კვირა, აგვისტო 24, 2025
24 აგვისტო, კვირა, 2025

მოსმენა რუსული ენის გაკვეთილზე (ნაწილი II)

0

გთავაზობთ გაკვეთილს, რომლის მიზანია მოსმენილი ტექსტის გაგება-გააზრება.
გამოყენებულია ა. გრინის მოთხრობის ადაპტირებული ვარიანტი. თემას
ორი (დაწყვილებული) გაკვეთილი ეთმობა.
ტექსტი ადაპტირებულია, შესაბამისად, შეიძლება შეიტანოთ საშუალო საფეხურზე, ენის
ფლობის დონის გათვალისწინებით. გაკვეთილის ბოლოს გთავაზობთ შეფასების
კრიტერიუმებს, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ განმავითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასებისას.

 

გაკვეთილის მსვლელობა

 

I გაკვეთილი

 

გამოწვევა (I ფაზა) 5 წუთი

* მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ნახატზე გამოსახულ მწვანე სანათს და
ეკითხება, რას ფიქრობენ ამ საგანზე.

* შემდეგ მასწავლებელი დაფაზე
წერს
მოთხრობის სათაურს «Зеленаялампа» და სვამს კითხვას, რის შესახებ შეიძლება იყოს
მოთხრობა, რომელსაც ახლა მოისმენენ:

 

Как вы думаете, о чем
этот рассказ?

 

ბავშვების ვარაუდებს იგი დაფაზე ჩამოწერს. გაკვეთილის ბოლოს შეიძლება ერთმანეთს შეადაროს ვერსიები და ტექსტის შინაარსი.

 

შინაარსის რეალიზება (II ფაზა) და რეფლექსია (III ფაზა) 40 წუთი

 

მასწავლებელი კითხულობს წინასწარ 4 ნაწილად (პაუზად) დაყოფილ ტექსტს. თითოეული პაუზის შემდეგ სვამს კითხვებს. ბოლოს მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს სიუჟეტის შემდგომი განვითარების შესახებ.

 

თითოეული პაუზის (ნაწყვეტის) გარჩევა მოიცავს ორივე ქვეფაზას II-სა
და
III-ს. ვარაუდის გამოთქმა შეიძლება მომდევნო პაუზის გამოწვევადაც ჩავთვალოთ.

 

 

მასწავლებელი კითხულობს პირველ პაუზას (პირველ ნაწყვეტს):

 

 

Первая пауза

Это случилось в 1920 году. Зимой
на углу улицы стояли два человека среднего возраста, которые только что вышли
из дорогого ресторана. Там они ужинали и пили вино. Одного из них звали Реймер,
другого – Стильтон. Стильтон был миллионером.

Теперь они смотрели на человека
лет двадцати пяти, который лежал на улице.

– Стильтон, почему ты так
интересуешься этим человеком? Он пьяный или умер. – сказал Реймер.

– Я голодный, но живой. – тихо прошептал несчастный молодой
человек.

– Реймер, – сказал Стильтон, – я
придумал хорошую шутку. У меня есть интересный план.

Он сказал это тихо, поэтому
молодой человек ничего не слышал. Стильтон пригласил юношу к себе домой. Когда
молодой человек хорошо поел и выпил вина, он рассказал свою историю. Его звали
Джон Ив. Он приехал в город искать работу. У Ива не было образования, поэтому
он долго не мог найти работу. Ив часто ночевал в парке или на улице.

 

პირველი პაუზის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელისვამს კითხვას:

Что вы узнали из этого отрывка? (Где происходит действие? Назовите главных героев и др.) (მიღებულ პასუხს იწერს დაფაზე)

 

Как вы думаете, что будет в следующем отрывке? (პასუხს იწერს დაფაზე)

 

შემდეგ მასწავლებელი კითხულობს მეორე პაუზას (მეორე ნაწყვეტს):

 

Вторая пауза

Стильтон послушал эту историю и
сказал:

– Я дам вам деньги. Купите комнату
в доме на центральной улице на втором этаже. Каждый вечер с пяти до двенадцати
на вашем окне должна стоять зеленая лампа. В это время вам нельзя выходить на
улицу. Работа нетрудная. Если вы согласны, я буду посылать вам деньги каждый
месяц. Как меня зовут, я вам не скажу.

 

მეორე პაუზის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

 

Чьи
предположения совпали с текстом? Что вы еще узнали о героях из второго отрывка?

Как вы думаете, что будет в следующем отрывке? (პასუხები იწერება დაფაზე)

 

 

მასწავლებელი კითხულობს მესამე პაუზას:

 

Третья пауза

 Ив очень удивился и сказал:

– Вы не шутите? Я согласен. Я
согласен даже забыть мое имя. Но сколько времени я должен жить в этой комнате с
зеленой лампой?

– Это неизвестно, – ответил Стильтон.
– Может быть, год, може быть, всю жизнь.

– Но зачем вам нужна эта зеленая
лампа? – спросил Ив.

– Это секрет. Большой секрет, –
сказал Стильтон. – Эта лампа – сигнал. А для кого – вы никогда не узнаете. Но
помните, что когда-нибудь вы станете богатым человеком.

Вечером на следующий день в одном доме
на окне второго этажа появилась зеленая лампа. Стильтон и Реймер стояли на
другой стороне улицы и смотрели на лампу. Стильтон сказал Реймеру:

– Приходите сюда иногда, дорогой
Реймер, и улыбайтесь. Там за окном сидит дурак. Я купил этого дурака надолго.
Он сам не знает, чего он будет ждать много лет.

– Но вы тоже дурак, Стильтон, –
ответил Реймер. – Что веселого в этой шутке?

– Я играю с живым человеком. Это
самое интересное, – сказал Стильтон.

 

პაუზის შემდეგ შეიძლება დაისვას კითხვები კლასის დონისა და
შესაძლებლობის გათვალისწინებით.
მაგალითად: Как вы думаете, играть с живым человеком – это интересно? Почему?

 

ცხრილზე მუშაობა. ამ დავალების შესრულება შეიძლება დაავალოთ ინდივიდუალურად ან წყვილებში.
საბოლოო ვარიანტი გამოვსახოთ  დაფაზე.

Информация о Стильтоне

Информация о Реймере

Информация о Джоне Иве

 

 

 

 

 

 

 

 

 

. მეოთხე პაუზის წაკითხვამდე მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ მოთხრობის სავარაუდო დასასრული.

 

Как вы думаете, как закончится этот
рассказ? Почему вы так решили?

 

თუ გაკვეთილი დაწყვილებულია, შეგიძლიათ გადახვიდეთ მომდევნო ნაწილზე. სხვა
შემთხვევაში უმჯობესია მოთხრობის სავარაუდო დასასრული მოსწავლეებმა შინ დაწერონ.

 

 

II გაკვეთილი

 

გამოწვევა – 5 წუთი

 

მოსწავლეები სავარაუდო დასასრულის საკუთარ ვარიანტებს სთავაზობენ კლასს.

 

შინაარსის რეალიზება – 15 წუთი

 

მასწავლებელი კითხულობს მეოთხე პაუზას (ბოლო ნაწყვეტს).

 

Четвертая пауза

Через несколько лет Стильтон стал
бедным. Он много играл в казино, истратил почти все свои деньги. Потом он
серьезно заболел и долго лежал в больнице. Врач прекрасно сделал трудную
операцию. После операции врач пришел к Стильтону.

– Вот мы и встретились, – сказал
врач, серьезный, грустный человек. – Вы узнаете меня? Я Джон Ив – человек,
который сидит каждый день около зеленой лампы. Я узнал вас с первого взгляда.

– Не верю своим глазам, – удивился
Стильтон. – Но что случилось?

– Я несколько лет сидел около
лампы, – ответил Ив. – Сначала от скуки, а потом с удовольствием я начал читать
книги, которые были в моей квартире. Однажды я прочитал медицинскую
энциклопедию и очень удивился. Я понял, какой интересный организм у человека. Я
читал эту книгу всю ночь, а утром пошел в библиотеку. Я начал заниматься,
прочитал много книг. Потом я поступил в медицинский колледж и стал образованным
человеком.

– Да, – сказал Стильтон. – Я давно
не был около вашего окна. Там еще стоит зеленая лампа?

Ив не ответил.

– Вам нужно спать, – сказал он. –
Через три недели вы сможете выйти из больницы. Тогда позвоните мне. Может быть,
я дам вам работу – писать фамилии людей, которые лежат в больнице.

 


·                    

ტექსტის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი
სვამს კითხვებს. იმართება მინიდისკუსია:

 

Ожидали вы такую концовку
рассказа?

Как вы думаете, что символизирует
зеленая лампа?

Как вы думаете, на окне Ива еще
стоит зеленая лампа?

Почему Джон Ив не ответил
Стильтону?

Как вы думаете, повезло Джону Иву
в жизни?

Простил Ив Стильтона? Почему?

Аргументируйте Ваши ответы.

 


·                    

მასწავლებელი აძლევს შემდეგი აქტივობის ინსტრუქციას:

Прослушайте текст еще раз и
напишите историю жизни Стильтона и историю жизни Джона Ива.

მასწავლებელი წინასწარ ანაწილებს დავალებას. ამის შემდეგ კითხულობს მოთხრობას. შეიძლება ტექსტის ორჯერ წაკითხვაც. მოსწავლეები ისმენენ (სელექციური მოსმენა) და მათთვის საჭირო ინფორმაციას ინიშნავენ. ამ დავალების მიზანია, შეძლონ მოსმენილი ტექსტიდან ორი
ამბის ერთმანეთისგან გამიჯნვა
და დაწერა.

 

რეფლექსია – 20 წუთი

 

მოსწავლეები წერენ და
შემდეგ კითხულობენ
გმირების ამბავს:

 

История Стильтона

История Джона Ива

 


გთავაზობთ მოსწავლის შეფასების კრიტერიუმებს (ნიმუშს), რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როგორც
განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასებისას.
მასწავლებელს შეუძლია ამ
კრიტერიუმების შეცვლა, დამატება, ქულების შეცვლა კლასისა და ცალკეული მოსწავლეების
შესაძლებლობების მიხედვით. მთავარია, შეფასება იყოს რელევანტური (მიზნის შესაბამისი)
და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებისთვის წინასწარ ცნობილი. შეიძლება ამ ცხრილების
გამოყენებით მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკის შექმნაც.


N

მოსმენა-ლაპარაკი

ქულა

1.

ამოიცნობს, სად და როდის ხდება ეს ამბავი

0-1-2

2.

ახასიათებს მთავარ გმირებს

0-1-2

3.

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს

0-1-2

4.

შინაარსიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა მთავარი გმირების შესახებ

0-1-2

5.

გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ

 

 

0-1-2

N

წერა

ქულა

1.

აღწერს სიტუაციას

0-1-2

2.

თანმიმდევრულად გადმოსცემს გმირის ცხოვრებას

0-1-2

3.

ინფორმაცია პერსონაჟის შესახებ სრულია

0-1-2-3

4.

სწორად იყენებს გრამატიკისა და ორთოგრაფიის წესებს

 

 

0-1-2-3

რამდენიმე სამხრეთის შესახებ

0
ჩემს მეგობარ დათო გორგილაძეს ხომ იცნობთ? მე და დათო ერთსა და იმავე დღეს დაბადებული ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი ვართ: მე ქერა ვარ, ის – შავგვრემანი; მე ლექსებს ვწერ, ის – მოთხრობებს; მე მომწონს მისი ნაწერები და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ, მაგრამ დათო მაინც უკმაყოფილოა, მას კი (თუ მეხსიერება არ მღალატობს) არასოდეს არაფერი უთქვამს ჩემი ნაწერების შესახებ, მაგრამ ხანდახან მეც შემიძლია, უპრეტენზიო ვიყო.

ამ პოსტის წერა იმისთვის არ დამიწყია, რომ მოგიყვეთ, რა არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს (თუმცა თითოეული მათგანი მეამაყება) – ნელ-ნელა მთავარ სათქმელთანაც მივდივარ: როცა საქმე საყვარელ წიგნებს ეხება, მე და დათო სრულიად საპირისპირო პოლუსებიდან ვუყურებთ სამყაროს. მე სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის მიდევს მილორად პავიჩის „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში”, დათოს კი უკვირს, როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანს პავიჩი ყველაზე მეტად, როცა ჭეშმარიტი მწერლობა სამხრეთ ამერიკაშია.

სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტას ვიცნობ, ვინც პავიჩს საყვარელ მწერლებს შორის იხსენიებს, ამიტომ გადავწყვიტე, დღეს მასზე მოგიყვეთ, მოგიყვეთ ჩემი სიზმრებისა და სავსე მთვარეების მწერალზე, რომლის სიტყვებიც ზაფხულის გრილ ღამეებს ატმის სურნელით და ძველი ქალაქების ბედნიერებანარევი სევდით ავსებს. უფრო სწორად, მის ერთ-ერთ წიგნზე მოგიყვეთ, რომელსაც „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” ჰქვია და თავიდანვე გითხრათ, რომ ტაროს კარტებით აგებული ეს ამბავი პავიჩის მოყვარულებსაც კი არ მიაჩნიათ მის საუკეთესო ნაწარმოებად. აი, მე სხვაგვარად ვფიქრობ – „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში”, უბრალოდ, ჯადოსნური წიგნია.

„…მიხვდა, რომ ადამიანის სულს აქვს თავისი აღმოსავლეთი, თავისი დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი. და მისთვის საიდანღაც ცნობილი იყო, რომ ამჟამად თავისი სულის ჩრდილოეთში იმყოფება”. გიფიქრიათ, სად არის თქვენი სული მაშინ, როცა მარტო ხართ და ხის ტოტზე თავდაყირა ჩამოკიდებული მშველელს ელოდებით? გიგრძნიათ, როგორ მოგზაურობთ თქვენივე ცხოვრების ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მაშინ, როცა ბედნიერი ხართ? ალბათ კი, უბრალოდ, სახელი არ დაგირქმევიათ თქვენი მოქმედებისა და მდგომარეობისთვის. ხშირად ხდება ასე – რაღაცებისთვის სახელის დარქმევას თავს ვარიდებთ ადამიანები, პავიჩი კი ის მწერალია, რომელიც ზღაპრულ ლაბირინთებში რეალობის აღმოსაჩენად, საკუთარ თვალებში ჩასახედავად გატარებს. 

„უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” სიძულვილისა და სიყვარულის, ერთგულებისა და დავიწყების, ბედნიერებისა და შურისძიების, საბედისწერო შეხვედრებისა და ღალატის ჩახლართულ ამბავს გვიყვება, გვიყვება ზემუნსა და კონსტანტინოპოლზე, გვიყვება მდინარე დუნაიზეც, რომელიც დროდადრო სუნს იცვლის და ნაპირზე ჩრდილებს რიყავს. გვიყვება ქალზე როგორც „გამარჯვებულის ცოლზე”, როგორც „გამარჯვებულის ქალიშვილზე” და, რაც მთავარია, როგორც „მესამე ფეხსაცმელზე”, ანუ განსაკუთრებულ არსებაზე, რომელიც ყოფის კანონზომიერებას არ ემორჩილება. გვიყვება მამაკაცზე როგორც მებრძოლზე, როგორც მამაზე, როგორც საყვარელზე. გვიყვება ომზე, რომელიც თაობების ცხოვრებას ცვლის, რომელიც ზოგჯერ სიყვარულის შეცვლასაც ცდილობს, მაგრამ ამაოდ.

„ – მერე არ იცი, რომ მამაშენი მამაჩემმა მოკლა ჯერ კიდევ გასულ ომში, გასულ საუკუნეში?

_ ეს შენი დანაშაული არ არის”.

არც ისე რთულია, იგრძნო – პავიჩი ყველა ომგამოვლილი თაობის სატკივარზე წერს. ვისაც არ გამოუცდია, ალბათ ვერ გაიგებს, ჩვენ კი, წესით, უნდა გავიგოთ. ისიც უნდა გავიგოთ, რომ „ეს შენი დანაშაული არ არის” ის სიტყვებია, ასე ძალიან რომ გვაკლია და გვჭირდება.  

ყველაფერს ნუ მომაყოლებთ. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, აუცილებლად წაიკითხეთ და თუ მოგინდებათ, თქვენი აზრიც მითხარით. დიდად არ მიყვარს ლიტერატურის განხილვა, ყოველ შემთხვევაში, იმაზე გაცილებით ნაკლებად მიყვარს, ვიდრე ბევრს ჰგონია, მაგრამ სიზმრებსა და ოთახს შორის მფრინავ, ყელზე ფეხსაცმელჩამოკიდებულ ერისენა ტენეცკაიაზე სალაპარაკოდ მუდამ მზადა ვარ.  

ჰო, ჩემი მეგობარი დათო გორგილაძით დავიწყე – დათოს პავიჩი არ უყვარს. უკვე ვხედავ, როგორ კითხულობს ჩემს პოსტს და ცალი თვალი თავისი თაროსკენ უჭირავს: „მარკესი, ბორხესი, კორტასარი, კასტანედა, ლიოსა…” ისინი ნამდვილად ბევრნი არიან, ბევრნი და მართლა გენიალურები, მე კი მგონია, რომ საკმარისია, წიგნი თუნდაც ერთ ადამიანს დაეხმაროს საკუთარი თავის პოვნაში, ამიტომ პავიჩის „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” მაგიდაზე ისე მიდევს, როგორც უძვირფასესი, ექსკლუზიური საკუთრება. რაც შეეხება დათოს, დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ძალიან ცნობილი მწერალია და მეც მის წიგნს ამაყად მოვათავსებ პავიჩის გვერდით. იქნებ როგორმე შევაგუო ერთმანეთს, უფრო სწორად, დათო შევაგუო მილორადს, თორემ, დარწმუნებული ვარ, პავიჩს არაფერი ექნებოდა მისი საწინააღმდეგო.

ანა პაპიკიანი – საკურთხი

0
ანა პაპიკიანი, სოფელ დილისკას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
დილისკა მდინარე ფარავნის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. მოხერხებული, ვაკეზე გაშლილი სოფელი გამორჩეულია ჯავახეთში როგორც ადგილმდებარეობით, ისე სიდიდითაც, აბულის ულამაზესი მთის თოვლიანი მწვერვალები კი მას ამაყად დასცქერის ზემოდან. სოფელს თავდაპირველად „დილისკარი” ერქვა. ეს მოხდენილი სახელი მართლაც მრავლისმეტყველად ჟღერს და ჩვენს ისტორიულ წარსულზე დაგვაფიქრებს.
– ქალბატონო ანა, მიამბეთ თქვენ შესახებ, მსურს, ჩვენს მკითხველს უკეთ გავაცნო სოფელ დილისკის ქართული ენის მასწავლებელი…

– ვარ ეროვნებით სომეხი, დედით ქართველი. დედაჩემის დიდი დამსახურებაა, ქართული ენა განსაკუთრებულად რომ მიყვარს. 1987 წლის 7 სექტემბერს დედა ტრაგიკულად გარდამეცვალა – მატარებელმა გაიტანა. იმ დღეს გადავწყვიტე, რა სირთულეც უნდა შემხვედროდა ცხოვრებაში, დედის ენა არასოდეს დამევიწყებინა. მისდამი საკურთხად მომავალი თაობებისთვის ქართული ენის სწავლება მიმაჩნდა. დღემდე მისი სულის დღეგრძელობისთვის, მისი ხსოვნისთვის უდიდესი ენთუზიაზმით ვასწავლი ჩემს სომხებს ქართულ ენას.

როდესაც მასწავლებლობა გადავწყვიტე, იმთავითვე მესმოდა, რა პასუხისმგებლობას ვეჭიდებოდი. პედაგოგიური საქმიანობისას გამუდმებით მქონდა განცდა, რომ ბავშვებთან ურთიერთობით ყოველდღე ვიცვლებოდი. ვცდილობდი, ფაქიზად შევხებოდი მათ გულებს და შემეყვარებინა მათთვის კითხვა, წერა, თავისუფალი აზროვნება, რადგან სწორედ თავისუფალ აზროვნებაში აღმოაჩენს ბავშვი სამყაროს, შეეხება ცხოვრებას და იგრძნობს, რა არის განათლება, ვინ ვართ ჩვენ და რა დანიშნულება გვაქვს ამ წუთისოფელში.

მახარებს, რომ ჩემი მოსწავლეებისგან გამუდმებით ვგრძნობ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ სკოლის დასრულების შემდეგ მიტოვებენ ძალიან ემოციურ, გრძნობით სავსე წერილებს. მე ამ წერილებს ვუფრთხილდები, ვუფრთხილდები მათ გულებს და მიხარია, ქართულად ასე კარგად რომ წერენ და აზროვნებენ. 

ბავშვების თვალები მის ენაზე უკეთ მეტყველებენ; მასწავლებელს ისინი თვალებით ესაუბრებიან. მეც ერთი შეხედვით ვგრძნობ ჩემის მოსწავლეების განცდებს, სურვილებს; ვხედავ, როგორ მიიღეს ახსნილი მასალა, რა გაიგეს და კიდევ რას ითხოვენ. უამრავი მოსწავლე აღვზარდე და გეზს მუდამ მათი თვალები მაძლევდა.

როდესაც შედიხარ კლასში, სადაც არ ესმით ენა, რომლის სწავლებასაც აპირებ, უფრო შემოქმედებითი უნდა იყო. მე, მაგალითად, ყოველთვის ვცდილობ მივახვედრო ბავშვი, კონტექსტით გავაგებინო, და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვუხსნი სომხურად, თუმცა უკვე მიჩვეულები არიან, რომ ქართულის გაკვეთილზე მხოლოდ ქართულად უნდა ილაპარაკონ და წარმატებითაც ახერხებენ ამას.

მასწავლებლობა უდიდესი, გაცნობიერებული პასუხისმგებლობაა. მესმის ეს და გაკვეთილებსაც დიდი პასუხისმგებლობით ვგეგმავ, რადგან დაგეგმილი გაკვეთილი უფრო წარმატებულია, უკეთაა მორგებული მოსწავლის საჭიროებებს, მიზნები უკეთაა გამოკვეთილი და უფრო იოლად ხერხდება შედეგზე ორიენტირება.

ქართულის სწავლება ურთულესია. ჩემი მიზანია, მათ ქართულ ენასთან ერთად აზროვნებაც ვასწავლო, რათა გაიაზრონ, რა საჭიროა სწავლა და კარგი განათლების წყალობით რა უპირატესობა ექნებათ მომავალში.

გარდა ამისა, ვცდილობ, ავუხსნა და გავააზრებინო ბავშვებს, რა არის ენა, კომუნიკაცია, ღრმად ჩავახედო ენის საკითხებში. ვგრძნობ, ამ დროს მეტი ინტერესით მისმენენ. 

ასევე მნიშვნელოვანია ქართული ლექსიკის შესწავლა, სიტყვათა მარაგის დაგროვება, ამიტომ კვირაში ერთხელ გვაქვს ლექსიკონის დღე და ამ დღეს მხოლოდ ლექსიკაზე ვმუშაობთ.

ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ იზრდებიან და ვითარდებიან ჩემი ბავშვები.

– თქვენი აზრით, როგორი მიდგომაა საჭირო ეფექტური შედეგისთვის?

– მოგეხსენებათ, სწავლების უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათგან ყველაზე ეფექტური მასწავლებელმა თავად უნდა მოიძიოს, გაიგოს, რას ითხოვენ ბავშვები, რა იციან და რამდენს დაიტევს მათი გონება. ბავშვებს უნდა მივცეთ ფიქრის, საკუთარ თავზე მუშაობის დრო.

საკუთარ მაგალითზე გეტყვით, რას მივიჩნევ ეფექტურ სწავლებად. როდესაც ახალ მასალას გავდივართ, უამრავი ახალი სიტყვა გვხვდება, რომელთა ასახსნელად ვიყენებ ამბებს, სურათებს, დაფაზე ვუხატავ… ყველა გზას ვიყენებ, რომ ბავშვებს სიტყვის ზუსტი მნიშვნელობის გაგებამდე მივიყვანო, ანუ კი არ ვუთარგმნო ან ლექსიკონის მეშვეობით კი არ ვათარგმნინო, არამედ კონტექსტის მიხედვით მათვე ამოვაცნობინო ახალი სიტყვა. ამასობაში კი საუბარს ეჩვევიან, ფიქრს სწავლობენ და სიტყვებს უკეთ აკავშირებენ ერთმანეთთან.

თავად მოწაფეები მეხმარებიან, რომ უკეთ დავგეგმო გაკვეთილი და სასურველ შედეგს მივაღწიო. ყველაფრის საწყისი ბავშვია და ის, ჩვენ, პედაგოგები, როგორ გარემოს შევუქმნით სწავლისთვის, რამდენად ვეცდებით მის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში, რამდენად მივცემთ შანსს იფიქროს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანი და მისაღებია. 

– ქალბატონო ანნა, თქვენ ძალიან კარგად წერთ. წილად მხვდა სიამოვნება, წამეკითხა თქვენი მოთხრობები, ჩანახატები, სადაც უდიდეს სიყვარულს გამოხატავთ ქართული ენისადმი, დამწერლობისადმი… 

– ბავშვობიდან მიყვარდა დღიურების წერა. ვწერდი ჩანახატებს და ამგვარად გამოვახატავდი ჩემს სათქმელს. ახლაც ვწერ მოთხრობებს, ესეებს. მუდამ ვამბობდი, რომ ქართული ჩემი მშობლიური ენაა. ასე რომ მიყვარს, ალბათ ქართული ასო-ნიშნების მოხდენილობის დამსახურებაცაა. ქართულად წერის დროს ვგრძნობ, როგორ მიმშვიდდება სული და უფრო მეტად ვუახლოვდები ქართული ენის სიდიადეს. 

– გვიამბეთ თქვენს სოფელზე. ჯავახეთი ცივი ადგილია, დილისკაში გვიან მოდის გაზაფხული, თან სოფელში ქართულად თითქმის არავინ ლაპარაკობს…
– სამწუხაროა, რომ სოფელში მხოლოდ ერთი ქართველი ცხოვრობს. მასთან აქაურებს კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვისურვებდით, აქ მეტი ქართველი ცხოვრობდეს, რომ ჩვენმა მოსახლეობამაც ისწავლოს ქართული. გული მწყდება, როდესაც ბავშვები სკოლაში გამართული ქართულით საუბრობენ, მერე კი სკოლას ამთავრებენ, ოჯახს ეკიდებიან და ავიწყდებათ, რადგან ქართველებთან არ აქვთ ურთიერთობა. მახარებს, რომ რეგიონში ასე წარმატებულად მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ჩვენთან ჩამოსული მასწავლებლები აქაურების დიდ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ, მიზიარებენ თანამედროვე მეთოდებს, ვთანამშრომლობთ და ერთობლივად ვიღვწით მიზნის მისაღწევად. მათი დამსახურებაა, რომ ჩვენს სოფელში მუდმივად ისმის ქართული „გამარჯობა” და „როგორ ბრძანდებით”. ამის ნათელი მაგალითია ის სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას ქართული ენის სპეციალობით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ენის შესწავლას.

ჩვენს სოფელში ძალიან შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევენ. ახლახან ერთმა მეთორმეტეკლასელმა მითხრა: „მასწავლებელო, ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება ეს მიწის სამუშაოები, რომ გულიანად მივხედო სწავალასო”.

ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ხმამღლა ვთქვა ჩემს სოფელში, ჩემს სკოლაში ქართული სიტყვა, ვასწავლო და მშობლიურივით შევაყვარო ის ყველას. ამით დედის წინაშე პირნათელი ვიქნები.
P.S. მე ამ სოფელში 2013 წლის თებერვლიდან ვმუაშობ პროგრამით „ქართული ენა მომავლი წარმატებისთვის”. მე და ანა სხვა ქართულის მასწავლებლებთან ერათად ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას, ვიღვწით, რომ მხოლოდ სახელმწიფო ენაზე კი არ ავალაპარაკოთ ჩვენი მოსწავლეები, არამედ გავაცნოთ და შევაყვაროთ ქართული კულტურაც, რომ თავი ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ.

ქალბატონ ანას ვუსურვებ, კიდევ დიდხანს გაეგრძელებინოს თავისი პედაგოგიური საქმაინობა ჯავახეთის ამ ლამაზ სოფელში, დილისკაში.

ესაუბრა ნათია ვარძელაშვილი

არდადეგებზე საკითხავი წიგნები

0

კონსპექტები იყო მაშინ მოდაში და როდესაც ჩვენი ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა წიგნების უშველებელი ნუსხა ჩაგვაწერინა, გულახდილად
რომ ვთქვა, გამიკვირდა. შესაძლოა მართლა სჯეროდა ჩვენი თავგამოდების, მაგრამ ერთია
სურვილი და მეორე – რეალობა: ამდენი ჟანრულად და თემატურად განსხვავებული წიგნის
არდადეგებზე წამკითხავები მაშინ არ ვიყავით.

ცოტათი ნაკლები რომ მოეცა დავალებად? – ვერ ვიტყვი,
რომ ეს საქმეს უშველიდა. ერთით მეტ თუ ხუთით ნაკლებ დასახელებას, არა მგონია, ინტერესითა
და ენთუზიაზმით ავევსეთ. საერთოდაც, ვფიქრობ, რომ აქ მოცულობა კი არ იყო მთავარი, არამედ
მიწოდების ფორმა.

„ეს თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული!” – შემპარავი
კატეგორიულობით ნათქვამი ფრაზა თავიდანვე გამაღიზიანებლად ჟღერდა. მახსოვს, ჩემ წინ
მჯდომი კლასელი მომიბრუნდა და გაოცებულმა მიჩურჩულა: 

– რატომ აუცილებლად?

– მე რა ვიცი.

– ეეე, რიჟა ბაზარია. ეგერ, გუჯას არც გაუგონია „მაკბეტი”,
მაგრამ „პიცოტიც” დაირტყა და მაგარ ნაშებსაც კერავს!

– კაი ახლა, შენც ნუ გაფარშივდები, სად შექსპირი და
სად გუჯა, მანქანების ბარიგა!

მაგრამ მერე რომ დავუკვირდი, არ იყო ჩემი კლასელის ეჭვი
მთლად უსაფუძვლო. რასაც სკოლაში გასწავლიან, წესიერად ის ვერ გამოგიყენებია კაცს და
კლასგარეშე ლიტერატურაზე რატომღა უნდა დაიხარჯო?! ხომ შეიძლება, ის დრო, ნანატრი არდადეგები,
უფრო სასიამოვნო რამეებს მიუძღვნა? წერა-კითხვა სკოლაშიც გეყოფა, მაშინ, როცა გაკვეთილები
გაქვს მოსამზადებელი და ნიშნებს გიწერენ. როცა არავინ არაფერს გთხოვს და ვერც მასწავლებელი
გიხსნის, რატომ არის აუცილებელი ამ წიგნების წაკითხვა – დაჯექი და დაისვენე!

მაგრამ არსებობს ერთი მაცდუნებელი მომენტი!

მესამე დღეს მეზობელი ბიჭი, ვისთან ერთადაც საღამოობით
ფეხბურთს ვთამაშობდი, მესტუმრა და ოთხად გაკეცილი ქაღალდის ფურცელი გამომიწოდა – ბებიაშენს
მაგარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამ წიგნს ვეძებ და იქნებ მიპოვოო.

– ფილიპ სუპო, „ნიკ კარტერის სიკვდილი”, – ეწერა ქაღალდზე.

– რა ჩემ ფეხებად გინდა! – ცოტა გავბრაზდი და შემშურდა
კიდეც, ამ სახელისა და სათაურისთვის ყურიც რომ არ მომეკრა.

– მაინტერესებს, – მისმა მშვიდმა პასუხმა წონასწორობა
დამაკარგვინა. ვცდილობდი, სიბრაზე არ შემტყობოდა, მაგრამ შურმა, ეტყობა, მაინც თავისი
გაიტანა და ისე ვუპასუხე, რომ ბიბლიოთეკისკენ არც გამიხედავს:

– არ გვაქვს ეგ სუპოა თუ ბორში!

გაბრუნდა და წავიდა. მთელი დღე ვერ მოვისვენე, დავწრიალებდი,
ოთახიდან ოთახში დავდიოდი, ეს ფიქრი და ჩემი სულელური საქციელი ვერ ამოვიგდე თავიდან.
ბოლოს ვეღარ მოვითმინე და შინ მივაკითხე ჩემს მეზობელს.

– გადაგიარა ფსიქოზმა? – მკითხა ღიმილით, კარი რომ მიხურა
და ჩამოვსხედით, – რა განერვიულებდა, ბიჭო, წიგნი გთხოვე.

– ძმას ვფიცავარ, არ მქონდა ეგ წიგნი.

– მივხვდი, რომ არ გქონდა, – მერე წამოდგა, საწერ მაგიდასთან
მივიდა, უჯრა გამოაღო და ჟურნალი მომაჩეჩა, – აქ ერთი ძალიან მაგარი ტიპის, თომას ვულფის
ჩანაწერებია, სასწაულ რამეებს ამბობს. ეგეთი გულწრფელობა და სინაღდე რომ მოგვცა ჩვენ…
იმ დღეს ლამარა თამაზოვნამ მოიტანა უშველებელი ლისტი, ესა და ის წიგნები წაიკითხეთ
არდადეგებზეო…

– კი, ჩვენთანაც იყო.

– საყვარელი ქალია, პატივს ვცემ და ჩავიწერე მაინც.
გავბრაზდი, გავმწარდი, მაგრამ მაინც ჩავიწერე. მერე სადღაც მეგდო, რვეულებში. გუშინ
საღამოს, „იუვენტუსმა” რომ პენალტებით წააგო ლიგის ფინალი, ვერ დავიძინე, ეს თომას
ვულფი კაი ვინმე ჩანს და ბარემ წავიკითხავ-მეთქი. ვკითხულობ, ვკითხულობ და შუა ჩანაწერებში
სია არ გაიჩითა? „თანამედროვე ახალგაზრდის ბიბლიოთეკა” – ასე ჰქვია და ის წიგნებია
ჩამოთვლილი, რაც ვულფს ჩვენთვის ემეტება წასაკითხად: პლატონის „ფედონი”, გოეთეს „მოგზაურობა
იტალიაში”, დოსტოევსკის „იდიოტი”, ჰეროდოტეს „ქრონიკები”, კლაისტის „პენტესილეა”, პოს
მოთხრობები, იბსენის „პერ გიუნტი”, ზოლას „ჟერმინალი”, ჰარდის პოემები, შექსპირის
„ჰამლეტი”, ჯოისის „ულისე”, ბალზაკის „შაგრენის ტყავი”, გოეთეს „ფაუსტი”, სტრეჩის
„დედოფალი ვიქტორია”, სუინბერნის ლექსები და ბალადები, სტრინდბერგის „მამა”, როლანის
„ჟან კრისტოფი”, რაბლეს „გარგანტუას ისტორია”, ფრანსის „პინგვინთა კუნძული”, რიდის
„მონასტერი და მშობლიური კერა”, ბაირონის „დონ ჟუანი”, გოლსუორსის „მესაკუთრე”, ფილიპ
სუპოს „ნიკ კარტერის სიკვდილი”, შპენგლერის „ევროპის დაისი”, ჰაინეს ლირიკა, ძმები
გრიმების ზღაპრები, თომას მანის „ბუდენბროკები”, კნუტ ჰამსუნის „შიმშილი”, გეორგ კაიზერის
„ოქტომბრის დღეს”.

– ვააა…

– იცი, რა დამემართა?! რო ჩავხედე, თომას ვულფისა და
ლამარა თამაზოვნას სიები, ოთხმოცი პროცენტი, ერთი ერთში ემთხვეოდა! გავგიჟდი კინაღამ,
თან უეჭველი მჯერა, ვულფი კი არა, მაქსიმუმ მარკ ტვენი ჰქონდეს წაკითხული ამერიკელებიდან…

დაბნეული და გაოცებული ვუსმენდი.

– შენთანაც მაგიტო გადმოვედი, ვინც ლამარა თამაზოვნას
არ უწერია, ეგებ ჰქონდეს-მეთქი…

…დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, მრავალი წელი და არდადეგებზე
წაკითხული წიგნი გადაიფურცლა. გუჯას მალევე ჩაუწვა ბიზნესი და მოუწია ნალოლიავები
„პიცოტის” ბაზრობაზე გაყვანა. ამას წინათ კი, ახლობლის გასვენებაზე ერთი დღით ჩასული,
ჩემი ძველი მეზობლის გვერდით აღმოვჩნდი, ერთმანეთი მოვიკითხეთ და უცებ მეუბნება:

– შენ ხო გახსოვს, ლამარა თამაზოვნამ რო სამიანი გამომაყოლა
ბოლო წელს?! გუშინ მივადექი, მაგ ამბიდან ათი წლის თავზე. მასწ, ატესტატი ხო გამიფუჭეთ,
მარა ნიძლავს დაგიდებთ, თქვენი მოწაფეებიდან ჯოისის „ულისე” თავიდან ბოლომდე მარტო
მე მაქვს წაკითხული-მეთქი. გულიანად გაეცინა. შემეცოდა, ძაან მოტეხილა საწყალი…

„წიგნის თასი“

0

ამ სტატიაში, მინდა, წიგნის კითხვაზე გესაუბროთ, რომელიც
ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი უსაყვარელი გასართობი იყო, მერე კი პროფესიის ყველაზე მნიშვნელოვან
ასპექტად იქცა. სტატიის დაწერისკენ ჩვენი პატრიარქის შესანიშნავმა ინიციატივამაც მიბიძგა – შაბათის კითხვის დღედ გამოცხადებამ. ეს
ინიციატივა ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, ძალზე საგულისხმოა, რადგან კიდევ ერთხელ
დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ჩვენი მოსწავლეები არ კითხულობენ იმდენს, მათი სრულფასოვანი
განვითარებისთვის რომ იკმარებდა. მასწავლებელი ვერ მიაღწევს ვერც ერთ სასწავლო შედეგს,
თუ მოსწავლემ არ წაიკითხა საჭირო მასალა. ამასთან, სააზროვნო უნარების განვითარება
მხოლოდ წაკითხულის გააზრებითა და გაანალიზებით მიიღწევა, ხოლო მაღალი შემოქმედებითი
უნარების განვითარებისთვის აუცილებელია, მოსწავლე კლასგარეშე ლიტერატურასაც ხალისით
კითხულობდეს. ხდება კი ასე? სამწუხაროდ, არა. ჩვენმა სინამდვილემ ბავშვები წიგნებს
დააშორა, რაც ძალიან შემაშფოთებელია. მიმაჩნია, რომ ბავშვობამ მსოფლიო ლიტერატურის
შედევრების წაკითხვისგან მიღებული ემოციების გარეშე არ უნდა ჩაიაროს. არსებობს წიგნები,
რომელთა წაკითხვაც ადამიანმა გარკვეულ ასაკამდე უნდა მოასწროს, რადგან მერე ის გემო
აღარ ექნება.

დღეს მასწავლებლობა სულაც არ არის აუცილებელი იმის დასადგენად,
რომ იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებსაც არ უყვართ კითხვა, საკმაოდ დიდია. ფაქტია ისიც,
რომ მასწავლებლების ძალისხმევა არ კმარა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მასწავლებელთა
ერთი ნაწილი ეგუება კიდეც ამ ფაქტს, როგორც გარდაუვალს, მაგრამ უმეტესობას სურს, ყველა
მოსწავლეს გაუღვივოს კითხვის სიყვარული. მაშ, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა? როგორ გადავაქციოთ
უხალისო მკითხველები მონდომებულებად? როგორ მოვახერხოთ მათი შთაგონება? რა ვასწავლოთ
მათ, რომ წარმატებას მიაღწიონ?

ამ კითხვაზე, რასაკვირველია, ერთი კონკრეტული პასუხი
არ არსებობს. არსებობს პრობლემა და განათლების ექსპერტთა მიერ შემოთავაზებული სტრატეგიები,
რომლებიც შეიძლება წარმატებით დავუპირისპიროთ მას. მთავარია სურვილი და მოქმედების
დაწყება.

ქვემოთ შემოგთავაზებთ განათლების სპეციალისტების რამდენიმე
რჩევას და გაგაცნობთ ერთ ძალზე საინტერესო ღონისძიებას, რომელსაც ამერიკის კონეკტიკუტის
შტატის ქ. ნიუ ჰევენის ერთ-ერთ სასკოლო უბანში უკვე რამდენიმე წლის ისტორია აქვს.

როგორც ჩანს, წარმატების გასაღები ისევ სწავლის პროცესში
უნდა ვეძებოთ. მოსწავლეები საკუთარი სწავლის პროცესის აქტიურ მონაწილეებად უნდა ვაქციოთ
და არა მასწავლებლის ინსტრუქციების პასიურ შემსრულებლებად.

ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ პირველი ამოცანა, რომელიც
მასწავლებელმა უნდა დაისახოს, მოტივირებაა. მოსწავლის მოტივირების მიზნით სასურველია
მასწავლებელმა მოტივაციის ორივე ფორმას მიმართოს. გარე მოტივაცია მოსწავლეს მისცემს
რწმენას, რომ სასწავლო პროცესში წარმატებული მონაწილეობა მოუტანს ისეთ სასურველ შედეგს,
როგორიცაა ჯილდო, მასწავლებლის ქება, სასჯელისთვის თავის არიდება და ა.შ. გაცილებით
მნიშვნელოვანი და სრულყოფილია შიდა მოტივაცია.
შიდა მოტივაციის არსებობისას აქტივობა სასიამოვნო და წამახალისებელია თავისთავად. მართალია
დადგენილია, რომ შიდა მოტივაცია უფრო მნიშვნელოვანია და მასწავლებლის საბოლოო მიზანიც
სწორედ ეს არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გარე მოტივაცია უფრო იოლი გზაა და
სწრაფ შედეგს იძლევა, მასწავლებელს შეუძლია, პირველ ხანებში ხშირად მიმართოს მას და
დროთა განმავლობაში მოსწავლეს შიდა მოტივაციაც განუვითაროს.

 

მოტივაციის სტრატეგიები

* ასწავლე მერყევ მკითხველებს, დაისახონ ღირებული მიზანი კითხვების
დასმით.
ბევრი ბავშვი კითხვის პროცესისგან
თავს გაუცხოებულად იმიტომ გრძნობს, რომ ვერ ხედავს კავშირს იმასთან, რის წაკითხვასაც
მათგან მოითხოვენ, ამიტომ მოსწავლეებს მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ, რატომ კითხულობენ
იმას, რასაც კითხულობენ და დავეხმაროთ კავშირის პოვნაში თავიანთ ცხოვრებასა და წასაკითხ
მასალას შორის. ამ მიზნით მცირე დისკუსიაც შეიძლება გაიმართოს, სადაც მოსწავლეები შეეცდებიან
აღმოაჩინონ თავიანთი კავშირი წასაკითხ ამბავთან.

* დაადგინე
წინააღმდეგობისა და გაუცხოების მიზეზები.
რატომ არ უყვარს ზოგიერთ ბავშვს კითხვა?
უმეტესად ეს გამოწვეულია სუსტი უნარებით, ამიტომ, უპირველესად, ასეთი მოსწავლეების
მიმართ ყურადღებისა და ემპათიის გამოჩენაა საჭირო. არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამას მნიშვნელობა
მაინც არ აქვს. კარგად შევისწავლოთ მოსწავლის პიროვნება. ყველაზე გავრცელებული შეფასება
ისეთი მოსწავლისა, რომელსაც კითხვა არ უყვარს, არის „ზარმაცი”. ეს არასწორია (მე თუ
მკითხავთ, ზარმაცი მოსწავლე საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ, ზოგიერთის სასწავლო პროცესში
სრულყოფილად ჩართვას ჩვენი კომპეტენცია არ ჰყოფნის). ზოგჯერ მოსწავლეს თავდაჯერების
უქონლობა უშლის ხელს. თუ კარგად შევისწავლით უხალისობის
მიზეზებს, ჩვენს ბავშვებსაც სხვა კუთხით დავინახავთ. საშუალო და უფროსი კლასის მოსწავლეების
კითხვით დაუინტერესებლობის მიზეზი კი ყველაზე ხშირად მრავალჯერ განცდილი მარცხის შემდეგ
გულის გატეხა გახლავთ.

* ჩართე მოსწავლეები
წარმატების მისაღწევი გზების ძიებაში.
ზუსტად განსაზღვრული მიზნები ზრდის იმის ალბათობას, რომ მოსწავლეები გაიგებენ ამ მიზნებს
და მოინდომებენ მათ მიღწევას. როცა მასწავლებელი მიზნების დასახვაზე დაიწყებს ფიქრს,
თავის თავს უნდა ჰკითხოს: „რა შეიძლება გავიგო ამ ბავშვის შესახებ ისეთი, რაც დამეხმარება,
ჩავწვდე მის სურვილებსა და ფიქრებს
?

* აქციე მოსწავლეები თანამონაწილეებად – მიეცი თავისუფალი, რეკრეაციული
კითხვის საშუალება.
უთხარი მოსწავლეებს,
რომ შეუძლიათ წაიკითხონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ (მათ შორის – სპორტული და ახალგაზრდული
ჟურნალებიც). მოთხოვნა ასეთი უნდა იყოს: კითხვას ყოველდღიურად დაუთმონ განსაზღვრული
დრო და გაიაზრონ წაკითხული. თუ ს ვერ მოახერხეს, უნდა ახსნან, რამ შეუშალათ ხელი. მასწავლებელმა
უნდა გააანალიზოს, იქნა თუ არა მიღწეული დასახული მიზანი და რა ცოდნა მოიპოვეს მოსწავლეებმა.
ცალკეულ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს განსაკუთრებული სირთულეები შეექმნა, შეიძლება, მასწავლებელმა
მას ინდივიდუალური დახმარება გაუწიოს, მიუჯდეს გვერდით და მასთან ერთად იკითხოს ტექსტი
თუნდაც 5 წუთის განმავლობაში, გაუცვალოს მიღებული ინფორმაცია.

* აქციე კითხვის კულტურა
შენი საკლასო ცხოვრების ნაწილად, ისეთ აქტივობად, რომელიც პოზიტიურ წახალისებას იღებს.
კითხვის შესაძლებლობა ხშირად შესთავაზეთ მოსწავლეებს.
მიზნად დაისახეთ, რომ ბავშვებმა თქვან: „ჩვენ გვიყვარს კითხვა”. წარმოიდგინეთ, რა ამაყი
იქნება მოსწავლე, როცა მასწავლებელს ან თანაკლასელს ეტყვის, რომ მან გამარჯვების მომტანი
საფეხბურთო დარტყმა წიგნიდან ისწავლა და რა შთაბეჭდილებას მოახდენს ამით თანატოლზე!
სხვების სურვილების, მათი მოწონება-არმოწონების პატივისცემა ეხმარება მოსწავლეებს,
ჩამოყალიბდნენ ემპათიის მქონე პიროვნებებად და არ იმოქმედონ მხოლოდ საკუთარი სურვილებით.

 

შეჯიბრება ზრდის კითხვის სურვილს

სტატიის დასასრულს, როგორც ვთქვით, ერთ საინტერესო შეჯიბრებაზე
ვისაუბრებთ, რომელიც ამერიკის ქალაქ ნიუ ჰევენში მოიგონეს და რამდენიმე წელია წარმატებით
ატარებენ. იდეის ავტორებმა გაითვალისწინეს, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ სპორტის სხვადასხვა
სახეობაში მონაწილეობა და წიგნის კითხვაც სპორტად აქციეს. მათ გააერთიანეს განსაზღვრული
რაოდენობის სკოლები და გამოიგონეს შეჯიბრება, რომელსაც „წიგნის თასი” დაარქვეს.

შეჯიბრების წესები ასეთია: თითოეული სკოლა ქმნის თითო
5-კაციან ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთს წინასწარ არჩეული 10 წიგნის ცოდნაში ეჯიბრებიან.
თავდაპირველად ერთმანეთს ეპაექრებიან ერთი და იმავე კლასის მოსწავლეები. გუნდის თითოეული
წევრის მოვალეობაა, გახდეს შერჩეული 10 წიგნიდან, სულ ცოტა, ორის „ექსპერტი”. მათ ამაში
მასწავლებლები და მშობლები ეხმარებიან. შეჯიბრების დროს გუნდებს კითხვებს უსვამენ წაკითხული
წიგნებიდან და, სპორტული შეჯიბრების მსგავსად, სწორ პასუხებში ქულებს ანიჭებენ. ამრიგად,
ბავშვები აცნობიერებენ, რომ წიგნების კითხვა საკმარისი არ არის – მნიშვნელოვანია წაკითხულის
გააზრებაც. „ჩვენ ნელა ვკითხულობდით და ვცდილობდით, დაგვემახსოვრებინა თითოეული სიტყვა”,
– ამბობს მეოთხეკლასელი ჯორდანი, შეჯიბრების ერთ-ერთი მონაწილე, – „მათ ისეთი კითხვებიც
ჰქონდათ, რომლებიც სულაც არ იყო ახლო კავშირში წიგნში მომხდარ მთავარ ამბებთან”.

წიგნის თასი ისეთივე გრძნობებს იწვევს, როგორსაც სხვა
სპორტული შეჯიბრება. მოსწავლეები ერთად ემზადებიან და ცდილობენ, დაამარცხონ მეტოქე.

შეჯიბრებას ორგანიზებული სახე აქვს. მასში განსაზღვრულია
საწყის მონაწილეთა რაოდენობა. მერე მოვლენები ისე ვითარდება, როგორც ჩვეულებრივ სათასო
სპორტულ ღონისძიებაზე. ერთი ეტაპიდან მეორეზე გადადის გუნდების მხოლოდ ნახევარი ანუ
მოქმედებს ჩვეულებრივი ფლეი-ოფის სისტემა. ფინალში 4 საუკეთესო გუნდი გადის. ფინალი
ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

შეჯიბრების ყველა მონაწილე იღებს სერტიფიკატს, ფინალის მონაწილეები
– მედლებს, ხოლო ფინალში გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით ხელდამშვენებული უბრუნდება
სკოლას. 

გამარჯვებული გუნდი სასკოლო ოლქის

და Fleet
Bank-
ის
(მარჯვნივ) წარმომადგენლებთან ერთად

 

შეჯიბრების მეორე მონაწილის, ჰანას აზრით, ამ შეჯიბრების საუკეთესო
ნაწილი მისი გუნდი იყო. „მე ყველაზე მეტად გუნდში ყოფნა და ერთად მუშაობა მომეწონა”,
– ამბობს ის – „ამან მეგობრებთან ერთად ყოფნის საშუალება მომცა. დიდი მნიშვნელობა არ
აქვს, მოიგებ თუ წააგებ, ორივე შემთხვევაში შეჯიბრება სახალისოა”.

„წიგნის თასი” კითხვას სპორტის სახეობად აქცევს”, –
ამბობს ბილი დერი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი, – „ის სახალისოა, ძალზე საინტერესო და
დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს”.

ამაში მას ეთანხმება ნიუ ჰევენის საჯარო სკოლების 1500-ზე
მეტი მოსწავლე. მათ როგორც ყოველწლიური „წიგნის თასის” მონაწილეებმა ერთი სასწავლო
წლის განმავლობაში თითქმის 5000 წიგნი წაიკითხეს.

ორგანიზატორების აზრით, ღონისძიება ხელს უწყობს მოსწავლეებში
კოლაბორაციული უნარების განვითარებას, კარგი საშუალებაა ბავშვების სკოლისგარე ჯანსაღი
ურთიერთობისა, და კიდევ ერთი – ამ ღონისძიებამ არნახულად გაზარდა ბიბლიოთეკების როლი,
შეჯიბრების მონაწილე მოსწავლეები აქტიურად სარგებლობდნენ მათი მომსახურებით.

წიგნის თასს აქტიურად დაეხმარა ბანკიც. კერძოდ, Fleet
Bank-მა „წიგნის თასის” ფონდისათვის თანხა გაიღო, დააფინანსა ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ
შექმნილი საიტი, უმასპინძლა ფინალს და შეიძინა საპრიზო ჯილდოები და წიგნები.


მე მგონი, არც ერთ მასწავლებელს (განსაკუთრებით – კლასის
დამრიგებლებლებს) სურვილის შემთხვევაში არ გაუჭირდება ასეთი შეჯიბრების მარტივი, მათთვის
მოხერხებული ფორმატით ჩატარება. ეს კარგი სტიმული იქნება მოსწავლეებისთვის, მეტი იკითხონ.

აღმოვაჩინოთ ჩვენს გვერდით ქოუჩი

0

მართალია ქოუჩი უცხო სიტყვაა, მაგრამ ამ სიტყვაში შეიძლება მოვიაზროთ ყველა ის პროფესიონალი, ვისაც თქვენს წარმატებაში წვლილი მიუძღვის.

განათლების სფეროში დღეს ხშირად გვესმის სიტყვები – შედეგზე ორიენტირებული სწავლება, შედეგების თვისობრივი ანალიზი, შედეგების რაოდენობრივი ანალიზი, შედეგზე ორიენტირებული მიზნები… რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ცდილობენ ჰქონდეთ უკეთესი შედეგები. ნებისმიერი შედეგის მიღწევას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი ძალისხმევა მოითხოვს დაზუსტებას, რადგან ამ ტერმინის დაკონკრეტება დამოკიდებულია – ვინ არის ის, ვინც შედეგს მიაღწია (მოსწავლე, კლასის დამრიგებელი, საგნობრივი კათედრა, სკოლის მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექტორი, სკოლაა…) და რაში მდგომარეობს მიღწეული შედეგი. განათლების სფეროს წარმატებულ ადამიანებთან საუბარში ისინი ყოველთვის აღნიშნავენ მათ წარმატებაში იმ პიროვნების როლს, რომელმაც ისინი
1. დააფიქრა 2. რჩევა მისცა 3. გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა 5. ასწავლა 6. მის შესაძლებლობებში დაარწმუნა 7. სირთულე დააძლევინა 8. კარიერულ ზრდაში ხელი შეუწყო 9. საკუთარი ემოციის მართვა ასწავლა… საქართველოს რეალობაში ამ ფუნქციის შემსრულებელი პიროვნება ხან სკოლის სასწავლო ნაწილია, ხან სკოლის დირექტორი, ხან ტრენერი, ხან განათლების სპეციალისტი ხან „ჭკვიანი ადამიანი” ხან შემთხვევითი ადამიანი და ამ ადამიანმა შესაძლოა სულაც არ იცოდეს რომ ასეთ საქმიანობას დასავლეთის წარმატებულ ქვეყნებში უწოდებენ ქოუჩინგს და ასეთ კადრს ქოუჩს.

ქოუჩინგი (coaching) არის ტერმინი, რომელიც დღეისათვის სხვადასხვა კონტექსტში და სრულიად სხვადასხვაგვარი მნიშვნელობით გამოიყენება. ტერმინში უკეთ გასარკვევად, თვალი მის წარმოშობას გადავავლოთ. საწყისი მნიშვნელობით ქოუჩი (coach) ნიშნავს ეტლს, ეკიპაჟს. ეს უნგრული წარმოშობის სიტყვაა და ინგლისურ ენაში 1556 წლიდან გვხვდება. სიტყვის საწყისი მნიშვნელობა სიმბოლურად კარგად გადმოგვცემს ქოუჩინგის არსს: ეტლი დამხმარე საშუალებაა ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილებისათვის და მიზნის მისაღწევად.

1848 წლიდან სიტყვა „ქოუჩი” უნივერსიტეტის სტუდენტების ყოველდღიურ სასაუბრო მეტყველებაში მათი კერძო კურატორების აღსანიშნავად გამოიყენება. სპორტის სფეროში ქოუჩინგი 1885 წლიდან ინგლისსა და აშშ-ში დამკვიდრდა. ქოუჩინგი ინგლისში გამოიყენება დამრიგებლის, ხელმძღვანელის, მრჩევლის განზოგადებული მნიშვნელობით. გერმანიაში ეს ტერმინი სამი მიმართულებით გამოიყენება:

·საუკეთესო სპორტსმენების ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაცია;
· განვითარებაზე ორიენტირებული მართვის სტილი;
·ხელმძღვანელების ინდივიდუალური კონსულტირება.

აშშ-ში მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან ქოუჩინგი აღნიშნავს პერსონალზე და განვითარებაზე ორიენტირებული მართვის სტილს, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლები პიროვნულად ვითარდებიან და შრომის უნარს იუმჯობესებენ. აღნიშნული მიმართულება გერმანიაში 80-იანი წლებიდან დამკვიდრდა ტერმინით – ხელმძღვანელი, როგორც ქოუჩი. მოთხოვნა, რომ ხელმძღვანელი საკუთარი თანამშრომლების ქოუჩი იყოს, თავიდან გასაღების სფეროში ჩამოყალიბდა და შემდგომ სხვა სფეროებზეც გავრცელდა. ამის პარალელურად, 80-იანი წლების შუა პერიოდიდან, ქოუჩინგის ცნებამ ხელმძღვანელთა ორგანიზაციის გარეთა კონსულტირების მნიშვნელობა შეიძინა. თავიდან ქოუჩინგი უკავშირდებოდა მხოლოდ უმაღლესი დონის ხელმძღვანელების კონსულტირებას. დღესდღეობით კი ბევრ კომპანიაში ქოუჩინგი პერსონალის განვითარების ღონისძიებების შემადგენელი ორგანული ნაწილია. ბევრ კომპანიაში პრესტიჟულადაც კი არის მიჩნეული პირადი ქოუჩის ყოლა.
პროფესიული ქოუჩის როლები

ეფექტური ქოუჩი ხან გარკვეული დროით ორგანიზაციული სისტემის წევრი ხდება, ხან კი გარედან აანალიზებს მას. ხატოვნად რომ ვთქვათ, იგი მუდმივად გადადის და გადმოდის საზღვრის ერთი მხრიდან მეორეზე. აქედან გამომდინარე, ქოუჩი შესაძლოა, შემდეგ მნიშვნელოვან როლებს ასრულებდეს:

·პიროვნებისა და სისტემის სარკე;
·მცოდნე შუამავალი და არა ცოდნის გადამცემი;
·განვითარებაში დამხმარე და არა მასწავლებელი;
· პარტნიორი;
·კონფლიქტის ანალიტიკოსი;
·პოზიტიური ორიგინალი, არასტანდარტულად მოაზროვნე;
·გამამხნევებელი;
·გარემოს აგენტი, რომელიც ახორციელებს ჭეშმარიტ უკუკავშირს
ვინ არ არის ქოუჩი?

ქოუჩი არ არის მასწავლებელი. ჭკუის სწავლება აქტიურობას აფერხებს. ქოუჩი არ არის გურუ. იგი არც ყოვლისმცოდნეა და არც მაშველი. ქოუჩი არ არის საუკეთესო ხელმძღვანელი. ის ქოუჩინგის პროცესის უფროსია და არა – ორგანიზაციის. ქოუჩი ასევე არ არის ხელმძღვანელის ხელის გაგრძელება. მას არ აქვს უფლება, შემკვეთის ინტერესების საპირისპიროდ იმოქმედოს, მაგრამ იგი არ არის არც ხელმძღვანელის სურვილების შემსრულებელი და არც უკიდურესი საშუალება მართვის შეცდომების გამოსასწორებლად. ქოუჩი არ არის ორგანიზაციის შიგნით უმოქმედობისა და დაუდევრობის ალიბი.
ქოუჩინგის განხორციელების მიზეზები

უმეტესად, ქოუჩინგი შემდეგ სიტუაციაში ხორციელდება: მაგალითად, საჭიროა სამსახურებრივი გადაწყვეტილების მიღება, ან ახალი როლისა და ქცევების ათვისება. ხელმძღვანელი, როგორც წესი, დამოუკიდებლად ცდილობს საკუთარი პრობლემის გადაჭრას ან შეკითხვაზე პასუხის გაცემას. თუ იგი დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ მოიპოვებს წიგნებიდან, საკუთარი ანალიზიდან, მეგობრებთან და კოლეგებთან გასაუბრებიდან, ან სემინარებიდან – და თუ მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღების შესახებ მკაცრია – ქოუჩის მოძიების მზაობაც იზრდება.

მეტი ინფორმაცია რეალური სიტუაციის შესახებ

რაც უფრო ზემოთ ადის იერარქიულ კიბეზე მენეჯერი, მით ხშირად აწყდება სტრატეგიულ და ტაქტიკურ თამაშებს. ამ მიზეზით კარგავს ჭეშმარიტი უკუკავშირის მიმცემ თანამშრომლებს, რომლებიც შეატყობინებენ, თუ როგორ აღიქვამენ მას და რა გავლენას ახდენს თავად სხვებზე. ასეთი მენეჯერები გარკვეულ კაფსულაში ექცევიან და რეალობის საკუთარ კონსტრუქციას ქმნიან. ხშირად ეს არის კიდეც არასწორი გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი (ეს რომ მცოდნოდა, …ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს… ყოველივეს წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია).

ქოუჩინგის დროს ხდება რეალობის სრულყოფილი, რაციონალური და ემოციური სურათის მიღება, რის საფუძველზეც ყოველთვის შესაძლებელია ქცევის ახალი ალტერნატივების განვითარება.
საქმიანობაში არსებული როლური წინააღმდეგობები

ერთი მხრივ, საკუთარი მოსაზრების გატანისა და, მეორე მხრივ, კონსენსუსის უნარი; ერთი მხრივ, ლოიალურობა და, მეორე მხრივ, დამოუკიდებლობა; მოგებაზე ორიენტირებულობა და ადამიანების მიმართ ყურადღებიანობა – ასეთი წინააღმდეგობრივი შეიძლება იყოს ხელმძღვანელის მიმართ ორგანიზაციისა და თანამშრომლების მოლოდინები. საკუთარი ქცევის ჩარჩოები მენეჯერმა თავად უნდა განსაზღვროს. მაგრამ ხშირად ვერ ხერხდება ხოლმე საკუთარი ღირებულებების, ორგანიზაციის მენეჯმენტის მოთხოვნებისა და თანამშრომელთა მოლოდინების შეთავსება. ასეთ დროს ქოუჩს შეუძლია ხელმძღვანელს დაეხმაროს, კარგად გაერკვეს საკუთარ მიზნებსა და ღირებულებებში, ნათელი გახადოს წინააღმდეგობები აზროვნებასა და მოქმედებას შორის. შედეგად, შესაძლებელი ხდება ერთი შეხედვით შეუთავსებელი როლების ინტეგრირება.

კრიზისი და გარდატეხა

სხვადასხვა სახის გაუთვალისწინებელმა უარყოფითმა ცვლილებებმა, შესაძლოა, პიროვნებაზე ღრმა კვალი დატოვის. ხშირად ეს სიტუაცია ეჭვის ქვეშ აყენებს საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენას. ქოუჩინგი ამგვარ სიტუაციებშიც გაუწევს დახმარებას მენეჯერს, ორგანიზაციას, პიროვნებას.

მსურს გასაანალიზებლად რამდენიმე იტორია გაგაცნოთ, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში რეალურად მოხდა.

კათედრის გამგე იხსენებს – კათედრაზე ახალი მასწავლებელი მოვიდა. სამუშაო გეგმის მიხედვით რამდენიმე დასწრება განვახორციელე, მასწავლებელს ბევრი ძლიერი მხარე ჰქონდა მაგრამ გაკვეთილზე პრობლემებიც აშკარა იყო. ყველაზე თვალშისაცემი ის ფაქტი იყო, რომ მასწავლებელი გაკვეთილის ახსნისას იყენებდა წიგნში არსებულ ილუსტრაციებს, როგორც რესურსს და მოსწავლეთა მოსმენის გასაკონტროლებლად მიმართავდა მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილ შეკითხვებს. მოსწავლეები გააზრებას ვერ ასწრებდნენ, ზოგის არც აინტერესებდა, შეკითხვებს ვერ პასუხობდნენ და ცდილობდნენ ეს ფაქტი აგრესიით გადაეფარათ. არ მინდოდა მასწავლებელი შენიშვნებით დამეფრთხო. სასერტიფიკაციო გამოცდა ახალი ჩაბარებული მქონდა და გადავწყვიტე ის რაც გამოცდისთვის ვისწავლე იმ ცოდნის გამოყენებით მეთანამშრომლა ჩემს კოლეგასთან რათა მაქსიმალური შედეგი ჰქონოდა მას სწავლებაში. ფაქტი იყო მას აღქმაზე ორიენტირებული აქტივობები შექმნაზე ორიენტირებული აქტივობებით უნდა შეეცვალა რათა სასურველი ქცევის მოტივატორი გარედან, მოსწავლის შიგნით გადასულიყო.
გადავწყვიტე მასთან შეხვედრა, რომლის დროსაც მონიტორინგის წერის ფორმატი გავაცანი. სადაც აქცენტი კოგნიტური სქემების გააზრებასა და შევსებაზე იყო გაკეთებული. ჩვენს შეხვედრას ასე შეიძლება ვუწოდოთ „ როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ გაკვეთილი ისე, რომ (მონიტორინგის წერაზე) მოსწავლემ წარმატებით შეძლოს შეავსოს სხვადასხვა ტიპის კოგნიტური სქემა ანუ გავუჩინოთ მოსწავლეს კომპეტენციის შეგრძნება, რათა გახდეს წარმატებული”

მასწავლებელმა გულწრფელად აღნიშნა, ჩემი ბავშვები ამას ვერ შეძლებენ, მე რომ ეს მცოდნოდა… აქცენტს ამაზე გავაკეთებდი…

კათედრის გამგე – მონიტორინგის წერამდე ხომ ერთი თვეა… თქვენ შეგიძლიათ ახლაც შეცვალოთ ის რისი შეცვლაც გინდათ .. ჩვენ ერთად გავაანილეზეთ სქემა და განვსაზღვრეთ მიზნები, რომელიც გაკვეთილის დაგეგმვაში და დაგეგმილი გაკვეთილის განხორციელებაში მეთოდურ ცვლილებებს ითვალისწინებდა. ერთად დავგეგმეთ გაკვეთილის ახსნის პროცესში მოსწავლეთა თანამონაწილეობის გაზრდის მიზნით – მოსწავლეებს (მასწავლებლის მითითების მიხედვით ) გაკვეთილის განსაზღვრული მონაკვეთის დამუშავებისას გამოეყენებინა მრავალფეროვანი კოგნიტური სქემები…

მასწავლებელმა სამი თანმიმდევრული გაკვეთილი დაგეგმა ჩაატარა და შემდეგ მისივე სურვილით განხორციელდა ჩვენი შეხვედრა, რომელზეც ის სიამაყით მაცნობდა მიღწეულ შედეგებს. მაჩვენა მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულები… მონიტორინგის წერაზეც კლასმა კარგი შედეგები აჩვენა. პედაგოგმა მთელი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ საინტერესო სტატია შექმნა და გამოაქვეყნა და მე როგორც კათედრის გამგე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ჩემმა კოლეგამ წარმატებას მიაღწია.

 
სქემაში ჩართული პედაგოგი იხსენებს – ძალიან შეშფოთებული ვიყავი იმით, რომ სქემაში ჩავერთე და კრედიტების დაგროვებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელებას ვერ ვახერხებდი. ერთ-ერთი აქტივობა ტრენინგზე დასწრება იყო და სრულიად შემთხვევით მოვხვდი ტრენინგზე, რომელსაც საოცრად გულისხმიერი ტრენერი ატარებდა. ტრენინგის სესვენებისას მე მას ჩემი შეშფოთება გავუზიარე მან მომისმინა და რამდენიმე შეკითხვა დამისვა 1. რატომ მოხვედით ტრენინგზე?

2. გეგმავთ ამ ტრენინგზე მიღებული მასალა კოლეგას გაუზიაროთ?

3. გიფიქრიათ ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგოთ და ამის შესახებ ან სტატია დაწეროთ ან რომელიმე კონფერენციაში მიიღოთ მონაწილეობა და ამის შესახებ სხვასაც უამბოთ?

პასუხი იყო არა არ მიფიქრია… მოდით ერთად ვიფიქროთ და იქვე ეს აქტივობები დროში გავწერეთ. ჩემდაუნებურად ამ გაწერილი საქმიანობების განხორციელება დავიწყე 1. სემინარზე მოსმენილი მასალა კათედრაზე წარვადგინე 2. სემინარზე მოსმენილი მასალა პრაქტიკაში დავნერგე 3. საგაკვეთილო პროცესში შეტანილი ცვლილებების შესახებ მინი დღიური ვაწარმოე, შედეგები განვაზოგადე და სტატია დავწერე რომელიც გამოვაქვეყნე.

ორივე ისტორია ქოუჩინგის პროცესის მიმდინარეობის ფაქტობრივი მასალაა და მისი გაანალიზებისას ნათლად იკვეთება, რომ ამ ადამიანებმა, ქოუჩინგის სამივე ფაზა წარმატებით განახორციელეს.

კლასიკური ქოუჩინგის პროცესი სამი ფაზისაგან შედგება:

1. ამოცანის წინასწარ განსაზღვრა
2.ქოუჩინგის საუბარი
3.პროცესის შეფასება.

ამოცანის წინასწარი განსაზღვრის მიზანია გადამოწმება, რამდენად არის შესაძლებელი მიზნის ქოუჩინგის მეშვეობით მიღწევა ან, შესაბამისად, რა დამატებითი შეთანხმებები ან სხვა სახის ღონისძიებებია საჭირო.
ქოუჩინგის საუბარი – კონსულტაციისა და ტრენინგის პროცესი ყოველთვის დროით ჩარჩოებში მიმდინარეობს და შეთანხმებული ვადის შემდეგ ფასდება. როგორც წესი, ქოუჩინგის საუბარი 4 ფაზისგან შედგება.
·პირველ ფაზაში მყარდება კონტაქტი და ორიენტაცია იქმნება,
·მეორე ფაზაში სიტუაცია და მიზნები მუშავდება,
·მესამე ფაზა გადაწყვეტების შემუშავებას ემსახურება და ბოლო,
· მეოთხე ფაზაში ხდება მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გადატანის უზრუნველყოფა.

ქოუჩინგის შედეგად შესაძლებელია სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების დაბალანსება. ქოუჩი ფლობს საკუთარი თავის მენეჯმენტის მეთოდებს, მუშაობისა და დროის მართვის ტექნიკებს და შეუძლია მათი ეფექტიანად გამოყენება ქოუჩინგის პროცესში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღმოვაჩინოთ ჩვენს გვერდით ქოუჩი, პროფესიონალი, რომელიც დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში.

ისტორია სურათებად

0
სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილის იმგვარად დაგეგმვა, რომ გეგმის თითოეული კომპონენტი შეესაბამებოდეს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს და ხელს უწყობდეს შინაგან მოტივაციას. ინტერესის აღძვრასა და შინაგანი მოტივაციის შექმნაში დიდი როლი ეკისრება რესურსებს, კერძოდ, თვალსაჩინოებას.

მოდი, განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ რესურსები მიზანმიმართულად და ეფექტიანად გაკვეთილის ან გაკვეთილების დაგეგმვის დროს.

თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ:

• სამიზნე ჯგუფი – რა ასაკის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი სასწავლო მასალა და შესაბამისი რესურსი;
• სასწავლო მიზანი – როგორ დაეხმარება რესურსი საგნის შესწავლას;
• მოსალოდნელი სასწავლო შედეგები – რა შედეგებს მოველით მოსწავლეებისგან ამ რესურსების გამოყენებით.
რეკომენდებულია, რესურსის გამოყენებამდე გავეცნოთ მისი ეფექტიანობის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს:
• რა არის რესურსში ისეთი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას?
• რა არის რესურსში ისეთი, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების საფუძველზე, პრაქტიკით სწავლას?
• როგორი იქნება ამ რესურსის გამოყენების უკუგება, ანუ გააცნობიერებენ თუ არა მოსწავლეები, როგორ შეუწყო ხელი რესურსმა სწავლის პროცესს კლასში, თანამშრომლობას, რა ისწავლეს ერთმანეთისგან და მასწავლებლისაგან მისი დახმარებით?
• შეუწყობს თუ არა ხელს ეს რესურსი ნასწავლის უკეთ გააზრება-გაგებას?

თვალსაჩინოების ერთ-ერთი საშუალებაა “ამბავი სურათებად”, რომელიც ერთსა და იმავე დროს ეფექტური და ეფექტიანია როგორც მშობლიური, ისე მეორე ენისა და უცხო ენის სწავლების კუთხით. 

ამბავი სურათებად – ეს არის სასაცილო ცხოვრებისეული სიტუაციები, რომლებიც რამდენიმე ნახატითაა გადმოცემული. მათი გამოყენება მიზანშეწონილია როგორც ინდივიდუალური, ისე წყვილებსა და მცირე ჯგუფებში მუშაობისას. ჯგუფური მუშაობისას თითოეული მოსწავლე იღებს ერთ სურათს და რაიმე ნიშნის მიხედვით (ფონი; ნივთი, რომელიც მეორდება ყველა სურათზე; პეიზაჟი და სხვა) პოულობს თავის ოთხეულს.

მოსწავლეები თანამიმდევრობით ალაგებენ სურათებს და თხზავენ პატარა ისტორიას. ენის ფლობის არასაკმარისმა დონემ მოსწავლეებს საინტერესო დავალების მიმართ ერთგვარი შიში რომ არ გაუჩინოს, თავპირველად უნდა მოვუხსნათ ეს შიში იმით, რომ თითოეულ კომპლექტს დავურთოთ ბარათები ამბის მოსაყოლად საჭირო ლექსიკური ერთეულებითა და ენობრივი კონსტრუქციებით. სავარაუდოდ, ჯგუფში იქნებიან მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვანაირად ფლობენ ენას. ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან ისტორიის შედგენაში და წარუდგენენ მას კლასს.

მასწავლებელს შეუძლია, ეს ნახატები გამოიყენოს როგორც მოსმენისა და კითხვის (რეცეფციული), ისე წერისა და ლაპარაკის (პროდუქციული) უნარების განსავითარებლად. მაგალითად:

• მასწავლებელი თავად თხზავს ამბავს, შემდეგ უკითხავს მოსწავლეებს და სთხოვს, დაალაგონ ნახატები მოსმენილის მიხედვით (მოსმენის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა).
• მასწავლებელი თვითონ თხზავს ამბავს და წასაკითხად ურიგებს მოსწავლეებს. მათ უნდა დაალაგონ ნახატები წაკითხულის მიხედვით (კითხვის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა).
• მოსწავლეები თავად ალაგებენ სურათებს თანამიმდევრობით და წერილობით თხზავენ მცირე ზომის ისტორიას (წერის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა). 
• მოსწავლეები თავად ალაგებენ სურათებს თანამიმდევრობით და ზეპირად თხზავენ მცირე ზომის ისტორიას (ლაპარაკის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა).

შესაძლებელია ამ სურათების გამოყენება სხვაგვარადაც. ერთი მოსწავლე იღებს პირველ ნახატს, სხვები კი ვარაუდობენ, როგორ შეიძლება განვითარდეს ამბავი. მოსწავლე აჩვენებს მეორე ნახატს, სხვები კი საკუთარ ვარაუდს ამოწმებენ. შემდეგ – მესამეს და ისევ მოწმდება ვარაუდები.

მაგალითად გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” მიერ ამ მეთოდისთვის შექმნილი ნახატების ერთ კომპლექტს. 

  
  

„ამბავი სურათებად” ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, უზრუნველყოფს თითოეული მათგანის ჩართულობას, კოგნიტურთან ერთად ხელს უწყობს კომუნიკაციური უნარების განვითარებასაც. 

ქიმიის ტური

0
ერთი მეგობარი მყავს, ზოგჯერ ფეისბუქის მეშვეობით ვესაუბრები. ჩემს სტატიებს კითხულობს თურმე. ამას წინათ ნახევრად ხუმრობით მითხრა, რა გჭირს, რა ყველაფერში ქიმიას ხედავო, არადა, ბოლომდე რომ ჩავიკითხავ, ვრწმუნდები – ყველაფერი მართლაც ქიმიასთან არის დაკავშირებული და შენი წერილების თემებს მულტიპლიკაციურ ფილმებად წარმოვიდგენ ხოლმეო. მერე თითქოს სინანულით დასძინა, სკოლაში ქიმია ფაქტობრივად არ მისწავლია, ერთი ახალგაზრდა, სანდომიანი მასწავლებელი გვყვავდა, რომელიც, მართალია, საგანს არ გვასწავლიდა, მაგრამ სასიამოვნო ადამიანი იყო და მეც კეთილი მოგონებები დამრჩა მასზეო. კიდევ, იცი, რა მახსოვს ქიმიაზე? – ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მსახიობის, თენგიზ ჩანტლაძის სკეტჩი ლომონოსოვის სურათის შესახებო.

ამ ერთი შეხედვით ლაღ, არაფრისმთქმელ საუბარში დიდი პრობლემა იმალება. დიახ, დღესაც იგივე მდგომარეობაა – მოსწავლეებმა ქიმია არ იციან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფაქტია, მასწავლებლები მათ დაინტერესებას ვერ ახერხებენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის და ღმერთმა დაგვიფაროს, არ იყოს. მე ამის დაწერას მხოლოდ ის მაბედინებს, რასაც ჩემი შესავალი კურსების პირველკურსელ სტუდენტებთან (გუშინდელ მოსწავლეებთან, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ქიმიაც ჩააბარეს) ვხედავ. მათ ქიმია არ ახსოვთ! როდესაც ქიმიის გაკვეთილების შესახებ ვეკითხები, მპასუხობენ, რომ ან არ უტარდებოდათ, ან არ აინტერესებდათ. საქმეც სწორედ ეს არის – ინტერესის უქონლობა.

ამ შემთხვევაში ორმაგად ვცდილობ, ქიმია მოვაწონო და ერთმა ამას წინათ ისიც კი იკითხა: რატომ არ ვსწავლობდი ამ საგანს სკოლაში, თუ ასეთი საინტერესო იყოო?

თემას ცოტა ხნით გადავუხვევ და აღვნიშნავ, რომ დღეს ძალიან მოთხოვნადია ტურიზმი. ეს მიმართულება საქართველოსთვის სტრატეგიულად განიხილება, რაც ძალიან მომწონს. რაც მეტად განვითარდება, მით უკეთესი.

ტურიზმი თომას ჰუკმა გამოიგონა. 1841 წელს 600 ადამიანი გაასეირნა მატარებლით, 1845 წელს ლივერპულში მოაწყო ექსკურსია, 1847 წელს პირველი ტურისტული საზოგადოება დააარსა, რომელიც ინგლისის ფარგლებში და მის გარეთ ტურებს მართავდა. თომას ჰუკი ტურიზმის სფეროში პირველ მენეჯერად ითვლება. სხვათა შორის, მანვე დანერგა სასტუმროების დაჯავშნის პრაქტიკაც. მისი ფირმის ერთ-ერთი ცნობილი უცხოელი კლიენტი კი მარკ ტვენი ყოფილა.

ინტერესი იწვევს განწყობას, ერთხელ მიღებული განწყობა კი არ ქრება, გონებაში ილექება და თავის შედეგს გვაძლევს. დავაკავშიროთ ქიმია იმასთან, რაც მოსწავლეს ქიმიის კანონებზე მეტად ხიბლავს. მართალია, საბოლოოდ ამ კანონების, მექანიზმებისა და ფორმულების შესწავლა მაინც მოუწევს, მაგრამ თუ ამას ოდნავ უკეთესი განწყობით გააკეთებს, ხომ კარგი იქნება? ქიმიის შესაძლებლობები განუსაზღვრელია და თუ მოვინდომებთ, მოსწავლისთვის საინტერესო ნებისმიერ თემასთან დავაკავშირებთ. სულ ცოტა ფანტაზია გვჭირდება, სულ ცოტა…

მაშ ასე, ზაფხულია, არდადეგებია და თემაც შესაფერისი შევარჩიე – „ქიმიის ტური”. ვიმოგზაუროთ, ოღონდ… ქიმიასთან ერთად. მარშრუტს ასეთს შემოგთავაზებთ: საქართველო-საფრანგეთი-ინგლისი-პოლონეთი-საქართველო.

ბავშვობიდან ერთ ქვეყანაზე ვოცნებობდი – საფრანგეთზე. მისი ნახვის ნატვრა კი ამისრულდა – გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის საზაფხულო სკოლას ვესტუმრე და მეორედაც გახლდით იქ, მაგრამ ეს ქვეყანა დღემდე საოცნებოა ჩემთვის, ამიტომ ჩემი მარშუტი საფრანგეთიდან დაიწყება.

პარიზში ჩასვლისთანავე რა უნდა მოინახულოთ? მე პირდაპირ მუზეუმთა მუზეუმში – ლუვრში წავიდოდი. სულ მცირე, ორი დღე მაინც მოიტოვეთ ლუვრისთვის. იქ მართლაც ბევრი რამ არის სანახავი, ოღონდ მე მხოლოდ ქიმიასთან დაკავშირებულ ექსპონატებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

ალქიმიკოსები ოქროს მიღებაზე ოცნებობდნენ. ფიქრობდნენ, ნებისმიერი მეტალის ოქროდ ტრანსმუტაციას შევძლებთო – არ გამოუვიდათ… მერე თქვეს, არამეტალიც საჭიროა ამ საქმისთვისო. აიღეს და გოგირდი ვერცხლისწყალთან შეიყვანეს რეაქციაში. შედეგად ოქრო არა, მაგრამ ვერცხლისწყლის სულფიდი კი მიიღეს. ცოტა დრო სჭირდება, თორემ ეს მორუხო ფხვნილი ოქროს მოგვცემსო. დრო გადიოდა, მაგრამ ფხვნილი ფხვნილად რჩებოდა. ბოლოს არაბმა ალქიმიკოსმა ჯაბირმა თქვა, როგორ ვერ მივხვდით, მთელ ამ პროცესს დამაჩქარებელი სჭირდება, რაღაც ისეთი, რაც რეაქციაში არ შევა, არ დაიხარჯება, მაგრამ პროცესის მსვლელობას დააჩქარებსო. ეს რაღაც ფხვნილი უნდა იყოსო, არაბულად – „იქსირი”, არაბული „ალ” არტიკლით – „ალ იქსირი”. ევროპელებმა ეს სახელი გაალამაზეს და ასე მივიღეთ „ელექსირი”, ანუ „ფილოსოფიური ქვა”. ჯაბირი გაუცნობიერებლად კატალიზატორს ეძებდა, თუმცა კატალიზსა და კატალიზატორს გაცილებით გვიან აღმოაჩენენ.

ჯაბირი ერთ ლეგენდას იშველიებდა. ლეგენდის თანახმად, მეფე მიდასმა, რომელიც ფრიგიას განაგებდა, ღმერთ დიონისესგან მიიღო ქვა, რომლის შეხებითაც ის ყველაფერს ოქროდ აქცევდა. მიდასი მართლა ზღაპრულად მდიდარი იყო, ოღონდ იმიტომ, რომ ოქროს საბადოებს ფლობდა, ალქიმიკოსებს კი ეგონათ, მას ფილოსოფიური ქვა ჰქონდა. ლეგენდის თანახმად, მეფე მიდასმა თავისი ერთადერთი ასულიც ოქროდ აქცია. სწორედ ამ მომენტის ამსახველ ულამაზეს გრავიურას იხილავთ ლუვრის ეგვიპტური ექსპონატების განყოფილებაში.

პირველი ქიმიური ენციკლოპედია ეგვიპტელ ზოსიმას ეკუთვნის. ის 28 ტომისგან შედგებოდა. მოგვიანებით ის რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ გაანადგურა – შეეშინდა, ალქიმიკოსებს ოქრო არ მიეღოთ და მისი სიმდიდრე არ გაუფასურებულიყო. მხოლოდ სამი ტომი გადარჩა და მათი ნახვაც ლუვრში, იმავე განყოფილებაშია შესაძლებელი.

ლუვრშივე ნახავთ ძალიან ლამაზ გრავიურას, რომელზეც არაბების ეგვიპტეში შეჭრის მომენტია გამოსახული. „ბერძნულ ცეცხლზე” თუ გაგიგონიათ რამე? ის ბერძენმა კალენიკემ შექმნა ნავთობის, გოგირდისა და ზეთისგან. ეგვიპტელები სწორედ ამ ცეცხლით დახვდნენ ეგვიპტის სანაპიროსთან მისულ არაბი დამპყრობლების გემებს და ერთიანად გადაწვეს. ამ ცეცხლს ერთი თავისებურება ჰქონდა – წყლის დასხმისას უფრო ჩაღდებოდა. სხვათა შორის, კოლხებსაც ჰქონიათ ასეთივე თვისებების ცეცხლი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ კოლხი მებრძოლები ლოდსატყორცნი მანქანებიდან ფეთქებად ნარევებსაც ისროდნენ – „მათ (კოლხებმა) აავსეს ქოთნები გოგირდით და ერთი საწამლავით, რომლებსაც მიდიელები ნავთს ეძახიან, ელინები კი მედეას ზეთს, მოუკიდეს ცეცხლი და ესროდნენ კედლის დამანგრეველ მანქანებს, რომელთა უმეტესობაც დაწვეს”.

სენის მარჯვენა სანაპიროზე Hotel de Ville-ის მოედანზე, ძველად გრევის მოედანი რომ ერქვა, ულამაზესი შენობა დგას. 1357 წლიდან აქ პარიზის მუნიციპალური ორგანოებია განთავსებული. მის ფასადს საფრანგეთის „ღირსეული შვილების” ქანდაკებები ამშვენებს, მათ შორის – ქიმიის მამად წოდებული-ანტუან ლორან ლავუაზიესიც. არ დაიზაროთ, მოინახულეთ. ქიმია ვალშია მის წინაშე და მე ის განსაკუთრებულად მიყვარს.

გადავინაცვლოთ ინგლისში. ლონდონში უთუოდ უნდა შეიაროთ ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოების მუზეუმში. ეს ის საზოგადოებაა, მენდელეევი იმ დროისთვის უძვირფასესი მეტალისგან, ალუმინისგან, დამზადებული ჭიქით რომ დააჯილდოვა.

რითი სუნთქავთ? მართალია, ჟანგბადით. იცით კი, ვინ აღმოაჩინა? ორმა მეცნიერმა, პრისტლიმ და შეელემ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. პრისტლიმ გამადიდებელ მინაში გამავალი მზის სხივების საშუალებით ვერცხლისწყლის ოქსიდი დაშალა. იგრძნო, რომ რაღაც აირი გამოიყო, შეაგროვა, ჩაისუნთქა და მოგვიანებით დაწერა: მეგონა, გავფრინდებოდი, ისეთი სასიამოვნო იყოო. ახალი გაზის შესახებ ლავუაზიეს აცნობეს და მანაც „ოქსიგენიუმად”, „სასიცოცხლო ჰაერად” მონათლა. დიახ, პრისტლიმ სუფთა ჟანგბადი მიიღო და სწორედ ის ჩაისუნთქა. 

ლონდონიდან მანჩესტერში გადაინაცვლეთ და „კეთილი გულუბრყვილო ადამიანის” ჰენრი კავენდიშის მუზეუმი ნახეთ. ჰენრიმაც აირი აღმოაჩინა, რომელსაც ლავუაზიემ „ჰიდროგენიუმი”, „წყლის მბადი”, ანუ წყალბადი უწოდა.
ჩემ მიერ შედგენილი მარშრუტის თანახმად, ინგლისიდან პოლონეთში მიდიხართ. ქალაქ ველიჩკაში სუფრის მარილისგან შექმნილი ბუნებრივი მღვიმე დაგხვდებათ. მღვიმეს იუნესკო მფარველობს და ჰაერი იქ განსაცვიფრებლად კამკამაა. ყოველ წელს ათასობით ადამიანი ისწრაფის ამ მღვიმის სანახავად, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სასუნთქი გზების დაავადებები აქვს. თამამად შეგიძლიათ, კედელს გემო გაუსინჯოთ – სუფთა ნატრიუმის ქლორიდია.

ვარშავაში თუ გადახვალთ, იქვე ახლოს ევროპის მცირე ვერსალად წოდებული ვილანოვების სასახლეა. მეფე ედუარდ მეორის პირადი ალქიმიკოსი არნოლდ ვილანოვიც ამ შტოს წარმომადგენელია და სასახლის მეორე სართულზე, გალერეაში, მის უზარმაზარ პორტრეტსაც ნახავთ.

ვარშავაში მოხვედრილმა მარია სკლადოვსკაია-კიურის მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მერწმუნეთ, აქ ქიმიასთან დაკავშირებულ უამრავ საინტერესო ამბავს მოიძიებთ და მოისმენთ. მეცნიერი ქალის კეთილი ხუმრობაც გაგახალისებთ: „კაცებსაც შეუძლიათ მეცნიერების შექმნა”.

მაშ ასე, სასიამოვნოდ იმოგზაურეთ და მშვიდობიანად დაგვიბრუნდით. იცით, კიდევ რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი ქიმიაზე?..

სკოლა ხიდის ქვეშ

0
საქართველოში შესაძლოა ამოქმედდეს კანონი, რომლის თანახმადაც, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის აღზრდას ვერ ახერხებს, სოლიდური ფულადი ჯარიმა დაეკისრება. კანონმა, ერთი მხრივ, შესაძლოა დაიცვას ის ბავშვები, უკეთეს ცხოვრებას რომ იმსახურებენ, მეორე მხრივ კი ის მრავალ კითხვას ბადებს ჰუმანიზმის კუთხით, ვინაიდან ნათელი არ არის, როგორ შეუწყობს იგი ხელს იმ მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას, რომლის გამოც არაერთი ბავშვი რჩება სათანადო საკვების, განათლებისა და ელემენტარული ყოფითი პირობების გარეშე.

სიღარიბე თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, ახალი თაობების სრულფასოვანი განვითარების ხელისშემშლელი გარემოება. ფაქტია, რომ მშობლები, რომლებიც მატერიალური გაჭირვების გამო შვილებს ვერ უქმნიან სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო პირობებს, სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში არიან, ამ ფენომენთან ფულადი ჯარიმის საშუალებით ბრძოლა კი ნიჰილიზმის საფუძველს იძლევა. რეპრესიული ხასიათის ფულადი სანქციის დაწესებას ხომ არ აჯობებს დახმარება – მძლავრი სოციალური სამსახურითა და მაღალი სამოქალაქო აქტივიზმით ზურგგამაგრებული გონივრული ქმედებები?

ასეთი სამოქალაქო აქტივიზმის პატარა, თუმცა ნათელი მაგალითია ინდოელი რაჯეშ ქუმარ შარმა, რომელიც რამდენიმე წელია ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ინდოელი ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში სიარულის მაგივრად მცირე ასაკიდანვე მუშაობენ (განვითარებადი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ბავშვის იაფ მუშახელად გამოყენება). ინდოეთში, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რაოდენობა შემაშფოთებლად დიდია, ბავშვების მუშაობა ადრეული ასაკიდან მეტ-ნაკლებად მიღებული მოვლენაა, ისევე როგორც ადრეულ ასაკში ქორწინება (ოჯახის შექმნის საშუალო ასაკი აქ 19 წელია). შიმშილისა და უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრების გამო ინდოეთში მცხოვრებ ბავშვთა უმეტესობა ვერ პასუხობს მათი ასაკისთვის სავალდებულო განვითარების დონეს. საგანგაშოდ ხშირია შიმშილით სიკვდილის პრეცედენტიც ადრეულ ასაკში. 

რაჯეშმა, რომელიც თვითონაც სამი შვილის მამაა, ისევე როგორც ათასობით სხვა ინდოელმა ბავშვმა, კოლეჯში სწავლა ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაასრულა. შესაბამისად, მისთვის კარგად ნაცნობია ადრე შეწყვეტილი ბავშვობის სევდა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ 40-ს გადაცილებულმა რაჯეშ ქუმარ შარმამ მიზნად დაისახა იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც მშობლებისა და დამსაქმებლების მძევლებად ქცეულან და რამდენიმე გროშის სანაცვლოდ სამუდამოდ უწევთ უარის თქმა განათლებასა და ადამიანის სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე. რაჯეშს კარგად ესმის, რომ სიღარიბისგან თავის დახსნა და უკეთესი მომავალი სათანადო განათლების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მან ქალაქ დელიში, ერთ-ერთი მეტროსადგურის ხიდის ქვეშ, გახსნა სკოლა ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც განათლება წარმოუდგენელი ფუფუნებაა. სკოლაში, სადაც ამჯამად 30-ზე მეტი მოსწავლე დადის, გაკვეთილები ყოველდღე ტარდება და ორ საათს გრძელდება (ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელს ძმა ცვლის პატარა მაღაზიაში, სადაც ის მუშაობს). ორი საათის გამოძებნა იოლი არ არის ცოდნას მოწყურებული ბავშვებისთვისაც, რომელთა მშობლებსა და დამსაქმებლებთან რაჯეში თავად მიდის, რომ დაარწმუნოს ისინი ბავშვებისთვის განათლების აუცილებლობაში. 

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა უმეტესობა მეზობელი სოფლებიდან დადის, მასწავლებელი არასოდეს აღრიცხავს გაკვეთილზე დასწრებას. მისი აღსაზრდელები, რომელთათვისაც ორსათიანი გაკვეთილი მძიმე ცხოვრებისგან ამოსუნთქვაა, სიხარულით მიეშურებიან სკოლისკენ და გაკვეთილების გაცდენა სიზარმაცის გამო აზრადაც არ მოსდით. 



რაჯეშ ქუმარ შარმას თავისუფალი სკოლის მთავარი მიზანი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვებისთვის ელემენტარული ცოდნის მიცემაა, რაც სურვილს გაუჩენთ მათ, გააგრძელონ სწავლა სახელმწიფო სკოლებში. სურვილს ზურგს უმაგრებს თავისუფალ სკოლაში მიღებული ის ცოდნა, რომელიც მათ სახელმწიფო სკოლაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ. იმ ორი წლის განმავლობაში, რაც თავისუფალმა სკოლამ ფუნქციობა დაიწყო, 140 მოსწავლიდან 70-მა შემდეგ სწავლა სახელმწიფო სკოლაში გააგრძელა. თავის მთავარ მიღწევად სკოლის დამაარსებელს ამ ბავშვების მშობელთა სწავლისადმი დამოკიდებულების შეცვლა მიაჩნია.

თავისუფალი სკოლის მაგალითი და ინდოელი „განმანათლებლის” მონდომება კარგი მაგალითია ყველასათვის, ვისაც გული შესტკივა მის გვერდით მცხოვრები ადამიანების ბედ-იღბალზე, რომელთა დახმარება და მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა არა სადამსჯელო ღონისძიებებითა და ჯარიმებით, არამედ მეტი განათლებით, მეტი მონდომებით და გულისხმიერებითაა შესაძლებელი.

თეთრით შავზე

0
არსებობს წიგნები, ცხოვრებაზე სრულიად რომ შეგაცვლევინებს აზრს. არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგ უკვე სხვანაირად გინდა სიცოცხლეც და სიკვდილიც. წიგნი ხომ მეტამორფოზის საშუალებაა, ის ხომ სარკმელს გიღებს სხვის სამყაროში – ბოროტისა და კეთილის, ფერიებისა და ჯადოქრების, გმირებისა და ანტიგმირების სამყაროში; იქ, სადაც უკვე შენ მაგივრად უყვარდათ და სძულდათ, ცოცხლობდნენ და იხოცებოდნენ, იბრძოდნენ და მარცხდებოდნენ… წიგნი ხომ სხვისი იდეების სამყაროს ერთგვარი გასაღებია; იმ იდეებისა, რომლებიც ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებასაც კი ცვლის. წიგნის კითხვისას ვუაიერისტის მზერით, თეთრით შავზე დაწერილ ასოებს შორის თვალის გადევნებით, შეგიძლია რამდენიმე საათი სხვისი ცხოვრებით იცხოვრო, წარმოისახო ის, რაც შენ ვერ გადაგხდებოდა, გაიგო, რაც შენი ცხოვრების მიღმა გადახდა სხვას. რამის გაგება თუ გინდა, ხალხს უნდა ჰკითხო. ან წიგნებს. წიგნებიც ადამიანები არიან. როგორც კაცს, წიგნსაც შეუძლია დახმარება. როგორც კაცი, წიგნიც ტყუის ხოლმე…

შესავალი, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბადებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ესპანური წარმომავლობის რუსი მწერლის რუბენ გალიეგოს სიტყვებით დავიწყე და დავასრულე, მსურს, მისივე წიგნის “თეთრით შავზე” შესახებ საუბრით განვაგრძო. შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ამ წიგნმა ასე რადიკალურად არ შეცვალოს, მაგრამ დაგანახვოთ სხვების ხვედრი  – მათი, ვინც ჩვენ გარშემო სრულად არაადაპტირებულ გარემოში ცხოვრობს. დაგანახვოთ მათი ყოველდღიური გმირობები, რომლებსაც არ ან ვერ ვამჩნევთ. ჩვენთვის თუ ცხელ ზაფხულში პარკში გასეირნება ჩვეულებრივი ამბავია, სხვისთვის ეს გმირობის ტოლფასი. ჩვენგან ისინი მხოლოდ პათეტიკურ სოლიდარობას იღებენ, ხშირად – დამამცირებელი ფორმით, მაშინ როდესაც ერთადერთი რამ, რაც მათ დანამდვილებით სჭირდებათ, გარემოსთან ადაპტირებაა. შესაძლებლობები ხომ შეუზღუდავია, მხოლოდ გარემოა შეზღუდული. რთული ეკონომიკური მდგომარეობის მუდმივი მომიზეზება არც ერთ მთავრობას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, გახადოს გარემო თავისი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი და შინაპატიმრობაში არ ამყოფებდეს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც, ჩემგან განსხვავებით, სიმღერის ნაცვლად სიარულის ან მხედველობის უნარი აქვს შეზღუდული. „დაბადებულია საქართველოში” არ უნდა ნიშნავდეს განაჩენს ამ ქვეყნის არც ერთი მოქალაქისთვის. „დაბადებულია საბჭოთა კავშირში” კი სწორედ ის გადმონაშთია, რომელიც ყველა სფეროში ჯერ კიდევ გადაულახავ ბარიერს ქმნის. ინკლუზიური განათლებაც ხომ მრავალი მშობლისა და მასწავლებლისთვის ჯერ კიდევ ადეკვატურად ვერგაგებული აუცილებლობაა და თითქმის ფაშისტური გამოხდომებით ვლინდება ხოლმე.

რომანში “თეთრით შავზე” რუბენ გალიეგო თავის ცხოვრებას გვიყვება. ცხოვრებას, რომელიც არცთუ ადვილად განსაცდელია. უნარშეზღუდულობის გამო მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვის ამბავი, რომელსაც, იმისთვის, რომ გაიზარდოს, სულ ცოტა რამ სჭირდება: სალის ნაჭერი, ძეხვიანი ბუტერბროდი, ფინიკი, ლურჯი ცა და რამდენიმე კეთილი წიგნი. ბავშვთა სახლიდან – ბავშვთა სახლში, საავადმყოფოდან – საშუალო სკოლაში, სკოლიდან – მოხუცებულთა თავშესაფარში, თავშესაფრიდან – საკუთარ ოჯახში: გადარჩენისა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისთვის უწყვეტი ბრძოლა. მტკიცება, რომ ფეხები მთავარი არ არის.
„მეკითხებიან ხოლმე: მართლა მოხდა თუ არა ეს ყველაფერი, რაზეც ვწერ, რეალურები არიან თუ არა ჩემი მოთხრობების გმირები.
ვპასუხობ: კი, მოხდა და უფრო მეტიც, ოღონდ ერთია – ჩემი პერსონაჟები კრებითი სახეებია შთაბეჭდილებათა იმ დაუსრულებელი კალეიდოსკოპისა, ბავშვთა სახლებში ჩემს უსასრულო მოგზაურობას რომ სდევდა თან.
ერთადერთ თავისებურებად ჩემი პროზისა, რომელიც ასახავს, მაგრამ შორდება და ხშირად ეწინააღმდეგება კიდეც ცხოვრებისეულ სინამდვილეს, მაინც ავტორის თვალსაზრისი მიმაჩნია. შესაძლოა, ცოტათი სენტიმენტალური, ლამის პათეტიკურიც კი. მე განზრახ გავურბივარ ცუდზე წერას.
მგონია, რომ ცხოვრებაცა და ლიტერატურაც ისედაც წალეკილია სიბნელით. ისე მოხდა, რომ ბევრი სისასტიკე და ბოროტება ვნახე. დაცემული, გაბოროტებული ადამიანისა და მისი პირუტყვული საქციელის აღწერით შენდა უნებურად ბოროტების ისედაც უსასრულო ჯაჭვს კიდევ უფრო აგრძელებ. ეს კი არ მინდა. მე სიკეთეზე, სიხარულზე, გამარჯვებასა და სიხარულზე ვწერ”, – ამბობს მწერალი.
და თუ თქვენი თავისუფალი დროის რამდენიმე საათს ამ რომანს დაუთმობთ, ყოველთვის, როდესაც პირადი მცირე თუ დიდი პრობლემები სასოწარკვეთის პირას მიგიყვანთ, გაგახსენდებათ ეს ამბავი და მოგცემთ ფეხზე წამოდგომის ძალას. „თეთრით შავზე” კეთილი ამბავია ძლიერ, სიცოცხლისმოყვარე ადამიანებზე.


ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...