ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
2 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ორი ტომარა ფქვილი

0

დავჯექი, ვიფიქრე, გუშინ დაწყებულ ლექსს დავამთავრებ-მეთქი.

ამინდია ისეთი, ლექსი უნდა დაიწყო-დაამთავრო, დაიწყო-დაამთავრო.

არადა, სურნელი მომდის – დედამ გადაწყვიტა ახალი პურის საცხობი გამოსცადოს და  პურს აცხობს – ცოტა მზესუმზირას და მწვანე ზეთისხილსაც გაურევს, ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთსაც. სურნელია ენით აღუწერელი, როგორ აგიხსნათ? აი, ისეთი სურნელია, სახლში მყოფები ყველანი მიგვწი-მოგვწია, ყველა სავარძელი და სკამი დაიკავა, ყველა საწოლზე მოკალათდა, ყველა ჭერი და კუთხე დაიპყრო.

ჰოდა, ბრახ და მეც ბავშვობაში გადავეშვი.

ის ძალიან, ძალიან ცუდი წლები გახსოვთ? გაკვეთილებს რომ ლამფის მწვანე შუქზე ვსწავლობდით. ჰო, შეიძლება არ იყო ის შუქი მწვანე, მაგრამ თვალები ისე მეწვოდა, ისე მეწვოდა, სულ მწვანედ მეჩვენებოდა.

სამოსზე ნავთის სუნი აგვდიოდა, წიგნებზე ნავთის სუნი აგვდიოდა, ხან ნავთის, ხანაც “სალიარკის”.  დღემდე ამ ორი საწვავის სუნს სუნამოს ექსპერტივით უცებ ვარჩევ.

ჰო, პურზე ვლაპარაკობდი, გახსოვთ როგორი რიგები იყო? ბავშვებს არ გეხსომებათ, უფროსებს – კი, თუ ძალით არ დაივიწყეთ.

დადგებოდი რიგში, იყავი ვთქვათ რომელიღაც N336 (ხელზე დაგაწერდნენ), დაღამდებოდა, გათენდებოდა, დილის ოთ საათზე შეიძლება მოგწეოდა და N335–ის ბედნიერი სახის დანახვის შემდეგ მოგქონდა შინ პური – მწვანე, მძიმე, სუნიანი, ზოგჯერ ლურსმან თუ ტარაკანაჩართული, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა. თუ სახლში შაქარი იყო, მოაყრიდი ამ პურს შაქარს, უფრო სწორად ფრთხილად მოაფრქვევდი და იყო მშვენიერი ბუტერბროდი, ხატავდა საბურავით დანთებულ ცეცხლზე ადუღებულ ჩაის.

დღემდე ყველაზე დიდი ფობია მაქვს, როდესაც საპურეში პური არაა, ადგილს ვკარგავ და ვერ ვისვენებ. იმდროინდელი შიშია.

იმ დღეებში, მახსოვს მეზობელმა 2 ტომარა გაფუჭებული ფქვილი გამოიტანა და გადაყარა. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ უნდა გაგიფუჭდეს 2 ტომარა ფქვილი, როცა იცი, რომ შენ ირგვლივ ყველას შია. თუმცა, რა ჩემი განსასჯელია.

„რომ დავადგებით მოსაცომავათ, პიჯვარს დევიწერთ: ღმერთო და მამა ზეციერო, შენ მიეცი ბარაქა ჩემ ნათეს-ნამუშევარს, მუშას, მოყანეს, შენ გაუმარჯვე მათ, სახლის წმინდა ანგელოზო”, – ეს დიალექტური კორპუსის ერთ–ერთი ზეპირი მთქმელია, პურის ცხობის ამბებს ჰყვება. იცით, რამდენნაირ პურს აცხობდნენ ქართულ ოჯახებში?  მოდით, ისევ კორპუსს ჩავხედოთ :

„ვაცხობდით ბევრნაირ რამეს ჩვენი წესით. რომელი რომელს შემოკანულს ვაკეთებდით, რომელი – სართვიანს, რომელი ისე:

1. ქადიანი. ნიგოზს დავნაყავთ, გამოვხდით ზეთათ. ამ ზეთში პურიფქვილს მოვსვრით. ეს სართავია. ამას ჩოურთამთ პურში, შემოვაკანავთ მერე და ამას უძახით ქადიანს. გარეთაც ზეთს წოუსვამთ და სადიდებულო საჭმელია.

2.ასე ჩართვა ვიცით: ლობიო, ქონი, ცერცვი, ყველი და ხაჭო. ესენი სუყველა სართვიანი პური იქნება. რასაც ჩაურთამთ, იმის სახელს ვეტყვით. ლობიოჩართული, ქონიჩართული.

3.ღვეზილი. დიდი პური გამოცხობა ვიცოდით. ნახევარი ფუთი გამევიდოდა, სქელი იყო. შიგნი ჩართული ქონდა ყველი და თელ-თელი მოხარშული კვერცხი. გძელი იყო, გამოყვანილი. იცოდენ კაცის ძღვენათ ან ლხინში.

4.უდიერის ლავაში. ესიც დიდი შეუპოვარი იყო, უდიერისთვის იცოდენ მისი მიტანა.

5.ბასილას ახალწელიწადს ვაცხობდით. კაცი სახე ქონდა, თვალები ლობიოსი ქონდა ჩამსხდარი. იმაზე გამევიყვანდით მთვარეს, მზეს, ვარსკვლავებს, ნალს, ლურსმნებს. ნალში ლობიო იყო ჩადებული, ვითომ ლურსმანია-თქვა. ბასილს ჩავაგდებდით ღვინიან ჭურჭელში და ვიგებდით იმ წლი მოსავალს, რავა გადაბრუნდებოდა იმითი. ყრუობა იყო, შვილო, ახლანდელი ფოქუზების არაფერი გვესმოდა. ისე ერთმანეთის გატანა მეტი იყო, ვა, შე კაცო!

6. ციცინაური კეცში გამომცხვარი აღვივებული პური იყო, წითლათ აბრაწული.

7.ხმიადი იყო ოუვალი პური, წყლით მოზელილი. საჭრელობელათ – საჭრელობელა – დაკბილული პატარა ფირფიტა, ხის, რომლითაც აჭრელებენ პურს იყო მოჭრელებული. იმას მეწისქვილე თუ გეიკეთებდა.

8. ნაზუქი. ფქვილს მოზელენ რძეში, კვერცხს და შაქარს უზმონან, ერბოს და ქიშმიშს და თონეში აცხობენ, ცოტა მოდიდოთ, სამკუთხეთ. რგვალი პური რომ გაჭრა, ისეთია.

9.რგვალი პური. გამოცხობა ვიცით ღველფში წაბლი ნეშოთი.

10.თხელი ლავაშების დაცხობა კეცებში ან თონეში ვიცით. იმას დანი წვერით ან რამეთი ჩევიღებთ და დავალაგებთ გობზე.”

მოკლედ, ასეთი მრავალფეროვნებაა კორპუსსა და ქართულ სამზარეულოში, თუმცა მე მაინც სხვა ისტორია მახსენდება, ისიც კორპუსიდან.

 

სამცხე–ჯავახეთის ერთ–ერთი სოფელში მორიგი თურქობის დროს, გასაქცევად მომზადებულმა ბიძამ ობოლი ძმისშვილები ურემზე არ დასვა, თქვენ ნაცვლად, ორ ტომარა ფქვილს წამოვიღებო… როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ გადარჩა ორი, ღვთის  ანაბარად დატოვებული ბავშვი, ამას მორიგ პოსტებში მოგიყვებით…

 

ჰო, ეს ყველაფერი სურნელმა გამახსენა, პურის სურნელმა, როგორი მახსოვრობა იცის პურმა.

მასწავლებლობა – დეპრესიის მაღალი რისკის მქონე პროფესია

0
იმ  პროფესიათა ჩამონათვალში, რომლებიც დეპრესიის მაღალი  რისკის მატერებელია, მასწავლებელს „საპატიო” პოზიცია უკავია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებს პირდაპირი და უშუალო ურთიერთობა უწევთ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ათასობით ადამიანებთან, რაც დიდ ნერვულ დაძაბულობას იწვევს. ამას ემატება მშობლებთან, ადმინისტრაციასთან, კოლეგებთან  მუდმივი, და არც თუ ისე იშვიათად, რთული ურთიერთობები, საზოგადოებრივი დატვირთვები. მეტად  დაძაბული მუშაობა უწევს მხედველობის ორგანოს, ხმაურის დონე  ჩვენ ირგვლივ დაშვებულ ნორმაზე მაღალია, დიდია ინფიცირების რისკი, ამას ემატება კომპიუტერთან დიდი ხნის მუშაობა და სხვა. შემდეგი  მიზეზი ის გახლავთ, რომ პროფესიულ საქმიანობაში შეცდომის დაშვება, ექიმისა არ იყოს,  ძალზე ძვირი გვიჯდება, რაც დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია სამუშაო პირობები: კოლექტივში გაბატონებული ფსიქოლოგიური კლიმატი,  ხშირად არასწორად რეგულირებული რთული სამუშაო განრიგი და ძალზე მცირე მატერიალური ანაზღაურება. ეს უკანასკნელი გარემოება მასწავლებელს აიძულებს კერძო რეპეტიტორობას მიჰყოს ხელი, რაც უდიდეს ტვირთად აწვება მას.  ამასთან ერთად მოთხოვნები მასწავლებლის მიმართ  თანდათან იზრდება, იგი გამუდმებით ცდილობს დააკმაყოფილოს ისინი და სრულიად ბუნებრივია, რომ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ზოგჯერ ვერ უძლებს ყოველივე ამას. ამ ფაქტორებით გამოწვეულ დაავადებათა შორის ხშირია დეპრესია.
უკანასკნელ პერიოდში კვლევები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებენ, რომ დეპრესია, გულსისხლძარღვთა დაავადების მსგავსად, ყველაზე გავრცელებული დაავადებაა დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ დიაგნოზით მოსახლეობის 20% იტანჯება. დეპრესია სერიოზული დაავადებაა, რომელიც მკვეთრად აქვეითებს შრომისუნარიანობას და დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც ავადმყოფს, ისე გარშემომყოფებს. 
სამწუხაროდ, ადამიანები ნაკლებად არიან გაცნობიერებულები დეპრესიის  სიმპტომებსა  და შედეგებში, რის გამოც მათი დროული დახმარება ვერ ხერხდება  ან საერთოდ არ მკურნალობენ. დეპრესიის   შესახებ  თანამედროვე წარმოდგენა  ეფუძნება  ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელს, სადაც დაავადების წარმოშობაში  თავისი წილი ყველა ფაქტორს შეაქვს. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1.ბიოლოგიური ფაქტორები. მათ უპირველეს ყოვლისა მიაკუთვნებენ ნეიროქიმიური პროცესების სპეციფიკურ დარღვევებს, ნეირომედიაციის შეცვლას (ძირითადად, სეროტონინის, ნორადრენალინის, აცეტილქლორინის და სხვა). ეს დარღვევები შესაძლებელია მემკვიდრეობითი იყოს;
2.ფსიქოლოგიური ფაქტორებში იგულისხმება აზროვნების გარკვეული სტილი, ე.წ. ნეგატიური აზროვნება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხოვრების  და საკუთარი პიროვნების უარყოფით მომენტებზე ფიქსაცია, მიდრეკილება ყველაფერში  დაინახო ცუდი,  უპერსპექტივობა,  ოჯახური პრობლემები, ალკოჰოლისკენ სწრაფვა, სოციალური იზოლაცია, თბილი, ადამიანური უთიერთობების დეფიციტი და სხვა; 
3.დეპრესიის სოციალური კონტექსტიდან ადამიანზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი, კონკურენტული გარემო, სოციალური არასტაბილურობა, მიგრაციის მაღალი ხარისხი, ეკონომიკური სიდუხჭირე, ხვალინდელი დღის რწმენის დეფიციტი, ფიზიკური ძალადობის, უპირატესობის მოპოვების  კულტი და სხვა.
დეპრესია, მთელი ორგანიზმის დაავადებაა, მისი ტიპური გამოვლინებები მრავალფეროვანია. მოკლედ  განვიხილოთ ისინი.
ემოციური გამოვლინებები: მოწყენილობა, შფოთიანობა, უიმედობა,  შინაგანი დაძაბულობა, სასოწარკვეთა, უბედურების მოლოდინი, გაღიზიანება, დანაშაულის განცდა და საკუთარი თავით უკმაყოფილება,  დაბალი თვითშეფასება, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში არასასურველად წარდგენის შიში, გარშემომყოფებით დაუინტერესებლობა, ღრმა დეპრესიის შემთხვევებში  კი საერთოდ რაიმე გრძნობების განცდა და გამოვლენა. იგი ხშირად ერწყმის ახლობლების ჯანმრთელობის გაუარესების შიშით გამოწვეულ შფოთვას.  
ფიზიოლოგიური გამოვლინებები: ძილის დარღვევა (უძილობა ან ზედმეტად ძილი), მადის დაქვეითება ან, პირიქით, კუჭ-ნაწლავის პრობლემები (შეკრულობა ან აშლილობა), სექსუალური  მოთხოვნილებების ზოგადად ენერგიის დაქვეითება, ადვილად დაღლა  როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შრომის დროს, სისუსტე, გულის, კუჭის ან კუნთების არეში ტკივილის შეგრძნებები და სხვა.
ქცევითი გამოვლინებები: პასიურობა, საქმეში ჩართვის   და გატაცების, მიზანდასახული მოქმედებების განხორციელების სირთულე,  კონტაქტების რთულად დამყარება,  განმარტოებისკენ სწრაფვა – სხვა ადამიანებისადმი ინტერესის უქონლობა, გართობაზე უარის თქმა, ალკოჰოლითა და ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გატაცება, რომლებიც დროებით შვებას აძლევენ.
გამოვლინებები აზროვნებაში: უჭირს  აზრის, ყურადღების კონცენტრირება, გადაწყვეტილების მიღება. საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, სამყაროზე ზოგადად მუქი, პესიმისტური ხედვები გააჩნია, ვერ ხედავს პერსპექტივას,  ცხოვრება უაზრობად ეჩვენება, დეპრესიის მძიმე შემთხვევებში თავს იჩენს ფიქრი თვითმკვლელობაზე. აქვს განცდა, რომ არავის სჭირდება, არააობაა. თუ ეს გამოვლინებები 2 კვირა  და მეტი გრძელდება სახეზეა დეპრესია.
 დეპრესია აუცილებლად მკურნალობას მოითხოვს. ხშირად როგორც ავადმყოფის, ისე ირგვლივმყოფების მიერ იგი აღიქმება როგორც ცუდი ხასიათის გამოვლენა, სიზარმაცე ან ეგოიზმი, პესიმისტური ბუნება. ეს ასე არ არის, დეპრესია არის დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და რომელიც ადვილად ემორჩილება მას, განსაკუთრებით თუ ის დროულია. რა უშლის ხელს ადამიანებს,  მიმართონ ექიმს? 
1. შესაძლო სოციალური შეზღუდვები ( აღრიცხვაზე აყვანა, ტრანსპორტის მართვის აკრძალვა…);
 2. შიში, რომ სხვები გაიგებენ მისი ფსიქიატრთან/ ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის შესახებ; 
3. წამლებით მკურნალობის დაუსაბუთებელი შიში, რომ ფსიქოტროპული საშუალებები საშიშია. 
ხშირად ადამიანები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას და არასწორად ესმით თავიანთი მდგომარეობის  ბუნება. ფიქრობენ, რომ თუ იციან მისი გამომწვევი მიზეზი, მაშინ ეს არ უნდა შეფასდეს, როგორც დეპრესია. თვლიან, რომ ეს არის სრულიად ნორმალური მდგომარეობა და თავისით გაივლის. 
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დეპრესიის  ფიზიოლოგიური გამოვლინებები აყალიბებენ წარმოდგენებს სერიოზული სომატური დაავადებების შესახებ. ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამ ჩივილებით მიდის ექიმ-თერაპევტთან. დეპრესიის მქონე ავადმყოფების 80% პირველად სწორედ ზოგადი პრაქტიკის ექიმს მიმართავს, რომელიც მხოლოდ 5%-ის შემთხვევაში სვამს სწორ დიაგნოზს. ადეკვატურ თერაპიას კი კიდევ უფრო ნაკლები პაციენტი იღებს. სამწუხაროდ, პოლიკლინიკის დონეზე ძალიან ძნელია გამიჯნო დეპრესიის ფიზიოლოგიური გამოვლენა ჭეშმარიტად სომატური დაავადებისაგან, რაც არასწორ დიაგნოზში და შესაბამისად არასათანადო მკურნალობაში გამოიხატება – პაციენტებს ენიშნებათ  სიმპტომატური მკურნალობა (გულის, კუჭის, თავის ტკივილის და ა.შ.), მაგრამ  გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ყველაფერი ეს კი ავადმყოფში აჩენს მძიმე დაავადების განწყობას, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას და ისინი სპეციალისტთან უკვე დეპრესიის მძიმე,  ქრონიკული ფორმით დაავადებულნი ხვდებიან.
ტესტი. ყურადღებით წაიკითხეთ დებულებები და შემოხაზეთ სათანადო ნომერი, ის რომელიც თქვენს მდგომარეობას შეესაბამება.
I.  
                 0. არაფერი არ იწვევს ჩემში სევდასა და დარდს; 
                 1. ზოგჯერ სევდიანი ვარ;
                  2. მუდმივად დარდიანი ვარ, ვერ ვახერხებ მისგან თავის დაღწევას;
              3. ისე ძლიერ ნაღვლიანი და  უბედური ვარ, რომ ვერც კი ვეწინააღმდეგები 
            ამ განცდებს.
II.
0.  არ მეშინია მომავლის;
1. მეშინია მომავლის;
2. კარგის მოლოდინში არ ვარ;
3. საშინელების მოლოდინი მაქვს და თან ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი.
III.
0. არ მაქვს ჩავარდნები, წარუმატებელი მცდელობები;
1. ვფიქრობ, რომ სხვებზე უფრო ხშირი ჩავარდნები მაქვს;
2. წარსულს რომ გადავხედავ, ბევრ წარუმატებლობას ვხედავ;
3. ვიცი რომ სრულიად უიღბლო ვარ.
IV.
0. საგნები, ნივთები ისევე მატკბობენ, როგორც წინათ;
1.  საგნები, ნივთები ისევე ვეღარ მატკბობენ, როგორც წინათ;
2. ვეღარაფრისგან ვიღებ სიამოვნებას;
3. ყველაფერი მომწყინდა და ყველაფრით უკმაყოფილო ვარ.
V.
0. დანაშაულის განცდა არ მაქვს;
1.  ზოგჯერ  მიპყრობს დანაშაულის განცდა; 
2.  ხშირად დიდი ხნით და მთლიანად  მიპყრობს დანაშაულის განცდა; 
3. ყოველთვის მაქვს დანაშაულის განცდა.
VI. 
0. არ ვთვლი, რომ დასჯილი ვარ;
1. ვთვლი, რომ შეიძლება დავისაჯო;
2. ველოდები სასჯელს;
3. ვგრძნობ, რომ დასჯილი ვარ.  
VII.
0. საკუთარი თავით იმედგაცრუებული არ ვარ; 
1. საკუთარი თავით იმედგაცრუებული  ვარ;
2. საძაგელი ვარ;
3. მეზიზღება საკუთარი თავი.
VIII.
0. სრულებითაც არ ვთლი, რომ ვინმეზე უარესი ვარ;
1. ხშირად ვაკრიტიკებ საკუთარ თავს შეცდომებისა და  მარცხის გამო;
2. გამუდმებით ვაკრიტიკებ თავს წარუმატებლობების გამო;
3. რაც კი ხდება, ყველაფერზე საკუთარ თავს ვკიცხავ.
IX.
0. არასოდეს მიფიქრია თვითმკვლელობაზე;
1. თვითმკვლელობაზე მიფიქრია, მაგრამ ამის ჩამდენი არ ვარ;
2. მქონია თვითმკვლელობის სურვილი;
3. თუ გავრისკე, შემიძლია თავი მოვიკლა.
X.
0. ახლაც ისევე ვღელავ და განვიცდი, როგორც უწინ;
1. ახლა უფრო ხშირად ვარ განცდებში;
2. სულ განცდებში ვარ;
3. სულ ვიტირებდი, მაგრამ ახლა, ძალიანაც რომ მოვინდომო,  ვერ შევძლებ.
XI.
0. ჩვეულებრივზე მეტად არ ვარ გაღიზიანებული;
1. ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაღიზიანებული ვარ;
2. შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში გამყვეს წყენა და გაღიზიანება;
3. სულ გაღიზიანებული ვარ.
XII.
0. ადამიანების მიმართ ინტერესი არ დამიკარგავს;
1. ჩვეულებრივზე ნაკლებად ვინტერესდები ადამიანებით;
2.ძალიან დიდი დოზით დავკარგე ადამიანებისადმი ინტერესი;
3. სრულიად დავკარგე ადამიანებისადმი ინტერესი.
XIII.
0. როგორც ყოველთვის, ახლაც ადვილად  ვიღებ გადაწყვეტილებას;
1. ზოგჯერ გაურკვეველი დროით გადავდებ გადაწყვეტილების მიღებას;
2. ამჟამად ძალიან მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება;
3. სრულიად  არ შემწევს უნარი მივიღო გადაწყვეტილება.
XIV.
0. გამოვიყურები ჩვეულებრივად, როგორც უნდა გამოვიყურებოდე;
1. ვღელავ, რადგან ვთვლი, რომ ასაკთან ერთად სულ უფრო ცუდად გამოვიყურები; 
2.მუდმივად მაქვს განცდა, რომ  ვიცვლები და თანდათან ნაკლებად მომხიბვლელი ვხდები;
3. დარწმუნებული ვარ, რომ საშინლად გამოვიყურები.
XV.
0. ისევე კარგად ვმუშაობ, როგორც ადრე;
1. სამუშაო დიდ ძალისხმევას მოითხოვს ჩემგან;
2. თავს უნდა ვაიძულო, რომ რამე გავაკეთო;
3. აღარ შემიძლია მუშაობა.
XVI.
0. უწინდელივით ახლაც კარგად მძინავს;
1. ჩვეულებრივზე  უარესად მძინავს;
2. 1-2 საათით ადრე ვიღვიძებ და შემდეგ მიჭირს დაძინება;
3. რამდენიმე საათით ადრე ვიღვიძებ და შემდეგ ვეღარ ვიძინებ. 
XVII.
0. უწინდელივით ახლაც ძნელად არ ვიღლები;
1. ახლა ადვილად  ვიღლები;
2. ნებისმიერი სამუშაო მღლის;
3. ყველაფერი მღლის.
XVIII.
0. მადა არ შემცვლია;
1. ისე კარგ მადაზე ვეღარ  ვარ, როგორც ვიყავი;
2. ძალიან უმადოდ ვარ;
3. არაფრის ჭამა არ მინდა.
XIX.
0. შეიძლება ითქვას, რომ იგივეს ვიწონი;
1. 2,5 კგ დავიკელი;
2. 5კგ დავიკელი;
3. 7,5 კგ დავიკელი.
XX.
0. ჯანმრთელობაზე ისევე ვწუხვარ, როგორც ადრე;
1. მაქვს ზოგადი ჩივილები, კბილების და კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
2. მაქვს ზოგადი ჩივილები, კბილების და კუჭ-ნაწლავის პრობლემები და  
  დიდხანს ვფიქრობ მათზე;
3.იმდენად მაწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, რომ  სხვა რამეზე აღარც
    კი ვფიქრობ.
XXI.
0. სექსუალური ინტერესები არ შემცვლია;
1. სექსი ნაკლებად მაინტერესებს;
2. სექსი ძალიან ნაკლებად მაინტერესებს;
3. სექსი საერთოდ არ მაინტერესებს.
გასაღები: შეკრიბეთ შემოხაზული ციფრები.
 10 ქულამდე – სრულიად ნორმალური მდგომარეობა.
11-16 ქულა- ზომიერი  მდგომარეობა. 
17-20 ქულა -კლინიკური დეპრესიის ზღვარი.
21-30 ქულა – ზომიერი დეპრესია.
31-40 ქულა – სერიოზული დეპრესია.
40 ქულა და მეტი – ექსტრემალური დეპრესია.
17 ქულამდე პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის  ჩარევა არ არის საჭირო.
გაგაცნობთ დოქტორ ა.დ. ბეკის მარტივ თეზისს:
1. როდესაც შეწუხებული ან დეპრესიულ მდგომარეობაში ხართ თქვენი აზრები არალოგიკურია, ყველაფერი უკიდურეს ფერებში გეჩვენებათ, ჭარბობს დამანგრეველი განწყობები;
2. მცირედი ძალისხმევაც კი საკმარისია, რათა ისწავლოთ ნეგატიურ აზრებთან შეებრძოლება და საკუთარი ქცევის კორექცია;
3. როდესაც  ავადმყოფობის სიმპტომები უკან დაიხევს, თქვენი ქმედება კვლავ პროდუქტული გახდება და დაგიბრუნდებათ საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობაც;
4. ეს ყველაფერი შეიძლება შედარებით მოკლე დროში მოხდეს, თუ მაკორექტირებელ მეთოდებს გამოიყენებთ.

რჩევები სიტყვის მარაგის გასამდიდრებლად

0
”უბადრუკი მეტყველება უბადრუკი აზროვნების ნიშანია” –  ლევ ტოლსტოი.
ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, რომ თანამედროვე ბავშვებს უჭირთ აზრის სათანადოდ გადმოცემა, მოყოლა, შეცდომების გარეშე საუბარი. ის, რომ მათ სიტყვების მარაგი არ აქვთ, ამის მიზეზი გარდა უწიგნურებისა, სიტყვიერი ურთიერთობების სიმწირის და კომპიუტერსა და ტელევიზორზე მიჯაჭვულობის შედეგიცაა.  არადა, სიტყვათა მარაგი, რომელსაც ბავშვი აზრის გადმოცემის დროს გამოიყენებს, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაშიც და ცხოვრებაშიც. ხშირად კარიერული წარმატება, ადამიანთა კეთილგანწყობა, ავტორიტეტის გამყარება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ორატორულ ნიჭს, აზრების მკაფიო და ლამაზი გადმოცემის უნარს. ამიტომ სიტყვის მარაგის გამდიდრებაზე  ადრეული ასაკიდანვე უნდა ვიზრუნოთ. 

როგორც სპეციალისტები განმარტავენ ადამიანს გააჩნია ლექსიკური მარაგის ორი ტიპი: აქტიური და პასიური.
აქტიური – მოიცავს სიტყვებს, რომლებსაც ის ლაპარაკის და წერის დროს იყენებს.

პასიურ მარაგს ის სიტყვები წარმოადგენს, რომლებსაც ის იგებს კითხვისას თუ მოსმენისას, მაგრამ არ გამოიყენებს მათ სალაპარაკო ენასა და წერაში. ამიტომ პასიურ სიტყვათა მარაგი რამდენჯერმე აღემატება აქტიურს.

მეცნიერთა  აზრით,  სიტყვათა მარაგის შესავსებად კარგი საშუალებაა კლასიკური პოეზია და პროზა. სალაპარაკო ენის გამდიდრებისათვის კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ კლასიკა. სიტყვათა მარაგის შესავსებად კითხვის გარდა რეკომენდებულია ასევე ლექსების დაზეპირება, ენციკლოპედიის შეთვისება და კროსვორდების ამოხსნაც კი.

რჩევები როგორ გავუმდიდროთ ბავშვს სიტყვათა მარაგი: 
1. გამუდმებით ესაუბრეთ ბავშვს. ის ახალ სიტყვებს მხოლოდ სხვების მოსმენით ისწავლის. რაც უფრო მდიდარ და მრავალფეროვან საუბარს ისმენენ, მით უფრო მდიდრდება მათი ენაც. ამიტომ ესაუბრეთ ბევრი.
 
2. უკითხეთ ხმამაღლა. თანდათან ისეთი წიგნები შეარჩიეთ, სადაც პერსონაჟთა მრავალფეროვნებაა და სიუჟეტიც აქტიურად ვითარდება. პატარა მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ ისაუბრეთ მომხდარზე, იმსჯელეთ და გზადაგზა უცხო სიტყვები ახსენით.
3. როცა სეირნობისას საინტერესო ადგილას მოხვდებით, იქედან ყოველთვის წამოიღეთ რაიმე წვრილმანი ნივთი. საღამოს მთელ ოჯახს წარუდგინეთ ეს ნივთი და ბავშვს სთხოვეთ, ყველას უამბოს მის შესახებ. ან უბრალოდ მოყვეს – რა ნახა, სად იყო, რამ მოახდინა მასზე შთაბეჭდილება და ა.შ.
4. ეცადეთ, ხშირად მოაყოლოთ ბავშვს, რა მოხდა დღეს. სთხოვეთ, უფრო დეტალურად გადმოსცეს ესა თუ ის ამბავი. შებრუნებული კითხვები მას დაეხმარება, რომ მოვლენის აღსაწერად მეტი სიტყვა გამოიყენოს. ეცადეთ, კითხვებიც ვრცელი იყოს. აზრის სიტყვებით გადმოცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია ბავშვისთვის.
5. ახალი სიტყვები თავად უნდა ასწავლოთ. არ შეგეშინდეთ სირთულის – ბავშვის გონება ღრუბელივით ისრუტავს ინფორმაციას. მან შეიძლება, ისეთი სიტყვები დაიმახსოვროს, რომლის წარმოთქმაც კი გიჭირთ. 
6. ყველა მოვლენას მიუძღვენით პატარ-პატარა საუბრები. რა თქმა უნდა, ეს საუბრები ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. თუ რამეს ვერ გაიგებს, აუხსენით. დაიმახსოვრებს და საჭირო დროს თავისთავად ამოუტივტივდება მეხსიერებიდან. 
7. ხშირად გამოიყენეთ სინონიმები რაიმეს აღსაწერად და თავადვე დააკვირდით თქვენს საუბარს. ეცადეთ, ერთი და იგივე სიტყვა ხშირად არ გამოიყენოთ. 
რჩევები ბავშვებს ახალი სიტყვების შესასწავლად 
1. სიტყვების უმეტესობის სწავლა ხდება  კონტექსტში. კითხვისას დიდი ყურადღება მიაქციე იმ სიტყვებს, რომლებიც არ იცით. უპირველეს ყოვლისა წარმოიდგინე, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას კონტექსტიდან გამომდინარე და შემდეგ მოძებნე. იკითხე და უსმინე ისეთ მასალებს, რომელიც ერთგვარი გამოწვევა იქნება თქვენთვის და რომელიც ამავდროულად ბევრი ახალ სიტყვის შემცველი იქნება.
2. გაიუმჯობესე კონტექსტის საშუალებით სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობის ჩვევა. კონტექსტში სწავლის უნარის გასაუმჯობესებლად, ყურადღება მიაქციე იმას, თუ როგორ არის გამოყენებული სიტყვები. 
3.  ახალი სიტყვის სწავლა დიდად ვერ დაგეხმარება, თუ მას მალევე დაივიწყებ. საჭიროა სიტყვის 10-20-ჯერ გამეორება იმისათვის, რომ სიტყვა თქვენი ლექსიკის ნაწილი გახდეს. ასევე კარგი იქნება თუ პატარა ზომის ფურცელზე დაწერ სიტყვას თავისი განმარტებითა და კონტექსტით – რომელსაც მოგვიანებით გადახედავ. როგორც კი ახალ სიტყვას ისწავლი, დაიწყე მისი გამოყენება. 
 4. წარმოთქვი სიტყვა ხმამაღლა და გაააქტიურე შენი სმენითი მეხსიერება. დააკავშირე ახალი სიტყვები უკვე ნაცნობ სიტყვებთან. 
5.  გამოიყენე დამახსოვრების სხვადასხვა ხრიკი. სიტყვებზე გაკეთებული პატარა ჩანახატები იმის გახსენებაში დაგეხმარება, თუ რას ნიშნავს სიტყვა, ამავდროულად სახალისოც არის მათი შეთხზვის პროცესი. შეეცადე იპოვო სწავლების რომელი სტილი შეგეფერება. ყველა განსხვავებულად სწავლობს.
 6.  ჩვევად გაიხადე იმ სიტყვების ძებნა, რომლის მნიშვნელობაც არ იცი. თუ კომპიუტერში გაქვთ ლექსიკონის პროგრამა, ის მუდამ ღია გქონდეს, რათა მოსახერხებელი იყოს გამოსაყენებლად. ეძებეთ იმ სიტყვის მნიშვნელობა, რომლის ცოდნაშიც არ ხართ დარწმუნებული. გამოიყენეთ სინონიმებისა და ანტონიმების ლექსიკონი, რათა იპოვოთ ის სიტყვა, რომელიც უკეთ ერგება.
7.  ითამაშე სიტყვებით. რეგულარულად შეავსე კროსვორდები. 
8.  გამოიყენე ლექსიკონის სია. სერიოზული ლექსიკის მქონე მოსწავლეებისთვის მრავალი წიგნი არსებობს. ასევე, ინტერნეტში არსებობს მრავალი საინტერესო საიტი სიტყვებისთვის, რომელიც ყოველდღიურად გამოგიგზავნით ერთ სიტყვას ელ-ფოსტაზე.
9.  გააკეთე ტესტი ლექსიკის შესამოწმებლად. 
 10.  აღფრთოვანდი სიტყვებით. დააფასე ის უმნიშვნელო განსხვავებები რაც სიტყვებშია. ისწავლე იმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ფიქრობ.

მოამზადა თამარ კაციტაძემ

თოვლი პოეზიაში (სემანტიკური ნიუანსები)

0
სემიოტიკაში მნიშვნელოვანია ნიშნის პრობლემა, ხოლო ნიშნის კვლევისას სიტყვის სემანტიკის განსაზღვრა უმთავრესია. ლექსემის მნიშვნელობა შეიძლება გამოვიკვლიოთ ენის (როგორც სისტემის) ფარგლებში და მეტყველების ფარგლებში. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს სალექსიკონო მნიშვნელობასთან, ხოლო მეორე შემთხვევა სიტყვის სემანტიკის დასადგენად უფრო რთულია, რადგან მნიშვნელობას შევისწავლით ენის გამოყენებისას სხვადასხვა დისკურსის ფარგლებში (ოფიციალურ-საქმიანი, საგაზეთო-პუბლიცისტური, სამეცნიერო, სასაუბრო, მხატვრული და სხვა). შესაბამისად, სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება რომელიმე მეტყველებაში ამავე სიტყვის სალექსიკონო მნიშვნელობის ასიმეტრიულიც კი იყოს ან გაუჩნდეს უამრავი კონოტაციური მნიშვნელობა. პოეტური დისკურსი ამ მხრივ ყველაზე უფრო რთული და მრავალგანზომილებიანი სივრცეა, რამდენადაც ენა თავის შესაძლებლობებს ყველაზე მეტად პოეზიაში ავლენს. ვინაიდან ენა აზრის გაფორმების საშუალებაა, ნებისმიერი ენობრივი ერთეული (სიტყვა, ფრაზა, გამონათქვამი…) განხილულ უნდა იქნეს კონტექსტში. ჩვენი კვლევის მიზანია, გამოვავლინოთ აქტუალიზებული ენობრივი ერთეულები (რომლებსაც ამავე დროს აქვთ უნივერსალური ხასიათი) პოეტურ მეტყველებაში და დავადგინოთ მათი სემანტიკური საზღვრები. ამ შემთხვევაში კონცეპტის ბირთვი იქნება სალექსიკონო მნიშვნელობა და შემდეგ – ყველა ის კონოტაციური მნიშვნელობა, – მათ შორის – გადატანითიც, – რომელსაც აჩენს ესა თუ ის ლექსემა განსაზღვრულ კონტექსტში. ამ მეთოდით ენის აღწერა გამოავლენს ქართული ენის პოტენციალსა და სიღრმეებს და, ამავე დროს, სხვა ენების შესაბამის მასალასთან შედარება საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ უნივერსალური და სპეციფიკური სახე-სიმბოლოები პოეტურ მეტყველებაში.

თოვლისმეტყველება

რას აღნიშნავს პოეზიაში ბუნების ესა თუ ის მოვლენა? პოეტის რომელი და როგორი განცდის მეტაფორაა? ამ მხრივ ქართული პოეზია მდიდარ მასალას იძლევა. მირზა გელოვანის ლექსში „თოვლი” ეს სიტყვა მრავალგვარ კონტექსტშია წარმოდგენილი და სემანტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 


თოვლი

თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.
დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში, 
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი,
იჩქარე, ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.
წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის –
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის,
თოვლი, თოვლი, თოვლი.
მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა,
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა,
სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.
თოვლი მოსულა, რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი, 
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე, 
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.
წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის – 
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი, 
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის, 
თოვლი, თოვლი, თოვლი.
(მირზა გელოვანი, 1944 წელი, ფრონტი)

პირველ სტროფში გვაქვს ასეთი ოპოზიცია: თეთრი თოვლი – სხვანაირი თოვლი. სხვანაირი თოვლი მითითებაა არა ფერზე, არამედ შინაარსზე. მომდევნო სტრიქონში კი ამგვარი სინტაგმაა: თოვლის სპეტაკი კუბო, რომელიც სატრფომ უნდა მიუტანოს პოეტს. ეს მეტაფორა ერთდროულად აღნიშნავს სიცივისა და სისპეტაკის განცდას.

მეორე სტროფში არის პოეტის მოწოდება: „დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში…” ავტორი აქვე განმარტავს, რატომ თოვლში – „რადგან მომბეზრდა მიწა ბოროტი”. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მიწა ბოროტია, თოვლი – კეთილი. ესეც – პოეტური თოვლის კიდევ ერთი სემანტიკური ნიუანსი. ამავე სტროფშია სინტაგმა: „თოვლივით წავშლი”. პოეტი სატრფოს მიმართავს: „იჩქარე, თორემ თოვლივით წავშლი შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს” (დამდნარი თოვლი უკვალოდ ქრება).

მესამე სტროფში სატრფო შედარებულია „დამწვარი თოვლის მსუბუქ ბოლთან”, რადგან სატრფო არის შორს, რადგან პოეტი ფრონტზეა (სადაც ყველაფერი იწვის, მათ შორის – თოვლიც…), ხოლო ბოლი სინაზისა და უმწეობის სიმბოლოა. თოვლთან დაკავშირებული შემდეგი სახეა გზა, რომელიც ისევე მიდის პოეტისკენ, როგორც თოვლი, ამიტომ სატრფოს ამ გზისკენ მიანიშნებს.

მეოთხე სტროფში სტრიქონი: „მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა”, – უნდა გავიაზროთ პირდაპირი მნიშვნელობით. ხოლო მომდევნო სტროფში გამოთქმული განცდა: „დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე, ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი”, – იმ რეალობის აღნიშვნაა, რომ პოეტისთვის უცხო მხარეში მზე და თოვლი იგივე არ არის, რაც მშობლიურ მხარეში… მით უმეტეს, რომ ის ომშია და ყოველდღე სიკვდილს ელოდება… სწორედ ამიტომ ის „თოვლზე უფრო ნამტირალევია” (ანუ თოვლი ტირის, როცა დნება…). განცდათა ზღვარზე თოვლის კიდევ ერთი მშვენიერი მეტაფორა დაიბადა.

როდესაც თოვლის სახე-სიმბოლოებსა და სემანტიკურ ნიუანსებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, გალაკტიონის „იისფერი თოვლი” არ გავიხსენოთ. როგორც ზემოგანხილულ ლექსში, აქაც თოვლი სატრფოს სახეს უკავშირდება. თოვლთან იისფერის დაკავშირება უფრო მისტიკურს ხდის ნარატივს. თოვა შედარებულია ქალწულების „ხიდიდან ფენასთან” (რაც სიწმინდის ასოციაციას აჩენს). თოვლის სახეს უკავშირდება აგრეთვე „მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის” და, რაც მთავარია, ამ სტრიქონებით მეტაფორიზებულია პოეტის შინაგანი განცდა – „სიყვარულის მოთმენა”.

ავტორის სევდიანი განცდის გამოხატულებაა „ძვირფასო, სული მევსება თოვლით”. სევდას ერთვის სისპეტაკის, სინაზისა და დინამიკურობის განცდაც.

გალაკტიონისთვის „თოვლივით მკრთალია” სატრფოს ხელებიც, რომლებიც უღონოდ დახრილა „თოვლთა დაფნაში”. თოვა, პოეტის თქმით, ეს არის „მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის” (ანუ ისევ დინამიკასთან, მოძრაობასთან დაკავშირება).

თოვლი „ლურჯი და დაღალული სიზმარიცაა”:

„თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი 
და დაღალული სიზმრით დამთოვა, 
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, 
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა…”

ასეთია გალაკტიონის ერთი ლექსის თოვლისმეტყველება. ამავე პათოსის გაგრძელებაა და სატრფო თოვლთანაა დაკავშირებული ირაკლი აბაშიძის ლექსში „პირველი თოვლის სიმღერა”. ასეთივეა ოთარ ჭილაძის „მარინას თოვლი”:

მარინას თოვლი

„თოვლი მოვიდა, მარინა, თოვლი. 
არც ისე მკაცრი ყოფილა ღმერთი. 
დედოფალივით სუფთას და მოვლილს, 
ჩემთვის აგზავნის და მხოლოდ ჩემთვის.
მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს, 
ცისკენ გარბოდა თვალი თავისით. 
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს… 
თუმცა რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი.
მარინა, თოვლი შენი სულია! 
და განგებაა გამოგზავნილი, 
რომ ამირიოს გზები სრულიად 
და გზის ნაპირას დამსვას მგზავრივით.
ვითომ მივდივარ, თორემ ნამდვილად 
კი არ მივდივარ, შენ გელოდები 
და თეთრი სივრცე ფიქრს მიადვილებს, 
მორთული ნაძვის მწვანე ტოტებით.
და თოვლი, ცივი ქურქით შეფუთვნილს, 
თავზე მევლება ქალური თრთოლვით, 
მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გეკუთვნი, 
გარემოცულიც ამხელა თოვლით.

წარმოდგენილი კონტექსტები არ არის სრული, მაგრამ შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართულ პოეზიაში თოვლი (თოვა) უმთავრესად სატრფოს სახეს უკავშირდება.

თოვლი არის: სატრფო, დედოფალი, სული, ქალი, განგება, ბედისწერა…

თოვლთან დაკავშირებულია მსაზღვრელები: შორეული, იდუმალი, მონატრებული, თეთრი, სუფთა, სპეტაკი, კეთილი…

თოვლი ქმნის სინტაგმებს: თოვლივით წაშლა, იისფერი თოვლი, თოვლში დამარხვა, სხვანაირი თოვლი, თოვლის სპეტაკი კუბო, დამწვარი თოვლი, თოვლნარევი დღე, თოვლზე უფრო ნამტირალევი, სულის თოვლით ავსება და სხვა.

სად არის ახლა ლუიზა?!

0
ბანკომატის რიგში დედა-შვილს გადავეყარე. მე იმაზე ვდარდობდი, რომ უკანასკნელი ფული უნდა გამომეტანა. ბავშვს კი სხვა სადარდებელი აღმოაჩნდა: „დედა, ინგლისური რომ არ ვისწავლო, დამცინებენ?” – ჰკითხა ბავშვმა დედას. ამ შეკითხვამ ერთი ისტორია გამახსენა და მოდით, შორიდან მოვუვლი:

ლუიზა ჩემს ოთახში ზუსტად 16:00 საათზე შემოვიდა. ეზოში მზე სასიამოვნოდ აჭერდა. ფანჯრიდან მომესმოდა ჩემი მეგობრების ყიჟინა, რომლებიც ახლადაშენებულ შტაბში მაშველობანას თამაშობდნენ, თუმცა ჩემი ყურადღება მხოლოდ თეთრ კარზე იყო მიმართული. მაშინ VI კლასში ვიყავი და გარინდული, გულაჩქარებული ველოდი ლუიზას მოსვლას. საამდღეოდ დედა განგებ წავიდა სადგურის მოედანზე, რათა ჩემთვის ახალი რვეულები ეყიდა. რვეულები, რომლებსაც გარეკანზე ჩემი საყვარელი ფეხბურთელის, ოლივერ კანის გამოსახულება ეხატა, რაც ჩემს მოლოდინს აათმაგებდა. ეს იმ პერიოდის ამბავს გიყვებით, როცა თბილისის გარეუბნებს ინგლისური ენის ციებ-ცხელება ებოლას ვირუსივით მოედო და ქალაქში ხუმრობები გავრცელდა ინგლისურსა და კომპიუტერზე, მეგრულსა და კალკულატორზე. კომპიუტერისა რა გითხრათ, ძვირი სიამოვნება იყო, მას მხოლოდ ბობოლები შეწვდნენ, აი ინგლისურის მასწავლებელი კი შვილებს თითქმის ყველამ დაუქირავა – მდიდრებმაც და ღატაკებმაც (მათ ბიბლიასავით ირწმუნეს, რომ სწორედ ამაში იყო გადარჩენა და ამაში ჩადეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ და რაც არ ჰქონდათ).

ჩემს მასწავლებელს ლუიზა ერქვა. მე მას მანამდეც ვიცნობდი, სანამ ჩემი მასწავლებელი გახდებოდა, რადგანაც ერთი წლით ადრე ვახოს მომზადება დაიწყო. დედაჩემს მეზობელმა ურჩია – ჩემი თანამშრომლის შვილის კლასელს ამზადებსო, ძლიერიაო. ზუსტად ასე, წმინდად ქართული ტრადიციით აღმოჩნდა ლუიზა მასწავლებელი ჩვენს ოჯახში. „რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ”, – მომესმა ერთხელ მოარული ხმა და ვიფიქრე, რომ თუკი ერთის ნაცვლად ბევრი კაცი ვიქნებოდი, იოლად მოვერეოდი ბორას და ზვიადს, რომლებიც ბავშვობაში ჩემი მწამებლები იყვნენ, მოგვიანებით კი ძმაკაცები გახდნენ. იმისათვის, რომ გავორკაცებულიყავი, იატაკზე გავერთხმეოდი და სრიალ-სრიალით, თითქოს საზღვაო ომობანას ვთამაშობდი, შევიპარებოდი ხოლმე იმ ოთახში, სადაც გაკვეთილი მიმდინარეობდა, პიანინოს ფეხებთან დავიმალებოდი და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი უცნაურ, უცხო სიტყვებს, რომლებსაც ეს ქალი წარმოთქვამდა.  

ლუიზა თვითნასწავლი მასწავლებელია. მგონი სწორედ ეს მხიბლავდა მასში. თვითნასწავლიაო, მანამდე მხოლოდ ნიკო ფირომანზე გამეგო და კაცად კი არა მთად მესახებოდა. ლუიზასაც, ალპინისტ და მოჭადრაკე ქალს, აი ასე, სრულიად უცაბედად, გადაეწყვიტა ინგლისურის სწავლა და უმალვე ჩასჯდომოდა ამ საქმეს. გადაუბამს დღეები და ღამეები, არ მოუხუჭავს თვალები, დაულევია ბევრი ფინჯანი ჩაი და უსწავლია კიდეც ეს ენა სანიმუშოდ. თავისივე ხელით შეუქმნია განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც ერთ ვეებერთელა, ლურჯყდიან ალმანახში ჰქონდა გამოკრული და დროდადრო ჩაიხედავდა ხოლმე, როცა რამე საჩოთირო სიტყვას გადააწყდებოდა. მე ბევრი რამ ვიცოდი მასზე. ეს ბევრი იმ დღიდან გადმომყვა, როცა ჩემმა ძმამ სახლში, ანუ გაკვეთილზე დაიგვიანა და ლუიზამ დედაჩემს გადაუშალა გული (ცხადია, მე პიანინოს ფეხებთან ვიყავი მოკალათებული): ქვრივი ყოფილა. მისი ქმარი რაჭაში, სახლის შენების დროს გარდაცვლილიყო, უცაბედად მოვარდნილ დენს დაურტყამს და სიმაღლიდან გადმოუგდია (ეს შემზარავი პასაჟი იმდენად მკვეთრი კონტურებით დავხატე გონებაში, რომ მანამ ვერ ამოვაგდე იქიდან, სანამ ერთ მოთხრობაში არ გამოვიყენე. ამ ამბავმა მერეღა დამასვენა. მანამდე მაწვალა და მაწვალა). ლუიზას შვილი გამოუზრდია, ნატო (ამ გოგონას სახელს რამდენიმე წლის განმავლობაში, კვირაში მინიმუმ ორჯერ მაინც ვისმენდი, მაგრამ სახელის პატრონი თვალით არასოდეს მინახავს. სწორედ ამიტომ, სახელი ნატო იდუმალებად დარჩა ჩემს ცნობიერებაში). სწავლის პარალელურად ნატოზე ბევრს მიყვებოდა. მიყვებოდა შვილის ახალ-ახალ გატაცებებზე – სპორტზე, უცხო ენებზე, მანქანის მართვაზე. 

ლუიზა სიფრიფანა, ნაღვლისბუშტმტკივანი უფერული ქალია. კოჭებამდე კაბითა და თბილი ჟაკეტით მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. იატაკი რომ არ დაესვარა, ბევრი ხვეწნის მიუხედავად ფეხსაცმელებზე ამოიცვამდა ხოლმე ცელოფნის პარკებს. ვერაფერს ჭამდა ცეცხლზე გახუხული პურის გარდა, რომელსაც პარკით ატარებდა და მხოლოდ მაშინ მიირთმევდა, როცა  მისი ვაზისუბნური, დრაკონული დღის გრაფიკში პატარა ღრიჭოს იპოვიდა. 14:00 საათზე იწყებდა და კარგად შებინდებულზეღა გასწევდა ხოლმე ორთაჭალისკენ.

ჩემგან არ გესწავლებათ: ხშირად ადამიანისადმი ინტერესი მისი საქმისადმი ინტერესს დაჩრდილავს ხოლმე. ჰოდა, ისე მოხდა, რომ დროთა განმავლობაში ჩემი გაორკაცების, ანუ ინგლისურის სწავლის წყურვილი ნელ-ნელა გაუფერულდა, გაფერმკრთალდა.  მერე სულაც გაქრა. რატომ? ზვიადი და ბორა ჩემი მეგობრები გახდნენ, აღარ მირტყამდნენ; VIII კლასში გოგო შემიყვარდა, ძლიერად; ხან ეს ამბავი გამოტყვრა, ხან ის საქმე გამოიჩხირა და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა. ოთახში, სადაც ვმეცადინეობდით სულ უფრო და უფრო მჭახედ აღწევდა ჩემი მეგობრების ხმები, რომლებიც ეზოში თამაშობდნენ. ლუიზა მასწავლებელს უკვე ხშირად უწევდა ფიქრის უღრანებში შესული მოსწავლის უკან გამოხმობა. სიზარმაცემ მე და ვახო მამაძაღლობამდეც მიგვიყვანა: როცა მშობლები სახლში არ იყვნენ კართან მოსულ ლუიზა მასწავლებლის მიერ დარეკილ ზარს უყურადღებოდ ვტოვებდით, სუნთქვას შევიკრავდით, გავჩუმდებოდით და როცა ვიგრძნობდით, რომ წავიდა, დავარხეინდებოდით და ამოვისუნთქავდით.  როცა მშობლები სახლში იყვნენ, სადარბაზოსთან დავხვდებოდით და ვატყუებდით, რომ სტუმრები გვყავდა. 

გეცოდინებათ: კაცი სისულელეს რომ იზამ, როცა არ ელოდები მაშინ წამოგარტყამს ის სისულელე კეფაში თათს. ეგრეც მოხდა. ინგლისური მივატოვე, უნივერსიტეტში რუსულის გამოცდით ჩავირიცხე. ერთხელაც, პირველ კურსზე ვარ. საქართველოსა და შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს „დინამოს” სტადიონზე დაეჯახნენ და ჩვენებმა 2:0 მოუგეს. ბიჭოოო, ნეტა იცოდეთ რა მაგრად გაგვიხარდა, დაინგრა ტრიბუნა. მეორე დღეს დამარცხებული გუნდის გულშემატკივრები თბილისს მოედვნენ. სად უნდა გაგეხედათ, რომ შოტლანდიელი არ დაგენახათ – ყველა უბანში იყვნენ. ქართველები კი, გამარჯვებულების ღიმილით, თავის დაკვრით ესალმებოდნენ მათ. ვარკეთილის მეტროში ვარ, ბაქანზე ვდგავარ. ზურგსუკან კილტიანი კაცი მომიახლოვდა, გამიღიმა – გავუღიმე. რაღა მაინცდამაინც იმ გადაკარგულში მივიდა ის დალოცვილი. რაღაცას მეკითხება, დავიძაბე, გავამეორებინე. თავისუფლების მოედანზე როგორ მივიდეო. კი გამიხარდა კითხვა რომ გავარჩიე, მაგრამ პასუხის გაცემა არ გინდა?! ისე ვიბორძიკე, ერთ ქართველ პარლამენტარ ქალსაც კი გაეცინებოდა. ბოლოს კი დავდუმდი, ბედს შევეგუე, საჩვენებელი თითი ჩაბნელებული გვირაბისკენ გავიშვირე და დავიკრიჭე. იმ კაცმა იფიქრა მანიაკს გადავეყარეო და იქაურობას გაეცალა. 

რა ინგლისურიც ვიცი, სწორედ იმ დღის მერე ვისწავლე.
ჩემო პატარა მეგობარო! მაპატიე, მაშინ დედაშენის ნაცვლად პასუხის გაცემა არ იქნებოდა მთლად სწორი საქციელი ჩემი მხრიდან, მაგრამ ვერ ვითმენ და აქედან გეტყვი: დაგცინებენ? არა მგონია დაგცინონ (თუ მაინცდამაინც პოლიტიკოსი არ გახდი და არ გადაწყვიტე მაღალი ტრიბუნიდან ილაპარაკო). აბა, დაცინვა აქ რა მოსატანია. მთავარი ისაა, რომ დადგება მომენტები, როცა შეგრცხვება. ვისი? პირველ რიგში საკუთარი თავის და მერე ყველა დანარჩენის. ისევე შეგრცხვება, როგორც მე შემრცხვა მაშინ, ვარკეთილის მეტროს ბაქანზე მდგომს. განა იმიტომ, რომ ენა არ ვიცოდი (ინგლისურის არმცოდნე იმდენ დიად ადამიანს ჩამოგითვლი, რამდენიც შენს გულს გაუხარდეს), არამედ იმიტომ, რომ ჩემი სჯეროდათ, მე კი იმედი გავუცრუე. ვის? დედაჩემს, მამაჩემს, ბებიაჩემს, ლუიზას და, რაც მთავარია, საკუთარ თავს, რადგანაც ყველაზე მეტად მე თვითონ მჯეროდა საკუთარი თავის. როცა წამოიზრდები, გირჩევ ერთი შესანიშნავი წიგნი წაიკითხო, „შუაღამის შვილები” ჰქვია. სხვათა შორის, მისი ავტორი ინდოელია, მაგრამ ეს წიგნი მან ინგლისურ ენაზე დაწერა. მისი მთავარი გმირი, სალიმ სინაი დამოუკიდებელ ინდოეთთან ერთად დაიბადა, 1947 წლის 15 აგვისტოს, ამიტომაც მამამისი სალიმზე დიდ იმედებს ამყარებდა, რის გამოც ბავშვი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა და დაიტანჯა, სული შეეხუთა. ვერც კი წარმოიდგენ, სიბრაზის როგორი ალმური მივლის, როცა ბავშვს ეუბნებიან: „შენ გენიოსი უნდა გამოხვიდე”. შენ უნდა გახდე ის, ვინც გინდა რომ გახდე, შენ უნდა წახვიდე იქ, საითაც გული გაგიწევს, მაგრამ ერთი პირობა კი უნდა მომცე: „შუაღამის შვილები” ორიგინალში, ინგლისურ ენაზე წაიკითხე. 

სად არის ახლა ლუიზა? რა გითხრა?! ნეტავ იცოდე როგორ მაინტერესებს მისი ბედი. როგორ მენატრება ეს საოცრად უბრალო და ნიჭიერი ქალბატონი. ტელეფონის ნომერი დავკარგეთ. მისამართი არც არასოდეს ვიცოდით. რას საქმიანობს? მთავარია ჯანმრთელად იყოს და მისი ენერგიის ქალი საქმეს ყოველთვის მონახავს. თუკი ქუჩაში შემხვდა, მე ვიცი, რა ენაზეც დაველაპარაკები. 

განმავითარებელი შეფასების საშუალებები

0

განმავითარებელი შეფასება ხელს
უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელი
სწავლის შედეგის გაუმჯობესება, ეხმარება მათ ადეკვატური თვითშეფასების, სხვათა შეფასების
უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში.  

აქედან გამომდინარე განმავითარებელი შეფასების მიზნებია:


·        

სწავლის
პროცესის/არსებული  საჭიროებების შეფასება;


·        

პროგრესის მონიტორინგი;


·        

დამოუკიდებლობისა და
თანამშრომლობის ხელშეწყობა;


·        

ცოდნის თვითშეფასება და
მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.

ეროვნული სასწავლო გეგმის
თანახმად,  განმავითარებელი შეფასების
საშუალებებია: სიტყვიერი
(ზეპირი/წერილობითი) კომენტარი; თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი.

მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:

უკუკავშირი კონკრეტულ საქმიანობაზე, სიტუაციებზე კომენტირების პროცესია. იგი  ხელს უწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას. ის არის ერთერთი საშუალება, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ მიდის სწავლის პროცესი, რა წარმატებები და სირთულეები ფიქსირდება. უკუკავშირი უნდა მიმდინარეობდეს კეთილგანწყობილ გარემოში და აძლევდეს მოსწავლეს გეზს, თუ რა აქტივობა უნდა განხორციელდეს მიზნის მისაღწევად. მასწავლებელმა
უკუკავშირის
დროს, პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, თუ რა აქვს მოსწავლეს კარგად შესრულებული, შეცდომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს მას კონკრეტული რეკომენდაციები, რა გზებით უნდა გაიუმჯობესოს შედეგი. უკუკავშირისას მოსწავლე საკუთარი მიღწევების გამო განიცდის კმაყოფილებას, აცნობიერებს არსებულ სისუსტეებს და რეკომენდაციების საფუძველზე ცვლილებები შეაქვს სწავლის პროცესში.

წერილობითი უკუკავშირი

წერილობითი უკუკავშირი არის
მოსწავლისთვის წერილობითი სახით კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება მისი ნამუშევრების
შემოწმების შემდეგ. წერილობითი კომენტარის გამოყენება შეგვიძლია საშინაო დავალების,
დამოუკიდებელი საკლასო სამუშაოს, თუ პორტფოლიოს შეფასებისთვის.

უკუკავშირისას – მასწავლებელი
შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჯერ  აღნიშნავს
ნამუშევრის ძლიერ მხარეს. თუ შეცდომები არ არის, ის აწოდებს რეკომენდაციებს.  რეკომენდაციების მიწოდებისას მასწავლებელს შეუძლია
გამოიყენოს – შეხსენება და თანმიმდევრული დახმარება. თანმიმდევრული დახმარება შეიძლება
განხორციელდეს შეკითხვების დასმის, აღწერისა და მაგალითის/ნიმუშის შეთავაზების ფორმით.

გთავაზობთ კონკრეტულ
მაგალითებს:

შეხსენება


·        

იმისთვის,
რომ სწორად გამოთვალო მართკუთხედის პერიმეტრი, საჭიროა კიდევ ერთხელ ჩახედო წესს, სახელმძღვანელოს
მე-12 გვერდზე;


·        

იმისთვის,
რომ ესეს ჰქონდეს ლოგიკური თანმიმდევრობა, ყურადღება მიაქციე კრიტერიუმებს, ის დაგეხმარება
თანმიმდევრობის შენარჩუნებაში;

თანმიმდევრული დახმარება – შეკითხვის დასმა


·        

რა ფორმულა უნდა გამოვიყენოთ მანძილის გამოსათვლელად?

 თანმიმდევრული დახმარება
– აღწერა


·        

ჰორიზონტის
მხარეების აღნიშვნამდე კიდევ ერთხელ გაიხსენე რომელი მხარე რა ასოთი აღინიშნება.

თანმიმდევრული
დახმარება – მაგალითის შეთავაზება

სწორია ტოროლას გალობა და არა ტოროლის გალობა. სიტყვაში
– ტოროლა – ხმოვანი არ იკვეცება.

წერილობითი კომენტარი მოსწავლეს
ინფორმაციას უნდა აძლევდეს შეცდომის, მისი ტიპის, გამოსწორების გზების შესახებ (სასურველია
მოიცავდეს სახელმძღვანელოს, პარაგრაფის მითითებასა და ზუსტ ინსტრუქტაჟს). კომენტირების
შემდეგ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს დავუბრუნოთ ნამუშევრები და მივცეთ დრო მათ გამოსასწორებლად.
ბოლოს კი გასწორებულ ნამუშევარს კიდევ ერთხელ  გადავხედოთ.

ზეპირი უკუკავშირი მოსწავლის
აქტივობაზე დაკვირვების შედეგად მასწავლებლის მიერ გამოთქმული კომენტარია. ზეპირად
მიწოდებული რეკომენდაციები შესაძლებელია როგორც ზემოთშემოთავაზებული ფორმით, ასევე,
შეგვიძლია შემდეგი ფრაზების გამოყენება:

ა) ყოჩაღ რომ,  შეასრულე დავალება. შეგიძლია მითხრა, რატომ ფიქრობ
ასე?

ბ) გმადლობ, რომ მოიტანე დავალება,
მაგრამ მოდი, კიდევ ერთხელ შეხედე, ყველაფერი სწორად არის შესრულებული?

გ) კარგია, რომ შეასრულე დავალება,
მაგრამ მე ვხედავ ერთ შეცდომას, კიდევ ერთხელ გადახედე ნამუშევარს.

მასწავლებელმა არ უნდა გამოიყენოს
იმგვარი კომენტარები, რომელიც შეურაცხჰყოფს მოსწავლეს. მაგ. სულელური პასუხია, ასეთი
რამ თავში როგორ მოგივიდა? და ა.შ. 

ურთიერშეფასება და თვითშეფასება

შეფასების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი
მიზანია, რომ მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი ცოდნის შეფასების უნარი. ამისთვის აუცილებელია
ურთიერთშეფასებისა და თვითშშეფასების სქემებზე/რუბრიკებზე დაყრდნობით შეფასების უნარის
განვითარება.

საკუთარი სწავლის პროცესის შეფასება
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმისთვის, რომ მოსწავლემ ნელ-ნელა
განივითაროს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების უნარი, საჭიროა შემდეგი სამუშაოების
ჩატარება:


·        

ვასწავლოთ
მოსწავლეს საკუთარი სწავლის მოტივის გაცნობიერება. ეს შეიძლება მოხდეს შემდეგი ტიპის
შეკითხვების დასმით: რატომ უნდა ვიცოდე? რატომ უნდა შემეძლოს? რაში შემეშლება ხელი,
თუ არ მეცოდინება?


·        

საკუთარი
საქმიანობის დაგეგმვა: რა ნაბიჯები უნდა გადავდგა დავალების შესასრულებლად? (დაწყებით
კლასებში შეიძლება მივაწოდოთ დავალება და მოსწავლემ თვითონ დასვას პლიუსის აღმნიშვნელი
ნიშანი). რა რესურსები დამჭირდება ამისთვის (რა უნდა მოვიმზადო დავალების შესასრულებლად?
რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს? როგორ უნდა დავძლიო? რა/ვინ დამეხმარება ამაში?


·        

შედეგის
ანალიზი – უნდა ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: შეესაბამება თუ არა სამუშაო დასახულ მიზანს?
როგორ შემიძლია შევამოწმო შედეგი? რატომ დავუშვი შეცდომები? შემიძლია აღვნიშნო, რატომ
დავუშვი ისინი?

ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ
კითხვარები. გთავაზობთ კითხვარის გამოყენების კონკრეტულ ნიმუშს:

მასალის ახსნის, განმტკიცებისთვის
სავარჯიშოების შესრულების შემდეგ კლასს ვყოფთ ოთხ ჯგუფად. მათ უნდა შეავსონ შემდეგი
ტიპის კითხვარი:

  • რა
    ვისწავლეთ დღეს ახალი?
  • რომელი
    ინფორმაცია იყო ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
  • რა
    იყო რთული?
  • რა
    გვიშლიდა ხელს მუშაობაში?

თითოეული მოსწავლე ჯგუფის შიგნით
მხოლოდ ერთ კითხვას სცემს პასუხს, ამის შემდეგ ჯგუფდებიან ბავშვები, რომელთაც ანალოგიურ
კითხვაზე მოუხდათ პასუხის გაცემა. ხდება პასუხების განზოგადება და წარდგენა ჯგუფის
წინაშე.

შეფასების საშუალებად შეგვიძლია აგრეთვე გამოვიყენოთ გაკვეთილის მიზანზე დაყრდნობით
შემუშავებული რუბრიკა, და მოსწავლემ თავად აღნიშნოს, რამდენად კარგად აქვს შესრულებული
დავალება:

დავალება 1.

ძალიან კარგად შევასრულე

კარგად შევასრულე

ნაწილობრივ შევასრულე დავალება

მჭირდება დამატებითი მუშაობა

დაასახელე წელიწადის დროები და ჩამოთვალე მათი მახასიათებლები

ვასახელებ წელიწადის ოთხივე დროს.

 

შემიძლია 3 ან მეტი მახასიათებლის
ჩამოთვლა.

ვასახელებ წელიწადის ოთხივე დროს.

 

შემიძლია 1 ან 2 მახასიათებლის, ფაქტის  დასახელება. 

ჩამოვთვალე წელიწადის
ოთხივე დრო.

 

ვერ ვასახელებ წელიწადის ოთხივე დროს.

დაუმთავრებელი წინადადებები

თვითშეფასების უნარის განსავითარებლად
მასწავლებელს აგრეთვე შეუძლია ტექნიკის ,,დაუსრულებელი წინადადებების” გამოყენება.
მასწავლებელი ურიგებს თითოეულ მოსწავლეს ფურცელს, სადაც მათ უნდა დაასრულონ წინადადებები:

  • თემის
    ირგვლივ მე ვიცი…..
  • ჩემთვის
    საინტერესოა…
  • მე
    მინდა გავიგო მეტი…..

მასწავლებელი კრეფს ფურცლებს,
არასაგაკვეთილო დროს აანალიზებს შედეგებს და მათზე დაყრდნობით გეგმავს მომდევნო გაკვეთილს.

თანაკლასელების შეფასება ეხმარება მოსწავლეებს,
რომ სხვათა შეფასების დროს თავადაც გაიმყარონ ცოდნა გარკვეულ საკითხებში.  ურთიერთშეფასების დადებითი მხარე  გახლავთ ის, რომ მოსწავლეები სწავლობენ სხვის ნამუშევრებში
ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას და ამით აანალიზებენ საკუთარ პროგრესსაც.

ურთიერთშეფასებისთვის შესაძლებელია
შემდეგი ტექნიკების გამოყენება:


·        

ნამუშევრების
გაცვლა/შეფასება;


·        

ურთიერთგამოკითხვა
გეგმის მიხედვით;


·        

კომენტარების
დართვა.

გთავაზობთ კონკრეტულ
ნიმუშებს:

შინაგანი  და გარეგანი წრე

საგანი: მათემატიკა

მიზანი: მოსწავლეები ერთნიშნა რიცხვებს ამრავლებენ
6 -ზე;

მოსწავლეები  ამოცანებისა და მაგალითების ამოხსნისას იყენებენ
წინარე ცოდნას.

მიმდინარეობა: მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს
წებოვან ქაღალდებს, რომლებზეც წერია – რიცხვი 1 ან 2; თითოეული მოსწავლე აწერს თავის
სახელს ფურცელზე და იმაგრებს მას. მაგ.,

 

მოსწავლეები, რომელთაც ერგოთ პირველი ნომერი,
ქმნიან ერთ ჯგუფს, ხოლო ორი ნომრები – მეორე ჯგუფს. პირველნომრიანები ქმნიან შიდა წრეს,
სხვები – გარეთა წრეს. ისინი დგებიან ერთმანეთის პირისპირ.  მეორე ნომრები იღებენ დავალებებს გამრავლებაზე,
პირველები – გაყოფაზე. (ფურცლის უკანა მხარეს ჩაწერილია პასუხები, მოსწავლეებმა შეიძლება
ეს თავიდან არც კი იცოდნენ).

ამის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ მდგომი მოსწავლეები
ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ. თუ მათ პასუხი სწორად გაეცა, გულზე მიმაგრებულ ბარათზე
წერენ დავალების ნომერს. ამის შემდეგ გარეთა წრის მონაწილეები გადადიან ერთი ნაბიჯით
მარცხნივ (შიდა წრის მოსწავლეები უცვლელად ინარჩუნებენ ადგილს). იქმნება ახალი წყვილი,
რომლებიც იმეორებენ ამ პროცესს. პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მოსწავლეები არ დაუბრუნდებიან
საკუთარ ადგილებს. მოსწავლეები სხდებიან ადგილზე და ითვლიან, რამდენ დავალებაზე აქვთ
სწორი პასუხი.

მასწავლებელი იწყებს მუშაობას შეცდომების გასწორებაზე.
ის ასახელებს ამოცანის ნომერს, მოსწავლეები წევენ ხელს, თუ ვერ იპოვეს ნომერი საკუთარ
ბარათზე. განიხილავს მაგალითს მთელ კლასთან ერთად.

ორი ვარსკვლავი
და სურვილი

აღნიშნული ტექნიკის გამოყენება სასურველია ესეების
შემოწმებისას. მასწავლებელი აწყვილებს მონაწილეებს და სთხოვს ერთმანეთის დავალებების
გასწორებას. პრინციპი არის შემდეგი: მოსწავლეები დავალებაში პოულობენ ორ დადებით მხარეს,
და ერთ სურვილს, თუ რა არის გასაუმჯობესებელი. (მოსწავლეთა კომენტარები შეიძლება იყოს
როგორც ზეპირი, ისე წერილობითი). მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული დრო ,,სურვილების”
გასარჩევად და ნამუშევრების შესასწორებლად.


ზემოთ შემოთავაზებული საშუალებები
პედაგოგისთვის არ უნდა იქცეს თვითმიზნად. ეს არის ინფორმაციის მოპოვების ხერხები –
როგორ უნდა გაგრძელდეს მომდევნო მეცადინეობები. შეფასების შედეგების ანალიზით მასწავლებელი
ავლენს საკითხებს, რომლებიც მოსწავლეებმა განსაკუთრებით კარგად აითვისეს, იმ უნარებს,
რომლებიც მოსწავლეებს უკვე აქვთ განვითარებული და იმ საკითხებს, რომელსაც სჭირდება
დამატებითი მუშაობა, აგრეთვე უნარებს, რომელთა ფორმირებაც ჯერ არ მომხდარა. საჭიროა
სწავლის პროცესის და მისი შედეგების ანალიზი არამხოლოდ მასწავლებლის, არამედ შემსწავლელთა
მხრიდანაც. ვინაიდან მოსწავლე, რომელიც ცდილობს საკუთარი ნამუშევრის ძლიერი და სუსტი
მხარეების გამოვლენას, მეტ ძალისხმევას გაიღებს მათ გასავითარებლად. 

სწავლისთვის წახალისების მეთოდები

0
ბავშვებს ხშირად ეზარებათ სწავლა, რაც მშობლებისა და მასწავლებლებისთვის დაუძლეველი პრობლემაა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არსებობს მიდგომები, რომელთა მეშვეობითაც ბავშვს შეიძლება მეცადინეობის სურვილი და მოტივაცია გაუჩინოთ.
1. ცოდნის მნიშვნელობაში დარწმუნება
დაარწმუნეთ ბავშვი, რომ სწავლა და ცოდნა ყველაზე ძვირფასი განძია ადამიანისთვის, რომ ყველაზე სასურველ მიზნებამდე სწორედ ცოდნის საშუალებით უნდა მივიდეს.
2. ქება
ქება ბავშვზე ძალიან კარგად მოქმედებს და სტიმულსაც უღვიძებს. შეაქეთ მოზარდი, თუნდაც მან უმაღლესი შეფასება ვერ დაიმსახუროს, მაგრამ მიგაჩნდეთ, რომ საკუთარი შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენა. 
3. ადეკვატური თვითშეფასება
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა უნდა ჰქონდეს – ეს ამაღლებს თვითშეფასებას. „ყველაფერს შეძლებ, აუცილებლად გამოგივა” – ეს ფრაზა მშობლებმა ხშირად უნდა გაუმეორონ. 
4. საჩუქრები
ეს ერთ-ერთი საუკეთესო სტიმულია. ძალიან კარგად მოქმედებს საჩუქრები, რომლებზეც ბავშვი დიდი ხანია ოცნებობს. საჩუქარი შეიძლება შეიცვალოს საინტერესო გასეირნებით, თუნდაც ქალაქგარეთ. 
5. მეტოქეობის სურვილი
კარგი იქნება, თუ საქმეში ბავშვის თავმოყვარეობასაც ჩართავთ და კონკურენციის სურვილს გაუღვიძებთ. „მე რა, სხვებზე ნაკლები ვარ? რატომ მჯობნიან სხვები?” – თუ ასე ფიქრს დაიწყებს, თანდათან მეტად და მეტად მოინდომებს, რომ სხვებს არ ჩამორჩეს.
6. მიზნის დასახვა
ეს უფრო მოზრდილი ბავშვებისთვისაა. დაეხმარეთ მომავალი პროფესიის არჩევაში, თუნდაც სურვილის დონეზე, და მისი ინტერესების შესაბამისად ამეცადინეთ.
7. ფულით წახალისება 
ბოლო დროს წახალისების ეს ხერხი საკმაოდ გახშირდა. ფულით დაინტერესება ცუდი არ არის, მაგრამ ამ მეთოდს ერთი ნაკლი აქვს. ჯერ ერთი, თუ ოჯახს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა, ესე იგი ბავშვმაც უნდა მოუკლოს სწავლას. თანაც ფულისთვის „ბრძოლაში” აკრძალული მეთოდებიც ერთვება: გადაწერა, კარნახი და ჩივილი, რომ მასწავლებელმა ნიშანი დააკლო. მშობლებს, რომლებიც წახალისების ამ ვარიანტს ირჩევენ, უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვი ამ დროს ანგარებით მოქმედებს, ეს კი მორალური თვალსაზრისით არ არის გამართლებული. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. თუ აშკარად ამჩნევთ, რომ ფული მართლაც კარგ ბიძგს აძლევს სწავლას, შედეგი თვალსაჩინოა და არც ფინანსურ გასაჭირს განიცდით, წახალისების ამ ფორმის გამოყენებაც შეიძლება სასიკეთო იყოს. 
8. შინაგანი მოტივაციის ამაღლება
სწავლისთვის წახალისებისას აქცენტი არა ნიშნებზე, არამედ ბავშვის მოტივაციაზე დასვით. მოსწავლე მეტის შესწავლას უნდა ცდილობდეს და არა უკეთესი ნიშნის მიღებას. ნიშანი შედეგი უნდა იყოს და არა მიზანი. შეიძლება, მაქსიმალური ქულები ბავშვმა ვერასოდეს დაიმსახუროს (ნიჭმა არ შეუწყოს ხელი), მაგრამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გამოიყენოს, ეს უკვე დიდი წარმატებაა.
მოამზადა თამარ კაციტაძემ

ქართული „ბესტსელერი“

0
– იწერება ბესტსელერები საქართველოში?! („ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე” ინტონაციით)
– ყოველ შემთხვევაში, არქმევენ მაინც წიგნებს „ბესტსელერს”.
ბექა ადამაშვილმა რამდენიმე წლის წინ ცხვირწინ ამაცალა გემრიელი საკონკურსო პრიზი. ბექა ადამაშვილი ის ბიჭია, რომლის საქმიანობაც მხოლოდ კონკურსების მოგება არ არის. ერთხელაც მან გადაწყვიტა, ნამდვილი ლიტერატურული ჯოჯოხეთი მოეწყო, სადაც არც მოძველებული, მოსაწყენი ეშმაკები იმოძრავებდნენ სამკაპებით და არც ცოდვილთა კუპრში ხარშვის რიტუალის დეტალები შეაწყენდა თავს მკითხველს. მით უმეტეს, თანამედროვე მკითხველი ისეთი პრეტენზიული და ცინიკურია, მსგავს სცენებს წვნიანის ხარშვის პროცესს ადარებს და ხანდახან დაუნდობლად ქირქილებს კიდეც. „ბესტსელერი” კი სწორედ ჩვენზე, ინტრიგან მკითხველებზე გათვლილი ტექსტია. სრულიად არაგულისამაჩუყებელი და სარკასტული. რაღაც ისეთი, ჰიპსტერების კუბოკრულ წინდებსა და მაქმანიან თხელ გეტრებს შორის. აი, ძალიან ინტელექტუალი (ცოტათი სნობი) ნაცნობების თავყრილობაზე თავი მაგარი ტიპი რომ გგონია და ტვინი მექანიკურად მახვილგონივრულ კომენტარებს აკეთებს. ისეთს, რომ ტკბები. თან თავმდაბალ პოზას ისე ინარჩუნებ, როგორც ო. ჰენრი – შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლს. ერთი სიტყვით, ეს არის წიგნი, რომელიც საჭირბოროტო თემებზე არ დაგაფიქრებთ და არც თქვენი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპის დასაწყისად იქცევა; ეს არის ექსპერიმენტი, რომლითაც ავტორი ცდილობს აუხსნას ქართველ მკითხველს, რომ თუ წიგნები გასართობად იწერება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგიდის ფეხს წონასწორობის დასაცავად უნდა შევუდგათ, რომ ასეთი წიგნებიც შეიძლება იყოს კარგი, რომ კარგი წიგნები ისევე არ არის ტანჯვა, როგორც სიყვარული. თუმცა ტანჯვა ნამდვილად არის რამდენიმე სქელტანიანი რომანის ავტორობა, რომლებსაც რამდენიმე მკითხველი ჰყავს.

არც ისე ცნობილი მწერლებისთვის სიკვდილი ნამდვილი შვებაა: მოკვდე – ნიშნავს გახდე მეტად პოპულარული. სწორედ ამ ლოგიკით, პიერ სონაჟი თავის მოკვლას გადაწყვეტს. სუიციდური აზრები სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყველას მოგვსვლია თავში. ხანდახან – ძალიან სასაცილოც კი: ჩვენ ვტკბებოდით ჩვენი ცხედრის გარშემო შეკრებილი ხალხის მღელვარების სასიამოვნო ტალღით, რომელიც ნივთიერ სახესაც იღებდა, მშობლების (გნებავთ, გულისსწორის) ცრემლებით დალტობილი (ამ დროს ნიშნის მოგებით ვიღიმებოდით) სახეები კი ისეთ სიამოვნებას გვგვრიდა, თითქოს საკუთარ პანაშვიდზე კი არა, კანარის კუნძულებზე ვყოფილიყავით. თუმცა პიერმა სიკვდილი ორიგინალურად გადაწყვიტა, რადგან მწერლები სიკვდილის დროს მაინც უნდა იყვნენ საკუთარ წიგნებზე ორიგინალურნი. მას არც წერილის დატოვება განუზრახავს და არც მეგობრებისთვის მიუწერია მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რა ძლიერ უყვარდა ისინი. პიერი „აღმოჩნდა საკუთარ დაბადების დღეზე დუბაიში, თითქმის არაფრისგან შექმნილ ქალაქში, რომელსაც თითქმის არაფრისგან პიერის მომავალი ამჯერად უკვე თავად უნდა შეექმნა”. სიკვდილი როგორც პიარი პიერისთვის სტიმულია, გადმოხტეს სიმაღლიდან.

ერთი სიტყვით, მთელი ტექსტი დიდი სარკაზმი და სიტყვების თამაშია, პერსონაჟებს კი, ცნობილ მწერლებს, ავტორი სულ თავის ჭკუაზე ათამაშებს. მკითხველი იღიმება, ფიქრობს, რომ შურის საძიებლად უკეთეს ხერხს ვერავინ მოიფიქრებდა და თანდათან უფრო და უფრო მოსწონს ავტორი. მოსწონს სქოლიოები და ჩანართებიც – შენიშვნები, რომლებიც ისეთი არამოსაწყენია, ეჭვიც კი გეპარება, რომ შენიშვნებს კითხულობ. ერთი სიტყვით, ავტორი მგონი მთავარი პერსონაჟიც კია. ის ზოგიერთი მთავარი გმირივით მოსაწყენი და სევდიანი სულაც არ არის, მას ისეთივე მოსწრებული ენა აქვს, როგორი მოსწრებული შვილიც ჰყავს ჩემს დას, მე კი – მოსწრებული დისშვილი.

ავტორი სულაც არ აპირებს, ფეხაკრეფით იაროს საკუთარ წიგნში, რადგან ეს მისი წიგნია. და რადგან მისი წიგნია, ხანდახან ფეხების ტყაპუნითაც დადის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარემოს მომქანცველ და მოსაბეზრებელ აღწერას მიადგება. სამაგიეროდ, მონდომებით გვიხატავს რუკას, თავსატეხებსა თუ რებუსებს. 

დაიმახსოვრეთ, აქ არ არსებობენ შემთხვევითი პერსონაჟები. სევდიანია, იყო მეასეხარისხოვანი და იმიტომ.
თუ ართურ კონან დოილი უცებ უცნაურ გულუბრყვილობას გამოიჩენს, არ გაგიკვირდეთ.
ნუ გეტკინებათ გული პიერის სიკვდილის გამო, იქნებ… (აქ უნდა ყოფილიყო სპოილერი)
ყველა ჰიპშტერი ხანდახან მაინც არის გონებამახვილი, ნუ შეიძულებთ მათ.
მაინცდამაინც ბევრს ნუ იფიქრებთ ჟანრის თავისებურებაზე. გადაწყვიტეთ, რომ ეს ცოტათი დეტექტივია.
აღიარეთ, რომ წიგნი ძალიან მაგარი მიძღვნით იწყება.
გაერთეთ, მოეშვით და თამამად წაიკითხეთ ტრანსპორტშიც.
გილოცავთ, წიგნში ბევრი დიალოგია, ცოტა სქოლიო, ბევრი ირონია და ინტრიგაც კი.
წარმატება უსურვეთ ავტორს, ისევე როგორც მე ვუსურვე მაშინ, როცა მომხიბვლელი პრიზი ცხვირწინ ამაცალა.

ვიზუალიზაციის როლი ისტორიული შემეცნების ფორმირებაში და სემიოტიკური მიდგომები – I ნაწილი

0
სემიოტიკა და  ისტორიის  გაკვეთილი
თანამედროვე   საგანმანათლებლო  სივრცე მუდმივად ახლის ძიებაშია. რის მიზეზადაც, პირველ  რიგში,   განათლების  სისტემის  განვითარების   ახალი  ტენდეციები  შეგვიძლია დავასახელოთ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შემეცნებითი და შემოქმედებითი  საქმიანობის გააქტიურება. ამიტომ სიახლეებისაკენ სწრაფვაც იმ გზების ძიებაში უნდა გამოიხატებოდეს, რომელიც ამ მიმართულებით წაგვიყვანს და წარმატებების მიღწევაში დაგვეხმარება. აღნიშნულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს შეესაბამება ვიზუალური  სასწავლო მეთოდიც,  რომლის დროსაც მოსწავლეთა წარმოდგენებისა და შემეცნების  ფორმირება პირდაპირი აღქმის ან მისი გამოსახულების მეშვეობით ხდება.   
ვიზუალური  მასალა  წარმატებით  გამოიყენება  ნებისმიერ  საგანში,  მათ  შორის ისტორიის  გაკვეთილზეც.  მთავარია  გვახსოვდეს, რომ   მასალის  ვიზუალიზაციას   მხოლოდ მაშინ გააჩნია ათვისების მაღალი ხარისხი, როცა აღქმასა და სააზროვნო პროცესებს შორის მჭიდრო  კავშირია.
ვიზუალური მასალის აღქმისთვის უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის სიტყვიერი ახსნა-განმარტებები, შეკითხვები, დავალებები, რომლებიც  ერთგვარი მოტივატორის  როლს  ასრულებენ  შემეცნების აქტივაციისთვის, რასაც  შედეგად   მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესება, მათ მიერ ინფორმაციის დახარისხება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების პოვნა მოსდევს. მაგრამ როდესაც  საქმე  ეხება  ვიზუალური მასალის  გამოყენებას,  შემეცნების  ფორმირებისთვის  ხელსაყრელია,  რომ  იგი არა ცალკეულ  ნიმუშებად,  ფრაგმენტულ გაკვეთილებად შევთავაზოთ მოსწავლეებს, არამედ  მას  სისტემური,  უნარ-ჩვევების ათვისების,  ავტომატიზაციის ხასიათი მივცეთ. ეს გაზრდის მათ კომპეტენციას ინფორმაციასთან მუშაობის თვალსაზრისით და პედაგოგებსაც  სასწავლო პროცესის დაგეგმვაში დაეხმარება.  

ვრცლად

ძლიერი მასწავლებლები პატარა ევროპული საზოგადოებიდან

0

ცოტა ხნის წინ რამდენიმე დღით კვიპროსის რესპუბლიკაში გახლდით. ჩემი სასწავლო ვიზიტის მიზანი კუნძულის ორ რეგიონს შორის არსებული კონფლიქტის შესწავლა იყო. ერთი კვირის განმავლობაში თხუთმეტ მოხსენებას მოვუსმინეთ. ჩემდა გასაოცრად, შიდა პოლიტიკის თემებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სემინარზე მასწავლებლებისა და მათი პროფკავშირის შესახებ მოგვიწია საუბარი. ხმელთაშუა ზღვის პატარა სახელმწიფოში მასწავლებლები პოლიტიკური პროცესების უძლიერესი და ძალიან გავლენიანი მონაწილენი ყოფილან. კვიპროსის ისტორიის რამდენიმე გადამწყვეტ მომენტში პედაგოგებმა საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იტვირთეს. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, მშვიდობის მშენებლობის საქმეში მასწავლებელთა მონაწილეობის მნიშვნელოვანი როლის შესახებ თუ მოგიყვებით.

კვიპროსის ისტორიაში ადამიანი უამრავ უცნაურ თავგადასავალსა და საშინელ ქარტეხილს გადააწყდება. ქვეყნის წარსული რაღაცით ნამდვილად ჰგავს საქართველოს პოლიტიკურ გამოცდილებას. საუკუნეთა განმავლობაში კუნძულს ელინისტური კულტურის წარმომადგენლების გარდა სპარსები, არაბები, ბიზანტიელები, ვენეციელები, ქრისტიანულ ორდენთა წარმომადგენლები, ოტომანები და ბრიტანელები მართავდნენ. ბუნებრივია, რომ თითოეულმა ჰეგემონმა საკუთარი კვალი დააჩნია პატარა საზოგადოების განვითარების გზას. შედეგად, დღეს კვიპროსში ორი მრავალრიცხოვანი, ბერძნული და თურქული კომუნების გარდა სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ათასობით ადამიანი ცხოვრობს.

კუნძულის ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე პერიოდი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იდგა. 1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სახელმწიფოს ერთიანობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ბერძნულმა და თურქულმა ნაციონალიზმმა, დიდი მეზობლების რეგიონალურმა იმპერიალიზმმა მალევე ჩაუყარა საფუძველი ეთნიკურ შუღლს ორ უდიდეს კვიპროსულ სოციალურ ჯგუფს შორის. ფაქტობრივად, 1963 წლიდან ერთმანეთისაგან გაიმიჯნნენ ბერძნული და თურქული პოლიტიკური ერთეულები. 1974 წლის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, თურქული ჯარების დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოსვლამ კი საბოლოოდ ჩატეხა ხიდი კუნძულის ორ მხარეს შორის. მაშასადამე, დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში კვიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი. დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის თანამშრომლობის განვითარება წლების განმავლობაში გადაულახავ წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული. ხშირ შემთხვევებში მხარეებს შორის ურთიერთობათა შეუფერხებელი წარმოება დღემდე სირთულეს წარმოადგენს.

 

ეთნიკური ჯგუფების მორიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისათვის ყველაზე ხელსაყრელი ნიადაგი 2000-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მონაწილეობით საერთაშორისო საზოგადოებამ კვიპროსის გაერთიანების გეგმა შეიმუშავა. დღის წესრიგში დადგა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირების საკითხიც. აუცილებელი გახდა თურქულ მხარეს ევროპული არჩევანისა და ანანის გეგმის მხარდამჭერი კამპანიის ორგანიზება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება მონდომებით ეწინააღმდეგებოდა კონფლიქტის გადაწყვეტის ამგვარ პერსპექტივას. ჩრდილოეთ კვიპროსში მდებარე თურქეთის საელჩოც არ თმობდა პოზიციებს და ყველანაირად ცდილობდა არსებული, მისთვის ხელსაყრელი „სტატუს კვოს” შენარჩუნებას. თავდაპირველად, დაწინაურებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაბედეს მთავრობასთან დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, 2001 და 2002 წლებში კუნძულს მასობრივი დემონსტრაციების ტალღამ გადაუარა. ვინ იყო ამ აქციების ორგანიზატორი? ვინ მოახერხა რეგიონის ყველა პროგრესული ძალის გაერთიანება? ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის დაცვის მიზნითა და კუნძულის გაერთიანების იდეით, თურქეთზე ფინანსურად დამოკიდებული საზოგადოების მობილიზება ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის მასწავლებელთა პროფკავშირებმა მოახერხა. დემონსტრაციების შემდგომ, რეფერენდუმზე თურქ კვიპროსელთა 73%-მა მხარი სახელმწიფოს გაერთიანებას დაუჭირა. მართალია, პროცესის დასასრულს კონფლიქტი ვერ გადაწყდა (ბერძნულმა მოსახლეობამ უარი თქვა გაერთიანებაზე), მაგრამ დღეს ჩრდილოელთა უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირის პასპორტის ფლობის შესაძლებლობა აქვს. ინდივიდუალურ დონეზე კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა 2004 წლიდან აღარ არსებობს. ამ საქმეში კი უდავოდ დიდია კვიპროსელ პედაგოგთა როლი.

რეფერენდუმის უშედეგოდ დასრულება სერიოზული საზოგადოებრივი იმედგაცრუების მიზეზი გახდა კუნძულის ორივე მხარეს. ბერძნულ და თურქულ კომუნებში კვლავ ნაციონალისტური განწყობების მქონე ძალები გააქტიურდნენ. დაყოფის მომხრეებმა, კონფლიქტის გადაწყვეტის მოწინააღმდეგეებმა საკუთარი მოქმედებების მთავარ სტრატეგიად ისტორიის ინსტრუმენტალიზაციის პოლიტიკა აირჩიეს. მაშასადამე, მათ პრიორიტეტულად მიიჩნიეს ისტორიის სახელმძღვანელოების გამოყენებით მოსწავლეებში ფსევდოპატრიოტული გრძნობების გაღვივება. სასკოლო წიგნებში წარმოჩენილი, ე.წ. „პატრიოტიზმი” წლების განმავლობაში ურთიერთსიძულვილის, უნდობლობისა და შეურიგებლობის კულტივირების წინაპირობად იქცა. უკვე დიდი ხანია უმძიმესი შედეგების მომტან განათლების პოლიტიკას ყველაზე აქტიურად მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან. მასწავლებელთა პროფკავშირები კვიპროსში სპეციალური პროგრამების (“Peace education”) დანერგვისთვის იბრძვიან და კონფლიქტის გადაწყვეტის საქმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაწილეებად მიიჩნევიან. შესაბამისად, საერთაშორისო თუ ადგილობრივი საზოგადოება ყოველთვის ითვალისწინებს ან პატივს სცემს პედაგოგთა პროფესიული გაერთიანების ინტერესებს.

ერთ-ერთ ყველაზე მეორეხარისხოვან და პერიფერიულ, კონფლიქტებითა და სამოქალაქო დაპირისპირებებით გამორჩეულ, ძალიან პატარა ევროპულ საზოგადოებაშიც კი მასწავლებლები და მათი პროფკავშირები უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებენ და გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. შვიდი დღე განსაკუთრებულად გულდაწყვეტილი ვუსმენდი ცნობებს ხმელთაშუა ზღვისპირელ პედაგოგთა შესახებ და ვოცნებობდი სამოქალაქო საზოგადოების მთავარ ძალად ჩამოყალიბებულ ქართველ მასწავლებლებზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...