ორშაბათი, ივნისი 16, 2025
16 ივნისი, ორშაბათი, 2025

გერმანიაში აღიარებული, საქართველოსთვის უცნობი ქართველი მწერალი

0

სტუმარი: ნინო ხარატიშვილი

ნი­ნო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი და თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი ქართველი მწერალია. მისი წარ­მა­ტე­ბა გერ­მა­ნულ ლიტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში უკ­ვე აღი­ა­რე­ბუ­ლი ფაქტია. მისი რომანი “ჟუ­ჟა” 2010 წელს გერ­მა­ნი­ა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის ბეს­ტ­სე­ლერ­თა სიაში მოხ­ვ­და და ამისთვის ნინო ხარატიშვილს გერ­მა­ნუ­ლი ლიტერატურის გან­ვი­თა­რე­ბა­ში განსაკუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის შეტანისათვის ადალ­ბერტ ფონ შამი­სოს პრე­მია გა­დას­ცეს. 2011 წელს ნინო ხა­რა­ტიშ­ვი­ლის მე­რე რო­მა­ნი – “ჩე­მი ნა­ზი ტყუ­პის­ცა­ლი” – გამოვიდა, რო­მელ­მაც არანაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა ავ­ტორს. გერ­მა­ნულ­მა ლიტერატუ­რულ­მა კრი­ტი­კამ იგი შე­ა­ფა­სა, რო­გორც თა­ნა­მედ­რვე კლა­სი­კა. ის წლის 10 სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნ­თა შო­რის დაა­სა­ხე­ლდა და გერ­მა­ნი­ის და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრემი­ით და­­ჯილ­დო­ვდა. 2011 წლის სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გამოკლევის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ნი­ნო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი იმ 100 ქალ­თა შო­რის და­ა­სა­ხე­ლეს, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ის მო­მა­ვალს განსაზღ­ვ­რა­ვენ.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­ნო გერ­მა­ნუ­ლად წერს, ის მა­ინც ქართულ ფე­ნო­მე­ნად რჩე­ბა, ქარ­თუ­ლი ნი­ჭი­ე­რე­ბით შე­მო­იჭ­რა გერ­მა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში და გა­ამ­დიდ­რა იგი. ნინოს პრო­ზა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ემო­ცი­უ­რი და ლა­ღია, ამა­ვე დროს, სა­ოც­რად და­წუ­რუ­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. იგი ორი კულტუ­რუ­ლი სამ­ყა­როს ჯანმ­რ­თე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ზა­ვია, ერ­თ­გ­ვა­რი ხი­დია ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დიალო­გის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად”.

“ნი­ნო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, რო­გორც მწე­რა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვლე­ნაა, ახა­ლი გმი­რია თა­ნა­მედ­რო­ვე გერ­მა­ნულ ლიტერატურა­ში”; “ეს არის ეპო­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კა, წიგ­ნი, რო­მელ­მაც წლე­ვან­დელ ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე წარმოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა სხვა წიგ­ნი დაჩ­რ­დი­ლა”; “ჩე­მი ნა­ზი ტყუპის­ცა­ლი” არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც მკითხ­ვე­ლის შეძ­რ­წუ­ნე­ბას ახერ­ხებს. გან­ც­დე­ბის სიღ­რ­მი­თა და გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბის ორიგინალუ­რი ფორ­მე­ბით იგი ქმნის იმ ქა­რიშ­ხალს, რა­საც თანამედ­რო­ვე გერ­მა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დღეს აღა­რა­ვინ ელოდა”, – ასე აფასებენ ნინო ხარატიშვილის შემოქმედებას ლიტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კოსები.

ნინო ხარატიშვილის რომანები გერმანიაში გამოცემისთანავე ითარგმნა ფრანგულ, იტალიურ, ბერძნულ, პოლონურ და სხვა ენებზე და წარმატებით იყიდება ევროპის ბევრ ქვეყანაში. თუმცა ქართველი მკითხველისთვის მისი შემოქმედება ამ დრომდე უცნობი იყო, რადგან მწერლის მშობლიურ ენაზე მისი რომანების თარგმნა და გამოცემა აქამდე ვერ მოხერხდა. მისი პირველი რომანი „ჟუჟა” ქართულ ენაზე ცოტა ხნის წინ ითარგმნა და უკვე წიგნის მაღაზიებშიც გამოჩნდა.

ნინო ხარატიშვილი mastsavlebeli.ge-ს საკუთარ ბიოგრაფიას ასე უყვება.

– დავიბადე თბილისში, აქ გავიზარდე. ჯერ ვსწავლობდი ბარნოვზე, მაგრამ ცოტა ხანში მე-6 სკოლაში, პეტრიაშვილზე გადავედი. ეს სკოლა ძალიან მიყვარდა და ძალიან ბევრი რამ მომცა. ზოგჯერ ბავშვს ეზარება სკოლაში სიარული, მე მიხაროდა. იქ სულ სხვა განწყობა იყო მეგობრები, მასწავლებლები. საბჭოთა ჰაერი არ იგრძნობოდა. აქ თუ ვინმე ბავშვში რამე დადებითს დაინახავდა, უდიდეს მხარდაჭერას გამოხატავდა. სრულიად თავისუფალი გარემო იყო. ამიტომ კარგად ვგრძნობდი თავს. 12 წლის ვიყავი, დედაჩემი სამსახურის გამო გერმანიაში წავიდა და მეც წამიყვანა. ორი წელი ვიყავი იქ, მაგრამ რაღაცნაირად ვერ შევეგუე. კი ვსწავლობდი, მეგობრებიც მყავდა, მაგრამ სულ მენატრებოდა აქაურობა. გერმანიაში სწავლების სამი მოდელია. მე ვსწავლობდი გიმნაზიაში, სადაც ძალიან რთულია სწავლა. თუ ორ საგანში ცოტა დაბალი ქულა გაქვს, კლასში რჩები, არ აქვს მნიშვნელობა რა საგანია. ხალისი აღარ გაქვს ბავშვს, მეცადინეობა წამებას გავს. სულ იმის შიში და განცდა გაქვს, საკონტროლოში არ ჩავიჭრა და რომ ეს უნდა შევძლო. ამას ემატებოდა ისიც, რომ პატარა ქალაქში ვცხოვრობდით და მხოლოდ მე ვიყავი უცხოელი. იქ ყველა თავის ნაჭუჭში იყო ჩაკეტილი.

რა თქმა უნდა, მეგობრებიც მყავდა, ბავშვი ყველგან გახსნილია.

14 წლის ასაკში თბილისში დავბრუნდი და სწავლა ისევ ჩემს სკოლაში გავაგრძელე. არ ვიცი სხვა სკოლაში როგორ არის, მაგრამ ჩვენთან სხვა განწყობა იყო. ამ დროს მე-6 სკოლაში გაძლიერებულ გერმანულს ასწავლიდნენ და ეს ენა მთელი ცხოვრება მომყვება. ძალიან მიყვარს ჩემი გერმანულის მასწავლებელი, ისევე როგორც სხვა მასწავლებლები და მეგობრები, რომლებთანაც დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. 14-15 წლის ვიყავი, წერა რომ დავიწყე. სკოლაში ყველა რაღაცნაირად მაქეზებდა და სტიმულს მაძლევდა – გააგრძელეო. მერე ჩვენს სკოლაში გაცვლითი პროგრამით ბრემენის სკოლის მოსწავლეები ჩამოიყვანეს, რომლებსაც დადგმული ჰქონდათ სასკოლო სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე”. რადგან კარგად ვწერდი და გერმანულიც ვიცოდი, სკოლაში სასკოლო სპექტაკლის გაკეთება შემომთავაზეს. აქედან დაიწყო ჩემი მომავალი და ამას ვუმადლი პროფესიის არჩევასაც.

შევქმენით დასი, რომელსაც „იასამნის თეატრი” ერქვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი გამეგებოდა, თავხედურად დავწერე პიესა, მოვიტანეთ სახლებიდან მშობლების და ბებიების ძველი ტანსაცმელი და ავეჯი. გოგოები ვიყავით ძირითადად, ბიჭებს მაგ ასაკში დიდად არ ანაღვლებდათ ასეთი ცხოვრება. ასე დავდგით პირველი სპექტაკლი. მერე მიგვიწვიეს გერმანიაში. აქედან გამოდინარე, იძულებულები ვიყავით გაგვეგრძელებინა თეატრალური ცხოვრება. ეს იყო ძალიან ცუდი პერიოდი, უშუქობა, უბედურება. მახსოვს რეპეტიციები სანთლის შუქზე. ფოტოებიც მაქვს, სადაც სექტასავით, სანთლები გვაქვს სცენაზე ანთებული. ჩვენი დასი სამოყვარულო დონეზე დიდხანს არსებობდა და სკოლის ფარგლებსაც კი გავცდით. დიდი ენთუზიაზმით ვყიდდით ბილეთებს, თუმანიშვილის თეატრშიც გვქონდა სპექტაკლი. მოკლედ, ასეთი დატვირთული ცხოვრება მქონდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ზუსტად ვიცოდი, რომ თეატრალურში სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ იმ წელიწადს იქ მიღება არ იყო და ჩავირიცხე კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტზე. ძალიან გაცნობიერებულად არ მინდოდა წერა ჩემს პროფესიად გამეხადა. ეს ჩემთვის აბსოლუტურად სხვა რაღაცა იყო. მინდოდა, მას საკრალურობა არ დაეკარგა. თეატრალურში არაჩვეულებრივი სამი წელი გავატარე. შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები. ძალიან ტკბილად მახსოვს ეს დრო. თუმცა სამი წლის შემდეგ ამ ყველაფერმა ამოწურა თავი და მივხვდი, რომ იქ ვერ ვისწავლიდი მას, რისი სურვილიც მქონდა. დავიწყე საბუთების გაგზავნა გერმანიის სარეჟისორო სკოლებში. სრულიად შემთხვევით მოვხვდი ჰამბურგის ინსტიტუტში დრამის რეჟისურაზე.

გავდა თუ არა ერთმანეთს გერმანური სკოლის და უმაღლესი სასწავლებლის სწავლის მეთოდები?

– უმაღლესი სასწავლებელი აბსოლუტურად განსხვავებული და თავისუფალი სამყაროა. თუმცა ორი წელი, ფაქტობრივად, სხვა ცხოვრება არ მქონია. დილიდან საღამომდე სასწავლებელში ვიყავი, რადგან ამის ძალიან დიდი დეფიციტი მქონდა. საქართველოში სწავლის პერიოდში არ ვიცოდი ხელოვნებაში ბოლო 50 წლის მანძილზე რა ხდებოდა. არც გვასწავლიდნენ და თან მაშინ არც ინტერნეტი არსებობდა, რომ მასალები მოგვეძია. აქედან გამომდინარე, დიდი დეფიციტი მქონდა. სულ მქონდა განცდა, რომ დავწეოდი იქაურ სტუდენტებს. ჯგუფში 6 ვიყავით და სწავლების ელიტარული სისტემა იყო, რაც ძალიან მომწონდა. იქ არ არის არავტორიტეტული სისტემა, არ არსებობს ერთი ჯგუფხელი, პედაგოგი, რომელიც სულ სიმართლეს ღაღადებს და შენ თავი უნდა აქნიო, არამედ ეს არის ურთიერთპატივისცემაზე, არგუმენტირებულად დისკუსიაში შესვლის და ინფორმაციის მიღების საშუალება. კრიტიკა არ არის პირად გემოვნებაზე დამყარებული, არამედ სრულად არგუმენტირებულადაა დასაბუთებული – ეს მე მომწონს, ან არ მომწონს არაფერს ნიშნავს, თუ არ დაასაბუთე არგუმენტებით უბრალოდ შეგჭამენ. თავიდან, რა თქმა უნდა, გამიჭირდა, სულ გაბნეულ-გაფანტული ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე და მივხვდი, რომ ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში და ქართველებს დიდად არ გვიყვარს.

აქტიური მწერლობა როდიდან დაიწყეთ?

– სულ ვწერდი, სწავლის წლებშიც არ გავჩერებულვარ. თავიდან არ მქონდა დიდი დატვირთვა. მერე ვითავხედე და საკურსო ნამუშევრად დავდგი ჩემი პიესა, რომელსაც გერმანული ანბანის ბოლო ასო „ცეტი” ერქვა. ჯგუფს და პედაგოგებს არ უნდოდათ, რადგან ეშინოდათ, ფიქრობდნენ, რომ ეს ჰობი იყო. მოგეხსენებათ, ყველა წერს ლექსებს. მეც მეშინოდა, მაგრამ ძალიან გამიმართლა, კარგი დასი შევქმენით და ეს პიესა წარმატებული აღმოჩნდა. ბევრ ფესტივალზე მიგვიწვიეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი დრამის გამომცემლობა დამიკავშირდა და კონტრაქტი შემომთავაზა. ამ პერიოდში ვამთავრებდი ინსტიტუტს. აქედან უფრო დიდ გამომცემლობაში გადავედი. ამ მხრივაც გამიმართლა. უკვე პიესების ორი ტომი მაქვს გამოცემული. დიდად არ მიწვალია, რასაც ვერ ვიტყვი პროზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პიესები ქვეყნდებოდა და სცენაზე იდგმებოდა, ამან არანაირად არ შემიწყო ხელი პროზის გამოქვეყნებაში. პირველი რომანი „ჟუჟა” რომ დავწერე, სამი წელი მედო უჯრაში. მიზეზი იყო ის, რომ ვერ ადგენდნენ ჟანრს, რომელსაც ამ რომანს მიაკუთვნებდნენ. ვერავინ გაბედა მისი გამოცემა. ძალიან ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მოვძებნე ერთი ვაჟკაცი გამომცემელი, რომელმაც გადაწყვიტა, გაერისკა. მოგეხსენებათ, გერმანელებს ყველაფერში სიზუსტე უყვართ. ამ წიგნს მოყვა დიდი წარმატება, ბევრ კონკურსზე იყო ნომინირებული, შევიდა 2010 წლის საუკეთესო ოცეულში და გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემია მიიღო. დებიუტისთვის ეს ძალიან მოულოდნელი და დიდი მიღწევა იყო.

რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი შტრიხი, რამაც ასე დააბნია გერმანელები.

– მე არ მაქვს ერთი სათქმელი. ეს იმაზეა დამოკიდებული, რას ვწერ. ყველა რომანი სხვადასხვანაირია და ღმერთმა ქნას, რომ არასოდეს განვმეორდე. ყველაზე მეტად ამის მეშინია. თითოეულ პიესაშიც ვცდილობ, ის არ გავაკეთო, რაც გაკეთებული მაქვს. ეს თემაზე და იმაზეა დამოკიდებული, რისი თქმა მინდა.

და რისი თქმა გინდათ?

– ეს მკითხველმა უნდა შეაფასოს. რატომ უნდა ავხსნა. ჩემთვის ხელოვნება ინტერპრეტაციაა. მე შეიძლება სულ სხვა რაღაც ჩავდო და ადამიანმა სულ სხვა რამე ამოიკითხოს.

ადამიანურად რა გტკივათ ყველაზე მეტად?

– ადამიანობა. ადამიანად ყოფნა.

რა ადგილი უკავია საქართველოს თქვენს შემოქმედებაში?

– ქართულ ისტორიებზე რამდენიმე პიესა მაქვს დაწერილი. ბოლო ჩემი რომანი „მერვე ცხოვრება”, რომელსაც ოთხი წელი შევალიე და სექტემბერში გამოიცემა, საქართველოზეა. ოთხი წელი ვამუშავებდი პრესის არქივებს, მოვიარე საქართველო, რუსეთი, პრაღაშიც ვიყავი. ეს არის ქართული ოჯახის ხუთი თაობის ისტორია, რომელიც 1900 წელს იწყება და 2000 წელს სრულდება. ფონად მას მეოცე საუკუნის მთელი ისტორია გასდევს.

როგორ იღებენ გერმანელები ქართული ცხოვრების ისტორიას, თუ ეს მათთვის ახალი სამყაროა.

– მე მიმაჩნია და მინდა ასე იყოს, რომ რასაც ვწერ, იყოს გლობალური. კარგ ლიტერატურაში, ნაციონალური ჩარჩო არ უნდა იგრძნობოდეს. არ აქვს მნიშვნელობა, სად ხდება მოქმედება და რა ჰქვიათ პერსონაჟებს. უბრალოდ, ის გასაგები უნდა იყოს ერისთვის და ადამიანისთვის. მე ამის მჯერა და ასეთი ლიტერატურა მიყვარს. ძნელია ობიექტურად საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი ან შეფასება, მაგრამ სხვებისგან მესმის, რომ ჩემი ნაწარმოებები ძალიან ემოციურია და ეს განსხვავებაა ჩემსა და გერმანელ კოლეგებს შორის. მე არ ვიცი რა გამოხატავს ამას – ენა, პერსონაჟები თუ სხვა რამ. რთულია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ მინდა, ყველაფერი გლობალური იყოს. ვცდილობ, ძალიან ქართული ელემენტიც კი ისე მივაწოდო მკითხველს, რომ მოლოდ სამეგრელოს მკვიდრისთვის ან თბილისელისთვის არ იყოს გასაგები.

და მაინც, რა არის თქვენი წარმატების მთავარი მიზეზი?

– ხშირად წერენ, რომ ჩემი ნაწარმოებები არ არის ლოკალური. ზოგადად ადამიანურ პრობლემებზეა და ბევრი ადამიანის ტკივილს ეხმაურება. ალბათ ახალი სტილისტიკაა, ეპიზოდური დრამაა. განსხვავებული ფორმა აქვს.

უცხო ქვეყანში ამხელა მიღწევის მიუხედავად, თქვენი წიგნი პირველად ითარგმნა საქართველოში. რატომ ვერ მოხერხდა აქამდე თქვენი შემოქმედების გაცნობა ქართველი მკითხველისთვის?

– 2011 წელს გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით საქართველოში „სამეფო უბნის ტეატრში” დავდგი პიესა „ლივშტაინი”. რომანების თარგნა რატომ ვერ მოხერხდა, არ ვიცი. ფინანსებს, ან ნიშას ვერ პოულობენ ჩემთვის. ქართველი ვარ და გერმანულად ვწერ, შეიძლება, ცოტა დამაბნეველია. ხანდახან იმასაც ვგრძნობ, რომ უბრალოდ არ უნდათ. მქონია ასეთი შემთხვევებიც და ძალიან დამწყვეტია გული. მინდა ბევრი სპექტაკლი დავდგა, ვითანამშრომლო ქართველებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. „ჟუჟას” თარგმნას ოთხი წელი დასჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სხვა ენაზე ერთ წელიწადში ითარგმნა.

ქართულად არ წერთ?

– ადრე ვწერდი, მაგრამ ენა ჩემთვის აწმყოსთანაა შეკავშირებული. რადგან ჩემი ცხოვრება გერმანიაში წარიმართა, იქ არის ჩემი ყოველდღიურობა, პარადოქსულად მეჩვენება, რომ ვწერო ქართულად.

თუმცა რობაქიძე გერმანიაში ცხოვრობდა და ქართულადაც წერდა.

– კი არის ბევრი მაგალითი. რომ ჩამოვიდე საქართველოში, შეიძლება ენა რაღაცნაირად ისევ დამიბრუნდეს. მაგრამ ამჟამად ჩემი ლიტერატურული ენა არის გერმანული. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ ასეა.

რა არის თქვენი სათქმელი ქართველი მკითხველისადმი?

– წაიკითხეთ. რაც შეიძლება ბევრი წიგნი და შეეცადეთ, რაც შეიძლება ბევრი წიგნი თარგმნოთ. არ აქვს მნიშვნელობა გერმანულიდან, სხვა ენებიდან, თუ პირიქით. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა შემოვიდეს საქართველოში. აქ ასეთი ტენდენციაა, მარკესის მერე რა მოდის, ბევრმა არც იცის. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს დაიწყო მთარგმნელობითი მუშაობა. წიგნის ბაზრობაზე ვიყავი და ძალიან გამიხარდა, ბევრი ხალხი რომ ვნახე.

რას ნიშნავს გერმანიის გადმოსახედიდან საქართველო თქვენთვის.

– საქართველო მაინც ჩემი სახლია, ჩემი ბავშვობაა, ოჯახის წევრები, მეგობრები. ეს არის ემოცია. შორიდან რომ ვუყურებ, ბევრი რაღაც მაღიზიანებს, მაბრაზებს, არ მესმის, პროტესტს იწვევს. არ მომწონს ფანატიზმი, რომელიც საქართველოში სუფევს, ერთმანეთის სიძულვილი, აგრესია, ის, რომ სხვა აზრი არ უნდა არსებობდეს, ან ამისტი ხარ, ან იმისტი – არ შეიძლება ორი განსხვავებული აზრის არსებობა. საზოგადოებამ ვერ ისწავლა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ის, რომ მარადჟამს მესიაზე და პოლიტიკოსზე არ იყოს დამოკიდებული, რომელიც ცხოვრებას აუშენებს. არ მომწონს წარსულის გაფეტიშება, ნაციონალური ჩაკეტილობა და არა აწმყოზე კონცენტრირება, წინ გახედვა. ტრადიციებზე ჩაციკვლა, რომელიც მუტაციას განიცდის და ძალიან ბევრ ფარისევლურ, არაადკვატურ, ამაზრზენ ფორმაში გადადის. ბევრი რაღაც არ მომწონს, რაც ქართულ პოლიტიკაში, კულტურის და განათლების პოლიტიკაში ხდება, ის, რომ ვერ მოვიშალეთ კლანურობა და არ ვაყენებთ წინ, იმას, რაც საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია.

რას ეტყოდით ახალ თაობას?

– ვცდილობ იმედიანად ვიყო. ამ დროს კარგი აქვს ის, რომ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მიღება ძალიან იოლი გახდა. ადამიანს თუ რამე გაინტერესებს, ადვილია ამის მიღება. გლობალიზაციით სამყარო რაღაცნაირად შეიკრა, საზღვრები აღარ არის ჩაკეტილი. ჩემი აზრით, ადამიანებში ინტერესის დეფიციტია – არა ის, რომ არ შეუძლიათ, არამედ ის, რომ არ იციან რა აინტერესებთ. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს რაღაც უყვარს. გერმანელებს აქვთ კარგი გამოთქმა. ამასვე ვეტყოდი ახალგაზრდებს – „თუ ვერ მოახერხებ გააკეთო ის, რაც გიყვარს, შეიყვარე ის, რასაც აკეთებ”.

მწერლობა იდეის მასწავლებლობაა

0

სტუმარი: გიორგი კაკაბაძე

„საქართველოში არასოდეს ყოფილა უფრო თავისუფალი შემოქმედი, ვიდრე ფიროსმანია. იგი ნებისმიერი მხატვრული სკოლისგან თავისუფალია და არ შეიძლება, რომელიმე მიმდინარეობას ეკუთვნოდეს, რადგან მხატვრობაში სრულიად დამოუკიდებელი, საკუთარი მიმდინარეობა აქვს, რომელსაც მე ფიროსმანიზმს ვუწოდებდი”, – წერს კრიტიკოსი და პუბლიცისტი გიორგი კაკაბაძე, რომელიც მრავალი წელია იკვლევს ნიკო ფიროსმანის და სხვა ქართველ ხელოვანთა ცხოვრებას, რადგან სჯერა, რომ „ჩვენ სათანადოდ არ ვიცნობთ საკუთარ მოღვაწეებს, სათანადოდ არ ვიცნობთ სივრცეს, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება… არადა, ამის გაუთვალისწინებლობა არასწორი დასკვნებისკენ გვიბიძგებს და ისტორიას გვიმახინჯებს”.

დღეს mastsavlebeli.ge-ს სტუმარია გიორგი კაკაბაძე, რომელთანაც ინტერვიუ მისი ბავშვობის უცნობი დეტალების გახსენებით დავიწყეთ.
– მეეჭვება, ჩემი ბიოგრაფია სანიმუშო იყოს თქვენი გაზეთის მკითხველისთვის. თუნდაც იმიტომ, რომ საბჭოთა სკოლას ვერ ვეგუებოდი და ძნელად აღსაზრდელი მოსწავლე ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდათ ჩემს პედაგოგებს. მოგვიანებით ამის გამო სკოლიდანაც გამრიცხეს. განსაკუთრებული პროტესტი მქონდა ქართული ლიტერატურის მიმართ. არ მესმოდა, რატომ უნდა დამეზეპირებინა ტექსტები, რომლებიც ენის გასატეხს ჰგავდა და შემდეგ მათზე აუცილებლად ბესო ჟღენტის სიტყვებით მელაპარაკა. ტექსტები, რომლებიც საქართველოს მთელ ავბედობას მკითხველს „აბრალებდა” და რეალურად რთული სიტუაციიდან გამოსავალს არ გვთავაზობდა. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს იყო გასული საუკუნის 70-იანი წლები: ჰიპებისა და „ბითლზის” ეპოქა, კლასიკური როკის ოქროს ხანა. მეზობლის ბიჭს ერთი რადიომიმღები ჰქონდა – ეს იყო ერთადერთი ხიდი ჩვენსა და თანამედროვე მსოფლიოს შორის. ღამღამობით მეგობრები დიღმის ტყე-პარკში მივდიოდით და რადიო „თავისუფლების” გადაცემებს ვუსმენდით. ასე ვიღებდით ინფორმაციას თანამედროვე მუსიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გულს ვეღარ ვუდებდი „ყინვა და პატარა მოწაფეს”, „გოგჩას”, „აჩრდილს” და ამგვარ ტექსტებს, რომლებსაც მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს და, ჩემი აზრით, ლიტერატურული საძილე საშუალებაა, ამიტომ საკუთარ სამყაროში დარჩენას ვამჯობინებდი. სკოლის გაცდენის უამრავი ხერხი ვიცოდი, რომლებსაც რიგრიგობით ვიყენებდი ხან პედაგოგებთან და ხან მშობლებთან. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ყველაზე ტკბილად მახსენდება ის დრო, როცა შინ ვრჩებოდი, რომელიმე სქელტანიან წიგნს ვიღებდი და კითხვას ვიწყებდი. ამქვეყნად უამრავი წიგნია და ადამიანი სწორედ იმას ირჩევს, რომელიც მისთვის ნაცნობ ტკივილებს ეხება. ჟიულ ვერნი, დიუმა, მარკ ტვენი, დეფო, ჯეკ ლონდონი, კიპლინგი, შარლ დე კოსტერი, ჰაგარდი, კონან დოილი და სხვები ის თავისუფლება იყო, რომელიც მაშინ ძალიან მაკლდა და რომლისკენაც გული მიმიწევდა.

უნივერსიტეტშიც დაახლოებით იგივე ხდებოდა. უამრავ ზედმეტ საგანს მასწავლიდნენ, რომლებიც არასდროს არაფერში გამომიყენებია. ერთადერთმა ლექტორმა შეძლო, კვლევის აკადემიური ხერხები ესწავლებინა ჩემთვის და ჩემ მიერ დაგროვებული ლიტერატურული ცოდნა სისტემაში მოექცია. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ პედაგოგი მხოლოდ გზის მაჩვენებელი უნდა იყოს, კარგი განათლება კი, საბოლოო ჯამში, თვითგანათლების შედეგია.
– რას ნიშნავს იყო კრიტიკოსი, პუბლიცისტი, რა არის ამ პროფესიის მიზანი?

– უპირველესად, კატეგორიულად ვემიჯნები იმ შემთხვევებს, როდესაც კრიტიკა ვიღაცის დამცირების, აბუჩად აგდების, დასჯის ან შურისძიების იარაღად იქცევა. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც კრიტიკოსები იმისთვის ცდილობენ მავანის გამტყუნებას, რომ შემდეგ ზნეობის დამცველებად გაასაღონ თავი. საერთოდ, რისთვისაა საჭირო ლიტერატურა? კარგმა მწერალმა მკითხველი ყოველდღიურობას უნდა მოსწყვიტოს და იდეათა სამყაროში გადაიყვანოს. ეს იდეა შესაძლოა მისაღები იყოს, შესაძლოა არა, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს; მთავარია, მწერალმა მკითხველს სინამდვილის საკუთარი მოდელი შესთავაზოს. მწერლობა იდეის მასწავლებლობაა, თორემ წერა ყველას შეუძლია. კრიტიკოსის საყვარელი საქმიანობა კი ამ იდეების მიგნება, მათზე მსჯელობა და სხვა, მათ შორის – გარდასული დროის მოაზროვნეებთან დისკურსია. ჩემთვის ეს ფილოსოფიის სფეროა. კრიტიკოსმა საკუთარი თაობის კუთხით უნდა შეაფასოს ან გადააფასოს ლიტერატურული ტექსტი. ეს მოვლენა საზოგადოების მხრივაც ადეკვატურად უნდა აღიქმებოდეს. თუ ლიტერატურულ ნაწარმოებს ან რომელიმე ლიტერატორს ჩვენც ისეთსავე პატივს მივაგებთ, როგორსაც კომუნისტური რეჟიმი მიაგებდა, ესე იგი ჩვენი ღირებულებები მათგან არ განსხვავდება, ხოლო თუ ლიტერატურული ტექსტი ახლებურ ინტერპრეტაციას ვერ უძლებს, ესე იგი ეს ლიტერატურა კი არა, გარდაცვლილ იდეათა სასაფლაოა.
– დღეს საქართველოში ბევრი ჩივის, რომ წიგნის მკითხველთა რაოდენობამ იკლო. როგორ ახსნით ამ მოვლენას, რა არის მთვარი პრობლემა და როგორ შეიძლება მისი მოგვარება?

– ამას რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს. პირველი, რა თქმა უნდა, წიგნების სიძვირეა. ადვილი არ გახლავთ ხელმოკლე ოჯახისთვის, ვთქვათ, რამდენიმე ათლარიანი წიგნის შეძენა. თუმცა ეს ყოველთვის არ არის გამომცემლის ბრალი, წიგნებს ფასის 40 პროცენტს წიგნის მაღაზიები უმატებენ. მეორე – მოუგვარებელია თავად საგამომცემლო მენეჯმენტი. როდესაც რამდენიმე გამომცემელი ნებით თუ უნებლიეთ გამოსცემს ერთი და იმავე დასახელების წიგნს და, გარდა ამისა, ეს წიგნი კომუნისტების დროსაც მაღალი ტირაჟით იყო გამოსული, ბუნებრივია, იგი არ გაიყიდება. ასეთ შემთხვევებსაც მყიდველის მცირე აქტიურობას მიაწერენ.

საქართველომ გამოიარა ურთულესი 90-იანი წლები, როდესაც სწავლა-განათლების დონე საშინლად დაეცა. მაშინ მშობლებსა და შვილებს გადარჩენისთვის უწევდათ ბრძოლა. დღევანდელი მშობლები სწორედ იმდროინდელი მოწაფეები არიან, რომლებიც თავადაც არ გამოირჩევიან განსწავლულობით. ამ სფეროს კი ერთი უცნაური კანონზომიერება ახასიათებს: ყმაწვილებმა კითხვა რომ შეიყვარონ, გამუდმებით უნდა ხედავდნენ, რომ მათ მშობლებსაც წიგნში აქვთ თავი ჩარგული. გარდა ამისა, ახალგაზრდები ხედავენ, რომ ქვეყანაში განათლებული ადამიანის მიმართ პატივისცემა და მოწიწება არ არსებობს, ჩვენთან წიგნიერება პრესტიჟის ნიშანი არ არის. როდესაც ტელევიზია და პრესა მარგინალების საჯირითო ასპარეზად არის ქცეული, ყმაწვილი ხვდება, რომ ნაკითხობა მისთვის ზედმეტი ტვირთია. აქვე შეგვეძლო კომპიუტერისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენაზეც გვესაუბრა, მაგრამ მიმაჩნია, რომ არაფერს ისეთი ზიანი არ მიუყენებია კითხვის სიყვარულისთვის, როგორიც ქართული ლიტერატურის გაკვეთილებმა მიაყენა. რაც უფრო რთულდება პროგრამა და იზრდება მოთხოვნა, მით უფრო სძულთ ბავშვებს ქართული ლიტერატურაც და, საზოგადოდ, კითხვაც. სკოლის დამთავრების შემდეგ იშვიათად უბრუნდებიან საპროგრამო ავტორებს. ქართველების 90%-ს სკოლის შემდეგ „ვეფხისტყაოსნისკენ” არ გაუხედავს იმიტომ, რომ მათ საგულდაგულოდ შეაძულეს ეს ტექსტი. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ნაწილი ბავშვებს არა საგნის სიყვარულს, არამედ ეროვნულ იდეოლოგიას ასწავლის, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ეროვნულ იდეოლოგიაზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ ამ იდეის სიკვდილი გამოიწვია. რაც უფრო გამკაცრდება ეს პროცესი, მით უფრო უარეს შედეგებს მივიღებთ, რადგან ახალგაზრდების მხრივ წინააღმდეგობაც გაიზრდება. მასწავლებლის უპირველესი ამოცანა მოსწავლისთვის საგნის შეყვარება უნდა იყოს, ლიტერატურაზე შეყვარებული მოსწავლე კი არა მხოლოდ ამ საგანს ისწავლის, არამედ სხვა წიგნებსაც მოძებნის წასაკითხად.
– როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა თქვენი პროფესია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის?

– წესით, არც ისე საჭიროა, რადგან ლიტერატურაზე ავტორიტეტების გარეშე უნდა ვისაუბროთ. აუცილებელი არ არის, მოწაფემ თავისი დამოკიდებულება გურამ ასათიანის, აკაკი ბაქრაძის და სხვათა სიტყვებით გამოხატოს. მასწავლებელმა მოსწავლის თამამ და გულწრფელ აზრს უნდა მიანიჭოს უპირატესობა. ლიტერატურა აზროვნების განვითარებაა, ამიტომაც ლიტერატურის გაკვეთილზე მოწაფე თავისუფალ აზროვნებას, მსჯელობასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას უნდა მიეჩვიოს, ასევე – სხვის მოსმენას და განსხვავებული აზრის პატივისცემას. მხოლოდ ასე შეიძლება იმ თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც შემდეგ თავისუფალ ქვეყანას ააშენებს.
– თქვენ მწერლების ცხოვრების უცნობ დეტალებს იკვლევთ. რას შეცვლის ასეთი დეტალების გამომზეურება?

– ქართული ლიტერატურის კანონიკური სახე ძირითადად მეოცე საუკუნეში შეიქმნა. ამაში უამრავი მკვლევარი და მეცნიერი მონაწილეობდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ხდებოდა ჯერ სოციალისტური, მერე კი ეროვნული ცენზურის ზემოქმედების ქვეშ. ბუნებრივია, ქართველ მკვლევართა ერთმა ნაწილმა გვერდი აუარა იმ თემებსა და საკითხებს, რომლებიც არასასურველი რაკურსით წარმოაჩენდა ამა თუ იმ პიროვნებას. ამის შედეგად ეს ეპიზოდები ქართველი მკითხველისა და ქართველი საზოგადოების განცდისა და მსჯელობის ნაწილი არ გამხდარა. ჩვენ სათანადოდ არ ვიცნობთ საკუთარ მოღვაწეებს, სათანადოდ არ ვიცნობთ იმ სივრცეს, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ ის მოდელი ვიცით, რომელიც ტენდენციურმა მკვლევარებმა შემოგვთავაზეს. მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შეგახსენებთ: შეუძლებელია აკაკი წერეთლის პიროვნების გააზრება, თუ არ ვთქვით, რომ მის გამო მანდილოსნები გონებას კარგავდნენ და არც დიდი პოეტი აკლებდა მათ ყურადღებას. ამ მანდილოსანთა შორის იყო ნიკო ნიკოლაძის და ანიჩკა. ანიჩკა მთელი გულით უყვარდა მეორე ქართველ პოეტს – გიორგი ქოჩაკიძეს, მაგრამ აკაკის – პოეტს, თავადს, წარმოსადეგ მამაკაცს – ყოველმხრივ უპირატესობა ჰქონდა რაყიფთან შედარებით. ამ უპირატესობებს აკაკი თავისი მოსწრებული ენის წყალობით ისე წარმატებულად იყენებდა, რომ გიორგი ქოჩაკიძე საქართველოდან გადაიხვეწა და რუსეთში დალია სული. აკაკი ავი ძაღლივით მოიქცა – არც თვითონ იქორწინა ანიჩკა ნიკოლაძეზე და არც სხვას მისცა გაბედნიერების საშუალება. როდესაც ანიჩკა გარდაიცვალა, მის სასთუმალქვეშ ლექსების ორი კრებული უპოვიათ: ერთი – აკაკი წერეთლისა და მეორე -გიორგი ქოჩაკიძისა… როდესაც ვაჟა-ფშაველაზე მოგონებების კრებულს ამზადებდნენ, არ შეიტანეს ერთ-ერთი თავი, სადაც ვაჟამ ხატები ცეცხლში შეყარა და დაწვა. ალექსანდრე სიგუას წიგნის „წამების სამყაროში” მხოლოდ პირველი ნაწილი დაიბეჭდა 90-იან წლებში. მე წამიკითხავს ამ წიგნის მანქანაზე გადაბეჭდილი სრული ვარიანტი. ერთ-ერთ თავში, რომელიც კათალიკოს კალისტრატე ცინცაძეს ეხებოდა, ამოვიკითხე, რომ თედო სახოკიას ალექსანდრე სიგუა სტუმრად წაუყვანია კათალიკოს კალისტრატე ცინცაძესთან, რომელსაც საუბრისას ასეთი რამ უთქვამს: „არ ვიცი, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ ვიცი, რომ კაცობრიობას არასოდეს შეუქმნია ისეთი ზნეობრივი მოძღვრება როგორიც ქრისტიანობააო”. შესაძლოა, ყველამ არ იცოდეს, რომ ჩვენი სახელოვანი სიმბოლისტი პოეტები კოკაინის აქტიური მომხმარებლები იყვნენ და ასე შემდეგ. ასეთი ფაქტების მოხმობით ანტიგმირების შექმნას კი არ ვცდილობ, უბრალოდ, მინდა საზოგადოება ილუზიებისგან გათავისუფლდეს და ამა თუ იმ მოღვაწის შეფასებისას გაითვალისწინოს, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო თავისი ნაკლოვანებებითა და ღირსებებით. არსებობს ფაქტები, რომელთა მიჩქმალვაც, პირიქით, ჩრდილს აყენებს რომელიმე საზოგადო მოღვაწეს. მაგალითად, არასდროს ახსენებენ ერთ ფაქტს: 1871 წელს „კრებულში” დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის მოწოდება, რომ სტუმრად მყოფ იმპერატორ ალექსანდრე მეორისთვის საქართველოში „ერობის” შემოღება ეთხოვათ. ამით საქართველოს საქმეები ადგილზევე უნდა გადაწყვეტილიყო. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. ასეთი თვითმმართველობა ჰქონდა პოლონეთს და შემდეგ მათ უფრო ადვილად დაიძვრინეს თავი რუსეთის მმართველობისგან. ესეც რომ არ იყოს, ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობას და სწორედ, აი, ასეთი ფაქტების მიჩქმალვისა და მათთვის მიწის მიყრის გამო ვერ ვაცნობიერებთ, რომ დღეს რეალურად ნიკო ნიკოლაძის მიერ შექმნილ საქართველოში ვცხოვრობთ.

ფაქტები გაინტერესებთ? პირველი რკინიგზა ამიერკავკასიაში. ფოთი-თბილისისა და სამტრედია-ბათუმის შტო. ტყიბულის ქვანახშირის დამუშავების დაწყება და რკინიგზის ხაზის გაყვანა. ჭიათურის მანგანუმის დამუშავების დაწყება და რკინიგზის ხაზის მიყვანა, სურამის გვირაბის გაყვანა, კახეთის რკინიგზის გაყვანა, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის მოწყობა. თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზის გაყვანა. ეს პიროვნება ხვდებოდა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის აზერბაიჯანის ნავთობს საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლო, ხოლო ფოთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი საზღვაო ჭიშკარი გამხდარიყო, ამ გეგმების განსახორციელებლად კი საქართველოში როტშილდი მოიწვია. ეს ის ეკონომიკური მოდელია, რომელსაც დღემდე ვიყენებთ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი და მომავალი საქართველოს შემქმნელი ნიკო ნიკოლაძე გახლავთ და ამ დამსახურებას სხვას ნუ მივაწერთ.

ამ და სხვა ასეთი ფაქტების გაუთვალისწინებლობა არასწორი დასკვნებისკენ გვიბიძგებს და ისტორიას გვიმახინჯებს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართული ლიტერატურაც და ისტორიაც ხელახლა უნდა დაიწეროს, რომ ახალ საუკუნეში მაინც ისევ ფუჭი და გულუბრყვილო ილუზიები არ ვატაროთ საგზლად.

– ფიროსმანს თქვენს მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ მხატვრის ცხოვრება დღეს ლეგენდებით არის მოცული, ნამდვილ ფიროსმანს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. რას ნიშნავს ფიროსმანი ქართველისთვის და რა უნდა იცოდეს ახალმა თაობამ მის შესახებ?

– ფერწერა და მუსიკა ხელოვნების უნივერსალური დარგებია, რადგან ისინი ნებისმიერ ხალხს ესმის. სწორედ ამიტომ ნიკო ფიროსმანი უდიდესი ქართველი ხელოვანია, რომელიც მსოფლიომ გაიცნო. მაგრამ იგი, ამისგან დამოუკიდებლადაც, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი გახლავთ. სწორედ ბიოგრაფიული ფაქტების გადარჩევისა და რაღაცების მიჩქმალვის წყალობით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ფიროსმანის სახე კომუნისტური რეჟიმის დროს ძალიან სავალალოდ გამიყურებოდა. ეს იყო ღარიბი და უსწავლელი გლეხი, რომელიც პრიმიტიულ სურათებს ხატავდა, ბოლოს გალოთდა და სად არის დაკრძალული, კაცმა არ იცის. ასეთი ფორმულირება ძალიან აძლევდა ხელს იმდროინდელ მეტროპოლიას, რადგან მიაჩნდა, რომ დიდი ხელოვანები მხოლოდ იმპერიის ცენტრში უნდა დაბადებულიყვნენ. მაგრამ საზღვარგარეთ ფიროსმანის გამოფენის გატანამ საპირისპირო სურათი გვიჩვენა და მისი განსაკუთრებული სიდიადე მსოფლიოს გამორჩეულმა მოღვაწეებმა აღიარეს. როდესაც ფიროსმანის შესახებ დარჩენილი დოკუმენტების შესწავლა დავიწყე, შევამჩნიე, რომ ფიროსმანის ბიოგრაფები მხოლოდ იმ ფაქტებს აქცევდნენ ყურადღებას, რომლებიც საკუთარი დასკვნებისთვის საფუძვლის გასამყარებლად სჭირდებოდათ. სხვებს, რომლებსაც შეიძლებოდა მათი მოსაზრება ეჭვქვეშ დაეყენებინა, უყურადღებოდ ტოვებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა დოკუმენტური რომანი, რომელიც ფიროსმანის შესახებ შემორჩენილ ყველა დოკუმენტს დაეყრდნობოდა. ამან ფიროსმანის სრულიად სხვა სახე დაგვანახვა. ეს არის მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალისტი შემოქმედი, რომელიც უპირისპირდება იმ დროს გაბატონებულ აკადემიურ ფერწერას და იგი სრულიად უცნობი, განსხვავებული გზით მიჰყავს. ცოტა ხნით ადრე ევროპაში თვალსაჩინო გახდა იგივე ტენდენცია: მხატვრების ჯგუფი დაუპირისპირდა აკადემისტებს და ახალი მიმდინარეობა – იმპრესიონიზმი – შექმნა. ეს მიმართულება არ იზიარებდა მხატვრობის აკადემიურ გამოცდილებებს და დამოუკიდებლად ეძებდა გამოსახვის ახალ ფორმებს. უამრავმა ახალგაზრდამ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში იმპრესიონიზმიც სკოლად გადაიქცა და თავისი შესაძლებლობები ამოწურა. სწორედ მაშინ გაჩნდა სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც პირობითად პოსტიმპრესიონიზმს ვუწოდებთ. ეს არ გახლავთ მიმდინარეობა – ეს არის პირობითი მიჯნა, აღმნიშვნელი იმისა, რომ აქ მთავრდება იმპრესიონიზმი და იწყება ის, რისი სახელიც არ ვიცით. ყოველი პოსტიმპრესიონისტი თავად არის ახალი მიმდინარეობა. მათ არ ჰყავთ წინაპარი და არ ჰყავთ მემკვიდრე, რადგან ხელოვნებაში მხოლოდ საკუთარი შინაგანი სამყაროს კარნახით მოქმედებენ: ვან გოგი, გოგენი, სეზანი, სერა, ტულუზ-ლოტრეკი. სწორედ ამ სიაშია ნიკო ფიროსმანი და იგი არა უბადრუკი პრიმიტივისტი, არამედ სრულიად უნიკალური, ერთადერთი და განუმეორებელი მიმდინარეობის – ფიროსმანიზმის – დამაარსებელია. ეს არის ის, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ფიროსმანის შეფასებისას. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ შევქმენით „ფიროსმანის მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოება” და თითქმის ერთი წელია, ფიროსმანის საფლავს ვეძებთ. გვაქვს ძალიან იმედისმომცემი შედეგებიც: იქ, სადაც, გადმოცემით, ფიროსმანია დაკრძალული, ჩავატარეთ გეოლოგიური ექპერტიზა, რომელმაც ხუთი უცნობი სამარხის არსებობა დაადასტურა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთი მათგანი ფიროსმანის საფლავი აღმოჩნდება. მართალია, ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი და ამჟამად მუშაობა შეჩერებულია, მაგრამ იმედია, გაზაფხულის ბოლომდე ძიებას დავასრულებთ და ქართველ საზოგადოებას სიახლეებით გავახარებთ. ადამიანმა სამყაროს შეცვლის სურვილი არ უნდა დაკარგოს.

ლია ლიქოკელის სკოლა

0

ბავშვებს, მშობლების სიყვარულის გარდა, საზოგადოებაც სჭირდებათ

0

ავტორი: ლევან ალფაიძე

ჯანმრთელი ბიოლოგიური მიზეზების გამო, ბავშვებს სურთ და სჭირდებათ მშობლების გარდა სხვებთან ურთიერთობაც.

მე მშობლების ბუნებრივი ინსტიტუტის მომხრე ვარ. ასეთი ”მშობლობის” მთავარი თვისება, ჩემი აზრით, არის მშობლების რწმენა ბავშვების შესაფასებებისა და ინსტინქტებისადმი. მაგალითად, როდესაც აცნობიერებთ, რომ ბავშვი, რომელიც ტირის, არის ბავშვი, რომელსაც რაღაც უნდა და თქვენ ცდილობთ მიხვდეთ რა სჭირდება მას, რათა დაკმაყოფილდეს. ანუ, თქვენ არ ”აცლით” ბავშვს ”ბოლომდე” იტიროს. თქვენ ალბათ აცნობიერებთ, რომ ჩვენი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში, ჩვილებსა და პატარა ბავშვებს ყოველთვის თავიანთ დედებთან, სხვა უფროსებთან ან და-ძმასთან ერთად ეძინათ და არასდროს მარტოებს – ბევრი ბავშვისათვის, მარტო დაძინება შიშის მომგვრელია. თქვენ აცნობიერებთ, რომ ჩვილებს და ბავშვებს, ჩვენს მსგავსად, ფიზიკური კონტაქტის დიდი სურვილი აქვთ და თქვენ მათ ამის საშუალებას აძლევთ. თქვენ არ კრავთ მათ ხელს, როდესაც არ გსურთ ასეთი კონტაქტი, პირიქით, თქვენ მათ ეხვევით და თქვენს გვერდით ამყოფებთ, როდესაც პატარებს ეს სურთ. აქ მთავარი კონცეფცია გულისხმიერებაა. როდესაც გესმით თუ რა სურს ბავშვს და რა სჭირდება მას იმ მომენტში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს არამოლაპარაკე (არავერბალური) ბავშვის სურვილებსა და საჭიროებებს ეხება – თქვენ ამ პატარა პიროვნების ტალღაზე უნდა იყოთ მომართული. თქვენ უნდა შეგეძლოთ სამყაროს დანახვა ბავშვის თვალსაწიერიდან. ეს კი თანაგრძნობას მოითხოვს. ეს, რეალობაში, არაფრით განსხვავდება რომელიმე სხვა მჭიდრო ადამიანური ურთიერთობების მოთხოვნებისგან: კარგი ქორწინებისათვის აუცილებელია თანაუგრძნობდეთ თქვენს მეუღლეს. იმისთვის, რომ კარგი მეგობარი იყოთ, უნდა თანაუგრძნობდეთ თქვენს მეგობარს.

თქვენი მეუღლე, მეგობარი და თქვენი ბავშვი, განსხვავდება თქვენგან; მათ სხვა, თქვენგან განსხვავებული საჭიროებები და სურვილები აქვთ, და იმისთვის რომ მათთან კარგი ურთიერთობები გქონდეთ, საჭიროა მათი სურვილებისა და საჭიროებებისადმი მგრძნობიარენი იყოთ. ბუნებრივი მშობლების ინსტიტუტი ხშირად გათანაბრებულია ე.წ. ”აღზრდასთან, მშობლებთან მჭიდრო ემოციური ურთიერთობებით” (ინგლ. Attachment Parenting[1]) და ეს სრულიად მისაღებია თუ ტერმინი ”მჭიდრო ემოციურ ურთიერთობები – attachment” სწორად გვესმის. ბავშვები, ბუნების მიერ, შექმნილნი არიან მჭიდრო ურთიერთობებისთვის არა მხოლოდ მათ დედასთან და მამასთან. აუცილებელი ბიოლოგიური მიზეზების გამო, ბავშვებს შეუძლიათ მჭიდრო ემოციური ურთიერთობები ჰქონდეთ სხვებთანაც, საზოგადოებაში თუ თემში. ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რაგდან, ოჯახი, კერძო სოციალური ბირთვი-ერთეული, რომელიც ცხოვრობს თავის სახლში, სხვებისგან განცალკევებით თუ მოცილებით, ევოლუციური კუთხით, არაბუნებრივი წარმონაქმნია.

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებამდე, ადამიანები არ ცხოვრობდნენ სახლებში – ისინი ცხოვრობდნენ ბანაკებში (ალბათ ეს სიტყვა ყველაზე კარგად გამოხატავს იმ საცხოვრებელ გარემოს). პირველადი, საბაზო სოციალური ერთეული გახლდათ ჯგუფი-ტომი, რომელიც ჩვეულებრივ, 20-დან 50-მდე ადამიანისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, თანაარსებობდნენ და რომლებიც ერთი ბანაკიდან მეორეში გადადიოდნენ, როგორც ამას სანადიროდ ხელმისაწვდომი ცხოველების მიგრაცია თუ საკვებად ვარგისი მცენარეული საფარი მოითხოვდა. ყოველ ასეთ ბანაკში, ადამიანები აგებდნენ დროებით ქოხებს, სადაც მათ ერთად ეძინათ. ძილის შემდგომ დროს კი ადამიანები გარეთ ატარებდნენ, ჯგუფის ყველა წევრთან ერთად. ამ დროს არსებობდა ქორწინება და ბავშვებს მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდათ, მაგრამ ბავშვები მშობლებს არ ”ეკუთვნოდნენ”, როგორც ისინი ”გვეკუთვნიან” დღეს, ჩვენს კულტურაში. ბევრი გაგებით, ბავშვები, მთელი ჯგუფის ბავშვებს წარმოადგენდნენ. ყოველ ბავშვზე ზრუნვა ყველას მოვალეობა იყო. ყველა მოზრდილს, ყოველ ბავშვთან თავისი ურთიერთობა უყალიბდებოდა; და ბავშვებიც, ჩვილების ჩათვლით, ამ ურთიერთობების ჩამოყალიბების აქტიური მონაწილე-პარტნიორები იყვნენ.

ევოლუციური გაგებით, აბსოლუტურად გასაგები მოვლენაა როდესაც ბავშვს სურს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ბევრ, სხვადასხვანაირ ადამიანთან, არა მხოლოდ მის მშობლებთან. კაცობრიობის განვითარების დასაწყის პერიოდში, ადამიანების ისტორიის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ბავშვების გაზრდამდე თუ ზრდასრულობამდე, მათი მშობლების სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მშობლის დაკარგვა ყოველთვის სამწუხარო ამბავია; მაგრამ ეს არ არის ფატალური მოვლენა ბავშვისათვის, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს სხვებთან, იმათთან, ვინც ასევე ჩართულია ბავშვზე ზრუნვაში. შესაძლოა, ბავშვობის მიზანი, როგორც ჩვენს, ისე მონადირე-შემგროვებელთა კულტურებში, არის ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი არსების აღზრდა, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს ბევრ, სხვადასხვაგვარ ადამიანთან – ურთიერთობები, რომლებიც მნიშვნელოვანია მისი გადარჩენისა და გამრავლებისათვის. ამას ადამიანი მხოლოდ დედ-მამასთან ურთიერთობებით ვერ სწავლობს. ადამიანი ამას სწავლობს ბევრ ადამიანებზე დაკვირვებით. ადამიანებზე, რომლებიც განსხვავებულნი არიან, აქვთ განსხვავებული საჭიროებები და რომლებსაც სხვადასხვა რამის მიცემა-გაზიარება-შეთავაზება შეუძლიათ.

ბავშვობის მეორე მიზანია – სწავლა. რაც ნიშნავს იმ იდეების, ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და კულტურის შეთვისება, რომელშიც ბავშვი იზრდება. თუ ვინმე ეცდება ამის შესრულებას მხოლოდ მშობლების მეშვეობით, იგი ამ ყველაფრის მხოლოდ მცირე და შეზღუდულ ნაწილს შეითვისებს და უბრალოდ, არასაკმარისად მზად იქნება სამყაროში ცხოვრებისათვის. ბავშვების ძალიან მჭიდრო კავშირი და ”მიბმულობა” მშობლებზე არამხოლოდ არასასარგებლოა ბავშვისთვის, არამედ ეს შესაძლოა ტვირთადაც იქცეს დედისათვის (როგორც წესი ეს დედაა და არა მამა). აბსოლუტურად არაბუნებრივია, როდესაც ამბობენ რომ ქალმა უნდა შეწყვიტოს თავისი საქმეები და თავი მხოლოდ შვილებს და შინაურ საქმეებს მიძღვნას, როგორც კი დედა გახდება. მონადრე შემგროვებელთა დედები, ბავშვების არზრდასთან და მათზე ზრუნვის პარალელურად, აგრძელებდნენ შემგროვებლობას და სხვა სოციალურ აქტივობებს თავისი ჯგუფის თუ მეზობელი ჯგუფების ზრდასრულ წევრებთან.

დედობა მათთვის არ იყო იზოლირების სინონიმი – პირიქით, იგი კიდევ უფრო მეტად აკავშირებდა ქალს ჯგუფის სხვა წევრებთან, რადგან სხვებიც ინტენსიურად ურთიერთობდნენ მის შვილებთან.

ცოტა ხნის წინ, ბედნიერება მქონდა გავცნობოდი ბოსტონის კოლეჯიდან ჩემი კოლეგების, ჯილდა მორელის, პაულა აივი ჰენრისა და შტეფეტ ფიორსტერის გამოკვლევას[2]. გამოკვლევის თავი, რომელზეც მოგითხრობთ, ეხება მონაცემებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მოიპოვა ამ ჯგუფმა ეფეს ხალხში, მონადირე-შემგროვებელთა ტომში, რომელიც აფრიკულ კონგოში, იტურის ტყეებში ცხოვრობს. მათი გამოკვლევა ჩვილებსა და ბავშვებს და ტომის წევრებთან მათ სოციალურ ურთიერთობებს ეხება. მოგახსენებთ კვლევის რამდენიმე ძირითად შედეგს:

როდესაც ეფეს ტომში ბავშვი იბადება, პირველნი, ვინც მას უვლის არიან დედა და სხვა ბავშვები, რომლებიც დედასთან ქოხში ცხოვრობენ და რომლებიც ეხმარებიან დედას როგორც მშობიარობის დროს, ისე – შემდგომ, მისი ემოციური მხარდაჭერით. შემდეგ, ბავშვი გარეთ გაჰყავთ და მას ტომის ყველა წევრი მიესალმება, ყველა იჭერს ხელში და ულოცავენ ახალი ადამიანის დაბადებას. დედა, სულ ბოლოში იჭერს ხელში თავის ბავშვს.

  • ეფეს ბავშვებს უვლის არ მხოლოდ მისი უშაულო დედა, არამედ ტომის ნებისმიერი მეძუძური ქალი, რომლებიც, როგორ წესი, დედის გენეტიკური ნათესავები არ არიან.
  • პერიოდული, სისტემატიური დაკვირვებებით გამოირკვა, რომ 4-დან 6-თვემდე ასაკის ბავშვებს, ეფეს ტომში, მჭიდრო ფიზიკური და სოციალური კონტაქტი აქვთ საშუალოდ 9 პარტნიორთან, ყოველ 2 საათში. ხოლო 18-21 თვემდე ბავშვებს – ასეთივე ურთიერთობა-კონტაქტი აქვთ 14 სხვადასხვა პარტნიორთან, ყოველ 2 საათში! პარტნიორებში იგულისხმება კაცები, ქალები და ბავშვებიც. საშუალოდ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვილებს, დღის განმავლობაში, ერთ პირთან კონტაქტი, სანამ მას სხვა პირს გადასცემენ, მხოლოდ 3 წუთით აქვთ.

ჩვილის ზრდასთან ერთად ძალიან აქტიური ხდება მისივე ინიცირებული კონტაქტები სხვებთან, მათზე შეხებით, ღიმილით, სიცილით ან სხვაგვარად, როდესაც ჩვილი იწვევს სხვებს, მასთან ურთიერთობისთვის. როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს, ისინი თავისით იწყებენ სიარულს ერთიდან მეორე ადამიანისკენ და მოძრაობას სხვა ბავშვებთან ერთად, განსხვავებული ასაკის ბავშვების ჯგუფში, მათთან თამაშის მიზნით.

  • ეფეს ჩვილი ბავშვები და პატარები (რომლებმაც უკვე დაიწყეს სიარული), გამორჩეულად ხალისიანები და არამომთხოვნები არიან. შესაძლოა, ამის მიზეზი ის ყურადღებაა, რომელსაც ისინი ამდენი განსხვავებული ადამიანისგან იღებენ დღის განმავლობაში. მკვლევარების ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატარები ძირიდათად კარგ ხასიათზე არიან – იღიმიან, იცინიან, სიხარულს გამოხატავენ მზერით და ყურადღებით აკვირდებიან სხვებს – გამოკვლევის პერიოდის დროის (როდესაც მათ არ ძინავთ) 90%-ის განმავლობაში.

მონადირე-შემგროვებელთა სხვა ტომებში, ჩვილების თემურ აღზრდა ეფეს ხალხის მსგავსი შეიძლება არ იყოს, შესაძლოა ტომის წევრების ჩართულობის ხარისხის სხვანაირი იყოს, მაგრამ ყველა ასეთი კულტურის ხალხი, ბევრად უფრო თემური წესით ზრდის თავიანთ ბავშვებს, ვიდრე ჩვენ.

მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფებში ბავშვებზე ძალადობა ან მათი ჩაგვრა პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ დედა ან მამა გაღიზიანდება ბავშვთან ურიერთობისას, ან ბავშვს მკაცრად მოექცევა, ტომის სხვა წევრები სასწრაფოდ ერევიან კონფლიქტში, აწყნარებენ მშობლებს და ეფერებიან ბავშვს.

რადგანაც ბავშვებზე ზრუნვა საერთო, საჯარო საქმეა, თემის ყოველი წევრი, ჩვილების ჩათვლით, უყურებს და აკვირდება ბავშვის მოვლის წესებს. არავინ ხდება მშობელი, სხვებზე დაკვირვებისა და სხვისი ბავშვების მოვლის გამოცდილების გარეშე. არცერთ ზრდასრულ ადამიანს არ უწევს ბავშვზე ზრუნვა და მისი მოვლა მარტოს, სხვების დახმარების გარეშე.

რამდენად განსხვავებულია ეს წესები ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული წესებისგან! რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, დღევანდელი სოციალური ურთიერთობების ფონზე, რათა შევქმნათ ბავშვებზე მზრუნველი თემი, მათი ჯანმრთელი განვითარებისთვის და მშობლების დასახმარებლად? ეს გულწრფელი შეკითხვაა, თუმცა მასზე პასუხი არ მაქვს.

წყარო : https://www.psychologytoday.com/experts/peter-gray-phd

ავტორი: დოქტორი პიტერ გრეი

სტატია თარგმნა და მას კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

[1] ქართული შესატყვისის მოძიების სირთულის გამო, გთავაზობთ ასეთ თარგმანს: შვილების აღზრდა მშობლებთან (მზრუნველებთან) მჭიდრო, ემოციური ურთიერთობებით – ე.წ. Attachment parenting (AP), ფრაზა, რომელიც განვითარების ფსიქოლოგიაში ამერიკელი პედიატრის, უილიამ სირზის შემდეგ დამკვიდრდა. ეს მეთოდი ემყარება აღზრდის მჭიდრო ურთიერთობების თეორიას. ამ თეორიის თანახმად, ჩვილს, ბავშვობის პერიოდში უყალიბდება ძლიერი ემოციური კავშირები მზრუნველთან, ხანგრძლივი შედეგებით მთელი ცხოვრების მანძილზე. შვილების აღზრდა, მშობლებთან მჭიდრო-ემოციური ურთიერთობებით, ბავშვს ეხმარება ჩამოიყალიბოს ახლო ემოციური უერთიერთობების უსაფრთხო სტილი, რაც ხელს უწყობს მის სოციო-ემოციურ განვითარებას და კეთილდღეობას (ლ.ა.)

[2] წყარო: Morelli, G., Ivey Henry, P., & Foerster, S. Relationships and Resource Uncertainty: Cooperative Development of Efe Hunter-Gatherer Infants and Toddlers.” In D. Narvaez, K. Valentino, A. Fuentes, J. McKenna, & P. Gray (Eds.), Ancestral Landscapes in Human Evolution. New York: Oxford University Press.

სიმორცხვე ბავშვებში და მისი დაძლევის გზები

0

ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი

ვფიქრობ, ძნელია ისეთი აღმზრდელის პოვნა, რომელსაც მორცხვი ბავშვი არ შეხვედრია და არ იცის, როგორ იქცევა ის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისთვის უცხო გარემოში ხვდება. თუმცა ბევრი ადამიანი ბავშვის სიმორცხვეს სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს. ალბათ ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან მორცხვი ბავშვი აღმზრდელს სერიოზულ პრობლემებს ნამდვილად არ უქმნის. ის მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ სიმორცხვის გამო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებს.

პატარა სანდროს შემთხვევა ამ ფაქტის შესანიშნავ დემონსტრირებად შეიძლება ჩაითვალოს. 6 წლის სანდრო პირველი კლასის მოსწავლეა, მშვიდი, წყნარი, აუღელვებელი, გაკვეთილზე მასწავლებელს ყურადღებით უსმენს, თუმცა, დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სანდრო გონებრივი განვითარების საკმაოდ მაღალი დონით ხასიათდება. ცოდნაც საკმარისი აქვს იმისათვის, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ გაუჭირდეს, თუმცა, ხელს არასოდეს იწევს, პასუხის გაცემის და ცოდნის გამომჟღავნების არანაირ სურვილს არ ამჟღავნებს. ხოლო, როცა მასწავლებელი მას პირადად მიმართავს, ის მორცხვად, თავჩაღუნული დგას და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არაფერი იცის. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს შევეცადე სანდროს ღირსებებზე მისი თანაკლასელების თანდასწრებით მესაუბრა – “სანდრო ისეთი ჭკვიანი და გონიერი ბიჭია, ისეთი დავალებების შესრულება შეუძლია, რომელსაც ზოგი მასზე უფროსი ბავშვიც კი ვერ ასრულებს”. (ასეთი შესაძლებლობები ბავშვმა ნამდვილად გამოამჟღავნა ჩვენი პირველივე შეხვედრის დროს). ამ სიტყვების მოსმენისას სანდრომ თავი ასწია, გაეღიმა და მასწავლებლის შეკითხვას უპრობლემოდ უპასუხა. მორცხვი ბავშვები ხშირად ძალიან ნიჭიერები არიან. თუმცა საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა და იმ სირთულეების გამო, რომლებსაც განიცდიან თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობისას, ისინი პოზიციებს იმათ უთმობენ, ვინც შესაძლოა ნაკლებად ნიჭიერი, თუმცა უფრო აქტიურია.

სიმორცხვე საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება, შფოთვის მაღალი დონე, უინიციატივობა, ჩაკეტილობა, შებოჭილობა, დაბალი ხმით საუბარი, შიში, საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა, დაძაბულობა, მოუხერხებლობა, საუბრის დაწყების შიში. მორცხვ ბავშვს ძალიან უჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, საუბრისას თავდახრილია და გაურბის თანამოსაუბრისთვის თვალებში შეხედვას, უპირატესობას ანიჭებს მშვიდ თამაშებს. როგორც წესი, თამაშისას ან მეორეხარისხოვან როლს ირჩევს ან საერთოდ არ იღებს მასში მონაწილეობას. ცდილობს იყოს შეუმჩნეველი თანატოლთა შორის. ურჩევნია დარჩეს ჩრდილში. გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას. არ უყვარს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, რადგან ამ დროს ხშირად იბნევა, ავიწყდება სიტყვები. ის დარწმუნებულია, რომ გარშემომყოფთა ყურადღება მხოლოდ მისკენაა მიმართული, და, რომ ეს ყურადღება აუცილებლად ნეგატიურია, რომ გარშემომყოფები კრიტიკულად აფასებენ მის გარეგნობას, ქცევას, ხედავენ ყველა მის ნაკლს და ა.შ. მორცხვი ადამიანი მწვავედ განიცდის საკუთარ ნაკლს, საკუთარ დადებით თვისებებს ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს. ეშინია, რომ სხვის თვალში სულელად გამოჩნდება, ნებისმიერი კრიტიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, არ შეუძლია თავის დაცვა, მუდმივად განიცდის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. როგორ წესი, სიმორცხვის თანმხლებია ისეთი სომატური გამოვლინებებიც, როგორიცაა: პულსის გახშირება, სისხლის წნევის მომატება, გაძლიერებული ოფლიანობა, სახის გაწითლება, არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის ღრუში, მთელი სხეულის დაჭიმულობა. ადრეულ ბავშვობაში თითქმის ყველა პატარა გადის სიმორცხვის პერიოდს. ამის შემჩნევა არც ისე ძნელია – ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან შეხვედრისას მორცხვი ბავშვი, როგოც წესი, დედის ზურგს უკან იმალება, წითლდება და გაურბის ურთიერთობას. ამ ასაკში ბავშვმა სიმორცხვე შეიძლება უახლოეს ადამიანებთანაც კი გამოამჟღავნოს. დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად, უფროსების სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში, ბავშვი ახერხებს სიმორცხვის დაძლევას. თუმცა ზოგიერთ ბავშვს სიმორცხვე ხასიათის თვისებად უყალიბდება და ის შეიძლება მოზრდილობის პერიოდშიც შენარჩუნდეს. ზღვარგადასული სიმორცხვე კი, როგორც წესი, პიროვნების განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა. ამდენად სასურველია, რომ სიმორცხვის დაძლევაზე ბავშვის განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ვიზრუნოთ. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოვახერხოთ, უნდა ვიცოდეთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სიმორცხვის გამომწვევი მიზეზი.

სიმორცხვის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·ბიოლოგიური, გენეტიკური განპირობებულობა, ნერვული სისტემის ტიპი. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, მორცხვი ბავშვის მშობლებიდან ხშირ შემთხვევაში ერთი მაინც ხასიათდება სიმორცხვით. როგორც წესი, ბავშვი მშობლის ქცევის იმიტაციას მიმართავს. ამდენად, თუ მშობელი მორცხვობს, დიდი ალბათობით ბავშვიც მორცხვი იქნება;

·სტრესული სიტუაცია – თუ ბავშვი უცხო სიტუაციაში დაამცირეს სხვების თანდასწრებით, შეიძლება მას გაუჩნდეს უნდობლობა ადამიანების მიმართ ურთიერთობის შიში. შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ასევე სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, სხვა სკოლაში გადასვლამ, მშობლების დაცილებამ, დაუცველობის გრძნობამ, უსაფრთხოების არარსებობამ;

·მშობლების დამოკიდებულება შვილთან – მკაცრი, კრიტიკულად განწყობილი ავტორიტარი მშობლების შვილები, როგორც წესი, საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და მორცხვობენ. თუ ბავშვი მხოლოდ საყვედურებს და კრიტიკას ისმენს მშობლისგან, დიდი ალბათობაა, რომ ის მორცხვი გახდეს. ზედმეტი კრიტიკის გამო, ბავშვს ხშირად ეშინია შეცდომის დაშვება და სწორედ ეს იწვევს სიმორცხვეს. ამ გზით ის კრიტიკისაგან „თავის დაცვას ახერხებს”. მშობლების მხრიდან უყურადღებობა ან პირიქით, ზედმეტი ყურადღება და ჰიპერმზრუნველობაც შეიძლება სიმორცხვის გამომწვევ მიზეზად იქცეს.

უნდა ითქვას, რომ დროებითი სიმორცხვე არ საჭიროებს კორექციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როცა ვხედავთ, რომ სიმორცხვე ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია. სიმორცხვის დაძლევა რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ, სანამ ის ხასიათისა და ქცევის მყარ თვისებად არ ჩამოყალიბებულა.

რეკომენდაციები სიმორცხვის დასაძლევად:

·მიიღეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში, ყველა თავისი ღირსებითა და ნაკლით, ყველა თავისი პიროვნული თვისებით;

·ნუ შეადარებთ მას სხვა ბავშვებს: „შეხედე, როგორი თამამი და გაბედული გოგონაა ნინი, რა კარგად გამოვიდა სცენაზე ამდენი ხალხის წინაშე. როგორ მინდა, შენც ასეთი იყო”.

·ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მის წარუმატებლობაზე, პირიქით, შეეცადეთ არ გამოგრჩეთ მისი სულ უმნიშვნელო მიღწევაც კი და შეაქეთ წარმატებისთვის (ზემოაღწერილ შემთხვევაში სანდროს ქცევამ კარგად დაგვანახა, როგორ მოქმედებს ბავშვზე მისი, თუნდაც სულ უმნიშვნელო წარმატების აღნიშვნა, განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით);

·ნუ მიაკერებთ ბავშვს მორიდებულის და მორცხვის იარლიყს. ნუ ისაუბრებთ სიმორცხვეზე მისი თანდასწრებით;

·არ დაუშვათ, რომ ადამიანებმა დასცინონ და შეარცხვინონ ბავშვი მორიდებულობის, სიმხდალისა და მარცხის გამო;

·შეეცადეთ განუმტკიცოთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა კომენტარებით – „ყველაფერი გამოგივა”, „კარგად ხარ მომზადებული” და ა.შ.

·ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეზე (მაგ. სხვა ადამიანის გრძნობის გაგების უნარი, თავშეკავება, სიფრთხილე) და არა სიმორცხვეზე. ნუ გამოვიყენებთ ბავშვის დასახასიათებლად ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: მორცხვი, მორიდებული, მხდალი და ა.შ.

·ნუ მოითხოვთ ასეთი ბავშვისგან, რომ იყოს თამამი, გაბედული. თქვენი მოთხოვნები ამ შემთხვევაში შედეგს ვერ გამოიღებს. მორცხვი ბავშვისკენ მიმართული სიტყვები – „აქ არაფერია საშიში” – ხშირად ვერაფერს ცვლის. უკეთესი იქნება ისეთი პირობების შექმნა, რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. შიშის გაფანტვის საუკეთესო საშუალება დედასთან სიახლოვე, მისი ალერსია. ნუ ვუყვირებთ ნურც ბავშვს და ნურც სხვას ბავშვის თანდასწრებით;

·ნუ შეგვაშინებს ის, რომ განვითარებისთვის კომფორტული პირობების შექმნით და ნეგატიურის თავიდან აცილებით ჩვენ ბავშვს „სათბურის” პირობებს შევუქმნით, რის გამოც მომავალში შეიძლება მას ძალიან გაუჭირდეს მკაცრ რეალობასთან შეგუება. რა თქმა უნდა, გადაჭარბებული მზრუნველობა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელის შეშველება შეიძლება მართლაც ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. საჭიროა მისთვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნა, რომელიც მას საკუთარი თავის რწმენასა და დამოუკიდებლობას შეჰმატებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მივცეთ გარკვეული თავისუფლება, იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და გადაჭრას პრობლემა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია არ დავტოვოთ ის მარტო იმ სირთულეების პირისპირ, რომლისთვისაც ჯერ მზად არ არის.

გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თავისთავად სიმორცხვე ტრაგედია არ არის. თუმცა უყურადღებოდ დატოვებისა და დაუძლევლობის შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, ის სერიოზული პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს და განვითარების მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორადაც მოგვევლინოს.

 

კონფლიქტების კონსტრუქციული გადაჭრა კლასში

0

ავტორი: ცვატა ბერძენიშვილი

კონფლიქტის კონსტრუქციული გადაჭრა არსებითი საკითხია კლასში, რადგან კონფლიქტი სწავლებისას გარდაუვალი და საჭიროც კია. პიაჟეს განვითარების თეორია და კონცეპტუალური ცვლილებების სწავლების გამოკვლევა გვეუბნება, რომ ნამდვილი სწავლება კოგნიტურ კონფლიქტს მოითხოვს. მოსწავლეებს, რომლებიც ცდილობენ, იყვნენ ჯგუფის შემადგენლობაში, ერთმანეთში ინტერპერსპონალური კონფლიქტები ექნებათ, რამაც ასევე შეიძლება მიგვიყვანოს სწავლამდე. მე-10-კლასელ მოსწავლეებს შორის ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შეცდომას უშვებდნენ, ამ შეცდომებს ერთად მსჯელობისას ასწორებდნენ, როცა საკუთარ მცდარ, მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს განიხილავდნენ.

თანაკლასელთაკონფლიქტი. სკოლაში გავრცელებული კონფლიქტის ერთი ფორმა გაღიზიანება და გამოჯავრებაა. მასწავლებლები ცდილობენ, აღმოფხვრან ეს მოვლენა. მაგალითად, გამოკითხული მე-8 კლასელებიდან 60%-მა თქვა, რომ მათ ცხოვრებაში ყოფილა ასეთი ფაქტები. თუმცა მასწავლებლებმა თქვეს, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება მხოლოდ 16% იყოს. კვლევებით დადგინდა, რომ მე-6-10-კლასელთა დაახლოებით 33% ჩართულია ასეთ კონფლიქტებში. საზღვარი კარგ ურთიერთობასა და ასეთ მტრულ დამოკიდებულებას შორის ძალიან მერყევია, მაგრამ ვიღაცისკენ თითის მიშვერა ნიშნავს იმას, რომ არავინ გამოიჩენს ტოლერანტობას იმის მიმართ, ვისაც ნაკლები ძალა აქვს, ნაკლებად პოპულარულია ან რაიმე ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით აბუჩადაააგდებული.

რაუნდა გააკეთონმასწავლებლებმა? თითქმის ყველა კლასში ხდება კონფლიქტები. მათი მოგვარების სწავლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა. ერთ-ერთი ლონგიტუდური კვლევის საშუალებით, რომელიც ორი წლის განმავლობაში წარმოებდა, აღმოჩნდა, რომ იმ აგრესიულ ბავშვებში, რომელთაც მასწავლებლები კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიებს ასწავლიდნენ, აგრესიამ და ძალადობამ იკლო. მაგრამ, როდესაც მასწავლებლები დუმილით ხვდებიან აგრესიას, მოსწავლეებმა ეს შესაძლოა შეურაცხყოფად აღიქვან.

კონფლიქტის მოგვარება ძალიან რთულია, განსაკუთრებითახალგაზრდებისთვის. სკოლებში ძალადობასთან დაკავშირებით თუ საზოგადოების მოსაზრებას განვიხილავთ, გავოცდებით, რა მწირი ინფორმაცია აქვს ხალხს მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტების შესახებ. დაწყებით სკოლებში კონფლიქტი ხშირად ხდება რესურსების გამო (სასკოლო ინვენტარი, კომპიუტერი, სპორტული აღჭურვილობა, სათამაშოები), უპირატესობების მინიჭების გამო (რომელი აქტივობა უნდა განხორციელდეს თავდაპირველად და ჯერ რომელი თამაში უნდა ითამაშონ). 30 წლის წინ სამ დიდ ქალაქში 8000 მოსწავლეზე ჩატარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს შორის კონფლიქტების 90% ან დესტრუქციულად გვარდება, ან საერთოდ არ გვარდება. მას შემდეგ ჩატარებულმა შედარებით მცირე კვლევებმაც იგივე შედეგები აჩვენა. როგორც ჩანს, კონფლიქტების არსებობის პირობებში მთავარი სტრატეგიაა უგულებელყოფა, ძალა და მუქარა. თუმცა არსებობს უკეთესი გზებიც – თანატოლთა მედიაცია და მოლაპარაკების სტრატეგიები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ისწავლება.

თანატოლთა მედიაცია და მოლაპარაკება. დევიდ ჯონსონმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კონფლიქტის მოგვარების ტრეინინგი მე-2-5-კლასელ 227 მოსწავლესთან. მოსწავლეებმა შეისწავლეს მოლაპარაკების5-საფეხურიანი სტრატეგია.

კერძოდ:

1. ერთობლივად განსაზღვრეთ კონფლიქტი. განაცალკევეთ პიროვნება პრობლემისა და აქტივობისგან, თავი აარიდეთ გამარჯვება-წაგებაზე ფიქრს და ნათლად წარმოაჩინეთ თითოეული მხარის მიზნები;

2. გაცვალეთ პოზიცია და ინტერესები. წარმოადგინეთ საცდელი მიზანი. მოუსმინეთ მეორე მხარის მიზნებს და გაიგეთ მისი ემოციების შესახებ. იყავით თანამშრომლური და მოქნილი. შეატრიალეთ პერსპექტივა. შეაფასეთ სიტუაცია სხვა ადამიანის თვალით, შეცვალეთ როლები და იმსჯელეთ ამ კუთხიდან;

4. გამოყავით სულ მცირე სამი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ სარგებელს მოიტანს. დასახეთ მიზნები, იაზროვნეთ შემოქმედებითად და დარწმუნდით, რომ ყველას აქვს ძალა, მოიფიქროს პრობლემის გადაჭრის გზა;

5. მიაღწიეთ ინტეგრაციულ შეთანხმებას. დარწმუნდით, რომ გათვალისწინებულია ორივე მხარის მიზნები. თუ არაფერი გამოვა, სცადეთ ცვლილებები ან ჩართეთ საქმეში მესამე მხარე – მედიატორი.

კონფლიქტის მოგვარების სწავლების გარდა, ჯონსონის კვლევისას ყველა მოსწავლეს ავარჯიშებდნენ მედიაციის სტრატეგიებში. მედიატორები იცვლებოდნენ. ყოველდღიურად მასწავლებელი ირჩევდა ორ მოსწავლეს, რომელიც კლასის მედიატორი უნდა ყოფილიყო და მედიატორის მაისური უნდა ეტარებინა. ჯონსონმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მოსწავლეები კონფლიქტის მოგვარებისა და მედიაციის სტრატეგიებს ეუფლებოდნენ. წარმატებით იყენებდნენ მათ როგორც სკოლაში, ისე სახლში.

თანატოლთა მედიაცია წარმატებული აღმოჩნდა უფროს მოსწავლეებშიც, იმათშიც, ვისაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ერთ პროგრამაში ბანდების შერჩეულ წევრებს უტარდებოდათ ტრეინინგი მედიაციაში. შემდეგ მათ მედიაციის პროცესში მონაწილეობას სთავაზობდნენ, რომელსაც სკოლის მრჩეველი გაუწევდა მეთვალყურეობას. პროცესი იმართებოდა მკაცრი წესებით, რასაც მხარეები წერილობით შეთანხმებამდე უნდა მიეყვანა, რომელსაც ორივე მხარე მოაწერდა ხელს. სანჩესმა და ანდერსონმა აღმოაჩინეს, რომ სკოლაში ძალადობა მინიმუმამდე შემცირდა: „მედიაციის პროცესის მთელი მაგია კომუნიკაცია იყო”.

თუ თქვენ სკოლაში ასეთი ტრეინინგების ჩატარების საშუალება არ გაქვთ, სხვაგვარად მაინც შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს მოსწავლეებს, უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კონფლიქტს. მაგალითად, ერთმა მასწავლებელმა თავის მე-5- კლასელ მოსწავლეებს კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ოთხსაფეხურიანი გზა შეასწავლა. მან ეს საფეხურები თვალსაჩინო ადგილას გამოაკრა:

1. უთხარით სხვებს, რა არ მოგეწონათ;

2. უთხარით მათ, რა გრძნობა გამოიწვია მათმა ნათქვამმა (ან ნამოქმედარმა) თქვენში;

3. უთხარით მათ, რა გინდათ იყოს მომავალში;

4. ისინი გიპასუხებენ, რის გაკეთება შეუძლიათ. გილოცავთ! თქვენ კონფლიქტების საუკეთესო მომგვარებლები ხართ!

სიცილი

0

ავტორი: დალი კუპრავა

ხშირად ვიცინით სკოლაში ? ვიცინით კლასში მოსწავლეებთან ერთად ?

არადა, ურთიერთობას ისე არაფერი ამყარებს და აგვარებს, როგორც- ერთად სიცილი.

საკუთარი დაკვირვებითა და ბლიცგამოკითხვით დავასკვენი,რომ მოსწავლეები კი იცინიან, მაგრამ სიტუაციებს თავად „ქმნიან”, თავს თვითონ იმხიარულებენ და უმეტესად, მასწავლებლებისგან მხოლოდ- რა გაცინებთ, ან ნუ იცინით, ან სასაცილოდ გაქვთ საქმეო ესმით.

სხვა ცოცხალ არსებას ღიმილი არ შეუძლია, ამიტომ არა ერთი და ორი ექსპერიმენტი ჩაუტარებიათ ადამიანებსა და გორილებზე- კონფლიქტისთვის გამზადებული კაციც და მაიმუნიც ღიმილს შეუჩერებია. რაც უფრო იძაბება სიტუაცია, გორილებს ღიმილის უფრო დიდი მოთხოვნილება უჩნდებათ, თვიანთ სტატუსსა და სუბორდინაციას ასე ავლენენ. ჰიპოთალამუსის წინა ზონის გააქტიურებას ბევრი სარგებელი აქვს, თურმე, გენეტიკის მიუხედავად, ადამიანებში სიმაღლეში ზრდასაც ხელს უწყობს.

არქაული ღიმილიდან დაწყებული , რომელიც მხოლოდ ბერძნულ არქაულ ქანდაკებებს როდი აქვთ, ჰომერული ხარხარით დამთავრებული , სიცილი ევოლუციის მშვიდობიანი ნიშანია, ინდივიდებს შორის არავერბალური ურთიერთობის ენაა; სხეულის ენაა, რომელიც ხშირად უფრო მეტად შედეგიანია, ვიდრე -სიტყვა. სარდონიკულ, გესლიან სიცილსაც კი შეუძლია მოწინააღმდეგის დამარცხება -სიმბოლურად სარდონიკული თუ სარდინიული სიცილი სიკვდილს ახალ სიცოცხლედ აქცევს და კლვას ამარცხებსო,ჯეროდათ .

ერთად სიცილის კომუნიკაციურობასა და სოციალურობაზე რაღა უნდა ვთქვა. გადამდები სიცილის მაგიურ ძალაზეც ბევრი გვსმენია და გამოგვიცდია, როგორ განაწყობს. სიცილის და კეთილგანწყობის კორელაციაც ეჭვს არ იწვევს. თუნდაც, რომ არ გეცინება და ნაძალადევად გაიცინებ,შვების მექანიზმი მაინც ამუშავდება.

მკითხავთ,და მართალცი იქნებით, კი,ვიცინებთ , მაგრამ სასაცილოც ხომ უნდა იყოს რამეო ?!

ლიტერატურის სწავლებისას, ბევრი მიზეზის ნახვა შეიძლება, რაც სურვილსა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

რატომ არ უნდა გავიღიმოთ, გავიცინოთ „ვეფხისტყაოსნის” კითხვისას, როცავკითხულობთ, რომ ლომ-ვეფხს კატასავით ხოცავს ტარიელი,ან როცა თავისი ძალებით ამაყობს, გვიყვება ათი წლისას რა შეეძლო?! ან, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ღიმილის გარეშე ავთანდილის მიერ მეკობრეთა ხომალდის აბორდაჟის ეპიზოდი. არ შეიძლება გაყინული ავტორიტეტების ფლობა – სასაცილო ისაა, რომ ქართველები „ვეფხისტყაოსანზე” არ ვხუმრობთ და მხოლოდ მის ხელშეუხებლობას ვაღიარებთ.

ხუმრობა, სიცილი, იუმორი,გროტესკი, ირონიაც და სატირაც მოსულა ყველაფერზე …
ღიმილი და სიცილი მხოლოდ სახის კუნთების ვარჯიში ხომ არ არის ?!
თემამ მოიტანა და ისევ ქართული ლიტერატურის სასკოლო პროგრამას უნდა შევეხო.

სასკოლო პროგრამაში ადრე იყო ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”.

ვინ იცის ,ოდესღაც ეს ნაწარმოები მზრუნველმა მოაზროვნე ლიტერატურისმცოდნემ ჩასვა პროგრამაში, როგორც თემატურად, იდეურად და მხატვრული თვალსაზრისით საინტერესო რომანი. დროთა განმავლობაში კონიუქტურული სწავლებისგან ამ ტექსტის რეზონანსმა ისე იკლო, რომ მისი პროგრამიდან ამოღება არავის შეუმჩნევია.

არადა, რა აქტუალური იქნებოდა დღეს. რამდენი შეკითხვის დასმა, რამდენი საზოგადოებრივი და ეკონომიკური პროცესის ჩვენება-ახსნა იქნებოდა შესაძლებელი.

საინტერესო ტიპი იყო იმ დროისთვის სოლომონ ისაკიჩი და არის დღესაც.

პირველ პირში მოთხრობილი ამბავი თვითირონიულია, რაც ქართულ ლიტერატურაში ხშირად არ გვხვდება. ამბავი თვალსაჩინოდ აპირისპირებს განათლებასა და გაუნათლებლობას, კულტურასა და ვითომკულტურას, მდაბიოსა და დარბაისელს. მოთხრობაში მკაფიოდ ჩანს ღირებულებები-ვისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია ამქვეყნად არსებობისთვის, ვინ რითი ცხოვრობ. რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული, რა არის ღირსება. სიტყვა „უხერხული” ან იდიომური ფრაზა „აბუჩად აგდება” ან „უკულტურობა” ან „უცოდინრობისგან დაბეჩავებული”, „თავხედი „ ასე თვალსაჩინოდ სწრაფად გასიფრული ლიტერატურაში ხშირად არ გვხვდება. არადა, როგორი ოსტატური და თან რეალურია ყველაფერი : სიუჟეტისა და კომპოზიციის მახვილი გრძნობა, საინტერესო ხასიათები, ახალი სოციალური ფენის ჩამოყალიბება, დღევანდელობასთან კავშირი…

კითხვისას ბევრგან შეიძლება გავიცინოთ, გავიღიმოთ, ჩავიცინოთ, ავხარხარდეთ, საკუთარ თავს ირონიით შევხედოთ .

კარგი მწერალია ლავრენტი არდაზიანი .

მეჯღანუაშვილს თუ არ წავაკითხებთ, თბილისის ტროტუარზე მაინც ვამოგზაუროთ მოსწავლეები და პროგრამაში მისი პუბლიცისტური წერილი მაინც ჩავდოთ.

დღევანდელი ტროტუარს არაფრით ჩამოუვარდება .

საპროგრამოშიც ბევრია „მიზეზი”. თუნდაც, „კაცია ადამიანის” კითხვისას თუ არ ვიცინეთ, აბა, გროტესკიაო როგორ დავაჯეროთ. და , საერთოდ ბევრ ნაწარმოებში შეიძლება სიცილის მიზეზის ნახვა- ერთად სიცილი.

მასწავლებლებო, იცინეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად. არ დაუშალოთ სიცილი,თავად მოძებნონ სიცილის მიზეზი ტექსტებში. სიცილი აერთიანებს და ჩემზე ნაკლებად არ მოგეხსენებათ, როგორი აუცილებელია გაკვეთილზე მოსწავლეებისა და მასწავლებლის ერთიანობა.

ადამიანები, რომლებიც იცინიან იშვიათად ავადდებიან გულით, სიცილი ამშვიდებს, ორგანიზმი ჟანგბადით მდიდრდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, ერთი წუთი სიცილი ათწუთიან ფიტნესს უდრისო და … ბოლოსდაბოლოს ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა.
ბედნიერ, ენდორფინებით სავსე ახალ წელს გისურვებთ.

ასაკს მნიშვნელობა არ აქვს

0

ავტორი: დავით გორგილაძე

2015 წელი მთავრდება და საახალწლო განწყობის ნაცვლად, ცუდი ამბები ასწრებენ ერთმანეთს ჩვენამდე მოსასვლელად. მგონი მსოფლიო ჭკუიდან შეიშალა. ჩემს ბავშვობაში, როცა ნავთის ღუმელის გარშემო შემოკრებილებს ძლიერი მიწისძვრა შეგვაზანზარებდა, დედაჩემი ამბობდა ამას პატარა ბიძგებიც მოყვებაო. ახლაც ასე მოხდა: ჯერ პარიზის ტერაქტმა შეაზანზარა მსოფლიო, მერე კი – ბიძგებმა შეგვახურა. რა გასაკვირია, რომ ასეთი ზამთრის მოახლოებისას, საახალწლო განწყობა ჩვენგან შორს იჭერდეს თავს. თუმცა მოდის ეს 2016 და ვერსად გავექცევით. ამიტომაც, თუ ბუნებრივად არ მოდის, ხელოვნურად მაინც უნდა განვეწყოთ ახალი წლისთვის – ანუ, მივიღოთ დამაჩქარებლები. ამის უებარი საშუალება საახალწლო ფილების ნახვაა, თუმცა ეს მექანიკურ პროცესად არ უნდა აქციოთ, არამედ რიტუალივით უნდა მიუდგეთ:

შეარჩიეთ შესაფერისი ამინდი ამინდი – გვარიანად მობუდნული და ღრუბლიანი. რა თქმა უნდა – ცივი. ფანჯრიდან ყრუდ უნდა აღწევდეს ძაღლის ხმა. ტელეფონი გამორთეთ. ოთახში დაარეგულირეთ ტემპერატურა ისე, რომ თხელი საბნის გადაფარება მოგინდეთ. გვერდით დაიდგით ცხელი ჩაი და ნაკფეტების კალათი. ფარდები გადააფარეთ ისე, რომ პატარა ღრიჭოდან იხსენებდეთ გარეთ რა ამინდიც დგას. მოახერხეთ და ერთი უქმე დღე მთლიანად ამ საქმეს დაუთმეთ. შეარჩიეთ თქვენი საყვარელი ხუთი საახალწლო კინო და ჩაღუღუნდით.

მე ყოველი წლის დეკემბერში რამდენიმე ფილმი მაქვს წამალივით გამოწერილი.

მარტო სახლში

თუკი სიკვდილის წინ ვინმე შემომთავაზებს ბავშვობის ერთ რომელიმე მომენტში დროებით დაგაბრუნებო, აუცილებლად ავირჩევ ასეთ სიტუაციას: საახალწლო სამზადისია. მამაჩემი მაშახლებისა და გაზიანი სასმელების საყიდლადაა წასული. დედაჩემი ნამცხვრისთვის კრემს აკეთებს და პერიოდულად ღუმელში ფირფიტებს ამოწმებს – არ დაიწვასო. ბებიაჩემი გოზინაყისთვის ნიგოზს აქუცმაცებს. სახლში საოცრად არომატული სურნელი ტრიალებს. გარეთ სადაცაა და მოთოვს. მე და ჩემი ძმა კი, ერთ სავარძელში მოკალათებულნი ვუყურებთ ფილმს გენიოს ბავშვზე, რომელსაც საოცრებების ჩადენა შეუძლია. მას აქვს ყველაფერი, რაზეც კი შეიძლება მე და ვახომ ვიოცნებოთ. სხვა რომ არაფრად ჩავაგდოთ, მას შეეძლო ეჭამა სპეციალურად მისთვის მოტანილი პიცა ყველით. ღმერთო, რა ბედნიერებაა! და, მაინც, მაკოლეი კალკინის გმირს თავგადასავლები სწყუროდა. თავგადასავლები, რომლებიც ჩვენთვისაც სასურველი და სანატრელი იყო.

მარტო სახლში – ნიუ იორკში დაკარგული

ფილმი მთავრდებოდა. ჩვენ ვცდილობდი რაღაც მანქანებით დავრჩენილიყავით იმ საოცარ სამყაროში. დედა გამომცხვარ ფირფიტებს უკვე გვერდებს აჭრიდა. იქნებ, სანამ მათ შევჭამდით მოგვეფიქრებინა რაღაც იმდაგვარი ხაფანგები, მაგრამ ვისთვის?! რა მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ისე, უბრალოდ. თუმცა, ვინ დაგაცდიდა ხაფანგთა გაწყობას. სხვა არხზე გადართავდი და ამ საოცარი ისტორიის გაგრძელება იწყებოდა. შენ გქონდა შანსი კიდევ ერთხელ აღმოჩენილიყავი იმ სამყაროში, რომელიც ამჯერად უფრო ფართოვდებოდა და თავგადასავალი ნიუ იორკს მოედებოდა. იგივე სახეები, იგივე ბოროტმოქმედები, რომლებიც გძულდა და იმავდროულად გიყვარდა.

საშობაო საჩუქარი

აბა რად ვარგა არნოლდ შვარცნეგერი წითელი თვალის, ფოლადის ძვლების, მხარზე გადაკიდებული ტყვიამფრქვევისა და გულზედ ჩამოკონწიალებული ხელყუმბარების გარეშე, მაგრამ ამ კაცის კიდევ ერთი როლი მიყვარს და ბავშვობას მახსენებს. ეს ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში „საშობაო საჩუქრის” სახელით გამოვიდა (ორიგინალში Jingle all the way ჰქვია), მაგრამ ჩვენ მას „ტურბომენს” ვუწოდებდით.

„ტურბომენს” იმიტომ, რომ ასე ჰქვია ფილმის მთავარ გმირს – სათამაშოს, რომლის მოსაპოვებლად, ანუ შვილის გასახარებლად შვარცნეგერი შეერთებულ შტატებს გადააბრუნებს, ამერიკის ნახევარ პოლიციას გადაიმტერებს და ბოლოს ტურბომენის მთავარ მტერსაც შეებრძოლება.

ცუდი სანტა

ეს ერთდროულად სახალისო და სევდიანი ფილმია, მორთული საახალწლო სამკაულებით. იდეალური ვარიანტი გახლავთ იმ ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად, რომ ყველა სანტას არ ულხინს. ყველა სანტა წესიერი შრომით როდია დაკავებული და აუცილებელი არაა ის ლაპლანდიაში ცხოვრობდეს. თუ საქმეს დასჭირდა მას შეუძლია სრულიად უცნობი ბავშვის სახლშიც დაიდოს ბინა იქაური სეიფებიც გამოაცარიელოს.

ჰოდა, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს. თუკი საახალწლო განწყობა ძალით მოსაყვანია, უნდა მოიყვანოთ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

ეკვილიბრიუმი

0

ავტორი: გიორგი კეკელიძე

ვთქვათ ასე, ცოტა შაბლონურად – ბიბლიოთეკას გადამწყვეტი პერიოდი უდგას. იმედია, არა წელში გადამწყვეტი. სოციალური ქსელების ეპოქაში ძალიან ძნელია, მკითხველი საკუთარ მყუდრო ადგილს მოსწყვიტო და ბიბლიოთეკაში მიიყვანო. თუ მოახერხებ, ხომ კარგი, თუ არადა სხვა გზა უნდა ეძებო, თანაც ისეთი, ტექსტს რომ არ დაგაშორებს. ეს ელექტრონული ბაზები და კატალოგებია, მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი რამ.

ჰოდა, რეგიონულ ბიბლიოთეკებს ამ მხრივ მეტი დახმარება სჭირდებათ. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ გეზით სვლა გადაწყვიტა და პროექტი „ეკვილიბრიუმი” დააფუძნა.

გამოიკვეთა ორი პრობლემური მიმართულება: რაიონულ და რეგიონულ ბიბლიოთეკებში არსებული მასალა, უმრავლეს შემთხვევაში, მისი შენახვის ფორმის გამო მიუწვდომელია მკითხველთა ფართო წრისთვის და ეგზემპლარების ნაკლებობის გამო მიუწვდომელია დაინტერესებული მკითხველისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში; სათანადოდ არ არის აღნუსხული და შედარებული, რა სახისა და რაოდენობისაა მასალა, რომლის ბეჭდური ფორმით მოხმარება სიძველის გამო საფრთხეს უქმნის მის არსებობას ან ეგზემპლარების არარსებობის გამო ნაკლებად ხელმისაწვდომია. ეს საკითხები მხოლოდ ზედაპირულად არის შესწავლილი და ვიცით, რომ ამ ტიპის მასალები არსებობს, მაგრამ საბოლოო დასკვნების გამოტანა ძნელია მათი აღწერისა და სხვადასხვა ბიბლიოთეკის მასალებთან შედარების გარეშე.

„ეკვილიბრიუმი” წარმოადგენს მონაცემთა შენახვის, დაცვისა და გაზიარების ერთობლივ სისტემას, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს რაიონული ბიბლიოთეკების მომხმარებლებს, ელექტრონულ ფორმატში გაეცნონ სხვადასხვა სახის ლიტერატურას ან საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ ამა თუ იმ რაიონის მკითხველებსა თუ უფრო ფართო საზოგადოებას.

შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა ინტრანეტის სახით, რომელიც საშუალებას მისცემს რაიონულ ბიბლიოთეკებს, ინტრანეტში გაშვებული წიგნების საშუალებით მოემსახურონ თავიანთ მკითხველებს, გაეწევათ მათ მეთოდური კონსულტაციები, მომარაგდებიან საჭირო ტექნიკური მოწყობილობებით, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკა გაუწევს ორგანიზებას. ასევე შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა ბლოგებისა თუ სხვა სახით, სადაც განთავდება მასალები, რომლებსაც პოპულარიზაციას გაუწევს ეროვნული ბიბლიოთეკა.
მოკლედ, ეს ერთი ცდაა. ვნახოთ, თუ შედეგი გამოიღო, ზმნა „გადაწყვეტას” უფრო საიმედო წინადადებას მივუსადაგებთ და ვიტყვით: პრობლემა გადაწყდა… ნაწილობრივ მაინც.

რას ველი მასწავლებლისგან

0

ავტორი: ნასტასია არაბული

ერთხელაც მკითხეს, რატომ წერ მასწავლებლის გაზეთისთვის, რა არის შენი მთავარი სათქმელიო და პირველი, რაც გამახსენდა, სკოლაში გატარებული წლები იყო. წლები, როცა ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში, ბევრ საკითხზე მინდოდა პასუხის მიღება და ამ კითხვების ხმამაღლა გაჟღერების მეშინოდა თუ მერიდებოდა, ზუსტად არ მახსოვს, ფაქტია, რომ მათი უმეტესობა არასოდეს დამისვამს. სკოლაში კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი, შესაბამისად, კარგი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პრივილეგიებითაც ვსარგებლობდი, მაგრამ მაინც არსებობდა უხილავი ძალა, რომელიც მკარნახობდა, რომ ხმამაღლა რაიმეს კითხვას შესაძლოა თანატოლების სიცილი ან მასწავლებლების გაოგნებული გამომეტყველება გამოეწვია და მეც, პატარას და საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებულს, მეშინოდა, რამე ისეთი არ გამეკეთებინა, რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენებდა მე ან სხვებს.
მერეც, სტუდენტობისას, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ხოლმე, როცა ლექციისას რაიმეს კითხვა მინდოდა. დიდ აუდიტორიებში, სადაც რამდენიმე ჯგუფს ერთად გვიტარდებოდა ლექციები, შესაბამისად, მეტი ხალხი იყრიდა თავს, თითქმის არასოდეს მიკითხავს რამე. აქ სხვა ამბავიც დაემატა ჩემს ბორკილებს: ის კურსელები, რომლებიც ბევრი კითხვებით ცდილობდნენ ლექტორებისთვის თავის დამახსოვრებას. მათი უმეტესობა იმდენად უადგილოდ ან სულელურად მეჩვენებოდა, ისევ ჩუმად ყოფნა მერჩია, მათ ადგილას აღმოჩენას. ლექციების შემდეგ ბიბლიოთეკაში ვიჯექი და იქ ვცდილობდი თავად გამეკვლია გზა. ეს თვისება პრინციპში დღემდე მომყვება, სანამ შესაძლებელია მარტო სიარული, მირჩევნია, თვითონ ვიყო ყველაფერზე პასუხისმგებელი. ცუდი არ არის, მაგრამ ზოგჯერ ძალიან რთულია, ბევრად მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

მერე ეს ამბავი ერთ ჩემ მეგობარს მოვუყევი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მომღერალია და აღმოჩნდა, რომ მასაც ზუსტად იგივე ვნებები ქონდა სწავლის პერიოდში, როცა ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით, რომ სცენიდან, ეკრანიდან, გაზეთიდან ან ჟურნალიდან დავიწყებდით საუბარს, ხმამაღლა საუბარს და მით უმეტეს ისეთ თემებზე, რასაც მართლაც მოყვება ხოლმე თანატოლების სიცილი ან უფროსების გაოგნებული გამომეტყველება, რაზეც იშვიათად ლაპარაკობენ, რასაც ტაბუ ადევს, რაზეც თვალის დახუჭვა უფრო კომფორტულია.

File written by Adobe Photoshop¨ 5.0

ახლა, როცა უკვე დიდი გოგო მქვია, როცა ჩემი აზრის ხმამაღლა თქმა ვისწავლე და აღარც კითხვის დასმის მეშინია, ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩვენი პრობლემების დიდი ნაწილი შეიძლება სწორედ ეს იყოს, მორიდება და უხერხულობაა იმის თქმისას, რაც იმ დროს ყველაზე მეტად გვაღელვებს, გვაინტერესებს და გვაწუხებს. მარტო, ჩვენ თავთან დარჩენილებმა შეიძლება ძალიან კარგად ვიცოდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვების, პრობლემებისა და ამბების შესახებ, მაგრამ თუ მათ ხმამაღლა არ ვიტყვით, მათზე მსჯელობას არ დავიწყებთ, ჩვენს გარშემო ყველას არ გავაგებინებთ, დიდს ვერაფერს შვცვლით.
ახლა კითხვის დასმა უკვე ჩემი პროფესიის, ყოველდღიურობის ნაწილია, ვალდებული ვარ ყველა იმ თემაზე, რასაც მნიშვნელოვნად მივიჩნევ, კომპეტენტური ადამიანები მოვძებნო და მათ დავუსვა კითხვები, რომელიც შეიძლება ვიღაცას სასაცილო მოეჩვენოს ან ვიღაცისთვის უხერხულად მოსასმენი იყოს, მაგრამ პროგრესისთვის, ღია საზოგადოებისთვის მსჯელობა მნიშვნელოვანია. უხერხულობის განცდას მხოლოდ ასე თუ მოვიშორებთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზაზე.
ახლა, როცა ყველაზე ხანგრძლივი შიში უკვე უკან მოტოვებული ამბავია, იმიტომ დავიწყე მასწავლებლებისთვის წერა, რომ მინდა, სანამ ჩემი შვილები სკოლაში მივლენ, ისეთი გარემო შეიქმნას სკოლებში, სადაც ბავშვებს მეტი სივრცე ექნებათ თავისუფალი მსჯელობისთვის, დისკუსიისთვის, აზროვნებისთვის, თვითგამოხატვისთვის. აქ წერა ფსიქოთერაპიასავით არის, თითქმის ყოველ ჯერზე, როცა ახალ ფაილს ვხსნი, თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ, რა იყო ყველაზე მძიმე, ყველაზე რთული, რაც სკოლის დროს თავს გადამხდენია, რამ იქონია ჩემზე ყველაზე მძიმედ, რას შევცვლიდი, შესაძლებელი რომ იყოს და ვიწყებ წერას ბავშვებსა და უფროსებზე, რომლებსაც ხშირად ერთმანეთის სულაც არ ესმით. აქ წერა იმ ამბების მოყოლაა, რომელის თქმაც პატარაობისას მინდოდა უფროსებისთვის და რომლებსაც ახლა ვყვები იმ პატარების მაგივრად, რომლებსაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ ხმამაღლა ლაპარაკი. მინდა, რომ მასწავლებლებს ასეთი ბავშვების, მათი თავსატეხების მოსმენა შეეძლოთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...