ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

ბრძენი მზეთუნახავი და მისი ოინები

0
ჰოროსკოპების თუ გჯერათ? მე – არა, თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობია და საჯაროდ გამოვტყდები, რომ მაინც ვკითხულობ. 2013 წელი გველის წელია – ბრძენი მზეთუნახავისა. მე გველებისა მეშინია, ვერც მათ სიბრძნეს ვამჩნევ და ვერც სილამაზეს, თუმცა ეს მათდამი ჩემი განწყობაა, სხვა არაფერი.

წლების წინ, როდესაც ერთ-ერთ გაზეთთან ვთანამშრომლობდი, რედაქტორის დავალებით სპორტის სასახლეში წავედი. ის ეგზოტიკური ქვეწარმავლების გამოფენას მასპინძლობდა და ამ გამოფენის “ვარსკვლავთან”, ალბინოს გველ გრიშასთან მევალებოდა სურათის გადაღება. გრიშა მახრჩობელა იყო, თეთრი და სლიპინა. ეტყობა, კარგად გახლდათ ნასადილევი, რადგან როდესაც კისერზე საყელოსავით მომარგეს, მხოლოდ წითელი თვალები შემომანათა ზანტად – ეს ვის ყელზე მოვკალათდიო. გადავიღეთ მე და გრიშამ რამდენიმე ფოტო და მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. მას შემდეგ ბრძენ მზეთუნახავს აღარ შევხვედრივარ და გულწრფელად ვისურვებდი, არც არასოდეს შევხვდებოდე, თუმცა დღეს სწორედ მათ შესახებ მინდა გესაუბროთ.

იცით თუ არა, როგორ ხვდება ქვეწარმავლის შხამი ჩვენს ორგანიზმში? რა თქმა უნდა, ნაკბენიდან. კბენისას ჩვენი კანის ეპიდერმისში შემავალი რთული ჰეტეროგენური ნახშირწყალი, კანის “ცემენტი”, ჰიალურონის მჟავა, შხამში შემავალი ფერმენტის ჰიალურონიდაზას მეშვეობით იშლება. შხამი სისხლში ხვდება და მოქმედებას იწყებს.
გველის შხამის სამკურნალო თვისებები ცნობილია (ოღონდ წამლად მას მხოლოდ სათანადოდ დამუშავებულს იყენებენ). ალბათ ამიტომაც არის მედიცინის სიმბოლო ფიალაზე შემოხვეული გველი, თუმცა, ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, ეს უფრო ანკარაა, სიმშვიდისა და სიკეთის ნიშანი.

ალერგია, გაფანტული სკლეროზი, ალცჰეიმერის დაავადება, ინსულტის შემდგომი პერიოდი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი პათოლოგია, პოტენციის დაქვეითება, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომელთა სამკურნალოდ გველის შხამი აქტიურად გამოიყენება. თუმცა დაგესლილი ადამიანი რომ სასიკვდილოდაა განწირული, ესეც ვიცით. მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს და ეს სასწაული დროული და ეფექტური მკურნალობაა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თითოეული წამი ძვირფასია.

რისგან შედგება გველის შხამი?

ქიმიას ვერც აქ გავექცევით.

გველის შხამს ძალიან რთული ქიმიური შემადგენლობა აქვს. შეიცავს ცილებს, ცილა-ფერმენტებს (ჰიდროლაზები, პროტეაზები, ნუკლეაზები, ფოსფონუკლეაზები, კატალაზები, ოქსიდაზები), პეპტიდებს, ცალკეულ L-ამინმჟავებსა და იმ ნივთიერებათა ფრაქციებს, რომლებიც სისხლის შედედებაში მონაწილეობენ. გველის შხამში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება მოქმედებს კუნთებზე, ცვლის გულის ფუნქციას და აძლიერებს ლეიკოციტების მოძრაობას.
გველის შხამი გამჭვირვალე ან მღვრიე სითხეა, არც სუნი აქვს და არც რაიმე დამახასიათებელი გემო. წყალში კარგად იხსნება, გაშრობისას ადვილად კრისტალდება. გამომშრალი, თუ სწორად შევინახეთ, აქტიურობას 20 წელი ინარჩუნებს.

თბილსისხლიან ორგანიზმებზე მოქმედების მიხედვით შხამების ორ ჯგუფს გამოყოფენ: ნეიროტოქსინებს, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ჰემოტოქსინებს, რომლებიც სისხლის შედედებას იწვევს. ნეიროტოქსინებში უფრო მეტად გვხვდება პეპტიდები. ზოგიერთი მათგანი შედარებით მოკლეა, 60-62 ამინმჟავური ნაშთისგან შემდგარი, სადაც მხოლოდ 4 დისულფიდური ხიდაკია, ზოგი კი გრძელი – 71-74 ამინმჟავური ნაშთითა და 5 დისულფიდური ხიდაკით. ზოგიერთი სახეობის გველის შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც უჯრედის მემბრანას შლის. აფრიკული გველის ზოგიერთი სახეობა კაუდოქსინს შეიცავს, რომლის სასიკვდილო დოზა ადამიანისთვის 0,18 მგ-ია სხეულის ყოველ კილოგრამზე.

სიკვდილს უმეტესად შავი მამბას, კობრას, უდაბნოს გველის, ზღვის გველების ნაკბენი იწვევს.
არ დაიჯერებთ და, გველები ალერსიანი და ცხოველები ყოფილან და თამაშიც ჰყვარებიათ. ერთ კაცს სახლში გველი ჰყოლია. მოგეხსენებათ, მას ყოველდღიური კვება არ სჭირდება. ჰოდა, იმ კაცსაც დაუპურებია თავისი მცურავი და თვითონ რამდენიმე დღით საქმეზე წასულა. ამასობაში მის სახლში ქურდები შეპარულან. გველი კი დიდი ონავარი გამოდგა – საიდანღაც გამოსრიალდა და ერთ-ერთ ქურდს კისერზე ჩამოეკიდა. ავი ზრახვა გულშიც არ გაუვლია, – ოჯახის მეგობარი ეგონა და გაეთამაშა. ვერ გაუგეს ხუმრობა – ერთი ქურდი ფსიქიატრიულში მოხვდა, ორი დანარჩენი კი კარდიოლოგიურ კლინიკაში…

და მაინც, როგორ გადავურჩეთ გველების “რისხვას”?

იქ, სადაც გველია გავრცელებული, დახურული, სქელი ტყავის ფეხსაცმლით უნდა ვიაროთ; თუ დავინახეთ, ფრთხილად უნდა ავუაროთ გვერდი – ისე, რომ არ შევეხოთ; ხშირ ბალახში სიარულისას ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ უნებურად ფეხი არ დავადგათ (ყველა გველების ცნობილი დამჭერი ოსტინ სტივენსი ვერ იქნება https://austinstevens.net/. ზაფხულის ღამით ბუნების წიაღში სეირნობისას ფარანი არ უნდა დავივწყოთ. თუ ტყეში ღამის გათევა გვინდა, არ უნდა დავწვეთ იმ ხეების ქვეშ, რომლებსაც ფუღურო აქვთ, ან რომელთა მახლობლად სოროსმაგვარი ჩაღრმავებაა.

თუ ვინმე ჩვენ თვალწინ დაკბინეს, საავადმყოფოში წაყვანამდე უმოქმედოდ ნუ ვისხდებით. შხამი ჭრილობიდან უნდა ამოიწოვოს, ოღონდ ეს ფაქტობრივად კბენისთანავე უნდა მოხდეს და ვინც ამას გააკეთებს, პირის ღრუში ჭრილობა არ უნდა ჰქონდესმ თორემ შესაძლოა, თვითონვე დავზარალდეთ. დაგესლილი მშვიდად და გაუნძრევლად უნდა იწვეს, დაკბენილი კიდური არ ამოძრაოს. ასვით რაც შეიძლება მეტი სითხე. ყველაფერს სჯობია საშუალო სიმაგრის თბილი, ტკბილი ჩაი. ეფექტურია ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატების მიღებაც. დაბოლოს, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანეთ სამედიცინო პუნქტამდე – პროფესიული სამედიცინო დახმარება აუცილებელია!

სკოლის მოწაფე ვიყავი, როდესაც ახლობელმა მე და დედა გარგარზე დაგვპატიჟა. რუსთავის ახლოს ჰქონდა სოფელი და თვითონვე წაგვიყვანა. გარგარი ძალიან მიყვარს, მით უმეტეს – საკუთარი ხელით დაკრეფილი, ამიტომ მიწვევაც სიხარულით მივიღე, თუმცა იქ უფრო დიდი სიურპრიზი მელოდა – ოჯახმა სახელდახელო სუფრა და ძალიან საინტერესო სტუმარი, გემის კაპიტანი და მწერალი როდამ ჩაჩანიძე დაგვახვედრა. ენაწყლიანი გამოდგა ბატონი როდამი. მისმა ნაამბობმა კინაღამ გარგარის გარეშე დამტოვა… ბატონმა როდამმა გვიამბო, როგორ გადასანსლა ცოცხლად დიდმა ანაკონდამ მისი ექსპედიციის ადგილობრივი გამყოლი. მსხვერპლის მეგობარი არ დაიბნა და გველს სპეციალური ისარი ესროლა. ანაკონდამ ადამიანი უკანვე ამოანთხია, – სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო…

ისეც ხდება, რომ ადამიანი მიირთმევს გველს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ გველის ხორცი ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინმჟავებს შეიცავს. ასეთ ეგზოტიკურ საკვებზე საუბრისას ექიმ-ალქიმიკოსის პარაცელსის სიტყვები მახსენდება. ის ამბობდა, ყველაფერი, რასაც ვჭამთ, წამალიცაა და შხამიც – ულუფას გააჩნიაო.

მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გველის ხორცის ჭამით ჩვენ ვერ გაგვაოცებენ… გახსოვთ ვაჟა?
ბოლოს სთქვა: “თავსა მოვიკლავ, 
ასეთ სიცოცხლეს სჯობია!”
ქაჯთათვის ცეცხლზე ნადგამი
სადილად ნახა ქობია.
იცოდა, გველსა ჰხარშავდნენ,
იმასა სჭამდნენ ხშირადა;
ქაჯნი ქაჯობით იტანდნენ
გველის მიღებას პირადა…
წერილი ჰოროსკოპზე საუბრით დავიწყე. 2013 წელი გველის წელია და თურმე ჩემისთანა მერწყულებს წარმატებას უქადის. მოდი, ამჯერად დავუჯერებ…

ხილულის მიღმა

0

დღეს თოვს… თოვდა მაშინაც, როცა პირველი ბლოგი დავწერე… მას შემდეგ თითქმის წელიწადი მიილია… ისევ გავცქერი ფანჯრიდან ჰაერში მოფარფატე ფიფქებს – კრისტალებად დაჯარულ წყლის მოლეკულებს… თვალს ვაყოლებ მიწაზე დაცემულებს და ვიგონებ ჩავლილ დღეებს, მოვლენებს…

ახლა საუკეთესო დროა ანალიზისთვის, სინანულისა და იმედისთვის. უკანასკნელ მოსახვევში შევიდა ამ წლის მატარებელი, ბოლო ვაგონებიღა მოჩანს და სანამ ისინიც მიეფარებიან თვალს, კიდევ ერთხელ ვცდილობთ წარსულის აღდგენას, გაცოცხლებას, თავის დროზე ვერდანახულის დანახვას… თითქოს ერთხელ წაკითხულ წიგნს ხელახლა ვკითხულობთ, ოღონდ ვკითხულობთ გულისყურით. ყური ძველ საქართველოში “დღევანდელ” თვალს ერქვა, ამიტომ “გულისყურით დაკვირვება” გულით ხედვას, ზედაპირზე გამოუტანელის დანახვასა და სტრიქონებად დაუწერელის წაკითხვას ნიშნავს.

როგორ ვკითხულობთ ქიმიურ რეაქციებს? მათაც ხშირად გულისყურით უნდა წაკითხვა. თუ გვინდა, პარტიტურის კითხვისას მუსიკის მთელ ხმოვანებას ჩავწვდეთ, ნოტად გამოსახული თითოეული ბგერის უკან დირიჟორის ხელის მოძრაობაც უნდა წარმოვიდგინოთ. ასე ქიმიაშიც, ფურცელზე “ნოტებად” – ქიმიურ სიმბოლოებად – ჩაწერილი თითოეული რეაქციის მიღმა უნდა ვხედავდეთ ქიმიკოს-ექსპერიმენტატორის ხელის მოძრაობასაც. ფურცელი ბევრ რამეს იტანს, ფურცელზე მარტივი და ურთულესი გარდაქმნის ჩაწერას ერთნაირი ძალისხმევა სჭირდება, კოლბაში კი სულ სხვანაირად არის საქმე. მრავალი პროდუქტი ფურცელზე ერთი ხელის მოსმით მიიღება, რეალურ პროცესში კი შესაძლოა არაერთი მომქანცველი ღამის გათენებისა და დღის დაღამების მოწმენი გავხდეთ.

მოდი, რომელიმე რეაქცია განვიხილოთ. ავიღოთ თუნდაც წინა ბლოგში განხილული ციკლოჰექსანი და მივიღოთ ერთ-ერთი ქრესტომათიული მეთოდით – ჰექსანის დეჰიდროციკლიზაციით:

რა ჩანს ერთი შეხედვით? ჰექსანის მოლეკულა შესაბამის კატალიზატორზე გაცხელებით წარმოქმნის ციკლოჰექსანსა და წყალბადს. მაგრამ რა ხდება რეალურად? რა არის ის, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს? ცხადია, იმ მოქმედებას არ ვგულისხმობ, ექსპერიმენტატორი რომ ასრულებს ამ რეაქციის ჩასატარებლად, – ბოლოს და ბოლოს, ვინმეს შეუძლია, ლაბორატორიაში გვერდით დაუდგეს მკვლევარს და დატკბეს მისი ვირტუოზული “ტექნიკით”. მინდა, თქვენი ყურადღება იმ პროცესებს მივაპყრო, რომლებიც ექსპერიმენტის მსვლელობის დროსაც კი უხილავია.

ჰექსანი ერთ-ერთი სტაბილური ნაერთია და იმ მოლეკულამაც, ჩვენ რომ ავიღეთ რეაგენტად, ვინ იცის, რამდენი მილიონი წელი იცხოვრა თავისი ცხოვრებით. ახლა კი, მას შემდეგ, რაც კოლბაში მოვათავსეთ და მის სუსტ წერტილს გასაღებიც მოვარგეთ კატალიზატორის სახით, იძულებულია, ახალი ცხოვრების დასაწყისი ეძებოს. პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს, რა ნაერთად გარდაიქმნას. არჩევანი დიდი აქვს: ჰექსანის ატომებს, გარდა ციკლოჰექსანისა, შეუძლიათ მიიღონ, მაგალითად, მეთილციკლოპენტანის, ეთილციკლობუტანის, დიმეთილციკლობუტანების, პროპილ-, მეთილეთილ- და ტრიეთილციკლოპროპანების სახე. მაგრამ მშვიდ და სტაბილურ ცხოვრებას შეჩვეული ჰექსანის მოლეკულა ყველაზე სტაბილურს – ცილკოჰექსანს ამჯობინებს.

თუმცა უხილავი პროცესები ამით არ მთავრდება.

ატომები ციკლოჰექსანის წიაღში ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ თუ არა, მაშინვე იწყებენ ფიქრს, როგორ მიაღწიონ ახლებურ ყოფაში მაქსიმალურ სტაბილურობას. ამისთვის თითოეული მათგანი ეძებს ისეთ პოზიციას, რომ მეზობლისგან რაც შეიძლება შორს იყოს, ოღონდ ისე, რომ მათ შორის არსებული ქიმიური კავშირი არ დაირღვეს. უფრო მეტიც – ყველა ბმა ერთი და იმავე სიგრძისა უნდა იყოს, ბმებს შორის კუთხეც – ერთნაირი.

სწორედ მათზეა დამოკიდებული მოლეკულის “მეობა”. ციკლოჰექსანის ატომებმა კარგად იციან – შიდა უთანხმოების გამო ერთი ბმაც რომ გაუწყდეთ, სახეს დაკარგავენ და სხვა მოლეკულად გარდაქმნას ვერ გადაურჩებიან, ამიტომ მოლეკულის დეფორმაციებით გამოწვეულ კონფლიქტებს ჩაკეტილი სისტემის (მოლეკულის) შიგნითვე აგვარებენ. ციკლოჰექსანის ყველაზე სტაბილურ, მშვიდ სტრუქტურას – კონფორმერსაც, შესაბამისად, მუდამ სავარძლის ფორმა აქვს. სულ რაღაც 11 კკალ/მოლი ენერგიაა საჭირო, რომ მოლეკულაში სიმშვიდე დაირღვეს, ამ ენერგიის “პოვნა” კი სრულიადაც არ არის ძნელი – საკმარისია, ბროუნის მოძრაობით თავბრუდახვეული ორი მოლეკულა ერთმანეთს გარკვეული ძალით შეეჯახოს ან რომელიმე მათგანი დიდხანს მიეფიცხოს მზის გულს, რომ ატომებს შორის ვნებათა ღელვა იმატებს, ატომები ერთმანეთის მიმართ მდებარეობას იცვლიან და წარმოქმნიან ციკლოჰექსანის სხვა კონფორმერებს – ნავს, ტვისტს, ნახევარსავარძელს… მაგრამ ატომებს “გამყოლი გული არ აქვთ”, უთანხმოებას მალე ივიწყებენ და ისევ სტაბილურ სავარძლის ფორმას უბრუნდებიან.

ეს “ემოციებისაგან განტვირთვა” უწყვეტი, პერმანენტული პროცესია. ღელავენ ატომები მოლეკულის შიგნით, ეძიებენ თანაცხოვრების ახალ-ახალ ფორმებს, მაგრამ ბოლოს ისევ საწყისს უბრუნდებიან. ასეთია ატომების თანაცხოვრება ციკლოჰექსანის შიგნით… გარეშე თვალისთვის კი იგი ყოველთვის ციკლოჰექსანია.

ციკლოჰექსანსა და კლასს, ოჯახს, საზოგადოებას შორის პარალელი მკითხველმა, დაე, თავად გაავლოს.

 

 

სკოლის გამოსაშვები გამოცდების ევროპული გამოცდილება

0
მარიკა სიხარულიძე

სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რომელთა შედეგებზე დამოკიდებულია უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვაც, ჩვენი მკითხველისთვის აქტუალური თემაა. საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის სიახლე არ არის, რომ ევროპულ ქვეყნებში სკოლის გამოსაშვები გამოცდების მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს. მეტიც, ძალიან ხშირად ეს გამოცდები უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებსაც მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა გერმანია, სადაც ამ სისტემას მრავალწლიანი ისტორია აქვს.

გერმანული ე.წ. საააბიტურო სერტიფიკატი (გერმ. Abiturzeugnis)  ზოგადი სიმწიფის ატესტატია, რომელიც შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა. ეს გამოცდები საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების  ფუნქციასაც ითავსებს. 
“აბიტური” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “აბირე”, რაც რაიმეს დასრულებას ნიშნავს.  აბიტურის ისტორიას გერმანია 18-ე საუკუნიდან ითვლის. მაშინ მხოლოდ უნივერსიტეტები წყვეტდნენ სტუდენტთა სასწავლებლად მიღება-არ მიღების საკითხს. პირველი ფედერაციული ერთეული, რომელმაც საააბიტურო  გამოცდები ჩაატარა  1788 წელს, პრუსია  გახლდათ.
ჯერ კიდევ დიდი ენათმეცნიერისა და ბერლინის უნივერსიტეტის დამაარსებლის,  ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის  ეპოქაში იყო მცდელობა საერთო მისაღები გამოცდების შემუშავებისა. ეს გამოცდები ლათინურ ენას, ძველბერძნულ ენას, გერმანულ ენას, მათემატიკას, ისტორიას, ფრანგულ ენას, ბუნებისმეტყველებას და სხვა საგნებსა და სწავლებებს მოიცავდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს ქალებს აბიტურში მონაწილეობის უფლება ბერლინის მხოლოდ ერთ ლიცეუმში ჰქონდათ.
დღეს სააბიტურო გამოცდები მოსწავლეთათვის სავალდებულო არ არის.  სააბიტურო გამოცდებს მხოლოდ ის მოსწავლეები აბარებენ, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებელში სურთ სწავლის გაგრძელება და რომლებმაც  ე.წ. გიმნაზია (გერმ. Gymnasium) დაამთავრეს. მოსწავლეები, რომლებსაც საშუალო განათლების სერტიფიკატის მოპოვება ან პროფესიული/სახელობო განათლების მიღება სურთ, საშუალო განათლებაზე ორიენტირებული ორი ტიპის სკოლიდან (Realschule da Hauptschule) ერთ-ერთს ამთავრებენ.
სააბიტურო გამოცდები დამამთავრებელი მე-12 (იშვიათად მე-13) კლასის  მოსწავლეებს უტარდებათ. აბიტური ზეპირი და წერითი გამოცდების სერიისგან შედგება.  საგამოცდო  საგნები მოსწავლის მიერ სკოლის უკანასკნელ საფეხურზე შერჩეული სპეციალიზაციის (ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო) მიხედვით დგინდება.
სავალდებულო გამოცდები მოსწავლეებს ოთხ  საგანში უტარდებათ. მათ შორის სამი ფიქსირებულია: გერმანული ენა, მათემატიკა და უცხო ენა, _ მეოთხე სავალდებულო გამოცდა კი არჩევით მაპროფილებელ საგანში ტარდება.
გამოცდებისთვის მოსამზადებლად აბიტურიენტები ვალდებულნი არიან,  გაიარონ ორი ინტენსიური  და შვიდიდან ათამდე ძირითადი კურსი სპეციალიზაციის მიხედვით.  ისინი  სწორედ მაპროფილებელ (უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად  აუცილებელ)  საგნებში ემზადებიან ინტენსიურად.
სააბიტურო გამოცდების შედეგები ჯამური საგამოცდო ქულების მეშვეობით დგინდება, რომელთა მინიმალურ ერთეულს 280 წარმოადგენს, ხოლო მაქსიმალურს _ 840.  840 ქულას ძალიან იშვიათად აგროვებენ, 280-ზე ნაკლების მოგროვების შემთხვევაში კი მოსწავლე ჩაჭრილად ითვლება.
სააბიტურო გამოცდების ქულებთან ერთად ესა თუ ის უნივერსიტეტი  უკანასკნელ (ე.წ. საკვალიფიკაციო) საფეხურზე მიღებულ სასკოლო ნიშნებსაც ითვალისწინებს.
თუკი ადრე გერმანიაში სააბიტურო გამოცდებს ფედერაციის სუბიექტები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ატარებდნენ, 2007 წლიდან  მოყოლებული, ეს გამოცდები ცენტრალიზებულია.
გამოცდას სამი ოფიციალური პირი ატარებს: საგნის პედაგოგი და განათლების სფეროს ორი მუშაკი (ტუტორი). წერითი გამოცდისას ნაწერების პარალელურ რეჟიმში შესწორება სწორედ ამ მუშაკებს ევალებათ.
აღსანიშნავია, რომ, სტატისტიკის მიხედვით, გერმანიაში აბიტურის სერტიფიკატს სულ უფრო მეტი მოსწავლე იღებს. 1970 წელს სააბიტურო გამოცდები მოსწავლეთა მხოლოდ 1.4%-მა ჩააბარა, 1992 წელს _ 6.5%-მა, 2000 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 11%-ს აღემატება.
აბიტურთან მიახლოებული სისტემა ევროპის კიდევ ორ სახელმწიფოშია დანერგილი: ავსტრიასა და ფინეთში. ავსტრიული “მატურა”, პრაქტიკულად, გერმანული აბიტურის ანალოგია, ხოლო ფინური  საგამოცდო სისტემა მცირედ განსხვავებულია. საინტერესოდ მივიჩნიეთ ფინეთში დანერგილი აბიტურის ეკვივალენტის თავისებურებათა აღწერა, რადგან ეს საგანმანათლებლო სისტემა, საერთაშორისო კვლევების საფუძველზე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანად მიიჩნევა.
ფინური ე.წ. მატრიკულაციის ტესტი ოფიციალურად 1919 წლიდან არსებობს. გერმანიისგან განსხვავებით, ფინეთში უნივერსიტეტები უფლებას იტოვებენ, დამატებითი მისაღები გამოცდები დანიშნონ მათთვის, ვინც მატრიკულაციის ტესტი უკვე ჩააბარა. საბოლოო ჯამში, ზოგიერთი უნივერსიტეტი მატიკულაციის ტესტისა და მისაღები გამოცდების ჯამური ქულების შედეგად იღებს სტუდენტებს.
რაც შეეხება გამოცდებს, მოსწავლეები აბარებენ ოთხ სავალდებულო გამოცდას, რომელთა შორის ერთი მშობლიური (ფინური ან შვედური) ენაა, ხოლო დანარჩენი სამის არჩევა შემდეგი საგნებიდან ხდება: სახელმწიფო ენა (ანუ მშობლიურისგან განსხვავებული ენა: ფინურენოვანი მოსახლეობისთვის _ შვედური, ხოლო შვედურენოვანი მოსახლეობისთვის _ ფინური), მათემატიკა, უცხო ენა და ე.წ. Reaali _ გამოცდა, რომელშიც შედის საკითხები ისეთი საგნებიდან, როგორებიცაა რელიგია, ეთიკა და მორალი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და სწავლება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ეს უკანასკნელი ტესტი ორ ნაწილად ტარდება. თითოეულ ნაწილში მოსწავლე პასუხობს მის მიერ წინასწარ შერჩეული რომელიმე საგნის შეკითხვებს, ანუ ჯამში მოსწავლეები ზემოთ ჩამოთვლილი საგნებიდან ორს აბარებენ.
აღსანიშნავია, რომ უცხოური ენებიდან ფინეთში ყველაზე პოპულარულად ინგლისური, გერმანული და ფრანგული მიიჩნევა (სწორედ ამ სამი ენიდან ერთ-ერთს ირჩევენ მოსწავლეები ყველაზე ხშირად), თუმცა ზოგიერთი მოსწავლე საგამოცდოდ ირჩევს ისეთ ენებს, როგორებიცაა ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, რუსული და სხვა.
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები სახელმწიფო დონეზე დადგენილი რეგულაციების შესაბამისად ტარდება. თითოეული გამოცდა ექვს საათს გრძელდება. აფასებენ ადგილობრივი პედაგოგები, მათი გამოყვანილი ნიშნების გადამოწმება კი ეროვნულ საბჭოში ხდება.
მსგავსი საგამოცდო სისტემის გამოცდილება არსებობს პოლონეთში, ინგლისში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, მალტაზე, საბერძნეთში, კვიპროსზე და სხვ.

ახალი წლის ქიმია

0

ბავშვობაში
მთელი წელი ახალი წლის მოსვლას ველოდი. სადღაც ნოემბრის ბოლოდან განსაკუთრებით გაუსაძლისი
ხდებოდა მოლოდინი. თავს იმითღა ვინუგეშებდი, რომ თითებზე ვითვლიდი დღეებს. მერე გავიზარდე
და ამ დღესასწაულმაც დაკარგა უწინდელი ელფერი, ბოლოს კი ცხოვრებისეულმა რუტინამ ისე
ჩამითრია, ახალ წელს ინერციითღა ვხვდები. ეს სულაც არ არის კარგი, რადგან იმ ბავშვს,
დღეებს თითებზე რომ ითვლიდა, ჩემს არსებაში მიძინების უფლება მივეცი.

მაინც
რა მომწონდა, რა მხიბლავდა ასე? არა, თოვლის ბაბუის არსებობისა არ მჯეროდა და გადაცმული
მამის მონდომებაც ამაო გახლდათ, რადგან შესანიშნავად ვიცოდი, ვინც იყო, თუმცა ისეთი
მონდომებით მაწონებდა თავს, რომ თამაშში მეც ვყვებოდი და მთელ სახლში ჩვენი გამაყრუებელი
სიცილი იდგა.

გამახსენდა…
ფეიერვერკები მომწონდა… ბენგალური ცეცხლი. მეცხრე ცაზე ვიყავი, როდესაც შუშხუნის
ანთებისა და ხელში დაჭერის უფლება მომცეს. ნაძვის ხის მორთვა მიყვარდა… წარსულში
დაბრუნება რომ შემეძლოს, იქ დარჩენილ პატარა გოგონას აუცილებლად ავუხსნიდი
,რა პროცესები ედო საფუძვლად იმ ჯადოსნურ ცეცხლს და რატომ იყო
ნაძვის ხის სათამაშოები ასეთი კრიალა. თუმცა ბავშვი ყველა ერთნაირია, ოცნებებიც ერთნაირი
აქვთ. ასე რომ, ურიგო არ იქნება, მოსწავლეებს (რომლებსაც ჯადოსნობის ალბათ უკვე აღარ
სჯერათ) წლის ბოლოს ქიმიის გაკვეთილი მოვუწყოთ, სახელად “ახალი წლის ქიმია”.

ვის
არ უყვარს ნაძვის ხის მორთვა. მაგრამ იცით თუ არა, რა საერთოა ნაძვის ხის სათამაშოსა
და გლუკოზას შორის? გლუკოზა უმარტივესი ნახშირწყალია, მონოსაქარიდი. რატომ უწოდეს ნახშირწყლებს
“ნახშირწყლები”? მეცნიერმა შმიდტმა აღმოაჩინა, რომ ეს ნაერთები ნახშირბადისგან,
ჟანგბადისა და წყალბადისგან შედგებოდა, თანაც ჟანგბადისა და წყალბადის თანაფარდობა
მათში ისეთივე იყო, როგორიც წყლის მოლეკულაში, ანუ 2:1. თვით გლუკოზა 1802 წელს ლ.
პრუსტმა ყურძნის წვენისგან გამოყო, ამიტომ მას ყურძნის შაქარსაც უწოდებენ. ის ალდოჰექსოზაა,
რაც იმას ნიშნავს, რომ ნახშირბადის ექვს ატომს და, ალდეჰიდების მსგავსად, კარბონილის
ჯგუფს შეიცავს. და რაკი კარბონილის ჯგუფს შეიცავს, ალდეჰიდების მსგავსი თვისებებიც
ახასიათებს. მაინც რომელი? ალდეჰიდების მსგავსად იჟანგება ვერცხლის (I) ოქსიდის ამიაკიანი
ხსნარით. რეაქციის შედეგად კი გლუკონის მჟავა მიიღება. ეს გაკვეთილზევე შეგიძლიათ აჩვენოთ
ბავშვებს (ოღონდ ან ამწოვ კარადაში ჩაატარეთ, ან ღია ფანჯარასთან, რადგან რეაქციის
მსვლელობისას ამიაკი გამოიყოფა). კოლბაში ჩაასხით ვერცხლის (I) ოქსიდის ამიაკიანი ხსნარი,
დაამატეთ გლუკოზის ხსნარი და წინასწარ გაცხელებულ წყლიან ჭიქაში მოათავსეთ. სულ მალე
კოლბის კედლებზე ვერცხლის გამოლექვა დაიწყება. ამ რეაქციას
“ვერცხლის სარკის” რეაქცია ეწოდება. მრეწველობაში მას სარკეების,
თერმოსებისა და საახალწლო სათამაშოების დასამზადებლად იყენებენ.

გლუკოზას
ადამიანის ორგანიზმიც შეიცავს – ის ენერგიას გამოიმუშავებს ჩვენთვის. აი, ამ წუთშიც
მე და თქვენ, ამ წერილის მკითხველო, ენერგია გვჭირდება, მე – დასაწერად, თქვენ – წასაკითხად
და შესაფასებლად. ამიტომ იცით, რა ხდება ახლა ჩვენს ორგანიზმში? გლუკოზა იჟანგება და
ენერგიით გვამარაგებს. შეჯამებული რეაქცია კი ასე შეგვიძლია გამოვსახოთ:

ზემოთ
სარკე ვახსენე. ყვავილი ნარგიზი თუ იცით? ლეგენდას თუ დავუჯერებთ, მის წარმოშობაში
სწორედ სარკეს “მიუძღვის ბრალი”. ლეგენდის მიხედვით, ყმაწვილს, სახელად ნარცისს,
წყლის სარკეში დანახული თავისივე გამოსახულება შეჰყვარებია, მდინარეს ვეღარ მოშორებია
და იქვე გარდაცვლილა. იმ ადგილას ყვავილი ამოვიდა, რომელსაც ნარცისი (ჩვენებურად –
ნარგიზი) უწოდეს.

სარკის
წარმოება მე-19 საუკუნის იტალიასა (ვენეცია) და გერმანიაში დაწყებულა. აქ მოვერცხლის
ოდნავ განსხვავებულ მეთოდს იყენებდნენ: მინის ზედაპირს ჯერ წყლით რეცხავდნენ, მერე,
ცხიმის მოსაცილებლად – კალიუმის ან ნატრიუმის ტუტის წყალხსნარით. თავდაპირველად მინას
ქვეშ უდებდნენ ტყვიის თხელ ფენას, რომელიც შემდეგ კალის ფოლგით შეცვალეს, კალას კი
ვერცხლისწყალს ასხამდნენ. მიიღებოდა ამალგამა – შენადნობი, რომელსაც დიდხანს აშრობდნენ.

სარკის
წარმოება ძალზე სარფიანი საქმე ყოფილა, შეკვეთაც უამრავი ჰქონიათ, მაგრამ ხელოსნები
ვერცხლისწყლით იწამლებოდნენ, ამიტომ ის მალევე შეცვალეს ვერცხლის ხსნარით. ბოლო რეცეპტი
ასეთი იყო: მოსავერცხლად ორ ხსნარს ამზადებდნენ:

1.
აზავებდნენ 1,6გ AgNO3-სა და 30მლ H2O-ს და წვეთწვეთობით ამატებდნენ
25%-იან NH3-ს, სანამ ნალექი მთლიანად არ გაიხსნებოდა; შემდეგ 100მლ გამოხდილ
წყალს უმატებდნენ.

2.
იღებდნენ 5 მლ 40%-იან ფორმალინის ხსნარს.

ამ
ორ ხსნარს ერთმანეთში ურევდნენ და სწრაფად ასხამდნენ მინაზე. მოვერცხლა 2-3 წუთს გრძელდებოდა.
მერე სარკეს გამოხდილი წყლით რეცხავდნენ და ორი საათის განმავლობაში 100-150
0C-ზე
აშრობდნენ, გაცივების შემდეგ კი აეროზოლით ფარავდნენ.

დღეს
სარკის დასამზადებლად სპეციალური ვაკუუმის ხელსაწყო გამოყენება. მინას ორივე მხრიდან
თხელი ფენა ედება და გაშრობაც აპარატშივე მიმდინარეობს. ეს ტექნოლოგია ეკოლოგიურად
სუფთაა, გარემოს არ აბინძურებს, რადგან მთელი პროცესი ხელსაწყო-ვაკუუმის არეშია მოქცეული.

ბენგალიური
ცეცხლიც მხიბლავდა-მეთქი, გითხარით. თვალებგაფართოებული შევცქეროდი, როგორ იწვოდა.
როდესაც პირველად დამაჭერინეს ხელში, თავი ძალიან დიდი მეგონა… ბენგალიური ცეცხლი
ბენგალიელმა ხელოსნებმა მიიღეს კალიუმის ნიტრატის გამოყენებით. ფეიერვერკებშიც, რომელთა
დამზადების ტრადიცია ძველი ჩინეთიდან იღებს სათავეს, ეს მარილია გამოყენებული.

მოსწავლეებს
რომ ვკითხოთ, რა იციან ამ მარილის შესახებ, ნეტავ რას გვიპასუხებენ? ალბათ გვეტყვიან,
რომ ის აზოტშემცველი ნაერთია, შეიცავს ტუტე მეტალს – კალიუმს და აზოტმჟავას მარილს
წარმოადგენს, ზოგიერთი იმასაც გაიხსენებს, რომ ეს მარილი ნატრიუმის ნიტრატთან ერთად
სასუქადაც გამოიყენება და მხოლოდ ერთი-ორს თუ მოაგონდება, რომ დენთს სწორედ კალიუმის
ნიტრატისგან ამზადებენ.


 
რა
რეაქცია უდევს საფუძვლად დენთის აფეთქებას?

რეაქციის
შედეგად დიდი რაოდენობით აირი და სითბო გამოიყოფა. გამოყოფილი აირები სწრაფად ფართოვდება
და ქმნის აფეთქების ეფექტს. KNO3, ნახშირი და გოგირდი, თანაფარდობით
75:15:10, დენთის შემადგენლობაა, თუმცა ეს ფორმულა დროთა განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა
და ახალი, უფრო ფეთქებადი ნარევები შეიქმნა.

დენთის
სამშობლო რომ ჩინეთია, ყველამ ვიცით, თუმცა ვერსად ამოიკითხავთ იმ ადამიანის სახელს,
ვინც დენთი გამოიგონა. სამაგიეროდ, მე-13 საუკუნეში ინგლისელმა ღვთისმსახურმა და იმავდროულად
ალქიმიკოსმა როჯერ ბეკონმა დენთი დეტალურად აღწერა. მოგვიანებით ბეკონს შარი მოსდეს
– ოქროს მიღების ხერხი იპოვე და გვიმალავო, და 15 წლით ციხეში უკრეს თავი. ამ ამბავში
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დააპატიმრეს მისი წიგნებიც – ისინი და მათი პატრონი
გვერდიგვერდ საკნებში იხდიდნენ სასჯელს. მოგვიანებით ალფრედ ნობელი წერდა, კარგია,
რომ მის წიგნებს მხოლოდ პატიმრობა აკმარეს და არ დაწვეს, თორემ ძალიან საგულისხმო ინფორმაცია
განადგურდებოდაო. ნობელი ტყუილად არ მიხსენებია; სწორედ მან გამოიყენა ბეკონის ჩანაწერები
და შექმნა უკვამლო დენთი – კორდიტი, მოგვიანებით კი ნიტროგლიცერინისა და შემავსებლის
გამოყენებით – დინამიტი. ჰოდა, დინამიტის მეფეც შეარქვეს. თუმცა მანამდე ორი ქარხანა
აუფეთქდა. ერთ-ერთ აფეთქებას კი მისი ძმა შეეწირა…

ნიტროგლიცერინი
ვახსენე. მისი ორი გავრცელებული მეტსახელი თუ იცით? მკვლელი და მკურნალი – დიახ, ორივე
ნიტროგლიცერინზეა ნათქვამი… სხვათა შორის, მისი სამკურნალო თვისებებიც პირველად ნობელმა
აღმოაჩინა. მან შეამჩნია, რომ მისი ქარხნის მუშები, რომლებიც მთელი დღეები ნიტროგლიცერინის
ორთქლით გაჟღენთილი ჰაერით სუნთქავდნენ, დაწყნარდნენ, ვინც გულს უჩიოდა, ჩივილს მოუკლო.
ნობელი მიხვდა, რომ ეს თავისთავად არ მომხდარა…

ახალი
წლის ქიმია – მგონი, უინტერესო გაკვეთილი არ უნდა გამოგვივიდეს, არა? სულ ცოტაც და
ახალი წელი შემოაღებს კარს. ბედნიერ წელს გისურვებთ, მე კი ვეცდები, ჩემს არსებაში
ის პატარა გოგონა გამოვაღვიძო – იქნებ გამახსენოს, როგორ მიხაროდა ახალი წელი. ის დღეები
მენატრება…



დაკარგული პოეტების ქვეყანა, ხვარამზე – პოეტური მითოლოგია

0

ყველამ კარგად იცის ხვარამზეს ცნობილი ლექსი შეყვარებული ქალის ნატვრებსა და გულისწადილზე – როგორც ამბობენ, ხვარამზე მინდოდაური რეალური პოეტი ქალი ყოფილა, ფშავიდან და რეალურად უყვარდა ვაჟიკა….

აქ , ამ მშვენიერ პოეტურ სამყაროში სიყვარული ისეთი ცვლადი სუბსტანციაა, რომელსაც ყველა არსებული და ყველა შესაძლებელი ფორმის მიღება შეუძლია – წყალივითაა, რომელსაც, როგორი ფორმის ჭურჭელშიც ჩაასხამ, ისეთ ფორმას მიიღებს -შინაარსი კი ერთი დარჩება.

როგორც ამბობენ, და სავსებით სამართლიანადაც, სიტყვას მატერიალიზაციის უდიდესი უნარი აქვს, სიტყვა შეიძლება ახდეს, სიტყვა შეიძლება მოხდეს, ამიტომაა საშიში წყევლა, ამიტომაც გაახმო შეძახილმა ხე, ამიტომაცაა ნათქვამი უკვე მომხდარი – მთლიანად თუ არა, ნახევრად მაინც.

 

„ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი – შაგერგებოდი;
ანა მქნა ოქროს სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი;
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი;
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი;
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,

რო ფხაზე შაგეჭრებოდი.” . . . და ა.შ და ა.შ

– ლექსში გვაქვს ნატვრების ასეთი ვერბალური ფორმულები.
ერთი წამით მაინც რომ დავუშვათ და ამ ლექსში გამოთქმული სურვილების მატერიალიზაცია მოვახდინოთ, ანუ, ხვარამზემ, ყველა ზემოჩამოთვლილი მეტამორფოზა, ტრანსფორმაცია მართლაც განიცადოს სატრფოსთან დასაახლოვებლად, შედეგად, ცნობილი მოტივის ახალ ზღაპარს მივიღებთ – ალბათ ყველას გვახსოვს, როგორ გაურბის ბოროტ მტერს ჯადოქრობაში გამობრძმედილი კეთილი გმირი ხან ქათმად, ხან სიმინდის მარცვლად, ხან ნაცრად და ხანაც არწივად გადაქცევით.

ჩვენი ზღაპარი სხვაგვარი იქნება – აქ შეყვარებული ქალი სხვადასხვა „ტყავის” მორგებას სწორედ თავის მიჯნურთან მისაღწევად სცდის.


არსებითად, ამ ჩვენს ზღაპრის რეკონსტრუქციაში ხვარამზე ჩვეულებრივი პოეტი ქალიდან ქალღმერთად ან მისნად გადაიქცევა – ბერძნული მითოლოგიის რომელიმე ერატოდ, პითიად ან თუნდაც არტემიდა – სელენედ.

მაშ ასე, არსებითად უკვე სამი მნიშვნელოვანი პლასტი გადაეჯაჭვა ერთმანეთს – ლექსი, მითოსი, ზღაპარი – თუ ამას ყველაფერს სინამდვილესაც დავუმატებთ, მივიღებთ რეალურ კუთხეს – ფშავს, რომელიც, ჩვენი რეკონსტრუირებული ქალღმერთისთვის წმინდა ჭალების ფუნქციას შეასრულებს.
მოდით, ამ ჩვენს ქალღმერთს, ძველი ბერძნების მსგავსად ფუნქციებიც განვუსაზღვროთ – ვის უნდა ემფარველოს, ვის გადააფაროს წყალობის კალთა .. .
რა თქმა უნდა, შეყვარებულების მფარველი იქნება, შეუძლებელი სიყვარულის, გაუბედავი შეყვარებულების, სხვასთან გატარებული ცხოვრების, უსიყვარულოდ გაჩენილი შვილების,მარად სხვაზე მეოცნებე ცოლის და მუდამ სხვის კაბის კალთას მიჩერებული ქმრის, ძღვნადაც მდუმარე სადილებს შესწირავენ და უგემურად გადაყლაპულ ლუკმებს.
თქვენ შეიძლება შემედავოთ, მითხრათ, რომ ხვარამზე სრულიად რეალური პიროვნება იყო, ან მითხრათ, ეს გამოგონილი მითოლოგია რა საჭიროა, როცა მზის სახე იყო თავად ხვარამზე, ისე უჟღრიალებდა ოქროს საყურე. მაგრამ, მე ასე მინდა, ასეთი ახალი ქალღმერთი აღმოვაჩინე პოეტი-ღმერთების პანთეონში.
ხოდა იქნება სულაც თავისი ძველბერძენი ცალის, ცნობილი საფოს, ამ დიდად უცნაური სიყვარულის ქალღმერთის გვერდით დავუმკვიდროთ ადგილი, რომელიც სიტყვა – ნატვრების მატერიალიზაციას სულ სხვაგვარად ახდენდა:
„ ჭრელტახტოვანო აფროდიტევ, სახელოვანო!
ზევსის ასულო, ქსლის მბეჭველო სახელგანთქმულო!
გთხოვ, გულს ვარამი ამაშორო, ამაკვეთინო,
ო, შემიბრალე, ღმერთო კეთილო!” ( რ.მიმინოშვილის თარგმანი)
მოკლედ, ასე, პირველად იყო ქაოსი, მერე იყო სიტყვა , მერე სინათლე, სინათლე და წესრიგი – ანუ პოეზია, რომელსაც თავისი ღმერთები და ქალღმერთები ჰყავდა, ერთ-ერთი ქალღმერთი ხვარამზეც იყო, პოეტი ქალი ფშავიდან თავისი გაუხარელი სიყვარულის ისტორიით.

ხილული დრო

0
რა ასაკში აღვიქვამთ მოვლენებს ყველაზე მძაფრად? – რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც ვიწრო ქუჩები ჯერ კიდევ ძალიან ფართო გვეჩვენება და ჩვენი ქალაქი, დაბა, სოფელი – გალაქტიკისოდენა. სწორედ ეს დრო უდგას 12 წლის გროვერს, ამ დროის შემდეგი დროისთვის აკეთებს ახალ-ახალ, დიდურ აღმოჩენებს და აზრადაც არ მოსდის, რომ ისინი აღარასოდეს დასჭირდება – ამ დროის შემდეგი დრო აღარ დადგება, ყოველ შემთხვევაში, მისთვის.

ჩემთვის კი აღარასოდეს დადგება დრო, როცა ასეთ სევდიან ტექსტს წავიკითხავ. არა იმიტომ, რომ სევდიანი ტექსტები არ მიყვარს; უბრალოდ, ვიცი – ასეთი ნაღვლიანი და ამავე დროს არაპათეტიკური მოთხრობა ვეღარასოდეს დაიწერება. რატომ? – იმიტომ, რომ თანამედროვე ავტორები მშიშრები არიან. მათ, შესაძლოა, ბევრი კარგი რამ დაწერონ, მაგრამ დაკარგული ბიჭების შესახებ, პათეტიკის შიშით, ვერაფერს მოგვიყვებიან. “დაკარგულ თაობას” ამისი სულაც არ ეშინოდა, ეს ექსპერიმენტების თაობა იყო. აი, ამერიკელი თომას ვულფი, აი, მისი ემოციური და, ამავე დროს, სრულიად უბრალო თხრობა, აი, მისი პროზის პოეტიკა, აი, მისი ტექსტების ხმა, უწყვეტი რიტმი, აი, იმდროინდელი ამერიკის ხმა, აი, სენ-ლუი, აი, წუწურაქი კროკერები, აი, გროვერი, აი, დრო, აი, ხილული დრო.

თომას ვულფის “დაკარგული ბიჭი”, არა მგონია, მხოლოდ სინანულისა და მარადიული სევდის აღსაძვრელად დაწერილიყო. მრავალი კრიტიკოსის აზრით, ეს მოთხრობა გვიტოვებს კითხვას: საერთოდ, რატომ არსებობენ დაკარგული ბიჭები, “რა კანონზომიერებით, ბედის რა ირონიით იწირებიან?!” – და პასუხიც: “გროვერის მსგავსნი, იქნებ, ასე უდროოდ იმიტომაც მიდიან იმქვეყნად, რომ მათი დაკარგვით გამოწვეულმა განცდამ მოყვასის სიყვარული კიდევ უფრო გააღრმაოს”, – მეორეხარისხოვანი მგონია. აქ უფრო მნიშვნელოვანი სიკვდილის ტრაგიკული ფაქტი კი არა, რომელიც ყველაზე გულქვა ადამიანსაც აატირებს, არამედ შემეცნების პროცესია. სერიოზულობისა და სხვა დიდური თვისებების მიუხედავად, გროვერი ბავშვია და რადგან ბავშვია, ე.ი. ბევრი რამის დაკარგვა და ბევრი რამისვე შეძენა მოუწევს. ის აუცილებლად ბავშვურად, ვიტრინას ცხვირმიჭყლეტილი უნდა დადგეს ტკბილეულის მაღაზიასთან, მერე აუცილებლად ხელის კანკალით უნდა აუწონოს ცოლ-ქმარმა კროკერებმა სურნელოვანი ნუგბარი, მერე კი, ანგარიშისას, მეტი თანხა დასცინცლოს და ქურდობაც დასდოს ბრალად, მერე აუცილებლად უნდა დადგეს შადრევანთან და იგრძნოს, რომ სამყარო ვერასოდეს მისცემს უცვლელობის გარანტიას: “აი, დრო, აგერ, მოედანი, აგერ, მამას სახელოსნო, აი, მეც”. იმასაც აუცილებლად უნდა მიხვდეს, რომ ნებისმიერ ტკივილს გამოცდილება, ცოდნა მოაქვს.

გროვერი ამ ცვლილებას გრძნობს. რადგან ბავშვია, მხოლოდ გრძნობს და საჭირო სიტყვებს თავს ვერ უყრის; მისთვის, საერთოდაც, ჯერ კიდევ არ არსებობს “საჭირო სიტყვები”, საჭირო სიტყვების საჭიროება უფროსების საქმეა. გროვერისთვის განცდა სავსებით საკმარისია ამ განცდების მიერ მოტანილი ცვლილებების პრიმიტიულად გადმოსაცემად.

გროვერის პრიმიტივიზმი, დედის გამოუთქმელი სევდა, დის კითხვის ნიშნები და ძმის, იუჯინის დასკვნა: “საბრალო ბავშვი, ცხოვრებიდან გარიყული და ცხოვრებიდან განდევნილი, ყველა ჩვენგანივით დაკარგული, დიდი ხნის წინათ ბნელ ლაბირინთებში არარაობად ქცეული, – დაკარგული ბიჭი ადამიანის მეხსიერების უღრანი, ჯადოსნური ტყიდან სამუდამოდ გაქრება და აღარ დაბრუნდება”. ვულფის ოთხ მთხრობელს შორის ყველაზე “უფროსი” მაინც იუჯინია, რადგან მან არა მხოლოდ განიცადა ყველაფერი, არამედ საჭირო სიტყვებიც იპოვა. ეს ის იუჯინია, რომელიც ამერიკული ცხოვრების მოჩვენებით სისავსეზე ისევე ადვილად ლაპარაკობს, როგორც მე – ბებიაჩემის უწყლო მიწასავით დაფშხალულ ხელებსა და საყვარელ ნაოჭებზე. თავად იუჯინისთვისაც ხომ ასევე ძვირფასია ამერიკა: სენ-ლუი, “მდინარის პირას გაშენებული ერთი დიდი, ცხელი, ნოტიო, სულშემხუთავი ქალაქი, სადაც გულისწამღები და სევდისმომგვრელი სიცხის ბუღი ტრიალებს… სიცარიელე და გარიყულობა ბატონობს, გახურებული მაღალი ცის მარტოობა და სევდა”.

გროვერი, რაღა თქმა უნდა, ამ მარტოობას სასოწარკვეთილების ჟამსაც კი ვერ იგრძნობდა, ერთი უბრალო “თვისების” – ბავშვობის გამო. ეს თავისთავად არ ნიშნავს უთვისებობას, ინდივიდის არარსებობას, თავად თომას ვულფი კი, ამ სევდიანი ამბის ავტორი, მთელი ცხოვრება გარიყულად გრძნობდა თავს იმ საზოგადოებისგან, რომელზეც მისი საყვარელი ასე გატაცებით საუბრობდა ხოლმე. ვულფს ეს საზოგადოება სძულდა, რადგან ის ფუღუროიან ხესავით ფუყე იყო, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ასეთი ხიდან, დროდადრო, შესაძლოა, ციყვი გამოხტეს, ასეთი საზოგადოებიდან კი – არც ერთი საღი აზრი. თომას ვულფი, უბრალო მასწავლებელი, ისეთ ხორციელ და არაამაღლებულ რამეებს ამბობდა ხოლმე, მაღალი საზოგადოების წევრები ხშირად ყურებზე თითებს იჭერდნენ და ახშობდნენ ამ მაღალკალორიულ სიტყვებს. “თხზვისას არ არსებობს ღვთაებრივი ზეშთაგონება, – ეს უმძიმესი სამუშაოა, ოფლი უნდა დაღვარო”, – ამბობდა ვულფი და თან თავისი გოლიათური სხეულის გამო კომპლექსებით იტანჯებოდა. ტექსტებსაც ისეთს წერდა, ფიზიკური პროპორციების მსგავსს, და რედაქტორები უმოწყალოდ ჭრიდნენ. მისი ყველა რომანი და ყველა მოთხრობა ავტობიოგრაფიულია და გოლიათის ნაბიჯებს მიაგავს, იმ განსხვავებით, რომ ეს “ტერფები” ნგრევას არ იწვევს: “უსასრულოდ უბრუნდება მშობლიურ სამხრეთს; მისი შემოქმედება თევზის ლაყუჩივითაა, გზადაგზა რომ ყლაპავს მის ოჯახს, ქუჩებს, მოქალაქეებს, ომის, ბრძოლების, სამხედრო სასამართლოების სურათებს, ევროპას, ამერიკას, ის მეტისმეტად ბევრ გიგანტურ რაფსოდიას, ნაკადს მოიცავს, მკითხველს მრავალ ახირებას სთავაზობს. მთვრალი წიგნები აქვს, – ზუსტად ისეთი, როგორიც თვითონ იყო, როდესაც შუაღამის ქალაქში დაეხეტებოდა. და მაინც, მისი წიგნები გვატყვევებს, რადგან ისინი დაწერილია მდიდარი, ნაყოფიერი ენით, უეცარი, ბრწყინვალე სახეებით, უჩვეულო უნარით, გზად შემხვედრი ყველა და ყველაფერი სიტყვებად აქციოს” (ელიზაბეტ ჰარდუიკი).

სიტყვები კი ხშირად ისეთივე სევდიანია, როგორიც სტატიკური კადრი – ტკბილეულის ვიტრინას ცხვირმიჭყლეტილი გროვერი.

ქეისებით სწავლება

0
მანანა ბოჭორიშვილი

ქეისებით სწავლების ძირითადი დანიშნულებაა, ასწავლოს მოსწავლეებს ისეთი რთული არასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა, რომელთა ანალიზური ხერხით ამოხსნა შეუძლებელია. მეთოდის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს პრობლემური სწავლების პრინციპების გამოყენება – რეალური პრობლემების გადაჭრის უნარების გამომუშავება.

მეთოდი ავითარებს:
. შემოქმედებით აზროვნებას;
. ანალიტიკურ აზროვნებას;
. გუნდში მუშაობის უნარს;
. რეალური პრობლემების გადაჭრის უნარს;
. უმარტივესი განზოგადების უნარს;
. პრეზენტაციის უნარს;
. კითხვის ფორმულირებასა და პასუხის არგუმენტირების უნარს.

ქეისების კლასიფიკაცია

კლასიფიკაციის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა სირთულის მიხედვით კლასიფიკაცია. ამასთან, განასხვავებენ:

საილუსტრაციო სასწავლო სიტუაციები

სასწავლო სიტუაციები

სასწავლო სიტუაციები

წვრთნები

ქეისები, რომელთა მიზანია

ცალკეულ პრაქტიკულ მაგალითებზე გამოუმუშავოს მოსწავლეს

კონკრეტულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების

ალგორითმი;

ქეისები პრობლემის ფორმირებაზე,

რომლებშიც აღწერილია სიტუაცია დროის კონკრეტულ პერიოდში. ასეთი

ქეისის მიზანია სიტუაციის დიაგნოსტირება და დამოუკიდებელი

გადაწყვეტილების მიღება;

ქეისები პრობლემების ფორმირების გარეშე,

რომელშიც წინა ვარიანტთან შედარებით უფრო რთული სიტუაცია

განიხილება, სადაც პრობლემა მკაფიოდ კი არაა ჩამოყალიბებული,

არამედ სტატისტიკური მონაცემების სახითაა მოცემული. ასეთი

ქეისის მიზანია პრობლემის დამოუკიდებლად განსაზღვრა, არსებული

რესურსების ანალიზით მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების

მოძიება;

გამოყენებითი წვრთნები, რომელიც ასახავს კონკრეტულ არსებულ

ვითარებას და თავაზობს გამოსავალის მოძებნას. ქეისის მიზანი ამ

შემთხვევაში არის პრობლემების გადასაჭრელად გზების ძიება.

ქეისების კლასიფიკაცია შეიძლება სწავლების მიზნებისა და ამოცანების მიხედვითაც. ამ კუთხით შეიძლება გამოიყოს:

1. ქეისები ანალიზისა და შეფასების შესასწავლად;
2. ქეისები პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების შესასწავლად;
3. პრობლემის გადაჭრის ან მთლიანად კონცეფციის ამსახველი ქეისები.
მნიშვნელოვანია ქეისების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით:

. სტრუქტურირებული ქეისი, რომელშიც დამატებითი ინფორმაცია მინიმალურია. მასთან მუშაობისას მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კონკრეტული მოდელი ან ფორმულა, ამ ტიპის ქეისებს აქვთ ოპტიმალური გადაწყვეტა.
. მცირე მონახაზი რომელიც შეიცავს რამდენიმეგვერდიან ტექსტს და 1-2 დანართს. ისინი მხოლოდ ძირითად ცნებებს აცნობენ და მათი ანალიზისას მოსწავლე უფრო საკუთარ ცოდნას უნდა დაეყრდნოს.
. დიდი – 10-50 გვერდიანი – არასტრუქტურირებული ქეისები – ყველაზე რთულია ამ სახის სასწავლო დავალებებს შორის. მათში უსარგებლო ინფორმაცია ზოგჯერ ძალზე დეტალურად არის მოცემული, საჭირო მონაცემები კი, პირიქით, შესაძლოა არ იყოს. მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ასეთი შეფარული მზაკვრობა და თავი გაართვას მას.
. პიონერული ქეისები – მათი ანალიზი მოითხოვს არა მარტო უკვე ათვისებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენებას, არამედ რაიმე ახლის შეთავაზებასაც. ამასთან, მოსწავლეები და მასწავლებლები მკვლევართა როლში გამოდიან. 

ქეისების ამოხსნა რეკომენდებულია 5 ეტაპად:

პირველი
ეტაპი
სიტუაციის და მისი თავისებურებების გაცნობა

 

 

მეორე
ეტაპი
– ძირითადი პრობლემ(ებ)ის გამოყოფა; იმ ფაქტორებისა და პირების გამოყოფა, რომთა
გავლენა გასათავლისწინებელია

 

 

მესამე
ეტაპი
გადაწყვეტისთვის
კონცეფციების
ან თემების შეთავაზება

 

 

მეოთხე
ეტაპი
– ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგების ანალიზი

 

 

 მეხუთე
ეტაპი
ქეისის ამოხსნა – ერთი ან რამდენიმე ვარიანტი (ქმედებათა თანმიმდევრობა, მითითება შესაძლო პრობლემებზე, მათი პრევენციისა და გადაჭრის მექანიზმები


ქეისის ზომას უშუალო კავშირი აქვს მის დანიშნულებასთან. რამდენიმეგვერდიანი მინიქეისი ერთ გაკვეთილს იკავებს, საშუალო ზომისა – 2 საათს, ხოლო დიდი ქეისი შესაძლოა რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში მუშავდებოდეს. არსებობს ქეისები დანართებითა და დანართების გარეშე.

ქეისსწავლება როგორც საგანმანათლებლო ტექნოლოგია

ქეისსწავლების მთავარი სირთულეა დისკუსიის მონაწილეთა შეფასება. ცოდნის შემოწმება და შეფასება უნდა წარიმართოს სწავლების დიდაქტიკური პრინციპების შესაბამისად. საჭიროა, მოსწავლე შეფასდეს დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისთვის ან ზეპირი პრეზენტაციისთვის, რაც მოიცავს:

1. გამოსვლას, რომელიც აღწერს სერიოზული წინასწარი ანალიზის მცდელობას (სწორი ვარაუდები, კარგი მომზადება, არგუმენტირება და ა. შ. )
2. ყურადღების გამახვილება ზოგიერთ საკითხზე, რომლებიც საფუძვლიან განხილვას მოითხოვს;
3. კატეგორიების აპარატის ფლობა, ცნებათა განმარტების, შინაარსის წვდომის სწრაფვა;
4. ლოგიკური აზროვნების უნარის დემონსტრირება;
5. ისეთი ალტერნატივების შეთავაზება, რომლებიც ადრე უგულებელყოფილ იქნა;
6. კონკრეტული სამოქმედო გეგმის ან გადაწყვეტის გეგმის შეთავაზება;
7. იმ არსებითი ელემენტების განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია ქეისის ანალიზისთვის;
8. რაოდენობრივი მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობა;
9. განხილვის შედეგების შეჯამება.

ქეისის ანალიზის წერილობითი სახით წარდგენისას შეფასებისას გასათვალისწინებელია:

. პრობლემათა ანალიზი;
. ჩატარებული რაოდენობრივი გათვლები;
. დამოუკიდებელი დასკვნები;
. ინფორმაციის დამუშავების ადეკვატური მეთოდები;
. მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტები;
. ანალიზის შედეგად გამოტანილი არგუმენტები.

განვიხილოთ ქეისის აგების პრინციპები.

ქეისის შექმნის პროცესს რამდენიმე ძირითადი ეტაპი აქვს:
1. ქეისის დიდაქტიკური მიზნების ფორმირება – ეს ეტაპი გულისხმობს სასწავლო კურსის, სილაბუსის, სტრუქტურაში ქეისის ადგილის განსაზღვრას, მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებას, მოსწავლეების ცოდნისა და უნარების დონესთან შესაბამისობას;
2. პრობლემური სიტუაციის განსაზღვრა;
3. ქეისის პროგრამული რუკის შედგენა, ძირითადი თეზისები, რომელთა ტექსტში ჩართვაც აუცილებელია;
4. ძიება ინტეგრირების სისტემისა, რომელსაც პირდაპირი პროგრამული კავშირი აქვს ესგ გამჭოლ პრიორიტეტებთან;
5. ამ ინტეგრირების სისტემაში ქეისის თეზისებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეკრება;
6. აგება ან არჩევა სიტუაციის მოდელისა, რომელიც ასახავს იმ შედეგებსა და ინდიკატორებს, რომელთა შესასრულებლადაცაა მიმართული სილაბუსის ესა თუ ის ნაწილი;
7. ქეისის ჟანრის არჩევა;
8. ტექსტის დაწერა;
9. ქეისის მართებულობისა და ეფექტურობის დიაგნოსტიკა, მეთოდური სასწავლო ექსპერიმენტის ჩატარება ქეისის ეფექტურობის შესამოწმებლად;
10. ქეისის საბოლოო ვარიანტის მომზადება;
11. ქეისის პრაქტიკული გამოყენება;
12. ქეისის მეთოდური რეკომენდაციების მომზადება.

დავალებებისა და სადისკუსიო კითხვების შემუშავებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 

. ქეისი უნდა იყოს საინტერესო, ადვილი და გასაგები ენით დაწერილი;
. გამოირჩეოდეს პრობლემურობით, განსაზღვრავდეს პრობლემის არსს;
. წარმოაჩენდეს როგორც დადებით, ასე უარყოფით მაგალითებს;
. შეესაბამებოდეს შერჩეულ მოსწავლეთა მოთხოვნილებებს, აწვდიდეს მათ აუცილებელ და საკმარის ინფორმაციას.

ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლეები აკეთებენ თანამიმდევრულ ჩანაწერებს პრობლემის გადასაჭრელად ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ეს მეთოდი უფრო პროცესზეა ორიენტირებული და არა შედეგზე. მას პრობლემის გადაჭრის პროცესის შეფასებაც კი შეიძლება ვუწოდოთ. იმისთვის, რომ პრობლემის გადაჭრის პროცესი უფრო ნათელი გახდეს, გავიხსენოთ, რა არის პრობლემა და ჩამოვთვალოთ მისი გადაჭრის შესაძლო ეტაპები, რომლებიც, რა თქმა უნდა, საგნისა და პრობლების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეულწილად სხვადასხვანაირი იყოს:
პრობლემად ითვლება ისეთი სიტუაცია, რთული საკითხი, ამოცანა, რომელიც შესწავლას და მოგვარებას მოითხოვს. პრობლემის მოგვარება გულისხმობს განსზაღვრული პრობლემის ამოსახსნელი პირობების, ხერხების ან დამხმარე საშუალებების მოფიქრებას კრიტიკული და შემოქმედებითი გზით.

პრობლემის მოგვარება წარმოადგენს რთულ სააზროვნო უნარ-ჩვევას, რომელიც ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებას ეფუძნება.

პრობლემის მოგვარების შესაძლო ეტაპებია:

1. პრობლემის განსაზღვრა;
2. სათანადო ინფორმაციის შეგროვება;
3. პრობლემის შესაძლო მიზეზების დადგენა;
4. პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ხერხის მოფიქრება;
5. პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა;
6. პრობლემის გადაჭრის გეგმის ჩამოყალიბება;
7. შედეგების შემოწმება და შეფასება .
 
პრობლემების გადასაჭრელად მოსწავლეების მიერ გადადგმული ნაბიჯების აღწერას, ანუ პროცესის შეფასებას პედაგოგისთვის სამი მიზანი აქვს:

1. შეაფასოს, როგორ მოაგვარებენ მოსწავლეები პრობლემებს;
2. განსაზღვროს, რამდენად კარგად ესმით და აღწერენ ისინი პრობლემის მოგვარების პროცესს;
3. შეისწავლოს მოსწავლეთა აზროვნების პროცესი და მათთან ერთად განიხილოს პრობლემის გადაჭრის წარმატებული და წარუმატებელი გზები.

ეს მეთოდი საშუალებას აძლევს პედაგოგს, გააანალიზოს მოსწავლეთა ჩანაწერები. ჩანაწერების ანალიზის შედეგად მას შეუძლია

. გაიგოს, პრობლემის გადაჭრის როგორი უნარ-ჩვევები აქვს თითოეულ მოსწავლეს;
. მისცეს მოსწავლეს დროული და მნიშვნელოვანი რჩევები, რომელთა დახმარებითაც ის უკეთ მიხვდება საკუთარ შეცდომას და პრობლემის მოგვარების პროცესის კონტროლს ისწავლის.
პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი პროცედურების ცოდნა და გამოყენება მნიშვნელოვანია ნებისმიერი საგნის შესასწავლად.
პედაგოგმა პრობლემა ისე უნდა დასვას, რომ მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების საშუალება მისცეს.
პრობლემის მოგვარების პროცესის შეფასების სასწავლო მიზნებია:
. მოსწავლეთა მიერ ნაცნობი პრინციპების განზოგადება და პრობლემებთან მისადაგება;
. პრობლემის მოგვარების უნარ-ჩვევების განვითარება;
. საგნის სპეციფიკის გათვალისწინება;
. სწავლის სტრატეგიებისა და უნარ-ჩვევების განვითარება;
. ქეისის ამოხსნისას საჭირო ცოდნისა და უნარის ტრანსფერი.



…რაც ვიყავი, იგივე დავრჩი – კნუტ ჰამსუნი

0
რით შემიძლია ვუპასუხო ამ თქვენს გულისხმიერებასა და უშურველ გულუხვობას?! თითქოს ტერფები მიწას მოსწყდაო, თითქოს ჰაერში დავფრინავ და თავბრუ მეხვევა. ამ წუთებში ძნელია შევინარჩუნო ჩვეული მდგომარეობა. ბოლო ხანებში ღირსების ორდენებითა და ძვირფასი საჩუქრებით გამანებივრეთ. მართალია, რაც ვიყავი, იგივე დავრჩი, მაგრამ გამაოგნა ჩემი ქვეყნის მიმართ მიგებულმა პატივმა და ეროვნული ჰიმნის ჰანგებმა, ერთი წუთის წინ ამ დარბაზში რომ გაიჟღერა.

ისიც მართალია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც მიწას მოვწყდი და გონება ამებნა. ჩემს დალოცვილ ყმაწვილკაცობაშიც მრავლად ყოფილა მსგავსი წუთები. მითხარით, რომელ ახალგაზრდას არ განუცდია სულის აღმაფრენა?! ალბათ, მხოლოდ იმ კონსერვატორი ახალგაზრდებისთვის არის ეს შეგრძნება უცხო, თავიდანვე ხანდაზმულებად რომ იბადებიან, და არ ესმით სიტყვა “გატაცების” მნიშვნელობა. რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როდესაც ახალგაზრდა კაცი ან ქალი თავისი ასაკისთვის შეუფერებლად დაბრძენებულა და უარს აცხადებს ამქვეყნიურ სიამეზე?! ღმერთია მოწამე, ამგვარ გატაცებას წლები ვერაფერს აკლებს. მერე რა მოხდა? ჩვენ ხომ ყოველთვის იმად ვრჩებით, რანიც ვიყავით. ხალას შეგრძნებებს კი, უეჭველია, ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს!

თუმცა, ასეთ პატივსაცემ საზოგადოებას არ შეჰფერის ჩემი ტრადიციებით ნაკარნახევი მჭევრმეტყველების მოსმენა. მით უმეტეს, რომ ჩემ შემდგომ, მეცნიერების წარმომადგენელი წარდგება თქვენ წინაშე. რამდენიმე წუთში, კვლავ დავუბრუნდები ჩემს ადგილს, მანამდე კი, კიდევ ერთხელ მინდა ვაღიარო: ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. თქვენი გულმოწყალებით მრავალ ათასეულთა შორის გამომარჩიეთ და დაფნის გვირგვინით შემამკეთ. ჩემი ქვეყნის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებ შვედეთის აკადემიას და სრულიად შვედეთს ამ აღიარებისათვის. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და მეამაყება, რადგან წილად მხვდა პატივი, ეს საპატიო ტვირთი მეზიდა.

ერთმა ცნობილმა მომხსენებელმა ამ საღამოს აღნიშნა, რომ მე წერის საკუთარი მანერა მაქვს. მხოლოდ ამით შემიძლია თავი მოვიწონო. თუმცა, ისიც მართალია, რომ მეც ყველასაგან რაღაცას ვსწავლობ. რამეთუ, რად ღირს იმ კაცის ცხოვრება, ვინც მცირედს მაინც არ სწავლობს ამ ყოფისაგან?! მე ბევრი რამ შემძინა შვედურმა პოეზიამ, განსაკუთრებით კი ბოლო თაობის ლირიკამ. უფრო დაწვრილებით რომ გავცნობოდი ამ ლიტერატურას და მასთან დაკავშირებულ გვარებს, ალბათ, დაუსრულებლად მოვყვებოდი მათ ციტირებას და უფრო მძაფრად გავაცნობიერებდი იმ ტვირთის სიმძიმეს, ამ აღიარებამ რომ დამაკისრა. თუმცაღა, ჩემნაირი ადამიანისგან ეს მხოლოდ რიტორიკაა, ცარიელი ხმის ეფექტი, რომელსაც გასაძლიერებლად ბასის ერთი ნოტიც არ ახლავს. ამისათვის უკვე მეტისმეტად მოვხუცდი, ძალ-ღონე აღარ შემრჩა.

ამ წუთებში, ამ გაჩირაღდნებულ დარბაზში ჩემი სანუკვარი სურვილია, ეს რჩეული საზოგადოება იმ ყვავილებითა და საჩუქრებით ავავსო, პოეზიას რომ შეუძლია შემოგვთავაზოს. ანუ ის აღმაფრენა შევაგრძნობინო, რაც ახალგაზრდობას ახლავს თან და კიდევ ერთხელ განვაცდევინო აბობოქრებულ ტალღებთან თამაში. აი, ეს სურვილი მამოძრავებს ამ ჩემთვის უმნიშვნელოვანეს წუთებში და არ მინდა, ეს ბოლო შესაძლებლობა ხელიდან გავუშვა. თუმცა, ამისთვის გამბედაობა აღარ მყოფნის, რადგან ვიცი, უთუოდ შევრცხვები.

დღეს ღირსების ორდენებითა და ძვირფასი საჩუქრებით გამათამამეთ, მაგრამ ერთი რამ მაინც მაკლია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განძი და მას “ახალგაზრდობა” ჰქვია. ალბათ, არც ერთი ჩვენგანი არ არის იმდენად ხანდაზმული, რომ სიყმაწვილე არ ახსოვდეს. ვისაც სიბერე შეჰპარვია, შეშვენის ერთი ნაბიჯი უკან გადადგას და ეს დარბისლურად და ღირსეულად გააკეთოს. მე არ ვიცი, რა არის მართალი და მცდარი. სასმისს ვწევ და დავლოცავ შვედეთისა და სრულიად მსოფლიო ახალგაზრდობას, დავლოცავ ყველაფერს, რაც ნორჩია ამ ცხოვრებაში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...