კვირა, აპრილი 12, 2026
12 აპრილი, კვირა, 2026

მე და ჩემი ღმერთი

0

ვამბობდი:
“ღმერთო ჩემო”, – და თვალწინ ელ გრეკოს ქრისტე მიდგებოდა – მძიმე ჯვრით მხარზე,
ცისკენ თვალებაღპყრობილი, პირქუში, ცივი. ვფიქრობდი: “შეიძლება, დედა იყოს ჩემი,
თვალებდახრილი ქვემოთ, ჩემკენ, და ბარბიც ჩემი იყოს, რადგან პლასტმასის სხეულს თამაშისას
საკუთარი ხელებით ვუთბობ, მაგრამ არ ვიცი, ვისია ღმერთი, რომლის სხეულიც თავის დროზე
მიწაზეც კი ძალიან ღვთიური და არამიწიერი იქნებოდა. ამის შემდეგ მხოლოდ ასე ვიტყვი
ხოლმე: “ღმერთო”.
დაახლოებით ასე ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, უფრო პრიმიტიულად.

არ
ვიცი, უყვარდა თუ არა ელ გრეკო ბებიაჩემს, არც მისი ღვთისმოშიშობის ამბავი მახსოვს.
მეტისმეტად პატარა ვიყავი იმისთვის, რომ ბებოს პიროვნებით დავინტერესებულიყავი. მაშინ
მისი ნაყიდი ნაყინი უფრო
მეტად მაინტერესებდა. ნახატი კი მაინცდამაინც ჩემს ოთახში ეკიდა, საწოლის მოპირდაპირე
მხარეს, და ზაფხულის არდადაგები ელ გრეკოთი იწყებოდა და ელ გრეკოთი მთავრდებოდა. მაშინ
კი, როცა ნაყინზე მეტად ბებოს ამბებმა დამაინტერესა, გვიან იყო. ბებიაჩემი წავიდა და
დარჩა ნივთები გაურკვეველი ისტორიით. ნივთები ისტორიისა და მფლობელის გარეშე ნივთებად
რჩება და მე ისინი, ათეულ წელზე მეტია, ისევე არ მომინახულებია, როგორც ჩემი შორეული
ნათესავები, რომლებიც ან რძლის ბებიის დისშვილები არიან, ან მამაჩემის ნათლიის ძმის
ქვისლის შვილები.

 

აღდგომაც,
ისევე როგორც საზაფხულო არდადაგები, ტრადიციულად, სოფლის დღეები გახლდათ. მე კი ძალიან
ვიტანჯებოდი, წითელ პარასკევსაც ისევე მხიარულად რომ ვხვდებოდი, როგორც რომელიმე სხვა,
უფერო პარასკევს. თან, გაითვალისწინეთ, ელ გრეკოს ქრისტე მყარად ეკიდა საწოლისწინა
კედელზე. რა უცნაური ქრისტე იყო: ტანჯვისა და ტკივილის ნიშანწყალსაც ვერ შეატყობდით,
ეკლის გვირგვინიდან სისხლი მოსწვეთავდა და შეეძლო, მაინც მარმარილოსავით თეთრი ყოფილიყო,
არც ერთი კუნთი, არც ერთი ძარღვი არ დაეჭიმა, მძიმე ჯვარზე მარჯვენა ხელის თხელი მტევანი
ისე ფრთხილად დაედო, როგორც ვადებთ ხოლმე ზურგზე ხელს ქუჩაზე გადამსვლელ მოხუცებს.
ინტუიციით ვხვდებოდი, ხელში ძვირფასი ნივთი ეჭირა. მერე, როცა გავიზარდე, გავუშინაურდი
და ეკლესიაში ჩამოვუჯექი, მილიონჯერ ვუსაყვედურე და ამდენივეჯერ მაზოხიზმში დავადანაშაულე.
როგორც თქვენ ყველას, მეც მინდოდა, მასთან თქვენობით არ მელაპარაკა და მოსალოდნელი
სასჯელის შიშით ყველა სიტყვა, ყველა ფიქრი, ყველა ქმედება წინასწარ არ განმესაზღვრა.
ერთი სიტყვით, ისეთი ღმერთი მჭირდებოდა, რომელსაც ხარისხიანი ბრენდივით მოვირგებდი
და მეორე დღესვე ტანზე არ შემომერღვეოდა.

 

წლების შემდეგ, როცა ღმერთის
სხვადასხვა ესკიზი უკვე მრავალჯერ შევქმენი, შევკერე, შემოვიცვი, მაგრამ იდაყვები მაინც
გაუცვდა, მაინც გახუნდა და საბოლოოდ იმედი მაინც გამიცრუვდა, მივხვდი:
დოგმების გარეშე არაფერი
გამომივიდოდა და ჩემი იდაყვმორღვეული ღმერთი მაინც ჩემს ძველ, მივიწყებულ ბარბის დაემსგავსებოდა.

 და ახლა ყოველი წითელი
პარასკევი და ყოველი აღდგომა ფიქრის დღეა. თუ ბავშვობაში შეგვეძლო, წითელი კვერცხები
საკუთარი გამარჯვების სიმბოლოდ გვექცია და მეგობრების გატეხილი, ვერშემდგარი
“სიმბოლოები” ნაალაფარივით წამოგვეღო შინ, ახლა სიმბოლოებმა მნიშვნელობა
შეიცვალა, ისევე როგორც ელ გრეკოს ქრისტემ გადაწყვიტა, უფრო მეტად დავერწმუნებინე საკუთარ
ღმერთობაში.

 

ელ გრეკო კი, ეს იდუმალი
ბერძენი (დომინიკოს თეოტოკოპულოსი), მოხეტიალე ფოდელედან  ვენეციაში, ვენეციიდან რომში, რომიდან ტოლედოში,
საეკლესიო პირებს მაინცდამაინც ვერ არწმუნებდა საკუთარი ნამუშევრების “ღვთიურ
ნაპერწკალში”. ზოგჯერ მათ ერჩივნათ, დომინიკოს ნახატებით პირდაპირი მნიშვნელობით
გაეღვივებინათ ეს ნაპერწკალი და კოცონიც გაეჩაღებინათ. მაგრამ ელ გრეკო ის მხატვარი
არ გახლდათ, საკუთრი ტილოები არაპროგრესული ეკლესიისთვის ისე დაეთმო, რა მარტივადაც
ვთმობთ ხოლმე პრინციპებს მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის.

მისი ნამუშევრები, წაგრძელებული,
ოდნავ არაპროპორციული ქრისტეები და სხვა ფიგურები მანიერიზმის დეტალებით, რელიგიური
თემების ახლებური ინტერპრეტაციები ეკლესიისთვის რომ გაუგებარი რჩებოდა, გასაკვირი არ
არის. ეკლესია ხშირად მზად არ იყო სიახლისთვის.

ელ გრეკო იდუმალებასთან
ერთად ახირებულობითაც გამოირჩეოდა. შეეძლო, მიქელანჯელოს “განკითხვის დღე”
ჩამოსაფხეკად გაემეტებინა, იმავდროულად კი ვერსად გაქცეოდა მის ტალანტს თავის
“წმინდა ლიგას ალეგორიაში”.

 სიკვდილამდე რამდენიმე
წლით ადრე (1610–16 11) ის დიდი მისტიკოსი ხდება და აპოკალიპტიკურ სურათს “მეხუთე
ბეჭდის მოხსნას” ქმნის. მისი აპოკალიფსი მკვეთრია, ფიგურები – დეფორმირებული.
ეს აპოკალიფსი შორეული, თითქმის მითოსური პერსპექტივიდან უცებ ხორცს ისხამს და ისეთივე
ხელშსახები, მკვეთრი და მძაფრი ხდება, როგორც დეზერტირების ბაზარი ზაფხულის შუადღისას.

 ახლა, გაზაფხულის უკვე
საკმაოდ ხვატიან დღეს, ვისთვისაც ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა, ვისთვისაც ის იდაყვმორღვეული
მაისურივით უფუნქციო არ არის და ნამდვილი ღმერთია ღმერთული თვისებებით, აღდგომას გილოცავთ.

კლასიკური მეთოდები კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში(პირველი ნაწილი)

0

კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე აგებული საგაკვეთილო პროცესის კვლევა ცხადყოფს, რომ ასეთი გაკვეთილების წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია სწავლა-სწავლების პროცესისადმი კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე, რომელიც გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების ზედმიწევნით გათვალისწინებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მოსწავლეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზეა აგებული.

მასწავლებლებს ხშირად ჰგონიათ, რომ სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა მთლიანად უარყოფს სასწავლო პროცესში კლასიკური მეთოდების გამოყენებას. წინამდებარე სტატიაში შევეცდებით ავხსნათ, როგორ შეიძლება კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში კლასიკური/ტრადიციული მეთოდების გამოყენება.

კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის მინიმალური მოთხოვნები, როგორც საგაკვეთილო, განსაკუთრებით კი კლასიკური საგაკვეთილო პროცესის მაორიენტირებელი ჩარჩო, ასეთია:

* კონსტრუქტივისტულად აქტიური სწავლა – სასწავლო პროცესში ჩართულმა ყველა პირმა, როგორც მასწავლებელმა, ისე მოსწავლემ, კონსტრუქტივისტულ პერპექტივაში უნდა დაინახოს და გაითავისოს სასწავლო მასალა, მისი შინაარსი, სწავლის პროცესი. ეს არის შანსი, მოსწავლეებმა თავად მიიღონ მონაწილეობა საკუთარ ქმედებათა დაგეგმვაში, განხორციელებასა და კონტროლში. ცოდნის შეძენის სურვილი მხოლოდ გარეგანი მოტივაციით კი არ უნდა იყოს ნაკარნახევი, არამედ ეს უნდა იყოს აქტიური ცოდნა, რომელსაც მოსწავლე სიტუაციისა და საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად გამოიყენებს. ამიტომ კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში უპირატესობა ენიჭება ე.წ. მონაწილეობით სწავლას, რომელიც საფუძველშივე შეესაბამება ამ მეთოდურ პრინციპებს. მასწავლებლის მხრივ მხოლოდ ფრონტალური გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებას კონსტრუქტივისტული დიდაქტიკა კრიტიკულად ეკიდება, რადგან მასწავლებელი ამ დროს ერთპიროვნულად დგას წინა პლანზე, მოსწავლეთა ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ისინი ამ დროს ცოდნის პასიური მიმღებნი არიან. თუმცა ფრონტალური ფაზების გონივრული კომბინაცია სწავლების ინტერაქტიული მეთოდების მრავალრიცხოვან სპექტრთან მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მოახდინონ საკუთარი ცოდნის სტრუქტურირება, ზრდის მათ ჩართულობას, რაც გაკვეთილს უფრო სახალისოსა და შედეგიანს ხდის.

* თვითრეგულირებადი სწავლა – კონსტრუქტივისტული დიდაქტიკა მიისწრაფის, ასწავლოს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლა, რაც ცხოვრებაში წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამისთვის აუცილებელია, მოსწავლე ჩამოყალიბდეს თვითრეგულირებად შემსწავლელად. თვითრეგულირებადი სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, მოსწავლემ იცოდეს, როგორ გამოიყენოს შეძენილი ცოდნა თუ სასწავლო სტრატეგიები, როგორია მისი სწავლის სტილი, რა ძლიერი თუ სუსტი მხარე აქვს, როგორ გამოიყენოს ძლიერი მხარეები პრობლემების გადასაჭრელად და როგორ დაძლიოს სისუსტეები. ასეთ მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები და, აქედან გამომდინარე, ფლობენ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს. თვითრეგულირებად მოსწავლეებს მაღალი აქვთ სწავლის მოტივაცია, მათი მიზანია, განვითარდნენ, განიმტკიცონ ცოდნა. ისინი გამუდმებით ეძებენ ახალ გამოწვევებს და სირთულესთან შეჯახებისას უფრო შეუპოვრები ხდებიან. დაბრკოლებათა გადასალახავად კი აუცილებელია ნებისყოფისა და თვითდისციპლინის გამომუშავება. სასწავლო პროცესში მხოლოდ ტრადიციული მეთოდების გამოყენება მოსწავლეებს ამ უმნიშვნელოვანეს უნარს ვერ განუვითარებს.

* კონტექსტსა და სიტუაციაზე დაფუძნებული სწავლა – კონსტრუქტივისტული მიდგომის თანახმად, საგაკვეთილო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს სიტუაციებს, რომლებიც მოსწავლეთა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ამოდის და განიხილებოდეს კონტექსტში, ე.ი. ეყრდნობოდეს უკვე ნასწავლსა და განხილულს. მოსწავლე ყველაზე უკეთ ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია კავშირშია უკვე ნასწავლთან. ამის მიღწევა კი კონსტრუქტივისტ მასწავლებელს შეუძლია თანამედროვე და კლასიკური მეთოდების გონივრული კომბინაციით.

* მოდელით სწავლა – სწავლისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა მოიაზრებს მოდელით სწავლას. „მოდელი” ანუ მისაბაძი პიროვნება შეიძლება იყოს როგორც რეალური ადამიანი (მასწავლებელი, მშობელი, თანატოლი, საკუთარი თავი და სხვ.), ასევე ფილმისა თუ ლიტერატურული ნაწარმოების გმირი (ე.წ. „სიმბოლური მოდელი”). მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გონივრულად შეარჩიოს მოდელი. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კლასიკური, ფრონტალური მეთოდით მუშაობისას. სასწავლო პროცესში მხოლოდ კლასიკური მეთოდების გამოყენება ნაკლებად ეფექტიანია მოდელით სწავლისათვის. კვლევა გვიჩვენებს, რომ საკმარისი არ არის, მასწავლებელი იყოს მხოლოდ მზა ინფორმაციის მიმწოდებელი. ამ დროს მოსწავლეები ვერ აღიქვამენ კონცეფციას და დასაბუთებას, თავს არიდებენ საკუთარი აზრის გამოთქმას, შეკითხვის დასმას, სხვათა პოზიციის შეფასებას. საგაკვეთილო პროცესში მხოლოდ ან მეტისმეტად ხშირად ფრონტალური მეთოდის გამოყენებას მივყევართ პასიური სასწავლო ქმედებისკენ, რომელიც ვერ წარმოადგენინებს მოსწავლეს საკუთარი და სხვთა ქმედების ეფექტურ მოდელს.

* ინტერაქტიული სწავლება – ინტერაქტიული სწავლების დროს მოსწავლე სასწავლო პროცესის სუბიექტია, მისი აქტიური მონაწილეა. სწავლებას საფუძვლად ედება მოსწავლის პირადი გამოცდილება, მისი თვისებები და ცოდნა. შესაბამისად, იცვლება სწავლების მიზანი, იგი ორიენტირებული ხდება არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც.

კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის თანახმად, სწორედ ინტერაქტიული სწავლება განსაზღვრავს სასწავლო პროცესის ეფექტიანობას. ეფექტიანი ინტერაქტივი, ერთი მხრივ, მიიღწევა, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ურთიერთობისას საკმაოდ ხშირად მიმართავს მიდგომას: „მე მსურს” და „მე უნდა” და იცავს ბალანსს მათ შორის. მეორე მხრივ, ინტერაქციის დროს მაქსიმალურად უნდა წარმოჩნდეს განსხვავებული პოზიციები, საკითხი გაანალიზდეს და შეფასდეს სხვადასხვა კუთხით, რაც მსჯელობისა და დისკუსიის საშუალებას იძლევა. საგაკვეთილო პროცესის დროს ინტერაქტიული მიდგომა შეიძლება უზრუნველვყოთ თანამედროვე და კლასიკური მეთოდების ერთობლივი გამოყენებით.

* ურთიერთთანამშრომლობით სწავლა – კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის თანახმად, სწავლა სოციალური ურთიერთობების გზით აიგება. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება. სასწავლო მასალის შინაარსი და ურთიერთობები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როგორც სასიამოვნო სასწავლო გარემო, ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული ატმოსფერო, ურთიერთნდობა უწყობს ხელს სწავლას, ასევე სასწავლო მასალის შინაარსიც განსაზღვრავს ურთიერთობებს. სასწავლო პროცესში მხოლოდ ტრადიციული მეთოდების გამოყენება ურთიერთთანამშრომლობით სწავლებას ვერ უზრუნველყოფს.
მომდევნო სტატიაში იმაზე ვისაუბრებთ, როგორ გამოვიყენოთ ტრადიციული მეთოდები, კერძოდ, ფრონტალური ფაზები, კონსტრუქტივისტულად დაგეგმილ გაკვეთილში.

“ყველასაც თურმე ენა აქვს”, ანუ როგორ საუბრობენ მოლეკულები

0

სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოვხვედრილვართ გარემოში, სადაც სხვადასხვა ენასა თუ დიალექტზე საუბრობენ. ზოგჯერ გვესმის ნათქვამის შინაარსი, ზოგჯერ მხოლოდ ამ ენებისა თუ დიალექტების სადაურობას ვხვდებით, ზოგჯერ – ამასაც ვერა… ერთი რამ ცხადზე უცხადესია – თანამოსაუბრეებს ერთმანეთისა ესმით, ჩვენ კი თუ ვისიმე ნათქვამი ვერ გავიგეთ, ეს ან ჩვენივე უცოდინრობის ბრალია, ან სმენის აპარატისა.

ხმოვანი კომუნიკაცია “ურთიერთგაგების” ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები მასზეა დაფუძნებული: სტენოგრამის აპარატი ტელეფონმა შეცვალა, ეტრატები – რადიომ, მუნჯი ფილმი – ხმოვანმა კინომ… ჩვენი ბაგიდან მოწყვეტილ სიტყვებს უფრო მაგიური ძალა აქვს, ვიდრე ძვირფას მასალაზე ოქროთი მოვარაყებულს. წარმოთქმული სიტყვა “ცოცხალია”. გარდა სიტყვის “მშრალი” აზრისა, დიდი მნიშვნელობა აქვს მისი წარმოთქმის მანერას, ინტონაციას, ხმის ტემბრს, სიმაღლეს. მოკლედ, “ხმოვან” სიტყვას აქვს ის, რაც ვერაფრით ჩაიწერება ასოებით თუ იეროგლიფებით…

მაგრამ ფიხვნობა მხოლოდ კაცთა და ქალთა, ორ ფეხზე მავალთა ფუფუნება როდია. ფრინველთა გალობა და ჟღურტული მათი სასაუბრო ენაა. ნადირთა და მხეცთა გულის გამყინავი ყმუილი თუ ყეფაც საუბარია. ფური ხბოს ბღავილით უხმობს, ბატკანი დედას ნაზი ხმით აგებინებს, რომ ძუძუ სწყურია და სულ ტყუილად ვუწოდებთ მათ პირუტყვებს. თევზს, მართალია, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, მაგრამ მასაც შეუძლია, მიჯნურს გაანდოს გულისნადები…

მეტყველებენ უსულონიც – ქვები და კლდეები, წყლები და მდინარეები, ტყე და ყვავილი… ქვის ქვაზე დაცემისას მისი წამოკვნესება, სიოს გულმკერდმიშვერილი ფოთლების შრიალი, მთის სწრაფი მდინარის შხული თუ ბარად დავაკებულის ნელი დუდუნი, ზღვის ტალღების საამო ტყლაშუნი საუბარია, მათი ენა, ენა, რომელიც შეიძლება გავიგონოთ, მაგრამ არ გვესმის, ისევე როგორც არ გვესმის, რაზე საუბრობენ მავრები კოცონის პირას…
ვაჟა-ფშაველა “გველისმჭამელში” ამბობს:
“რაც კი რამ დაუბადია
უფალს სულიერ-უსულო,
ყველასაც თურმე ენა აქვს,

არა ყოფილა ურჯულო”…

საუბრობენ მოლეკულები? რა თქმა უნდა! არც ისინი არიან “ურჯულონი”…

„ხმა მოსაუბრისგან ჩვენს ყურამდე ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით მოდის. ამოსუნთქული ჰაერის ნაკადი ენის მოძრაობით ჩვენს სამეტყველო აპარატში რხევად გადაიქცევა და შეავსებს ირგვლივ ეთერს. მისი გავრცელების მანძილი ტალღის ენერგიაზე იქნება დამოკიდებული. ასეთი ტალღა აღწევს ჩვენს სმენის აპარატამდე, რომლის მგრძნობიარე ზედაპირზე ტალღის დაცემა რხევას ესტაფეტასავით გადასცემს მას… მაგრამ ჩვენს ყურს შეუძლია აღიქვას ტალღები, რომელთა სიხშირე 7-დან 20000 ჰერცამდეა. ამ დიაპაზონის გარეთ არსებული ხმა ჩვენთვის “სიჩუმის” ტოლფასია.“

მოლეკულებს, ჩვენგან განსხვავებით, უფრო მაღალი სიხშირის ტალღები (4x10E12 – 4x10E13 Hz) ესმით, რომლებიც გამოსხივების ინფრაწითელ უბანს შეესაბამება, ამიტომ მათთან სასაუბროდ ინფრაწითელ სპექტრომეტრს ვიყენებთ. სპექტრომეტრში ვათავსებთ სინჯს და გამოსხივების წყაროდან ტალღებს (ხმას) მისკენ მივმართავთ. ეს პროცესი დაახლოებით კლასში სიის ამოკითხვას ჰგავს: გვარის გაგონებისას, თუ მოსწავლე კლასში იმყოფება, გვიდასტურებს თავის იქ ყოფნას. მოლეკულაში შემავალი ატომები და ფუნქციური ჯგუფებიც ასევე იქცევიან – ყველა მაგანს ტალღის სხვადასხვა სიგრძე შეესაბამება და მხოლოდ მასზე რეაგირებს, ეს რეაგირება კი სპექტროგრამაზე პიკების სახით ჩაიწერება.

საუბარს, დიალოგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ საკითხში წარმატების მისაღწევად. ქიმიკოსმა უნდა იცოდეს მოლეკულების ენა, მასწავლებელმა – მოსწავლეებისა… სხვაგვარად ყოველი გაკვეთილი თუ ექსპერიმენტი წარუმატებლობისთვისაა განწირული.

მე, სკოლა, ვამპირები და მანიაკები

0
ჩემი სკოლიანობის ჟამი (წავუჩიქორთულე, როგორც ბებიაჩემი იტყოდა) უცნაურ დროს დაემთხვა. საბჭოთა ამბებიდან ახალი გათავისუფლებულები ვიყავით, რელიგიის თავისუფლების საქმე უკეთ იყო და უცებ ყველაფერი აირია: ტრადიციული რწმენის იქით ცრურწმენების ზღვა ადიდდა. დაერთო ამას ფილმები სულებზე, ვამპირებზე და სხვა მსგავს უმსგავსოებზე. ეკრანებიდან ბატონი კაშპიროვსკის მისტიკური მზერა და არაამქვეყნიური ხმა გვიტევდა. ამ ამბავმა უცხოპლანეტელებიც დააინტერესა, ამხედრდნენ მფრინავ თეფშებზე და რამდენჯერმე დაგვზვერეს. რა შთაბეჭდილებით გაბრუნდნენ უკან, ვერ გეტყვით, ჩვენ კი დაგვტოვეს დაზაფრულები… მოკლედ, ინგლისური შუა საუკუნეები გურიაში გასულის ოთხმოცდაათიანებში დადგა. სკოლა, აბა, როგორ გამოაკლდებოდა ამ ფერხულს…

პირველი საიდუმლო ადგილი, სადაც ურჩხულს ედო ბინა, სკოლის უზარმაზარი სარდაფი იყო. ერთი-ორმა კი წამოიკნავლა, უფროსკლასელები ეწევიან სიგარეტს და იმის შუქიაო, მაგრამ ეგ რას გაჭრიდა… მთელი წელი იმ ადგილას გავლისა გვეშინოდა. მითი მაშინ თუ დაიმსხვრა, სარდაფი რომ გაწმინდეს. ურჩხულის ნაცვლად აღმოჩნდა: ვლადიმერ ვისოცკის სურათები, მერაბ კოსტავას პლაკატები და რამდენიმე წიგნი მეორე მსოფლიო ომზე.

მეორე ასეთი ადგილი სკოლის გზაზე ჩაის მოუვლელი პლანტაცია იყო. იქ ახალი ჯურის ხალხი ბუდობდა: მანიაკები. აქ უკვე მასწავლებლებიც და მშობლებიც ზაფრამ შეიპყრო. მახსოვს, ერთხელ ვიღაცის ღორი დაიკარგა და თქვეს, მანიაკი შეჭამდა – ბავშვის ხორცი თუ შემოაკლდაო. მერე ღორის თავი იპოვეს და ერთმა ბრძნული იერით აღნიშნა, ასეთ ნიშნებს მანიაკები ადებენო. მანიაკომანიამ კარგა სამ წელს გასტანა. მერე, ეს ბავშვების მოყვარული კაცი მკვდარი იპოვესო, რაღაც ასეთი ხმა დაირხა და მიცხრა.

ერთხელ მთლად საოცარი ამბავი მოხდა – მთელი სკოლა გარეთ გამოვცვივდით: ერთმა მოსწავლემ თქვა, მოჩვენება ვნახეო, უზარმაზარ ქალს ჰგავდა, ქვა ვესროლე, მუცელში გაუარა და მიწაზე სველი დაეცაო. აი, აქედანაც (შემაღლებულ ადგილზეა სკოლის შენობა) ჩანსო. გავიხედეთ და რას ვხედავთ – ქალაქის მეორე ბოლოში მართლაც უზარმაზარი, მწვანე ქალი დგას. დარეკეს პოლიციაში, ადგილობრივმა ტელევიზიამაც კი გააშუქა ეს ამბავი და თუ ვინმე იპოვის მის არქივში, სახალისო საქმე იქნება. იმ ხეს კი დასცვივდა შემოდგომაზე ფოთლები, მაგრამ ჩვენ ჩვენი დაგვემართა.

დანარჩენს მერე მოგითხრობთ. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ სკოლა საუკეთესო დროა ასეთი ცრუ თუ ნახევრად ცრუ ამბების გასათავისებლად და მათგან გასათავისუფლებლად. ან ეგებ გათავისუფლება არც იყოს საჭირო; ჩვენ ხომ ისედაც მითების სამყაროში ვცხოვრობთ.

ჯერომ ბრუნერი და აღმოჩენებით სწავლის თეორიის მნიშვნელოვანი კონცეპტები

0

ჯერომ სეიმურ ბრუნერი – ამერიკელი ფსიქოლოგი, კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1952-72 წლებში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, 1972-1980 წლებში კი _ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი განვითარებისა და სწავლის თეორია კონსტრუქტივიზმის პრინციპებს ეფუძნება. 


რით არის მნიშვნელოვანი ბრუნერის თეორია?


ბრუნერის აღმოჩენებით სწავლის თეორია კოგნიტურ თეორიებს მიეკუთვნება. კოგნიტური თეორიების მიზანი შემეცნებითი პროცესების (გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ანალიზი, სინთეზი, შეფასება) სტრუქტურისა და ფსიქოლოგიური მექანიზმების აღწერაა. ბრუნერის თეორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებისათვის, რადგან ის ნათელ და თვალსაჩინო პედაგოგიურ მეთოდებსა და მოდელებს გვთავაზობს. 


ბრუნერის მიხედვით, რას გულისხმობს სწავლა და როგორი პროცესია ის?

   

ბრუნერის მიხედვით, სწავლა გულისხმობს ბავშვის მიერ ინფორმაციის შერჩევას, ჰიპოთეზების შექმნას და ამ გზით ახალი მასალის ინტეგრირებას მის ცოდნასთან. სწავლა უწყვეტი პროცესია და ბავშვი განვითარების სამ საფეხურს გაივლის: 

1.პრაქტიკული – ამ საფეხურზე ბავშვი კონკრეტულ გამოცდილებას იღებს გარემოს შესახებ (ობიექტებით მანიპულაცია), პრაქტიკული ქმედებები; 

2.ხატოვანი – ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია არა მხოლოდ ობიექტით, არამედ ობიექტის თვალსაჩინო ხატით მანიპულირება; 

3.სიმბოლური – ბავშვს უკვე შეუძლია ლოგიკისა და სიმბოლური სისტემების გამოყენება. ჩვევებისა და ცოდნის ათვისება უკეთ ხდება, თუ ბავშვი გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების, ექსპერიმენტირების პროცესში აღმოაჩენს რაიმე მიმართებას, ფენომენს თუ ცნებას.

ბრუნერის მიხედვით, სწავლა აქტიური სოციალური პროცესია, როდესაც ბავშვი თავისი გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს. ამ თვალსაზრისით ცოდნა პროცესია და არა პროდუქტი.



ბრუნერის თეორიის მიხედვით, რა გვაძლევს გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას  და რა მოიაზრება ტერმინში “კატეგორია”?

   

გარემოს შეცნობისას ჩვენ გამოვყოფთ საერთო ელემენტებს (აბსტრაჰირება) როგორც მოვლენებიდან, ასევე ჩვენი გამოცდილებიდან. ამის საფუძველზე შევიმუშავებთ წესებს, რომლებიც გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას გვაძლევს. ამ პროცესში ჩვენ აღმოვაჩენთ და თავადაც ვქმნით ცნებათა შორის უამრავ ურთიერთკავშირს. ბრუნერს ,,ცნების” ნაცვლად შემოაქვს ტერმინი კატეგორია, რომელსაც ის იყენებს მოვლენების ან ობიექტების მონათესავე ჯგუფების აღწერის დროს. ამ მოსაზრებით კატეგორია შეიძლება გავიგოთ როგორც ცნება (კონცეპტი) და როგორც აღქმის ობიექტი (პერცეპტი). ბრუნერი კატეგორიას უწოდებს აგრეთვე ობიექტების ერთი კლასისთვის მიკუთვნების წესს.


ბრუნერის აზრით,  რა განსაზღვრავს ცნებათა შორის დამოკიდებულებებს?

   

ბრუნერის აზრით, ცნებათა შორის დამოკიდებულებებს კოდირების სისტემა განსაზღვრავს. კოდირების სისტემის მეშვეობით ხდება არსებული განზოგადებული ცნებების იერარქიული მოწესრიგება. ამით ჩვენი ხანგრძლივი მეხსიერება (ჩვენი შედარებით მუდმივი ცოდნის, უნარების, შთაბეჭდილებების და ა.შ. ყულაბა) შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კატეგორიების სტრუქტურირება კოდირების სისტემის საფუძველზე.  


– რა მნიშვნელობა აქვს კოდირების სისტემას სწავლის პროცესში და მოსწავლის მიერ ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი წარმოდგენის ჩამოყალიბებაში?

   

ყველა სასკოლო საგანს, მასში შემავალი თითოეული თემით, მსგავსი სტრუქტურა აქვს. საგნის სტრუქტურა, ბრუნერის აზრით, იმ სფეროს ფუნდამენტურ ურთიერთკავშირებსა და იდეებს ასახავს, რომელსაც ეს საგანი მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მოსწავლემ საგანი ნამდვილად კარგად შეისწავლოს და გაიაზროს, მან აუცილებლად უნდა შექმნას საკუთარი კოდირების სისტემა _ საკუთარი წარმოდგენები ამ მნიშვნელოვან იდეებსა და დამოკიდებულებებზე.

კოდირების სისტემის გრაფიკული ილუსტრაცია ასეთია:


 



 რას ანიჭებს ბრუნერი უპირატესობას – კოდირების სისტემა თავად უნდა შექმნას მოსწავლემ თუ დასრულებული სახით უნდა მიიღოს მასწავლებლისგან?

   

ბრუნერი თვლის, რომ მოსწავლე თავად ქმნის საკუთარ ვერსიას რეალობის შესახებ, სკოლების დანიშნულება კი უნდა იყოს ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც გაუადვილებენ მოსწავლეებს ამ დამოკიდებულებების აღმოჩენას. სჯობს, კოდირების სისტემა თავად მოსწავლემ შექმნას, ვიდრე დასრულებული სახით მიიღოს ის მასწავლებლისგან. აღმოჩენებით სწავლა სწავლის ისეთი სახეა, როდესაც მოსწავლეებს მასალა დაუსრულებელი სახით მიეწოდებათ და მისი ორგანიზება მოეთხოვებათ. ეს მოსწავლეებს აიძულებს, მონახონ ის ურთიერთკავშირები, რომლებიც მასალის ელემენტებს შორის არის.  


როგორ განიხილება ბრუნერის თეორიაში  “აღმოჩენა”?

   

ბრუნერის თეორიაში აღმოჩენა კატეგორიის ფორმირებაა, ან უფრო ხშირად _ კოდირების სისტემის ფორმირება, რაც ხშირად ობიექტებს ან მოვლენებს შორის მიმართების (მსგავსი და განსხვავებული) ტერმინებში გამოისახება. აღმოჩენებით სწავლა მასწავლებლის მხრიდან გაცილებით ნაკლებ მონაწილეობას და ხელმძღვანელობას მოითხოვს, ვიდრე სწავლების სხვა მეთოდები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი აღარ აძლევს მოსწავლეს მითითებებს მას შემდეგ, რაც საწყისი ამოცანა დაუსახა. ამასთან, მითითებები უნდა იყოს ზომიერი, გარკვეული ინტერვალებით, რათა არ შეზღუდოს მოსწავლის დამოუკიდებლობა, ან მოსწავლე არ აღმოჩნდეს დაუძლეველი პრობლემის წინაშე. 

 

რაში მდგომარეობს აღმოჩენებით სწავლების მიდგომის უპირატესობა?

  

აღმოჩენებით სწავლების მიდგომა აიოლებს ინფორმაციის გადატანასა და დამახსოვრებას, ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს და ზრდის მოტივაციას. ძალიან ხშირად აღმოჩენები კლასში ისევე მიმდინარეობს, როგორც ეს მეცნიერული კვლევის დროს ხდება _ მოსწავლეები განზოგადებული დასკვნების ძიებაში სისტემურად დგამენ ლოგიკურ ნაბიჯებს. მასწავლებლის, როგორც ამ პროცესის წარმმართველის, დასწავლის ხელშემწყობის როლი სწორედ იმაშია, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, იმსჯელონ, გააკეთონ დასკვნები. 


ბრუნერის მიხედვით, რა არის  აღმოჩენებით სწავლების საფეხურები?

  

ბრუნერი მოკლედ აღწერს აღმოჩენებით სწავლების საფეხურებს:

I.ამოცანის ან კითხვის ფორმულირება და ახსნა;

II.მაგალითების შერჩევა, შესაბამისი დაკვირვებების წარმოება;

III.ჰიპოთეზების (დაკვირვებებზე დაფუძნებული ინტელექტუალური მიგნებები) წამოჭრა;

IV.ჰიპოთეზების დამტკიცების ან უარყოფის მიზნით ექსპერიმენტების, დაკვირვებების შემუშავება და ჩატარება;

V.ახალი ინფორმაციის გამოყენება, გაფართოება, განზოგადება ან ,,მისი საზღვრებიდან გამოსვლა”.


ბრუნერის მიხედვით, რა არის აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი ან ხელის შემშლელი ფაქტორები?

  ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი ან ხელის შემშლელი ფაქტორების ოთხ ჯგუფს:


1.განწყობა _ მოსწავლე განწყობილი უნდა იყოს განსაზღვრული ფორმით რეაგირებისთვის. განწყობის შესაქმნელად გამოიყენება გეზის მიცემა, რომელიც შეიძლება იყოს ,,ზედაპირული”, როცა ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ინფორმაციის ელემენტების დასწავლაზე და ,,ჩაღრმავებული”, როცა მოსწავლეებს მოეთხოვებათ ელემენტებს შორის დამოკიდებულებების ძიება. სწავლებისას მთავარია ფაქტებს, მოვლენებს შორის ურთიერთმიმართებების, სტრუქტურის ჩამოყალიბება და მისი გაგება.

2.სწავლისადმი მზაობა _ მოსწავლე დაინტერესდება ახალი ინფორმაციით და არ დაფრთხება მისი სირთულით, თუ ახალი მასალა წინა გამოცდილებას და წინათ ათვისებულ მასალას დაეყრდნობა.

3.სწავლების მრავალფეროვნება _ ეს ცვლადი მეტად მნიშვნელოვანია აღმოჩენებით სწავლის გასაადვილებლად. მოსწავლე, რომელიც ინფორმაციას იღებს განსხვავებულ პირობებში, უფრო სწრაფად აგებს კოდირების სისტემას და ახერხებს ინფორმაციის ორგანიზებას. სწორედ ამიტომ ბრუნერი იძლევა რჩევას, რომ ერთი და იგივე საგანი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ისწავლებოდეს, მაგრამ განსხვავებული სიზუსტისა და აბსტრაჰირების ხარისხით _ იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება მოსწავლეების ინტერესები, უნარები და საბაზო ცოდნა. “სპირალური კურიკულუმი” უზრუნველყოფს სწავლებისადმი მზაობასა და მის მრავალფეროვნებას.

4.კონკრეტული შინაარსების ფლობა _ ბრუნერის აზრით, აღმოჩენებს უფრო ხშირად ის ადამიანი აკეთებს, ვინც საამისოდ კარგად არის მომზადებული. თუ მოსწავლემ არ იცის ინფორმაციის საგანთან დაკავშირებული კონკრეტული ასპექტები, ის ვერ დააკავშირებს ინფორმაციის ელემენტებს ერთმანეთთან და ვერც განაზოგადებს მას.


ბრუნერის აზრით, რა არის ეფექტური სწავლებისათვის ყველაზე ადეკვატური?

  

ბრუნერი თვლის, რომ ეფექტური სწავლებისათვის ყველაზე ადეკვატური ე.წ. “სპირალური კურიკულუმია”. სასწავლო გეგმა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ყოველი ახალი ცნება წინათ დასწავლილსა და წინა გამოცდილებას ეფუძნებოდეს.


 

წერის ორი ეფექტური სტრატეგია

0

როგორ გავხადოთ წერის პროცესი უფრო საინტერესო და მარტივი მოსწავლეებისთვის?

ყველასთვის ცნობილია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას არ უყვარს წერითი დავალებების შესრულება, ვინაიდან წერითი აზროვნების უნარის განვითარება და შესაბამისად, კარგი წერილობითი ნაშრომების შექმნა არც ისე იოლი მისაღწევია. ეს დიდ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს როგორც მოსწავლისგან, ასევე მასწავლებლისგან.
მოსწავლეთა უმრავლესობამ ხშირად არ იცის, საიდან დაიწყოს წერა. ზოგჯერ მათი წერილობითი ნაშრომები იმდენად ბუნდოვანია, რომ უამრავ დაზუსტებას მოითხოვს და ვერ ახერხებს მკითხველის დაინტერესებას, მის დარწმუნებას მოცემულ მოსაზრებასა თუ პოზიციაში. მსგავს პრობლემებთან შეჯახება, უმეტესად, აქვეითებს მოსწავლეთა მოტივაციას და კიდევ უფრო ართულებს წერითი აზროვნების განვითარებას.
 
წერით პროცესებთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის ყველაზე ეფექტურ და აპრობირებულ გზას მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა მრავალფეროვანი წერითი სტრატეგიებით აღჭურვა და მათი პრაქტიკაში გამოყენება წარმოადგენს.
განვიხილავთ წერის ორ სტრატეგიას, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება სხვადასხვა ტიპის წერილობითი ნაშრომების შექმნასა და მათ შემდგომ დახვეწაში.
1.სტრატეგია “რა – რატომ და როგორ?”
ეს სტრატეგია საუკეთესო გზაა არგუმენტებით გამყარებული ნაშრომების შესაქმნელად, ნებისმიერი მოსაზრების განსამტკიცებლად, ძირითადი შეკითხვის მისაგნებად და ა.შ. ის მოსწავლეს საშუალებას აძლევს, განსახილველი საკითხები ვიზუალურად აღიქვას და ინფორმაციის ნაწილებს შორის ურთიერთმიმართება დაადგინოს.
“რა – რატომ და როგორ?” სტრატეგიის თითოეული შეკითხვა მოსწავლეს განსხვავებულ ამოცანას უსახავს და უბიძგებს საკითხის დამოუკიდებლად გააზრებისკენ, საკუთარი მოსაზრების ახსნისა და დასაბუთებისკენ (იხ. სქემა 1).
 

რა?

რატომ?

საიდან? როგორ?

რას ფიქრობთ?

(თქვენი მოსაზრება)

რატომ ფიქრობთ ასე? (თქვენი მოსაზრების ახსნა, გამომწვევი მიზეზების
დასახელება)

საიდან იცით?

(თქვენი მოსაზრების დამასაბუთებელი არგუმენტი ან მაგალითი)

 

 

 

 

 
სქემა 1.

·“რას ფიქრობთ?” ეს არის გრაფა, სადაც იწერება პირადი მოსაზრება, პოზიცია, დამოკიდებულება განსახილვევლი საკითხის მიმართ. ესეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მთავრი იდეა ან თეზისი.

· “რატომ ფიქრობთ ასე?” ეს არის გრაფა, სადაც იხსნება მოსაზრება და აღინიშნება, თუ რამ გამოიწვია მისი გაჩენა.

·“საიდან იცით?’ – ეს არის გრაფა მტკიცებულებებისთვის, მაგალითებისა და ყველა იმ საშუალებისთვის, რომლებითაც შეიძლება დასაბუთდეს ძირითადი მოსაზრება. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ახსნასა და გამომწვევ მიზეზს უნდა ამტკიცებდეს, სულ ცოტა, ერთი მაგალითი ან სხვა სახის მტკიცებულება მაინც, ასევე, არგუმენტები მოყვანილი უნდა იყოს არა ერთი, არამედ სხვადასხვა რელევანტური წყაროდან (სტატისტიკური მასალიდან, კვლევის ანგარიშებიდან, ისტორიული დოკუმენტებიდან, კანონმდებლობიდან და ა.შ.).

“რა – რატომ და როგორ?” სტრატეგია, გარდა ზემოთ აღნიშნული დანიშნულებისა, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ:
·ეფექტური დისკუსიის წარმართვისთვის:

სადისკუსიო საკითხის ამ სახით დამუშავება და განხილვა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თემა სიღრმისეულად გაიაზრონ, საკუთარი პოზიცია გააანალიზონ და ადეკვატური დასკვნები გამოიტანონ.

·აბზაცების შედგენისთვის:

სქემაში ორგანიზებული იდეები ხელს უწყობს მოსწავლეებს, ადვილად დაწერონ აბზაცები. სქემის ჩანაწერები შეიძლება ერთმანეთს ლოგიკური თანმიმდევრობით დაუკავშირდეს და მთლიან აბზაცად ჩამოყალიბდეს.
·თეზისების განაცხადისთვის ან კვლევითი ნაშრომის ძირითადი შეკითხვაზე პასუხის ჩამოყალიბებისთვის:
ამ შემთხვევაში “რა – რატომ და როგორ?” სქემის პირველ გრაფაში იწერება საკვლევი კითხვის სავარაუდო პასუხი ან თეზისი, მეორეში – მიზეზები და მესამეში – დამამტკიცებელი საბუთები ან ბიბლიოგრაფიული მონაცემები.
2.სტრატეგია – “იდეა – დეტალები”

ხშირად მოსწავლეები საკუთარ ნაშრომებში საინტერესო იდეებსა და მოსაზრებებს გამოთქვამენ, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი განმტკიცებული და ცხადად ჩამოყალიბებული არ აქვთ, ვერ აღწევენ სასურველ წარმატებას. ამის მთავარი მიზეზი კი, უმეტესად, მათ ნაწერებში დეტალების ნაკლებობაა.
 
·რა არის დეტალი? დეტალი არის პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც შეიძლება მკითხველს გაუჩნდეს ავტორის მიერ გამოთქმული აზრის შესახებ. ის გამოიყენება იმ წინადადებების ასახნელად, რომლებსაც მეტი სიცხადე და დაზუსტება სჭირდება.

·რისთვის გვჭირდება დეტალები? დეტალები წერილობითი ნაშრომის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან კონკრეტული დეტალების გარეშე ძნელია, მკითხველი ჩაწვდეს ავტორის აზრს. თუ ავტორი მკითხველს ვერ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მას აინტერესებს, მაშინ მკითხველი ბუნებრივად კარგავს კითხვის მოტივაციას. ამ უკანასკნელის შეკითხვებზე პასუხების გაცემა და მისი ინტერესის დაკმყოფილება კი სწორედ დეტალების საშუალებით შეიძლება.

·როგორ შეიძლება დეტალებით ნაწერის შევსება? წერილობით ნაშრომში იდეებისა და მოსაზრებების განმამტკიცებელი დეტალების დამატების საუკეთესო გზას სტრატეგია “იდეა-დეტალები” წარმოადგენს (იხ. სქემა 2).

აღნიშნული სტრატეგიის განსახორციელებლად, ნაწერისთვის შერჩეული მოსაზრებებიდან უნდა გამოიყოს ერთი ან რამდენიმე ისეთი იდეა, რომელიც ყველაზე მეტად ითხოვს განმტკიცებას. ის უნდა დაიწეროს სქემის მარცხენა მხარეს, ხოლო მარჯვნივ შესაბამისი ამხსნელი წინადადებები უნდა ჩაიწეროს.

ყველა შესაძლო დეტალის ჩამოწერის შემდეგ შესაძლებელია ისინი კიდევ ერთხელ გადაიხედოს და ის წინადადები შეირჩეს, რომლებიც ყველაზე კარგად ამტკიცებენ კონკრეტულ მოსაზრებას. იდეასთან დეტალების დაკავშირებით და მათი ლოგიკური თანმიმდევრობის დალაგებით გაცილებით ადვილია მკითხველის ინტერესებზე ორიენტირებული წერილობითი ნაშრომის შექმნა.
 

იდეა

 

დეტალები

წინადადებები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი სიცხადე (შეარჩიეთ მნიშვნელოვანი
ნაწილი თქვენი ნაწერიდან)

რა სჭირდება თქვენს აუდიტორიას, რომ იცოდეს? (იფიქრეთ იმ კითხვებზე, რომლებიც
შეიძლება დასვას თქვენმა მკითხველმა)

 

 

 

წინადადებები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი სიცხადე (შეარჩიეთ მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი ნაწერიდან)რა სჭირდება თქვენს აუდიტორიას, რომ იცოდეს? (იფიქრეთ იმ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება დასვას თქვენმა მკითხველმა)
სექმა 2
სტრატეგია “იდეა-დეტალების” გამოყენებისას გასათვალისწინებლია შემდეგი რეკომენდაციები:
·დეტალების ჩამოწერისას სასურველია, მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეებს, დაწერონ ყველაფერი, რაც მეტ-ნაკლებად უკავშირდება გამოთქმულ იდეას. ეს არის წერის წინა აქტივობა და არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენად ეფექტურად იქნება წარმოდგენილი ყველა დეტალი.

·მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ავუხსნათ, რომ დეტალების ჩამოწერის პროცესში იმაზეც იფიქროს, თუ რა დამატებითი ინფორმაცია დასჭირდება აუდიტორიას წარმოდგენილი მოსაზრების შესახებ.

·დეტალების რაოდენობა არ არის განსაზღვრული, ის დამოკიდებულია იდეასა და აუდიტორიის სავარაუდო შეკითხვებზე. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, დეტალების რაოდენობა 5-და 10-მდეა ხოლმე.

·დეტალების დასახვეწად შესაძლებელია მოსწავლემ მიმართოს კლასს, წაუკითხოს საკუთარი იდეა და სთხოვოს, დასვან შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხების დასაზუტებლად. დასმული კითხვების მიხედვით ადვილი დასადგენია, თუ რა აინტერესებს მკითხველს ავტორისგან.

·არსებობს უამრავი დეტალი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური ნაშრომისათვის. დეტალების შესარჩევად ერთ-ერთი კარგი გზა კითხვების დასმაა: ვინ? რა? სად? რატომ? როგორ? და ა.შ., მაგრამ, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ყველაზე კარგი წყარო არის პასუხი კითხვებზე: რატომ და როგორ?

·იდეისა და დეტალების კიდევ უფრო გავრცობისთვის შესაძლებელია ჩამონათვალიდან ერთი ან რამდენიმე დეტალი გადავიდეს იდეის გრაფაში და შემდგომ მის ირგვლივ მოხდეს დეტალების მოძიება და ჩამოწერა.

როგორც ვხედავთ, სტრატეგიები “რა – რატომ და როგორ” და “იდეა-დეტალები” ეფექტური საშუალებებია არგუმენტებით გამყარებული, საინტერესო და გამართული ნაშრომების შესაქმნელად. გარდა ამისა, ისინი მოსწავლეებს უვითარებენ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა: პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრებების დამოუკიდებლად შემუშავება, მათი ახსნა საკუთარი პოზიციდაან გამომდინარე და საბუთებით განმტკიცება, ინფორმაციის მოძიება, იდეების დეტალებით დაზუსტება და სხვადასხვა კუთხით ორგანიზებული მოსაზრებების გამთლიანება.

და ბოლოს, რაც მეტი წერითი სტრატეგია იცის მოსწავლემ, მით მეტად სახალისო და მარტივი ხდება მისთვის წერილობითი დავალებების შესრულების პროცესი.
 

“ევროვიზია” და შოუბიზნესი

0
კომერცია თუ ხარისხი? – მუსიკის სფეროში ამ კითხვაზე ბევრი სავარაუდო პასუხი არსებობს. იდეალური შემთხვევაა, როცა ხელოვანი საკუთარი ნიჭის კომერციალიზაციას შინაგანი ცვლილების გარეშე ახერხებს. მთავარია, გქონდეს სწორი მიმართულება და აკეთებდე კარგ, ხარისხიან მუსიკას, რომელზე მოთხოვნაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ყოველთვის ექნება.

თუმცა უნდა ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში ნიჭი კარგა ხანია აღარ არის საკმარისი. თუ არ აკეთებ შოუს, არ უნდა გქონდეს იმედი, რომ ტაშს დაგიკრავენ. ქართულ მუსიკალურ სივრცეში ხშირად გაისმის კითხვა, რატომ ვერ ცოცხლობს შოუბიზნესი საქართველოში. მიზეზი მარტივია – ერთი მხრივ, არ არსებობს შოუ, რომელშიც მსმენელები შესაბამის თანხას გადაიხდიან, მეორე მხრივ კი არ არის მოთხოვნა ისეთ მუსიკაზე, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება რაიმე ორიგინალურის, ჯერ არნახულის მოფიქრება.
 

სად იდგმება ერთ-ერთი საუკეთესო შოუ, რაც კი ოდესმე მინახავს? – “ევროვიზიაზე”. იმიტომ, რომ ეს კონკურსი არ არის შექმნილი მხოლოდ ვოკალური მონაცემების წარმოსაჩენად; ხმის მიცემის სისტემის “დემოკრატიულობა” (გამარჯვებულს ევროპის მოსახლეობა არჩევს) გარანტია იმისა, რომ არტისტები და მათი პროდიუსერები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ კარგი შოუს დასადგმელად, რომელიც დიდი რაოდენობის მსმენელზე იქნება გათვლილი.

სიმართლე გითხრათ, წმინდა ხელოვნების თვალსაზრისით, მუსიკალური კონკურსების ჩატარება მართებულ მოვლენად არ მიმაჩნია, რადგან გემოვნება ძალიან სპეციფიკური რამაა და კონკრეტული ადამიანების ღირებულებებსა თუ სიმპათიებზეა დამოკიდებული. ბევრი მიიჩნევს, რომ “ევროვიზია”, თავისი არსით, პოლიტიკური კონკურსია, რომელსაც ვერასოდეს ეყოლება ღირსეული გამარჯვებული. გამოგიტყდებით – შარშანდლამდე მეც ასე მეგონა.

Loreen – ეს იმ შვედი გოგონას სახელია, რომელმაც ამ კონკურსზე სრულიად თუ არ შემაცვლევინა აზრი, საფუძვლიანად მაინც შემირყია წარმოდგენა.

ბრწყინვალე გარემო, ქორეოგრაფია, ვოკალი… ამ ყველაფრის სინთეზით კი ძალიან კარგი ნომერი იდგმება. ეს მხოლოდ სიმღერა არ არის, ეს ნამდვილი პერფორმანსია. შვედი კონკურსანტის გამარჯვება, ვფიქრობ, ნამდვილად არ იყო შემთხვევითი, ან თუნდაც პოლიტიკური.

რამდენიმე კვირის წინ შევიტყვე, რომ წლევანდელ “ევროვიზიას”, რომელიც შვედეთში, ქალაქ მალმოში გაიმართება, მეც დავესწრები. მართალია, რეპორტიორის სტატუსით, მაგრამ ჩემთვის ეს ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე უბრალო მაყურებლობა. პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი კონცერტი კულისებიდან გაცილებით საინტერესო სანახავი და გასაშუქებელია. ვეცდები, ერთი პოსტი “ევროვიზიიდან” თუ არა, შვედეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მაინც გამოვაქვეყნო.

ქართველ კონკურსანტებს რაც შეეხება, “ევროვიზიაზე” წელს ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი წარგვადგენენ. დარწმუნებული ვარ, წმინდა ვოკალური თვალსაზრისით, ნომერი ძალიან კარგი იქნება. სიმღერაც “საევროვიზიოა”. რაც შეეხება შოუს, ამას თავის დროზე ვნახავთ.

ძალიან მინდა, ჩვენმა კონკურსანტებმა წარმატებას მიაღწიონ, რათა 2014-ში იმ დონის სანახაობა, როგორც “ევროვიზიაა”, სწორედ საქართველოში გაიმართოს. ეს ძალიან დიდი გამოცდილება და გამოწვევა იქნება როგორც ქართველი მსმენელისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც კონკურსზე იმუშავებენ.
იქნებ ამის მერე მაინც იქცეს საქართველოში შოუ – ბიზნესად.

2013 წლის საგანმანათლებლო მიმართულებები

0

საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ ყველა ადამიანს აინტერესებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, განათლების სამომავლო პრიორიტეტები და განვითარების სავარაუდო მიმართულებები, ტენდენციები, რომლებიც ფეხს იკიდებს მოწინავე ქვეყნებში და არც საქართველოს აუვლის გვერდს.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ცნობილი გამომცემლობა Noodle-ის 2013 წლისა და უახლოესი მომავლის პრიორიტეტული მიმართულებების პროგნოზს ჩვენეული კომენტარებით.

Noodle ვარაუდობს, რომ 2013 წლიდან საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე წარმატებულად 5 მიმართულება განვითარდება.
1. სულ უფრო გაიზრდება განათლების მიღებაში სოციალური მედიის როლი
სოციალურ მედიას უკვე უკავია მყარი პოზიცია ყველა სფეროში, სარეკლამო ბიზნესით დაწყებული, სპორტითა და გართობით დამთავრებული. სოციალური მედიის პოპულარობასთან ერთად იზრდება მისი საზღვრებიც. სოციალური განათლება დღეს მოიცავს უამრავ რესურსს, რომლებსაც ქმნიან, ერთი მხრივ, მასწავლებლები და ლექტორები, ხოლო მეორე მხრივ – სტუდენტები და მოსწავლეები და ვიდეოების სახით YouTube-ზე ათავსებენ. აგრეთვე მოქმედებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი უამრავი ბლოგი Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სოციალური მედია პოპულარული რამდენიმე წლის წინ გახდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ მას დიდი პოტენციალი აქვს და ხარისხობრივადაც მისი რესურსები უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული გახდება.
2. უფრო მეტი უმაღლესი სასწავლებელი შემოგვთავაზებს ონლაინ სწავლების კურსს

 
უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ უამრავი ხალხი იღებს განათლებას პოდკასტებითა და ელექტრონული სასწავლო სახელმძღვანლოებით. ინტერნეტი საშუალებას აძლევს ადამიანებს, გადალახონ ბარიერები და მიიღონ საუკეთესო სასწავლო რესურსები მათთვის კომფორტულ პირობებში, საკუთარ სახლში. ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი უკვე აწვდის მსურველებს ონლაინლექციებს, სთავაზობს ხარისხის მინიჭების პროგრამებს და სხვა ტიპის მომსახურებას. ეს პრაქტიკა უკვე ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოში ცნობილ ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (მსოფლიოს #1 უნივერსიტეტი), სტენფორდის უნივერსიტეტი. Noodle-ის პროგნოზით, 2013 წლიდან ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდება. გამომცემლობამ თვითონაც შეუწყო ხელი ამ პროცესს – უკვე შექმნა 450 000-ზე მეტი უფასო ონლაინ სასწავლო მასალა, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს.
3. გაგრძელდება და გაძლიერდება მიმართულება, რომელსაც MOOC-ს უწოდებენ
 
რა არის MOOC? ეს აბრევიატურაა: Massive Open Online Course (მასიური თავისუფალი ონლაინ კურსები). ეს გახლავთ უპირატესად ის რესურსები, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა საგანმანათლებლო საიტზე. განათლების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ MOOC დღეს რევოლუციას ახდენს სტუდენტების განათლებაში და მისი გავლენა მთელ მსოფლიოში იზრდება. ეს რესურსები, წესისამებრ, უფასოა და მხოლოდ კომპიუტერსა და ინტერნეტს მოითხოვს. 2013 წლის სიახლე ამ მიმართულებით ის გახლავთ, რომ უკვე განიხილება საკითხი, მოხდეს თუ არა MOOC-ის საშუალებით მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კრედიტების ოფიციალურად მინიჭება. MOOC-მა უკვე მოიცვა 200-მდე ქვეყანა (ე.ი. თითქმის ყველა), საგანმანათლებლო მასალებს 44 ენაზე აქვეყნებს და აქვს 4500 საგამოცდო ცენტრი მთელს მსოფლიოში.
4. წლევანდელ კოლეჯდამთავრებულებს სამუშაოს პოვნის უკეთესი შანსი ექნებათ
 
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული რეცესია 2013 წელს სრულად, რა თქმა უნდა, არ აღმოიფხვრება, მაგრამ Noodle მიიჩნევს, რომ წლევანდელ კურსდამთავრებულებს სამუშაოს მისაღებად უფრო ნაკლები ძალისხმევის გაღება მოუწევთ, ვიდრე წინა კურსდამთავრებულ თაობებს. NACE-ს (კოლეჯებისა და დამსაქმებელთა ნაციონალური ასოციაცია) მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ დამსაქმებლებს იმედი აქვთ, 2013 წელს დაახლოებით 10%-ით მეტი კურსდამთავრებულს დაასაქმებენ, ვიდრე წინა წლებში. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ ხარისხს რომელიმე იმ მიმართულებით, რომლებსაც STEM-ს ეძახიან (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო მშენებლობა, მათემატიკა), რადგან ამ სპეციალობებზე მოთხოვნა გაიზრდება.
5. დიდაქტიკურ-საგანმანათლებლო თამაშებზე დაფუძნებული სწავლება სულ უფრო პოპულარული გახდება
ვის არ უყვარს თამაში? იგი დიდი ხანია სწავლის შემადგენელი ნაწილი გახდა. აი, თამაშზე დაფუძნებული სწავლება (Game Based Learning) კი ახალი მიმართულება გახლავთ, თუმცა საკლასო ოთახებში უკვე მტკიცედ მოიკიდა ფეხი. მასწავლებლებს, რომლებიც უკვე იყენებენ თამაშზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს, ეჭვი არ ეპარებათ, რომ იგი დადებითად აისახება როგორც სწავლების პროცესზე, ისე საბოლოო შედეგზეც. GBL შეიძლება იყოს ყველაფერი, რასაც თამაშის ფორმა აქვს და სწავლებას ემსახურება: ასწავლო სიმულაციები, სერიოზული თამაშები, ვიდეო-კომპიუტერული თამაშები და სხვ. ზოგიერთმა მშობელმა ეგებ არც კი დაიჯეროს, რომ ვიდეოთამაშები სკოლაში შეიძლება სასწავლო მიზნით იქნეს გამოყენებული. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ GBL-ს აქვს ერთი აუცილებელი პირობა – თამაში ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ თემატურად შეესაბამებოდეს შესასწავლ მასალას და სწორედ ამ კონკრეტული მასალის უკეთ გაგებასა და გაგებულის შენარჩუნებას ემსახურებოდეს. თუმცა დღეს სასწავლო თამაშების გამოყენების მეთოდიკა ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა. სამომავლოდ მას გაცილებით ხშირად გამოიყენებენ.

მთავარი სითხე – სისხლი

0

იმ დღეს ისე მოხდა, რომ სახლში ვმუშაობდი, რომელიღაც სამეცნიერო სტატიას ვწერდი. საათს შევხედე – ახალი ამბების დრო მოსულიყო. ვიფიქრე, ვნახო, ქვეყანაზე რა ხდება-მეთქი. ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, ადგილზე გავშეშდი – ეკრანზე ცუნამისა და ნგრევის საშინელი კადრები ჩანდა. იდგა 2011 წლის 11 მარტი. იმ დღეს იაპონიას კატასტროფა დაატყდა თავს.

პირველმა შოკმა რომ გამიარა, ახლა საკუთარი თავის სიბრალულით დამენისლა თვალები და დავასკვენი, რომ ყველაზე უიღბლო ადამიანი ვიყავი ამქვეყნად – ცოტა ხნის წინ იაპონიის მთავრობის სტიპენდია მოვიგე და რამდენიმე თვის შემდეგ ხუთი თვით ტოკიოში, პროფესორ იჩირო იამატოსთან მივემგზავრებოდი…

მოგვიანებით იჩირო სანმაც და სხვებმაც მიმტკიცეს, ჩამოდი, მერე რაო, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მყარი არგუმენტი გამოდგა, რომ ფუკუსიმას მიმდებარე ტერიტორიაზე (სწორედ იქ იდგა უნივერსიტეტის ის კორპუსი, სადაც მე უნდა მემუშავა) განიბნა სტრონციუმის ერთ-ერთი რადიაქტიური იზოტოპი (და არამხოლოდ ის), რომლის ნახევრად დაშლის პერიოდი 14 წელია. ასე გავაუქმე სტიპენდია… ხოლო აქ, საქართველოში, ვინც კი წაუსვლელობის მიზეზი მკითხა, ყველას მარტივი, თუმცა გულწრფელი პასუხი გავეცი – სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ლეიკოზი არ მინდოდა!

ამრიგად, დღეს, როგორც ალქიმიკოსი პარაცელსი იტყოდა, ადამიანის მთავარ სითხეზე – სისხლზე ვისაუბრებთ.
იაპონიის თემას განვაგრძობ. ბრძენი იაპონელები პირველი შეხვედრისას თურმე ყოველთვის ეკითხებიან ადამიანს სისხლის ჯგუფს. ამას მისი ხასიათის უკეთ შესაცნობად აკეთებენ. სისხლის ჯგუფების თავისებური ჰოროსკოპიც კი აქვთ:

O(I) – რომანტიკოსები არიან, ძალიან უყვართ სიცოცხლე და თითოეულ წუთს აფასებენ. ჯიუტები არიან, თუმცა ადვილად უჩუყდებათ გული. უყვართ სხვების დახმარება. განწყობა სწრაფად ეცვლებათ. გრძნობებს არ მალავენ. ოპტიმისტები არიან.

A(II) – კეთილსინდისიერი, გუნდური მუშაობის მოყვარული, გულჩათხრობილი ხალხია. სხვის აზრს მათ შესახებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ნათელი გონება აქვთ და არ უყვართ დამარცხება. მხოლოდ ფაქტებს უჯერებენ და არა ემოციებს. დიდი მოთმინების უნარი აქვთ და ოდნავ პესიმისტები არიან.

B(III) – აქტიური ადამიანები არიან. შეუძლიათ, მთლიანად ჩაეფლონ სამუშაოში. პოპულარობა და პატივი არ აინტერესებთ. ვერ იტანენ უსამართლობას. ძალიან ემოციურები არიან და კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. განწყობა ხშირად ეცვლებათ. ხანდახან პესიმიზმი სძლევთ ხოლმე, თუმცა თავს იოლად აღწევენ. როდესაც საკუთარი სიმართლისა სწამთ, სხვების აზრი საკუთარ თავზე არ აინტერესებთ.

AB(IV) – სერიოზული, ცნობისმოყვარე, თავაზიანი და ტაქტიანი ხალხია, თუმცა გრძნობების გამოხატვა უჭირთ. ძალიან სამართლიანები არიან, მაგრამ ეჭვიანებიც. რთული ხასიათი აქვთ, თუმცა დანაპირებს ყოველთვის ასრულებენ.

მაშ ასე, გავიგეთ, რომ სისხლის ოთხი ჯგუფი არსებობს, თითოეული – შესაბამისი ხასიათით. ოთხივე ეს ჯგუფი რეზუსდადებითებად და რეზუსუარყოფითებად იყოფა.

რეზუსუარყოფითი სისხლის პატრონებს ექიმები ხუმრობით „ცისფერსისხლიანებს” უწოდებენ. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან იშვიათია და საჭიროების შემთხვევაში დონორის პოვნა ძნელია.

თავისი სისხლის ჯგუფი და რეზუსი ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. მე მესამე უარყოფითი მაქვს.

იცით, რა ფუნქციების მატარებელია თქვენი სისხლი? ის გიცავთ, ახორციელებს ჰომეოსტაზს, ჰემოსტაზს და სხვადასხვა ნივთიერების ტრანსპორტს.

სისხლის პლაზმის 90% წყალია, 10% – მშრალი ნივთიერება. ამ ნივთიერების 75%-ს კი ცილები შეადგენს, ანუ პლაზმაში ცილების შემცველობა 7,5%-ია. ყველაზე მეტია მარტივი სატრანსპორტო ცილები – ალბუმინები და გლობულინები. აქვეა ფიბრინოგენი, ტრანსფერინი, ცერულოპლაზმინი… ფიბრინოგენზე გამახსენდა – ალბათ იცით, რომ სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობს. ამ პროცესის წარმართვისთვის კი K ვიტამინი გვჭირდება.

ეს ისე, მცირე გადახვევად ჩავთვალოთ.

ნორმალურ სისხლში ალბუმინებისა და გლობულინების რაოდენობის შეფარდება მუდმივი სიდიდეა. ამ შეფარდებას „ცილოვან კოეფიციენტს” უწოდებენ და ის 1,5-დან 2,3-მდეა. ზოგიერთი დაავადების დროს თანაფარდობა იცვლება, ამიტომ მისი განსაზღვრა ექიმებს დიაგნოზის დასმაში ეხმარება.

სისხლის pH 7,4-ის ტოლია. სისხლში ნაწლავებიდან და ქსოვილებიდან განუწყვეტლივ შეიწოვება მჟავა და ტუტე ბუნების ნივთიერებები, მაგრამ მძლავრი ბუფერული სისტემების წყალობით მისი pH არსებითად არ იცვლება.

სისხლზე საუბრისას ცილა ჰემოგლობინი რომ არ ვახსენოთ, არ შეიძლება. მის შესახებ ყველას გაგიგონიათ. უფრო მეტიც – არ მეგულება ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ გაეკეთებინოს ჰემოგლობინის ანალიზი. ჰემოგლობინი რთული ცილაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სფეროს, ანუ გლობულის ფორმა აქვს და ცილებისთვის დამახასიათებელ ოთხივე სტრუქტურას შეიცავს. HbA – ასე აღინიშნება ზრდასრული ადამიანის ცილა ჰემოგლობინი. თუმცა ვიდრე ზრდასრულ ფორმას მიაღწევდეს, ჰემოგლობინი ვითარდება. ადამიანის 7-12 კვირის ემბრიონის სისხლში პრიმიტიული ჰემოგლობინი – HbP – გვხვდება; ემბრიონის განვითარების მესამე თვეს წარმოიქმნება ფეტური ჰემოგლობინი – HbF. ბავშვი სწორედ ფეტური ჰემოგლობინით იბადება, რომელიც თანდათანობით ნორმალურით ანუ HbA-თი იცვლება. ჰემოგლობინი სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არტერიული სისხლიდან პერიფერიულში ჟანგბადი გადააქვს, იქიდან კი მოაქვს ენდოგენური ნახშირორჟანგი და წყალბადის იონები, რომლებიც ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად ტოვებენ ორგანიზმს. ჰემოგლობინის ერთი მოლეკულა ოთხ მოლეკულა ჟანგბადს იერთებს და ოქსიჰემოგლობინი წარმოიქმნება.
სტუდენტებთან პირველად რომ შევედი, ძალიან პატარა ვიყავი – მეორეკურსელი ასპირანტი. ბიოქიმიის წაკითხვა მანდეს, ლაბორატორიულ სამუშაოებსაც მე ვატარებდი. მინდოდა, სტუდენტები ყოველდღე რაიმე ახლით გამეოცებინა, ამიტომ ათასგვარ ცდას ვატარებდით. ერთ-ერთი კრისტალური ოქსიჰემოგლობინის მიღება იყო: 10 მლ კურდღლის, ძაღლის, ცხენის ან ბაყაყის სისხლს ამატებენ 2 მლ წყლისა და ეთერის ნარევს (1:1) და ურევენ სისხლის სრულ ჰემოლიზამდე. წითელ გამჭვირვალე სითხეს ჰემოლიზირებულ ან ლაქის სისხლს უწოდებენ. სითხეს ამატებენ ტოლი მოცულობის (12მლ) ამონიუმის სულფატის ნაჯერ ხსნარს, მოურევენ და მაშინვე აცენტრიფუგებენ, ფილტრავენ გამოლექილი ცილების ჩამოცილების მიზნით. ფილტრატს 24 საათით დახურულ ჭურჭერლში სიცივეში ტოვებენ. ამ ხნის შემდეგ მიკროსკოპში ნათლად ჩანს ოქსიჰემოგლობინის წითელი პრიზმისებრი კრისტალები.

მე ცხოველების სისხლი არ მქონდა, სამაგიეროდ, მქონდა ჩემი… დიახ, ამ ცდას საკუთარი სისხლით ვატარებდი. მერე ამ ამბავმა გაჟონა და კათედრის გამგე საშინლად გამიწყრა, „თვითგვემა” ამიკრძალა და პირობა ჩამომართვა, რომ თითებს აღარ დავიჩხვლეტდი.

ქალისთვის ჰემოგლობინის ნორმა 72-84 ერთეულია, მამაკაცის ორგანიზმი ამ ცილას ოდნავ მეტს შეიცავს. ატამი, გარგარი, ბროწეული, წითელი ტყემალი, ნატურალური შავი ღვინო, საქონლის ენა, ღვიძლი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას გვმატებს. ჰემოგლობინი რკინის იონებს შეიცავს, ამიტომ, როცა იგი სათანადო რაოდენობითაა ორგანიზმში, რკინადეფიციტური ანემიისგან დაზღვეულნი ვართ.

მინდა, ერთი საოცარი რეცეპტი გაგიზიაროთ. ეს ტრადიციული აზერბაიჯანული სამზარეულოს გვირგვინია და კისინჟანის შაჰის ფლავი ეწოდება. ფლავს ჩვეულებრივ ამზადებენ სპეციფიკური სანელებლებითა და ხორცით. საოცარი მისი საწებელია, რომელიც ბროწეულის წვენისგან მზადდება. მომზადებისას წვენში სამჯერ დებენ გავარვარებულ ნალს და გაცივებას აცლიან. ძველად თურმე სწამდათ, რომ ამგვარად სოუსში გადასული რკინის იონები ორგანიზმს ამ მეტალით გაამდიდრებდა და სისხლიც ცილა ჰემოგლობინით შეივსებოდა. სხვათა შორის, ამ რეცეპტს ამსტერდამში ოქროს მედალი მიუღია, როგორც გემრიელ და სასასრგებლო საკვებს.

ერთ კითხვას დაგისვამთ: რამდენ ხანს გაძლებთ უჰაეროდ? ამ სიტყვებზე მეც ვცადე სუნთქვის შეკავება, მაგრამ მივხვდი, რომ თუ ისევ არ დავიწყდებდი სუნთქვას, თქვენ ამ წერილს ვეღარ წაიკითხავდით. იცით, რამდენ ხანს შეუძლია უჰაეროდ ყოფნა ზრდასრულ ადამიანს? მაქსიმუმ, სამი წუთი, თუ ნავარჯიშებია – ოთხი-ხუთი. ბრუკლინის უნივერსიტეტში ხელოვნური ერითროციტების მიღებაზე მუშაობენ. უფრო სწორად, ასეთი უჯრედები ხელოვნურად უკვე გამოყვანილია და მათზე დაკვირვებები მიმდინარეობს. ამგვარი ერითროციტების წყალობით ორგანიზმი ჟანგბადით გაცილებით უკეთ მომარაგდება, მის უფრო მეტ რაოდენობას გამოიყენებს და უჰაეროდ ერთ-ორ საათს გაძლებს. მეცნიერთა ეს მიღწევა განსაკუთრებით მყვინთავებს და ოკეანის შემსწავლელ სხვა მეცნიერებს გამოადგებათ. თუმცა ეს არც ისე ახლო მომავალში მოხდება. მანამდე კი… ჩვენი ისტორიის ფურცლები გაჟღენთილია ქართველთა სისხლით და ვინ იცის, წინ კიდევ რა გველის… მომიტევეთ, ჩემი მესამე ჯგუფის სისხლი მაწერინებს ასე.

თუმცა, მოდი, მურმან ლებანიძის სტრიქონებით დავასრულებ:
„უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის – დასაღვრელის ალბათ მაცნეა…
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია”.

ეკოლოგიური პასუხისმგებლობა სკოლებს!

0

სოციალური და ეკონომიკური სირთულეებით დატანჯულ ღარიბ ქვეყნებში ნაკლებად ზრუნავენ გარემოს დაცვის უმნიშვნელოვანესი, პრობლემური საკითხების მოგვარებაზე და იშვიათად ეძებენ მათი ეფექტურად გადაჭრის გზებს. შესაბამისად, ისინი ბუნების ეკოლოგიურად არასასურველი გარდაქმნების რისკის წინაშე დგანან. მგონი, ამ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც.

ამ მოსაზრების დასტურად არაერთი მაგალითის მოხმობაა შესაძლებელი: ქართულ კანონმდებლობაში დღემდე არ არის ზუსტად განსაზღვრული ტყის სტატუსი, რაც მოკლევადიან მოგებაზე ორიენტირებულ ექსპორტიორებს უფრო მეტად უადვილებს დიდი რაოდენობით ხის მასალის მოპოვებას; ყაზბეგის რაიონში ათობით ჰიდროელექტროსადგური გარემოზე მათი ზემოქმედების არცთუ სრულყოფილი შეფასების საფუძველზე შენდება და საფრთხეს უქმნის „წითელ წიგნში” შეტანილ, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ უნიკალურ ეკოსისტემებს; სპეციალური ფილტრის გარეშე მომუშავე ქარხნები ატმოსფეროში ყოველდღიურად დაუბრკოლებლად ფანტავენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს; არაერთი მდინარე საწარმოო ქიმიური ნარჩენების ნაგავსაყრელადაა ქცეული ან წარმოადგენს ინერტული მასალების საბადოს ნებისმიერი ტიპის მშენებლობისთვის.

საზოგადოებისა თუ პოლიტიკის ეკოლოგიურ უპასუხისმგებლობაში ხშირად მმართველ სახელისუფლებო ელიტებს ადანაშაულებენ. ზოგიერთი პრობლემას დარგის ექსპერტთა არაკომპეტენტურობასა და ინვესტორთა მიმართ მათ მიკერძოებაში ხედავს. არიან ისეთებიც, რომლებიც „მწვანე” აქტივისტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების პასიურობით არიან უკმაყოფილონი.

ალბათ, თითოეული ეს მოსაზრება ლეგიტიმურია, თითოეულ მათგანში შეიძლება სიმართლის მძიმე მარცვლის აღმოჩენა, თუმცა გარემოს დაცვის საკითხებზე გაჩაღებული მწვავე დისკუსიების დროს მუდამ ავიწყდებათ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ იჩენს თავის წილ პასუხისმგებლობას.

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში მინიშნებულია, რომ სკოლა პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული, კანონმორჩილი, ტოლერანტი და ბუნებრივი გარემოს დამცველი ადამიანის აღზრდას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი კრიტერიუმი მკაფიოდაა გამოკვეთილი, ალბათ, მისი სათანადოდ აღსრულება მაინც ვერ ხერხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივი გარემოს შეცვლის ნებისმიერი მცდელობისას საზოგადოებრივი ინტერესი და მოქალაქეთა წინაშე მოქმედ პირთა ანგარიშვალდებულების განცდაც გაცილებით მეტი იქნებოდა.

რა განაპირობებს საგანმანათლებლო სისტემის ნაკლებ ყურადღებას გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებისადმი?

დასავლურ სკოლებში მოსწავლეებს გარემოსდაცვით ღირებულებებს დახვეწილი საგანმანათლებლო სპეცკურსებით, თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში ან სკოლის ექსპერიმენტულ ბაღებში შეასწავლიან. ამგვარი ფუფუნებით სარგებლობის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენს პედაგოგებს იშვიათად ეძლევათ. ამასთანავე, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, მწვავე და აქტუალური საკითხები აფერხებს დღის წესრიგში „მწვანე” პუნქტთა დამკვიდრებას.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, XXI საუკუნეში საქართველოს მასწავლებლების უმთავრესი გამოწვევა მოსწავლეებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაღვივებაა. ეჭვიც არ მეპარება, რომ სათანადო რესურსების არარსებობა მათ ხელს ვერ შეუშლის და რამდენიმე წელიწადში ჩვენ გარემოსადმი უფრო მგრძნობიარე საზოგადოება გვეყოლება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...