კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

რა არის კონტენტის მართვის სისტემა ანუ CMS-ი

0
ჟურნალი “Time” ყოველი წლის ბოლოს წლის პიროვნებას ასახელებს. ეს ტრადიცია 80 წელიწადზე მეტია არსებობს. ამ ტიტულის მფლობელი ის ადამიანი ხდება, რომელმაც წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. 2012 წელს წლის პიროვნებად უკვე მეორედ დაასახელეს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, 1982 წელს კი ეს საპატიო წოდება ჟურნალმა საერთოდაც კომპიუტერს მიანიჭა.

ნომინაციაზე, მისი ისტორიის განმავლობაში, ბევრი საკამათო პიროვნება იყო ნომინირებული, მაგალითად, 1938 წელს – ადოლფ ჰიტლერი, ხოლო 1939 და 1942 წლებში – იოსებ სტალინი.

ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო არჩევანი ჟურნალმა 2006 წელს გააკეთა, როდესაც წლის პიროვნებად აბსტრაქტული “შენ” (YOU) დაასახელა – თითოეული ჩვენგანი, ისინი, ვინც თანამედროვე ინტერნეტს ვქმნით: ინტერნეტში ფოტოებს ვაქვეყნებთ, YouTube-ზე ვიდეოჩანაწერებს ვტვირთავთ, ვწერთ ბლოგს და კომენტარებს ვტოვებთ.

თავდაპირველად ინტერნეტში ჩართვა ძვირი სიამოვნება იყო, რის საშუალებაც მხოლოდ დიდბიუჯეტიან ორგანიზაციებს ჰქონდათ. მოგვიანებით, 90-იან წლებში, ინტერნეტთან დაკავშირება სატელეფონო ქსელის საშუალებით გახდა შესაძლებელი. ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო პერსონალური კომპიუტერი და სპეციალური მოწყობილობა – მოდემი, რომელიც უკვე არც ისე ძვირი ღირდა. ამ დროიდან ინტერნეტის ნამდვილი ბუმი დაიწყო. ინტერნეტაუდიტორია სწრაფად იზრდებოდა, რამაც ბიზნესის ინტერესი გამოიწვია. ბიზნესი მარტივი წესით ხელმძღვანელობს: იქ, სადაც დიდი აუდიტორიაა, ყოველთვის შეიძლება ფულის შოვნა. იმხანად ზოგიერთს ინტერნეტის კომერციალიზაცია დაუშვებლად მიაჩნდა, ვინაიდან მისი ძირითადი დანიშნულება სამეცნიერო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა იყო, მაგრამ დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. ბიზნესი ინტერნეტში აქტიურად დაიძრა, პროგრამისტები და დიზაინერები დაიქირავა. ის, ვინც იმხანად ინტერენტში ინფორმაციას ათავსებდა, ვებგვერდს ქმნიდა, ამაში გარკვეულ ანაზღაურებას იღებდა. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ინტერნეტში ინფორმაციას ათავსებდა, ეს მისი სამსახური იყო.

ვინ აყალიბებს ინტერნეტის სახეს

ჟურნალ “ტაიმის” აზრით, 2006 წლისთვის ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თუ თავდაპირველად ადამიანები ძირითადად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ათავსებდნენ ინფორმაციას ინტერნეტში, მოგვიანებით გაჩნდა უამრავი ინტერნეტსერვისი (youtube, facebook, flickr, twitter და სხვა), რომელთა მეშვეობითაც ინტერნეტის რიგითი მომხმარებლები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დღესაც აქტიურად აგრძელებენ ინტერნეტში ინფორმაციის განთავსებას.

დღეს ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ჩვეულებრივი ადამიანები ათავსებენ. ინტერნეტი ისეთია, როგორსაც ჩვენ, ინტერნეტის რიგითი მომხმარებლები, ჩვენი პოსტებით, ვიდეოებით, კომენტარებით ვქმნით.

როგორ შევქმნათ ვებგვერდი

 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება ბევრისთვის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, ვებგვერდის შექმნა მაინც რთულ ამოცანად რჩება. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს საქმიანობა HTML კოდებსა და პროგრამირებასთან არის დაკავშირებული. არადა ინტერნეტის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც არაპროგრამისტს ძალიან უადვილებს ვებგვერდის შექმნას.

კონტენტის მართვის სისტემები (Content Management System (CMS)

 

კონტენტის მართვის სისტემა ფაილების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კონტენტის, დიდი ოდენობის ინფორმაციის, მართვა ინტერნეტში. ასეთი სისტემა ბევრია. ზოგიერთი მათგანის სახელი იქნებ გაგიგონიათ კიდეც:
WordPress.org https://wordpress.org/
და სხვ.
კონტენტის მართვის სისტემები (CMS-ები) ვებგვერდის შექმნის საშუალებას იძლევა.
ასეთი სისტემების დიდი ნაწილი უფასოა. ინტერნეტიდან მათი გადმოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათთან მუშაობა არ მოითხოვს პროგრამირების ცოდნას; საჭიროა მხოლოდ მათი მართვის შესწავლა.
კონტენტის მართვის სისტემის საშუალებით ვებგვერდის შესაქმნელად:
1. მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ჰოსტინგი (ადგილი ინტერნეტში, რომელზეც განათავსებს თავის კონტენტის მართვის სისტემას (CMS-ს) ანუ ვებგვერდს)
2. და დომეინი (ანუ სახელი. ნებისმიერ ვებგვერდს ჭირდება თავისი სახელი).
მომდევნო ნაბიჯი ინტერნეტიდან გადმოწერილი კონტენტის მართვის სისტემის დაინსტალირებაა. ზოგიერთ უცხოურ ჰოსტინგს (ანუ ადგილს, სადაც ვებგვერდის განთავსება შეიძლება) ავტომატურად მოჰყვება ჩაშენებული კონტენტის მართვის სისტემები. მომხმარებელმა მხოლოდ უნდა გააქტიუროს ისინი.

თემფლეითები ანუ საიტის დიზაინი

 

ძირითადი სამუშაო მას შემდეგ იწყება, რაც კონტენტის მართვის სისტემას გავააქტიურებთ. თითოეული ჩამოთვლილი კონტენტის მართვის სისტემისთვის ინტერნეტში უამრავი თემფლეითი მოიძებნება. თემფლეითი ერთგვარი ჩარჩოა, რომელიც თქვენი საიტის ვიზუალურ მხარეს განსაზღვრავს (საიტის ფერებს, მენიუს ღილაკების ზომებს, ძირითადი ტექსტის, სათაურების, ქვესათაურების სტილებს და ა. შ.). აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი თემფლეითი ფასიანია, თუმცა თითოეული კონტენტის მართვის სისტემისთვის ინტერნეტში უამრავი უფასო თემფლეითის მოძიება შეიძლება.

როდესაც კონტენტის მართვის სისტემა დაინსტალირებულია და მისთვის თემფლეითიც შერჩეულია, შეგიძლიათ, თქვენი საიტისთვის მენიუს შექმნაზე იზრუნოთ და მის თითოეულ ღილაკს საიტის შესაბამისი, თქვენ მიერვე შექმნილი სექცია დაუკავშიროთ. ერთი სიტყვით, საიტის სტრუქტურა გამართოთ. ამ პროცესში თქვენს კონტენტის მართვის სისტემას (CMS-ს) შეგიძლიათ დაუყენოთ ფლაგინები, რომლებიც დამატებით შესაძლებლობებს შესძენს საიტს. მაგალითად, დააინსტალიროთ ფლაგინი, რომელიც თქვენს საიტზე ფეისბუქის კომენტარების ფანჯარას გააჩენს ან მრავალფუქციური ფოტოგალერეის შექმნის საშუალებას მოგცემთ. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კონტენტის მართვის სისტემისთვის ისეთივე რაოდენობის ფლაგინი არსებობს, რამდენიც დიზაინის თემფლეითი, ანუ ძალიან ბევრი.
როგორც ხვდებით, კონტენტის მართვის სისტემა კომპიუტერული პროგრამის მსგავსად მუშაობს, რომლის შესაძლებლობები დამატებითი ფლაგინებისა და თემფლეითების საშუალებით შეგიძლიათ საგრძნობლად გაზარდოთ, საბოლოო შედეგი კი გამართული მაღალპროფესიონალური ვებგვერდი იქნება.

ფრანგული გაკვეთილები

0

ჰა-ჰა, ერთი თვე გასულიყოს მას შემდეგ, რაც კეკელიძის ქუჩაზე ასეთ სცენას შევესწარი: ორი მოზარდი, ასე, მეოთხე-მეხუთეკლასელები, ომობანას თამაშობდნენ. არა, ისინი არ ებრძოდნენ ერთმანეთს, როგორც ეს ჩემს ბავშვობაში ხდებოდა ხოლმე; მათ საერთო მტერი ჰყავდათ – ჩინელები. “შეხედე, ჩინელი, დროზე ესროლე, არ გაგვექცეს!” – დაიყვირა ერთმა მათგანმა. ამას ისიც დაერთო, რომ ერთ-ერთი საჯარო სკოლის ეზოში საარაკოდ არატოლერანტულ დამოკიდებულებას შევესწარი ეთნიკურად ქართველი მოსწავლეების მხრიდან. მინდა მჯეროდეს, რომ სხვა ერების სიძულვილი ქართულ სკოლებში არ ისწავლება. იმედი მაქვს, არც ოჯახებში მოძღვრავენ შვილებს ამგვარად, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება?! ისიც ნაღდია, რომ მოზარდის აღზრდის პროცესში სკოლა და ოჯახი ერთმანეთს ავსებენ და რაშიც ერთი მოიკოჭლებს, მეორემ უნდა გამოასწოროს.

ამ ამბებმა ერთი ფრანგული ფილმი გამახსენა – “კლასი” ჰქვია. სურათი 2008 წელს ვნახე, როცა მან ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. ბოლო 21 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი ფრანგული პროექტი იყო, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო.

კინო ფრანსუა ბეგადოს წიგნის “Entre les murs” მიხედვითაა გადაღებული, სცენარის ერთ-ერთი ავტორიც თავად გახლავთ და ფილმში მთავარი როლიც თავად შეასრულა.

“კლასის” ხელახლა ნახვა მოზარდებში ტოლერანტობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევის ფრანგული გამოცდილების გასაცნობად გადავწყვიტე. გონივრული ეჭვი მქონდა, საფრანგეთის დარ მრავალეროვან ქვეყანას ამ მხრივ საუკეთესო გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ნურას უკაცრავად! ფილმში მოზარდებს შორის ტოლერანტობის პრობლემის დასაძლევად გამიზნულ ნაბიჯებს ვერ ნახავთ, რადგან… ის იქ უკვე დაძლეულია. ფილმში ფრანგული საგანმანათლებლო სივრცე სხვა ეტაპზეა გადასული. კი, აქ შეხვდებით საუბრებს არაბების, მაროკოელების, ალჟირელების, ჩინელების, კოტ-დ’ივუარელების შესახებ, მაგრამ ეროვნებათა შეჯახება ფეხბურთის თემას იშვიათად სცდება. მაგალითად, მოსწავლეები დავობენ იმის შესახებ, დიდიე დროგბა უფრო მაგარია თუ ტიერი ანრი, მაგრამ მათ საუბარში ნიშნის მოგებისა და ბოღმის ნატამალიც კი არ არის. საერთოდაც, თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მერვე კლასში მთავარი გამხურებელი სულეიმანია, ბიჭი მალის რესპუბლიკიდან, და როცა საქმე საქმეზე მიდგება, მთელი კლასი, სხვადასხვა ეროვნების მოზარდები, მას თავგამოდებით იცავს.

სამაგიეროდ, “კლასში” არანაკლებ რთულ სხვა პრობლემებს ვაწყდებით. ეს ის პრობლემებია, რომლებიც ადრე თუ გვიან შეიძლება ქართული საგანმანათლებლო სივრცის წინაშეც დადგეს. მოქმედება ფრანგული ენის მასწავლებლის, ფრანსუა მარინის ირგვლივ ვითარდება, რომელიც იმავდროულად მერვე კლასის ხელმძღვანელიცაა. ის ახალგაზრდა კაცია, ჩვენებურად რომ ვთქვა, მოქეიფე, ჯან-ღონით სავსე თამადის ანტიპოდი. რბილი ხასიათისა და მანერების გამო მოზარდებთან ურთიერთობა უჭირს – ისინი მას სერიოზულად ვერ აღიქვამენ, თუმცა ეს პრობლემაც მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში იჩენს თავს.

ფრანსუა ცდილობს, ოქროს შუალედი გამონახოს, მოსწავლეები ერთმანეთის აგრესიისა და დაცინვისგან დაიცვას, მაგრამ გაგონილი გექნებათ, გამშველებელს მეტი ხვდებაო და მოზარდების მთელი აგრესია მის კისერზე გადადის.

ფილმი ზედმეტი პრანჭვის გარეშეა გადაღებული. მოძიებაც არ არის საჭირო – შუბლზე აწერია, მცირებიუჯეტიანია. ოპერატორს რეჟისორისგან ზუსტი დავალება აქვს მიღებული – მოქნილი იყოს, რათა სურათს დოკუმენტურობის ელფერი დაედოს, რაც მაყურებელს გარემოს უკეთ აღქმაში ეხმარება და იქაურ ამბებში მთლიანად ხლართავს. ფილმის მიმდინარეობისას მთელი სისავსით გრძნობთ ფრანსუა მარინის განცდებს, რომლისთვისაც სწავლება მხოლოდ სამსახური არ არის. ვფიქრობ, ეს არც მისი მოწოდებაა, მაგრამ თავის საქმეს ფრანსუა გულით აკეთებს. ის ცდილობს მოსწავლეებთან კომუნიკაციის დამყარებას, მაგრამ იშვიათად გამოსდის, როცა გაკვეთილი ცხოვრებისეულ თემებზე გულწრფელ საუბარს მოითხოვს და მათ მგრძნობიარე წერტილებზე აჭერს.

ქართველი მასწავლებლებისთვის ეს ფილმი ალბათ ზედმეტად ისტერიული და მეტ-ნაკლებად უცხო აღმოჩნდება. ისინი ჩვეულნი არ იქნებიან მოსწავლეებთან ასეთ დაძაბულ კომუნიკაციას. ზოგიერთი საკითხი ალბათ მათ ღირსებასაც დაარტყამს. მართლაც, ფრანსუა მარინი შავ დღეშია: უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევს; ხანდახან იძულებულია, შეურაცხყოფას წაუყრუოს და საუბარი განაგრძოს; მოზარდებთან სიტყვები წინასწარ შეარჩიოს. როცა ამას ვერ ახერხებს – ძვირად უჯდება. შესაძლოა, ზოგჯერ მაყურებელს სურვილი გაუჩნდეს, რომელიმე მოსწავლეს გვარიანი ალიყური წამოსცხოს, მაგრამ საფრანგეთში ეს დაუშვებელია და მხოლოდ თავის დამშვიდებას კი არ შეეცდებით, არამედ მოგინდებათ, როგორმე ეკრანს მიღმა გაძვრეთ და მასწავლებელსაც ურჩიოთ, ნერვები დაიწყნაროს.

ერთი სიტყვით, ლორენ კანტეს ხოშიანი ფილმი გამოუვიდა. ის არც ქართველი მასწავლებლებისთვის უნდა აღმოჩნდეს ურიგო სანახავი. ზოგიერთ მომენტში მათ პრობლემების პრევენციაში დაეხმარება. ეს იქნება ერთგვარი აცრა. თუმცა ამდენს რატომ მალაპარაკებთ.?! თავად შეაფასეთ.

სულთა დაახლოება – ანრი ბერგსონი

0
ანრი ბერგსონი ვერ დაესწრო 1927 წლის 10 დეკემბერს სტოკჰოლმის, “გრანდ-ოტელში” ნობელის პრემიის გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ბანკეტს, მის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა ფრანგმა დესპანმა არმან ბერნარმა.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით, რათა შორიდან მაინც სიტყვიერად გადმოგცეთ ის გრძნობები, რომელსაც განვიცდი. ნება მომეცით, ჩემი ხმა ფრანგი დესპანის, ბ-ნ არმან ბერნარის მეშვეობით მოგაწვდინოთ, რომელმაც თავაზიანად იკისრა ამ მისიის შესრულება. მთელი გულით ვუხდი მადლობას შვედეთის აკადემიას, რომელმაც უდიდესი პატივი მომაგო, პატივი, რომელსაც არათუ არ ველოდი, ამაზე ფიქრსაც ვერ გავბედავდი. მე მით უფრო ვხვდე­ბი მის მნიშვნელობას და, ამასთან, მით უფრო მეტად ვღელავ, როდესაც ვაცნობიერებ, რომ აღნიშნული ჯილდო, რომელიც, ჩემი სახით, ფრანგ მწერალს მიანიჭეს, შეიძლება განვიხილოთ, როგორც საფრანგეთის მიმართ სიმპათიისა და კეთილგანწყობის ნიშანი.

პრესტიჟი ნობელის პრემიისა აიხსნება მრავალი მიზეზით, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მისი ორმაგი თვისებით – იდეალის­ტურითა და ინტერნაციონალურით: იდეალისტურით, რამეთუ იგი მაღალი იდეებით შთაგონებული ნაწარმოებებისთვისაა განკუთვნილი, და ინტერნაციონალურით, რადგანაც მისი მინიჭება ხდება სხვადასხვა ქვეყნის მიღწევათა საგულდაგულო შესწავლისა და მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური მოღვაწეობის შეჯამების შემდეგ. ყოველგვარი მეორეხარისხოვანი მოსაზრების უარყოფით, – აქ მნიშვნელობა მხოლოდ სულიერ ღირებულებებს ენიჭება, – მსაჯულნი გონებით გადადიან იმ სფეროში, რომელსაც ფილოსოფოსები “გონის საზოგადოებას” უწოდებენ, რითაც მათ ზედმიწევნით მოჰყავთ სისრულეში ფონდის დამაარსებლის ჩანაფიქრი. თავის ანდერძში ალფრედ ბერნჰარდ ნობელი აცხადებს, რომ სურს ემსახუროს იდეალიზმსა და ხალხთა შორის ძმობის დამკვიდრების საქმეს. მან ზუსტად განსაზღვრა თავისი მიზანი, როდესაც ლიტერატურისა და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაწესებულ ჯილდოებთან ერთად დააწესა “მშვიდობის პრემიაც”.

ეს დიდი ჩანაფიქრი იყო იმ გენიალური გამომგონებლისა, რომელიც, როგორც ჩანს, არ იზიარებდა თავისი დროის ერთ ძალზე გავრცელებულ ილუზიას. XIX საუკუნეში, რომელმაც ტექნიკურ გამოგონებათა სფეროში არნახული აღმავლობა მოიტანა, ძალზე ხშირად გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ამ გამოგონებებს, მატერიალურ მიღწევათა უბრალო დაგროვების გზით, უნდა აემაღლებინა კაცობრიობის ზნეობრივი დონეც. მაგრამ ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საზოგადოების ტექნიკური პროგრესი ჯერ კიდევ არ უზრუნველყოფს ამ საზოგადოების წევრთა ზნეობრივ სრულყოფილებას, ხოლო იმ მატერიალურ რესურსთა გამრავლებას, რომელსაც ფლობს კაცობრიობა, თან სდევს დიდი საფრთხეებიც, თუკი ამ პროცესს არ ახლავს შესაბამისი სულიერი ძალისხმევანი. ჩვენ მიერ შექმნილი მექანიზმები ხელოვნური ორგანოებია, რომელიც ბუნებრივ ორგანოებს ერწყმის, მათ გაგრძელებას ქმნის და, ამგვარად, ადამიანის, კაცობრიობის სხეულს აფართოებს. იმისათვის, რათა მთლიანად ამოივსოს სხეული და მოხდეს მისი მოძრაობების მართვა, აუცილებელია, რომ, თავის მხრივ სულიც გაფართოვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წონასწორობა დაირღვევა და ჩვენ სერიოზულ პრობლემებს შევეჯახებით როგორც სოციალურს, ასევე პოლიტიკურს, ეს პრობლემები კი სხვა არაფერია, თუ არა ანარეკლი იმ დისპროპორციისა, რომელიც არსებობს ადამიანის სულსა – რომელიც ისეთივე დარჩა, როგორიც იყო – და კოლოსალურად გაზრდილ სხეულს შორის. აი, ყველაზე განსაცვიფრებელი მაგალითიც: თითქოს ისე ჩანდა, რომ ორთქლისა და ელექტრობის გამოყენებას, მანძილის შემცირებასთან ერთად, თავისთავად მოჰყვებოდა ხალხთა ზნეობრივი დაახლოება. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არაა და რომ ანტაგონიზმი არათუ არ გამქრალა, არამედ შეიძლება უფრო გაღრმავდეს კიდეც, თუკი არ იქნა სულიერი პროგრესი და მგზნებარე სწრაფვა ძმობისკენ. სულთა დაახლოებას ხელს უწყობს საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომელნიც თავიანთი არსით ინტერნაციონალურია და რომელთაც იდეალისტური სულისკვეთება აერთიანებს. სწორედ ასეთად მესახება ნობელის ფონდი.

გასაკვირი არაა, რომ ალფრედ ნობელის ჩანაფიქრი დაიბადა და განხორციელდა ისეთი მაღალი ინტელექტუალური კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიც შვედეთია, იმ ხალხის წიაღში, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ზნეობრივ საკითხებს, რომელიც მიხვდა, რომ მათ გადაწყვეტაზეა დამოკიდებული ყველა სხვა პრობლემის გადაჭრა, ხალხისა, რომელმაც – თუნდაც ერთი მკაფიო მაგალითით რომ ცხადვყოთ – პირველმა გააცნობიერა, რომ პოლიტიკური პრობლემები მეტწილად აღზრდის პრობლემებიდან იღებს სათავეს.

ამგვარად, ნობელის ფონდის მნიშვნელობა მით უფრო გრანდიოზულ მასშტაბს იძენს, რაც უფრო ღრმა აზრს დავინახავთ მის ამოცანებში და ამიტომ პატივი, რომელიც წილად მხვდა ნობელის პრემიის სახით, მით უფრო ღირებული და წონადია. ამ პრემიის მნიშვნელობას მე მთელი სიგრძე-სიგანით ვაცნობიერებ. აი, ეს გახლდათ, რაც მსურდა მემცნო ფრიად პატივცემული აუდიტორიისათვის, ახლა კი ნება მიბოძეთ იმით დავამთავრო, რითიც დავიწყე და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი თქვენდამი ღრმა მადლიერება.

კომუნიკაციური წერის უნარის განვითარება

0

თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილის მიზანი მოსწავლისთვის ლაპარაკის, მოსმენის, წერისა და კითხვის უნარების განვითარებაა. ლაპარაკისა და მოსმენის უნარებს უწოდებენ რეცეპტულ უნარებს, რაც აკუსტიკური და ოპტიკური სიგნალების აღქმასა და გაგებას გულისხმობს, წერისა და კითხვის უნარებს კი პროდუქტიულ უნარებად მოიხსენიებენ, რადგან აქ ენობრივი მასალის აქტიური წარმოქმნის პროცესთან, კერძოდ, ბგერების არტიკულირებასა და ტექსტის შექმნასთან გვაქვს საქმე. აღნიშნული უნარებიდან ყველაზე უკეთ წერის უნარს ძალუძს ზემოხსენებული უნარების “ანსამბლის” ინტეგრირება; იგი შემსწავლელს როგორც მოსმენისა და ლაპარაკის, ისე კითხვის უნარის განვითარებაში ეხმარება.

უცხო ენის გაკვეთილზე მოსწავლეები უნდა დაეუფლონ ენის პრაქტიკულ გამოყენებას, მათ გაკვეთილის მიღმაც უნდა შეძლონ უცხო ენაზე ზეპირი თუ წერითი კომუნიკაცია, მოსმენილის, დაწერილისა და წაკითხულის გაგება, სათქმელის გასაგები ფორმით გადმოცემა, ურთიერთგაგებინება.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად, კომუნიკაციური დიდაქტიკის მიხედვით, ოთხივე უნარის განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია, გერმანული ენის ზოგიერთ სახელმძღვანელოში წერის უნარს ნაკლები ყურადღება ეთმობა. ხშირად არის, რომ მოსწავლეები გერმანულ ენაზე ზეპირ კომუნიკაციას შედარებით ადვილად ამყარებენ, მაგრამ დიდ სირთულეებს აწყდებიან წერითი კომუნიკაციისას. ამ პრობლემის მნიშვნელოვან მიზეზად ის შეიძლება მივიჩნიოთ, რომ უცხო ენის გაკვეთილზე ზოგჯერ არ გვრჩება საკმარისი დრო გამოყოფილი წერითი უნარის განსავითარებლად. მასწავლებელმა შეიძლება საკმარისი დროც დაუთმოს წერას, მაგრამ იგი გამოიყენოს არა წერითი უნარის განსავითარებლად, არამედ სულ სხვა მიზნის მისაღწევად (მაგალითად, გრამატიკული სავარჯიშოების წერა გრამატიკული მასალის განსამტკიცებლად, გამოტოვებული ტექსტის შევსება წაკითხულის გაგების მიზნით, კარნახით წერა ორთოგრაფიის ცოდნის შესამოწმებლად და სხვა). ამ შემთხვევაში მოსწავლე ახორციელებს წერით აქტივობას, მაგრამ არა წერის უნარის განსავითარებლად. წერის უნარის გავარჯიშება წერის მიზანი მაშინ შეიძლება იყოს, როდესაც მოსწავლეები წერენ ფორმალურ თუ არაფორმალურ წერილებს, თავისუფალ თემებს, აწარმოებენ დღიურს, წერენ პროტოკოლს, ავსებენ ფორმულარებს, წერენ (ტაბელარულ) ავტობიოგრაფიას და სხვა.
უცხო ენის გაკვეთილზე კომუნიკაციური წერის ერთ-ერთ ძირითად ფორმაზე, კერძოდ, წერილის წერაზე, ინტენსიური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. წერილი წარმოადგენს ტექსტის იმ სახეობას, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეს შეუძლია საკუთარი ემოციები და დამოკიდებულებები გამოხატოს, შინაგანად გაიხსნას, საკუთარი თავის შესახებ მოუთხროს სხვებს, იმავდროულად მეტი გაიგოს თავისი თანატოლის შესახებ, დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას, ახალისებს საგაკვეთილო პროცესს. პირად წერილებში სალაპარაკო ენა (gesprochene Sprache) და წერის დროს გამოსაყენებელი ენა (geschriebene Sprache) თანხვდება ერთმანეთს. ერთსა და იმავე შეტყობინებას, მაგალითად, Grüß deinen Bruder von mir! – ვიყენებთ როგორც საუბრისას, ასევე პირად წერილებში.
კომუნიკაციური წერის დროს მასწავლებელმა მოსწავლეებს შემდეგ საკითხებზე უნდა გაამახვილებინოს ყურადღება:
. ვისთვის არის განკუთვნილი ტექსტი, ვინ არის მისი ადრესატი ან ადრესატები? რას მოელიან ისინი წერილის ავტორისგან და რისი გაგება სურთ?
. რა მიზანი აქვს ტექსტს? რატომ ან რისთვის იწერება კონკრეტული წერილი?
. რა შინაარსისა უნდა იყოს წერილი?
. როგორი უნდა იყოს წერილის ფორმა? არაფორმალურ წერილს ვწერთ, ფორმალურს თუ ნახევრად ფორმალურს? რა ენობრივი საშუალებები შეგვიძლია გამოვიყენოთ?
პირველი წერილი გერმანულ ენაზე
გერმანულ ენაზე პირველი წერილის დაწერის დროს მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს შემდეგი ხერხი: მოსწავლეებს დაურიგოს სამუშაო ფურცლები, სადაც მონიშნული იქნება ორი გრაფა. პირველ გრაფაში ეწერება
Das sage über mich:
მეორე გრაფაში კი –
Das frage ich meinen Briefpartner:
მოსწავლეებმა ხუთ წუთში უნდა შეავსონ აღნიშნული გრაფები.
ამ გზით მოსწავლეები განსაზღვრავენ წერილის შინაარსის ძირითად მიმართულებებს და პირველი წერილის დაწერა აღარ გაუჭირდებათ.
თუ მასწავლებელი საჭიროდ მიიჩნევს, შეუძლია, სამუშაო ფურცლების დარიგებამდე ზეპირად, თამაშის ფორმით, ავარჯიშოს მოსწავლეები წერილში გამოსაყენებელ სალაპარაკო საშუალებებში. ამ დროს მოსწავლეები უწყვეტი ჯაჭვის პრინციპით დაუსვამენ ერთმანეთს შეკითხვებს, მაგ.: Ich heiße… Und du? Ich bin… Jahre alt. Und du? Meine Augen sind blau. Und deine?
წერილის შინაარსის გაგება
ვინც წერილს წერს, საპასუხო წერილსაც ელის. ეფექტური კომუნიკაცია რომ შედგეს, მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ საპასუხო წერილის შინაარსის გაგება და თავის მხრივ კვლავ წერილის მიწერა.
ქვემოთ აღწერილი სტრატეგია იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა ივარჯიშონ ძირითადი ინფორმაციის არაძირითადისგან გამიჯვნაში, საკვანძო სიტყვების ფორმულირებაში. მარტივი წერილების დასამუშავებლად საკმარისია 10 წუთი. ამ სტრატეგიის დროს დიდია სწავლების ეფექტი, რადგან პარალელურად ორი წერილი ინტენსიურად მუშავდება.
ნაბიჯი პირველი: მოსწავლეები იყოფიან წყვილებად. თითოეული წყვილის პირობითად A მოსწავლეს ეძლევა A წერილი და 12 პატარა ცარიელი ბარათი, ხოლო B მოსწავლეს – B წერილი და ასევე 12 პატარა ცარიელი ბარათი.
ნაბიჯი მეორე: თითოეული მოსწავლე თავისთვის კითხულობს წერილს და ხაზს უსვამს საკვანძო სიტყვებს ან ძირითად ინფორმაციას.
ნაბიჯი მესამე: მოსწავლეები ავსებენ მათთვის განკუთვნილ ცარიელ ბარათებს და თითოეულ მათგანზე წერენ მაქსიმუმ ორ სიტყვას, მაგ.: geboren: München; liest gern; Lieblingsfach: Deutsch – და ა.შ.
ნაბიჯი მეოთხე: მოსწავლეები ერთმანეთს უცვლიან ბარათებს; მოსწავლე A იღებს მოსწავლე B-ს ბარათებს და პირიქით, B მოსწავლე – A მოსწავლისას. ჯერ მოსწავლე A კითხულობს B-ს ბარათებს და ცდილობს გაიგოს B წერილის შინაარსი, მოახდინოს მისი რეკონსტრუქცია ზეპირად. B მოსწავლე კი თვალყურს ადევნებს ამ პროცესს და ინიშნავს, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამორჩა A-ს. შემდეგ ასევე იკითხება A მოსწავლის ბარათები.
ნაბიჯი მეხუთე: A და B მოსწავლეები ადარებენ თავდაპირველ და მათ მიერ რეკონსტრუირებულ წერილებს და ერთად აანალიზებენ ხარვეზებს, მაგალითად, რა მიზეზით გამორჩათ ძირითადი ინფორმაცია, სწორად იყო თუ არა შერჩეული საკვანძო სიტყვები და სხვა.
წერილის ფორმალური მხარე
განასახვავებენ არაფორმალურ (პირად) და ფორმალურ წერილებს. ენის დაუფლების საწყის ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ პირადი, მარტივი შინაარსის წერილების წერას, მერე და მერე კი ეცნობიან ფორმალური და ნახევრად ფორმალური წერილების ფორმებს და წესებს, რომლებიც ამ ტიპის წერილების შედგენისას არის დასაცავი. ფორმალურია, მაგალითად, სამოტივაციო წერილი ან წერილი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. თუ ფორმალური წერილის ავტორმა არ დაიცვა საჭირო ნორმები, მისი წერილი არ განიხილება. ნახევრად ფორმალური წერილებია: წერილი ოთახის დაბევების თაობაზე, წერილის საშუალებით დასმული კითხვები ტურისტულ სააგენტოებზე, მუზეუმებსა თუ სასტუმროებზე და სხვა.
წერილის ფორმების გაცნობისას მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს სთხოვოს იმის გახსენება, რა ტიპის წერილებს იცნობენ, რა განსხვავებაა მშობლიურ ენაზე დაწერილ ფორმალურ და არაფორმალურ წერილებს შორის, მოგვიანებით კი პარალელები გაავლებინოს გერმანულ ენასა და მშობლიურ ენაზე წერილის წერის დროს დასაცავ ნორმებს შორის. ამ გზით გააქტიურდება მოსწავლეთა წინარე, ფონური ცოდნა და წინა პლანზე წამოიწევს ინტერკულტურული ასპექტები.
მოსწავლეებს გაუადვილდებათ გერმანულ ენაზე დაწერილ პირად და ფორმალურ წერილებს შორის ენობრივ განსხვავებათა დანახვა, თუ მასწავლებელი მათ დაავალებს, რვეულში თვალსაჩინოდ ამოწერონ სალაპარაკო საშუალებები ორივე ტიპის წერილის ტექსტებიდან შემდეგი ასპექტების მიხედვით: მისალმება, თხოვნა, მადლობა, მწუხარების გამოხატვა და სხვა. მაგ., პირად წერილში თხოვნას გამოვხატავთ შემდეგი სალაპარაკო საშუალებით: Bitte schick mir…, ხოლო ნახევრად ფორმალურ წერილში – Würden Sie bitte so freundlich sein,…
როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მოსწავლეებმა გაიგეს ძირითადი განსხვავებები წერილის სახეობებს შორის, შეუძლია დაავალოს მათ ფორმალური ან ნახევრად ფორმალური წერილის მიწერა მათთვის სასურველი ინსტიტუციებისთვის.
წერილის ფორმალური მხარის, მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილების ადვილად დასამახსოვრებლად შედეგიანია ასეთი ტაქტიკა: მოსწავლეებს წყვილებად ვყოფთ, ვურიგებთ წინასწარ გამოჭრილი წერილის ყველა შემადგენელ ნაწილს და წერილის აწყობას ვავალებთ. ამ ამოცანის შესრულებისას მოსწავლეებმა თავად უნდა მოიფიქრონ: სად იწერება გამგზავნის ვინაობა (Absender), გაგზავნის ადგილი და რიცხვი (Ort und Datum), მიმართვის ფორმა (Anrede), შესავალი ნაწილი (Einleitung), ძირითადი ნაწილი (Hauptteil), ბოლო ნაწილი (Schluss),დამშვიდობება (Gruss) და ხელმოწერა (Unterschrift). წერილის სტრუქტურის უკეთ აღსაქმელად ურიგო არ იქნება აღდგენილი წერილის დაფაზე გაშუქება პროექტორის საშუალებით.
წერილის დაწერა კონკრეტული მონაცემების ჩარჩოში
როგორც ცნობილია, ზეპირი თუ წერითი კომუნიკაცია სოციალური და სიტუაციური კონტექსტში მიმდინარეობს. კონტექსტი თავად განსაზღვრავს კომუნიკაციის შინაარს, გამოსაყენებელ ენობრივ საშუალებებს. წერის მიზანი, წერილის ავტორისა და ადრესატის როლები და სიტუაცია ქმნის კომუნიკაციურ ჩარჩოს.
წერის კომპეტენციის განვითარების მიზნით მასწავლებელმა შეიძლება წერილის შინაარსის წამყვანი საკითხები Leitpunkte თავად განსზღვროს, ანუ დავალების პირობაში ზუსტად მიუთითოს, სახელდობრ რის ფორმულირება უნდა მოხდეს წერილში. დაბალი საფეხურის მოსწავლეებისთვის წერილში გასავრცობი საკითხები რაც შეიძლება მეტ ენობრივ დახმარებას უნდა შეიცავდეს – მოსწავლეებს შეეძლებათ ამ ენობრივი მასალის გამოყენება და უფრო გაბედულად შეუდგებიან წერას. ვთქვათ, დავალების პირობის თანახმად, მოსწავლემ წერილი უნდა მისწეროს გერმანელ მეგობარს თავისი კლასისა და სკოლის შესახებ. პირობაში დეტალურად არის მოცემული შემდეგი პუნქტები:
Schreibt etwas darüber:
– wie die Schule heißt, was für eine Schule das ist, wo sie liegt, wie viele Schüler sie hat.
– wie viele Schülerinnen und Schüler die Klasse hat, an welchen Tagen und wie viele Stunden ihr Unterricht habt. Habt ihr nur vormittags oder auch nachmittags Unterricht? – usw.
მასწავლებელმა ეტაპობრივად უნდა შეამციროს დავალების პირობაში ჩადებული ენობრივი დახმარებები და რაც შეიძლება მომჭირნედ მოახდინოს ფორმულირება. მაგალითად, ზევით მოცემული იმავე დავალების დროს:
– Die Schule: Name, Art/Typ, Lage, Anzahl der Schüler. და ა.შ.
სიტუაციის უკეთ აღსაქმელად მიზანშეწონილია სურათების გამოყენება. ვიზუალური მასალა მოსწავლეებში წერის იმპულსს ბადებს. სურათი თავად იძლევა სიტუაციურ ჩარჩოს და მოსწავლეს მის უფრო სწრაფად აღქმაში ეხმარება.
დაბოლოს…
თუ მოსწავლეებმა ლიტერატურული ტექსტი წაიკითხეს, სასურველია, მასწავლებელმა მათ ტექსტის ავტორისთვის რეალური ან ფიქტიური წერილის მიწერა დაავალოს. წერილის შინაარსის შესახებ მან წინასწარ უნდა გამართოს დისკუსია მოსწავლეებთან და გაარკვიოს, რა კითხვები გაუჩნდათ, რა შთაბეჭდილება მიიღეს.
დღეს ინტერნეტის წყალობით სავსებით შესაძლებელია, მოსწავლეებმა რეალური კომუნიკაცია დაამყარონ უცხოელ მწერალთან, გაუზიარონ მას საკუთარი შეხედულებები და კითხვები დაუსვან. შესაძლოა, საპასუხო წერილიც მიიღონ ადრესატისგან…
ეფექტური და მოტივაციის ასამაღლებელი დავალებაა ლიტერატურული პერსონაჟისთვის წერილის მიწერაც. ამ დროს მოსწავლეები წერილის საშუალებით სვამენ კითხვებს მათთვის გაუგებარი საკითხების შესახებ, სწავლობენ დამოკიდებულების, ემოციის გამოხატვას, ყურადღებას ამახვილებენ პერსონაჟის ქცევაზე, პრობლემებზე, ტექსტის სხვადასხვა ასპექტზე. დაბალი საფეხურის მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ ზღაპრის გმირები და შეუძლიათ, მარტივად, მაგრამ დიდი მონდომებითა და სიყვარულით მისწერონ წერილები მათ. მაგალითად: “ჩემო საყვარელო წითელქუდავ…”

იტირე? მადლი გიქნია…

0

“იტირე? მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა…”

ვაჟას ეს სიტყვები ყველას კარგად გვახსოვს.

რა არის ცრემლი? დადის კი დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ დანამვია თვალები, ერთხელ მაინც არ ჩამოგორებია ღაწვზე ცრემლის წვეთი? ცხადია, არა.
და მაინც, რისთვის შექმნა ბუნებამ ცრემლი? ამქვეყნად ხომ ტყუილად არაფერი გაჩენილა…

ჩვენ გარშემო გამოსაკვლევ-შესასწავლს რა დალევს და აღმოჩნდნენ მეცნიერები, რომელთაც კვლევის ობიექტად “სველი თვალები” გაიხადეს. ამ მოვლენის მნიშვნელობა, სირთულე და, თქვენ წარმოიდგინეთ, საჭიროებაც კი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მას მეცნიერთა მთელი ამქარი შეება – ფიზიოლოგები, ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და… ქიმიკოსები.

ჩემმა კოლეგებმა ცრემლის ქიმია შეისწავლეს და ერთ მეტად მნიშვნელოვან რამეს მიაკვლიეს: თურმე ცრემლი სხვადასხვანაირია. სადღეისოდ მის სამ სახესხვაობას არჩევენ: ძირითადს (ბაზალურს), თვალის გარსის ქიმიურ-მექანიკური გაღიზიანებით გამოწვეულს და ემოციური გაღიზიანებით მოგვრილს.
თვალებში ცრემლი მაშინაც კი გვიდგას, როცა არც ხახვი “გვაბრაზებს” და არც “უცხო მოყმე ვინმე”. ამ დროს ისინი ბაზალური ცრემლებით არის სველი. ბაზალური ცრემლის დანიშნულება თვალის ლორწოვანი გარსის მტვრის ნაწილაკებისგან დაცვაა. იგი საპოხი საშუალებაც არის – აადვილებს თვალების ხამხამს და ამცირებს ხახუნს, იცავს ინფექციებისგან და სხვა. მოკლედ, სამყაროს ასე მკაფიოდ, შავი ლაქების გარეშე რომ ვხედავთ, მისი დამსახურებაა.
ცხადია, ამდენი ფუნქცია ერთდროულად რომ შეასრულოს, ცრემლს ქიმიური ნივთიერებების მთელი არმია სჭირდება. დღეისთვის ბაზალური ცრემლიდან გამოყოფილია წყალი, მუკოპროტეინები (მუცინები), ლიპიდები, ლიზოსიმები, ლაქტოფერინი, ლიპოკალინი, იმუნოგლობულინები, გლუკოზა, შარდოვანა, ნატრიუმისა და კალიუმის ქლორიდები. საცრემლე ჯირკვლები დღე-ღამეში 0.75-დან 1.1 გრამამდე ბაზალურ ცრემლს გამოიმუშავებს და ეს თვალის უსაფრთხოებისთვის საკმარისია “მშვიდობიანობის ჟამს”, მაგრამ თუ მის მეტად მგრძნობიარე გარსს გარეშე საფრთხე დაემუქრა, მტვრის ნაწილაკი იქნება ეს თუ აგრესიული ნაერთი (მაგალითად, ხახვის ფცქვნისას გამოყოფილი ეთერზეთები), ცრემლის გამომუშავება მთელი სიმძლავრით დაიწყება, ჩვენი შინაგანი ლაბორატორია უმალ მოახდენს რეაგირებას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავა. ამ ცრემლს, რომელსაც რეფლექსური ჰქვია, თითქმის იგივე შედგენილობა აქვს, თუმცა მისი რაოდენობა იმდენად აღემატება თვალის უპის თავისუფალ მოცულობას, რომ მასში აღარ ეტევა და ლოყებზე გადმოიღვრება. არც ეს არის შემთხვევითი – რეფლექსურ ცრემლს ხომ თვალის ამობანა აკისრია.
ცრემლის მესამე სახეობა, ემოციური ცრემლი, ქიმიური შედგენილობით ისევე განსხვავდება რეფლექსურისგან, როგორც თვალნატკენი ადამიანი – გულნატკენისგან. ემოციურ ცრემლებში უფრო მეტია პროტეინული ჰორმონები: პროლაქტინი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი და ლეიცინი ენკეფალინი. ეს უკანასკნელი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია.
რატომ იცვლება ცრემლის შედგენილობა ემოციური ფონის ცვლილებისას? როგორც თვალში ჩავარდნილ ქვიშის ნაწილაკს უნდა ამორეცხვა, ისე იმ ნივთიერებებსაც, რომლებიც ადამიანის ემოციურ ფონს ამძაფრებს. ემოციური სტრესის დროს სისხლში ხვდება ნაერთების მთელი წყება, რომელთა გავლენითაც ვყვირით, ხელ-ფეხი გვიკანკალებს, სუნთქვა გვიხშირდება და სხვა ნორმალური ყოფისათვის მიუღებელი რამ გვემართება. ორგანიზმში ასეთი ნაერთების დაგროვება ემოციური ფონის უფრო მეტად აწევას, უფრო მეტ სტრესს გამოიწვევს. მეორე მხრივ, ეს ჰორმონები და პროტეინები ტოქსიკური ნაერთებია და კრიტიკულ დონემდე მომატებისას წამლავს ორგანიზმს, რასაც, ადვილი შესაძლებელია, მეორეული დაზიანება, მაგალითად, იმუნური სისტემის დაქვეითება მოჰყვეს.
ამ ყველაფერს ცრემლით ვიცილებთ თავიდან. ცრემლი ორგანიზმიდან “გამორეცხავს” საშიშ პროტეინებს. ამიტომ ცრემლიანი ტირილი სჯობია უცრემლოს… გულში ჩახვეული ვარამი გარეთ გზას ცრემლის ბილიკით მიიკვლევს.
მომიტევე, მკითხველო, თუ ამ სადღესასწაულო დღეებში ცოტა “ცრემლიანი” ბლოგი გამომივიდა…
“ამირან ჩამოტიროდა,
ცხენ-ოხრის ჩამოგდებული.
წინ დედა გამეეგება, –
რადა ხარ ატირებული.
განა ღმერთი ვარ, დედაო,
სულ ვიყო გაცინებული…”
თქვენ კი… ბაზალურცრემლიან წელს გისურვებთ.

დეიდა, მაჩუქე ცოტა ფული, დღეს ჩემი დაბადების დღეა!

0

– დეიდა, მაჩუქე ცოტა ფული, დღეს ჩემი დაბადების დღეა!- ნუ მატყუებ.- ახალი წელი ხოა, მაჩუქე ცოტა ფული. 10 წლისაც არ იქნება. დილაა და ქუჩაში – მინუსი. ჯიბეები ამოვიქექე, ხურდა მივეცი. – დეიდა, ყველას რომ ფული ქონდეს, ყველა დღე ახალი წელი იქნება, ხო? ყველა გახარებული იქნება და სულ დღესასწაული იქნება.- არა, დღესასწაულისთვის მარტო ფული არ არის საკმარისი… ვხვდები, რომ არ მიჯერებს. ფეხს ვუჩქარებ, რომ კიდევ არაფერი მკითხოს.ეს გოგონა იმ მრავალრიცხოვან ბოშათაგანია, რომლებსაც ჩვენში უმეტესად “ციგნებს” ეძახიან და რომლებიც საზოგადოების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და სტერეოტიპებში გახვეული ჯგუფია. სტერეოტიპები, რომლებიც ბოშებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას განაპირობებს, ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია: ბოშები ქურდები, მატყუარები, მათხოვრები და კრიმინალები არიან; მათთან სიახლოვე წარმოუდგენელია, მათი უნდა გეშინოდეს და ერიდო.

ბოშათა მარგინალიზაცია არ არის მხოლოდ ჩვენი დროისა და ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მოვლენა, მას დიდი ხნის ისტორია აქვს.

ძნელია გავიხსენოთ დრო, ბოშების ყოფა-ცხოვრება სავსე რომ არ ყოფილიყოს დამცირებით, უფლებათა შელახვით, რეპრესიებით… ძნელია დავასახელოთ სახელმწიფო, სადაც ბოშათა დისკრიმინაცია ისტორიის ამა თუ იმ საფეხურზე კანონმდებლობაშივე არ ყოფილიყოს ჩადებული და ინსტიტუციონალიზებული. უკანასკნელი ქვეყანა, სადაც ბოშათა უუფლებო სტატუსი გაუქმდა, რუმინეთი იყო 1856 წელს.

მრავალსაუკუნოვანი დევნისა და დისკრიმინაციის ისტორია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ფაშისტურმა გერმანიამ მისთვის დამახასიათებელი არაადამიანური პედანტიზმითა და სისასტიკით დააგვირგვინა: დაისვა ევროპის ტერიტორიაზე ბოშათა სრული განადგურების საკითხი; ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან არაადამიანურ პირობებში მორეკილმა ნახევარ მილიონამდე ბოშამ სიცოცხლე საკონცენტრაციო ბანაკებსა და გაზის კამერებში დაასრულა…
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მრავალმა მათგანმა მკვიდრი ცხოვრების წესი აირჩია.
1971 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბოშათა მსოფლიო კავშირი შეიქმნა, რომელიც ევროპის ბოშური ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. ბოშების საზოგადოება დღესაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის, დევნისა და იზოლაციის საგანია ევროპის ყველა ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, მათ შორისაა საქართველოც.
ბოშათა ცხოვრების წესი გარშემო მყოფების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ და უსასრულო დევნამ განაპირობა: ისინი უმთავრესად დასახლებული ადგილებიდან მოშორებით, პერიფერიებში მკვიდრდებოდნენ, ფარულად გადაადგილდებოდნენ, თავს არალეგალური საქმიანობით ირჩენდნენ და მძიმე ცხოვრებას ფერადი ტანსაცმლით, მხიარული მუსიკითა და ცოტაოდენი მაგიით იმსუბუქებდნენ. მათ თემში მოხვედრა უცხოსთვის თითქმის შეუძლებელი იყო, რაც უფრო მეტად ამყარებდა მათდამი ეჭვს.
როგორც ყველა კლანურ სისტემაზე დაფუძნებულ, დახურულ და “კანონს მიღმა” არსებულ სოციუმში, კრიმინალს აქაც ღრმად აქვს გადგმული ფესვი. ისე ღრმად, რომ ზოგჯერ ამგვარი წესით ცხოვრება თვითონვე ბუნებრივად მიაჩნიათ, ისევე როგორც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას.
სხვადასხვა ცნობით, საქართველოში არსებულ ბოშათა ეთნიკურ კრიმინალურ დაჯგუფებებს ინტენსიური კავშირი აქვთ მოლდავეთისა და რუმინეთის სტრუქტურირებულ და ორგანიზებულ დაჯგუფებებთან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ნაწილი არიან. ამ პირობებში ბოშათა თემის არც ერთ წევრს არ აქვს თავისუფალი არჩევანი – მას ბარონები განაგებენ და კრიმინალისთვის თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. ვითარებას ამძიმებს საზოგადოების კარჩაკეტილობა და ბოშების საზოგადოებაში ინტეგრირებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უეფექტოობა და ერთჯერადობა.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების შემდეგ ამეკვიატა ამ ხალხზე ფიქრი.

2012 წლის ბოლოს ქალთა ფონდმა “ბოშა party” გამართა, რომელიც ბოშებთან დაკავშირებული ეჭვებისა და სტერეოტიპების გაქარწყლებას და ბოშათა თემის გაძლიერებას ემსახურებოდა. საქართველოში მცხოვრები ბოშები სტუმრებს სამოვარში მოდუღებული ჩაით გაუმასპინძლდნენ, უმკითხავეს და იცეკვეს კიდეც მათთვის. თუ გამოელაპარაკებოდი, დამტვრეული ქართულით მორცხვად გეტყოდნენ, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირთ, ვინაიდან სკოლაში არასოდეს უვლიათ; უნდათ, მათი შვილები ქართულ სკოლაში დადიოდნენ, ქართულს და ინგლისურს სწავლობდნენ და მათზე უკეთესად ცხოვრობდნენ, მათი ცეკვით მოხიბლულებს კი ვითომ გულგრილად, მაგრამ ამაყად გვპასუხობენ, რომ იმდენივე ხანია ცეკვავენ, რაც არსებობენ. მართლებიც არიან. რეალობაში, სადაც ქალების უმეტესობამ არ იცის წერა-კითხვა, არ აქვს სამუშაო, ოჯახურ ცხოვრებას ძალიან ადრე, 13-14 წლის ასაკში იწყებს, აჩენს მრავალ შვილს და მათ სარჩენად მძიმე ფიზიკური შრომა უწევს, ცეკვა თვითგამოხატვის ფაქტობრივად ერთადერთი საშუალებაა. ცეკვავენ ყოველთვის, როცა კი დროს გამონახავენ და ამ ცეკვით გიყვებიან თავიანთი ცხოვრების ამბავს.

ბოშებიც და მათი გულშემატკივრებიც ერთხმად აღიარებენ, რომ მთავარი პრობლემა მათი საზოგადოებაში არაინტეგრირებულობაა, ვინაიდან მათ უმეტესობას არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, ვერ იღებს თუნდაც ელემენტარულ განათლებას, უჭირს ქართულად ლაპარაკი, არ აქვს სტაბილური სამუშაო და იშვიათად ურთიერთობს სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი მათი თემის უკიდურესად კლანურ სტრუქტურად ჩამოყალიბებას იწვევს.

თვითონ ამბობენ, რომ მათი ცხოვრების წესი კარგა ხნის წინ დაკანონდა – როცა იესო ქრისტეს ჯვარზე აკრავდნენ, ერთმა ბოშამ ერთი ლურსმანი მოიპარა; ამ “კეთილი ქურდობისთვის” ღმერთმა მასა და მის მოდგმას ქურდობის ნება დართო და საუკეთესო საჩუქარი – თავისუფლება უბოძა. ამიტომაც არის, რომ ისინი მიწას კი არ არიან მიჯაჭვულნი, მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან… მაგრამ ამ ლეგენდების მიღმა ადვილი საგრძნობია მათი სურვილი, იყვნენ ისეთივე მოქალაქეები, როგორიც არის ყველა სხვა, შეუზღუდავი უფლებებითა და საშუალებებით.
არცაა გასაკვირი, ვინაიდან საკუთარ წვეულებაზეც კი ბოშა ქალები ისე გამოიყურებოდნენ, როგორც უცხო სანახავი, “ჩვეულებრივი” ხალხის გასართობი, ხელშესახები ეგზოტიკა. ისხდნენ მყუდრო კაფეს ძლივს განათებულ კუთხეებში და მსურველებს მომავლის გაგებაში ეხმარებოდნენ, ცეკვავდნენ და შეკრებილ საზოგადოებას ამხიარულებდნენ. რამდენიმე საათში კი ყველა ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდით… ამგვარი საღამოების ეფემერულ სიხარულს, დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით დათმობდნენ საზოგადოებაში უფრო მეტი ინტეგრაციისთვის.
ბოშების შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად გიტოვებთ თანამედროვე ფრანგი რეჟისორის, ბოშური წარმოშობის ტონი გატლიფის დოკუმენტურ ფილმს Latcho drom, რომლის პირველი ნაწილიც, ცოტა არ იყოს, ხელოვნურისა და დადგმულის შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ, საერთო ჯამში, საინტერესო სურათია.

ციფრული ჰუმანიტარია

0
ციფრული ჰუმანიტარია (ინგლ. Digital humanities) წარმოადგენს კვლევის, სწავლებისა და შემოქმედების სფეროს, სადაც ჰუმანიტარული სამეცნიერო დისციპლინები კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან გადაიკვეთება. დღეს ციფრული ჰუმანიტარია ტრადიციული ჰუმანიტარული დარგების (ლინგვისტიკა, ფილოსოფია, არქეოლოგია, ისტორია, კულტურის მეცნიერებები) მეთოდოლოგიითა და კომპიუტერული ტექნოლოგიების (ინფორმაციის ვიზუალიზაცია, კომპიუტერული ანალიზი, ციფრული გამომცემლობა) საშუალებით იკვლევს როგორც გაციფრულებულ (ნაბეჭდის ციფრულ ვარიანტს), ისე ციფრულად შექმნილ დოკუმენტებს.
ციფრული ჰუმანიტარიის პირობებში მთავარი კვლევის მეთოდის სიზუსტე და მკვლევრის ანალიზის უნარია. არსებობს მონაცემთა სრულყოფილი, სტრუქტურირებული, ანოტირებული ბაზა და მისი დამახსოვრება არ არის საჭირო (გასაგებია, რომ ძნელად თუ ვინმე მოახერხებს, მაგალითად, განმანათლებლობის პერიოდზე მუშაობისას წაიკითხოს და დაიხსომოს იმ ათიათასობით წერილის შინაარსი, რომლებსაც ვოლტერი, ლოკი თუ ნიუტონი სწერდნენ ერთმანეთს, მეორე მხრივ კი დასკვნები, რომლებიც სრულად არ ითვალისწინებს წყაროებს, შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს). “მხოლოდ ვოლტერის ავტორობით 18 000-მდე პირადი წერილი არსებობს”, – ამბობს დენ ედელშტაინი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც განმანათლებლობის ეპოქის იდეების გავრცელება რუკაზე დააქვს (ვრცლად პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://republicofletters.stanford.edu). დენ ედელშტაინი ციფრული ჰუმანიტარიის ეპოქას პოსტთეორიულ ხანას უწოდებს და ამბობს, რომ კოლეგა ჰუმანიტარები მის შრომას ხშირად კომპიუტერული ტექნოლოგიებით თავის შექცევად აღიქვამენ, თუმცა ასეთ “თამაშში” უამრავი აღმოჩენის გაკეთება შეიძლება.
ციფრული ჰუმანიტარიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მეოცე საუკუნის ისტორიის ქრონოლოგიზაცია “იზმებით” არის შესაძლებელი, დღეს მკვლევრებმა ახალ ფილოსოფიურ თუ პოლიტიკურ “იზმებში” კი აღარ უნდა ეძებონ შთაგონება, არამედ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და იკვლიონ წყაროების, დოკუმენტების, მათი ციფრული ვარიანტების ისეთი ფართო სპექტრი, როგორზეც ადრე ხელი არ მიუწვდებოდათ.
საინტერესოა ლინგვისტური მიზნებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პირველი შემთხვევა: იტალიელმა იეზუიტმა ბერმა რობერტო ბუზამ შორეულ 1946 წელს (ამერიკელ სამხედროებს ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ ინტერნეტქსელი) დაასრულა მუშაობა თავის სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც თომა აკვინელის შრომებში -ში (ლათინური In) თანდებულის გამოყენების შემთხვევებს იკვლევდა. კეთილსინდისიერი დასკვნების გამოსატანად მკვლევარს დასჭირდა აკვინელის შრომების 9 მილიონამდე სტრიქონის გაანალიზება. ნაშრომის დასრულების შემდეგ რობერტო ბუსამ გადაწყვიტა, ლინგვისტური “შავი სამუშაოს” შესასრულებლად კომპიუტერული ტექნოლოგიები გამოეყენებინა, რაც მკვლევარს დროის ეფექტური გამოყენების საშუალებას მისცემდა. ბუსას იდეა თომა აკვინელის შრომების ელექტრონული კორპუსის შექმნას გულისხმობდა. მან IBM-ის დირექტორთან, თომას უოტსონთან პირადი აუდიენცია ითხოვა და დაიყოლია იგი, იმ დროისთვის სრულიად ახალი მიმართულებისთვის მხარი დაეჭირა. შემდეგში კომპანია IBM სტენფორდის უნივერსიტეტთან ერთად ერთ-ერთი პირველთაგანი აღმოჩნდა, ვინც ციფრული ჰუმანიტარიის უმნიშვნელოვანესი მიმართულების, მონაცემთა ვიზუალიზაციის, შესწავლა და ღია სერვისების შექმნა დაიწყო. ამდენად, 1949 წელს შემდგარმა შეხვედრამ მრავალი კუთხით განსაზღვრა ჰუმანიტარიის ციფრული მომავალი. აკვინელის შრომების ელექტრონული კორპუსი, Index Thomisticus, არა მარტო ლინგვისტური მიზნებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პირველ პრეცედენტად, არამედ პირველ ელექტრონულ წიგნადაც არის მიჩნეული.
დღესდღეობით უამრავი ნაციონალური, საუნივერსიტეტო თუ ბიბლიოთეკების მიერ განხორციელებული ელექტრონული კორპუსი არსებობს და ეს ფასდაუდებელი, ვირტუალური, “ხელშეუხებელი” სიმდიდრეა. მათი შექმნის ადრეულ ეტაპზე ელექტრონული კორპუსების ტექსტების მორფოლოგიური ანოტაცია ხდებოდა, შემდეგ დაიწყო სინტაქსური ანოტირების პროცესი, 2006 წლიდან კი მთავარი ამოცანა სემანტიკური ანოტაცია გახდა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მორფოლოგიურად, სინტაქსურად და სემანტიკურად ანოტირებული ეს უამრავი ტექსტი ურთიერთშემავსებელ რესურსს წარმოადგენს და მომავალში სრულყოფს კომპიუტერულ თარგმანს. ამასთან, ზუსტად ვერასდროს ვიწინასწარმეტყველებთ, კიდევ რა გამოყენებას მოუძებნიან “მომხმარებლები” ამ ტიპის რესურსებს. დენიელ სტოუელი აღნიშნავს, რომ როდესაც ლინკოლნის ტექსტების ელექტრონული ბანკი შექმნა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მისი მომხმარებლები ძირითადად ოქსფორდელი ლინგვისტები იქნებოდნენ (ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის რედაქტორები იმ კონკრეტული სიტყვებით დაინტერესდნენ, რომლებიც პირველად ლინკოლნის ტექსტებში ჩნდება) და არა ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები მისი უნივერსიტეტიდან (ვებგვერდებს კარგად განვითარებული ადმინისტრატორის პანელი და მომხმარებლის შესახებ მრავალფეროვანი სტატისტიკის ანალიზის შესაძლებლობა აქვთ).
დღეს არსებული არაინგლისურენოვანი ციფრული კორპუსების არასრული ჩამონათვალი ასეთია:
. შუმერული (Electronic Text Corpus of Sumerian Literature);
. შოტლანდიური (Scottish Corpus of Texts and Speech);
. სპარსული (ფარსიზე შესრულებული, Hamshahri Corpus);
. თანამედროვე სპარსული (TMC: Tehran Monolingual Corpus, Standard corpus for Persian Language Modeling);
. ძველი ბერძნული (Thesaurus Linguae Graecae (TLG)).
. რუსული ნაციონალური კორპუსი (Russian National Corpus)
. ხორვატული (Croatian Language Corpus)
. პოლონური ენის ნაციონალური კორპუსი (National Corpus of Polish)
• იაპონური (Kotonoha Japanese language corpus)
ელექტრონულ კორპუსებთან ერთად მნიშვნელოვანია ელექტრონული ბიბლიოთეკების განვითარების საკითხიც. 1971 წელს მაიკლ ს. ჰარტი ქმნის ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიას და იწყებს პროექტ “გუტენბერგს” იმ მიზნით, რომ მეოცე საუკუნის დასასრულისთვის – 10 000 ყველაზე ხშირად ციტირებული წიგნის ელექტრონული ფონდი, შემდგომ კი რაც შეიძლება მეტი წიგნის ელექტრონული ასლი შექმნას. გუტენბერგის პროექტი მოხალისეობრივ საწყისებზე შეიქმნა და დღეს იგი ყველაზე ძველი უფასო ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკაა. პროექტის მისიაში მაიკლ ჰარტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ელექტრონული წიგნების ციფრული ვარიანტების შექმნა და ახალი ელექტრონული წიგნის წახალისება, რაც წიგნიერების მართლაც საყოველთაო გავრცელებას1 და უგუნურების დამარცხებას2 ნიშნავს. პროექტის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ტექნიკური პროგრესის ახალმა პროდუქტმა – სიმბოლოების ოპტიკურმა ამომცნობმა (Optical Character Recognition, OCR), რომელიც დასკანერებულ ტექსტს ელექტრონულ ტექსტად აქცევს. 2011 წლის იანვრისთვის “გუტენბერგის” ციფრული ბიბლიოთეკა 40 000 წიგნს აერთიანებდა, რასაც ყოველკვირა მოხალისეთა წყალობით საშუალოდ ორმოცდაათი ახალი წიგნი ემატებოდა.

წიგნების რაოდენობის ზრდა გუტენბერგის ციფრულ ბიბლიოთეკაში1994-2008 წლებში

 

პროექტმა გუტენბერგმამართლაც დიდი როლი შეასრულა არა მარტო ელექტრონული წიგნიერების გავრცელებაში არამედ ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და საცავების შექმნაშიც. გარდა იმისა, რომგუტენბერგის”ციფრული ბიბლიოთეკა თავადაც მრავალენოვანია, პროექტს საერთაშორისო შვილობილი პროექტებიც აქვს, მათ შორის:

* პროექტიგუტენბერგი”,ავსტრალიური ვერსია(Project Gutenberg Australia);

* გერმანული ვერსია(Projekt Gutenberg DE);

* კოლექციათა კოლექცია(Project Gutenberg Consortia Center);

* პროექტის ევროპული ვერსია, რომელიცPG-EU შრიფტის სწორი კოდირების პრობლემებზე მუშაობს;

* ფილიპინური ვერსია(Project Gutenberg of the Philippines) ;

* ტაივანური ვერსია(Project Gutenberg of Taiwan; მოიცავს მანდარინსა და ტაივანში გავრცელებულ სხვა ენებზე შემნილ ტექსტებს);

* პროექტის აღმოსავლეთევროპული ვერსია (Project
Gutenberg Europe, Rastko, Serbia)
;

* ლუქსემბურგული ვერსია(Project Gutenberg Luxembourg);

* ელიას ლონჰორტის სახელობის ფინური ვერსია(Projekti Lönnrot, Elias Lönnrot (1802-1884);

* პროექტის კანადური ვერსია(Project Gutenberg Canada);

* სლავური ვერსია(უპირატესად რუსული ტექსტებით; Project Gutenberg Russia, 2012 წლისაპრილიდან).

 

“გუტენბერგის” გამომცემლობა იძლევა
გამოუქვეყნებელი
ტექსტების ელექტრონული გამოცემის
საშუალებას
(Project Gutenberg Self Publishing).

პროექტ “გუტენბერგს” 1996 წელს ყველაზე მასშტაბური ინტერნეტარქივის სტატუსი
მიენიჭა
, 2007 წელსკი ოფიციალურად ეწოდა ბიბლიოთეკა კალიფორნიისშტატის ფედერალური მთავრობის მიერ4.

 

თუქართულ წიგნს
ასეთ
საერთაშორისო კონტექსტში შევხედავთ, აშკარად დავინახავთ, რაოდენ
მნიშვნელოვანია, მისი
მომავალი სიცოცხლისთვის, რომელიც უდავოდ ელექტრონული იქნება, დროულად ვიზრუნოთ. ამ ზრუნვის პირველი მაგალითი ქართული ტექსტების, თუნდაც რომელიმე ერთი
ავტორის
(მაგალითად, რუსთაველის) ელექტრონული კორპუსის შექმნა იქნებოდა. დღეისათვის არ გვაქვს არც ერთი ქართული, პირველ ეტაპზე თუნდაც მორფოლოგიურად ანოტირებული კორპუსი.

 

რასმოუტანს ციფრული ჰუმანიტარია მოსწავლეს?

 

მარტივად რომ ვთქვათ, სრულდება ეპოქა, როდესაც ისტორიის სწავლა თარიღების დამახსოვრებასთან ასოცირდებოდა. ამ ცვლილებას სხვასთან ერთად ისეთი ყოველდღიური რამ უწყობს ხელს, როგორიც
ინტერნეტსაძიებო
სისტემებია. საძიებო სიტემების ეპოქაში ინტერნეტმომხმარებლებმა, უფრო ზუსტად,
მათმა
ტვინმა შეიცვალა დამახსოვრების სტრატეგია. ადამიანები ახლა იმას
უფრო იმახსოვრებენ
, სადმოიპოვონ ინფორმაცია და არა მთელ ამბავს, დეტალებსა თუ თარიღებს. არც მწერლების ბიოგრაფიისა
და
ნაწარმოებების ..
გარჩევებისდასწავლაა აქტუალური ფილოლოგიისთვის. ციფრული ჰუმანიტარიის არსებობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კრიტიკული აზროვნების განვითარების აუცილებლობასციფრული ჰუმანიტარიის ეპოქაში ცენტრალური ფიგურა მკვლევარია, მისი კრიტიკული აზროვნების უნარი და კითხვა, რომლითაც იგი უზარმაზარ ბაზებს, ელექტრონულ კორპუსებს მიმართავს.

პური ჩვენი არსობისა

0
საიდანღაც შორიდან ვიღაც მეძახის: “გაიღვიძე, დრო აღარ გაქვს, გაიღვიძე!” ძახილი უფრო და უფრო ახლოდან ისმის და აუტანელი ხდება. ეს ჩემი მაღვიძარაა, სახელდახელოდ ჩაწერილი ჩემივე ხმით რომ მაფხიზლებს. თვალებს ძლივს ვახელ და ვხვდები, რომ დრო მართლაც ცოტა მაქვს. ასეთ დროს მკაფიოდ ვგრძნობ – გვიან არ უნდა დავიძინო.

გარეთ ზამთარი დგას უჟმური განწყობით. უკვე ქუჩისკენ მივრბივარ, რომ ჩემდა უნებურად ვჩერდები. ვგრძნობ, როგორ მიღიმის მთელი სახე – ვიღაც დალოცვილს ბეღურებისა და მტრედებისთვის პური დაუყრია. ისეთი ბედნიერები კენკავენ, არ შევჩერდე და არ შევხედო, არ შემიძლია. თუმცა ისევ მეძახის ვიღაც: “დრო აღარ გაქვს, ასე უთუოდ დააგვიანებ!” ამჯერად ჩემი შინაგანი ხმაა, ბავშვობიდან რომ მმოძღვრავს და მარიგებს.

წუხანდელი ფილმი მახსენდება – მისი წყალობით დავრჩი უძილოდ. ძველი ფილმია, მაგრამ მე ახლა ვნახე. ყურება დავიწყე და ვეღარ მოვწყდი – რაღაცნაირი თბილი გამოდგა. ომის პერიოდია, საკონცენტრაციო ბანაკში ახალგაზრდა წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება. ბედი გაუღიმებთ და გაიქცევიან, თუმცა მტერი კვალში უდგათ. რამდენიმე დღე ტყეში იმალებიან და თავს თან წამოღებული ცოტაოდენი პურით ირჩენენ. უფრო სწორად, კაცი შიმშილობს და პურს ქალს უზოგავს, იცის – ფეხმძიმედაა. ბოლოს ქალი ტყიდან გაღწევას ახერხებს, კაცი კი მის გადასარჩენად მტერს სხვა მხარეს გაიტყუებს და კვდება.

გადის წლები. მათი შვილი უკვე მოზარდია, იცის, რომ მამამ მათთვის გაწირა თავი… ერთ დღეს პატარა ბიჭი დაუდევრად მოისვრის პურის ნაჭერს. დედა გადაგდებულ პურს ეცემა, აიღებს, აკოცებს და მაგიდაზე დადებს, შვილს კი ეტყვის, რომ პურს უნდა გაუფრთხილდეს, რომ სწორედ პურის დამსახურებაა წლების წინ მათი გადარჩენა და რომ ეს პური ჩვენი არსობისაა.

პური ნახშირწყალია. ნახშირწყალი ბუნებრივი პოლიმერია. მისი მონომერები მარტივი მონოსაქარიდებია. ჩვენს ორგანიზმში მას ორი ძირითადი ფუნქცია აკისრია: სტრუქტურული და ენერგეტიკული. ნახშრწყლების მონელება პირის ღრუში იწყება. აქ მათზე ნერწყვში შემავალი ფერმენტები – ამილაზები მოქმედებს. მათი ზემოქმედებით ნახშირწყლების უზარმაზარი ჯაჭვები იხლიჩება და ოლიგოსაქარიდების გროვები წარმოიქმნება. შემდეგ ისინი კუჭში ხვდებიან. კუჭში მჟავა გარემოა, ამიტომ ნერწყვის ტუტე გარემოში აქტიური ამილაზები პასიურ მდგომარეობაში გადადიან და ნახშირწყლების დაშლაც წყდება. კუჭში მხოლოდ ცილა მოინელება. თორმეტგოჯა ნაწლავში ნახშირწყლების მონელება განახლდება და საბოლოოდ წვრილ ნაწლავში სრულდება, სადაც წარმოქმნილი მონოსაქარიდები სისხლში შეიწოვება და შესაბამის ორგანოებში გადანაწილდება.

ისიც უნდა ითქვას, რომ ცხოველური ცილის ანუ ხორცის მონელებას კუჭში გარკვეული ხანი სჭირდება. თუ ამ დროს აქ ნახშირწყალიც ანუ პურიც მოხვდა, ის მჟავა გარემოს ზემოქმედებით დუღილს დაიწყებს, რაც მას ყველა სასარგებლო თვისებას დაუკარგავს. პირიქით, ორგანიზმს დამატებითი ძალისხმევა დასჭირდება მისგან წარმოქმნილი ადუღებული მასის გასანეიტრალებლად.

აქედან – ერთი მარტივი დასკვნა: ნახშირწყლებისა და ცილების ერთად მიღება არ შეიძლება. უფრო მეტად რომ გავამარტივოთ, პური და ხორცი ან კარტოფილი და ხორცი ერთად არ უნდა მივირთვათ. ვიცი, რომ ამ წესს არავინ იცავს, მაგრამ ჩემი საქმეა, შეგახსენოთ. სხვათა შორის, ერთხელ, როდესაც ეს სტუდენტებს ვუთხარი, ერთი მათგანი აღელდა – როგორ, გამოდის, ხინკალი აღარ უნდა ვჭამოო?!.

პური უმთავრესად რთულ პოლისაქარიდს – სახამებელს შეიცავს.
სახამებელი მცენარის ნახშირწყლოვან მარაგს წარმოადგენს, ფოტოსინთეზის შედეგად წარმოიქმნება და მცენარის თითქმის ყველა ნაწილში  სხვადასხვა რაოდენობით მარცვლებად გროვდება.
სახამებლით მდიდარია: ბრინჯი – 78%; ფქვილი – 74%; სიმინდი – 70%; კარტოფილი – 16%.
სახამებლის მოლეკულები α-გლუკოზის ნაშთებისგან შედგება. ნაშთები ერთმანეთთან 1,4 გლიკოზიდური ბმებითაა დაკავშირებული. 

სახამებლის მოლეკულას როგორც ხაზობრივი (წრფივი), ისე განშტოებული აგებულება აქვს. წრფივი მოლეკულები სპირალურად იხვევა.

სახამებლის აღმომჩენი რეაქტივი იოდის სპირტხსნარია, რომელიც სახამებლის ხსნარს იისფრად ღებავს.
ძვ. წ. აღ-ის III საუკუნეში ჩინეთის იმპერატორი ცინ ში ხუანდი (სხვათა შორის, სწორედ მან აღმართა ჩინეთის დიდი კედელი) საიდუმლო წერილის დაწერისას ბრინჯის ნახარშს იყენებდა, რომლის წაკითხვა შესაძლებელი იყო ზღვის წყალმცენარეების ნახარშის გამოყენებით.

რა ფერს მიიღებდა გამჟღავნებული წერილი?

არასოდეს თქვათ უარი თუნდაც ყველაზე მარტივი ექსპერიმენტის ჩატარებაზე; ექსპერიმენტები სხვანაირად ახალისებს მოსწავლეებს. აი, თუნდაც
სახამებლის ჰიდროლიზის რეაქცია

სახამებლის ხსნარს დავამატოთ გოგირდმჟავას ხსნარი (ფრთხილად იყავით, რომ გოგირდმჟავასთან შემთხვევით მოსწავლე არ მოხვდეს – მჟავებით მანიპულაციები ყოველთვის მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს) და ნარევი გავაცხელოთ. სახამებლის ჰიდროლიზის საბოლოო პროდუქტია გლუკოზა.

რეაქციის მსვლელობისას სარეაქციო არეს ცვლილება არ ეტყობა, ამიტომ უმჯობესია, ჩავატაროთ სინჯი სახამებელზე.

წყლიან სინჯარებში იოდის ხსნარი ჩავამატოთ და საკვლევი ხსნარის რამდენიმე წვეთი 10-10-წუთიანი შუალედებით ჩავასხათ სინჯარებში.

I სინჯი: სინჯარაში ხსნარი გალურჯდება, ე.ი. საკვლევი ხსნარი სახამებელს შეიცავს, ამიტომ რეაქციას გავაგრძელებთ.
II სინჯი: სინჯარაში ხსნარი ბაც ლურჯ შეფერილობას მიიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სახამებელი ბოლომდე არ დაიშალა.
III სინჯი: იოდის წყალხსნარი ფერს არ იცვლის, სახამებლის ჰიდროლიზის რეაქცია დასრულდა. იგი გლუკოზად გარდაიქმნა.

გლუკოზის არსებობის შესამოწმებლად ხსნარს დავამატოთ ნატრიუმის ტუტისა და შაბიამნის ხსნარები. ხსნარი ჯერ გაყვითლდება, რადგან სპილენძის (II) ჰიდროქსიდი წარმოიქმნება, მერე კი აგურისფერს მიიღებს სპილენძის (I) ოქსიდის წარმოქმნის გამო. ზოგიერთ შემთხვევაში რეაქციის დასაჩქარებლად გაცხელებაა საჭირო.

ფქვილი სახამებელთან ერთად სამი ტიპის წყალში ხსნად ცილებს შეიცავს: ალბუმინებს, გლობულინებსა და პროტეაზებს. შეიცავს წყალში უხსნელ ცილებსაც: გლუტენინებსა და გლიადინს. ცომის მოზელისას ხსნადი ცილები წყალში იხსნება, გლუტენინი და გლიადინი კი ცომის სტრუქტურის ფორმირებაში მონაწილეობს.

პური როგორც პროდუქტი ნეოლითის ხანიდანაა ცნობილი. ის სიცოცხლის წყარო და შრომის სიმბოლოა. ათასნაირს აცხობენ, მაგრამ ქართული შოთი სულ სხვაა… ჩემი აზრით-მეთქი, მინდოდა დამერთო, მაგრამ გამახსენდა, გოგი თოფაძე ჰყვებოდა ერთ გადაცემაში ფრანგ სტუმრებზე – ქართული კერძებით დამშვენებული სუფრა დავახვედრეთ, მაგრამ პირი არაფერს დააკარეს, თონის პური და გუდის ყველი ისე მოეწონათ, სხვა კერძისკენ აღარც კი გაუხედავთო. რაღა შორს წავიდე – აქ ჩამოსული უცხოელი ქიმიკოსებიც თონის პურს ისე მიირთმევენ, როგორც ნამცხვარს.

პური კვების შეუცვლელი კომპონენტია. რაციონიდან მისი სულ მთლად ამოღება არ შეიძლება, რადგან ის B ჯგუფის ვიტამინების წყაროცაა და, უმთავრესი ლოცვისა არ იყოს – პური ჩვენი არსობისაა:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ!

სკოლა – განვითარების ლოკომოტივი

0

დედაქალაქში, მთაწმინდის ძირას გაშენებულ ვერის უბანში, უამრავი მშვენიერი პატარა აღმართია. ერთ-ერთ ასეთ აღმართზე, უძველესი ღვინის ქარხნის გვერდით, ოთხსართულიანი მოცისფრო-მომწვანო შენობა დგას. ეს ჩემი სკოლაა… ხშირად მიწევს მის წინ ავლა-ჩამოვლა, კვირაში რამდენჯერმე ვხედავ ამ სასწავლებელს, მის შესასვლელთან შეგროვილ მშვიდ მშობლებსა და ხმაურიან მოსწავლეებს. ერთ დროს მქუხარე გიმნაზიის აქა-იქ ჩამონგრეულ საბჭოთა სტილის ფასადს გულგრილად ვერასდროს ვუყურებ. ალბათ იფიქრებთ, რომ ეს ამ უცნაურად შეღებილ შენობაში გატარებული ბედნიერი თორმეტი წლის ბრალია. ცხადია, არც შეცდებით, თუმცა ჩემს ემოციას აქვს სხვა სერიოზული საფუძველიც.

შუა საუკუნეებსა თუ ახალ ეპოქაში საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველი მთავარი ძალა მხედრული სიმამაცით, სიმდიდრით ან ღვთისმსახურებით გამორჩეული მოქალაქეები იყვნენ. მრავალი მკვლევარი სერიოზული არგუმენტების მოშველიებით ამტკიცებს, რომ დასავლეთში ეს დრო დასრულდა. ათეულობით წელია, ევროპის განვითარების მთავარ ფაქტორს, ლოკომოტივს განათლება წარმოადგენს. ცოდნაზეა დაფუძნებული ეკონომიკა, პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფერო. პროფესიონალთა არსებობისთვის აუცილებელ ნოყიერ ნიადაგს კი, უპირველესად, მაღალი კლასის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ქმნის. საქართველოში, მის ქალაქებსა თუ სოფლებში, სწორედ ამგვარი სასწავლებლების ნახვაზე ვოცნებობ მშობლიური სკოლის დანახვისას.

როგორია თანამედროვე სკოლა ?

ბუნებრივია, სკოლა უპირველესად სწავლების შინაარსით ფასობს. ამ თემაზე პედაგოგიკის სპეციალისტები უკეთ ისაუბრებენ, მე კი მინდა, სასწავლო პროცესისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებზე გავამახვილო ყურადღება:

. თანამედროვე, უბრალო ევროპული სკოლისთვის დამახასიათებელია თავისუფლების მაღალი დონე, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დამოუკიდებელ თანამონაწილეობას გულისხობს. მშობლები, მასწავლებლები და ზედა საფეხურის მოსწავლეები ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ ერთობლივად ადგენენ რესურსების განაწილებისა თუ განკარგვის ძირითად გეგმას. სასკოლო საზოგადოების ნება ფაქტობრივად დაუძლეველია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსათვის.

ასეთ სკოლებში ფართო თვითმმართველობის სტრუქტურათა გვერდით აუცილებლად არის ინფორმაციის გავრცელების სპეციალური საშუალებებიც. სასკოლო გაზეთი, რადიო თუ ვებგვერდი საჯარო განხილვების მთავარი ასპარეზია, სადაც მოსწავლეები და პედაგოგები თემში, დასახლებასა თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებას ცდილობენ. შედეგად ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივიზმის პირველ გამოცდილებას იძენენ, საზოგადოებას, ირგვლივ მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფს კი მისთვის მნიშვნელოვანი თემების აქტუალიზების საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევა.

სკოლებისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია უსაფრთხოებაც. თუმცა განვითარებულ სამყაროში ეს ცნება მოსწავლეთა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ-ემოციურ დაცვასაც გულისხმობს. მაშასადამე, სასკოლო გარემოში ადამიანები დევნისგან, შევიწროებისგან, დაცინვისა და დისკრიმინაციისგან შედარებით თავისუფალნი არიან. უსაფრთხოების გარანტი, დაცვის სამსახურთან ერთად, ფსიქოსოციალური კაბინეტი და თითოეული შემთხვევისთვის საგანგებოდ მოწვეული, მუდმივად განახლებადი ზრუნვის კომიტეტებიც არის.
ყველა მოდერნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ცდილობს უმცირეს კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას. ძნელია იპოვო სკოლა, რომელსაც თეატრალური დასი, მომღერალთა გუნდი ან მინიორკესტრი არ ჰყავდეს. რაც მთავარია, მოსწავლეთა კულტურულ აქტივობას მხარს უჭერენ სახელმწიფო და საზოგადოება.

სასურველ, ოპტიმალურ სასკოლო კლიმატზე მეცნიერები – დისერტაციებს, ხოლო პოლიტიკოსები პარტიულ პროგრამებს წერენ.

ამ თემაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ერთი რამ ნათელია – “ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი კი მხოლოდ მცოდნე კაცია”.

ძლიერი პიროვნების ჩამოყალიბება მხოლოდ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღებ, დაუბრკოლებლად ინფორმირებულ, საზოგადოებრივი პროცესებით დაინტერესებულ, დისკუსიებისთვის გახსნილ, კულტურულად აქტიურ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო საჯარო სკოლას შეუძლია.

ზომიერად პირადული პოსტი

0

ზამთარი ერთი
დიდი დღესასწაულია. არამხოლოდ შობა-ახალი წლის გამო – შობა-ახალი წელი ხომ ტროპიკებშიც
დგება, მიუხედავად მათი სრულიად არატროპიკული ხასიათისა. ტროპიკულ ქვეყნებში მაინცდამაინც
ვერც ბუხრის საჭიროებას ხედავენ, ჰოდა, აბა, რომელი საკვამურიდან ჩამოძვრეს სანტა კლაუსი?!
მაგრამ ახალი წელი ყველგან უნდა დადგეს და სანტასაც მეტი რა გზა აქვს – მარხილსა და
ირმებს სადღაც ლაპლანდიაში ტოვებს და ტროპიკებს სრულიად არასანტურად გამოწყობილი, საცურაო
ტრუსებითა და სერფინგის დაფით სტუმრობს.

ცხელი ქვეყნების
მკვიდრებს ბედმა უმტყუნა – მათთვის ზამთარი დღესასწაული ვერ იქნება, რადგან სუსხი ვერასოდეს
აიძულებთ სახლში, ღუმელთან მოკალათებას და წიგნების კითხვას მაშინ, როცა გარეთ ცოცხალი
თუ არაცოცხალი ინგრედიენტებისგან ვეება ნაყინი მზადდება.

სიმყუდროვის მაძიებლისთვის
მისი პოვნა ყველაზე ადვილი მაინც ზამთარშია. სწორედ ამგვარი სიმყუდროვე მინდოდა საახალწლო
საჩუქრად ძმისშვილისთვის და სულაც არ ვაპირებდი, ის სანტასთვის დამებრალებინა, – ბოლოს
და ბოლოს, ამ კეთილ პაპას ისედაც ურიცხვი დაბრალებული საჩუქარი ჰქონდა მოსატანი. თანაც
საყვარელ ძმისშვილს აუცილებლად საყვარელმა მამიდამ უნდა აჩუქოს ლინდგრენის ახალი ქართული
გამოცემა აურზაურა ბავშვების შესახებ, მერე კი პირველმა თვითონვე წაიკითხოს ეს წიგნი
და თვალდახუჭულმა იოცნებოს, როგორ გამოტენიდა დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამას
ასტრიდ ლინდგრენით. რა თქმა უნდა, პროგრამა სულაც არ არის შემწვარი ბადრიჯანი, რომლის
ნიგვზიანი მასით გამოტენა კარგი დიასახლისის მისიაა და არც ლინდგრენი ჰგავს ნიგვზიან
შიგთავსს, მაგრამ ზოგჯერ მამიდები ძალიან ქარაფშუტულად ფიქრობენ და აზრადაც არ მოსდით,
რომ შესაძლოა, მათმა ძმისშვილებმა ერთ მშვენიერ დღეს ზურგზე პროპელერის მიმაგრება სცადონ
ან, ლოტას მსგავსად, მარტო გადავიდნენ საცხოვრებლად.

 

“ლოტა აურზაურის
ქუჩიდან” ძალიან აურზაურიანი წიგნია. აუცილებელი არ არის, აურზაური ცუდად მთავრდებოდეს;
ლინდგრენის აურზაური კეთილი აურზაურია, მისი ამტეხი ბავშვები კი არასოდეს ისჯებიან
მკაცრად, რადგან ჰყავთ მშობლები, რომლებიც ბავშვობაში ალბათ ასეთსავე კეთილ აურზაურს
ისე მარტივად წამოიწყებდნენ ხოლმე, როგორც შეიძლება წამოიწყო ორნოტიანი სიმღერა. ამ
მშობლებს თავიანთი საყვარელი შვილები: იუნასი – დიდი აურზაურა, მია-მარია – პატარა
აურზაურა და ლოტა – პაწაწინა მჩხავანა, – ყოველ კვირას ქალაქგარეთ, პიკნიკზე მიჰყავთ
და თუ იუნასი შემთხვევით ტბაში ჩავარდა, დასასჯელად მუხლებით აგურის ნაფხვენზე არავინ
დააყენებს. ეგ კი არა, თუ შინ დაბრუნებულ მამას ბავშვების ხმაური არ შემოესმა, აუცილებლად
შეშფოთდება: “აღარ გაბედოთ ჩემი ასე შეშინება! ხმაური და აურზაური მანამდე უნდა
მესმოდეს, სანამ სახლში შემოვდგამ ფეხს, თორემ გული გამისკდება!”

ბედნიერი ბავშვობა
ვისთვის ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული სათამაშოების გორებია, ვისთვის კი – ერთი
შელახული ნაჭრის ღორი, რომელსაც რატომღაც დრუნჩა ჰქვია. ლოტაც, საყვარელი სათამაშოს
სახელი რომ გაამართლოს, ცხოველის ახალ სახეობას, “ღორდათვას” იგონებს და
ჯიუტად ამტკიცებს, რომ მისი ღორდათვა საფრთხობელა კი არა, მსოფლიოში ყველაზე კარგი
ღორდათვაა.

ლოტა, საერთოდაც,
ძალიან ჯიუტია. მას შეუძლია, უარი განაცხადოს ფუმფულა ჯემპრის ჩაცმაზე და ეს სავსებით
საკმარის მიზეზად მიიჩნიოს მარტო საცხოვრებლად. მას შეუძლია, უარი განაცხადოს ხველის
საწინააღმდეგო წამლის მიღებაზე, თუმცა ლოტას მარტო წამლის დალევა კი არა, საღამოობით
დასაძინებლად წასვლაც არ უყვარს, “მაგრამ ეგ მეც არ მიყვარს. საერთოდაც, ვფიქრობ,
რომ დედა ძალიან უცნაურად იქცევა: საღამოს, როცა საერთოდ, აი, საერთოდ არ გვეძინება,
დასაძინებლად გვერეკება, დილაობით კი, როცა თვალების გახელაც კი გვეზარება, დაიჩემებს,
ადექითო”.

რას გაუგებ მშობლებს,
რომლებიც ხანდახან ყველაფერს “უკუღმა” აკეთებენ, შენ კი, სრულიად ბავშვს,
მაგრამ საკუთარ წარმოსახვაში უკვე სოლიდურ, ზომიერად ფერხორციან მამაკაცს/ქალს, ერთადერთი
მისია გაკისრია: “დავატრიალოთ წაღმა უფროსების უცნაურობანი”.

ეს ბავშვები ისეთები
არიან, როგორიც, ძალიან მინდოდა, ბავშვობაში თავად ვყოფილიყავი: ხეზე მწვანე ფანჩატური
მქონოდა და სადილის შემდეგ მორჩენილი მაჭკატები ხის ტოტზევე ფოთლებივით ჩამომეკიდა,
მემღერა მამის ნასწავლები სიმღერა “ფოთლები რა წყნარად შრიალებს”, მერე კი,
მოშივებულს, ეს “ფოთლები” ბეკეკასავით ჩამეხრამუნებინა.

ეს ბავშვები ისევე
უსინდისოდ ატყუებენ ღმერთს საშობაოდ, როგორც მე ვატყუებდი ოდესღაც: “ძვირფასო
ღმერთო, გემუდარები, ახლავე მოვიდეს თოვლი! იფიქრე იმ საწყალ ყვავილებზე, ახლა მიწაში
რომ სძინავთ და თბილ საფარს ნატრობენ… ცოტა ვიცუღლუტე. ღმერთს არ ვუთხარი, რომ თოვლი
სინამდვილეში ჩემი ციგის გამო მინდა”.

ამ ბავშვებს ზუსტად
ისეთი შობა აქვთ, როგორის დადგომასაც მთელი ბავშვობა ვნატრობდი, მაგრამ ჩემ ახლომახლო
არც კარლმანის საკონდიტრო იყო და მეცხრე ბლოკიც წამდაუწუმ გვახსენებდა, რომ ბნელი ოთხმოცდაათიანების
შვილებისთვის შობა მსოფლიოში ყველაზე არაშვედური რამაა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...