ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

გაიცანით „პატარა ჟირაფი“

0
თუ მშობელი ხართ, აუცილებლად დაგებადებათ კითხვები, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, როგორ გავუმკლავდეთ გარდატეხის ასაკის პრობლემებს და როგორ ვიმეგობროთ შვილებთან. პასუხებს მარტივად მიიღებთ – თუ საძიებო ველში აკრეფთ სიტყვებს „პატარა ჟირაფი”, თამუნა გაბისონიას ბლოგს აღმოაჩენთ, რომელიც მშობლებისთვისაა განკუთვნილი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგია, რომელსაც ავტორი ქართველი დედებისა და მამებისთვის აწარმოებს.

ავტორს ბლოგის შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა დედა გახდა. შვილის გაჩენისთანავე უამრავი კითხვა დაებადა, რომლებზეც სრულფასოვანი პასუხის მიღება სურდა, ამიტომ დაიწყო ინტერნეტში მასალების ძიება, სანდო ინტერნეტგამოცემებში სტატიების კითხვა, ინგლისურენოვანი წიგნების გამოწერა. ინფორმაციით სარგებლობის საშუალება სხვა მშობლებისთვისაც რომ მიეცა, თამუნამ ბლოგი შექმნა:

– ქართულ ინტერნეტსივრცეში ბავშვის აღზრდის საკითხებზე ცოტა რამ იწერება. აშკარა იყო, რომ ქართველი დედების დიდი ნაწილისთვის არ იქნებოდა ხელმისაწვდომი ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუნდაც ენობრივი ბარიერის გამო. გადავწყვიტე, წვლილი შემეტანა ამ პრობლემის მოგვარებაში და ბლოგი შევქმენი. პირველი სტატია 2011 წლის აგვისტოს ბოლოს დავწერე. პირველი წელი ექსპერიმენტების პერიოდი იყო. სტატიებს უმეტესად ვთარგმნიდი, მერე ნელ-ნელა თავადაც დავიწყე წერა.
„პატარა ჟირაფზე” შეიტყობთ, როგორი თამაშებია სასარგებლო პატარების განვითარებისთვის, როგორ შევაყვაროთ მათ კითხვა, როგორ შევქმნათ საშინაო თოჯინების თეატრი და როგორ გავბეროთ ვეებერთელა საპნის ბუშტები. ბლოგზე ფოტო- და ვიდეომასალასაც ნახავთ. ნათელია, რომ ავტორი გულმოდგინედ მუშაობს პოსტებზე, ბოლომდე იხარჯება მკითხველისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოსტი გვიმტკიცებს, რომ ბავშვები ფილოსოფოსებად იბადებიან, მეორე გვიხსნის, რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ აისახება ის ბავშვის განვითარებაზე.

ყურადღებას სკოლამდელი ასაკის ბავშვების აგრესიაზე შევაჩერებთ და გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებით.

მაშ ასე, რა იწვევს პატარებში აგრესიას და როგორ შევაჩეროთ ის?

თამუნა გაბისონია გვიამბობს:

– ფსიქოლოგების აზრით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში აგრესია მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის:

* გადაღლილობამ, ძილის ნაკლებობამ;

* შიმშილის შეგრძნებამ – მშიერი ბავშვი ადვილად ღიზიანდება და შესაძლოა, მისი ქცევა აგრესიაში გადაიზარდოს;

* მეტისმეტად ბევრმა აკრძალვამ – მუდმივი „ეს არ გააკეთო”, „ამას მოშორდი”, „იმას ხელი არ ახლო” ბავშვს აღიზიანებს;

* კომუნიკაციის პრობლემამ – ეს განსაკუთრებით მტკივნეულია 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც სათანადოდ ჯერ კიდევ არ აქვთ განვითარებული მეტყველების უნარი. ისინი ვერ აგებინებენ სხვებს საკუთარ საჭიროებებს და ღიზიანდებიან, ეს კი აგრესიულ ქმედებებში გადაიზრდება;

* დამოუკიდებლობის სურვილმა – პატარებს ადრე უჩნდებათ დამოუკიდებლობის სურვილი და ძალიან უნდათ, ყველაფერი თავად აკეთონ, ხოლო როცა არ გამოსდით, ღიზიანდებიან;

* ძალადობის სცენების შემცველმა მულტფილმებმა, მხატვრულმა ფილმებმა, სატელევიზიო გადაცემებმა, კომპიუტერულმა თამაშებმა – ტელევიზიით თუ თამაშებში ნანახ ძალადობას ბავშვები ხშირად მისაღებად აღიქვამენ და ბაძავენ და იმეორებენ ნანახს;

* ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ – ბავშვებს სჭირდებათ სუფთა ჰაერზე ხშირად ყოფნა და ენერგიის დახარჯვა. თუ ეს მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდა, ბავშვი ღიზიანდება;

* სტრესმა – სტრესის მიზეზი შესაძლოა იყოს კონფლიქტი და არასასიამოვნო ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის; ის შეიძლება გამოიწვიოს საბავშვო ბაღში პირველად წაყვანამ ან საბავშვო ბაღის გამოცვლამაც;

* ყურადღების ნაკლებობამ – მშობლების მხრივ ყურადღებისა და სითბოს ნაკლებობას ზოგიერთი ბავშვი აგრესიით პასუხობს, რადგან ცდილობს, ამ გზით მაინც მიიპყროს ყურადღება.
როგორ დავამარცხოთ პატარების აგრესია?

* არავითარ შემთხევაში არ უპასუხოთ ბავშვის ძალადობას ძალადობით. ყვირილი, უხეში მოპყრობა და უხეში ფორმით დასჯა არ არის გამოსავალი, ასეთი მიდგომა უმეტესად უკუშედეგს იძლევა.

* დააკვირდით პატარას, რათა გაიგოთ, რა იწვევს მის გაღიზიანებას, რა უბიძგებს აგრესიისკენ. როცა მიზეზს მიაგნებთ, იმოქმედეთ შესაბამისად.

* დაიცავით ბავშვის ძილისა და კვების რეჟიმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ამაზეა დამოკიდებული ბავშვის სიმშვიდეც.

* ეცადეთ, შეუქმნათ ბავშვს უსაფრთხო გარემო, სადაც არ მოგიწევთ, ხშირად უთხრათ, მოშორდეს ან ხელი არ ახლოს რამეს.

* მოარიდეთ ძალადობის სცენების შემცველ მულტფილმებსა და კომპიუტერულ თამაშებს. ამის სანაცვლოდ შეგიძლიათ შეიქციოთ საგანმანათლებო თამაშებით, მაგრამ ცოტა ხნით, რომ არ გადაიღალოს.

* ეცადეთ, ბავშვთან ერთად არ უყუროთ ძალადობის სცენების შემცველ გადაცემებს და არ გქონდეთ ჩართული ტელევიზორი მთელი დღის განმავლობაში. ბავშვებს სიმშვიდე სჭირდებათ. გამუდმებით ტელევიზორის ყურების ნაცვლად შეგიძლიათ მოასმენინოთ მშვიდი მუსიკა.

* ყოველთვის ეცადეთ, ესაუბროთ ბავშვს მშვიდი ტონით და აუხსნათ, რომ აგრესიული ქცევა არ შეიძლება, რომ ეს მტკივნეულია და ამით სხვებს აზიანებს.

* თუ ბავშვმა დაგარტყათ, არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ იგივე. მცირეწლოვან ბავშვებს არ შესწევთ უნარი, საკუთარი დანაშაული გაიაზრონ. ეცადეთ, ხშირად მოეფეროთ და ეთამაშოთ – ეს უცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს.
ბლოგისთვის თამუნა ღამღამობით მუშაობს. მას შემდეგ, რაც მარიამს დააძინებს, სპეციალურ რვეულში ჩამოწერილ იდეებს განიხილავს და ინფორმაციის მოსაძიებლად ემზადება:

– მხოლოდ თარგმანისთვის დაახლოებით ორი დღე მჭირდება. პირველ დღეს ვთარგმნი, მეორე დღეს კი ვასწორებ. როცა სტატიას თავად ვწერ, გაცილებით მეტ დროს ვუთმობ. სანამ უშუალოდ წერაზე გადავალ, ვეცნობი მრავალ წყაროს. ზოგჯერ ორი კვირაც კი ვმუშაობ ერთ სტატიაზე. ყველაზე ნაკლები დრო თამაშების შესახებ დაწერილი სტატიებისთვის მჭირდება. ისინი უმთავრესად სურათების გადაღებას, ატვირთვას და მოკლე ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.
„პატარა ჟირაფმა” მიზანს მიაღწია, ქართველ მშობლებს შორის ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამუნა ამბობს, რომ, დროის სიმცირის მიუხედავად, ბლოგზე კიდევ ბევრ საინტერესო და საჭირო სტატიას განათავსებს.

წითელი ქვების სანაცვლოდ…

0
მეფის მოსასვენებელ ოთახში ნახევრად ბნელა. ბოლო დროს ზედმეტი შუქი აღიზიანებს და მზისგან სქელი ფარდებით იცავენ. არავის ნახვა არ სურს, ავად არის. ვერც ვერავის გაუგია რა სენი სტანჯავს. ლაქია  მოკრძალებით შემოდის, იოანე ჟუანვილს სურსო თქვენი ნახვა.  ჟუანვილის სანახავად მეფე ყოველთვის მზად არის, მწერალი და ცოტა  ექიმბაშია,  მეფის ნდობითაც  სარგებლობს. 

– თქვენო უდიდებულესობავ, ხილვა მქონდა, რომ გამო
ჯანმრთელდებით… ოღონდ…
– ოღონდ… რა ოღონდ-მოთმინება არ ყოფნის მეფეს.
– გამოჯანმრთელების შემდეგ რიჩარდ ლომგულის საქმე, ჯვაროსნული ლაშქრობები უნდა განაახლოთ და საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. 
დამავიწყდა მეთქვა, ჩვენ ლუდოვიკო მეცხრის საძინებელში ვიმყოფებით. ძალიან მორწმუნეა და ჯვაროსნული ლაშქრობის განახლებაზე, ჯერ კიდევ ადრე, პარიზში სენ-შაპელის მონასტრის აგებისას ფიქრობდა. 
ჟუანვილის წინათგრძნობა გამართლდა, მეფე გამოჯანმრთელდა, პირობაც შეასრულა და იოანე ჟუანვილი ლაშქარში მოხალისედაც  ჩაეწერა. მისი მოვალეობა, ყველაფრის აღწერა და ექიმბაშობა იყო. ჩანაწერებში მეფეს აქებდა, ზედმეტადაც კი, თითქმის წმინდანად რაცხავდა. იმასაც აღწერდა, ბრგე ვაჟკაცებს როგორ უსივდებოდათ ღრძილები და ტანზე ხორცი ალპებოდათ. ეს ან რაიმე ინფექციის ან  ავიტამინოზის ბრალი თუ იყო, თუმცა ჩვენ დღეს ამ თემაზე არ ვსაუბრობთ.  
საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეკ-ში მოხალისე მებრძოლებს ამზადებდნენ. ეს მოხალისეები ძირითადად ტამპლიერთა ორდენის წარმომადგენლები იყვნენ და მათი წვრთნა  საკმაოდ ძვირიც ჯდებოდა. ორ წელიწადში ორი მილიონი ლივრი იყო დახარჯული. 
ლუდუვიკოს ლაშქარი ეგვიპტისკენ დაიძრა. მართალია, ჯვაროსნული ლაშქარობის თავდაპირველი იდეა იერუსალიმის განთავისუფლება და იქ ქრისტიანობის გამოცხადება იყო, მაგრამ ლუდოვიკოს აზრით, ამას ეგვიპტის დაჩოქებით უფრო შეძლებდა. იქ კი  იმდენი რამ იყო საძარცვი.. იქ ალქემეიად გარდაქმნილი ქემეია იყო, რომელიც ჯვაროსნული ომების დროს ალქიმიად გარდაიქმნა. იქ იყო ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები…
ოჰ, ეს ძვირფასეულობის სიყვარული… რამდენი კაცი ყავს დაღუპული და კიდევ რამდენს დაღუპავს. 
ქაიროს მისადგომებთან ტამპლიერები რამდენიმე ეგვიპტელს გაურიგდებიან და წითელი ქვების სანაცვლოდ ღამით ქალაქის კარი გაიღება…  წითელი ქვების სანაცვლოდ გაყიდული ქალაქი იმ ღამით სისხლში ჩაიხრჩობა…
ტამპლიერები იზეიმებენ, ოღონდ ეს დროებითია. შემდეგ? შემდეგ დამარცხებების მთელი სერიაა… მეფის, გამარჯვებით გათამამებულ  ძმასაც თავს წააცლიან, მეფესაც ტყვედ აიყვანენ და ამ ბრგე აღნაგობის ახალგაზრდა კაცს ათასგვარ შეურაცხყოფას მიაყენებენ.  შემდეგ გამოსასყიდის (წითელი ქვების?) სანაცვლოდ გაათავისუფლებენ და დამცირებულს, შეურაცხყოფილს და დეზინტერიით დაავადებულს საკაცით  პარიზში შეიტანენ… თუმცა მას მაინც წმინდანად აღიარებენ….
თავად მას ყელიდან არ მოუცილებია ერთი წითელი ქვა. საოცარია, მაგრამ თურმე დატყვევებულსაც კი არ წაართვეს, შეისმინეს მისი თხოვნა და დაუტოვეს… იქნებ, მისი ძალით გაუძლო დამცირებასა და შეურაცხყოფას? მისი დახმარებით-მეთქი ვამბობ, რადგან ეს ქვა შიშს დაგამარცხებინებდათ და ენერგიით აგავსებდათ. მისგან გადიდგულებული  თურმე წყვდიადის ძალებსაც კი შეერკინებოდით. მას ენერგიით მზეს ადარებდნენ, დღეს კი ლალს ვუწოდებთ. ქართველებს ქალის ლამაზი სახელი გვაქვს – ლალი, იქნებ იმიტომ, რომ სახელის მფლობელმა თავისი სეხნია ქვის თვისებები გაიმეოროს და მზესავით აღმატებულმა იაროს. თუმცა ქვას დავუბრუნდეთ… 
როგორ ფიქრობთ, რა შედგენილობა აქვს? ალუმინის ოქსიდია Al2O3, თუმცა ქრომის და რკინის იონებსაც შეიცავს. 
დაუმუშავებელ ლალს კორუნდს უწოდებენ. მისი შემადგენლობა იგივეა, უბრალოდ წახნაგების დამუშავება აკლია. 
ფერი ორივეს მუქი წითელი აქვს, თუმცა შეიძლება  ვარდისფერიდან იისფერამდე მერყეობდეს. ამ უკანასკნელ შეფერილობას კი ქრომის იონების მომატებული რაოდენობა განაპირობებს. მისი სიმაგრის მაჩვენებელი ცხრას უტოლდება, ალმასის შემდეგ სიმაგრით მეორე ადგილზეა. სიმკვრივის მაჩვენებელი ოთხია. 
ის ინდოეთიდან, ტაილანდიდან, ტანზანიიდან და ავღანეთიდან გავრცელებულა. დღესაც სწორედ ამ ადგილებშია კორუნდის ყველაზე დიდი საბადოები.
„ახლაც იქ ვდგავარ, სადაც მრავალ ხის  
ჰაეროვანი თრთის ძოწეული
და იღუშება წარბი ძველ ციხის,
კედელს ხშირ-ხშირად სუროხვეული.
ახლაც იქ ვდგავარ ხორხზე, ხევებზე,
მწვანით დაბურულ მოსახვევებზე,
სად ყოველ ბიჯზე მდგარ ნანგრევებზე
აფეთქებული ჩქეფს ბროწეული”
ხომ ძალიან ლამაზია? გალაკტიონმა დაწერა… ძოწი ბროწეულს შეადარა… ჯერ კიდევ ალქიმიკოსი ალბერ მაგნუსი, იგივე ალბერ დიდად წოდებული, ძოწს ფინიკიურ ვაშლს ანუ ბროწეულს ადარებდა.
ძოწი ბავშვობიდან მხიბლავდა… რატომღაც შიგ რაღაც იდუმალებას ვეძებდი. ქიმიური ფორმულა შემდეგი აქვს: R2+3R3+2[SiO4]3.  R2+ ის ადგილას შესაძლოა იყოს რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი ან სულაც კალციუმი. ლალივით მაგარი არ არის, მაგრამ მისი სიმაგრე 6-7-ს უტოლდება.
ძოწის რამდენიმე სახესხვაობა არსებობს. 
პიროპი Mg3Al2[SiO4]3  (ბერძნულიდან ცეცხლოვანი) – მუქი წითელი ფერით გამოირჩევა და  მაგნიუმით მდიდარ საბადოებში მოიპოვება. სიმაგრე 7, სიმკვრივე 3600-3860 კგ/მ3.
ალმადინი Fe2+3Al2[SiO4]3 , ასე იმ ადგილის გამო უწოდეს, სადაც პირველად აღმოაჩინეს – ალამანდა. ძოწის ყველაზე გავრცელებული სახესხვაობაა. სიმაგრე 7, სიმკვრივე 3800-4300 კგ/მ3.
სპესარტინი Mn3Al2[SiO4]3 , პირველად ბავარიაში მოიპოვეს. მოყვითალოში გადასული ვარდისფერია. სიმაგრე 7, სიმკვრივე 4100-4200 კგ/მ3.
ანდრადიტი Са3Fe3+2[SiO4]3 , ასე ბრაზილიელი მინეროლოგის ჟოზე ბონიფაციო დე ანდრადა სილვას საპატივსაცემოდ უწოდეს. საოცარ ფერებს შლის, მოწითალოდან ყვითლის გავლით სიმწვანეში გადადის. სიმაგრე 6-7, სიმკვრივე 3700-4100 კგ/მ3.
მელანიტი ანდრადიტის შავი ფერის სახესხვაობაა. ფერს TiO2-ს შემცველობა განაპირობებს. სიმაგრე 6,5-7, სიმკვრივე 3700-4100 კგ/მ3.
„ … მარჯნისფერ სასმელს სვამენ ფრანტები… ” დიახ, კვლავ გალაკტიონია და კიდევ ბევრჯერ იქნება. როგორი უნდა  იყოს მარჯნისფერი სასმელი?  მარჯანი ხომ იცით? ჩვენი შემდეგი მოწითალო ქვაც ის გახლავთ.
მისი ჩონჩხის  შემადგენლობაში მყარი არაგონიტები და კალციტებია. სიმაგრის კოეფიციენტი 3-4-ია. მარჯანი ამ წერილში წითელი ფერის გამო მოხვდა, თუმცა მათი შეფერილობა 350 ნაირსახეობას აჭარბებს. ამ ნაწლავღრუიანთა ფერს არაორგანული და ორგანული ნივთიერებების თანაფარდობა განსაზღვრავს. ასე რომ, წარმოიდგინეთ შავი და ცისფერი მარჯნებიც არსებობენ, ოღონდ მათი მოპოვება არ შეიძლება, წითელ წიგნში არიან შეტანილნი. საიუველირო საქმეში Corallium rubrum-ს იყენებენ.
ოდითგანვე რას აღარ მიაწერდნენ ამ „ცოცხალ” მინერალს. ძველი ბერძნები ამბობდნენ, ატარეთ წითელი მარჯანი და დიდხანს იცოცხლებთო. ეგვიპტელები კიდევ უმატებდნენ – არაო, ახალგაზრდა ქალბატონებმა უნდა ატარონო მხოლოდ. მექსიკელებს შესწორება შეჰქონდათ, რას ამბობთ, მეთევზეებმა უნდა ატარონო, თევზი იცის მაგ ქვამო. პორტუგალიაში ამბობდნენ, თავი აღარ აგტკივდებათ არასდროსო. ინგლისში უმატებდნენ, არც ანგინა დაგემართებათო. ფრანგები დასძენდნენ, მოგზაურობისას ატარეთო, მრთელები დაბრუნდებით სახლშიო. 
მოკლედ, რამდენი კაციც იყო, იმდენი აზრი არსებობდა. მე კიდევ დავუმატებდი, ლამაზია და ატარეთ. თქვენც გალამაზდებით, განწყობა აგიმაღლდებათ, ამის გამო აღარც თავი აგტკივდებათ, ბევრს იმოგზაურებთ და დიდხანსაც იცოცხლებთ. თევზაობაზე რა გითხრათ, ეგ საქმეც მარჯნით მოსინჯეთ და იქნებ თევზიც მოიზიდოს…
ძველ კულტურაში წითელი ფერი ცეცხლის ენერგიასთან ასოცირდებოდა. იქნებ ამიტომაც მინერალ მურა რკინაქვისგან (Fe2O3) დამზადებული წითელი საღებავის კვალს სად აღარ შეხვდებით. პრეისტორიული ადამიანები კიდევ ამ საღებავს მოძმეებს საფლავშიც ატანდნენ, სისხლის ნაცვლად გამოადგებათო. სუსტი ენერგეტიკის ადამიანი წითელს ვერ უძლებდა და იღლებოდა. ძლიერი კი პირიქით, ენერგიით კიდევ უფრო  მეტად იმუხტებოდა და წითელი ქვების მაგიურ ძალას აღიარებდა. წითელი ქვები სიძლიერის ნიშანი იყო…
წითელი ქვების სანაცვლოდ მეფემ ქაირო აიღო… წითელი ქვების სანაცვლოდ ქაირო სისხლში ჩაიხრჩო… ოღონდ ეს დროებითი გამარჯვება იყო. მავანი იტყვის სიცოცხლეც დროებითიაო. ჰოდა, სწორედ იმიტომ, სიცოცხლე რომ დროებითია, თავს ნუ გავყიდით…  წითელი ქვების სანაცვლოდ… 

წვიმების გამო

0

ბაქოში დღემდე პრესტიჟულად მიიჩნევა რუსულ სკოლაში სწავლა.
დამოუკიდებელ აზერბაიჯანში მშობლების უმეტესობა შვილების რუსულ ენაზე განათლებას ამჯობინებს
და რუსული სკოლების მოსწავლეები, ისევე როგორც ჩემს ბავშვობაში, აზერბაიჯანული სკოლების
მოსწავლეებს მდაბიოებად, გოიმებად და სოფლელებად მოიხსენიებენ. ამიტომაც არ გამკვირვებია,
რამდენიმე დღის წინ ბაქოს ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვისას ახალგაზრდების უმეტესობამ
რომ არ იცოდა, რა დღესასწაულია 28 მაისი – აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე…

რუსული სკოლების, ინერციით გაგრძელებული საბჭოთა განათლების
სისტემისა და ისევ სისხლით აღზევებული ყოფილი კომუნისტების ავტორიტარული საოჯახო რეჟიმის
დამსახურებაა, სულ რამდენიმე აზებაიჯანელი პოეტის შემოქმედებას რომ ვიცნობ, ძირითადად
– კლასიკოსებად მიჩნეულებისას და იმათაც, უმეტესწილად, რუსული თარგმანებიდან.

მართალია, დიდ აზერბაიჯანელ პოეტად აღიარებული სამედ
ვურღუნი ჩემი წინაპარი იყო, რომელიც ფსევდონიმით მალავდა თავის ნამდვილ გვარს, მაგრამ
თბილისში სწავლის დაწყებამდე არათუ თანამედროვე პოეტის სახელი არსად შემხვედროდა, –
არც პრესაში და არც სახელმძღვანელოებში, – ცოცხალი პოეტიც კი არასოდეს მენახა. ერთადერთი,
ტელევიზიით გამოჩნდებოდნენ ხოლმე დროდადრო სახელისუფლებო პარტიის სიით გადეპუტატებული
მწერლები და პოეტები, რომლებმაც მხოლოდ პოლიტიკური ტერმინოლოგია და მკერდზე დაბნეული
დროშის ფერი შეიცვალეს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე კი ჩემს ცხოვრებაში იმდენი ცოცხალი
პოეტი გაჩნდა, ლამის ერთადერთი ვარ, ვინც ლექსებს არ წერს.

მთელი მაისი სტამბოლში ვიყავი და მთელი თვე წვიმდა.
წვიმდა და წვიმაში სულ ელაზე ვფიქრობდი, ელა გოჩიაშვილზე, თანამედროვე ქართველ პოეტზე.
წარმოვიდგენდი, იმ დროს, როცა მე სტამბოლში, ქურთულუშის ქუჩაზე მდებარე სახლის ფანჯრიდან
გავყურებდი წვიმას, როგორ უმზერდა ის ნუცუბიძის რომელიღაცა მიკრორაიონის რომელიღაცა
კორპუსის მერვე სართულიდან ხელისგულზე გადაშლილ წვიმიან თბილისს და რამდენი ფიქრი ტანჯავდა
განრიდებულ მარტოობაში. მე კი გონებაში გამუდმებით მისი სტრიქონები მიტრიალებდა:

მარადის გარეთ დატოვებული,

ჭერის და სარკმლის მიღმა წრიალებს;

თავისი სევდით და სიმარტოვით

რას გვეუბნება ადამიანებს…”

ჯერ ელა გავიცანი, მერე – მისი ლექსები; რომელიღაცა
რუსულენოვანი ანთოლოგიისთვის მოამზადეს თარგმანები და მეც მაშინ გამიღიმა ბედმა – ფურცელზე
წავიკითხე ის, რასაც მანამდე ელას თვალებში, თვისებებსა და ცხოვრების წესში ვხედავდი.
ელა არის ისეთი, როგორებიც არიან მისი ლექსები. ისინი ერთმანეთს ჰგვანან და არ ჰგვანან
იმ პოეტებს, რომლებიც სიყვარულზე წერენ და საკუთარი თავის გარდა არასოდეს არავინ ჰყვარებიათ;
მეგობრობაზე წერენ და არავისთვის უერთგულიათ; სამშობლოზე წერენ და გულში მჯიღის ცემის
იქით არ მიდის მათი პატრიოტიზმი; მაღალ იდეალებს ებღაუჭებიან და ფულისა და პრემიებისთვის
სინდისიც გაუყიდიათ და სულიც.

სამედ ვურღუნიც საბჭოთა აზერბაიჯანში ცხოვრობდა და სხვებივით,
ვინც წითელ ტერორსა და რეპრესიებს გადაურჩა, წერდა ლექსებს დიად კომუნიზმზე, ბელადებზე,
სოციალიზმის სიკეთეებსა და სოციალისტური შრომის გმირებზე. და არავინ იცის, სად იყო
მართალი და სად იყო ყალბი. და არავინ იცის, თამაშობდა თუ მართლა სწამდა იმისა, რასაც
ემსახურებოდა.

ელას ლექსები და ცხოვრება კი სრულიად დაცლილია სიყალბისგან,
ტყუილისგან, ის მართალი და გულწრფელია საკუთარ თავთანაც და მკითხველთანაც. არ თამაშობს,
არ კეკლუცობს, თავს არავის აწონებს, ის ამ სიმართლის ტრაგიზმში ცხოვრობს, მარტოქალის,
მარტოპოეტის ტვირთთან, შორს ელიტებისგან, კავშირებისა და კლუბებისგან, პრემიებისა და
ჯილდოებისგან, ყველაფრისგან, რითაც განებივრებული იყო სამედ ვურღუნი და ჩვენთვის კარგად
ცნობილი ძველი თუ უკვე ახალი „ინტილიგენცია”.

გასულ ზამთარს თბილისს ესტუმრა ლიტველი პოეტი ქალი ერიკა
დრუნგიტე, რომელმაც ელა ქალაქ პალანგაში გამართულ პოეტურ ფესტივალზე გაიცნო და მისი
რამდენიმე ლექსის ლიტვური თარგმანიც წაიკითხა. თანამედროვე ლიტვურ პოეზიაზე საუბრის
დროს ერიკამ მითხრა, ნეტავ ელას დონის პოეტი გვყავდეს, არ მოვასვენებდით მსოფლიოს,
სანამ ყველას არ გავაცნობდით და დიდ აღიარებას არ მოიპოვებდაო, საქართველოში კი, იქ,
სადაც ლამის მთელ ქვეყანას პოეზიის მოყვარულად მოაქვს თავი, ბევრი ჩემგან, აზერბაიჯანელი
ფოტოგრაფისგან, იგებს თანამედროვეობის დიდი პოეტის – ელა გოჩიაშვილის სახელს.

ბოლო დროს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამედ
ვურღუნმა იმ ავად სახსენებელ დროში თავის გადასარჩენად ცრუ ჩვენებები მისცა და რამდენიმე
პოეტი მეგობარი სასიკვდილოდ გაწირა. დიახ, პოეტმა! სწორედ პოეტები, რომელთაც ხალხის აღქმაში
ცა ნიშნავდა და ერი ზრდიდა, წირავდნენ და
იმეტებდნენ სხვებს, ახლობლებს, და არამხოლოდ თავის გადარჩენის მიზნით…


 

წვიმების გამო

ხომ სასჯელია ყოფნა უშენოდ,

ხომ ყველა ცუდი სიზმარი ახდა,

მაგრამ ხსოვნის და წარსულის გამო,

ამ მშვენიერი წუხილის გამოც,

არ შემიძლია სიკვდილი ახლა.

 

რა უფლება მაქვს, სასჯელს გავექცე…

ციდან მწუხარედ ჩამორხეული,

გდია ნისლებში და იხარჯება

წვიმის გრილი და ლურჯი სხეული.


მარადის გარეთ დატოვებული,

ჭერის და სარკმლის მიღმა წრიალებს;

თავისი სევდით და სიმარტოვით

რას გვეუბნება ადამიანებს,

 

რას შემოგვტირის და ვერ გვაგონებს,

ღრუბლის მკერდიდან ჩამორღვეული,

ძველისძველი და საყოველთაო,

მაინც უცხო და მაინც ეული.

 

არ შემიძლია ახლა სიკვდილი

და შერიგებას ტკივილთან ვლამობ;

არ შემიძლია ახლა სიკვდილი,

თუნდაც ამ წყნარი წვიმების გამო.

 

ხომ სასჯელია ყოფნა უშენოდ,

ხომ ყველა ცუდი სიზმარი ახდა,

მაგრამ ხსოვნის და წარსულის გამო,

ამ მშვენიერი წუხილის გამოც,

არ შემიძლია სიკვდილი ახლა.



ელა გოჩიაშვილი


სწავლის კომპონენტები

0
განათლების სფეროს მკვლევარები აღნიშნავენ: მასწავლებლებთან დიალოგის შემდეგ მძაფრია იმის განცდა, რომ განსხვავება მათ შორის დიდია; მასწავლებლების ნაწილი საუბრობს მოსწავლეთა შესაძლებლობებზე, ნაწილი _ პრობლემებსა და შეზღუდვებზე. არიან მასწავლებლები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, აგრეთვე, წარმატების გზებზე, მოსწავლეების ჩავარდნებზე, ახალ იდეებზე, მოსწავლეების შეუზღუდავ პოტენციალსა და შესაძლებლობებზე. არიან ისეთებიც, რომლებიც საუბრობენ იმაზე, თუ რა ცუდად მიდის საქმეები, როგორ არ უსმენს მათ არავინ, რამდენად მართლები იყვნენ ისინი, რა სჭირს განათლებას, ვის უნდა დაბრალდეს მათ სკოლაში არსებული პრობლემები და ა.შ.

14 წლის მოსწავლეებს ჰკითხეს: “ბიოლოგიაში ფოტოსინთეზის შესწავლისას   რომელს ამჯობინებდით _ ვიდეოს ყურებას, ლექციის მოსმენას თუ ლაბორატორიაში მუშაობას?” მოსწავლეთა 20%-მა აირჩია ლექცია, 45%-მა _  ვიდეოს ყურება, 35%-მა _ ლაბორატორიული მუშაობა. 

სასწავლო პროცესის დროს მოსწავლის კოგნიტური განვითარება არ ხდება  ერთი უნივერსალური მიდგომის გამოყენებით. ამიტომაა, რომ…ყველა დროში და ყველა ქვეყანაში აქტუალურია კითხვები:

_ როგორ ვასწავლოთ? 

_ როგორ სწავლობენ მოსწავლეები? 

პედაგოგიკის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სასწავლო პროცესისას გავითვალისწინოთ სწავლის ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი: 

1.კონტექსტი; 
2.ინფორმაციის მიღება; 
3.მასალის გადამუშავება; 
4.პასუხის ფილტრები.

კონტექსტი

სასწავლო გარემოს თანმხლები პირობები გვაძლევს მინიშნებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს მოცემულ პერიოდში. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა თუ არა მასწავლებელმა საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო, სოციალური პირობები თუ ურთიერთობები. კონტექსტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველა ტიპის სწავლება ორიდან ერთ-ერთ ტიპს განეკუთვნება: 

1.კონტექსტზე დამოკიდებული _ შინაარსს იმავე გარემოში ვასწავლით, რა გარემოშიც უნდა იქნას ბუნებრივად გამოყენებული. მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებენ კონტექსტურ მინიშნებებს: ბუნებრივ კონტექსტებს, როგორიცაა ექსკურსიები ბუნებაში, ექსპერიმენტები, გამოცდილება რეალური ცხოვრებიდან.

2.კონტექსტისგან დამოუკიდებელი _ რაიმეს სწავლება ისეთ გარემოში, რომელშიც ის ნორმალურ პირობებში არ გამოიყენება. მოსწავლეებს შეუძლიათ “არარელევანტურ” კონტექსტებს მოერგონ, ანუ გამოიყენონ კომპიუტერები, სახელმძღვანელოები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები. როგორც წესი, მათ მოსწონთ მეორადი და მომდევნო სწავლება და შეუძლიათ ისეთ გარემოში სწავლა, როგორიცაა ბიბლიოთეკა და საკლასო ოთახი.

ბევრი მოსწავლე კარგად სწავლობს კონტექსტისგან დამოუკიდებლად, ზოგს კი ეს ცუდად გამოსდის. ჩვეულებრივი სკოლების უმეტესობა კონტექსტისგან დამოუკიდებელ სწავლებას იყენებს.
ინფორმაციის მიღება

ყველა ტიპის სწავლება მოითხოვს გარკვეული წვლილის შეტანას პროცესის დაწყებაში. ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ/ვიღებთ ჩვენი ხუთი გრძნობის გამოყენებით: 

·მხედველობით (თვალები); 
·სმენით (ყურები); 
·შეგრძნებით (სხეული);
·ყნოსვით (ცხვირი); 
·გემოვნებით (პირი). 

მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის ყველა ბავშვი გემოვნებით სწავლობს, მოსწავლეთა 1%-ზე ნაკლები თუ მოიხმარს გემოვნებას სწავლის დომინანტურ გზად. ყნოსვითი გზით ინფორმაციის მიღებაც იშვიათად არის დომინანტური. ინფორმაციის მიღება შეიძლება იყოს:

1.გარეგანი _ გარე წყაროდან მიღებული; 

2.შინაგანი _ საკუთარ გონებაში ჩამოყალიბებული;  

3.ვიზუალურ-გარეგანი _ მოსწავლეებს, როგორც წესი, ინფორმაციის ვიზუალურად მიღება ურჩევნიათ. ისინი თვალით ამყარებენ კონტაქტს მასწავლებელთან. მათი პოზა ვერტიკალურია, ისინი ქმნიან გონებრივ სურათებსა თუ მოდელებს. შესაძლოა, ილაპარაკონ ძალიან სწრაფად და მონოტონურად. მათ მოსწონთ დამატებითი მასალა, რომელსაც მასწავლებელი გაკვეთილზე ურიგებს, და იყენებენ ვიზუალურ ტერმინოლოგიას. მოსწავლეები ძლიერები არიან მართლწერაში, მათ ურჩევნიათ, თავად წაიკითხონ, ვიდრე სხვამ წაუკითხოს. მათ მოსწონთ წერა, უყვართ აკურატულობა, არიან ორგანიზებულები და ნაკლებად უფანტავთ ყურადღებას ხმაური. მათ აქვთ პირადი სივრცე და არ უყვართ, როდესაც ვინმე მათთან ძალიან ახლოს დგას. მათ უყვართ წიგნები, კომპიუტერები, პროექტორები, ხელოვნება და ფოტოები. ისინი გაცილებით უკეთ ითვისებენ ვიზუალურ ინფორმაციას და უჭირთ ვერბალური ინსტრუქციების შესრულება. 

4.ვიზუალურ-შინაგანი _ ამ დროს მოსწავლე იყენებს წარმოსახვას. მოსწავლეებს ურჩევნიათ, საგნები ჯერ გონების თვალით დაინახონ. ისინი მიდრეკილები არიან ოცნებისაკენ, უყვართ წარმოდგენა და ქმნიან გონებრივ სურათებს ან მოდელებს, სანამ სწავლის უფრო ფორმალურ მხარეზე გადავიდოდნენ. ისინი უფრო ფრთხილად და გააზრებულად უდგებიან ნებისმიერი ტიპის ახალ სწავლებას. უჩნდებათ სტრესი მაშინ, როდესაც ინფორმაციას იმაზე სწრაფად იღებენ, ვიდრე გონებრივი სურათების შექმნას ახერხებენ.

წარმოვიდგინოთ, კლასში რომ მინა გატყდეს, რას გააკეთებს ესა თუ ის მოსწავლე პირველ რიგში? ზოგიერთი გარშემო მიმოიხედავს და ვიზუალურად სწრაფად შეაფასებს სიტუაციას; სხვები ხმამაღლა დაიწყებენ უსაფრთხოების ინსტრუქციების გამოცხადებას (სმენითი); დანარჩენები კი მოსწავლეებს მოძრაობას აიძულებენ (შეგრძნებითი). თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობა; შესაძლოა, ამა თუ იმ მოსწავლემ სამივე გამოიყენოს, მაგრამ დომინანტური გზა არის ის, რომელსაც პირველს გამოიყენებს. 
მასალის გადამუშავება

მასალის გადამუშავება გულისხმობს იმ აქტივობებს, რომელთა გამოყენებითაც ჩანს, თუ როგორ უმკლავდებიან და მანიპულირებენ მოსწავლეები მიღებული მონაცემებით. გადამუშავება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გზით: 

·გლობალური ან ანალიტიკური; 
·კონკრეტული ან აბსტრაქტული; 
·მრავალამოცანიანი ან ერთამოცანიანი. 

მოსწავლეების მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესი შეიძლება დამოკიდებული იყოს მათ ნიჭზე, ინტელექტსა და განწყობაზე. 

პასუხის ფილტრები

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მიიღებენ და გადაამუშავებენ ინფორმაციას, ინტუიციური პასუხის ფილტრები იმოქმედებს იმაზე, თუ რა უნდა მოუხერხოს ამ ინფორმაციას. აზროვნების პროცესი განსაზღვრავს იმ ფაქტორებს, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, უკეთესად შეძლონ მასალის ერთმანეთთან დაკავშირება. მოდელი, რომელიც განიხილავს სწავლის ამ ასპექტს, არის ბერნის მაკკარტის ფორმატის (4MAT) მოდელი, რომელიც გამოყოფს სწავლისადმი ოთხ ძირითად მიდგომას:

1.რატომ? (მოსწავლეების 35%). 

ეს მოსწავლეები სწავლობენ მნიშვნელობის ძიების გზით. ისინი აკეთებენ შედარებებსა და შეპირისპირებებს. ისინი პირველ რიგში ინტერესდებიან, რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ინფორმაციას მათთვის. მათ სჭირდებათ მიზეზები იმისთვის, რომ ისწავლონ _ იდეალურ შემთხვევაში, ის მიზეზები, რომელთა საშუალებითაც ახალ ინფორმაციას პირად გამოცდილებას დაუკავშირებენ და ამ ინფორმაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატებით გამოიყენებენ. 

მოსწავლეების ამ ტიპისთვის ეფექტურ სასწავლო მეთოდებს შორისაა: ერთობლივი სწავლება, გონებრივი იერიში, შინაარსის კონკრეტული სფეროების ინტეგრირება (მაგ., მეცნიერების ინტეგრირება სოციალურ კვლევებთან, წერის ინტეგრირება ხელოვნებასთან). 
მასწავლებელს წამქეზებლის როლი აქვს. 
2.რა?  (მოსწავლეების 22%). 

ასეთი მოსწავლეები სწავლობენ იდეების გააზრებით. ისინი ეძებენ ფაქტებს და აინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ ექსპერტები. ისინი იღებენ მოსაზრებას და შემდეგ მსჯელობენ მასზე. ეს ანალიტიკური აზროვნების მქონე მოსწავლეები პირველ რიგში დაინტერესებულნი არიან ფაქტების მოძიებით იმისათვის, რომ გაიღრმავონ ცნებებისა და პროცესების ცოდნა. მათ შეუძლიათ, ეფექტურად ისწავლონ ლექციებიდან და სიამოვნებას ანიჭებთ დამოუკიდებელი კვლევა და მონაცემთა ანალიზი. 

მასწავლებლი ვალდებულია, შინაარსის მიღებაში დაეხმაროს მოსწავლეს.
3.როგორ? (მოსწავლეების 18%). 

ასეთი მოსწავლეები სწავლობენ თეორიების შემოწმებით. ისინი იწყებენ რაიმე მოსაზრებით და შემდეგ ამოწმებენ მას. საღად მოაზროვნე მოსწავლეებს პირველ რიგში აინტერესებთ, როგორ “მუშაობს” ესა თუ ის მოვლენა; მათ სურთ, “შიგ შეძვრნენ და გამოსცადონ”. 

მათთვის საუკეთესოა კონკრეტული, ემპირიული სასწავლო აქტივობები: მანიპულაციები, პრაქტიკული სამუშაოები, კინესთეტიკური გამოცდილება… მათ უნდათ იცოდნენ, როგორ მუშაობს ესა თუ ის მოვლენა/საგანი. ისინი განიხილავენ მას პრაქტიკულობის თვალსაზრისით. 
მასწავლებელს მწვრთნელის როლი აქვს. 
4.მერე რა? (მოსწავლეების 25%). 

ასეთი მოსწავლეები მცდელობებისა და შეცდომების წყალობით სწავლობენ და ეძებენ დაფარულ შესაძლებლობებს. დინამიკური მოსწავლეები პირველ რიგში ინტერესდებიან მათ მიერვე განხორციელებული აღმოჩენებით. ისინი მთლიანად ენდობიან საკუთარ ინტუიციას და სურთ ისწავლონ თავადაც და ასწავლონ სხვებსაც. 

ნებისმიერი ტიპის დამოუკიდებელი კვლევა ეფექტურია ამ ტიპის მოსწავლეებისათვის. მათ ასევე მოსწონთ სიმულაციები, როლური და სხვა ტიპის თამაშები. ისინი მსჯელობენ საკითხზე და ერთვებიან აღმოჩენის პროცესში. 

მასწავლებელი უნდა იყოს მათი კოლეგა ამ აღმოჩენებში. 
ყველა მოსწავლე განსხვავებულია. არ არსებობს “სტანდარტული” მოსწავლე და არ არსებობს ერთი იდეალური ხერხი, რომლითაც ყველა მოსწავლის პრობლემას გაუმკლავდება მასწავლებელი. სასწავლო პროცესში მრავალფეროვნების დადებითი მოქმედება მოსწავლის აზროვნებაზე დამტკიცებულია მრავალი გამოკვლევით. იგი იმდენად მნიშვნელოვანი და ეფექტურია, რომ აღიარებულია, როგორც მთავარი ფაქტორი აზროვნების შეცვლაში. მოსწავლეებს საკლასო ოთახში სჭირდებათ მეტი მოძრაობა, ცვლილებები, პერსპექტივები, სტიმული, ფერთა სიმრავლე, გამოწვევები, ემოციების წახალისება. მასწავლებელთან ურთიერთობა იდეალურია მოზარდის აზროვნების განვითარებისთვის. ზოგიერთ მოსწავლეს მეტი თავისუფლება და  სტიმული სჭირდება, რათა შეიქმნას საინტერესო და კრეატიული გარემო.  

XXI საუკუნის მასწავლებლის გამოწვევები

0

 

მიმდინარე საუკუნეში საგანმანათლებლო სისტემებმა ძირეული ცვლილებები განიცადა. სწავლისა და სწავლების სტანდარტები და მოლოდინები მნიშვნელოვნად შეიცვალა და, რაც მთავარია, შემსწავლელისა და მასწავლებლის როლების ერთგვარი გადანაცვლება მოხდა. თანამედროვე შემსწავლელი პასიურ როლზე უარს ამბობს და უწყვეტი სწავლის პროცესში აქტიური ლიდერის როლს თამაშობს. გარდა ამისა, XXI საუკუნის რეალობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მასწავლებლებს ან შემსწავლელებს შორის თანამშრომლობითი კავშირების დამყარებისა და ორივე მხარის მიერ საჭირო ინფორაციის მოპოვების მზარდ შესაძლებლობებს ქმნის.
ამ მასშტაბური ცვლილებების შესაბამისად, XXI საუკუნის განმანათლებლები უფრო მეტად არიან მოსწავლეზე ორიენტირებულნი, არჩევენ ჰოლისტიკურ მიდგომას და მოსწავლეებს საგნობრივ მასალასთან ერთად სწავლის სტრატეგიებსა და ტექნიკებსაც სთავაზობენ. თანამედროვე განმანათლებელი მუდმივად აფასებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მოსწავლეებს გლობალურ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად დასჭირდებათ.
და მაინც, რა უნარ-ჩვევებს მოითხოვს XXI საუკუნის გლობალური ეკონომიკა და, შესაბამისად, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე განმანათლებელი?
XXI საუკუნის უნარ-ჩვევები:
განათლების სფეროში სპეციალიზებული წამყვანი ორგანიზაციები აშშ-ში, მათ შორის _ “პარტნიორობა XXI საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის” და “XXI საუკუნის სკოლები”, XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს სამ კატეგორიად და რამდენიმე ქვეკატეგორიად ყოფენ:
. სწავლისა და ინოვაციის უნარ-ჩვევები;
. შემოქმედებითობა და გამომგონებლობა;
. კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა;
. კომუნიკაცია და თანამშრომლობითი სწავლა;
. საინფორმაციო, მედია- და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები;
. ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
. მედიაწიგნიერება;
. საინფორმაციო წიგნიერება;
. ტექნოლოგიური წიგნიერება;
. სასიცოცხლო და პროფესიული უნარ-ჩვევები;
. მოქნილობა და ადაპტაცია;
. ინიციატივა და დამოუკიდებლად მუშაობა;
. სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები;
. ცნობისმოყვარეობა და ფანტაზიის უნარი;
. პროდუქტულობა და ანგარიშვალდებულება;
. ლიდერობა და პასუხისმგებლობა.
ცხადია, მოსწავლეთათვის ამ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება XXI საუკუნის სწავლების პარადიგმაში მნიშვნელოვან გარდატეხას მოითხოვს. ამასთანვე, იცვლება მოლოდინები XXI საუკუნის მასწავლებლების მიმართ.
თანამედროვე განმანათლებლის მიმართ ძირითადად ორი ტიპის მოთხოვნები ჩნდება, რომლებიც უკავშირდება მის ზოგად თვისებებსა და პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ ორივე სახის მოთხოვნებს.
XXI საუკუნის განმანათლებელთათვის საჭირო ზოგად თვისებებს შორის უპირატესად ასახელებენ ადაპტირების, კომუნიკაციისა და წარმოსახვის უნარებს, სწავლებისადმი ინტერესს, აგრეთვე ლიდერობის, მოდელირების, თანამშრომლობის ჩვევებს და რისკისადმი მზაობას. პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების თვალსაზრისით კი თანამედროვე მასწავლებლებს მოეთხოვებათ XXI საუკუნის სწავლების მოდელების ცოდნა (XXI საუკუნის სწავლების მოდელების აღწერა იხილეთ ქვემოთ), ისევე როგორც სასწავლო გარემოსა და პროცესის (სტანდარტებისა და შეფასების, სასწავლო გეგმის და ა.შ.) განახლებული კრიტერიუმების ფლობა და პრაქტიკაში გამოყენება.
ზოგად თვისებებს შორის ადაპტირების უნარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ახალი სწავლების მეთოდების, სასწავლო გარემოს და მასალების, ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და ტექნოლოგიების გამოყენება არსებულ კონტექსტზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს. ასევე, მასწავლებელს ყოველთვის მზად უნდა ჰქონდეს გაკვეთილის სათადარიგო გეგმა. წარმოსახვის უნარის მეშვეობით მასწავლებელი განსაზღვრავს XXI საუკუნის სწავლების მოდელების, ახალი მეთოდისა თუ ტექნიკის, მასალის თუ ტექნოლოგიების გამოყენების პოტენციალს მიმდინარე მიზნების მისაღწევად და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას რომელიმე მათგანის არჩევის შესახებ.
თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები გულისხმობს თანამშრომლობითი/კოლაბორაციული ინსტრუმენტების ცოდნასა და გამოყენებას, ისევე, როგორც მოსწავლეების აზრის გაზიარებას, მათი ინტერესებისა თუ საჭიროებების მიხედვით პროცესების ადაპტირებას, მოსწავლეთა შეფასებების/კრიტიკის მიღებასა და გათვალისწინებას. რისკისადმი მზაობა გულისხმობს მოსწავლეთა შესაძლებლობების რწმენას და მათთვის მეტი თავისუფლების მიცემას, ისევე, როგორც პროფესიული განვითარების გზაზე რისკის გაწევას და ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობისას თავის გამოცდას. ვინაიდან XXI საუკუნეში მოსწავლეებისგან უწყვეტი სწავლისადმი მზაობას ველით, ბუნებრივია, მასწავლებლებს სწავლისადმი მუდმივი ინტერესის ჩვენება და სიახლეებისკენ სწრაფვა მოეთხოვებათ. კომუნიკაციის კომპეტენცია არა მხოლოდ კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, არამედ მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობის, კონტროლის და მართვის უნარებსაც მოიცავს. ლიდერის უნარ-ჩვევების გარეშე წარმოუდგენელია რაიმე სიახლის წარმატებით დანერგვა, მოულოდნელი სიტუაციების მართვა და განსაკუთრებით XXI საუკუნის ახალგაზრდა თაობისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალისტური მუშაობის სტილში თანამშრომლობითი ელემენტების შეტანა და საბოლოოდ _ თანამშრომლობითი სწავლის დამკვიდრება. დაბოლოს, თანამედროვე მასწავლებლისგან ველით ტოლერანტულობასა და თვითკრიტიკულობას.
აკადემიურ დონეზე, მასწავლებლისთვის სწავლების შემდეგი მოდელების ცოდნა და გამოყენებაა რეკომენდებული:
· აუთენტური სწავლება – რეალური პრობლემებისა და შეკითხვების განხილვა სწავლების პროცესში;
· მოდელირების მეთოდი – ფიზიკური და ვირტუალური მოდელების შექმნა საკითხის ზუსტი აღქმისა და გაგებისთვის;
· შინაგანი მოტივირების მეთოდი – სწავლისადმი პოზიტიური ემოციური კავშირების ინდენტიფიცირება და გამოყენება;
· მულტიმოდალური სწავლება – განსხვავებული სწავლის სტილის შესაბამისი სწავლების მეთოდების გამოყენება;
· სოციალური სწავლება – სოციალური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის ძალის გამოყენება სასწავლო შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
· საერთაშორისო სწავლება – მსოფლიოს გამოცდილების გაზიარება სწავლისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
ზემოთ სასწავლო პროცესისა და გარემოს განახლებული კრიტერიუმების ცოდნისა და გამოყენების აუცილებლობა ვახსენეთ. როგორია XXI საუკუნის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის საუკეთესო სასწავლო გარემო და რას მოიცავს თანამედროვე სასწავლო პროცესი? რა ცვლილებების შეტანა ევალება სასწავლო გარემოში XXI საუკუნის მასწავლებელს და რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს ის ამ ცვლილებების განსახორციელებლად?
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოგიდგენთ განსხვავებებს ტრადიციულ და თანამედროვე სასწავლო გარემოს შორის; ასევე, განვსაზღვრავთ მასწავლებლების კომპეტენციებს თითოეული მოთხოვნის შესაბამისად.

სასწავლო პროცესი/გარემო მე-20 საუკუნეში

სასწავლო პროცესი/გარემო XXI საუკუნეში

მასწავლებლის კომპეტენცია

დროზე ორიენტირებული

შედეგზე ორიენტირებული

 

დიფერენცირებული სწავლება

განმავითარებელი შეფასების ფორმები

ეფექტური მულტიმედიარესურსების იდენტიფიცირება

მთავარი მიზანი: ფაქტების დამახსოვრება

მთავარი მიზანი: ფაქტების დავიწყების შემდეგ რის გაკეთებას შეძლებენ
მოსწავლეები

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების სწავლება

პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების სწავლება

ბლუმის ტაქსონომიის ქვედა დონე – ცოდნა,
გაგება, გამოყენება

 

ბლუმის ტაქსონომიის ზედა დონე – სინთეზი, ანალიზი და შეფასება (თუმცა
მოიცავს ქვედა დონეზე მუშაობასაც)

საგნობრივი კომპეტენცია

კვლევისა და ანალიზის უნარ-ჩვევები

სახელმძღვანელოზე ორიენტირებული

კვლევაზე ორიენტირებული

კვლევითი ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა

პროექტებით სწავლების მეთოდიკა

პასიური სწავლა

აქტიური სწავლა 

შემოქმედებითი და ინოვაციური უნარ-ჩვევები

მულტიმედია რესურსების მოპოვების და გამოყენების უნარ-ჩვევები

მოსწავლე მუშაობს იზოლირებულად

მოსწავლეები თანამშრომლობენ თანაკლასელებთან და მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნის თანატოლებთან

თანატოლთა ურთიერთობების მართვა

მენტორობის, კონსულტირების და ლიდერობის უნარ-ჩვევები

მასწავლებელზე ორიენტირებული: მთელი ყურადღება
მასწავლებელზეა, იგია ინფორმაციის წყარო.

მოსწავლეზე ორიენტირებული: მასწავლებელს ფასილიტატორის/გზამკვლევის
როლი აკისრია.

დროის/სივრცის მართვა და განაწილება

მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა

მოსწავლის თავისუფლება შეზღუდულია

მოსწავლეს დიდი თავისუფლება აქვს 

მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების ცოდნა და გამოყენება

საავტორო უფლებების სწავლება

“დისციპლინის პრობლემები” – მასწავლებლები
არ ენდობიან მოსწავლეებს და პირიქით. მოსწავლეთა მოტივაცია დაბალია.

დისციპლინის პრობლემები არ არსებობს – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
შორის ორმხრივი პატივისცემაა; მოსწავლეთა მოტივაცია მაღალია.

კლასის მართვის პრევენციული მეთოდები

წახალისებაზე დაფუძნებული მოტივირების მეთოდები

დანაწევრებული სასწავლო გეგმა

ინტეგრირებული და ინტერდისციპლინური სასწავლო
გეგმა

კროსდიციპლინური სტანდარტების შემუშავება

სასწავლო პროფესიული გაერთიანებების ფასილიტაცია

საშუალო ნიშნის გამოყვანა

ნიშნები გამომდინარეობს ათვისებული ცოდნიდან.

შემაჯამებელი შეფასების მეთოდები

შეფასების შედეგების ანალიზი და მათი გამოყენება

დაბალი მოლოდინები

მაღალი მოლოდინები – ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა მოსწავლე მიაღწევს
წარმატებას.

 

მოლოდინების ზუსტად ჩამოყალიბება და გაზიარება

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება

მასწავლებელი არის მოსამართლე. სხვა ვერავინ
ხედავს მოსწავლის ნამუშევარს.

მიღებულია თვითშეფასების, თანატოლთა და სხვა ტიპის შეფასებების პრაქტიკა. 

შეფასების რუბრიკების შექმნა

ონლაინ და ტექნოლოგიური რესურსების გამოყენება შეფასების პროცესში

სასწავლო გეგმა არ შეესაბამება მოსწავლეთა
ინტერესებს.

სასწავლო გეგმა მოსწავლეების ინტერესებს, გამოცდილებას, ნიჭს და რეალურ
გარემო პირობებს ეფუძნება.

საჭიროებების მოკვლევის მეთოდიკა

წარმომადგელობითი ნიმუშის გამოყვანა

სასწავლო გეგმის შედგენა

ბეჭდვითი მასალები სწავლისა და შეფასების
ძირითადი წყაროა.

სწავლისა და შეფასების პროცესში გამოიყენება წარმოდგენები, პროექტები,
მედია საშუალებები

შემოქმედებითობის უნარ-ჩვევები

ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა და ორგანიზება

მოსწავლეთა მრავალფეროვნება უგულებელყოფილია.

სასწავლო პროგრამა და სწავლება ითვალისწინებს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას.

 

მრავალფეროვნების პოზიტიურად გამოყენება

კონფლიქტების მართვა და გადაჭრა

წიგნიერება განისაზღვრება წერა-კითხვისა
და მათემატიკის ცოდნით.

ისწავლება მრავალმხრივი წიგნიერება, რაც აუცილებელია XXI საუკუნის გლობალიზებულ
ერაში ცხოვრებისა და მუშაობისთვის.

ტექნოლოგიური და მედია წიგნიერება

ვიზუალური წიგნიერება

ბეჭდვითი წიგნიერება

სტანდარტიზებული ტესტების მოთხოვნა

სტანდარტიზებულ ტესტებთან ერთად გამოიყენება შეფასების სხვა ფორმები.

განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების ფორმების შედგენის, ადაპტირების
და გამოყენების ცოდნა

რა იწვევს მოზარდებში სტრესს

0
რა არის სტრესი და რა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე?
21-ე საუკუნეში, ალბათ, უკვე აღარ მოიძებნება ადამიანი, ვისაც სტრესი საკუთარ თავზე არ გამოუცდია. სწრაფად ცვალებად ინფორმაციულ გარემოში ყოველდღიურად იზრდება სტრესის გამომწვევი ფაქტორებისა და მისი გავლენით გამოწვეული ნეგატიური შედეგების რიცხვი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა განაპირობებს მის წარმოშობას.
სიტყვა “სტრესი” ინგლისურ ენაში ზეწოლას, დაძაბულობას ნიშნავს, ხოლო როგორც ტერმინი, ის მეცნიერებაში მოგვიანებით დამკვიდრდა. სტრესი პირველად კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ აღწერა და მას ზოგადადაპტაციური სინდრომი უწოდა. მისი განმარტებით, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ორგანიზმის დასუსტება და ორგანოთა სისტემების ფუნქციათა დარღვევა ახასიათებს. თანამედროვე განმარტებით, “სტრესი” იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტრესი ყოველთვის ნეგატიურ გავლენას არ ახდენს ორგანიზმზე. ხანმოკლე სტრესით გამოწვეული შედეგები, რომლებიც უმეტესად  ძლიერი პოზიტიური ემოციებით არის განპირობებული, დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და ხელს უწყობს მის მობილიზებასა და გააქტიურებას. ხანგრძლივი სტრესი კი, რომელიც კვირაობით, თვეობით ან წლობით გრძელდება, ადამიანის სასიცოცხლო ძალების გამოფიტვასა და ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევას იწვევს. ასეთ დროს სტრესის გამომწვევ ფაქტორებთან დამოუკიდებლად გამკლავება ორგანიზმს არ შეუძლია.
რატომ არის სტრესი განსაკუთრებული რისკის მატარებელი მოზარდობისას?
ნეგატიური სტრესფაქტორები განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის იმ მოზარდებს, რომლებიც ამ ასაკში ისედაც მაღალი მგრძნობელობითა და ემოციურობით გამოირჩევიან. მოზარდობის პერიოდში სტრესი უმეტესად იწვევს ისეთ მდგომარეობას, როგორიცაა დეპრესია, მომატებული აგრესია, შფოთვა, კვებისა და ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. ასევე, არ არის გამორიცხული, ის ყველაზე მძიმე შედეგის _ თვითმკვლელობის _ საფუძვლად იქცეს.

მოზარდობა ის ასაკია, რომელიც მოიცავს პერიოდს ბავშვობასა და სრულწლოვანებას შორის. მიუხედავად მისი სხვადასხვაგვარი განმარტებისა და მსჯელობისა, როდის იწყება და მთავრდება ეს ასაკი, მოზარდობა ემთხვევა პერიოდს, როდესაც ადამიანები განიცდიან სწრაფ ფიზიკურ ცვლილებებს, ვითარდებიან გონებრივად და თანდათან აღწევენ სრული სიმწიფის ასაკს. მოზარდობის პერიოდის თავისებურება მის განსაზღვრებებშიც აისახება: “გარდამავალი”, “კრიტიკული”. ამ პერიოდში ხდება ორგანიზმის სწრაფი ზრდა, ფიზიკური და სქესობრივი მომწიფება, მკვეთრი ცვლილებები მენტალურ სფეროსა და ცნობიერებაში, ურთიერთობასა და ღირებულებათა სისტემაში. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია ემოციური არამდგრადობა. მოზარდს შეიძლება ჰქონდეს მკვეთრი, აფექტური რეაქციები, როდესაც აკრიტიკებენ, რჩევას აძლევენ, აღნიშნავენ მის ნაკლს და უზღუდავენ თავისუფლებას. ეგზალტირებულ მდგომარეობას კი ზოგჯერ სწრაფად ცვლის დეპრესია და გულჩათხრობილობა.
სტატიაში განხილულია სტრესის გამომწვევი ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოზარდობის პერიოდისთვის არის აქტუალური. მათი გააზრება და გათვალისწინება მასწავლებელსა და მშობელს დაეხმარება, შეძლებისდაგვარად აარიდოს მოზარდი სტრესულ გარემოს და დროულად გაუწიოს სათანადო დახმარება.
მოზარდებში სტრესს ძირითადად შემდეგი ფაქტორები იწვევს:
ფიზიკური ფაქტორი
ფიზიკურ დონეზე სტრესს იწვევს ორგანიზმის სწრაფი ზრდა და სქესობრივი მომწიფება, რასაც თან ახლავს როგორც შინაგანი, ასევე გარეგნობის მკვეთრი ცვლილებები.

მოზარდ ასაკში ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საკუთარ გარეგნობას, მუდმივად ადარებს თავს სხვებსა და იდეალებს, მათ შორის აღმოჩენილი სხვაობა კი ხშირად ძნელად დასაძლევ პრობლემად, შფოთვისა და დეპრესიის მიზეზად იქცევა.

ამ პერიოდში მოზარდის ცვლილებებზე მშობლების, მასწავლებლებისა და თანატოლების რეაქციას, ასევე მათ მხარდაჭერასა და პრობლემების გაგებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს მათ, ადვილად მოახდინონ ადაპტაცია გარეგნობასა და ორგანიზმის ფუნქციონირებაში მომხდარ ცვლილებებთან.
კოგნიტური ფაქტორი
მოზარდობის პერიოდში ცვლილებები ხდება არა მარტო ფიზიკურ დონეზე, არამედ კოგნიტურ სფეროშიც. მარტივ სააზროვნო უნარებს ცვლის აბსტრაქტული და კრიტიკული აზროვნება. ამ დროს მოზარდი იწყებს მსჯელობას საკუთარ თავზე, სხვათა ქცევებზე, მორალურ ღირებულებებსა და ეთიკურ ნორმებზე. აქტუალური ხდება საკუთარი “მე”-ს სიცოცხლისუნარიანი კონცეპტის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორ აფასებს ადამიანი საკუთარ თავს, არჩეულ როლსა და სოციალურ სტატუსს.

ამ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უფროსების მხრიდან მოზარდის დადებითი და ადეკვატური შეფასება, პოზიტიური უკუკავშირი და მისი ღირსებების აღნიშვნა. ხშირი უარყოფითი შეფასება აკადემიური მიღწევების, შეხედულებებისა თუ საქციელის გამო მოზარდს ნეგატიურ ან/და გაურკვეველ თვითიდენტობას უყალიბებს, ეს კი შეიძლება სტრესის მიზეზად იქცეს. ასეთ დროს მოზარდი უკმაყოფილოა საკუთარი თავით, ეჭვის ქვეშ აყენებს თავის შესაძლებლობებს, აქვს არარეალიზებულობის, წარუმატებლობის განცდა. პრობლემებისგან თავის დასაღწევად მან შეიძლება მიმართოს ალკოჰოლს, ნარკოტიკულ საშუალებებს…
ოჯახური ფაქტორი
მოზარდ ასაკში ხშირად იჩენს თავს პრობლემა მშობლებთან ურთიერთობისას. კონფლიქტებს უმთავრესად დისკომუნიკაცია, ორი მხარის (აღმზრდელისა და აღსაზრდელის) განსხვავებული მოლოდინები და მოთხოვნები განაპირობებს. ერთი მხრივ, მოზარდები ცდილობენ, მოიპოვონ დამოუკიდებლობა, აპროტესტებენ კონტროლს, სიმკაცრესა და “ჭკუის დარიგებას”, უჩნდებათ სურვილი, აღიარონ მათი მოთხოვნილებები და პატივი სცენ მათ პიროვნებას, მეორე მხრივ კი მშობლებს უჭირთ, შეეგუონ შვილების ავტონომიურობისკენ სწრაფვას.
მოზარდმა მშობლების ზეწოლას შესაძლოა უხეშობით, სიჯიუტით, აგრესიით ან სხვა ნეგატიური ფორმით უპასუხოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის ინტერესებსა და ინიციატივებს უგულებელყოფენ. გამორიცხული არ არის, ასეთ დროს მოზარდი, პირიქით, დაითრგუნოს, გულჩათხრობილი გახდეს, თავის თავში ჩაიკეტოს.
ამ პერიოდში მშობლებმა, მოზარდისთვის სტრესის თავიდან ასაცილებლად, უნდა შექმნან თბილი და სიყვარულით სავსე გარემო, უნდა აგრძნობინონ მას მხარდაჭერა და აღიარონ მისი ინტერესები (საჭიროების შემთხვევაში აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე მიაღწიონ კონსენსუს). მშობლებმა უნდა იზრუნონ იმაზეც, რომ შვილი დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვონ. 
სკოლის ფაქტორი
 
სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ სკოლა მოზარდებისთვის სტრესის მნიშვნელოვანი წყაროა. იკვეთება ორი მიმართულება: სწავლის პროცესი და ურთიერთობები.

სწავლის პროცესთან დაკავშირებული ფაქტორებიდან აღსანიშნავია დიდი მოცულობის საშინაო დავალებები, რომელთა შესრულებაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს; არადამაკმაყოფილებელი აკადემიური შედეგები; მასწავლებლებისა და მშობლების მიერ გარკვეული სასჯელებისა და აკრძალვების დაწესება; შეფასებები, რომლებიც არ ეფუძნება პოზიტიურ უკუკავშირს და ხელს უწყობს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას; გამოცდების მომზადების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებში არ არიან დარწმუნებულნი; არასაკმარისი ინტერესი საგნის მიმართ; იძულებით სწავლა; ასევე _ მშობლებისა და მასწავლებლის მაღალი მოლოდინები მოზარდის მიმართ. 

რაც შეეხება ურთიერთობებს, მოზარდი ასაკი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოირჩევა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით, თვითდამკვიდრების, თვითგამოხატვის სურვილით და ა.შ. ასეთ დროს  განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჯანსაღი, პოზიტიური დამოკიდებულებებია როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე მოსწავლეებს შორის.
სოციალური ფაქტორები
მოზარდობა ის ასაკია, როდესაც საზოგადოებრივი გამოცდილების, ღირებულებების შეთვისებისა და პიროვნებად ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროს ადამიანი ინტენსიურად ეძებს მისაბაძ მოდელებს (მშობელი, მეგობარი, კინოს, სპორტის ან ესტრადის ვარსკვლავი, საყვარელი მასწავლებელი და ა.შ.). მას მოსწონს მათი შეხედულებები და ცხოვრების სტილი, მუდმივად ადარებს მათ საკუთარ თავს, რის საფუძველზეც ახდენს თვითშეფასებას.
მოზარდ ასაკში სოციალური სტრესის ფორმაცია მჭიდროდ უკავშირდება სწორედ სხვადასხვა რეალური თუ წარმოსახვითი სოციალური ჯგუფის, მათ შორის _ მისაბაძი მოდელების მოთხოვნებს, რომლებიც მოზარდს უამრავი განსხვავებული როლის შესრულებას სთავაზობენ. მოზარდმა უნდა შეძლოს ამ როლების ერთმანეთთან შეთავსება, საკუთარ თავთან იდენტიფიცირება და პიროვნული ჰარმონიის მიღწევა. ამ დროს სტრესის მიზეზი უმეტესად როლთა შორის კონფლიქტია, როდესაც როლები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და მოზარდის წინაშე აყენებს რთულ ამოცანას, შეითავსოს თუ უარყოს ისინი.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, არსებობს სტრესის გამომწვევი უამრავი მიზეზი: ოჯახური კონფლიქტები, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მუდმივად დაძაბული გარემო, კრიზისული სიტუაციები, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, გონებრივი გადატვირთვა და სხვა. აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც კვლევებმა აჩვენა, სტრესს ადამიანში უმეტესად იწვევს არა თვით მოვლენები, არამედ მათი აღქმა და შეფასება, მათდამი განწყობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოზარდს ჩამოუყალიბდეს საკუთარი თავისა და გარემოს პოზიტიური აღქმა, რაც მას სტრესის გამომწვევი მიზეზების სხვა კუთხით დანახვასა და უფრო იოლად დაძლევაში დაეხმარება.

სარკის მეტაფორა ანუ ნუ გაექცევით სარკეს და ნურც „სარკეში ჩარჩებით“

0
თქვენ სარკე ხართ

წარმოიდგინეთ, რომ სარკე ხართ… სულ… სულ სარკე… დადიხართ, როგორც სარკე, იღვიძებთ და იძინებთ, როგორც სარკე, მეგობარს ესაუბრებით, როგორც სარკე, ჩაის მიირთმევთ, როგორც სარკე…. წარმოიდგინეთ?.. სარკეში კი არ იყურებით – თავად ხართ სარკე… ანუ სხვები იყურებიან თქვენში, როგორც სარკეში… აირეკლავთ: ქუჩებს, სახლებს, პეიზაჟებს, ადამიანებს – მხიარულებს, მოწყენილებს, მოტირალებს, მოცინარებს… ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდებათ: სარკე კი ხართ, მაგრამ თქვენ თვითონ სად ხართ და რომელი? გამოდით, გამოდით, დაგინახეთ!.. თუმცა, ვერააა… ვერ დაგინახეთ, მაგრამ თქვენ ხომ ხართ და დადიხართ, როგორც სარკე… და საკუთარ თავსაც აირეკლავთ…

ვხედავ, ქუჩაში ვიღაც გაჩერებთ… მან არ იცის, რომ სარკე ხართ, ის დიდხანს გექაქანათ, გიყურათ (უყურა თავის თავს…), მერე რაღაცაზე გაბრაზდა და გაიქცა… თქვენ სარკე იყავით და რა უნდა გექნათ, ხომ ვერ გამოეკიდებოდით?.. ახლა მეორე… გიცინათ, გეფერათ, ბოლოს გაკოცათ და ბედნიერი დაგშორდათ… გაწვიმდა და თქვენ წვიმა აირეკლეთ… მერე წვიმა მზემ შთანთქა, გაგამშრალათ და ახლა მზე აენთო თქვენში. ჰო… ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როცა სარკე ხარ… ის ხდები, ვინც და რაც შენში იყურება… მიდის და მორჩა, მთავრდება… შენ სარკე ხარ და იმის ანარეკლს აღარ ინახავ, ვინც უკვე წავიდა, უკვე ჩაიარა… და რა იცვლება სარკისთვის?.. – რა ვიცი, მგონი, არც არაფერი… უბრალოდ, ყველაფერს აკვირდება… ყველაფრის მოწმეა და რჩება ისეთივე ნეიტრალური, როგორიც ეკრანი, რომელზეც ფილმი გადის…

სარკე ყოველთვის არის „აქ და ახლა” და იგი მხოლოდ იმას აირეკლავს, რაც მის წინაა… არასდროს არაფერზე რეაგირებს… არ აფასებს… ამ შემთხვევაში სარკე ნამდვილად არის ბრძენის მეტაფორა… მას არ აქვს არც წარსული, არც მომავალი… მას არ აქვს არჩევანი, რადგან არჩევანის მიღმაა… სიყვარულისა და სიძულვილის მიღმა, სიცილისა და ტირილის მიღმა… ის არ ბრაზობს, როცა მასში მკვლელი იხედება… ვერც პოეტს და კახპას განასხვავებს ერთმანეთისგან…

შეგიმჩნევიათ ალბათ, როცა წყლის ზედაპირი სარკისებურად ირეკლავს გარემოს – მზეს, ღრუბლებს, ადამიანებს, პეიზაჟს… ზოგჯერ გეჩვენება, რომ წყალია ასეთი კამკამა და სუფთა, როცა ლურჯი ცა აირეკლება…. ან მღვრიეა წყალი, როცა შავი ღრუბელია ცაზე… სინამდვილეში „სარკე – ეკრანი” უცვლელია, მხოლოდ ის იცვლება, რაც მასში „იხედება” და არავითარი კავშირი ბუნების ცვლილებას არ აქვს წყალთან…

ასეთივე ილუზიების წყაროდ შეიძლება იქცეს ჩვენი ეგო… ეგოს ემოციებს, რომლებიც ჩვენივე სულის სარკეში აირეკლება, არავითარი კავშირი არ აქვს სულთან… სული – ეკრანია, რომელიც მხოლოდ „აჩვენებს”, ის ყოველთვის ნეიტრალურია ემოციების მიმართ… ამიტომ არის ბრძენი ეგოს ემოციების მიღმა… სარკე – მასში არეკლილის მიღმა…
სილვია პლათის „სარკე”

სილვია პლათის „სარკე” ავტორის გაორებული ფსიქიკის ანარეკლია… ლექსის პირველ ნაწილში სარკე ღმერთის ოთხკუთხა და სამართლიანი თვალია, რომელიც, უბრალოდ, სიცარიელეა თავისთავად, თავისუფალი ყოველგვარი წინასწარი ზრახვებისაგან, მოტივებისაგან… ამიტომაც ის ყველაფერს ზუსტად აირეკლავს, გრძნობებს არ ამატებს: არც სიყვარულს, არც სიძულვილს… და მოულოდნელად „ღმერთის თვალს”, იმის გამო, რომ მოპირდაპირე კედელს დიდხანს უყურებდა, ეწყება მასთან იდენტიფიკაცია და საკუთარ ნაწილად განიცდის… თითქოს სარკეს ნელ-ნელა იპყრობენ საგნები და ის გარემო, რომელშიც არის…

შეიძლება ვთქვათ, რომ სარკე თავიდან პოეტის სულიერი მეა, რომელიც თანდათანობით მძიმდება… ივსება სიბნელით, სირთულეებით და სიმძიმით, როცა ქალის ეგო მას „დაისაკუთრებს”…
მე ვერცხლის ვარ და ზუსტი. არ მაქვს არავითარი წინასწარ აკვიატებული შეხედულება. ყველაფერს, რასაც ვხედავ, დაუყოვნებლივ ვყლაპავ
ისევე – სიყვარულით ან სიძულვილით დაუნისლავს.
მე არ ვარ სასტიკი; მხოლოდ სამართლიანი – 
თვალი პატარა ღმერთის, ოთხკუთხა.
დროის დიდ ნაწილს საპირისპირო კედელზე ფიქრში ვატარებ.
ის ვარდისფერია, დაწინწკლული. მას ისე დიდხანს ვუცქერდი,
რომ ვფიქრობ – ჩემი გულის ნაწილია, ოღონდ ციმციმებს.
სახეები და წყვიადი უფრო და უფრო გვაშორებენ ერთმანეთს.
ქალის ნარცისული დამოკიდებულება სარკის მიმართ ძლიერდება და იზრდება ცრემლების ტბა… სარკე კვლავ „სპიკერია” და აგრძელებს მონოლოგს… ახლა ის ღმერთის თვალი კი არა, დასაზღვრული „ჩარჩოა”, რომლის ზედაპირზე ქალი იხრჩობა… წარმავლობის ნისლმა ქალში გოგონა ჩაკლა და ახლა მორევივით ითრევს მოხუცი – საზარელი თევზი…

კრიტიკოსი ჯო ჰილი სილვია პლათის ამ ლექსზე წერდა: „სარკე ფაქტობრივად დომინირებს და აყალიბებს ქალის სამყაროს… ის არა მარტო აირეკლავს, რასაც ხედავს, არამედ ჩვენი გაგებისთვის შესაფერის სახეებს ქმნის…. მეორე სტროფი მნიშვნელოვანია, აქ ვლინდება ქალის მოთხოვნილება სარკეზე… საბოლოოდ, ლექსი ძალიან სევდიანია და, შეიძლება ითქვას, მწარეც…”
ახლა მე ტბა ვარ. ქალი იხრება ჩემს თავზე,
ეძებს ჩემს საზღვრებში იმას, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს.
შემდეგ უბრუნდება იმ მატყუარებს – სანთლებს ან მთვარეს.
მე ვხედავ მის ზურგს და ზუსტად ვირეკლავ.
ის მაჯადოებს ცრემლებით და ხელების მღელვარებით.
მე მისთვის მნიშვნელოვანი ვარ. ის მოდის და მტოვებს.
ყოველი დილა მისი სახეა, რომელიც სიბნელეს ენაცვლება.
მან ჩემში გოგონა ჩაახრჩო და მოხუცი 
დღითი დღე მისკენ მიიწევს, როგორც საზარელი თევზი.
(თარგმნა ქეთი გზირიშვილმა)
სარკე – ცნობიერება, ეგო

მხოლოდ ბრძენის მეტაფორა არ არის სარკე, რა თქმა უნდა… ეს მისი მხოლოდ ერთი ასპექტია. სარკე შეიძლება იყოს ნარცისის მეტაფორაც, თუ გავიხსენებთ ბერძნული მითის ყველაზე პოპულარულ ვერსიას: ჭაბუკმა ნარცისმა უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც იგი ღმერთებმა დასაჯეს – ისე შეაყვარეს საკუთარი თავი წყლის სარკეში, რომ თვალი ვეღარ მოსწყვიტა მას და გაუზიარებელი სიყვარულისგან მალევე მოკვდა. ნარცისის სხეული ყვავილად იქცა. ამიტომ „ნარცისი” გადატანითი მნიშვნელობით საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებულ ადამიანს ნიშნავს.

ბათუ დანელიას ერთ ლექსში – „პოეტი და სარკე” – ავტორი სწორედ პოეტური ნარცისიზმის საშიშროებაზე გველაპარაკება. ის აფრთხილებს პოეტებს, ნუ ჩაიხედავენ სარკეში, რადგან სარკეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს: სარკემ აირეკლოს ილუზიები, თავად პოეტი კი შეუცნობლის ნისლში დატოვოს… როგორც ჩანს, პოეტმა „სარკეში ჩაიხედა”, რაკი ამ ამბებს გვიყვება… ამ შემთხვევაში ლექსი ლირიკული ავტორისა და ავტორის დიალოგი უფროა… ლირიკული ავტორი არაცნობიერიდან გველაპარაკება, მან ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს… ის არ არის სარკე, ის გვესაუბრება სარკის საფრთხეზე, ამ დროს ის თავადაც ნაწილობრივ სარკეა…
პოეტებს სარკეში ჩახედვას არ ვურჩევ,
რადგან პოეტისთვის ზოგჯერ სარკეში 
შეიძლება მზე ამოვიდეს, მთვარე ჩავიდეს
თავად კი – არ გამოჩნდეს,
ღრუბლით დაფარული…
სარკეში შეიძლება წინწყარო ჩამოიაროთ
და წინ ლამაზი ქალი კი არა –
ყივჩაღი შემოგხვდეთ.
სარკეში შეიძლება ნერონმა
თავისი ლექსები წაგაკითხოთ
და თქვენს ხელნაწერებს ხანძარი გაუჩნდეს…
სარკეში შეიძლება გადაყვარებული
ქალი აყვავდეს
და მისი ყვავილების სურნელი შემოგეფრქვათ.
სარკეში შეიძლება…
მოკლედ, ბევრი რამ შეიძლება სარკეში ნახოთ,
პოეტად თუ ხართ დაბადებული…
ლირიკული სუბიექტი წერს, რომ, ერთი მხრივ, პოეტმა სარკეში არ უნდა ჩაიხედოს და, მეორე მხრივ, „ბევრი რამ შეიძლება სარკეში ნახოთ, პოეტად თუ ხართ დაბადებული”.

ერთი შეხედვით, სრულიად საპირისპირო მოსაზრებებია… თუმცა, სტრიქონების პათოსს თუ გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ პოეტი-სარკე ლაპარაკობს სარკის ცრუ ეფექტებზეც და იმაზეც, რომ ყველაფერი, რაც სარკეში ხდება, პოეტის ფანტაზიის ნაყოფია და ვინც ასე ვერ ხედავს, ვინც პოეტად არ არის დაბადებული და პოეტობს, სარკეში მხოლოდ საკუთარ ეგოს დაინახავს… ამ შემთხვევაში კი, ის, უბრალოდ, ნარცისია და პოეზიასაც და სარკესაც უნდა შეეშვას…
მაგრამ პოეტად თუ არა ხართ დაბადებული,
სარკეში ყოველთვის გამოჩნდებით თქვენ,
საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი,
პირს გაიპარსავთ,
თმას დაივარცხნით,
ჰალსტუხს გაიკეთებთ და…
ერთი სიტყვით, სარკეში თქვენი თავის გარდა
არავის და არაფერს დაინახავთ,
რაც იმას ნიშნავს,
რომ პოეტად არ გაჩენილხართ,
და თუ ამის გაგება არ გსურთ, –
სარკეში ნუ ჩაიხედავთ!..
როგორც ბათუ დანელიას ამ ლექსიდან ჩანს, სარკე პოეტისთვის საფრთხის შემცველია, ის რეალობას ანახვებს ავტორს და ამიტომ აფრთხილებს: უმჯობესია, თუ არ ჩაიხედავენ სარკეში პოეტები – რა იცი, იქ რას გადაეყრებიან – ფანტაზიების ქარავანს თუ საკუთარ „ჰალსტუხიან” თავს…

ამ ლექსის კონტექსტზე თუ შევთანხმდებით, რომ სარკე ცნობიერებაა და მასში ჩახედვა – საკუთარ თავთან შეხვედრა (ასეთი ან ისეთი), პოეტის, ერთი შეხედვით, ბრაზმორეული რჩევა: „სარკეში ნუ ჩაიხედავთ!” – მაინცდამაინც იმპერატიულად არ უნდა მიიღოს მკითხველმა.

როგორ გადავირჩინოთ ყურთასმენა (ნაწილი I)

0
პრობლემა, რომელზეც მსურს გესაუბროთ, საყოველთაოა – ხმაური. ყოველდღიური ხმაური, რომელსაც შევეჩვიეთ და ვეღარ ვამჩნევთ, ვერაგულად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მის წინააღმდეგ ორგანიზმი პრაქტიკულად დაუცველია.
ადამიანები მუდამ ცხოვრობდნენ ბგერების სამყაროში. ჯერ კიდევ შუმერები ყოველგვარი კვლევის გარეშე მივიდნენ დასკვნამდე, რომ გარემოს ხმაურით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად აეკრძალათ ქალაქში იარაღის დამამზადებელი სახელოსნოების არსებობა და ისინი ქალაქგარეთ გადაეტანათ. თითქმის 2000 წლის წინ იულიუს კეისარმა აკრძალა რომში ღამის საათებში საომარი ეტლების მოძრაობა, სხვა ქალაქებში კი ქვაფენილზე ჩალას აფენდნენ მათი ყურისწამღები ხმის ჩასახშობად. მიუხედავად ჩემი მაღალი ესთეტიკური გემოვნებისა, ქალაქის მოწყობის შემთხვევაში არც მე შევწირავდი ჩვენი საზოგადოების ფსიქიკურ ჯანმრთელობას მანქანების მოძრაობით გამოწვეულ გუგუნს და არ ვანაცვალებდი მას ქვაფენილით მოპირკეთებული ქუჩების ცქერით მიღებულ სიამოვნებას.
ინდუსტრიის განვითარებამ თანდათან გადაფარა ბუნებრივი ხმოვანება. ხანგრძლივი ხმაური უარყოფითად აისახება სმენის ორგანოზე და ამცირებს მგრძნობელობას ბგერის მიმართ. ბგერითი ტალღების მუდმივი, მკვეთრი დარტყმების გამო დაფის აპკი ფართო ამპლიტუდით ირხევა, ამიტომ იგი თანდათან კარგავს ელასტიკურობას და ადამიანს სმენა უჩლუნგდება. მაღალია საწარმოებში ხმაურის დონე. არანაკლები ხმაურია ჩვენს სახლებშიც, სადაც სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვიყენებთ. ეს ყველაფერი ერთად კი ჩვენი ნერვული სისტემის გადაძაბვასა და ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს.

როგორც ვიცით, სმენის ორგანოს მეშვეობით ბგერითი რხევები ნერვულ იმპულსებად გარდაიქმნება. ისინი გვანიშნებენ, რა ხდება გარშემო. სმენის შესუსტება ან დაკარგვა შესაძლოა დაკავშირებული იყოს შიგნითა ყურში ბგერითი რხევების გადაცემის დარღვევასთან, რეცეპტორების დაზიანებასთან ან სასმენი ნერვით თავის ტვინის ქერქის სმენის ზონაში ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევასთან.
ჩვენი სმენის ორგანო სამი ნაწილისგან: გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან – შედგება. ყურადღების გამახვილებას შიგნითა ყურის ლოკოკინას ნაწილზე – კორტის ორგანოზე ვაპირებ, რომელიც სმენის რეცეპტორებს შეიცავს. მათ ზედაპირზე მრავალრიცხოვანი სასმენი ბეწვია (ბეწვიანი სენსორული უჯრედები), რომლე­ბიც ბგერითი გაღიზიანების შეგრძნებაში მონაწილეობს. ბგერითი ტალღების ზემოქმედებით ბეწვიანი უჯრედები ირხევა. ეს რხევები, თავის მხრივ, აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს; აქ წარმოშობილი იმპულსები თავის ტვინის ქერქის სმენის ზონაში შედის, სადაც ხდება მათი აღქმა და გაანალიზება.
შიგნითა ყურში დაახლოებით 20-25 ათასი ბეწვიანი უჯრედია. ყველა მათგანის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი მდუმარების სამყაროში ხვდება – ყრუვდება. ეს მგრძნობიარე უჯრედები ასაკთან ერთად ზიანდება და კვდება იმის გამო, რომ ვბერდებით, ვიღებთ ტოქსიკურ სამკურნალო პრეპარატებს, ვიმყოფებით ხმაურიან გარემოში, ვუსმენთ ხმამაღალ მუსიკას და დაახლოებით 70 წლისთვის მოსახლეობის მესამედი სმენის საგრძნობ დაქვეითებას განიცდის. სამწუხაროდ, დაზიანებული უჯრედების აღდგენა სამედიცინო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებშიც კი ვერ ხერხდება.
მართალია, ხმაურის მართვა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მონდომების შემთხვევაში შეგვიძლია, ოდნავ მაინც ჩავახშოთ გარე სამყაროს ხმაური.

მოდი, ბგერითი ტალღის ძირითადი პარამეტრები გავიხსენოთ. ესენია: წნევა, ინტენსივობა, ტალღის სიგრძე, გავრცელების სიჩქარე, რხევის სიხშირე და სიმაღლე.

სასმენ ორგანოზე ხმამაღალი ბგერების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად იწყება პროცესი, სახელად ტინიტუსი. ეს სიმპტომია და არა დაავადება, მაგრამ, როგორც სიმპტომი, სხვადასხვა დაავადებას ახლავს თან. ტინიტუსი იმით გამოიხატება, რომ ადამიანს „ესმის” ფანტომური ბგერები, რომლებიც სხეულის შიგნით წარმოიშობა და არა გარეთ. ტინიტუსის ეფექტი უფრო შემაწუხებელია წყნარ გარემოში, რადგან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ვერ ხერხდება. ამ ხმაურს ფოთლების შრიალსაც ამსგავსებენ, ზღვის ტალღების ხმასაც, ჭრიჭინას ჭრიჭინსაც… მისი ხანგრძლივობაც სხვადასხვანაირია: ზოგჯერ ხანმოკლეა, ზოგჯერ – ხანგრძლივი, ზოგჯერ კი მუდმივი. არსებობს გადაღლის ტინიტუსიც, რომელიც ფუნქციური ხასიათისაა. ტინიტუსი გვხვდება ყველა ასაკში. სასმენი სისტემა განსაზღვრულ გარემოში თვითონვე ახდენს ფანტომური ბგერების გენერირებას, ანუ სასმენი ნეირონები მაღალი აქტივობის მდგომარეობაში იმყოფებიან და ტვინს არარსებული ბგერების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. ყურებში ხმაური ირიბად მიგვანიშნებს ნერვული სისტემის მდგომარეობის გაუარესებაზე. სტრესი ტინიტუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის მიერ ყურის მოჭრისა და მისი დიაგნოზის შესახებ უამრავი ვერსია არსებობს. 1979 წელს პირველად გაჩნდა მოსაზრება მხატვრის მენიერით დაავადების შესახებ. ამ დაავადების დროს, როგორც წესი, თავს იჩენს ძლიერი თავბრუხვევა და გაუსაძლისი ხმაური ყურებში (ტინიტუსი). ამით ხსნიან ექიმები და ბიოგრაფები ვინსენტის მიერ ყურის მოკვეთას ნერვული აფეთქების ფონზე.

ვან გოგის „სკამი”, ნახატის მთავარი პერსონაჟი. არაცოცხალი, როგორც ცოცხალის სიმბოლო. მატერიალურ სამყაროში დატოვებული კვალი. ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ „მხატვრის სიცოცხლე მის სურათებში გაგრძელდება”.
სმენის პრობლემა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს 28 წლიდან შეექმნა, 45 წლის ასაკში კი, 1815 წლის შემოდგომაზე, სრულიად დაკარგა ყურთასმენა. ვერსია აქაც უამრავია. ერთ-ერთ წერილში ლუდვიგი წერს: „ყურებში დღედაღამ უწყვეტად ჩამესმის ხმაური და გუგუნი”. ბეთჰოვენმა თავისი საუკეთესო ნაწარმოებები დაქვეითებული სმენისა (1814 წლამდე) და სრული სიყრუის (1814-16 წლიდან) პერიოდებში შექმნა. ესენია: მე-14 სონატა cis-moll („მთვარის სონატა”), მე-3 სიმფონია Es-dur op. 55 („გმირული”), მოგვიანებით – სონატები 21-ე (C-dur Op. 53, „ავრორა”) და 23-ე (f-moll, Op.57, „აპასიონატა”), ოპერა „ფიდელიო” (Op.72), მე-5 სიმფონია (c-moll, Op.67), ხოლო გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, სრულიად ყრუმ – თავისი შემოქმედების მწვერვალი, გენიალური მე-9 სიმფონია – D-moll op. 125.

მკურნალი ექიმი მარაჟი წერს: „ბეთჰოვენს ყურის ამნეზია რომ ჰქონოდა, ანუ ჩაძირული ყოფილიყო „სმენით ღამეში”, სავარაუდოდ, ის 1801 წლიდან ვერც ერთ ნაწარმოებს ვერ დაწერდა, მაგრამ მისი ლაბირინთული წარმოშობის სიყრუე იმ განსაკუთრებულობას წარმოადგენდა, რაც მის სასმენ ცენტრებს მუდმივად აქტიურ, აღზნებულ მდგომარეობაში ამყოფებდა”.

ადამიანებს, რომლებსაც ლაბირინთი აქვთ დაავადებული, არცთუ იშვიათად ესმით მუსიკა, თუმცა ვერ იმახსოვრებენ მას, შესაბამისად, არც გამეორება შეუძლიათ. კომპოზიტორს კი ჯაჭვური მეხსიერება ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა, მუსიკა წარმოსახვით დაემახსოვრებინა. ბეთჰოვენმა ტრაგიკული სიტუაციიდან ნაწილობრივ იპოვა გამოსავალი – „ტვინში დაწერილი” მუსიკის გამეორებას ფორტეპიანოზე სპეციალური “რეზონატორით” ახერხებდა. ბგერების ამოსაცნობად სადირიჟორო ჯოხის ერთ ბოლოს კბილებით იჭერდა, ხოლო მეორეს ფორტეპიანოს თავსახურის ქვეშ ათავსებდა. საკრავის კორპუსიდან ბგერები ჯოხის გავლით კბილებს გადაეცემოდა, კბილებიდან – ყბას და შემდეგ – თავის ქალას ძვლებს, ქალას ძვლებიდან კი ბგერითი რხევები შუა ყურში ვიბრირებდა. 

მე-9 სიმფონია D-moll op. 125. ფინალი. სადირიჟორო პულტთანაა ლეონარდ სლატკინი

„ოდა სიხარულს” (მე-9 სიმფონიიდან). ასრულებს დევიდ გარეტი

„ოდა სიხარულს” Peter Sarik Trio-ს შესრულებით

ჩვენი
სასმენი ორგანო განუწყვეტლივ მუშაობს, ხოლო ისვენებს მხოლოდ უვნებელი ფონური ხმაურის
პირობებში. საინტერესოა, რომ თუ ადამიანთა უმეტესობა ხმაურისგან იზოლირებულ, აბსოლუტურად
ჩუმ გარემოში აღმოჩნდა, იდეალური სიჩუმის მიუხედავად, მისი სასმენი ორგანო ხმაურს მაინც
გაიგონებს. ყურის თვისებაა, მისი მგრძნობელობა იქამდე გამახვილდეს, სანამ არ მოიპოვებს
რაიმე სიგნალს. ასე რომ, ჩვენი ზემგრძნობიარე სმენა შინაგანი ნერვული ინფორმაციის,
ტვინის ხმაურის შემგროვებელია. გამოდის, რომ იდეალური სიჩუმის გარემოში სმენა ტვინის
ხმაურსღა ეჭიდება. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა
სიმშვიდის მდგომარეობაშიც კი „მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია”. საგანგებო მდგომარეობაში
მყოფი ჩვენი არაცნობიერი მაშინაც კი რეაგირებს საფრთხეზე, როცა დარწმუნებულნი ვართ,
რომ არაფერი გვემუქრება.

ადრენალინი ჰორმონია, რომელსაც ნერვული სისტემა ამ მდგომარეობამდე
მიჰყავს. ის ჩვენს ყურთასმენას ზეფრთხილს ხდის.
სწორედ ადრენალინის მაღალი დონე მიანიშნებს საგანგებო მდგომარეობაზე, როცა გული სწრაფად
იწყებს ფეთქვას, მოთხოვნა ჟანგბადზე იმატებს და გრძნობები ყურებში ხმაურის წარმოქმნამდეც
კი იძაბება. ასეთი ადრენალინ-სტრესული რეაქცია გადარჩენის მექანიზმის მნიშვნელოვანი
ელემენტია. ის ჩვენს ნერვულ სისტემაშია ფორმირებული. საფრთხის შემთხვევაში არ გვცალია
იმაზე ფიქრისთვის, როგორ მოვიქცეთ – ავტომატურად გადავდივართ ავარიულ რეჟიმში და ვრთავთ
ე.წ. „ბრძოლის ან გაქცევის” რეაქციას. ყურებში ხმაური სწორედ ამგვარ რეაქციასთან არის
დაკავშირებული. თუ შევძელით ადრენალინის დონის დაწევა, ხმაურის შემცირებასაც შევძლებთ.
ყურებში ხმაური გვამცნობს, რომ ნერვული სისტემა ძალზე აღგზნებულია, ე.ი. რაღაც მიზეზით
ჩვენში განგაშის ზარი რეკავს. აღმოვფხვრათ მიზეზი და ზარიც შეწყვეტს რეკვას. დავმშვიდდეთ.

საკუთარი სილვია

0
რაც მაისი დაიწყო, უფრო ხშირად ვფიქრობ სილვია პლათზე, ვიდრე ოდესმე. გარდა მისდამი უსაზღვრო და განსაკუთრებული სიყვარულისა, ყველაფერი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ბრალია, რომლებმაც  პროექტ “Art Weekend”-ის ფარგლებში ჩემს საყვარელ პოეტზე ლექციის წაკითხვა მთხოვეს. მე თუ მკითხავთ, დიდი ვერაფერი ლექტორი ვარ, უფრო სწორად, ლექტორობა არასოდეს მიცდია და ალბათ დიდი დრო გაივლის, სანამ სტუდენტებისთვის რაიმეს მოყოლას გადავწყვეტ, მაგრამ არსებობენ ავტორები, რომლებიც განდომებენ, მათი წიგნები ეგოისტურად გულში ჩახუტებული კი არ ატარო, სხვებსაც უამბო მათ შესახებ. ეტყობა, გამბედაობაც დიდ სიყვარულს მოაქვს, თორემ აუდიტორიის წინაშე ლაპარაკი კი არა, მგონი, პლათზე პოსტის დაწერაც თავხედობას ჰგავს ჩემი მხრიდან.
კონფესიონალისტი პოეტი სილვია პლათი 1932 წლის 27 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონში დაიბადა. ადრეულ ასაკში მამის გარდაცვალებამ და დედასთან არც ისე ჰარმონიულმა ურთიერთობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ცხოვრებაზე. ჭკვიანი და წარმატებული, თუმცა შინაგანი წინააღმდეგობითა და პრობლემებით სავსე სილვია, რომელიც მუდმივად დიდ და ერთადერთ სიყვარულს ეძებდა, ცოლად ბრიტანელ პოეტს, ტედ ჰიუზს გაჰყვა. მათი კავშირი და თანაცხოვრება ტრაგიზმით და უცნაური ვნებებით იყო სავსე. ერთი მხრივ, ჰიუზი სწორედ ის კაცი იყო, ვის გვერდითაც სილვიას ბედნიერებაც უნდა ეპოვა და სრულყოფილებისაკენ მუდმივი სწრაფვა დაეკმაყოფილებინა, თუმცა ბავშვობის ტრავმებს, დეპრესიისადმი მიდრეკილებას და ცხოვრებისადმი სრულიად თავისებურ მიდგომას ქმრის ღალატი და რთული ოჯახური ცხოვრება დაერთო, რამაც სილვია პლათი ტრაგიკულ აღსასრულამდე მიიყვანა. მან 1963 წლის 11 თებერვალს მძინარე შვილებს საუზმე გაუმზადა და თავი მოიკლა. 
ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ თვითმკვლელობის გარეშე პლათი ვერ იქნებოდა ისეთი პოპულარული, როგორიც დღესაა, რასაც ბოლომდე ვერ დავეთანხმები. რა თქმა უნდა, მის შემოქმედებას, ადრე თუ გვიან, თვითმკვლელობის გარეშეც აუცილებლად აღმოაჩენდნენ და პულიცერის პრემიასაც აუცილებლად გადასცემდნენ, თუმცა ტრაგიკულმა ისტორიამ საზოგადოებას სხვა თვალით წააკითხა მისი პოეტური კრებულები: „კოლოსი” (1960), „არიელი” (1965) და რომანი „ზარხუფი” (1963). შემოქმედებამ, აზროვნებამ, ქალის როლზე თამამმა შეხედულებებმა, ქმრის ჩრდილში გატარებულმა წლებმა, ნიჭმა, რომელიც თავის დროზე სათანადოდ მაინც ვერ დაფასდა, ათასობით ქალისა და გოგონასათვის სილვია პლათი საკულტო ავტორად აქცია.  

ყველა ურთიერთობას თავისი ეტაპები აქვს. ჩემი და სილვიას, ორი სხვადასხვა დროსა და ადგილას დაბადებული, მაგრამ ასაკით თითქოს მაინც თანატოლი გოგოს, არარეალურმა ურთიერთობამაც გაიარა რამდენიმე სტადია. 
ჯერ ლექსები წავიკითხე, შემდეგ „ზარხუფი”, პლათის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი, სადაც ავტორი თავის შიშებზე, სურვილებზე, ეჭვებზე, პასუხგაუცემელ კითხვებზე, თვითმკვლელობის მცდელობასა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობაზე ჰყვება. მახსოვს, იტალიისკენ მიმავალ გემზე, იატაკზე ვიჯექი და ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რომ მანამდე არასოდეს წამეკითხა ასეთი წიგნი, წიგნი, რომლის ავტორობას მე თვითონაც ვისურვებდი.
მოგვიანებით, მისი ცხოვრების კარგად შესწავლის შემდეგ სილვია პლათის მიმართ შიში გამიჩნდა. თავს ვარიდებდი მისი ჩანაწერების მოსმენას, მისი ცხოვრების შესახებ კითხვას, რამდენიმე ლექსის თარგმნაც ვცადე, მაგრამ ამაოდ. დიახ, მას აქვს უნარი – მიგიზიდოს, გავლენა იქონიოს შენს ცხოვრებაზე და დაგაჯეროს, რომ ჯადოქრობის გარეშეც შესაძლებელია სხვა ადამიანის გონებაში შეღწევა.
ბოლოს კი ინტერნეტში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი მის ფოტოს – სილვია პლაჟზე წევს, თეთრი საცურაო კოსტუმი აცვია და მზეს ეფიცხება. უეცრად, ერთი ხელის მოსმით გაქრა ჩემი შიშებიც და მისი, როგორც მხოლოდ გენიალური ავტორის აღქმაც. იმ ერთადერთი ფოტოს წყალობით პლათი ჩემს თვალში სულ სხვა, ჩვეულებრივ გოგოდ იქცა, რომელიც პლაჟზე ირუჯებოდა, წვეულებებზე დადიოდა, უყვარდა, ეჭვიანობდა, გოგოდ, რომელთანაც ალბათ სიამოვნებით ვიმეგობრებდი, ჩვენი რეალობა ერთმანეთს რომ არ ასცდენოდა, რომელსაც სიამოვნებით ვეტყოდი, რომ მასავით არც მე მიყვარდა სკოლაში სწავლის პერიოდში ფიზიკა და საკუთარი წარმატებები ყველა ასაკში მიხუთავდა სულს.   
მე არასოდეს შემხვედრია სილვია პლათის მიმართ შუალედური დამოკიდებულების მქონე ადამიანი. ის ან ძალიან უყვართ, ან საერთოდ არ აღიარებენ.

დღეს, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მისი სახელი დიდი პოპულარობით სარგებლობს, წიგნები მთელ მსოფლიოში იყიდება, მის შესახებ ფილმიც გადაიღეს, ერთი სიტყვით, როგორც სილვია პლათისა და ტედ ჰიუზის ქალიშვილი, ფრიდა, დედისადმი მიძღვნილ ლექსში წერს, სილვია  თანამედროვე სამყაროში თვითმკვლელ თოჯინად აქციეს.
ვისთვის – საყვარელი პოეტი, ვისთვის – ტედ ჰიუზის ცოლი, ვისთვის – ქალი, რომელმაც თქვა ის, რისი თქმაც ადვილი არ იყო, ვისთვის – შეშლილი, რომელსაც ელექტროშოკით მკურნალობდნენ, ვისთვის – თვითმკვლელი, ვისი ნაწერების წაკითხვასაც არ აპირებს, სილვია პლათი ჩემი შორეული მეგობარია, გოგო, რომელიც ოკეანის პირას პლაჟზე წევს და მზეს ეფიცხება. 

წონა

0
თბილისიდან ბათუმში სამი მივდივართ. სამი გოგო. ექვსსაათიანი გზის უმტკივნეულოდ გადასატანად სამივეს ჩვენ-ჩვენი გასართობი გვაქვს: ლეპტოპში ჩაწერილი სერიალები, მსუბუქი ლიტერატურა, სათამაშო აპლიკაციები და მობილური ინტერნეტი. სამიდან ერთი დიეტაზეა, სამიდან ორი ვარჯიშობს და სამიდან სამივეს გვაქვს ჭარბ წონასთან ბრძოლის საკუთარი, მეტ-ნაკლებად დრამატული გამოცდილება.

გერმანელი ფსიქოლოგის წიგნს ვკითხულობ გოგონების პრობლემებსა და მათი უმტკივნეულოდ მოგვარების გზებზე და სავსებით ვეთანხმები ავტორს იმაში, რომ არ არსებობს მზა რეცეპტები ადამიანებთან, მოსწავლეებთან, შვილებთან, მეგობრებთან ურთიერთობისთვის, ყველა ადამიანი და შემთხვევა განსაკუთრებულია, უბრალოდ, დაკვირვებისა და განზოგადების უნარი გვეხმარება კონკრეტული შემთხვევებისთვის სწორი გზების პოვნაში. ასეთი წიგნებიც ამ უნარის გამომუშავებას უწყობს ხელს. რაც ყველაზე მეტად მომწონს ავტორისა, ის არის, რომ ყველა წინადადებას ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ყველა ფრაზის უკან კონკრეტული მაგალითი დგას და, რაც მთავარია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კლიშეებსა და ტენდენციებს, რომლებიც გოგონებს ქცევის გარკვეულ მოდელს გვთავაზობს.

მაგალითად, სტერეოტიპი, რომ გოგონა აუცილებლად ბეჯითად უნდა სწავლობდეს, არ ცელქობდეს, არ ბრაზდებოდეს, მეტად თავაზიანი იყოს, ვიდრე საპირისპირო სქესის თანატოლი, შესაძლოა, ერთი შეხედვით – არაფერი, მაგრამ ყოველდღიურობაში თითქმის ყველა გოგონაზე გამაღიზიანებლად მოქმედებს. როგორია, ვიღაც შენს ტოლს, გვერდით მცხოვრებს, აქვს რამის უფლება, შენ – არა; მან შეიძლება ითამაშოს ფეხბურთი, შენთვის ეს ნაკლებ რელევანტურია; მან შეიძლება თქვას “ცუდი სიტყვა” გაბრაზებისას, შენ თავაზიანი ღიმილით უნდა გაერიდო კონფლიქტს; მას შეუძლია, გვიანობამდე დარჩეს გარეთ მეგობრებთან ერთად, შენგან ეს ულამაზო საქციელია; მისი სიყვარულის ისტორიები ისეთი თავგადასავლებია, ყურადღების გამახვილებად რომ არ ღირს, სამაგიეროდ, შენ ვინ მოგწონს და ვის მოსწონხარ, ყველას აინტერესებს, ყველა სერიოზულად განიხილავს და მეტიც, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, იკითხავენ, დასრულდება თუ არა ქორწინებით ეს სეირნობები.

მახსოვს, ჩემი სკოლის ეზოს კუთხეში დიდი ნეკერჩხალი იდგა. სიცხეში ჩრდილს ჰფენდა, შემოდგომაზე ხრაშახრუშით სცვიოდა დიდი ფერადი ფოთლები. იმ კუთხეში ეზოს გალავანზე ჯდომა და იქიდან, ერთი მხრივ – სკოლის ეზოში, მეორე მხრივ კი ქუჩაში მოსიარულეთა თვალიერება ყველაზე მაგარი საქმიანობა იყო, რისთვისაც შეიძლება გაცდენილი გაკვეთილები ან შესვენებები გამოგეყენებინა, მაგრამ ვინ გაცდიდა – ისმოდა დაუსრულებლად: “გოგოს აქ რა უნდა”, “აბა, ეს რა საქციელია” და ასე შემდეგ. სწორედ ამ გოგოსთვის განსაზღვრული ადგილებისა და საქმიანობების შესახებ წერს ელიზაბეტ რაფაუფი “გოგონების წიგნში” და ამტკიცებს, რომ გოგონებს მეტად სტრესული ცხოვრება აქვთ, ვიდრე ბიჭებს. 

ელიზაბეტი იქვე იმაზეც ლაპარაკობს, რომ გოგონების ქცევას არა მხოლოდ მშობელთა და მასწავლებელთა შეგონებები, არამედ მედია, შოუბიზნესი, მოდის ინდუსტრიაც განაპირობებს. ეს ლამაზ-ლამაზი მომღერლები და მსახიობები (რომელთა იდეალური ფორმების მიღმა დგას მრავალსაათიანი ვარჯიში, ხანგრძლივი დიეტა, ანტიდეპრესანტების დაცლილი ფირფიტები და ფსიქოთერაპევტებთან გატარებული საათები) არანაკლებ გავლენას ახდენს მოზარდზე, რომელსაც, ცხადია, უნდა, მათსავით ლამაზი, წარმატებული, თავბრუდამხვევი, მდიდარი და საოცნებო იყოს. ამიტომაც ცდილობენ გოგონები მთელ მსოფლიოში, დაამსგავსონ თავიანთი სხეულები შემოთავაზებულ სტანდარტებს, კითხულობენ “როგორ გავხდეთ წარმატებული” ტიპის საკითხავებს და ფიქრობენ, რომ აბა, როგორ, ასეც უნდა იყოს.
წიგნს ვხურავ, მეგობრის ლეპტოპში ჩართულ სერიალს ვუყურებ. “მახინჯი ბეტი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომლის მთავარი გმირიც არცთუ ლამაზი, მაგრამ ჭკვიანი და მიზანდასახული ბეტია. რა გასაკვირია, რომ ულამაზო გოგონას, რომელიც მოდის ჟურნალში იწყებს მუშაობას, თავგადასავლები არ აკლდება. ბეტი სწორედ იმის მაგალითია, რომ გოგონებს მეტად სტრესული ცხოვრება აქვთ. აბა, რომელ კაცს დასცინებენ დაუნდობლად კოლეგები რამდენიმე ზედმეტი კილოგრამისთვის ან არამოდური სამოსისთვის?! ბეტის (და ათასობით სხვა გოგოს) დასცინიან. მაგრამ ბეტი მაგარი გოგოა, მიზანდასახული, იცის, რა უნდა და არავის ეპუება. 
ბეტისნაირი გოგონები მიზანს აღწევენ, მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, ვინც ვერ გაიაზრებს, რა ხიბლი აქვს ინდივიდუალობას და ვისაც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს “სტანდარტიზაცია”?! არ ვამეტებ – ბოლო დღეების ერთ-ერთი შემაძრწუნებელი სიახლე უცხოური პრესიდან სწორედ ასეთ შემთხვევაზე იყო, ანორექსიით დაავადებულ გოგონაზე, რომელიც აპარატზეა შეერთებული და სიკვდილს ებრძვის. აქამდე ის ხანგრძლივმა დიეტამ მიიყვანა, რომელიც ორი წლის წინ წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა მსუბუქად მიანიშნა ჭარბ წონაზე.
მატარებლის ფანჯრიდან სოფლები და ქალაქები ჩანს, სადაც, ცხადია, სხვადასხვა გარეგნობის, ინტერესებისა და მომავლის გოგონები ცხოვრობენ. ვუყურებ კადრებს, რომლებიც სწრაფად იცვლებიან და ვფიქრობ, ნეტავ როგორია მათი ცხოვრება, ნეტავ ისინიც თუ ისე განიცდიან ზედმეტ კილოგრამებს, როგორც მე განვიცდიდი, ნეტავ მათაც თუ ეუბნებიან მასწავლებლები და მშობლები, რომ სკოლის გალავნის კუთხეებში ჯდომა ვერაფერი ქალური საქმეა, ნეტავ ისინიც თუ ასე დაჟინებით აკვირდებიან ერთმანეთის გარდერობში გაჩენილ ახალ ნივთებს, ოცნებობენ თუ არა რომელიმე პოპვარსკვლავის მსგავს ბედზე, ნეტავ თუ იციან, რომ ზოგჯერ მათნაირი სიცოცხლით სავსე, ლამაზი და ჭკვიანი გოგონები სრულიად სულელურ რამეებზე ჯავრობენ ხოლმე…

ასე რომ, გოგონებო, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ სკოლებში, ბაღებსა და უნივერსტეტებში დადის, ზოგი უკვე მშობელი ან მასწავლებელი გახდა – ალბათ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ერთმანეთს, ნაცვლად კლიშეების თავზე მოხვევისა, პრაქტიკულ რჩევებს გავუზიარებთ და ჯანმრთელობისთვის საზიანო, საეჭვო დიეტების ნაცვლად ვარჯიშს, ცურვას ან ჯანსაღ კვებას შევთავაზებთ; ნაცვლად დაცინვისა, ვეტყვით, რომ ადამიანის მთავარი ღირებულება მისი სხეულის გარშემოწერილობა არ არის; ავუხსნით, რომ რაც პრიალებს და ეკრანზე ჩანს, სინამდვილესთან ცოტა რამ თუ აქვს საერთო და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ დავამარცხებთ ჭარბ წონას და სტრესს ჩვენ გარშემო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...