კვირა, აპრილი 5, 2026
5 აპრილი, კვირა, 2026

მოზარდის ასაკი

0

რა მოგდით პირველად თავში მოზარდის ხსენებისას? აღმოჩნდა, რომ უფროსების უმრავლესობა მათ ზედაპირულებად, ჯიუტებად, ზარმაცებად იხსენიებს, მაგრამ მშობლებმა და გამოცდილმა პედაგოგებმა კარგად იციან, რომ ყველა მოზარდი ერთნაირი არ არის. მრავალი მათგანი მშვიდი ხასიათით, სწავლისადმი ინტერესითა და კარგი დისციპლინით გამოირჩევა. მოსაზრება, რომ ყველა მოზარდი ზარმაცი და უპასუხისმგებლოა, ერთგვარი სტერეოტიპია. ამ სირთულეთა მიზეზი მხოლოდ გარდატეხის ასაკი არ არის, ხოლო კონკრეტული ასაკისთვის დამახასიათებელი კრიზისი ფიზიკური, გონებრივი თუ სოციალური თვალსაზრისით განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის მაუწყებელია.

მაშ ასე, მოზარდობის ხანა – ეს არის ხიდი ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. მისი ხანგრძლივობა ჩვენს დროში სულ უფრო და უფრო იზრდება, ვინაიდან მოწიფულობამდე ბევრი ცოდნა და უნარ-ჩვევაა დასაუფლებელი.
მოზარდობის ხანა 10-11-დან 15-16 წლამდე ასაკს მოიცავს და უმცროსი და უფროსი მოზარდობის პერიოდებად იყოფა. უმცროსი მოზარდობის პერიოდი 10-11-დან 14 წლამდე გრძელდება, უფროსი კი 14-დან 16 წლამდე, თუმცა ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს პერიოდი 19 წლის ასაკში სრულდება (ფ. რაისი. 2000).
გარდამავალ ასაკში მკვეთრ ცვლილებებს განიცდის მოზარდის განვითარების ყველა მხარე – როგორც ანატომიურ-ფიზიოლოგიური, ისე გონებრივი და სოციალურ-პიროვნული.
ფიზიკური განვითარება
გარდამავალ ასაკში მოზარდის ორგანიზმში კარდინალური ცვლილებები ხდება. იწყება ფიზიკური განვითარების ახალი ეტაპი და დგება სქესობრივი მომწიფების პერიოდი. ყველა ამ ცვლილებას მართავს ჰორმონები – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამომუშავებული ბიოქიმიური ნივთიერებები. მოზარდის ფიზიკური განვითარებისთვის დამახასიათებელია ე.წ. “ზრდის ნახტომი”, რაც სხეულის სიგრძის ინტენსიური ზრდით გამოიხატება. ასეთი ინტენსიური ზრდა (8-10 სმ) აღინიშნება 13-15 წლიდან, მერე კი მისი ტემპი ნელდება.
გარდამავალ ასაკში ინტენსიურად იზრდება მოზარდის ორგანიზმის ყველა ორგანო და ქსოვილი. ასეთი სერიოზული ცვლილებები მხოლოდ მუცლად ყოფნის პერიოდისა და ჩვილი ასაკისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ, ჩვილისგან განსხვავებით, მოზარდი ამ ცვლილებებს ინტერესით, შიშითა და სიხარულით აკვირდება.
9-10 წლამდე ვაჟებისა და გოგონების ორგანიზმი ერთნაირად ვითარდება. 10 წლიდან გოგონები უფრო ინტენსიურად იზრდებიან და სიმაღლით უსწრებენ ვაჟებს. სქესობრივი მომწიფების პროცესის დასრულების შემდეგ გოგონების ზრდის ტემპი იკლებს, ხოლო ვაჟებისა 18- 20 წლამდე გრძელდება.
ზრდის აჩქარება მოზარდებთან არათანაბრად მიმდინარეობს, რაც ძვლებისა და კუნთების არაპროპორციულ განვითარებას იწვევს. ჯერ ხელის მტევნები და ტერფები იზრდება, შემდეგ – კიდურები. სიმაღლეში ზრდის კვალდაკვალ იმატებს კუნთების მოცულობა. ყველაზე ბოლოს მხრები ვითარდება. ამის გამო მოზარდის მოძრაობები დისჰარმონიული, მოუქნელია, ის ხშირად წამოედება ხოლმე რამეს, უნებურად ტეხს ან აზიანებენ ნივთებს. აუცილებელია, მოზარდმა იცოდეს, რომ ეს მოვლენა დროებითია და ასაკთან ერთად გაივლის (თ. გოგიჩაიშვილი, 2001).

რაც შეეხება ნერვულ სისტემას, გარდამავალ ასაკში აღგზნებისა და შეკავების პროცესები გაუწონასწორებელია – აღგზნება მნიშვნელოვნად სჭარბობს შეკავებას. აღგზნების პროცესი ხშირად ისეთი ძლიერი და ინტენსიურია, რომ მოზარდს ძალა არ ჰყოფნის მის შესაკავებლად. აგზნება ერთბაშად აღმოცენდება, დიდი ენერგიით ვითარდება, მაგრამ მალევე ცხრება.
დიდი ცვლილებები მიმდინარეობს მოზარდის გულ-სისხლძარღვთა სისტემაშიც. გული შესამჩნევად იზრდება, ძლიერდება, ხოლო სისხლძარღვთა დიამეტრი კი ზრდაში ჩამორჩება, ამიტომ მოზარდები ხშირად უჩივიან თავბრუხვევას, თავის ტკივილს, გულისცემის გახშირებას, სისუსტეს, სწრაფად დაღლას. მოზარდების “გაზარმაცება” ხშირად სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით არის გამოწვეული.
მოზარდის ფიზიკური, ანატომიურ-ფიზიოლოგიური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სქესობრივი მომწიფება. მისი დასაწყისი და ვადები არამცთუ სხვადასხვა, ერთი და იმავე სქესის მოზარდებშიც კი განსხვავებულია.

ვაჟებს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება თავდაჯერებას მატებთ, ისინი პოპულარობით სარგებლობენ თანატოლებს შორის. ნაადრევად მომწიფებული გოგონები კი პირიქით, თავს უხერხულად გრძნობენ, ნაკლებად თავდაჯერებულნი არიან, თანატოლებისთვის ჯერ უცხოა მათი პრობლემები, ამიტომ ასეთი გოგონები უფრო მეტად უფროსი ასაკის ადამიანებთან მეგობრობენ.
ხშირად მოზარდები დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგნობას, განიცდიან სხეულებრივ ცვლილებებს, წონის მატებას, გამონაყარს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მათთან საუბარი მოსალოდნელ ცლილებებზე და პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობა.
შემეცნებითი სფეროს განვითარება
ამ სფეროს ძირითადი ნიშანი აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბებაა. მოზარდებს უკვე შეუძლიათ ჰიპოთეზების ფორმულირება, გადამოწმება და შეფასება. აზროვნებისას ისინი მხოლოდ თვალსაჩინო ნიშნებს ან ნაცნობ ფაქტებს კი არ ეყრდნობიან, არამედ განყენებული იდეებითაც მანიპულირებენ.
ფორმალური ოპერაციების სტადიაზე (11-15 წელი) მოზარდებს შეუძლიათ ინდუქციური (კერძოდან ზოგადისკენ) მსჯელობის საფუძველზე საკუთარი აზრების სისტემაში მოყვანა, კრიტიკულად გაანალიზება, დედუქციურ (ზოგადიდან კერძოსკენ) მსჯელობაზე დაყრდნობით ამა თუ იმ თეორიის გადამოწმება ლოგიკური და მეცნიერული მეთოდების გამოყენებით, კვლევისას სხვადასხვა ცვლადის გათვალისწინება.
ფორმალური ოპერაციების სტადიის თავისებურებათა კვლევისას ჟ. პიაჟემ შემდეგ ექსპერიმენტს მიმართა: ის მოზარდებს სთავაზობდა გაერკვიათ, რა ახდენდა გავლენას ძაფის მოძრაობის სიჩქარეზე. ექსპერიმენტში მონაწილე მოზარდებს უნდა შეემოწმებინათ ოთხი ფაქტორი: ძაფის სიგრძე, მასზე დაკიდებული საგნის სიმძიმე, დაშვების სიმაღლე და მოძრაობის სიმძლვარის ცლილებები. ამოცანის გადაჭრა მოზარდებს ნებისმიერი გზით შეეძლოთ.

მოზარდებმა დავალება ასე შეასრულეს: თავდაპირველად შეადგინეს კვლევის სისტემური გეგმა, მერე კი შეუდგნენ ცვლადების ცვლას იმის შესამოწმებლად, რომელი მათგანი ახდენდა გავლენას ძაფის მოძრაობის სიჩქარეზე. ჯერ ძაფის სიგრძე შეცვალეს, შემდეგ ტვირთის სიმძიმე, ვარდნის სიმაღლე, კვრის ძალა. ყოველი ცვლადის შემოწმების შემდეგ მათ ლოგიკური დასკვნები გამოჰქონდათ.
მოზარდებმა ცდების საფუძველზე დაადგინეს, რომ სიჩქარეზე გავლენას არ ახდენს არც ვარდნის სიმაღლის ცვლილება, არც კვრის ძალა და არც წონა. მათ დაასკნეს, რომ ძაფის მოძრაობის სიჩქარეზე მხოლოდ ძაფის სიგრძის ცვლილება მოქმედებს.
ჟ. პიაჟემ დაასკვნა, რომ მოზარდ ასაკში ჩნდება აზროვნების ურთიერდაკავშირებული თავისებურებები: 1) ორ ან მეტ ცვლადს შორის კავშირის გამოვლენის უნარი; 2) ერთი ცვლადის მეორე ცვლადზე გავლენის დაფიქსირება; 3) ცვლადების დაკავშირება ან გამიჯვნა დედუქციურ დასკვნაზე დაყრდნობით (“თუ ეს მართალია, მაშინ მოხდება ასე…”).

ე. პილი კი კონკრეტული ოპერაციების სტადიაზე მყოფი ბავშვებისა და ფორმალური ოპერაციების სტადიაზე მყოფი მოზარდების აზროვნების შესადარებლად შემდეგ სიტუაციას სთავაზობდა: “მხოლოდ ძალიან მამაც მფრინავებს აძლევენ მაღალმთიან რეგიონებში ფრენის უფლებას. ერთი მფრინავი ალპების თავზე მიფრინავდა. ფრენისას ის საბაგირო გზის ბაგირს შეეჯახა. ბაგირი გაწყდა და რამდენიმე კაბინა ჩამოვარდა. სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა”.

მოსწავლეებს ეკითხებოდნენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი.
კონკრეტული ოპერაციების სტადიაზე მყოფი ბავშვები ასე პასუხობდნენ: “არ ყოფილა კარგი მფრინავი”, ხოლო ფორმალური ოპერაციების სტადიაზე მყოფი მოზარდები – ასე: “შესაძლოა, მან არ იცოდა, იქ რომ საბაგირო გზა იყო და ამიტომ დაბლა მიფრინავდა”, “შესაძლოა, ფრენისას კომპასი გაუფუჭდა და კურსი შეცვალა”, “შესაძლოა ფრენისას ცუდად გახდა”.
ფორმალური ოპერაციების სტადიაზე მყოფი მოზარდი უშვებს სხვადასხვა ჰიპოთეზას და შესაძლებლობას, რომ საჭიროა თითოეული ჰიპოთეზის შემოწმება.

აგრეთვე, მოზარდებს უჩნდებათ უნარი, აზროვნებისას გაითვალისწინონ რეალობა და შესაძლებლობები. ამიტომ ისინი უფრო რეალისტურად იწყებენ ფიქრს მომავალ პროფესიაზე. ლოგიკაზე დამყარებული აბსტრაქტული აზროვნება ხელს უწყობს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას, დაინტერესებას ფანტასტიკით, ფილოსოფიური საკითხებით. აზროვნების ახალ საფეხურზე ასვლა მოზარდებს უბიძგებს, დაფიქრდნენ ისეთ აბსტრაქტულ ცნებებზე, როგორებიც არის სიყვარული, მეგობრება, ერთგულება, პატიოსნება. კრიტიკული თვალით უწყებენ ყურებას ავტორიტეტებს, მათ შორის – მშობლებსა და პედაგოგებსაც, რომელთაც აქამდე უპირობოდ დადებითად აფასებდნენ. იწყებენ იდეალური ადამიანის შესახებ საკუთარ წარმოდგენის გადახედვას.
ფიზიკურ და შემეცნებით სფეროში მიმდინარე ცვლილებები განსაზღვრული პიროვნული თავისებურებების განვითარებას იწვევს, ისეთებისა, როგორებიც არის წარმოსახვითი აუდიტორია, მითი საკუთარი განუმეორებლობის შესახებ, “თვალთმაქცობა”, კრეატიულობის შემცირება, ფსევდოსისულელე. მოკლედ შევეხებით თითოეულ მათგანს.
მოზარდს, თავისი სხეულებრივი და გონებრივი ცვლილებებიდან გამომდინარე, დიდი ინტერესი უჩნდება საკუთარი თავის მიმართ, ეს კი ორ თავისებურებას იწვევს: წარმოსახვით აუდიტორიას და მითს საკუთარი განუმეორებლობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც მოზარდს საკუთარი აზრების გაანალიზების უნარი უჩნდება, ის ძირითადად საკუთარი თავის ანალიზით არის დაკავებული, მაგრამ იმავდროულად ეუფლება განცდა, რომ სხვებსაც ასევე აინტერესებთ მისი გარეგნობა, საქციელი და გონებრივი შესაძლებლობები. ამ ასაკისთვის დამახასიათებელი მოჭარბებული სიმორცხვე ან ხალხმრავალ გარემოში არაადეკვატური ქცევა სწორედ წარმოსახვითი აუდიტორიით და მასზე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობით აიხსნება.

იმის გამო, რომ მუდამ “ადევნებს თვალს” წარმოსახვითი აუდიტორია, მოზარდს უჩნდება საკუთარი განუმეორებლობის განცდა. ამან შესაძლოა პრობლემებიც კი გამოიწვიოს, მაგ., მოზარდმა ირწმუნოს, რომ ექსტრემალურმა სპორტმა ან გატაცებებმა სხვებს შეიძლება ავნოს, მას კი – არავითარ შემთხვევაში.
მოზარდს ჰგონია, რომ გარშემო მყოფები გამუდმებით აკვიდებიან, მაგრამ ვერ უგებენ, ამიტომ გარშემო მყოფთაგან საკუთარი “ეგოს” დაცვას იწყებს. ეს შესაძლოა სარკაზმის ან სხვების ხშირი კრიტიკის მიზეზად იქცეს.
მოზარდებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თავისებურებაა “თვალთმაქცობა”. ისინი ხშირად აკრიტიკებენ ისეთ საქციელს, რომელსაც თვითონაც ხშირად სჩადიან. მოზარდი შესაძლოა აღშფოთდეს იმის გამო, რომ მისმა ძმამ დაუკითხავად აიღო მისი დისკი, მაგრამ თვითონ უნებართვოდ აიღოს მშობლების ნივთები. ამ თავისებურებას ფსიქოლოგები ასე ხსნიან: მოზარდმა უკვე იცის, რა არის კარგი და რა – ცუდი, მაგრამ ჯერჯერობით უჭირს ამ ღირებულებების ქცევაში გადატანა.

კრეატიულობის შემცირება. მასწავლებლები ხშირად წუხან იმის გამო, რომ მოსწავლე დაწყებით კლასებში მეტი შემოქმედებითი უნარებით გამოირჩეოდა. მიიჩნევა, რომ მოზარდები გარემოდან დიდ ზეწოლას გრძნობენ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მათ შესახებ სხვები (თანატოლები, უფროსები, ვის აზრსაც ისინი პატივს სცემენ და ა.შ.), ამიტომ მოქმედებისას მეტ კონფორმულობას იჩენენ.
“ფსევდოსისულელე”. მოზარდები მარტივ პრობლემას ხშირად ძალზე რთულად უდგებიან. მეცნიერები ამ თავისებურებას ასე ხსნიან: მოზარდებს უჩნდებათ სხვადასხვა ცვლადის გათვალისწინების უნარი, მაგრამ ეს მათთვის სიახლეა, ამიტომ ვერ ახერხებენ საკუთარი სააზროვნო პროცესების კონტროლს (სათანადოდ ვერ იყენებენ მეტაკოგნიტურ სტრატეგიებს). მათ აზროვნებას უჩნდება ახალი თავისებურება, მაგრამ მისი გამოყენების სათანადო გამოცდილება ჯერ არ გააჩნიათ.
პიროვნული და სოციალური განვითარება
გარდამავალი ასაკის მთავარ სირთულედ მიიჩნევენ კონფლიქტს მშობლებსა და სხვა უფროსებთან, რომლებიც მოზარდთა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგებიან. როგორც ირკვევა, არც მოზარდთა ემოციური გაუწონასწორებლობა და არც უფროსებთან კონფლიქტი არ წარმოადგენს განვითარების აუცილებელ ატრიბუტს. მოზარდთა დიდი ნაწილი მოზრდილებთან მშვიდობიან და კეთილგანწყობილ ურთიერთობას ინარჩუნებს.
ავტონომიის ცნების განსაზღვრისას ძირითადი აქცენტი კეთდება უფროსების გავლენისგან გათავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლებელია, გარდამავალ ასაკში ადამიანი მათზე არ იყოს დამოკიდებული. სრული თავისუფლება არც მოზარდებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან მათ აფრთხობთ ის პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობას რომ ახლავს თან. ამასთანავე, მოზარდები ეკონომიურადაც მშობლებზე არიან დამოკიდებულნი. ამიტომ უფრო მართებული იქნება, თუ ავტონომიას განვიხილავთ როგორც თვითრეგულაციას. ამ თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა საკუთარი დასკვნების გამოტანასა და საკუთარი ქცევის რეგულაციას გულისხმობს. სწორედ ამას სწავლობენ მოზარდები. ისინი ოჯახსა თუ სკოლაში ათვისებული წესების, საზღვრებისა და ღირებულებების გადაფასება-გადასინჯვას ახდენენ. ამ პროცესში ზოგჯერ უფროსების წინააღმდეგობას აწყდებიან, რაც კონფლიქტს იწვევს. ხშირია ოჯახური უთანხმოება… მაგრამ ამ კონფლიქტებს დადებითი მხარეც აქვს: მოზარდი უსაფრთხო, ოჯახურ გარემოში ცდის, რა სახის დამოუკიდებლობა შეუძლია მოიპოვოს, რამდენად შეუძლია საკუთარი მოსაზრების დაცვა.
ოჯახის ცხოვრების ამ ეტაპს მეცნიერები მშობლებსა და შვილებს შორის ახალ ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდად მიიჩნევენ. არის ოჯახები, სადაც გადასვლა უკონფლიქტოდ ხდება, რადგან მშობლები არ უპირისპირდებიან მოზარდის დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას. პირიქით, აძლევენ აზრის გამოთქმის უფლებას, მხარს უჭერენ, ეხმარებიან და ანუგეშებენ რთულ სიტუაციებში. ასეთ პირობებში გაზრდილი ადამიანი უფრო თავდაჯერებულია და უკეთაა მომზადებული დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
აბსტრაქტული აზროვნების განვითარება საკუთარი აზროვნების ანალიზის საშუალებას იძლევა.
იწყება თვითშემეცნების რთული პროცესი, პასუხის ძიება კითხვებზე: “ვინ ვარ?”, “როგორი ვარ?”, გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავზე და იდეალთან შედარება. პარალელურად მოზარდები სხვების შეცნობას, მათი აზრის წვდომას ცდილობენ.
პიროვნული დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, იდენტობის ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული. იდენტობის ჩამოყალიბება, ანუ თვითგამორკვევა, ხანგრძლივი, რთული და ზოგჯერ არცთუ უმტკივნეულო პროცესია. მოზარდის წინაშე რთული ამოცანა დგება: შეკრიბოს და გააერთიანოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (როგორი შვილია, როგორი და ან ძმა, მოსწავლე, სპორტსმენი) და მოახდინოს ამ მრავალრიცხვოვანი მეს ხატების ინტეგრაცია პიროვნულ იდენტურობაში.
სოციალური ურთიერთობები
გარდამავალ ასაკში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა. ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ამას კი, ბუნებრივია, იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი განცდები და პრობლემები აქვს, ანუ თანატოლებთან.

თანატოლთა წრე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. ამ წრეში არსებული თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ხელს უწყობს სოციალური კომპეტენციის ჩამოყალიბებას.
მოზარდების იერი (ვარცხნილობა, ჩაცმულობა) უფროსებს ხშირად აღიზიანებს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდები სწორედ უფროსებისგან განსხვავებულ ჩაცმის სტილს ირჩევენ, რითაც პროტესტს უცხადებენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს. იმავე ფუნქციას ასრულებს ლაპარაკის მანერა, მუსიკა, რომელსაც უსმენენ. ეს ყველაფერი მოზარდთა სუბკულტურას წარმოადგენს.

ამ ასაკის ბავშვების ცხოვრებაში მშობლებისა და მასწავლებლების როლი ერთი შეხედვით პარადოქსულია. უფროსები, რომლებიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ ფუნქციებს, ერთი მხრივ, უქმნიან მოზარდებს დაცულობისა და მხარდაჭერის ატმოსფეროს – მოზარდი გრძნობს, რომ ის უყვართ ისეთი, როგორიც არის – და, მეორე მხრივ, იგივე უფროსები ხელს უწყობენ მოზარდის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, ქმედობაუნარიან პიროვნებად. სწორედ უსაფრთხო, მზრუნველ გარემოშია შესაძლებელი დამოუკიდებელი, ზრდასრული პიროვნების ჩამოყალიბება და იდენტობის ფორმირება.

დასასრულ, შევჩერდეთ იმაზე, რას აკეთებენ უფროსები, რათა გარდატეხის ასაკი ნაკლებმტივნეულად წარიმართოს როგორც მოზარდისთვის, ისე მის გარშემო მყოფებისთვისაც:
. ესაუბრებიან მოზარდებს მოსალოდნენ ცვლილებებზე, ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დროებითობასა და მათი მოგვარების გზებზე;

. ხელს უწყობენ აზროვნების მეტაკოგნიტური სტრატეგიების განვითარებას: როგორ დაგეგმონ სასწავლო პროცესი თუ გარკვეული საქმიანობა, როგორ მოახდინონ შესრულების გზაზე მისი მონიტორინგი;
. ხელს უწყობენ დამოუკიდებლად მსჯელობის უნარის განვითარებას, ინტერესდებიან მათი მოსაზრებებით ამა თუ იმ საკითხის შესახებ;
. ცვლიან მათთან ურთიერთობის სტილს, ეპყრობიან თანატოლივით.

სუბიექტური და ობიექტური

0

ხშირად ამბობენ, რომ ყველაზე სასიცოცხლო და საჭირო პროფესია ექიმობაა, თუმც ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანის სულიერად ჯანსაღად აღზრდა გარემოს, მშობელსა და მასწავლებელს ევალება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მასწავლებლობა იმაზე მეტ ძალისხმევასა და შინაგან კულტურას მოითხოვს, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოგვიდგენია.

სულიერი სრულყოფილება, შინაგანი თავისუფლება და პიროვნული ღირსება, ქმნის ადამიანის პორტრეტს, ადამიანად ყოფნა რომ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, ესეც ცხადია. ყველა ვინც ადამიანური სახით იბადება, პიროვნებად როდი ყალიბდება.
ბავშვების ქცევასა და მათ ქმედებებზე ძალიან დიდი გავლენა აქვს სკოლას და მასწავლებელს. ძალზე მნიშვნელოვანია მასწავლებლის დამოკიდებულება და მისი შეფასება, რომელიც ხშირად განსაზღვრავს მოსწავლის სწავლის ხასისხსა და მოტივაციას. ეს უკანასკნელი კი ყველაზე საჭირო ფაქტორია სწავლისა და სწავლების პროცესში. მოზარდებში მოტივაციას განაპირობებს გარემო პირობები. გვახსოვს, ალბათ, აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია, რომელშიც ძალზე კარგად არის ჩამოყალიბებული თუ როდის უჩნდება ადამიანს მაღალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. საკუთარი თავის ძიება , რეალიზება და საზოგადოებისთვის მიწოდება, მოზარდობის ასაკიდან იწყება. შესაბამისად, შეფასება, რომელსაც მასწავლებელი იყენებს გაკვეთილის მიმდინარეობის ან მისი დასრულების შემდეგ, მოსწავლეებისთვის მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია.
არსებობს პროფესიები, რომლებიც განსაკუთრებულად ობიექტურ შეფასებას მოითხოვს. ადამიანი რომ ძალზე სუბიექტური არსებაა, ამაში ყველა დამეთანხმება. პირადი ინტერესებისა და შეხედულებების გამო, ხშირად ობიექტურად ვერ ვაფასებთ გარშემომყოფების ქცევასა და მოვლენებს. სწორედ ამიტომ, ძალიან გვიჭირს სწორი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება. მოსამართლე ვერასდროს გამოიტანს სამართლიან განაჩანს თუ ის აჰყვება გულისთქმას, ემოციას. ასეთივე პასუხუსმგებლობა აქვთ მასწავლებლებს მოსწავლეთა წინაშე.
როგორც ვიცით პედაგოგიკა ერთ-ერთი უძველესი ფილოსოფიური სისტემის ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ძვ. წ. V-IV საუკუნეებში გაჩნდა საბერძნეთსა და ძველ აღმოსავლეთში. სიტყვის ეტიმოლოგიაც კარგად გვახსოვს. ბერძნული წარმოშობისაა და ”ბავშვის აღზრდას” ნიშნავს. პედაგოგი უბრალოდ რაღაც საგანს კი არ ასწავლის, არამედ ის მოზარდის სულში წვდომას და მისი შინაგანი ბუნების შესწავლას იწყებს.
გასულ საუკუნეში ვერავინ წარმოიდგენდა თუ ჩვენი საზოგადოება ასე რადიკალურად შეიცვლებოდა. შეიცვლიდა აზროვნების სტილსა და ხარისხს, მენტალურ გადატრიალებას მოაწყობდა და ცივილიზებული მსოფლიოს ბირთვი და არა მარგინალი გახდებოდა. შესაბამისად ყველა ცვლილება, რომელიც საშინაო და საგარეო მიმართულებით განხორციელდა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მეტად მტკივნეულად და მძაფრად განიცადა. ერთ-ერთი ასეთი რეფორმა იყო განათლების სისტემის რეორგანიზაცია. ახალი გამოწვევების მისაღებად და ასათვისებლად, საჭირო გახდა ძირეული ცვლილებების განხორციელება. საქმე ისაა, რომ თანამედროვე კულტურა ჩვენგან მოითხოვს მომავალი თაობა იყოს უფრო კრეატიული, კრიტიკული, ტოლერანტი და დამოუკიდებელი. განათლების საკითხი და მისი ღირებულება თითოეული მოქალაქისთვის მეტად საჭირბოროტო და მტკივნეული საკითხია.
ნიშანდობლივია ისიც, რომ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ. კერძოდ, თანამედროვე ადამიანი მასწავლებელს აღარ აღიქვამს მითიურ არსებად, რომელიც ყოფიერებისგან ძალზე შორს დგას და რომლის შეფასებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ხშირად, როგორი რთული და თითქმის შეუძლებელი იყო ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერითი დავალებების დროს ”ფრიადის” მიღება, განსაკუთრებით მისაღებ გამოცდებზე. მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ეს იყო მიუღწევადი და ეგუებოდნენ რეალობას. ხელოვნურად შექმნილი და მოგონილი შეფასების სისტემა ძალიან უარყოფითად მოქმედებდა მოსწავლეთა მოტივაციაზე. ერთი შეხედვით, პედაგოგობა ძალზე ობიექტური პროფესიაა, მაგრამ , ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მასწავლებლები ხშირად სუბიექტურად აფასებენ მოწაფეს და პირადი შეხედულება უფრო ღირებულია, ვიდრე ობიექტური შეფასება.
დღეს, მასწავლებლებს აქვთ მკაცრად შემუშავებული და გაწერილი შეფასების სქემა, რომელიც მორგებულია თითოეული მოსწავლის ცოდნის დონესა და შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის შეფასება იყოს ვალიდური, მოსწავლემ იცოდეს რას მოითხოვენ მისგან კონკრეტულ შემთხვევაში და რას უნდა ელოდეს იგი. თანამედროვე განათლების სისტემა გვკარნახობს, რომ შევაფასოთ მოსწავლის ყოველდღიური ცოდნა, მიღწევა და არ ვიმსჯელოთ მასზე იმის მიხედვით, თუ რა იცოდა მან ერთი თვის, კვირის ან დღის წინ. გვახსოვს, ალბათ, რეზო ინანიშვილის მოთხრობა ”დამრიგებელი”, რომელიც ზემოთ თქმულის კარგი და თვალსაჩინო მაგალითია. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ყველაფერში ამ მიმართულებითაც ბევრი რამ შესაცვლელი და დასახვეწია. ჯერ კიდევ ხშირად გვესმის მოსწავლეთა და მშობელთა შენიშვნები. კვლავ მუშაობს , და თანაც ძალზე ეფექტურად, შეფასების ძველი სისტემა. ზოგიერთი პედაგოგი ფიქრობს, რომ მოსწავლე მის საგანში ვერასდროს დაიმსახურებს უმაღლეს შეფასებას, რადგან ის მოსწავლეა. არსებობს სიტყვა ”წახალისება”, რომელიც ყველა ბავშვისა და მასწავლებლის ლექსიკონში მოიპოვება. რასაკვირველია, მოზარდის ცოდნა სრულყოფილი ვერ იქნება , ყოველთვის შეიძლება იპოვოს მასწავლებელმა ის სუსტი ადგილი, რომელზეც დარტყმას მიაყენებს და გამოიჭერს, მაგრამ ჩვენი მიზანი არც გამოჭერა და არც ჩაჭრაა, პირიქით, ვფიქრობ, სასწავლო გარემო და პროცესი უფრო საინტერესო, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული რომ იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მოსწავლის წახალისება.
როგორც ვიცით, შეფასების სხვადასხვა ფორმა არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანია განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა არის განმავითარებელი შეფასება. ეს არის რეკომენდაცია, სიტყვიერი კომენტარი, შეფასება, რომელიც მოსწავლეს ეხმარება ახალი ინფორმაციის მიღებასა და გაანალიზებაში. შესაბამისად, ამ დროს არ იწერება ქულა, მაგრამ წარმოუდგენელია სიტყვიერად ბავშვი წავახალისოთ და ამის პარალელურად დავუწეროთ ძალიან დაბალი ქულა. ვფიქრობ, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება არ უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. თუ მოსწავლეს ვეუბნებით, რომ მისი ნაშრომი იყო ძალიან კარგი და ვუწერთ ძალიან დაბალ ქულას, სრულიად გაუგებარია რა კრიტერიუმების თანახმად ვახდენთ მის შეფასებას. პედაგოგმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ბავშვები ძალზე მტკივნეულად რეაგირებენ შენიშვნებზე, ამიტომ ლექსიკონი უნდა იყოს რაფინირებული, დახვეწილი და არ უნდა შეეხოს მოზარდის პიროვნებას. დაუშვებელია არაკორექტული და დამცინავი, გამკილავი მიმართვები. შესაძლოა, ზოგიერთ მასწავლებელს ავიწყდება, რომ პროფესიოლალიზმზე უფრო ღირებული, მისი პიროვნული ღირსებაა. მოსწავლემ ჯერ მასწავლებელი უნდა შეიყვაროს და მერე საგანი. თუ ბავშვს დავამცირებთ და არასწორ მეთოდებს გამოვიყენებთ სწავლებისა და შეფასების დროს, ამით საბოლოოდ ჩავუკლავთ მას სწავლის სურვილს. ფრაზები ზოგიერთი მასწავლებლის ლექსიკონიდან: ”ფანტაზია საერთოდ არ გაქვს”, ” შენ ქართულს მაინც ვერ ისწავლი…”. ვფიქრობ, შემაძრწუნებელი და დამაფიქრებელია, როდესაც მასწავლებელი ასეთ სიტყვიერ კომენტარს უკეთებს მოსწავლეს, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა პედაგოგი სრულყოფილი და გაწონასწორებული ვერ იქნება.
ერთ დროს მასწავლებლობა ძალზე პოპულარული პროფესია იყო, ადვილად მისაღწევიც, ვიღაცისთვის ბოლო შანსი. შესაბამისად, ზოგიერთი უპასუხისმგებლოდ, გაუცნონიერებლად ეჭიდებოდა ამ მეტად რთულ საქმეს. ჩემი აზრით, მასწავლებლობა არ არის მარტო საგნების სწავლება. რასაკვირველია, ბავშვებს უჭირთ უარყოფითი შეფასების მიღება და გათავისება, მაგრამ მასწავლებელი ყოველთვის უნდა შეეცადოს დამაჯერებლად აუხსნას შეცდომის არსი, არგუმენტირებულად დაუსაბუთოს, რათა მოწაფეს ნდობა გაუღვივოს. ხშირად ვამბობთ, რომ ბავშვები ყველაზე კარგი შემფასებლები არიან, ობიექტურად აცნობიერებენ მოვლენებს და ადამიანებს. თუ მოსწავლემ შეამჩნია, რომ პედაგოგი ცდება მის შეფასებაში, არის სუბიექტური, ქულას წერს პირადი ინტერესების, სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით, ცხადია მას დაეკარგება სწავლის სურვილი. დაუშვებელია, როდესაც მასწავლებელი ერთნაირი შეცდომის აღმოჩენის დროს, ერთ მოსწავლეს თვალს მოუხუჭავს და არც კი შეიმჩნევს, ხოლო მეორეს – დაუწერს დაბალ ქულას. ამით პედაგოგი არღვევს მოსწავლის უფლებას, თანასწორად არ აფასებს ბავშვებს, რაც შეიძლება საბაბი გახდეს მათ შორის დაძაბულობის და უთანხმოების წარმოქმნისა. გადრა ამისა , ასეთმა მეთოდმა შესაძლოა მოზარდს განუვითაროს კომპლექსები, აგრესია და დაბალი თვითშეფასება. ბავშვები ხომ ჩვენი მომავალია. მათთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს. მასწავლებლების, მშობლებისა და საზოგადოების მიზანი, ჯანსაღად მოაზროვნე და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული ახალი თაობის აღზრდაა.

…ამერიკის იბერიას – გაბრიელა მისტრალი

0

პატივი მაქვს მოგესალმოთ, თქვენო სამეფო უდიდებულესობავ, პრინცებო, დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლებო, შვედეთის აკადემიისა და ნობელის ფონდისწევრებო, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწენო!

დღეს შვედეთმა ყურადღება მიაპყრო შორეულ ამერიკის იბერიას, რათა მისი კულტურის მრავალ მოღვაწეთაგან ერთ-ერთის სახით განადიდოს იგი.

კაცობრიობის კეთილდღეობის მოსურნე ალფრედ ნობელის სულს ეამებოდა, რომ მისი კეთილი ღვაწლი – კულტურული ცხოვრების მფარველობა – გადასწვდა ამერიკის კონტინენტის სამხრეთსაც, რომელსაც ერთხანს ხეირიანად არც იცნობდნენ აქ.

მე, ჩილეს დემოკრატიის შვილი, დიდად ამაღელვა შვედეთის დემოკრატიული ტრადიციების ამ გამოვლენამ. თავისებურებათ ქვენიქვეყნისა – ესაა სოციალურ მიღწევათა წყალობით განუწყვეტელი განახლება.

დრომოჭმულისაგან თავის დაღწევისა და ყველაზე ღირებულის შენარჩუნების გზით ტრადიციათა დახვეწას, აწმყოს გულგახსნილად მიღებას და მომავლის შეგებებას – ამას ყველაფერს ჰქვია შვედეთი, ეს ყველაფერი ევროპის სიამაყეა და მისაბაძ მაგალითად გამოადგება ამერიკის კონტინენტს.

ახალგაზრდა ხალხის შვილი მივესალმები შვედეთს, მივესალმები ამ ქვეყნის სულიერი გზის გამკვალავთ, რომელთაგან არა ერთხელ მიგრძვნია მხარდაჭერა. მინდა, პატივიმივაგო ამ ქვეყნის სწავლულთ, სულიერი და მატერიალური საგანძურით რომ ამდიდრებენ ქვეყანას. მინდა, მოვიგონო ბევრი მასწავლებელი, ჭეშმარიტად სანიმუშო სკოლების შემქმნელნი; გულწრფელი სიყვარულით მივმართავ სხვა პროფესიისა დამიანებს: მშრომელებს, ხელოსნებს, მიწათმოქმედთ.

მე წილად მერგო ბედნიერება, რომ ამ წუთებში მოგაწვდინოთ ჩემი ქვეყნის შემოქმედთა ხმა, ხმა სამხრეთ ამერიკის პოეტებისა, ორი დიდებული ენის – ესპანურისა და პორტუგალიურის – მესაიდუმლეთა! ისინი მოხარულნი არიან ჩრდილოეთის მკვიდრთა ზეიმზე მოპატიჟებისათვის. თქვენი ცხოვრება ხომ, აგერ ათასი წელია, წარმოუდგენელია ხალხური სიტყვისა და პოეზიის გარეშე.

უფალი ღმერთი ფარავდეს თქვენი შესანიშნავი ხალხის ნაღვაწს, მის შემოქმედებას და განამტკიცებდეს აწმყოსთვის თვალის გასწორების უნარს უძლეველი ზღვაოსანი ხალხისას.

ჩემს სამშობლოს, რომლის წარმომადგენლად აქ ბრძანდება დიდად პატივცემული ჩვენი ელჩი გახარდო, შვედეთთან აკავშირებს მოწიწება და სიყვარული.

აქ გახლავართ, რათა მადლობა მოგახსენოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული კეთილმოსურნეობისათვის. ჩილე არ დაივიწყებს თქვენს დიდსულოვნებას და მუდამ ექნება ყველაზე ნათელმოსაგონრად.

ევროპული მულტილინგვიზმი ანუ ენობრივი მრავალფეროვნება

0

უცხოური ენების სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპის ინტერკულტურული საზოგადოების განვითარებაში, რომელიც ტოლერანტობის, კრეატიულობისა და კულტურული მრავალფეროვნების პრინციპებზეა დაფუძნებული.

უცხოური ენების სწავლება უწყვეტ კავშირშია მულტილინგვიზმის (მრავალენობრიობის), ანუ ენობრივი მრავალფეროვნების პრინციპის განვითარებასთან, ხოლო ენობრივი პოლიტიკა, რომელიც მულტილინგვიზმს ემყარება, ევროპული იდენტობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთი უცხოური ენის სწავლა განიხილება როგორც გზა მეორე და მომდევნო უცხოური ენების შესწავლისაკენ. უცხოური ენის ცოდნა ევროპაში ადამიანის კონკურენტუნარიანობის მთავარ ფასეულობადაა მიჩნეული. შესაბამისად, რამდენიმე უცხოური ენის სწავლება ევროპის საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიულ პროირიტეტს წარმოადგენს.
სასკოლო სისტემა, რომელსაც ევროპელთა 65% უცხოური ენის ათვისების მთავარ წყაროდ მიიჩნევს, გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთათვის ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სასკოლო რეფორმა სწორედ საერთო მიზანს – უცხოური ენების დაუფლებისათვის საჭირო გარემოს გაუმჯობესებას – ემსახურება.
გასული საუკუნის ბოლოს ევროპის საბჭომ მიიღო გამოწვევა, რომელსაც „ძირითადი კომპეტენციების დახვეწა” ეწოდა. გამოწვევის მთავარ იდეად ყოველი ევროპელი მოსწავლისთვის, დაწყებითი სკოლიდან მოყოლებული, სავალდებულო სასკოლო განათლების ფარგლებში სულ ცოტა ორი უცხოური ენის სწავლება მიიჩნიეს. ეს ყოველივე დიად მიზანს – საერთო ევროპული ღია, მობილური სივრცის შექმნას ემსახურება.
რეკომენდაციები უცხოური ენის ადრეულ ეტაპზე სწავლებისათვის
დიდი ხანია აღარავინ დაობს იმ მოსაზრების თაობაზე, რომ უცხოური ენის ეფექტიანი სწავლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადრეულ ასაკშივე სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შექმნა.
1996 წელს გერმანიაში, ნიურნბერგში, 22 ქვეყნის ექსპერტთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა უცხოური ენების ადრეულ ასაკში სწავლების ზოგადი პრინციპების ერთიან ჩარჩოდ ჩამოყალიბებას. რეკომენდაციების სახით შედგენილი ნიურნბერგის დოკუმენტი (ნიურნბერგის რეკომენდაციები ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლებისათვის) გვთავაზობს 4-დან 10 წლამდე ასაკის მოსწავლეთა პოტენციალისა და მოთხოვნილებების რეალიზაციისთვის საუკეთესო გარემოს შესაქმნელად საჭირო ყველა პირობას, რომლებიც ადვილად მოერგება ნებისმიერ სასწავლო გარემოსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
გთავაზობთ ზემოხსენებული დოკუმენტის მიმოხილვას:
ადრეულ ეტაპზე უცხოური ენის სწავლება ხელს უნდა უწყობდეს:
. მოსწავლისათვის უცხოური ენის შესახებ წარმოდგენის შექმნას;
. მოსწავლისათვის თვალსაწიერის გაფართოებას და სამყაროში უკეთ ორიენტირების მიზნით უცხოური კულტურის შემეცნებას;
. მოსწავლისათვის უცხოური კულტურისა და მასთან დაკავშირებული სოციალიზაციის ფაქტორების გაცნობას, რითაც მას საკუთარი სოციალიზაცია გაუადვილდება;
. საკუთარი და უცხო რეალიების ინტერკულტურულ ჭრილში წარმოჩენას;
. მოსწავლის ზოგად განვითარებას როგორც ემოციური, კრეატიული და სოციალური, ისე ენობრივი თვალსაზრისით;
. უცხოური ენების მიმართ ინტერესის გაღვივებას და ენის სწავლის პროცესში დადებითი ემოციის გამოწვევას;
. მოსწავლის მიერ ისეთი სასწავლო სტრატეგიების ათვისებას, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებას.
სასწავლო მასალა:
. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის ასაკობრივ ინტერესებს და ემსახურებოდეს ამ ინტერესთა სფეროს გაფართოებას;
. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის გრძნობებს, მის ფანტაზიასა და კრეატიულობას და სიამოვნებას ანიჭებდეს მას;
. აგებული უნდა იყოს საბავშვო კულტურის, ინტერკულტურულ და ქვეყანათმცოდნეობის ელემენტებზე, რომლებიც უშუალო კავშირში იქნება ბავშვის ასაკობრივ ინტერესებთან;
. ორიენტირებული უნდა იყოს თანაკლასელებთან თანამშრომლობასა და კომუნიკაციაზე, რაც მეტწილად ენის შეცნობის, გაგებისა და სახალისო ფორმით გამოყენების პრინციპზეა აგებული;
. პრიორიტეტულად მოსმენასა და ლაპარაკზე უნდა იყოს ორიენტირებული, ხოლო კითხვა და წერა დამხმარე ფუნქციას ასრულებდეს, თუმცა ამ უკანასკნელთა მნიშვნელობა არ დაკნინდეს;
. უნდა ითვალისწინებდეს პარავერბალურ (გამოთქმა, ინტონაცია, სასაუბრო რიტმი) და არავერბალურ (მიმიკა, ჟესტიკულაცია) საკომუნიკაციო საშუალებებს.
სწავლების მეთოდი
. უნდა ემსახურებოდეს მოსწავლისთვის კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას, რაც სწავლის მიმართ ხალისიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს;
. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის მოთხოვნილებებს, რაც საგაკვეთილო პროცესში მეთოდების მრავალფეროვნებას და მონაცვლეობას გულისხმობს;
. აგებული უნდა იყოს მოსწავლისთვის მისაღებ თამაშის პრინციპზე;
. უნდა გულისხმობდეს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობას, რაც გამოიხატება სასწავლო პროცესის ცენტრად არა მასწავლებლის, არამედ მოსწავლის ქცევით (მასწავლებელი უმთავრესად დამკვირვებლის, თანაბარ პირობებში მოთამაშის, მრჩევლის და არა ხელმძღვანელის ფუნქციას უნდა ინარჩუნებდეს);
. ორიენტირებული უნდა იყოს როგორც დამოუკიდებლად, ისე წყვილსა და ჯგუფში მუშაობის უნარის განვითარებაზე;
. ორიენტირებული უნდა იყოს გაკვეთილზე შიშისა და რიდის დაძლევის, მიღწევების წახალისებისა და გამჭვირვალობის ატმოსფეროს შექმნაზე.
შეფასება
. უცხოური ენის გაკვეთილზე აქცენტი არა მოსწავლის შეფასებაზე, არამედ მისი მიღწევების დადგენაზე უნდა გაკეთდეს.
. მიღწევების დადგენა მხოლოდ მოსწავლის ზოგად განვითარებას კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ ითვალისწინებდეს მის გადმოცემის უნარს, კრეატიულობას, სოციალურ ქცევას. ფორმალურ ენობრივ ასპექტებს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება
მოსწავლის მიღწევათა გამოკვეთილი ინდიკატორები ასეთია:
მასწავლებელი:
. ახდენს სასწავლო მიზნების დეფინიცირებას;
. აკვირდება მოსწავლის ემოციურ, კრეატიულ, კოგნიტურ და ენობრივ განვითარებას;
. გეგმავს ამა თუ იმ მოსწავლისათვის პრიორიტეტულ აქცენტებს და ინდივიდუალურად მუშაობს მასთან.
მოსწავლე:
. იგებს თავისი მიღწევების შესახებ, რაც მას მოტივაციას მატებს;
. სწავლობს თვითშეფასებას და თანატოლების შეფასებას;
. სწავლობს, საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე, თანატოლების დახმარებას;
. აქტიურად მონაწილეობს სასწავლო პროცესში.
მოცემულ ეტაპზე სასურველია ნიშნების წერისგან თავის შეკავება. შეფასება, რომელიც მხოლოდ ნიშნების წერაზეა ორიენტირებული, გაუმართლებელია. ამის ნაცვლად წინა პლანზე წამოსაწევია ვერბალური (სიტყვიერი) შეფასება, რაც მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.
შეცდომები აღიქმება არა როგორც წამგებიანი რამ, არამედ როგორც სწავლის პროცესის ჩვეულებრივი თანამდევი მოვლენა, რომელსაც წარმატება მოსდევს.
მასწავლებლის კომპეტენცია
. უცხოური ენის მასწავლებელი სამიზნე ენას როგორც თეორიული, ისე პრატქიკული ასპექტით თავისუფლად უნდა ფლობდეს.
. მასწავლებლის ენობრივი კომპეტენცია იმ დონისა უნდა იყოს, რომ გაკვეთილის უცხოურ ენაზე ჩატარებას ართმევდეს თავს.
. მასწავლებლის გამოთქმა უნდა იყოს სანიმუშო მოსწავლისათვის: ფონეტიკური თვალსაზრისით გამართული, სისტემური და რიტმული.
. მასწავლებლის ენობრივი რეპერტუარი ხელს უნდა უწყობდეს კლასში თანამშრომლობასა და ინტერკულტურულ განათლებას.
. გარდა ენობრივი შინაარსისა, მასწავლებელი უნდა ფლობდეს ისეთ პარალინგვისტურ საშუალებებს, როგორებიცაა მიმიკა, ჟესტიკულაცია, მუსიკალური და საცეკვაო მოძრაობები, თეატრალური და თამაშის ელემენტები.
. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უნარი საკუთარი ლინგვისტური, ინტერკულტურული და პროფესიული ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავებისა.
. გარდა თეორიული ცოდნისა, მას უნდა ჰქონდეს დაწყებით საფეხურზე სწავლების გამოცდილება.
სწავლების პრინციპები და სასწავლო მიზნები
. მოსწავლე საწავლო პროცესის მთავარ კომპონენტს უნდა წარმოადგენდეს.
. სასწავლო მასალა მოსწავლის ინდივიდუალური სენსორულ-მოტორულ საჭიროებებთან შეთანხმებით უნდა შეირჩეს.
. სასწავლო მასალის შინაარსი და თემატიკა მოსწავლის ყოფით სიტუაციებსა და მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეხმიანებოდეს.
. წერა-კითხვის სწავლების პროცესი დაწყებითი სკოლის ადრეულ ეტაპზე ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელი ტემპებით უნდა დაიწყოს.
. ენის სწავლების პროცესი სპირალური პროგრესიის გზით უნდა წარიმართოს.
.სასურველია მოსწვალეთა დაყოფა ჯგუფებად/გუნდებად, რაც ხელს უწყობს გუნდური პრონციპების სწავლებასა და ურთიერთდახმარების უნარის ჩამოყალიბებას.
.მოსწავლეთა ინდივიდუალური მიღწევების გამოკვეთა როგორც ჯგუფის, ისე დამოუკიდებელი სამუსაოს ფარგლებშია შესაძლებელი.
.საგაკვეთილო პროცესმა სასურველია მაქსიმალურად მეტი ფაზა მოიცვას, მაგალითად: მოსმენა, კითხვა, მოძრაობა, ცეკვა, სიმღერა, ხატვა, წერა და სხვა.
.სოციალური საგავეთილო ფორმების მონაცვლეობა (ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდრი სამუშაო; პროექტში მონაწილეობა და სხვა) სწავლის რპოცესისადმი ინტერესის გაღვივებასა და კონცენტრაციის უნარის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
.სხვადასხვა მეთოდიკური პრინციპების მონაცვლეობა სასწვალო მიზნების მიხედვით ბევრად ეფექტიანს ხდის სწავლების პროცესს.
.მოსწავლეთა მიერ დაშვებული შეცდომები სასწვლო პროცესის ჩვეულებრივ, რიგით კომპონენტად უნდა მოიაზრებდეს, ხოლო მათი გამოსწორება უკუკავშირის პრინციპით ხდებოდეს.
.ზეპირი კომუნიკაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო საუბრის პროცესის შეწყვეტა მიზანშეუწონლადაა მიჩნეული.
მიუხედავად მას შემდეგ მსოფლიოში მომხდარი სოციალური, ეკონომიკური, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური ცვლილებებისა, ზემოხსენებული დოკუმენტის პოსტულატები, რომლებიც სასწავლო მასალას, მეთოდიკას, მაასწავლებლის კომპეტენციასა და არაერთ სხვა საკითხს ეხება, დღემდე არ კარგავს აქტუალობას უცხოური ენების სწავლების საწყის ეტაპზე.
.

როგორ იმახსოვრებენ მოლეკულები ჩვენს სახეს

0

ყოველ ზაფხულს
ცდილობ მოვახერხო 3300-3500  სიმაღლემდე ასვლა
და იქიდან თვალის შევლება სამყაროსადმი.  ამ
სიმაღლეზე ჯერ კიდევ  სახლობს ფლორა და ფაუნა
– მიუკარებელი, სადღაც მთის წვერზე გამოკერებული და განუმეორებელი.

უცქერ ამ სიმაღლიდან  სამყაროს და არ იცი, მზერა რომელ მხარეს შეაჩერო. მთის წვერზე მგდომს მინახავს თუ როგორ
დანავარდობს ლაღი მთის არწივი ჰაერში და როგორ ეთამაშება ჰაერის დინებებს.  ის ჰაერში, მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს, შენ  დედამიწაზე მყარად დგახარ, მაგრამ ის შენს ქვემოთაა,
შენ კი ზემოდან ჩასცქერი.

ასეთი სანახაობის
მნახველმა გინდა ფოტოაპარატი მოიმარჯვო, ფოკუსი გაასწორო და სამარადჟამოდ აღბეჭდო შენ
ქვევით ჰაერში მონარნარე არწივი. მაგრამ დროის დაკარგვა გენანება, ვაითუ სანამ აპარატს
მოიმარჯვებ, არწივი თვალს მოეფაროს. ასეთი სანახაობები ხომ არც ისე ხშირად ხდება და
თან  ძალიან მცირე დრო გრძლედება. ამიტომ ხშირად
ეს წამიერი ნეტარება მხოლოდ მეხსიერებაში რჩება, რომელსაც დროთა განმავლობაში ჟამთასვლის
მტვერი ედება და ღრმად ილექება მეხსიერებაში.

წამის შეჩერება ადამიანს ყოველთვის დიდ სიამოვნებას გვგვრის
– ალბათ გვგონია, ამით მარადიულობის პრობლემას ვჭრით.

ყველას კარგად
გვახსოვს ი. კრამსკის სურათი “უცნობი”.  მის ცნობირებაში ერთი წამით აღბეჭდილი მომენტი საუკუნოდ
აქცია დიდმა მხატვარმა. მაგრამ ხატვის, თან ასეთის, უნარი ბევრს არ გააჩნია. ამიტომ
მოვიგონეთ ფოტოაპარატი (სხვათაშორის რომლიც შექმნაშიც, თუნდაც ციფრულის,  ქიმიკოსებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს), რათა ჩვეულებრივ
მოკვდავთაც ჰქონებოდათ საშუალება დაეფიქსირებინათ წამის გაელვება.

მოგვიანებით ქიმიკოსები
კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მათ მიაგნეს მოლეკეულებს, რომელთაც გააჩნდათ _ მეხსიერება.
დიახ, მეხსიერება, რომელიც ცოტა განსხვავებულია ჩვენი დამახსოვრების  მექანიზმიდან, თუმცა მათ “საქციელს” მეტს
ვერაფეს დაარქმევ. ამიტომაც პოლიმერების ტექნიკურ კლასიფიკაციაში გაჩნდა ახალი კლასი
“ჭკვიანი  პოლიმერები”, ხოლო ტექნიკაში
კი ისეთი აპარატები, როგორიცაა ასლგადამღები მოწყობილობა (რატომღაც ქსეროქს რომ ვეძახით), ლაზერული პრინტერები და ა.შ.

ჭკვიან პოლიმერებს
ქიმიურად „პოლივინილკარბაზოლები” ჰქვიათ და ასე გამოიყურებიან:

 

მათგან მზადდება
სპეციალური პოლიმერული ფირები, რომელზეც სურათის დასხივებით ინფორმაცია ინახება. მათ
ასევე შეუძლიათ ეს ინფორმაცია სხვას გადასცენ. ამ პრინციპზე შეიქმნა ასლგადამღები  მოწყობილობა, რომლის მუშაობის პრინციპი სქემატურად
ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები.

ორიგინალზე (ტექსტის,
ნახატის შემცველი ფურცელი) სინათლის დაშუქებით მიღებული სხივის კონა აირეკლება სარკეზე და გაივლის ლინზას. ლინზიდან გამოსული
ნაკადი მეორე სარკის საშუალებით ნეგატივს, პოზიტივად აქცევს ისევ და მიმართავს
პოლივინილკარბაზოლის ფირისაკენ. ამ უკანასკნელს კი შეუძლია  დიამახსოვროს სურათი დასხივების წერტილებითა და
ინტენსიურობით. პოლივინილკარბაზოლის ფირი მბრუნავ დოლს წარმოადგენს, ამიტომ მასზე ასახული
სურათის ადგილი შემობრუნების გარკვეულ სტადიაზე უახლოვდება ტონერის რეზერვუარს, საიდანაც
ელექტროსტატიკური ძალებით მიიზიდება პიგმენტის ფხვნილი და გადავა პოლიმერზე. დოლი კვლვავ
აგრძელებს შემობრუნებას და შემდეგ ეტაპზე ეხება სუფთა ფურცელს, რომელსაც გადასცემს
ტონერის ფხვნილს იმავე ფორმით და იმავე რაოდენობით, როგორც მასზე იყო “განთავსებული”.
შესაბამისად, ორიგინალის სურათი გადადის სუფთა ფურცელზე.

ასლის გადაღებისას
ძირითადად ფიზიკური პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მათი მუშაობის საფუძველს კი ქიმიკოსების
მიერ მიგნებული და შემდეგ დამზადებული ჭკვიანი პოლიმერი – პოლივინილკარბაზოლი წარმოადგენს.

ალბათ დამეთანხმებით,
რომ მეტად საინტერესო მასალაა ეს პოლიმერი. მაგრამ იგი უკვე წინა საუკუნის მიგნებად
მიიჩნევა. დღევანდელ ეპოქაში ორი განზომილება აღარ გვაკმაყოფილებს. ტელევიზია და კინომატოგრაფია
უკვე სამგანზომილებიან ჩვენებაზე ცდილობს გადასვლას. მიზეზი მარტივია – სამ განზომილებიან
სამყაროში აღქმა უფრო ადვილი და რეალისტურია. გულის ჯიბეში შეიძლება უსაყვარლესი ადამიანის
სურათს ატარებთ, მაგრამ იგი “ორიგინალს” ვერ შეგიცვლით.

ამიტომ დღეისათვის
ქიმიკოსებისა და ფიზიკოსების ერთობლივი ძალისხმებით მუშავდება ტექნოლოგიები, რომელიც
ინფორმაციის (მათ შორის სურათის) სამგანზომილებიან ჩაწერას უზრუნველყოფს. ამ მეთოდს
ჰოლოგრაფიული ჩაწერა ეწოდება და მასზე შემდეგ ბლოგში გვექნება საუბარი…

მითები და ფაქტები მასწავლებლის პროფესიის შესახებ

0

მასწავლებლის პროფესიამ ჩამოყალიბების გრძელი და რთული, მწვავე კრიტიკითა და დებატებით აღსავსე გზა განვლო. ამ პროფესიის შესახებ ფართოდ გავრცელებული მითებისა და მცდარი წარმოდგენების განხილვამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მე-20 საუკუნემდე მასწავლებლობა “ნახევარ” პროფესიად მიიჩნეოდა, ხოლო “სწავლებით დაკავებული პირები არ ასოცირდებოდნენ განსაკუთრებული ინტელექტუალური და სამეცნიერო ცოდნის მატარებლებთან, რომელთაც საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ”. დღეს, ცოდნის თანამედროვე საზოგადოებაში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მასწავლებლებს უდავოდ შესწევთ უნარი, დიდი გავლენა მოახდინონ მომავალ თაობებზე და, შესაბამისად, მომავალ საზოგადოებაზეც. მიუხედავად ამისა, მრავალი მითი, მასწავლებლის პროფესიის ჩამოყალიბებამდე რომ არსებობდა, დღესაც არსებობს. მინდა, ამ წერილში სწორედ ეს ფართოდ გავრცელებული და საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ გაზიარებული მითები გავიხსენოთ და, ამავე დროს, ფაქტებიც შევაჯეროთ.

მასწავლებლებს, გარდა იმ მითებისა, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ, ხშირად განათლების სისტემის ხარვეზებს სდებენ ბრალად. მცდარმა წარმოდგენებმა ისე ღრმად გაიდგა ფესვი საზოგადოებაში, რომ ზოგიერთი მასწავლებელიც კი იზიარებს მათ და ამით საკუთარ პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ვეცდებით, თითოეული მითი კონკრეტული ფაქტებით გავაბათილოთ და მასწავლებლის პროფესიის რეალური სახე გაჩვენოთ.
1. სწავლება საქმე არ არის

XX საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა ცნობილი ირლანდიელი დრამატურგის, ბერნარდ შოუს ციტატა, რომელიც მასწავლებლობაზე მანამდე არსებულ წარმოდგენებს ამყარებდა. “ვისაც საქმის კეთება შეუძლია, აკეთებს, ვისაც არა, ასწავლის!” – ასეთი იყო შოუს მოსაზრება. ფაქტია, რომ დღეს მასწავლებლის პროფესია დიდი პოპულარობით მართლაც არ სარგებლობს. მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდებს შორის არც ისე ბევრია. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები მასწავლებლობას სხვა პროფესიას ამჯობინებენ. ერთი მხრივ, ზემოთ მოყვანილი მცდარი წარმოდგენა მასწავლებლის პროფესიის არაპოპულარობას განაპირობებს, მეორე მხრივ კი მასწავლებლობის მსურველთა ნაკლებობა ამყარებს ხსენებულ მითს.
ამ აზრს იზიარებს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ სწავლება პროფესია არ არის და მხოლოდ საგნის მცოდნე შეიძლება ჩაითვალოს პროფესიონალად, თუმცა, ცხადია, მხოლოდ საგნის ცოდნა ეფექტურ სწავლებას ვერ უზრუნველყოფს. მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივირება, მათი ცნობისმოყვარეობის გაღვიძება, სასწავლო პროცესში თანაბრად ჩართვა, ობიექტურად შეფასება და ა.შ. ის უნარ-ჩვევებია, რომლებიც მხოლოდ გარკვეული მომზადებისა და პრაქტიკის მქონე მასწავლებელს აქვს. ამ უნარ-ჩვევების გამოყენებით მასწავლებლები ზრდიან ადამიანებს, რომლებიც შემდეგ “ქმნიან პროდუქტს და აკეთებენ საქმეს”.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლის პროფესია მოითხოვს მუდმივ პროფესიულ განვითარებას, ლიცენზიის/მასწავლებლის სერტიფიკატის რეგულარულ განახლებას და ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნას.
2. მასწავლებელი არასრული განაკვეთით მუშაობს

მასწავლებელი აკადემიური საათებით უმეტესად დღის პირველ ნახევარშია დატვირთული. დაახლოებით დღის 3-4 საათისთვის ის სკოლას ტოვებს. გარდა ამისა, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე სასწავლო პროცესი წყდება და მასწავლებელი საათობრივი დატვირთვისგან თავისუფლდება. ამ ფაქტებზე დაყრდნობით გაჩნდა მოსაზრება, რომ მასწავლებელი არასრული განაკვეთით მუშაობს.

ამავე მოსაზრებას ეხმიანება გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ მასწავლებლებს, მათი საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვთ. აღნიშნული საკითხის შესასწავლად ევროკომისიამ 2008 წელს მასშტაბური კვლევა დააფინანსა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება შეადარეს 12 სხვა პროფესიის მქონე მუშაკების ანაზღაურებას ევროპის 33 ქალაქში. შედარებისთვის ეს პროფესიები შეირჩა: ინჟინერი, ოფისის მენეჯერი, კომპანიის განყოფილების ხელმძღვანელი, ბანკის საკრედიტო ოფიცერი, მზარეული, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, ქოლცენტრის ოპერატორი, მშენებლობის მუშა, ქარხნის მუშა, მდივანი-რეფერენტი, გამყიდველი. კვლევამ დაადგინა, რომ 33-დან მხოლოდ 4 ქალაქში (დუბლინი, ლუქსემბურგი, ლონდონი, ამსტერდამი) ჰქონდა მასწავლებელს უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე გამოკვლეული პროფესიის ადამიანების უმრავლესობას.

დასავლეთის ქვეყნებში მოქმედმა მასწავლებელთა პროფესიულმა კავშირებმა კვლევისა და მისი შედეგების ანალიზის საფუძველზე სცადეს გაებათილებინათ მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მასწავლებელი არასრული განაკვეთით მუშაობს. გამოკითხულ მასწავლებელთა 70%-მა აღნიშნა, რომ მათ სახლში უწევთ სამუშაოს წაღება, მოსწავლეთა თხზულებების გასწორება, წერითი დავალებებისა და პროექტების გადახედვა და მოსწავლეებისთვის წერილობითი შენიშვნების მომზადება. მაღალ- და საშუალორეიტინგიანი სკოლების უმრავლესობაში ზამთარში _ საზამთრო სკოლები, ხოლო ზაფხულში საზაფხულო ბანაკები ეწყობა, რომელთა დაგეგმვასა და ორგანიზებაში მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ.

არასასწავლო პერიოდში მასწავლებელი პროფესიული განვითარებისთვის ზრუნავს: ესწრება ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, მოსამზადებელ კურსებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა, რასაც მასწავლებლები ამ პერიოდში ასრულებენ, არის სილაბუსებსა და სასწავლო გეგემებზე მუშაობა. ამავე პერიოდს იყენებენ ისინი გასული წლის საგაკვეთილო გეგმების გადახედვისა და განახლებისთვის.
3. მასწავლებლის პროფესიული გამოცდილება მოსწავლეების აკადემიური მიღწევების პირდაპირპროპორციულია
მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება და ანაზღაურების სკალის დადგენა, მაგალითად, აშშ-ში მისი აკადემიური ხარისხით და სწავლების გამოცდილებით ხდება, თუმცა არაერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლის პროფესიული გამოცდილება არ უკავშირდება მოსწავლეთა საერთო აკადემიურ მოსწრებას. შესაძლოა, ერთი მასწავლებლის მოსწავლემ საგამოცდო ტესტში 100%-იანი შედეგი მიიღოს, ხოლო მეორე მასწავლებლის მოსწავლეებმა იმავე ტესტში ბევრად დაბალი ქულები დააგროვონ, მაგრამ ეს შედეგი იმის საშუალებას არ მოგვცემს, დავადგინოთ, რომელი მასწავლებელი ასწავლის უფრო ეფექტურად. ტესტისა თუ გამოცდისთვის მზადების დროს მოსწავლეს დამოუკიდებლად მუშაობაც შეუძლია. ამდენად, ეფექტურად მუშაობს ის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს თავდაჯერებულობას, წარმატებისკენ სწრაფვის ინსტინქტს გაუღვიძებს, სირთულეებთან გამკლავებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას ასწავლის.

ამ მხრივ მასწავლებლებისგან მეტისმეტსაც კი ელის საზოგადოება. მშობლებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებელი ვალდებულია, ყველაფერი ასწავლოს მათ შვილებს, გადასცეს ცოდნა მორალური ღირებულებების შესახებ და განუვითაროს კრიტიკული აზროვნება. არაერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ მოსწავლის წარმატებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მასწავლებელი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიუხედავად, ვერ იქნება სწავლაზე სრულად პასუხისმგებელი. ის ხელს უწყობს მოსწავლეს სწავლის პროცესში. მშობლებს კი განსაკუთრებით დიდი როლის შესრულება შეუძლიათ შვილის აკადემიურ მოსწრებასა და მის მიერ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ათვისებაში.
4. მასწავლებელს არ უწევს კონკურენციის პირობებში მუშაობა

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ იმის შესახებ, რომ მასწავლებლის პროფესია დღეს დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ამდენად, შეიძლება დავუშვათ, რომ მასწავლებლები კონკურენტულ გარემოში არ მოღვაწეობენ. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. თანამედროვე საზოგადოებაში, განათლების მზარდი სტანდარტების პირობებში, კომპეტენტურ მასწავლებელზე დიდი მოთხოვნაა. ვაუჩერული დაფინანსების მქონე განათლების სისტემებში კომპეტენტურ მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეთა დიდ კონტინგენტს იზიდავს, კერძო თუ საჯარო სკოლაში მეტი ანაზღაურება აქვს. საქართველოში ახლად შემოღებული საბაზო დაფინანსების პირობებში ასეთი კონკურენცია უმთავრესად ქალაქის სკოლებში შეიძლება იყოს, ხოლო სოფლად, სადაც მოსწავლეთა გადაადგილება გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული პირობების გამო გართულებულია, მასწავლებლებისთვის ნაკლებად კონკურენტუნარიანი გარემოა.

რამდენად კონკურენტუნარიან გარემოში უწევთ მასწავლებლებს მუშაობა, დამოკიდებულია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკაზე, პედაგოგიური ინსტიტუტებისა და საუნივერსიტეტო კურსების ხარისხზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, სასკოლო ცხოვრებაში ადგილობრივი თემის ჩართულობაზე.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მასწავლებლის პროფესიის შესახებ

მასწავლებლები ქვეყნის მომავალს ქმნიან. დაწყებითი კლასებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები ამ მხრივ განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებენ.

საგნობრივი ცოდნის გარდა, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის გამორჩეული უნარი, შეეძლოს მოსწავლეთა შთაგონება და მოტივირება, მათი ნდობის მოპოვება.

მასწავლებელი აკვირდება და აფასებს თითოეული მოსწავლის როგორც პიროვნულ/ემოციურ, ისე სასწავლო საჭიროებებს.

მასწავლებელი მრავალფეროვან მეთოდიკას იყენებს, რათა ყველა ტიპის მოსწავლემ თანაბრად აითვისოს სასწავლო მასალა და მაღალი აკადემიური შედეგები მიიღოს.

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელი ითვალისწინებს სტანდატულ კურიკულუმს, რესურსების ხელმისაწვდომობას, მოსწავლეთა ცოდნის დონეს, სასწავლო მიზნებს.

მასწავლებელი, ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით, მოსწავლეებს სწავლასა და ახალი ცნებების პრაქტიკულ გააზრებაში ეხმარება.

ის ხელს უწყობს მოსწავლეებს, განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა.

მასწავლებლებს მუდმივად უწევთ მოსწავლეთა აკადემიური შეფასება; მათგან შეფასების ახალი, უფრო ობიექტური ფორმების შემუშავებას მოელიან.

არამოტივირებულ მოსწავლეებთან მუშაობისას მასწავლებლის მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოთმინებისა და შემოქმედებითი უნარის გამოჩენა.

მასწავლებელი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ, თემში.

რა საერთო შეიძლება იყოს უცნაურ ციხესა და საღებავს შორის?

0

მორიგი წერილის
თემაზე ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, თემა ქიმიიდან  იქნებოდა, მაგრამ ამ წერილების მიზანი ხომ მხოლოდ
ქიმიაზე წერა არ არის. ჩემი აზრით, ქიმია რაღაც ცხოვრებისეულთან უნდა დავაკავშიროთ,
ან თუნდაც რაიმე ისტორიულ ფაქტთან, მოკლედ რაიმე ისეთთან რომ არა მხოლოდ მოსწავლე,
სხვა პროფესიის ადამიანებიც დაინტერესდნენ. რაიმე ცხოვრებისეულთან უნდა იყოს კავშირში
თქო კი ვწერ, მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ქიმია ისედაც არის ჩვენთან დაკავშირებული,
უბრალოდ ამის დანახვა ჩვენც უნდა შევძლოთ და მოსწავლეებსაც ვაჩვენოთ.

 

მოკლედ, მორიგ
თემას  „ვეძებდი”, როდესაც ტელევიზორი შემთხვევით
Discovery”-ის
არხზე გადავრთე, სადაც ეგზოტიკურ ციხეებზე იყო ფილმი. დაახლოებით მე-18 საუკუნის ერთმა
ციხემ მიიპრყო ჩემი ყურადღება, სადაც მხოლოდ საშიში, სიკვდილმისჯილი  დამნაშავეები იყვნენ. სასტიკი წამებით უნდა მომკვდარიყვნენ.
„აღმასრულებლების” როლს კი ბიოგენური ამინები თამაშობდნენ და მეთოდათ მათი  ჩვეულებრივი ბიოქიმიური მეტაბოლიზმი გამოიყენებოდა.

 

დაინტერესდით? 

 

სანამ გავაგრძელებ,
ორი სიტყვით ჯერ ამინებზე, შემდეგ კი  ბიოგენურ
ამინებზე დავწერ.

ამინები შეიძლება
განვიხილოთ, როგორც ამიაკის ნაწარმები, რომლის მოლეკულაშიც ერთი ან რამდენიმე წყალბად
ატომი ჩანაცვლებულია ნახშირწყალბადური რადიკალით. მეთილამინი, დიმეთილამინი, ტრიმეთილამინი-გაზებია.
ამინების საშუალო წევრები სითხეებია, მაღალი კი-მყარი ნივთიერებებია. თევზის ლპობის
შედეგად ტრიმეთილამინი წარმოიქმნება, რომელიც თევზს სპეციფიურ სუნს ანიჭებს. თევზის
სუნის მქონე ამინები გამოიყენებიან, როგორც სატყუარა მღრღნელებისთვის. ყველა ამინი
ტოკსიკურია.

 

ქიმიურად ამინები
ორგანული ფუძეებია, უფრო ძლიერი, ვიდრე ამონიუმის ჰიდროქსიდი. ამიტომ მათ ორგანული
ფუძეები ეწოდათ.

 

რაც შეეხება ბიოგენურ
ამინებს, ისინი  ადამიანის ორგანიზმის განუყოფელ
ნაწილს წარმოადგენენ და ამინომჟავების გარდაქმნებით წარმოიქმნებიან. კერძოდ, ამინომჟავა
განიცდის დეკარბოქსილირებას, ანუ კარგავს კარბოქსილის ჯგუფს, რომელიც
CO2-ის სახით გამოიყოფა. შედეგად, ბიოგენური ამინი მიიღება:

ბიოგენური ამინები
ძლიერ გავლენას ახდენენ ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე, თუმცა უჯრედში მათი მაღალი
კონცენტრაციით დაგროვება უკვე სახიფათო ხდება. ცხოველური ორგანიზმის უჯრედები (მათ
შორის, რა თქმა უნდა, ადამიანის ორგანიზმიც) შეიცავენ ფერმენტს- მონოამინოოქსიდაზას, რომელიც  ბიოგენურ ამინებს დაჟანგვით  აუვნებელყოფს.

 

ორგანიზმში სამი
ამინომჟავასგან განსაკუთრებით საშიში ამინები, ანუ პტომაინები წარმოიქმნებიან. არგინინისგანწარმოიქმნება აგმატინი; ლიზინისგანკადავერინი; ორნითინისგანპუტრესცინი.

 

კადავერინი (CADAVRE ფრ. გვამი) იგივე-გვამის შხამი– ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში
ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება და მოქნილი დამცავი სისტემის მეშვეობით ხდება მისი
გაუვნებელყოფება. გარდაცვლილი ადამიანის და ცხოველის ორგანიზმში კი ეს ამინი დიდი რაოდენობით
გროვდება. განსაკუთრებით მაღალია მისი კონცენტრაცია უჯრედშორის სითხეში.

 

ეკატერინე მედიჩის
პერიოდის საფგრანგეთში (ეს პერიოდი სისასტიკით გამოირჩეოდა) კადავერინს ხშირად მიმართავდნენ
არასასურველი მეტოქეების თავიდან მოსაცილებლად. კადავერინისგან სხვადასხვა საწამლავების
დამზადებაში თურმე ბადალი არ ჰყავდა ეკატერინეს პირად პარფიუმერს და აფთიაქარს – რენე
ფლორენციელს.

 

ახლა კვლავ ზემოთ
ხსენებულ უცნაურ ციხეს დავუბრუნდები. განსაკუთრებული სისასტიკით და წამებით უნდა დასჯილიყო
საშიში დამნაშავე. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა გამოეყენებინათ? – ახალი, მოხარშული
დეკეულის ხორცი. დიახ, მხოლოდ  ეს იყო მათი
საკვები. დაახლოებით ერთ თევეში პატიმრებს ღვიძლთან დაკავშირებით  პრობლემები ეწყებოდათ. სიკვდილის დრო კი პატიმრის
ორგანიზმის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული, რადგან მათ არ მკურნალობდნენ.

 

რა თქმა უნდა
მიხვდით, რაშიც იყო საქმე.

ხორცი ცილაა,
ცილა კი ამინომჟავებისგან შედგება. ცილა ორგანიზმში მოინელებოდა, იშლებოდა ამინომჟავებად,
ამინოჟავები კი თავის მეტაბოლიზმსს განაგრძობდნენ და ჩაერთვებოდნენ ზემოთ მოცემულ დეკარბოქსილირების
რეაქციაში. სხვა ბიოგენურ ამინებთან ერთად პტომაინებიც წარმოიქმნებოდა. თუ ნორმალური
რაოდენობით ბიოგენური ამინი აუცილებელია ორგანიზმისთვის (მაგ. ამინომჟავა ჰისტიდინისგან
წარმოიქმნება ბიოგენური ამინი-ჰისტამინი, რომელსაც ვაზოკონსტრიქტული (სისხლძაღვების
შევიწროვებაში მონაწილეობას) მოქმედება ახასიათებს), მათი გადაჭარბებული რაოდენობა
უკვე სახიფათოა, რადგან თავდაცვის სისტემა ვეღარ ასწრებს მათ დაშლას. რადგან მათი გაუვნებელყოფა
ძირითადად ღვიძლში მიმდინარეობს, სწორედ ამ ორგანოს დაშლით ანუ ცეროზით იღუპებოდნენ
პატიმრები და საშინლად იტანჯებოდნენ, რადგან მათ არავინ არ მკურნალობდა. ხორცის მიღება
ყოველდღიურად კი (ციხის წესებიდან გამომდინარე) უბრალოდ სავალდებულო იყო.

 

იმავე არხზე შემდეგი
გადაცემა უკვე საღებავების აღმოჩენის ისტორიას ეხებოდა და ე.წ. „იისფერ ათწლეულზე” იყო საუბარი. გაგიკვირდებათ
(არა, ქიმიკოსებს ნამდვილად არ ვგულისხმობ!) აქაც ამინებზე მოგვიწევს საუბარი. კერძოდ-ანილინზე. ანილინი წყალში მცირედ ხსნადი,
უფერო ზეთისებრი სქელი სითხეა, ჰაერზე ნაწილობრივი დაჟანგვის გამო ღია ყავისფერ შეფერილობას
ღებულობს. ანილინი ფუძე თვისებების მქონე არომატული ამინია. მისი ფუძე თვისებები სუსტადაა
გამოხატული. არ ვცლის ლაკმუსის ფერს, მაგრამ მჟავებთან მარილებს წარმოქმნის. ანილინზე
ძლიერი მჟანგავების მოქმედებით (მაგ. ბიქრომატისა და გოგირდმჟავას ნარევი) სხვადასხვა
ფერის მღებავი ნივთიერებები მიიღება. უფრო ძლიერი მჟანგავით კი მიიღება შავი ფერის
ანილინი, რომელიც გამოიყენება, როგორც მდგრადი შავი საღებავი.

 

სხვათა შორის
(საღებავების თემას არ ეხება, მაგრამ ცნობისთვის) ანილინის და კონცენტრირებული მარილმჟავას
ნარევი პრიდუქტში ვიტამინ D-ს ძალიან კარგი აღმომჩენია. ანილინის და მარილმჟავას შერევა
ფრთხილად უნდა განვახორციელოთ, რადგან შეიძლება წვეთები ამოაშხიფოს და დავზიანდეთ.
გარდა ამისა, გვახსოვდეს, რომ ისევე როგორც ნებისმიერი ამინი, ანილინიც ტოქსიკურია
და ჯობს მასთან ამწოვ კარადაში ვიმუშავოთ. საკვლევ პროდუქტს, მაგ. რძეს ან თევზის ქონს
ვამატებთ ზემოთ ხსენებულ ნარევს, რომელიც ყვითელ ფერს მიიღებს.  ვიტამინის არსებობის შემთხვევაში ყვითელი მასა ჯერ
მწვანედ შეიფერება, შემდეგ კი წითლად. 1-2 წუთის შემდეგ ემულსია ორ ფენად დაიყოფა,
რომლის ქვედა ფენა ინტენსიური წითელი ფერისაა.

 

ეხლა რაც შეეხება,
საღებავების ისტორიას.

მე-19-ე საუკუნის
პირველ  ნახევარში სინთეზურ ორგანულ ქიმიას
ჩაეყარა საფუძველი. ბერტლოს, რომელმაც სინთეზური გზით ცხიმი მიიღო, მიბაძეს სხვა ქიმიკოსებმაც
და დაიწყეს სხვადასხვა ორგანული მოლეკულების შეერთება. თუმცა, მოლეკულური სტრუქტურის
არასრულად ცოდნა მათ ხელს უშლიდა სასურველი შედეგის მიღებაში.

 

40-იან წლებში
ინგლისში არ იყვნენ ძლიერი ქიმიკოს-ორგანიკოსები, ამიტომ გერმანიიდან მიიწვიეს  ლიბიხის მოსწავლე ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანი.
 რამდენიმე წლის შემდეგ ჰოფმანმა თანაშემწედ აიყვანა
სრულიად ახალგაზრდა უილიამ პერკინი; იმ დროისთვის ჰოფმანი ქვანახშირს სწავლობდა. ერთხელ,
პერკინის თანდასწრებით დაუწყია ხმამაღლა ფიქრი ქინინის სინთეზის თაობაზე. პერკინი ისე
აფორიაქდა ამ იდეით, რომ სახლში თავის ლაბორატორიაში იმავე ღამეს დაიწყო მუშაობა. მან
დაამუშავა ანილინი კალიუმის ბიქრომატით და შედეგით იმედგაცრუებულმა ის-ის იყო დააპირა
მიღებული მასის გადაგდება, რომ  შეამჩნია, მასამ
როგორ მიიღო  მოწითალო შეფერილობა. დაამატა
სპირტი, რომელმაც გამოყო მოწითალო ნივთიერება სარექციო არიდან. პერკინი მიხვდა, რომ  ეფექტური საღებავი მიიღო.

 

ამის შემდეგ სწავლა
მიატოვა და თავისი ოჯახის სახსრებით  ფაბრიკა
ააგო. ექვსი თვის შემდეგ კი ფაბრიკამ დაიწყო “ანილინის მეწამულის” გამოშვება.

ფრანგ მღებავებს
ძალიან მოეწონათ ახალი საღებავი და იისფერი უწოდეს მას.  ეს ფერი იმდენად პოპულარული გახდა, რომ დროის ამ
პერიოდმა ისტორიაში “იისფერი ათწლეულის” სახელი მიიღო.

 

პერკინი 35 წლის
ასაკში უკვე ძალიან მდიდარი იყო და შეეძლო ფაბრიკების მართვა სხვებისთვის დაევალებინა,
თვითონ კი ცხოვრებით დამტკბარიყო.

1867 წელს ადოლფ
ბაიერმა  ინდიგოს სინთეზი განახორციელა.

1868 წელს ბაიერის
მოსწავლემ კარლ გრებემ  სინთეზით მიიღო ალიზარინი.

სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები

0

რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას?

ვიდრე უშუალოდ დასმულ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, მოკლედ განვიხილოთ, რა არის მოტივაცია და რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლა-სწავლების პროცესში.
მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. საზოგადოდ, ადამიანის ქმედება უმეტესად მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული და მას განსაზღვრული მოტივები უდევს საფუძვლად. აქედან გამომდინარე, მოტივაცია შეიძლება განიმარტოს როგორც სასურველი მიზნის მიღწევისკენ მიმართული პროცესი.
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
სწავლის მოტივაცია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან შიდაპიროვნულ ფაქტორს, რომლებიც სწავლის მოტივაციას განაპირობებს:
1.ცნობისმოყვარეობა
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და ა.შ., რის შედეგადაც მას ისეთი უნარები და კომპეტენციები უვითარდება, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსთან ადაპტაციასა და შინაგანი წონასწორობის დამყარებაში.
სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის ინტერესებისკენ არის მიმართული. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. ის გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისკენ, ახალი იდეების აღმოჩენისა და ჰიპოთეზების წარმოდგენისკენ, ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს კვლევა-ძიებისკენ უბიძებს.
სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში, გამოიყენოს ისეთი სტიმულები, რომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხო. საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის _ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.
მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას: პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიწოდებით; რეალური ფაქტის გაცნობამდე მასში წარმოდგენილ პრობლემურ სიტუაციაზე მსჯელობით; ვარაუდის გამოთქმაზე ორიენტირებული კითხვების დასმით; ახალი, უცნობი ფაქტებით; რაციონალური და ემოციური ფაქტორების თანხვედრით; მხატვრული ლიტერატურისა და ცხოვრებისეული მაგალითების გამოყენებით; ვიზუალური და აუდიომასალით; მოკლე ისტორიული ექსკურსით და ა.შ.
2.თვითრწმენა
თვითრწმენა მნიშვნელოვანი მოტივია სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. იმისთვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში. წარმატების განცდა მოსწავლეს, საზოგადოდ, ადამიანს ხშირად აღუძრავს სურვილს, აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში, რაც თავისთავად იქცევა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელ ფაქტორად.
როგორ განვუმტკიცოთ მოსწავლეებს თვითრწმენა?
ამისთვის მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას მოსწავლეების ცოდნის დონისა და კომპეტენციების, სასწავლო პროცესისთვის ხელსაყრელი თუ არასასურველი რწმენის შესახებ. მას შეუძლია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით შეცვლას. საწყის ეტაპზე სასურველია, მასწავლებელმა მათ ისეთი დავალებები მისცეს, რომლებსაც იოლად დაძლევენ _ ეს უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ წარმატების განცდას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შესრულებული საქმიანობის ადეკვატურად შეფასება, მისი პოზიტიური მხარის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში _ კონსტრუქციული შენიშვნების მიცემა. სასწავლო პროცესი, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურ უკუკავშირზე, მოსწავლეს აგრძნობინებს საკუთარ პროგრესს და წარმატებას, თანდათანობითი სტიმულირება კი ხელს შეუწყობს მას, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს თვითრწმენა.
თვითრწმენის განმტკიცება უშუალოდ უკავშირდება კომპეტენციების განვითარებას, რისი მიღწევაც შესაძლებელია მოსწავლეთა ინტერესებისა და ასაკობრივი განვითარების შესაბამისი დავალებებისა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ამგვარი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ სხვადასხვაგვარი გამოცდილების მიღებას. განვითარებული კომპეტენციები კი შემდგომ თავად იქცევა წამახალისებელ ფაქტორად და თვითრწმენის განმტკიცების საფუძვლად.
3. დამოკიდებულება
რა არის დამოკიდებულება?
დამოკიდებულება შეიძლება განიმარტოს როგორც ადამიანის მიერ მოვლენების, ფაქტების, იდეების, პიროვნებების და ა.შ. პოზიტიური ან ნეგატიური შეფასება. ის დამოკიდებულია გარე სამყაროს ინდივიდუალურ აღქმაზე და მომდინარეობს ადამიანის ფიქრებიდან, ემოციებიდან, გრძნობებიდან და გამოცდილებიდან. პირადი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უმთავრესად ის გარემო, საზოგადოება, რელიგია, კულტურა და ტრადიცია განაპირობებს, რომელშიც ადამიანი იზრდება და ვითარდება. აქვე უნდა ითქვას, რომ დამოკიდებულების შეცვლაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი გარემო, სადაც ღირებულებების, კულტურული და საზოგადოებრივი ნორმების შეფასება-გადაფასება სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, საინფორმაციო საშუალებები და სხვ. გამუდმებით ცდილობენ, შეცვალონ ადამიანის ფიქრები, ემოციები და განცდები ამა თუ იმ საკითხისა თუ მოვლენის მიმართ. აი, ამ რთულ ინფორმაციულ გარემოში მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა შეასრულოს გზამკვლევის როლი მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
ვიდრე უშუალოდ სწავლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულების განხილვას შევუდგებოდეთ, გავეცნოთ მის შემადგენელ კომპონენტებს, რომელთა გააზრებაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს, ადეკვატურად დაგეგმოს და გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები მოსწავლის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.
დამოკიდებულება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
1. აფექტური კომპონენტი მოიცავს ადამიანის ემოციურ რეაქციას კონკრეტული ობიექტების მიმართ. ის გამომდინარეობს ადამიანის ემოციური გამოცდილებიდან. ასეთი დამოკიდებულება ლოგიკური აზროვნების შედეგი კი არ არის, არამედ ადამიანის შინაგანი მიმართებების, გრძნობებისა და განცდების გამოხატულებაა.
2. ქცევითი კომპონენტი კონკრეტულ ქმედებებში აისახება. მოსწავლემ არ იცის, მისაღებია თუ არა მისთვის კონკრეტული ქცევა, სანამ თავად არ გამოსცდის მას პრაქტიკაში. ასეთი დამოკიდებულება უმეტესად საკუთარ ან სხვების ქმედებებზე დაკვირვების შედეგად ყალიბდება.
3. კოგნიტური კომპონენტი ეფუძნება რაციონალურ გამოცდილებასა და ფაქტებს. ასეთი დამოკიდებულება საშუალებას აძლევს ადამიანს, მოვლენები, პიროვნებები, ფაქტები თუ მოსაზრებები შეაფასოს ლოგიკაზე დაყრდნობით, არსებული გამოცდილების საფუძველზე.
მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა იცოდეს, რომ მოსწავლეთა დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და მათი ქცევა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, ის, რომ მოსწავლე უმეტესად მომზადებული მოდის გაკვეთილზე, შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს, რომ მას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სწავლის მიმართ. მისი ეს ქმედება შესაძლოა სულ სხვა მოტივით იყოს განპირობებული _ დასჯის შიშით ან/და საჩუქრის მიღების დაპირებით. მასწავლებლის მთავრი ამოცანა კი ის არის, რომ მოსწავლეთა მოტივაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და განვითარებისკენ მიმართოს.
როგორ განვსაზღვროთ მოსწავლეთა დამოკიდებულება და როგორ შევუწყოთ ხელი სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას? ამისათვის:
. შექმენით მოსწავლეთათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო;
. შეიტანეთ ურთიერთობაში მეტი სიცხადე და სიზუსტე;
. გამოიყენეთ ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი;
. მიეცით მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;
. გამოხატეთ პატივისცემა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და იდეების მიმართ;
. შეეცადეთ განსაზღვროთ, დამოკიდებულების რომელი კომპონენტი უდევს საფუძვლად მოსწავლის შეხედულებას;
. ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩართეთ მოსწავლე სასწავლო პროცესში და დაანახეთ საკუთარი მნიშვნელობა;
. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მსჯელობითა და დისკუსიებით თავად განსაზღვრონ პირადი დამოკიდებულება სწავლის მიმართ; გაიაზრონ არსებული დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, როგორ დაეხმარებათ პოზიტიური დამოკიდებულება სასწავლო ამოცანების დაძლევასა და მათ მომავალ წარმატებაში;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მათ განვითარებასა და მომავალზე;
. წაახალისეთ ისინი, რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
4. მოთხოვნილებები
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები შესაძლოა ერთმანეთისგან მეტად განსხვავებული იყოს. ამის შესახებ ყველაზე ცნობილ კლასიფიკაციას ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ გვთავაზობს. ის ადამიანის მოთხოვნილებათა ხუთ კატეგორიას გამოყოფს: 1. ბიოლოგიური (კვების, წყურვილის დაკმაყოფილების, ძილის…) მოთხოვნილებები; 2. უსაფრთხოების (სტაბილურობის, დაცულობის განცდის…) მოთხოვნილება; 3. კუთვნილებისა და სიყვარულის (ოჯახის, გუნდის, ურთიერთობების, ემპათიის…) მოთხოვნილება; 4. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და აღიარების (ამა თუ იმ სტატუსის ქონის, წარმატების, რეპუტაციის მოპოვების…) მოთხოვნილება; 5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიულ მოდელში ბიოლოგიური, ანუ საბაზისო მოთხოვნილებები ყველაზე დაბალ საფეხურზე განიხილება, ხოლო პიროვნების განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის მოთხოვნილებები _ ყველაზე მაღალ საფეხურზე. განათლების მიზნები ორიენტირებულია უფრო მაღალი მოთხოვნილებების ყოველდღიურ აუცილებლობად ქცევაზე. მოსწავლეებს ისეთი უნარები და დამოკიდებულებები უნდა ჩამოუყალიბდეთ, როგორიც არის გუნდურად მუშაობის უნარი, სოციალური აზროვნება, სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება, თვითრეალიზება და ა.შ.
რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას სწავლის მოტივაციისთვის?
ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს. მაგალითისთვის მივუბრუნდეთ ზემოთ განხილულ სიტუაციას, რომელიც სწავლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულებას ეხებოდა. მოსწავლის მიერ დავალების კარგად შესრულება შესაძლოა განპირობებული იყოს: დასჯის შიშით, საჩუქრის მიღების დაპირებით, აღიარების მოთხოვნილებით, ინტერესით და სხვ.
მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
როგორც განხილული ფაქტორებიდან ჩანს, მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში. თუ გსურთ, ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება და სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე _ უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.

კაუჩუკი და რეზინა

0

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge ” და ‘პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია” პარტნიორობის საფუძველზე, გთავაზობთ სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის სერიას.

img_news_line (4)

კრიტიკული აპოლოგია ანუ ღმერთების გაშიშვლება დეივიდ ლორენსის მიერ

0

კრიტიკული აპოლოგია ანუ ღმერთების გაშიშვლება დეივიდ ლორენსის მიერ

როდესაც მწერალი კრიტიკულ ნაშრომში სხვა მწერალთა ნაწარმოებებს განიხილავს, იგი, როგორც წესი, თავის მწერლურ და პიროვნულ მხარეს ჩრდილში ტოვებს და ობიექტური, მოუსყიდავი სიზუსტით ეკიდება საქმეს. მაგრამ დეივიდ ლორენსი კრიტიკულ წერილებშიც კი ემოციურ შემოქმედად რჩება. მისი “ესეები კლასიკური ამერიკული ლიტერატურის შესახებ” (1923) მხატვრული ნაწარმოებივით იკითხება, იმდენადაა ეს წიგნი დატვირთული ლორენსისეული ხატოვნებით, მისთვის ჩვეული გულწრფელი მგრძნობიარე პათოსით, ცოცხალი იუმორითა და ბასრი ბრიტანული ირონიით. და, რაც მთავარია, მასში მკაფიოდ ჩანს თავად ლორენსი, ბრწყინვალე მოსაუბრე და მომხიბვლელი პიროვნება. ამ ესეებში, რომლებიც ლორენსმა ამერიკელ კლასიკოსთა შემოქმედებას დაუთმო, ლაპარაკი მხოლოდ ამ ნაწარმოებთა მხატვრულ ღირსებაზე როდია. ამ წიგნების “კლასიკურობა” ლორენსში ეჭვს არ ბადებს, მითუმეტეს, რომ საქმე გვაქვს ისეთ მწერლებთან, როგორებიც არიან ფენიმორ კუპერი, ედგარ პო, ნათანიელ ჰოთორნი, უოლტ უიტმენი, ჰერმან მელვილი და ზოგიერთი სხვა ამერიკელი შემოქმედი, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის შეიძლება სრულიად უცნობნიც კი აღმოჩნდნენ, მაგრამ რომელთაც ამერიკული კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ლორენსი ასე აყენებს საკითხს: ამ ავტორთა დაფასება სრულიად სამართლიანია, მაგრამ სწორად თუ იქნენ ისინი გაგებულნი საზოგადოების მიერ? იმ ღირსებებისთვის თუ იქნენ კლასიკის რანგში აყვანილნი, რითაც მართლა იმსახურებენ ამას? ხომ არ მოვიდა დრო ამ წიგნების ახლებურად გააზრებისა?
რატომ აუცილებლად ამერიკული ლიტერატურა? რად არ მიმართა ბრიტანელმა მწერალმა საკუთარი კულტურის მდიდარ საგანძურს? ინგლისისადმი ლორენსს რთული და მტკივნეული დამოკიდებულება აქვს. საუკუნო დიდებით გადაღლილი ბებერი ინგლისის სამეფო გამოფიტულია და ერთ ადგილას შეჩერებული. თუმცა მხოლოდ ინგლისი არა: მთელი ევროპა დაუძლურებული გოლიათივით მისცემია ძილ-ბურანს. ახალ ძალას, ახალი სისხლის ნაკადს ლორენსი ამერიკის უკიდეგანო სივრცეებში გამოზრდილ ახალგაზრდა ერში ჭვრეტს. ამერიკას ყველაფერი წინ აქვს და უხვი, თვითმყოფადი ბუნებაც თავისი მზარდი შანსების გამოყენების ყოველგვარ საშუალებას აძლევს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. მომავალი მსოფლიოს ბედი, ლორენსის აზრით, სწორედ ისეთი ახალგაზრდა და ძალ-ღონით სავსე ერების კულტურაში ამოიკითხება, ამერიკელები და რუსები რომ არიან. მომავლის ჩანასახის საძიებლად ესეების ავტორი ამერიკის კონტინენტის წარსულში გვიხმობს, თეთრკანიანი რასის მიერ მისი დალაშქვრის დღეებიდან მოკიდებული თანამედროვეობამდე. რა იდეალებსა და იდეოლოგიაზე დგას ამერიკის მძლავრი სახელმწიფო? როგორია მისი სულიერი “პური არსობისა”?
ლორენსისთვის ლიტერატურა ძირითადად ორ განზომილებას შეიცავს: “ამბავი” და მხატვრული ქარგა, რომლითაც “ხელოვანი”, ავტორი, როგორც წესი, სიმბოლურ საფარველში ახვევს სათქმელს. “ჩემი მიზანია, გადავარჩინო ამერიკული ამბავი ამერიკელი ხელოვანისაგან”, – წერს ლორენსი.
აქედან გამომდინარე ლორენსის ესეებს ორი პლასტი აქვს: 1. იგი აკრიტიკებს, უფრო მეტიც, სრულებით აცამტვერებს მწერლის სტილისა და იდეალების სიყალბეს, მის მიერ საკუთარი თავისა და სხვების მოტყუების მცდელობას, საზოგადოებრივი აზრის წინაშე მლიქვნელობას და 2. მის მიერ ყოვლად განადგურებული ავტორის ნაწარმოებიდან, მისი სიუჟეტური მიზეზ-შედეგობრივი ჩონჩხიდან ლორენსი გამოადნობს პირველქმნილობითა და ბუნებრიობით დამშვენებულ, ყოველგვარი ქარაგმულობისაგან და შელამაზებისაგან გაძარცულ ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას და ამით ლაფგადასხმულ ავტორს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს, ვიდრე ის დახავსებული კვარცხლბეკია, რომლიდანაც სულ ცოტა ხნის წინ თავადვე ჩამოამხო.
ეს ღირსეული კლასიკოსები რომ მოსწრებოდნენ ლორენსის მიერ თავიანთ “გაუკვდავებას”, პირველ რიგში, ცხადია, ძალიან განრისხდებოდნენ და ამ გამურული მეშახტის შვილს ქოქოლას დააყრიდნენ მათი ეგზომ აბუჩად აგდებისათვის. ხოლო უფრო ღრმად თუ ჩაიხედავდნენ (ეს კი მათ ახლა, მათი უკვდავების სიმაღლიდან მაინც, არ გაუძნელდებათ), იყუჩებდნენ და შეიძლება კმაყოფილებით გაეღიმათ კიდეც. ისინი აღმოაჩენდნენ, მათ წიგნებს რა დიდი და წარუშლელი გავლენა მოუხდენიათ არამარტო ამერიკული, არამედ ევროპული ცნობიერებისა და კულტურის ჩამოყალიბებაზე, რაც არცერთ ქრესტომათიაში, არცერთ ენციკლოპედიაში, თაყვანისმცემლის ყველაზე მხურვალე წერილშიც კი, ყველაზე ლმობიერი კრიტიკოსის რეცენზიაშიც კი არ ამოეკითხათ. უფრო მეტიც: მათ ეს თავადაც არ წარმოედგინათ.
“მე არა ვარ ერთი ადამიანი, ჩემში მრავალი ადამიანია”, _ ამბობს ლორენსი. უეჭველია, რომ ყოველ ადამიანში, განურჩევლად მისი გარეგნული ქცევებისა, არსებობენ სიღრმისეული ძალები, ხატები თუ იდეები _ იქნებ სხვამ სხვა რამეც უწოდოს, _ რომლებიც ამ პიროვნების მრავალწახნაგოვან, ბუნებრივ სწრაფვებზე დაყრდნობილ, პირველადი საწყისებიდან მომდინარე შინაგან სამყაროს შეადგენენ. ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური პოტენცია, ალბათ, იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ახლოსაა პიროვნება თავის შინაგან სამყაროსთან და ხელოვანის ნიჭის შეფასების ერთადერთი უტყუარი კრიტერიუმიც ალბათ სწორედ ესაა: რამდენადაა ჩართული მისი შინაგანი ძალები მის შემოქმედებაში.
ადამიანის ზედაპირული, “გაცნობიერებული მე” მეტ-ნაკლებად, მაგრამ გარდუვალად ყალბია: ამბიციური, ეგოისტური მატყუარაა, რომელსაც საზოგადოებაში ცხოვრებამ თავდაცვის პატარა ეშმაკური ილეთები შეასწავლა და საკუთარი თავით ტკბობასაც მიაჩვია. მაგრამ შიგნით, სიმარტოვის უკუნეთში მყოფი, სამყაროს შუაგულთან უშუალოდ მოკავშირე ძალები არასოდეს არ სტყუიან. ოღონდ ადამიანს უძნელდება მათი ნათქვამის დღის სინათლეზე გამოტანა.
ხელოვანი თითქმის ყოველთვის აყალბებს შინაგან ჭეშმარიტებას, ცდილობს მის შენიღბვას და ხშირად თვალისმომჭრელი სილამაზის გარეგნულ ფორმას ანიჭებს. ამისკენ მას “გაცნობიერებული მე” უბიძგებს. მაგრამ ნამდვილი ხელოვანის ხელში ჭეშმარიტება მაინც არ იკარგება და შორსმჭვრეტი თვალითა და მისანი გულით აღჭურვილ მკითხველს ენახვება ხოლმე.

როდესაც აკუტაგავას პერსონაჟი, ტოკიოში მცხოვრები ქრისტიანი მეძავი გოგონა კითხვაზე “ქრისტიანი თუ ხარ, როგორღა მრუშობო”, ასე პასუხობს: “მე მჯერა, რომ ქრისტე მიგებს და იცის, რომ სხვა გზა არა მაქვს. ასე რომ არ იყოს, ქრისტესა და ტოკიოელ პოლიციელს შორის რაღა განსხვავება იქნებოდაო”, – ამ დროს ჩვენს თვალწინ ჭეშმარიტების სადა და მშვენიერი ყვავილი იშლება. მაგრამ როცა თავად ავტორი ამავე ფრაზას იმეორებს, გულში კი ფიქრობს: “ეს მე მოვიგონე. რა გენიოსი ვარ!”, ამით ჭეშმარიტება უბრალოების ცოცხალ სურნელს კარგავს და წიგნის ფურცლებს შორის გამხმარ ყვავილს ემსგავსება (აკუტაგავას გენიალურობა ამ შემთხვევაში იმაში ვლინდება, რომ მან მთელი ეს სიტუაცია – გოგონას უშუალობაც და საკუთარი ნარცისიზმიც – თავადვე დაგვანახა).
როდესაც ტყეში მობინადრე გაუთლელი მონადირე ნათანიელ ბამპო გულუბყვილოდ აცხადებს, რომ იმისთვის ნადირობს, რათა შიმშილი დაიკმაყოფილოს, იგი აბსოლუტურად მართალია, უფრო მეტიც: ის ცოცხალი, ღირსეული, ბუნების მკაცრი კანონებით მცხოვრები კაცია და მკითხველის სიმპათიასაც იმსახურებს. ის მკვლელია, ნადირთმჟლეტი, კლავს, რათა იცოცხლოს და ამას არანაირად არ ამართლებს. მაგრამ საფრანგეთის ლიტერატურული სალონების ნებიერის, სახელოვანი მწერლის, ფენიმორ კუპერის კალმის ქვეშ მისი პერსონაჟი გაყალბებული, შაქარმოყრილი, გაიდეალებული გმირია, რადგან კუპერი მას “ჰუმანიზმის”, “ხალხთა მეგობრობის”, “ველურ ბუნებასთან დაბრუნების” შაბლონურ პათეტიკაში ახვევს, რადგან ავტორის ზედაპირულ “მე”-სა და გმირის შინაგან “მე”-ს შორის უფსკრულია.
ლორენსმა ჩაიფიქრა ხელოვანის მიერ დამალული ჭეშმარიტების გაშიშვლება და ეს ბრწყინვალედ შეასრულა კიდეც. ამ ჭეშმარიტებებს იგი ადამიანის შიგნით დავანებულ ღმერთებს უწოდებს, რომლებიც ჩვენი გულის საკურთხეველზე ერთმანეთს ენაცვლებიან. დიახ, ეს წარმართული ღმერთები არიან – ამაზე თუნდაც მათი სიმრავლე მიგვითითებს. ლორენსს თავისუფლად შეეძლო მათთვის კერპებიც ეწოდებინა. ისინი ხომ ცოცხალი სისხლითა და ხორცით იკვებებიან და ხშირად ადამიანისგან მთელ სიცოცხლესაც კი ითხოვენ მსხვერპლად. ისინი ხშირად ერთურთის საპირისპირო მცნებების შესრულებასაც კი გვაკისრებენ, მაგრამ ეს წინააღმდეგობებიც აქსიომად უნდა მივიღოთ, რადგან ეს დიადი ჭეშმარიტების სხვადასხვა იპოსტასებია, ჭეშმარიტებისა, რომელსაც ლორენსი “სულიწმიდას” უწოდებს. ის ქრისტიანული სამების ერთ-ერთი წევრის ტრადიციულ წარმოდგენას სცილდება, მისთვის არსებობს მხოლოდ ეს სულიწმიდა: ყოველი ადამიანის შიგნით და მის გარეთ არსებული უზენაესი ღვთაებრივი ჭეშმარიტება, ერთადერთი ავტორიტეტი, ერთადერთი ორიენტირი, ერთადერთი ღმერთი. ყოველი გულწრფელი, ბუნებრივი, უშუალო შინაგანი სწრაფვა, ვნება თუ იმპულსი სულიწმიდისგან მოდის და შეუფერხებლად უნდა შესრულდეს. მართალია, ამ მრწამსის მეშვეობით ვინმემ შეიძლება არაგულწრფელი სწრაფვებია სულიწმიდის მიერ ნაკარნახევ კანონებად გამოაცხადოს – ისევ იმ ზედაპირული ამბიციური “მე”-ს სასარგებლოდ. ალბათ ასეთი შემთხვევებიც მრავალია ცხოვრებაში. მაგრამ ლორენსი შინაგანი ღმერთების ძალასა და შორსმჭვრეტელობას სავსებით ენდობა. მისი აზრით, ისინი გზიდან გადახვევის საშუალებას არ მოგცემენ და თუ მაინც ურჩი აღმოჩნდი, ცოცხალი ადამიანი კი აღარ იქნები, ბაწარზე ჩამოკიდებულ ყალბ ფიტულად იქცევი, მაგრამ ესეც არ იქნება შენი ბოლო: რაც უფრო მეტ ხანს შეაკავებ და დათრგუნავ ფარულ სწრაფვებს, ბოლოს ისინი მით უფრო ძლიერად იფეთქებენ და წაგლეკენ. რაგინდ სიწმინდის ნიღბით იცოცხლო, მიჩქმალული ცოდვა მაინც იჩენს თავს. ცოდვად ის შენვე აქციე, ბუნებრივად რომ დანებებოდი მას, ის ცოდვა აღარ იქნებოდა. ასე მოსდით ჰოთორნის “მეწამული ასოს” პერსონაჟებს.
სულიწმიდა სხვაა, გონება კი სულ სხვა. გონებით – ცივად, განუცდელად შეიძლება ჭეშმარიტების მრავალი მშვენიერი მარგალიტი “შექმნა”, მაგრამ ეს ყალბი მარგალიტები ზღვაში ნაპოვნს მაინც ვერასოდეს გაუტოლდება.
ამერიკელ იდეოლოგს, აქტიურ საზოგადო მოღვაწეს, ბენჯამინ ფრანკლინს მთელი გულით სურდა ამერიკელებისგან მორალურად მდგრადი, კარგად გაწვრთნილი, კაცთმოყვარე, მშრომელი, ადვილად სამართავი ერი აღეზარდა, მაგრამ მთელი შრომა წყალში ჩაეყარა: მისი გონივრულად გამოზომილი, მაგრამ თავსმოხვეული სწავლება ზედაპირულ “მე”-ს ვერ გასცდა, სიღრმეში კი, სიღრმეში ამერიკელები ისეთებად დარჩნენ, როგორებადაც ჭეშმარიტმა მასწავლებლებმა – შინაგანმა ღმერთებმა და ამერიკის “ადგილის სულმა” – გამოზარდეს. ადგილის სული: თურმე ადგილებსაც თავიანთი იდუმალი ღმერთები ჰყოლიათ, მძლავრი მაგნეტური ძალით შუაგულისკენ რომ იზიდავენ მათი გავლენის ზონაში მოხვედრილ ყოველ არსს.
ამერიკელ მწერალს რეი ბრედბერის ასეთი შინაარსის მოთხობა აქვს: მარსზე ჩასული და დასახლებული ადამიანები ნელ-ნელა, გარეგნობითაც და ქცევებითაც, შეუმჩნევლად ემსგავსებიან თავის დროზე მათ მიერვე ამოხოცილ მარსის აბორიგენებს. მარსი იმარჯვებს მათზე ჰაერის, ნიადაგის, გამოსხივების ძალით. ლორენსისეულ “ადგილის სულსაც” იგივე შავბნელი იდუმალი ძალა აქვს: “სან-ფრანცისკოში მცხოვრები ჩინელები სულ მალე ჩინელები აღარ იქნებიან”, – წერს ლორენსი – “ისინი გადაიხარშებიან იმ უზარმაზარ ქვაბში, რომელსაც ამერიკა ჰქვია”.
როგორია ამერიკის “ადგილის სული”? ხომ შეუძლებელია წითელკანიანი რასის უძველესი სისხლისმსმელი ღვთაებანი მასთან წილნაყარი არ იყვნენ? როგორღა შეიძლება ამერიკელი ერი “ზრდილი” და “კაცთმოყვარე” იყოს? ეს ხომ სიყალბეა. და ამ სიყალბის ნამდვილი საზარელი სახე ყოველი ამერიკელი ხელოვანის ქმნილებებში იჩენს თავს. ის საკუთარ ავტორებსაც კი აშინებს, მაგრამ მისი წარმოჩენა გარდუვალია.
https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=136&composition=328 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...