შაბათი, მაისი 2, 2026
2 მაისი, შაბათი, 2026

„ილაპარაკეთ, რათა თქვენი დანახვა შევძლო!“

0

დაკვირვებიხართ თქვენს მეტყველებას…? მაგალითად, ერთი დღის განმავლობაში რაზე საუბრობთ, რა თემებს ირჩევთ და განსაკუთრებით იმას, თუ როგორ საუბრობთ…? მაგალითად, როგორ გამოთქვამთ აზრებს, როგორი წინადადებებია თქვენს მსჯელობაში…? და იქნებ არც არასდროს გაგიანალიზებიათ, როგორ გავლენას ახდენს თქვენ მიერ გამოთქმული აზრები თქვენსავე მომავალზე? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა და ახლავე დაიწყეთ!

 

მეტყველება არასდროს არ არის უბრალოდ მეტყველება. ეს არის ფორმა ჩვენი შინაგანი აზრების და არა მხოლოდ აზრების, ჩვენი მსოფლხედვის – როგორ არის მოდელირებული სამყარო ჩვენს ცნობიერებაში და როგორ გადმოედინება სიტყვების მეშვეობით. ამიტომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეტყველებაზე დაკვირვებით სწავლობენ ადამიანს. მაგალითად, სოკრატე, რომელიც ამბობდა: ილაპარაკეთ, რათა თქვენი დანახვა შევძლო!

ადამიანი, როდესაც სხვას ახასიათებს ან რაიმე საგანს აღწერს, უფრო მეტად თავად ჩანს… რადგან ყველაფერი სუბიექტურია. ჭიქა, რომელშიც ნახევარამდე ახსია წყალი, ერთისთვის – ნახევრად სავსეა და მეორესთვის – ნახევრად ცარიელი…. გააჩნია, ვინ უმზერს მას: ოპტიმისტი თუ პესიმისტი.

ცოდნა საკმარისზე მეტი დაუგროვდა ადამიანს და ახლა შეუძლია, „სოკრატეს გამოძახების” გარეშე დააკვირდეს საკუთარ მეტყველებას და დიაგნოსტირებაც შეძლოს, ხოლო ამის შემდეგ „მკურნალობა” თავად დაუნიშნოს საკუთარ თავს…

აზრი გამოითქმის რამდენიმე განსხვავებული ფორმით და მათ შორის წამყვანია: ნეგატიური ან პოზიტიური გამოთქმა:


თუ თქვენი მეტყველების დიაგნოსტირების შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ დიდი პროცენტი მოდის: ნეგატიურ გამოთქმაზე, შეფასებაზე, კრიტიკაზე და ასე შემდეგ… დროა გადაერთოთ „სხვა სიხშირეზე”. ამაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ პრობლემის შინაგანი და ღრმა გააზრება, მაგრამ შეგიძლიათ დაიწყოთ უბრალო „სავარჯიშოებითაც”, რომელთა რეგულარული გამოყენება გამოგიმუშავებთ პოზიტიურ უნარებს და ჩამოგიყალიბებთ სასარგებლო ჩვევებს.

პოზიტიურ ენერგიას აძლიერებს რამდენიმე მიმართულება:

პოზიტიური მტკიცება – ეგრეთ წოდებული, აფირმაციები;

პოზიტიური განწყობა – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ;

პოზიტიური აზროვნება – სამყაროს აღქმა პოზიტიური რაკურსით;


პოზიტიური მტკიცება – ეგრეთ წოდებული, აფირმაციები


„იმედი გქონდეთ საკუთარი თავის და არა – ჩემი, რადგან თქვენშია დამალული ის ძალა, რომელიც თქვენ განგკურნავთ. ჩემი როლი მხოლოდ იმაშია, რომ გასწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ეს ძალა”

ემილ კუე

მსჯელობაც ორი სახისაა: მტკიცებითი და უარმყოფელი. მტკიცებითი ფორმით ჩამოყალიბებული მსჯელობა არის პოზიტიური მსჯელობა, რადგან ის არ უარყოფს არაფერს, ყველაფერს უშვებს, აზრი მსუბუქად გამოითქმის, არ ქმნის კონფლიქტს არც აზროვნებაში და არც მეორე ადამიანში, რომელსაც ელაპარაკებით; ხოლო უარმყოფელი მსჯელობა თავიდანვე განწირულია კონფლიქტისთვის, როცა რაიმეს უარყოფ, უკვე ჩიხია, უკვე კონფლიქტია.



რა არის და როგორ შევადგინოთ აფირმაცია? ეს არის მტკიცებითი გამონათქვამი იმის შესახებ, რა სურს ადამიანს…

ამ მეთოდის შემოქმედი იყო ფრანგი ფსიქოლოგი და ფარმაცევტი ემილ კუე. როდესაც იგი ფარმაცევტად მუშაობდა და წამლებს ჰყიდდა, პაციენტებს ყოველთვის ეუბნებოდა: „მალე თქვენ თავს უკეთ იგრძნობთ”. ამ სიტყვების მაგიური ძალა ემილ კუემ მალე აღმოაჩინა, პაციენტთა უმრავლესობა თავს მალე მართლა ძალიან კარგად გრძნობდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ უბრალო წყალსაც კი შეეძლო ადამიანის განკურნება, თუკი კუე გამოჯანმრთელებაში დაარწმუნებდა მათ. ამ მოვლენამ კუე დააფიქრა და შეიმუშავა სპეციალური მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავდა „გაცნობიერებულ თვითშათაგონებას”.

აფირმაციებში ყოველთვის პოზიტიური აზრია და აწმყოზეა ორიენტირებული. იმის მიხედვით, რა გვაწუხებს და რისი შეცვლა გვინდა, ან ჩვენ თვითონ ვადგენთაფირმაციებს ან უკვე შექმნილებს ვიყენებთ. მაგალითად: მე დღითი-დღე უფრო ვჯანმრთელდები (მე ვარ ვარ, თავს ცუდად ვგძნობ..), ყოველი დღე ჩემი ახალი ბედნიერების დასაწყისია (უბედური ვარ, ღმერთი არ მწყალობს), ჩემი შემოსავალი ყოველდღიურად იზრდება (ღარიბი ვარ, ფული არაფერში მყოფნის)

აფირმაციათა ხშირი გამეორება ფიქსირებულს ხდის გამოთქმულ აზრს და აზრი ცნობიერიდან გადადის არაცნობიერში, სადაც უარყოფით კონსტრუქციებს (პროგრამებს) ანაცვლებს პოზიტიურით, ამის შემდეგ და ამის წყალობით უკვე აზრი ავტომატურ რეჟიმში თავად იწყებს მოქმედებას და პოზიტიური შედეგები ძალიან ჰგავს ჯადოქრობას…

პოზიტიური განწყობა – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ, ამყარებს აფირმაციებით გამოთქმულ აზრს და უფრო სწრაფად ასრულებადს ხდის. ემოციური განწყობა ის სიხშირეა, რომელიც მსგავს სიხშირეს იზიდავს და აძლიერებს პოზიტივს. ბედნიერი ვიქნები კი არა (მომავალში არასდროს არ უნდა გადაიტანოთ განწყობა), არამედ ბედნიერი ვარ, სიხარულს განვიცდი… ყველაფერი აქ და ახლა ხდება, განწყობა უნდა შეიქმნათ შედეგამდე და ეს განწყობა არასდროს დაგტოვებთ, არც შედეგის შემდეგ და არც ახალ შედეგამდე.

პოზიტიური აზროვნება – ადამიანების, ფაქტების და მოვლენების აღწერა პოზიტიური რაკურსით. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ან ვერ აღვიქვამთ ნეგატივს. ეს ნიშნავს, რომ აქცენტს ვაკეთებთ პოზიტიურ გამოთქმაზე.

ეს შეეხება ისეთ მარტივ სიტუაციებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად, სტანდარტული სიტუაცია: მამაკაცი ელოდება ქალბატონს და კითხულობს: _ მალე გამოხვალ, ძვირფასო? თქვენ გაქვთ ორი განსხვავებული რაკურსის პასუხი: _ არა, ვერ გამოვალ და მეორე, რომელიც პოზიტიურად ასე ჟღერს: _ დიახ, გამოვალ… ნახევარ საათში…

არჩევანი გაქვთ…

წარმატებებს გისურვებთ სამყაროში, რომელშიც თქვენ ყოველ დღე სულ უფო და უფრო დიდი ბედნიერება და წარმატება გელოდებათ!


სასმისები წარსულიდან

0
არქეოლოგიური გათხრების შედეგად დგინდება, რომ ჩვენი წინაპრები განსხვავებულ სასმისებს ჯერ კიდევ ლეგენდარული კოლხეთისა და იბერიის სამეფოების არსებობის პერიოდიდან იყენებდნენ. ვანის გათხრების დროს აღმოჩნდა მრავალი სხვადასხვა მოცულობისა და ფორმის სასმისი, რომელთა დანიშნულება რომ საღვინედ გამოყენებაა, ეს ქართველ არქეოლოგებსა და ისტორიკოსებში ეჭვს არ იწვევს.
მერაბ თურმენიძე, ისტორიკოსი: “საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ჩვენი უძველესი წინაპრები ღვინოს ნამდვილად აყენებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო უნდა გამოვარჩიოთ. იმერეთში, სამეგრელოსა, და აფხაზეთში, აღმოჩნდა ძირითადად თიხისაგან დამზადებული სხვადასხვა ზომის საღვინე სასმისი. ვანის ნოქალაქევში იპოვეს ულამაზესი ჩუქურთმებით დამშვენებული ფიალა, რომელიც ჩვენს ერამდე დაახლოებით ათასი წლით თარიღდება. ეს მოწმობს არა მხოლოდ იმას, ქართველებს ღვინო მუდამ რომ გვიყვარდა, არამედ იმასაც, რომ ჩვენში ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდნენ და საღვინე სასმისს სწორედ ამიტომაც ამკობდნენ ლამაზი ორნამენტებით. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი კასპის რაიონში, მეოცე საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭური, რაც კი აქამდე ვინმეს უნახავს. გაირკვა, რომ იმ ჭურში დაახლოებით 15 ტონა ღვინო ეტეოდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი: 1. უზარმაზარი ჭურის დამზადება შესაბამისი საჭიროებით იყო ნაკარნახევი და მის პატრონს (სავარაუდოდ ერთ-ერთ რიგით გლეხს) იმდენი მოსავალი მოჰყავდა, რომ 15-ტონიანი ჭურის გავსება შეეძლო. 2. ჭურის პატრონს ამ ღვინის გაყიდვის ან სხვა პროდუქტებზე გადაცვლის პერსპექტივა ჰქონდა და სწორედ ამ ღვინოზე ექნებოდა მთელი წლის საკმარი შემოსავლის შოვნის იმედი. 3. ჩემი ერთი ნათესავი იმის გამო, რომ ეშინია, არასწორად დაყენების გამო ღვინო მთლიანად არ გაუფუჭდეს, ღვინოს სხვადასხვა ჭურჭელში აყენებს, იმ იმედით, რომ ღვინის ნაწილი მაინც გადარჩება. ის კასპელი გლეხი კი თავის შესაძლებლობებში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ არ ეშინოდა 15 ტონის ერთად დაყენების. ეს ყველაფერი, საქართველოში ძველ დროში არსებული მეღვინეობის დიდ ტრადიციებზე მეტყველებს”.
მე-19-ე საუკუნეში თბილისში ცხოვრობდა ცნობილი მეღვინე – თეიმურაზ ქევხიშვილი. თეიმურაზი ნამდვილად არ იყო კლასიკური ჩარჩ-მიკიტანი და კახეთიდან თბილისში გასაყიდად ჩამოტანილ ღვინოს პირველ რიგში თავად იგემოვნებდა. მოიწვევდა ღვინის ყადრის მცოდნე რამდენიმე ნაცნობს. დასხდებოდნენ თეიმურაზის მარანში და თეიმურაზ ქევხიშვილის მიერ დამკვიდრებული სუფრის წესის თანახმად, სმას კამეჩის რქისაგან გაკეთებულ, სამლიტრიანი ყანწით იწყებდნენ. ასეთი წესი იყო: ვინც იმ ყანწს მოერეოდა, ის სუფრაზე ქეიფს აგრძელებდა, ვინც ვერა – სუფრიდან უნდა წასულიყო. მთელმა ქალაქმა იცოდა ქევხიშვილის ლეგენდარული ყანწის ამბავი და დღეს ღრმად მოხუცებული თბილისელი ბერიკაცებისაგან შესაძლებელია კიდეც მოისმინოთ ერთი, მეტად საინტერესო ისტორია, რომელიც ამ ყანწს უკავშირდება. კახეთიდან ახლად ჩამოტანილი ღვინის დაგემოვნების მიზნით ქევხიშვილის მიერ გაშლილ ერთ-ერთ სუფრაზე წარმოშობით ქართლელი სირაჯი, მეტსახელად კაკულა მიიწვიეს. ეს კაკულა ერთი, გამხდარი და ჩია კაცი ყოფილა, რომელიც ღვინის დალევის მოყვარული კი იყო, მაგრამ კამეჩის რქის ყანწი მისთვის ნამეტანი დიდი აღმოჩნდა. შუა სმაში წაიბორძიკა, ფეხი გაუცურდა და დაბლა დაცემული, ყანწის ბოლოს მკერდით წამოეგო. კაკულა კი გადარჩა, მაგრამ იმის მერე თურმე მთელი ქალაქი დასცინოდა და „დაყანწულს” ეძახდა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში კამეჩის რქისაგან ყანწებს იშვიათად ამზადებდნენ. პოპულარული უფრო ხარისა და ჯიხვის ყანწები იყო, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ორიგინალობის მიზნით სხვა ტიპის ყანწებიც გაუკეთებიათ.
როდესაც განსხვავებულ სასმისებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის ლეგენდარული ყანწი. ზუგდიდის მუზეუმში ბევრს უნახავს ეს უზარმაზარი სასმისი და ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ ამხელა ყანწს ადრე მართლა ვინმე სვამდა. დადიანის ყანწს აწერია: „ვინც დამლიოს იმისი ვარ”. როგორც ჩანს, ეს ყანწი თავად დადიანის გარდა, ან მართლა ვერავინ დალია, ანდა ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი მოთხრობის სიუჟეტისა არ იყოს, არავინ კადრულობდა ამ მართლაც ლეგენდარული სასმისის სახლში წაღებას.
ბევრისათვის ხშირად გაუგებარია, მაინცდამაინც განსხვავებული სასმისით რატომ უნდა დაილიოს ესა თუ ის სადღეგრძელო და ამ ყველაფერში ერთგვარი „სუფრული კეკლუცობის” მომენტებსაც ხედავენ. ეთნოგრაფ ელგუჯა იოსელიანის აზრით, განსხვავებული სასმისით სადღეგრძელოს დალევა ადრე მხოლოდ თანამესუფრეებისათვის თავის მოწონება და დასალოცი ობიექტისადმი „კოჭის გორება” არ იყო.
ელგუჯა იოსელიანი, ეთნოგრაფი: “ბოლო დროს ერთი ძალიან კარგი ძველი ადათი აღდგა და ამას პირადად მე მივესალმები. თუკი დაახლოებით 10-20 წლის წინ სასმისის განსხვავებულობა მისი სიდიდით გაიზომებოდა, ახლა, როგორც იქნა, გავიგეთ, რომ სასმისის განსხვავებულობა პირველ რიგში მის ორიგინალურ ფორმებში უნდა წარმოვიდგინოთ. სწორედ ასე იყო ადრე, ძველ საქართველოში და მიხარია, რომ ამ ძველ ადათს ვუბრუნდებით. ჭინჭილა სხვა არაფერი იყო, თუ არა განსხვავებული სასმისი, რომლითაც ყველაზე ლამაზ და ყველაზე კარგ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. ლოცავდნენ ბავშვებს, მოხუცებს, მეუღლეებს, ნათესავებს.. და იმით არავინ რჩებოდა ნაწყენი, რომ ჭინჭილაში ცოტა ღვინო ჩადიოდა. გურიაში არსებობდა ჭინჭილას მსგავსი სასმისი, რომელსაც „საფეხეს” ეძახდნენ. სწორედ იმ სასმისით სვამდნენ დღეს გარგად ცნობილ ახლადშემოსწრებული არამსმელი სტუმირისადმი მიძღვნილ სადღეგრძელოებს: “ორი ფეხით ხარ შემოსული და ორი ჭიქა მაინც დალიე”, ან “ღმერთი სამობითაა და სამება უნდა დალოცოო”… დიდი, უზარმაზარი სასმისები, უფრო თავადებს უყვარდათ და ეს არცაა გასაკვირი. თავადების სუფრა ხომ სმაში ერთმანეთის შეჯიბრი იყო. გლეხები კი დროს სულ სხვაგვარად ატარებდნენ. გლეხებისათვის სუფრა მხოლოდ უზომოდ სმა არ იყო. გლეხები სუფრასთან მღეროდნენ, შაირობდნენ, კაფიაობდნენ, ცეკვავდნენ. ხალხური სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ სწორედ გლეხების შექმნილია. აბა რომელი ჭკუათმყოფელი თავადი ან ბატონი იმღერებდა: “ჩავუხტეთ მუხრანბატონსა”, “ცხრა მათრახი გადამარტყეს” ან “არ გეიშვას ჩვენი პრაპორშჩიკიო”. საერთოდ, სუფრაზე ბევრი რამ თამადაზეა დამოკიდებული. თუკი თამადა დათრობის და არა ქეიფის მოყვარული კაცია, მაშინ იგი თანამესუფრეებს განსხვავებულ სასმისებს ძალიან ხშირად ასმევს და ამ განსხვავებულებით ქეიფს თავისი ხიბლი ეკარგება. ადრე თამადა სუფრაზე ერთ, მაქსიმუმ ორ განსხვავებულ სასმისს სვამდა, რათა ხაზი გასმოდა ამ სადღეგრძელოების აუცილებლობასა და მნიშვნელობას”.
საქართველოს საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს, ქართული სუფრა ღრეობის, ჩხუბებისა და უაზრო ლაყბობის ასპარეზად იქცა. რესტორნებსა და ოჯახებში გაშლილ სუფრებზე, ხშირად პირველად პოლიტბიუროს, შემდეგ კომუნისტურ პარტიას და წითელ არმიას ლოცავდნენ. ეს სადღეგრძელოები ყანწით ისმებოდა და ასმაგად სამწუხაროა, რომ ხშირად კომუნისტური პარტიის დამლოცავის ხელში დაჭერილი უძველესი ყანწი, თავის დროზე იმ ადამიანებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გალიეს. თბილისელი დიმიტრი ჩაჩუა იხსენებს საინტერესო ისტორიას. იგი თავად შეესწრო ერთ მართლაც სამარცხვინო ფაქტს, როდესაც ცეკას ფუნქციონირები დავით სარაჯიშვილის ნაქონი ყანწით ლენინისა „დიადი საბჭოეთის” სადღეგრძელოს სვამდნენ.
დიმიტრი ჩაჩუა, 71 წლის: “1962 წელს, სრულიად შემთხვევით მოვხვდი სუფრაზე, სადაც სულ ცეკასი და მაშინდელი მთავრობის წევრები ისხდნენ. სუფრა იმდროინდელ თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში, რესტორან “ხევში” იყო გაშლილი. პირველად პოლიტბიურო დალოცეს. მე მეგონა ხუმრობდნენ, მაგრამ რომ გავიღიმე, ისეთი შემომიბღვირეს, სადღეგრძელოც კი არ მითქვამს, ისე დავლიე. მერე პარტია დალოცეს. მესამე სადღეგრძელოსთვის თამადა რომ ადგა, ყანწი მოითხოვა. ამ დროს ერთი მელოტი კაცი წამოდგა და თამადას ეუბნება: „ცოტა ხანს მოითმინე და ძალიან მაგარ ყანწს მოვიტანო. მართლაც, ის მელოტი კაცი გავიდა და დაახლოებით ნახევარ საათში, ერთი ძალიან ლამაზი, თეთრი ყანწით დაბრუნდა. გვითხრა: ეს დავით სარაჯიშვილის ნაქონი ყანწია და ლენინის სადღეგრძელო ამით უნდა დავლიოთო”. მამაჩემისაგან ვიცოდი ვინც იყო სარაჯიშვილი და ისიც ვიცოდი, რუსებზე მზე და მთვარე რომ არ ამოსდიოდა. ავდექი და თამადას სიცილით ვუთხარი: ამ ყანწით ლენინის სადღეგრძელოს რომ ვსვამთ, ვინ იცის სარაჯიშვილი საფლავში რამდენჯერ გადატრიალდა-მეთქი… კიდევ კარგი არ მცემეს, თორემ ისე არც უმაგისობა იყო. ერთი იმასაც ამბობდა: სწორედ სარაჯიშვილისთანა კაპიტალისტების ყანწით უნდა დავლიოთ ლენინის სადღეგრძელო, რადგან ლენინს ზუსტად ის გაუხარდებოდა, მათთვის წართმეულ ქონებას უბრალო ხალხი რომ ვიყენებთო… ისინი თუ უბრალო ხალხი იყვნენ, მე რაღა უნდა მეთქვა? იმათ სულ უცხოური კოსტუმები ეცვათ, მე კიდევ ბიძაშვილისაგან ნათხოვარი შარვალი”.

ტიტანების ოჯახი…

0

რთ დღეს ურანი და გაია დაქორწინდნენ… არადა, ისეთი განსხვავებულები იყვნენ, რომ მათ მომავალში ყველას ეჭვი ეპარებოდა.  ერთმანეთი სად გაიცნეს, არ ვიცი. ერთი კოსმოსში ცხოვრობდა, მეორე მიწაზე.  ვარიანტი სულ რამდენიმეა – ან სოციალურ ქსელში გაიცნობდნენ ერთმანეთს (მაშინაც იქნებოდა რაიმე ქსელი), ან ურანი იმყოფებოდა მიწაზე ტურისტად, ან სულ პირიქით იყო საქმე და გაია  სტუმრობდა კოსმოსს. ასე იყო, თუ ისე, არავის ყური არ ათხოვეს და თავი ერთ ოჯახად გამოაცხადეს.  შეიძლება იქვე სტატუსებიც განაახლეს, ძალიან გახარებულები ვართო, ბედნიერებიო, ან სულაც თქვეს, ბედნიერებიც ვართ და ყავასაც გეახლებითო. შესაძლოა ურანმა გაიას კედელზეც  დაუწერა:

„ნეტავ საიდან იბადები მშვენიერებავ!

ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი?…” (შარლ ბოდლერი)

შეიძლება სულაც არაფერი დაუწერია და უბრალოდ საერთო პროფილი გახსნეს. დაარქვეს  „ურან-გაია” ან სულაც  „ურანო  კე  გაია” („კე” ბერძნულად ნიშნავს  „და”ს).

განსხვავებულები კი იყვნენ, მაგრამ თორმეტი შვილი შეეძინათ: ექვსი – ვაჟი, ექვსიც-ქალი.

ამ შემთხვევაშიც რამეს მიუძღვნიდა ურანი. დაუწერდა:

„ალიონია შენს თვალებში, თანაც-დაისი,

აფრქვევ სურნელებს, ვით საღამო უცხოდ მშფოთვარი,

ყრმა განადიდე, ტიტანი კი მუხლზე დაისვი…” (შარლ ბოდლერი)

ჰო, დამავიწყდა მეთქვა, თორმეტივე შვილი ტიტანი ეყოლათ.

ვაჟების სახელები იყო: ოკეანოსი, კეოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, ქრონუსი.

ქალების სახელები იყო: თეია, რეა, თემიდა, მნემნოსინე, თეტიდა, ფებე.

სულაც არ იყვნენ ცუდი გოგო-ბიჭები… დიდ ძალას ფლობდნენ, ტიტანები იყვნენ, მათი შვილებიც (ურანის და გაიას შვილიშვილები) ტიტანებად მოიხსენებოდნენ.

 არადა, მოხსენიება ზოგს სულაც არ სჭირდებოდა. მაგ. დროის ღმერთი, ფრთიანი ქრონუსი  ზევსი მამა გახდა.

ჰიპერიონს ჰელიოსი, სელენა და ეოსი შეეძინა. ოკეანოსმა მდინარეების, ზღვების და ოკეანეების პატარ-პატარა ღვთაებები მოუვლინა ქვეყანას.

თეტიდა აქილევსის დედა გახდა.

როგორც მითოლოგია ამბობს, ურანს და გაიას მოგვიანებით ციკლოპები და გოლიათებიც შესძენიათ. გოლიათებს ერთ დღეს მამა ურანი გაუნაწყენებიათ და მანაც გამოქვაბულში გამოამწყვდია შვილები. დედა გაიას დახმარება უფროსი შვილებისთვის – ტიტანებისთვის უთხოვია. ტიტან ქრონუსს ვერ მოუზომავს და მამა ნამგლით დაუსერავს. დაღვრილი სისხლისგან ფურიები და გიგანტები წარმოქმნილან. ქრონუსს კიდევ მას შემდეგ ზოგჯერ ფრთების ნაცვლად ნამგლითაც გამოსახავენ და  ტიტან კრონოსს უწოდებენ.

200 წელზე მეტი გავიდა, რაც ინგლისელმა გრეგორმა და გერმანელმა კლაპროტმა უცნობი ელემენტის ოქსიდი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს.  1795 წლამდე ელემენტს გრეგორი  „მენაკინს” უწოდებდა. 1795 წელს  მარტინ ჰენრიხ კლაპროტმა ის მინერალ რუთილში აღმოაჩინა და ახალ მეტალს ტიტანი უწოდა. ზოგმა თქვა, ელფების დედოფლის ტიტანიას პატივსაცემადო. ამ ვერსიის მიმდევრები თავისი სიმართლის დასაცავად შექსპირს იშველიებდნენ. ამბობდნენ, ტიტანია ელფების ულამაზესი ქალღმერთი იყო და სამართლიანადაც აქვს ადგილი „ზაფხულის ღამის სიზმარშიო”. მეორენი ამბობდნენ,  რომ ტიტანის სახელი სწორედ და-ძმა ტიტანებთან იყო დაკავშირებულიო. უფრო მარტივი იქნებოდა, თავად მეცნიერისთვის ეკითხა ვინმეს. შესაძლოა ასეც მოიქცნენ, მაგრამ მე მისი პასუხი ვერსად ამოვიკითხე. ამიტომ, ვისაც ვინ მოგეწონებათ, ტიტანის სახელიც მასთან  დააკავშირეთ.

მსუბუქი, მოვერცხლისფრო თეთრი მეტალი, რკინაზე ორჯერ მსუბუქია და სიმტკიცით მას სულაც არ ჩამორჩება. ორი ტიპის კრისტალური მოდიფიკაციითაა ცნობილი – ალფა ტიტანი ჰექსაგრამული კრისტალური მესრით და ბეტა ტიტანი კუბური კრისტალური მესრით. ბევრი მეცნიერი ცდილობდა ამ მეტალის სუფთა სახით მიღებას. ეს მხოლოდ 1825 წელს მოხერხდა. ის შვედმა ქიმიკოსმა ბერცელიუსმა შეძლო. მეცხრამეტე საუკუნის ქიმიკოსები, მათ შორის მენდელეევიც ფიქრობდა, რომ ეს მეტალი ძალიან იშვიათი იყო, ამიტომ სრულიად გამოუყენებელი.

თუმცა, მეოცე საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ ის იშვიათი სულაც არ არის.  ბევრი მინერალის შემადგენლობაში შედის. დღეს  გავრცელების მიხედვით მეცხრე ადგილზეა. ჟანგბადი, სილიციუმი, ალუმინი, რკინა, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალიუმი და ტიტანი. დედამიწის ქერქში ტიტანის მასური წილია 0,6% და ეს საკმაოდ ბევრია.

არ გჯერათ? მანგანუმი, ქრომი, თუთია, სპილენძი, ვანადიუმი, ცირკონიუმი, ვოლფრამი, კობალტი და მოლიბდენი ერთად აღებული, ტიტანთან შედარებით სამჯერ უფრო მცირე რაოდენობითაა დედამიწის ქერქში. ტიტანი ბუნებაშიცაა. მარცვლებში, ფოთლებში, ფესვებსა და ღეროებში. ცხოველურ ქსოვილებში. რძესა და ქათმის კვერცხში. მისი რაოდენობა ორგანიზმში მილიგრამობით იზომება. ადამიანის ორგანიზმში 20მგ ტიტანია. ის ჩვენთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ქიმიურად მდგრადია და უძლებს მრავალი განზავებული მჟავის და ტუტეების ხსნარებს. გამონაკლისია, ფტორწყალბადმჟავა, ფოსფორმჟავა და კონცენტრირებული გოგირდმჟავა. იტანს სიცივეს და მაღალ ტემპერატურას, მტკიცე და მსუბუქი ტიტანი თავის ლეგენდარულ სახელს ამართლებს. მეცნიერები მას მომავლის მეტალს უწოდებენ – კოსმოსური ეპოქის მეტალს. თანამედროვე თვითმფრინავების, ვერტმფრენების, რაკეტების კონსტრუქციები, წყალქვეშა ხომალდები, მედიცინაში ორთოპედიული იმპლანტები – სწორედ აქ გამოიყენება დღეს ტიტანი.

ტიტანისგან დანებსაც ამზადებენ, მოთხილამურეები ტიტანის ჯოხებს იყენებენ. ბამბიგტონის რაკეტებიც ტიტანისგანაა. კოროზიისადმი მდგრადია, რადგან ალუმინის მსგავსად ოქსიდის ფენას გადაიკრავს, რომელიც მას შემდგომი დაჟანგვისგან იცავს.  საათის სამაჯურებსაც ტიტანის ფენით ფარავენ.

ტიტანის სიმტკიცეზე საუბრისას ჯორჯ ბაირონის ლექსის სტრიქონები მახსენდება:

 „…ტიტანო, მაინც არ დაიჩივლებ –

 თმენით გამობრძმედ შენს ნებელობას…”

ტიტანი მრავალი შენადნობის შემადგენლობაში შედის. მოდით, გავიხსენოთ რა არის შენადნობი. ეს არის სისტემა, რომელიც ორი ან მეტი მეტალისგან ან იშვიათად მეტალისა და არამეტალისგან შედგება. შენადნობებს საწყის კომპონენტებთან შედარებით ახასიათებთ დაბალი ლღობის ტემპერატურა, მეტი სიმაგრე და სიმტკიცე. ტიტან/ნიკელის შენადნობს ნიტინოლი ეწოდება და კოსმოსური ანტენის აგებისას იყენებენ. ხომალდის აწყობისას ამ შენადნობისგან დამზადებულ პატარა გორგალს კორპუსში ათავსებენ. გახურებისას გორგალი რამდენიმე კმ-ის სიგრძის ფარგლებში სწორდება.

ნიტინოლისგან დამზადებული სამედიცინო კლიფსებით  ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ღრმა ქსოვილების ამოკერვა ხდება.  სხეულის სითბოს გავლენით, სისხლძარღვში მოთავსებული ნიტინოლის მავთული გორგლის ფორმას იღებს. შენადნობის ასეთი ფორმა ფილტრის როლს ასრულებს და თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს. გამოდის, რომ Ti/Ni შენადნობს განსხვავებული თვისებები აქვს. მავთული ტემპერატურის გავლენით სხვადასხვა ფორმას ღებულობს (ანტენის შემთხვევაში სწორდება, სისხლძარღვებში კი გორგლის ფორმას იღებს).

 ბუნებაში ოქსიდის სახით გვხვდება TiO2. ოქსიდი ამფოტერულია, ტიტანის მარილებისგან ჯერ ჰიდროქსიდს ღებულობენ და სწორედ მისგან წარმოიქმნება ოქსიდი.  მინერალები რუთილი, ბრუქითი, ანატასი სწორედ ამ ოქსიდს შეიცავენ. ამასთან ეს მინერალები მუქი ფერისაა, ოქსიდი კი კაშკაშა თეთრი. სხვათა შორის, მისგან ტიტანის მათეთრებელსაც ამზადებენ, რომელიც ტყვიისგან განსხვავებით უვნებელია. მაღალ ტემპერატურაზე გამოშრობისას ოქსიდი კრისტალურ ფორმაში გადადის და ბრილიანტისებურად ელვარებს.

ოქსიდიდან ტიტანს შემდეგნაირად იღებენ:
TiO2+2C+2Cl2=TiCl4+2CO
TiCl4+2Mg=2MgCl+Ti

 თუ სადმე შეხვდებით წარწერას, საკვები საღებავი E 171, ეს უვნებელი ტიტანის დიოქსიდია.

ასევე კარგად ნაცნობი ნაერთია ტიტანის ქლორიდი TiCl4. ის ჰაერში არსებულ წყლის ორთქლთან შედის რეაქციაში  ტიტანის ოქსიდის და მარილმჟავას წარმოქმნით.

TiCl4+H2O= TiO2 +4HCl

TiCl3 პოლიპროპილენის წარმოებაში კატალიზატორად გამოიყენება. პოლიპროპილენი პოლიმერიზაციის შედეგად წარმოქმნილი პოლიმერია. მცირე მოლეკულების (მონომერების)  უფრო დიდ მოლეკულებად შეერთების პროცესს პოლიმერიზაციის რეაქცია ეწოდება. მაგალითად, უჯერი ნახშირწყალბად ეთილენისთვის ასეთი რეაქცია დამახასიათებელია, შედეგად კი პოლიეთილენი მიიღება. პროპილენის პოლიმერიზაცია კი პოლიპროპილენს წარმოქმნის და ტიტანის შემცველი კატალიზატორიც სწორედ აქ გამოიყენება. ტიტანის შემცველ კატალიზატორს შეიძლება თანაკატალიზატორებიც ჰქონდეს ალუმინის ნაერთების სახით.

ტიტანი ასეთია. არ ვიცი, ვისი სახელი ჰქვია, დედოფალ ტიტანიასი თუ და-ძმა ტიტანების, რომლებმაც უამრავი ღვთაება მოავლინეს მითოლოგიურ სამყაროში. იმ ტიტანების ეშინოდათ, ეს ტიტანი ძალიან სასურველი და გამოყენებადია. იმ ტიტანების მიძინებაზე ბევრი ოცნებობდა, ამ ტიტანის მოპოვებასა და დამუშავებაზე ოცნებობენ.

გალაკტიონმა კი ტიტანს მიქელანჯელო შეადარა:

„…. ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი
ახალი დროის დიდი მესია,
მედგარი მხრებით რომ აიტანა
მთაზე დიდება და პოეზია”.

მასწავლებელი მაღალმთიანი სვანეთიდან

0
სოფელი წვირმი მესტიიდან ოცდაერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მესტიის მაღლა ,წვირმის იქით – მხოლო დადიში, კალა და უშგულია. წვირმიდან სვანეთის ორი დიდებული მწვერვალი – თეთნულდი და უშბა მოჩანს. ესმაღალმთიანი სვანეთია თავისი მკაცრი კლიმატური პირობებით, ნაძვის ტყეებითა და ტრიალი მინდვრებით, ლაღი ბავშვებით, რომლებიც ცხენებს დააჭენებენ, პირუტყვს უვლიან, მოცვს აგროვებენ, კარტოფილს იღებენ და აბინავებენ, ოჯახს საშინაო საქმეებში ეხმარებიან, იგონებენ სხვადასხვა თამაშებს და მათი ცხოვრება, ერთი შეხედვით რომ არ ვიმსჯელოთ, არც ისეთი მოსაწყენი და უფერულია. ყველაზე მეტად კი ამ ბავშვებს თანამედროვე ლიტერატურა ახარებთ და დედაქალაქში სტუმრად წასული მასწავლებლისგან წიგნების ჩამოტანას ელოდებიან.
ჩვენ კი, როდესაც ჩვენს ქალაქებში ტკბილი ნოემბრით ვტკბებით და გაყვითლებული ფოთლების ფონზე ვიღებთ ფოტოებს, იქ უკვე პირველი თოვლი მოვიდა. წელს სოფლის სკოლის ყოველდღიურობაში სიახლეა. წვირმის სკოლას ახალგაზრდა ისტორიის მასწავლებელი ჰყავს – დაჯი თოდუა. დაჯი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “ასწავლე საქართველოსათვის” ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც შესარჩევი პირობების წარმატებით გავლის შემდეგ, დედაქალაქიდან პირდაპირ მესტიის რაიონის სოფელ წვირმში აღმოჩნდა.
დაჯი 24 წლისაა. ილიაუნის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სხვადასხვა მიზეზთა გამო რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ძიების პროცესში იყო, არ აკმაყოფილებდა მისი ცხოვრება და საქმე. სამსახურიდან გამოსულს უსახური კორპუსების თავზე ამოზრდილი მაღალი მთებისკენ მიუწევდა გული და უნდოდა რაღაც შეეცვალა ცხოვრებაში, თან ძალიან სწრაფად. ამის მერე ბევრი აღარ უფიქრია, სამსახურიდან წამოვიდა, სახლში იჯდა, ფილმებს უყურებდა და წიგნებს კითხულობდა. ერთხელაც, შემთხვევით გადაავლო თვალი “ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამის პირობებს და იმავე დღეს შეავსო განაცხადი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ვაკანსიაზე და გაკვეთილის გეგმა მოამზადა. შემდეგ, კი ეს ყველაფერი დაივიწყა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ამბავი მის სასიკეთოდ გადაწყდებოდა.
ადრე თუ გვიან ჩვენი სურვილები ფრთებს ისხამენ და ყველა ოცნება ცოცხლდება. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც. ზაფხულის ერთ ცხელ დღეს მობილურ ტელეფონში მოსულმა წერილმა დაჯის შეატყობინა, რომ იგი ზემოთ აღნიშნული პროგრამისთვის შეარჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. ამას მოჰყვა ტრენინგები, სადაც აღმოაჩინა, რომ ამ პროგრამის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი იყო. ამან მეტი მოტივაცია გაუჩინა, გაეკეთებინა მაქსიმუმი და, რაც მთავარია, არ შეშინებოდა ამ რთულ გზაზე სიარულის.
ოჯახში, სადაც დაბინავდა, მის გარდა, კიდევ ორი მასწავლებელი ცხოვრობს – სკოლის დირექტორი, რომელიც ამავდროულად მათემატიკის მასწავლებელია და მამიდა, ანუ ბადა – გეოგრაფიის. ამ ორმა ადამიანმა უცხო გარემოში მოხვედრილი ახალგაზრდა მასწავლებელი ოჯახის წევრივით მიიღო, რამაც უფრო გაუიოლა უცნობ გარემოში დამკვიდრება.
მასწავლებლების სახლიდან სკოლა ნახევარ კილომეტრშია და გზას, ცხადია, ფეხით გადიან. სკოლა ყოფილი ბაღის შენობაშია (ძველი სკოლა დიდი ხნის წინ დაიწვა ) და პირობები უკიდურესად მძიმეა, მაგრამ მასწავლებლები ცდილობენ, ამ გარემოებამ სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშალოს. წვირმის სკოლაში სულ ოცდაჩვიდმეტი მოსწავლე სწავლობს.
როცა, თბილა და მზიანი ამინდია, მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში გამოდიან, გრძელ სკამზე სხდებიან და გაკვეთილებს ეზოში ატარებენ. დაჯის ზოგჯერ სამი გაკვეთილის ჩატარება უწევს დღის განმავლობაში. მერვე კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა – იაკო – და ამიტომ გაერთიანებული გაკვეთილს ამზადებს მეშვიდე და მერვეკლასელებისთვის. სულ ოთხნი არიან. დაჯი ამბობს, რომ ბავშვები კარგად სწავლობენ, ზოგიერთი კი შიშველი მონდომების, მოტივაციისა და დაუზარელობის განსახიერებააო.
ზოგჯერ, თამაშობენ კიდევაც, ხან მოსწავლეები სთავაზობენ ახალ თამაშებს, ხან კიდევ – მასწავლებელი. ერთ-ერთი ასეთი თამაშია “ქარიშხალი და სახლი”, რომელსაც მასწავლებელი ბავშვებს ეთამაშება. როცა თამაშისთვის გამოყოფილი ხუთი წუთი იწურება, მოსწავლეები და მათი ახალგაზრდა მასწავლებელი უკვე ისტორიის საგანს უბრუნდებიან.
“მე მე-7 და მე-12 კლასელებს ვასწავლი ისტორიას. თავიდან ვფიქრობდი, რომ უფროსკლასელებთან მუშაობა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მოსწავლეებმა ძალიან კარგად მიმიღეს. ერთ-ერთ, მეთორმეტე კლასელ გოგონას უკვე ისტორიის მასწავლებლობა უნდა. დანარჩენებისთვის კი, როგორც მეუბნებიან, ისტორია საყვარელი საგანი გახდა. ეს ჩემთვის ორმაგი სტიმულია, უფრო მეტი გავაკეთო მათთვის, რაც პარალელურად ჩემს თვითგანვითარებაზეც აისახება”, – ამბობს დაჯი.
წვირმელი ბავშვებისთვის თავშეყრის, გართობის, თამაშის, სწავლის, კომუნიკაციისა და განვითარების ერთადერთი გზა და ადგილი მხოლოდ სკოლაა. ინტერნეტი, მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს. ამიტომ ბავშვები მუდამ ესწრებიან გაკვეთილებს, თუ ოჯახის საქმეები არ დააწვათ ზურგზე. ისინი კი ძალიან ბევრს შრომობენ და ოჯახს ეხმარებიან.
როდესაც ახალგაზრდა მასწავლებელი დედაქალაქს სტუმრობს, მოსწავლეები მას წიგნებს აბარებენ. დაჯიც წიგნების გარეშე არსად დადის და მით უფრო სვანეთში, სადაც იქაურ გრძელ ღამეებს წიგნების კითხვით უმკლავდება. შესაბამისად მოსაწყენადაც არ სცალია, პირიქით – კმაყოფილია. სანამ თოვლი მოვიდოდა კარტოფილის ამოთხრაც მოასწრო, სვანური კერძების ათვისება და მთებში წანწალიც.
სახლში კატა ჰყავს. რომელიც, ყოველდღე სკოლიდან დაბრუნებულს სახლის ჭიშკართან, ძაღლივით ერთგულად ელოდება პატრონს. არაფერი ჰქვიაო მეუბნება, მაგრამ ციცუს ეძახის. როდესაც ციცუს აპურებს, თავზე ადგას, რომ ქათმებმა არ წაართვან ფისოს თავისი წილი საკვები.
საქმე ბევრია, ზოგჯერ ოჯახის უფროსს ეხმარება კარტოფილის ამოღებაში. დიდ წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ მაინც მიდის და მერე ერთად ბრუნდებიან სახლში დაქანცულები. მისი ახალი ოჯახი ნელ-ნელა ეგუება მის ვეგეტარიანელობას და როგორც თავიდან, ისე აღარ აძალებენ ხორცის ჩართვას ყოველდღიურ რაციონში. სვანურ დიალექტთან და სვანურ კულინარიასთან პირველი დისკომფორტიც ნელ-ნელა ქრება და ისიც ხშირად წერს თავის ბლოგზე, რომ ყველაფერი მოსწონს, რაც მის ცხოვრებაში ხდება.
სკოლის ამბების შესახებ თავის ბლოგზე წერს. წერს იმაზე, თუ როგორ ჩუქნიან ყოველდღიურად მოსწავლეები ვაშლებს და მოცვს, უყვებიან საკუთარ ცხოვრებაზე, უმხელენ საიდუმლოებს და ისიც ბედნიერია თავისი ცხოვრებით. ბედნიერება, ხომ კმაყოფილებაა იმით, რასაც აკეთებ, მით უმეტეს, თუ ეს საქმე კარგად გამოგდის.
“როცა ვინმე მეკითხება სად ვმუშაობ, ვისთან ვმუშაობ, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, მათთვის ყველაფერი რომანტიკულ საბურველში ეხვევა: ”აე, რა მაგარი ბუნებაა”, “რა ლამაზი ნისლია…”,”იქ კოშკებიცაა ხო?”, “აუ, თეთნულდზე შემდეგ თხილამურებით ისრიალებ, არა?” და ა.შ ეს ყველაფერი შემდეგ მოვიდა, მაგრამ იქამდე იყო ბევრი ეჭვი და გაურკვევლობა. თავიდან არ იცი, რა როგორ იქნება. შენი არჩევანიც სასწორზე ჰკიდია – ან ძალიან კარგად სრულდება ყველაფერი, ან ძალიან ცუდად. აქ “საშუალოდ” ვერ იქნები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ ლამაზი სურათების, ლამაზი ბავშვების, საინტერესო გაკვეთილების და არანაკლებ საინტერესო ცხოვრების უკან აუცილებლად იმალება მცირე განსაცდელები, შეცდომები და ხიფათები, რომლებიც მხოლოდ მე ვიცი და არა ჩემი ცხოვრების “დამთვალიერებელმა”. ლამაზი სურათი რომ გადაიღო, ზოგჯერ დიდ ლოდებზე უნდა აძვრე. საინტერესო გაკვეთილი, რომ ჩაატარო ძალიან ბევრი უნდა იკითხო და ღამეები ათენო. საინტერესო ცხოვრება რომ შედგეს, ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა დაუკავშირო. ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, რაც მთლიანობაში დიდ ძალისხმევას მოითხოვს”… წერს დაჯი თავის ბლოგზე.
მალე უფრო დამოკლდება დღე და უფრო გრძელი და ზანტი ზამთრის ღამეები ჩამოდგება. თაროებზე შემოწყობილი წიგნები კი ბევრია. დაჯი თავის ბლოგზე წიგნებსა და თავის მოსწავლეებზე დაწერს. წვირმელ გოგონებზე, რომლებსაც გრძელი ნაწნავები და ჭორფლიანი სახეები აქვთ, დაწერს ყოველდღიურ გამოცდილებასა და ახალ ბეწვის ხიდებზე, რომელზე გავლის დროსაც წონასწორობის შენარჩუნება ძალიან რთულია და იმ გაკვეთილებზე, რომელსაც მზიან ამინდში ეზოში ჩამოსხდარ ბავშვებთან ჩაატარებს.
წარმატებებს ვუსურვებ!

ასაკს მნიშვნელობა არ აქვს

0

2015 წელი მთავრდება და საახალწლო განწყობის ნაცვლად, ცუდი ამბები ასწრებენ ერთმანეთს ჩვენამდე მოსასვლელად. მგონი მსოფლიო ჭკუიდან შეიშალა. ჩემს ბავშვობაში, როცა ნავთის ღუმელის გარშემო შემოკრებილებს ძლიერი მიწისძვრა შეგვაზანზარებდა, დედაჩემი ამბობდა ამას პატარა ბიძგებიც მოყვებაო. ახლაც ასე მოხდა: ჯერ პარიზის ტერაქტმა შეაზანზარა მსოფლიო, მერე კი – ბიძგებმა შეგვახურა. რა გასაკვირია, რომ ასეთი ზამთრის მოახლოებისას, საახალწლო განწყობა ჩვენგან შორს იჭერდეს თავს. თუმცა მოდის ეს 2016 და ვერსად გავექცევით. ამიტომაც, თუ ბუნებრივად არ მოდის, ხელოვნურად მაინც უნდა განვეწყოთ ახალი წლისთვის – ანუ, მივიღოთ დამაჩქარებლები. ამის უებარი საშუალება საახალწლო ფილების ნახვაა, თუმცა ეს მექანიკურ პროცესად არ უნდა აქციოთ, არამედ რიტუალივით უნდა მიუდგეთ:

 

შეარჩიეთ შესაფერისი ამინდი ამინდი – გვარიანად მობუდნული და ღრუბლიანი. რა თქმა უნდა – ცივი. ფანჯრიდან ყრუდ უნდა აღწევდეს ძაღლის ხმა. ტელეფონი გამორთეთ. ოთახში დაარეგულირეთ ტემპერატურა ისე, რომ თხელი საბნის გადაფარება მოგინდეთ. გვერდით დაიდგით ცხელი ჩაი და ნაკფეტების კალათი. ფარდები გადააფარეთ ისე, რომ პატარა ღრიჭოდან იხსენებდეთ გარეთ რა ამინდიც დგას. მოახერხეთ და ერთი უქმე დღე მთლიანად ამ საქმეს დაუთმეთ. შეარჩიეთ თქვენი საყვარელი ხუთი საახალწლო კინო და ჩაღუღუნდით.

მე ყოველი წლის დეკემბერში რამდენიმე ფილმი მაქვს წამალივით გამოწერილი.


მარტო სახლში

თუკი სიკვდილის წინ ვინმე შემომთავაზებს ბავშვობის ერთ რომელიმე მომენტში დროებით დაგაბრუნებო, აუცილებლად ავირჩევ ასეთ სიტუაციას: საახალწლო სამზადისია. მამაჩემი მაშახლებისა და გაზიანი სასმელების საყიდლადაა წასული. დედაჩემი ნამცხვრისთვის კრემს აკეთებს და პერიოდულად ღუმელში ფირფიტებს ამოწმებს – არ დაიწვასო. ბებიაჩემი გოზინაყისთვის ნიგოზს აქუცმაცებს. სახლში საოცრად არომატული სურნელი ტრიალებს. გარეთ სადაცაა და მოთოვს. მე და ჩემი ძმა კი, ერთ სავარძელში მოკალათებულნი ვუყურებთ ფილმს გენიოს ბავშვზე, რომელსაც საოცრებების ჩადენა შეუძლია. მას აქვს ყველაფერი, რაზეც კი შეიძლება მე და ვახომ ვიოცნებოთ. სხვა რომ არაფრად ჩავაგდოთ, მას შეეძლო ეჭამა სპეციალურად მისთვის მოტანილი პიცა ყველით. ღმერთო, რა ბედნიერებაა! და, მაინც, მაკოლეი კალკინის გმირს თავგადასავლები სწყუროდა. თავგადასავლები, რომლებიც ჩვენთვისაც სასურველი და სანატრელი იყო.


მარტო სახლში – ნიუ იორკში დაკარგული

ფილმი მთავრდებოდა. ჩვენ ვცდილობდი რაღაც მანქანებით დავრჩენილიყავით იმ საოცარ სამყაროში. დედა გამომცხვარ ფირფიტებს უკვე გვერდებს აჭრიდა. იქნებ, სანამ მათ შევჭამდით მოგვეფიქრებინა რაღაც იმდაგვარი ხაფანგები, მაგრამ ვისთვის?! რა მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ისე, უბრალოდ. თუმცა, ვინ დაგაცდიდა ხაფანგთა გაწყობას. სხვა არხზე გადართავდი და ამ საოცარი ისტორიის გაგრძელება იწყებოდა. შენ გქონდა შანსი კიდევ ერთხელ აღმოჩენილიყავი იმ სამყაროში, რომელიც ამჯერად უფრო ფართოვდებოდა და თავგადასავალი ნიუ იორკს მოედებოდა. იგივე სახეები, იგივე ბოროტმოქმედები, რომლებიც გძულდა და იმავდროულად გიყვარდა.

საშობაო საჩუქარი

აბა რად ვარგა არნოლდ შვარცნეგერი წითელი თვალის, ფოლადის ძვლების, მხარზე გადაკიდებული ტყვიამფრქვევისა და გულზედ ჩამოკონწიალებული ხელყუმბარების გარეშე, მაგრამ ამ კაცის კიდევ ერთი როლი მიყვარს და ბავშვობას მახსენებს. ეს ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში „საშობაო საჩუქრის” სახელით გამოვიდა (ორიგინალში Jingle all the way ჰქვია), მაგრამ ჩვენ მას „ტურბომენს” ვუწოდებდით.


„ტურბომენს” იმიტომ, რომ ასე ჰქვია ფილმის მთავარ გმირს – სათამაშოს, რომლის მოსაპოვებლად, ანუ შვილის გასახარებლად შვარცნეგერი შეერთებულ შტატებს გადააბრუნებს, ამერიკის ნახევარ პოლიციას გადაიმტერებს და ბოლოს ტურბომენის მთავარ მტერსაც შეებრძოლება.

ცუდი სანტა


ეს ერთდროულად სახალისო და სევდიანი ფილმია, მორთული საახალწლო სამკაულებით. იდეალური ვარიანტი გახლავთ იმ ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად, რომ ყველა სანტას არ ულხინს. ყველა სანტა წესიერი შრომით როდია დაკავებული და აუცილებელი არაა ის ლაპლანდიაში ცხოვრობდეს. თუ საქმეს დასჭირდა მას შეუძლია სრულიად უცნობი ბავშვის სახლშიც დაიდოს ბინა იქაური სეიფებიც გამოაცარიელოს.

ჰოდა, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს. თუკი საახალწლო განწყობა ძალით მოსაყვანია, უნდა მოიყვანოთ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!


როგორ გავხადოთ სწავლა სახალისო ტექნოლოგიების დახმარებით

0

ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია წიგნიერების კომპეტენციაა. რატომ არის წიგნიერება ასეთი მნიშვნელოვანი? ფაქტია ის ისეთი უნარების განვითარებასთანაა დაკავშირებული. როგორიცაა:

·კრიტიკული აზროვნება
·გაგების-გააზრების უნარი
·ანალიზის უნარი

·სინთეზისა და შეფასების უნარები.

წიგნიერება ეხმარება ადამიანს იყოს წარმატებული მოქალაქე 21-ე საუკუნის უნარებით აღჭურვილი. ამ კომპეტენციას საფუძველი სწორედ დაწყებით კლასებში ეყრება, ამ დროს უკვე შეიძლება ბავშვი ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად

.

დღეისათვის კითხვის სწავლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ურთიერთობენ წიგნთან, უმეტეს დროს კომპიუტერთან ატარებენ. პრობლემა ზოგადია და აქტუალურია სწავლების სამივე საფეხურზე.

გადავწყვიტე პროექტის განხორციელება, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები მიზანმიმართულად გამოვიყენე კითხვის უნარის გასავითარებლად. ეს აქტივობები იყო 21-ე საუკუნის უნარების განვითარების საშუალება. მათ შეძლეს საკითხების ინტეგრაცია და შექმნეს პროექტის საბოლოო პროდუქტი-ელექტრონული წიგნები.

პროექტის მიზანი – ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების(კერძოდ წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების, სემიოტიკური კომპეტენციის) განვითარება მოსწავლეებში.

გასავითარებელი უნარები:

-21-ე საუკუნის უნარები (მაგ:შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად)

– კითხვის უნარი
-შემოქმედებითი უნარები
-ისტის გამოყენების უნარები

-მაღალი დონის სააზროვნო უნარები

კლასი – მესამე

საგანი/ები – ქართული, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ განსხავავებული აქტივობები. უყვართ სიახლეები. ამიტომ კითხვის უნარის გასავითარებლად ბუკის გამოყენება მათთვის სიახლეს წარმოადგენდა, ამას ემატებოდა კიდევ ერთი სახალისო აქტივობა ხატვის სახით. ისინი წაკითხულის დასურათებას ახდენდნენ .

გთავაზობთ განხორციელებული ქმედებების ეტაპობრივ თანმიმდევრობას:

პირველი ეტაპი – მოტივაციის მიზნით, მესამეკლასელ მოსწავლეებს ვაჩვენე ჩემი შექმნილი ელექტრონული წიგნები, რამაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ მათ სურვილი გაუჩნდათ თავად შეექმნათ საკუთარი ელექტრონული წიგნები, თვითონ იქნებოდნენ წიგნის მხატვრები და გამხმოვანებლები.

მეორე ეტაპი – შევადგინეთ მინი გეგმა. პირველ რიგში შევქმენი პროექტის ბროშურა, რითაც სასკოლო საზოგადოება გაეცნო პროექტს, შევუდექით მუშაობას. მოსწავლეებს ვთხოვე სახლიდან მოეტანათ სკოლაში მათ ხელთ არსებული საბავშვო ლიტერატურა. შევარჩიეთ მათგან ისეთი მოთხრობები, ზღაპრები და იგავ-არაკები რომლის დამუშავებასაც შეძლებდნენ.

მესამე ეტაპი – მოსწავლეებიმა შეარციეს ნაწარმოებები, მოახდინეს ტექსტების ანალიზი (დაყვეს ეპიზოდებად, დაარჩიეს, დაასურათეს) გადაუღეს ფოტოები თავიანთ ნახატებს, გადაიტანეს ბუკში და შეინახეს ჯერ საქაღალდეში. კითხულობენ თითოეული ნახატის შესაბამის ტექსტს გამომეტყველებით, იწერენ ბუკში, პროგრამაში: Sound Recorder. ინახავენ ჩაწერილ ხმებს ბუკში. აკვირდებიან ხმის ხანგრძლივობის დროს, ინიშნავენ, რომ შემდეგ სლაიდზე მიუთითონ ეს დრო.

მეოთხე ეტაპი – ელრქტრონული წიგნის აწყობა, ჩემი დახმარებით განხორციელდა. ჩემი დახმარებით შეძლეს წიგნის ყდების ლამაზად გაფორმება ანიმაციებით.

მეხუთე ეტაპი – გავხსენი პროექტის ბლოგი და ყველა მოსწავლის წიგნი ავტვირთე ბლოგზე, რომელსაც დავარქვით ინტერნეტ ბიბლიოთეკა. იხ. ელ მისამართზე:

https://internetbiblioteka.blogspot.com/p/blog-page_69.html

ამანაც გამოიწვია მოსწავლეებისა და მშობლების დაინტერესება, რომ მათი შრომის პროდუქტი ყველას შეეძლო ენახა ინტერნეტში.

როგორ შევაფასე მოსწავლეები?
§პირველ ეტაპზე – შევაფასე მათი კითხვის უნარი განმავითარებელი კომენტარებით.
§მეორე ეტაპზე – შევაფასე მათი მუშაობის ორგანიზებულობა, მონდომება, შრომისმოყვარეობა.

§მესამე ეტაპზე – კი ელექტრონული წიგნი ის, რაც სასწავლო მიზნის მიხედვით საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო

პროექტის საბოლოო შედეგი – ყველა მოსწავლემ შეძლო წიგნი-ტრადიციული გაგებით, დაეკავშირებინა თანამედროვე ტექნოლოგიებთან, გაეაქტიურებინა შემოქმედებითი უნარები(შესაძლებლობის მიხედვით) და შეექმნა სრულიად ახალი პროდუქტი -ელექტრონული წიგნი.( სინთეზის დონე)

აღსანიშნავია, რომ ყველა მოსწავლე მუშაობდა ხალისით და ინტერესით. მათთვის კითხვის პროცესი სახალისო გახდა. რადგან საშუალება მიეცათ მოესმინათ თავიანთი ხმისთვის, გაესწორებინათ შემდეგ ცდაზე ყველა ხარვეზი.მუშაობის პროცესში მათ განუვითარდათ ზემოთ აღნიშნული უნარები. პროექტში ჩართული იყო ყველა მოსწავლე შესაძლებლობის გათვალისწინებით. ( ზოგმა დიდი წიგნი შექმნა, ზოგმა უფრო პატარა.)პროექტის საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ტექნოლოგიების დახმარებით განევითარებინათ კითხვის უნარი. მათ ასევე განუვითარდათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები

გამოყენებული ლიტერატურა:
1. „ეროვნული სასწავლო გეგმა”
2. https://tpdc.ge/essentials/
ნინო ციცვიძე.
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სართიჭალის #2 სააჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი.

ომი და კულტურა

0
დიდხანს ვფიქრობდი, რა სახელი დამერქმია გრიგოლ რობაქიძის წერილებისა და ესეების კრებულისთვის, რომელსაც თითქმის მთელი წელი ვამზადებდით – ჯერ თბილისში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთების ის ნომრები მოვიძიეთ, სადაც პერიოდულად ქვეყნდებოდა, მერე მანანა კვატაიასა და ნათია ორმოცაძეს შევთავაზეთ სათარგმნად, თარგმნისა და საბოლოო რედაქციის შემდეგ კი ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე თვე ისე ჩათავდა, რომ უმოკლეს დროში გამზადებული წიგნი ვერა და ვერ ეღირსა სტამბაში გაშვებას.

– რობაქიძეზე რა ხდება? – მეკითხებოდნენ წარდგინებებსა და ფესტივალებზე, სადაც უკვე არაერთხელ მქონდა ნათქვამი, რომ დღე-დღეზე გამოჩნდებოდა ახალი წიგნი სერიიდან „უცნობი გრიგოლ რობაქიძე”.

– ზვიად, არ მოვრჩეთ რობაქიძე? – შიგადაშიგ მკითხავდა ლიკა სხირტლაძე, რომელსაც ტექსტის დაკაბადონებასა და კორექტურაზე დიდი ხნის წინ დაემთავრებინა მუშაობა და ეჭვი მაქვს, D-დისკზე უპატრონოდ დარჩენილი ინდიზაინის ფაილის თვალიერება გულს უწუხებდა.

– მალე, მალე იქნება, – ვაიმედებდი ყველას, მაგრამ უკვე მე თვითონ მეპარებოდა ეჭვი: წიგნი ერთი შეხედვით გამზადებული კი იყო, მაგრამ სათაური ვერა და ვერ მომეფიქრებინა, სახელი, რომელიც ყველაფერს დაალაგებდა და მოაწესრიგებდა.

იმ დღესაც, ჩვეულებრივ შაბათ დღეს, როცა პრემიერლიგის დრამატული მატჩის სანახავად ვემზადებოდი, სანამ თამაში დაიწყებოდა, დროის მოსაკლავად ოთახში შევიხედე, რაც ხელში მომხვდა – ქაღალდების შეკვრა – ავიღე და უგერგილოდ, მიშვებულად შევუდექი ფურცვლას.

უცებ, მოულოდნელად გავჩერდი ერთ გვერდზე, სადაც მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა გამუქებულად, განსხვავებული შრიფტით. ჰო, ის სამი საჭირო სიტყვა, რომელსაც ამდენ ხანს ვეძებდი – „ომი და კულტურა”. მოკლედ, წერილების მთელი ციკლი იყო, რომლისთვისაც გრიგოლ რობაქიძეს ეს სახელი დაერქმია.

რატომ? ალბათ უფრო იმიტომ, რომ წიგნში შესული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი პირველი მსოფლიო ომის წლებში იწერებოდა და მწერალიც თავისებურად გამოეხმაურა – ომისა და კულტურის თანმდევი ამბები იმდროინდელი და გასული საუკუნის ლიტერატურულ-ფილოსოფიური დაკვირვებების ფონზე გაიაზრა.

გრიგოლ რობაქიძე ბრწყინვალე მოაზროვნე იყო და მაშინ, როცა დოსტოევსკიზე, კოლექტივიზმსა და ინდივიდუალიზმზე, კლასთა შორის ბრძოლასა და გერმანიისა და რუსეთის სულიერ არსზე წერდა, სწორედ იმ, გაზეთის რუბრიკად ქცეულ მეტაფორას („ომი და კულტურა”) განმარტავდა, ახალ-ახალი პერსონებითა და შთაბეჭდილებებით ავსებდა, უფრო გასაგებს ხდიდა. სხვანაირად ალბათ შეუძლებელი იყო იმ მდგომარეობის ახსნა, რომლის წინაშეც მთელი სამყარო იდგა.

იმ დროიდან მოყოლებული (მცირე ამოსუნთქვებს თუ არ ჩავთვლით), უკვე კარგახანია რაც ომისა და კულტურის მდგომარეობაში ვიმყოფებით. განსაკუთრებით ბოლო სამი ათწლეული. ომი, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. კულტურაც ასევე. ყოფითი თუ გლობალური კონფლიქტები, ადამიანური ურთიერთობების მოშლა და ამ მოშლილი ორგანიზმის სხვა, შესაძლოა ჩვენთვის უფრო სასურველი ალტერნატივით (ვთქვათ, ელექტრონული, ვირტუალური ურთიერთობით) ჩანაცვლება. სულ უფრო ნაკლები გზა და სურვილი გვრჩება ომებით, ძალადობითა და გაუნათლებლობით გათიშული, დარღვეული ურთიერთობების აღსადგენად.

უკვე ძნელი გახდა იმის გარჩევა, ჰოლივუდის ბლოკბასტერებში უფრო მეტი აფეთქებაა, თუ ჩვენ გარშემო – მეტროებში, სტადიონებზე, თეატრებსა და კაფე-რესტორნებში. ამიტომაც ახლა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებასთან ერთად, დარღვეული, გათიშული ურთიერთობის აღდგენის კულტურასაც ვსწავლობთ გაძლიერებულად.

და ჩვენ განსაკუთრებით – ყველაომგადანატანი, მსხვერპლისუნარიანობით სახელგანთქმული ქვეყანა უფრო მეტი მოწადინებით ვსწავლობთ, საზეპიროებს ვიხსენებთ: რაც გვეგონა, რომ ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და ჩვენც ისე, უბრალოდ, მემკვიდრებით გადმოგვეცემოდა. მაგრამ ასე გაურჯელად არ გამოვიდა, და ამ მდგომარეობაში მყოფები, ახლა თავიდან, ხელახლა ვსწავლობთ (თუკი ისევ რამემ არ შეგვიშალა ხელი) კულტურას – ერთმანეთის პატივისცემას, თავისუფლების მოვლა-მოფრთხილებას, საჭირო დროს საჭირო სიტყვას და ნაბიჯს…

– არ მჯერა, ეს წიგნი რომ გამოდის, – ვეუბნები ეთოს, ეთერ ბაიდოშვილს, რომელიც სასტამბოდ გამზადებულ pdf-ს ათვალიერებს, სატიტულო გვერდებს, ტექსტს და სარჩევს ამოწმებს, მერე ისევ სატიტულოს უბრუნდება და, – „ომი და კულტურა”, – ამბობს მშვიდად.

– ხო კაი სათაურია? – ვერ ვისვენებ.

– კი, კარგი სათაურია.

სასკოლო ღონისძიებები

0
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სკოლიდან დამირეკეს, მოდი და შენი ლექსები წაიკითხეო. აღმოჩნდა, რომ მსმენელები მესამე კლასელები უნდა ყოფილიყვნენ. ავუხსენი, რომ, ჯერ ერთი, მათთვის გაუგებარი იქნება საერთოდ ყველაფერი, რასაც წავიკითხავ და, მეორე, თუ გაიგეს, მით უარესი, რაიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებენ ბავშვები-მეთქი. ეგ კიდევ არაფერი. თურმე მანამდე მოხუცთა თავშესაფრიდან ჰყოლიათ ადამიანები მიწვეული და ისეთი კარგი ღონისძიება გამოსულა, აქეთ ბავშვები ტიროდნენ, იქით მოხუცები.
სკოლაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა დღეს ის არის, რომ განსაკუთრებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, რომლებიც ლიტერატურულ ღონისძიებებსა თუ კონცერტ-სპექტაკლებს მართავენ, ვერ აღწევენ თავს იაფი რომანტიზმის ხიბლს და მთელ ამბავს შეადგენს უგემოვნოდ დადგმული ღონისძიება, ცრემლის ღვრა და პათეტიკურად წაკითხული ლექსები თუ ფრაზები მოთხრობებიდან. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა მასწავლებელს აქვს მოტივაცია და სურვილი, რომ რაიმე დამატებითი ღონისძიება დაგეგმოს, ჩაატაროს და ამისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ზოგჯერ ეს ქმედებები უფრო უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდებზე, ვიდრე საერთოდ არჩატარება.
სასწავლო პროცესმა, პირველ რიგში, მოსწავლეს უნდა განუვითაროს კრიტიკულად აზროვნების, ინფორმაციის მოძიებისა და სხვა უნარები. ხდება კი ჩვენს სკოლებში ასე?.. ამის მაგივრად ვხვდებით დაზუთხულ ამონარიდებს ლექსებიდან, მოთხრობებიდან. დადგენილ კლიშეებსა და ახსნებს სხვადასხვა მხატვრული ტექსტის დედააზრისა თუ მოქმედი პერსონაჟების შესახებ.
გრიფირებულ წიგნებში შეტანილია ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, ჯემალ ქარჩხაძის, მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტები. მოსწავლეები მეტ-ნაკლებად კარგად სწავლობენ მათ შინაარსს და იმახსოვრებენ მოქმედ გმირებს. მაგრამ ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა დავსვათ შეკითხვა – რაში დაეხმარება სამომავლოდ ამ ტიპის ცოდნა მოსწავლეს? – იცოდე სტროფები „ვეფხისტყაოსნიდან” ან რა საჭმელი უყვარდა ლუარსაბს, თუმცა არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდეს მათ მეორე, უფრო მთავარ მხარეზე.. გამოდის ისე, რომ მხატვრული ლიტერატურის ტექსტები, რომელთაც წესით ყველაზე მეტი მიმზიდველობა უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესში, როგორც საკვლევ, სადისკუსიო მასალას, მოსწავლეებისთვის დისტანცირებული და უარყოფითად აღქმული ობიექტები ხდებიან.
დაკვირვება უმთავრესი ქმედებაა საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები თითქმის ყველა სკოლაში ატარებენ ხოლმე, ე.წ. გამოსაშვებ ღონისძიებას. თუ რამდენიმე სკოლაში მოგიწევს ადამიანს მისვლა და მათი ნახვა, ჯერ დეჟა ვიუზე გიჩნდება ეჭვი, შემდეგ ხვდები, რომ ეს რაღაც მოჯადოებული წრეა. უბადრუკობის და არაკრეატიულობის ზეიმი და არა იმ ახალგაზრდების მიერ დადგმული ღონისძიება, რომელთაც წესით ამ ასაკში ყველაზე მეტად უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრების, იდეების გამოხატვის მოთხოვნილება და სურვილი. მე მახსოვს, ჩემი კლასის ასეთივე ღონისძიება, სადაც პიონერებივით ჩამწკრივებულები ვუმღეროდით სამშობლოს, მეგობრობას, სხვა რაღაც უმაღლეს ფასეულობებს, ისე, რომ ერთი მათგანიც კი არ გვქონდა გააზრებული, ანუ ეს ღირებულებები ჩვენი ფიქრის, დისკურსის, ჩვენი პირადი გამოცდილების გარეთ იდგნენ. მთელი ღონისძიება კი უგემოვნო მანჭვა-გრეხა, პოლიტიკოსების შარჟი და აურაცხელი მადლობები იყო მასწავლებლებისადმი.
მე თითქმის ათი წლის წინ დავამთავრე სკოლა და რა შეიცვალა მას შემდეგ? – არაფერი. იმიტომ, რომ უცვლელია მასწავლებლების დიდი ნაწილის მიერ ამ სურათის აღქმა და გააზრება. არ შეიძლება საჭიროებებისა და სხვა სიკეთეების პირდაპირ მორგება. ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის წევრების შესაძლებლობებზე.

ქართველები „უცხოს“ თვალით

0
მოგზაურ პერსონაჟებს კარგად იცნობს მკითხველი. ჯემალ ქარჩხაძის ბართოლომეო (მოთხრობა „ანტონიოსა და დავითის” მთავარი პერსონაჟი) ჰგავს და განსხვავდება კიდევაც მათგან. მას კალამი არ გაურბის უცხო ქვეყნებში ნანახ-გაგონილის დაწვრილებით აღწერაზე, რაც სავსებით მოსალოდნელი და ბუნებრივი იქნებოდა, არამედ აინტერესებს ერთი ამბავი, თანაც კოლხეთში, საქართველოში მომხდარი. მწერალი ბართოლომეოს სწორედ საქართველოში ამოგზაურებს და ამ გზით, უცხოს თვალით, ხატავს ქართველთა ზნე-ჩვეულებებს. არც ამგვარი ხერხია ლიტერატურისთვის უცხო, მაგრამ  ჯემალ ქარჩხაძე ახერხებს, არავის მიებაძოს და იყოს თავისებური (ამავე ხერხს იყენებს იგი მოთხრობაში „რაჰათ-ლუხუმი”).

მწერალი მთავარ მთხრობელ-მოგზაურს თავიდანვე მოუპოვებს  მკითხველის კეთილგანწყობას. მართალია, ის პირველ პირში ჰყვება ამბავს, მაგრამ საკუთარი თავის განსჯისას არ არის ნარცისული და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე წარმოაჩენს ნაკლსა და ღირსებას. რატომ წერს მოგზაურობის წიგნს? პირველ რიგში, მას არ უნდა, ცოდნა-გამოცდილება სხვათათვის გაუზიარებელი დარჩეს, სახელი და დიდება კი არად მიაჩნია: `წიგნის დაწერა მხოლოდ მოვალეობაა, რადგან ადრეც მწამდა და ახლაც მწამს, თუ კაცმა რამე ცოდნა შეიძინა, იგი ვინმეს უნდა დაუტოვოს, თან თუ წაიღო, ცოდვად ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება~.

მწერალს კარგად მოეხსენება, რა ძალა აქვს უცხოს  თვალს, მშობლიურის უცხოსეულ შეფასებას, ამიტომაც მთავარ მთხრობელად სწორედ უცხოს ირჩევს, იტალიური ჟღერადობის სახელით. თუმცა მის ქვეყანას არ აკონკრეტებს, მიანიშნებს ევროპაზე. რატომ? უპირველესად, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენში კარგად არიან  ცნობილი იტალიელი მოგზაურები: ქრისტეფორე კასტელი, არქანჯელო ლამბერტი, იოსაფატ  ბარბარო, ჯოვანი არიო ანჯიოლელო, ჯაკობო გასტალდი, ავიტაბილე პიეტრო, რომელთაც საქართველო მართლაც აღწერეს თავიანთ წიგნებში და, მეორეც, უცხოელის მიუკერძოებელი თვალით დანახული ქართველთა ზნეობის ღირსება-ნაკლოვანებათა შეფასება უფრო უმტკივნეულოდ აღსაქმელი,  დამაფიქრებელი და საგულისხმო იქნებოდა.

ქართველთა ზნეობის შესახებ არაერთ ქართველსა თუ უცხოელ მწერალს, მოგზაურსა თუ მეცნიერს დაუწერია. ქარჩხაძისეული შეფასებები გაგვახსენებს  იმ დისკუსიასაც, რომელიც გურამ ასათიანის წიგნის, `სათავეების~, გამოქვეყნებას მოჰყვა.  მაშინ აკაკი ბაქრაძე `მკვახე შეძახილით~ გამოეხმაურა და საყურადღებო დასკვნები შემოგვთავაზა. ჯემალ ქარჩხაძის მოგზაურს ჯერ კიდევ მანამდე მოეწონება და შეუყვარდება საქართველო, სანამ იქ წავა. მისი აზრით, ქართულ სახელებს `ტკბილი და სევდიანი სურნელი ასდით~. საქართველოში წამოსვლამდე ბართოლომეომ იმ ორიოდე ქართველის გაცნობა გადაწყვიტა, მის ქვეყანაში რომ გადახვეწილიყვნენ. მწერლისთვის ეს `გაცნობა~ საშუალებაა, თანამოძმეთა ღირსება-ნაკლი დაგვანახვოს. ქართველებს მაღალი თანამდებობები უჭირავთ, მაგრამ საკუთარი წარმომავლობის გამხელას უფრთხიან, ეშინიათ თანამდებობა არ დაკარგონ. ამ თვალსაზრისით, უფრო გულღია აღმოჩნდა მეკუბოვე, რომელმაც ენაც კი შეასწავლა ბართოლომეოს. საგულისხმოა, რომ ეს კაცი სულ საქართველოში დაბრუნებაზე ლაპარაკობს და ოცნებობს, სამშობლოს გახსენებაზე ცრემლებსაც აღვარღვარებს, მაგრამ დაბრუნებას მაინც ვერ `ახერხებს~. საქართველოში ჩამოსული ბართოლომეო ყურადღებას ამახვილებს ქართველთა თვალტანადობაზე, ქალების სილამაზეზე, განსაკუთრებით ბავშვების ანგელოზურ მშვენიერ სახეებზე. შეუნიშნავი არ დარჩება ქართველთა ხელმოკლეობა. თვალში მოხვდება ის, რომ აქ უცხოელებს რაღაც განსაკუთრებული მოწიწებით უყურებენ. ერთი უცხოელის აზრს მეტ ფასს სდებენ, ვიდრე ასი თავისიანისას, თუნდაც ასივე ბრძენი და საქმეში კარგად ჩახედული იყოს. რაც ყველაზე საოცრად მიაჩნია, ის არის, რომ ქართველნი ამგვარად სწორედ ისეთ საკითხებში იქცევიან, რაც მათ აშკარად უკეთ იციან. ბართოლომეომ ისიც შეამჩნია, რომ აქ განსაცვიფრებლად მღერიან და ისე არიან გაწაფული მელექსეობაში, მგონი თვით ჰომეროსსაც ტოლს არ დაუდებენო. ქართველი  მთავარი ბართოლომეოს თანამემამულეთა  გაუტანლობაზე გულახდილად უყვება: `შიშიანობამ სიძულვილი მოიტანა თან, გაუტანლები და დაუნდობლები გავხდით, ძმა არ ვიცით და ნათესავი, ყოველი კაცი იმას ფიქრობს, ოღონდ მე გადავრჩე და თუნდ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო… ერთმანეთსა ვჭამთ~. საგულისხმოა მისი ეს დაკვირვებაც: `ამ ხალხში რაღაც გაუგებარ ძალას ერთ მუშტში უჭირავს ისეთი საპირისპირო თვისებები, როგორიცაა ღალატი და თავდადება, სიძულვილი და სიყვარული, ლაჩრობა და სიმამაცე, ბოროტება და სიკეთე~.

მწერალი, რა თქმა უნდა, თანამედროვეობას ეხმიანება. სხვადასხვა დიალოგში ის დაუფარავად საუბრობდა საქართველოს კრიზისულ `ზნეობრივ ეკოლოგიაზე~: `ჩვენი განთქმული პატრიოტიზმი ფარსად იქცა, ჩვენი ცნობილი თავმომწონეობა-თვალთმაქცობად, ჩვენი მომხიბლავი არტისტიზმი _ ტაკიმასხრობად, ჩვენი ღირსეული სიამაყე ბაქიაობად. ჩვენ კვლავ მივადექით პროვინციალიზმის ჭაობს, საიდანაც მეცხრამეტე საუკუნის ტიტანური მეცადინეობის წყალობით ამოვედით. ჩვენმა ცრუმხატვრულობამ, ცრუპათეტიკამ, ცრუეროვნულობამ, ცრუპუბლიცისტიკამ, ცრუმორალმა ჩვენვე წაგვლეკა~. ეს ციტატა თავისი ტონალობითა და რიტორიკით ძალიან ჰგავს ბართოლომეოს დისკურსს, ასე რომ ეს პერსონაჟი მწერლის ალტერ ეგოა. 

განსაკუთრებით საგულისხმოა მოთხრობის ერთი დეტალი. სოფელში, რომელთა მცხოვრებნი ავაზაკ დავითს შიშით მონურად ემორჩილებიან, არ მღერიან, არადა, ქართველებს სიმღერა უყვართ ჭირსა და ლხინში, მაშ რა ხდება? რისთვის დასჭირდა თხრობაში ამგვარი დეტალის შემოტანა ავტორს? აი, აქ გამოჩნდა მისი ორიგინალურობა. მისი აზრით, `დანაშაულის გრძნობა ლოდივით აწვათ და სინდისი ქენჯნიდათ. ეს ხალხი ყველგან და ყოველთვის მღერის, დამარცხებულიც მღერის, მშიერ-მწყურვალიც მღერის, შიშველ-ტიტველიც მღერის,  ობოლ-ოხერიც მღერის, სიკვდილმისჯილიც კი მღერის. მხოლოდ ის ვერ მღერის, ვისაც სინდისი სუფთა არა აქვს~. მაგრამ როდესაც ტყუილი ხმა გავრცელდა დავითის სიკვდილისა და სოფელმა შვება იგრძნო, სიმღერაც მაშინვე გაისმა. 

მოთხრობის დასაწყისშივე მწერალი მიათითებს თავის მიერვე შექმნილ ლიტერატურულ მითზე. ეს არის მისტიფიკაცია წიგნისა, შეიძლება ითქვას, რომ მითისა. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ მოთხრობის დრო-სივრცეში არსებობს და, უპირველესად, დამაჯერებლობის ხარისხის გაზრდის ფუნქცია აკისრია. დოკუმენტალობის ილუზია მნიშვნელოვანია მკითხველის გულისყურის დასაპყრობად. ეს არის ვითომ ნაწყვეტი მთავარი მთხრობელის მიერ დაწერილი წიგნიდან, რომელსაც ჰქვია: `ისტორიები და ზნეჩვეულებანი, ანუ აღწერა ქვეყნებისა, რომლებიც ღვთის შეწევნით მშვიდობიანად მოიარა  მოგზაურმა და ვაჭარმა  ბართოლომეო დ’ ანიტიმ, მოთხრობილი ხსენებული დ’ანიტის მიერ დაწვრილებით და შეულამაზებლად~.

ეს შეიძლება, სიმბოლურად მიანიშნებდეს ჯემალ ქარჩხაძის მთელ შემოქმედებაზე, რომლის გაცნობისა და მთლიანად წაკითხვა-შეცნობის წადილი მკითხველს სწორედ ამ ნაწყვეტის წაკითხვამ უნდა გაუჩინოს. ეს არის ერთი ამბავი იმ უამრავ სხვა ამბავთაგან, რომლებიც მის შემოქმედებაშია გაბნეული. სხვაგან სხვა პერსონაჟები და სხვა დრო-სივრცული გარემო იქნება, მაგრამ მთხრობელი იქნება იგივე, ოღონდ სხვა სახელით. მთავარია, რომ ასახვის  მანერა იგივე იქნება, იქაც ნანახ-გაგონილს შეხვდება მკითხველი და მწერალს მინდობილი აღარაფერში დაეჭვდება. ეს დაუეჭვებლობა აუცილებელია იმისთვის, რომ მკითხველმა გულში დაიმარხოს  და დაიცვას ხშირად საკამათოდ ან აბუჩად აგდებული ზნეობრივი ღირებულებები: `ამქვეყნად ცოდვილს ისე არ დევნიან, როგორც უცოდველს~.

მწერალს არასოდეს ღალატობს ალღო,  ზომიერების გრძნობა, `ახსოვს~ თავისი ვინაობა და არ ირგებს მქადაგებლის როლს. ფოლკნერი წერდა: `მწერლობის დანიშნულებაა, შეეწიოს ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, თავგანწირვას… მწრლის ხმა უსარგებლოდ არ უნდა იხარჯებოდეს, საყრდენად, ბურჯად უნდა ედგეს ადამიანს, შეეშველოს და გააძლებინოს~.

გონება + გული – ცოდნის მართვის ახალი ტენდენცია

0

20 წლის შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ არა ის, რაც გააკეთეთ, არამედ ის, რაც არ გაგიკეთებიათ. ამიტომ უკუაგდეთ ეჭვები და გაცურეთ მშვიდი ნავსაყუდელიდან რაც შეიძლება შორს, თქვენი ოცნებებისკენ. დაიჭირეთ ზურგის ქარი იალქნებით და არ გაჩერდეთ. იოცნებეთ! იკვლიეთ! აღმოაჩინეთ!

 

მარკ ტვენი

რასაც გწერთ, ამ ბოლო დროს სულ მეფიქრება…

ჩვენს სახლს დიდი ეზო აქვს. ჩემს ბავშვობაში ეზო მუდამ ბავშვებით იყო სავსე, ცუდი ამინდიც კი არ აშინებდათ… ახლა კანტიკუნტად ჩანან; თუ ჩანან, ხანდაზმულებივით დადიან და საუბრობენ. არ თამაშობენ…

მეტყვით, ახლა სხვა ბავშვები გვყავს და სხვა თამაშებს თამაშობენო, მე კიმგონია, რომ ჩვენი ბრალია, ჩვენ დავავიწყეთ (არც გვისწავლებია) თამაში, ჩვენ ვაიძულებთ ბუნებრივად განსაზღვრულზე უფრო სწრაფად გაზრდას, ვაჩქარებთ მათ დიდობაში შესვლას.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში რადიკალურად შეცვლილი გარემო ხომ არავის ინდობს, მაგრამ ჩვენც მხარი ავუბით და რაც მან ვერ მოახერხა, ჩვენ შევძელით.

„ჩემს შვილს ბავშვობა თითქმის არ ჰქონია, სად ეცალა თამაშისთვის, ყოველი წუთი დაგეგმილი გვქონდა, ინგლისურზე, გერმანულზე, ჭადრაკზე, სპორტზე დადიოდა, სახლში მასწავლებელი მოდიოდა და სკოლის გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებოდა”; „ინგლისურს და კომპიუტერს სკოლაში ასწავლიან, ეს ორი აუცილებელი რამ უკვე ყველამ იცის… კონკურენციის გაწევა რომ შეძლოს, ჩინურისა და ფრანგულის შესწავლა დავაწყებინეთ”; „თავი არ უნდა დაზოგოს, რომ აქაურობას თავი დააღწიოს, აბა, აქ ხომ არ იმუშავებს კაპიკებად”; „ძალიან დავიღალე „ჩქარა”, „ჩქარას” ძახილით, სულ დაფრინავს, აქ არ არის, თავისით ტანსაცმლის ჩაცმაგახდაც კი არ შეუძლია”… ეს 8-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეთა მშობლების სიტყვებია. ჰო, ჩვენი, ყველას მიზანი შვილის ბედნიერი მომავალია, მაგრამ ვინ განსაზღვრა, ვისთვის რა არის ბედნიერება?..

განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი საფუძველშივე რომ დარღვეულია, ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ;თამაშის თანაბარი ხელმისაწვდომობაც შევულახეთ ჩვენს შვილებს. თამაშის განმავითარებელ როლზეაღარაფერს ვიტყვი…

ცოდნის გაზიარების საშუალებათა გამრავალფეროვნების კვალობაზე, თითქოს უფრო ჭკვიანები უნდა გავმხდარიყავით, უკეთ გვესწავლა სიკეთეების დაფასება და მოვლა, მეტი დრო დაგვრჩენოდა მარტოობისა და ერთმანეთისთვის… მგონია, რომ პირიქით ხდება, სულ უფრო ვიკეტებით, ვიზღუდავთ სივრცეს ურთიერთობებისთვის, ნაკლებ დროს ვიტოვებთ ნამდვილი სიხარულებისთვის…

ეს ჩემზე ბეეევრად ჭკვიანების ნათქვამებია:

„რაც უფრო მეტად იცლება განათლება იმ ოცნებებისგან, რომლებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, მით უფრო მეტად იკავებს ოცნებების ადგილს ტექნიკა, სანამ განათლება ტექნიკამდე არ შეიკვეცება. განათლება წმინდა ტრენინგად იქცევა, შინაარსის გადაცემად, თითქმის ცხოველთა წვრთნას, სამყაროსთან ადაპტაციაში ვარჯიშს ემსგავსება” (პაოლო ფრეირე).

„ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წვრთნა ზნე-ხასიათის ზრდაა, გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა” (ილია ჭავჭავაძე).


„უსიყვარულოდ დარჩენილმა ადამიანმა, რაც ჩვენი დროის ყველაზე დიდ ტრაგედიად მიმაჩნია, პირველ რიგში ოცნებაზე აიღო ხელი, რის გამოც თავისთავად გაუქრა მარადიულობის შეგრძნება და შეშინებული, გამწარებული ჩააფრინდა წარმავალს, ოღონდ – ამწუთას რეალურად არსებულს, ხელჩასავლებს… უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, ადამიანი საკუთარმა ადამიანობამ დათრგუნა – გაუთავებელი გულისხეთქვის, მღელვარების, შფოთვის, თვითგვემის, თავშეკავებისა და თავგანწირვის სურვილის მეტი ვერაფერი მისცა, ანუ რაც კულტურამ შექმნა საუკუნეების მანძილზე, მაინცდამაინც ვერ მიესადაგა შეუზღუდავ, უკიდეგანო, ურეგლამენტო ცივილიზაციას. მას კი (ადამიანს), განსაკუთრებით – დღევანდელ დაძაბულ სიტუაციაში, ურჩევნია გომბეშო იყოს და გარანტირებული ჰქონდეს ხანგრძლივი სიცოცხლე, ვიდრე ოცნების ფრთებგამობმული იდუმალისკენ, მიუწვდომლისკენ, დიადისკენ მიისწრაფოდეს სულ” (ოთარ ჭილაძე).

დაბოლოს, გთავაზობთ წერილის (წყარო: Harvard Business Review in Knowledge Management, 1998, გვ. 175-177) თარგმანს, რომელსაც Xerox Corporation-ის კვლევითი ცენტრი – Palo Alto Research Center-ი – უგზავნის ცენტრში დასაქმების მსურველ კანდიდატებს. ის თვალსაჩინოდ ასახავს ცოდნის მართვის მომავალ პრიორიტეტებს.

Xerox Corporation

Palo Alto Research Center

3333 Coyote Hill Road

Palo Alto, California 94304

415 494-4000

წერილი ახალგაზრდა მკვლევარს

PARCში სამუშაოზე აყვანისას არსებობს ერთი კვალიფიკაცია, რომელსაც ტექნიკურ ცოდნაზე ან ინტელექტუალურ უნარებზე უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ: ეს ინტუიციაა.კარგად ალესილიინტუიცია და უნარი, ენდო მას, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ისეთი კვლეებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ.

კვლევისადმი ჩვენი მიდგომა რადიკალურიაამ სიტყვის ბერძნული მნიშვნელობის – ძირეულის– გაგებით. ვცდილობთწამოვჭრათ და პასუხი გავცეთ ძირითად კითხვებს, რომლებსაც ხაზის ძირეული გარღვევებიმოჰყვება. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ემყარება ჩვენსავე უნარს, შევიუშაოთ რადიკალურად ახალი მიდგომები, გამოვიყენოთ ისინი და შემდეგ სწრაფად გავიტანოთ ბაზარზე.

ეს განსხვავდება იმისგან, რაც კომპანიების კვლევითი ცენტრების უმეტესობაში ხდება – მიმდინარე ტექნოლოგიისა და სტატუს ვოს სრულყოფა. ჩვენთან მუშაობისას არ გექნებათ გაკვალული ბილიკები. პრობლემები, რომლებზეც იმუშავებთ, ის პრობლემები იქნება, რომლებსაც შექმნით. პროექტზე მუშაობისასმზად უნდა იყოთ, იაროთისეთი მიმართულებით,რომელსაც თავიდან ვერ განსაზღვრავდით. მზად უნდა იყოთ, გარისკოთ და უარი თქვათ ნალოლიავებ მეთოდებსა თუ შეხედულებებზე, რათა ახალი მიდგომები აღმოაჩინოთ. გექნებათ გაურკვევლობისა და იმედგაცრუების მძიმე პერიოდები, როცა მოგეჩვენებათ, რომ თქვენი ძალისხმევა ფუჭია.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, შეგეძლოთყური დაუგდოთ თქვენს ინტუიციას. ღრმა ალღო, მისი ნდობისა და მართვის უნარი გაგიძღვებათგაუკვალავ ტერიტორიებზე.ძირეული კვლევის უნარი განასხვავებს კარგ და მსოფლიო კლასის მკვლევრებს ერთმანეთისგან. პირველი მათგანი პროგნოზირებად მომავალზე ახდენს რეაგირებას, მეორე კი – ხარისხობრივად ახალზე.

ცენტრის პერსონალის კიდევ ერთი თავისებურებაა რეალურ სამყაროში რეალური პრობლემების გადაჭრის ვალდებულება. ტექნოლოგია მუშაობისასჩვენი ფოკუსია და ცენტრის თანამშრომლებისთვის დიდი პატივია იმის ცოდნა, რომ მათ იდეებ იმ პროდუქტების შექმნისას გამოიყენება, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანთა მუშაობაზე, აზროვნებაზე, ურთიერთობებსა და შემოქმედებაზე.

Xeroxში კორპორაციის ხელმძვანელები და მეცნიერები ერთობლივად მონაწილეობენ კვლევაში. მკვლევრებსა და კომპანიის წევრებს შორის დიალოგის მრავალი არხი არსებობს. კორპორაციის სტრატეგია და კვლევა ერთმანეთს განაპირობებს და აყალიბებს.

თუ ჩვენთან მუშაობას გადაწყვეტთ, მსვერპლად უნდა გაიღოთ პრობლემისადმი უსაფრთხო მიდგომის კომფორტი, რომელშიც შეგიძლიათ პროგნოზირებადი მიზნის მიღწევის იმედი გქონდეთ. მაგრამ შეგეძლებათ, პირადად ჩაერთოთ კვლევაში, თქვენი სიტყვა თქვათ და დაგვეხმაროთ იმ მომავლის შექმნაში, რომელიც თქვენგარეშე ვერ იარსებებდა.

პატივისცემით,

ჯონ სილი ბრაუნი

კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი

ფრენკ სქვეარსი

კვლევითი ოპერაციების ვიცეპრეზიდენტი

არ ვიცი, გამომივიდა თუ არა სათქმელი… უბრალოდ, ჩემი საწუხარი გაგიზიარეთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...