ხუთშაბათი, სექტემბერი 18, 2025
18 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო

0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის დეკემბრის N167/ნ ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის მასწავლებელთა  დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელის სახეებს და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს.

რა ითვლება დისციპლინურ გადაცდომად?

 

მასწავლებლის  დისციპლინური გადაცდომაა:

– მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული წესების დარღვევა;

–  სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების  შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

– სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;

– სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

– სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და სკოლის შინაგანაწესით შესაძლებელია განისაზღვროს გადაცდომათა სხვა სახეები.

რა სახის დისციპლინური სახდელები არსებობს?

 

დისციპლინური სახდელებია:

შენიშვნა;

საყვედური;

სასტიკი საყვედური;

სამსახურიდან გათავისუფლება.

ასევე შესაძლებელია სკოლის შინაგანაწესით განისაზღვროს დისციპლინური სახდელის სხვა სახე.

ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე. ამასთან, დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც ლახავს მასწავლებლის პატივსა და ღირსებას.

დაუშვებელია სკოლამ მასწავლებელს დისციპლინური სახდელი დააკისროს იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

დისციპლინური სახდელის დაკისრებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი.

რომელი ორგანო განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს?

დისციპლინური გადაცდომების განხილვის უფლებამოსილება აქვს დისციპლინურ კომიტეტს. სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.

რა არის დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი?

დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს:

– მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს;

– დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში, დისციპლინური წარმოება იწყება სკოლის სამეურვეო საბჭოს ან დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.

 

რა უფლებები და მოვალეობები აქვს დისციპლინურ კომიტეტს საქმისწარმოების დროს?  

დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დისციპლინური კომიტეტს უფლება აქვს:

– გამოითხოვოს დოკუმენტები;

– შეაგროვოს ცნობები;

– მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

– დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

– დანიშნოს ექსპერტიზა;

– გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

– მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

რა უფლებები და მოვალეობები აქვს მასწავლებელს დისციპლინური წარმოების დროს?

მასწავლებელს უფლება აქვს გაეცნოს დისციპლინური წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომელიც შეიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას. მასწავლებელს ასევე შეუძლია მოითხოვოს დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები.

მასწავლებელს უფლება აქვს გამოთქვას მოსაზრება და საკუთარი მოსაზრება წარადგინოს წერილობით ან ზეპირად. მასწავლებელს ასევე შეუძლია წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

რა წესების დაცვით უნდა ჩატარდეს დისციპლინური კომიტეტის სხდომა?

დისციპლინური კომიტეტის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომის თავმჯდომარე. დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინური კომიტეტის ის წევრი, რომელიც:

– თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;

– საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია (ამ შემთხვევაში, ნათესავად ითვლება პირდაპირი ხაზის ნათესავი; მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები);

– საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

– იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

– საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

დისციპლინური კომიტეტის წევრი ვალდებულია დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობოს თვითაცილების შესახებ. მასწავლებელს, თუ ის მიიჩნევს, რომ არსებობს დისციპლინური კომიტეტის წევრის აცილების საფუძველი, უფლება აქვს წერილობით განუცხადოს მას აცილება. აცილების შესახებ განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული. დისციპლინური კომიტეტის წევრის აცილების საკითხს წყვეტს დისციპლინური კომიტეტი ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. მასწავლებელი ვალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღის განმავლობაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც აცილების საფუძველს იძლევა.

იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური კომიტეტი მოწვეულ იქნება ორჯერ და არ შედგება კვორუმი, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია განიხილოს მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით.

როგორ მიიღება და ფორმდება გადაწყვეტილება?

დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ მიმართვის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში იღებს და გადაწყვეტილებას სხდომის ოქმში ასახავს.

ოქმში უნდა მიეთითოს: დისციპლინური კომიტეტის დასახელება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ადგილი, თარიღი, მისი დაწყების დრო, განხილვის საგანი, სხდომის მიმდინარეობა, დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობა, დამსწრეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები, კენჭისყრის შედეგები, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო. ოქმს ხელს აწერენ დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ეგზავნება სკოლის დირექტორს. თუ სკოლის დირექტორი არ იზიარებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, ვალდებულია დისციპლინურ კომიტეტს, წერილობითი ფორმით დაუსაბუთოს უარი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.

ხოლო თუ სკოლის დირექტორი ეთანხმება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას და გამოცემს აქტს, მაშინ იგი ვალდებულია წერილობითი ფორმით განუმარტოს მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

სად შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება?

დირექტორის გადაწყვეტილება მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, ასევე დირექტორის უარი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ საჩივრდება სამეურვეო საბჭოში, სააპელაციო კომიტეტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

სამეურვეო საბჭო ან სააპელაციო კომიტეტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჩივარს განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი წესებით.

რა შედეგი მოყვება დისციპლინური სახდელის დაკისრებას?

დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. თუმცა გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

დისციპლინური სახდელის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი. შესაბამისი დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. ცხადია, ეს არ ეხება სამსახურიდან გათავისუფლებას.

დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შესაძლებელია, თუმცა ეს წესი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ითვლება, რომ მასწავლებელს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

ბავშვის იმედგაცრუების დაძლევის გზა

0

თქვენ, როგორც მშობელი, არასოდეს ისურვებთ დაინახოთ, თუ როგორ განიცდის თქვენი შვილი ტკივილს. ის შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური – ორივე თანაბარი გამოწვევაა. ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება იმედგაცრუებაა. ისინი დიდი ენთუზიაზმით გეგმავენ წვეულებებს, საქმიანობებს ან მიღწევებს და როცა მათი იმედები და სურვილები არ სრულდება,  განიცდიან იმედგაცრუებას.

შესაძლებელია თუ არა, იმედგაცრუება ვაქციოთ ტრამპლინად პიროვნული ზრდისათვის?

წარმატებული ნიუ-იორკელი ფსიქოთერაპევტი ლიზ მორისონი მშობლებთან და ბავშვებთან მუშაობს. მან აღწერა შვიდი საკვანძო სტრატეგია, რომლებიც დაეხმარება თქვენს შვილს დაძლიოს იმედგაცრუების გამოწვევები.

  1. გაარკვიეთ თქვენი შვილის განცდები.

შესაძლოა, თქვენი ქალიშვილი ან ვაჟიშვილი არ ასრულებს წამყვან როლს სასკოლო თამაშში ან ვერ მიაღწია იმ აკადემიურ ჯილდოს, რაც უნდოდა. იქნებ არ დაპატიჟეს წვეულებაზე ან მისი იმედგაცრუება უფრო სერიოზული მიზეზითაა გამოწვეული. მშობლის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია არის მოსმენა და გაცნობიერება:

ჰო, შენ იმედგაცრუებული ხარ. ნორმალურია, რომ ამას გრძნობ და გამოხატავ.

ჰო, იმედგაცრუება მტკივნეულია და დანაკარგია.

თუ სურვილი გაქვს, მომიყევი ამის შესახებ მოკლედ ან ვრცლად.

  1. აღიქვით თქვენი შვილი პიროვნებად

იმედგაცრუება ბავშვისთვის ემოციური კრიზისია. როდესაც ებრძვიან უკუსვლას ან მარცხს, ბავშვები თავიანთი მშობლებისაგან აღიარებას ელიან:

მე ისევ კარგი ვარ?

ჩემი განცდები მისაღებია შენთვის?

რაღაცას არასწორად ვაკეთებ?

იმედგაცრუება მტკივნეულია, მაგრამ არაფერია მასში სამარცხვინო. თუ ვერ იღებ იმას, რაც გსურს, ეს “ლუზერად” არ გაქცევს. მნიშვნელოვანია ამის ნათელყოფა როგორც სიტყვებით, ასევე ქმედებით, რადგან გარშემო ბევრია ძალიან უარყოფითი შეფასებები. იმ საზოგადოების რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, არის სკოლასა და სპორტში მუდმივი კლასიფიკაცია და დახარისხება. გზავნილი, რომელსაც იძულებულნი ვართ მუდმივად შევეწინააღმდეგოთ და ვებრძოლოთ, ქმნის იდეას, რომ შენ უნდა იყო “გამარჯვებული”, “ნომერი პირველი”, რათა გაღიარონ. ეს სრულიად შეუძლებელია ცხოვრებაში. თქვენმა შვილმა ახლახან გამოსცადა ეს. სკოლის ეზოში გაკეთებული ბინძური კომენტარები აძლიერებს წარუმატებლად (ლუზერად) ყოფნის გრძნობას. თვალყური ადევნეთ საჯარო იმედგაცრუებას, რათა ბულინგში არ გადაიზარდოს.

  1. საქმედ აქციეთ თქვენი სიტყვები

ბავშვები გაცილებით მეტს სწავლობენ დაკვირვებით, ვიდრე თქვენი ნათქვამით. უჩვენეთ თქვენს შვილებს, როგორ უმკლავდებით იმედგაცრუებას. დაე იცოდნენ, როგორ ართმევთ ამას თავს. მაშინ ისინი გამხნევდებიან და იმედიანად ეცდებიან თქვენს მიბაძვას.

  1. სურვილი და ქონა

ყველა იმედგაცრუება არ არის მუდმივი. “იქნებ ახლა ვერ შეძელი ახლა ლაშქრობაში წასვლა, მაგრამ შემდეგ თვეში შეძლებ”. ელაპარაკეთ შვილებს. იმსჯელეთ, როგორ გადალახოთ ხანმოკლე იმედგაცრუებები და შეცვალეთ მათი იმედები მომავლისთვის. სცადეთ, ერთად იპოვოთ, რამდენად რეალურია ეს სურვილი. სწავლის განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობაა სასურველი რამის ვერმიღება, როგორიცაა, მაგ. ექსკურსია დისნეილენდში და ა.შ.

ერთი მხრივ, ჩვენი იმედებისა და ოცნებების გააზრება, ხოლო, მეორე მხრივ, იმისა, თუ რისი მოცემა შეუძლია ცხოვრებას მოცემულ კონკრეტულ მომენტში, ძალიან ღირებული, მთელი ცხოვრების მანძილზე გამოსადეგი უნარია. სწორედ ახლა გაქვთ შესაძლებლობა ასწავლოთ ეს თქვენს შვილს.

  1. თვითდამშვიდების უნარები ბავშვებისთვის

ჩვილ ბავშვებსაც აქვთ თავიანთი თავის დამშვიდების უნარები, მაგალითად, საკუთარი თავის რწევა, საწოვარას წოვა და მშობლებთან მიხუტება. დააკვირდით თქვენს ბავშვებს და აღმოაჩინეთ, თვითდამშვიდების რა უნარები აქვთ მათ, ურჩიეთ მათი გამოყენება იმედგაცრუების დროს. იმ ჩვევების გამომუშავება, რომლებიც მათ ეხმარება ან რისი ცდაც უნდათ, კიდევ ერთი გზაა, რომ გაუმკლავდნენ საკუთარ იმედგაცრუებას.

  1. გადაწყვეტილებები (მაგრამ არა დაწუნება)

ზოგიერთი იმედგაცრუების მიღება და მასთან გამკლავება მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგაა შესაძლებელი, ზოგიერთს კი შეიძლება მივუბრუნდეთ და შევცვალოთ მათი შედეგები. სცადეთ “ტვინის შტურმის” სესიები პრობლემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად თქვენს შვილთან ერთად და ნახეთ, რისი მიღწევა შეგიძლიათ ერთობლივი ძალებით. გააცნობიერეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს შვილს არ გაუჩნდეს იმის განცდა, თითქოს ადანაშაულებდეთ მას იმედგაცრუებაში, რადგან ვერ შეძლო პირველ რიგში გადაწყვეტილების მოძებნა.

  1. უპირობო სიყვარული

როცა თქვენი ბავშვი იმედგაცრუებულია და ეს იმედგაცრუება მიღწევებთანაა დაკავშირებული, თქვენ გეძლევათ შანსი აჩვენოთ მას, რომ გიყვართ ისეთი, როგორიც არის. დააჯერეთ, რომ მათ არ სჭირდებათ რაიმე პირობების შესრულება თქვენი სიყვარულის მისაღებად ან შესანარჩუნებლად.

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/when-kids-call-the-shots/201604/7-positive-ways-help-kids-manage-disappointment

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია

0

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია, თანამედროვე დასავლური სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთ დომინანტურ მორალურ-პოლიტიკურ თეორიას  წარმოადგენდა და დღემდე ბევრი მიმდევარი ჰყავს. ის სახელმწიფოს წარმოშობის პრობლემატიკის ორიგინალურ გადაწყვეტას გვთავაზობს: მას შემდეგ, რაც ადამიანებმა თავი დააღწიეს „ბუნებრივ“ მდგომარეობას, გაერთიანდნენ სახელმწიფოში, ნებაყოფლობითა და ურთიერთთანხმობით დადებული „ხელშეკრულების“ საფუძველზე, მათ საკუთარი ნებით გაასხვისეს თავისუფლების ნაწილი, რათა დაცული ყოფილიყო მათი სიცოცხლის უსაფრთხოება და საკუთრების უფლება.

ეს მოსაზრება ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იღებს სათავეს. ათენელმა ფილოსოფოსმა ეპიკურემ (ძვ. წ. აღ. 341-270) ერთ-ერთმა პირველმა განიხილა სახელმწიფო, როგორც ადამიანთა შორის ხელშეკრულებაზე დაფუძნებული ურთიერთობა. თუმცა მისთვის საკითხის ბევრი მხარე ბუნდოვანი დარჩა – მან ვერ გაარკვია რა ურთიერთობა უნდა ყოფილიყო ამ სოციალურ ორგანიზმსა და პიროვნებას შორის.

აღნიშნულმა საკითხმა სერიოზული აქტუალობა ფეოდალიზმის კრიზისის პერიოდში შეიძინა. ჰოლანდიელი მოაზროვნე ჰუგო გროციუსი (1583-1645 წ.წ.) იყო პირველი, ვინც საზოგადოებრივი ხელშეკრულების იდეით დაინტერესდა და მას თეორიული სახე მისცა. გროციუსის შეხედულებით, ბუნებრივ საზოგადოებაში ცხოვრებამ ადამიანს ასწავლა, რომ მარტო სუსტი იქნებოდა გარემოსთან ბრძოლაში. საჭირო იყო, „ხელშეკრულების საფუძველზე“ ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც დაიცავდა ადამიანებს და მოაწესრიგებდა მათ შორის ურთიერთობებს. ასე წარმოიშვა სახელმწიფო, როგორც უმაღლესი მმართველი და ხელისუფალი. გროციუსი ხალხის სუვერენობას ცნობს, მაგრამ არ აძლევს მას უფლებას ამხედრდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან მისი მოსაზრებით, სახელმწიფოს სახით ხალხს თავისი ბუნებრივი უფლება გარკვეულწილად სუვერენისათვის სამოქმედოდ გადაუცია. მაგრამ, გროციუსის აზრით, რაკი სახელმწიფო კერძო ინიციატივის შედეგია და ინდივიდის დაცვის მიზნით წარმოიშვა, იმდენად გონივრულია, რამდენადაც პიროვნებას და მის ინდივიდუალობას იცავს. თითოეულ თავისუფალ ხალხს თავად შეუძლია აირჩიოს მმართველობის ის ფორმა, რომელიც მას სურს და რომლის აუცილებლობასაც ობიექტური პირობები უკარნახებენ.

თეორიის შემდგომი განვითარება ინგლისელი განმანათლებლის, თომას ჰობსის (1588- 1679 წწ.) სახელთანაა დაკავშირებული. ჰობსის მოსაზრებით, პოლიტიკური საზოგადოების შექმნამდე ადამიანები ბუნებრივ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ, სადაც არ არსებობდა  კერძო საკუთრება,  ზუსტი განსხვავება „ჩემსა“ და „შენს“ შორის და არც სამართალი. მათი მოქმედება ეგოიზმით იყო ნაკარნახევი და ყველას თვითგადარჩენის პრინციპი ამოძრავებდა. ჰობსის აზრით, ეს იყო „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“. მუდმივი შიშის მდგომარეობამ დღის წესრიგში ამ ვითარებიდან თავის დაღწევის აუცილებლობა დააყენა. მაშასადამე, ჰობსის მოსაზრებით, იმ ადამიანთა მთავარი მიზანი, რომელთაც საკუთარ თავს ლაგამი ამოსდეს, თვითგადარჩენაზე ზრუნვა იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ სურდათ თავი დაეღწიათ „უბადრუკი საომარი მდგომარეობისათვის“, რომელიც საერთო ხელისუფლების არარსებობის პირობებში ადამიანთა ბუნებრივი ლტოლვების გარდაუვალ შედეგს წარმოადგენდა.

ჰობსის აზრით, ბუნებრივ კანონებს (იგი მათ აიგივებს მორალურ კანონებთან: მიუკერძოებლობა, სამართლიანობა, თავმდაბლობა, სიკეთე) არ ძალუძთ ადამიანთა უსაფრთხოების გარანტნი გახდნენ, რადგან ამ კანონებს ადამიანები სურვილის შესაბამისად მიჰყვებიან. მისი შეხედულებით, უსაფრთხოების გარანტიების შექმნა არც ადამიანთა მცირერიცხოვან გაერთიანებებს შეუძლიათ, რაკი მცირე რაოდენობრივი ცვლილებაც კი ცვლის ფიზიკური ძალის უპირატესობას და ახალისებს ძალადობას. თუმცა ადამიანთა ხელსაყრელი რაოდენობაც რომ არსებობდეს, თუკი ყოველი ადამიანი კერძო აზრითა და ინტერესებით ხელმძღვანელობს, ასეთი საზოგადოებისაგან არც მფარველობას უნდა მოველოდეთ და არც სამართლიანობას. შესაბამისად. ისინი საერთო ნებას უნდა ექვემდებარებოდნენ.

პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ერთი გზით შეიძლებოდა: მთელ ხელისუფლებას ერთი ადამიანის ან ადამიანთა კრების ხელში უნდა მოეყარა თავი. მას უნდა განესახიერებინა თითოეული პიროვნება, ჰქონოდა სათანადო ნდობა  და უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი, რომ ყოველი ინდივიდი თავის ძალისხმევას საერთო ნებას დაუქვემდებარებდა. ხელშეკრულება, რომელიც ამ გაერთიანებაში შესვლის სურვილის მქონე ნებისმიერმა ადამიანმა მეორესთან დადო, ჰობსის მოსაზრებით, შემდეგნაირად ჟღერს: „მე აღვჭურვავ უფლებამოსილებით ამ ადამიანს თუ კრებას და გადავცემ მას, იმ პირობით, რომ შენც ასეთივე სახით გადასცემ მას შენს უფლებას და ამგვარად იქნება სანქცირებული მისი მოქმედება“.

„ასეთი იყო დაბადება დიდი ლევიათანისა“, – ამბობს ჰობსი. ის, ვინც უმაღლეს ხელისუფლებას ფლობს სუვერენია, დანარჩენები კი ქვეშევრდომებად იწოდებიან.

სახელმწიფოში გაერთიანებით ადამიანი არ გათავისუფლებულა ეგოიზმისაგან. ამიტომ ჰობსი წესრიგის საჭიროებას თავისუფლების სურვილზე მაღლა აყენებს, იგი სუვერენს ფართო უფლებებს ანიჭებს. მისი აზრით, არისტოკრატიული მმართველობა უვარგისი და მერყევია, დემოკრატია სიტყვით ბატონობს, საქმით კი დემაგოგებისაგან შემდგარი არისტოკრატიაა, გამოსავალს ჰობსი აბსოლუტურ მონარქიაში ხედავს. სუვერენის ფართო უფლებებს იგი შემდეგნაირად ასაბუთებს: თუკი ხალხმა აიღო ვალდებულება სუვერენის აზრი და ქმედება აღიაროს, როგორც საკუთარი, მათ არ შეუძლიათ თავად მისი თანხმობის გარეშე გამოვიდნენ მისი ხელისუფლებიდან, რწმუნება გადასცენ სხვა ადამიანს, დაუბრუნდნენ ბრბოს ან ქაოსს. ადამიანებმა, სახელმწიფოს შექმნის დროს, ხელშეკრულება ერთმანეთთან დადეს და არა სუვერენთან. შესაბამისად, ამ უკანასკნელის მხრიდან არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს დარღვევას. მისი აზრით, სუვერენს არ დაუდია წინასწარი შეთანხმება ქვეშევრდომებთან, რაკი მას ეს შეთანხმება უნდა დაედო ან ბრბოსთან ან თითოეულ ადამიანთან ცალ-ცალკე.  ბრბოსთან ხელშეკრულებას ვერ დადებდა, რაკი ის, სახელმწიფოს შემოღებამდე,  ერთიან კონტრაგენტს არ წარმოადგენდა. თითოეულ ადამიანთან მრავალი ცალკეული შეთანხმებაც გამოირიცხება- ასე მოპოვებული ხელისუფლება ქმედითუნარიანი არ იქნებოდა, რაკი ნებისმიერი აქტი, ცალკე დადებული, ეწინააღმდეგება საერთო ნებას.

ჰობსის შეხედულებით, სუვერენი კანონზე მაღლა დგას და, ღმერთის გარდა, არავის წინაშე აგებს პასუხს. მაგრამ მან უნდა დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება და უზრუნველყოს ისინი ყოველგვარი სიკეთით. აღსანიშნავია, რომ ჰობსი არ იყო უკიდურესი მონარქისტი, მაგრამ XVII საუკუნის ინგლისში არსებულმა სოციალურმა კრიზისმა მასზე დიდი გავლენა იქონია.

ჰობსის დამოკიდებულებებმა  მნიშვნელოვანი კვალი დაატყო შემდგომი პერიოდის მოაზროვნეთა შეხედულებებს. ინგლისელი განმანათლებელი ჯონ ლოკი (1632- 1704 წწ.) წინამორბედის მსგავსად, სახელმწიფოს საფუძვლად ხელშეკრულებას მიიჩნევდა. მისი დამოკიდებულება ბუნებრივ მდგომარეობასთან არსებითად განსხვავებულია. მისი აზრით, ბუნებრივი მდგომარეობა არ არის „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“, ამ დროს ადამიანები იყვნენ სრულიად თავისუფალნი საკუთარ მოქმედებაში, ასევე – განეკარგათ თავიანთი თავი და ქონება. ეს იყო თანასწორობის მდგომარეობა, რომლის დროსაც ყოველგვარი ხელისუფლება და იურისდიქცია საერთოა. მართალია, ადამიანს განუსაზღვრელი თავისუფლება ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა სხვა ადამიანის მოკვლის უფლება. რაკი ბუნებრივი კანონები ღვთაებრივი წარმომავლობისაა და ყველა ადამიანს თანაბრად ავალდებულებს, არ ხელყოს სხვისი სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება.

ლოკი თვლის, რომ თავისუფალი და თანასწორი ადამიანების ბუნებრივი მდგომარეობიდან   გამოყვანა და პოლიტიკური ხელისუფლებისათვის იძულებით დაქვემდებარება არავის შეეძლო მათივე თანხმობის გარეშე. ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანი უარს იტყოდა ბუნებრივ თავისუფლებაზე და საკუთარ თავს პოლიტიკურ ლაგამს ამოსდებდა, ეს იყო სხვებთან გაერთიანება ხელშეკრულების საფუძველზე. ახლად შექმნილი პოლიტიკური ორგანიზმი სახელმწიფოდ იწოდებოდა. რაკი აღნიშნული გაერთიანება მისმა თითოეულმა წევრმა შექმნა, ყოველი მათგანი ვალდებულია დაემორჩილოს მის ნებას, რაც უმრავლესობის ნებას წარმოადგენს, სხვაგვარად ამ ორგანიზმის არსებობას აზრი არ ექნება. მაშასადამე, ლოკის აზრით, „ნებისმიერი პოლიტიკური საზოგადოების საწყისია თავისუფალ ადამიანთა თანხმობა, გაასხვისონ საკუთარი ნება უმრავლესობის სასარგებლოდ“.

ბუნებრივია ჩნდება შეკითხვები:

  • სად არის მაგალითები ისტორიაში, რომ თავისუფალის და თანასწორი ადამიანების ჯგუფმა მსგავსი სახით დააარსა ხელისუფლება?
  • რა ამტკიცებს, რომ მსგავს სიტუაციაში ადამიანები ასე მოიქცეოდნენ?

შეკითხვებს ლოკი შემდეგი სახით პასუხობს: „ჩვენ არაფერი გვსმენია ქსერქსესა და სალმანასარის ჯარისკაცებზე, სანამ ისინი გაიზრდებოდნენ და არმიაში იმსახურებდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ბავშვები არასოდეს ყოფილან. სახელმწიფოც პიროვნებას მიაგავს – მან არაფერი იცის თავის დაბადებისა და სიყრმის შესახებ. “ის მაგალითად იშველიებს ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებს, რომელთაც მეფეები არ ჰყავთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ომის ან მშვიდობიანობის პერიოდში, საკუთარი სურვილით ირჩევენ ხელმძღვანელს. მისი აზრით, ეს ადასტურებს თავისუფალი ადამიანების მიერ ხელისუფლების საკუთარი ნებით გასხვისების შესაძლებლობას.

თუკი ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანი ფართო უფლებებით სარგებლობდა, რამ აიძულა ის, უარი ეთქვა თავისუფლებაზე და სხვა ძალის ხელმძღვანელობას დამორჩილებოდა?

ლოკის შეხედულებით, ამას შემდეგი მიზეზები ჰქონდა:

  • ბუნებრივ მდგომარეობაში არ არსებობდა საერთო თანხმობით დადგენილი კანონი, ადამიანები საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ.
  • არ არსებობდა მცოდნე და ობიექტური სასამართლო, ხშირი იყო მიკერძოება და დაუდევრობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე უცხო ადამიანს ეხებოდა.
  • არ არსებობდა სათანადო ძალა, რომელსაც შეეძლო დაეცვა სამართლიანი განაჩენი და სისრულეში მოეყვანა ის.

გამომდინარე აქედან, ადამიანების  მდგომარეობა არ იყო სტაბილური, მხოლოდ ბუნებრივი კანონები უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. ეს ადამიანებს უბიძგებდა გაერთიანებულიყვნენ პოლიტიკურ საზოგადოებაში, რომელიც დაიცავდა მათ სიცოცხლეს, თავისუფლებასა და საკუთრებას.

ლოკმა საფუძველი ჩაუყარა „ხელისუფლების დანაწილების თეორიას“. მისი აზრით, საკანონმდებლო ხელისუფლება ხალხის შიგნით წარმოშობილა და სამუდამოდ ხალხს უნდა დარჩეს. ის  მონარქს აღმასრულებელ ძალაუფლებას უტოვებს. ლოკი აკრიტიკებს მოსაზრებას, რომ ადამიანები ამა თუ იმ ხელისუფლების მორჩილების ქვეშ იბადებიან:  „თუკი მეფე არღვევს კანონს და მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ, ამ უკანასკნელს სრული უფლება აქვს მოახდინოს რევოლუცია“.

ამ დებულებებზე დაყრდნობით ლოკმა გაამართლა 1688 წლის „სახელოვანი რევოლუცია“. გარდა ამისა, მისი შეხედულებანი წარმოადგენდა საფუძველს ახალი ლიბერალური პოლიტიკური თეორიისა, რომელიც კონსტიტუციონალიზმად იწოდება.

ფრანგმა განმანათლებელმა ჟან-ჟაკ რუსომ (1712-1778წწ.) საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია ახალ საფეხურზე აიყვანა და მას სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა.

რუსო ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანის ყოფას ახასიათებს ახასიათებს, როგორც თავისუფალს – ადამიანსჰქონდა უსაზღვრო უფლება ყველაფერზე, რაც იზიდავდა და რასაც შეიძლებოდა, დაუფლებოდა. თუმცა ამ დროს ადამიანებს შორის ურთიერთმიმართებანი იმდენად უცვლელი არ იყო, რომ მას ომის ან მშვიდობის მდგომარეობა ვუწოდოთ, რადგან ომი არ გულისხმობს ადამიანებს შორის მიმართებას, ეს არის მიმართება სახელმწიფოებს შორის. განსაზღვრულ ეტაპზე, ბუნებრივ მდგომარეობაში არსებული ურთიერთობანი კრიზისმა მოიცვა, ის პირველყოფილი ფორმით არსებობას ვეღარ გააგრძელებდა: თუ ფორმას არ შეიცვლიდა, დაღუპვა გარდაუვალი იყო. რუსო შემდეგნაირად აღწერს პრობლემას: „უნდა გამოინახოს ასოციაციის ისეთი ფორმა, რომელიც ერთიანი ძალით დაიცავს და უზრუნველყოფს მისი ყოველი წევრის პიროვნებასა და ქონებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთმანეთთან იქნება შეკავშირებული, თითოეული მხოლოდ საკუთარ თავს დაემორჩილება და უწინდებურად თავისუფალი დარჩება“.

საკითხი გადაწყდა საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადებით, რომელსაც რუსო შემდეგნაირად აყალიბებს: „თითოეული ჩვენგანი თავის პიროვნებას და მთელ თავის ძალას გაიღებს საერთო ნების უზენაესი ხელმძღვანელობით და ყოველი წევრი გვეძლევა, როგორც მთელის განუყოფელი ნაწილი“.

ასეთი გზით წარმოშობილი სუვერენის ურთიერთობას მის მოქალაქესთან რუსო არ განიხილავს, როგორც რანგით ზემდგომის შეთანხმებას მისდამი დაქვემდებარებულ პირთან – ეს არის მთელის თანხმობა თითოეულ წევრთან. იგი კანონიერი შეთანხმებაა, ვინაიდან საზოგადოებრივ ხელშეკრულებას ეფუძნება. ვიდრე ქვეშევრდომები ამგვარ შეთანხმებას მორჩილებენ, ისინი საკუთარი თავის გარდა, არავის ექვემდებარებიან.

რუსოს შეხედულებით, სამოქალაქო ცხოვრებამ საერთო ნებით შეზღუდა ადამიანის თავისუფლება. ამჯერად მას უფლება აქვს ყველაფერზე, რაც აბადია. მეორე მხრივ, იმ კანონების მორჩილებით, საკუთარ თავს რომ დაუწესა, ადამიანმა მოიპოვა უფრო მეტი თავისუფლება, ვიდრე ბუნებრივ მდგომარეობაში ჰქონდა, რაკი ამ გზით საკუთარი გულისთქმის მონობას დააღწია თავი.

რუსო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, ის – სახელმწიფოს გულია, აღმასრულებელი კი – ტვინი, რომელსაც ქვეყნის ყველა ნაწილი მოძრაობაში მოჰყავს. ტვინს შეიძლება დამბლა დაეცეს და პიროვნება მაინც ცოცხლობდეს, მაგრამ როგორც კი გული მუშაობას შეწყვეტს, პიროვნება კვდება. მისი შეხედულებით, სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა მოქალაქეთა რაოდენობის უკუპროპორციული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მმართველობის ფორმა პატარა სახელმწიფოებს შეჰფერით, არისტოკრატიული – საშუალოთ, ხოლო მონარქიული – დიდებს.

ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, რომელია უკეთესი მმართველობა? რუსოს ასეთი პასუხი აქვს: რაკი პოლიტიკური ასოციაციის მიზანი თავისი წევრების დაცვა და კეთილდღეობაა, საუკეთესო მმართველობა ის არის, რომელშიც ხალხი მდიდრდება და რაოდენობრივად მატულობს. უარესია ის, რომელშიც ხალხი მცირდება და ღატაკდება.

რუსო თვლის, რომ „ხალხი კარგად იქცევა, როცა იძულებულია მორჩილებდეს, მაგრამ გაცილებით უკეთ იქცევა, როდესაც შესაძლებლობა ეძლევა ეს უღელი გადაიგდოს. საზოგადოებრივი წყობა წმინდათ-წმინდაა, მაგრამ არა ბუნებით ბოძებული, ეს ნება ეფუძნება შეთანხმებებს“. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ თუკი ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს, ამ უკანასკნელს უფლება აქვს დაამხოს იგი.

რუსოს ნააზრევი ფრანგი რევოლუციონერების დოქტრინად იქცა და დიდი როლი ითამაშა შემდგომი პერიოდის ლიბერალური აზროვნების განვითარებაში.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიას, სახელმწიფოს წარმოშობის პრობლემის გადაწყვეტის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი მისიაც ჰქონდა: მას უნდა შეეცვალა შუა საუკუნეებში არსებული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ფეოდალიზმის ეპოქაში ხელისუფლების სათავე მეფე იყო, რომლის უფლებამოსილებანი ღვთაებრივი წარმოშობის თეორიით იყო განმტკიცებული. საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია კი ასაბუთებს, რომ ხელისუფლება „ქვემოდან მოდის“, მისი წყარო ხალხია. შესაბამისად, თუკი ის არ ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ამ უკანასკნელს უფლება აქვს შეცვალოს ან გააუქმოს იგი. გარდა ამისა, ეს თეორია უგულებელყოფს შუა საუკუნეებში გაბატონებულ წოდებრივ დამოკიდებულებას: რაკი სახელმწიფო ყველა ინდივიდმა ერთნაირი უფლებით დააარსა, მან უნდა შეძლოს ყველა მოქალაქის ინტერესებისა და მოთხოვნილებების თანაბრად უზრუნველყოფა, მათი უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად დაცვა.

როგორც ვხედავთ, საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიას ახასიათებს შინაგანი წინააღმდეგობანი, თუმცა ყველა მიმდევარი თანხმდება იმაზე, რომ სახელმწიფო ადამიანთა თავისუფალი ნების საფუძველზე შეიქმნა. მართალია, ის სახელმწიფოს წარმოშობის საკითხზე ნათლად დასაბუთებულ პასუხს ვერ იძლევა, მაგრამ სხვა თეორიების გვერდით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • თომას ჰობსი „ლევიათანი“;
  • ჯონ ლოკი „ორი ტრაქტატი ხელისუფლების შესახებ“;
  • ჟან-ჟაკ რუსო „ საზოგადოებრივი ხელშეკრულება“;
  • მოსე გოგიბერიძე „ფილოსოფიის ისტორია“;
  • ენდრიუ ჰეივუდი „პოლიტიკური იდეოლოგიები“.

 დავით ჩივაძე

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი

ჭაჭანაისძე

0

უცხო ქვეყანაში მოხვედრილნი, უმეტესად დედაქალაქებს ან საყოველთაოდ ცნობილ, ტურიზმისთვის მოწყობილ ადგილებს ვესტუმრებით ხოლმე. ადგილებს, რომლებიც საგანგებოდაა დავარცხნილ-გაპრიალებული ჩვენი თვალის საამებლად. მაგრამ თუ გინდა, ქვეყნის სუნთქვა იგრძნო, იმ ქუჩებისკენ, იმ ქალაქებისა და სოფლებისკენ უნდა გადაუხვიო, სადაც მკვიდრი მოსახლეობის გარდა არავინ დააბიჯებს.

ასეა ლიტერატურაც. მწერლებსა და პოეტებს უმთავრესად მათი საქრესტომათიო შედევრებით ვიცნობთ, მაგრამ მწერლის ნამდვილი სახე მის სამუშაო მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებზე და უბის წიგნაკებში უფრო ჩანს. ვაჟა-ფშაველა გენიალურ პოეტად არის მიჩნეული; ცოტა თუ იცნობს მის პუბლიცისტიკას, რომელსაც ისევე შეუძლია მკითხველის გაოცება, როგორც რომელიმე ცნობილ პოემაში რითმისა და აზრის მოქნევას. გალაკტიონის უბის წიგნაკსაც არაერთი განცდა და ფიქრი შემოუნახავს. ერთგან პოეტი ასეთ რამეს წერს: „გულის ჟანგი ღვინოსა სვამს პირველად, მაგრამ ორიოდე ყანწის შემდეგ ღვინო აბითურებს ჟანგს. [დაალევინებ კაცს ღვინოს] დალევს კაცი ღვინოს და გადმოიღვრება ჟანგი, გამჟღავნდება ყველა საიდუმლო. [ღვინის დალევის შემდეგ] აღარ გეჩვენება, რომ კედლებსაც კი სმენა აქვთ – სხვა არა იყოს რა, კედლის ხვრელებში [ხომ] თაგვები მაინც სცხოვრობენ, თაგვებს კი [მოგრძო] ყურები აქვთ და ძალზე გამახვილებული სმენა. დალევ ღვინოს და დატრიალდებიან მთები, აირევიან ღრუბლები (მთებო, ღრუბლებო, რა მოგივიდათ: ღვინოს მე ვსვამ და თქვენა თვრებით?). ასეთია ღვინის ძალა: ის რომ ტურას ხახაში ჩაასხა, მგელს წააქცევს…“

გალაკტიონი არც პირველია და არც ერთადერთი, ვინც ღვინოზე წერს. მართლაც, ეს სასმელი გაჩენის დღიდან ყურადღების ცენტრში მოექცა. უფრო მეტიც – მისი მნიშვნელობა დიდი ხნის წინ გასცდა პირველადი საჭიროების სურსათის ჩამონათვალს და „გლახაკთა“ სუფრიდან სარიტუალო მაგიდაზე ამოყო თავი. ეთანოლი, იგივე ღვინის სპირტი, ღვინის შემადგენელი ძირითადი ნივთიერება, პრაქტიკულად ერთადერთია რამდენიმე ათეული მილიონი ორგანული ნაერთიდან, რომელსაც ქანდაკება დავუდგით და პანთეონში საკუთარი ღმერთებიც კი მივუჩინეთ.

მაინც რამ განაპირობა ამ ერთ ციცქნა მოლეკულის გამო ასეთი დიდი აჟიოტაჟი?

ორგანიზმზე მისი ზემოქმედების მექანიზმმა.

ღვინო უამრავ ნაერთს შეიცავს, რომლებიც მის ფერსა და გემოს განაპირობებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი პრაქტიკულად უფერო და უსუნო ნაერთია, რომელსაც ეთანოლი, ეთილისა თუ ღვინის სპირტი ჰქვია. ორგანიზმზე მისი შემცველი სხვა სასმელებიც – ლუდი, არაყი, რომი – ასეთსავე ზემოქმედებას ახდენს.

ალკოჰოლური სასმლის პირველივე ყლუპი კუჭიდან სწრაფად გაიწოვება სისხლში და ეთანოლის მოლეკულა მთელ ორგანიზმში იწყებს ხეტიალს. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ ის ცენტრალური ნერვული სისტემის ქსოვილებამდე აღწევს, რააც უმალვე ვამჩნევთ განწყობის ცვლილებითა თუ თვალების ციმციმით. კუჭიდან სისხლში გაწოვას და მერე მთელ ორგანიზმში თანაბრად განაწილებას 45-90 წუთი სჭირდება. სწორედ ამ ხნის შემდეგ აღწევს ეთანოლის კონცენტრაცია პიკს. თუმცა ორგანიზმისთვის ეთანოლი მაინც უცხოტომელია და ისიც მაშინვე იწყებს მის დაშლასა და გამოძევებას. ამრიგად, ღვინის მიღება-გამოდევნა ტიპური ქიმიური წონასწორული რეაქციის სახეს იღებს.

ეთანოლის მოლეკულებს სისხლძარღვების მეშვეობით მთელ ორგანიზმში ხეტიალისას ღვიძლის გავლაც უწევთ, ამ უკანასკნელს კი ორგანიზმში „სისხლის ხარისხის კონტროლი“ ევალება. ეთანოლის მოლეკულები ასე ადვილად ვერ დაუსხლტებიან მის მახვილ თვალს. უფრო მეტიც – ამ მოლეკულებთან საბრძოლველად ღვიძლს ენზიმების საგანგებო კოჰორტაც ჰყავს, რომელსაც ბიოქიმიის ენაზე დეჰიდროგენაზა ეწოდება.

დეჰიდროგენაზის საშუალებით ეთანოლი აცეტალდეჰიდად იჟანგება, რომლის ტოქსიკურობაც საგრძნობლად აღემატება ეთანოლისას, თანაც წყალში არ იხსნება, ამიტომ მის გამოძევებას ორგანიზმი ასე ადვილად ვერ მოახერხებს. იცის ეს ჩვენი ორგანიზმის ლაბორატორიის გამგემ, ამიტომ სასწრაფოდ იღებს ზომებს, რომ აცეტლადეჰიდიც დაშალოს. ამრიგად, აცეტალდეჰიდი აგრძელებს ჟანგვას და ძმარმჟავად, ნახშირორჟანგად და წყლად გარდაიქმნება, ამ ნაერთებთან კი ჩვენი ორგანიზმი საუკუნეებია მშვიდობიანად თანაცხოვრობს.

ეთანოლის დაშლის პროცესი ჩვეულებრივი ბიოქიმიური რეაქციაა. მისი სიჩქარე დამოკიდებულია საწყისი ნაერთების კონცენტრაციასა (ეთანოლის შემცველობა სისხლში) და კატალიზატორის რაოდენობაზე (დეჰიდროგენაზის გამომუშავების უნარი). ამიტომ თუ მიწოდების სიჩქარე აღემატება გარდაქმნისას, იწყება თრობა, რომლის ფიზიკური გამოხატულებაა რეაქციის შესუსტება, გონების დაბინდვა, მეტყველებისა და მოძრაობის შენელება და სხვა.

ამიტომაც უწესებენ მძღოლებს შეზღუდვას სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე. სხვადასხვა ქვეყანაში მისი სხვადასხვა ოდენობაა ნებადართული, მაგრამ საზოგადოდ დადგენილია, რომ თუ ყოველ საათში სისხლში მოხვედრილი ალკოჰოლის ოდენობა 100 მლ–ზე 15-18 მგ–ს არ გადააჭარბებს, ადამიანს თრობის ნიშნები არ ექნება. მამაკაცებისათვის ეს დოზა 1 საათში 1 კათხა ლუდისა და 1 ჭიქა ღვინის ეკვივალენტურია. ქალებისთვის ნებადართული ოდენობა ორჯერ ნაკლებია. რატომ? მამაკაცის ორგანიზმი უფრო კუნთოვანია, ვიდრე ქალისა, მეტი მოცულობის კუნთში კი მეტი უჯრედი და, შესაბამისად, მეტი წყალია. მიღებული ალკოჰოლიც უფრო მეტად განზავდება. ამის გამო იტანენ „ზორბა ბიძიები“ უფრო მეტ ღვინოს და არა იმიტომ, რომ დიდი ღიპი აქვთ.

კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი: ფრანგები და იტალიელები (ჩვენსავით მეღვინეობით ცნობილი ხალხი) ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით უფრო მეტ ღვინოს სვამენ, ვიდრე ქართველები, მიუხედავად იმისა, რომ გათენებამდე ქეიფი გვჩვევია… ისიც უცნაურია, რომ ალკოჰოლიან სასმელებს მთელ მსოფლიოში „თვალების ასაჟუჟუნებლად“, „ტვინში შესაღიტინებლად“ სვამენ, ჩვენთვის კი ღვინის სმა რიტუალი უფროა, ვიდრე დასანაყრებლად სასმლის მიღება – ვცდილობთ, მეტი დავლიოთ, მაგრამ არა დასათრობად. დათრობა ჩვენში სირცხვილია, ნაბახუსევზე გაკილვა, დაცინვა არ აგცდება.

არადა, ქიმიის კანონებს ვერსად წავუვალთ. თუმცა… ამ კანონების ცოდნის გარეშეც შეუმჩნევიათ ძველებს:

„ღვინო, შენ ჭაჭანაისძე,

უცეცხლოდ ამოსდუღდები,

ჭკვიანთათვის ხარ სასმელი,

უჭკოთთვის ამოჰქუხდები“.

მოსწავლეთა ცოდნის ურთიერთკონტროლი

0

სასკოლო პრაქტიკაში დიდი როლი ეკისრება მოსწავლეთა ურთიერთშემოწმებისა და ურთიერთშეფასების ტექნიკის გამოყენებას. მასწავლებლები მოსწავლეთა ურთიერთკონტროლსა და ურთიერთშემოწმებას უმთავრესად საშინაო დავალებების, ზეპირი პასუხების, ასევე – ცალკეული, ეპიზოდური ხასიათის დავალებების შესამოწმებლად, ანუ გაკვეთილის ორგანიზაციული ნაწილის სრულყოფისთვის იყენებენ, ხოლო ცოდნისა და უნარების სისტემატური ურთიერთკონტროლისთვის – შედარებით იშვიათად, არადა, ამ ტექნიკის მნიშვნელობა სცილდება ორგანიზაციულ ნაწილს და შეუძლია, დიდი გამოცდილება შესძინოს მოსწავლეს. მოსწავლეთა ურთიერთშემოწმებისა და ურთიერთშეფასების ტექნიკის გამოყენება ავითარებს მოსწავლეთა კრიტიკულ აზროვნებას და დიდად უწყობს ხელს საგაკვეთილო პროცესში მათ ჩართვას, ცოდნისა და უნარების ფორმირებას, ავტომატიზაციასა და კონტროლს.

ურთიერთშემოწმება და ურთიერთშეფასება კონტროლის განსაკუთრებული ფორმაა, როდესაც მოსწავლე ობიექტურად აფასებს თანაკლასელთა მუშაობის შედეგს. მთავარია, შეფასება საფუძვლიანად და გააზრებულად გაკეთდეს. ასეთი აქტივობის დაგეგმვა, სურვილისამებრ, ყოველ გაკვეთილზე შეიძლება, თუნდაც მთელი სემესტრის განმავლობაში. მასწავლებელს შეუძლია, საამისოდ გამოყოს გაკვეთილის 3-4 წუთი (ან თუნდაც მეტი). დავალებათა ტიპის მიხედვით მიზანშეწონილია განსაზღვრული გრაფიკის შემუშავებაც და მოსწავლეთა ინფორმირებაც ურთიერთშემოწმების წესებისა და თარიღების შესახებ.

 

ურთიერთშემოწმების სახეებია:

  • ერთმანეთის რვეულების შემოწმება – მოსწავლეები გაცვლიან რვეულებს და ერთმანეთს შესრულებულ დავალებას შეუმოწმებენ. ამასთანავე, მათ მხოლოდ კი არ უნდა იპოვონ შეცდომები, არამედ გაასწორონ კიდეც და თან განმარტონ, დაასაბუთონ თავიანთი ქმედება.
  • ურთიერთშემოწმება ბარათების მიხედვით – ყოველი მოსწავლე მიიღებს შეკითხვების ბარათს, რომელსაც უნდა უპასუხოს. ბარათის მეორე მხარეს წერია რამდენიმე მოსწავლის გვარი და თარიღი, ანუ ვინ და როდის გამოიკითხება. მოსწავლე თავადაც უპასუხებს მეორე მოსწავლის მიერ დასმულ შეკითხვებს.
  • გამოკითხვამდე ერთი დღით ადრე მოსწავლეები აფრთხილებენ ერთმანეთს, რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა, ხოლო ურთიერთშემოწმებისას მიღებული პასუხების შესაბამისად მოსწავლის გვარის გასწვრივ ბარათზე დაიწერება „+“ ან „-“.
  • თუ ბევრი მინუსი დაიწერა, ჩატარდება დამატებითი ურთიერთშემოწმება, მანამდე კი მოსწავლეები კონსულტაციას გაივლიან მასწვლებელთან.
  • დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მიერ ნამუშევრების არა მექანიკურ, არამედ არგუმენტირებულ შეფასებას, რადგან ამ დროს მოსწავლეთა ცოდნა საგრძნობლად აქტიურდება, იზრდება მათი ინტერესი ცოდნის მიმართ და შესაძლოა, ეს აქტივობა მოეწონოთ კიდეც. მოეწონოთ, რომ ასე სწრაფად იზრდება მათი კომპეტენცია, თავს გრძნობენ მასწავლებლის დამხმარეებად, ამა თუ იმ საკითხის სპეციალისტებად.

აქტივობის განხორციელებამდე აუცილებელია, მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენოს კონკრეტული მაგალითი, ჩაატაროს ჯგუფური შემოწმება, შეცდომების ჯგუფური გასწორება. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაიმახსოვრებენ წესებს, შეიძლება ურთიერთშემოწმებასა და ურთიერთკონტროლზე გადასვლაც.

ურთიერთკონტროლის ფორმებია:

  • წყვილებში მუშაობა. ამის გაკეთება ტექნიკურად შესაძლებელია გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე, საშინაო დავალების შესრულება იქნება ეს, ცოდნის განმტკიცება, ახალი თემის ათვისება, თემის განზოგადება თუ სხვა;
  • ჯგუფებში მუშაობა. ჯგუფებს შეიძლება მიეცეთ საერთო დავალება. ისინი ამ დავალებას ერთად შეასრულებენ, გზადაგზა კი შეამოწმებენ თავიანთ „კოლეგებს“;
  • ზეპირი გამოკითხვა;
  • ტესტირება, რომლის დროსაც მოსწავლეები ამოწმებენ ერთმანეთის ცოდნას. ამით მასწავლებელი საგრძნობლად დაზოგავს შეფასებისთვის განკუთვნილ დროს. ამავე დროს, „გამომცდელი“ მოსწავლე, რომელიც აწარმოებს გამოკითხვას, არა მარტო გაასწორებს შეცდომებს, არამედ განმარტავს, ახსნის კიდეც, რა შეეშალა თანაკლასელს;
  • ურთიერთკონტროლის კარგი საშუალებაა პროექტის შესრულება, რეფერატის, პრეზენტაციის მომზადება და სხვა ასეთი სასწავლო აქტივობები.

ურთიერთკონტროლის დროს ცოდნასთან ერთად საქმეში ერთვება მოსწავლის პიროვნული თვისებებიც: სამართლიანობა, გუნდურობა, პიროვნული მზაობა, თანაკლასელზე ზრუნვა და სხვა. ნათელი გახდება, როგორ მიმართავს ის თანაკლასელს, აცდის თუ არა პასუხის მოფიქრებას. ხშირად ადვილი შესამჩნევია, როგორ სურს „გამომცდელს“, თანაკლასელმა მის კითხვას უპასუხოს, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლეს უხარია „გამოსაცდელის“ „ჩაჭრა“, მოსწონს მისთვის მინუსის დაწერა. მასწავლებელმა უნდა შეამჩნიოს ეს ხარვეზები და დააკვირდეს, როგორ გაიზრდებიან მოსწავლეები დროთა განმავლობაში.

მეთოდის ამუშავების საწყის ეტაპზე ურთიერთშემოწმებისა და ურთიერთშეფასების აქტივობამ შესაძლოა კლასში ზედმეტი ხმაური ან მოძრაობა გამოიწვიოს, მაგრამ მალე მოსწავლეები ყველაფერს აითვისებენ და პროცესიც სასიამოვნოდ გაგრძელდება.

ჯგუფის თითოეულ წევრს შეფასებას თავად ჯგუფის წევრები აძლევენ, მაგრამ ყოველი შეფასება აუცილებლად უნდა დასაბუთდეს. აქ საჭიროა სიფრთხილე, რადგან შეფასება სრულიადაც არ არის მარტივი ინსტრუმენტი – ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ მოსწავლემ თანაკლასელის მიმართ მიკერძოება არ გამოიჩინოს (როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით). ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ შეფასებამ არ წაიღოს მეტისმეტად ბევრი დრო.

რა ტიპის კითხვები შეიძლება დაისვას ურთიერთშემოწმებისას? განვიხილოთ მაგალითი IX კლასის ისტორიის კურსიდან, როდესაც მოსწავლეები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით 10 კითხვას სვამენ.

სავარაუდო კითხვები:

  • რა შედეგი მოჰყვა საქართველოში თემურ–ლენგის პირველ ლაშქრობას?
  • ვისი მეფობის დროს მოჭრილ ფულს ეწოდა „გიორგაული თეთრი“?
  • რა მიზნით აღწერეს მონღოლებმა საქართველო?
  • საქართველოს რომელი ორი მეფე დაიღუპა თურქმანებთან ბრძოლაში?
  • რატომ გაათავისუფლა ირანმა სიმონ I ტყვეობიდან 1678 წელს?
  • რამ გამოიწვია 1660 წელს აჯანყება კახეთში და რა ბედი ეწიათ აჯანყების მეთაურებს?
  • გლეხთა ბრძოლის რომელი ფორმები გვხვდებოდა XVII-XVIII სს-ების საქართველოში?
  • როგორ განვითარდა მოვლენები იმერეთის სამეფოში სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ?
  • რას ითვალისწინებდა 1774 წელს „მორიგე ჯარის“ შექმნის პროექტი?
  • სახელმწიფოს მმართველობის რამდენი ფორმა შეიმუშავეს 1832 წლის შეთქმულებმა?

და ა.შ.

 

ტექნიკურმა პროგრესმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, Power Point-ში ააწყონ ურთიერთშემოწმებისთვის საჭირო ტესტები, რომლებსაც მასწავლებელი გაკვეთილზე გამოიყენებს. ასეთი დავალებების შესრულება საგაკვეთილო დროის ეკონომიისთვისაც ძალიან მოხერხებულია. ცხადია, ყველა ბავშვის ნამუშევარი ვერ იქნება მაღალი ხარისხის, მაგრამ თუ გაკვეთილის დასრულების შემდეგ გავაანალიზებთ მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს, შემდგომ მოსწავლეები დავალებას უკეთ გაართმევენ თავს.

მაგალითად, იტალიური სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ურთიერთშემოწმების ასეთი კითხვარი მოამზადეს – „შევამოწმოთ ერთმანეთის ცოდნა“

ფირ

შეფასების კრიტერიუმებს (რამდენ პასუხში რამდენი ქულა დაეწერებათ) კლასი წინასწარ ერთობლივად შეიმუშავებს და აქტივობის დაწყებამდე დაფაზე ჩამოწერს.

ურთიერთშემოწმება დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან საქმე ეხება თანაკლასელის ნამუშევრის შემოწმებას, მისი ცოდნისა და უნარის ხარისხის განსაზღვრას, მაგრამ ფაქტია – გაკვეთილზე წერილობითი და ზეპირი გამოკითხვა სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციისთვის სასარგებლო ნაბიჯია. ასეთი დამოკიდებულებით მოსწავლეებს ვასწავლით, როგორ ისწავლონ, როგორ შეამოწმონ სხვისი ცოდნა. ამავე დროს, ის ხელს უწყობს თვითანალიზის, თვითკონტროლის უნარების გამომუშავებას და სასკოლო პრაქტიკის შედეგიანობისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის.

ცოტა რამ საკუთარი თავის შესახებ

0

ალბათ, გსმენიათ რამდენიმე თხზულების შესახებ, რომლებსაც საბჭოთა სკოლებში აძლევდნენ დასაწერად მოსწავლეებს და დღეს საბჭოთა განათლების სისტემისა და მისთვის დამახასიათებელი ტრაფარეტული აზროვნების სისტემის ქილიკისათვის გამოიყენება. ამ სათაურების ირონიულ პერიფრაზს ქართულ პრესასა და ბლოგებში ხშირად შევხვდებით.

ალბათ, თქვენც ხშირად გიხუმრიათ მათზე: ,,ქალთა სახეები ,,ვეფხისტყაოსანში”, ,,როგორ გავატარე გასული ზაფხული” (ეს მეც დამიწერია, ცოტა კი მეუხერხულებოდა იმის აღწერა, როგორ ვიჯექი სოფლის სახლში და მეშვიდედ ვკითხულობდი ბებიაჩემის ბიბლიოთეკას), ,,ცოტა რამ საკუთარი თავის შესახებ…” აქ შევჩერდეთ – ფასეულობათა გადაფასების პროცესი მუდამ ლოგიკურია, მაგრამ ნუთუ მართლა ასეთი ცუდია საკუთარი თავის შესახებ წერა? ნუთუ მართლა არავის უნდა საკუთარი თავის შესახებ წერა?

მიჭირს ამისი დაჯერება.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ადამიანი ეგოცენტრული ქმნილებაა და მას არავინ ჰყავს საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი, გამოუცნობი და გამოსაკვლევი. საკუთარი თავი არის ის, ვის მიმართაც ინტერესს თითქმის არასოდეს ვკარგავთ და ვის შესახებაც სიამოვნებით ვსაუბრობთ ყველასთან, ვისაც ვენდობით ანდა თუნდაც ფულს ვუხდით ამაში _ ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგს ვგულისხმობ. მოზარდობის პერიოდი, მოგეხსენებათ, საკუთარი თავის ძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და დღიურების წერას, თვითგამორკვევის ამ არცთუ ძლევამოსილ საშუალებასაც, სწორედ ამ პერიოდში მიმართავენ ყველაზე ხშირად. მახსოვს, ,,ანე ფრანკის დღიურის” კითხვისას როგორ მომინდა საკუთარი ყოველდღიურობა აღმეწერა და როგორ მშურდა ანეს ყველა ის უბედურება, რომლებიც ჩემს თვალში ასეთ საინტერესოს ხდიდნენ მის ცხოვრებას (საკუთარისაგან განსხვავებით).

მეორე მხრივ, მასწავლებლის გადმოსახედიდან ძალიან საინტერესოა კლასისათვის ამ ტიპის დავალების მიცემა: ჯერ ერთი, შეიძლება მივიღოთ ისეთი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ, რომელზეც სხვა შემთხვევაში ხელი არ მიგვიწვდება და რომელიც ძალიან დაგვეხმარება მასთან შემდგომი ურთიერთობის ნიუანსების დახვეწაში _ მაგალითად ის, რომ მას ოჯახში ჰყავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე დედმამიშვილი ანდა აქვს ისეთი არაორდინალური ჰობი, რომლითაც თანატოლების დაინტერესება საკმაოდ გაუჭირდება; მეორე მხრივ კი, ეს დავალება ძალიან კარგი ასპარეზია მოსწავლის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ფანტაზიის უნარის გამოსავლენად და აი, რატომ:

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღვნიშნეთ, ალბათ, ყველა ადამიანს სურს გულახდილი საუბარი საკუთარი თავის შესახებ, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსწავლემ ამ თხზულებაში გული გადაგიშალოთ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სათანადოდ არ გენდობათ თქვენ ან/და თავის თანაკლასელებს; ანდა მიუხედავად სურვილისა, საჯაროდ საკუთარი თავის შესახებ საუბარი ეუხერხულება, სცხვენია/ცუდ ტონად მიაჩნია. მას, ამ შემთხვევაში, აქვს ორგვარი გამოსავალი: იოლი და შედარებით საინტერესო. იოლი გამოსავალია (და მას მოსწავლეთა უმეტესობა ირჩევს) მიჰყვეს ავტობიოგრაფიის შაბლონს და გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს თხრობა. ასეთი თხზულებები, როგორც წესი, იწყება ფრაზით: ,,დავიბადე ამა და ამ წლის ამ დღეს აქ. მშობლებმა მითხრეს, რომ თოვდა (წვიმდა, ქარი უბერავდა)”. გარდა ამისა, მასში გვხვდება ასევე მეტ-ნეკლებად სტანდარტული ლირიკული გადახვევები ლირიკული გმირის თვისებების, ღირებულებებისა და ინტერესების შესახებ.

მეორე მხრივ კი არიან მოსწავლეები, რომლებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მწერლები, რომლებსაც სურთ, რომ ავტორიტარული რეჟიმის ცენზორებს ,,დაუძვრნენ” და ძირითადად, ალეგორიზაციას მიმართავენ.  ამისთვის კი შემდეგ სტრატეგიებს იყენებენ:

  • წერენ საკუთარ თავზე მესამე პირში – მოსწავლე ცდილობს გაექცეს სუბიექტივიზმს, გამოვიდეს საკუთარი ,,მეს” ჩარჩოებიდან და გვერდიდან შეხედოს საკუთარ თავს. ამგვარ ესეებში ხშირად ჭარბობს შეფასება ,,ერთი ჩვეულებრივი…”, მაგრამ ავტორი მუდამ ცდილობს მესამე პირის მიერ დანახული ,,ჩვეულებრივი” ცხოვრების მქონე ,,ჩვეულებრივი” მოზარდის განუმეორებელი ინდივიდუალიზმი დაგვანახვოს. ამგვარი სტრატეგია ძალიან კომფორტულია მორიდებული ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც პირველი პირის ნაცვალსახელის ხშირი და დაჟინებული გამოყენება ეუხერხულებათ. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგობამდე ბევრი მიკლია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ეს თვითკრიტიკული და თავდაუჯერებელი ადამიანების სტრატეგიაა;
  • იყენებენ არაორდინალურ ,,მთხრობელს” – ,,ჩემი ყოველი დილა ასე იწყება: ავმღერდები თუ არა, გაბრაზებული სალომე ლოგინიდან ხელს გადმოსწევს, თავში ჩამარტყამს და მომაკეტინებს…” – ეს ჩემი მოსწავლის, სალომეს, ავტოფიქციური ნამუშევარია, მთხრობელი მისი მაღვიძარაა, რომელიც საკუთარი თვალით დანახულ პატრონის ცხოვრებას აღგვიწერს. ასევე წამიკითხავს თხზულების ავტორის ძაღლის, თუთიყუშის, ჩოგნის და ა.შ. პირით ასახული მათი მფლობლის ყოველდღიური ყოფა. მსგავსად წინა სტრატეგიისა, ავტორები აქაც ცდილობენ გარეშე მაყურებლის პოზიციიდან შეხედონ საკუთარ თავს, თუმცა ამჯერად ,,მთხრობელი” არა ,,სამყაროს გულგრილი თვალია”, არამედ ის ნივთი ან არსება, რომლისთვისაც იგი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა და რომელიც ხედავს მას ,,ისეთს, როგორიც სინამდვილეშია”. ჩემი დაკვირვებით, ეს გულჩახვეული და ძალიან საინტერესო ადამიანების სტრატეგიაა;
  • მიმართავენ მისტიფიკაციას – ყველას უნდა იყოს პერსონაჟი, მაგრამ თუ ცნობილი მწერლის გმირის პროტოტიპი ჯერ ვერ გავხდით, ხელს არაფერი გვიშლის, ჩვენივე ნაწარმოების მთავარ პერსონაჟად ვიქცეთ. ამისთვის საჭიროა ფანტაზია, მდიდარი ლექსიკა და ემპათიის უნარი. მოსწავლეები დიდი ხალისით წერენ ლიტერატურულ ნაწარმოებს საკუთარ თავზე, თუმცა მათი კითხვისას, თუ თანამედროვე მასკულტურაში კარგად ერკვევით, შეიძლება რომელიმე საშინელებათა ჟანრის ფილმის ანდა ვამპირული საგის სიუჟეტიც გაგახსენდეთ;
  • იყენებენ ნოველის სტრატეგიას – მთავარი პერსონაჟის ცხოვრება და მისი სულიერი სამყარო ისევ თქვენი თვალსაწიერის მიღმა რჩება, მაგრამ შეიძლება მან აღწეროს თავისი ცხოვრების ერთი დღე, თავისი ურთიერთობა ოთახის მცენარეებთან, პატარა დასა ან ძმასთან, გიამბოთ, როგორ წაიკითხა კონკრეტული წიგნი და ამისგან დაუვიწყარი შთაბეჭდილება მიიღო, მოკლედ, იგი გაჩვენებთ ერთ ფრაგმენტს და იმედი აქვს, რომ მთელი სურათის აღსადგენად გამჭრიახობა და წარმოსახვის უნარი გეყოფათ;
  • უნივერსალური მიდგომა _ იუმორი – (კარგი) იუმორი თავისუფალი წერის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა, რომელიც თითქმის ყოველთვის ამართლებს. ხუმრობით შეიძლება საკუთარი თავი ქებით ცაშიც აიყვანო და კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც გაატარო. იუმორი ეხმარება ადამიანებს თავიდან აირიდონ უამრავი რთული და უხერხული ცხოვრებისეული სიტუაცია, მაგალითად, ისეთი, მასწავლებელი საკუთარი თავის შესახებ თხზულების დაწერას რომ დაგავალებს…

და ბოლოს, ნუ შეგეშინდებათ სტერეოტიპების, სთხოვეთ მოსწავლეს, შეთხზას ესე საკუთარი თავის შესახებ. შეიძლება ამით ის ძალიან გაახაროთ, შეიძლება მას ყოველთვის უნდოდა უკეთ გაეცნო საკუთარი თავი გარშემომყოფებისათვის და ამისი საშუალება არ მიეცა. მაგრამ თუ ასე არაა, მით უკეთესი _ ნახეთ რა საშუალებას გამოიყენებს იგი, რომ თავის ,,კომფორტის ზონაში” არ შეგიშვათ და რაც უფრო ეცდება, მეტი დაგიმალოთ, მით მეტს გაიგებთ მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების შესახებ.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება დაწყებით კლასებში

0

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ პროექტებით სწავლებაზე – როგორ შეიძლება დავგეგმოთ და განვახორციელოთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ ინტელის ფორმატით ჩატარებული სასწავლო პროექტის გეგმის ნიმუშს.

პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობით. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან.

რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?

  • იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;
  • იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
  • მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
  • მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას.

გაგაცნობთ ინტელის სასწავლო პროექტის მახასიათებლებს.

 

  1. ინტელის სასწავლო პროექტის მახასიათებლების თეორიული მიმოხილვა

ინტელის კურსი – პროექტებით სწავლება განსხვავებული სიახლეა, რომელიც გათვლილია მოსწავლის მაღალ უნარებზე. ინტელის პროგრამის ძირითადი კურსი ორიენტირებულია 21- საუკუნის უნარ-ჩვევებზე. მაგალითად, შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ინფორმაციასთან მუშაობა, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მიღებას, გადაცემას, დამუშავებას, ანალიზს, ახალი ინფორმაციის შექმნას. ინტელის კურსის მიხედვით, პროექტი აერთიანებს მუშაობის პროცესში შექმნილ შემდეგ ფაილებს:

  • კურსის რესურსები შედგება – მაგალითად, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პრეზენტაციის ჩეკლისტი, პუბლიკაციის დაგეგმვის ჩეკლისტი, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, ბლუმის ტაქსონომია, კარგი შეკითხვების ჩამონათვალი, კითხვარი დიფერენცირებული სწავლებისთვის და სხვა. ეს ფაილი აერთიანებს იმ დოკუმენტაციას, რომელიც მასწავლებელს სჭირდება პროექტის განხორციელებისათვის.
  • მოსწავლის ნიმუში – ეს არის მიღებული პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს პრეზენტაცია, ბროშურა, პუბლიკაცია.
  • სასწავლო პროექტის გეგმა – აქ ფიქსირდება თემის მონახაზი, თემის შინაარსი, საფუძვლები – შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები), შეფასების გეგმა, შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, საბაზისო უნარ-ჩვევები, სასწავლო პროცედურები, დიფერენცირებული სწავლება (სპეციალური საჭიროებები, არაქართულენოვანი მოსწავლეები, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები), სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები.
  • სასწავლო პროექტის დამხმარე მოიცავს შემდეგ მასალებს – მასწავლებლის ბროშურა, შაბლონი მოსწავლის ნიმუშისათვის, ფასილიტაციის მასალებს და სხვა. ე.ი. ამ ფაილში შედის ის მასალები, რომლებიც გამიზნულია მოსწავლეების დასახმარებლად პროექტის განხორციელების პროცესში.
  • სურათები, აუდიო, ვიდეო – ამ ფაილში შედის ციტირებული დოკუმენტი, რომელზეც ფიქსირდება გამოყენებული რესურსები.
  • შეფასებები მოიცავს – პროშურისა და პრეზენტაციის ჩეკლისტებს, მოსწავლეთა ჩართულობისა და აქტიურობის კოლაბორაციულ შეფასებას, პრეზენტაციისა და ბროშურის რუბრიკებს, წინარე ცოდნის დასადგენად სქემებს და დიაგრამებს. მაგალითად, ვმვ ცხრილს, T დიაგრამას. პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ პროექტის მართვის უნარების თვითშეფასებას, თანატოლთა უკუკავშირს და სხვა
  1. როგორია ინტელის ფორმატით განხორციელებული სასწავლო პროექტი?

გთავაზობთ პროექტს, რომელიც ჩავატარე ინტელის ფორმატით და რომელიც 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას უწყობდა ხელს. პროექტი ჩავატარე II-III  კლასკომპლექტში.

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„ვისაუბროთ მგელზე“                

 მოსწავლეები მგელს განიხილავენ შემდეგი მახასიათებლის მიხედვით:  სად ბინადრობს, როგორ გამოიყურება გარეგნულად, რით იკვებებიან, რამდენს იწონიან, რა როლი აქვთ ჯვებით ჯაჭვში და ა.შ.

თემის შინაარსი
მოსწავლეები გაეცნობიან მგლის სახეობებს. ისინი განახორციელებენ სხვადასხვა შედარებით აქტივობას მგლების მასებს შორის არსებული სხვაობის გამოსავლენად. იმსჯელებენ რა როლი აქვს მგელს კვებით ჯაჭვში და ეკოსისტემაში. შექმნიან და  წარმოადგენენ პრეზენტაციას.
საგანი
 ქართული, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა
დონე/კლასი
დაწყებითი საფეხური, მეორე–მესამე კლასკომპლექტი
განხორციელების დროის ჩარჩო
3  კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართული:

მეორე კლასი:

ქართ.II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება

მესამე კლასი:

ქართ.III. 1. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დანიშნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრესატის გათვალისწინებით.

ქართ.III. 5.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში)

ქართ.III. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.

ბუნებისმეტყველება:

მეორე კლასი:

ბუნ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება.

მესამე კლასი:

ბუნ. III. 1. მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითადი გამოვლინებები.

ბუნ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისათვის.

მათემატიკა:

მეორე კლასი:

მათ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.

მესამე კლასი:

მათ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით რაოდენობივი მონაცემების შეგროვება.

მათ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
ქართული:

მეორე კლასი:

ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის/ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათ შინაარსს.

მესამე კლასი:

წარმართავს დიალოგებს სხვადასხვა ადრესატთან (თანაკლასელთან, მასწავლებელთან) ერთსა და იმავე თემაზე და ადეკვატურად შეარჩევს შესაბამის სამეტყველო სტილს.

ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს.

მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად.

მასწავლებლის დახმარებით ადგენს ტექსტის მარტივ გეგმას მისთვის სასურველი ფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით).

სათაურის მიხედვით მოიძიებს მისთვის სასურველ წიგნს, სახელწოდების მიხედვით – საბავშვო ჟურნალ–გაზეთებს.

ბუნებისმეტყველება:

მეორე კლასი:

ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების გამოსავლენად სვამს კითხვებს და პოულობს პასუხებს.

მესამე კლასი:

ირჩევს ობიექტებს სასიცოცხლო გამოვლინებებზე (მოძრაობა, კვება, სუნთქვა, ზრდა და გამრავლება) დასაკვირვებლად და სვამს კითხვებს (მაგალითად, რით იკვებება მგელი?).

აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი) დამოკიდებულებას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს.

მათემატიკა:

მეორე კლასი:

აანალიზებს  დიაგრამის სახით წარმოდგენილ მონაცემებს.

მესამე კლასი:

კითხულობს მოკლე ტექსტს (ორი–სამი მარტივი წინადადება) და ამოკრებს მითითებული ობიექტის შესახებ ტექსტში არსებულ მონაცემებს.

ალაგებს რამდენიმე რაოდენობრივ მონაცემს ზრდადობით, კლებადობით.

 

21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები:

მოსწავლეები შეძლებენ საღად მსჯელობას და აღქმას.

მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის კლასიფიკაციას, ანალიზსა და სინთეზირებას პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

მოსწავლეები შეძლებენ იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვას წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.

მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვებას, კრეატიულ და კომპონენტურ შეფასებას, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.

მოსწავლეები შეძლებენ დავალებების განსაზღვრას, პრიორიტეტების მინიჭებას და შესრულებას პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე.

მოსწავლეები შეძლებენ დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტურ განკარგვას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზმი?
 

 

თემატური კითხვები

 

რა გავლენას ახდენს მგელი ეკოსისტემაზე?

რა როლი შეიძლება ჰქონდეს მგელს კვებით ჯაჭვში?

რამდენად ღირს ყველა ცხოველის დაცვა?

შინაარსობრივი კითხვები რატომ არის მგლის პერსონაჟი აქტუალური ზღაპრებში?

როგორ მეხმარება მონაცემები დასკვნების გაკეთებაში?

 

რა სჭირდებათ ცხოველებს სიცოცხლისთვის?

როგორია მგლის საარსებო გარემო?

რა არის კვებითი ჯაჭვი?

რით განსხვავდება მტაცებელი ცხოველი ბალახისმჭამელი ცხოველისაგან?

მგლის რომელი სახეობებია გავრცელებული საქართველოში?

რა არის ზღაპარი?

რა მეთოდებით წარმოვადგინოთ მონაცემები?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
თვითშეფასება

თანატოლთა შეფასება

ჯგუფზე დაკვირვება

დაკვირვება–ჩანიშვნები

პროექტის  გეგმა

პრეზენტაციის რუბრიკა

 

პროექტის გეგმა

პრეზენტაცია

ვ–მ–ვ ცხრილი

ვ–მ–ვ ცხრილი

დღიური

 

 

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
დიაგრამის შევსებით მე შევაფასებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას ანუ საჭიროებებს და გამოვავლენ მათ ინტერესებს. ასევე, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და აზროვნების ზედა დონის შეკითხვების გამოყენებით მოსწავლეებისათვის კითხვების დასმა ხელს შეუწყობს მათი აზროვნების გააქტიურებასა და პროექტის მიმდინარეობისას დისკუსიების წამოწყებას. მგლების შესახებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის გამოსავლენად, საკუთარი შეკითხვების სიღრმისეული გამოკვლევისა და შესწავლის ხელშესაწყობად გამოვიყენებ „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ ცხრილს.

მოსწავლეები იმუშავებენ პრეზენტაციის შექმნაზე.

მათ სწორი მიმართულების მიცემისთვის, საბოლოო ნამუშევრის ჩაბარებამდე  დავურიგებ პრეზენტაციის რუბრიკას და პრეზენტაციის ჩეკლისტს.  პრეზენტაციის რუბრიკის საფუძველზე მოვახდენ მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასებას. მოსწავლეთა ჩართულობისა და აქტიურობის  შესაფასებლად გამოვიყენებ წერით შეფასებას, კოლაბორაციულ შეფასებას, საქაღალდის შიგთავსს და არაფორმალურ დაკვირვებებს. საქაღალდეების არაფორმალური შემოწმების მეშვეობით, შევძლებ დავრწმუნდე იმაში, რომ მოსწავლეები ასრულებენ დავალებულ სამუშაოს და სათანადოდ ითვისებენ მიწოდებულ მასალას.

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
Ø  მოსწავლეებს ჩავუტარებ გაკვეთილებს, ელექტრონული პროგრამით დიაგრამების აგებაში.

Ø  გამოიყენებენ წარსულ გამოცდილებას ელექტრონულ დოკუმენტებთან მუშაობასა და ფაილების მართვაში.

Ø  გამოიყენებენ თანამშრომლობით სწავლებას და ინტერნეტით სარგებლობის გამოცდილებას.

სასწავლო პროცედურები
მგლების გაცნობა: პროექტის დაწყებამდე გავეცანი ზოგად ინფორმაციას მასწავლებელთათვის, რომელშიც ზოგადი შესავალია მოცემული. გადავხედე როგორც მხატვრულ, ისე სამეცნიერო ლიტერატურას მგლების შესახებ. შევადგინე მოსწავლეთა ჯგუფი და სამუშაო განრიგი.

პირველი კვირა: პროექტის დასაწყისში გამოწვევისთვის მეორე კლასს წავაკითხებ შარლ პეროს ზღაპარს „წითელქუდა“, მესამე კლასს კი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას „მგელი და სოფელი“. კლასში ოთხი მოსწავლეა და კლასკომპლექტია. შესაბამისად, პირველივე კვირას გამოვიყენებ  დიფერენცირებულ სწავლებას.

მოთხრობისა და ზღაპრის  წაკითხვამდე მოსწავლეებს შევავსებინებ „ვიცი–მინდა ვიცოდე– ვისწავლე“ ცხრილის  იმ ნაწილს, რომელიც პირველ კომპონენტს ასახავს. თავიანთ ცოდნის თვალსაჩინოდ გამოსავლენად, მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაწერონ სიტყვები ან დახატონ სურათები. მას შემდეგ, რაც პერსონალურ ვ–მ–ვ ცხრილის პირველი პუნქტის შესავსებად განკუთვნილი დრო ამოიწურება, მოსწავლეებს ვთხოვ გამიზიარონ თავიანთი მოსაზრებები, რომელთაც საკლასო ვ–მ–ვ ცხრილში შევიტან. მიღებულ პასუხებს გამოვიყენებ დისკუსიების წარსამართავად. მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას გავზრდი შეკითხვით, კიდევ რა გსურთ, რომ მგლების შესახებ იცოდეთ? შემდეგ შევავსებინებ პუნქტს „მინდა ვიცოდე“ ვ–მ–ვ ცხრილში. მოსწავლეებს ვთხოვ, მთელ კლასს გაუზიარონ თავიანთი შეკითხვები, რომლებიც საკლასო ვ–მ–ვ ცხრილის შუა სვეტში უნდა ჩაიწეროს. მოსწავლეების ხელშესაწყობად ცხრილი მთელი მოდულის განმავლობაში საკლასო ოთახში მექნება გაკრული და ხშირად დავუბრუნდებით შეკითხვებს, რომელთაც მოდულის მიმდინარეობისას გაეცემათ პასუხი.

პირველივე კვირას მოვახდენთ ზღაპრისა და მოთხრობის დამუშავებასა და გააზრებას. მეორე კლასთან გამოვიყენებ ზღაპრის ელემენტების შაბლონს, სადაც წარმოდგენილია შესავალი, სიუჟეტის განვითარება და დასკვნა. მესამე კლასთან კი წარვმართავ დისკუსიას სოკრატული დისკუსით. მთავარი განსჯის თემა იქნება „გავასამართლოთ მგელი“. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები შემდეგ კითხვებს წერილობით გასცემენ პასუხს:

·         რა შედეგები ან გადაწყვეტილებები მიიღეთ დისკუსიის შედეგად?

·         როგორ შეიძლება ამ იდეების ინტეგრაცია ჩვენს პროექტთან?

·         რა კონკრეტული საკითხები გაიგე დღეს, როგორც სოკრატული დისკუსიის შედეგი?

 

ქაღალდის დიდ ფურცელზე დავწერ ზოგად შეკითხვას და მოსწავლეებს ვთხოვ, იმსჯელონ კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზმი? საკლასო ოთახში გავაკრავ ფურცელს, რომელზეც მოსწავლეების მოსაზრებებს და იდეებს ჩამოვწერ. პროექტის განმავლობაში მოხდება ამ ფურცლის შევსება.

შემდეგ აქტივობას მოსწავლეები შეასრულებენ ინდივიდუალურად. მათ სახლში გავატან „MOVIE MAKER”– ში მომზადებულ ვიდეორგოლს მგლების შესახებ და კორნელის გრაფას.  მოსწავლებს დავავალებ ყურადღებით მოუსმინონ სახლში ვიდეოს და შეავსონ კორნელის გრაფა, რომელსაც მომდევნო დღეს კლასში განვიხილავთ და შევაჯერებთ მოსაზრებებს.

შეკითხვაზე, რა სჭირდებათ ცხოველებს სიცოცხლისთვის?  მოსწავლეები გამოიყენებენ ბუნებისმეტყველებაში მიღებულ ცოდნას და დაადგენენ, რომ ისევე, როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს, ცხოველებსაც სიცოცხლისთვის და გადასარჩენად  ესაჭიროებათ:

  • მიწა
  •  ჰაერი
  •  წყალი
  •  მზე
  • საკვები
  • თავშესაფარი

 

მეორე კვირა:

ჯგუფს მივუთითებ საიტის მისამართს (https://sheni-blog.blogspot.com/2014/11/blog-post.html), სადაც მოთავსებულია მასალა კვებით ჯაჭვზე. მათ ევალებათ, ყურადღებით გაეცნონ მოცემულ მასალას და უპასუხონ კითხვებს. პასუხებს მოსწავლებს ჩავანიშნინებ, რადგან ეს პასუხები დასჭირდებათ საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად.

გამოკვლევის დრო. მოსწავლეებს გავაერთიანებ ერთ ჯგუფში და დავეხმარები მგელთან დაკავშირებული საკითხების ანალიზში.  ჯგუფს ჩავრთავ გამოკვლევაში სახელწოდებით „რა გავლენას ახდენს მგელი ეკოსისტემაში“, გავაცნობ იელოუსთოუნის პარკის შემთხვევას და შევადარებინებ მგლის ორ სახეობას – რუხსა და წითურ მგელს.

მოსწავლეებთან ერთად დაწვრილებით ვიმსჯელებთ შემდეგი საკითხების შესახებ: მაგალითად, ზომა, წონა, ბინადრობის გარემო,  კვებითი ჯაჭვი, კვება, ზრდა და განვითარება. ამ სავარჯიშოს შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას გამოვიყენებთ მომდევნო აქტივობაში, როდესაც მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციას.

ამ აქტივობის ფარგლებში  მოსწავლეები დაუბრუნდებიან და პასუხს გასცემენ მომდევნო თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს:

  • რა გავლენას ახდენს მგელი ეკოსისტემაზე?
  • რა როლი შეიძლება ჰქონდეს მგელს კვებით ჯაჭვში?
  • რამდენად ღირს ყველა ცხოველის დაცვა?
  • როგორია მგლის საარსებო გარემო?
  • რა არის კვებითი ჯაჭვი?
  • რით განსხვავდება მტაცებელი ცხოველი ბალახისმჭამელი ცხოველისაგან?

მესამე კვირა:

მოსწავლეები თავიანთი საბოლოო პროდუქტის შექმნისათვის მოემზადებიან. კერძოდ, გააკეთებენ პრეზენტაციას, რომლის შექმნაშიც საჭიროების შემთხვევაში დავეხმარები. მოსწავლეებს გავაცნობ პრეზენტაციის რუბრიკასა და ჩეკლისტს. აუცილებლად, წარმოადგენენ დიაგრამას, სადაც შედარებული იქნება სხვადასხვა სახეობის მგელთა წონები. პრეზენტაციის დროს მათ უნდა გასცენ პასუხი ერთ–ერთ თემატურ კითხვას – ღირს თუ არა დავიცვათ მგელი?

დასკვნითი აქტივობა:

მთელ კლასში განვიხილავ ზოგად შეკითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზმი?  მოსწავლეების მოსაზრებებს საკლასო ოთახში გაკრულ იმ ფურცელზე ჩავწერ, რომელზეც პროექტის  დასაწყისში ვიმუშავეთ. მოსწავლეებს ვთხოვ, დაასრულონ მათი ვ-მ-ვ ცხრილის „ვიცი“ სვეტის შევსება,  ნასწავლი სულ მცირე ორი ფაქტი ან იდეა დაურთონ.

 

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები კლასში არ არის ასეთი მოსწავლე

 

არაქართულენოვანი

მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

კლასში არ არის ასეთი მოსწავლე
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები ·         მოსწავლეს წავახალისებ წარმოადგინოს დიაგრამა მგლების მაქსიმალური სიგრძეების შესახებ.

·         დავავალებ მოსწავლეს შეადაროს ძაღლი და მგელი და გამოავლინოს მსგავსება–განსხვავებები.

 

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
ტექნოლოგიატექნიკა
ფოტოკამერა

კომპიუტერი (ები)

ციფრული კამერა

DVD ფლეიერი

ინტერნეტკავშირი

 ლაზერული დისკი

საბეჭდი მანქანა/პრინტერი

პროექტორი

სკანერი

ტელევიზორი

 VCR, ვიდეო

ვიდეოკამერა

ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

სხვა

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები

საგამომცემლო პროგრამები

ელფოსტის პროგრამა

ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

 ფოტო/სურათების დამუშავება

ინტერნეტძიება

მულტიმედია

 ვებგვერდის შექმნა

ვორდის პროგრამა

სხვა

ბეჭდვითი მასალები შარლ პეროს ზღაპარი „წითელქუდა“.

იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა  “მგელი და სოფელი

„საბავშვო ენციკლოპედია“

ინვენტარი/მასალები მგლებისა და ირმის სურათები
ინტერნეტრესურსები https://www.google.ge/search?q=Wolf%27s+family&biw=1366&bih=657&tbm=isch&source=lnms&sa=X&ved=0ahUKEwje9p-eobzLAhVF6xQKHVRWCTEQ_AUIBigB

https://www.youtube.com/watch?v=UGFHdlXDkXk

https://hunters.ge/gareuli-cxovelebi/163-mgeli.html

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

https://sheni-blog.blogspot.com/2014/11/blog-post.html

აღნიშნული აქტივობების შედეგად, პროექტი მიმდინარეობდა საინტერესოდ და სახალისოდ. მოსწავლეებს განუვითარდათ ის უნარები და კომპეტენციები, რომლებიც 21-ე საუკუნის უნარებად მოიაზრება. კერძოდ, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა. ასევე, საღად მსჯელობა და აღქმა, პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის კლასიფიცირება, ანალიზი და დამუშავება, ინფორმაციის კრეატიული და კომპონენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტი და შემოქმედებითი გამოყენება, დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
  2. ინტელის კურსი – პროექტებით სწავლება

www.tpdc.ge/essentials/

ნინო დათუკიშვილი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი

 

ბავშვი და ქალაქი 

0

ქალაქში ცხოვრება ცუდად აისახება ბავშვთა ფსიქიკაზე – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დიუკის უნივერსიტეტისა (აშშ) და ლონდონის სამეფო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევრები. მიზეზი მეზობლებს შორის არსებული სუსტი სოციალური კავშირი და დანაშაულის მაღალი დონე აღმოჩნდა.

მკვლევართა ახალი სტატია რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Schizophrenia Bulletin-ში გამოქვეყნდა. მკვლევრები დაკვირვებას აწარმოებდნენ დაბადებიდან – 12 წლის ასაკის სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ორი ათას ტყუპ ბავშვზე.

12 წლის ასაკში ბავშვთა ფსიქოტიური სიმპტომების დასადგენად ჩატარდა ტესტირება პარანოიდულ აზრებზე, ხმოვან და ვიზუალურ ჰალუცინაციებზე, მზარდ შფოთვასა და ეჭვებზე. მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს ის გარემო, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ. გამოკითხვა ჩაუტარდა მეზობლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, Google Street View-სა და ადმინისტრაციული მონაცემების მეშვეობით შეიქმნა რაიონების სივრცული პროფილები, გაანალიზდა ფსიქიატრიულ მოშლილობათა ოჯახური ისტორიები.

„გვინდოდა გაგვეგო, როგორ აისახება ბავშვებზე გარემო, სადაც იზრდებიან, – ამბობს დიუკის უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი კენდის ოჯერსი. – ამისათვის ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევის ყველა არსებული მეთოდი გამოვიყენეთ“.

12 წლის ასაკისთვის ქალაქელ ბავშვებს ორჯერ მეტი ფსიქოტიური სიმპტომი აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ სოფლელ თანატოლებს. ქალაქში მცხოვრებ 7,4%  ბავშვს ერთი ფსიქოტიური სიმპტომი მაინც აღენიშნა, რაც სოფლად მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ 4,4%-ს ჰქონდა. „სიმპტომების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ფსიქიკური დაავადება აუცილებლად განვითარდება, – აზუსტებს ოჯერსის კოლეგა ჰელენ ფიშერი. – ბევრს არ გაურთულდება, მაგრამ სამომავლოდ რისკი მაინც იარსებებს“.

ანალიზმა აჩვენა, რომ ფსიქოტიური სიმპტომები უფრო ხშირად გხვდება არაკეთილმოწყობილ, დანაშაულის მაღალი დონის მქონე ქალაქურ რაიონებში მცხოვრებ ბავშვებთან, სადაც მეზობლები არა მხოლოდ არ ეხმარებიან, არამედ არც კი იცნობენ ერთმანეთს. ასეთ გარემოში ბავშვებს არავისი თანადგომის იმედი არ აქვთ. მცირე ასაკიდანვე ისინი არაკეთილმოსურნე, ვანდალიზმითა და გულგრილობით გაჟღენთილ სივრცეში ვითარდებიან. აქ ხშირად ჩხუბობენ მეზობლები. საქმე უარესდება მაშინ, როდესაც ბავშვის რომელიმე მშობელი მეზობლებს შორის ჩხუბისა და გარჩევების მსხვერპლი ხდება.

ოჯერსის თქმით, მეზობლებს შორის სუსტი სოციალური კავშირების ნეგატიური ზემოქმედება ბავშვთა ფსიქიკაზე არ განიხილება ფაქტორად, რომელიც რამენაირად  ოჯახების შემოსავლების დონეზეა დამოკიდებული. „ჩვენ მიერ გამოკვლეული ბევრი ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ მეგობრული იყო“, – ხაზგასმით ამბობს ის. ოჯერსი და მისი კოლეგები გეგმავენ ახალ კვლევას, რათა უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ, რომელი სოციალური და ბიოლოგიური მექანიზმების დახმარებით ახერხებენ ბავშვები „ქალაქურ სტრესებთან“ გამკლავებას.

ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც მკვლევრები ამტკიცებენ, რომ დიდ ქალაქებში ცხოვრება ბავშვებისთვის მხოლოდ უპირატესობების წყება არაა. შემოქმედებითი წრეების, სპორტული სექციებისა და მოსწავლეთა სასახლეების გარდა, სადაც ქალაქელ ბავშვებს განვითარების მრავალგვარი შესაძლებლობა ეძლევათ, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მეტი პრობლემაც აქვთ. რაც უფრო დიდია ქალაქი, პრობლემებიც მეტია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტით ხშირი გადაადგილება, ტელევიზორი და კომპიუტერი, როგორც გართობის საშუალება და აი, ჰიპოდინამიის პრობლემა უკვე არა მხოლოდ უფროსი თაობის ხვედრია. რასაკვირველია, სპორტული სექციები სიტუაციას აკეთილშობილებენ, მაგრამ რამდენიმესაათიანი ვარჯიშით კვირაში-2-3-ჯერ აქტივობის დეფიციტის კომპენსირება ვერ ხდება. ცხოვრების უძრავი წესი მოზარდობის პერიოდში იწვევს ჩონჩხის დეფორმირებას, აუარესებს ბავშვის მხედველობასა და გულის მუშაობას. ფიზიკურ აქტივობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის ყოველდღიურია, თუნდაც მცირე დოზით. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ამას აქტიური სირბილით და სეირნობით ინაზღაურებენ, მაგრამ სკოლის ასაკის მოსწავლეები შედარებით პასიურნი არიან. ყოველდღიური ვარჯიში და 40-60-წუთიანი სეირნობა მათთვის ნორმა უნდა იყოს.

ბავშვის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება ქალაქის ხმაური. ხმაურის უწყვეტი ნაკადი იწვევს დაღლილობას და აღგზნებადობას. ხმაურის ის ნაწილი, რომელიც   მხოლოდ, ე.წ. ინფრაბგერების სახით არსებობს, კიდევ უფრო სახიფათოა. დაბალსიხშირიანი რხევები ბავშვებს „ზღვის დაავადების“ მსგავს შეგრძნებებს უჩენენ.

ჟანგბადის უკმარისობა – კიდევ ერთი არაპოზიტიური თემა. ადრე ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად საწარმოო კომპლექსების არსებობა მიაჩნდათ, დღეს კი ეს სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეულ გარემოს დაბინძურებასთანაა კავშირში. საწვავის ხარისხთან მიმართებაში საქართველოში სულ უფრო და უფრო მკაცრდება არსებული რეგულაციები და 2017 წლიდან ის ევროსტანდარტებს  უნდა გაუთანაბრდეს, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემა პრობლემად რჩება. გამონაბოლქვი განსაკუთრებით მატულობს საცობების პერიოდში, მათი რიცხვი კი თბილისის სხვადასხვა მონაკვეთებზე სულ უფრო იზრდება.

კარცეროგენს შეიცავს ქალაქის მტვერი. ის აზიანებს სასუნთქ გზებს, იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სიმსივნეს. ეს ყველაფერი მძიმე გავლენას ახდენს ბავშვების იმუნურ სისტემაზე. პრობლემაა მწვანე ნარგავების შემცირებაც. სკვერებსა და პარკებში იდგმება შენობები, რის გამოც ქალაქის ქუჩები საკმარისად ვერ ნიავდება.

ქალაქელ ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემებს განაპირობებს არასაკმარისი განათებაც. თანამედროვე პედიატრები ხშირად ჩვილებსაც კი უნიშნავენ ვიტამინ D-ს, რადგან დიდ ქალაქებში მისი ბუნებრივი გზით მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ქალაქში ბევრია ისეთი ბინა და სახლი, სადაც პირდაპირი მზის სხივები ვერ აღწევენ. არადა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ პატარა ადამიანის გუნება-განწყობა, არამედ ათასგვარი ბაქტერიების გამრავლება და იმ ვიტამინის გამომუშავებაც, რომლის უკმარისობის გამო ბავშვებს ხერხემლისა და ძვლების დეფორმირება ემუქრებათ.

მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა, გადატვირთული ოფისები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსების გამრავლებას. სწორედ ამიტომ ქალაქებში ეპიდემია უფრო მალე ვრცელდება, ვიდრე მცირე დასახლებებში. ვირუსების გამრავლებას ხელს უწყობს ხოლმე მშობლების მჭიდრო სამუშაო გრაფიკიც, როდესაც ბავშვისათვის დაგვიანებით იცლიან. დაავადებული ბავშვები ბაღსა და სკოლაში დაჰყავთ, რაც ინფექციის გავრცელების სწრაფი წყარო ხდება.

კიდევ ერთი ქალაქური სენი – ელექტრომაგნიტური დასხივება, რომლის შესახებ პირველი კვლევები ცამეტიოდე წლის წინ დაიდო. პასიურ რეჟიმში არსებული მობილური ტელეფონიც კი ძილის დარღვევებს იწვევს. მართალია, ეს საკითხი ჰაერის დაბინძურებასთან შედარებით მინიმალურია, მაგრამ დღის წესრიგში დგას და ამ მიმართულებით ახალ კვლევებს საჭიროებს.

აგრეთვე, ბავშვები ქალაქური ცხოვრების სწრაფი რიტმის მსხვერპლნი არიან. თანამედროვე მშობლები ცდილობენ ბავშვის გრაფიკი მაქსიმალურად დატვირთონ. ბავშვი იძულებულია ყოველ დილით ადრე ადგეს, გაძლიერებულად ისწავლოს, იაროს უცხო ენებზე, სპორტულ და ცეკვის სექციებზე… – ეს ყველაფერი მისი ვალდებულება ხდება. მშობლები ცდილობენ შვილების განათლების დონე მაქსიმალურად უზრუნველყონ, მაგრამ ხშირად ეს არცთუ კარგად მთავრდება. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვი ყველაფერზე ღიზიანდება, გახდა აგრესიული, დიდხანს ვერ იძინებს, შფოთავს, დაეკარგა მადა და მეცადინეობას მოუკლო, ეს სტრესული დაღლილობითაა განპირობებული. დაადგინეთ, რა არის ამის მთავარი მიზეზი და დატვირთვის მეოთხედი მაინც შეუმცირეთ. თუ შედეგი არც ამან არ გამოიღო, მხოლოდ სკოლის გაკვეთილებით შემოიფარგლეთ, ნუ ატარებთ რამდენიმე წრეზე ერთდროულად. ბავშვის გრაფიკის ფორმირების პროცესში თავისუფალი დროის უკმარისობა აუცილებლად მიგიყვანთ არასასურველ შედეგებამდე. დასვენებისთვის და მეგობრებთან ურთიერთობისთვის ბავშვს დღეში 1,5-2 საათი და მეტიც უნდა ჰქონდეს.

ქალაქში ცხოვრების ერთ-ერთი ხიბლი სწრაფად ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა, რაც რეგიონში მცხოვრები ბავშვისთვის შეიძლება დიდი პრობლემა აღმოჩნდეს, მით უმეტეს საქართველოს მთიან სოფლებში, სადაც გამოძახებულ ექიმს დღესაც უწევს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა. ამიტომ პედიატრები გვირჩევენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შანსი და დროულად გამოვიკვლიოთ ბავშვის ფიზიკური და სულიერი საჭიროებები.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

0

ჟურნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს !

გრიგოლ რობაქიძე. წერილები სტეფან ცვაიგს

0

 

1928 წელს გერმანიაში, იენაში, დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძისგველის პერანგიშტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით. რომანის თარგმნისა და გამოცემის შესახებ დაწყებულმა მიმოწერამ საფუძველი ჩაუყარა ამ ორი მწერლის მეგობრობას.

გრიგოლ რობაქიძის შვეიცარიული არქივი დაკარგულად არის მიჩნეული, შესაბამისად, არ მოგვეპოვება შტეფან ცვაიგის ქართველი მწერლისადმი მიწერილი წერილები. საბედნიეროდ, გრიგოლ რობაქიძის ეპისტოლური მემკვიდრეობა (ავსტრიელი შემოქმედისადმი გაგზავნილი წერილები) დაცული აღმოჩნდა ამერიკაში, ნიუიორკში, ფრედონიის უნივერსიტეტის დანიელ რიდის ბიბლიოთეკაში, შტეფან ცვაიგის არქივში.

გრიგოლ რობაქიძის შტეფან ცვაიგისადმი მიწერილი წერილები ითარგმნა და გამოიცა პირველად. ამ კრებულით მკითხველს საშუალება ეძლევა, ქართულ ენაზე გაეცნოს მათ. ეს წერილები ბევრ, აქამდე უცნობ ინფორმაციას იტევს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე წერილს წიგნიდან.

Robakidze-Zweig

25.3.1927.

ღრმად პატივცემულო ბატონო!

გიგზავნით ჩემი რომანის _ ,,გველის პერანგის~ გერმანული თარგმანის წინასიტყვაობას, რათა მისი საშუალებით დაახლოებით შეძლოთ წარმოდგენა ნაწარმოების ხასიათისა. ბუნებრივია, ის არ შეიცავს იმ ძარღვს, რომელიც ,,ამოკისა~ და ,,გრძნობათა შფოთვის~ ავტორის მახასიათებელია, მასთან სულ მცირე ,,წვრილმანიც~ კი უჩინარი ძაფით იხვევა ისე, რომ ეს წვრილმანი თანდათანობით სამუმად  იქცევა და ძაფი – ლასოდ, რომელიც გადმოტყორცნილია სამუმის მიერ,  არ შეიცავს იმ დინამიკას, რომელშიც ზუსტად არ იცი, სამუმი გლეჯს ლასოს თუ ლასო აცლის სამუმს თავს, ან ორივე, ერთმანეთს გადახლართული, მკვდარივით გაქვავდება…

მაგრამ მე მჯერა, ჩემს რომანში თქვენ შენიშნავთ სულიერ ლანდშაფტებს, რომლებიც ისე ჩანს, თითქოს არიან მსგავსნი და მშვიდნი, თუმცა შორიდან ,,უჩინარნი”, წარმოდგენას გვიქმნიან ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე…

ჩემი თხოვნაა, მაჩუქოთ ერთი დღე ან საღამო (სწორედაც რომ ,,მაჩუქოთ“), რათა ჩემი ნაწარმოები წაიკითხოთ – და ამასთან: შეფასებისას იყოთ განსაკუთრებით მკაცრი – (იმედი მაქვს ლიტერატურული ეროსის, რომელიც თქვენში ასე უხვადაა). შეწყნარება სჭირდება მხოლოდ ,,ადამიანს“, მაგრამ არა – ,,შემოქმედს“. პოეტური სიტყვა – ესაა მაგიური ტონი, რომელიც პირდაპირ ღმერთს მიემართება  (ეს ჩემთვის არაა მეტაფორა). ამიტომ საჭიროა, აიტანო ცეცხლის გამწმენდი ძალა… და თუ ჩემი რომანი თქვენი შეფასებისას ცეცხლის ამ ძალას გაუძლებს, მინდა გთხოვოთ რამდენიმე სიტყვის დაწერა, რომელიც ძალიან მჭირდება ევროპელი მკითხველისთვის… საქმე ეხება არა პოეტის ლიტერატურულ სახელს, არამედ ერთი პატარა აღმოსავლური ერის სულიერი მდგომარეობის გაცნობას ევროპელი ხალხებისათვის.

ლიტერატურული საქართველო ევროპაში სამოგზაუროდ როცა მაცილებდა, ერთი პოეტის შეკითხვაზე, უპირველეს ყოვლისა, ვის მივმართავდი, სხვა პოეტმა, ჩემმა შემოქმედებითმა ძმამ, ინტუიციური გულით ნათელმხილველივით, დაუყოვნებლივ წარმოთქვა: ბუნებრივია, სტეფან ცვაიგს! ეს იყო ჩემი პასუხიც.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დამეთანხმებით და ზალცბურგში ჩამოსვლის ნებას დამრთავთ, შევძლებ თქვენი პირადად გაცნობის ბედნიერებით დავტკბე.

15.9.1927

საყვარელო ბატონო ცვაიგ,

პირველ სექტემბერს შემზარავი ამბავი შევიტყვე: ჩემი მეგობარი, პოეტი მაყაშვილი  გარდაიცვალა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ჩემს უკანასკნელ წერილში მის სიკვდილზე სიტყვა არ მითქვამს, ის წერილი უამისოდაც მძიმე იყო. გუშინ თქვენგან ორი წერილი მივიღე (ერთი – ბატონი როზენკრანცისთვის). ამ წერილებმა დიდი სიხარული მომანიჭა. როგორ შემიძლია თქვენდამი ჩემი გულითადი და პოეტური მადლიერება გამოვხატო?! ახლა დიდ ნაწარმოებს ვწერ: მას თქვენ გიძღვნით – პოეტს, ესსეისტს, ადამიანს. სხვაგვარად ჩემი მადლიერების გამოხატვა არ შემიძლია.

ბატონი როზენკრანცი დღეს ვნახე. მან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ვიმედოვნებ, ის დიდ დახმარებას გამიწევს. თქვენი სიტყვა მისთვის ესთეტიკური კანონია.

ძალიან მახარებს, რომ ამჟამად მუშაობთ ვრცელ ესსეზე ტოლსტოის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ისეთივე გენიალური იქნება, როგორიც თქვენი ესსე დოსტოევსკიზე. ტოლსტოი და დოსტოევსკი განიხილეთ არა მხოლოდ ,,წმინდა ლიტერატურულად“ (თითქმის ყველა საუბრობს მარტოოდენ მათს ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე), არამედ  უპირველესად თქვენ დაიწყეთ, თქვენ შეხედეთ ამ ავტორებს ლიტერატურულად (მაგ., რომანის არქიტექტონიკა დოსტოევსკისთან). მოუთმენლად ველი ამ ესსეს ხილვას.

ასევე, ძალიან მახარებს, რომ ზამთარში რუსეთში გამგზავრება გსურთ. იმედი მაქვს, მოახერხებთ ჩემი სამშობლოს მონახულებას. თუ ვერ შეძლებთ – ეს ძლიერ დამტანჯავს. მსურს კიდეც აქვე თქვენი მოგზაურობის გეგმის მონახაზი წარმოგიდგინოთ. მოსკოვიდან ვლადიკავკაზამდე რკინიგზით იმგზავრებთ (დაახლოებით 40 საათს). ვლადიკავკაზში მე დაგხვდებით. აქედან ცნობილი სამხედრო გზის გავლით თბილისამდე მანქანით ვიმგზავრებთ (8 საათს). თქვენ ნახავთ ბუნების ნამდვილ საოცრებას – საქართველოს მთებს, რომლებიც თავიანთი მცხოვრებლებით ,,რომანტიზმზე“ გაცილებით მეტს ამბობენ, ვიდრე – მთელი ფრანგული ლიტერატურა. შემდეგ – თბილისში თქვენი ყოფნის პროგრამა: 1 დღე – წარმოდგენა დრამატულ თეატრში (ჩემი დრამა). თქვენ სცენაზე ნახავთ არა მხოლოდ ,,ფსიქოლოგიას“, არამედ ,,ბიოლოგიას“ ქართველისა. 2 დღე – თეატრალური წარმოდგენა ოპერის თეატრში (ქართული ორიგინალური მუსიკა). 3 დღე – ქართველ მწერალთა კავშირის ღია სხდომა (მე ვარ კავშირის ვიცე-პრეზიდენტი; პრეზიდენტი კომუნისტი უნდა (?) იყოს). მე აქ მოხსენებას წავიკითხავ: ,,სტეფან ცვაიგი – პოეტი – ესსეისტი”. წავიკითხავ რამდენიმე ნაწყვეტს ,,იერემიადან” (ზაფხულში ეს მონაკვეთები ქართულად ვთარგმნე. აქვე შევნიშნავ: ,,ამოკი“ უკვე თარგმნილია). 4 დღე – ცნობილი ქართული ლხინი. იქ იქნებიან ჯიშიანი კაცები და მომაჯადოებელი ქალები. თქვენ ნახავთ ჩვენს ცეკვას, მოისმენთ სიმღერებსა და ლექსებს – ერთი სიტყვით: გპირდებით, ღმერთი დიონისო გაცოცხლდება. შემდეგ: ჩვენი კათედრალები, ჩვენი ფრესკული მხატვრობა, ჩვენი მუზეუმები, ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი არქიტექტურა და უპირველეს ყოვლისა – ჩემი ძმები და მეგობრები – პოეტები… ეს გახლავთ ჩემი პროგრამა თქვენთვის. მე ვფიქრობ, ,,მიზნის ჰეტერონომია“ გამრავალფეროვნდება. ჩემი მისამართი:

თბილისი. საქართველო. ს. ს. რ. კ.

გურამიშვილის ქ. 10

27.9.1927.

საყვარელო ბატონო ცვაიგ!

ოიგენ დიდერიხსის გამომცემლობასთან ხელშეკრულება გავაფორმე. ეს მოხდა უეცრად, მოულოდნელად და სწრაფად. ბატონმა ფონ ვეზენდონკმა, ყოფილმა კონსულმა საქართველოში, დიდერიხსის გამომცემლობასთან მოლაპარაკება გამართა. არ მეგონა, ეს გამომცემლობა ჩემს რომანს თუ მიიღებდა და მოლაპარაკება უყურადღებოდ დავტოვე. გამომცემლობის წერილმა გამაოცა. ბატონი როზენკრანცი გაემგზავრა (საქორწინო მოგზაურობაში). ამასთან – მან მითხრა: მას შემდეგ, რაც  ბატონმა სტეფან ცვაიგმა თქვენს რომანზე აზრი გამოთქვა, ბუნებრივია, არ შემიძლია იგი მხატვრულად შევაფასო – მაგრამ ტექნიკურ-საგამომცემლო დონეზე იგი უნდა შემოწმდეს (ორმა რედაქტორმა უნდა წაიკითხოს)… ამგვარად: გაურკვევლობის წინაშე ვიდექი….. მიუხედავად ამისა, არ მინდოდა თქვენი თანხმობის გარეშე ხელშეკრულებაზე ხელი მომეწერა. კურიერის მეშვეობით მოგწერეთ. იენაში ველოდი თქვენს პასუხს. მაგრამ არაფერი არ მოსულა. სავარაუდოდ, თქვენ გაემგზავრეთ, თორემ ორიოდე სიტყვას მომწერდით… რომანი გამომცემლობამ დიდი აღფრთოვანებით მიიღო. მე გიგონებთ თქვენ და თქვენს რჩევებს, რომლებმაც ჩემი რომანი გადაარჩინა. თავად ნახავთ, ტექსტი როგორი ძლიერი და მიმზიდველი გახდა. რომანი 1928 წლის გაზაფხულზე გამოვა. ჩემი სანუკვარი სურვილია, რომ წიგნი მანამ წაიკითხოთ, ვიდრე გამოიცემა. გაზაფხულამდე, ვფიქრობ, გამოძებნით თავისუფალ დროს მანუსკრიპტის კიდევ ერთხელ თვალის გადასავლებად. გულწრფელად ვაღიარებ, ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, თუ რომანი თქვენი წინასიტყვაობით დაიბეჭდება და ისე მოევლინება სამყაროს… თბილისიდან ცნობა მივიღე  (ტელეგრაფით), რომ ლიტერატურული საქართველო თბილისში უსაზღვრო აღფრთოვანებითა და სიხარულით გელოდებათ.

12.10.1927.

საყვარელო ბატონო ცვაიგ,

მე მალე უნდა გავემგზავრო. ამ დღეებში თბილისიდან მივიღე ცნობა. 15-ში, შაბათს, საქართველოში ვბრუნდები. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ თებერვალში თბილისში გიხილავთ.

სტილისტური დახვეწა ჩემი რომანის თარგმანისა გამომცემლობამ საკუთარ თავზე აიღო. ჩემი სანუკვარი სურვილია, რომ მანუსკრიპტს გამოქვეყნებამდე კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა – (ვფიქრობ, თქვენთვისაც) – იმის ცოდნა, რამდენად გავითვალისწინე თქვენი რჩევები ნაწარმოების გადამუშავებისას.  სწორედ ამ იდეით მივწერე ბატონ კორნელიუს ბერგმანს.

აქ, ბერლინში, არც ერთ მწერალს არ დავკავშირებივარ. ალბათ – განზრახ. რადგან აქ ბატონობს მხოლოდ ცივი ეგოიზმი, თვით დახმარებაც შეიძლება ეგოისტური იყოს – (წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანი მეზობელ პალატაში მყოფ ავადმყოფს ეხმარება იმით, რომ სხვას ავალებს საავადმყოფოში მის მოვლას, რადგან ავადმყოფის ტკივილები მისთვის აუტანელია)… თქვენ კი მე შემოქმედებითად დამეხმარეთ: ესაა სწორედ ნამდვილი ადამიანური სიყვარული – ,,ადამიანური“ არა ბანალური „ჰუმანიზმის“ გაგებით. სამყაროს გულში რაღაც კოსმიური, საშიში, ცივი, ჯოჯოხეთური ხდება – და ამ დროში სამყაროსთვის ეს შემოქმედებითი სიყვარული ძალზე საჭიროა.

სოფლად დედას ბევრს ვუამბობ თქვენზე. მას არ ესმის „ლიტერატურა“, მაგრამ იცის ზღაპრები, მასში ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა მიწის სული. დედას  შეუძლია, მე მჯერა ამის, თქვენდამი გულითადი მადლიერების გამოსახატავად სიტყვების მოძებნა…

იცოცხლეთ კარგად! ,,izozchleth1  კარგად” (იცოცხლეთ კარგად!)! მომავალ შეხვედრამდე!

1 ,,Sizozchleth= სიცოცხლესა და ,,Zezchli”=ცეცხლს ქართულ ენაში ერთი და იგივე ძირი აქვს. ეს რომ ჰერაკლიტე ეფესოელს სცოდნოდა!

თქვენი ერთგული

გრიგოლ რობაქიძე

გერმანულიდან თარგმნა

ნათია ფურცელაძემ

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...