chemical-volcano.html

მცირეოდენი გართობის შემდეგ მოდით ახლა საკლასო ოთახს
დავუბრუნდეთ. რაში შეიძლება გამოვიყენოთ იგი? ამ ერთი შეხედვით უმარტივესი ექპერიმეტიდან რა დასკვნების გაკეთება შეიძლება? ამ სულ რამდენიმე
წუთიანი ცდის პერიოდში ჩვენს თვალწინ არაერთმა ქიმიურმა მოვლენამ ჩაიქროლა. ქიმიის
ცოდნა სწორედ ცოტა ხნის წინ ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენების აღწერა და საკუთარი სახელის მინიჭებაა. შევეცდები
სრულად ჩამოვთვალო ეს მოვლენები: წვის რეაქცია,
დაშლის რეაქცია, მოცულობის გაფართოვება, ეგზოთერმული პროცესი, ფერის ცვლილება, აქტივაციის
ენერგია და ა.შ. კიდევ უფრო მრავლადაა კითხვები, რითაც შეიძლება აუდიტორიას მივმართოთ:

რა არის წვის რეაქცია? რა არის დაშლის რეაქცია? ყველა დაშლის რეაქცია წვის რეაქციაა? რატომ არ იშლება
ბიქრომატი თავისთავად? რატომ სჭირდება თავიდან გაცხელება? რა არის აქტივაციის ენერგია?
რატომ აღარ სჭირდება გაცხელება რეაქციის დაწყების შემდეგ? რა ნივთიერებები წარმოიმნებიან
რეაქციის შედეგად? რატომ იცლის ნალექი ფერს? როგორ ვადასტურებთ, რომ ეს პროცესი ქიმიური
მოვლენაა? რატომ ილექება მწვანე ნალექის დიდი რაოდენობა ზედაპირზე, ხოლო ზოგიერთი მათგანი
ჰაერში „დაფრინავს”? და ა.შ. ასეთი კითხვების
რაოდენობა და მათი ფორმულირება ჩვენს „ქიმიურ” ცოდნასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
რაც უფრო მეტად შემოქმედებითად მივუდგებით, მით უფრო საინტერესო იქნება ეს კითხვები
და შესაბამისად მათზე პასუხის გაცემაც სახალისო და შემეცნებითი.
ასეთ პროცესებშიმერწმუნეთ, გაკვეთილის დუღილის ტემპერატურაც არ განელდება.

კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ჩვენს ჩატარებულ ექსპერიმენტს.
გავიხსნოთ როგორ ენერგიულად მიმდინარეობდა ჩვენი ჩარევის გარეშე. შეგვეძლო კიდეც ჩავრეულიყავით
ამ პროცესში, შეგვეძლო იგი უფრო „ნელა” წარმართულიყო
ან საერთოდ გაგვეჩერებინა, როცა მოგვინდებოდა. რეაქციის სადავეებზე შემდეგ წერილში
ვისაუბროთ.

 

”ბავშვი და სამართალი”

0

“ბავშვები არ არიან პატარა ადამიანები პატარა უფლებებით; ბავშვები დაუცველი არსებები არიან, მათ მეტი და არა ნაკლები დაცვა ესაჭიროებათ; ყოველგვარი ძალადობა ბავშვის მიმართ გაუმართლებელია; ბავშვების მიმართ ყოველგვარი ძალადობის თავიდან აცილება შესაძლებელია; ბავშვების დაცვა მოითხოვს სტრატეგიულ მიდგომას; ბავშვთა უფლებები გვეხება ყველას; ბავშვთა უფლებები ევროპის განვითარების საწინდარია” – ეს ევროსაბჭოს შვიდი მთავარი დევიზია, რომელიც ბავშთა უფლებების დაცვას ეძღვნება და რომლის დაცვაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც სავალდებულოა.

თუმცა, ისევე როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა, არასრულწლოვანებმაც უნდა იცოდნენ სად გადის მათი თავისუფლების ზღვარი. ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე უნდა იზრუნონ საზოგადოების უსაფრთხო და მოწესრიგებულ თანაარსებობაზე, დაიცვან შესაბამისი წესები და ყურადღება მიაქციონ სახელმწიფოეს მიერ დაწესებულ აკრძალვებს. ისწავლონ კანონი, რომ შეძლონ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა.

წიგნი ”ბავშვი და სამართალი” პირველი მცდელობაა საქართველოში მოზარდის კანონთან დასაახლოვებლად. ამ წიგნის დახმარებით მოსწავლეები მათთვის გასაგებ ენაზე წაიკითხავენ და გაიგებენ, რომ საქართველოში ყველა ბავშვის უფლება დაცულია , როგორც ქვეყნის უმაღლესი კანონმდებლობით -კონსტიტუციით და ნორმატიული აქტებით – სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსებით, ასევე იმ საერთაშორისო აქტებით, რომელსაც მიერთებულია საქართველო.

ალბათ ბევრმა მოსწავლემ არც კი იცის, რომ ქართული კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრი უფლებები. მაგრამ მოზარდს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და დანაშაულის შემთხვევაში მასაც დაეკისრება თავისი წილი პასუხისმგებლობა. საქართველოში არასრულწლოვანი 14 წლის ასაკიდენ აგებს პასუხს საკუთარ დანაშაულზე.

რა შემთხვევაში ისჯება მოზარდი, და რა სანქციებია გათვალისწინებული ამა თუ იმ დანაშაულისთვის, რა შემთხვევაში ეკისრება არასრულწლოვანს მსუბუქი სასჯელი და რა შემთხვევაში აწესებს კანონი მოზარდისათვის სასჯელის უმაღლეს ზომას – თავისუფლების აღკვეთას, ამ და სხვა თემებს მოსწავლე წაიკითხავს ”ბავშვი და სამართალში”. თუმცა, წმინდად სამართლებრივი საკითხების გარდა, ქართველი მოზარდებიამ წიგნში მცირე ექსკურს გაივლიან ქართული სამართლის წარმოშობის ისტორიაშიც და გაიგებენ იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლებსაც ევროპის განვითარებული ქვეყნები საკუთარ მოზარდებს იწესებენ.

”ბავშვი და სამართალი” არის წიგნი მოზარდებისთვის, მათი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის, რადგან კანონის ცოდნა ადამიანს გარკვეულწილად იცავს და უადვილებთ ცხოვრებას.

 

img_news_line (5)

ჰანტერ ს. ტომპსონის “რომის დღიურები”

0

ჰანტერ ს. ტომპსონმა თავისი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება რამდენიმე წლის წინ დაასრულა თვითმკვლელობით, მაგრამ იყო დრო, როცა იგი თავდაუზოგავად ილხენდა და წერასთან ერთად რომის მოზრდილი დოზებითაც იოკებდა უზღვავ ენერგიას. ეს რომანიც ამაზეა.
50-იანი წლების ბოლოს, პუერტო-რიკოში, სან ხუანზე გამომავალ გაზეთში სამუშაოდ, ხელმოცარული ნიუ-იორკელი ჟურნალისტი პოლ კემპი ჩადის. ამ მოხეტიალე კალმოსანს თითქმის ყველა პროფესია აქვს გამოცვლილი და ყველანაირ სასმელთან უძმაკაცია. ერთ დროს რეკლამის ტექსტებსაც წერდა ახალი კაზინოებისა და კეგელბანებისთვის, მამლების ჩხუბის სინდიკატის კონსულტანტიც ყოფილა და მექრთამე სარესტორნო კრიტიკოსიც. ფოტოგრაფობაც უცდია და პოლიციასაც არაერთხელ ჩავარდნია ხელში.
ამჯერად იგი ნიუ-იორკის აეროპორტშია, სამხრეთ ამერიკაში მიფრინავს. ნიუ იორკში საშინელი თოვლი მოდის, თოვლით გადავსებულ ქალაქში საცობებია. სან ხუანზე ჩასულს, კემპს ჯოჯოხეთური სიცხე დახვდება. აქ ხალხი 24 საათის განმავლობაში ოფლიანობს, აქ ყველაფერი შეიძლება აიკიდო, დიზენტერია, ხატჩინსონის დაავადება, ჭვალა და ნიკრისის ქარი. სან ხუანზე კარგად გამომთვრალი ჩაფრინდება და მაშინვე რომს შეუკვეთავს, ჩამოჯდება ბარში, გასცქერის ოკეანეს და თხილს აკნატუნებს. ბარმენები უცხოელს დაბღვერილები უყურებენ, რადგან არაფერ ბრჭყვიალას არ ატარებს, ბეჭდებს, სამაჯურებს, საათებს, ეს კი ნორმაა პუერტო რიკოში.
ამ სიტუაციაში კემპს ერთი გენიალური ლოთი ახსენდება, ჰამფრი ბოგარდი. ისიც მასავით ჩამოდის უცხო ქალაქში, თუმცა ბოგარდის გმირებს რატომღაც მის სახელზე გაფორმებული ნომერი ხვდებოდათ სასტუმროში და მერე იჯდა ეს გმირი მთელი დღეები, სვამდა და ელოდებოდა როდის მოხდებოდა რამე. ისიც ასე ელის, თუმცა მოხდენით განსაკუთრებული არაფერი ხდება. მხოლოდ გინება, ჩხუბები, ქალები, დაჭერები, ლოთური ხეტიალი, ცოტაოდენი ოცნება და ბევრი რომი.
მთხრობელი ხვდება, რომ სადღაც დასაკარგავში ამოჰყო თავი, მისი ერთი თანამშრომელი იმასაც კი ეუბნება, “აზზე არა ხარ რა მაგარ ტრაკში მოხვდიო. აქ ნაშებიც კი არ ჩამოდიან, ნორმალური გოგო სანთლითაა საძებარი, ყოველ შემთვევაში ისეთი, რო იძლეოდესო, ამიტომ ორი ვარიანტია, ან გააფრენ ანდა გაპიდარასტდებიო.” ჰოდა კემპიც მთელი არსებით ქალებისა და რომიანი თავგადასავლების მორევში ეშვება.
აქ ყველა, ყოველთვის რომსა სვამს, სხედან ვერანდებზე ან პატიოებში და ვენტილატორების ზუზუნის ფონზე ილეშებიან. ზოგი რომით დატვირთული პლაჟის დიუნებზე მიდის სანებივროდ, მერე თვრებიან და ქალებთან ერთად ბანაობენ შიშვლები, ანდა წყალქვეშა თოფით ადგილობრივების ქათმებს ავლებენ მუსრს. ესწრებიან კარტინგების შეჯიბრებას, სადაც თითოეული “პილოტი” რომითაა გალეშილი და გიჟის თვალებს აკვესებს. რომს ყველაფრიდან სვამენ, ბოთლიდან, ჭიქიდან, მათარიდან, პეშვიდან, ტანზეც ასხამენ ერთმანეთს და მერე ოფლთან გაზავებულ სასმელს ლოკავენ. აყოლებენ ომლეტს ბეკონით და გრეიპფრუტს, ომარებს და თხამპალა ყავას. მარადიული პრობლემაა ყინულის შოვნა: თუკი ბოთლ რომში 1 დოლარს გადაიხდი, იქ 2 დოლარიც უნდა დაუმატო ერთი შეკვრა ყინულისთვის, ხანდახან კი საერთოდ, ვედრით დაათრევენ ყინულს. ისეთებიც არიან, ვინც ვერ იტანს რომის გემოს, მაგრამ 10 წუთში ერთი ბოთლის ჩაცლას ასწრებს, რათა 15-ში საკუთარ ნარწყევში გაიარ-გამოიაროს. ხშირად ელანდებათ რაღაცეები, სულ შიში აქვთ, ღამე სულ ვიღაც ქურდების მოლოდინში არიან, თუმცა შიშის ამ აჩრდილებსაც ისინი რომით აფრთხობენ, წვანან, ჭიპზე რომის ბოთლი უდგათ და ფიქრობენ რითი დაიცვან თავი.
რომანი ერთი ბარის აღწერით იწყება, რომელიც გაზეთის რედაქციასთანაა გახსნილი და სადაც ყველა თანამშრომელი იყრის თავს. ასეთი ბარები იმდროინდელ ამერიკაში ხშირი იყო, თუმცა “ნიუ იორკ ტაიმსის” ან “ატლანტიკ მანსლის” თანამშრომლებისგან განსხვავებით აქ არც რესპექტაბელური სახელოვანი ჟურნალისტები იკრიბებოდნენ და ვერც სარა ვონის ტკბილ ხმას მოისმენდით, გემრიელ ვახშამზე და კარგ წითელ ღვინოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს ბარი ყოფილ ჟოკეის, ვინმე ელ არბონიტოს თავის პატიოში გაუმართავს, ლუდზე 20 ცენტი დაუწესებია, რომზე – 10 (ყინულით 15). მალე საკასო აპარატიც უყიდია, ახალი ქოლგიანი ხის მაგიდები, ვიღაც ნელსონ ოტოც დაუქირავებია, სევდიანი პიანისტი და საქმეც აუწყვია.
მთხრობელი ერთხელ იტყვის, კარგი იყო დილაობით იქ რომის წრუპვა, როცა მზე ჯერ კიდევ გრილად წვავდა, ოკეანიდან კი მარილით გაჟღენთილი ნისლი აღწევდაო, მაგრამ ასეთი იდილია დიდხანს როდი გრძელდებოდა, სულ მალე შემოეხეტებოდნენ ხოლმე თავქარიანი ჟურნალისტები და იწყებოდა გადაბმა. ჯერ თავისუფალი ავტორები შემოდიოდნენ, შემდეგ, საღამოსკენ, რეპორტიორები და ლიტმუშაკები, სპორტის ხალხი, ბოლოს კი, რემასავით შემოჯგრიალდებოდნენ მოწყურებული კორექტორები და დამკაბადონებლები. ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე ამ სცენას და ჩემი 14 წლიანი სარედაქციო დამოცდილებიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ ყველა ქვეყანაში გაზეთის ცხოვრება როგორც ჩანს, ერთმანეთს ჰგავს, ყოველ შემთხვევაში ისეთ დაკარგულ ქვეყნებში, როგორც პუერტო რიკო და საქართველოა. იქაც, როგორც ჩვენში, არსებობდნენ ბუზღუნა რედაქტორები და შფოთიანი ხელქვეითები, ლოთი კორექტორები და მათარიანი დამკაბადონებლები. თუკი დღეს პრინტერებს ამტვრევენ მთვრალი ჟურნალისტები, მაშინ გატიალებულები ახალი ამბების ოთახში შედიოდნენ და ტელეტაიპს აფსამდნენ ხოლმე.
გაზეთის მთავარი რედაქტორი, ლოტერმანი მათ ლოთბაზარებს ეძახის (wineheads), თავად მთხრობელი კი ამბობს, ჩვენ მოყიალე ჟურნალისტები ვართო (vagrant journalists). და ეს ჟურნალისტები ვერანაირად ვერ უმაგრებენ ზურგს ლოტერმანის “დაბოლებას”, რომ მათი გაზეთი, “სან ხუან ნიუსი”, სინამდვილეში ამერიკელების რუპორი კი არა, ისეთივე ადგილობრივი ინსტიტუტია (გნებავთ ფენომენი), როგორც რომი ან შაქრის ლერწამი. იმავე ლოტერმანს ეკუთვნის ერთი უცნაური ფრაზა, სადაც იგი დარდობს, ეს ლოთბაზარები სამყაროს იპყრობენ, ყველაფერი იყიდეს და თუკი პრესაც მაგათ ხელში ჩავარდა, ცუდად იქნება ჩვენი საქმეო. არადა დღეს პირიქითაა, ლოთები ბუზღუნებენ გამოწკეპილ იაპებზე, სულ მაგათ მოიგდეს მთელი მედია, ეგენია ხალხს რო აბნევსო.
ამ კუნძულზე ხანდახან რაღაც ღონისძიებებიც აღინიშნება ხოლმე, მაგალითად რომელიმე ბანკის ფილიალის გახსნა ყოველთვის რომიანი ორგიით სრულდებოდა, მიწვეული ჟურნალისტები კი ძირითადად რომის “დათრევით” იყვნენ დაკავებულნი, ზოგჯერ ყუთობითაც კი შოულობდნენ. “დააჩმორებდნენ” რომელიმე ბარმენს და ამოიღლიავებდნენ ნადავლს. ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ერთ დღეს რამდენიმე პრეზენტაცია იმართებოდა და იმდენი ბოთლი უგროვდებოდათ, რომ წიგნების ცარიელ თაროებზე უწევდათ ჩამოლაგება.
ყველაზე დიდი ღონისძიება რომელიღაც მეზობელ კუნძულზე იმართება, სადაც ყოველწლიურ ფესტივალზე გაემგზავრებიან მთავარი გმირები და დიდ შარშიც გაეხვევიან, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, ვიღაც ტიპები სასმელების მაღაზიის მინებს ამტვრევენ და შემდეგ კარნავალის მონაწილეებს ნაწილ ნაწილ გააქვთ საქონელი მაღაზიიდან. ყველას ბოთლი უჭირავს ხელში, ზოგი ყუთებით მიათრევდა ძვირფას რომს, ამტვრევდნენ შამპანურის, ღვინის, ვისკის ბოთლებს, ჭყლეტდნენ ლუდის ქილებს, სანამ ეს ყველაფერი ქსნის მინის ტარის ქარხნის მეორადი გადამუშავების საამქროს არ დაემსგავსა.
ამ რომანში, “განძის კუნძულივით”, მეტაფორებიც რომს უკავშირდება, ვიღაც ტიპს რომის რეკლამიდან გადმოსულს ადარებენ, ზოგიერთ შავკანიანს კი მოლასას (შაქრის ლერწმის ნარჩენების თხევადი შავი მასა, რომელსაც აცხელებენ და სიროფის კონსისტენციამდე მიჰყავთ, სანამ შაქრის კრისტალები არ გაჩნდება მასაში). აქვე გაიგებთ, თუ რას ნიშნავთ ვალსის ტემპში, ნება-ნება, ან ტანგოს ტემპში, ვნებიანად რომის სმა.
ერთი სიტყვით, ამ რომანში სასაცილოც ბევრია და სატირალიც, დამაფიქრებელიც და მათრობელაც. დამაფიქრებელი კი, პირველ რიგში მთავარი გმირის დასკვნითი სიტყვებია, მას სურს ეს სიტყვები კისერზე ფირნიშივით დაიკიდოს: “პოლ კემპი, ლოთი ჟურნალისტი, შემტენი და ახვარი, მიღების საათები შუადღიდან გამთენიამდე.”
კემპს ყველაფერი მობეზრებია და აღარაფერი ადარდებს, სულსაც გაყიდის და საბეჭდ მანქანასაც, ოღონდ დღე გადააგოროს და თავგადასავალი ნახოს. რომიც სხვა არაფერია, თავგადასავლები და თავგადასავლების ძიება, შფოთი და რომანტიკა, ოღონდ ეს ყველაფერი შუადღიდან გამთენიამდე კი არა, არამედ განუწყვეტლივ, დილიდან დილამდე, 24 საათის მანძილზე.

https://arili2.blogspot.com/ 

მონოლოგი

0
გაზეთი 24 საათი #303. ოთხშაბათი, 22 დეკემბერი, 2004 წელი
პირველად გამოქვეყნდა ამერიკაში გამომავალ გაზეთ “ივერიის” ფურცლებზე
კითხვები, რაზე დაყრდნობითაც ბატონმა ოთარ ჭილაძემ ააგო თავისი მონოლოგი.
1. რას გვეტყვით თქვენი ახალი რომანის “გოდორის” შესახებ? თუ შეიძლება გვიამბეთ მისი შექმნის ისტორია.
2. რამდენად სწორად მიგაჩნიათ პროზაული ნაწარმოების ამა თუ იმ მიმდინარეობისთვის მიკუთვნება და თუ ეს ასეა, რომელ მიმდინარეობას მიაკუთვნებდით საკუთარ შემოქმედებას?
3. თქვენს ერთ-ერთ თხზულებაში გამუდმებით ისმის როგორ გუგუნებს კარადისხელა საათი, ანუ ტკივილი ვერმობრუნებული დროის. როგორ ფიქრობთ, დრო ღმერთია?
4. რა აზრის ბრძანდებით საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე? თანამედროვე მწერლობაში ხომ არ მოვიდა ის თაობა, რომელიც ტყვეობაში შობილი მართას მსგავსად, წარმოდგენილ თავისუფლებას მერცხლებითა და ყვავილებით გამოხატავდა?
5. როგორ შეძლებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველობა უსამშობლოდ დაკარგული დროის ანაზღაურებას?
6. რას ეტყვით ემიგრირებულ ქართველებს, როგორ დავიბრუნოთ “გახიზნული, გაჩუქებული, გაყიდული შვილები”?
მონოლოგი
“გოდორთან” დაკავშირებით ბევრს ვერაფერს ვიტყვი. რისი თქმაც მინდოდა, მე მგონი, უკვე ვთქვი, ხოლო, “მისი შექმნის ისტორია” იმდენად ჰგავს ყველა წინამორბედი რომანის ისტორიას, ნამდვილად არ ღირს სალაპარაკოდ. სამაგიეროდ, არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერების გრძნობით არ აღვნიშნო მკითხველის ინტერესი და გულისხმიერება, რაც მან “გოდორის” მიმართ გამოიჩინა. ტირაჟი გაიყიდა, მაგრამ წიგნის შეძენის მსურველნი ჯერ კიდევ მრავლად არიან. ასე რომ, ჰონორარისა რა მოგახსენოთ, – დღესდღეისად, უაღრესად ეფემერული ცნება გახლავთ, – მაგრამ ჩემი მწერლური პატივმოყვარეობა სავსებით დაკმაყოფილებულია. ეტყობა, ადგილობრივმა ნიჰილისტებმა მაინც ვერ შეძლეს ანტილიტერატურული ატმოსფეროს შექმნა ჩვენში და ვერც შექმნიდნენ, რამდენადაც ლიტერატურა მხოლოდ გართობის სახეობა არ არის. სხვანაირად რომ ვთქვათ, სულიერი ფენომენია, ანუ მხოლოდ ხალხის სულთან ერთად, ხალხის სულიანად შეიძლება მისი ამოკვეთა თუ ამოშანთვა საერთო ეროვნული სხეულიდან. ამას რომ ვამბობ, თავისთავად ცხადია, მთელ ქართულ მწერლობას ვგულისხმობ და არა კონკრეტულად “გოდორს”, თუმცა, მეც ქართული მწერლობის რიგით წევრად ვთვლი თავს და, არ დაგიმალავთ, გარკვეულ მნიშვნელობასაც ვანიჭებ საკუთარ ნამოღვაწარს. უმნიშვნელო მწერალი საერთოდ არ არსებობს. ყველა მწერალი ერთნაირად მნიშვნელოვანია მშობლიური ლიტერატურისთვის. ლიტერატურა თანაბართა დაპირისპირება კი არა, განსხვავებულთა ერთობაა, მეც ეს მავალდებულებს (გარკვეული თვალსაზრისით, მაიძულებს კიდეც), ნებისმიერ გარემოსა და პირობებში ვაკეთო ჩემი საქმე, ვიდრე კალმის ხელში დაჭერა და საბეჭდ მანქანაში ფურცლის ჩადება შემეძლება… ლექსს ახალი ლექსი, პიესას ახალი პიესა, რომანს ახალი რომანი უნდა მოჰყვეს, აუცილებლად, რამდენადაც მწერლობაც, ცხოვრების მსგავსად, უწყვეტი პროცესია და გაჩერება მისთვის სიკვდილს ნიშნავს. მხატვრული ნაწარმოებიც, ლექსი იქნება თუ რომანი, ნებისმიერ სულიერ არსებასავით ისახება, ვითარდება, მწიფდება და იბადება. “მშობელი” ამით ამთავრებს მასთან ურთიერთობას. გნებავთ, ამით ამოიწურება “მშობლის” მოვალეობა. დანარჩენი თავად მხატვრულ ნაწარმოებზეა დამოკიდებული. ირმის ნუკრივით, ანდა კამეჩის ზაქივით, “ცის ქვეშ”, “ტრიალ მინდორში” შობილი, დროულად თუ არ წამოდგა ფეხზე და “ჯოგს” არ გაეკიდა, ანუ წიგნის სამყაროში მოხვედრის უფლება თუ ვერ მოიპოვა, ან მგელი შეჭამს, ან აფთარი და ამით დამთავრდება მთელი მისი თავგადასავალი, ხოლო, მგელს და აფთარს თუ გადაურჩა, ანუ მშვიდობიანად თუ მიაღწია მკითხველამდე და, რაც მთავარია, ყურადღებასთან ერთად, მოწონებაც დაიმსახურა, პირადად ჩემთვის, სულერთია, რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიაკუთვნებენ, რადგან ამით აღარაფერი შეიცვლება არც იმისთვის, არც ჩემთვის. მე მაინც მომეწონება, ან არ მომეწონება და, იმასაც, თავისთავად ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ მხატვრული მონაცემებისა და თვისებების გათვალისწინებით მიუჩენენ ადგილს სხვა წიგნებს შორის. საერთოდ, თუკი ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი ლიტერატურულ თეორიაში და შეკითხვებსაც უფრო თქვენი ხათრით ვპასუხობ, ვიდრე ცოდნის დასამტკიცებლად, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მაინც შეგეკამათოთ. ჩემს ერთ- ერთ ნაწარმოებში განუწყვეტლივ მოგუგუნე კარადისხელა საათი “ვერმობრუნებული დროის ტკივილი” კი არა, იგივე დროა და განუწყვეტელი გუგუნით თავის შეუფერხებელ დინებას ახსენებს და ასე აფრთხილებს ყველას (ვისაც გაგონება შეუძლია), სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ იღონოს რამე, ანუ, თავს უშველოს, თუკი საერთოდ შესაძლებელია ამგვარი რამ. აქედან გამომდინარე, ჩავლილი დრო, დაკარგული დროა და მისი დაბრუნება, ან რამენაირად ანაზღაურება არც ერთ სულიერს არ შეუძლია. მათ შორის “საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველობას”.
“საქართველოს ფარგლებს გარეთ” ყოფნა, ანუ, ემიგრაცია, უაღრესად რთული, უაღრესად სათუთი თემაა და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა დაუმსახურებლად არ ვატკინოთ ვინმეს გული, ანდა, კიდევ უარესი, ასევე დაუმსახურებლად არ მივუტევოთ “დროებითი”, “ეპიზოდური”, ასე ვთქვათ, სიტუაციიდან გამომდინარე და ამდენად, ვითომ გამართლებული ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტე და სულმოკლეობა. ჩვენი ემიგრაცია, როგორც ყველაფერი ქართული, აშკარად განსაკუთრებულია და, ალბათ, მხოლოდ მიახლოებით თუ ჰგავს ემიგრაციის კლასიკურ მოდელს. სხვათა შორის, არც ემიგრაციაში წასვლის მიზეზია საერთო. ვინ იძულებით მიდის, ვინ საკუთარი ნებით; ვინ ფეხის ხმასაა აყოლილი, ვინ ახლობლების რჩევასა თუ მოთხოვნას. მოკლედ, რაც ერთისთვის ტანჯვაა, მეორისთვის ნეტარებაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთს დაბრუნება უნდა, მაგრამ არ შეუძლია, მეორეს შეუძლია, მაგრამ არ სურს. ასე რომ, ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, ლუკმა პურის მაძიებელი ჭარბობს მათ შორის, თუ “ტკბილი ცხოვრებისა”. ერთი ცხადია, ემიგრანტობა, ცხოვრების წესად თუ არა, მოდად ნამდვილად იქცა ჩვენში, რასაც თავის დროზე თავად ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი. შეიძლება მკრეხელობას ჩავდივარ, მაგრამ ჩვენი ემიგრაციის მთავარი მიზეზი მაინც არასწორად გაგებული თავისუფლება მგონია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სამშობლოსგან ვთავისუფლდებით, ქართველობაზე ვამბობთ პირველ რიგში უარს და თუ ეს მართლა ასეა, ძალიან სერიოზული ძალისხმევა გვმართებს ყველას ამ დამღუპველი პროცესის შესაჩერებლად. ქართველმა ებრაელებმა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, გენი დაუბრუნეს სამშობლოს, ჩვენ კი, სამშობლოდან, უპირველეს ყოვლისა, გენი გაგვაქვს. მშობლების, ბებია- ბაბუების პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მშობლიურ გარემოს ძალით მოწყვეტილი ბავშვი ქვეყნის ქომაგად ვერ გამოდგება. ეროვნებაც სიქალწულესავითაა – თუ დაკარგავ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ, მაგრამ სიქალწულისგან განსხვავებით, მისი დაკარგვა სრულებითაც არ არის სასურველი. ჩვენ კი ძალით ვაკარგვინებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს და, რაც მთავარია, დარწმუნებულები ვართ, სწორად ვიქცევით, დროულად ავუღეთ ცხოვრებას ალღო და ქეჩოზე მოვექეცით ჩვენს წასალეკად აფოფრილ ტალღას, საიდანაც ყველასათვის ერთნაირად საიმედო მიწა კი მოჩანს, მაგრამ ჯერ ღმერთმა იცის, რა გველოდება ამ მიწაზე.
აი, ამგვარი გაურკვევლობა სუფევს “საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფთა” შორის და, თქვენ წარმოიდგინეთ, მათი გაურკვევლობა აქ დარჩენილთა ფსიქიკაზეც ახდენს უარყოფით ზეგავლენას, ანუ, აქაც თავისთავად იბადება ეჭვი, შიში, უნდობლობა, უიმედობა და საუკეთესო პირობები იქმნება ანტიეროვნული, ანტიქართული (რაკი ჯერ კიდევ ბევრს ადგას გულზე ჩვენი არსებობა!) იდეოლოგიის საქადაგებლად. ჩვენდა სამწუხაროდ, არც მოხალისე თუ მოსყიდული ქადაგია სანთლით საძებარი. ხოლო ყველაფრის თავიდათავი ისევ თავისუფლებაა, უფრო სწორად, ნაწყალობევი თავისუფლება, რითაც ამ თხუთმეტიოდე წლის წინ ჩვენი ორასწლიანი მონობა დამთავრდა თითქოს. მაგრამ ამაზე საუბარი, მეტი რომ არ ვთქვათ, ქართულ უმადურობად და ქართული ბუნების აგრესიულობად ითვლება უკვე, არა მარტო საქმეში ჩაუხედავი და ფეხებზემკიდია მსოფლიოსთვის, არამედ ამ თხუთმეტიოდე წლის მანძილზე ჩვენში გამოჩეკილ პოლიტიკოსთა თუ პოლიტოლოგთა საკმაოდ დიდი ნაწილის თვალსაზრისითაც. თავისუფლება შენით უნდა მოიპოვო, განუწყვეტელი ბრძოლითა და შრომით. ჭირნახულივით უნდა მოიწიო, თორემ მწყალობელი, მით უფრო შენთან ისტორიულად დაპირისპირებული, აუცილებლად დაგათმობინებს რაღაცას, შეგაცვლევინებს მაინც; ხოლო ანგარებით თავსმოხვეული ნებისმიერი ცვლილება, რა ხასიათისაც არ უნდა იყოს ის, ბოროტებაა. თუკი უკანასკნელი თხუთმეტი წლის მანძილზე ჩვენში მომხდარ ცვლილებებს თვალს გადავავლებთ, არც იმის დადგენა გაგვიჭირდება, ვისთვის იყო სასარგებლო ამგვარი ცვლილებები, “დანგრეული” იმპერიისთვის თუ “გათავისუფლებული” კოლონიისთვის. ამდენი გზასამცდარი ბავშვი, მოშლილი ოჯახი, სასოწარკვეთილი ადამიანი არც ერთ ისტორიულ ტრაგედიას არ დაუტოვებია ჩვენთვის. როცა შემოდგომაზე ხეს ფოთოლი ცვივა, ეს ბუნებრივი და, აქედან გამომდინარე, აუცილებელი პროცესია, კი არ გაეჭვებს და გაფორიაქებს, გაიმედებს და გამშვიდებს. ბუნებაში მიმდინარე ცვლილებები სამყაროს უცვლელობისა და მარადიულობის დამადასტურებელია მხოლოდ. ხოლო ის “ეპოქალური” გარდაქმნა, რომელიც ნაწყალობევ თავისუფლებას მოჰყვა ჩვენში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ გვაფრთხობს და ავ წინათგრძნობებს გვიჩენს, რის გამოც თავისუფლების შეგრძნება პასუხისმგებლობის გრძნობას კი არ გვიმძაფრებს საკუთარი ქვეყნის მიმართ, არამედ მონური თავშეკავებულობისა თუ მონური თავაშვებულობისკენ გვიბიძგებს ისევ.
რაც შეეხება ჩვენში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, ჩემი აზრით, ეს პროცესები უფრო პრაგმატული ხასიათისაა, ვიდრე ლიტერატურული და, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც ბუნებრივი მოვლენაა ამ ეტაპზე. ჯერჯერობით ლიტერატურაშიც სრული განუკითხაობა სუფევს და ლიტერატურული სამყაროც უმთავრესად პირადულ ინტერესებსაა დაქვემდებარებული. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, რომელ ლიტერატურულ პროცესებზე შეიძლება ლაპარაკი ხელოვნურად ჩამკვდარ, ხელოვნურად დასაჭურისებულ ქვეყანაში, სადაც გამართულად მეტყველებაც უჭირს უკვე ხალხს და ჟურნალისტურ ილეთს მეტი გასავალი აქვს, ვიდრე მწერლურ მიგნებას. დღევანდელი ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა უმნიშვნელო ადგილსაც აღარ უთმობს მხატვრულ ნაწარმოებს და პოლიტიკურ ანარქიასა და აჟიოტაჟში ისიც ვერ გაგვირკვევია, ვქმნით თუ ვანადგურებთ, რას მივიღებთ საბოლოოდ – ლიტერატურული მატიანის კიდევ ერთ ფურცელს, თუ ლიტერატურული მატიანის კიდევ ერთი ფურცლის ფერფლს. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ეს ყველაფერი შორსმჭვრეტელთა მითითებითა და ბრმადშობილთა ხელით კეთდება, რაც კიდევ უფრო გარდაუვალს ხდის მოსალოდნელ კატასტროფას, თუკი დროზე არ მოვეგებით ყველანი გონს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენმა მტრებმა ჩვენზე უკეთ იციან ქართული მწერლობის ფასი და იმასაც ისეთივე დაუნდობლობით ებრძვიან, როგორც ქართულ ენას, ქართულ ეკლესიას თუ ქართულ მეურნეობას ებრძოდნენ თავის დროზე, ანუ, ებრძვიან ყველაფერ იმას, ურომლისოდაც, უბრალოდ, შეუძლებელია, ქვეყანად იწოდებოდე, მით უფრო – სახელმწიფოდ. რასაკვირველია, მტრების სივერაგისა და სისასტიკის ბრალია ჩვენი მწერლობის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, ოღონდ, მტერში, მაინცდამაინც, ჟირინოვსკის კი არ ვგულისხმობ, არამედ ჩვენიანსაც, რომელიც ადვილი შესაძლებელია, ჟირინოვსკიზე დაუნდობელიც აღმოჩნდეს საკუთარი სისხლისა და ხორცის მიმართ. მართალია, რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის ლეკვები ვართ, მაგრამ ბოლოს, ეტყობა, მაინც გავტყდით. ჩვენც დავკნინდით, დავწვრილმანდით და, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმანეთს დავერიეთ, მტრების გულის გასახარად. ახლა აზრიც არა აქვს იმის გარკვევას, ვინ არის ჩვენ შორის ნამდვილი მწერალი და ვინ ცრუ; ვინ განაწესა ღმერთმა ქართული სიტყვის მსახურად და ვინ შექმნა “კაგებემ” ციხის შიგნიდან გასატეხად. ციხე რა ხანია, გატყდა, ქვეყნის გასაბჭოებისთანავე, მაგრამ ნამდვილი, ასე ვთქვათ, ღვთით მოვლენილი მწერლები მაინც ჯიუტად ისხდნენ ყოველთვის ქართული მწერლობის სანგარში, რათა ენაშერყვნილ, ეკლესიაშებილწულ, არისტოკრატიადახვრეტილ და მეურნეობამოშლილ ქვეყანას იმედიც არ დაეკარგა. ჩვენ კი დღეს იმ სანგრის მიწით ამოვსებას ვცდილობთ, ანუ, ძირითადად საყოფაცხოვრებო პრობლემებითა ვართ დაკავებულნი და ეს არის ჩვენი მთავარი საქმიანობა. ვინ ძველი კვალის მოსასპობად იქცევა ასე, ვინ ამ გზით ცდილობს ლიტერატურაში კვალის დატოვებას და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობს და კამათობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი აღთქმული მომავლისთვის სისხლხორცეულად საჭირბოროტო საკითხებზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, არც ქვეყანა ადარდებს და არც მისი მომავალი, მთავარია, დღეს მიიღოს ხვალისა, ხელისუფალთა ყურადღება მიიქციოს და თანამოკალმეებზე მაღლა დადგეს როგორმე. ამას თუ არ ჩავთვლით “ლიტერატურულ პროცესად”, პირადად მე ნამდვილ ლიტერატურულ პროცესებზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევად მიმაჩნია. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, დიდხანს ვერ გაგრძელდება ასე. არათუ დაუშვებელი, შეუძლებელიცაა იმ ინერციის, იმ ენერგიის, იმ სულისკვეთების შეჩერება (შეჩერებაც კი!), ქართულ მწერლობას რომ ამოძრავებს აგერ უკვე მეთექვსმეტე საუკუნეა. ასე რომ, ვიდრე ლიტერატურა გვახსოვს და ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ, ჯერ ყველაფერი არ დაკარგულა, ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს, რამდენადაც ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ბუნებრივი მოვლენის კი არა, სწორედაც რომ არაბუნებრივი, ხელოვნურად შექმნილი, შეგნებულად დამახინჯებული მოვლენისა თუ მოვლენების კანონზომიერი შედეგია. ხალხის მახსოვრობა მოკლეა და, თუკი იკადრებ, შეგიძლია იმდენჯერ მოატყუო, რამდენჯერაც მოგესურვება. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ხანდახან შეგნებულადაც იტყუებდეს ხალხი თავს. ყველა ხალხს და, თავისთავად ცხადია, მათ შორის ქართველ ხალხსაც, ურჩევნია მოსაჩვენებლად, ასე ვთქვათ, დროს გასაყვანად ირწმუნოს ტყუილი, ვიდრე ერთბაშად გადააყოლოს სიმართლეს თავი. მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, არაფერი შეიცვლება. რაც მთავარია, ჩვენი ლაპარაკი არა მარტო მტერს, მოყვარესაც აღიზიანებს უკვე, როგორც აქ, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მით უფრო რუსეთში ემიგრირებულს, რაც, მე თუ მკითხავთ, თავისთავად უკვე უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში. თავს აფარებ იმას, ვინც თავშესაფარი მოგიშალა! ასე რომ, ტყვეობაში შობილი თაობა კი მოვიდა, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ აკრძალულსა და წარმოდგენილ თავისუფლებას, რომელსაც, მართას მსგავსად, მერცხლებისა და ყვავილების სახით გამოხატავდა ტყვეობაში, ხელისუფლებისგან შემოთავაზებული (გნებავთ, შემოპარებული) ყველაფრის უფლება ამჯობინა, ანუ, პირველ რიგში, მერცხლებსა და ყვავილებს აუბზუა ცხვირი და, მოსვლისთანავე, დაგმო სწორედ ის, რამაც ხელი შეუწყო, უფრო მეტიც, რამაც საერთოდ განაპირობა მისი განთავისუფლება. ეს კი თვითმკვლელობის ტოლფასი აქტია, არადა, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, ანუ, როგორც ფიზიკური, ისევე სულიერი მონობის ჟამს, ცენზურის განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ შექმნილი ქართული ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ადამიანის გაუტეხლობის, მისი ამოუწურავი ენერგიისა და შინაგანი თავისუფლების სადიდებელია. თუკი წერა ძნელი იყო როდისმე, მაშინ იყო ძნელი. უფრო მეტიც, წერა მაშინ ომს ნიშნავდა და ყველა როდი ბრუნდებოდა იმ ომიდან ცოცხალი. ბევრმა მწერალმა დადო თავი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ადამიანური და მწერლური ღირსების დასაცავად. წერა დღესაა ადვილი, მაგრამ იმიტომ კი არა, ცენზურა რომ აღარ არსებობს, არამედ იმიტომ, ორსაუკუნოვან ომში დაღუპულ (შეშლილ, დახვრეტილ, ნაწამებ, თვითმკვლელ) მწერლების შთამომავალმა განთავისუფლებისთანავე რომ თქვა უარი მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე, ანუ, ჩვენი ისტორიული პრობლემა გადაწყვეტილად მიიჩნია და უცხოელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით, უაღრესად “თანამედროვე” და “აქტუალური” თემებით დაინტერესდა, როგორიცაა, თუნდაც, ჰომოსექსუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი თუ გლობალიზაცია, ანუ მშობლიური ისტორიის კრიტიკა და მშობლიური კულტურის უარყოფა. ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, ოღონდ, თავისუფალი ადამიანისთვის. დღეს კი, მეტ- ნაკლებად თავისუფალ საქართველოში, ძირითადად მონებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა იწერება და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ყაზბეგისა და ჯავახიშვილის წიგნებზე უკეთ საღდება. ამგვარი ლიტერატურა, რა თქმა უნდა, ზნეშეცვლილ ოჯახთან, ფუნქციადაკარგულ სკოლასთან და კორუმპირებულ საზოგადოებასთან ერთად, ხელს უწყობს ახალი ყაიდის, მე ვიტყოდი, ანტიქართული აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და, ჩვენდა სამარცხვინოდ, მთლად ახალი მოვლენა არ არის ჩვენში. ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ქართველი თავადაზნაურების მარშალმა, ვინმე გურამიშვილმა (მომიტევოს დიდი დავით გურამიშვილის სულმა მისი გვარის ამ კონტექსტში მოხსენიება), პირდაპირ მოუწოდა ქართველ ხალხს, დედაწულიანად გამწყდარიყო რუსეთისთვის, რადგან მხოლოდ ასე დაუმტკიცებდა ერთგულებას ერთმორწმუნე “მფარველს”, რაც, ამავე დროს, მისი (ქართველი ხალხის) ისტორიული მისიის აღსრულებაც იქნებოდა თურმე. ჩვენი მისია უკვალოდ გაქრობა კი არ არის, მით უფრო, ვინმეს ხათრითა თუ შიშით, არამედ – გამორჩეული, განსაკუთრებული ხმისა და სახის, სულისა და ხასიათის შენარჩუნება სამყაროს აღსასრულამდე, რაც არ უნდა ძნელი მოსასმენი იყოს ეს ვიღაც-ვიღაცებისთვის. ისტორიულმა კატაკლიზმებმა კი არ უნდა წაგვახდინოს, კიდევ უფრო უნდა აღგვაგზნოს საომრად და სამოქმედოდ. ჩვენ მეომარი და შემოქმედი ხალხი ვიყავით ყოველთვის – ხმალი არ გაგვიგდია ხელიდან, მაგრამ მაინც იმდენი რამის შექმნა შევძელით, თანაგრძნობითა და პატივისცემით უნდა გვხვდებოდნენ დღეს ყველგან, სადაც ბედი თუ უბედობა გადაგვისვრის, განათლების მისაღებად თუ თავშესაფრის სათხოვნელად. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ფუტკარიც კი არსებობს ქართული ჯიშისა! მსოფლიომ შეიძლება ჯერ არ იცის (დიდხანს ვიყავით იმპერიის ჯურღმულებში ჩამწყვდეულნი), მაგრამ აუცილებლად გაიგებს. მთავარია, ჩვენ არ გადავშენდეთ იქამდე. ამის საშიშროება კი ნამდვილად არსებობს. განგებ შეგვყარეს თუ ჩვენ თვითონ დავიმართეთ შეგნებულად, აშკარად ავი სენი გვჭირს. ამ სენს სამშობლოზე გულის აცრუება ჰქვია და ძნელი სათქმელია, რატომ უნდა შეგვყროდა მაინცდამაინც ჩვენ, როცა ყველა ჯურის გადამთიელს მაინცდამაინც ჩვენს სამშობლოზე რჩება თვალი. მაგრამ რაკი შეგვეყარა, ახლა განკურნებაზე უნდა ვიფიქროთ მხოლოდ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვიკურნოთ ამ სამარცხვინო სენისგან, თორემ ოდესღაც შესაშურად წიგნიერი ხალხი, სანიმუშოდ უწიგნურ ხალხად ვიქცეთ ლამის. რასაკვირველია, ერთბაშად არ მომხდარა ეს. როგორც ჩათვლემილ ბავშვს საყვარელ სათამაშოს გამოაცლის ხოლმე დედა ხელიდან, ისე გამოგვაცალა ვიღაცამ, “ჩვენზე მზრუნველმა” წიგნი, და ჩვენც თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, თვითონაც რომ ვერ გავიგეთ, უმეცრების წყვდიადში აღმოვჩნდით ბოლოს, სადაც უფრო იოლად ვივიწყებთ წინაპართა დადგენილს და უფრო თამამად მივსდევთ სხვათა ადათ- წესებს. უფრო მეტიც, ლამის ადმინისტრაციული მეთოდებით ვაუქმებთ ძველს და ვამკვიდრებთ ახალ ტრადიციებს. ეს კი მიუტევებელი შეცდომაა, დანაშაულზე რომ არაფერი ვთქვათ. დრომოჭმული ტრადიცია თავისით ქრება და ახალიც, ფაქტობრივად, თავისით მკვიდრდება, თუკი მისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის ცხოვრება. აქედან გამომდინარე, როგორც ძალით დამკვიდრებულ, ისევე ძალით ამოძირკვულ ტრადიციას მხოლოდ და მხოლოდ არასასურველი და არასასიამოვნო შედეგი შეიძლება მოჰყვეს. განა თბილისის ქუჩებიდან ტრამვაის გაქრობამ, ტრადიციულ იერთან ერთად, ხასიათიც არ შეუცვალა ქალაქს?! ვიღაცის “ჯადოქრობის” წყალობით ერთ მშვენიერ დღეს უცხო ქალაქში გამოგვეღვიძა თითქოს, თუმცა, ადვილი შესაძლებელია, ბევრი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდეს ამას. ტრამვაი არა მარტო ალამაზებდა, უფრო სწორად, არა მარტო ამშვიდებდა, ათვინიერებდა თბილისს, არამედ ჩვენც გვაახლოვებდა და გვანათესავებდა, გნებავთ, გვამსგავსებდა ერთმანეთს, სულიერ არსებასავით გაჟღენთილი ჩვენი სითბოთი, ჩვენი სუნით, ჩვენი ნაფიქრალით, ჩვენი სადარდელითა და სანატრელით… მისი ზარის წკარუნი და ბორბლის ღრჭიალი არა მარტო ახალი დღის დადგომას გვაუწყებდა, არამედ გამოვლილ გზასაც გვახსენებდა განუწყვეტლივ. გამოვლილი გზის დავიწყებიდან ერთი ნაბიჯიღა რჩება სამშობლოს უარყოფამდე. უვიცი სწავლულზე ბედნიერია, მაგრამ ჩვენ თუკი რამე გვჭირდება დღეს, სწავლა- განათლება გვჭირდება პირველ რიგში, ვთქვათ, ფრანგებისგან განსხვავებით. საფრანგეთი აწყობილი ქვეყანაა და შეუძლია ამგვარი “ფუფუნების” უფლებაც მისცეს თავს, თუნდაც მარტო იმის გასარკვევად, თუ რამდენად სახიფათო აღმოჩნდება წიგნისადმი დღევანდელი გულგრილობა მომავლისთვის, ანუ, შეიძლება თუ არა ხვალ და ზეგ ქვეყნის ბედიც ანდო იმას, ვისაც გუშინ და გუშინწინ ორ ბატსაც არ ანდობდი მოსამწყემსად. სწავლა განა არ გვიყვარს, სიბეჯითე გვაკლია, გვეზარება. უფრო გულახდილები თუ ვიქნებით, მოგვბეზრდა, ყელში ამოგვივიდა “განათლების მიღება” უსწავლელად, რასაც განათლების საბჭოური მეთოდი გვთავაზობდა. სავალდებულო, მაგრამ იოლმა სწავლამ აშკარად არ გაგვიმართლა, თუმცა მაშინაც ასე ვიყავით მოდებული ქვეყანას, თავისთავად ცხადია, შესაძლებლობების ფარგლებში, კიევიდან ნოვოსიბირსკამდე, და უნდა ვაღიაროთ, ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის კარი იღებოდა ჩვენთვისაც, რამდენიმე ჩურჩხელისა და შინნახადი ჭაჭის საფასურად. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სწავლის მძებნელებიც და შინ დარჩენილნიც ერთნაირად უვიცნი აღმოვჩნდით ბოლოს და ბევრი სიმწარეც ვიგემეთ საკუთარი უვიცობის გამო. ამიტომაც გვირჩევნია ოცნება სინამდვილეს. ოცნებაში უცებ შეგიძლია იმის ასრულება, რასაც სინამდვილეში ხანგრძლივი, თავაუღებელი შრომა სჭირდება. საქართველო რომ საქართველოა, ოცნებაში ისიც კი შეიძლება წარმოიდგინო ამერიკასავით ძლიერ და მდიდარ ქვეყნად. კი ბატონო, ვიოცნებოთ. ოცნებას რა სჯობს! მაგრამ ერთი პირობით: აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ეს “დაწყევლილი” საქართველო, უნდა გვჯეროდეს მისი და სადაც არ უნდა ვიყოთ, შინ თუ გარეთ, მხოლოდ მის საკეთილდღეოდ უნდა ვიღვწოდეთ, უხმაუროდ და უანგაროდ.
ასე რომ, “ერის, როგორც მთლიანი ორგანიზმის, სულიერი სიჯანსაღე” რომ დავიბრუნოთ, ხელახლა უნდა მოვინათლოთ ყველანი ქართველებად და ხელახლა უნდა შევისწავლოთ ანი და ბანი. მტერმა შეიძლება სკოლა დაგვინგრიოს, წიგნი დაგვიწვას, სინათლე ჩაგვიქროს… მაგრამ სწავლის უნარსა და სურვილს ვერ ჩაგვიკლავს. სწავლა სიბნელეშიც შეიძლება და არა მარტო უცხოეთში, არამედ ადგილზეც, შინ. უცხოეთში, საერთოდ, იმის სასწავლებლად მიდიან, რისი სწავლაც შინ არ შეუძლიათ, მაგრამ სწორედ შინ სჭირდებათ. ქართულს, რასაკვირველია, საქართველოზე უკეთესად ვერსად შეისწავლი, მაგრამ შენ თუ აღარ გინდა ქართველობა, შენ თუ მსოფლიო მოქალაქეობას აპირებ, მაშინ… თუმცა, საბედნიეროდ, არც ერთი მოზარდი არ ფიქრობს ასე. ასე ზოგიერთი მათგანის მშობელი ფიქრობს და არა მარტო ფიქრობს, დაუნანებლად იმეტებს შვილს უცხო სივრცეებში უკვალოდ გასაქრობად. არავითარ შემთხვევაში! ეს დიდი დანაშაულია ღმერთისა და ქვეყნის წინაშე და უმალ ასეთ მშობლებს გააგზავნის საქართველო “გასანათლებლად”, ვიდრე მათ შვილებს. მათი შვილები საქართველოს საკუთრებაა. მათი შვილებია ხვალინდელი საქართველო, რომელიც, ღვთის წყალობით, ერთხელ კიდევ აღსდგა დღეს მკვდრეთით, ისევ სახელმწიფოდ იწოდება და საკუთარი დროშა, ჰიმნი და გერბი აქვს, თუნდაც, გამარტივებული. სხვათა შორის, სახელმწიფო გერბი ჩვენსავე თავგადასავალს გვიყვება ჰერალდიკის ენაზე. უფრო სწორად, სხვებისთვისაც წარმოაჩენს, თუკი რამე მნიშვნელოვანი და საინტერესო გაგვაჩნია. სამეფო გვირგვინი, ყალყზე შემდგარი ლომები და წმინდა გიორგი, რასაკვირველია, ძვირფასი სიმბოლოებია თავისთავად, მაგრამ მათი გამოსახვა ნებისმიერი ქრისტიანული ქვეყნის გერბზე შეიძლება და არის კიდეც გამოსახული; ხოლო ქრისტეს კვართზე, მით უფრო კი ოქროს საწმისზე, მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ სხვებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთსაც, რომელმაც ჯერ კიდევ ამ ორასი წლის წინ გაგვიუქმა სახელმწიფოც და სახელმწიფო სიმბოლოებიც და, ალბათ, მაინცდამაინც არ ესიამოვნება, მისგან ერთხელ და სამუდამოდ დამარხულის აღდგენას თუ მოინდომებს დღეს ვინმე. მოკლედ, ჩემსავით გამოუსწორებელი ეჭვიანები რომ იყვნენ ჩვენი პარლამენტარებიც, დარწმუნებული ვარ, უფრო ღრმად დაფიქრდებოდნენ, არ აჩქარდებოდნენ გერბის საბოლოო ვარიანტის მიღების დროს. მაგრამ ჩვენი ბედ-იღბლის ხალხისთვის ისიც დიდი მიღწევაა (მე ვიტყოდი, ბედნიერება), რასაც, ჯერჯერობით, მივაღწიეთ. ასე რომ, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს გაცილებით უკეთ ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით. რადგან დღეს უფრო მეტმა ვიცით, რატომ ვართ ცუდად. იმედია, ხვალ კიდევ უფრო მეტს გვეცოდინება. ეს ეხება “გახიზნულ, გაჩუქებულ, გაყიდულ” შვილებსაც, რომლებსაც ვერაფრით ვეღარ დავიბრუნებთ, თუკი თავად არ მოუნდებათ დაბრუნება. დაბრუნება არა მარტო კეთილშობილური მიზანი, არამედ მოურეველი სურვილიც უნდა იყოს მათთვის. ოღონდ, შურის საძიებლად კი არ უნდა დაბრუნდნენ, არამედ გვერდში ამოსადგომად და მხარის შესაშველებლად. როგორმე უნდა მოერიონ თავს და გამხიზნავ, გამჩუქებელ, გამყიდველ მშობლებს მიუტევონ, აპატიონ ყოვლად გაუმართლებელი სისუსტე და სიბეცე, უპრინციპობა და უნებისყოფობა. ეს არა მხოლოდ სულიერ შვებას აგრძნობინებთ, არამედ “უსამშობლოდ დაკარგული დროის ანაზღაურებადაც” ჩაეთვლებათ. დარწმუნებული ვარ, ასედაც მოხდება. როგორც კი განვიწმინდებით მონური ყოფის შლამისგან, ყველას, წასულსაც და დარჩენილსაც, ერთად, ერთდროულად გაგვახსენდება “ვისი გორისანი ვართ” და სულის შემძვრელი სიცხადით დაგვიდგება თვალწინ ჩვენი საერთო დედის, ჩვენი მარადიული, დაულეველი, ამოუწურავი, აუწონავი, გაუზომავი, ფასდაუდებელი, თვალშეუდგამი, ხელშეუხებელი სამშობლოს ულამაზესი და უძვირფასესი სახე…

დაუსრულებელი ამბავიც დასრულებულია, თუ მას სწორად უამბობ კაცს

0

მასზე ბევრს ლაპარაკობენ, იშვიათად წერენ. ალბათ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ ლიტერატურული კრიტიკა მოიკოჭლებს. ერთხმად აღიარებენ, რომ ყველაზე პოპულარული მწერალია XX საუკუნის 90-იანელთა შორის. მისი წიგნები გამოსვლისთანავე ქრება დახლებიდან და დანამდვილებით ვერც გეტყვით, რამდენი ოჯახის წიგნის თაროზე იდებს ბინას. უყვართ და აფასებენ ამ სიტყვაძუნწ ადამიანს, რომლის თითოეული სიტყვა საოცრად მოქნილი და ხატოვანია. ლიტერატურა სპორტი არ არის, ვინმე ვინმეს სჯობნიდეს, მაგრამ მაინც,”საბაზე” წარდგენილთაგან კონკურენცია ვერავინ გაუწია, ამიტომაც მხოლოდ მან შეძლო ამ ლიტერატურული პრემიის სამჯერ მოპოვება.

ალბათ, უკვე მიხვდით, ვინ არის ჩვენი სტუმარი, რომელსაც ახლობლები და სპორტული სამყაროს გულშემატკივრები – ერთი, ხოლო ლიტერატურის მოყვარულები მეორე სახელითა და გვარით იცნობენ.
გიო ახვლედიანი ინტერვიუებს ვერ იტანს, სძულს, ცუდად ხდება, მაგრამ მაინც დავითანხმე, აკა მორჩილაძის ციტატებიდან გამომდინარე შეკითხვებისთვის თავად ეპასუხა.
იყო დრო, არ არსებობდა დიქტოფონები. ჟურნალისტები ინტერვიუს აღების პროცესში ინიშნავდნენ და იწერდნენ ნალაპარაკევს. მერე პროგრესმა პატარა ჩამწერი მოწყობილობა გვაჩუქა და საქმეც ერთიორად გაადვილდა, თუმცა ზოგიერთმა ეს ბოროტად გამოიყენა და გაშიფრული მასალა შეუსწორებლად, დაუხვეწავად გადაიტანა გაზეთისა თუ ჟურნალის ფურცლებზე. ამასობაში კომპიუტერული ხანა დადგა და ადამიანებმა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ელექტრონული ფოსტით შეძლეს ერთმანეთთან დაკავშირება. ახლა უზიხარ კომპიუტერს, აჭერ თითებს ღილაკებს და ვისაც და სადაც გინდა, “ელაპარაკები”. თუმცა იმეილებმა მაინც ვერ შეძლო იმ ემოციების დატევა, ოდესღაც კონვერტის მიღებას რომ ახლდა თან.
რატომ მოვაწყვე ეს ექსკურსი? იმიტომ, რომ ჩემი და გიოს საუბარიც ასე, ელექტრონული ფოსტით გაიმართა. შეკითხვები გავუგზავნე, პასუხები მივიღე. მართალი გითხრათ, მგონია, რომ პირისპირ შეხვედრა სხვა ელფერს შესძენდა ამ ინტერვიუს. ალბათ იმიტომ, რომ როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ელაპარაკება, ჩნდება მესამე – უხილავი ძალა, მუხტი, რაც სხვაგვარად გათქმევინებს თითოეულ სიტყვას. მაგრამ, ხომ მოგახსენეთ, გიოს ინტერვიუები ეჯავრება-მეთქი. იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ დამთანხმდა და ჩემს შეკითხვებს უპასუხა.
“მე მგონია, რომ თბილისი არის ქალაქი, სადაც ოდესღაც ნუშის ხეები ყვაოდა, ახლა კი გამარჯობის თქმას ნერვიულობა ახლავს…”
– გამარჯობა, გიო, როგორ გიკითხო?
– ნელა-ნელა. რა ვიცი…
“სულელი არ ვიყავი, თბილისში მწერლობა რომ გადავწყვიტე? მაინც მგონია, რომ უფრო გულუბრყვილო, ვიდრე სულელი…”
– ახლა როგორღა ფიქრობ, რომელი ჭარბობს – გულუბრყვილობა თუ სისულელე?
– იმას ვეთანხმები, რაც მანდ წერია. უფრო გულუბრყვილო, იმიტომ, რომ სისულელისთვის თავი არ გემეტება ხოლმე.
“სულ ორჯერ მოვინდომე, მწერალი გავმხდარიყავი, და ორივეჯერ ჩავფლავდი…”
– მართლაც, როდის მოინდომე, მწერალი გამხდარიყავი და გქონდა “ჩავარდნა”?
– უკვე მეოთხედ მოვინდომე… საერთოდ, ეგ ჩემი შკალაა და ახსნა არ ღირს.… გასულ წელს, შემოდგომაზე, უკვე მეოთხედ მოვინდომე. დიდად არ გამომდის, მაგრამ მომწონს ეს საქმე და ამიტომაც არ ვეშვები.
“…ვერც ჟურნალისტი გავხდი, იმიტომ, რომ ძალიან არ მინდოდა, ჟურნალისტი გავმხდარიყავი…”
– და მაინც ჟურნალისტად მუშაობ, არა?
– ახლა რეპორტიორი აღარც დამერქმევა. უფრო, საგაზეთო პუბლიცისტი, თანაც სპორტული. გაზეთ “სარბიელში”. უკვე წლებია, ასეა.
“აგე, რამდენი მწერალია ჩვენში. იმათ, ალბათ, წერის თავიანთი მიზეზები აქვთ, მე კი სწორედ წიგნების კითხვამ და სიენენის და ევრონიუსის ცქერამ ჩამრთო ამ საქმეში…”
– ეს სიმართლეა თუ მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის ნაწილი?
– ეს უბრალოდ ნაწყვეტია ერთ-ერთი მოთხრობიდან. იქ ბიჭს ერთი პიესა აქვს დაწერილი და ამის მიზეზს ხსნის.
“გაზაფხულზე გვარიანად განთქმული შევიქენ და საქმე ისე იყო, რომ მეგაზეთე გოგოებს უკვე ვემალებოდი კიდეც…”
– ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობ. რატომ?
– ინტერვიუები მძულს. ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა ინტერვიუზე მირეკავენ.
“…მისთვის წერა სახალისო საქმიანობაა და ჭადრაკის ერთ უბრალო, სალაღობო პარტიასა ჰგავს”.
– შეგიძლია, აღწერო წერის პროცესი?
– ჩქარა ვწერ, უკანმოუხედავად. ძალიან სწრაფად. ბევრი გრამატიკული შეცდომაა ხოლმე… სწრაფი ჭადრაკივით. თუმცა, წინდაწინ სულ მოფიქრებული მაქვს. იმ სიჩქარეში კიდევ ამ მოფიქრებულს ემატება და ემატება. სხვა არ ვიცი. როგორ აღვწერო, არ ვიცი…
“დიდი ვერაგი ხელობაა ეს მწერლობა. ანუ, ვერაგი ხელობაც არის… შენ ხომ არ იცი, რას გიმზადებენ ვერაგი მწერლები…”
– რას გვიმზადებენ ვერაგი მწერლები და არის თუ არა მათ შორის აკა მორჩილაძე?
– მწერალმა შეიძლება თავიც კი მოაკვლევინოს კაცს… ასეც ხდებოდა ძველად. მე, ალბათ, იმას ვგულისხმობდი, რომ წიგნებში ბევრ ეშმაკობას ჩავდებ ხოლმე. ან საგანგებო შეცდომას, ან ისეთ რაღაცას, რაც ადამიანის გულს სულ სხვანაირად შეაფრთხიალებს. წერის დროს კი, ალბათ, სულაც არ ვიყავი ამის ხასიათზე, ამ შეფრთხიალების. ხელოვნურად და ძალით კი არ ვაკეთებ ამას. ეს ვერაგობა, სამზარეულო, ახლავს თან წიგნს და ყოველთვის გულანთებული და ბრძენი კი არ ხარ, რომ წერ. ხშირად თაღლითიც ხარ.
“რაც უფრო ნამუსგარეცხილი ხარ, ბედნიერებასთან მით უფრო ახლოს ტრიალებ…”
– ირიბად გკითხავ, მაგრამ პირდაპირ გამოვა – ახლოს ტრიალებ ბედნიერებასთან?
– ჩემი აზრით, ბედნიერება სულ რამდენიმე წამს გრძელდება. ბევრჯერ შეიძლება შეგხვდეს ცხოვრებაში, მაგრამ სულ რაღაც წამებით. ისეთი წამებია, ყველაფერი კარგი რომ ერთმანეთს დაემთხვევა ხოლმე, შიგნითაც და გარეთაც.
საერთოდ, ბედნიერება ის ჰგონიათ, რომ კარგად ცხოვრობენ და ყველაფერი წესრიგშია. მგონი ასეა, ხო?
“…არც ისე ცუდია აჩრდილად ყოფნა ამ ქვეყანაში. თვალიერება და დაკვირვება შეგიძლია, მეტი კი საჭირო არ არის. არც ლაპარაკია საჭირო…”
– ალბათ, ეს მწერლის უპირველესი თვისებებია – დაკვირვება და თვალიერება. არც ლაპარაკი სჭირდება. ყველაზე მეტად რაზე დაკვირვება და რისი თვალიერება გართობს და გიტაცებს?
– ცხოვრების. მოკლე პასუხია, მაგრამ ეგრეა კია და სად წაუხვალ…
“იცი, რას ნიშნავს, ქალი რო კაცს წაყვა? საკუთარი თავი ანდო, ფიქრები ანდო, სიყვარული ანდო… რაც არ უნდა მოხდეს, მართალი უნდა იყო. შენ თავთან, შენ ქალთან, შენ შვილთან…”
– ვინ განდო საკუთარი თავი, ფიქრები და სიყვარული, ვინ არის ქალი, რომელმაც დაგაწერინა “ჩემი ცოლის რომანი” და ხარ კი მართალი შენ თავთან, მეუღლესა და შვილთან?
– “მართალი” რას ნიშნავს ამ შემთხვევაში, არ ვიცი… ჩვენ ნამდვილები და მართლები ვართ, სხვანაირად ერთად ხომ ვერ ვიქნებით? ჩემი ცოლი, მთლად უსახელოდ, ხშირად ჩანს ჩემს ნაწერებში, თუმცა, იმაზე ბევრად ნაკლებად, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, წერა და წიგნები სულაც არ არის მთავარი. მთავარი შენი ოჯახია… თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ პირად ცხოვრებაზე არ ვილაპარაკებ. არ არის საჭირო. პოპვარსკვლავი კი არ ვარ და ბექემი.
“მე თვითონ ვერა ვარ კაი ბიჭი… მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ანუ პატიოსანი ბიჭი, თუ მაკადრებთ, არიფიც, ამიტომ, შესაძლებელია, რომ ერთიორჯერ კაი ბიჭებთანაც მოვხვდე ხოლმე…”
– სინამდვილეში როგორი ხარ?
– ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა: ეს ჰგონიათ თბილი, კეთილი და თავმდაბალი. სინამდვილეში არის ცივი, ავი და გაბრაზებულიო.
რა ვიცი… მე სიმშვიდე მიყვარს და როცა სისულელეებით არ მაწუხებენ. სისულელე კიდევ ძალიან ბევრია. უზომო.
“-რა ჰქვია ამ თამაშს?..
-ფუტბოლი.
-ჰმ, ფუტბოლი. უცნაური სახელია…”
– ასე მგონია, რომ ეს უცნაური სახელის მქონე თამაში სამუდამოდ დამკვიდრდა შენს ცხოვრებაში. ვინ და როდის “შემოაგდო” ბურთი შენს მაგიდაზე?
– ეს არ მახსოვს, მაგრამ მინდა, როცა მოვკვდები, უცბად მოვკვდე, ამ თამაშის ცქერისას.
“სუპერმარკეტში ვნახე “სანტალის” წვენი, რომელსაც ნამდვილი რომანის სათაური ეწერა კოლოფზე – “წითელი სიცილიური ფორთოხლები”…
– როდის გამოვა აკა მორჩილაძის ახალი წიგნი “წითელი სიცილიური ფორთოხლები”?
– ვნახოთ. ძალიან მომეწონა ეგ წარწერა.
“ეს არ არის დაუსრულებელი ამბავი, ვინაიდან დაუსრულებელი ამბავიც დასრულებულია, თუ მას სწორად უამბობ კაცს…”

მაქსიმუმი და მინიმუმი ბუნებაში – ოპტიკა, სნელის კანონი

0

ჩვენი სამყარო საუკეთესოა შესაძლოსამყაროთა შორის. მისი კანონების აღწერა შესაძლებელია ექსტრემალების საშუალებით.

გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი

ამოცანის ისტორია

ექსტრემუმის პრინციპი, რომელიც ბუნების კანონების აღწერის ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა, ზოგადად, გულისხმობს,რომ სისტემა ისე გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში, რაღაც სიდიდე იღებს უმცირეს ან უდიდეს მნიშვნელობას. ამ კანონის ყველაზე ნათელი და მკაფიო გამოვლინება გვხვდება ოპტიკაში. კერძოდ, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სინათლის სხივი ისე აირეკლება ზედაპირიდან,არეკვლის კუთხე სხივის დაცემის კუთხის ტოლია:

ვრცლად 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...