კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

როგორ ვუშველოთ ქიმიას

0

მძიმე დრო უდგას ბუნებისმეტყველებას. მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, სადაც საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სპეციალობები უფრო პოპულარულია, ვიდრე სხვა დანარჩენი. დედამიწას პანდემიასავით მოედო „ადვილი” ცხოვრების წესი. გადავეჩვიეთ სიღრმისეულ აზროვნებას, პრობლემის ფესვების ძიებას… ლოგიკისა თუ არსებობის მარტივ და მზა ფორმულებს უფრო აქვს დღეს გასავალი… ამიტომაც ავითვალწუნეთ საბუნებისმეტყველო დისციპლინები: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია…

ჩვენც იმ ქვეყნების სიაში ვწერივართ, სადაც ზემოთ ჩამოთვლილ დისციპლინებს ამრეზით უყურებენ, მაგრამ ქიმია მათ შორის ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია.

რა მაძლევს ამ დასკვნის საფუძველს? – მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში.

მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში IChO წელს უკვე 46-ედ გაიმართა, საქართველომ კი მასში პირველად(!) მიიღო მონაწილეობა. ჩვენი უახლოესი მეზობლები, აზერბაიჯანი და სომხეთი, IChO-ში საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ჩაერთნენ და ბოლო რამდენიმე წელია, უკვე საპრიზო ადგილებზეც გამოთქვამენ პრეტენზიას. რატომ ასე გვიან? მიზეზი უამრავია, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც ჩვენი უნიათობაა, და აქ სულაც არ ვგულისხმობ ოფიციალურ სტრუქტურებს.

საქართველო IChO-ს 2012 წელს შეუერთდა ასოცირებული 77-ე წევრის (დამკვირვებლის) სტატუსით. ყველაფერი კი ფაქტობრივად კერძო ინიციატივით დაიწყო. ნინო გიგილაშვილისა და გია ხატისაშვილის (ეროვნული საგამოცდო ცენტრი) რეკომენდაციით, ასოციაციის სახელით განაცხადი შევიტანეთ ოლიმპიურ კომიტეტში, მაგრამ კომიტეტმა ოფიციალური სტრუქტურების ნებართვა და უამრავი სხვა დოკუმენტი მოითხოვა. მივმართეთ თხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც მაშინვე დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. მისი და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებული, საქმიანი მხარდაჭერა რომ არა, IChO-ს რიგებში საქართველო დღესაც არ იქნებოდა.

 

პირველი დიდი ნაბიჯი გადაიდგა. ორი წლის განმავლობაში (2012-2013) საქართველო დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა ოლიმპიადას და ყოველწლიურად გვიწევდა მოხსენების წაკითხვა ჩვენი საკანონმდებლო ბაზის, ეროვნული სასწავლო პროგრამის, სწავლების სტანდარტის, მოსწავლეთა შერჩევის წესის შესახებ. მოხსენებები, თამამად შეიძლება ითქვას, დიდი მოწონებით სარგებლობდა, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სრულფასოვანი წევრის სტატუსით ჩვენს მიღებაში. ამრიგად, 2014 წელს ვიეტნამში საქართველომ უკვე მოსწავლეთა გუნდი გაგზავნა სრული შემადგენლობით. საქართველოს ისტორიაში პირველი ნაკრების წევრები იყვნენ ლევან მექერიშვილი (სკოლა „ალბიონი”), იულია ნიაური, ნუგზარ ლეკიაშვილი, ლუკა მალაშხი, მწვრთნელები – ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი და ემზარ ლომიძე.

ცხადია, ასეთ დიდ საერთაშორისო ფორუმზე მოხვედრა უკვე წარმატებაა, მაგრამ ოლიმპიადაში ქვეყანა მხოლოდ „მონაწილეობისთვის” არ უნდა მონაწილეობდეს. წელს ჩვენმა ნაკრებმა მედლები ვერ აიღო. ეს კანონზომიერიცაა (თუ რატომ, ქვემოთ მოგახსენებთ), მაგრამ სასწრაფოდ უნდა დაისახოს სტრატეგიული გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გაისად აზერბაიჯანში საპრიზო ადგილებზე გვქონდეს პრეტენზია. მართალია, ერთ წელიწადში ამის მიღწევა ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის!

ჯერ მოკლედ განვიხილოთ, რას წარმოადგენს ოლიმპიადა. იგი ორ ტურად ტარდება და მოიცავს 5-5-საათიან პრაქტიკულ და თეორიულ ტურებს. ამოცანების სავარაუდო თემატიკა და სირთულე რამდენიმე თვით ადრე ცხადდება. მიმდინარე წელს პრაქტიკული ამოცანები ეხებოდა ევგენოლოქსი ძმარმჟავას სინთეზს, ვანილინსა და ბენზილამინს შორის კონდენსაციას, თუთიისა და ტყვიის განსაზღვრას თუთიის ოქსიდში, სალიცილმჟავას რკინის კომპლექსის წარმოთქმის რეაქციის კინეტიკის შესწავლას და ა.შ. თეორიული ტური კიდევ უფრო რთული ამოცანებით იყო დატვირთული და მოიცავდა კვანტური, ანალიზური, ორგანული ქიმიის უაღრესად სპეციფიკურ საკითხებს (მაგალითად, ვიტამინ H-ის სინთეზს). აღნიშნული ამოცანები მოითხოვს ქიმიის კონკრეტული მიმართულებების და მისი სპეციფიკური საკითხების მეტად ღრმა ცოდნას და დროის დიდ რესურს. გამოცდილ ქიმიკოსსაც გაუჭირდება 5 საათის განმავლობაში ამ ამოცანების ამოხსნა, ვინაიდან ხშირად ხანგრძლივი გაანგარიშებებია შესასრულებელი ან საკმაოდ გრძელი რეაქციის მექანიზმებია დასაწერი. და მთავარი – არც ერთი ეს საკითხი არ არის ჩვენი სასკოლო პროგრამის ნაწილი! ასეთია ოლიმპიადის წესები, შესაძლოა, მეტად მკაცრიც, ზედმეტად გართულებულიც, მაგრამ იგი „რიგით” მოსწავლეებზე არ არის გათვლილი.

 

მაშ, ვინ და როგორ აღწევს წარმატებას? ბოლო სამი წლის ანალიზით, წარმატებული ქვეყნები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. ერთ ჯგუფს ის ქვეყნები ქმნიან, რომლებიც დიდ ინვესტიციას ახორციელებენ, მეორეს კი ისინი, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული (ინგლისურენოვანი) სახელმძღვანელოებით ასწავლიან ქიმიას ზედა კლასებში. აქვე უნდა დავძინო, რომ მეორე მეთოდი უფრო ეფექტურია. სინგაპური, ტაივანი, პაკისტანი, მალაიზია, ინდოეთი და სხვა მათი მსგავსი ღარიბი ქვეყნები უფრო მეტ საპრიზო ადგილს იკავებენ, ვიდრე არაბეთის ნახევარკუნძულის, შუა აზიის სახელმწიფოები და აშშ (მათი ნაკრებების მოსამზადებელი ბიუჯეტი ექვსნიშნა რიცხვებით განისაზღვრება).

სად არის გამოსავალი? ცხადია, ჩვენ ვერასოდეს გვექნება დიდი ბიუჯეტი. ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა ან წარუმატებლობის მხოლოდ მისი უქონლობისთვის გადაბრალება არაფრის მომცემია. ვერც ისეთ საგანმანათლებლო ოაზისს შევქმნით უახლოეს მომავალში, როგორითაც მათემატიკითა და ფიზიკით გატაცებული ქართველი მოსწავლეები სარგებლობენ სპეციალიზებულ სკოლებში. უდავოდ კარგი იქნება ასეთი სკოლის არსებობაც, მაგრამ სათანადო სიმაღლეების მისაღწევად მას წლები დასჭირდება. ხვალისთვის კი სხვა მექანიზმია მოსაფიქრებელი. ეს არის ქიმიის კლუბების დაარსება, რომლებსაც სახელმწიფო თუ კერძო სექტორი მცირე ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ.

ამრიგად, უნდა დაარსდეს ქიმიის კლუბები, რომლებიც:

1. უზრუნველყოფს ტრენერების მოზიდვას, შერჩევას და საჭიროების შემთხვევაში გადამზადებას. 

საოლიმპიადო, მით უფრო – საერთაშორისო ოლიმპიადისთვის გამიზნული, ამოცანების ამოხსნა მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას. ხშირად ამ ამოცანების ამოსახსნელად მარტო ქიმიის ცოდნა არ არის საკმარისი. ნაკრები უნდა მოამზადოს ტრენერთა ჯგუფმა და არა ერთმა ან ორმა მასწავლებელმა.

2. უზრუნველყოფს მოსწავლეების ქიმიით დაინტერესებასა და მოზიდვას.
მოსწავლეთა მოტივაცია წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. სამწუხარო რეალობაა, რომ ვინც დღეს ქიმიას კარგად სწავლობს და ეროვნულ ოლიმპიადებში საპრიზო ადგილებს ინაწილებს, არც ერთი მათგანი არ აგრძელებს სწავლას ქიმიის მიმართულებით. მათთვის მოტივაცია მხოლოდ მედლის მიღების სიხარულია (რაც უდავოდ დიდი წარმატებაა), ამიტომ ისინი „მხოლოდ გამოცდის ჩაბარების” პრინციპით ეკიდებიან ამ დარგს და ვერ ახერხებენ/არ სურთ ჩაუღრმავდნენ საკითხების შესწავლას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქიმიური აზროვნების განსავითარებლად. ჩვენი წლევანდელი ნაკრების შემადგენლობიდან ორი მომავალი ექიმია, ერთი – ბიზნესადმინისტრატორი, ერთიც – ინჟინერი.

3. უზრუნველყოფს ტრენინგების რეგულარულ ჩატარებას.

რეალური ვითარებიდან გამომდინარე, მხოლოდ საოლიმპიადო ნაკრების ორკვირიანი შეკრება (მოქმედი დებულებისა და საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად) სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. არაორგანული, ორგანული, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის საკითხების ისეთი სიღრმისეული შესწავლა, როგორიც მოითხოვება ოლიმპიადაზე წარმატების მისაღწევად, ორ კვირაში ვერ მოხერხდება, რადგან ეს საკითხები არათუ ეროვნული სასწავლო გეგმისგან დგას შორს, არამედ ხშირად საბაკალავრო პროგრამებშიც კი არ მოიაზრება მათი სწავლება. მიმდინარე ოლიმპიადაზე ჩვენი ნაკრების მიერ დამაკმაყოფილებელი ქულების მიღება იმის დამსახურებაა, რომ ერთი თვით ადრე დავიწყეთ მზადება, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, რომელმაც მის ხელთ არსებული მთელი რესურსი დაგვითმო ტრენინგებისთვის. ცოტა მეტი დრო და გამოცდილება რომ გვქონოდა ნაკრებსაც და ტრენერებსაც, ალბათ ბრინჯაოს მედალთან მიახლოებასაც შევძლებდით.

4. უზრუნველყოფს დისტანციურ ტრენინგებს.

წლევანდელი ეროვნული ოლიმპიადის შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები მხოლოდ თბილისის სკოლებში არ სწავლობენ – საკმაოდ დიდია რეგიონის მოსწავლეთა წილი, ამიტომ აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნეს ასეთი მოსწავლეების ჩართულობაც საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადების პროცესში.

5. მოიპოვებს ფინანსურ უზრუნველყოფას.

ფინანსური უზრუნველყოფა საჭიროა ტრენერთა სახელფასო ფონდისთვის (გასული წლების განმავლობაში ქიმიის ოლიმპიადით დაინტერესებულ მოსწავლეებს უმთავრესად მოხალისე მასწავლებლები ავარჯიშებდნენ) და ექსპერიმენტული ტრენინგებისთვის საჭირო  რეაქტივებისა თუ სხვა სახარჯი მასალების შესაძენად. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეთა ნაკრების მონაწილეობა რომელიმე სხვა საერთაშორისო ოლიმპიადაში (თუნდაც მენდელეევის სახელობის ოლიმპიადაში), რაც ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება დიდი საერთაშორისო ოლიმპიადის წინ.
დაბოლოს, ყველაფერი ეს ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს აღნიშნული კლუბი მოამზადებს მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს. კლუბის კარი ღია უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის, რომელთაგან ზოგი საერთაშორისო ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს ეროვნულ ოლიმპიადასა და შესარჩევ ტურში გამარჯვებით, დანარჩენებს კი დარჩებათ ცოდნა, რომელიც ასევე დიდი შენაძენი იქნება.

P.S. მოცემული ბმულებიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ წლევანდელი ოლიმპიადის ამოცანები ქართულ ენაზე. გადახედეთ მათ და კიდევ უფრო ნათლად წარმოიდგენთ, რამდენი რამაა გასაკეთებელი.

ვრცლად 

ვრცლად 

სკოლის ორგანიზაციული კულტურის შესახებ

0
დღეს, როცა სკოლის დირექტორთა შერჩევის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს, აქტუალურად მივიჩნიეთ სკოლის ორგანიზაციულ კულტურაზე საუბარი, რადგან ამის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება ახლად არჩეულ/დანიშნულ დირექტორებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას საკუთარი ხედვისა და გეგმების განხორციელების გზაზე. 

როგორც ვიცით, ორგანიზაციული კულტურა ყალიბდება ადამიანების გამოცდილების შედეგად და წარმოადგენს ორგანიზაციის წევრების მიერ გაზიარებულ რწმენას, ფასეულობებსა და ქცევის წესს. ის ცნობიერად თუ არაცნობიერად აღიარებულია ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობის მიერ და გარედან მოსული ადამიანისათვის რთულად დასანახია. ამიტომ ორგანიზაციული კულტურის მეტაფორად ხშირად იყენებენ „ორგანიზაციულ აისბერგს”. რატომ? აისბერგის ხილული ნაწილი მხოლოდ 1/7-ია, 6/7 წყლის ქვეშაა. ასეა ორგანიზაციაშიც.

ორგანიზაციული კულტურას განსაზღვრავს გარეგანი და შინაგანი ფაქტორები: გარეგანია  ეროვნული ტრადიციები, ეკონომიური პირობები, ადგილობრივი საზოგადოების (თემის) კულტურული თავისებურებები. შინაგანი – ხელმძღვანელის პიროვნული თავისებურებები, სკოლის დეკლარირებული მისია და ღირებულებები, მიზნები და ამოცანები, პედაგოგების ზოგადი განათლებისა და კვალიფიკაციის დონე.

მაინც რა სახის კულტურას ვხვდებით სკოლებში? ძირითადად, ეს არის:

როლური / ფუნქციური კულტურა. კულტურის ეს ტიპი ეფუძნება ორგანიზაციაში როლებისა და ფუნქციების ზუსტ გამიჯვნასა და განსაზღვრას თითოეული წევრისათვის. როლები და ფუნქციები განსაზღვრულია მკაფიო თანამდებობრივი ინსტრუქციითა და შინაგანაწესით. ორგანიზაციის წევრთა ქმედებები შეესატყვისება განსაზღვრულ როლს, კონკრეტიზებულ მოთხოვნებს. კულტურის ეს ტიპი მიმართულია პროცედურებისა და წესების მკაცრ დაცვაზე.

ამ კულტურაში მასწავლებლის პროფესიონალიზმი ფასდება იმის მიხედვით, რამდენად პასუხისმგებლობით  ასრულებს დაკისრებულ როლს. ამიტომ ასეთი ტიპის კულტურის სკოლაში უმთავრესია ისეთი კონტროლის მექანიზმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს დადგენილი წესებისა და პროცედურების ზუსტ დაცვასა და შესრულებას. ასეთი კულტურა განსაკუთრებით ეფექტიანია სტაბილურ სიტუაციაში, მაგრამ ამავდროულად ნაკლებეფექტიანი – არასტაბილურ ვითარებასა და ცვლილებების დროს. ამიტომაც მთავარი რისკფაქტორი, რომელიც ასეთი კულტურის სკოლას აქვს, ეს არის ინოვაციური პროცესების „გაყინვის” საშიშროება.  განსაკუთრებით ფერხდება ინოვაციები სკოლის შიგნით. გარედან მოსული სიახლეებისათვის სკოლა ღიაა, მაგრამ მათი დანერგვა ხანგრძლივდება იმის გამო, რომ ამ სიახლეებისათვის უნდა შეიქმნას ახალი როლები. ამ კულტურის მთავარი ლოზუნგია: „თუ შენ მოიფიქრე, შენვე განახორციელე და შენვე აგე პასუხი შედეგებზე.” ასეთი ტიპის კულტურა ძალიან კომფორტულია ხელმძღვანელობისათვის, რადგან  შედარებით მარტივდება კოლექტივის მართვა. ის მდგრადია, რამდენადაც მტკივნეულად არ რეაგირებს საკადრო ცვლილებებზე (მაგალითად, როცა იცვლება დირექტორი). 

ინდივიდუალისტური / „ვარსკვლავური” კულტურა. ეს კულტურა ეფუძნება ცალკეული ადამიანების მაღალ პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას. უფრო ხშირად ასეთი კულტურა ყალიბდება პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სკოლაში. მისთვის დამახასიათებელია ის, რომ სუსტია ან საერთოდ არ არსებობს ფორმალური თუ არაფორმალური პროფესიული კომუნიკაცია ორგანიზაციის თანამშრომელთა შორის. ამ კულტურის უმთავრესი ღირებულებაა მასწავლებლის (პროფესიონალის) ავტონომია და ის ემყარება იმ წარმოდგენას, რომ რაც უფრო მაღალია მასწავლებლის პროფესიონალიზმი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს ავტონომიურობის ხარისხი. ასეთ პროფესიონალებს ენდობიან, რომ თავად, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ პროფესიული ამოცანები. ასეთი კულტურის სკოლაში იშვიათად ესწრებიან კოლეგებს გაკვეთილებზე და თავად მასწავლებელიც ნაკლებად ინტერესდება სხვების გამოცდილებით. უფრო მეტიც: ხშირად გაიგებთ ასეთ ფრაზებს: „მე ჩემი ხელწერა მაქვს, იმას კიდევ – თავისი. საქმეს ხომ კარგად ვაკეთებთ? მთავარი ეს არის.” ან: „მე ძალიან კარგად ვიცი, რა უნდა ვაკეთო, შედეგები ამაზე მეტყველებს”. ხელმძღვანელობა თავის მოვალეობად თვლის იზრუნოს თითოეული მასწავლებლის პირადი კომპეტენციის კიდევ უფრო გაზრდაზე, რადგან „ვარსკვლავური” კულტურა ეფექტიანად იყენებს ცალკეული მასწავლებლის ინდივიდუალურ რესურსს. მისი მთავარი ნაკლი ის არის, რომ ასეთი კულტურის სკოლა ძალიან სუსტად რეაგირებს გარედან შემოტანილ ცვლილებებზე, არის თვითკმაყოფილების მაღალი რისკი.

ბალკანიზებული ანუ „გუნდური” კულტურა. ასეთი ტიპის კულტურაში მასწავლებლები დაყო­ფილნი არიან ჯგუფებად, რომლებშიც არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი იერარქია. ეს არის საერთო პრობლემის/პრობლემების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფი. მასწავლებლები, ჯგუფის წევრები, იზიარებენ მსგავს ღირებულებებსა და მიდგომებს, თუმცა დაბალია კომუნიკაციის ხარისხი სკოლაში არსებულ სხვა ჯგუფებთან. ამას განაპირობებს ის, რომ ასეთი ჯგუფები ქმნიან საკუთარ კულტურას, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება ძალიან დაშორდეს სხვებისას ან საერთოდ სკოლის კულტურას. ისინი იკეტებიან საკუთარ მიკროგარემოში და თუ დროზე არ მოხდა ჩარევა, შეიძლება მნიშვნელოვნად გააუარესოს სკოლაში არსებული მდგომარეობა. ასეთი კულტურა ხშირად პრობლემებს უქმნის ხელმძღვანელობას, რადგან მისი როლი და გავლენა მინიმუმამდე დადის. ასევე, ამ კულტურის სუსტ მხარეებად შეიძლება მივიჩნიოთ სირთულეები ინფორმაციის გაცვლისას ჯგუფებს შორის, საკითხების  განხილვის და საერთო გადაწყვეტილების მიღების დროში გახანგრძლივება, ერთგვარი სტიქიურობა.   არის ხელოვნური კოლეგიალობის ჩამოყალიბების საშიშროებაც, როცა მასწავლებლები გარკვეული პერიოდულობით ხვდებიან ერთმანეთს სწავლებასა და სწავლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით. თუმცა ამ შემთხვევაში მათი საუბრები არის ძა­ლიან ზედაპირული და არ მოიცავს სასწავლო პროცესის სიღრმისეულ ანალიზს. ასეთი ტიპის სასკოლო საზოგადოებაში ხშირად გაიგებთ ფრაზებსა და კითხვებს: “ანა ჩემთან ამ ბოლო დროს უკეთესად იქცე­ვა. თქვენთან რას შვრება?”, “საშუალო მაჩვენებლების მიხედვით მო­სწავლეების მიღწევები გაუმჯობესდა. შემდეგი ამოცანა რა გვაქვს?” 

თანამშრომლობითი კულტურა. ასეთი ტიპის კულტურაში სკოლის ყველა წარმომადგენელს აერთიანებს საერთო ღირებულებები და ინტერესები. თითოეული მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლეების მაღალი აკადემიური შედეგებისა და თვითრეგულირებადი დისციპლინისათვის. მასწავლებლები რეგულარულად თანამშრომლობენ სწავლებისა და კლასის მართვის სტრატეგიების გაუმჯობესების მიზნით. ისინი აანალიზებენ მონაცემებს თითოეული მოსწავლისა თუ საერთო პრობლემური საკითხების შესახებ და ცდი­ლობენ ერთობლივად მიაგნონ მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს. თანამშრომლობის პირობებში მასწავლებლები ერთმანეთთან შემდე­გნაირად ურთიერთობენ: “თქვენს მოსწავლეებს ძალიან კარგი შედე­გები აქვთ კითხვაში. შეიძლება დაგესწროთ გაკვეთილზე? ასევე, შეი­ძლება თქვენც ნახოთ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი და მომცეთ რეკომენდაციები?”. ნამდვილი თანამშრომლობის პირობებში კომუნი­კაცია მხოლოდ შეხვედრების დონეზე არ ხდება და იგი აუცილებლად გრძელდება საკლასო ოთახებსა და სამუშაო პროცესში. 

თანამშრომლობითი კულტურის შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებთ, რადგან ამაზე არაერთხელ დაწერილა.  
მაინც რას აძლევს დირექტორს სკოლის ორგანიზაციული კულტურის ცოდნა და გააზრება? 

·ეხმარება იმის დადგენაში, რეალურად რით განსხვავდება მათი სკოლა სხვა სკოლებისაგან, რას ეფუძნება სკოლის უნიკალურობა.

·ეხმარება იმის განსაზღვრაში, რა არის დასაშვები და რა დაუშვებელი ამ თუ იმ კულტურის ფარგლებში.

·ეხმარება პედაგოგების მოსალოდნელი რეაქციების განჭვრეტაში, კონფლიქტური სიტუაციებისა და წინააღმდეგობების რეალური მიზეზების დადგენაში.

·სხვათა გამოცდილების მისაღებად გარკვეული კრიტერიუმების შემუშავებაში, რომ ეს გამოცდილება არ იქცეს „უცხო სხეულად” ორგანიზაციისათვის. 

ნებისმიერი ხელმძღვანელი, რომელიც მოდის ორგანიზაციაში, ცდილობს ცვლილებების შეტანას, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რით დაიწყოს ცვლილებების პროცესი. ზოგადად, არსებობს ცვლილებების ხუთი დონე და ყოველი მომდევნო მოითხოვს წინა დონის ცვლილებების განხორციელებას:

პირველი დონე – სკოლის რომელიმე წევრის ან წევრების კვალიფიკაციის შეცვლა/ამაღლება. ამისათვის დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო. შეიძლება ეს ადამიანი/ადამიანები გავუშვათ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ან ამისათვის სკოლის შიგნით არსებული ადამიანური რესურსები გამოვიყენოთ.

მეორე დონე – ორგანიზაციის შიგნით არსებული პროცედურების შეცვლა. ასეთი ცვლილების გატარებას მეტი ძალისხმევა სჭირდება, სანამ ეს პროცედურები ორგანიზაციის წევრებს „ჩვევაში არ გადაუვათ”. მაგალითად, პროფესიული განვითარების ჯგუფის სამუშაო შეხვედრები დანიშნულია ყოველი თვის ბოლო პარასკევს და ყველამ იცის, რა დავალება აქვს შესასრულებელი ამ შეხვედრისთვის.

მესამე დონე – ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა. ეს შედარებით რთულად განსახორციელებელი ცვლილებაა, დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობების ხელახალ გადანაწილებასთან, რამაც შეიძლება ორგანიზაციის წევრებში დისკომფორტი შექმნას. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების შეცვლა ორგანიზაციაში, ცალკეული წევრის ან წევრებისა თუ ჯგუფების ქცევის შეცვლაც.

მეოთხე დონე – ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების შეცვლა. ეს ისეთი ცვლილებაა, რომელიც ყველა წინა დონეების ცვლილებების განხორციელებას ითხოვს და რომელიც ორგანიზაციის თითოეულ წევრს ეხება.
მეხუთე დონე – ორგანიზაციული კულტურის შეცვლაა. ეს ყველაზე რთული ცვლილებაა, რომელიც ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. 
რეკომენდაციის სახით: გაითვალისწინეთ, არ დაიწყოთ ცვლილებები სკოლის კულტურით, რადგან ამან შეიძლება თქვენი კეთილშობილური მიზნები საფრთხის ქვეშ დააყენოს. ხდება ისეც, რომ ორგანიზაციული კულტურა ყალიბდება თავისით, დირექტორის მხრიდან რაიმე მიზანმიმართული ძალისხმევის გარეშე, მაგრამ გონიერი ხელმძღვანელი არ აძლევს ამა თუ იმ ნორმებსა თუ ღირებულებებს სტიქიურად ჩამოყალიბების საშუალებას. ნაბიჯ-ნაბიჯ, კარგად დაგეგმილი ქმედებებით ის აყალიბებს ორგანიზაციის მიზნების მხარდამჭერ კულტურას და ახერხებს იმას, რომ თითოეულმა თანამშრომელმა გაიზიაროს და გაითავისოს ის.

მნიშვნელოვანია თუ არა სასწავლო ინტერიერი

0
ვებსაიტი სახელად www.takepart.com საერთაშორისო, მნიშვნელოვან ამბებზე სწრაფი რეპორტინგითაა ცნობილი. ვებსაიტის ავტორები ხშირად ამზადებენ ფოტორეპორტაჟებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ მათ შემოგვთავაზეს ფოტოკოლაჟი საკლასო ოთახების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ფილიპინებიდან, გერმანიიდან, კონგოდან და სხვა ქვეყნებიდან. 

სასწავლო გარემო, ინტერიერი ერთმნიშვნელოვნად აისახება მოსწავლისა და მასწავლებლის განწყობაზე, სასწავლო პროცესის მიმართ დამოკიდებულებაზე და საბოლოო ჯამში, შედეგზე. აი, რას ამბობენ ფსიქოლოგები სასწავლო ინტერიერის მნიშვნელობის შესახებ:

კეთილმოწყობილი სასწავლო გარემო დადებითად მოქმედებს მთლიანად სასწავლო პროცესზე. ის არამარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც მნიშვნელოვანია. კეთილმოწყობილ გარემოში მხოლოდ ვიზუალური მხარე არ იგულისხმება. როდესაც საკლასო ოთახში ზედმეტად ცივა ან ცხელა, მტვერი ან ანტისანიტარიაა, ეს თანაბრად მოქმედებს როგორც ბავშვების, ასევე პედაგოგების განწყობაზე,  ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხზეც აისახება.

კლასში არაჯანსაღი ტემპერატურის გამო შესაძლოა შეფერხებით მიმდინარეობდეს ტვინისა და მოტორული უნარების მოქმედება და მოსწავლემ ვერ შეძლოს სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ჩართვა, საკუთარი უნარებისა და რესურსების ეფექტური გამოყენება, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ფაქტორებზე. ამის საპირისპიროდ, როდესაც სასწავლო გარემო კეთილმოწყობილი და მოწესრიგებულია, მოსწავლეც და მასწავლებელიც მეტად არიან მოტივირებულები, მათი გუნება-განწყობა ხალისიანი, სწავლა კი ხარისხიანია. რა თქმა უნდა, კეთილმოწყობილი სასწავლო გარემო არ არის მოსწავლის ეფექტური, მოწესრიგებული ქცევისა და სწავლის გარანტი, თუმცა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და გარკვეულწილად სასწავლო პროცესზეც მოქმედებს.

ეკატერინე ორი მოსწავლის მშობელია. ორივე ბავშვი საჯარო სკოლაში სწავლობს. მათი სკოლა დიდი ხნის გაურემონტებელია. დაძველდა სასწავლო ინვენტარიც. ეკატერინე გვიამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაციისაგან რემონტს არ მოელის და სხვა მოსწავლეების მშობლებთან ერთად  თვეში ერთხელ საკლასო ოთახებს თავად აწესრიგებს. მშობლები ზოგიერთი ნივთების გაახლებასაც ცდილობენ. ეკატერინეს აზრით, რაც უფრო ახალ და სუფთა გარემოში ისწავლიან ნატო და თემო, მით უფრო ხალისიანი იქნება სწავლა და ჯანმრთელობის მხრივაც მათ ნაკლები პრობლემები შეექმნებათ. 

დაბადების დღეს გილოცავ, მამა…

0

Mi papa soy yo


მამაჩემი მე ვარ

ხულიო კორტასარი

მე ორი მამაჩემი მყავს.

დიახ, ორი მამა კი არა, ორი მამაჩემი.
პირველ მამაჩემს ხულიო კორტასარი ჰქვია და დღეს, 26 აგვისტოს 100 წლის გახდებოდა. მეორე მამაჩემს სოსო ნაცვლიშვილი ჰქვია და ხვალ, 27 აგვისტოს 57 წლის გახდება. ორივე მამაჩემი თანაბრად არის „დამნაშავე” იმაში, რომ დღეს მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ.
დღევანდელ დღეს, ცხადია, პირველ მამაჩემს ვუთმობ, რომლის გამოც გადავწყვიტე წლების წინ, რომ ესპანური მესწავლა და მეთარგმნა და მეთარგმნა მისი წიგნები. იმედია, მაპატიებს მამაჩემი, რომ დღეს ჩემს ანგარიშზე მისი მხოლოდ რამდენიმე მოთხრობაა და კიდევ ერთი მონოგრაფია მასზე, რომელსაც, იმედია, დავასრულებ (ამ მონოგრაფიაზე სხვა დროს გიამბობთ). ასე მგონია, რაღაც თანდაყოლილი, უკურნებელ ავადმყოფობასავით მერგო მისგან რამდენიმე ამოუხსნელი, მაგიური სიყვარული, რისგანაც ვერასოდეს გავთავისუფლდები და რაც განსაზღვრავს ჩემი ცხოვრების ყველა შინაგან დინებასა და მიმართულებას.

ცხადია, მე აქ არ გიამბობთ, როგორ მიყვარს მამაჩემი. არც მამაჩემის ბიოგრაფიასა (მიუხედავად იმისა, რომ აქაური აუდიტორიისა და ჩემთვისაც საინტერესო იქნებოდა კორტასარის ბიოგრაფიის კვლევა ერთი კონკრეტული მიმართულებით – სანამ აქტიურ სამწერლო მოღვაწეობას დაიწყებდა, მთარგმნელად და მასწავლებლად მუშაობდა) და არც მისი შემოქმედების, დიდი და პატარა წიგნების შესახებ მოგიყვებით.

მე, უბრალოდ, მინდა დაბადების დღე მივულოცო.

ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ დღეს, სიმბოლურად, ერთი პატარა მოთხრობა მაინც წავიკითხოთ მისი.
და კიდევ მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე მცირე აბზაცი, რას ამბობს მარიო ვარგას ლიოსა მამაჩემზე, მსოფლიო ლიტერატურის სრულიად გამორჩეულ, ჯადოსან მოთამაშეზე:
„…ჩემხელას ჰგავდა და, სინამდვილეში, ჩემზე ოცდაორი წლით უფროსი იყო.

სამოციან წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარიზში ვცხოვრობდი, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო და, ასევე, ჩემი იდეალიც და მენტორიც. ჩემი პირველი რომანის ხელნაწერიც მას მივეცი წასაკითხად და მის ვერდიქტს კათაკმეველის ილუზიით ველოდი. და როცა მისი დიდსულოვანი წერილი მივიღე, სადაც მიწონებდა ნამუშევარს და რჩევებსაც მაძლევდა, ბედნიერი ვიყავი…

ის არ ყოფილა ბორხესის სტილის წიგნიერი, ერუდიტი და ინტელექტუალი, რომელმაც სრულიად სამართლიანად დაწერა: „ვიკითხე ბევრი და ვიცხოვრე ცოტაო”. ხულიოში ლიტერატურა ისე ერწყმოდა მის ყოველდღიურობას და ისე ფარავდა, აცოცხლებდა და ამდიდრებდა მთელ მის ცხოვრებას თავისი, საკუთარი ბრწყინვალებით, რომ სანაცვლოდ არც სიცოცხლისუნარიანობას ართმევდა, არც ინსტინქტებს, არც სპონტანურობას. ალბათ სხვა არც ერთ მწერალს არ მიუნიჭებია თამაშისთვის იმხელა ლიტერატურული ღირსება, როგორც კორტასარს, სხვას არავის უქცევია თამაში შემოქმედებისა და არტისტული ძიების ასეთ მოქნილ და სასარგებლო ინსტრუმენტად. მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუ რანაირად ახერხებდა ამ გზით რეალობის ამდენად შეცვლას: ხულიო არ თამაშობდა იმისთვის, რომ შეექმნა ლიტერატურა. წერა თავად იყო მისთვის თამაში, გართობა, სიცოცხლის ორგანიზების ფორმა – სიტყვებით, იდეებით – თვითნებურად, თავისუფლად, ფანტაზიას აყოლით, უპასუხისმგებლოდ, სწორედ ისე, როგორც თამაშობენ ბავშვები ან გიჟები. სწორედ ამგვარი თამაშით კორტასარის შემოქმედება ხსნიდა ახალ-ახალ იდუმალ კარს, თვალწინ გვიშლიდა ადამიანური არსის შეუცნობელ სიღრმეებს და გვაზიარებდა რაღაც გამორჩეულად მნიშვნელოვანს, რასაც აქამდე არასდროს არავინ შეხებია…

როგორც რომანებში ან როგორც თეატრში, თამაში ფიქციის ერთგვარი ფორმაა, ერთგვარი ხელოვნური, წინასწარგანსაზღვრული, სამყაროსებური წესრიგი, ერთგვარი წარმოდგენა რაღაც ილუზორულის, რომელიც ენაცვლება ცხოვრებას. ემსახურება ადამიანს, რათა გაართოს, დაავიწყოს არსებული რეალობა და თავად, ცოცხალი და ცხოვრებისაგან გამიჯნული, მხოლოდ მისთვის შექმნილ მკაცრ წესებს ემორჩილება. გასართობი, უჩვეულო და ზღაპრული, თამაში ამავე დროს არის მაგიური გზა, რათა ადამიანად ყოფნის ატავისტური შიში რაღაც ჯადოსნობით სამყაროს საიდუმლო ანარქიად, საწყის ენიგმად, პირობად და დანიშნულებად იქცეს. იოჰან ჰოიზინგა თავის ცნობილ „Homo Ludens”-ში ამბობს, რომ თამაში არის ცივილიზაციის ხერხემალი და საზოგადოება თანამედროვეობამდე თამაშით განვითარდა, თამაშით შექმნა თავისი ინსტიტუციები, სისტემები, გამოცდილებები და კრედოები, დაწყებული რიტუალებისა და ტრადიციების ელემენტარული ფორმებით, რომლებიც არაფერია, თუ არა ბავშვური თამაშები.

კორტასარის სამყაროში თამაშმა დაიბრუნა სწორედ ეს დაკარგული შესაძლებლობა სადიდო და სერიოზული საქმიანობის, რომლის დახმარებითაც შეგიძლია თავი დააღწიო შემაძრწუნებელ, პანიკურ შიშს, შეუცნობელი, საფრთხითა და აბსურდით სავსე სამყაროს წინაშე…”

„ვარ ისევე მარტო, როგორც ეს კატა, და ბევრად უფრო მარტოც, რადგან მე ვიცი და მან – არა.” ხულიო კორტასარი
ეს ძალიან ცნობილი ფოტო ყველას გინახავთ ალბათ, ოთახში, იატაკზე მჯდარი კორტასარი შემინულ კარს მიღმა მდგარ ფუმფულა კატას რომ ესაუბრება. წუხელ დამესიზმრა, რომ ზუსტად ასე ვსაუბრობდით. იმ კატის ნაცვლად, მე მქონდა ხელები ჩამოყრდნობილი კარის ჩარჩოზე და ვუყვებოდი, როგორ მიდიოდა გადაღებების პროცესი. ვითომ დიდი ხნის სურვილი ამსრულებოდა და „მიტაცებულ სახლს” ვიღებდი. კმაყოფილი ჩანდა. დროდადრო რაღაცებს მეკითხებოდა და მეც ვპასუხობდი. ბოლოს კედლისკენ მიმითითა ხელით, რადიოს ზევით, სქელ ჩარჩოში ჩასმული გრაფიკული ნახატის ნაცვლად, ჩემი და მამაჩემის ფოტო ეკიდა.

 

 „Estoy tan solo como este gato, y mucho mas solo porque lo se y el no.”

 

დაბადების დღეს გილოცავ, მამა!

მუსიკალურ თეატრში მოგზაურობა (I ნაწილი)

0
ბავშვის შეყვანა მუსიკის, ლიტერატურის, ქორეოგრაფიის სამყაროში მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებას ემსახურება. აღზრდის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ხელოვნების საშუალებით იმგვარი პიროვნების ფორმირება, რომელიც შეძლებს შეაფასოს საკუთარი და მსოფლიო კულტურის ფასეულობები.
მუსიკა ბავშვებს მუსიკალური თეატრის მეშვეობითაც შეგვიძლია შევაყვაროთ. სპექტაკლებზე დასწრებით ისინი ერთდროულად ეცნობიან სიმღერას, ცეკვას, ცეკვას წამღერებით, მეტყველების ტექნიკას, სცენურ მოძრაობებს, სამსახიობო ხელოვნებას…
მიუზიკლი ერთ-ერთი ყველაზე თავისებური ჟანრია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს წარმოიშვა აშშ-ში (აქტიურად მე-20 საუკუნეში განვითარდა) სასცენო ხელოვნების სხვადასხვა სტილის შერწყმის შედეგად. მიუზიკლში ერთმანეთს თანასწორი უფლებით ერწყმის დრამატული, მუსიკალური, ვოკალური, ქორეოგრაფიული და პლასტიკური ხელოვნება. მსოფლიო აღიარება ამ ჟანრს ბროდვეის მიუზიკლებმა მოუტანა.

მიუზიკლი აღმოცენდა მენესტრელების თეატრის, ბალადური ოპერის, ოპერეტის, რევიუს, ვოდევილის, ბურლესკის, ამერიკული სახასიათო საესტრადო წარმოდგენების სინთეზის შედეგად, რაზეც უფრო ვრცლად სტატიის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ.

მიუზიკლს საფუძვლად უდევს სწრაფვა შინაარსისკენ, მაღალი იდეებისა და ღრმა აზროვნებისკენ. მიუზიკლთა უმეტესობის მაღალი ლიტერატურული დონე მნიშვნელოვანწილად იმის დამსახურებაა, რომ მათი სიუჟეტური საფუძველი კლასიკურ (შექსპირი, დიკენსი, შოუ, ჰიუგო) და თანამედროვე ლიტერატურას ეყრდნობა. მაგალითად, კლასიკური სიუჟეტის მუსიკალური ადაპტაცია „ოლივერი”, რომელიც დიკენსის „ოლივერ ტვისტის თავგადასავლის” მიხედვით შექმნა ბრიტანელმა კომპოზიტორმა და ლიბრეტისტმა ლაიონელ ბარტმა, ბავშვებისთვის ძალზე საინტერესო გასაცნობი იქნება.

 

 
რაც შეეხება „ოლივერის” ქართულ ვერსიას, ის 2012 წელს რუსთაველისა და ოპერის თეატრების ერთობლივი ძალისხმევით იქნა წარმოდგენილი. მიუზიკლში 120 მონაწილეთა შორის უმრავლესობას პატარა და ძალზე ნიჭიერი მსახიობები წარმოადგენდნენ.

მიუზიკლის განვითარება ახალ სიმაღლეზე აიყვანა ინგლისელმა კომპოზიტორმა ენდრიუ ლოიდ უებერმა. ამ ინგლისელი ლორდის, ბიზნესმენისა და მულტიმილიონერისთვის ბიოგრაფებს შემთხვევით არ შეურქმევიათ „კატების ადამიანი”: კატები კომპოზიტორის დიდი სიყვარულია, ამიტომ ენდრიუს ბინაში ისინი მუდამ ბინადრობენ, ორ გამორჩევით საყვარელ კატას კი დიმიტრი და სერგეი ჰქვია – შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევისადმი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად. სხვათა შორის, ენდრიუ ხშირად აღნიშნავს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში ნაწილობრივ კატების სიყვარულის წყალობით მოხვდა – გასაუბრებისას გამომცდელის სიამის კატას დაუმეგობრდა, რამაც კატების მოყვარულ გამომცდელს გული აუჩუყა.

კარგი იქნება, გავაცნოთ ბავშვებს თომას ელიოტის საბავშვო ლექსების მიხედვით შექმნილი უებერის მიუზიკლი „კატები”, რომელიც 7485-ჯერ დაიდგა და 20 ენაზეა თარგმნილი.

მიუზიკლის გმირები, კატები, ვარსკვლავიანი ცის ფონზე ვეება ორმოში ცხოვრობენ. ისინი სიმღერებითა და ცეკვებით გვიამბობენ თავიანთ თავზე. მიუზიკლში ადვილად ამოიცნობა კატის ხმის ინტონაციები.

კატები ყოველწლიურ მეჯლისზე იკრიბებიან. მათთვის ეს ღამე განსაკუთრებულია: არჩეულ უნდა იქნეს ის ერთადერი კატა, რომელსაც კატების სამოთხეში უწერია გამგზავრება, რათა მიწაზე დაბრუნების შემდეგ ახალ ცხოვრებაში აღდგეს. მოულოდნელად გრიზაბელა გამოჩნდება. ის ერთ დროს თემის ლამაზმანი იყო, ახლა კი, უკვე მოხუცებული, ამპარტავნების გამო გარშემო მყოფთა ზიზღს იმსახურებს. დაჩაჩანაკებული გრიზაბელა სიმღერით „Memories” იხსენებს წარსულს, როდესაც ლამაზი და ბედნიერი იყო. ხსოვნის არიით ის ყველას მოუწოდებს, არ დაივიწყონ წარსული.

არიის დასრულების შემდეგ კატები ბოლოს და ბოლოს ხვდებიან, რაოდენ მარტოსული და უბედურია გრიზაბელა, განწყობა ეცვლებათ და თანაგრძნობის გამოსახატავად მასთან მიდიან.

„ხსოვნის” მელოდია ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და საყვარელია მთელ მსოფლიოში. ის მსმენელ-მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.

მომდევნო მუსიკალური სპექტაკლი, რომლის თქვენთვის გაცნობაც მსურს, „მეფე ლომია” – საბავშვო მიუზიკლი, დაფუძნებული იმავე სახელწოდების მქონე მულტიპლიკაციურ ფილმზე, სადაც ტიმ რაისის ტექსტზე შექმნილი ელტონ ჯონის სიმღერებია გამოყენებული. რეჟისორმა ჯული ტეიმორმა სცენაზე საოცარი სანახაობა მოაწყო – მსახიობები ცხოველებისა და გიგანტური თოჯინების მსგავსი კოსტიუმებით შემოსა. არტისტები სცენაზე გადაადგილებისთვის სპეციალურ მოწყობილობებს იყენებენ. მაგალითად, ჟირაფები ოჩოფეხებზე მოსიარულე მსახიობები არიან, თუმცა აჯობებს, ეს მხიარული სანახაობა თავად იხილოთ:

მე კი მაგონდება მხიარული ნიუორლეანური კარნავალები („მარდი გრასი”), როცა მოძრავ პლატფორმებზე მდგარი უზარმაზარი თოჯინები, ნიღბოსნები და ჯამბაზები ორკესტრის თანხლებით ქალაქის მთავარ ქუჩებს იპყრობდნენ.
ცხრა წლის განმავლობაში სრული ანშლაგით მიმდინარე „მეფე ლომმა” ადგილი დაუთმო მომდევნო შესანიშნავ მიუზიკლს – „მერი პოპინსს”. 

საბავშვო მწერლის პამელა ტრევერსის ზღაპრული მოთხრობების გმირი, ჯადოქარი, ლონდონის ერთ-ერთ ოჯახში ბავშვების აღმზრდელად მუშაობს. მერი პოპინსის შესახებ წიგნებმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა როგორც ინგლისურენოვან, ასევე სხვა ქვეყნებში. დროთა განმავლობაში პოპინსის სახელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ დღემდე ყველა კარგ ძიძას მერი პოპინს უწოდებენ.

არსებობს „მერი პოპინსის” ორი მუსიკალური ეკრანიზაცია. ერთი, ლეონიდ კვინიხიძის „ნახვამდის, მერი პოპინს” (1983), საბჭოთა კავშირშია გადაღებული. მეორე კი აშშ-ში (1964) ჯული ენდრიუსის მონაწილეობით. ფილმი 5 „ოსკარის” მფლობელია

აღსანიშნავია, რომ „მერი პოპინსი” მოზარდ მაყურებელთა ქართულმა თეატრმა ჯერ კიდევ 1975 წელს დადგა, 2007 წელს კი მიუზიკლის ქართული ვერსია ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში  განახორციელა დავით დოიაშვილმა.

ინტერკულტურული საკომუნიკაციო კომპეტენცია, როგორც უცხოური ენის გაკვეთილის მიზანი

0

ადამიანების შეხვედრა იმ კულტურათა  შეხვედრას გულისხმობს, რომლებსაც ისინი                                                          განეკუთვნებიან.


ტრადიციულად, უცხოური ენის გაკვეთილზე ენა ერთიან სისტემად განიხილებოდა. გასული საუკუნის 80-იანი  წლების ჩათვლით,Uუცხოური ენის გაკვეთილი ლექსიკურ-გრამატიკული მასალის შესწავლისაკენ იყო მიმართული. 90-იანი წლებიდან დაინერგა საკომუნიკაციო კომპეტენციის გაზრდისაკენ მიმართული პედაგოგიკა, რომლის განუყრელ ნაწილს ინტერკულტურული საკომუნიკაციო კომპეტენცია წარმოადგენს. საკომუნიკაციო კომპეტენციების შეძენაზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს იმას, რომ უცხოური ენის ფლობა მხოლოდ ცალკეული სიტყვების მნიშვნელობის ცოდნაში ან გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენებაში არ გამოიხატება. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია შემდეგი  საკომუნიკაციო კომპეტენციების განვითარება: მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი და წერა. ამასთანავე, უცხოური ენის სწავლებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსწავლე გაეცნოს მოცემული ენისა და ქვეყნის სოციალურ და კულტურულ რეალიებს და მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს.  


თუკი განვიხილავთ ბავშვის მიერ მშობლიური ენის შესწავლის პროცესს, აღმოვაჩენთ, რომ ის გარკვეული სოციალური და კულტურული კონტექსტის ფარგლებში მიმდინარეობს.  შესაბამისად,  ბავშვი არა მხოლოდ მშობლიურ ენას ეუფლება, არამედ სწავლობს იმასაც, თუ სად და როგორ კონტექსტში, რა სიტუაციაში გამოიყენოს ის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ის არა მარტო ლინგვისტურ, არამედ საკომუნიკაციო კომპეტენციასაც ეუფლება. Gგარდა ამისა, ოჯახისა და სოციუმის მეშვეობით ენის შესწავლასთან ერთად ბავშვი ეცნობა სხვადასხვა  ტრადიციას,  წეს-ჩვეულებას, აკრძალვას, ქცევის წესსა და ტაბუს. მნიშვნელოვანია, რომ უცხო ენის შესწავლისას კულტურული და სოციოკულტურული კონტექსტების გაცნობა უცხოური ენის გაკვეთილზე ენის სწავლებასთან ერთად მოხდეს. უცხოური ენის შემსწავლელებს ხშირად მშობლიური კულტურისათვის მისაღები და გასაგები ქცევისა თუ ურთიერთობის წესები უნივერსალურად მიაჩნიათ, ხოლო განსხვავებული ენისა და კულტურისათვის დამახასიათებელი რეალიები მიუღებლად და ხშირ შემთხვევაში სასაცილოდაც კი ეჩვენებათ. მაშასადამე, მოსწავლეთა მიერ უცხოური კულტურის ინტერპრეტაცია და შეფასება მშობლიურთან მიმართებაში ხდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი უცხოური ენების პედაგოგის როლი, რომელიც მოსწავლეს არა მარტო მოცემული ენის მიმართ უქმნის დადებით დამოკიდებულებას, არამედ განსხვავებული კულტურის მიმართაც უღვივებს ტოლერანტულ დამოკიდებულებას.


განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალი სასწავლო გეგმის შექმნისას, ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, უცხოური ენების სტანდარტში ადგილი დაიმკვიდრა ისეთმა მიმართულებამ, როგორიცაა “კულტურათა დიალოგი”.  მოცემული მიმართულება სრულ სასწავლო პროცესს მოიცავს და დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების ყველა დონეს ფარავს. ეროვნული სასწავლო გეგმა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უცხოური ენის საკომუნიკაციო უნარების დაუფლებასთან ერთად უცხოური ენის გაკვეთილი განსხვავებული ცხოვრების წესის, ღირებულებების, მენტალობის ადამიანების პატივისცემისა და უცხოური კულტურული კონტექსტებისადმი დადებითი დამოკიდებულების გაღვივებას უნდა ემსახურებოდეს. მოსწავლეთა ყურადღება უნდა გამახვილდეს მშობლიური და უცხოური კულტურული რეალიების არსებობაზე. Mმათ უნდა ჩამოუყალიბდეთ კულტურული მრავალფეროვნების განცდა და მისი დაფასების უნარი. 


”კულტურათა დიალოგის” მიმართულების ფარგლებში  ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს ისეთ მისაღწევ შედეგებსა და მათ ინდიკატორებს, როგორებიცაა: უცხოური კულტურის სფეროდან ინფორმაციის ამოცნობა; პარალელების გავლება მშობლიურ და უცხო ენას შორის; უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება; კულტურული განსხვავებების  მიმართ ინტერესის გამოჩენა და სხვა (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმა (2011-2016 წ.: უცოური ენები, თავი XXV). ზემოხსენებული შედეგები დაწყებით საფეხურზევე გულისხმობს განსხვავებული კულტურის ისეთი ატრიბუტების ცნობას, როგორებიცაა: დროშა, ზღაპრის გმირი, გამოჩენილი ადამიანი, დედაქალაქი, ღირსშესანიშნაობები, ფულის ერთეული და სხვა. ”კულტურათა დიალოგი” აცნობს მოსწავლეს ისეთ სოციოკულტურულ სფეროებს, როგორებიცაა: დღესასწაულები და ტრადიციები (მაგალითად, ოჯახური თუ რელიგიური დღესასწაულები, შობა-ახალი წელი, აღდგომა, დაბადების დღე…); ტრადიციული კერძები, სუფრის ტრადიციები; ცხოვრების წესი, გართობა, თავისუფალი დროის გატარება; უცხოური საკუთარი სახელები და მათი პარალელები მშობლიურ ენაში და სხვა.


რაც შეეხება საბაზო-საშუალო საფეხურს, “კულტურათა დიალოგი” აერთიანებს ისეთ კულტურულ და სოციოკულტურულ მიმართულებებს, როგორებიცაა: ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები; ახალგაზრდების ცხოვრება _ სწავლა, გატაცებები, თავისუფალი დრო; საზოგადოებრივი ცხოვრება;  ქვეყანათმცოდნეობის ელემენტები _ ცნობები უცხო ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიისა თუ ეკონომიკის შესახებ; ისტორიული ფიგურები და მათი ღვაწლი ამ ქვეყნისა და კაცობრიობის განვითარებასა და ისტორიაში; კულტურა და ხელოვნება _ გამოჩენილი ადამიანები და მათი ნაწარმოებები;  მწერლობა,  მხატვრობა, ხუროთმოძღვრება, კინოხელოვნება და სხვა; სამეცნიერო მიღწევები – ცნობილი გამომგონებლები და მათი ღვაწლი კაცობრიობის განვითარებაში; ეკოლოგია, ტექნიკური განვითარება და თანამედროვე მიღწევები.


აღსანიშნავია, რომ სწავლების პირველ ეტაპზე, დაბალი ენობრივი კომპეტენციების ფონზე, ინტერკულტურული უნარების განვითარების ხელშემწყობი აქტივობები შესაძლებელია  მშობლიურ ენაზე წარიმართოს.  სოციოკულტურული მასალებისა და წყაროების მიწოდება მოსწავლეთათვის, დისკუსიისა თუ მსჯელობის წარმართვა კლასში, აგრეთვე ინფორმაციის მოძიების პროცესი შეიძლება მშობლიურ ენაზე მოხდეს. შემდგომში კი, ენის ფლობის დონის ამაღლებასთან ერთად, განსხვავებული კულტურული კონტექსტების კვლევა სასურველია, უცხოურ ენაზე გაგრძელდეს.    


ზემოხსენებული საკომუნიკაციო კომპეტენციების დაუფლებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინტერკულტურული ხასიათის საკლასო თუ სასკოლო  პროექტების განხორციელება (მაგალითად, პროექტი დაძმობილებული ქალაქების შესახებ, საყვარელი ზღაპრის გმირის შესახებ, გამოჩენილი ადამიანის შესახებ). საბაზო-საშუალო საფეხურზე მნიშვნელოვანია პროექტების განხორციელება ისეთი სოციალური და ზოგადსაკაცობრიო თემატიკის ირგვლივ, როგორიცაა: ეკოლოგია, კაცობრიობის  მიღწევები, გამოგონებები და გამომგონებლები; ანტინარკოტიკული და ანტიმწეველური პროპაგანდა,  ცხოველთა  დაცვა და სხვა.      მსგავს პროექტებში მონაწილეობა დადებითად მოქმედებს როგორც სწავლის მოტივაციაზე, ისე მოსწავლის მიერ  გუნდური  მუშაობის პრინციპების უკეთ ათვისებასა და უცხოურ კულტურასთან, აგრეთვე ზოგადსაკაცობრიო  ფასეულობებთან ზიარების  პროცესზე.            


                                                                                                            

თედო ღლონტის აჩრდილი

0
„1921 წ. თედო ღლონტი სტუდენტად არ მიიღეს, რადგან სწავლის სტაჟი არ ჰქონდა (სამოქ. სკოლა), დღეს კი, 22/VI რექტორად აირჩიეს” – ეს ჩანაწერი მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკში 1926 წლით თარიღდება. 

თარიღებს ხშირად მაგიური მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაშიც, სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ თედო ღლონტის ბიოგრაფიიდან, ეს ორი თარიღი იკმარებდა მთლიანი სურათისთვის:

1926 წლის 22 ივნისს დანიშნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ივანე ჯავახიშვილის შემდეგ.
1937 წელს დახვრიტეს.

დახვრეტის ფაქტი, დარწმუნებული ვარ, ბევრს არ შეიყვანს შეცდომაში: ეს იმ დახვრეტების ციკლიდანაა, როცა რევოლუციის მეხოტბეთა და ნამდვილი მწერლების, მეცნიერების, მამულიშვილების დამსმენთათვისაც მოიცალა საბჭოთა ხელისუფლებამ, უფრო სწორად, ზედ მიაყოლა მათ ჩადენილ საქმეებს. არადა, რაც იმათ რევოლუციისთვის იღვაწეს, წესით არ უნდა მოსწეოდათ ეს ბედი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ერთსა და იმავე წელს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს მიხეილ ჯავახიშვილსაც და თედო ღლონტსაც. ერთს საბჭოთა სისტემისა და წყობილების უკომპრომისო კრიტიკისთვის, მეორეს…

თუმცა რაღა აზრი აქვს ახლა ამის გამორკვევას, მით უმეტეს, როდესაც ისედაც ნათელია ყველაფერი, ვინ რისთვის იბრძოდა და ვინ რას შეეწირა. სამოცდაათ წელზე მეტი გავიდა იმ ამბებიდან – ერთი შეხედვით, საკმარისი დროა შეფასებისთვის, მაგრამ თურმე მხოლოდ ერთი შეხედვით.

აჩრდილები, ეტყობა, არა მხოლოდ დიდი ტრაგედიების, არამედ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიცაა. ჟამიდან ჟამზე ისე თვალსაჩინოდ, სრულის აგებულებით გეცხადებიან, რომ ლამისაა შეეხო, გაუღიმო, ღამეული მგზავრობით დაღლილებს სავარძელში ან ჰამაკში (ზაფხულის თემაა მაინც) მოსვენება შესთავაზო. მეტ-ნაკლებად წიგნიერი ხალხია, თავის წიგნიერებას რომ არსად დაკარგავს, იმის მისხალსაც არ დააპნევს, რაც რომ გზადაგზა აუკენკავს. მასპინძლის თხოვნაზეც უმალ დათანხმდება – მიწვება თავისთვის, პლედსაც წაიფარებს და ნეტარ ძილს მინებდება.

სანამ ერთი იმათგანი, ძილად მისული და ნებიერ ფშვინვაში მყოფი, ჰამაკში გაწოლილა, მე, ვინმე ბლოგერმა (ადრე პუბლიცისტსაც ეტყოდნენ), საგანგებოდ ამ ამბავის დამწერელმა, იმაზე ფიქრიც შემიძლია მოვასწრო, რომ ასეთი ზერელე და ზედაპირული ადამიანებითა და აჩრდილებით გადაივსო ყველაფერი. ტევა აღარ არის და სუნთქვაც ჭირს, როგორც ეს საზოგადო ტრანსპორტში ხდება, ივლისის ხვატისა და მგზავრთა სიმრავლის გამო. ეგეცაა – სიცხეს კიდევ აიტანს ადამიანი, მოიჩრდილებს, შემოდგომაც ხომ კარსაა მომდგარი, ამ უნიჭობის, უფრო ზუსტად, ნახევრადნიჭიერების, დიდძალი ამბიციების დამნაყრებელი ცალფრთა ნიჭიერების შემჩერებელი კი არავინ მეგულება. წამხალისებელი – იცოცხლე! თუნდაც ის, რაც დღეს განათლებისა და კულტურის სფეროში ხდება, სწორედ ნაკლული განათლების, საქმეში ჩაუხედაობისა და კარიერის გაკეთების აღტყინებითაა.

– ჩუუუ! ხმამაღლა და მაღალფარდოვნად ფიქრობ, – გამიწყრება მასპინძელი, ჰამაკისკენ ხელს გაიშვერს და დაბღვერით გამომხედავს, – ჩუუუ! ხომ ხედავ, სძინავს!  

…მამლის მეორე ყივილი რომ მოაწევს, ჭიშკართან ჩოჩქოლი ატყდება. ღმერთო, ვინაა ეს ამდენი ღამისმთეველი თუ ძილგატეხილი ამ შუაღამისას?! მთელი ქუჩა გამოეფინება. 

– მოგვეცით სტუმარი, ის ჩვენს სამფლობელოში შემოიპარა და ღამის გათევა უნდა იქ, სადაც ჩვენი კანონისა და შინაგანაწესის თანახმად, არაფერი ესაქმება. – ხმამაღლა მოითხოვენ ჭიშკართან ატუზული ღამისმთევლები.

– მგზავრია ვიღაცა, – დაბნეულია მასპინძელი, – დააკაკუნა და გავუღე. ისეთი არაფერი შემინიშნავს.

– მგზავრი კი არა, აჩრდილია. იოლად მოგატყუებდა. არც კი რცხვენია. ერთხელ რომ იცხოვრებ, გაიქაჩები, სკამებს და თანამდებობებს მოივლი და მიწაში ჩახვალ, კი უნდა გეყოს, მეორედ არ უნდა მოგინდეს ძველ მდინარეში შებრუნება. 

– რა მდინარე, რის სკამები, გამაგებინეთ რა ხდება?! – უარესად აირევა მასპინძელი, – სავარძელი-მეთქი და, არაო, კაკლის ქვეშ, ჰამაკში უფრო საამოაო.

– კი, როგორ არა, სიამისთვის ცხოვრობენ ეგენი და იმისთვის კიდო, ეს სიამე არ შეარგონ სხვებს. აბა თვითონ ხომ იცხოვრეს, რექტორები იყვნენ თუ დირექტორები, არაფერი დაუკლია მათთვის პარტიას, ახლა პატარა შორს რომ დაიგულეს თავი, მოსწყინდათ თუ როგორაა ჩვენი საქმე? 

– ეგრეა, ეგრე, – ხმა გაიღეს სხვა ღამისმთევლებმა, – იმას ვერ ხვდებიან, მაგათი პარტია რომ წავიდა და ჩვენი მოვიდა, თუ მანდატი ამოვიღო და დროშა ავაფრიალო მაინც და მაინც?! 

– ამოიღე, შე კაცო, მაგაშია ხეირი, ამ აჩრდილებს დროშა თუ დაუყენებს თვალს, თორე მაგათ ნამეტანი მოჩვევა და გაშინაურება იციან, ახლო თუ მოუშვი.

– პა-პა-პა, – ტუჩებზე საჩვენებელ თითს მიიფარებს იქვე მდგომი ერთი ძილგატეხილი თუ ღამისმთეველი, – ეგ დროშა არა, პარტიის დროშა! სხვანაირად ელვარებს დალოცვილი, ისე აკაშკაშდება, ისე გადააბრდღვიალებს ყველაფერს, აღარც კაცი გინდა და აღარც იმისი ნიჭი და გონიერება, შნო და ლაზათი. ისე შარავანდედივით დაჰნათის დროშა კი არადა, ჩვენი იმედი, ჩვენი ცხოვრების კელაპტარი, რომ დაინახავ და, გაგიხარდება!

– მოიცა, კაცო, რაღა დროს სიხარულია. სად წავიდა?

– ვინა?

– ვინა და, აჩრდილი!

– აბა მე რა ვიცი! სადმე იქნება.

– უუუჰ! არ იქნება, რომ დაეტიოს ოცდაჩვიდმეტში და დაგვაცადოს მამაცხონებულმა?! ხომ მოილია და მოიშოვა ჩინი, ადგილი და სახელი… რექტორი იყო? იყო. უნივერსიტეტის! მთავარი უნივერსიტეტის! შევიდა ისტორიაში? შევიდა. პაწა ჩვენც გვაცალოს, არა? 

– აჩრდილის რავა შეგშურდა, შე კაცო? მიდის, მოდის, ფეხებში ხომ არ გებლანდება?

ერთი, ძილგატეხილებიდან ყველაზე მზარდი და ყელმოღერილი რომელიცაა, ეზოს გადაჭრის, ჭიშკარს ხმაურით გამოაღებს, გარეთ გავა და ქუჩაში კარგა ხანს ისმის: „არ უნდა მოსულიყო”, „არ უნდა ჩარეულიყო”, „უნდა ეცლია”, „საზღვარი არ უნდა გადმოეკვეთა”. 

– მგზავრი იყო ვიღაცა, – ხელებს ასავსავებს დაბნეული მასპინძელი, – დააკაკუნა და გავუღე. ისეთი არაფერი შემინიშნავს. 

დები პინკუსი – როგორ შევასრულებინოთ ბავშვებს საშინაო დავალება

0
მშობლებს თავიანთ მოვალეობად მიაჩნიათ, მათი შვილები კარგად სწავლობდნენ. ისინი ზრუნავენ შვილების წარმატებაზე და მზრუნველობის ერთ-ერთი საგანი საშინაო დავალების შესრულებაა.
როცა მშობელი შვილის წარმატებას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, ის მკაცრ მოთხოვნებს უყენებს ბავშვს, მათ შორის – საშინაო დავალების შესრულების თაობაზეც, რაც საბოლოო მიზნის მიღწევის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება. ჩემი რწმენით, ასეთი მიდგომა სუსტ პოზიციაში აყენებს მშობელს, რადგან შვილს მისი მოთხოვნის შესრულება არ სურს. შეიძლება ითქვას, რომ საშინაო დავალების შესრულება-შეუსრულებლობისთვის ბრძოლა რეალურად კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას წარმოადგენს. ბავშვი ცდილობს, მისი არჩევანი მისავე ხელთ იყოს, მაგრამ მშობელს მიაჩნია, რომ კონტროლის უფლება მას ეკუთვნის და არა შვილს, და საბოლოოდ მათი დაპირისპირება უკომპრომისო ოჯახურ ომში გადაიზრდება ხოლმე.

წლების მანძილზე მრავალ მშობელთან მისაუბრია, რომელთაც ასეთი ბრძოლა ჰქონიათ შვილებთან და მათი მონაყოლიდან ვიცი, რა ოინებს იგონებენ ბავშვები, როცა საქმე სასკოლო აქტივობას უკავშირდება. მათ შეიძლება „დაავიწყდეთ” საშინაო დავალების შესრულება ან ის ზერელედ, უყურადღებოდ შეასრულონ. ამ გზით ბავშვები საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შენარჩუნებას, სხვისი ჩარევისგან მის დაცვას ცდილობენ. როდესაც ბავშვები ასე იქცევიან, მშობლები გრძნობენ, როგორ უჭირთ შვილის მართვა და მათ დასჯას იწყებენ, ხოლო თუ ამანაც ვერ გაჭრა, მაშინ მათ ნაცვლად ასრულებენ საშინაო დავალებას.

რაც უფრო მეტად ღელავს მშობელი, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს შვილი და ამ ფონზე საშინაო დავალების შესრულებას აზრი ეკარგება; მას არ გამოაქვს ის შედეგი, რაც, წესით, უნდა გამოიღოს.
მწარე სიმართლეა: თქვენ შვილს ვერაფერს აიძულებთ. ნაცვლად ამისა, ჯობს დაუწესოთ საზღვრები, რომელთა ფარგლებშიც პატივს სცემთ მის ინდივიდუალურ არჩევანს. ეს ბავშვის მოტივაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შესაძლოა, ამაზე მიპასუხოთ: „თქვენ არ იცნობთ ჩემს შვილს! ვერაფით მოვახერხე მისი მოტივირება რამის გასაკეთებლად!” უმჯობესია, დამშვიდდეთ და ყურადღებით დააკვირდეთ ვითარებას. იქნებ თვითონვე უწყობთ ხელს შვილის ჯანყს თქვენ წინააღმდეგ ან მის აპათიას? თუ საშინაო დავალების შესრულების საკითხი თქვენ უფრო მეტად გაღელვებთ, ვიდრე თქვენს შვილს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი ბრალია ეს (გახსოვდეთ: თუ მის გასაკეთებელ საქმეზე თქვენ უფრო მეტად ინერვიულებთ, ბავშვი უფრო ნაკლებად იზრუნებს დავალების შესრულებაზე).
ნუ ეცდებით ბავშვის დამორჩილებას, უბრალოდ, უხელმძღვანელეთ

ბევრი მშობელი მეუბნება, რომ მათი შვილები არ არიან მოტივირებულნი თავიანთი საქმის შესასრულებლად, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ არიან, თუმცაღა, შესაძლოა, არა ისე, როგორც თქვენ გსურთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმის თაობაზე, როგორ უხელმძღვანელოთ მათ საშინაო დავალების შესრულებისას ყოველგვარი ბრძოლის, მუქარისა და ზეწოლის გარეშე.
. გაიხსენეთ, როგორი მიდგომა ჭრიდა წარსულში. გაიხსენეთ ის დრო, როცა თქვენი შვილი კარგად ასრულებდა საშინაო დავალებებს. რა იყო მაშინ განსხვავებული? როგორ ახერხებდით თანამშრომლობას? ჰკითხეთ ამის შესახებ თქვენს შვილს. შეეცადეთ გაარკვიოთ, რა ზრდის თქვენი შვილის (და არა თქვენს) მოტივაციას.
შეწყვიტეთ ბრძოლა. ყველანაირად ეცადეთ, არ იმოქმედოთ ბრძოლის სცენარით ყოველ საღამოს. ეცადეთ, სხვაგვარად წარმართოთ შვილთან ურთიერთობა. თუ ჩხუბის გარდა მოქმედების სხვა ტაქტიკას არ ცნობთ, ჯობს, საერთოდ არაფერი მოიმოქმედოთ. მიანდეთ საშინაო დავალების შესრულებაზე ზრუნვა მას, ვისი საქმეც არის ეს – მასწავლებელსა და მოსწავლეს. ნუ ჩაერევით ამ სასკოლო დავიდარაბაში, საკუთარ საქმეს მიხედეთ, თქვენი შვილი კი თავის საქმეს გააკეთებს.

შეისვენეთ: თუ ფრუსტრაციას გრძნობთ, თავი დაანებეთ შვილის იძულებას საშინაო დავალების შესასრულებლად. თქვენი წნევის აწევა სარგებლობას არავის მოუტანს. შეისვენეთ თქვენც და დაასვენეთ ბავშვიც, თუ გრძნობთ, რომ ისიც გადაიღალა. დააწესეთ საშინაო დავალების შესასრულებლად საჭირო დროითი ჩარჩო.
აქვე გთავაზობთ რამდენიმე მითითებას, რომლებიც მრავალი ოჯახისთვის ეფექტური აღმოჩნდა:

. საშინაო დავალება უნდა შესრულდეს ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს;
. საშინაო დავალება უნდა შესრულდეს თქვენი სახლის გაშლილ სივრცეში.
. თუ მოსწავლეს დაბალი ნიშნები აქვს, ეცადეთ ყოველგვარი პირობა შეუქმნათ, რათა მან უკეთ მოახერხოს შესასრულებელ სამუშაოზე კონცენტრაცია;
. უქმეებზე გართობა მანამდე აკრძალეთ, სანამ ბავშვი მეცადინეობას არ დაასრულებს.
ამოსავალი ბავშვის პოზიცია უნდა იყოს და არა თქვენი. როცა შვილის სამუშაოზე ფოკუსირებას დაიწყებთ, ცოტა ხანს შეჩერდით და თქვენს მიზანს დაუფიქრდით. რა მიგაჩნიათ ცხოვრების მიზნად და რას მოელით საშინაო დავალებისგან, რით შეუწყობს ეს ხელს მიზნის მიღწევას? სანამ შეუპოვარ ბრძოლაში ჩაებმებით, ვითარებას შვილის თვალითაც შეხედეთ.
მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება – თქვენ მხოლოდ ამ არჩევანის შედეგებთან უნდა გქონდეთ საქმე. დაე, თქვენს შვილს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს. თქვენ, მშობელმა, უკან დაიხიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფრით დაეხმარებით შვილს თავისი მოვალეობის წარმატებით აღსრულებაში. თუ ეცდებით, სიტუაცია მთლიანად მართოთ, ყოველივე საპირისპიროდ შემოგიბრუნდებათ და ძალაუფლებისთვის ბრძოლა ხელახლა დაიწყება. ბრძოლა კი, მერწმუნეთ, საშინაო დავალების შესასრულებლად ნამდვილად არ არის საჭირო. ბევრი ბავშვი მინახავს, რომლებიც განზრახ ცუდად ასრულებენ საშინაო დავალებას, რათა მშობელს დაანახვონ, „ვინ მართავს რეალურად სიტუაციას”. ისეთი ბავშვებიც ვიცი, რომლებიც მშობლის კონტროლის ფონზე ასე თუ ისე ასრულებენ საშინაო დავალებას, მაგრამ ვერასოდეს სწავლობენ დამოუკიდებლად აზროვნებასა და გადაწყვეტილების მიღებას.
მე მწამს ასეთი მეთოდის ეფექტურობის, როცა საქმე სასკოლო აქტივობას ეხება. იმ სტრუქტურის ფარგლებში, რომელსაც თქვენ ადგენთ, შვილს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, შეასრულოს თუ არა საშინაო დავალება, კარგად შეასრულოს ის თუ ცუდად. ყოველგვარ არჩევანს თავისი ლოგიკური შედეგი მოსდევს – თუ ბავშვი დავალების შეუსრულებლობას ამჯობინებს, მისი ნიშნები გაუარესდება, ეს კი დააფიქრებს მას.

როდესაც ასე მოხდება, თქვენ შეგიძლიათ შვილს ჰკითხოთ: „კმაყოფილი ხარ შენი აკადემიური მოსწრებით?”, „თუ არა, რის გაკეთებას აპირებ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?”, „რით შემიძლია დაგეხამრო?”
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვი საშინაო დავალებებს თავისი უნარისა და მოტივაციის მიხედვით უნდა ასრულებდეს. თუ ის საერთოდ აღარ იჩენს ძალისხმევას და ხედავთ, რომ მისი ნიშნები უარესდება, ჩაერიეთ და უთხარით: „მე დაგეხმარები. მოდი, მუშაობის გეგმა შევიმუშაოთ, მე კი დროდადრო შევამოწმებ, როგორ მიჰყვები მას”. ამის შემდეგ ერთად იწყებთ გეგმის შედგენას. ის შეიძლება ითვალისწინებდეს საშინაო დავალებების შესრულებას საერთო ოთახში, სანამ ბავშვის ნიშნები არ გამოსწორდება, მასწავლებელთან ერთად შეხვედრას და ერთობლივ კონსულტაციებს. ერთი სიტყვით, თქვენ მხოლოდ ხელს შეუწყობთ შვილს, ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს. როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას შეამჩნევთ, შეგიძლიათ უკან დაიხიოთ და ისე აქტიურად აღარ ჩაერიოთ ბავშვის ცხოვრებაში.

კონტროლის ხარისხი ბავშვის ასაკის მიხედვით უნდა განსაზღვროთ. გეგმის შედგენისას ნახევარი საათით მაინც უნდა გაზარდოთ ყველა საგანში მისი მოსწრების შემოწმების დრო. რაც მთავარია, გახსოვდეთ: ამ პრაქტიკულ გეგმას მის დასასჯელად კი არ ადგენთ, არამედ დასახმარებლად.
ბავშვი ამბობს, რომ ცუდი ნიშნები არ აღელვებს
ბევრი მშობელი იტყვის, რომ მათ შვილს უბრალოდ არ ადარდებს მოსწრება, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ცუდი ნიშნები ბავშვებს გულის სიღრმეში ძალიანაც აწუხებთ. გამოთქმა „არ მაინტერესებს” ხშირად ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი შვილი აცხადებს: „არ ვაპირებ, ნიშნების გამოსწორებაზე ვიზრუნო; ვერ მაიძულებ ამის გაკეთებას; შენ არ ხარ ჩემი ცხოვრების ბატონ-პატრონი”. სიმართლე ის არის, რომ თქვენ მართლა ვერ აიძულებთ ბავშვს. ნაცვლად ამისა, ჯობს იმის გაცნობიერებაში დაეხმაროთ, რომ ნიშნებზე ზრუნვა სწორედ მის ინტერესებში შედის.

ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია იმის მიხვედრაც, რომ მზრუნველობასა და მოტივაციას ფესვები სწორედ ფლობის შეგრძნებაში უდგას. თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ შვილს იმის გაცნობიერებაში, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი თვითონ არის. ამ შემთხვევაში ის საკუთარი ნიშნების გამო პასუხისმგებლობასაც გააცნობიერებს. ნუ განიცდით ბავშვის ცუდ ნიშნებს მასზე მეტად. ეცადეთ გაარკვიოთ, რა გაზრდის მის მოტივაციას და ნუ დაისახავთ მიზნად, შვილს თქვენი ეშინოდეს. ეცადეთ, უხელმძღვანელოთ მას, მაგრამ არასწორი არჩევანის შედეგები მან თავად უნდა გააცნობიეროს. უმჯობესია, ამ შედეგებს 10 წლისა შეეჯახოს, ვიდრე 25 წლისა, როდესაც ამის გამო სამსახურს დაკარგავს.
ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რისი ბრალია დავალებების შეუსრულებლობა. თუ ბავშვი თავიდანვე ცუდად სწავლობდა, შეამოწმეთ მისი ყველა უნარი, რათა ყოველგვარი უნარშეზღუდულობა გამოირიცხოს.
თუ ბავშვს რომელიმე უნარი აქვს შეზღუდული, მას მეტი ხელშეწყობა დასჭირდება. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ სტრუქტურული საზღვრების დაწესება, მაგრამ აუცილებლად თქვენი შვილის შესაძლებლობების გათვალისწინებით. შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს ხშირად ზომაზე მეტად ეხმარებიან და საბოლოოდ გამოდის, რომ ისინი ფაქტობრივად არ მონაწილეობენ დავალებების შესრულებაში, მაშინ როდესაც ასეთი მოსწავლეები მცირე დახმარებითაც თავისუფლად შეასრულებდნენ დავალებებს საკუთარი ძალებით.
განსხვავება ხელმძღვანელობასა და ზედმეტ აქტიურობას შორის

თქვენს შვილს მხოლოდ ხელმძღვანელობა სჭირდება, რაც არ გულისხმობს საშინაო დავალების მის ნაცვლად შესრულებას. როცა თქვენ, მშობელი, ასე იქცევით, მის წილ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებთ.
თუ ბავშვი დახმარებას გთხოვთ, შეგიძლიათ მხოლოდ კონსულტაცია გაუწიოთ მას. ურჩიეთ, გაურკვეველი საკითხის შესახებ მასწავლებელს გაესაუბროს, ანუ განუვითარეთ მას კომუნიკაციის უნარი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ გზა უჩვენეთ, რათა თავის თავს დაეხმაროს. ერთი სიტყვით, შუალედური პოზიცია დაიკავეთ – არც სრული უმოქმედობა და არც ზედმეტი ჩარევა.

ასევე ვურჩევ მშობლებს, ჰქონდეთ საკუთარი შვილების რწმენა. ნუ შეხედავენ შვილს როგორც სუსტ არსებას, რომელსაც თავისი საქმის გაკეთება არ შეუძლია. რატომღაც გვგონია, რომ თუ შვილს არ დავეხმარეთ, ის არაფერს გააკეთებს. სიტყვები „მე მხოლოდ შენს დახმარებას ვცდილობ” ბავშვმა შეიძლება ასე გაიგოს: „შენ სუსტი ხარ”. ნაცვლად ამისა, თქვენი მესიჯი ასეთი უნდა იყოს: „მე ვიცი, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება და საკმაოდ მჯერა შენი შესაძლებლობების, რათა თავისუფalი არჩევანის საშუალება მოგცე”.
 

საშინაო დავალება

0
საზაფხულო დავალებები გახსოვთ?!-  ბოლომდე შესავსები „ოკულ დეფტერები”, რომლებიც ისე მკაცრად გამოიყურებოდნენ, როგორც- მასწავლებლები ყოველი არშესრულებული საშინაო დავალების შემდეგ. ჩვენ კი, სოფლის ორღობეებს მოდებულები, მუხლებგადატყავებულები, სიმინდისა და ბლის ქურდობის „ცოდვით” დამძიმებულები, ხან- სოფლის გოშიების ლუკმები, ხან- ბებოების და პაპების ცრუ მრისხანების ობიექტები, აგვისტოს ბოლომდე მივიდოდით, მივირბენდით.  ბოლოს ნაჩქარევად შევავსებდით რვეულებს, რომლებიც, თავისთავად, იყო ხაფანგი, რომლებშიც საგანგებოდ დიდი ასოები იყვნენ გაჩხერილები. სისხლი სდიოდათ „წაკითხული წიგნების” სიებს და ყველა ავტორი „ოკულ დეფტერებიდან”  თავგამოდებით ცდილობდა გაქცევას.
 ერთი სიტყვით, რვეულების ნაცვლად მასწავლებლებს ტომისა და ჯერის „დაჭერობანას” სრულ ქრონოლოგიურ სურათსა და ისტორიას ვაბარებდით. მაშინ გვეგონა, საშინაო დავალებები მხოლოდ იმისთვის მზადდება, რომ ჩაიბარონ. მაშინ გვეგონა, ყველა სუფთა რვეული ხაფანგი იყო და სახელმძღვანელოები- უსასრულო უდაბნოები, სადაც მირაჟების ადგილიც არ რჩებოდა. 

არადა, ვსწავლობდით. სწავლა- განათლება მაშინ, რა თქმა უნდა, აბსტრაქტულ ცნებად გვეჩვენებოდა. პატარა, ქორფა თავები ტვინგამოდებით მუშაობდნენ და დისციპლინაც არ გვავიწყდებოდა. ეს ის სიტყვაა, რომელიც, რამდენჯერმე რომ გაიმეორო, მნიშვნელობას კარგავს და ასოების გროვად იქცევა. ასაკის მატებასთან ერთად ამ ტერმინის ჩვენ მიმართ გამოყენების  სიხშირემ როგორც კი იმატა, უდისციპლინოები გავხდით. ყოველ შემთხვევაში, სულ ცოტათი მაინც, ვიდრე- ადრე.

საშინაო დავალებებზე გიყვებოდით. მახსოვს, ერთ- ერთ მორიგ საზაფხულო არდადეგებზე ურეკში წავედით. მაშინ ზღვა პირველად ვნახე და შემეშინდა, რადგან ცასავით იყო. ცა კი იმდენად არამატერიალური მეჩვენებოდა, იმდენად მისტიკური და საშიშად არანივთიერი, სადღაც, თავისთვის მყოფი, განმარტოებული სუბსტანცია, რომ მას შემდეგ ზღვაშიც ვერ ვიკიდებ ფეხს, ვერც- ხელს. ერთი სიტყვით, დღემდე ვერ ვისწავლე ცურვა და დღემდე ყველა დამცინის ამის გამო. ახლა ამას ასე მძაფრად, რაღა თქმა უნდა, აღარ განვიცდი. მაგრამ მაშინ, სექტემბერში სკოლაში მისულმა, გარუჯულმა და ბედნიერმა სკოლაში ტკბილი საზღვაო არდადაგებით ინსპირირებული საზაფხულო საშინაო დავალება მივიტანე. ახლაც მძაფრად მახსოვს საკუთარი ემოციური დიაპაზონი. მასწავლებელმა ტექსტი ხმამაღლა წაიკითხა და აი, იმ მომენტამდე მივიდა, სადაც ზღვა ცასავით საშიშია, სადაც ზღვას ხელში ვერ დაიჭერ, „იქსელის” ქილასავით ვერ მოჭმუჭნი და ვერ გადააგდებ, ფეხსაც ვერ დაადგამ, რომ მოგინდეს, ვერც კი იხტუნავებ. იმათ რა იცოდნენ, რომ ბედნიერების მომენტებში ჩემი თვისება სწორედაც რომ ჯამბაზივით ხტუნვა გახლდათ. ბავშვებმა გაიცინეს და მე, გარუჯული, პატარა და ბედნიერი კიდევ უფრო დავპატარავდი და  გავიფიქრე, რომ მიწის გასკდომა ბუნების საჩუქარი იქნებოდა.

მიწა, რა თქმა უნდა, არ გასკდა. ძალიანაც კარგი. სამაგიეროდ, კლასელების უბოროტო სიცილის შემდეგ (რომელიც, ახლა მგონია, რომ ვერაფრით იქნებოდა დაცინვა), ჩემი ემოციური ინტელექტის სრულყოფას მივყავი ხელი. მაშინ მსგავსი ტერმინოლოგიის არაფერი გამეგებოდა და ჩემი შეუგნებელი ქმედებაც ინსტიქტური საწყისების შედეგი იყო.  მე მაშინ პეპიზე ვგიჟდებოდი, ჩემს ფემინისტ ლიდერზე, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, მეკობრე გამოვიდეს თუ ნამდვილი მანდილოსანი. ის არც ისეთი დახვეწილია და ვერც კარგი აღზრდით გამოირჩევა, ზრდილობაში ცოტა მოიკოჭლებს კიდეც, სამაგიეროდ, შეუძლია, ყველაფერი გრძელ, კნაჭა ფეხებზე ეკიდოს და მსოფლიო თავის გარშემო ატრიალოს. მისი ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი დაბალი ნამდვილად არ უნდა იყოს. სიმართლე  გითხრათ, სწორედ პეპი დამეხმარა, გადამელახა  ბავშვური ტრაგედია  და ხმამაღლა ბევრჯერ გამემეორებინა რომ დიახ, ზღვა ცასავითაა და ამაში არაფერია უცნაური. რომ ინდივიდუალიზმი ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც ოდესმე შეიძლება, გქონდეს. რომ თუ შენნაირად არ განიცდიან, ამაში არაფერია დრამატული. რომ მიწის გასკდომა დიდი ვერაფერი ნატვრაა, ამას სჯობს, გვერდით ისეთი მეგობრები გყავდეს, როგორებიც ტომი და ანიკა არიან. 

ერთი ეგაა, დღემდე მძულს ჩემი ძმისშვილის საზაფხულო დავალებები და საერთოდაც, ყოველგვარი შრომა, რომელიც ზაფხულს უკავშირდება, რადგან სრულიად ფუქსავატურად მგონია, რომ ადამიანები ზაფხულში მხოლოდ უნდა ისვენებდნენ. განსაკუთრებით კი ბავშვები, რომლებსაც ძალიან ცოტა დრო აქვთ გრძელი მაგალითების გამოსაყვანად, რადგან ჯერ კიდევ ბევრი სიმინდია მოსაპარი. 

ჩვენი მთავარი ევროპელი მეგობარი

0

აგვისტო საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის უმძიმესი თვეა. ყველას ომის საშინელი თავგადასავლები და ასობით უსამართლოდ დაღუპული ადამიანი ახსენდება. ჩვენს ისტორიოგრაფიაში უკვე დაიწყო 2008 წლის სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ შესაბამისი მასალების შეგროვება. წელს ცნობილმა ქართველმა კინოდოკუმენტალისტმა მორიგი ფილმი გადაიღო, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმძიმეს ტრაგედიას და მის პოლიტიკური შინაარსს აღწერს. ფილმების პროფესიული შეფასება და ანალიზი ჩემი საქმე არ არის, მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებზე შემიძლია საუბარი. თითქოს ფილმის ავტორიც და მისი რესპონდენტებიც ცდილობენ, რომ პუტინის რუსეთის შემდეგ საქართველოს ყველაზე ავისმოსურნე ქვეყნად გერმანია წარმოაჩინონ. გამიკვირდა და გავბრაზდი. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პარტნიორისადმი განსაკუთრებული უმადურობის გამოვლენა ჩვენი საზოგადოებისათვის სიკეთისმომტანი არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რატომ არის გერმანია ჩვენი მთავარი ევროპელი მეგობარი.

შორეულ წარსულს აღარ მივუბრუნდები, აღარ გავიხსენებ არც საქართველოს წყალქვეშა ნავებით მომარაგების საკითხს და არც გერმანიის პირველი ელჩის, გრაფ შულენბურგის მიერ ნაჩუქარი გერმანული ჩაფხუტების ისტორიას. მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ჩამოყალიბებულ თანამედროვე ეპოქას მიმოვიხილავ მოკლედ, ძალიან მოკლედ.

გერმანია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა გახლდათ, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო და თბილისში საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა. ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში არ თმობს მოწინავე ადგილს საქართველოს დონორებს შორის. მათ მიერ გამოგზავნილი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება ყოველთვის სოლიდური იყო, ევროპელებს ჩვენთვის არასდროს უწყალობებიათ წყალი და ჰიგიენური საშუალებები. რაც მთავარია, გერმანელები აქცენტს ყოველთვის სკოლასა და მასწავლებლებზე აკეთებდნენ.

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ არ იცის, რომ გერმანიის ფედერალური ხაზინის დაფინანსებით 1997 წლიდან საქართველოს ათზე მეტ სკოლაში სპეციალური სასწავლო პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მონაწილეები ინტენსიურად შეისწავლიან გერმანულ ენას, საკუთარ სკოლაში უფასოდ იღებენ საერთაშორისო ენის დიპლომს და კავშირებს ამყარებენ კვალიფიციურ უცხოელ თუ ქართველ პროფესიონალებთან. ამასთანავე, პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს გერმანიის სხვადასხვა პედაგოგიურ დაწესებულებაში სწავლების ყველაზე თანამედროვე მეთოდებს დაუფლების შესაძლებლობა ეძლევათ. “ZfA-ს” ხელშეწყობით უკვე რამდენიმე ათასმა ქართველმა მოსწავლემ მოახერხა გერმანული ენის უმაღლეს დონეზე შესწავლა, რამდენიმე ასეულმა პედაგოგმა კი დამატებითი, სერიოზული პროფესიული გამოცდილება დააგროვა.

გერმანიის ხაზინისა და სხვა შემომწირველების ხელშეწყობით 1988 წლიდან საქართველოში „გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის” (DAAD) წარმომადგენლები მუშაობენ. ალბათ ვერავინ დათვლის რამდენი სტუდენტი, მასწავლებელი, ლექტორი, ახალგაზრდა მკვლევარი გააგზავნა ამ დაწესებულებამ გერმანიის უმთავრეს სამეცნიერო ცენტრებსა და წამყვან უნივერსიტეტებში. DAAD გახლავთ ორგანიზაცია, რომლის ხელშეწყობითაც უამრავი ცნობილი და გავლენიანი პროფესორი ჩამოდის საქართველოში. მოწვეული პროფესორები ახალ, ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის უნიკალურ სალექციო კურსებს უძღვებიან და ადგილობრივ კადრებს მაღალი დონის სასწავლო პროგრამების შემუშავებაში ეხმარებიან.

საქართველოში დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების სადარაჯოზე კი გერმანული პარტიული ფონდები დგანან. წლებია თბილისში ფუნქციონირებენ ჰაინრიხ ბიოლის, ფრიდრიხ ებერტისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდები. მათი დაფინანსებითა და ხელშეწყობით იქმნება სოციალურ მეცნიერებებში მოწინავე და თანამედროვე აკადემიური  ნაშრომები, იბეჭდება უნიკალური კვლევები და პუბლიკაციები (ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გამოცემებს სამართლიანად მოიხსენიებენ „ბესტსელერებად”), გაიცემა სასწავლო გრანტები და სტიპენდიები. შედეგად საქართველოს განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერისა და სამოქალაქო სოლიდარობის წახალისებისათვის უამრავი ახალი დამატებითი რესურსი იქმნება.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და აღარ დავწვრილმანდები “გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა გაერთიანების”, „გერმანია-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის” და სხვა ათობით მსგავსი დაწესებულების საქმიანობის აღწერით. აღარც საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შესაშურ აქტიურობას გავიხსენებ, რომელიც 2008 წლის ზაფხულის დასაწყისში სოხუმსა და თბილისს შორის დარბოდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა მხარეები ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმების ხელმოწერაზე დაეყოლიებინა.

მაშასადამე, ვფიქრობ, გერმანია ყოველთვის გახლდათ ჩვენი მთავარი ევროპელი მეგობარი, რომელიც ხელისუფლების მხარდაჭერაზე მეტად მასწავლებლების, მეცნიერების, მოსწავლეების, სამოქალაქო აქტივისტების დახმარებაზე ფიქრობდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – ამ უმდიდრესი და უძლიერესი სახელმწიფოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი მოქალაქეებია. შესაბამისად და საუბედუროდ, ჩვენ ვერ მოვთხოვთ მათ, რომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აღმოსავლეთ ევროპის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოების ბედი დააყენონ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...