შაბათი, მაისი 2, 2026
2 მაისი, შაბათი, 2026

სტრატეგიები სწავლის მოტივაციის გასაზრდელად

0

სანამ თითოეული მოსწავლისა და თითოეული კლასისათვის არ შესრულდება სამი საბაზისო პირობა, არც ერთი მამოტივირებელი სტრატეგია არ იქნება წარმატებული. პირველი: კლასში არ უნდა იყოს ხელის შემშლელი ფაქტორები. მეორე: მასწავლებელი უნდა იყოს მომთმენი და გულშემატკივარი პიროვნება, რომელიც მოსწავლეებს შეცდომებისთვის არ სჯის. ყოველი მოსწავლე შეცდომას უნდა განიხილავდეს, როგორც სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას. მესამე: დავალება გამომწვევი უნდა იყოს, მაგრამ ადეკვატური. თუ სამუშაო მეტისმეტად მარტივია ან მეტისმეტად რთული, მოსწავლეებს მცირე მოტივაცია ექნებათ, ისინი ფოკუსირებას მოახდენენ დავალების დასრულებაზე და არა მასალის ჩაწვდომაზე.

მას შემდეგ, რაც ეს ბაზისური პირობები დაკმაყოფილდება, მოცემულ სიტუაციაში მოსწავლეთა სწავლის მოტივაციაზე გავლენა შეიძლება სამ კითხვად ჩამოვაყალიბოთ: შემიძლია თუ არა, წარმატებით გავართვა თავი ამ ამოცანას? მინდა თუ არა წარმატება? რა მჭირდება საიმისოდ, რომ წარმატებას მივაღწიო? ჩვენ გვსურს, მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ჰქონდეთ, რათა ენერგიითა და ენთუზიაზმით შეუდგნენ სწავლას; გვსურს, დააფასონ და გაიგონ ამოცანებისა და მუშაობის მნიშვნელობა, რათა ისწავლონ და მხოლოდ შეფასებასა და საქმის დასრულებაზე არ იყვნენ კონცენტრირებულნი; გვსურს სჯეროდეთ, რომ წარმატება მოვა, როცა ისინი კარგ სასწავლო სტრატეგიებს გამოიყენებენ და არა თავდაცვით, მარცხის თავიდან ასაცილებელ და რეპუტაციის შესანარჩუნებელ სტრატეგიებს. როდესაც საგანი რთულია, გვინდა, მოსწავლეები ამოცანაზე იყვნენ ფოკუსირებულნი და არ ღელავდნენ იმაზე, რომ შეიძლება მარცხი განიცადონ და „გაითიშონ”.

„შემიძლია თუ არა ამის გაკეთება?” თვითრწმენისა და პოზიტიური მოლოდინის ფორმირება. რეალურ მიღწევას მხოლოდ წახალისება და წაქეზება ვერ უშველის. პროგრესისათვის საჭიროა:

1. მუშაობის დაწყება მოსწავლეთა რეალურად არსებული დონიდან და მოზომილი ნაბიჯით სვლა. ტემპი ცოცხალი უნდა იყოს, მაგრამ არა იმდენად სწრაფი, რომ მოსწავლეებს მომდევნო ეტაპზე გადასვლა უწევდეთ იმ მასალის სრულად ათვისებამდე, რასაც მოცემულ მომენტში გადიან. ეს შესაძლოა მოითხოვდეს სხვადასხვა მოსწავლისთვის სხვადასხვა ამოცანის მიცემას. ერთ-ერთი ვარიანტია, ერთი და იმავე ტესტისა და დავალების შესახებ მასწავლებელს ჰქონდეს როგორც ძალიან მარტივი, ისე ძალიან რთული კითხვები. ამ შემთხვევაში თითოეული მოსწავლე მიაღწევს წარმატებას. როდესაც ქულების დაწერაზე მიდგება საქმე, დარწმუნდით, რომ თუ კარგად იმუშავებს, ყოველ მოსწავლეს აქვს, სულ მცირე, დამაკმაყოფილებელი ნიშნის მიღების შანსი.

2. დარწმუნდით, რომ სასწავლო მიზნები ცხადი, სპეციფიკური და ახლო მომავალში განხორციელებადია. როდესაც იგეგმება ხანგრძლივი პროექტი, მასწავლებელმა ის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განახორციელოს და ქვემიზნებად დაყოს; დაეხმაროს მოსწავლეებს, იგრძნონ წინსვლა და პროგრესი. თუ შესაძლებელია, მოსწავლეებს შესთავაზეთ სხვადასხვა სირთულის მიზნები და მიეცით არჩევანის საშუალება.

3. აქცენტი დასვით თვითშედარებაზე და არა სხვებთან შედარებაზე. დაეხმარეთ მოსწავლეებს საკუთარი პროგრესის დანახვაში. მიეცით კონკრეტული უკუკავშირი და შენიშვნები. უთხარით, რას აკეთებენ სწორად, რას – შეცდომით და აუხსენით, რატომაა ეს შეცდომა. დროდადრო დაუსვით კითხვები იმ პრობლემაზე, რომელიც ერთ დროს რთული ეჩვენებოდათ, ახლა კი მარტივად მიიჩნევენ. აღნიშნეთ, რამდენად განვითარდნენ.

4. უთხარით მოსწავლეებს, რომ აკადემიური უნარების გაუმჯობესება შესაძლებელია სპეციფიკურ ამოცანებთან მიმართებით, ანუ ის ფაქტი, რომ მოსწავლეს უჭირს ალგებრა, სულაც არ ნიშნავს, რომ მას გეომეტრიაც გაუჭირდება ან კარგად ვერ ისწავლის ენებს.

5. მიეცით მოსწავლეებს პრობლემის წარმატებით გადაჭრის მაგალითი. განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე გზის გამონახვა გიწევთ. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და უშეცდომოდ სწავლა შეუძლებელია და არც მასწავლებელია გამონაკლისი.

„მინდა თუ არა ამის გაკეთება?” სწავლის ღირებულების დანახვა. მასწავლებლებს შეუძლიათ, გამოიყენონ შინაგანი და გარეგანი მოტივაციის სტრატეგიები, რათა დაანახონ მოსწავლეებს სასწავლო ამოცანების ღირებულება.

მიღწევა და შინაგანი ღირებულება. იმისთვის, რომ მიღწევის ღირებულება გაჩნდეს, სასწავლო ამოცანები მოსწავლეთა ღირებულებებს უნდა დავუკავშიროთ. უწინარეს ყოვლისა, მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოების, მიკუთვნებულობის, მიღწევის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება კლასში. საკლასო ოთახი შიშისა და დაუცველობის განცდას არ უნდა იწვევდეს. მეორე: დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ გენდერული ან ეთნიკური სტერეოტიპები ხელს არ უშლის მოტივაციას. მაგალითად, უნდა ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ როგორც მამაკაცს, ასევე ქალსაც ნებისმიერ სფეროში შეიძლება ჰქონდეს მაღალი მიღწევა და რომ არც ერთი სფერო არ არის რომელიმე სქესის „ტერიტორია”. მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მანქანების მექანიკასა თუ სპორტში მიღწევები სრულებითაც არ მიუთითებს მასკულინურობაზე, ისევე როგორც ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მუსიკაში, ენებში წარმატება არ არის ფემინურობის მანიშნებელი.

შინაგანი მოტივაციის წასაქეზებლად მრავალი სტრატეგია არსებობს. აი რამდენიმე მათგანი:

1. დაუკავშირეთ საკლასო აქტივობა მოსწავლეთა ინტერესებს სპორტში, მუსიკაში, მათ ოჯახურ და პირად პრობლემებს, გატაცებას შინაური ცხოველებით, ტელევიზიისა და კინოს ვარსკვლავებით და ა.შ. თუმცა ამავე დროს დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ გესმით, რასაც ამბობთ. როდესაც ეს შესაძლებელია, მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მიჰყვნენ თავიანთ ინტერესებს.

2. გამოიწვიეთ ცნობისმოყვარეობა. გაითვალისწინეთ და გამოიყენეთ განსხვავება მოსწავლეთა რწმენებსა და ფაქტებს შორის. მაგალითად, შტიპეკმა აღწერა ასეთი შემთხვევა: მასწავლებელი მეხუთეკლასელებს ეკითხებოდა, ცხოვრობდნენ თუ არა, მათი აზრით, სხვა პლანეტებზე „ადამიანები”. როდესაც მოსწავლეები დადებით პასუხს იძლეოდნენ, მასწავლებელი ეკითხებოდა, შეეძლოთ თუ არა ადამიანებს უჟანგბადოდ არსებობა. მოსწავლეებს ეს თემა ახალი ნასწავლი ჰქონდათ და უპასუხეს, რომ არა. შემდეგ მასწავლებელი ეუბნებოდა მათ, რომ სხვა პლანეტების ატმოსფეროში ჟანგბადი არ არის. ამ საოცარმა განსხვავებამ სხვა პლანეტებზე ადამიანების ცხოვრების შესახებ მოსწავლეების რწმენასა და იმ ცოდნას შორის, რაც მათ ჰქონდათ ჟანგბადის შესახებ, სათავე დაუდო ცხარე დისკუსიას. ისინი მსჯელობდნენ სხვა პლანეტების ატმოსფეროსა და იმ არსებებზე, რომელთაც ამ ატმოსფეროს პირობებში ცხოვრება შეეძლოთ და ა.შ. პლანეტების ატმოსფეროს შესახებ მშრალი ლექცია ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, ამ დისკუსიამ კი საგნის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია.

3. აქციეთ სასწავლო ამოცანა გართობად. ბევრი გაკვეთილი შეიძლება წარიმართოს სიმულაციებისა და თამაშების გზით. თუ მართებულად გამოვიყენებთ, ასეთი გაკვეთილები შეიძლება ძალიან ღირებული და, იმავდროულად, სახალისოც იყოს.

4. გამოიყენეთ სიახლეები და დაუკავშირეთ ისინი ნაცნობ შინაარსს. ნუ ჩააცივდებით მოტივაციის ასამაღლებლად რომელიმე ერთ ან რამდენიმე სტრატეგიას. საჭიროა მრავალფეროვნება. ამოცანების მიზნობრივი სტრუქტურის მრავალფეროვნებას (თანამშრომლობა, შეჯიბრი, ინდივიდუალიზმი) ისეთივე დამხმარე ძალა აქვს, როგორც სწავლების სხვადასხვა პირობებს. როდესაც მასალა აბსტრაქტული ან უცნობია მოსწავლეთათვის, დაუკავშირეთ იგი მათთვის კარგად ნაცნობ რაიმე საგანს ან მოვლენას. მაგალითად, იმისთვის, რომ გააგებინოთ მათ იმ ტერიტორიის სიდიდე, სადაც ათენის აკროპოლისია განთავსებული, შეადარეთ იგი საფეხბურთო მოედანს.

„რა მჭირდება საიმისოდ, რომ წარმატებას მივაღწიო?” ამოცანაზე ფოკუსირება. როდესაც მოსწავლეები სირთულეებს აწყდებიან, რაც ბუნებრივია კიდეც, მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ ყურადღების ინტენსიურობა და ფოკუსირებულნი დარჩნენ ამოცანაზე. თუ ასე არ მოხდა და ყურადღების ფოკუსში მოექცა მღელვარება პრეზენტაციის გამო, წარუმატებლობის შიში, ჭკვიანად თავის წარმოჩენის სურვილი, სწავლის მოტივაცია დაიკარგება.

1. მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა, ხშირად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა კითხვა-პასუხის, მოკლე დავალებების, უნარ-ჩვევების დემონსტრირების საშუალებით. დარწმუნდით, რომ მოსწავლეთა პასუხების შემოწმებისას შეცდომების სწრაფად შესწორება შეგიძლიათ. თქვენ ხომ არ გსურთ, რომ მოსწავლეებმა დიდხანს ვერ გააცნობიერონ შეცდომა. კომპიუტერული პროგრამები მოსწავლეებს შეცდომაზე დაუყოვნებლივ აძლევს ნიშანს – მანამდე, სანამ ეს შეცდომები ჩვევაში გადავა.

2. როდესაც შესაძლებელია, შეაქმნევინეთ მოსწავლეებს დასრულებული პროდუქტი. ისინი უფრო შეუპოვრად და ამოცანაზე კონცენტრირებულად იმუშავებენ. ნათელი შედეგის მოლოდინში ყველას გამოგვიცდია დასრულებული საქმის ხილვის მოთხოვნილების ძალა.

3. თავი არიდეთ ნიშნებზე, ქულებსა და შეჯიბრებაზე აქცენტის დასმას. ქულებზე აქცენტირებისა მოსწავლეები ეგოცენტრირებულები ხდებიან და ნაკლებად ერთვებიან ამოცანის შესრულებაში. ეს სერიოზული დარტყმაა შფოთიანი მოსწავლეებისთვის.

4. შეამცირეთ რისკის ფაქტორი, ოღონდ ისე, რომ მეტისმეტად არ გაამარტივოთ ამოცანა. როდესაც ამოცანა სარისკოა (არსებობს მარცხის დიდი ალბათობა), მოსწავლეთა მოტივაცია მცირდება. ძნელი, კომპლექსური ამოცანის შესრულებისას მოსწავლეებს მიეცით მეტი დრო, აგრძნობინეთ მხარდაჭერა და დახმარებისთვის მზადყოფნა, უჩვენეთ რესურსები და მიეცით ნამუშევრის გადახედვისა და შეცდომების შესწორების შანსი.

5. იყავით ნიმუში სწავლისადმი მაღალი მოტივაციის მქონე ადამიანისა. მოუყევით მოსწავლეებს თქვენი ინტერესების შესახებ და აგრეთვე იმის შესახებ, როგორ უმკლავდებოდით სიძნელეებს.

6. ასწავლეთ გარკვეული სასწავლო ტაქტიკები, რომლებიც მასალის დასაუფლებლად დასჭირდებათ. უჩვენეთ, როგორ ისწავლონ და დაიმახსოვრონ ისე, რომ თავდაცვითი სტრატეგიების გამოყენება ან მექანიკურად დაზეპირება არ მოუხდეთ.

მოგონებები ძველ შემოდგომაზე

0
 შემოდგომა  ჩემი უშრეტი სენტიმენტების წყაროა. მოდის შემოდგომა, კიდევ ერთი წელი მემატება და მახსენებს ადამიანებს, რომლებიც ჩემ გვერდით აღარ არიან. აღარ რეკავენ ტელეფონზე, მე კი მათი ხმა მენატრება და ის დრო, როდესაც ყველაფერი იყო ძალიან კარგად. ახლა კი ყოველი შემოდგომა, პასუხისმგებლობითა და ამაზე ფიქრში გატეხილი ღამეებით, ცხოვრებისეული პრობლემებით სავსე, გლობალური თუ ლოკალური სადარდებლით, ოდნავ მოსადუნებლად და ძალის მოსაკრებად წარსულში გადამისვრის. შედარებით უზრუნველ და ბედნიერ პერიოდში – ნაკლები პასუხისმგებლობით, მეტი თავისუფალი დროით, ბევრი სირბილით, ხეებზე კონწიალით, მზეზე მიფიცხებით, ბავშვობის მეგობრებითა და საყვარელი წიგნებით.

ერთხელ, როდესაც, ამ ძველ წლებზე ჩაფიქრებული, უნივერსიტეტის შენობის ფოიეში ვიდექი, ნაცნობმა ლექტორმა გამოიარა და საყვედურნარევი კილოთი მითხრა: ისეთი სახე გაქვს, თითქოს მთელი მსოფლიოს პრობლემები შენ გაწვეს ზურგზეო. იმ ცივ და წვიმიან დღეს ნამდვილად არ ვფიქრობდი გლობალურ პრობლემებზე, არც ეკოლოგიურ თუ ჰუმანურ კატასტროფებზე. ძალიან ჩვეულებრივ ამბებზე ვფიქრობდი – იმაზე, როგორ დარჩა ჩვენი სახლი მარტო, როგორ დარჩნენ ბებიას ძველებური კარაკულის პალტო და “გამოსასვლელი” ჩექმები უპატრონოდ ხის მასიურ გარდერობში, ოდითგანვე რომ დალუქული იყო შვილიშვილებისთვის და ხანდახან თუ მოვასწრებდით ბებოს თეთრეულისა და ნივთების შეთვალიერებას… ვფიქრობდი: აწი ვინღა მოუსმენს რადიოს ძველ ჭრიალა, ზამბარებიან საწოლზე წამოწოლილი, ან ვინ ივლის ბაზრის დღეებში ყვითელი, მოძველებული სოფლის ავტობუსით… მთელი ეს ჩავლილი დღეები დიდი სიმდიდრეა ჩემთვის, როგორც კარგი კადრი ფოტოგრაფისთვის. ბავშვობის კინო – მზიან დღეებში ოჯახის “ქვეშაგების” დამზეურება, აივნის კიბეზე ჩამომჯდარი ბებო კემსავს მუთაქებს და ბალიშისპირებს და თან შვილიშვილებს ეშაირება. წვიმიან ამინდში კი ფანდურს უკრავს და მღერის ან კარალიოკს თლის, კაპრონის ძაფზე აცვამს და აივანზე კიდებს გასაშრობად. ასეთ საშემოდგომო დეკორაციას იმერეთში ხშირად შეხვდებით ნოემბრის მიწურულს.

სოფელში ბებიას ოთახის ხის იატაკს პატარა ხვრელი ჰქონდა, რომელიც ხის ნაფოტით იყო დალუქული. დავწვებოდით იატაკზე და ვიჭყიტებოდით იმ ხვრელში, თითქოს მის ქვეშ დიდი საგანძური ყოფილიყო დაფლული. ხანდახან კი იქ მართლა ჩნდებოდა განძი – მაშინ, როდესაც ჩვენი ბებერი ძაღლი ბათურა ლეკვებს დაყრიდა და ჩვენც სხვა საფიქრალი აღარ გვქონდა, გარდა იმ ლეკვებისა. შევყოფდით თავს, შევძვრებოდით სარდაფში, სადაც თავისუფლად მხოლოდ ძაღლი ახერხებდა შეძრომას, გადავლახავდით კლაუსტროფობიულ შიშებს და ბედნიერები ვათვალიერებდით ბათურას მონაგარს, უსაყვარლეს შავ-თეთრ ლეკვებს. ზოგჯერ სული წაგვძლევდა, გარეთ გამოვიყვანდით და რძეს მივურბენინებდით. მართალია, ამ ლეკვებს მერე მეზობლებში გააჩუქებდნენ ან ნათესავებს გაატანდნენ და ჩვენი გულიც მათ გაჰყვებოდა, მაგრამ სანამ ჩვენთან იყვნენ, ვუვლიდით და ვმზრუნველობდით.

ეს სახლი იყო ორსართულიანი, დიდი აივნებითა და შუშაბანდით. ამ მზიან, შუშაბანდიან, ორსართულიან სახლში გატარებული წლები იყო დიდი მხიარულებისა და თავგადასავლების წლები. შუშაბანდში ზაფხულში გულაბ მსხალს ვამწიფებდით. დიდი გოდრებით ეზიდებოდა ბებია ვენახიდან, მერე ლამაზად დაააწყობდა წითლად შეღებილ ხის იატაკზე და ისიც რამდენიმე დღეში ქარვისფერი ხდებოდა. შუშაბანდში ვაშრობდით შემოდგომის მიწურულს ჩურჩხელებს, ტყლაპს და ფელამუშში ამოვლებულ სიმინდის ტაროებს, რომელსაც კარგად გახმობასაც არ ვაცლიდით, ისე შემოვაცლიდით კანს. შუშაბანდში ბევრი ადგილი იყო, რადგან მხოლოდ ერთი ტახტი და ერთი ტანსაცმლის ძველებური ხის საკიდი იდგა. ამ ტახტზე განვმარტოვდებოდით უფროსი შვილიშვილი გოგონები და ერთმანეთს პატარ-პატარა საიდუმლოებს ვუყვებოდით. ვლაპარაკობდით იმ ბიჭებზე, რომლებსაც მოვწონდით ან ჩვენ მოგვწონდა, ვყვებოდით სხვა გოგოებზე, რომლებიც ისე არ გვემეგობრებოდნენ, როგორც ჩვენ გვინდოდა, ვგეგმავდით ჩვენს მომავალს და ერთმანეთს პირობას ვაძლევდით, რომ არასოდეს დავკარგავდით და სულ ისე გვეყვარებოდა ერთმანეთი, როგორც მაშინ. და ასე გადიოდა ღამეები ჩვენს მშვიდ სახლში. მორიგეობით ვიძინებდით ბებიასთან, მის მოუხერხებელ მუთაქაზე ვდებდით თავს, აუცილებლად ვიცვამდით ჩვენს თბილ ფლანელის პერანგებს და გამუდმებით ვთხოვდით, მოეყოლა ჩვენთვის ამბები, თუნდაც კარგად ნაცნობი და მრავალჯერ გატკეპნილი, მაგრამ მაინც საყვარელი ისტორიები თავისი ახალგაზრდობიდან. ეს ამბები გულიანად გვაცინებდა და გვამხიარულებდა და ბოლოს სოფლის მდუმარებაში, ძაღლის ყეფის ფონზე ჩაგვეძინებოდა.

შუშაბანდის ფანჯრები ძნელი გასაწმენდი იყო. მერცხლების სკორეთი მოსვრილი მინების წმენდას მთელი დღე უნდებოდა ბიცოლა. მეორე დღეს ფარდებს რეცხავდა ხელით. თითქმის არავის ჰქონდა სარეცხი მანქანა და ქალის შრომაც უფრო მძიმე იყო, ვიდრე დღეს. ჩვენს სოფლებს ხომ ახლაც ისევე აწუხებთ უწყლობა, როგორც მაშინ, ამიტომ ველოდებოდით წვიმას, რომ ჭურჭელი აგვევსო. გაწვიმდებოდა და დავიწყებდით იატაკების წმენდას, ხეხვას, მოპრიალებას. ბებია გვეუბნებოდა, თითს დავისველებ და იატაკზე მივადებ, მტვერი თუ არ ამყვა, ესე იგი კარგად მოგიწმენდიათო. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალ–ღონეს არ ვიშურებდით… მერე გრძელ ნოხებს დავაფენდით, საყვარელ კატებს ჩავიხუტებდით და ვკითხულობდით. შემოდგომის მიწურულს კი აივანზე გამოტანილ მაგიდებზე წამოვწვებოდით და მზის ნარჩენებს კატებივით ვეფიცხებოდით. ამ მაგიდებს თავისი დანიშნულება ჰქონდა – შემოდგომაზე ნობათით ივსებოდა, სხვადასხვა ფერისა და ზომის გოგრებითა და ყვითელი სიმინდით. 

როცა ამ ამბებს ვიხსენებ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს საუკუნის წინ ხდებოდა ეს ყველაფერი. მაშინ ხომ ასეთი ვიწრო არ იყო ჩვენი სამყარო, არც ასე პირდაპირ გვეხლებოდა მსოფლიოში მომხდარი მოვლენები, არც ჰაერი იყო ასე გაჭედილი საფრთხის წინათგრძნობით… ისეთი ტელევიზორები გვქონდა, ქარის ერთ შერხევაზე ანტენები მწყობრიდან გამოდიოდა. ჩვენ კი მაინც ერთგულად ვისხედით ამ ცისფრად აჭრელებული მოლაპარაკე ყუთის წინ და სულგანაბულები ვუსმენდით ფილმს, რომელსაც ვერ ვხედავდით. ამბებსაც უფრო გვიან ვგებულობდით და შუქიც გრაფიკით გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ობიექტური მიზეზის გამო ეს არ ყოფილა ძალიან კარგი წლები, ჩვენმა საყვარელმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ იმ წლების სიმძიმე არ გვეგრძნო. იმ საღამოებმა კი თვალსაწიერი გაგვიფართოვა, როდესაც ჩვენზე უფროსები სერიოზულ საუბარს წამოიწყებდნენ ხოლმე და ჩვენც მათ სიახლოვეს ვტრიალებდით. ბუხართან მიმსხდრები ნაკვერჩხალს და ნაცარს ვქექავდით და ბევრს ვოცნებობდით. ჭრაქის ალზე გამართული საუბრებით ვაჭიანურებდით დასაძინებლად წასვლას. მერე ისევ ვბრუნდებოდით ბებიას ოთახში, ვიცვამდით ფლანელის პერანგებს და ვიძინებდით, ალბათ უკეთესი დღის იმედით.

ფიქრები საბავშვო ლიტერატურაზე

0
საბავშვო მწერლობა რომ გერივითა ჰყავს ქართულ ლიტერატურას, ძველი ამბავია. მაშინაც კი, იმ საუკუნეში, როცა თუნდაც იაკობ გოგებაშვილისნაირი მოამაგე ჰყავდა საყმაწვილო ლიტერატურას, ჟურნალ „ჯეჯილის” რედაქტორი ანასტასია წერეთელი წერდა: „ყოველი საქმის წესიერად წარსამართავად გზის მაჩვენებელია აუცილებელი. ლიტერატურისთვის კი გზის მაჩვენებლად კრიტიკა ითვლება. მიუხედავად ამისა, კრიტიკა თითქმის სულ არ არსებობს და ეს მეტადრე შესამჩნევია საყმაწვილო ჟურნალისთვის. გადის წლები და კრინტს არავინ სძრავს. შესაძლოა, უკრიტიკოდ ჟურნალმა სულ მიიძინოს… საჭიროა კრიტიკამ აღნიშნოს ლიტერატურაში, რედაქცია ასრულებს თუ არა თავის ნაკისრ მოვალეობას”.

ლიტერატურულ პროცესებში ჩახედულ მკითხველებს ალბათ გეცნოთ სიტუაცია. ამ სიტყვების დაწერიდან საუკუნეზე მეტია გასული და არაფერი შეცვლილა. კრიტიკა ისევ არ არის, მით უფრო – საბავშვო ლიტერატურის კრიტიკა. არასდიდებით არ ემატება ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემია „საბას” საბავშვო მწერლობის ნომინაცია. თითქმის არ მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები ამ განხრით, არ გამოდის სახელმძღვანელოები, არ იწერება დისერტაციები, რომლებიც საყმაწვილო მწერლობის თემატიკას შეისწავლიდა.

საბავშვო ლიტერატურა, ისიც – მხოლოდ ქართული, სულ თითო-ოროლა უნივერსიტეტში ისწავლება. ჩვენი პედაგოგების უდიდეს ნაწილს ამ თემაზე მწყობრი ცოდნა არ გააჩნია.

საზღვარგარეთის საბავშვო ლიტერატურის ისტორია საერთოდ არ გვაქვს ქართულ ენაზე. არც სასწავლო კურსი არსებობს და არც ვინმე შეისწავლის. თითქოს მომავალი პედაგოგებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, ვთქვათ, იტალიური ან სკანდინავიური ქვეყნების საყმაწვილო ლიტერატურის შესახებ მწყობრი მეცნიერული ცოდნა რომელიმე სხვა საგანსა თუ სწავლების უახლეს მეთოდებთან შედარებით.

საერთოდ გაუგებარი სიტუაციაა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაკი არ არსებობს კრიტიკა, ნებისმიერი მკვლევარისთვის რთული იქნება, ასწავლოს მომავალ პედაგოგებს საყმაწვილო ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები.

წიგნის მაღაზიები, საბედნიეროდ, თბილისში მეტ-ნაკლებად მომრავლდა. სავსეა საბავშვო ლიტერატურისთვის განკუთვნილი თაროებიც. გამოიცემა ტომეულები, რომელთა თემატიკა, ასაკობრივ კატეგორიებად დაყოფის საფუძველი, ხარისხი ხშირად საკამათოა.

თანამედროვე ქართველი ავტორების 2-3 წიგნს თუ აღმოაჩენთ, მაშინ როდესაც გვყავს მწერლები, რომლებიც კლასიკად ქცეულ საბავშვო ლიტერატურას ტოლს არ უდებენ, მაგრამ მათი წიგნი რატომღაც ძალიან ცოტაა მაღაზიის თაროებზე. იმდენად ცოტა, რომ იძულებული ხდები, შთაბეჭდილების შესაქმნელად ბიბლიოთეკას მიმართო. არადა მიმდინარე პროცესებზე სწორედ მაღაზიის დახლებით უნდა იქმნიდე შთაბეჭდილებას.
ვერ გეტყვით, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ მგონია, არც მაშინ ეცალა დიდად კრიტიკას საყმაწვილო ლიტერატურისათვის.

თუმცა მახსოვს სიხარული, 6-7 წლისას, როცა „სალამურას თავგადასავალი” ახალი წაკითხული მქონდა. მამასთან ერთად ვაკის პარკში ვსეირნობდით, იქ ვიღაცების დიდი პორტრეტები იყო გამოკრული, მათ შორის – არჩილ სულაკაურისაც, და მამამ მითხრა: ეს კაცი „სალამურას თავგადასავლისა” და ჯადოსნური კაბის” ავტორია და „სალამურაში” საქართველოს ყველაზე დიდი ჯილდო – „რუსთაველის პრემია” გადასცესო. მახსოვს, როგორი ამაყი და ბედნიერი ვიყავი, რომ „ჩემი წიგნი” დააჯილდოეს.

სხვათა შორის, ვერც „სალამურას თავგადასავალსა” და ჯადოსნურ კაბას” მივაკვლიე მაღაზიის თაროებზე. სამაგიეროდ, ბესტსელერების განყოფილებაში იდო „ზღაპრების წიგნი გოგონებისთვის”. კონსულტანტსაც დავეკითხე და დამიდასტურა, ყველაზე უკეთ იყიდებაო. ძვირი ღირდა და ვარდისფერი გარეკანით იწონებდა თავს.
ამაზე რომ თავის დროზე კრიტიკას ეყვირა, რომ გვქონოდა საზოგადოებრივ არხზე თუნდაც ერთი ლიტერატურული გადაცემა, სადაც საბავშვო მწერლობასაც მიმოიხილავდნენ, იქნებ მეტ ქართველს გაეგო, რომ მათი შვილები ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში არ უნდა წავიდნენ და რომ ირგვლივ ისედაც იმდენი სტიგმაა, რომელიც ორივე სქესს ჩარჩოებში აქცევს, დამატებით ზღაპრების გაყოფა აღარ არის საჭირო.

საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლადაც და თეორეტიკოსადაც იაკობ გოგებაშვილი ითვლება. მეცხრამეტე საუკუნეში მკვეთრად განისაზღვრა საყმაწვილო ლიტერატურის საზღვრები, ფუნქცია და მოვალეობა. იაკობ გოგებაშვილი წერდა: „ბავშვის მოძრავი ბუნება სრულიად ვერ მშვენობს დიდ ხანს შეჩერებას გრძელის, გაჭიანურებულის პლასტიკური სურათების კითხვასა და გაგებაზედ… ამ გვარის აღწერა ნამდვილს ნაკლულოვანებას შეადგენს საბავშვო მოთხრობებისთვის”. ის ასევე სასტიკი წინააღმდეგი იყო საბავშვო ლიტერატურაში დიალექტიზმებისა, რომლებიც ისეთ საყოველთაოდ აღიარებულ საბავშვო წიგნში გვხვდება, როგორიცაა ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრები”.

როცა პატარა ვიყავი, ეს იმერული კილოსათვის დამახასიათებელი ფორმები სულაც არ მჭრიდა ყურს, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ეს წიგნი ჩემს შვილებს წავუკითხე, ცუდად მომხვდა ყურში და არც მათ მოეწონათ, ამიტომ გზადაგზა ვასწორებდი კითხვისას. კრიტიკა რომ გვქონოდა, იქნებ ბატონი ოტიასთვისაც შეებედათ და გარედაქტირების უფლება მიეცა, უდავოდ უფრო მიმზიდველი და სასარგებლო გახდებოდა თანამედროვე პატარებისთვის. თუმცა ბატონი ოტია ჯიუტი და უცნაური კაცი იყო, შეიძლება საფუძვლიან და მოტივირებულ კრიტიკასაც არ დასთანხმებოდა.

თუ მეცხრამეტე საუკუნის მწერლების ნააზრევს საბავშვო მწერლობაზე თვალს გადავავლებთ, ცხადი გახდება, რომ მთავარი დიდაქტიკური მოტივია. მაშინ როცა სწავლა ფუფუნების საგანი და გამორჩეულთა ხვედრი იყო, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. 

„…სიყრმის დროს დათესილი კეთილი თესლი დიდობაში უხვად გამოიღებს ნაყოფს. ამიტომ აძლევს ჭეშმარიტი პედაგოგიკა უდიდეს მნიშვნელობას დაწყებით სწავლას. ნურავის ჰგონია, ადვილი იყოს საბავშვო ლექსის ან მოთხრობის დაწერა. ყველაზე ძნელი სწორედ ესაა, და თუ არა ღვთიური ნიჭით მირონცხებულს და სულით მდიდარს, რაიც ერთგვარად 5-6 წლის ბავშვს უახლოვებს 40 წლის ადამიანს, არ შეუძლია გახდეს საბავშვო მწერალი”, – წერდა ვაჟა ფშაველა. 

დღეს საყმაწვილო ლიტერატურამ დიდაქტიკურთან ერთად ბავშვის გართობის ფუნქციაც წამოსწია წინ. ამის მიზეზი, ვფიქრობ, საყოველთაო განათლებაა. რადგან სწავლა გახდა აუცილებელი, ბავშვის აღზრდის ფუნქცია უფრო მეტად სკოლამ ითავა. ლიტერატურას დაეკისრა მოვალეობა, ბავშვისათვის გასართობი, თავისუფალი, თავშესაფარებელი სივრცე გამხდარიყო. რაღა თქმა უნდა, აღზრდის ფუნქცია, ესთეტიკური თუ მორალური, მას მაინც შერჩა, ამის გარეშე საბავშვო კი არა, საერთოდ მწერლობაც არ არსებობს, მაგრამ პირდაპირი დიდაქტიკა შეძლებისდაგვარად შეინიღბა და წინ გართობა, სიამოვნება, თავგადასავალი წამოვიდა. ზემოთქმულის ნათელი დადასტურებაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედება. მისი უსაყვარლესი კაცუნა – კარლსონი, ერთი შეხედვით, სრულებით არ ემსახურება ყმაწვილთა აღზრდას. ღორმუცელაა, თავნებაა, ხშირად უსინდისოდ ჩაგრავს ბიჭუნას, მაგრამ მას შეუძლია, ბიჭუნა (და მკითხველიც) ისე გაართოს, როგორც არავის. თანამედროვე ყოფამ მარტოობის გრძნობა გაუმძაფრა არა მხოლოდ მოზრდილ, არამედ პატარა ადამიანებსაც. შეიცვალა ოჯახის სტრუქტურა, ცხოვრების ტემპი, საცხოვრებელი სახლის ტიპი. თანამედროვე ბავშვი, ლინდგრენის ბიჭუნასავით, ხშირად ოთახში მარტოა. მას თუ კარლსონისნაირი მეგობარი არ ეყოლება, საშინლად მოიწყენს და თავს მარტოსულად იგრძნობს, მაგრამ დღეს ამ ბავშვს ოთახში კომპიუტერი უდგას, რომელიც სარგებელთან ერთად უამრავ საფრთხეს უქადის თანამედროვე პატარას. როგორი უნდა იყოს საბავშვო მწერლობა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს კონკურენცია გაუწიოს? ამაზე დღეს არაფერი იწერება.

ბოლო წლებია, საქართველოში გამოჩნდა სათამაშო წიგნები. ზოგი ხმოვანია, ზოგს ცხოველის ნახატთან ერთად მისი ბეწვის იმიტაცია ახლავს, ზოგი სამგანზომილებიანია. სასიამოვნოა, რომ ბავშვი, თუ მშობელს ამის ფინანსური საშუალება აქვს, წიგნს პატარაობიდანვე შეიყვარებს. თანაც თანამედროვე მშობელს ჩვილობიდანვე მომარჯვებული აქვს ეკრანი ბავშვის გასართობად და დასაწყნარებლად. ჩაურთავს მულტფილმს და პატარაც მშვიდდება. კარგია, რომ ამ ტიპის წიგნები საშუალებას იძლევა, წიგნი ადრეული ასაკიდანვე მეტ-ნაკლებად სასურველი და მომხიბვლელი გახდეს. მათი არჩევა ადვილია, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, მაგრამ ბავშვი წამოიზრდება და მშობელმა აღარ იცის, რა შეარჩიოს. არც მასწავლებელმა იცის მსოფლიოსა თუ თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები. ისიც მხოლოდ საკუთარი გემოვნების ანაბარაა დარჩენილი. არადა განათლების სისტემა ვალდებულია, დაიცვას ბავშვი მოსალოდნელი უგემოვნობისგან და პედაგოგებს მაინც ჰქონდეთ საშუალება, კრიტიკისა და მეცნიერების საშუალებით გზა გაიკვლიონ საბავშვო ლიტერატურის, საბედნიეროდ, მომრავლებულ თაროებს შორის.

ჩვენი გორი, სხვისი პარიზი

0

2008 წელს, საქართველოს ცაზე – რუსული თვითმფრინავები, მიწაზე კი ტანკები რომ გამოჩნდა, ჩემი ელექტრონული ფოსტის ინბოქსი მეგობრების წერილებით გაივსო – ჩემი უცხოელი მეგობრებისა, რომლებიც წუხდნენ, შფოთავდნენ, დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ, მათ ქალაქებში გამართული მხარდამჭერი აქციების ფოტოებს მიგზავნიდნენ, მაიმედებდნენ. იმ დღეებში მიღებული უამრავი წერილიდან ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: „მინდა იცოდე, რომ თუ საჭირო გახდა, ჩემი სახლის კარი მუდამ ღიაა შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის. ევა”. ტექსტი რომ გადავიკითხე, გონება დავძაბე. ევა… ძლივს გამახსენდა. მშვიდი, ჩუმი პოლონელი გოგო, წელამდე ნაწნავით. ერთმანეთს უმეტესად საერთო საცხოვრებლის სამზარეულოში ვხვდებოდით. ხაზგასმით ზრდილობიანი მოკითხვის გარდა – პასუხს რომ არც ელოდები, ისეთი მოკითხვის – ერთმანეთისთვის სიტყვა არ გაგვიცვლია. გამუდმებით თავის უახლოეს მეგობარს, გაცილებით აქტიურ და ხმაურიან სილვიას დაჰყვებოდა, ოღონდ ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან. სხვა პოლონელები, ისინი, ვისთანაც მე დიდი და ახლო მეგობრობა მაკავშირებდა, გამუდმებით ქირქილებდნენ მათზე, დედოფალსა და სეფექალს ეძახდნენ. როგორც კი მეხსიერებაში ევას თვალები აღვიდგინე, სინდისმა შემაწუხა – ჩემს მეგობარ პოლონელებთან ერთად მეც მიქირქილია მასზე, გოგოზე, რომელიც არავინ იყო ჩემი და, მიუხედავად ამისა, ომის დროს საკუთარი ჭერი შემომთავაზა.

იმ დღეს, როცა პარიზში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტერორისტული აქტების სერიამ, სტეფანი გამახსენდა, ჩემი ფრანგი ჯგუფელი, რომელსაც კომუნიკაბელურობას ვერაფრით დავაბრალებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფეისბუქმეგობრებში შემომრჩა. გამოვტყდები, ცოტა ვიყოყმანე, იქნებ არც ვახსოვდე-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მერე ევას წერილი გამახსენდა და მივწერე, მივწერე, როგორ შევწუხდი, როგორ განიცადეს მომხდარი ტრაგედია საქართველოში და როგორ მინდოდა, რომ მის სამშობლოში ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მგონი, მე და სტეფანიმ პირველად ვისაუბრეთ გულითადად, პირველად გავცდით სტანდარტული მოკითხვის ფრაზებს და ზრდილობიან ღიმილს, პირველად დავდექით ერთმანეთის პირისპირ, მე – გულწრფელი თანაგრძნობით, ის – ასეთივე მადლიერებით.

ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა შერჩევითი სოლიდარობის შესახებ, ბევრმა დასცინა სოციალურ ქსელში პროფილის ფოტოდ დაყენებულ საფრანგეთის დროშებს, ბევრმა ბეირუთის, ნიგერიისა და უახლოეს წარსულში მომხდარი სხვა ტრაგედიები შეგვახსენა, ზოგიერთმა, ჩემდა გასაოცრად, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაბადებული ადამიანების სიცოცხლის ფასის შედარებაც კი მოინდომა. სხვისი ტრაგედიის ფონზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვაჩინეთ, რომ ერთსულოვნება ნამდვილად არ არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე და უფრო მეტიც – ზოგჯერ სხვის მიერ გამოხატული თანაგრძნობა უფრო მეტად გვაღიზიანებს და გვიშლის ნერვებს, ვიდრე ცხვირწინ მომხდარი საზარელი დანაშაული.

თუმცა პირადად ჩემთვის ყველაფერი გაცილებით მარტივია. მე მგონია, რომ სოლიდარობა ისწავლება. მე მგონია, რომ დღეს თუ პარიზზე შეგვტკივა გული, ხვალ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და ისეთ ქვეყნებზეც ვიდარდებთ, რომლებსაც აქამდე რუკაზეც ვერ ვპოულობდით. მე მგონია, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ეიფელის კოშკთან გადაღებული ფოტოს პროფილზე დაყენება გულწრფელი გლოვის ნიშანია თუ უბრალოდ ფეხის ხმის აყოლა. მთავარი ისაა, რომ დღეს, ბუნებრივად თუ ხელოვნურად, მივეჩვევით სხვისი ჭირის გულთან მიტანას, ხვალ კი გვეცოდინება, როგორია თანაგრძნობა, როგორ იქცევიან ადამიანები, როცა სხვას უჭირს.

დიახ, სოლიდარობა ისწავლება, ისწავლება თანადგომა, ადამიანობა, სიკეთე. ისწავლება ყველაფერი, რადგან შემეცნების უნარი საუკეთესოა მათ შორის, რაც კაცობრიობას მიეცა. ჩვენ ალბათ ოდნავ დაგვაგვიანდა, ჩამოვრჩით, მაგრამ მაინც შეგვიძლია, „პროგრამას” დავეწიოთ – ქართველები ხომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები, თუმცა ამ გაკვეთილზე, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო გვასწავლის, სიზარმაცე ყველაზე ნაკლებად გამოგვადგება.

მე კი, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოსთვის საფრანგეთის დროშა არ გადამიკრავს, მზად ვარ, მეილი გავხსნა და კარგ გოგოს, აგვისტოს ომის დროს საკუთარი სახლი რომ შემომთავაზა, მივწერო:

მადლობა, ევა! მადლობა გაკვეთილისთვის, რომელიც ჩამიტარე. მადლობა სიკეთისთვის. მადლობა თეფშისთვის, რომელსაც, პოლონური ტრადიციის მიხედვით, მუდამ დგამ ჩემთვის შენს სადღესასწაულო სუფრაზე. მადლობა, რომ დამანახე, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მათგან, ვისგანაც არ ელი. დიდი მადლობა და ბოდიში, რომ შენს სიჩუმეზე, შენს მორჩილებასა და სიმშვიდეზე სხვებთან ერთად მეც მიქირქილია. მადლობა, რომ ზოგჯერ, როცა ყველასა და ყველაფერზე ხელს ჩავიქნევ, შენ მახსენდები. მადლობა, რომ არასოდეს დამავიწყდება, როგორი უმწეოები ვართ ადამიანები საფრთხის წინაშე, ერთმანეთის გარეშე, აბსოლუტურად ყველგან, ჩვენს გორშიც და სხვის პარიზშიც. დიდი მადლობა, ევა!

შვილის ოთახი

0

ათასობით სხვადასხვა თამაშს ვიგონებდი, ხან პეპი ვიყავი, ხან- დედა, ხან- ბოროტი კუდიანი, ხან- კეთილი, ხან- მოხუცი, ყავარჯნებით, წვალებით, ნელა მოვირწეოდი, ხანაც- ინდიელი, „მრისხანე წერო”, „ნეკერჩხლის ტოტი” ან „მოცეკვავე კოიტი” ვიგვამს ვიცავდი, მამაც ვიყავი, შვილიც და მგზავრიც. ერთი სიტყვით, ბავშვობაში იმდენი ვინმე ვიყავი და იმდენი ვინმე მინდოდა გამოვსულიყავი, რომ დიდობაში დავიბენი და დღემდე ბაკალავრიატებს ზედიზედ და პარალელურად ვამთავრებ.

იმ ვარდისფერ, პატარა, გოგოურ საბავშვო ჩანთას ავიკიდებდი ხოლმე და ვითომვითომ მივდიოდი. ვითომვითომ დიიდ ზურგჩანთას მივათრევდი, მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში, ან, რა ვიცი, ჩრდილო კორეაში. დიდი მაწანწალა ვიზრდებოდი. პარალელურად, ასევე ხშირად, მშენებლობითაც ვკავდებოდი. სახლში სახლს, ოთახში ოთახს ვაშენებდი. ყველა ბავშვი ხო გიჟდება საკუთრებაზე, როგორც პატარა საიდუმლოზე, ან ხელშეუხებელ სიწმინდეზე. ვინ შემირყვნიდა იმ სიწმინდეებს: დედაჩემს ჩემი დღიურების კითხვა აზრად არ მოუვიდოდა და მაინც სარდაფში ვმალავდი, ოთახი მქონდა და სკამებს ერთმანეთს მივადგამდი, ზედ პლედს გადავაფარებდი, შევძვრებოდი შიგნით, მაგიდის ლამპას შევიყოლებდი და რამე წიგნს, მაგალითად, „კალეს”, ან, რა ვიცი, „მუმინებს”, თუნდაც კიპლინგს, მოვკალათდებოდი ოდნავ მოხრილი, მაგრამ მაინც ბედნიერი: დაცული ვიყავი. თავზე ჭერი მქონდა, თანაც- ჩემი ხელით აშენებული.

რო გავდიდდი, მივხვდი, როგორი მნიშვნელოვანია ეს პრივატული სივრცეები. თითქოს ბავშვები იმთავითვე დიდობას იმზადებენ, ცხვირს რო ვერავინ ჩაყოფს, ისეთს. მგონი, მაგ სახლების, შტაბების და ათასი ოინის მოწყობისას ვისწავლე საუკეთესო რამეები, რომლებიც დამეხმარა, დიდობისას უფრო კეთილი ვყოფილიყავი. მაგალითად, გაზრდილი და დიდი მე საზღვრებს არასდროს არღვევს, ის პატივს სცემს სხვების ცხოვრებას ზუსტად ისევე, როგორც საკუთარს. ისე, ცოტათი ცნობისმოყვარე კია, მაგრამ ნუ გაკიცხავთ, დაჟინებით თუ მისჩერებია თქვენს ფანჯარას, არაფერი განუზრახავს ცუდი, მაქსიმუმ მისი მოთხრობის გმირი გახდეთ.

ეგრეა, ბავშვობაშივე ვგრძნობთ, რომ, მართალია, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, მაგრამ ის რატომღაც მაინც სახალხოა, თითქოს ჩვენი საკუთრებაა და თან ბოლომდე ჩვენი არ არის. მაგ სახალხოობას მასე ვებრძვით, ჩვენებურად, ნივთიერად. სკამების ოთახებს ვიშენებთ.

ასე დაიწყო ჩემი თავის პრივატიზაცია.

ასე დაიწყო ბევრი თქვენგანიც- საკუთრების უფლების შეგრძნებების დონეზე გაცნობიერებით.

მერე მეგობრებიც შევიძინეთ. ბაღელები თუ სკოლელები. „ჩემი ოთახი და ჩემი მეგობრები”,- ეს უკვე საკუთარი ცხოვრებაა, ნამდვილად. ახალი წიგნის სათაურივით კი ჟღერს, რომელიც აუცილებლად ბავშვობაზე იქნება, რომელშიც დედა ამ შენს ნამდვილ ცხოვრებაში არ ჩაერევა, ნუ, შესაძლოა, ხანდახან ოინებისთვის დაგსაჯოს, მაგრამ მეგობრებს კი არაფრისდიდებით გაგიკრიტიკებს, არც შენს წერილებს წაკითხავს, რადგან ის ნამდვილი დედაა, დედობანას კი არ თამაშობს შენსავით, არა, დედაა და თან მეგობარი.

რატო გამახსენდა ეგ ძველი სახლები. გერმანულის ლექციაზე ვზივარ და თემაა ეგეთი, „ბედნიერება”. ამ ჩვენს ბედნიერებებზე გერმანულად უნდა ვილაპარაკოთ. იმან ჩემი მეგობრები არიან ჩემი ბედნიერებებიო, ამან- ჩემი შვილიო, იმან- შოპინგიო, ამან- მუსიკაო, იმან კიდე, საერთოდაც, ხელოვნებაო, მე- დარიჩინის ჩაი- მეთქი, რძით და საღამოობით, ერთმა კიდე- ჩემი სახლიო.

სახლიო. ხოდა, ვიფიქრე, რო ხო დიდი მაწანწალა ვინმე ვარ, მაგრამ ნებისმიერ შორეულ ქვეყანაში მყოფმა შეგნებულად, ზუსტად და გადაწყვეტით უნდა ვიცოდე, რომ მე მაქვს სახლი, როგორც ჩემივე თავის იდენტიფიკაცია, როგორც მეორე სალომე, რომელშიც შემიძლია მშვიდად ვიცხოვრო. სადმე დაბრუნება უნდა შემეძლოს. უნდა ვიცოდე, რომ დაბრუნება შემიძლია, თუნდაც ეს არასოდეს გავაკეთო.

„გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა თუ არა“

0

მთაში შემოდგომის თოვლი მოვიდა, პირველი თოვლი, როგორც გოდერძი ჩოხელის მინიატურა „უმისამართო წერილში”:

„შენ ცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ. ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა.

თოვდა.

მასწავლებელმა ცაში აგვახედა. სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა – ჩვენ ცაში ავფრინდით!

ეს, რა თქმა უნდა, მოგვეჩვენა. ასე იცის, როცა თოვნაში მაღლა იყურები. მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ, რომ გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა თუ არა”.

ნეტავ, სხვებიც თუ ასწავლიან „თოვნაში” ამაღლებას პირველკლასელებს, თუ განგებამ შეახვედრა გოდერძი ჩოხელს ასეთი მასწავლებელი?

– გოდერძიმ რვა კლასი გუდამაყრის სკოლაში დაამთავრა. ეს ალბათ იქაურ მოგონებებს უკავშირდება. ჩვენთან, ფასანაურის სკოლაში, უკვე მეცხრე კლასიდან მოვიდა. მაშინ ამ სკოლაში ბევრად მეტი მოსწავლე იყო, ახლა თანდათან მცირდება. ჩვენ პარალელურ კლასებში ვიყავით, მაგრამ ვმეგობრობდით… – გვიამბობს ფასანაურის საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა ცოცხალაშვილი. – იცით, შენახული მაქვს მისი პირადი საქმე. ამასწინათაც ვათვალიერებდი, მაინტერესებდა, როგორ ახასიათებდნენ მასწავლებლები, ამჩნევდნენ თუ არა მის უნარებს. ცოტა ხანს გუდამაყარშიც ვიმუშავე და იქაურ პედაგოგებსაც ვიცნობ. მარგო მასწავლებელი, გუდამაყრის სკოლის დაწყებითის პედაგოგი, წერს: „უყვარს კითხვა, კარგად წერს…” მოსწავლის ეს თვისებები შემდეგ არც ჩვენი სკოლის მასწავლებლებს რჩებათ შეუმჩნეველი. ჩვენ ქართულს მომთხოვნი ქეთევან კასრაძე გვასწავლიდა და მისი ნიშანი წყალგაუვალი იყო, წერაში – ოთხი, ზეპირში – ხუთი უმაღლეს შეფასებას ნიშნავდა და გოდერძი ამას იმსახურებდა.

„ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და, რა თქმა უნდა, ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის.
იცი, რა მახსოვს?

ერთხელ დავალება მოგვცა: წიგნიდან ლამაზად უნდა გადაგვეწერა მოთხრობა. მე მთელი ღამე ვწერდი. დილით რომ გავიღვიძე, ჩემს ბიძაშვილს, ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა, იმას, გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე. მეტი რა გზა მქონდა, ის გადათხუპნული ნაწერი წამოვიღე. ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა, რომ ერთიანს თუ არა, ორიანს ნამდვილად დამიწერდა.

თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით.

მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა”.

– ფასანაურში გოდერძი დედის ძმის, კაცა წიკლაურის ოჯახში ცხოვრობდა. ბიძის ოჯახში მას ზრუნვა და სითბო აგრძნობინეს. არ ვიცი, მართებულია ამაზე საუბარი თუ არა, მაგრამ გოდერძისა და ჩემს მეგობრობას საერთო ტკივილი ედო საფუძვლად. ჩვენ, ორივე, მამებისაგან მიტოვებულ ოჯახში ვიზრდებოდით. მაშინ სხვა ქალის გამო ოჯახის მიტოვება არ იყო ჩვეულებრივი ამბავი, თანაც მთაში. ორივეს გვტანჯავდა მიტოვებული შვილების სევდა. ამაზე ბევრი გვილაპარაკია. საერთოდ, გუდამაყრიდან ფასანაურში გადმოსვლამ გოდერძის სხვა სამყარო გაუხსნა, ბიძის ოჯახმა, მათთან იაკობ ტრიპოლსკის ახლობლობამ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან (რომლებიც დაბას ხშირად სტუმრობდნენ) ურთიერთობამ განაპირობა მისი პროფესიული არჩევანი. სკოლა თავისი ავ-კარგით გოდერძის ბევრ ნამუშევარშია ასახული. საერთოდ, დიდი ფანტაზიორი იყო, სულ თხზავდა რაღაცეებს და ვიბნეოდი, რა იყო მართალი და რა – გამოგონილი, ვეღარ ვარჩევდი. ჩვენი მოკეთეობა მერეც გაგრძელდა, პირველ წელსვე ჩავირიცხეთ. მისაღებზე, მახსოვს, თავისუფალი თემა ლექსად დაწერა. სხვანაირი სიყვარული იცოდა, შეეძლო, სანახავად გუდამაყრიდან ფეხით ჩამოსულიყო. თუ რამე გიჭირდა, მოიხედავდი და შენ გვერდით იყო. მაგრამ უხმაუროდ, ჩუმად… ამიტომაც მაფიქრებს, საჭიროა თუ არა, ამდენს რომ ვლაპარაკობ… თავად ოჯახის ერთგული და მზრუნველი იყო, განსაკუთრებულად. მახსოვს, ნინო რომ ფეხმძიმედ იყო, ამბობდა, ბიჭიც რომ დაიბადოს, ლელა უნდა დავარქვაო. ლელა დედამისს ერქვა, რომელსაც აღმერთებდა. გოდერძი მას ჰგავდა. იცით როგორი ქალი იყო? ყვავილებს, ცხოველებს ელაპარაკებოდა, ეფერებოდა…

– გოდერძი 50-ის რომ გახდა, ვფიქრობდი, აღუნიშნავენ–მეთქი. არაფერი ისმოდა. ჩვენმა სკოლამ მოიწვია. გაუხარდა, მეგობრებთან ერთად გვესტუმრა. ბოლოს სუფრის გაძღოლა კახი კავსაძეს ვთხოვეთ. გოდერძი ამბობდა, კაცი მოსალხენად წამოვიყვანე და თამადობა კი დავაკისრეთო…

ფასანაურის სკოლაში შედგამ თუ არა ფეხს, გოდერძი ჩოხელის დიდი პორტრეტი ჰკიდია. მრგვალ, პატარა თვალებში სევდა და სიკეთე შეზავებულა. ეს მზერა დაჰყვება მიმსვლელ-მომსვლელს. ძალიან ადარდებდა მთის სოფლების დაცარიელება და 1998 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ჩემს ნათქვამზე: „დიდი ხანია, გაუკაცრიელებულ მთას წუხხართ, გაჭირვებამაც არ მიაბრუნა მთაში მთიელი…” – ასე მიპასუხა: „მეც რატომღაც მეგონა, ასე მოხდებოდა, მიბრუნდებოდნენ, მაგრამ – არა. ერთხანობას ვფიქრობდი, ეს გაჭირვება ვინმე დიდი პატრიოტის ჩაფიქრებული ხომ არ არის, რომ ხალხი გაცივებულ კერას მოუბრუნდეს-მეთქი. მაგრამ ბარის გაჭირვებას მთაში უარესი მოჰყვა… კერის გაცივება ადვილია, მისი გაღვივებაა ძნელი. კერის გაცივებასთან ერთად ბევრი რამ ცივდება: გენი ცივდება, რწმენა ცივდება, მიწასთან დამოკიდებულება ცივდება…”

ეს დარდი მთას ისევ აწუხებს. ახლა ბარში კი არა, საზღვარს იქით ილტვის ხალხი საარსებოს საშოვნელად.

– ჩვენი სკოლის ისტორიას დიდი ხანია ვაგროვებ, ვის უმუშავია, ვის უსწავლია… დიდი მასალა დამიგროვდა, ძალიან საინტერესო ამბებით. ცხადია, ამ ისტორიაში გოდერძი ჩოხელს თავისი გამორჩეული ადგილი აქვს. გუდამაყრის სკოლა პირველი იყო, ყმაწვილობა უკვე ფასანაურში გაატარა. გოდერძი დიდი ადამიანი იყო, მისი სახელი ორივე სკოლას ეყოფა თავმოსაწონებლად… მთავარია, გვახსოვდეს… – ამბობს ქალბატონი მანანა.

გონების რუკები ცვლილებებისა და საგაკვეთილო პროცესისთვის

0

დაწერეთ რაზეც ამ წუთში ფიქრობთ შავ ქაღალდზე და მიაკარით შავი ფარდის ქვეშ.

დაწერეთ ვარდისფერ ქაღალდზე, რაც გსურთ, რომ გქონდეთ და მიაკარით თეთრი ფარდის ქვეშ.
ჩააგდეთ კენჭი თქვენი “გონებიდან” ბადეში.
მაყურებელს შეუძლია დაწეროს სასურველი და არსებული შავ და ვარდისფერ ქაღალდებზე, ასევე მათ შეუძლიათ შეარჩიონ პატარა კენჭი და ჩააგდონ ბადეში. “გონების მეფინგი” ცვალებადი მდგომარეობაა, ყველა ცვლილება იწყება ქმედებით. ნებისმიერი ქმედება მნიშვნელოვანია.
წარწერა არტისტერიუმზე, თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე ერთ-ერთ დარბაზში ვნახე, რომლის გასწვრივაც ბევრი წარწერიანი შავი და ვარდისფერი პატარა ბარათი იყო მიკრული. ბარათებზე გაკეთებული წარწერები ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორც ადამიანების სურვილები და ფიქრები:

be happy :);
მსურს მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში;
მომარჩინე;
შემიყვარე;
იპოვე ბედნიერება საკუთარ თავში;
სიყვარული, ოჯახი და ბედნიერება;
ჩემი საკუთარი ფოტოგამოფენა;
საყრდენი;
ველოსიპედი;
ბევრი დადებითი ემოცია;
be skinny;
პოლონეთი;
სიყვარული;
სუომი, ფინეთი ;
Master in Germany და სხვ.
ამ ინსტალაციის ნახვამ ერთი მეთოდი გამახსენა, რომელსაც პერიოდულად ვიყენებ ხოლმე, როცა ჩემს თავში იდეები ერთმანეთს ეჩხუბებიან და მიჭირს მათ შორის კავშირების გამონახვა; როცა ბევრი საქმე მაქვს მოსასწრები და მათი პრიორიტეტულობის მიხედვით დალაგებაა საჭირო; როცა რაღაცის გეგმას ვადგენ და მინდა გეგმა სრულყოფილთან მიახლოებული იყოს. თქვენც ამიტომ გიყვებით, შესაძლოა გონებაში მიმდინარე პროცესების რუკებად გარდასახვა საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში გადაიტანოთ, ან უბრალოდ, მოსწავლეების სურვილებისა და იდეების ვიზუალიზაციისთვის გამოიყენოთ. მაგალითად წლის დასაწყისში თუ ასეთივე ექსპერიმენტს ჩაატარებთ, როგორიც თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ერთ-ერთ კედელზე იყო განთავსებული, წლის ბოლოს თქვენი მოსწავლეები დარწმუნებული ვარ კარგა ბევრს იცინებენ თითქმის ერთი წლის წინანდელი სურვილების კითხვისას. მოკლედ, რუკებს რა მიზნით გამოიყენებთ, თქვენი გადასაწყვეტია, მე გირჩევთ რამდენიმე ონლაინრესურსს, რომელიც ვიზუალიზაციების გაკეთებაში დაგეხმარებათ.

1.თუ გსურთ, მოსწავლეები დაფიქრდნენ იმაზე, რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი, შეგიძლიათ ეს კონკრეტული ნიმუში გააცოცხლოთ – https://www.biggerplate.com/mindmaps/154gjPXE/why-study-drama;

2.სამომავლო გეგმების, პროფესიებისა და მოწოდებების დასაფიქსირებლად შემდეგი ნიმუში დაგეხმარებათ – https://www.biggerplate.com/mindmaps/5uKptIAG/when-i-grow-up-i-want-2-b-a;

3.შეგიძლიათ, რუკაზე გადაიტანოთ ის ლექსიკური ერთეულები, რაც ენის სწავლების საწყის ეტაპზე ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით ასწავლეთ თქვენს მოსწავლეებს. ასე ის გაცილებით უფრო მხიარულად გამოიყურება, ვიდრე რვეულში ტრადიციულად ჩამოწერილი უცხო სიტყვები ქართული განმარტებით. ნიმუშს ამ შემთხვევისთვისაც გთავაზობთ – https://www.biggerplate.com/mindmaps/gnaoChXv/animals-los-animales;

4.ჯანსაღი კვების პროპაგანდას თუ გადაწყვეტთ, კვების პირამიდა გამოიყენეთ. აქ პრიორიტეტულობის მიხედვითაა განაწილებული სხვადასხვა ტიპის საკვები, რაც უფრო მარტივად აჩვენებს ბოსტნეულის უპირატესობას, მაგალითად, ფუნთუშეულთან და სხვა ტკბილეულთან შედარებით. კვების პირამიდის გადმოწერა ამ ბმულიდანაა შესაძლებელი – https://www.biggerplate.com/mindmaps/TU4urKU3/philippe-packu-the-food-pyramid-revisited-with-a-mind-map

5.იმისათვის, რომ წარმოდგენა გონებრივი რუკების შესახებ სრულყოფილი იყოს, შეგიძლიათ Mind Map Art -ს გაეცნოთ. ეს ხელით შესრულებული მეფინგების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კოლექციაა;

6.კიდევ ერთი კოლექცია, ამჯერად უკვე ციფრული ფორმატის რუკების შემდეგ ბმულზეა განთავსებული – https://imindmap.com/gallery/;

7. თუ მზა ნიმუშების გამოყენება არ გსურთ და ხელით ხატვაც თქვენთვის დროის კარგვას ნიშნავს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინპლატფორმა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის სასურველი თემისა და მასშტაბების მიხედვით შეადგინოთ ვიზუალი – Minder Mister.

ნებისმიერ შემთხვევაში რა მიზნითაც არ უნდა გამოიყენოთ “გონების მეფინგი,” გახსოვდეთ, რომ ის ცვალებადი მდგომარეობაა, ყველა ცვლილება იწყება ქმედებით. ნებისმიერი ქმედება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ღირს მოქმედება და ახალი შესაძლებლობების გამოყენება.

სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში…

0

მწვანე კარებს შევაღებ და ეზოში შევალ. ამ ეზოში თავი სხვადასხვა დროს მახსოვს… მახსოვს, ბილიკზე როგორ მივრბივარ ყვირილით, რომ ბებო ჩემია. ამ დროს სამი წლის ვარ, თბილისიდან მომავალს დეიდაშვილები მანქანაში მაბრაზებენ და მიმტკიცებენ, რომ ბებია მათია. ჰოდა, მეც კარებში შესული ბილიკზე თავ-პირის მტვრევით ვეშვები და ბოლო ხმაზე გავკივი, რომ მხოლოდ ჩემია. მჯერა, რომ ბებოსთან პირველი ვინც მიასწრებს, სწორედ მისი იქნება.

მახსოვს, სადღაც ხუთი წლის, სიცივისგან ალეწილი თხელ უმკლავებო კაბაში კიბეზე ვზივარ. იმასაც ვხედავ, ბებო როგორ მორბის ჩემკენ: გოგო, ეს რა გიქნიაო. ზამთარია.. თოვლია… მე კიდევ ახალგამოღვიძებულს ზაფხული მომენატრა და ვიფიქრე, თუ საზაფხულო კაბაში კიბეზე დავჯდებოდი, ზაფხული მოვიდოდა.

მერე ვხედავ, ბებო როგორ მაბანავებს და ეზოში გრძელი გაშლილი თმებით გამოვდივარ. ისიც მესმის, მამა როგორ ეუბნება დედას – ამას კარგი პატრონობა უნდა, აბა შენ იციო.

ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ ეზოში ზღვა ხალხსაც ვხედავ… ბევრ ყვავილს, ბევრი მოფერება მახსოვს, ზოგი გულწრფელი, ზოგიც ისე, სხვების დასანახად, ყველა მამხნევებს, მე კიდევ გულში ვბრაზობ, არ მომწონს, რომ მიცოდებენ.

მერე ვხედავ, ალუბლებს ვკრეფ… მიყვარს ალუბალი. ჰო, უკვე დიდი ვარ და ერთ კვირაში საფრანგეთში მივდივარ. არ ვიცი, რა ვიპოვე იმხანად ამ ქვეყანაში, მაგრამ ბავშვობის ოცნებაა. ოღონდ მანამდე, ბებოს ჩამოვაკითხე და ალუბალი დავკრიფეთ ერთად.

მერე დაუსრულებელ მიდი-მოდის ვხედავ, ბებია უკვე სუსტადაა. მერე ისევ თოვლს, ხალხს და ყვავილებს ვხედავ.
ახლა ეს სახლი თითქოს ცოცხალივითაა და მე შემომცქერის, მომეჩვია და როცა ჩავდივარ, უხარია. არა, არ იფიქროთ, რომ როცა მხედავს ასკინკილით ხტუნავს. უბრალოდ, ვგრძნობ, რომ უხარია.

მწვანე კარს მე ვღებავ ხოლმე. ღებვა სულაც არ მიყვარს, ასე დაემთხვა უბრალოდ. მწვანედ პირველად ვინ შეღება, არ ვიცი. მგონი სულაც ამ ფერის მოიტანეს. ის კი ვიცი, მწვანე ჩემი ფერია და ეზოს კარები სწორედაც რომ მწვანე უნდა იყოს.

ეზოში ყაზბეგა ძიას ვხედავ. ახლა უკვე მკვდარია, მე მაშინ ვხედავ, როცა ეზოში კირს ხსნის, მე კი სახელდახელოდ ვიდეოს ვუღებ და ვეკითხები, ასე რატომ იქცევით-მეთქი. ყაზბეგა ძია ჩვენი მეზობელი იყო და თავისუფალ დროს დამატებითი შრომით გამომუშავებული თანხა შეჰქონდა ოჯახში. ჩვენთანაც მოსულა ერთი-ორჯერ. სწორედ, კირით აპირებდა ხეების შეთეთრებას, ვიდეო კი „ვირტუალური ქიმიისთვის” გადავუღე, რომელსაც იმ ხანად ვაკეთებდი.

https://www.youtube.com/watch?v=8vHdaemz_D8&feature=youtu.be

კირი კალციუმის ოქსიდია, ჩაუმქრალ კირსაც უწოდებენ, წყალთან ენერგიულად მოქმედებს და კალციუმის ჰიდროქსიდი (ჩამქრალი კირი) წარმოიქმნება.

ერთ საინტერესო ცდას ჩაგაწერინებთ. ცივი მინერალური წყლის, მაგ. ბორჯომის ბოთლს მოხსენით საცობი, სწრაფად გაუკეთეთ აირსადინარიანი მილის მქონე საცობი და მისი მეორე ბოლო კირწყლიან ჭიქაში ჩაუშვით. მინერალურწყლიანი ბოთლი თბილ წყალში მოათავსეთ. ბოთლის შიგთავსიდან გამოიყოფა აირის ბუშტუკები – ნახშირორჟანგი, რომელიც ჩაედინება თუ არა მილით კირწყლიან ჭიქაში, მაშინვე აამღვრევს მას. კირწყალში არსებული კალციუმის ჰიდროქსიდი გარდაიქმნება კალციუმის კარბონატად – კირქვად. ის წყალში ცუდად იხსნება და თეთრ ნალექს წარმოქმნის.

განაგრძეთ ნახშირორჟანგის გატარება კირქვიან წყალში. გარკვეული დროის შემდეგ ისევ გამჭირვალე გახდება, რადგან ნახშირორჟანგი რეაქციაში შედის კირქვასთან და მას ჰიდროკარბონატად გარდაქმნის, რომელიც წყალში კარგად იხსნება:

Ca(OH)2+CO2=CaCO3+H2O
CaCO3+ CO2+ H2O=Ca(HCO3)2

კალციუმი თავისუფალი სახით მუქი მოვერცხლისფრო მეტალია. რბილია, ყოველ შემთხვევაში, დანით გაჭრით. ბუნებაში თავისი დიდი აქტიურობის გამო თავისუფალი სახით არ არის. კარგად ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, ნახშირორჟანგთან, წყალთან. ამიტომ, ლაბორატორიაში კალციუმს კარგად თავდახურულ ჭურჭელში ნავთში ან ზეთში ინახავენ. დედამიწის ქერქში გავრცელების მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს. კალციუმის მარილები ყველგანაა, ნიადაგში, ზღვებისა და ოკეანეების წყალში, მცენარეებში და ცოცხალ ორგანიზმებში. ქალაქში ხომ არის და არის – კირი, ცემენტი, ბეტონი, აგური, მინა. მინერალი კალციტი, იგივე კალციუმის კარბონატი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია – ცარცი, კირქვა, მარმარილო. სწორედ მისგანაა წარმოქმნილი მარჯნის პოლიპები, იდუმალ გამოქვაბულებშიც კალციტი გვხვდება. კალციტის განსხვავებული ფორმის მინერალები არსებობს, ერთ მათგანს ისლანდიური შპატი ჰქვია. მის კრისტალებში საინტერესო ოპტიკურ მოვლენას შეიძლება მივადევნოთ თვალი. თუ რაიმე საგანს ამ მინერალით გავხედავთ, ყველაფერი გაორებული გვეჩვენება. არაგონიტი კალციტის კიდევ ერთი ნაირსახეობაა. საიუველირო ქვად კალციტი სუსტი სიმაგრის გამო ვერ გამოიყენება. თუმცა, სწორედ ნაკლები სიმაგრის გამო, კალციტის ისეთი ნაირსახეობა, როგორიც მარმარილოა, მოქანდაკეებისა და არქიტექტორების საყვარელი მასალაა. კალციტი ძალიან აქტიურად მოქმედებს მჟავებთან. სულ რამდენიმე წვეთის დაწვეთებაც კი საკმარისია, რომ მაშინვე აშუშხუნდება და გაზის ბუშტუკები წარმოიქმნება. სწორედ ასე შეიძლება გამოვარჩიოთ კალციტი სხვა მინერალებისგან.

კალციტი სამზარეულოშიც გვაქვს. შეამოწმეთ თქვენი ჩაიდნები, ნალექი არის? ჰოო, ცუდია, ეს ნიშნავს, რომ ჩაიდანი გასაწმენდია და სასწრაფოდ უნდა გარეცხოთ, თორემ მთელი ეს ნალექი თქვენს ჩაის ჭიქაში მოხვდება. მეორე მხრივ კი გილოცავთ, წყლის გამუდმებული ადუღებით კალციტი მიგიღიათ. კალციტი ნიჟარების შემადგენლობაშიც არის.

ცივი მიწისქვეშა წყლებიდან სტალაქტიტების და სტალაგმიტების სვეტები იზრდება. წყლის წვეთები, რომლებიც ნახშირორჟანგს შეიცავს, გახსნიან რბილ კირქვას. CaCO3+H2O+CO2=Ca(HCO3)2, ანუ წარმოიქმნება კალციუმის ჰიდროკარბონატი, რომელიც წყალში ხსნადია. სწორედ ეს ნაერთი გახსნილი სახით ნაპრალებში შეაღწევს და ნესტიან ჰაერთან შეხებისას ხდება უკურეაქცია, კირქვა კვლავ გამყარდება. ეს წანაზარდი იზრდება და ასე წარმოიქმნება მღვიმის ჭერში და ქვემოთ – სტალაქტიტები და სტალაგმიტები. ჩაიდანშიც თუ ნალექია, ეს ნიშნავს, რომ წყალი კალციუმის ჰიდროკარბონატს შეიცავს და ადუღებისას ზემოთ აღწერილი რეაქცია თქვენს ჩაიდანშიც მიმდინარეობს.

კალციუმი ორგანიზმისთვის აუცილებელია. მისი უმეტესი ნაწილი ჩონჩხსა და კბილებშია. კალციუმის იონები სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობენ. კალციუმი ცილა კალმოდულინის შემადგენლობაშიც შედის. ეს მარტივი ცილაა, ერთი პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან შედგება და მასთან კალციუმის ოთხი იონია დაკავშირებული. კალმოდულინი მეხსიერების ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს და მისი გააქტიურებისთვის აუცილებელია კალციუმი. კალციუმზე მოთხოვნილება ასაკზეა დამოკიდებული, მოზარდებს გაცილებით დიდი რაოდენობით სჭირდებათ. კალციუმი რძის პროდუქტებში, თევზში, ხორცში, ზოგიერთ მცენარეულ საკვებში, ხილსა და ბოსტნეულშია.

ოღონდ, არ იფიქროთ, რომ თუ კალციუმით მდიდარ საკვებს მივიღებთ, ის სისხლიდან აუცილებლად დანიშნულების ადგილს მიაღწევს. შეიძლება სისხლში მისი რაოდენობა ჭარბადაც კი იყოს, მაგრამ შესაბამის უჯრედებამდე ვერ აღწევდეს. კალციუმს სპეციალური გადამტანი სჭირდება და ასეთი ტრანსპორტერი სისხლიდან უჯრედებამდე D ვიტამინია.

ადრე, როდესაც ჟურნალ „მასწავლებელთან” თანამშრომლობა ახალდაწყებული მქონდა, მახსოვს ვიტამინებზე დავწერე სტატია. თქვენც კიდევ ერთხელ შეგიძლიათ გადახედოთ.

https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=9&id=132

კალციუმის სულფატი CaSO4, იგივე თაბაშირია. ორი მოლეკულა წყლის დაკავშირება შეუძლია, ანუ კრისტალჰიდრატია. გამომწვარი თაბაშირი – ალებასტრი CaSO4X0,5H2O გამოიყენება სამშენებლო სატიხრე ფილებისა და პანელების დასამზადებლად. მედიცინაში მოტეხილობის დასაფიქსირებლად თაბაშირის სახვევებს მოტეხილ კიდურებზე ადებენ პაციენტებს.

ბუნებაში თაბაშირი უდაბნოს ვარდს ქმნის, აფრიკის უდაბნოებში გვხვდება.

ასეთი ვარდი სამუშაო ოთახში, თაროზე მიდევს. ერთი შეხედვით ვარდს სულაც არ ჰგავს, მაგრამ შემდეგ, როცა ხელში აიღებ, მიატრიალ-მოატრიალებ, სხვადასხვა კუთხიდან გახედავ, იტყვი, ჰო, თითქოს წააგავსო. თან თუ იცი, რომ უდაბნოს ვარდია, ქვეცნობიერი აუცილებლად მოგაძებნინებს რამე მსგავსებას.

ერთმა სტუდენტმა მკითხა, ეს რანაირი ვარდიაო. რა ვიცი, უდაბნოსია, ქარმა წამოუბერა, ქვიშა თუ სილა მოხვეტა, ცაში აიტაცა, მიჭყუნ-მოჭყუნა და მიწაზე დანარცხებული ასე დატოვა, ვარდის ფორმაში.

სილაში ვარდი სად გაგონილაო – ისევ ჯიუტად მკითხა სტუდენტმა. რა ვიცი, არც გალაკტიონს ჯეროდა, სიზმარიაო წერდა…

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე…

პრობლემის კვლავწარმოება

0
საქართველოში ხშირად წუწუნებენ ტრადიციად, მოუშორებელ ჭირად ქცეული პრობლემების შესახებ. ქართულ საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ცნობილი ყველა მოაზროვნე მოთქვამს ჩვენი ხალხის „მოჯადოებულ წრეში” გამომწყვდევის თაობაზე. სირთულეს, მის შინაარსსა და ბარიერის გადალახვის შესაძლო გზებს ყველა გადასარევად იცნობს და აცნობიერებს. ვიცით, სად არის გამოსავალი, მაგრამ მაინც ჭაობში ვიძირებით, ჩვენი საქმე მაინც ცუდად მიდის. ეს პარადოქსია. აღნიშნულ პარადოქსს უამრავი მიზეზი განაპირობებს. ექსტრემისტები ჩვენს ჩამორჩენილობაზე, პირველყოფილობასა და განუვითარებლობაზე მიანიშნებენ. მუყაითი ადამიანები დანარჩენებს ყოყოჩობით სიზარმაცესა და უპასუხისმგებლობაზე მიგვითითებენ. სხვები საზოგადოების გარეთ იწყებენ ხოლმე ყველასათვის ნაცნობი, უპირობო მტრების ხელახალ აღმოჩენასა და მათთვის ყველაფრის გადაბრალებას. სიმართლის მარცვლის აღმოჩენა თითოეული მხარის პოზიციაშია შესაძლებელი. ისინი არ ცდებიან, მაგრამ მათ რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება ავიწყდებათ. ცხადია, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ვიტყვით ან „პერპეტუმ მობილეს” გამოვიგონებთ. უბრალოდ, მოდი შევეცადოთ, რომ პრობლემათა კვლავწარმოების, მუდმივი არსებობისა და პერმანენტული მოუგვარებლობის კიდევ ერთ, მორიგ მიზეზე ვისაუბროთ.

დავიწყოთ ელემენტარულით. ალბათ, ყველას გსმენიათ, ე.წ. „ყვითელი პროფკავშირების” შესახებ. რა არის „ყვითელი პროფკავშირი”? ეს დასაქმებულთა იმგვარი პროფესიული გაერთიანებაა, რომლის შექმნის ინიციატივა თავად აღნიშნული კავშირის წევრებისგან არ მოდის. ამგვარ ერთობებს ძალაუფლების მქონე პირები ქმნიან. ამგვარი ერთობების ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილებას იერარქიის სათავეში მყოფი ის პირები იღებენ, რომლებიც ბედნიერნი არიან, მოსწონთ შექმნილი მდგომარეობა და ცვლილებაში საკუთარი კეთილდღეობის შელახვის საფრთხეს ხედავენ. რას საქმიანობს ხოლმე „ყვითელი პროფკავშირი”? მისი მიზანია, რომ პრობლემა შენარჩუნდეს, ადამიანებმა მოლაპარაკება ვერ მოახერხონ, სიტუაცია არ გაუმჯობესდეს, „სტატუს კვო” უცვლელი დარჩეს. ბუნებრივია, ისინი საკუთარი ამოცანების თაობაზე ხმამაღლა არასოდეს საუბრობენ. ისინი ყოველთვის გულისტკივილით ამახვილებენ ყურადღებას მუშათა შორის არსებულ სირთულეებზე, მაგრამ არაფერს აკეთებენ მათ გადასაწყვეტად. მაშასადამე, მათ აწყობთ პრობლემის მუდმივი არსებობა. თუ პრობლემა იარსებებს, მათი საქმიანობაც აქტუალური ხდება მმართველი ძალებისათვის, რათა რეალური პროტესტი დაშალონ, ჩაახშონ და გააუფასურონ.

განვიხილოთ კიდევ ერთი, ოდნავ განსხვავებული შემთხვევა. საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც მრავლად არსებობენ ჩაგრულ, მოწყვლად ჯგუფთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს უამრავი გაერთიანება, რომელიც ვთქვათ ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს. ისინი წლების განმავლობაში იღებენ კოლოსალურ შემოსავლებს, მათი ლიდერები სპეციალური სამთავრობო კომისიების, სახელისუფლებო უწყებებისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები ხდებიან, თუმცა შედეგი მაინც არ ჩანს. მაშასადამე, რა გამოდის? დარაზმული, მობილიზებული და მუხლჩაუხრელად მშრომელი ჯგუფები მხოლოდ იმიტომ საქმიანობენ, რომ რომელიმე მათმა თანამებრძოლმა, რომელიმე მათმა წარმომადგენელმა პრივილეგია მოიპოვოს და შემდეგ მთელი ენერგია პრობლემის გადაწყვეტის ნაცვლად საკუთარი პრივილეგიის შენარჩუნებას მოახმაროს. “ყვითელი პროფკავშირებისგან” განსხვავებით, დასახელებული ტიპის წარმომადგენლობითი გაერთიანებები თვითორგანიზებულნი არიან. ისინი ასპარეზობას გულწრფელად და პირუთვნელად იწყებენ. პრობლემათა მოუგვარებლობა მათი მიზანი მხოლოდ ლიდერთა დაწინაურებულ ფენებში აღმოჩენის შემდეგ ხდება ხოლმე.

აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს და ყველაზე საშიშ მანკიერებაზე შეგვიძლია დავსვათ აქცენტი. სამოქალაქო საზოგადოების რიგი ლიდერებისათვის პრობლემის შენარჩუნება, პრობლემათა კვლავწარმოება უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი კეთილი მიზნებისთვის დაწყებული ბრძოლის ხარჯზე მოპოვებული პრივილეგირებული, ელიტური და გაბატონებული მდგომარეობის შენარჩუნება. ამგვარი ქცევით კი „მოჯადოებული წრის” გარღვევა წარმოუდგენელია.

ჟაკ დერიდა _ „წერა“, „არქი-წერა“, „მეტყველება“ _ პარალელების გარეშე

0
1976 წელს ჟაკ დერიდამ გამოსცა წიგნი of Gramatology, რომელშიც ასახავს მიმართებას მეტყველებასა და წერას შორის. მან ეჭვქვეშ დააყენა დაშვება, რომ წერა მომდინარეობს მეტყველებიდან და ასევე დაუშვა, რომ მეტყველება უფრო ახლოსაა მნიშვნელობისა და რეპრეზენტაციის ჭეშმარიტებასთან, ანუ ლოგოსთან, ვიდრე წერა. იგი ასაბუთებდა, რომ ენის განვითარება სინამდვილეში მეტყველებისა და წერის ურთიერთქმედებით ხორციელდება და ამ ურთიერთქმედების გამო არც მეტყველება და არც წერა არ არის ერთი მეორეზე უფრო ფუნდამენტური ენის განვითარებისათვის. ნაწილობრივ რამდენადმე პარადოქსულად, მაგრამ იგი ამტკიცებდა დამწერლობითი ენის პრიორიტეტს მისი უნიკალური და ძლიერი სემიოტური ბუნების გამო _ მას აქვს სამუდამო კვალის დატოვების უნარი, კვალის, რომელიც უძლებს დროისა და სივრცის ზემოქმედებას და, რომელშიც რეალიზებულია დისკურსი, როგორც მატერიალური პრაქტიკა. 

დერიდას აზრით, ლოგოცენტრიზმი არის რწმენა, რომ ლოგოსი (მეტყველების, ფიქრის, კანონის, აზრის შესატყვისი ბერძნული ტერმინი) ენისა და ფილოსოფიის ფუნდამენტური პრინციპია. იგი პრივილეგიას ანიჭებს მეტყველებას წერასთან შედარებით. გრამატოლოგია (ტერმინი, რომელიც დერიდამ ჩამოაყალიბა, რათა აღენიშნა წერის თეორია) მან წარმოადგინა მეტყველების პრივილეგიის დეკონსტრუქციის საშუალებად. გრამატოლოგია არის ენის საწყისების განადგურების/აშენების მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს წერას, მეტყველების თანასწორი იყოს – ლოგიკურად და ისტორიულად. დერიდას მთავარი სამიზნე აქ ფერდინანდ დე სოსიურის სტრუქტურული ლინგვისტიკა იყო. სოსიურის მიხედვით, მეტყველება არის მნიშვნელობის თავდაპირველი აღმნიშვნელი და დაწერილი სიტყვა წარმოიშვა გამოთქმული სიტყვისგან. შესაბამისად, დაწერილი სიტყვა წარმოთქმული სიტყვის რეპრეზენტაციაა.

დეკონსტრუქციული მეთოდით ამ ბინარულობის წინააღმდეგ მუშაობისას დერიდა ამტკიცებს, რომ მეტყველებასა და წერას შორის განსხვავების თამაში შინაგანსა და გარეგანს შორის განსხვავების თამაშია. ეს ნიშნავს, რომ წერა მეტყველებისთვის ერთდროულად გარეგანიც არის და შინაგანიც, ხოლო მეტყველება ერთდროულად გარეგანიც არის და შინაგანიც წერისთვის. განსხვავების ეს თამაში ასევე გულისხმობს, რომ ხდება შინაგანის და გარეგანის ამოშლა. გარეგანი თან არის და თან არ არის შინაგანი. გარე და შიგა ხდება არაადეკვატური ცნებები მეტყველებისა და წერის განსამარტად. ლოგოცენტრიზმი, როგორც ენის განვითარების თეორია, არაადეკვატურია. დერიდამ აჩვენა, რომ ლოგოცენტრისტული თეორიის მიხედვით, მეტყველება გარკვეული სახის ყოფნა იმიტომ, რომ მოსაუბრე მსმენლისათვის არსებულია. თუ ეს ასეა, მაშინ წერა იქნება გარკვეული ტიპის არყოფნა, რადგან მწერალი იმავდროულად მკითხველის წინაშე არ არის. წერა შეიძლება მიჩნეული იქნეს მწერლის და მკითხველის ერთდროულად ყოფნის შემცვლელი. მკითხველს და მწერალს ერთდროულად რომ ეარსებათ, მაშინ მწერალი მკითხველთან კომუნიკაციას მეტყველებით და არა წერით დაამყარებდა. შედეგად, ლოგოცენტრიზმი ამტკიცებს, რომ წერა არის მეტყველების შემცვლელი და წერა არის მეტყველების არსებობის აღდგენა.

დერიდა ამტკიცებდა, რომ ლოგოცენტრიზმი მოქმედებს „ყოფნის მეტაფიზიკის” შესაბამისად, იმ ლოგიკით, რომელიც მოტივირებულია ტრანსცენდენტური აღნიშნულის სურვილით. ტრანსცენდენტური აღნიშნული არის აღნიშნული, რომელიც სცილდება ყველა სხვა აღმნიშვნელს, მნიშვნელობა, რომელიც სცილდება ყველა მნიშვნელობას. თუ ყოფნა აღიქმება, როგორც აღნიშნულის არსი, მაშინ არმნიშვნელის აღნიშნულთან სიახლოვე შეიძლება მოიცავდეს აღმნიშვნელის უნარს, წარმოაჩინოს აღნიშნულის ყოფნა. იმავე შეხედულებაზე დაყრდნობით, აღმნიშვნელის აღნიშნულისაგან სიშორე შეიძლება გულისხმობდეს, რომ აღნიშნულს არ შეუძლია ან თითქმის არ შეუძლია წარმოაჩინოს აღმნიშვნელის არსებობა. სიახლოვესა და სიშორეს შორის ეს ურთიერთქმედება ყოფნისა და არყოფნის, შინაგანისა და გარეგანის ურთიერთქმედებაცაა.

ენის ფორმის განსამარტად დერიდა იყენებს ტერმინს „არქი-წერა”, რომლის მოაზრებაც შეუძლებელია ყოფნის მეტაფიზიკის ფარგლებში. ეს წერა (ანუ წერა ზოგადად) ენის ორიგინალური ფორმაა და წერის ნებისმიერი სისტემისაგან, მათ შორის მეტყველებისაგან განსხვავებულია. არქი-წერა მეტყველებისა და წერის განსხვავებაში დამალული ენის ფორმაა. ის ენის დაწერილ და დაუწერელ ფორმებს შორის განსხვავების თამაშიცაა. არქი-წერას უპირისპირდება წერის ვულგარული გაგება, რომელსაც ყოფნის მეტაფიზიკა გვთავაზობს და იგი არქი-წერის მეშვეობითაა დეკონსტრუირებული. Différance არის სიტყვა, რომელიც დერიდამ შექმნა, რათა აღეწერა და თავად განეხორციელებინა ხერხი, რომელიც ცნების ან ტექსტის ნებისმიერი მნიშვნელობა გამოიკვეთება მხოლოდ სხვა შესაძლო მნიშვნელობის წაშლით. ეს მნიშვნელობები, თავის მხრივ, გადადებულნი არიან და შეიძლება გააქტიურდნენ სხვა დროს და სხვა კონტექსტში. ნებისმიერი ტექსტი შეიძლება განმეორდეს კონტექსტების უსასრულო რაოდენობაში უსასრულო რაოდენობოს მნიშვნელობით, პოტენციურ, მაგრამ განუსაზრვრელ მსმენელთა უსასრულო რაოდენობისათვის. ეს არის იდენტობისა და განსხვავების ჩვეულებრივი ცნებების ძლიერი სახეცვლილება.

გრეგ დიმიტრიადისი და ჯორჯ კამბერელისი დერიდას შეფასებისას აღნიშნავენ, რომ მისი გავლენა განათლებაზე დაახლოებით ისეთია, როგორიც გერტრუდ შტაინის მიერ კალიფორნიის ქალაქ ოუქლენდის აღწერა: „აქ არ არსებობს აქ” ან, უფრო სწორად, მისი გავლენა ყველგან და არსადაა. სახელი „დერიდა და ტერმინი დეკონსტრუქცია სჭვალავს განათლების დისკურსს უნივერსიტეტებსა თუ საჯარო სკოლებში, თეორიულ თუ პრაქტიკულ საკითხებში, მაგრამ დერიდას ნაშრომების პირდაპირი გამოყენება არაა ხშირი. მიუხედავად ამისა, მისი ნაშრომი გამოიყენეს გარკვეულ სფეროებში: ინგლისური ენის განათლება, წერა და წერის სწავლება, მრავალკულტურული განათლება, კრიტიკული პედაგოგიკა და განათლების კვლევის ბუნება და ფუნქციები.

ლიტერატურა:

1.Jacques Derrida, Of Grammatology, publ. John Hopkins University Press. 1974.
2.Greg Dimitriadis, George Kamberelis, Theory for Education, Published in Great Britain by Routledge Taylor & Francis Group. 2006.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...