ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
19 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

პირველკლასელთა ადაპტაცია სკოლასთან და სასკოლო სწავლება

0
ყველა იმ პრობლემას შორის, რომელსაც შეიძლება სასკოლო ცხოვრების დასაწყისში წავაწყდეთ, სკოლასთან პირველკლასელის ადაპტაცია სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, იმას, რამდენად საინტერესო და მიმზიდველი იქნება მისთვის სკოლა და სწავლა.
გავრცელებული განმარტებით, ადაპტაცია – ეს არის შეგუება, „ჩაწერა” რაიმე გარემოში. ადაპტაციის პერიოდი 2-3 კვირიდან ნახევარ წლამდე გრძელდება. ერთხელ ერთმა პედაგოგმა შეწუხებულმა შემომჩივლა: „უკვე ერთი თვე გავიდა, ადაპტაციის პერიოდმა გაიარა, მაგრამ გიორგი მაინც ვერ შეეგუა სკოლას, არც სწავლა უნდა და თავისი ქცევითაც ბევრს აწუხებს”. უნდა ითქვას, რომ ადაპტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ამასთან, არ არსებობს მზამზარეული რეცეპტები, რომლებიც ყველასთვის საერთო იქნებოდა და ამ საფეხურზე მყოფი ნებისმიერი ბავშვისთვის ეფექტური აღმოჩნდებოდა. თუმცა შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის ხასიათსა და ხანგრძლივობაზე.

სკოლასთან ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები

·ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი ხასიათი, ტემპერამენტი აჩქარებს ან ანელებს ადაპტაციის პროცესს.

·სასწავლო დაწესებულების ტიპი ასევე თავისებურ გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის მიმდინარეობაზე. კლასში ბავშვების სიმრავლე საკმაოდ ართულებს აღნიშნულ პროცესს. ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა კერძო სკოლებში, სადაც კლასში ბავშვების რაოდენობა ათ-თხუთმეტს არ აღემატება, თუმცა ასეთ სკოლებში დამკვიდრებული დღის რეჟიმი, ბავშვების მთელი დღის განმავლობაში სკოლაში ყოფნა ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის ხასიათზე.

· საგანმანათლებლო პროგრამების სირთულის ხარისხი. ექვსწლიანთა ფსიქოფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია, სასწავლო წლის პირველ ნახევარში მათ დღეში მხოლოდ სამი გაკვეთილი უტარდებოდეთ, თუმცა იმის გამო, რომ პირველკლასელთა სასწავლო პროგრამები საკმაოდ გადატვირთულია, სამის ნაცვლად მათ ოთხი, ხშირად კი ხუთი გაკვეთილიც უტარდებათ. უფრო მეტიც: იმისთვის, რომ წლის ბოლოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს მიაღწიოს, პედაგოგი პატარებს არცთუ იშვიათად საშინაო დავალებებითაც ტვირთავს. ყოველივე ეს კი უფრო მეტად ართულებს და ახანგრძლივებს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს.

· სკოლისათვის ბავშვის მზაობის დონე. როგორც წესი, მიზეზთა გამო პირველკლასელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლისათვის მზაობის დონით. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური, პიროვნული და სოციალური მზაობაც. ხშირად პედაგოგისთვის სასწავლო პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა არა მხოლოდ ის, რომ ცალკეულ ბავშვებს ასაკის შესაფერის დონეზე არ აქვთ განვითარებული ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და სხვა ფსიქიკური პროცესები, არამედ ისიც, რომ მათ უმრავლესობას არ გააჩნია თვითმომსახურების ჩვევები – არ შეუძლია დამოუკიდებლად სასწავლო ნივთების ამოლაგება, ჩალაგება, დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, ჭამა. პირველკლასელების ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს ასევე განუვითარებელი აქვს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარი, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. მაგალითად, მასწავლებლის მარტივი ინსტრუქცია: „გადაშალე რვეული პირველ გვერდზე, გადათვალე მარცხნიდან მარჯვნივ ორი უჯრა, ზემოდან ქვემოთ ორი უჯრა და დასვი წერტილი”, – ბავშვმა შესაძლოა ვერ შეასრულოს. ასეთ დროს მასწავლებელი იძულებული ხდება, ყველა ბავშვს სათითაოდ მოუნიშნოს რვეულში მითითებული ადგილი, რაც მას 35–წუთიან გაკვეთილზე უამრავ დროს აკარგვინებს და სასწავლო პროცესსაც საკმაოდ უშლის ხელს. სისტემატური მარცხი და წარუმატებლობა ბავშვს სასწავლო მოტივაციასაც უქვეითებს, სკოლასთან პირველკლასელთა წარმატებული ადაპტაციისთვის კი სასწავლო მოტივაცია აუცილებელია.
ალბათ, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მშობლებისთვისაც საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რა შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ სკოლასთან ადაპტაციის პროცესი დასრულებულად და წარმატებულად.
სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნები

·ბავშვი მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;
·სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის;
·სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;
·დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
·მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;
·დღის ახალი რეჟიმი მისთვის კომფორტულია (არ ტირის დილაობით, არ უჭირს ღამით ჩაძინება და ა.შ.);
·არ აქვს სკოლასთან, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები.
 
სკოლასთან დეზადაპტაციის ნიშნები

·ბავშვი სწრაფად და ხშირად იღლება;
·შესაძლოა, უჩიოდეს თავის ტკივილს, უმადობას;
·უჭირს საღამოს ჩაძინება და დილით გაღვიძება;
·ხშირად საყვედურობს, ემდურის თანაკლასელებს;
·წუწუნებს მასწავლებლის მოთხოვნებზე;
·აქვს შინაგანი პროტესტის განცდა, ისეთ სიტუაციებშიც კი ჭირვეულობს, სადაც ადრე სიმშვიდით გამოირჩეოდა;
·უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ იცავს სასკოლო წესებს.

წესისამებრ, ასეთ ბავშვები განიცდიან სირთულეებს და აქვთ პრობლემები სასწავლო საქმიანობაში.
ვინაიდან სკოლასთან ადაპტაციის პროცესში წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მშობლებზე, კარგი იქნება, თუ ისინი გაითვალისწინებენ ქვემოთ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ამით ისინი დიდ დახმარებას გაუწევენ როგორც შვილებს, ისე მათთან მომუშავე მასწავლებლებსაც, რაც, თავის მხრივ, სასწავლო პროცესში წარმატების გარანტად შეიძლება იქცეს.
რეკომენდაციები მშობლებისთვის სკოლასთან ადაპტაციის ხელშესაწყობად
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ვაჩუქოთ შვილს, ჩვენი ყურადღებაა;

მშობლების დადებითი დამოკიდებულება სკოლასთან, მასწავლებლებთან გაუიოლებს ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს;

აუცილებელია, სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში დავეხმაროთ ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალების, საკუთარი შესაძლებლობების;

სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად სასურველია დღის ძილის ორგანიზება. საშინაო დავალებები უნდა შესრულდეს არა გვიან საღამოს, ძილის წინ, არამედ შუადღისას. გარდა ამისა, ბავშვს უნდა რჩებოდეს დრო მულტფილმების საყურებლად, სასეირნოდ და ა.შ.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშებს. პატარები ყველაზე დიდი გატაცებით მოძრაობით თამაშებს თამაშობენ. შემთხვევითი არ არის, რომ პირველკლასელებისთვის საგაკვეთილო პროცესში ყველაზე სასიამოვნოა წუთშესვენებები, როდესაც ისინი სხვადასხვაგვარ ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებენ. ერთხელ, როდესაც გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა ბავშვებს სთხოვა ეთქვათ, რა მოეწონათ გაკვეთილზე ყველაზე მეტად, პატარა ლუკამ დაუფიქრებლად წამოიყვირა: „წუთშესვენება, მასწავლებელო!” თუმცა, სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად, გაკვეთილებზე დამკვიდრებული წუთშესვენებების მიუხედავად, ბავშვის მოძრაობითი აქტივობა შესამჩნევად მცირდება, რაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მისი ზრდისა და განვითარებისთვის, უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის იმუნიტეტსა და გუნება-განწყობაზეც. ფიზკულტურის გაკვეთილები, რომლებიც სასკოლო პროგრამით არის გათვალისწინებული, ამ ასაკის ბავშვისთვის საჭირო მოძრაობითი აქტივობის 10%-საც კი ვერ ანაზღაურებს. ამდენად, აუცილებელია, ბავშვი სკოლის გარეთაც იყოს დაკავებული მოტორული აქტივობებით და თამაშებით. განვავითაროთ ბავშვის მოძრაობითი აქტივობა, ვინაიდან ამტანი ბავშვი, რომელიც შეჩვეულია ფიზიკურ დატვირთვას, ადაპტაციას უფრო იოლად ახერხებს, ვიდრე სუსტი და ნაკლებად მოძრავი ბავშვი;

სასკოლო ცხოვრების დაწყებით ეტაპზე სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. აუცილებელია შევამციროთ თვალის დატვირთვა – ბავშვმა რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გაატაროს ტელევიზორსა და კომპიუტერთან. საწერი მაგიდა დავუდგათ ფანჯარასთან. ოთახი, რომელშიც ბავშვს უწევს მუშაობა, კარგად უნდა იყოს განათებული. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, როგორ ზის ბავშვი – მანძილი თვალსა და წიგნს ან რვეულს შორის მკაცრად უნდა იყოს დაცული;

ანგარიში გავუწიოთ სათამაშოებისადმი ბავშვის დამოკიდებულებას. ხშირად პირველკლასელები სათამაშოს სკოლაში წაღებას ითხოვენ. ამის აკრძალვა ნამდვილად არ ღირს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება დიდი ზომის სათამაშოებს, კონსტრუქტორებს, ბარბის სახლებს; თუ სათამაშო პატარაა, შეიძლება, დავრთოთ ბავშვს მისი სკოლაში წაღების ნება, მაგრამ უნდა ავუხსნათ, რომ გაკვეთილზე სათამაშოს ადგილი არ არის და თამაში მხოლოდ შესვენებაზე შეიძლება. გავითვალისწინოთ, რომ სათამაშო იმ კომფორტული და ნაცნობი გარემოს ნაწილია, რომელსაც ბავშვი სახლში ტოვებს. ამდენად, სათამაშოს გვერდით ყოფნა პატარას უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს თავს;

ხელი შევუწყოთ ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და ვასწავლოთ მას სასკოლო სირთულეებისთვის დამოუკიდებლად თავის გართმევა;

ეცადეთ უპასუხოთ ბავშვის ყველა კითხვას, ვინაიდან ცნობისმოყვარეობას ამ ასაკში საზღვრები არ გააჩნია;

ნუ გაგაღიზიანებთ ბავშვის წარუმატებლობა. ეცადეთ, მისი სასწავლო საქმიანობა მხოლოდ დადებითად შეაფასოთ, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მიღწეული წარმატება საკმარისი არ არის. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მის მარცხს, რადგან პატარა მტკივნეულად განიცდის მშობლის განაწყენებას. ნუ ეჩხუბებით იმის გამო, რომ რაღაც კარგად ვერ გაიგო ან ვერ გააკეთა;

დაეხმარეთ ბავშვს თანატოლებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. გამოიჩინეთ ინტერესი სკოლისა და კლასის მიმართ, რომელშიც სწავლობს თქვენი შვილი. კარგი იქნება, თუ მას უბრალოდ მოუსმენთ. ეს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს;

ნუ გააკრიტიკებთ თქვენს პატარას, მაშინაც კი, თუ ცუდად წერს, ნელა ითვლის, აკლია სიფაქიზე. კრიტიკა, განსაკუთრებით – უცხოს თანდასწრებით, მხოლოდ გაამწვავებს მის პრობლემებს;

გაითვალისწინეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი. აქტიურ ბავშვებს უჭირთ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა, დინჯი ბავშვებისთვის კი რთულია სასკოლო რიტმთან შეგუება;

წაახალისეთ ბავშვი დადებითი კომენტარებით, გამოხმაურებებით, და არამხოლოდ სასწავლო წარმატებების გამო. უფროსების მხრივ მორალური სტიმულირება, მხარდაჭერა ეხმარება ბავშვს, ამა თუ იმ საქმიანობაში თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს;

არასოდეს არავის შეადაროთ საკუთარი შვილი. ასეთი შედარებებით შეიძლება საკუთარი თავის რწმენა დავაკარგვინოთ და თვითშეფასებაც დავუქვეითოთ. შეიძლება მხოლოდ ბავშვის დღევანდელი მდგომარეობის შედარება მის წარსულ მიღწევებთან;

გვახსოვდეს, რომ ბავშვების პრობლემები უფროსების პრობლემებზე მარტივი არ არის. კონფლიქტი მასწავლებელთან ან თანატოლთან ემოციური დაძაბულობითა და შედეგებით შესაძლოა უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ოჯახის უფროსი წევრების კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან სამსახურში.

დაბოლოს, სკოლასთან ადაპტაციის პროცესში ბავშვის ქცევაში აღმოჩენილი სირთულეების გამო მშობლებს ხშირად უჩნდებათ უკმაყოფილების განცდა და ამას არც ბავშვთან მალავენ, რაც პატარას შფოთვას და შიშს უძლიერებს – იმის შიშს, რომ მშობლებს ის ადრინდელივით აღარ უყვართ, ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ართულებს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს. ამიტომ მუდამ გვახსოვდეს აღზრდის ოქროს წესი: ბავშვს ჩვენი სიყვარული ყველაზე მეტად მაშინ სჭირდება, როცა ყველაზე ნაკლებად იმსახურებს ამას.

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები

0
2012 წელს 100 000 ამერიკელ მოსწავლეს დაესვა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მცდარი დიაგნოზი. ქართულ სკოლებშიც სულ უფრო ხშირად ისმის ეს ტერმინი. ამ სინდრომის რამდენიმე მაჩვენებელი – სირთულეები დავალებებზე კონცენტრირებისას, ყურადღების გაფანტვა, მოუსვენრობა – ერთობლიობაში მოწყენილობის სიმპტომებიცაა, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, თუ საათობით, ყოველგვარი თვალსაჩინოების, ყურადღების გადართვის საშუალების გარეშე, მონოტონურად ესაუბრებიან მისთვის უინტერესო, გაუგებარ, უმიზნო საკითხებზე. ხშირად სწორედ ასე გამოიყურება ჩვენი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი, რადგან მათ აქვთ კომუნიკაციისა და ინფორმაციის უწყვეტი და მრავალფეროვანი წყაროები, ცხოვრობენ მოულოდნელობით აღსავსე კონკურენტულ გარემოში, რომელიც კონკრეტული საკითხების ცოდნასთან ერთად (და ზოგჯერ – უფრო მეტადაც) მოითხოვს კარგად განვითარებულ კომპლექსურ უნარებს, ისეთებს, როგორებიცაა დროის მართვა, მოქნილობა, პრობლემის გადაჭრა, კვლევა, ლიდერობა და იმავდროულად გუნდური მუშაობა და სხვ. ჩვენი მოსწავლეები შესანიშნავად გრძნობენ სამყაროს მოთხოვნებს და იმას, რომ საკლასო ოთახში მიმდინარე სასწავლო პროცესი ამ მოთხოვნებს ხშირად არ შეესაბამება.

განათლების განვითარებით ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოწვეული რადიკალური ცვლილებები, თავის მხრივ, აუცილებელს ხდის განათლების განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლას, რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარებას, სწავლება-სწავლის პროცესში ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებას, განათლების ინდივიდუალიზაციას – მოსწავლესა და მის საჭიროებებზე ორიენტირებას. განათლების სისტემაში ცვლილებების წარმატებით განხორციელება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის პროფესიული განვითარება. 

ნებისმიერი პედაგოგისთვის ნათელია, რომ პრაქტიკის გაუმჯობესების საშუალებას მუდმივი რეფლექსია იძლევა და არა ფრაგმენტული და ქაოსური ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით, პროფესიული განვითარების ტრადიციულ მოდელთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელს. მაშინ როდესაც ტრადიციული მოდელი წარმოადგენს ტრენინგისა და/ან სემინარის ერთჯერად სესიას (საუკეთესო შემთხვევაში – სესიათა ერთობლიობას) და მიმართულია უმთავრესად მასწავლებლის ცოდნისა და ზოგადი უნარების გამოვლენისა და გაუმჯობესებისკენ, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება წარმოადგენს მრავალფეროვანი აქტივობებისგან შემდგარ უწყვეტ პროცესს, რომელიც სასწავლო ჯგუფებში ხორციელდება. მასწავლებლები კვლევითი პროექტების მეშვეობით წყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან ყოველდღიურ პრაქტიკაში, რაც არსებითად ცვლის სასწავლო პროცესს და დადებითად აისახება მოსწავლის დისციპლინასა და აკადემიურ მოსწრებაზე.

დაკვირვებებსა და რეფლექსიაზე დაყრდნობით შემიძლია გამოვყო რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის დანერგვის საშუალებას იძლევა და  მის ეფექტიანობას განაპირობებს.

ერთ-ერთ გამოსვლაში კენ რობინსონი ამბობდა: „განათლების სისტემაში ცვლილებათა შესატანად არ კმარა, უბრალოდ ვუთხრათ მასწავლებელს, რომ სტანდარტიზებული ტესტების შედეგების გაუმჯობესებაა საჭირო. მან თავად უნდა იგრძნოს ცვლილებების საჭიროება. და ვიდრე არ გაჩნდება ამ საჭიროების გაზიარებული განცდა, ვერც მასშტაბური ცვლილებების განხორციელება მოხერხდება”. ჩემი აზრით, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის წარმატებით დანერგვის აუცილებელი, მაგრამ, ბუნებრივია, არასაკმარისი პირობა სწორედ ცვლილებათა საჭიროების გაზიარებული განცდაა – თანამოაზრეობა უზრუნველყოფს თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო ცვლილებათა საჭიროების გააზრება – მოქმედებას ცვლილებების განსახორციელებლად. 

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სხვა მექანიზმები თანამშრომლობითი გარემოს განუყოფელი ელემენტებია:

·სამუშაო ჯგუფში ლიდერის – ავტორიტეტული კოლეგის არსებობა, რომელიც თანაბრად ინაწილებს ჯგუფის წევრთა მიერ შესასრულებელ საქმიანობას, ადგენს ამა თუ იმ აქტივობის კონკრეტული საფეხურის დასრულების ვადებს, ყოველთვის თანმიმდევრული და სამართლიანია, კოლეგათა მცირე წარმატებაც კი ახარებს და ეხმარება მათ სირთულეების გამოვლენასა და დაძლევაში; 

·სამოქმედო გეგმის შედგენისას სკოლაში ან/და სამუშაო ჯგუფში არსებული კულტურის გათვალისწინება, რაც ნიშნავს, ზედმიწევნით იგრძნო კოლეგისა თუ კოლექტივის მზადყოფნა შენ მიერ შეთავაზებული სიახლეების გასაზიარებლად და მათში აქტიური მონაწილეობის მისაღებად; 

·საკუთარი და კოლეგების ძლიერი მხარეების გათვალისწინება და გამოყენება პროფესიული განვითარების დაგეგმვისას. 
 
სკოლაში ასეთი მექანიზმების არსებობა განაპირობებს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი პროფესიული ურთიერთობების დამკვიდრებას. მასწავლებელთა მცირე ჯგუფებში ჩამოყალიბებული კულტურა მომავალში იქცევა სკოლის კულტურად, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე. განსხვავებული ხედვებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გათვალისწინებით მასწავლებლები შექმნიან ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც მიუახლოვდება თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ დაინტერესებას და თავიდან აგვაცილებს არასწორ დიაგნოზზე აგებულ სტატისტიკას.  
გამოყენებული ლიტერატურა და დამხმარე რესურსები:

1.მ. ბოჭორიშვილი, მ. ინასარიძე. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. პრაქტიკული გზამკვლევი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2014
2.Sandra H. Harwell. Teacher Professional Development: It’s not an event, it’s a process. CORD, 2003
3.National Advisory Commitee on Creative and Cultural Education. All Our Futures: Creativity, Culture, Education. Report to the Secretary of State for Education and Employment, the Secretary of State for Culture, Media and Sport. May, 1999
4.https://www.youtube.com/watch?v=BEsZOnyQzxQ 
5.https://www.youtube.com/watch?v=aiW0s6_83dw 

ფეხბურთი მაგიდაზე

0
დავუშვათ გადაიღალეთ და მძიმე  დღის შემდეგ დასვენება, გართობა გსურთ. ”ვითამაშებ რამეს” – იტყვი. კომპიუტერზე არ გირჩევ, მონიტორის ცქერა არ გყოფნის?  თანაც რას აღარ ამბობენ ეკრანის არამარტო თვალებისთვის მავნე გამოსხივებაზე. კარტი, დომინო თუ ნარდი კარგი და სასარგებლო (ტვინის გამავარჯიშებელი) თამაშებია, თუმცა მაინც მოსაწყენია. აბა რას იტყოდი, არ იცი ასეთი თამაში?
საქართველოში სპორტის სახეობა, სახელად “სუბბუტეო”, შეიძლება ითქვას არავინ იცის. არადა, ეს ჩვეულებრივი სამაგიდო ფეხბურთია, რომლის მსგავსს სკოლის მერხზე დახაზულ მოედანზე დაგორგოლავებული ქაღალდის ბურთით ვთამაშობდით და წკიპურტით ვიტანდით გოლებს. ამის გარდა, სამაგიდო ფეხბურთის საკმაოდ პოპულარული ნაირსახეობა იყო ერთგვარი სათამაშოც (ასეთი ჰოკეიც არსებობდა), რომელზეც მოთამაშეს სპეციალური ზამბარებითა და ღერძებით ლითონის ფეხბურთელი მოძრაობაში მოჰყავდა და პლასტმასის ბურთს აქეთ-იქით მანამდე არტყმევინებდა, სანამ მეტოქის კარში არ შეაგდებდა.
ასეა თუ ისე, სამაგიდო ფეხბურთით გართობას ჩვენთვის მხოლოდ სკოლის ასაკში ჰქონდა ხიბლი. თუმცა იყვნენ და არიან ზრდასრული „სერიოზული” ადამიანები, რომლებისთვისაც ეს გასართობი არაფრით ჩამოუვარდება სპორტის სხვა „სერიოზულ” სახეობებს და არანაკლები ეშხით გამოხატავენ წარმატებას, ვიდრე ოლიმპიელები ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მოპოვებისას.
ყველაფერი შორეულ 1929 წელს ლივერპულში დაიწყო. საერთოდ ინგლისის ამ ქალაქის მცხოვრებლებს მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი ნოვატორული იდეა თუ აღმოჩენა მიეწერებათ. ჰოდა, ერთ დღესაც, ერთმა ფანტაზიამოჭარბებულმა ლივერპულელმა ვინმე უილიამ კილინგმა, საბავშვო თამაში გამოიგონა.
კილინგის სამაგიდო ფეხბურთის კომპლექტი თერთმეტი მოთამაშისგან შემდგარი ორი გუნდისგან შედგებოდა. ფანერის ფეხბურთელთა ფიგურები ხის ნახევარსფეროებზე იყო დამაგრებული, ოდნავი გამოძრავებით კი ცელულოიდის ბურთს აგორებდნენ. თამაშის პრინციპი კი მარტივი – ფიგურაზე თითის შეხებით მეტოქის კარში ბურთის შეგდება იყო.
1947 წლამდე ამ გამოგონებას განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონია, სანამ სხვა ბრიტანელმა პიტერ ადოლფმა არ წარმოადგინა ანალოგიური თამაში სახელად შუბბუტეო. ალბათ დაგაინტერესათ საიდან ასეთი უცნაური სახელწოდება? თანაც ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს. თურმე მისტერ პიტერს თავდაპირველად თამაშისთვის ჰობი დაურქმევია, მაგრამ ამ სახელით მისი დარეგისტრირება ვერ შეძლო. 
რაც შეეხება შუბბუტეო-ს ეს ერთ-ერთი მტაცებელი ფრინველის ჯიშის ლათინური შესატყვისია, რომელსაც ინგლისელები „ჰობის” უწოდებენ. რა კავშირშია ეს მაგიდის ფეხბურთთან, განსჯა თქვენთვის მოგვინდია. ამასთან, გამორიცხული არაა, სწორედ ასეთმა გაუგებარმა სახელწოდებამ განაპირობა ის, რომ თამაშმა ომის შემდგომ ბრიტანეთში დიდი ინტერესი გამოიწვია და უმალ პოპულარულ გასართობად იქცა.
საგულისხმოა, რომ ადოლფმა არც არაფერი დაუმატა კილინგის აღმოჩენას, გარდა სახელისა და კარებებზე ბადის გაკეთებისა. თავდაპირველად სათამაშოდ სპეციალური მოედანი არც იყო საჭირო. ერთნაირი აზარტით თამაშობდნენ ხის იატაკზეც და ნოხზეც.
თამაში სწრაფად ვითარდებოდა. 1960 წლიდან მოთამაშეთა ფიგურები პლასტმასისგან ჩამოასხეს. თამაშისთვის მეტი ხიბლის მისაცემად დაიწყეს დამატებითი აქსესუარების დამზადება – პატარა ტრიბუნების, განათებებისა და სატელევიზიო კოშკურებისაც კი. 1970 წლიდან ადოლფის ფირმამ სათამაშო კომპლექტს ახალი ფიგურები – კუთხურის მიმწოდებლები და დამრტყმელი ფეხბურთელები შეჰმატა. დაამზადა პატარა მოედანიც მთელი თავისი აღჭურვილობით. ყოველივე ამან კი შუბბუტეო მილიონობით ადამიანის საყვარელ გასართობად აქცია. 80-იანი წლების ბოლოსთვის კი თამაშში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ კიდევ უფრო ნამდვილს მიამსგავსა სამაგიდო ფეხბურთი.
დღეს ეს თამაში, ისევე როგორც ”დიდი ფეხბურთი”, წარმოუდგენელია თავისი ფედერაციის, კვალიფიციურ მსაჯთა კომიტეტის, თამაშის დახვეწილი და დაკანონებული წესებისა და სხვა მთელი რიგი ნიუანსების გარეშე. იმართება ოფიციალური ტურნირები, მსოფლიო ჩემპიონატები. ეგ კი არა და, რამდენიმე ქვეყანაში რეგულარულად იმართება მნიშვნელოვანი შეხვედრების ტელეტრანსლაციები..
რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, თითო ”გუნდს” თითო მოთამაშე მართავს. ბურთის დარტყმა, მოთამაშეების გადაადგილება გარკვეული წესების დაცვით, წკიპურტებითა და თითის კვრით შეიძლება. თამაში ორი, 15-წუთიანი ტაიმისგან შედგება და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისეთივე ”მოკრძალებული” ანგარიშით მთავრდება, როგორითაც ნამდვილ ფეხბურთში – გოლის გატანა, როგორც დიდ, ასევე მაგიდის ფეხბურთში ძნელი და მნიშვნელოვანი საქმეა.

ფიზიკა ამოცანებში მუდმივი ელექტრული დენი

0

ელექტრული დენი, როგორც ცნობილია, დამუხტული ნაწილაკების მოწესრიგებულ მიმართულ მოძრაობას წარმოადგენს. ცხადია, ასეთი მოძრაობა მოითხოვს ელექტრული ველის არსებობას იმ გარემოში, სადაც იქმნება ელექტრული დენი.

ვრცლად

უპატრონოდ დატოვებული ქმარ-შვილი

0
„დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამუშაო, არ არის სამსახური. ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი და დამხმარე ადამიანის არის ჩვენი დედამიწა. ერთმა საქმემ თუ ვერ გაგიმართლათ, მოეკიდეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უმუშევარი იყოს ადამიანი. იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი დაბრუნდება სამშობლოში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაეხმარება მათ, რომ სიუხვე და მადლი ჰქონდეთ”, – საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II.
2015 წ. 18 ოქტომბერი.
ქორწილებში თითქმის არასოდეს დავდივარ. ნათესავების დაოჯახების ამბებს, როგორც წესი, მშობლებისგან ვისმენ ხოლმე. ამ რამდენიმე თვის წინ მამაჩემი მოვიდა და საუბარში ისიც მოაყოლა, კიდევ ერთ  ქორწილში ვიყავი, ბევრი ხალხი იყო, ფაქტობრივად ყველა ახლობელი და შედარებით შორეული ნათესავი, გარდა  სიძის და  პატარძლის დედებისა, რომლებიც  საბერძნეთში წასულან  წლების წინ, სავარაუდოდ არალეგალურად, და მას შემდეგ ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ. აქ რომ ჩამოვიდნენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიანო.
სკაიპით ჩაერთნენ ჯერ ერთი, მერე მეორე. ძალიან სევდიანი იყოო.

მამაჩემი როგორც წესი, სევდიან ამბებს იშვიათად ყვება, ზოგადად, ამბებს იშვიათად ყვება. ეს ამბავი ისე მოყვა, თვალწინ დამიდგა ყველა ის ქალი, რომლებიც საქართველოდან სხვადასხვა დროს წასულა.

მათი აქ დარჩენილი ოჯახის წევრებიც გამახსენდა, მძიმე შრომით მოპოვებული ფულით გადახდილი ქორწილები, ნაყიდი ტანსაცმელი, საჭმელი, განათლება, მანქანა, სახლები,  ყველაფერი დანარჩენი. და კიდევ ერთხელ გავბრაზდი ქვეყანაზე, რომელიც საშუალებას ვერ აძლევს თავის მოქალაქეებს შეძლონ სრულიად ელემენტარული, გადარჩენისთვის საჭირო თანხის გამომუშავება; კაცებზე, რომლებმაც  სამშობლოში უსაქმოდ ყოფნა არჩიეს და სხვა გზა არ დაუტოვეს თავიანთ ცოლებს; შვილებზე, რომლებმაც ნაცვლად იმისა, რომ დღე და ღამე ესწავლათ, ემუშავათ და უკეთესი რეალობა შეექმნათ, ვერ გაიაზრეს, რას ქვია ზრდასრულის წილი პასუხისმგებლობა, არაფერი გააკეთეს დედების უკან დასაბრუნებლად და თავად ამ ქალებზეც, რომელთა საქციელიც რაღაც მხრივ, მართალია, გმირობაა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში გმირების საჭიროება ნაკლებადაა – ერთი კაცი ბევრს ვერ გადაარჩენს, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.
მერე ის კარგი ფილმიც გამახსენდა, პირველად სტუდენტობისას რომ ვნახე და მივხვდი, რომ გაბრაზებას აზრი არ აქვს. მით უმეტეს ამ ქალებზე გაბრაზებას.
ან ფილმი რად გვინდა. მარტო მე ათობით ასეთი ამბავი ვიცი.
პატარაობისას, სანამ დედას იმედი ჰქონდა, რომ მე და ფორტეპიანო დავმეგობრდებოდით, იქვე, მეზობლად ერთ ძალიან კარგ ქალთან დავდიოდი გაკვეთილებზე. ჩემზე ოდნავ დიდი ბიჭი ჰყავდა, ერთ სკოლაში დავდიოდით. ერთ დღესაც ამერიკაში წავიდა. დღემდე იქაა, შვილი გაიზარდა, ახლა ის შვილიშვილებს სჭირდება.
წლების წინ მეგობართან ვიყავი სტუმრად ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში. მათი ნათესავი მოვიდა, გვიამბო – შვილი უკვე გაიზარდა, თავისი ოჯახი აქვს და იმიტომ ჩამოვედი. სანამ პატარა იყო, აქ რომ ვყოფილიყავი, როგორ გამეზარდა. ავტობუსით გადავიპარე საბერძნეთში, ჩემოდანში ჩამჯდარი ჩამდეს საბარგულში, მთელი გზა ვლოცულობდი, არ გავგუდულიყავიო. მეორედ ეგეთ რისკს ვეღარ გავწევდი. ამიტომ წლები გადიოდა, ბავშვი იზრდებოდა, უკან დაბრუნებაზე ფიქრის უფლებასაც კი ვერ ვაძლევდი ჩემს თავსო.
მეგობარი გვყავს, უკვე დიდი ბიჭია, დედამისი დღემდე წასულია. შვილი კი გაზარდა, მაგრამ ახლა მოხუც მშობლებს და უმუშვარ და-ძმას სჭირდება მისი დახმარება. შვილიშვილს ისიც მხოლოდ სკაიპში ხედავს.

სხვა ამბებსაც მოგიყვებოდით, დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ თქვენც ათობით ასეთი ამბავი იცით.

2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 3 778.5 ადამიანი ცხოვრობს.  არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან   1 607 744   ადამიანია ემიგრაციაში წასული. მათგან 65% ქალია, რომელთა ოჯახების შემოსავალს სრულად ან ნაწილობრივ ამ ქალების გზავნილები შეადგენს. გამოდის, რომ ისინი არიან ერთადერთი მარჩენალი საკუთარი ოჯახების და არამარტო საკუთარი ოჯახების. მიგრანტების ფულადი გზავნილები ქვეყნაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას აღემატება.

დიდი კვლევები არც იმას სჭირდება, რომ საქართველოდან ქალების მიგრაციის ძირითადი მიზეზი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებია და არც იმას, რომ ისინი საზღვარგარეთ მძიმე პირობებში მუშაობით ძირითადად მომსახურების სფეროში დასაქმებით მოიპოვებენ იმ თანხას, რომლებსაც ისევ საკუთარ ოჯახებს ახმარენ.

ალბათ თქვენც გეყოლებათ მოსწავლე, რომელსაც უკვე წლებია არ უნახავს დედა, მეზობელი, რომელმაც  არალეგალურად, დიდი რისკის ფასად გადალახა საზღვარი; იქნებით ნამყოფი ქორწილში, რომელიც საზღვარგარეთ ნაშოვნი ფულით არის გადახდილი; იცნობთ ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარ სურვილებზე, თავისუფლებასა და ოცნებებზე და თავი გაწირეს. ალბათ თქვენც ისმენთ ან კითხულობთ ხოლმე საკვირაო ეპისტოლეებს და  მიხვდებით, რატომ მოვიტანე სტატისტიკა, ციფრები და გავიხსენე მძიმე ამბები.

“უპატრონოდ დარჩენილი ქმარ-შვილი” ჩვენი ნაცნობები, მეგობრები, მოსწავლეები, ნათესავები და ახლობლები არიან. მათთვის მძიმეა, მეტიც, ძალიან მძიმე იმის მოსმენა, რომ ხალხი, ვინც ისინი გადაარჩინა შიმშილსა და სიღატაკეს, მანკიერები არიან. ნებისმიერ ადამიანს თავისი გადამრჩენელის მიმართ ყველაზე ცოტა მადლიერების გრძნობა უნდა გააჩნდეს და ცდილობდეს, სათანადოდ გადაუხადოს სამაგიერო. ალბათ სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ “უპატრონოდ დარჩენილ ბავშვებს”, რომ გამოიყენონ მშობლების მიერ გამოგზავნილი ფული გაძლიერებისთვის, განათლებისთვის და მთელი რესურსი უკეთესი ქვეყნის აშენებაში ჩადონ. თორემ დღეს რომ საქართველოში სამსახურის შოვნა ჭირს, მით უმეტეს ღირსეული ანაზღაურების მიღება, ამაზე დავას ხომ აზრი არ აქვს, რაც არ უნდა დიდი ავტორიტეტი შეეცადოს ჩვენს საწინააღმდეგოში დარწმუნებას.

დღეს რომ ეს ქალები, რაც არ უნდა ეცადონ, საქართველოში იმის ნახევარსაც ვერ გამოიმუშავებენ, რასაც საზღვარგარეთ იღებენ, ხომ დღესავით ნათელია. შეიძლება მან, ვისაც თბილი სახლის, ნოყიერი საკვებისა და ელემენტარული პირობებისთვის ბრძოლა არ უწევს სხვანაირად ეგონოს. მაგრამ ჩვენ, ვისაც თავად გვიწევს მუხლჩაუხრელი შრომა, ზოგჯერ შვილების დატოვებაც კი, ეს ხომ კარგად გვესმის.

ქართული საღვინე ჭურჭელი

0
საქართველოში ადრეული პერიოდიდან გამოიყენებოდა ისეთი ძველი საღვინე ჭურჭელი, როგორიცაა: ტიკი, რუმბი, ქვევრი, კასრი და სხვა. თუმცა, როდესაც მინის ჭურჭელი შემოვიდა, ძველი საღვინე ჭურჭლის დამზადების ტრადიცია თანდათან მოიშალა და ბევრი ადამიანის ხსოვნაში მხოლოდ ადრეულ ლექსებსა და მოთხრობებში შემორჩა. 
  
საღვინე ტიკს ძველ საქართველოში ამზადებდნენ ხარის, თხის, ან კამეჩის ტყავისგან, რომელსაც ქვემოდან სახელოსავით ჰქონდა მიკერებული ღვინის ჩამოსასხმელი. იტევდა 4-5 ფუთ ღვინოს ან წყალს და ყულფებით იყო დამაგრებული ცხენის ან სახედრის კეხზე. ღვინოს ტიკში პირიდან ასხამდნენ, იქიდან ჩამოსხმა კი `სახელოდან” ხდებოდა. 1893 წლიდან ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში დიდი ტიკები ხის კასრებით შეცვალა. კასრებით წყლის ან ღვინის მზიდავს კი მაინც თულუხჩი ან მეთულუხჩე ერქვა.
ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტიკი თავისი არსით იყო წყლის გადასაზიდი და არა შესანახი ჭურჭელი. ერთ კვირაზე მეტ ხანს ტიკში გაჩერებული ღვინო კარგავდა თავის საუკეთესო თვისებებს და დაძმარებას იწყებდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ტიკებს შიგნიდან შავი გუდრონით (იგივე ფისით) გლისავდნენ. ამიტომ, კარგი მეღვინე ტიკში ღვინოს 1-2 დღეზე მეტ ხანს არასოდეს აჩერებდა – ან ქვევრში ასხამდა, ან კასრში და ანაც რუმბში.
 
რაკი რუმბი ვახსენეთ, ბარემ კიდეც დავახასიათოთ, ეს უფორმო, უზარმაზარი ჭურჭელი. 
 
გიორგი ბერიძე, ეთნოგრაფი: “რუმბი იყო მრავალნაირი და ბევრნაირი დანიშნულების. რუმბი კეთდებოდა: სპილენძისაგან, კამეჩის ტყავისგან ან ალუმინისაგან. თბილისში ყველაზე დიდი რუმბები სომხებს ჰქონდათ, რომლებიც შემოდგომაზე ნაყიდ ღვინოს ინახავდნენ და გაზაფხულზე და ზაფხულში კარგ ფასად ყიდდნენ. არსებობდა ერთტონიანი, ორტონიანი და ხშირად სამტონიანი რუმბებიც კი. ასეთ ჭურჭელს გადასატანად ხარ-კამეჩები სჭირდებოდა. რუმბების ფორმებიც განსხვავებული იყო. არსებობდა დიდმუცელა, ვიწროყელიანი რუმბები, რომელსაც თავზე სველი თიხით შელესილ ხეს აფარებდნენ. ასევე იყო მოგრძო დიდყელიანი რუმბებიც. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რუმბებს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე კარგად სპარსელი ხელოსნები აკეთებდნენ. მოგეხსნებათ, სპარსელებს ღვინის დალევას რელიგია უკრძალავთ, მაგრამ როგორც ჩანს, თბილისელი სპარსელები განსაკუთრებულად ღრმადმორწმუნე მუსლიმანები არ იყვნენ”.
ჭაბუა ამირეჯიბი “დათა თუთაშხიაში” ძალიან კარგად აღწერს ყანდურის მიერ რუმბების მოტაცების ამბავს:
„- ვინ მოგპარა ტიკები, კაცო?… ყანდურმა?
– ყანდურმა. ეხლა ანაფორა ჩაუცვამს, გრძელი წვერი მოუშვია და ხალხს სინდის–ნამუსს ასწავლის… მაგრამ ეგეთი ხასიათის კაცი ვარ! განა სულ ტიკი იყო? ორი რუმბი იყო და ოთხიც ტიკი – კამეჩის რუმბები იყო. აბა, რომელმა იცით, სულ დიდი რუმბი იყოს, კამეჩისა. 
– ღვინო რამდენი ჩავა შიგ?.. არ იცით, არა?.. გეტყოდით, მაგრამ დამავიწყდა. მას აქეთ კამეჩის რუმბი აღარა მქონია. თხუთმეტი წელიწადია, რაც მომპარა. არ დამვიწყებოდა, რათა გკითხავდით, რა!.. დამიჭით, დამიჭით ყანწები!”
როგორც ზემოთ ვთქვით, ძველი ქართული საღვინე ჭურჭელი, განსაკუთრებით – რუმბები, დღესდღეობით ყველაზე კარგად ქართულ ლიტერატურაშია შემონახული. გავიხსენოთ ტიციან ტაბიძის ცნობილი ლექსი “ცხენი ანგელოსით”: 
“გადმოფრენილი
ჰოლანდიელი,
თუჯის მხედარი,
ხანა პეტერბურგის.
შაბიამანში გატყდება ცხენი
და როგორც რუმბი,
გასივდება თუჯის მხედარი.
ახალ ევგენის წინ გაიგდებს ცხენი ანგელოსით.
შორი გზა არ ღლის,
ვეშაპი ვერ მოჰკლავს,
დევნი უფრთხიან”.
 რუმბს სულხან-საბა ორბელიანიც ახსენებს თავის ერთ-ერთ იგავ-არაკში: „რა მთას ავედით, ორნი დიდნი კაცნი შუღლობდენ. ჩემსა უფრო იყვნენ, თვარა მისოდენი არ იყვნენ. ამაზე შეცილებულიყვნენ. ერთს კაცს ზურგს ერთი რუმბი ღვინო ჰკიდებოდა და აღმართში დამძიმებოდა, მეორე მოსწეოდა და ეთქვა: თუ გემძიმება, მე ამკიდე, მთამდის ავიტან და მუნ ერთი ხლაპი მაქნევინეო”.
 
მიუხედავად იმისა, რომ რუმბი ფაქტობრივად გაქრა ქართული მეღვინეობიდან, სამეტყველო ენაში დღესაც ხშირად გაიგებთ სიტყვებს: “რუმბივით გასივებული” “მუცელი რუმბივით მქონდა”  და სხვა. 
კასრი, მარცვლეულისა და ღვინის საწყაო ჭურჭელი იყო ჯერ კიდევ XVI—XVII საუკუნეების იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქართლ-კახეთში. XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში ღვინის ჭურჭელთან ერთად კასრი იყო მარცვლეულის საწყაო (ასაწონი) ერთეული და კოდის 1/2 ან 16,5-ს (17 კგ) უდრიდა. ხოლო დასავლეთ საქართველოში ღვინის საწყაო კასრი — საშუალოდ 46 ლიტრის მოცულობისა იყო. კასრი კეთდებოდა: მუხის, ნაძვის და კოპიტის ხისაგან, თუმცა სხვა ჯიშის ხეებსაც ხშირად იყენებდნენ. მაგალითად, მე 18-ე საუკუნის ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში აღწერილია ამბავი, როგორ დაუგორდათ გორში ვაჭრებს მთიდან კაკლის ხის კასრები და რომ ამ კასრებმა რამდენიმე სახლიც დააზიანა. ვაჭრები პატიოსანი ხალხი გამოდგნენ და დაზიანებული სახლის პატრონებს უნებლიედ მიყენებული ზარალი აუნაზღაურეს. 
მეტად საინტერესოა, ვიცოდეთ, რომ სიტყვა „კასრი” სულხან-საბა ორბელიანის “სიტყვის კონაში” ორნაირადაა განმარტებული: “სახლი მომცრო სათავისწინაო” და “ჩასასხამი ღვინისა”. სულხან-საბას მიერ კასრის სახლად წარმოდგენისას, რა თქმა უნდა, ყველას ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე გაახსენდება, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება კასრში გაატარა. კასრი სახლად მქონდაო, სწორედ დიოგენემ უნდა თქვას. 
XVII საუკუნის 70-იანი წლების ფრანგი მოგზაური ჟან-პოლ შარდენი ღვინოზე, საღვინე ჭურჭელზე და საერთოდ, ქართული სუფრის, ქეიფისა და ღვინის სმის ტრადიციაზე ძალიან საინტერესო ცნობას გვაწვდის: „სამგვარი საჭმელი მოვიდა სუფრაზე. ყველა სამოცამდე ვეება ლანგრით; მოვიდა ყველა ჯურის ფლავი, ბრინჯი ხორცთან ერთად მოხარშული. აკეთებდნენ სხვა და სხვა ფერისას და გემოვნებისას; ყვითელ ფლავს შაქრით, დარიჩინით და ზაფრანით აზავებდნენ; წითელს ბროწეულის წვენით. თეთრი ფლავი კარგი და გემრიელი საჭმელია… აზიზი და შემრგე… მერე თავად შემოიტანეს კუპატები, ყაურმა, მშვენიერი მომჟავო, მოხრაკული ხორცი და სხვა ამგვარი საჭმელები… საკვირველი წესიერებით და სიჩუმით მიმოჰქონდათ საჭმელები. ყველა უთქმელად აკეთებდა თავის საქმეს. სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვინემ ეს 150 კაცი, რომელიც სეფაში იყო… მეტად საკვირველი იყო სუფრის იარაღი და ავეჯეულობა. 120-მდე ღვინის სასმელი ჭურჭელი იყო სუფრაზე: ბადიები, თასები, ყანწები, კულები, 12 აზარფეშა და სხვანი…”
საწყენი ისაა, რომ წარმოშობით ფრანგმა კაცმა ქართული სუფრისა და ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ მეტი იცოდა, ვიდრე შემდგომ პერიოდში რუსეთს მიკედლებულმა ბევრმა ქართველმა გენერალმა.
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აღმავალ პერიოდად XIV ს-ის პირველი ნახევარი უნდა ჩაითვალოს, რასაც “კარის გარიგებანი” გვიდასტურებს. ეს დარგი იმ დროს მთავრობის ზრუნვისა და ზედამხედველობის საქმედ იყო მიჩნეული. სახელმწიფო მმართველობის აპარატში ცალკე უწყებაა შექმნილი, რომელსაც დიდი მოხელე მეღვინეთუხუცესი ხელმძღვანელობს. იგი განაგებს უზარმაზარ სამეფო ზვრებს, ღვინის შემოსავალს ზვრებიდან, საგლეხო ბეგარებიდან, სახელმწიფო ღვინის გადასახადს (კულუხს), ღვინის ხარჯს სამეფო კარზე. მას ექვემდებარება ძალზე დიდი და მრავალშტატიანი დაწესებულება „საღვინე”, რომელსაც ემსახურებიან საღვინის ხელისუფალნი: “მეღვინენი”, “საღვინის მოლარე”, “მემარნე”, “მეზვრენნი” და სხვ.
არსებობდა მევენახეობა-მეღვინეობის დიდი საბატონო მეურნეობები. მაგ: გელათის მეურნეობაშიც ჰყოლიათ საკუთარი მეღვინეთუხუცესი, ხოლო გელათური საუკეთესო ღვინო ყოველწლიურად ძღვენის სახით უნდა მიერთმიათ მეფისათვის. დიდი მეურნეობების მაგალითად შეიძლება კარის გარიგებაში აღწერილი სამეფო-საბატონო მეურნეობა მივიჩნიოთ. 
ზვრებში სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი აქ საპოლიციო მოხელეებს – მანდატურებს ევალებათ. ჩანს, რამდენად მძიმე იყო ზვრებში მუშაობა, რომ იგი პოლიციის გარეშე გარანტირებული ვერ ყოფილა. მანდატურებს ეკისრებოდათ წინასწარი სიებით გლეხობის სამუშაოზე გამოყვანა იმის მიხედვით, თუ ვის როდის უწევდა იგი. 
“საღვინეში” ინახებოდა ღვინის ჭურჭელი და თვით ღვინო, სამეფო კარზე ყოველდღიურ სახმარად და ხარჯვისათვის იყო საჭირო. ღვინის მოსავალი კი ჩვეულებრივად ადგილზე, მარნებში იყო შენახული. ღვინის ყოველგვარი შემოსავალი, ხარჯი და საღვინე ჭურჭელ-იარაღი ჩვეულებრივ ყოველ წლისთავზე (როგორც სხვა უწყებებში) აღირიცხებოდა და იანგარიშებოდა.
„საღვინის მუქიფი” ზვრების საქმეს განაგებდა მეღვინეთუხუცესთან ერთად. ის საღვინიდან გასული ან შემოსული ძღვენის საქმეს აწესრიგებდა. „მეღვინეებს” ევალებოდათ „საღვინიდან” გამოტანილი ჭურჭლის თვალყური და ისევ თავის დროზე სალაროში შენახვა, ზვრებში მუშაობის ზედამხედველობა, მეფის პირადი მომსახურება ღვინის მხრივ. ყოფილა ცალკე „პირის მეღვინეც”. „საღვინის მოლარეს” საღვინის ქონების აღწერა-დაცვა ევალებოდა.
ღვინის დიდ შემოსავალზე და მის სახელმწიფოებრივ დანიშნულებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ღვინო მეფის კარზე გამოყენებულია მოსახლეობის გასამრჯელო-სარგოდ: მეღვინეთუხუცესს სარგოდ ეძლევა თითო ზვრიდან თითო ჭური ღვინო, ამაზე „უმცროსი” ჭური საღვინის მუქიფს ეძლევა, საღვინის მოლარეს ისტუმრებს მეზვრე იმის მიხედვით, თუ “ვითარ ზვარი იყოს, ანუ მეზვრე”, ხოლო მეღვინეები სარგოს იღებენ ღვინის ბეგრიდან, როცა ისინი “ღვინის ულუფას” მოკრეფენ.
ჩვენ შეგნებულად არ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ტრადიციულ ქართულ ღვინის ჭურჭელზე “ქვევრზე”. ქვევრი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ცალკე სტატია მიეძღვნას. 
 
ხოლო ის ფაქტი, რომ ქართველი გლეხების დიდმა ნაწილმა საერთოდ დაივიწყა ძველი ქართული ღვინის ჭურჭლის მოხმარება და გამოყენება, ჩვენი დროის საქართველოს დიდ სირცხვილად უნდა შეფასდეს. 
 

ქალაქი, სადაც ჩანჩქერია

0
სარკეში ჩახედვის მეშინია – იქ გამოუძინებელ ორეულს დავინახავ. მე და ჩემს ანარეკლს მთელი ღამე არ გვძინებია… წინ კი გრძელი დღე და საპასუხისმგებლო სემინარი გვიდევს. აეროპორტში სტუმრების დახვედრა თუ ასეთი დამღლელი იქნებოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი. რა დამღლელი ეგ არისო, – იტყვის მავანი, – წახვალ, მგზავრების გამოსასვლელთან დადგები, სიხარულითა და მოლოდინით აღსავსე სახეს მიიღებ და როგორც კი ნაცნობ სახეებს დაინახავ, ხელს დაუქნევ, მათი საქართველოში ჩამოსვლით გამოწვეულ სიხარულს გამოხატავ, მერე მანქანამდე მიაცილებ და სასტუმროსკენ გაამგზავრებ. ეს არის და ესო… არადა, ღელავ მაინც, პასუხისმგებლობას გრძნობ, მით უმეტეს, თუ ასეთი სტუმარი 25–ია.

პირველი რეისი დღის სამ საათზეა – ოდესელი გოგო ჩამოდის. ნახევარ საათში სხვა რეისი ჩამოფრინდება, ამჯერად – კიევიდან, და მოლდოველ სტუმრებს ჩამოიყვანს. ამათ საგანგებოდ მომარაგებული მანქანებით ვამგზავრებ და ყველაზე დიდ ნაკადს ველოდები სტამბულიდან. ამ ნაკადით რუმინელები და ბერძნები ჩამოვლენ. აი, გვიან ღამით კი… უფრო სწორად, გამთენიისას, ორი თურქი მოდის და ორივე – სხვადასხვა რეისით. ერთმანეთს მაინც შეთანხმებოდნენ, ერთი რეისი აერჩიათ. 

ბოლოსწინა ნაკადიც გამოდის და მეც მათთან ერთად მივდივარ. გამთენიამდე აეროპორტში აღარაფერი დამრჩენია. თბილისში ყველა პირველადაა. არ ვიცი, რას ელიან, მაგრამ ფაქტია, ფართოდ გახელილი თვალებით იყურებიან აქეთ-იქით. მეც მათსავით ვიყურები და ვფიქრობ, ახლა პირველად რომ მოვდიოდე ამ გზაზე, რას ვიფიქრებდი ქალაქზე. თუმცა, ძნელია, აეროპორტიდან მომავალმა სწორი წარმოდგენა შეიქმნა.

– ის რა არის? – ქართლის დედაზე მეკითხებიან.
ვუხსნი. ვამატებ, რომ ღვინით სავსე თასით მეგობრებს ვხვდებით და თუ ძალიან გაგვაბრაზეს, ხმლის მოქნევაზეც არ ვიტყვით უარს.
– ეს რაღაა?

ამჯერად იუსტიციის სახლი აინტერესებთ. აი, ის, სოკოებივით სახურავები რომ აქვს და ძლიერმა ქარიშხალმა რამდენიმე სოკო თავის ნებაზე სათამაშოდ რომ გადახადა. მინის შენობა ბევრიაო. რა ვიცი… მინას ვითომ რას უწუნებენ? თუმცა ეს შენობები ფაქტობრივად ქვიშისაა…

იმიტომ, რომ მინას ქვიშისგან ამზადებენ. რანაირად? რა ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს ამ დროს? 

მინა ყველგანაა: მაღაზიების ვიტრინებში, სათბურის კედლებში, ვიტრაჟებში და, აგერ, თბილისის ახალ ნაგებობებშიც. ის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი მოთხოვნადი მასალაა. მინისგან დამზადებული ნივთებით ვართ გარშემორტყმულნი. ჩვეულებრივი მინა სათუთია, ფანჯრის გატეხვასაც არაფერი უნდა. მეორე მხრივ, ის ბუნებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მასალაა. მინა ადვილად ტყდება, მაგრამ მისი დაფხაჭნა ძალიან ძნელია. ბუნებაში მხოლოდ რამდენიმე მინერალია მინაზე მაგარი, მაგალითად, კორუნდი, ალმასი. აი, ალმასის პაწაწინა კრისტალის მქონე მინის საჭრელით მინის დაჭრაც შეიძლება და დაფხაჭნაც. 

გაგიკვირდებათ, მაგრამ სამეცნიერო კუთხით მინა მყარი კი არა, თხევადი ნივთიერებაა. გადაცივებული, ბლანტი, თხევადი ნივთიერება. ამის დამტკიცება თავადაც შეგიძლიათ. ავიღოთ მინის წკირი და სპირტქურის ცეხცლის ალზე ჰორიზონტალურად დავიჭიროთ. რა მოხდება? მინის წკირი ნელ–ნელა დარბილდება, მისი მოხრაც და გაწელვაც შესაძლებელი გახდება. ძველ სახლებში, სადაც ფანჯრები დიდი ხანია არ გამოუცვლიათ, შეამჩნევთ, რომ ზედა მხარეს მინა უფრო თხელია, ვიდრე ქვემოთ, თითქოს ზემოდან ქვემოთ ცურდებაო. ყველაზე მაღალი ხარისხის მინის ფორმულაა SiO2. ეს ოქსიდი ბუნებაში მინერალის სახით გვხვდება და მას კვარცს უწოდებენ. დანაწევრებული კვარცი ქვიშაა. 

როგორ არის აგებული კვარცის კრისტალური მესერი? სილიციუმის ატომი ოთხ ქიმიურ ბმას წარმოქმნის, რომლებიც ამ მინერალში ჟანგბადის მეშვეობით უერთდებიან ერთმანეთს. თუმცა კვარცი მინა არ არის. სანამ მისგან მინას მიიღებენ, აუცილებელია დამუშავება. გალღობამდე გაახურებენ, მერე კი ძალიან სწრაფად გააცივებენ. როდესაც ლღვება, სილიციუმისა და ჟანგბადის ატომები კრისტალური მესრიდან თავისუფლდებიან და მოძრაობას იწყებენ. თუ გამლღვალ კვარცს ნელა გავაცივებთ, ატომები ისევ მოასწრებენ კრისტალურ სტრუქტურაში განლაგებას, თუ მეტისმეტად სწრაფად – ატომები მყისიერად გაჩერდებიან, სტრუქტურას კი უწესრიგო ფორმა ექნება. სწორედ ეს მოუწესრიგებელი სტრუქტურის მქონე მასაა მინა, რომელსაც, მაგალითად, ტელესკოპის ლინზებისთვის იყენებენ.

ასეთ მინას ძალიან კარგი ოპტიკური თვისებები აქვს, მაგრამ მყიფეა. ყოველდღიური ყოფისთვის რაიმე მტკიცე გვჭირდება. მინის უმეტესი ნაწილი ქვიშის გალღობით იწარმოება. გამლღვალ ქვიშას სოდას ამატებენ. ამ გზით უფრო მტკიცე მინას იღებენ. მინა ნივთიერების განსაკუთრებული მდგომარეობაა. ამ მდგომარეობას ქიმიკოსები ამორფულს ანუ ფორმის არმქონეს უწოდებენ. “მინა” ძველი სახელწოდება. ინგლისურად მას glass–ს უწოდებენ. ლათინურად – vitro–ს. აქედან წარმოდგება სიტყვები “ვიტრინა”, “ვიტრაჟი”. 

მთლად ისეც ნუ წარმოვიდგენთ, რომ გამჭვირვალე შენობები მართლა მხოლოდ მინისგანაა ნაგები – კარგად თუ დავაკვირდებით, ცემენტსაც შევამჩნევთ.

რატომ ქვავდება ცემენტი წვიმიან ამინდშიც კი? თუ, მაგალითად, თიხას წყალში გავხსნით და ამ რბილი მასით რაიმეს გამოვძერწავთ, მერე სულ იოლად შეგვიძლია დავნამოთ, ხელში მოვსრისოთ და რაიმე ახალი ფიგურა გავაკეთოთ. ცემენტით ასეთი რამ არ გამოგვივა – თუ გაქვავდა, მორჩა, საბოლოოა. ის კი არა, წვიმაშიც კი მყარდება. 
რა არის ცემენტი ქიმიური თვალსაზრისით?

თანამედროვე ცემენტი 200 წლისაც არაა. არადა, მშენებლობის წარმოდგენა მის გარეშე შეუძლებელია. ადამიანი უძველესი დროიდან აშენებდა, უმთავრესად – ქვებით. ეს ქვები ერთმანეთისთვის უნდა შეეწებებინათ, მაგრამ როგორ? პირველი ასეთი შემაწებებელი თიხა ანუ ცხიმიანი მიწა იყო, თუმცა ეგვიპტეში, ჩინეთსა და ინდოეთში მშენებლობაში თაბაშირსაც იყენებდნენ. ძველ საბერძნეთსა და რომში კირით აშენებდნენ.

 

“ჩამქრალი” და “ჩაუმქრალი” კირი ხომ გაგიგონიათ? 
CaCO3=CaO+CO2
კალციუმის ოქსიდს (ჩაუმქრალ კირს) აქრობდნენ, წყალს ასხამდნენ და ჩამქრალი კირი – კალციუმის ჰიდროქსიდი წარმოიქმნებოდა: CaO+ H2O=Ca(OH)2. მას საჭიროებისამებრ ამატებდნენ წყალს და საშენ მასალად იყენებდნენ. ჩამქრალი კირი ჰაერიდან ნახშირორჟანგს შთანთქავს და ამის ხარჯზე მყარდება. ამ დროს კალციუმის კარბონატი წარმოიქმნება: Ca(OH)2+ CO2= CaCO3

1822 წელს ცემენტი გამოჩნდა. სწორედ ამ წელს ერთმანეთს განსაზღვრული თანაფარდობით შეურიეს კირი და თიხა და სრულიად ახალი მასალა მიიღეს. “ცემენტი” ლათინურად დამსხვრეულ ქვას ნიშნავს. ნებისმიერი ცემენტის საფუძველი სამი მინერალია: კალციუმის ოქსიდი, ალუმინის (III) ოქსიდი და SiO2. გამყარება ქიმიური ნაერთების წარმოქმნასთანაა დაკავშირებული. ნაერთები საწყისი ნაერთებისა და წყლის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება. ცემენტის შემადგენლობაში სხვა კომპონენტებიც შეიძლება იყოს – ეს მხოლოდ მისი საფუძველია. ისიც უნდა ითქვას, რომ წყალი ცემენტის ქვის კრისტალური მესრის შემადგენლობაშიც შედის. მაშასადამე, ის ხელს კი არ უშლის, პირიქით, აუცილებელია მისი გამყარებისთვის. ამიტომაცაა, რომ ცემენტის ხსნარი წვიმაშიც მყარდება.

ბედმა გაგვიღომა –სანამ სტუმრები აქ იყვნენ, თბილისში არ უწვიმია. პირიქით, სექტემბრის ბოლოსთვის უჩვეულოდ კარგი ამინდი იდგა.

გამგზავრების წინა დღეს ყველა თბილისის შუაგულში, ჩანჩქერთან მივიყვანე. ერთი შეხედვით ვერც კი იეჭვებ, რომ იქ შეიძლება ჩანჩქერი იყოს. როგორც კი გზიდან გადაუხვევ, აბანოებს აუყვები და ზემოთ ახვალ, წყლის დგაფუნისაც გაიგონებ…
გახსოვთ გალაკტიონი?
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს,
წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით…
ოღონდ ჩანჩქერი მხოლოდ გალაკტიონის ლექსშია დილის სხივივით კამკამა. ნამდვილი ჩანჩქერი რაღაც მოყავისფრო ჩანს, თუმცა ამით მის ხიბლს არაფერი აკლდება…

კვარტეტი დიალოგისათვის

0

2015 წლის 9 ოქტომბერს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურიატის ვინაობა გახდა ცნობილი. დამკვირვებელთა უმეტესობა ვარაუდობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ან რომის პაპი ფრანცისკი მოიპოვებდა. ევროკავშირის მოწინავე ქვეყნის ლიდერს მიგრანტთა მიმდინარე კრიზისის მოგვარების საქმეში გადამწყვეტი როლის შესრულების მცდელობის გამო ემადლიერებოდნენ. რელიგიურ იერარქს კი გაჭირვებული და დაჩაგრული ადამიანებისადმი კათოლიკური ეკლესიის მიერ ბოლო დროს გამოვლენილი განსაკუთრებული ყურადღების გამო უპირებდნენ ოსლოში მიპატიჟებას. ანალიტიკოსთა მოსაზრებები მცდარი აღმოჩნდა. ყველასათვის მოულოდნელად პრემია ტუნისის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაიმსახურეს.

ტუნისი „არაბული გაზაფხულის” სამშობლოდ მიიჩნევა. 2011 წელს პირველად სწორედ ჩრდილოეთ აფრიკის აღნიშნულ ქვეყანაში დაიწყო რევოლუციური გამოსვლა სახელმწიფოს მეთაურის, დიქტატორ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის წინააღმდეგ. ბენ ალის დამარცხების შემდეგ რევოლუციურმა ტალღამ ლიბიას, ეგვიპტეს, იემენსა და სირიას გადაუარა. „არაბულმა გაზაფხულმა” სახელმწიფო გადატრიალებების შედეგად მინიმალური დემოკრატიის დამყარებაც კი ვერ მოახერხა რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში. ლიბია დღემდე ორად არის გაყოფილი ისლამისტებსა და დასავლეთის მხარდამჭერებს შორის, იემენში შიიტები და სუნიტები ხოცავენ ერთმანეთს, ეგვიპტეში უდიდესი სისხლის ფასად კვლავ გენერლებმა დაიბრუნეს ძალაუფლება, სირიაში კი უკვე მეოთხე წელია გრძელდება ჯერ არ ნახული, უსასტიკესი სამოქალაქო ომი. „არაბულმა გაზაფხულმა” სასურველი და მდგრადი შედეგი მხოლოდ ტუნისში მოიტანა.

რატომ გადარჩა ტუნისი?

თავდაპირველად, სცენარი ტუნისშიც დრამატულად ვითარდებოდა. ისლამისტებსა და არაისლამისტებს შორის ძალაუფლების მოპოვებისათვის უმწვავესი ბრძოლა გაჩაღდა, გახშირდა ტერორისტული თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, არასტაბილურობას და გამუცხადებელ სამოქალაქო ომს ეკონომიკური სიმძლავრეების გაჩერებაც მოჰყვა, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, დაიწყო საყოველთაო გაფიცვები. ქაოსით დივიდენდების დაგროვებას შეეცადნენ ISIS-ის წარმომადგენლებიც. მოკლედ, ქვეყანას ეროვნული თანხმობა და კონსტიტუციური პრინციპების საფუძველზე ერთიანობა სჭირდებოდა. გამაერთიანებლის ფუნქციას დანასისხლად გადაკიდებული პოლიტიკური პარტიები ვერ შეითავსებდნენ. ვერც რომელიმე ცალკეული სტრუქტურა ან ლიდერი იკისრებდა საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრების ურთულეს მისიას. აუცილებელი იყო უნივერსალური ძალის გამოჩენა, რომელიც ყველა გავლენიან ჯგუფს ერთ მაგიდასთან გააერთიანებდა და „თამაშის წესებზე” მათ შეთანხმებას მოახერხებდა.

მოულოდნელად, ერთმანეთთან საერთო ენა ოთხმა გალენიანმა ორგანიზაციამ გამონახა. პირველ ეტაპზე, ტუნისის პროფკავშირები და „ვაჭრობისა და მრეწველობის გაერთიანება” შეთანხმდნენ ერთობლივ მუშაობაზე საყოველთაო დიალოგის დასაწყებად. მოგვიანებით, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ალიანსს ადვოკატთა ასოციაცია და ქვეყნის მთავარი ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ლიგა” შეუერთდნენ. ამგვარად, 2013 წელს სამოქალაქო საზოგადოების ოთხმა აქტორმა „ნაციოანალური დიალოგის კვარტეტი” დააფუძნა.

კვარტეტის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობისა და მოლაპარაკებების შედეგად ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ხოცავდნენ, ახალ კონსტიტუციაზე შეთანხმდნენ. 2014 წელს ტუნისის პარლამენტმა დაამტკიცა ოთხეულის შუამავლობით შედგენილი ძირითადი კანონი, რომელსაც სეკულარული ჯგუფებიც და ისლამისტებიც თავიანთ მიღწევად და საერთო ეროვნულ ფასეულობად მიიჩნევენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დამსახურებით ტუნისში დემოკრატიული და მშვიდობიანი პროცესები იწყება.

ნობელის კომიტეტის განცხადებაში კი წერია : „დასახელებული ოთხი ორგანიზაციის წევრები ტუნისური საზოგადოების განსხვავებულ ფენებსა და ღირებულებებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ იმ დროს, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იდგა, გაერთიანება და ალტერნატიული სამშვიდობო პროცესის დაწყება მოახერხეს. ტუნისის მაგალითი დემოკრატიისთვის ბრძოლაში დამარცხებული ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებისათვის ახალი სტიმული უნდა გახდეს.”

ეჭვი არ მეპარება, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ნობელიანტთა ახალი ჯგუფის ისტორიის განხილვა მოსწავლეთა ნაწილში მაინც გაამყარებს რწმენას იმისა, რომ ყველაზე სანუკვარი ჯილდოს მოპოვება მცირერიცხვოვანი, მაგრამ გაერთიანებული ერების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

კითხვები

0

შორიდან რომ შეხედო, ჩემი ცხოვრება ძალიან ჰგავს Californication- ს: პირველი სეზონის სამი სერია კარგად გართობს, ხანდახან ისე გადაიხარხარებ ხოლმე, რომ დედა შენი ოთახის კარს შემოაღებს და გადაამოწმებს, ყველაფერი რიგზე თუ გაქვს.  მეოთხე ეპიზოდიდან არჩევანს სიცილსა და ტირილს შორის ვერ აკეთებ, პირი მაგრად გაქვს მოკუმული. მეხუთე სერიიდან ხმამაღლა ბღავი და დედა შენი  ოთახის კარს შემოაღებს, გადაამოწმებს, ყველაფერი რიგზე თუ გაქვს.

ერთი სიტყვით, ჩემი გერმანული რეალობა, დახუნძლული თავგადასავლებით, ხმაურიანი დღეებითა თუ სწავლის დღეებით, განსაკუთრებით კი- ახალი ნაცნობებით, შორიდან ისეთი მომხიბვლელია, ცოტა მოუახლოვდები და ერთი დიდი სევდაა. თბილისი მენატრება. მანდაური ამბებისკენ მომიწევს გული.

ნეტა, როგორი ოქტომბერია მანდ, თბილისურად ოქროსფერი თუ ბოხუმურად მოღრუბლული და წვიმიანი? პალტოები უკვე ჩაიცვით? ყველა პალტო ისევ შავია თუ თანდათან ფერადდებით?

„მარსელი” უკვე გამოიცა ქართულად? როგორი თარგმანია?

ის ბიჭი კარგად წერს, წლის საუკეთესო რომანისთვის „საბა” რომ აიღო? ბიჭია თუ ბიჭზე კიდევ უფრო დიდი?

რალფ ფაინსი მართლა ჩამოვიდა?

მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე რა ხდება? ბოლოსდაბოლოს, არის თუ არა ბექა კრიმინალი?

„ისთ ფოინთი” თუ „თბილისი მოლი”?

მელიქიშვილზე, ფერად ფოთლებში ისევ ზის ის უსინათლო? ისევ ის ნაცრისფერი, დაგლეჯილი სვიტრი აცვია?

როგორი იყო წელს თბილისობა, ისევ წუწუნებდნენ მწვადის არათბილისურ სუნზე?

დედამ უკვე გამოაცხო ქურაში ის არანორმალურად გემრიელი, შაქრიანი ვაშლები? ისევ ისეთი გადაღლილია? ექიმთან რომ უნდა მისულიყო ამ თვეში, ყველა სხვა ქართველი დედასავით ხომ არ დაავიწყდა?

ტომიმ ყველა სანთელი ჩააქრო?

როგორია აღდგენილი ზოოპარკი?

ჩვენს მეზობელ ნანას თავისი პატარა ბიჭი ისევ ყოველ საღამოს სთხოვს, წიგნი წაუკითხოს? და ნანა ისევ ისეთი გადაღლილია ყოველ საღამოს? ისევ არ წაუკითხა „სალამურას თავგადასავალი”?

ისევ ხშირად იყენებენ მზა, გაზეპირებულ ფრაზას „რა გენაღვლება”?!

ისევ ბევრი რამე გვენაღვლება?

ისევ ძველებურად უკვირთ რომელიმე ტაქსის მძღოლის მოულოდნელი, გემოვნებიანი ფლეილისთი?

ყვითელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ისევ „ქალაქურებს” უსმენენ?

ჩემი საყვარელი, ნაზი, ფუმფულაკანიანი და კომშისუნიანი ბებო რატომ ავადმყოფობს? გადაეცით, რომ დაგლეჯილ ჯინსებს აღარასდროს გავეკარები!

ქალაქგარეთ ისევ არ გაჰყავთ მშობლებს შვილები? „მაკდონალდსი” საოჯახო ექსკურისებზე პოპულარულია?

ისევ ძველებურად ერთობიან ახალგაზრდები? „კანუდოსი” უფრო პოპულარულია თუ ახალგახსნილი „ვოლი”?

„არსადი” აღდგა? ისევ იმის გამო მოსწონთ, რომ შეუძლიათ, კითხვაზე „სად ხარ”, თამამად უპასუხონ: „არსად”?!

ქუჩებში ნაგავს ისევ ისე გულგრილად ყრიან?

უფრო უყვართ ერთმანეთი თუ უფრო ისევ არ უყვართ?

უფრო იღიმიან თუ უფრო ისევ მოღუშულები არიან?

ხანშიშესულები ისევ აივანზე გამოფენილი თეთრეულის სიქათქათით აფასებენ ოჯახურ სიწმინდესა და ღირსებას?

საკუთარზე მეტად ისევ სხვების ამბები აინტერესებთ?

რამდენიმე წელში, უკან დაბრუნებული რუსთაველს სიმღერ- სიმღერით თუ გავუყვები, ნეტავ, ისევ ძველებურად ფურთხის ღირსად ჩამთვლიან? ნეტა არა. ნეტა არა, რა.

ისევ აჭარბებს მანქანების რიცხვი მოსახლეობის რაოდენობას?

ფეხით სიარული ისევ არ უყვართ?

ისევ ჰგონიათ, რომ დეტექტივი მდარე ლიტერატურაა?

სალომე ბენიძის წყალქვეშა ქალაქის ელექტრონული ვერსია არსებობს?

რომ ჩამოვალ, ხომ უფრო ბედნიერი ქალაქი დამხვდება?

კვანტურობა და ადამიანი, ანუშექმენით სასურველი რეალობა

0
სემიოტიკური ხედვა გულისხმობს განსხვავებულ სისტემებს შორის საერთოს მოძებნას. თუ ღმერთმა არაფრისგან შექმნა რაობა, თანამედროვე ფიზიკოსების წარმოდგენით, ყველაფერი იქმნება სიცარიელისგან. ამ სიცარიელემ მიიღო სახელწოდება: „კვანტური ველი”, „ნულოვანი ველი”, „მატრიცა”. 

სიცარიელე შეიცავს ენერგიას, რომელიც შეიძლება მატერიალიზდეს. ქაოსიდან ვარჩევთ და ვაერთებთ ელემენტებს, ვქმნით მატერიას. მატერია – ეს არის კონცენტრირებული ენერგია. 

საოცარი ის არის, რომ მაკრო და მიკროხედვები სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ვუყურებთ რაიმე საგანს, რომელსაც ფორმა და სიმყარე გააჩნია, მაგრამ თუ ჩავალთ ატომების დონეზე, ვნახავთ, რომ ატომი არ შეიცავს მყარ ნაწილაკებს. მართლაც რომ ოქსიმორონია: საგნები შედგებიან ატომებისაგან, მაგრამ რატომ არიან საგნები მყარი? ან კიდევ: ნამდვილად არიან საგნები მყარი? სიმყარეს შეხებით შევიგრძნობთ, მაგრამ რა ქმნის სიმყარის შეგრძნებას? როგორ რეგისტრირდება ეს „შეხება” ჩვენს თავის ტვინში? საბოლოოდ, ხომ ეს ყველაფერი იმპულსებია…? გავდივართ თუ არა ტვინის საინფორმაციო ველიდან…? დაბოლოს, ნამდვილად ვარსებობთ თუ ილუზიაა ეს ყველაფერი?

მთელი სამყარო ემორჩილება რეზონანსის კანონს… მსგავსი მსგავსს იზიდავს და მსგავსი იზიდავს განსხვავებულსაც… ესეც ოქსიმორონია… თუ ადამიანს და მის აზრებს განვიხილავთ, როგორც გარკვეული სიხშირის ობიექტებს, სავარაუდოდ, ადამიანები (აზრები) ერთმანეთს სწორედ ამ სიხშირეებით იზიდავენ.

ნებისმიერი სახის ურთიერთობისათვის აუცილებელია სიხშირული რეზონანსი. ამას ადვილად გავიგებთ შემდეგ მაგალითზე: ფანარს თუ მივანათებთ კედლებს, სინათლეს შეაკავებს კედელი, მაგრამ მობილური ტელეფონის სიგნალი ადვილად გააღწევს კედლის მიღმა. ყველაფერი დამოკიდებულია სიხშირეზე. 

ვიდრე ამ ტექსტს ვწერთ ან ვისმენთ, უამრავი გამოსხივება და სიხშირე კვეთს ჩვენს სხეულს: მობილური ოპერატორები, ელექტრომოწყობილობები…. კოსმოსიდან წამოსული სიგნალები… ამ ყველაფერს ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, რადგან ვხედავთ მხოლოდ სინათლეს, გვესმის ხმა (არა ყოველგვარი სიხშირის)… ვერ შევიგრძნობთ ყველა სიხშირეს, რადგან, საბედნიეროდ, ჩვენი თავის ტვინის ანტენები არ არიან ყველა ტიპის სიხშირეზე მომართული… ასე რომ იყოს, ალბათ 2 წუთი საკმარისი იქნებოდა, რომ შევშლილიყავით.

მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა რეზონანსი მყარდება, ჩვენ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ. მაგალითად, როდესაც თქვენ გახსენდებათ ახლობელი ადამიანი და ამ დროს ის გირეკავთ… ან სიზმარში ძველ მეგობარს ხედავთ და მეორე დღეს გესტუმრებათ… ვფიქრობ, რომ ასეთი ინტუიციური შემთხვევები ყველას ჰქონია.

სამყარო შედგება ინფორმაციისგან და ენერგიისგან. აინშტაინი წერდა: “ერთადერთი რეალობა, რომელიც სამყაროში არსებობს, არის „ველი”. როგორც ტალღები არის ზღვის ქმნილება, ასევე იქმნება ველისგან – ორგანიზმები, პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკა…

და როგორ იქმნება მატერია? 

კვანტური ფიზიკის შემქმნელი, მაქს პლანკი, ნობელის პრემიის მიღების დროს წარმოთქმულ სიტყვაში ამბობდა: „ყველაფერი სამყაროში იქმნება და „ძალის” წყალობით არსებობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალის უკან დგას „ცნობიერი გონი”, რომელიც წარმოადგენს ყოველგვარი მატერიის მატრიცას…

მატერია იმართება ცნობიერების მიერ. ყველაფერი წარმოიშობა არაფრისგან, სიცარიელისგან, ყველაფერი იმყოფება მოძრაობაში. საგნები – ილუზიაა, მატერია შედგება ენერგიისაგან, ყველაფერი იქმნება აზრით”.

კვანტური ფიზიკის ეს აღმოჩენა ახალი არ არის, მისტიკოსებმა და ბრძენებმა იციან ამის შესახებ. ცოტა ჩვენც ვიცით, მაგრამ ალბათ, ძალიან ცოტა…

ეს კანონები კი ნამდვილად უნივერსალურია:

Øსამყარო სავსეა ენერგიით და სამყარო რეაგირებს აზრზე. 
Øენერგია მიჰყვება ყურადღებას…
Øრაზეც ფოკუსირდები, ის იწყებს ცვლილებას…

ეს აზრი განსხვავებული ფორმულირებით მოცემულია ბიბლიაში, ძველ გნოსტიკურ ტექსტებში, მისტიკურ სწავლებებში. ამ ცოდნას ფლობენ ახალი ტექნოლოგიების გამავრცელებლებიც, რომლებიც რეალობის მართვას ცდილობენ. 

ამ წუთიდან ეს საიდუმლო ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ძალიან ცოტას შეუძლია მისი რეალიზება… რატომ? ამაზე ფიქრი ღირს…

ჩვენი სხეული – ეს არის ენერგიის, ინფორმაციისა და გონების ველი, რომელიც იმყოფება გარემომცველ სამყაროსთან მუდმივ ურთიერთქმედებაში.

კვანტური ცნობიერება – ეს არის ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც შესაძლებლობათა ერთდროულობაში გამოიხატება. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ავსტრიელი ფიზიკოსის, ერვინ შრიოდინგერის ექსპერიმენტი, ეწ. „შრიოდინგერის კატა”, სუპერპოზიცია, რომელშიც კატა ერთდროულად ცოცხალიც არის და მკვდარიც.

ამ ვრცელი შესავლის შემდეგ მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ თუ გინდათ შექმნათ სასურველი რეალობა, ჯერ კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ თუ არა და შემდეგ გააგრძელეთ ფიქრი… რადგან ერთ მშვენიერ დღეს, თქვენი ფიქრის წყალობით და ძალით, ოცნება რეალობად იქცევა….

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...