შაბათი, მაისი 3, 2025
3 მაისი, შაბათი, 2025

წერა-კითხვა და ანგარიში სკოლამდე

0
იყენებთ თუ არა საზაფხულო არდადეგებს იმისთვის, რომ თქვენი პატარა სასკოლოდ მოამზადოთ? ასწავლით თუ არა წერა-კითხვას, ანგარიშს? ზოგი მშობელი მომავალ პირველკლასელებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ამეცადინებს, ასე რომ, სკოლაში მისულმა პატარებმა წერა-კითხვაც იციან და გამრავლების ტაბულაც გაზეპირებული აქვთ. არსებობენ მშობლები, რომლებიც შვილების ფსიქოლოგიურ მზაობაზე ფიქრობენ და მათთან საუბარს ამჯობინებენ.

მარინა ანთია დაწყებითი კლასის მასწავლებელია. ოთხ წელიწადში ერთხელ მასთან ახალი სადამრიგებლო კლასი მიდის და თავიდან იწყება ანბანისა და დაწყებითი მათემატიკის შესწავლა. მარინა თავის აზრს გვიზიარებს პირველკლასელთა შესახებ, რომლებსაც მშობლებმა წერა-კითხვა და ანგარიში სკოლის დაწყებამდე შეასწავლეს და ასევე იმ პატარებზეც, რომლებიც სკოლაში იწყებენ ამ ყველაფრის შესწავლას.

– მოდი, ვუწოდოთ A იმ მოსწავლეს, რომელმაც ჯერ არაფერი იცის, ხოლო B – იმას, რომელსაც უკვე შეასწავლეს წერა-კითხვა და ანგარიში. მაგალითად, ჩემთვის ძალიან რთულია, როცა კლასში A და B კატეგორიის მოსწავლეები ერთად მყავს. როცა მასალის ახსნას ვიწყებ, B მუდამ აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უკვე იცის. ამას ორი უარყოფითი მხარე აქვს: A ითრგუნება, რომ მისმა თანაკლასელმა „აჯობა” და მასზე ჭკვიანია; B ნაკლებადაა ჩართული სასწავლო პროცესში, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს საკითხები ისედაც იცის და მისთვის ნაკლებად საინტერესოა.

ეს საკითხი კომპლექსურია. რასაკვირველია, ყველა მოსწავლეს ერთ ტაფაში ვერ მოვხარშავთ, მაგრამ ტენდენცია ძირითადად ასეთია. მე თუ მკითხავთ, ნაცვლად იმისა, რომ წერა-კითხვა და ანგარიში ასწავლონ შვილებს, უმჯობესია, მშობლები ბევრს ესაუბრებოდნენ მათ სხვადასხვა თემაზე, უკითხავდნენ ლიტერატურას და სხვადასხვაგვარი სახალისო აქტივობით ცდილობდნენ მათი აზროვნების განვითარებას. ჩემთვის როგორც მასწავლებლისთვის უფრო მნიშვნელოვანია, კლასში თანაბარი დონის მოსწავლეები მყავდეს, რომლებსაც ერთდროულად დავაწყებინებ წერა-კითხვას და ანგარიშს, თანაბრად შევძლებ მათ დაინტერესებას. თავის მხრივ, ისინიც თანასწორად იგრძნობენ თავს.
როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენი პატარა სასკოლოდ ემზადება, ჩვენ კი ხელები გვექავება, რომ მას ზოგი რამ წინასწარ ვასწავლოთ?

გამოცემა The Guardian თავის საგანმანათლებლო გვერდზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ამ კატეგორიის მშობლებს დახმარებასა და რჩევებს სთავაზობს:

·მომავალ სკოლის მოსწავლეს განსაზღვრული ცოდნა და უნარები უნდა ჰქოდეს. ავარჯიშეთ ბავშვები მეტყველებაში – ეს უნარი მნიშვნელოვანია აზრის სრულყოფილად და სხარტად გადმოსაცემად.
·ყველაფერი იღონეთ, რომ გაუღვიძოთ შვილს სიახლეების შეცნობის ინტერესი. ეს მარტივია. საკმარისია, შვილთან ერთად ხელი მოჰკიდოთ ნებისმიერ საქმეს – ერთად უყუროთ ფილმს, მოამზადოთ სადილი, ისეირნოთ.
·გაუძლიერეთ პატარას საკუთარი თავის რწმენა. დაუსახეთ კონკრეტული ამოცანა, მაგალითად, ლეგოს კონსტრუქტორის აწყობა, ყვავილებისთვის წყლის დასხმა, სახლის დაგვა, მერე კი შეაქეთ. უთხარით, რომ დავალებას ძალიან კარგად გაართვა თავი.
·გაუღვივეთ ცნობისმოყვარეობა. ესაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მოუყევით თქვენი სამსახურის შესახებ. არასოდეს დატოვოთ მისი კითხვები უპასუხოდ. თუ რომელიმე კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, ერთად მოიძიეთ. 
·ერთად უყურეთ ფილმებს, ერთად იკითხეთ და იმსჯელეთ წაკითხულისა და ნანახის შესახებ. გახსოვდეთ: მთავარი კითხვის ტემპი და სიჩქარე კი არა, ამ პროცესის მიმართ ინტერესი და სიყვარულია.
·მიეცით ბავშვებს საშუალება, აქტიურად ჩაერთონ თქვენი, უფროსების ცხოვრებაში. წაიყვანეთ ისინი სამსახურში, წვეულებებზე. სკოლაში ხომ მათ ბევრ უფროსთან მოუწევთ ურთიერთობა.
·ნუ განსაზღვრავთ შვილთან პირად ურთიერთობას მისი სასკოლო წარმატებით. უმჯობესია, პატარამ იცოდეს, რომ მის ნიშნებს პირდაპირი კავშირი არ აქვს მშობლების სიყვარულთან. ეს მას თავდაჯერებას შემატებს და გაცილებით იოლად გაუმკლავდება სკოლაში განცდილ წარუმატებლობას.
·უმჯობესია, თუ პატარას სკოლაში შესვლამდე მიიყვანთ საბავშვო ბაღში ან ნულოვან კლასში. ეს სკოლასთან მის ადაპტირებას შეუწყობს ხელს. ბავშვი მიეჩვევა უთქვენოდ ყოფნას და აღარ მოგიწევთ რამდენიმე კვირა მასთან ერთად გაკვეთილებზე დასწრება.

როცა ლიტერატურა ნამდვილად გვეხმარება

0
ამას წინათ, ერთმა თანამედროვე ავტორმა პიესა დაწერა, მერე ის პიესა თეატრშიც დაიდგა და სპექტაკლზეც უამრავი ადამიანი მივიდა. მერე, რაო? იკითხავთ თქვენ. რა და, ამ პიესისა და სპექტაკლის გამო, ადამიანების ნაწილმა გვარიანად ინერვიულა. მეც მათ რიგში ვიყავი, იმიტომ, რომ არცთუ ეთიკურად ეს პიესა ჩვენს შვილებს ეხებოდა და გარკვეული სტრერეოტიპების გავრცელებას, სტიგმის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.
მერე იმ ავტორმა, მშობლების თხოვნით, პიესის სათაური შეცვალა, თუმცა, შინაარსი, რასაკვირველია, იგივე დარჩა. სწორედ ამ ფაქტის მერე, გადავწყვიტე მომეძებნა საბავშვო მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც უფრო ამ პრობლემას უფრო კარგად, ეთიკურად, საინტერესოდ ასახავს, რამდენიმე ვიპოვე კიდეც, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მთავარი წიგნები ჯერ კიდევ დასაწერია.
აუტისტური სპექტრის აშლილობაზე მოგახსენებთ, რომლის ყველა შემთხვევა ერთმანეთისგან ისეთი განსხვავებულია, რომ ლიტერატურული პერსონაჟები და ტიპაჟები ნაწარმოებისათვის, რომელიც ამ პრობლემას შეეხება, უამრავი და და სულ სხვადასხვაგვარი იქნება.
ასეთი წიგნის დაწერისას, ყველაზე პირველი და მთავარი, რაც ავტორმა უნდა გაითვალისწინოს, ისაა, რომ დამატებითი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას არ შეუწყოს ხელი საკუთარი პერსონაჟის თვისებების ერთგვარი უტრირებით თუ არათანმიმდევრული შეფასებით. ამის მრავალი მაგალითი აქვს კინოს, მაგალითად, ბარი ლევინსონის ძალიან პოპულარული და საკულტო ფილმი – „წვიმის კაცი”, გარკვეულწილად, არასწორად ასახავს პრობლემას, რომელსაც ეხება.
თუკი აუტისტური სპექტრისათვის დამახასიათებელ თვისებებს გავიხსენებთ, შესაძლოა ბევრი, ჩვენთვის საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟიც ამოვიცნოთ და გაგვახსენდეს. მაგალითად, რატომ არ შეიძლება, ანტუან დე სენტ ეკზიუპერის „პატარა უფლისწული” იმ ბიჭის ამბავი იყოს, რომელიც თანდათანობით ცდილობს თავისი ჩაკეტილი სამყაროდან გარეთ გამოვიდეს და სამყაროთი დაინტერესდეს. ან კიდევ, ერთი პატარა გოგონა მახსენდება თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრებიდან”, გოგონა, რომელმაც არ იცოდა, რომ დაიბადა და ამიტომაც არ ლაპარაკობდა. შემდეგ, როგორც იქნა, მიხვდა და ლაპარაკიც დაიწყო. ბევრი ასეთი პერსონაჟი მახსენდება, თუმცა ამაზე მერე, ახლა მინდა, რამდენიმე წიგნზე მოგითხროთ, რომელიც აუტიზმის თემას ეხება და ცდილობს საინტერესო, მხატვრული თხრობის საშუალებით ადამიანებისთვის გასაგები გახადოს ეს პრობლემა, შესაბამისად, გაგების, ურთიერთობის, ემპათიის პროცესი გაამარტივოს.
ცნობილი ბრიტანელი პოეტისა და მწერლის, მარკ ჰადონის წიგნმა „The Curious Incident of the Dog in the Night-Time” მრავალი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა და ავტორს აღიარება და მკითხველთა დიდი სიყვარული მოუტანა. წიგნის პერსონაჟს, ქრისტოფერ ბუნს, 15 წლის მოზარდს, აუტიზმი აქვს, მას ურთულესი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლია, თუმცა, ადამიანების ამოცნობა ძალიან უჭირს. ჰოდა, ერთ დღესაც ქრისტოფერი გადაწყვეტს მეზობლის ძაღლის მკვლელობის ამბავი გამოიძიოს, გამოძიების ეს საინტერესო პროცესი მთელ მის ცხოვრებას ცვლის…
ამერიკელი მწერლის, ჯოდი პიკოლტის წიგნის „უკანასკნელი წესის” პერსონაჟიც, ასპერგერის სინდრომის მქონე ბიჭუნა, ჯეიკობიც გამოძიებით, სასამართლო ექსპერტიზით არის დაინტერესებული, იგი ყოველთვის ცდილობს დროულად აღმოჩნდეს დანაშაულის ადგილას და პოლიციელებს დამნაშავის პოვნაში ეხმარება, თანაც ისე, რომ მისი ვარაუდები ყოველთვის მართლდება-ხოლმე.
ძალიან საინტერესო, თბილ და გულშიჩამწვდომ ამბავს გვიამბობს ცნობილი ამერიკელი მწერალი, სინტია ლორდი თავის შესანიშნავ წიგნში „წესები”. ეს არის და-ძმის მეგობრობისა და თანაგრძნობის ამაღელვებელი ამბავი. როგორ უნდა მოიქცე, როდესაც აუტიზმის მქონე ძმა გყავს? რასაკვირველია, ზღაპრისეული ელიზას მსგავსად ძმის დახმარება უნდა სცადო, თუნდაც, მისი საქციელი ცუდ მდგომარეობაში გაგდებდეს კიდეც, თუნდაც შენი, საკუთარი – 12 წლის მოზარდის პრობლემებთან გამკლავებაც გიჭირდეს. ჰოდა, გოგონა თამაშს იგონებს – წესებიან და ნახატებიან თამაშს, რომლითაც ძმასაც უადვილებს კონტაქტს და პირველ რიგში, საკუთარ თავს – ძმასთან ურთიერთობას. „წესები” ამერიკელი მწერლის სადებიუტო წიგნია, რომელმაც უამრავი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა.
და-ძმის სიყვარულს ეხება ამერიკელი მწერლის, ბეტსი ბაიერსის ძალიან ცნობილი წიგნი „გედების ტბა”, სადაც, ძმის პრობლემა ასევე უფროსი დის თვალითაა დანახული. ეს წიგნიც ამერიკული საბავშვო ლიტერატურისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზით – ნიუბერის მედლით დაჯილდოვდა.
სამწუხაროდ, ეს წიგნები ქართულად ჯერ არ არის ნათარგმნი, თუმცა საგამომცემლო სფეროს დაინტერესება ამ თემატიკის ნაწარმოებებით თვალსაჩინოა, სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება აუტიზმის თემატიკასთან დაკავშირებული ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნების თარო, იმედია, ქართული გამომცემლობები საბავშვო წიგნებსაც თარგმნიან, ხოლო ქართველი საბავშვო ავტორები – ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან, რაც მთავარია, კორექტულ და პრობლემაზე ორიენტირებულ წიგნებს დაწერენ.

საზაფხულო არდადეგები

0
ზაფხულში ზაფხულებზე უნდა წერო.

წლის განმავლობაშიც ვკითხულობდი, მაგრამ, ასე მგონია, ზაფხულში წაკითხული წიგნი მაინც სულ სხვაა.
ორი სოფელი მქონდა, მთიულეთში – ნაღვარევი და გურიაში – დვაბზუ.

მთიულეთში უფრო ხშირად დავდიოდით. ახლოსაც იყო და რაც მთავარია, იქ ბებია გველოდა, რომელიც მთელი წელი მარტო იყო და სხვანაირად გველოდა.

გურიაში სავსე იყო ოჯახი: ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიცოლა და ბიძაშვილები.

ხასიათით, ლანდშაფტით, კლიმატით, ზომით – ყველაფრით განსხვავდებოდა ეს ორი სოფელი.

თავგადასავლებიც სხვადასხვა იყო, წიგნებიც და მათი კითხვის რიტუალიც.

დაწყებით კლასებში გურიაში რას ვკითხულობდი, აღარ მახსოვს. იქნებ არც ვკითხულობდი, იქნებ სხვა უფრო მკვეთრმა მოგონებებმა გადაფარა ის შთაბეჭდილებები. ხასიათით აშკარად მთიული უფრო ვარ და მახსოვს,გურული ყველაფერი მიკვირდა. ვერაფრით ვგებულობდი, რატომ ტყდებოდა წიოკი, როცა ეზოში ერთი-ორი ფოთოლი დაცვივდებოდა და რატომ გარბოდნენ სასწრაფოდ დასახვეტად დეიდა და ბებია. ან რა საჭირო იყო ყოველ წელს ჭიშკრისა და ღობის ღებვა.

ყველაზე მეტად კილო მაკვირვებდა, განსაკუთრებით ბაბუასი. ცხვირში ლაპარაკობდა, თან ძალიან სწრაფად და იშვიათად მახსოვს, რამე გამეგოს მისი ნათქვამიდან, როგორცწესი, მორჩილად ვეთანხმებოდი, კი ბაბუ! აბა, ყოველ წუთას ხომ არ ვკითხავდი, რა თქვი-მეთქი.

როცა ადამიანის არ გესმის, თითქოს არც იცნობ და პატარა რომ ხარ, დიდად არც გაინტერესებს.

მაგრამ ბაბუამ შეძლო ერთი წინადადებით დაემახსოვრებინა თავი.

გვერდზე, მეზობლად ბიძაშვილების სახლში ჩვენი ტოლი ბავშვები ჩამოდიოდნენ. ერთხელ,„დონალდო” და „პედრო” იყო მაშინ უცხოური საღეჭი რეზინებიდა შეგვახარბეს. გადმოვედით ატირებულები. მაშინ ის კევები ძვირიც იყო, თითო მანეთი ღირდა და ძნელადაც იშოვებოდა, ან “ციგნებს” უნდა გადაყროდი შემთხვევით ქუჩაში, ან სპეციალურად მიგეკითხა ე. . „პასიოლოკში”.

ბაბუა ოზურგეთში, მაშინდელ მახარაძეში მუშაობდა და მეორე დღეს „პერერივზე” (გურული დიალექტი განსაკუთრებით სავსე იყო ბარბარიზმებით) რომ მოვიდა, ერთი მუჭა კევები მოგვიტანა და როგორღაც ჩემთვისაც კი გასაგებად გვითხრა: „თქვენ არ შეახარბოთ, ბაბუ, მასე არ ვარგა!”

მთელი ზაფხული  გვიზიდავდა ამ კევებს. უდიდესი სიხარული იყო საბჭოთა ბავშვისთვის და რამდენადაც დიდი იყო სიხარული, იმდენად მძაფრდებოდა მისი გაფრთხილება: „თქვენ არ შეახარბოთ, ბაბუ, მასე არ ვარგა!”

ცოტა რომ მოვიზარდე, აღმოვაჩინე რომ დვაბზუს სახლი უამრავი საინტერესო წიგნით იყო სავსე. აქ ისეთი რამეების პოვნაც კი შეიძლებოდა, რაც თბილისშიც  არ გვქონდა. მახსოვს, მეხუთე -მეექვსე კლასელი როგორი ვნებით და ინტერესით ვკითხულობდი: „დეკამერონს”, „ტრისტანი და იზოლდას”, „რომეო და ჯულიეტას”. მოკლედ უკვე ყველაფერი სიყვარულის სუნით იყო გაჟღენთილი. 

დაჯდებოდი მეორე სართულის ხისმოაჯირიან აივანზე, გაიტანდი იმ დროისთვის საუკეთესო სავარძელს. წინ ეს დახვეტილ-დასუფთავებული ეზო იყო, ჭიშკართან ორი პალმა, ჭრიჭინების გაბმული ხმა და იმ პალმებთან ან ტრიფოლიატის ღობესთან თაყვანისმცელების მთელი ჯგრო. ქალაქიდან ჩასული გოგოები განსაკუთრებით პოპულარულები ვხდებოდით ადგილობრივი ბიჭებისთვის. ეს იყო კითხვა სცენაზე, რადგან აივანი და მთვარის შუქი საუკეთესო სცენა იყო. რაღაცნაირი არტისტიზმი ახლდა ასე კითხვას. მაშინ  ბესიკხარანაულის „მიკარნახე ანგელინა” დაწერილიც არ იყო, მაგრამ ვნებები იგივე ტრიალებდა. მით უფრო, თუ მარინა ცვეტაევას შენთვის ახლად აღმოჩენილი  კრებული გეჭირა ხელში.

ნაღვარევში ყველაფერი სხვანაირად იყო. იქაურობა და იქ კითხვა გაცილებით პატარა ასაკიდან მახსოვს. ადგილებიც, სადაც კითხვა შეიძლებოდა, გაცილებით მეტი იყო. შემეძლო მეკითხა საქანელაზე, ჰამაკში, საყვარელ ხეზე, სახლის თავზე ტყეში, საკარტოფილე ბოსტანში, „ლენინის ბოსტანში”. ეს უკანასკნელი გზაზე იყო და ლენინის ძეგლი იდგა.

სამაგიეროდ ნაღვარევში ნაკლები იყო წიგნები. რისი წაკითხვაც გინდოდა, თბილისიდან უნდა წაგეღო, ან ბიბლიოთეკისთვის მიგეკითხა, ან მეორმეცედ წაგეკითხა: „გრაფი მონტე კრისტო” „ანა კარენინა”, „მარტოობის ასი წელიწადი”, „ოსტატი და მარგალიტა”…

ბიბლიოთეკა  გაუქმებული სკოლის შენობაში იყო. ეს იყო ძველი, ავარიული, ქვითკირის, კრამიტით გადახურული, ორსართულიანი სახლი, ზევით-ქვევით სამ-სამი ოთახითა და მთელ სიგრძეზე დიდი ხის აივნით. მამაჩემის ბავშვობაში იქ რვაკლასიანი სკოლა ყოფილა, ოთხმოცი ბავშვი ვსწავლობდითო, დანანებით ამბობდა ხოლმე მამა. ჩემს ბავშვობაში სკოლა ხის პატარა კოტეჯში იყო გადატანილი. ოთხი კლასიღა იყო და ხან სამი მოსწავლე ჰყავდათ, ხან – ექვსი. ერთი შტატი ჰქონდა, ერთი ქალი იყო მასწავლებელიც, დირექტორიცა და დამლაგებელიც. ახლა საერთოდ გაუქმებულია, თუმცა ორივე შენობა  შემორჩა.

იმ ძველ გაუქმებულ შენობაში მხოლოდ ბიბლიოთეკა მუშაობდა, ისიც ხანდახან იღებოდა, როცა ბიბლიოთეკარს მოეხასიათებოდა. ძირითადად ლენინისა და სტალინის ტომებით იყო სავსე, საბავშვო და საინტერესო ძალიან ცოტა წიგნი ჰქონდათ, მაგრამ მაინც ვპოულობდით რაღაცას.

მთელი რიტუალი იყო, ბიბლიოთეკარი როგორღაც რომ ინებებდა მოსვლას და კარს გახსნიდა. ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა ჰქონდა და როგორც მაშინ მეჩვენებოდა, იდუმალი ბინდი იდგა. ამას ემატებოდა ნესტის, წიგნებისა და მტვრის სუნის ნაზავი, რომელიც გაფრთხილებასავით გეცემოდა ცხვირში და  გაიძულებდა, ბავშვური სიანცე, რომელიც ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებით მატულობდა, კარის ზღურბლთან დაგეტოვებინა და რაღაცნაირი, ალბათ სასაცილოდ სერიოზული სახით შესულიყავი. 

იქ რომ წიგნები იყო, იმაზე მეტი თბილისში, სახლში გვქონდა, მაგრამ მაინც რაღაცნაირი რიდით შევდიოდი ხოლმე.

ყველაზე მძაფრად და დანანებით იმ ბიბლიოთეკიდან გამოტანილი ერთი წიგნის ყდა მახსოვს. თეთრი ცარცის ქაღალდზე პატარა ქონდრისკაცები ეხატა, თავზე ცილინდრები ეხურათ. აღარც სათაურის თქმა შემიძლია, არც იმის, რა ეწერა, მაგრამ ყდა ისე მახსოვს, რომ დავინახო, ვიცნობ. საბავშვო ბიბლიოთეკებში ქექვა ახლაც მიწევს, ვეძებ, ვეძებ და ვერ გადავაწყდი. კიდევ მახსოვს, რომ ამ წიგნს საკარტოფილეში ვკითხულობდი. ბებია კარტოფილს თოხნიდა, მე კაკლის ჩრდილში ვკითხულობდი.  მთები, არაგვი, კაკალი, ბებია და შენ რვა-ცხრა წლის, ისედაც ჯადოსნური ელფერის იყო, მაგრამ ამას კიდევ ერთი რამ ემატებოდა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ბებია თოხნისას ქარვის მძივების თვლებს პოულობდა. ვახუშტი ნაღვარევს თამარის „საზაფხულო განსასვენებელ” ადგილად მოიხსენიებს. რამდენჯერმე წააწყდნენ სოფელში  თამარის დროინდელ მონეტებსაც. ზოგმა დაიტოვა, ზოგმა მუზეუმში ჩამოიტანა. ერთმა კიდევ ამოიჩემა, თამარის საფლავი აქ იქნებაო და მთელი ცხოვრება თხრიდა. სანამ გოგლა ლეონიძის „ნატვრის ხეს” წავიკითხავდი, მის მთავარ პერსონაჟს უკვე ვიცნობდი, მაგრამ მას სხვა სახელი, ავთო ძია ერქვა. ტრაგიკულიც იყო, კომიკურიც, დრამატულიც და რომანტიკულიც მისი ცხოვრება, მაგრამ ამის აღწერას ლეონიძისეული კალამი სჭირდება.

თუმცა ავთო ძიას დაჟინებას რაღაც საფუძველი მაინც ჰქონდა, თუნდაც ის ქარვის მძივები, რომლებიც მაინდამაინც იმ საკარტოფილეში გვხვდებოდა ხოლმე და არა რომელიმე სხვა ბოსტანში.

 

ბიბლიოთეკასთან ჩემი ურთიერთობა სულ სამი-ოთხი წელი გაგრძელდა და ძალიან ცუდად დამთავრდა.

ერთხელ ბავშვებმა, ჩასულებმაც და ადგილობრივებმაც, გადავწყვიტეთ საღამო, კონცერტი თუ რაღაც ეგეთი გაგვემართა. დაახლოებით ალბათ ისეთი, „იმერულ ესკიზებში” რომაა. რადგან აივანი მართლაც საუკეთესო სცენაა და ბიბლიოთეკარიც გვეხმარებოდა, გადავწყვიტეთ, იქვე, იმ სკოლის აივანზე ჩაგვეტარებინა.  რამდენიმე დღე ვემზადებოდით. დავპატიჟეთ მთელი სოფელი (ჩვიდმეტი- თვრამეტი კომლი). ჩატარების დროდ გვიანი საღამო შეირჩა, ძირითადი მაყურებლები ბებოები უნდა ყოფილიყვნენ და ჯერ ძროხები უნდა მოეწველათ. დადგა ის საღამოც. ველოდეთ, ველოდეთ და ბიბლიოთეკარი არ მოვიდა. არადა შეპირებული იყო. თან ბიბლიოთეკიდან დენის გამოყვანა გვჭირდებოდა. საღამოს ჩაშლა არც გვიფიქრია, ამოვიღეთ შუშა ფანჯრიდან, გადავძვერით და დენი დამაგრძელებლით ისე გამოვიყვანეთ. მერე აღარ მახსოვს, აღარ ჩავსვით ის შუშა თუ ვინმემ ენა მიუტანა, ადგა და მილიციაში გვიჩივლა, ბიბლიოთეკა გამიტეხეს და წიგნები მომპარესო. რაც წლების განმავლობაში წიგნი დაეკარგა, სულ ჩვენ დაგვაბრალა. მახსოვს ეს იყო პირველი სერიოზული ცილისწამება, თან უფროსისგან. მილიცია რომ ამოვიდა სოფელში, მამა ჩავიდა და დაგვიცვა, რად უნდოდათ ჩემს შვილებს თქვენი ლენინის და სტალინის ტომებიო.

ამ ამბის შემდეგ იმ ბიბლიოთეკისთვის, რაღა თქმა უნდა, არ მიმიკითხავს. ის ქალი მერე სხვა სოფელში გადავიდა საცხოვრებლად და ძალიან გავიხარე, რომ შემთხვევითაც კი არ შემხვდებოდა, თუმცა ის წიგნი, თავზე ცილინდრიანი ქონდრისკაცები რომ ეხატა, ყველაზე ჯადოსნურად მახსოვს, ნეტავი რა ეწერა ასეთი?

სად არიან შვილები, შვილები სად არიან

0
თავის დროზე, მაკოლეი კალკინი რომ ვარსკვლავი იყო, ვარსკვლავი ისეთი უნდა –  1990-იანების კუმირი, რომლის პერსონაჟისაც ყველა ვაზისუბნელ ბავშვს გვშურდა. ბავშვი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა: საკუთარი ოთახი დიდ, ლამაზსა და კეთილმოწყობილ სახლში (მგონი მაშინ პირველად გავიგე, რომ ბავშვს შეიძლებოდა თავისი ოთახი ჰქონოდა); ყველანაირი სათამაშო; ტირის თოფი; ნაირ-ნაირი ტანსაცმელი… მაგრამ თავგადასავლები უყვარდა ამ სიყვარულის გამო დაამახსოვრა თავი მსოფლიოს..
„მარტო სახლში”, რომელსაც კრის კოლუმბუსმა საბავშვო ფილმობა დაანათლა, სინამდვილეში ყველა ასაკის მაყურებლის კინო აღმოჩნდა. მისი მთავარი გმირის – კევინ მაკალისტერის როლის შემსრულებელი მაკოლეი კალკინი მაშინ ათი წლის ბიჭი იყო, ახლა ოცდათოთხმეტისაა და დიადი, თუმცა ხანმოკლე კარიერის მიუხედავად, არცთუ იშვიათად, დეპრესია უტევს ხოლმე. 
90-იანების შუაწელში მაკოლეი დაიკარგა. სულ მეფიქრებოდა, სად წავიდა ეს ბიჭი. მოგვიანებით, როცა გადაკარგული ვარსკვლავის ასაკი ხალხმა პირველი კლასის არითმეტიკის დახმარებით გადათვალა და მიხვდა, რომ მან სრულწლოვანებას მიაღწია, ჭორებმაც არ დააყოვნა და ხან ის მესმოდა გამოუსწორებელი ნარკომანი გახდაო, ხანაც თავის მოკვლა სცადაო. ცოტი ხნის წინ კი, სულაც ის ამბავი გაავრცელეს წონიანმა მედიასაშუალებებმა, რომ მაკოლეი ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა. 
„საკუთარ თავზე უამრავი ჭორი მსმენია. ერთხელ ჩემი ადვოკატი მირეკავს და მეუბნება: „ოჰო, მაკ, ისევ ცოცხალი ხარ? მე კი ვპასუხობ: „კი, რა თქმა უნდა, დივანზე ვზივარ”. „ახლა დამირეკეს CNN-დან მითხრეს, რომ ნარკოტიკების ზედოზირებით დაიღუპე”- მითხრა ადვოკატმა”. ეს ციტატა ჟურნალ Esquire-ის ელექტრონულ ფურცლებზე, მაკოლეი კალკინის  ინტერვიუში წავიკითხე და ამ 34 წლის ბავშვის შესახებ ბევრი რამ გახდა ჩემთვის ცხადი. ისიც კარგად გავიგე სად დაგვეკარგა, რა გზას დაადგა. ეს ინტერვიუ ერთდროულად ღიმილისმომგვრელი და ნაღვლიანი წასაკითხი აღმოჩნდა ჩემთვის.  
არადა, ეს პატიოსანი კაცი, თურმე, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. იმას სუნთქავს, რასაც ჩვენ – ვაზისუბნელი ყოფილი ბავშვები. ძაღლებს ასეირნებს, თევზებს აჭმევს, ხანდახან სადილს ამზადებს და ზოგჯერ იმ ადამიანებსაც ხვდება, ვინც მისთვის ძვირფასია, მაგრამ წითელ ხალიჩასა და ვიდეოკამერებს ხომ ეგეთი თავისებურება ახასიათებთ, თუ ზედ არ გადაუვლი ან თვალში არ გაეჩხირები ცოცხლად აღარ გთვლიან. ალბათ ჰგონიათ, რომ ერთხელ თუ გაუგე გემო წითელ ხალიჩას, მერე უიმისოდ ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, ანუ მოკვდი.
„მე არ მქონდა შანსი ბავშვი ვყოფილიყავი. 14 ასაკში კი პენსიაზე გავედი. ადამიანთა უმეტესობისთვის მე ისევ ბავშვი ვარ. ეს ერთდროულად დალოცვაცაა და წყევლაც” – Esquire-თან ინტერვიუში ამბობს მაკოლეი. ისე ხდება, რომ საქართველოში უცხოელების მაგალითების გათვალისწინება უჭირთ ხოლმე. ხშირად ისინი უცხოქვეყნელებად კი არა, უცხოპლანეტელებად უფრო ესახებათ. ჰგონიათ, რომ უცხოელების თავის ქალა სხვანაირია. იქ სხვანაირად უყვართ და, რაც ჩვენთვის უფრო მთავარია, სხვანაირად სძულთ. ამიტომაც, ჩვენებს ხანდახან ჰგონიათ, რომ უცხოური ამბები ქართულ თარგზე არ იჭრება. არადა, ამ ქვეყანაშიც ბევრი მახსოვს ნაადრევად დაბერებული, ამოსვლავერმოსწრებული ჩასული ვარსკვლავი. 
ასე იყო თუ ისე, იმ ავბედით ხანაში, ლორდი ვოლდემორის სახელის მსგავსად, მის ხსენებასაც რომ ვარიდებთ ხოლმე თავს, ქართულ შოუ-ბიზნესს პულსი ესინჯებოდა. ხარისხი, უფრო კი უხარისხობა ცალკე დასაწერი თემაა (მე ამის სპეციალისტი არ ვარ). ამჯერად მხოლოდ პულსის არსებობა-არარსებობაზე ვწერ. იმ დროს, როგორც მარკეტოლოგები იტყვიან, ბაზრის  პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ მცირეწლოვან მომღერლებს ეჭირათ. ცნობილი ჯგუფები დუეტებს წერდნენ მათთან (თავს ვერ დავდებ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა იმის გამოც, რომ ამის სანაცვლოდ ვიდეოკლიპების გადაღების ხარჯების დაფარვას ამ ბავშვების ოჯახები კისრულობდნენ). 
მერე? სად არიან (ახლა) შვილები? შვილები სად არიან? – მუშაობენ, შრომობენ, იღწვიან, უსაქმურობენ… ოღონდ არა იმ საქმეში, საიდანაც ისინი ხალხმა გაიცნო და ბევრი შეიყვარა კიდეც. შეიძლება არ დამეთანხმონ (და მართლებიც იყვნენ), მაგრამ ამას პენსიაში გასვლა ჰქვია. ვინ იცის, იქნებ ქართულ შოუ-ბიზნესთან შედარებით ბევრად უფრო მაღალანაზღაურებად, მაგრამ მაინც პენსიაში. 
მაკოლეი კალკინი: „რას ვეტყოდი ჩემს შვილებს? 18 წლამდე შოუ ბიზნესთან საქმე არ დაიჭიროთ. მანამდე აჯობებს რაიმე სხვა ისწავლოთ. სიჩქარე საჭირო არ არის. გააკეთეთ ეს მაშინ, როცა იგრძნობთ, რომ ზრდასრულები ხართ”. 
ამ კაცის სიტყვა დაიჯერება, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. არადა მშობლებს, ჩვენთანაც და სხვაგანაც, სადღაც ეჩქარებათ, რაღაცის მოსწრება უნდათ. ისინი შვილებს აიძულებენ, რომ იყვნენ გამორჩეულები, იყვნენ ვარსკვლავები. შეჰყავთ სხვადასხვა სტუდიებში, რომლებსაც ყვავილების სახელები აქვთ, იხდიან უამრავ ფულს, რათა მათი შვილები რომელიღაც უცნობ არხებზე გამოჩნდნენ და სიმღერას პირი ააყოლონ. გადაცემის დაწყებამდე კი ურეკავენ მთელ სანათესაოს, რათა ნათესავებმა თავიანთ მეზობლებსაც უთხრან და ერთად უყურონ 154-ე არხზე 1 წუთიან ვიდეოს, რომელშიც მშობლებმა 5000 $ გადაიხადეს. 5000 ამერიკული მწვანე ხომ ხუმრობა არაა. ამავდროულად კი შვილებს არ ეკითხებიან უნდათ ეს თუ არა. ემღერებათ კი? იქნებ ხატვა უფრო აინტერესებთ. 
მშობლების ასეთი სიჩქარე ხშირად იმას იწვევს, რომ მათ შვილები იძულებულნი ხდებიან ბავშვობაშივე დაასრულონ კარიერა და დაიწყონ ახალი ცხოვრება მაშინ, როცა არ იციან ეს როგორ კეთდება. მშობლები ზოგჯერ ვერ ვხვდებიან, რომ ვარსკვლავობა ბავშვობის ასაკში ქეიფის განსხვავებული სასმისების სმით დაწყებას ჰგავს – შენს მაქსიმუმს მალე აღწევ, მარათონს სწრაფად ეთიშები და მომდევნო დღეს ქეიფისთვის აღარც ძალა და აღარც სურვილი არ გაქვს. თუმცა, ქართული სუფრებისგან განსხვავებით, ცხოვრებაში ეს ყველაფერი უფრო სერიოზულად და მტკივნეულად ხდება, ხოლო ნაბახუსევი გაცილებით უფრო დამტანჯველია. 

სიკეთე სასწავლო პროცესში

0
ადრეული ბავშვობიდანვე  გვასწავლიან, რომ სიკეთე, თანაგრძნობა, დახმარების გაწევა საუკეთესო ადამიანური თვისებებია. მოგვიანებით ოჯახთან ერთად მოზარდებში ამ კეთილშობილური თვისებების განვითარებაზე სკოლაც ზრუნავს. ბავშვობისა და მოზარდობისას უამრავ ინფორმაციას (ანდაზები, ხალხური გამონათქვამები, ლექსები, მოთხრობები და ა.შ) ვეცნობით  სიკეთის არსზე, მის  დანიშნულებაზე, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზე და სიკეთის უცილობელ გამარჯვებაზე…. ამასობაში ჩვენც გავდივართ ცხოვრების გზაზე და უკვე პრაქტიკაში გვიხდება მოსმენილის თუ  ნასწავლის გადამოწმება. ზოგჯერ ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს, ზოგჯერ სიამოვნების გრძნობითაც ავივსებით ხოლმე. თუმცა მოდით, ისევ სკოლას მივუბრუნდეთ. როგორც ირკვევა, მოსწავლეებში სიკეთის გრძნობის გაღვივება არა მარტო მათი სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვისაა აუცილებელი, არამედ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ აკადემიური მოსწრების დონის ასამაღლებლად. სიკეთის გამოვლინების თითოეული აქტი, რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს იგი, კმაყოფილებას ანიჭებს როგორც მის ადრესატს, ასევე გამცემს. ყოველი კეთილი საქციელი დადებითი ფსიქოლოგიური სტიმულია ბავშვისთვის, დადებითი ემოციური განწყობა კი ხელს უწყობს სწავლის პროცესს. ამგვარად,  რაც უფრო ხშირად მოიმოქმედებს  ბავშვი რაიმე კეთილ საქციელს, მით უფრო მეტად იცვლება მისი ხასიათი და აზროვნება უკეთესობისაკენ.  

რამდენიმე წლის წინ   ჟურნალ ,,ფსიქოლოგიის მეცნიერებაში” გამოქვეყნდა 1,5-2 წლის ბავშვებში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები. პატარებს აჩვენებდნენ ოთხ თითქმის იდენტურ სურათს, სადაც ცენტრში მათთვის კარგად ნაცნობი საგანი (მაგ; ჩაიდანი) იყო გამოსახული, თუმცა ნაცნობ ნივთთან ერთად სურათებზე 4 განსხვავებული კომპოზიცია იყო მოცემული: კუბიკები, ორი ერთმანეთისაკენ მომზირალი თოჯინა,  ერთი თოჯინა და ორი ერთმანეთისკენ ზურგით მდგომი თოჯინა. გამოირკვა, რომ მსგავსების მიუხედავად ის სურათი, რომელზეც ორი თოჯინა ერთმანეთს უყურებდა, დანარჩენ სამთან შედარებით სულ ცოტა სამჯერ მეტმა ბავშვმა მოიწონა. მეცნიერების აზრით, ეს ფაქტი თავაზიანად შეგვახსენებს, რომ თანადგომა ადამიანებში თავიდანვე კოდირებული თვისებაა და მას მხოლოდ ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება. ამ მიმართულებით  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის ძალისხმევა, რადგანაც კეთილი, ემპათიის მქონე მოსწავლეები აღწევენ უკეთეს აკადემიურ შედეგებს, ჰყავთ უფრო მეტი მეგობარი, კარგ ურთიერთობას ამყარებენ მასწავლებლებთან. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდებულ მარტივ რჩევას, რომლებიც  შესასრულებლად საკმაოდ იოლია, თუმცა ეფექტური შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს: 

ა) სასწავლო წლის დასაწყისში საკლასო ოთახის მოწყობისას აუცილებლად შეარჩიეთ ერთი ისეთი პოსტერიც,  რომელზეც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. როგორც კვლევა გვიჩვენებს,  ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ სურათსაც კი, რომელზეც უბრალოდ ორი ერთმანეთისაკენ მომზირალი ადამიანია გამოსახული, შეუძლია ბავშვებში წარმოშვას ურთიერთდაკავშირებულობის გრძნობა და ხელი შეუწყოს სიკეთის გაძლიერებას. ამასთანავე ხაზი ესმება მასწავლებლის მხრიდან ურთიერთანადგომისა და დახმარების გამოვლინების დაფასებას. 
ბ) ყველა მასწავლებელი განსაკუთრებულად გულითადად ესალმება მოსწავლეებს სწავლის დაწყების პირველ დღეს. შემდეგ დღეებში მისალმების პათოსი კლებულობს და ზოგჯერ შესაძლოა მოსწავლესთან შეხვედრისას საერთოდ დაგვავიწყდეს კიდეც. არადა, გულწრფელი მისალმება ყოველდღე აუცილებელია, მთელი სასწავლო წლის მანძილზე. ეს მარტივი საქციელი მოსწავლეებში მიკუთვნებულობის გრძნობას ავითარებს და მოსწავლე-მასწავლებლის თანამშრომლობას უწყობს ხელს. 

გ) შეეცადეთ, აკონტროლოთ საუბრის მანერა. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ პოზიტიური, თბილი ხმის ტონი. არ არის მართალი, რომ მოსწავლეებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გავუღიმოთ. როცა მასწავლებელი თავაზიან საუბრის ტონს ირჩევს მოსწავლეებთან, იზრდება იმის შანსი, რომ მოსწავლეებიც ასეთივე ტონს აირჩევენ ერთმანეთში საურთიერთობოდ.

დ) ხშირად მიეცით მოსწავლეებს ერთმანეთის დახმარების შანსი.  ეს შესაძლებელია აკადემიური აქტივობების დროსაც მოვახერხოთ. მაგალითად, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჯგუფური მუშაობის დროს მათ არა მარტო დავალების შესრულება, არამედ ერთმანეთის დახმარებაც ევალებათ. კვლევები აჩვენებს, რომ კოოპერატიულის წავლების დროს აქტიური ბავშვები არასასწავლო გარემოშიც დიდი მონდომებით ცდილობენ სხვების დახმარებას. 
ვიდრე ისევ სკოლას დავუბრუნდებით, ორიოდე სიტყვით შევეხოთ უცხოეთში საკმაოდ პოპულარულ საზოგადოებრივ მიმდინარეობებს, რომლებსაც საფუძვლად სიკეთის კეთება უდევს. განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ მოძრაობა  ,,გადაუხადე სხვას” (pay it forward). ჩვენთან ის ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მას თავისი საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო ისტორია და ორგანიზებული სამოქმედო სქემაც აქვს. მოძრაობაში ჩართულმა ადამიანმა სამი ისეთი კეთილი საქმე უნდა გაუკეთოს სხვებს, რომლის განხორციელება იმ ადამიანებს თავად არ შეუძლიათ. ხოლო მას, ვისკენაც მიმართული იქნება კონკრეტული მოქმედება, ევალება, თავის მხრივ, სხვას გაუწიოს რაიმე დახმარება და ა.შ. ამგვარად, ის  ერთგვარი ფილოსოფიური მიმდინარეობა გახლავთ, რომლის შემქმნელების სურვილია სიკეთის საყოველთაო გავრცელების შედეგად დედამიწა გაცილებით უკეთეს ადგილად გადააქციონ, ვიდრე ის დღეს არის (დამეთანხმებით, ძალიან კეთილშობილური მისიაა, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად შესაძლებელია საბოლოო მიზნის მიღწევა). რაც შეეხება მოძრაობის ისტორიას, გაწეული დახმარების მესამე პირისათვის გადახდის იდეა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შექმნილ ნაწარმოებებში გვხვდება. ფილოსოფიური დანიშნულება კი მას პირველად ბენჟამინ ფრანკლინმა ბენჯამინ ვებისადმი 1784 წელს  მიწერილ წერილში მისცა. თუმცა იქ მხოლოდ ნასესხებ ფულზე იყო საუბარი, რომელიც ვებს ფრანკლინისათვის კი არ უნდა დაებრუნებინა, არამედ სხვა პატიოსანი ადამიანისათვის ესესხებინა იმ პირობით, რომ ის სხვას ასესხებდა და ა.შ. მანამ,  სანამ ვინმე არამზადა არ გაწყვეტდა ამ ჯაჭვს. ფრანკლინი თვლიდა, რომ ასეთი საქციელით შედარებით მცირე თანხით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. ტერმინი ,,pay it forward” განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1951 წელს,  ფანტასტი მწერლის რობერტ ჰეინლეინის წიგნის ,,პლანეტებს შორის” გამოქვეყნების შემდეგ. ჰეინლეინი აქტიურად მოღვაწეობდა ამ მიმართულებით. მას ბევრი მიმდევარიც გამოუჩნდა.  დღეს მისი სახელობის რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი და პროგრამა მოქმედებს.  2000 წელს გამოვიდა კატერინ რაიან ჰაიდის ნოველა, რომელსაც ,,pay it forward” ერქვა. მალე  ნოველის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს. სწორედ ამ ნოველის და ფილმის შემდეგ მიიღო მოძრაობამ დასრულებული სახე და პოპულარული გახდა. სხვებისთვის დახმარებაზეა ორიენტირებული  სხვა მსგავსი მოძრაობებიც, მაგ;   ,,სპონტანური სიკეთის გამოვლინება” (random acts of kindness), ,,შემომიერთდი” (,,join me”), რომლებზეც ამჯერად აღარ შევჩერდებით და ისევ სასწავლო პროცესს დავუბრუნდებით. სტატიის დასასრულ, ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ რამდენიმე გარემოებაზე, რომლებშიც კარგად იკვეთება ჩვენ მიერ განხილული თვისებების უშუალო კავშირი სწავლის პროცესთან და აკადემიურ შედეგებთან.

თანამშრომლობის უნარის გაძლიერება. კვლევები აჩვენებს, კეთილი, ემპათიის უნარის მქონე ბავშვები უფრო მეტი ხალისით თანამშრომლობენ სხვებთან. ამას ხელს თანატოლებში მათი პოპულარობაც უწყობს. კარგად განვითარებული თანამშრომლობის უნარი ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია, მათ შორის, სასწავლო პროცესშიც.

გაუმჯობესებული თვითშეფასება. კვლევები ამტკიცებს, რომ ბავშვების მიერ კარგი საქმეების გაკეთებიდან განცდილი კმაყოფილების შეგრძნება ქმნის და აძლიერებს საკუთარი თავით ჯანსაღი სიამაყის გრძნობას, რაც მოსწავლეებს ოპტიმისტურად განაწყობს და ამაღლებს მოზარდების თვითშეფასებას.  

გაუმჯობესებული კონცენტრაციის უნარი. დადგინდა, რომ იგივე განცდა მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს  მოზარდის ჯანსაღ ძილს, რაც პოზიტიურად აისახება მოზარდის მეხსიერების უნარზე. შედეგად მოსწავლე არა მარტო ყურადღების უკეთესად კონცენტრირებას ახერხებს, არამედ იწყებს გაცილებით კრეატიულად აზროვნებას.
დამატებით, სიკეთეზე ორიენტირებული მიდგომა ბავშვებში ამცირებს ბულინგის შემთხვევებს, წარმატებით ებრძვის  დეპრესიას, ამარცხებს სტრესს, აყალიბებს მადლიერების გრძნობას და ზოგადად – განაპირობებს ბედნიერ ბავშვობას. 
 
გამოყენებული ლიტერატურა :
https://www.edutopia.org/blog/sel-teaching-kindness-maurice-elias
https://www.huffingtonpost.com/david-r-hamilton-phd/kindness-benefits_b_869537.html
https://www.psychologytoday.com/blog/positive-psychology-in-the-classroom/201302/the-positive-psychology-kindness
https://phys.org/news191601357.html
https://www.plosone.org/article/info%3Adoi%2F10.1371%2Fjournal.pone.0051380
https://en.wikipedia.org/wiki/Pay_it_forward 

თემის წერის მნიშვნელობა

0
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო და ჩემთვის ყველაზე საინტერესო ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის შესახებ აბიტურიენტების მოსაზრებები იყო. რა გაუჭირდათ, რა დაწერეს და ა.შ. გამოსაცდელების მცირე ნაწილი წერს საგამოცდო თემას, რასაც ზოგი მათგანი იმით ხსნიდა, რომ ტესტის ნაწილის ქულაც საკმარისი იყო უმაღლესში მისაღებად, ნაწილი კი უბრალოდ არ წერდა. ეს არ კი, ჩემი აზრით, უფრო არის – ვერ. დამტკიცებულ, გრიფირებული წიგნებში ტექსტების შემდეგ არის შეკითხვები, რომლებიც უკუკავშირის შესაძლებლობაა, მაგრამ რამდენად ხდება სკოლებში თემის წერა, ესაა საქმე..
ფაქტია, რომ დღეს აბიტურიენტებს, თუ საშუალო განათლების საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს ძალიან უჭირთ ნათლად, მკაფიოდ და არგუმენტირებულად ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი ამათუიმ საკითხზე. კომპლექსური პრობლემაა წერის უნარის არქონა, ან ცუდად ფლობა. მოსწავლე ჯერ კარგად უნდა მეტყველებდეს, გონებაში აყალიბებდეს აზრებს, გააჩნდეს სათანადო ცოდნა, რაც უკვე კარგი ტექსტის დაწერის საწინდარი იქნება. თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტის განვითარებამ ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაციის უდიდესი მარაგი, მაგრამ სურათი მაინც უარესია, ვიდრე გასულ ათწლეულებში. 
რას მიცემს ბავშვს მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რა საკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენის დროს ატკივდა კბილი ბენ-ტოვიტს, თუ არ შეუძლა ეს ყველაფერი გააანალიზოს, დაუკავშიროს სხვა მოვნელებს, გამოიყენოს რაიმეს მამტკიცებელ ან უარმყოფელ არგუმენტად?.. ჩვენ ისედაც ხომ ვიცით ეს” ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება?.. ჩვენ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი რჩება ცოდნისა და გაგების საფეხურებზე და ესეც – კარგ შემთხვევებში. 
ცოტა შორსაც რომ წავიდეთ, წერა თვითგამორკვევის პროცესია. ადამიანი, რომელიც ბავშვობიდანვე ერკვევა რა და როგორ უნდა წეროს, შემდეგ უფრო ადვილად ახახისხებს და განსჯის მოვლენებს, გამოაქვს აზრი, სვამს კითხვებს და პასუხობს. როგორი იქნებოდა, მათემატიკაში მხოლოდ წიგნში დაბეჭდილ ამოცანებს იზეპირებდე და ამოხსნით კი – არაფერს ხსნიდე?.. მე არ ვიცი როგორი არის ან უნდა იყოს მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ ამის მიღწევაში სკოლის მოსწავლეს წერა რომ დაეხმარება, ნათელია. 
ზოგჯერ მასწავლებლებსაც ერევათ შემოქმედებითი პროცესი და მხატვრული ტექსტი. შემოქმედებითი პროცესი შეიძლება იყოს ქიმიური ფორმულის ამოხსნაც და დავალების წერაც, მთავარია როგორი განწყობით მიხვალ შენ ამ სამუშაოსთან. ძალიან კარგი სიტყვაა დავალება, რაც ალბათ პასუხისმგებლობის გრძნობის გაჩენას და დანახვასაც უწყობს ხელს ადრეულ ასაკშივე, მაგრამ ამ სიტყვას ცუდი შინაარსი აქვს შეძენილი ჩვენში. ეს არის ერთგავრი ვალდებულება, იძულება, გინდა თუ არა გასაკეთებელი რამ..
მარიო ვარგას ლიოსა თავის წერილში „სამყარო რომანების გარეშე” წერს: „ბორხესი ღიზიანდებოდა, როდესაც ეკითხებოდნენ: “რა საჭიროა ლიტერატურა?” ეს სულელურ შეკითხვად მიაჩნდა და ასე პასუხობდა:”არავის აინტერესებს, რა სარგებლობა მოაქვს კანარის ჩიტის გალობას ან განთიადისას ცაზე მიმოფანტული ღრუბლების ხილვას”. ასე რომ, ნუ თუ მაინც დასვამთ კითხვას, რა საჭიროა თემის წერა, ესეიგი თქვენ ის არასოდეს დაგიწერიათ მცირე პერიოდში მოთავსებული სისტემატიურობით მაინც, სცადეთ დაწერეთ, სხვებსაც ურჩიეთ და მერე, საითაც არ უნდა მიუბრუნდეთ ცხოვრებას, უფრო ვრცელი გამოჩნდება თქვენი რეალური თუ წარმოსახვითი წარსულიც, აწმყოც და იქნებ მომავალიც. 
         

ერთი ოთხიანის გამო

0
ზაზა ჩემი მეგობარი არასოდეს ყოფილა, პარალელურ კლასში სწავლობდა და არც ის ვიცოდი, ისიც ჩემსავით „არსენალის” ფანი თუ იყო. სხვა თუ არაფერი, სხვანაირად გამოველაპარაკებოდი მაინც: მეგონა, ჩუმი, უცნაური და დაძაბული ტიპი დამხვდებოდა, ამიტომ „ზდაროვა, როგორ ხარ”-ის იქით იშვიათად წავსულვარ. 

ჩუმი ჩანდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ტექნიკურ საგნებში მასწავლებლებსაც ეშინოდათ მისი. დაუნდობელი ყოფილა უვიცობის მიმართ – არც კლასელს პატიობდა და არც მასწავლებელს, ისე დაუნანებლად გაამასხრებდა ხოლმე, თურმე ვერც შეატყობდი.

ვიცანი, იმწუთასვე ვიცანი. ალბათ ათი წელი იქნება, თვალიც არ მოგვიკრავს ერთმანეთისთვის. სუფრის მეორე მხარეს იჯდა, სვამდა, სადღეგრძელოებს არ ტოვებდა და ვიფიქრე, რომ უეჭველად ბანკში მუშაობდა კრედიტ-ოფიცრად: მხოლოდ ბანკის თანამშრომლები სვამენ ასე უზომოდ დასვენების დღეებში, თითქოს სამუშაო საათებიდან გამოყოლილ ნევროზს და დაძაბულობას ალკოჰოლით ალღობენ.

მერე გარეთ გავედით, სიგარეტს მოუკიდა და მხარზე ხელი გადამხვია ძველი ძმაკაცივით. „კლასელები ვართ ბოლობოლო”, – თქვა ღიმილით, „ჰო, პარალელური კლასელები”, – დააზუსტა მაშინვე, ჯიბიდან სმარტფონი დააძრო, უაზროდ, სიჩუმის მოსაკლავად ჩააცქერდა, მერე ისევ ჩაიცურა ჯიბეში.

– შენ არ გეცოდინება, არც გემახსოვრება, – შორს, სიბნელისკენ იყურებოდა, შუქის კვალი ირიბად ეცემოდა სახეზე და გეგონებოდა ბოლი ასდისო, – მე კიდე… რა დამავიწყებს! ყველას დაუძახეს, ყველა აიშალა, წინა მერხებზე ვინც იჯდა. ა და ბე კლასი ერთად ვიყავით რატომღაც, დიდი ოთახი რომ იყო, ხო გახსოვს, იქ. ფრიადოსნები გაყავდათ, პირველი სემესტრის ბოლო იყო და ფოტოები უნდა გადაეღოთ საპატიო დაფაზე გასაკრავად.
– კი, როგორ არ მახსოვს.

– გადიოდა და გადიოდა ხალხი. ათ-ათად მიდიოდნენ და ამაყები, ბედნიერები და გახარებული ბრუნდებოდნენ. მე ერთი ოთხიანი გამომყვა ქართულ ენაში და არ მიწევდა გასვლა, ფორმაც არ ჩამიცვამს, ისე ვიყავი, ჩვეულებრივად.
სიგარეტი ჩააქრო, გაიხედ-გამოიხედა, ურნას დაუწყო ძებნა, ვერ იპოვა და ნამწვი წკიპურტით მოისროლა ჭიშკრის გადაღმა. 

– მწვანე დაფა იყო… არა, წითელი იყო და ზედ მწვანე ფოთლები ეხატა. ბევრი ფოთოლი, გაბნეული. იმ ფოთლებზე ფრიადოსნების სურათებს აწებებდნენ. ქვეშ გვარს და სახელს მიუწერდნენ და მორჩა, მთელი კონცერტი ეგ იყო. მაგრამ კონცერტი მერე იწყებოდა: ყოველ დღე, ყველა ბავშვი რომ შენ სურათს ნახავდა საპატიო დაფაზე, შენი სახელი ეცოდინებოდა, ვარსკვლავი იყავი!

გამეცინა, დავეთანხმე. ღვინო მოეკიდა, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩებოდა. სუფრაზე ხომ არ შევბრუნდეთო, შემომაპარა, არა-მეთქი, დამეზარა, ნახევარზე მეტი ხალხი აშლილი იყო უკვე, ზოგი ცეკვავდა, ზოგიც წასასვლელად ემზადებოდა. 

– ჰოდა, იმას ვამბობდი, უკვე უნდა დამთავრდეს ეს კონცერტი, ფრიადოსნები მორჩნენ ჩაკარტიჩკებას, კლასელებში ბაქიბუქობასაც მორჩნენ და ბოლო ათი უნდა გავიდეს ფოტოგრაფთან. დამრიგებელმა სია ამოიკითხა და მთელ ოთახს მოავლო თვალი. ბოლო რიგში მშობლები ისხდნენ, აქტიური და უსაქმური მშობლები, შვილებს რომ დაყვებიან ხოლმე, მთელი სკოლის ალიან-ჩალიანი რომ იციან. სიის ჩამთავრება იყო და ათი ბავშვი წამოიწია მერხიდან, შემოსასვლელისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით, შესასვლელთან პატარა საცობიც კი შეიქნა. დამრიგებელი ჯერ თვალით ითვლიდა, შემდეგ შემობრუნდა და „სადაც ათი იქ თერთმეტიც რომ იყოს არაფერი დაშავდება ღმერთმანი თამთა შენ ერთი ოთხიანი გყავს არაუშავს გამოასწორებ ერთი ოთხიანის გამო ხომ არ დაიჩაგრები ადექი ახლავე და შენც გადაგიღებენ ფოტოს” – თქვა ღიმილით, სხაპასხუპით და უნებურად ბოლო მერხისკენ გაექცა თვალი: თამთას დედა, ქალბატონი ირინე არც მალავდა, რომ ფრიად კმაყოფილი იყო.

ზაზამ მუშტში ჩაჭყლიტა სიგარეტი და ისევ შორს, სიბნელეს გაუშტერა თვალი.

– და თამთაც შემოსასვლელის საცობში აღმოჩნდა. რიგში. მაშინ შევამჩნიე: ფორმა ეცვა, შავი კაბა და ქათქათა პერანგი.  უცებ შემზიზღდა ყველაფერი. უცებ ოფლის და ძღნერის სუნი დადგა. თამთასთვის ნაჩუქარი ყვავილებიც შემზიზღდა, ის სიტყვები, მას რომ ვეუბნებოდი ჩუმად დერეფანში, კიბესთან, ფიზკულტურის გაკვეთილზე. ჩემი სულელური საქციელებიც შემზიზღდა, თამთას დედისთვის რომ თავის მოწონებას ვცდილობდი. თვალები სიბრაზის ცრემლით მქონდა სავსე და ვერც დამრიგებელს ვუთხარი, რომ პატარა მათხოვარი ქალია და ხათრის გამო ყველაფერს დაიკიდებს. ვერც ვეტყოდი, იმიტომ რომ შემარცხვენდა და ხმას გამაკმენდინებდა: „ა, ხო, სულ დამავიწყდა: შენც ხომ ერთი ოთხიანი გყავს!” ეს რომ ეთქვა, მოვკვდებოდი, თავს მოვიკლავდი. ამიტომ არაფერი ვთქვი და სკოლა ისე დავამთავრეთ, თამთასთვისაც არაფერი მითქვამს, არაფერი მიგრძნობინებია. ოღონდ ეგ იყო: იმის მერე არც დერეფანში გამყავდა ჩუმი, ყველასგან დამალული სიტყვების სათქმელად, არც კიბესთან, არც ფიზკულტურის გაკვეთილზე ვეჩურჩულებოდი. არც ერთი სიტყვა. მხოლოდ ნიშნები. ნიშნები და საპატიო დაფა, წითელი ფონის მწვანე ფოთოლზე დაწებებული ფოტო.

ძალისხმევის დაფასება ეფექტური სასწავლო მოტივატორია

0
დღეს ბევრს ვსაუბრობთ მოსწავლეთა მოტივაციაზე. ეს გასაგებიცაა, რადგან მოტივაცია არ არის მუდმივი სიდიდე, ის იცვლება განწყობილებისა და სიტუაციის მიხედვით, კონკრეტული საგნის შესწავლისას, პედაგოგის გავლენით და ა.შ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციის კანონების ცოდნას, თუმცა რაც უნდა თავი გამოვიჩინოთ ამ კანონების ცოდნით და შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობით, ფაქტია, რომ წარმატებას ყოველთვის ვერ ვაღწევთ და სწავლის დაბალი მოტივაციის ან სულაც არამოტივირებულობის გამო ბევრი მოსწავლე ჯერ კიდევ თავდახრილი უზის სკოლის მერხს და იმედოვნებს, რომ საპასუხოდ არ გამოიძახებენ. ზოგი ნერვიულობისგან ცუდად ხდება, ზოგიც იგვიანებს ან საერთოდ აცდენს მეცადინეობას გაკვეთილის არცოდნის შიშით.
მოტივაციის მიზეზები არაერთგვაროვანიაწარმატების სიტუაცია თუ სასწავლო მოტივაციის განმაპირობებელი რომელიმე ფაქტორი კარგად ვერ მუშაობს, შედეგი აუცილებლად იქნება ცუდი მოსწრება. მაგრამ პრობლემა ამით არ მთავრდება – ცუდი მოსწრება, თავის მხრივ, მოსწავლის დაბალი მოტივაციის ან არამოტივირებულობის მიზეზად იქცევა და პროცესი თავიდან იწყება. 
სასწავლო მოტივაციის ფაქტორები:
1.წარმატების სიტუაცია
2. ემოციური ატმოსფერო
3.დიფერენცირებული მიდგომა
4.მუშაობის მრავალფეროვანი მიდგომები
მასწავლებლები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ მოსწავლის დასაინტერესებლად და მოტივაციის ასამაღლებლად. მათ შორის ყურადსაღებია თავად ცუდი მოსწრების მქონე ბავშვების განსაკუთრებული მოტივატორის – ე.წ. კომპესატორული მოტივაციის – გათვალისწინებაც. კომპესატორული მოტივაცია გულისხმობს სასწავლოსთან ერთად სხვა საქმიანობის მოტივის არსებობასაც, რომელიც საშუალებას აძლევს ცუდი მოსწრების მოსწავლეს, თავი დაიმკვიდროს სხვა სფეროში – სპორტში, ხატვაში, მუსიკაში, ასევე – ოჯახში მცირეწლოვნებზე ზრუნვით და სხვ. როდესაც თვითდამკვიდრების მოთხოვნილება მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებულია, დაბალი მოსწრება აღარ არის მისი ღირსების განმსაზღვრელი და უფრო ადვილად ეხსნება გზა სასწავლო პროცესში წარმატებისთვის. კომპენსატორული მოტივაციით მოსწავლე იძენს საუთარი თავის რწმენას, რაც შემდგომი წარმატების საფუძველი ხდება.
მოსწავლის სწრაფვა „თვითდამკვიდრებისკენ” და იმის რწმენა, რომ მას „რაღაც” შეუძლია, მასწავლებელს საშუალებას აძლევს, საყრდენ წერტილად გამოიყენოს ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი და მასზე ააგოს მოსწავლესთან მუშაობის ინდივიდუალური გეგმა. სწავლების მეთოდებს შორის არის მიდგომები, რომლებიც, მართალია, პირდაპირ არ უკავშირდება მოსწავლეთა კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მაგრამ ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პრაქტიკაში. ასეთი მიდგომები მთლიანად მოსწავლის დამოკიდებულებებზეა ორიენტირებული და ორ ნაწილად იყოფა: 
ა) მოსწავლის ძალისხმევის გაძლიერება და
ბ) მისი წარმატების აღიარება. 
იმის რწმენა, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, ადამიანის ეფექტურობას ზრდის. წარმატებას უნარებთან, ახლობლების დახმარებასა და იღბალთან ერთად ძალისხმევაც უწყობს ხელს, რადგან იღბალმა შესაძლოა ყოველთვის არ გაამართლოს, არც ახლობლების დახმარებაა მუდმივი, საკუთარ უნარებშიც კი შეიძლება დაეჭვდეს ადამიანი, მაგრამ იმის რწმენა, რომ შენი ძალისხმევა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიღებს შედეგს, ყველაზე სასარგებლოა. შესაბამისად, თუ მოსწავლეს სჯერა, რომ წარმატება ძალისხმევით მიიღწევა, ყოველგვარ ვითარებაში მთავარი სამოტივაციო იარაღი წარმატების მისაღწევად მის ხელშია. მაგრამ ამის დაჯერება არც ისე ადვილია, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ძალისხმევასა და ეფექტურობას შორის კავშირურთიერთობის წარმოჩენას (ბ. ვაინერი, 1972, 1983). 

რა პრობლემური საკითხები შეიძლება წამოიჭრას ასეთი კავშირურთიერთობის წარმოჩენისას? 

·ყველა მოსწავლისთვის როდია გასაგები, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება იმის რწმენას, რომ მისი ძალისხმევა დაფასდება: უფროსებისგან განსხვავებით, რომლებმაც პრაქტიკული გამოცდილებით იციან ძალისხმევის ფასი, მოსწავლეებისთვის ეს ძნელად სარწმუნოა, მათ უჭირთ გააზრება, რა პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ მიერ გაღებულ ძალისხმევას გასაკეთებელი სამუშაოს საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, მასწავლებლებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ მოსწავლისთვის რწმენის გაღვივება, რომ ძალისხმევა ყოველთვის გამოიღებს შედეგს. მასწავლებლები ასეთი რწმენის მაგალითს საკუთარი ცხოვრებითაც უნდა იძლეოდნენ.
·მოსწავლეებმა შესაძლოა შეიცვალონ დამოკიდებულება და ძალისხმევაზე ორიენტირებულები გახდნენ: დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის იმის ჩვენებას, რომ ძალისხმევის რწმენას შეუძლია, მიზნის მიღწევა გააადვილოს. ასეთ დროს იმ მოსწავლეებსაც კი, რომლებიც თავდაპირველად არ ამჟღავნებდნენ რწმენას, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებდა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში გაუღვივდეთ ეს რწმენა და თავდაჯერება იგრძნონ. ის მოსწავლეები, რომლებიც ხედავენ ურთიერთკავშირს ძალისხმევასა და წარმატებას შორის, უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ის მოსწავლეები, რომელთაც მხოლოდ დროის მართვისა და ახალი მასალის ათვისების სხვადასხვა მეთოდი ისწავლეს. 
რა პრაქტიკული სავარჯიშოები უნდა განვახორციელოთ კლასში, რომ მოსწავლეებს ძალისხმევა გავაძლიერებინოთ? ანუ როგორ „ვასწავლოთ ძალისხმევა”? რა ეფექტური ხერხები გამოვნახოთ ძალისხმევასა და დაფასებას შორის ურთიერთკავშირის დასანახავად? 
·ძალისხმევის მნიშნელობის ახსნა მასწავლებლის მიერ (საუბარი რწმენაზე); 
·ძალისხმევის შედეგი წარმატებაა (პრაქტიკული ცხოვრებისეული მაგალითები; ისტორიები გამოჩენილ ადამიანებზე: 
ა) მასწავლებელი მოსწავლეს უზიარებს თავის პიროვნული გამოცდილებას / იმას, თუ როგორ აგრძელებდა მცდელობას, მიეღწია დასახული მიზნისთვის მაშინაც კი, როცა წარმატება აუხდენელ ოცნებად ეჩვენებოდა;
ბ) მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეებისთვის საყოველთაოდ ცნობილი მაგალითებიც მოიყვანოს;
· დავავალოთ მოსწავლეებს, მოიძიონ ანალოგიური მაგალითები ცნობილი ადამიანების (პოლიტიკოსების, მეცნიერების, გამომგონებლების, ათლეტების, სპორტსმენების და სხვ.) ცხოვრებიდან;
·მოსწავლეებმაც შეიძლება მოიყვანონ მაგალითები იმ პირადი გამოცდილების შესახებ, როცა მათი წარმატება უკავშირდებოდა მათსავე გადაწყვეტილებას, არ შეეწყვიტათ მცდელობა და გაეგრძელებინათ დასახული მიზნისკენ სწრაფვა. 
პრაქტიკული მაგალითი: თემა – ოლიმპიური თამაშებიდავალება: 
მოიყვანეთ მაგალითები ცნობილ სპორტსმენთა ცხოვრებიდან, რისთვისაც მცირე ჯგუფები მოამზადებენ ინფორმაციას აღნიშნულ თემაზე და გაკვეთილის 10 წუთი დაეთმობა იმ ისტორიების განიხილვას, როგორ ინარჩუნებდნენ საკუთარი თავის რწმენას მიზნისკენ სწრაფვისას, მაგალითად, ათლეტები;
მოსწავლეებმა წარმოადგინონ საკუთარი მეთოდი, როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი აკადემიურ სირთულეებს და როგორ უნდა შეახსენოს საკუთარ თავს, რომ მცდელობის გაგრძელება აუცილებელია. 
ასეთი მაგალითებით მოსწავლეებს ვაჩვენებთ, რა მნიშვნელოვანია მიზნისკენ სწრაფვა და რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში მიზნის მიღწევისთვის განუწყვეტელ ბრძოლას. 

მაგრამ ზოგი მოსწავლისათვის ძალისხმევის შესახებ სწავლება შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. უფრო მეტიც – აუცილებელი იყოს პირდაპირი კავშირის დანახვა ძალისხმევასა და წარმატებას შორის. ასეთი კავშირის დემონსტრირების შესანიშნავი საშუალებაა შემდეგი აქტივობა: 

ვთხოვოთ მოსწავლეებს, გააკეთონ ჩანაწერები საკუთარი გამოცდილების შესახებ; პერიოდულად ჩაინიშნონ, რა ძალისხმევა გაიღეს და როგორ დაეხმარა მათ ეს ძალისხმევა კონკრეტული მიზნის მიღწევაში. 
ასეთ დავალებას მოსწავლეები ადვილად შეასრულებენ, თუ მივცემთ რუბრიკებად დაყოფილ დიაგრამას სათაურით: „კავშირი ძალისხმევასა და მიღწევებს შორის” 

მიღწევის რუბრიკის კრიტერიუმები:
  • მე მოთხოვნილზე უკეთესად შევასრულე დავალება
  • მე ზუსტად შევასრულე დავალების მოთხოვნა
  • მე გარკვეულწილად შევასრულე დავალება, მაგრამ ვერ დავაკმაყოფილე დავალების ყველა მოთხოვნა 
  •  მე ვერ შევასრულე დავალება

რუბრიკებზე დაყრდნობით მოსწავლეები ყოველდღიურად ჩაინიშნავენ ინფორმაციას თავიანთი ძალისხმევისა და მიღწევების შესახებ და ამ გზით მასწავლებელი დაეხმარება მათ ძალისხმევასა და მიღწევებს შორის ურთიერთკავშირის დაფიქსირებაში. ასევე შეგვიძლია, მოსწავლეებს ვთხოვოთ ჩამოაყალიბონ, რა ასწავლა მათ ძალისხმევისა და მიღწევის ერთმანეთთან დაკავშირების კონკრეტულმა გამოცდილებამ – საკუთარ გამოცდილებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრება და დასკვნების წერილობით ჩამოყალიბება მოსწავლეებს ძალისხმევის მნიშვნელობის უკეთ გააზრების საშუალებას მისცემს. 

ასეთი დამოკიდებულებით, ძალისხმევისა და მისი დაფასების კავშირურთიერთობის წინ წამოწევით ხელს შევუწყობთ მოსწავლეებს, წარმატებულები გახდნენ.

ჩვენი ღია წრე

0
ის საღამო ალბათ კარგა ხანს მემახსოვრება. ქალაქში ჯერ კიდევ დადიოდა ვეფხვის აჩრდილი და ყველგან, ცარიელ ქუჩებში, ავტოსადგომებზე, მდუმარე სკვერებში, სადარბაზოებში, შიში იგრძნობოდა. ერთ დღეს, შუა მუშაობაში რომ ვიყავი, მეგობარმა მომწერა, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებისთვის საზაფხულო არტსკოლის გაკეთებას ვაპირებთ და თუ მოიცლი, იქნებ შემოგვიერთდეო. მეორე საღამოს მოსამზადებელ შეხვედრაზე გავყევი. მანქანა ქვაფენილით მოკირწლული ქუჩის დასაწყისში დავაყენეთ და პატარა, მყუდრო აღმართს ავუყევით. ფოთლების შრიალიც კი არ ისმოდა. მივდიოდი და ვფიქრობდი, რა უნდა გვექნა, უცებ ამ გატრუნული ხეების ჩეროში უცებ ვეფხვი რომ გამოჩენილიყო. გულზე ხელი დაიდეთ, ივნისში, რომელიც უსაშველოდ გრძელი და მომქანცველი თვე გამოდგა, ალბათ თქვენც გიფიქრიათ ამაზე, თუნდაც წამიერად.

 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფსიქოლოგების შეკრებაზე აღმოვჩნდი. ჩემი მეგობარი ლიკა ფსიქოლოგია, ფსიქოლოგები არიან მისი მეგობრებიც, ჭკვიანები და გამოცდილები, ზოგი ჩემზე უფროსი, ზოგი ჩემხელა, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე, სხვადასხვა პროფესიული და პიროვნული ინტერესების მქონე ადამიანები. სანამ მე ჩუმად ვიჯექი და ეჭვებს ვებრძოდი, რომელიმე ჩემი ფსოქოლოგიური პორტრეტის შედგენით ხომ არ იყო დაკავებული (ოჰ, ეს სტერეოტიპები!), ისინი საქმეზე საუბრობდნენ, საქმეზე, რომელსაც მოგვიანებით საზაფხულო არტსკოლა „ღია წრე” დაერქვა და უამრავი ადამიანი _ ფსიქოლოგი, მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი, გამომცემელი, სამოქალაქო აქტივისტი _ გაგვაერთიანა თითქოსდა მარტივი იდეის გარშემო: სტიქიით დაზარალებული ბავშვებისთვის ბევრი კარგი დღე გვეჩუქებინა.

მასწავლებლობა ჩემი საქმე არ არის. უფრო მეტიც, მასწავლებლობის მეშინია. ლექციების კითხვას, ასე თუ ისე, მივეჩვიე, მაგრამ დღემდე ღრმად მწამს, რომ მასწავლებელი ვერასოდეს ვიქნებოდი, მასწავლებელი და კიდევ, ფინანსისტი. სხვა დროს ალბათ არ დავთანხმდებოდი ბავშვებთან ლიტერატურაზე საუბარს, მაგრამ ამ შემთხვევაში მივხვდი, რომ უარს ვერაფრით ვიტყოდი.

არ ვიცი, მერამდენედ უნდა ვუთხრა საკუთარ თავს მადლობა იმისთვის, რომ რისკზე წასვლა და ახალი აღმოჩენები უყვარს. არ ვიცი, როგორი ადამიანი ვიქნებოდი, იმ დილით მანქანა დიდი სიყვარულით გამოტანებული ჯადოსნური საჩუქრებით _ გამომცემლობის „წიგნები ბათუმში” გამოცემებით რომ არ გამევსო და „ვიტამინისკენ” მიმავალ გზას არ დავდგომოდი. არ ვიცი, იქნებოდა თუ არა ჩემი ივლისი ასეთი ფერადი, ეს არაჩვეულებრივი ბავშვები რომ არ გამეცნო, ბავშვები, რომლებიც თავად დამეხმარნენ, მათთან ურთერთობის ამ მშინებოდა.

ისინი კითხულობენ, კითხულობენ სხვანაირ წიგნებს და არა ისეთებს, როგორებსაც ჩვენ ვკითხულობდით მათ ასაკში, კითხულობენ და ფიქრობენ სხვანაირად და არა ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობდით. ისინი არიან კრიტიკულები, ჭკვიანები და მომზადებულები. მათთან კამათი რთულია. არც მათი ყურადღების მიპყრობაა მარტივი. ნებისმიერი ამბავი, რომელსაც უყვები, შეიძლება, გუშინ ჰქონდეთ ინტერნეტში ნაპოვნი. ამიტომ მათი ინტერესის დამსახურება პრივილეგიაა, მათი მადლობა _ ბედნიერება.

მათ კარგად იციან, რა არის თავისუფლება. მათ არ ახსოვთ ოთხმოციანი წლების ბოლო და ოთხმოცდაათიანების დასაწყისი, მიტინგები და სამოქალაქო ომი, ტანკებით დამძიმებული რუსთაველის გამზირი და „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”.

ჩვენ მწვანე ეზოში ვსხედვართ და ხმამაღლა ვკითხულობთ დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობას”. გზადაგზა საბჭოთა პერიოდის შესახებ ვლაპარაკობთ _ შიშზე, სასჯელზე, ჩაკეტილ საზღვრებზე, თავისუფლებისაკენ სწრაფვაზე, გაქცევის სურვილზე, თავის დაღწევის მცდელობაზე. ვგრძნობ, რომ მათთვის ეს ყველაფერი ძალიან შორეული და ბუნდოვანია. ვცდილობ, ავუხსნა, როგორ მუშაობდა სისტემა, „როგორ იწრთობოდა ფოლადი”, რატომ დუმდნენ ადამიანები. ვეხებით ადამიანის უფლებებს, საკუთრების არარსებობის პრობლემას, ნდობის დეფიციტს. ვცდილობ, რადიკალური არ ვიყო, მაგრამ მგონი, არ გამომდის.

ვყვები სოსო წერეთელზე, ივერიელებზე, ირაკლი ჩარკვიანზე და ირაკლი კოსტავაზე, ვყვები გეგა კობახიძეზე, რომელიც ჩემთვის დღემდე რჩება ყველაზე სიმპათიურ ბიჭად, ვყვები თინაზე და სხვა გოგოებზე, კარგ გოგოებზე, რომლებმაც საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლეს. ვცდილობ, ობიექტური ვიყო. მგონი, არც ეს გამომდის და საკუთარ თავს ვტუქსავ: „არა, არ გამოვა შენგან მასწავლებელი!”

ბოლოს ბავშვებს ვთხოვ, დაწერონ პატარა თხზულება, ჩემს ბავშვობაში თავისუფალ თემას რომ ვეძახდით, სათაურით „მე რომ საბჭოთა კავშირში მეცხოვრა”. ინტერესით ველოდები შედეგებს. ისინი, სურვილის მიხედვით, ხმამაღლა კითხულობენ საკუთარ ნაწერებს.

„…ალბათ ისე ვიცხოვრებდი, როგორც დანარჩენი მოქალაქეები, დავემორჩლებოდ წესებს, თუმცა ეს წესები ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა.”

„არასდროს გამჩენია და არასდროს გამიჩნდება სურვილი, მეცხოვრა იმდროინდელ საქართველოში…”
„ჩემი თავი ყოველთვის მეამბოხის როლში წაარმომიდგენია, რომელიც სხვისთვის მისაბაძი მაგალითია…”
„მე მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომელთაც სწამთ, რომ შეუძლებელი არაფერია…”
„რთულია, წარმოიდგინო ცხოვრება ისეთ დოგმატურ ექოპაში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. მითუმეტეს, როცა თანამედროვე ტექნოლოგიების, ინდუსტრიისა და უსაზღვრო თავისუფლების სამყაროში ხარ და გაქვს თავისუფალი არჩევანი.”
„ნამდვილად არ მექნებოდა სიმპათიები სახელმწიფოს მიმართ…”

„არცერთი დაღუპული ადამიანის სიცოცხლე არ არის დაკარგული…”

მიხარია, რომ მათ ყველაფერი ასე ესმით, მიხარია, რომ სტერეოტიპებისგან თავისუფალი გონება და სიკეთით სავსე გული აქვთ. ნაწერებს ვაგროვებ და მოვდივარ. უკვე შუადღეა. მალე გასულა ის რამდენიმე საათი, რომელიც, მეგონა, უსაშველოდ გაიწელებოდა.

მოვდივარ და მახსენდება მათი მშვენიერი, ჭკვიანი თვალები, მათი სიტყვები და ზუსტად ვიცი, რომ ყველა წიგნს, რომელიც დავურიგეთ, აუცილებლად წაიკითხავენ, მე კი დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ მათთან ამ წიგნებზე, თუკი საშუალება მომეცემა. ვფიქრობ, რა კარგია, ივნისის ცხელ შუადღეს მეგობარმა რომ მომწერა და მეორე საღამოს შეხვედრაზე რომ წავედი. მიხარია, რომ ერთმა სამეგობრომ და ამ სამეგობროს სამეგობრომ ეს ყველაფერი შეძლო, მიხარია, რომ ბავშვებმა შეძლეს, სულ ცოტა ხნით ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც არასოდეს ვყოფილვარ.
ჩვენი ცხოვრება ალბათ მართლაც ჰგავს ღია წრეს, რომელიც არაფრით ჩაიკეტება იქამდე, სანამ მოგვინდება, ერთმანეთი მივიღოთ და გვიყვარდეს, სანამ მოვახერხებთ, შიშები დავძლიოთ და დავინახოთ სამყარო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

რა ვიცით ილეიზმზე?!

0
არც თუ დიდი ხნის წინ  ქართულენოვან სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტექსტი, რომლემაც სტუდენტ-ახალგაზრდობის, და არა მარტო მათი, დიდი ინტერესი გამოიწვია და,  რომელშიც ავტორი საკუთარ თავს მესამე პირის ფორმით მოიხსენიებდა: „ეს იცის ქალბატონმა ქეთევანმა და ამისი დიდი გამოცდილება აქვს ქ.-ნ ქეთევანს…”. მკითხველის ყურადღება, ძირითადად, ტექსტის შინაარსმა გამოიწვია, თუმცა ენობრივი მხარეც არ გახლდათ უინტერესო. ველოდი, რომ ქალბატონის ილეისტურ ფრაზებს ამ მხრითაც შეაფასებდნენ, მაგრამ ერთი თვალის გადავლებით, ეს არსად გამოჩნდა. მართალია, ფეისბუკის ერაში ვცხოვრობთ, მაგრამ მანამდე ქართულ ტელესივრცესა თუ ბეჭდურ მედიაშიც არაერთხელ გაჟღერებულა ილეისტური ფრაზები ქვეყნის ლიდერთა მხრიდან, მაგ., ასეთი: „ნება მომეცით, რომ… ჩემი ქვეყნის ხმა და ენა ამ დარბაზში გაჟღერდეს. ფაქტიურად ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი მიმართვა ევროპარლამენტისადმი”… და სხვ. მრავალი.

მაინც რა მოვლენაა ილეიზმი?! ან რატომ მოიხსენიებს პირველი პირი საკუთარ თავს მესამე პირის ფორმით.  ტერმინი სათავეს იღებს ლათინური ენიდან, სადაც ille მესამე პირის ნაცვალსახელს (“ის”, „იგი”) აღნიშნავს.  ლიტერატურაში ილეიზმი გამოიყენება, როგორც სტილისტური ხერხი, ყოველდღიურ მეტყველებაში კი მას სხვადასხვაგვარი დატვირთვა შეიძლება მიეცეს. ადრესანტის მესამე პირად თვითგამოხატვა ახასიათებდა მონათმფლობელური თუ ფეოდალური საზოგადოების წარმომადგენლებს, ამჯერად კი დამახასიათებელია სამხედრო ლექსიკისა და აღმოსავლური რელიგიებისთვისაც (ჰინდუიზმი და ბუდიზმი), სადაც ილეიზმის გამოყენება განათლებულობისა და თავაზიანობის ნიშნად აღიქმება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ აღმოსავლურ ენაშიც, მაგ., იაპონურსა და სინჰალაში, მესამე პირის ფორმით II პირისადმი მიმართვა დღესაც ნორმადაა აღიარებული. 

ილეიზმი განსაკუთრებული ფენომენი თუ ჩვევაა, რომელსაც სხვადასხვა _ ენობრივი თუ ფსიქოლოგიური ახსნა თუ საფუძველი შეიძლება დაეძებნოს. ისიც ფაქტია, რომ  მსოფლიოში არაერთი ცნობილი ადამიანი ირგებს ილეისტის სახელს. ესენია: იულიუს  კეისარი (შესაბამისად, უილიამ შექსპირი, რომელიც მის ჩანაწერებს დაეყრდნო), შარლ დე გოლი, სალვადორ დალი, ბობ დოლი, პელე, ბო ჯეკსონი, მწერლებიდან _ გოეთე, ალბერტ კამიუ, და სხვ. ქართულენოვან სივრცეში ილეიზმი გარდა პოლიტიკოსთა თუ საზოგადოების სხვა აქტიურ წევრთა დისკურსებისა, ვლინდება: ორიგინალურ თუ ნათარგმნ ლიტერატურაში, ბავშვთა (დედათა) დაBაზერბაიჯანელთა მეტყველებაში. 

ილეიზმი ბავშვთა მეტყველებაში

ილეიზმი ბავშვთა მეტყველებისთვის დამახასიათებელი უნივერსალური მოვლენაა და გავრცელებულია როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. უცხოურ ბლოგებსა დუ ფორუმებზე შეშინებული დედები ხშირად სვამენ შეკითხვას, თუ რატომ საუბრობენ მათი სამ წლამდე ასაკის შვილები საკუთარ თავზე მესამე პირის ფორმებით, როგორიცაა: “Миша покушал!” “Миша идет спать!” ან: “Bobby want cookie” or “Bobby sit here?”. ამერიკის პედეატრიული აკადემიის ექსპერტები თუ სხვა ექიმები განმარტავენ, რომ ეს არ არის პრობლემა, რომ ეს აღნიშნული ასაკისათვის დამახასიათებელი, სავსებით ნორმალური მოვლენაა, რომელიც ხშირად მშობლების მეტყველების იმიტირების გზით იჩენს თავს და მისგან გათავისუფლების ხერხებსაც ასწავლიან. ჩვენ მიერ ქართველ ბავშვებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ ილეისტურად მხოლოდ მათი 25 % საუბრობს (და, ძირითადად, ასეთი ბავშვები ემიგრანტი ან ბილინგვა მშობლების ოჯახებში იზრდებიან). ამ მოვლენის ფესვები კი მშობლების მეტყველების მიღმა, უფრო ღრმა შრეებშიცაა საძებნი.  

ილეიზმი ლიტერატურაში
ალბათ, ყველას წაგვიკითხავს ჯემალ ქარჩხაძის „იგი”. აქ ამგვარ მაგალითებს ვაწყდებით: „რა უნდა წუხილ იგისგან? _ უხმოდ ჰკითხა იგიმ წუხილს. _ იგი ხომ უკვე ისეთია, როგორიც არიან სხვები?” ან კიდევ: „თავი დაანებოს წუხილმა იგის! _ უხმოდ დაუყვირა იგიმ წუხილს”…  აქ ამგვარი უამრავი მაგალითის მოძებნა შეიძლება, მოთხრობის სათაურიდან გამომდინარე კი,  ისინი ორმაგი ილეიზმის შემთხვევებად შეიძლება შეფასდეს. 
ილეისტურ ფორმები გვხვდება ვაჟას „ალუდა ქეთელაურშიც”. ალუდას და მუცალი ერთმანეთს მესამე პირის ფორმებით გასძახიან: „არ მოგხვდაუა, რჯულძაღლო? _ ისევ ეძახის იმასა. „მუცალს არა სჭირს რჯულძაღლო, ნამტვრევს მაშლიდა კლდისასა”… გაუტეხს ქეთელაურსა საპირისწამლეს რქისასა. „არც ახლა გჭირსა, რჯულძაღლო?! _ ზედაც დაჰყვედრებს იმასა. „არა სჭირს, არა, რჯულძაღლო, ყრმასა გუდანისჯვრისასა”…

იოანეს სახარების მესამე თავში ჰურიათა მთავარს, ფარისეველ ნიკოდიმოსს იესოც ილეისტურად მიმართავს: „რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა” (იოანე, 3: 36). 

ილეისტურია არმაზის ბილინგვაზე აღმოჩენილი უძველესი არამეული წარწერაც: „მე [ვარ] სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა, ფარსმან მეფის პიტიახშისა, მეუღლე იოდმანგანისა, [რომელიც] იმარჯვებდა და ამრავლებდა [ადრე] ჩადენილ საგმირო საქმეებს, [და არის] ეზოსმოძღვარი ქსეფარნუგ მეფისა, ძე აგრიპასი ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, [რომელმაც] სძლია მძლეველნი, რაც ფარნავაზმა ვერ დაასრულა. და, ასე, [სერაფიტი] იყო კეთილი და ლამაზი, ვაება ვაებისა, არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზისა. და გარდაიცვალა ოცდაერთისა წლისა”.

ილეიზმის ნიმუშები ძველ აღთქმაშიც უხვად იძებნება, მეშვიდე ფსალმუნის ერთსა და იმავე ფრაზაში დავით წინასწარმეტყველი ღმერთს მესამე და მეორე პირის ფორმებით ერთდროულად მიმართავს: „უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე უფალო სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო”; 

ძველი აღთქმიდან, ალბათ, უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება. მაგალითები კარგია და ივანე იმნაიშვილისა არ იყოს, ხარს თივაც ვერ მოჰკლავს, მაგრამ საკითხი თითქმის ამომწურავადაა შესწავლილი ენდრიუ ს. მალონის ნაშრომში, რომელშიც ილეიზმი სინტაქსურ და რიტორიკულ ფენომენადაა შეფასებული. 

ილეიზმი აზერბაიჯანელთა მეტყველებაში

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა მეტყველებაზე დაკვირვებით იკვეთება, რომ ქართული ენის შესწავლის საწყის ეტაპზე თითქმის ყველა მათგანი საკუთარ თავზე მესამე პირის ფორმებით საუბრობს. მაგ.: „ალინა უყვარს აირანი “(გულისხმობს, რომ ალინას უყვარს აირანი); „საბინა [მე] უნდა წავიდეს”  (გულისხმობს, რომ თავად უნდა წავიდეს)… ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როდესაც პირველი პირის ნაცვალსახელებს ზმნა აუცილებლად მესამე S პირის ფორმებით შეეწყობა, მაგ.: მეს ძულს მეცადინეობა, მე დაღალა (მძულს მეცადინეობა, დამღალა); მეს ჭირდება წიგნი (მჭირდება წიგნი); მე ყავს ძმა (მე მყავს ძმა); უთხრა, მე ბურთი ეთამაშე (ვუთხარი, ბურთი მეთამაშე-მეთქი) და სხვ… ისე რომ, ენის შესწავლის სხვა ეტაპებზე უკვე თავადვე უკვირთ და ეღიმებათ მანამდე დაშვებული შეცდომებისა თუ უზუსტობების გამო. 

მაგრამ ყველა ზემოთ განხილული შემთხვევა არა მხოლოდ ქართულენოვანი მაგალითების დაძებნის მიზნით არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. მათი საერთო ფსიქოლოგიური თუ ენობრივი საფუძველი შესაძლოა, ქართულ ენაში არსებული უფრო მნიშვნელოვანი ენობრივი მოვლენის (მორფოლოგიური ინვერსიის) გასაღებს წარმოადგენდეს. 

რა შეიძლება იყოს ეს ფსიქოლოგიური საფუძველი?! რატომ საუბრობდნენ ადამიანები უძველეს საუკუნეებში საკუთარ თავზე მესამე პირის ფორმებით ან 21-ე საუკუნეში მაინც რატომ არ იცვლება აქამდე არსებული შაბლონები?! რატომ იზიარებენ გავლენებისა და ძალაუფლების მქონე ადამიანები სამ წლამდე ასაკის ბავშვის მეტყველების ფორმებს თუ პატერნებს?!

აღნიშნულ საკითხებზე დაფიქრება დროულია და ბევრ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტსა თუ კვლევას საჭიროებს. წინსწრებით კი შესაძლებელია ილეიზმის ფსიქოლოგიურ საფუძვლად მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრების დონეზე მივიჩნიოთ  „მე”-ს ობიექტივაცია ქცევის რეგულაციაში.

 „მე”-ს ობიექტივაცია ქცევის რეგულაციაში 

ერთ-ერთი პირველი „მე”-ს ფსიქოლოგი, უილიამ ჯემსი ამტკიცებდა, რომ “მე”-ს ჩვენეული განცდა მოიცავს არა მხოლოდ ჩვენს შინაგან ღირებულებებს, ინტერესებს, ნიშან-თვისებებს, არამედ ჩვენს მეგობრებსაც, ახლობელ ურთიერთობებს და ჩვენს საკუთრებასაც კი. “მე”-ს სოციალურ ბუნებას შემდგომში კიდევ უფრო გაუსვა ხაზი ჩარლზ კულიმ და ჰერბერტ მიდმა. მათ მიაჩნდათ, რომ ადამიანებს “მე” მხოლოდ სხვა ადამიანთა თვალსაზრისით უყალიბდება. კულის ეკუთვნის სოციალუროი სარკის მეტაფორა, ანუ “სარკული “მე”, “მე”-ს ხედვა, რომელიც სხვა ადამიანებთან სიმბოლური, (ლინგვისტური) კომუნიკაციით გვეძლევა. იგი პირდაპირ აღნიშნავდა, რომ “მე”-ს ერთიანობას ინდივიდს ორგანიზებული საზოგადოება, ჯგუფი ანიჭებს. ამრიგად, ჯემსის, კულისა და მიდის თანახმად, “მე” არის სოციალური წარმონაქმნი. იზოლაციაში გაზრდილ ადამიანს “მე” არ უვითარდება, რადგან “მე” სოციალურ გამოცდილებას და უკუკავშირს საჭიროებს. ერთ შემთხვევაში “მე”-ს აქტუალიზაციის გავლენით იზრდება შესრულების პროდუქტიულობა, მეორე შემთხვევაში  _ გადაწყვეტილების გამოტანის სიწრაფე. ამდენად, იგი ხელს უწყობს პიროვნების კიდევ უფრო დადებით თვითპრეზენტაციას, რაც რეალურ და იდეალურ “მე”-ს შორის სახვაობის მნიშვნელოვან შემცირებაში გამოიხატება იდეალური “მე”-ს  (I-ს) მიერ რეალური “მე”-ს (me-ს)  ასიმილირების ხარჯზე. “მე”-ს ობიექტივაცია გავლენას ახდენს საკუთარ ქცევასთან დაკავშირებულ ქმედითუნარიანობის განცდაზე, კერძოდ, აძლიერებს მას. S-ის დარწმუნებულობა, რომ ის შეძლებს მის წინაშე მდგარი ამოცანის შესრულებას, ძლიერდება. “მე”-ს ობიექტივაცია გავლენას ახდენს ადამიანის აფექტურ-ემოციურ სფეროზე, რასაც მოწმობს დეპრესიის მაჩვენებელთა დაქვეითება დეპრესიისადმი მიდრეკილ პირებთან. პიროვნული პრობლემის წინაშე მყოფი ადამიანი ახლა უკვე თვითონ ათავსებს ცნობიერების ცენტრში საკუთარ “მე”-ს და ამით პრობლემის გადაჭრის პირობებს ქმნის.

სამ წლამდე ასაკის ქართულენოვან პატარების მეტყველებაზე დაკვირვებით ამჟამინდელი მონაცემებით მხოლოდ ის იკვეთება, რომ  ობიექტივირებული „მე” მათთვის ხშირად საკუთარ სახელად ფორმირდება ან სულაც „უდა” [უნდა]  მესამე პირისფორმიან ზმნად. როგორც ირკვევა, ეს სულაც არ არის მხოლოდ ქართულენოვანი მოვლენა. რუსულენოვან ბლოგებსა თუ ვებ-გვერდებზე დედები ხშირად შენიშნავენ, რომ მათი 2 წლამდე ასაკის შვილები ობიექტურბრუნვიან “мне”-სა და „меня”-ს უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე “Я”-ს. ბავშვთა განვითარების ინსტიტუტების მიერ კი ნორმადაა შეფასებული 2 წლის ასაკამდე ინგლისურენოვან ბავშვებში I (სუბიექტური „მე”-სა) და me-ს (ობიექტური „მე”-ს) აღრევა. ასე რომ, დატივის კონსტრუქციანი, ობიექტური წყობის ზმნების  (ქართულში) ან ობიექტისბრუნვიანი   “мне”, „me”-ს გამოყენება ინგლისურსა და რუსულ ენებში კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს თვალსაზრისს, რომ ბავშვთა ან ენის შესწავლის საწყის ეტაპზე გამოვლენილი ილეიზმის ფსიქოლოგიურ წანამძღვრად შეიძლება ქცევის რეგულაციაში ჩაითვალოს „მე”-ს ობიექტივაცია.

გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა:

ალექსანდერი  _ Alexander, Catherine M. S., ed. (2003). The Cambridge Shakespeare Library: Shakespeare's times, texts, and stages. Cambridge University Press.
ბალიაშვილი _ ბალიაშვილი, მ., “მე”-ს ობიექტივაციის როლი ქცევის რეგულაციაში (2002), ფსიქოლოგიის მეცნ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბ. 
ლიპა _ Lippa, R. A. Introduction to  Social Psychology, (1990). Baltimor, California, pp. 54-63.
უზნაძე _ უზნაძე, დ., ზოგადი ფსიქოლოგიის საფუძვლები, (1989) ტ. III-IV, „საქართველოს მაცნე”
 წერეთელი _ წერეთელი, გ., არმაზის ბილინგვა (1942), ენიმკის მოამბე, XIII. 
 ჯეიმსი _ The Writings of William James: A Comprehensive Edition, (1978). University of Chicago Press.
ელ-რესურსები:
1.https://www.etsjets.org/files/JETS-PDFs/52/52-3/JETS%2052-3%20499-518%20Malone.pdf
2.https://en.wikipedia.org/wiki/Illeism#mw-head
3.https://en.wikipedia.org/wiki/Illeism
4.https://en.wikipedia.org/wiki/Illeism#mw-head
5.https://www.whattoexpect.com/toddler/language-development/using-the-third-person.aspx https://forum.podolsk.ru/viewtopic.php?f=110&t=65649&start=0&sid=0fd5776c36aebb12c8e59cf07a836152
6.https://conf.7ya.ru/fulltext-thread.aspx?cnf=Psy&trd=11407
7.https://childdevelopmentinfo.com/child-development/language_development/#ixzz3frwJrWww

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...