ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
21 მაისი, ოთხშაბათი, 2025

სექტემბრის რიტუალი

0

რა დრო იყო: აგვისტოს ბოლოს წავიდოდნენ დედაჩვენები რომელიმე მტვრიან ბაზარში, დაბრუნდებოდნენ დაღლილები, დაჭმუჭნილები, იწუწუნებდნენ სასკოლო წლის დასაწყისის სირთულეებზე: ხალხმრავლობაზე, სასექტემბრო „ცეცხლის ფასებზე”, ჩვენთვის ვერნაყიდ ლამაზ ქვედაკაბაზე, რომელსაც ჰქონდა სამიოდე პლისეთი მეტი და ღირდა, ალბათ, სამიოდე ლარით მეტი. ჩვენ მოუთმენლად ამოვყრიდით ჭრაჭუნა პარკებიდან ახალთახალ ტანსაცმელს. შევაფასებდით, ძირითადად, დადებითად. არ გვანაღვლებდა ცუდი ხარისხი. ახლა გავხდით პრეტენზიულები: ყოველ ნაკერს ისე გულმოდგინედ ვამოწმებთ, თითქოს კაბა კი არა, საპატარძლო იყოს, ჩვენ კი – ცალწარბაწეული სადედამთილოები.


ჩვენი სკოლები, ცარიელები, სამი თვის მშივრები გველოდნენ. უბუყბუყებდათ ცარიელი დერეფნები და სასკოლო ოთახები. ნაღვლიანი ფანჯრებით გადმოჰყურებდნენ გზებს, რომლებითაც ოდესმე დავუბრუნდებოდით. მშივრები, მშივრები. მოაჯირებს, კიბეებსაც ნეკნებივით დაუთვლიდით. გამხდრები, გამხდრები. სექტემბრის პირველ ორშაბათს კედლებაკაწკაწებულები ელოდნენ.


ჩვენც მიგვქონდა ჩვენი პატარა სხეულები, ჩვენი ამბები, საზაფხულო, არასკოლური. პირველი დღე ამბებისა იყო. ამბები იყვნენ, ძირითად, სოფლურები, მუხლებგადაყვლეფილები, შავი თუთით დაწინწკლულები, ჩიტის ბუდეების ინტერიერის ინტერესით იხოცებოდნენ და ხანდახან ველოსიპედიდან ჩამოვარდნის სიმწარესაც მთელ კლასს ამცნობდნენ. მასწავლებლები ხშირად წაკითხული წიგნების რაოდენობით ინტერესდებოდნენ. ჩვენი მონაგარი ხან „ერთი თარო” იყო, ხან – უფრო მეტი. ეს სასაცილო „ერთი თარო” სერიოზულად განიხილებოდა. რა დრო იყო – ნეთბუქები თვალით არ გვენახა და სასკოლო სახელმძღვანელოებსაც, აბა, მაშინ უფასოდ ვინ დაგვირიგებდა, ასე რომ, მომდევნო ორი კვირა მაინც უწიგნობისა იყო.


უსწავლელი გაკვეთილები უწიგნობას ბრალდებოდა. მასწავლებლები გულზე სკდებოდნენ. ჩვენს მშობლებს გულები უსკდებოდათ და საფულეები – არა. მძაფრად მახსოვს ჩემი ყველა ახალი სახელმძღვანელო: ზომა, წონა, დიზაინი, სუნი. ისტორიის უზარმაზარი წიგნები ლიდერობდნენ: მოდელებივით ლამაზები, ტანადები, მაღლები, ჩემი ყველა ჩანთიდან კიდეებამოყრილები.


ასეთი იყო სექტემბერი. მოშვებული, ზაფხულგადმოყოლილი. ასეთი მახსოვს: მაშინ ჯერ კიდევ, ტრადიციულად, ვზეიმობდით. ულექსოდ სასწავლო წლის დასაწყისი ვერ ჩაივლიდა. გაზეპირებულ სტროფებს ისე სწრაფად ჩამოვარაკრაკებდით, დამსწრეებს ერთი სიტყვაც არ ესმოდათ. რომელ ბავშვს უყვარს „ლექსის თქმის” მტანჯველი რიტუალი. მშობლები კი რატომღაც მუდამ გრძელ-გრძელ ლექსებზე გიჟდებოდნენ და მოთმინებით გვაზეპირებინებდნენ. ჩვენი სიბეჯითის დასტური თუ იყო. ალბათ, მშობლისაც.


სკოლა კი, კმაყოფილი, ფანჯრებს ფართოდ გაახელდა, ფარდებს გადასწევდა და მერხებს ააჭრიალებდა. სექტემბრის ბოლო კვირას უკვე ვფიქრობდით, რომ უკეთესი იქნებოდა, მუდმივი ზაფხულითა და თავგადასავლებით სავსე ჯადოსნურ ქვეყანაში გვეცხოვრა. მაშინ არც ერთს არ მოგვივიდოდა აზრად, რომ მრავალი წლის შემდეგ რომელიმე ჩვენგანი ნოსტალგიურ წერილს დაწერდა ძველ, წვრილმან ამბებზე. თუმცა რას გაუგებ უფროსებს – მათ ხომ შეუძლიათ, ყველაზე მოსაწყენები და სენტიმენტალურები იყვნენ.

როგორ მივაღწიოთ სკოლებში სწავლების მაღალ ხარისხს – (პირველი ნაწილი)

0

წერილი მომზადებულია მოცემული
კვლევის ორიგინალური და რუსული გამოცემების საფუძველზე: Barber, M. and Mourshed,
M. (2007) How the World’s Best Performing Schools Come Out on Top. London, McKinsey
& Company;
М. Барбер, М. Муршед. КАК ДОБИТЬСЯ СТАБИЛЬНО ВЫСОКОГО
КАЧЕСТВА ОБУЧЕНИЯ В ШКОЛАХ
. Вопросы
образования
” (2008)

 განათლების რეფორმა თითქმის ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მიუხედავად ამ მიმართულებით დაფინანსებისა და ძალისხმევის ზრდისა, სასკოლო სისტემებში განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ხარისხის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში, ქვეყნების მიხედვით, ძლიერ მერყეობს.

სასკოლო განათლების ზოგიერთი სისტემა მუშაობს უკეთესად და ვითარდება უფრო სწრაფად. ჩვენ შევისწავლეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25 სასკოლო სისტემა, მათ შორის 10 საუკეთესო, რათა გაგვეგო, რისი ბრალია განსხვავება ხარისხსა და განვითარების დინამიკას შორის. ყურადღება გავამახვილეთ სისტემებს შორის განსხვავებაზე, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს სწავლების ხარისხს. მთავარი კითხვა ასეთი იყო: რა აერთიანებს საუკეთესო სასკოლო სისტემებს კულტურული და სოციალური კონტექსტისგან დამოუკიდებლად? რა ინსტრუმენტები გამოიყენება მოსწავლეთა სწავლის შედეგების მუდმივი გაუმჯობესებისთვის?

ამ კითხვებზე მარტივი პასუხები არ არსებობს. შეცვალო ის, რაც ხდება მილიონობით ბავშვის გულსა და გონებაში – რადგან სწორედ ეს არის ნებისმიერი სასკოლო სისტემის მიზანი – არ გახლავთ იოლი საქმე. სასკოლო სისტემის განვითარების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ დღემდე ვერ შეთანხმებულან იმის თაობაზე, რომელი მათგანია უფრო ეფექტური. საუკეთესო სისტემების გამოცდილება მოწმობს, რომ გადამწყვეტ როლს ასრულებს სამი ფაქტორი:

1) მასწავლებლებად უნდა მუშაობდნენ შესაფერისი ადამიანები; 

2) მათ უნდა მიიღონ საჭირო მომზადება, რაც მისცემს საშუალებას გააუმჯობესონ პედაგოგიური პრაქტიკის ეფექტურობა; 

3) აუცილებელია ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, რომელშიც ყველა მოსწავლე, უგამონაკლისოდ, მიიღებს ხარისხიან განათლებას.

კვლევის შედეგები მოწმობს: ამ სფეროში მოწინავე პოზიციებზე მყოფ ქვეყნებში არსებობს სისტემები, რომლებიც ისეა ორგანიზებული, რომ ყველა ეს ფაქტორი მუშაობს, რაც ამტკიცებს, რომ სწავლის შედეგების გაუმჯობესება შესაძლებელია, თანაც მოკლე ხანში.


„შავი ყუთის” შიგნით

მიუხედავად დაფინანსების გაზრდისა და რეფორმების გატარებისა, სასკოლო სისტემებმა ვერ მოახერხა სწავლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაზრდა. ვერც სკოლისთვის მეტი ავტონომიის მიცემამ, ვერც კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებამ ვერ მოგვცა მოსალოდნელი შედეგი. მაგალითად, აშშ-ში ბოლო 25 წლის განმავლობაში 73%-ით გაიზარდა დაფინანსება, ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა რაოდენობა კი 18%-ით შემცირდა. შედეგები მაინც თითქმის უცვლელი დარჩა. და ამერიკა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეფორმების განხორციელებისას სირთულეებს აწყდება.

სისტემური ცვლილებები რეფორმების პროცესში

თამამი და ნოვატორული რეფორმები
გატარდა მსოფლიოს თითქმის ყველა სასკოლო სისტემაში. ინგლისში არსებითი ცვლილებები
განხორციელდა სკოლის ფინანსურ საქმიანობაში, მის მართვაში. შეიცვალა პროგრამები,
შეფასება და ტესტირებისადმი მიდგომები. შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლების
ფუნქციები, თემისადმი სკოლის დამოკიდებულება. მიუხედავად 50-წლიანი რეფორმებისა,
ინგლისის დაწყებით სკოლებში ვერ მოხდა ცოდნის ოდნავ მაინც შესამჩნევი ზრდა. იგივე შედეგები
აღირიცხა სხვა ქვეყნებში.
ამერიკაში გაატარეს სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ითვალისწინებდა სკოლების
მმართველობის დეცენტრალიზაციას, სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას და ე.წ
ჩარტერული სკოლების რაოდენობის გაზრდას (ჩარტერულ სკოლას აქვს დიდი ავტონომია და
გაზრდილი პასუხისმგებლობა). შედეგები არცთუ იმედის მომცემი აღმოჩნდა. საუკეთესო
ჩარტერულ სკოლებში სწავლების ხარისხი კი ამაღლდა, მაგრამ კომპლექსურმა მაჩვენებლებმა
ცხადყო, რომ ვერც ასეთმა სკოლებმა აჯობა მნიშვნელოვნად სხვა სასწავლო
დაწესებულებებს. თუ ერთი მიმართულებით, მაგალითად, კითხვაში, მდგომარეობა გაუმჯობესდა,
სხვა მიმართულებით, მაგალითად, მათემატიკაში გაუარესდა. იგივე მოხდა ახალ ზელანდიაში.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: სკოლებმა ვერ შეძლეს სწავლების ჩვეული მეთოდების
შეცვლა, შესაბამისად, ვერ აამაღლეს სწავლების ხარისხი. ერთადერთი, რაც სასკოლო
სისტემათა რეფორმებს აერთიანებს, მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაა. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი
შედეგი ვერც ამ რეფორმამ გამოიღო.

 

მასწავლებელთა პროფესიონალური უნარების ზრდისკენ მიმართული ძალისხმევა

კვლევებმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა სწავლის
დონეებს შორის განსხვავება, უპირველესად, მასწავლებლზეა დამოკიდებული. თუ ერთნაირი
დონის ორი მოსწავლიდან ერთს ჰყავს მაღალკვალიფიციური მასწავლებელი, ხოლო მეორეს –
დაბალკვალიფიციური, მათი სწავლების შედეგები 50%-ით განსხვავდება ერთმანეთისგან, მაშინ
როდესაც კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება ამ განსხვავებას მხოლოდ 8%-ით
ზრდის. ყველა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მაღალკვალიფიციური პედაგოგის კლასში
მოსწავლეთა პროგრესი სამჯერ სწრაფია, ვიდრე დაბალკვალიფიციურისაში. სკოლების დირექტორებიც
აღიარებდნენ, რომ სწავლის ხარისხის გაუმჯობესება უმეტესად მასწავლებლის მუშაობის
დონით იყო განპირობებული.

ცუდი მასწავლებელი ძალზე ნეგატიურ
გავლენას ახდენს ბავშვის სწავლის ხარისხზე, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში.
კვლევები მოწმობს, რომ მოსწავლეს, რომელსაც 11 წლის ასაკში ცუდი შედეგები აქვს, მხოლოდ
25% აქვს შანსი, 14 წლისთვის სათანადო დონეს მიაღწიოს, ხოლო 14 წლის ცუდი
მოსწრების მქონე მოსწავლისთვის შანსი, რომ სკოლას ცოდნის დადგენილ მინიმუმზე
დაამთავრებს, მხოლოდ 6%-ია. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ განურჩევლად იმისა,
განათლების სისტემა კარგია თუ ცუდი, მოსწავლეს, რომელიც ცუდი მასწავლებლის გამო დაწყებით
კლასებში ვერ აღწევს წარმატებას, თანატოლების დაწევის მცირე შანსი აქვს.

 

სასკოლო სისტემების მსგავსება და განსხვავება

მიუხედავად პრობლემებისა, სასკოლო
განათლების ზოგიერთ სისტემას შეუძლია იამაყოს მაღალი ხარისხით და განვითარების
სწრაფი ტემპით. მაგალითად, სინგაპურის სკოლები მაღალ შეფასებას იღებენ მათემატიკისა
და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების საერთაშორისო
TIMSS-ის კვლევებში, თუმცაღა ნაკლებ თანხას
ხარჯავენ დაწყებით განათლებაზე, ვიდრე ყველა განვითარებული ქვეყანა ერთად, ფინეთში
კი ბავშვები სკოლაში 7 წლისანი მიდიან და ორი წლის განმავლობაში იქ დღეში მხოლოდ 4-5
საათს ატარებენ. მიუხედავად ამისა, 15 წლის ფინელ მოსწავლეებს მსოფლიოში ყველაზე
მაღალი რეიტინგი აქვთ მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და
ამოცანების ამოხსნაში. ბოსტონში (აშშ) იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც
აკმაყოფილებდნენ საერთო შეფასების სისტემას, მათემატიკაში 25%-დან 74%-მდე გაიზარდა,
ხოლო ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში – 43%-დან 77%-მდე, და ეს მხოლოდ 6
წელიწადში.

გვინდოდა გაგვეგო, რატომ მუშაობდა ეს
სისტემები სხვებზე უკეთესად და რა წვლილის შეტანა შეეძლო მათ გამოცდილებას იმის გაგებაში,
როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ სწავლების ხარისხი ყველგან. ყურადღებას ვამახვილებდით
თავისებურებებზე, რომლებიც სისტემურ დონეზე იძლეოდა კარგ შედეგებს. გვაინტერესებდა,
რომელი ცვლილება იძლეოდა სწავლებისა და ცოდნის ხარისხის გაუმჯობესების
შესაძლებლობას.

ჩვენ მიერ განხილულ განათლების
სისტემებს ბევრი რამ განასხვავებს. ისინი მოქმედებენ სხვადასხვა კულტურულ და
პოლიტიკურ კონტექსტებში და აწყდებიან სხვადასხვა პრობლემებს. ზოგიერთი სისტემა
რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ნიდერლანდები თავის წარმატებას სისტემის
დეცენტრალიზაციას მიაწერს, სინგაპური, პირიქით ცენტრალიზებულ კონტროლს. ინგლისში
23 000 სკოლაა, ხოლო ბოსტონში – მხოლოდ 150.

და მაინც, სისტემებს შორის არსებობს
არა მარტო განსხვავება, არამედ ფუნდამენტური მსგავსებაც. მივედით დასკვნამდე, რომ
მაღალეფექტური სასკოლო სისტემები, რომლებიც სტრუქტურითა და სწავლების შინაარსით ერთმანეთისგან
განსხვავდებოდა, ყურადღებას მასწავლებლის მუშაობის ხარისხზე ამახვილებდა, რადგან
სწორედ ეს ფაქტორი ახდენს პირდაპირ გავლენას მოსწავლის სწავლის დონეზე. ეს სასკოლო
სისტემები მისდევდა სამ პრინციპს:

* პედაგოგებად მიეზიდათ შესაფერისი ადამიანები (განათლების სიტემის
ხარისხი არ შეიძლება იყოს მასში მომუშავე მასწავლებლის ხარისხზე მაღალი);

* ექციათ ეს ადამიანები ეფექტურ პედაგოგებად (მოსწავლეთა შედეგების
გაუმჯობესების ერთადერთი გზა პედაგოგების პროფესიონალიზმის ხარისხის ამაღლებაა);

 * შეექმნათ სიტემა და მას ისე
ემუშავა, რომ თითოეულ მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო მაღალკვალიფიციური სწავლება
(ერთადერთი გზა, მიაღწიო სისტემის შედეგიანობის მაღალ დონეს, თითოეული მოსწავლის
დონის ამაღლებაა).

(მთრგმენლის
შენიშვნა: საქართველოში რეფორმა 9 წელია მიმდინრეობს და, სამწუხაროდ, არც ერთი ამ
მიმართულებით არ გადადგმულა ეფექტური ნაბიჯები!
)

იმისთვის, რომ ამ პრინციპების
შესაბამისად იმოქმედო, აუცილებელია ცვლილებები სასკოლო განათლების სისტემის სხვა
ასპექტებშიც – ფინანსირების სტრუქტურით დაწყებული, მმართველობისა და სტიმულირების
სტრუქტურით გაგრძელებული. მაგრამ კვლევები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეთა განათლების
ხარისხის ამაღლებისთვის სამ ზემოხსენებულ პრინციპზე ყურადღების გამახვილებას
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ამ სამ პრინციპს სათანადო ყურადღება არ
მივაქციეთ, ვერ მივაღწევთ მიზანს (შედეგების გაუმჯობესებას), რომლისკენაც
მივისწრაფით.

 

განათლების სისტემის ხარისხი ვერ იქნება მასში მომუშავე პედაგოგების
პროფესიონალიზმის ხარისხზე მაღალი

ყველაზე ეფექტური სისტემები იმით
გამოირჩევა, რომ სტაბილურად იზიდავს მასწავლებლებად ხარისხიან კადრებს, რასაც
სწავლის შედეგების გაუმჯობესებისკენ მივყავართ. ეს მიიღწევა მასწავლებელთა
მოსამზადებელ პროგრამებზე მათი მკაცრი შერჩევით, რისთვისაც შემუშავებულია კადრების
შეფასების ეფექტური მეთოდები და, რასაკვირველია, ინიშნება საკმაოდ მაღალი საწყისი
ხელფასი. ასეთ მიდგომას მივყავართ მასწავლებლის სტატუსის ამაღლებისკენ, შესაბამისად,
ჩნდება სულ უფრო მეტი მაღალკვალიფიციური კანდიდატი.

სკოლის სისტემის ხარისხი ეფუძნება
მასწავლებლის მუშაობის ხარისხს. არსებობს უამრავი (როგორც სტატისტიკური, ასევე
პრაქტიკული) მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ მასწავლებლის პროფესიისკენ შესაფერისი
კადრების მოზიდვა წარმოადგენს სწავლების ხარისხის გაზრდის გადამწყვეტ პირობას.

ჩვენ მიერ გამოკვლეულ განსაკუთრებით
ეფექტურ სასკოლო სისტემებს მასწავლებლები კურსდამთავრებულთა საუკეთესო მესამედიდან
აჰყავს.

რაც შეეხება ცუდ სასკოლო სისტემებს, ისინი
იშვიათად იზიდავენ საუკეთესო კადრებს. მაგალითად, კვალიფიციური კომისია ამერიკის
სამუშაო ძალის უნარების შესახებ აღნიშნავს: „დღესდღეობით ჩვენ პედაგოგებად აგვყავს
სკოლის კურსდამთავრებულთა დაბალი შეფასების მქონე მესამედი. შეუძლებელია,
მოსწავლემ სათანადო დონეზე დაამთავროს სკოლა, თუ მის მასწავლებელს არ გააჩნია ის
ცოდნა და უნარები, რომლებიც გვინდა ჰქონდეთ ჩვენს შვილებს”. არსებობს იმავე აზრის
კარგი ფორმულირება: „შეუძლებელია, სხვას მისცე ის, რაც თავად არ გაგაჩნია”.

თარგმანი და რედაქცია კახა ჟღენტისა

საიდან მოდის უცნაური ქართული სახელები

0
„ოზურგეთში რკინიგზა რომ გაიყვანეს, გახარებულმა მამამ თავის ქალიშვილს ლიანდაგი დაარქვა”.
უცნაური ქართული სახელების შესახებ ალბათ ყველას გაგვიგონია და, უნდა ვაღიაროთ, კარგადაც გვიხალისია. ცნობილია, რომ ბავშვებს უცნაურ სახელებს უმთავრესად სამეგრელოსა და გურიაში არქმევენ, მაგრამ არც ქართლი და კახეთია გამონაკლისი. ეთნოგრაფები ამ ფენომენს ქართული ბუნებით ხსნიან. მათი თქმით, ქართველებს ორიგინალურობა და სხვათაგან გამორჩევა გვიყვარს და ამიტომაც მოგვდის აზრად, შვილებს ისეთი უცნაური სახელები დავარქვათ, როგორიცაა, მაგალითად, სააგენტო, ბოჩოლა, ელშუქი, ვანგა, ძიღვი… საინტერესოა ქართული გვარებიც – მათი უმეტესობის საბოლოო ფორმირება XVIII-XIX საუკუნეებში მოხდა და ამ გვარებს, როგორც წესი, ერთი ან რამდენიმე ადამიანი იგონებდა, მაგრამ ამჯერად, მოდი, სახელებით შემოვიფარგლოთ.
გიორგი კახაბრიშვილი, ეთნოგრაფი: 
– ქართველებს ერთი ნიშანდობლივი თვისება გვაქვს: გვინდა, ჩვენ და ჩვენი შვილები სხვებს არ ვგავდეთ. ეს საძრახისი არ არის – ორიგინალურობის სურვილი ამბიციაზე მიუთითებს, ამბიცია კი პატივსაცემია. ქართულ გვარ-სახელებზე მუშაობისას მეცნიერები ნამდვილ “მარგალიტებს” პოულობენ. ყველაზე ორიგინალურები მაინც მეგრელები არიან, რადგან ერთ სოფელში დღესაც კი იშვიათად წააწყდებით ერთნაირი სახელების მქონე ადამიანებს. ბოლო ხანს ყველგან დამკვიდრდა მოდური ქართული სახელები: ლუკა, საბა, ელენე, თორნიკე და სხვა, – მაგრამ ტრადიციების მოყვარული ბევრი მეგრელი მაინც ჯიუტად არქმევს შვილს ორიგინალურ სახელს და პირადად მე ამას მივესალმები.

თქვენს მკითხველებს ალბათ აინტერესებთ, რა ორიგინალურ გვარ-სახელებს გადავაწყდით. მაგალითად, ზუგდიდის რაიონში ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ: გვარგვალია რუნდუკი, ურიდია მიმოზა, ხახამია ჟოზეფინა, მოლაშხია მენახა, კილასონია სააგენტო. მარტვილელებიც დიდად ორიგინალური ხალხია. ამის დასტურად ეს სახელებიც კმარა: ემაილი, ვანცტა, ქორდიკო, ბოჩოლა, ელშუქი… მათ არც სენაკელები ჩამოუვარდებიან: ღურწკაია ჭუჭუ, ძაძუ, ბოქოლავა ირმიზოლდი, ძიღვი, ჭაჭუა განგა, ჯეელი და ფუჩქი სწორედ სენაკელები არიან. მათი უმეტესობა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია და დასანანია, რომ ყველა მათგანზე ვერ შევაგროვეთ ინფორმაცია.
– სხვა კუთხეებზე რაც გვეტყვით? კახელები და გურულებიც ხომ ცნობილი არიან უცნაური სახელების დარქმევის ტრადიციით…
– მოდი, გურიით დავიწყოთ. გურიაში XX საუკუნის 40-იან წლებამდე ფაქტობრივად ვერ ნახავდით ოჯახს, სადაც უცნაური სახელის მქონე ერთი ადამიანი მაინც არ ყოფილიყო. ლანჩხუთში ერთ კაცს ძალიან უნდოდა, მისი რომელიმე შვილი იურისტი გამხდარიყო და თავის ოთხ ვაჟს ასეთი სახელები დაარქვა: უფროსს – იური, მომდევნოს – დიული, მესამეს – ფაკული და ნაბოლარას – ტეტი. ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ მათი სახელები ერთად “იურიდიულ ფაკულტეტს” შეადგენს.
ოზურგეთის რაიონში რკინიგზა რომ გაიყვანეს, ამ ამბით გახარებულმა მამამ თავის ახალდაბადებულ ქალიშვილს ლიანდაგი დაარქვა.
აღმოჩენილი სახელებიდან ყველაზე საინტერესოა, მაგალითად, მამალაძე ქოგელი, კაკალაძე ხურთქი, მამალაძე ბულბული, როყვა ჯართუ, გუმბარიძე ფიზიკა…
კახელები რისი კახელები იქნებოდნენ, სხვებს რომ ჩამორჩენოდნენ? კახეთსა და ქართლში ადგილობრივი მოსახლეობა ვერაფრით დავარწმუნეთ, რომ, მაგალითად, ზარიზონი, თავა, ძლიერა და სხვები უცნაური სახელებია. მეგრელებმა იცოდნენ და შეგნებულად არქმევდნენ შვილებს ორიგინალურ სახელებს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში ვერც კი წარმოედგინათ, რომ, ვთქვათ, სახელი კურია არ იყო მთლად ჩვეულებრივი… საგარეჯოში ერთმა ადგილობრივმა გლეხმა გვითხრა: “აქ რას დაეძებთ უცნაურ სახელებს, სამეგრელოში ვერ წახვედითო?” არადა, მის შვილს გობერტი (და არა რობერტი) ერქვა. ქართლში ქალბატონი, სახელად გრუნია, მთელი საათი გვიმტკიცებდა, რომ მისი სახელი სულაც არ იყო უცნაური და საბუთად ის მოჰყავდა, რომ მის ბებიასაც გრუნია ერქვა”.
გიორგი კახაბრიშვილის კოლეგა, ეთნოგრაფი თემურ კაპანაძე, სვანეთში, იმერეთსა და აფხაზეთში აღმოჩენილ უცნაურ გვარ-სახელებზე გვესაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კუთხეები უცნაური სახელების რაოდენობით სამეგრელოსა და გურიას ვერ გაუტოლდება, თავად დარწმუნდებით, რომ ორიგინალურობას არც აქ უჩივიან.

თემურ კაპანაძე, ეთნოგრაფი: 
– მეორე მსოფლიო იმის შემდეგ გმირი, მებრძოლი და სხვა ამგვარი სახელები მხოლოდ სამეგრელოში როდი იყო პოპულარული – აფხაზეთში, იმერეთსა და სვანეთშიც ბევრს ერქვა. საინტერესოა ასევე ტანკი, ზარბაზანი, მაუზერი, მაიორი. ასეთ სახელებს თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში არქმევდნენ ბავშვებს. სვანეთში 1942 წელს, გახურებული მსოფლიო ომის დროს, დაბადებულ ბიჭს ძირჰი დაარქვეს, რაც ასე იშიფრება: „ძირს სისხლიანი ჰიტლერი!” იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, გასული საუკუნის 70-იან წლებში გარდაცვლილი ტყუპი და-ძმის სახელების შესარჩევად მშობლებს, როგორც ჩანს, დიდხანს არ უფიქრიათ: ბიჭს ძმა დაარქვეს, გოგოს კი და. მეგრელებში ძალიან პოპულარულია სახელი არველოდი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მშობლებისთვის ბავშვის დაბადება მოულოდნელი იყო. როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობდა სოხუმელი თემურ ჯეჯელავა, რომელმაც 1955 წელს დაბადებულ ქალიშვილს სახელად კიველოდი დაარქვა. ელოდა კაცი შვილს და რას ერჩით… ამ სამ კუთხეში აღმოვაჩინეთ შემდეგი გვარ-სახელებიც: ჟორჟოლიანი ბრძოლვერდი, კლემონჯავა ჯონსონი, მუმლაძე გულჭორი, ხაბუზანია გაჯია, კიკნაძე კონვეირი, კუპეტია ლევტერი, წერეთელი გრიალა, პერჭაია პაჭო, ხვისტანი მუხუტური, ჭკადუა ლავანდა, ეთერია დაზმირი. 

საბჭოთა პერიოდში ამ ფენომენს საქართველოში, სამწუხაროდ, ირონიით უყურებდნენ, მისი მოკვლევით არავინ დაინტერესებულა. არადა, სახელები ხომ ჩვენი ეთნოკულტურის შემადგენელი ნაწილია და მათში შესანიშნავად ჩანს ჩვენი ხალხის ბუნება და მისი ყოფა სხვადასხვა ეპოქაში. დღეს, ბუნებრივია, ლენსტანბერს (იშიფრება როგორც „ლენინი, სტალიანი, ბერია”) შვილს აღარავინ დაარქმევს, მაგრამ არავის გაუკვირდეს, თუ ვინმემ ახალშობილს ბუში უმცროსი ან კონდოლიზა დაარქმვა. ეს არც სამარცხვინოა და არც დასამალი.

მარინა ლომოური – ჩვენ ვეხმარებით სკოლას

0
„მე ვარ თიკო კუპრაძე, ვსწავლობ 182-ე სკოლაში. ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში იმისთვის მოვედი, რომ გავცნობოდი ეკონომიკის ფაკულტეტს, რადგან მსურს, შემდგომში სწავლა ამ უნივერსიტეტში და ამ ფაკულტეტზე გავაგრძელო. ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში ყველაზე მეტად მომეწონა ლექციები მიკროეკონომიკაზე, პირადად ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო”, – სწერს თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტს 182-ე სკოლის მოსწავლე თიკო კუპრაძე.
2007-2008 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, დაარსდა „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი”, რომელიც 2011 წელს ევროპის უნივერსიტეტთა საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანების (EUCU NET – the European Children's Universities Network https://eucu.net/) წევრი გახდა.
„EUCU NET-ის დეკლარაციაში ვკითხულობთ: „უპირველესი მიზანი, რამაც ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება განაპირობა, არის თანამედროვე, დემოკრატიული, საუნივერსიტეტო ევროპის რწმენა, რომ ყველა ბავშვს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა და სოციალური წარმომავლობისა, უნდა ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ცივილიზებული საზოგადოება მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი სახელმწიფოსთვის უაღრესად ფასეულ სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს, გაცილებით მნიშვნელოვანს, ვიდრე წიაღისეული ან სხვა ბუნებრივი რესურსი, ხოლო საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის მთავარი მიზანი სწორედ სწავლის სურვილის, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებაა”, – როგორც თსუ რექტორის კონსულტანტი, თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი მარინა ლომოური აცხადებს, პირველი ქართული „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი” სავსებით იზიარებს ამ დოკუმენტის პათოსს.

კიდევ რა მიზანს ემსახურება „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი”? – ამის შესახებ mastsavlebeli.ge მარინა ლომოურს ესაუბრება. 
– სასკოლო განათლების სფეროსთვის საბავშვო უნივერსიტეტს, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი მიზანია, დააინტერესოს მოსწავლე ცოდნის მიღებით, დაანახვოს ის პერსპექტივა, რასაც ცოდნა აძლევს. ჩვენი დევიზია „ცოდნა ძალაა”, ლათინურად – Scientia potentia est. ეს გამოთქმა ევროპული ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთ ფუძემდებელს, ფრენსის ბეკონს ეკუთვნის. ჩვენც ვიზიარებთ მას. განათლებული ადამიანი უფრო ძლიერია, ვიდრე გაუნათლებელი – ცხოვრებისეული წარმატების, კარიერული ზრდის მისი პერსპექტივა უფრო საიმედოა, ვიდრე გაუნათლებელი ადამიანისა. საუბედუროდ, სკოლაში მიღებული ცოდნა, არცთუ იშვიათად, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
უკანასკნელ ათწლეულებში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შეინიშნება სასკოლო განათლების ხარისხის დაქვეითება, ამიტომ საბავშვო უნივერსიტეტის უპირველესი ამოცანა სასკოლო განათლების ხელშეწყობა, სწავლისადმი მოსწავლის ინტერესის გაღვივება, ცოდნის შეძენის მოტივაციის გაზრდაა. ამას უნივერსიტეტის პროფესორები უსასყიდლოდ, საკუთარი დროისა და ენერგიის ხარჯზე აკეთებენ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა და რომ არა მათი ენთუზიაზმი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პროექტი ვერ განხორციელდებოდა.   
საბავშვო უნივერსიტეტი მოსწავლეებს რამდენიმე სალექციო კურსს სთავაზობს. მაგალითად, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – მათემატიკაში, ასტრონომიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში. მოსწავლეები ინტერესით ისმენენ ლექციებს, მაგრამ ლაბორატორიული მეცადინეობები უფრო მეტად აინტერესებთ. მით უმეტეს, რომ სკოლებში, საუბედუროდ, მარტივი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებაც კი შეზღუდულია. ეს სასწავლო პროცესის დიდი ხარვეზია. ჩვენთან, უნივერსიტეტში, მოსწავლეებისთვის თეორიული ლექციებიც იკითხება და ექსპერიმენტული მეცადინეობებიც ტარდება, მაგ., საბავშვო უნივერსიტეტს ფიზიკის სპეციალური ლაბორატორია აქვს. აქ ტარდება ცდები და კვლევები, რომლებიც სასკოლო პროგრამას შეესაბამება. მოსწავლეები ექსპერიმენტული ფიზიკის ელემენტებს ეუფლებიან. იგივე ხდება ქიმიაში. ძალიან საინტერესოა გეოგრაფიის ლექციები, ეკოლოგიური პრობლემების განხილვა, რასაც ექსკურსიები მოსდევს და ლექციაზე მოსმენილს მოსწავლეები ბუნებაში აკვირდებიან. წარმატებულია „ნორჩ ასტრონომთა სკოლა”, მით უმეტეს, რომ სკოლაში ასტრონომია არჩევითი საგანი გახდა და ფაქტობრივად აღარ ისწავლება, რაც მოსწავლეებს სამყაროს შესახებ ცოდნის საგრძნობ დეფიციტს უქმნის. ეს დღეს მით უფრო სავალალოა, რომ მოსახლეობაში უფრო და უფრო მძლავრობს უმეცრებასა და ცრურწმენაზე აღმოცენებული სხვადასხვა ფობია თუ აგრესია. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით მოსწავლეებთან აქტიურად მუშაობენ პროფესორები გ. დვალაშვილი, ი. თავხელიძე, რ. ლომსაძე, ე. მარქარაშვილი, დ. ნიკოლაიშვილი, შ. საბაშვილი და სხვები. ძალიან საინტერესო პროგრამაა დანერგილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, სადაც საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით „ნორჩ ეკონომისტთა სკოლა” ფუნქციობს. ამ სკოლას ყოველწლიურად 80-100 მოსწავლე ირჩევს, რომლებიც შაბათობით ესწრებიან ლექციებს, ირჩევენ თემებს, ბოლოს კი კონფერენციაზე წარადგენენ მათ. სკოლის კოორდინატორია მ. უკლება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სწავლების პროცესში ფაკულტეტის მთელი პროფესურაა ჩართული. სხვათა შორის, „ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში” ლექციები მინისტრებმაც – ნოდარ ხადურმა და დავით ნარმანიამ – წაიკითხეს. მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ავტორიტეტულ პირებთან უშუალო კონტაქტი. ვფიქრობ, გვაქვს უფლება მივიჩნიოთ, რომ ამ სკოლის მოსწავლეები ეკონომისტის პროფესიას არა ბრმად, არამედ გაცნობიერებულად აირჩევენ.

რაც შეეხება იურიდიულ მეცნიერებებს, მათდამი ჩვენი მიდგომა განსხვავებულია. თსუ-ს დოქტორანტი იურისტები, ამ პროექტის კოორდინატორის შ. ჩარბაძის წარდგინებით, დადიან სკოლებში და მოზარდებისთვის აქტუალურ საკითხებზე ლექციებს კითხულობენ.

„ნორჩთა სკოლების” მუშაობის სხვადასხვა სტილი და მეთოდოლოგია შემთხვევითი არ არის. ყველა პროფესიას და საგანს თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად, ფიზიკის ლექციებს ირჩევენ და ისმენენ ის მოსწავლეები, რომლებიც კარგად სწავლობენ და აინტერესებთ ეს საგანი, მაგრამ სამართლებრივი საკითხების შესახებ ლექციები ყველამ უნდა მოისმინოს, რადგან ამ შემთხვევაში მიზანი მხოლოდ პროფესიის გაცნობა კი არა, უფრო მნიშვნელოვანი რამ – მოქალაქის აღზრდაა. მოსწავლეებს, რომლებიც ცუდად სწავლობენ, არ აპირებენ სწავლის გაგრძელებას, ცხოვრებისეულმა სირთულეებმა შესაძლოა მცდარი გზისკენ უბიძგოს, ამიტომ მათთვის მოზარდთა სამართლებრივ უფლება-მოვალეობებზე, საფრთხეებსა და დანაშაულებზე პრევენციული ლექციების მოსმენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით, კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტისას საბავშვო უნივერსიტეტი ურთერთობის ადეკვატური მეთოდისა და ფორმის შერჩევას ცდილობს. 
მეცნიერების სხვადასხვა დარგის გაცნობასთან ერთად, ჩვენ სკოლის მოსწავლის უნივერსიტეტთან დაახლოებასაც ვისახავთ მიზნად. გვინდა, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში გავაცნოთ მას საუნივერსიტეტო ცხოვრება. გვინდა, მოსწავლისთვის უნივერსიტეტი იყოს არა რაღაც მიუწვდომელი, უცხო, რთული, არამედ საინტერესო, მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო, რომელიც მას სასარგებლო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით შეაიარაღებს. 
მოზარდმა სკოლაშივე უნდა იცოდეს, რა სარგებლობას მოუტანს მას განათლება, სერიოზულად ფიქრობდეს მომავალი პროფესიის არჩევაზე, გაცნობიერებული ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რასაც ესა თუ ის პროფესია მისცემს მას. ამისთვის კი საჭიროა, მან სკოლაშივე გაიცნოს საქმიანობის სხვადასხვა სფერო, ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა სხვადასხვა პროფესიის შესახებ.

უნივერსიტეტში შემოსული პირველკურსელი ხშირად ძლიერ კულტურულ შოკს განიცდის, უცხოდ და უსუსურად გრძნობს თავს. სტუდენტობის საწყისი პერიოდის სირთულეებს დღევანდელი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის თავისებურებაც უწყობს ხელს – თუნდაც ის, რომ სკოლაში სწავლის ტრადიციულ მეთოდებზე გაზრდილს, უნივერსიტეტი სასწავლო საგნების არჩევის თავისუფლებას სთავაზობს. გუშინდელმა მოსწავლემ თავად უნდა განსაზღვროს, რის სწავლა სჭირდება არჩეული პროფესიის დასაუფლებლად. მაგრამ იცის კი მან თავიდან, რა დასჭირდება ბოლოს? გვინდა, მოსწავლეს ამ პრობლემების მოგვარებაში ზედმიწევნით დავეხმაროთ.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საბავშვო უნივერსიტეტის ძალზე პოპულარული პროექტი „თსუ დესპანი”, რომელიც ორი წელია ხორციელდება. თსუ-ს სტუდენტები ბრუნდებიან თავიანთ სკოლებში და თანასკოლელებს უამბობენ საკუთარი პროფესიის შესახებ, აცნობენ თსუ-ს. აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეს ფორმა ძალიან საინტერესოა მოსწავლეებისთვის, მეტადრე – რეგიონებში. დესპანის მეშვეობით, ერთი მხრივ, უნივერსიტეტი ცნობადი ხდება მოსწავლისთვის, მეორე მხრივ კი დესპანი მოზარდს არასრულფასოვნების კომლპექსის გადალახვაში ეხმარება. მოსწავლე ფიქრობს: „თუ ჩემი თანასკოლელი გახდა სტუდენტი, ესე იგი მეც შემიძლია იმავეს მივაღწიო”. ყველაზე შორეული სოფლის სკოლის მოსწავლეს გაბედულება და საკუთარი თავის რწმენა ემატება. სოციალურ განსხვავებათა სტიგმის გადასალახავად, გაბედულების შთაგონებისთვის საჭიროა მუშაობა ყველა სკოლაში, კარგი იქნება ის თუ ცუდი, ახლოს მდებარე თუ შორს. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი პოტენციურად ნიჭიერი მოსწავლე, უნდა დავაძლევინოთ მას ის კომპლექსები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი წარმომავლობის, საცხოვრებელი ადგილის ან თუნდაც კუთხური კილოს გამო. ჩვენ ვცდილობთ იმ შეგნების დამკვიდრებას, რომ მოსწავლეს, თუ ის მართლა მოინდომებს, თვითონ შეუძლია წარმატების მიღწევა. 
– სკოლები თავად გამოთქვამენ საბავშვო უნივერსიტეტთან ურთიერთობის სურვილს?
– ჩვენს ვებგვერდს https://junior.tsu.ge/ მოსწავლეები და მასწავლებელები იცნობენ და საკუთრ მოსაზრებებსა და სურვილებსაც ხშირად გვწერენ, რომლებსაც შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ. ამავე დროს ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ვაცნობთ ჩვენს პროექტებს და ზოგჯერ სკოლისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დახმარებას ვთხოვთ. მოგეხსენებათ, სამინისტროს ინფორმაციის გავრცელების დიდი საშუალება აქვს. გვეხმარებიან რესურსცენტრების ხელმძღვანელებიც. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დირექტორების დამოკიდებულება ჩვენი წინადადებების მიმართ. ჩვენი საქმიანობა მაშინ არის ეფექტური და წარმატებული, როდესაც სკოლა თანამშრომლობის სურვილსა და მზადყოფნას იჩენს. მაგრამ კიდევ გავიმეორებ – ეს საქმიანობა ვერ განხორციელდებოდა, რომ არა თსუ-ს პროფესორების უანგარო სამსახური. ეს მათი მხრივ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლინებაა და, ვფიქრობ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი და უკეთესი, ვიდრე დაეხმარო მოსწავლეს, საკუთარი შრომითა და მონდომებით შეასხას ხორცი თავის ოცნებას. 
– რა შედეგი აქვს საბავშვო უნივერსიტეტის მუშაობას?
– აშკარად ვხედავთ, რომ მოსწავლეების თვალსაწიერი ჩვენი ლექციების შემდეგ ფართოვდება. ამასთან, არსებობს სტატისტიკა, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად იზრდება უნივერსიტეტის პოპულარობა. მოსწავლეთა დიდი ნაწილი მომავალში სწავლის გასაგრძელებლად სწორედ თსუ-ს ირჩევს. ჩვენ უშუალოდ ვაცნობთ მათ უნივერსიტეტს, ვთავაზობთ ექსკურსიებს მის პირველ კორპუსში, ვათვალიერებინებთ პირველი კორპუსის მუზეუმს, პანთეონს, ბიბლიოთეკას, ასევე ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმებს. ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლისთვის მშობლიური სახლი გახდეს. 

– სამომავლოდ რამე სიახლეს ხომ არ სთავაზობთ მოსწავლეებსა და მასწავლებელებს?
– ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვაპირებთ პროგრამების გამრავალფეროვნებას. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო განათლების მესვეურებთან, რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლების ადმინისტრაციასთან, რომელზეც უნივერსიტეტისა და სკოლის ურთიერთობის საკითხებს განვიხილავთ. მინდა ხაზგასმით განვაცხადო – ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვერევით სასკოლო სწავლების პროცესში. ამის არც მორალური და არც ფორმალური უფლება არ გაგვაჩნია. სკოლას უზარმაზარი საგანმანათლებლო ამოცანები აქვს გადასაწყვეტი და ეს მხოლოდ სასკოლო განათლების სპეციალისტების კომპეტენციაა. თსუ-ს პროფესორის ლექცია არ არის გაკვეთილი, მას სულ სხვა მიზანი და დატვირთვა აქვს, ამაზე ზემოთ მოგახსენეთ. მაგრამ როდესაც უნივერსიტეტელი ლექტორი მოზარდს საინტერესო ლექციას უკითხავს (რა თქმა უნდა, იგი ანგარიშს უწევს მისი ცოდნის დონეს, ესაუბრება მოსწავლისთვის გასაგები ენით), ეს სასარგებლოა არა მარტო მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებლისთვისაც. ამით ჩვენ ვუბიძგებთ მასწავლებელს, თვითონაც მეტი წაიკითხოს, მეტი გაიგოს. მომხრეები ვართ, ჩვენს ლექციებს მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, რადგან მათაც ვაწვდით ცოდნას, რომელიც საგნით დაინტერესებას, მათი თვალსაწიერის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას სკოლის მასწავლებლებს ვესაუბრებით არა სკოლის ნაკლოვანებებზე, არამედ იმაზე, რის შეთავაზება შეგვიძლია, რაში შეიძლება დავეხმაროთ და როგორ შეუძლიათ გამოიყენონ მიწოდებული ინფორმაცია. ჩვენ ვეხმარებით სკოლას, მაგრამ არ ვაკრიტიკებთ მას.

როგორ ვასწავლოთ წერა (გაგრძელება)

0
წერის პროცესი

წინა წერილში საუბარი გვქონდა წერისთვის მოსწავლეების მომზადების შესახებ. ამჯერად გთავაზობთ მოსაზრებებს უშუალოდ წერის პროცესის ეფექტიანად წარმართვის თაობაზე.

წერის პროცესი იწყება ვარიანტების შექმნით. ეს არის წერამდე გენერირებული აზრების ფურცელზე გადატანის პროცესი. სასურველია, მოსწავლეებმა ხალვათად (თუნდაც ხაზის გამოტოვებით) წერონ. ეს მათ გადასწორებისა და დამატების საშუალებას მისცემს. ერთზე მეტ ვარიანტზე ფიქრი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დახვეწონ აზრები, იპოვონ მათი გამოხატვის უკეთესი ფორმა. ამ ეტაპზე ისინი არ ფიქრობენ მართლწერასა და კალიგრაფიაზე. 

მას შემდეგ, რაც პირველი ვარიანტი დაიწერება, მოსწავლეები იწყებენ მის დახვეწას. ისინი უზიარებენ ნაშრომს მასწავლებელს და/ან თანაკლასელებს, რომლებიც, თავის მხრივ, კითხვებს უსვამენ ავტორს და ამით ნაწერის დახვეწაში ეხმარებიან. ამ ეტაპს პირველი ვარიანტის განხილვის ეტაპი ეწოდება.

ვარიანტის განხილვის შემდეგ ხდება მისი რედაქტირება და კორექტირება. რედაქტირებისა და კორექტირების ეტაპი ნაყოფიერია მაშინ, როდესაც მოსწავლემ იცის, რომ ნაშრომი მხოლოდ ნიშნისთვის არ იწერება და მას სხვებიც გაეცნობიან. ამ შემთხვევაში მოსწავლე ცდილობს, მისი ნაწერი არ იყოს სავსე ენობრივ-გრამატიკული შეცდომებით, ყურადღებას აქცევს წერის კულტურას, კალიგრაფიას. იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი და სხვისი შეცდომების შემჩნევა და გასწორება, სასურველია, მას ჩამოწერილი, კატეგორიზებული და კლასიფიცირებული ჰქონდეს მართლწერის წესები. ამისთვის შეიძლება თითოეულ მათგანს სამუშაო მაგიდაზე დავუდგათ პატარა ყუთი ან თუნდაც ხელსაწმენდების ჩასადები, რომელშიც სხვადასხვა ფერის ფურცლებით გამოყოფილი იქნება ბარათებზე ჩამოწერილი მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, სტილისტიკური ხასიათის გავრცელებული შეცდომები, მათ გასწვრივ – მართებული ვარიანტები და იქვე – მოკლე ახსნა ან წესი. მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა შექმნას და განიხილოს ნაწერის შეფასების კრიტერიუმები. სასურველია, ეს კრიტერიუმები ხელთ ჰქონდეს ყველა მოსწავლეს. 

ჩვენს სინამდვილეში ყველაზე გავრცელებული ფორმატი ანალიტიკური თხზულებაა, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ იმ ასპექტებზე საუბარი, რომლებიც მოსწავლეებს თხზულების წერაში დაეხმარება.


რა უნდა გვახსოვდეს, სანამ თხზულების წერას შევუდგებით

ერთი მჭევრმეტყველი ისე აგებდა თავის გამოსვლას, რომ მისი აზრები ყველასათვის ნათელი და ადვილად აღსაქმელი იყო. ერთხელ ჰკითხეს: როგორ ახერხებთ სათქმელის ისე გამოხატვას, რომ ის ყველას გონებამდე აღწევდესო? მან უპასუხა:

– პირველი – ვიცი, ვის ველაპარაკები, რა მინდა ვუთხრა და მარტივად ვეუბნები იმას, რის თქმაც მინდა;

მეორე – შემდეგ სათქმელს ვასურათხატებ / მაგალითებით ვამდიდრებ;

მესამე – ბოლოს კი ვუმეორებ იმას, რაც თავიდან ვუთხარი.

ამ მჭევრმეტყველის ნათქვამის პერიფრაზირებას რომ მივმართოთ, შეიძლება, იგი ასე ჩამოვაყალიბოთ:
თხზულება შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან. ესენია:

1. შესავალი / თეზისი;
2. თეზისის გაშლა / განვრცობა / დასურათხატება;
3. დასკვნა.

შესავალი: სასურველია, თეზისი პირველივე წინადადებით ჩამოყალიბდეს, პირდაპირ, მოურიდებლად დაისვას საკითხი და ამას მოჰყვეს რამდენიმე განმარტებითი ხასიათის ფრაზა.

თეზისის გაშლა: ამ ნაწილში თეზისის გასამყარებლად / დასადასტურებლად, სულ მცირე, სამი არგუმენტი უნდა მოვიყვანოთ.

დასკვნა / შეჯამება: აქ სათქმელი ჯამდება. მეორდება თეზისი და ხაზი ესმება პოზიციის სისწორეს / მნიშვნელოვნებას.
რა შეიძლება ვურჩიოთ მოსწავლეებს?
* მოერიდეთ ზოგად მსჯელობას. ეცადეთ, თქვენი ნაწერი ფოკუსირებული იყოს ზოგადი საკითხის ერთ კონკრეტულ ასპექტზე (მაგალითად, ზოგადი საკითხი: პიროვნება საზოგადოების პირისპირ. კონკრეტული ასპექტი: ალუდა ქეთელაურსა და თემს შორის კონფლიქტის საფუძველი).
* დასაწყისი განაპირობებს თქვენი ნაწერის მიმართულებასა და სტილს. შექმენით დასაწყისის რამდენიმე ვარიანტი და ამოარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე უკეთ დაგანახვებთ, როგორ განავითაროთ აზრი / მსჯელობა.
* უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დასკვნას. ეფექტურად ჩამოყალიბებული დასკვნითი ნაწილი = ძირითად ნაწილში მიმოხილული ყველა კონკრეტული საკითხის რეზიუმეს + აზრი, რომელიც შემდგომი ფიქრისკენ უბიძგებს მკითხველს.
* ნაწერის დასახვეწად გამოიყენეთ შემდეგი სტრატეგია: ფურცლის ერთ სვეტში ჩამოწერეთ ის სიტყვები და ფრაზები, რომლებითაც იწყებთ აბზაცებს. დააკვირდით და იფიქრეთ, მეტი კონკრეტიკისა და ეფექტისთვის ხომ არ შეცვლიდით ზოგიერთს. მათ გასწვრივ, მეორე სვეტში, დაწერეთ ალტერნატივები.
* თქვენი ნაწერი მაშინ იქნება საინტერესო და დამაჯერებელი, თუ მას დატვირთავთ (მაგრამ არ გადატვირთავთ): ა) ფაქტებით, მაგალითებით; ბ) ჩანართებით, ციტატებით; გ) მიზეზის დასახელებით, ახსნა-განმარტებით, შეჯამებით / რეზიუმირებით; დ) პერიფრაზით, შედარებით, პარალელებით.
* დათვალეთ წინადადებებში სიტყვების რაოდენობა. ჩამოწერეთ ეს რიცხვები ფურცელზე წინადადებების ნაცვლად და დააკვირდით, უსაშველოდ გრძელი წინადადებები ხომ არ გამოგივიდათ? შემოკლება ხომ არ არის საჭირო?
* ნაწერი რომ მოსაბეზრებელი არ იყოს, პარაგრაფში შეანაცვლეთ წინადადებების სიგრძე. გრძელი წინადადების / წინადადების შემდეგ ჩართეთ მოკლე და სხარტი წინადადება, შემდეგ ისევ გრძელს დაუბრუნდით და ა.შ.
* ეცადეთ, ნაწერი „სუნთქავდეს”. გახსოვდეთ: თავისუფალი სივრცე ნაწერს უფრო ადვილად აღსაქმელს ხდის. 

წერის პროცესის მხარდაჭერა და მართვა

მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, თავი დაცულად, მშვიდად იგრძნონ „რისკის გაწევისას” (იგულისხმება ორიგინალური აზრების თამამად და შეუზღუდავად გამოთქმა). კლასში უნდა შეიქმნას „მწერალთა” თანამეგობრობა, რომელშიც მოსწავლეები ერთმანეთს მხარს დაუჭერენ და აზრებს გაუზიარებენ (მასწავლებელიც ამ თანამეგობრობის წევრია). სასურველია, ჯერ კიდევ წერამდე მოსწავლეებმა თავად დაადგინონ წესები ასეთი უსაფრთხო და თანამშრომლობითი გარემოს ჩამოსაყალიბებლად (მაგალითად, „არ დავცინოთ მეგობარს”; „მოვერიდოთ წითელი კალმით ჩასწორებას”; „მივცეთ მეგობარს საშუალება, თავად ჩაასწოროს” და ა.შ.).

მერხები შეიძლება ისე დალაგდეს, რომ მათზე სამი-ოთხი მოსწავლე მოთავსდეს (შეიქმნას თანამეგობრობის მინიჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს გააცნობენ ნაწერებს, დაეხმარებიან რედაქტირება-კორექტირებაში). კედლის თაროზე შეიძლება რესურსების (მაგ., ლექსიკონების, სასწავლო ტექსტების, ლიტერატურის) განთავსება, რათა მათ დახმარება გაუწიონ მოსწავლეებს წერის დროს.
 
უწყვეტი საწერი დრო

მოსწავლეებს წერისთვის გახანგრძლივებული დრო ეძლევათ. მასწავლებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მოსწავლეებს წერის სხვადასხვა ტემპი აქვთ. ზოგი წერამდელ საფეხურზე იქნება მაშინ, როდესაც სხვები გადახედვას (რედაქტირებას), საბოლოო ვარიანტის მომზადებას შეუდგებიან. მასწავლებელი გამუდმებით უნდა აკვირდებოდეს მოსწავლეებს, აკეთებდეს ჩანაწერებს, ჩანიშვნებს და ამის საფუძველზე არჩევდეს მოსწავლეებთან მუშაობის ფორმებს წერის ტემპის გათვალისწინებით, აძლევდეს მათ რჩევებს. 

უწყვეტი საწერი დროის განმავლობაში მასწავლებელი უმეტესად საკლასო ოთახში უნდა მოძრაობდეს და უზიარებდეს აზრს თითოეულ მოსწავლეს, აწვდიდეს ინსტრუქციას მას, ვისაც ეს სჭირდება. უწყვეტ საწერ დროში უნდა შევიდეს დრო თანატოლთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვისაც. წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მოწყობილ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში შეიძლება მონაწილეობდეს მასწავლებელიც. მისი მონაწილეობა შეიძლება რამდენიმე წამს გაგრძელდეს, მაგალითად, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა დაადგინონ გარკვეული ცნების მნიშვნელობა, იპოვონ სინონიმი. შეიძლება, საუბარი უფრო მეტხანსაც, თუნდაც რამდენიმე წუთს გაგრძელდეს, მაგალითად, იმისთვის, რომ მოიძებნოს მოსაზრების დამამტკიცებელი უკეთესი არგუმენტი. 

აზრთა გაცვლა-გამოცვლა წერის პროცესში საჭიროა იმისთვის, რომ:

* ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს საკუთარი ნაწერის განხილვაში, მისთვის უცხო თვალით შეხედვაში; 
* მივცეთ მოსწავლეებს ნაწერის გაუმჯობესების საშუალება; 
* ჩავაბათ მოსწავლეები საუბარში, რათა მეტი შეიტყონ საკუთარი თავისა და სხვების შესახებ. 
მოსწავლეთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფეხურები
 
1. მოსწავლე გადაწყვეტს, როგორ გაუზიაროს პარტნიორს / პარტნიორებს წერითი ნამუშევარი. ეს გზა შეიძლება იყოს:

* პარტნიორის/ების მიერ ჩუმად წაკითხვა; 
* თავად ნაწერის ავტორის მიერ ხმამაღლა წაკითხვა; 
* ორივე ზემოხსენებულის კომბინაცია. 
2. მოსწავლე წყვეტს, წერითი ნამუშევრის რომელ ასპექტებზე მოხდეს ფოკუსირება (მაგალითად, აბზაცებად დაყოფაზე, მხატვრულ ხერხებზე, სტილზე, სათქმელის მკაფიოობაზე).

3. პარტნიორი მოსწავლეს (ნაწერის ავტორს) ეუბნება, სულ მცირე, ერთ რამეს, რაც, მისი აზრით, ნაწერის ავტორმა ყველაზე უკეთ გააკეთა და რაც მას განსაკუთრებით მოეწონა. 
რჩევები პარტნიორებს აზრთა გაცვლის პროცესის ნაყოფიერად წარმართვისთვის

1. დაეხმარეთ თანაკლასელს მისი პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ გახსოვდეთ: ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ თავად მას შეუძლია.

2. გაუზიარეთ შთაბეჭდილებები, მიეცით რჩევები, მაგრამ მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კრიტიკისაგან.

3. ყურადღებით მოუსმინეთ იმას, რაც ავტორისთვის მნიშვნელოვანია, რაც მას აწუხებს და წერითი ნამუშევრის კითხვის ან მოსმენის დროს გაითვალისწინეთ.

4. ნაწერის შესახებ მოსაზრებების გამოთქმისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
* დასაწყისი 
საინტერესოა იგი? მიიპყრო თქვენი ყურადღება?
* შუა ნაწილი
მნიშვნელოვანი დეტალები ხომ არ გამოუტოვებია?
* დასასრული 
შთამბეჭდავია? 
* სტილი
ენა ნათელია და ადვილად გასაგები? არის გამოყენებული ადეკვატური ლექსიკა?
* ტექსტის ორგანიზება
აბზაცები მართებულად არის გამოყოფილი? არის მათ შორის ლოგიკური კავშირი?
* გრამატიკული მხარე
ხომ არ არის დაშვებული მორფოლოგიური, პუნქტუაციური და სინტაქსური ხასიათის შეცდომები?
მას, ვინც ნაწერის შესახებ მოსაზრებებს უზიარებს ავტორს, სასურველია, ახსოვდეს ნაწერის შეფასების ამგვარი სქემა: რა მომეწონა? / დასახვეწია / როგორ შეიძლება ამის უკეთესად გაკეთება? ამგვარად ის არა მარტო ხედავს ნაწერის პოზიტიურ მხარეს, არამედ სთავაზობს მეგობარს სხვა ვარიანტს, ანუ თვითონაც ფიქრობს, აანალიზებს, ეძებს და აყალიბებს ვერსიებს.

მორფოლოგიური ყუთი – სწავლების აქტიური მეთოდი

0
ფილოსოფიაში გაბატონებულია აზრი, რომ პრობლემების მოგვარების გზები თავად პრობლემებში იმალება. სწორედ ამ იდეას ეფუძნება მეთოდი „მორფოლოგიური ყუთი”, რომელიც შვეიცარელმა ასტროფიზიკოსმა ფრიც ცვიკიმ (Fritz Zwicky, 1898-1974) განავითარა.

როგორც ვიცით, „მორფოლოგია” ძველი ბერძნული სიტყვაა. ეს სახელი ჰქვია მოძღვრებას წესრიგის, ფორმების, სტრუქტურების შესახებ. ამ თვალსაზრისით, მორფოლოგიური ყუთის გამოყენებით იქმნება ყველა შესაძლო გადაწყვეტილების ერთიანი, მოწესრიგებული სტრუქტურა.

მორფოლოგიური ყუთით ცვიკმა მეტად მნიშვნელოვანი მიზანი დაისახა: გადაწყვეტილების მიგნება არა ახალი, რევოლუციური იდეებით, არამედ უკვე ნაცნობი ელემენტების ახალი კომბინაციებით. მეთოდი მიეკუთვნება სისტემურ-ანალიტიკურ მეთოდთა რიცხვს, რომლებიც თავდაპირველად შემუშავდა საწარმოებისთვის, სადაც ახალი პროდუქტიდეები და პროდუქტვარიანტები უნდა შექმნილიყო და ტექნიკური პრობლემები გადაჭრილიყო. მეთოდმა განათლების მეცნიერებაშიც ფართოდ მოიკიდა ფეხი. მისი ძირითადი მიზანია, შემსწავლელებმა ცალკეული ელემენტების სისტემური კომბინაციებით დაამუშაონ მთლიანი პრობლემების გადაჭრის ფართო სპექტრი და აქედან აირჩიონ ყველაზე შესაბამისი (resp. ხელსაყრელი).

მეთოდით მუშაობის ძირითადი პრინციპია პრობლემის ცალკეულ კომპონენტებად, ე.წ. ქვეპრობლემებად დანაწევრება და თითოეული კომპონენტისთვის რაც შეიძლება მეტი ლოგიკურად შესაძლო გადაჭრის გზის პოვნა, ბოლოს კი ცალკეული გადაწყვეტილებების მრავალნაირი კომბინაციით ერთიანი (resp. მთლიანი) პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატიული შესაძლებლობის მიღება.

მეთოდის მიმდინარეობა:
* პრობლემის განსაზღვრა

მასწავლებელი ფორმულირებას უკეთებს პრობლემას, რომელიც გაკვეთილზე უნდა გადაიჭრას და აცნობს მოსწავლეებს/წერს დაფაზე. მის ქვემოთ იგი ხატავს ცხრილს/მატრიცას რამდენიმე რიგითა და სვეტით.

* პრობლემის დანაწევრება ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პარამეტრებად

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს პრობლემას და მას ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ქვეპრობლემებად ანაწევრებს. ეს ცალკეული ასპექტები უნდა ვარირებდეს, რათა შესაძლებლობათა საერთო სპექტრი, რომელიც დაფარულია, ხილული გახდეს. მოძიებულ პარამეტრებს მოსწავლეები აღნუსხავენ მატრიცის მარცხენა ვერტიკალურ სვეტში. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პარამეტრებმა თავიანთი მნიშვნელობებით ერთმანეთი არ გადაფარონ.

* ცალკეული ქვეპრობლემების გადაჭრის ვარიანტების განსაზღვრა

ჩამოყალიბდება ცალკეული ქვეპრობლემის გადაჭრის რაც შეიძლება მეტი ალტერნატიული გზა და შესაბამისი პარამეტრების გასწვრივ ცხრილის ჰორიზონტალურ სვეტებში ჩაიწერება. 

* ახალი კომბინაციების პოვნა

ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პარამეტრები პრობლემის გადაჭრის ვარიანტებს დაუკავშირდება, შეიქმნება პრობლემის გადაჭრის საერთო სურათი, რომელიც ერთიანი პრობლემისთვის რელევანტური იქნება. ცხრილში ისრებით ერთმანეთს დაუკავშირდება ყველა შესაძლო კომბინაცია. ეს არის მეთოდის ყველაზე უფრო შემოქმედებითი ფაზა, რადგან იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეულები.

* ალტერნატიული კომბინაციების შეფასება და გადაწყვეტულების მიღება

შერჩეული ალტერნატივები შეფასდება – გადამოწმდება შესაბამისობის, ხელსაყრელობის, ტექნიკური განხორციელებადობისა და ეკონომიურობის გათვალისწინებით. 
მეთოდის უპირატესობები:

* მოსწავლეთათვის სწრაფად ასახსნელი და ტექნიკურად ადვილად განსახორციელებელია;
* ბადებს ბევრ ახალ იდეას;
* გამოდგება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და საერთო საკლასო მუშაობისას;
* არ მოითხოვს ბევრ დროს;
* ცხრილის ან მატრიცის სახით მისი წარმოდგენა ხელს უწყობს აღქმადობას;
* გადაწყვეტილების შესაძლებლობები სრულყოფილად წარმოჩნდება.
იმისთვის, რომ მოსწავლეებს ვაჩვენოთ, რამდენად მარტივია აღნიშნული მეთოდით მუშაობა, უმჯობესია, მეთოდი ავხსნათ კონკრეტული მაგალითით: 
მაგ., უნდა დავგეგმოთ მოგზაურობა A პუნქტიდან B პუნქტამდე. 
უირველესად, განვსაზღვრავთ იმ ძირითად პარამეტრებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია მოგზაურობის დროს, მერე კი ცალკეულ პარამეტრებს მივუსადაგებთ ალტერნატიულ ვარიანტებს. 
სასარგებლოა, ამ დროს პასუხი გაეცეს კითხვებს: რა? როდის? ვინ? სად? რატომ? როგორ?
 
მორფოლოგიური ყუთი ამ კონკრეტული მაგალითისთვის შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს:

პარამეტრები

ვარიანტი 1

ვარიანტი 2

ვარიანტი 3

ვარიანტი 4

სატრანსპორტო საშუალება

საკუთარი მანქანა

დაქირავებული მანქანა

მატარებელი

თვითმფრინავი

ტვირთის გადატანა

ჩემოდანი

სამგზავრო ჩანთა

მუყაოს ყუთი

ზურგჩანთა

გასაჩერებელი ადგილი

სასტუმრო

პანსიონატი

კერძოდ

მეგობართან

კვება

თან წავიღებ

გზაში შევიძენ

ადგილზე შევიძენ

რესტორანში შევჭამ

შემდეგ კი განვსაზღვრავთ კომბინაციებს, რომლებსაც ერთმანეთს ცხრილში ისრებით დავუკავშირებთ.
იხ. ერთ-ერთი კომბინაციის მაგალითი:

მაშასადამე, მორფოლოგიური ყუთი არის უნივერსალური მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელია სწავლების ნებისმიერ საფეხურზე და ნებისმიერ საგანში. მეთოდით მუშაობა მოსწავლეებს უვითარებს როგორც შემოქმედებით, ასევე ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას და მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრაში ეხმარება.

არ ეთამაშოთ, ვერაგია…

0

„როდესაც შეიტყობენ, რომ ქიმიკოსი ვარ, მკვლელი ვგონივარ”, – ამ სიტყვებით დაიწყო ლექცია ოქსფორდის სამეფო კოლეჯის პროფესორმა, ქიმიის დოქტორმა ანდრეა სელამ.

მკვლელი არა, მაგრამ, როდესაც შეიტყობენ, რომ ქიმიკოსი ვარ, მეკითხებიან: სპეციალობად ქიმიას რომ ირჩევდი, გულშემატკივარი არ გყავდა, რამე ერჩიაო?

მაინც რა-მეთქი? – შევუბრუნებ ხოლმე კითხვას.

პასუხები ასეთია: ფილოლოგობა, ისტორიკოსობა, უცხო ენები ან ექიმობა (კარგად გათხოვდებოდიო, იქვე დასძენს ზოგიერთი).

აბა, რა გითხრათ, წერა მეხერხება და ჟურნალისტის დიპლომიც მაქვს სახლში (ესეც ფილოლოგობა), ქიმიის ისტორიით სულ უფრო და უფრო მეტად ვინტერესდები და საკმარისი ცოდნა დავაგროვე, ანუ ისტორიასთანაც ახლოს ვყოფილვარ. უცხო ენებიც ვიცი. გამოდის, ექიმობაში ყოფილა საქმე, თუმცა ექიმი მოწოდებით უნდა იყო, მე კი ამგვარი მოწოდება არასდროს მქონია. აი, ქიმია… ქიმია სისხლში მაქვს გამჯდარი.

დასრულდა თუ არა ლექცია, ხელი ავწიე (პირველ რიგში მხოლოდ მე ვიჯექი, რომ არაფერი გამომრჩენოდა, სხვებმა საპატიო მანძილზე ამჯობინეს ყოფნა; არც გაემტყუნებოდათ – ლექციის დასაწყისში გაგვაფრთხილეს, რომ რისი აფეთქებაც შეიძლებოდა, ყველაფერს ააფეთქებდნენ). მოკლედ, პირველი კითხვის უფლება მოვიპოვე და ვკითხე: იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც ქიმია არ უყვართ, რა მოვუხერხოთ-მეთქი?

„ეთამაშეთ მათ ქიმიის ისტორიით, სახალისო ექსპერიმენტებით და ვერც კი გაიგებენ, ისე შეიყვარებენ და ისწავლიან სერიოზულ მეცნიერებას, სახელად ქიმიას”, – იყო პასუხი.

ჰოდა, თუ ჩემი სტატიების კითხვისას ზოგჯერ გაიფიქრებთ, რა საჭიროა ამდენი ისტორია და პოეზია, ადგეს და პირდაპირ გვითხრას, რის თქმასაც აპირებსო, გეტყვით, რომ მე „გეთამაშებით”, ერთადერთი მიზნით – მინდა, ქიმია შეგაყვაროთ.

დღეს ანდრეა სელას მივბაძავ და სათამაშოდ საშიშ ნივთიერებას ავიღებ. მისით ექსპერიმენტების ჩატარებას, მით უმეტეს – მოსწავლეებთან, არავის ვურჩევ, მაგრამ აქ მასზე ათასი რამის მოყოლა შეგვიძლია.

ალქიმიურ ალეგორიებში მას ქალურ საწყისს და ფრთოსან ლომს ადარებენ – აქროლადია და იმიტომ. ეგვიპტელმა ქემეიას მიმდევარმა ქურუმებმა ის პლანეტა მერკურის გაუთანაბრეს, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე სწრაფად ბრუნავს. მასავით, ეს ნივთიერებაც სწრაფად იშლება ბურთულების მსგავს წვეთებად და თვალს ვერ მიადევნებ, ისეთი მოძრავია. ვერ მიხვდით, რას ვგულისხმობ? პერიოდულ სისტემაში მეტალებს შორის იგი განსაკუთრებული ფერითაა აღნიშნული. ვერც ახლა მიხვდით? კარგი, უკანასკნელი მინიშნება: თხევადია და ამავე დროს მძიმე, ძალიან მომწამვლელი მეტალი. ჰო, რა თქმა უნდა, ვერცხლისწყალზე გესაუბრებით, საშინლად ვერაგზე, ასე რომ იზიდავს ბავშვებს ცქრიალა ბურთულებით და გულში რა უდევს, არ უმხელს.

ვერცხლისწყალთან ჩემი პირველი შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტში შედგა. მეხუთეკლასელი ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი. დედას მივაკითხე სამსახურში და სანამ ის ექსპერიმენტს ატარებდა, ჩემი გართობა მისი განყოფილების გამგემ ითავა. პატარა ქილაში უცნაური ვერცხლისფერი მასა ესხა და თავი საგულდაგულოდ ჰქონდა დარჩილულ-გადალესილი. ღონიერი გოგო ხარო? – მკითხა. კი-მეთქი. მაშ, აბა, ეს ქილა აიღე, ოღონდ ხელიდან არ გაგივარდესო. ქილას დავეძგერე და… სიმძიმისგან მკლავები მეტკინა, თუმცა ხელი მაინც არ გამიშვია… მაშინ გავიგე, რომ ვერცხლისწყალი მძიმეა.

პირველად ეს ლითონი კიტაბ სირ ალ-ჰალიკამ აღწერა. თავის მანიფესტში ის წერდა: „მერკური თეთრია სხეულით, მაგრამ მისი სული წითელია და ბუნებრივ ნაერთსაც წითელს შობს, თუმცა თუ ხელოვნურად გარდავქმნით, მორუხო ფერისა იქნება”. ერთი შეხედვით, გაუგებარია, არა? მოდი, გაშიფვრა ვცადოთ: ვერცხლისწყალი მოთეთრო-მოვერცხლისფრო თხევადი მეტალია; ბუნებაში გვხვდება მისი წითელი კრისტალი – სინგური, რომელიც ვერცხლისწყლის სულფიდს წარმოადგენს, ხოლო თუ ვერცხლისწყალს და გოგირდს ლაბორატორიაში ხელოვნურად შევიყვანთ რეაქციაში, იმავე სულფიდს მივიღებთ, ოღონდ მორუხო ფერისას. დედამიწაზე არსებული „სულებიდან” ალ-ჰალიკას მერკური ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა. მეორე ადგილს ის გოგირდს (მამაკაცურ საწყისს) მიაკუთვნებდა, მესამეს – ამონიუმსა და მის მარილებს, მეოთხეს – დარიშხანს.

ხშირად მერკურის გამოსახავდნენ შავ ფრთოსან ლომად, რომელიც მიწაზე გართხმულ მეფეს სანსლავს. ამით მიანიშნებდნენ ვერცხლისწყლის თვისებაზე, წარმოექმნა ამალგამები სხვა მეტალებთან, ანუ შთაენთქა ისინი. მეფის სხვადასხვა ფერი კი სწორედ ამ მეტალების გამომხატველი იყო: ოქროსი, ვერცხლისა, ტყვიისა, კალისა, სპილენძისა… ამ ვიდეოში ანდრეა სელა ამალგამის წარმოქმნის დემონსტრირებას ახდენს. უყურეთ 1:29 წუთიდან, სადაც მერკური ოქროს „ჭამს”:

ზოგჯერ კი ფრთოსანი ლომის გვერდით მეორეს, უფრთოს გამოსახავდნენ. მეორე ლომი გოგირდი იყო, რომელთან ერთადაც ვერცხლისწყალი ვერცხლისწყლის სულფიდს წარმოქმნიდა. ამ უკანასკნელზე ამჯერად არაფერს ვიტყვი – რა იმედებს ამყარებდნენ მასზე ალქიმიკოსები, ადრეც მომიყოლია.

ამდენი ალქიმია რად გვინდაო? – შესაძლოა გაიფიქროს ზოგიერთმა. მანჩესტერში გამართულ მეცნიერების ისტორიის მსოფლიო კონგრესზე აღმოვაჩინე, რომ დღეს ალქიმიის ისტორიის კვლევის ბუმია. არსებობს სერიოზული სამეცნიერო ფონდები, რომლებიც ამ კვლევებს აფინანსებს (რა სამწუხაროა, ამ ფონდებში მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა). კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა, იცით, რაზეა? – ამ კვლევებით მიღებული ინფორმაცია ქიმიის სწავლების თანამედროვე პროცესში მოსწავლეთა და სტუდენტთა მოტივაციისთვის გამოიყენონ. კმაყოფილი ვარ, რომ ამ მეთოდს დიდი ხანია ვიყენებ.

კვლავ ვერცხლისწყლის თვისებებს დავუბრუნდეთ. მისი ერთი უცნაური თავისებურება ისიც არის, რომ მისთვის უცნობია ჰიდროქსიდები. იმ რეაქციის დროს, როცა, წესით, ვერცხლისწყლის ჰიდროქსიდი უნდა წარმოიქმნას, მის ნაცვლად ვერცხლისწყლის (I) ოქსიდს ვიღებთ: Hg2Cl2 + 2 NaOH=Hg2O+2 NaCl +H2O.

მერკური ქიმიურ ნაერთებში ძირითადად ორვალენტოვანია, თუმცა ცნობილია ფორმალურად ერთვალენტოვანი ვერცხლისწყლის ნაერთებიც – ოქსიდი Hg2O და კალომელი Hg2Cl2.

ერთვალენტოვანი ვერცხლისწყლის ყველა ნაერთში მისი ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია კოვალენტური ბმით: -Hg-Hg-. შესაბამისად, ამ ნაერთებში ვერცხლისწყალი ორვალენტოვანია, მაგრამ მისი თითოეული ატომის ვალენტობის ერთი ერთეული ვერცხლისწყლის მეორე ატომთან ბმაზე იხარჯება: Hg2Cl2 ანუ Cl-Hg-Hg-Cl.

გახურებისას (სამას ორმოცდაათ გრადუსზე) ვერცხლისწყალი უერთდება ჟანგბადს და წარმოქმნის შესაბამის ოქსიდს, რომელსაც წითელი ფხვნილის სახე აქვს: 2Hg+O2=2HgO თუმცა უფრო ძლიერ (ხუთას გრადუსამდე) გახურების შემდეგ ოქსიდი კვლავ იშლება ვერცხლისწყლისა და ჟანგბადის გამოყოფით. ეს ისტორიული ექსპერიმენტი ჯოზეფ პრისტლიმ ჩაატარა. ვერცხლისწყლის ოქსიდი მან დიდი გამადიდებელი შუშისა და მზის სხივების მეშვეობით გაახურა. ეს გამადიდებელი შუშა დღეს ლონდონის სამეფო საზოგადოების მუზეუმშია დაცული. პრისტლიმ გამოყოფილი გაზი ჩაისუნთქა და მოგვიანებით დაწერა – „ისე მესიამოვნა, მეგონა, გავფრინდებოდიო”. ზემოხსენებული აირი ჟანგბადი იყო, რომლის აღმოჩენის პატივიც პრისტლის ხვდა წილად (იგივე გაზი ცოტა ხნით ადრე შეელემაც აღმოაჩინა, ოღონდ, ჟურნალის რედაქტორის დაუდევრობით, გამოქვეყნების პირველობა პრისტლის ერგო).

ვერცხლისწყალი მრავალ ფიზიკურ-ქიმიურ ხელსაწყოში გამოიყენება. სად აღარ ნახავთ მას – თერმომეტრებში, ბარომეტრებში, მანომეტრებში, არეომეტრებში… აქვე ანდრეა სელას კიდევ ერთი ლექციის ვიდეოჩანაწერს შემოგთავაზებთ, სადაც ის ვერცხლისწყალზე საუბრობს და ამლითონიან ერთ ხელსაწყოსაც წარმოადგენს: 



  

ვერცხლისწყლიანი ხელსაწყო რომ გაგიტყდეთ, რას იზამთ? მე გეტყვით, როგორ მოიქცევა ვერცხლისწყალი: უმცირეს მბზინავ ბურთულაკებად დანაწევრდება და წაგეთამაშებათ, შეეცდება, უმცირეს ხვრელებში შეძვრეს, რომ ვერ მისწვდეთ და მერე მშვიდად აორთქლდეს, გარემოც მოწამლოს და თქვენც. ამის უფლება არ მისცეთ: გამოაღეთ ფანჯარა ოთახის გასანიავებლად, დაღვრილი წვეთები ფრთხილად შეაგროვეთ სპილენძის მავთულით ან ბრინჯაოს მონეტით – ვერცხლისწყალი სპილენძს ადვილად ეკვრის და გადინებას წყვეტს, გამოყენებული ნივთი (მავთული, მონეტა) ვერცხლისწყლის წვეთებთან ერთად მოათავსეთ ქილაში, თავსახური კარგად მოარგეთ და მიწაში ღრმად დამარხეთ.

რა მოვუხერხოთ წვეთებს, რომლებმაც უმცირეს ხვრელებში გაუჩინარება მოასწრეს? თუ ეს ლაბორატორიაში მოხდა, მაშინ გოგირდი ჩაყარეთ – წარმოიქმნება ინერტული HgS, რომელიც თავისთვის იქნება და არ შეგაწუხებთ, თუ სახლში – აიღეთ ჩვეულებრივი სოდა და ოდნავ დანამული ჩაყარეთ ხვრელში. კიდევ უფრო საიმედოა ქლორკირი და ქლორამინი.

„ოჰ, ათონელებო, რას აღარ ვაკეთებ, რომ თქვენი გული დავიპყროო”, – უთხრა მაკედონელმა თავის ხალხს.

რას აღარ ვაკეთებ, რომ ქიმიამ თქვენი გული დაიპყროს…

მწერლისა და მკითხველის ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

0
წერა იოლია – დასაწყისისა და დასასრულის მოფიქრებაა ძნელი: რით დაიწყო სათქმელი და აზრი ლოგიკურ დასასრულამდე როგორ მიიყვანო. მერე ყველაფერი მძივივით აეწყობა. სქელტანიანი რომანის კითხვის დროსაც კი დიდად არც არავინ უფიქრდება, მის შუა ნაწილში რა წერია; მკითხველი უმთავრესად საკუთარ ყოველდღიურ ამბებზე ფიქრობს. მწერლის ოსტატობაც ეს არის – ისე შეეხოს მკითხველის ცნობიერებას, რომ მისი ფიქრები საქმედ აქციოს. ყველას, ვისაც მწერალი ჰქვია, ნამდვილად არ შეუძლია, შეგახსენოს მეგობარი, რომელსაც აგერ უკვე ერთი წელია არ შეხმიანებიხარ, მიგახვედროს, რა მნიშვნელოვანი ყოფილა ის შენთვის და ელექტრონული ფოსტით ვრცელი მეილის მიწერის სურვილი აღგიძრას. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” გმირს მიაჩნია, რომ კარგი ლიტერატურა ის არის, რომლის ხსენებაზეც კი ტანში ჟრუანტელი დაგივლის; ჩემი აზრით, თანამედროვე მკითხველისთვის, რომლის გარშემოც უკვე ბევრი რამაა ჟრუანტელის მომგვრელი, ეს აღარ კმარა – კარგი ლიტერატურა მკითხველის ფიქრებს უნდა მიჰყვებოდეს. 

მე თუ მკითხავთ, წერა კითხვაზე იოლი საქმეა. წერისას ზუსტად იცი, რისი თქმა გსურს და თუ არაფრის თქმა არ გინდა, არც წერის სურვილი გაგიჩნდება, კითხვისას კი ყოველი აბზაცის შემდეგ იმაზე ფიქრი გითრევს, რის თქმა სურდა მწერალს და გამუდმებით გტანჯავს შიში, რომ სათანადოდ ვერ გაიგე წაკითხული ტექსტი. ბოლო ხანს „ვერგაგებული” ტექსტების კითხვისას ერთ მარტივ დასკვნამდე მივედი: სულაც არ არის მთავარი, რას კითხულობ, – მთავარია, რას ცვლის წაკითხული წიგნი აქ და ახლა შენში. მხოლოდ ასე, ლიტერატურული ტექსტის კონტექსტს მიღმა ფიქრისას მივყავართ მწერალს ახალ იდეამდე, ახალ გადაწყვეტილებამდე, ახალ ქმედებამდე.

მწერლის მთელი ოსტატობა სწორედ დასაწყისისა და დასასრულის სწორად შერჩევაშია. ტექსტის მხოლოდ ამ მონაკვეთში უგდებენ მას ყურს. მთელ დანარჩენ დროს მკითხველი საკუთარ ყოფიერებაზე ფიქრს ანდომებს, კითხვა მისთვის მხოლოდ ფონია. ყოფიერება კი ადამიანის მთავარი საფიქრალია. და თუ მწერალი ადამიანად ყოფნის ერთგვარ ფილოსოფიურ გააზრებას გთავაზობს, კონტექსტს მიღმა ნაფიქრალიც მეტ მნიშვნელობას იძენს

მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” სწორედ ამგვარი ტექსტია, რომლის კითხვისას საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე უფრო მეტს ფიქრობ, ვიდრე წიგნის გმირებზე. შესაძლოა იმიტომაც, რომ საოცრად ემთხვევა მეოცე საუკუნის 60-70-იან წლებში ჩეხოსლოვაკიაში მცხოვრები ტომაშისა და ტერეზას ცხოვრება ჩვენს ყოფას. რუსული ოკუპაცია, ადამიანთა გაუცხოება, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ამქვეყნად საკუთარი ადგილის პოვნის სურვილი, შინაგანი სიმშვიდის ძიება… კითხულობ და გგონია, რომ შენი ცხოვრება ტომაშისა და ტერეზას ცხოვრების გამეორებაა. ცივი გონებით ადევნებ თვალს ამ ამბებს და, მთელი მათი ტრაგიზმის მიუხედავად, მხოლოდ ძაღლის სიკვდილი თუ აგაღელვებს… „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” ნიცშეს ფილოსოფიური ხედვის ერთგვარი ლიტერატურული გააზრებაა. არც კარენინის (ძაღლის) სიკვდილია უმიზეზოდ გულისამაჩუყებელი…
„შესაქმის” დასაწყისშივე წერია, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, რათა ფრინველებზე, თევზებსა და ცხოველებზე ბატონობა მიენიჭებინა მისთვის. მაგრამ „შესაქმე” ადამიანმა დაწერა და არა ცხენმა. სრულიადაც არ არის უეჭველი ფაქტი, რომ ღმერთმა მართლაც უბოძა ადამიანს სხვა ცოცხალ არსებებზე ბატონობა. ის უფრო საფიქრებელია, რომ ადამიანმა ღმერთი გამოიგონა, რათა ძროხასა და ცხენზე ძალადობა წმინდა საქმედ გამოეცხადებინა”, – ვკითხულობთ ტექსტში, რის შემდეგაც მწერალი იხსენებს 1889 წელს ტურინში მომხდარ ამბავს: ნიცშე სასტუმროდან გამოდის და ხედავს მეეტლეს, რომელიც ცხენს მათრახით სცემს. ნიცშე ცხენთან მიდის და მეეტლის თვალწინ ტირილით ყელზე ეხვევა მას. სწორედ მაშინ გაუუცხოვდა ფილოსოფოსი ადამიანებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინ გამომჟღავნდა მისი სულიერი დაავადება. ამრიგად, ამ ჟესტს სიმბოლური დატვირთვა აქვს. სწორედ ეს ამბავი დაედო საფუძვლად ცნობილი რეჟისორის ბელა ტარის 2011 წელს გადაღებულ ფილმს „ტურინის ცხენი”, სადაც მოთხრობილია, როგორ განაგრძეს ცხოვრება ამის შემდეგ მეეტლემ და ცხენმა. ჩემი აზრით, ფილმი შინაარსობრივად ჰგავს კუნდერას რომანს და თითქმის იდენტურ ემოციებს ბადებს მაყურებელში – გამეორებისას, განახლებისას და წინსვლისას.

https://www.imovies.ge/movies/16520

წარმოსახვითი მეგობარი

0

ყველა დროის პედაგოგიკის
ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად კლასის მართვას აღიარებენ. ის ერთნაირად აქტუალურია ყველა
ქვეყანაში, რადგან მასზეა დამოკიდებული ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა.

სამოქალაქო
განვითარების ინსტიტუტმა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მასწავლებლებისთვის
შეიმუშავა ტრენინგპროგრამა „კლასის
მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები”. პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია და 2012-2013
წლებში ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს შვიდ რეგიონში მე მომიწია ტრენინგების
გამართვა. ტრენინგებზე, ერთ-ერთი აქტივობისას, რომელსაც პედაგოგები ჯგუფურად
ასრულებდნენ (ჯგუფები საგნობრივი კათედრების მიხედვით შეიქმნა), დაწყებითი
კლასების მასწავლებლები გამუდმებით სვამდნენ აქცენტს „უცნაურ შემთხვევებზე”… ისინი
ჰყვებოდნენ საინტერესო ისტორიებს, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. ისინი
საუბრობდნენ არა ჰიპერაქტიურ ან სსსმ მოსწავლეებზე, არამედ მათზე, რომელთაც „წარმოსახვითი მეგობარი” ჰყავთ.

ზოგიერთ ფსიქოლოგმიაჩნია, რომ3-დან 8 წლამდე
ასაკის ბავშვებისთვის
დღესდღეობით „წარმოსახვითი
მეგობრის”
ყოლა უფრო ბუნებრივია, ვიდრე არყოლა.

მეცნიერები ამ საკითხს მეოცე საუკუნის ოცდაათიანი
წლებიდან იკვლევენ.
კვლევის სტატისტიკა ასეთია:

.  XX საუკუნის 30-იანწლებში წარმოსახვითი მეგობარი ცხრიდან ერთბავშვს ჰყავდა,

. XX საუკუნის90-იანწლებში სამიდან ერთს,

. დღესკი ბავშვების ორმესამედს მაინცწარმოსახვითი მეგობარიჰყავს.

ფსიქოლოგების აზრით, წარმოსახვითი მეგობრის ყოლა დღესდღეობით ბავშვისგანვითარების ნორმალური პროცესის ნაწილადშეიძლება იქნესმიჩნეული. ფაქტია, რომ მოზარდის ჩამოყალიბებაში გარკვეულ
როლს ასრულებს
როგორც გენეტიკური განწყობა,ასევე გარემო და ცნობილია, რომთუ ბავშვი:

. ექსტროვერტებით არისგარემოცული, უფრომეტია ალბათობა, თავადაცექსტროვერტად ჩამოყალიბდეს,

. ხოლოთუ ინტროვერტებითინტროვერტად.

ნებისმიერი ბავშვისთვის უმთავრესია, წარმოაჩინოს საკუთარიპიროვნება ისეთად,როგორადაც სურსსაკუთარი თავისდანახვა და როგორადაც სურსხედავდნენ მასგარშემო მყოფნი.ამისთვის ისიღებსიმნიშანთვისებებს, რომლებსაც სხვებში ხედავსდა, მხატვრულად რომვთქვათ, როლივით
ირგებს.
ისე რომ, ზოგიერთბავშვს სულ მალეშესანიშნავი რეპერტუარიუგროვდება.




რამ გამოიწვია სტატისტიკის ასეთი საოცარი ცვლილება, რატომ მომრავლდნენ
ასეთი მოზარდები?

მეცნიერები
აღნიშნავენ, რომ
წინათ ბავშვის საარსებოგარემო გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე უფროსისა, ისინი უმეტესადმხოლოდ ოჯახის წევრებსადა მეგობრებს ხედავდნენ, დღეს კიცხოვრება ბავშვებსგაცილებით მეტ და მრავალფეროვან პერსპექტივას უსახავს:ტელევიზორისა დაკომპიუტერის მეშვეობით ისინი შინიდანგაუსვლელად ეცნობიანუამრავ ხალხს, რომლებსაც სხვადასხვა თვისებები აქვთ დასხვადასხვანაირად ცხოვრობენ. მათი უშუალოგარემოცვაც კიხშირად სრულიად სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისგან შედგება. ასერომ, ბავშვები ხედავენ ცხოვრების ის ფორმა,რომელსაც მისიოჯახი ეწევა, ერთადერთი არ არის,არსებობს მრავალიგანსხვავებული გზა,და საკუთარი თავისკონსტრუირებისპროცესში მათმორგებასაცინტერესით სცდიან.

ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომწარმოსახვითი მეგობარიბავშვებს სწორედამაში ეხმარებ. ამკუთხით ის ერთგვარისაცდელი მეა”ბავშვები აკვირდებიან, როგორ გამოძახილს პოვებს გარე სამყაროში მისი ესათუ ის მხარე,ვიდრე ამ უკანასკნელს სათავისოდ გადაიღებდნენ. უარს ხომარ ეტყვიან სპაიდერმენს,
დევს, მეფეს,
ტინკი-ვინკის,
პოს, ალისას, კონკიას, პრინცესას ან სხვებს
, თუ მარწყვისნაყინის მაგივრადშოკოლადის ნაყინი მოითხოვეს? დასჯიან თუარა, თუ სათამაშოგააფუჭა? თუ
გაკვეთილი არ ისწავლა? დავალება არ შეასრულა? ჩანთაში ჩალაგებული რვეულები თუ „ვიღაცამ”
ამოულაგა?
გამოიჭერენ თუარა ტყუილში? და ა.შ.

ამგვარად ბავშვებს შეუძლიათ, მშვიდად მოსინჯონქცევის სხვადასხვა მოდელიისინი ხომდარწმუნებულნი არიან,რომ თუნდაც წარმოსახვითმა მეგობარმა რამედააშაოს, თავადპასუხს არ აგებენ.აი პასუხიც იმაზე,რატომ არის, რომმორჩილ, თვინიერ, ბეჯითბავშვს ხშირად ურჩი, უტიფარიდა თავზეხელაღებული წარმოსახვითი მეგობარი ჰყავსპატარა მას იმასაკეთებინებს“, რის ჩადენაცთავადაც გულითუნდა, მაგრამ ვერგაუბედავს.

არაფერიაგანსაკუთრებული იმაში,რომ ბავშვიალტერნატიულ პიროვნებას იგონებს. ფსიქოლოგების აზრით,მრავალი მე“- შექმნის შესაძლებლობა არტისტული ნიჭისნიშანია და, არსებითად, შემოქმედებითი გამოცდილების ფორმადაცკი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომელიც იმ მრავალფეროვან დაცვალებად სამყაროსთან შესახვედრად გვამზადებსასერომ, თუ ერთმშვენიერ დღესუმცროსი სასკოლო
ასაკის მოსწავლემ
სიტყვა ჩამოაგდოახალ მეგობარზე, რომელიცმის საწოლ ოთახში,კარადის უკანან ჩანთაში(!) ცხოვრობს,მაშინვე ფსიქოლოგის ძებნას ნუდაიწყებთ. თქვენსმოსწავლეს ცხოველი ფანტაზიააქვსაი ერთადერთი რამ, რაცამ ეტაპზე უყოყმანოდ შეიძლება ითქვას,დანარჩენს კიდრო გიჩვენებთ. წარმოსახვით მეგობარზე დაკვირვებით შეიძლებასაკუთარი მოსწავლის შესახებბევრი ისეთი რამშეიტყოთ, რაცმანამდე აზრადაცარ მოგსვლიათ.

ფსიქოლოგები გამოყოფენ წარმოსახვითი მეგობრის რამდენიმე ძირითად ტიპს:

1. კომპანიონი (შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე ცხოველი; ხშირად ნამდვილი ყაჩაღანაა, რომელიც ათასგვარ ოინბაზობას იგონებს)


პრობლემა: ბავშვი მოწყენილია.

 


გამოსავალი: გამონახეთ დრო მოსწავლესთან ურთიერთობისთვის. ჰკითხეთ, რასდა როგორ ეთამაშება თავის წარმოსახვით მეგობარს დაშეეცადეთ იმავეს შესაძლებლობა საკლასო აქტივობისას
მისცეთ. 

2. მუთაქა (სუსტია,
ბავშვი მას აშკარად ჩაგრავს, ექცევა და მიმართავს ისე,
როგორც თავად მას ექცევიან და მიმართავენ მკაცრი მშობლები: ეს არ შეიძლება, ამისთვის დაგსჯი, ახლავე გამომიწოდე ხელი, უნდა დაგარტყა!)


პრობლემა: ბავშვი დათგუნულია და დაგროვილ ნეგატიურ ემოციას წარმოსახვით მეგობარზე ანთხევს.

 


გამოსავალი: მოეპყარით უფროლმობიერად,მიეცით მეტი თავისუფლება, მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას, თორემ საბოლოოდუსუსური, უნებისყოფო პიროვნება შეგრჩებათ ხელში.

3. მცველი (როგორც წესი, დიდი და ძლიერია)


პრობლემა: ბავშვს ვიღაცისა ან რაღაცისა ეშინია.

 

გამოსავალი: ტაქტიანად გამოკითხეთ მოსწავლე, გაესაუბრეთ ასევე მისრეალურ მეგობრებსა დაშობლებს დაგაგონილის შესაბამისად იმოქმედეთ.

 

ურთიერთობის წესები

როდესაცთქვენი მოსწავლის წარმოსახვითი მეგობრისშესახებ შეიტყობთ,გამოჰკითხეთ,როგორია მისიახალი მეგობარი, რაუყვარს, რაზე ოცნებობს.თუ ბავშვი ხალისითგიშვებთ თავისწარმოსახვით სამყაროში, თქვენც მხარიაუბით.

თუბავშვმა მოულოდნელად გამოგიცხადათ, რომმის მეგობარს ეშინიაან წუხს, ყურადღებით იყავითშესაძლოა,ეს თავად მი განცდებიიყოს, მაგრამ ამასხმამაღლა ნუიტყვით. ჰკითხეთ ბავშვს:შენ როგორფიქრობ, რის ეშინია,რა აწუხებს შენსმეგობარს? შენციმავეს გრძნობ?თუ ბავშვმაწარმოსახვითი მეგობარიერთგვარ ფოსტალიონად აირჩია, რათათქვენამდე მოეტანათავისი პრობლემა, რომელზეპირდაპირ საუბარი არსურს, აჯობებს, მოგვარების გზაც ირიბად,წარმოსახვით მეგობარზე საუბრის გზითეძიოთ.

 

როდის მივმართოთ ფსიქოლოგს

როდესაცწარმოსახვით მეგობართან ერთად ბავშვსჰყავს რეალური ამხანაგებიც, სიამოვნებით ურთიერთობს მათთან, ხალისითდადის სკოლაში, პარკში,სტუმრად, – საშიშიარაფერია.

ფსიქოლოგთან გასაუბრება სასურველია:

1. როდესაც ბავშვი შინ თუგარეთ მხოლოდ წარმოსახვით მეგობარს ეთამაშება, გაურბის რეალურბავშვებთან კონტაქტს;

2. თამაშისდროს ცდილობს, ტკივილიმიაყენოს ამხანაგებს ან მშობლებსდა ირწმუნება, რომეს წარმოსახვითმა მეგობარმა უბრძანა;

3. ყვება, რომ წარმოსახვითი მეგობარი მასშორს, უკეთეს ადგილასწაიყვანსესიმას ნიშნავს, რომბავშვს ჩვეულგარემოში რაღაც აწუხებს ანაშინებს;

4. ყვება, რომ წარმოსახვითი მეგობარი დასჯისყველას, ვინც მასგააბრაზებსესფარული აგრესიისნიშანია, რომელსაცპატარა შესაძლოა არგამოხატავდეს, მაგრამმის ხასიათზე უთუოდმოახდენს გავლენას;

5. ჰყვება,რა ცუდად იქცევაან როგორ აწვალებსმისი წარმოსახვითი მეგობარიუნდა ვიფიქროთ, რომბავშვს დანაშაულისგანცდა ტანჯავს, ამიტომთავს აფარებს გამოგონილ სამყაროს, სადაცვიღაც მასზე უარესადიქცევა.

 


ფსიქოლოგები
აღნიშნავენ
, რომ წარმოსახვითი მეგობარი 8-10 წლის ასაკში თავისთავად გაქრება, მანამდე კი, გვირჩევენ,თავადაც დაუმეგობრდეთ” მას, რადგან ის შეუდარებელი მეგზურია ბავშვის სამყაროში.

ფიგურათა მსგავსების გამოყენება: ზომების შედარება და შეფასება

0

რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანები

გასაკვირი არ არის, როდესაც მათემატიკური აპარატი აქტიურად გამოიყენება ისეთ სფეროებში როგორიცაა ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერება, საინჟინრო საქმე და ა.შ.. ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელი იყოს ის, რომ მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ზოგჯერ შეიძლება პასუხი გაეცეს კითხვებს, რომლებიც დაკავშირე­ბულია რეალური ვითარებებიდან მომდინარე ისეთ თემებთან, რომლებიც ე.წ. ზუსტი მეცნიერებებისაგან განსხვავებით, არ იძლევა მკაცრი ფორმულირებების საშუალებას.

ასეთი ამოცანების ერთ-ერთი სახეობაა რეალური ობიექტების ზომების შედარებისა და შეფასების ამოცანები. გავრცელებული, სტანდარტული ტექსტური ამოცანე­ბისაგან განსხვავებით, რომლებთაც უხვადაა გაჯერებული სასკოლო სახელმძღვა­ნელოები, ამ ამოცანების პირობა არ არის მკაცრად ფორმულირებული. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ სახის ამოცანები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს იმის განცდა, რომ მათემატიკა არის არა მხოლოდ აბსტრაქტული და რეალობას მოწყვეტილი ფორმალური პროცედურების ერთობლიობა, არამედ ის საშუალება და იარაღი, რომლითაც შესაძლებელია გარე სამყაროს შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიღება.

დასაწყისში შევეცადოთ დამოუკიდებლად გავცეთ პასუხი ამ სახის ამოცანების რამო­დენიმე ნიმუშში დასმულ შეკითხვას.

ვრცლად

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...