ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ძველი რუკები ისტორიის გაკვეთილზე

0

თუ ჩემს სტატიებს თვალს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ უმეტესად განათლების ზოგად საკითხებზე ვწერ, მაგრამ არც ჩემს სპეციალობას ვივიწყებ და ისტორიის გაკვეთილისთვის გამიზნულ აქტივობებსაც გაცნობთ ხოლმე. ჩემი მიზანი ამჯერადაც ეს უკანასკნელი გახლავთ. როცა სასწავლო აქტივობებზე ვწერ, ვცდილობ, მასწავლებლებს მივაწოდო რესურსები, რომლებიც შედარებით მარტივი გამოსაყენებელია და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კვლევის, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა გათვლილი, აღძრავს მათში საგნისადმი ბუნებრივ ინტერესს, აუმაღლებს სწავლის მოტივაციას, სასწავლო პროცესს კი უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის. ზემოთ დასახელებული უნარებისა და სასწავლო გარემოებების მნიშვნელობაზე საუბარს ამჯერად გვერდს ავუვლი (წინა სტატიებში აღვწერე) და პირდაპირ კონკრეტულ აქტივობას შემოგთავაზებთ.

 

ამ სტატიაში ისტორიის გაკვეთილზე ძველი რუკების გამოყენებაზე ვისაუბრებთ. მათი დაწვრილებით შესწავლისას მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ რუკები არ არის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრის საშუალება, ხოლო მასწავლებლები ამ აქტივობის მეშვეობით მოახერხებენ სასწავლო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისეთი საბაზო მიმართულებების ჩართვას, როგორიცაა დრო და სივრცე, ადამიანი და საზოგადოება, ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა, გეოგრაფიული კვლევა.

თუ თანამედროვე რუკები ცხოვრებისთვის აუცილებელი ხელსაწყოებია, ძველი რუკები პირველადი ისტორიულ-დოკუმენტური წყაროებია, რომლებიც ასახავს იმ ეპოქის არა მარტო გეოგრაფიულ, არამედ სოციალურ და კულტურულ შეხედულებებს, რომელშიც ისინი შეიქმნა. რუკები სხვადასხვა დანიშნულებით იქმნება, ამიტომ მასწავლებლებიც სხვადასხვა სასწავლო მიზნით გამოიყენებენ მათ. როცა კლასი ყურადღებით იკვლევს ძველ რუკას, სოციალური სწავლის რამდენიმე ასპექტი ექცევა ყურადღების ცენტრში: ვიზუალური წიგნიერება, კრიტიკული ანალიზი, სინთეზური სწავლა და ინტერდისციპლინური აზროვნება. თუ მასწავლებელი გადაწყვეტს, ჯგუფური მუშაობა ჩაატაროს, მას რუკის იმდენ სექციად გაყოფა მოუწევს, რამდენი ჯგუფიც ეყოლება (ერთგვარი „დაყავი და იბატონე” სტრატეგია) – ამ გზით უფრო მოხერხებულად გამოვიკვლევთ მის დეტალებს და გავზრდით რუკის სასწავლო ღირებულებას.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები რუკის რომელიმე ერთ ნაწილთან იმუშავებენ, გამოიყენებენ სპეციფიკურ პროცედურას, რომელიც კითხვების დასმას და მათზე პასუხების გაცემას, რუკაზე ახალი სათაურებისა და შენიშვნების გაკეთებას ითვალისწინებს. გაკვეთილის ბოლოს, როცა რუკის ცალკეულ ნაწილებს ხელახლა შევკრებთ, კლასი მიიღებს უნიკალურ საბოლოო პროდუქტს – ისტორიულ რუკას, რომელსაც მოსწავლეთა მიერ შესრულებული წერილობითი განმარტებები ექნება დართული. შემდეგში იგი შეიძლება უკვე სხვა სასწავლო მიზნითაც იქნეს გამოყენებული.

ვითვალისწინებთ რა ისტორიის სასწავლო კურსის გადატვირთულობას, ვფიქრობთ, ამ აქტივობის წლიურ სასწავლო გეგმაში ერთხელ განსაზღვრაც საკმარისია.

არჩეული რუკის ტიპი სათანადოდ უნდა პასუხობდეს კონკრეტულ სასწავლო მიზანს. რუკამ მოსწავლეებს უნდა დაანახვოს, როგორ შეიცვალა მისი შექმნის დროიდან ჩვენს ეპოქამდე გეოგრაფიული, ტექნოლოგიური, კულტურული თუ ისტორიული კონტექსტი. სად შეიძლება ვიპოვოთ შესაფერისი რუკა? თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკა ვერ ახერხებს საჭირო რესურსის მოწოდებას, დახმარებისათვის „ყოვლისშემძლე” ინტერნეტს უნდა მიმართოთ, სადაც იოლად იპოვით შესაფერ რუკას, რომელსაც ადვილად აქცევთ საინტერესო ვიზუალურ რესურსად და შეძლებთ, კლასში ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევისა და შემოქმედებითობის ატმოსფერო შექმნათ.

არჩეული რუკა კლასისთვის მეტისმეტად რთული არ უნდა აღმოჩნდეს. როგორც კი რუკას შეარჩევთ, გაარკვიეთ, პირადად თქვენ რა სარგებლობას მოგიტანთ იგი, რატომ აარჩიეთ ეს რუკა, რით დაგაინტერესათ მან. ჩამოწერეთ კითხვები, უპასუხეთ, დაადგინეთ, რამდენად დაგეხმარათ მოძიებული ინფორმაცია რუკის უკეთ გაგებაში. გაკვეთილის დაგეგმვასთან ერთად შეფასების პროცედურებიც განსაზღვრეთ.

ქვემოთ აღვწერთ აქტივობებს და მოვიყვანთ თითოეული აქტივობისას გამოსაყენებელ კითხვებს. ვიძლევით რეკომენდაციას, მასწავლებლებმა თავიანთი სასწავლო მიზნების შესატყვისად აირჩიონ მათთვის მისაღები აქტივობები და კითხვები, თავიანთი შეხედულებისამებრ შეიტანონ მათში ცვლილებები (კითხვების ჩამონათვალს სტატიის დასასრულს შემოგთავაზებთ).

პირველი რამდენიმე წუთი მოსამზადებელ ეტაპზე შემდეგ მოქმედებებს დაუთმეთ: აჩვენეთ მოსწავლეებს რუკა და მიაწოდეთ აუცილებელი ინფორმაცია, აუხსენით გაკვეთილის მნიშვნელობა, აღწერეთ მოსალოდნელი შედეგი. მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს მთელ კლასს დავუსვათ კითხვები, რომლებიც დაგვანახვებს, რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მომდევნო ეტაპზე მოსწავლეები ჯგუფებად დავყოთ, თითოეული ჯგუფი იმუშავებს რუკის ერთ ნაწილზე, დასვამს კითხვებს და უპასუხებს მათ.

მესამე ფაზაში მოსწავლეთა ყურადღება რუკის რამდენიმე საინტერესო დეტალს მიაპყარით. ეს შეიძლება მოხდეს დამხმარე კითხვებით (მაგ., „რას ნიშნავს ეს უცნაური სიმბოლო?”). ამავე დროს მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა ეხმარება მათ შესასწავლი საკითხების გაგებაში, ხელს უწყობს პრობლემების უკეთ დანახვას და სთავაზობს მათი გადაჭრის გზებს. ეს იდეები მოსწავლეებმა შესაძლოა წყვილებში ერთმანეთს გაუზიარონ კიდეც.

მეოთხე ფაზას მასწავლებელი მოსწავლეთა ინდივინდუალურ ზეპირ და წერილობით პრეზენტაციებს დაუთმობს. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს როგორც თავიანთი სექციის, ასევე მთელი რუკის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე, ისაუბრებენ, რა შესძინა მათ რუკაზე მუშაობამ, ყურადღებას გაამახვილებენ მათთვის საინტერესო დეტალებზე.

დამხმარე მასალა (ფაზები და კითხვები)

პირველი ფაზა – კონტექსტის განვითარება (მთელი კლასი)

1. რა ჰქვია რუკას? დაამატე რამდენიმე სიტყვა ან ფრაზა რუკის სათაურს, რითაც უფრო დაწვრილებით განმარტავ მას (მაგ., „მსოფლიოს რუკა” შეცვალე სათაურით „მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, რომელზეც საქართველო არ არის”).

2. რატომ დაამზადეს ეს რუკა? (მაგ., „ტურისტების დასახმარებლად, რათა მათ მოკლე დროში მაქსიმალურად ბევრი რამ ნახონ”).

3. ვინ შექმნა რუკა? სამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიმე კერძო კომპანიამ თუ ინდივინდმა? აღწერე აუდიენცია, რომლისთვისაც ეს რუკაა განკუთვნილი.

4. როდის დამზადდა რუკა? რა შეიცვალა იმ დროიდან დღემდე? მნიშვნელოვნად შეიცვალა თუ არა ადგილები ამ ხნის განმავლობაში? ახსენი.

მეორე ფაზა – კითხვების წარმოშობა (პატარა ჯგუფები)

1. კარგად შეისწავლე რუკის ის სექცია, რომელიც თქვენს ჯგუფს ერგო და გამოყავი თქვენთვის საინტერესო 3-5 დეტალი.

2. დასვი მინიმუმ სამი კითხვა, თქვენი ჯგუფის სექციის შინაარსიდან გამომდინარე.

3. ახსენი, როგორ ეხმარება შენი სექცია რუკის წამკითხველს მთელი რუკის გაგებაში.

4. შესაძლებელია თუ არა, თქვენი სექცია დამოუკიდებლად გამოდგეს როგორც რუკა? პასუხი დაასაბუთე. თუ შესაძლებელია, მოიფიქრე რუკისთვის ახალი სახელი.

მესამე ფაზა – დეტალების გამოკვლევა (წყვილები)

1. რამდენიმე წინადადებით აღწერე თქვენი სექციის ერთი ადგილი ან არე, რომელმაც განსაკუთრებით დაგაინტერესა. დავალება შეიძლება დაიწყოს კითხვით, მომდევნო რამდენიმე წინადადება მასზე პასუხი იქნება (მაგ., „რას ნიშნავს ეს სიმბოლო?” ან „რატომ არის მოცემული ეს ადგილი რუკაზე?”)

მეოთხე ფაზა – პრეზენტაციები კლასის წინაშე (ინდივიდუალური)

1. მოათავსე თქვენი სექცია დაფაზე , ყველა პრეზენტაცია უნდა მთავრდებოდეს კომენტარებით იმის შესახებ, რით დაეხმარება მნახველს ეს სექცია მთელი რუკის როგორც ერთი მთლიანის გაგებაში.

2. შეურჩიე რუკას ახალი სათაური, რომელშიც გაცემული იქნება პასუხი კითხვაზე: „რას ნიშნავს ეს რუკა ჩემთვის?”

რუკის ნიმუშები

აბბე გაულტიერის მსოფლიოს რუკა (1792 წ.)

აბბე გაულტიერი ეკუთვნოდა ფრანგულ საგანმანათლებლო სკოლას. რუკა შეიქმნა ინგლისში, სადაც მისი ავტორი საფრანგეთის დიდი რევოლუციის ტერორს გაექცა. რუკა თავისი დროის გეოგრაფიული ცოდნის ანარეკლს წარმოადგენს.

ვახუშტი ბატონიშვილის ევროპის რუკა (1752 წ.)

ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომებმა ევროპელი კარტოგრაფების ყურადღება მიიქცია და გამოყენებულ იქნა XVIII საუკუნეში შედგენილი მთელი რიგი ევროპული რუკებისათვის. განსაკუთრებული წვლილი ვახუშტი ბატონიშვილმა ისტორიული გეოგრაფიის განვითარებაში შეიტანა. ქართველი მეცნიერის მიერ თარგმნილი „მოკლე პოლიტიკური გეოგრაფია” მასში შეტანილი რუკებით სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა თელავის სემინარიაში.




სადაურობის შესახებ

0
მარია ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გოგოა მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ – ჭკვიანია, ლამაზი, კარგი იურისტია, შესანიშნავად ცეკვავს და მღერის, რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს და კრიტიკულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნის იშვიათი უნარი აქვს.

მარია ლატვიელია. ასე ამბობს თვითონ. ამავეს მოწმობს მისი პასპორტიც. მარიას დედა რუსია, მამა ლიტველი ჰყავდა, მისი ერთადერთი ბებია კი, რომელიც ვაშლის ბაღს უვლის და საღამოობით, ღუმელთან მიმჯდარი, დიდი სიყვარულით ღიღინებს „სულიკოს”, ლიტვაში, ფლუნგეში ცხოვრობს.

ერთხელ, დიდი ხნის წინ, როცა მარია გავიცანი, მეყო უტაქტობა, მისთვის მეკითხა:

– კი მაგრამ, როგორი ლატვიელი ხარ? მგონი, ნახევრად რუსი ლიტველი გამოდიხარ, ასე არ არის?

– მე რიგაში დავიბადე. ჩემი ქალაქი რიგაა, სხვა ქალაქი არ გამაჩნია. ლატვიელი ვარ, – მიპასუხა მან. მგონი, ცოტა ეწყინა ჩემი შეკითხვა, მაგრამ არ შეიმჩნია.

მე მჯერა მისი, უფრო მეტიც – ლატვია ჩემთვის მარიაა, სხვა ლატვიელი მეგობარი არ მყავს.
*
ერთხელ ტომეკმა მითხრა, რომ თუკი ქართველ ცოლს მოიყვანს, შვილებს შეუძლიათ, ქართველები იყვნენ, – რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში. მე არ დავუჯერე. ტომეკს ლიტვური გვარი აქვს, მაგრამ პოლონეთში გაიზარდა და თავს პოლონელად მიიჩნევს. მისი მშობლები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადასახლდნენ ვარშავაში. არ დავუჯერე იმიტომ, რომ ჩვენთან ასე არ ხდება, ჩვენთან მშობლიური ქვეყანაც, სოფელიცა და ქალაქიც მხოლოდ მემკვიდრეობით გადადის, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელსა და დიდებაზე, რომელიც კონკრეტული ოჯახების ხვედრია და არასოდეს ქრება. ჩვენ ხომ გვიყვარს ქართულად მოლაპარაკე უცხოელები, სანამ ისინი ჩვენს ქვეყანაში დასახლებას და უფლებრივად ჩვენთან გათანაბრებას მოინდომებენ; ჩვენ ხომ გვიყვარს სოფელში ზაფხულობით სიარული და ნატურალური პროდუქტი; გვიყვარს ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, გვიყვარს მანამდე, სანამ ისინი თავად დაადგებიან ქალაქის გზას და ჩვენი კარის მეზობლებად გადაიქცევიან; ჩვენ ხომ გვიყვარს აფხაზეთი, რომელიც შორია, მაგრამ არ გვიყვარს დევნილები, რადგან მიგვაჩნია, რომ მათ გამო გადაიჭედა ქალაქი და მათი განსხვავებული ინტონაციაც ისე გვჭრის ყურს, რომ ენაზე კბილის დაჭერას ვერ ვახერხებთ; ჩვენ ხომ გამუდმებით გვკლავს სურვილი, საკუთარი არარეალიზებული სურვილების დასაფარავად ვინმეს გადმოვხედოთ ზემოდან, – ვინმეს, ვინც მიგვაჩნია, რომ რაიმე ნიშნით ჩვენზე დაბლა დგას. ნიშანსაც, რა თქმა უნდა, თავად ვადგენთ. მიდგომაც შერჩევითია – ზოგ შემთხვევაში როგორღაც ვახერხებთ შემწყნარებლობის გამოჩენას.
*
როცა უცხოელები მეკითხებიან, საიდან ვარ, პასუხი მარტივია – ქართველი ვარ და მორჩა. ჩვენი ვიწრო კუთხური მიდგომები და ჩაწერის ადგილი მათ დიდად არ აინტერესებთ. 

როცა საქართველოში მეკითხებიან, საიდან ვარ, ცოტა ვიბნევი.
მე ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე.

მამაჩემი – ოჩამჩირეში.

ბაბუაჩემი – ლეჩხუმში, სოფელ ზუბში.

ამიტომ როცა სადაურობას მეკითხებიან, ჯერ ვამბობ, რომ ქუთაისელი ვარ, მერე ვამატებ, რომ, უფრო სწორად, აფხაზეთიდან და მერე ვყვები, როგორ ჩაასახლეს ჩემი ოჯახი ლეჩხუმიდან აფხაზეთში.

ვიღაცისთვის, ვისი წინაპრების შვიდი თაობაც ქუთაისში ცხოვრობდა, მე არ ვარ ქუთაისელი.

ვიღაცისთვის, ვისი წინაპრებიც ჩემს წინაპრებზე ადრე დასახლდნენ აფხაზეთში, არც იქაური ვარ. უფრო მეტიც – ბევრ სხვა ქართველთან ერთად, ისეთებისთვისაც კი არ ვარ იქაური, ვისაც სინამდვილეში არავინ არაფერს უნდა ეკითხებოდეს.

გამოდის, რომ, ამ ლოგიკით, მე ვარ სოფელ ზუბიდან, სადაც არასოდეს ვყოფილვარ. ჩვენს რეალობაში ეს, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

არადა, მე საქართველოს ყველა კუთხიდან ვარ, ყველა სოფლიდან და ქალაქიდან, რომელიც მიყვარს, ყველა ეთნიკურ უმცირესობასაც ვეკუთვნი, ყველა სალოცავში შემიძლია ღმერთთან ლაპარაკი, რადგან მე მოქალაქეობა ასე მესმის.

არ მეთანხმებით?

მაშინ იქნებ მითხრათ, რა საჭიროა პასპორტი, თუკი ის უფლებებამდე არ მიგვიყვანს?!

ბაბა ამტეს სიკეთის ისტორია

0
ჩვენი ყურადღების ცენტრში ხშირად აღმოჩნდება ხოლმე რომელიმე გავლენიანი სოციალური მოძრაობა. ვსაუბრობთ მრავალათასიანი კამპანიების ლიდერებზე, მათ შემოქმედებასა თუ ხედვებზე. სამაგიეროდ, იშვიათად ვამჩნევთ, რომ საყოველთაო სოლიდარობის რიგით მონაწილეთა შორისაც არიან გენიალური ადამიანები.

ალბათ, ყველას გაგიგონიათ ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, მრავალი თქვენგანი მშვიდობიანი წინააღმდეგობის სტრატეგიას „სატიაგრაჰასაც” კარგად იცნობს. უმრავლესობისთვის არც მაჰათმა განდის შთამბეჭდავი მოღვაწეობა უნდა იყოს უცხო. მაგრამ ალბათ მხოლოდ ერთეულები გვიპასუხებენ კითხვაზე, ვინ იყო ბაბა ამტე.

ბაბა ამტე გასული საუკუნის დასაწყისში ინდოეთის ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ პროვინციაში დაიბადა. მისი ოჯახის წევრები მდიდარი მიწათმფლობელები და ბრიტანული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იყვნენ. ამტეც ფუფუნებაში იზრდებოდა, უყვარდა ნადირობა და სპორტული მანქანებით რბოლა. ხანდახან პოპულარული ბულვარული ჟურნალისთვისაც წერდა სტატიებს კინომატოგრაფის უახლეს ტენდენციებზე. საზოგადოების წარჩინებული ფენის წარმომადგენელს არც კარგი იურიდიული განათლების მიღება გასჭირვებია. მაგრამ მისი მშვიდი, უპრობლემო და უდრტვინველი ცხოვრება ორმა შემთხვევამ თავდაყირა დააყენა.

თავდაპირველად ახალგაზრდა იურისტი მაჰათმა განდის გადაეყარა, კარგად გაიცნო იგი და მისი უერთგულესი მხარდამჭერიც გახდა. სასამართლოზე „ინდოეთის ეროვნული კონგრესის” წევრების დაცვისთვის კოლონიზატორებმა ადვოკატი მრავალჯერ დააპატიმრეს. მიუხედავად ზეწოლისა და სერიოზული წანააღმდეგობებისა, ამტე უკანასკნელ წუთამდე, მიზნის მიღწევამდე იბრძოდა ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული აქტივისტის ცხოვრება მეორედ 1946 წელს შეიცვალა. როგორც თავად ამბობდა, მის ფიქრებს სრულიად სხვა მიმართულება მისცა კეთრით მძიმედ დაავადებული, ღატაკი ადამიანის ყოველდღიური ყოფის ხილვამ. სასტიკი რეალობის გაცნობიერებამ ამტეს სიმდიდრის დათმობისკენ უბიძგა. მან უარი თქვა მემკვიდრეობასა და მსხვილ კაპიტალზე, მხოლოდ მცირედი დანაზოგი იკმარა და სამხრეთ ინდოეთის ხრიოკ მიწაზე, პატარა დასახლება ანავანდში გადაბარგდა. სწორედ აქ ჩაუყარა საფუძველი მან თავის პირველ უფასო საველე საავადმყოფოს, სადაც მოხალისე ექიმებთან ერთად კეთროვნებს მკურნალობდა. მისი ჰოსპიტალი, ფაქტობრივად, ხის ქვეშ გაშლილ კარავში იყო მოწყობილი. მოკლე ხანში ანავანდის მცირერიცხოვანმა ბანაკმა გაფართოება დაიწყო. შემორჩენილი გროშებით ამტემ კიდევ ორი თავშესაფარი დააარსა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და საზოგადოების დაჩაგრული, გარიყული ჯგუფების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. მაჰათმა განდის მოსწავლე ბანაკის ბინადრებს დროდადრო საჯარო ლექციებს უკითხავდა და სასოწარკვეთილ ადამიანებს თავდაჯერებისკენ მოუწოდებდა. მისი მიზანი ანავანდელებისთვის საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება გახლდათ. პარალელურად ამტემ და მისმა მეგობრებმა ქვის სამტეხლო, სამჭედლო და კიდევ რამდენიმე პატარა სახელოსნო ააშენეს, სადაც ფიზიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან ერთად გულმოდგინედ შრომობდნენ. მოახალშენეებმა ამავე წესით დაიწყეს მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაც. 

გაგიკვირდებათ, მაგრამ წლების შემდეგ გვალვით გადამწვარ მიწაზე გაშლილი რამდენიმე კარავი მწვანეში ჩაფლულ თემად გადაიქცა. მაღალ ხეებს, ვარდის ბუჩქებსა და ბოსტნებს შორის დღემდე დგას თანამედროვე, კარგად აღჭურვილი საავადმყოფო, კეთილმოწყობილი სკოლა და უამრავი კოხტა საცხოვრებელი სახლი. სამხრეთ ინდოეთის პატარა სოფელი იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ ენთუზიაზმისა და მოხალისეთა უანგარო დახმარების შემთხვევაში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ ღირსების დაბრუნება, ნებისმიერ საქმიანობაში სრულფასოვანი მონაწილეობა, სხვებისთვის სარგებლობის მოტანა და მშვენიერი სოფლის აშენება. ანავანდში დღემდე ერთად ცხოვრობენ ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები და ერთობლივი საქმიანობით გამომუშავებულ თანხას დიდი სამედიცინო ცენტრის უფასო ფუნქციონირებას ახმარენ.

ბაბა ამტეს თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში უწერია: „ჩემმა მშობლებმა ბარიერები აღმართეს. მათ არ უნდოდათ, ბავშვებს დაგვენახა, როგორ იტანჯება მსოფლიო. სხვათა გაჭირვების უგულებელყოფას მე მშობლების წინააღმდეგ აჯანყება ვარჩიე”.

იმედია, ჩვენი მასწავლებლები არასდროს აღმართავენ ბარიერებს და მოსწავლეებს უკეთ აუხსიან, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანისთვის გარიყული სოციალური ჯგუფების მხარდაჭერას, საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.

რატომ მიყვარს სოციალური ქსელი

0
მიყვარს სოციალური ქსელი. უამრავ ინფორმაციასთან ერთად, ის რესურსების საუკეთესო წყაროა. რამდენიმე წლის წინ, როცა სკოლაში ვიწყებდი მუშაობას, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კომპიუტერი ასე ღრმად შემოიჭრებოდა  ჩემს ცხოვრებაში.
განათლების არსი ის არის, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ. ისინი კი გვასწავლიან, როგორ ვასწავლოთ. სოციალურ ქსელთან ჩემი დამეგობრებაც მათი დამსახურებაა. პირველივე კონფერენციისთვის ჩემმა მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და სკოლაში აღიარებაც დაიმსახურეს. იმ დღიდან დაიწყო კომპიუტერთან ჩემი მეგობრობა. მე და ჩემი მოსწავლეები სოციალურ ქსელში ახლაც ვმეგობრობთ. ვმეგობრობთ და ვმუშაობთ.

გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებული რესურსების გამოყენების რამდენიმე მაგალითს.

www.facebook.com-ით გავრცელდა ამერიკელების მიერ შევსებული ევროპის კონტურული რუკები, რომლებიც ევროპაზე მათ წარმოდგენას ასახავს. შედეგი გამაოგნებელია.
https://www.buzzfeed.com/summeranne/americans-try-to-place-european-countries-on-a-map
 
 

ეს შეცდომით შევსებული რუკებია სწორედ გაკვეთილის რესურსი.

დავალება მარტივია: მოსწავლეებმა უნდა გაასწორონ შეცდომები. დამეთანხმებით, საინტერესო და სახალისო სამუშაოა: მოსწავლეები სწავლობენ ევროპის ქვეყნების ადგილმდებარეობას და ამავე დროს სივრცეში ორიენტაციის უნარიც გამოუმუშავდებათ. 

მეორე რესურსი, რომელიც ერთ-ერთ ბლოგზე აღმოვაჩინე, არის „რუკები, რომლებსაც სკოლაში არ გვასწავლიან” (https://ucnauri.com).

„სკოლის დამთავრებისას ჩვენ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ მაინც გვრჩება შეგრძნება, რომ ყველაზე საინტერესო არ უსწავლებიათ. შესაძლოა ვიცოდეთ, სად არის რომელიმე გეოგრაფიული ობიექტი, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდეს მსოფლიოზე. სწორედ ამიტომ ერთ-ერთმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ შეადგინა ინფოგრაფიკული რუკები, ანუ რუკები, რომლებზეც ჩვეულებრივი რუკისგან განსხვავებული ინფორმაციაა დატანილი და რომლებიც უადვილებს ადამიანებს დანარჩენი მსოფლიოს აღქმას”, – ვკითხულობთ ბლოგზე.

ვეთანხმები ავტორს – მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის ცოდნა მსოფლიოზე წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის. დღეს გეოგრაფიის სწავლებისას მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე კი არ ვართ ორიენტირებული, არამედ ამ ცოდნის გამოყენებაზე, ანალიზსა და შეფასებაზეც. გეოგრაფია არ არის ობიექტების, ფაქტებისა და მოვლენების მხოლოდ აღწერა; გეოგრაფიის სწავლისას მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გაიცნონ და მთლიანობაში აღიქვან სამყარო. მოსწავლემ მხოლოდ ობიექტების ადგილმდებარეობის დასასწავლად არ უნდა დაკარგოს დრო – საჭიროა ვასწავლოთ მათ ის პროცესები და მოვლენები, რაც ბუნებასა და საზოგადოებაში მიმდინარეობს, დავანახვოთ მათ შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირები.

ამ ბლოგის რესურსი სწორედ ასეთი აქტიური გაკვეთილების ჩატარების საშუალებას იძლევა. მადლობა ავტორს.
პირველივე რუკა სივრცეში ორიენტაციის უნარ-ჩვევის განვითარებაში დაგვეხმარება.
რუკა 1. ყველაზე პოპულარული გვარები ევროპაში
 
ამ რუკის მიხედვით მეშვიდეკლასელებს შეიძლება მივცეთ მარტივი დავალება: ამოიწერონ, რომელ ქვეყნებში რომელი გვარებია ყველაზე მეტად გავრცელებული. ამ დავალების შესრულება უფრო სახალისოა, ვიდრე ქვეყნებისა და მათი დედაქალაქების დასწავლა.

სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარებისთვის გამოდგება მეორე რუკაც, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური ქსელების გავრცელებას გვიჩვენებს.
რუკა 2. სოც. ქსელების გავრცელების რუკა
 
ამ რუკის შედარებითი ანალიზი დაგვანახვებს, როგორ იცვლებოდა წლიდან წლამდე მსოფლიოში სოციალური ქსელების მოხმარება და რა როლს ასრულებენ ისინი გლობალიზაციის პროცესში.

მომდევნო რუკები ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ, რომელ ქვეყნებშია მაღალი მოსახლეობის სიმსუქნისკენ მიდრეკილებისა და IQ-ს მაჩვენებელი, მერე შეადარონ ეს რუკები მშპ-ის მიხედვით შედგენილ რუკას და ამ მაჩვენებლებს შორის არსებულ კავშირზე იმსჯელონ, განსაზღვრონ, აქვთ თუ არა მათ უშუალო კავშირი ერთმანეთსა და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასთან. დასკვნა შეუძლიათ წარმოადგინონ სასურველი ფორმით.
რუკა 3. მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის მიდრეკილება სიმსუქნისკენ
 

რუკა 4. ქვეყნები მოსახლეობის IQ ქულების მიხედვით

 
ეს აქტივობა მხოლოდ ისეთი სპეციფიკური უნარების განვითარების საშუალებას კი არ იძლევა, როგორიცაა რუკის გამოყენება და გაანალიზება, არამედ მოსწავლეებს აზროვნების უნარს უვითარებს, საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მონაცემები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ.

ამ ბლოგზე კიდევ უამრავ სასარგებლო რესურს ნახავთ, რომლებსაც გაკვეთილზე გამოიყენებთ. 21-ე საუკუნეში, როცა ასე სწრაფად იცვლება და ვრცელდება ინფორმაცია, მხოლოდ წიგნებით ვერ შემოიფარგლები. თვალსაჩინოების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე საჭიროა. უამრავი ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა და რუკაა სახელმღვანელოებში, მაგრამ საზოგადოებრივი გეოგრაფიის სწავლების დროს აუცილებელია ინფორმაციის გაცნობა, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ამ ინფორმაციას სწრაფად და მოხერხებულად სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით მოვიპოვებთ.

აი, რატომ მიყვარს სოციალური ქსელები.

პრაქტიკული პედაგოგიკა – შეფასების სქემების შექმნა და გამოყენება

0
რა არის შეფასების სქემა
შეფასების სქემა არის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი გამოყენების წესების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ფასდება მოსწავლის აკადემიური მოსწრება.
არსებობს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების შეფასების სქემები. მასწავლებელი ქმნის და იყენებს მათ იმისდა მიხედვით, რას ისახავს მიზნად კონკრეტული შეფასება. განასხვავებენ ანალიტიკურ, ჰოლისტურ, ზოგად და კონკრეტულ შეფასების სქემებს. 

პაატა შამუგია

0

თქვენზე მითხრეს, საბჭოთა წარსულში გაიჭედაო. მართალია?

0

მილოშ ფორმანი, სანამ დიდ კინემატოგრაფში გადაბარგდებოდა, ჩეხოსლოვაკიის ტელევიზიაში მუშაობდა. ჟურნალ Esquire-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფორმანი იხსენებს, რომ თითოეული არტისტი, რომელიც ეკრანზე უნდა გამოჩენილიყო, სპეციალურ ფორმას ავსებდა, სადაც წინასწარ წერდა ყველა იმ რეპლიკას, რომელსაც ეთერში იტყოდა და ცენზორებთან გზავნიდა. ამას “ზემოთ გაგზავნას” ეძახდნენ. ერთხელ გადაცემას ჟონგლიორები უნდა სწვეოდნენ, რომლებიც ეთერში არაფრის თქმას არ აპირებდნენ, – როგორც იტყვიან, მხოლოდ საქმე, – თუმცა ცენზურამ თავისი მოითხოვა. ფორმანიც ადგა და ჟონგლიორებს ფორმა შეავსებინა, რომელშიც ეწერა: “ჰოპ! აპ! ახ! უხ!” – ანუ ის ბგერები, რომლებსაც ადამიანი ჟონგლიორობისას გამოსცემს. ზემოდან კი მოიწერეს: “მისაღებია”.

სხვა რომ არა იყოს რა, მილოშ ფორმანის ეს ნაამბობიც კმარა იმ კომიკური და იმავდროულად ტრაგიკული დაავადების აღსაწერად, რასაც დიქტატორული და ცენზურული სივრცე ერქვა და ზოგიერთ მიწაზე, სამწუხაროდ, დღემდე არსებობს. ასეთი მიწები ხელოვანთათვის ერთსა და იმავე დროს ჯოჯოხეთიც იყო და სამოთხეც, რადგან დამოკლეს მახვილის ქვეშ მუშაობდნენ, ცდილობდნენ, სათქმელი ისე შეეფუთათ, რომ როცა ნამუშევარს “ზევით გაგზავნიდნენ”, ცენზორებისგან პასუხად მოსულიყო: “მისაღებია”. ეს კი იოლი საქმე როდი გახლდათ.
არადა, “ცისფერ მთებზე” უნდა მელაპარაკა…

ყუფარაძის ზარისა არ იყოს, ელდარ შენგელაიას ეს ფილმი რომ არ გადაეღო, არ შეგაწუხებდით, მაგრამ გადაიღო… და საგონებელში ვარ, როგორ გამოეპარა ეს წმინდად ანტისაბჭოური სურათი საბჭოთა ცენზურას. მართლაც, ეს იყო სარკე, რომელიც იმდროინდელ ყოფას აირეკლავდა. აირეკლავდა ნატიფი იუმორითა და ტრაგიზმით, რომელიც თითოეულ პერსონაჟს თან სდევს. ხანდახან სარკეში ჩახედვა ხომ ძალიან ძნელია.

დაკვირვებული მაყურებელი ამ ფილმში ალბათ იმთავითვე ამჩნევდა კადრებს კადრების მიღმა, სიტყვებს დიალოგებს შორის, რაც, როგორც ჩანს, 1980-იანი წლების ლუკა ისარლოვებს (რომლებიც დაახლოებით საუკუნით ადრე ილია ჭავჭავაძეს საგაზეთო მასალებს წითელი მელნით უჭრელებდნენ) გამორჩათ. ზოგიერთმა ეს ყველაფერი “პერესტროიკის” შემდეგ დაინახა, როცა რკინის ფარდა ჩამოიმსხვრა. არსებობენ ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს დღემდე ვერ ამჩნევს ან განგებ იბრმავებს თავს – აკი გითხარით, სარკე ხანდახან მწარე სიმართლეს ღაღადებს-მეთქი. ბოროტი დედინაცვლისა და სარკის ამბავი გაიხსენეთ… სწორედ ამიტომ ბევრი ჩემი უფროსი თაობის ნაცნობთაგანი ამბობს, რომ “ცისფერი მთები” ფილმი კი არა, ერთი დიდი აბდაუბდაა.

არადა, შედევრია!

საქმე ის გახლავთ, რომ შენგელაიას სურათი შექმნიდან სამი ათეული წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. მე ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომელთა პროტოტიპებიც ჯერ კიდევ 1983 წელს ვაჟა ზაზაევიჩი, ვასო ჩორგოლაშვილი, სოსო, თინა, შუქრი, იროდიონი და საშტატო განრიგის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ. მხოლოდ შეხვედრა რა მოსატანია – ხანდახან მგონია, რომ მათი ნიშან-თვისებები თითოეულ ჩვენგანშია დარჩენილი. ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენ საბჭოთა კავშირის ჰორკრუქსები ვართ და მისი ნარჩენები ჩვენში ცოცხლობს, როგორც ლორდ ვოლდემორტის სულის ნაწილები სახლობდა საგნებში.

მეტიც: ხანდახან ვხვდები ადამიანებს, რომელთა დამოკიდებულებაც საბჭოთა წარსულის მიმართ ძალიან ჰგავს შენგელაიას ფილმის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟის, ალიოშა დევდარიანის, “გრენლანდიის პეიზაჟისადმი” დამოკიდებულებას – ისინი ვერ ელევიან “საიუზს”. ჩემი აზრი კი ვასო ჩორგოლაშვილისას ემთხვევა: “ეს არც ხელოვნების ნაწარმია და არც ნაწარმოები”. შეველიოთ.

საბჭოთა წარსულთან ბრძოლა სისულელეა. მთავარია, საბჭოთა აწმყოსა და მომავალს ვებრძოლოთ; მთავარია, გია ყანჩელის შესანიშნავი მუსიკა, რომელიც მთელი სისავსით ასახავს იმდროინდელი რეალობის რუტინასა და აბსურდულობას, საუნდტრეკად არ გასდევდეს თანამედროვე ცხოვრებას. ამისთვის, პირველ რიგში, საკუთარ თავთან ჭიდილია საჭირო: ვიცოდეთ, წვერავა მართლა ჯარშია თუ არა; ყურადღება არ მივაქციოთ ყუფარაძის ზარს ან, სულ ცოტა, გავიგოთ მაინც, ვინ არის ყუფარაძე; თუ იგავ-არაკები არ გვეხება – არ მივიღოთ; თუ შაბიამანი ჩვენი საქმე არაა, მიხედოს სხვამ, ვისაც ეს ეხება; არ დავეთანხმოთ გამყრელიძის დასკვნას; ვიყოთ ტანკისტები ომის დროს; ხელფასი (პრემიაც) მოგვცენ აზრიან ლაპარაკში; მურვანიძე ვაიძულოთ, ხელი მოაწეროს; სათაურების რაოდენობა ავტორის ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული; წვერავამ ხელი მოაწეროს საკუთარ უწყისში; ვიცოდეთ, საიდან შეგვაქანა; სხდომები ჩავატაროთ სიტუაციის შესატყვისად და არა გეგმა-ვალდებულებით; ეგზემპლარები წავიკითხოთ და ისე გადავცეთ – ფანჯრიდან ნუ გადავყრით; ვუთხრათ არტემ ჩაჩანიძეს, რომ ლირიკა მისი საქმე არ არის; ამოვქექოთ ალიოშა დევდარიანის არქივი.

მასწავლებლებო, მოდი, ხვალიდანვე დავიწყოთ: საკლასო ოთახებში პროექტორები შეიტანეთ და მოსწავლეებს “ცისფერი მთები” აჩვენეთ. პირველად – უბრალოდ, მეორედ – კომენტარებით. პათეტიკისთვის ბოდიში მომითხოვია, მაგრამ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას – “გაიტანეთ”.

კინოარქივი – განათლების ალტერნატიული კერა

0

დასავლეთის სასკოლო და უმაღლეს სააგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულო სასწავლო კურსის გარდა ან ამ კურსის ფარგლებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს როგორც ტრადიციულ, ასევე ალტერნატიულ სასწავლო მოდელებს სთავაზობენ. ჩვენში ეს პრაქტიკა ნაკლებად ცნობილია. ხშირად მოსწავლის თანამონაწილეობა სასწავლო პროცესში მისი ცოდნის შემოწმებით, გაკვეთილის მოყოლით შემოიფარგლება, რაც მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების გაღვივების საშუალებას თითქმის არ აძლევს.

ბლოგში შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმ დაწესებულებების შესახებ, რომლებიც სკოლებთან და უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში; მოგიყვებით ხელოვნების, კერძოდ, კი კინემატოგრაფის სასწავლო პროცესში ჩართვის პროდუქტიულობაზე და ცალკეულ ფილმებზე, რომლებიც მასწავლებლებმა ამ მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენონ.
კინოარქივი – განათლების ალტერნატიული კერა
კინოარქივების ისტორიაXXსაუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. ეს ის დროა, როცა კინოს მხოლოდ გასართობი ინდუსტრიის პროდუქტად აღიქვამენ. თუმცა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ის კულტურული მემკვიდრეობის ისეთივე ნიმუშს წარმოადგენს, როგორც ე.წ. მაღალი ხელოვნება და რომ ადამიანებს ფილმებით სიამოვნების საშუალება ხანმოკლე კინოგაქირავებიდან ფილმების ამოღების შემდეგაც უნდა ჰქონდეთ. არქივების, კინობიბლიოთეკებისა და სინემატეკების საქმიანობის ძირითად მიმართულებად ფილმების შენახვასა და დაცვასთან ერთად, მათი პრეზენტაცია იქცა.
მოგვიანებით არქივების საქმიანობის ამ ორ კომპონენტს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, არგუმენტირებული და ფუნქციურად გამართლებული მიმართულება დაემატა: კინოარქივი საგანმანათლებლო სექტორში ჩაერთო და განათლების ახალ, მიმზიდველ კერად იქცა.
რამდენიმე ათეული წლის წინ ევროპასა და ამერიკაში უკვე არსებობდა სკოლისათვის შემუშავებული კინოპროგრამები და საამისოდ საჭირო სპეციალიზებული სადისტრიბუციო ქსელიც. უფრო მეტიც, დროთა განმავლობაში უნივერსიტეტებმა საკუთარი კინოკოლექციები შექმნეს, რომლებიც შემდეგ უზარმაზარ არქივებად ჩამოყალიბდნენ.
დღეს განათლების პროგრამა წამყვანი მიმართულებაა მაღალი ორგანიზაციული და პროფესიული სტანდარტების მქონე მსოფლიოს მრავალ სამუზეუმო და საარქივო დაწესებულებაში. კინო და ფოტოდოკუმენტების შემგროვებელი არქივები საგანმანათლებლო სექტორში საკუთარ როლს უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. კინო, ფოტო და ფონო დოკუმენტებით მდიდარ ყველა ასეთ ინსტიტუციას შემუშავებული აქვს სტრატეგიული მიმართება, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო საქმიანობა ზოგან ეროვნული მაშტაბით ხორციელდება. მაგალითად, 2010 წელს ბრიტანეთში კინოგანათლების სტრატეგია შეიმუშავეს, რომელიც 2010 წელს გამოიცა პრაქტიკული სახელმძღვანელოს სახით „კინოს გამოყენება სკოლებში”. ბრიტანეთის კინოსაბჭოს მიერ დაფინანსებულ სტრატეგიულ გეგმას სხვა ორგანიზაციებთან ერთად ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი ახორციელებს. ეს უკაანსკნელი კი კინოგანათლების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილების მქონე ერთ-ერთი საუკეთესო დაწესებულებაა დასავლეთში.
ევროპულ დაწესებულებებში საგანმანათლებლო საქმიანობის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა:
§ საზოგადოების ინფორმირება კინემატოგრაფის, როგორც ისტორიული, გეოგრაფიული, კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით ღირებული დოკუმენტის შესახებ.
§ კრიტიკული აზროვნების გაღვივება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
§ მიმდინარე პროგრამებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კინოთეატრის, მედიათეკისა და საგამოფენო სივრცის გამოყენების მეშვეობით;
§ კინემატოგრაფის ადვოკატირება განათლების ეროვნულ პროგრამებსა და კინოსაგანმანათლებლო სექტორში – საჯარო დებატებში მონაწილეობის, ლობირებისა და კამპანიების გზით;
განათლების პროგრამის ძირეული ფუნქციაა კონტექსტის ჩამოყალიბება, რომელშიც კინოს ისტორიისა და ესთეტიკის გააზრება მოხდება. არქივები ცდილობენ ერთგვარი წინაპირობა შექმნან, რაც საზოგადოებას მედიუმთან მისვლაში დაეხმარება. საგანმანათლებლო მიზნებით ე.წ. შემგროვებელი დაწესებულებები გამოსცემენ პუბლიკაციებს, ატარებენ ლექციებს, კინო და მულტიმედია ჩვენებებს, დისკუსიებს ხელოვანებთან, ისტორიკოსებთან, სოციოლოგებთან და ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებთან, რომელთა წარმოჩენასა და დოკუმენტირებაში კინემატოგრაფს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, ასევე აწყობენ სპეციალურ ტურებს მუზეუმებში არსებული კოლექციების გასაცნობად.
არქივის საგანმანათლებლო მიმართულება ფუნქციონირებს როგორც საუნივერსიტეტო და სავალდებულო სასკოლო განათლების დამატებითი პროგრამა, რომელიც ფორმალური განათლების პარალელურად საზოგადოებისთვის განათლების ალტერნატიული მოდელების პოპულარიზაციას ეწევა.
უკანასკნელ წლების განმავლობაში ევროპაში კინოგანათლება, როგორც ნაწილი ზოგადი მედიაგანათლებისა, კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა. მთელი ევროპის მაშტაბით ხორციელდება ინიციატივები, რომელთა მეშვეობითაც კინემატოგრაფის საკლასო პროგრამებში ინტეგრაცია ხდება. მასწავლებლები კინემატოგრაფს იყენებენ როგორც ინოვაციურ ხერხს მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საკლასო ოთახებში კინო დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე დამხმარე სასწავლო საშუალება. კინომედიუმის სოციალური, ისტორიული და ესთეტიკური კონტექსტის გამოყენებით სკოლის მოსწავლეები ხელოვნების ამ დარგთან ახალ მიდგომებს სწავლობენ.
გარდა საკლასო გაკვეთილებისა, ევროპული სკოლების მოსწავლეებს ფილმის კინოთეატრში ყურების შესაძლებლობაც ეძლევათ. როგორც წესი კინოჩვენებებს მათ ამ დარგში სპეციალიზებული კულტურული დაწესებულებები სთავაზობენ (კინოთეატრებით ან საპროექციო ოთახებით აღჭურვილი მუზეუმები და კინოარქივები), რომლებსაც კინემატოგრაფის მიმართ ე.წ. სამუზეუმო დამოკიდებულება აქვთ – ფილმი როგორც კულტურული არტეფაქტი.
საგანმანათლებლო პროგრამებში მოიაზრება როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური კინო. მაგალითად, კინემატოგრაფის ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც ჩვენში სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სახელითაა ცნობილი, ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. სამეცნიერო-პოპულარული კინო არის იგივე საგანმანათლებლო, ინსტრუქციული ხასიათის კინემატოგრაფი, რომელსაც არსებობის ხანგძლივი ისტორია აქვს. საბჭოთა კავშირში ამ ჟანრში ბევრი ფილმი გადაუღიათ და მათ ხშირად პროპაგანდისტული ხასიათიც აქვთ. დღეს, თანამედროვე კონტექსტში ამ ფილმების მაყურებლებისთვის შეთავაზებას შესაძლებელია ორგვარი ეფექტი ჰქონდეს. ასეთი ფილმები არა მხოლოდ საკუთარ ისტორიას, არამედ კონკრეტულ ეპოქაში ქვეყნის, საზოგადოების ისტორიას ყვებიან.
საქართველოში არსებობს დოკუმენტური ფილმების მდიდარი კოლექცია. ასეთს ინახავს საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი. ამ დაწესებულებაში თავმოყრილი ფილმები ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით უნიკალურ არტეფაქტებს წარმოადგენენ. მათი გამოყენება საუნივერსიტეტო და სასკოლო პროგრამებს მნიშვნელოვნად გაამდიდრებდა, განსაკუთრებით კი საბჭოთა კვლევებით დაინტერესებულ უნივერსიტეტებს. აქედან გამომდინარე, საქართველოში არის რესურსი, რომლის გამოყენებითაც ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს იმ ტიპის კინოგანათლების სტრატეგია, როგორსაც ევროპული კინოარქივები ახორციელებენ. თანამედროვე გადასახედიდან აუდიოვიზუალური მემკვიდრეობა ეროვნული მეხსიერების ახალი, ტექნოლოგიური ფორმაა, რომელმაც ეს მეხსიერება ერთი თაობიდან მეორეს უნდა გადასცეს და რომელიც არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოების ვიწრო ესთეტიკურ ჭრილში.

არგუმენტაცია და სასწავლო პროცესი

0
ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას, საჭიროა სწორი,  მიზანმიმართული ლოგიკური მსჯელობა.  ლოგიკური აზროვნება კი იმ საშუალებებისა და მეთოდების ცოდნას გულისხმობს, რომლითაც შეიძლება რაღაცის დასაბუთება. დასაბუთების პროცესი  უკვე  დარწმუნებაა.  

ცხადია, მსჯელობაში, სხვათა დარწმუნებაში მთავარი არ არის მხოლოდ საუბარი ან მხოლოდ ცოდნა – განათლება. „მართალია,  ცოდნა აუცილებელია ადამიანისათვის, მაგრამ ჭეშმარიტი ცოდნა და კვლევა არ გულისხმობს  გონების მიერ ფიქსირებულ ფაქტთა უბრალო ჯამს,  „თორემ, – როგორც ჰერაკლიტე იტყოდა, – ჰესიოდემაც  ბევრი იცოდა, მაგრამ ვერ  დაამტკიცა, რომ დღე და ღამე ერთია”.

 

შესაბამისად ამისა, ლოგიკური  აზროვნების  უმნიშვნელოვანესი პროცესიც  სწორედ არგუმენტის შექმნა, ანუ არგუმენტაციაა.   იგი კომუნიკაციის პროცესია, რომელშიც ლოგიკური მსჯელობა  გამოყენებულია  სხვათა დარწმუნებისათვის, ხოლო არგუმენტი  ის მნიშვნელოვანი ღერძია,  რომელსაც მივყავართ ლოგიკურ აზროვნებამდე. 

არგუმენტირებული საუბარი ხელს გვიწყობს  ჩვენი სათქმელი მკაფიოდ, გარკვევით, დამარწმუნებლად ჩამოვაყალიბოთ და „ვაიძულოთ” ოპონენტები, აუდიტორია, კონცენტრაცია მოახდინონ, ყურადღებით და კარგად მოგვისმინონ და ასევე არგუმენტირებულად გვიპასუხონ. მარტივად თუ ვიტყვით – სადაც არის კარგი არგუმენტაცია – იქ უდაოდ კარგი ლოგიკაცაა და პირიქით. 

ვრცლად

პრაქტიკული საკლასო კვლევა

0

განათლების სფეროში საერთაშო­რი­სო დონეზე შესაძლებელია სხვა­­დასხვა ქვეყნის განათლების სისტე­­­­­მების, ან სისტემის კონკრეტული მახასიათებლების შედარება. ეროვ­­ნულ დონეზე ხშირად იკვლევენ გა­­ტარებული რეფორმების ეფექტუ­რობას, აფასებენ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას და ა.შ. ასეთივე კვლევების ჩატარე­ბა შესაძლებელია რეგიონის დონეზეც: შეგვიძლია სხვადასხვა რეგიონის შედარება სხვადასხვა ინდიკატო­რის მიხედვით და ა.შ.

 

კვლევის ჩატარება შესაძლებელია სკოლის, ან თუნდაც კლასის დონე­­ზეც. ასეთი ტიპის კვლევას პრაქ­ტიკული საკლასო კვლევა ეწოდება და მისი ჩატარება შეუძლია რო­გორც ერთ მასწავლებელს, ასევე რამდენიმეს ერთად. შესაბამისად, ასეთ კვლევას თავად პედაგოგები გეგმავენ და ახორციელებენ.

პრაქტიკული საკლასო კვლევის მიზნები

პრაქტიკული კვლევა კლასში მას­­წავლებლის მიერ გარკვეული მიზნით ინფორმაციის შეგროვებისა და შემ­­დგომი გაანალიზების პროცესია. მის უმთავრეს მიზანს, როგორც წე­­სი, მოსწავლეთა აკადემიური მოს­­წრების ამაღლება, მათი სოცია­ლუ­რი და სხვა უნარების გაუმჯო­ბესება წარმო­ად­გენს. ამ მიზნების მისაღ­წევად მას­­წავლებლებს შეუძ­­ლიათ სხვადასხვა სტრატეგიის დასახვა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. როგორც წესი, მათ ხშირად უწევთ სწავლების მრა­­ვალი სტრატეგიიდან ერთ-ერთის ამორ­ჩე­ვა, რომლის წარმატებაც დამოკი­­დებულია არა­­-ერთ ფაქტორზე (მოსწავლეთა რაო­­დენობაზე, საგანზე და ა.შ.) კვლევა სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ახალი სტრატეგია და მეთოდები მოსწავლეთა საჭი­რო­ებებს მოერგოს, გათვალის­წი­ნე­ბული იყოს მათი გამოყენების მოსა­­ლოდნელი რისკები და საფრთხეები. მასწავ­ლებ­-ლებს პრაქტიკული კვლევის საშუ­­ალებით შეუძლიათ დაადგინონ, რა მუშაობს კლასში და რა არა. პრაქ­­ტიკული კვლევა მათ საშუალებას აძლევს, სწავლების პროცესში საფუძ­­ვლიანი და დასა­­ბუთებული, ინფორ­მაციაზე დაფუძ­ნებული გადაწყ­ვე­ტი­ლებები მიიღონ.

საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება

იმისათვის, რომ კარგად ჩამო­აყა­ლი­ბოთ საკვლევი საკითხი, დაფიქ­რ­დით: რა სახის პრობლემებია ყველაზე მეტად თვალშისაცემი თქვენს კლასში? რისი გაუმჯობე­სე­ბა გინდათ? შეგიძლიათ ჩამოწე­როთ ასეთი პრობლემების/გამოწ­ვე­ვების/სუსტი მხარეების სია და შემდეგ შეარჩიოთ ყველაზე პრიო­რი­ტეტული.

კარგ საკვლევ საკითხს სამი ძირი­­თადი მახასიათებელი უნდა ჰქონ­დეს: 1. საკითხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენი საგნისათვის და სასწავლო პრაქტიკისათვის; 2. კვლე­­ვის შედეგებმა აუცილებლად უნდა მიგიყვანოთ კონკრეტულ ქმედე­ბამ­დე, უნდა შეცვალოთ ან შეინარ­ჩუ­ნოთ სწავლების არჩეული სტრა­ტე­გია; 3. საკვლევი საკითხი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ კვლე­­ვის განხორციელება შესაძლებელი იყოს დროის, რესურსებისა და ძა­­-ლისხმევის ოპტიმალური გამოყე­ნე­ბის თვალსაზრისით.

საკვლევი საკითხი შეიძლება აღწე­­რი­ლობითი ხასიათის იყოს, მაგა­ლი­თად: “რამდენი მოსწავლე ასრუ­­ლებს მიცემულ დავალებებს რეგუ­­ლარულად, დროულად და ხარის­ხი­ანად?” ზოგიერთი საკვლევი საკითხი შესაძლოა მიზნად ისახავდეს გან­სხვავებულ ფაქტორებს შორის დამოკიდებულებების შესწავლას. მაგალითად, “ის ბავშვები, რომლე­ბიც კლასში აქტიურობენ, იღებენ თუ არა საკონტროლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშნებს?” ხშირად მასწავ­ლებლების მიერ ჩატარებული კვლევა პასუხობს შეკითხვას: “რა გავლენას ახდენს X ფაქტორი მოს­­წავლის აკადემიურ მიღწევაზე?” X ფაქტორი შეიძლება იყოს მეცადი­ნეობისთვის გამოყოფილი დრო, მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში და ა.შ.

კვლევის გამოყენება, როგორც აღვ­­ნიშნეთ, შესაძლებელია ამა თუ იმ სწავლების სტრატეგიის, ახალი მეთოდის გამოსაცდელად. ამ შემ­­თხვევაში, საკვლევი საკითხი შესა­­ბამისად უნდა ჩამოყალიბდეს. მაგა­­ლითად, თუ თქვენ უცხო ენის მას­­წავლებელი ხართ და ამჩნევთ, რომ ბავშვებმა გრამატიკული წესები კარგად იციან, მაგრამ უცხო ენაზე ზეპირ კომუნიკაციას ვერ ახერხე­ბენ, საკვლევი საკითხი ასე განსაზ­ღვრეთ: “როგორ შემიძლია მოსწავ­ლეებს განვუვითარო უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარჩვე­­­ვები?”, “ავითარებს თუ არა დიალო­­გების ზეპირად სწავლა უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს?”

განსჯა, განხილვა

მას შემდეგ, რაც საკვლევი საკითხი ჩამოყალიბებულია, მოაგროვეთ ინფორმაცია საკვლევი საკითხის ირგვლივ. შეგიძლიათ მოიფიქროთ სავარაუდო პასუხი/პასუხები საკვლევ შეკითხვაზე. მაგალითად, თუ თქვენი საკვლევი საკითხია: “ის ბავშვები, რომლებიც კლასში აქტი­­ურობენ, იღებენ თუ არა საკონ­ტ­როლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშ­ნებს?”, მოიძიეთ პროფესიული ლიტერა­ტუ­რა კლასში აქტიურობასა და ტეს­­-ტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირზე; შეეცადეთ, გაარკვიოთ, ჩატარებულა თუ არა მსგავსი კვლევა საქართველოში; ჰკითხეთ აზრი კოლეგებს და გაიზიარეთ მათი გამოცდილება.

თუ თქვენს საკვლევ ინტერესს სწავლების რომელიმე სტრატეგიის ეფექტურობის შესწავლა წარმო­ად­გენს (მაგალითად, დიალოგების დაზეპირება უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გასა­­ვითარებლად), მოიძიეთ პროფე­სი­ული ლიტერატურა ამ საკითხის ირგვლივ, განიხილეთ ეს საკითხი უცხო ენის სხვა მასწავლებლებთან ერთად. შეგიძლიათ მოიძიოთ, გამოუყენებიათ თუ არა ეს მეთოდი სხვა სკოლებში, სხვა მასწავლებ­ლებს და ა.შ.

კვლევის დაგეგმვა

შეადგინეთ კვლევის გეგმა, სადაც ჩამოაყალიბებთ საკვლევ შეკითხვას და ასევე იმას, თუ როგორ აპირებთ სასურველი მონაცემების შეგროვებას. აუცილებლად დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რამდენი დრო დასჭირ­დება მონაცემების შეგროვებას? რა ინსტრუმენტებს გამოიყენებთ კვლევის დროს? როგორ შეინახავთ მონა­ცე­მებს?

კვლევის ჩატარების არაერთი გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაიწეროთ თქვენი მოსაზ­­რებები თითოეული გაკვეთილის შემდეგ, შეადგინოთ კითხვარები, ჩაატაროთ საკლასო დაკვირვება, ჩაიწეროთ აუდიო-მასალა და ა.შ. სანამ უშუალოდ მონაცემების მოგ­­როვებაზე გადახვალთ, აუცილებ­ლად კარგად ჩამოაყალიბეთ, რა ტიპის მონაცემები გჭირდებათ, რა სიხში­­-რით უნდა შეაგროვოთ ისინი და ა.შ.

თუ სწავლების ახალი მეთოდის, ან სტრატეგიის ეფექტურობის კვლევა გსურთ, ახალი მასალის ახსნის დროს შეგიძლიათ ერთი მეთოდი ერთ კლას­ში გამოიყენოთ, მეორეში კი ახსნა ძველი მეთოდით განაგრძოთ. ის კლასი, სადაც ახალ მეთოდს იყე­­ნებთ, ექსპერიმენტული კლასი იქნება, ხოლო ის, სადაც ძველი მეთოდით აგრძელებთ მუშაობას, საკონტ­რო­ლო კლასად დარჩება. ახალი მასალის დამუშავების შემდეგ შეადარეთ ერთმანეთს ექსპერიმენტული და საკონტროლო კლასის მოსწავლეთა მიერ მასალის ათვისების დონე და სათანადო დასკვნაც გამოიტენეთ: გაამართლა თუ არა სწავლების ახალმა მეთოდმა? უნდა გახსოვ­დეთ, რომ ექსპერიმენტულ და საკონტ­რო­ლო კლასებში მოსწავლეებს დაახლოებით ერთნაირი აკადემი­ური მოსწრება და მოტივაცია უნდა ჰქონდეთ.

ასევე შეგიძლიათ ახალი მიდგომები სხვადასხვა პერიოდში გამოიკვლი­ოთ. მაგალითად, თუ გინდათ, გამოსცა­დოთ, რამდენად ამართლებს ჯგუ­­ფური მუშაობის პრინციპი ამა თუ იმ საგანში, ეს მიდგომა ერთი თვის განმავლობაში გამოიყენეთ, მომდევ­ნო თვეში კი არა. შემდეგ შედეგები ერთმანეთს შეადარეთ.

მონაცემების შეგროვება

საკლასო კვლევის დროს მონა­ცე­მები შესაძლოა იყოს რაოდენობ­რი­ვი (მაგ. ტესტებში მიღებული ნიშნე­ბი, გამოკითხვის შედეგები) ან თვი­­სებრივი (მაგ. დიალოგები, ფოკუსჯგუფებსა თუ კლასში ჩატარე­ბუ­ლი განხილვების ჩანაწერები). შეგიძ­ლიათ კვლევა იმ მონაცემებით დაიწყოთ, რომლებიც უკვე გაქვთ: საშინაო დავალებების ნიშნები, ბავშვთა დასწრების მაჩვენებლები, საკლასო წერის ნიშნები და ა.შ. თუ დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, ისეთი მონაცემები შეარჩიეთ, რო­­მელთა შეგროვება და გაანალი­ზე­ბაც შედარებით მარტივია. მაგალითად, თუ გინდათ, დაადგინოთ, რა გავ­­ლენას ახდენს ოჯახური პირობები ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, დაუსვით შეკითხვები მშობლებს. თუ გსურთ კლასში აქტიურობასა და ტესტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირის დადგენა, შეადგინეთ ბავ­­შვებზე დაკვირვების ფორმა, რომლის მიხედვითაც გაარკვევთ, რამდენად აქტიურად ებმებიან ისინი საკლასო განხილვებში (მოსწავლის აქტიური მონაწილეობა შეგიძლიათ გაზომოთ არა მხოლოდ იმით, თუ რა სიხშირით პასუხობს იგი დასმულ შეკითხვებს, ან თავად სვამს მათ, არამედ იმით, თუ რა ტიპის შეკითხვებს სვამს და რამდენად კარგად პასუხობს).

ზოგადად, უნდა შეეცადოთ, სხვა­­-დასხვა ტიპის მონაცემები შეაგ­როვოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თანმიმდევრული ხართ. ეს საშუ­ალებას მოგცემთ, შედეგი სხვა­დასხვა წყაროდან გადაამოწმოთ, რაც თქვენს კვლევას მეტ სანდო­ობას შესძენს. მაგალითად, თუ გსურთ, გამოიკვლიოთ, რამდენად ეფექტური იყო სწავლების ესა თუ ის მეთოდი, შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ საგამოცდო ნიშნებზე, გაკვეთილის განმავლობაში აქტიუ­რობაზე, დასმულ შეკითხვებზე, მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად. ასევე საინტერესო ინ­­-ფორმაციას მიიღებთ, თუ მოსწავ­ლეებს სწავლების მეთოდის შეფა­სებას სთხოვთ.

მონაცემების გაანალიზება

მონაცემთა ანალიზის მიზანს საინ­­ტერესო ტენდენციების აღმოჩენა წარმოადგენს, მაგალითად, სწავ­ლების ახალი მეთოდის გამოყე­ნე­ბის შედეგად გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეების შედეგები? არის თუ არა კავშირი სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობასა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის? მონაცემთა ანალიზის შედეგად თქვენ კვლევის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე პასუხი უნდა მიიღოთ.


მოქმედება

მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები შესაბამისი ზომების მიღებისას გაითვალის­წი­ნეთ. გახსოვდეთ, კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები აუცილებ­ლად უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში. მაგალითად, თუ სწავლების ახალი მეთოდის გამოყენება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას ზრდის, გა­­ნაგრძეთ ამ მეთოდის გამოყენება და უფრო ფართოდ დანერგეთ იგი. თუ აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის მეთო­­-დი არ ამართლებს და მისი დახმა­რებით ვერ აღწევთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გქონდათ, დაუბრუნდით ძველ მეთოდებს.

განხილვა და გაზიარება

გაუზიარეთ თქვენი დასკვნები კო­­ლეგებს. შეგიძლიათ კვლევის შედე­­გების განხილვა მოაწყოთ საგნობ­რივ კათედრებზე, სხდომებზე, მშობ­­ლებთან და ბავშვებთან. ამ ეტაპზე კარგი იქნება, თუ საკუთარ კვლევას გადახედავთ და ნახავთ, რამ იმუშავა კარგად და რამ – არა. შესაძლოა, კვლევის შედეგებიდან გამომდინა­რე, სხვა, ახალი კვლევის საჭიროებაც გაჩნდეს. კვლევის პროცესი ციკ­ლუ­რია და ყოველი ეტაპის დასრუ­ლების შემდეგ, როგორც წესი, ახალი ეტაპი იწყება.

რაც მთავარია, პრაქტიკული საკ­­ლასო კვლევის ჩატარება ძალიან ადვილია. სინამდვილეში, ამას ბევრი მასწავლებელი ყოველდ­ღი­ურად აკეთებს (მოსწავლეთა აკა­­დემიური მოსწრების შესახებ მო­­ნაცემების შეგროვება და შენახვა, მოსწავლეებზე დაკვირვება, ახალი სასწავლო მეთოდების გამოცდა). როცა ამ მოქმედებებს ორგანიზე­ბული და სტრუქტურირებული სახე აქვს, გაცილებით მეტი სასარგებ­ლო ინფორმაციის მიღება შეიძლება, რომელსაც მასწავლებელი გააანა­ლიზებს და სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...