ხუთშაბათი, სექტემბერი 18, 2025
18 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

ტყე როგორც სიცოცხლის წყარო

0

ცოცხალი ორგანიზმებისთვის ტყეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის გავლენას ახდენს ჟანგბადისა და ნახშირბადის ბალანსზე (მსოფლიოს ტყეების დიდი რეგიონები „გამოიმუშავებს“ ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 50%-ს).

ტყე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიოსფეროში ეკოლოგიური წონასწორობისა, უდიდესი დამგროვებელი მზის ენერგიისა და ბიოლოგიური მასისა. ტყეების ბიომასა რამდენიმე ათეულჯერ აჭარბებს მცენარეულ თანასაზოგადოებათა სხვა ტიპების ბიომასას.

იმავდროულად, ტყე არის ბიოსფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი, გეოგრაფიული ლანდშაფტის ელემენტი.

ტყე ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ეროზიისგან იცავს ნიადაგს, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურაზე. ტყე არის ადამიანთა ჯანმრთელობა და დასვენება, მრავალფეროვანი ძვირფასი ნედლეულის წყარო.

ტყე შედგება ხეების, ბუჩქების, ბალახოვანი და სხვა მცენარეების (ხავსები, მღიერები) ერთობლიობისგან, მათთან ერთად – ცხოველებისა და მიკროორგანიზმებისგან, რომლებიც განვითარების პროცესში ბიოლოგიურად არიან ურთიერთდაკავშირებულნი, მოქმედებენ ერთმანეთსა და გარე სამყაროზე. ტყის მთავარი და აუცილებელი კომპონენტია ხეები (ხევნარი).

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ტყის რესურსების აღრიცხვას მსოფლიოს მასშტაბით) განმარტებით, ტყე არის 0,5 ჰა-ზე მეტი ფართობის ტერიტორია, სადაც არსებულ ხეთა ვარჯების პროექციათა ჯამი შეადგენს შესაბამისი ფართობის 10%-ზე მეტს.

სახელმწიფო ტყეებისა და საქართველოს კანონმდებლობით, მისთვის მიკუთვნებული მიწების, მისი რესურსების ერთობლიობა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდს.

ტყის ფონდისა და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სატყეო ურთიერთობები საქართველოში რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ტყის კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ტყის ფონდის საერთო ფართობი, 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შეადგენს 3007.6 ათას ჰექტარს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6949.4 ათასი ჰექტარი)- 43.2%-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწებს) უკავია 2822.4 ათასი ჰექტარი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40.6% (ტყიანობის პროცენტი).

ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოსთვის საშუალო მაჩვენებელი 27%-ია, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის 15%-ს არ აღემატება. ტყეებში მერქნის (ხეთა ღეროების) საერთო მარაგი 454.5 მლნ მ3ს შეადგენს, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური ნამატი – 4.5 მლნ მ3-ს.

ქვეყნის ტყის ფონდის 680,7 ათასი ჰა (22,6%), მატ შორის – ტყით დაფარული 642.1 ათასი ჰა, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეა (აფხაზეთი: სულ – 507,1 ათასი ჰა, ტყით დაფარული – 479,9 ათასი ჰა; სამაჩაბლო: სულ – 173,6 ათასი ჰა, ტყით დაფარული – 162,2 ათასი ჰა). აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ტყეებში ბუნებრივად გავრცელებულია 400-მდე მერქნიანი სახეობა. ტყეებისთვის დამახასიათებელია რელიქტურ სახეობათა სიუხვე და მერქნიან მცენარეთა მაღალი ენდემიზმი (საქართველოს ენდემია 61 სახეობა, ხოლო კავკასიის – 43).

ტყეებში წარმოდგენილია წიწვოვანი და ფოთლოვანი, მარადმწვანე და ფოთოლმცვენი მერქნიანი სახეობები, მიწაზე გართხმული ბუჩქები და გიგანტური (60 მეტრამდე სიმაღლისა და 2 მეტრამდე დიამეტრის) ხეები, ლიანები, პარაზიტი მცენარეები. უხვადაა სხვადასხვა სახეობის სოკო, ველური ხილი და კენკრა, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულის მომცემი მცენარეები, ძვირფასი სამასალე და სარეზონანსო მერქნიანი სახეობები.

შემეცნებითი ინტერესის გააქტიურების სტრატეგიები  გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გეოგრაფიის სწავლებისას მეტად მნიშვნელოვანია სწავლების  ისეთი მეთოდების, ხერხებისა და ფორმების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ  მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის გააქტიურებას, გეოგრაფიული ცოდნის ათვისების ეფექტურობას და გეოგრაფიული უნარ-ჩვევების ფორმირებას. შემეცნებითი საქმიანობის  გააქტიურება გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე  სწავლების სხვადასხვა  მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი.  განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

”პარადოქსი”

მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ახალ მასალაზე გადასვლამდე მასწავლებელი მოსწავლეებს უყვება ამ მასალასთან დაკავშირებულ პარადოქსული შინაარსის რაიმე მაგალითს ან გეოგრაფიულ ამოცანას. ამასთან მან აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ ეს მოვლენა შესაძლებელია აიხსნას მეცნიერულად და გაკვეთილზე ნასწავლი ახალი მასალა მათ  ამაში  დაეხმარება. ასე მაგალითად, მე-7 კლასში თემა ”ატმოსფერო”  შესაძლებელია დაიწყოს ასეთი ამბის მოყოლით: ”იცით, რომ 2005 წელს სერბეთში  წვიმის დროს წყლის წვეთებთან ერთად ციდან ბაყაყები ცვიოდა, ხოლო 2011 წელს ინგლისში, პატარა დასახლება კოვენტრიშიკი ვაშლები”. ბუნებრივია, მოსწავლეები დაინტერესდებიან ამ პარადოქსული მოვლენით და შეეცდებიან მის ამოხსნას.

ან თემა ”მიწისძვრების” ახსნამდე მოსწავლეებს მოვუყვეთ ასეთი პატარა ამბავი: ”აშშ-ში კალიფორნიის შტატში მცხოვრებ ყველა ოჯახში  ინახება წითელი ჩანთა, რომელშიც    აწყვია სხვადასხვა ნივთი. ამ ნივთების არა მარტო დანიშნულება, არამედ მოხმარებაც ყველამ – მოზრდილმაც და ბავშვმაც  კარგად იცის.  რა დევს ამ ჩანთაში?  რისთვის სჭირდებათ ეს ჩანთა კალიფორნიის მცხოვრებლებს? დედამიწაზე კიდევ სად  დასჭირდებათ  ადამიანებს ასეთი ჩანთები?

გაიხსენე სილუეტი

ეს ხერხი მეტად ეფექტურია გეოგრაფიული რუკის შესწავლისას. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებმა გეოგრაფიული ობიექტი უნდა ამოიცნონ კონტურის,  ანუ  სილუეტის მიხედვით. მაგ; მოცემული გეოგრაფიული ობიექტების  სილუეტებს მიუწერეთ სახელები:

1112122

იპოვე საერთო

მოსწავლეებს ეძლევათ ორი  შემთხვევით შერჩეული გეოგრაფიული ობიექტი. მოსწავლემ  უნდა მოძებნოს რაც შეიძლება მეტი მსგავსება მათ შორის. მაგ; კალიფორნიის ნახევარკუნძულიო და ქ. ვოლგოგრადი. ერთი შეხედვით ამ ორ  გეოგრაფიულ ობიექტს არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ უფრო დაწვრილებითი  დაკვირვებისას შესაძლებელია რამდენიმე საერთო ნიშნის მოძებნა:

  1. ორივე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს;
  2. ორივე ობიექტს კვეთს + 24°С -იანი იზოთერმა;
  3. ორივე სიტყვაში გვხდება ასეობი „ო“, „ლ“, „ა
    და „ი“;
  4. ორივე ხმელეთის ნაწილია;
  5. ორივეგან ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 300-400 მმ-ია.

ანალოგების მოძებნა

მასწავლებელი ასახელებს რომელიმე გეოგრაფიულ ობიექტს და მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ  მისი რაც შეიძლება მეტი  გეოგრაფიული ანალოგი რაიმე ნიშნის მიხედვით. მაგალითისთვის ავიღოთ ქალაქი რიო-დე-ჟანერო. მისი ანალოგებია:

რიო-დე-ჟანერო – რიგა  (ორივე „რ’’ ასოთი იწყება);

რიო-დე-ჟანერო – სტამბული (ორივე ყოფილი დედაქალაქია);

რიო-დე-ჟანერო – კოპენჰაგენი (ორივე ზღვის სანაპიროზე მდებარეობს);

რიო-დე-ჟანერო – კეიპტაუნი  (ორივე სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს);

რიო-დე-ჟანერო – ჰავანა (ორივე ტროპიკულ სარტყელში მდებრეობს);

რიო-დე-ჟანერო – ლისაბონი (ორივე ქალაქის მოსახლეობა პორტუგალიურ ენაზე ლაპარაკობს);

რიო-დე-ჟანერო – ვენეცია (ორივე ქალაქი ცნობილის თავისი კარნავალებით).

ჰორიზონტის მხარეები, ანუ მოქაჩე ჯაჭვი

ეს სტრატეგია  გვეხმარება სივრცობრივი ცნობიერების ფორმირებასა და  რუკის კითხვაში.  მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალს და დავალებას –  დაალაგონ ისინი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. მაგ; ტიბეტის მთიანეთი, დეკანის ზეგანი, ტიან-შანის მთები, დასავლეთ ციმბირის დაბლობი, ყაზახეთის წვრილგორაკები, ჩრდილოეთის მიწის არქიპელაგი, არაბეთის ნახევარკუნძული.

კიბე

ამ სტრატეგიის გამოყენებით ვამოწმებთ, როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს გეოგრაფიული ობიექტების რანჟირება. გეოგრაფიული ობიექტები შეიძლება იყოს მთები, მდინარეები, მწვერვალები, ზღვები, კუნძულები, ნახევარკუნძულები, ქვეყნები, ქალაქები და სხვ., ხოლო რანჟირების კრიტერიუმი – შესაბამისი.  მაგ; დაალაგეთ ქვემოთ ჩამოთვლილი მთები სიმაღლის ზრდის  (ან სიმაღლის კლების) მიხედვით: ჰიმალაი, ალპები, კავკასია, ანდები, ურალის მთები.

რომელია ზედმეტი?

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალს და დავალებას – მოძებნონ მათ შორის ზედმეტი და  დაასაბუთონ  პასუხი. მაგ; 1. ურალის მთები, აპალაჩები, ანდები, დიდი წყალგამყოფი ქედი, სკანდინავიის მთები. ზედმეტია ანდები, რადგან ის ახალგაზრდა ნაოჭა მთებია,  დანარჩენები კი ძველ მთებს წარმოადგენენ. მაგ; 2. მონღოლეთი, ალბანეთი, ჩინეთი, თურქეთი. ზედმეტია ალბანეთი, რადგან ის ევროპაში მდებარეობს, დანარჩენი ქვეყნები კი  – აზიაშია.

 შეადგინე სამციფრა რიცხვი

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს  რიგითი ნომრით აღნიშნულ  სხვადასხვა კონტინენტის გეოგრაფიულ ობიექტებს. მათი გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეადგინონ სამციფრა რიცხვი, ისე, რომ ეს რიცხვი მათ შორის კავშირს ასახავდეს, მაგ; 1. კავკასიონი;  2. აკონკაგუა; 3. ორისაბა; 4. კოტოპახი; 5. ანდები; 6. მყინვარწვერი.  7. კორდილიერები; 8. იალბუზი; 9. დენალი (ყოფილი მაკ-კინლი).  პასუხი:  186.  1 – კავკასიონი, 8 – იალბუზი, 6 – მყინვარწვერი.

დააჯგუფე სიტყვები

მოსწავლეებს ეძლევათ გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი. მათ ისინი უნდა დააჯგუფონ რაიმე ნიშნის მიხედვით. რაც მეტი ნიშნის მიხედვით მოხდება მათი დაჯგუფება,  მით უკეთესია.  მაგ; ბრაზილია, ბოლივია, კორდილიერები, ამაზონი, სენეგალი, ნიგერი, იგუასუ, მისისიპი, ენისეი, ჰიმალაი, მონ-ბლანი, ობი, რუმინეთი, იტალია, ჩადი, სომალი, კონგო, ვიეტნამო, ფლორიდა, ანდები, ნილოსი, ეკვადორი, ფინეთი, ატაკამა, დიდი ბრიტანეთი, ჰეკლა, იალბუზი, კავკასია, დუნაი, რეინი, ბოდენი, ალპები, ისრაელი, საჰარა, ატაკამა და სხვ.

დაჯგუფება  შეიძლება მოხდეს შემდეგი ნიშნების მიხედვით: კონტინენტებზე მდებარეობა, ობიექტის რაობა (ქვეყანა, მდინარე, ტბა, ვულკანი და სხვ.),  ნახევარსფეროში მდებარეობა და ა.შ.

მოგზაურობა დაკარგულ  გზებზე

მოსწავლეებს ეძლევათ  ტექსტი, სადაც გეოგრაფიული ობიექტების ნაცვლად ციფრები წერია. მათ რუკის დახმარებით უნდა დაადგინოთ ამ ობიექტების სახელწოდებები და ციფრების მაგივრად ჩაწერონ. ქვემოთ მოცემულია ტექსტი, ხოლო პასუხი ასე  ჩაიწერება: 1 – ჩრდილოეთი ამერიკა; 2- კანადა; 3- აშშ; 4- კ. ვიქტორია და ა.შ.

მოგზაურობა დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კონტინენტიდან (1) იწყება, რომლის დიდი ნაწილი ფართობით მსოფლიოს ორ უდიდეს  ქვეყანას (2,3)  უკავია.  მოგზაურებმა სტარტი აიღეს კუნძულიდან (4), რომლის სახელიც ასევე ჰქვია სხვა გეოგრაფიულ ობიექტებსაც – უდიდეს უდაბნოს  (5) ყველაზე პატარა კონტინენტზე (6), ასევე ოთხივე ნახევარსფეროში მდებარე კონტინენტის  (7) ფართობით უდიდეს ტბასა (8)  და ჩანჩქერს (9).

მოგზაურები ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მიემართებიან და მათ წინაშე სხვადასხვა სიდიდის მრავალი კუნძული გამოჩნდა. ეს კუნძულები დედამიწის ერთ-ერთ უდიდეს არქიპელაგს ქმნიან (10).  შემდეგ მათ ის ზღვა  (11) გადაკვეთეს, რომელიც დედამიწის ფართობით ყველაზე დიდ კუნძულს (12) ესაზღვრება აღმოსავლეთიდან.

როგორც კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე განიერ სრუტეს (13) გასცდნენ, ისინი ოკეანეში (14) გავიდნენ, სადაც აისბერგები თითქმის 30°-იან განედებამდე ჩამოდიან. სწორედ ამ ოკეანეში ჩაიძირა XX საუკუნეში ერთ-ერთი უდიდესი გემი. მოგზაურებს ამ ოკეანეში ყველაზე  მძლავრი თბილი დინება შეხვდათ (15), რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპის კლიმატზე.

შემდეგ  მიადგნენ ზღვას (16), რომელსაც არა აქვს ნაპირები. იქიდან კი  მეკობრეებით ცნობილ ზღვაში  (17) გაცურეს. შემდეგ ორი კონტინენტის (18,19) დამაკავშირებელი  არხის (20) საშულებით მსოფლიოს ფართობით უდიდეს და ყველაზე ღრმა ოკეანეში  (21) გავიდნენ.  მოგზაურების გემი იმ კონტინეტის გასწვრივ მიცურავდა, რომელზეც მსოფლიოს ყველაზე გრძელი მთებია  (22) გადაჭიმული და სადაც დედამიწის ყველაზე უნალექო ადგილია – ყველაზე მშრალი უდაბნო (23) მდებარეობს.

მოგზაურობის ბოლო პუნქტი – სრუტე (24) – იმ მოგზაურის  (25) სახელს ატარებს, რომელმაც პირველად პირველმა იმოგზაურა დედამიწის გარშემო.

გეოგრაფიული ფოსტა

მოსწავლეებს  ეძლევათ კონვერტები ბარათების ნაკრებით, რომლებზეც მოცემულია სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის, მცენარის, ცხოველის, კონტურული  რუკების ფრაგმენტების გამოსახულება ან ფოტო. მათ ეს ბარათები უნდა დაალაგონ  რუკაზე შესაბამის ”მისამართებზე” (კონტინენტებზე, ქვეყნებში და ა.შ.).  ბარათების რაოდენობა კონვერტში თანაბარი უნდა იყოს. დავალება შესაძლებელია  შესრულდეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში ან ჯგუფურად.

მთას მივალ

0

დღეს სამი სხვადასხვა ტიპის ქიმიური ექსპერიმენტი მინდა გიჩვენოთ. ჩათვალეთ, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ თეთრ ხალათში გამოწყობილი და წინ მაგიდაზე უამრავი კოლბა, სინჯარა და რეაქტივები ალაგია. თქვენ, ჩემი მსენელები ხართ და უმეტესობას ქიმიასთან, მით უფრო იმ თემასთან, რაზეც უნდა გესაუბროთ, არასოდეს გქონიათ შეხება. არიან ისეთებიც, რომელთაც ქიმიის გაკვეთილებს არ ან ვერ აცდენენ. ისეთებიც მოიძებნებიან, რომელთა ქიმიის სახელმძღვანელოს ყდა შემოსძენძია, მაგრამ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ყველასთვის ახალია.

დავიწყებ პირველი ექსპერიმენტის ჩვენებას. ცხადია, ყოველი ჩემი მოქმედებისას ხმამაღლა ვყვები, რასაც ვაკეთებ.  ვიღებ კონცენტრირებული მარილმჟავს ბოთლს, ვხსნი საცობს. მარილმჟავა იწყებს „ბოლვას“. სწრაფი მოქმედებით გადამაქვს სინჯარაში და ვამატებ წყალს – ვანზავებ, რათა ქლორწყალბადის გამოყოფა შეჩერდეს. შემდეგ ვაწვეთებ რამდენიმე წვეთ ინდიკატორს, სინჯარა იფერება წითლად. ვიღებ რამდენიმე ცარიელ სინჯარას და შეფერილ მჟავის ხსნარს ვანაწილებ მათში. ვათავსებ ყველას სადგარში. ვიღებ ისევ პირველ სინჯარას და  ვამატებ ნატრიუმის ტუტის ხსნარს. შეფერილი სითხე მალე უფერულდება. შემდეგ ისევ ვაგრძელებ დამატებას და ახლა ხსნარი გამწვანებას იწყებს, ბოლოს კი მუქი ლურჯი ფერი ხდება. ვიღებ ახალ სინჯარას და მასში სოდას ვყრი. იწყება აქაფება და ბუშტების გამოყოფის დამთავრების შემდეგ ვხედავ, რომ ისიც გაუფერულებულა ან მომწვანო ფერი დაჰკრავს.  არ ვეშვები ამ სინჯარას და ახლა ვერცხლის ნიტრატის ხსნარი შემაქვს. ჩნდება თეთრი ხაჭოსებრი ნალექი, რომელიც ნელ-ნელა ფსკერზე ილექება, ხოლო ხსნარი გამჭვირვალე ხდება. ვანჯღრევ თავიდან და ამღვრეულ სითხეს სამ სინჯარაში ვანაწილებ. ერთში ამიაკის კონცენტრირებულ ხსნარს ვასხამ, ხოლო მეორეში, ნატრიუმის ციანიდის ხსნარს. ორივე სინჯარაში ნალექი იხსნება… და ა შ.  მთელი მონდომებით ვაგრძელებ მთელი ჩემი ქიმიის ცოდნის დემონსტირებას. ხან რომელ სინჯარას ვიღებ, ხან რომელს. ვამატებ მათში სხვადასხვა ნაერთებს სხვადასხვა  თანმიმდევრობით. სინჯარებშიც  ხან ფერი იცვლება, ხან ნალექი, ხანაც კი არაფერი. ყველა შედეგზე მაქვს პასუხი და შეძლებისდაგვარად გამცნობთ მიზეზებს…

მეორე ექსპერიმენტი: გიყვებით, რომ თუ სოდაც ძმარში ჩავყრით, წარმოიქმნება ბუშტუკები. შემდეგ ჩემი ნათქვამის სადემონსტრაციოდ ვიღებ ძმარმჟავიან სინჯარას და მასში სოდას ვყრი.

მესამე ექსპერიმენტი ცოტა ხანგრძლივია. მის ჩატარებას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. ცდას ნიტრობენზოლიდან ვიწყებთ. მისი აღდგენა და ანილინში გარდაქმნაა ჩვენი დღევანდელი ამოცანა. ვიღებ პირველ რიგში ცდის მეთოდიკას, საგულდაგულოდ ვეცნობი თითოეულ პროცედურას. ვაანალიზებ, ვიმარაგებ საჭირო ჭურჭელს და რეაქტივებს. ვაფორმებ სამუშაო რვეულს და ვიწყებ ექსპერიმენტს მეთოდიკის თანმიდევრობის დაცვით. რამდენიმე საათის შემდეგ რეაქცია სრულდება, მაგრამ ანილინი არსად ჩანს. იგი მთელ სარეაქციო ნარევშია არეული. გადავდივარ ნარევიდან მისი გამოყოფის პროცედურაზე და  დამატებით რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ვიღებ სუფთა ანილინს. ახლა ჯერი საღებრის მიღებაზეა. ხელახლა ვიღებ ახალ მეთოდიკას და  კიდევ ერთ ექსპერიმენტს ვატარებ. ისევ ყოველი მოქმედების წინ ვიხედები მეთოდიკაში, ხოლო თითოეული მანიპულაციის შემდეგ რვეულში ვიწერ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ და რასაც ვამჩნევ…. ბოლოს ვიღებ საღებარს, რომლითაც შალის ქსოვილს ვღებავ. ამით სრულდება ექსპერიმენტის ხანგრძლივი პროცესი…

რომელი ექსპერიმენტი უფრო შთამბეჭდავი იყო? რომელმა უფრო დაგამახსოვრათ თავი? და ბოლოს, რომელ მათგანით უფრო ნათლად დანახეთ ქიმიის როლი, მნიშვნელობა და ლაზათი?

პირველი ექსპერიმენტი ქიმიის კუთხით უფრო დახუნძლული იყო. ბევრ რეაქციას შევეხეთ, არაერთი ნივთიერების თვისება „ავხსენით“… თუმცა თქვენ კი არა, გულახდილად რომ გითხრათ, მეც ვერ შევძლებ, მის არა თუ გამეორებას, არამედ ზუსტად გახსენებას, როდის რა ჩავატარეთ.

მეორე ექსპერიმენტი ყველას გვეხსომება, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, როდესაც სოდის დამატებას ვიწყებდი ძმარში, ბევრი თქვენთაგანი ან ფანჯარაში იყურებოდა, ან სხვა რამით ერთობოდა.

მესამე ექსპერიმენტის ბოლოს კი, მიუხედავად სირთულისა, უკეთ გვემახსოვრება…

ასეთი სამი ტიპის ექსპერიმენტი მხოლოდ ქიმიისათვის და ლაბორატორიული მეცადინეობისათვის არ არის დამახასიათებელი.  ზოგადად ასეთივე   ტიპის არის გაკვეთილები, პრეზენტაციები, საჯარო გამოსვლები  თუ უბრალოდ დიალოგი ორ მოსაუბრეს შორის.

პირველი ტიპის გამოსვლა შეიძლება ხის ვარჯს შევადაროთ. მომხსენებელი იწყებს საუბარს ერთ რაიმე თემაზე. შემდეგ მისი ფართოდ გაშუქების სურვილი სძლევს და იწყებს საკითხიდან საკითხზე გადასვლებს. ამიტომ ხშირად უწევს უკან დაბრუნება და „ახალ ტოტზე გადაცოცება“ . შედეგად კი ვიღებთ დიფუზურ, გაბნეულ მოხსენებას (გაკვეთილს),  საიდანაც მთავარი აზრის გამოტანა ძალიან ძნელია. მით უფრო აუდიტორიისათვის, რომლისთვისაც მიწოდებული ინფორმაცია ახალია. იგი იღლება ერთი ტოტიდან მეორე ტოტზე ხტომით, ამიტომ მალევე ანებებს თავს ჩვენს სმენას. სამწუხაროდ, სტატისტიკურად მოხსენებების 80% სწორედ ამ სახის განეკუთვნება. იგი განსაკუთრებით ახალბედა მომხსენებლებისათვის (მასწავლებლებისათვის) არის დამახასიათებელი, როდესაც ცდილობენ, რაც შეიძლება ფართოდ წარმოაჩინონ საკუთარი ერუდიცია და განსწავლულობა კონკრეტულ საკითხში, თუმცა ჩვენი ფართო ცოდნის ასეთი დემონსტრირებით  მსმენელის ყურადღებას ვკარგავთ და სასურველ შედეგებამდის ვერ მივდივართ.

 el1

მეორე სახის ექსპერიმენტი ე.წ. ბაგირის ტიპს მიეკუთვნება. ამ დროს აუდიტორია ჩვენი პირველი ფრაზის წარმოთქმისთანავე ხვდება რას ვიტყვით ბოლოს. შესაბამისად ჩვენ მისთვის უინტერესო ვხდებით.

el2

ამ მხრივ ყველზე ეფექტური ე.წ. ალპინისტის მეთოდია. როგორ ახერხებს ალპინისტი მწვერვალის დალაშქვრას? ყოველი ახალ სიმაღლეზე ასვლის წინ წერაქვს ან პალოს ასობს, საყრდენს იკეთებს და მხოლოდ შემდეგ იწყებს აღმასვლას. მიაღწევს თუ არა საყრდენ წერტილამდე, ხელახლა იმეორებს ამ მოქმედებას. ამ მეთოდით მიწოდებული გაკვეთილიც უფრო ეფექტურია.  აუდიტორიას უნდა ჰქონდეს პაუზის საშუალება, რომლის დროსაც ჩაფიქრდება, გაიაზრებს, გაითავისებს ახალ მასალას, რომელსაც საყრდენად გამოიყენებს შემდეგ ახალ სიმაღლეზე ასასვლელად.

el3

ყოველი გაკვეთილი მთაზე ასვლას ჰგავს. რაც უფრო მაღლა გვინდა ავიდეთ, მით უფრო მეტი მოთმინება და  ოსტატობა გვმართებს. ჩვენ შეიძლება ფრიალო კლდეზე არბენაც შეგვეძლოს, მაგრამ ჩვენს უკან მომყოლი დამწყები მთასვლელები ამას ვერ შეძლებენ.  ადრეულად დაიღლებიან. პირველივე დაბრკოლებისას ჩაეხსნებიან ჩვენს ბაგირს და  მტვრიან ვაკეზე გააგრძელებენ სიარულს.

არადა, მთის მწვერვალიდან სხვა სამყაროს დანახვაა შესაძლებელი.  მთავარია, როგორმე ერთხელ დავადგათ იქ ნაბიჯი.

გაჩერებებით სწავლა

0

„გაჩერებებით სწავლა? კეთილი, მაგრამ როგორ?“ – ხშირად მესმის კოლეგებისგან, როცა ზემოხსენებული მეთოდის გამოყენებას ვთავაზობ. წინამდებარე სტატიით სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები.

გაჩერებებით სწავლის მეთოდი ახალი არ არის. ამერიკელი პედაგოგი ჰელენ პარკურსტი მას მეოცე საუკუნის დასაწყისში იყენებდა პრაქტიკაში მარია მონტესორის სწავლების საფუძველზე. პროგრესულ განათლებაში სწავლების ეს თავისუფალი და ღია ფორმა პეტერსენმა და ფრეინეტმა წამოსწიეს როგორც საგაკვეთილო, სასკოლო პროცესში, ისე სწავლისა და შემეცნებით თეორიებშიც. თავისუფალი მუშაობისას ვითარდება სასწავლო პროცესები, რომლებიც საბოლოოდ შემეცნებებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცოდნაში გადაიზრდება. რამდენადაც კვლევის საგანს თავად მსწავლელი ირჩევს, იზრდება არა მარტო სწავლის მცდელობის ინტენსივობა, არამედ სწავლის პროცესში წარმოიქმნება დამოუკიდებლად გაგების/გააზრების სტრუქტურებიც (სერბროკი, 1998). „ტვინის ეს განსაკუთრებული ვარჯიში“ კვლავ აქტუალური გახდა 1980 წლის ზაფხულში გერმანიის (აიდლინგენი) ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში, რომლის თემაც გახლდათ მოსწავლეზე ორიენტირებული სამუშაო მასალები მრავალფეროვანი კითხვის გაკვეთილისთვის. მას შემდეგ სწავლების ეს ფორმა სულ უფრო და უფრო მეტ საგანში გამოიყენება.

 

გაჩერებებით სწავლის დახასიათება

დღესაც გაჩერებებით სწავლა გულისხმობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მუშაობას. სამუშაო მასალა ორიენტირებულია ქმედებაზე, ითვალისწინებს მსწავლელთა შესაძლებლობებს, წინარე ცოდნასა და უნარებს. გარდა ამისა, ეს მეთოდი ხელს უწყობს შიდა დიფერენციაციას, რადგან შესაძლებელს ხდის ცალკეულ გაჩერებებზე სხვადასხვა სირთულის დავალებების შეთავაზებას. გაჩერებებზე მუშაობა ორიენტირებულია პროექტებით სწავლების პრინციპებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთადერთ სწორ პასუხს კი არ გვთავაზობს, არამედ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ საშუალებათა მოძიების შესაძლებლობას გვაძლევს. შესაბამისად, ის ხელს უწყობს ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას, რომლის შედეგიცაა პროდუქტის, მაგალითად, რაიმე კოლაჟის ან პლაკატის, შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლე შეძლებისდაგვარად მეტი გრძნობის ორგანოს გამოყენებით იძენდეს ცოდნას სწავლის ახალი მიდგომების შესახებ ან სულაც იმაღლებდეს მას უკვე ნასწავლ მასალაში. ეს მაშინ ხდება, როცა შეთავაზებული მასალა აღვიძებს მსწავლელის ცნობისმოყვარეობას და ხელს უწყობს მისი მოტივაციის ამაღლებას ამ მასალაზე აქტიურად სამუშაოდ. გაჩერებებით სწავლა ითვალისწინებს არა მარტო „გონებრივ შრომას“, რომელიც ოთხ უნარ-ჩვევას (მოსმენა, კითხვა, წერა და ზეპირმეტყველება) ავარჯიშებს, არამედ მუშაობისას (შეძლებისდაგვარად) ააქტიურდებს ყნოსვის, გემოვნების შეგრძნებსა და ფანტაზიიასაც. გათვალისწინებულია თამაშის ელემენტებიც, რაც ასევე აღვიძებს ფანტაზიას. თუმცა, პროექტგაკვეთილისგან განსხვავებით, ეს მეთოდი არ იძლევა საგაკვეთილო პროცესის კლასისა და სკოლისგარე რეალობაში გადატანის საშუალებას. სკოლისგარე რეალობა აქ მხოლოდ სიმულაციის სახით შეიძლება შევთავაზოთ მსწავლელებს. გაჩერებებით სწავლის ორგანიზებისას დიდი როლი ეკისრება მატერიალურ ბაზას (მოძრავი მაგიდები, დიდი საკლასო ოთახი), პრაქტიკულ რესურსებს (ქსეროქსი, პრინტერი), გრძნობის ორგანოებზე დაფუძნებული გაჩერებების მოწყობის შესაძლებლობას და ა.შ.

გაკვეთილი არ უნდა იქცეს რუტინად, ის გამუდმებით უნდა შეიცავდეს გაოცებისა და მოულოდნელობის ელემენტებს. სწორედ ამის საშუალებას იძლევა ზემოხსენებული მეთოდი.

 

გაჩერებების მომზადება და მოწყობა

გაჩერებების მოსამზადებლად საჭიროა დაადგინოთ თქვენთვის მისაღები ლოგიკური თანმიმდევრობა, დანომროთ ან შესაბამისად მონიშნოთ გაჩერებები.

ჯგუფური თუ ინდივიდუალური სამუშაო?

მოსწავლეებს შეუძლიათ, დავალებები შეასრულონ როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში ან ჯგუფურად, თუმცა უპირატესობა წყვილურ ან ჯგუფურ მუშაობას ენიჭება. ჯგუფის შედგენის პროცესი მასწავლებლის ზედამხედველობით უნდა მიმდინარეობდეს (ჯგუფებად დაყოფის სხვადასხვა მეთოდით), მაგრამ არა ძალდატანებით და ავტორიტარულად.

 

გაჩერებების თანმიმდევრობა, სარბენი ბარათი და დღიური

ცალკეული გაჩერებების თანმიმდევრობა შეიძლება წინასწარ განისაზღვროს, მაგალითად, გაჩერებები დამუშავდეს საათის ისრის მიმართულებით ან ნუმერაციის მიხედვით. ასეთი სტრუქტურა განსაკუთრებით რეკომენდებულია ახალბედა მონაწილეთათვის და აადვილებს გაჩერებების მოწყობას. თუმცა გაჩერებები შეიძლება განლაგდეს შემთხვევითობის პრინციპითაც საკლასო ოთახში ან მის წინ. ამ შემთხვევაში დავალებების შესრულების თანმიმდევრობას თავად მოსწავლეები ირჩევენ. ეს გამართლებულია მაშინ, როცა, მაგალითად, განვლილი მასალის გამეორებას ვისახავთ მიზნად. აქვე აღსანიშნავია, რომ ყოველ გაჩერებაზე უნდა იდგეს ადვილად აღსაქმელი აბრა წარწერით ან სიმბოლოთი, რომელიც ცხადყოფს, რა სახის დავალებაა შესასრულებელი ან რა თემაზე. ორიენტაციის გასაიოლებლად მოსწავლეებს ეძლევათ ე.წ. „სარბენი ბარათი“ გაჩერებების ჩამონათვალით, რომელზეც აღნიშნავენ შესრულებულ/შესასრულებელ დავალებებს. მოსწავლეებს ასევე შეიძლება შევთავაზოთ დღიურის /პორტფოლიოს შექმნა, რომელშიც საკუთარ მიღწევებს და შთაბეჭდილებებს ასახავენ. ამრიგად, მოსწავლეთა ავტონომია არ შემოიფარგლება გაჩერებების ფარგლებში მუშაობით – ისინი თავიანთი მიღწევებისა და წარმატებების კრიტიკულ ანალიზსა და რეალისტურ თვითშეფასებასაც ახდენენ.

დასასვენებელი, ალტერნატიული და საინფორმაციო გაჩერებები

როცა მოსწავლეებს გაჩერებათა არჩევის თავისუფლება ეძლევათ, მოსალოდნელია, რომ ერთ გაჩერებასთან ერთდროულად რამდენიმე ჯგუფმა მოიყაროს თავი. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მომზადდეს 1-2 ალტერნატიული გაჩერება, რომლებზეც შედარებით სწრაფ ჯგუფებს ალტერნატიული მუშაობის საშუალება მიეცემათ. გაჩერებების სირთულის ხარისხიც სხვადასხვა უნდა იყოს და ითვალისწინებდეს ერთ „დასასვენებელ გაჩერებასაც“, სადაც მოსწავლეები შედარებით მსუბუქი, კრეატიული ან თამაშის ელემენტებით გაჯერებული დავალებების შესრულებას შეძლებენ და ამოისუნთქავენ.

შეიძლება საინფორმაციო გაჩერების დამატებაც, სადაც თავს მოიყრის დამხმარე მასალა: ლექსიკონები, განმარტებები და სხვა, –  რომელიც მოსწავლეებს მუშაობას გაუადვილებს. შეიძლება, იქვე განთავსდეს პასუხების ფურცლები, თუ, რა თქმა უნდა, მათ გაჩერებებზე დალუქულ კონვერტებში არ მივუჩენთ ადგილს.

 

გაჩერებების განლაგება საათის ისრის მიმართულებით

გა

განლაგების ვარირება შეიძლება საკლასო ოთახის ფორმისა და სიდიდის მიხედვით.

დროის ლიმიტი და გაჩერებების ცვლა

გაც

ყოველი გაჩერების დასამუშავებლად დაწესებული უნდა იყოს დროის ლიმიტი, რომლის დადგენისას გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეებს ყველა გაჩერებაზე მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ. ამასთანავე, დრო ისე უნდა გადანაწილდეს, რომ მოწაფეებს არც თავისუფალი დრო დარჩეთ და არც დროის სიმცირის გამო ზედაპირულად იმუშაონ. თუ მხოლოდ ერთ ჯგუფს დარჩება თავისუფალი დრო, მას შეუძლია, ეს დრო უკვე ნახესენებ ალტერნატიულ გაჩერებებზე გაატაროს, ხოლო თუ რამდენიმე ჯგუფს შეექმნება დროის (ნაკლების ან მეტის) პრობლემა, სამუშაოსთვის გამოყოფილი ვადა შესაბამისად უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს. გაჩერებების ცვლა შეიძლება მოხდეს აკუსტიკური სიგნალით, მაგალითად, პატარა ზარის რეკვით ან მუსიკით, ან შესაბამისი ვერბალური სიგნალით, ან თუნდაც ჩუმი იმპულსით, მაგალითად, ხელის ან უკვე ნაცნობი ბარათის აწევით. ჯგუფებს უნდა მივუთითოთ, რომ სამუშაოს დამთავრების შემდგომ მოაწესრიგონ/საწყის მდგომარეობაში დააბრუნონ მასალები (თუ, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა), რათა არ შეაფერხონ მომდევნო ჯგუფის მუშაობა.

 

შეცდომების გასწორება

სწავლის პროცესი შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, მოსწავლეები გაჩერებებით სწავლის დროსაც დაუშვებენ შეცდომებს, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას მათი პერმანენტული შესწორება არათუ შეუძლებელი, არამედ არასასურველიც კია – ეს გამოიწვევს მოსწავლეთა პასიურობას შეცდომის დაშვების შიშით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პედაგოგმა შეცდომებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს – ამან შესაძლოა ხარვეზების ჩაქვავებამდე მიგვიყვანოს. ჩემი გამოცდილებით, ძალიან შედეგიანია შეცდომების მონიშვნა და მომდევნო გაკვეთილებზე მათი ანონიმურად განხილვა ან ამ შეცდომების გათვალისწინებით სავარჯიშოების შექმნა და მათზე ამ სახით მუშაობა. შეცდომების გასწორება მოსწავლეთა მხრივ პოზიტიურად აღიქმება, თუ მასწავლებელი თავისი ქცევით აჩვენებს, რომ შეცდომა პრობლემას არ წარმოადგენს და აუხსნის მოსწავლეებს, რომ მისგან (ან თანაკლასელისგან) ამ კონტექსტში მხოლოდ დახმარებას უნდა ელოდონ.

 

მასწავლებლის როლი

შესაძლოა, მკითხველს მოეჩვენოს, რომ მასწავლებელი გაჩერებებით სწავლის მსვლელობისას პასიურ როლს ასრულებს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. პედაგოგს ამ დროს საკმაოდ საპასუხისმგებლო როლი ეკისრება და დავალებების მთელი წყება აქვს შესასრულებელი. ის არა კონტროლს, არამედ მონიტორინგს აწარმოებს, ანუ აკვირდება სწავლის/მუშაობის პროცესს, ეხმარება მოსწავლეებს, აძლევს მათ მითითებსა და რჩევებს. ამასთანავე, მას ეძლევა საშუალება, უფრო მეტი ინდივიდუალური კონსულტაცია გაუწიოს თითოეულ მოსწავლეს ან ჯგუფს, განიხილავს სხვადასხვა სტრატეგიას და ხელს უწყობს მოსწავლეთა ავტონომიას.

 

მოსწავლის როლი

ტრადიციული (უცხოური ენის) სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეები შეჩვეულები არიან, რომ მასწავლებელი განსაზღვრავს გაკვეთილის მსვლელობას, შინაარსს, პროგრესიას, შეფასების სახეებს, მეთოდსა და მედიასაშუალებებს და თვითონვე სახავს მისაღწევ მიზნებს. მოსწავლეები შემსრულებლები არიან და მხოლოდ მასაწავლებლის მიერ მიწოდებულ იმპულსებზე რეაგირებენ. გაჩერებებით სწავლისას მოსწავლეები გამოდიან პასიური როლიდან და გარკვეულწილად თავად მართავენ პროცესს, თავად სახავენ მიზნებს, ანაწილებენ დროს და, ამასთანავე, ანგარიშს უწევენ თანაკლასელის მიერ შეთავაზებულ სტრატეგიებს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ახალ მეთოდს მოსწავლეები ინტერესით ხვდებიან, მაგრამ ეჭვის თვალითაც უყურებენ, ამიტომ გაჩერებების მომზადებას დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, მომზადებასთან ერთად მასწავლებლის მოვალეობაა მოსწავლეთა შეგულიანება, მათი პოზიტიური ქცევის წაქეზება და დადებითი კლიმატის შექმნა, თუმცა ინოვაციით გამოწვეულ სიხარულთან ერთად ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს დასახული მიზნები და ინდიკატორები.

გაჩერებებით სწავლა და სახელმძღვანელოზე მუშაობა

ხანგრძლივ და ინტენსიურ მომზადების პროცესს მასწავლებლები ხშირად ამ მეთოდის უარყოფით მხარედ აღიქვამენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გაჩერებებზე გამოსაყენებელი მასალა შესაძლოა სახელმძღვანელოში განხილულ თემებთან იყოს კავშირში ან უშუალოდ სახელმძღვანელოდან ამოღებული სავარჯიშოების კრებულს წარმოადგენდეს. არ უნდა დაგვავიწრდეს, რომ გაჩერებებით სწავლებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ის ნასწავლ მასალას ეფუძნება. ამასთანავე, კონტროლმა და წარმატების შეგრძნებამ თითოეულ გაჩერებაზე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.

თუ მოსწავლეები ამ ტიპის სწავლასთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიურ გამოცდილებას დააგროვებენ, ისინი დროთა განმავლობაში თვითონვე შეძლებენ გაჩერებებისთვის დავალებების შექმნას და ამით საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

შეფასება და პრეზენტაცია

გაჩერებებზე შექმნილი პროდუქტები და ნამუშევრები შეფასებასაც მოითხოვს. გაჩერებების ცვლისას მნიშვნელოვანია, რომ წინა ჯგუფის ნამუშევრები გაჩერებაზე არ დარჩეს  და, თუ შემდგომი გაჩერებების დასამუშავებლად არ არის საჭირო, გამოიფინოს ან მოხდეს მათი პრეზენტაცია. საპრეზენტაციოდ ტრადიციულ დაფასთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ ჩვეულებრივი სარეცხის გასაფენი თოკი და სამაგრები. მთელი სამუშაოს დასრულების შემდეგ ნამუშევრები უნდა შეფასდეს მოსწავლეების მიერ/მოსწავლეებთან ერთად. ეს განსაკუთრებით ისეთ დავალებებს ეხება, როგორებიცაა დიალოგები, როლური თამაშები, პატარა სკეჩები, ნახატები და სხვა. დახურული დავალებების შემთხვევაში კი უშუალოდ გაჩერებაზე ან ალტერნატიულ გაჩერებაზე დახვდებათ მოსწავლეებს პასუხების ფურცელი.

შანსი, სირთულეები და რისკი

გასათვალისწინებელია, რომ, ისევე როგორც ყველა სოციალურ და სამუშაო ფორმას, გაჩერებებით სწავლასაც აქვს დადებითი მხარეები და, იმავდროულად, თან ახლავს ერთგვარი რისკებიც.

 

პოზიტიური მხარეები

აღწერილი მეთოდი მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული, არ შეიცავს იძულებისა და ფრონტალური სწავლების ელემენტებს. იქიდან გამოდინარე, რომ მოსწავლეები თავად განაგებენ სასწავლო პროცესს (ხშირად თავად არჩევენ თემას, განსაზღვრავენ დროს, მუშაობენ დამოუკიდებლად), მეთოდი ხელს უწყობს ავტონომიურ სწავლებას. მოსწავლეთაგან მომდინარე ხელის შემშლელმა ფაქტორებმა ამ მეთოდით სწავლებისას შესაძლოა გავლენა მოახდინოს მხოლოდ უშუალოდ ჯგუფის წევრებზე და არა მთლიან სასწავლო პროცესზე. მასწავლებელი სასწავლო პროცესს დისტანციიდან აკვირდება და შეუძლია, საჭიროებისამებრ ჩაერიოს მუშაობაში. შერეული ჯგუფებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორია სოციალური სწავლა, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეები ერთმანეთისგან სწავლას გვერდს ვერ აუვლიან. გარდა ამისა, მოწაფეებს შეუძლიათ, მოახდინონ შესრულებული სამუშაოს შედეგების ინტეგრირება მიმდინარე პროცესში და ამით თანაკლასელებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადონ.

 

უარყოფითი მხარეები

ამ მეთოდის ყველაზე პრობლემურ მხარედ მომზადების ხანგრძლივ და შრომატევად პროცესს ასახელებენ, თუმცა ამ მეთოდის რამდენიმეჯერ გამოყენებისას მომზადების პროცესიც რუტინული ხდება, თანაც შესაძლებელია ერთხელ მომზადებული სამუშაო ფურცლების ლამინირება და სხვა ჯგუფთან გამოყენება. ასევე დასაფიქრებელია, რომ გაჩერებებით სწავლებისას შეუძლებელია პირდაპირი კონტროლი, მასწავლებელი (ფრთხილად) ეხმარება იქ, სადაც ამის საჭირობას ხედავს, ან როცა მოსწავლეები სთხოვენ.

დაბოლოს, მინდა ავღნიშნო, რომ გაჩერებებით სწავლა, მიუხედავად არაერთი უპირატესობისა, არ არის უცხოური ენის სწავლების საუკეთესო და შეუცვლელი მეთოდი, თუმცა უდავოდაა იმ მეთოდთაგანი, რომლებსაც უცხო ენის გაკვეთილზე მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს.

 

აქვე შემოგთავაზებთ კითხვებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა გაჩერებებით სწავლის მომზადებისას.

  • გამოსადეგია თუ არა ჩემ მიერ შერჩეული თემა გაჩერებებზე სამუშაოდ?
  • საკლასო ოთახი სათანადო ზომისაა თუ სხვა (უფრო მოზრდილი) შევარჩიო?
  • რამდენად გასაგებად და ნათლად არის სტრუქტურირებული ჩემ მიერ დაგეგმილი პროცესი? საჭიროა თუ არა განსაკუთრებული მითითებების მიცემა, მაგალითად, გაკვეთილის დაწყებისას?
  • ნაცნობია თუ არა ჩემი მოწაფეებისთვის მუშაობის წესები?
  • ნათელია თუ არა სწავლის მიზნები? მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რას რისთვის აკეთებენ.
  • საკმარისია თუ არა სამუშაო მასალა თითოეულ გაჩერებისთვის?
  • მრავალფეროვანია თუ არა გაჩერებებზე გამოყენებული მეთოდები?
  • იციან თუ არა მოსწავლეებმა, რა სახის დავალება უნდა შეასრულონ, ანუ რამდენად ნათლად არის აღწერილი დავალებები და შეფასების კრიტერიუმები?
  • რამდენად შეესაბამება დავალებები მოსწავლეთა ასაკსა და ენობრივ დონეს?
  • საკმარისია თუ არა დავალებების დასამმუშავებლად განსაზღვრული დრო?
  • შესაძლებელია თუ არა მოსწავლეთა იდეების გათვალისწინება გაჩერებების მოწყობის დროს?
  • გათვალისწინებულია თუ არა მოსწავლეთა განსხვავებული უნარები და შესაძლებლობები ანუ შიდა დიფერენცირების პრინციპი?
  • გათვალისწინებულია თუ არა დავალებების მომზადებისას სწავლის განსხვავებული ტიპები, რათა ყოველ მოსწავლეს ჰქონდეს წარმატების შეგრძნება?
  • იძლევა თუ არა ჩემ მიერ დაგეგმილი პროცესი მრავალმხრივი სწავლების საშუალებას?
  • საკმარისია თუ არა დამხმარე მასალა (ლექსიკონები, დამატებითი მასალა, პასუხების ფურცლები…) საინფორმაციო გაჩერებაზე?
  • საკმარისია თუ არა საბოლოო პრეზენტაციისთვის გამოყოფილი დრო?
  • რამდენად შეესაბამება საბოლოო პრეზენტაციის სახე მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნამუშევრებს?

სიტუაციის ანალიზის მეთოდი (Case-study) და მისი უპირატესობანი

0

სიტუაციის ანალიზი (Case-study) პედაგოგიური ტექნოლოგიაა, რომელიც ეფუძნება მოდელირებული ან რეალური სიტუაციის გამოყენებას მისი ანალიზის, პრობლემის გამოვლენის, მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიებისა და ოპტიმალური გადაჭრის მიზნით.

სიტუაციური ანალიზი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, შეისწავლონ, გაიაზრონ რთული და ემოციურად მგრძნობიარე საკითხები მათთვის უსაფრთხო საკლასო გარემოში და ამ გზით მიღებული „მშვიდობიანი“ გამოცდილებით მოემზადონ რეალური ცხოვრებისათვის, რომელშიც ანალოგიურ სიტუაციებს ახლავს საფრთხეები, რისკები და შფოთვა მცდარი გადაწყვეტილების არასასურველი შედეგების გამო.

ეს არის ეფექტური მეთოდი სასწავლო-სააზროვნო უნარების განსავითარებლად. საზოგადოდ, ეს მეთოდი მორგებულია პრობლემაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს.

რა არის სიტუაცია, სიტუაციური ამოცანა? ის რეალობის შესატყვისი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებისა და მოვლენების, განსჯებისა და პერსონაჟთა იმედების ერთობლიობაა; ამ სიტუაციაში იკვეთება პრობლემა, რომელიც მოითხოვს გადაჭრას ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების გზით.

ამ მეთოდის გამოყენების დროს სასწავლო პროცესი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდეს ყველა მოსწავლე. ეს ფორმატი ყველას მისცემს შესაძლებლობას, გაიგოს და მოახდინოს რეფლექსია იმის შესახებ, რაც იცის და რასაც ფიქრობს. მოსწავლეები ერთობლივად მოქმედებენ სასწავლო მასალის შეცნობა-ათვისებისთვის. პროცესში თითოეულს შეაქვს თავისი ინდივიდუალური წვლილი, ხდება ცოდნის, იდეების, უნარების გაცვლა-გაზიარება. ამასთან, ეს ხდება კეთილგანწყობისა და ურთიერთმხარდაჭერის გარემოში, რაც მარტო ახალი ცოდნის მიღებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ავითარებს თავად აზროვნებით უნარებს, გადაჰყავს ისინი კოოპერაციისა და თანამშრომლობის უფრო მაღალ ფორმებში.

მოსწავლეთა მიზანია, სიტუაციის, ეგრეთ წოდებული ქეისის, ანალიზი, გადაწყვეტილების მიგნება, რომელიც ემყარება მანამდე ათვისებულ თეორიულ მასალას.

ამ მეთოდის გამოყენებასაც, როგორც ნებისმიერ პედაგოგიურ აქტივობას, აქვს თავისი ეტაპები, რომელთა სწორი და გააზრებული გათვალისწინება განაპირობებს მეთოდის ეფექტურ შედეგს.

მომზადების ეტაპზე აუცილებელია:

  • ყურადღებით გავეცნოთ სიტუაციას და შევეცადოთ წარმოვიდგინოთ კლასისა და თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები და პოტენციალი ამ სიტუაციის განხილვისას;
  • განვსაზღვროთ სიტუაციის გადაწყვეტისთვის დროის ფაქტორის მნიშვნელობა;
  • განვსაზღვროთ მოქმედებათა რიგითობა ან დახმარების თანმიმდევრობა;
  • მოვინიშნოთ ხერხები, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია;
  • გადავწყვიტოთ, რა ინსტრუმენტებია საჭირო კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად, როგორია მათი ოპტიმალური ან მინიმალური ოდენობა და რით შეიძლება მათი ჩანაცვლება უქონლობის შემთხვევაში;
  • შევარჩიოთ და დავასაბუთოთ გადაწყვეტის რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე ოპტიმალური.

ქეისის მოსამზადებლად პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს საკითხების მთელი წყება, რადგან ქეისის სწორად მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს მეთოდის ეფექტური გამოყენებისთვის და სასურველი შედეგის მისაღებად.

უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ ქეისის შექმნის მიზანი, რომელიც აუცილებლად უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტით მისაღწევი შედეგებისგან. მაგალითად, ავიღოთ სამოქალაქო განათლების სტანდარტით განსაზღვრული კონკრეტული მიზანი: მოქ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში. ამ მიზანს კარგად უნდა შეესატყვისებოდეს ის სიტუაცია, რომელსაც შევთავაზებთ მოსწავლეებს განსჯისათვის. თანაც მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ, რა ცოდნის, უნარ-ჩვევების, დამოკიდებულებების განვითარებას ვისახავთ მიზნად და ქეისზე მუშაობის რომელ ეტაპზე გვაქვს თითოეული ამ უნარის განვითარების მოლოდინი, რა ხერხებს გამოვიყენებთ ამ მიზნის მისაღწევად და როგორ შევაფასებთ შედეგს.

წინასწარ მოვიძიოთ ინფორმაციის წყაროები ქეისისთვის. მოცემული მაგალითისთვისაც და ნებისმიერ შემთხვევაშიც შეიძლება გამოვიყენოთ ინტერნეტში საკვანძო სიტყვებით მოძიების ხერხი, ბეჭდური გამოცემების, საჟურნალო სტატიების, საგაზეთო პუბლიკაციების, სტატისტიკური ანგარიშების კატალოგთა ანალიზი. რომელიმე აქციის შესახებ მასალების მოძიება – გარემოსდაცვითი იქნება ის, ადამიანის უფლებების დამსაცავი თუ სხვა – შესაძლებელია ამ წყაროებში, თუმცა ჩვენი საგანმანათლებლო მიზნებისთვის მოსარგებად შეგვიძლია ინფორმაციის დამუშავება, გამარტივება ან გართულება, მასში ახალი კომპონენტების შეტანა და ასე შემდეგ.

შევკრიბოთ და შევავსოთ ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის – ნაცნობებისგან, რომლებიც ამ კუთხით კარგად არიან გათვითცნობიერებულები.

მოვამზადოთ ქეისის მასალების წარდგენის პირველი ვარიანტი. ეს ეტაპი მოიცავს მაკეტირებას, მასალის კომპონენტებად გამოყოფას, პრეზენტაციის ფორმის განსაზღვრას (ვიდეოს ფორმით, ბეჭდური ფორმით…).

სასურველია, წინასწარი ვარიანტი განვიხილოთ კოლეგების რაც შეიძლება ფართო აუდიტორიასთან, მივიღოთ რჩევები მათგან. ეს აუცილებელია, სანამ მის აპრობაციას მოვახდენდეთ. ამ გზით შეიძლება, მნიშვნელოვნად სრულვყოთ და გავაუმჯობესოთ ქეისი.

შემდეგ მოვამზადოთ ქეისზე მუშაობის მეთოდური რეკომენდაციები. დავამუშაოთ დავალება მოსწავლეებისთვის, სავარაუდო კითხვები დისკუსიის წარმართვისა და ქეისის წარდგენისათვის. კარგი იქნება, მომზადებული გვქონდეს ქეისის განხილვის სავარაუდო სცენარი მასწავლებლისა და მოსწავლეების მოსალოდნელ მოქმედებათა გათვალისწინებით.

ამ მეთოდის არსებითი განსაკუთრებულობა ის არის, რომ პრობლემური სიტუაცია რეალურ ფაქტებს, რეალურ ცხოვრებას ეფუძნება.

იმისთვის, რომ სიტუაციურ ამოცანაზე დაფუძნებული სამუშაო პროცესი ეფექტური იყოს, მნიშვნელოვანია ორი მომენტი: კარგი ქეისი და კარგად შერჩეული მეთოდიკა მის სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად. ქეისი მხოლოდ სიტუაციის ზუსტი აღწერა არ არის – ეს ერთიანი ინფორმაციული კომპლექსია, რომელიც სიტუაციაში წვდომის, მისი გაგების საშუალებას იძლევა. ამასთან, ის უნდა შეიცავდეს კითხვათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბიძგს დასმული პრობლემის გადასაჭრელად.

ქეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შეესაბამებოდეს მკაფიოდ განსაზღვრულ მიზანს;
  • ჰქონდეს სირთულის შესატყვისი (მოსწავლეთა ასაკისა და ცოდნის შესაბამისი) დონე;
  • წარმოაჩენდეს თემის რამდენიმე ასპექტს;
  • აქტუალური იყოს მოცემული მომენტისათვის;
  • ასახავდეს ტიპურ სიტუაციას წარმოდგენილ სფეროში;
  • ავითარებდეს ანალიტიკურ აზროვნებას;
  • განაპირობებდეს დისკუსიის პროვოცირებას;
  • ჰქონდეს რამდენიმე გადაწყვეტა;
  • განაპირობებდეს საგანთაშორისი კავშირების გამოყენებას.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არსებობს „ცოცხალი“ და „მკვდარი“ ქეისები. „მკვდარ“ ქეისად მიჩნეულია სიტუაცია, რომელშიც ანალიზისთვის საჭირო ყოველგვარი ინფორმაცია ზედმიწევნით სრულყოფილადაა მოცემული. მის გასაცოცხლებლად აუცილებელია მოდიფიცირება ისე, რომ მოსწავლეს ანალიზისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისკენ უბიძგოს. ასეთი მიდგომა იძლევა ქეისის განვითარებისა და აქტუალობის შენარჩუნების საშუალებას.

აღიარებულია ქეისზე მუშაობის სამი შესაძლო სტრატეგია:

  1. მასწავლებელი კლასს აძლევს გადაწყვეტის „გასაღებს“ დამატებითი კითხვების ან დამატებითი ინფორმაციის ფორმით.
  2. განსაზღვრულ მომენტში მასწავლებელი თავად ერევა მსჯელობაში, ან გადაწყვეტილების მიღებაში.
  3. მასწავლებელი არ ერევა პროცესში, მდუმარედ აკვირდება, სანამ მოსწავლეები პრობლემაზე მუშაობენ. უკვე სიტუაციის განხილვისას მასწავლებელს შეუძლია მოირგოს აქტიური ან პასიური როლი. ხადახან ის „დირიჟორობს“ განხილვას, ხანდახან დისკუსიის შედეგების შეჯამებით შემოიფარგლება. როცა პედაგოგი ამჩნევს მტკიცებულებათა საინტერესო ხაზს, შეუძლია, მხარი დაუჭიროს ამ ხაზს ან სულაც მოითხოვოს, რომ ეს მიდგომა გახდეს პრიორიტეტული და სხვა, არაარსებითი მოსაზრებები ჩამოაცილოს სადისკუსიო ველს.

ამ მეთოდით მუშაობისას კლასის ორგანიზების ფორმად გამოიყენება წყვილებად ან ჯგუფებად მუშაობა.

ქეისზე მუშაობის ტექნოლოგია სასწავლო პროცესში მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) მოსწავლეთა ინდივიდუალური, დამოუკიდებელი მუშაობა ქეისის მასალებზე (პრობლემის იდენტიფიცირება, საკვანძო ალტერნატივების ჩამოყალიბება, წინადადების ჩამოყალიბება გადაწყვეტის გზის ან რეკომენდებული მოქმედების შესახებ);

ბ) მუშაობა მცირე ჯგუფებად საკვანძო პრობლემის ხედვისა და მისი გადაწყვეტის გზების შესახებ ინდივიდუალური მოსაზრებების შეჯერება–შეთანხმებისთვის;

გ) მცირე ჯგუფების შედეგების პრეზენტაცია და ექსპერტიზა საერთო დისკუსიაში.

სიტუაციის ანალიზის დროსაც, ისევე როგორც სხვა ინტერტერაქტიური მეთოდების გამოყენების დროს, მოსწავლე პროცესის სრულუფლებიანი მონაწილე ხდება და სწორედ მისი გამოცდილება იქცევა სასწავლო-შემეცნებითი პროცესის საფუძვლად. მასწავლებელი მზა ცოდნას კი არ აწვდის მოსწავლეს, არამედ აღვიძებს მასში დამოუკიდებელი ძიების სურვილს, უნარს. ტრადიციული ფორმებისგან განსხვავებით, ინტერაქტიული სწავლებისას მასწავლებელი თმობს აქტიურ პოზიციას მოსწავლეების სასარგებლოდ. ინტერაქტიული მეთოდები ვერ ცვლის ლექციურ მეთოდს, მაგრამ ხელს უწყობს თეორიის უკეთ ათვისებას და, რაც მთავარია, ავითარებს ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის, ცოდნის ტრანსფერის, შემოქმედებით უნარებს.

დისკრიმინაცია და სამართალი

0

„თქვენი ბავშვი ძალიან ხმაურობს, ჩადით ავტობუსიდან!“

„გააჩეროს ამ ბავშვმა ფეხები, ნუ ჩამინგრია იატაკი! გამისკდა თავი, ახლავე ჩადით „მარშუტკიდან“!

ეს ფრაზები საქართველოში მცხოვრებ აუტიზმის მქონე ბავშვების არაერთ მშობელს მოუსმენია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისგან. და ისინი, დედები, თავჩაქინდრული, დარცხვენილი, ცრემლიანი, ტოვებენ მგზავრობისათვის ერთადერთ ხელმისაწვდომ საშუალებას და ფეხით აგრძელებენ გზას ან უფრო მომთმენი მძღოლის იმედად სხვა ტრანსპორტში ადიან. ამ დროს შესაძლოა ბავშვისთვის აუცილებელ გაკვეთილზე მიდიან ან გადაუდებელ საქმეზე მიიჩქარიან შვილთან ერთად, რომელიც ვერავის დაუტოვეს. მასწავლებელიც ხომ დღენიადაგ იმას ითხოვს, რომ ბავშვმა დღის მხოლოდ ნახევარი გაატაროს ბაღში/სკოლაში, რადგან ძალიან ცელქია. იყო შემთხვევა, როდესაც სამარშუტო ტაქსიდან იძულებით ჩამოსულ შშმ ბავშვს სტრესის ნიადაგზე ქუჩაში გულყრა განუვითარდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა დედები საქართველოში, როგორც წესი, უმუშევრები არიან და მეურვეობისათვის ე. წ. „მხარდამჭერი“ არანაირ ანაზღაურებას არ იღებს სახელმწიფოსგან. ცოტა თუ ახერხებს ემოციების მოთოკვას, შეურაცხმყოფელ მძღოლს აცნობს ბავშვის მდომარეობას და მის უფლებებსაც შეახსენებს. მოკლედ რომ ვთქვათ, სამართლებრივი ენით ესაუბრება და სასამართლოში თუ არა, „უფროსობასთან“ ჩივილით ემუქრება. ისედაც გადატვირთული გრაფიკის მქონე მშობლის ძვირფასი დროის ხარჯვისა და დიდი მონდომების შედეგად, შესაძლოა, მძღოლი „თვალის ახვევის მიზნით“ „სხვა ხაზზე“ გადაიყვანონ. ხშირად ისევ შეურაცხყოფილი, იურიდიული ტერმინით რომ ვთქვათ, დისკრიმინაციის მსხვერპლი ვერ იმეტებს ოჯახის ერთადერთ მარჩენალს უმუშევრობისთვის, სიღატაკისთვის. ან მას სწორედ ის „უფროსობა“ დაანამუსებს, რომელთანაც საჩივლელად მივიდა.

დისკრიმინაციის ფაქტები საჯარო სივრცეში მრავლად გვხვდება, თუმცა ქართული სასამართლო პრაქტიკა მსგავს შემთხვევებზე თითქმის არ არსებობს. მახსენდება ეტლით მოსარგებლე გოგონას ორი წლის წინანდელი ღია წერილი ერთ-ერთი ავიაკომპანიის მიმართ, სადაც ის დაწვრილებით აღწერდა თვითმფრინავის ბორტზე ტექნიკური პრობლემების გამო მისი ხელით აყვანის შემთხვევას. ეტლიდან გადმოვარდნის საფრთხისა და კომპანიის თანამშრომლების არაეთიკური ფრაზის („ავადმყოფი მგზავრი“) გამო მან დიდი სტრესი მიიღო. გოგონა კომპანიას კომპენსაციას კი არ სთხოვდა, პირიქით, სთავაზობდა თანამშრომლობას, დახმარებას შშმ პირთა მომსახურების, მათ მიმართ დამოკიდებულებისა და ტერმინოლოგიის დახვეწის საქმეში.

2015 წლის მაისში, პილოტის ინიციატივით, სოლთ ლეიქ სითიში იძულებით დაჯდა თვითმფრინავი, რომელიც ჰიუსტონი-პორტლენდის რეისს ასრულებდა. მიზეზი 15 წლის აუტიზმის მქონე გოგონა იყო. ეკიპაჟმა მიიჩნია, რომ მისი ბორტზე გაჩერება სახიფათო იყო მგზავრებისთვის და გაუთვალისწინებელი დაფრენის შემდეგ, პოლიციის თანხლებით აიძულა მთელი ოჯახი თვითმფრინავი დაეტოვებინა. მგზავრთა დიდი ნაწილი გაოგნებული დარჩა ამ გადაწყვეტილებით, რადგან ცხელი საჭმლის მოსურნე, აღელვებული გოგონა მალე დამშვიდდა. მოგვიანებით არასრულწლოვანის დედა ითხოვდა არა ფინანსურ კომპენსაციას, არამედ ავიაკომპანიის თანამშრომელთა გადამზადებას აუტისტური სპექტრის მქონე მგზავრებთან ურთიერთობის კუთხით. საჩივარი სასამართლოში აუტიზმის ეროვნულმა საზოგადოებამ შეიტანა და კომპანიას მისი რეკომენდაციების შესრულება დაეკისრა. მეტიც, ძირითადი მითითებები ავიაკომპანიების თანამშრომელთა ზოგადი გადამზადების განუყოფელ ნაწილადაც იქცა.

ახლახან თბილისის საქალაქო სასამართლომაც გაიზიარა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია და დაადგინა დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ბინის მესაკუთრის მხრიდან, რომელმაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის ოჯახს უკანონოდ შეუწყვიტა ქირავნობის ხელშეკრულება. მოპასუხეს ასევე დაეკისრა შშმ ბავშვისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.

2015 წლის შემოდგომაზე დედა, სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი აუტისტური სპექტრის მქონეა, ბინის მესაკუთრის კატეგორიული მოთხოვნით, ღამის საათებში ქუჩაში აღმოჩნდა. ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხე ასახელებდა იმას, რომ აღარ სურდა „ავადმყოფი“ ბავშვის ყურება. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა იქონია შშმ ბავშვზე და მნიშვნელოვნად გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ასევე დაკმაყოფილდა სარჩელი ბათუმის დელფინარიუმის წინააღმდეგ, სადაც დელფინებთან 15 წუთიანი ინტერაქტივის ფასი შშმ ბავშვებისთვის მნიშვნელოვნად ძვირი იყო სტანდარტულ ფასთან შედარებით. სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა, ბათუმის დელფინარიუმმა კი სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულა – დისკრიმინაციული ფასი შეიცვალა და გათანაბრდა.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კვლავაც აუცილებელი და აქტუალურია. აუტიზმის მქონე პირები ხშირად უცნაურ ხმებს გამოსცემენ, თითქოს ყმუიან. ეს თვითმასტიმულირებელი ქცევაა ან სენსორული სურვილების დაკმაყოფილება (ანუ მათ ეს სიამოვნებთ). ისინი ირგვლივ მყოფებს საფრთხეს არ უქმნიან და უცნაური ქცევის გამო რიგითი მგზავრი ან პილოტი არ უნდა ფიქრობდეს, რომ 15 წლის გოგონა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობს, ფრენისას თვითმფრინავის კარს გააღებს.

მარტოობის ორი კვირა

0

აუცილებლად მოვა დრო, თანაც არაერთხელ, როცა ასე სამაგალითოდ და ასე  საგულდაგულოდ განსწავლულები, ასეთი უფროსები და სერიოზულები სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებით და ვიფიქრებთ, რომ არაფრის აზრზე არ ვართ.

ამ დროს არაფრის დიდებით არ მოვიხმობთ საუკეთესო მეგობრებს, ისინი ათას ხრიკს მოიგონებენ ჩვენს გასამხიარულებლად, ჩვენ კი გვირჩევნია, რომელიმე წიგნიდან ან ფილმიდან გამოგვძახონ და შეგვახსენონ, რომ ერთ დროს ისინი ჩვენზე სულელები და საკმაოდ უბედურებიც იყვნენ.

ერთი სიტყვით, ხანდახან ძალიან გვინდება საკუთარ მარტოობასა და სასოწარკვეთილებასთან დარჩენა და გარეთ არგამოსვლა, რადგან თუ საკუთარი თავი ცოტათი მაინც გეზარება, მაინცდამაინც მომხიბვლელად არც სხვებთან ყოველდღიური კონტაქტი გამოიყურება.

ადამიანების აკრძალვა და ჩვენი უჟმურობის მოშინაურება დაშვებულია, წელიწადში ერთხელ მაინც. სულ მცირე, ორი კვირით. და ამ ერთხელ აუცილებლად, მაქსიმალურად ცუდად უნდა იყოთ. ცუდად ყოფნა იწყება ასე:

აუქმებთ ფეისბუქს და ბლოკავთ ყოველგვარ შემომავალ ზარს. ტკბებით საკუთარი გაუჩინარებითა და უხილავობით. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გაინტერესებთ, როგორ ჩაიარა თქვენი მეგობრის პირველი წიგნის პრეზენტაციამ, არამც და არამც არ შეეცდებით ამის გარკვევას, თქვენ ხომ ცუდად ხართ.

ფიქრობთ ყველაზე, ვინც ოდესმე გული გატკინათ და არამც და არამც მათზე, ვისთან ყოფნაც გაბედნიერებთ. ეს ჩარაზული კარის გაღებას ნიშნავს. ხოლო როცა ცუდად ხართ, ფანჯრის გაღების უფლებაც არ გაქვთ. კლიტეები ამ დროს მნიშვნელოვანია. კლიშეებიც. რამე ყბადაღებული და გაცვეთილი ფრაზებით იფიქრეთ თქვენს სასოწარკვეთილებასა და ცუდად ყოფნაზე, ეს დაგეხმარებათ, სიღრმისეულად განადგურდეთ.

რაც შეეხება კვებას: თუ ზომიერად ფერხორციანი ბრძანდებით, ბევრი ჭამეთ და იფიქრეთ, რა საშინელებას სჩადით. უმოწყალოდ გასუქდით. გამხდრებს ორი ალტერნატივა გაქვთ: თუ უფრო მარტივად იკლებთ, ვიდრე იმატებთ, იშიმშილეთ. მათ კი, ვისაც წილად ბედნიერება ხვდა, სწრაფად აკრიფოს კილოგრამები, კვების გაძლიერებულ რეჟიმზე გადასვლას ვურჩევ. ძალიან მალე შედეგს იგრძნობთ, მაგრამ ეცადეთ, ის დაინახოთ კიდეც: ხშირად, ხანგრძლივად. ასე რომ, აქციეთ სარკე თქვენს საუკეთესო მეგობრად.

თქვენ იქნებით საკმარისად მსუქნები და საკმარისად გამხდრები იმისთვის, რომ თავი კიდევ უფრო უბედურად იგრძნოთ.

მოიწყეთ თქვენი საკუთარი აპოკალიფსი. გამოიხმეთ უიმედო, ტრაგიკული პერსონაჟები, მაგრამ არამც და არამც არ იტიროთ. ეს იქნება დიდი შეცდომა, რადგან მოსალოდნელია, გულზე მოგეშვათ. არ მოეშვათ, არ მოდუნდეთ, დადექით თქვენი ცუდად ყოფნის სადარაჯოზე. თუ გაგიმართლათ და მაკონდოს ამინდები დაგემთხვათ, ნამდვილად იღბლიანი ყოფილხართ, ვერ გადარჩებით. ამას დაუმატეთ მარკესი, რომლის კითხვაც რეკომენდირებულია ცუდად ყოფნისას. მზის ერთი სხივი ვერ აღწევს გენერლის ლაბირინთებში, ჭიანჭველები ჭამენ მარტოსულ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს, ოცდათორმეტჯერ დამარცხებულიყვნენ.

თანამიმდევრულად განადგურდით. უკეთესი იქნებოდა, მაინცდამაინც არც ჰიგიენისთვის მიგეხედათ: სისუფთავე ამ ქვეყნისკენ მოტრიალების საფრთხეს შეიცავს. თქვენი მთავარი ამოცანა კი უძრაობაა და არა- სურნელოვან აბაზანაში ნებივრობა. ნებივრობისთვის კი ახლა ნამდვილად არ გცალიათ.

ჰანეკეს უყურეთ. განსაკუთრებით ღამით და განსაკუთრებით მაშინ, როცა სამაგალითო ფორმაში არ ხართ და ამდენი მცდელობის მიუხედავად, ასეთი ბინძური, ასეთი მსუქანი ან ასე გამხდარი გარეთ სასწრაფოდ გავარდნის დაუძლეველ სურვილს ვერაფერს უხერხებთ. ნახეთ „მეშვიდე კონტინენტი“ და თუ ამის შემდეგაც ვერაფერი იგრძენით, საკმარისად ცუდად ვერ გახდით, ჩემი ყველა რჩევა ამაო ყოფილა: თქვენ ვერასოდეს შეძლებთ, იყოთ სამაგალითოდ და ბოლომდე ცუდად. თქვენ ვერაფრით ისიამოვნებთ პროცესით, რომელსაც საკუთარი თავის ბოლოს მოღება ჰქვია.

ამდენი მცდელობის შემდეგ თუ დარწმუნდებით, რომ სასოწარკვეთილებისთვის შექმნილი არ ხართ, სასწრაფოდ დაურეკეთ თქვენს მეგობარს და წვრილად გამოჰკითხეთ, როგორ ჩაიარა მისი პირველი წიგნის პრეზენტაციამ. დანარჩენი ჩემზე უკეთესად იცით, კარგად ყოფნა თქვენ ნამდვილად არ გესწავლებათ.

სალომე შენგელიძე

ერთი ტრენინგის გაკვეთილები

0

ჩვეულ ყოველდღიურობაში რაღაცის შეცვლა, ახლის გაგება, ახალი ადამიანების გაცნობა მინდოდა. ჰოდა, გამიმართლა – საინტერესო ტრენინგზე მოვხვდი.

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი სამწლიანი პროექტის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული განათლების ხელშეწყობას ემსახურება, საქართველოში უნივერსიტეტებისა და სკოლების წარმომადგენელთა ტრენინგი დაიგეგმა. ტრენინგი მიზნად ისახავდა, სკოლებსა და იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, მომზადდეს საფუძველი დემოკრატიული განათლების პრინციპების შემდგომი დანერგვისა და ხელშეწყობისათვის.

ტრენინგს მასპინძლობდა ნათია ნაცვლიშვილი, მასწავლებელთა ზოგადი კომპეტენციების განვითარების პროგრამის მენეჯერი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან. ჩვენი 30-კაციანი ჯგუფის ტრენერები იყვნენ არაჩვეულებრივი პოლონელი ქალბატონები მაჟენა რაფალსკა და ოლენა სტისლავსკა.

გეტყვით, რით იყვნენ გამორჩეული: სიმშვიდით, კეთილგანწყობით, ორგანიზებულობით, კორექტული, ფაქიზი და ზუსტი შენიშვნებით, თანაზიარობით, გულწრფელობით, ხალისით, გონივრული სტიმულის მომცემი რეკომენდაციებითა და მრავალი, მრავალი სხვა ღირსებით. მათი წყვილში მუშაობა შესაშურად სანიმუშო იყო. მათ შემყურეს ის გვემართებოდა (აქ ალბათ, ზმნის წარსულის წყვეტილი აჯობებს! სამუდამოდ დაგვემართა), რაც ინანიშვილის გერონტის დამართა სიფრიფანა მირანდუხტმა – ცუდობა რომ აღარ შეგიძლია და კარგობის გზას ადგახარ. ამ ორს ნათია ემატებოდა, რომელიც თავის საქმეს ისეთი მონდომებით და სიჯიუტით აკეთებს, რომ სხვა გზა არ გრჩება და თომას ჯეფერსონის „მოქალაქე ჯარისკაცი“ ხდები.

თავს აღარ შეგაწყენთ და ამ 10-დღიანი ტრენინგის რამდენიმე გამოცდილებას გაგიზიარებთ:

(1) ტრენინგის მონაწილეები ზრდასრულები ვიყავით. მრავალ საინტერესო საკითხთან ერთად ზრდასრულთა განათლების თავისებურებებზე ვისაუბრეთ. ამ საუბრისას ითქვა ის, რაზეც ბევრი მიფიქრია ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. თუ ზრდასრული საკუთარ თავს „სავსე ჭურჭლად“ მიიჩნევს, ეწინააღმდეგება სწავლას და თვლის, რომ უკვე ყველაფერი იცის, ძალიან ფრთხილად, სიყვარულით უნდა დაანახო, რომ აი, კიდევ აქვს ადგილი, სადაც ახალი „დაეტევა“. მათთან ურთიერთობა აუცილებლად ჰორიზონტალური უნდა იყოს. სხვაგვარად არ დაიჯერებენ, რომ მათი მტერი არ ხარ და მათთვის კარგი გინდა. სხვაგვარად უარს იტყვიან სწავლაზე;

(2)  ყურადღებას თავისი ხანგრძლივობა აქვს. როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს საკითხი, რაღაც დროის შემდეგ ვეღარ ისმენ, დასვენება ან გადართვა გჭირდება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გულისყურიანი მოსმენის ოპტიმალური ხანგრძლივობა 15–20 წუთია. ცხადია, ეს საშუალო ხანგრძლივობაა და ინდივიდუალური თავისებურებები აქაც თავის საქმეს აკეთებს;

(3) თანამედროვე გარემო სტრესულია. არ ვიცი, საუკუნეების ან თუნდაც, ათწლეულების წინ როგორი იყო, მაგრამ ახლა დიდსა თუ პატარას ძარღვები რომ აქვს დაჭიმული, ვხედავ. მე თუ მკითხავთ, სწავლა რომ შედეგიანი იყოს, სტრესისგან უნდა დავიცვათ. ისეთი დადებითი გარემო უნდა შევთავაზოთ ადამიანებს, სადაც ისინი თავისი სურვილით მოვლენ, ახალს გაიგებენ ან ძველს სხვა თვალით დაინახავენ, როგორც ლევან გიგინეიშვილი ამბობს – „თავის ფიქრს იფიქრებენ“ და განვითარების სიხარულით გაიხარებენ. არ მომწონს და არ ვაღიარებ სწავლის „ძირმწარობას“. როცა ამაზე ვფიქრობ, ჩემი ბიჭის ფეხის ადგმა მახსენდება. ძლივს დგამდა ნაბიჯს, ეცემოდა, სტკიოდა, მაგრამ ხალისიანად და ჯიუტად აგრძელებდა – თვითონ იქმნიდა სასურველ და ხელშემწყობ გარემოსა და დამოკიდებულებას. განვითარების კოდი ყველა ადამიანშია ჩადებული. მთავარია, ჩვენი არასწორი მცდელობით არ გავაფუჭოთ თავისთავადი მოცემულობა;

(4) ჩვენი ტრენინგის ათივე დღე კეთებით სწავლის კარგი გამოცდილება იყო – „მესმის და ვივიწყებ. ვხედავ და ვიმახსოვრებ. ვაკეთებ და ვგებულობ“. კეთებით სწავლისათვის რესურსების ორგანიზება ბევრად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა უკუგება ყველაფერს ამართლებს და ჯილდო თვალებგაბრწყინებული მსმენელია.

დაბოლოს, იმედია, ტრენინგის „ჯგუფელები“ არ მიწყენენ, თუკი მათ შემოთავაზებულ გამამხნევებელ თამაშებსა და დაჯგუფების წესებს გაგიზიარებთ.

 

გამამხნევებელი თამაშები

ნოტები

ფეხზე მდგომი მონაწილეები თანმიმდევრობით ასახელებენ ნოტებს „დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი“. შემდეგ ასახელებენ სიტყვას, რომელშიც რომელიმე ნოტია (ნებისმიერ ადგილზე – სიტყვის დასაწყისში, შუაში, ან ბოლოში) და ცდილობენ განასახიერონ.

ციყვი, სახლი, ქარიშხალი

წრეში მდგომი მონაწილეები თამაშს იწყებენ ინსტრუქციის მიხედვით: ჯგუფდებიან სამეულებად. ერთი მონაწილე არის ციყვი, რომელსაც აქეთ-იქიდან გვერდში ამოუდგება ორი სხვა მონაწილე. ეს ორი ხელჩაკიდებული ციყვის თავს ზემოთ სამკუთხედს (სახლის სახურავი) ქმნის და ციყვს სახლში იფარებს. ერთი მოსწავლე ან მასწავლებელი არის „გამომცხადებელი“.

სიტყვაზე „ციყვი“, ციყვები სახლებიდან გამორბიან და ახალ სახლს ეძებენ.

სიტყვაზე „სახლი“, სახლები „დარბიან“ და ციყვს ეძებენ.

სიტყვაზე „ქარიშხალი“, სახლები იშლება, ციყვები დარბიან და ერთმანეთს ეძებენ სახლები და ციყვები.

თამაშიდან გადის უსახლოდ დარჩენილი ციყვი, ან სახლის ერთ–ერთი ნაწილი, რომელიც ვერ მოძებნის შესაბამის ორ წევრს.

მე ვარ…

მონაწილეები წრეში დგანან. ერთ-ერთი მათგანი იწყებს საკუთარი თავის წარდგენას ერთი დამახასიათებელი ნიშნით: „მე ვარ ქეთი და ვარ ცნობისმოყვარე“. მეორე აგრძელებს: „შენ არა მარტო ცნობისმოყვარე ხარ, არამედ მშვენიერიც“, იქვე ამატებს საკუთარ თავზე ინფორმაციასაც: „მე ვარ გიორგი და ვარ მაღალი“. ამ გზით მონაწილეები ეცნობიან და ახასიათებენ ერთმანეთს.

რიცხვები

მონაწილეები გაითვლიან ხმამაღლა. ის მონაწილე, რომელსაც რიგით შეხვდება 3, მისი ჯერადი, ან 3–ზე დამთავრებული რიცხვი, რიცხვის დაუსახელებლად, ამბობს „ჰოპ“-ს და ახტება. ვისაც შეეშლება, გადის თამაშიდან და წრე თანდათან პატარავდება.

ტყის ბინადრები

ყოველი მონაწილე ასახელებს და ასახიერებს ტყის ერთ ბინადარს, სხვები იმეორებენ. ეს აქტივობა შესაძლებელია ფეხზე ადგომითაც მერხის გვერდით ან ოთახის თავისუფალ სივრცეში. მაგალითად, მონაწილეები ასახიერებენ ჭიანჭველის ცოცვას პაწაწინა ნაბიჯებით, კურდღლის ხტუნვას ხელების ყურებთან მიტანითა და ადგილზე ხტუნვით, დათვის ბაჯ-ბაჯს ადგილზე დათვისებური მოძრაობით და ა.შ.

ვინ უფრო სხარტია

წრეში მდგომი მონაწილეები ირჩევენ საგანთა რომელიმე ჯგუფს, მაგალითად, ავეჯი, ხილი, ბოსტნეული, და ა.შ. ერთ-ერთი მონაწილე მეორეს გადაუგდებს ბურთს და ასახელებს საგანს არჩეული ჯგუფიდან. მეორე მონაწილე იჭერს. ამბობს იმავე ჯგუფიდან სხვა სიტყვას და გადაუგდებს მესამე მონაწილეს და ა.შ. თამაშიდან გადის ის, ვინც ვერ ასახელებს საჭირო სიტყვას.

ფერები

მონაწილეები წრეში დგანან. ერთ-ერთი მათგანი ან მასწავლებელი ასახელებს სამ ფერს: წითელი, ყვითელი, მწვანე. წითელზე მონაწილეები მარჯვნივ ბრუნდებიან და ტაშს უკრავენ, ყვითელზე – მარცხნივ და კვლავ ტაშს უკრავენ, ხოლო მწვანეზე – ჩაიმუხლებიან და ტაშს უკრავენ.

დაჯგუფების წესები

ნოტები

თანმიმდევრობით ასახელებენ ნოტებს „დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი“ ჯგუფდებიან ნოტების სახელწოდებების მიხედვით – „დო“-ები ერთად, „რე“-ები ერთად და ა.შ.

კერძები

ცელოფნის პარკში ან პატარა ყუთში ყრია გაკეცილი ბარათები რამდენიმე ცნობილი კერძის დასახელებით. მონაწილეები იღებენ, კითხულობენ ბარათს და ჯგუფდებიან კერძის სახელწოდების მიხედვით.

დაჯგუფების ამ ფორმის სახეცვლილი ვარიანტებია: ა) გაკეცილი ბარათები სხვადასხვა ბოსტნეულის, ხილის, ავეჯის და ა.შ. დასახელებით.  ბ) ქაღალდის ბატიბუტი სხვადასხვა ფერის ქაღალდებით.

რიცხვები

მონაწილეები გაითვლიან ორობით, სამობით, ოთხობით, ხუთობით, იმის მიხედვით რამდენკაციანი ჯგუფების შექმნა გვსურს.

შემდეგ ერთად ჯგუფდებიან ორები, სამები, ოთხები და ა.შ. დაჯგუფების ამ ფორმის სახეცვლილი ვარიანტია ფერების გამოყენება.

ვისვენებ

0

მარტის ბოლოს სამსახურიდან წამოვედი. სამსახურიდან, რომელშიც თითქმის ხუთი წელი გავატარე. თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად ვმუშაობდი. “საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი” –  ღმერთო, როგორ მძულს ეს სიტყვები. თუმცა, სიტყვა “პიარშიკი” უფრო მეჯავრება. გარდა იმისა, რომ “პიარშიკს” რუსული კუდი აქვს, ის სხვა, რუსულსავე სიტყვას მაგონებს, რომელიც კანზე ამოსულ არასასურველ სტუმარს აღნიშნავს. არა, იმას კი არ ვამბობ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯრების ღვაწლს კი არ ვაკნინებ, ღმერთო კი მომკალი. უბრალოდ, თავად დასახელებაა რაღაცნაირად ფრონცკი და სირისტიანი – “საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი”.

მოკლედ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვიყავი. რაღაცების წერა, რაღაცების მოფიქრება, რაღაცების დაგეგმვა და რაღაცების აღსრულება მევალებოდა. ძირითადად კი აბიტურიენტებთან ლაპარაკი (საქართველოში ეს მათ მშობლებთან ლაპარაკსაც გულისხმობს. უმეტესად  კი მშობლებთან უფრო, ვიდრე შვილებთან). ნუ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლაპარაკში ხელფასს არავინ მოგცემს, ამ ლაპარაკს შედეგი უნდა გამოეღო, სასურველია – დადებითი შედეგი. სიმართლე ითქვას, აბიტურიენტის დარწმუნება არც ისე რთული საქმეა. მითუმეტეს მაშინ, თუკი მას სიმართლეს ეუბნები. მარტიავია: არწმუნებ, რომ ეს უნივერსიტეტი საუკეთესოა და ამის შენ თვითონაც გჯერა. მე მჯეროდა და მეეჭვება, რომ როდესმე ეჭვი შევიტანო ამ უნივერსიტეტების პირველობაში. თავდაჯერებას ერთ-ორ ამაღელვებელ ფრაზას დაუმატებ, შთამაგონებელი პერსონაჟების მონოლოგებს შეჭრი-შემოჭრი, გადაასხვაფერებ, გაიხსენებ ფილმს “მვდარი პოეტების საზოგადოება”, მოსწავლეს თვალებში ჩახედავ, მისსავე ოცნებებს გაახსენებ, მათი ასრულებისკენ შეუღიტინებ და ეგაა – იოლად შესასრულებელი მისიაა მე თუ მკითხავთ.

ამ საქმის დაწყებიდან ოთხი წლისა და რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან დავიღალე და სამსახურში ყოველდღიური მისვლა, ყველა ის საქმე, რომელსაც ავად თუ კარგად ვაკეთებ, ინსტიქტების დონემდეა დაქვეითებული – რომ გამაღვიძო, ანუ მორფევსს ჩემი თავი უცაბედად გამოსტაცო ხელიდან, პრეზენტაციას მაინც ჩავატარებ, თან ისე, რომ ერთი სიტყვა არ შემეშლება, არც მისაღები აბიტურიენტების რაოდენობას ავურევ, არც გრანტების ოდენობას, კონკურსების თარიღებსაც სწორად ვიტყვი და კლუბების დასახელელბებსაც. და, რაც ყველაზე ცუდია, ამის კეთებისას ნერვიც არ შემერხევა. მერე კი, მომენტალურად დავიძინებ.

ავდექი და წამოვედი.

“საით გადადიხარ?” – წამოვიდა ამ შინაარსის შეკითხვების მდინარე, ზღვა, ოკეანე.

“რამე უკეთესი გამოჩნდა?” – მიაბამენ შეკითხვას ისე, რომ წინა კითხვაზე პასუხს არ ელოდებიან.

“ხო, აბა რა იქნება, უარესში ხომ არ წახვიდოდი” – თავადვე პასუხობენ საკუთარ შეკითხვას.

“თუ საიდუმლო არ არის (ამ დროს ოდნავ იღომიან და თვალებს დაბლა ხრიან), ხომ ხვდები… ხელფასი მეტია?”

მე კი ვპასუხობდი: “არსად არ წავსულვარ, უფრო სწორად სახლში მივდივარ, შევარდნაძისავით. ერთხანს დასვენებას ვაპირებ. უკეთესი არაფერი მიპოვნია. არც მიძებნია სიმართლე გითხრათ. რაც შეეხება ხელფასს, რაზე მეტი? განა თქვენ იცით რამდენს მიხდიდნენ წინა სამსახურში?”. და ასე, და ასე.

სამსახურიდან წამოსვლა ერთიათად ხალისდება, როცა იხსენებ რამდენი რამე გაქვს გადასამეორებელი (ზოგიერთი კი მეასედ სანახავი ან წასაკითხი):

“ვარკსვლავური ომები”

“ინდიანა ჯონსი”

“უკან მომავალში”

“ჰარი პოტერი”

“ბეჭდების მბრძანებელი”

ჯეკ ნიკოლსონის ფილმოგრაფია.

მარკესის ბიბლიოგრაფია.

სამი-ოთხი შეთვალიერებული და დაბევებული ახალი წიგნი.

ჟიულ ვერნის შენთვის საყვარელი წიგნები…

და, ასე უსასრულოდ.

ორ თვეს მეძინა. როცა ვიღვიძებდი ან ფილმს ვუყურებდი ან ვკითხულობდი. მესამე თვის დასასწყისში კი მივხვდი, რომ ყველაზე მეტად უსაქმურობამ დამღალა და ის-ის იყო დეპრესიისკენ უნდა მექნა პირი, რომ მყუდროება დამირღვიეს.

დასვენება სკოლისდროინდელი არდადეგებივით დასრულდა. ხვალ ახალ სამსახურში პირველი სამუშაო დღე მაქვს და ისე ვცქმუტავ, როგორც 31 აგვისტოს, როცა საპირველსექტემბროდ უკვე ნაყიდი მქონდა ახალი ტანსაცმელი და სულიმწარედ ველოდი გათენებას. ახალი ტანსაცმელი არ მიყიდია, მაგრამ გრძნობები კი არ იცვლება.

ვნახოთ, რა იქნება.

რა შეიძლება ეშველოს საფრანგეთის სასკოლო სისტემას – ათი შესაძლო გამოსავალი

0

რა შეიძლება ეშველოს საფრანგეთის სასკოლო სისტემას

 

ათი შესაძლო გამოსავალი

ავტორი: პიტერ გამბელი

ეს სტატია საფრანგეთის თანამედროვე სასკოლო სისტემის პრობლემებს ეხება. ბრიტანელი ჟურნალისტი პიტერ გამბელი (Peter Gumbel), რომელიც დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და ფრანგული განათლების საკითხებზე წერს, შესაძლოა ზედმეტად კრიტიკული მოგეჩვენოთ. ზოგი მკითხველი მის სტატიებში ანგლოსაქსონურ ქედმაღლობასაც ხედავს და ავტორს ურჩევს, ინგლისზე ან ავსტრალიაზე წეროს.

ამავე დროს, პიტერ გამბელის კრიტიკული სტატიები საფრანგეთში ძალიან პოპულარულია, რადგან ბრიტანელი ჟურნალისტი ფრანგული რევერანსების გარეშე, მწარე ენითა და ბრიტანული პირდაპირობით ააშკარავებს საფრანგეთის სკოლების „ბნელ“ მხარეებს და თავისი კონსტრუქციული კრიტიკით ხელს უწყობს გზების ძიებას განათლების სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად.

თუმცა საკითხები, რომლებსაც გამბელი ამ სტატიაში ეხება, შეიძლება ითქვას, უნივერსალურია ყველა ქვეყნისა და სასკოლო სისტემისთვის და ავტორის ცოტა უხეშ სტილს შეიძლება დიდი ყურადღება არ მივაქციოთ. ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, „შიგნიდან“ დაინახოს საფრანგეთის სასკოლო სისტემის პრობლემები და შეადაროს ისინი ჩვენს სასკოლო დღევანდელობას.

ეს სტატია სწორედ ამიტომ შევარჩიე. ფრანგული სკოლების პრობლემების გაცნობა შესაძლოა დაგვეხმაროს საქართველოს სასკოლო განათლების სუსტი მხარეების დანახვასა და პრობლემათა მიზეზების გააზრებაში. ამ კუთხით ბატონი გამბელის ბრიტანული სარკაზმი შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს ქართული სასკოლო სისტემის „დაავადებების“ დიაგნოსტირებისთვის.

მთარგმნელი

 

ფრანგული სკოლა, ოდესღაც – ერის სიამაყე, ღრმა კრიზისშია.

დღეს, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ოთხიდან ერთი ფრანგი მოსწავლე ვერ ასრულებს სასკოლო კურსს და სკოლას ტოვებს, ხოლო იმ მოსწავლეთა რაოდენობამ, რომლებიც გაჭირვებით ითვისებენ (ან ვერ ითვისებენ) კითხვის, წერისა და მათემატიკის საბაზო უნარებს, ბოლო 15 წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა.

ამავე დროს, გაიზარდა სოციალური უთანასწორობა და უფსკრული მდიდარი და ღარიბი ოჯახების ბავშვების მოსწრებას შორის ახლა უფრო ღრმაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მოსწრებაში განსხვავება უფრო დიდია, ვიდრე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ან აშშ-ში.

საფრანგეთში დიდი ამბავია ატეხილი ამის გამო – ყველა უთანასწორობასა და მოსწრების საშინელ მაჩვენებლებზე გაჰყვირის, ცდილობენ, შეაკეთონ სასკოლო სისტემა, თუმცა ეს უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რეფორმირების მცდელობამ შესაძლოა პოლიტიკური შტორმი გამოიწვიოს, ხოლო ზომიერი ცვლილებები ვერაფრით უმკლავდება დაღმასვლას.

გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას, რომლებმაც შესაძლოა შეაჩეროს სისტემის ვარდნა.

  1. ვასწავლოთ მასწავლებლებს, როგორ ასწავლონ ბავშვებს

ეს მოსაზრება შესაძლოა რაციონალური ჩანდეს, მაგრამ ფრანგები ასეთ მიდგომას ვერ ეგუებიან. ფრანგ მასწავლებლებს საგნის ცოდნის ხარისხის მიხედვით არჩევენ, მაგრამ იმას, როგორები იქნებიან ისინი საკლასო ოთახში, ნაკლები ყურადღება ექცევა.

მასწავლებელთა სატრეინინგო კოლეჯებს ისეთი ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, რომ ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს ისინი დახურეს.

პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის დროს კოლეჯები ხელახლა გახსნეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როგორ ასრულებენ ისინი თავიანთ ფუნქციას. არაერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, მასწავლებლებს საფრანგეთში არ ასწავლიან სხვადასხვა შესაძლებლობის კლასების მართვას. მათ საერთოდ არ ასწავლიან იმ ბავშვების იდენტიფიკაციას და დახმარებას, რომლებსაც სწავლის პრობლემები აქვთ.

თუ საფრანგეთის სკოლების კრიზისის დაძლევაზე ვისაუბრებთ, კარგი იქნება, დასაწყისისთვის მასწავლებლებს საკლასო ოთახში შესვლამდე რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება მივცეთ.

  1. შევაჩეროთ ბავშვებისადმი უმოწყალო დამოკიდებულება

უცხოელებისთვის საფრანგეთის სასკოლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი თავისებურება აქ გამეფებული აშკარა უხეშობაა. დაწყებითი სკოლა ის ადგილია, სადაც პატარებს გამართულად ჯდომას და „მოკეტვას“ „ასწავლიან“. იქვე კრეატიულობას ბღვერით უყურებენ, შეცდომის დაშვება კი დღემდე უპატიებელ ცოდვად ითვლება. პოზიტიური მხარდაჭერა – როდესაც სჯერათ, რომ ბავშვები უკეთ ისწავლიან, თუ მათ წახალისებენ – მსოფლიოში გავრცელებული მეთოდია, თუმცა საფრანგეთში ის ძირითადად უცნობია. რა თქმა უნდა, აქაც არის გამონაკლისები: ზოგი მასწავლებელი ძალიან მზრუნველია და კეთილი დამოკიდებულებითაც გამოირჩევა, მაგრამ ფრანგული სკოლების უმოწყალო ბუნება თითქოს სისტემაშია ჩაქსოვილი.

მაგალითად, ისეთი მოსწავლეების კლასში ჩატოვება, ვისაც უჭირს სწავლა და სათანადო ტემპით ვერ მიჰყვება თანაკლასელებს, გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა. სრული სასკოლო წლის განმავლობაში საფრანგეთის მოსწავლეების საშუალოდ 28% კლასში რჩება და ხელახლა გაივლის უკვე გავლილ კურსს.

ეს საერთაშორისო მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია – ეს უკანასკნელი, OECD-ს (განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის) მონაცემებით, 12%-ს შეადგენს. წლის გამეორების შესახებ უამრავი სამეცნიერო კვლევა არსებობს – ყველა ადასტურებს, რომ ასეთი პრაქტიკა მოსწავლეების დემორალიზებას იწვევს და სრულიად არ ეხმარება მათ.

  1. წავახალისოთ მიღწევა და პროგრესი

შესაძლოა, ეს მეტისმეტად მკაცრ შეფასებად აღიქვათ, მაგრამ საფრანგეთის სასკოლო სისტემაში ძალიან ცოტა მექანიზმი არსებობს მოსწავლეთა პროგრესისა და მიღწევების წასახალისებლად. სამაგიეროდ, ბევრია ისეთი, რომელიც მათ სწავლის ხალისს უკარგავს.

ბავშვებს იშვიათად წარუდგენენ ხოლმე სკოლის დირექტორს ქებისთვის; მასთან მოსწავლეებს უმეტესად დასასჯელად გზავნიან.

სკოლის დამთავრების ცერემონია (ე.წ. გრედუეიშენი) საფრანგეთის მხოლოდ რამდენიმე სკოლაში იმართება, ისიც უმთავრესად – საერთაშორისო სკოლებში. სხვაგან მოსწავლეები თვითონვე ზეიმობენ სკოლის დამთავრებას და ეს, როგორც წესი, სასკოლო ოთახის არევითა და დაბინძურებით სრულდება.

სკოლებში არსებული შეფასების 20-ქულიანი სისტემა უაღრესად უსიამოვნოა. ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, საგნების უმეტესობაში 20-დან 20 ქულის მიღება. ამავე დროს, უაღრესად ადვილია 10-ზე დაბალი შეფასების მიღება, რაც „არადამაკმაყოფილებელს“ ნიშნავს.

უდიდესი პრობლემაა ის, რომ სწავლის გაუმჯობესების წამახალისებელი მექანიზმები არ არსებობს. თუ შეფასებისას იღებ საკმაოდ კომფორტულ „გამსვლელ“ 13 ქულას, რაღა აზრი აქვს 16 ქულისთვის ან მეტისთვის წვალებას? საბაკალავრო კურსზე ჩასარიცხად მოსწავლეებს სასკოლო ნიშნების მიხედვით არ ირჩევენ; მთავარია, გამსვლელი ქულები გქონდეს. შესაბამისად, არც იმას აქვს მნიშვნელობა, როგორი გამსვლელი ქულები გაქვს.

  1. გადავაქციოთ სკოლა თემად

საფრანგეთის სასკოლო სამყაროს კიდევ ერთი საკვირველი თავისებურება, რომელიც მას დანარჩენი მსოფლიოსგან განასხვავებს, ის არის, რომ მოსწავლეებს თითქმის არ აქვთ იდენტიფიკაცია დაწესებულებასთან, რომელშიც თავიანთი ბავშვობის ამხელა ნაწილს ატარებენ.

PISA-ს მიერ ჩატარებული კვლევის (PISA: Programme for International Student Assessment – მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა) დროს 60 ქვეყანაში 15 წლის მოზარდებს ორი კითხვა დაუსვეს: აკავშირებენ თუ არა თავს სკოლასთან და უცხოებად ხომ არ გრძნობენ იქ თავს.

34-ზე მეტ ქვეყანაში (რომელთა რიცხვშიც შედიოდა ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა და იაპონია), მოსწავლეთა 81%-მა დაადასტურა, რომ ისინი სკოლას „ეკუთვნიან“ და თავს მის ნაწილად გრძნობენ. საფრანგეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 47% იყო – ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გამოკითხულთა შორის. საკითხი, რატომ გრძნობენ ფრანგი ახალგაზრდები თავს სკოლებისგან გაუცხოებულად, უკვე დიდი ხანია სოციოლოგების, ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების განსჯის საგანია.

ასახელებენ რამდენიმე შესაძლო მიზეზს:

1) საფრანგეთში მშობლები თითქმის არ მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში.

2) სკოლები სასწავლო დაწესებულებებია და სხვა აქტივობებს ნაკლებად გულისხმობს. სპორტული გაკვეთილებისთვის მინიმალური დროა გამოყოფილი, ხოლო კლასგარეშე აქტივობები კიდევ უფრო იშვიათია, ანუ სკოლას არ აკისრია დადებითი შემაკავშირებელი ინსტიტუტის ფუნქციები.

3) ზემოხსენებული ურთიერთობები, ისევ PISA-ს შეფასებით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის უარესია, ვიდრე სხვა ქვეყნებში (ამის დასტურად იხილეთ სტატიის 1-ელ და მე-2 პარაგრაფებში აღწერილი მიზეზები).

  1. გავგზავნოთ საუკეთესო მასწავლებლები პრობლემურ სკოლებში

განათლების პოლიტიკის ფრანგ ანალიტიკოსებს „სასკოლო კრიზისში“ ყველაზე მეტად ღარიბი რაიონების სკოლების მონაცემები აშფოთებთ: პარიზის, ლილის, მარსელისა და სხვა დიდი ქალაქების შემოგარენში, ე.წ. banlieues-ში (დიდი ქალაქების გარეუბნები, სადაც უმთავრესად უცხოელი იმიგრანტების ღარიბი ოჯახები ცხოვრობენ), დაბალი მოსწრებისა და სკოლის მიტოვების შემთხვევები ძალიან ხშირია.

უკვე სამი ათეული წელია, საფრანგეთის განათლების სამინისტრო ატარებს ექსპერიმენტს „პრიორიტეტული საგანმანათლებლო ზონების“, ე.წ. ZEP-ის, ფარგლებში, რაც ასეთი სკოლებისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების მიწოდებას გულისხმობს. ამ პოლიტიკას, მათი აზრით, უნდა შეეჩერებინა წარუმატებელი სკოლების ვარდნა, თუმცა შედეგები, სამწუხაროდ, უკეთესობას არ აჩვენებს.

შესაძლოა, ფრანგებმა უნდა სცადონ მეთოდი, რომელიც სხვა ქვეყნებში (ფინეთში, კორეასა და ჩინეთში) წარმატებული აღმოჩნდა. ის საუკეთესო, ყველაზე გამოცდილი მასწავლებლების ყველაზე პრობლემურ სკოლებში გაგზავნას გულისხმობს.

სამწუხაროდ, საფრანგეთში, სადაც პედაგოგიური პერსონალის ცენტრალიზებული სისტემაა, განათლების სამინისტრო მასწავლებლებს სხვაგვარად ანაწილებს: ყველაზე გამოუცდელებს, ხშირად – ახალბედებსაც, ყველაზე რთულ და დაბალი მოსწრების სკოლებში გზავნიან.

  1. დავასრულოთ ზედმეტად ცენტრალიზებული მიკრომენეჯმენტი

საფრანგეთის განათლების სისტემა უზარმაზარი და უაღრესად ცენტრალიზებულია. პერსონალის რაოდენობა დღეს ერთ მილიონ ადამიანს აჭარბებს და უფრო დიდია, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები. თანაც სისტემას, შეიძლება ითქვას, ჯარივით მართავენ. აქ მკაცრი იერარქიული წესებია, რომლებიც მეთაურობასა და კონტროლს გულისხმობს.

ფრანგული სქემის მიხედვით, მასწავლებლები უფრო ბრძანებების აღმსრულებელი ქვეითები არიან, ვიდრე პატივსაცემი პროფესიონალები, რომლებსაც ხელეწიფებათ, გამოიყენონ თავიანთი დისკრეცია, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და შეაფასონ არსებული მდგომარეობა. სასწავლო პროგრამისა და გრაფიკის შედგენა, სასკოლო საათების, ფინანსებისა და სხვა რესურსების გამოყოფა–განაწილება, იმის გადაწყვეტა, რომელი მასწავლებელი რომელ სკოლაში იმუშავებს, ცენტრალური აპარატის ბიუროკრატებს ევალებათ და ამის სათავეში განათლების სამინისტრო დგას. მზარდი სასკოლო კრიზისი კი იმის დასტურია, რომ ამ სტრუქტურას კაპიტალური რემონტი სჭირდება.

ქვეყნებში, სადაც უფრო წარმატებული სკოლები აქვთ, უფლებამოსილებანი რეგიონულ, სარაიონო და ხშირად უფრო მცირე ადგილობრივ დონეებზეა დელეგირებული. ადამიანები, რომლებიც ადგილებზე მუშაობენ, რომლებიც უკეთ იცნობენ არსებულ ვითარებას, რომლებსაც უფრო ხელეწიფებათ რეაგირება, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თვითონვე იღებენ. ამასთან, თვითონვე აგებენ პასუხს შედეგებზეც.

საფრანგეთში ამჟამად არსებულ სისტემაში შედეგებზე პასუხისმგებლობა უბრალოდ არ არსებობს.

ვფიქრობ, დასაწყებია სკოლებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებით, რომლის დროსაც დირექტორს უფლება ექნება, თავად შეარჩიოს მასწავლებელთა გუნდი და სწავლების სტილი თუ პრიორიტეტები განსაზღვროს.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ეს საფრანგეთში უაღრესად გართულებულია. სკოლის დირექტორი უფრო ქაღალდების მმართველია, ვიდრე სკოლის ლიდერი, თანაც მასწავლებლებზე არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია. უფრო მეტიც – თუ სკოლას რომელიმე კონკრეტული მასწავლებლის დაქირავება სურს, მას სჭირდობა ადამიანური რესურსების წესებიდან ოფიციალური გამონაკლისის დაშვება, რადგან ეს წესები სამუშაო სტაჟისა და უფროსუმცროსობის საფუძველზეა შექმნილი.

  1. მივცეთ საშუალება ათასობით სკოლას, გაიხარონ და განვითარდნენ

სახელმწიფო სასკოლო სისტემის პრობლემების გამო, ბუნებრივია, მშობლები უკეთეს ალტერნატივას ეძებენ.

საფრანგეთში მთავარი ალტერნატივა კერძო კათოლიკური სკოლების ქსელია, რომელიც ორ მილიონამდე მოსწავლეს აერთიანებს, რაც საერთო რაოდენობის 16%-ია. მაგრამ კათოლიკური სკოლები ბრმად მიჰყვებიან ეროვნულ სასწავლო პროგრამას და არაერთი ისეთივე ნაკლი აქვთ, როგორიც სახელმწიფო სკოლებს.

სხვა შესაძლო ვარიანტების საპოვნელად მძიმე შრომა მოგიწევთ.

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს მონტესორის სკოლების „მინი-ბუმი“, განსაკუთრებით – პარიზის მიდამოებში. აქა-იქ შედარებით პოპულარულია ვალდორფის სკოლებიც.

უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ასპარეზზე გამოჩნდა დამოუკიდებელი სკოლების ქსელიც, მაგრამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის „ჩარტერული“ ან ბრიტანეთისა თუ შვედეთის თავისუფალი სკოლების მსგავსი საფრანგეთში ჯერ არაფერი ხდება.

აქ ყველა „ალტერნატიული“ სკოლა იმაზე წუწუნებს, რომ წარმოუდგენელ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებთან უწევთ შეჯახება, რომ არაფერი ვთქვათ ეროვნული სასკოლო სისტემის ინსპექტორების შემაწუხებელ ვიზიტებზე, რომლებიც მათ პრეტენზიებს უყენებენ „სახელმწიფო სკოლებისგან განსხვავებული საქმიანობის“ გამო.

ალბათ სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა – დიდი დეცენტრალიზაციის ფონზე ალტენატიულ სკოლებს ხელშეწყობა და მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ, ვიდრე საყვედურები „განსხვავებულობის“ გამო. კარგი იქნებოდა, ახალი სკოლების წარმატებულ სტარტს სამომავლოდ საფუძველი ჩაეყარა სასკოლო ინსპექტორატისთვის, რომელიც შესაძლოა განათლების სამინსიტროსგან დამოუკიდებელი სააგენტო გამხდარიყო (ასეთი სააგენტო ფუნქციობს დიდ ბრიტანეთში).

 

  1. გავხადოთ სასწავლო კურსი უფრო მიმზიდველი

სკოლები შესაძლოა ყველგან საკმაოდ მოსაწყენი იყოს, მაგრამ საფრანგეთში მოსაწყენობის ფაქტორი უბრალოდ უზარმაზარია.

დაწყებით კლასებშიც კი ეროვნული პროგრამა თითქმის არ ტოვებს ადგილს გართობისა და შემოქმედებისთვის.

არსებობს უამრავი მასტიმულირებელი წიგნი, რომლებიც იხვეწებიან, რომ ისინი ვინმემ წაიკითხოს; უამრავი სახალისო პოეტური კურსი, რომლებიც პატარებს ლექსის წერას ასწავლის; თეატრალური სავარჯიშოები, რომლებიც ახალგაზრდებს თამაშის ანბანს შეასწავლიდა… ასეთ წიგნებს საფრანგეთის სკოლებში ვერ ნახავთ. ფრანგულ სასწავლო პროგრამაში კრეატიული წერის, მხატვრული კითხვისა და თეატრის კურსები ალბათ უმოკლესია.

კითხვა კოლექტიური საკლასო სავარჯიშოა, რომელსაც გრამატიკის შესასწავლად იყენებენ. უკვე რვა წლიდან მოსწავლეები უზარმაზარ დროს ატარებენ გრამატიკული და ლინგვისტური სტრუქტურების დასწავლაში, რომლებიც შემდგომ ფასდება ამ სტრუქტურებისთვის სწორი ტექნიკური დასახელებების ცოდნით (ამ კურსს „სიტყვების ბუნებისა და ფუნქციის“ კურსს უწოდებენ). ეს, რა თქმა უნდა, კარგი და სასარგებლოა მათთვის, ვინც მომავალში ლინგვისტობას აპირებს, მაგრამ წარმოუდგენლად დამღლელია დანარჩენი ბავშვებისთვის. თანაც, სამწუხაროდ, ასეთმა სწავლებამ შესაძლოა დანარჩენებს სამუდამოდ შეაძულოს, საზოგადოდ, კითხვა.

მეორე საფეხურის სკოლებში საქმე უფრო უარესადაა. აქ მოსწავლეებს უსასრულოდ ასწავლიან მათემატიკურ წესებს, ისტორიულ თარიღებს, ქიმიურ ფორმულებსა და მეტყველებას, რომელიც უამრავი ტექსტის დაზეპირებას გულისხმობს.

ფრანგული სასწავლო პროგრამა გენერალურ რემონტსა და გარდაქმნას მოითხოვს. საჭიროა, მშრალი, რუტინული პროგრამა უფრო ხალისიან, თამაშთან ახლოს მდგომ და სიცოცხლით სავსე გამოცდილებად იქცეს.

 

  1. ვაღიაროთ, რომ ბავშვებს შეიძლება უჭირდეთ სწავლა

საფრანგეთის სასკოლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მიუტევებელი შეცდომა სწავლის სირთულეების მქონე ბავშვებისადმი უყურადღებობაა.

სწავლის სირთულეები გულისხმობს საშუალო სიმძიმის დისლექსიას (დისლექსია – კითხვის უნარის დარღვევა, რომლის დროსაც ბავშვს უჭირს ასოების ცნობა, ბგერასთან მათი დაკავშირება და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, – ლ. ა.), ჩამოყალიბებული დისპრაქსია (დისპრაქსია – მოტორული ფუნქციის დარღვევა, როდესაც გართულებულია სხეულის მოძრაობათა კოორდინაცია, ვთქვათ, წერის დროს; არსებობს მეტყველებითი დისპრაქსიაც, რომლის დროსაც გართულებულია ბგერების გამოთქმა მეტყველებისთვის საჭირო კუნთების სუსტი კოორდინაციის გამო, – ლ.ა.) ან ADHD – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი.

ფრანგი მასწავლებლებისთვის უბრალოდ არ უსწავლებიათ ამგვარი სირთულეების იდენტიფიცირება. არც ის, როგორ უნდა დაეხმარონ ასეთი პრობლემების მქონე მოსწავლეებს.

ამავე დროს, საქვეყნოდაა ცნობილი საფრანგეთის ნევროლოგიური სკოლა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ტვინის ფუნქციებისა და დასწავლის თავისებურებების კვლევის საკითხებში. ამის ნათელი მაგალითია Collège de France-ის პროფესორი, მკვლევარი, სახელგანთქმული მეცნიერი სტანისლას დეანი (Stanislas Dehaene). მაგრამ მასწავლებლებს, თუ საკითხებს თვითონვე არ გაეცნენ, არაფერს ასწავლიან კოგნიტიური მეცნიერებების შესახებ.

შედეგად ვიღებთ ჯოჯოხეთურ სიტუაციას ბავშვებისთვის, რომლებსაც ასეთი დარღვევები აქვთ და სტრესითა და შფოთვით აღსავსე წლებს ასეთი ბავშვების მშობლებისთვის.

ისეთ მოსწავლეებსაც კი, რომლებსაც დასწავლის სერიოზული პრობლემები არ აღენიშნებათ, ხშირად უჭირთ რომელიმე კონკრეტული ამოცანის დაძლევა, რადგან მასწავლებლებისგან ადეკვატურ დახმარებას ვერ იღებენ.

მასწავლებელთა ტრეინინგისა და დახელოვნების ახალი სისტემა აუცილებლად უნდა მოიცავდეს სწავლებას ასეთი პრობლემების შესახებ, ხოლო მსურველებს მიეცეთ საშუალება, დასპეციალდნენ კოგნიტიური აღქმისა და დასწავლის სირთულეების საკითხებში, როგორც, მაგალითად, ფინეთის სასკოლო სისტემაში ხდება.

  1. 10. მოსწავლეებმა უნდა შეაფასონ მასწავლებლის საქმიანობა

ფრანგული სასკოლო სისტემის კიდევ ერთი ანომალია, როგორც PISA-ს და სხვა სამეცნიერო კვლევები მოწმობს, ის არის, რომ მოსწავლეებს არ გააჩნიათ „ხმის უფლება“ მასწავლებლებთან მიმართებით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ჩივის, რომ მასწავლებლებს არ აინტერესებთ მათი დამოკიდებულება კონკრეტული საკითხების მიმართ.

განსაკუთრებით გასაოცარია მოსწავლეთა უკუკავშირის მონაცემები მასწავლებლების, გაკვეთილებისა და სკოლის მიერ მათთვის გამოყოფილი რესურსების შესახებ.

34 ქვეყანაში ჩატარებული PISA-ს 2012 წლის გამოკვლევის თანახმად, მოსწავლეთა დაახლოებით 60%-ს მიეცა საშუალება, გამოეხატა აზრი ამ საკითხებზე.

ახალ ზელანდიაში მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოხატვის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო – 96%. საკმაოდ მაღალი გახლდათ ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიცაა ავსტრია, ფინეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი – 70% და მეტი.

საფრანგეთში მასწავლებლების, სკოლისა თუ გაკვეთილების შესახებ აზრის გამოხატვის საშუალება მოსწავლეების მხოლოდ 13%-ს მიეცა. ამ მაჩვენებლით საფრანგეთი არჩეულ 34 ქვეყანას შორის ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე აღმოჩნდა.

აუცილებელია, მოსწავლეებს მივცეთ ხმის უფლება და, რაც მთავარია, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. თუ საფრანგეთის სასკოლო სისტემას სურს კრიზისის მოგვარება, ახალგაზრდებს უნდა მოუსმინოს. მასწავლებლებს არ უნდა ეშინოდეთ ბავშვების ხმის. პირიქით, უკუკავშირი გააუმჯობესებს სწავლების მეთოდებს და სკოლების ეფექტურობას გაზრდის.

თარგმნა ლევან ალფაიძემ

წყარო: https://www.thelocal.fr/20150831/ten-ways-to-fix-the-french-school-system

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...