ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
30 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

გამოტურეტებულები

0

ერთი ეგეთი კაი კაცი იყო მეცხრამეტე საუკუნეში, ვილჰელმ მაქსიმილიან ვუნდტი, გერმანელი ფსიქოლოგი, ფიზიოლოგი, ანთროპოლოგი და მოკლედ, ჩვენში რომ იტყვიან ლიტერატურულად, – ყველაფერჩიკი. თვით ჰერმან ჰელმჰოლცის ასისტენტი. განსაკუთრებული კაცი იყო ეს ჩვენი ვილჰელმი, ერთ-ერთი პირველთაგანი ვინც ფსიქოლოგიის ცალკე მეცნიერებად გამოყოფის იდეა წამოაყენა, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მამად წოდებული და ერთ-ერთი პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიის შემქმნელი. ჰოდა ერთხელაც ერთი კარგი რამე აზრი დაებადა თავში, ეთნოკულტურებზე ფიქრობდა ალბათ და თქვა, რომ ერების კოლექტიური ეთნოფსიქოლოგიის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ბილწსიტყვაობას უნდა მიენიჭოსო, ანუ ადამიანურად რომ ვთქვათ, მანახეთ როგორ იგინებიან თქვენს ქვეყანაში და გეტყვით ვინ ხართ თქვენო. გინებისა და ბილწსიტყვაობის ფსიქოლოგიური ასპექტები კიდევ უფრო უკეთ თითქმის იმავე ეპოქაში, თუმცა, მაინც, ცოტა უფრო მოგვიანებით, ფრანგმა ფიზიკოსმა და ნევროლოგმა, ჟილ დე ლა ტურეტმა გამოიკვლია. შესაბამისად, სწორედ ტურეტის სინდრომი ეწოდება ჩვენს დროში კომპლექსს, როცა ადამიანი პირს აიმყრალებს და ასსართულიანებს იძახის ხოლმე, თანაც უეცრად, უმიზეზოდ, ხშირად და აკვიატებულად. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ტურეტის სინდრომს რამდენიმე განშტოება აქვს, თუმცა ამათგან ჩვენთვის უფრო საინტერესო კოპროლალიაა, ანდა თუ ბერძნულიდან სიტყვა-სიტყვით ვთარგმნით – განავლითმეტყველება. ჰოდა რა ხდება ახლა, ბევრი ფსიქოლოგიით რომ არ დაგღალოთ, თქვენი ნებართვით, ისევ ძია ვილჰელმის აზრებს მივუბრუნდები და მშობლიურ გინებათა თუ ბილწსიტყვაობათა ეთნოკულტურულ ანალიზს მივყოფ ხელს.

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რომ ვართ, ეს უკვე კარგად ვიცით, გვეამაყება, გვესახელება და რა დასამალია, მომავლის იმედსაც გვმატებს. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში ასე ღრმად გაუდგამს ფესვები დედის გინებას. არა, არ გეგონოთ იმ შეხედულებებს ვიზიარებდე, აი, „მხოლოდ საქართველოში” რომ აქვს ხოლმე ლაიტმოტივად, ისიც კარგად მესმის, რომ ყველგან, მსოფლიოს ყველა კუთხეში ამა თუ იმ ფორმით არსებობს ავმეტყველება, თუნდაც პარამშობლიური ინგლისური ენა ავიღოთ და მის სლენგში უაღრესი სითბოთი გამორჩეული სიტყვა, Motherfucker, რომლითაც ხშირად თავს იწონებენ შოუბიზნესისა თუ სხვა მოპარნასო მწვერვალების მკვიდრნი, თუმცა საგინებელი სიუჟეტებისთვის დედის მთავარ პერსონაჟად ქცევა არც მანამდე ყოფილა ჩვენთვის უცხო. მავანნი იტყვიან, რუსეთის გავლენააო, მავანნი უფრო შორს გაიხედავენ ისტორიაში, არ ვიცი, რა გითხრათ, არც ისტორიკოსი ვარ, არც ლინგვისტ-არქეოლოგი ამ მდგომარეობის ფესვები ვეძებო, მაგრამ ფაქტია, რომ დღესდღეობით, ქართულ ქუჩურ მეტყველებასა და სლენგში ზემო აღნიშნული ინგლისური სიტყვის ქართულმა თარგმანმა ლამის დადებითი აზრიც კი შეიძინა. ეს საერთოდ ცალკე ფენომენია, რომლის მიზეზებიც ვინ იცის, იქნებ ოიდიპოსთანაც კი უნდა ვეძებოთ. ამ სტატუსის მქონე პიროვნება კაი ტიპია, ძალიან მაგარია თავის საქმეში, ყველაფერი შეუძლია და შესაბამისადაც ვაქებთ. დედის გინებას კიდევ მოუძებნის კაცი ახსნას – ყველაზე ძვირფასი ადამიანია დედა, ყველაზე წმინდა, ყველაზე ხელშეუხებელი და ამიტომ, როცა გინდა რომ ვინმეს ყველაზე მეტად აწყენინო, სწორედ ამ წმინდას მიადგები, მისთვის ყველაზე საყვარელს ულახავ. მაგრამ ქართული ენა იმდენად მდიდარია, რომ ესეც არ ვიკმარეთ და გინება ფიცის დონემდე ავიყვანეთ, რომელიც რომ ჩვენში დაგინებად იწოდების. ბოლო დროს ამ დაგინებამაც კი საერთოდ დაკარგა პირვანდელი მნიშვნელობა და არა რაღაცაში სიმართლის მტკიცების, არამედ უბრალო, ქუჩურად რომ ვთქვათ, „სიტყვის მასალის” როლს ასრულებს. დაგინება სივრცეა სიტყვასა და სიტყვას შორის, დაგინება საშუალებაა რომ მომდევნო ფრაზა მოიფიქრო, დაგინება უბრალო აკვიატებაა, დროის გასაყვანად და ბოლოს იმდენად ეწებება ქართველ ვაჟკაცს საკუთარი დედის აუგად ხსენების ჩვევა, რომ ვინ იცის, იქნებ ჟილ დე ლა ტურეტს აქ და ახლა რომ ეცხოვრა თავისი სინდრომიდან კიდევ ერთი განშტოებაც კი გამოეყვანა.

ეჰ, ვილჰელმ მაქსიმილიან, ვილჰელმ ვუნდტ.. ნეტავ ახლა გეცხოვრა, საქართველოში, გრქმეოდა ილია მაქსიმე და გეკვლია ჩვენი ფენომენალურობის ავან-ჩავანი.. რა არის ეს, რა ეროვნული კოპროლალიაა, რა კულტურული ნიშანი თუ გენომია..

ქართული ბილწსიტყვაობის ნუსხა უსასრულოა, თანაც უფრო სწრაფად და კრეატიულად პროგრესირებს, ვიდრე თავად ქართული ენა. თუ ჩვენ, თანამედროვე ქართველი პოეტები და მწერლები ვჩივით, რომ ენა არ გათანამედროვებულა და ზოგი სიტყვა ისე იქცა არქაიზმად, რომ დღევანდელი ანალოგიც კი არ შექმნილა, გინებაში სხვა მდგომარეობაა. გინება გათანამედროვდა, გამრავალფეროვნდა, გაიფურჩქნა, საუკეთესო თვისებები შეიძინა რუსულიდან, ინგლისურიდან და ახლო მდებარე ენებიდან, ჰოდა მეტი რაღა გვინდა, მიმდინარეობს ასსართულიანების აღმშენებლობის პროცესი. ერთი კია, ეს ყველაზე უკეთ მეტყველებს ჩვენი დღევანდელობის გროტესკზე. ტერმინოლოგიურად აღრეული, რუსულ-ინგლისური ელემენტების მქონე უცენზურო ლექსიკა ძლიერ წააგავს თავად საქართველოს, პოსტსაბჭოთა ქვეყანას ევროპული ამბიციებით, ტურეტის სინდრომი ჩვენს ხალხში – ასევე ქართული ისტერიის ნაწილია, ჩვენ უფრო მეტჯერ ვიმეორებთ სიტყვებს, უფრო ხშირად, რომ შეგვამჩნიონ, რომ გაიგონ ჩვენი ძახილი, რომ მნიშვნელოვანნი გავხდეთ. ჩემ მიერ ნახსენები დაგინებაც კი ქართული ისტორიული რაობის საუკეთესო ეტალონია, – თუ სხვას ვერაფერს დავაკლებთ, საკუთარზე ვიყრით ჯავრს, ანდა თუ გვინდა, რომ სხვას დავუმტკიცოთ ჩვენი ერთგულება და სიმართლე, საკუთარს გავწირავთ. გინებაში კრეატივი კი, რა საკვირველია, საამაყო ფენომენია, ნიჭიერი ერი ვართ. ისიც აუცილებლად სათქმელია, თანაც კიდევ ერთხელ, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ ასეთი ნიჭიერნი ამ საკითხში, სხვა ქვეყნებშიც იგინებიან და არანაკლები შემოქმედებითი მიდგომაც აქვთ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ სხვისა სხვებმა თქვან, მე კი ქართული რეალობის გაანალიზება, ვუნდტისა არ იყოს, ყველაზე უკეთ სწორედ უცენზურო ლექსიკის გაანალიზებით მოვახერხე.. ამაზე ორიოდე დღის წინ დავიწყე ფიქრი. მადლიანი თბილისის ერთ მადლიან ქუჩას მოვუყვებოდი, სახლისკენ, სადარბაზოსთან ჩემი არანაკლებ მადლიანი მეზობელი, ლერი ზახარიჩი შემხვდა. ფიქრებში გართულმა ვერ შევამჩნიე და კინაღამ დავეჯახე, გამაჩერა და მეკითხება – რა გჭირს, რა დაბნეული დადიხარ, ხო მშვიდობააო. მე კიდე აი ასე ალალად ვეუბნები – რა ვიცი, აბა, ზახარიჩ, ერთი ეგეთი კაი კაცი იყო, მეცნიერი, გვარად ტურეტი, ჰოდა იმაზე ვფიქრობდი-მეთქი. მიყურა, მიყურა ლერიმ და ბოლოს მომაძახა, შენ კარგად იყავი და ერთი მაგ ტუტერის დედაც მოვ..ნო.

ბოდიში, ჟილ, შენნაირი კაცი ნამდვილად არ იმსახურებდა გვარის დამახინჯებას, მარა ზახარიჩია, ეპატიება, ეგ რომ იგინება მაგ დროს მაგისი ძ.. თუმცა შენ ამას ვერ გაიგებ.

მომავლის გადასარჩენად

0

ამას წინათ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა კიდევ ერთი შემზარავი ამბავი – დონეცკში ორი ბავშვი მოკლეს. მანამდე კი იყო ასურელი ბავშვების მიერ ნაამბობი ომის ქრონიკები, რომლებიც მსოფლიოსგან მხოლოდ სიცოცხლის უფლებას ითხოვდნენ.

ახლა, როცა მე ამ  წერილს ვწერ, ალბათ სირიაში კიდევ ერთი ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს.  თუმცა არც მშვიდობიან ქვეყნებში იცავენ ზედმიწევნით ბავშვის უფლებათა კონვენციას. შეუძლებელია გქონდეს უკეთესი მომავლის იმედი, როცა ირღვევა ყველაზე მთავარი – სიცოცხლის უფლება, რადგან სანამ დედამიწის თუნდაც ერთ წერტილში ბავშვებს კლავენ, იქამდე მსოფლიოს არ აქვს მომავალი.

ისმის კითხვა: ნუთუ ოცი საუკუნე, ორი მსოფლიო ომი, უამრავი შიდა და გარე კონფლიქტი არ აღმოჩნდა საკმარისი გაკვეთილი საზოგადოებისთვის?! ვის აძლევს ხელს ძალადობა?! 

ომებს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებაში ძალადობის თემა ისევ ტაბუირებულია, მასზე მხოლოდ ფატალური დასასრულის შემთხვევაში თუ საუბრობენ. დღესაც ბევრ ოჯახშია მიღებული უფროსი ადამიანის მხრიდან უპირატესობის დაფიქსირება, ჩხუბის, დაყვედრების, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მეშვეობით ბავშვის დამორჩილება. თავის მხრივ, ბავშვები თანატოლების ჩაგვრით იოხებენ გულს, ძალადობა ხომ გადამდებია.

ბავშვებმა არ იციან თავიანთი უფლებები, ამიტომაც ვერ იცავენ თავს. მათი მეურვე, რომელიც ვალდებულია დაიცვას მასზე მონდობილი პატარა, ხშირად თავად ხდება მოძალადე. მშობლები შვილზე ფიზიკურ ძალადობას ერიდებიან, მაგრამ  ემოციური ძალადობის შედეგებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ისინი ვერც მოზარდთა შორის კონფლიქტის კონტროლს ახერხებენ, რადგან ბავშვები ძალადობის ფაქტებს მალავენ.

აგრესიის გამომწვევი მიზეზები ერთი ან რამდენიმეა:  ე.წ. მემკვიდრეობითი ძალადობა, სტრესი, ნერვული აშლილობა, სოციალური სიდუხჭირე…

ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ყველაზე ხშირად მაინც განათლების უქონლობას უკავშირდება. ბევრმა მშობელმა არ იცის ის აუცილებელი საკითხები, რომელიც საჭიროა ბავშვის ემოციური და ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის. ძალადობის ხელისშემწყობი ფაქტორებია: ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება, ფსიქიკური პრობლემები, სიღარიბე, დაბალი თვითშეფასება, კონფლიქტური (სტრესული) გარემო, მწარე გამოცდილება (ძალადობის მსხვერპლი მშობლები), განქორწინება, კარჩაკეტილობა და სხვა.

გარდა იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლის ფსიქიკა სამუდამოდ ზიანდება, ჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც. ძალადობის ყველაზე თვალსაჩინო  ,,სიმპტომად” სოციოფობიას მიიჩნევენ. მოზარდთა შორის სუიციდის შემთხვევების მიზეზადაც ყველაზე ხშირად ძალადობა სახელდება. თუ უკიდურესი ზომების მიღებას გადავურჩით, იწყება პრობლემები სკოლაში: ბავშვი ვერ კონცენტრირდება სასწავლო პროცესზე, ვერ ვითარდება პიროვნულად, აქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება… 

ძალადობა თითოეული ბავშვის მომავალს სამუდამოდ ამახინჯებს. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დასძლიონ შიში, ბრაზი, სირცხვილი, შეინარჩუნონ ჯანსაღი განსჯის უნარი და, რაც მთავარია, არ გაიმეორონ იგივე.

როგორც ცნობილია, ძალადობის მსხვერპლთა მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება მესამე მხარეს, ანუ სახელმწიფოს სოციალური დაცვის სამსახურებს,  რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არიან. ერთ-ერთ მთავარ წინაღობად ძალადობასთან ბრძოლის საქმეში საზოგადოების ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება რჩება. გადაუჭრელი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საზოგადოება, ასე ვთქვათ, ემოციურად კასტრირებულია. 

 

მსოფლიოს ისტორიაში მრავლად მოიძებნება ბავშვებზე ძალადობის და მეტიც, მასობრივი განადგურების შემთხვევები. შიმშილობას, ჰოლოკოსტს, სხვადასხვა ეპიდემიას გადარჩენილები გამტაცებლების, პედოფილების, სულიერად დაავადებული ადამიანების მსხვერპლნი არაერთხელ გამხდარან. მსოფლიოს ახლაც ახსოვს მეოცე საუკუნის დასაწყისში, ე.წ. ანგელოზების ქალაქში,  Wineville-ს საქათმეში დატრიალებული ტრაგედია, როცა 20 ბავშვი გამოესალმა სიცოცხლეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სულიერად დაავადებული მამაკაცი დროულად არ აღმოჩნდა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ლოს-ანჟელესის მკვლელობების შემდეგ თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, მაგრამ ეს ისტორია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ სერიულ მკვლელობად ითვლება აშშ-ში. მასზე მხატვრული ფილმიც არის გადაღებული („changeling” 2008).

მსოფლიოს ერთ-ერთი უახლესი და მოუშუშებელი იარა ბესლანის ტრაგედიაა. ის დღე, როცა  ჩრდილოეთ ოსეთის ერთი პატარა ქალაქში, N1 საშუალო სკოლის შენობაში ტერორისტებმა მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მძევლად აიყვანეს.  მათ ტყვეობაში სამი საშინელი დღე გაატარეს,  3 სექტემბერს კი ტერორისტებმა  334 მძევალი მოკლეს, მათ შორის – 186 ბავშვი. უკვე ათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ბესლანის ტრაგედია ერთ-ერთ ყველაზე მწვავე განხილვის თემად რჩება, თუმცა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც მოსწავლეობისა და სიცოცხლის უფლება ერთად ჩამოართვეს, ფეტვისა და ხორბლის გადარჩევა უკვე დაგვიანებულია. ,,ანგელოზების ქალაქში” ჯერ კიდევ 2004 წლის პირველი სექტემბერია.

  

ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით კი გამოუცდელმა და დაუცველმა არსებამ უნდა იცოდეს მისი უფლებები. ჩემი აზრით, ვალდებულებიც კი ვართ, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითადი პუნქტები პატარებსაც გავაცნოთ და დიდებმაც კარგად დავისწავლოთ. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო, მაგრამ ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა. კონვენცია მოიცავს 54 მუხლს, რომელთაგან 42 ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კონვენციაში საუბარია თითოეული მოზარდის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებებსა და აღსაზრდელზე პასუხისმგებელი პირების  უფლება-მოვალეობაზე. იმასაც დეტალურად განიხილავენ, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. 

კონვენცია  193 ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორისაა საქართველო, რომელიც ბავშვთა უფლებების დამცველი ქვეყნების სიას 1994 წელს შეუერთდა. აქვე მინდა შემოგთავაზოთ ბავშვების მიერ გამარტივებული, თანატოლებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემული დოკუმენტის ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ირღვევა მეურვის, სახელმწიფოსა თუ საზოგადოების მხრიდან, მათ შორის, კონვენციის მეგობარ ქვეყნებშიც.

„ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის განვითარებაზე. 

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვის უფლება – რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებების მიუხედავად. 

ბავშვს უფლება აქვს, იცხოვროს მშობლებთან ერთად და განცალკევების შემთხვევაში, ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, თუ ეს არ არის მისთვის საზიანო.  სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ქვეყნიდან ბავშვების არალეგალური გაყვანა. 

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვის აზრისა და რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს მას. 

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი მშობლის, მეურვის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ძალადობისაგან. 

სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შეუქმნას მათ ოჯახური გარემო. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს, მიიღოს სპეციალური განათლება, რათა შეძლოს ღირსეულად ცხოვრება. 

ბავშვს აქვს უფლება, სარგებლობდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და უსაფრთხო გარემო, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა.                             

ბავშვს უფლება აქვს, უფასოდ მიიღოს დაწყებითი განათლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაც.  

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ბავშვის მოტაცება ან გაყიდვა. 

სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე, რომლებიც საომარ ზონაში ცხოვრობენ. 

ბავშვმა, რომელმაც კანონი დაარღვია, უნდა მიიღოს სამართლებრივი და სხვა სახის დახმარება. მისი დაპატიმრება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს…”

***

ამას წინათ, მეოთხე კლასში ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან ,,კუკარაჩა” ერთ-ერთი ნაწყვეტი წავიკითხეთ. შემდეგ არასრულწლოვან დამნაშავეებზე, კანონის დამცველებსა და კონსტიტუციის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ. ჩემდა გასაკვირად, მოსწავლეთა უმრავლესობა დაინტერესდა, თუ რატომ არ  დაისაჯნენ კანონის მთელი სიმძიმით პატარა მეთევზეები. ამიტომაც, შემდეგი გაკვეთილი ბავშვთა უფლებების კონვენციას მივუძღვენი. ყველა მუხლი სათითაოდ განვიხილეთ, თვალსაჩინოებისთვის კანონების კრებულიც შევადგინეთ. მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით თუ ვიმსჯელებთ, ეს გაკვეთილი ყველაზე დასამახსოვრებელ დღედ ჩაიბეჭდა მოსწავლეების გონებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაკვეთილის შემდეგ კიდევ ბევრი საინტერესო მასალა გავიარეთ, ამ თემას მაინც ხშირად უბრუნდებიან. ზოგი კითხვებით მომმართავს, ზოგი კი კედელზე გამოკრულ დოკუმენტთან დგას და თითოეულ მუხლს, როგორც კედელს მიყრდნობილი ბავშვი სიმაღლის გაზომვისას, ისე ეტოლება.

ბავშვთა უფლებებზე საუბრისას არც იანუშ კორჩაკი დაგვვიწყებია. ვისაუბრეთ მოზარდთა სასამართლოსა და ბავშვების მეფეზე. პოლონელმა მასწავლებელმა ის მაინც შეძლო, თავისი აღსაზრდელები მათიუშებად გაეზარდა. 

მას ჰქვია მალალა

2012 წლის 9 ოქტომბერს პაკისტანელ სკოლის მოსწავლეს, მალალა იუსაფზაის შეიარაღებულმა თალიბმა თავში ესროლა იმის გამო, რომ იგი საჯაროდ იცავდა განათლების მიღების უფლებას. გოგონა სიკვდილს გადაურჩა და დღეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატია. მალალას ასევე გადაეცა ,,მსოფლიოს ბავშვთა პრემია”,  რომელსაც  ნობელის ბავშვთა პრემიასაც უწოდებენ.

 

2008  წლის მიწურულს ადგილობრივი თალიბანის ლიდერმა შემზარავი გაფრთხილება გაავრცელა, რომლის თანახმად ქალთა ყველა სკოლას მუშაობა ერთ თვეში უნდა შეეწყვიტა. იმ დროისათვის მალალა 11 წლის იყო, თუმცა კარგად ხვდებოდა, რომ ბევრი რამ შეიძლება შეცვლილიყო. გოგონამ განათლების უფლების დასაცავად ბრძოლა გადაწყვიტა. ასე შეიქმნა პაკისტანელი გოგონას დღიურები, რომელიც BBC-ის ბლოგი იყო ურდუს ენაზე. ბლოგზე მალალა აქვეყნებდა ქრონიკებს, რომლების ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სკოლის მოსალოდნელ დახურვასა და სვატის ხეობის მომავალს ეხებოდა. ნელ-ნელა მალალა მიხვდა, რომ ბლოგის საშუალებით ბევრი გულშემატკივარი გაიჩინა და თანდათან უფრო გათამამდა. 

 ,,მე მსურდა ჩემს უფლებებზე საუბარი. არ მინდოდა, მთელი ცხოვრება ოთხ კედელში გამომწყვდეულს, საჭმელების მომზადებასა და ბავშვების გაჩენაში გამეტარებინა.”

მართალია, ბლოგის ავტორი ანონიმურობას ინარჩუნებდა, მაგრამ მალალას საკუთარი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირება არ აშინებდა და 2009 წლის თებერვალში პაკისტანის ტელევიზიის ერთ-ერთ (ჰამიდ მირის) შოუში მიიღო მონაწილეობა.

ვერავინ იფიქრებდა, რომ თალიბების სამიზნე ბავშვი გახდებოდა.  მაგრამ  მალალას ხმა იმ პერიოდში ყველაზე გავლენიანი ხმა იყო სვატში. რადგან თალიბების სამიზნე გოგონათა სკოლა და მათი განათლება იყო, მათი მიზნისკენ მისაღწევი გზა კი მალალას მიერ გაკვალულ ბილიკს გვერდს ვერ აუვლიდა. 

თალიბებმა აქტივისტის ლიკვიდაცია სკოლის ავტობუსში, მოსწავლეთა თვალწინ სცადეს. თავში დაჭრილი გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით გავრცელდა. პაკისტანის მთავრობა იძულებული გახდა ჩართულიყო მალალას გადარჩენის აქციაში და გოგონა ქვეყნის საუკეთესო კლინიკაში მოათავსა. ურთულესი ქირურგიული ოპერაციებისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესის გავლის შემდეგ პაკისტანელი გოგონა ოჯახს დაუბრუნდა. 

გასროლიდან 9 თვის შემდეგ, 2013 წლის 12 ივლისს, მალალა გაერთიანებული ერების მთავარ შტაბბინაში, სპეციალურად მოწვეული ახალგაზრდების ასამბლეაზე გამოჩნდა. თექვსმეტი წლის უფლებადამცველის გამოსვლას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადასცემდნენ.

,,ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და კალამს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა”

 

ნუ გეშინიათ! ასწავლეთ ბავშვებს მათივე უფლებები, შეეკითხეთ მათ, რა სჭირდებათ, როგორ გარემოში სურთ ცხოვრება… ისინი დაგეხმარებიან, გახდეთ ბევრად უკეთესები, ვიდრე ხართ, რადგან მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ დაგვაჯერონ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. 

 ნუ, ნუ მოკლავთ მომავალს! ნუ მოიჭრით გასაფრენად გაშლილ ფრთებს! 

მშობელთან კომუნიკაცია – კლასში ოჯახური ძალადობის მსხვერპლია

0
ახლახან მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაციას დავესწარი. მეცხრე და მეათეკლასელმა მოსწავლეებმა პროექტის სამიზნედ ოჯახური ძალადობის, ბავშვზე ძალადობის პრობლემა აირჩიეს და ძალადობის პრევენციის მიზნით თემის ცნობიერების ამაღლება სცადეს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, ოჯახში ბავშვებზე ყველაზე ხშირად ალკოჰოლდამოკიდებული მშობლები ძალადობენ. ეს ძალადობა ხან ფიზიკურია, ხან – ფსიქოლოგიური. პროექტისავე ფარგლებში პატარა მსახიობებმა პრობლემის თემაზე სიტუაცია გაითამაშეს და მეტყველი ვიდეოსიუჟეტი გადაიღეს. სიუჟეტის გმირის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბიჭუნას თვალები, მისი მფრთხალი მოძრაობები თანაგანცდას და შფოთვას იწვევდა.
ძალადობის, კერძოდ, ოჯახური ძალადობის რამდენი ასეთი მსხვერპლი ზის ჩვენს საკლასო ოთახებში და უსიტყვოდ ითხოვს შველას. ის ხან სიჩუმითა და დათრგუნვილობით იქცევს ჩვენს ყურადღებას, ხან აგრესიით. გამოცდილი პედაგოგის მზერას ეს საგანგაშო ნიშნები არ გამოეპარება. შველა სჭირდება მოზარდს, რომლისთვისაც მშობლიური და, წესით, ყველაზე უსაფრთხო გარემო განსაცდელად ქცეულა.

მასწავლებელთა სტანდარტის კრიტერიუმთა შორის მშობლებთან კომუნიკაციის თანამედროვე სტრატეგიების ცოდნა და საჭიროებაზე მორგება მნიშვნელოვან მახასიათებლადაა მიჩნეული. პედაგოგებისთვის ალბათ საინტერესო იქნება ფსიქოლოგთა რჩევები იმის შესახებ, როგორ დავეხმაროთ მოზარდს, როგორ წარვმართოთ კომუნიკაცია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მოსწავლის მშობელთან, რომელიც შესაძლოა თავად იყოს მოძალადე ან ვერ იცავდეს შვილს მეორე მშობლის ძალადობისგან.

როგორ მოვემზადოთ მშობელთან საუბრისთვის

საუბრის წამოწყებამდე უნდა გვახსოვდეს:
● დიალოგი უფრო ეფექტური იქნება, თუ დავისახავთ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ და მიღწევად მიზნებს.
● ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და უნარები.
თუმცა არც ეს ნიშნავს იმას, რომ მიზნის მიღწევა ყოველთვის ხერხდება – ამ საუბარს ხომ ორი მონაწილე ჰყავს და შედეგზე გავლენასაც ორივე ახდენს. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია იმ მშობლებთან საუბრისას, რომლებიც პირადი პრობლემების გამო ძალადობენ შვილებზე. ასეთი ადამიანები თავისდა უნებურად ემორჩილებიან ფსიქოლოგიურ მექანიზმს, რომელიც ხელს უშლის მათ, რეალურად გააცნობიერონ საკუთარი და ოჯახის პრობლემები.

● ისინი უარყოფენ პრობლემების არსებობას – ვერ ამჩნევენ ან არ სურთ მათი აღიარება;
● შვილების პრობლემათა სათავეს ეძებენ თავად ბავშვში ან ოჯახის მიღმა (მაგალითად, სკოლაში);
● მათი თავდაცვითი მექანიზმები იქცევა კედლად, რომელში გაღწევაც უმრავლესობას უჭირს.

მოძალადე მშობელთან საუბრის წამოწყებისას უნდა გვახსოვდეს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში თავი არ დავიდანაშაულოთ – წარუმატებლობის რისკი თავიდანვე არსებობს, მაგრამ გვახსოვდეს ისიც, რომ კარგად წარმართულმა საუბარმა შესაძლოა გაცილებით იოლად და სწრაფად მიგვიყვანოს დასახულ მიზნამდე, ვიდრე წარმოგვედგინა.
საუბრის მიზნები
▪ განვსაზღვროთ, რა პრობლემები აქვს ბავშვს;
▪ გავარკვიოთ, საიდან მომდინარეობს ან შეიძლება მომდინარეობდეს ეს პრობლემები;
▪ შევთანხმდეთ, რომ ბავშვი თავად ვერ მოერევა ამ პრობლემებს, მას დახმარება სჭირდება;
▪ განვსაზღვროთ, ვინ და როგორ შეიძლება აღმოუჩინოს ეს დახმარება.
საუბრის ეტაპები

▪ მშობელთან ურთიერთობის წამოწყება (ე.წ. ყინულის გალღობა);
▪ პრობლემის წარდგენა;
▪ ბავშვის პრობლემის მიზეზთა განსაზღვრა;
▪ ბავშვისა და მშობლისთვის დახმარების შეთავაზება;
მშობელთან ურთიერთობის წამოწყება (ე.წ. ყინულის გალღობა)

მშობლები, რომელთა შვილებსაც ქცევის დარღვევა აქვთ, შვილებზე უმეტესად უარყოფით შეფასებებს ისმენენ. მათ როგორც მშობლებს ხშირად აკრიტიკებენ. ამიტომ მოსალოდნელია, სკოლაში მოსვლისთანავე თავდაცვითი პოზიცია დაიკავონ. აჯობებს, მათთან საუბარი წამოვიწყოთ ბავშვის ღირსების (მისი ქცევის, აკადემიური შედეგების, თვისებების…) ან თავად მშობლის დადებითი მხარეების (მაგალითად, მისი მონდომების) აღნიშვნით. ეს დაგვეხმარება:

▪ საუბრის წინ შევამციროთ მშობლის წინააღმდეგობა და დაძაბულობა;
▪ შევამციროთ რისკი, რომ ბავშვზე ჩვენი ნათქვამი ბავშვისავე საწინააღმდეგოდ შემობრუნდება; 
▪ გავზარდოთ ბავშვის დასახმარებლად მშობელთან თანამშრომლობის შანსი.
პრობლემის წარდგენა

ჩვენი მიზანია, მშობელთან ერთად მივიდეთ დასკვნამდე, რომ ბავშვს პრობლემები აქვს და ერთადვე ვიმსჯელოთ ამ პრობლემების ხასიათზე. თუ მშობელმა ეს არ აღიარა, არ გაიცნობიერა, ძნელი იქნება მიზეზების მიგნება და ბავშვის დასახმარებლად გამოსავლის პოვნა. საუბარი უნდა წარიმართოს ბავშვზე ზრუნვის განწყობით. აუხსენით მშობელს თქვენი ჩანაფიქრი: „მაწუხებს მისი მდგომარეობა, ვხედავ, რომ მის თავს რაღაც არასასიამოვნო ხდება…” არ დაგვავიწყდეს საერთო მიზანზე ყურადღების გამახვილება: „თქვენთვისაც და ჩემთვისაც მთავარია, ბავშვი იყოს კარგად”. მშობლების უმრავლესობისთვის ეს მიზანი მისაღები იქნება.

ბავშვები, რომლებსაც ძალადობის ნიშნები შევამჩნიეთ, კლასში უმეტესად პრობლემებს ქმნიან. თუ მშობელს ხისტად ვეტყვით: „თქვენი შვილი სირთულეებს გვიქმნის”,- დიდია ალბათობა, მშობელმა თავი იგრძნოს შეტევის ადრესატად, დამნაშავედ, რაც გაამძაფრებს მის თავდაცვით ქცევას; მაგალითად, მან შესაძლოა უარყოს პრობლემის არსებობა.

იმ მოსაზრების წინ წამოწევამ, რომ პრობლემები ბავშვის ბრალია, შესაძლოა მშობელს მისი დასჯისკენ უბიძგოს.
ასეთ ფორმულირებებს აჯობებს, აღვწეროთ ბავშვის შემაშფოთებელი ქცევა და ამით მივანიშნოთ მშობელს, რომ ის რთულ მდგომარეობაშია, აქვს პრობლემები, რომლებსაც თავს ვერ ართმევს. ფაქტის ამგვარად მიწოდება მშობელს უბიძგებს, იფიქროს პრობლემის მიზეზის მიგნებასა და აღმოფხვრაზე, ბავშვის მხარდაჭერაზე და არა მის დასჯაზე.
პრობლემის აღწერისას უნდა მოვერიდოთ ისეთ იარლიყებს, როგორებიცაა „აგრესიული”, „ვულგარული”, „აუტანელი”… ასევე – მშობლის დადანაშაულებას. ჯობს, უბრალოდ აღვწეროთ სიტუაციები:

„- როცა მასთან რვეულის შესამოწმებლად მივედი, აცახცახდა და თავზე ხელები გადაიფარა. ისე იქცეოდა, თითქოს ეშინოდა,რომ ჩავარტყამდი”.

„- როცა საკონტროლოში უარყოფითი შეფასება მიიღო, აკანკალდა და მივხვდი, რომ რაღაცის ეშინია…”

„- ვხედავ, რომ სკოლაში მოდის აღელვებული, გაბრაზებული და როცა ვინმე მიუახლოვდება, ყვირილს იწყებს, ხანდახან – ცემასაც”.

„- ხშირად არ ესმის, რაზე ველაპარაკები, ფიქრშია წასული, რაღაცით შეშფოთებულია”.

როგორ შევიმუშაოთ საერთო აზრი

მშობელს შესაძლოა ჩვენგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს.

შესაძლოა მოხდეს ისე, რომ პრობლემები, რომლებსაც ამჩნევს მასწავლებელი, მშობლისთვის არ წარმოადგენდეს პრობლემას: „მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, რომ ბიჭი თანატოლებთან კინკლაობს”.
შესაძლოა, პრობლემის მიზეზსაც ბავშვში ხედავდეს: „ზარმაცია, უხასიათო, გაუგონარი!”
შესაძლოა, არ მოისურვოს ფაქტების აღიარება და დაიჩემოს: „ჩემი შვილი ასე არ მოიქცეოდა!”
არ არის გამორიცხული, მშობელს გაუჭირდეს აღწერილი პრობლემების დაჯერება, რადგან ბავშვი შინ ცუდად არ იქცევა. ეჭვს ნუ შეიტანთ მშობლის ნათქვამში – ხდება ხოლმე, რომ მოზარდი, რომელსაც ეშინია აგრესიული მამის, შინ ჩუმი და მორიდებულია და, მშობლების აზრით, კეთილი და თავაზიანიც, მაშინ როცა სკოლაში დაძაბულობაზე აგრესიულად რეაგირებს.

ჩვენი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: „მჯერა, რომ ბავშვი შინ მშვიდი და თავაზიანია, მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ, რატომ იქცევა სხვადასხვანაირად სკოლაში და შინ? როგორ აღწევთ, რომ შინ კარგად იქცეოდეს?” თუ კითხვებს ამგვარად დავსვამთ, თუნდაც მშობელმა კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს, ეს საუბარი მას დაფიქრებისკენ უბიძგებს. შეიძლება ვთხოვოთ, დააკვირდეს შვილს და იფიქროს, რა შეიძლება აფორიაქებდეს მას, რას შეიძლება განიცდიდეს, იქნებ მასთან გულახდილი საუბარიც სცადოს.

თუ მშობელი გვეკამათება და ამტკიცებს, რომ პრობლემა არ არსებობს, ისევ უნდა გავუმეოროთ: „მაწუხებს მისი მდგომარეობა, ვხედავ, მის თავს რაღაც არასასიამოვნო     ხდება… მას დახმარება სჭირდება”.

შეიძლება, ბავშვის განვითარების შესახებ ჩვენი ცოდნაც გამოვიყენოთ: „მის ქცევაში დიდი შიში და დაძაბულობა იგრძნობა. მას არ შეუძლია იმხიარულოს, ითამაშოს… ეს არაბუნებრივია ამ ასაკში…”

„ის გონიერი ბიჭია, მაგრამ არ შეუძლია სწავლა. როგორც ჩანს, რაღაც აწუხებს, ხელს უშლის… ეს რაღაც მთელ ენერგიას ართმევს…”

ეს იქნება ჩვენი საუბრის პირველი ეტაპი. მივცეთ მშობელს დრო დასაფიქრებლად, შვილზე დასაკვირვებლად. ვაგრძნობინოთ, რომ მოკავშირეები ვართ და ერთად მოგვიწევს ბავშვზე ზრუნვა. შევთანხმდეთ მომდევნო შეხვედრაზე.
წერილის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ ფსიქოლოგების რჩევებს ბავშვის პრობლემის მიზეზის დასადგენად და ბავშვისა და მშობლისთვის დახმარების შეთავაზების შესახებ.

წიგნი მესიზმრეთა

0
„თუ იქით წახვალ, საითაც შენი შიში უფრო მძაფრდება, მაშინ სწორ გზას ადგახარ”, – წერს მილორად პავიჩი ერთგან. სწორედ ამ პრინციპის ერთგულია მისი გმირების უმრავლესობა. ისინი შიშის სუნს კარგად გრძნობენ და არათუ გაურბიან, არამედ ყოველთვის იქით მიდიან, სადაც შიში ბუდობს, სუნთქავს და იზრდება. თავისდა უნებურად, შიშების აღმოჩენისა და დაძლევის მონაწილე ხდება პავიჩის მკითხველიც, რომელიც უსიტყვო შეთანხმებას დებს მწერალთან – ბოლომდე მიჰყვეს, უყვარდეს და ურთგულოს.
თუმცა ზემოთ მოყვანილი ფრაზის მთელ სიღრმეს მაშინ ჩავწვდი, როცა პავიჩის „უნიკალური ეგზემპლარის” თარგმნა დავიწყე. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შიში ყოფილა, როცა საყვარელი მწერლის ტექსტს ჰკიდებ ხელს. მასზე მუშაობა გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, თარგმნა. უფრო დროსა და სივრცეში ძიებას ჰგავს, ავტორთან გამოლაპარაკების, მისთვის კითხვების დასმის მცდელობას, საკუთარი შიშისთვის პულსის მუდმივ კონტროლს – ისე არ გაგექცეს, რომ ვეღარ დაეწიო.
წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება, ათი წლის შემდეგ სანახავი სიზმრის ნახვა ამაღამ რომ შეგეძლოთ; რა მოხდებოდა, თქვენთან რომ მოსულიყო ადამიანი, რომელიც მომავლის თვალწინ გადაშლას დაგპირდებოდათ განსაზღვრული დავალების შესრულების საფასურად – დათანხმდებოდით? მე, ალბათ, ვცდიდი. „უნიკალური ეგზემპლარის” გმირებმაც სცადეს. სადამდე მიიყვანა ისინი მცდელობამ, ამას წიგნიდან შეიტყობთ.

„უნიკალური ეგზემპლარი” პირველად 2004 წელს გამოიცა სერბულ ენაზე. რომანს ასი დასასრული აქვს, ერთმანეთისგან განსხვავებული, განსაკუთრებული სურნელის მქონე ისტორიები, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, სასურველი ვერსია აირჩიოს. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ წიგნს გადაშლის, უნიკალური ეგზემპლარის მფლობელი ხდება.

თავად მილორად პავიჩის თქმით, „უნიკალური ეგზემპლარის” დაწერის იდეა მას სიზმარში მოუვიდა. წიგნის მთავარ თემად სწორედ სიზმრები გვევლინება, სიზმრები და უკიდეგანო სამყარო, სადაც ადამიანები საკუთარ თავსა და ცხოვრებას სიზმარ-ცხადის ზღვარზე დაეძებენ.

წიგნის ანოტაციას რომ ვწერდე, ვიტყოდი, რომ „უნიკალური ეგზემპლარი” არის დეტექტიური რომანი ადამიანური სისუსტეების, შიშებისა და სიყვარულის შესახებ, რომელსაც პერსონაჟები საბედისწერო გადაწყვეტილებამდე მიჰყავს. ერთი შეხედვით, მართალიც ვიქნებოდი, მაგრამ აქ მეტ გულწრფელობას გამოვიჩენ და გეტყვით, რომ „უნიკალური ეგზემპლარი”  ჯადოსნური წიგნია, რომელსაც შეუძლია, საკუთარი თავი სხვა მხრიდან დაგანახოთ, სარკეში ჩაგახედოთ და აღმოგაჩენინოთ, რომ ის, ვინც ანარეკლი გგონიათ, სინამდვილეში სხვა ადამიანია, ხოლო ის, ვინც სარკის წინ დგას – სხვა.

„უნიკალური ეგზემპლარის” ფურცლებზე განვითარებულ ამბავს თან იმ სუნამოების სურნელი დაჰყვება, რომელთა სახელებიც წიგნის პირველი ნაწილის თავებს ჰქვია. პავიჩი ადამიანისა და სუნის თანაცხოვრებაზე წერს, წერს ეპოქებსა და ადამიანებს შორის საზღვრების არარსებობაზე და კიდევ ერთზე – ყველას შეუძლია, იყოს მკვლელი, უფრო სწორად, ყველა შეიძლება აიძულონ, იყოს მკვლელი, თუ სუსტ წერტილს უპოვიან. ეს არის წიგნი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ზოგჯერ მართლაც საკუთარ სიზმრებში ვცხოვრობთ და მათთვისაც, ვინც სიზმრებს არასოდეს დაჰკვირვებია, რადგან ასეთ მკითხველს ყველაფერი წინ აქვს – პავიჩის წაკითხვის შემდეგ ძილი აღარასოდეს არის ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

„უნიკალური ეგზემპლარის” პირველ ქართულ გამოცემას (გამომცემლობა „ინტელექტი”, პროექტი „პავიჩი ქართულად”) მკითხველი მაისის ბოლოს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იხილავს. მას მილორად პავიჩის მეუღლე, იასმინა მიხაილოვიჩი, რომელიც ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა, პავიჩის სხვა ქართულ თარგმანებთან ერთად წარადგენს.

ასი დასასრული ნუ დაგაბნევთ. მილორად პავიჩმა, რომლის ტექსტებიც ორიგინალური ფორმით გამოირჩევა და ხშირად თავსატეხებსაც გვთავაზობს, „უნიკალური ეგზემპლარის” მკითხველს მარტივი რჩევა მისცა: „როგორ წავიკითხოთ „უნიკალური ეგზემპლარი”? – შეგნებით, რომ ყველას ის დასასრული ერგება, რომელსაც იმსახურებს”.

გავახალისოთ სასწავლო პროცესი

0
  ამ სტატიაში კიდევ ერთხელ ვწერ ჩემთვის ყველაზე საყვარელ თემაზე, ისტორიის სწავლების   პროცესში ორიგინალური და მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობების გამოყენების თაობაზე. თუმცა ამჯერად  სკეპტიკური შეკითხვით დავიწყებ – არის კი აუცილებელი მრავალრიცხოვანი აქტივობის მიწოდება ჩვენი მასწავლებლებისთვის? ვფიქრობ, ამ შეკითხვას საფუძველი გააჩნია. ცნობილია, რომ მასწავლებლების ერთ ნაწილს ექსპერიმენტების (ჩვენს შემთხვევაში, ახალი  აქტივობების) გამოყენების სურვილი დიდად ნამდვილად არ აქვს.  მათი  არგუმენტაცია დაბალი ხელფასებით იწყება და სხვა უამრავი სუბიექტური თუ ობიექტური პრეტენზიებით გრძელდება.  ამ არგუმენტებს არ გავიმეორებ, რადგანაც ეს  შეკითხვა   მათი  გაბათილების გამო არ დამისვამს. უფრო ის მაინტერესებს, ინფორმაციით და თარიღებით გადატვირთული ისტორიის  სახელმძღვანელოების გადამკიდე რამდენად რჩება მასწავლებლებს დრო ასეთი აქტივობებისათვის? სურვილის არსებობის შემთხვევაში, მოახერხებენ კი ისინი დატვირთული სასწავლო პროგრამის პირობებში დროის გამონახვას? როგორც ვხედავთ, სკეპტიციზმი არცთუ უსაფუძვლოა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ დასმულ შეკითხვას მაინც დადებითი პასუხი უნდა გაეცეს.  ძველ არგუმენტებს აღარ გავიმეორებ (ისინი, რასაკვირველია, ძალაში რჩება), ამჯერად  რამდენიმე ახალ მოსაზრებას  მოგაწვდით. მასწავლებლებს გვიყვარს თქმა, ,,ყველა კლასი განსხვავებული და განსაკუთრებულიაო”,  რაც თავისთავად გულისხმობს, რომ  ამდენ ,,განსხვავებულ” კლასს აუცილებლად სჭირდება არამარტო განსხვავებული მიდგომები, არამედ მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობების არჩევანი. ამასთანავე არცერთი აქტივობა არ გულისხმობს მათ კოპირებას, ისინი მხოლოდ მთავარ იდეას და მიმართულებას აძლევენ მასწავლებლებს, ხოლო სასკოლო პრაქტიკაში ნებისმიერი მათგანი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად  შეიცვალოს და კონკრეტული კლასის, მოსწავლეების ჯგუფის ან თუნდაც ერთი მოსწავლის  საჭიროებას მოერგოს და სრულიად მოულოდნელი დადებითი შედეგი მოიტანოს. ბოლო წლების განმავლობაში ისტორია, როგორც სასკოლო საგანი, ნაკლებად  პოპულარულია. ერთ-ერთი საშუალება მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებისა და საგნის პოპულარიზაციის მისაღწევად, ჩემი აზრით, სწორედ საინტერესო, ორიგინალური და სახალისო აქტივობები გახლავთ. კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, კარგად შერჩეული აქტივობები დაგვეხმარება უფრო ყურადღებით წავაკითხოთ მოსწავლეებს სახელმძღვანელოს ტექსტი, თანდართული წყარო, მოძიებული მასალა. ამჯერად აქცენტს სწორედ მოძიებული ინფორმაციის (მათ შორის, ისტორიული წყაროების) გულდასმით განხილვასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე გავამახვილებთ.  
დეტექტივი
ისტორიის სახელმძღვანელოდან შევარჩიოთ ისეთი გაკვეთილი, რომელშიც ისტორიული პიროვნების მკვლელობაა მოცემული და ვთხოვოთ მოსწავლეებს ,,გამოიძიონ” ჩადენილი დანაშაული. ასეთი გაკვეთილის შერჩევა, რასაკვირველია, რთული არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მოსწავლეს ისეთი მასალები (ან მიუთითოს, სად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია), რომლებიც მას ,,გამოძიების” წარმოების შესაძლებლობას მისცემს. მასწავლებლის გადასაწყვეტია, უკვე გახსნილ მკვლელობის ფაქტს აირჩევს თუ დღემდე ბურუსით მოცულ სიკვდილის შემთხვევას ამჯობინებს, რომელზეც მხოლოდ ვარაუდები არსებობს. გამოძიება ორივე შემთხვევაში საინტერესო იქნება. გასათვალისწინებელია, რომ სახელმძღვანელოში არსებულმა და მოპოვებულმა ინფორმაციამ მოსწავლეს საშუალება უნდა მისცეს, გამოკვეთოს ეჭვმიტანილთა წრე (შესაძლო დამკვეთები, ორგანიზატორები, უშუალო შემსრულებლები და ა.შ). როცა მოსწავლეებს დავალებად ვაძლევთ აწარმოონ ,,გამოძიება”, ჩვენი მთავარი მიზანი არ არის, რომ მათ დაადგინონ მკვლელის ვინაობა. ჩვენს გვსურს, მოსწავლეებს უკეთ შევასწავლოთ ესა თუ ის კონკრეტული ეპოქა, განვუვითაროთ ინფორმაციის მოძიების, კვლევის, ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარები. 
    როგორც აღვნიშნეთ, ისტორიას უხვად შემორჩა ცნობილი ადამიანების დღემდე ბურუსით მოცული ტრაგიკული დაღუპვის შემთხვევები. ასეთი ტიპის გამოძიება შესაძლოა დაიწყოს იმის გარკვევითაც, არის ეს მკვლელობა თუ პიროვნება უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა  მოსწავლე თავდაპირველ მოსაზრებას ძირითადად სახელმძღვანელოს ტექსტზე დაყრდნობით აკეთებს (მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა არის მკვლელობა/უბედური შემთხვევა, იმიტომ რომ….). ამგვარად, ეს  მოსაზრება გარკვეულ საფუძველზე ჩამოყალიბებული ვარაუდია და არა დადგენილი ფაქტი. ამიტომ ,,გამოძიება” ორივე შემთხვევაში უნდა დაიწყოს. 
      ,,გამოძიების” მსვლელობისას, ნამდვილი დეტექტივის მსგავსად, მოსწავლე სვამს შეკითხვებს (ვინ? რა? როდის? სად? რატომ? როგორ?) და ცდილობს მათზე პასუხების გაცემას, ,,ესაუბრება” მოწმეებს, ,,სტუმრობს” შემთხვევის ადგილს, ,,აგროვებს” მტკიცებულებებს თავისი მოსაზრების სასარგებლოდ და ა.შ. ავუხსნათ მოსწავლეს, რომ დასკვნები ნაადრევად არ გააკეთოს, ყველა დასკვნას თავისი მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. „გამოძიების” მიმდინარეობისას მოსწავლის მოქმედებები დიდწილად დამოკიდებულია იმ მასალაზე, რომელზეც დაყრდნობითაც იგი დანაშაულის გახსნას ცდილობს. 
შესაძლო სირთულეები
მოსწავლე მზად უნდა იყოს   გამოძიების პროცესში თავისი  მოსაზრების შესაძლო კორექტირებისათვის, რისკენაც მას ახალი ფაქტების აღმოჩენა უბიძგებს, რომლებიც აიძულებს, სხვა რაკურსით შეხედოს თავის თავდაპირველ შეხედულებებს და შეიტანოს მათში აუცილებელი ცვლილებები. ამასთანავე, შესაძლოა,  იგი ჩიხშიც მოექცეს და გამოძიება დამოუკიდებლად ვერ დაასრულოს. ასეთ შემთხვევაში მას, რასაკვირველია, მასწავლებელი ეხმარება (რჩევებით, დამატებითი ლიტერატურით, სათანადო პიროვნებასთან გადამისამართებით და ა.შ), თუმცა დასკვნებს მოსწავლის ნაცვლად არ აკეთებს.  როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მოსწავლის გამოძიებული საქმე („გამოძიება” აუცილებლად უნდა დასრულდეს), მთავარი, როგორც მოგახსენეთ, მაინც ის გახლავთ, რომ მოსწავლეს გაცილებით მეტი ეცოდინება, ვიდრე გამოძიების დასაწყისში იცოდა. 
შეცვალე დოკუმენტი
ამ აქტივობას ,,ალტერნატიული დოკუმენტიც”  შეგვიძლია ვუწოდოთ. სახელმძღვანელოებში ხშირად გვხვდება ისტორიული დოკუმენტები, იმისათვის რომ უფრო ყურადღებით წავაკითხოთ მოსწავლეებს ისინი, შეგვიძლია ასეთ აქტივობას მივმართოთ. რომელიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესწავლისას მოსწავლეებს ვთხოვოთ,  ყურადღებით წაიკითხონ ის და თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს ზოგიერთი პუნქტი. (ამისათვის, შესაძლოა დოკუმენტის უფრო ვრცელი ან სრული ვარიანტის მოძიებაც მოგვიხდეს). იმისათვის, რომ მოსწავლეებმა არ დაიზარონ დავალების შესრულება, ცვლილებები სავალდებულო გავხადოთ და ტექსტის მოცულობის გათვალისწინებით აუცილებელი ცვლილებების მინიმალური რაოდენობაც დავაწესოთ. აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვოთ, ახსნან, რატომ გააკეთეს მათ ესა თუ ის ცვლილება.
 ისტორია და ლიტერატურა
მეცნიერება მათთვისაა, ვინც სწავლობს, პოეზია კი მათთვის, ვინც იცის. – ჯოზეფ როუქსი
ეს აქტივობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც საშინაო დავალება. იგი გამოგვადგება პოეტური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისათვის. ვთხოვოთ მოსწავლეებს ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით დაწერონ საკუთარი მხატვრული ნაწარმოები (ლექსი, ჩანახატი, მინიატურა და სხვ.). მასწავლებლის მთავარი  მიზანი სულაც არ არის, მოსწავლემ  მაღალმხატვრული ნაწარმოები შექმნას, (ეს ნაკლებად მოსალოდნელია), არამედ  ყურადღებით წაიკითხოს წყარო, მოახდინოს მისი ანალიზი, შეძლოს წაკითხული ინფორმაციის სინთეზი, ისტორიის კრეატიულად გააზრებით  განივითაროს შემოქმედებითი უნარი. აუცილებელია, მასწავლებელმა მიუთითოს ცალკეული სიტყვები (ზოგ შემთხვევაში მოკლე ფრაზა) დოკუმენტიდან, რომლებიც მოსწავლემ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ამასთანავე სასურველია, მოსწავლემ მოახერხოს დოკუმენტში აღწერილი მოვლენების დღევანდელობასთან დაკავშირება.

რას ვერჩით გოგოებს ?!

0
“ლამაზმანსა  და ურჩხულში” ის კაცი რატომ ეუბნება ბელს, რომ რა ქალის საქმეა წიგნიო, მეკითხება ჩემი შვიდი წლის შვილიშვილი, ქალებმა წიგნი არ უნდა წაიკითხონო ?! 

თავად კითხვაა საინტერესო, თორემ ჩემი პასუხი ანგარიშში ჩასაგდები არაა.

  

დღე ისე არ გადის, რომ  ყურადღება გენდერულმა საკითხმა არ მიიქციოს, რაც, უმეტესაედ ქალის დიკრიმინაციაში ვლინდება,თორემ გენდერის ჰარმონიულობისა და სქესობრივი თანასწორუფლებიანობის არსის შესახებ მსმენია.  
კულმინაციური იყო,როცა ამასწინათ წავიკითხე, სამი შვილის დედა აცხადებს, მეშინოდა, ქმარი  მეც მცემდა და შვილების ცემის ფაქტი ამიტომ დავმალეო. დედობრივი სიყვარულის ეჭვქვეშ დასმას არ ვაპირებ, მაგრამ, როცა ოცდახუთი წლის ქალი-ადამიანი ამას იტყვის,  სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით:  ქალს ჰყავს მშობლები,მეზობლები,მეგობრები , მაგრამ არ აქვს პასუხისმგებლობის,მოვალეობის, ღირსების გრძნობა და კანონისა არაფერი იცის. ადამიანი აბსოლუტურად გაუნათლებელია. 

 რუსთაველის აფორიზმი ლომის ლეკვებზე, საქართველოს მეფე თამარის ხსენება,  დედის სადღეგრძელო… მოჩვენებითი განათლება და  ყალბი  იდეოლოგიის მტკიცებულებებია. სახეზეა სხვა რეალობა.  მსოფლიოში ოჯახური ძალადობის რეიტინგულ სიაში საქართველო მოწინავეთა რიგშია, სასკოლო განათლების მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალში კი ბოლო ოცეულშია. საქართველოში აბორტების დიდი პროცენტის მიზეზი „ გოგოა” და  სტატისტიკური პროგნოზით, ასე თუ გაგრძელდება, მალე ქალი სანთლით საძებარი გახდება და ტიბეტის ტრადიციაც გასაზიარებელი შეგვექნება,როცა ძმები საერთო ცოლს თხოულობდნენ. 

როცა ჰომოფობიაზე ვსაუბრობთ, აქაც მდედრობითი სქესის ფაქტორი ფიგურირებს – ჰომოფობისთვის გამაღიზიანებელია კაცი ქალის თვისებებით და არა -ქალი კაცის თვისებებით. 

მიღებული ცუდი ფაქტია,რომ  ვარდისფერი გოგოს ფერია, ცისფერი-ბიჭის. დღეს მაჩო მამების საფიქრალი გამხდარა, ცისფერი როგორ გადააქციონ ლურჯად,რადგან, ცისფერი  „პიდარასტის” ფერია. არადა, რომ უთხრა ლურჯია სწორედ  ქალური საწყისის აღმნიშვნელი ფერი და წითელი -კაცისო, არ დაგიჯერებენ. 

მწარე დასკვნაა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილის პასუხი კითხვაზე, რა გირჩევნია ჰომოფობი იყოს შენი შვილი თუ განსხვავებული ორიენტაცია ჰქონდესო,ალბათ, ჰომოფობი იქნება. 
ძალადობა სკოლაში, ბულინგიც არ არის ქალურ-კაცურის გარეშე. თუ შემთხვევებს გავარჩევთ, უფრო სუსტი აგებულების ბიჭები ხდებიან მსხვერპლი – „გოგოებივით ბიჭები”.
ძალადობა არც მხოლოდ ქართული მოვლენაა და არც ერთი კონკრეტული მიზეზითაა გამოწვეული.
ამჯერად სკოლაზე ვისაუბრებ. 
ვიდრე სკოლებში რამე პროგრამულ სპეციალურ საგანს შემოიღებენ  ადამიანისმცოდნეობაზე, ყურადღებას იმაზე გავამახვილებ თუ რა არ უნდა იყოს სკოლაში და რა შეუძლია სკოლას.
ფიქრი არ სჭირდება იმას,რომ  სკოლა ქალის სქესისაა.
რეალობა ასეთია:  სამასწავლებლო რგოლი -ქალებით, ხოლო მართველობითი -კაცებისგანაა შეკრული. ქალი ასწავლის,მაგრამ კაცმა იცის როგორ უნდა ასწავლოს ! არც იმას ვიტყვი,რომ ზოგადად,კაცი მასწავლებელი უკეთესია, ვიდრე-ქალი ,მაგრამ  ფაქტია,რომ, კაციო მასწავლებლები სჭირდება სკოლას – ისევე, როგორც ზოგადად ცხოვრებაში, განათლებაშიც  მიელტვის ადამიანი ჰარმონიას და ბევრად სასიამოვნო იქნება თანაბრად გადანაწილებული ქალი და კაცი. 

მშობელთა კრებები, კომიტეტები,ექსკურსიები, სხვადასხვა ტიპის სასკოლო თავყრილობები დედების ამარაა. ჩვენ მიზეზს არ ვუღრმავდებით, მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავთ.

ჩემმა  პედაგოგიურმა პრაქტიკამ ნათლად დამანახა,რომ ყველაზე დაკავებული, უფრო ხშირად, მამაზე მეტად დაავებული დედა იცლის სკოლისთვის და მამა, თუნდაც,უსაქმო ამას ვერ ახერხებს. რატომ? იმიტომ,რომ მამას შვილის ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი არ აქვს და, კიდევ იმიტომ,რომ სკოლა მისი გაგებით,სახადივითაა, დამთავრდება, როგორც იქნება, და მერე მიხედავს. მამის სკოლაში დაბარებას სხვა „ წონა” აქვს. 

სკოლაში მასწავლებლებისგან ისმის: რა გატირებს,გოგო ხომ არ ხარ? რა გოგოსავით გაგიზრდია თმა? გოგოს როგორც შეეფერება ისე მოიქეცი! რა ვაჟკაცის საქმეა ტყუილი … პირადად მიმიღია მასწავლებლისგან „შექება”, ბიჭივით ჭკუა გაქვსო და თავიც მომიწონებია  !!!

მართალია,სასკოლო ეთიკა სქესზე არაფერს ამბობს, მაგრამ, კარგი იქნება თუ  შედარება ლიტერატურულ ხერხად დარჩება და სასკოლო განათლებაში შეფასების არსებულ სტანდარტულ სისტემას დავჯერდებით.

ერთი აპოკრიფის შესახებ(მხატვრული ლიტერატურის სათავეებთან… )

0

სად იწყება მხატვრული ლიტერატურა? – რა თქმა უნდა, იქ, სადაც ადამიანები ცნობილი სიუჟეტების ინტერპრეტაციებს იწყებენ, იქნება ეს მითი, ლეგენდა თუ სახარებისეული იგავი.

მახსოვს, როდესაც ფილოლოგიის პირველ კურსზე ძველ ქართულ ლიტერატურას ვსწავლობდი, ჩემი განსაკუთრებული ინტერესი აპოკრიფებმა მიიპყრო – რელიგიური თემატიკისა და ადამიანთა ფანტაზიის ამ შესანიშნავმა სინთეზმა.

აპოკრიფი მხატვრული და რელიგიური აზროვნების განსაკუთრებული პროდუქტია, სადაც მხატვრული გამონაგონი და რელიგიური თუ მითოლოგიური პასაჟები ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მხატვრული პროზის ჩანასახი, და სულაც, აქედან იწყება ლაგერკვისტი და ბორხესი.

თავდაპირველად, ტერმინით ” აპოკრიფი” მოიხსენებოდა რელიგიური ტექსტები, რომლებიც მხოლოდ ღრმად განსწავლულთათვის და მცოდნეთათვის იყო განკუთვნილი, შემდეგ ტერმინი გამოიყენეს იმ ქრისტიანული წიგნების აღსანიშნავად, რომელთაც, როგორც სულიწმინდის კარნახისა და მონაწილეობის გარეშე დაწერილს, ოფიციალური ეკლესია არ აღიარებდა.

ასეთ ტექსტებში აღწერილია ისეთი ეპიზოდები, რომელზეც ბიბლია ან გაკვრით, ან საერთოდ არ საუბრობს, შესაბამისად, რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც განსაკუთრებით აღვივებს ადამიანთა ფანტაზიას. ადამიანთა ფანტაზიას კი ნიჭისა და ოსტატობის თანაარსებობის შემთხვევაში შედეგად როგორი საქმეების მოხდენა შეუძლია, ეს ყველა ლიტერატურის მოყვარულმა კარგად იცის.

ასე ჩნდება, მაგალითად, ისტორია ქრისტეს ბავშვობის შესახებ – “თომას სახარება”, სადაც მოთხრობილია, ყრმა ქრისტეს ცხოვრება და სასწაულები, როგორ ძერწავდა ყრმა იესო თიხისგან ჩიტებს და შემდეგ როგორ აცოცხლებდა მათ, როგორ მოჰქონდა დედისთვის წყალი საკუთარი პერანგით, ზოგი აპოკრიფი პილატეს მოქცევას აღწერს, ზოგი ადამის ანდერძია, ზოგი მარიამ მაგდალინელზე მოგვითხრობს. . . დამეთანხმებით, რომ შესანიშნავი სიუჟეტებია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის ლიტერატურას ეკლესია არ “შეიწყნარებდა”, დიდი საეკლესიო მამები, ისეთები, როგორც ექვთიმე ათონელი და გიორგი მთაწმინდელი იყვნენ, მაინც თარგმნიდნენ მათ, შესაბამისად, ამ ტექსტებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, ხელს სულაც არ უშლიდა მათ ლიტერატურულ პოპულარობას.

აპოკრიფს, რომელს შესახებაც დღეს მოგითხობთ “«საკითხავი ადამ და ევასი სამოთხით გამოსვლისაჲ “ჰქვია. მასში მოთხრობილია ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ მათი სამოთხიდან გამოძევების, შვილების გაჩენის, კაენის მიერ აბელის მოკვლის, ადამისა და ევას სიკვდილისა და დასაფლავების ამბები, მთელი ” ომი და მშვიდობა” და ” ბუდენბროკები”, პრინციპში.

ამ აპოკრიფის დედანი ბერძნულ ენაზეა და სხვადასხვა ვარიანტით წარმოდგენილია მრავალი ერის საქრისტიანო მწერლობაში, მაგალითად, ლათინურში, ძველ სლავურსა და სომხურში.

ქართული თარგმანი წარმოადგენს შეზავებულ რედაქციას, რომელიც ბერძნული, სომხური და ლათინური ვარიანტების მიხედვითაა შესრულებული.

ტექსტში არსებული არქაიზმები გვაფიქრებინებს, რომ იგი მეათე საუკუნემდე თარგმნეს.

ამ აპოკრიფიდან უნდა მომდინარეობდეს კაენის მიერ აბელის მოკვლისა და სეითის შობის შესახებ თქმულებათა ის ვერსიები, რომლებიც ქართულ მწელობაში XVIII _ XIX საუკუნეებში ჩნდება.

პირადად ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ეს ნაწარმოები ბიბლიის სიუჟეტზე დაწერილ მოთხრობათაგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნამდვილი მწერლური ოსტატობით შექმნილია.

” და იყო, ოდეს გამოვიდა ადამ და ევა, ცოლი მისი სამოთხით გამოვიდეს, სამოთხისა აღმოსავალით კერძო ქმნა ადამ ტალავარი საყუდელად თვისა” – ასე იწყება თხზულება,

მოშივდა სამოთხიდან განდევნილ ცოლ-ქმარს და ადამმა სცადა ამ ახალ გარემოში მოეძებნა იმის მსგავსი საზრდო, რაც ედემის ბაღში ჰქონდათ, თუმცა, რასაკვირველია, ვერ იპოვა, სწორედ ამ სულიერმა და ხორციელმა შიმშილმა გადააწყვეტინა პირველ ადამიანებს სინანულის ურთულესი ფორმისთვის მიემართათ –წყლით გაწმენდისათვის – ადამი მდინარე იორდანეში შევიდა, ევა – ტიგროსში, წყალში ყელამდე დაფლულებს, ორმოცი დღის განმავლობაში, მდუმარედ უნდა ელოცათ და ეთხოვათ პატიება უფლისთვის, რადგან, როგორც ადამი ამბობს: ” არა ღირს ვართ აღებად პირთა ჩვენთა”. აქ ქალი მეორეჯერ გახდა უბედურების სათავე, იგი ეშმაკმა შეაცდინა და წყლიდან ამოიყვანა. დახლართული სიუჟეტია არა? აბა, ადამის მონოლოგი ნახეთ :

” – მე შენ გეტყუი იორდანე, იჭირვოდე ჩემ თანავე და შეკრბენ ყოველნივე, რომელნი არიან გარემოის შენსა პირუტყვნი, რაითა გარემოდგნენ და მტიროდნენ მე არა თუ მათთვის, არამედ ჩუენთვის , რამეთუ მათ არა მოაკლო ღმერთმან საბოძვარი, რომელი მომცა ღმერთმან დასაბამითგან. ხოლო მე მოვაკლდი ცხოვრებისა ჩემისაგან და საზრდელისა” – ოჰ, ეს წუწუნა მამაკაცები მსოფლიო ლიტერატურაში – ლიტერატურული ” ახალი ადამები” – კვენტინ კომპსონი და ძმანი მისნი.

და აი, აქ ხდება სასწაული: ” შეკრბეს ყოველნი საცხოვარნი მის თანა და გარემოადგეს მას ვითარცა ზღუდენი. მას ჟამსა, ვითარცა წყალმან იორდანემან დააცადა სლვაი თვისი”. ” ვეფხისტყაოსანი” არ გახსენდებათ?:

” რა ესმოდის მღერა ყრმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვიშანი გამოსხდიან,

ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდეს, ატირდიან . . .”

იქნებ ასეთ სინანულს ღვთის გულიც მოეგო, თუმცა, ევა მეორედ ხდება ეშმაკის მსხვერპლი.

_ რაი ბოროტი გუყავთ, რამეთუ ჩუენ ხოლო გუბრძავთ?” – ჰკითხა ადამმა სატანას და აი, მისი პასუხიც: ” რამეთუნ შენ გამო გამოვვარდი მე საყოფელთაგან ჩემთა”. . .

მოახლოვდა ევას მშობიარობის დრო და არ იყო მის გვერდით ადამი, რომ მძიმე წუთები შეემსუბუქებინა მისთვის. იტანჯებოდა ევა და ცის ფრინველებს, ანგელოზებს სთხოვდა გაეგებინებინათ მისი ქმრისათვის ცოლის გასაჭირი. მაგრამ რაღაც სასწაულის ძალით , შორს, დასავლეთით მყოფ ადამს მოესმა ევას ძახილი, მის ხმას მიჰყვა და მშობიარე ცოლთან მივიდა. საოცარი მომენტია, ეს ისეთი სიყვარულია, როცა, აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის ავტორის სიტყვებით ” იხილვების შორიელი ვითარცა მახლობელი”, ეს ის სიყვარულია, რომელიც ძალითაც ქართლში, მცხეთაში მყოფ ელიოზისა და სიდონიას დედას სტკივა იერუსალიმში, გოლგოთის მთაზე ჯვარზე გაკრული იესო ქრისტეს იარები . . .

საინტერესოდ იხსნება კაენის ისტორიაც, მას მკვლელის განაჩენი დაბადებიდან აქვს გამოტანილი, წინასწარ არის ცნობილი, რომ მკვლელად დაიბადა და ბედისწერას ვერსად გაექცევა. ერთ-ერთი ანგელოზი, რომელიც ევას მშობიარობას ესწრება, ამბობს:

”რამეთუ შენ ხარ კაენ გულარძნილი და მკლველი კეთილისაი, რამეთუ ნაყოფიერისა ხისა აღმომფხურელ ხარ და არა დამნერგუელ, განმამწარებელ ხარ და არა დამატკბობელ.”

გარდა ამისა, ევა სიზმრად ნახულობს, რომ აბელის სისხლი ” შთავიდოდა პირსა კაენისასა”. სწორედ ამ წინაპირობის გამო, სრულიად უმიზეზოდ და ბრმად, ხდება კაენი მკვლელი, ის უბრალოდ მექანიკურად იმეორებს ეშმაკის მიერ ინსცენირებულ მკვლელობის აქტს:

” და იყვნეს ჟამნი, რომელსა აღესრულნეს კაენ და აბელ როკვასა შინა მათსა მოვიდეს ორნი ეშმაკნი, მსგავსნი აბელისი და კაენისი. მათ თანა მოვიდა ეშმაკი იგი ეშმაკსა მას ზედა და მოიღო მახვილი ქვებისაგან, რომელი იყო ქარწბია და უკუეთა ყელი. და ვითარცა იხილა აბელმან მიმავალი მას ზედა, ევედრებოდა მას: ” ნუ მომაკუდინებ, ძმაო კაენ”. ხოლო მანდ არა ინება ვედრებაი მისი და დასთხია სისხლი აბელისი წინაშე მისა.”

უამრავი ასეთი საინტერესო ეპიზოდი შეგიძლიათ იპოვოთ ამ აპოკრიფში.

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ძველქართულია და თანამედროვე მკითხველისათვის შეიძლება რთულად წასაკითხი და გასაგებიც იყოს, მასში მოთხრობილი ამბები იმდენად ცოცხალი, დამაინტრიგებელი და საინტერესოა, რომ ნებისმიერი ადამიანი აუცილებლად განიცდის იმ განუმეორებელ სიამოვნებას, რასაც კარგი ავტორის ნაწარმოების დაგემოვნება ჰქვია.

აქვე არ უნდა გამოგვრჩეს მთარგმნელის ოსტატობა, რომელმაც ისე კარგად გადმოაქართულა ხსენებული ტექსტი, რომ კითხვისას ორიგინალის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მეთოდი, რომელიც მთელ პედაგოგიურ არსენალს ააქტიურებს

0
,,… ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.” -ესგ

,,სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;”_ზგემ

 მოსწავლეთა აღჭურვა ქმედითი ცოდნით, მათთვის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალი შედეგების მიღწევაში დაეხმარება, გულისხმობს  სწავლების  ისეთი მეთოდებისა და აქტივობების შერჩევას, რომელიც მოსწავლეს ზემოთდასახელებულ უნარებს განუვითარებს. 

ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გამკლავება უხდება სხვადასხვა შინაარსისა და სირთულის პრობლემებთან. რამდენად სწორად და რაციონალურად შეუძლია პიროვნებას დაგეგმოს პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო საქმიანობები, ამაზე დიდად არის დამოკიდებული მისი ცხოვრება.

 პროექტი, პროექტული სწავლების მეთოდი, ერთერთი ეფექტური მეთოდია საიმისოდ, რომ მოზარდში განავითაროს  პრობლემების მოგვარების უნარ-ჩვევები. რადგან პროექტი იმ აქტივობების ერთობლიობაა, რომელსაც ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი კონკრეტულ დროსა და სივრცეში კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ახორციელებს. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე კარგ სამსახურს გაგვიწევს ესგ-ში მოცემული პროექტის შეფასების ზოგად ანალიტიკური რუბრიკის ნიმუშის,  მისი კრიტერიუმების გააზრება. თუმცა  ყველაფერი  იდეის გენერირებით იწყება. გაზაფხულზე განსაკუთრებულად აქტიურდება გარემოსდაცვითი თემატიკის პროექტები. ამიტომაც სამაგალითოდ ვთქვათ, რომ მოსწავლეებს აწუხებთ  თემში არსებული დაბინძურებული გარემო და სურთ ამ საქმეს შეეჭიდნონ.

 იდეა უკვე არსებობს, მაგრამ პროექტს გამოკვეთა, ჩამოყალიბება სჭირდება. პირველი, პრობლემის გამოკვეთა, იდენტიფიცირებაა;  დგება საკითხისადმი კრიტიკული მიდგომის მომენტი, პროვოცირებისათვის პედაგოგს მზად უნდა ჰქონდეს კითხვები: რა იწვევს ამ ანტისანიტარიას? ( მოსახლეობის დაბალი ცნობიერება, ნაგვის ურნების არ არსებობა, ნაგვის უსისტემო გატანა…)  რა უარყოფითი შედეგები მოსდევს ამ პრობლემას? ( დაავადებათა გავრცელების საშიშროება, მავნე ბაქტერიებით ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, მღრღნელებისა და მწერების მომრავლება, პირუტყვის მოწამვლის საშიშროება…) ვინ არის პასუხისმგებელი ამ პრობლემის მოგვარებაზე? (მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, დასუფთავების სამსახური…) იყო თუ არა ამ პრობლემის მოგვარების მცდელობა? (კი, არა, ნაწილობრივ, უშედეგოდ…) იცნობთ თუ არა, ანალოგიური პრობლემის გადაჭრის დადებით გამოცდილებას? 

ამ საკითხებზე მსჯელობის პროცესი მოსწავლეთათვის საუკეთესო ვარჯიშია კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად. ამ პროცესში მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს, განმავითარებელი შეფასების  ფორმა _ დაკვირვება მას მნიშვნელოვან ინფორმაციას დაუგროვებს. ამავდროულად, მან ხელიდან არ უნდა გაუშვას საკუთარ პროფესიულ უნარებზე დაკვირვება-თვითშეფასებით ღირებული ინფორმაციის მოკრების შესაძლებლობა. თვითშფასებისთვის გამოადგება ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობის უნარი, მოსწავლეთა დამოუკიდებელი ინიციატივების წახალისების უნარი, მრჩეველი-ფასილიტატორის როლის ფლობა და ასე შემდეგ. საბოლოოდ გამოიკვეთება ჩვენი მომავალი პროექტის მიზანი და ხასიათი: ეს შეიძლება იყოს პრობლემის ადვოკატირება, შეიძლება იყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, შეიძლება მიზანი იყოს  კომპლექსური: ადვოკატირება პასუხისმგებელ სტრუქტურებთან, მოსწავლეების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დასუფთავებაში უშუალო მონაწილეობა, ნაგვის ურნების დადგმა, ბანერების დადგმა და ასე შემდეგ. პროექტის მიზანს, თუნდაც ის სათემო იყოს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს კავშირი ესგ-სთან.   მიზნის არეალის განსაზღვრისას კარგად უნდა შევაფასოთ ჩვენი რესურსები, ადამიანურიც და მატერიალურიც, დავფიქრდეთ პოტენციური მხარდამჭერების შერჩევაზე და მათთან თანამშრომლობის სტრატეგიებზე. ასე მივიღებთ რეალისტურ პროექტს.

შემდეგ დგება პროექტის სამოქმედო გეგმა _  განსახორციელებელ აქტივობათა ჩამონათვალი ვადებისა და ამ აქტივობაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით. 

რადგან სიტყვა პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე ჩამოვარდა, აქვე დავძენთ, რომ ამ პროექტში თავისი ინტერესი ყველა მოსწავლემ უნდა იპოვოს, ამიტომაც გარდა იმისა, რომ იდეების გენერირების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა განაპირობებს მათ მაღალ ინტერესსა და პასუხისმგებლობას მიზნის მიღწევაში, უმჯობესი იქნება, თუ მოსწავლეები თავადვე მოძებნიან საკუთარ ფუნქციებს პროექტში. ცხადია, მასწავლებელს შეუძლია მართოს პროცესი და ისეთი კითხვებით, როგორიცაა: დარწმუნებული ხარ, რომ ამ საქმეს კარგად გაართმევ თავს? ხომ არ დაგჭირდება სხვა თანატოლის დახმარება? ან სულაც: ვიცით, შენ ეს საქმე კარგად გამოგდის, მაგრამ ახლა იქნებ, სხვა მიმართულებით გამოსცადო შენი შესაძლებლობები? და ასე შემდეგ. აქ მასწავლებელს საშუალება ეძლევა გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გათვალისწინებით, შეუქმნას მოსწავლეებს  საკუთარი მიდრეკილებების გამჟღავნების, გამოყენების პირობები, დაეხმაროს მათ საკუთარი თავის შეცნობაში და როგორც წინა  ეტაპზე, ახლაც დააკვირდეს მოსწავლეებს, აამოქმედოს განმავითარებელი შეფასების ფორმები და თან გამოსცადოს ან განივითაროს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები. 
რადგან საუბარი გარემოს დასუფთავებას ეხება, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა შეექმნას საფრთხე ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას! დასუფთავების აქციის დროს აუცილებელია ხელთათმანებისა და ერთჯერადი ნიღბების მოხმარება, კარგი იქნება ბავშვების წინასწარი ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ. განსაკუთრებულად დაბინძურებულ ადგილებში არის მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საშიშროება, აქ უმჯობესია ადვოკატირების საშუალებით სწორედ ის  სამსახურები ჩავრთოთ, რომელთა მოვალეობაშიც შედის ეს საკითხი.  ამ მიმართულებით, რისკს არანაირი შედეგი არ  ამართლებს.  

სამოქმედო გეგმის თითოეული აქტივობის განხორციელებას თავისი რესურსები ჭირდება, ადამიანურიც და მატერიალურიც.  განვსაზღვრავთ თითოეული აქტივობისათვის საჭირო რესურსს და შემდეგ ყველა მონაცემის შეჯამებით ვადგენთ პროექტის ბიუჯეტს. ბიუჯეტში უმჯობესია გამოყოთ არსებული რესურსებისა და შესაძენი რესურსების გრაფები. არსებულ რესურსად ითვლება, რაც ჩვენს ხელთაა და შესაძენი არ არის, დანარჩენისთვის დაგვჭირდება ფინანსები და შესაბამისად, მხარდამჭერები. მხარდამჭერები შეიძლება მოიძიოთ თვითმმართველობებში, ადგილობრივ ბიზნესში, მოსახლეობაში, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. 

თქვენს პროექტს ყველა ეტაპზე ესაჭიროება საინფორმაციო უზრუნველყოფა: პირველ რიგში , მოამზადეთ საქაღალდე პრობლემის შესახებ, მასში განათავსეთ ფოტომასალა, ვიდეომასალა, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები…) ეს საქაღალდე გამოგადგებათ ადვოკატირებისთვისაც და მხარდამჭერებთან შეხვედრების დროსაც. 
ფოტოები  გადაიღეთ პროექტის ყველა აქტივობის დროს. შეგიძლიათ სკოლაში მოაწყოთ ბანერი, დაფა, სადაც იქნება ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ და დროდადრო ახალ ინფორმაციებსაც განათავსებთ. ეს მასალები გამოგადგებათ პროექტის საბოლოო პრეზენტაციისათვისაც, შეგიძლიათ მოაწყოთ სტენდები, გამოუშვათ კედლის გაზეთი, შექმნათ ვიდეოსიუჟეტი _ ეს თქვენი პროექტის ისტორია იქნება;  სოციალური ქსელების გამოყენება თქვენს პროექტს ცნობადობას შემატებს.
პროექტი დასრულდა და თქვენ უკვე იცით, როგორ უნდა შეაფასოთ შედეგები. დასახელებული შეფასების რუბრიკა მხოლოდ ნიმუშია და თქვენ შეგიძლიათ კრიტერიუმები უფრო მოარგოთ თქვენს საჭიროებებს. მთლიანი პროექტის შეფასების პარალელურად, შეგვიძლია შევაფასოთ მონაწილე მოსწავლეები ცალცალკე, შევაფასებინოთ მათ საკუთარი და ერთმანეთის შედეგები. 

პრეზენტაციამ ჩაიარა, შედეგებიც სახეზეა და დგება ისევ შიდასამუშაოს, შიდაანალიზის დრო. პროექტის ყველა მონაწილესთან ერთად იმართება მსჯელობა რა გამოგივიდათ კარგად და რა ხარვეზები გქონდათ, რა მიგაჩნიათ ხარვეზების მიზეზებად, რა გამოცდილება მიიღეთ და რაში გამოიყენებთ ამ გამოცდილებას შემდგომში? ხომ არ ვიფიქროთ ახალ საპროექტო იდეაზე?

პროექტის, როგორც მეთოდის განსაკუთრებულობა და უპირატესობა ის არის, რომ მის ფარგლებში გააქტიურებულია პედაგოგის მთელი პროფესიული არსენალი: ეს არის მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული მეთოდი, რომელიც იტევს მრავალფეროვან აქტივობებსა და მიდგომებს, უვითარებს მოსწავლეებს საკვანძო კომპეტენციებს, ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბლუმის ტაქსონომიის აზროვნების ზედა დონეებზე გასასვლელად, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას,  თანამშრომლობის უნარს, მოსწავლეს აძლევს  უსაფრთხო გარემოში იდეის საქმედ ქცევის გამოცდილებას. 

მასწავლებელს მთელ ამ პროცესშიც და პროექტის დასრულების შემდეგაც საკმაო საფიქრალი და სამუშაო რჩება. მან თვითშეფასება უნდა მოახდინოს და არგუმენტირებულად მოამზადოს ანგარიში იმის თაობაზე, თუ რომელი აქტივობა რა პედაგოგიურ მიზანს ემსახურებოდა, რა ღია და ფარულ შედეგებზე გავიდა, როგორ შეუწყო ხელი ცოდნის ტრანსფერის უნარების განვითარებას, როგორ ითანამშრომლა კოლეგებთან, დირექციასთან, მშობლებთან თემთან, თვითმმართველობასთან. ეს გამოცდილება შემდეგ შეიძლება იქცეს კვლევად, გამოცდილების გაზიარებად კოლეგებისათვის, რაც სქემასთან დაკავშირებით, კიდევ მეტ აქტუალობას იძენს.  

ბოლო ზარი

0
რუსთაველს მივუყვები საკუთარი თავით, გეგმებით, საქმეებით, პრობლემებით დამძიმებული. ხვალინდელ დღეს ვიმეორებ სხაპასხუპით, თავდაჯერებულად, უკიდურესი სიზუსტით. პრობლემებმა პასუხისმგებლობების ზრდასთან ერთად მოიმატა და ამას მხოლოდ ხანდახან, სხვათაშორის ვამჩნევ, გზად ერთი სამსახურიდან მეორისაკენ. ამაში ტრაგიკული არაფერია, უბრალოდ, ხანდახან მავიწყდება, რომ დღეს ხუთშაბათია და მე და თომას დიდი გეგმები გვაქვს: სულაც არაა მარტივი, იყიდო ზუსტად ისეთი ზაზუნა, რომელზეც თომა ამდენი ხანია ოცნებობს. თომას უნდა, ნატურალისტი გამოვიდეს. ზოგიერთი სიყვარული გენეტიკურია, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, თომა ამას შეძლებს. აუცილებლად. უფრო იმიტომ, რომ მის მიზნებს პატივს სცემენ და თამამად შეუძლია, ჩემთან აღფრთოვანებით ისაუბროს საკუთარ დიდ, უზარმაზარ სიყვარულსა და გეგმებზე. 
დღეს განსაკუთრებით მხიარულია რუსთაველი. და განსაკუთრებით ახალგაზრდა. საკუთარი თავიდან ცხვირი ოდნავ რომ ამოყო, ახალსკოლადამთავრებულებს დაინახავ უკვე აჭრელებული, ოდესღაც თეთრი მაისურებითა და პერანგებით. მახსენდება, როგორ მძულდა ყოველი ბოლო ზარი. დაამთავრებდნენ სკოლას, მომიტანდნენ ქათქათა პერანგებს, გამიღიმებდნენ, ხოტბას შეასხამდნენ ჩემს ფერწერულ მონაცემებს და მეც უნდა მეხატა ჩე გევარები, ლამაზ– ლამაზი გოგოები, პრიალა მანქანები, ჯონ ლენონები, ოზი ოზბორნები თუ უბრალოდ, ბაფთიანი ზარები. რაღა დაგიმალოთ და მაგრად მეზარებოდა. მაგრამ უმალ ჩემს საყვარელ, კარლსონიან ჭიქას ნებით გავტეხავდი, ვიდრე– ხათრს. 
ცოცხლდებოდნენ პერანგები და მე, მამა კარლო, ბოლოს მაინც ბედნიერი შევყურებდი საკუთარ ქმნილებებს. ამბები იყვნენ, აბა, რა იყვნენ. განსაკუთრებულ ხიბლს კი უსწორმასწორო, ოკრო– ბოკრო წარწერების შემდეგ იძენდნენ. ბევრი კეთილი სურვილი, ბევრი უკბილო ხუმრობა, ბევრი სენტიმენტალური სტროფი: თითქოს არაფერში გჭირდება და უბრალო დეკორაციაა, რომლითაც ასეთი ღირსშესანიშნავი მომენტი, სკოლის დამთავრება უნდა გააფორმო. მერე კი, ბევრი წლის მერე, შენი კარადის რომელიღაც მივიწყებული უჯრიდან გადმოიღო, შეიძლება, ხელისკანკალით, იქნებ– არც. მაგას სენტიმენტები და ასაკი განსაზღვრავს და კიდევ ეტაპი, როცა გგონია, რომ სულ ეს იყო, მორჩა, დამთავრდა თავგადასავლები. ეგ მატყუარა პერიოდია, თავგადასავლები არასდროს მთავრდება. კითხულობ წარწერებს და გახსენდება, როგორ წარმოგედგინა მომავალი. ვინ გინდოდა, ყოფილიყავი. არქეოლოგი ვერ გამოხვედი, სამაგიეროდ, შესანიშნავი მარკეტერი ხარ, კარგი, რა. ახლაც შეგიძლია, რომელიმე ექსპედიციაში მოხალისის სტატუსით წახვიდე. ნეტავ ისინი როგორ არიან, ვინც ათას სიკეთეს გისურვებდნენ. ნეტავ, როგორია იმათი ამბები, ნეტავ ძალიან შეიცვალნენ?! ნეტავ, ლევანს თუ ახსოვს, ბანკეტზე ისე რომ გაილეშა, უნიტაზზე ჩამოეძინა?! ალბათ, ახსოვს. ეგ როგორ უნდა დაგავიწყდეს.
აუ, ბანკეტი. ლამაზ– ლამაზი კაბები, ჰალსტუხები, პიჯაკები, ბაფთები. მაღალ– მაღალი ქუსლები, ფეხის მტკივნეული გადაბრუნებები, ვარცხნილობების თავბრუდამხვევი სიმაღლეები, მანქანების გადაჭარბებული სიჩქარეები. და რაც მთავარია: ალკოჰოლის სავალდებულო, ჭარბი დოზები. თითქოს ეგაა და, აი, ამ დღეს უნდა გავიზარდოთ. ვალდებულები ვართ, გავიზარდოთ და დიდობა ასე წარმოგვიდგენია: პომპეზური, ბრჭყვიალა, ცოტა არ იყოს, მთვრალი დიდობა.
უხსოვარ დროს, მთელი ცხრა წლის წინ მე საკუთარ მაისურზე არაფერი დამიხატავს. ვეცადე, მეტი ადგილი დამეტოვებინა გულუბრყვილო წარწერებისთვის. გამოგიტყდებით, ეს ერთგვარი პროტესტიც იყო ჩემ მიერ მოხატული  ყველა დანარჩენი პერანგისადმი, რომლებმაც სხვების კარადებში ცხოვრება გადაწყვიტეს. ვერც იმას  ვხვდებოდი, როგორი ნახატი შეეფერება სკოლის დამთავრებას, ასე რომ, დავრჩი კეთილი სურვილების იმედად. სამაგიეროდ, ბოლო ზარებმა მაისურებზე ხატვაში დამაოსტატა. მაგალითად, ვიცი, როგორ შემოვირიგო შეყვარებული: გავუგზავნო მაისური “Fantastic Mr. Fox”–ის მინიმალისტური პოსტერით. 

აწკრიალებენ

0
ჩემი ბოლო ზარი ბატონმა ჟორამ დარეკა. ის მეუღლესთან, უსაყვარლეს ქალბატონ მარინასთან ერთად მუშაობდა 172-ე სკოლაში. რაც თავი მახსოვს, სულ მუშაობდნენ. ერთად მიდიოდნენ, ერთად მოდიოდნენ. ახლა სოფლად ცხოვრობენ და თავიათ კარ-მიდამოს უვლიან. 
ჟორას განკარგულებაში ორი ზარი იყო. ერთი ელექტრო, მთავარი შესასვლელის გასწვრივ, ფანჯრის რაფის ქვეშ მიმაგრებული ღილაკით რომ აწკრიალებდა; მეორე კი – ხელის, სქელი ზარი, შავი სახელურით, რომელსაც ტკბილ-მწარე ოთხმოცდაათიანებში უფრო იყენებდა და მერეც, როცა სკოლას დენი არ მოეწოდებოდა. უშუქობისას, ჯერ მარჯვენა ამოსასვლელს მოადგებოდა და დააწკარუნებდა, მერე მარცხნივ წავიდოდა და იმავეს იზამდა. 
შემიმჩნევია, რომ ერთსა და იმავე გაკვეთილს სხვადასხვა მოსწავლისთვის სხვადასხვა ხანგრძლივობა აქვს. ჩემთვის ალგებრის გაკვეთილები გრძელდებოდა ყველაზე დიდხანს. ერთი შეხედვით არც ქიმიას ჰქონდა დასასრული, იმის მიუხედავად, რომ დავალებების შემოწმებას უხვად მიჰქონდა დრო. ასეთი საგანიც ისწავლებოდა ჩვენს ეპოქაში – უსაფრთხოება ერქვა. ვერც კი ვიხსენებ რა ეწერა იმ ლურჯ წიგნში, სულ ერთხელ თუ ორჯერ რომ გადავფურცლე. ეს უსაფრთხოება ხომ გრძელდებოდა და გრძელდებოდა. 
უცნაურია, რომ 11 წლის მანძილზე სულმწარედ ველოდი როდის ააწკრიალებდა ჟორა ზარს და რაც უფრო დიდხანს ეჭირა ხელი ღილაკზე (ან აჟღარუნებდა შავტარიან ლითონს), მით უფრო მაღალ ტემპერატურაზე მიდუღდა სისხლი. მით უმეტეს, თუ შესვენება მესამესა და მეოთხე გაკვეთილებს შორის იყო მოქცეული და დიდ დასვენებად იწოდებოდა. უცნაური კი იმიტომაა, რომ ბოლო ზარის მოახლოებისას, როცა თეთრ, მოხატულ პერანგებში გამოწყობილები სკოლის წინ, მზის გულზე შევიკრიბეთ, რაც უფრო ახლოვდებოდა ბოლო ზარი, მით უფრო მიქრებოდა მისი ხმის გაგების სურვილი. ხმის, რომელსაც 11 წელი, ყოველი გაკვეთილის დაწყებისას შევნატროდი. 
მაგრამ ეს ხომ გარდაუვალი ამბავი იყო. ჟორამ ზარი დარეკა და ეს ზარი თითქოს უსაფრთხოების გაკვეთილზე ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდა. ამ ხმამ ისევე დაგვაბნია და აგვიწუილა ყურები, როგორც ჭურვის აფეთქების სიახლოვეს მყოფ ჯარისკაცებს ემართებათ ხოლმე ფილმებში. ამ ერთი წუთის განმავლობაში ჩვენ, აწმყოდან გამოთიშულებმა, მოვასწარით გვეფიქრა წარსულზეც და მომავალზეც. იმაზე, თუ ვისი დამრიგებელი იქნებოდა ამიერიდან ციალა ბერიკაიძე; ვინ მიუჯდებოდა ისაკაძის მიერ სუპერგმირებითა და როკჯგუფების სახელებით მოხატულ მერხს; ვინ შევძლებდით ოჯახისა და სამეზობლოს ღირსების დაცვას – უმაღლესში ჩაბარებას; ვინ უფრო მალე დავქორწინდებოდით ან ვიყიდდით მანქანას; სად ვიმუშავებდით; რითი ვისუნთქებდით და საერთოდაც, რამდენი მოვახერხებდით ვყოფილიყავით უბრალოდ კარგი ადამიანები. ყველაზე მეტად კი, მანამ, სანამ სკოლის დამამთავრებელი ბანკეტი გვექნებოდა, გვტანჯავდა სურვილი, რომ წლის თავზე ისევ შევკრებილიყავით. 
ასეთი ფიქრები ტრიალებდა ახალგაზრდა გოგო-ბიჭების თავებში 2007 წლის 18 მაისს, ვაზისუბნის IV მ/რ-ის, I კვ-ის შუაგულში, 172-ე სკოლის წინ. შოუშენკელი პატიმრისა არ იყოს, მაისის მზე გვითბობდა მხრებს და ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ თავისუფალი ადამიანები ვიყავით. თავისუფალი ადამიანები განსხვავებული მიზნებით. მას შემდეგ 8 წელი გავიდა, მაგრამ ვერცერთი წლისთავი ვერ აღვნიშნეთ. ეგ ამბავი ხომ ყველასთან ერთნაირადაა: კლასელს შეხვდები, მოიკითხავ. მერე კი უეჭველად ასეთი კითხვა-პასუხი წავა:
სხვა? 
არც არაფერი რა, ძველებურად.
ჰოო.
მააშ.
არ შევიკრიბოთ, კაცო?
აქამდე არ უნდა შევკრებილიყავით? 
ვინ ითავებს მერე მაგ ამბავს?
ვერიკო. ხო იცი, ეგაა მარიფათიანი.
ეე, აბა მეც ვიკითხე რა. 
კაი, შევხმიანდეთ როგორმე. 
ასეთი იქნება ძველი, გულითადი კლასელების შეხვედრების დასაწყისიცა და დასასრულიც მანამ, სანამ ადამიანი ძირფესვიანად არ გააცნობიერებს, რომ მას წარსულიდან ვიღაცები ეძახიან; სანამ არ მიხვდება, რომ სუნი, რომელიც ენატრება შესვენებებზე ენერგიით განეტილი მოზარდების სირბილისგან აყრილი პარკეტის მტვრის, ფიზკულტურის გაკვეთილიდან ამოყოლილი ოფლისა და ყველის ნაცვლად მაკარონჩატენილი ყაჭაპურის სუნია; სანამ არ მიხვდება, რომ ბანკეტზე ჩადენილი ახალგაზრდული სამარცხვინოობების გამოსწორებაც შესაძლებელია. 
172-ე სკოლა ჩემი სახლიდან 200 ნაბიჯში დგას. დღეს, აივანზე გამოსულმა ჟორას შემცვლელის მიერ დარეკილი ზარის ხანგრძლივი ხმა გავიგე. როცა გავიხსენე, რომ მაისი იწურება, მივხვდი რატომაც აწკრიალებდნენ. 
ეს ბოლო ზარის სევდაა, სხვა კი არაფერი. 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...