ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
9 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

მოსწავლეთა “ცუდი ქცევის” ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა

0

პირველი ნაწილი

ფსიქოლოგები მოსწავლეთა ქცევითი დარღვევების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ: ბავშვის ფსიქიკური სამყაროს სენსიტიურობას, არაცნობიერ მოტივებს, მემკვიდრეობას, გარემოს, აღზრდის დეფიციტს და სხვა, – მაგრამ მხოლოდ ეს მეცნიერული ახსნა ვერ დაეხმარება მასწავლებელს, კლასში კარგი დისციპლინა უზრუნველყოს. მასწავლებელს არ შეუძლია დააბრუნოს მოსწავლე წარსულში, შეცვალოს მისი გენეტიკა, ცხოვრება სკოლის გარეთ და ა.შ.

უპირველესად, უნდა გავარკვიოთ, რატომ იქცევიან მოსწავლეები ცუდად და რა განაპირობებს ამგვარი ქცევის ნაირგვარობას. ზოგადი პასუხი ასეთია: ისინი იმ ქცევას ირჩევენ, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას “შეეფერება”.
მოსწავლის ნებისმიერი ქცევა ერთ ზოგად მიზანს ემსახურება – იპოვოს თავისი ადგილი სკოლაში, იგრძნოს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა, თავისი მნიშვნელოვნება და საჭიროება. ეს ნებისმიერი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა – ადამიანი ხომ სოციალური არსებაა. ცნობილი ამერიკელი მეცნიერი უ. გლასერი წერს: თუ ბავშვის პიროვნული მოთხოვნილებები სახლში არ რეალიზდება, მისი რეალიზება სკოლაში უნდა მოხდეს. წარმატებისკენ მიმავალი გზა გულისხმობს მათთვის იმის მიცემას, რაც აკლიათ – თანატოლებსა და უფროსებთან თბილი ურთიერთობისას. ზოგჯერ მათთვის უკანასკნელ იმედად სკოლა რჩება. სწორედ სკოლამ უნდა გაუხსნას რეალიზების გზა მის მთავარ ცხოვრებისეულ მოთხოვნილებას – გააცნობიეროს საკუთარი თავი როგორც სრულფასოვანმა პიროვნებამ.

სასკოლო ცხოვრებაში ამ მოთხოვნილების რეალიზაცია 3 სფეროში უნდა განხორციელდეს: მოსწავლემ უნდა მიაღწიოს ინტელექტუალურ, კომუნიკაციურ და სოციალურ კომპეტენტურობას. ამას ის მისთვის მისაწვდომი ხერხებით ცდილობს და თუ ეს ხერხები არასწორია, შედეგად ვიღებთ დისციპლინის დარღვევას ანუ “ცუდ ქცევას”.
თვითდამკვიდრების რა ხერხებს მიმართავს მოსწავლე, ეს დამოკიდებულია მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის ხარისხსა და კლასის ატმოსფეროზე – წარმატებისკენაა ის მიმართული თუ პირიქით, დესტრუქციულია. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რატომ არის, რომ მოსწავლე ზოგ მასწავლებელთან კარგად იქცევა, ზოგს კი ხელს უშლის, ან სახლში პრობლემებს არ ქმნის, სკოლაში კი აგრესიულად იქცევა ან პირიქით.

დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე შესაძლოა ხვდებოდეს, რომ არასწორად იქცევა, მაგრამ ვერ აცნობიერებდეს, რა განაპირობებს მის ამგვარ ქცევას: ყურადღების მიპყრობის, ძალაუფლების, შურისძიების თუ წარუმატებლობისგან გაქცევის სურვილი. ეს მოტივები გამოყო ამერიკელმა პედაგოგმა რუდოლფ დრეიკურსმა. მას მიაჩნია, რომ ქცევითი დარღვევის ათიდან ცხრა შემთხვევაში მიზეზი ამ ოთხიდან ერთია. მისი სწორი განსაზღვრა კი ეფექტიანი მუშაობის აუცილებელი წინა პირობაა, მასზეა დამოკიდებული ჩარევის ხერხების სწორად შერჩევა, არასასურველი ქცევის აღკვეთა და პროსოციალური ქცევების ფორმირება.

როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ცუდი ქცევის მოტივის იდენტიფიცირება? ეს არც ისე იოლია, რადგან თითოეული ბავშვის ქცევის უკან მიზეზებისა და მოტივების უნიკალური კომბინაცია დგას. რა შემთხვევასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, აუცილებელია რამდენიმე მომენტის გათვალისწინება: არ არსებობს ქცევის გამოსწორების უნივერსალური ხერხი, ამიტომ დისციპლინის გასაუმჯობესებლად მუშაობა ინდივიდუალურ მიდგომას უნდა ეყრდნობოდეს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მივაგნოთ მოსწავლის ქცევის მიზეზებს, ვიმოქმედოთ არა სპონტანურად, არამედ მეცნიერულად დასაბუთებული ეფექტიანი მეთოდებით. ეს მუშაობა 5 ნაბიჯს მოიცავს:

ნაბიჯი 1. შევკრიბოთ და სწორად აღვწეროთ კონკრეტული ფაქტები, მოვერიდოთ სუბიექტურ შეფასებას: სად, როდის, რა. არ გამოვიყენოთ სიტყვები: “არასოდეს”, “ყოველთვის”, “არაფერი” და ა.შ. ვიყოთ ზედმიწევნით ობიექტური და აკურატული.

ნაბიჯი 2. ზუსტად განვსაზღვროთ დისციპლინის დარღვევის მიზეზი. ეს მიზეზი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიძლება იყოს: ყურადღების მიპყრობის, ძალაუფლების, შურისძიების ან წარუმატებლობისგან თავის დაღწევის სურვილი. ქცევის მოტივის ცოდნა საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ საპასუხო ქცევა, არამედ იმისთვისაც, რომ გამოვიცნოთ მოსწავლის რეაქცია ჩვენს პედაგოგიურ ზემოქმედებაზე.

ნაბიჯი 3. ავირჩიოთ დასციპლინის დარღვევის მომენტში გადაუდებელი ჩარევის ხერხები. გვახსოვდეს, ჩარევა არ გულისხმობს დასჯას; მას ორი მიზანი აქვს: შეაჩეროს არასასურველი ქცევა და იმოქმედოს მოსწავლეზე იმგვარად, რომ მისი შემდგომი ქცევა უფრო მისაღები იყოს.

ჩარევა ეფექტიანი რომ იყოს, საჭიროა, ის მოხდეს დაუყოვნებლივ (“აქ და ამჟამად”) და სწორად. სისწრაფე არ გულისხმობს იმპულსურობას, სპონტანურობას, აგრესიულობას. სისწორე კი ეფუძნება ტექნიკის სწორ შერჩევას (მაგ., ძალაუფლებისმოყვარე და წარუმატებლობის მოშიში ბავშვები სხვადასხვანაირ ზემოქმედებას მოითხოვენ).

ნაბიჯი 4. შევიმუშაოთ თვითპატივისცემის ფორმირების ხელშემწყობი სტრატეგიები. მოსწავლეში ეს გრძნობა ფორმირდება მაშინ, როცა ის:

1. გრძნობს რომ აქვს სათანადო ინტელექტუალური შესაძლებლობები, უკიდურეს შემთხვევაში, თავს არ გრძნობს არაკომპეტენტურად. ეს გახლავთ ე.წ. ინტელექტუალური კომპეტენცია.

2. აგებს მისაღები ფორმის სოციალურ ურთიერთობებს თანატოლებსა და მასწავლებელთან. ეს არის ე.წ. კომუნიკაციური კომპეტენცია.

3. შეაქვს პირადი წვლილი კლასისა და სკოლის ცხოვრებაში (ჩართულია საქმიანობაში), რასაც გულისხმობს ე.წ. სოციალური კომპეტენცია.

ნაბიჯი 4. ეფექტიანად ვიმუშაოთ მშობლებთან: მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მუშაობის შესახებ, მოვამზადოთ მათთვის ბავშვთან მუშაობის პროგრამის მოკლე ვარიანტი (აუცილებლად წერილობითი ფორმით), ვაქციოთ ის ამ პროცესის თანამონაწილედ და ხელშემწყობად.

მასწავლებლებს ძალიან უჭირთ პირველი ნაბიჯის გადადგმა, რადგან იგი დიდი მოთმინებით ჩასატარებელ ერთგვარ რუტინულ სამუშაოს მოითხოვს. ამავე დროს, წარმატებით გადადგმული სწორედ ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს მეტწილად შედეგს. შეკრიბეთ ფაქტები და ზუსტი ფორმულირება გაუკეთეთ მათ. ხარისხიანი აღწერა მოიცავს: რას აკეთებს მოსწავლე, როცა ცუდად იქცევა, ჩვეულებრივ, როდის იქცევა ასე და რა სიხშირით. მოსწავლის ქცევა ფორმულირებული უნდა იყოს შეულამაზებლად, “უემოციოდ”, ფაქტის აღწერით. რასაკვირველია მასწავლებელს თავისი ხედვა აქვს, მაგრამ შეეცადეთ, აღწეროთ მხოლოდ ფაქტები. არასწორია: “გიგა აუტანლად იქცევა”, “ნინო დაბნეულია”, “ზურაბი ინფანტილურია”, “რუსუდანი არაკომუნიკაბელურია”, “გაგა მოუთოკავია” და სხვა. ეს ნაწყენი მასწავლებლის სიტყვებია, რომლებიც მასწავლებლის პრობლემებზე უფრო მიუთითებს, ვიდრე მოსწავლისაზე. ისიც ცნობილია, რომ იარლიყი ადვილად ეწებება ადამიანს და ძნელად შორდება. აღწერა ასეთი უნდა იყოს: “ნიკამ ფეხები გასასვლელში დააწყო და სხვა მოსწავლეებმა ფეხი წამოჰკრეს”, “ნატამ ერთხელ აიწია ხელი ინგლისურის გაკვეთილზე”, “დათო სკამს არწევს და უკანა მერხს ეჯახება”, “როცა ნინოს ვთხოვ, უფრო სრული პასუხი გამცეს, ის მეუბნება: “არ ვარ ვალდებული”. ეს დებულებები მოსწავლის საქციელს გვამცნობს და არა მასწავლებლის ემოციებს.

უნდა აღირიცხოს ქცევის სიხშირე. ბევრი მასწავლებლისგან გაიგონებთ, მაგალითად, ასეთ ფრაზას: “ნინო მთელი გაკვეთილი აკაკუნებს ფანქარს”. ერთხელაც ადექით და დათვალეთ – დაინახავთ, რომ ასე არ არის. ხშირად მასწავლებელი ერთი ან ორი შემთხვევის შემდეგ აწებებს მოსწავლეს იარლიყს, რაც არასწორია. საჭიროა დაკვირვება არანაკლებ ერთი თვე და არასასურველი ქცევის მოტივების სისტემატური ანალიზი. ხომ შესაძლოა, მოსწავლის ასეთი ქცევა გარკვეული ემოციური მდგომარეობის დროებითი გამოვლენა ან ერთჯერადი რეაქცია იყოს მასწავლებლის ან თანატოლის “უსამართლო” საქციელზე?

პრობლემას ქმნის ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა: იშვიათად, ჩვეულებრივ, ხშირად, დროდადრო, მუდმივად, ყოველთვის, არასოდეს და სხვა. საქმე ის არის, რომ ეს სიტყვები გაუგებრობას იწვევს თავისი განუსაზღვრელობით. როგორ გამოასწორებინებ მოსწავლეს “აუტანელ” საქციელს, თუ სათქმელი არ დააკონკრეტე?
გააორმაგეთ ობიექტურობა, მაგალითად, ასეთი ხერხით: თუ თქვენი ჩანაწერი იმავეს აღწერს, რასაც სხვა მასწავლებლისა, ანდა მას ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, ეს უკვე სანდოობაზე მიუთითებს.

ამჯერად ყურადღების მისაპყრობად მიმართული ცუდი ქცევის მახასიათებლებს განვიხილავთ, მომდევნო სტატიებში კი დანარჩენ მოტივებსაც შევეხებით.

ამ ტიპის ბავშვები ნამდვილი მსახიობები არიან. მათ აუდიტორია სჭირდებათ. დაწყებით კლასებში მასწავლებლის ყურადღებას მოითხოვენ, უფროს კლასებში კი ასეთი მცირე აუდიტორია აღარ ჰყოფნით… ყურადღება, მეტ-ნაკლებად, ყველას სჭირდება, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლე “გაუმაძღარია” – სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. ამისთვის ისინი ათასგვარ ხრიკს იგონებენ, რომელთა მიზანი ერთი რამაა: მოახდინონ საკუთარი თავის დემონსტრირება.

გამოყოფენ ყურადღების მისაპყრობად მიმართული პრობლემური ქცევის ორ ფორმას: აქტიურს და პასიურს.
აქტიური ფორმა. მოსწავლის ხრიკებს შეიძლება “ყურადღების მიპყრობის მექანიზმები” ვუწოდოთ. ეს შეიძლება იყოს ფანქრის კაკუნი, წრიალი, გაუჩერებლად ლაპარაკი, ფეხის გამოდება, სხვადასხვა მიმიკა, სისტემატური დაგვიანება, კითხვების დასმა, განმარტოებით დაჯდომა და ათასი სხვა რამ. ასეთი ქცევა კლასის ყურადღებას იპყრობს და თუ რეაგირება დროულად არ მოხდა, შესაძლოა, მასწავლებელმა კლასზე კონტროლი დაკარგოს. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მოსწავლის ყოველი ასეთი ხრიკი მასწავლებლის მხრიდან განსაკუთრებულ საპასუხო რეაქციას არ მოითხოვს.

პასიური ფორმა. ხრიკები აქაც მრავალფეროვანია, თუმცა, წინა ფორმისგან განსხვავებით, ისინი ვერ “ქოქავენ” კლასს. მათი გამოვლენა თვალსაჩინო არ არის და ამით უფრო საშიშია. “მადლობა ღმერთს, ყველაფერი რიგზეა”, – ფიქრობს მასწავლებელი და სულ რამდენიმე წუთში ხვდება, რომ კლასში ჩუმი საბოტაჟის მომწყობი მოსწავლე ზის. ის უარს არ ამბობს თქვენი მოთხოვნების შესრულებაზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებს ნელა და ტემპს თანდათან უფრო ანელებს. ამ ხრიკს შეიძლება ეწოდოს “წვეთ-წვეთად”. ის რვეულს მაშინ გადაშლის, როცა სხვებს უკვე სამი ამოცანა აქვთ ამოხსნილი. თქვენ ისეთი განცდა გეუფლებათ, თითქოს ჭაობიდან ბეჰემოთის ამოთრევას ცდილობდეთ, თანაც იცით, რომ გაკვეთილის გარეთ იგი საკმაოდ სწრაფად რეაგირებს და მოქმედებს. მისი გამოსწორება გაცილებით რთული საქმეა. “რას მერჩით, რას ვაკეთებ ცუდს?” – გეკითხებათ გაოცებული სახით. დისციპლინის აქტიურ დამრღვევებს კი თავის მართლება არ შეუძლიათ, რადგან მათი გამოხტომები საკმაოდ თვალსაჩინოა

რისი ბრალია ამგვარი ქცევა?

1. როგორ ისწავლა ბავშვმა ცუდი ქცევით უფროსის ყურადღების მიპყრობა? ჯერ კიდევ პატარაობისას ატირებულ ბავშვთან მშობელმა მიირბინა, მოზრდილმა რაღაც გატეხა და უფრო მეტი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ, როცა კარგად მოიქცა. ბავშვი ასკვნის: რაიმე ცუდი უნდა გავაკეთო, რომ ყურადღება მომაქციონ; უყურადღებობას ისევ ასეთი ყურადღება სჯობია. ეს მოდელი მას თანდათან კლასშიც გადააქვს. აი ჩვეული სიტუაცია: ნინო მშვიდად და ყურადღებით მუშაობს ამოცანის ამოხსნაზე, ქეთევანი კი მეგობარს ხმამაღლა ელაპარაკება მერხის უკან, რითაც მასწავლებელს აღიზიანებს. როგორ ფიქრობთ, უპირველესად ვის მიაქცევს მასწავლებელი ყურადღებას? რასაკვირველია, ქეთევანს.

2. არავინ ასწავლის ბავშვს, როგორ მოითხოვოს ყურადღება მისაღები ფორმით. ყურადღების მოთხოვნილება საბაზო ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა, ისეთივე, როგორიც ჭამისა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. თუ ბავშვს ასწავლიან, საჭიროების შემთხვევაში როგორ მოითხოვოს საჭმელი მისაღები ფორმით, მაშ, რა დააშავა “ფსიქოლოგიურმა შიმშილმა?”

3. რაც ნაკლები ყურადღება ექცევა ბავშვს სახლში, მით მეტია ალბათობა, ყურადღება მოითხოვოს სკოლაში. ტელევიზორთან გატარებული საათები, მშობელთა ფორმალური შეკითხვები: “რა ხდება სკოლაში?”, “ჭამე?”, ” რა ნიშანი მიიღე?”, ურთიერთობის ვიწრო წრე, მარტოობა და შედეგიც სახეზეა – სკოლაში პრობლემები თითქმის გარანტირებულია.

ამ ტიპის დარღვევებს ერთი დადებითი მხარეც აქვს, რაც ასევე კარგად უნდა გააცნობიეროს მასწავლებელმა: მოსწავლეები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვენ, უბრალოდ გვაჩვენებენ, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა სურთ, მაგრამ არ იცნობენ ამ სურვილის გამოხატვის სწორ ფორმას. თუ ეს გავაცნობიერეთ მათი საქციელი ნაკლებად გაგვაღიზიანებს. ისიც უნდა ითქვას, რომ მასწავლებელთა უმეტესობას ასეთი მოსწავლე ურჩევნია მათ, ვისაც არავინ და არაფერი სურს.

პროფილაქტიკის პრინციპები. როგორ მოვიქცეთ, რომ ქცევითი დარღვევები არ გამეორდეს? უნდა დავიცვათ ორი მთავარი პრინციპი: 1. ყურადღება მივაქციოთ იმათ, ვინც კარგად იქცევა. მეტი ყურადღება კარგ ქცევას! 2. ვასწავლოთ მოსწავლეებს, მარტივად და ღიად მოითხოვონ მასწავლებლის ან კლასის ყურადღება, როცა ეს განსაკუთრებით სჭირდებათ.

მეცნიერები გვთავაზობენ გადაუდებელი პედაგოგიური ზემოქმედების სტრატეგიებს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

1. ყურადღების მინიმალიზაცია. ხდება პარადოქსული რამ: მოსწავლის გამოხტომებისადმი ყურადღებით მის ასეთ ქცევას განვამტკიცებთ – მაშინ, როდესაც მოზარდი ცუდად იქცევა და შენიშვნას იმსახურებს, ის ყურადღების ცენტრში ექცევა და მასწავლებლის “ლექციებს” მისდამი გამოვლენილ განსაკუთრებულ ყურადღებად აღიქვამს. მაშ, როგორ მოიქცეს მასწავლებელი? მინიმუმამდე დაიყვანოს ყურადღება. ეს შეიძლება ასე განხორციელდეს:
უგულებელყავით მოწაფის ქცევა. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: “რა მოხდება, თუ არაფერს შევიმჩნევ?” თუ თქვენი პასუხია, რომ არაფერიც არ მოხდება (გარდა იმისა, რომ მოსწავლე ყურადღებას ვერ მიიღებს), თამამად მოახდინეთ მისი ქცევის იგნორირება. შანსია, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოსწავლემ თავი დაანებოს ასეთ ქცევას.

თვალით კონტაქტი. შეაჩერეთ მზერა მასზე, – გვირჩევენ გამოცდილი პედაგოგები. მოსწავლეებმა იციან, რას აკეთებენ. მათ ისიც იციან, რომ ეს ჩვენც ვიცით. მათ იციან, რომ ეს მზერა ნიშნავს: “საკმარისია!” დაჟინებული მზერა ის არის, რაც ამ მომენტში ჩვენგან მიიღეს, გამოგვტყუეს. არავითარი სიტყვები, მხოლოდ მზერა.

მოსწავლის გვერდით. ფიზიკური მიახლოება კიდევ ერთი ხერხია, რითაც ყურადღების მინიმალიზაციას მოვახდენთ. გაკვეთილი გრძელდება, დგახართ მოსწავლის გვერდით, თვალით კონტაქტის გარეშე, უსიტყვოდ. მოსწავლე ხვდება რომ რაღაც არასასურველს აკეთებს, რადგან მასწავლებელი გვერდით უდგას.

გამოიყენეთ მოსწავლის სახელი. ამ ხერხით მოსწავლე ყურადღების მინიმუმსაც იღებს და რეკომენდაციასაც, ჩაერთოს გაკვეთილში. მაგალითად, ასე: “ამგვარად, ჰიპოტენუზის კვადრატი, გაგა, ტოლია..”

გაგზავნეთ “საიდუმლო სიგნალი”. შეიძლება გამოიყენოთ რაიმე ჟესტი, რომლის მნიშვნელობაც მოსწავლეებმა იციან. მაგ., თითის ტუჩთან მიდებით ანიშნეთ, შეწყვიტოს საუბარი.

გააკეთეთ წერილობითი შენიშვნები. თუ ხვალ გაკვეთილს ატარებთ კლასში, სადაც ქცევითი დარღვევის მქონე რამდენიმე მოსწავლეა, წინასწარ მოამზადეთ პატარა ფურცელი ერთგვაროვანი წარწერით: “თუ შეიძლება შეწყვიტე იმის კეთება, რასაც აკეთებ”. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ფურცელი უსიტყვოდ დაუდეთ მერხზე.

ჩამოაყალიბეთ “მე-შეტყობინება”. ეს ხერხი გამოგადგებათ მაშინ, როცა გრძნობთ, რომ ნერვებმა გიმტყუნათ და ერთი სული გაქვთ, როდის დაიყვირებთ: სასწრაფოდ შეწყვიტე!” ფსიქოლოგები გვირჩევენ, ასეთ დროს”მე-შეტყობინება” გამოვიყენოთ. ამ სპეციფიკური ფორმით მოსწავლეს ვაძლევთ ინფორმაციას ქცევითი დარღვევისა და ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ. მაგ.: “კატო, როდესაც გაკვეთილის ახსნის დროს ლენას ელაპარაკები, ვგრძნობ, რომ ძალიან ვღიზიანდები, რადგან აზრი მეფანტება. თუ შეიძლება, შეწყვიტე საუბარი”.
მე-შეტყობინება 4 ნაწილისგან შედგება:

. პირველი – ცუდი ქცევის ობიექტური აღწერა, რომელიც „აქ და ამჟამად” ხდება: “როდესაც გაკვეთილის ახსნის დროს ლენას ელაპარაკები…”

. მეორე – მასწავლებლის გრძნობის დასახელება: “ვგრძნობ, რომ ძალიან ვღიზიანდები…”

. მესამე – ცუდი ქცევის შედეგის აღწერა: “რადგან აზრი მეფანტება…”

. მეოთხე – თხოვნა: “თუ შეიძლება, შეწყვიტე საუბარი”.

ამ ფორმით მიწოდებული ინფორმაცია ცუდი ქცევის განმტკიცების საშიშროებას არ ქმნის. საჭიროა, ინტონაციაშიც იგრძნობოდეს კეთილგანწყობა.

2. ნების დამრთველი ქცევა. აკრძალული ხილი ტკბილია, ამიტომ ზოგჯერ მოსწავლეს უნდა მისცეთ “ვაშლის ჭამის უფლება”, მაგალითად, ასეთი ხერხით:

ააგეთ გაკვეთილი დაუშვებელი ქცევის საფუძველზე.

მაგალითად, არალიტერატურული ენის გამოყენების მოყვარულთათვის დაგეგმეთ გაკვეთილი თემაზე “ჟარგონი”. განიხილეთ ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა ენის ჟარგონები, რომლებიც ასახულია სიმღერებში, როკჯგუფების სახელწოდებებში, ახალგაზრდულ ლოზუნგებში და ჩამოწერილი ტერმინები განიხილეთ ორთოგრაფიის, პრაქტიკული სტილისტიკის, პუნქტუაციისა და სხვა თვალსაზრისით.

ზღვრამდე მიიყვანეთ დემონსტრატიული გამოხტომა. მაგალითად, მოსწავლე არ ჯდება მერხზე – დააყენეთ მთელი გაკვეთილი ფეხზე ან მთელს კლასს სთხოვეთ, იგივე გააკეთოს. ანდა, მაგალითად, ირინე ფანქრით მერხზე აკაკუნებს. მასწავლებელი კლასს მიმართავს: “მაშ ასე… ახლა მთელი კლასი იღებთ ფანქარს და 2 წუთი განუწყვეტლივ აკაკუნებთ. დაიწყეთ!” ირინე ვეღარ გრძნობს განსაკუთრებულობას და კაკუნის მიმართ ინტერესი უქრება.

გამოიყენეთ “ნებართვის კვოტა”. მისი არსი ასეთია: მოსწავლეს უწესო ქცევის ნება ეძლევა, მაგრამ იმ პირობით, რომ მას თანდათან შეამცირებს. “თუ მაინც გააგრძელა, რა ვქნათ?” – იკითხავს ზოგი. შეცვალეთ ტექნიკა. ამასთანავე, კიდევ ერთხელ გააანალიზეთ მოსწავლის ქცევის მიზეზი – სხვა მოტივთან ხომ არ გვაქვს საქმე, მართლა ყურადღების მიპყრობა სურს? გახსოვდეთ, ეს ტექნიკა მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოდგება! თქვენი ღიმილი და მისთვის მიძღვნილი დრო ასეთ მოსწავლეზე მუშაობს – მას ხომ ყურადღება სჭირდება და არა ძალაუფლება ან შურისძიება.

3. ჩაიდინეთ მოულოდნელი საქციელი. მოსწავლის არასასურველი ქცევის შეწყვეტა ხშირად უფროსის მოულოდნელ საქციელსაც შეუძლია. ამით ვამბობთ: “ყველაფერს ვხედავ, ვიცი, რასაც აკეთებ, მაგრამ არ ვაპირებ, შენი თამაშის წესები მოვიღო”. თამაშს ორი მონაწილე მაინც ხომ უნდა ჰყავდეს, რომ ის შედგეს. მოულოდნელი ქცევა შეიძლება უჩვეულო ხერხით გამოხატოთ, მაგალითად, იუმორით – გემრიელად გაიცინეთ. აი, რამდენიმე სხვა ხერხიც: აანთეთ (ან ჩააქრეთ) სინათლე და გაჩუმდით, ილაპარაკეთ ხმადაბლა, მონოტონურად. ვოკალიზაციის ეს ხერხები მოსწავლის ყურადღებას მიიპყრობს და შესაძლოა თავისი უსაქციელობა შეწყვიტოს. დაელაპარაკეთ კედელს ანდა, მაგალითად, ილიას პორტრეტს, რომელიც საკლასო ოთახის კედელზე კიდია. ეს ხერხი კარგად მუშაობს დაწყებით კლასელებში. მიმართეთ სურათს: “ძვირფასო ილია, შენ ვერ წარმოიდგენ რა ხდება ახლა ჩემს კლასში. ბავშვები კითხვებზე პასუხებს წამოიყვირებენ, არ იწევენ ხელს, ზოგი ჩემკენ ზურგშექცევით ზის. ხედავთ იმ ბავშვს, თვითმფრინავს რომ აფრენს? აი, ჩვენი ახალი თაობა”. ან კიდევ დროებით შეწყვიტეთ გაკვეთილი. ეს მოსწავლისთვის სიგნალია, რომ დროა, გაჩერდეს. ეს შეიძლება გააკეთოთ დაფის გვერდით მდგომმა ან თქვენს მაგიდას მიუჯდეთ. თქვით მხოლოდ ეს: “მითხარით, როდის იქნებით მზად გაკვეთილის გასაგრძელებლად”.

4. მოსწავლის ყურადღება სხვა შინაარსზე გადაიტანეთ. დიდხანს ორი საქმის ერთდროულად კეთება შეუძლებელია. სწორედ ასეა, როცა მოსწავლე წესრიგს არღვევს, თქვენ კი მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაგაქვბთ. მაგალითად, დაუსვით პირდაპირი შეკითხვა წესრიგის დარღვევის მომენტში: “ლილიკო, რა დავალება მოგეცით?” “ზურა, რას ფიქრობ ამ საკითხზე?” ეს ხერხი კარგად ჭრის ყურადღების მინიმალიზაციის სტრატეგიებთან ერთად.

სთხოვეთ დახმარება: “გიორგი, გთხოვ, რვეულები შემიგროვო”. ოღონდ ამ ხერხს დისციპლინის დამრღვევთან ხშირად ნუ გამოიყენებთ, რათა არ იფიქროს, რომ ცუდი საქციელისთვის ჯილდო მიიღო.
შეცვალეთ საქმიანობა: თუ ერთდროულად ბევრი მოსწავლე “გაგიჟდა” და ამ ხერხით ცდილობენ თქვენი ყურადღების მიპყრობას, სთხოვეთ, ყველაფერი შეინახონ და ახალი დავალებისთვის მოემზადონ, ახალი ამოცანა მოისმინონ და ა.შ.

5. კლასის ყურადღება მიაპყარით კარგი ქცევის მაგალითებს. სასარგებლო იქნება, თუ ბევრს არ ვისაუბრებთ უდისციპლინო მოსწავლეზე, სამაგიეროდ, ყურადღებას გავამახვილებთ მათზე, ვინც კარგი ქცევით გამოირჩევა. მოსწავლე უნდა მიხვდეს, რომ კარგი ქცევა იმსახურებს ყურადღებას.

მადლობა გადაუხადეთ მათ, ვინც თქვენი თხოვნა შეასრულა. შეიძლება, ეს იუმორნარევი ელფერითაც გამოხატოთ, მაგალითად, ასე: ”გმადლობ, ნიკა, ხელები მაგიდაზე რომ გიწყვია და ფეხები – მაგიდის ქვეშ”. ეს ხერხი ეფექტიანია, თუ ქცევა აღიწერება ობიექტურად და არა ზოგადი ფრაზებით: “გმადლობ, რომ კარგი ხარ”, – ეს სიტყვები არაფრის მთქმელია. იყავით ფრთხილად, ნუ გადაუხდით მადლობას ერთსა და იმავე მოსწავლეს, რათა ის “ფავორიტად” არ ჩათვალონ და კლასის დაცინვის ობიექტად არ იქცეს. დაფაზე დაწერეთ სამაგალითო მოსწავლის სახელი. ეს კარგად მუშაობს დაწყებით კლასებში და სიგნალია მათთვის, ვინც წესრიგს არ იცავს.

6. უცვალეთ მოსწავლეებს ადგილები. ხშირად ეს ხერხი სასურველ შედეგს იძლევა. გაადგილებისთვის საჭირო ხნის განმავლობაში მოსწავლე ყურადღების ცენტრშია და მეტი არც არაფერი უნდა. თქვენ მიერ ამ სახით გამოხატული ყურადღება ზოგჯერ სავსებით საკმარისია მოსწავლისთვის, მას ის ჯილდოდ აღიქვამს.

“ფიქრის სკამი”. ეს სკამი განცალკევებით დგას, მაგალითად, კარადის, ფარდის ან ინსტრუმენტის უკან. ასე რომ, კლასი მას ვერ ხედავს. მას განსხვავებული ფორმა ან ფერი აქვს. მასზე მჯდომმა მოსწავლემ უნდა იფიქროს იმაზე, როგორ მოიქცევა თავის ადგილზე დაბრუნების შემდეგ. ამისთვის საკმარისია 5 წუთი. შესაძლოა, მოსწავლე არ დათანხმდეს ამ სკამზე დაჯდომას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხერხი უვარგისია; უბრალოდ, მოსწავლის ქცევის მიზეზი შესაძლოა სხვა რამ იყოს და არა ყურადღების მიპყრობის სურვილი.

ნამდვილი მამაკაცები კითხულობენ

0

ცნობილია, რომ საშუალო სასკოლო ასაკში ბიჭების უმრავლესობა თავს ანებებს კითხვას. მინესოტის ერთ-ერთ სკოლაში ამ პრობლემას ორიგინალურად დაუპირისპირდნენ. როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი? – სპრინგ პარკის სკოლაში ამ კითხვას ასე უპასუხეს: “ნამდვილი მამაკაცები კითხულობენ”.

იდეის ავტორმა ტორი ჯენსენმა (Tori Jensen) სკოლის ტერიტორიაზე ასეთწარწერიანი პოსტერების გამოკვრა დაიწყო: “ნამდვილი მამაკაცები კითხულობენ და საუბრობენ კითხვის სარგებლობის შესახებ”. პროექტში ჩართულნი იყვნენ სკოლის ადმინისტრაციის წევრი მამაკაცები – ისინი პოსტერებზე წიგნებით, ჟურნალებით, გაზეთებით ხელში იყვნენ აღბეჭდილნი და ახალგაზრდებს კითხვის სარგებლობაზე ესაუბრებოდნენ. პოსტერები მთელ სკოლაში გაიკრა. მალე ეს წამოწყება პოპულარული გახდა და სხვა სკოლებშიც გავრცელდა. მეტიც – პროექტი გაიზარდა და გამრავალფეროვნდა, მასში შევიდა კვლევის ელემენტები.

პროექტი ითვალისწინებს რჩევებსა და რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ შევუნარჩუნოთ და გავუზარდოთ სპეციალური პროგრამით კითხვის ხალისი მოზარდ თაობას, განსაკუთრებით – ბიჭებს. პროგრამის ავტორებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ ნამდვილი მამაკაცები ბევრს კითხულობენ და ბიჭებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ისინიც ასე იქცეოდნენ.

პროექტის ამოქმედებიდან ერთ წელიწადში სკოლის ბიბლიოთეკიდან ბიჭების მიერ გამოტანილი წიგნების რაოდენობა გასამმაგდა.

პროექტის ავტორები პლაკატების გამოშვებას არ დასჯერდნენ და გადაწყვიტეს, თვეში ერთხელ მოეწყოთ რეალური სანახაობა – პლაკატზე გამოსახული ადამიანები ხვდებოდნენ მოსწავლეებს, ესაუბრებოდნენ მათ წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, კითხვის სიყვარულზე და ა.შ.

ღონისძიებები დროთა განმავლობაში სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა – ზოგი მოხალისე მართავდა დისკუსიას რომელიმე წიგნის შესახებ, ზოგი თავის ბლოგზე განათავსებდა საყვარელი წიგნების სიას; მსჯელობდნენ კითხვასთან დაკავშირებულ თემებზე (როდის, ვისი გავლენით და რატომ დაიწყეს კითხვა და ა.შ.).
მკვლევარი ჯენსენი სირთულეებსაც წააწყდა – საკმაოდ გაუჭირდა უფროსი ასაკის ბიჭებისთვის საინტერესო თემების შერჩევა. პატარებთან ამ მხრივ საქმე გაცილებით მარტივად იყო – მათთვის საინტერესო თემები ადვილი გამოსაცნობია: თავგადასავლები, ფათერაკები, ძარცვები, სპორტის ექსტრემალური სახეობები და სხვ.

გამრავალფეროვნების მიზნით ჯენსენი ახალ-ახალ ელემენტებს ამატებდა პროექტს. მან შეიძინა რამდენიმე ეგზემპლარი იმ წიგნისა, რომელიც პლაკატზე აღბეჭდილ მოხალისეს ეჭირა და საუბრის ბოლოს ყველაზე აქტიურ ბიჭებს გადასცემდა ხოლმე. მალე შეხვედრებმა წიგნის მაღაზიებში გადაინაცვლა და მათ უკვე მოზრდილებიც ესწრებოდნენ. შეხვედრების ფორმატი ორივე მხარისთვის სასარგებლო გახლდათ. წიგნის მაღაზიები შეხვედრის მონაწილეებს გადასცემდნენ სპეციალურ ვაუჩერებს, რომლითაც მათ ფასდაკლებით შეეძლოთ წიგნების შეძენა. ამ შეხვედრებმა, რასაკვირველია, დიდად შეიწყო ხელი პროგრამის შემდგომ პოპულარიზაციას.

თავდაპირველად ჯენსენი ვარაუდობდა, რომ პროგრამაში 10 მოხალისეს ჩართავდა. პირველი პოსტერებისთვის გადაღებაზე მან მხოლოდ 8 კაცი დაიყოლია, მაგრამ პოსტერების გამოსვლიდან სულ მოკლე ხნის შემდეგ, წარმატების კვალობაზე, მას უკვე 35 მოხალისე ჰყავდა.

“პროგრამის მთავარი მიზანია უფროსკლასელი ბიჭებისთვის იმის ჩვენება, რომ ყველას შეუძლია, წიგნების კითხვისგან სიამოვნება და სარგებლობა მიიღოს”, – ამბობს ერთ-ერთი მოხალისე, დოქტორი დონ ჰელმსტეტერი. მას მიაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან გონივრული და შემოქმედებითი მიგნებაა და დიდი სიამოვნებით მონაწილეობს მასში. მოხალისეები მხოლოდ კითხვას კი არ უწევენ პოპულარიზაციას, არამედ კონკრეტულ წიგნებსაც. ისინი პოსტერზე თავის მიერ არჩეული წიგნებით არიან აღბეჭდილნი და მოკლედ ახასიათებენ კიდეც თავიანთ არჩევანს. ჰელმსტეტერს პოსტერზე “The Last Sunrise: A True Story” უჭირავს ხელში. ეს წიგნი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების ნამდვილ ამბებს მოგვითხრობს და უმთავრესად უფროსკლასელებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა საშუალო ასაკის მოსწავლეებიც წაიკითხავენ. ავტორი, ერთი მათგანი, ვინც ჰოლოკოსტის საშინელებებს გადაურჩა, მოგვითხრობს, როგორ შეძლო, მიუხედავად განცდილი კოშმარისა, ისევ ბედნიერ ადამიანად ეგრძნო თავი.
 
დონ ჰელმსტეტერი პოსტერზე წიგნით “The Last Sunrise: A True Story”
პროექტის ერთ-ერთი მოხალისე, ბილ ერნსტი, ისტ-ის სპეციალისტი, ამბობს, რომ მისასალმებელია ყველა წამოწყება, რომელიც მოსწავლეებს კითხვის სტიმულს მისცემს. იგი პოსტერზე ავტობიოგრაფიული მოთხრობების კრებულით “The Dog Says How” ხელშია გამოსახული. ბილი კითხვის დიდი მოყვარულია და სხვადასხვა ჟანრის წიგნებს კითხულობს. ამ პროექტში ის ბიჭების ასეთი ორიგინალური ხერხით დაინტერესებამ მიიზიდა.

პროგრამაში მონაწილეობს ასევე ისტ-ის სპეციალისტი და კითხვის დიდი მოყვარული მარკ ვოიგტი. იგი ამბობს, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში ადრეც მიუღია მონაწილეობა და მუდამ ეუბნება მოსწავლეებს, რომ რაც უფრო მეტს კითხულობენ, მით უფრო მეტად იზრდებიან და მდიდრდებიან როგორც პიროვნებები. ვოიგტი გამოსახულია თინეიჯერებისთვის განკუთვნილი წიგნით “The 6 Most Important Decisions You’ll Ever Make: A Guide for Teens”. მას ისე მოეწონა ეს წიგნი, რომ თავის მოსწავლეებს კოლეჯში დამატებითი კრედიტებიც კი შესთავაზა, თუ ამ წიგნს წაიკითხავდნენ და მოკლე რეცენზიას დაწერდნენ მასზე. ვოიგტი ურჩევს მოსწავლეებს, ხშირად მოჰკიდონ ხელი ამა თუ იმ საქმიანობას და შეახსენებს, რომ აუცილებელი არ არის, ყველაფერში დიდ წარმატებას მიაღწიონ. ხელის მოცარვა სულაც არ არის საშიში, რადგან მათ ასაკში მთავარი გამოცდილების მიღებაა, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

პროგრამაში კონკრეტული რჩევებიც არის მოცემული. მაგალითად, მოსწავლეებს სთავაზობენ, დათქვან დროის მონაკვეთი (ერთი კვირიდან ერთ თვემდე) და დაისახონ მიზნად ამ ხნის განმავლობაში განსაზღვრული ოდენობის გვერდის წაკითხვა.

პროგრამის მესვეურები განსაკუთრებულ ყურადღებას საშუალო ასაკის ბიჭებს აქცევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ასაკში იწყება წიგნებისგან მათი ჩამოშორება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ კითხვა მათთვის მოდური გავხადოთ. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ მათი თავისებურებები და ლიტერატურაც ამის მიხედვით შევურჩიოთ. მაგალითად, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ ასაკის ბიჭები სიამოვნებით კითხულობენ ილუსტრირებულ ნოველებს.

პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს, კარინ ბერნალს, მიაჩნია, რომ ძალზე მნიშვნელოვანია წიგნების სირთულის კონტროლიც. თუ შევამჩნიეთ, რომ მოსწავლეს წიგნის წაკითხვა გაუჭირდა, დროებით უფრო იოლი საკითხავი უნდა შევურჩიოთ. მთავარია, მოსწავლემ კითხვაზე გული არ აიცრუოს; დროთა განმავლობაში იგი რთული ლიტერატურის წაკითხვასაც შეძლებს.

მოსწავლეთა კითხვით დაინტერესების ამ ორიგინალურმა ხერხმა პროექტში მიიზიდა სპორტის მასწავლებელი დაგ პოსოფი. იგი ფეხბურთის გუნდის მწვრთნელიც გახლავთ. პოსოფის მიაჩნია, რომ პროექტი მოხალისეებისთვისაც კარგი შანსია, მოსწავლეებს დაანახვონ, რომ თავიანთ საქმიანობასთან ერთად სხვა რამის კეთებაც შეუძლიათ. მას არ უჭირს იმის აღიარება, რომ მოწაფეობისას ეზოში, ბურთთან უფრო მეტ დროს ატარებდა ვიდრე სახლში წიგნთან. პოსოფი სპორტის თემაზე კითხულობს ბევრს და, შესაბამისად, პლაკატზეც გამოსახულია სპორტულ თემაზე დაწერილი წიგნით “Sound and Furry”, რომელიც სპორტული მიმომხილველის ჰოვარდ კოზელის და ცნობილი მოკრივის მუჰამედ ალის ცხოვრებას ეძღვნება. პოსოფიც იზიარებს მოსაზრებას, რომ მოსწავლეებს მოსწონთ ეს პროექტი და მასაც მოსწონს მოსწავლეებთან კითხვის სარგებლობაზე საუბარი.

სპორტის მასწავლებელი დაგ პოსოფი სპორტულ თემაზე დაწერილი წიგნით “Sound and Furry”

ბიჭებზე აშკარა ფოკუსირებამ წარმოშვა კითხვები ამ პროექტში გოგონათა ჩართულობის შესახებ, რომლებიც თავს პროექტიდან ამოვარდნილად გრძნობენ. უამრავი გოგონა, რომელსაც უყვარს კითხვა, გამოთქვამს წუხილს, რომ მათი ინტერესები სათანადოდ არ არის ასახული. პროექტის ავტორები ცდილობენ, გამოასწორონ ეს შეცდომა და შექმნან სპეციალური ჯგუფები გოგონებისთვის.

პროექტის ავტორი ტორი ჯენსენი ამბობს, რომ ბავშვობაში არც თვითონ ყოფილა კითხვის დიდი მოყვარული და ამ ფაქტორმა დამატებითი სტიმული მისცა იმის გამოსაკვლევად, რატომ არ უყვართ ბიჭებს კითხვა. მან ერთ მომენტზე გაამახვილა ყურადღება: წამოზრდილ ბიჭებს მიაჩნიათ, რომ “კითხვა კაცის საქმე არ არის”. ეს იმიტომ, რომ კითხვას მათ უმთავრესად ქალები ავალებენ. თუ ბიჭი რამის წაკითხვას გადაწყვეტს, ის ისეთ ლიტერატურას ამჯობინებს, რომელიც სკოლაში არ ისწავლება და “კაცურიცაა” (მაგალითად, ფანტასტიკას), ასეთი წიგნების კითხვას კი ნამდვილ კითხვად არც აღიქვამენ.

ჯენსენის პროექტმა ბიჭების თვალში ეს სტერეოტიპი უნდა დაამსხვრიოს, რადგან ისინი დაინახავენ და გაიცნობენ მამაკაცებს, რომლებიც კითხულობენ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას, გაზეთებს, ჟურნალებს და ა.შ.

ბიჭების წიგნებისგან ჩამოშორების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიებია – ინტერნეტი და კომპიუტერული თამაშები.

მკვლევარები ორ ძირითად რჩევას გვაძლევენ:

. თუ გვსურს, ბიჭებმა იკითხონ, მათი ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ და მოვიწონოთ მათი არჩევანი, თუნდაც ის ჩვენსას არ ემთხვეოდეს (პროექტის ერთი მონაწილე ღიმილით იხსენებს ბიბლიოთეკარი ქალის შეწუხებულ სახეს, როცა ბავშვობაში მას მკლავჭიდზე დაწერილი წიგნი სთხოვა);

. ბიჭებმა კრიტიკულ ასაკში კითხვას სირთულის გამო არ უნდა დაანებონ თავი; ამ დროს შეიძლება, მათ მსუბუქი ლიტერატურა შევთავაზოთ – მოგვიანებით ისინი რთულ წიგნებს დაუბრუნდებიან.

ნუ მოკლავ ჯაფარას

0

დღეს ყველგან იმ წიგნებზე საუბრობენ, რომლებიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. საგამომცემლო სახლები ამ ნიშნით ათეულობით ნაწარმოებს ბეჭდავენ და ავრცელებენ. შედეგად მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა ბევრისთვის იოლად ხელმისაწვდომი გახდა. ეს შესანიშნავია! თუმცა არც ერთ ამგვარ სერიაში არ მოხვედრილა რომანი, რომელმაც წაკითხვის დღიდან, მილიონობით სხვა ადამიანივით, ჩემთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ხშირად დასმულ, ყველასთვის თავისმომაბეზრებელ კითხვაზე, რომელია ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი, გონებაში ყოველთვის პულიცერის პრემიისა და აშშ-ის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლის მფლობელი მწერლის, ჰარპერ ლის, სახელი ამომიტივტივდება ხოლმე. იგი ავტორია წიგნისა “ნუ მოკლავ ჯაფარას”, რომელიც ამერიკის თითქმის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სავალდებულო პროგრამაშია შეტანილი.

ჩემი რჩეული ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება 1930-იანი წლების აშშ-ის პატარა სამხრეთულ ქალაქ მეიკომში, სადაც ადამიანები სიღატაკესა და სასოწარკვეთილებაში ცხოვრობენ, მოუკირწყლავ და წვიმის დროს “მოწითალოდ დატბორილ” ქუჩებში თავის გადარჩენას ცდილობენ.

“დიდი დეპრესიით” გატანჯული ალაბამას ამ მხარეში ცხოვრობს ქვრივი ადვოკატის, ატიკუს ფინჩის, ოჯახიც. ყველასთვის პატივსაცემ, მოკრძალებულ და კეთილ ვექილს ორი მცირეაწლოვანი შვილი, ჯინ-ლუიზა (იგივე ჭყიტა) და ჯეიმსი, ჰყავს. რომანში მნიშვნელოვანი ზნეობრივი საკითხები სწორედ ამ ბავშვების თვალით არის დანახული. წიგნში უდიდესი ადგილი მათი აღზრდის ამბავს ეთმობა. ავტორი აქცენტს გულუბრყვილო მოსწავლეების ზრდასრულ, ჰუმანურ ადამიანებად გარდაქმნის ურთულეს პროცესზე სვამს.

სოციალური უსამართლობისა თუ რასობრივი უთანასწორობის გაცნობიერების, მათთან შეჯახების შემდეგ და-ძმას ებადება კითხვა: ოპტიმიზმით, სამყაროს კეთილი აღქმით დაამარცხებენ ბოროტებას თუ მათაც, სამართლიანობისთვის მებრძოლი სხვა თანამოქალაქეების მსგავსად, გადაუვლიან და გაანადგურებენ?

პასუხის პოვნასა და სიკეთის რწმენის შენარჩუნებაში ბავშვებს ეხმარება საუკეთესო მასწავლებელი – მამა. იგი შვილებს თანაგრძნობას ასწავლის და გარშემო მცხოვრებთა ღირსებებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს. ატიკუს ფინჩი პატარებს მუდამ მიანიშნებს, რომ სოლიდარობის შემთხვევაში ადამიანთა ნაკლოვანებები უკანა პლანზე გადაინაცვლებს. იგი საქმითაც აძლევს მაგალითს შვილებსა და მეიკომელებს, როდესაც, საზოგადოების მკაცრი, აგრესიული რეაქციის მიუხედავად, სასამართლოზე უდანაშაულო აფროამერიკელის უსასყიდლოდ დაცვას გადაწყვეტს.

ადამიანებთან ურთიერთობის ოქროს წესი ავტორმა უბრალო წინადადებით გამოთქვა, რომელსაც ერთ-ერთ ეპიზოდში ადვოკატი ეუბნება სკოლისკენ მიმავალ ჯინ-ლუიზასა და ჯეიმსს: “კაცს ვერასდროს ბოლომდე ვერ გაიცნობ, თუ დროებით მის ტყავში არ ჩაძვერი და ისე არ გაიარ-გამოიარე!”

წიგნის თითოეულ თავში უამრავი საყურადღებო თემა შეიძლება გამოიყოს, თუმცა რომანის მთავარ სათქმელს, ალბათ, სათაურში უნდა ვეძებდეთ. რა არის ჯაფარა? იგი მგალობელი ჩიტია, რომელსაც ყანისთვის ზიანი არ მოაქვს. “ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს…” მიუხედავად ამისა, უწყინარ ფრინველს ხშირად ერჩიან მონადირეები და ბავშვები. “ჯაფარა” უბრალო, სოციალური კუთვნილებისა თუ რასობრივი წარმომავლობის გამო დაჩაგრული ადამიანის მეტაფორაა, რომელსაც ლი საზოგადოების არასასურველი დაყოფის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ იყენებს.

1986 წელს “ნუ მოკლავ ჯაფარას” საქართველოშიც გამოიცა. “საბჭოთა აჭარამ” ორად გაყო წიგნი და მისი სრული სახით გამოქვეყნება გააჭიანურა. ბევრს ყურადღებაც არ მიუქცევია უხარისხო ქაღალდზე დაბეჭდილი რომანისათვის, ეგებ რომელიმე “ულტრაინტელექტუალს” არცთუ აქტუალური მოეჩვენა… ეს თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ იყო.

დღეს კი, დარწმუნებული ვარ, ლის რომანი კიდევ არაერთი ადამიანისთვის, განსაკუთრებით – მასწავლებლისთვის, იქცეოდა სამაგიდო წიგნად.

როგორ გავხდე კარგი მშობელიგაგრძელება

0

დოქტორ თომას გორდონის პროგრამას “როგორ გავხდე კარგი მშობელი” (Parent Effectiveness Training – PET) საფუძველი 1962 წელს ჩაეყარა. ის მშობლებს ასწავლის, როგორ დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობა შვილებთან და მოაგვარონ ოჯახური კონფლიქტები. სწორედ ამ პროგრამის საფუძველზე შეიქმნა ამავე სახელწოდების წიგნი.

 ვრცლად

ენით დაკოდილი

0

“ენით დაკოდილი” – ამ სიტყვებმა ალბათ უმალვე სულხან-საბა ორბელიანის იგავი გაგახსენათ, რომელშიც ადამიანისა და დათვის ამბავია მოთხრობილი. სიტყვა “დაკოდილი” ქართულად დაჭრილს ნიშნავს, თუმცა ჩვენს დროში ამ სიტყვამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა, ხოლო მომავალი თაობისთვის ის შესაძლოა სულ სხვა მნიშვნელობის შემცველი გახდეს.

კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უამრავი ახალი სიტყვა დამკვიდრდა ჩვენს ენაში, ძველმა კი მნიშვნელობა იცვალა. ინგლისური სიტყვა კოდინგ (CODING) პროგრამულ კოდთან მუშაობას გულისხმობს, ასე რომ, მომავალში “დაკოდილი” შესაძლოა კომპიუტერული კოდებით შექმნილ პროგრამას აღნიშნავდეს.
პროგრამული ენები ხელოვნურად შექმნილი ენებია. ჩვეულებრივი მოკვდავისთვის სიტყვა “ენა” სხეულის ნაწილს აღნიშნავს, ლინგვისტებისთვის კი ენა, უპირველესად, საკომუნიკაციო საშუალებაა.
რობოტებიდან ბოტებამდე

ადამიანი დიდი ხანია მიისწრაფის, საკუთარი თავის ასლი შექმნას. ჯერ კიდევ ბერძნულ მითებში ვხვდებით ამ მისწრაფების ანარეკლს. მაგალითად, ჰეფესტო, ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება, ლითონისგან ადამიანისმაგვარ არსებებს ქმნიდა, რომლებიც მას მუშაობაში ეხმარებოდნენ. მანვე გამოჭედა სპილენძის გოლიათი ტალოსი, რომელიც ერთ-ერთ კუნძულს იცავდა და მოახლოებულ გემებს უზარმაზარ ლოდებს უშენდა.

ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ადამიანის ან სხვა ცოცხალი არსების მსგავსი მოწყობილობების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა კულტურაში ვაწყდებით. ისტორიული წყაროების მიხედვით, ძველმა ჩინელმა ფილოსოფოსმა, ინჟინერმა, გამომგონებელმა, სამხედრო სტრატეგმა ლუ ბანმა (魯班) რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე-მეხუთე საუკუნეებში ცხოვრობდა, ხის ჩიტი გააკეთა. ჩიტს შეეძლო, სამი დღე დამოუკიდებლად ეფრინა.

ძველ არაბ მათემატიკოსს, ასტრონომს, გამომგონებელს, ხელოვანს ალ-ჯაზის (بديع الزمان أَبُو اَلْعِزِ بْنُ إسْماعِيلِ بْنُ الرِّزاز الجزري‎) ოთხი მექანიკური მუსიკოსის შექმნას მიაწერენ, რომლებიც ნავში ისხდნენ და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ. სასახლის კარის წვეულებებზე ნავს ტბაში უშვებდნენ და მექნიკური მუსიკოსები სტუმრებს ართობდნენ.

 რობოტი მუსიკოსები

ზოგიერთი მოწყობილობის ნახაზებმაც მოაღწია ჩვენამდე. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის (Leonardo di ser Piero da Vinci) ჩანაწერებში, რომლებიც მე-15 საუკუნის მიწურულით თარიღდება, ისეთი მოწყობილობის ნახაზები აღმოაჩინეს, რომელსაც დღეს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რობოტი. 1950 წელს ლეონარდოს ნახაზებისა და ჩანაწერების მიხედვით ამ მოწყობილობის პროტოტიპი დამზადდა. იგი მართლაც იმეორებდა ადამიანის ზოგიერთ მოძრაობას.

ლეონარდო და ვინჩის ნახაზების მიხედვით შექმნილი რობოტი

არც ისე შორეული წარსულიდან თავად ასეთი მოწყობილობებიც შემოგვრჩა. შვეიცარიელი მესაათე პიერ ჟაკე-დროზი (Pierre Jaquet-Droz) მეთვრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა (1721-1790). პიერ დროზის მარკის საათები დღესაც იწარმოება და საკმაოდ ძვირად ფასობს. დღემდე შემორჩა პიერ ჟაკე-დროზისა და მისი შვილის მიერ შექმნილი სამი მექანიკური ადამიანი: მუსიკოსი, კალიგრაფი და მხატვარი. სამივე ავტომატონი უნიკალურია. მაგალითად, მხატვარი რომელიც 1773 წელს შეიქმნა, 2000 დეტალისაგან შედგება. მას სამი სურათის დახატვა შეუძლია:

. ლუდოვიკ XV-ისა და მისი ძაღლისა. ძაღლს ფრანგული წარწერა ამშვენებს: “ჩემი ძაღლი” (Mon toutou).

. მარია ანტუანეტასა და ლუდოვიკ XVI-ისა;

. სცენისა, რომელზეც გამოსახულია ეტლი; ეტლს კუპიდონი მართავს, შიგ კი ცხენების ნაცვლად პეპლებია შებმული.
ბევრი, ამგვარი მოწყობილობით ხალხის გაოცების მოსურნე, აშკარა ტყუილსაც არ ერიდებოდა. 1769 წელს ვენაში უნგრული წარმოშობის ავსტრიელმა გამომგონებელმა ვოლფგანგ კემპელენმა (Johann Wolfgang Ritter von Kempelen de Pázmánd) ჭადრაკის მოთამაშე მანქანა წარუდგინა საზოგადოებას. ეს მანქანა “თურქის” სახელით არის ცნობილი. 70 წლის განმავლობაში მან რამდენიმე პატრონი შეიცვალა. საერთო ჯამში, “თურქმა” მოჭადრაკემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 300-ზე მეტი პარტია ითამაშა და მხოლოდ 6 წააგო. ცნობილია, რომ მისი მეტოქე ნაპოლეონ ბონაპარტეც კი ყოფილა. ამ მოწყობილობის საიდუმლო კი ის გახლდათ, რომ სინამდვილეში მას გამოცდილი მოჭადრაკეები მართავდენ. “თურქი” ისე იყო მოწყობილი, რომ მასში ადამიანს შეეძლო დამალვა. ამ მოწყობილობამ დღემდე ვერ მოაღწია – 1854 წელს მუზეუმში გაჩენილ ხანძარს შეეწირა.

1921 წელს ჩეხმა მწერალმა კარლ ჩაპეკმა (Karel Čapek) ახალი ტერმინი – “რობოტი” – შემოიღო, რომელიც სიტყვისგან “რობოტა” (სლავურად – მუშაობა) არის ნაწარმოები.
მოგვიანებით, როდესაც კომპიუტერული ტექნიკა განვითარდა, “რობოტისგან” კიდევ ერთი ახალი სიტყვა წარმოიშვა – “ბოტი”. “ბოტი” “რობოტის” შემოკლებული ვარიანტია და ისეთ კომპიუტერულ პროგრამას აღნიშნავს, რომელიც სხვადასხვა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულება შეუძლია. მაგალითად, იმ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ინტერნეტში განთავსებულ ვებგვერდებს აანალიზებენ და საძიებო სისტემებს, მათ შორის გუგლს, ძიებაში ეხმარებიან, ბოტებს უწოდებენ.
ბოტები უხილავი რობოტები არიან. მათ არ გააჩნიათ მატერიალური გარსი, ისინი მხოლოდ პროგრამული კოდისგან შედგებიან.
ჩატბოტი

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე ახალი გვერდი გაჩნდა – “კიბერ გალაკტიონი” (https://www.facebook.com/pages/კიბერ-გალაკტიონი/280189168779287). ეს გვერდი იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც გალაკტიონის ე.წ. “ჩატბოტი” უნდა შეიქმნას. უბრალო ბოტებისგან განსხვავებით, ჩატბოტებს “საუბარი” შეუძლიათ. უკეთ, მომხმარებელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში ასეთ კომპიუტერულ პროგრამას ესაუბროს. შეიძლება ითქვას, რომ ჩატბოტები სასაუბრო რობოტები არიან.

ჩატბოტების ისტორია რობოტების ისტორიაზე არანაკლებ საინტერესოა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი პირველი იყო ჩატბოტი-ფსიქოთერაპევტი,  რომელიც მოსაუბრის შეკითხვებიდან გამომდინარე აგენერირებდა პასუხებს. მოგვიანებით შეიქმნა “ფსიქოპათი” ჩატბოტი და ექსპერიმენტის სახით ამ ორი ბოტის დიალოგიც კი გაიმართა.

მომავალ სტატიაში ჩატბოტებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ისტორიას გიამბობთ. უფრო ვრცლად მოგიყვებით კიბერგალაკტიონის პროექტის შესახებაც, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავადაც გახლავართ.

რა არის ისტორია?

0

კაცობრიობა მრავალი საუკუნეა ცდილობს უპასუხოს კითხვას, რას წარმოადგენს ისტორია როგორც მეცნიერება. მრავალმა მოაზროვნემ სცადა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ამაოდ. ისტორიისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა დროში კარდინალურად იცვლებოდა. ზოგიერთს ის მეცნიერების ყველაზე მნიშვნელოვან დარგად მიაჩნდა, ზოგიერთი კი მას უკიდურესად ნიჰილისტურად აფასებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა.

წინამდებარე სტატიაში პედაგოგებს ვთავაზობთ ჩვენ მიერ თარგმნილ სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეთა გამონათქვამებს ისტორიის რაობის შესახებ. მათ შეუძლიათ, სტატიაში წარმოდგენილი მასალა სასწავლო რესურსად გამოიყენონ, განსაკუთრებით – X კლასში, სადაც ისტორიის სტანდარტში მოცემული შედეგები და ინდიკატორები პირდაპირ ეხმიანება ისტორიის როგორც დარგის შესწავლას:

ისტ. X. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში ისტორიული აზრის განვითარების პროცესზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

* იცნობს ისტორიული აზრის განვითარების ძირითად ეტაპებს;

* განასხვავებს ისტორიული მწერლობის განვითარების ძირითად (ანტიკური, შუა საუკუნეების, რენესანსის…) ეტაპებს;

* მსჯელობს სხვადასხვა ისტორიული სკოლის წარმოშობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე და ადარებს ერთმანეთს ამ სკოლების წარმომადგენლების ძირითად შეხედულებებს;

* გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, რამდენად განაპირობებს ისტორიული გარემო და ეპოქის ფასეულობები სხვადასხვა დროის ისტორიის თეორეტიკოსთა შეხედულებებს;

* მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ისტორიის განსხვავებული მნიშვნელობის (ისტორია, როგორც პროპაგანდა, ისტორია და ეთიკა, ისტორია და თეოლოგია) შესახებ.

წარმოდგენილ სტატიაში აფორიზმებთან ერთად მოყვანილია მათი ავტორების ვინაობა და ცხოვრების წლებიც. ეს მონაცემები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ქრონოლოგიურად, პროფესიისა ნიშნითა და წარმომავლობის მიხედვით დაალაგონ მოცემული სენტენციები და გააანალიზონ ის ტენდენციები, რომლებიც ისტორიის შეფასებისას გამოითქმებოდა.

პედაგოგებს გთავაზობთ იმ შეკითხვებისა და დავალებების ნუსხას, რომლებიც შეიძლება ამ აქტივობის განხორციელებისას გამოიყენოთ:
შეკითხვები და დავალებები

1) დაახარისხეთ აფორიზმები ეპოქების მიხედვით: ძველი მსოფლიო, შუა საუკუნეები, ახალი ეპოქა, უახლესი ეპოქა.

2) დაახარისხეთ აფორიზმები ავტორთა წარმომავლობის მიხედვით.
3) ჩამოთვალეთ პროფესიები, რომელთა წარმომადგენლები არიან აფორიზმების ავტორები.
4) აფორიზმებზე დაკვირვებით განსაზღვრეთ, რომელი დარგების კონტექსტში განიხილავს ზოგიერთი ავტორი ისტორიას (მაგ., მითოლოგიის, ფოლკლორის, ფილოსოფიის და სხვა).
5) დაახარისხეთ ისტორიისადმი ნეგატიურად და პოზიტიურად განწყობილი ავტორები.
6) აფორიზმებზე დაყრდნობით რომელ აზრს ემხრობით – ნეგატიურს თუ პოზიტიურს? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.
7) რომელი აფორიზმია თქვენთვის ყველაზე მისაღები და რატომ?
8) რომელი აფორიზმია თქვენთვის ყველაზე მიუღებელი და რატომ?
9) ქრონოლოგიურად დალაგებული (უძველესი ეპოქიდან ჩვენს დრომდე) აფორიზმების მიხედვით დაწერეთ თხზულება “როგორ იცვლებოდა შეხედულება ისტორიაზე”.
10) აფორიზმებზე დაყრდნობით დაწერეთ თხზულება “რა არის ისტორია”.
აფორიზმები
1. იმის გასაგებად, რა მოხდება მომავალში, საკმარისია იცოდე, რა მოხდა წარსულში (ნიკოლო მაკიაველი, 1469-1527, იტალიელი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, დიპლომატი).

2. არქეოლოგები მიწიდან იღებენ ისტორიას, რომელიც პოლიტიკოსებმა დაფლეს (გაბრიელ ლაუბი, 1928-1998, ჩეხი მწერალი, ჟურნალისტი).

3. ისტორია არაფერს გვასწავლის, მხოლოდ გვსჯის გაკვეთილების არცოდნისთვის (ანდრეი კლუჩევსკი, 1841-1911, რუსი ისტორიკოსი).

4. იპოვოს აზრი უაზრო ქმედებებში – აი, ისტორიკოსის უსიამოვნო მოვალეობა (ანდრეი კლუჩევსკი, 1841-1911, რუსი ისტორიკოსი).

5. თუ ისტორიიდან ამოვიღებთ ტყუილს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დარჩება მხოლოდ სიმართლე – შესაძლოა, საერთოდ არაფერი დარჩეს (სტანისლავ ეჟი ლენცი, 1909-1966, პოლონელი მწერალი-სატირიკოსი, პოეტი).

6. ისტორია – ეს ჭორების კვინტესენციაა (თომას კარლაილი, 1795-1881, ინგლისელი მწერალი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი).

7. მსოფლიოს ისტორია – ეს დიდი ადამიანების ბიოგრაფიაა (თომას კარლაილი, 1795-1881, ინგლისელი მწერალი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი).

8. ისტორიას, ისევე როგორც ბუნებას, თავისი კანონები აქვს (ლიონ ფოიხტვანგერი, 1884-1958, გერმანელი მწერალი, ჟურნალისტი).

9. ისტორია გვასწავლის მხოლოდ იმას, რომ მას არც ერთი ხალხისთვის არაფერი უსწავლებია (გეორგ ვილჰელმ ჰეგელი, 1770-1831, გერმანელი ფილოსოფოსი).

10. ისტორიის წინაშე ჩვენი ერთადერთი ვალი მისი მუდმივად გადაწერაა (ოსკარ უაილდი, 1854-1900, ინგლისელი მწერალი, პოეტი, ესეისტი).

11. ისტორია – ეს ფილოსოფიაა მაგალითებში (თუკიდიდე, დაახ. ძვ. წ. 460-400, ბერძენი მემატიანე)

12. ისტორიას ქმნიან ქალები, თუმცა ის მხოლოდ მამაკაცების სახელებს იმახსოვრებს (ჰაინრიხ ჰაინე, 1797-1856, გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი).

13. გაზეთები ისტორიის წამიერი ისრებია (არტურ შოპენჰაუერი, 1788-1860, გერმანელი ფილოსოფოსი).

14. ისტორიასთან ჭიდილში ლეგენდა ყოველთვის იმარჯვებს (სარა ბერნარი, 1844-1923, ფრანგი მსახიობი)

15. ის, რომ ადამიანები არ სწავლობენ ისტორიის შეცდომებზე, ისტორიის მთავარი გაკვეთილია (ოლდოს ჰაქსლი, 1894-1963, ინგლისელი მწერალი).

16. ისტორიის ერთი გვერდი ლოგიკის მთელი ტომის ტოლფასია (ოლივერ ჰოლისი, 1809-1894, ამერიკელი ექიმი და პოეტი).

17. ისტორია როგორც ასეთი არ არსებობს; არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიები (რალფ ემერსონი, 1803-1882, ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი).

18. უდიდესი გაუგებრობაა მორალში ჩაღრმავება, როდესაც საქმე ისტორიას ეხება (დენი დიდრო, 1713-1784, ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, განმანათლებელი).

19. გაზეთი ისტორიის პირველი შავი ვარიანტია (ფილიპ გრემი, 1914-1963, ამერიკელი გამომცემელი).

20. ისტორია მეორდება, პირველად – ტრაგედიის, მერე კი ფარსის სახით (კარლ მარქსი, 1818-1883. გერმანელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი).

21. ისტორია სურათების გალერეაა, სადაც ცოტა ორიგინალია და ბევრი ასლი (ალექსის ტოკვილი, 1805-1859, ფრანგი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი).

22. ისტორია ჩვენს ქმედებათა განძია, წარსულის მოწმეა, მაგალითი და შეგონებაა აწმყოსი და გაფრთხილებაა მომავლისა (მიგელ სერვანტესი, 1547-1616, ესპანელი მწერალი).

23. ისტორიკოსის ტალანტი იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას ერთი ჭეშმარიტი მთლიანობა იმ ნაწილებისგან, რომლებიც თავისთავად ნახევრად ჭეშმარიტნი არიან (ჟოზეფ რენანი, 1823-1892, ფრანგი მწერალი, ისტორიკოსი, ფილოლოგი).

24. ზნეობა ისტორიის სულია (ჟოზეფ ჟუბერი, 1754-1824, ფრანგი მწერალი).

25. ისტორია – ესაა კავშირი მიცვალებულებს, ცოცხლებსა და ჯერ არშობილთა შორის (ედუარდ ბერკი, 1729-1797, ინგლისელი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი).

26. მსოფლიოს ისტორია – ეს მსოფლიო სამსჯავროა (ფრიდრიხ შილერი, 1759-1805, გერმანელი პოეტი, ფილოსოფოსი, დრამატურგი).

27. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ დაიმსახურა ლეგენდამ მეტი პატივისცემა, ვიდრე ისტორიამ: ლეგენდას ქმნიდა მთელი სოფელი, ხოლო წიგნს (ისტორიულ ნაშრომს) მარტოხელა შეშლილი წერს (ჯილბერტ ჩესტერტონი, 1874-1036, ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი).

28. ისტორია – ეს, უპირველეს ყოვლისა, მუზაა (პოლ ვალერი, 1871-1945, ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი).

29. ისტორია სიმართლეა, რომელიც ბოლოს და ბოლოს ტყუილი ხდება, ხოლო მითი ტყუილია, რომელიც ბოლოს და ბოლოს სიმართლე ხდება (ჟან კოკტო, 1889-1963, ფრანგი მწერალი).

30. რას წარმოადგენს ადამიანი? – ამის გაგება შესაძლებელია არა საკუთარ თავში ჩაღრმავებით ან ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებით, არამედ მხოლოდ ისტორიის მეშვეობით (ვილჰელმ დილთაი, 1833-1911, გერმანელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი)

31. მსოფლიო ისტორია ყოველივე იმის ჯამია, რის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო (ბერტრან რასელი – 1872-1970. ინგლისელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი).

32. არ იცოდე ისტორია, ეს იგივეა, სამუდამოდ ბავშვად დარჩე (მარკუს ტულიუს ციცერონი, ძვ. წ. 106-43, რომაელი ორატორი, პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, ფილოსოფოსი).

33. ისტორია – წარსულის მოწმე, სინათლე ჭეშმარიტებისა, ცოცხალი მოგონება, ცხოვრების მასწავლებელი, სიძველეთა მთხრობელი (მარკუს ტულიუს ციცერონი, ძვ.წ. 106-43, რომაელი ორატორი, პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, ფილოსოფოსი).

35. ისტორიის უპირველესი კანონია, ეშინოდეს ნებისმიერი სიცრუისა და არ ეშინოდეს არავითარი სიმართლის (მარკუს ტულიუს ციცერონი, ძვ.წ. 106-43, რომაელი ორატორი, პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, ფილოსოფოსი).
36. ისტორია იწერება მკაცრი ჭეშმარიტების დასადგენად (გაიუს პლინიუს უმცროსი, ახ. წ. 61-114 რომაელი მწერალი და პოლიტიკოსი).

37. წინა თაობებმა დაგვიტოვეს არა იმდენად კითხვებზე მზა პასუხები, არამედ თვით კითხვები (ლუციუს სენეკა, ძვ. წ. 6 – ახ. წ. 65, რომაელი მწერალი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი).

38. ვისაც არ ახსოვს საკუთარი წარსული, განწირულია, იგი ხელახლა განიცადოს (ჯორჯ სანტაიანა, 1863-1952, ამერიკელი ფილოსოფოსი).

39. ისტორია – ეს კაცობრიობის გაადამიანურების განსაკუთრებული პროცესია (ლუდვიგ ფოიერბახი, 1804-1872, გერმანელი ფილოსოფოსი).

40. ისტორია იგავია, რომელიც ყველამ აღიარა (ბერნარ ფონტენელი, 1657-1757, ფრანგი მწერალი და მეცნიერი).

41. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია, რომელსაც ყველაზე ცუდი მოსწავლეები ჰყავს (ინდირა განდი, 1917-1984, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი).

42. ისტორია არის ჯამი დანაშაულებისა, სიგიჟისა და უბედურებისა, რომელთა შორისაც აქა-იქ თუ წააწყდებით სათნოებას და ბედნიერ ეპოქას, მსგავსად იმისა, უდაბნოში რომ აღმოჩნდება ხოლმე აქა-იქ ადამიანთა დასახლებები (ვოლტერი, 1694-1778, ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, სატირიკოსი და ისტორიკოსი).

43. ისტორია თავისუფლების დრამაა, რომელშიც ყოველი წერტილი ქაოსითაა მოცული (მერაბ მამარდაშვილი, 1930-1990, ქართველი ფილოსოფოსი).

44. ისტორია საშინელი სიზმარია, რომელსაც, გინდა, თავი დააღწიო (ჯეიმს ჯოისი, 1882-1941, ირალანდიელი მწერალი და პოეტი).

45. ბედნიერია ხალხი, რომლის ისტორიაც მოსაწყენია (შარლ ლუი მონტესკიე, 1689-1755, ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, სამართალმცოდნე).

მისტიკური ცხვარი, ჯადოსნური ყურები

0

ორიოდე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ შოპინგი ლიტერატურულიც შეიძლება იყოს. ერთ-ერთ მაღაზიაში, სამოსის ზღვაში თავჩარგულს, ტალღასავით ამომიხტა ნაცრისფერი მაისური, რომელზეც ათეულობით შავი ცხვარი ბალახობდა. ცენტრში კი ღრუბელივით თეთრი, ფუმფულა ცხვარი იდგა და თავში უტრიალებდა: “I THINK, I'M DIFFERENT”. წარმოდგენა არ მაქვს, დიდ, გაშლილ იალაღზე მობალახე ფარა რომ დამენახა, ადამიანში ჩასახლების მოყვარული ცხვარი მაინც თუ გამახსენდებოდა. ჩემს მაისურს მე შევძინე გარკვეული თვისება, ასე ვთქვათ, სახელდებაც კი: “ლიტერატურული მაისური”, – თორემ მანამდე, საკიდზე ჩამოკონწიალებული, სრულიად არალიტერატურულად გრძნობდა თავს და უსახელო ცხვრები ეხატა. მე ჩამოვხსენი საკიდიდან, საკუთარ სხეულზე დავიკიდე და ვუბრძანე, ამიერიდან უფრო სიმბოლურად მოქცეულიყო.

მეტი სიმბოლურობა კი იმიტომ მოეთხოვებოდა, რომ 80-იან წლებში იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის მიერ დაწერილი წიგნი სწორედ ასეთ, განსხვავებულ ცხვარს ეძღვნება. “ნადირობა ცხვარზე” არ არის ენციკლოპედიური ხასიათის წიგნი, რომელიც ცხვრის ჯიშების მკაფიო დეფინიციებს მოიცავს. ეს არც წმინდა წყლის ფანტასტიკაა, არც მხოლოდ მისტიკა ან დეტექტივი – ისეთივე სინთეზურია, როგორიც, მაგალითად, კაპრონი. ამ “კაპრონის” დამზადებას მურაკამი სულ რამდენიმე წელი მოუნდა და 1982 წელს “ვირთხის ტრილოგიის” მესამე, დასკვნითი ნაწილი გამოჩნდა წიგნის იაპონურ თაროებზე, ქართულ ენაზე კი მხოლოდ 2008 წელს გამოიცა. ეს არ გახლავთ იმ ტიპის ტრილოგია, რომელიც აუცილებლად თანამიმდევრულად უნდა წაიკითხო. ასე რომ, მესამე წიგნი, “ნადირობა ცხვარზე”, სულაც არ არის “სერიალური ხასიათისა” და არ მოითხოვს ასმეთექვსმეტე სერიამდე ასმეთხუთმეტეს ნახვას.
მურაკამის თხრობა მაინც დასავლურია და არაიაპონური, ამიტომ გაცილებით უშუალოც. მე არ მჩვევია სხვადასხვა ქვეყნითა და სხვადასხვა კულტურით მხურვალე გატაცება და არაჯანსაღი მგონია მოსაზრება, რომ იაპონელები სხვანაირად განიცდიან, ინგლისელები – სხვანაირად და ქართველები – სულ სხვაგვარად. ყველა ერთნაირად განიცდის, გადმოცემის ხერხია განსხვავებული. შესაბამისად, არასდროს ვკითხულობ წიგნს რომელიმე ქვეყნის “დასანახად”.

ასე რომ, შეგუებული ვიყავი ფაქტს: მურაკამის ერისა და კულტურის, სუშისა და კაბუკის, ჰარაკირისა და საკურას სილამაზის გამო კი არ ვკითხულობდი (ამ ყველაფერს ისედაც შესანიშნავად გავეცნობოდი შემეცნებითი სტატიების მეშვეობით), იმის გასაგებად კი არა, რას გრძნობს იაპონელი, როცა სხეულში ცხვარი უსახლდება და მეც, ქართველი, იმავეს ვიგრძნობდი თუ არა, არამედ, უბრალოდ, კარგი თხრობის, სახასიათო პერსონაჟების, გამაოგნებელი სიმბოლოების, ფანტასტიკისა და რეალობის საცალფეხო და ამიტომაც მომხიბვლელი ბილიკის, საინტერესო სიუჟეტისა თუ რაღაცნაირი, კოსმოპოლიტი გმირების გამო.
თუმცა ის ვერ და არ გაექცა მისტიციზმისადმი აღმოსავლურ სიყვარულს, – მთელი წიგნი ხომ ერთი დიდი ლოგიკური მისტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი რამ ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნის, ულოგიკოდ არაფერი ხდება. პერსონაჟების გათვლილი ჩვეულებრიობა და მათი თვისება, განსაზღვრული მოვლენის შემდეგ დაეკისროთ სრულიად არაჩვეულებრივი მისია, მურაკამის სტილია. “ნადირობა ცხვარზე” გაცილებით თანამიმდევრულია, თითქმის დაცლილი “წაღმა- უკუღმა” თხრობისგან, ვიდრე ავტორის შემდგომი ტექსტები. ალბათ, ესეც გათვლილი აქვს: თუ სანადიროდ მიდიხარ, ფრთხილად უნდა იარო და კვალი არ დაკარგო.
კვალს ჰოკაიდომდე მივყავართ. ყველაფერი, მარტივად რომ ვთქვათ, ერთი არაჩვეულებრივი, ვარსკვლავიანი ცხვრის გამო ხდება, რომელსაც ახირებული ზნე სჭირს: ადამიანებს უსახლდება და შემდეგ, “გამოცხვარებულებს”, ტოვებს. მე მგონია, რომ ცხვარი მურაკამის მხოლოდ ბიბლიური ნიშნით (ის ღვთის ტარიგია) არ შეურჩევია – ცხოველის ხასიათის თავისებურებებსაც გაითვალისწინებდა. “ადამიანში ჩასახლებული ცხვარი უკვდავია. უკვდავია ადამიანიც, რომელშიც ის ცხოვრობს, მაგრამ საკმარისია, ცხვარმა მიატოვოს, რომ მაშინვე მოკვდავი ხდება. ყველაფერს თვითონ ცხვარი წყვეტს. თუ მოსწონს “მასპინძელი”, ათეული წლებით დარჩება მასთან. რაღაც არ მოეწონება და – ჰოპ! – გადმოხტება გარეთ და მოგჭამა ჭირი”. ცხვარი – ეს არის ცოცხალი იდეა, რომელიც, კაცმა არ იცის, შენებამდე მიგიყვანს თუ ნგრევამდე, სიკეთემდე თუ ბოროტებამდე. მისი თვისება უნივერსალურობა არ არის. ის რაღაცით ჰგავს იოკაის, იაპონელ დემონს, რომელსაც ადამიანის სახლიდან გამოსული სითბო იზიდავს. ასევე იზიდავს ჩვენს ვარსკვლავიან ცხვარსაც ადამიანის სხეული როგორც ჭურჭელი, ჩასახლდება მასში და ჩვეულებრივობას აკარგვინებს. ადამიანები კი საკუთარი სისუსტეებით არიან ადამიანები სენსეი, ცხვრის პროფესორი და ვირთხაც მანამდე იყვნენ ადამიანები, სანამ ცხვარი არ ესტუმრათ. ზუსტად ისეა, როგორც ძველქართულ იგავში, ერთი განსხვავებით: თუ ქართველი ცხვარი სახლის ყოველი კუთხიდან აგდებს სიღარიბეს და სამაგიეროდ ბარაქას ტოვებს საკუთარი თავის, ბატკნის, მატყლისა და ყველის სახით, იაპონელი დემონი ადამიანს ისე ეუფლება, რომ არ აძლევს მომავალი კომფორტის გარანტიას, მისი ტვინის უჯრედებს ისე ოსტატურად იკავებს, როგორც მოხუცი – ადგილს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. თუმცაღა სენსეისთვის კომფორტი ძალაუფლება იყო და მიიღო კიდევაც ის, ცხოველსა და ადამიანს შორის სრული ჰარმონია დამყარდა, მერე კი რაღაც შეიცვალა და დემონმაც ისე იოლად მიატოვა სენსეი, როგორც, საერთოდ, გვტოვებენ ხოლმე. ან ვტოვებთ. მან ასევე მიატოვა ცხვრის პროფესორი, ხოლო ვირთხამ თავად მოინდომა საკუთარ სხეულში მცხოვრების, ანუ თანაცხოვრების გასახლება. ეს პროცესი აბეზარი რუმმეითის მოშორებასავით ადვილი არ ყოფილა – იმდენად რთული გახლდათ, რომ სიკვდილით დასრულდა. ორმხრივი სიკვდილით. ვირთხა, რომელიც ცხვრის გამო ორმაგ ქურთუკს დაემსგავსა, – აი, ისეთს, ორივე მხრიდან ჩაცმა რომაა შესაძლებელი, – საბოლოოდ კი საკუთარი თავი ვერც ერთი მხრიდან ვეღარ მოირგო, ცხვრიანად მოკვდა. ცხვარმა მისი დატოვება ვეღარ მოასწრო.

ვირთხა მურაკამის ერთ-ერთი უსახელო პერსონაჟია. მთხრობელი და მისი მეგობარი, ჯადოსნურყურება გოგო, სენსეი და მისი მდივანი, ადამიანი-ცხვარი და ცხვრის პროფესორი, – მათ მურაკამი თვისებების მიხედვით მოიხსენიებს და სახელები ზედმეტად მიაჩნია, რადგან სენსეის განსხვავებულობა სხვა ოლიგარქებისგან არც ისე თვალშისაცემია, მთხრობელიც ერთი ჩვეულებრივი შუახნის მამაკაცია, რომელსაც ცოლი ცოტა ხნის წინ გაექცა, ჯადოსნურყურება გოგოც მორიგი მოდელია არა გრძელი ფეხებით, არამედ სასწაულმოქმედი ყურებით, ცხვრის პროფესორი რომელიმე ზოოლოგი გიაა, ან ზოოლოგი ჯორჯი, ან ზოოლოგი ხორხე, ადამიანი-ცხვარი კი რომელიმე მორიგი პაციფისტი გახლავთ. უსახელობა მკითხველს არამც და არამც არ უქმნის დისკომფორტს: წიგნის შუა ნაწილამდე ვერც კი ხვდება მწერლის თამაშს, მწერლისა, რომელმაც სანადიროდ წაიყვანა, ხელში კი იარაღის ნაცვლად მსუყე ტექსტები მისცა უამრავი შინაგანი პლასტით და თავსატეხით.
კიდევ ერთი თავსატეხი წიგნში პროტაგონისტის აღმოჩენაა: მე მაინც მგონია, რომ ვირთხა სულაც არ არის პროტაგონისტი და რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, მთავარი მოქმედი პირი მთხრობელი გახლავთ, რადგან მას შეუძლია, თავი არ მოიკლას. მას შეუძლია, ყველაფერი თავზე ენგრეოდეს და მაინც ცოცხალი დარჩეს.
ანტაგონისტი არც ცხვარია, არც მდივანი, ამ წიგნში მსგავსი “ვაკანსიაც” კი არ არსებობს. მურაკამი გვაძალებს, დავივიწყოთ მითი უნივერსალური ნეგატივის შესახებ. სანაცვლოდ კი ისეთ უცნაურ პოზიტივს გვაჩეჩებს, როგორიც დაუბლოკავი ყურების ბრწიყნვალებაა. დასაწყისში ეს დეტალი მკითხველს გააღიმებს კიდეც. მაგრამ გოგო, რომელმაც ისწავლა დაბლოკილი ყურებით ცხოვრება, სულაც არ არის სასაცილო. ის არავის აძლევს შანსს, იხილოს მისი ყველაზე ინტიმური ორგანო – ყური. ყურის საშუალებით ადამიანის იდენტიფიკაცია არახალია მსოფლიო ჰოლმსურ პრაქტიკაში. მთხრობელის მეგობარი გოგო ყველაზე იდუმალი პერსონაჟია წიგნში და გგონია, რომ შენც, მკითხველსაც, ისე დაგიბლოკა თავისი ყურები, ისე გადაგიმალა საკუთარი თავი, ერთი საოცარი ყურიდან ისე შეუშვა და მეორიდან ისეთი შესაშური გულგრილობით გამოუშვა შენი ყველა მცდელობა, მის შესახებ რამე შეგეტყო, როგორც თავად ავტორმა გადაგიმალა ყველა შესაძლო დასასრული, ყველა შესაძლო სიმბოლო, ყველა შესაძლო იდეა და გაიძულა, კიდევ ბევრჯერ მიბრუნებოდი.
ცხვარი კი, რომელიც გაცხარებამდე ცხვარია და გაცხარების შემდეგ ადამიანებში ჩასახლების გუნებაზე მოდის, ერთ გოგოს აცვია ტანზე – არა ტოკიოში, არამედ თბილისში. ის ძალიან ამაყობს ამით.

ლაშა ბაქრაძე – რატომ არ დადიან მოსწავლეები მუზეუმებში

0

თბილისის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ბაქრაძე ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე საუბრისას ერთ თვალში საცემ და ნამდვილად დასაფიქრებელ ნაკლს აღნიშნავს: ზედაპირულობასა და ანალიზის უნარის უქონლობას.

თანამედროვე გარემო თითქოს არჩევანს ართმევს მათ – უნდა მიიღონ და გადაამუშაონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, იყვნენ კონკურენტუნარიანები, მობილიზებულები, ჰქონდეთ სწრაფი რეაქციის უნარი, იცოდნენ უცხო ენები, დაეუფლონ ქართულ ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას, და მაინც, ვერც სკოლის, ვერც უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისგან ვერ გაიგონებთ, რომ ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობა რომელიმე ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ხოლო ლაშა ბაქრაძე, თავისი დაკვირვებით, კიდევ ერთ რამეს ასკვნის: ჩამოყალიბდა წარმატებაზე ორიენტირებულთა ახალი ტიპი, ისინი, ვინც ცოდნის შეძენისა და მისი გაანალიზებისკენ კი არ ისწრაფიან, არამედ ცდილობენ, მაღალი ქულები დააგროვონ და “გაძვრნენ”, ეს კი სწორედ ჩვენში ფესვგადგმული ზედაპირული აზროვნების შედეგია.

საზოგადოებას კი გამუდმებით აწუხებს კითხვა: რა არის საჭირო პროფესიონალი და საქმის მცოდნე თაობის აღსაზრდელად?

ვინაიდან ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის მუზეუმის დირექტორია, გადავწყვიტეთ, მისთვის უპირველესად მუზეუმის როგორც საგანმანათლებლო რესურსის შესახებ გვეკითხა.

ლაშა ბაქრაძე: “სამწუხაროდ, მოსწავლეები მუზეუმებში არავის დაჰყავს. ალბათ მასწავლებლები საპირისპიროს იტყვიან, მაგრამ ჩემი გამოცდილება სხვა რამეს მეუბნება. უცხოეთში, როცა არ უნდა შეხვიდეთ მუზეუმში, ყოველთვის არიან იქ მოსწავლეთა ჯგუფები. ჩვენთან ასეთი რამ უიშვიათესია. გასულ წელს გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეოდ გავმართეთ მართლაც უნიკალური გამოფენა. გავუგზავნეთ თბილისის სკოლებს ამის შესახებ ინფორმაცია. ზოგმა გვითხრა, რომ მუზეუმში წასვლა გეგმაში არ ჰქონდათ, ზოგმა კი – რესურსცენტრი თუ დაგვავალებს, მოვალთო. ეს კიდევ უფრო გასაოცარი იყო – თურმე მასწავლებლებმა მუზეუმში ვიღაცის დავალებით უნდა ატარონ ბავშვები.

ამჟამად, აპრილის ბოლომდე, ჩვენს მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა 1832 წლის შეთქმულებისა და მისი შედეგების შესახებ, რაც ყველასათვის საინტერესო იქნება, ვისაც კი გაუგონია ქართული რომანტიზმი და თვითონ ეს შეთქმულება, როგორც ფაქტი. ჩვენი თანამშრომლები ურეკავენ სკოლებს, სთავაზობენ, ახსენებენ, რომ გამოფენა უფასოა, ხოლო თუ გიდი დასჭირდათ, ეს მომსახურება ერთჯერადად ღირს 10 ლარი. არ მოდიან. უფრო მეტიც – მასწავლებლები ინფორმაციას არ ავრცელებენ მოსწავლეებში, იქნება და არის ბავშვი, რომელსაც ეს დააინტერესებს და თუ სკოლა ვერ უწევს ორგანიზებას, მშობლებმა მოახერხონ ეს. ამ გამოფენის ნახვას ყველას ვურჩევ, წელს 1832 წლის აჯანყების იუბილეა და ეს თემა აქტუალურია თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. გამოფენა საინტერესო იქნება პედაგოგებისთვისაც, მერწმუნეთ, ისინიც ბევრს გაიგებენ ახალს. საზოგადოდ კი, პედაგოგებს შეუძლიათ, ლიტერატურის მუზეუმის ვებგვერდზე თუ ფეისბუქის გვერდზე გამუდმებით მიადევნონ თვალი აფიშას.

მუზეუმებში არსებობს მუდმივი ექსპოზიციები და ცვალებადი გამოფენები. ჩვენ ხშირად გვაქვს სიახლეები და მათში სკოლების ჩართულობით თუ ვიმსჯელებთ, მათ გეგმებში გამოფენებზე სიარული, როგორც ჩანს, საერთოდ არ შედის. მე კი ვიტყოდი: არა მხოლოდ სპეციფიკურ გამოფენებზე, გალაკტიონის ხელნაწერი არქივი იქნება ეს თუ 1832 წლის აჯანყება, – საზოგადოდ, გამოფენებზე სიარული, თუნდაც ეს თანამედროვე მხატვრებისა იყოს, ასევე კინოჩვენებებზე დასწრება აუცილებელია, რათა ბავშვი მიეჩვიოს კულტურულ ღონისძიებებზე სიარულს. ლიტერატურის მუზეუმში ბევრი ახალგაზრდა დადის, მათ უამრავ საინტერესო პროგრამას ვთავაზობთ, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ნაწილი თბილისელი ახალგაზრდებისა. მე ვხედავ ერთსა და იმავე სახეებს, რომლებმაც ან თვითონ იპოვეს, ანდა მშობელმა თუ მასწავლებელმა გაუხსნათ გზა გალერეებისკენ. ასეთივე მდგომარეობაა კინოსა თუ თეატრთან მიმართებით. პედაგოგს მიაჩნია, რომ მუზეუმში სიარული არ არის სავალდებულო; აქედან გამომდინარეობს ის გაუნათლებლობა, რაც დამახასიათებელია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის.

– კიდევ რას სთავაზობს ლიტერატურის მუზეუმი მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს?

– ჩვენთან მუდმივმოქმედი გამოფენა არ არის, მაგრამ თემატურ გამოფენებთან ერთად ლიტერატურის ინსტიტუტი გამუდმებით სთავაზობს საზოგადოებას ლიტერატურულ შეხვედრებს და კითხვებს. პროზის კითხვას პირადად მე დიდ პროპაგანდას ვუწევ. საქართველოში პოეზიის კითხვა იყო მხოლოდ მიღებული, მაშინ როდესაც ძალიან საინტერესოა იმის მოსმენა, როგორ კითხულობს მწერალი საკუთარ ტექტს. მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის არც ასეთ ღონისძიებაზე დასწრება იქნებოდა ცუდი – თანამედროვე ავტორებს გაეცნობოდნენ. ასევე ხშირად ვმართავთ კინოჩვენებებს. ამ ცოტა ხნის წინ ლიტერატურის მუზეუმმა კავკასიური ფილმების ფესტივალს უმასპინძლა. მე ის მაწუხებს, რომ ამ ღონისძიებებზე ახალგაზრდები არ დადიან, თორემ დარბაზი მუდამ სავსეა, მაშინ როცა სასურველია, მაღალი კლასის მოსწავლეებმა უკვე ლიტერატურულ შეხვედრებზეც იარონ და კინოჩვენებებზეც. მაგრამ ჩვენთან რატომღაც ითვლება, რომ სკოლის მოსწავლეები ბავშვები არიან და არ სჭირდებათ სერიოზული ფილმი. ამგვარი დამოკიდებულება გრძელდება უმაღლეს სასწავლებელშიც, სადაც ლექტორი ბრძენია, ხოლო სტუდენტი – მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, მაშინ როცა მოსწავლეები მაღალ კლასებში უკვე უნდა სწავლობდნენ შეკითხვის დასმას, აზრის გამოთქმას და ეს არ ნიშნავს თავხედობას, ეს კოლეგიალური დამოკიდებულების გამოხატულებაა. სტუდენტებს ვთავაზობ ხოლმე, შენობით მომართონ – ეს მათ პედაგოგის თანასწორად აგრძნობინებს თავს. სტუდენტს არა აქვს ისეთი განათლება, როგორიც პედაგოგს, მაგრამ აზრის გამოთქმაში ის თანასწორია, თავხედობა კი ორივე ფორმით შეიძლება გამოხატოს ადამიანმა, თქვენობითითაც და შენობითითაც. გარდა ამისა, მიმართვის შენობითი ფორმა სტუდენტს აგრძნობინებს, რომ მისი მოწაფეობა დამთავრდა და იგი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავიდა. სამწუხაროდ, ეს განსხვავება სკოლის მოსწავლესა და სტუდენტს შორის ჩვენთან არ არის.

– კერძოდ, სად “სცოდავენ”დღევანდელი ახალგაზრდები?

– სტუდენტებს, ილიას უნივერსიტეტში იქნება თუ სამხატვრო აკადემიაში, ვხედავ, რომ აქვთ სურვილი, მონდომება, მაგრამ სკოლაში არავითარი უნარ-ჩვევები არ მიუღიათ, მაგალითად, როგორ ჩაიწერონ სწორად დავალება, ანდა მთელი კვირის განმავლობაში წაიკითხონ 20-30 გვერდი და მისი მოკლე შინაარსის გადმოცემა შეძლონ. სტუდენტებისთვის ამის სწავლება უკვე დაგვიანებულია. მე ვასწავლი მე-20 საუკუნის ისტორიას და როდესაც რუკაზე რამეს ვაჩვენებ, ეს ისეთივე უცხოა მათთვის, როგორც ჩემთვის – კომპიუტერის შიგა სქემა. ეს იმიტომ, რომ მათ არ უსწავლიათ სკოლაში მსოფლიოს რუკა, არ იციან ქალაქის გეგმის წაკითხვა. ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ, გავიდეთ ქუჩაში და ვთხოვოთ გამვლელებს, თბილისის გეგმაზე გვაჩვენონ ლესელიძის ქუჩა, 90% ამას ვერ შეძლებს. ეს სამარცხვინოა. როდესაც სტუდენტებს რუკაზე ვუხსნი, როგორი იყო ევროპა I მსოფლიო ომამდე, აბსოლუტურად ვერ გრძნობენ განსხვავებას. როგორ ავუხსნა მათ, როგორ შეიცვალა სამყარო, თუკი ამ რუკაზე ვერაფერს ხედავენ? პირდაპირ მშურს, უცხოეთში როგორ იციან ბავშვებმა არა მხოლოდ რუკა, არამედ მცენარეების, ცხოველებისა ა ფრინველების სახელებიც, რაც ქართველმა ბავშვებმა ასევე არ იციან.

უმაღლესი სასწავლებელი ბევრ რამეს ვეღარ შეცვლის. მე არ მაქვს საშუალება, ერთ სემესტრში ვასწავლო ტექსტის მთავარი შინაარსის გადმოცემა. ამაში მარტო სკოლა არ არის დამნაშავე – საბავშვო სატელევიზიო შოუები, სადაც ბავშვებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხონ კითხვებს, მხოლოდ ზეპირი ცოდნის მავნე პროპაგანდას წარმოადგენს. მოზარდებს არც სკოლაში და არც უმაღლეს სასწავლებელში არავინ ასწავლის დაფიქრებას და ანალიზს. ამ ზედაპირულობის საბოლოო შედეგი ის არის, რომ, როგორც მე ვაკვირდები, სტუდენტების უმრავლესობა მოტივირებულია, რამენაირად გაძვრეს ამ ცხოვრებაში, მიიღოს ქულები და არა ცოდნა. შესაძლოა ვინმემ მითხრას, მუდამ ასე იყოო. მუდამ ასე არ ყოფილა. ამ ტიპის აფერისტები ბოლო ხანს ჩამოყალიბდნენ და ეს საკვირველია, რადგან დღეს დიპლომს გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წინათ; დღეს მართლაც მოეთხოვება ადამიანს რაღაცის ცოდნა, ამიტომ არ მესმის, რატომ არის ეს თაობა მომართული გაძვრომაზე, ცხოვრების მორგებაზე. ხშირად მესმის, თითქოს ახალმა თაობამ კარგად იცის კომპიუტერისა და ინტერნეტის მოხმარება. ამის საპირისპიროდ ვიტყოდი, რომ მე უკეთესად შემიძლია ინტერნეტში ძიება, ვიდრე მათ უმრავლესობას. იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაცია იპოვო, ლოგიკური აზროვნებაა საჭირო, ინტერნეტში ყველაფერი ხელისგულზე არ დევს. მათ კი არც მოთმინება აქვთ საიმისო და არც ცოდნა, რომ, თუ რამე პირველსავე საძიებელ სიტყვაზე ვერ იპოვეს, სასურველ შედეგამდე სხვაგვარად მივიდნენ.

– განათლების ზედაპირულობას შრომის ბაზარიც ხომ არ განაპირობებს?

– შრომის ბაზრის განუვითარებლობა ბევრ რამეს განაპირობებს ქართულ სინამდვილეში, მაგრამ ქართველებს მენტალურად უჭირთ, იყვნენ მობილურები, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდნენ, შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილები და სამსახურები, ანდა მიღებული განათლება რაიმე პროფესიას მოარგონ. ამაშიც ზოგადი განათლების უქონლობა უშლით ხელს. მაგალითად, საბჭოთა დროს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მსახიობებს ამზადებდა, იყო თეატრალური ინსტიტუტი, სადაც ძალიან რთული კონკურსის შედეგად ხდებოდა ჩარიცხვა. დღეს ამ პროფესიის ხალხს უამრავი სასწავლებელი ამზადებს. რასაკვირველია, ამდენი მსახიობი საჭირო არ არის, მაგრამ გვყავს უამრავი ახალგაზრდა, რომელთაც სხვა განათლება არ გააჩნიათ და სხვა პროფესიას არ იძენენ, იმიტომ რომ მსახიობის დიპლომი აქვთ და მათ ამბიციას დაკმაყოფილება სჭირდება. ასეა ბევრ სხვა სახელოვნებო დაგრში – მხატვრები, რეჟისორები, თეატრის რეჟისორები, სადაც ვითომდა ამ დარგის სპეციალისტების რედუცირება ხდება. ამის პარალელურად კი ქვეყანაში არავითარი ყურადღება არ ექცევა ახალი პედაგოგიური კადრების მომზადებას. ჩვენს პედაგოგთა რიგები ძალიან დაბერდა და ერთ დღესაც ეს კრიზისში გადაიზრდება. ვგულისხმობ არა მაინცდამაინც პედაგოგის დიპლომის მქონე ადამიანებს, არამედ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსაც, რომელთაც სურთ, ასწავლონ სკოლაში. ერთია, რომ არ გვყავს პროფესიონალები და მეორე, რომ განათლების სამინისტრო არც არაფერს აკეთებს მათ მოსამზადებლად, რაც ერთ მშვენიერ დღეს სერიოზულ პრობლემას შექმნის.

საქართველოსთვის, საერთოდ, დამახასიათებელია ჰუმანიტარული საგნებისკენ დიდი გადახრა, მაგრამ ქვეყანას თუ უნდა, წარმატებული იყოს, ახალგაზრდებმა ბაზისური ცოდნა მაინც უნდა მიიღონ, რომ ზუსტ მეცნიერებებზე წარმოდგენა ჰქონდეთ. ამავე დროს, ჩემი ნაცნობები, რომლებმაც თავის დროზე ზუსტი მეცნიერებები შეისწავლეს, გაცილებით განათლებულები არიან, მეტი ინტერესით კითხულობენ ლიტერატურას, ნახულობენ ფილმებს თუ ეცნობიან მხატვრობას, ვიდრე ჰუმანიტარული განათლების მქონენი. ესეც ჩვენს ზედაპირულობაზე მეტყველებს – ადამიანს ეზარება სერიოზული ჩაჯდომა და შემეცნება და ჰუმანიტარული განათლების მიღება იოლი ჰგონია. ბევრი ჩემი ნაცნობი სწავლობს უცხოეთში იურიდიულ ფაკულტეტებზე და ვიცი, რამხელა ენერგია სჭირდება ამას. მიკვირს, ჩვენთან რამდენად უფრო იოლად უყურებენ ამავე ფაკულტეტზე სწავლას. იმავეს ვიტყოდი სამედიცინოზეც – რამდენად ზედაპირულია მედიცინის სწავლა საქართველოში და რა რთული და დეტალურია დასავლეთში.

– თქვენი თაობის, ანუ საბჭოთა სკოლა რით განსხვავდებოდა დღევანდელისგან?

– არც მე მისწავლია კარგ სკოლაში და მიმაჩნია, რომ უმაღლესმა სასწავლებელმაც ბევრი არაფერი მომცა. ცოდნის მიღება უმეტესად პიროვნებაზეა დამოკიდებული, სკოლა თუ უმაღლესი სასწავლებელი ბაზისს ქმნის, ხოლო იმისთვის, რომ სტანდარტიზაცია არ მოხდეს, ზოგჯერ სისტემის საპირისპიროდ ცურვაც არის საჭირო. მიმაჩნია, რომ იმდენი თარიღი, ჩვენ რომ გვაზეპირებინებდნენ, შესაძლოა არ იცოდე, მაგრამ უნდა შეგეძლოს ანალიტიკური აზროვნება და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება. მეც ვამბობდი სკოლაში, ამდენი გეომეტრია რა საჭიროა-მეთქი, მაგრამ ლოგიკას და აზროვნებას მოზარდს სწორედ ზუსტი მეცნიერებები ასწავლის, ხოლო ლექსის დაზეპირება სულ არ არის საჭირო იმისთვის, რომ ლიტერატურა იცოდე. ჩემი დროის სკოლა იყო საბჭოთა სკოლა, რომელსაც უამრავი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ შეიცვალა კი ის? დღეს ქართული სკოლა აღარ არის იდეოლოგიზებული, მაგრამ ტიპობრივად ის არ შეცვლილა. მე არ ვარ ძველის იდეალიზების მოყვარული, როგორც მაშინ ვხედავდი პრობლემას, ვხედავ დღესაც. თუ ახალი თაობის პედაგოგები არ მოვიდნენ სკოლაში, ახალი სკოლა ვერ შეიქმნება. უცხოეთში განათლების მიღება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თაობამ ახლებურად აზროვნება დაიწყოს. პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, დღეს კი ვხედავ, რომ, ფაქტობრივად, ახალგაზრდებში ხდება ძველი თაობის აზროვნების რეპროდუქცია. ჩვენი ისტორიის საბჭოთა პერიოდების შესწავლა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა დაინახონ, რა იყო მიუღებელი იმ დროში, მათ შორის – ის კარიერისტული მისწრაფებები და ზედაპირულობა, რაც დღევანდელ თაობასაც ახასიათებს.

ესაუბრა ბელა ჩეკურიშვილი

შაბათი ახლოვდებოდა…

0
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

ისააკ ბაშევიჩ ზინგერი დილაობით წერდა ხოლმე. შუადღისას სასეირნოდ ბროდვეიზე გადიოდა. გამზირზე სადმე ვეგეტარიანულ კერძს  მიირთმევდა და მერე ჩიტებს აჭმევდა. ჯიბით საბანკო წიგნაკს და ათასობით დოლარს ატარებდა – ვინ  იცის, ნიუ იორკიდან გაქცევა დამჭირდესო. სჯეროდა, რომ “ეს” შეიძლებოდა კიდევ ერთხელ მომხდარიყო.

ზინგერი პოლონეთში, ვარშავის მახლობელ სოფელ რაძიმინში, დაიბადა  1904 წელს. აღმერთებდა  ძმას,  მწერალ ისრაელ ჯოშუა ზინგერს; მის კვალს გაჰყვა და მწერლობას მიჰყო ხელი. ისააკ ზინგერი ჰიტლერულ რეჟიმს გამოექცა და 1935 წელს ამერიკაში ჩავიდა. ჯიბეში  ერთი  პენიც  კი  არ ჰქონდა  და  ერთადერთი  ინგლისური ფრაზა იცოდა. ამერიკაში  თავისი ძმის მოულოდნელმა სიკვდილმა და,  საერთოდ, ევროპაში  თავისი სამყაროს  განადგურებამ  მძიმე დაღი დაასვა. შვიდი წლის განმავლობაში  არაფერი დაუწერია, მაგრამ მერე ისევ  დაიწყო წერა… და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალი გახდა. მისი მისიაა: უკვდავყოს ებრაელთა  სამყარო.

ზინგერი ამბობდა, ორ კერპს  ვემსახურებიო – ლიტერატურასა და სიყვარულს, თუმცა ესეც მისი სიტყვებია: “ღვთის რწმენის მოთხოვნილება ისეთივე ძლიერია, როგორც სექსის  მოთხოვნილება”.

კრიტიკოსები “ებრაელ შეჰერეზადას” ეძახდნენ. ყოველკვირეულ გაზეთ “ფორვარდის” ყოველ ნომერში ერთი-ორ მოთხრობას ან ფრაგმენტს ბეჭდავდა 40 წლის განმავლობაში.  გამოქვეყნებული აქვს 45 ტომი  – მოთხრობები,  რომანები,  საბავშვო  ზღაპრები, პიესები, მემუარები. შვედეთის აკადემიამ ნობელის პრემია 1978 წელს მიანიჭა.
 
როდესაც უკანასკნელად აძლევდა ინტერვიუს, ზინგერი თავის ბინაში იჯდა, ბროდვეიზე, ფანჯრიდან შემოსული ნაცრისფერი შუქის ჩარჩოში მზე ჩადიოდა, შაბათი ახლოვდებოდა.

– თქვენს მოთხრობებსა  და ინტერვიუებში ჩანს, რომ გწამთ: ადამიანებში ცოცხლობს თავისუფალი ნება, თუმცა…
– მწამს, რომ ადამიანებში არსებობს თავისუფალი ნება. მეტსაც გეტყვით: ისიც კი მწამს, რომ  ცხოველებშიც არსებობს უმაღლესი აზრი ან თავისუფალი ნება.

– თუმცა   ისიც ცნობილია, რომ  სულებისა და  დემონების არსებობაც გწამთ. თქვენს ნამუშევრებში ჭინკები ღუპავენ ადამიანებს:  მათ  წინააღმდეგ  მათივე  ვნებებს იყენებენ  – სექსს, სიყვარულს, ფულს და ღვთის შეცნობის  ვნებასაც კი.

– ვიტყოდი, რომ მწამს თავისუფალი ნება და ამავე დროს, მწამს ბედისწერა. ეს თითქოს შეუსაბამობას ჰგავს, მაგრამ ასე არ არის. სხვა სიტყვებით რომ  ვთქვათ,  არაფერი – არც ჩვენი ვნებები და არც სხვა რამ – ჩვენ არ შეგვიქმნია. ყველაფერი უფრო მაღალმა ძალებმა შექმნეს.  ამავე დროს, არჩევანის  გაკეთებაც შეგვიძლია; ჩვენ უნდა  არჩევანი გავაკეთოთ  სიკეთესა  და ბოროტებას შორის. ასე რომ  არ იყოს, ვერ  ვიარსებებდით.

– ერთ ინტერვიუში ბრძანეთ,  რომ თავისუფალი ნება უფლის მიერ ჩვენთვის ნაბოძები ერთ-ერთი უდიდესი წყალობაა, მაგრამ ჩვენ ვერ  ვიყენებთ. როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს წყალობა?

– მოგახსენებთ. ჩვენ უნდა შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება და  შესრულება, ბოლომდე მიყოლა. არ კმარა გადაწყვეტილებების  მიღება. მთავარია  მათი ბოლომდე მიყოლა. ათი მცნება იყო ერთგვარი  გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს  მოსემ  და  სხვა ებრაელებმა. ჩვენ ვერ  შევასრულეთ ეს მცნებები. ხშირად სრულიად საპირისპიროდ ვიქცეოდით. ათი მცნება ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ  რა შეუძლია გადაწყვეტილების მიღებას, თუკი სიტყვას არ გავტეხთ და ნამდვილად ბოლომდე მივყვებით.

– წაკითხული მაქვს, რომ  პატარა ექსპერიმენტებს  ატარებთ საკუთარ თავზე  გადაწყვეტილების მიღებისას: დღეს  იჯდებით და იმუშავებთ სამი საათის  განმავლობაში.  დროს არ დაკარგავთ გუშინდელი გაზეთების კითხვაზე ან ფანჯარაში საათობით ცქერაზე, ან ტელეფონით მუსაიფზე.

 
– გადაწყვეტილებები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ  შეგიძლიათ მათი შუსრულება, ეს ძალას გმატებთ. თუ  არ შეგიძლიათ, მხოლოდ ამას  გეტყვით: “კიდევ სცადეთ”.  ჩვენ  არ შეგვიძლია  მოდუნება. არ შეგვიძლია  ცდაზე ხელის  აღება. ისევ  და ისევ  უნდა  ვცადოთ. თავისთავად ის ფაქტი, რომ თქვენ აქ მობრძანდით და მელაპარაკებით, რომ ჟურნალისტი ხართ, რომ სამუშაო გაქვთ, ნიშნავს, თქვენ აღასრულეთ რაღაც გადაწყვეტილებები. საქმე ბოლომდე რომ  არ მიგეყვანათ და დინებაზე  მიგეშვათ, სადმე თავშესაფარში ან კაცმა არ იცის, სად  იქნებოდით. ეს ასეა თქვენთან თუ  ნებისმიერ სხვა ადამიანთან დაკავშირებით, ვინც არ უნდა  იყოს იგი; თუ  ჩვენ არ ვასრულებთ გადაწყვეტილებებს, თუ არ შეგვიძლია მათი შესრულება, მაშინ ჩვენი საქმე წასულია.

– თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ლიტერატურა, პირველ ყოვლისა, გასართობი უნდა იყოს, სხვაგვარად  ვინ წაიკითხავს?

– რასაკვირველია.  ის მწერლები, მკითხველის კისერზე ჩამოკიდებულები რომ  ქვითინებენ და  სხვა არაფრის მაქნისი არიან, ნაკლებ ინფორმაციასაც იძლევიან, და ნაკლებადაც ართობენ საზოგადოებას. ასე რომ,  ამის გამო მათ ყოველგვარ ექსპერიმენტს ჩალის ფასი ედება.

– მაგრამ,  ნება მიბოძეთ, გკითხოთ: ნათქვამი გაქვთ, რომ ლიტერატურას პრაგმატული ღირებულება აქვს. რა არის ლიტერატურის პრაგმატული ღირებულება?

– მოგახსენებთ. ინფორმაცია პრაგმატულია თავისთავად. როცა რომანს კითხულობ, საფუძვლიანად ეცნობი ქვეყანას ან გარკვეულ გარემოს, ეს უკვე განათლებას სძენს მკითხველს. და, თუ, ამავე დროს,  თქვენი  სულიც ხალისობს და ერთობა,  ესე იგი მწერალმა ნამდვილად მიაღწია მიზანს.

– მაგრამ ეს პრაგმატული ღირებულება, თქვენ რომ ახსენეთ, უფრო მიწიერია, ვიდრე  მე ველოდი. სადღაც  გულის სიღრმეში ხომ არ გეიმედებათ, რომ თქვენი ნამუშევარი როგორღაც თვალს აგვიხელს ან გულს  გაგვიხსნის?

– პირადად მე,  როცა ვჯდები და  წერას  ვიწყებ, ვერ  ვიტყვი, რაღაც ისეთი უნდა დავწერო, რომ გული და გონება გაგიხსნათ  და უკეთესი ადამიანები გაგხადოთ-მეთქი. მაგრამ ასობით წერილის, ადამიანებთან საუბრებისა და შეხვედრების მეშვეობით ვიცი, რომ ჩემმა ნამუშევრებმა რაღაც მაინც გააკეთეს. იმ სიყვარულით სავსე ყველა წერილს, რომლებიც მიმიღია,  გარკვეული მნიშვნელობა აქვს. მწერენ, რა კარგია, ნობელის პრემია  რომ  მიიღეთ,  კიდევ მეტი პრემიები და მეტი სიკეთე გეკუთვნითო. ეს ადამიანები ისე მემადლიერებიან, რომ ვხედავ – მათთვის რაღაც გამიკეთებია. რაკიღა ამას საგანგებოდ არ ვაკეთებ, ესე იგი ამ საქმეში ფარული განზრახვაა. იმიტომ, რომ მჯერა რაღაც დიდისა, რაზეც აქამდე არ გვილაპარაკია – მჯერა, რომ  ყველაფრის უკან ღმერთი დგას.

– ყველაფრის უკან ღმერთი დგას?

– ისაა ყველაფრის უკან. მის საწინააღმდეგო რამეს რომ  ვაკეთებთ,  მაშინაც კი იქ არის. სულერთია, რას  ვაკეთებ. მამასავით, რომელიც ხედავს, რომ  მისი  შვილები ბევრ  სისულელეს, სიგლახეს სჩადიან. უჯავრდება, სჯის. ამავე დროს ეს მისი შვილები არიან. მე მჯერა, ამგვარი ღვთიური სიძლიერისა. ასე რომ, მთლიანად არაფერი იკარგება, რადგან მამა კვლავ თვალყურს ადევნებს თავის შვილებს, სულერთია, რას  აკეთებენ ისინი.

– ნათქვამი გაქვთ, რელიგიას რომ  ვქმნიდე, ეს პროტესტის რელიგია იქნებოდაო.

– მოგახსენებთ, რას  ვგულისხმობ: ადამიანური ბუნება და, საზოგადოდ ბუნება, არ გვაჩვენებს, არ გვიცხადებს რომელიმე გზას ან იდეას იმისა, რაც უნდა გავაკეთოთ;  ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი ვარაუდებია. ჩვენ იძულებული ვართ, ვივარაუდოთ საგნები თუ მოვლენები, არადა რეალურად ეს არ შეგვიძლია. სინამდვილეში ჩვენი ზნეობრიობა აგებულია იმის  კეთებაზე, რაც ბუნებას ეწინააღმდეგება. ბუნებამ უნდა გიკარნახოს, რომ ლამაზ  ქალს დანახვისთანავე უნდა  დაეუფლო, მაგრამ  რაღაც, უფრო მაღალი  გეუბნება, რომ ამგვარი საქციელით დაანგრევ  საზოგადოებას, თავსაც  დაიღუპავ, შვილებსაც და მომდევნო თაობებსაც  დაღუპავ. ასე რომ,  ჩვენ არ შეგვიძლია გამუდმებით ქათინაურებით ვამკოთ ყოვლისშემძლე, ვილოცოთ მასზე და ვუძახოთ:  “რა კარგი ხარ”.  ჩვენ პროტესტის გრძნობა  გვაქვს… რატომ შეიქმნა ეს “ღვთიური სამსჯავრო” ჩვენს სატანჯველად! ვფიქრობ, მავანს შეუძლია თაყვანს სცემდეს ღმერთს, თაყვანს სცემდეს მის სიბრძნეს, მაგრამ, ამავე დროს, აპროტესტებ- დეს მის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალიტეტს. არ მგონია, რომ რელიგია ამის წინააღმდეგი იყოს. დიდი სულიერი წინამძღოლებიც თავისებური პროტესტანტები იყვნენ. შესაქმე პროტესტის წიგნია. ასეთია ბევრი დიდი წიგნი  და დიდი აღმოჩენა.

– შევნიშნე, რომ ნათქვამი გაქვთ: “კაცი საწამებლად დაიბადა. შანსი რომ მიეცეს, კლდეებზე დაანთხევს ტვინს”.

– რასაკვირველია.

– რატომ ვირჩევთ ტანჯვას?

– იმიტომ, რომ  ერთ წუთში  გიყვართ; მეორე  წუთში  გძულთ. ერთ წუთში  დახმარება  გინდა;  მეორე  წუთში  – მოსპობა.  ჩვენ წყევლასავით თან გვდევს ემოციები, რომლებიც ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას. ამ ემოციების გამო მოსვენება არ არის. ჰუმანურობის, ცივილიზაციის მსახურებისთვის  ემოციებზე  უფრო ძლიერი უნდა იყო და  ეს ბრძოლა ისე  ძნელია, ისე  საშინელი, რომ  ვერასდროს ვთავისუფლდებით, მაგრამ ეს უნდა გავიაროთ.

– ხომ არ გგონიათ, რომ  საკუთარი  ემოციების დაპყრობით რომანტიკული სიყვარულის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ?

– ჩვენ ყველაფრის დაკარგვა გვემუქრება. გვემუქრება ჩვენი სიყვარულის, საწოლის, ბინის, სახლების დაკარგვა.  თავისთავად სიცოცხლე თავიდან ბოლომდე ერთი დიდი რისკია…

– თქვენს ნამუშევრებში იშვიათადაა პირდაპირ ნახსენები მსხვერპლშეწირვა, რატომ?

– ჩემს წიგნში “მტრები, სიყვარულის ამბავი”  ამას ხშირად ვახსენებ.  საქმე ისაა, რომ, ჩემი აზრით, საერთოდ ადამიანების ისტორია ერთი დიდი მსხვერპლშეწირვაა. ამას მხოლოდ ებრაელთა ისტორიაზე არ ვამბობ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანების ისტორია მათი მსხ- ვერპლად შეწირვის ისტორიაა. სულერთია, ვის  ხოცავენ – რუსებს, ებრაელებს, არაბებს თუ სხვებს, ეს ერთი დიდი მსხვერპლშეწირვაა. აი,  რას  დავამსგავსეთ ცხოვრება მხოლოდ იმიტომ, რომ  უკეთესი ვერაფერი ავარჩიეთ და პირობა  გავტეხეთ. ჩვენ არ ვიქცევით საკუთარი არჩევანის შესაბამისად.

– საკუთარი არჩევანის შესაბამისად არ ვიქცევით?

– ჩვენ არ ვირჩევთ სწორ გზას; და, თუ  სწორ გზას ამოვირჩევთ, აღარ  ვიქცევით არჩევანის შესაბამისად.

ხომ არ დავიღალეთ?..

0

“ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა…” არა, მე არც დავღლილვარ და ჯერ არც სიკვდილს ვაპირებ, უბრალოდ, მომწონს შექსპირი და მისი სონეტები. თანაც აპრილში მისი დაბადების დღეა. დაღლა რა მოსატანია. ჯერ კიდევ ცნობილმა რომაელმა ღვთისმსახურმა და ალქიმიკოსმა ალბერ მაგნუსმა, უფრო ალბერ დიდის სახელით რომ ვიცნობთ, “ალქიმიის დიდ წიგნში” წარმატების მისაღწევად შვიდი რჩევა მოგვცა. უფრო სწორად, ოქროს მაძიებელ ალქიმიკოსებს მისცა, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ამ რჩევების უმეტესობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოადგება:

1. ზედმეტი ყბედობით საფრთხეში აგდებ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საერთო საქმესაც.

2. სამუშაო ადგილი ყურადღებით შეარჩიე. ეცადე, იყოს არცთუ თვალში საცემი სხვისთვის და მოხერხებული შენთვის.

3. დაიწყე საქმე დროულად და დროულადვე დაასრულე; არ აჩქარდე, მაგრამ არც ზანტად იმოქმედო, თორემ წააგებ.

4. იყავი მომთმენი! მოთმინების გარეშე არაფერი გამოდის. მონდომებით დაიწყე და დაასრულე შენი საქმე. დასვენების სურვილი დამარცხების პირველი ნიშანია.

5. იცოდე შენი საქმე. უცოდინრობას სიკვდილი მოსდევს.

6. ყურადღებით შეარჩიე სამუშაო მასალა და შეამოწმე მისი სისუფთავე, რათა თავიდან აიცილო მიღებული პროდუქტის დაბინძურება.

7. მუდამ გჯეროდეს საკუთარი თავის და გაიმარჯვებ!
ვინც ჩემს წერილებს კითხულობს, შეამჩნევდა, რომ ალქიმიკოსების ნააზრევს ხშირად ვიშველიებ. მართალია, გეორგ შტალმა მათ სულ თაღლითები ეძახა, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მნიშვნელოვანი აღმოჩენები შემატა ქემეიას, უკაცრავად – ალქიმიას, ოჰ, კვლავ ბოდიშს ვიხდი – ქიმიას, და მე მათდამი სიმპათიით ვარ განწყობილი.

კვლავ ალბერ დიდის რჩევებს დავუბრუნდეთ. არ დაიღალოთ, – გვეუბნება ის მეოთხე პუნქტში, – დასვენების სურვილი დამარცხების პირველი ნიშანიაო. რომ არ დავიღალოთ, ენერგია გვჭირდება. ჩვენ კი არა, თვით მოლეკულებსაც კი სჭირდებათ ენერგია, რომ ქიმიური რეაქცია დაიწყოს. აი, მაგალითად, რატომ არ ხდება რეაქცია ოთახის ტემპერატურაზე აირად წყალბადსა და ჟანგბადს შორის? ან, მოდი, ასე ვიკითხოთ: ჩვენ ირგვლივ მრავლადაა წვადი ნივთები, ქაღალდი, ტანსაცმელი… ისინი მუდმივად ჟანგბადის არეში არიან, მუდმივად ხდება მოლეკულების დაჯახება, მაგრამ წვა (ქიმიური რეაქცია) არ მიმდინარეობს.

ნივთიერებათა ნაწილაკების ყოველი შეჯახება ქიმიურ რეაქციას არ იწვევს. ნივთიერებები, რომლებიც მხოლოდ ჟანგბადთან კი არ ურთიერთქმედებენ ადვილად, არამედ, საერთოდ, ადვილად ახორციელებენ ქიმიურ გარდაქმნებს, რეაქციის შედეგად სითბოს გამოყოფენ.

სხვადასხვა ნივთიერების ურთიერთქმედების შედეგად სითბოს გამოყოფა ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ რეაქციის დაწყებამდე ეს ნივთიერებები ფარული ფორმით ფლობენ განსაზღვრულ ენერგიას. ენერგიის ეს ფარული ფორმა თავისუფლდება ქიმიური პროცესის დროს და მას ნივთიერების შინაგანი ენერგია ეწოდება.

ენერგიის მუდმივობის კანონიდან გამომდინარე, ქიმიური რეაქციების დროს ენერგია ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. ნივთიერების შინაგანი ენერგია სითბურ, ელექტრულ ან მექანიკურ ენერგიად გარდაიქმნება. შედეგად ეგზოთერმულ რეაქციებს ვიღებთ.

მაშ, ქიმიური რეაქცია როდისღა ხდება? მხოლოდ მაშინ, როდესაც რეაქციისთვის საჭირო ენერგიის მქონე ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახება. თუ ჯამური მოლეკულების კინეტიკური ენერგია საკმარისი აღმოჩნდა ძველი ბმების გასაწყვეტად, მოხდება ატომთა გადაჯგუფება და წარმოიქმნება ახალი ნივთიერება. ე.ი. აქტიური მოლეკულები გვჭირდება, მაგრამ როგორ გავააქტიუროთ ისინი?

ტემპერატურის გაზრდით მოლეკულებს დამატებითი ენერგია გადაეცემა, შედეგად აქტიური მოლეკულების რიცხვი გაიზრდება, მათი ეფექტური შეჯახება კი ახალი პროდუქტის წარმოქმნას გამოიწვევს.

მოდი, სახელდახელოდ ჩავატაროთ ორი ცდა. ორ სინჯარაში განზავებული მარილმჟავას ხსნარი ჩავასხათ. პირველს დავამატოთ ინდიკატორი მეთილნარინჯი და თეთრი ფერის მაგნიუმის (II) ოქსიდი. რეაქციის შედეგად წითელი ხსნარი ღია ნარინჯისფერი გახდება, რაც იმას დაადასტურებს, რომ რეაქცია მოხდა და ხსნარში მჟავა უკვე აღარ არის. მეორე სინჯარას ფუძე ოქსიდი – სპილენძის (II) ოქსიდი დავამატოთ. სპილენძი, მაგნიუმივით, ორვალენტიანი მეტალია, მაგრამ მისი ოქსიდი მარილმჟავასთან მხოლოდ გაცხელებით ურთიერთქმედებს.

რისი ბრალია ეს?

სვანტე არენიუსმა ჩამოაყალიბა თეორია, რომლის თანახმადაც, რეაქციაში მხოლოდ საკმარისი ენერგიის მქონე აქტიური ნაწილაკები შედიან. ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც უნდა ჰქონდეს მოლეკულებს ახალი ნივთიერების წარმოსაქმნელად, აქტივაციის ენერგია ეწოდება (Eაქტ; კჯ/მოლი). ტემპერატურის მომატებისას აქტიურ მოლეკულათა რიცხვი იზრდება, იზრდება რეაქციის სიჩქარეც. ვანტ-ჰოფმა დაადგინა, რომ ჰომოგენური რეაქციებისთვის ტემპერატურის 100C-ით მომატებისას რეაქციის სიჩქარე 2-4-ჯერ იზრდება. მათემატიკურად ვანტ-ჰოფის წესი ასე გამოისახება:

 
 
ვანტ-ჰოფის წესი მხოლოდ რეაქციის სიჩქარეზე ტემპერატურის გავლენის საორიენტაციოდ გამოიყენება.

ორგანიზმებს, მათ შორის – ადამიანსაც, აქვთ ენერგიის მარაგი. როგორ? ორგანიზმებში ენერგიის უნივერსალური წყარო ადენოზინტრიფოსფორმჟავაა (ATP), რომელიც თავისუფალ, ბიოლოგიურად აქტიურ ნუკლეოტიდს წარმოადგენს. ATP-დან ფოსფატური ჯგუფების მოხლეჩისას ხდება ენერგიის გამოთავისუფლება, რის ხარჯზეც სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესი მიმდინარეობს. აი, თუნდაც ახლა – ამ წერილს მხოლოდ ATP-ის დახმარებით ვწერ.

ამ ნუკლეოტიდის სინთეზში, თავის მხრივ, მარტივი ნახშირწყალი გლუკოზა მონაწილეობს. გლუკოზის მარაგი ღვიძლშია. უფრო სწორად, ღვიძლშია რთული პოლისაქარიდი გლიკოგენი, რომელსაც ცხოველურ სახამებელსაც უწოდებენ. სწორედ ეს მარაგად გადანახული გლიკოგენი იშლება გლუკოზად, რომლის ერთი მოლეკულა ძალიან გრძელ გზას გაივლის, რათა ნახშირორჟანგისა და წყლის წარმოქმნით დაიჟანგოს და უჯრედი 23 მოლეკულა ATP-ით მოამარაგოს.

ღვიძლი მხოლოდ გლუკოზით კი არ ამარაგებს სხვა ორგანოებს, არამედ პასუხისმგებლობასაც იღებს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებაზე. თუ საღამოს 8 საათის შემდეგ არაფერს მივირთმევთ, დილით ღვიძლში გლიკოგენის მარაგი აღარ გვექნება. სწორედ ამიტომაა ასე საჭირო საუზმე. ამიტომაც გვასწავლიან, რომ უსაუზმოდ შინიდან არ უნდა გავიდეთ.

გამოდის, რომ ჩვენი “საწვავი” გლუკოზა ყოფილა. სწორედ ის გვამარაგებს ასე აუცილებელი ენერგიით (ენერგიის სინთეზში ცხიმები და ცილებიც მონაწილეობს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ნახშირწყლების მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა ორგანიზმისთვის ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება).

დაღლილობა იმ საქმემაც იცის, რომლისკენაც ადამიანის სული და გული არ მიუწევს და მხოლოდ მოვალეობის გამო უწევს კეთება.

ასე იყო პარიზში, სადაც ის გადასახადების ამკრეფად მუშაობდა. ოჯახის უფროსი ვაჟი იყო და კლერკად მუშაობის ტრადიციას აგრძელებდა. თავისუფალ დროს მოიხელთებდა თუ არა, ქიმიურ ლაბორატორიაში იკეტებოდა და სასწაულებს ახდენდა. კლერკობის გამო თავი მოჰკვეთეს, დიდი ქიმიკოსობა მხოლოდ მომავალში დაუფასეს. ანტუან ლორან ლავუაზიე…

მთვარიან ღამეს ვიწრო ბილიკს კოჭლობით მიუყვება გაცრეცილქურთუკიანი გამხდარი ყმაწვილი. მაიკო ორბელიანისგან დილით მიღებულ წერილს გულში მერამდენედ იმეორებს. ხომ ხედავ შენი სახლის გარემოებასო, ვერაფრით შეცვლი მძიმე ვითარებასო, ოჯახს არ უნდა უპატრონოო?.. მას იურიდიულ სამსახურში ჩადგომას სთხოვენ, მისი სული კი მთლიანად პოეზიას დაუსაკუთრებია, მაგრამ მოვალეობის გრძნობის გამო უმეტესი დრო სხვა საქმეს უნდა დაუთმოს. ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი…

მე ამ მხრივ ძალიან გამიმართლა – ჩემი ქიმიაც მიყვარს, ჩემი სტუდენტებიც და წერაც…

“ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა…” არა, ეს შექსპირის სონეტი იწყება ასე. მე არც დავღლილვარ და არც სიკვდილს ვნატრობ. მე მოძრაობას ვაგრძელებ, რადგან სანამ გზას ვხედავ, უნდა ვიარო!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...