პარასკევი, ივლისი 18, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

ფიზიკა ამოცანებში -რხევითი მოძრაობა

0

რხევითი მოძრაობა პერიოდული მოძრაობის სახეობაა. არსებობს სხვადასხვა სახის რხევითი მოძრაობა. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, მათ აქვთ საერთო თვისებები, რომლებიც რხევით მოძრაობას სხვა სახის მოძრაობისგან განასხვავებს. უპირველეს ყოვლისა, მისთვის დამახასიათებელია მოძრაობის პერიოდულობა. გარდა ამისა, მოძრაობის დინამიკურ და კინემატიკურ განტოლებებს აქვს სპეციფიკური სახე. კინემატიკური თვალსაზრისით რხევითი მოძრაობა შეიძლება იყოს პერიოდული ან არაპერიოდული. პერიოდულ რხევებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჰარმონიულ რხევას, რომლის მახასიათებელი სიდიდე დროში იცვლება სინუსური წესით.

ვრცლად 

იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ ორი ადგილის გააზრებისთვის

0
იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება” არაერთგზის შესწავლილი ტექსტია. განსაზღვრულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი სწავლებაც. მოსწავლეებს სირთულეს უქმნის: 1) ძველი ქართული ენის ლექსიკის გააზრება; 2) მისი გრამატიკული თავისებურებები.
ამჯერად გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ტექსტის ორი ადგილის გააზრებაზე. პრობლემები მე-10 კლასში ტექსტის სწავლების დროს გამოიკვეთა.

„წმ. შუშანიკის წამებაში” ვარსქენ პიტიახში ამბობს: „რაისა ხელიწიფა ჩემზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მოვედით და არქუთ, ვითარმედ: შენ ჩემი ხატი დაამხუ და საგებელსა ჩემსა ნაცარი გადაასხ და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წასრულ ხარ” (ქართული ენა და ლიტერატურა, X კლასი, გვ. 15). მოსწავლეებს უჭირთ მოცემულ წინადადებაში სიტყვა ხატის გააზრება. სასკოლო ქრესტომათიაში ის განიმარტება, როგორც „(აქ) კერა, ოჯახის ღირსება”. დედოფალი ვარსქენს უპასუხებს: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამხუ!” ეს ფრაზა ქრესტომათიაში ასეა თარგმნილი: „განა მე არ აღვმართე ის ხატი? მევე დავამხობ”. იგულისხმება: „მე შევქმენი შენთან ოჯახი და მევე დავანგრევ მას”.

ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონში ხატი ნიშნავს „მსგავს სახეს”.

ი. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონში” ხატი ამავე მნიშვნელობით გვხვდება: „ხატი – გამოსახულება, ნახატი, მსგავსება, „ფერი”, სახე, სურათი, შესახედაობა”.

ი. იმნაიშვილის „ქართული ოთხთავის სიმფონია ლექსიკონში” ხატი განმარტებულია როგორც „სახე, სურათი: „მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ვისი არს ხატი და ზედაწერილი?” (ლ. 20:24); „თქუენ არცა ხმაი მისი გესმა სადამე და არცა ხატი იხილეთ (ი. 5:37)”.

ქეგლ-ის ერთტომეული ხატის ასეთ განმარტებას გვთავაზობს: „ხატი [არაბ.] 1. ( ძვ. და წიგნ.) გარეგნობა, სახე; 2. ღვთაების ან წმინდანის (წმინდანების) მხატვრული გამოსახულება, რომელსაც მორწმუნეები თაყვანს სცემენ; 3. წარმართული ღვთაება, რომელიც თითქოს მფარველობს მთელ თემს ან ცალკეულ გვარს (ფშავ-ხევსურეთში)”.

როგორც ვნახეთ, სიტყვა ხატი ლექსიკონებში ძირითადად განიმარტება სამი მნიშვნელობით: სახე, მსგავსი, წარმართული ღვთაება.
ედიშერ ჭელიძე ტექსტის „წამება წმინდა მოწამე შუშანიკ დედოფლისა” განმარტებაში გვთავაზობს ზემოთ მოყვანილი კონტექსტის განსხვავებულ ინტერპრეტაციას. მისი თქმით, „ვარსქენის სიტყვები: „შენ ჩემი ხატი დაამხუ…” ადასტურებს, რომ მოყვანილ კონტექსტში ტერმინ „ხატს” ეკლესიურ-იკონოლოგიური შინაარსი არა აქვს… „ხატი” მოტანილ კონტექსტში ნიშნავს სწორედ კერპსო”, – აღნიშნავს ე. ჭელიძე. აქვე იმოწმებს წმ. წერილის ძველ ქართულ ვერსიებს: „კერპსა მას ოქროისასა, რომელი შენ აჰმართე, არა თაყვანის-ვსცემთ” (დან. 3:15-18 01); შდრ. BS: „ხატსა ოქროისასა, რომელი აღსდგი, არა თაყვანის-ვსცემთ”. მეცნიერი დაასკვნის: „ამრიგად, ვარსქენი შუშანიკს უსაყვედურებს ქმრის შეუვალი ავტორიტეტის ანუ მისი როგორც ქმრის „კერპის”, როგორც ცოლისაგან თაყვანსაცემი ბომონის დამხობას”.

ე. ჭელიძე დედოფლის პასუხს ასე გაიაზრებს: „…სახეობრივად უაღრესად მეტყველია შუშანიკის სიტყვებში გამომკრთალი მინიშნება, რომ მას ვარსქენის ხატ-კერპი თაყვანსაცემად არასოდეს ჰქონია აღმართული თავის გულში, რადგან ყოველთვის მარტოოდენ ჭეშმარიტ ღმერთს ეთაყვანებოდა. კიდევ, წმინდანის პასუხი – ესაა მისდამი წამოყენებული ბრალდების მეტად მახვილგონივრული გაბათილება: ის, რაც არასოდეს აღმიმართავს, როგორ დავამხობდიო”.

შესაძლოა, ვარსქენი ხატში ბომონს გულისხმობდეს, მაგრამ, ვფიქრობთ, დედოფალი მასში ეკლესიურ-იკონოლოგიურ შინაარსს დებს. შესაძლოა, ორი განსხვავებული მრწამსის ადამიანი ერთ სიტყვას, ამ შემთხვევაში – ხატს, სხვადასხვაგვარად გაიაზრებდეს. ხატის დედოფლისეული ინტერპრეტაციის სათავედ უნდა მოიაზრებოდეს „შესაქმე”: „თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ…” (შეს. AS 1.26), (გვ. 65). ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის მსგავსად. დედოფალ შუშანიკს ფრაზით: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი და მემცა დავამხუ” იმის თქმა სურს, რომ ყოველი ადამიანი ღვთის ხატია და, ამდენად, ვერავინ ხელყოფს, თუ თავად შექმნილი, რომელსაც აქვს თავისუფალი ნება, არ დაამხობს მას.

ამდენად, ვფიქრობთ, ვარსქენი ხატში კერპს უნდა მოიაზრებდეს, დედოფალი კი – ღვთის ხატად შექმნილ პიროვნებას, რომელსაც შეურაცხყოფას ვერავინ მიაყენებს, გარდა საკუთარი თავისა.

„შუშანიკის წამების” სასკოლო რედაქციაში იმ ადგილას, როცა დედოფლის მოსაყვანად ვარსქენი წარგზავნის ჯოჯიკს, მის ცოლსა და აფოც ეპისკოპოსს, დედოფალი განაცხადებს: „…მაგას ვერ ვჰყოფ, ვითარმცა მოსისხლეობაი იქმნა და თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით”. აქვე ეს ადგილი ასეა განმარტებული: „მოსისხლეობაი – დანაშაული, მტრობა; ვითარმცა მოსისხლეობაი იქმნა – რომ დანაშაული მოხდეს, მტრობა ჩამოვარდეს; თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით – თქვენც დამნაშავეები იქნებით, თანამონაწილენი გახდებით ამ დანაშაულისა”.

„შუშანიკის წამების” შესწავლის დროს მოსწავლეები ხშირად სვამენ კითხვას: „იქმნა” წარსული დროა, „მოსისხლეობაი იქმნა” უკვე დაღვრილ სისხლს უნდა გამოხატავდეს და რატომ არის სახელმძღვანელოში მომავალი დროით თარგმნილიო.

„შუშანიკის წამების” გობრონ საბინინისეულ გამოცემაში ზემოხსენებული კონტექსტი ასე იკითხება: „…ხოლო მაგას ვერ ვჰყოფ, ვითარმედ სისხლი იქმნეს და თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით…” (გვ. 184.)

გაუგებრობას წარმოშობს ზმნების „იქმნა” და „იქმნეს” წარსული და მომავალი დროის ფორმები. თუ „მოსისხლეობაი იქმნა”, ე. ი. დანაშაული წარსულში მომხდარა, მაგრამ გასათვალისწინებელია -მცა ნაწილაკიანი „ვითარმცა” კავშირი. -მცა ნაწილაკიანი ფორმა ვერ იგუებს კავშირებითს, რომლითაც ძველ ქართულში მომავალი დრო გამოიხატებოდა. აკ. შანიძე „ძველი ქართული ენის გრამატიკაში” -მცა ნაწილაკს ასე განმარტავს: „ამ ნაწილაკის თავისებურება ის არის, რომ იგი ვერ იგუებს წინადადებაში შემავალი ზმნის ფორმას კავშირებითში და უთუოდ უნდა გადააყენოს იგი თხრობით კილოში” (გვ. 166). „იქმნა” სწორედ თხრობითი კილოს ფორმაა.

„ვითარმცა მოსისხლეობაი იქმნა”, ისევე როგორც „ვითარმედ სისხლი იქმნეს”, მომავალ დროს გამოხატავს.

ს.-ს. ორბელიანი სიტყვა მოსისხლეობას არ განმარტავს.

ი. აბულაძის ძველი ქართული ენის ლექსიკონში მოსისხლე, მოსისხლება, მოსისხლეობა ასეა განმარტებული: მოსისხლე – სისხლისმღვრელი, „კაცისმკვლელი”; მოსისხლება – დასისხლება; მოსისხლეობა – სისხლი (გვ. 276).

ქეგლ-ში განმარტებულია მოსისხლეც და მოსისხლეობაც: „მოსისხლე – 1. სისხლის მსმელი. მოსისხლე ფრინველები //სისხლის ღვრის მოყვარული; 2. (ძვ.) სისხლის აღებით შურისმაძიებელი. მოსისხლე მტერი – შეურიგებელი მტერი, დაუძინებელი მტერი”; „მოსისხლეობა – მოსისხლის თვისება”.

დედოფალი მოსისხლეობაში საკუთარ მოწამეობას უნდა გულისხმობდეს. თავადაც ადასტურებს: „უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკვდილდ მივალ”.

ის, რომ ტექსტი 21-ე საუკუნეშიც მრავალ კითხვას ბადებს, „შუშანიკის წამების” უნიკალურობაზე მეტყველებს. ტექსტის ორიოდე ადგილის ინტერპრეტაციაც ამის დასტურია.

დავასკვნით, რომ დედოფალი სიტყვა ხატში უფლის ხატად შექმნილ ადამიანს უნდა გულისხმობდეს, „ვითარცა მოსისხლეობაი იქმნა” კი ითარგმნება როგორც მომავალში მოსახდენი სისხლის ღვრა, მოწამეობა. დედოფალი არ დაუშვებს, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ მახლობელმა ადამიანებმა.

ამრიგად, შევეცადეთ, მოსწავლეების დასმულ კითხვებზეც გვეპასუხა, კითხვის ერთ-ერთ კომპონენტზე – ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და ძველი ქართული ენის გრამატიკულ თავისებურებაზეც გაგვემახვილებინა ყურადღება, იმავდროულად, ჩვენი ნააზრევი ჟურნალ „მასწავლებლის” მკითხველისთვისაც გაგვეცნო.

გამოყენებული ლიტერატურა
1. ქართული ენა და ლიტერატურა მე-10 კლასი. თ. ცხადაია, დ. კვანჭიანი, ნ. ღონღაძე, თ. ღონღაძე. ნ. კუცია, ნ. მაღლაკელიძე
2. წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი, შესაქმისაი, გამოსლვათაი, „მეცნიერება”, 1989 
3. საქართველოს სამოთხე, გობრონ საბინინი, პეტერბურღი, 1882 წ 
4. ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, რედ. – ლ. აბაშიძე. თბ., 2011 წ.
5. აკ. შანიძე, ძველი ქართული ენის გრამატიკა, თბ., 1976
6. ს.-ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თბ., 1993 წ. 
7. ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973 წ.
8. ქეგლ, ერთტომეული, მთ. რედ. – არნ. ჩიქობავა, თბ., 1986 წ.

საქართველოში ბავშვთა სპორტი ძიუდოს მაგალითზე უნდა განვითარდეს

0

როგორც ცნობილია, ბავშვებისათვის ფიზიკური აღზრდის სწავლებას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი ძვ. წ. მე-8 საუკუნეში, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზაღზრდის სწავლება პირველად ამერიკაში დაინერგა. მე-19 საუკუნეში ამერიკულმა კოლეჯებმა თავიანთ კურიკულუმში შეიტანეს ფიზიკური აქტივობის ისეთი სახეობები როგორიცაა ცეკვა, ტანვარჯიში და ასე შემდეგ. მიზანი იყო, რომ მოზარდებისთვის ესწავლებინათ თავიანთ ჯანმრთელობასა და სხეულზე ზრუნვა.

ამერიკაში კალიფორნია იყო პირველი შტატი, რომელმაც სკოლებს მოსთხოვა მოსწავლეთა ყოველდღიური გამამხნევებელი ვარჯიში, მას სხვა შტატებმაც მალევე მიბაძეს. და მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზაღზრდის გაკვეთილები სკოლებში? კვლევები აჩვენებს, რომ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს მოსწავლეთა კონცენტრაციას, ზრდის მათ კრეატიულობას, ამაღლებს თვითშეფასებას, უვითარებს გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებს, პოზიტიურად აისახება მათ ქცევაზე.

სპორტი ავითარებს მოზარდებს მორალური კუთხითაც – მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გამოსცადონ ლიდერობა, პასუხისმგებლობის აღება სხვის და საკუთარ საქციელზე, მოსწავლეებს უვითარდებათ თვითდისციპლინა, თანაკლასელებთან ურთიერთობის კულტურა. ფიზიკური აქტივობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ ჩვევა ისწავლონ, როგორ დასახონ მიზნები და იბრძოლონ მათ მისაღწევად.

გარდა ამისა, როგორც სპორტის ექსპერტები ამბობენ, სპორტის სწავლება სკოლაში იმიტომაა მნიშველოვანი, რომ არ დაიჩაგრონ ის მოსწავლეები, ვინც არ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მაგრამ გააჩნიათ კარგი სპორტული მონაცემები. ექსპერტების აზრით, ასეთ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საკუთარი ტალანტის წარმოჩინების შანსი.

არსებობს ბევრი მაგალითი მომავალი ოლიმპიური ჩემპიონების ჯერ კიდევ სკოლის ასაკში აღმოჩენის. სპორტის სკოლაში სწავლება ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მოზარდებმა ისწავლონ ახალი სპორტის სახეობები, რომლის სწავლასაც სხვაგან ვერ შეძლებენ, რაც მომავალში შესაძლოა მათი პროფესიაც კი გახდეს. კანადაში მიიჩნევენ, რომ სპორტის სკოლებში სწავლება ეფექტური საშუალებაა, ებრძოლო მოსახლეობის ჭარბწონიანობას და კიდევ სხვა მრავალ დაავადებას.

ბავშვებისათვის სპორტული აქტივობები სკოლის გარეთაც ძალიან მნიშვნელოვანია. საბჭოთა კავშირის პერიოდში სპორტული ფედერაციებისა და სექციების წარმომადგენლები დადიოდნენ სკოლებში და არა მხოლოდ ტალანტებს არჩევდნენ, არამედ ეწეოდნენ სპორტის კონკრეტული სახეობების პოპულარიზაციას.

ამჟამად საქართველოში მსგავსი პრაქტიკა სამწუხაროდ აღარ არსებობს. ერთადერთ გამონაკლისად საქართველოს ძიუდოს ფედერაცია უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც ჯერ კიდევ შარშან საქართველოში ევროპის ძიუდოს კავშირის ინსტრუქტორები: ალექსანდრ იაცკევიჩი და იანა დმიტრიევა ჩამოიყვანა და ყვარელში სემინარი ჩაატარებინეს თემაზე “ძიუდოს გაკვეთილები სკოლებში”. სემინარს ესწრებოდნენ ის მასწავლებლები, რომლებმაც საჯარო სკოლებში უშუალოდ უნდა ჩაუტარონ ბავშვებს ძიუდოს გაკვეთილები.

სხვათა შორის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ უკვე მეორე მსგავსი სემინარი ჩაატარა. პირველი სემინარი ყვარელში 2013 წლის ზაფხულში გაიმართა. ამ წამოწყებით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია შეუერთდა ევროპის ძიუდოს კავშირის მემორანდუმს, რომელიც საჯარო სკოლებში ძიუდოს სწავლებას ითვალისწინებს. პირველი სემინარის შემდეგ სასწავლო წლის დასაწყისში ძიუდოს გაკვეთილები უკვე ჩატარდა ყვარლის რამდენიმე სკოლაში და მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ყვარლის მუნიციპალიტეტმა საჯარო სკოლებს ამ პროგრამის განსახორციელებლად ტატამი შეიძინა, ხოლო საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დაბეჭდა სპეციალური წიგნები და მოამზადა შესაბამისი ვიდეოგაკვეთილები. აღსანიშნავია, რომ წელს სწავლის განახლებასთან ერთად ძიუდოს გაკვეთილები უკვე ყვარლის მუნიციპალიტეტის 13 სკოლაში ჩატარდება.

იმედია ასეთ კარგ მაგალითებს ჩვენი ქვეყნის სხვა სპორტული ფედერაციებიც გაითვალისწინებენ, რადგან სპორტის ექსპერტების აზრით, ბავშვებში სპორტის პოპულარიზაცია კომპლექსურად გადასაჭრელი საკითხია და საზოგადოების სრული თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.

„სწორი პასუხების“ ტყვეობაში

0

ზოგიერთ მოსწავლეს ეშინია შეცდომების.

მოსწავლეებს ეშინიათ არასწორი პასუხების და დაბალი ქულების.

მათ ეშინიათ შეუსრულებელი დავალებების ან ისე შესრულებული დავალებების ხმამაღლა კითხვის, რომლებიც მასწავლებლებს და თანაკლასელებს შეიძლება არ მოეწონოთ.

მათ, რატომღაც ოდესღაც ჩაუნერგეს, რომ არსებობს ერთი სწორი პასუხი. ან მხოლოდ ისეთი, როგორიც სახელმძღვანელოშია მოცემული…

ვფიქრობ, ეს ტიპური სიტუაცია ბევრი ჩემი კოლეგისთვის იქნება ნაცნობი.

რამდენად მართებულია მხოლოდ საუკეთესო შედეგზე და შეფასებაზე ორიენტირება?

აქვს თუ არა საკუთრივ პროცესს მეტი მნიშვნელობა?

შეცდომა – განაჩენია თუ მოტივაციის დამატებითი ფაქტორი? ეს კითხვები თითოეული მასწავლებლისთვის აქტუალურია და მათზე გაცემული პასუხები კი ჩვენი მეტად მნიშვნელოვანი საქმის განმსაზღვრელი.

ახლახან ერთ-ერთ საიტზე სტუდენტი ნილს ბორის და პროფესორი რეზერფორდის უჩვეულო შეხვედრის შესახებ დაწერილ პატარა სტატიას გავეცანი. არავინ იცის, ნამდვილად მოხდა თუ არა ეს შეხვედრა, სკეპტიკოსები ამ ამბავს ანეკდოტადაც კი მიიჩნევენ. ასეა თუ ისე, საკუთრივ ამბავი საკმაოდ საინტერესოა. საინტერესოც და თვალსაჩინოც იმ პრობლემატიკის კონტექსტში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რადგან ეს არის ისტორია ერთ ამოცანაზე და ამ ამოცანის გადაწყვეტის რამდენიმე ხერხზე. აგრეთვე იმაზე, რომ სულაც არ არის აუცილებელი, არსებობდეს ერთადერთი და ჭეშმარიტი პასუხი, რადგან ამ პასუხამდე მისასვლელი გზა თავისთავად უკვე ღირებულებაა. პასუხის შემოქმედების პროცესი კი შედეგზე არანაკლებ შემეცნებითი და მნიშვნელოვანი.

რამდენჯერ გავღიზიანებულვართ, როცა „ასჯერ ახსნილი” საკითხის შესახებ მოსწავლის შეკითხვა მოგვისმენია?
რამდენჯერ შეგვიფასებია არა მცდელობა, არამედ მხოლოდ საბოლოო შედეგი?

რას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ – დავალების რვეულში სუფთად და უშეცდომოდ გადაწერილ წერით დავალებას თუ მონდომებით გადახაზულ სტრიქონებს?

საერთოდ, ვინტერესდებით რას და რატომ ხაზავენ ( სვამენ ფრჩხილებში ან შლიან კორექტორით) ჩვენი მოსწავლეები?

რამდენად სასარგებლო და საერთოდაც, დასაშვებია ოდენ გარეგანი მოტივაციით განპირობებული სწავლა-სწავლების პროცესი?

ბოლოს, როდის მოვისმინეთ მოზარდებისგან, რომ მათ ისიამოვნეს დავალებაზე მუშაობის პროცესით?

ეს კითხვებიც ჩვენი ყოველდღიური მუშაობის მუდმივი თანმდევია და, ცხადია, არც მათზე არსებობს ერთი და სწორი პასუხი. თუმცა, დაფიქრებად ნამდვილად ღირს. სიამოვნებით მოვისმენდი კოლეგების შეხედულებებს ამ ყველაფერზე.

ჩემი მხრიდან კი ამ ერთი ლეგენდად ქცეული ამბით შევეცდები საკუთარი დამოკიდებულების ჩვენებას და „წასაშლელად განწირული არასწორი პასუხების” გამოსარჩლებას.

უნივერსიტეტში სწავლის დროს ნილს ბორს ფიზიკის ლექტორი მაღალ ნიშანს არ უწერდა. მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ სტუდენტი ფიზიკის ელემენტარულ ცოდნასაც კი ვერ ამჟღავნებდა. ნილს ბორი არ ეთანხმებოდა პროფესორის „განაჩენს” და დაუღალავად ასაჩივრებდა. საბოლოოდ, მხარეებმა მესამე, არადაინტერესებული პირის ჩართვით გადაწყვიტეს დავის გადაჭრა.

პროფესორმა თავის კოლეგას, გამოჩენილ ბრიტანელ ფიზიკოსს, ნობელის პრემიის ლაურეატს, ერნესტ რეზერფორდს სთხოვა დახმარება. რეზერფორდი დასთანხმდა არბიტრობას და „საქმის დეტალებში” გარკვევა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ ლექტორის მიერ დასმულ კითხვას შენობის სიმაღლის ბარომეტრის მეშვეობით გაზომვასთან დაკავშირებით ბორმა თავისებურად, ორიგინალურად უპასუხა.

„ავალთ შენობის სახურავზე, ბარომეტრს გამოვაბამთ თოკს და დავუშვებთ მიწამდე, ამის შემდეგ კი გავზომავთ თოკის სიგრძეს, რომელიც ზუსტად შენობის სიმაღლის ტოლი აღმოჩნდება”. ფაქტია, ამოცანა ამოხსნილი იყო. მეთოდის გამოყენებით მართლაც შეიძლებოდა შენობის სიმაღლის ზუსტად გაზომვა, ოღონდ პრობლემა ის გახლდათ, რომ მასში ფიზიკის კანონების ცოდნა არ ჩანდა. გამოცდა კი სწორედ ამ დისციპლინაში ბარდებოდა.

რეზერფორდმა გონებამახვილ სტუდენტს ხუთი წუთი და სუფთა ფურცელი მისცა მოსაფიქრებლად და სწორი პასუხის გასაცემად. ხუთი წუთი მიილია, ფურცელი კი კვლავ ცარიელი რჩებოდა. „ნებდებით?” – იკითხა პროფესორმა . „რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესოს ვარჩევ”, – იყო პასუხი.

შემდეგ კი დაიწყო:

„ავწონოთ ბარომეტრი, ავიდეთ ამ შენობის სახურავზე, გადმოვაგდოთ ბარომეტრი, დავნიშნოთ დრო, რომელიც ბარომეტრს მიწაზე დაცემამდე დასჭირდება და ფორმულის გამოყენებით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს”.
კიდევ:

„შეგვიძლია გამოვიდეთ მზიან ამინდში შენობასთან, გავზომოთ ბარომეტრის სიგრძეც და მისი ჩრდილიც, ასევე შენობის ჩრდილიც. შემდეგ კი შევადგინოთ მარტივი პროპორცია და სიმაღლე გამოვთვალოთ”.
კიდევ:

„ვიღებთ ბარომეტრს ხელში, ავდივართ კიბეზე და თან კედელზე კიბის გასწვრივ ბარომეტრს ვადებთ, ვაკეთებთ ნიშნულებს. შემდეგ ვითვლით ამ ნიშნულებს და ვამრავლებთ ბარომეტრის სიგრძეზე. ვიღებთ შენობის სიმაღლეს!”

დესერტად ნილს ბორმა კიდევ ერთი მეთოდიც გაანდო კმაყოფილებისგან ახითხითებულ პროფესორს.
„ამ ამოცანის ამოხსნის ყველაზე მარტივი ხერხი კი ისაა, რომ ამავე ბარომეტრით ხელში მივადგეთ სახლისმმართველს და უბრალოდ ვუთხრათ – ნახეთ, რა მშვენიერი ბარომეტრი მაქვს. ის თქვენი გახდება, თუ შენობის ზუსტ სიმაღლეს მეტყვით”.

საინტერესოა, როგორ შევაფასებდით დღეს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდის პირობებში ამგვარ „არასწორ პასუხებს”?

საინტერესოა, რამდენი „ნილს ბორი” გვეწინააღმდეგება, გვეკამათება და გვეპასუხება ან ცდილობს თავისებურად გადაიაზროს ჩვენთვის ძვირფასი, ღირებული, კარგად ნაცნობი და შეთვისებული „ ჭეშმარიტებები” ყოველდღიურად გაკვეთილზე…

საინტერესოა, რამდენად ფ ო რ მ ალურია ფორმალური განათლება დღესდღეობით და რა ფორმის ყალიბს თუ ყალიბებს გვთავაზობს…

პ.ს.
გადავხედე დასრულებულ სტატიას და პასუხებზე მეტი… კითხვის ნიშანი შევნიშნე.

თუმცა, თუ შევთანხმდებით, რომ კითხვის ნიშანი ახალი იდეების, ახალი შეხედულებების, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და საინტერესო თვალსაზრისების გენერირების საუკეთესო საშუალებაა და თუ იმაზეც შევთანხმდებით, რომ სწავლა-სწავლების პროცესში ჩვენ, მასწავლებლები მხოლოდ „ცოდნის გამცემები” კი არა, „მიმღებებიც” ვართ და თვალსაწიერიც საკმაოდ ფართო უნდა გვქონდეს, მაშინ საგანგაშო არაფერია.

სტატიის გამოქვეყნებისთანავე კი მონიტორთან მოვკალათდები და პასუხებისა და საინტერესო მსჯელობისთვის მოვემზადები.

 

საშინაო დავალება დასჯა არ არის(რეკომენდაციები მშობლებსა და მასწავლებლებს)

0
 მსოფლიოს თითქმის ყველა  ქვეყანის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. 
      საშინაო დავალება სწავლა-სწავლების ნაწილია, იქნება ეს წერილობით შესასრულებელი თუ ზეპირად სასწავლი. თუ  მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლია სწავ­ლის პრო­ცეს­ში, ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ძა­ლის­ხ­მე­ვას იჩენს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ზრუ­ნავს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი დავა­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე. შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მის­თ­ვის დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს (Newmann, 1986). ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ უფ­რო მე­ტი ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვილს და პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სკო­ლი­სა და სწავ­ლის მი­მართ.
     ყურადღებას გავამახვილებ წერით დავალებაზე, რომელსაც მასწავლებლები გარკვეული მიზნით იყენებენ.
   გარკვეული თემის ან ნაწარმოების შესწავლა გულისხმობს გააზრებასა და უნარების განვითარებას. ახალი უნარის უკეთ გასააზრებლად საჭიროა, სწორად განაწილდეს მოსწავლეთა დრო. როგორც წესი, დამახსოვრება-გააზრება და განმტკიცება გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართულ პრაქტიკასაც უკავშირდება. ამ დროს სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით საჭიროა ცოდნის განმტკიცება როგორც კლასში, ისე სახლში, სწორედ ამიტომ ვაძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება. პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ იაზრებენ.  
    საშინაო დავალების არსი მდგომარეობს შემდეგში:  მოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, საშინაო დავალება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, თვალ-ყური ადევნონ შვილის სასკოლო საქმიანობას. საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და  არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც  ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. 
     მეცნიერების აზრით, მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალება კლასების შესაბამისად და გონივრულად  უნდა იყოს შერჩეული, რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი დრო თანატოლებთან თამაშისა და მშობლებთან ურთიერთობისთვის. ფსიქოლოგების აზრით, პატარა  ბავშვებისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობა, არამედ ეხმარება მათ, პრაქტიკაში შეიმეცნონ სამყარო.   
      თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ბავშვებში. რაც გულისხმობს, გააცნობიერო შენი და სხვების ემოციები, სწორედ ამაზეა დამოკიდებული შემდეგი წარმატება. თუ მოსწავლე სულ წიგნებშია ჩაფლული, მას  აღარ რჩება დრო გააცნობიეროს  თავისი და სხვების ემოციები, რაც ხელს უშლის მის განვითარებას.
   ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს იმ მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლე­ვენ, რომ­ლე­ბიც ამას ყვე­ლაზე მე­ტად სა­ჭი­რო­ე­ბენ. სხვა ქვეყ­ნებ­ში ბავ­შ­ვებს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ვარ­ჯი­ში­სათ­ვის ეძ­ლე­ვათ. ამის გა­მო, კვლე­ვე­ბი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­რე­ულ შე­დე­გებს გვაწ­ვ­დის (Cooper, Robinson & Patall, 2006; Trautwein, 2007).
       საინტერესოა, როგორი  მიდგომაა საშინაო დავალებისადმი სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკის საგანმანათლებლო ასოციაციის ექპერტებს  მიაჩნიათ, რომ მოსწავლე პირველ კლასში მეცადინეობას უნდა უთმობდეს 10 წუთს. II კლასში – 20 წთ;  III-IV – 30 წთ;  V-VI – 1 საათს; VII კლასში და ზემოთ- 2 საათი.
      ინგლისში ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული საშინაო დავალებისთვის რეკომენდებული საათები. უელსში თვლიან, რომ საშინაო დავალების მოცულობა ეროვნული პოლიტიკით რეგულირებული კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა შემუშავდეს თითოეული სკოლის მიერ. საფრანგეთში მიმდინარე წლამდე დამკვიდრებული იყო კვირაში 4-დღიანი სასწავლო კვირა (8:30-დან 16:30-მდე). ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიის მიხედვით, იგეგემება 5-დღიან სწავლაზე გადასვლა და საშინაო დავალების გაუქმება. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლება მოსწავლეების უთანასწორო მდგომარეობას ასახელებს. იმ ბავშვებისთვის, რომელთაც სახლში სამუშაო პირობები ან მშობლის დახმარება არ აქვთ, საშინაო დავალება არა ცოდნის გაღრმავების, არამედ აკადემიური რეგრესის წყარო ხდება. ამდენად, საფრანგეთში, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, დავალებებს მოსწავლეები სკოლაშივე, აკადემიური საათების დასრულების შემდეგ, დამხმარე გაკვეთილებზე შეასრულებენ.
        ბევრ ქვეყანაში დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ აძლევენ. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ უმცროსკლასელი მოსწავლეები დავალებისგან ვერ იღებენ სარგებელს (კუპერი, 2001). ამ გავრცელებული მიდგომისაგან განსხვავებით, გერმანიაში პირველივე დღიდან აქვთ ბავშვებს საშინაო დავალება შესასრულებელი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე სკოლამ გერმანიაში საშინაო დავალება აკრძალა. იაპონიაში აკადემიური სწავლება დღეში 6 საათს გრძელდება, საზაფხულო არდადეგები 6-კვირიანია, ხოლო ზამთრის არდადეგები – 2-კვირიანი. იაპონელ მოსწავლეებს დავალება ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი, არდადეგების პერიოდის ჩათვლით. აშშ-ში საშინაო დავალება მხოლოდ 1950-იან წლებში გახდა სავალდებულო. მისი შემოღება ცივ ომს უკავშირდება. სკოლის მოსწავლეების მიმართ მოლოდინები გაიზარდა და ქვეყანამ მიზნად დაისახა რუსული სკოლების აკადემიური მიღწევებისთვის გადაეჭარბებინა. საშინაო დავალების სავალდებულო ხასიათი დღემდე შენარჩუნებულია. 2007 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ საშინაო დავალების მოცულობა იზრდება და ამჟამად მისი შესრულება, საშუალოდ, დღეში სამ საათზე მეტ დროს მოითხოვს. 
     კვლევებით დადგენილია, რომ საშინაო დავალებების შესრულება ყველაზე შედეგიანია უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირში 5-10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ნაკლებად შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს და ა.შ.). მაგრამ, როდესაც საშინაო დავალება ესადაგება მოსწავლის შესაძლებლობებს და ოჯახიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამას, ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორიცაა მიზანმიმართულობა და ორგანიზებულობა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უნარები ვითარდება  მხოლოდ მაშინ, თუ უფროსები ასრულებენ გეზის მიმცემის, დამხმარის და არა დავალების „შემსრულებლის” როლს.
       ასე რომ, სიღ­რ­მი­სე­უ­ლი სწავ­ლი­სა და მოს­წავ­ლე­თა პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კომ­პო­ნენტს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს. არის თუ არა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი? ამ კითხ­ვა­ზე ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. 
     მკვლევ­რე­ბის აზ­რით, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის ასაკ­ზე. კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლის ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლის უნა­რი. სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა მოს­წავ­ლე­თა ასაკ­თან ერ­თად მა­ტუ­ლობს. TIMSS-ის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბას დრო­ის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს უთ­მო­ბენ. შე­ფა­სე­ბის სიხ­ში­რე და სწავ­ლე­ბი­ს ფორ­მა­ტი სას­კო­ლო პე­და­გო­გი­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­დი­კა­ტო­რებს წარ­მო­ად­გენს.
     რა ხდება ჩვენთან, საქართველოში? რა დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს საშინაო დავალების შესრულებასთან? რა უარყოფით შედეგებს ვიღებთ არასწორად შერჩეული საშინაო დავალების შედეგად? სწორედ ამ საკითხებს  პასუხობს ჩემი თემა.
    ერთი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებსა და მშობლებში  ჩავატარეთ კვლევა, თუ რა დროს ანდომებენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებას. კვლევის შედეგად  აღმოჩნდა, რომ  შესრულების დრო დამოკიდებულია დავალების  სირთულესა და მოცულობაზე. თუმცა მაინც დიდი დრო დასახელდა. განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე ბავშვებს აღარაფრის დრო არ რჩებათ.
     ალბათ გსმენიათ განაწყენებული მშობლების წუხილი შვილების დავალების მოცულობასა და რაოდენობაზე. აქვე სირთულეც იჩენს თავს და თავბრუდახვეული ოჯახის წევრები თავს ვერ ართმევენ საშინაო დავალების შესრულებას. ხშირად, მეგობრებისგან მეც მომისმენია ერთგვარი „წუხილი”, რომ საღამოს დრო არ აქვთ იმიტომ, რომ  ბავშვები უნდა ამეცადინონ და რომ ეს ყოველდღიურ რუტინად იქცა მათ ცხოვრებაში  მას შემდეგ, რაც  მათმა შვილებმა  სკოლის კარი შეაღეს. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს გვყავს  სანაცნობო წრეში  მშობლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საშინაო დავალებების მომზადებაში, ალბათ ოჯახების უმრავლესობაში თითქმის ყოველდღე ისმის შეკითხვა: ,,დაიწყე მეცადინეობა? მე რა გითხარი? რანაირად დაწერე? რა ქენი, იმეცადინე? რამდენჯერ უნდა გაგიმეორო ერთი და იგივე?”, ხშირად ეს ყვირილსა და ჩხუბში გადაიზრდება,  წამოიჭრება პრობლემა – ერთ მხარეს დგას  შეშინებული, დათრგუნული ბავშვი, მეორე მხარეს – შეწუხებული მშობელი. 
      რა ხდება მასწავლებლების მხარეს?
      ზოგი მათგანი კლასში თუ ვერ მოასწრებს ახსნილი საკითხის ირგვლივ სავარჯიშოების შესრულებას, შინ შესასრულებლად უამრავ საკითხს აძლევს და არ ითვალისწინებს სირთულესა და ოდენობას, მთავარია, ,,სრულყო’’ მასალა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეს მხოლოდ ერთ საგანში არ აქვს საშინაო დავალება შესასრულებელი და ასე შეიძლება 5 მასწავლებელი მოიქცეს. რა დააშავა ბავშვმა ან ოჯახმა? ასეთ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ასწრებს დავალების შესრულებას, უპასუხისმგებლობასა და სიზარმაცეში რომ არ ჩაეთვალოს, იძულებულია, მეორე დღეს გადაიწეროს სხვა მოსწავლისგან ან საერთოდაც არ დაესწროს იმ გაკვეთილს. სამაგიეროდ, ის შედეგი, რომელიც მასწავლებელს ჰქონდა გათვლილი, მიუღწეველი რჩება. გარდა ამისა, ეს იწვევს მოსწავლეთა გაღიზიანებას, გულის აცრუებას სწავლაზე, მოტივაციის დაქვეითებას, მოსწავლეები ამ დროს ფიქრობენ, რომ მთავარია შესრულება და არა შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
      ხშირად მოსწავლეები იმასაც ჩივიან, რომ მასწავლებელმა საშინაო დავალება მისცა, ბევრი შრომისა და წვალების შემდეგ, როგორც იქნა,  შეასრულეს, მაგრამ მასწავლებელმა აღარ შეამოწმა. რა თქმა უნდა, ამ ფორმას უარყოფითი შედეგი მოჰყვება, რადგან, დავალებას, რომელიც გასწორდა, ბევრად უფრო დადებითი გავლენა აქვს მოსწავლის მოსწრებაზე. ამიტომ თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოცულობა იყოს მცირე და ის გასწორდეს, ვიდრე იყოს დიდი და არ გასწორდეს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ მასწავლებელმა მისცეს უკუკავშირი შესრულებულ საშინაო დავალებაზე, აუცილებელი არ არის ნიშანი დაუწეროს, აუხსნას რა შეასრულა და რა  ვერ შეასრულა კარგად, ან დაუწეროს კომენტარი. ყოველდღიურად გასწორებული დავალება ამაღლებს მოტივაციასა და ეფექტიანობას. ისიც მისაღებია, რომ საშინაო დავალება იყოს ინდივიდუალური, შესაძლებლობებიდან გამომდინარე,  ზუსტი და მკაფიო ინსტრუქციით.
      რას ფიქრობენ მშობლები?
     საშინაო დავალებების მომზადებასთან დაკავშირებით მშობლებს,  უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნიათ. ერთნი ფიქრობენ, რომ დავალებების მომზადების პროცესში თუკი  აქტიურად  იქნებიან ჩართულები და ერთობლივად მოამზადებენ დავალებებს,  უკეთესი იქნება მათი შვილისთვის. მშობლების სხვა ჯგუფი ფიქრობს, რომ თუკი თავისუფლებას მიანიჭებენ მათ და არ ჩაერევიან მათ სწავლაში, ეს  ბავშვის დამოუკიდებლობას გაუსვამს  ხაზს. რაც დადებითად იმოქმედებს მის განვითარებაზე. დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, რომ მშობლების ჩართულობა დავალებების შესრულებისას პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა მიღწევებთან, თუმცა სხვადასხვა კვლევები, ადასტურებს, რომ გარემო, სადაც მოსწავლეს უწევს მეცადინეობა, მის მიღწევებს აუმჯობესებს.
     არიან მშობლები, რომლებსაც  საშინაო დავალებების რაოდენობაზე საკუთარი შეხედულებები აქვთ:  რაც მეტია – უკეთესი. ასე მაგალითად, ერთ-ერთ  ამერიკულ ფორუმზე მშობლის კომენტარი ამოვიკითხე, რომელიც  საშინაო დავალებების სიმცირეზე წუხდა და უნდობლობას უცხადებდა სკოლას, მას ნამდვილად არ აკმაყოფილებდა ის, რომ ნასწავლი მასალის განმტკიცება საკლასო ოთახში, გაკვეთილზევე ხდებოდა და საშინაო დავალებების სიმცირე სწორედ ამით აიხსნებოდა.
    რა როლი აქვს მშობელს შვილის საშინაო დავალების შესრულებისას? უზრუნველყოს მოსწავლე შესაბამისი გარემოთი, მისცეს მითითებები და დაეხმაროს, თუმცა დავალება შვილის ნაცვლად არ უნდა შეასრულოს. ამითი მოსწავლე ზარმაცდება და უპასუხისმგებლო ხდება.  ხშირად მასწავლებელი და მშობელი სხვადასხვა ხერხით ასრულებინებენ დავალებას, ამ დროს ბავშვი გაურკვევლობაშია და იბნევა, ამიტომ მასწავლებელსა და მშობელს ბავშვის წარმატებისთვისურთიერთშეთანხმებული მუშაობა მართებთ.
ყურადღება მინდა გავამახვილო  მშობელთა  ჩართულობის როლზე  მოსწავლეთა საშინაო დავალებების მომზადებისას, როგორ  და რა დოზით უნდა იყოს ჩართული მშობელი ამ პროცესში. ეს სარეკომენდაციო ხასიათის ნაშრომი, თავის მხრივ, შესაძლებელია  პედაგოგებმაც გამოიყენონ მშობელთა კრებებზე, მშობლებთან   დისკუსიის, სემინარის ორგანიზებისას მსგავსი თემატიკის განსახილველად ან პრობლემის გადასაჭრელად.  
     მინდა შემოგთავაზოთ ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მშობლებს  საშინაო დავალებების მომზადებისას დაეხმარებათ:
·პასუხისმგებლობა 
თუ კი ბავშვს გაცნობიერებული ექნება დავალების შესრულების აუცილებლობა და ვალდებულება, მას პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუჩნდება, მაგრამ სასურველია, ჯერ გამოვუმუშავოთ გაკვეთილებისადმი, როგორც მისთვის მნიშვნელოვანი საქმისადმი მიდგომა.
·წესები და ვალდებულებები
აქ მნიშვნელოვანია მივაჩვიოთ ბავშვი წესებს, პროცედურებს, რეჟიმს, რომელიც საბოლოო ჯამში, სისტემატურ ხასიათს შეიძენს და ორგანიზებულობაში გადაიზრდება.
Øსკოლიდან დაბრუნებისთანავე დავალებების მომზადებას ნუ დააწყებინებთ, საჭიროა ბავშვს ,,ამოვასუნთქოთ, დავასვენოთ”, რათა  ნელ- ნელა გადმოერთოს სასკოლოდან  ოჯახურ გარემოზე.
Øდავალებების შესრულებას  დააწყებინეთ  მარტივიდან რთულისკენ პრინციპით. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ბავშვს რთული დავალების შესასრულებლად, დიდი დრო სჭირდება, ბავშვი იღლება, თავს წარუმატებლად თვლის, თვითშეფასება ეცემა და ამ დროს შესაძლოა დავალების თავის არიდებისკენ გაუჩნდეს სწრაფვა. ამასთან ნუ გადატვირთავთ დამატებითი სავარჯიშოებითა და ამოცანებით.
Øგანათლების სპეციალისტებს, მშობლების მხრიდან დიდ შეცდომად მიაჩნიათ  სასწავლო პროცესის შეწყვეტა იმ მიზნით, როცა ვთხოვთ, მაგალითად, მარკეტში ჩარბენას ან ნაგვის გადაყრას. სამუშაო პროცესისგან მოწყვეტა არ არის რეკომენდებული!
Øხშირ-ხშირად დაასვენეთ მოსწავლე! უფროსებიც კი ვისვენებთ და ბუნებრივია ბავშვისთვის ეს აუცილებელიცაა. საშინაო დავალებების მომზადება უნდა ხდებოდეს ისეთივე ,,გაკვეთილებისა”  და ,,შესვენებების” მონაცვლეობით, როგორიც სკოლაშია, იმ განსხვავებით, რომ დრო აქ მკაცრად რეგლამენტირებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ არ შევზღუდოთ ბავშვი, მივცეთ მოძრაობის საშუალება, არ დავუშალოთ შუალედში მიირთვან წვენი, ხილი.
·სამუშაო სივრცის ორგანიზება
სასურველია გარემო, სადაც ბავშვებს უწევთ დავალებების მომზადება, სწორად იყოს ორგანიზებული, მაგალითად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისე უნდა ისხდნენ მაგიდასთან, რომ ქვედა კიდურები იატაკს ებჯინებოდეს, შუქი სამუშაო ადგილას მარცხნიდან ეცემოდეს (თუ ბავშვი ცაციაა, პირიქით, მარჯვნიდან). ოთახში დავალებების შესრულებისას დაიცავით სიწყნარე, ხმაური ყურადღებას ადუნებს  და  ხელს უშლის მას კონცენტრირებაში.
·ვისწავლოთ ბავშვთან ერთად და არა მის მაგივრად!
თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ საშინაო დავალების მიზანია სწავლის პროცესის ხელშეწყობა, მაშინ ლოგიკურია  მასწავლებელმა უნდა შეაფასოს არა ერთობლივი ნამუშევარი, არამედ მოსწავლის დამოუკიდებელი შრომა, რადგან ცოდნას იღებს ბავშვი  და არა თქვენ.
Øდაეხმარეთ მაშინ, როცა ის ამას საჭიროებს.
Øხშირად, პრობლემას წარმოადგენს მეთოდები, რომლითაც ვეხმარებით მოსწავლეს. მასწავლებელი ამას სხვაგვარად ახორციელებს, შედეგად ვიღებთ დაბნეულ ბავშვს. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი სირთულეებს განიცდის დავალებების მომზადებისას, კონსულტაცია გაიარეთ საგნის მასწავლებელთან.
Øწარმოიდგინეთ, რომ ერთად მიემგზავრებით რთულ მოგზაურობაში,  რომლის დროსაც მთავარი გმირი ის პატარა მამაცი მოგზაურია, რომლის თანმხლები პირი  თქვენ ხართ.  მშობელი, ამ მოგზაურობაში  დამკვირვებელი, მიმართულების მიმცემია, ეს არანაკლებ საპასუხისმგებლოა, ვიდრე თავად დავალების შესრულება, ამიტომ უფროსებს  დასჭირდებათ მეტი  გამძლეობა, ძალა  და თავდაჯერებულობა წარმატებაში, ვიდრე მათ პატარებს.
·ხაზი გაუსვით მის წარმატებებს! ხშირად შეაქეთ! 
ეცადეთ ყოველთვის იგრძნოს ბავშვმა თქვენი სიყვარული, შეაქეთ ის, მოიწონეთ მისი საქმიანობა, თუ კი ხარისხიანად და დროულად შეასრულა დავალება – ეს მატებს მოსწავლეებში რწმენას საკუთარ თავში, რომელიც საბოლოო ჯამში მას მიზნის მიღწევაში დაეხმარება. იმის ცოდნა, რომ ოჯახისათვის ის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, მიუხედავად მისი მიღებული ქულებისა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ,,მოლოდინები ზემოქმედებენ  ბავშვის ქცევებზე, ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით (MILLEZ,1975) დამტკიცდა, რომ  ის ბავშვი, ვისაც სისტემატურად აქებდნენ აკურატულობის, პასუხისმგებლობის გამო, ცდილობდნენ გაემართლებინათ  მოლოდინი და ყოფილიყვნენ აკურატულები, კეთილები  და დამჯერები. ნუ დაიშურებთ კეთილ, თბილ სიტყვებს ბავშვებისათვის”. (პრაქტიკული ფსიქოლოგია, მანანა ნარგიზაშივლი, თბილისი 2011 ტ.1    გვ .78) 
·გამორიცხეთ ნეგატივი თქვენს სასაუბრო ლექსიკაში!
თუ მშობელი თვლის ,რომ ,,ძვირფასს” დროს კარგავს, როცა დახმარებას უწევს მას და ხშირად უმეორებს ამას, ბავშვს უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი,  ის ვარდება განცდებში, რომელიც საბოლოოდ მის სწავლაზეც აისახება.
Øეცადეთ არ გამოიყენოთ ისეთი ეპითეტები როგორიცაა: ზარმაცი, უყურადღებო და ა.შ. ისეთი ფრაზები როგორიცაა: ,,დავიჯერო, არ შეიძლებოდა ეს უფრო დროულად შეგესრულებინა?” ,, ამ დროისათვის ის… უფრო კარგად გააკეთებდა”. არ შეადაროთ მისი ცოდნა სხვა მოსწავლის ცოდნას. დაიხსომეთ, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ნუ დააჩქარებთ მისი მუშაობის ტემპებს, ფსიქოლოგთა აზრით, ეს იწვევს მათ ნერვოზულობას, რაც უარყოფითად აისახება დავალებების შესრულებაზე. თუ თქვენ გადაწყვიტეთ დახმარება გაუწიოთ თქვენს შვილს დავალებების მომზადებისას, საჭიროა აღიჭურვოთ მოთმინებითა და შემოქმედებითობით, რათა მეცადინეობა გადაიქცეს არა მტანჯველ პროცედურად, არამედ ურთიერთობისა და შემეცნების საინტერესო საშუალებად.
           რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა  საშინაო დავალების ეფექტურობისთვის? გაითვალისწინოს რაოდენობა,  წინასწარ  განსაზღვროს და დაგეგმოს დავალება ისე, რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად აამუშაოს, რათა მიაღწიოს შედეგს და უფრო მეტიც, სიამოვნებით იმუშაოს მოსწავლემ. არ არის აუცილებელი ყოველდღე საშინაო დავალების მიცემა. სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, შემდეგ გაკვეთილზე ამ დავალების შემოწმებას მოვახერხებთ. როჯერსის მოლოდინის თეორიის მიხედვით, მასწავლებლების მოლოდინი გავლენას ახდენს მოსწავლეების მუშაობის ხარისხზე, სწავლის მოტივაციასა და მათ განწყობაზე წარმატებისა და მარცხის მიმართ. ისინი მასწავლებელთა მოლოდინის მიხედვით იქცევიან. მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ მასწავლებლის მოლოდინის შესაბამისად. ნუ განსჯით მოსწავლეებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რადგან ამით გამოხატავთ თქვენს მოლოდინს (მაღალი, დაბალი). ეცადეთ, გაამხნევოთ თქვენი მოსწავლეები და მისცეთ სტიმული, საუკეთესო კუთხით წარმოადგინონ თავიანთი ნიჭი და უნარი საშინაო დავალების შესრულებისას. 
       ყოველ ახალ დავალებას მოსწავლე ახალ ნიშნულამდე უნდა აჰყავდეს, უნდა ზრდიდეს მისი ცნობისმოყვარეობის სურვილს. შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, თუ მოსწავლეებს აქტიურად ჩავრთავთ დავალების შერჩევის, ორგანიზებისა და შეფასების პროცესში. ან  დავალების შემოწმებისას ჩავატაროთ კვლევა, რა გაუჭირდათ, რამდენ მოსწავლეს, რა კარგად შეასრულეს, რამდენმა მოსწავლემ, რა ვერ შეასრულეს, რამდენმა მოსწავლემ. ეს კი უფრო ნათლად დაგვანახებს, მივაღწიეთ თუ არა მიზანს. ან რას შევცვლიდი გასაუმჯობესებლად.
   საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში უნდა გადაეზარდოს. თუმცა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, დამოკიდებულება, მოთხოვნილებები, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება. ჯილდო, შექება, რომელიც კონკრეტული დავალებისათვის დაიმსახურა, არ უნდა იყოს ზოგადი, მაგ. ყოჩაღ, კარგი გოგონა ხარ და ა.შ., არამედ შენ ეს დავალება ზუსტად იმ ხერხით დამიწერე, რომელსაც მე გთხოვდით. ეს პერსონაჟი ზუსტად დააკავშირე მის პროტოტიპთან. შეიძლება ასევე რეიტინგული ცხრილის გაკვრა თვალსაჩინო ადგილზე.  ეს  გრძელვადიანი სამუშაოა. შედეგს მაშინვე ვერ დავინახავთ, მაგრამ არც უშედეგოდ ჩაივლის. ყველა ბავშვს შესაძლებლობები, განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოს  ტემპი  სხვადასხვა აქვს. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სწორად შერჩეული დავალება კი ხელს შეუწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას. ნაკლები იქნება იძულება, ხალისი კი – მეტი. მათ უნდა დარჩეთ თავისუფალი დრო თამაშისთვის,  მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისთვის.  
     მასწავლებელს დიდი ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაზე. თუ მასწავლებელი მოსწავლეს შთააგონებს, რომ ის არის შრომისმოყვარე, ინტერესიანი და მოტივირებულია, ის შეიძლება მართლაც ასეთი გახდეს. ეს შანსი რომ ხელიდან არ გაუშვათ, ეცადეთ, შინ შესასრულებლად შეურჩიოთ ისეთი დავალებები, რომლებსაც ისინი დაძლევენ.
   შექება განაპირობებს წარმატებას, აძლიერებეს მოსწავლის თვითშეფასების უნარს, უნერგავს რწმენას და ზრდის მის კომპეტენციას. ნუ დაუწუნებთ ნამუშევარს, უთხარით, რომ თქვენ გჯერათ მისი შესაძლებლობების და მომავალში ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.
  შემოწმება ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში, მისი მეშვეობით ისინი აცნობიერებენ, რა იციან, რას მიაღწიეს და რა უნდა გააუმჯობესონ. სწავლა კეთებისა და უკუკავშირის პროცესში მიმდინარეობს. 
        და­ბო­ლოს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა, რომ­ლე­ბიც უპა­სუ­ხებს კვლე­ვით გა­მოვ­ლე­ნილ რე­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პრობ­ლე­მებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს საგნის  სწავ­ლე­ბის სრულ­ყო­ფას სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე. დავალებების მიცემა გაკვეთილის ყველაზე რთული ნაწილია არა მარტო იმიტომ, რომ მოსწავლეებს დავალებები არ უყვართ. პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ისეთი დავალებების მიცემა, რომლის მსგავსიც კლასში მათ უკვე შეასრულეს. მასწავლებელმა უნდა დაარწმუნოს მოსწავლეები, რომ საშინაო დავალება აუცილებელი და მნიშვნელოვანია მათთვის და ის მხოლოდ თავისუფალი დროის შესავსებად არ არის მოგონილი.  მასწავლებელმა ბავშვს ისეთი საშინაო დავალება უნდა მისცეს, რომ მას ერთი სული ჰქონდეს, მივიდეს სახლში, ისადილოს და დავალება შეასრულოს. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მასწავლებელი მისცემს საინტერესოდ ფორმულირებულ დავალებას, რომელიც განწყობას შეუქმნის, მოიძიოს ახალი და ორიგინალური ინფორმაცია,  და გამოთქვას საკუთარი აზრი. მასწავლებელმა მოსწავლეს ინტრიგა უნდა დაუტოვოს, რათა მან თვითონ დაიწყოს ძებნა. სკოლაში შეიძლება ეს პატარა დოზით გაკეთდეს, მოსწავლეს ის დავალება დაამახსოვრდება უფრო კარგად და იოლად, რომელზეც თვითონ იპოვის პასუხს.
    განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს  საშინაო დავალების სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია, რა დოზით დაეხმაროს შვილს.
      ვფიქრობ, ზემოთ გამოთქმული რეკომენდაციები (პასუხისმგებლობის გამომუშავება, წესებისა და პროცედურების შემუშავება, სამუშაო სივრცის სწორად ორგანიზება, სასაუბრო ლექსიკიდან ნეგატივის გამორიცხვა და სხვა) რომლებსაც  განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები გვათავაზობენ, დაგეხმარებათ მეტ-ნაკლებად გადაჭრათ აქტუალური პრობლემები.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.https://www.mastsavlebeli.ge/
2.https://rcs.ge/?p=288
3. https://rcs.ge/?p=288#sthash.Z2ShdEXC.dpuf
4.https://www.4motivi.com/
5.https://www.axaliganatleba.ge/
6.ია კუტალაძე, სექტემბერი 2012 “საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში”
7.სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები, თბილისი, 2004

ჩემმა მასწავლებელმა თქვა რომ…

0

როცა მეორე კლასში ვიყავი, ერთ დღეს დამრიგებელმა სერიოზული სახით გამოგვიცხადა – ,,მე სახლში კომპიუტერი მაქვს და ყველას გითვალთვალებთ, როცა სახლში ხართ, ვიცი წესიერად როდის იქცევით ან არ იქცევითო”.

კომპიუტერს – ამ მისტიკურ მოწყობილობას ალბათ ყველაფერი შეეძლო და არავის არ შეგვიტანია ეჭვი მის ნათქვამში. სახლში დასჯილი ბავშვივით ვიქცეოდით და ყველას ერთნაირად გვრცხვენოდა მშობლების გაბრაზების და აი იმ, საჭირო ოთახში შესვლის. მერე, ნელ-ნელა ყველამ რაღაც გავაფუჭეთ სახლში, გაგვიბრაზდნენ, გავაბრაზეთ. მაგრამ მეორე დღეს, დამრიგებელს ამაზე სიტყვა რომ არ დაცდენია მივხვდით, რომ შეიძლება აქვს ეს კომპიუტერი, თუმცა მთლად ყოველ წამს ვერ გვითვალთვალებსო ალბათ და ცოტა შვებით ამოვისუნთქეთ.

მასწავლებელი რაღა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტორიტეტია ბავშვისთვის: ,,მასწავლებლის სუნამო”, ,,მასწავლებლის მობილური ტელეფონი”, ,,მასწავლებლის ტელეფონის ზარი”, ,,მასწავლებლის აზრი”, ,,მასწავლებელმა თქვა”… – ბავშვებისთვის ურყევი ჭეშმარიტებებია.

მასწავლებლის მიმიკაც კი, რომელიც მან კონკრეტულ მოვლენაზე გამოხატა, შემდეგში ბავშვების ცნობიერებაში სტერეოტიპის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ბავშვი გაუაზრებლად ისრუტავს ყველა ამ შეხედულებას, ხოლო მყარ არგუმენტად მასწავლებლის დამოკიდებულება აქვს. ეთნიკურ თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ხშირად მასწავლებლის მიერ გამოთქმული პოზიცია უწყობს ხელს და უკვე მოზრდილობაშიც გაუცნობიერებელად ადამიანებს ეს დამოკიდებულება თან მიჰყვებათ. ძალიან დიდია ცდუნება – რაიმე აზრი, უკვე მოწოდებული და მზა სახით აითვისონ, ვიდრე თავად იფიქრონ და გააანალიზონ.

ბავშვებს უჭირთ გადალახონ მასწავლებლამდე არსებული რამდენიმე შრისგან შემდგარი ზღვარი და სათქმელი ჩამოაყალიბონ, დაასაბუთონ, ,,იმიტომ რომ” შეძლონ. სკოლებში იმის შანში დიდია, რომ აზრის გამოთქმის მცდელობისას, სხვა მოსწავლეების თუ მასწავლებლის მხრიდან დაცინვის ობიექტები გახდებიან და სამუდამოდ დაკარგავენ საკუთარი აზრის გამოხატვის სითამამეს. აქ კიდევ ერთი ფაქტორი ერთვება, რომელსაც არამხოლოდ მასწავლებლები მიმართავენ ხოლმე. შეჯიბრი ბავშვებს შორის, რომელიც არასრულფასოვნების იდეას აჩენს ადამიანებში – ,,მეზობელი უფრო ჭკვიანი ბავშვია!” ,,შენი მეგობარი როგორი კარგი ბიჭია/გოგოა შენ ცუდი ხარ, არ სწავლობ, ან ვერ ყვები ” – შემდეგში ნევროტიკებად აყალიბებს მათ.

უსამართლობის შეგრძნება, რომელიც ამ დროს ბავშვებს უჩნდებათ მასწავლებლის მიმართ, უნდობლობაში და გულგრილობაში გადადის, რომელიც გაკვეთილების მომზადების ხარისხში და კონკრეტული საგნის მიმართ ზიზღში გამოიხატება. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებლებს გარდა პროფესიული სტანდარტების ცოდნისა, ისეთი თვისებებიც მოეთხოვება, რომელიც კოდექსში ვერ გაიწერება, მაგრამ ადამიანების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს. თუმცა, უფრო ქვემოთ მდგომ ქცევებზე მინდა ვისაუბრო. რომელიც არა მხოლოდ მასწავლებლებს მოეთხოვებათ.

ჩემი სკოლამდელი პერიოდიდან უამრავი ისტორია მახსენდება, მასწავლებლების გამოთქმულ დამოკიდებულებებს რომ უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი – ორგანიზმში ,,პარაზიტი ჭიების’’ არსებობასთან დაკავშირებული შემოწმება იყო. შუა გაკვეთილზე შემოსული ,,სასწავლო ნაწილის” განცხადების შემდეგ, მასწავლებელმა ფეხზე აგვაყენა და სკოლის ექიმის კაბინეტში წაგვასხა. სათითაოდ გაგვსინჯეს და გამოგვიცხადეს რომ ანალიზის პასუხებს ხვალ გვეტყოდნენ. მეორე დილით მასწავლებელმა ერთ-ერთი თანაკლასელი გოგონა ფეხზე ააყენა, გამოუცხადა რომ ჭიები ჰყავდა, უნდა მოეყვანა მშობელი და ბოლო მერხზე გადასვა. გოგონას დიდხანს არავინ მიკარებია გვერდით. ყველა გაურკვეველი შიშით ვუყურებდით – ,,ჭიები ჰყავს”. ის ამ ამბიდან მალე სხვა სკოლაში გადავიდა და მალე დაგვავიწყდა მისი სახელიც და სახეც მაგრამ ,,ჭიანი” რომ იყო დღემდე დამამახსოვრდა.

იგივე მოხდა ,,ტილიანების” შემთხვევაშიც. ოღონდ აქ მშობლებიც აქტიურად ჩაერივნენ. ჩატარდა მშობელთა კრება. გამოირკვა ,,ვინ ვის შვილს გადასდო ტილები” და შემომტანი თანაკლასელიც ცალკე გადასვეს. არ ვიცი რამდენი ხანი ჰქონდა ამ ბავშვს ტილები, მაგრამ სკოლის ბოლომდე მისი შემხედვარე ყველას – ,,ტილიანი” ადგა პირზე.

გავრცელებულ სტერეოტიპთა შორის, რომელიც ყველაზე მძიმედ ძალადობდნენ ბავშვების ფსიქიკაზე ასევე იყო: ,,ნაშვილები’’, ,,სომეხი’’, ,,იაღოველი’’, ,,მამამისი ნარკომანია’’ და ა.შ

მოგეხსენებათ, სტერეოტიპებმა და გაუცნობიერებელმა დამოკიდებულებამ, ადამიანები ჰოლოკოსტამდე მიიყვანა. დაუცველი ბავშვისთვის, რომლის გონებაც ავტომატურად იღებს უფროსების მიერ გამოთქმულ აზრს და განწყობას იქმნის კონკრეტული საგნის მიმართ, სტერეოტიპებით მიდგომა უბრალოდ დანაშაულია. ის დარწმუნებულია, რომ მისი არგუმენტაცია ყველაზე ურყევი და ჭეშმარიტია! იმიტომ, რომ – ,,მამაჩემმა თქვა ასე”, ,,დედამ მითხრა რომ” და ,,ჩემმა მასწავლებელმა თქვა რომ…”

დედის მოსვლამდე

0
მამა დედინაცვალმა გაზარდა. მამიდები იტყოდნენ ხოლმე, დედინაცვალი ზღაპარშიც გვეჯავრებოდაო, მაგრამ მამაჩემი გამზრდელს დედას ეძახდა. ორი წლისა დაობლდა და ფაქტობრივად დედინაცვლის სუნმა დედისა ჩაანაცვლა. 

ასეთი ადამიანები, სხვის სისხლსა და ხორცს რომ მიიკრავენ და კარგად თუ ცუდად რომ ზრდიან, რომ იტვირთავენ ხოლმე, ძლიერი ადამიანები არიან. ასეთ ძლიერ ადამიანებს ხშირად საკუთარი შვილები არ ეძლევათ და ალბათ სწორედ იმიტომ არ ეძლევათ, რომ განსაკუთრებით ძლიერები არიან.

მაგრამ ეს პოსტი მე მაინც სულ სხვა რამეზე მინდა დავწერო. ეს პოსტი მე იმ ბავშვებს მინდა მივუძღვნა, ვისაც დედაც ჰყავთ და მამაც, ან ერთ-ერთი მაინც ჰყავთ.

ჩემო ბავშვებო, არ ვიცი ამას ოდესმე წაიკითხავთ თუ არა და თუ წაიკითხავთ, გულთან მიიტანთ თუ არა, მაგრამ მე მაინც თქვენი იმედი მაქვს. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ყველაზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ განსაკუთრებით ახლა, როდესაც თქვენი სულები ისევ სუფთა და სათუთია. ნურასოდეს აწყენინებთ მეგობრებს, კლასელებს, ნაცნობებს და უცნობებს, ვისაც დედა  ან მამა არ ჰყავთ. ბავშვებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენ ავად ხდებით და დედა საბანს შემოგიკეცავთ, სწორედ მისი ხელების სითბო გკურნავთ და არა ექიმის გამოწერილი აბები. ზოგ ბავშვს კი, სამწუხაროდ, დედიკო არ ჰყავს. როდესაც თქვენ სიბნელის ერთი წამი ძალიან გეშინიათ, მაგრამ გაგახსენდებათ მამის ძლიერი მკლავები და სიბნელესაც უკვე თქვენი ეშინია, გაიხსენეთ ისიც, რომ ბევრ ბავშვს მამიკო არ ჰყავს. როდესაც თქვენ არ ზრუნავთ იმაზე, რა ჩაიცვათ, რა სათამაშოთი გაერთოთ და რა ჭამოთ, არიან ბავშვები, ვისაც მშობლები არ ჰყავთ და ისინი ამაზე ფიქრობენ, თქვენ და სწორედ თქვენ უნდა დაეხმაროთ მათ, ჩვენ, უფროსებს უკვე გულები გვაქვს გაცივებული. 

როდესაც თქვენ წაიქცევით და მუხლებს ტირილით გადაიყვლეფთ ხოლმე, დედა ან მამა ყოველთვის გულში ჩაგიკრავთ და დაგამშვიდებთ. იმ ბავშვებს კი, ვისაც მშობლები არ ჰყავთ არავინ ამშვიდებს ასე. 

როდესაც თქვენ უნებურად თუ ნებით რაიმეს დააშავებთ, მეზობლის შუშას ბურთით გატეხავთ ან შემთხვევით გუნდას გაარტყამთ გამვლელ პოლიციელს, ან სულაც გაკვეთილზე მეათედ დააგვიანებთ, ყოველთვის იცით, რომ დედიკო ან მამიკო ადრე თუ გვიან გაპატიებთ, მაგრამ არიან ისეთი ბავშვები, ვისაც ასეთი მპატიებელი არ ჰყავთ.
გახსოვთ ტომ სოიერი? როგორი კეთილი ბიჭი იყო? მერე რა თუ ხშირად ცელქობდა, მურაბებს ჩუმ-ჩუმად ჭამდა ან გაკვეთილებს ცოტა ნაკლებად კარგად სწავლობდა, მთავარია, ის გულისხმიერი ბიჭი იყო – უდედმამოდ გაზრდილი ჰეკი როგორ უყვარდა, ფერადკანიან ჯიმს როგორ იცავდა, საჩუქრები არავისთვის ენანებოდა. ამიტომაც უყვარდათ ტომი ყველას და როცა გაიზარდა, ალბათ ესეც გახსოვთ, ქალაქის თავიც კი გახდა.

დაიწყეთ თქვენ ირგვლივ, კლასელებისგან, მეზობლებისგან და თუნდაც საკუთარი თავისგან. როდესაც უდედმამო ბავშვი გაწყენინებთ, განსაკუთრებით აპატიეთ, მაგრამ აპატიეთ ჩუმად, ისე, რომ არავინ გაიგოს. იცოდეთ მხოლოდ თქვენ და მეორე ბავშვმა. 

ხშირად სთხოვეთ ხოლმე მშობლებს, ჩაგკიდონ ხელი და წაგიყვანონ ისეთ ბავშვებთან, ვისი დედიკო და მამიკო შორს არიან. დამიჯერეთ, ასეთი ბავშვები ძალიან კარგი მეგობრები არიან, მათ განსაკუთრებულად იციან ადამიანური სითბოს ფასი, თქვენ კი სწორედ ასეთი მეგობრები გჭირდებათ. 

აჩუქეთ სხვას ისეთი განსაკუთრებული ნივთი, რაც ძალიან გიყვართ მათ კი არ აქვთ (შეიძლება მშობლებმა ამის გამო ცოტა კი მოგჩეჩონ, მაგრამ არაფერია, კანის მასაჟია). თუნდაც სათამაშო აჩუქეთ ბავშვს, ვისაც ის არ აქვს, ან თუ არაფრის ჩუქება შეგიძლიათ, დავალება გადააწერინეთ (ვიცი, მასწავლებლები ამას რომ ნახავენ, გაბრაზდებიან, მაგრამ დაე, დარჩეს ჩვენ შორის, თქვენ კი ერთ საყვედურს აიტანთ), შეაქეთ და არასოდეს დასცინოთ, იცოდეთ, დაცინვა ადამიანს ძალიან აბოროტებს, თქვენ კი იცით, რომ გამარჯვებული მხოლოდ კეთილია ხოლმე.

დაიმახსოვრეთ, როდესაც თქვენ გულს სტკენთ ბავშვებს, ვისაც რომელიმე მშობლები არ ჰყავს, ისინი ღამით ძალიან ცუდ სიზმრებს ხედავენ, ბოროტ ძიებს და მახინჯ დეიდებს ხედავენ, ვინც მათ შეჭმას უპირებს, მაგრამ საკმარისია მოეფეროთ, აპატიოთ და უბრალოდ იმეგობროთ მათთან, რომ მათ სიზმრებში კეთილი ბიძები მოდიან საჩუქრებით ხელში, ხოლო მხიარულ და ლამაზ დეიდებს ძალიან თბილი და ნაზი ხელები აქვთ, როგორც თქვენ დედიკოებს, ძილის წინ რომ საბანს შემოგიკეცავენ ხოლმე.

ჩემო ბავშვებო, ჩემო პატარა მეგობრებო, იცოდეთ, რომ ბავშვები, ვისაც დედა და მამა არ ჰყავთ, მთელი ცხოვრება მშობლების გამოჩენას ელოდებიან, თქვენ, მე და ბევრ სხვას კი შეგვიძლია ეს ტკივილი ბევრად შევუმსუბუქოთ. აბა წარმოიდგინეთ, რა ძლიერები ვიქნებით, როდესაც სხვა ადამიანს ტკივილს შევუმსუბუქებთ, რომელი დიდი ექიმი შეგვედრება? ან რომელი ჯარისკაცი გვაჯობებს, როცა მეგობარს გასაჭირში გვერდით დავუდგებით? მასწავლებელი გაგვეჯიბრება, როცა კლასელს დავალების გაკეთებაში დავეხმარებით? თუ დიდ ქველმოქმედებსაც კი შეშურდებათ, როდესაც ყველაზე საყვარელ თოჯინასა თუ მანქანას იმათ ვაჩუქებთ, ვისაც დედიკო და მამიკო არ ჰყავს? 

და როდესაც ყველაფერ ამას შეასრულებთ, როდესაც თანაგრძნობას გაზრდით თქვენში, როდესაც უფროსები გკითხავენ, ვინ უნდა გამოხვიდე? შეგიძლიათ უპასუხოთ, მე უკვე ვარ, ადამიანი.

გონებრივი რუკის გამოყენება ქიმიის სწავლების პროცესში

0

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანი იმახსოვრებს წაკითხულის 10%-ს, მოსმენილის 20%-ს, ნანახის 30%-ს, ერთდროულად ნანახისა და მოსმენილის 50%-ს, ხოლო საკუთარი ხელით გაკეთებულის 90%-ს.

აქედან გამომდინარე, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლა-სწავლების პროცესში ისეთ აქტივობათა ჩართვას, რომლებსაც მოსწავლეები დამოუკიდებლად შეასრულებენ. ამ აქტივობათა განსახორციელებლად მეტად სასარგებლოა სასწავლო რესურსებად სამუშაო ფურცლების, ე. წ. hand-out-ების გამოყენება.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა გონებრივი რუკის (იმავე ცნების რუკის) შექმნა რომელიმე კონკრეტული საკითხის შესახებ.

არ შევუდგები იმის ახსნას, რა არის გონებრივი რუკა (mindmap) და რა სარგებლობა მოაქვს მას სწავლა-სწავლების პროცესში (ამის შესახებ იხ. ბმული https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=302). შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ გონებრივი რუკა განსაზღვრული თემისა თუ მასალის შესახებ ინფორმაციის ორგანიზების ფორმაა. სტატიის მიზანია, კონკრეტული თემის მაგალითზე ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება ასეთი რუკის გამოყენება ქიმიის სწავლებისას. თემის სახელწოდებაა „არაორგანულ ნაერთთა კლასების მიმოხილვა”.

მოსწავლეებს დავურიგოთ გონებრივი რუკები (იხ. ქვემოთ), რომლებიც უნდა შეავსონ გაკვეთილის განმავლობაში. პედაგოგმა საგაკვეთილო პროცესი კითხვებით უნდა წარმართოს – ეს მოსწავლეებს რუკის შევსებაში დაეხმარება.
პირველი აქტივობა, რომელიც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა, ის არის, რომ გონებრივ რუკაზე ელემენტების გრაფაში მეტალები არამეტალებისგან გამოყონ. აქ შეიძლება ასეთი კითხვების დასმა: დღეისთვის რამდენი ქიმიური ელემენტია ცნობილი? პერიოდულ სისტემაში სად მდებარეობს მეტალები? სად მდებარეობს არამეტალები? ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ შევთავაზოთ მოსწავლეებს, შემოხაზონ არამეტალები ფჩხილებში მითითებულ ვალენტობასთან ერთად.

აქ ერთ სირთულეს ვაწყდებით: აზოტ(V)-ის ოქსიდსა და აზოტმჟავაში აზოტის ატომის ვალენტობა 4-ის ტოლია, ხოლო ჟანგვის რიცხვია +5. ფრჩხილებში მითითებული რომაული ციფრი (V) არის არა ვალენტობა, არამედ ჟანგვის რიცხვი. თუ გონებრივ რუკას იყენებთ მე-9 კლასში, სადაც ქიმიური ბმა და ჟანგვის რიცხვი მოსწავლეებს ჯერ არ გაუვლიათ, მათ უნდა შევთავაზოთ, ფრჩხილებში მოცემული რომაული ციფრი (V) პირობითად ჩათვალონ ვალენტობად ან გამოვიყენოთ ტერმინი „პირობითი ვალენტობა”. აქვე ავუხსნათ, რომ ტერმინი არასწორია, მაგრამ გვჭირდება ოქსიდის ფორმულის სწორად დასაწერად და საკითხის განხილვა მოხდება მე-10 კლასში, ქიმიური ბმისა და ჟანგვის რიცხვის შესწავლის შემდეგ. მე-10 კლასში კი ეს საკითხი ასე შეიძლება გავაშუქოთ:

აზოტის ატომის ხუთი სავალენტო ელექტრონიდან ორი გაწყვილებულია, ხოლო სამი – გაუწყვილებელი; ჟანგბადის 6 სავალენტო ელექტრონიდან ორია გაუწყვილებელი, ხოლო ოთხი ელექტრონი წარმოქმნის ორ ელექტრონულ წყვილს.

აზოტ(V)-ის ოქსიდისათვის ლუისის ფორმულას აქვს შემდეგი სახე:
ჯვრებით აღნიშნულია აზოტის ატომის სავალენტო ელექტრონები, ხოლო წერტილებით – ჟანგბადის ატომებისა. როგორც ფორმულიდან ჩანს, აზოტის ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია ჟანგბადის ატომით. აზოტის თითოეულ ატომს, თავის მხრივ, უკავშირდება ჟანგბადის ორი ატომი, რომელთაგან ერთთან აზოტის ატომი წარმოქმნის პოლარულ-კოვალენტურ ბმას, ხოლო მეორეს უკავშირდება კოორდინაციულ-კოვალენტური ბმით (ეს არის კოვალენტური ბმა დონორულ-აქცეპტორული მექანიზმით). აღნიშნული ბმა შემდეგნაირად ხორციელდება: ჟანგბადის ატომი გადადის აგზნებულ მდგომარეობაში, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს არა ელექტრონული წყვილების განცალკევებას, არამედ, პირიქით, გაუწყვილებელი ელექტრონების გაწყვილებას, რის შედეგადაც ჟანგბადის ატომს უთავისუფლდება ერთი 2p ორბიტალი, რომელსაც იკავებს აზოტის ატომის თავისუფალი ელექტრონული წყვილი.
ვინაიდან აზოტის ატომის ხუთი სავალენტო ელექტრონი გადაწეულია ჟანგბადის, როგორც უფრო ელექტროუარყოფითი ელემენტის, ატომებისკენ, აზოტის ატომის ჟანგვის რიცხვია +5. რაც შეეხება ვალენტობას, რაკი აზოტის ატომის 5 სავალენტო ელექტრონი მონაწილეობს 4 ქიმიური ბმის წარმოქმნაში, აზოტის ატომის ვალენტობა გამოდის 4-ის ტოლი.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს გონებრივ რუკას. მას შემდეგ, რაც გამოვყოფთ მეტალებს არამეტალებისგან, გადავდივართ მეორე აქტივობაზე: მეტალების გრაფიდან გამოდის სამი ისარი. აქ მოსწავლეები იმსჯელებენ იმაზე, რომ მეტალები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, წარმოქმნიან ფუძე ოქსიდებსა და ფუძეებს, ასევე – ამფოტერულ ოქსიდებს. ამ უკანასკნელის გრაფაში ფრჩხილებში მითითებულია ციფრი სამი – აქ უნდა ჩაწერონ იმ სამი ამფოტერული ოქსიდის ფორმულა, რომლებიც ხშირად გამოიყენება სასკოლო პროგრამაში. რომელი ელემენტები წარმოქმნიან ამფოტერულ ოქსიდებს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა უნდა მიმართონ ელემენტების გრაფას და გამოყონ ეს მეტალები, მაგალითად, განსხვავებული ფერის მარკერით, მერე კი შესაბამის გრაფაში ჩაწერონ ოქსიდების ფორმულები: ZnO, Al2O3, Cr2O3.

მესამე აქტივობა ფუძე ოქსიდებს ეხება. პედაგოგი იყენებს ასეთ მიმანიშნებელ კითხვებს: რა არის ოქსიდი? როგორია ოქსიდის ზოგადი ფორმულა? მოსწავლე განმარტავს ოქსიდს და აღნიშნავს, რომ განასხვავებენ ოქსიდებს, რომლებიც ურთიერთქმედებს წყალთან და რომლებიც წყალთან არ ურთიერთქმედებს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ხშირად იხმარება ტერმინები წყალში ხსნადი და წყალში უხსნადი ოქსიდები. ეს ტერმინები არასწორია, ვინაიდან ოქსიდები, რომლებიც წყალში იხსნება, იმავდროულად ურთიერთქმედებს კიდეც მასთან შესაბამისი ტუტეების წარმოქმნით. აქვე შეიძლება განვმარტოთ ტერმინი „ანჰიდრიდი”, რომელიც წარმოდგება სიტყვისაგან „anhydrous”, რაც „უწყლოს” ნიშნავს და ოქსიდები განვიხილოთ როგორც შესაბამისი მჟავებისა თუ ფუძეების ანჰიდრიდები.

ოქსიდების (რომლებიც წყალთან ურთიერთქმედებს) გრაფიდან გამოდის 5 ისარი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დავწეროთ 5 ოქსიდის ფორმულა. ამ ოქსიდებს წარმოქმნის ელემენტების გრაფაში მდებარე პირველი ხუთი მეტალი – სამი ტუტე და ორი ტუტემიწა. მოსწავლეები მიუწერენ ისრებს ამ ოქსიდების ქიმიურ ფორმულებს:Li2O, Na2O, K2O, CaO (ჩაუმქრალი კირი), BaO.

ახლა გადავიდეთ იმ ფუძე ოქსიდების ფორმულების შედგენაზე, რომლებიც წყალთან არ ურთიერთქმედებს. მოსწავლეებს ვთხოვოთ, გამოყონ (მაგალითად, სიმბოლოებს გაუსვან ხაზი) 6 მეტალი, რომლებიც წარმოქმნის ასეთ ოქსიდებს. ეს მეტალებია Mg, Cr(II), Fe(II), Cu(II), Hg(II), Ag. მოსწავლეები ამ მეტალების შესაბამისი ოქსიდების ფორმულებს მიუწერენ სათანადო ისრებს.

მეოთხე აქტივობა ეხება ფუძეებს (იმავე ჰიდროქსიდებს). აქ გაიმართება მოკლე დისკუსია იმის შესახებ, რა არის ფუძე, როგორია მისი ზოგადი ფორმულა (Me(OH)n, სადაც n მეტალის ვალენტობა/ჟანგვის რიცხვია), რომ არსებობს წყალში ხსნადი და წყალში უხსნადი ფუძეები. გონებრივი რუკის ამ ნაწილის შესავსებად მოსწავლეები იყენებენ ფუძე ოქსიდებისთვის გამოყენებულმეტალებს.

ამ აქტივობით მთავრდება მეტალების შემცველი ნაერთების მიმოხილვა და გადავდივართ არამეტალებისგან მიღებული ნაერთების განხილვაზე. ესენია მჟავა ოქსიდები, მჟავები (რომლებსაც, როგორც წესი, წარმოქმნის არამეტალები) და მარილარწარმომქმნელი ოქსიდები.

მეხუთე აქტივობა სწორედ მარილარწარმომქმნელ ოქსიდებს ეხება. აქ პედაგოგი საუბრობს ოქსიდების კლასიფიკაციაზე, განმარტავს მარილწარმომქმნელ და მარილარწარმომქმნელ ოქსიდებს, შესაძლოა ახსენოს პეროქსიდები და სუპეროქსიდებიც. ამის შემდეგ შესაბამის გრაფაში მოსწავლეები ჩაწერენ სამი მარილარწარმომქმნელი ოქსიდის ფორმულას: N2O, NO, CO.

მეექვსე აქტივობის თემაა მჟავა ოქსიდები. გონებრივი რუკიდან ჩანს, რომ დასაწერია 6 მჟავა ოქსიდის ფორმულა. აღნიშნული ტიპის ოქსიდებს, როგორც წესი, წარმოქმნიან არამეტალები. ისინი მდებარეობენ პერიოდული სისტემის ზედა მარჯვენა კუთხეში. ამ არამეტალებიდან გამოვყოთ რამდენიმე (C, Si, N, P, S) და შესაბამის ისრებს მივუწეროთ მჟავა ოქსიდების ფორმულები: CO2, SiO2, N2O5, P2O5, SO2, SO3. აქ შეიძლება იმის აღნიშვნაც, რომ ამ ოქსიდებიდან წყალთან არ ურთიერთქმედებს მხოლოდ SiO2.

მეშვიდე აქტივობა ეხება მჟავებს. აქ განსახილველი საკითხები, საკვანძო სიტყვები თუ ფრაზებია: მჟავების ზოგადი ფორმულა (HmX, სადაც X მჟავას ნაშთია; ლიტერატურაში შეხვდებით მჟავას ასეთ აღნიშვნასაც: HA, – სადაც A(Anion) არის ანიონი), მჟავების კლასიფიკაცია როგორც ფუძიანობის, ისე ჟანგბადიანობის მიხედვით, ერთფუძიანი ჟანგბადიანი მჟავები – აზოტმჟავა და აზოტოვანი მჟავა, ორფუძიანი ჟანგბადიანი მჟავები – გოგირდმჟავა და გოგირდოვანი მჟავა, ასევე – ნახშირმჟავა და სილიციუმმჟავა, სამფუძიანი მჟავა – ფოსფორმჟავა, უჟანგბადო მჟავები (სულ ხუთი) – ჰალოგენწყალბადმჟავები და გოგირდწყალბადმჟავა.

მოსწავლის მიერ შევსებული გონებრივი რუკის ნიმუში იხილეთ სტატიის ბოლოს.

ასეთი გონებრივი რუკა, უკვე შევსებული, არის დამხმარე რესურსი არაორგანულ ნაერთთა კლასების შესწავლისას. იგი გაუადვილებს მოსწავლეს ისეთი რეაქციების დასწავლას, როგორებიცაა: ა) უხსნადი ფუძის დაშლის რეაქცია, რომელიც ფუძის თვისებაც არის და, იმავდროულად, ოქსიდების მიღების ერთ-ერთი ხერხიც; ბ) ოქსიდის მიღება უხსნადი მჟავას, მაგ., სილიციუმმჟავას, თერმული დაშლით; გ) უხსნადი ფუძის მიღება შესაბამის ხსნადი მარილის ურთიერთქმედებით ტუტესთან (ეს რეაქცია არის მარილების მიღების ერთ-ერთი ხერხი); დ) ფუძე ოქსიდის ურთიერთქმედება მჟავა ოქსიდთან; ე) მჟავასთან; ვ) მეტალის ურთიერთქმედება წყალთან; ზ) ფუძე ოქსიდის ურთიერთქმედება წყალთან; თ) მჟავა ოქსიდის ურთიერთქმედება წყალთან და ა. შ.

ბავშვების ნახატები

0

აღარც მახსოვს, რამდენი ხანია, რაც გაფაციცებული, ცოტა შეშინებული, ცოტა გაბრაზებული და ცოტა საკუთარ უძლურებაზე დაფიქრებული ვადევნებ თვალს ჩვენ გარშემო მიმდინარე ომების ამბებს და ჩემთვის ვბუტბუტებ: ნეტავი აქაც იგივე არ მოხდეს, ნეტავი აქამდე არ მოვიდნენ, ნეტავი მომდევნო ჩვენ არ აღმოვჩნდეთ, ერთ დღესაც ლურჯის მაგივრად წითელი ან ნაცრისფერი, გაჭვარტლული არ დაგვხვდეს ცა…

რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მარიუპოლის დაბომბვის შემდეგ ერთი ფეისბუქმეგობარი წერდა: „რა მძიმეა იმაზე ფიქრი, რომ სადღაც აქვე უდანაშაულო ადამიანებს, ბავშვებს ხოცავენ და ვერაფრით დაეხმარებიო”. მძიმეა, ძალიან მძიმე. ამაზე მძიმე კი ის არის, რომ ეჯახები ბოროტებას, რომელიც სიცოცხლეს ანადგურებს, რომელსაც ვერაფერი აჩერებს, შენ კი მხოლოდ ის შეგიძლია, ჩუმად იბუტბუტო: ნეტავი აქაც იგივე არ მოხდეს, ნეტავი აქამდე არ მოვიდნენ, ნეტავი მომდევნო ჩვენ არ აღმოვჩნდეთ, – და ასე დაუსრულებლად.

ერთხელ დევნილ, ომგამოვლილ სირიელ ბავშვებს სთხოვეს, თავიანთი ოცნებები დაეხატათ და მათაც თეთრ ქაღალდზე მხოლოდ შავი ფანქრით დახატეს სახლები. სხვადასხვა ზომისა, ეზოებში – სხვადასხვა მცენარითა და ცხოველით, მაგრამ სახლები. ის სიმშვიდე და მყუდროება, განვითარებისთვის აუცილებელი ის მინიმუმი, რომლის ქონის უფლებაც მათ ომმა წაართვა.

ამ სამი წლის განმავლობაში სირიაში ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ბავშვებიც. გადარჩენილთა ნაწილი თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ეს ექსპერიმენტიც სწორედ თურქეთში მდებარე დევნილების ბანაკში ჩაატარეს. სხვებზე, რომლებიც სირიაში დარჩნენ, მშობლები ამბობენ, რომ ხატვისას უმთავრესად წითელ ფერს იყენებენ. მათთვის თითქმის წარმოუდგენელია ადამიანი, რომელსაც სისხლი არ სდის.

ძნელია იმის აღიარება, რომ არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბავშვების სახლები, მათი უზრუნველი ბავშვობა და კეთილდღეობა ვერავინ დაიცვა. ძნელია იმის თქმაც, რომ როცა ადამიანების მასობრივ განადგურებას უყურებ, ისღა დაგრჩენია, შენთვის იბუტბუტო: იქნებ შენამდე არ მოვიდნენ, იქნებ გადარჩე, იქნებ შენმა შვილებმა თეთრ ქაღალდზე მხოლოდ შავი სახლები არ ხატონ…

სხვა სახის განათლება თქვენი ბავშვისათვის

0

მოკლე ინფორმაცია ავტორზე – ჯერი მინცი უკვე ოცდაათ წელზე მეტია, ალტერნატიული სკოლების მოძრაობის ერთ-ერთი ყველზე გამორჩეული ხმა გახლავთ. წარსულში იგი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი იყო, ხოლო ჩვიდმეტი წლის განმავლობაში – დამოუკიდებელი, ალტერნატიული სკოლის დირექტორია. 1989 წელს მან დააფუძნა ალტერნატიული განათლების რესურსების ორგანიზაცია (The Alternative Education Resource Organization – AERO) – ა.ე.რ.ო და მონაწილეობა მიიღო აშშ-ში 50 -მდე ალტერნატიული სკოლისა და ორგანიზაციის შექმნაში. მას ხშირად იწვევენ მედიაში, მისი ინტერვიუები გადმოიცა National Public Radio-თი, აშშ-ს ყველა ძირითადი ტელეარხით; ჯერიზე წერდნენ ”ნიუ-იორკ თაიმსი”, ”ნიუზდეი” და სხვა მრავალი გამოცემა. ბ-ნი მინცი გახლდათ Handbook of Alternative Education და Almanac of Education Choices მთავარი რედაქტორი. მისი დაწერილია გახმაურებული წიგნი ”საშინაო დავალების გარეშე და მთელი დღის განმავლობაში შესვენება: როგორ გვქონდეს თავისუფლება და დემოკრატია განათლებაში” (No Homework and Recess All Day: How to Have Freedom and Democracy in Education). ცოტა ხნის წინ ჯერი მინცი TEDx-ის ლექციებზე მიიწვიეს.

ბევრი მშობელი ვერ აცნობიერებს რომ განათლების სამყარო, მას შემდეგ რაც ისინი სკოლაში დადიოდნენ, რადიკალურად შეიცვალა. შეიცვალა სკოლებისა და კლასების ზომა, ადრე სკოლის მიტოვების შემთხვევების უმნიშვნელო რაოდენობა იყო, სკოლაში ძალადობის შესახებ საერთოდ გაგონილიც არ ჰქონდათ, ხოლო მასწავლებლებს არავინ ატერორებდა მოსწავლეებისადმი კეთილგანწყობის დემონსტრირების გამო ან მორალური ღირებულებების შესახებ დისკუსიის გამართვისათვის. რა თქმა უნდა, სკოლები წარსულშიც შორს იყვნენ სრულყოფილებისგან, მაგრამ მაშინ მასწავლებლებმა და დირექტორებმაც აუცილებლად იცოდნენ ყველა მოსწავლის გვარი და სახელი, რაც ასეთი იშვიათია დღეს.
საჯარო სკოლების სისტემის გაუარესებამ ბევრი მშობელი, მასწავლებელი და უბრალოდ ინდივიდუუმი დააფიქრა სკოლების საჯარო თუ კერძო ალტერნატივის შექმნაზე და შექმნეს კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ რა არჩევანი აქვთ მათ დღეს.
საიდან უნდა გავიგოთ, რომ მოვიდა დრო თქვენი შვილისათვის სხვა საგანმანათლებლო მიდგომის მოსაძებნად. ჩამოგითვლით რამდენიმე მახასიათებელს, რომელიც ამაზე მიანიშნებს:

1. ამბობს თუ არა თქვენი შვილი, რომ მას სძულს სკოლა?

თუ ეს ასეა, შესაძლოა, რომ სკოლაში რაღაც ვერ არის კარგად. ბავშვები ბუნებრივად არიან მიმართულნი სწავლაზე და როდესაც ისინი პატარები არიან, მათი ახლის შესწავლა-შეთვისებიდან შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ბავშვი ამბობს, რომ სძულს სკოლა, მოუსმინეთ მას.

2. უჭირს თუ არა თქვენს ბავშვს მოზრდილი ადამიანისათვის თვალებში ყურება, ან ურთიერთობა თავისზე უფროს ან უმცროს ბავშვებთან?

თუ ეს ასე ხდება, მაშინ გამოდის, რომ თქვენი ბავშვი ”სოციალიზებულია” მხოლოდ თავის ასაკის ბავშვებთან – ეს ერთასაკიანი კლასების გამო ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა დღევანდელ სკოლაში, და შესაძლოა მან დაკარგული აქვს ბავშვებისა და მოზრდილების უფრო ფარო ჯგუფებთან ურთიერთობის უნარი.

3. აკვიატებული ხომ არ აქვს თქვენს ბავშვს დიზაინერების მარკები და მოდური ტანსაცმელი სკოლაში ჩასაცმელად?

ეს გახლავთ იმის სიმპტომი, რომ ბავშვი განსაკუთრებულ მნიშვნელობას უფრო გარეგან ღირებულებებს ანიჭებს, ვიდრე შინაგანს. ეს კი იწვევს იმას, რომ ბავშვები დამოკიდებულნი ხდებიან შედარებისა და აღიარების ზედაპირულ ფასეულობებზე და ვერ ხედავენ უფრო სიღრმისეულ ღირებულებებს.

4. ბავშვი სკოლიდან დაღლილი და გაღიზიანებული ხომ არ ბრუნდება?

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეს შესაძლოა სკოლაში რთული დღეები ჰქონდეს, მუდმივი გამოფიტულობა და გაღიზიანებულობა იმის ნიშანია, რომ მათი საგანმანათლებლო გამოცდილება მას ენერგიით კი არ მუხტავს, პირიქით, აძაბუნებს.

5. ხომ არ ჩივის ბავშვი სკოლაში კონფლიქტებზე ან უსამართლო სიტუაციებზე, რომელშიც იგი მოხვდა ?

ეს არის ნიშანი იმისა, რომ სკოლას არ გააჩნია მოსწავლეზე ფოკუსირებული მიდგომა კონფლიქტების მოგვარებასა და კომუნიკაციაზე. ბევრი სკოლა ეყრდნობა პრობლემების სწრაფ, მოზრდილებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით მოგვარებას, ეს კი გამორიცხავს სიტუაციის ემოციურად განცდასა და მის ყურადღებით განხილვას, რაც დამახასიათებელია ბავშვებისთვის.

6. ხომ არ დაკარგა თქვენმა ბავშვმა ინტერესი ხატვის, მუსიკისა, ცეკვისა და, ზოგადად, შემოქმედებითი გამოხატვის მიმართ?

ტრადიციულ სასკოლო სიტემაში, შემოქმედებითი საგნები, ”აკადემიური” საგნების ჯგუფთან შედარებით, განიხილებიან როგორც ”მეორე ხარისხის” ჯგუფი და მათ არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ზოგ შემთხვევაში, მოსწავლეებს ხელოვნებასთან დაკავშირებულ გაკვეთილებს არც კი სთავაზობენ. ასეთი უგულვებელყოფა ხშირად აუფასურებს ან აქრობს ბავშვების ბუნებრივ ნიჭსა და უნარებს.

7. ხომ არ შეწყვიტა თქვენმა ბავშვმა უბრალოდ გართობისათვის კითხვა ან წერა – ან რაიმე ინტერესის გამოხატვა? მინიმალურ დროს ხომ არ უთმობს ბავშვი საშინაო დავალების შესრულებას?

ხშირად ეს იმის ნიშანია, რომ სკოლაში არავინ აფასებს ბავშვების სპონტანურ აქტივობებსა და მათ დამოუკიდებლობას. ბავშვებს ბუნებით აქვთ მინიჭებული უნარი თვითონ წარმართონ თვითსწავლის პროცესი; თუმცა დღევანდელი განათლების სისტემაში, სტანდარტიზირებულ ტესტებზე აქცენტირებული ყურადღების გამო, შეზღუდულია მასწავლებლების ქმედებაც. მათ აღარ შეუძლიათ ბავშვების თვითშემეცნებისა და თვითსწავლის პროცესის ხელშეწყობა. შედეგად, შესაძლოა მივიღოთ მზარდი აპათია იმ საგნებისადმი, რომლებიც ბავშვისათვის ერთ დროს საინტერესო იყო და შემოქმედებისადმი ინტერესის გაქრობა.

8. ბავშვი ბოლო წუთამდე ხომ არ აჭიანურებს საშინაო დავალების შესრულებას?

თუ ეს გახლავთ ნიშანი იმისა, რომ საშინაო დავალება არ შეესაბამება მის საჭიროებებს – შესაძლოა ეს რუტინული ან მექანიკური დამახსოვრება იყოს, რომელიც ახშობს ბავშვებისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას.

9. გიყვებათ ბავშვი სკოლიდან მოსვლის შემდეგ, რაიმე საინტერესო ამბავს, რომელიც იმ დღეს სკოლაში მოხდა?
თუ არა, შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ იმ სკოლაში არაფერია ამაღელვებელი ან საინტერესო თქვენი ბავშვისათვის. რატომ არ უნდა იყოს სკოლა და ზოგადად, განათლება, სახალისო, სიცოცხლით სავსე და მიმზიდველი ადგილი?
10. სკოლის აღმზრდელი პერსონალი ან წარმმართველი მრჩეველი ხომ არ გეუბნებათ, რომ თქვენ ბავშვს შესაძლოა ”დაავადება” ჰქონდეს, ვთქვათ ADHD (ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა) და უნდა წამალი მისცეთ, ვთქვათ რიტალინი, ან ქცევის მარეგულირებელი სხვა მედიკამენტი?

უფრთხილდით ასეთ ”დიაგნოზებს” და გახსოვდეთ, რომ დღევანდელი სკოლის სასწავლო გეგმის მთავარი ნაწილი ქცევის კონტროლია. თუ გამოცდების მოთხოვნები ზღუდავენ მასწავლებლის შესაძლებლობებს, დააინტერესონ მოსწავლეები, თუ მოსწავლეებს ზღუდავენ გრძნობების და მიდრეკილებების გამოხატვაში და მათგან მხოლოდ იმას მოითხოვენ რომ 5-6 საათის განმავლობაში კლასში ისხდნენ, პერსონალური მიდგომისა და ინტერაქციის გარეშე, მაშინ მე შემოგთავაზებთ ჩემს დიაგნოზს: სკოლას აქვს დაავადება, რომელსაც დავარქმევდი EDD – Educational Deficit Disorder, ანუ განათლების დეფიციტსა და მოშლილობას – და შესაძლოა, დროა თქვენი ბავშვი მოაცილოთ ასეთ სკოლას!

თუ თქვენი ბავშვი, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნიშანს ავლენს, დროა დაიწყოთ ალტერნატივის ძიება. დღეს აშშ-ში საკმაოდ ბევრი შესაძლებლობაა ამისათვის – როგორც კერძო, ისე – საჯარო ალტერნატიული სკოლების სახით.

მაგალითად, აშშ-ს 40 შტატში, კოლუმბიის ოლქში ( ქ. ვაშინგტონი) და პუერტო-რიკოში (რომელიც ფორმალურად აშშ-ს ნაწილია) უკვე ძალაშია კანონმდებლობა, რომელიც მშობელთა და მასწავლებელთა ჯგუფებს უფლებას აძლევს შექმნან ”ჩარტერული” სკოლები (დამოუკიდებელი სკოლები, რომლებიც საჯარო დაფინასებას იღებენ. ეს მოძრაობა მინესოტის შტატში დაიწყო 1991 წელს, ბლაფვიუს მონტესორის სკოლით, ლ.ა.), რომლებიც არ არიან ”დახუნძლულნი” ურიცხვი რაოდენობის წესითა და რეგულაციით, რომელსაც შტატის კანონები ითვალისწინებენ და შეუძლიათ შექმნან თავიანთი, ინდივიდუალური მიდგომა თუ სასწავლო გეგმა. დღეს უკვე 4 000-ზე მეტი ჩარტერული სკოლა არსებობს. ამას გარდა, აშშ-ში 4,500-ზე მეტი, ე.წ. ”მაგნეტ -სკოლაც” არის (საჯარო სკოლები სპეციალიზებული კურიკულუმით, ჩვეულებრივ, ლოკალური საგრაფოების მასშტაბის, ლ.ა.), რომლებიც გარკვეულ სპეციალობების ან საგნებისკენაა მიმართული და არ არის დამოკიდებული შტატის კანონმდებლობასა თუ წესებზე, შეუძლია მოიზიდოს მოსწავლეები უფრო ფართო გეოგრაფიული არეალიდან.

ნახსენები სკოლების გარდა, არსებობს 4,500-ზე მეტი ”მონტესორის სკოლა”, რომლებიც ეყრდნობიან დოქტორ მარია მონტესორის მიერ შემუშავებულ მიდგომებს; აქტიურად მუშაობს ასობით ”ვალდორფის სკოლა”, რომლებიც თანაბარ აქცენტს აკეთებენ ტრადიციულ აკადემიურ საგნებსა და ხელოვნებაზე. გარდა ამისა, აშშ-ში ფუნქციონირებს ასობით ალტერნატიული სკოლა, რომლებშიც პროცესი და სასწავლო გეგმა მოსწავლეებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იწერება და განათლებაზე პასუხისმგებლობა მათ ხელშია. ამ ბოლო ჯგუფს, ხშირად ”დემოკრატიულ”, ”თავისუფალ” ან სხვაგვარად, ”სადბერის” სკოლებს ეძახიან.

საჯარო სასკოლო სისტემასაც თავიანთი სისტემის ფარგლებში აქვს რიგი ალტერნატიული პროგრამებისა. ესენი ორ ძირითად მიდგომად შეიძლება დავყოთ:

1.”საჯარო არჩევანი – “Public Choice”; პროგრამები, რომლებიც ღიაა იმ თემში მცხოვრები ნებისმიერი მოსწავლისათვის. ხანდახან ამ პროგრამას ”სკოლაში სკოლას” ეძახიან.

2. ”საჯარო, გაზრდილი რისკის პროგრამები – “Public At-Risk” – ეს არის პროგრამები იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც უჭირთ სკოლის გარემოსთან ურთიერთობა. ამ პროგრამების მრავალგვარობის გამო, ყურადღებით გაეცანით მათ, პროგრამაში ჩაწერამდე.

აშშ-ში მცხოვრებ მშობელთაგან მილიონზე მეტმა სკოლების შესახებ გამოკითხვისას შეავსო გრაფა ”არც ერთი დასახელებულიდან” – მათ გადაწყვიტეს თავიანთ ბავშვებს სახლში თვითონ ასწავლონ. ახლა ეს კანონიერია ყველა შტატში და არ საჭიროებს სამასწავლებლო სერტიფიკაციას. ”სახლში სწავლებამ” სხვადასხვა სახის მიდგომები შემოგვთავაზა.

ერთნი ცდილობენ შექმნან ”სკოლა სახლში” სტანდარტული პროგრამით. მთავარი განსხვავება ის არის, რომ მშობლებს არ შეუძლიათ ერთი-ერთზე ასწავლონ თავიან შვილებს. ოჯახების მეორე ჯგუფი კურიკულუმს, ე.წ. ”ქოლგურ” სკოლებს აწერინებენ; ეს სკოლები ეხმარებიან მშობლებს საკუთარი კურიკულუმის შექმნაში ან სთავაზობენ თავიანთ საბაზო პროგრამას, აფასებენ საშინაო დავალებებს და ეხმარებიან ანგარიშის ფორმების შემუშავებაში.

მესამე მიდგომაა “unschooling” (”სკოლის გარეშე”). ასეთ დროს, მშობელი განათლებისადმი მიდგომას ბავშვის ინტერესების სფეროებიდან გამომდინარე აყალიბებს, ამ საფუძველზე დაყრდნობით ავითარებს სწავლის პროცესს და არ იყენებს წინასწარ შედგენილ სასწავლო გეგმას. ხანდახან სხვა მიდგომისას სასწავლო გეგმა რეტროაქტიურად, უკუმიმართულებით იწერება – მთელი წლის აქტივობების ჩანაწერების შენახვით და დაგროვილი გამოცდილების ანალიზით, ინტერესების სფეროების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ შტატების უმეტესობა ”სახლის სკოლების” მოსწავლეებისგან, როგორც ჯგუფისგან, რაღაც ხარისხით გამოცდებს და ცოდნის შემოწმებას მოითხოვს. შედეგად, ტრადიციულად, ”სახლის მოსწავლეები” ბევრად უფრო მაღალი მოსწრების მონაცემების ჯგუფში ხვდებიან (შესაძლებლის 85% და უფრო მაღალ ზონაში), მაშინ როდესაც, ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეების მოსწრების მონაცემი ჩვეულებრივ, 50%-იან ზონაშია. დღეს აშშ-ში უკვე იმდენი ”სახლის მოსწავლეა”, უკვე შესაძლებელია ”სახლის მოსწავლეთა” ჯგუფზე ლაპარაკი.

ამ ჯგუფებიდან რამდენიმე უკვე გაერთიანდა ”სახლის მოსწავლეთა” რესურსცენტრებში. უნივერსიტეტებმა უკვე გაიგეს ”სახლის მოსწავლეთა” წარმატებების შესახებ და აქტიურად ”ეპატიჟებიან” მათ თავისთან (აშშ-ში უმაღლესი განათლება ყველგან ფასიანია, თუმცა მოქმედებს სწავლის დაფინანსების მრავალი მექანიზმიც, ლ.ა.).
რადგანაც სულ უფრო მეტი მშობელი ირჩევს განათლების სხვადასხვა გზას თავიანთი შვილებისათვის. იმედი გავქვს, რომ ტრადიციული სისტემა მოახერხებს ისეთ გარდაქმნას, რომელიც მომავალში შეძლებს სწავლის მზარდი მოთხოვნისა და მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობების საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამავე დროს, ნუ დაელოდებით სისტემის გარდაქმნას თუ მის ცვლილებებს. აიღეთ თავზე პასუხისმგებლობა თქვენი ბავშვის განათლებაზე. შეისწავლეთ შემოთავაზებები და შეარჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც საუკეთესო იქნება თქვენი შვილისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან არცაერთი არ წარმოადგენს პანიკის საფუძველს! მაგრამ, თუ რომელიმე მათგანი შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა განიხილოთ ბავშვის განათლების სხვა ალტერნატივები.
წყარო: Source: https://www.educationrevolution.org/store/thetensigns/
სტატიის ავტორი ჯერი მინცი (Jerry Mintz)
ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ
თბილისი, 30 იანვარი, 2015

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...