პარასკევი, ივლისი 18, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

საბა და განსხვავებული ქვა

0
ერთხელ ერთ პატარა სოფელში მოვხვდი. სოფელში, რომელსაც, თითქმის ყველა ქართული სოფლის მსგავსად, პატარა გორაკი და გორაკზე ასვეტილი ეკლესიაც აქვს. იქვე მდინარეც ჩამოუდის. არც სოფლის ბირჟა დავიწყებიათ იქაურებს, ადათისამებრ, და ამ ბირჟაზე მოყიალე ერთი-ორი კოლორიტიც ყოველ გამვლელთან თავს იწონებს პრიალა ფეხსაცმლითა და წვეტიანი მზერით, ყოველ მანქანას რომ აყოლებენ და მერე უკანვე იბრუნებენ, არაფერი გამოგვრჩესო. ეს ბირჟა პატარა ცერბერია, რამდენიმე თავი აქვს და ჰაიდა, თუ არ მოეწონე, სოფლის სიახლოვეს იქნებ არც გაგაჭაჭანოს.

ჰოდა, ერთხელ მეც მოვხვდი ასეთ სოფელში, სახელს, აბა, რა მნიშვნელობა აქვს, დავარქვათ თუგინდ რაღაცისკარი, თუმცა რაღა ცისკარი და ცისკროვანება დავაბრალოთ, უბრალოდკარი იყოს, როგორც შეშვენის. ახლა ამ ბოდიალს რისთვის მოვყევი – თხრობის დასაწყისიდანვე იმ სოფლის ჰაერი რომ ჩაისუნთქოთ და იმისმა მზემაც ცოტა გაგრუჯოთ, აი, ამისთვის. ცოტა ენასაც წავუძველმოდურებ, უბრალოდკარზე ჩემმა მტერმა ილაპარაკოს თანამედროვე სლენგითა და პრანჭულობით. იქა სხვანაირად უბნობენ, თავისებურად, ლაღად, არცუდარდელად, არცაფხიზლად, რაღაცნაირად უფრო. ჰოდა, ბირჟამ დიდხანს კი შეგვაყოვნა, მაგრამ გზა განვაგრძოთ. რას ვიფიქრებდი, თუ ამხელა ბრალის მქონე უბრალოდკარში საბას გავიცნობდი. ორბელიანს არა, მაგრამ ორბორბლიანი ველოსიპედით აქეთ-იქით მოჭრიჭინეს – კი. ველოსიპედის ბარგდამჭერზე (არც კი ვიცი, არსებობს თუ არა ეს სიტყვა, მაგრამ რაღაც მსგავს სიტყვებს ხომ იყენებენ ხოლმე გრამატიკოსნი?! – ავტ. შენ) ერთი დიდი რიყის ქვა დაემაგრებინა და დადიოდა. მომწვანო ქვა იყო, არაფრით გამორჩეული. არაფრით გამორჩეული – ჩემთვის, თორემ საბას კი ჰყავდა კაი კნეინასავით დასკუპებული და დააბრძანებდა.

პატარა იყო საბა, პაწაწკინტელა, ახლა კი იქნება თორმეტ წლამდის, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჩემი უბრალოდკარისეული ვოიაჟი ექვსი წლით გვაშორებს დღევანდელობას, ვივარაუდებ, რომ მაშინ საბა ის-ის იყო სკოლისთვის ემზადებოდა და ჯერაც არ ენახა ია, თითი, თოხი და მრავალი სხვა სასწაული. კითხვა შევბედე, რა არის ეგ ქვა, რად დაგიმაგრებია და დაატარებ აქეთ-იქით, არ გამძიმებს-მეთქი? ეს სხვანაირი ქვააო, – მიპასუხა.

კარგა ხანს ვუტრიალე, აბა, მე ქვებისა რა გამეგება, იქნებ საბამ უკეთ იცის-მეთქი, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ აღმოვუჩინე იმ ქვას სხვანაირობისა, კიდევ ვკითხე, რითია-მეთქი სხვანაირი. აი, მანდ კი ერთი ისეთი შემომიბღვირა, თავი დაფასთან მდგარი ოროსანი მოსწავლე მეგონა, გაკვეთილი რომ არ იცის და მასწავლებლის ბოლო სიტყვებს იმეორებს, იქნებ ჩამეთვალოსო. რითია სხვანაირი და ლამაზიაო, მიპასუხა, ველოსიპედი გააჩერა, ქვა ბარგდამჭერიდან მოხსნა, გულში ჩაიხუტა და წაფრატუნდა. დავრჩი ისე, გაქვავებული.

უცნაური ბავშვი იყო საბა, მას მერე არ მინახავს, ნეტავ ახლა როგორია, სოფლის ბირჟის კოლორიტებივით პრიალაფეხსაცმლიანი თუ ისევ თავისებური? როდის, რომელ დღეს მოისროლა ის ქვა სადმე ეზოში? ან იქნებ ახლაც ინახავს, როგორც სხვანაირს, ლამაზს. არ ვიცი და სულ მაინტერესებს, იმ დღეს კი ამ ერთი შეხედვით არაფრისმთქმელმა ამბავმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. უფრო კი იმაზე, რაზეც ჩემამდეც არაერთი დაფიქრებულა: რა გვქმნის ადამიანად? რამდენად ვეწინააღმდეგებით საკუთარ სურვილებს, რამდენად ვძირავთ, ვახრჩობთ საკუთარ მეს და რამდენად ვუმორჩილებთ მას გარემოსა და გარეშემოხვეულ ხალხს? ერთი კია, საბას შემყურემ ისიც წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა, იქვე, „ასმეტროში”, ბირჟაზე მდგარ პირობითადგივიას ერთ დილასაც რომ გაეღვიძა, ჩვეულებისამებრ გაბანცალებულიყო ეზო-კარში, იქვე, ატმის ხისკენ ხელი აეწვდინა, ტოტი მოეტეხა, სტვენა-სტვენით გაეგრძელებინა გზა ვიდრე ბირჟამდის და შემდეგ ძმა-ბიჭებთან მდგარს ეს ატმის მოტეხილი ტოტი მოემარჯვებინა და ეთქვა: „ატმის რტოო, დაღალულო რტოო…”

ისე მე ვიხარო, რაც მაგის მერე პედერასტის სახელი ვეღარ მოეცილებინა იმ ჩემი ცოდვით სავსე პირობითადგივიას. უკეთეს შემთხვევაში „ტრამპა-ცუმპას” შეარქმევდნენ და ორი კვირის სამასხარაოც მიეცემოდათ. არადა იმ მომასხარავეთა შორის, ვინ იცის, იქნებ ჯემალაც მდგარიყო, რომელსაც რომ ბავშვობაში, ექვსი წლისას, ქვა დაჰქონებოდა გულში ჩახუტებული, ანდა ბალახი, ანდა ყვავილი, ანდა ჯოხი, ხარახურა ათასნაირი, დაჰქონებოდა და ჩემნაირი ჩასულ-პიჟონებისთვის ეთქვა, აბა, შენ რა გესმის, ეს განსხვავებული ჯოხია, ლამაზიო. მაგრამ გაიზარდა ის ჯემალაც და პირობითადგივიას „ტრამპა-ცუმპა” შეარქვა, ატმის რტოს რომ ლექსებს უძღვნის, იმიტომ. ჰოდა, შემეშინდა მერე, რაღა საბაში ჩასახლდება ქრისტე ანდა მარტინ ლუთერი-მეთქი. როზა პარქსი იყოს თუგინდ. ამათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – შეუძლიათ, თავისზე მეტთ და ძლიერთ უთხრან: ცდები შენ, ათასი კი ხარ ჩემ წინაშე, მაგრამ ცდები მაინც, მე მარტო ვარ და მართალიო. მაგრამ საბა? გალუთერდებოდა კი? თუ უფრო გალოთება ელოდა? ერთ დღესაც იმ თავისი განსხვავებულიქვით ჩაივლიდა ბირჟისკენ და ეტყოდა პირობითადგივია: შვილოსა, მიდი, აბა, ბებიაშენ მაყვალას შეაგინეო. შეაგინებინებდა ბოლოს მაინც. ქვასაც მოასროლინებდა. სიგარეტსაც მოაწევინებდა, როცა რომ. ქალსაც მაატ… მოკლედ, თავის თარგზე მოჭრიდა, როგორც ნამდვილ ქართველ მამაკაცს შეშვენის.

ჰოდა, საბაც, თვითონ საბაც, თვითონ, აი, ჩვენი საბაც, დაინახავს ერთ დღეს პატარა ლევანიკოს, ყვავილჩახუტებულს და არც გაახსენდება, როგორ დაჰქონდა რიყის განსხვავებული და ლამაზი ქვა. ან გაახსენდება და დაივიწყებს წამიერადვე. მივა და აუხსნის, როგორ არ უხდება კაცურ კაცს ყვავილით სიარული და რო დიდი ბიჭია უკვე ასეთი სისულელეებისთვის. იმ ყვავილს გადააგდებინებს, პაპამისისთვისაც შეაგინებინებს, სიგარეტსაც მოაწევინებს, როცა რომ და ა.შ. საბავე იზამს ამას. მერე ლევანიკო გაიზრდება, გალევანდება და ა.შ. ვიდრე მარტინ ლუთერს არ გადაეყრება ერთ-ერთი.

მოკლედ, კარგა ვიბოდიალე მეცა. სანამ ამ ფიქრებში ვიყავი, საბა თვალს მოსცილდა, ცას წინასაქუხილე მდგომარეობა შეეტყო, ბირჟა მოირყა და მეც იმ სახლისკენ გავწიე, რომელსაც ვსტუმრობდი. კაი ქეიფი გველოდა იმავღამ. რა სჯობია წვიმის ხმაურში ქეიფს და დროსტარებას – ყანწი, ტანცი, კანჭი და შენხარჩემიბატონი თამადა.

მე კი ვიჯექი ცხვირჩამოშვებული, მაგრამ დიდად არ შეუმჩნევიათ ეს ამბავი, დაღლილობას დააბრალეს და გააგრძელეს ლხინობა. მხოლოდ შიგადაშიგ ამ მშვენიერ ნადიმს სუფრის ირგვლივ მობოდიალე ბავშვების ხმაური თუ დაარღვევდა. დაბაჯბაჯებდნენ ცალ ხელში კიტრით და მეორეში ტარხუნის ლიმონათით მომავალი პირობითადგივიები და ყველა საგანს სხვანაირი საკრალურობით აღიქვამდნენ. ასე იყო, ვიცი, მე ხომ მაინც ვიცი. საბას რომ ვკითხე ქვაზე, მაშინაც ხომ ვიცოდი. აბა, პირდაპირ ხომ არ ვეტყოდი, ბავშვობაში როგორ მიყვარდა ერთი პატარა თოჯინა-მარიონეტი, სახელად ჯაჯუ, ჰო, აი, სწორედ ის, მერე სანაგვეზე რომ მომასროლინეს ახლობელ-მზრუნველებმა „დროაგაიზარდოს” ცნობილი შელოცვის თანხლებით.

რჩევები ფეხბურთელობაზე მეოცნებეთ

0
თუკი შენმა ხვეწნა-მუდარამ შედეგი გამოიღო და მშობლებმა მაინცდამაინც ფეხბურთზე მიგიყვანეს (ამ დროს მშობლებს შესაძლებელია შენი რაგბიზე, კალათბურთზე ან სხვა სახეობაზე მიყვანა უფრო სურდათ) განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ იმ გუნდის სახელსა და ავტორიტეტს, სადაც უნდა ითამაშო. საქართველოში მუდმივად ძლიერი გუნდები არ არსებობს და ერთ დროს ძლიერი გუნდები მეორე წელს შესაძლებელია აუტსაიდერები გახდნენ.
1.მწვრთნელს, რასაკვირველია, ყველაფერი უნდა დაუჯერო. მისგან დასჯაც უნდა აიტანო და შექებაც უნდა გაგიხარდეს. მაგრამ, თუკი მწვრთნელი დაიტრაბახებს და იტყვის, რომ თავის დროზე ნორჩ “ბარსელონას” ანდა რაიმე მსგავს დიდ კლუბს წვრთნიდა – ეს ტყუილი არ უნდა აპატიო და უმალ უნდა ჩაეკითხო , თორემ მერე გულს გააწყალებს და ამ ტყუილზე უამრავ დიდ ტყუილს დააშენებს.
2.თუკი გრძნობ, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებ, მაგრამ მწვრთნელი ჯიუტად ისეთ ბავშვებს ათამაშებს, რომელთა მშობლებიც მამაშენზე აქტიურები არიან, არ გაბედო და ეს ამბავი მამაშენს არ შესჩივლო. თუკი ამას გააკეთებ, მამაშენი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნის ნაცვლად, მწვრთნელს თვითონაც ”უკისრებს” სუფრას და გინდა თუ არა, პატარა ასაკიდანვე სამარცხვინო კორუფციული გარიგების მონაწილე გახდები.
3.თუკი მეორე პუნქტში დასახელებული პრობლემა წარმოიშვა, უმჯობესია მწვრთნელთან თავად მიხვიდე და ვაჟკაცურად მოითხოვო “ის, რაც გეკუთვნის”. უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვე თანაგუნდელთათვის აზრის კითხვა – ვის მიიჩნევენ ისინი ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსად.

4.გახსოვდეს, ძველბიჭობა ხელების შლა და ხელოვნურად ჩახლეჩილი ხმით საუბარი გოიმობისა და სიბრიყვის პირველი ნიშანია. ამიტომ არასოდეს მიბაძო ასეთ ადამიანებს, რადგან მათი გაბრექილობისაგან ბოლოს აღარაფერი რჩება, საქმისმოყვარე და თავმდაბალი ადამიანები კი, როგორც წესი, უფრო ხშირად თამაშობენ დიდ ფეხბურთს.
5.მსაჯს მარცხსა და საკუთარ ცუდ თამაშს მხოლოდ ისინი აბრალებენ, ვისაც მინდორზე არაფერი გამოსდით. ამიტომ, მსაჯთან კამათს ყოველთვის მოერიდე. აღარაფერს ვამბობ მის გინებაზე, რადგან ჯერ გინებით არასოდეს არაფერი გაკეთებულა და თუკი ამ გინებას რომელიმე ფერის ბარათიც მოჰყვა – დაგიღუპია საკუთარი გუნდი და ისაა…
6.არასოდეს მოგატყუოს გულშემატკივრების დამოკიდებულებამ. ქართველი გულშემატკივრები, როგორც წესი, ისეთი კატეგორიის ხალხია, რომლებიც მცირე წარმატების გამო ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ყოვლისშემძლეებად ასაღებენ და დითირამბებს უძღვნიან. მარცხის შემთხვევაში კი ყოველგვარ საზიზღრობას უწოდებენ. ამიტომ ყურადღება მხოლოდ საქმიან და საჭირო კრიტიკას მიაქციე. ქება კი ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი. ქებას ბოლოს მაინც გინება მოსდევს და პირიქით…
7.იმედია უკვე გეტყოდნენ, რომ სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლით თვალების დაბინდვა სპორტსმენი კაცის საქმე არაა. აღარაფერს ვამბობ ნარკოტიკებზე.
8.თამაშის დროს ყოველთვის ეცადე, რომ გამიზნულად ტრავმა არ მიაყენო შენსავე კოლეგებს – მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს. გახსოვდეს, რომ მათ, ვინც სხვას შეგნებულად აყენებენ ტრავმას არცთუ უსაფუძვლოდ არაკაცებად მიიჩნევენ…

9.თუკი კარიერული წინსვლა გეღირსა, არასოდეს დაივიწყო შენი ძველი თანაგუნდელები და მწვრთნელები. მათთან მუდმივად იქონიე კონტაქტი, რადგან თუ ამას არ იზამ ყველა იფიქრებს, რომ ცხვირაწეულობის სენი შეგეყარა. დაფასება და ყურადღება კი ყველა ადამიანს უყვარს.
10.ფული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ არა გადამწყვეტი. ფულზე მნიშვნელოვანი სპორტული კარიერაა, რადგან წარმატებული კარიერა თავისთავად დიდ შემოსავალსაც ნიშნავს. ამიტომ პირველ რიგში ფეხბურთზე იფიქრე. გიყვარდეს ფეხბურთი, არ დაიზარო ვარჯიში და თამაში, და ფული ყოველთვის გექნება!

არ არსებობენ უუნარო ადამიანები, არსებობს მხოლოდ შეზღუდული გარემო

0
ეს რამდენიმე დღეა, ქართულ საზოგადოებაში არ წყდება კამათი ევროპული ღირებულებების შესახებ. უმრავლესობა აღფრთოვანებულია საზოგადოების განვითარების დასავლური პრინციპებით, ზოგიერთი კი, რუსულენოვანი პროპაგანდისტული მედიის გავლენით, დამფრთხალი, შეშინებული ელის ჩვენს ქვეყანაში ჯოჯოხეთური წესრიგის დამკვიდრებას.
საყოველთაო მსჯელობაში მონაწილეობენ უამრავი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები: გულწრფელად დადარდიანებული, რეალური ინფორმაციის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები, თვითგამოცხადებული ინტელექტუალები, უსინდისო პოპულისტები და „ბრძენი” ბიზნესმენები.

ურთიერთდაპირისპირებული ბანაკებიდან ტელევიზიებში სადისკუსიოდ გამოგზავნილი ოპონენტები ყველგან ქიმერებს დაეძებენ და პოულობენ კიდეც. საუბედუროდ, ცოტას თუ სურს ნამდვილ ევროპულ სტანდარტებზე ყურადღების გამახვილება. ჩვენი ინტერნეტგაზეთი საუკეთესო ადგილია პროგრესულ იდეებზე სასაუბროდ და თემების სხვადასხვა პერსპექტივიდან შესაფასებლად, ამიტომ მინდა, ერთ-ერთი უმთავრესი დასავლური ფასეულობის შესახებ გაგიზიაროთ მოკრძალებული მოსაზრება.
თქვენი აზრით, ვინ არის ამჟამად ევროპის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი?
ცხადია, ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ეჭვი არ მეპარება, რომ გამოკითხვის შედეგად ძალიან ვრცელ ჩამონათვალს მივიღებთ. ბევრი ანგელა მერკელს დაასახელებს, მნიშვნელოვანი ნაწილი საფრანგეთის პრეზიდენტზე – ფრანსუა ოლანდზე მიგვანიშნებს, ვიღაცები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სახელის გახსენებას შეეცდებიან… თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჟურნალისტების მიერ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მაღალპროფესიონალური გაშუქების გამო თითქმის არავის მოაგონდება „ბებერი კონტინენტის” მთავარი ფინანსური მოღვაწე. ვოლფგანგ შოიბლე 2009 წლიდან ევროპის ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს, გერმანიის, ფინანსთა მინისტრია და, აქედან გამომდინარე, სერიოზული გავლენა აქვს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების გაკოტრებისგან გადარჩენა და ამ ტერიტორიებზე შექმნილი უმძიმესი ვითარების გამოსწორება მეტწილად მისი გადაწყვეტილებების დამსახურებაც არის. რა გამოარჩევს მას კოლეგებისგან, გარდა შესანიშნავი პოლიტიკური ალღოსი და ბრწყინვალე განათლებისა? არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვოლფგანგ შოიბლე 1990 წლიდან, მასზე თავდასხმის დღიდან, ეტლით სარგებლობს – საყოველთაოდ მიღებული ტერმინი რომ ვიხმაროთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. თუმცა 72 წლის მინისტრისთვის ამას ხელი არ შეუშლია, პოლიტიკურ კიბეზე დაწინაურებულიყო. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მან ფინანსური იმპერიების რეგულირებასთან ერთად „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” თავმჯდომარეობაც მოასწრო და გერმანიის საპოლიციო უწყების მეთაურის პოსტიც ეკავა.
გერმნელ პოლიტიკოსებზე საუბრისას შეუძლებელია არ გავიხსენოთ კურტ შუმახერი, ბუნდესრესპუბლიკის ერთ-ერთი დამაარსებელი და ჩემი პოლიტიკური იდეალი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში მარჯვენა ხელი დაკარგა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებული წლების შემდეგ მარჯვენა ქვედა კიდურის ამპუტაციაც დასჭირდა, ის 1952 წლამდე რჩებოდა თავისი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ პოლიტიკოსად. იგი მონაწილეობდა სოციალური დემოკრატიის განახლებაში, იდეოლოგიურ სრულყოფაში, აქტიურად იყო ჩართული გერმანიის კონსტიტუციის შემუშავებაში და სულ პატარა ნაბიჯი დააკლდა, რათა გერმანიის პირველი კანცლერი გამხდარიყო.

არ დაგვავიწყდეს მონარქისტულ კუნძულზე შევლა და მისი უახლესი ისტორიის გამორჩეულ, წარმატებულ პოლიტიკურ ფიგურასა თუ ნიჭიერ საქმოსანზე ყურადღების გამახვილება. ტონი ბლერის მთავრობაში თითქმის შეუცვლელი პერსონა გახლდათ დევიდ ბლიუნკეტი, რომელიც თავდაპირველად განათლების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. მის სახელთან არის დაკავშირებული კლასებში მოსწავლეთა თანაბარი განაწილებისა და საუნივერსიტეტო დაწესებულებების დაფინანსების ზრდის პოლიტიკა. განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შემდეგ იგი გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა და ყველაზე რთულ პერიოდში, 2001 წლის სექტემბერში, მოუწია რამდენიმე ანტიტერორისტული პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება. შრომის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ბლიუნკეტი დღემდე რჩება ბრიტანეთის თემთა პალატის წევრად. ალბათ იკითხავთ, კიდევ რით არის გამორჩეული მემარცხენე პოლიტიკოსი. 
ინგლისელი პარლამენტარი უღარიბეს ოჯახში გაიზარდა და დაბადებიდანვე უსინათლოა. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა თვითრეალიზება და უამრავი კეთილი, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება.
ბოლოს ჩვენს მეზობელ ქვეყანაზეც ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, უკანასკნელი წლების განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკაში ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული ტენდენციები გაძლიერდა. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა twitter-ისა და youtube-ის აკრძალვის თაობაზეც კი მიიღო გადაწყვეტილება. შარშან მას არ გასჭირვებია, ტაქსიმის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების უმოწყალოდ დარბევის განკარგულება გაეცა. მეზობელი სახელმწიფოს ლიდერის ცოდვების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელიც ყველაზე მედგრად, კომპეტენტურად და უკომპრომისოდ უპირისპირდება მის რეჟიმს. ავტორიტარის მთავარი ოპონენტი პარლამენტის ქალი დეპუტატი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებული, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ყოფილი მოადგილე შაფაკ ფავეი გახლავთ. 

ცნობილი თურქი დიპლომატი და პუბლიცისტი ცხრამეტი წლის ასაკში მძიმედ დაშავდა სარკინიგზო კასტროფაში და ორივე მარცხენა კიდური დაკარგა, მაგრამ ევროპაში გამგზავრების შემდეგ მან საათივით ააწყო საკუთარი კარიერა და ახლა უკვე სამშობლოში იბრძვის დემოკრატიის მშენებლობისთვის.
თანამედროვე მსოფლიოს ამ ლიდერთა წარმოჩენით, მინდოდა, მხოლოდ ერთი რამ მეთქვა კიდევ ერთხელ თქვენთვის: ევროპული საზოგადოების მშენებლობა გარყვნილების ლეგალიზებას არ ნიშნავს; მისი ერთ-ერთი უპირველესი მისიაა ნებისმიერი ადამიანის განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის თანაბარი პირობების შექმნა და, შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ინტეგრირება ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში. ევროპა შშმ პირებს მხოლოდ პაციენტებად არ აღიქვამს – თანამედროვე დემოკრატიული სისტემა მათი როგორც სრულფასოვანი მოქალაქეების აღქმას ამკვიდრებს და მიიჩნევს, რომ შშმ პირთა უფლებებისა და თავისუფლების სათანადო განხორციელებისას მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი სოციალური გარემოა, რომელიც მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

განათლების სისტემა ერთ ფოტოში

0
ბავშვობაში ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვალიერებდი ძველ საოჯახო ალბომს, რომელიც ბებიაჩემს კარადაში საგულდაგულოდ ჰქონდა გადამალული. ერთი სული მქონდა, როდის დავრჩებოდი შინ მარტო, რომ ძველი ფოტოების თვალიერებით და მათ შესახებ ჩემივე გამოგონილი ისტორიებით დავმტკბარიყავი. სწორედ ამ ფოტოებმა აღმიძრა სურვილი, ფოტოგრაფიისთვის მომეკიდა ხელი. ახლა საოცრად არ მიყვარს დადგმული სცენები საგანგებოდ გალამაზებული, სახეზე ღიმილაკრული ადამიანებით, მაგრამ მომავალში ასეთი ფოტოები საოცარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ბევრ რამეს გვიყვება წარსულზე, იმ დროის ესთეტიკასა და ადამიანებზე.

ბებიაჩემის ფოტოალბომში ჩემს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა დედაჩემის, ბიძებისა და დეიდების ჯგუფური სასკოლო ფოტოები, საიდანაც ჩემკენ იყო მოპყრობილი უამრავი უცნობი ადამიანის მზერა. სრულიად სხვადასხვანაირი გარეგნობის, გამომეტყველებისა და ბიოგრაფიის ადამიანებისა. მგონი, ჩვენს დროშიც ჯერ კიდევ ყველა სასწავლებელშია სასკოლო ალბომისა თუ კლასის ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიცია. დარწმუნებული ვარ, ყველას მოგეპოვებათ შინ ასეთი ფოტოები, რომლებიც, ჩემი აზრით, ჩვენი სკოლებისა და ქალაქების ისტორიის ძალიან საინტერესო წყაროს წარმოადგენს. ეს ფოტოსურათები აცოცხლებენ წარსულს და საოცრად ამდიდრებენ ჩვენს ცოდნას მის შესახებ, მეტად ხელშესახებს ხდიან გარდასული ეპოქების სულისკვეთებას.
ვცადე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული ასეთი ფოტოები შემეკრიბა თქვენთვის. ისტორიულ წყაროდ, სასწავლო რესურსად თუ არ გამოიყენებთ, მათი თვალიერებით ქვეყნებს, ხალხებსა და ეპოქებს მაინც შეიცნობთ, თვალნათლივ დაინახავთ მათ საგანმანათლებლო სისტემასა და პოლიტიკას.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიის საშუალო სკოლა, 1952 წ.

იაპონია, 1935 წ.

ოსმალეთის იმპერია, სამედიცინო სკოლა, 1904 წ.

პაკისტანი, 2012 წ.

ბრაზილია, 1930 წ.

ზიმბამბვე, 2013 წ.

ინდოეთი, 1981 წ.

ამერიკა, 1956 წ.

ფინეთი, 1929 წ.

საბჭოთა კავშირი – რუსეთი, 1941 წ.

ავსტრალია, 1960 წ.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1883 წ. მესამე რიგში მარცხნიდან მე-3 – ექვთიმე თაყაიშვილი

ნიგერია, 2008 წ.

სინგაპური, 1993 წ.

ამერიკა, 1946 წ.

სოფელ ჭოგნარის სკოლა, 1980-იანი წლები.

მალაიზია, გოგონათა ჩინური სკოლა, 2011 წ.

ამერიკა, ქალბატონ ლამონტის სკოლა, 1893 წ.

ირანი, 1930 წ.

ირანი, 2010 წ.

კრიზისი საბავშვო ბაღში: რატომ უნდა ითამაშონ ბავშვებმა (II ნაწილი)

0
ნაწყვეტები Alliance for Childhood-ის კვლევიდან აშშ-ის საბავშვო ბაღების შესახებ
ავტორები: ედუარდ მილერი და ჯოან ელმონი
წყარო: Crisis in the Kindergarten, is available online at www.allianceforchildhood.org
„It is the evening of the day,
I sit and watch the children play…”
(ნაწყვეტი „როლინგ სთოუნზის” სიმღერიდან „As Tears Go By”)
ორი უკანასკნელი დეკადის განმავლობაში საბავშვო ბაღი რადიკალურად შეიცვალა, თუმცა ამერიკელთა დიდმა ნაწილმა ეს არ იცის. დღეს ბავშვები გაცილებით მეტ დროს ატარებენ სწავლასა და ნასწავლის შემოწმებაში, განსაკუთრებით – წერა-კითხვისა და მათემატიკის მიმართულებით. ცოდნა, რომელიც ერთმანეთთან თამაშით, გარემოს გამოკვლევით, საკუთარი სხეულის შესაძლებლობათა შესწავლით თუ წარმოსახვის გამოყენებით მოდის, წარსულს ჩაბარდა. ბევრი საბავშვო ბაღი იყენებს დეტალურად გაწერილ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მორგებულია შტატების ახალ სტანდარტებს და დაკავშირებულია სტანდარტიზებულ ტესტებთან. საბავშვო ბაღების უმეტესობაში მასწავლებლები ვალდებულნი არიან, მიჰყვნენ სასწავლო ტექსტებს და პროგრამას, რომლიდან გადახვევაც არ შეიძლება.

ეს პრაქტიკა, რომელიც არ დგას მყარ მეცნიერულ საფუძველზე, პირდაპირ არღვევს ბავშვის განვითარებისა და „კარგი” სწავლების დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ პრინციპებს. სამწუხაროდ, ნათლად ჩანს, რომ ასეთი პრაქტიკა ბავშვების ჯანმრთელობისა და, სამომავლოდ, სკოლაში მათი წარმატების პერსპექტივის კომპრომისის ხარჯზე ხორციელდება.

ტრადიციული საბავშვო ბაღი, როგორც დღევანდელ მოზრდილთა უმეტესობას ახსოვს, წარმოადგენდა დიდი ზომის სივრცეს და პრაქტიკულად განუსაზღვრელ დროს არასტრუქტურირებული თამაშით, აქტივობებს ეზოში, ხელოვნებასა და მუსიკას, სოციალური უნარების პრაქტიკას და სწავლას, ასევე – სწავლის სიხარულს, რომელიც სასიამოვნო პროცესი გახლდათ. ეს ყველაფერი დღეს უკვე გამქრალია.

საბავშვო ბაღებში სწავლების საკითხის ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ საბავშვო ბაღში ტიპური დღე შემდეგნაირად გამოიყურება: წერა-კითხვისა და მათემატიკის სწავლებას და ტესტებისთვის მოსამზადებელ მუშაობას 4-6-ჯერ მეტი დრო ეთმობა, ვიდრე თავისუფალ თამაშსა და „თავისუფალ დროს” (30 წუთი ან ნაკლები). 
დღეს საბავშვო ბაღები ვალდებულნი არიან, შეასრულონ „დავალება”, რომელიც მათთვის შეუსაბამოა – დააკმაყოფილონ ის აკადემიური სტანდარტები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ პირველი კლასისთვის იყო განსაზღვრული. ამავე დროს, მათ აღარ სთხოვენ თამაშისგან მიღებულ სიკეთეებს. თამაში, რომელიც ბავშვისთვის სტრესის „მკურნალობის” მთავარი ფაქტორია, აღარ არის აქტუალური.

ეს ორმაგი ტვირთი (საბავშვო ბაღში სწავლა და ტესტებისთვის მზადება – ლ.ა.), მრავალი ექსპერტის აზრით, ხელს უწყობს პატარებში ბრაზისა და აგრესიის ზრდას. შედეგები ძალიან ცუდია – ბავშვების უდისციპლინობა და სისასტიკე. დღევანდელ ბავშვებში ფსიქიატრიული დარღვევების მაღალი ფონის გათვალისწინებით, კრიტიკულია საგანმანათლებლო პრაქტიკაში მათი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და განვითარება, რათა შევამციროთ ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დაავადებების რისკი.

უახლესი ცხრა გამოკვლევა და ანალიზი ადასტურებს, რომ აშშ-ში საბავშვო ბაღების ინსტიტუტი, ერთ დროს ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი, კრიზისშია. თუ პრობლემას თვალი არ გავუსწორეთ და გადარჩენის გზები არ დავსახეთ, არსებობს საშიშროება, მსგავსმა პრობლემებმა და დაავადებებმა სკოლამდელი ასაკისა და სამ წლამდე ასაკის ბავშვებშიც იჩინოს თავი.

საბავშვო ბაღების პროგრამაში რადიკალურ ცვლილებათა გრძელვადიან შედეგებსა და საბავშვო ბაღებიდან თამაშის გაქრობაზე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ, რაც შესაძლოა არა მარტო სკოლების, არამედ საზოგადოების პრობლემად იქცეს.

დღეს, როდესაც პოლიტიკოსთა უმეტესობა ხმამაღლა გაიძახის და მხარს უჭერს უფრო მეტ ტესტებს, მეტ ვალდებულებებს და ადრეული ასაკის ბავშვებთან ძირეული აკადემიური დისციპლინების სწავლების განვითარებას, ამერიკის მთავარი ბიზნესსტრუქტურები და კორპორაციები ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ მხოლოდ შემოქმედება, კრეატიულობა და თამაშია აშშ-ის სამომავლო ეკონომიკის საფუძველი.

დენიელ პინკი, „ახლებური გონების” ავტორი, საუბრობს „წარმოსახვის ეკონომიკაზე”, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ რაიმე ისეთი შექმნან, რისი დუპლიკაცია, ავტომატიზაცია და აუთსორსინგიც (out-sourcing) შეუძლებელია. პინკი ამბობს, რომ არამატერიალური „პროდუქტი” – ის, რაც ადამიანის წარმოსახვით, გონებით იქმნება – მალე ყველაზე ძვირფას პროდუქციად მოგვევლინება. 

ის, რაზეც დენიელ პინკი ლაპარაკობს, წესისამებრ, ადამიანის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს შემოქმედებაა – არტისტული, კრეატიული, ხელოვნებისკენ მიმართული ადამიანური ქმედებები და შესაძლებლობები. „როგორ შეიძლება ველოდეთ ჩვენი ბავშვების სამომავლო წარმატებებს „წარმოსახვის ეკონომიკაში”, თუ მათ საბავშვო ბაღებშივე შევუზღუდეთ თამაშისა და წარმოსახვის განვითარების საშუალება?” – კითხულობს პინკი.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბავშვების მიერ ინიცირებული თამაშების დაბრუნება ადრეული განათლების ეტაპზე თავისთავად ვერ მოაგვარებს იმ კომპლექსურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დღეს საბავშვო განათლება დგას – ის ვერ დაეხმარება ყველა ბავშვს, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც განსხვავებული მოვლა და სპეციალური განათლება ან პროგრამები სჭირდება; იმათ, ვინც ღარიბი ოჯახებიდანაა გამოსული; იმიგრანტთა ბავშვებს, რომლებიც ახლაღა იწყებენ ინგლისურის სწავლას.

ჩვენ არ ვითხოვთ უბრალოდ „ძველი კარგი დროის” სასწავლო პრაქტიკის „დაბრუნებას”; შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ უკეთ გვესმის იმ მდიდარი გამოცდილების ფასი, რომელიც სჭირდებათ ბავშვებს ხალისიან და ენთუზიაზმით აღსავსე „მოსწავლე ადამიანებად” გადასაქცევად. მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ იმ შედეგის მისაღწევად საჭირო მეთოდები და გზები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ბავშვების მიერ ინიცირებულ თამაშებთან შერწყმულ მიზანმიმართულ, ფოკუსირებულ სწავლებას და რომელსაც სტანდარტიზებული ტესტირება, დიდაქტიკური სავარჯიშოები და წინასწარ გაწერილი სასწავლო კურსი ვერაფრით მოიტანს. „ჯანმრთელ” საბავშვო ბაღში თამაში არ ნიშნავს იმას, რაც „გამოვა”; თამაში ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს. მაგრამ არც მოზრდილთა მიერ მკაცრად სტრუქტურირებული უნდა იყოს, ხელს არ უნდა უშლიდეს ბავშვებს ინიციატივის გამოჩენასა თუ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებულ კვლევაში.

საბავშვო ბაღებს სჭირდებათ ზომიერი ბალანსი ბავშვების მიერ ინიცირებულ თამაშსა და თამაშში მასწავლებლების მონაწილეობას შორის. თამაშის მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბავშვებს მასწავლებელმა უნდა „მისცეს გეზი”, როდესაც ეს საჭირო გახდება.
თამაშს უამრავი სახეობა აქვს. ხეზე აძვრომა სხვაა, ხის ტოტებისა და ქვებისგან სახლის აშენება – სხვა, სხვაა თოჯინის ჩაცმა და სხვა – როლური თამაშები. როდესაც ბავშვი უკვე ხეზეა, ის შეიძლება მოულოდნელად მეკობრედ „გადაიქცეს”, რომელიც გემის გარშემო გაწოლილ ოკეანეს ათვალიერებს. თამაშები განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა მდიდარ სათამაშო გარემოში ისინი ხშირად „გადაკვეთენ” და „შეერევიან” ერთმანეთს.

კარგად განვითარებულ მოთამაშეს უამრავი ფორმის მქონე სათამაშო რეპერტუარი აქვს; თამაშებზე ორიენტირებული საბავშვო ბაღი ხელს უნდა უწყობდეს ყოველგვარი სახეობის თამაშს. თამაში, როგორც წესი, კატეგორიებში მკაცრად ვერ ეტევა, მაგრამ თამაშზე დაკვირვება და მისი შესწავლა-გააზრება დაეხმარება მასწავლებლებსა და მშობლებს, შეიგრძნონ ის ცვალებადი გარემო, რომელშიც ბავშვების თამაშები მიმიდინარეობს. თამაშებზე დაკვირვება ასევე გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ რამდენად ადეკვატურია გარემო, რომელსაც „თამაშებზე ორიენტირებული” საბავშვო ბაღი აძლევს ბავშვებს სხვადასხვა ტიპის თამაშისთვის.
თამაშის 12 ძირითადი სახეობა ასე გამოიყურება:
1. თამაშები, რომლებიც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ბავშვებს უყვართ ცოცვა, სირბილი, ბზრიალი, ხტომა და, საზოგადოდ, მოძრაობა. ასეთი თამაშები ავითარებს კოორდინაციას, წონასწორობას და გარემოში საკუთარი სხეულის აღქმას.

2. მცირე ფიზიკური დატვირთვის თამაშები. ასეთი თამაშები მოიცავს პატარა სათამაშოებსა და მცირე აქტივობებს: მძივების თოკზე აცმას, ნივთებთან დაკავშირებული ადვილი ამოცანების ამოხსნას, ნივთებისა თუ სათამაშოების რაიმე პრინციპით დაჯგუფებას – ეს ავითარებს გონებამახვილობას, სიჩაუქეს და მოხერხებულობას.

3. დახელოვნების თამაშები. ბავშვები თამაშის დროს ბევრჯერ იმეორებენ მოძრაობას ან მანიპულაციას, სანამ კარგად არ დახელოვნდებიან მასში. მაგალითად, ყუთის შეფუთვას, კვანძის შეკვრას, ბურთის კენწვლას, გრძელი ჭოკით წონასწორობის შენარჩუნებას (სანამ „ცირკის ნამდვილი მსახიობივით” არ გამოუვათ).

4. წესებზე დამყარებული თამაშები. საბავშვო ბაღისა და დაწყებითი კლასების ბავშვებს ძალიან უყვართ იმ თამაშებში ჩართვა, რომელთა წესებსაც თვითონ იგონებენ ერთმანეთთან შეთანხმებით. ასევე ბავშვებს შორის შეთანხმება უდევს საფუძვლად ამ წესების სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებას.

5.  სამშენებლო თამაშები. სახლებისა და სხვა სტრუქტურების მშენებლობა წარმოადგენს თამაშის საბაზო ფორმას, რომელიც უნარებსა და წარმოსახვას მოითხოვს.

6. წარმოსახვითი თამაშები: თამაშების ეს ფართო კატეგორია მოიცავს სხვა თამაშების უამრავ ტიპს და მდიდარია ენით, პრობლემების მოგვარების ხერხებითა და წარმოსახვით. ხშირად ასეთი თამაში იწყება ფრაზით: „მოდი, ვითომ…” – და მოიცავს ყველაფერს, რაც ბავშვებს შეუძლიათ წარმოიდგინონ ან საკუთარი გამოცდილებიდან შემოიტანონ თამაშში.

7. სიმბოლური თამაშები. ამ თამაშის დროს ბავშვები იღებენ ნებისმიერ ნივთს და „გადააქცევენ” მას სათამაშოდ ან რაიმეს „ნაცვალად”, რაზეც შემდეგ მთელი მათი წარმოსახვითი თამაში აიგება.

8. ენობრივი თამაშები. ბავშვები თამაშის მეშვეობით ცდილობენ ენის დაუფლებას – თამაშობენ სიტყვებით, რითმით, ლექსებით, სიმღერებით, რომლებსაც ან თვითონვე იგონებენ, ან იღებენ არსებულს და სურვილისამებრ ცვლიან. ისინი ამ დროს ჰყვებიან ისტორიებს, ამძფრებენ მათ. ძალიან მოსწონთ ამ თამაშში უცხო სიტყვების ჩართვაც.

9. ხელოვნებაზე დამყარებული თამაშები. ბავშვები ყოველგვარ ხელოვნებას რთავენ თავიანთ თამაშებში – იყენებენ ნებისმიერ მასალას, რომელზეც ხელი მიუწვდებათ, რათა ხატონ, ძერწონ, თოჯინები აალაპარაკონ, იმღერონ და სხვა. ისინი ამ დროს იკვლევენ თავიანთ არტისტიზმს და იყენებენ მას თავიანთი გრძნობებისა თუ იდეების გამოსახატავად.
10. სენსორული თამაშები. ბავშვების უმეტესობას ხიბლავს ტალახით, ქვიშით, წყლით, ხით თამაში. ისინი ამ დროს ეცნობიან მასალებს, რომლებსაც სხვადასხვანაირი ფაქტურა, სუნი და ხმა აქვს. ასეთი თამაშები გრძნობების განვითარებას უწყობს ხელს.

11. დაუგეგმავი თამაშები ფიზიკური კონტაქტით. თამაშის ეს ფუნდამენტური სახეობა ჩვეულებრივია როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვისაც. ცხოველებმა კარგად იციან, როგორ ითამაშონ ფიზიკური კონტაქტის მეშვეობით ისე, რომ ერთმანეთს ზიანი არ მიაყენონ. ისინი „ამრგვალებენ” თავიანთ ჟესტებს და კბენენ, ურტყამენ ერთმანეთს დომინაციის მიზნის გარეშე. ბავშვებსაც მოსწონთ კონტაქტის მეშვეობით საკუთარი სხეულის შესაძლებლობათა გამოცდა, თუმცა მათ ხანდახან დახმარება სჭირდებათ, რათა თამაში სწორად წარიმართოს და აგრესიაში არ გადაიზარდოს.

12. რისკების შემცველი თამაშები. ბავშვები თავიანთ ფიზიკურ შესაძლებლობებს ხშირად რისკების შემცველი თამაშებით სწავლობენ სხვადასხვა გარემოში. საზოგადოდ, მათ იციან თავიანთი შესაძლებლობების ზღვარი და იცავენ მას, რათა რამე არ დაიშავონ. სამწუხაროდ, დღევანდელი სათამაშო გარემო/სივრცე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ზედმიწევნით არის დაზღვეული რისკებისგან და ბავშვებს მცირე შესაძლებლობა აქვთ, შეაფასონ რისკები, დაადგინონ თავიანთ შესაძლებლობათა ზღვარი.
ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ წარმოსახვითი სახეების შექმნას. მათ სიამოვნებისა და ტკივილის, ძალისა თუ უძლურების, სიყვარულისა თუ დანაკარგის საკუთარი საზომები აქვთ. იმ პერიოდში, როცა ბავშვი საბავშვო ბაღის კარს შეაღებს, მას უკვე შეუძლია რთული სამყაროების წარმოდგენა, რომელთა განუყოფელი ნაწილებია მეგობრობა და გულწრფელობა და სადაც ყველა ბავშვს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. საბავშვო ბაღი არასაკმარისი სათამაშო დროით არასათანადო გარემოა, რადგან ამ ასაკის ბავშვებისთვის ჯერ კიდევ თამაშია პირველადი რეალობა. მხოლოდ თამაში მოიცავს გარემოებათა იმ ნაკრებს, რომელიც სავსებით გასაგებია ბავშვისთვის. „მე კარგად ვიცი ამის კეთება”, – ამბობს საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვი, – „მე შემიძლია ამის კეთება. მე მესმის, რა ხდება ჩემს თავს და სხვა ბავშვების გარშემო”. ეს მათთვის კარგად ნაცნობი პროცესია – ისინი იგონებენ ახალ სახეებს ან სიტუაციებს, გარდაისახებიან ვინმე სხვად ან წარმოიდგენენ, რომ სხვაგან არიან. ამ დროს ბავშვები აგრძელებენ თავიანთი ინტუიციური და უნივერსალური ენის განვითარებას – ენისა, რომელიც პატარების ამ პატარა საზოგადოებას კრავს. 

იმ საბავშვო ბაღში, სადაც ბავშვები თამაშობენ, მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, შეისწავლოს ყოველი მათგანის ინდივიდუალური სტილი და ისტორია და ამ ცოდნით აღჭურვილმა შესთავაზოს მათ ახალი მასალა – მასალა, რომელიც ბავშვთა ფუნქციონირებად სოციალურ ჯგუფს რაიმე ახალს შესთავაზებს და მათ თამაშს მიესადაგება. იმ საბავშვო ბაღში, სადაც ბავშვები თამაშობენ, ისინი სწავლობენ წარმოსახვის კონცენტრირებას უფრო რთულ ამოცანებზე, განსხვავებულ გარემოზე და ამ ახალი ცოდნის მეშვეობით თავიანთი წარმოსახვითი თუ რეალური პრობლემების გადაჭრას; ახალი მიზნების დასახვას ახალი, უფრო საინტერესო ამოცანების ამოსახსნელად და ახალი დაბრკოლებების გადასალახავად. მოდი, თავიდან „გავაღოთ” საბავშვო ბაღი – მსოფლიოს ყველაზე ბუნებრივი სასწავლო იარაღი: თამაში.
ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

მოთმინების გაწყვეტილი ძაფები, ანუ როგორ დავეუფლოთ ლოდინის ხელოვნებას

0
,,მოთმინების ძაფი გამიწყდა” – ამ ცნობილ იდიომას პატარებისგანაც ხშირად გაიგონებთ. როგორ ვაქციოთ ადამიანის სულსწრაფი ბუნებისთვის მიუღებელი და არასასიამოვნო პროცესი სასიამოვნო თუ არა, ბუნებრივ და მისაღებ მოვლენად? ეს შესაძლებელია, თუკი ლოდინის უნარის გამომუშავებაზე ბავშვობიდანვე დავიწყებთ ზრუნვას. სუსტი ნებისყოფის ადამიანებს ლოდინის შეუძლებლობის გამო ხშირად ექმნებათ პრობლემები როგორც  სწავლის და მუშაობის პროცესში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. რომელიმე კაფეში შეიძლება მთელი საათი დასჭირდეს ერთი ჭიქა ჩაის ,,მოტანას”. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი ხომ ყოველდღიურ რიტუალს წარმოადგენს… ზოგისთვის რიგში დგომა იმდენად აუტანელი პროცესია, რომ ტყუილს, წინ გაძრომას და აყალმაყალსაც არ ერიდება, თუნდაც არსად ეჩქარებოდეს.

ლოდინი მოითხოვს მოთმინებას,  ადამიანთა უმრავლესობას კი ნებისყოფის არც ისე დიდი დიაპაზონი გააჩნია. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ფრაზები: – შენს რიგს დაელოდე! სხვასაც აცალე აზრის გამოთქმა!  და ა.შ. ხშირად ისმის გაკვეთილის მსვლელობის დროს. მსგავსი ,,მე მინდა-ს” ვერ შეკავებით გამოწვეული გადაჭარბებული აქტიურობა  გაკვეთილის მსვლელობას აფერხებს და კლასის მართვას საგრძნობლად ართულებს. 

ჩვენს საუკუნეში, სადაც დრო თავბრუდამხვევი სისწრაფით მიჰქრის და  საზოგადოება ,,გასწრობანას” თამაშობს, ლოდინის დეფიციტი გასაკვირი არცაა. თუმცა, ნებისყოფის გაკაჟება და მე-ს დაბალანსება იმდენად მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია, რომ ჩემს მოსწავლეებს ამ თემაზე ხშირად ვესაუბრები. ლოდინის სახელმძღვანელოდ იმ მოთხრობებს, ზღაპრებს და რეალურ ისტორიებს ვიყენებ, სადაც ,,მოჩქარეს” აუცილებლად ,,მოუგვიანდება”.

თუმცა მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე. ყველა კლასში მოიძებნება ბავშვი, რომელიც გამუდმებით იცდის და თუ მასწავლებელი ყურადღებას ვერ მიაქცევს, მას მუდამ თანატოლთა ჩრდილში უწევს ყოფნა. ამ შემთხვევაში პატარებთან საკუთარი პოზიციისა და ადგილის დაცვაზე გვიწევს მუშაობა, ანუ გადაჭარბებით მოლოდინის რეჟიმში ყოფნაც არასასურველია. 
 

იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ლოდინი ეადვილება. ჩაბნელებული მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში პურის, სინათლის, მომავლის მოლოდინში გაზრდილ თაობას რკინის მოთმინება უნდა ჰქონოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ამ წლებმა მოლოდინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამტკიცა.
დაახლოებით 8-9 წლის ვიქნებოდი, მე და ჩემი თანატოლები  საათობით ვიდექით პურის რიგში უფროსებთან ერთად (ყოველდღე რიგში დგომამ ფეხზე დიდხანს ყოფნა ნამდვილად გვასწავლა). სანამ პურს მოიტანდნენ, უფროსები ყვარყვარე თუთაბერივით სახავდნენ გაჭირვებაზე გამარჯვების გეგმებს, აკრიტიკებდნენ ყველას და ყველაფერს – მეზობელი ქალის კაბის სიგრძიდან დაწყებული ქვეყნის პოლიტიკური ბირთვით დამთავრებული… გულს იოხებდა ჩაბნელებულ აწმყოში გამომწყვდეული ხალხი. პურს რომ მოიტანდნენ, რიგი ტალღასავით წამოიქოჩრებოდა, ყველა წინ გაძრომას ცდილობდა, ავადმყოფი მშობლებისა თუ შვილების ხსენებ-ხსენებით მიძვრებოდნენ სანატრელი ლუკმისკენ და თუ ესეც არ უშველიდათ, თადარიგის დამცველებს სარწმუნოებასაც შეახსენებდნენ – ღმერთი არა გწამს შე, კაი კაცოო?!  საბედნიეროდ, ჩემი ბავშვობის პურის რიგში არავინ გარდაცვლილა, თუმცა იმ ავბედით წლებში ბევრმა დაასრულა სიცოცხლე  არსებობის გასახანგრძლივებელი პროდუქტის მოლოდინში.
 
როცა ლოდინის უნარ-ჩვევის გამომუშავებაზე ვიწყებთ მუშაობას, უნდა ვიყოთ მზად პასუხის გასაცემად კითხვაზე – რისთვის ვიცდი? მიზნის დასახვა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. თითოეულ მოსწავლეს ერთმანეთისგან განსხვავებული მიზანი ამოძრავებს. მათ ამოსაცნობად კი მასწავლებელი მოსწავლეებს კარგად უნდა იცნობდეს. ჩემი აზრით, არასასურველ შედეგს მივიღებთ, თუ ყველა მოსწავლეს საერთო მიზანს დავუსახავთ (საერთო სასწავლო მიზნების გარდა). გარეგანი მოტივაცია (სტიკერები, სიტყვიერი წახალისება და ა.შ) უმეტეს შემთხვევაში დროებითია, შინაგანი მოტივაციის ჩამოყალიბება კი პედაგოგთა მხრიდან ხანგრძლივ ინდივიდუალურ დაკვირვებას და დიდ მოთმინებას მოითხოვს. პირადად მე, მთელი წლის მანძილზე ვცდილობდი მოსწავლეებისთვის ლოდინი ,,მესწავლებინა”; სხვადასხვა წამახალისებელ სავარჯიშოებს ვიგონებდი (თანატოლის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო მასალის ყურადღებით მოსმენის, ადგილის დათმობის, ჯგუფური სამუშაოს შესრულების დროს როლების თანაბრად და სამართლიანად გადანაწილების შემთხვევაში იღებდნენ დამატებით ქულებს, სტიკერებს, სიტყვიერ შეფასებას…), მაგრამ ამ აქტივობის დახმარებით მიღწეული შედეგი დროებითი აღმოჩნდა. ბოლოს მივხვდი, რომ ყველა მოსწავლეში უნდა მეპოვა  პასუხი კითხვაზე – რისთვის ვიცდი? გააზრებული მოლოდინი – აი, რა იყო მათთვის მთავარი, და კიდევ, აუცილებლად უნდა მოვიდეს მათი ჯერიც; მოთმინების ძაფს დაუფასებელ ლოდინზე უკეთ არაფერი წყვეტს. შემდეგ ეტაპზე ბავშვებს სიტუაციის გაანალიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას მივაჩვევთ. მათ უნდა იცოდნენ, რა შემთხვევაშია საჭირო უკან დახევა და, პირიქით, როდის აუჩქარონ ნაბიჯს.
  
ყველაზე რთული ლოდინის სასიამოვნო პროცესად ქცევაა. პირველად ამ საკითხზე მაშინ დავფიქრდი, როცა გურამ დოჩანაშვილის  ,,ლიტერატურის მოყვარული კაცი” გავიცანი. მას შემდეგ, როცა რიგში დგომა მიწევს, ვმგზავრობ ან  საჭირო ავტობუსს ველოდები, ვცდილობ სასიამოვნო რამეზე ვიფიქრო, ქუჩის საერთო ორომტრიალს მუსიკის დახმარებით ვწყდები (ქუჩის უსიამოვნო და ხშირად, გაუსაძლის ღრიანცელს ჰარმონიული ,,ხმაურით” ვახშობ). თუ ხანგრძლივი მგზავრობა მელის, ლოდინის სასიამოვნო პროცესად ქცევის ყველაზე კარგი საშუალება წიგნის კითხვაა (წიგნების დიდი ნაწილი გურიისკენ მიმავალ მატარებელში მაქვს წაკითხული).
ამას წინათ, ინტერნეტში თვალი მოვკარი ქალაქ მონრეალში (კანადა) ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე დამონტაჟებული ორიგინალური სკამ-საქანელების ფოტოებს. ლოდინი აქ მართლაც სასიამოვნო პროცესად ქცეულა. ყველა მგზავრი, მიუხედავად ასაკისა, სასიამოვნოდ ატარებს იმ დროს, რომელიც საჭირო ტრანსპორტის მოსვლამდე  ერთიორად იწელება.

https://vimeo.com/40980676

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეხვდებით არაორდინარულ ავტობუსის გაჩერებებს, რომლებიც მგზავრების გახალისებასა და ლოდინისთვის განკუთვნილი დროის სასიამოვნოდ გატარებაზეა ორიენტირებული:
 
(ლონდონის ერთ-ერთ უბანში, ექსტრემალური სპორტის მიმდევარი მგზავრები ავტობუსის მოსვლამდე  წავარჯიშებასაც ასწრებენ)
 
 
( ,,კარცერ-ლუქსის” მსგავსი ავტობუსის გაჩერება კოლუმბიის დედაქალაქ  ბოგოტაში)
 
სანამ ჩვენს ქალაქში მოლოდინის გალამაზებაზე ფიქრს დაიწყებენ, გული მიგრძნობს, დიდი დრო გავა. მანამდე კი, ყოველდღიური ლოდინის რიტუალის შესრულებისას – ავტობუსის კიბეებზე შემხტარებს თუ რიგში საკუთარი ადგილისთვის მებრძოლებს, დატვირთული და მომქანცველი დღის რეჟიმიდან ლოდინის  მიზეზით გამოთავისუფლებული დროის შეძლებისდაგვარად სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ.

რატომ არის საჭირო სწავლებაში ტექნოლოგიების ინტეგრირება

0

დღეს ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე სრულიად განსხვავებულ მოსაზრებებს მოისმენთ, ის კიყველას ავიწყდება, რომ მსოფლიოპატარაა, ხოლო ადამიანები
ერთმანეთს ჰგვანან. თუ
სხვაგან შესაძლებელია ამ მეთოდებით სწავლის შედეგების გაუმჯობესება, რატომ არის შეუძლებელი ეს საქართველოში? ბევრჯერ გამიგონია: „ეს ჩემსსკოლაში არ იმუშავებს,იმიტომ რომ…”, „ამით ვერაფერს მივაღწევთ…” მაგრამასე არ არის,მონდომების შემთხვევაში ჩვენც შევძლებთ, იქნებ, სხვაზე უკეთესადაც!

მონდომების შედეგს სწრაფად ვერ დავინახავთ, მაგრამ, მერწმუნეთ, ადრე თუ გვიან მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

2001 წელს მარკ პრენსკიმ შემოიღო ტერმინი „ციფრული აბორიგენი”
იმ ადამიანების დასახასიათებლად, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ მას შემდეგ, რაც
ციფრულმა ტექნოლოგიებმა მყარად მოიკიდა ფეხი ჩვენს ცხოვრებაში. ისინი ინტერნეტს, მობილურ
კავშირს, პერსონალურ კომპიუტერს, ნოუთბუქს აღიქვამენ როგორც ჩვეულებრივსა და აუცილებელს,
მათთვის წარმოუდგენელია ცხოვრება ამ ტექნოლოგიების გარეშე.

დღეს ყველა აღნიშნავს, რომ სწავლა-სწავლების პროცესში
ცვლილებების შეტანაა საჭირო. დროსთან ერთად იცვლება თაობებიც და მათი მოთხოვნილებებიც,
ამიტომ აუცილებელი ხდება სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს
მოსწავლეებში 21-ე საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას. რა თქმა უნდა, საკლასო ოთახში
გამოუყენებელი ტექნოლოგიების არსებობით ვერაფერს შევცვლით; სასურველი შედეგი რომ მივიღოთ,
საჭიროა, მასწავლებელი აქტიურად იყენებდეს მათ მოწაფეებისთვის შემოქმედებითობის, თანამშრომლობის,
რეალურ ცხოვრებაში პრობლემების მოგვარების, 
თვითრეგულირების, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა უნარების განსავითარებლად.

თუმცა მასწავლებლის მონდომება არ არის საკმარისი. პედაგოგები
სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვისას უფრო მოტივირებულნი და თავდაჯერებულნი
არიან, როდესაც ხელმძღვანელობის მხარდაჭერას გრძნობენ. ისტ-ის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ინოვაციური სწავლებისას, ამასთან, პედაგოგს უნდა შეეძლოს ტექნოლოგიების
სწორად და ეფექტურად გამოყენება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ სასწავლო პროცესში ინოვაციური
მეთოდების დასანერგავად? ბევრი რამ, მაგალითად:

ა) დავეუფლოთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და ციფრული
ტექნოლოგიების გამოყენებას. ამის წყალობით შევძლებთ, აქტიურად გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი
დამხმარე რესურსები და ისტ ტექნოლოგიები გაკვეთილებზე.

ბ) რეგულარულად გამოვიყენოთ ისტ. ეს ჩვენი სუსტი და
ძლიერი მხარეების დანახვაში დაგვეხმარება.

გ) არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საგანს ასწავლით – სასწავლო
პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ყველას შეუძლია.

ისტ-ის მეშვეობით სწავლება
ხდება:


·                    

აქტუალური;


·                    

ხელმისაწვდომი და საინტერესო;


·                    

რეალურ ცხოვრებასთან
დაახლოებული.

ისტ ტექნოლოგიების გამოყენება:


·                    

ხელს უწყობს მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებას;


·                    

აძლევს მოსწავლეს პროცესებისა
და მოვლენების მოდელირების საშუალებას;


·                    

ხელს უწყობს მრავალმხრივ
განვითარებას;


·                    

აჩვევს სწავლასა და თანამშრომლობას;


·                    

იძლევა სწავლის საშუალებას
ინფორმაციის შესწავლა-ანალიზის გზით.

 

რატომ არის საჭირო სწავლებაში
ტექნოლოგიების ინტეგრირება

ცხრილში მოყვანილია
ტექნოლოგიებით სწავლების ზოგიერთი ასპექტი


მოსწავლეზე ორიენტირებული

მხარდაჭერა

ერთობლივი მუშაობა

ცოდნის ფორმირება

თვითრეგულირება

თვითშეფასება

პიროვნებაზე ორიენტირებული სწავლება

აქტიური სწავლება

პრობლემების მოგვარება

ისტის გამოყენება

ჩაღრმავება

საგანთაშორისი კავშირი

პრაქტიკული ფასეულობები

ინოვაციურობა

კულტურული თავისებურებების გათვალისწინება

ხალისით სწავლა

რაციონალურობა

მიღწევადი მიზანი

რესურსების ხელმისაწვდომობა

მართვადობა

აქტუალურობა

პროექტული მიდგომა

კვლევა

ციფრული შედეგები

ტექნოლოგიების გამოყენებით
მკვიდრდება სწავლების ახალი ფორმები:


·                    

ბლოგები;


·                    

ტექსტური შეტყობინებები;


·                    

ელექტრონული წერილები;


·                    

ფორუმები;


·                    

ვიდეოკონფერენციები;


·                    

სოციალური ქსელები;


·                    

ინტერაქტიული და სამაუწყებლო
პლატფორმები;


·                    

მასწავლებელი აღარ არის
ცოდნის ერთადერთი წყარო.

 

განსხვავება ტრადიციული
გაკვეთილისგან


ტრადიციული გაკვეთილი

ისტ-ით გამდიდრებული

მასწავლებლის
როლი

მასწავლებელი
– ცოდნის ერთადერთი წყარო

მასწავლებელი
მეგზურია ცოდნის დაუფლების გზაზე

სწავლების ტენდენციები

ინდივიდუალიზმი

ცოდნის მიღება
მასწავლებლისგან

კონკურენცია
– ყველა ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე

თანამშრომლობა

პრაქტიკაზე
ორიენტირებული სწავლება, ექსპერიმენტები და კვლევები

ურთიერთდახმარება

აქტივობის სახეობა

აქტივობებს
ადგენს და ანაწილებს პედაგოგი

ინსტრუქციას
აძლევს მთელ კლასს

მოსწავლეებს
არ აქვთ მოქმედების თავისუფლება

სწავლების ტემპი
განისაზღვრება პროგრამით

აქტივობებს
თავად მოსწავლეები ირჩევენ, სწავლება პროგრამის ჩარჩოებით არ იზღუდება

ჯგუფური მუშაობა

სხვადასხვა
სახის აქტივობა

სწავლების ტემპს
თავად მოსწავლეები არჩევენ

პროცესი

თეორიასა და
პრაქტიკას შორის კავშირის არარსებობა

პრობლემის გადაჭრის
სხვადასხვა გზების ძიება

თეორიისა და
პრაქტიკის შერწყმა

შეფასება

მასწავლებლის
კონტროლით

მოსწავლეთა
შეფასება

ისტ ტექნოლოგიების გამოყენების
შედეგად:


             

სასწავლო პროცესში ერთვება
უფრო მეტი მოსწავლე;


             

სწავლების პროცესი სცდება
საკლასო ოთახს;


             

მოსწავლეები იმაღლებენ
ტექნიკურ ცოდნას;


             

სწავლების პროცესი უფრო
მართვადი ხდება;


             

სწავლების ტრადიციულ
გარემოს ენაცვლება ციფრული გარემო;


             

სწავლება ხდება უფრო
ინტერაქტიული;


             

მოსწავლეები აქტიურად
მონაწილეობენ სწავლების პროცესში, ატარებენ კვლევებს და თავად ირჩევენ სწავლების ფორმას.

რუსთაველი და მითოლოგია

0

“ვეფხისტყაოსანი” და ანტიკურობა წერილი III

“ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს”. (რუსთველი 2003: 1429)

ასე აქვს აღწერილი ნესტანისა და ტარიელის სანატრელი შეხვედრა რუსთველს. მრავალწლიანი ტანჯვა უდიდესი ბედნიერებით შეიცვალა, რაც პოემაში ორი მნათობის შეყრასთანაა შედარებული. რამდენადაც ვიცით, მუშთარითა და ზუალით მოხსენიებული პლანეტები მარსი და იუპიტერია, ხოლო, თუკი პლანეტათა რომაულ სახელწოდებას ბერძნულით შევცვლით, გამოდის, რომ საქმე კრონოსისა და ზევსის შეყრასთან გვაქვს. თუკი ამ ყველაფერს მითოლოგიური კონტექსტიდან არ ამოვაგდებთ და ისე განვიხილავთ, საქმე აბსურდამდე მიდის, რადგან ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ზევსი და კრონოსი, მიუხედავად იმისა, რომ მამა-შვილი არიან, ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან. როგორც თეოგონიური მითები მოგვითხრობს, კრონოსმა, გეას თხოვნით, დაამხო მამის, ურანოსის ძალაუფლება და იმის შიშით, რომ მისთვის ძალაუფლება რომელიმე შვილს არ წაერთმია, შვილებს ქვეყანაზე მოვლენისთანავე ყლაპავდა. მეექვსე შვილი ზევსი გადაურჩა მას და რომ გაიზარდა, მამას აუმხედრდა. დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა და ამ ხანგრძლივ ბრძოლში ყველა ღმერთი მონაწილეობდა, ზოგი კრონოსის მხარეს იჭერდა, ზოგიც კი – ზევსისას. ბოლოს ზევსმა გაიმარჯვა და ასე დაედო დასაბამი ღმერთთა ე.წ. მესამე თაობას, ოლიმპოელ ღმერთებს, რომელთა მეთაურიც თავად ზევსი გახდა. ხოლო კრონოსი სამუდამოდ გამოამწყვდიეს მარადიულ უკუნეთ სიბნელეში. აქედან გამომდინარე, მითოლოგიური წარმოდგენით, გამორიცხულია, ამ ორი ღმერთის შეყრა ბედნიერების მომასწავებელი იყოს. ის, რაც ზევსისა და კრონოსის მეორედ შეყრამ შეიძლება გამოიწვიოს, მხოლოდ უდიდესი უბედურებისა და ომიანობის დასაწყისი თუ იქნება. სანამ გავარკვევდეთ, თუ რას უკავშირდება, რა ტიპის ცოდნას ასახავს პოემის ეს სტრიქონები, საკითხი ასე დავსვათ: რასთან გვაქვს საქმე, შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ რუსთველი მიუტევებელ მითოლოგიურ შეცდომას უშვებს და, საერთოდ, იცნობს კი რუსთველი ბერძნულ მითოლოგიას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ ავთანდილის ლოცვა, სადაც პოემის პერსონაჟი სხვადასხვა მნათობს მიმართავს. ამ სტროფებში, ზოგიერთი მკვლევრის აზრით (გ. თევზაძე, „ვეფხისტყაოსნის კოსმოგონია”, 1990) ასტრონომიის არაჩვეულებრივი ცოდნაა აკუმულირებული, სხვათა მოსაზრებით კი (ვ. ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება”, 2005), საქმე ასტროლოგიის საფუძვლიან ცოდნასთან გვაქვს. ჩემი აზრით, ზემოთქმულ სტროფებში, ამ ორი სფეროს გააზრებული ცოდნის გარდა, მითოლოგიაში ღრმა განსწავლულობაც იკითხება.
მზე – ჰელიოსი:

“აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა…
ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!”

მზე და მისი ღვთაება ჰელიოსი ნამდვილად მძლეთა მძლეველია, მას ვერავინ ვერაფერს გამოაპარებს, ვერც მოკვდავი ადამიანები და ვერც უკვდავი ყოვლისშემძლე ღმერთები, რადგან ცის გადმოსახედიდან ყველაფერი კარგად მოჩანს და ჰელიოსმაც ყველას შესახებ ყველაფერი იცის. როდესაც ჰელიოსი რამეზე გაბრაზდება, მისი მუქარაა, რომ სააქაოდან საიქიოში გადავა და ამ სოფლის ნაცვლად იქითა სოფელს გაანათებს. იაზრებენ რა ამ მუქარის თავზარდამცემ შედეგებს, ჰელიოსს ყველანი აღიარებენ უძლიერეს ღვთაებად და ცდილობენ, არ გაანაწყენონ იგი. სწორედ ამ ცოდნას ასახავს პოემის ეს სტრიქონები.

ზუალი – სატურნი – კრონოსი
“მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა”…

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრონოსის ძალაუფლება დაამხო ზევსმა და ამ უკანასკნელმა იგი შებოჭა და ტარტაროსის უკუნეთ სიბნელეში გამოამწყვდია. აი, ასეთი ხვედრი ერგო კრონოსს; მიწისქვეშეთის შავ და უსინათლო გარემოში გამოკეტილი ღმერთისათვის ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა. სწორედ ამ შავხვედრიანი ღმერთს უკავშირდება ცრემლი, უმძიმესი ტვირთი, კაეშანი და ჭირი.
მუშთარი – მარსი – არესი

“მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა”.

ომის შეუწყალებელი ღმერთი, სისხლისღვრის მოყვარული არესი ულმობელი და დაუნდობელია. მხოლოდ ბრძოლა, დაღვრილი წითელი სისხლი ახარებს დაუღალავ ღმერთს. შეუსვენებლად დაძრწის ელვარე სამოსით მოსილი, ვეებერთელა ფარით ხელში ომის ველზე იარაღის ჟღარუნის, საომარი ყიჟინისა და დაჭრილთა გულისმომაკვდინებელი კვნესის ქვეშ. ვერც გარეგნობით მოხიბლავს მებრძოლი და ვერც ჭკუა-გონებით, არ ეცოდება არც ცოლშვილიანი, არც უწვერული ჭაბუკი, არც დედისერთა და არც ნაბოლარა, მისთვის სულერთია, თუკი მოინდომებს, არც ერთს არ ასცდება სასტიკი ხვედრი. ასეთია ომის ღმერთი არესი, იგივე მარსი, რომლის სახელიც უწოდეს რომაელებმა წითელ პლანეტა მარიხს, რადგან სისხლისფერი მნათობი ომსა და ბრძოლებს, სისატიკესა და დაუნდობლობას აგონებდა მათ. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ სტროფში პლანეტა მარსის რეალური ფერიდან გამომდინარე, რუსთველი მხოლოდ ასტრონომიულ ცოდნას ეყრდნობა, მაგრამ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ანალიზი მის მიერ მითოლოგიის შესანიშნავ ცოდნასაც არეკლავს.

ასპიროზი – ვენერა – აფროდიტე
“მოდი, ასპიროზ, მარგე რა…
ვინ დაამშვენებ კეკლუცთა დამშვენებითა მაგითა,
ვისმე გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა”.

სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს უნარი ჰქონდა, ჭკუიდან გადაეყვანა, გაეშმაგებინა მანამდე გონიერი და საღ აზრზე მყოფი ადამიანი. ამის მაგალითი უამრავია და არაჩვეულებრივად აღწერილი ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რად ღირს თუნდაც ნარცისის, მედეას, პიგმალიონის, ელენეს და სხვათა გახსენება. რუსთველის მიერ პლანეტის დასახასიათებლად გამოყენებული ყველა სიტყვა შესანიშნავად ასახავს ავტორის ღრმა მითოლოგიურ ცოდნას. მიუხედავად იმისა, რომ პოემაში არაა მოთხრობილი არც ერთი მითი, ავთანდილის ლოცვაში წარმოთქმული სტროფის ბოლო სტრიქონი აშკარად აფროდიტეს ისეთ მახასიათებლებზე მიუთითებს, რომლებიც მხოლოდ ამ ღვთაებასთან დაკავშირებული მითებიდან გამომდინარეობს. ამ ბოლო სტრიქონის ახსნა მხოლოდ მითოლოგიური კონტექსტით შეიძლება. თუკი პირველი სტრიქონები ასტრონომიულ და ასტროლოგიურ ცოდნას მოითხოვს და მათში მხოლოდ პლანეტის რეალურ სიკაშკაშესა და მშვენიერებაზეა მითითება, ბოლო სტრიქონში აღწერილი თვისება – ასპიროზის, ანუ აფროდიტეს უნარი გონიერი შმაგად გადააქციოს – უდავოდ მითებიდანაა აღებული.

ოტარიდი – მერკური – ჰერმესი
ოტარიდო…
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა, ვითა თმასა”.

ჩემი აზრით, ამ სტრიქონებსაც საფუძვლად მითოლოგია უდევს, კერძოდ, დაჯდეს, შეთხზას წერილი და ჰერმესის უმთავრესი ფუნქცია, შიკრიკობა შეასრულოს. ჰერმესი ხომ ერთადერთი ღვთაებაა, რომელიც თანხამაა, მარილიანი, უნაყოფო ზღვებიც კი გადალახოს.

მთვარე – სელენე
“მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები…
მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები”.

როდესაც ამ სტრიქონს წავიკითხავთ, პირველი, რაც თავში აზრად მოგვივა, ესაა რუსთველის მიერ მთვარის ასტრონომიული დახასიათება მისი უმთავრესი თვისების მიხედვით: მთვარე ხომ ილევა (მჭლევდება) და ივსება?! მაგრამ მან, ვინც კარგად იცის მითოლოგია, რაც პირველ რიგში ანტიკური ლიტერატურის კარგად ცოდნას გულისხმობს, მიხვდება, რომ მთვარის მოხმობა შეყვარებულის მიერ სწორედ მთვარის მითოლოგიური ფუნქციის ცოდნიდან მომდინარეობს. მთვარის ანუ სელენეს შესახებ ძალიან ცოტა მითია შემორჩენილი, მაგრამ ის, რაც მასზე ვიცით, სწორედ რომ უიღბლო სიყვარულზე გვიამბობს. ასევე გავიხსენოთ ბერძნული ლიტერატურა, სადაც მთვარე სიყვარულის მკურნალ, სიყვარულის გრძნობის გამომწვევ გრძნეულთა მფარველია: გრძნეულნი მთვარეს იმორჩილებენ, რათა სატრფოსთან გაგზავნონ, კრეფენ სიყვარულის გამომწვევ ბალახ-ბულახს მთვარიან ღამეს. ამ სტროფშიც მითოლოგიის (რომელიც ბერძნული ლიტერატურის განუყოფელი ნაწილია) ცოდნა არის დაფიქსირებული.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ რუსთველი არაჩვეულებრივად იცნობს იმ ღვთაებათა მითოლოგიურ ფუნქციებს, რომელთა სახელებიც პლანეტებს ჰქვიათ. ამიტომ შეუძლებელია, ეჭვი შევიტანოთ, ფლობდა თუ არა რუსთველი მითოლოგიურ ცოდნას. მაშ, რასთან გვაქვს საქმე, რას უკავშირდება ის “ცდომილება”, რომელიც ჩემ მიერ დასაწყისში გამოტანილ სტრიქონებში გვაქვს? არის თუ არა ეს უპატიებელი შეცდომა, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე? მითოლოგიის ცოდნა “ვეფხისტყაოსნის” ავტორისთვის ისეთივე ჩვეულებრივი რამაა, როგორც სხვა უზარმაზარი ინფორმაციის ფლობა. და, რა თქმა უნდა, ამაში არაფერია გასაკვირი. გასაკვირი და უცნაური ის უფრო იქნებოდა, მითოლოგიის მცოდნეს მიუტევებელი შეცდომა რომ დაეშვა, და ისეთი რამ დაეწერა, რაც მკითხველს საგონებელში ჩააგდებდა. მაგრამ სტროფში, სადაც რუსთველი ნესტანისა და ტარიელის შეხვედრას მუშთარისა და ზუალის, ე.ი. ზევსისა და იუპიტერის შეყრას ადარებს, მითოლოგია უგულებელყოფილია და მხოლოდ ასტროლოგიური ცოდნა ჩანს. ამ სტორფში აღნიშნული მოვლენა, ერთი მხრივ, მითოლოგიურად ორი საწინააღმდეგო პერსონაჟის შეხვედრა, მეორე მხრივ კი, ასტრონომიულად ორი დიდი პლანეტის შეყრა, ასტროლოგიურად უბედნიერესი ჟამის დადგომას მოასწავებდა. იმ მოძღვრების თანახმად, რომელიც შესანიშნავად უწყოდნენ მოგვებმა და, რომლის ნაწილობრივი გადამუშავებაც მოახდინა პტოლემაიოსმა, მუშთარისა და ზუალის თანხვედრა თევზების ზოდიაქოში (ამ მოძღვრების მიხედვით, ყველა ზოდიაქოს თავისი გარკვეული გეოგრაფიული არეალი შეესაბამებოდა) იუდეაში უძლეველი მეფის, ბრძენი წინასწარმეტყველის ან ძლევამოსილი ვაჭრის დაბადებას მოასწავებდა. ეს მოვლენა თავის დროზე გამოთვალეს მოგვებმა და გაემგზავრნენ იუდეაში, რათა თაყვანი ეცათ ახალშობილისთვის. ეს ცოდნა აისახა რუსთველის უკვდავ პოემაში. ავტორმა შესადარებლად სწორედ ასეთი ბედნიერი ჟამი გამოიყენა ნესტანისა და ტარიელის შეყრის აღწერისას. იესოს დაბადება ორი ხსენებული პლანეტის შეყრისას იმაზე დიდი მოვლენა იყო და მნიშვნელობით იმდენად აჭარბებდა მითოლოგიურ ცდომილებას, რომ მითოლოგიის არაჩვეულებრივად მცოდნე პოეტმაც კი ამ ცოდნის იგნორირება მოახდინა და სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ცოდნა დააყენა წინა პლანზე.
 

გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები

0
„ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი…” ან ქალაქები. გააჩნია, ვის როგორ გაგვიმართლა, ვინ როგორ ვიცხოვრეთ, ვინ საით ვიარეთ. ალბათ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, საკუთარი ქალაქი რომ არ გააჩნიათ და არც სხვისი ქალაქები მიაჩნიათ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად. რას გაუგებ ხალხის სიჭრელეს.

თბილისი ერთერთია ჩემს ქალაქებს შორის.

ჩვენ, ყველას, ჩვენს საყვარელ ქალაქებში, თითო ჯადოსნური ადგილი მაინც გვეგულება, სადაც მივდივართ ხშირად, მივდივართ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ან მარტოები, ვსხდებით, ვუყურებთ ცას, შენობებს (თუ ფინჯან ყავასაც შემოგვაშველებს ვინმე _ მთლად უკეთესი) და გვეჩვენება, რომ სწორედ აქ მთავრდება რეალობა და იწყება სიზმრების სამყარო. 

გუდიაშვილის მოედანი ჩემთვის ასეთი ადგილია. 

ჩვენ, ყველას, ალბათ ერთი მეგობარი მაინც გვყავს ისეთი, განსაკუთრებული პრეტენზიულობით რომ გამოირჩევა, არაფერი რომ არ მოსწონს, სტუდენტურ წვეულებებზე რომ არ დადის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს რომ დიდი სიფრთხილით არჩევს, რომანტიკისგანაც ცოტა შორს რომაა და უკმაყოფილებასაც არასოდეს მალავს. 

გამონაკლისი არც მე ვარ. ჩემი გერმანელი მეგობარი დომინიკი სწორედ ზემოთ აღწერილ კატეგორიას მიეკუთვნება. ერთ წელზე მეტი ხნის წინ მისმა საქართველოში ვიზიტმა სერიოზული თავსატეხი გამიჩინა: დეტალურად დავგეგმე, სად უნდა წამეყვანა, რა უნდა მეჩვენებინა, რომელი ქუჩებით უნდა მეტარებინა, რომ ის ქვეყანა მისთვის, რომელიც მე ასე მიყვარს, შეფერილი და შელამაზებული კი არა, საძირკველმორყეული, კედლებდაბზარული, რომელსაც ჩუმად უნდა ელაპარაკო, ხელიც ფრთხილად უნდა შეახო, რომ არაფერი დაუზიანო.

მეგობრები, როგორც უნდა განსხვავდებოდნენ ისინი, ალბათ სწორედ იქ ემთხვევიან ერთმანეთს, სადაც მათი განსხვავებული ყოველდღიურობა მთავრდება და მოსაბეზრებელი ფიქრებისგან თავის დაღწევის გზა იწყება. 
დღეს ჩემი პრეტენზიული მეგობარი შეყვარებულია გუდიაშვილის მოედანზე, ისევე, როგორც ჩემი სხვა, ქართველი და უცხოელი, პრეტენზიული, ნაკლებად პრეტენზიული და უპრეტენზიო მეგობრები, ისევე, როგორც მე. ჩვენ გვჯერა, რომ დედამიწაზე არსებობს ჯადოსნური ადგილები და ერთერთი მათგანი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, თბილისს ერგო.
* * *
გუდიაშვილის მოედანი ერთადერთია თბილისში, რომელსაც თავისი პირვანდელი სახე თითქმის მთლიანად აქვს შენარჩუნებული. მთელს ქალაქში უძველესი საერო შენობებიც სწორედ აქ დგას.
თუ ერთხელ მაინც გაგივლიათ გუდიაშვილის მოედანზე, შეუძლებელია, თვალში არ მოგხვედროდათ ლურჯი, აივნებიანი შენობა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში აღადგინეს საქართველოში ახლად ფეხმოკიდებულმა რუსებმა. აივანი, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი არაჩვეულებრივი დეტალებით, ხის ქართველი ოსტატების ერთერთი უკანასკნელი შედევრია. შენობაში ჯერ სამხედრო შტაბი განთავსდა, შემდეგ კი ოფიცრების სასტუმრო. სწორედ აქ ცხოვრობდა საქართველოში ყოფნის პერიოდში მიხეილ ლერმონტოვი. 

სწორედ გუდიაშვილის მოედანზე მდებარეობდა ივანე კერესელიძის ”ცისკრის” რედაქცია. კერესელიძისავე სახლში იყო განთავსებული თეატრალური საზოგადოება, სადაც პირველი ქართული სპექტაკლი მომზადდა.

 

სწორედ გუდიაშვილის მოედანზე დგას შენობა, სადაც სომხური საქველმოქმედო საზოგადოება მუშაობდა და უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებდა მაშინდელი თბილისისთვის. 

გუდიაშვილის მოედანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების წინანდელ თბილისში გუდიაშვილის მოედანი არ წარმოადგენდა ქალაქის გულს, დღეს მისი მნიშვნელობა ერთიორადაა გაზრდილი _ ის ერთადერთია, ერთადერთია თავისი უნიკალურობით, თავისი არქიტექტურით, სულით და ხასიათით. მაშინ, როცა სხვა ძველმა მოედნებმა სახე დაკარგეს დამპყრობლების, არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის, უყურადღებობის თუ სხვა მიზეზების წყალობით, გუდიაშვილი როგორღაც გადარჩა, შეიძლება ითქვას, გამოძვრა და ჩვენამდე მოვიდა, რომ ბანებზე გაშენებული, მტკვარზე ბადეებგაშლილი, თავისუფლებისთვის მებრძოლი თბილისის სურნელი და რომანტიკა მოეტანა. 

დღეს გუდიაშვილის მოედანს ცვლილებები ემუქრება. ჩვენ ალბათ ვერც კი ვხვდებით, რამდენს დავკარგავთ, თუკი უძველესი შენობებით გარშემორტყმული პატარა ბაღის ერთ ჩვეულებრივ, რიგით ადგილად გადაქცევას დავუშვებთ. გუდიაშვილის მოედნის გამაგრება ჯერ კიდევ შესაძლებელია და ამას, ჩვენს გარდა, ვერავინ გააკეთებს. ჯერ კიდევ შესაძლებელია, დედაქალაქის ერთერთი ყველაზე მფეთქავი ძარღვის გადაჭრას ხელი შევუშალოთ, თუკი ვიტყვით, რომ აქაურობა გვჭირდება, გვჭირდება ჩვენი სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის, ჩვენი ყოველდღიურობიდან სულ სხვა სამყაროში გადასასვლელად.
* * *
მე რომ მასწავლებელი ვიყო, აუცილებლად წავიყვანდი ჩემს მოსწავლეებს გუდიაშვილის მოედანზე, ახლომდებარე ქუჩებს და ისტორიულ ნაგებობებსაც ვაჩვენებდი, მოვუყვებოდი ადამიანებზე, რომლებსაც აქ უვლიათ, ლიტერატურაზე, თეატრზე, ქალაქზე, რომელიც თითქოს ყველას გვიყვარს და რომლის გაფრთხილებაც მაინც ყველას გვიჭირს, მიუხედავად ძალიან ხმამაღლა დეკლარირებული სიყვარულისა.

მაგრამ მე არ მეყო გამბედაობა, მასწავლებელი ვყოფილიყავი. მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელიც შენობების სულზე და ძველ სახლებში გახსნილ კაფეებზე გიჟდება, რომელსაც უბრალოდ, უნდა, ვერავინ წაართვას ადგილი, რომელზეც მისი ცხადისა და სიზმრების საზღვარი გადის და ყოველთვის შეეძლოს, მისწეროს თავის პრეტენზიულ მეგობარს: ”ჩამოდი, გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები!”
  
 

ლანა ღოღობერიძე – განათლებით ყველაფერი მიიღწევა

0
კინო, პოეზია, თარგმანები, მხატვრობა, პოლიტიკა და კიდევ რამდენი პროფესია შეიძლება ითქვას ლანა ღოღობერიძის მოღვაწეობაში, მაგრამ როგორც თავად ამბობს „კინო არ არის პროფესია, ცხოვრების წესია, და ამ ცხოვრებით ვიცხოვრე”.
“ერთი ცის ქვეშ”, “მე ვხედავ მზეს”, “როცა აყვავდა ნუში”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”” დღეს ღამე უთენებია”, “აურზაური სალხინეთში”, “ორომტრიალი” და მრავალი სხვა ფილმის რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დღეს “mastsavlebeli.ge”-ს სტუმარია.
ქალბატონო ლანა, ცოტა ხნის წინ, არ ვიცი უკვე მერამდენედ, ვნახე თქვენი ფილმი „როცა აყვავდა ნუში” და საოცრად მომინდა ბავშვობაში დაბრუნება. თქვენ თუ გიჩნდებათ ბავშვობაში დაბრუნების სურვილი?
ბავშვობა მუდმივად ცოცხლობს ადამიანში, რადგან ეს თანდაყოლილი თვისებაა. ტყუილად არ არის ნათქვამი – „ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ”. მართლაც ასეა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ბავშვობა, ის მაინც ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელია. ბავშვობის სურათსაც რომ დახედავ, ის უკვე მთელი სამყაროა – გულუბრყვილობის, სამყაროს პირველადი აღქმის, სიხარულის. ზღაპრის სიყვარული ბავშვისათვის არის დამახასიათებელი, მაგრამ თუ ის გრძელდება მოწიფულ ასაკშიც, მხოლოდ დადებითი იმპულსების მომცემია. დედაჩემი – ნუცა (ნინო) ხუციშვილი მიყვებოდა, ბავშვობაში რამეს, რომ გიყვებოდი ან გიკითხავდი, წინასწარ მეკითხებოდი – სატირალი ხომ არ არისო. არ მინდოდა სატირალი. მერე დედაჩემმა თავის მოთხრობაში დაწერა – გადასახლებიდან როგორ შეგისრულო ეს სურვილი და როგორ არ მოგწერო სატირალი ამბებიო. ცხოვრება თან სატირალია და თან სასიხარულო. პირველად ჩემი საყვარელი ზღაპარი „წიქარა” იყო, შემდეგ უკვე „წითელქუდა”, რომელიც დედაჩემმა თარგმნა ფრანგულიდან, როცა პატარა ვიყავი. ამიტომ ეს ჩემი ზღაპარია.
თქვენ ძალიან მძიმე ბავშვობა გქონდათ. ჯერ მამა გადაასახლეს, შემდეგ დედა. მშობლებისგან მოწყვეტა ბავშვის ცხოვრებაზე ხშირად ნეგატიურად აისახება, თუმცა თქვენზე ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება.
მშობლებთან განშორება, თავისთავად ცხადია, აისახა ჩემს ცხოვრებაზეც. დედაჩემი, სულ ადრეულ ბავშვობაში, ჩემთვის ყველაფრის განმსაზღვრელი იყო, 7 წლის ვიყავი, რომ გადაასახლეს და 10 წელი მის გარეშე გავიზარდე. ეს შეგრძნებებიც დავკარგე, რაღაც ფორმალურ ასპექტში გადავიდა დედასთან ურთიერთობა. კონკრეტული ურთიერთობაც აღარ მქონდა. რუსულად უნდა მიმეწერა წერილი, როცა წერილის მიწერის უფლება მოგვცეს. უცხო ენაზე დაწერილი წერილებიც, რაღაც ხელოვნური იყო. ნამდვილს ვერაფერს ვწერდი და არც მქონდა მოთხოვნილება. 10 წლის შემდეგ, როდესაც დედა დაბრუნდა, დიდი ხანი გავიდა, სანამ უბრალოდ შევძელი მეთქვა სიტყვა – დედა. ვერ ვამბობდი და როცა ვთქვი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლად გამიჩნდა დედა ცხოვრებაში. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დედაჩემი ჩემთვის ნამდვილი მეგობარი გახდა, და არა მარტო ჩემთვის, ყველა ჩემი მეგობრისთვის. სულ სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ბევრად უფრო ინტენსიური და პიროვნების აღქმაზე დამყარებული, ვიდრე ჩვეულებრივ არის დედის და შვილის. საოცარი პიროვნება იყო დედაჩემი. თუმცა დედის გადასახლების შემდეგ მე ვიყავი გარემოცული დეიდებით, ბიძებით. ისეთი ადამიანებით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანნი იყვნენ ჩემთვის, განსაკუთრებით ბიძა რაჟდენ ხუციშვილი. იგი ფიზიკოსი იყო. 13 წლის ვიყავი, როდესაც ბიძაჩემი დაიჭირეს და მალევე ციხეში გარდაიცვალა. ეს კიდევ უფრო დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, რადგან უკვე გააზრებული მქონდა, რას ნიშნავდა განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვა.
მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ საკმაოდ ძლიერი ქალბატონის სახელი გაქვთ. ბავშვობაში გადატანილმა სიძნელეებმა გაგაძლიერათ.
რა თქმა უნდა. ზუსტად არის ნათქვამი – „რამაც არ მოგკლა, იმან გაგაძლიერა”. თუ არ მოგკლა იმან, რაც დაგატყდა თავს, ის თავისთავად გაძლიერებს. სიმართლე გითხრათ, სულაც არ აღვიქვამ თავს ძლიერ ადამიანად. ბუნებრივად ვარ ასეთი. წარსულზე როცა ვლაპარაკობ, თითქოს გამოდის, რომ მსხვერპლი ვიყავი. არადა საერთოდ არ აღვიქვამ თავს მსხვერპლად, არც მაშინ და არც ეხლა. იყო გარკვეული პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმები, რომელშიც ყველა ვიყავით მოქცეულები. ამიტომ, ეს სულაც არ იყო მხოლოდ ჩემი განსაკუთრებული ხვედრი.
არადა, ხშირად ამბობენ, რომ იმ პერიოდში, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები ხშირად განიცდიდნენ სხვადასხვა სახის დევნას, თქვენ თუ გექმნებოდათ სკოლაში პრობლემები?
სულ ტყუილია, საქართველოში ასეთი ფაქტები არ ყოფილა, ასეთი მოვლენები უფრო რუსეთში იყო. იქ, ბევრად უფრო მძვინვარებდა რეპრესიებით გამოწვეული შიში. ჩვენთან პირიქით, მე სულ მახსენდება ვინ როგორ დამეხმარა. ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი იყო და ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა.
მასწავლებლებს თუ ჰქონდათ თქვენდამი განსხვავებული დამოკიდებულება?
ვერ გეტყვით. იმის გამო, რომ მე თვითონ არ მქონდა რეპრესირებულის განცდა, სხვებისგანაც ვერ აღვიქვამდი ამას, რაღაც განსაკუთრებულად. თუმცა, მახსოვს უნივერსიტეტის რექტორის ნიკო კეცხოველის განსაკუთრებული დამოკიდებულება. პირველად თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ ჩემი მასწავლებლის წასვლის გამო შუა წელში მომიწია სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლა. ამ პერიოდშიც კი ნიკო კეცხოველმა უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სრულიად უპრობლემოდ მიმიღო. ერთხელ დამიბარა და მითხრა, გადაწყვეტილია, სტალინური სტიპენდია უნდა მოგცეთ, მაგრამ ვერ შევძლებთ, თუ კომკავშირში არ შეხვალო. ძალიან მთხოვა, ეს ნაბიჯი გადამედგა. დიდი დილემა მქონდა, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს დავთანხმდი, შევედი კომკავშირში, მაგრამ სტალინური სტიპენდია მაინც არ მომცეს. ამის წინააღმდეგ წავიდა უნივერსიტეტის КГВ-ს პირველი განყოფილება. ეს განყოფილება ეწინააღმდეგებოდა იმასაც, რომ ასპირანტურაში ჩამებარებინა. მაგრამ ნიკო კეცხოველმა ყველაფერი გააკეთა, რომ მოვხვედრილიყავი ასპირანტურაში. წინააღმდეგობები როგორ არ იყო, მაგრამ მე ის უფრო მახსოვს, ვისი დახმარებით გადავლახე. პოლიტიკური წნეხი სულ იყო, მაგრამ არა მხოლოდ კონკრეტულად ჩემს მიმართ, საერთოდ იყო ყველა ადამიანზე, რომელსაც რაღაცის თქმა უნდოდა და შემოქმედებითი პოტენციალი ჰქონდა. დიდი ბრძოლა იყო, როდესაც დისერტაციის თემად ავირჩიე უოლტ უიტმენი. ეს ისეთ უცნაურობად ჩანდა იმ დროინდელ ლიტერატურათმცოდნეობაში. ამბობდნენ, რა შუაშია უიტმენი ჩვენთან, საბჭოთა ქართველმა გოგომ, რატომ უნდა გააკეთოს დისერტაცია უიტმენზე. მაშინდელი დასავლეთ-ევროპული კათედრის გამგე და დეკანი (არ მინდა მისი სახელის თქმა), უფლებას არ მაძლევდა დამეცვა დისერტაცია. ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელი იყო შალვა ნუცუბიძე. მას ესმოდა, რომ ძალიან მინდოდა უიტმენის შემოქმედებაზე მუშაობა, რომელზეც უკვე დაწერილი მქონდა საკურსო შრომა და თან ვთარგმნიდი მის ლექსებს. ნუცუბიძე ძალიან ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთხელ შემხვდა უნივერსიტეტში გახარებული და მაჩვენა ამონაწერი, სადაც ეწერა, თურმე სადღაც, ოდესღაც სტალინს ერთ-ერთ წერილში ჰქონდა ნახსენები უიტმენის ფრაზა. ეს უკვე ისეთი რამე იყო, რომელსაც ვერავითარი კათედრის გამგე ვერ დაუპირისპირდებოდა. შალვა ნუცუბიძემ ეს ამონარიდი დაუდო კათედრის გამგეს და მან თურმე, მხოლოდ ხელები გაასავსავა. ასე დავწერე დისერტაცია უიტმენის შესახებ.

როგორი მოსწავლე იყავით?
ჩვენს თაობას საკმაოდ არეული ბავშვობა გვქონდა და სკოლის გაცდენა არ იყო ისეთი საგანგაშო, როგორ ეხლა. მე და ჩემი მეგობრები პიონერთა სასახლიდან, უბრალოდ ვაცდენდით სკოლას. მაგრამ არა იმიტომ, რომ სწავლა არ გვინდოდა. ამ დროს ვიჯექით ლიტერატურულ წრეზე ან საჯარო ბიბლიოთეკაში და ვეცნობოდით სხვადასხვა ლიტერატურას, თავად ვწერდით ლექსებს ან მოთხრობებს, ვაკრიტიკებდით მწერლებს, საღამოებს ვაწყობდით. ომის პერიოდი იყო და ვერავინ გვაქცევდა ყურადღებას. მერვე კლაში ორი მეოთხედი, ფაქტობრივად, არ მივლია სკოლაში. მეორე მეოთხედის ბოლოს პირველად რომ გამოვჩნდი სკოლაში, ლიტერატურის მასწავლებელმა, უცხო სახე რომ დაინახა, გამოიშვირა ხელი დემონსტრაციულად და მითხრა – აბა ადექი და ბარათაშვილის ლექსი თქვიო. მე კიდევ იმ პერიოდში შეყვარებული ვიყავი ბარათაშვილის შემოქმედებაზე, ავდექი დიდი სიხარულით ლექცია წავიკითხე. მასწავლებელს საოცრად გაუკვირდა და თქვა – ძლივს ვიპოვე მოწაფეო. ეს იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი ბაბო მჭედლიძე, რომელსაც მერე, პირდაპირ შეიძლება ვთქვა, რომ დავუმეგობრდი. ბოლოს სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. პრინციპში ის ერთი პერიოდი იყო, როცა ვაცდენდი სკოლას. მერე ასე აღარ ვიქცეოდი. ჩემი გაცდენების გამო ისეთი აღელვებულები იყვნენ ჩემი დეიდები და ბიძები, რომ დედაჩემს წერილი მიწერეს გადასახლებაში: „ ლანა გვეღუპება და იქნებ შენ მოწერო რამეო”. დედაჩემი როგორ აღელდებოდა წარმოიდგინეთ. მე კიდევ დედაჩემთან მქონდა სულ სხვა ტიპის მიწერ-მოწერა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ წავიკითხე ეს წერილები და მართლა გამიკვირდა. მთელი უშველებელი წერილი მქონდა მიწერილი ნოვალესზე. მის შემოქმედებაში ცისფერის შესახებ.

თქვენი ბავშვობის პერიოდში, რამდენადაც ვიცი, უცხოური ლიტერატურა ძნელად მოიპოვებოდა.
ქართულად ნამდვილად არ იყო, ამიტომ სულ რუსულად გიწევდა კითხვა. ჩვენი თაობის მთელი განათლება იყო რუსულ ენაზე დაფუძნებული. მაგრამ ფაქტია, ძალიან სერიოზულ განათლებას ვიღებდით. ჩვენს თაობას მიდრეკილება ჰქონდა ლიტერატურისკენ. მახსოვს ერთი, ყველაზე დიდი პერიოდი იყო ბლოკის. პიონერთა სასახლის მეგობრებმა ზეპირად ვიცოდით მისი შემოქმედება. საერთოდ, ძალიან ლიტერატურული ცხოვრებით ვცხოვრობდით.
ახალ თაობაზე ხშირად ამბობენ, რომ ნაკლებად უყვართ კითხვა.
ასეთი რამ მართლა არ შემიმჩნევია ახალ თაობაში. ეხლა ფილმს ვაკეთებ ჩვენს თაობაზე, რომელიც ჩემი აზრით, ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს საინტერესო. ჩვენი ურთიერთობა მართლა იყო პოეზიით ურთიერთობა. ჯერ ერთი, ყველა ვწერდით ლექსებს. ფილმს ალბათ ერქმევა სტრიქონი რეზო თაბუკაშვილის ლექსიდან, მაშინ იყო 14 წლის, როცა დაწერა, „დღეს სიხარულიც ნაღვლის ფერია” . იმ პერიოდისთვის ძალიან სიმბოლურია ეს ფრაზე, რადგან მაშინ სიხარულიც ნაღვლის ფერი იყო. ეს მხოლოდ ასაკის ბრალი არ იყო. ასაკთან ერთად იყო პროტესტი, შებრძოლება სისტემასთან, მხოლოდ პოეზიაში გადავარდნით.
პროტესტის ამგვარი ფორმა ეხლა აღარ შეგიმჩნევიათ?
ეხლა ინფორმატიკამ ისე შემოაბიჯა ადამიანის ცხოვრებაში და ახალგაზრდები კომპიუტერული ინფორმატიკის ტყვეობაში არიან გადავარდნილები. ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან ძალიან დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ მეორეს მხრივ, აღარ იღებენ სულიერებას. თუ ეს არის ჩვენი მომავალი და ახალგაზრდობა წიგნს, დაწერილ სიტყვას არ დაუბრუნდება, მაშინ სულიერება ნამდვილად საფრთხის წინაშე დადგება.
არადა, თქვენს შემოქმედებაში ყოველთვის წინა პლანზეა გულწრფელი ადამიანური ურთიერთობები. მათი სულიერი ტკივილები და განცდები.
გეთანხმებით. რაც ფილმი გამიკეთებია, ამოსავალი წერტილი მაინც ეს არის. ინტერესი გარემოსადმი და ძირითადად ადამიანის შინაგანი სამყაროს მიმართ. სულ მაქვს იმის განცდა, რომ ნაკლებია ადამიანის პასუხისმგებლობა იმისადმი, რასაც ის ჩაიდენს. ცხოვრებაში ბევრად მეტია გარემოებების და განსაკუთრებით ავტორიტარული სისტემების ბრალი. დესპოტიზმის გავლენა ადამიანის საქციელზე. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფრის გამართლება შეიძლება, მაგრამ თანაგრძნობა ნამდვილად შეიძლება ადამიანის მიმართ, რომელიც ჩავარდნილია ისეთ სიტუაციაში, რომ იძულებულია, ცუდად მოიქცეს. არადა, შეიძლება ბუნებით არ არის ბოროტი, ან ზიანის მიმყენებელი ვინმესთვის. ერთხელ დედაჩემმა მითხრა და სამუდამოდ დამამახსოვრდა. ეს იმ დროს უკავშირდება, ვიდრე დედაჩემს დააპატიმრებდნენ. იმ პერიოდში უკვე ვიყავით განდეგილებივით, საშიში იყო დალაპარაკებაც კი. მახსოვს, ერთხელ დეიდაჩემთან მივდიოდით ქვიშხეთში აგარაკზე, მატარებლიდან ჩამოვედით და ამ დროს დავინახე ერთი ადამიანი, პოეტი, რომელიც ჩვენს სახლში იყო დღე და ღამე და ძალიან მიყვარდა. რომ დაგვინახა, წამოვიდა ჩვენკენ, მაგრამ უცებ გაჩერდა, შეტრიალდა და წავიდა უკან. მე გამოვეკიდე ყვირილით, ვეძახდი სახელს, მაგრამ ის გარბოდა, გარბოდა და ბოლოს შეახტა მატარებელს. ალბათ სულ სხვა ადგილას ჩამოვიდა, ისე შეეშინდა ჩვენთან შეხვედრის. უკვე ფაქტი იყო, რომ დედაჩემი დღე-დღეზე უნდა დაეჭირათ. მახსოვს, ძალიან განვიცადე ეს ფაქტი. სახლში რომ მივედით, დედაჩემმა მითხრა – ძალიან მინდა გაიგო, შეიძლება ადამიანი არ იყოს ცუდი, მაგრამ რაღაც გარემოების გამო მოიქცეს ცუდად. 6 წლის ვიყავი და სამუდამოდ დამამახსოვრდა.
თქვენ სულ თბილად იხსენებთ იმ გარემოს, იმ ადამიანებს, სადაც ცხოვრობდით. ამბობენ, ცივილიზაციასთან ერთდ, ადამიანური ურთიერთობები თანდათან ცივდება. თუ გრძნობთ ამ გაუცხოებას დღეს?
არ მგონია, რომ დღევანდელ ადამიანსა და წინა საუკუნის ადამიანებს შორის არსებობდეს განსხვავება. სულ არის იმის საშიშროება, რომ კაცობრიობამ დაკარგოს ის ღირებულებები რითიც იცხოვრეს, რადგან უამრავი განსაცდელი ხდება. უამრავი ცდუნებაა ცხოვრებაში, რომელმაც შეიძლება დაგაკარგვინოს დამოკიდებულება სამყაროსადმი. მაგრამ მგონია, რომ ეს წრიულად ტრიალებს. საფრთხე არის, მაგრამ მაინც ბრუნდება საწყის წერტილზე. ძირითადი თვისება ადამიანის არის ის, რომ აღიქვამს მეორეს მის მსგავსს და მოყვასს, როგორც ობიექტს სიყვარულის, თანაგრძნობის, მეგობრობის. ეს ჩადებულია იმთავითვე. სხვანაირად საზოგადოება ვერ იარსებებს. საქართველოში ეს ძალიან ძლიერად არის ჩადებული. მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ჩვენში, რასაც მე ვხედავ, მეგობრობის ინსტიტუტი ძალიან მძაფრად არსებობს და არ მგონია, ოდესმე შეიცვალოს.
თქვენ თეატრალურ ინსტიტუტში ეწეოდით პედაგოგიურ მოღვაწეობას. მასწავლებელი ლანა ღოღობერიძე ფართო წრეებისთვის უფრო ნაკლებად არის ცნობილი.
ეს ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი პერიოდია. ჯერ ერთი, მე საერთოდ მაინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობა, მითუმეტეს, ახალგაზრდებთან. ეს ურთიერთობა ბევრის მომცემია ჩემთვისაც. არასოდეს აღვიქვამდი ისე, რომ მე ვასწავლი სტუდენტებს – ეს იყო ურთიერთობა. სხვათა შორის, სტუდენტებთან ერთდ ჩემს სახლშიც დიდ დროს ვატარებდი და ძალიან ბევრს ვსაუბრობდით, მათ შორის პოეზიაზეც. ერთ-ერთი ჩემი ცნობილი სტუდენტი იყო გოდერძი ჩოხელი, რომელთანაც უამრავი წელი გავატარე სტუდენტობის შემდეგაც. საოცრად საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა. ასევე ზაზა ურუშაძე, რომელიც კინოკავშირის დირექტორია და მშვენიერი ფილმი გააკეთა და დიდი წარმატება ჰქონდა. რეჟისურის სწავლება აბსტრაქტული ცნებაა. როგორ უნდა ასწავლო რეჟისურა, არავინ იცის. ეს არის ცხოვრების წესის გაზიარება. ძალიან ადვილია რეჟისურის გარეგნული დამახასიათებელის სწავლება, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სიცოცხლისადმი დამოკიდებულების, სამყაროსადმი, ადამიანებისადმი, სულიერი ინტერესების და ფასეულობების გაზიარება. ჩემთვის ეს არის პედაგოგობა. თან მასწავლებლობა მართლა ორმხრივი პროცესი მგონია. სულ არ ვფიქრობ, რომ პირდაპირ უნდა ასწავლო შემდეგ თაობას ის, რაც შენ უკვე ისწავლე და იცი. იმისგანაც ბევრს სწავლობ. ისევ და ისევ დამოკიდებულებას სამყაროსადმი. ამიტომ არის საინტერესო ჩემთვის პედაგოგობა.
თქვენ ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრებით გიწევთ ცხოვრება. რეჟისორი, ლიტერატურული მიმართულება, პოლიტიკა და ა.შ. ამ პროფესიებზე დღეს ბევრი მოსწავლე ოცნებობს. რა რჩევას მისცემდით ახალ თაობას, რომელსაც უნდა თუნდაც ის პროფესიები აირჩიოს, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ?
რჩევა ძალიან ძნელია. უბრალოდ ვურჩევდი დაფიქრებას, გაიაზროს, რაც ჩვენ გვაკლია, მართლა უნდა თუ არა ეს პროფესია და რატომ უნდა. არ მესმის, შემოქმედებაში მოვიდეს ადამიანი, როგორც უბრალოდ პროფესიონალი. თუ მართლა არ გაქვს სათქმელი, შემოქმედებითი პროფესია არ უნდა აირჩიო. თუნდაც ეს იყო სულ უბრალო. შეიძლება არ იყოს ეს ზოგადსაკაცობრიო, მაგრამ რაღაც შენი ინდივიდუალური სათქმელის გარეშე ხელოვნებაში მოსვლა, უაზრობა მგონია. ძირითადად ესაა. რაც შეეხება რჩევას, ვურჩევდი შრომას. ორი რაღაც გვაკლია ქართველებს – თანმიმდევრული შრომა და მუდმივად ანალიზის უნარი. ემოციური აღქმა და კრეატიულობა ნამდვილად გვაქვს . ევროპული რაციონალიზმი ყველაფერში რომ დამკვიდრდეს, ძალიან ბევრს მოვიგებთ ამით. როდესაც პოლიტიკაში ვიყავი, ვხედავდი, რომ ბევრ ქმედებას ვამყარებთ ჩვენს ემოციურ აღქმაზე, რაც პოლიტიკაში დიდი შეცდომაა. რითი მოიგო ევროპამ? სწორედ ამ რაციონალიზმით. წარმოიდგინეთ საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა რომ გაგრძელებულიყო ემოციურ დონეზე. ისინი დღესაც მტრები იქნებოდნენ და შესაძლებელია ომიც დაწყებულიყო მათ შორის. მაგრამ დაძლიეს საუკუნეებით დაგროვილი წყენა, როცა ედავებოდნენ ერთმანეთს ტერიტორიებს, პირველობას და ა.შ. და სრულიად შეგნებულად მივიდნენ იმ დათქმაზე, რომ უნდა იმეგობრონ. დღეს ალიანსი არსებობს საფრანგეთ-გერმანიას შორის, რომელიც არის მოტორი ევროპის. ეს არის მხოლოდ ანალიზზე და რაციონალიზმზე დამყარებული ერთობა. ამან შექმნა დღევანდელი ევროპა. ჩვენ ეს ძალიან გვაკლია. თუმცა მაინც მგონია, რომ რაციონალიზმი თანდათან ფეხს იკიდებს ჩვენშიც. როდესაც ევროპულ ფასეულობებზე და მიდგომებზე ვლაპარაკობთ, მთავარია ანალიზის უნარი და ემოციების გვერდზე გადადება, რათა გონივრულად დავინახოთ ჩვენი თავი საერთო კონტექსტში. ხან უკიდურესობებისადმი საშინელი მიდრეკილება გვაქვს, ხან ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ რაცა ვართ და ჩვენზე უკეთესი მსოფლიოში არავინაა. მერე დგება პირიქით, ჩვენზე უფრო მდარე და არაფრისმქონე არავინ გვგონია. ეს არის, სწორედ, ემოციური ნაწილი. თუმცა ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. შემოქმედებაში ეს აუცილებელია, რადგან ამაზეა დამოკიდებული კრეატიულობა. მაგრამ ამის მოთოკვაც, რომ ვისწავლოთ კარგი იქნება.

ქართულ განათლების რეფორმას თუ ადევნებთ თვალს?
სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვარ გარკვეული. წინააღმდეგობრივი აღქმა მაქვს. ჩემი მეგობრების ერთი ნაწილი მეუბნება, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის, მეორენი ამბობენ, რომ ზოგჯერ ისეთი ბავშვები ხვდებიან, ვინც ისიც კი არ იციან, რა დაწერა ილია ჭავჭავაძემ. ალბათ, როგორც ყოველთვის იყო, ზოგი ასეთია, ზოგიც ისეთი. მაგრამ მთლიანად თაობას ვერ დავახასიათებ. მე კი ვხედავ ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს, რომლებსაც მართლა ბევრი რამის უნარი აქვთ და უნდათ რაღაც შეცვალონ, რა თქმა უნდა, განათლებაზე დამყარებით. ჩვენ კი ვამბობთ, რომ განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, მაგრამ ვიდრე მართალა არ გახდება პრიორიტეტი, რომ მასზე იყოს მართლა დამყარებული ყველაფერი, იქამდე ნამდვილი, რეალური წევრი ცივილური სამყაროსი ვერ გავხდებით.
შვილებთან და შვილიშვილებთან ალბათ ბერს საუბრობთ თქვენს ცხოვრებაზე, როგორი დედა და ბებია ლანა ღოღობერიძე?
სტერეოტიპული ფრაზები გამოდის, მაგრამ შვილებთანაც და შვილიშვილებთანაც ურთიერთობა დამყარებული მაქვს პიროვნების პატივისცემის აღიარებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია და მაინტერესებს პიროვნება. ენის მოჩლექვით არ ველაპარაკებოდი არც შვილებს და არც შვილიშვილებს. ის არის საინტერესო, რაც მათში არის თავისთავადი. ჩემში პიროვნების გამოხატულება იწვევს აღფრთოვანებას. ადამიანის დაბადებიდან ჩანს მის პიროვნება. თან სულ მაკვირვებს ის, რომ ერთი და იმავე მშობლების შვილები, ერთი და იმავე გარემოში გაზრდილები, სრულიად განსხვავებულები არიან. რითი აიხსნება არც ვიცი, რამდენად ძლიერია პიროვნული საწყისი, რომელიც საიდანღაც მოდის. მხოლოდ გენეტიკურსაც ვერ იტყვი.
ქალბატონო ლანა, ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” მთავარ გმირს მუდმივად ახსენდება ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ყველაზე ხშირად რა ეპიზოდები გახსენდებათ თქვენი ცხოვრებიდან?
დედის დაპატიმრება და დედის დაბრუნება გადასახლებიდან. ეს იყო საკვანძო ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, პირადი ცხოვრება ძალიან რთულია. სავსეა აღმაფრენით, უფსკრულში გადაშვებით. მე პირადად ძალიან მიყვარს ის ეპიზოდი ფილმში, როდესაც სოფიკო ჭიაურელი ხედავს ქუჩაში ახალგაზრდა ქალს, რომელიც სრულიად ცვლის მის ცხოვრებას. როდესაც მირბის, როგორ უყურებს, როგორ მიყვება. ბოლოში ცოტათი რომ ეღიმება. ამ ღიმილშია ყველაფერი – სიმწარე, ტრაგიზმი და აღიარება იმის, რომ ის არის მშვენიერი და ახალგაზრდა და ეხლა მას ეკუთვნის ცხოვრება. რაღაც ასეთია ჩადებული ამ ეპიზოდში. სხვათა შორის, ძალიან გაუჭირდა ამ ეპიზოდის თამაში სოფიკოს. ერთადერთი შეთხვევა იყო, სადაც მეწინააღმდეგებოდა. ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ ვითამაშო, რადგან ეს დამცირებაა, როდესაც მისდევ ადამიანსო. ბევრი ვისაუბრეთ ამაზე. მე ვეუბნებოდი, რომ აუცილებელია ადამიანმა გაიაროს დამცირების ეტაპი, რომ დადგეს კათარზისი მის ცხოვრებაში, რადგან თუ ასეთ რამეებს არ განიცდი, ცხოვრება ძალიან ღარიბია. ეს საბოლოოდ აღიქვა სოფიკომ და ვფიქრობ, შესანიშნავად ითამაშა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...