ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
9 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

სრულყოფილებაზე მეტი?..

0

ყოველ ცისმარე დღეს, გათენებიდან დაღამებამდე და შემოღამებიდან ხელახალ გაცისკროვნებამდე, ჩვენ გარშემო უამრავი რამ ხდება: მეთანი იწვის, წყალი დუღს, ყავის არომატი აღიზიანებს ჯერ ყნოსვის, შემდეგ გემოვნების რეცეპტორებს, ატფ (ადენოზინტრიფოსფორმჟავა, არის უჯრედის ნებისმიერი ფუნქციის ენერგიით უზრუნველყოფის უშუალო წყარო. უჯრედის ყოველგვარი აქტივობა — მოძრაობა, ბიოსინთეზი, ელექტრობის გენერაცია და სხვ.)გარდაიქმნება მექანიკურ ენერგიად, ხარბად ვანადგურებთ ფოტოსინთეზით მიღებულ ჟანგბადს… ყველაფერს ვინ მოთვლის… ჩვენი ყველა საკომუნიკაციო არხი გახსნილია და ინფორმაციაც უწყვეტად შემოედინება ჩვენში სხვადასხვა გზით: მხედველობით, სმენით, ყნოსვით, შეხებით… ამ ინფორმაციის საინტერესო ნაწილს სათუთად ვინახავთ მეხსიერების ტალანებში, უინტერესოს კი ჟამთასვლის ქარიშხალს ვატანთ.

ასეთია ჩვენი ყოფა ამ სამყაროში, რომელიც ჩვენ სახლად მიგვაჩნია და გვგონია, ვიცნობთ. მაგრამ მის შესაცნობად ფაქტების აღრიცხვა და დამახსოვრება არ კმარა. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება, ამიტომ გონიერი ადამიანი ყოველთვის იკითხავს: “რატომ?” – ხოლო პრაქტიკოსი – ამასაც: “რისთვის?”

ეს ორი კითხვა გამუდმებით უნდა უტრიალებდეს გონებაში მასწავლებელსაც: რატომ იქცევა ასე მოსწავლე და რისთვის ასწავლის?

მექანიკის კანონებიდან ვიცით, რომ ორი ურთიერთსაპირისპიროდ მოძრავი სხეულის სიჩქარე იკრიბება. თუ თითოეული მათგანი, ვთქვათ, 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, დაჯახებისას 120 კმ/სთ-ის ეკვივალენტით “წაიტეხენ ცხვირს”. მაგრამ ეს კანონი “დაბალი მატერიებისთვის” (ჩვეულებრივ მოკვდავთათვის) არის სამართლიანი, “ზედა ეშელონებში” მას არ ცნობენ. მაგალითად, სინათლე. მისი უგანათლებულესობა სიჩქარეების შეკრების კანონს არად დაგიდევს. მისი სიჩქარე ზღვრულია – იგი მხოლოდ 300 000 კმ/სთ-ით დაქრის – არც მეტით და არც ნაკლებით!

რას გვეუბნება აინშტაინის ეს შეგონება? – სრულყოფილების მიღწევა ძნელია, მაგრამ თუ მიაღწიე, ზე­სრულყოფილება აღარ იარსებებს.

როგორ ვლინდება ეს კანონი მოლეკულებთან? როგორც ჩანს, ის საყოველთაოა და ყველგან და ყველაფერზე თანაბრად ვრცელდება.

ბუნებრივ ორგანულ ნაერთთა რამდენიმემილიონიანი შემადგენლობიდან ორი პატარა მოლეკულა ყველაზე სტაბილურია. ესენი მეთანი და ბენზოლი გახლავთ. ორივე მათგანმა, თავიანთი შემადგენლობის წყალობით, იპოვა ფორმა (აღნაგობა) სრულყოფილებისა. პირველზე ადრეც ვწერდი (იხილეთ ბლოგპოსტი: https://www.mastsavlebeli.ge/?action=news&lang=geo&npid=436), მეორეზე კი დაწვრილებით აუცილებლად დავწერ მომავალში.

ამრიგად, მეთანსაც და ბენზოლსაც იდეალური სიმეტრია აქვთ. თავიანთი სიმეტრიისა და სხვა ფაქტორების გონივრული შეთანხმებით მათ შეუძლიათ, საკუნეების განმავლობაში მშვიდად “იძინონ” დედამიწის წიაღში და ადვილად აარიდონ თავი “მტრული” რეაგენტების შეტევას.

მეთანი ჩვეულებრივ პირობებში არ იჟანგება. კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარი ოთახის ტემპერატურაზე უძლურია მასთან ჭიდილში.

ბენზოლიც ასეთივე “კერკეტი კაკალია” კალიუმის პერმანგანატთან:

როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ ეს ორი სტაბილური მოლეკულა ერთმანეთში “გადავზილეთ” და ერთი ახალი მოლეკულა “გამოვძერწეთ”? ავიღოთ ტოლუოლი და იმავე პირობებში დავჟანგოთ. კალიუმის პერმანგანატი ნელ-ნელა დაკარგავს იასამნისფერს, ფერის ცვლილება კი რეაქციის მიმდინარეობას გვაუწყებს. ტოლუოლი დანებდა პერმანგანატს!

სად ვეძებოთ მიზეზი? სიმეტრიაში. მოლეკულის სიმეტრიის დარღვევამ მუხტების გადანაწილება შეცვალა. ტოლუოლში, ბენზოლისა და მეთანისგან განსხვავებით, ელექტრონული ღრუბელი თანაბრად აღარ არის განაწილებული – ზოგიერთი ნახშირბადი მდიდარია ელექტრონებით, ზოგიერთი კი გაღარიბებული. ამ შინა “უთანხმოებით” სარგებლობს პერმანგანატიც და ადვილად იმორჩილებს ტოლუოლის მოლეკულას.

რა მოხდებოდა, კოლბაში ერთად რომ ჩაგვეტვირთა მეთანი, ბენზოლი და კალიუმის პერმანგანატი? არც არაფერი. ამ ჩაკეტილ სისტემაში ორივე ინარჩუნებს სახეს და ისევე იქცევა, როგორც მარტოობისას.

ერთად აღებული ორი სრულყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება ორ სრულყოფილებად, თუ ინდივიდუალობა შეინარჩუნა, ერთმანეთში არ აიზილა და, თანამედროვე პოპულარული ქართულით რომ ვთქვათ, კოჰაბიტირება მოახერხა.

მოუსმინეთ ფერებს: შავი, თეთრი, ლურჯი, წითელი, მწვანე..

0

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფერებთან მაინცდამაინც ვერ ვმეგობრობ. საქმე მთლად ისეც არ არის, დალტონიკობა დავიბრალო, მაგრამ ზოგჯერ გარდამავალი ფერების გარჩევა მიჭირს. ბავშვობაში ცისარტყელას ფერებსაც ცუდად ვიმახსოვრებდი. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ძალიან თუ არ დავუკვირდი, ვარდისფერი და იასამნისფერი ერთმანეთში მერევა. მოკლედ, თვალები ცოტას მღალატობენ. კიდევ კარგი, სმენა უკეთესი მაქვს. გამოსავალიც ვიპოვე – ფერებს ვუსმენ.

როგორ მოვუსმინოთ ფერებს? ამ კითხვაზე პასუხი ერთმა ძალიან მაგარმა ბენდმა მაპოვნინა. დარწმუნებული ვარ, მას თქვენც იცნობთ და მისი რამდენიმე კომპოზიცია გიყვართ კიდეც. “შავი”, “თეთრი”, “ლურჯი”, “წითელი”, “მწვანე” – ეს უბრალო ფერები არ არის, ეს გრძელი შემოქმედებითი გზაა, რომელიც ამ ქართველმა მუსიკოსებმა ერთად გაიარეს.

 

ნინო ქათამაძე და “ინსაითი” – ბენდი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად კოლექტივად მიმაჩნია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. თანამედროვე მუსიკაში ნამდვილად ცოტაა ისეთი ჯგუფი, რომელზეც თამამად იტყვი, მსმენელს ახალი, თავისებური და ყველსგან განსხვავებული სტილი შესთავაზაო. ნინო და “ინსაითი” სწორედ ასეთი ახალი სიტყვაა.

თამამი ექსპერიმენტები, დახვეწილი მუსიკალური გემოვნება, იდეალური ინსტრუმენტალური შესრულება და ვოკალისტი – ადამიანი, რომელიც ყოველ კონცერტზე ბოლომდე იხარჯება. საზოგადოდ, მუსიკოსებს სჩვევიათ გარკვეული იმიჯის მორგება პოპულარობის მოსაპოვებლად ან კონკრეტული ტიპის მსმენელის მოსახიბლავად. ვფიქრობ, ნინო ამ მხრივ გამონაკლისია. მან კარიერის დასაწყისიდანვე თავისი “ნამდვილობით” მოიგო მსმენელის გული. თუმცა ისიც სათქმელია, რომ პუბლიკას მის მიმართ ყოველთვის ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ ჰქონია. კარგად მახსოვს, რა მძიმედ მიიღო ქართველმა მსმენელმა ნინო ქათამაძის და “ინსაითის” პირველი გამოჩენა 2000-იანების დასაწყისში. ზოგს მათი მუსიკა არ მოსწონდა, ზოგს – ტექსტი, უფრო სწორად, “უტექსტობა”, ზოგს – ნინოს ექსცენტრული და ცოტა გიჟური სიმღერის მანერა ხშირი იმპროვიზაციული გადახვევებით, ბევრმა “სულიკოს” გადაკეთება მიიჩნია ტრადიციების შელახვად… თუმცა, ვფიქრობ, ყველა ხვდებოდა, რომ ამ ადამიანებს მუსიკალური განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდათ.

2001 წელს, როცა ნინო ქათამაძესა და “ინსაითს” თბილისის ჯაზფესტივალზე პირველი წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ, ალბათ ათი წლისა თუ ვიქნებოდი. ბუნებრივია, ამ და მომდევნო კონცერტებს არ დავსწრებივარ, თუმცა ბოლო 6-7 წლის განმავლობაში მათ საკმაოდ ხშირად ვუსმენდი ცოცხლად ფესტივალ “არტ-გენზე” (რომლის ყოველწლიური სტუმრები არიან) და სოლო საღამოებზე დიდ საკონცერტო დარბაზში. ყოველი ასეთი კონცერტის შემდეგ ახალ-ახალი ემოციებით ვბრუნდებოდი შინ. რამდენიმე დღის წინ, მორიგ კონცერტზე, ჩემმა მეგობარმა სამართლიანად შენიშნა: “ატყობ? ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაგრად უკრავენ…”

პირველი ალბომი, რომელიც ნინო ქათამაძემ “ინსაითთან” ერთად გამოუშვა, “უბრალო დღე” გახლდათ 2003 წელს. შემდეგ იყო “ნინო ქათამაძე და ინსაითი” (2004), მერე კი ფერების წყება: “შავი” (2006), “თეთრი” (2006), “ლურჯი” (2008), “წითელი” (2010) და “მწვანე” (2011). შეუძლებელია უარყო ის პროგრესი, რომელიც ჯგუფმა პირველიდან ბოლო ალბომამდე განიცადა. პირადად მე გარდამტეხად და ყველაზე მნიშვნელოვნად 2010-ში გამოსული ალბომი “წითელი” მიმაჩნია.

2013 წლის 3 მარტის კონცერტზე მათი რეპერტუარი უმთავრესად სწორედ ორ უკანასკნელ ალბომში შემავალი კომპოზიციებისგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ ბენდთან ერთად ჩასაბერი და სიმებიანი ინსტრუმენტებიც უკრავდნენ – “Georgian Brass” და “Georgian Strings”. მათ ნიკა მემანიშვილი ხელმძღვანელობდა. მცირემასშტაბიანი საორკესტრო ექსპერიმენტები ნინო ქათამაძისგან აქამდეც მომისმენია, თუმცა ბოლო კონცერტი ამ მხრივ განსაკუთრებული გახლდათ. ასეთი “იები” აქამდე ნამდვილად არ გექნებათ მოსმენილი :

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბენდის თითოეული წევრი: გოჩა ყაჭეიშვილი – გიტარა, უჩა გუგუნავა – ბასგიტარა და დავით აბულაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები. არ ვიცი, ჩემს მკითხველს როგორი დამოკიდებულება აქვს “ინსაითის” მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სამეული საქართველოში ყველაზე უკეთესი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინცაა. თუ ინსტრუმენტულ მუსიკასთან მცირედი შეხება გქონიათ, შეუძლებელია, მათი მოსმენისას გულგრილი დარჩეთ. სამი ძალიან ძლიერი მუსიკოსი-ინდივიდუალისტი ერთმანეთს ძალიან კარგად ეწყობა. ეს ამოცანა არცთუ იოლი შესასრულებელია და მხოლოდ იმ შემთხვევაში სრულდება წარმატებით, თუ ბენდი დიდი ხანია ერთად უკრავს, “ინსაითს” კი ზურგს ერთად მუშაობის ათწლეულზე მეტი უმაგრებს.

 

კარგია, როდესაც შენს ქალაქში, ყველაზე დიდ დარბაზში ისეთი კონცერტი იმართება, რომლის შესახებაც რამდენიმე კვირის განმავლობაში შეგიძლია მეგობრებთან ისაუბრო. ორმაგად უკეთესია, თუ ამას ქართველი მუსიკოსები აკეთებენ. ძალიან იშვიათად ველოდები მოუთმენლად ვინმეს კონცერტს, ახალ ექსპერიმენტს ან ახალ ალბომს. ნინო ქათამაძე და “ინსაითი” გამონაკლისია, რადგან დარწმუნებული ვარ, მათი ყოველი კონცერტისა თუ ალბომის მოსმენის შემდეგ ძალიან დიდი დადებითი ენერგიით დავიმუხტები. ნამდვილად გირჩევთ, თვალყური ადევნოთ ამ ჯგუფის შემოქმედებას.
მოუსმინეთ ფერებს.

საშინაო დავალება და პრაქტიკა – სასწავლო პროცესის ორი მნიშვნელოვანი მეთოდი

0

სწავლა-სწავლების უმთავრესი მიზანი, ახალი უნარისა და ცოდნის ათვისება, რამდენიმე ეტაპად იყოფა:

* ძირითადი კონცეპტების შესწავლა;
* საჭირო უნარ-ჩვევების მოდელირება;
* პრაქტიკა მასწავლებლის უშუალო ხელმძღვანელობით;
* პროექტზე/სავარჯიშოზე დამოუკიდებლად მუშაობა.
კონკრეტული უნარის ათვისების პროცესი ყოველთვის გულისხმობს გააზრებას (ანუ ათვისებული მასალისთვის გარკვეული ფორმის მიცემას), რადგან ამ დროს მოსწავლე კონცეპტუალურად გაიაზრებს ახალ უნარს. უამისოდ იგი სწორად და ეფექტურად ვერ გამოიყენებს ნასწავლს. მოსწავლეს უნდა ესმოდეს იმ უნარ-ჩვევის არსი, რომელსაც ეუფლება. ამისთვის მას კონკრეტული სავარჯიშოების შესრულებაც დასჭირდება. ამავე დროს, ახალი უნარის უკეთ გასააზრებლად საჭიროა, სწორად დაიგეგმოს მოსწავლეთა დროც (ახალი უნარის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას გარკვეული ხანი სჭირდება). ამიტომ არის, რომ უნარ-ჩვევის განვითარება, როგორც წესი, გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართულ პრაქტიკასაც უკავშირდება. ამ დროს სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით პრაქტიკულად ხდება იმ უნარების განმტკიცება, რომელთა საჭიროებაც გამოიკვეთა გაკვეთილზე. პრაქტიკის დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ გაიაზრებენ და თავიანთი სწავლის საჭიროებებსაც მოარგებენ.

მოსწავლეთა პრაქტიკული მეცადინეობა უპირველესად საშინაო დავალების შესრულებაზეა აგებული. იგი აფართოებს სწავლის შესაძლებლობებს და აიძულებს მოსწავლეს, შინაც არ შეწყვიტოს სწავლის პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაკვეთილზე, რაც უნდა კარგად ჩატარდეს იგი, ხდება მასალის ხანმოკლე დამახსოვრება. ხანგრძლივ მეხსიერებაში ცოდნის გადატანას განმეორება ანუ გარკვეული სახის სამუშაო სჭირდება, ამ როლს კი მეტწილად საშინაო დავალება ასრულებს. ვინაიდან გაკვეთილზე ათვისებული მასალა უახლოესი 10-12 საათის განმავლობაში ინტენსიურად “გვავიწყდება”, სასურველია, საშინაო დავალება იმ დღესვე შესრულდეს – მასალის გაგებიდან პირველი საათის განმავლობაში გვახსოვს მხოლოდ 40%, 2-2,5 საათის შემდეგ – 28%. ასე რომ, საშინაო დავალება საშუალებას გვაძლევს, ცოდნა ოპერატიული მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში გადავიტანოთ. ამ დროს მოსწავლის ცოდნა და უნარი თანაბრდება (ეს განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა, როცა მასალის ათვისებაში დიდი ჩავარდნაა, მაგალითად, გაცდენის გამო).

საშინაო დავალების სწორი ორგანიზებისთვის საჭიროა, მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული დავალების მიზანი (დავალების მიზნის განსაზღვრა, შინაარსის შერჩევა მიზნის შესაბამისად ანუ ორგანიზების ფორმის შერჩევა), ფუნქციები, შინაარსი, დავალების კონტროლის მექანიზმი (გააერთიანონ ყველა რესურსი მოცემული დავალების შესასრულებლად, განახორციელონ კონტროლი – გარკვეული საკორექციო სამუშაო მიზნის მისაღწევად და თვითკონტროლიც – კორექციისთვის), საშინაო დავალების ორგანიზაციის საშუალებები, პირობები და მოტივაცია (დავალების შესრულების აუცილებლობის გაგება).

სასკოლო პრაქტიკაში იყენებენ საშინაო დავალების შემდეგ სახეებს: ინდივიდუალურს, ჯგუფურს, შემოქმედებითს, დიფერენცირებულს, საერთოს მთელი კლასისთვის, დავალებას წყვილისთვის.
. ინდივიდუალურ დავალებას ყველაზე ხშირად ცალკეულ მოსწავლეებს აძლევენ. ასეთი დავალება ხშირად საგანგებოდაა მომზადებული.

. ჯგუფური მუშაობა სრულდება კონკრეტული დავალების შემთხვევაში, რომელიც საერთო საკლასო დავალების შემადგენელი ნაწილია. ასეთი დავალებები უმჯობესია წინასწარ მივცეთ.

. დიფერენცირებული საშინაო დავალება შეიძლება გაითვალოს როგორც “ძლიერ”, ისე “სუსტ” მოსწავლეზეც.
. “საერთო დავალება მთელი კლასისთვის” ნაკლებად შემოქმედებითი ხასიათისაა, თუმცა მისი შესრულების დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა უნარი და ხდება ცოდნის ფორმირება.

. დავალება წყვილისთვის – სახალისო და ნოვატორული მიდგომაა, ეფექტურია მისი შესრულება მერხის მეზობელთან ერთად. ამ დროს დაახლოებით მეორდება გაკვეთილზე არსებული სიტუაცია.

. შემოქმედებითი საშინაო დავალება – უმჯობესია მივცეთ არა წინა დღეს, არამედ რამდენიმე დღით ადრე.
. ყოველდღიური – გაკვეთილზე შეძენილი უნარების ავტომატიზაციისთვისაა.
. პერსპექტიული – გათვლილია მომავალი თემებისთვის.

საშინაო დავალების დადებითი შედეგი მაშინ გახდება თვალსაჩინო, თუ მოსწავლე ახალი გაკვეთილისადმი უფრო მეტი ინტერესითა და ყურადღებით იქნება განწყობილი. ამისთვის რამსდენიმე მომენტი უნდა იქნეს გათვალისწინებული:

* გაკვეთილისა და საშინაო დავალების პროცესის სწორად აგება;

* საშინაო დავალების მიღწევადობა და დოზირება;

* საშინაო დავალების დიფერენციაცია;

* საშინაო დავალების შინაარსში ევრისტიკის ჩართვა;

* დავალების მიცემის დრო (იგი ისე უნდა შეირჩეს: გაკვეთილის დასაწყისში, ბოლოს ან შუაში, – რომ ამან მოსწავლე მოამზადოს, განაწყოს ახალი მასალის მისაღებად, რის შედეგადაც დავალების შესასრულებლად გაწეული მოსაწყენი და მძიმე შრომა შეიძლება სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობად იქცეს);

* დავალებამ საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეს, რამდენიმე გაკვეთილი ერთ სისტემაში მოაქციოს, ერთმანეთთან ჰარმონიულად დააკავშიროს;

* დავალების შესრულება ანუ ცოდნის შეძენა პიროვნული ხასიათის პროცესად უნდა იქცეს. ამით მოსწავლეს შეეძლება, ცოდნა გადააქციოს შემეცნების ინსტრუმენტად, რაც უაღრესად დადებით გავლენას მოახდენს.

* გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოზარდის უნარები და ინტერესები, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებიც;

* შესრულებული სამუშაო მითითებულ დროში და სათანადოდ უნდა შეფასდეს (დაუშვებელია მიცემული დავალების ეპიზოდურად, დროის დაუცველად გასწორება. ეს ისეთივე დეზორგანიზებულს ხდის სასწავლო პროცესს, როგორსაც საშინაო დავალების მიუცემლობა);

* უნდა ვეცადოთ, საშინაო დავალებები იყოს მრავალფეროვანი, რითაც ხელს შევუწყობთ მოსწავლეებში სხვადასხვა პიროვნული თვისების ჩამოყალიბებას;

* სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ გაკვეთილზე შევძლებთ მის შემოწმებასა და შეფასებას, ამიტომ გაკვეთილის დაგეგმვისას არ უნდა დავივიწყოთ საშინაო დავალების დაგეგმვა და ამისთვის დროის გამოყოფა;

* არ არის აუცილებელი, საშინაო დავალება ყველა მოსწავლისთვის ცალ-ცალკე შევადგინოთ;

* გაკვეთილზე აუცილებლად უნდა მოვახერხოთ მოსწავლეთა უნარების შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი სახლში შეძლებს მიცემული დავალების შესრულებას;

* დავალებად მივცეთ მხოლოდ ისეთი სამუშაო, რომლის შესრულების მეთოდებსაც უკვე ფლობენ და “გამომგონებლობა” არ დასჭირდებათ;

* დიფერენცირებული დავალება მივცეთ მხოლოდ ინდივიდუალური მუშაობის უნარების განსამტკიცებლად;

* მოსწავლეებს არ უნდა გაუჩნდეთ ეჭვი იმის თაობაზე, რომ დავალების შესრულება საჭიროა, შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი აუცილებლად მიეცეთ ვადა, რომლის შემდეგაც მას ხელახლა მოვთხოვთ ამ დავალებას;

* თუ მიცემული დავალება მხოლოდ იმას შეიცავს, რაც უკვე ითქვა კლასში, თუ მხოლოდ იმის განმეორება უნდა იყოს, რაც კარგად იცის, მხოლოდ იმ უნარებს განამტკიცებს, რომლებიც კარგად აქვს ათვისებული, მაშინ მისი შესრულება დროის ამაო ხარჯვაა მოსწავლისთვის, ზედმეტი სტრესია. ასეთი დავალების ადგილი თანამედროვე სასწავლო სისტემაში არ არის და უმჯობესია, საერთოდ არ მივცეთ. ყოველ ახალ დავალებას ახალ ნიშნულზე უნდა აჰყავდეს მოსწავლე, მისი ცნობისმოყვარეობის სტიმულს უნდა ზრდიდეს.
საშინაო დავალების ინოვაციური სახეობებია დიაგნოსტიკური საშინაო დავალება, საშინაო საკონტროლო დავალება, საშინაო პროექტი-დავალება, საშინაო ლაბორატორიული დავალება და საშინაო ექსპერიმენტი.

საშინაო დავალებებს სხვადასხვა ხასიათი აქვს: საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, განმავითარებელი, ევრისტიკული, მაპროგნოზირებელი, ესთეტიკური, დიაგნოსტიკური, ინტეგრირებული, რეფლექსიური, მქადაგებლური, კვლევითი და ინფორმაციული (მაგალითად, დიდაქტიკურია ისეთი დავალებები, რომელთა მეშვეობით ხდება ახალი მასალის დასწავლა, ახალი ცოდნის შეძენა, ახალი უნარების ათვისება, ცოდნის, უნარების, შესაძლებლობების გამოყენება, ცოდნის განზოგადება და სისტემატიზება, ცოდნის შემოწმება, უნარების, შესაძლებლობების შემოწმება, კომბინირებული სამუშაო, რომელსაც რამდენიმე დიდაქტიკური მიზანი აქვს და სხვ., შემოქმედებითი ხასიათისაა ისეთი დავალებები, რომლებიც გულისხმობს რეკონსტრუირებას და ნაწილობრივ – ძიებას, კვლევას).

როგორც აღვნიშნეთ, დავალების შესრულებისას უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კონტროლი და თვითკონტროლი.

მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების თვითშეფასების პირობები:

იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თავის მიერ შესრულებული დავალების სათანადოდ შეფასება, საჭიროა:

1. გამოყოს ის დავალებები:

ა) რომლებსაც ვერ ასრულებს (და უპასუხოს კითხვას: როგორ ფიქრობთ, რატომ?);
ბ) გამოყოს დავალებები, რომლებსაც ასრულებს დამატებითი ინფორმაციის წყაროების გამოყენების გზით (რომელ ეტაპზე გახდა საჭირო დახმარება? შეძლებს თუ არა მეორედ ამავე ტიპის დავალების დამოუკიდებლად შესრულებას?);
გ) რომელი დავალებები არ არის რთული?

2. “დაუმთავრებელი თეზისი” – შესთავაზეთ მოსწავლეს, დაასრულოს (ზეპირად ან წერილობით) წინადადება: “ჩემთვის ყველაზე რთული იყო…”

3. შესთავაზეთ დავალება ამავე თემაზე;

4. “საშინაო დავალების ანალიზი” – აღწეროს შესრულებული დავალების არსი, სტრუქტურა.

საშინაო დავალების შესასრულებლად მნიშვნელოვანია დაწვრილებითი ინსტრუქცია. ინსტრუქციაში აუცილებლად უნდა მივუთითოთ სამუშაოს თანამიმდევრობა (რით დაიწყოს, რაზე გადავიდეს, რით დაამთავროს), როგორ იმუშაოს (მარტომ თუ ამხანაგთან ერთად, მხოლოდ წაიკითხოს და მოჰყვეს, წაიკითხოს ნაწილებად და შემდეგ მოჰყვეს თუ წაიკითხოს და გზადაგზა გადახედოს რუკას, სქემას, ნახატს და ა.შ.). ამავე დროს უნდა შევამოწმოთ, როგორ გაიგო სამუშაოს შინაარსი და მისი შესრულების პირობები.

საშინაო დავალების აგება უნდა მოხდეს თანდათანობითი გართულების წესით. მაგალითად, როგორც კი მოსწავლეები დაეუფლებიან ქრონოლოგიური ტაბულების აგების უნარებს (თარიღი – მოვლენა, თარიღი – მოვლენა – შედეგი, მნიშვნელობა; თარიღი – მოვლენა – შინაარსი – მნიშვნელობა), შეიძლება გადასვლა უფრო რთულ ტაბულებზეც (მაგ., “ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორია”, “ბაგრატიონთა დინასტიის მმართველობა” და ა.შ. ასევე მოხდება ორგანიზება სწავლების სხვა საშულებებისა – რუკებისა, სქემებისა, სხვა ვიზუალური მასალისა.

დავალებებს შორის გვხვდება ისეთი პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც კვლევითი ხასიათისაა და გარკვეულ ლაბორატორიულ სამუშაოსაც მოიცავს. საშინაო ლაბორატორიული დავალების მთავარი მიზანია, მოსწავლემ შეიძინოს პირადი გამოცდილება. ლაბორატორიული დავალების განსაკუთრებული ხასიათი ვლინდება იმით, რომ მასში ზედმიწევნითაა აღწერილი ის პროცედურები, რომლებიც უნდა ჩაატაროს მოსწავლემ. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული შედეგების დამოუკიდებლად ფორმულირება.

თუმცა საშინაო დავალების შესრულების დროს ხანდახან საჭიროა ადრე ნასწავლი მასალის გამეორებაც, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მიმდინარე გაკვეთილთან. მაგალითად, მოსწავლეები უკეთ გაიგებენ ჰუმანიზმის ეპოქის იდეებს, თუ მათ გავამეორებინებთ წინა პერიოდის მასალას, მაგალითად, ანტიკური პერიოდის ისტორიოგრაფიას.

განვიხილოთ საშინაო დავალების ორგანიზების რამდენიმე ნიმუში ისტორიის სწავლების მაგალითზე (აქაც, როგორც სხვა შემთხვევაში, მოსწავლეთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა საშინაო დავალების სწორი ორგანიზება).

1. ნიმუში – “საშინაო დავალების სამი დონე”. ამ დროს მასწავლებელი მოსწავლეებს ერთდროულად აძლევს ორი ან სამი დონის საშინაო დავალებას.

I – აუცილებელი მინიმუმი. მისი მთავარი მახასიათებლები: სავსებით გასაგები და შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი მოსწავლისთვის (ასეთი დავალებები უმეტესად კარგად წარმოაჩენს მოსწავლის წარმოდგენას ზოგადისტორიულ – საკუთარი ქვეყნისა თუ მსოფლიოს ისტორიის – პროცესებზე, შეუძლია ისტორიული ცოდნის გამომჟღავნება თავისი ქვეყნის თუ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ზოგადი საუბარი ისტორიულ პირებზე, საზოგადოებრივ ფენებზე, სოციალურ კუთვნილებაზე, საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა მხარეზე და სხვ.);

II – ესაა ერთგვარი ვარჯიში, ტრეინინგი. მას ასრულებენ ის მოსწავლეები, რომლებმაც იციან საგანი და განსაკუთრებული სირთულის გარეშე ითვისებენ პროგრამას. მასწავლებლის გადაწყვეტილებით, ისინი შეიძლება გათავისუფლდნენ პირველი დონის დავალებისგან.

ამ ტიპის დავალებებია: ა) განსაზღვრეთ ქრონოლოგიური ჩარჩოები (მაგალითად, ისტორიული ეპოქებისა); ბ) გამოყავით ისტორიული პროცესების ძირეული მახასიათებლები (მაგ., მსოფლიო ომებისა); გ) დაალაგეთ მოვლენები მიზეზშედეგობრივი პრინციპის მიხედვით (მაგ., პუნიკური ომები); დ) წაიკითხეთ ისტორიული რუკები (მაგ., “საქართველო IX-XI სს-ში”); ე) დააზუსტეთ ინფორმაცია რამდენიმე წყაროს (მატერიალური, ნარატიული და ა.შ.) გამოყენებით; ვ) დაახასიათეთ სხვადასხვა ეპოქის ადამიანთა საქმიანობა ცხოვრების წესის მიხედვით და ჩამოაყალიბეთ ინფორმაცია წერილობით და ზეპირად; ზ) შეაფასეთ ისტორიული მოვლენები და პირები, მოიყვანეთ შესაფერისი არგუმენტები; თ) ისაუბრეთ კულტურათა დიალოგზე და სხვ.

III – გამოიყენება თემისგან დამოუკიდებლად, კლასის მოსამზადებლად. ესაა შემოქმედებითი საქმიანობა, ჩვეულებრივ, სრულდება სურვილისამებრ და მასწავლებლისგან სტიმულირდება მაღალი შეფასებით და დიდი მოწონებით.

ასეთი დავალებების დიაპაზონი ფართოა. მაგალითად, მოსწავლეებს სთავაზობენ მოხსენების, ესეს, თხზულების, რეფერატის დაწერას, ნახატის, კროსვორდის შექმნას და სხვ. ასეთი დავალება ხელს უწყობს მოსწავლეთა კომუნიკაციური კულტურის ჩამოყალიბებასაც;

მასწავლებელს სამივე დონეზე შეუძლია, მასიურად დასვას კითხვები, ანუ მოსწავლეებს შესთავაზოს დიდი რაოდენობის კითხვა, დავალება, ამოცანა, საიდანაც მოსწავლე თავად ამოარჩევს იმდენს, რამდენსაც მიიჩნევს საჭიროდ (ამ შემთხვევაში მთავარია ფსიქოლოგიური ეფექტი – დამოუკიდებლად შესრულებული სამუშაო მოსწავლეს ათვითრეალიზაციის დამატებით საშუალებას აძლევს; მოსწავლე თვითონ ირჩევს იმ დონის დავალებებს, რომელთა შესრულებაც ხელეწიფება. ამით იგი თავად განსაზღვრავს თავისი კომპეტენტურობის ზღვარს.

ამ ტიპის დავალების შესრულების დროს მიიღწევა თანხმობა მოსწავლესა და დავალების დონეს შორის (ის სწავლობს დავალების სირთულის პირველივე შეხედვით შეფასებას); სხვადასხვა დავალების შესრულებისას მოსწავლეებს ეძლევათ დამატებითი საშუალება, გაუზიარონ ერთმანეთს გადაწყვეტილებები; კითხვების, დავალებების არჩევისას მოსწავლეები ეცნობიან დანარჩენებსაც, რაც აფართოებს მათ აზროვნებას, თვალსაწიერს.
განვიხილოთ სხვა ნიმუშებიც:

2. ნიმუში – “განსაკუთრებული დავალება”

კლასში ყოველთვისაა მოსწავლე, ერთგვარი “ოლიმპიური რეზერვი”, რომელსაც მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. თუ ყურადღება განსაკუთრებულია, ე.ი. დავალებაც შესაფერისია – ასეთი მოსწავლეები განსაკუთრებით რთულ დავალებებს ასრულებენ. დავალებები სრულდება სპეციალურ ფურცელზე და გულისხმობს განსაკუთრებული სირთულის სავარჯიშოებსა და შემოქმედებით სამუშაოს.
3. ნიმუში – “არაჩვეულებრივი ჩვეულებრიობა”

საშინაო დავალების ფორმულირება და არჩევანი, სავსებით შესაძლებელია, იყოს არაჩვეულებრივი. მაგალითად, მოსწავლეებს დავალების ნომრის, შეკითხვის გასაგებად გავათამაშებინოთ ლატარია ან რამე სხვა სახალისო ხერხი მოვიგონოთ.
4. “წინასწარი დავალება”

ისტორიის სწავლებისას ფართოდ გამოიყენება დავალების წინასწარ მიცემის მეთოდიც, მაგ., განსაზღვრული მასალის წინასწარ წაკითხვა “აქტიური კითხვის” მეთოდით, რომლის დროსაც მოსწავლეები ჩაინიშნავენ საჭირო საკითხებს, გააკეთებენ ჩანაწერებს და ა.შ. საზოგადოდ, აუცილებელია, ისტორიის სწავლებისას დავალებები მხოლოდ პროგრამულ ან დამატებით მასალაზე კი არ იყოს აგებული, არამედ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ისტორიულ წყაროებზე მუშაობასაც.
5. “დიფერენცირებული დავალება”

მოსწავლის შემეცნებითი ინტერესის სტიმულირებაში, ამა თუ იმ საგნის შესახებ რაც შეიძლება მეტის გაგების სურვილის გაღვივებაში დადებით როლს ასრულებს დიფერენცირებული საშინაო დავალება. იგი დამოუკიდებლობას უვითარებს მოსწავლის, ზრდის მის პასუხისმგებლობას დაკისრებული მოვალეობის მიმართ.
ისტორიაში საშინაო დავალება სრულდება როგორც ზეპირად, ისე წერილობით. წარმატებებიც და შენიშვნებიც სხვადასხვა ფერის კალამით შეიძლება გამოიხატოს. მაგ., შენიშვნა – წითლით, წარმატება – მწვანით (რომელიც, საზოგადოდ, კარგ მასტიმულირებელ ფერად მიიჩნევა და ამ მხრივაც დადებითი ეფექტი აქვს მოსწავლისთვის).
უნარის სათანადოდ განსავითარებლად აუცილებელია, მოსწავლეები სწავლის/დავალების შესრულების ტემპისა და ათვისებული მასალის/შესრულებული დავალების სისწორის კონტროლსაც მივაჩვიოთ.

შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, თუ მოსწავლეებს აქტიურად ჩავრთავთ დავალების შერჩევის, ორგანიზებისა და შეფასების პროცესში.

საშინაო დავალების შესრულებითა და პრაქტიკული მუშაობით მოსწავლეები კარგად აითვისებენ და განიმტკიცებენ გაკვეთილზე გამოკვეთილ უნარ-ჩვევებს, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციურ კულტურას, უკეთესად ჩასწვდებიან შესასწავლ მასალას, მეტად მოტივირებულები იქნებიან გაკვეთილზე, მასწავლებელს კი სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვა გაუადვილდება.

მასწავლებელი თვითონ უნდა გახდეს სიახლეების დამკვეთი

0

ფინური სკოლის გამოცდილებიდან:

ფინელი დიზაინერები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრატორები მიიჩნევენ, რომ საინტერესო არქიტექტურისა და დიზაინის საშუალებით რიგითი სკოლა შეიძლება ქალაქური ცხოვრების ეპიცენტრად იქცეს. მათი აზრით, კლასი-ტრანსფორმერები მოძრავი კედლებით, მრგვალი ფორმის მაგიდები, დივანები და პუფები, მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას ზრდიან.
“ტრადიციული საკლასო ოთახი, სადაც მერხები ჩამწკრივებულია და მასწავლებელი მოსწავლეების წინ მდგომი ატარებს გაკვეთილს, მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაციის დამყარების საშუალებას იძლევა,” – ამბობს პასი მატილა, საგანმანათლებლო კომპანია Finpeda-ის დირექტორი და “ფინეთის მომავლის სკოლის” ეროვნული პროგრამის ინიციატორი. მისი აზრით, ეს ცუდია, რადგან ტრადიციულ საკლასო ოთახში ჯერ ერთი, მოსწავლეთა შეზღუდული რაოდენობაა, მეორეც – მიზანმიმართულად დარღვეულია მათ შორის კომუნიკაცია და მესამე – მოსწავლეებს ერთსა და იმავე პოზაში უწევთ დიდხანს ჯდომა.
 
მატილას მომავლის სკოლაში ყველაფერი სხვაგვარადაა. მოსწავლეები იქ სხედან, სადაც მოეხერხებათ, გაკვეთილის მსვლეობისას მათ შორის კომუნიკაციას კი მასწავლებლები მიესალმებიან. ასეთი სკოლები ფინეთში სამი წლის წინ, სკოლის რეფორმის შემდეგ გაიხსნა. მანამდე ფინური განათლება დაფუძნებული იყო ცოდნის გადაცემის პრინციპზე “მასწავლებლიდან მოსწავლემდე”.

ახალი ფინური სკოლების გარემო ორიენტირებულია უშუალოდ მოსწავლეზე. წარმოიდგინეთ კლასი, სადაც ბავშვები მრგვალ მაგიდებთან სხედან. გაკვეთილის უმეტესი დრო საპროექტო სამუშაოს ეთმობა. ვთქვათ, მოსწავლეები მიკროსკოპთან ჯგუფდებიან, მასწავლებელი კი მაგიდებს შორის მოძრაობს და ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას უწევს. მოსწავლეები ბორბლებიანი, საოფისე სკამებით კლასში თავისუფლად გადაადგილდნენ. მსურველებს შეუძლიათ დივანზე წამოწვნენ ან ნოუთბუქისთვის განკუთვნილ მაგიდასთან განთავსდნენ. საკლასო დაფის ფუნქციას ქსელში ჩართული ნოუთბუქი ითავასებს.
ბავშვებს გაკვეთილები არა მხოლოდ სკოლაში უტარდებათ. საგანმანათლებლო სივრცე მთელ ქალაქს მოიცავს. სკოლის შენობა მრავალპროფილიანია, საღამოობით აქ გამოფენები და სემინარები იმართება, მათ შორის უფროსი თაობისთვის. “ფინელი რეფორმატორების მიზანია შექმნან გარემო, სადაც მოსწავლეები ნებაყოფილობით და არა აუცილებლობის გამო ისწავლიან. სხვაგვარად პრინციპი “ისწავლე მთელი ცხოვრება” ვერ იმუშავებს. გვაქვს კიდევ ერთი პრინციპი: “სწავლება+გართობა”, მაგალითად, კოსმოსის შესწავლა კოსმოსურ მოვლენათა სამგანზომილებიანი მოდელირებით. “დედა, დღეს შავ ხვრელში ვიყავი!” – გამოუცხადებს სახლში დაბრუნებული შვილი მშობელს.

სკოლის დერეფნები ისეა კეთილმოწყობილი, რომ ბავშვებმა უმიზნოდ არ იხეტიალონ, უფრო მედიაჰოლებია, მაგიდებით, დივნებით. “ცარილკედლებიანი დერეფნები ჰაერზე გადაყრილი გათბობის ფულია. შექმენით საინტერესო სივრცე,” – მოუწოდებს კოლეგებს მატილა.
ასეთია მუნიციპალური, უფასო კირკოიარვის სკოლა ეპოოში. ის საგანმანათლებლო კომპანია Verstas Architects ფარგლებში დაპროექტდა. სკოლამ ბინა მიგრანტების რაიონში დაიდო, რომლის მცხოვრებლებიც 19 სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. არქიტექტურული პროექტების კონკურსში ამ სკოლამ 69 კონკურენტი ჩამოიტოვა და მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი წლის წინ გაიხსნა, უკვე პრესტიჟული კონკურსი International Architecture Awards-ის გამარჯვებული გახდა. აქაური 770 მოსწავლე ფინეთში ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა.

სასწავლო დაწესებულების გარშემო ერთფეროვანი ტიპის სახლებია. სკოლის გახსნამდე ეს უბანი უსიცოცხლო იყო, მაგრამ როდესაც ცენტრში უჩვეულო სკოლა გაიხსნა, ის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრად იქცა, უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, გარშემო ლამაზი სკვერებიც კი გააშენეს. სკოლა ფუტურისტული ბლოკბასტერის დეკორაციას ჩამოჰგავს. ბუმერანგის ფორმის 10 ათასკვადრატული მეტრის მქონე შენობის ფართი “მწვანე ენერგიით” თბება: გეოთერმული ტუმბო, მზის ბატარეა და უზარმაზარი ფანჯრები სამხრეთისაკენ. “შენობა პეიზაჟის ორგანულ გაგრძელებად არის ჩაფიქრებული. ფაქტობრივად მთაა, რომელიც ირეკლავს ხეებს, ცას, თოვლს. ლამაზი გარემო შესანიშნავი სტიმულია სასწავლო პროცესისთვის. ბავშვებს საუკეთესო, პროფესიონალი მასწავლებლები ასწავლიან. იმისათვის, რომ მასწავლებელს მუშაობა, მოსწავლეს კი – სწავლა ეხალისებოდეს, აუცილებელი როდია ახალი სკოლის აშენება. ნებისმიერი გარემო შეიძლება გამრავალფეროვნდეს,” – დარწმუნებულია კომპანია Verstas Architects-ის არქიტექტორი, იუსი პალვა.

ფინეთში მიიჩნევენ, რომ სკოლის დიზაინის შეცვლამდე აუცილებელია სასწავლო მეთოდების შეცვლა. ამისათვის მასწავლებელი მზად უნდა იყოს, რადგან სხვაგვარად მისთვის მერხების გადაადგილებაც კი მიუღებელი იქნება. საჭიროა შეიცვალოს პედაგოგის მენტალიტეტი. მასწავლებელი თვითონ უნდა გახდეს სიახლეების დამკვეთი.
კიეკოიარვი ორ გვერდი-გვერდ მდგომ შენობის მოიცავს. ერთია კორპუსი უმცროსი, მეორე – უფროსკლასელთათვის. ეზო ისეა მოწყობილი, რომ
დილის მზე ჯერ უმცროსკლასელთა მხარეს ადგება, შემდეგ – უფროსკლასელების მხარეს გადადის. ყველა კლასი ერთ ხაზზეა განლაგებული. დერეფნებში მრგვალი მაგიდები დგას. არის ადგილები განმარტოების მოყვარული ბავშვებისათვის. იარუსებად დაყოფილი ყველა სართული მაღალჭერიან საერთო ჰოლში გადის, სადაც სცენა და სასადილო ოთახია. კედლებს სპეციალური ხმის დამხშობი იზოლაცია იცავს, რათა ბავსვების ხმაური სართულებზე ექოს არ აძლევდეს. სკოლის საშენ მასალად გამოყენებულია აგური, ხე, მეტალი. ფერები ნეიტრალური და რბილია. ამბობენ, რომ რბილი ფერი სწავლაზე კონცენტრირების უნარს ამძაფრებს. სკოლის გარე კედელი ისეა აგურით ნაშენები და ალაგ-ალაგ სპეციალურად არასიმეტრიულიც, რომ მოსწავლეებმა ისიც იცოდნენ, რა და როგორ უნდა იყოს სინამდვილეში. იქ, სადაც ბავშვები ისვენებენ – დერეფნებსა და კიბის უჯრედებში – კედლები მხიარული ფერებისაა. ყველა კლასის შესასვლელი სხვადასხვა ფერისაა, რომ მოსწავლეებს საკლასო ოთახი არ აერიოთ. ასევე, ყველა კლასს ეზოში ცალკე გასასვლელი აქვს. და ბოლოს, სკოლაში კედლების გადაადგილებაც კი შეიძლება, თუ მოწავლეები შოუს დადგმას გადაწყვეტენ.

კირკოიარვის მოსწავლეები სკოლამდე სკეიტებით მოდიან, შესვენებებზე გიტარაზე უკრავენ, არ ზრუნავენ შარვალში ჩატანიებულ პერანგებსა ან ზედმეტად წამოზრდილ თმაზე. ამასთან დაკავშირებით შენიშვნას არავინ აძლევს.
“ასეთ სკოლებში ყველა ბავშვის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებაა. თუ მუდმივად მოსწავლეს დავადანაშაულებთ, ასეც მოიქცევა ან ბუნტს ატეხს. სკოლაში ღია ეზოა, არავინ იცავს. ვიდეოკამერები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ისეა დაყენებული, რომ ყურადღებას არ იქცევენ და არავის აღიზიანებენ. სკოლაში ტრადიციული კლასებიცაა და კლასი-ტრანსფორმერებიც. მასწავლებელი თავად ირჩევს, როგორ გარემოში ურჩევნია გაკვეთილის ჩატარება. ყველა სკოლა ახალი განათლების კონცეფციის მიხედვით შენდება: სხვადასხვა სივრცე სხვადასხვა საგნებისათვის. თუმცა, ამ იდეის ტირაჟირება უგონოდ არ ხდება: თუ ბავშვები თავს კარგად გრძნობენ პატარა სკოლაში, მათ სასწავლო სივრცეს არავინ ერჩის,” – ამბობს იუსი.

როგორც წესი, დიდ და ახალ სკოლებს ფინეთის ისეთ რაიონებში აშენებენ, სადაც მოსახლეობა მიგრანტების ხარჯზე სწრაფად იზრდება. მუნიციპალიტეტების წრმომადგენლებს ესმით, რომ აუცილებელია სკოლა ლამაზი და ფუნქციური იყოს, მისი არქიტექტურისთვის თანხა არ უნდა დაგენანოს. მაგალითად, კიეკოიარვის აშენება 24 მლნ ევრო დაჭირდა, აქედან 15 მლნ ევრო მიწის ნაკვეთის შეძენას მოხმარდა.
ასეთი სკოლების სასწავლო შედეგებს მკვლევარები სამ წელში შეაჯამებენ. ყოველ შემთხვევაში, კარგი დიზაინი ნამდვილად არავის ვნებს. მასწავლებლები ამაყობენ იმით, რომ ლამაზ სკოლაში მუშაობენ, ბავშვები კი ფიქრობენ: “დიახ, ასეთ სკოლაში სწავლა დავიმსახურე”. მათთვის კარგი სკოლა სერიოზული მოტივაციაა სამომავლოდ წარმატების მიღწევაში.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

“ჯადოსნური ეკრანის” ძალა

0
გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მთელ მსოფლიოში დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიების მასობრივი გავრცელება. რადიომ, ტელევიზიამ და ინტერნეტმა თითქმის ყველა ოჯახში, ყველა სახლში შეაღწია. კომუნიკაციის ახალი და ეფექტური საშუალებების რიგით მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებამ მეცნიერები განსაკუთრებული ტიპის – ინფორმაციულ – საზოგადოებაზე აალაპარაკა. ცხადია, შეიცვალა პოლიტიკური ურთიერთობის ტრადიციული ფორმებიც. პოლიტიკა დაემორჩილა მედიის ფუნქციონირების ფუნდამენტურ კანონებს, პოლიტიკურმა ცხოვრებამ და დაპირისპირებამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, ხოლო სახელმწიფო მოღვაწეთა უმთავრეს იარაღად საინფორმაციო კამპანიების წარმოება იქცა.

მედიის საშუალებებს შორის საარჩევნო პროცესზე ყველაზე დიდ და მომგებიან ზემოქმედებას მაინც ტელევიზია ახდენს. ცისფერი ეკრანისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების მკაფიოდ წამოსაჩენად აშშ-ის უახლესი ისტორიიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტის განხილვაც საკმარისია.

1960 წელს ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა, სადაც ერთმანეთს ორი ლეგენდარული პოლიტიკოსი – რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი – დაუპირისპირდა. დებატების შემდეგ ჩატარებულ არჩევნებში დემოკრატთა მდიდარმა კანდიდატმა მიზერული უპირატესობით გაიმარჯვა. ანალიტიკოსები დღემდე ამტკიცებენ, რომ წარმატებული რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტის ფიასკო სატელევიზიო ორთაბრძოლამ განაპირობა. მოსახლეობას შეუმჩნეველი არ დარჩენია ნიქსონის გაფითრებული სახე და არცთუ ხალისიანი მიხრა-მოხრა. ლაღი და მოღიმარი სენატორის მიმართ ისინი უფრო მეტი სიმპათიით განეწყვნენ.

პოლიტიკის მკვლევარები ხშირად იხსენებენ 1976 წლის საპრეზიდენტო დისკუსიასაც. ამჯერად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ დემოკრატთა ქარიზმატული ლიდერი ჯიმი კარტერი და მოულოდნელად გაპრეზიდენტებული ჯერალდ ფორდი. ღია ეთერის მიმდინარეობისას მელოტ რესპუბლიკელს პირდაპირ შუბლზე ეცემოდა სატელევიზიო პროჟექტორების ძლიერი შუქი… უნებურმა ინციდენტმა უდავოდ მოახდინა გავლენა ფორდის რეიტინგის უფრო მეტად შემცირებაზე.

შეუძლებელია დავივიწყოთ 1992 წლის საპრეზიდენტო შერკინებაც. ღია ეთერში, რიგითი დასაქმებულისთვის პასუხის გაცემამდე, მოქმედმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა მაჯის საათზე დაიხედა. საზოგადოებამ კონსერვატორი კანდიდატი გულისხმიერ და ყურადღებიან ბილ კლინტონთან შედარებით მასებისგან გაუცხოებულ პოლიტიკოსად აღიქვა, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობისთვის დროის გამონახვა უჭირს. ბევრი სწორედ ამ საბედისწერო შეცდომას უკავშირებს რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებისთვის აუცილებელი რამდენიმე პროცენტის დაკარგვას.

სატელევიზიო დებატებთან ერთად ინფორმაციულ საზოგადოებაში პოლიტიკური უპირატესობის წარმოჩენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი გამოიკვეთა: წარმატებული საზოგადოებრივი კამპანია წარმოუდგენელია სპეციალური სარეკლამო რგოლების გარეშე.

საზოგადოებრივი აზრის ამერიკელ მკვლევართა ნაწილი გამოყოფს ორ საარჩევნო კლიპს, რომლებიც, ფაქტობრივად, სამუდამოდ აღიბეჭდა აქტიურ მოქალაქეთა ცნობიერებაში. საგულისხმოა, რომ მათ რამდენიმე ძალიან სერიოზული დეტალი აერთიანებთ: ორივე მათგანი რამდენიმე წამს გრძელდება, ძალიან მარტივი შინაარსისაა და ოპონენტის დისკრედიტაციაზეა ორიენტირებული.

1964 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლინდონ ჯონსონის ტრიუმფს პატარა გოგონა დეიზის უკავშირებენ. დეიზი პოლიტიკური რეკლამის მთავარი გმირია, რომლის კეთილდღეობასაც საფრთხეს მილიტარისტი კანდიდატი ბარი გოლდუოტერი უქმნის.

1984 წელს, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მხარდამჭერმა კამპანიამ – “It’s morning in america again” – დაამზადა 30-წამიანი ვიდეო, რომელიც დღემდე რჩება პოლიტიკური მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. მასში დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა გაკრიტიკებული. “Reaganomics”-მა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მაშინდელი ოპოზიციის ისედაც შერყეულ პოზიციებს.

ამრიგად, ტელევიზია მანიპულირების, საზოგადოებრივი აზრის გარკვეული ჯგუფისთვის სასარგებლოდ ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალებაა და ჭკვიანი ადამიანებისგან ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს.

ათოსნის სინდრომი

0

ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა სკოლაში ყველაზე უკეთესად ისწავლოს, მხოლოდ ფრიადებზე. მათ მიაჩნიათ, რომ კარგი სწავლა ცხოვრებისეული წარმატებისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. მაგრამ თუ დავაკვირდებით ხალხს ჩვენ გარშემო: კოლეგებს, ცნობილ და წარმატებულ ლიდერებს, გავიხსენებთ თანაკლასელების – როგორც ფრიადოსნების, ისე სამოსნების – ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ბრწყინვალე დასაწყისი სულაც არ ნიშნავს ცხოვრებისეულ ასპარეზზე გარდაუვალ წარმატებას.

სხვათა მოლოდინების ტყვე
ცხოვრებაში ყველაფრის საუკეთესოდ გაკეთებისკენ სწრაფვა ადრეული ბავშვობიდანვე ისახება ადამიანში. ვთქვათ, ოჯახში იზრდება ჭკვიანი ბიჭუნა ან გოგონა – კერპი, რომლითაც ოჯახის ყველა წევრი ამაყობს და რომელიც ყველას უყვარს. თანდათან ეს კერპი თავადაც იწყებს საკუთარი თავის სიყვარულს. მას სიამოვნებს, რომ ასეთი კარგია, რომ მისით ამაყობენ. მას სურს, ყველაფერი სხვაზე უკეთ აკეთოს ან საერთოდ არ აკეთოს ის, რასაც სხვაზე უკეთ ვერ გააკეთებს. მას კმაყოფილებას ჰგვრის იმის შეგნება, რომ სხვებს ის საუკეთესო ბავშვად მიაჩნიათ.
ასე იქცევა ხოლმე ადამიანი სხვათა მოლოდინების ტყვედ, რომლისგანაც ყველა წარმატებას ელის და ისიც მთელი არსებით ცდილობს, იმედი არ გაუცრუოს მათ. მას უკვე აღარ შეუძლია, საკუთარ თავს ნება მისცეს, არ იყოს წარმატებული. ამრიგად, ათოსანი გარშემო მყოფთა ტყვე ხდება.
მაგრამ ცხოვრებაში ასე არ არის, რომ წარმატება ყოველთვის თან გვახლდეს. კაცს ზოგჯერ ხელიც მოეცარება. ეს არავის სიამოვნებს, მაგრამ არც იმის საფუძველია, კაცი დეპრესიას მიეცეს. სწორედ ეს შეიძლება დაემართოს ათოსანს, რომელსაც არ აქვს განცდილი მარცხისგან თავის დაღწევის გამოცდილება.
ყოფილი ათოსანი ზრდასრულ ცხოვრებაში სიფრთხილით გამოირჩევა. ის ვერ ბედავს, საკუთარ თავზე აიღოს ლიდერის ტვირთი, – მას უფრო ლიდერის ასისტენტობა, ექსპერტობა და ანალიტიკოსობა ურჩევნია. ასეთი ადამიანები შეიძლება გახდნენ ძალიან კარგი რეფერენტები, პროფესორები, კომპეტენტური სპეციალისტები, მაგრამ არა ხელმძღვანელები. მათ არ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ინფორმაციის უკმარისობის პირობებში, რაც ხშირად უწევთ ხელმძღვანელებს, ლიდერებს, უფროსებს. მან ჯერ ყველაფერი უნდა გააანალიზოს, ყველაფერი მოიფიქროს, ლიდერი კი ასე არ იქცევა. ათოსანს არ ძალუძს საკუთარი კომპეტენტურობის საზღვრებიდან გამოსვლა, რადგან ეშინია, რომ არასწორად გადაწყვეტს ამოცანას. ის მხოლოდ იმას აკეთებს, რაც სკოლაში, მერე კი ინსტიტუტში ასწავლეს – საკუთარი თავი მატარებლად მიაჩნია, რომელიც გაკვალულ გზას მიჰყვება და მას ვერც ერთ მხარეს მკვეთრად ვერ გადაუხვევს.
სიზმრისეული სამეფოს გარდამქმნელი
სხვა საქმეა შვიდოსანი. მან ბავშვობიდან იცის, რა არის მარცხი. დიახ, ის ხშირად ვერ ახერხებდა სკოლაში ამოცანის გადაჭრას, მაგრამ მას შეეძლო თავჩაქინდრული, დარცხვენილი სიარული, ეგუებოდა თავისი სტატუსის დამცრობას, ღირსეულად ართმევდა თავს დამცირებას, რომელიც მარცხს მოაქვს. ყოველივე ამან ის ურთიერთობაში მოქნილი და ფსიქოლოგიურად მდგრადი გახადა.

ასეთ ადამიანს არ ეშინია, პირველი იყოს იქ, სადაც ჯერ არავის უცდია პირველობა, მაშინ როცა ათოსანი ყოველ ნაბიჯს წინასწარ თვლის და თუ თავად არ იცის, როგორ გადაჭრას ამოცანა, საერთოდ ეჭვი ეპარება მის შესრულებაში.
შვიდოსანი ერთი რუსული ზღაპრის გმირს, ივანუშკა დურაჩოკს ჰგავს. ის დაუფიქრებლად ხტება მდუღარე წყალში, მაშინ როცა მეფე-ანალიტიკოსი იკვლევს ბაზარს და თანახმაა, ექსპერიმენტი ჩაატაროს: “მიდი, გადახტი და თუ უვნებლად გადარჩი, მეც გადმოვხტები”. ზღაპრის დასასრული, ალბათ, გვახსოვს: ვინც პირველი გადახტა, მეფე გახდა, მომდევნო კი მოიხარშა. ბიზნესშიც ხშირად ხდება ასე: პირველნი რისკს ეწევიან და ახალ პროექტებში ფულს აბანდებენ, კონკურენტთა მარკეტოლოგები კი აკვირდებიან და დასკვნები გამოაქვთ. შედეგად პირველნი დიდ წარმატებას აღწევენ, მეორენი კი, რომლებიც მათ კვალს მიჰყვებიან, ხშირად ზარალდებიან. შვიდოსნები საკუთარი კომპეტეტურობის საზღვრებიდან გადიან და მოგებულნიც რჩებიან, ათოსანი კი კანონებს მისდევს, მას ეშინია, გადავიდეს სხვათა მიერ დადგენილ საზღვრებს. ხოლო ვინც არ რისკავს, ის შამპანურსაც ვერ სვამს.
კიდევ ერთი თავისებურება ნებისმიერი წარმატებული ადამიანისა, მეწარმე იქნება ეს თუ პოლიტიკური ლიდერი, მისი სოციალური დამოუკიდებლობაა. ხელმძღვანელებს არც წინათ ჰკლებიათ და არც დღეს აკლიათ სატირიკოსთა კრიტიკა იმის გამო, რომ ისინი განსხვავებული პროფილის საწარმოებს ხელმძღვანელობენ, მაგრამ ისინი ამას ჩირადაც არ აგდებენ. სინამდვილეში მართვის კანონები უნივერსალურია, კარგი მმართველი ყველგან კარგი მმართველია. ის, ზღაპრის გმირ ივანეს მსგავსად, მდუღარე წყალში ხტება: მისდევს სხვადასხვა ყაიდის საქმიანობას, არ აშინებს დაუდგენელ პირობებში არსებობა და მოქმედება. ათოსანს კი ეშინია ამ ყველაფრის. შვიდოსანის მიზანი არ არის, ყველას აჯობოს, ათოსანი კი სწორედ ამისკენ მიისწრაფის – მას სურს, საუკეთესო იყოს იმ სფეროში, რომელიც უკვე ათვისებული აქვს და ირბინოს მხოლოდ იმ დისტანციაზე, რომელზეც ყველა დარბის. ჩვენი ივანე კი იქ მიძვრება, სადაც ჯერ არავინ ყოფილა, სადაც მისვლა არავის მოსვლია აზრად. ის ნოვატორია, სიზმრისეული სამეფოს გარდამქმნელი.
რატომ აშინებს ათოსანს მდუღარე ქვაბი? ნებისმიერი ახალი საქმე გულისხმობს, რომ შენ დილეტანტის როლს ასრულებ და ნებისმიერი წარმატება იწყება დანაკარგით. ათოსანი დილეტანტის ამპლუაში თავს უხერხულად გრძნობს, შვიდოსნისთვის კი ადვილია ამ როლის თამაში. გამარჯვებას მიჩვეული ათოსანი მტკივნეულად განიცდის დანაკარგს, შვიდოსანს კი იმდენჯერ დაურცხვენია მარცხის გამო, რომ კდიევ ერთი უიღბლობა მას წონასწორობას ვერ დააკარგვინებს. მისთვის სულერთია, რას იტყვიან მასზე სხვები; მას აქვს მიზანი და ის სოციალურად დამოუკიდებელია. ასეთი ადამიანი ხშირად აღწევს პოლიტიკურ ზენიტს და მაშინაც კი მშვიდად გრძნობს თავს, როდესაც ბინძურ პიარკამპანიას უწყობენ და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ.
აი, ის სამი ძირითადი თვისება, რომლებსაც შეუძლია, შვიდოსანი წარმატებულ ადამიანად აქციოს: გარშემო მყოფთა აზრისგან შინაგანი დამოუკიდებლობა, მოქნილობა და მიზნის ქონა.
ბარონ მიუნჰაუზენის მაგალითი
შეუძლია თუ არა ათოსანს, გაკვალული გზით მავალი მატარებლიდან გადაჯდეს ყველგანმავლის საჭესთან, ყოველგვარ გზაზე რომ დადის? სხვა ალეგორიას რომ მივმართოთ, შეუძლია თუ არა მას, მიუნჰაუზენის მსგავსად, თმაზე მოიკიდოს ხელი და ამოათრიოს საკუთარი თავი საზოგადოების სოციალური მოლოდინების ჭაობიდან?
შესაძლოა, მისთვის ეს ადვილი არ იყოს, მაგრამ მას ჰყავს დამხმარე – თავისი ნათელი გონება, თავისი ინტელექტი.
პირველი, რაც ათოსანმა უნდა გააკეთოს, ისაა, რომ უნდა გაორდეს და საკუთარ თავს შორიდან შეხედოს, მაგრამ არა გარშემო მყოფთა, არამედ ღმერთის ან, უკიდურეს შემთხვევაში, საკუთარი თვალით. ის უნდა ესაუბროს საკუთარ თავს. საკუთარ თავთან ამგვარი დიალოგის კულტურა აქვთ შემოქმედებით ადამიანებს, როდესაც დღიურს აწარმოებენ. სწორედ დღიური ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის უცხო თვალით დანახვაში – საშუალებას აძლევს, საკუთარი ნააზრევი ისე გადაიკითხოს, თითქოს ის სხვას ეკუთვნოდეს. საკუთარი თავისგან ამგვარ გვერდზე გადგომას ფსიქოლოგიაში რეფლექსია ეწოდება.

რეფლექსიის უფრო პრიმიტიული ვარიანტია ძველი ფოტოების თვალიერება: აი, ასეთი ვიყავი ოდესღაც, ისეთი არა, როგორიც ახლა ვარ. რა მინდოდა მაშინ? რაზე ვოცნებობდი? რატომ არ გამომივიდა?

კიდევ ერთი გზაა სხვასთან საუბარი საკუთარ თავზე, მსჯელობა იმის შესახებ, რატომ არ შეგიძლია შენი თავის რეალიზება. უკეთესია, თუ ეს თანამოსაუბრე პროფესიონალი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი იქნება.

მესამე გზა კი საკუთარი თავისთვის მთავარი შეკითხვების დასმაა: რა მაბრკოლებს? რა მიშლის ხელს იმის გაკეთებაში, რაც არასოდეს გამიკეთებია?

რასაკვირველია, თუ ამაზე ფიქრი დავიწყეთ, უამრავი საპატიო მიზეზი იჩენს თავს, რათა საკუთარი თავის ჭაობიდან თმით ამოთრევაზე უარი გვათქმევინოს, მაგრამ ადამიანი ვერ ასცდება გზაჯვარედინს, სადაც აბრაზე ასეთი რამ წერია: “მარჯვნივ წახვალ… მარცხნივ წახვალ…” ჩვენს ათოსანს კი ბავშვობაში ასეთ თავსატეხთან არ ჰქონია საქმე. უფრო სწორად, ის მშობლების დახმარებით დაძლია.

ამ აბრასთან კი არა სამი, არამედ ხუთი გზა იყრის თავს: შინ დაბრუნებაც შეიძლება და ჯდომა და უსასრულო ფიქრიც. ფსიქოლოგი გირჩევდათ, ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მაინც წასულიყავით რომელიმე მიმართულებით. გმირი, რასაკვირველია, იქით წავა, სადაც თავს დაკარგავს; ობივატელი – იქით, სადაც დაქორწინდება, უმრავლესობა კი იმ გზას აირჩევს, სადაც ცხენს დაკარგავს, მაგრამ თავს გადაირჩენს. სინამდვილეში სულაც არ არის მნიშვნელოვანი, საით წახვალთ; მთავარია, სულ წინ და წინ იაროთ, რადგან იქ სხვა გზაჯვარედინები და სხვა არჩევანია. უმოძრაობა – ეს ცხოვრების სიცარიელეა, ყოველგვარი სიახლის შიში, წარსულისკენ ორიენტირება, რაც ცხოვრების ინტერესს გვაკარგვინებს.

თუ გააცნობიერა, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კაცი ხელის მოცარვის შიშმა, გონიერი ადამიანი გამონახავს საკუთარ თავში ძალას მოთუხთუხე ქვაბში ჩასახტომად.
თარგმნა დავით თინიკაშვილმა

შუმერების “მთვარის ქვა” ანუ რკინა

0

“მომკლავს მე უშენობა!” – არ ვხუმრობ, უმისობა მართლა მომკლავს. ჯერ დარდი შემომაწვება, ხშირად დავიღლები და ვეღარ დავიძინებ. სიფითრე შემომეპარება, სუნთქვა ამიჩქარდება და კუნთები დამისუსტდება, წნევა დამივარდება და შესაძლოა, არითმიასაც გამოვკრა ხელი; იმუნიტეტი დამისუსტდება და თუ თავს დროზე არ მივხედე, ალბათ ხვდებით, რითაც დასრულდება ეს ყველაფერი.

მის გარეშე იგივე შეიძლება თქვენც დაგემართოთ…
მას უძველესი დროიდან იცნობენ. ქემეიას მიმდევარი ეგვიპტელი ქურუმები მას პლანეტა მარსს ადარებდნენ. ლათინები ფერუმს უწოდებდნენ, ჩვენებურად კი რკინა ჰქვია და მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.
რკინა ადამიანის ორგანიზმში ისეთი ცილების შემადგენლობაში შედის, როგორიც ჰემოგლობინი და მიოგლობინია. ჰემოგლობინი რთულ ორგანულ ჯგუფს შეიცავს, რომელსაც ჰემი ეწოდება. რკინის იონი სწორედ ჰემთან (ჰემი ისეთ სპეციფიკურ ფერმენტებშიც გვხვდება, როგორიც ციტოქრომებია) არის დაკავშირებული. ჰემოგლობინს ჟანგბადი გადააქვს და მთელ ორგანიზმში ანაწილებს. უკან კი მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ენდოგენური ნახშირორჟანგი და წყალბადის იონები მოაქვს, რომელსაც ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად ვემშვიდობებით. მიოგლობინი კუნთის ცილაა. ის ასევე იკავშირებს ჟანგბადს, ოღონდ მას მარაგად ინახავს.
რკინას სპეციფიკური ცილა ფერიტინიც შეიცავს. ის რკინის იონების სამარაგო ფუნქციას ასრულებს.
ალუმინის შემდეგ რკინა დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მეტალია. თავისუფალი სახით იშვიათად წააწყდებით, უმთავრესად მადნებსა და მინერალებში გვხვდება: ოქსიდებში, კარბონატებში, სულფიდებში, სულფატებში, სილიკატებში. სამრეწველო მნიშვნელობის რკინის მადნებია: მაგნეტიტი (მაგნიტური რკინაქვა Fe3O4), ჰემატიტი (წითელი რკინაქვა Fe2O3), ლიმონიტი (მურა რკინაქვა 2Fe2O3·3H2O), სიდერიტი (რკინის შპატი FeCO3), პირიტი (რკინის ალმადანი FeS2). ზოგიერთი მინერალური წყალი რკინას სულფატისა (FeSO4) და ჰიდროკარბონატის (Fe(HCO3)2) სახით შეიცავს. ზოგჯერ მინერალური წყაროს სათავესთან მურა წითელი ფერის დანალექი შეიმჩნევა. ეს ნალექი მიუთითებს, რომ წყალი სხვა მარილებთან ერთად რკინასაც შეიცავს. ორვალენტიანი რკინა იჟანგება ჰაერის ჟანგბადით, ურთიერთქმედებს წყალთან და წითელი ფერის რკინის (III) ჰიდროქსიდად გამოილექება.
თუ ინდოეთის დედაქალაქ დელიში მოხვდით, აუცილებლად მოინახულეთ მახარსულის სვეტი (კუტუბის სვეტსაც უწოდებენ). ეს მხოლოდ მათ ეხება, ვისაც ქიმია ხიბლავს, თორემ სხვებს ალბათ მაინცდამაინც არ დააინტერესებს. საინტერესოც არაფერია – ერთი უბრალო სვეტია. ეს არის, ძვ. წ. IX საუკუნით თარიღდება, სიმაღლე 7 მეტრი აქვს, წონა – 6 ტონაზე მეტი და 99,72% სუფთა რკინას შეიცავს.
ვარაუდობენ, რომ პირველი რკინა, რომელიც ადამიანის ხელში მოხვდა, მიწიერი წარმოშობისა სულაც არ ყოფილა – მას დედამიწაზე ჩამოცვენილი მეტეორიტები შეიცავდა. ალბათ ამიტომ იყო, შუმერები რკინას “მთვარის სპილენძს”, “მთვარის ქვას” რომ უწოდებდნენ.
ყველაზე დიდი მეტეორიტი 1920 წელს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაშია ნაპოვნი. ის ფერმერმა იპოვა, გვარად ჰობამ, ამიტომ მეტეორიტსაც ჰობა უწოდეს. ეს მეტეორიტი 60 ტონას იწონის.
მეტეორიტული რკინა ყოველთვის შეიცავს ნიკელს.
უკანასკნელ წლებში თვითნაბადი რკინა მარცვლებისა და ლოდების სახით გრენლანდიაში იპოვეს. ის შეიცავდა 2% ნიკელს, 0,1% პლატინას და კობალტს, არ შეიცავდა ნახშირბადს.

უძველეს ეპოქაში ზოგი ადამიანი მეტეორიტებს თაყვანს სცემდა, ზოგი კი მათგან შრომის იარაღებს ამზადებდა. შემდეგ რკინის მიღება მისი ბუნებრივი ნაერთებიდან დაიწყეს. ამ ეპოქას მეცნიერებმა რკინის ხანა უწოდეს.
წედისის (რაჭა) რკინის საწარმო XVII-XIX საუკენეებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმო იყო. იტალიელი მისიონერის ა. ლამბერტის ცნობით, “იმერეთის მთებში არის რკინის მადნები იმდენად, რომ ზოგ ადგილას ხალხი სხვა ხელობას არ ეტანება და მხოლოდ რკინას იღებს მადნებიდან და ამ რკინისგან აკეთებს სხვადასხვა ნივთს”.
XVIII საუკუნის პირველ ნახევარში რკინის წარმოების ამ ცენტრის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: “არს დაბა წედისი… აქ არის ლითონი რკინისა და იღებენ მრავალს”.
თუ რკინის ნაჭერი გაქვთ, შეგიძლიათ გაერთოთ კიდეც. გინდათ, გასწავლოთ? რკინის საგნის ზედაპირი გახეხეთ (გააპრიალეთ). აანთეთ სანთელი და საგნისკენ ისე დახარეთ, რომ პარაფინი კრიალა რკინის ზედაპირს დაეწვეთოს. თავად რკინის საგანიც ოდნავ შეათბეთ, რათა პარაფინი დაცემისთანავე არ გაცივდეს, გაიშალოს და მეტალის ზედაპირი თხელი ფენით დაფაროს. გაცივების შემდეგ პარაფინის შრე რკინის ზედაპირამდე ნემსით დაკაწრეთ. პიპეტით აიღეთ აფთიაქში ნაყიდი იოდის ხსნარი და ნაკაწრის ღარებში ჩააწვეთეთ. იოდის ხსნარი გაფერმკრთალდება. იგივე გაიმეორეთ. ერთი საათის შემდეგ პარაფინიანი შრე მოაცილეთ. მეტალის ზედაპირზე დაინახავთ ნაკაწრების მკაფიო სურათს – ყველაფერს, რაც პარაფინის ფენაზე დახატეთ ან დაწერეთ.
ქიმიკოსები ცოტა უცნაური ხალხი ვართ. აი, როდესაც ამბობთ სიტყვა “ხანძარს”, რას გულისხმობთ? არა, “ხანძარს” ჩვენც იმავე მოვლენას ვუწოდებთ, რასაც თქვენ, მაგრამ თუ ვიტყვით: “უხილავი ხანძარი”? აბა, რას ვგულისხმობთ? ახლავე აგიხსნით.
ადამიანი უძველესი დროიდან ცდილობდა ატმოსფერული ზემოქმედებისგან მეტალების დაცვას. ამისთვის იყენებდა ცხიმს, მცენარეულ წებოვან ნივთიერებებს. მოგვიანებით მეტალების, კერძოდ, კალის გამოყენება დაიწყო.
რკინა საშუალო აქტიურობის მეტალია. ჰაერის, წვიმის, ნიადაგისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით ადვილად იჟანგება და ფხვიერ მასას წარმოქმნის.

 

რკინის მავთული სუფთა ჟანგბადის არეში აქტიურად იწვის და რკინის ოქსიდის ფენით იფარება. ჟანგბადი დედამიწის ატმოსფეროს მეხუთედს შეადგენს, ამიტომ რკინისა და ფოლადის ნაკეთობების “წვა” ძლიერ ნელა მიმდინარეობს, მაგრამ არ წყდება. ეს უხილავი ხანძარია, რომელსაც კოროზია ეწოდება. მის შედეგად ყოველწლიურად იშლება ათეულმილიონობით ტონა ლითონი, რომლის გამოდნობაზეც უზარმაზარი შრომა და სახსრებია დახარჯული.
თავისუფალი სახით დაუჟანგავი რკინა მთვარეზეა აღმოჩენილი, რაც იქ ატმოსფეროს არარსებობითაა გამოწვეული. გამოდის, რომ კოროზიისგან დასაცავად რკინა მშრალ ადგილას უნდა ინახებოდეს, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელია.
როგორ დავიცვათ მეტალები და მათი შენადნობები კოროზიისგან?
vმეტალის კონსტრუქციებს ჰაერის მიმართ მდგრადი საღებავებით, ლაქებით ფარავენ.
vიღებენ უჟანგავ ფოლადს, რისთვისაც Cr, V, W, Si, Ni, Co -ს ამატებენ.
vმეტალის კონსტრუქციებს სხვა მეტალებისგან (Zn, Mn) დამზადებულ ფირფიტებს ამოაკრავენ.
vამატებენ ინჰიბიტორებს (კოროზიის შემანელებელ ნივთიერებებს), მაგ. უროტროპინს.
ორ სინჯარაში რკინის ლურსმანი მოვათავსოთ, ჩავამატოთ 10-10 მლ განზავებული მარილმჟავას ხსნარი. პირველ სინჯარაში ჩავამატოთ უროტროპინი (დაახლოებით ¼ აბი) და მთლიანად გავხსნათ.
პირველ სინჯარაში წყალბადის გამოყოფის სიჩქარე ნელ-ნელა მცირდება და რამდენიმე წამის შემდეგ ძნელი შესამჩნევი გახდება.
მეორე სინჯარაში, რომელშიც უროტროპინი არ იყო დამატებული, რკინა მარილმჟავასთან ენერგიულად მოქმედებს.
ლურსმანზე გამახსენდა: ამერიკელები უცნაური ხალხია, რას აღარ გამოიკვლევენ ხოლმე. ჰოდა, აიღეს და შეისწავლეს, რის დასამზადებლად იკმარებს ადამიანის ორგანიზმში არსებული რკინა. ეტალონად ახალგაზრდა, სპორტის მიმდევარი, ჯანმრთელი კაცის სხეული აირჩიეს (საერთოდ, კაცის ორგანიზმი უფრო მეტ რკინას შეიცავს). აღმოჩნდა, რომ თუ ასეთი ეტალონის სხეულიდან რკინას მთლიანად გამოვყოფთ, მისგან ერთ საშუალოზე მცირე ზომის ლურსმანს თუ დავამზადებთ.
უცნაურია, არა? ასე ცოტა რკინა გვჭირდება. არადა, უმისოდ ვერ ვიცოცხლებთ!
ამნაირი დარებით კიდით კიდე დარებით, ფერის ფერთა დარებით,
დღემ კოშკების ამალა ხან ეთერში ამალა
და ქარივით ამალა.
მარმარილომ და თასმა, შადრევანმა ათასმა,
ლაჟვარდები ათასმა.
აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა,
მომკლავს მე უშენობა!

მასწავლებლის შვილი

0

ბაბუაჩემი სოფლის სკოლის დირექტორი იყო და როგორც ძველი თაობის დირექტორებს, სოფლის უფროს-უმცროსობაში სახელიც ჰქონდა და სიტყვაც ეთქმოდა. იქაურობისა ბევრი რამ იცოდა, ბავშვობიდან იქ გაზრდილიყო, შემდეგ რაიონის სხვადასხვა სასწავლებელი მოევლო და ბოლოს კი მშობლიური სოფლის სკოლის დირექტორად გაემწესებინათ.

შვილები ქალაქში დაზარდა, ქალაქის სკოლებში მისცა სწავლა-განათლება და თვითონ კი გამუდმებით სოფლისკენ მიუწევდა გული – ხან სად მასწავლებლობდა, ხან სად გაუშვებდნენ დირექტორად.

ყველა დირექტორი ხომ ჯერ მასწავლებელია, ამიტომ მამაჩემიც, პირველ ყოვლისა, ისტორიის მასწავლებლის შვილი იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მამამისი მის სკოლაში არ ასწავლიდა. ეს, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც კარგია და ახლავე ავხსნი, რატომ არის კარგი.

მასწავლებლის შვილების მიმართ ძირითადად ერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს: განსმდგომი, შორიდან მაცქერალი კაცისთვის ეს პრივილეგიაა, რომლითაც შეუძლებელია მოსწავლემ არ ისარგებლოს, მით უმეტეს, თუ მისი მშობელი მისსავე სკოლაში ასწავლის, ან უფრო მეტი – კლასის დამრიგებელია, ან კიდევ უფრო მეტი – სკოლის დირექტორი. გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის თვითდამკვიდრებისთვის ხშირად ხელშემწყობი ფაქტორია ისეთი დედა ან მამა, რომელსაც, სხვა მოსწავლეებისგან განსხვავებით, არა მარტო სკოლაში ხედავს, არამედ ოჯახშიც.

მაგრამ მთლად ასე იდეალურადაც არ არის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ პირადად შევსწრებივარ მასწავლებლის გაყოყოჩებული შვილების შემაწუხებელ და ხშირად აუტანელ საქციელს, მაინც მგონია, რომ მასწავლებლის შვილობა ტვირთია და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა მშობელი შენ გვერდით გეგულება, მაგრამ ალბათ არსებობს სტერეოტიპები, რასაც მასწავლებლის შვილი ვერსად წაუვა.

პირველი: ყველას ჰგონია, რომ მასწავლებლის შვილი აუცილებლად ბეჯითი და ფრიადოსანი უნდა იყოს (ამით იგი ძალიან ჰგავს მღვდლის შვილსაც, რომელიც, ხალხის აზრით, მორწმუნეობისა და ეკლესიურობის მაგალითს უნდა აძლევდეს თანატოლებს) – ეს ისეთ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება.

მეორე: მასწავლებლის შვილი მოწესრიგებული უნდა იყოს, არ უნდა იგვიანებდეს, არ აცდენდეს გაკვეთილებს, არ მიდიოდეს შატალოზე, უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებოდეს პირად ცხოვრებას, ბევრი რამისგან იკავებდეს თავს. ამავე დროს, მას არ უნდა ავიწყდებოდეს თანაკლასელის დაბადების დღე და გაკვეთილების ცხრილი.

ამ ყველაფერთან ერთად, მასწავლებლის შვილი მაინც არ ინდობა, თითქოს სხვა სოციალური კლასია, სხვაგვარ მიდგომასა და დამოკიდებულებას საჭიროებს.

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

ბესიკ ხარანაულმა ერთხელ, პირად საუბარში გაიხსენა, როგორ აბეზრებდა მასწავლებელს თავს ცელქობით. ის კიდე პირდაპირ ხომ ვერ მიახლიდა კოლეგისა და თანამშრომლის შვილს, შე ასეთო და ისეთოო. უყურა, უყურა თურმე დიდხანს გამწარებულმა და ბოლოს სიბრაზენარევი არტისტულობით უთხრა:

– მადლობთ, ხარანაული!

სტერეოტიპები აყალიბებენ და წარმართავენ საზოგადოებრივ აზრს, ქცევისა და თამაშის წესებს. ამ წესების დარღვევა მტკივნეულია ყველასათვის და ხალხი ხშირ შემთხვევაში შეუწყნარებელი ხდება ასეთი პიროვნებებისა და მათი „თავისუფალი გამოხდომების” მიმართ.

ალბათ ამიტომაც – ამ წესების, გაბატონებული შეხედულებების ტყვეობაში მოქცეული, მახსოვს, სულ ორჯერ ვარ ნამყოფი სოფლის სკოლაში ბაბუაჩემის დირექტორობის დროს. პირველად, აგვისტოში, როცა არდადეგები იყო და უბრალოდ წამიყვანა – დერეფნებში მატარა, ერთი ხანობა თავის კაბინეტშიც დამსვა, მერე მთელი ეზო შემოვიარეთ, შემოგარენი მოვათვალიერეთ.

მეორედ კი მაშინ, მესამე თუ მეოთხე კლასში ვიქნებოდი, უთენია რომ მივადექით სკოლას. კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მხოლოდ ასაკოვანი კაცები უსხდნენ მაგიდას ფიზკულტურის დარბაზში და ჭადრაკს თამაშობდნენ. ბაბუას გაეღიმა. ერთი იმათგანი, თქვენ წარმოიდგინეთ, მეცნო კიდეც, სადღაც მენახა. დაბნეული და ერთთავად დაბღვერილი სახე ჰქონდა, ფიგურებს მოულოდნელად დასტაცებდა ხელს, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვამდა და დასძახოდა გამწარებით:
– შტიკ!

– შტიკ კი არა, ქიშ, ბიჭო! – უსწორებდა მეორე. ის კი, ისევ და ისევ: შტიკ. შტიკ. შტიკ.

დაბოლოს, როცა მოწინააღმდეგის მეფე თავისი ეტლითა და ლაზიერით მიიმწყვდია, უეცრად გაეხსნა სახე და ლმობიერად წარმოთქვა:

– შტიკ ბეხერუმ!

ჰოდა მაშინ გამახსენდა ის კაცი: მე და მისი ბიჭი ფეხბურთს ვთამაშობდით ერთად, მამაც დაჰყვებოდა ვარჯიშებზე და ხუმრობდნენ, – სკოლაში ხომ თავისი შვილის მასწავლებელია, სკოლის გარეთაც არ ეშვება, კუდში დასდევსო.

ამ დროს მინდოდა იმ კაცთან მივსულიყავი და მეთხოვა, დაენებებინა შვილისთვის თავი და თამაშები ჯანდაბას, მაგრამ ყოველ ვარჯიშზე მაინც ნუღარ მოვიდოდა; მეორე მხრივ, ის ქილიკა ბიჭებიც მინდოდა დამერწმუნებინა, რომ მასწავლებლის შვილობა პრივილეგია კი არა, ტვირთია. ტვირთი.


(ცაიშის საჯარო სკოლა, 2013)

კალათბურთის პატარა საიდუმლოებები

0

“საქართველოსთვის მისაბაძი ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი უნდა იყოს”

კალათბურთი ბოლო ხანს სულ უფრო მეტი მოზარდის ინტერესს იწვევს, თუმცა საქართველოს საჯარო სკოლებში სპორტის ეს სახეობა, ისევე როგორც ბევრი სხვა, სათანადოდ არ ისწავლება. ამის ერთ-ერთი მიზეზი სპორტული დარბაზების უქონლობა და უხარისხობაა. გარდა ზაფხულისა, წელიწადის ყველა სხვა დროს კალათბურთის თამაში მხოლოდ სპორტულ დარბაზებშია რეკომენდებული.
ფიზიკური მომზადების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კალათბურთი ავითარებს ორგანიზმის როგორც აერობულ, ისე ანაერობულ შესაძლებლობებს, ამაგრებს კოჭის, ოთხთავა, ბარძაყისა და სხვა კუნთებს (გარდა მუცლის პრესის, ზურგისა და ხელის კუნთებისა). მაგრამ კალათბურთში ვარჯიში არცთუ დიდად უწყობს ხელს ამტანობის განვითარებას.
“საერთო ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველი მეცადინეობის პროგრამაში უნდა ჩავრთოთ ნელი, შეუსვენებელი სირბილი 2,5-3 კილომეტრზე”, – ამბობს ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტის კალათბურთელთა მწვრთნელი მ. კენედი. ამასთან ერთად აუცილებელია სპრინტერული მონაკვეთების გარბენა ან ინტერვალური დატვირთვის სხვადასხვა ფორმის გამოყენება. კენედის აზრით, თუ პროგრამაში მხოლოდ ნელ და შეუსვენებელ სირბილს შევიტანთ, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს თამაშის შედეგიანობაზე, რადგან კალათბურთი არსებითად მოკლე, სპრინტერული გარბენებისგან შედგება.
სახტუნაოთი ვარჯიში და კიბის საფეხურებზე აღმა სირბილი ბავშვებს სიმაღლეზე ხტომის უნარის განვითარებაში დაეხმარება და ამავე დროს ხელს შეუწყობს აერობულ და ანაერობულ შესაძლებლობათა ამაღლებას. ოთხთავა და წვივის კუნთების, გოჯის, მუხლების გასამაგრებლად სასარგებლოა ვარჯიში ჩაჯდომებით და შემდეგ წახტომებით, ტერფებისა და სხვა ვარჯიშები.
ფიზიკური მომზადების ქართველი სპეციალისტები კალათბურთით დაიტერესებულ მოზარდებს ურჩევენ, საზარდულის დაჭიმვის თავიდან ასაცილებლად ეცადონ, გაიმაგრონ ბარძაყის მომზიდველი და განმზიდველი კუნთები. ვისაც ზურგისა და მუცლის პრესის კუნთები სუსტი აქვს (ეს გავლენას ახდენს ტყორცნის ხარისხისა და სხეულის სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნების უნარზე), მათთვის სასარგებლოა კუნთების ამ ჯგუფების ვარჯიშები. ხელისა და მხრის კუნთების განსავითარებლად (რაც შესაძლებლობას მოგცემთ, ეფექტურად ტყორცნოთ კალათში შორი მანძილიდან) ხშირად უნდა შესრულდეს აზიდვები. ცალკე ვარჯიშები სჭირდება ხელის თითებისა და მტევნის კუნთებს, რაც ასევე ხელს უწყობს ტყორცნის ეფექტურობას.
კალათბურთში სათანადო მომზადებისთვის, ყოველივე ამასთან ერთად, აუცილებელია ფრენბურთელთა სპეციალური ხტომითი ვარჯიშებისა და ახტომის სხვადასხვა ვარიანტის დამუშავება. ყველაზე ეფექტურია ახტომი მსუბუქი ნახევარჯდომიდან. ამასთან, გაჭიმვა უნდა შესრულდეს მარჯვენა ხელითაც, თითქოს ბავშვი ბურთის დაჭერას ცდილობს.
გაბრიელ ქურასბედიანი, კალათბურთის მწვრთნელი: “მხრისა და ხელის კუნთების გასავარჯიშებლად სასარგებლოა მხრისა და იდაყვის სახსრების მოძრაობა სრული ამპლიტუდით. ამ დროს ხელში მცირე სიმძიმე უნდა გეჭიროთ (0,5-1,5 კგ წონის ჰანტელი, ან რამე ასეთი, რაც ხელში დასაჭერად მოხერხებული იქნება).
კალათბურთელისთვის უმჯობესია, ივარჯიშოს მცირე დამძიმებებით, ხოლო ვარჯიში 20-ჯერ და მეტჯერ უნდა გაიმეოროს. ეს ხელს უწყობს კუნთური ამტანობის გამომუშავებას, რაც აუცილებელია სპორტის ამ სახეობაში წარმატებით სამეცადინოდ.
მოთელვის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოქნილობის ვარჯიშებს, რამდენადაც კალათბურთის თამაშის დროს ორგანიზმის ყველა ნაწილი დატვირთულია. განსაკუთრებით იზრუნეთ ფეხის, ხელის, მტევნის, ხელის თითების კუნთების მოთელვისთვის. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ დიდი კალათბურთის თამაშს სათანადო მომზადება და დიდი ნებისყოფა სჭირდება!”
როგორც ამბობენ, ტრავმები კალათბურთის ერთ-ერთი თანმხლები პრობლემაა. კალათბურთის თამაშის დროს ადამიანი შეიძლება სერიოზულად დაშავდეს, რადგან იგი კონტაქტური სახეობაა. ყველაზე ხშირია მუხლის, გოჯის ტრავმები. თუ მოთელვა სრულფასოვნად არ შესრულდა, მოსალოდნელია საზარდულის დაჭიმვა და სხვა ტრავმები. ასე რომ, სპორტის მასწავლებლებს ამ კუთხით ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევთ.
სპორტის ექსპერტ გოჩა კაჭარავას მიაჩნია, რომ კალათბურთი სპორტის იმ სახეობებს განეკუთვნება, რომლებიც მოზარდის პიროვნებაში ერთსა და იმავე დროს ინდივიდუალური და კოლექტიური თვისებების განვითარებას უწყობენ ხელს.
გოჩა კაჭარავა, სპორტის ექსპერტი: “ჩემი აზრით, კალათბურთი სკოლებში აუცილებლად განსაკუთრებულად უნდა ისწავლებოდეს. სპორტის ეს სახეობა მოზარდს სწრაფ აზროვნებას, სიტუაციაში უსწრაფესად გარკვევას და მაქსიმალურად მოკლე ხანში გადაწყვეტილების მიღებას ასწავლის და საამისო უნარს უყალიბებს. ამრიგად, კალათბურთი ბავშვის ინტელექტის დახვეწაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი მოზარდის ფიზიკური აღზრდის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია – ხვეწს რბენისა და ხტომის ტექნიკას, სისწრაფეს. ერთი სიტყვით, კალათბურთი ბავშვის ჰარმონიულ ზრდას უწყობს ხელს.
– ხომ არ არის კალათბურთი გამორჩეულად ტრავმიანი სახეობა? მოზარდისთვის ზიანის მიყენებაც ხომ არ შეუძლია?
– პროფესიული კალათბურთი უდავოდ ტრავმიანი სახეობაა, ამიტომ ბავშვობის ასაკში კალათბურთელებს სწორი მიდგომა და გამოცდილი მწვრთნელის ყურადღება სჭირდებათ.
– არსებობს აზრი, რომ კალათბურთი ბავშვს ზრდაში ეხმარება. მართლა ასეაა?
– სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშის დაწყების შემდეგ ბევრი მოზარდი სიმაღლეში მართლაც საგრძნობლად იმატებს.
– რაგბიზე საუბრის დროს სპორტის ამ სახეობის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ რაგბის გამორჩეული თვისება გუნდურობაა და ის ბავშვების დამეგობრებას უწყობს ხელს. კალათბურთს როგორ შეაფასებდით ამ კუთხით?
– კალათბურთი ერთსა და იმავე დროს ინდივიდუალური და კოლექტიური თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. კალათბურთელები, როგორც წესი, კონტაქტური, მეგობრული ადამიანები არიან.
– თქვენი ინფორმაციით, რომელ ქვეყნებში აქცევენ კალათბურთს ყველაზე დიდ ყურადღებას და რომელი ქვეყნის მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის მისაბაძი?

– საქართველოსთვის მისაბაძი ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი უნდა იყოს. იქ მოზარდები მასობრივად არიან ჩართულნი სპორტის ამ სახეობაში, არის გამოჩენილ კალათბურთელთა აკადემიები, მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლებები ყოველმხრივ უწყობენ ხელს კალათბურთის განვითარებას და მასობრიობას. დიდი ყურადღება ექცევა კვალიფიციურ მწვრთნელთა მომზადებასაც.
– როგორ ფიქრობთ, შეძლებს ახალი თაობა საქართველოს ნაკრების დღევანდელი მოთამაშეების ღირსეულად შეცვლას?
– წამყვანი ქართველი კალათბურთელები ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი კიდევ კარგა ხანს შეძლებენ მაღალ დონეზე თამაშს და ახალი თაობა მათ მხარდამხარ უნდა დაფრთიანდეს. ჩანაცვლების პროცესი კი თანდათან, ოღონდ მოგვიანებით უნდა განხორციელდეს. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ნებისმიერ პერსპექტიულ კალათბურთელს, რათა მან პოტენციალის სრულად გამოვლენა მოახერხოს.
– რას ურჩევდით მშობელს, რომელსაც შვილის კალათბურთზე მიყვანა აქვს გადაწყვეტილი?
– მშობელმა ბავშვის კალათბურთით გატაცებას ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი. თუ მოზარდი ადრეული ასაკიდან დაესწრო საკალათბურთო მატჩებს, ის აუცილებლად დაინტერესდება სპორტის ამ დინამიკური, საინტერესო სახეობით. პარალელურად ბავშვი ევროპულ და ამერიკულ საკალათბურთო შეხვედრებსაც რეგულარულად უნდა ადევნებდეს თვალს.

დღეები და დღესასწაულები

0

დღესასწაულები არ მიყვარს, ჩვეულებრივი დღეები მირჩევნია, ყოვლად ჩვეულებრივი დღეები, შესანიშნავ მასალას რომ გაძლევენ დღესასწაულის შესაქმნელად. უბრალოდ, თებერვალი და მარტი ისეთი თვეებია, ხშირად მიწევს დღესასწაულებზე ფიქრი – სიყვარულის, დედის და ქალთა დღეები ერთმანეთს მოსდევს და ყვავილებით ხელდამშვენებული მამაკაცები უფრო ხშირად მხვდებიან თვალში, ვიდრე სხვა დროს.

რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ზემოთ ჩამოთვლილი დღეების მიმართ არაფერს ცვლის. ადამიანები დღესასწაულებს წლიდან წლამდე ელოდებიან, მე კი მირჩევნია, როგორც ქალს, შეყვარებულს და დედას, წელიწადში ბევრი დღე მქონდეს, იმდენი, რამდენიც მომინდება. მიმაჩნია, რომ ასე ცხოვრება უფრო საინტერესოცაა და გაცილებით სამართლიანიც, ამიტომ წითლად მონიშნულ თარიღებს ყურადღებას არ ვაქცევ, ნებისმიერი დღე, როცა ბედნიერი ვარ, ჩემი დღეა.

მიუხედავად ამისა, ხშირად ვფიქრობ მათზე, ვისთვისაც ცხოვრება სხვაგვარადაა მოწყობილი, განსაკუთრებით კი სწორედ მარტის პირველ დღეებში ვფიქრობ იმ ქალებზე, ვისაც, რბილად რომ ვთქვათ, უფრო ნაკლებად გაუღიმა ბედმა, ვიდრე მე. ვფიქრობ მათზე, ვისთვისაც სამყარო თვალების გარშემო შემოხვეული შავი ნაჭრით შემოისაზღვრება, მათზე, ვისაც საკუთარმა გარემომ სხვა არჩევანი არ დაუტოვა და სიკვდილის იარაღად აქცია, მათზე, ვისთვისაც ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრება, შესაძლოა, საოცნებო იყოს, ვისთვისაც ჩემი თავისუფლება მიუწვდომელი ფუფუნებაა, ვისაც მხოლოდ ფილმებში უნახავს ის ტანსაცმელი, მე რომ ყოველდღე მაცვია.

ვფიქრობ იმ ქალებზე, რომლებიც ჩემგან არც ისე შორს ცხოვრობენ, თითქოს იმავე სოციუმში იზრდებიან, სადაც მე გავიზარდე და მაინც ბევრად განსხვავებული ყოფა ხვდათ წილად. მათი ცხოვრება მორჩილებაა, მრავალსულიანი ოჯახისთვის მომზადებული სადილ-ვახშამი და ენის წვერზე შეკავებული საკუთარი აზრი, საღამოობით სერიალების ყურება და წამიერად გაფიქრება, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.

ვფიქრობ და ერთი კითხვა მაწუხებს – ნუთუ ერთი დღე, თუნდაც სამი, საკმარისია? ნუთუ წელიწადში სამმა თაიგულმა შეიძლება ქალს ბედნიერად აგრძნობინოს თავი? ნუთუ შეუძლებელია, ვცხოვრობდეთ სამყაროში, სადაც არავის დასჭირდება ქალთა უფლებებზე ლაპარაკი და ქალებს ექნებათ იმდენი დღე, რამდენიც თავად მოუნდებათ?

ამ დღეებში, მარტის დასაწყისში, განსაკუთრებით ხშირად მახსენდება შირინ ებადი, ირანელი ნობელიანტი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მექსიკაში გამართულ კონფერენციაზე მოვუსმინე. ის იდგა ორიათასკაციანი აუდიტორიის წინაშე და თავის ენაზე ჰყვებოდა სამშობლოს შესახებ, რომელმაც მას, წარმატებულ ადვოკატ ქალს, თავისუფლების სიყვარული არ აპატია. მიუხედავად იმისა, რომ თარგმანში ემოციის დიდი ნაწილი იკარგება, ჩვენ მთელი სიმძაფრითა და სიცხადით აღვიქვამდით ყოველ სიტყვას, რომელსაც ებადი წარმოთქვამდა.

რა გასაოცარიც უნდა მოგეჩვენოთ, ებადისთან ერთად ბოლო ხანს ყველაზე ხშირად მახსენდება ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელიც არასოდეს მელაპარაკებოდა სტანდარტული ფრაზებით და უფრო მეტ დროს სწორედ იმ საკითხებს უთმობდა, რომლებიც ტექსტში წინა პლანზე არ იყო წამოწეული. მას არ მორიდებია, ეთქვა ჩემთვის, თოთხმეტი წლის გოგოსთვის, რომ შუშანიკისა და ვარსქენის დაპირისპირება, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის, მეორე მხრივ, ოჯახური კონფლიქტი იყო – ქმარმა ცოლს უღალატა და მისი უფლებები უხეშად დაარღვია. ის ყოველთვის მელაპარაკებოდა თავისუფლებასა და სიყვარულზე, ქალის ძლიერებასა და როლზე და ახლა, როცა ვხვდები, რომ წელიწადში უამრავი დღე მეკუთვნის და არა ერთადერთი 8 მარტი, უზომოდ მადლობელი ვარ მისი.

შესაძლოა, ბევრმა იფიქროს, რომ ჯერ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება არ მაქვს, სკოლის მერხიდან სულ რაღაც ათი წლის წინ ავდექი და ჩემი წარმოდგენა ოჯახური ყოფის შესახებ საკმაოდ ბუნდოვანია (ჩვენ ხომ გვიყვარს ასეთი შეფასებები), მაგრამ რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ მხოლოდ განათლებული ქალი შეიძლება იყოს თავისუფალი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ისიც კარგად ვიცი, რომ ჩაკეტილ საზოგადოებაში განათლება ქალს მხოლოდ ტვირთად აწვება, მაგრამ ვიტოვებ უფლებას, არ მჯეროდეს იმის, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

ძვირფასო მასწავლებლებო, როცა 8 მარტს ყვავილებით ხელდამშვენებული შეხვალთ გაკვეთილზე, აუცილებლად უამბეთ თქვენს მოსწავლეებს ამ დღესასწაულის თავდაპირველი იდეის შესახებ, რადგან აქ მთავარი სწორედ იდეაა და არა თავად დღესასწაული, უთხარით გოგონებს, რომ მათი ძალა წარმოუდგენლად დიდია, რომ ცხოვრება გაცილებით მშვენიერია მაშინ, როცა მას თავად განაგებ და არ გეუხერხულება, ქუჩაში გასულმა ყვავილები საკუთარი თავისთვისაც იყიდო, უთხარით ბიჭებს, რომ მათი კეთილშობილება სწორედ მათ გვერდით მდგომი ქალების თავისუფლებით იზომება, უთხარით ყველა მოსწავლეს, რომ სამყაროს წონასწორობის საიდუმლო თანასწორობაში მდგომარეობს, თანასწორობა კი მხოლოდ კარგი განათლებით მიიღწევა.

ანდა, ნუ დაელოდებით მომავალი წლის 8 მარტს, დღესვე უთხარით მათ ეს ყველაფერი, გაუმეორეთ ხვალაც, ზეგაც, ყოველდღე და ერთხელაც აუცილებლად დაიჯერებენ იმას, რისიც მე ასე მტკიცედ მჯერა – მე ბევრი დღე მაქვს. დღესაც ჩემი დღეა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...