სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

მეტაფორები საიქიოსთვის

0
გალაკტიონის ,,ლურჯა ცხენებისა” და რილკეს ,,ორფევსი. ევრიდიკე. ჰერმესის” შედარებითი მიმოხილვა

ეს სტატია ანამ შთამაგონა. ანა ერთ-ერთი იმათგანია, ვის გამოც მასწავლებელს უღირს ყველა წაკითხული წიგნი, მეცადინეობაში გატარებული ღამე და ყველა წუთი, რომელიც სამყაროს არსსა და რაობაზე ფიქრში გაატარა. იმიტომ კი არა, რომ მერე ეს ყველაფერი ანას ასწავლოს, არამედ უბრალოდ, იმიტომ, რომ შეძლოს,  თანასწორივით ესაუბროს მას. 

ანას პრეზენტაცია დოსტოევსკისა და ლუკინო ვისკონტის შემოქმედების მსგავსებას ეხებოდა და ლაიტმოტივად გასდევდა ფრაზა ,,ეშმაკნიდან”: ,,თუ ღმერთი არ არსებობს, ესე იგი, ყველაფერი დასაშვებია”. როცა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ანამ მომმართა, მქონდა თუ არა მასთან კითხვები, მე ვუპასუხე, რომ მასთან არა, მაგრამ ზოგადად უამრავი კითხვა და საფიქრალი გამიჩინა მისმა  ნაშრომმა.

ალბათ, ღმერთის არსებობა ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, ორი რამის იმედს უჩენს: რომ ამქვეყნად გარკვეული სისტემურობა და კანონზომიერება არსებობს, სიკეთისთვის სიკეთე მიეზღვებათ და ბოროტებისთვის დაისჯებიან; და რომ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, სადაც ადამიანს (თუ ადამიანის სულს) ასევე სიკეთისთვის სიკეთე მიეზღვება და ბოროტებისთვის დაისჯება. ამიტომ ის წარმოდგენები, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურაში აისახება საიქიო ცხოვრების შესახებ, ბევრს მეტყველებს ამ ერის ცნობიერების თავისებურებაზე.

ქართულ ლიტერატურაში აღწერილი საიქიო ძირითადად თანხვდება იმქვეყნიური სამყაროს შესახებ ქრისტიანულ წარმოდგენებს, გავიხსენოთ ,,ბაში-აჩუკი” ან ,,ბახტრიონი”, ორივე ამ ნაწარმოებში სამოთხე აღწერილია, როგორც ყვავილებით მოფენილი მწვანე მინდორი, შესაბამისად, ჯოჯოხეთის ერთპიროვნული რეცეფცია, რომელიც ქართულ კლასიკურ ლიტერატურაში გვხვდება, ადუღებული კუპრი და ცეცხლის ენებია.

თუმცა ქართულ ლიტერატურაში გვხვდება საიქიოს იმგვარი აღქმაც, რომელიც არ არის განპირობებული ქრისტიანული მსოფლმხედველობით და არ განიცდის მის ზეგავლენას. გალაკტიონ ტაბიძის ცნობილი ლექსი ,,ლურჯა ცხენები”, რომელიც უფროსი კლასების პროგრამაშია შეტანილი, იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ არსებულ ანტიკურ ესთეტიკას ემყარება. ვინაიდან ჩვენს პრაქტიკაში ბოლო წლებში დამკვიდრდა ლიტერატურული ნაწარმოებების შედარებითი მიმოხილვა, მსურს, პარალელი გავავლო საიქიოს იმ სურათს შორის, რომელიც გვხვდება ,,ლურჯა ცხენებსა” და ცნობილი ავსტრიელი პოეტის, რაინერ მარია რილკეს ლექს ,,ორფევსი. ევრიდიკე. ჰერმესში” (აქვე ვიტყვი, რომ გერმანული ენის არცოდნის გამო მთლიანად ვეყრდნობი და ვენდობი ლექსის ვახუშტი კოტეტიშვილისეულ თარგმანს).

სხვადასხვა რელიგიების მიერ წარმოსახული საიქიოთაგან განსხვავებით ჰადესი ულანდშაფტობით გამოირჩევა, უფრო სწორად გარკვეული ლანდშაფტი, გარემო არსებობს, მაგრამ მას არათუ რაიმე ესთეტიკური დანიშნულება არ აქვს, პირიქით, მაქსიმალურად უსახური და მინიმალისტურია. როგორც გალაკტიონის, ისე რილკეს, ლექსში მის აღწერას სულ რამდენიმე შტრიხი ეთმობა. საერთო სინაცრისფრეში ორივეგან მოჩანს ერთადერთი წითელი  ნიუანსი, სისხლის, როგორც საიქიოსთან მჭიდროდ დაკავშირებული არქეტიპის, ფერი:

,,როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში…” 
(გალაკტიონ ტაბიძე ,,ლურჯა ცხენები”)
,,…ფესვებს შორის ჟონავდა სისხლი
აქეთ ხალხისკენ მომდინარე და იმ წყვდიადში
ის პორფირივით მძიმე ჩანდა.
სხვა არრა იყო იქ წითელი”.
(რაინერ მარია რილკე ,,ორფევსი. ევრიდიკე. ჰერმესი.)

როგორც ჩვეულებრივ, გარემო ამჯერადაც ფონია ძირითადი არსის წარმოსაჩენად. რას ასახავს ამ ლექსებში აღწერილი საიქიო? შეიძლება ითქვას, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არარსებობის რწმენას. როგორია ,,საოცრების მხარეში” გამგზავრებული სული ,,ლურჯა ცხენების” მიხედვით? იგი ფაქტობრივად არანაირი არ არის. დაცლილია როგორც ყველა იმ ნიშნისგან, რომელსაც  ჩვენ დადებითის სტატუსს ვანიჭებთ, თანაგრძნობის, სიხარულის, სიცოცხლის წყურვილისაგან, ასევე ყველა უარყოფითი შეგრძნებისაგან (ვინაიდან ეს არც ჯოჯოხეთია): 

,,გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება…”

,,სამუდამო მხარეში” არ არსებობს დრო და აქედან გამომდინარე, არ არსებობს მისწრაფებები. ამ ლექსში სიკვდილი წარმოდგენილია არარსებობის სახით, როცა სხეული ცივ სამარეში წევს, ხოლო სული კი მარადიული ნეტარების ან მარადიული ტანჯვის ნაცვლად სრულიად არაფერს განიცდის, მაშასადამე, ქრება.

 თუ ორფეოსისა და ევრიდიკეს ძველბერძნული მითის დედააზრი სიკვდილზე სიცოცხლის ანუ სიყვარულის გამარჯვებაა, რილკეს ინტერპრეტაცია, პირიქით, სიცოცხლეზე (ანუ სიყვარულზე) სიკვდილის გამარჯვებას გულისხმობს. ევრიდიკესთვის სიკვდილის მერე სულერთია ორფეოსიც, მისი თავდადებაცა და მისდამი სიყვარულიც:

,,ის, ვით ფეხმძიმე, თავის არსში იყო ჩაფლული
და არ ფიქრობდა არც იმაზე, ვინც წინ უძღვოდა
და არც ამ ზემოთ, სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე.
ის თავისსავე არსში იყო. თავის სიკვდილით
დასრულებული და აღსავსე.
როგორც ნაყოფი, სიტკბოთი და სიბნელით მწიფე,
იგი აღივსო თავისივე დიდი სიკვდილით,
რომელიც იყო ახალი და შეუცნობელი…”

ლიტერატურის გაკვეთილი პესიმისტურ ნოტაზე არ უნდა მთავრდებოდეს. დავასრულებთ იმით, რომ გალაკტიონი გვთავაზობს გამოსავალს, რომ როდესაც ყველა და ყველაფერი მტვრად იქცევა და არარაობას  შეუერთდება, დარჩება პოეზია, (შეგვიძლია განვაზოგადოთ, დარჩება ხელოვნება), რომელიც უკვდავია და უკვდავებად აქცევს მის შემოქმედს – გალაკტიონსა თუ რილკეს…

ეს არის პასუხი ყველასთვის. ხოლო თუკი ანა მაინც მკითხავს, რა აიძულებთ ადამიანებს, რომელთაც სამოთხის არსებობის არ სჯერათ, აკეთონ სიკეთე, მე ვეტყვი, რომ ზოგჯერ სიკეთე შეიძლება უბრალოდ სიკეთის გამოც აკეთო, რომ სიკეთე სამოთხის მეტაფორაა ან, პირიქით, სამოთხეა სიკეთის მეტაფორა. მე ვეტყვი და ანა დამიჯერებს თუ არა, მისი საქმეა.

წითელი და შავი

0
ასეთი ჩვევა მაქვს – ყოველი სემესტრის დაწყებისას ლაბორატორიას ხელახლა ვალაგებ. გასაოცარია, რამდენი ზედმეტი ნივთი შეიძლება აღმოაჩინო… ახლაც, ჩვეულებისამებრ, შევუდექი საქმეს და ერთ-ერთ კუთხეში სპილენძის მავთულის მთელ ხვიას წავაწყდი. ჯერ დავფიქრდი, აქ საიდან გაჩნდა-მეთქი, მერე გამახსენდა, უნივერსიტეტის დურგალს ვთხოვე, სადმე ეშოვა და ეტყობა, ისე შემოიტანა, ჩემთვის თქმა გადაავიწყდა.

აი, თქვენს ოთახში სპილენძის ძველი მავთული რომ იპოვოთ, რას იზამთ? ალბათ გადააგდებთ. ქიმიკოსი ასე არ მოიქცევა, პირიქით, იმაზე დაიწყებს ფიქრს, რა გააკეთოს ამ მავთულით. მეც თავი ვანებე დალაგებას და საცდელად სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება დავიწყე. პირველკურსელებს ქიმიის შესავალ კურსს ვუკითხავ, ოღონდ უფრო პოპულარულ დონეზე. ეს ის სტუდენტები არიან, რომლებიც პირდაპირ სკოლიდან მოვიდნენ აქ; ქიმიას კი სწავლობდნენ, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ ერთი რამ იციან – რომ საძულველია (საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობენ). ბუნებრივია, არც ქიმიკოსობა აქვთ გადაწყვეტილი (ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტები სპეციალობას ორი სემესტრის შემდეგ ირჩევენ) და ჩემი მიზანია: ა) ქიმიაზე აზრი შევაცვლევინო; ბ) ისეთი ქიმია ვასწავლო, რომელიც, როგორც არაქიმიკოსს, ცხოვრებაში გამოადგებათ. გასახალისებლად თითოეულ კურსს სემესტრში ორჯერ ლაბორატორიულ მეცადინეობას ვუტარებ, ოღონდ ამას ხუმრობით „საველე ლაბორატორიას” ვეძახი, რადგან, უზარმაზარი კალათებით მიწევს პირდაპირ აუდიტორიებში რეაქტივებისა და ჭურჭლის შეტანა და სახელდახელო ცდების ჩატარება – ამდენი სტუდენტი ლაბორატორიაში უბრალოდ ვერ დაეტევა. ამიტომ ჩემი „საველე ლაბორატორიის” რეპერტუარს გამუდმებით ვაახლებ და სპილენძის მავთულის აღმოჩენით გულწრფელად გავიხარე.

სპილენძი ძველთაგანვეა ცნობილი. ის ერთ-ერთია იმ შვიდი მეტალიდან, ალქიმიკოსები რომ იცნობდნენ. ქემეიას მიმდევარი ეგვიპტელი ქურუმები მას პლანეტა მარსს ადარებდნენ.

მერე აღმოჩნდა, რომ ბუნებაში სპილენძი თვითნაბადი და ნაერთების (ძირითადად – სულფიდებისა და მეტალური მინერალების) სახითაც ყოფილა გავრცელებული. თვითნაბადი სპილენძი მინარევების სახით შეიცავს კუპრიტს (Cu2O), ზოგჯერ – რკინას, ტყვიას, ვერცხლს, იშვიათად – ვერცხლისწყალს და ოქროს. სპილენძის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ნაერთებია: ქალკოზინი (Cu2S), კოველინი (CuS), ქალკოპირიტი (CuFeS2), მალაქიტი (CuCO3·Cu(OH)2), აზურიტი (2CuCO3·Cu(OH)2) და სხვა.

საქართველოში სპილენძი უმთავრესად პოლიმეტალური მადნების სახით გვხვდება.

ის მძიმე, რბილი მეტალია, ქიმიური თვალსაზრისით არააქტიური, კარგი თბო- და ელექტროგამტარი, კოროზიის მიმართ შედარებით მდგრადი. ადვილად იგლინება თხელ ფურცლებად და იჭიმება მავთულებად.

ზემოთ გითხარით, მავთულის ვიპოვე თუ არა, იმაზე დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა-მეთქი. უცებ თვითონვე ვიგრძენი, როგორ გამინათდა სახე. რატომ? გამახსენდა, რომ მთვარის მარილი მქონდა გადანახული. ამ ორიგინალური სახელით ალქიმიკოსები ვერცხლის ნიტრატს მოიხსენიებდნენ. ბნელი კარადიდან მაშინვე გამოვიღე ვერცხლის ნიტრატის ხსნარი (მოსწავლეებისთვის, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს: რატომ ვინახავ ვერცხლის ნიტრატს ბნელ კარადაში?) რეაქციის ჩასატარებლად.

მეტალთა აქტიურობის მწკრივის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, ჩაანაცვლებს თუ არა რომელიმე ერთი მეტალი ნაერთში სხვას.

ჩანაცვლების ტიპის ყველა რეაქციაში ერთი ელემენტი იონურ მდგომარეობაში გადადის, მაშინ როდესაც სხვა იონურიდან გადადის მეტალურში. ეს პროცესები მოითხოვს ელექტრონების გაცვლას ორ მეტალს შორის. ამგვარად, ჩანაცვლების ტიპის ყველა რეაქცია ჟანგვა-აღდგენის რეაქციის მაგალითსაც წარმოადგენს.

ვერცხლის იონები ელექტრონებს მიიღებენ სპილენძისგან და გარდაქმნიან მათ მეტალური ვერცხლის ატომებად, რომელიც სპილენძის მავთულის ზედაპირზე დაილექება თეთრი ნადების სახით. სპილენძის მავთული კარგავს ელექტრონებს და ხსნარში სპილენძის (II) იონების სახით გადადის. შედეგად წარმოიქმნება ლურჯი წყალხსნარი. სპილენძის (II) იონების კონცენტრაციის მომატებისას ხსნარის შეფერილობა უფრო ინტენსიური გახდება. შედეგად სპილენძის მავთულზე მეტალური ვერცხლი გამოილექება.

კიდევ ერთი რეაქცია, რომელიც სპილენძის მავთულით შეგვიძლია ჩავატაროთ, მისი ურთიერთქმედებაა კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან. რეაქციის ასახსნელად აქაც მეტალთა ძაბვის მწკრივის მოშველიება იქნება საჭირო:

 
სპილენძს ორი ფერადი ოქსიდი აქვს, ერთი შავია, მეორე – წითელი. სპილენძის მავთული სპირტქურის ალში შეიტანეთ. მალე მისი ზედაპირი შავი ფენით დაიფარება. ეს ნიშნავს, რომ მასზე სპილენძის (II) ოქსიდი წარმოიქმნა:

 
თუ გლუკოზას სპილენძის (II) ჰიდროქსიდთან გავაცხელებთ, გლუკონის მჟავამდე დაიჟანგება და რეაქციის შედეგად მოწითალო ფერის სპილენძის (I) ოქსიდი წარმოიქმნება:
 
კვლავ სპილენძის მავთული აიღეთ, დაახვიეთ და ხელში დასაჭერად ფანქრის ცარიელი ღერო ჩამოაცვით. სპირტქურაზე გაახურეთ და აცეტონიან ჭიქაში ისე ჩაუშვით, რომ სითხის ზედაპირს არ შეეხოს. გახურებული მავთული ნათებას დაიწყებს. სპილენძის ზედაპირი ამ რეაქციაში კატალიზატორის როლს ასრულებს და მასზე აცეტონის ორთქლის დაჟანგვა ძმარმჟავად და ძმრის ალდეჰიდად მიმდინარეობს. რეაქციისას დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა.

სხვა მძიმე მეტალების მსგავსად, სპილენძიც სახიფათოა და მეტალური მოწამვლის გამოწვევა შეუძლია. ის შეიძლება იოლი ან რთული ფორმით წარიმართოს, სიმპტომები კი ასეთია: მეტალური შეგრძნება პირის ღრუში, ციება, სიცხე, ტკივილი, კანკალი, სისუსტე. თუ ამ ყველაფერს მოწამლული ყურადღებას არ მიაქცევს და ექიმს არ მიმართავს, ჩამოთვლილ სიმპტომებს დაემატება თვალების სიყვითლე, გასტრიტი, სისხლიანი ღებინება, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციათა შენელება, ნაწლავების დაზიანება, დიარეა, ანემია და შოკი. ქიმიის უსაფრთხოების წესებში ერთი ოქროს წესია: ლაბორატორიიდან გამოსვლის შემდეგ უნდა დავლოთ, სულ ცოტა,  ერთი ჭიქა რძე. მე ამ წესს ყოველთვის ვიცავ!

თუმცა სპილენძის იონები ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. წონის ყოველ კილოგრამზე 1,4 მგ სპილენძი მოდის. ის გადაიტანება სისხლის პლაზმის მეშვეობით, რომელსაც ცელულოპლაზმინი ეწოდება.
სპილენძის აქტივობა უმთავრესად ფერმენტებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მიტოქონდრიაში არსებულ სუნთქვითი ჯაჭვის ფერმენტებთან.

სპილენძის ლათინური სახელწოდება Cuprum კუნძულ კვიპროსს უკავშირდება. იქ ოდესღაც სპილენძის საბადოები იყო, საიდანაც მას მოიპოვებდნენ.

ნეპალში სწამთ, რომ სპილენძი ღვთაებრივი მეტალია, რომელიც აზრების კონცენტრაციაში, საჭმლის მონელებასა და ნივთიერებათა ცვლაში გვეხმარება. ერთ ტაძარს სპილენძის ტაძარიც კი ჰქვია.

სოციალური ქსელის ჩემს გვერდზე ქავერის ანუ ფონის სურათებს ჰოროსკოპს ვუხამებ. მოდი, ამას სრულიად უწყინარი ახირება დავარქვათ. ჯერ იყო და, გვერდს მთელი წელი ალბინოს გველ გრიშასთან გადაღებული სურათი მიმშვენებდა, მერე ცხენ პატარასთან ერთად გადაღებული სურათი დავდე, ამას წინათ კი ვიფიქრე, მართალია, მამლის წლამდე ჯერ შორია, მაგრამ, მგონი, უკვე უნდა ვიზრუნო-მეთქი. ჩემს მეგობარს საკუთარი სახლი და დიდი ეზო აქვს, სადაც ქათმების მოშენებითაც ირთობს თავს. ვთხოვე, ერთხელ გესტუმრები და შენს მამალთან პატარა ფოტოსესია მომიწყვე-მეთქი. კარგიო, მითხრა, ოღონდ წინასწარ ნისკარტს გავუქლიბავ ოდნავ (ამით არაფერი დაუშავდება), რა ვიცი, რა თვალზე შემოგხედავსო. მამლის სურათიც მაჩვენა, შავი ტანი და სისხლივით წითელი ბიბილო ჰქონდა. ჰმ, რა ორიგინალურია… წითელი და შავი…

ანრი-მარი ბეილი და მისი „წითელი და შავი” გამახსენდა… არ იფიქროთ, სტენდალის რომანს ან სპილენძთან, ან მამალთან, ან ჩემთან რამე საერთო ჰქონდეს. თუმცა, გატყუებთ… აქვს…

წითელი და შავი – სტენდალის საყვარელი ფერები…
წითელი და შავი – ჩემი საყვარელი ფერები…
წითელი და შავი – იმ მამლის ფერები, ვისთან ერთადაც სურათის გადაღებას ვგეგმავ…
წითელი და შავი – სპილენძის (I) და სპილენძის (II) ოქსიდები…

მეშინია

0
ახლა არც გაკვეთილებზე საუბარს ვაპირებ, არც ენათმეცნიერებასა და პოეზიაზე, არც დიალექტურ თუ ლიტერატურულ ტექსტებზე. ჩემი შიშების შესახებ მინდა მოგიყვეთ.

 არა, ფობიოგრაფიას კი არ ვწერ „ინსომნიის” ლიტერატურული კონკურსისთვის, არც ფსიქოლოგთან მაქვს სეანსი, თქვენ მინდა მოგიყვეთ, ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებს, მკითხველებს, მშობლებს  და მასწავლებლებს.
ადრე ერთ ბიჭს ვიცნობდი, ვუნდერკინდს რომ იტყვიან, ისეთი იყო, მათემატიკა იცოდა გადასარევად, რა სირთულის ამოცანა გინდათ, იმას არ ამოეხსნა, ყველას ჯობნიდა და ყველაზე მაგარი იყო. წარმომედგინა, რომ მომავალში რომელიმე კვლევით ინსტიტუტს ჩაუდგებოდა სათავეში, ან იქნებ რომელიმე ახალი გამოგონება დაეპატენტებინა, ახალი თეორია აღმოეჩინა, მე თუ მკითხავთ, მისნაირს „ნასაში” სამუშაოდაც სიამოვნებით მიიწვევდნენ.

მაგრამ…

ადრე ერთ გოგოს ვიცნობდი.

უცნაურად ეცვა ხოლმე, ისე არა, როგორც სკოლის დანარჩენ გოგოებს, ძალიან საინტერესო და ერთი შეხედვით, სასაცილო აქსესუარები ეკეთა მაისურზე შემოცმულ ჯინსის ჟილეტზე, თმა წითური ჰქონდა, თმის ბოლოები კი ფერად–ფერადი საღებავით დასვრილი – ხშირად. ბევრს კითხულობდა და ყველაზე ხშირად ხატავდა. მის ოთახში ერთხელ მოვხვდი, ნახატების სანახავად წავყევი სკოლის შემდეგ  – არ დამავიწყდება მისი დახატული პორტრეტები, ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, თუმცა ერთი მთავარი მსგავსება ჰქონდათ – ცნობისმოყვარე მზერა და კითხვის ნიშნები თვალებში. 

დღემდე ვეძებ კატალოგებსა და საგამოფენო დარბაზებში, სულ მგონია, რომ სადმე წავაწყდები.

მაგრამ…

კიდევ ერთ ბიჭს ვიცნობდი, კარგად წერდა და ხატავდა ისიც, გოგონებს ხატავდა განსაკუთრებით დიდი სიამოვნებით, ლამაზადაც გამოსდიოდა, სულ სხვადასხვანაირ სამოსს არგებდა. სულ პატარა ვიყავი, როცა იმ ჩემს ბნელ ბავშვობაში ერთ–ერთი საუკეთესო სათამაშო გამიკეთა. მუყაოს ყუთში ქაღალდისგან გამოჭრილი გოგონა იყო ქაღალდისავე ფერად–ფერადი სამოსით, ყველას მორგება შეიძლებოდა, ერთმანეთს ვუხდენდი კაბებსა და ქუდებს, კაშნეებსა და პერანგებს. დიდხანს ვეძებდი, მაინტერესებდა მისი ასავალ–დასავალი. ვიპოვე კიდეც, ბანკში მუშაობს, თეთრი პერანგი აცვია.

მაგრამ…

 აღარც წერს, აღარც ხატავს.

ერთ გოგოზეც მოგიყვებით და თავს აღარ შეგაწყენთ – ახტაჯანა იყო, გრძელფეხება და ჭორფლიანი, გრძელი თითები ჰქონდა და ძლიერი ხელები, ლაპარაკზე უფრო ადრე ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. მასწავლებლები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ამბობდნენ, რომ ასეთი ბგერა, მუსიკის ასეთი განცდა, ასეთი გულწრფელი შესრულება იშვიათია.  ჩემმა ბავშვობამ გამებისა და ეტიუდების ფონზე გაიარა, ორი სართულით ზემოთ ვცხოვრობდი და მაინც სულ ისმოდა – შვიდ, ხან რვა საათს მეცადინეობდა ყოველდღე. რახმანინოვის მესამე კონცერტი უყვარდა განსაკუთრებით.

მაგრამ…

კლასიკური მუსიკის კონცერტებზე აღარ ვეძებ. რადგან ვიცი, აღარ უკრავს, მეტიც, საერთოდ აღარ ეკარება მუსიკას.

ჰოდა, მეშინია–მეთქი, გეუბნებოდით. ჩემს შიშზე რომ არ მოვყვე – გული გამისკდება.

თითქმის სამი წელია, რაც ბედნიერება მაქვს, დედად ვიწოდებოდე. ჭკვიანი, მხიარული ბიჭუნა მყავს – ერთი წლიდან ციფრების ცნობა და წლინახევრიდან ორ ენაზე წერა–კითხვა იცის, ანგარიშიც შეუძლია, კარგად ხატავს, განსაკუთრებული ფონეტიკური უნარები აქვს – სიტყვებს რითმავს, ერთი რაგვარობის თანხმოვნებს ერთად აჯგუფებს, ახალ სიტყვებს იგონებს.

 ხან სხვა ბავშვებისნაირია, ხანაც – მეტისმეტად ჩაფიქრებული. ხან სხვებისნაირად იქცევა, ხან კი – განსხვავებულია. ასეთებს ხან ინდიგო ბავშვებს უწოდებენ, ხან ათასნაირ ფსიქოლოგიურ თუ სხვა დიაგნოზებს უსადაგებენ ხოლმე.

სექტემბრიდან ბაღში წავა, პირველი სოციალური გარემო, პირველი საზოგადოება, პირველი წესები, აკრძალვები და მითითებები…

 მერე სკოლის დროც მოვა.

სულ ვფიქრობ, მოძებნის საკუთარ ადგილს? გამოავლენს თავის შესაძლებლობებს? მიჰყვება ბოლომდე თავის არჩევანს, იპოვის თავის გზას? 

თუ შეჩერდება, დაიბნევა, დაითრგუნება, გული გაუტყდება, მარტივ გამოსავალს იპოვის, იმიტომ, რომ ერთხელ დასცინეს, იმიტომ, რომ ერთხელ ხელი ჰკრეს, იმიტომ, რომ ერთხელ სხვა მასზე წინ დააყენეს.
მოკლედ, საყვარელო მკითხველებო, ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, თქვენ მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რატომაა ამდენი გამოუყენებელი უნარი, განუხორციელებელი შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში?
რატომაა, რომ ყველაზე ნიჭიერები, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე განსაკუთრებულები ცხოვრების გზაზე ჩამოგვრჩნენ, დაგვეკარგნენ, მიიმალნენ…

ჰოდა, ვეძებთ და ვერ ვპოულობთ, ვერ ვხედავთ, ვერ აღმოვაჩინეთ….

რატომ?

ჩემი შიშის შესახებ რომ არ მომეყოლა. ალბათ გული გამისკდებოდა.

მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში

0
“სწავლება ბევრს ნიშნავს, წახალისება კი –  ყველაფერს”.
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
“სინამდვილეში დიდი ადამიანი გაგრძნობინებს, რომ შენც შეიძლება გახდე დიდი”. 
მარკ ტვენი 
მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოკვლეული  ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს  სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში. მრავალი თეორია ცდილობს, ახსნას მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და გააანალიზოს ის სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში. მოტივაციის გამომწვევი ერთი მიზეზის  დადგენის შეუძლებლობა ადამიანთა ბუნების მრავალგვარობაშია. კლასში მოსწავლეები სოციალური და კულტურული კონტექსტით, გამოცდილებებით, რწმენით, საჭიროებებით, უნარებით განსხვავდებიან. ეს კი განსაზღვრავს იმ ფაქტორების მრავალსახეობას, რაც მათი მოტივაციის ამაღლებაზე მოქმედებს. მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ მხოლოდ მაღალი მოტივაციის პირობებშია შესაძლებელი მოსწავლის მიერ მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა  შეიძლება იყოს ის, რაც მოსწავლეს სწავლის მოტივაციას გაუჩენს. უამრავი დისციპლინათშორისი თეორია ცდილობს, ახსნას ის ფაქტორები, რომლებიც მოტივაციის ზრდას იწვევს. აქ რამდენიმე მათგანს შევეხებით.

ცოტაოდენი თეორია 
ატრიბუციის თეორია ყურადღებას ამახვილებს იმ წარმოდგენებზე, რომლებიც ადამიანებს მაშინ უჩნდებათ, როცა  ამა თუ იმ მოვლენას, შედეგს რაიმე კონკრეტულ ფენომენს უკავშირებენ. მაგალითად, გამოცდის ჩაბარება დაკავშირებულია გამართლებასთან, მოსწავლის დაბალი აკადემიური მიღწევები – სიზარმაცესთან… როდესაც ერთი მოსწავლე მეორე მოსწავლის მაღალ აკადემიურ მოსწრებას მის დიდ მცდელობას უკავშირებს, შესაძლოა, ამან მის მოტივაციაზე დადებითად იმოქმედოს.  ყველა შემთხვევაში, ეს მოსწავლეებში აღძრავს  გარკვეულ ემოციას, რამაც შესაძლოა იმოქმედოს მათ მოტივაციაზე. აკადემიურ კონტექსტში მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწორად წარმართოს მოსწავლის ემოცია, მისი მიღწევა დაუკავშიროს არა იღბალს, არამედ მცდელობას, დაბალი აკადემიური მიღწევა კი კონკრეტული უნარების უქონლობით არ ახსნას. 
მოლოდინების   თეორიის მიხედვით,  წარმატების მიღწევის  მოტივაციას, დიდწილად, საზოგადოების მხრიდან წარმატების მოლოდინი განსაზღვრავს. სასწავლო პროცესში ის სტუდენტები, რომელთა მიმართაც არსებობს მაღალი აკადემიური მიღწევების მოლოდინი, ძირითადად, აღწევენ კიდეც წარმატებას, იმ სტუდენტებთან შედარებით, ვის მიმართაც ასეთი მოლოდინი არ არსებობს. 
სოციალური დასწავლის თეორია და მიზნის მიღწევის თეორია – აქ აქცენტი კეთდება ადამიანის ბუნებაზე, ისწავლოს დაკვირვებით. მთავარ კონცეპტუალურ ჩარჩოს წარმოადგენს ის, რომ ადამიანები და გარემო ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენენ.  მოსწავლე სწავლობს მასწავლებელზე დაკვირვებით, ასევე თანატოლებზე დაკვირვებით. მოსწავლე მოტივირებულია, თუ არტიკულირებულია კონკრეტული მიზნები,  რომლებსაც მასწავლებელი მასთან შეთანხმების საფუძველზე დასახავს. ამის მიღწევა მოსწავლისა და მასწავლებლის ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველზეა შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მიერ მიზნების დასახვა არ ხდება მასწავლებელთან, თანატოლებთან თუ მშობლებთან ინტერაქციის გარეშე. 
თვით-ეფექტურობის თეორიისთვის ცენტრალური თემაა ინდივიდის რწმენა საკუთარი ეფექტურობისა, შესაბამისად, მისი მოტივაცია დამოკიდებულია წარმატების მიღწევის შესაძლებლობის აღქმაზე. მოსწავლეებში საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაჩენა შესაძლებელია ისეთი აქტივობების განხორციელებით, რომლებიც მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრას და სხვა.  
ამ თეორიებს აერთიანებს მასწავლებლის როლის მნიშვნელობა მოსწავლის მოტივაციის ამაღლების საკითხში. ატრიბუციის თეორია ხაზს უსვამს მასწავლებლის მხრიდან მუდმივი უკუკავშირის მიცემას,  მიღწევების კონტროლს და მათ სწორ ატრიბუციას. მოლოდინების თეორია მოტივაციის ამაღლების ფაქტორად განსაზღვრავს მასწავლებლის და თანატოლების მოლოდინის მნიშვნელობას მოსწავლის აკადემიური მიღწევებისათვის. მიზნის მიღწევის თეორია ყურადღებას ამახვილებს მასწავლებლის მიერ ნათელი და არტიკულირებული მიზნების დასახვაზე, რომლის მიღწევის მოტივაციაც უჩნდება მოსწავლეს. სოციალური დასწავლის თეორიაში მოსწავლე სწავლობს მასწავლებელზე დაკვირვებით, მის მოტივაციაზე გავლენას ახდენს მასწავლებელი, როგორც მოდელი, ასევე თანატოლი და სასწავლო გარემო. მოსწავლის მოტივაცია მაღალია თუ მას საკუთარი თავის ეფექტურობის რწმენა აქვს, რომელსაც უვითარებს მასწავლებელი (ოჯახთან ერთად). 
ამ და სხვა თეორიებზე დაყრდნობით,  უნდა ვაღიაროთ მასწავლებლის და სასწავლო გარემოს როლი აკადემიური წარმატების მისაღწევად მოსწავლის მოტივაციის ჩამოყალიბებაში. მრავალი კვლევა უსვამს ხაზს მასწავლებლის და მოსწავლის დამოკიდებულების მნიშვნელობას საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მასწავლებლის მხარდაჭერის განცდა, უფრო მიდრეკილნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებისა და წარმატებისკენ; მოსწავლეები, რომლებსაც მოსწონთ მასწავლებელი, უფრო კარგად სწავლობენ კონკრეტულ საგანს; მოსწავლეები, რომლებიც გრძნობენ მასწავლებლის მხრიდან პატივისცემას, უფრო ჩართულნი არიან საგაკვეთილო პროცესის მსვლელობაში და სხვ.  
თეორიების აპლიკაციის მცდელობა 
მოტივაცია არის სტიმული, ქმედება, წახალისება, ძალა, რომელიც იწვევს მოსწავლის სურვილს,  იმოქმედოს – ისწავლოს, მიაღწიოს შედეგს. ამ მიმართულებით სპეციალური ლიტერატურა განიხილავს ფაქტორთა ერთობლიობას, რაც კომპლექსურად ახდენს გავლენას მოტივაციის ამაღლებაზე. ზემოთ ნახსენები თეორიების მტკიცებულებები რამდენიმე მსხვილ ფაქტორად შეიძლება დაჯგუფდეს, სადაც თავად მოსწავლეს, მასწავლებელს, შინაარსსა და  გარემოს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მოტივაციის ამაღლების საკითხში. შევეხოთ მოკლედ თითოეულ მათგანს და განვსაზღვროთ იმ სტრატეგიების ნაწილი, რომლებმაც შესაძლოა მოტივაცია აუმაღლოს მოსწავლეებს. 
1.მოსწავლის ფაქტორი 
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მოსწავლეები სკოლაში მოდიან სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული კონტექსტიდან, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილებები, სურვილები, მოთხოვნები და მოლოდინები.
დასავლური სკოლა განასხვავებს გარეგან და შინაგან მოტივაციებს. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ორივე ტიპის მოტივაციის როლი და ეფექტი.

გარეგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე მიმართულია წახალისების მიღებისკენ, შინაგანი მოტივაციის დროს კი  წახალისების, აღიარების ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი და ფოკუსი  ცნობისმოყვარეობაზე, გამოწვევებზე, სოციალურ ინტერაქციაზეა. მაშინ, როცა სასწავლო პროცესში მოტივაციის ნაკლებობა შეიმჩნევა, აუცილებელია, განისაზღვროს ის სტრატეგიები, რომლებიც მოსწავლეს შინაგან და გარეგან მოტივაციას აღუძრავს. 
მოსწავლეთა გარეგან თუ შინაგან მოტივაციაზე გავლენას ახდენს ის სოციალური გარემო, საიდანაც ისინი მოდიან, ასევე – გარემო, სადაც უწევთ ყოფნა; მაგალითად, ის თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის სასწავლო მასალა, როგორ სკოლაში დადიან, ოჯახის შემოსავალი, კონკრეტულ სფეროში დასაქმების სურვილი, მასწავლებლებთან, მშობლებთან  და თანატოლებთან ურთიერთობის ფორმა და ხარისხი. მოსწავლის მოტივაციაზე ასევე გავლენას ახდენს ის, თუ რამდენად ჩართულია საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და მსვლელობაში. გრძელვადიანი საგაკვეთილო პროცესის გაცნობამ, მიზნების ნათლად დასახვამ შესაძლოა მოსწავლეებს მნიშვნელოვნად აუმაღლოს მოტივაცია დასახული მიზნის მისაღწევად. 
2. მასწავლებლის ფაქტორი 
მოსწავლეთა მამოტივირებელი შესაძლებელია იყოს მასწავლებლის მიერ კონკრეტული საგნის მაღალ დონეზე ფლობა. მოსწავლეს აქვს მოლოდინი, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს ის მოისმენს რაღაც ახალს, მიიღებს პასუხს კითხვებზე. ის უნდა ხედავდეს მასწავლებლის მოტივაციას, გადასცეს მას ახალი ცოდნა.  
მოსწავლეს მოტივაციას აღუძრავს ისეთ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა, სადაც მასწავლებელი იცნობს და პატივს სცემს მას, აფასებს მის ინტერესებს. მოსწავლე სწავლობს უკეთესად, როცა მასწავლებელი მშვიდად (და არა სტრესულად) წარმართავს სასწავლო პროცესს, იზიარებს მოსწავლეთა შეხედულებებს, არ განასხვავებს დაბალი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, არ მიუთითებს შეცდომებზე. საგაკვეთილო პროცესის წარმართვის დროს სასურველია, მასწავლებელმა გამოიყენოს სხვადასხვა ტექნიკა: თამაშები, სიტუაციური ანალიზი, ანეგდოტები, სადაც ჩართული იქნება თანაბრად ყველა მოსწავლე. 
მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს ხშირად სჭირდება მოსწავლის შეფასება, მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა არ გამოიწვიოს სტრესი და მოტივაციის კლება. სასურველია, შეფასება არ ეფუძნებოდეს მხოლოდ ტესტირებას და ის ატარებდეს განმავითარებელ ხასიათს. თუ მოსწავლეებს ნათლად მიეწოდებათ შეფასების მიზანი, ეცოდინებათ ის კრიტერიუმები, რომლების მიხედვითაც ფასდებიან, ისინი ნაკლებად სტრესულად აღიქვამენ ამ პროცესს. მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ ტესტირების დღე არ არის გადამწყვეტი მის ცხოვრებაში და შესაბამისად, მხოლოდ ამ დღეზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული.  
მასწავლებელი მუდამ ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის ყურადღების მიპყრობაზე, რაც შესაძლებელია მისი ინტერესების გათვალისწინებით, ცნობისმოყვარეობის გაღვივებით, მისი ძლიერი მხარეების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლის მოტივირებისთვის აუცილებელია ენთუზიაზმით სავსე მასწავლებელი. მოსწავლე საგაკვეთილო თემის მნიშვნელობას იზიარებს, თუ მასწავლებელი ენთუზიაზმით უდგება მის განხილვას.   
მასწავლებელი-დიპლომატი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მასწავლებელი-საგნის მცოდნე. მოსწავლის მოტივირებისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა ააწყოს და დააბალანსოს ურთიერთობები მოსწავლეებთან. მოსწავლე, რომელიც გრძნობს მხარდაჭერას, ნდობას და დაფასებას, თავდაჯერებულია. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში მაღალი მოტივაციის ალბათობა უფრო მეტია. ხშირი უკუკავშირი, მოსწავლეებისადმი თანაბარი მიდგომა, აქცენტი მიღწევებზე, განმავითარებელი შეფასებები – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც შეიძლება მასწავლებელმა მიმართოს. 
3.შინაარსის ფაქტორი 
ეჭვგარეშეა, რომ საგაკვეთილო პროცესის მიმართ მოსწავლის მოტივაციას აღძრავს ის შინაარსი, რომლის მიწოდებასაც ვცდილობთ. თემა, რომელიც მას მიეწოდება, უნდა იყოს გასაგებად გადმოცემული, დროული და მისი ინტერესების შესაბამისი. მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა, მოახდინოს სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლის ინტერესების თანხვედრა. მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, რომელ მოსწავლესთან ერთად შეასრულოს ჯგუფური სამუშაო, რომელი წიგნი წაიკითხოს, როგორი ფორმით წარმოადგინოს დავალება და სხვ.  მოსწავლის მოტივაციაზე  შესაძლოა დადებითად იმოქმედოს შინაარსთან მიმართებაში  არჩევანის არსებობამ. 
შემოქმედებითობის  და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული სტრატეგიები იწვევს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, კითხვების დასმას, კვლევას, ცხოვრებისეულ მოვლენებთან თეორიის დაკავშირებას. პრობლემები, რომლების გადაჭრაც მოსწავლეს მოეთხოვება, შესაძლოა ზოგადსაკაცობრიო საკითხებს უკავშირდებოდეს. ამ შემთხვევაში ის მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება კვლევას. მოსწავლეს ყოველთვის სურს, იპოვოს, ამოხსნას, შესაბამისად, მოტივაცია, მიაღწიოს დასახულ მიზანს, მაღალია. 
4.სასწავლო გარემოს ფაქტორი  
მიუხედავად იმისა, რომ გარემოზე საუბრისას, პირველ რიგში, სკოლის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების, სასწავლო პროცესისათვის ინფრასტრუქტურული მზაობა გვახსენდება, ამაზე აქ არ შევჩერდებით. აქცენტს უფრო საგაკვეთილო პროცესის გარემოზე გავაკეთებთ, რაშიც მასწავლებელს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა წახალისება, მაგალითად, სკოლის ცხოვრებაში მისი ჩართვის გზით. მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის ის გარკვეულ პოზიციას დაიკავებს კლასისა თუ სკოლის მართვაში. მასწავლებელმა უნდა შექმნას თანამშრომლობითი, არა სტრესული გარემო, სადაც მოსწავლეები აკეთებენ ერთობლივ პროექტებს,  ერთობლივად ასრულებენ დავალებებს. საგაკვეთილო პროცესში შესაძლებელია მრავლად იყოს გამოყენებული მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან, ვინაიდან ითვლება, რომ ისტორიების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ყურადღების მოზიდვა და შესაბამისად, მოტივაციის ამაღლება შეუძლია. მოსწავლე მოტივირებულია, თუ მან ზუსტად იცის, რა მოლოდინი აქვს მასწავლებელს, რა არის მისი მიზანი და შეფასების ობიექტური კრიტერიუმი. შესაბამისად, მოსწავლე მოტივირებულია, მიაღწიოს მიზანს და მიიღოს ამისათვის შექება. 
და ბოლოს, მხარდაჭერისკენ  მიმართული საგაკვეთილო გარემო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც მოსწავლის მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფს. მოსწავლე მუდმივად იღებს უკუკავშირს მასწავლებლისგან და მისთვის ტესტირების ან გამოცდის დღე არ არის წარმატების/წარუმატებლობის განმსაზღვრელი.  

ნისლის გზა და პოეტიკა

0
შემომხედეთ, მე მზე ვარ და
გადავწიე ნისლის ფარდა,
ახალ გაზაფხულად მოველ,
რომ ვახარო უფლის ყანა.

ჯალალ ედ-დინ რუმი

პოეტურ ლექსიკაში შეიძლება გამოვყოთ იმგვარი სახე-სიმბოლოები, რომლებიც უფრო მეტად ატარებენ „მისტიკურობის” და „მაგიურობის” სემანტიკას. ერთი ასეთი სიტყვა-კონცეპტია ნისლი, რომელსაც სულხან საბა ასე განმარტავს: “მზის სიმხურვალე წყალთა ქვეყანათა ნოტიოთაგან ორთქლსა აჰკრეფს და შეიქმნების ნისლი, უკეთუ მრავალი აღიღო მისგან, იქმნების წვიმანი და თუცა მცირედი აღიღო, მანანად შეიქმნების, ხოლო ნისლი ცა ესრეთ განიყოფებიან: მცირესა და თხელსა ნისლსა ეწოდების ფოშფოში, ხმელსა და მტვრის მსგავსსა ნისლსა – ბორიაყი, ხოლო ნოტიოსა ნისლსა ბორი და ნისლსა მონათოვსა ბუერი და ნისლსა ზრქელსა და ძლიერად მქროლელსა, რომელი შეკრბების მთათა ზედა არმური”.

ნისლი – სიმბოლოა „ნაცრისფერი ზონისა” რელურსა და არარეალურს შორის. ძველი კელტური მითის მიხედვით, ის ფარავს დედამიწის ჩრდილო-დასავლეთს ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს საზღვარზე, ის არის აგრეთვე სიმბოლო ადამიანისთვის მიუწვდომელი სფეროებისა…
აღმოსავლურ-აზიურ ლირიკაში ნისლი არის უმთავრესად შემოდგომის და აფორიაქებული განცდების სიმბოლო, აგრეთვე – ავი სულებისა… ევროპულ ზღაპრებში ნისლი სიმბოლოა ხშირად ადამიანისათვის მომავლის და იმქვეყნიურის ჩაკეტილობისა, რაც მხოლოდ სინათლით შეიძლება გაიხსნას. 

მხატვრულ ლიტერატურაში ნისლი აქტუალიზებული სახე-სიმბოლოა, რომელიც განსხვავებულ კონტექსტებში განსხვავებულ სემანტიკურ და ემოციურ კონოტაციებს აჩენს. ნისლი ბინდში ხვევს საგნებს და მოვლენებს, აფერხებს მოძრაობას, ბადებს გაურკვევლობის შეგრძნებას… შესაბამისად, გზაზე მიმავალი მგზავრი ჩერდება, ფერხდება…. ან გზას აგრძელებს და იკარგება… ნისლი ქაოსის მდგომარეობაა, რომლიდანაც შემოქმედი (მწერალი) ქმნის „ახალ წესრიგს”… ნისლიფერის ცვალების წინა ეტაპია, მასში იბადებიან მონსტრები, დემონები, ურჩხულები და ნისლიდან იბადება ანგელოზი, ღვთისმშობელი…. მისტიკური რელიგიები ნისლის სიმბოლიზმს მიმართავენ ინიციაციის დროს. სულმა უნდა გაიაროს სიბნელისა და ნისლის მდგომარეობა და გასხივოსნდეს, გავიდეს სიცხადეში. საინტერესოა ქართულ ენაში არსებული ისეთი ფრაზეოლოგიზმები, როგორებიცაა: თვალებზე ნისლი გადამეკრა, გონება დამებინდა, ნისლში წავედი, ნისლი გადამეფარა… და სხვა, რომლებიც ცნობიერების ჩვეულებრივი მდგომარეობის დაკარგვას აღნიშნავენ, როდესაც ადამიანი შორდება რეალობას და დროებით „იკარგება”.

ორი უკიდურესობის კარგ ნიმუშს გვაძლევს ამერიკელი მწერალი ფანტასტიკისა და მისტიკის ჟანრში: სტივენ კინგი (იგივე რიჩარდ ბახმანი) პროზაულ ნაწარმოებში: ნისლი (The Mist) და ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელიო რომანში: რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი (By the River Piedra I Sat Down and Wept).
ერთ შემთხვევაში პატარა, პროვინციულ ქალაქში თითქოს არსაიდან მოსული ნისლი იპყრობს ქუჩებს და სახლებს, ნისლიდან იბადება მრავალსახოვანი სიკვდილი, რომელიც ნთქავს და ანადგურებს ადამიანებს… ხოლო პაულო კოელიოს ნაწარმოებში ნისლიდან იბადება, გამოდის ქალღმერთი…  „ჩვენ გარშემო  ნისლი  თითქოს  გამოცოცხლდა,  შეიძინა თავისი საკუთარი ყოფიერება, გარდაიქმნა ერთგვარ წმინდა  სუბსტანციად…”  (“რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”).

ნისლის საინტერესო, ამბივალენტური სემანტიკაა ფრანგი მწერლის ბორის ვიანის მოთხრობაში „სიყვარული ბრმაა”  (l'amour est aveugle).  სქელ ნისლში თანდათან ჩაძირულ ქალაქში ადამიანები ვეღარ ხედავენ ერთმანეთს, ამიტომ თავსუფლებას აძლევენ, რომ მიძინებულ ვნებებს გასაქანი მისცენ, რის შედეგადაც ყველა ბედნიერად გრძნობს თავს. „შესაძლებლის საზღვრები ფართოვდება, როცა არ გეშინია, რომ სინათლე აინთება”. და აი, რადიო აცხადებს, რომ ნისლი იფანტება და ქალაქის მოსახლეობამაც გამოსავალი მონახა: ყველამ დაითხარა თვალები, რათა გაეგრძელებინათ ბედნიერად ცხოვრება.

ქართული პროზიდანაც არაერთი ნიმუშის დამოწმება შეიძლება. მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილიდან”: „…ნისლი  თავს  დასხმია  ქალაქს, მთელი ქუჩები ნისლით დაგუბულა.  იხრჩობა  ქალაქი  ენის  ფასცინაციური  (მაგიური) ფუნქცია და ნისლის სემიოტიკა ნისლის წარღვნაში.  ნისლი  დგას  კარებთან,  ნისლი კედლებთან ატუზულა და კანკალებს…

… თალხი ლანდები დალასლასებენ ნისლში ჩაძირულ ქალაქის ქუჩებში…

…ზაფხული მომკვდარა და ეს უშველებელი, ადამიანების ლანდების პროცესია თავჩაქინდრული მიჰყვება უკან ამ საარაკო ყეენობას…

…ნისლი ამდგარა ყინულოვან ოკეანიდან, ნისლი ამდგარა ზღვების ფსკერებიდან და ამბოხებულა…

…ჩრდილოეთიდან მოსულა ქურდულად, ფეხაკრეფით, ზამთრის სუნთქვა
და ჩემი გული იკუმშება ვარამისაგან…

…მე მარად მინდა ვიყიალო ამ ქვეყანაზე, თუ ჩემს სულს გათოშავს ჩრდილოეთის ნისლი,საქართველოში კი ბევრია მზე და ცის ნაჭერი…”

ამგვარი მაგალითები მსოფლიო ლიტერატურაში მრავლადაა და ნიშანდობლივია, რომ ნისლი ერთსა და იმავე დროს არის სიკვდილისა და სიცოცხლის, კეთილისა და ბოროტის, დადებითისა და უარყოფითის აღმნიშვნელი. ის არის კონცეპტი, რომელიც მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

ნისლი დაბრკოლებაა, გაურკვევლობაა:
მთაო, გადმიშვი, მაღალო,
რას ნისლი მოგიხვევია,
მთას იქით ჩემი ლამაზი
სხვას ვისმეს ჩაუხვევია.
(ხალხური)

და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?
(აკაკი წერეთელი, აღმართ-აღმართ)
დღემ მოიტანა ალაზანამდე,
ნისლის შავი ზღვა რომ გადათელა;
დღეო, ნეტავი აღარ დაღამდე,
თუ დაღამდები, არ გაგათენა.
(ტიციან ტაბიძე, ალავერდობა)

თითქოს ნისლია, არაფერს ვხედავ და თითქოს მქონდა შავი ნიღაბი.

(ტერენტი გრანელი, სიზმარი)

ნისლი ადამიანივით სულიერია, ამიტომ პოეტი მიმართავს მას, როგორც თავისი სულის თანაზიარს, ან, უფრო სწორად, იდენტიფიკაციას ცირა ბარბაქაძე ახდენს მასთან, როგორც ვაჟა-ფშაველა, როდესაც ამბობს: „ნისლი ფიქრია მთებისა” ანუ სვამს საკუთარი თავისთვის დასასმელ კითხვებს:

რას ფიქრობ, ნისლო, ტიალო,
შემჯდარო გორის ფხაზედა?
განა შენც რამე გაწუხებს
ამ ოხერ ქვეყანაზედა?
(არჩილ კიტოშვილი, ნისლი)

გაბრიელ ჯაბუშანური კი პირდაპირ ამბობს:
მე ვარ: გორზე რომ ლოცულობს ნისლი,
ღამის სიჩუმე ჩემი ფიქრია,
წყაროა ჩემი ცრემლი და სისხლი,
თმა არის, კლდეს რომ ქუჩი მიჰკვრია.
ზოგჯერ კი ნისლი სატრფოა:
ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ…

ან:
ნისლაურო, ნისლი ხარო,
გამიქრები: მზისი ხარო…
მე არაგვზე დავრჩებოდი,
მაგრამ, რა ვქნა, სხვისი ხარო…
(ანა კალანდაძე)

სხვაგან კი ანა წერს, რომ უნდა ისე განუყოფელი იყოს სატრფოსგან, როგორც ნისლი და მთები:

მოვედით სამადლოს ხევთან…
ნისლებში დანთქმულა ისიც…
მე მინდა, სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!

ტარიელ ჭანტურიას ლირიკული გმირები ლექსში: „გოლგოთა, ზღვის დონიდან 7500 მეტრის სიმაღლეზე”, შეყვარებულები, თოკით გადაბმულები, მიიწევენ ნისლში მწვერვალისკენ, რაც მეტაფორულად იესოს გზას გამოხატავს:

შეკრულებს ერთი თოკით და რწმენით-
ორივეს ბნელი უფსკრული გვიმზერს…
აქ არ არსებობს სანდო და ძველი
გზა….  ნისლებს ნისლი უსხლტებათ ქიმზე.
……………………………………………………………………….
ბედია:  ზოგი აღწევს ღრუბლებთან…
და უფსკრულების წერაა ზოგი!
მე არ გემდური…  გქონდა უფლება,
რომ გადაგეჭრა სიკვდილის თოკი….

პოეტ გუჩა კვარაცხელიას ლირიკული გმირისთვის სიყვარული

სატრფოსგან შექმნილი ნისლი და ბურუსია:
მე შენით შექმნილ ბურუსში ვცხოვრობდი.
ჩვენ ამას სიყვარულს ვეძახდით.  თუმცა
არასოდეს გითქვამს, რას გრძნობდი,
როცა ჩემი ნესტოების სუნთქვა გესმოდა.
ჩემს წერტილს ვეძებდი შენს კოორდინატთა სისტემაში…….
(გუჩა კვარაცხელია, ნუ დაყნოსავ ყაყაჩორას)

ნისლის საინტერესო სახეს გვთავაზობს აგრეთვე პოეტი რატი ამაღლობელი, როცა მას სატრფოს თვალებთან და ფერისცვალებასთან აკავშირებს:

თვალები შენი, ჩემი თვალების ნისლი,
შენი თვალების ნისლი,
ფერისცვალება მთვარის,
ფერისცვალება სიზმრის…..

სხვა შემთხვევაში პოეტი თეთრი ნისლით საგანთა ჭეშმარიტ ბუნებას სწვდება:
თეთრი ფერით, მკვეთრი ფერით
დაიფარა ყველაფერი.
თრთვილით, თოვლით, თეთრი ნისლით
გამოვლინდა ფერი მისი.
(რატი ამაღლობელი, თეთრეული)

ნისლიდან იბადებიან გალაკტიონის უსასრულობისაკენ და შეუცნობლისაკენ მსწრაფი „ლურჯა ცხენები”, რომელზეც ანა კალანდაძე დაწერს:
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს –
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია”,
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ…

მანამდე კი თავად გალაკტიონი აღიარებს, რომ „ლურჯა ცხენები” მხოლოდ „ნისლის თარეშში” დაჰქრიან:
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!

და რადგან ნისლი შეუცნობლის მეტაფორაცაა, ის ყველა „მოგზაურის” თანამდევია და ქროლვა უსასრულობისკენ, დაუსაბამობისკენ, შეუცნობლისკენ და, საბოლოოდ, უფლისკენ – ნისლში მოგზაურობაა. ნიკო სამადაშვილი სლექსში: „დაუსაბამობის ხილვა”- პერსონაჟი ნისლშია გახვეული…

მე მივქროლავდი, როგორც უდაბნო,
ცხედარზე უფრო დაუზარებლივ…
და მსოფლიოდან ისევ მეძახდნენ
ცადაკარგული ხშირი ზარები.
სიტყვებს ვუგდებდი შეხვედრილ შარას:
ტერფებს ფოთლებით ვერ დამიამებ,
მონასტრის ზემოთ ვხედავდი შავად
სივრცეში გაკრულად ადამიანებს.
ნისლის სვეტები იდგნენ გარშემო,
ნისლებს შუადღეც ვერ ათენებდა.
გული იწვოდა და ლურჯი კვამლი
მსხვილად მდიოდა ბნელ თვალებიდან…
……………………………………………………………………
„ნისლის გზა” რჩეულთა გზაა, ამიტომ პოეტები „ავად არიან” ნისლით, როგორც „მსოფლიო სევდით”. ეს აზრი კარგად აქვს გამოხატული ნიკოლაი გუმილიოვს ლექსში „ნისლი”:

я верно болен на сердце туман
тумана нет на сердце я не болен
нет я не болен и тумана нет
ни в сердце нет ни даже в атмосфере
тумана нет и облачности нет
всё ясно значит ты наверно болен
неизлечимо на сердце туман

ტერენტი გრანელის ლექსში „ექსკურსია ცისკენ” „ნისლიანი უსაზღვრო სივრცე” აგრეთვე შეუცნობლის სიმბოლოა:

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე,
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე…

ნისლისა და მგზავრის სემანტიკაა დაკავშირებული ნიკო სამადაშვილის
ამ სტრიქონებში:

საღამო მოდის, ნისლი  ზედაშეს
სვამენ და დაისს მთები კენკავენ.
ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ
საქართველოდან გამოგვრეკავენ.
რა ვუყოთ მერე,  ვიღაცა  მგზავრი
გაჰყვება სტვენით გზნების მოლაღურს,
და შეადარებს გაკმენდილ ზარებს
მწყემსის უბეში მოკლულ სალამურს.

ალექსანდრე აბაშელი კი სიკვდილის წინდა წერილ ლექსში ერთგვარად აჯამებს განვლილ „ნისლიან გზას” და აფასებს, როგორც მოგზაური, რომელიც ამაოდ დაშვრა:

ხანდახან ფიქრი დამბურავს,
ვწევარ და არ მეძინება.
ვიტყვი ცხოვრების სამდურავს
და ცრემლი დამედინება.
გზას რომ გავხედავ ნისლიანს,
ჩავქრები, ჩავიშრიტები:
გზაზე რომ ყრია, ვისია,
ფრთამოტეხილი ჩიტები?
………………………………………………..
ვერაფერს გავხდი მზისაკენ
მუდამ ხელების აშვერით,
რაც გულს უნდოდა, ისა ვქმენ,
მაგრამ ამაოდ დავშვერი!

როგორც ვხედავთ, ქართულ პოეზიაშიც ნისლს თავისი გზა აქვს, თავისი პოეტიკა და თავისი უღრმესი სემიოტიკა. ის ქმნის საკუთარ ზღაპარს და საკუთარ სიუჟეტს. ნისლი დამოგზაურობს პოეტიდან პოეტში, სტრიქონიდან სტრიქონში, ტექსტიდან ტექსტში… ის გაივლის შემოქმედ გულებს და სულებს… ანდა, სამუდამოდ რჩება მათში. ნისლი თვითონ წყვეტს, საით წავიდეს და ეს თვისება მას დააქვს პოეზიაშიც. ის არ არის ყველა პოეტის სტუმარი, ყველას არ წყალობს, მხოლოდ რჩეულებს და რჩეულთაგან მხოლოდ ერთეულები აღწევენ თავს და, აი, სწორედ მაშინ დგება სულის მისტიკური გასხივოსნება – ინიციაცია…

ნისლის არსი და იდეა კარგად აქვს გახსნილი ერთ თანამედროვე ავტორს, ნიკა ჯორჯანელს, ლექსში „მგზავრობა ნისლში”, რომლის სრულ ვარიანტსაც აქვე გთავაზობთ:

„ნაღვლიანი სივრცე ღია./ ბარდნის. დაზრნენ ეკალ-ბარდნი./ 
ძველი დროის თეთრი დღეა./ ძველი დროის ციდან ბარდნის./ 
თვალი ნისლში ლამის გადნეს,/ვეღარაფრის მჭვრეტი. თვითონ/ 
ნისლი ველზე ზანტად გადის./ ეშინიათ ღრუბლებს ციდან/ უცნაური ჩამოვარდნის./ 
წინათ თეთრზე რბოდა შავი./ ახლა უკვე თეთრის რონინს/ ვხედავ შავზე, გაიშალა/ 
უსაგნობის მთქმელი ფონი./ წაიშალნენ მიდამონი./ გაქრნენ კვამლნი, საკვამურნი./ 
გათანაბრდა ყველა დონე./ ალალბედად გაკვალულმა/ 
გზამ, რომელიც მართმევს ღონეს,/ ვეღარასგზით მოარიდა/ 
თავი ნისლს და გაქრა ისევ./ ყველაფერი მომხდარიდან/ ერთი რაღაც რჩება – ნისლი./ 
მაგრამ მაინც, მაგრამ ვისი/ ანდა რისი ბოლო არის/ ის? რა ცხადის დასაწყისი?/ 
ვინ წერს ამ, ვთქვათ, მემუარებს?/ ნება რისი ასახვისა/ აღარაფრად აგდებს ფიქრს და/
აიგივებს სივრცეს ამგვარ/ ლანდთან, ჯვარს კი, ღმერთო, – იქსთან?/ 
უცებ „მე თუ მეძებ, აქ ვარ”/მესმის ხვალის. მესმის, მაგრამ/ ის არ უნდა ყოფილიყო/ 
აქ. ვჭვრეტ მასში ჭმუნვის საგანს:/ გაცრეცილი პროფილიღა/ დამრჩენია სახისაგან./ 
ნისლს შიგნით ვარ. ჩემ შიგნით კი/ ნისლის მსგავსი არის რაღაც./
სინამდვილევ, შემირიგდი,/ მინახულე ზოგჯერ აქაც./ 
შენს კედელზე ფერმკრთალ ლაქას/ წარმოვადგენ ხვალის შუქზე./ 
ნუ იფიქრებ, რომ დრო გამყავს./ ნუ იფიქრებ, რადგან უკვე/  
ხვალ არაფერს ნამდვილს არ ჰგავს/ დღე, რომელშიც ვსუნთქავ ჯერაც./ 
იმდენად ხარ სინამდვილე,/ რამდენადაც ჩემი გჯერა./ ნახავ: ნისლში ვინადირებ/ 
კურდღლის მსგავსად მხტომ და მცირე/გასასვლელზე გარეთ – შენში./
მაგრამ ვიცი, ავაცილებ/ ყველა ტყვიას და შენ შეგშლის/ ჩემი სროლა სასაცილო,/ 
ჩემი ხვალის სველი ცეცხლი./ …ხვალეში ვარ. ის კი თითქოს/
ვერ გებულობს, რად ვიქეცი,/ მოხვედრილი მასში. მიდგას,/
ფიქრობს სული და აღმითქვამს/ თავისსავე ბოლოს კეთილს./ 
მეათასედ მისვამს კითხვას, თუ რა გარსი გავიკეთე./ მიღიმის და პასუხს ითხოვს…/ 
გზები, გზები, გამირბიან./ ერთადერთის გაყოლებით/ ორივ მხარეს ხრამებია./
 ნელა-ნელა,  დაღონებით,/ შეფერხებით, დაყოვნებით,/ უხალისხოდ,  არა ნებით/
 მსრესენ ნისლის ვაგონები…/ ვმადლობ ხვალეს, თუ იქნება/ და ცოცხალი ვეგონები.”

ამ სტრიქონებში მთავრი პერსონაჟი ნისლია, ავტორი კი ნისლს შერთული ხმაა, რომლის ნებელობა გადაფარული და დაკარგულია… ყველაფერი წაშლილია, გათანაბრებული… არეულია დროც… ავტორი „ხვალე”-დან მოთქვამს, იქ არის… თუმცა ის ხვალეც არაფერს ნამდვილს არ ჰგავს… დახატულია ქაოსი, დაახლოებით „ჩანასახის” მდგომარეობა, რომლიდანაც წუთი წუთზე უნდა მოხდეს დაბადება… დაბადება ახალ გარსში, ახალ ცნობიერებაში… რა დაიბადება ამ ქაოსიდან? ახალი ნისლი და გაურკვევლობა, თუ სიცხადე და სინამდვილე…. ეს ჯერ არ ჩანს, თუმცა გარკვეული მინიშნებები ისმის „ჩანასახის” ხმაში: „ფიქრობს სული და აღმითქვამს თავისსავე ბოლოს კეთილს”.

წარმოდგენილი კვლევიდან შეგვიძლია ქართულ პოეტურ დისკუსიაში ნისლის ერთ-ერთი სემიოტიკური მოდელი გამოვიყვანოთ სიუჟეტის სახით:

მოქმედების ადგილი: ნისლი
მოქმედების დრო: გაურკვეველია
მოქმედების მიზანი:
სწრაფვა სრულყოფილებისკენ, უფლისკენ
მოქმედი პირი: მოგზაური
მთავარი გზა: სიყვარულისა და ჰარმონიის
ნისლის გზა: უგზობა

სხვა პერსონაჟები: შიში, მარტოობა, ნისლის ურჩხულები, ნისლის „ლურჯა ცხენები”… სულები…

მეტაფორა მნიშვნელოვანი მოვლენაა სამყაროს შემეცნების პროცესში. ახალი ცოდნის პარადიგმის კონტექსტში მეტაფორა განიხილება, როგორც ადამიანის უმნიშვნელოვანესი სააზროვნო მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მიმართებას სინამდვილესთან. სწორედ ამ მხრივ არის საინტერესო ჩვენთვის ბუნების მოვლენათა კონცეპტების მეტაფორული გააზრების რეპრეზენტაციული ვარიანტები ენობრივი ცნობიერების სტრუქტურებში და ამ შემთხვევაში ქართული პოეტური დისკურსის მასალების მიხედვით.

ბუნების მოვლენების კონცეპტებიდან ნისლი ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალიზებული სემანტემაა, რომელიც პოეტურ დისკურსში გამოირჩევა მეტაფორიზაციის მაღალი ხარისხით. ქართულ პოეზიაში ნისლი ქმნის საინტერესო პოეტიკას, რაც გამოიხატება არამხოლოდ მეტაფორულ და სიმბოლურ სემანტიკაში, არამედ ემოციური მნიშვენლობების მრავალფეროვნებაშიც. ნისლი ერთსა და იმავე დროს არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციების აღმნიშვნელი, თუმცა საკვლევ მასალაში პროცენტულად დადებითი ემოციების სიჭარბე აღინიშნა. ნისლი პოეტების „მსოფლიო სევდის” სიმბოლოცაა, რომლითაც პოეტები „ავად არიან” და რომლიდანაც მათ არ უნდათ გამოსვლა… ნისლით გამოწვეული გაურკვევლობა ასოცირებულია იდუმალებასთან, იდუმალება კი ღვთაებრივის ნიშანია.

ჯადოქრობა და სასჯელი

0
გონებას თუ კარგად დავძაბავ, შეიძლება, ზუსტი თარიღიც კი გავიხსენო. თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, მსგავსი საღამოები ვილნიუსში ხშირად დგება, ნაცრისფერი, უხასიათო, საწვიმრად გამზადებული, ღამის ნაადრევად დადგომის მომლოდინე. მიუხედავად ამისა, იმდენად ცხადად მიდგას თვალწინ ის დღე, შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ოქტომბერი იყო და თუ მოვინდომებ, იმასაც გავიხსენებ – რომელი ოქტომბერი. იმ დღეს ჩემი ლიტერატურასთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო.

უნდა გამოვტყდე, ყველა საგანს შორის, რომელიც ოდესმე მისწავლია, რადიკალურ ისლამსა და ტერორიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ჩემი ტანმორჩილი, გამხდარი, ხმადაბლა მოლაპარაკე, ლიტველი ლექტორი, ერთი შეხედვით, სულაც არ ჰგავდა ადამიანს, რომელმაც თავისი ცხოვრების შვიდი წელი პაკისტანში გაატარა. ის უამრავ საინტერესო ისტორიას ყვებოდა და მუდმივად ცდილობდა, თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – ტერორიზმი – ჩვენთვის სხვადასხვა მხრიდან ეჩვენებინა. სწორედ მისი დახმარებით მივხვდი, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია, ნებისმიერი საკითხი წარმოაჩინო არასტანდარტული რაკურსით და ადამიანებს, რომლებიც ლექციაზე ან გაკვეთილზე გისმენენ, მისცე და ასწავლო გაცილებით მეტი, ვიდრე ამას დეტალურად გაწერილი სილაბუსი გავალებს.

ალბათ იკითხავთ, რა კავშირშია ჩემი ლიტერატურასთან ურთიერთობა რადიკალურ ისლამთან. სწორედ იმ დღეს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემი ლექტორი ყვებოდა მწერალზე, რომელიც თავისი ფანტაზიით, წერის სტილითა და ცხოვრებით დედამიწის ზურგზე არავის ჰგავს. ეს ამბავი მრავალი წლის წინ მოხდა, მაშინ მე ჯერ კიდევ ბეჯითი გოგო ვიყავი, რომელიც უნივერსიტეტში ჭრელ-ჭრელი რვეულებით დადიოდა და იწერდა ყველაფერს, რითაც დაინტერესდებოდა. ის რვეული ახლაც შენახული მაქვს, რვეული, სადაც დიდი ასოებით ჩავიწერე პირველად გაგონილი სახელი და გვარი: SALMAN RUSHDIE და ჩარჩოც საგულდაგულოდ შემოვავლე.

სალმან რუშდი 1947 წლის 19 ივნისს, მუმბაიში დაიბადა. მისი ცხოვრება და ლიტერატურული კარიერა ერთდროულად ბრწყინვალეცაა და შიშის მომგვრელიც. რუშდის წიგნები: „სატანური ლექსები”, „შუაღამის შვილები”, „სირცხვილი”, „ჯოფეფ ენტონი”, „ფლორენციელი ჯადოქარი”, „ლუკა და სიცოცხლის ცეცხლი” და სხვები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მისი შემოქმედებისადმი დამოკიდებულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არაერთგვაროვანია.

რუშდი ბევრჯერ გამხდარა კრიტიკის ობიექტი და პოლიტიკური თუ რელიგიური სკანდალების მთავარი გმირი. მისი რომანი „შუაღამის შვილები” ინდოეთში ინდირა განდის შეურაცხმყოფელ ტექსტად მიიჩნიეს, რასაც სალმან რუშდისა და რაჯივ განდის შორის ღია მიმოწერა მოჰყვა. 1989 წელს კი „სატანური ლექსების” გამო აიათოლა ხომეინიმ მწერალს ფატვა გამოუცხადა. შედეგად სალმან რუშდიმ მრავალი წელი გაატარა დევნილობაში, სამშობლოსგან შორს, უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ, გამოგონილი სახელით და გვარით „ჯოზეფ ენტონი”, რომელიც საყვარელი ავტორების, ჯოზეფ კონრადისა და ანტონ ჩეხოვის სახელების შეერთებით შექმნა. 

დღეს სალმან რუშდი მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, მის წიგნებს მილიონობით ადამიანი კითხულობს, თუმცა ინდოეთსა და პაკისტანში მის სახელს ისევ ტაბუ ადევს.

 „ფლორენციელი ჯადოქარი” ქართულ ენაზე სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, მთარგმნელი: გია ბერაძე). გულახდილად ვიტყვი, რომ არ მახსოვს, ბოლოს რომელმა წიგნმა გამოიწვია ჩემი ასეთი აღფრთოვანება. რომანში, სადაც გამოგონილი პერსონაჟების გვერდი ამერიგო ვესპუჩის, სანდრო ბოტიჩელის, სავონაროლას და სხვა ისტორიულ პირებს შეხვდებით, რუშდი წერს ყველაფერზე, სიყვარულსა და შურისძიებაზე, ნათესაურ კავშირებსა და ოჯახის წინააღმდეგ ამხედრებულ ადამიანებზე, მეგობრობასა და ერთგულებაზე, სულსა და ხორცზე, რელიგიასა და პოლიტიკაზე, განსხვავებებზე ევროპასა და აზიას შორის, ახალ სამყაროზე, რომელსაც ამერიკა ჰქვია და რაც მთავარია, ოცნებასა და რეალობაზე, რომელთა შორისაც საზღვარი არ არსებობს.

წიგნის მთავარი გმირი, მონღოლთა პრინცესა, გრძნეული ყარა ყიოზი, რომელიც ადამიანთა გულებს ერთი შეხედვით იმორჩილებს, ბოლოს ავი ენებისა და შურის მსხვერპლი ხდება. ის დაკარგავს პატივს და დიდებას და საცხოვრებლად მისთვის სრულიად უცნობ სამყაროში მიდის. მისი თავგადასავალი არ სრულდება სიკვდილით. ყარა ყიოზისთვის სიკვდილი მხოლოდ ახალი გზების ძიებაა, გზების, რომელიც წარმოსახვაზე გადის.

ყარა ყიოზის გზა ჩემთვის საოცრად ჰგავს იმ გზას, რომელიც წიგნის ავტორმა გაიარა. ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, რა აქვთ საერთო ულამაზეს მონღოლ პრინცესასა და მის შემქმნელ მწერალს, არც ისე შთამბეჭდავი გარეგნობითა და უცნაური თვალებით, მაგრამ მენდეთ, სალმან რუშდიც ჯადოქარია, რომელიც თავისი პერსონაჟივით წარმატებით იპყრობს ჩვენს გულებს და გონებიდან გონებაშიც შეუფერხებლად მოგზაურობს. ყარა ყიოზის მსგავსად, ისიც განდევნეს და მანაც შეძლო დაბრუნება, ისე როგორც ჯადოქრებს სჩვევიათ.

ცოტა ხნის წინ მეგობარმა, რომელსაც საყვარელ წიგნებზე ველაპარაკებოდი, მითხრა, რომ დოკუმენტური პროზა საუკეთესო რამაა, რაც ადამიანმა შეიძლება წაიკითხოს. მე კი ვფიქრობ, რომ კარგი წიგნი, მიუხედავად იმისა, დოკუმენტურია თუ ზღაპრების კრებული, დიდი ბედნიერებაა, თუმცა სულ სხვაა ჯადოქრის ხელით დაწერილი წიგნი, რომელსაც გრძნეულების სურნელი ასდის და გიყვებათ ამბავს, რომელიც აუცილებლად გაგყვებათ სიზმარში და მიგახვედრებთ, რომ ცხოვრება მხოლოდ ის არაა, რასაც თქვენ ყოველდღე შეუიარაღებელი თვალით ხედავთ.

მაშ ასე, გაყევით სამოგზაუროდ სალმან რუშდის, მოიარეთ ფლორენცია, ინდოეთი, სტამბოლი და ახლადაღმოჩენილი ამერიკა და ნურაფერი შეგაშინებთ, რადგან არ არსებობს სასჯელი, რომელიც ლიტერატურას და ჩვენს წარმოსახვას მოერევა. 

მარიანა ბეზრუკიხი- დასვენება არ შეიძლება მეცადინეობა

0
მთარგმნელის შენიშვნა: სტატიის სათაური წარმოადგენს ალუზიას ცნობილ რუსულ ამფიბოლიაზე: „казнить нельзя помиловать”, – რომელიც მნიშვნელობას იცვლის იმის მიხედვით, რომელი სიტყვის შემდეგ დასვამთ მძიმეს)
უნდა მეცადინეობდეს თუ არა ბავშვი ზაფხულში

მალე საზაფხულო არდადეგები დადგება. უკან დარჩება სასწავლო პროცესის დაძაბული თვეები, პირველი სასწავლო წლისგან მიღებული სიხარული და სხვადასხვა უხერხულობაც. წინ ხანგრძლივი და ბედნიერი არდადეგებია. მაგრამ როგორ გავატაროთ ისინი ისე, რომ სასიამოვნოც აღმოჩნდეს და სასარგებლოც, რომ გუშინდელმა პირველკლასელმა კარგად დაისვენოს და ძალა მოიკრიბოს, მაგრამ, ამასთან ერთად, პირწმინდად არ დაივიწყოს ყოველივე ის, რაც პირველ კლასში ასე გულმოდგინედ და გარკვეული ძალისხმევის ფასად ისწავლა?
როგორ გავანაწილოთ არდადადეგები ისე, რომ მოსწავლემ სრულფასოვნად დასვენება შეძლოს?
რვეულები მოიცდიან!

ნუ იჩქარებთ არდადეგების დაწყებისთანავე ბავშვის სამეცადინოდ დასმას. პირველი 2-3 კვირის განმავლობაში უფრო მნიშვნელოვანია, მან თანატოლებთან ერთად ითამაშოს და სათანადოდ დაისვენოს. მიეცით უფლება, ცოტა ხნით მიივიწყოს ის სირთულეები, რომლებსაც სასწავლო წლის განმავლობაში შეეჯახა. ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი ნებაზე მიუშვათ. აუცილებელია, მას არდადეგების დროსაც ჰქონდეს გარკვეული რეჟიმი, თუნდაც გაცილებით შერბილებული იმასთან შედარებით, ვიდრე სასწავლო წლის განმავლობაში იცავდა. დაე, იძინოს დილის 10 ან 11 საათამდე. მიეცით იმის უფლებაც, საღამოობით ცოტა გვიან დაწვეს დასაძინებლად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საღამოები თბილია და გრძელი.

ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვისთვის სათანადო კომპანიის აღმოჩენას, რადგან სასწავლო წელი მოსწავლეს გარკვეულწილად უზღუდავს კომუნიკაციის საშუალებას: საკლასო ოთახში გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს ნაკლებად აქვთ კავშირი ერთმანეთთან, ამიტომ არდადეგებისთვის ისინი ურთიერთობის დეფიციტს განიცდიან.
არდადეგების დაწყებასთან ერთად მოსწავლეები მთელი არსებით გადაეშვებიან ხოლმე თამაშისა და დასვენების სამყაროში. ეს ძალიან კარგია, რადგან გადატვირთული რეჟიმის გამო (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სასკოლო გაკვეთილებს, არამედ სხვადასხვა წრესაც) ბავშვებს თამაშისთვის საკმარისი დრო აღარ რჩებათ, ამიტომ პატარას ამ სურვილს წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ, პირიქით, ასწავლეთ მას ახალი თამაშები.
წაკითხვა და არა გადაკითხვა!

რასაკვირველია, საჭიროა, ყოველდღიურად გამოყოთ დრო კითხვისთვის, მაგრამ გახსოვდეთ: დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის კითხვა რთულია, ბავშვი მალე იღლება, ამიტომ დღეში ნახევარ საათზე მეტს ნუ დაუთმობთ ამ პროცესს. უდავოდ, არსებობენ ბავშვები, რომლებიც ამ დროს უკვე კარგად კითხულობენ, უყვართ კიდეც კითხვა, მაგრამ ისინიც კი ხშირად უნდა დაასვენოთ და თვალის ვარჯიშები შეასრულებინოთ. ტექსტის არჩევანი ბავშვს მიანდეთ. რასაკვირველია, არსებობს წასაკითხი მასალის აუცილებელი საპროგრამო სია, მაგრამ თუ ის ბავშვს მაინცდამაინც არ აინტერესებს, ძალას ნუ დაატანთ, ამით მხოლოდ შეაძულებთ კითხვას.

ბავშვის კითხვისადმი ინტერესის შენარჩუნებას ყოველგვარი საშუალებით უნდა ცდილობდეთ. თუ თქვენს პატარას უყვარს საბავშვო დეტექტივები, მანქანების ან ცხოველების შესახებ ჟურნალები, – დაე, იკითხოს, საგანგაშო ამაში არაფერია. მთავარია, კმაყოფილებით კითხულობდეს. ამ დროს მშობლის მოვალეობაა, რბილად, მოთმინებით, ნეგატიური ემოციების გარეშე გადაატანინოს ბავშვს ყურადღება იმ საკითხავი მასალისკენ, რომლებიც სასკოლო პროგრამითაა გათვალისწინებული.

საზოგადოდ, „საზაფხულო მეცადინეობები” კარგია იმისთვის, რომ ბავშვს აუმაღლოთ პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარ თავს შვილისადმი ნდობა გაუღვივოთ.
საყოველთაო ჭეშმარიტებანი

უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევა, რომელსაც მოსწავლე სკოლაში იძენს, წერაა, თუმცა იშვიათია, რომ პირველკლასელს ხელწერა მარტივად და სირთულეების გარეშე ჩამოუყალიბდეს. ამიტომ, დავიწყებას რომ არ მიეცეს, მაგალითად, პირველ კლასში შეძენილი ეს ჩვევა, ძალზე სასარგებლო იქნება, ზაფხულში პატარამ კვლავ გაავარჯიშოს ხელი. ამისთვის არსებობს სავარჯიშო რვეულები და დამხმარე სახელმძღვანელოები. ახლა კი, როდესაც ძირითადი სირთულეები უკვე გადალახულია, ყველანაირად ეცადეთ, განუმტკიცოთ და გაუუმჯობესოთ ბავშვს ჩვევა.

ამ სამუშაოს გამოყენება შეიძლება ბავშვის დამოუკიდებლობის და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის განსავითარებლადაც. შეგიძლიათ,ზაფხულის დამდეგს ასე მიმართოთ მას: „მე არ ვამოწმებ შენს რვეულებს და არ ვადევნებ თვალს, როგორ მუშაობ, მაგრამ თუ ზაფხულის ბოლოს ყველა დავალება შესრულებული გექნება, საჩუქარს მიიღებ”. გაითვალისწინეთ: მთავარია, მოთმინებით აღიჭურვოთ და მართლა თქვათ უარი ბავშვის ყოველმხრივ კონტროლზე. რა თქმა უნდა, შეიძლება, დროდადრო ჰკითხოთ, როგორ არის საქმე, კმაყოფილია თუ არა საკუთარი შედეგებით, მაგრამ არავითარი შენიშვნა არ მისცეთ და საერთოდ, მოერიდეთ ყოველგვარ კომენტარს.
გამეორება ცოდნის დედაა?

ღირს თუ არა ზაფხულში სასწავლო წლის განმავლობაში გავლილი პროგრამის გამეორება? თუ რაიმე ხარვეზი არსებობს, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაგრამ კარგი იქნება, თუ უბრალოდ კი არ გაიმეორებთ ყველაფერს, არამედ საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე მიიღებთ მასწავლებლისგან რეკომენდაციებს იმის შესახებ, რაზე გაამახვილოთ ყურადღება, რა სახის დავალებების შესრულება იქნება უფრო შედეგიანი. ასევე არ არის აუცილებელი ყველაფრის ერთდროულად კეთება. მეცადინეობები დაყავით ერთგვარ ციკლებად და ბლოკებად. მაგალითად, თუ პრობლემებს წააწყდით მათემატიკაში, ის ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ და მიხედეთ სხვა საგანს, მაგალითად, მშობლიურ ენას.

მშობლიურ ენაზე მხოლოდ მას შემდეგ გადადით, რაც ბავშვი წერაში ხელს გაივარჯიშებს. ამ შემთხვევაში მას უფრო გაუადვილდება დავალებების შესრულება, კარნახის წერა და სხვა.

კიდევ ერთი მარადიული შეკითხვა: ღირს თუ არა, არდადეგების დროს მომდევნო კლასის პროგრამას მივაქციოთ ყურადღება? ჩემი აზრით, არა. თუ ბავშვი ადვილად სწავლობს, მან შესაძლოა ინტერესი დაკარგოს და მომდევნო სასწავლო წელი მისთვის მოსაწყენი გახდეს, ხოლო თუ სწავლა უჭირს, ასეთი წინასწარი და გარკვეულწილად იძულებითი სამუშაო მას გაუმძაფრებს სიძულვილს მოცემული სასწავლო მასალის მიმართ.

აგრძნობინეთ ბავშვს, რომ მას ყველაფერი გამოუვა – მან ხომ სასწავლო წელი დაასრულა და მომდევნო კლასში გადაიყვანეს, ე. ი. საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც შეიძლება მშობელმა მიიჩნიოს, ამიტომ არ არის საჭირო ბავშვზე ზეწოლა იმ მიზნით, რომ ყველა საგანში ათიანი ჰყავდეს – დასაწყისისთვის 8 და 9 ქულაც საკმარისია.
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი: თუ მაინც გადაწყვეტთ, ბავშვი სასკოლო პროგრამის მიხედვით ამეცადინოთ, დღეში 20-30 წუთზე მეტს ნუ დაუთმობთ ამ სახის მეცადინეობას. ამასთან, მიეცით ბავშვს იმის განსაზღვრის უფლება, დღის რომელ მონაკვეთში იმეცადინოს. მთავარია, მთელი არდადეგების განმავლობაში რეგულარულად იმუშაოს.

დაბოლოს: ხშირად მეკითხებიან, შეიძლება, ბავშვმა გამოიყენოს ელექტრონული წიგნებიც, თუ მხოლოდ ნაბეჭდი უნდა იკითხოს? ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, მოწყობილობაზე შრიფტის ზომა და სიმკვეთრე შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს: ეკრანი არ უნდა ციმციმებდეს; ელექტრონული წიგნი ბავშვს თვალებიდან სათანადო მანძილზე უნდა ეჭიროს, კერძოდ, 30-50 სმ-ზე, ეკრანის მოცულობის მიხედვით.

მსოფლიოს ბავშვთა არჩევანი

0
მსოფლიოს ბავშვთა არჩევანი: ‘’პატიოსანი არჩევნების მომხრე ვარ და არა მოზრდილების პოლიტიკური თამაშისა!’’
‘’სამსახურში მეჩქარება, აირჩიე შვილო, ბოლოსდაბოლოს რომელი ფერის სათამაშო გინდა, წითელი თუ ნაცრისფერი?’’ ვფიქრობ, ბავშვობის ასაკში უამრავი მოზარდი დამდგარა ამგვარი არჩევნის წინაშე. არჩევნის გაკეთებისას მოზარდისგან მშობლისათვის პასუხის გაცემა არც თუ იოლია, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ბევრი სხვა არჩევნის წინაშე დგება: თუნდაც – სასწავლად რომელი ენა აირჩიოს – ჩინური თუ ფრანგული, რომელ კოლეჯში განაგრძოს სწავლა, საპირისპირო სქესის რომელ პირზე გააკეთოს არჩევანი და ბოლოსდაბოლოს, აპატიოს თუ არა მეგობარს მის მიმართ ჩადენილი უსამართლო საქციელი. ეს მცირეოდენი ჩამონათვალი გახლავთ იმისა, რის არჩევაც ადამიანს სრულწლოვანების ასაკამდე უწევს. თუმცა არსებობს არჩევანი, რომლის მიღებამაც ადამიანის ცხოვრება შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს. საუბარია ამა თუ იმ ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქისათვის სავალდებულო არჩევანზე – ქვეყნის ხელისუფლების ფორმირებისას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელ პროგრამას დაუჭიროს მხარი, რომელ პლატფორმას ენდოს და ბოლოსდაბოლოს მოცემულ ეტაპზე გაკეთებული არჩევანი მომავალში ბევრად განსაზღვრავს ამომრჩევლის სოციალურ მდგომარეობასა და სტატუსს.

უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის აწმყოსა და მომავლის შეცვლა მხოლოდ ამავე ქვეყნის პირველ პირებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს, თუ უბრალოდ ცალკეული ქალაქების თუ სოფლების მმართველებს შეუძლიათ. თუმცა ფაქტი ერთია და პირდაპირ მიუთითებს, რომ ზემოთხსენებული პირები ხალხის, საზოგადოების მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე ჩხირსაც ვერ გადააბრუნებენ. მოზარდები და კერძოს სკოლის მოსწავლეები, ბუნებრივია, საზოგადოების ნაწილია და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი! აუცილებელია, ხელისუფლებამ და არა მხოლოდ ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი ყურადღება მიაქციოს სკოლამდელ მოზარდთა მოსაზრებებს, საიდანაც უამრავი საინტერესო და სასარგებლო დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი სახელმწიფოს პოლიტიკის სრულყოფისა, თუ იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. სრულებით არაა აუცილებელი, ბავშვებს გლობალური იდეების განზოგადება მოვთხოვოთ – უბრალოდ საჭიროა, ყურადღებით მოვუსმინოთ მათ და მათი ასაკის შესაბამისად გამოვიტანოთ დასკვნები ამა თუ იმ საკითხის მიმართ – იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობისა, თუ სულაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. 

მაიკლ შინი, 13 წლის – სულაც არ მინდა სრულწლოვანების შესრულებას დაველოდო. ხვალ რომ დაინიშნოს არჩევნები, ხვალვე წავიდოდი. ძალიან მომწონს ვენესუელას მაგალითი  – ამ ქვეყანაში ხმის მიცემა 16 წლამდე ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ. ჩემი აზრით, ჩემი და ჩემი ასაკის ადამიანების არჩევნებში მონაწილეობა უფრო მეტ სიმწვავეს მისცემს ნებისმიერ არჩევნებს და საბოლოო ჯამში, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემი ასაკის ბავშვებს საკუთარი შეხედულებები არ გააჩნია, ის უბრალოდ ბრიყვია. 

სემუელ ვიანორი, 11 წლის: ჩემი ბაბუა უსინათლოა. ძალიან მაინტერესებს, როგორ მოახერხებს ის საარჩევნო ბიულეტენის შემოხაზვასა და საარჩევნო ყუთში ჩაგდებას? რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ მეც მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერი სახის არჩევნებში მასთან ერთად. ძალიან მაინტერესებს, ჩემზე უკეთესი მრჩეველი ბაბუას ეყოლება ვინმე? ან საარჩევნო ბიულეტენში სასურველი ადამიანის შემოხაზვისას, ჩემზე მეტად ბაბუა არავის ენდობა, დანამდვილებით ვიცი! ასე რომ, ჩემი სურვილია, მომეცეს არჩევნებში მონაწილეობის სრული უფლება.

ნენსი მეიერი, 9 წლის: მე რომ მქონდეს საშუალება, კენჭი ვიყარო ქალაქ ჩიკაგოს მერობაზე, ჩემს მეზობლებსა და მთელ ქალაქს დავპირდებოდი, რომ მთავარ ქუჩაზე ასფალტს დავანგრევდი და მის ადგილას სხვადასხვა ფერის ყვავილებს დავრგავდი, რათა იქ შეყვარებულ წყვილებს ესეირნათ. მერე დავაწესებდი ‘’ჯანმრთელობის დღეს’’ – წელიწადში ერთს კი არა, ორმოცდაათს. ყველა მათხოვარს სამუშაოს მივცემდი. სასტიკად ავკრძალავდი იმას, რომ ჩემი ასაკის ბავშვები მონურად შრომობდნენ, ან კიდევ ქუჩებში მათხოვრობენ. ისინი, მართალია, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბავშვები არიან, მაგრამ ბავშვი ბავშვია!

ნატალია ივანოვა, 8 წლის: ბაბუაჩემი, გრეგორი ივანოვიჩი მიამბობდა, რომ როდესაც ჩვენს ქალაქში არჩევნები იმართებოდა, ქალაქის მთავარი ქუჩები გირლიანდებითა და ფერად–ფერადი ყვავილებით ირთვებოდა. საზეიმო მუსიკა ისმოდა დილიდანვე და ქალაქში საზეიმო განწყობილებაც იყოო. პირველი ვინც მივიდოდა საარჩევნო უბანზე და ხმას მისცემდა, მას სამახსოვრო სურათს უღებდნენ და მცირედი საჩუქრითაც ასაჩუქრებდნენ, მერე ის სურათი ქალაქის ყოველდღიურ გაზეთში იბეჭდებოდა. ჰო, ყველაზე მთავარი მავიწყდებოდა – ბაბუა მიყვებოდა, რომ მაშინ არავინ დადიოდა და არავინ მოუწოდებდა ოჯახებსა და ადამიანებს, ამასა და ამას მიეცით ხმაო! ხალხი საკუთარი სურვილითა და სიხარულითაც კი დადიოდა არჩევნებზე. აი, სწორედ ამნაირი არჩევნები მინდა ჩემს ქვეყანაში ჩატარდეს და არა ისეთი, როგორიც ახლაა – უამრავი და უშველებელი სურათები და ტელევიზორებში კიდევ ამდენი სარეკლამო ფილმები გადის. ის კანდიდატი ამას გვპირდება, ეს კანდიდატი ამას და ასე შემდეგ…

ნიკ ვისერმანი, 7 წლის: როგორც კი დაიწყება საარჩევნო მზადებები, ჩემს ქალაქში მაშინვე იწყება სხვადასხვა პლაკატების გაკვრა და მთელ ქალაქს მღელვარება მოიცავს ხოლმე. ტელევიზორში ნაცვლად იმისა, რომ მულტფილმები უჩვენონ, სხვადასხვა დეპუტატების სარეკლამო კლიპები გადის. ამ რეკლამებს რომ ვუყურებ, ასე მგონია, რომ დეპუტატები ცდილობენ, ხალხს თავიანთი აზრები მოახვიონ თავს. მარტო ისეთ რამეებზე ლაპარაკობენ, რომ ხალხს ესიამოვნოს და მათ სასურველი სკამი მოიპოვონ. მე მგონია, რომ არჩევნები პატიოსანი პროცესი უნდა იყოს და არა მოზრდილების პოლიტიკური თამაში. 

ჯიმ სოიერი, 8 წლის: ხშირად ჩვენს შტატში გამოდიან ტელევიზიით მოზრდილი ადამიანები და იქიდან საყვედურს ამბობენ – არჩევნებით მოსახლეობა აქტიური და დაინტერესებული არ არისო. მე მგონია, რომ მოსახლეობის ინტერესი არჩევნების მიმართ თავად კანდიდატებმა უნდა გააღვივონ. კერძოდ კი, ხალხს ზღაპრები კი არ უნდა მოუყვნენ, არამედ რეალური დაპირებები უნდა შესთავაზონ.

ქეთრინ თეტჩერი, 5 წლის: დედას და მამას ხმამაღალი ლაპარაკი და უთანხმოება შეემთხვათ. დედა ეუბნებოდა, წითელი ფერის სჯობიაო და მამიკომ კიდევ სხვა ფერი ამჯობინა და ხმამაღლა უყვირეს ერთმანეთს. მამა ამბობდა, წითელი ფერი სიკეთეს არ მოგვიტანს, ამდენი ხანია არც ხელფასი არ მომიმატეს, რომ ჩვენს ქეთრინს უკეთესი სათამაშოები ვუყიდო და უკეთესი ველოსიპედიო და დედამ კიდევ ზუსტად იმიტომ არის მასე, რომ წითელ ფერს არ ირჩევო. ჩემთვის კი სულერთია – წითელი ფერი მოეწონება მამიკოს თუ ნაცრისფერი, მთავარია დედიკოს არ ეჩხუბოს და დედიკომ კიდევ მამიკოს არ ეჩხუბოს. 

კესარია დემეტრაშვილი, 6 წლის: პირველ კლასში ვსწავლობ და გაკვეთილები რომ გვიმთავრდებოდა, დედიკო მხვდებოდა სკოლის კართან და ხანდახან კიდევ მამიკო. ზამთარში გარეთ მელოდებოდნენ ხოლმე დედა და მამა და ჩვენი დარაჯი, სერგო ბიძია სკოლის კარის შიგნით არ უშვებდა არც ერთსა და არც მეორეს. ჰოდა, იდგნენ სიცივეში და ასე მელოდებოდნენ ხოლმე. მე ძალიან მეცოდებოდა ჩემი მამა და დედა და სულ ვცდილობდი, ყველაზე პირველი გამოვსულიყავი გარეთ, იმათ რომ ძალიან არ შესცივნოდათ. ახლა კიდევ ზაფხული რომ მოვიდა და რომ დაცხა, დარაჯი ისევ არ უშვებდა დედასა და მამას სკოლის შენობაში. დგანან ხან დედა და ხან მამა ამ სიცხეში და ძალიან სცხელათ. ზაფხულშიც ჩქარა მინდოდა გამოვსულიყავი, რომ ძალიან არ დასცხომოდათ დედას და მამას. დარაჯი ამბობდა, რომ ზამთარშიც და ზაფხულშიც თქვენი მშობლები სკოლაში ბევრ დაავადებებს და ბაქტერიებს შემოიტანენ და მაგიტომ არ ვუშვებთ შიგნითო. ახლა სწავლა აღარ არის და სკოლაშიც აღარ დავდივარ და მამიკოს რომ მივყავდი ცირკში, ჩემს სკოლას ჩავუარე და იქ იმდენი მშობელი იყო, რომ რა ვიცი, როგორ უნდა გითხრათ! ეს მშობლები ჩემს სკოლაში შედიოდნენ და გამოდიოდნენ, თანაც ძალიან ბევრნი იყვნენ და კბილებს კრეჭდნენ, ყაყანებდნენ და ერთმანეთს რაღაცეებს უმტკიცებდნენ. მე მეგონა, რომ თავიანთ ბავშვებს მოაკითხეს და კიდევ მეგონა, რომ სკოლა გავაცდინე და ცოტათი შემეშინდა. მამიკოს მოვებღაუჭე ხელზე, რომ მასწავლებელი არ გამომხტარიყო საიდანღაც და საყვედური არ ეთქვა, სკოლას რატომ აცდენო. მამამ კიდევ მითხრა – ნურაფრის გეფიქრება, შვილო, სკოლაში სწავლა დასრულებულია, არჩევნები დაიწყოო!

პირველი სიტყვა

0
„დასაბამიდან იყო სიტყვა… ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა”, – ვკითხულობთ იოანეს სახარების პირველი თავის შესავალშივე. მე არც თეოლოგი ვარ და არც ამ საკითხში ღრმად ჩახედული ადამიანი, ამიტომ არ შევუდგები მის თეოლოგიურ-რელიგიურ ინტერპრეტირებას, მაგრამ, როგორც რიგით მოკვდავსა და საერო კვლევა-ძიებაში ჩართულ ადამიანს, ჭეშმარიტებად მიმაჩნია ფორმულირება: „…და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა”. 

რას ვგულისხმობ? 

რომ არა თავის დროზე ნათქვამი პირველი გაბედული სიტყვა, არ იქნებოდა ტექნიკური პროგრესი! ფაქტი უამრავია, მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვიყვან.

რაოდენ ღიმილისმომგვრელიც უნდა ჩანდეს დღეს, ერთ-ერთი პირველი თამამი განაცხადი იყო წარმოდგენა დედამიწის მოდელზე – ოთხი სპილოს ზურგზე შემოდგმულ მიწის ნაჭერზე. მისი ავტორის ბედი უცნობია, მაგრამ უფრო დახვეწილი თეორიისთვის ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს. ამპარტავანმა და ეგოცენტრულმა საზოგადოებამ არ აპატია – რას ჰქვია, სამყარო ჩვენ გარშემო არ ბრუნავსო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ბრუნოს თეორია ვიღაც შერეკილის ნაბოდვარად კი არ მიიჩნიეს, არამედ კაცობრიობისთვის მეტად საშიშად და ავტორს უმკაცრესი სასჯელი არგუნეს. არადა ვინ იცის, რამდენი „შერეკილი” დაეხეტებოდა ქუჩებში, რომელთა „ნაბოდვარს” გაპრანჭული ევროპა ჩირადაც არ აგდებდა ან გულიანად დასცინოდა…

თუმცა კოცონის მხურვალებამ მხოლოდ ბრუნოს სხეული აქცია ნაცარტუტად, სახელს კი ვერაფერი დააკლო; მხოლოდ მისი ცილოვანი მასა გააქრო ამქვეყნიდან, თეორია კი საუკუნოდ შემორჩა ისტორიას, რადგან იგი თანამედროვე ასტრონომიასა და კოსმონავტიკაში რეალიზდა.

ჯორდანოს ბედი არაერთმა სხვამაც გაიზიარა. ყოვლისმცოდნენი განსაკუთრებით ქიმიკოსებს არ სწყალობდნენ. ალქიმიკოსად შერაცხულმა შუა საუკუნეების მრავალმა მკვლევარმა დაასრულა სიცოცხლე კოცონსა თუ ეშაფოტზე. მათი „ფილოსოფიური ქვის” ძიების მეთოდები დღეს ქიმიის ხერხემალია.

როდესაც ეილერი XVIII საუკუნის ბოლოს თავის თეორიას აყალიბებდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა კომპიუტერებსა და გამოთვლით ტექნიკაზე, მაგრამ თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის საშუალებები ციფრებს ეილერის ენაზე „ესაუბრებიან”.

ბორმა და რეზერფორდმა უმცირეს ნაწილაკებში დაინახეს ის, რასაც ბრუნო და კოპერნიკი ჭოგრიტებითა და ტელესკოპებით აკვირდებოდნენ. თავზე ხელაღებული უნდა ყოფილიყავი, რომ გაგებედა და გეთქვა, ატომსა და სამყაროს ერთნაირი აღნაგობა აქვთო. როგორ უნდა ერწმუნა ყოველგვარი სიახლისკენ ეჭვის თვალით მომზირალ მოყვასს „ზღაპარი” ატომის, ამ თითქმის მისტიკური, თვალით უხილავი ნაწილაკის, აგებულების შესახებ? ძნელად, მაგრამ ბოლოს მაინც ვიწამეთ და მივიღეთ…

სიახლეებისკენ ეჭვის თვალით მზერა მხოლოდ შუა საუკუნეებისთვის როდი იყო დამახასიათებელი; მეოცე საუკუნის დასაწყისში მეხის გავარდნასავით გაისმა აინშტაინის ფარდობითობის თეორია, რომელიც დღეს თითქოს ყველამ ვიცით და მის საილუსტრაციოდ მარტივი მაგალითებიც კი მოგვყავს, მაგრამ, ავტორის თქმისა არ იყოს, „იგი დედამიწაზე ერთ-ნახევარმა ადამიანმა იცის მხოლოდ, საიდანაც ერთი თავად აინშტაინია, ნახევარი კი – დანარჩენი მსოფლიო”.

სულ რამდენიმე წლის წინ ქიმიაში ნობელის პრემია გადაეცა მეცნიერს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეურაცხადად იყო მიჩნეული სამეცნიერო წრეებში. პრესტიჟული ჟურნალები მის ნაშრომებს აღარც კი ბეჭდავდნენ….

უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

…დღეს ყველამ იცის, რომ დედამიწა მრგვალია და მზის გარშემო ბრუნავს, თავდაჯერებულად ლაპარაკობენ ატომებსა და მათ გარშემო მორბენალ ელექტრონებზე, ადვილია ელემენტის რევიზია და მისი სამწყსოს – ელექტრონების დათვლა, აღარ გვაოცებს კოლბებსა და სინჯარებში ორი ნივთიერების შერევისას წარმოქმნილი ფერი, ნალექი, სინათლე თუ სითბო. ამ ელემენტარული საკითხების ცოდნის შემთხვევაში ვიღებთ გონებრივი სიმწიფის ატესტატს, თუმცა არც ერთი ჩვენგანი არ არის ბრუნო და კოპერნიკი, ბორი და რეზერფორდი, ეილერი და აინშტაინი… დღეს მერვეკლასელმა უფრო მეტი იცის, ვიდრე თავის დროზე არისტოტელემ იცოდა, მაგრამ გონიერების საზომად კვლავაც არისტოტელე, პითაგორა და ძმანი მათნი მიგვაჩნია…

მათ მოახერხეს, გაბედეს და კაცობრიობის ისტორიაში პირველად თქვეს ის, რაც მანამდე არავის ეთქვა… პირველ სიტყვას დიდი გამბედაობა სჭირდება, გამბედაობა კი ცოდნას, რეალურ ცოდნას მოაქვს… 

და კიდევ – თმენაა საჭირო. პირველმეუბნე ამრეზით ჭვრეტისთვისაა განწირული… თუმცა დროებით.

ვეტრფით წინსვლას, მაგრამ არ გვიყვარს სიახლები… ჯერ კიდევ მრავლად მოიძებნებიან ისეთები, „მერსედესსა” და „როლს-როისს” „ჟიგული” და „ვოლგა” რომ ურჩევნიათ… სპორტის სასახლე რომ შენდებოდა, ნახევარი თბილისი წუხდა თურმე, ეს უსახური ნაგებობა ქალაქს იერსახეს უკარგავსო…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...