სამშაბათი, ივლისი 22, 2025
22 ივლისი, სამშაბათი, 2025

მოლეკულები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს (მეორე ნაწილი)

0

სუბალპური ზონიდან დაშვებისას გაივლი მდელოს, სადაც სარტყელ და სარტყელ გხვდება უთვალავი ულამაზესი ყვავილი. ერთ-ერთი დაშვებისას მეგობრებმა გადავწყვიტეთ, თითო სახეობის თითო ეგზემპლარი მოგვეწყვიტა. ჩვენი გადაწყვეტილება არცთუ ადვილი შესასრულებელი აღმოჩნდა – სანამ ტყის პირს მივაღწევდით (სადაც მდელო მთავრდება), იმხელა თაიგულები მოგვიგროვდა, ორი ხელით ძლივსღა გვეჭირა… რომ ეთხოვათ, ვინმესთვის მისართმევად აქედან ოცი ყვავილი ამოარჩიეთო, ადვილი წარმოსადგენია, რა რთული ამოცანის წინაშე დავდგებოდით. ვეებერთელა თაიგულიდან, რომელშიც ერთიმეორეზე უკეთესი ყვავილებია თავმოყრილი, ოცის ამორჩევა არ არის ადვილი. რამდენი რამ უნდა გაითვალისწინო: რით სჯობია ერთი მეორეს; შენ კი მოგწონს, მაგრამ ის ხომ სხვისთვის მისართმევად გინდა – მას მოეწონება?.. გიჭირავს ხელში ყვავილების ეს უზარმაზარი კონა და დასცქერი მსაჯულის მზერით… განსჯა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. რთულიც და საპასუხისმგებლოც. მასწავლებლობაც ამიტომ არის მძიმე პროფესია. სწავლება შედარებით ადვილია; შეფასებაა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმე.

სიტყვა გამიგრძელდა და, როგორც შეგპირდით, წინა ბლოგში დაწყებულ თემაზე გავაგრძელებ საუბარს.

ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში უამრავ მოლეკულას შევხვედრივარ, მრავალი მათგანი მომითავსებია “საყვარელი მოლეკულების ქისაში”, მაგრამ როცა ამ ქისიდან ოცის ამორჩევა განვიზრახე, არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა – იმავე მიზეზით, რომელმაც თაიგულიდან ოცი ყვავილის ამორჩევაში შემიშალა ხელი. აქ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი; როცა გინდა, ყვავილი მიართვა ვინმეს, ის ერთია და მისი გემოვნებაც დაახლოებით იცი, მაგრამ როცა საჩუქარს მთელ საზოგადოებას უძღვნი, ერთიათად მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ და ქისიდან ყოველი მოლეკულის ამოღებისას ხელები გიკანკალებს…

ჩემი რჩეული მოლეკულების პირველ ათეულს უკვე იცნობთ. ახლა მინდა, მომდევნო ათეული შემოგთავაზოთ.

მეთერთმეტე ადგილზე ამიაკი მოვათავსე. მას შემდეგ, რაც ამიაკის მიღების მარტივ ხერხს მიაგნეს, ქიმიურ ტექნოლოგიას საშუალება მიეცა, დაემზადებინა იაფი და ეფექტური აზოტოვანი სასუქები. შესაძლოა, დღეს ბევრს აშინებდეს “ნიტრატიანი პროდუქტი”, მაგრამ დედამიწაზე მოსახლეობის ზრდა და სავარგულების ფართობის შემცირება-გამოფიტვა სასუქის გამოყენებას გვაიძულებს. ნუ დავივიწყებთ, რომ როდესაც მოწეული ჭირნახული (ეს სიტყვა “მოსავლის” საუცხოო სინონიმია) სახლში მიგვაქვს, ამით ელემენტთა ბუნებრივ ცირკულაციას უხეშად ვარღვევთ და ნიადაგის გამოფიტვას ვუწყობთ ხელს. ამიაკს მრავალ სხვა დარგშიც იყენებენ. სადღეისოდ მისი წლიური წარმოება 100 მილიონ ტონას აღემატება.

მეთორმეტე ადგილი მორფინს უნდა მივაკუთვნოთ. იგი ერთ-ერთი პირველი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც 1804 წელს გამოყო გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ სერტიუნერმა. მას შემდეგ ტკივილგამაყუჩებელთა ჯგუფის არაერთი პრეპარატი იქნა აღმოჩენილი და მიღებული, მაგრამ ტერმინალური პაციენტების ერთ-ერთ მთავარ “მეოხად” დღემდე მორფინი რჩება.

მეცამეტე ადგილზე, მინდა, რკინა დავასახელო. ჩვენ გარშემო არსებული მეტალის კონსტრუქციებისა თუ მასალების 90% რკინას შეიცავს. იგი ერთ-ერთი “უძველესი” მეტალია (აღმოჩენილია 3500 წლის წინ), რომელმაც სახე უცვალა ადამიანის ყოფას. მისი წყალობით ადამიანს მიწაზე შრომა გაუადვილდა, მიეცა ქვისა და კლდის დამუშავების, საცხოვრისის გაუმჯობესების, პირამიდებისა და ტაძრების აშენების, უფრო ეფექტური სანადირო იარაღების შექმნის საშუალება… თუმცა რკინამ ადამიანი უფრო აგრესიულიც გახადა. მისი მეოხებით უამრავი სისხლი დაიღვარა… ადამიანის გონმა აღმოაჩინა რკინა და… არაერთი ადამიანის გონმა დაამთავრა სიცოცხლე გილიოტინაზე.

მეთოთხმეტე ადგილს ეთანოლს მივაკუთვნებ. უმრავლესობა მას ღვინის სპირტის სახელით იცნობს. ეს ერთადერთი ქიმიური ნაერთია, რომელსაც მითოლოგიაში ღმერთებიც კი ჰყავს – დიოგენე და ბახუსი. სხვადასხვა ადგილას, დამზადების სხვადასხვა მეთოდით (უფრო “ქიმიურად” რომ ვთქვათ, ტექნოლოგიით) მიღებულ ღვინოს სხვადასხვა გემო, არომატი, ფერი აქვს, მაგრამ ადამიანზე ყველა ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს. თუ თავი გიბრუით, მხედველობა გაორებული გაქვთ ან კარგ გუნებაზე ხართ და ირგვლივ ყველაფერი მშვენიერი გეჩვენებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს სისხლში ეთანოლის მოლეკულები მოხვედრილა და ტვინში გავლისას მის უჯრედებს “უღიტინებს”.

მეთხუთმეტე ადგილზე გოგირდმჟავაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გოგირდმჟავას წარმოების რაოდენობა ქვეყნის ეკონომიური განვითარების ინდიკატორია. მას ხშირად „ქიმიკატების მეფესაც” უწოდებენ. ძნელია პროდუქციის დასახელება, რომლის წარმოებაშიც გოგირდმჟავას უშუალოდ ან ირიბად არ იყენებდნენ. გოგირდმჟავა მერვე საუკუნეში აღმოაჩინეს, მაგრამ საწარმოო მასშტაბი 1746 წლიდან შეიძინა. სადღეისოდ მისი წარმოება წელიწადში 193 მილიონ ტონას აღემატება.

მეთექვსმეტე ადგილზე მოვათავსე მედიკამენტი პროგესტინი. იგი ერთ-ერთი პირველი სინთეზური ჰორმონია (1951 წ.), რომელიც ადამიანის მიერ იქნა სინთეზირებული. ამ ჰორმონმა საგრძნობლად შეცვალა ადამიანის ყოფა, იხსნა ქალი მრავალი მტკივნეული თუ არასასურველი მომენტისგან, მაგრამ, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს – ამ პრეპარატის ბუმის დროს, 1965-1995 წლებში, შობადობა 4.9-დან 2.8-მდე შემცირდა.

ჩემი მოლეკულების სიაში მეჩვიდმეტე ადგილი მინდა ნახშირბადის დიოქსიდს დავუთმო. დღეს მის ხსნებაზე ბევრს, განსაკუთრებით – ეკოლოგებს, შიში იპყრობს და გლობალური დათბობა ახსენდება, მაგრამ ნახშირბადის დიოქსიდის როლი სამყაროში გაცილებით დიდია და ეს „წვრილმანი” ნაკლი მის დიდებას ვერაფერს აკლებს. ნახშირბადის დიოქსიდისადმი დიდი პატივისცემა „გაზიანი” სასმელების დამსახურება არ გეგონოთ; მას უზარმაზარი გამოყენება აქვს ინდუსტრიასა და ტექნიკაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე იაფ ნედლეულს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ძირითადი ნედლეულია ფოტოსინთეზით ჩვენი მაცოცხლებელი ჟანგბადის „საწარმოებლად”.

ადამიანი მუდამ ფერადოვნებისკენ ისწრაფოდა. იყო დრო, როცა ფერადი (შეღებილი) ტანსაცმელი ადამიანის იერარქიულ მდგომარეობაზეც კი მიუთითებდა. მისწრაფებამ, მასაც ჰქონოდა ფერადი ტანსაცმელი, გამოქვაბულისა თუ ტაძრის კედლები ფერადი საღებავებით მოეხატა, ადამიანი ანილინის აღმოჩენამდე მიიყვანა. მერე კი მისი გამოყენების იაფი მეთოდის მიგნებამ (ზინინი, გრისი) უზარმაზარი ნახტომი გააკეთებინა ქიმიურ ინდუსტრიას. სწორედ საღებრებისა და ტექნოლოგიის დამსახურებაა, რომ ფარმაცევტულმა ქიმიამ, კვების ქიმიამ თუ ქიმიის სხვა ქვედარგებმა განვითარების ამ დონეს მიაღწიეს, ამიტომ რჩეულთა რიგში ანილინი, ამაყად თავაწეული, მეთვრამეტე წევრად დგას.

იყო დრო, როცა ატმოსფეროში ჟანგბადი არ არსებობდა. მაშინ კაცობრიობაც სხვანაირი იყო – „უჟანგბადო”. მაშინ ვერავის ეტყოდნენ, ღრმად ისუნთქეო. გაჩნდა დედამიწაზე ჟანგბადი და გაჩნდა სიცოცხლეც იმ ფორმით, რასაც ჩვენ „სიცოცხლეს” ვეძახით. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რჩეულთა სიაში ჟანგბადიც უნდა შედიოდეს.

გახსოვთ ქართული ხალხური ლექსი? – „საწყალი ბერი ქედანი ბოლოში მაიგდიანო…” ეს პაწაწინა მოლეკულა, რომელსაც წყლის სახელით მოვისხენებთ, ჩვენი სიის ბოლოში მოხვდა, მაგრამ ეს სრულიადაც არ აკნინებს მის მნიშვნელობას. წყალი, ისევე როგორც ჟანგბადი, სიცოცხლის ელექსირია. მისი მნიშვნელობა რელიგიურ რიტუალებშიც კი ჩანს. გარდა ამისა, წყალი არის ყველაზე იაფი (რომელსაც სპეციალურად მიღება არ სჭირდება) ნედლეული თუ მასალა ინდუსტრიაში. წყლის გარეშე ვერც ერთი ინდუსტრია ვერ იმუშავებს. ის არის უნიკალური გამხნელი და სითბოს კარგი ტრანსპორტიორი – ამ ერთი ციცქნა მოლეკულას, ჭიანჭველასი არ იყოს, იმაზე მეტი სითბოს გადატანა შეუძლია, ვიდრე მასზე გაცილებით დიდ მოლეკულებს…
დასასრულ, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს ჩამონათვალი ჩემს ხედვას ეფუძნება. უნდა ვაღიარო, მისი შედგენა ძალიან გამიჭირდა, თუმცა ყოველნაირად ვეცადე, მიუკერძოებელი ვყოფილიყავი…

რა იწვევს მოზარდებში სტრესს

0

თეო ჭყოიძე

რა არის სტრესი და რა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე?

 

21-ე საუკუნეში, ალბათ, უკვე აღარ მოიძებნება ადამიანი, ვისაც სტრესი საკუთარ თავზე არ გამოუცდია. სწრაფად ცვალებად ინფორმაციულ გარემოში ყოველდღიურად იზრდება სტრესის გამომწვევი ფაქტორებისა და მისი გავლენით გამოწვეული ნეგატიური შედეგების რიცხვი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა განაპირობებს მის წარმოშობას.
 

სიტყვა “სტრესი” ინგლისურ ენაში ზეწოლას, დაძაბულობას ნიშნავს, ხოლო როგორც ტერმინი, ის მეცნიერებაში მოგვიანებით დამკვიდრდა. სტრესი პირველად კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ აღწერა და მას ზოგადადაპტაციური სინდრომი უწოდა. მისი განმარტებით, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ორგანიზმის დასუსტება და ორგანოთა სისტემების ფუნქციათა დარღვევა ახასიათებს. თანამედროვე განმარტებით, “სტრესი” იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა.

 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტრესი ყოველთვის ნეგატიურ გავლენას არ ახდენს ორგანიზმზე. ხანმოკლე სტრესით გამოწვეული შედეგები, რომლებიც უმეტესად ძლიერი პოზიტიური ემოციებით არის განპირობებული, დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და ხელს უწყობს მის მობილიზებასა და გააქტიურებას. ხანგრძლივი სტრესი კი, რომელიც კვირაობით, თვეობით ან წლობით გრძელდება, ადამიანის სასიცოცხლო ძალების გამოფიტვასა და ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევას იწვევს. ასეთ დროს სტრესის გამომწვევ ფაქტორებთან დამოუკიდებლად გამკლავება ორგანიზმს არ შეუძლია.
 

რატომ არის სტრესი განსაკუთრებული რისკის მატარებელი მოზარდობისას?

 
ნეგატიური სტრესფაქტორები განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის იმ მოზარდებს, რომლებიც ამ ასაკში ისედაც მაღალი მგრძნობელობითა და ემოციურობით გამოირჩევიან. მოზარდობის პერიოდში სტრესი უმეტესად იწვევს ისეთ მდგომარეობას, როგორიცაა დეპრესია, მომატებული აგრესია, შფოთვა, კვებისა და ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. ასევე, არ არის გამორიცხული, ის ყველაზე მძიმე შედეგის _ თვითმკვლელობის _ საფუძვლად იქცეს.

მოზარდობა ის ასაკია, რომელიც მოიცავს პერიოდს ბავშვობასა და სრულწლოვანებას შორის. მიუხედავად მისი სხვადასხვაგვარი განმარტებისა და მსჯელობისა, როდის იწყება და მთავრდება ეს ასაკი, მოზარდობა ემთხვევა პერიოდს, როდესაც ადამიანები განიცდიან სწრაფ ფიზიკურ ცვლილებებს, ვითარდებიან გონებრივად და თანდათან აღწევენ სრული სიმწიფის ასაკს. მოზარდობის პერიოდის თავისებურება მის განსაზღვრებებშიც აისახება: “გარდამავალი”, “კრიტიკული”. ამ პერიოდში ხდება ორგანიზმის სწრაფი ზრდა, ფიზიკური და სქესობრივი მომწიფება, მკვეთრი ცვლილებები მენტალურ სფეროსა და ცნობიერებაში, ურთიერთობასა და ღირებულებათა სისტემაში. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია ემოციური არამდგრადობა. მოზარდს შეიძლება ჰქონდეს მკვეთრი, აფექტური რეაქციები, როდესაც აკრიტიკებენ, რჩევას აძლევენ, აღნიშნავენ მის ნაკლს და უზღუდავენ თავისუფლებას. ეგზალტირებულ მდგომარეობას კი ზოგჯერ სწრაფად ცვლის დეპრესია და გულჩათხრობილობა.

 
სტატიაში განხილულია სტრესის გამომწვევი ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოზარდობის პერიოდისთვის არის აქტუალური. მათი გააზრება და გათვალისწინება მასწავლებელსა და მშობელს დაეხმარება, შეძლებისდაგვარად აარიდოს მოზარდი სტრესულ გარემოს და დროულად გაუწიოს სათანადო დახმარება.

 
მოზარდებში სტრესს ძირითადად შემდეგი ფაქტორები იწვევს:
 
ფიზიკური ფაქტორი

 
ფიზიკურ დონეზე სტრესს იწვევს ორგანიზმის სწრაფი ზრდა და სქესობრივი მომწიფება, რასაც თან ახლავს როგორც შინაგანი, ასევე გარეგნობის მკვეთრი ცვლილებები.
მოზარდ ასაკში ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საკუთარ გარეგნობას, მუდმივად ადარებს თავს სხვებსა და იდეალებს, მათ შორის აღმოჩენილი სხვაობა კი ხშირად ძნელად დასაძლევ პრობლემად, შფოთვისა და დეპრესიის მიზეზად იქცევა.
ამ პერიოდში მოზარდის ცვლილებებზე მშობლების, მასწავლებლებისა და თანატოლების რეაქციას, ასევე მათ მხარდაჭერასა და პრობლემების გაგებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს მათ, ადვილად მოახდინონ ადაპტაცია გარეგნობასა და ორგანიზმის ფუნქციონირებაში მომხდარ ცვლილებებთან.

 
კოგნიტური ფაქტორი

 
მოზარდობის პერიოდში ცვლილებები ხდება არა მარტო ფიზიკურ დონეზე, არამედ კოგნიტურ სფეროშიც. მარტივ სააზროვნო უნარებს ცვლის აბსტრაქტული და კრიტიკული აზროვნება. ამ დროს მოზარდი იწყებს მსჯელობას საკუთარ თავზე, სხვათა ქცევებზე, მორალურ ღირებულებებსა და ეთიკურ ნორმებზე. აქტუალური ხდება საკუთარი “მე”-ს სიცოცხლისუნარიანი კონცეპტის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორ აფასებს ადამიანი საკუთარ თავს, არჩეულ როლსა და სოციალურ სტატუსს.
ამ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უფროსების მხრიდან მოზარდის დადებითი და ადეკვატური შეფასება, პოზიტიური უკუკავშირი და მისი ღირსებების აღნიშვნა. ხშირი უარყოფითი შეფასება აკადემიური მიღწევების, შეხედულებებისა თუ საქციელის გამო მოზარდს ნეგატიურ ან/და გაურკვეველ თვითიდენტობას უყალიბებს, ეს კი შეიძლება სტრესის მიზეზად იქცეს. ასეთ დროს მოზარდი უკმაყოფილოა საკუთარი თავით, ეჭვის ქვეშ აყენებს თავის შესაძლებლობებს, აქვს არარეალიზებულობის, წარუმატებლობის განცდა. პრობლემებისგან თავის დასაღწევად მან შეიძლება მიმართოს ალკოჰოლს, ნარკოტიკულ საშუალებებს…

 
ოჯახური ფაქტორი

 
მოზარდ ასაკში ხშირად იჩენს თავს პრობლემა მშობლებთან ურთიერთობისას. კონფლიქტებს უმთავრესად დისკომუნიკაცია, ორი მხარის (აღმზრდელისა და აღსაზრდელის) განსხვავებული მოლოდინები და მოთხოვნები განაპირობებს. ერთი მხრივ, მოზარდები ცდილობენ, მოიპოვონ დამოუკიდებლობა, აპროტესტებენ კონტროლს, სიმკაცრესა და “ჭკუის დარიგებას”, უჩნდებათ სურვილი, აღიარონ მათი მოთხოვნილებები და პატივი სცენ მათ პიროვნებას, მეორე მხრივ კი მშობლებს უჭირთ, შეეგუონ შვილების ავტონომიურობისკენ სწრაფვას.
 

მოზარდმა მშობლების ზეწოლას შესაძლოა უხეშობით, სიჯიუტით, აგრესიით ან სხვა ნეგატიური ფორმით უპასუხოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის ინტერესებსა და ინიციატივებს უგულებელყოფენ. გამორიცხული არ არის, ასეთ დროს მოზარდი, პირიქით, დაითრგუნოს, გულჩათხრობილი გახდეს, თავის თავში ჩაიკეტოს.

 
ამ პერიოდში მშობლებმა, მოზარდისთვის სტრესის თავიდან ასაცილებლად, უნდა შექმნან თბილი და სიყვარულით სავსე გარემო, უნდა აგრძნობინონ მას მხარდაჭერა და აღიარონ მისი ინტერესები (საჭიროების შემთხვევაში აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე მიაღწიონ კონსენსუს). მშობლებმა უნდა იზრუნონ იმაზეც, რომ შვილი დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვონ.

 
სკოლის ფაქტორი

 
სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ სკოლა მოზარდებისთვის სტრესის მნიშვნელოვანი წყაროა. იკვეთება ორი მიმართულება: სწავლის პროცესი და ურთიერთობები.
სწავლის პროცესთან დაკავშირებული ფაქტორებიდან აღსანიშნავია დიდი მოცულობის საშინაო დავალებები, რომელთა შესრულებაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს; არადამაკმაყოფილებელი აკადემიური შედეგები; მასწავლებლებისა და მშობლების მიერ გარკვეული სასჯელებისა და აკრძალვების დაწესება; შეფასებები, რომლებიც არ ეფუძნება პოზიტიურ უკუკავშირს და ხელს უწყობს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას; გამოცდების მომზადების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებში არ არიან დარწმუნებულნი; არასაკმარისი ინტერესი საგნის მიმართ; იძულებით სწავლა; ასევე _ მშობლებისა და მასწავლებლის მაღალი მოლოდინები მოზარდის მიმართ.
რაც შეეხება ურთიერთობებს, მოზარდი ასაკი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოირჩევა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით, თვითდამკვიდრების, თვითგამოხატვის სურვილით და ა.შ. ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჯანსაღი, პოზიტიური დამოკიდებულებებია როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე მოსწავლეებს შორის.

 
სოციალური ფაქტორები

 
მოზარდობა ის ასაკია, როდესაც საზოგადოებრივი გამოცდილების, ღირებულებების შეთვისებისა და პიროვნებად ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროს ადამიანი ინტენსიურად ეძებს მისაბაძ მოდელებს (მშობელი, მეგობარი, კინოს, სპორტის ან ესტრადის ვარსკვლავი, საყვარელი მასწავლებელი და ა.შ.). მას მოსწონს მათი შეხედულებები და ცხოვრების სტილი, მუდმივად ადარებს მათ საკუთარ თავს, რის საფუძველზეც ახდენს თვითშეფასებას.

 
მოზარდ ასაკში სოციალური სტრესის ფორმაცია მჭიდროდ უკავშირდება სწორედ სხვადასხვა რეალური თუ წარმოსახვითი სოციალური ჯგუფის, მათ შორის _ მისაბაძი მოდელების მოთხოვნებს, რომლებიც მოზარდს უამრავი განსხვავებული როლის შესრულებას სთავაზობენ. მოზარდმა უნდა შეძლოს ამ როლების ერთმანეთთან შეთავსება, საკუთარ თავთან იდენტიფიცირება და პიროვნული ჰარმონიის მიღწევა. ამ დროს სტრესის მიზეზი უმეტესად როლთა შორის კონფლიქტია, როდესაც როლები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და მოზარდის წინაშე აყენებს რთულ ამოცანას, შეითავსოს თუ უარყოს ისინი.

 
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, არსებობს სტრესის გამომწვევი უამრავი მიზეზი: ოჯახური კონფლიქტები, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მუდმივად დაძაბული გარემო, კრიზისული სიტუაციები, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, გონებრივი გადატვირთვა და სხვა. აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც კვლევებმა აჩვენა, სტრესს ადამიანში უმეტესად იწვევს არა თვით მოვლენები, არამედ მათი აღქმა და შეფასება, მათდამი განწყობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოზარდს ჩამოუყალიბდეს საკუთარი თავისა და გარემოს პოზიტიური აღქმა, რაც მას სტრესის გამომწვევი მიზეზების სხვა კუთხით დანახვასა და უფრო იოლად დაძლევაში დაეხმარება.

მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციის ფორმები და სწავლების მეთოდები

0

მაია ფირჩხაძე

სწავლა რთული და ხანგრძლივი პროცესია და ამ გზაზე სწავლების ესა თუ ის მეთოდი მხოლოდ საშუალებაა ცოდნის აგებისთვის. ამ მხრივ საბაზისო საკითხია ცოდნის აგების პროცედურების სრულყოფა და ეფექტური სწავლების მეთოდიკის შერჩევა. თავისთავად ეს პროცესი მოსწავლისა და მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და რადგან არ არსებობს სწავლების კონკრეტული მეთოდი, რომელიც ყველა სიტუაციაში თანაბრად გამოგვადგება, ამიტომ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ხდება იმ მეთოდების იდენტიფიცირება, რომლებიც მიზნისთვის ყველაზე შესაფერისია, მერე კი – მათი განხორცილებისთვის ეფექტური სტრატეგიების მოძიება.

სწავლების მეთოდიკაში გამოკვეთილია სოკრატული, დიდაქტიკური და ევრისტიკული მეთოდები (სწავლებები).

ისტორიული ექსპერიმენტები

0
„ეს ოხერი ჩვენი ისტორია მარტო ომების და მეფეების ისტორიაა, უბრალო ხალხი კი არსადა სჩანსო”, – წერდა ილია ჭავჭავაძე. მაშ, ეს თეთრწვერა მოხუცი ვიღაა, მტერს თავისი სოფლისკენ რომ მიუძღვება? არა, მოღალატე არ გეგონოთ, გზის არევისთვის ნაჭერ-ნაჭერ აკუწავენ ურჯულოები… თევდორე მღვდელი…
მეცნიერებას თავისი ისტორია აქვს… 1789 წელი, საფრანგეთის დიდი რევოლუცია. გილიოტინაზე საფრანგეთის საამაყო შვილი ანტუან ლორან ლავუაზიე აჰყავთ. სჯიან იმის გამო, რომ გადასახადების ამკრეფად მუშაობს. ის, რომ დიდი ქიმიკოსია, საერთოდ არ აღელვებთ. უკანასკნელად მიმართეო ხალხს, – სთავაზობენ. „რესპუბლიკას აღარ სჭირდება ქიმიკოსები… სამწუხაროა”, – არის პასუხი. ორ წუთში ყველაფერი მთავრდება… რა იგრძენითო, მოგვიანებით ჰკითხავენ ჯალათს. „ორი წუთიც არ დამჭირვებია ამ გენიალური თავის მოსაკვეთად. აი, საფრანგეთს კი წლები დასჭირდება, რომ ასეთი თავი კვლავ დაიბადოსო”… ასეთი პასუხის შემდეგ გიკვირს კიდეც, როგორ მუშაობდა ეს კაცი ჯალათად…
2012 წლის ივლისში რომში, La Sapiensa-ს უნივერსიტეტში, UPAC-ის ეგიდით ქიმიის დიდაქტიკისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაზე მეც წავიკითხე მოხსენება, რომელიც ელექტრონულ სწავლებას ეხებოდა. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი გამოსვლა არ დაემთხვა განყოფილებას, სადაც ქიმიის სწავლებაში ქიმიის ისტორიის გამოყენებაზე ისაუბრებდნენ. სწორედ იქ მოვისმინე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერთა არაერთი მოხსენება, სადაც ისინი გვირჩევენ, უფრო ხშირად გამოვიყენოთ ისტორიული ფაქტები მოტივაციის ასამაღლებლად, რადგან ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგია იმგვარადაა მოწყობილი, რომ მათ ძალიან უყვართ საინტერესო, საგმირო ისტორიების მოსმენა.
მე კი, ჩემი მხრივ, მინდა ისტორიული ექსპერიმენტების შესახებ მოგითხროთ. სცადეთ მათი მოყოლა გაკვეთილზე – ეს ყველაზე უინტერესო მოსწავლესაც კი ოდნავ მაინც გაუღვიძებს ინტერესს.
ძველ ეგვიპტეში ალქიმიკოსები ოქროს მიღების ხერხებს ეძებენ, ოღონდ ერთმანეთისგან მალულად მუშაობენ, რადგან არავის ენდობიან. თუმცა მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც მიაჩნია, რომ დასამალი არაფერი აქვს და თავისივე მიღებულ „ოქროს” თამამად ამზეურებს.
ბოლოს მენდოსელი… „დიახ, მე თუთიისა და სპილენძისგან მივიღე ოქრო”, – იტყვის ის და თავისი სიტყვების საბუთად მართლაც აჩვენებს გარშემო მყოფებს მეტალის ნაჭერს. ყველა დაუჯერებს – ნიმუში ყვითელია, ე.ი. ოქროა. სინამდვილეში ეს იყო ხელოვნურად მიღებული პირველი შენადნობი – თითბერი, რომელიც მართლაც ყვითელია, ოღონდ… ოქრო არ არის. ეს მოგვიანებით გაირკვა კიდეც, თუმცა შენადნობი რომ იყო, ამას, ბუნებრივია, იმხანად ვერავინ მიხვდა.
მეშვიდე საუკუნეში ეგვიპტეში არაბები შეიჭრნენ და ახლა მათ გადაწყვიტეს, ოქრო მიეღოთ ან, უფრო სწორად, რომელიმე მეტალის ოქროდ ტრანსმუტაცია (გარდაქმნა) მოეხდინათ. ყველაზე ცნობილი არაბი ალქიმიკოსი ჯაბირ იბნ ხაიამი (ევროპელები მას გებერის სახელით იცნობდნენ) იტყვის, რომ ოქრო ვერცხლისწყლისა და გოგირდის ურთიერთქმედების შედეგად მიიღება (ჩემი შესავალი კურსის სტუდენტებთან ერთად ვატარებ ხოლმე ამ რეაქციას ძალიან იოლად, ოთახის ტემპერატურაზე; ამას მხოლოდ ერთი მიზნით ვაკეთებ: ვაჩვენო, რომ მიიღება მორუხო ფხვნილი, ვერცხლისწყლის სულფიდი – HgS). ეტყობა, ეს ჯაბირმაც შეამჩნია და თქვა, ამას რაიმე „მომამწიფებელი” სჭირდებაო, რაიმე ფხვნილი, რომლის დამატებით ეს მორუხო მასა ოქროდ მომწიფდებაო. ფხვნილი არაბულად „იქსირია”. მივუსვათ წინ არტიკლი „ალ” – მივიღებთ „ალიქსირს”. ევროპელებმა ეს სახელი ოდნავ გაალამაზეს და მიიღეს „ელექსირი”, იგივე ფილოსოფიური ქვა.
მოდი, შევაჯამოთ: ჯაბირი ეძებდა ნივთიერებას, რომელიც ქიმიურ პროცესს დააჩქარებდა. ხომ არაფერი გეცნოთ? დიახ, ჯაბირი ფაქტობრივად კატალიზატორს ეძებდა, თუმცა ამ ცნებას, ცხადია, არ იცნობდა…
1731 წლის 10 ოქტომბერს საფრანგეთის ულამაზეს ქალაქ ნიცაში ბრიტანელ ლორდს ვაჟი შეეძინა. ბიჭის ბაბუა დევონშირის მეორე ჰერცოგი გახლდათ, ბებია კი კენტის პირველი ჰერცოგის, ჰენრი გრეის ქალიშვილი, თუმცა ბიჭმა თავისი გვარი ისტორიაში სულ სხვა კუთხით ჩაწერა. როცა გაიზარდა, უცნაური ახირება დასჩემდა – ქიმია შეუყვარდა. ფული ჩეჩქივით ჰქონდა, ამიტომ კარგი ლაბორატორია მოაწყო და, არც მეტი, არც ნაკლები, გაზი აღმოაჩინა, რომელიც აფეთქებით იწვოდა. ჯერ ეგონა, თვით ფლოგისტონი აღმოვაჩინეო (იმ დროს ფლოგისტონის თეორია იყო გავრცელებული), მაგრამ მერე შეამჩნია, რომ თუ გაზს თავდახურულ ჭურჭელში დატოვებდა, კედელზე წყლის წვეთები წარმოიქმნებოდა. ეს აღმოჩენა ლავუაზიეს გაუმხილა და გაზს სახელიც დაარქვეს – „წყლის მბადი”, წყალბადი (ჰიდროგენიუმ). ახირებული არისტოკრატი ჰენრი კავენდიში გახლდათ, რეაქციას კი ალბათ ყველა თქვენგანი იცნობს: Zn+2HCl →ZnCl2+H2
ჰაერი დიდხანს ელემენტარულ მატერიად განიხილებოდა. მეცნიერებს ის მარტივ ნივთიერებად მიაჩნდათ. მხოლოდ მოგვიანებით, მრავალი ცდის საფუძველზე გახდა შესაძლებელი აირების შეგროვება და მათი თვისებების შესწავლა.
ჯოზეფ პრისტლიმ გამადიდებელი შუშის საშუალებით მზის სხივებით გაახურა ვერცხლისწყლის ოქსიდი. ხელსაწყოში (ამჟამად ის ლონდონის სამეფო მუზეუმში ინახება) დიდი რაოდენობით აირი გამოიყო. პრისტლიმ ეს აირი ჩაისუნთქა. მოგვიანებით წერდა, უეცრად სუნთქვა ისე გამიადვილდა, მეგონა, გავფრინდებოდიო… გარდა ამისა, გამოყოფილ გაზში სანთელი კაშკაშა ალით იწვოდა. პრისტლიმ ამ აირს „სასიცოცხლო ჰაერი” უწოდა. რეაქცია – 2HgO →2Hg+O2
კ. შეელემ ფოსფორი კოლბაში მოათავსა, საცობი დაახურა და გაათბო. წარმოიქმნა თეთრი კვამლი. გაცივების შემდეგ ქიმიკოსმა კოლბა წყლით სავსე აბაზანაში ჩაუშვა. წყალმა კოლბის მეხუთედი დაიკავა. ე.ი. ჰაერის მეხუთედი ფოსფორს უერთდებოდა. ამ მეხუთედს შეელემ „ცეცხლოვანი ჰაერი” უწოდა, დანარჩენ ოთხ მეხუთედს კი – „მხუთავი ჰაერი”.
ლავუაზიემ პრისტლის, შეელეს და საკუთარი ცდების საფუძველზე დაასაბუთა, რომ „სასიცოცხლო ჰაერი” და „ცეცხლოვანი ჰაერი” ერთი და იგივე იყო. ამ გაზს მან ჟანგბადი უწოდა, „მხუთავ ჰაერს” – აზოტი, „წვად ჰაერს” კი წყალბადი. ლავუაზიემ დაამტკიცა, რომ ჰაერი მარტივი ნივთიერება არ იყო – ის აირთა ნარევს წარმოადგენდა, რომელშიც ჟანგბადის მოცულობითი წილი 1/5 გახლდათ.
ინგლისი. 40-იანი წლები. ორგანული ქიმია ძალას იკრებს, თუმცა ქვეყანას ძლიერი ქიმიკოს-ორგანიკოსები არ ჰყავს, ამიტომ იძულებულია, გერმანიიდან მოიწვიოს ლიბიხის მოსწავლე ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანი. ჰოფმანს თანაშემწედ აჰყავს სრულიად ახალგაზრდა უილიამ პერკინი. ერთხელ ჰოფმანს პერკინის თანდასწრებით დაუწყია ქინინის სინთეზზე ხმამაღლა ფიქრი. პერკინი ამ იდეამ ისე ააფორიაქა, რომ შინ დაბრუნებულმა საკუთარ ლაბორატორიაში იმავე ღამეს დაიწყო მუშაობა. დაამუშავა ანილინი კალიუმის ბიქრომატით და, შედეგით იმედგაცრუებულმა, ის-ის იყო, მიღებული მასის გადაგდება დააპირა, რომ შეამჩნია, როგორ მიიღო მასამ მოწითალო შეფერილობა. სპირტის დამატების შემდეგ სარეაქციო არიდან მოწითალო ნივთიერება გამოიყო. პერკინი მიხვდა, რომ ეფექტური საღებავი მიიღო.
პერკინმა თავისი ოჯახის სახსრებით ააგო ფაბრიკა, რომელმაც ექვსი თვის შემდეგ „ანილინის მეწამულის” გამოშვება დაიწყო. ფრანგ მღებავებს ძალიან მოეწონათ ახალი საღებავი და მას „იისფერი” უწოდეს. ფერი იმდენად პოპულარული გახდა, რომ დროის ეს პერიოდი ისტორიაში „იისფერი ათწლეულის” სახელწოდებით შევიდა.
1867 წელს ადოლფ ბაიერმა ინდიგოს სინთეზი განახორციელა.
1868 წელს ბაიერის მოსწავლემ კარლ გრებემ სინთეზით მიიღო ალიზარინი.
ქიმიის ისტორიაში მომხდარ გაცილებით მეტ და საინტერესო ამბავს ჩემივე შესავალი კურსის, „ქიმიის ისტორიის”, ვიდეოლექციებიდან შეიტყობთ. აქვე მრავალ ექსპერიმენტს და სახალისო ანიმაციასაც ნახავთ.
გამოიყენეთ ისტორია, რათა მომავალი თაობა ოდნავ მაინც დაინტერესდეს ქიმიით. ხომ შეიძლება, რომელიმე მათგანში „მიძინებული” პერკინი გამოვაღვიძოთ…

ვიდეოლექციები “ქიმიის ისტორია”

კონფლიქტების მართვა და პედაგოგიკა

0

ადამიანებს ძალიან გვიყვარს ეგზიუპერის სიტყვების _ “ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ” _ სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება. ეს სიტყვები პედაგოგებში საოცარ ემოციას იწვევს… მასწავლებლობა ხომ უამრავი ადამიანის ბავშვობის თანაზიარობას ნიშნავს; მასწავლებელი ხომ ერთ-ერთი მთავარი ავტორიტეტია, რომელიც მოზარდს ღირებულებათა მიმართ სწორი, ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

 

ადამიანებს აქვთ ფასეულობები, შეხედულებები, წარმოდგენები, რომლებიც წარმართავენ მათ აზროვნებასა და ქცევას. ისინი ამის საფუძველზე დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს ან თავს იკავებენ გარკვეული ქმედებებისგან. ამიტომ ბუნებრივია, რომ ადამიანთა ურთიერთობისას ხშირად იჩენს თავს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის თაობაზე. ეს, თავის მხრივ, ურთიერთობაში წარმოშობს პრობლემებს, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს.

ვრცლად 

რა შეიძლება ვისწავლოთ ფინეთის წარმატებული სასკოლო რეფორმიდან

0

ლინდა დარლინგ-ჰემონდი

წინამდებარე სტატიაში მოკლედ მოგითხრობთ იმის შესახებ, როგორ შექმნა ფინეთმა საკმაოდ ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა თითქმის ნულოვანი წერტილიდან.
1970-იან წლებამდე ფინეთის საგანმანათლებლო სისტემა წარმატებულად არ მიიჩნეოდა. სამაგიეროდ, აშშ მსოფლიოს ეჭვმიუტანელი ლიდერი იყო ამ კუთხით. მაგრამ ფინეთმა მოახერხა და პროდუქტიული სწავლებითი (teaching) და სწავლითი (learning) სისტემა შექმნა.
ამ ტენდენციის გამო მრავალი ქვეყანა დაინტერესდა ფინეთით, იმ იმედით, რომ განათლების რეფორმის სწორ გასაღებს იპოვიდა. ერთი ანალიტიკოსი წერს: „ფინეთში ჩასული ვიზიტორები აღმოაჩენენ სკოლების ელეგანტურ შენობებს, რომლებიც სავსეა წყნარი ბავშვებითა და კარგი განათლების მქონე მასწავლებლებით. ასევე თვალში საცემია ფართო ავტონომია, რომელიც სკოლებს აქვთ, ცენტრალური საგანმანათლებლო ადმინისტრაციის უმნიშვნელო ჩარევა სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სისტემატური მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა ცხოვრებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, პროფესიონალური დახმარების გაწევა განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე მოსწავლეებისთვის” (Sahlbert, 2009, p. 7).
ფინეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ მისი ეს მიღწევა საგანმანათლებლო სფეროში დაბანდებული უხვი ინვესტიციის შედეგია – მასწავლებლობის ყველა მსურველი იღებს საკმაოდ მაღალი ხარისხის სამწლიან პოსტსაბაკალავრო მომზადებას სახელმწიფოს ხარჯზე. მოსამზადებელ კურსზე ისინი სწავლობენ კურიკულუმების შედგენას ნებისმიერი დონის, ნებისმიერი უნარების მქონე მოსწავლეთა ჯგუფებისთვის. ამ სისტემის ერთ-ერთი უკანასკნელი ანალიზი შეჯამებისას გამოყოფს რამდენიმე მთავარ პრინციპს:
. რესურსების მიმართვა უფრო მეტად მათკენ, ვისაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდება;
. მაღალი სტანდარტი და ხელშეწყობა განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე მოსწავლეებისთვის;
. კვალიფიციური მასწავლებლები;
. განათლების შეფასების კრიტერიუმები;
. დეცენტრალიზაციისა და ცენტრალიზაციის ბალანსი (Laukkanen, 2008, p. 319).
სალბერგი მიუთითებს იმ რეფორმებზე, რომლებიც გატარდა ანგლოსაქსურ ქვეყნებში და რომლებიც ფინეთს არ გადაუღია, მათ შორის – კურიკულუმების სტანდარტიზაციაზე. ფინეთში კურიკულუმები კითხვასა და მათემატიკაში უმთავრეს უნარ-ჩვევებამდე დავიწროვდა. გარდა ამისა, დაიწყეს ინოვაციური სწავლებითი სტრატეგიების გამოყენება. სწავლის თანასწორ შესაძლებლობას მრავალნაირად უჭერენ მხარს.
ფინური სკოლები საკმაოდ პატარაა, თითოეულ მათგანში მაქსიმუმ 300 მოსწავლე სწავლობს. კლასში 20-ზე მეტი მოწაფე არ ირიცხება. სკოლის შენობები კარგად არის აღჭურვილი. საგანმანათლებლო და პიროვნული თვალსაზრისით მოსწავლეებზე ზრუნვა მთავარ პრინციპს წარმოადგენს. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ყოველდღიური კვებით, სამედიცინო მომსახურებით, ტრანსპორტირებითა და სასწავლო მასალებით, რომლებიც მათთვის სრულიად უფასოა.
მასწავლებლების განათლების დონის ამაღლება და მომზადების ხარისხის გაუმჯობესება ფინეთში 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ქვეყანაში მიღებულ იქნა მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაში დააბანდებდნენ თანხებს, შესაძლებელი გახდებოდა სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მიცემა სწავლებასთან დაკავშირებული ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას.
1990-იანი წლების შუაში ქვეყანაში უკვე აღარ არსებობდა კურიკულუმების მენეჯმენტის მკაცრად რეგულირებადი სისტემა. თუ ძველი კურიკულუმების გაიდლაინები შვიდასზე მეტ გვერდს მოიცავდა, დღეს ამ ნაციონალური დოკუმენტის მოცულობა ათ გვერდს არ აღემატება, რომლებზეც მხოლოდ უმთავრესი პრინციპებია გადმოცემული. 1990-იანი წლების კურიკულუმებთან დაკავშირებული რეფორმა კი უფრო მეტად ფოკუსირდა მეცნიერებაზე, ტექნოლოგიასა და ინოვაციურობაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა კრეატიული აზროვნებისა და საკუთარი სწავლის პროცესის მართვის უნარის განვითარებას.
ფინეთის სკოლებისთვის არ არსებობს გარედან დაწესებული სტანდარტული ტესტები მოსწავლეებისა თუ, საზოგადოდ, სკოლების შესაფასებლად. მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასებას, როგორც წესი, აქვს ნარატიული სახე, მასში ასახულია მოსწავლის ზოგადი პროგრესი და კონკრეტული სფეროები, რომლებშიც მან წარმატებას მიაღწია.
ეროვნული კურიკულუმის გაიდლაინი მასწავლებლებს რეკომენდაციას აძლევს, გამოიყენონ შეფასების უმთავრესი კრიტერიუმები როგორც თითოეული საგნის, ისე მოსწავლეთა სწავლის პროგრესთან დაკავშირებული ყოველწლიური საბოლოო შეფასებისთვის. სკოლის მასწავლებლები ამ გაიდლაინებს უფრო დეტალური კურიკულუმების შესადგენად იყენებენ, ამიტომ, ბუნებრივია, თითოეული სკოლა თავად ადგენს სწავლების მოსალოდნელ შედეგებს. ფინეთის განათლების ნაციონალური საბჭოს თანახმად, მოსწავლეთა შეფასების მთავარი მიზანია მათი ხელშეწყობა დამოუკიდებელი აზროვნებისა და თვითშეფასების განვითარებაში.
ფინური სკოლის საკლასო ოთახში იშვიათად ნახავთ მოსწავლეთა წინაშე მდგარ მასწავლებელს, რომელიც 50 წუთის განმავლობაში ასწავლის. ნაცვლად ამისა, მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად გეგმავენ შესაბამის საგანში შესასრულებელ სამუშაოს, რომელსაც შემდეგ დამოუკიდებლად ართმევენ თავს. ტიპურ საკლასო ოთახში მოსწავლეები პატარ-პატარა ჯგუფებად მუშაობენ, აგროვებენ ინფორმაციას, შეკითხვებს უსვამენ მასწავლებელს და სახავენ გეგმებს. მოსწავლეები ამუშავებენ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ პროექტებს. ზოგჯერ სტატიასაც ამზადებენ სკოლის საბავშვო ჟურნალისთვის. ასე რომ, დამოუკიდებლობის კულტივაცია და აქტიური სწავლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, განივითაროს მეტაკოგნიტური თვისებები, რომლებიც მას საკუთარი სასწავლო პროცესის უფრო პროდუქტიულად წარმართვაში ეხმარება.
როგორც ითქვა, ფინეთში მასწავლებლების განათლება-გადამზადებაში მასშტაბური ინვესტიციების დაბანდება 1970-იანი წლებიდან დაიწყო, 1990-იან წლებში კი ქვეყანაში გადაიხედა მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები და მეტი ყურადღება მიექცა სწავლების დროს ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორებიცაა პრობლემის გადაჭრა და კრიტიკული აზროვნება კვლევით სამაგისტრო პროგრამაში. ამრიგად, ფინეთის განათლების სისტემაში მასწავლებლებისთვის კვლევითი უნარების განვითარება ცენტრალურ იდეად იქცა.
მასწავლებლობის კანდიდატებს საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით არჩევენ. მასწავლებლობის მსურველთაგან, რომლებსაც ბაკალავრიატი აქვთ დამთავრებული, მხოლოდ 15 პროცენტი იღებს გადამზადების უფლებას და გაივლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამწლიან კურსს. გარდა იმისა, რომ მათთვის სწავლა უფასოა, ისინი სტიპენდიასაც იღებენ. აშშ-სგან განსხვავებით (სადაც მასწავლებლობის მსურველები ან ვალს იღებენ მასწავლებლის პროფესიის დასაუფლებლად, სადაც ანაზღაურება არცთუ ისე მაღალია, ან უმნიშვნელო ტრენინგს გადიან), ფინეთმა უშურველად ჩადო ინვესტიცია თანაბრად კვალიფიციური მასწავლებლების მომზადებაში, რისთვისაც საუკეთესო კანდიდატებს გულმოდგინედ არჩევს და, იქიდან გამომდინარე, რომ მასწავლებელთა ტრენინგპროგრამებზე დიდი კონკურსია, ამ სფეროში რაიმე სახის დანაკლისი დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
მასწავლებლების მომზადება გულისხმობს სწავლების სტრატეგიებთან დაკავშირებულ ვრცელ საკურსო ნაშრომს, რომელშიც უპირატესობა ენიჭება კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას და ერთწლიან სტაჟირებას უნივერსიტეტების სკოლებში, სადაც ინერგება და „გამოიცდება” ინოვაციური სასწავლო პროგრამები. მასწავლებლები კვლევით მეთოდებში იწვრთნებიან, რათა „ხელი შეუწყონ საგანმანათლებლო სისტემის ორიენტირებას კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე” (Buchberger and Buchberger, p. 10).
ამ „საპილოტო” სკოლებში მასწავლებლობის კანდიდატები მუშაობენ მცირე ჯგუფებში, რომელთა უპირველესი ამოცანაა პრობლემის გადაჭრა, რაც ფინურ სკოლებში სწავლების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ეს ჯგუფები დაკავებულნი არიან კონკრეტული სასწავლო პროგრამების შემუშავებით, პრაქტიკაში გამოცდითა და შეფასებით. სწორედ ამ პროცესში, რომელიც გადამზადების კურსის მთავარი ნაწილია, სწავლობენ მომავალი მასწავლებლები, რა და როგორ აკეთონ საკუთარ სკოლაში, საკუთარ მოსწავლეებთან. ამასთან, მოსწავლეებისგან მოელიან იმავე უნარ-ჩვევების ათვისებას და კვლევაზე დაფუძნებული სამუშაოს შესრულებას შესაბამის დისციპლინაში.
ამრიგად, ფინური სკოლის მასწავლებლობის კანდიდატი ყველაზე მეტ დროს ეფექტური კურიკულუმისა და შეფასების სისტემის შექმნის შესწავლას უთმობს. მასწავლებლის ტრენინგი, პირველ რიგში, გულისხმობს სასწავლო პროცესში ყოველგვარი ტიპის (მათ შორის – განსაკუთრებული საჭიროების მქონე) მოსწავლეებთან ურთიერთობის ტექნიკის ათვისებას. ამგვარი მიდგომა ითვალისწინებს მულტიკულტურულობის შენარჩუნებასა და ყოველგვარი ექსკლუზივიზმის გამორიცხვას. ეგალიტარი ფინელების აზრით, თუ მასწავლებელს კარგად ეცოდინება, როგორ მოეპყროს თანაბრად ყოველგვარი ტიპის მოსწავლეს, მაშინ არც ერთ მათგანს არ ექნება სხვაზე უარესი მოსწრება.
ფინეთში მასწავლებლების უმრავლესობას აქვს მაგისტრის ხარისხი როგორც საკუთარ სპეციალობაში, ისე განათლების მენეჯმენტში. მათ კარგად აქვთ ათვისებული კვლევითი მეთოდები და, საზოგადოდ, პედაგოგიური პრაქტიკა. ამის კვალობაზე, ისინი იოლად ახერხებენ ოპტიმალური ინსტრუქციების შექმნას, რომლებიც სწავლების პროცესში ძალზე ეფექტურად მუშაობს.
ფინეთის სკოლებში დრო მასწავლებლების თანამშრომლობისთვისაც არის გამოყოფილი. კვირაში ერთ დღეს ისინი ერთობლივად ამუშავებენ სწავლების სტრატეგიებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. გარდა ამისა, მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მოსწავლეთა მშობლებთან. ფინეთის საგანმანათლებლო რეფორმაზე პასუხისმგებელ პირთა განცხადებით, „მასწავლებლის პროფესიის ამგვარი მხარდაჭერითა და ორგანიზებით საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. პროფესიონალ მასწავლებლებს აქვთ ინოვაციის უფლებაც, რადგან ისინი გამუდმებით უნდა ცდილობდნენ ახალი გზების მოძიებას სწავლების გასაუმჯობესებლად. მასწავლებელი არ უნდა იყოს მექანიკური იარაღი, რომლის ფუნქცია მხოლოდ „ზემოთ” შედგენილი პროგრამების სკოლაში დანერგვაა. ამრიგად, მასწავლებლებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ, რადგან სწორედ მათი ძალისხმევით ფუნქციობს და ვითარდება საგანმანათლებლო სისტემა” (Laukkanen, 2008).
რაც მთავარია, რეფორმის ამ პრინციპებს ფინეთი სისტემატურად ახორციელებდა, განსხვავებით აშშ-სგან, სადაც ჯერ ამა თუ იმ ინოვაციის დანერგვაში ხარჯავდნენ ენერგიას, რამდენიმე წლის შემდეგ კი ცვლიდნენ მათ.
მაშინ, როდესაც ამ პატარა ერმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი რეფორმა განახორციელა, სახელმწიფო ან პროვინციულ დონეებზე მსგავსი სტრატეგიები შეიმუშავეს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაშიც, ასევე – ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში, კერძოდ, ჰონკონგსა და მაკაოში, სადაც ასევე დადებითი შედეგები მიიღეს.
ინგლისურიდან თარგმნა
დავით თინიკაშვილმა

შემოქმედებითი აზროვნება მოსწავლეებში

0

შემოქმედებითი აზროვნებისადმი, როგორც ფენომენისადმი, ინტერესი XX საუკუნის სამოციან წლებში გაჩნდა ანგლო-ამერიკულ ფსიქოლოგიაში. მას შემდეგ გრძელდება კამათი იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება ამ ცნებაში, რა მნიშვნელობა აქვს მას პიროვნებისათვის და რა უწყობს ხელს მის განვითარებას.

ზოგადად, ადამიანის აზროვნება არსებული პრობლემების გადაჭ­რის­­­კენ არის მიმართული, რაც აუცილე­­ბელია საზოგადოებაში მისი არსებობი­სათ­ვის. შემოქმედებითი აზროვნება კი პიროვნების შინაგანი განწყობით არის განპირობებული და თავად პოულობს განხორციე­ლე­ბის გზებს.
შემოქმედებისათვის აუცილებელია, რომ აზროვნება თავისუფალი იყოს სტერეოტიპების ზეგავლენისაგან. იგი გულისხმობს რისკზე წასვლის, წინააღმდეგობის გადალახვის, შინაგანი მოტივაციის, გარშემომ­ყოფთა აზრისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარებს.
 
შემოქმედებითი აზროვნების კვლევისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ აზროვნების პროცესი და პროდუქტი, არამედ თავად პიროვნება, რადგან სწორედ ის ახორციელებს შემოქმედებით აქტს და ქმნის რაღაც ახალს. ამგვარად, შემოქმედებითობა შეიძლება შემდეგნაირად განისაზღვროს: შემოქმედებითია აზროვნების ისეთი ფორმა, რომელიც მიმართულია ახლის ძიებისკენ, შექმნისკენ და ხორციელდება შინაგანი სტიმულა­ციის საფუძველზე.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღემდე საკამათოდ რჩება, არის ის, კრეატიულობა ყველა ადამიანს ახასიათებს, თუ იგი მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია. ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, ტერმინი “კრეატიული” ძალიან იშვიათ უნარებს მიესადაგება, სხვები კი მას განიხილავენ, როგორც ზოგად უნარს, რომელიც ყველა ჯანმრთელ ადამიანს აქვს. შინაგანი იმპულსი, რომელიც ბიძგს აძლევს შემოქმე­დე­ბით პროცესს, მართლაც ყველას აღენიშნება. ადამიანი ახლის შექმ­­ნისკენაა მიმართული, თუმცა არსე­­ბობს ხარისხობრივი განსხვავება.
 
კრეატიულობის გენეზისში დიდ როლს ასრულებს ოჯახური გარემო და საგანმანათლებლო სისტემა. ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედარე­ბით­მა ანალიზმა ნათლად აჩვენა საგან­­მანათლებლო სისტემის გავლენა შემოქმედებითი აზროვნების გან­­ვითარებაზე. აქედან გამომდინარე, საინტერესოდ ჩავთვალეთ ქართველ მოსწავლეებში ამ უნარის კვლევა. კვლევაში მონაწილეობდნენ თბი­ლი­სის როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საჯარო სკოლების მოსწავლეები. ჩვენი ჰიპოტეზა მდგომარეობდა იმაში, რომ სპეცია­ლურად ორგანიზებული სასკოლო გარემო (ინტერაქტიური მეთოდებით სწავლება და შემოქმედებითი აზროვ­­-ნების განმავითარებელი პროგრამები) გავლენას ახდენდა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე.
კვლევამ საინტერესო სურათი მოგვცა: კერძოდ, აშშ-სა და საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზმა მნიშვნელოვანი სხვაობა გვიჩვენა. როგორც აღმოჩნდა, ამე­­რიკელ ბავშვებს ბევრად მაღალი მონაცემები აქვთ ვერბალურ შემოქმედებითობაში, ვიდრე მათ ქართველ თანატოლებს, თუმცა ქართველები მათივე ასაკის (უმცრო­სი სასკოლო ასაკი) ამერიკელებს ხატოვან კრეატიულობაში აღემა­ტე­ბიან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც შემოქ­­მედებითი აზროვნების გაკვეთილებს ითვისებდნენ, საბოლოოდ, უფრო მაღალ მაჩვენებლებს იღებდნენ, ვიდრე ისინი, რომლებსაც ეს პროგ­­რამა არ გაუვლიათ (პროგრამის ეფექტურობა დამტკიცდა ე.წ. მაფორმირებელი ექსპერიმენტის საშუალებითაც).
შემოქმედებითი აზროვნებისადმი ინტერესი თანამედროვე მეცნიე­რე­ბებში საკმაოდ დიდია. ნაწილობრივ ეს სოციალური შეკვეთით აიხსნება, ნაწილობრივ კი _ ახალ პედაგო­გი­ურ მიდგომებზე გადასვლით. დღეს, როცა დამახსოვრების უნარი განათ­­ლებუ­­ლობის გარანტს აღარ წარმო­­ადგენს, აუცილებელია შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარების განვითარება. მათ ფორმირებას ხელს უწყობს როგორც ადეკვატური მაკროგარემო (კულტურა, ეთნოსი), ასევე მიკროგარემო (ოჯახი, სკოლა, თანატოლთა წრე). ძალიან მნიშვ­ნე­ლოვანია დადებითი შემოქმე­დე­ბი­თი ქცევის ნიმუში, მასთან პიროვნული იდენტიფიკაცია, რათა შემოქმედე­ბითობა ნამდვილ, სიღრმისეულ თვისებად ჩამოყალიბდეს.
საგანმანათლებლო სისტემა განსა­­კუთრებულ როლს ასრულებს კრეატიულობის განვითარებაში. მოსწავლე არ არის ცარიელი ჭურჭელი, რომელიც ცოდნით უნდა გაივსოს. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პრობლემებზე ფოკუსირება სტიმულს აძლევს მოსწავლის ბუნებრივ ცნობისმოყ­ვა­რეობას და მას შემოქმედებითი აზროვნებისთვის განაწყობს. პრობლემის დასმა, ჰიპოთეზების შემუშავება, მათი გადამოწმება, სწორი გადაწყვეტილების პოვნა და ამ ცოდნის გათავისება მნიშვნელო­ვანია შემოქმედებითობის განვითა­რებისათვის. ამ შემთხვევაში, მოსწავ­-ლის მიერ მიღებული ცოდნა მტკიცეა, ემოცია _ დადებითი და შესაბა­მი­სად, დამახსოვრებაც უკეთ ხდება.
სწავლების პროგრამების ანალიზის შედეგად, მკვლევარებმა _ ტორენსმა, როზმა და ლინმა განსაზღვრეს, თუ რა უწყობს ხელს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას: სწავ­ლე­ბის პროგრამა, რომლის საფუძველს წარმოადგენს შემოქმედებითი გადაწყვეტის პროცედურა (გონებ­რივი იერიში), სწავლების პროგრამა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დისციპლინას (დრამატული კითხვა, შემოქმედებითი კვლევა და ზოგადი სემანტიკა), კომპლექსური პროგ­რა­მა კონვერგენტული და დივერგენ­ტუ­ლი აზროვნების სავარჯიშოებით (აქვეა მასტიმულირებელი მასალის განსხვავებული ტექნიკით მიწოდების საშუალებები: სურათზე გამოსა­ხუ­ლი სხვადასხვა ისტორიული მოვლენა, მოსასმენი მასალა), ხელოვნების სხვადასხვა დარგების სწავლება, კრიტიკული აზროვნების ტრენინ­გე­ბი, ადმინისტრაციული რეორგანი­ზა­ციის პროგრამა, კლასში სპეცია­ლური კლიმატის შექმნის პროგრა­მა, ცვლილებების შეტანა მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთო­ბებ­ში, მოტივაციის პროგრამა.
ტრადიციული ინფორმაციული განათლება პრობლემური სწავლების პრინციპებზე ორიენტირებული სწავლებით უნდა შეიცვალოს. ჩვენი სკოლის მოსწავლე, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული ბაზისური ცოდნის მქონე პიროვნებაა, მაგრამ მას არა აქვს ამ ცოდნის გარდაქმნის უნარი. ეს კი მის შემდგომ თვითრეალიზაციას აფერხებს.
შემოქმედებითობის გენეზისში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემო. გამოიყოფა ოჯახური ურთი­­ერთობის ის პარამეტრები, რომლებიც ხელს უწყობს, ან აფერხებს კრეატი­­ულობის განვითარებას: ჰარმონი­უ­ლი/დისჰარმონიული ურთიერთობა მშობლებს შორის, შვილებსა და მშობლებს შორის, მშობლის შემოქ­მედებითი/არაშემოქმედებითი პიროვნება, როგორც მიბაძვისა და იდენტიფიკაციის ობიექტი, ოჯახის წევრების ინტელექტუალური ინტერესების ერთობა, მშობლის მოლოდინი შვილისადმი და ა.შ.
შემოქმედებითი აზროვნების განსა­­ვითარებლად საჭიროა ბავშვის შემოქმედებითი ქცევის განმტკიცება და მისთვის მისაბაძი ნიმუშების ჩვენება, ასევე მასთან ურთიერთო­ბისას დემოკრატიული პრინციპებით ხელმძღვანელობა. ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი, თუნდაც მცდარი აზრის გამოთქმის. მათი შეხედულებები დიდი სიფრთხი­ლით, ტაქტიანად უნდა შევაფასოთ, რათა მათ თავმოყვარეობა არ შევულახოთ და ტრამვა არ მივაყენოთ. პედა­გო­გის ხელოვნება შემოქმედებითობის განვითარებაშიც უნდა ვლინდე­ბო­დეს, ამისთვის კი თავად ის უნდა იყოს შემოქმედებითი. მან უნდა შეძლოს შემოქმედებითად მიუდგეს საქმეს, დაკისრებულ მოვალეობას.
ზოგადად, სიახლეები ბავშვს ცნობის­­-მოყვარეობას უჩენს. მოულოდნელი ასოციაციები, უჩვეულო იდეები, ჰიპოთეზები, კამათი _ ეს ყველა­ფე­რი ათვლის წერტილია, საიდა­ნაც შემოქმედებითობა ვითარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თამაშის როლი შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში. გამოკვლევები ადასტურებს, რომ თამაშის პროცესში, არარეგლა­მენ­ტირებულ და დემოკრატიულ გარე­­-მოში, პატარები მაქსიმალურად ავლენენ კრეატიულობას.
როგორც აღვნიშნეთ, გარემო დიდ როლს ასრულებს შემოქმედები­თო­ბის განვითარებაში. თუ ბავშვის მიერ გამოთქმულ არასტანდარტულ აზრს უფროსების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, მას თვითგამო­ხატვის სურ­­-ვილი ეკარგება. ამ შემთხვევაში, მისი შემოქმედებითი უნარი მხო­ლოდ პოტენციის სახით რჩება. იშვიათად შევხვდებით ისეთ ბავშვს, რომელიც შემოქმედებითო­ბას არასასურველი გარემოს ზეგავლენის მიუხედავად ინარჩუნებს. ამიტომაც ოჯახური ფაქტორის როლი, სასკოლო გარემოს სწორი ორგანიზება შემოქმედე­ბი­თობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

არამხატვრული ტექსტის სწავლების მნიშვნელობა

0

ქართულის საგნის ძირითადი სასწავლო რესურსია ქართული ლიტერატურა. ლიტერატურა კი, თავისი ფართო მნიშვნელობით, ყველა ის მასალა შეიძლება იყოს, რაც ასო-ნიშნებისგან შედგება (ლათ. ლიტტერაე – მრ. ასო-ნიშანი). თუმცა, ქართულის კურიკულური გამოცდილებიდან გამომდინარე, საგნის მიღმა, ტრადიციულად, მოიაზრება მხატვრული ნაწარმოებების ლიტერატურული კანონი, სასკოლო და ხალხურ დისკურსებში “კლასიკად” წოდებული ტექსტების ნუსხა. თითო-ოროლა სახელმძღვანელოში თუ შევხვდებით გამოჩენილი ადამიანების მემუარებს, დღიურებს, პირად მიმოწერებს, რაც ისტორიული მოვლენებისა თუ ამ ადამიანთა პერსონალური ბიოგრაფიების რეკონსტრუქციისთვის საუკეთესო საშუალება იქნებოდა. სასკოლო სახელმძღვანელოებში, ასევე, მინიმალურადაა წარმოდგენილი თანამედროვე ქართულენოვანი პუბლიცისტიკა, რის გამოც ქართულის საგანი მის ბენეფიციართა – მოსწავლეთა _ კულტურულ გარემოს, ყოფასა და ყოველდღიურ პრობლემატიკას სცილდება.

მხატვრული ლიტერატურა აირეკლავს ყოფას. მასში ავთენტური კულტურული კონტექსტის ესთეტიკური თუ სააზროვნო კონიუნქტურაც დაილექება, თუმცა კულტურის (/ლიტერატურის) ისტორიის თითოეული საფეხურის, არტისტული სკოლების, მიმდინარეობების კვლევისას განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს არამხატვრული ლიტერატურის (ნონ-ფიცტიონ) შესწავლა. მხატვრული ლიტერატურისგან (ფიცტიონ) განსხვავებით, სადაც რომელიმე ლიტერატურული ფაქტის კონცეფცია აკუმულირებულია ნაწარმოების ტროპულ სისტემაში, სათქმელი გადმოცემულია მეტაფორულად, არამხატვრულ ტექსტში (პუბლიცისტიკა, მანიფესტი, პირადი მიმოწერა და სხვ.) ავტორი პირდაპირ ახდენს აღნიშნული შეხედულებების დეკლარირებას. მიუხედავად ამისა, არამხატვრული ტექსტებისთვის ქართულის სახელმძღვანელოებში წლების განმავლობაში არ მოიძებნა ადგილი. მხოლოდ 2011 წელს შევიდა ქართულის საგნის სავალდებულო ლიტერატურის ნუსხაში პუბლიცისტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიმუში.
ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დღესდღეობით მაღალია საზოგადოების მოთხოვნა ლიტერატურის არამხატვრულ ჟანრებზე: ავტობიოგრაფიაზე, ბიოგრაფიაზე, დღიურზე, ენციკლოპედიაზე, დოკუმენტურ პროზაზე, მიმოწერაზე, მემუარებზე და სხვ. უკანასკნელი წლებში არამხატვრულმა გამოცემებმა არაერთი პრემია და ჯილდო მიიღო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით ფენტეზის, სამეცნიერო მხატვრული, აპოკალიპტური და პოსტაპოკალიპტური, სუპერნატურალური და საშინელებათა ჟანრები სარგებლობდა, ამასთანავე, ჩვენს ყოველდღიურობაში დიდი დოზით იჭრებოდა კიბერსივრცე და ჰიპერრეალობა, გასაკვირი არ არის, რომ კაცობრიობა რეალობის “შიმშილმა” მოიცვა. დღეს წიგნის მაღაზიის დახლებზე ენციკლოპედიებს, ბიოგრაფიულ პროზას, მემუარულ ლიტერატურას მეტად ეტანებიან, ვიდრე ოსტინსა და ჰემინგუეის.
ეს ტენდენცია თავისებური ლოგიკით ვრცელდება განათლების სფეროზეც. განათლების ექსპერტთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ არამხატვრული ლიტერატურით სასკოლო კურიკულუმების გამდიდრება აამაღლებს მოსწავლეთა ზოგადი განათლების დონეს. პრობლემას არაერთი პოპულარული გამოცემა გამოეხმაურა, მაგალითად “ვაშინგტონ პოსტი”, რომლის განათლების საკითხების მესვეტემ (ცოლუმნისტ) ჯეი მეთიუსმა ჯერ კიდევ 2010 წელს ვრცელი სტატია მიუძღვნა აღნიშნულ საკითხს. მისი აზრით, სკოლაში კითხვისა და წერილობით პრაქტიკებში უნდა გაიზარდოს არამხატვრული ლიტერატურის ხვედრითი წილი. მიმდინარე წლის მარტში კი “ნიუ-იორკ ტაიმსის” პროექტ “სქულბუკის” რეპორტიორმა ანა მ. ფილიპსმა ნიუ-იორკის მაგალითზე შეაფასა არამხატვრული ლიტერატურის სწავლების შედეგების ეფექტიანობა. მის მიერ მოყვანილ ემპირიულ მასალებზე დაყრდნობით ცხადი ხდება, რომ ქალაქის სასკოლო კურიკულუმებში არამხატვრული ტექსტების მომრავლება პირდაპირპროპორციულად აისახა მოსწავლეთა კითხვის უნარის გამოცდების მაღალ რეიტინგებზე. აქედან გამომდინარე, ნიუ-იორკის სკოლებში 2013-2014 წლებისთვის იგეგმება ამ ტენდენციის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდი მასშტაბით.
არამხატვრული ტექსტების სწავლება საქართველოში, უპირველესად, საგანმანათლებლო სფეროს იმ გამოწვევას ეხმიანება, რომ თანამედროვე საზოგადოებაში საბჭოთა კულტურული მემკვიდრეობა უნდა გადაიხედოს. ქართულმა სკოლამ – მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად, მშობლებმა, განათლების ექსპერტებმა, სკოლის ადმინისტრაციამ და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებმა _ მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გაატარონ საბჭოთა სტერეოტიპებისა და მითების შესასწავლად. თუკი მხატვრული ტექსტი რეჟიმის იდეოლოგიის ზემოქმედებით შეიძლება იქცეს სხვადასხვა უხერხული ინტერპრეტაციის საგნად, არამხატვრული უფრო მეტად გაზრდის იდეოლოგიებისგან დამოუკიდებელი კითხვის შესაძლებლობას. წერილობითი სტილის სპეციფიკა თავისი სიცხადით ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არაერთი მავნე გეშტალტის რღვევას.
ქართულ საზოგადოებას მაინცდამაინც არ ეადვილება სიახლეების გათავისება. ამ პრობლემას არაერთი პუბლიცისტური წერილი მიუძღვნა თვით ილია ჭავჭავაძემ. ეს მიდგომა თავს იჩენს როგორც მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისე ლიტერატურული პროცესების განვითარებასა და ლიტერატურის კითხვის პრაქტიკებში, რის მიმართაც ქართული ტრადიციული საზოგადოება განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულებას ავლენს.
ლიტერატურის ქმნა თავისთავად დაკავშირებულია საკრალურთან, საიდუმლოსთან, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კი ქართულ საზოგადოებაში ლიტერატურის შესახებ მსჯელობა ხშირად მოკლებულია ფაქტობრივ ცოდნასა და ანალიზს. საუკუნეების მანძილზე ქართული ენა როგორც ინტელექტუალთა, ასევე, ხალხურ დისკურსში, საკრალური და ხელშეუხებელი იყო, ლიტერატურა კი, როგორც ენობრივი პროდუქტი, ასრულებდა ნაციონალური იდენტიფიკაციის პროცესში აქტიურად ჩართული ინსტრუმენტის ფუნქციას. გარდა ამისა, ბევრი ქართველი მწერალი წმინდანად შეირაცხა და რამდენიმე მათგანის კანონიზაციის თაობაზე საზოგადოებაში დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა. ამიტომაც არის მთელ რიგ კულტურალურ თავისებურებებთან დაკავშირებული მწერლების დემითოლოგიზაციის პრობლემა. თუმცა ეს პროცესი საზოგადოებამ სკოლის ეტაპზევე უნდა დაიწყოს, რათა მისი აზროვნების სტილი იმ მითოპოეტურ პარადიგმებს გასცდეს, რომელთა შექმნაში ქართველ წმინდანებსა და მეფეებს კი არა, საბჭოთა ცეკას და, განსაზღვრულ შემთხვევებში, თვით დიდ ბელადსაც მიუძღვით წვლილი (გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის სახელის რეაბილიტაცია სტალინის მიერ).
2000-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში წიგნის დახლებზე გაჩნდა ქართულ ენაზე თარგმნილი საბავშვო ენციკლოპედიების მაღალპოლიგრაფიული, შთამბეჭდავი გამოცემები. ეს ერთგვარი გარღვევა იყო მაშინდელ საგამომცემლო პოლიტიკაში, რადგან მანამდე ბავშვებისთვის გამოდიოდა მსოფლიოს საბავშვო მხატვრული ლიტერატურის კლასიკა და თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორების მხატვრული ლიტერატურა შედარებით მცირე მასშტაბით. ამ პერიოდიდან ქართულ საბავშვო ლიტერატურაში არამხატვრული, ინფორმაციული ხასიათის ტექსტების კითხვის მოდა გაჩნდა. სამაგიეროდ, ინფორმაციის ბუმს ალღო ვერ ავუღეთ მასწავლებლებმა, რომლებსაც არ გვქონდა შესაბამისი ცოდნა ბუნებისმეტყველებაში, ასტროფიზიკაში, ისტორიასა და ბევრ სხვა სპეციფიკურ სფეროში, რომელთა შესახებაც მოსწავლეები უკვე ფლობდნენ ზოგად ინფორმაციას. არც სახელმძღვანელოები სთავაზობდა მოსწავლეებს ამ თვალსაზრისით აქტუალურ ლიტერატურას, რომელიც, მხატვრული აზროვნების განვითარებასთან ერთად მოზარდის ინფორმაციულ წყურვილსაც თუ დააკმაყოფილებდა, ეს სრულიადაც არ დააკნინებდა მის მაღალ დანიშნულებას. როგორც ვიცი, დღესდღეობით მოზარდები ინტერესით ეცნობიან ქართული ბიოგრაფიული პროზის სერიების სხვადასხვა გამოცემებსაც, რომლებიც ბოლო ხანს მაღალი ტირაჟით იბეჭდება და შთამბეჭდავი გაყიდვებით გამოირჩევა ქართული წიგნის ბაზარზე.
ქართულის საგანი მოსწავლეთათვის მხოლოდ გარდასულ დროთა მიმართ რომანტიკულ მიბრუნებასთან ან დაკარგული დიდების აპოლოგიასთან რომ არ იგივდებოდეს, არამედ ეხმიანებოდეს მოზარდების ინდივიდუალურ სულიერ, გნებავთ, პრაქტიკულ საჭიროებებს, აუცილებელია, სასწავლო მასალა გადაიხედოს. სახელმძღვანელოები და გაკვეთილის დამხმარე რესურსები შეივსოს ლიტერატურით, რომელიც ახლო იქნება მოსწავლეების ფსიქოლოგიურ, სოციალურ გამოცდილებებთან, უპასუხებს საზოგადოების აქტუალურ პრობლემებს და სკოლას ამ პრობლემების ანალიზში დაეხმარება.

 

ზღაპრის ბოლოს შესახებ

0
პატარებს რომ ვასწავლიდი, მახსოვს, ერთ-ერთი დიდი პრობლემა თავისუფალ დროს წასაკითხი მასალის მათთვის  არჩევა იყო,  განსაკუთრებით კი ზღაპრების.
აბა როგორია, თვალებგაფართოებულ პაწაწინა ადამიანებს ზღაპრებს უკითხავდე და უცებ, გზას ასეთი ტექსტები შემოგეჩეხოს:
„დაიწყეს ბრძოლა. მოიქნია ვაჟმა და ჩასვა დევი მუხლამდის ქვიშაში; მოიქნია დევმა, ჩასვა ვაჟიც მუხლამდის; მოიქნია ვაჟმა, ჩასვა წელამდის დევი; მოიქნია დევმა, ჩასვა წელამდის ვაჟი. ამოუხტა საჩქაროდ ვაჟი, მოიქნია, ჩასვა დევი ყელამდის, წამოუსვა ხმალი და მოაგდებინა თავი. ამოიღო დანა და დაარჭო მოჭრილ თავში”….
ან ასეთი:
„იმათაც დახოცეს თავიანთი ცოლები, წაიღეს სოფლებში და იძახიან: –  მკვდარი ცოცხალზედაო.  მკვდარზე ცოცხალი მათ არავინ არ გაუცვალა, წამოვიდნენ შინ.”
ან თუნდაც ასეთი:
„დაიძინა გაუცინარი ხელმწიფის შვილმა. გავიდა ცოტა ხანი და გამოჩნდა ღორიც; ილესავდა კბილებს და ქაფსა ჰყრიდა. ქალმა ვაჟს შესძახა, შემოჰკრა სილაც, მაგრამ ტყუილად! ტირის ქალი, ტირის, დედამიწა იწვება მისი ცოდვით. უცებ ქალის ცრემლი დაეცა ვაჟს და ცხრა პირი კანი ასძვრა. წამოხტა ვაჟი, მოავლო მშვილდ-ისარს ხელი და ესროლა ღორს, ესროლა და ერთს გვერდში ნაკრავი მეორე გვერდში გაჩნდა. წაიქცა ღორი და დალია მაშინვე სული. მოსჭრა სასწრაფოდ თავი, გაჩეხა და ამოიღო იქიდან ყუთი” .. .
გასაკვირი არ არის, რომ სულ პატარა მკითხველებს ქართული ფოლკლორის რთული და მდიდარი სიმბოლიკა პირდაპირ ესმით, შესაბამისად, ცოტათი აშინებთ თაგვისა და პატარა ბიჭის გარიგება ამ უკანასკნელის ლეშის ჭამაზე, ფასკუნჯის დასანაყრებლად  გამოჭრილი საკუთარი ხორცი,  მდუღარე წყალში მოხარშული მოტყუებული ხელმწიფე, საკუთარი ხელით ასო-ასოდ აქნილი მეგობარი ცხენი და განსაკუთრებით ეს – დედა ჩიტის მიერ შვილების გამეტება საკუთარი თავის გადასარჩენად – ამ ზღაპრის მორალი მათთვის განსაკუთრებით გაუგებარია და ამ წარმოდგენას ვერ აქარწყლებს ზღაპრის ფინალში  მონადირის მიერ მელიის მუცლიდან ამოყვანილი გადარჩენილი ბარტყები.
მათი შიში გასაგებია – თურმე ყველაზე დიდ ავტორიტეტს, დედასაც კი არ შეუძლია, თავისი ბარტყები მოსალოდნელი განსაცდელისგან იხსნას.
ამას წინათ, როცა ჩემს კარადას ვალაგებდი და პირველკლასელებისთვის გადაკეთებულ ჩიტისა და მელიას ისტორიას წავაწყდი, კიდევ ერთხელ მივხვდი – მშობელმა, მასწავლებელმა და მთელმა საზოგადოებამ ყველანაირად უნდა დაიცვან ბავშვი ნებისმიერი სახის ფიზიკური თუ გონებრივი ძალადობისგან, ოჯახში იქნება ეს, სკოლაში, ქუჩაში თუ ეზოში.
ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას ზღაპრების ბედნიერი დასასრული.
აი, ამ კონკრეტული ზღაპრის ჩემეული ვარიანტი:
ჩიტი-ჩიორა
 -„ჩიტო, ჩიტო,  ჩიორაო
 – რაო, ბატონო მელაო?
 – ერთი ბარტყი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ!
ცულს მოვიტან ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი,
ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა.”
ჩაეღიმა ჩიტუნიას
უთხრა:
– ქვემოთ რომ ელიო,
იქნებ თვითონ  აირჩიო-
გადმოგიგდო რომელიო?
( როცა ძალით ვერას გახვალ
ჭკუით უნდა მოერიო).
-ფერი იყოს გადამწყვეტი,
ფრთების სიგრძე თუ განიო?
მელაკუდამ ამოსძახა –
-ჩამომიგდე მსუქანიო.
ჩიტმა უთხრა – ამობრძანდე,
აარჩიო იქნებ თვითონ,
არ მინდა, რომ გაგაწბილო,
იქნებ თვითონ მიმითითო.
მელამ – ხეზე ვერ ამოვალ
მაჩვენეო თითო-თითოდ. . .
მოკლედ, რაღა გავაგრძელო
მელამ ვეღარ აარჩია,
ეს უფროსი ავადაა,
უმცროსი კი – მეტად ჩია,
(  რაღა ექნა ჩიტუნიას,
ტყუილებსაც მიეჩვია)
ვერ მიიღო მელაკუდამ
ვერც ბუმბული, ვერც ჩიჩია.
დღემდე ჩიტებს ემუქრება
თითქოს მკაცრი იერი აქვს
მაგრამ ჩვენი მელაკუდა
იმ დღის მერე მშიერია,
რადგან მთელს ამ უღრან ტყეში
ვერსად ნახა ერთი დედაც,
ვინც თავისი პაწაწუნა
თავის ნებით გაიმეტა.

როგორ წიგნებს ირჩევენ ბავშვები

0

ბავშვების მაგივრად არჩევანს ხშირად უფროსები აკეთებენ – მათ ხომ “უკეთ იციან”, რა ჯობს. ბავშვებს წიგნების კითხვას ელექტრონულ მოწყობილობებთან “მუშაობა” ურჩევნიათ. ახალგაზრდა თაობას “სკრინ რიდერებსაც” კი უწოდებენ, ვინაიდან ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ისინი სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ეკრანებიდან იღებენ. თუ ჩვენთვის, უფროსებისთვის, ცოდნის მიღების ბუნებრივი საშუალება ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტი და გამოსახულებებია, ახალი თაობისთვის ასევე ბუნებრივია ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი.

დღეს ელექტრონული მოწყობილობებით “შეიარაღებული” პატარებისთვის უფრო ადვილია არჩევანის გაკეთება, მაგრამ საბავშვო წიგნის სიავკარგეს უმეტესად მაინც უფროსები ადგენენ და ბავშვებს აზრს მაინცდამაინც არ ეკითხებიან. თუმცა გამონაკლისიც არსებობს. ეს წიგნი ჯერ ბავშვებმა მოიწონეს და მერეღა შეამჩნიეს იგი უფროსებმა, და ეს გაცილებით ადრე მოხდა, ვიდრე ელექტრონული მოწყობილობები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა.

წიგნი, რომელიც ბავშვებმა აირჩიეს

ეს წიგნი შეიძლება ბედნიერ გამონაკლისად ჩაითვალოს – მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად უფროსებმა მას ყურადღება არ მიაქციეს, ბავშვებმა ძალიან შეიყვარეს იგი. ორი წელი გახდა საჭირო, რომ ბიბლიოთეკარებსა და სკოლის მასწავლებლებს ამ წიგნისადმი ბავშვების დიდი ინტერესი შეემჩნიათ. მერე კი უფროსებმაც აღიარეს, რომ წიგნი მართლაც კარგი იყო და ავტორისთვის ჯილდოებიც არ დაიშურეს.

წიგნს “იქ, სადაც ველური არსებები ბინადრობენ” ჰქვია. მისი ავტორი მორის სენდაკია. მორისი ილუსტრატორი იყო, მერე ტექსტების წერასაც მიჰყო ხელი. ილუსტრაციები თავისი წიგნისთვის მან თავად დახატა.
წიგნის გამოცემასაც, ისევე როგორც აღიარებას, საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს. მორის სენდაკმა მასზე მუშაობა გამოცემამდე რვა წლით ადრე დაიწყო. მთავარი გმირები ცხენები იყვნენ და, წიგნსაც, შესაბამისად, სულ სხვა სახელი ერქვა: “იქ, სადაც ველური ცხენები ცხოვრობენ” (Where the Wild Horses Are), – მაგრამ გამომცემელმა ავტორს პერსონაჟების შეცვლა ურჩია, ვინაიდან, მისი აზრით, მორის სენდაკს ცხენების ხატვა მაინცდამაინც არ ეხერხებოდა. თავად ავტორი იხსენებს, რომ როდესაც იგი ახალ პერსონაჟებზე დაფიქრდა, თავისი უამრავი დეიდა და ბიძა გაახსენდა. მათთან სტუმრობისას დეიდები და ბიძიები პატარა მორისს არ ასვენებდნენ და ასე ეუბნებოდნენ ხოლმე: “ისეთი კარგი ხარ, შეგჭამ”.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი პირველად საკმაოდ დიდი ხნის წინ, 1963 წელს, დაისტამბა და მისი პირველი მკითხველები უკვე ზრდასრული ადამიანები არიან, ბავშვებს ის დღესაც მოსწონთ. სამწუხაროა, რომ ქართულ ენაზე ეს წიგნი ჯერ არ გამოცემულა.
და ისევ ბავშვების არჩევანი
იქნებ დღესაც, როდესაც ელექტრონულ წიგნებს ამჯობინებენ, ბავშვები უბრალოდ მომავლისთვის ემზადებიან – იმ მომავლისთვის, რომელსაც მათთვის უფროსები ვაშენებთ და რომელშიც მათ უამრავ ელექტრონულ მოწყობილობასთან მოუწევთ ურთიერთობა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...