კვირა, მაისი 4, 2025
4 მაისი, კვირა, 2025

გამოსავალი

0

ამ ზაფხულს უამრავი ადგილის მონახულება მოვასწარი. დროის უმცირეს მონაკვეთში ამდენი ქალაქი არასდროს დამითვალიერებია. აღსანიშნავია, რომ ჩემი მოგზაურობა შინაარსობრივადაც უაღრესად დატვირთული აღმოჩნდა. საქართველოს მივიწყებულ პროვინციებში ვხვდებოდი მასწავლებლებს, მუშებს, დევნილებს, სტუდენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებსა და სოციალურად დისკრიმინირებული სხვა ფენების წარმომადგენლებს. ხან ლექციას ვკითხულობდი, ხან საჯარო გამოსვლებს ვუსმენდი, ხან საველე კვლევას ვატარებდი, ხანაც რომელიმე წარმომადგენლობით კონფერენციაში ვმონაწილეობდი. უკვე ათ მუნიციპალურ ცენტრს ვესტუმრე. ყველა ქალაქი თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობით ამაყობს, ყოველი დასახლების მკვიდრთ თავიანთი ურბანული გარემოს განვითარების გრანდიოზული გეგმები აქვთ, მაგრამ ყველგან შემოსავლების სიმცირეზე, უკიდურეს სოციალურ გაჭირვებასა და ძალაუფლების მქონე დედაქალაქელთა გულგრილობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

საქართველოს თითქმის ყველა ქალაქს განვითარების კუთხით ურთულესი პრობლემები აქვს, მაგრამ ზოგიერთი დასახლების მდგომარეობა ორმაგად დამთრგუნველი მომეჩვენა. ვფიქრობ, ყველაზე მძიმე დღეში ის პროვინციები არიან, სადაც არც მაღარო ფუნქციობს, არც შახტა მუშაობს; სადაც დაცული ტერიტორია ან ტურისტული ზონაც კი არ არის მოწყობილი. აქაურები უცხოეთში ემიგრაციით, ავღანეთის ომში ბრძოლით ან პრიმიტიული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ცდილობენ ფონს გასვლას.

ამგვარ პროვინციებზე ფიქრით შეწუხებულმა, დარდი ტყიბულის თეატრში მყოფ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დირექტორს, ნინო ლეჟავას გავუზიარე, მან კი რამდენიმე შესანიშნავი მოსაზრება გამოთქვა, რომლებიც მინდა თქვენც გაგაცნოთ.

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, დიურენის ოლქში, ერთი პატარა დაბაა, რომელსაც ლანგენბროიხს უწოდებენ. 60-იან წლებში ლანგენბროიხის ერთ პატარა აგარაკზე ჰაინრიხ ბიოლმა დაიდო ბინა. მწერალმა მშვიდ უბანს ნაყოფიერი მუშაობისთვის მიაშურა – იქ მას არავინ ურღვევდა მყუდროებას.

„კლოუნის თვალთახედვის”, „კატარინა ბლუმისა” და „უკაცო სახლის” ავტორი მხოლოდ შემოქმედებითი ნიჭით როდი გამოირჩეოდა – ის უკომპრომისო სამოქალაქო პოზიციის წყალობითაც შევიდა ისტორიაში. ბიოლი განსაკუთრებით თანაუგრძნობდა დევნილებს (რიგით მოქალაქეებსაც და ცნობილ დისიდენტებსაც). მაგალითად, ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა ალექსანდრ სოლჟენიცინთან. ახალი ეპოქის გერმანელ კლასიკოსს ეკუთვნის სიტყვები: „კეთილი იყოს თითოეული დევნილის მობრძანება ჩემს სახლში. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ის კომუნისტური ქვეყნიდან არის გამოქცეული თუ როგორც კომუნისტი არაკომუნისტური რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლია. თუ ალექსანდრ სოლჟენიცინი ჩამოვიდა ჩვენთან, ის აქ მუდამ იპოვის ჩაის, პურსა და საწოლს”.

1989 წელს, ნობელიანტის მეუღლის, ოლქის ადმინისტრაციისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით, ლანგენბროიხში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დევნილი 150 მწერალი, პოეტი და ხელოვანი შეიკრიბა. თავყრილობის ინიციატორებმა შეხვედრაზე ორიგინალურ პროგრამას ჩაუყარეს საფუძველი. მათ სპეციალური სტიპენდია დააწესეს. სტიპენდიას თავიანთი პოლიტიკური პოზიციის გამო დევნილი ხელოვნების წარმომადგენლები იღებენ. ისინი ვალდებულნი არიან, განსაზღვრული ხნის განმავლობაში ლანგენბროიხში იცხოვრონ და თავიანთი შედევრები პატარა ქალაქის მყუდრო გარემოში, ჰაინრიხ ბიოლის სახლში შექმნან.

1989 წლიდან დღემდე დაბაში ყოველწლიურად იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დევნილი მწერლები. აქ უკვე უამრავი „ბესტსელერი” შეიქმნა. ლანგენბროიხში უამრავმა ხელოვანმა გაიცნო ერთმანეთი. ბევრმა საზოგადო მოღვაწემ ბიოლის კარმიდამოში გატარებული დღეების შემდეგ ერთობლივად განაგრძო ბრძოლა დემოკრატიული ღირებულებებისთვის.

ბევრ პატარა ქალაქს ათეულობით მწერლის ღირსეულად მიღების ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია, ამიტომ ისინი აქცენტს ერთი ხელოვანის მასპინძლობაზე სვამენ და მას პირადად სთავაზობენ თავისი შემოქმედების რომელიმე ნიმუშის პატარა ქალაქში შექმნას. ამგვარად მოახერხა არაერთმა უცნობმა დასახლებამ საერთაშორისო აღიარების მოპოვება. ისინი ამაყობენ, რომ რომელიღაც ცნობილმა შემოქმედმა თავისი Magnum opus–ი მათ ქალაქში შექმნა.

მგონი, ღირს ასეთ ინიციატივებზე ფიქრი. მივიწყებულ ქალაქებს, სოფლებსა თუ სკოლებს ახალი სიცოცხლე შეიძლება ხელოვნების ნამდვილმა წარმომადგენლებმა აჩუქონ.

შემდეგი ორმოცდახუთი წელი

0
ჯონ მარკუსი, რომელიც ჟურნალ ,,ტაიმსის” ავტორია  და ასევე ,,ბოსტონ გლოუბსა” და ,,ვაშინგტონ მანთლიშიც” ბეჭდავს სტატიებს, მიმოიხილავს იმ პერსპექტივებს, რომლებიც საერთაშორისო განათლებას მომდევნო 45 წლის განმავლობაში  ელოდება.
საერთაშორისო განათლება მუდამ ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგას. მისი სტანდარტები და მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხშირად სრულიად განსხვავებულია. ერთადერთი საერთო რამ, რაც ჩვენს დროში სხვადასხვა ქვეყნის  განათლების სისტემებსა და ინსტიტუტებს  აქვთ, ისაა, რომ ისინი მუდმივად იცვლებიან.

ამ ცვლილებებს, რომელთაც ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფერნანდო რეიმერი ,,კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ტრანსფორმაციას” უწოდებდა, ჯერ კიდევ 70 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს   ჩაეყარა საფუძველი. თუ მაშინ ბავშვების უმეტესობას პლანეტის ყველა კონტინენტზე სასკოლო განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდა, დღესდღეობით ყველაფერი სხვაგვარადაა. ,,უზარმაზარი პროგრესის მოწმენი ვართ, _ ამბობს რეიმერი, _ და არა მხოლოდ მდიდარ, არამედ ღარიბ ქვეყნებშიც.”

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი შეიძლება იყოს განათლების სისტემა 45 წლის შემდეგ?  ახალი ტექნოლოგიები სრულიად ცვლის ცოდნის მიღების საშუალებებს, განათლება მომავალში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და თანაც უფრო იაფი. დღესდღეობითაც უკვე უპრეცედენტოდ ბევრ ადამიანს შეუძლია სწავლის ყველა საფეხური გაიაროს. სწავლისა და სწავლების პროცესი უდავოდ  უფრო გლობალური მოვლენა გახდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოთა შორის საზღვრები სულ უფრო პირობით ცნებად იქცა. ქვეყნები დღეს უფრო იოლად აღიარებენ სხვა ქვეყანათა მიერ გაცემულ აკადემიურ დიპლომებს, რამაც განათლების მობილობა გაზარდა. უკვე მთავრობებიც კი აცნობიერებენ იმ ფუნდამენტურ კავშირს, რომელიც განათლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არსებობს.

თუმცა, ამ საიმედო პერსპექტივების გვერდით, უეჭველია, მრავალ სირთულესაც ვხვდებით. ზოგიერთი მათგანი უკვე მთელი მსოფლიოს ქვეყნების განათლების სისტემებზე ახდენს ზეგავლენას, ზოგიერთი კი უახლოეს ან მომდევნო პერიოდში წამოყოფს თავს.

სტანდარტიზებული საგამოცდო სისტემის დანერგვამ სწავლების პირველსა და მეორე საფეხურებზე უკვე მრავალი ქვეყნის სკოლებში გამოიწვია ის, რომ მოსწავლეებს ამზადებენ უშუალოდ ტესტირებისათვის და, აქედან გამომდინარე, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მოსწავლეს განუვითარონ არა პრობლემაზე ორიენტირების უნარი, არამედ – მეხსიერება.  პედაგოგები იხლიჩებიან სწავლების ინოვაციურსა და ტრადიციულ მეთოდებს შორის. მრავალ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ განათლება სულ უფრო მეტი ადამიანისათვის  ხელმისაწვდომი ხდება და ხელისუფლებებმაც  აღიარეს მისი აუცილებლობა, იგი მაინც ხშირად ეწირება მსხვერპლად ე.წ. ,,ქამრების შემოჭერის პოლიტიკას”.

მაშინ, როდესაც ბავშვების უპრეცედენტო რაოდენობას ეძლევა განათლების მიღების საშუალება, დაწყებითი და საშუალო კლასების  მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი გამოცდებს ვერ აბარებს. ამასთანავე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა ზრდამ მისი ხარისხის დაქვეითება გამოიწვია.

,,რამხელა ინვესტიციებიც არ უნდა ჩაიდოს ამ საქმეში, სახელმწიფო ინსტიტუტებს უბრალოდ არ შეუძლიათ დააკმაყოფილონ უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა მოთხოვნები. შეიძლება 18 თვეში შენობა ავაგოთ, მაგრამ  18 თვეში ფაკულტეტის შექმნა შეუძლებელია, _ ამბობს ალან გუდმენი, საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის პრეზიდენტი,  _  ეს აუცილებლად დააზარალებს ხარისხს.”

საკითხავია, რამდენად ხარისხიანად და ადეკვატურად ამზადებს არსებული კურიკულუმი სტუდენტებს თანამედროვე, თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვალებად სამყაროსთან შესაგუებლად? რეიმერი ამტკიცებს, რომ სტანდარტული გამოცდები ,,აბსოლუტურად მეოცე საუკუნის მოვლენაა”, ვინაიდან იგი საერთოდ არ ითვალისწინებს განათლების ისეთ უმნიშვნელოვანეს მეთოდებს, როგორიცაა მიზნის დასახვა, თვითმართული სწავლა, ეტაპობრივი დაგეგმვა, ფოკუსირება, გამოცდილებით სწავლა…

ბევრისათვის ოცდამეერთე საუკუნის განათლება ნიშნავს ახალი ტექნოლოგიების უკეთ გამოყენების დაუფლებას და ონლაინ რეჟიმით სწავლებას. ამ უკანასკნელს აქვს პოტენციალი, რომ მალე საყოველთაოდ გავრცელდეს და განათლების ხარჯებიც საგრძნობლად შეამციროს.

ტრადიციული საკლასო ოთახის გარეთ მიმდინარე სასწავლო პროცესი სულაც არ არის ახალი მოვლენა. სწავლების დისტანციურმა კურსებმა და ,,ღია” უნივერსიტეტებმა უკვე რა ხანია ფეხი მოიკიდეს. ტექნიკის განვითარებამ დისტანციური სწავლების პოტენციალი მნიშვნელოვნად გააფართოვა და მას სწავლების ქვედა საფეხურებზე დამკვიდრების საშუალება მისცა. დაბალბიუჯეტიანი საერთაშორისო კომპანიები იყვნენ პირველნი, რომლებმაც შექმნეს უფასო ონლაინ კურსები და ისინი სწავლების პროგრამაში დანერგეს. ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები (ისინიც კი, რომლებიც თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ უფასო კურსების დამკვიდრებას) მძაფრ კონკურენციაში ჩაებნენ ,,საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ონლაინ კურსებთან”, რომლებიც ერთდროულად ათასობით სტუდენტს ემსახურება. და თუმცა ონლაინ სწავლების ეფექტურობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, და როგორც ჩანს, დიდხანს აღარ დარჩება უფასო (ვინაიდან მისი მწარმოებლები ეძებენ საშუალებას, რომ გამოცდები და რამდენიმე სხვა მომსახურება ფასიანი გახადონ), იგი უკვე რადიკალურად ცვლის მსოფლიო განათლებას და უფრო მეტად ინტერნაციონალურს ხდის მას.

შეუძლებელია ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ, როგორი იქნება სწავლება 2060 წლისათვის. შესაძლოა, საკლასო ოთახი წარსულის საკუთრებად იქცეს და იგი შინ მიღებულმა ონლაინ განათლებამ ჩაანაცვლოს. ქვეყნებმა, რომლებსაც ახლა ჩამორჩენილი განათლების სისტემები აქვთ, შესაძლებელია, დაჯაბნონ ტრადიციული ლიდერები და სწავლების განვითარებისათვის ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია _ საერთაშორისო განათლების სამყარო ერთი ადგილის ტკეპნას არ აპირებს.

ჰარმონიის ძიება

0
ნიკოს კაზანძაკისი, მეოცე საუკუნის ბერძენი მწერალი, თავის რომანში „აღსარება გრეკოსთან”,  ერთგან წერს: “სამყარო ჰარმონიას ნიშნავს”. სწორედ ამ ჰარმონიის ძიების რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაა წარმოჩენილი ამ რომანში. საგულისხმოა, რომ ეს ძიება იწყება არა გონების გახსნის ასაკიდან, არამედ თვალის პირველივე ახელიდან. მწერლის აზრით, საბერძნეთმა, ერთადერთმა, შეძლო ქაოსში წესრიგის დამყარება და მას ამ საქმეში შუქი დაეხმარა, რომელიც თურმე “იტალიაში რბილია, ქალური, იონიაში_ძალიან ნაზი, სავსე აღმოსავლური მოულოდნელობებით, ეგვიპტეში სქელი და ავხორცი, ხოლო საბერძნეთში_მთლიანად სულით არის გამსჭვალული. ამ შუქში ადამიანმა შეძლო, სუფთად დაენახა, წესრიგი დაემყარებინა ქაოსში და მისგან სამყარო შეექმნა”. შუქზე მწერლის დაკვირვებები ფერწერულია და ახლოსაა იმპრესიონისტების აღქმასთან. “აღმოსავლეთის ბუნდოვანი, დაუხვეწავი ღაღადისი, საბერძნეთის სინათლესთან შეხვედრისას იწმინდება, ადამიანური ხდება, სიტყვად იქცევა”.

ნიკოს კაზანძაკისის სახელი პირველად გრიგოლ რობაქიძესთან დაკავშირებით გავიგონე და ამ ბერძენი მწერლის სახელი მაშინვე ლეგენდარული ბურუსით შეიმოსა. ვიცოდი, რომ მას ჰქონდა რომანი “ტოდა_რაბა”, რომელშიც აღწერდა ქართულ ლხინს, უწოდებდა მას დიონისურს და, კერძოდ, წერდა: “ამ დიონისურ გარემოში პირველად ვნახე გრიგოლ რობაქიძე. ახლა იგი წარმოდგენილი მყავს, ვით უძლიერესი სულიერი პიროვნება საქართველოსი… გრიგოლი შეზრდილია მითოსის მქმნელ ძალთა არეში რასებისა და ხალხებისა. იგი ცდილობს გახსნას პირველი საიდუმლოებანი, რომელნიც ათას წელთა განმავლობაში საერთოდ ხელუხლებელი იყვნენ, ან მხოლოდ ზერელედ ხელნახლები და გამოაქვს დღის სინათლეზე დასაბამის სიბრძნე, რომელიც გადმოცემულია ზეპიროვნული მეხსიერებით. იგი საქართველოს ათი ათას წლებში გადასულ და დაკარგულ “ატლანტიდაში” ეძებს”. 

მერე კი მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი ნიკოს კაზანძაკისის რომანსაც _”აღსარება გრეკოსთან”, თამარ მესხის მშვენიერი თარგმანის წყალობით. მწერალს რომანში მთელი ცხოვრება წარმოჩენილი აქვს, როგორც ერთი დიდი მოგზაურობა საკუთარი თავისა და ღვთის  შეცნობის გზაზე. ამ შემთხვევაში, იგი დონ კიხოტსაც ედარება, რომელიც, მწერლისავე სიტყვით, „დაიძრა, რომ მარტივ ყოველდღიურობაში, სტვენასა და სიცილში, მოვლენათა მიღმა არსებული არსი ეპოვა”. 

მწერალს ეამაყება, რომ ბერძენია, თანაც კრეტელი და ამიტომაც საგანგებოდ ამზეურებს თავის ფესვებს, წყალს უსხამს, მიწას უფხვიერებს, ელოლიავება, რათა მასზე ამოსული სიცოცხლის ხე მძლავრტოტებიანი, ნაყოფსავსე და შეუდრკელი იყოს. საკუთარი ეროვნებით სიამაყე დიდ პასუხისმგებლობასთანაა გადაჯაჭვული, დიდი ტვირთია, რომლის ზიდვა დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს. მწერალი თვალს გაადევნებს ქვეყნის ისტორიასაც, რომელიც ბნელ სიღრმეებში იკარგება და საკუთარ თავგადასავალს მას გადააწნავს. ერთი მეორეს ხსნის, რადგან მხოლოდ ის ცოცხლობს, რასაც იხსენებენ. საგულისხმოა, რომ ძველი ბერძნული კულტურის დაცემას მწერალი რეალიზმის “მეფობას” უკავშირებს, რომლის შედეგადაც გაჩნდა ურწმუნო, რეალისტური, პიროვნული იდეალებისაგან დაცლილი ელინისტური ეპოქა. რაც მთავარია, დაიკარგა რწმენა სამშობლოს მიმართ. პიროვნულმა ეგოიზმმა იზეიმა. “მოქმედების გმირი ღმერთი ან იდეალად ქცეული ჭაბუკი კი აღარ არის, არამედ_მდიდარი მოქალაქე თავისი ჰედონიზმით და ვნებებით, მატერიალისტი, სკეპტიკოსი და მოქეიფე. ნიჭს გენიალურობის ადგილი ეკავა, ახლა კი კარგი გემოვნება ცვლის ნიჭს და ივსება ხელოვნება კეკლუცი ბავშვებითა და ქალებით, რეალისტური სცენებით, ცხოველური ადამიანებით და ინტელიგენტებით”. თუ ამ კრიტერიუმებით შევხედავთ დღევანდელ ქართულ კულტურას, ვფიქრობთ, უნუგეშოდ ამოვიოხრებთ, რადგან თანამედროვე ხელოვნებაშიც “თავდაჭერილობას კარგავს თავისუფალი ადამიანი, ხელიდან უსხლტება აღვირი, რომლითაც მკაცრ წონასწორობაში თოკავდა ინსტიქტებს”.

მწერლის აზრით, “დიდი ხელოვანი ყოველდღიური ცვალებადი სინამდვილის მიღმა მარადიულ, ურყევ სიმბოლოებს ხედავს”. თვითონაც ასეთი ხელოვანია, მაგარამ ამ სიმბოლოთა დასანახად და შემდეგ გადმოსაცემად დიდი სულიერი გამოცდილებაა საჭირო. მწერალი ბევრს მოგზაურობდა, მაგრამ მთავარი მაინც მისი “სულიერი ლაშქრობები” იყო_იტალიაში, ათონზე, ესპანეთში, იერუსალიმში, პარიზში, ბერლინში, რუსეთსა თუ საქართველოში. ძიების გზაზე მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოგზაურობა ათონის წმინდა მთაზე, სადაც შედგა თუ არა ფეხი მეგობარ პოეტთან ერთად, თითქოს სამყარო შეიცვალა, გაიგო, რომ ჩიტებსაც ჰყავთ თავიანთი ბერები_შაშვები, რომ ყველა ვარსკვლავი ბერი იყო, ქრისტესთვის ეწამნენ დედამიწაზე და მერე აბრაამის წიაღში ავიდნენ_ზეცაში, ცისარტყელა_დედა უფლის სარტყელია. მწერალი დაწვრილებით აღწერს მონასტრებში მოლოცვას. ივერიის კარის ღვთისმშობელზე შენიშნავს, რომ “ადამიანის მთელი სიხარული და მთელი ტკივილი აღბეჭდილა მის სახეზე”. მთელი ეს მომლოცველობა საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან აქ არის სულის ამაღლებისა და დაცემის გულწრფელი აღსარებები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი რწმენის გამომხატველი საოცარი სტრიქონებია, ფრანჩესკო ასიზელს რომ მიაწერს მწერალი: “ვუთხარი ნუშს ხეს, დაო, მიამბე რაიმე ღმერთზე და ნუშის ხე აყვავდა”.

თუმცა სულიერი ძიება არ არის სწორხაზოვანი და არის წუთები, როდესაც ძიება თვითმიზნად იქცევა და არა ღვთის სახლში დაბრუნების წყურვილად. ამ დროს ჩნდება “უძღები შვილის” ამგვარი ინტერპრეტაცია: შინ დაბრუნებულ უძღებ შვილთან ღამით ძმა შევიდა და გაუმხილა, გაქცევა მინდა მამისეული სახლიდანო. უძღებ შვილს ამის გაგება გაუხარდა, გულში ჩაიკრა ძმა და ურჩია, სად და როგორ წასულიყო, თან აქეზებდა, რომ მასზე უფრო ვაჟკაცი და ამაყი ყოფილიყო და არ ეკადრა შინ დაბრუნება, მერე ძმა გააცილა  და გაიფიქრა, იქნებ ეს ჩემზე ძლიერი გამოდგეს და არ დაბრუნდესო.

მწერალს ადამიანის უმთავრეს დანიშნულებად  ქრისტეს სისხლიან ნაკვალევზე სიარული მიაჩნია. ეს არის, მისი აზრით, ადამიანის უმაღლესი მოვალეობა. იერუსალიმში, ათონსა თუ სინას უდაბნოში მოგზაურობა სწორედ ამის წარმოჩენას ემსახურება.

მწერლის უსაყვარლესი წმინდანი ფრანჩესკო ასიზელია (რომლის შესახებ რომანიც აქვს დაწერილი). აქაც გაიელვებს მისი სახე. ფრანჩესკო ღმერთს ასე მიმართავდა ლოცვაში: “როგორ შემიძლია, უფალო, გავიხარო სამოთხით, რაკი ვიცი, რომ ჯოჯოხეთიც არსებობს?  ან შეიბრალე ჯოჯოხეთმისჯილნი და ისინიც სამოთხეში მოახვედრე, ან მეც ჯოჯოხეთში განმაწესე, რომ ნუგეში ვცე მათო”. მაგრამ უპირველესი და უმთავრესი მწერლისთვის ელ გრეკოა, დიდი კრეტელი წინაპარი, რომელმაც ტოლედოში ფერწერის შედევრები შექმნა და ადამიანის სულს შესაძლებლობა მისცა, რწმენის ცეცხლით აბრიალებულიყო.

საოცარია ნიკოს კაზანძაკისის ფიქრები ელ გრეკოზე, რომელმაც “ანგელოზებს ისეთი დიდი ფრთები დაუხატა, რომ ეკლესიას კანკალი დააწყებინა”. მის ტილოს “ამაღლებას” კი ასე აღწერს: “ქვემოთ მცველებია_ მოყვითალო, მომწვანო, მოცისფრო ფერებში. პირაღმა ამოტრიალებულან. ხოლო ამ ჭრელა_ჭრულა, შეპყრობილი მასიდან, გამართული, ვითარცა გრძელღეროიანი შროშანი, თეთრად აღიმართება ქრისტე_ღვთაებრივი ისარი, ზეცისკენ მიმსწრაფი, რომელმაც დაამარცხა მატერიის სიმძიმე და სიკვდილი”.

მწერალი რომანში ხატავს, თუ როგორ დაიძრა მისი ყველა მოგზაურობა ადამიანისგან და აუყვა აღმართს ღვთის, უმაღლესი მწვერვალის მისაღწევად. რომანი  სავსეა უმშვენიერესი ამბებით, პოეტურ_ფილოსოფიური განსჯანი მკითხველს ადამიანის სულის ლაბირინთებში დაატარებენ. მწერალი ერთგან იხსენებს ასკეტს, წმინდა მთაზე რომ შეხვდა. მას არყის ფოთოლი ეჭირა ხელში, უცქერდა დღის შუქზე და თვალთაგან ცრემლები სდიოდა. შევჩერდი გაოცებული. ვკითხე: “რას ხედავ, წმინდა მამაო, ამ ფოთოლში და ტირი?” “ქრისტეს ვხედავ ჯვარცმულს”,_მიპასუხა. შემოაბრუნა ფოთოლი და უეცრად სახე სიხარულისაგან გაუბრწყინდა: “რას ხედავ ახლა ამ ფოთოლში და ასე გიხარია?_ ვკითხე ისევ. “ქრისტეს აღდგომილს ვხედავ, შვილო ჩემო”.

მწერალი ოცნებობს, რომ შემოქმედსაც შეეძლოს დედამიწის ყველაზე უმნიშვნელო ელემენტში, მწერში, ლოკოკინაში ერთ წვეთ წყალში, მთელი თავისი მღელვარებანი და მთელი თავისი იმედები დაინახოს და არა მარტო თავისი, არამედ მთელი სამყაროსი! დაინახოს ადამიანი ჯვარცმული, ადამიანი აღდგომილი, ყოველი თავისი გულისცემისას იგრძნოს, რომ ჭიანჭველები, ვარსვლავები, მოჩვენებანი, იმედები_ყველანი ერთი დედის მიერ ვართ შობილნი, ყველანი ვიტანჯებით და ვიმედონებთ, რომ ერთი დღეც დადგება, როცა თვალებს გავახელთ და დავინახავთ, რომ ყველანი ერთნი ვართ და ვცხონდებით”. ნიკოს კაზანძაკისი თვითონ არის ასეთი სულის შემოქმედი და სამყაროს გადამრჩენად იმ მშვენიერებას მიიჩნევს, რომელიც ადამიანურ ენაზე ღმერთად იწოდება.

მარათონი როგორც ბრძოლის ველი

0

რამდენიმე დღის წინ 26 წლის კირან განდიმ, რომელიც მთელი წელი აქტიურად ემზადებოდა ლონდონის მარათონისთვის, 26,2 მილი გაირბინა, მაგრამ მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში არა დაფარული მანძილის, არამედ თავისი პერიოდის წყალობით მოხვდა, რომელიც მარათონს დაემთხვა. ჰარვარდის ბიზნესსკოლის მაგისტრმა და Thievery Corporation-ის დრამერმა იცოდა, რომ შესაძლოა მენსტრუაცია ჰქონოდა, მაგრამ ტამპონი არ გამოუყენებია. დასვრილმა შარვალმა, ცხადია, შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე.

„შარშან მარათონში ჩემი მეგობარიც მონაწილეობდა. მასაც კრიტიკული დღეების წინა პერიოდი ჰქონდა და ბიუსტჰალტერში პატარა ტამპონი შეინახა, საჭიროების შემთხვევაში რომ გამოეყენებინა. ამის გამო მკერდთან პატარა ნაიარევი გაუჩნდა. მისი გამოცდილების გათვალისწინებით, უარი ვთქვი ტამპონზე. როდესაც სისხლდენა დამეწყო, ვიფიქრე, რაც არის, არის-მეთქი, და ვიგრძენი, რომ გავძლიერდი.

სირბილის დროს იმაზე ვფიქრობდი, როგორი დამოკიდებულება აქვთ ქალებსა თუ მამაკაცებს მენსტრუაციის მიმართ – თითქოს ის არც კი არსებობდეს. მასზე საუბარი რთულია; არ ვიცით, როგორ გამოვხატოთ მენსტრუაციით გამოწვეული ტკივილი სამუშაო ადგილზე და არც იმ განსხვავებებს ვაცნობიერებთ და ვაღიარებთ, ქალსა და კაცს შორის რომ არის. ქალები ვერ იქნებიან საკმარისად სოციალიზებულები და ვერ ისაუბრებენ თავიანთი სხეულის ფუნქციებზე, სანამ ყველა ჩუმად იქნება და სხვები არ დაინახავენ, რომ ეს ხდება”.

2014 წლის ივლისში 800–მეტრიანი დისტანცია გაირბინა ორსულობის მერვე თვეში მყოფმა ალისია მონტანომ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ხუთგზის ჩემპიონის სარბენ ბილიკზე გამოსვლას ნაკლებად შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა და საზოგადოებისთვისაც სხვაგვარ გზავნილს წარმოადგენდა, ვიდრე კირანისა, ამ ორ ამბავს შორის პარალელის გავლება ადვილია.

ქალებმა ისე უნდა მოახერხონ თავიანთ ბუნებასთან, სხეულთან, ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება, რომ არ დაუპირისპირდნენ საზოგადოების მიერ მათთვის დაკისრებულ როლს, მათ შესახებ არსებულ რწმენა-წარმოდგენებს, რაც სულაც არ არის ადვილი. როცა დავფიქრდი, მივხვდი: იმის გაცნობიერებიდან, რომ გოგო ხარ, საკუთარ სხეულთან ჰარმონიის მისაღწევად უმეტესობას მრავალი წელი სჭირდება; არიან ისეთებიც, ვინც ფიზიოლოგიასთან ბოლომდე გაუცხოებული რჩება.

თანამედროვე გამოწვევები კიდევ უფრო ამძაფრებს დისკომფორტს საკუთარი სხეულის გამო: რეკლამები, რომლებიც გაიძულებენ, იყო უნაკლო – არ გქონდეს არც ერთი ზედმეტი ღერი თმა, გრამი, ნაოჭი; მოდის ინდუსტრია, რომელსაც ფეხი უნდა აუწყო; გარშემო მყოფები, რომლებსაც სიამოვნებას ჰგვრის სხვის პირად სივრცეში შეჭრა და პერსონალური დეტალების განხილვა, ცხადია, ქალსა თუ გოგონაზე მძიმედ მოქმედებს. როცა, ამასთან ერთად, ბუნებრივი მოვლენები – მაგალითად, ისეთი, როგორიც არის მენსტრუაცია, სექსი, მკერდის გაზრდა, თმის ამოსვლა – ტაბუდადებულია და მათზე გულახდილად საუბარს მოზარდი ვერავისთან ახერხებს (ან მხოლოდ თანატოლებს ესაუბრება ჩუმად), შესაძლოა, პრობლემების მთელი კასკადი წარმოიშვას.

გარდა იმისა, რომ არ გამოუვა საკუთარი სხეულის შეყვარება, მისი მოსმენა, მარტივად და ჯანსაღად ცხოვრება, გოგონას არ ეცოდინება, რა ნორმალურია და რა – არა, ამიტომ შესაძლოა, ძლიერ ტკივილს ან ხანგრძლივ ციკლს ითმენდეს და იღებდეს ისე, როგორც ნორმალურს, დაემართოს გადამდები დაავადება დამცავი საშუალებების გამოყენების არცოდნის გამო, მიმართოს „ხალხურ” მეთოდებს „სილამაზისთვის” (ამის თვალსაჩინო მაგალითია ბოლო წლებში ლეღვის ნახარშით დამწვრობის გახშირება), შეცდომით მიიღოს მედიკამენტი ან სწორად ვერ აარჩიოს ჰიგიენური საშუალება, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მენსტრუაციის სახელიც კი გვაშინებს და „იმად” მოვიხსენიებთ, სექსი, ოჯახურ ურთიერთობაშიც კი, სირცხვილად არის მიჩნეული, ტაბუდადებულ თემებზე ერთმანეთთან საუბარს გაურბიან დედები და შვილები, წყვილები, ექიმები და პაციენტები, მასწავლებლები და მოსწავლეები. ერთი ბოლოდროინდელი რეკლამა მახსენდება: ნო–შპა ამბობს, რომ ის ყველა ქალის ჩანთაში უნდა იდოს. არა, ბატონო, ნო–შპა არ უნდა იდოს ყველა ქალის ჩანთაში, ზოგს სრულიად უმტივნეულო მენსტრუაცია აქვს, მან კი, ვისაც სტკივა, სანამ ჩანთაში რეკლამით შთაგონებულ ნოშპას ჩაიდებდეს, ექიმთან უნდა მივიდეს – შესაძლოა, ტკივილს საკმაოდ სერიოზული მიზეზიც ჰქონდეს, მაგრამ თუ ამაზე არ ვისაუბრეთ, თუ კითხვები არ დავსვით, თუ სერვისი არ მოვითხოვეთ, თუ შეგვრცხვა, შესაძლოა, მართლაც ნო–შპას ამარა აღმოვჩნდეთ.

დიახ, სისხლით დასვრილი შარვალი, ცოტა არ იყოს, არასთეტიკურია და მძაფრ ეფექტს ახდენს. მსოფლიოში ალბათ ძალიან ცოტა გოგოს თუ ეყოფოდა გამბედაობა, ასე დამახსოვრებოდა მილიონობით ადამიანს. მადლობა კირანს, რომ ეს გააკეთა. დიახ, საშიშია სარბენ ბილიკზე რვა თვის ორსულის დანახვა, მაგრამ საჭიროა და მნიშვნელოვანი. მაშინ როცა მილიონობით ქალს ორსულობის ან მცირეწლოვანი შვილის გამო არასასურველ კადრად მიიჩნევენ, როცა ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ქალის მთავარი საქმე დედობაა, ქალებმა ყველგან, სადაც შეგვეძლება, უნდა ვთქვათ, რომ ორსულობა დაბრკოლება არ არის, არც ბავშვია ხელის შემშლელი გარემოება და ჩვენ, სახლში ფუსფუსთან ერთად, ჩვენი საყვარელი საქმეებიც გვაქვს, რომლებიც გვინდა ვაკეთოთ, განურჩევლად ოჯახური მდგომარეობისა და სოციალური სტატუსისა. ადამიანებმა (და, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქალებმა) უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ბუნებაზე, ჩვენს სხეულზე, მის ციკლებსა და პერიოდებზე, ნიშან–თვისებებსა და თავისებურებებზე, რათა  ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც უფრო ჯანმრთელად და ჰარმონიულად ვიცხოვროთ. ვილაპარაკოთ ყველგან, სადაც ამის საშუალება გვექნება: პრესის ფურცლებზე, საკლასო ოთახებში, წითელ ხალიჩებზე, საპროტესტო აქციებზე, სამზარეულოებში, სოციალურ ქსელებში თუ მარათონებზე.

აგვისტო. დაბრუნება

0
ჯეი ჩემი ამერიკელი მეგობარია. ორი წლის წინ „დაივში” გავიცანი, ლუდს სვამდა, იღიმოდა და საქართველოზე ლაპარაკობდა. ჯეის საქართველო ისეთი სულაც არ იყო, როგორიც ჩემი ან შენი საქართველოა. შორიდან განსაკუთრებით ლამაზია უცხო მიწები. უცხო ადამიანებიც. როცა ახლოს ხარ, ხანგრძლივად ახლოს, სულ გაქცევა გინდება. გაიქცევი, დასახლდები ახალ მიწაზე და ნოსტალგია უცებ ისე ეფექტურად, ისე მოულოდნელად დაგატყდება თავს, როგორც რომელიმე კარგი ფილმის კარგი ოუფენინგი. 

იმ დღეს მე და ჯეი სამშობლოებზე, სხვა ხალხზე და ჩვენს ხალხზე, გაქცევებზე და დაბრუნებებზე ვლაპარაკობდით. იმ დღესვე შევთანხმდით, რომ ჩვენი შეყვარებულებიც უფრო მეტად შორიდან გვიყვარს ხოლმე, კამბოჯადან ან ისლანდიიდან. იმაზეც შევთანხმდით, რომ ტეხავს. მაგრად ტეხავს. და ნამდვილი სიყვარული ყოველდღიური ახლო ყოფნა და მონატრებაა. არ მობეზრებაა. კამბოჯასა და ისლანდიაში ერთად წასვლაა. ლუდის დასალევად ერთად გასვლა და სახლში ერთად დაბრუნებაა. 

ჯეი ორი ორი კვირით იყო საქართველოში. ქვეყნის გაცნობის კულინარიული გზა ყოველთვის ბანალური მეჩვენებოდა, ცოტათი- უხერხულიც. ოხშივარადენილი, კუჭზე გასული ისტორია, საუკეთესო რესტორნებში საუკეთესო კერძების შეკვეთა და შემდეგ მაძღარი საუბარი ზუსტად ის იყო, რაც მე და ჯეის ერთად არასდროს უნდა გადაგვხდენოდა. ჰოდა, ავდექით და მოვიარეთ საქართველო. ლამაზიაო, ჯეიმ. ჰო- მეთქი, მაგრამ მე სტეპები და პრერიები მირჩევნია, ის სიმშრალე, ის ოქროსფერი, გადახრუკული მიწები, ის მინიმალიზმი- მეთქი. იქვე შევთანხმდით, რომ არასდროს ვიკამათებდით იმაზე, ტაიგა უფრო მეტად მოგვწონს, ტუნდრა თუ სტეპები. ეს იგივეა, ორი გენიალური მხატვრის ორ გენიალურ ტილოს უყურებდე, ფიქრობდე: „ვაჰ, რა მაგარია”, მაგრამ მესამეს მსუყე, ბავშვური მონასმები მსოფლიოს გერჩივნოს. 

ჯეიც გახუნებულია, იმ სტეპებივით ოქროსფერი. მთელი გულით იცინის და თავის მძიმე ამბებსაც ისე მიყვება, თითქოს პლაჟზე ღიღინ- ღიღინით ამზადებდეს სენდვიჩებს, მე კი ვალდებული ვარ მსუბუქად, რბილად და ზღვიურად ვკითხო, დაუმატებს თუ არა კეტჩუპს ჩემს სენდვიჩს, მაგრამ მერიდება, ჩუმად ვარ. ჯეის ძმა დაუნის სინდრომით დაიბადა და შეყვარებული მას ზუსტად ძმის ერთი ზედმეტი ქრომოსომის გამო დაშორდა. გოგომ გადაწყვიტა, რომ ერთ სახლში სამი უკვე ბევრია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მესამე დანარჩენებს არ ჰგავს, განსხვავებული გარეგნობა აქვს და თან ზედმეტად ცნობისმოყვარე და ემოციურია. ადგა და წავიდა. 
ჩვენ დავასკვენით, რომ სხვადასხვა ქვეყნის რეალობა ხანდახან ძალიან ჰგავს ერთმანეთს. არაფერი იცვლება: პორტლენდიდან იქნები თუ ქუთაისიდან, კატმანდუდან თუ ტოკიოდან, ერთხელაც ადგება საყვარელი ადამიანი და შენი ძმის ქრომოსომული სისტემის გამო მიგატოვებს.

 საქართველოდან ამერიკაში დაბრუნებულმა ჯეიმ მალევე დაიწყო ბავშვებთან მუშაობა ადრეული ჩარევის პროგრამის ფარგლებში და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად მოუმზადებელია საზოგადოება, მიიღოს ადამიანები, რომლებიც ერთი ქრომოსომით გვისწრებენ. ან ჩვენ ჩამოვრჩებით მათ ერთი ქრომოსომით.

იმ ღამეს კი, იმ შორეულ ღამეს ვიწექით კარავთან, გულაღმა. ვუყურებდით ვარსკვლავებიან ცას  და საერთო ამბებზე ვლაპარაკობდით. ახლა, ამდენი ხნის მერე, როცა ამდენი დრო გავიდა, როცა ახალი ზაფხული დადგა, ჯეიმ კი სხვადასხვა სოციალური პროგრამით მსოფლიო მოიარა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბავშვებს გარემოსთან და ადამიანებთან ადაპტაციაში დაეხმარა, ამ გარემოსა და ადამიანებს კი ზედმეტქრომოსომიან ბავშვებთან ურთიერთობა ასწავლა, მივიღე წერილი შორეული აფრიკიდან. 

ჩემი ოქროსფერი ამერიკელი მეგობარი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი, რაც გააკეთა, რაც ამ ორი წლის განმავლობაში თავს გადახდა, სულ იმ ჯადოსნური, ვარსკვლავებიანი ცის დამსახურებაა. წერილის ბოლო, გადმოქართულებული ფრაზები კი დაახლოებით ასე ჟღერს:
„რამდენიმე დღეში ჩამოვალ. ახალი გადაწყვეტილებებისა და ახალი ისტორიების დროა. მე მტკიცედ მჯერა, რომ ყველაფერი კარგი იმ წერტილიდან იწყება, რა წერტილშიც ჩვენ გადავიკვეთეთ ზუსტად ორი წლის. გკოცნი. მიყვარხარ”.

გავიბადრე. ჩემი ოქროსფერი, რომანტიკული მეგობარი ჩამოდის.

პოეზია და კვანტური ეფექტები

0
დიალოგი რატი ამაღლობელთან                                                                                          
ციკლიდან: ვამონტაჟებთ პოეტებს

მეცნიერები სულ უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ კვანტური ეფექტები მხოლოდ ფიზიკის სფეროს არ განეკუთვნება, რომ კვანტურობა ჩვენი ცნობიერების პროცესების გამოვლინებაა. ასეთ შემთხვევაში, ის ვრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, მათ შორის, პოეზიაზეც… ძალიან რომ არ დაგვაფრთხოს კვანტურობის პოეზიაში დანახვამ, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მეტაფორულია, თუმცა, აქვე დავძენ, რომ მეტაფორულობა არ აკნინებს ამ მოვლენის არსს. 

კვანტური ფიზიკიდან ეს განმარტება _ „სისტემაზე დაკვირვება და მისი თვისებების გაზომვა მასთან ურთიერთქმედების გარეშე შეუძლებელია. ნებისმიერი ზემოქმედება სისტემის მოდიფიკაციის შედეგია” _ გავავრცელოთ პოეზიაზე.  


 

 

მთავარი, რაც კვანტური მექანიკიდან მეტაფორულად პოეზიაზე გადამაქვს, ეს არის დამკვირვებლის (ჩვენ შემთხვევაში, მკითხველის) როლი. ანუ ტექსტი თავისთავად და ტექსტი, რომელსაც კონკრეტული მკითხველი ჰყავს, სრულიად განსხვავებულია და საერთოდ გაურკვეველია, რა თვისებები აქვს ტექსტს (ლექსს) დამკვირვებლის (მკითხველის) გარეშე…

რატი, შენს ერთ ლექსში კარგად ჩანს, რამდენად განსხვავებული აღქმა შეიძლება არსებობდეს რეალობის: 

შენ გამუდმებით წერ – რასაც ხედავ,
მე იმას, რასაც გინდა, ვხედავდე….

რეალობა – ერთია… ამ სტრიქონებიდან შენი ლირიკული მე კარგად აცნობიერებს ამ რეალობის ორ ინტერპრეტაციას… იგივე შეიძლება გავავრცელოთ, როდესაც ერთ ტექსტს რამდენიმე განსახვევბული მკითხველი შეიგრძნობს და შეიმეცნებს. დამერწმუნები, რომ ეს სრულიად განსხვავებული შეგრძნებებია… რატომ განსხვავებული? განსხვავებული დამკვირვებელი უმზერს და თითოეული მკითხველი-დამკვირვებელი ხომ უნიკალური ელემენტია (თავისი შეგრძნებებით, ისტორიით, ასოციაციებით, სულიერი მდგომარეობით…). შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ განსხვავებულ ტექსტებს… სად არის რეალობა…? რა არის ტექსტი…  არსებობს კი რეალობა თავისთავად…

_ რატი, ამ შესავლის შემდეგ შენი „კვანტურობის” დამადასტურებელ რომელიმე ლექსს ან ფრაგმენტს ხომ არ წაიკითხავდი?

_ მინდა გამოსვლა წამიდან,                
 ვეებერთელა ცა მინდა.                                                                                                                            
ვიწრო ბილიკის მაგიერ                                                                                                                                  
  ათი ათასი გზა მინდა.                                                                                                                                                                     …………………………………..                                                                                                                                  
 ყოველ მნათობში ანთებულ                                                                                                              
 საიდუმლოში წვა მინდა..                                                                                                                        
 ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,                                                                                                                
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,                                                                                                      
 ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,                                                                                                              
 მინდა გამოსვლა წამიდან,                                                                                                                    
 ვეებერთელა ცა მინდა.  (სეკვენცია)

_ ეს ფრაგმენტი მე ისე გავიგე, რომ შენ ხარ ყველაში და ყველაფერში, გინდა „წამიდან გამოსვლა”, რაც ნიშნავს, რომ უდროობაში გადადიხარ… მაინც რა ხდება ასეთი შენს კვანტურ არსებობაში, საით ისწრაფვის რატი ამაღლობელი?

_ მე მივატოვე მზის შენობა,                                                                                                                      
 ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა                                                                                                                
იქნებ გამახსენო? გამახსენე                                                                                                                  
 ყველაფერი თავიდან ამიხსენი                                                                                                            
 შენი სამი ცალი სამოსელი,                                                                                                                    
  ღმერთო, ფარდებივით ჩამოხსენი.                                                                                                                
 იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი…                                                                                                                    

    უფალო მე კი არა – შენ იყავი. (ღმერთო, მაპატიე, აპათია)

_ უდროობისკენ ისწრაფვი და იქნებ მითხრა, რა დაგიშავა დრომ…?

_  დრომ ყოველივე განურჩევლად დაასამარა,                                                                                            
 რაზეც იმედით მე “უსიერ ტყეში” ვმღეროდი.                                                                                    
  ასე დაფასდა გაუმაძღარ პოეტის ღვაწლი,                                                                                                
 მთელს ჩემ უბადლო პოეზიას “ერთ ცხენში გავცვლი”.  (გაქცევა)

_ ასეთ განწყობაზე მყოფი რას ეტყოდი სატრფოს?

_ ჩემი ბაგისგან,                                                                                                                                                  
 ჩემი ტანისგან,                                                                                                                                                      
 ჩემი ხელისგან,                                                                                                                                                    
ჩემი მკლავისგან,                                                                                                                                                  
ჩემი მხრებისგან,                                                                                                                                                  
ჩემი თვალისგან,                                                                                                                                                        
ჩემი ფიქრისგან,                                                                                                                                        
 ჩემი წყენისგან,                                                                                                                                
 სიძულვილისგან,                                                                                                                            
სიყვარულისგან,                                                                                                                                            
 ჩემი თავისგან –                                                                                                                                            
შენი თავისკენ                                                                                                                                                              
 გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ!  (გათავისუფლებ )

_ და რა არის შენთვის ბედნიერება?

_  ბედნიერება ცრუ რწმენაა, ნუ ჩაეფლობი                                                                                                  
 ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს…

_ სიყვარულის კვანტურ ბუნებას რომელი ლექსით გამოხატავდი?

­_ რაც არის მე მაქვს
რაც არ არის მე ვქმნი
მე ვქმნი რაც არ მაქვს
ქმნა არ ყოფნა
მე არ მყოფნის შენი ყოფნა
მე გქმნი
მე არ მინდა ქმნილის ქონა
მე გჩუქნი შენსავე თავს
მუდმივად გქმნი და მუდმივად გჩუქნი
მე შენ არ მყავ-ხარ
მე შენ მიყ-ვარ-ხარ. (ყოფნა ზმნა)

_ ვინ არის ადამიანი?

_ ამ კიდის იქით კიდევ კიდეა                                                                                                        
 სადაც ხმიანებს –                                                                                                                          
ადამიანი არის იდეა;                                                                                                                      
სხვა სიდიდეა ადამიანი.

P.S.  თუ ფიქრობთ, რომ გავაყალბე რატის პოეზია, დაგუგლეთ და გადაამოწმეთ 

განსხვავებულთა და თანასწორთა შესახებ

0
ზოგჯერ მგონია, რომ ზედმეტი მომდის და იმაზე ბევრს ვწერ ქალთა საკითხებზე, ვიდრე საჭიროა. ზოგჯერ, როცა ცვლილებებს ვხედავ, წლების წინანადელ მდგომარეობას ვადარებ და ახალი თაობის მენტალური წინსვლით გახარებული, ვუშვებ, რომ შესაძლოა, გენდერული თანასწორობა ერთ დღეს აღარ იყოს ქართული საზოგადოების აქილევსის ქუსლი, ჩემს თავს ვეუბნები, რომ მალე აღარავის დააინტერესებს, რასაც ხმამაღლა ვამბობ. მერე კი საკუთარი ნაჭუჭიდან გავდივარ და ილუზიები მიქრება. სამსახურში ძალადობის მსხვერპლი ქალების ნაკადი არ წყდება, მეზობელი სახლებიდან _ ყვირილი, საღამოს კი, გასართობად და დასასვენებლად გასულს, აუცილებლად შეგხვდება ვინმე, შორეული ნათესავი, ძველი ნაცნობი, სკოლელი, ან მეგობრების მეგობარი, რომელიც ირონიული ღიმილით გკითხავს, რას საქმიანობ და მერე ორიოდე წინადადებასაც მოაყოლებს ქალთა გააქტიურების შესახებ, ხელებს გაშლის და იტყვის, რომ ქალებს ისედაც არაფერში არიან შეზღუდულები. ბოლოს ცალყბად გაიხუმრებს, სევილიას ქალებიც რომ ჰყოლოდა შემადგენლობაში, ბარსელონას აუცილებლად მოუგებდაო და ხელჩაქნეულივით გაივლის.
სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელები „დიროლის” სარეკლამო კამპანიამ აღაშფოთა და სავსებით სამართლიანადაც. ის, რაც ცალ–ცალკე, გოგონებისთვის და ბიჭებისთვის გამოშვებული საღეჭი რეზინის პოპულარიზაციის მიზნით „დიროლის” ფეისბუქ გვერდზე ხდება, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. „ბიჭები ყოველთვის უფრო ადვილად აღიქვამენ ყველაფერს, ვიდრე გოგონები” _ ვკითხულობთ საღეჭი რეზინის სარეკლამო პოსტერზე, „რას აკეთებენ გოგონები ღია პირით?” _ გვეკითხება ამოცანა სხვა პოსტერის საშუალებით და პასუხსაც თავად სცემს _ „იღებავენ წამწამებს.” „გსურთ გადაიყვაროთ გოგონა? წადით მასთან ერთად შოპინგზე” _ ურჩევს ბიჭებს კიდევ ერთი პოსტერი.
ჩვენ აღვშფოთდით, დავარეპორტეთ გვერდი, დავტოვეთ კომენტარები. რამდენიმე ადამიანმა ონლაინ კამპანიაც წამოიწყო, მაგრამ როგორც ჩანს, გარდა იმისა, რომ „დიროლის” წარმომადგენლები ვერ გრძნობენ ვერავითარ სოციალურ და მორალურ პასუხისმგებლობას, მათ დაავიწყდათ, რომ წარმატებული კამპანიის წარმართვისთვის შუალედური მონიტორინგი და შეფასება აუცილებელია. მათი კამპანია კი, თუ ფეისბუქ მომხმარებელთა კომენტარებს თუ გადავხედავთ, ჩავარდა, ჩავარდა, რადგან ისინიც კი, კვოტირებასა და ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე სინდისის ქენჯნის გარეშე რომ ხუმრობენ, ხმამაღლა ამბობენ, რომ „დიროლის” კამპანია დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია არა მარტო ქალებისთვის, არამედ ყველასათვის, ვინც ადამიანურ და დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს სცემს.
„დიროლს”, ზოგიერთი სხვა კომპანიის მსგავსად, დაავიწყდა ისიც, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი სოციალურ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, რომ კამპანიის ამა თუ იმ საზოგადოების კოლტურული თავისებურებების გათვალისწინებით წარმართვა კომპანიის ხარისხის ნიშანია, რომ მომხმარებლის შეურაცხყოფა დაუშვებელია, რომ კანონისა და ერთმანეთის წინაშე, ქალები და მამაკაცები თანასწორნი არიან.
კამპანიის დამგეგმავებმა, როგორც ჩანს, ვერ გაითვალისწინეს, რომ ბიოლოგიური განსხვავება უფლებრივ უთანასწორობას სულაც არ ნიშნავს, რომ მათ პოსტერებზე გამოსახული ქლიბი, როგორც განსხვავებული აღქმის ობიექტი, ერთნაირად საჭირო ნივთია ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისა, რომ ვიდეოთამაშები გოგონებსაც ბიჭებზე არანაკლებ უყვართ, რომ მანქანის მართვაში სქესი არავითარ როლს არ ასრულებს და თუ კარგად მიიხედ–მოიხედავენ, არც შოპინგის მოყვარული ბიჭების ნახვა გაუჭირდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ „დიროლის” კამპანიით გამოწვეულმა რეაქციამ სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან ერთსულოვანი ანტიპათია დაიმსახურა ფეისბუქ აუდიტორიის მხრიდან, მაინც მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ თავად ვამზადებთ ნიადაგს იმისთვის, რომ კომპანიებმა მსგავსი ნაბიჯები გადადგან. როცა შვილებს ვეუბნებით, რომ ზოგი სათამაშო მხოლოდ ბიჭებისთვისაა შექმნილი, ზოგი კი გოგოებისთვის, როცა გოგონებისთვის ვარდისფერყდიან, „პრინცესულ” ჟურნალებს ვყიდულობთ, ბიჭებისთვის კი ცისფერყდიანს, როცა ატირებულ გოგონებს გულაჩუყებულები ვუმშრალებთ თვალებს, ბიჭებს კი ვეუბნებით, რომ მათთვის ტირილი არ შეიძლება, სანამ გოგოებს სამზარეულოსკენ მივასწავლით გზას და ბიჭებს საჭის ტრიალს შევჩვევთ, სანამ „ნებადართულია” და „აკრძალულია” სქესის მიხედვით განისაზღვრება, ყოველთვის გამოჩნდება კომპანია, რომელიც გაბედავს, პროდუქცია ჩვენივე შეურაცხყოფის ფასად მოგვყიდოს.
ჩვენზეა დამოკიდული, მივცემთ თუ არა ვინმეს ამის უფლებას. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

თავისუფალი წერის (free writing) ტექნიკა

0
ჩვენი მოსწავლეებისგან ხშირად მოგვისმენია სევდანარევი და უიმედო ფრაზები – ამაზე რა დავწერო? ეს რა თემაა, რა უნდა მოვიფიქრო? გუშინ დავიწყე საშინაო დავალების შესრულება და არ ვიცოდი, როგორ დამეწყო და ა.შ. 
დავალების შეუსრულებლობის გასასამართლებელი „საბუთების” მოძიებაში მათი ფანტაზია ნამდვილად უკიდეგანოა, აი, მითითების მიხედვით წერითი დავალების შესრულებისას კი ეს უნარი უკვალოდ „აორთქლდება” ხოლმე.
წერითი უნარის გასაუმჯობესებლად მრავალი ტექნიკა და სავარჯიშო არსებობს. მათგან დღეს ერთ-ერთზე, თავისუფალი წერის ტექნიკაზე ვისაუბრებთ. ეს ტექნიკა საუკეთესო გამოსავალია სწორედ ზემოთაღწერილი განწყობის აღსაკვეთად, რადგან მოსწავლე სწორედ იმ კითხვაზე პასუხის გაცემით იწყებს მუშაობას, რაც, მისივე თქმით, ხელს უშლის დავალების შესრულებაში.
რა შემთხვევებში გამოგვადგება თავისუფალი წერის ტექნიკა?

„თეთრი ფურცლის შიშის” სინდრომის დასაძლევად
„არ ვიცოდი რაზე მეწერა” – არგუმენტის გასაბათილებლად
სტატიის, მოხსენების, პრეზენტაციის ტექსტის შესაქმნელად
მოცემული თეზისის მიხედვით სხვადასხვა თვალსაზრისის ჩამოსაყალიბებლად
საკუთარი განცდების, ემოციების, განწყობის ფურცელზე გადმოსატანად და „დასალაგებლად”
ზოგადად – წერითი უნარის გასაუმჯობესებლად


მეთოდის შესახებ

თავისუფალი წერა არსით „იდეების გენერირების” პროცესსაც წააგავს. ეს მეთოდი გულისხმობს 10-15( დასაწყისისთვის კი 5-10) წუთით მექანიკური ჩანაწერების კეთებას ყოველგვარი რედაქტირებისა და წინასწარი მომზადების გარეშე. მოსწავლე წერას იწყებს სუფთა ფურცლის დანახვისთანავე და მუშაობს ყოველგვარი „შემაკავებელი ფაქტორის” (მაგალითად, ორთოგრაფიაზე, კალიგრაფიაზე, ფორმასა და ნაშრომის სტრუქტურაზე ფიქრი და ზრუნვა) უგულებელყოფით. ამასთან, ის წერს ყველაფერს, რაც აზრად მოუვა. მთავარი ამოცანაა, გონებაში არსებული სურათხატების, მოსაზრებების, შეხედულებების „გამოტარება ტვინიდან ხელში, ხელიდან – ფურცელზე”. 
საინტერესოა, რომ მსგავს მეთოდს იყენებდა გოგოლი. ერთ დამწყებ მწერალს, რომელიც უჩიოდა აპათიას, შემოქმედებით კრიზისს და წუწუნებდა „ვერაფერს ვწერო”  მან ურჩია: „და მაინც, აიღეთ კარგი კალამი, კარგად გაასუფთავეთ, დაიდეთ წინ ფურცელი და დაიწყეთ წერა „დღეს ვერაფერს ვწერ…ვერაფერს ვწერ…” და ასე მანამ, სანამ თავში რაიმე საინტერესო აზრი არ დაგებადებათ. ეს კი უცილობლად მოხდება. უმრავლესობა შემოქმედებისა სწორედ ასე მუშაობს, რადგან შთაგონება იშვიათი სტუმარია”.
მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:

  • თავისუფალი წერა აუცილებლად უნდა იყოს დროში ლიმიტირებული
  • შესაძლებელია რაოდენობრივი ლიმიტირებაც ( დაწერთ ორ გვერდს – არც მეტი, არც ნაკლები…)
  • არ ღირს მეთოდის გამოყენება ხშირად. შეგიძლიათ მოაწყოთ „ განტვირთვის დღეები” თქვენ მიერვე შემუშავებული პერიოდულობით და კლასშივე დააწერინოთ მოსწავლეებს
  • ნამუშევარი არ ფასდება ნიშნით და არ სწორდება მასწავლებლის მიერ ( გაცნობა სავსებით საკმარისია)
  • მოსწავლეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაძალოთ ნამუშევრის წარდგენა კლასის წინაშე, თუ  ეს მისი სურვილი არაა
  • პირველად მეთოდის გამოყენებამდე შესაძლებელია ზოგადი მიმართულების მიცემაც – წერეთ იმაზე, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, დაიწყეთ ოთახის აღწერით, გაიხედეთ ფანჯარაში, დაიწყეთ კითხვითი წინადადებების მოფიქრება და მათზე პასუხების გაცემა, გაიხსენეთ წინა დღე…ამასთან, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ლოგიკური კავშირები აბზაცებს შორის აუცილებელი არ არის, ისევე, როგორც, ზოგადად, ტექსტის აბზაცებად დაყოფა
  • ყველაზე მარტივი გამოსავალია ერთი კონკრეტული, თუნდაც, უმნიშვნელო საგნის აღწერა. თუკი ესეც სირთულეს წარმოადგენს, შესალებელია „დამხმარე კითხვების” გამოყენება – რა მიშლის ხელს? რატომ ვერ ვიწყებ წერას? რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ თუნდაც ერთი გვერდი დავწერო? და ა.შ.
  • აუცილებელია შეუჩერებლად წერა. წინა ნაწილების გადაკითხვა დაუშვებელია
თავის წიგნში „გენიალობა – შეკვეთით” ფრანგი მწერალი, რომანისტი მარკ ლევი აყალიბებს რამდენიმე ძირითად პრინციპს, რაც  ამ მეთოდით ხელმძღვანელობისას უნდა გავითვალისწინოთ. გთავაზობთ ამ „შეგონებებს”:
არ დაიძაბო

ნუ დაატან თავს ძალას და ნუ იქნები ორიენტირებული კონკრეტულ შედეგზე ან რაიმე ტიპის სარგებელზე ( ნიშანი, თავის მოწონება, აზრების „დავარცხნა”…). მოეშვი და გათიშე „შინაგანი კრიტიკოსი”, რომელიც რაღაცებს გკარნახობს. ჩაეშვი წერის პროცესში. არ აქვს მნიშვნელობა, რას წერ და როგორ. 
წერე სწრაფად და ნუ გადაერთვები სხვა რაიმეზე

თავისუფალი წერის თავისებურება ისაა, რომ უნდა წერო სწრაფად და შეუჩერებლად. არ გააკეთო ხანგრძლივი პაუზები, არ გადაიკითხო უკვე დაწერილი, არ გაასწორო პოსტ-ფაქტუმ შემჩნეული შეცდომები. დაიჭირე კონკრეტულად იმ წამს თავში გაელვებული აზრი და გადმოალაგე ის სიტყვების წყებად. მიჰყევი შინაგან ინერციას და დაივიწყე „მაკონტროლებელებლები”.
ერთადერთი შეზღუდვაა დრო ან რაოდენობაა!
თუ ხელით წერ, წინასწარ განსაზღვრე რაოდენობა. თავიდან დაიწყე ერთი გვერდით, შემდეგ გაზარდე. თუ ბეჭდავ – განსაზღვრე დრო. დაიწყე მინიმალური ლიმიტით. არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდე, სანამ დრო ამოიწურება. ეს ერთადერთია, რაც აკრძალული გაქვს.
წერე ისე, როგორც შეგიძლია

წერა კი უცილობლად შეგიძლია. ის, რასაც შენ აკეთებ, არც მოხსენებაა და არც აუდიტორიის წინაშე წარსადგენი საპასუხისმგებლო ტექსტი. წერე ისე, როგორც ლაპარაკობ, როგორც ფიქრობ, თუმცა, მოერიდე დაუკონკრეტებელ ფრაზებს ( მაგალითად, ნაცვლად „რაღაცნაირი სახლისა” დაწერე „ მაღალსართულიანი სახლი”). შეეცადე გონებაში მოიძიო ის სიტყვები, რომლებიც კონკრეტული მოცემულობის ზუსტად აღსაწერად გჭირდება.
მიჰყევი ფიქრებს
საითკენაც არ უნდა გაუტიონ მათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აზრი უცნაური ან გიჟურია, ჩაინიშნე.
გამოიყენე „გადამრთველი კითხვები”

„გადამრთველს” ისეთ კითხვებს ვუწოდებ, რომლებიც ყურადღების გადასართველად და ფიქრების მიმართულების შესაცვლელად გამოგადგება. აი, რამდენიმე ნიმუში: ამ სიტუაციას სრულიად უცნობ ადამიანს როგორ აღვუწერდი? ამ სიტუაციაში სერიოზული შეცდომის დაშვება რომ მომესურვებინა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი? რაზე ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა…? კიდევ რისი თქმა შემიძლია ამ სიტუაციაზე? რა დამრჩა შეუმჩნეველი ან აღუწერელი?
თავისუფალი წერა საკუთარი თავის რწმენასაც მატებს მოსწავლეს. მოკლე დროში, მარტივად და ძალდატანების გარეშე შესრულებული წერითი სამუშაო, რომელიც არც დაბალი შეფასების რისკს შეიცავს და არც წითელი კალმით არ აჭრელდება, სასარგებლოს და სასიამოვნოს იშვიათ ტანდემსაც ქმნის.

ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“

0
როცა 13-14 წლისა ხარ, სიყვარულზე მეტად არაფერი გაინტერესებს. ლიტერატურით, ფილმებით, საერთოდ ხელოვნებით, ყველაფრით, რაც შენ ირგვლივაა, რაზეც გული და გონება მიგიწვდება, საკუთარ თავს სიყვარულისთვის ამზადებ და თვალებიც გაფაციცებული დაეძებს წყვილების ურთიერთობებს. ცდილობ, რაღაც ხატი შეიქმნა, რაღაც იდეალი დახატო, ჯერ სხვათა ვნებები გაითამაშო, სხვათა დრამა თუ ტრაგედია განიცადო და შეძლებისდაგვარად მომწიფებული დაუხვდე იმ ნამდვილს, იმ ერთადერთს, რომელიც გგონია, რომ… თუმცა რა გგონია, ერთმა ღმერთმა უწყის. რაც გგონია, მაგის დაწერას, ერთი დიდი მწერლის დიდი რომანი სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, 13-14 წლისა რომ ხარ, ასე ფიქრობ.

ერთ-ერთი მთავარი წიგნი, რომელზედაც მაგ ასაკში საკუთარ გრძნობებს ვავარჯიშებდი, ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი” იყო.

საოცრად მხიბლავდა მარტინის სახეცვლილება. ტლანქი, გაუთლელი მეზღვაურისგან სიყვარულის სახელით როგორ ჩორკნიდა საკუთარ თავში ნიჭიერ მწერალს. როგორ ცდილობდა ერთი სოციუმიდან მეორეში გადასვლას, და ამას ყველაზე მშვენიერი გრძნობის გამო აკეთებდა.

მოერიო საკუთარ ბედს, დაძლიო მოცემულობა, რომელიც ცხოვრებამ გარგუნა, ყველაზე მომხიბვლელ გმირობად მიმაჩნდა. „სჯობს საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია” – იმ დროისთვის მარტინის საქციელად წარმომედგინა და არა – ხატაეთში საბრძოლველად წასვლად. მაგრამ რუთი არ იყო ნესტან-დარეჯანი. მისი ბურჟუაზიული ყოფა სრულებით გამორიცხავდა პიროვნულ წინსვლას, რადგან ქაჯეთის ციხე ის გარემო გარემო იყო, რომლის შვილიც თვითონ გახლდათ და რომელსაც ვერც მარტინი აიღებდა, ვერც თვითონ შეძლებდა დამსხვრევას.

არ მიყვარდა ფინალი. არა იმიტომ, რომ მარტინი თავს იკლავდა, ბედნიერ დასასრულებს დიდად არ ვწყალობდი, არამედ იმიტომ, რომ მაიძულებდა, რომანის ნამდვილ არსზე მეფიქრა. მარტინის პიროვნული კრახის მიზეზები გამეანალიზებინა, მივმხვდარიყავი, რამ შეიძლება მიიყვანოს კაცი ცხოვრების მოყირჭებამდე, რამ შეიძლება, გაუსაძლისი ტკივილის გარდა, თავი მოაკვლევინოს ადამიანს.

ვკითხულობდი და ვკითხულობდი, სოფელში გვქონდა და ესეც უწყობდა ხელს ზაფხულობით, ყოველ წელს, თვალი გადამევლო. მაინც ჯიუტად მხიბლავდა მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც სულაც არ იყო ნამდვილი, მაგრამ, ეტყობა, მარტინივით ცრუ იდეალის ძიებაში ვიყავი და სრულებით ვერ მაფხიზლებდა დასასრული, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ყოფის ერთ-ერთ უმძიმეს ტრაგედიას აღწერდა.

თანაც აბსოლუტურად სახე და თავმოყვარეობა დაკარგული რუთი გაცილებით გასაგები იყო ჩემთვის, ვიდრე აპათიაში ჩავარდნილი მარტინი. ვერ ვიტყვი, არ ვპატიობდი-მეთქი სუიციდს, ამხელა გამარჯვება რომ ფუჭი აღმოჩნდება, ძნელია, ისიც ძნელია, როცა ცხოვრება თუნდაც დიდი შრომის ფასად ძალიან ზევით აგისვრის, მაგრამ მაინც ვერ ვუგებდი, ცოცხლად რომ მოკვდა, სხვისთვის სიხარულის მინიჭების უნარი რომ დაკარგა. თითქოს შეიძლო რაღაც დაავადებულმა, ჯოს სამრეცხაო უყიდა, მაგრამ ლიზი ქონელისთვის ვეღარ შეიძლო ეცხოვრა.

„მარიპაზას” გემბანიდან, სწორედ დაძვრის წინ, ლიზი ქონელის მოჰკრა თვალი, ჩუმად გამოსულიყო და ხალხს ეფარებოდა. „თან წაიყვანე, – ჩასძახა მარტინს იდუმალმა ხმამ, – შენთვის არაფრად ღირს ეს სიკეთე. ის კი უმაღლეს ნეტარებას ეწვევა”. იმდენად ძლიერი იყო ცდუნება, რომ კინაღამ გადაწყვიტა, მაგრამ მაშინვე შიში მოერია და გადაიფიქრა. გადაღლილი სული აუმხედრდა. ამოიხვნეშა და სწრაფად მოშორდა მოაჯირს. „გაიგე რომ ავად ხარ, ძალიან ავად” ბუტბუტებდა იგი.”

განსაკუთრებით არ მომწონდა: „შენთვის არაფრად ღირს ეს სიკეთე”, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ფინალზე ფიქრს თავს ვარიდებდი.

მკითხველი ალბათ ბევრნაირი არსებობს და ერთი ადამიანიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი მკითხველია. ობიექტურობის პრეტენზია ალბათ ნაკლებად უნდა ჰქონდეს კაცს, მაგრამ მაინც მიკვირს, როგორ შემეძლო ასე მიკერძოებით მეკითხა, ასე ჩემ გემოზე დამენახა ის, რისი დანახვაც მინდოდა და თვალი მომეხუჭა იმაზე, რისი გაგება და განცდაც არ მსურდა.

მახსოვს, რუთის მიმართაც გამოხატული თანაგრძნობის განცდა მქონდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ალბათ მეც მხოლოდ ის მინდოდა, ვიღაცის განვითარებისთვის მიმეცა ბიძგი. მოგვიანებით ამ სურვილმა პედაგოგობამდე მიმიყვანა. მაგრამ ახლა, დღევანდელი გადასახედიდან, ვხვდები, თითქმის არ მეგულებოდა საკუთარი ასპარეზი ან არ მყოფნიდა გამბედაობა საკუთარ წარმატებაზე მეოცნება, რადგან ქალის მიმართ გაცილებით კრიტიკული იყო და არის ქართული საზოგადოება.

ლიტერატორების ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც შედარებით ნაკლები იყო გენდერული უთანასწორობა, თანაც დები ვიყავით, შესაბამისად, ქონებაც და მშობლების ყურადღებაც ერთნაირად გვერგებოდა, მაგრამ ვუყურებდი რომ უნიჭო პოეტი ქალი გაცილებით მწარე დაცინვის სამიზნე იყო, ვიდრე – იმავე შესაძლებლობების მამაკაცი. „ყველა მაგარი კაცის უკან მაგარი ქალია” – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სტერეოტიპი, რომელიც ჩემს ბავშვობაში ფიგურირებდა. მაგარი ქალობის პრეტენზია თუ გქონდა, საკუთარი თავის რეალიზება მაგარი კაცის შექმნით უნდა გეცადა. საზოგადოება მხოლოდ ამ შემთხვევაში გაღიარებდა ან მაშინ, თუკი, ოთარაანთ ქვრივივით მარტო დარჩებოდი და დედაკაცის როლს მოირგებდი, რაც არც თუ მომხიბვლელი ჩანდა. კაცის გვერდზე და თანასწორად არსად იყო ქალის ადგილი.

კიდევ უფრო რთული იქნებოდა რუთის რეალობა, კიდევ უფრო ვიწრო იყო მისი ასპარეზი. ადამიანს საქმიანობა, თვითრეალიზაცია ზრდის და ხდის უკეთესს. მიუხედავად იმისა, რომ რუთს განათლება არ აკლია და მარტინის საოცნებო უნივერსიტეტში „ინგლისურის სპეციალურ კურსებს” გადის, მას არა აქვს არანაირი მომავალი, გარდა სარფიანად გათხოვებისა. შესაბამისად, გაზრდილი და განვითარებული მარტინი საშინელ სიცარიელეს აწყდება საოცნებო იდეალის მაგივრად. სინამდვილეში აბსოლუტურად ფუჭია ის ცოდნა, რომელიც ქალს აქვს, რადგან განათლება მხოლოდ სნობურ საუბრებში თუ გამოადგება.

ამიტომ ლიზი ქონელი გაცილებით სიმპატიური პერსონაჟია, ალბათ უფრო ბუნებრივია, არ გქონდეს ცოდნა და იყო უბრალო მოქალაქე, უბრალო მისწრაფებბით, ვიდრე გაგაჩნდეს განათლება, შეგეძლოს მაღალ იდეალებზე საუბარი და არაფრის გაკეთება არ შეგეძლოს ამ იდეალების განხორციელებისთვის.

თუ ქალს არ ექნა ასპარეზი, ის ბუნებრივად იქცევა გუბედ და გუბესა და გიჟ თერგს შორის რა სხვაობაცაა, კარგად უწყის ქართველმა მკითხველმა.

დღეს ბევრად ფართოა ქალის ასპარეზი. იმსხვრევა უამრავი სტერეოტიპი. ბევრი რამ, რაღა თქმა უნდა, ისევ ისეა და თანასწორობამდეც შორია, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ქალი პოულობს საკუთარ ადგილს, კაცზე გაცილებით ძნელად, მაგრამ მაინც. თუნდაც ტექნოლოგიური წინსვლა აძლევს მას ამის საშუალებას.

დღეს ჩემთვის „მარტინ იდენი” იმას ყვება, თუ როგორ ღუპავს ორივეს, ქალასაც და კაცსაც უთანასწორო გარემო, როგორ იქცევა სიყვარული ფარსად, როცა ერთი ვითარდება, მეორეს კი ამის საშუალება უბრალოდ არ აქვს.
პ. ს.

„მარტინ იდენი” ერთმა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ გამახსენა. წელს უნივერსიტეტს ამთავრებს, სამი-ოთხი წელია არ მინახავს. ამას წინათ შემხვდა და რომ გამოვიკითხე, ამაყად მითხრა: ყველა სემესტრში სტიპენდია მქონდა, არც ერთხელ არ მიმიღია საშუალო ქულა ოთხმოცდათექვსმეტზე დაბალი, თანაც შეყვარებული მყავს და ისიც ასევე წარმატებულია, იმის ლექციებზეც დავდიოდი, ან ის – ჩემსაზე, მეტი დრო რომ არ გვქონდა, ახლა ორივენი გერმანიაში მივდივართ მაგისტრატურაშიო. შემპირდა, აუცილებლად გაგაცნობთ, წასვლამდე მოვალთო.

კარგი ბიჭია, ნიჭიერი, მაგრამ მოსწავლეობისას ნამდვილად არ ჰქონია შრომის ისეთი უნარი, რომ უნივერსიტეტში ასე წარმატებულად ესწავლა. ნათლად წარმოვიდგინე იმ გოგონას როლი მის ცხოვრებაში და გამეღიმა, ზუსტად ვიცი, ამ სიყვარულის გარეშე ამდენს ვერ შეიძლებდა. ის გოგონაც, რუთისგან განსხვავებით, თავის ცოდნას გაზრდის და გამოიყენებს, აღარ გაჩნდება მათ შორის უფსკრული.

შეიძლება სასაცილოდ სულ იდეალების ძიებაში ვარ, მაგრამ დღეს ისინი არიან ჩემთვის მისაბაძი, გამახსენდება ხოლმე და ფიქრებში ვუღიმი. ბევრი, ბევრი უნდა გვყავდეს ასეთი წყვილები, ერთმანეთის განვითარებას რომ აძლევენ ბიძგს. ცალმხრივად ძალიან ძნელია.
 
 
 
 

მარტოობის 7 კადრი

0

1. მარგარეტ ტეტჩერის შესახებ გადაღებულ ფილმში „რკინის ლედი” (მთავარ როლში მერილ სტრიპი) ქმარი ეუბნება გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, – მთელი ცხოვრება მაინც მარტო იყავიო. 2009 წლის ივლისში, გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრე ვიყავი ხილიანზე სტუმრად და ოთარ ჭილაძემ მითხრა, – როგორც არ უნდა მოინდომოს, რამდენიც არ უნდა ეცადოს, ადამიანი ბოლოს მაინც მარტო რჩებაო.

2. რენტგენოლოგი ნიკა ქირია ღრმა სიბერემდე ცხოვრობდა სოფელ ურთაში, დილაობით თავისი დაფეხვილი „მოსკვიჩით” დადიოდა სამსახურში და ეამაყებოდა, რომ ერთმა ცნობილმა აკადემიკოსმა თავისი ფუნდამენტური ნაშრომი აჩუქა აპოლოგეტური წარწერით: „ქართული რენტგენოლოგიის პატრიარქს”. მაგრამ წარწერაზე მეტად, მე მისი ერთიციცქნა ჩიხუახუა დამამახსოვრდა, კაპასი ძაღლი, მუდმივად რომ მანქანაში ეჯდა და პატრონის ყველა ნაცნობს უნდობლად, ღრენით ხვდებოდა. ასე არა მხოლოდ იცავდა მას დაუპატიჟებელი სტუმრებისგან, არამედ თითქოს ეჭვიანობდა კიდეც მათზე, ვინც რენტგენოლოგის ერთგულებაში შეეცილებოდა.

3. გ. კ.-ს დიდხანს ვთხოვდი, მისი გვარ-სახელის დაწერის უფლება მოეცა, მაგრამ გადაჭრით მითხრა, რომ ხალხისთვის თავისი ვინაობის შეხსენებას არ აპირებდა. მაშინ იყო, რომ შევახსენე თუ როგორ ურჩევდა წლების წინ თავის წარჩინებულ სტუდენტს: არ გაიხსნაო; ეცადე, შენზე ცოტა რამ იცოდნენო; სხვებს ბევრ სალაპარაკოს ნუ მისცემო; ვინმეზე (თუნდაც ოჯახზე) დამოკიდებული ნუ იქნებიო; შენი სიმარტოვისა და თავისუფლებისთვის ყველაფრის მიტოვება უნდა შეგეძლოსო; გული არ დაგწყდეს, წარმატებულთა შორის შენი ადგილი თუ არ მოიძებნაო; არავისთვის ანგარიშის გაწევად არ ღირს ერთხელ მოცემული სიცოცხლეო; მარტოობას უნდა დაეძებდეო.

4. საინტერესოა, რომ მეგრულში „ხვალე”/„ხვალახე” მარტოს, მარტოხელას ნიშნავს. სიტყვა კი არა, პერსპექტივააო, – ხუმრობდა ჩემი ერთი მეგობარი, – დღესაც რომ არის, ხვალეც რომ იქნება, ზეგაც და იმის იქითაცო.

5. რამდენიმე წლის წინ, ოლიანკის მამათა მონასტერში (წალკა) სტუმრად მყოფები არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მონასტრიდან რამდენიმე კილომეტრში, ხარების მთაზე აგვიყვანა. მძიმედ დატვირთული „ვილისი” რომ აღმართს მორჩა, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდნენ ქვემოთ დარჩენილი, ერთმანეთზე ახოხოლავებული, ნაირგვარი სახლები. „აქ სკიტი აშენდება” – გვითხრა მშვიდად, ოდნავ გაღიმებული სახით. და უცებ ვცადე წარმომედგინა, როგორ ჩახერგავდა ზამთარი აქამდე მოსასვლელ ბილიკებს და ბუნებას შეატოვებდა მწვერვალზე, მარტოობისთვის, ღმერთთან დასარჩენად ამოსულ ბერებს.

6. ზაზა წოწერიას მიერ თარგმნილი პუშკინის საქვეყნოდ ცნობილი ლექსი კარგა ხნის წინ ვნახე ფეისბუქზე და ახლა, როცა კიდევ ერთხელ ვკითხულობ ამ მარტოობაში გამოჭედილ და მარტოობისვე დამთრგუნველი შედევრის თარგმანს, „ლედ ზეპელინისა” და „იურაია ჰიპის” მოყვარული კაცი მახსენდება, რომელსაც არ ვიცოდი და თურმე ლიტერატურაც ძალიან ჰყვარებია: „მე თქვენ მიყვარდით, ლტოლვა ფარული /ჯერ არ დამცხრალა, კვლავ ისმის კვნესა: /ნუღარ გაშინებს ეს სიყვარული, /მე სულ არ მინდა იდარდოთ ესა. /მიყვარდით ჩუმად და უიმედოდ, / კრძალვა და ეჭვი მტოვებდა არსად,/ მიყვარდით წრფელად, ნაზად, ოჰ, ღმერთო, / ნეტავი, ასე უყვარდეთ სხვასაც”.

7. აგვისტოს ომის დღეებში სოფლიდან ქალაქის სახლში რომ დავბრუნდი – მშობლები სოფელში დარჩნენ, ჩემი ძმა რეზერვისტად იყო გაწვეული – პირველი, რაც თვალში მომხვდა, უპატრონო, და თითქოს დაჩიავებული, ფუნქციადაკარგული ნივთები იყო. როცა ქალაქი დაიცალა და ყველამ თავ-თავისი გზა და საშველი მოძებნა, ეს ნივთები (კარ-ფანჯრები, უბრალო თუ ძვირფასი ავეჯი, ჭაღები და ა. შ.) ჩვენსავით უკანმოუხედავად მიატოვა ყველამ, როგორც გამოუსადეგარი კი არა, აი, ისეთი რამ, მთელი ცხოვრება რომ იხვეჭ, შოულობ და მერე პირველივე განსაცდელში შეგიძლია დაყარო, გაუბრძოლებლად შეელიო. არა, არ მომჩვენებია, შინ დაბრუნებულს დამდურებულებივით მიცქერდნენ, აწყვეტილი კაცისგან ბევრჯერ მიტოვებული ერთგული ცოლივით, რომელსაც ერთგულების გარდა სხვა გზა აღარ დარჩენია. მიცქერდნენ და მეც იმ აწყვეტილი, ოღონდ განსაცდელისგან შეშინებული კაცივით ვცდილობდი თვალი გამესწორებინა მათთვის და მიმეხალა, რომ დავბრუნდი, ტყუილად შფოთავდნენ, არსადაც არ წავსულვარ. ომს გაეცხადებინა ყველაფერი: ადამიანის სიცოცხლის ფასი და ამ ნივთების ნამდვილი ღირებულება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...