ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
30 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

წინ, ბავშვობაში

0

გამარჯობა, მიხარია თქვენთან კიდევ ერთი შეხვედრა, ვიცი, რომ თქვენც.

მიყვარს თქვენი გამოხმაურებების კითხვა, ძალიან ხშირად ვამოწმებ, ჩავუყვები ხოლმე ყველა ბლოგს და თუ ახალი კომენტარია, პატარა ბავშვივით ვჭყლოპინებ. არა, არ გეგონოთ, ქება მიყვარდეს. ( თუმცა არც უამისობაა), მოსმენა და გაზიარება მაბედნიერებს, განცდა, რომ ვიღაც სადღაც შენს ნააზრევს კითხულობს, ჰოდა, მგონი, დიდი აღიარების დროც დადგა. ადამიანისთვის, რომელიც ოცდაოთხი საათის მანძილზე სკოლაზე წერს და ფიქრობს, არცთუ ბუნებრივი, მაგრამ გულწრფელი აღიარების – მე არ მიყვარდა სკოლა, მეტიც , ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მძულდა.

დღემდე, ჩემს ყველაზე დიდ კოშმარებში მესიზმრება, როგორ ვდგავარ დაფასთან და ვცდილობ, მოვყვე გაკვეთილი, რომელიც არ მესმის, ერთი სიტყვაც, ერთი ბწკარიც, ყველაფერი გაუგებარია, თითქოს ქართულად კი არა, ურდუზე ეწეროს.

მე არ მიყვარდა სკოლა და ერთადერთი, რაც იმ ხანად მაძლებინებდა, წიგნები იყო. ყველანაირი, სხვადასხვა, განსხვავებული, ცუდი და კარგი, ძალიან ცუდი და ძალიან კარგი წიგნები.

ცუდიო? კიდევ ერთი აღიარებაო? ვგრძნობ, რომ ამ წერილს ბევრი სტუმარი ეყოლება. დღემდე ბევრს ვფიქრობ, არის თუ არა დაკარგული ის უზარმაზარი დრო, რაც მე ცუდი წიგნების კითხვაში გავატარე. არადა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სასაცილო გასართობიც შევიძინე, დღესაც დავსხდებით მე და ჩემი მეგობარი და ერთმანეთს ვეჯიბრებით, რომელს უფრო მეტი დებილური წიგნი გვაქვს წაკითხული, სათაურები? სათაურებს არ დავასახელებ, მაგრამ არცერთი საბჭოთა და ქართული, თუ საბჭოთა და ყაზახური, წითელი თუ პროპაგანდისტული, ძალიან სუსტი და უხარისხო წიგნი არ გამომიტოვებია. რაო? ისეთ წიგნებს თუ კითხულობდიო? კი, მიმალავდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდი.

 

მახსოვს, უგულისყურობისთვის შენიშვნა ბევრჯერ მიმიღია, ტექნიკურ საგნებში ნიშნებს ჩემი უფროსი და-ძმის ხათრით მიწერდნენ, ბევრჯერაც უჩხუბიათ, როცა ფიზიკის გაკვეთილზე თავი ამიწევია სრულიად არაფრისმთქმელი მზერით, მერხის ქვეშ კი ისეთი თავგადასავლებით აღსავსე წიგნი მედო…-

ჰოდა, რაზე გამახსენდა ეს ამბავი.

ამას წინად, წიგნის მაღაზიაში ფრანგი მწერლის, ანა გავალდას წიგნს წავაწყდი – „35 კილო იმედი”. წიგნი სოფია ბარშოვამ თარგმნა და ისეთმა გამომცემლობამ გამოსცა, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი, თანაც გადავშალე და პირველივე აბზაცმა მომჭრა თვალი:

„ვერ ვიტან სკოლას.
ამქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.
არა, უფრო მეტადაც…

გამიმწარა ცხოვრება. „

ჰოდა, რა თქმა უნდა, ვიყიდე.

ვიყიდე კი არა, თუკი ოდესმე სკოლის ბიბლიოთეკებისთვის აუცილებელი, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის წასაკითხი წიგნების სიას გავაკეთებ, გრეგუარის ისტორია სიის თავში იქნება, ჰოლდენ კოლფილდისა და გრძელფეხება მამილოს შორიახლოს.

თუ გვინდა გავიგოთ, რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა, რატომ უხარიათ თუნდაც ერთი გაკვეთილით ადრე შინ წასვლა, რას ვაშავებთ და რას ვაკეთებთ არასწორად, როგორ არ უნდა მოვექცეთ მოსწავლეებს, მხოლოდ მოსწავლეებს კი არა, შვილებს, როგორ უნდა მოვუსმინოთ მათ და მათივე ინტერესების მიხედვით განვსაზღვროთ მათი პრიორიტეტები და არა პირიქით – მოკლედ, ვიქნები ბანალური და ვიტყვი, ეს წიგნი სარკეა, ჩვენთვის, მშობლებისა და პედაგოგებისთვის, უფროსებისთვის.

„მე, მაგალითად, ჩემი მაღვიძარას დარეკვამდე ერთი საათით ადრე თვალები უკვე დაჭყეტილი მაქვს და ამ ერთი საათის განმავლობაში ვგრძნობ, თანდათან როგორ იმატებს და იმატებს მუცლის ტკივილი. ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან ჩამოსვლის დროს კი გული ისე მერევა, თითქოს ჩემს ოთახში კი არა, გემზე ვიყო, გაშლილ ზღვაში. ავტობუსში ჩემი მუცლის ტკივილი ძალიან მძიმე ბურთად გადაიქცევა ხოლმე. თუ შემთხვევით რომელიმე კლასელს დავემგზავრე და ლაპარაკი ჩვენი საყვარელი მულტფილმის გმირ ზელდაზე წამოვიწყეთ, მაშინ არაფერი მიჭირს, ტკივილი თანდათან იკლებს, სხვა შემთხვევაში კი მგუდავს. ყველაზე უარესად მაშინ ვარ, როდესაც უკვე სკოლის ეზოში შევდივარ. სკოლის თავისებური სუნი პირდაპირ ავად მხდის. წლები გადის და ადგილები იცვლება, მაგრამ სუნი იგივე რჩება. – ცარცის და სხვადასხვანაირი, ძველი ბოტასის სუნი, რომელიც ყელში ჩამდის და გულს მირევს.”

 

გრეგუარს სკოლა არ უყვარს – სამაგიეროდ, ჩხირკედელაობაზე გიჟდება, მე – ტექნიკურ საგნებს ვერ ვიტანდი , სამაგიეროდ წიგნს არ ვუშვებდი წაუკითხავს. მგონია, რომ ჩვენ, ორივეს გვქონდა და გვაქვს ჩვენი ინტერესის შესაბამისი განათლების მიღების უფლება.

ძალიან, ძალიან ძნელია, როცა სკოლის გახსენებაზე მუცელი გტკივდება… მასწავლებლებო, თქვენ არ გამოგიცდიათ ეს?

 

მე კი, სწორედაც მასწავლებლოს დროს – პატარა სტუდენტი გოგო ვიყავი და ერთ სკოლაში ვმუშაობდი. ყველა კლასში ყველაფერი კარგად მიდიოდა, პროცესი მეც მომწონდა და მოსწავლეებსაც, ერთმანეთს კარგად ვუგებდით. უფრო სწორად, თითქმის ყველა კლასში, ერთის გარდა. არ ვიცი, რატომ ვარდებოდა იქ გაკვეთილი სულ, რატომ ვიდექი პირველკლასელი ბავშვივით აკანკალებული და შეშინებული, როგორ ვნატრობდი, რომ რაც შეიძლება მალე გასულიყო ეს 45 წუთი. როგორ ვერ ვიტანდი ოთხშაბათ საღამოს, რადგანაც მეორე დილით იმ კლასში გაკვეთილი უნდა მქონოდა და როგორი განსაკუთრებული ბედნიერება იყო ხუთშაბათი საღამო, როცა ვიცოდი, რომ თითქმის ერთი კვირა იმ კლასში აღარ შევიდოდი…

მოკლედ, ახლა ვხვდები, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ერთმანეთის გაგება არ გვიცდია, მე მათი ხმაურის და სიცელქის მიზეზის, მათ-ჩემი შიშის და ნერვიულობის.

გრეგუარის პირველი მთავარი პრობლემა სწორედ ესაა, მეორე კი – მისი განსაკუთრებული უნარები. იქნებ დისლექსიაც აქვს, ანდა გონებაგაფანტულობის სინდრომიც, სამაგიეროდ, სრულიად განსაკუთრებულ რამეებს იგონებს, ნამდვილი გამომგონებელია, მისნაირი ადამიანები კაცობრიობის წინსვლას განაპირობებენ.

წიგნი ისეთი თანაგრძნობითაა დაწერილი, ისე თანდათანობით გადადის პატარა, ერთი შეხედვით ზარმაცი და თავისებური ბიჭის ისტორია დრამაში, იმდენ ასპექტში იჭერ და ითავისებ საკუთარ შეცდომებს, რომ მგონია, მასწავლებელთა სერტიფიცირების თუ პროფესიული განვითარების გამოცდებზე პედაგოგიკის მამების თუ ფსიქოლოგთა ნაშრომების ნაცვლად, ანა გავალდას „35 კილო იმედი” და კიდევ რამდენიმე მხატვრული ნაწარმოების წაკითხვა და გაგება უნდა მოვთხოვოთ ჩვენს პედაგოგებს.

იქნებ მაშინ მაინც მივხვდეთ, რომ წარმატებული შედეგისათვის ბევრის მოთხოვნა კი არ არის საჭირო, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის არსებობა, ვისი სიყვარულითაც ბავშვი ისწავლის – ეს შეიძლება ბაბუა იყოს, რომელიმე წიგნის გმირი ან თქვენ – ნებისმიერი მარი მასწავლებელი.

რელიგიის ისტორიის სწავლა და რელიგიის შესწავლა

0

,,იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, სადა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია: დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება

სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირის საძირკვლიდამ ერთს
ქვასაც ვერ გამოაცლის”.

,,შინაური მიმოხილვა”, 1881 მარტი ილია ჭავჭავაძე
შესავალი

რელიგიური ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთობა მნიშვნელოვანი საკითხია და რიგ შემთხვევებში უკავშირდება სახელმწიფოში დემოკრატიის ინდექსს.

ქვეყნები ამ საკითხს განსხვავებულად არეგულირებენ. რელიგიურ ორგანიზაციებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობა რეგულირდება ქვეყნის განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების განვითარებაზე პასუხისმგებლობას, როგორც წესი, სახელმწიფო იღებს, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად რელიგიური ორგანიზაციებიც ინაწილებენ. სკოლებისა და რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობის წესები გვაძლევს ინფორმაციას სახელმწიფოს წყობის შესახებ, კერძოდ: ა) სახელმწიფოს კანონები ემყარება და ასახავს რელიგიურ რწმენას; ბ) სახელმწიფო და რელიგიური ორგანიზაციები გაყოფილია, მაგრამ ერთი რელიგია დომინირებს; გ) სახელმწიფოში თანაარსებობენ სხვადასხვა რელიგიები, არსებობს რელიგიური შემწყნარებლობა და რწმენის თავისუფლება (ჯერალდინ ვან ბუერნი, ბავშვები და რელიგია, სოლიდარობა, 2007, N10).

სკოლებისა და რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობა დაუსრულებელი დისკუსიის საგანია. ამ დისკუსიების დროს ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ სკოლაში მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგია უნდა ასწავლონ. ზოგი თვლის, რომ მართალია, მათი რწმენაა ჭეშმარიტი, მაგრამ სხვა აღმსარებლობებიც უნდა ისწავლებოდეს.ზოგი თვლის, რომ უმრავლესობის რელიგიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. არსებობს მოსაზრება, რომ განათლებულმა ადამიანმა ყველა რელიგია უნდა იცოდეს. ათეიტებს, აგნოსტიკოსებს, სეკულარისტებს მიაჩნიათ, რომ რელიგია არ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან მოხდება დომინანტური რელიგიის ინდოქტრინიზაცია.
ბავშვის უფლებათა კონვენციაში ბავშვის უფლება, ჰქონდეს ან მიიღოს რელიგიური აღმსარებლობა ან რწმენა საკუთარი შეხედულებით, აღნიშნული არ არის. კონვენცია მხოლოდ ირიბად კრძალავს ძალისმიერი მეთოდებით ბავშვის აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვას.

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (1989 წლის 20 ნოემბერი) აღიარებს, რომ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობის მქონე ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი კულტურით, რელიგიით, ენით (მუხლი 30).

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, როგორაა დარეგულირებული რელიგიური ორგანიზაციებისა და სკოლების ურთიერთობა სამხრეთ კავკასიაში, თურქეთსა და ირანში, და კეთილდღეობისა და დემოკრატიის მაღალი ინდექსის მქონე ავსტრიაში.

სამხრეთ კავკასია

საქართველო

საქართველოში მოსახლეობის 84% მართლმადიდებელი ქრისტიანია, 9,9% – მუსლიმი, 3,9% – სომხური ეკლესიის წევრი, 0,8% – კათოლიკე, 0,4% – იეზიდი, 0.1% – იუდევეველი. საქართველოში ისლამის ორივე მიმდინარეობის აღმსარებლები ცხოვრობენ – ქვემო ქართლში შიიტური, ხოლო აჭარაში სუნიტური ისლამის აღმსარებლები (საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული აღწერა).

საქართველო სეკულარული ქვეყანაა. კონსტიტუცია აღიარებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, კონსტიტუციაში ასევე ხაზგასმულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ურთიერთობები განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 9).

კანონი ზოგადი განათლების შესახებ მკვეთრად მიჯნავს რელიგიურ ორგანიზაციებსა და საჯარო სკოლებს. კანონის მიხედვით, აკრძალულია რელიგიური ინდოქტრინიზაცია, პროზელიტიზმი. თუმცა დასაშვებია საჯარო სკოლებში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნა და ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისკენ (კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 13.2).

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მოსახლეობის 93.40% ისლამის აღმსარებელია, მათგან 85% შიიტური, ხოლი 15% სუნიტური ისლამის აღმსარებელია. 3.1% ქრისტიანია (აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია).

აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა (კონსტიტუცია,1995, მუხლი 18). აზერბაიჯანის კანონის რწმენის თავისუფლების მიხედვით (მუხლი 6), სკოლა გამოყოფილია რელიგიური ორგანიზაციებისგან, ხოლო სკოლაში თეოლოგიურ, რელიგიურ და რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებას უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო და არა აღმსარებლობითი ხასიათი. ამასთან ერთად მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს რელიგიური განათლება. ამ მიზნით რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება აქვთ შექმნან საგანმანათლებლო ასოციაციები და ასწავლონ მოქალაქეებს მათ კუთვნილ შენობებში, მათ კუთვნილებაში არსებული რესურსების გამოყენებით.

სომხეთი
2011 წლის სახელმწიფო აღწერის შედეგების მიხედვით, სომხეთის მოსახლეობის 98% ეთნიკურად სომეხია, მათგან 92% სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელია. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, სომხურ ეკლესიასთან მიკუთვნებულობა ატარებს უფრო კულტურულ, ვიდრე რელიგიურ ხასიათს (სომხეთის კანონი აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ).

სომხეთის კონსტიტუცია იცავს რელიგიურ თავისუფლებას. კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო სკოლები სეკულარულია. სკოლებში რელიგიის ისტორია ისწავლება. ამ საგანს სახელმწიფოს მიერ მომზადებული მასწავლებლები ასწავლიან. სომხური ეკლესიის ისტორია კურიკულუმის ნაწილია. ბევრი სკოლა დაწყებით საფეხურზე ასწავლის მსოფლიო რელიგიებს, ხოლო საბაზოზე – სომხური ეკლესიის ისტორიას. სკოლაში რელიგიური რიტუალების ჩატარება და სწავლება რელიგიური ორგანიზაციების მიერ აკრძალულია.

სამხრეთ კავკასიის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო სეკულარულია და სკოლები რელიგიური ორგანიზაციებისგან გამიჯნულია. თუმცა კვლევებში შეიძლება მოვიძიოთ რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტები, მათ შორის ისეთ ჰომოგენურ სახელმწიფოში, როგორიც სომხეთია (StepanDanielyan, AraGazaryan, 2012). ამ საკითხს ამ სტატიაში არ მიმოვიხილავთ.

რა ხდება მეზობელ თურქეთსა და ირანში?

თურქეთი

თურქეთში ისლამის აღმსარებელთა რაოდენობა 99.8%-ია (სხვა წყაროების მიხედვით, ისლამის აღმსარებელთა რაოდენობა უფრო მცირეა და 96.4 %-ს აღწევს). თურქეთში ძირითადად სუნიტები (72%) ცხოვრობენ, ხოლო შიიტების რაოდენობა დაახლოებით 25%-ს აღწევს. სხვა აღმსარებლობის (მართლმადიდებლები, სომხური ეკლესიის მიმდევრები) წარმომადგენლები 0.2%-ს შეადგენენ.
თურქეთი სეკულარული ქვეყანა გახდა 1924 წელს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებისა და ათათურქის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად. რელიგიური ორგანიზაციები განდევნილნი იყვნენ საჯარო სკოლებიდან.

1956 წელს ახალმა მთავრობამ საჯარო სკოლებს წარუდგინა რელიგიის შემსწავლელი კურსი, 1980 წელს ეს კურსი გარდაიქმნა რელიგიის კულტურისა და რელიგიური ეთიკის საგნად. მოსწავლეები თავდაპირველად ისლამსა და მის ინტერპრეტაციას სწავლობდნენდა შემდეგ – სხვა რელიგიებს. ეს კურსი შეესაბამებოდა განათლების მოთხოვნებს, კერძოდ, მოსწავლეების კრიტიკულ და აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში.

რელიგიის სკოლაში დაბრუნების დინამიკა ასეთია:
1949 წელს მეოთხე და მეხუთეკლასელებისთვის მომზადდა ისლამის სწავლების არჩევითი კურსი. მშობლებს შეეძლოთ, სურვილის შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაციისთვის მიემართათ თხოვნით.

1950 წელს კურსი სავალდებულო გახდა.

1956 წელს რელიგიის შემსწავლელი კლასების რიცხვს შეუერთდა მეექვსე და მეშვიდე კლასები. 11 წლის შემდეგ, 1967 წელს – მეცხრე და მეათე კლასები.

1974 წელს მეოთხედან მეათე კლასის ჩათვლით ეთიკის გაკვეთილები სავალდებულო გახდა.

1982 წელს ეთიკისა და რელიგიის სწავლების გაკვეთილები გაერთიანდა და ეწოდა რელიგიის კულტურისა და ეთიკის განათლება.

დღეს რელიგიის სწავლების საკითხი თურქეთში აქტუალურია. სკოლებში მოსწავლეები ლოცულობენ, რელიგიურ რიტუალებს ატარებენ. რელიგიის კულტურისა და ეთიკის გაკვეთილები ძირითადად სუნიტურ სწავლებას ემსახურება.

ირანი
2011 წლის მონაცემებით, ირანში მოსახლეობის 99.4% მუსლიმია, მათგან 90% – შიიტი, ხოლო 10% – სუნიტი, სხვა რელიგიური ჯგუფები – დაახლოებით 0.4%.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ისლამი სახელმწიფო რელიგიაა. განათლების სექტორზე ისლამის გავლენა მაღალია. სკოლების ,,ისლამიზაცია” ბოლო 30 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. 1979-2012 წლებში შეიცვალა კანონმდებლობა, კურიკულუმი, ისლამის როლის გაზრდის მიზნით რამდენჯერმე ხელახლა დაიწერა სახელმძღვანელოები. ცვლილებების მიზანი ისლამური კულტურის სკოლაში დანერგვა იყო. რელიგიამ შეცვალა გოგონების ჩაცმულობა, სკოლებში დაინერგა ლოცვები, ტარდებოდა პოლიტიკური და რელიგიური ხასიათის ღონისძიებები. მოხდა კურიკულუმის რეფორმირება ისლამური ღირებულებების შესაბამისად (Mehran, 1990; Mehran, 1998; Mohsenpour, 1988; Shorish, 1988). 1987 წელს პარლამენტმა მიიღო რეფორმატორული კანონი, რომელიც ხაზს უსვამდა სკოლებში სწავლებისას შიიტური აღმსარებლობის, როგორც სახელმწიფო რელიგიისა და დედამიწაზე წმინდა რელიგიის რეპრეზენტაციას. 1987 წლიდან სკოლების მისია გახდა ახალი მუსლიმების, მტკიცე მორწმუნეებისა და ისლამურ საზოგადოების მსახურთა აღზრდა (Paivandi, 2006).

ირანის ისლამურ რევოლუციამდე რელიგიის სწავლებას სკოლაში გარკვეული დრო ეთმობოდა. რელიგიის შესწავლაზე დახარჯული დროის ცვლილების დინამიკა ასეთია: რევოლუციამდე რელიგიის სწავლებას ეთმობოდა სასწავლო დროის 6.4%, რევოლუციის შემდეგ – 12.7%. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ეს დრო 25%-მდეც კი გაიზარდა (Saeed Paivandi , 2008).

2008 წელს Freedom House-მა შეისწავლა 2006-2007 წლებში გამოცემული 95 სახელმძღვანელო. კვლევის მიხედვით, სახელმძღვანელოები შედგენილია შიიტური რელიგიის პერსპექტივიდან.

რელიგიის გავლენა იგრძნობა არა მხოლოდ სოციალურ მეცნიერებებში, ისტორიაში, სპარსულ ლიტერატურაში, არამედ ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოებშიც.

  • შესწავლილ იქნა 412 გაკვეთილი. ღმერთის, მოციქულის, რელიგიური და ისტორიული პირების შესახებ ინფორმაცია მოცემულია გაკვეთილების 38%-ში.

  • შეწავლილ იქნა 3115 ილუსტრაცია, 645 ასახავს რელიგიურ, კულტურულ, პოლიტიკურ ლიდერებსა და მეცნიერებს.
  • მოცემულია ინფორმაცია ომებზე, კონფლიქტებსა და წამებულებზე. სამშობლოსთვის და რწმენისთვის სიცოცხლის შეწირვა სახელმძღვანელოებში ერთი მთავარი თემაა.
  • სოციალურ მეცნიერებებში საკითხები (ოჯახი, სოციალური ჯგუფები, სოციალიზაცია, პოლიტიკური სისტემები) განხილულია ისლამის ჭრილიდან.
  • ისტორიის სახელმძღვანელოები საზოგადოებრივ ცვლილებებს რელიგიის პრიზმიდან განიხილავს.

რელიგიის სწავლება ავსტრიაში

როგორ ხდება რელიგიური ორგანიზაციებისა და საჯარო სკოლების ურთიერთობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც ავსტრიაა?

თანამედროვე ავსტრია მულტიკულტურული ქვეყანაა.მოსახლეობის 64,1% კათოლიკეა, 3.8% – ლუთერანი, 12% – ათეისტი. ავსტრიაში ცხოვრობს 340 000 მუსლიმი (ძირითადად თურქები) და 180 000 მართლმადიდებელი (ძირითადად სერბები).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრია მკაცრად სეკულარული ქვეყანა გახდა. თუმცა სეკულარიზმის ჩარჩოებში ქვეყანამ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო. ავსტრიის ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს ისწავლოს ის რელიგია, რომელიც მას სურს. რელიგიის მასწავლებელი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელია, ხოლო სწავლის ხარჯებს ფარავს ავსტრიის სახელმწიფო. ამ მიზნით მიიღეს კანონი ბავშვთა რელიგიური განათლების შესახებ (Law on the Religious Education of Children). კანონის მიხედვით, 14 წელს მიღწეულ მოზარდს შეუძლია დამოუკიდებლად შეარჩიოს ის რელიგია, რომლის შესწავლაც უნდა, ხოლო 14 წლამდე ასაკის ბავშვისთვის რელიგიას მშობელი ირჩევს. დგება რელიგიის კლასები; თუ მსურველი ცოტაა, მაშინ რამდენიმე სკოლა ერთიანდება. რელიგიის სწავლება რომ სკოლაში განხორციელდეს, აუცილებელია, რელიგიური გაერთიანება აღიაროს ავსტრიის სახელმწიფომ.

რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება სკოლაში რელიგიის სწავლების შესახებ

  • როცა რელიგია გავლენას ახდენს კურიკულუმზე ან მასწავლებელი რელიგიურ თემებს იყენებს გაკვეთილზე, რელიგიური შეხედულებები და მეცნიერული ცოდნა ერთიანდება. მეცნიერება კი რელიგიისგან დამოუკიდებელია. მეცნიერებისა და რელიგიის განვითარების გზები სრულიად განსხვავებულია.

  • რელიგიის სწავლების დროს აქტუალურია ცივილიზაციათა კონფლიქტი, დღევანდელობის მთავარი გამოწვევა კი ცივილიზაციათა დიალოგია.

  • რელიგია დაფუძნებულია რწმენაზე, ხოლო მეცნიერების სწავლება შეუძლებელია საკითხის კრიტიკული განხილვის გარეშე. რწმენას კრიტიკულად ვერ განიხილავ, არგუმენტირებულად ვერ დაასაბუთებ რელიგიური აღმსარებლობის დოგმებს.
  • მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მულტიკულტურულია. რელიგიური ორგანიზაციების გავლენა სკოლებზე იწვევს რელიგიურ, გენდერულ და ეთნიკურ დისკრიმანაციას.
რატომ ვკამათობთ ამდენს რელიგიური ორგანიზაციებისა და სკოლების თანამშრომლობის შესახებ?

თითოეულ მოქალაქეს საკუთარი რელიგიური არჩევანი აქვს. რელიგია ათეისტის ცხოვრების ნაწილიცაა. მას სწამს, რომ რელიგიის არსებობას ლოგიკური არგუმენტები არ აქვს. ხოლო მორწმუნეს საკუთარი აღმსარებლობა მიაჩნია უფლისკენ სავალ ჭეშმარიტ გზად.

მე მომწონს ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი კანონი ყველა მოქალაქეს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს. თუ კანონი დაცული იქნება, არ მოხდება მოქალაქეთა სეგრეგაცია სკოლებში რელიგიური ნიშნით.

სკოლებში რელიგიის სწავლების ხარისხი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხის პირდაპირპროპორციულია. ქვეყნების დემოკრატიის ინდექსი, რომელსაც ყოველწლიურად ადგენს ჟურნალ ,,ეკონომისტის” კვლევითი ჯგუფი, ქვეყნებს ანაწილებს ოთხი რეჟიმიდან ერთ-ერთში: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი

გთავაზობთ 2014 წლის მონაცემებს:

ირანი 1.98
აზერბაიჯანი 2.83
სომხეთი 4.13
საქართველო 5.82
თურქეთი 5.12
ავსტრია 8.54

რეგიონში საქართველო ლიდერობს, თუმცა 10-ქულიან სკალაზე მისი ადგილი მოკრძალებულია. არასრული დემოკრატიის ქვეყნების რიცხვში რომ მოხვდეს, 0.22 ქულა აკლია – შესაძლოა სწორედ ის ქულა, რომელსაც ქვეყანაში სეკულარიზმის გაძლიერება და საქართველოს მოქალაქეობაზე ორიენტირებული ქვეყნის მშენებლობა მოგვიტანს.
გამოყენებული ლიტერატურა
1.საქართველოს კონსტიტუცია
2.კანონი ზოგადი განათლების შესახებ
3.სოლიდარობა 2007 №10
4.https://www.geostat.ge/?action=page&p_id=52&lang=geo, საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები, ტომი I ცხრილი 24
5.Administrative Department of the President of the Republic of Azerbaijan P R E S I D E N T I A L L I B R A R Y, RELIGION
6.Law of the Republic of Azerbaijan “On Freedom of Religious Belief”
7.Protection of the Rights of Children from Religious and Ethnic Minority Groups in Armenia, Field study with children and young people in Armenia, Council of Europe, 2014
8.StepanDanielyan, AraGazaryan, HovhannesHovhannisyan, ArturAvtandilyan, ‘Issues of Religious Education in public Schools of the Republic of Armenia, Yerevan, 2012
9.World Factbook, Central Intelligent Agency, 2007
10.https://www.worldbulletin.net/haber/116510/religious-education-in-turkey, ნანახია 2015 წლის 22 მარტს
11.https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ir.html, ნანახია 2015 წლის 22 მარტს
12.Religious Education in Europe Oslo University 8th September 2005, Peter Schreiner ICCS Comenius-Institut/Germany
13.Democracy Index, Economist 2014
https://www.sudestada.com.uy/Content/Articles/421a313a-d58f-462e-9b24-2504a37f6b56/Democracy-index-2014.pdf, ნანახია 2015 წლის 18 მარტს.

ახალი სემიოზისი

0
კულტურულმა პარადიგმამ – „შეშლილობა და შემოქმედება” – 21-ე საუკუნეში ინტენსიურად შემოაბიჯა. „მოდერნიზმში და ავანგარდში შემოვიდა შეშლილობის სემიოტიზაციის პროცესი, როცა ფსიქოპათოლოგია ხელოვნების სამსახურში ჩადგა. მე-20 საუკუნის ხელოვნებაში უზარმაზარი როლი ითამაშეს შიზოფრენიულმა სამყაროებმა. პარანოიდულმა სისტემებმა ბევრად განსაზღვრეს ევროპული ფაშიზმისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის სოციოკულტურული სისტემები.
შესაბამისად, მხატვრულ შემოქმედებაში პარანოიდული დისკურსი კვლევის საგნად იქცა. ზოგადად, ნორმის რღვევა შემოქმედებისათვის და შემოქმედთათვის ნორმაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია „ჭკუისმიღმურ” ენაზე, სრულ „ბოდვაზე” შემოქმედებაში, რომელიც ნიშანდობლივი გახდა თანამედროვე მხატვრული ლიტერატურისათვის. თუ მხატვრულ ტექსტს განვიხილავთ აგრეთვე, როგორც ერის ცნობიერების მდგომარეობას, მაშინ ფსიქოანალიზის მოშველიებით შესაძლოა გარკვეული დასკვნების გამოტანაც. ამ შემთხვევაში კი, ჩვენი ამოცანაა პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურული პროცესების ანალიზი (და არა შეფასება) ამ მიმართულებით და გამოვლენა იმ სემიოტიკური ნიშნებისა, რომლებიც დამახასიათებელია მხატვრულ შემოქმედების ამ ნაკადისათვის. პირობითად ამგვარ შემოქმედებას ვუწოდებთ „ალტერნატიულ პოეზიას”.

ბუნებრივია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მხატვრული ლიტერატურაში „ბოდვა” მართლაც ბოდვას ნიშნავდეს და სხვას არაფერს. ნეტარი ავგუსტინე დიალოგში „მასწავლებლის შესახებ” საინტერესოდ განიხილავს ნიშნებს, საგნებსა და სიტყვებს: „საგანთა შეცნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიშნები,” – წერს იგი და აგრძელებს, რომ „სიტყვებს აქვთ ნაკლები მნიშვნელობა, ვიდრე იმას, რისთვისაც ისინი გამოიყენებიან… სახეზე გვაქვს ოთხი რამ: სახელი, საგანი, სახელის შეცნობა და საგნის შეცნობა.” ნიშნის სემიოტიკის გაშიფვრა – ეს არის გზა შეცნობისაკენ.
„შეშლილობა” მხატვრულ ტექსტში მეტაფორული ხასიათისაა, ტროპია ან ფიგურა, გამოხატვის პლანია და არა შინაარსის პლანი. სინამდვილეში შეშლილობის პოეტიკა ნიშანია, რომელიც უნდა გაიშიფროს… გარკვეული იდეის „შეფუთვაა”, რომლის ახსნით ვხსნით მთავარ შინაარსს.

ყოველგვარი ზღვრის მოშლა პოეტურ ტექსტებში და ერთგვარი ბოდვა „სხვა” სამყაროსთან ზიარებაა, რომელსაც ჩვეულებრივი ფსიქიკა ვერ გამოავლენს. პოეტის „შეშლილობის პარადიგმაში” ყოფნა არ ნიშნავს, რომ მართლა შეშლილია, მას შეუძლია ამ პარადიგმიდან გამოსვლა და დაბრუნება ჩვეულებრივ მდგომარეობაში (თუმცა ისეთებიც არსებობენ, რომლებიც ვერ გამოდიან ამ მდგომარეობიდან), რადგან შეშლილობა ფსიქიკის შეცვლილი მდგომარეობაა და არა გონების სისუსტე. კარლ იასპერსი წერს ამ მდგომარეობის შესახებ „ზოგად ფსიქოპათოლოგიაში”: „იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ ბოდვითი იდეა, აუცილებელია, გავთავისუფლდეთ იმ წარმოდგენისაგან, თითქოს ის ეფუძნება გონების სისუსტეს. ამ უკანასკნელთან ნებისმიერი დამოკიდებულება ატარებს ფორმალურ ხასიათს…”

ალტერნატიული პოეზია

პოსტკოლონიურმა რეალობამ ქართულ ლიტერატურულ პროცესებში გაააქტიურა ე.წ. ალტერნატიული პოეზია, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა კულტურისათვის დამახასიათებელი მოვლენაა (მაგალითად, „ნონსენსის” ლიტერატურა ინგლისში (ედუარდ ლირი (1812-1888), ლუის კეროლი (1832-1898); მე-20 საუკუნეში კი აბსურდის თემას პოეზიაში აგრძელებენ „როკ-პოეზიის” წარმომადგენლები, რომლის თვალსაჩინო ნიმუშია კონცეპტუალური ალბომი ჯგუფისა „Pink Floyd”: „The Dark Side of the Moon”(1973); ბიტნიკების პოეზია, სიმბოლისტები, დადაისტები, ავანგარდიზმი და სხვა).

ქართულ რეალობაში 90-იანი წლებიდან არსებობდა ალტერნატიული პოეტური დაჯგუფებები: 90-იანელების: „რეაქტიული კლუბი”, „ქრონოფაგები”, „ბებერი პოეტების ორდენი”, „დემონები” და ბოლო დროის: „ვარდისფერი ავტობუსი” და „სამკაული” (დღეისთვის ყველა დაჯგუფება დაშლილია).

თითოეულ დაჯგუფებას თავისი მანიფესტი ჰქონდა, მაგალითად, „ვარდისფერი ავტობუსის” პოეტები მანიფესტში წერენ: „პოეზია – ტრანსლაციის საშუალებაა. წარმოდგენის ღვთაებებს ვუხმობ, ვთხოვ, რომ ხილვები გაათავისუფლოს, გათენდეს ამ წუთში, აქვე დავრჩეთ და თან წავიდეთ. გამოვიდეთ და თან შევიდეთ. ავჯანყდეთ და თან შევრიგდეთ. ეს არ ხერხდება. საჭიროა განადგურდეს ურთიერთობები ნაცვალსახელების ზედაპირულობით, შემდეგ დაიწყოს ადამიანთა დაახლოების პროცესი, რომელიც არასოდეს დასრულდება. „შენი მეზობელი დაფარული არსია შენი, დამდგარი წყლები მის ლანდს აირეკლავს, რომელშიც თუკი კარგად დაუკვირდები, საკუთარ თავს და სახეს დაინახავ”…

გრძელდება ჩვენება ჩვენი ლოცვების, მის გარშემო რკალურად განლაგებული სკამები იწყებენ დაცარიელებას, გეტოებისკენ, საწოლებში. მაგრამ მიწისძვრა – ეს ხომ გარდაუვალია! კულტურული სივრცის შერყევა, გამოვრბივართ სახლებიდან, გვცივა, ვანთებთ ცეცხლს და… ამ დროს გამოჩნდება ვარდისფერი ავტობუსი, განათებული, თბილი. იღება კარი და ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას, ვიწყებთ ერთმანეთის, ვარდისფერი ავტობუსის ქუჩას. წინ, ერთმანეთისკენ! წინ, ვარდისფერი პლანეტისკენ!

და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას…”
როგორია ალტერნატიული პოეზიის ძირითადი მახასიათებლები?

ნიშნის დესემანტიზაცია, ახალი სემიოზისი, რომელსაც იწვევს ამ „(ანტი) ესთეტიკის” წარმომადგენელთა მიმართება სამყაროსთან და საკუთარ თავთან: ბუნტი, ეპატაჟი, ტრადიციების და ტრადიციული სალექსო ფორმებისა და პოეტიკის უარყოფა… ანტი… ანტილექსი, ანტიკულტურა…

ახალი ლექსიკონები

ალტერნატიული პოეზიისათვის დამახასიათებელია ნიშნის (ლექსიკურ, გრამატიკულ, ფრაზეოლოგიურ დონეზე) დესემანტიზაცია, ტრადიციული, სალექსიკონო გაგების გაუქმება და ახალი შინაარსის შექმნა, მაგრამ იმისათვის, რომ ე. წ. „ახალი ანბანი” გასაგები გახდეს მკითხველისთვის, ავტორები ხშირად ხსნიან სიტყვათა ახალ, მეტაფორულ მნიშვნელობებს, რითაც იქმნება ახალი პოეტური ენა, განსხვავებული ტრადიციულისაგან. ზოგ შემთხვევაში კი, ავტორი-პოეტები მანიფესტს ქმნიან, ან თავადვე იძლევიან „გასაღებს” საკუთარი პოეტური ტექსტების გასაგებად, რომელიც შეიძლება ამდენი ახსნის შემდეგ მაინც გაუგებარი დარჩეს, მაგრამ „გაუგებრობა” ხომ ამგვარ ტექსტთა სემიოტიკური მახასიათებელია.

იქმნება ტექსტები (ლექსები), რომლებსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „ახალი ლექსიკონები”, მაგალითად, იორიკის (იგივე დათო ყანჩაშვილის) ლექსი: “ლექსიკონი”:

„შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გზა – ის, რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყავა – დილის სინონიმია…….
…………………………………………………………………
ლექსიკონი -წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან”.
მაგალითად, იცით, რას ნიშნავს, „თოვს”? გიორგი კეკელიძისათვის ამ სიტყვის განმარტება ასეთია:

აგვისტოს ძლისპირი

ნა-გუ-ს

თოვს – ნიშნავს ღამეც… ღამეს თეთრად ათენებს
და ღრუბლის ფერფლი თამბაქოს ფერფლს დაფარავს კართან,
ნიშნავს ტოტებცრუდაყვავებულ ანტენებს,
სახლებს – თვალი რომ გაეყინათ და ღია დარჩათ.
ნიშნავს – მე თოვლი მივიწყებულ ოთახს მაგონებს,
იქ, სადაც სტვენის გეშინია და თან გინდება,
თოვს – ნიშნავს აქლემებად ქცეულ ვაგონებს
და რომ ცერებზე აიწია ნელ-ნელა მთები.
თოვს – ნიშნავს ვინმე უსათუოდ ყრუდ ჩაახველებს
და ნაბიჯს ექოდ ძველი უჯრის გახსნის ხმა ახლავს,
რომ კედლებს სუნი წასკდათ მზისთვის გადანახული
და გაამხელენ მოწყენისგან ჩათვლემილ სახლთან.
თოვს – ნიშნავს ახლა მძინავს
და სიზმრებს ვერ ვხედავ –
ისე თოვს.

მე-ს დაკარგვა

„მე – შენ ვარ!”
ნოვალისი
„я – это другой!”
ლაკანი
„Я – такого слова нет!”
Пригов

ყველაზე უფრო თვალშისაცემი ნიშანი ალტერნატიულ პოეზიაში, ეს არის ავტორის მე-ს დაკარგვა. იდენტიფიკაცია იმდენად რთულდება, რომ ავტორი არა ერთ რომელიმე საგანთან, მცენარესთან ან ცხოველთან იგივდება, არამედ ყველაფერთან და ყველასთან, ნებისმიერ სიტყვასთან და მის მნიშვნელობასთან, რომელსაც იგი წარმოთქვამს. ამ ნიშნით საინტერესოდ გვეჩვენება პაატა შამუგიას ლექსი – ლინგვისტიკის წრე:

„……და მე – პოეტი,
მე – მეძავი,
მე – პატრიარქი,
მე – ტერორისტი,
ლიბერალი,
ავტომრბოლელი,
მე – ცირკის მუშა,
გენიოსი და ღვთისმშობელი,
ვზივარ და ვუფრთხი მნიშვნელობებს, რომლებიც უკვე
მექცნენ სხეულის დამატებით ორგანოებად…..”

პაატა შამუგიას „მეები” პარალელურად ან ერთდროულად თანაარსებობენ, განფენილები არიან დროსა და სივრცეში… მეს რთულ და მრავაფეროვან სამყაროს იორიკი კი (დათო ყანჩაშვილი) მეტაფორულად წარმოგვიდგენს „მატრიოშკების” სახით, რაც გარკვეულ იერარქიას გულისხმობს და მიმართულია გარედან – შიგნით…
……………
ეს „ჭკუისმიღმური” ენა ვერ ეგუება შტამპებს და მუდმივად ნგრევა-შენების პროცესშია. რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვებს, რა თქმა უნდა, აქვთ ძირითადი, სალექსიკონო მნიშვნელობები (ამის გარეშე საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა კონოტაციური მნიშვნელობების გაჩენა). ნიშნები მხატვრულ მეტყველებაში ჩვეულებრივი მეტყველების კანონებისაგან განსხვავებით სრულიად სხვა განზომილების კანონებში არსებობენ. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია არა თავად ნიშანი, არამედ ის განცდა, რომელიც ნიშნის მეშვეობით მიიღწევა, ანუ შეცნობის პროცესი. „საგანთა შეცნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი აღმნიშვნელი ნიშნები”( წმინდა ავგუსტინე).

ავადმყოფობის შიგნითა მხარე ანუ facebook-ის სამძიმრის წიგნი

0

ყველაფერს აქვს საკუთარი უპირატესობა. მათ შორის ავადმყოფობასაც. სკოლის დროს საქმე ასე მოჩანდა, რომ თუკი სიცხე გქონდა ან მუცელი გტკიოდა ( ამ უკანასკნელის სიმულაცია მარტივ ხერხებს მოითხოვს), მომდევნო ორ დღეს გააცდენდი. ალგებრის სწავლა მთლად მომხიბვლელი საკითხი ხომ ვერ იყო და ეს ხაზვა? მოკლედ სცილასა და ქარიბდას შორის გადიოდი ოდისევსზე ადვილად ერთი ჯადოსნური წინადადებით: ,,დღეს რაცხა გლახათ ვარ!’

ტეტრისი. არის ასეთი საკულტო თამაში, არ ვიცი ახლა რამდენად პოპულარული, თუმცა მის ვარიაციებს ხშირად შეხვდებით ფლეშ-პორტალების შეღებისას. მაშინ კიდევ ცენტრში იდგა. მგელი რომ კვერცხებს იჭერდა და კაცი ბატებს ხოცავდა, იმის მერე მოდიოდა. ხელში დასაჭერი აპარატი არცთუ ცხადი გრაფიკით. მით უფრო თუ ბატარეა გამოსაცვლელია. ,,ელემენტები’’. და მაგ ტეტრისს ვუბერავდი. თუ მართლა სიცხე მქონდა, ჩემი თვალები უარესად წითლდებოდნენ და ფხალისფურცელშემოკრული თავი სკდებოდა, მაგრამ 19024 ქულაზე ვინ გამაჩერებდა. მიდიოდნენ და მიდიოდნენ კონსტრუქციები. უფრო სწრაფად და სწრაფად. ისევე როგორც ბავშვობამ ჩაიარა და ერთხელც დაეწერა: game over! აქ ხომ თავიდან დაწყება და მსგავსი ვირტუალური გამოსავლები არ მოქმედებს და გავაგრძელე.

სტუდენტობის დროს ავადმყოფობა არ იყო კარგი. ერთი შესამჩნევი და სახალისო რაც ჰქონდა, შეიძლება ფილმი გენახა ან რამე წაგეკითხა. ეგეც წვალებით. კვერცხია შესაწვავი, ჩაი მოსადუღებელი და ათასი ხათაბალა. ვირუსი და ცხენუსი კი აქეთ გხედნიდა და მოკლედ, ის ძმრიანი ნასკები, ბავშობაში ბებია რომ მაცმევდა ტემპერატურის დასაგდებად, ახლა პირით უნდა გეწურა. ძმრად ამოდენის ამბავში. მოკლედ – ტანჯვა. გასაძლები, ცხადია.

ახლა ავადმყოფობას ეგ ხიბლი აქვს, რომ ვფიქრობ. ხან ძნელად, იმიტომ რომ ის წითელი წერტილები, რაც 38.9 გრადუსს ახლავს, იმაზე მეტია, ვიდრე მოგონება. ან თუნდაც ოცნება. მაგრამ ფიქრის ადგილი მაინცაა. ჰოდა, ეგეთი ფიქრები ხშირად სიკვდილისკენ უფრო გაგირბის, რადგან რაც უნდა იოლი იყოს ავადობა, მაინც სიკვდილის შეხსენება მეტადაა, ვიდრე რამე უკეთესის. მერენდელი ამბები გაინტერესებს, ტომიც ხომ ეგრე აწყობდა ხოლმე სამომავლო ხედვებს. ტომ სოიერი. აი, როგორ ტირის დეიდა პოლი, როგორ მოაქვთ სკოლიდან კლასელებს ყვავილები და ცხარე ცრემლებით ნამავენ. მერე პანაშვიდი ეკლესიაში და სიტყვები. დაზეპირებული. კარნავალი და სინამდვილეც. კვირა-კვირანახევრიანი. ახალი ტომი კი ასე იფიქრებდა: რას დაწერს ჯო ჰარპერის და ფეისბუკზე? ალბათ ჩემთნა ერთად გადაღებულ სურათს დადებს, მისისპზე რომ გემმა ჩამოიარა და ცოტა ხნით გაჩერა და ჩვენ იქ წავედით სამახსოვრო ფოტოებისთვის. მიაწერს: ტომ, ტომას!! და გულები და მოწყენილი სმაილები და ქვევით კიდევ ჰელენ ჯონსი: აუ, არ მჯერააა! და სხვანი.

აქ საქილიკო და რამე ცინიკური კი არ გვინდა ვთქვათ, არამედ იმ ცვლილებზე, რომელიც სოციალური ქსელის დიდი და ჯერ კიდევ ნახევრადმწიფე ნაყოფია. მისი მთავარი გამარჯვება ისაა, რომ ჩვენი ფიქრები შეცვალა. ოცნებები და სურვილებიც. ფორმა შეუცვალა, თორემ სიამაყე, შური, სიყვარული და მისთანანი ჯერ კიდევ ანტიკურ ფორმაში არიან. უბრალოდ გალურჯდნენ. აი, როგორი ფერიც facebook-ს აქვს.

სასწავლო პროგრამების დანერგვის დონეები

0
სხვადასხვა ქვეყანაში ზოგადი განათლების მიღება რეგულირდება  სასწავლო გეგმით, რომელზე დაყრდნობითაც მასწავლებლები ქმნიან სასწავლო პროგრამებს კონკრეტული კლასისათვის. სასწავლო პროგრამების დანერგვის პროცესი ინდივიდუალურია. ამ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მასწავლებლისა და კლასის თავისებურებები. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების  განზოგადების შემდეგ განათლების სპეციალისტებმა გამოყვეს სასწავლო პროგრამების დანერგვის სამი დონე.  ამ სტატიიაში  მიმოვიხილავთ სასწავლო პროგრამების დანერგვის დონეებს, მასწავლებლის ექსპრესიული მიზნების როლს და ლატენტური სასწავლო პროგრამის მნიშვნელობას. 
საკვანძო სიტყვები: იმიტაციური დონე, შუალედური დონე, კოგნიტურ-გენერაციული დონე,  ექსპრესიული მიზნები, ლატენტური სასწავლო პროგრამა.
შესავალი
კარგმა მასწავლებელმა ზუსტად იცის, როგორ შეარჩიოს კონკრეტული თემის სწავლების შესაბამისი მეთოდი; ამაზე დაყრდნობით როგორ გაუმკლავდეს სწავლების პროცესში წარმოქმნილ სიტუაციებსა და პრობლემებს ისე, რომ არ გადაუხვიოს სასწავლო პროგრამას.  სასწავლო პროგრამების შექმნა და დანერგვა ერთნაირად შრომატევადია პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის. სწორად ორგანიზებული მოქმედებები საშუალებას აძლევს მას, განახორციელოს სასწავლო პროგრამით დასახული ექსპრესიული მიზნები და ამოცანები (ეისნერი, 1998). პედაგოგიკა ვითარდება გამოცდილებასთან ერთად. მასწავლებლის განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს მის უნარს,  დამოუკიდებლად და სპონტანურად მიიღოს  გადაწყვეტილება გარკვეული სიტუაციიდან გამომდინარე და ყოველთვის გაითვალისწინოს  მოსწავლისა და სასწავლო პროგრამის ინტერესები და მიზნები.  სასწავლო პროგრამის დანერგვის პროცესის მრავალფეროვნებაზე  მსჯელობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ პროცესში სწავლების დონეებად დაყოფის მიდგომები.
ძირითადი ნაწილი 

სასწავლო პროგრამის  დანერგვის  პროცესში  სწავლებას  გარკვეულ დონეებად   (ტანერი & ტანერი, 1995) განიხილავენ.  გამოყოფენ სამ ძირითად დონეს.
პირველი დონეა იმიტაციური დონე. იგი მოიცავს რუტინულ, მეთოდურ ქმედებებს. აღნიშნული ქმედებები განპირობებულია კონკრეტული სახელმძღვანელოთი და ინსტრუქტაჟით. 
მეორე დონე, ანუ შუალედური, უფრო მაღალპროფესიულ დონეს შეესაბამება და მოიცავს მეთოდურ და მოდიფიცირებულ სწავლებას. 
მესამე დონე კრეატიულ-გენერაციულია, ყველაზე მაღალი პროფესიონალიზმით ხასიათდება და გულისხმობს ინტერპრეტირებულ სწავლებას, რომელიც მასწავლებლისგან მოითხოვს როგორც სკოლის მიზნების გათვალისწინებას, ისე მოსწავლის საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
   
მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასწავლო პროგრამის იმპლემენტაციასა და შედეგის მიღებაში.

იმიტაციური დონე – მასწავლებელი, რომელიც მუშაობს ამ დონეზე, უბრალოდ, ხელმძღვანელობს კლასს. იგი მიმართავს ისეთ რუტინულ ქმედებებს, როგორიცაა ბავშვების მუდმივი დასაქმება სხვადასხვა დავალების მიცემით; ასევე ინარჩუნებს დისციპლინას კლასში. ამ დროს ძირითადად მოსწავლეებს აძლევენ მარტივ პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მასწავლებლებისთვის იდეასა და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება მეთოდოლოგიური სირთულეა, რადგან იგი სცდება წინასწარ განსაზღვრული გეგმის ფარგლებს და პედაგოგისგან მოითხოვს სწავლების მეთოდის ინტერპრეტირებას, კლასში არსებული მდგომარეობის შესაბამისად. მასწავლებლები ძირითადად ასრულებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ინსტრუქციულ მითითებებს. ამ სახის ინსტრუქტაჟი ხელს უწყობს კლასში მასწავლებლის როლის შესუსტებას და მის დაყვანას რუტინულ ელემენტებამდე. ნათელია, რომ ამ შემთხვევაში მასწავლებლის პედაგოგიური როლი დაკნინებულია. ზოგჯერ მისი ფუნქცია დადის მხოლოდ გარკვეული მოქმედებების ტექნიკურ შესრულებამდე, როგორიცაა: ტესტების და დავალებების დარიგება და შეგროვება, შედეგების დოკუმენტირება, მოსწავლეების დაკავება სავარჯიშოების შესრულებით და ა.შ.
მასწავლებლები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ტესტებისთვის მოსწავლეების მომზადებაზე. ისინი მიმართავენ სწავლების ყველაზე ბანალურ მეთოდს, როგორიცაა საგამოცდო საკითხების პირდაპირი სწავლება. ამ დროს არ ხდება სწავლების მეთოდის შერჩევა მოსწავლეების ცოდნის დონის შეფასების საფუძველზე. პედაგოგი არ ცდილობს შეიტანოს გონივრული კორექტივები სასწავლო პროცესში. ასევე არ ხდება მოსწავლეთა სუსტი მხარეების გამოვლენა, რის მიხედვითაც უნდა მოდიფიცირდეს სწავლების მეთოდიკა. 
შუალედურ დონეზე მასწავლებელი ახდენს სწავლების მეთოდის მოდიფიცირებას მოსწავლეთა პროფესიული შეფასების საფუძველზე; ადაპტირდება პირველი დონისთვის დამახასიათებელი სწავლების სტრატეგია კლასში არსებული სიტუაციის მიხედვით. ხშირად პედაგოგები ტოვებენ სასწავლო პროგრამის გარკვეულ ნაწილს, პერიოდულად ამატებენ დამატებით მასალას ან მიმართავენ სწავლების სხვა მიდგომას ბაზისური მეთოდის პარალელურად. მასწავლებლისგან არ უნდა ველოდოთ რაიმე დიდ ინოვაციას – სასწავლო პროგრამაში მას შეაქვს საშუალო დონის მოდიფიკაცია. ზოგჯერ  მასწავლებლებს სასწავლო პროგრამა ხელს უშლის პედაგოგიური კვალიფიკაციის გამომჟღავნებაში. ეს ეხება ისეთ სკოლებში მომუშავე პედაგოგებს, სადაც ხელმძღვანელობა მათგან მოითხოვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მეთოდების ზედმიწევნით ზუსტ გამოყენებას. ამ შემთხვევაში, მასწავლებლები შეზღუდულნი არიან – არ შეუძლიათ შეიტანონ შესწორებები სასწავლო პროგრამაში. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ შესთავაზონ სკოლის ხელმძღვანელობას ალტერნატიული სასწავლო პროგრამა.
 
კოგნიტურ-გენერაციული დონე, ანუ მესამე დონე წარმოადგენს პედაგოგიური პროფესიონალიზმის უმაღლეს სტანდარტს. აღნიშნულ დონეზე სწავლება ხორციელდება სკოლის ყველაზე ამბიციური მიზნის მისაღწევად. ამიტომ კლასის აქტივობები ძალიან მაღალი ხარისხისაა და კონცენტრირებულია არა მარტო აკადემიურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე, არამედ სოციალური და მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებაზეც. სასწავლო პროგრამის განხორციელება ფოკუსირებულია მოსწავლის ინდივიდუალურ ნიჭსა და ინტერესებზე, რაც ხელს უწყობს აზროვნების, კომუნიკაციისა და კვლევის უნარების განვითარებას. იდეასა და პრობლემაზე ორიენტირებული საკლასო აქტივობები იგეგმება და ხორციელდება მასწავლებლის მიერ, მოსწავლის ბუნების, მოთხოვნილებებისა და საზოგადოებრივი ღირებულებების გათვალისწინებით. სასწავლო პროგრამა ორგანიზებულია სხვადასხვანაირად და ყოველთვის შეესაბამება ასაკობრივ ჯგუფსა და ბავშვის განვითარების დონეს. პედაგოგი ჯერ აფასებს კლასის შესაძლებლობებს და შემდეგ ირჩევს სწავლების მეთოდს. შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ყურადღება ექცევა, თუ რამდენად შეესაბამება სწავლების შერჩეული მეთოდი მოსწავლეების განვითარების დონეს, ინტერესებსა და მისწრაფებებს, ასევე, თუ რამდენადაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა. როდესაც მასწავლებელი ხვდება, რომ ვერ აღწევს დასახულ მიზანს, მაშინ მას საკუთარ გამოცდილებაზე, თეორიულ ცოდნასა და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცვლილებები შეაქვს სწავლების მეთოდში. ამგვარად, პედაგოგს გააჩნია ისეთი მაღალი დონის კვალიფიკაცია, რომ შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს სასწავლო მასალა და მეთოდები.
ყველაფერი, რისი გაკეთებაც მიზანშეწონილია სკოლაში, ყოველთვის არ გამომდინარეობს სასწავლო პროგრამის გეგმიდან. ეისნერმა (1998) საკლასო ოთახში მიმდინარე მოვლენებს, რომლებსაც არ გააჩნიათ გამოხატული გეგმა ან მიზანი, ექსპრესიული მიზნები უწოდა. სიტყვა „მიზანი” ამ შემთხვევაში ცოტა დამაბნეველია, რადგან არ იგულისხმება წინასწარ დაგეგმილი მოვლენა. წარმოვიდგინოთ პედაგოგი, რომელიც კლასში ახორციელებს ახალ და დაუგეგმავ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია რაიმე გარემოებით. ცალკეული მოსწავლის ან კლასის გაუთვალისწინებელი სასწავლო მიმართულებით წაყვანა დამოკიდებულია მასწავლებლის ინტუიციაზე, აღებული გეზის შეცვლის აუცილებლობაზე, გაჩენილი პრობლემის გამოსწორების სურვილზე ან მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავების მიზანზე. ექსპრესიული მიზანი – ეს არის სწავლების პროცესში ახალი და ღირებული ელემენტების ჩართვა, რომლებიც წინასწარ არ იყო დაგეგმილი.
ექსპრესიული მიზნები მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესში, რადგან სასკოლო პროგრამას ანიჭებს მნიშვნელოვან მოქნილობას და აგრეთვე ითვალისწინებს პედაგოგის პროფესიული გადაწყვეტილების მიღების უნარს. ამ გზით მასწავლებელს შეუძლია გაუმკლავდეს კლასში წარმოქმნილ მოულოდნელ სიტუაციებს. ექსპრესიული მიზნებით ასევე შესაძლებელია სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზება მოსწავლეების ინტერესებისა და მოთხოვნილების გათვალისწინებით.
კრეატიულ-გენერაციული პედაგოგიკა ეფუძნება ექსპრესიულ მიზნებს – ამ დროს ხდება კლასში არსებული პრობლემების შეფასება და ამ პრობლემების გადასაჭრელი მოქმედებების განხორციელება. 
მაგალითისთვის განვიხილოთ ისტორიის პედაგოგი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სწავლების როლური თამაშის მეთოდი გამოიყენოს. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს დაევალათ სცენარის შექმნა, მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ მათ ძალიან გაუჭირდათ დიალოგების შეთხზვა. ამ შემთხვევაში პედაგოგს შეუძლია აირჩიოს რამდენიმე მიმართულება: 

1.თავი დაანებოს აღნიშნულ დავალებას და გადავიდეს გეგმით გათვალისწინებულ სხვა საკითხზე; 

2.ყურადღება არ მიაქციოს იმ ფაქტს, რომ მოსწავლეებს უჭირთ დიალოგების დაწერა და მოითხოვოს აღნიშნული დავალების შესრულება;

3.გადავიდეს ექსპრესიულ მიზანზე, ანუ შეეცადოს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრას სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად, სთხოვოს მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ერთკვირიანი თანამშრომლობა მოსწავლეებში წერის პრობლემის გადასაჭრელად.

ამ შემთხვევაში დიალოგის დაწერა არ წარმოადგენს ისტორიის საგნის მთავარ მიზანს, მაგრამ მასწავლებელს აქვს საშუალება, გამოასწოროს შექმნილი მდგომარეობა. ექსპრესიული მიზნების წარმოშობა საშუალებას აძლევს პედაგოგს, გაუმკლავდეს წარმოქმნილ სირთულეებს. სწავლების პროცესი მიმართულია კონკრეტული მიზნისკენ, მაგრამ იგი თვითონაც განაპირობებს ახალი მიზნების წარმოშობას. სასწავლო პროცესში წარმოქმნილი ექსპრესიული მიზნები ყოველთვის გამომდინარეობს მოსწავლის ინტერესებიდან და აძლევს მას მნიშვნელოვან საგანმანათლებლო შედეგს. აღსანიშნავია, რომ ექსპრესიული მიზნების წარმოშობა არ ანიჭებს პედაგოგს სრულ თავისუფლებას. მას არ აქვს უფლება, რადიკალურად გადაუხვიოს გეგმიდან. არ შეიძლება სასწავლო პროგრამის ნორმატიული განრიგის უარყოფა, თუნდაც ეს გამოწვეული იყოს მოულოდნელად შექმნილი სიტუაციით.
სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, თუ რამდენად მანიფესტირებადია პროგრამა და რამდენად შეესაბამება იგი დასახულ   მიზანს. ამიტომ სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს ზუსტად განსაზღვრულ მასალასა და ქმედებებს, რომლებიც შეესაბამება საზოგადოებრივ ღირებულებებსა და მოთხოვნებს.
ნებისმიერი სასწავლო პროგრამის განხორციელება დაკავშირებულია ლატენტურ და შეუცნობელ პროცესებთან, რომლებიც ბავშვებს ასწავლის მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, როდესაც მოსწავლეებს ვასწავლით გამრავლების ტაბულას, შეიძლება შევაყვაროთ ან შევაძულოთ მათემატიკა და სწავლის პროცესი, ასევე, შეიძლება  განვუვითაროთ ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა.
სასწავლო პროგრამის შემქმნელები მრავალი წლის განმავლობაში მოხიბლულნი იყვნენ ლატენტური სასწავლო პროგრამის ცნებით. იგი აფართოებს სასწავლო პროცესის მნიშვნელობას, რადგან სცდება მისი მიზნების, შინაარსის, თანმიმდევრობისა და შეფასების სისტემის ტრადიციულ ფარგლებს. განათლების სისტემაში არსებული ადრეული პროგრესული მიმდინარეობა მიმართული იყო სასკოლო პროგრამების გაფართოებისკენ (სხვადასხვა უნარ-ჩვევების, დამოკიდებულებების, მისწრაფებების განვითარებისკენ). ამიტომ ლატენტური სასწავლო პროგრამა გახდა სასწავლო პროგრამების პროგრესულად მოაზროვნე შემქმნელების ძირითადი ორიენტირი.
ამასთანავე, წარმოიშვა შეკითხვები სასწავლო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით. მაგალითად, რა გავლენა აქვს სკოლას მოსწავლის განწყობასა და ცოდნის შეძენის სურვილზე? რას აკეთებს სკოლა იმისათვის, რომ ბავშვებს ჩამოუყალიბოს საკუთარი თავის პატივისცემა, გავლენა მოახდინოს დასვენების ჯანსაღ წესზე, მიმართოს მათი ქმედებები საზოგადოებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ? ჯონ დიუი ლატენტურ სასწავლო პროგრამას უწოდებდა კოლატერალურ სწავლებას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. იგი წერდა: „როცა აღიარებენ, რომ მოსწავლე სწავლობს მხოლოდ გარკვეულ საგანებს სკოლაში, ეს ალბათ ყველაზე დიდი პედაგოგიური შეცდომაა”. კოლატერალური სწავლება – ეს არის შეხედულებების, დამოკიდებულებების, მიდრეკილებებისა და გემოვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ლატენტური სასწავლო პროგრამა, რომელიც მეტწილად დამოკიდებულია მასწავლებლის პედაგოგიურ მონაცემებზე.

დასკვნა
რა განაპირობებს სასწავლო პროცესის წარმატებას? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.  რაც უნდა სრულყოფილი და დახვეწილი იყოს სასწავლო პროგრამის შინაარსი, მის პრაქტიკულ განხორციელებას განაპირობებს სწავლების მეთოდი და პედაგოგიკა. მარტივად რომ ვთქვათ, პედაგოგიკა – ეს არის ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის, რასაც სასწავლო პროგრამა მოჰყავს მოქმედებაში.
მასწავლებლის კვალიფიკაცია მდგომარეობს მის უნარში, სხვადასხვა კუთხით შეაფასოს კლასისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და ამის საფუძველზე წარმართოს სასწავლო პროცესი. ექსპრესიული მიზნების გაჩენა დამოკიდებულია პედაგოგის გონივრულ გადაწყვეტილებაზე, სწავლების პროცესში ჩართოს დაუგეგმავი ეფექტური მოქმედებები, რომლებიც მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ემსახურება საგანმანათლებლო  მიზანს.
რადგან სასწავლო პროგრამა უფრო მეტია, ვიდრე დაწერილი ინსტრუქციები, მისი განხორციელება დამოკიდებულია პედაგოგის დამოუკიდებელ გონივრულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი მასწავლებლები მოქმედებენ სასწავლო პროგრამის განხორციელების კრეატიულ-გენერაციულ დონეზე. მათ შესწევთ უნარი, შეაფასონ და გაითვალისწინონ კლასში არსებული პრობლემები და ვითარებები და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები. მათ ასევე კარგად ესმით ლატენტური სასწავლო პროგრამის მნიშვნელობა, რომელიც თან ახლავს სასწავლო პროცესს და შეუცნობლად ახდენს გავლენას მოსწავლის დამოკიდებულებაზე სხვადასხვა საკითხის მიმართ.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Eisner, E. (1998). The educational imagination. New York: Macmillan Co.
2.Tanner, D. & Tanner, L. (1995). Curriculum development. New York: Macmillan Co.

საშინაო დავალება – განსხვავებული რაკურსი

0
გიო ლიტერატურაში სწავლობს “ნარნიის ქრონიკებს”.

 

დავალება – ნარნიის თემაზე უნდა შექმნას სამაგიდო თამაში თავისი დაფით, ბარათებით და წესებით. სამაგიდო თამაში გიომ აარჩია, კიდევ ორი არჩევანი იყო: ნარნიის ტურისტული ბროშურის შექმნა ან ჯადოსნური კარადის მოდელის გაკეთება. რა დრო და ნერვები მაქვს დახარჯული მოსაწყენი თემების წერაზე…

 

ეპიგრაფად დართული სიტყვები ჩვენი ინტერნეტგაზეთის ერთ-ერთ ბლოგერს, ნანა დიხამინჯიას ეკუთვნის. დავალება კი, რომელიც მისმა შვილმა უნდა შეასრულოს, ამერიკის პატარა ქალაქის, როლას სკოლაში მისცეს მოსწავლეს. ბლოგის დაწერის იდეა სწორედ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა. წარმოვიდგინე, რა ინტერესით, ხალისით და მაღალი მოტივაციით შეასრულებს მოსწავლე ამ ტიპის დავალებას, როგორ გააანალიზებს და დაამუშავებს ტექსტს, როგორ მიიღებს საკუთარი შრომის შედეგად საინტერესო პროდუქტს – სამაგიდო თამაშს, როგორ ტრანსფორმირდება მისთვის ტექსტი ფურცლებზე არსებული ნარატივიდან პრაქტიკულად გამოსაყენებელ, ხელშესახებ ობიექტად…

 

რამდენი ხანია, რაც სკოლა დაამთავრეთ? გახსოვთ თუ არა მოწაფეობის დროს შესრულებული რომელიმე საშინაო დავალება? აცნობიერებდით თუ არა საშინაო დავალების მიზანს ან დაგისვამთ თუ არა მასწავლებლისთვის კითხვა – ეს რატომ უნდა გავაკეთო?

საკუთარ თავს მოსწავლეების ადგილას მაშინ ვაყენებ, როცა მათთვის „სავალდებულოდ შესასრულებელი” და ცოტა არ იყოს, მოსაწყენი დავალებების მიცემა მიწევს. მართალია, „იდეალურ ქალთა სახეებს” და „დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების შედარებით დახასიათებებს” ჩვენი მოსწავლეები, საბედნიეროდ, აღარ წერენ და სტანდარტით არც საზეპირო ადგილების მონიშვნა და ჩაბარება არ ევალებათ, მაგრამ ვრცელ-ვრცელი თემები, რომლებშიც მკაცრად გაწერილი სტრუქტურა უნდა დაიცვან, შინაარსის დეტალურად დასწავლა და სახელმძღვანელოში მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც უხდებათ. ეს კი რუტინული და ნაკლებად შემოქმედებითი საქმე მგონია. (აქვე საზეპიროებთან დაკავშირებით მინდა შევნიშნო – ჩემი აზრით, სულ მცირე, უცნაურია, ამოიღო სტანდარტიდან საზეპირო ადგილი და საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეს დაუსვა შეკითხვა, რომელსაც ის ვერაფრით უპასუხებს, თუ ზეპირად ან ტექსტთან ძალიან ახლოს არ ახსოვს ნაწარმოები).

მოგეხსენებათ, დროის თვალსაზრისით საკმაოდ შეზღუდულები ვართ, საპროგრამო მასალა მოცულობითია, სტანდარტით გაწერილი კომპეტენციები – ასათვისებელი, გამოცდები (საატესტატო და ერთიანი ეროვნული) – ჩასაბარებელი. ამიტომ ყოველთვის ვერა, მაგრამ იშვიათად მაინც შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და სასიამოვნო (შესრულების პროცესი) სასარგებლოს (დასახული მიზნების, გეგმის შესრულება) შევუთავსოთ.

ქვევით ერთ უჩვეულო და ახლებურ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელიც რომელიმე ეპოქის ლიტერატურული ტექსტების შესწავლის შემდეგ შეგეძლებათ გამოიყენოთ. ამ დავალების შესრულება მოსწავლეებს კრეატიული, საინტერესო იდეების გენერირების საშუალებას მისცემს. შედეგად მათ დაამახსოვრდებათ ტექსტები, გაუჩნდებათ თავიანთი დამოკიდებულება, განწყობა შესასწავლი მასალის მიმართ.

რამდენიმე ლექსი ერთად

ეს მეთოდი გერმანიაში, კასელის საერთაშორისო სემინარზე პოეტიკისა და კრეატიული წერის კურსის ფარგლებში გაგვაცნო კურსის ხელმძღვანელმა, ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტმა, კასელის თავისუფალი ვალდორფის სკოლის პედაგოგმა, პიტერ ლუცკერმა.

კურსის მიზანი გახლდათ ლექსებისადმი თანამედროვე მოზარდების სკეპტიკური ან უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა. „მათ უჭირთ პოეზიის გაგება, ეზარებათ ტროპების ამოხსნა, ფიქრი, კონცენტრირება. ითხოვენ მარტივ და გასაგებ ენაზე საუბარს, ისე, როგორც თავად ეხერხებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გადაცემისას. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ლექსი და მისი ავტორი საინტერესო გახდეს. ამ მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი გზა კითხვებია. დასვით კითხვები ისე, რომ მოსწავლეს თავიდანვე შეეცვალოს განწყობა შესასწავლი ობიექტისადმი. ეს არ იქნება კითხვები, რომლებიც მათ ცოდნას, მიხვედრილობას ან გამჭრიახობას შეაფასებს. არც დასწავლილი თეორიული მასალის გამოყენება დასჭირდებათ. რეალურად, ამ კითხვებზე სწორი პასუხები, რომლებსაც ისინი შემდეგ სახელმძღვანელოში გადაამოწმებენ, არც არსებობს, რადგან კითხვები კრეატიული იდეების გენერირებას უწყობს ხელს და სხვას – არაფერს”. შესავალი სიტყვის შემდეგ პიტერმა სამუშაო ფურცელი დაგვირიგა. ფურცელზე 4 ლექსი იყო წარმოდგენილი. ბოლოს კი ჩამოყალიბებული გახლდათ საკლასო სამუშაოს პირობა და კითხვები: წაიკითხეთ ლექსები, რომლებიც დაგირიგდათ. დაფიქრდით და შეარჩიეთ, რომელ ლექსს და რომელ სტრიქონს შეარჩევთ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

1. ამ ლექსებიდან ერთ-ერთის თარგმნა რომ გთხოვონ ენაზე, რომელსაც კარგად ფლობთ, რომელს შეარჩევდით? რომელი სტრიქონის თარგმნა გაგიჭირდებოდათ ყველაზე მეტად? რატომ?

2. ამ ლექსებიდან ერთ-ერთის ილუსტრირება რომ გთხოვონ, რომელს შეარჩევდით? კონკრეტულად რომელ ეპიზოდზე შეაჩერებდით ყურადღებას? რას გამოსახავდით ნახატზე?

3. ამ ლექსებიდან ერთ-ერთის მიხედვით სკეტჩის გაკეთებას შეძლებდით? რომელი ლექსი გამოდგებოდა „სცენაზე გასაცოცხლებლად”?

4. რომელი ლექსის განწყობა შეგიძლიათ გამოხატოთ ფოტოაპარატის მეშვეობით? რა კადრი წარმოგიდგებათ თვალწინ ლექსის კითხვისას? აღწერეთ სიტყვიერად.

5. კომპოზიტორმა რომ გთხოვოთ დახმარება და ერთ-ერთი ლექსის შერჩევა მუსიკის დასაწერად, რომელ ლექსს შეარჩევდით? არის თუ არა თქვენ მიერ შერჩეულ ლექსში ადგილები, რომლებსაც რეფრენივით/მისამღერივით გამოიყენებდით და გაიმეორებდით?

6. ამ ლექსების ავტორებთან გასაუბრების შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, რომელ ავტორს შეარჩევდით? რომელი ტაეპის ახსნას, განმარტებას ან განვრცობას მოსთხოვდით პოეტს?

7. ჩაწერეთ წარმოსახვითი ინტერვიუ ავტორთან. თავად დასვით შეკითხვები და თავადვე უპასუხეთ მათ.

მეთოდი გამოვიყენე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების შესწავლის შემდეგ. ამ შემთხვევაში, პირობის მოდიფიცირება მომიხდა, რადგან ოთხი განსხვავებული პოეტის ლექსის ნაცვლად ერთი პოეტის სამი სხვადასხვა ლექსი შევარჩიე, თუმცა მოსწავლეებს სამუშაო საინტერესოდ მოეჩვენათ და ხალისითაც შეასრულეს.

საინტერესო დაკვირვება – ლექსებიდან ერთ-ერთი ტატოს „სულო ბოროტო” იყო. ისე მოხდა, რომ უმრავლესობამ სწორედ ამ ლექსის მიხედვით მოისურვა „ილუსტრაციის” შექმნა. მოსწავლეები სიტყვებით „ხატავდნენ” შავ-ბნელ, იდუმალ, მისტიკურ „ნახატებს”. ნამუშევრების კლასში გაცნობისას ვიკითხე, რომელი ფერი სჭარბობს ლექსში? რა ფერის განცდა იბადება კითხვისას/მოსმენისას? პასუხი მოსალოდნელი იყო – შავი. შემდეგ კიდევ ერთხელ მივუბრუნდით ტექსტს და აღმოჩნდა, რომ ლექსში საერთოდ არ არის ნახსენები ფერი. ფერის განცდას ლექსის საერთო სულისკვეთება, განწყობა ბადებდა. ეს დაკვირვება თავად მოზარდებსაც საინტერესოდ ეჩვენათ.

აღმოჩნდა, რომ პოეზია იმაზე მეტია, ვიდრე ტროპებად „დაშლა”, შინაარსობრივი დეტალები თუ „სამახსოვრო ადგილები”.

აღმოჩნდა, რომ სიტყვის ოსტატებს, პოეტებს, კონკრეტული სიტყვების გამოყენების გარეშეც შეუძლიათ გარკვეული სურათხატების წარმოჩენა. სათქმელის გადმოცემა, მკითხველზე სასურველი ზემოქმედების მოხდენა.

აღმოჩნდა, რომ კარგი ლექსი იმაზე მეტია, ვიდრე საპროგრამო, სავალდებულო შესასწავლი და განწყობა „აუ, ამას რა ისწავლის” შეიცვალა დამოკიდებულებით „ვა, რა მაგარი ტიპი ყოფილა ეს ტატო…”

 

 

 

 

კიტა ჩხენკელი და მისი მოსწავლე

0
ჩვენ ძალიან ბევრ გამორჩეულ პროფესიონალს უნდა ვიცნობდეთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი სერიოზული მეცნიერისა და მისი მოღვაწეობის შესახებ მხოლოდ მცირერიცხვოვანი დარგობრივი წრეების წარმომადგენლებმა იციან. მაგალითად, საქართველოში დღემდე ნახევრად უცნობ ადამიანად რჩება ევროპაში ცნობილი ენათმეცნიერი კიტა ჩხენკელი.

 

კიტა ჩხენკელი საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის ძმა გახლდათ. ორივენი ცარისტულ იმპერიაში დაიბადნენ და ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი წლები ავტორიტარულ რეჟიმთან რევოლუციურ ბრძოლას შეალიეს. მოგვიანებით ძმების გზები გაიყო. აკაკი პოლიტიკაში დარჩა, კიტა კი 1920 წელს ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე ჩაირიცხა. 1936 წელს უმცროსმა ჩხენკელმა ჰამბურგის უნივერსიტეტში პოლიტეკონომიის დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. ბევრი მიიჩნევდა, რომ იგი ამავე დარგში გააგრძელებდა ნაყოფიერ მოღვაწეობას, მაგრამ მოულოდნელმა აუცილებლობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში გერმანიის ყველა ძირითად უნივერსიტეტში რუსული ენის შესწავლის ტენდენცია გაძლიერდა. ნაცისტების ამოცანას პოტენციური მოწინააღმდეგის კულტურის შესახებ სრულყოფილი ცოდნის დაგროვება წარმოადგენდა. შესაბამისად, კიტა ჩხენკელს ჰამბურგის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების განყოფილებაში გადაბარგება და რუსული ენის შესახებ ლექციების წაკითხვა მოუწია.

მისი ახალი კოლეგები, ლინგვისტები კიტას მშობლიური ენის თავისებურებებითაც დაინტერესდნენ და რამდენიმე თვეში მას ქართული ენის კურსების ხელმძღვანელობაც დაავალეს. საბოლოოდ, ჩხენკელმა პოლიტეკონომიას ენათმეცნიერებაში მოღვაწეობა აირჩია. მან მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს დაიწყო მუშაობა ქართულ-გერმანულ ლექსიკონსა და ქართული ენის სახელმძღვანელოზე, მაგრამ მისი მასალები 1943 წელს ჰამბურგის დაბომბვას შეეწირა.

ომის შემდეგ კიტა შვეიცარიაში გადასახლდა და იქ განაგრძო ნაყოფიერი მოღვაწეობა. ციურიხის კონფედერაციულ უნივერსიტეტში მან ქართული სტამბა „ამირანი” დაარსა. გამოსცა „ვისრამიანის” თარგმანი, დაბეჭდა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული ენის შესავალი”, რომელიც გერმანულენოვან სამყაროში დღემდე მიიჩნევა ქართველოლოგიის კლასიკურ სახელმძღვანელოდ. ამავე უნივერსიტეტში კიტა ჩხენკელმა უამრავი მასალა შეაგროვა „ვეფხისტყაოსნის” აკადემიური გამოცემისა და ქართულ-გერმანული ლექსიკონის დასასტამბად. სამწუხაროდ, იგი ნაადრევად გარდაიცვალა და ამ ორი უკანასკნელი წიგნის გამოქვეყნებას ვერ მოესწრო.

ხანმოკლე და წინააღმდეგობებით სავსე სიცოცხლის მიუხედავად, ქართველმა ემიგრანტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში საუნივერსიტეტო საზოგადოებებისათვის ქართული ენის სამეცნიერო ღირებულება შეეხსენებინა და ამ ენის კვლევების წახალისებისთვის შეეწყო ხელი. ფატობრივად, მისი მონდომების წყალობით განახლდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ევროპაში ქართველოლოგიური მეცნიერებების აქტიური შესწავლა.

 

პროფესორ ჩხენკელის ყველაზე დიდი დამსახურება, ალბათ, მაინც ციურიხის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კათედრის დაფუძნება გახლდათ. აღნიშნულმა სამეცნიერო სტრუქტურამ აღზარდა და გააერთიანა არაერთი უმაღლესი რანგის ენათმეცნიერი, რომლებმაც ღირსეულად გააგრძელეს ცნობილი მასწავლებლის გზა.

თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ გერმანულ-ქართულ ან ქართულ-გერმანულ ლექსიკონს, რომელშიც კიტას მოსწავლის იოლანდა მარშევის სახელი არ იყოს მითითებული. სწორედ ამ ქალბატონმა მიიყვანა ბოლომდე ჩხენკელის დაწყებული საქმე და გამოსცა პირველი მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ქართულ-გერმანული ლექსიკონი, რომელიც ყველა სხვა ფუნდამენტური ნაშრომის შექმნის მთავარი წინაპირობა გახდა.

რაც მთავარია, იოლანდა მარშევისა და კიტას სხვა მოწაფეების წყალობით გააგრძელა ქართველოლოგიის კათედრამ შუაგულ ევროპაში არსებობა და არამხოლოდ მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრად, არამედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ცენტრადაც ჩამოყალიბდა.

2015 წლის 3 მაისს ქ-ნი მარშევი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან მინდოდა, რომ გერმანული ენის ყველა მასწავლებლისა და ჩემს ბიბლიოთეკაში არსებული შესანიშნავი წიგნისათვის მადლობა გადამეხადა მისთვის. ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს სერიოზული მეცნიერების, კიტა ჩხენკელისა და იოლანდა მარშევის მოღვაწეობის შესახებ.

გიორგი მელაძე – იდეალური სკოლის ძიებაში

0
როგორია იდეალური სკოლა, როგორია იდეალური სკოლის შეფასების კრიტერიუმები, რას ირჩევს მშობელი და რა არის უკეთესი თავად მოსწავლისთვის. ამ მხრივ აზრი ყოველთვის ორად იყოფა: ერთი ნაწილი უპირატესობას კერძო სკოლას ანიჭებს, მეორე ნაწილისთვის მხოლოდ საჯაროა მისაღები და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი, თუმცა ორივე შემთხვევაში მოსწავლე განათლების ერთიანი სისტემის მომხმარებელი ხდება. სწორედ ამ სისტემას ემორჩილება ყველაზე ძვირადღირებული კერძო და შორეულ სოფელში მდებარე 5-მოსწავლიანი სკოლაც. ამ და სხვა საკითხებზე ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორ გიორგი მელაძეს ვესაუბრებით.  
– ბატონო გიორგი, თქვენ კერძო სკოლის დირექტორი ბრძანდებით. თქვენი პოზიციიდან კერძო და საჯარო სკოლებს შორის როგორ შედარებას გააკეთებდით?

– როგორც წესი, კერძო სკოლა საჯაროებთან შედარებით ბევრად კარგ სერვისთან ასოცირდება, რაც მას იმთავითვე აძლევს დიდ უპირატესობას. თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლაში ახალი სახელმძღვანელოების შეტანისა და მასწავლებლების აყვანასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციის გამო, რომლის თანახმადაც პედაგოგობა არ შეუძლია კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელს თუ მას მასწავლებლის სერთიფიკატი არ გააჩნია, კერძო სკოლები უფრო მეტად იზღუდებიან და გარკვეულ დონეზე ერთიან მოდელს უახლოვდებიან. თუმცა ასეთ ფონზეც კი კერძო სკოლების უპირატესობა მაინც მკაფიოდ გამოიხატება. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა, რაშიც იგულისხმება არა მხოლოდ კეთილმოწყობილი შენობა, არამედ სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, ტექნიკა, მეთოდოლოგია, მასწავლებლების კვალიფიკაცია და სხვა. ამ შემთხვევაში კარგად გარემონტებული შენობა უკანა პლანზე იწევს, თუმცა ამას ყველა კერძო სკოლაზეც ვერ იტყვი – კონკრეტული სეგმენტებით ზოგ კერძო სკოლას შეიძლება საჯაროც სჯობდეს. 

– ალბათ ნებისმიერი ტიპის სკოლაში არსებობს სასწავლო პროცესის, მასწავლებლების მუშაობის მეთოდებისა და მოსწავლეების მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლისა და კონტროლის აუცილებლობა. რამდენად საჭიროა და როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი? 

– საუკეთესო კონტროლი მოსწავლეებთან და მათ მეურვეებთან, როგორც წესი, მშობლებთან, სწორი კომუნიკაციაა. თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში არსებობს უამრავი საშუალება, რომელთა მეშვეობითაც სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება. აუცილებლად მიმაჩნია და, ამ პრაქტიკას ჩვენს სკოლაში სისტემატურად მივმართავთ, პერმანენტული შეხვედრები მშობლებთან, ასევე სპეციალური კითხვარების შევსება, როდესაც მოსწავლეები და მათი მეურვეები აფასებენ ყველაფერს – კვებიდან დაწყებული ტექნიკური აღჭურვილობით დამთავრებული. ასეთი პრაქტიკა ანალიზის გაკეთებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის პროცესს აადვილებს. ცხადია, კონტროლი სჭირდება მასწავლებელსაც, რომელიც ზოგჯერ ხელოვნურად უწერს მოსწავლეს მაღალ ნიშანს, რათა მშობელი კმაყოფილი იყოს. ანუ ვიღებთ შემთხვევას, როდესაც  შინაარსი რეალობასთან თანხვედრაში არაა, თუმცა მშობელი ბედნიერია და მასწავლებლისთვის ესეც კმარა. ამრიგად სასკოლო სივრცეში მყოფ ადამიანებთან გამუდმებული დიალოგის გარეშე რეალობის დადგენა შეუძლებელია. 

– როგორი უნდა იყოს მოსწავლის როლი ამ პროცესში?

– მოსწავლე თავად ამ პროცესის უშუალო მონაწილეა, ამიტომ მისი აზრი, სურვილები და კრიტიკა აუცილებლად უნდა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ. საუკეთესო შემთხვევაა, თუ სკოლას გააჩნია ტუტორის ინსტიტუტი, სამსახური, რომლის წარმომადგენელიც არცერთ საგანს არ ასწავლის, ამრიგად არ არის მიკერძოებული. ის სისტემატურად ხვდება მოსწავლეებს, ესაუბრება სკოლაში არსებულ ვითარებაზე და მოსწავლეების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს ისმენს. თანამედროვე თაობა საკმაოდ გამბედავი და თავდაჯერებულია იმისთვის, რომ პრობლემებზე ისაუბროს და ზოგჯერ მისი გადაჭრის გზებიც შემოგვთავაზოს. სამწუხაროა, რომ ეს ინსტიტუტი არ მოქმედებს საჯარო სკოლებში, რადგან ამისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსი, ასევე გამართული მენეჯმენტი და, უბრალოდ, ამის სურვილია საჭირო. 

– არსებობს სავალდებულო სასწავლო პროცესი და მისგან დამოუკიდებელი აქტივობები, რაც მოსწავლის განვითარებისთვის არანაკლებ აუცილებელია. 

– ეს სეგმენტი სკოლების უმეტესობაში შესაძლებლობის მიხედვითაა განვითარებული. ალბათ სუბიექტური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ნიუტონის სკოლაში ამ მიმართულებას განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. არასავალდებულო აქტივობებში ორი მიმართულება გვაქვს: ერთჯერადი და პერმანენტული. ერთჯერადი აქტივობები კონკრეტული პროფესიის ან სფეროს წარმომადგენლის მოწვევასა და მის მიერ მოსწავლეებისთვის წაკითხულ ლექციაში ან პრაქტიკულ სამუშაოში გამოიხატება. ეს შეიძლება იყოს ენათმეცნიერი, მხატვარი, ფოტოხელოვანი, ფიზიკოსი და სხვა. ასეთი შეხვედრებისას მოსწავლეების თვალსაწიერი საგრძნობლად ფართოვდება, უამრავ ახალს იგებენ, ზოგჯერ ისეთს, ადრე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ. მეორე, ანუ პერმანენტული ხასიათის აქტივობებია სკოლაში არსებული კლუბები, რომლებსაც მოსწავლეები სურვილისამებრ ირჩევენ. აქ არის კლუბები უცხო ენების წრეებით დაწყებული, სპორტით გაგრძელებული და ხელოვნებითა თუ ტექნიკური მეცნიერებებით დამთავრებული. 

– სკოლებში ამ ტიპის კლუბების არსებობა მოწმობს, რომ მათდამი ინტერესი თავად მოსწავლეებსაც აქვთ.

– ინტერესი მართლაც დიდია. ძალიან კარგი, საოცრად განვითარებული თაობა მოდის. საინფორმაციო რესურსებზე წვდომა შეუზღუდავად აქვთ და მათ სწორად იყენებენ. აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ იჩენენ ინტერესს, სკოლამ კი მათი ინტერესის განვითარებას შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. 

– როდესაც სისტემა არ არის სრულყოფილი ან გამართული, ნაკლოვანებების გამოსწორება უცხოური ანალოგების შესწავლითა და ზოგჯერ პირდაპირ გადმოღებითაცაა შესაძლებელი. რამდენად ამართლებს ჩვენს შემთხვევაში ეს მეთოდი? 

– როდესაც განათლების სფეროში მუშაობ, აუცილებლად უნდა ადევნო თვალი, როგორ ვითარდება ამ მიმართულებით მსოფლიო. ამ სფეროში ვითარება დინამიკურად იცვლება, შემოდის ახალი მეთოდები, დამხმარე საშუალებები, ონლაინ სავარჯიშოები და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმა მათი სრული სახით გადმოღების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან გარკვეულ სტანდარტს უნდა დავემორჩილოთ, თუმცა მაინც არსებობს პროგრამები, რომელთა ჩვენს სკოლებში დანერგვა და ინტენსიურად გამოყენება შესაძლებელია. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და ის გამუდმებით უნდა ფიქრობდეს განახლებასა და გადახალისებაზე, უნდა იზრუნოს, რომ სწავლის პროცესი ნებისმიერი მოსწავლისთვის საინტერესო იყოს. 

– ემხრობით დიფერენცირებულ სწავლებას?

– ჩემი აზრით, პლუსი დიფერენცირებულ სწავლებასაც აქვს და სტანდარტულსაც. გარკვეულ ასაკში ადამიანს აუცილებლად უნდა მისცე მიმართულება, თუმცა უკეთესია, თუ არჩევნის არეალი ფართოა. მრავალი წელია განათლების სისტემაში ვმუშაობ და მინახავს სტუდენტები, რომლებსაც მეორე ან მესამე კურსზე შეუცვლიათ აზრი, სხვა სპეციალობით მონდომებიათ სწავლის გაგრძელება და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშიც აღმოჩენილან. ამრიგად, თუ არჩევნის წინაშე სტუდენტი შეიძლება დადგეს, მსგავსი ალბათობა სკოლის მოსწავლის შემთხვევაში უფრო მეტია. 

– მასწავლებლები ინტერვიუებში ხშირად უსვამენ ხაზს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემას. ზოგი პროგრამის სიმწირისა და ერთფეროვნების გამო წუხს, ზოგს კი მიაჩნია, რომ პროგრამა კონკრეტულ კლასში მყოფი მოსწავლის ასაკს არ შეეფერება და ა.შ. ფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად პრობლემაა?

– როგორც მთელი სისტემა, ცხადია, არც ეს სეგმენტია სრულყოფილი. ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია სახელმძღვანელო მინიმალური სავალდებულო პროგრამით, რომელიც მოსწავლისთვის დამატებით ლიტერატურამდე მისასვლელ გზას წარმოადგენს. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტის გაგების სურვილი, ვიდრე სახელმძღვანელოში შეუძლია ამოკითხოს. პრობლემას ქმნის კანონში არსებული რეგულაციაც, რომლის თანახმადაც სახელმძღვანელოს არჩევიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მისი შეცვლის უფლება არ გვაქვს. ანუ თუ ამ წლებში ბაზარზე უკეთესი სახელმძღვანელო გამოჩნდება, ძველს მისით ვერ ჩავანაცვლებთ. ეს კი ნამდვილად გახლავთ პრობლემა. 

– და დასასრულ – როგორ ფიქრობთ, როგორია იდეალური სკოლა?

– პირველ რიგში, სკოლას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს მთავარი მოტივი – მოსწავლეს მისაღები გამოცდებისთვის ამზადებს თუ ცხოვრებისთვის. მე მეორეს მომხრე ვარ, მაგრამ რეალობა, ანუ ჩვენთან არსებული სისტემა ამას ნაკლებად იზიარებს. კარგია, როდესაც სკოლის მიერ შეთავაზებული სწავლების გეგმა და მუშაობის პრიციპი მშობელსაც აქვს გათავისებული, რადგან ბავშვისთვის განათლების მიცემისა და შედეგის ხარისხი სწორედ ამ ორი მხარის ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული. სკოლიდან შინ მიბრუნებულ მოსწავლეს მშობელი მხოლოდ საზეპიროების ჩაბარებას არ უნდა სთხოვდეს, რაც მეხსიერების გავარჯიშების გარდა, არაფრის მომცემი არაა. ამრიგად იდეალურია სკოლა, სადაც ბავშვს უხარია მისვლა, როდესაც სკოლას კარგად აქვს ჩამოყალიბებული და გათავისებული მიზანი, რომ მოსწავლეს ამზადებს არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის, როდესაც ამას იზიარებს მშობელი, ბავშვს დამატებითი აქტივობების არჩევის თავისუფლება აქვს და ეს ყველაფერი მაღალტექნოლოგიურ გარემოშია მოქცეული.
ესაუბრა ია ვეკუა

პოზიციური ტექნოლოგია როგორც ცოდნის ხარისხის ამაღლების საშუალება

0

ბოლო ხანს იმატა ინტერესმა ახალი საგანმანათლებლო მოდელების, განსაკუთრებით კი იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომლებიც სკოლამდელ და სასკოლო განათლებას ეხება. მათ შორისაა პოზიციური განათლების მოდელიც, რომელიც მოსწავლეებს სასწავლო მასალაზე მაქსიმალურ კონცენტრაციასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება.

პოზიციური სწავლის მოდელს (ნ. ე. ვერაქსა, პოზიციური სწავლების მოდელი, 1994) საფუძვლების მთელი წყება აქვს. მათ შორის გამოიყოფა ლ. ვიგოტსკის კულტურულ-ისტორიული კონცეფცია და, საზოგადოდ, დიალექტიკურ აზროვნებასთან დაკავშირებული მეთოდოლოგია. თუ გავითვალისწინებთ მასწავლებლების დაინტერესებას პედაგოგიური პროცესის ოპტიმალიზაციით და შესაბამისი ინდივიდუალაური გზების შერჩევით, შეიძლება ითქვას, რომ პოზიციური ტექნოლოგია ამ მხრივ ყველაზე მოხერხებულია, რადგან საიმედოდ უზრუნველყოფს ლოგიკური პროცესის წარმართვას, სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილების ურთიერთკავშირს, მათ მიზანმიმართულობას, დაგეგმვას და შედეგების კორექციას.

პოზიციური განათლების ტექნოლოგია ემსახურება არა მარტო ცოდნის ათვისებას, არამედ მოსწავლის განვითარებასაც სწავლის პროცესში, ამიტომ საინტერესო და ეფექტურია ნებისმიერი დისციპლინის შესწავლისას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან, წესისამებრ, ჰუმანიტარული აზროვნების მოსწავლეები არ გამოირჩევიან მათემატიკური ან სხვა (ფორმალური ხასიათით ანალოგიური) სპეციალური უნარების ფლობის მაღალი ხარისხით. სასკოლო სწავლება კი, განსაკუთრებით – მაღალ კლასებში, ტრადიციულად, ფორმალურ აზროვნებას ეფუძნება, რის შედეგადაც წარმოიშობა ურთიერთსაპირისპირო სიტუაცია: მოსწავლეთა განსაზღვრულ ნაწილს (ჰუმანიტარული მიმართულებისას) არ გააჩნია ლოგიკური აზროვნების მაღალი დონე და, ვინაიდან გრძნობს ამას, გაურბის ან ცდილობს გაექცეს იმ დისციპლინებს, რომელთაც სთავაზობენ, არადა რეალური სასწავლო პროცესი პირდაპირ მოითხოვს ლოგიკური აზროვნების გამოყენებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განაზოგადონ, გააანალიზონ და სისტემაში მოიყვანონ შესწავლილი მასალა.

აღნიშნული წინააღმდეგობის დაძლევა, ჩვეულებისამებრ, ხდება იმით, რომ მასწავლებლები მიმართავენ სპეციალურ მეთოდებს მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების განსავითარებლად, რათა მათ გაუადვილდეთ ამ აპარატის გამოყენება, მაგალითად, ეცდებიან მასალის სისტემატიზაციის დახვეწას, სქემების სახით (სქემატურად) მათ წარმოსახვას და ა.შ.

ასეთი მიდგომით კი ვიღებთ იმას, რომ მოსწავლეები იმდენს არ ფიქრობენ, რამდენსაც იმახსოვრებენ და საბოლოოდ უყალიბდებათ თვისება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს რიგიდულობა, ანუ რიგიდულები ხდებიან. ამის მიზეზი კი მზა შაბლონებისა და სქემების გამოყენებაა, რაც ავიწროებს მოსწავლის აზროვნებას.
პოზიციური აზროვნების ტექნოლოგია ყველაზე მეტად ეხმარება მოსწავლე/მასწავლებელს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ წმინდა სახით მისი გამოყენება მაინც არ შეიძლება. ამისთვის საჭიროა წინასწარი სისტემური მომზადება და მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მზაობის დონის განსაზღვრა.

მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მზადყოფნის დონეებს შორის ძირითადად გამოიყოფა:

▪ მე-5-6 კლასები (ფსიქოლოგები ხშირად ამ საფეხურს მიაკუთვნებენ მე-7 კლასსაც);
▪ მე-8-9 კლასები;

▪ მე-10-12 კლასები.

რაც შეეხება პოციზიური აზროვნების ტექნოლოგიის სტრუქტურას და შესაფერის სააზროვნო საშუალებებს, აქ სამ ძირითად ნაწილს/პოზიციას გამოყოფენ:

● პირველი პოზიცია – ნორმატიული. ის დაკავშირებულია შესაბამისისი საქმიანობის ნორმებისა და წესების ათვისებასთან, ინფორმაციის გადამუშავებასთან;

● მეორე პოზიცია – დიალექტიკური. უკავშირდება პასუხს კითხვაზე, როგორ გარდაიქნება ინფორმაცია და როგორია მისი სისტემატიზაციის საშუალებები;

● მესამე პოზიცია – სიმბოლური. ესაა პასუხი კითხვაზე, რა საჭიროა მოცემულ კითხვაზე პასუხის გაცემა და რისთვის უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი.

ამის შესაბამისად გამოყოფენ პოზიციური აზროვნების ტექნოლოგიის ეტაპებსაც:

● I ეტაპი საინფორმაციო – სააზროვნო – სადემონსტრაციო-დისკუსიური ხასიათისაა და გულისხმობს საკმაო რაოდენობის სასწავლო ტექსტის არსებობას, ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას და დისკუსიისთვის ჯგუფების მომზადებას;

● II ეტაპი ორგანიზაციულია და მოიცავს მოსწავლეთა დაყოფას ჯგუფებად, პოზიციების (პოზიციური როლების) განაწილებას ჯგუფებს შორის.

ჯგუფების პოზიციებია (სავარაუდო):

1. კონცეფცია;
2. სქემა;
3. პოეტები;
4. თეატრი;
5. ასოციაცია;
6. ექსპერტი;
7. თეზისი;
8. პოზიტივი;
9. ნეგატივი;
10. შეკითხვა;
11. პრაქტიკა;
12. რეფლექსია;
13. ოჯახი;
14. მეთოდისტი;
15. ექსპერიმენტატორი;
16. ოპოზიცია;
17. ოპტიმისტი;
18. პესიმისტი;
19. რეალისტი;
20. კრიტიკოსი;
21. დამცველი და ა.შ.

III ეტაპია პოზიციური კითხვის/წაკითხვის ეტაპი:

◦ ჯგუფები აარჩევენ შესაფერის პოზიციებს, გაიაზრებენ მათ შინაარსს და შეარჩევენ პრეზენტაციისთვის საჭირო საშუალებებს;

◦ წაიკითხავენ ტექსტს თავიანთი პოზიციიდან (ანუ თავიანთი როლის პოზიციიდან);

IV ეტაპია ჯგუფის მიერ საკუთარი პოზიციის პრეზენტაცია ანუ პოზიციის „დაცვა”. ამ დროს:

▪ მთელი ჯგუფი გამოდის აუდიტორიის წინაშე, წარმოადგენს შესაფერის ილუსტრაციას, ახსნის და დაიცავს თავის პოზიციას, რითაც ჯგუფებს „სქემა” და „სიმბოლო”ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები საკუთარი პოზიციის გაფორმებასთან დაკავშირებით (დაფაზე ან პოსტერით);

▪ ჯგუფი უპასუხებს დანარჩენი მოსწავლეებისა და მასწავლებლის შეკითხვებს.

● V ეტაპი შედეგების შეჯამებაა.

მუშაობის პროცესში ჯგუფების ამოცანაა:

▪ „აპოლოგეტი” – გამოავლინოს და ჩამოაყალიბოს მასალის დადებითი, ორიგინალური, საინტერესო და პერსპექტიული მხარეები;

▪ „ოპოზიცია” – მოახდინოს თემის შესწავლისას გამოვლენილი ყველა „არასაკმარისი” მხარის ფორმულირება;

▪ „კონცეფცია” – თემის შინაარსის უკეთ გასაგებად გამოყოს თემაში მოცემული ბაზისური ცნებები (ძირითადი არსი, კონცეფცია) და განსაზღვროს ისინი;

▪ „სქემა” – წარმოადგინოს სქემა, რომელიც ასახავს თემის ცალკეულ ნაწილებს შორის აზრობრივ კავშირებს და ახსნას ისინი;

▪ „თეზისი” – გადმოსცეს შესასწავლი მასალის შინაარსი ძირითადი თეზისების ან ციტატების სახით;

▪ „შეკითხვა” – ჩამოაყალიბოს კითხვები სასწავლო მასალის შინაარსის მიხედვით და შეადგინოს თემის მარტივი გეგმა;

▪ „რეფლექსია” – განსაზღვროს სავარაუდო სირთულეები, რომლებსაც შესაძლოა შეეჯახონ მოსწავლეები მასალის გამოყენებისას, ახსნან და დაასაბუთონ პოზიცია;

▪ „პრაქტიკა” – მოცემული თემის შესასწავლად გამოიყენოს მხარეთმცოდნეობითი მასალა (პრაქტიკული მასალა);

▪ „ასოციაცია” – დახატოს თემის გაცნობისას მიღებული შთაბეჭდილებები (თემის შინაარსის ვიზუალიზაცია);

▪ „პროგნოზი” – მოცემული თემის საფუძველზე მოვლენათა შემდგომი განვითარების წარმოდგენა;

▪ „ალტერნატივა” – იმსჯელოს და დაასაბუთოს, იყო თუ არა შესაძლებელი ალტერნატიული გზის პოვნა;

▪ „სახელი” – წარმოაჩინოს ისტორიულ მოვლენაზე ისტორიული პირის, ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის გავლენის დონე;

▪ „ნეგატივი” – ქვეყნის ეკონომიკურ (და ა.შ.) განვითარებაში ნეგატიური მომენტებისა და შედეგების გამოყოფა და ფორმულირება;

▪ „პოზიტივი” – ქვეყნის ეკონომიკურ (და ა.შ.) განვითარებაში პოზიტიური მომენტებისა და შედეგების გამოყოფა და ფორმულირება;

▪ „პოეზია” – სალექსო ფორმით გადმოსცეს მასალაში მითითებული წესები, განსაზღვრებები, ცნებათა შინაარსი;

▪ „რებუსი”, „კროსვორდი” – დაშიფროს მასალის კონცეფცია, ცნება, შინაარსი რებუსის ან კროსვორდის სახით;

▪ „ექსპერტი” – გამოყოს თითოეული ჯგუფის საქმიანობიდან პოზიტიური და ნეგატიური მომენტები და შეაფასოს მუშაობის შედეგი;
და ა.შ.

(ჯგუფების სახელწოდება შეიძლება შეიცვალოს მასალის შინაარსისა და გაკვეთილის მიზნის შესაბამისად).

პოზიციური ტექნოლოგიის გამოყენებისთვის ყოველ ეტაპზე იგეგმება მოსწავლეთა მომზადება. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ თითოეული ჯგუფი მოსწავლეთა განვითარების სხვადასხვა ხარისხს გულისხმობს, ამიტომ, კვლევების თანახმად, უნარ-ჩვევების გასამყარებლად აღნიშნული ტექნოლოგია ყოველ გაკვეთილზე უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა (ასეთი მიდგომა გათვალისწინებულია კიდეც საგნობრივი მასალის შედგენისას). ბუნებრივია, მე-5-7 კლასებში ის მოიცავს გაკვეთილის ნაწილს და პოზიციად შეიძლება შევუფარდოთ 2-5 (მაგალითად, ჯგუფების ოპტიმალური შეფარდებაა ასევე: „პოზიტივი”-„ნეგატივი”, „აპოლოგეტი”-„ოპოზიცია”, „თეზისი”-„პროგნოზი”, „სახელი”-„ექსპერტი” და ა.შ.), მაგრამ, ზოგადად, ყველაფერი კონკრეტულ მასალაზეა დამოკიდებული; მოსწავლეები ამის შემდეგ თანდათან დაეუფლებიან მეტაგეგმის ტექნიკასაც და გამოიყენებენ ინფორმაციის გადამუშავების სხვადასხვა ხერხს. შემდეგ მუშაობა თანდათან გართულდება და გაიზრდება ჯგუფების რაოდენობაც, შედეგად კი მივიღებთ პოზიციურ გაკვეთილს.

წარმოდგენილი მოდელი ითვალისწინებს ორნაწილიან სასწავლო გეგმას: ერთი მხრივ, სასწავლო პროცესი საინტერესოა, მოსწავლე ემოციურად დაცულია და დადებითადაა განწყობილი განსაზღვრული პოზიციის მიმართ (რაც ასევე კარგი მოტივატორია სწავლისთვის), მეორე მხრივ, მასწავლებელი გამოიყენებს სასწავლო პროცესის ორგანიზების ისეთი ფორმას, რომლის დროსაც მასალის ათვისება გაცილებით ეფექტურად მიმდინარეობს (განსაკუთრებით დიდია მასწავლებლის მაორგანიზებელი როლი „პოზიციის დაცვისას” წარმოებული დისკუსიის დროს).

ვინაიდან კონკრეტული საგნის სწავლებას სპეციფიკური მიდგომებიც სჭირდება (მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებლის უმთავრესი ამოცანაა, გაითვალისწინოს შესასწავლი მასალის დიდი მოცულობა და ოპტიმალურად გამოიყენოს ინფორმაცია), პოზიციური ტექნოლოგიის გამოყენება მასწავლებელს მასალის სტრუქტურირების საშუალებას აძლევს, რაც უადვილებს მოსწავლეს, საინფორმაციო ბლოკების სახით „დაინახოს” და გადაამუშაოს მასალა.

პოზიციური ტექნოლოგიის სისტემა მთლიანად უნდა მოიცავდეს გაკვეთილს, ის ყველაფერში უნდა იყოს, მათ შორის – მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის ფორმაშიც (აქ იგულისხმება მოსწავლეთა ინდივიდუალური და წყვილებად მუშაობის შეთავსება/ცვლილება, მოსწავლეთა „ძლიერებად” და „სუსტებად” დაყოფა და ამ უკანასკნელთა გააქტიურება) და, საბოლოოდ, მივიღებთ დამოუკიდებლად შექმნილ ჯგუფებს ინტერპერსონალური ინტერესებით, რომლებიც ჯგუფის წევრთა დიდი აქტიურობით გამოირჩევა.

თუმცა ამ ტექნოლოგიას აქვს ნაკლიც – ჯგუფური მუშაობისას მასწავლებელს უჭირს დაადგინოს თითოეული მოსწავლის ინფორმირების დონე, მაგრამ ეს გამოსწორდება შემოქმედებითი ხასიათის საშინაო დავალების მიცემით: მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გამოიყენონ თანაკლასელების ჩანაწერები, აირჩიონ ის პოზიცია, რომელმაც უფრო დააინტერესათ (ეს კარგი მოტივატორია სუსტი მოსწავლეებისთვისაც – შეეძლებათ, განსაზღვრული პოზიციის ჩარჩოში მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება). საშინაო დავალების შემოწმებისას მასწავლებელი მიხვდება, მიაღწია თუ არა მიზანს.

მოვიყვანოთ შესაბამისი მაგალითი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებიდან:

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება XX საუკუნის დამდეგს

შესავალი ნაწილი – აქ მთავარია მიზნის გამოკვეთა, რისთვისაც:

● გაკვეთილის ძირითადი ფრაზა დაიწერება დაფაზე: „სამრეწველო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით საქართველო მკვეთრად ჩამორჩებოდა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს და, მიუხედავად საფაბრიკო-საქარხნო წარმოებისა და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის ზრდისა, მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროდ კვლავ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება მიიჩნეოდა”.

● დაისმება კითხვები: რაზე ვისაუბრებთ გაკვეთილზე? რისგან შედგება ეკონომიკა?
● შედგება სქემა:

● გამოიტანენ დასკვნას: მაშასადამე, დღეს გაკვეთილზე საუბარი იქნება ეკონომიკაზე.

ამის შემდეგ მასწავლებლის სიტყვებიც და გაკვეთილის ტექსტუალური მასალაც მიმართული იქნება XX საუკუნის დამდეგის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დახასიათებისკენ.

მომდევნო ეტაპზე წინ წამოიწევს კითხვა, რა განაპირობებდა საქართველოს ეკონომიკის ასეთ ურთიერგამომრიცხავ ხასიათს.

პასუხის გასაცემად განხილულ იქნება საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე ფაქტორი:

1. სახელმწიფო სტრუქტურების გავლენა ეკონომიკაზე;
2. სხვა ქვეყნების დაინტერესება;
3. მონოპოლიზმი;
4. სტრატიფიკაცია;
5. ცენტრის გაღატაკება.
რაც შეეხება ორგანიზაციულ მხარეს:

გამოიკვეთება პასუხის მოძიების სხვადასხვა გზა:

▪ ჯგუფი „კონცეფცია” იმუშავებს სახელმძღვანელოს ტექსტზე და განიხილავს სახელმწიფოს გავლენას ეკონომიკაზე;

 

▪ ჯგუფი „მხარეთმცოდნე” შეისწავლის ქვეყნის კონკრეტულ მხარეს, გამოკვეთს ეკონომიკის განვითარების კანონზომიერ მომენტებს და მახასიათებლებს;

▪ ჯგუფი „დოკუმენტალისტი” ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ გააკეთებს იმდროინდელი დოკუმენტების (საარქივო ჩანაწერები, პლაკატები, კარიკატურები და ა.შ. – მრავალფეროვანი მასალა) ანალიზს;

▪ „სტატისტიკოსი” განაზოგადებს სტატისტიკურ მონაცემებს აღნიშნულ საკითხზე;

და ყველა მათგანს დასახმარებლად ექნება „სამარშრუტო ფურცლები” (პოსტერები), რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ინფორმაციის სწორი, სათანადო გზების მოძიებაში.

პოზიციური ტექნოლოგიით მუშაობა მოსწავლეებს უყალიბებს სისტემურ აზროვნებას, არგუმენტირებისა და, საზოგადოდ, კრიტიკული აზროვნების უნარს. დიდია მისი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც (საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნება, კომპეტენციისა და კომუნიკაციის მაღალი დონე, სწორი თვითშეფასების უნარის განვითარება), რაც პოზიციური აზროვნების ტექნოლოგიას ცოდნის ხარისხის ამაღლების ეფექტურ საშუალებად აქცევს და ცხადყოფს, რომ სასწავლო პროცესში მისი გამოყენება მისასალმებელია.
 
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Veraksa N.E. Model of position training of students. Psychology questions. 1994. N3. PP. 122-129 (in Russian).
2. Vygotsky L.S. The Problem of the Development of Higher Mental Functions // The Collected Works of L.S.Vygotsky. V.4. Edited by Robert W. Rieber. – Plenum Press, New York, 1997. PP. 1-252;
3.Positional method of teaching for university students, Olga Shiyan and Igor Shiyan, PhD in psychology, Professors, University of Moscow (Russia), https://www.educ-revues.fr/DIOTIME/AffichageDocument.aspx?iddoc=39754;
4.https://www.voppsy.ru

სკოლის ლიდერი დღეს

0
ლიდერობის, როგორც ტერმინის, მრავალგვარი განმარტება არსებობს. მენეჯმენტის თეორიებში მას განიხილავენ როგორც იდეების განხორციელებას, მიზნების ჩამოყალიბებაში ჯგუფზე გავლენის მოხდენის უნარს; თვლიან, რომ ლიდერებს ერთმანეთისაგან განასხვავებთ წარმატება და მარცხი. ბევრი კვლევის მიუხედავად, არ არსებობს ზუსტი ჩამონათვალი მახასიათებელი თვისებებისა. მთავარი კითხვა: რა თვისებებს უნდა ატარებდეს ჭეშმარიტი ლიდერი – მაინც პასუხგაუცემელია. როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი თანამედროვე გარემოში? კარგი მენეჯერი, თუ უფრო მეტად შემოქმედებითი პიროვნება, რომელიც არ კმაყოფილდება მიღწეულით და მუდმივი განახლებისათვის იბრძვის? 

იმის გასაგებად, როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი, თავდაპირველად საჭიროა განვმარტოთ – რა არის თავად სკოლა და მოკლედ ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • რა არის სკოლის მიზანი?
  • როგორია მისი სოციალური დანიშნულება?
  • რამდენად მნიშვნელოვანია იგი საზოგადოებისათვის?
სკოლა ღია სოციალური სიტემაა, რომელსაც აქვს 4 მნიშვნელოვანი ელემენტი, ანუ ქვესისტემა :
  • სტრუქტურული;
  • ინდივიდუალური;
  • პოლიტიკური;
  • კულტურული.
სწავლა–სწავლების პროცესი კი მისი, როგორც სისტემის, ტექნიკური ბირთვია. სკოლის დანიშნულებაა აღზარდოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ადამიანებს შესძინოს და განუვითაროს სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, რათა მათ შეძლონ სწავლა, მუშაობა მრავალფეროვან საზოგადოებაში. განათლების მიზანია, ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, მუდმივად განაგრძოს განვითარება. სწავლის საგანი და სწავლის შედეგად მიღებული ცოდნა კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

სკოლა საზოგადოების განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იგი ერთგვარი სარკეა ამ უკანასკნელისა, რადგან სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულება ასახავს იმ ღირებულებებსა და მისწრაფებებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. სკოლას, როგორც სოციალურ სისტემას, გააჩნია განვითარების, თვითგანახლების უნარი; პირდაპირ განიცდის ყველა იმ ცვლილებას, რაც საზოგადოებაში ხდება. საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რას ითხოვს სკოლისაგან და მოვალეობებს აკისრებს მას? სკოლის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწავლა–სწავლების პროცესია. სწორედ ესაა ის მთავარი ელემენტი, რაც შემდგომ განვითარებას, განახლებასა და გაუმჯობესებას ექვემდებარება (რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი). საგანმანათლებლო დაწესებულება, მთელი თავისი შემადგენელი ნაწილებით (მოსწავლეები, პედაგოგები, ადმინისტრაცია) ორიენტირებულნი უნდა იყვნენ მისი სრულყოფისაკენ, გაუმჯობესებისაკენ. გაუმჯობესებაა, როცა ორგანიზაციას შეუძლია აჩვენოს, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის გზით იგი თავის მიზანს მიუახლოვდა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის მართვისას მთავარი პასუხისმგებლობა სკოლის ლიდერს ეკისრება.

ვინ არის სკოლის ლიდერი? ბევრი თვლის, რომ იგი არის პიროვნება, რომელსაც სწავლების პროცესის გაუმჯობესებისაკენ წარმართვა ხელეწიფება, ვინც ნამდვილად ზრუნავს სწავლებაზე, რომელსაც ისეთი ფართომასშტაბიანი ქმედებების განხორციელება შეუძლია, რომელიც მიმართული იქნება ისევ და ისევ სასწავლო პროცესის პროგრესისკენ.

მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სკოლის კარგად მართვისათვის მხოლოდ მენეჯერული უნარების ქონა იყო საკმარისი, წარსულს ჩაჰბარდა. ფასეულობათა ცვლილებამ, ტექნიკურმა პროგრესმა და სხვა მრავალმა ფაქტორმა განათლების სისტემებიც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სწავლა–სწავლება გახდა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული პროცესი. აქედან გამომდინარე, თანამედროვე პირობებში აუცილებელია, სკოლის ლიდერი, პირველ რიგში, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ლიდერი იყოს, რათა თავიდან აიცილოს რუტინული განათლების საშიშროება, სწავლა გახადოს შინაგან მოთხოვნილებებთან დაკავშირებული პროცესი და შედეგი, არა გარეგნულად თავსმოხვეული თამაშის ნაწილი.

სკოლის ლიდერობა თანამედროვე პირობებში არის უნარი, რომელიც ლიდერს აძლევს სხვა ადამიანის თვალსაწიერის გაფართოების საშუალებას; განაპირობებს მათი მწარმოებლობის მაღალი სტანდარტების მიღწევას. იგი ხელს უწყობს მოსწავლეს წარმატების მიღწევაში, აღნიშნულს კი ახორციელებს სკოლის კულტურის დაცვით, ზრუნვით და თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების უზრუნველყოფით.

სკოლის ადმინისტრატორებმა უნდა მართონ თავად სწავლების პროცესები. თუკი ისინი მართავენ სკოლას და არ აკონტროლებენ საგანმანათლებლო პროცესებს, ირიდებენ პასუხისმგებლობებს, ფაქტობრივად, ისინი არ მართავენ სკოლას და მისი ძირითადი ფუნქციების განხორციელების პროცესს. საგანმანათლებლო ლიდერობაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ტექნიკური პროცესების მართვას, არამედ სწავლა–სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, პრობლემების გადაჭრას, სამომავლო გზების დასახვას აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისათვის, ზრუნვას თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და ინოვაციური იდეების წახალისებას, ხელშეწყობას ჯანსაღი სასკოლო კლიმატის შექმნისათვის, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებას და ა.შ.

არსებობს კონკრეტული მითითებები, თუ როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი თანამედროვე პირობებში:

  • ლიდერობის მიზანს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება უნდა წარმოადგენდეს;
  • კოლექტიური სწავლა ყველა დონეზე;
  • ლიდერები თავად უნდა იძლეოდნენ ფასეულობებისა და ქცევის მაგალითს;
  • სასკოლო კულტურის ცვლილებამ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ადამიანებმა პატივი სცენ ჯანსაღ კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს;
  • ლიდერები პასუხისმგებელნი არიან დაეხმარონ ადამიანებს იმის მიღწევაში, რასაც მათგან მოითხოვენ.
დღეს არსებული პირობები დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებენ სკოლის ლიდერებს. რადგან ისინი თავადაც არიან პასუხისმგებელნი საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებზე. ძირითადი მიზნებისა და ფასეულობების ერთიანი ხედვა ორგანიზაციის მიერ სწავლების გაუმჯობესებისაკენ წინსვლის პირობაა. ლიდერობა მიზნად ისახავს სწავლების პროცესის წარმართვის, ასევე სწავლების შესახებ ცოდნის შეძენის, პროცესებისთვის პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილების გადანაწილებას.

საგანმანათლებლო ლიდერის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს ფუნქციების სწორად განაწილება უნდა წარმოადგენდეს. სკოლა მთელი თავისი პერსონალით მოწოდებული უნდა იყოს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ. ამისათვის მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი სასკოლო კლიმატი, რომელიც მოახდენს პედაგოგების მოტივირებას თანამშრომლობისა და კოლეგიალობისაკენ. ამაში ადმინისტრატორს ნამდვილად დაეხმარება ისეთი ერთეულების ჩამოყალიბება, როგორიც პროფესიული თანამეგობრობა და „კრიტიკულ მეგობართა ჯგუფია”. თავიანთი შინაარსით ისინი მოწოდებული არიან თანამშრომლობით გადაჭრან სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულეები და დასახონ ამ უკანასკნელის გაუმჯობესების გზები. აღნიშნული გაერთიანებები ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო ლიდერს, უკეთ მართოს შიდა და სწავლა–სწავლებასთან დაკავშირებული პროცესები, შექმნას ჯანსაღი სასკოლო კლიმატი. ფუნქციების გადანაწილება გაზრდის თანამშრომელთა პასუხისმგებლობებს, დადებითად იმოქმედებს შინაგანი მოტივაციის გაზრდაზე, რადგან ისინი გააანალიზებენ საკუთარ და კოლეგების პედაგოგიურ გამოცდილებასა და პრაქტიკას. ასე რომ, ეს გაერთიანებები „მომგებიანი სვლა” იქნება ადმინისტრატორისათვის როგორც ადმინისტარციული, ასევე „საგანმანათლებლო მართვის” თვალსაზრისით.

საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რთულია იყო საგანმანათლებლო ლიდერი. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სისტემა მუდმივ ცვლილებებს განიცდის. რაც არ შეიძლება ყოველთვის დადებითად ისახებოდეს სასწავლო პროცესზე. საგანმანათლებლო ლიდერად ჩამოყალიბებაში გარემო პირობებმაც უნდა ითამაშოს დიდი როლი. ამისათვის კი სკოლების მეტი თავისუფლებაა საჭირო. მოქმედების თავისუფლება სკოლას საშუალებას მისცემს, სასწავლო პროცესი საკუთარ საჭიროებებს მოარგოს. ხოლო კოლექტივს შეეძლება იყოს მეტად შემოქმედებითი და თავისუფალი პრობლემის გადაჭრისა თუ ნებისმიერი საკითხის მოგვარებისას; დასახოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელოს, სირთულეები, რომლებიც უნდა გადალახოს, და დაამკვიდროს ტექნოლოგიები, რომლებიც უნდა გამოიყენოს ამ სირთულის გადასალახად.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...