ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

მეორე მშობლიური ენა (ნაწილი III)

0
სუძუკის მიაჩნდა, რომ ვიოლინო პატარებისთვის მეტისმეტად დიდი იყო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ბავშვის შესაბამისი ზომის ინსტრუმენტის დამზადება?! ამ იდეით შთაგონებულმა მასწავლებელმა პატარა ვიოლინოების საკუთარი ხელით კეთება დაიწყო. 
 
როგორ ესწავლებინა პატარებისთვის მათზე დაკვრა, სუძუკის ინკუბატორის ტოროლას ბარტყებმა უკარნახეს. საიდუმლოს გასაღები მიბაძვა აღმოჩნდა. პირველ გაკვეთილზე მასწავლებელმა სხვა სათამაშოებთან ერთად მაგიდაზე ვიოლინოები და ხემებიც დააწყო. შემდეგ ბავშვებს ნება მისცა, ამ ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი სათამაშოებით ეთამაშათ. თვითონ შუა ოთახში დაჯდა და დროდადრო სიმზე მხოლოდ ერთ ნოტს აჟღერებდა. როგორც ელოდა, ბავშვებმა რიგრიგობით დაიწყეს მისი მიბაძვა. შემდეგ მასწავლებელმა ორი ნოტი დაუკრა. ბარტყებივით, რომლებიც ჩიტ-მასწავლებლის მიბაძვით ითვისებდნენ ტრელებს, ბავშვებმაც მალე და ძალდაუტანებლად დაიწყეს ვიოლინოზე დაკვრა. ასე შექმნა იაპონელმა მევიოლინემ მეთოდიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
სუძუკის მიმდევრები გაუჩნდა. მისი ზოგიერთი მოსწავლე პირველი კლასის მუსიკოსი გახდა. პირველმა მოწაფემ, წინა წერილში მოხსენიებულმა 4 წლის ბიჭუნამ, მომავალში მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

„ბოლოს და ბოლოს მივხვდი – მეთოდი, რომლის საშუალებითაც ბავშვი მშობლიურ ენას ითვისებს, მუსიკის სწავლებისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს მოიცავს. 30 წელია ვცდილობ ხალხის დარწმუნებას, რომ ყოველი ბავშვის სწავლებაა შესაძლებელი და რომ არ შეიძლება იმ ბავშვებზე ხელის ჩაქნევა, რომლებიც სწავლაში ჩამორჩებიან”, – ამბობდა სუძუკი, – „უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ბავშვი ლაპარაკს ან მუსიკას სწავლობს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოტივაციას, მოსმენას, გამეორებას, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომას, მეხსიერებას, მშობლების მონაწილეობასა და სიყვარულს. ხუთი წლის შემდეგ ეს მეთოდი უკვე სხვით უნდა შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ 7 წლიდან ყველა ბავშვი ჩვეულებრივ მუსიკალურ სკოლაში ისწავლის”.

რა გასაკვირია, რომ სუძუკის მეთოდს კრიტიკოსებიც გამოუჩნდა. მათი აზრით, პროფესიონალი მუსიკოსი ამ მეთოდით ვერ აღიზრდება. მეთოდს უმთავრესად იმას საყვედურობენ, რომ ის მასობრივად ვერ ამზადებს პროფესიონალებს. შენიშვნა, ცოტა არ იყოს, უცნაური მეჩვენება – თითქოს, ვინც კი მუსიკალურ სკოლაში განსხვავებული მეთოდით სწავლობს, ყველა პროფესიონალად ყალიბდება.

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სუძუკის მეთოდი სხვა მეთოდებთან წინააღმდეგობაში სულაც არ მოდის, პირიქით, ის უნდა გამოვიყენოთ არსებულ მეთოდებთან ერთად. პრინციპიდან „დავუკრათ, როგორც ვლაპარაკობთ” გამომდინარეობს სწავლებისადმი შემდეგი მიდგომა: დაწყებითი ეტაპი ნოტების გარეშე. ბავშვი ხომ ჯერ ლაპარაკს სწავლობს, შემდეგ – კითხვას. ასევეა სუძუკის მეთოდშიც: პირველი ნაწარმოებები პედაგოგის დახმარებით სმენით ისწავლება, ხოლო შემდეგ აიხსნება ნოტები. ამასთან ერთად, პირველივე გაკვეთილებზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინსტრუმენტთან სწორ ჯდომას და ბგერის ხარისხს (ხელის დაყენება) – არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვის პირველი პიესა რთულია თუ მარტივი, თუ, უბრალოდ, ნოტ „დოს” უკრავს. დაწყებით ეტაპზე სპეციალობაში გაკვეთილი კოლექტიურია. ეს იმიტომ, რომ 3-4 წლის პატარები ვერ გაუძლებენ 40-წუთიან გაკვეთილს. ამ ეტაპზე ისინი მასწავლებლისა და სხვა ბავშვების დაკვრაზე დაკვირვებით სწავლობენ.

აქვე, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, ისიც უნდა ვთქვა, რომ პატარების არათუ „გაკვეთილზე გაძლება”, არამედ მუსიკის საშუალებით სასიამოვნო სწავლა-გართობა მთლიანად დამოკიდებულია პედაგოგის პროფესიონალიზმზე, შემოქმედებით აზროვნებაზე, მოცემულ მომენტში გამოვლენილი ხარვეზის დასაძლევად შესაბამისი სავარჯიშოს უმალ მოფიქრებაზე, ყოველ გაკვეთილზე წინსვლით ბავშვისთვის თავდაჯერების გაღვივებაზე, მისი სხვადასხვა უნარის განვითარებისთვის მრავალფეროვნად დაგეგმილ დროზე, გაკვეთილის მსუბუქ, მხიარულ და დინამიკურ მსვლელობაზე და, რაღა თქმა უნდა, ბავშვებთან ურთიერთობის უნარზე, მათ გულწრფელ სიყვარულზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ იაპონიაში განათლების სისტემა შესანიშნავია. გამართული სისტემისა და პედაგოგების დიდი ძალისხმევის წყალობით ხდება თითოეული ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება. იაპონიის ოჯახებსა და სასწავლებლებში ბავშვებს ლმობიერად ზრდიან, შეცდომისა თუ სიცელქისთვის არ საყვედურობენ. მათ არავინ უყვირის და ლანძღავს. უფროსები პატარებს ასე მიმართავენ: „შენ ძალიან შეგვაშფოთე”, „გული გვატკინე”. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს განსაკუთრებით ახლო კავშირი აქვთ მშობლებთან, ეს ფრაზები მათ დანაშაულის განცდას აღუძრავს, ამიტომ შემდეგ ცუდად მოქცევას ერიდებიან. კარგი იქნებოდა, ჩვენს პედაგოგებსაც გამოეჩინათ მოსწავლეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ ესოდენ დელიკატური საკითხი ჩვენში ძალზე მწვავეს დგას და სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს. 
***
პიროვნების მუსიკოსად ჩამოყალიბების პროცესის ილუსტრაციისთვის სინიტი სუძუკის ამგვარი მაგალითი მოჰყავს: „14 წლის წინ ქალაქ უეტაში „ტალანტების აღზრდის სკოლის” ორი მასწავლებელი ორი ბავშვითურთ ერთ ოჯახს ესტუმრა. ბავშვებს პატარა ვიოლინოები ჰქონდათ თან. ერთ-ერთმა სტუმარმა წარმოთქვა: „მოვუსმინოთ მუსიკას”, – და პატარებმა, ჩვეულებისამებრ, კონცერტი გამართეს. ჩემ პირდაპირ იჯდა ქალბატონი ჩვილით ხელში. ბავშვის ასაკით დავინტერესდი. მითხრეს, რომ ის 5 თვისა იყო. მისი 6 წლის და თურმე ყოველდღე ვარჯიშობდა ვიოლინოზე დაკვრაში – ვივალდის კონცერტ ლა მინორს უკრავდა, თან გამუდმებით უსმენდა ამ კონცერტის ჩანაწერს. ასე რომ, ჩვილი დაბადებიდანვე ვივალდის კონცერტის უნებლიე მსმენელად იქცა. დავინტერესდი, რა ეფექტს მოახდენდა მასზე ჩემ მიერ შესრულებული ბახის მენუეტი. ვუკრავდი და ჩვილის სახეს თვალს არ ვაშორებდი. ის ყურადღებით მაკვირდებოდა და მისთვის უცნობ მუსიკას უსმენდა. შემდეგ მენუეტიდან ვივალდის კონცერტზე გადავერთე – იმ ლა მინორზე, რომელსაც ჩვილი გამუდმებით ისმენდა შინ. პირველი ტაქტის დასრულება ვერც კი მოვასწარი, რომ საოცარი რამ მოხდა: ჩვილს გამომეტყველება შეეცვალა, გაიღიმა და, გახარებულმა, სახე დედისკენ მიაბრუნა, თითქოს უნდოდა ეთქვა: „გესმის, ეს ჩემი მუსიკაა!” მერე ისევ ჩემკენ შემობრუნდა და მუსიკის ტაქტში რწევა დაიწყო. ჩვილმა, რომელსაც მხოლოდ 5 თვე შეუსრულდა, იცოდა მელოდია ვივალდის კონცერტიდან. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ძუძუთა ბავშვი უნებლიე ინტერესს ამჟღავნებს ყველაფრის მიმართ, რასაც ხედავს და ისმენს. სწორედ ასე ეყრება საფუძველი პიროვნების ჩამოყალიბებას. ამ ყველაფერმა უნდა დაგვაფიქროს – ხომ შესაძლებელია, მან შეისრუტოს არა მხოლოდ კარგი, არამედ ცუდიც… 

4 წლის შემდეგ ქალაქ მაცუმოტოში დიდი კონცერტი გაიმართა. სცენაზე 150 ბავშვი იდგა პატარა ვიოლინოებით ხელში. ისინი ვივალდის კონცერტ ლა მინორს ასრულებდნენ. „ვინ არის ის გოგონა, პირველი რიგის შუაში რომ დგას?” – ვიკითხე. პატარა მუსიკოსი მთელ სულსა და გულს დაკვრაში აქსოვდა და, მუსიკით მონუსხული, მის ტაქტში ირწეოდა. მიპასუხეს: „ჰირომი კიუტი უელიდან”. გამახსენდა! ეს ის გოგონა იყო, 5 თვის ჩვილი, სტუმრად ყოფნისას ამ მუსიკას მთელი გულით რომ უღიმოდა. მონაცემების სწორმა განვითარებამ ნაყოფი გამოიღო. დიახ, ბავშვი ვარჯიშისა და გარემოს საუკეთესო პროდუქტია! 

10 წლის შემდეგ ჰირომისგან წერილი მივიღე ნოტებთან ერთად. იმ დროს ის უკვე სკოლაში სწავლობდა. „ძვირფასო პროფესორო, მე ლექსები დავწერე და შემდეგ მათზე მუსიკა შევთხზე. აქ მოსწავლეებს შორის საუკეთესო სიმღერის ნაციონალური კონკურსი ჩატარდა. ჩემი სიმღერა გამოარჩიეს და პირველი ადგილი მოვიპოვე”. მცირე შემოქმედებითი ნიჭი საკმარისი არ არის ლექსისა და მის ტექსტზე მუსიკის შესაქმნელად… ვიხსენებ დედის მკლავებში მონებივრე პაწაწინა გოგონას, რომელიც ვივალდის კონცერტს უსმენდა და, მუსიკის ტაქტს აყოლილი, მთელი სხეულით მხიარულად ირწეოდა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ტალანტი მასში მშობლებმა აღზარდეს. აცუმი და ჰირომი ჩვეულებრივ ბავშვებად დაიბადნენ, მაგრამ მათ ძალზე გაუმართლათ მშობლებში”.

 
სუძუკის სახლში თანდათან იმატებდა პატარა მოსწავლეების რაოდენობა და სიცოცხლეც უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. მისი აღსაზრდელები მომავალში პატივსაცემ პიროვნებებად იქცნენ. ამით იაპონელი პედაგოგი ძალიან ამაყობდა და ხშირად იმეორებდა: „ტალანტი ადამიანს დაბადებისთანავე არ ეძლევა. ეს ბეჯითი მუშაობის შედეგია. გენიოსი ის არის, ვინც უდიდესი წარმატება დაუღალავი შრომით მოიპოვა”. 

მუსიკოსმა სინიტი სუძუკიმ 99 წელი იცოცხლა.

ადაპტური სწავლის პროგრამების მოკლე მიმოხილვა

0

ამ სტატიაში მოკლედ აღვწერ სასწავლო ტექნოლოგიების (EdTech) ერთ კატეგორიას, რომლებსაც ადაპტური სწავლის (adaptive learning) პროგრამებს უწოდებენ. შინაარსობრივად ეს პროგრამები ძირითადად მათემატიკურ საგნებზეა მორგებული. ამ კატეგორიის პროგრამების ძირითადი მახასიათებელი ის არის, რომ პროგრამა მოსწავლეს მისი ცოდნის შესაბამის ამოცანებს აძლევს. ადაპტური პროგრამები “ერგებიან” მოსწავლის ცოდნის დონეს. როცა მოსწავლე პირველად იწყებს მუშაობას, პროგრამა აკეთებს სტატისტიკურ ანალიზს, როცა “თვალს ადევნებს” რა სირთულის ამოცანებს როგორ პასუხობს ის. შემდეგ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აძლევს ისეთ ამოცანებს, რომლებიც არც რთულია, და არც მარტივი. ცდილობს შესაბამისობაში მოდიოდეს მოსწავლის შესაძლებლობები და ამოცანის სირთულე. განათლების სფეროში, ამის მსგავსი – თეორიიდან – შეიძლება მოვიყვანოთ, ვიგოტსკის, უახლოესი განვითარების ზონის პრინციპები, შეფასებიდან კი – Cat-ის ტიპის გამოცდები.

 

ასეთი პროგრამების პლუსი ისიცაა, რომ მოსწავლეს მაშინვე აძლევს უკუკავშირს; არ სჭირდება ლოდინი, როდის შეამოწმებთ მის სამუშაოს, ან თუნდაც – როდის გადაფურცლავს წიგნის ბოლოში და ნახავს სწორ პასუხს. პროცესი არის უწყვეტი. მოსწავლე კითხულობს ამოცანას → ფიქრობს მის ამოხსნაზე → წერს თავის პასუხს → ხედავს სწორია თუ არა. დრო პასუხის დაწერასა და უკუკავშირის მიღებას შორის ძალიან მცირეა.

ჩვენ ვნახეთ ორი ფუნქცია – სწრაფი უკუკავშირი და მორგება მოსწავლის უნარებსა და ცოდნაზე. ზოგ პროგრამას ასევე შეუძლია შეცდომის დაშვებისას მოსწავლეს აჩვენოს, როგორ უნდა ამოეხსნა ეს ამოცანა ყველა ნაბიჯის დეტალური განხილვით. ასევე სთავაზობს სასწავლო მასალებს, სადაც ახსნილია კონკრეტული მათემატიკური კონცეპტი. და ეს შეიძლება არ იყოს უბრალოდ ტექსტი, რთული ტერმინებით და ერთი-ორი ვიზუალიზაციით, არამედ იყოს ვიდეოგაკვეთილი. პროგრამის გამოყენებას ის უპირატესობაც აქვს, რომ მოსწავლეები აღარ ფიქრობენ ასე – “ნეტა მასწავლებელმა დღეს არ გამომკითხოს” ან “დღეს ვუპასუხებ და შემდეგზე აღარ გამომკითხავს”. პროგრამა გამოკითხავს ყველას და ყოველდღე. მსგავსი რამ ზოგიერთ მოსწავლეს კოშმარულ სიზმარშიც არ უნახავს. ხუმრობა იქით იყოს და, როგორც ხედავთ, ამ გზით შეგიძლიათ ბაზისური უკუკავშირისა და შესაფერისი სასწავლო მასალის მიწოდების ამოცანების კომპიუტერისთვის გადაბარება.

ვფიქრობ ამ კომპონენტის მნიშვნელობის გადაფასება რთულია. ასეთი რუტინული, მექანიკური, საკითხების კომპიუტერისთვის გადაბარებით, თქვენ გითავისუფლდებათ უამრავი დრო, რომელსაც მიმართავთ უფრო სიტუაციურ და რთულ ამოცანებზე. მაგ. მოსწავლეს (მოსწავლეთა ჯგუფს) უხსნით კონკრეტულ მათემატიკურ კონცეპტს, რომელიც ვერ გაიგო და ამოცანებს ისევ შეცდომით ასრულებდა. ამ დროს დანარჩენი კლასი აგრძელებს ამოცანების ამოხსნას, იღებს უკუკავშირს (და შეცდომის დაშვების დროს, შესაფერის სასწავლო მასალას) და დამოუკიდებლად ეუფლება ახალ კონცეპტებს.

 

ეს მაგალითი ფაქტობრივად წარმოადგენს შერეული სწავლების (Blended learning) ერთ-ერთ კომპონენტს. სწავლების ეს მეთოდი ცალკე განხილვას მოითხოვს. გავაგძელოთ ადაპტური სწავლის პროგრამების განხილვა.

აქ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – როგორ უნდა დავინახო, ვინ სწორად პასუხობს ამოცანებს და ვინ შეცდომით? და თუ კლასის მხოლოდ ნაწილთან ვიმუშავე, როგორ გავიგებ რომ დანარჩენები ისევ აგრძელებენ ამოცანების ამოხსნას და არ სჭირდებათ დახმარება? ეს და სხვა მსგავსი კითხვები მნიშვნელოვანია; ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც – იღებს თუ არა უკუკავშირს მოსწავლე. ამისთვის, ზოგ პლატფორმაზე, არსებობს სპეციალურად თქვენთვის, მასწავლებლისთვის, განკუთვნილი გვერდ(ებ)ი, სადაც განთავსებულია მთელი კლასის მონაცემი (ზოგ პლატფორმაზე, შეიძლება იმაზე მეტი ინფორმაცია გიჩვენოთ კონკრეტულ მოსწავლეზე, ვიდრე ამას თვითონ მოსწავლე ხედავს). ვინ როგორ შეასრულა ამოცანა, რამდენჯერ დაუშვა შეცდომა, რამდენი დრო დახარჯა კონკრეტულ ამოცანაზე, რადმენჯერ გამოიყენა მინიშნება და ა.შ. ასევე, აქ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ხსნის ამოცანებს კლასის ყველა მოსწავლე რეალურ დროში. თქვენ ხედავთ არა უბრალოდ მშრალ ციფრებს. მონაცემები არის სტატისტიკურად დამუშავებული და თვალსაჩინოდ მოწოდებული. ის შეიძლება იყოს დამუშავებული სხვადასხვა დონეზე. დაწყებული მარტივიდან (საშუალო, პროცენტები და ა.შ.) და დამთავრებული რთული სტატისტიკური ანალიზით, რომელიც მრავალ მეთოდს მოიცავს. შედეგად, მოსწავლეებთან მუშაობის დაგეგმვისას შეგიძლიათ დაეყრდნოთ სანდო მონაცემებს. როგორც ვხედავთ, პროგრამა ეხმარება როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს; გაძლევთ სანდო სურათს, მოსწავლის ცოდნისა და უნარების შესახებ. და ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს როგორც ცალკეული მოსწავლის, ისე მთელი კლასის შესახებ.

მოდით შევაჯამოთ ის პლუსები, რაც აქვს ადაპტური სწავლის პროგრამების გამოყენებას:

1.მოსწავლე იღებს თავისი ცოდნისა და უნარების დონის შესაფერის ამოცანებს;

2.ის უკუკავშირს იღებს პასუხის დაწერისთანავე;

3.თუ ის შეცდომას უშვებს, პროგრამა უჩვენებს, როგორ უნდა ამოეხსნა და სთავაზობს სასწავლო მასალებს;

4.მუშაობს ყველა მოსწავლე და ყოველდღე;

5.პროგრამა ასრულებს რუტინულ და მექანიკურ ამოცანებს, შედეგად გითავისუფლდებათ დრო სხვა აქტივობებისთვის;

6.იღებთ თვალსაჩინო, დამუშავებულ (ინფორმაციულ) მონაცემებს, მოსწავლეების აქტივობაზე და სხვა…

აქამდე რაც ჩამოვთვალეთ, ეს ის პროცესებია, რომლებსაც პროგრამა მასწავლებლისგან დამოუკიდებლად ასრულებს. მასწავლებლის ჩართულობა არის მინიმალური. და წარმოიდგინეთ რამდენად უმჯობესდება სწავლება, როცა მასწავლებელი აქტიურად ერთვება ამ პროცესში. არა, ეს არ არის მართებული განმარტება მასწავლებლის და პროგრამის ურთიერთმიმართების (სპეციალურად დავწერე შეცდომით). მასწავლებელი კი არ ერთვება პროგრამის მუშაობის პროცესში, პროგრამაა ჩართული მასწავლებლის საქმიანობაში. ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. პროგრამა არის ინსტრუმენტი, ის ვერ ჩაანაცვლებს მასწავლებელს. მართლაც, არსებულ სასწავლო პროგრამებს, რომ გადახედოთ უმეტესობა ისეა სტრუქტურირებული, რომ თავისი ეფექტური მუშაობისთვის “მოითხოვს” მასწავლებელს. და აქ საუბარია არა მარტო ადაპტური სწავლის პროგრამებზე. ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა მინახავს და მიცდია მათ ფუნქციებში გარკვევა. მაგრამ სიღრმისეულად არც ერთი არ ვიცი. პროგრამის პრაქტიკაში გამოუყენებლობით, ბევრი რამ შეუმჩნეველი რჩება. ამას ვხდები, როცა მასწავლებლების მიმოხილვებს ვეცნობი. მარტო მასწავლებელს შეუძლია სასწავლო პროგრამის მთელი პოტენციალის გათავისუფლება.

ადაპტური სწავლის პროგრამების მაგალითები: https://www.edsurge.com/adaptive-learning

პირადი გამოცდილებიდან გირჩევთ:

Khan Academy – https://www.khanacademy.org/

Brainrush – https://www.brainrush.com/

“მამამარჩენალი” ქალები. წოდებაში დაკარგული იდენტობა

0
 აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ჩემს ბებიებზე, თავიანთი კაცებისგან დამარტოხელებული ცხოვრება ზურგზე რომ წამოიკიდეს ყველაზე კრიტიკულ დროში. ატარეს და ატარეს ეს მძიმე და ტკბილი ჯვარი ისე, რომ ერთხელაც არ დაუწუწუნიათ. ჯერ ერთ ბებიაზე მოგიყვებით, სახლის მშენებელ ბებიაზე, საკუთარი სახლი რომ აგვიშენა სოფელში –  თქვენი კერია უნდა გქონდეთო, თქვენი საძინებელიო და თქვენი ჭერი და კედელიო. მანამდეც  გვქონდა ჭერი და კედელი, მაგრამ ხომ იცით როგორია გაყოფილი ოჯახის ქონება. ქალიშვილების გათხოვების შემდეგ, ოჯახს და ქონებას ძმები იყოფენ. მშობლების სახლი უმცროს ძმას რჩება, უფროსი ძმა კი  უნდა წავიდეს და თავისი სახლი აიშენოს.  მოკლედ, ასეთი ამბავია და ცოტა რთული გასარკვევი რატომ არ ნაწილდება ქონება თანაბრად ყველა შვილზე, სქესის და უმცროს-უფროსობის გარეშე. ამის გამო, ბებიამ გადაწყვიტა სახლი აეშენებინა ჩვენთვის, უფროსი შვილისთვის და შვილიშვილებისთვის, ზაფხულში სოფლად ჩასულებს ჩვენი “ყურე” რომ გვქონოდა. შორს არ წავსულვართ, იქვე მისი სახლის გვერდით დაიწყო ჩვენი სახლის მშენებლობა.  მძიმე დროში  მოუწია სახლის შენება: ყველას რომ უჭირდა, შუქი და საკვები რომ არ იყო ქვეყანაში, ცალკე ომი და არეულობა.  მარტივი არ ყოფილა ჩვენი  სახლის მშენებლობის ამბავი, ხან რისი გაყიდვა მოუწია და ხან რისი. მაგრამ რაღაცნაირად, წვალებ-წვალებით მაინც აშენდა და შემდეგ სულ შენდებოდა და შენდებოდა. სახლი რომ გადაიხურა, შემდეგ ნარგავებსაც მიხედა, თხილის ნერგები ჩაყარა, ესეც თქვენი საკუთარი უნდა გქონდეთო, სადაც თავისუფალ მიწას გადააწყდებოდა გვირგავდა სხვადასხვა ხილის და თხილის ნერგებს, სახლის წინ ყვავილებს, მისი სიკვდილის შემდეგ რომ აღარ გვქონია ისეთებს. 

ზაფხულობით დიდი კალთით დადიოდა ამ თხილის ძირებში, ზამთრისთვის გვიგროვებდა, ცალკე  გასაყიდად ამზადებდა, ჩვენსასაც და საკუთარსაც. “ჩია” მოტკბო გემოს თხილს ინახავდა, “გურულს” ყიდდა. 

ბებიაჩემს ყველაფერი თავისი ჰქონდა: ვენახი  და ღვინო, თავისი ყანა და სიმინდი, თავისი ხილის ჩირები და ჩურჩხელები, გადადებული ფული სიკვდილისთვის – შავი დღისათვის. 

ბებია არაყსაც ხდიდა  სევდიან, კარალიოკის ფოთლებით მოფენილ, ნესტიან ამინდებში. ჭასთან ახლოს არყის სახდელს გააწყობდა და ასე წვეთ-წვეთად ველოდებოდით არყის ჩამოსხმას. 

ბებია იყო ქალი, რომელსაც ყოველთვის საკუთარი ფული ჰქონდა და ამას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ ყველას გვქონოდა ჩვენ-ჩვენი საკუთრება.

ჩვენი ახლადაშენებული სახლისთვის სილა მოჰქონდა, სატვირთოს მძღოლს ურიგდებოდა ფასზე, კალატოზს ანაზღაურებაზე, კარ-ფანჯრის ოსტატს ხარისხზე და ანაზღაურებაზე. ბებია იყო ყველგან, სადაც კი ჩვენ გაკეთებულ საქმეებს ვხედავდით. 

ვენახსაც თავად სხლავდა, შინაურ ცხოველს და ფრინველს უვლიდა, ოჯახსაც პატრონობდა. შვილიშვილებსაც გვკვებავდა და გვივლიდა. 

შეშასაც თავად ჩეხდა. თავისი ბარი და თოხი ჰქონდა, საკუთარი სამუშაო იარაღები.

ის ერთადერთი ქალი არ იყო სოფელში, რომელიც ბაზრის დღეებში ტომრით თხილს ზურგზე მოიკიდებდა და გასაყიდად მიჰქონდა. იქიდან კი საჭირო პროდუქტებით დატვირთული ბრუნდებოდა. 

როცა, ქალებზე და მათ შესაძლებლობებზე ვლაპარაკობთ, ან კიდევ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მათ კაცებთან შედარებით შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, რომ კაცებთან შედარებით ისინი სუსტები არიან, ყოველთვის მიჩნდება სურვილი ჩემს ბებიებზე ყველას მოვუყვე. მათ ცხოვრებაზე მოვუყვე, თუ როგორ შეძლეს თითქმის წარმოუდგენელ ვითარებებში გადაერჩინათ თავი, გადაერჩინათ ოჯახები. ყველაზე მძიმე სიტუაციებში ჰქონოდათ მეხამრიდის ფუნქცია – ფარივით აფარებოდნენ ოჯახს და შვილებს გასაჭირის დროს, ხანდახან საკუთარი თავიც დავიწყებოდათ  ან კიდევ გააზრებულად შეეწირათ თავი შვილების მომავლისთვის. 

მათი ყოველდღიური ცხოვრება იყო ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად შესწევდათ ძალა შეეცვალათ არსებული მდგომარეობა, შეეცვალათ ის  მოცემულობა, რომელიც ბევრს მყარ კანონზომიერებად ეჩვენებოდათ. მათი ყოველდღიური რუტინაც კი დაპირისპირება იყო არსებულ, ფესვგადგმულ მოსაზრებებთან, რომ ქალი სუსტი არსებაა და მას მამაკაცივით შრომა არ შეუძლია. 

ასეთ ქალებს შემდეგ “ოჯახის მამამარჩენლებს” ეძახდნენ. ამ თითქოს, განსაკუთრებულად პატივსაცემ  წოდებაშიც კი იკარგებოდა მათი სქესის ძალა და უპირატესობა. 

და აი ახლა, ამ ცივ დეკემბერში, როცა სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარ თბილ სახლებში შეიკეტებიან ზამთრისთვის მომარაგებული სარჩო-საბადებლით, ეზოში კოხტად აწყობილი დაჭრილი შეშის კედლები კი დაგვაიმედებს, რომ ისინი ამ ზამთარს თბილად გაატარებენ, მათი ვნებათაღელვის და მღელვარების საგანი ისევ შვილები,  შვილიშვილები და  შვილთაშვილები იქნება. და ისინი მაინც გააგრძელებენ მათზე ზრუნვას და შორიდან ნერვიულობას.

ზაფხულობით ჩემი მეორე ბებია საქმეებისგან რომ გადაიღლება,  ბოსტნის ეზოში, საქანელაზე ჩამოჯდება და ჩუმად მღერის. ასე ისვენებს და გულს იმსუბუქებს. ბებიას შვიდი  შვილი ჰყავს და არასდროს დაუსვენია. როცა ოჯახის ყველა წევრი ერთად მოვიყრით თავს, ის ხშირად მღერის ძველ სიმღერებს, ძველებურ დროზე და ძველ განცდებზე. ამბობს, რომ ყველაფრით კმაყოფილია, ბედნიერიც, მაგრამ როდესაც ახალგაზრდობის წლებზე დავიწყებთ ლაპარაკს, ყოველთვის სევდიანად იხსენებს ამბავს, როგორ ვერ მოახერხა მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარება. ამ ერთი განუხორციელებელი სურვილის მიუხედავად, იგი ჩვენთვის მაინც რჩება იმ ადამიანად, რომელიც ხშირად გვაიძულებს ყველაზე რთულ მომენტებში ძალები მოვიკრიბოთ და უფრო მხნედ და შემართებით შევუტიოთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

ჩვენი სენი-ზედაპირულობა

0
მრავალ სენთა შორის, ქართულ სპორტს ერთი მეტად საგულისხმო დაავადებაც სჭირს, რომელსაც სახელად ზედაპირულობა  შეიძლება ეწოდოს. ეს ქართული ფეხებზემკიდიაობა ცნობილი დაავადებაა, მაგრამ არავინ იცის დაავადების განკურნების გზები და შესაძლებლობები.

აი, მაგალითად, ესაუბრები ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს, რომელიც იმედისმომცემ სპორტსმენად ითვლება და მასზე ძირითადად კარგს ლაპარაკობენ. ესაუბრები, უსმენ, შიგადაშიგ კითხვებს უსვამ და აღმოაჩენ, რომ შენ წინ სრულიად უინტერესო ადამიანი ზის, რომელსაც კალათბურთი ნაკლებად უყვარს და ერთი სული აქვს, როდის წავა “ამ ბანძი ქვეყნიდან” და როდის”აღმოჩნდება მაგარ ქვეყანაში”. უცხოეთში წასვლის სურვილი არც დასაძრახია და არც სამარცხვინო, მაგრამ გულსატკენია, როდესაც ახალგაზრდა კაცს უცხოეთში წასვლა კლასის ასამაღლებლად და დიდი კალათბურთის სათამაშოდ კი არა, უბრალოდ ფულის საშოვნელად უნდა და იმასაც ხედავ, რომ ამ ბიჭს უცხოელი ცნობილი კალათბურთელების თამაშზე მეტად მათი ხელფასები აინტერესებს.

ამას წინათ ერთ-ერთი ყოფილი ბავშვთა მწვრთნელი უცხოეთიდან თბილისისკენ მოემგზავრებოდა და მასთან ერთად თვითმფრინავში საქართველოს ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებიც ისხდნენ. ეს ყოფილი მწვრთნელი და სალონში მყოფი ყველა ადამიანი გააოგნა იმ ბავშვების არალოგიკურმა ქცევებმა და ზედაპირულობამ. არავის გვინდა ძალიან “ბებრულად” და ჭკუის დამრიგებლურად გამოგვივიდეს ეს სიტყვები, მაგრამ თურმე მთელი გზა ეს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ძალიან ცუდად იქცეოდნენ – იგინებოდნენ, დიდი ხმით ბღაოდნენ და ამ საქციელში არც მათი მწვრთნელი ჩამოუვარდებოდათ. ამ ნაკრებს არ ვასახელებ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ მივცეთ აზრზე მოსვლის შანსი და მათი სითავხედე გზა-შარაზე არ გამოვდოთ. მით უმეტეს, რომ ამ ბიჭებზე მავანნი დიდ იმედებს ამყარებენ. მაგრამ, როცა ამ ყველაფერს ხედავ და განიცდი, ძნელია შეეგუო არსებულ რეალობას და კიდევ უფრო ძნელია, რომ შენში მოძალებული პროტესტის ბუნებრივი გრძნობა დაძლიო.
აშკარაა, რომ ეს ყველაფერი (ზედაპირულობა, სითავხედე და ფეხებზემკიდიაობა) პირველ ყოვლისა განათლების ნაკლებობითაა გამოწვეული. გასაგებია, რომ პროფესიონალური სპორტი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და თანამედროვე სპორტსმენები ნაკლებად ახერხებენ თუნდაც სკოლაში ნორმალურად სწავლას. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მცდარი მოსაზრება, რომ “სპორტსმენებს ტვინი ფეხებში” აქვთ. არავინ ითხოვს მათგან “ფაუსტისა” და “ვეფხისტყაოსნის” დაწერას, მაგრამ ელემენტარული რამეების ცოდნა კი, ჩემი აზრით, სასურველიცაა და სავალდებულოც. როცა ერთი ციდა ბიჭს თავი ძალიან მაგარი ვინმე ჰგონია და თვითმფრინავში დასაკლავი მოზვერივით ბღავის, ეს მხოლოდ მისი ბრალი არაა. პირველ ყოვლისა მისი მწვრთნელია გვარიანად “შესახურებელი”, შემდეგ მშობლები და ბოლოს ის საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს იტანს და მხოლოდ რამდენიმე ჩაბუზღუნებით შემოიფარგლება. არადა, საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე ჩვენ გვგონია.

როცა წარმატებულ სპორტსმენებზე საუბრობენ ხოლმე, ყოველთვის თემურ ქეცბაიას ერთ-ერთი ინტერვიუ მახსენდება, სადაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელი თავისი ფეხბურთელობის პერიოდს და ინგლისში პირველად ჩასვლას იხსენებს. ქეცბაია, ჩემის აზრით, ამ ინტერვიუში ერთ მეტად საგულისხმო რამეს ამბობს – ინგლისში და საერთოდ მაგარ ჩემპიონატში თამაში ისე ძალიან მინდოდა, რომ როდესაც ”ნიუკასლში” გადასვლის შანსი გამოჩნდა, ანაზღაურებით არც კი დავინტერესებულვარო. მე თუ მკითხავთ, სწორედ ასეთი რეაქცია უნდა ჰქონდეს ყველა ნამდვილ სპორსტმენს, რადგან მხოლოდ მაღალ დონეზე თამაშს მოაქვს დიდი ფული და მხოლოდ დიდი ფულით მიღწეული სპორტული წარმატებები მახსენდება მე ნაკლებად. იმედია, ქეცბაიას ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი მიბაძავს. იმედია… 

სტილის გრძნობის დაკარგვიდან – ყველაფრის დაკარგვამდე

0
ცოტა ხნის წინ კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა, როდესაც თავის ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა გადაცემა „მძიმე კაცთან” წამყვანის – დათო კოვზირიძის სტატუსს.

„დღეს ლარს დაენძრა, აფხაზეთი ოფიციალურად წაგვართვეს და კიდევ მოგისმენთო, გვეუბნებიან – ვამაყობ საქართველოს მთავრობით” – ეს ჟურნალისტის კომენტარია. 

„სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა ქუჩური ლექსიკით კომიკურია. სტილის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ, თორემ ყველაფერს დავკარგავთ” – ეს კი ფილოლოგის რეპლიკა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან ბრეგაძის ამ მოწოდებამ, სოციალური ქსელის ჟარგონით რომ ვთქვათ, ბევრი „ლაიქი” ვერ ააგროვა, რადგან ჩვენ ყველაზე ნაკლებად სწორედ გააზრებული, გაწონასწორებული და ზუსტი, ადეკვატური ენით გადმოცემული შეფასებები გვიჭირს. ამას ადასტურებს კიდეც ჭარბი ემოციებითა და ერთმანეთის შეურაცხყოფით, ყველაფრის ერთმანეთისთვის გადაბრალებით, წამოძახებებითა და ჭკუის დარიგებებით სავსე საქართველოს უახლესი ისტორიის თუნდაც ბოლო ოცდახუთწლიანი მონაკვეთი. 

და რაც მთავარია – ხშირ შემთხვევაში თითქოს ჩვენ თვითონვე ვაკნინებთ საკუთარ თავს (როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს), როცა გააზრებულად, გაუცნობიერებლად თუ უბრალოდ კუდაბზიკობის გამო გვერიდება (!) მნიშვნელოვან საკითხზე სერიოზულად საუბარი. გვგონია (და ვფიქრობ, სწორედ აქ ვტყუვდებით ყველაზე მეტად), რაც უფრო მსუბუქად, ირონიულად, ენისმოჩლექით, ჟარგონისა და სლენგის გამოყენებით შევაფასებთ რამეს, მით უფრო იოლად მიიღებს და გაუშინაურდება საზოგადოება.

ალბათ უტრირებაში არ ჩამომერთმევა, მაგრამ როცა ერთ წინადადებაში სიტყვები „აფხაზეთი” და „დაენძრა” მხოლოდ მძიმითაა (,) გამოყოფილი, ამის დამწერს მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, საქართველოს მთავრობა რატომ სერიოზულად არ ეკიდება ჩვენს მოთხოვნებსო.     

გეთანხმებით, სოციალური პროტესტის ფორმა მრავალგვარია – რაციონალური შეფასებიდან დაწყებული ჩვეულებრივი გინებით დამთავრებული. მაგრამ ის, რაც კერძო, პირად საუბარში მიღებული და ბუნებრივია, საჯარო სივრცეში არასერიოზული და კომიკური შეიძლება გახდეს. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ანეკდოტები, რომელსაც ყველგან ვერ მოყვები. ამასთან ერთად, არის თემები, რომლებზეც ყველგან ერთი ენით უნდა ილაპარაკო.

სტილის დაკარგვის თვალსაჩინო ნიმუშია ცნობილი პოეტის ბოლოდროინდელი ვიდეომიმართვები. შემთხვევა, თუ როგორ შეიძლება რამდენიმე მართლაც უმაღლესი რანგის ლექსის ავტორი გადაიქცეს ოდიოზურ პიროვნებად – ჯვარ-ხატებით გაწყობილი კუთხიდან დაგმოს და წყევლა-კრულვა გამოუცხადოს ყველას, ვინც მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ეთანხმება.

ცალკე სათქმელია ჩვენი ხანმოკლე მეხსიერებისა და მთავარი თემების მეორე- ან მესამეხარისხოვანით გადაფარვის ამბავი, რაც ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ თავის დროზე, დროულად და შესაბამისად (შესატყვისი ენით, შესაფერისი ქცევით) ვერ ვეხმაურებით ამა თუ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენას. 

იმავე დღის ბოლოს, როცა რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, მთელი ერის (ყოველ შემთხვევაში ქვეყნის დედაქალაქში მცხოვრებთა დიდი ნაწილის) მთავარი განსჯის საგანი მოულოდნელად მოსული წვიმა და რამდენიმესაათიანი საცობი იყო. ცხადია, ყოფითი პრობლემები ხშირად გადამწყვეტია და თითოეულ ჩვენგანს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს ხოლმე, მაგრამ ის, რაც უკრაინელ ხალხს გასული წლის სუსხიან ზამთარში ფეხს არ აცვლევინებდა „მაიდნიდან” – ეროვნული თავმოყვარეობის გრძნობა – ჩვენთვის შეიძლება მაშინვე გაქრეს, როცა ორსაათიან საცობში აღმოვჩნდებით წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნამდე.

არ დამავიწყდება: 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, როდესაც ზუგდიდი რუსეთის ჯარმა დაიკავა და ნახევრად დაცლილ ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყო სავაჭრო პუნქტი დარჩენილი, ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველმა 5-ლარიანი ლაი-ლაი ბარათი 8 ლარი დამიფასა. მაშინ, ალბათ, ათჯერ მეტს გადავიხდიდი, მაგრამ მერე, კარგად რომ დავუკვირდი ამ ამბავს, ყველაზე საშინელ სიმართლეს მივხვდი: შენი გამბედაობა (კონფლიქტის ზონაში რომ საყოფაცხოვრებო პროდუქტს ყიდი) იმ წუთასვე უფასურდება, როცა შენი მოქალაქის ხარჯზე მოინდომებ გამდიდრებას, შენი გამბედაობის კომპენსაციას მისგან დამატებითი გროშების მიღებით შეეცდები. 

მოგვიანებით ჟურნალ „ტაბულას” ინტერნეტ გვერდზე ლევან ბრეგაძეს თავის მართლებამაც მოუწია, როცა ფეისბუქ მომხმარებლის „პასუხები უხერხულ კითხვებზე” აგრესიულ კომენტარს – „ლაიქები” გაქვთ, თქვენი ეგო კმაყოფილია, ბატონო ლევან? როცა აფხაზეთი კულტურულად აგვახია რუსეთმა, „ბრძენმა” პუტინმა (პატრიარქისა არ იყოს). როცა ხალხი სიხარბით დაბრმავებულია, დაგოიმებულია და მაინც „ქოცობს”, რა დროს „სტილის გრძნობაა”?! – რბილად, შემწყნარებლურად უპასუხა: 

„ნუ გამინაწყენდებით, მე ჩემი „სამრეკლოდან” ვრეკავ ხოლმე – ფილოლოგიის „სამრეკლოდან”.

რას ვიზამთ, ეტყობა ჩვენში ისე მკვიდრადაა პარტიული (და არა სახელმწიფოებრივი) აზროვნება ჩაშენებული, რომ ცნობილი პოეტიცა და უბრალო ფეისბუქ მომხმარებელიც შეიძლება ერთ ენაზე ალაპარაკოს – მათთვის ხომ ერთნაირად მიუღებელია საპირისპირო აზრი, ან ადამიანი, ვინც თუნდაც კეთილი განზრახვით მოგცემს რჩევას. და ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ თუ სტილის გრძნობას დაკარგავ, ყველაფერი შეიძლება დაკარგო, რადგან, ერთი ფრანგი მწერლისა არ იყოს, სტილი – ადამიანია.  

მასწავლებლების შეფასება – საერთაშორისო გამოცდილება- (მესამე ნაწილი)

0
როგორც სტატიის წინა ნაწილებში აღვნიშნავდით, მასწავლებლის საქმიანობის ექსპერტიზისადმი თანამედროვე მიდგომები პედაგოგის შეფასებას განიხილავს, ზოგადად, სკოლის განვითარების კონტექსტში. მკვიდრდება რა სკოლაში ასეთი სისტემა, ეს ხელს უწყობს არა თითოეული მასწავლებლის, არამედ მთლიანად სკოლის ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლის შეფასება არ არის განათლების  ხარისხის ამაღლების ერთადერთი საშუალება. მოწინავე ქვეყნების მთავრობები დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისათვის, რომ სკოლებში მოიზიდონ ნიჭიერი, შემოქმედებითი და ინტერესიანი კადრები. 

უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული კვლევების რიცხვი. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლებში პრობლემა კარგი მასწავლებლების ნაკლებობა კი არა, ცუდი მასწავლებლების სიჭარბეა. ამიტომ დგება საკითხი: როგორ მივაღწიოთ იმას, რომ სკოლაში არ მოხვდნენ შემთხვევითი, პროფესიაში ხელმოცარული ადამიანები?  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ძალიან რთულია სკოლისათვის არაკომპეტენტური მასწავლებლისაგან  გათავისუფლება. ამას თუ დავუმატებთ ჩვენს ზოგიერთ რაიონში მასწავლებელთა ნაკლებობას, დაბალი კვალიფიკაციის პედაგოგების არსებობის პრობლემა კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს იძენს.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პედაგოგთა  კადრებთან დაკავშირებით მუშაობა ორი მიმართულებით  მიმდინარეობს: ერთი – ეს არის სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებით  და მეორე – სკოლისათვის შესაფერისი კადრების მოზიდვა-შერჩევა. კვლევები სამწუხარო სურათს გვიჩვენებს: მასწავლებლის პროფესიას ხშირად ირჩევენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით არ შეეფერებიან მასწავლებლის პროფესიას, არა აქვთ გაცნობიერებული ამ პროფესიის მნიშვნელობა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი, სავარაუდოდ, კარგი მასწავლებლები ვერ იქნებიან. თუ ჩვენს რეალობას გავითვალისწინებთ, საქართველოში მასწავლებელთა დაბალი ანაზღაურების გამო ეს პროფესია კიდევ უფრო კარგავს მიმზიდველობას, რის გამოც ჭირს მასწავლებლობით ახალგაზრდების დაინტერესება.

უცხოეთის ბევრ ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიული მახასიათებლების ანალიზის საფუძველზე დამუშავებულია სპეციალური თვითშეფასების ანკეტები სტუდენტებისათვის, მომავალი მასწავლებლებისათვის. ასეთი ანკეტები ეხმარება სტუდენტებს მასწავლებლის საქმიანობის სპეციფიკის გაგებაში და იმაში, რომ მათ უფრო გააზრებულად აირჩიონ პროფესია და მომზადებულები შეხვდნენ იმ გამოწვევებს, რომლებიც პედაგოგის პროფესიასთანაა დაკავშირებული. თუმცა ასეთ სტუდენტთა რიცხვი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაინც მცირეა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე მიდგომები მოქმედი მასწავლებლის შეფასებას განიხილავს როგორც პროფესიული განვითარების მხარდაჭრის საშუალებას. ფასდება არა მასწავლებელი, არამედ მისი პროფესიული ზრდა. ამიტომ აქცენტი კეთდება პირობებზე, პროცესსა და შედეგზე და არა ადამიანებზე. თვითშეფასებისა და შიდასასკოლო თუ გარე შეფასების საფუძველზე მასწავლებელი გეგმავს საკუთარ პროფესიულ განვითარებას, ადევნებს თვალს თავისივე პროფესიულ ზრდას. შემდგომი თვითანალიზისა და საქმიანობის ექსპერტიზის საფუძველზე ის ხელახლა გეგმავს პროფესიულ თვითგანვითარებას. ასე რომ, ეს არის პროფესიული სრულყოფის ციკლი, რომელიც ზეაღმავალი სპირალის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ. ამ ციკლის შეუჩერებლად ფუნქციონირებას უნდა განსაზღვრავდეს სწორედ მასწავლებლების  საქმიანობის შეფასების სისტემა.

სკოლების განვითარების შესახებ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებლის შეფასების ამა თუ იმ ფორმის დანერგვის ეფექტიანობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად არიან ჩართულები თავად მასწავლებლები მათ შემუშავებაში. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ცვლილებათა მენეჯმენტის კანონები. სანამ შემაჯამებელი შეფასება გაკეთდება, სკოლებს სთავაზობენ შეფასების ისეთ ვარიანტებს, როგორებიცაა „შეფასება-დახმარება”, როცა სკოლას ეხმარებიან თითოეული მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების და, ზოგადად, სკოლის დონეზე საჭიროებების დადგენაში, „შეფასება-სერვისი”, როდესაც სკოლებს სთავაზობენ შეფასების სხვადასხვა ინსტუმენტის ან ინსტუმენტების კომპლექსის გამოცდას და „შეფასება პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად”, რომელზედაც წინა წერილებში ვისაუბრეთ. ამ ეტაპზე სკოლები (შესაბამისად, მასწავლებლები) ნებაყოფლობით ერთვებიან შეფასების პროცესში, რაც ეხმარება მათ შემოწმებისა და კონტროლის მიმართ დაძაბულობისა და შიშის დაძლევაში. ამის შემდეგ ეს პროცესი ხდება სავალდებულო. 

დროთა განმავლობაში პროფესიული თვითგანვითარების დაგეგმვა უნდა იქცეს მასწავლებლის პროფესიის განუყოფელ ნაწილად. ამის სწავლა უნივერსეტეტებშივე უნდა დაიწყოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ფასდება ის, თუ როგორ ვითარდება პროფესიული თვალსაზრისით მასწავლებელი. ასეთი მიდგომა ნელ-ნელა ამტკიცებს თავის ეფექტიანობას. მხოლოდ  ამ შემთხვევაში შეიძლება ანაზღაურების გაზრდამ ზემოქმედება მოახდინოს მასწავლებლის საქმიანობის და, აქედან გამომდინარე, განათლების ხარისხზე. ამიტომ სანამ ქართველი მასწავლებლები „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის” მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოვხატავთ, დავუცადოთ პროცესებს, ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია, დასაწყისი თქვენივე პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისა, დასაწყისი იმისა, როგორ მოვიზიდოთ სკოლაში ნიჭიერი ახალგაზრდები და როგორ გავუჩინოთ პროფესიული განვითარების მოტივაცია მოქმედ მასწავლებლებს. 
     

სოლ ბელოუს სევდიანი მილიონერი

0

მსოფლიო უზარმაზარი კორპორაციაა, სადაც ხშირად არ ვუფიქრდებით, რა გვსურს ჩვენ სინამდვილეში. ყოველდღიური რუტინა ცდილობს, არ დაგვაფიქროს მთავარზე. არც იმაზე, საერთოდაც, რა არის მთავარი?! საკუთარი თავების გამოტოვება მავნე ჩვევაა. მარტივია, გამოტოვოთ პუნქტუაციის სრული პაკეტი მთელს უზარმაზარ ნაწარმოებში, მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, როგორ შეგიძლიათ, საკუთარი თავი გამოტოვოთ ამავე ნაწარმოებში?!- დიახ, ავტორობა გამორიცხავს ეგოს დაუფიქსირებლობას. მაშინ, როცა კონექტიკუტელი მილიონერი მიხვდა, რომ საკუთარი ცხოვრება თვალსა და ხელს შუა მეზობლის ცხოვრებასავით გაეპარა, თითქოს სწორედ მეზობელი ყოფილიყოს მისი ცხოვრების ავტორი, თითქოს სასახლეში ღორების ფერმაც სრულიად გაუცნობიერებლად ვიღაცამ, სხვამ აუშენა, თითქოს შვილებიც და ცოლებიც სიზმრებში მოახდინა, ძალიან არ მოეწონა თანაავტორობის 55 წლიანი ციკლი და აფრიკაში წავიდა. საკუთარი ცხოვრების და პასუხების საპოვნელად ასეც მიდიან ხოლმე. სხვაგან.

სოლ ბელოუს რომანი “ჰენდერსონი, წვიმის მეფე” სულ რამდენიმე თვის წინ გამოსცა “დიოგენემ” ლელა დუმბაძის შესანიშნავი თარგმანით. ნობელიანტი ბელოუ უმნიშვნელოვანესი ამერიკელი რომანისტია და როგორც ამბობენ, აფრიკაში საკუთარი თავის საპოვნელად გაქცეული ჰენდერსონის შესახებ დაწერილი რომანი მისი საყვარელი ტექსტი გახლდათ. ასეა თუ ისე, კოლექტივიზმის და უამრავი სხვადასხვა ვალდებულების ქვეშ შეყუჟული ინდივიდუალობის გადარჩენის თემა დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ადრე.
დღესაც აქტუალურია ეს “გაქცევები”. თბილისელი სალომე იმავე მიზნით გარბის ქვეყნის დასალიერში, რა მიზნითაც- ლონდონელი ჯონი. არა, ბაკურიანი მსოფლიოს დასალიერი, ალბათ, არ იყო (გააჩნია, რომელი გეოგრაფიული პუნქტიდან შევხედავთ), მაგრამ, მე კარგად მახსოვს ჩემი ათდღიანი გადახვეწა და ის სიმარტოვე, რომელმაც კიდევ უფრო ბევრი კითხვა გამიჩინა. მოვუსმინე საკუთარ თავს, იმდენი ვუსმინე, იმდენი, რომ თავი რამდენიმე მეგონა და მარტოობა არ გამომივიდა. მერე საკუთარ თავებს ყავა მოვუდუღე, ფუმფულა პლედები მოვახურე და ნარჩევ- ნარჩევი წიგნები დავურიგე. ვერაფერი ვიპოვე იმ ზამთარს ბაკურიანში, შესაძლოა, ასაკის სიმცირის გამოც. 19 წლის ასაკობრივ განმარტოებად შევრაცხე და დავივიწყე.
მაგრამ 55 წლის იუჯინ ჰენდერსონი ტოვებს ყველაფერს და მიდის აფრიკაში, სამყაროში, რომლის უცხო ცივილიზაციაც, წესით, ცოტა დამაბნეველი ამბავია მილიონერისთვის. მაგრამ იუჯინს, შეუძლია, დაუმეგობრდეს ერთ- ერთი ტომის ბელადს, რომელიც ისეთი ბრძენია, როგორი ბრძენებიც, საერთოდ, ტომის ბელადები არიან. ცხოვრებისეული, ბუნებრივი, უცნაური სიბრძნეებით. გაუგებრად ბრძენ ბელადებს საოცარი ნიჭი აქვთ, ადამიანების ცხოვრება შეცვალონ.
უხეში, სევდიანი, ჩვეულებრივი, ადამიანური ჰენდერსონის ცხოვრებისეული მოვალეობა: მუდმივი თავისმართლება და სწორად ცხოვრების მცდელობა ძალიან ჰგავს უნიჭო სპექტაკლს, რომლის მსახიობები განსაკუთრებულად კარგი გრიმისა და კოსტიუმების ხარჯზე იმსახურებენ მოწონებას. აი, აფრიკაში კი, სადაც ძროხები წყურვილით მხოლოდ იმის გამო კვდებიან, რომ წყალსაცავის გასუფთავება დაპატრონებული ბაყაყებისგან არც ისე მარტივია, რადგან საქმე სხვა ცივილიზაციასთან და შეხედულებებთან გვაქვს, სადაც დინამიტის ჩაგდება ხელის ერთი მოძრაობა არ არის და არც სპექტაკლები იმართება, იუჯინს მოქმედების საშუალება ეძლევა. აქ, ადამიანების თითქოს გულუბრყვილო, გულწრფელი სახეების, ემოციების პირისპირ მდგომს, წარმოდგენა არ აქვს, რა არის სწორი ან არასწორი, ის არ იცნობს ამ საზოგადოებას, შესაბამისად, უნდა ჩაჰკიდოს ხელი საკუთარ თავს და იმოქმედოს საკუთარი პრინციპების მიხედვით.
ჰენდერსონი ნელ- ნელა ცოცხლდება ზღაპრულ წიგნში, იწყებს სუნთქვას და თქვენ წარმოიდგინეთ, ვარირის ტომის კერპადაც კი იქცევა. მას შეუძლია, იყოს წვიმის მეფე, გვალვის დამმარცხებელი და დაჰფუსთან, მეფესთან საინტერესო დიალოგები გამართოს, არა იმიტომ, რომ ვინმეს თავი მოაწონოს, არა, მას ჭეშმარიტების, პასუხების პოვნა უნდა.
ეს წიგნი მათთვისაა, ვისი “სულიერი ნგრევაც ბავშვობიდან დაიწყო”, მათთვისაც, რომლებსაც ეს ეტაპი მოგვიანებით დაუდგათ და მათთვისაც, რომლებსაც ყველაფერი რიგზე აქვთ. რადგან კაცმა არ იცის, როდის მივხვდებით, რომ საკუთარ ცხოვრებას უნდა დავეწიოთ.

მოლეკულათა სეპარატიზმი

0

დიდებული სიტყვაა „თვითმყოფადობა”. მდგომარეობა – კიდევ უკეთესი… როგორც წესი, მაღლა, მთის წვერზე შემოსკუპებული, თვალში საცემად, ადვილად დასანახად, მიმზიდველად, ზოგჯერ – მაცდუნებლადაც… მისკენ ორი ბილიკი მიდის, ორივე – რთული, ოღროჩოღრო, ნარეკლიანი, საცალფეხო, ჩამოქცეულ-ჩამოღრანტული… ამიტომაც ამ მწვერვალზე ყველა ვერ ადის. ვინც ავიდა, ბევრი დრო და დიდი ძალისხმევა დასჭირდა, უამრავი ოფლი და სისხლი დაღვარა… პირველ ბილიკს თავისუფლება ჰქვია, მეორეს – სეპარატიზმი… რა განსხვავებაა მათ შორის? ამაზე მოლეკულები მოგვიყვებიან.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი: თვითმყოფადობისკენ მიისწრაფვის ყველა და ყველაფერი, დიდი და პატარა, თუმცა, რაც უფრო პატარაა სისტემა (მოლეკულა, ერი), მით მეტად აქვს გამძაფრებული ეს გრძნობა.

ახლა კი მოლეკულებს მოვუსმინოთ.

ორგანული ქიმია ნახშირბადატომების ქიმიაა. მოლეკულები, რომლებიც მხოლოდ ნახშირბადებისგან (და მათი მხლებელი წყალბადატომებისგან) შედგება, მილიონობით წელია არსებობს დედამიწის წიაღში თუ მის ზედაპირზე. მაგრამ ნახშირბადოვან ჯაჭვში არცთუ იშვიათად ვხვდებით სხვა ჯურის ატომებსაც (ჰეტეროატომებს). სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ნახშირწყალბადების მოლეკულები სხვა კლასის ნაერთებად იქცევიან და მოლეკულათა ქცევის ახალ წესებს აწესებენ. საკმარისია, ნახშირბადოვან ჩონჩხში ჟანგბადის ერთი ატომი ჩავრთოთ, რომ ნახშირწყალბადი უმალ სპირტად, ეთერად, მჟავად, პეროქსიდად თუ სხვა კლასის წარმომადგენლად იქცევა. მაგრამ ნახშირბადატომები ძალიან ტოლერანტულები არიან და ადვილად ეგუებიან მათ. მათთან ერთად საუკუნეების განმავლობაშიც კი შეუძლიათ მშვიდად ცხოვრება. არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია ღვინით სავსე ქვევრები; მათში არსებული ეთილის სპირტის მოლეკულებში ნახშირბადისა და ჟანგბადის ატომები მშვიდად განისვენებენ გვერდიგვერდ… მაგრამ მოდი, პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ:

ავიღოთ კოლბა, ჩავასხათ მასში სპირტი, შემოვდგათ ქურაზე და გავაცხელოთ. რა მოხდება? ცხადია, მცირე ხნის შემდეგ სპირტი დუღილს დაიწყებს. თუ ჯიუტად გავაგრძელებთ გაცხელებას და სპირტის მოლეკულებს მოსვენების საშუალებას არ მივცემთ, სითბოთი შეწუხებული ეთანოლის მოლეკულები კოლბას დატოვებენ და ჰაერში გაიფანტებიან. მოვარგოთ კოლბას უკუმაცივარი. სითხიდან ამომხტარი მოლეკულები მაცივარში მოხვდებიან, გაცივდებიან და უკანვე დაბრუნდებიან… და ეს პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. აქ ერთი დეტალია საინტერესო: ნახშირბადისა და ჟანგბადის ატომები ბმაბმაჩაკიდებულები დაქრიან სისტემაში ქვევიდან ზევით თუ ზევიდან ქვევით, ისე ეჯახებიან კოლბისა თუ მაცივრის კედლებს, ერთიმეორეზე აუგი არ დასცდებათ…

გავაგრძელოთ ჩვენი ექსპერიმენტი და კოლბაში ერთი წვეთი მჟავა ჩავაწვეთოთ.

მოხვდება თუ არა სისტემაში ელექტრონგაღლეტილი წყალბადის ატომი (პროტონი), მაშინვე დაიწყებს თავისი ზრახვების ასრულებას – ელექტრონის მიერთებას. მისი სამიზნე უცხოტომელი ატომი (ჰეტეროატომი) ხდება. საინტერესოა, რა ზუსტად გათვლილი ტაქტიკით იგდებს პროტონი ხელში ელექტრონს.

ერთი შეხედვით, მას მხოლოდ ერთი ელექტრონი სჭირდება. მაგრამ გარედან მოსულ ჩია ტანის უცხოტომელს ელექტრონს არავინ მისცემს, ამიტომ იგი ჰეტეროატომის „პატრიოტულ” გრძნობებზე იწყებს მუშაობას. ჯერ ჟანგბადის ატომის ელექტრონულ წყვილს აეტორღიალება. ბევრი გულცივად იშორებს თავიდან, მაგრამ ბოლოს მაინც პოულობს საკბილოს – არწმუნებს ჟანგბადის ატომს, რომ თუ მას საზიაროდ მისცემს ელექტრონებს, „აღდგება ისტორიული სამართლიანობა” და ჰიდროქსილის ჯგუფი დამოუკიდებელ წყლის მოლეკულად ჩამოყალიბდება. ასე იწყება მოლეკულაში შინააშლილობა და ქიმიური რეაქცია. მერე კი პროცესი უკვე თავისთავად გრძელდება; მოხლეჩილი (გამოყოფილი) წყლის მოლეკულა თავისი გზით მიდის, საზღვრებს შემოივლებს, გაემიჯნება და გაეუცხოება ეთილენს (არადა, გუშინ მშვიდად ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ…) – ეთილენი და წყალი ერთმანეთს არ ერევა.
 

ეს ერთადერთი რეაქცია არ არის, რომელიც ელიმინირებით (მოხლეჩით) მიმდინარეობს. არსებობს რეაქციები (კონდენსაციის), რომელთა დროსაც ასევე გამოიყოფა პატარა მოლეკულები და რეაქციის შედეგად მიზნობრივი დიდი მოლეკულური მასის მქონე ნაერთები წარმოიქმნება.

კიდევ რა არის ამ რეაქციებში საინტერესო? საქმე ის გახლავთ, რომ არც ერთ მათგანს ექსპერიმენტატორი პატარა მოლეკულების (ჩვენს შემთხვევაში – წყლის) მისაღებად არ ატარებს; მისი სამიზნე დიდი მოლეკულის მიღებაა. წარმოქმნილი წყალი კი მაშინვე კანალიზაციაში იღვრება და მსოფლიო ოკეანესთან ასიმილირდება.

როგორც ჩანს, გარდაქმნის ეს მექანიზმი საერთოა მოლეკულებისა და ერებისთვის…

კლასის მართვა

0
მასწავლებლისა და მოსწავლის ჰარმონიული, კეთილგანწყობილი, პატივისცემით, ნდობითა და სიყვარულით გამსჭვალული ურთიერთობა სრულყოფილი სასწავლო პროცესის განმსაზღვრელია. საკლასო დისციპლინა უმნიშვნელოვანესია კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად. ამ კუთხით განხორციელებული კვლევები ადასტურებენ, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გაჩენილ მცირე უთანხმოებას, რომელიც შეიძლება უფსკრულად, გადაუჭრელ პრობლემად იქცეს, აქვს თავისი მიზეზები, რომელთა გარკვევაც სამომავლოდ ამგვარ საფრთხეს შეამცირებს. დამნაშავის ძიება ხშირად საქმეს არ შველის. უდისციპლინო მოსწავლეს ან სხვა კლასში  გადაიყვანენ, ან გარიცხავენ, ან სხვა ზომებს მიმართავენ, მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარდება. საჭიროა მასწავლებლისა და მოსწავლეების შეთანხმებული მოქმედება საკლასო დისციპლინის გასაუმჯობესებლად, რათა მასწავლებელს მიეცეს საშუალება პროფესიონალიზმის სრული გამოვლენისა, ხოლო მოსწავლეებს _ სწავლისა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა  კლასი გაიაზროს, როგორც საზოგადოების ერთგვარი მიკრომოდელი, და იფიქროს მისი მართვის ხერხების გამრავალფეროვნებასა და დახვეწაზე.

მასწავლებელიცა და მოსწავლეც, როგორც საზოგადოების წევრები, ირეკლავენ ამ საზოგადოებაში არსებულ ქცევის ნორმებს. პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის შესახებ უამრავი სოციოლოგიური გამოკვლევა არსებობს. ამჯერად კლასი განვიხილოთ, როგორც გარკვეული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრებს შორის ჩამოყალიბებული ქცევის ნორმებიც აისახება საგაკვეთილო პროცესზე. 

კლასში არსებობენ განსხვავებული შეხედულებების მქონე მოსწავლეები, ლიდერები და აუტსაიდერები. მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა იმართოს ეს ჯგუფი სხვადასხვა ხერხით ისე, რომ სწავლისთვის სასურველი გარემო შეიქმნას. ცნობილია სოციოლოგ მიზაფერ შერიფის აუტოკინეტიკური ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა, რა დიდი გავლენა აქვს ჯგუფში არსებულ თვალსაზრისს მის წევრთა შეხედულებაზე, როგორ იცვლიან ერთეული გამონაკლისებიც კი თავიანთ აზრს, რათა ჯგუფს არ დაუპირისპირდნენ. 

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა უცხოელ კოლეგათა გამოცდილების გაზიარება. დოქტორი ტოდ ფინლი, კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი და მასწავლებელი, ფიქრობს, რომ კლასსაც, როგორც ჯგუფს, აქვს თავისი ჩამოყალიბებული ნორმები. როგორ შეიძლება დავახასიათოთ  ისინი?

განსხვავებით იმ წესებისაგან, რომლებსაც მასწავლებელი მუშაობის დაწყებისას წარუდგენს ხოლმე კლასს, ნორმა არის ურთიერთშეთანხმება კლასის წევრებს შორის, თუ როგორი იქნება მათი ურთიერთობა. პედაგოგიური ფსიქოლოგიის პროფესორის, გარი ბერიჩის აზრით, სამი ტიპის ნორმა არსებობს: პირველი განეკუთვნება უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, მეორეა მორალური ნორმები (მოსწავლეთა ურთიერთდახმარება), ხოლო მესამე ეხება მოწესრიგებულობას (ყველამ თავისი მაგიდა უნდა დაალაგოს).

ჯგუფური მუშაობის სტადიებისა და ნორმირების შესახებ ბრუს თუქმანის გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ ჯგუფის განვითარება ხუთ ეტაპად მიმდინარეობს, მიუხედავად ჯგუფის წევრთა კულტურისა, ენისა და მიზნებისა: ფორმირება, იერიში (როლების, ფუნქციების გადანაწილება), ნორმირება, შესრულება, გადაადგილება (ცვლილება). მასწავლებელმა ორი-სამი კვირა უნდა მისცეს მოსწავლეებს პირველი ორი საფეხურის შესასრულებლად.

1.ფორმირება – მოსწავლეები შფოთავენ იმის გამო, თუ როგორ მიიღებენ  მათ სხვები და, შესაბამისად, ფრთხილად იქცევიან.

2.იერიში (როლების, ფუნქციების გადანაწილება) – გამოკვეთილ მოსწავლეებს შორის ჩნდება ერთგვარი კონფრონტაცია, რათა გაირკვეს თითოეულის როლი და ფუნქცია. 

3.ნორმირება – ჯგუფში თანდათან ყველაფერი ლაგდება, მოსწავლეთა ურთიერთშეთანხმებულობა იზრდება, ყალიბდება ნდობის, თანაგრძნობისა  და პატივისცემის ატმოსფერო. 

4.შესრულება – ჯგუფი შეკრული და ავტონომიურია, თითოეული წევრის მიზანი ჯგუფის საერთო ინტერესებს ექვემდებარება და ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

5.ცვლილება – უთანხმოება ხდება წევრებს შორის, რასაც ცვლილებები მოსდევს. 

როგორ უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ყოველივე ეს?

ის უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს სწორი და შესაბამისი მიზნების ჩამოყალიბებაში, რათა მათ წარმატებით დაძლიონ პირველი ეტაპი. იერიშის, როლებისა და ფუნქციების გადანაწილების პროცესში, გარკვეული დაძაბულობის შექმნისას, მასწავლებელი თვალყურს აუღელვებლად უნდა ადევნებდეს, რათა შექმნილი კონფლიქტი დროულად მოაგვაროს. მან უნდა აღუწეროს მოსწავლეებს ჯგუფის განვითარების ეტაპები,  რათა მათაც გააზრებული ჰქონდეთ ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ.

როგორ უნდა შეუწყოს ხელი მასწავლებელმა საკლასო ნორმების ჩამოყალიბებას?

მან უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ საკლასო ნორმების ჩამოყალიბება აუცილებელია საკლასო კულტურის განვითარებისთვის, ეს ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას  და ცოდნის შეძენის პროცესს აუმჯობესებს. ისინი, რომლებიც ერთგვარ შფოთვასა და მოუთმენლობას გამოხატავენ, მასწავლებელმა  უნდა დაარწმუნოს, რომ  კლასის საერთო ინტერესები მხოლოდ რომელიმე ერთის საჭიროებებს არ ეფუძნება, ისინი ერთად უნდა გაემართონ საერთო მიზნისკენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩამოყალიბებული ნორმები შეიძლება გარკვეული ხნის შემდეგ შეიცვალოს იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მათი შესრულების პროცესი.

მასწავლებელმა პატარა ჯგუფებს უნდა დაავალოს იმ სქემის შევსება, რომელიც  T-დიაგრამის სახით არის მოცემული. მოსწავლეებმა მარცხნივ უნდა დაწერონ პრობლემა, ხოლო მარჯვნივ – წესი (ნორმა), რომელიც მის გადაჭრას შეაძლებინებს. სანამ შეავსებენ, მასწავლებელი უნდა ესაუბროს მათ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, თვითონ უნდა გააკეთოს პირველი ჩანაწერი, რათა პროცესის მოდელირება შეძლოს, თვალსაჩინო გახადოს დავალება.
 
   პრობლემანორმა   
წინა სემესტრში ან ბოლო  ორი კვირის განმავლობაში რამ შეგიშალათ ხელი სწავლის პროცესში?რაგვარმა გონივრულმა ნორმებმა შეიძლება    აღმოფხვრას სწავლის დამაბრკოლებელი საფრთხე?   

1. როდესაც მოსწავლეები დასცინიან იმ ბავშვებს, რომლებიც შეცდომებს უშვებენ, ჩვენ აღარ გვინდა საკლასო დისკუსიაში მონაწილეობა.1. არ გაიცინო სხვის შედომებზე. ამ კლასში  დაცინვით არავის არ შეურაცხყოფენ.   
2.2.   
3.3.   
4.4.   
5.5. 
ამ დავალების შესრულებისთვის მოსწავლეებს მიეცით 10-15 წუთი. შემდეგ განიხილეთ ყოველი ჯგუფის დაწერილი, შეაჯერეთ და შექმენით  საერთო, ყველასთვის მისაღები წესების ჩამონათვალი. 
რა არის კლასში პოტენციური პრობლემების წყარო?
1.მოსწავლეთა ურთიერთობა;
2.ფიზიკური სივრცე ან პირადი საკუთრება;
3.მგრძნობიარე თემები;
4.ცვლილებები;
5.როდესაც მასწავლებელი გადის/არ არის ოთახში; 
6.როდესაც საკითხების განხილვა ადრე დამთავრდება;
7.სმარტფონები;
8.ფანქრით ხატვა, ფურცლებით თამაში;
9.სიმორცხვე ან იმედგაცრუება;
10.მოუთმენლობა;
11.სხვისი აზრის უპატივცემულობა;
12.საჭირო მასალის უქონლობა და სხვ. 

როდესაც მოსწავლეები ჯგუფებში ჩამოწერენ გარკვეულ წესებს, ყველაფერი დაწერეთ დაფაზე და თვითონაც დაამატეთ. შეიძლება რაიმე წესმა კამათიც გამოიწვიოს, ამიტომ ყოველივეზე შეთანხმდით. მიზანი ერთი უნდა იყოს:  ამ წესებმა აკადემიური მოსწრება უნდა გააუმჯობესოს. შეიძლება თითოეულ წესზე კენჭისყრაც, რათა ყველასთვის გასაზიარებელი იყოს. შემდეგ ეს წესები კედელზე თვალსაჩინოდ გააკარით. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს შეიძლება შეასრულებინოს შემდეგი ორი სავარჯიშო, რომლებიც ხელს უწყობენ ნორმირების პროცესს.

სავარჯიშო #1: რა უნდა იცოდეთ ჩვენ შესახებ?

მიზანი: დაეხმაროს მოსწავლეებს, გაითავისონ თანაკლასელთა საჭიროებანი.

სანამ წესების ჩამოყალიბებაზე იმსჯელებთ, მოსწავლეებს სთხოვეთ, დაჯგუფდნენ საერთო ინტერების მიხედვით: ერთი მხრივ,  ჩამოწერონ, რა აერთიანებთ, რა მსგავსება აქვთ, მეორე მხრივ – რა უნდათ, რომ სხვებმა იცოდნენენ მათ შესახებ. შემდეგ ეს კლასს უნდა გააცნონ.

სავარჯიშო #2: რა გაიგეთ?

მიზანი: დაეხმაროს მოსწავლეებს,  სწორად აღიქვან ერთმანეთის საჭიროებანი. 

მოსწავლეებმა უნდა ჩამოწერონ, თუ რა გაიგეს, როგორ აღიქვეს თანაკლასელთა საჭიროებანი, იმსჯელონ და დააზუსტონ; რაც არასწორად გაიგეს, გაარკვიონ.

რა თქმა უნდა, ყოველივე ამას მიაქვს გარკვეული დრო, მაგრამ როდესაც მოსწავლეები გაარკვევენ ერთმანეთის ღირებულებებს, მისწრაფებებს, მიზნებს, საჭიროებებს, მეტი ნდობა ექნებათ, საკლასო ატმოსფეროც იქნება მშვიდი. კეთილგანწყობილი მოსწავლეები  უკეთესად ისწავლიან და მეტ წარმატებასაც მიაღწევენ. ტოდ ფინლის აზრით, ამას ადასტურებს მეცნიერული კვლევა.

განათლების ექსპერტის, რებეკა ალბერის აზრით, კლასის მართვა განსაკუთრებით ახალბედა მასწავლებლებს უჭირთ. ამ შემთხვევაში, ის დისციპლინასთან გამკლავების  5 მნიშვნელოვან ხერხს გვთავაზობს:

#1 ისაუბრეთ ბუნებრივად.

სწავლებისას თქვენი ხმა ბუნებრივად უნდა გაისმოდეს. ხმის აწევით საუბრისას ხმას დაკარგავთ. მასწავლებელი ხმას უწევს, რათა ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ეს არასწორია – სიმშვიდესაც არღვევს კლასში და მასწავლებლის იოგებსაც ვნებს. მოსწავლეები მის ხმას სარკესავით  აირეკლავენ და ისინიც ასევე ილაპარაკებენ.

საუბრისას მუდმივად უნდა ცვალოთ ტონი. ბრძანების ტონით უნდა მისცეთ დავალება, მაგრამ თუ რაიმეს ეკითხებით პერსონაჟის ხასიათის ან რომელიმე ისტორიული მოვლენის შესახებ, მაშინ თქვენს ხმას სასაუბრო ტონალობა უნდა ჰქონდეს.

#2 ისაუბრეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსწავლეები წყნარად და ყურადღებით იქნებიან.

მასწავლებელმა უნდა მოიცადოს მანამ, სანამ კლასში ხმაური და შფოთვა არ ჩაწყნარდება და მერე უნდა დაიწყოს ახსნა-განმარტება, მსჯელობა. ამ დროს შეიძლება თვითონ მაოსწავლეებმაც გააჩუმონ ერთმანეთი, რადგან დაინახავენ, რომ თქვენ დუმხართ და ელოდებით.  შეიძლება ამ მოცდამ გარკვეული დრო წაიღოს, მაგრამ ეს აუცილებელია საგაკვეთილო პროცესის ნორმალიზებისათვის. ამისთვის კი მოთმინებისა და ნებისყოფის გამუდმებით წვრთნაა საჭირო.

#3 გამოიყენეთ ხელები, მინიშნებები და სხვა არავერბალური საურთიერთო საშუალებები (ჟესტ-მიმიკა). 

მოსწავლეთა დასაწყნარებლად შეიძლება ხელის აწევა ან თვალებით მინიშნება, რომ დაწყნარდნენ. მასწავლებელმა შეიძლება ყველას ააწევინოს ხელები და შემდეგ დააშვებინოს – მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი.  შეიძლება მასწავლებელმა 2-3 წუთიც მისცეს, რათა მოსწავლეებმა საუბარი დაასრულონ. 

დაწყებით კლასებში შეიძლება მოსწავლეებს ტაში შეამოაკვრევინოთ: სამჯერ წინ და ორჯერ ზურგს უკან. ამგვარად გაახალისებთ და გაააქტიურებთ, მთელ ყურადღებასაც მასწავლებლისკენ მიაპყრობინებთ. 

#4  კლასისთვის შეუფერებელ ქცევაზე მიუთითეთ სწრაფად და გონივრულად.

მასწავლებელი მოსწავლის შეუსაბამო ქცევაზე სწრაფად და ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს. არც ერთი მოქმედება არ უნდა დატოვოს ყურადღების მიღმა, თორემ უმნიშვნელო უდისციპლინობამ შეიძლება გამოუსწორებელი სახე მიიღოს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ დაადანაშაულებთ მოსწავლეს, შეეცადეთ გაარკვიოთ მისი უმსგავსი ქცევის მიზეზი. შეიძლება ჰკითხოთ კიდეც, შეგიძლიათ თუ არა რაიმეთი დაეხმაროთ („ალბათ რაღაც გაინტერებს, მკითხე!”). თუ მოსწავლეებს უთანხმოება აქვთ, შეეცადეთ გაკვეთილის შემდეგ უშუალოდ, მეგობრულად დაელაპარაკოთ და ყოველივე მშვიდობიანად მოაგვაროთ.

#5 ყოველთვის  კარგად დაგეგმეთ გაკვეთილი.

ეს ყველა რჩევაზე მნიშვნელოვანია. წინასწარ დაგეგმეთ მთელი საგაკვეთილო პროცესი. მაშინ ნაკლები საშიშროება იქნება იმისა, რომ დარჩეს „ცარიელი ადგილები” ხმაურისა და გაურკვევლობისთვის. დაუგეგმავ გაკვეთილზე უფრო მეტს მასწავლებელი ლაპარაკობს, მოსწავლეები არ არიან ჩართულნი, შესაბამისად, ყურადღება ეფანტებათ და მზერა განზე გაურბით, რაც იწვევს კიდეც უდისციპლინობას.

რა თქმა უნდა, ყოველი მასწავლებელი ინდივიდუალურია თავისი თვისებებითა და გამოცდილებით. ხშირად რჩევა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ის ვერ მიესადაგოს კონკრეტულ შემთხვევას. ამიტომ, მთავარია არა უნივერსალური რჩევებისა და წეს-კანონების ძიება, არამედ გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე და იმ ოპტიმალური საშუალებების გამონახვა, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას.

სწავლების პროცესს სასიამოვნოს და საინტერესოს მხოლოდ მასწავლებლისა და მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევა ხდის.

გენდერული თანასწორობა – თემა კლასის საათისათვის

0
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1999 წლის 54/134 რეზოლუციით, ყოველი წლის 25 ნოემბერს აღინიშნება  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღით იწყება 16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც სრულდება 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.

დამრიგებლების მიერ კლასის საათების თემატიკაში  გენდერული ბალანსისა და გენდერული ძალადობის საკითხების გათვალისწინება კარგი აქტივობა იქნება მოსწავლეთა სამოქალაქო კომპეტენციის შესაბამისი (სქესთა შორის ბალანსი, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, ძალადობა… )  მიმართულებით განვითარებისათვის.

პირველი ვარიანტი 

კლასის საათის თემა: გენდერული თანასწორობა
დრო: 60 წუთი
მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ გენდერული თანასწორობის პრობლემას, იაზრებენ ძალადობის გამოვლინების სხვადასხვა ფორმებს. მსჯელობენ გენდერული დისკრიმინაციის შესახებ.

შედეგი: მოსწავლეები შეისწავლიან გენდერული ძალადობის ფორმებს,  აუმაღლდებათ ცოდნა ქალთა და გოგონათა უფლებებისა და მათი დაცვის მიმართულებით.

რესურსები: ემა ვოთსონის გაეროს ტრიბუნაზე წარმოთქმული სიტყვა (დანართი 2)  – რამდენიმე ეგზემპლარად. ფლიპჩარტის ფურცლები, ფანქრები ან მარკერები.

აქტივობები: 

1. თემის შესახებ ზოგადი შესავლის გაკეთება, სასტარტო ცოდნის გამოსავლენად გონებრივი იერიშით ინფორმაციის მოკრება. 25 ნოემბრის, როგორც საერთაშორისო განწყობის გამომხატველი დღის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 

2. მსახიობ ემა ვოთსონის და მისი გაეროს ეგიდით მოღვაწეობაზე ინფორმაციის მიწოდება (დანართი 1)  და მსახიობის მიმართვის (დანართი 2) ხმამაღლა წაკითხვა. (სამ ნაწილად დაყოფილ ტექსტს კითხულობს სამი მოსწავლე).

3. მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.

4. ვქმნით 4 ჯგუფს და ვაძლევთ არჩევანს  მოამზადონ პრეზენტაცია შეთავაზებულთაგან მათთვის სასურველი სათაურით: „ჩვენ თანასწორობის ელჩები ვხდებით”, „თუ არა ჩვენ, მაშინ – ვინ? თუ  არა ახლა, მაშინ – როდის?”, „რა გვიშლის ხელს ვიყოთ თანასწორნი?”, „ჩვენ გვსურს ცვლილებები”… (შესაძლებელია, თქვენვე დაამატოთ/ჩაანაცვლოთ სათაურები)

5. პრეზენტაციების შემდეგ იმართება ღია დისკუსია, რომელსაც დამრიგებელი აჯამებს. 

მეორე ვარიანტი

კლასის საათის თემა:  გენდერული ძალადობა 
დრო: 60 წთ
მიზანი: მოსწავლეები გააანალიზებენ გენდერული ძალადობის პრობლემას, გაიაზრებენ ძალადობის გამოვლინების სხვადასხვა ფორმებს. იმსჯელებენ გენდერული დისკრიმინაციის შესახებ;

შედეგი: მოსწავლეებს ეცოდინებათ გენდერული ძალადობის ფორმები, შეძლებენ მათ იდენტიფიკაციას; შეიძენენ ცოდნას ქალთა და გოგონათა უფლებებისა და მათი დაცვის მიმართულებით.

რესურსები: საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით გენდერული თანასწორობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები (რა თქმა უნდა, ნაწილობრივი) (დანართი 3);  ფურცლები, მარკერები, კალმები, წებოვანა;

აქტივობები:
1.დამრიგებელი აკეთებს ზოგად შესავალს 25 ნოემბრის, როგორც საერთაშორისო დღის შესახებ და გონებრივი იერიშის გამოყენებით სვამს კითხვებს „არის თუ არა საქართველოში ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ?” „ძალადობის რა ფორმებს იცნობთ?” „რა განაპირობებს ძალადობას?”

2.ვაჩვენებთ საპრეზენტაციო ფაილს ან ქაღალდზე ამობეჭდილ პუნქტებს (დანართი 3)  და თითოეული შედეგის გაცნობის შემდეგ ვუსვამთ კითხვას „თქვენ როგორ ფიქრობთ?” „თქვენ რომელ მოსაზრებას იზიარებთ და რატომ?”

იმართება  დისკუსია. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ  კვლევის იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ,,ქალების 38, ხოლო მამაკაცთა 54% მიიჩნევს, რომ ცოლმა ოჯახის შენარჩუნების მიზნით გარკვეული შეურაცხყოფა უნდა აიტანოს”.

3.კედელზე ვაკრავთ დიდი ფორმატის ქაღალდს სათაურით „უარი ძალადობას!”. მოსწავლეებს ვაძლევთ საშუალებას, ამ ექსპრომტად შექმნილ „ეკრანზე” დააფიქსირონ საკუთარი განწყობები მათთვის სასურველი ფორმით. მოსწავლეებს ეძლევათ 10 წთ. ინდივიდუალურად შექმნან ტექსტი, ნახატი, სლოგანი, პოსტერი და ასე შემდეგ და წებოვანათი მიაკრან ,,ეკრანზე” ისე, რომ ერთმანეთის ნამუშევრები არ დაფარონ. ისინი სურვილისამებრ აფიქსირებენ საკუთარ სახელს, ან რჩებიან ანონიმურები. შესაძლებელია ,,ეკრანის” მოქმედება  10 დეკემბრამდე გაგრძელდეს და მას ახალი ნამუშევრებიც დაემატოს. მთავარია, ეს თემა იქცეს ფიქრის, განსჯის და სწორი დასკვნების გამოტანის საფუძვლად.
p.s. დამრიგებლის შეხედულებისამებრ შესაძლებელია, რომ ორივე ვარიანტი გაერთიანდეს და ეს გამოვიყენოთ საერთაშორისო და ადგილობრივი პრობლემების ურთიერთკავშირსა და მსგავსება-განსხვავებაზე მსჯელობისთვის, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. 
აქვე აღვნიშნავთ, რომ აქტივობებისთვის დროის განსაზღვრისაგან თავს ვიკავებთ, რაც დამრიგებელთა შეხედულებისამებრ შეიძლება დარეგულირდეს.
                                                                                                                                                          დანართი 1 
მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი, ემა ვოთსონი, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, კამპანია #heforshe-ს ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის თემის აქტუალიზაციასა და ქალთა დახმარებას,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში წარდგა.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა გენდერული უთანასწორობის დამარცხება. შეხვედრას   შოუბიზნესის მრავალი წარმომადგენელი ესწრებოდა. ემა ვოთსონი, რომელსაც პოპულარობა „ჰარი პოტერის” ეკრანიზაციებში  ჰერმიონ გრეინჯერის როლის შესრულებამ მოუტანა, ემოციური სიტყვით წარდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე. მან  ორგანიზაციის გენერალური მდივნის დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.
დანართი 2
ემა ვოთსონი: თუ არა მე, მაშინ ვინ? თუ  არა ახლა, მაშინ როდის?
„დღეს ჩვენ ვიწყებთ კამპანიას – „#HEFORSHE” და მე მოგმართავთ თქვენ, რადგან ჩვენ ვსაჭიროებთ თქვენს დახმარებას. ჩვენ უნდა ვცადოთ და მოვახერხოთ იმდენი მამაკაცისა და ბიჭის მობილიზება, რამდენიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ჩვენ ცვლილებების დამცველებად ვიქცეთ.
არ მსურს, რომ მხოლოდ ჩვენ ვილაპარაკოთ ამაზე/  მე მინდა, რომ ჩვენ საგრძნობი გავხადოთ ცვლილებები.
ექვსი თვის წინ გავხდი გაეროს კეთილი ნების ელჩი და რაც უფრო მეტს ვსაუბრობდი ფემინიზმის შესახებ, მით უფრო მეტად ვაცნობიერებდი, რომ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა მამაკაცთმოძულეობასთან ასოცირდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფემინიზმი წარმოადგენს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ქალებსა და მამაკაცებს ჰქონდეთ მსგავსი უფლებები და შესაძლებლობები. ეს არის თეორია სქესთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის შესახებ”. 
,,მე ბრიტანელი ვარ და მივიჩნევ, რომ სწორია, როცა მეც ისევე მიხდიან ანალოგიურ სამუშაოში, რასაც ჩემი კოლეგა მამაკაცებს.
სწორია, როცა მაქვს შესაძლებლობა, მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ჩემი საკუთარი სხეულის განკარგვას.
სწორია, როცა ქალები ჩართულები არიან იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩემს ცხოვრებაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ უფლებებით. დღეს მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია თქვას, რომ გენდერულ თანასწორობას მიაღწია. 
გამიმართლა, რადგან მომეცა საშუალება მქონოდა ყველა ეს უფლება. მე მივიღე ეს პრივილეგია, რადგან ჩემს მშობლებს არ ვყვარებივარ უფრო ნაკლებად, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალად დავიბადე. ჩემს სკოლას არ დაუწესებია ჩემთვის შეზღუდვები, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ქალი ვიყავი. ადამიანებს, რომლებიც მე მეხმარებოდნენ, არ ჩაუთვლიათ, რომ მე ნაკლებ წარმატებას მივაღწევდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა ბავშვი გამეჩინა. ამ გენდერული თანასწორობის ელჩებმა მოახდინეს გავლენა ჩემს პიროვნებაზე და დამეხმარნენ ჩამოვყალიბებულიყავი ისეთი, როგორიც ახლა ვარ.  
შეიძლება მათ არ იცოდნენ, მაგრამ ისინი ცვლიან მსოფლიოს. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი ადამიანი და თუ თქვენ კვლავაც გძულთ სიტყვა – ფემინიზმი, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ აქ სიტყვა არ არის მთავარი, მთავარია იდეა და აზრია, რომელიც ამ სიტყვის მიღმა იმალება, რადგან დღეს ძალიან ცოტა ქალს თუ აქვს საშუალება, ისარგებლოს ყველა იმ უფლებითა და შესაძლებლობით, რომელიც მე მაქვს”.
1997 წელს, ჰილარი კლინტონმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვები ბეიჯინგში. მისი გამოსვლა ქალთა უფლებების დაცვას ეხებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ცვლილებები, რომლებზეც ის მაშინ საუბრობდა, დღესაც განუხორციელებელია.   
 „გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მამაკაცები, აქ დამსწრე საზოგადოების მხოლოდ 30%-ს წარმოადგენდნენ. როგორ უნდა მოვახერხოთ მსოფლიოს შეცვლა, როცა მსოფლიო მოსახლეობის, მხოლოდ ნახევარი გვთავაზობს თავის დახმარებას, სურს ცვლილებები და მზადაა ჩვენთან დიალოგისთვის.
მამაკაცებო, მე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და პირადად მოგიწვიოთ  ჩაერთოთ კამპანიაში, რადგან გენდერული უთანასწორობა თქვენი პრობლემაცაა… …მე მინახავს მამაკაცი, რომელიც იტანჯებოდა მენტალური პრობლემებით, მაგრამ არავის სთხოვდა დახმარებას, რათა არ გამოჩენილიყო სუსტი ან ნაკლებმამაკაცური. მინახავს მამაკაცები, რომლებიც დასუსტებულები და დათრგუნულები იყვნენ იმ სტერეოტიპული იდეის ზეწოლით, რომელსაც მამაკაცთა წარმატება ატარებს. გენდერული უთანასწორობა არ წარმოადგენს რაიმე პრივილეგიას მამაკაცისთვის. ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ სტერეოტიპთა იმ ციხეზე, რომლებშიც მამაკაცები იმყოფებიან გენდერული უთანასწორობის წყალობით, მაგრამ ფაქტია, ისინი ამ მდგომარეობაში არიან. როცა მამაკაცები ამ ციხიდან განთავისუფლდებიან, მდგომარეობა ქალებისთვისაც გაუმჯობესდება. როცა მამაკაცისთვის არ იქნება აუცილებელი, რომ იგი იყოს აგრესიული, ქალს არ მოუწევს იყოს ჩაგრული; თუ კაცისთვის არ იქნება სავალდებულო მოთხოვნა, რომ მან ყველაფერი აკონტროლოს, ქალი არ იქცევა იმად, ვისაც აკონტროლებენ”.
თქვენ ალბათ ფიქრობთ – ვინ არის ეს გოგო ,,ჰარი პოტერიდან”? რა უნდა მას გაეროში?  ეს მნიშვნელოვანი კითხვებია. კითხვები, რომლებსაც მეც ვუსვამდი საკუთარი თავს.  პასუხია – მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეს პრობლემები ანაღვლებს და სურს ცვლილებები. ერთხელ ედმუნდ ბერკმა თქვა – ყველაფერი, რაც ბოროტ ძალას სურს, იმისათვის, რომ გამარჯვებას მიღწიოს, არის ის, რომ მამაკაცებმა და ქალებმა ერთად კარგი საქმის კეთება ვერ შეძლონ.
გულწრფელად რომ ვთქვა, მე ძალიან ვნერვიულობდი და მქონდა ეჭვები, როცა თქვენ წინაშე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. შემდეგ საკუთარ თავს ვკითხე – თუ მე არა, მაშინ ვინ? თუ არა ახლა, მაშინ როდის?
თუ თქვენ მართლაც გჯერათ  თანასწორობის, მაშინ სწორედ თქვენ ხართ თანასწორობის ის ელჩები, რომლებზეც უკვე ვისაუბრე.  ამ კამპანიის სახელწოდება წარმოადგენს გამაერთიანებელ სიტყვას და ეს არის მოძრაობა, რომელიც იბრძვის გაერთიანებისთვის.  კამპანიას სახელად დაერქვა „HEFORSHE”.  მე მსურს, რომ თქვენ გადმოდგათ ნაბიჯი წინ, რათა იქნეთ დანახულნი და თქვენს თავს ჰკითხოთ – თუ არა მე, მაშინ ვინ? თუ  არა ახლა, მაშინ როდის?”
დანართი 3
გენდერული ძალადობა – პრობლემა, რომელსაც თვალის გასწორება სჭირდება
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა:
საქართველოში მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე:
ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის – ოჯახის ეკონომიკური უზრუნველყოფა
გამოკითხულთა 88% ფიქრობს, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობის აზრით, ეს არ არის იდეალური მდგომარეობა.
გამოკითხულ ქალთა მხოლოდ 17% მიიჩნევს, რომ საშინაო საქმეებს კაციც და ქალიც თანაბრად უნდა ინაწილებდეს, ამავე აზრს იზიარებს კაცების 24%. 
გამოკითხვებით აღმოჩნდა, რომ ბაზარში სიარული ქალსაც და კაცსაც თანაბრად მოეთხოვებათ, ხოლო საჭმლის მომზადება ყოველთვის ქალის მოვალეობაა.
გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ კაცი უკეთესი ბიზნესლიდერია, ვიდრე ქალი. 
ასევე, რესპოდენტთა 36% თვლის, რომ სამსახურში კაცი უფრო მუყაითად მუშაობს. 
გამოკითხულთა 50% იზიარებს მოსაზრებას, რომ კაცი უკეთესად ხელმძღვანელობს ნებისმიერ ორგანიზაციას, ვიდრე ქალი.
კვლევის შედეგების მიხედვით ირკვევა,
რომ სამსახური და მაღალი ანაზღაურება მამაკაცს უფრო სჭირდება, ვიდრე ქალს. 
გამოკითხულთა მხოლოდ 3% მიიჩნევს, რომ სამსახურის ქონა ქალს მეტად სჭირდება. 
რესპოდენტთა 48% მიიჩნევს, რომ მამაკაცს უფრო მეტი ანაზღაურება სჭირდება დასაქმებისას, მაშინ როცა ქალისთვის უფრო მაღალი ანაზღაურების საჭიროებას გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი ხედავს.
ფოკუსჯგუფების მონაწილეების ნაწილი აღნიშნავდა, რომ მამაკაცისთვის ''ქალების'' საქმის გაკეთება მიუღებელია და ეს ''ქალის სირცხვილია''.
ზოგიერთი ქალის აზრით, კაცი, რომელიც ჭურჭელს რეცხავს ან სახლს ალაგებს ''კარგავს მამაკაცურობას'' და ნაკლებად პატივსაცემი ხდება.
მამაკაცების 62%, ხოლო ქალთა 36% მიიჩნევს, რომ ოჯახში მამაკაცი უნდა იღებდეს მთავარ გადაწყვეტილებას. 
ქალთა 62%-ს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებები ოჯახში ქალმაც და კაცმაც თანაბრად უნდა მიიღონ. 
ამ მოსაზრებას კაცების მხოლოდ 37% ეთანხმება. 
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 18 – 24 წლის ახალგაზრდების ნაკლები წილი (48%) იზიარებს მოსაზრებას, რომ ქალი უფრო ბავშვის მოვლით უნდა იყოს დაკავებული და არა პროფესიული წინსვლით, მაშინ როდესაც სხვა ასაკობრივი კატეგორიების 58 ან მეტი პროცენტი ეთანხმება ამ მოსაზრებას.
კვლევის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ ქალების დიდ ნაწილს აქვთ დაბალი თვითშეფასებისა და მორჩილებისკენ მიდრეკილება. 
ქალების 38, ხოლო მამაკაცთა 54% მიიჩნევს, რომ ცოლმა ოჯახის შენარჩუნების მიზნით გარკვეული შეურაცხყოფა უნდა აიტანოს. 
მიაჩნიათ, რომ ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ქალმა მეტი შეურაცხყოფა უნდა აიტანოს, ვიდრე  მამაკაცმა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...