სამშაბათი, აპრილი 28, 2026
28 აპრილი, სამშაბათი, 2026

ლუდვიგ მლოკოსევიჩის ნაკვალევზე

0

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა) და აღკვეთილს (4702 ჰა) მოიცავს და საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 590-3500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ტერიტორიები განთქმულია საუკეთესოდ შემონახული ტყეებით, რომელთა დიდი ნაწილი სრულიად ხელუხლებელია.

ალპური იალაღების თავზე მთის არწივები, ბატკანძერები და ორბები დალივლივებენ. აქ ბინადრობენ როჭო და შურთხიც – ფრინველები, რომლებსაც მხოლოდ კავკასიაში შეხვდებით. თუ გინდათ ნახოთ, როგორ გადმოქუხს ლაღი და წყალუხვი ჩანჩქერები, შრომისხევსა და ნინოსხევს ფეხით უნდა შეუყვეთ. 7-8 კილომეტრის გავლა არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანახაობასთან შედარებით, რომლითაც წყალვარდნილები სტუმრებს ეგებებიან. ზღვის დონიდან 2850 მეტრზე ასულს, შავი კლდეების ტბები დაგხვდებათ, რომლებიც მყინვარის დნობის შედეგად წარმოიშვა.

კლდეებში ჩაგუბებული ტბების სილამაზე გაგაოცებთ და აღგაფრთოვანებთ… თუმცა ყველაფერ ამაზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ, მანამდე კი ნაკრძალის დაარსების ისტორია გავიხსენოთ.

ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსება პოლონელი მოყვარული ნატურალისტის – ლუდვიგ მლოკოსევიჩის სახელს უკავშირდება. დიდგვაროვანი წარმოშობის გადამდგარი ოფიცერი რუსეთის ხელისუფლებამ ლაგოდეხში გადაასახლა, სადაც მან უბრალო მეტყევედ დაიწყო მუშაობა. 1875 წელს მლოკოსევიჩს დაებადა ეჭვი, რომ ლაგოდეხის მთებში მობინადრე როჭო ევროპულისგან განსხვავდებოდა. რამდენიმე ინდივიდი მან იმ დროის მოწინავე ბიოლოგებს გაუგზავნა და მათი შესწავლა სთხოვა.

1889 წელს ლუდვიგ მლოკოსევიჩმა რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების საკითხი დასვა. აკადემიამ ამ საკითხის შესასწავლად ლაგოდეხში ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნიკოლაი კუზნეცოვი მიავლინა.

კუზნეცოვმა და მლოკოსევიჩმა რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო. ამ ექსპედიციების შედეგად გაირკვა, რომ ლაგოდეხის ხეობის მცენარეული საფარი აერთიანებს უიშვიათეს მცენარეებს, რომელთა უმრავლესობა ლოკალური, ენდემური სახეობებია. გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეცნიერებათა აკადემიის შუამდგომლობით 1912 წელს ლაგოდეხის ხეობა ნაკრძალად გამოცხადდა, აიკრძალა ამ ტერიტორიაზე ხის ჭრა, ნადირობა და საქონლის ძოვება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფლორა და ფაუნა ძალზე მდიდარია. მრავალფეროვნებასთან ერთად ის იშვიათობითაც გამოირჩევა.

ამ ტერიტორიებზე 1 100 სახეობის მცენარე ხარობს. ტყის ქვედა ზონაში გვხვდება რცხილნარი, მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარ-წიფლნარი. 850-დან 1700 მეტრამდე უმთავრესად წიფლის ტყეებია, რომელსაც რცხილა, ქართული მუხა, იფანი და ცაცხვი ერევა. 1 800 მეტრის ზევით წიფლის სარტყელს სუბალპური ტყეების სარტყელი მოსდევს, სადაც წიფელთან ერთად გვხვდება მაღალმთის მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, ლიტვინოვისა და მეჭეჭიანი არყი.

საქართველოს წითელი ნუსხის სახეობათაგან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ნახავთ კაკალს, წაბლს, მაღალმთის მუხას, ლაფანს, უთხოვარს, კავკასიურ ხურმას.

ფრინველებიდან შეხვდებით კავკასიის ენდემურ სახეობებს – საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ კავკასიურ როჭოს და კავკასიურ შურთხს, მსხვილი ძუძუმწოვრებიდან – აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვს, კავკასიურ კეთილშობილ ირემს, არჩვს, დათვს, ფოცხვერს, რომლებიც ასევე წითელ ნუსხაშია შეტანილი. საზოგადოდ, საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% სწორედ ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს.

როჭოს ჩანჩქერი – ამ მარშრუტის საერთო მანძილი 9.5 კილომეტრია. ის საშუალო სირთულისაა და გამოცდილ მოლაშქრეებს მის დასალაშქრავად 3-5 საათი ეყოფათ.

ნინოსხევის ჩანჩქერის მარშრუტის საერთო სიგრძე 8.5 კილომეტრია. ისიც საშუალო სირთულისად მიიჩნევა და მის დასალაშქრად 4-6 საათზე მეტი არ დაგჭირდებათ. ტური გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან იწყება და საცალფეხო ბილიკით მდინარე ნინოსხევის პარალელურად მიემართება. რამდენიმე ნაბიჯი და თვალწინ გადაგეშლებათ ჯადოსნური სანახაობა – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი წყალვარდნილი, ნინოსხევის ორმოცმეტრიანი ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც აყრუებს არემარეს და თითქოს სხვა განზომილებაში გადაჰყავხარ. გზად ნახავთ იშვიათ მცენარეებს: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა. ასევე შესაძლოა გადაეყაროთ შველს, ირემს, გარეულ ღორს, მტაცებელ ფრინველებს.

ფსიქოლოგი – თქვენი ბავშვის თარჯიმანი  

0

 

შფოთვა, აგრესიის შეტევები, ღამის კოშმარები, პრობლემები სკოლასა და მეგობრებთან… ყველა ბავშვი, ისევე როგორც მათი მშობლები, განვითარების რთულ ეტაპებს გადის. როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან წვრილ-წვრილი სირთულეები და ნამდვილი პრობლემები, როგორ მოვუხმოთ მოთმინებას, როდის მივმართოთ სპეციალისტს დახმარებისთვის?

ძირითადი იდეები:

*ნუ დაუსვამთ ბავშვს ნაჩქარევ დიაგნოზს, თუკი მისი ქცევა შეიცვალა. შესაძლოა, პრობლემა მასში კი არა, თქვენშია, თქვენს პარტნიორში, ბავშვი კი სიგნალის როლს თამაშობდეს.

*ნუ მოერიდებით ბავშვის სპეციალისტთან მიყვანას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს მარტო ვერ გაუმკლავდით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი პრობლემების მიმართ გულგრილი არ ხართ.

*ფსიქოლოგის დახმარება მაშინ არის საჭირო, როდესაც ბავშვის ქცევა მკვეთრად იცვლება, სიტუაცია აღარ იმართება და ბავშვის შეცვლილი ქცევა უარყოფითად ზემოქმედებს გარშემომყოფებზე.

*მნიშვნელოვანია გესმოდეთ თქვენი შვილის. ამისთვის ხშირი ურთიერთობა უნდა გქონდეთ მასთან, რათა კარგად განასხვაოთ ერთმანეთისგან ნამდვილი და ცრუ საგანგაშო მდგომარეობა.

ბავშვს ოჯახური არაკეთილდღეობის ნიშნების წინა პლანზე წამოწევა ან სხვა ადამიანების უსიამოვნო მდგომარეობაში ჩაგდება შეუძლია. თუმცა ეს ყოველთვის მისი მიზეზით არ ხდება. უბრალოდ, ბავშვი ერთგვარი სიმპტომის ფუნქციას ასრულებს. ასე უწოდებენ ოჯახის ფსიქოთერაპევტები ადამიანს, რომელიც ოჯახში უამინდობის სიგნალს იძლევა (რეაგირებს).

ეს შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, უეცრად ბავშვმა ფრჩხილების კვნეტა დაიწყოს, ანდა გაუგებარი სომატური პრობლემები გაუჩნდეს: დაბალი სიცხე დილაობით, წამოხველება. ის ბრაზიანი ხდება. თავისი ასაკიდან და ტემპერამენტიდან გამომდინარე ქვეცნობიერად მშობელთა ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობს, რადგან ორივე უყვარს. ბავშვი გრძნობს, რომ მასზე ზრუნვამ შესაძლოა მშობლები გააერთიანოს. თუნდაც მათ მისი გულისთვის იკამათონ. მისთვის ყველაზე მთავარი დედ-მამის ერთად ყოფნაა. ბავშვი ოჯახში არსებულ ყველა პრობლემას საკუთარ თავში აკონცენტრირებს, შემდეგ თვითონვე სახავს მათი მოგვარების გზებს.

ერთსა და იმავე სიმპტომის უკან შეიძლება სხვადასხვა პრობლემა იმალებოდეს. სწორედ ამაში ვერ ერკვევა მშობელი. აუცილებლობის შემთხვევაში, ფსიქოლოგი იწყებს ოჯახურ, მეუღლეობრივ, ინდივიდუალურ ან ბავშვთა თერაპიას. ძალიან ხშირად ფსიქოლოგები სასურველ შედეგს მაშინაც კი აღწევენ, როცა მათ ერთი მშობელი მიმართავს. როგორც წესი, პოზიტიური ცვლილებების შემდეგ საქმეში მეორე მშობელიც ერთვება, რომელსაც „მანამდე საამისოდ დრო არ ჰქონდა“.

რაც შეეხება სხვადასხვა პრობლემას. ვთქვათ, ყოველ საღამოს, ძილის წინ ბავშვი იწყებს ცელქობას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მისი პირადი პრობლემები: სიბნელის შიში, უსიამოვნებები სკოლაში, ყურადღების დეფიციტი მშობლებისგან. დედა აძალებს, რომ ის მალევე დაწვეს ლოგინში, მამა კი, პირიქით, მოითხოვს, რომ ის მანამდე არ დაწვეს, ვიდრე კბილებს არ გაიხეხავს. ბავშვი ცდილობს, მშობლებმა იჩხუბონ, მაგრამ სწორედ ის იყოს ჩხუბის საერთო თემა.

მშობლები რჩევებს მეზობლებს და ნათესავებს თხოვენ, არ იციან როგორ მართონ სიტუაცია. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ფსიქოლოგთან კონსულტაციაა. თუ ეს არ მოხდა, ადრე თუ გვიან, მშობლების შფოთვა ბავშვზე აისახება. აუცილებელია, მშობლები გაერკვნენ, საიდან იღებს სათავეს პრობლემა, რატომ იჩენს თავს, იქნებ ამის მიზეზი ბავშვობის დროინდელი ტრავმაა, ბავშვიც საჭიროებს ფსიქოლოგის დახმარებას და იარის დროულ მოშუშებას.

მშობლები ხშირად აღიარებენ, რომ ბავშვის ფსიქოლოგთან მიყვანა მათ უჩვეულო განცდებს უჩენს, თითქოს პასუხისმგებლობას თავიდან იხსნიან და საკუთარ შვილს უცხო ადამიანს ანდობენ. მათ ეჩვენებათ, რომ უვარგისი დედები არიან. მაგრამ რა უნდა ქნას მშობელმა, რომელსაც ბავშვის არ ესმის? რატომ უნდა გაღრმავდეს დედა-შვილური ურთიერთგაუგებრობის ნაპრალი? რასაკვირველია, თუ მშობელმა რამე არ მოიმოქმედა, ნაპრალი თავისით არ ამოივსება. ამიტომ სასწაულის მოლოდინს აზრი არ აქვს. აზრი აქვს ქმედებას.

სამწუხაროდ, ბევრი მშობელი გადაქანცულია იმით, რომ მუდმივად უნდა „გაუგოს“ ბავშვს, უნდა უსმინოს და აიტანოს მისი პრობლემები. სპეციალისტი დაეხმარება მშობელს დაკარგული რესურსის აღდგენაში, მიახმარს მეთოდებს, რომლებიც ამ რესურსს დაუზოგავენ. ფსიქოლოგი თქვენი შვილის თარჯიმანია. ის ბავშვებსა და მშობლებს ნორმალური ურთიერთობის აწყობაში ეხმარება.

გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვს ვინმესთან, ოჯახის გარეთ, ვინმესთან საუბრის ჩვეულებრივი მოთხოვნილება ამოძრავებდეს. ამიტომ ფსიქოლოგთან ვიზიტის შემდეგ არასასურველია ბავშვისთვის დაკითხვის მოწყობა. თუ სურვილი ექნება, დეტალებს ის თავად გიამბობთ.

საკუთარ პრობლემებში თავჩარგული მშობლები ხშირად ვერც ამჩნევენ, რომ მათი შვილი უფრო მოწყენილი გახდა, ნაკლებად აქტიურია და ყურადღებაგაფანტული. ეს ცვლილებები მშობელზე ადრე შესაძლოა მასწავლებელმა ან სკოლის ექიმმა აღმოაჩინოს. ნუ მოაწყობთ ტრაგედიას, მაგრამ ყურადღების მიქცევა აუცილებელია.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ ავყვეთ პანიკას და არ ჩავდგეთ პოზაში, როდესაც ბავშვის შესახებ ნეგატიურ შეფასებებს ვისმენთ. უბრალოდ, მშვიდად და მეგობრული განწყობით უნდა გავერკვეთ დეტალებში. თუ ბავშვმა სკოლაში იჩხუბა, დავადგინოთ ვისთან იჩხუბა, ვინ იყო ჩხუბის მოთავე, ვინ იყო ჩხუბის მოწმე, საერთოდ, რა ხდება მის კლასში. ამ გზით  მიხვდებით, თუ რატომ მოიქცა ბავშვი ასე და არა სხვაგვარად. იქნებ, ეს ბულინგზე საპასუხო რეაქცია იყო ან მას ვინმესთან მიმართებაში რაღაც პრობლემები ჰქონდა? ვიდრე რაიმეს მოიმოქმედებთ, აუცილებელია საზოგადო სურათის დადგენა.

მეგობრების უქონლობა, იმისდა მიუხედავად, თქვენი შვილი ამოიჩემეს თანატოლებმა თუ მან ამოიჩემა ვინმე, მის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. მიაქციეთ ყურადღება, აქვს თუ არა მოზარდს დაბალი თვითშეფასება ან არის თუ არა ზედმეტად მშფოთვარე. სხვათა შორის, არანაკლებ საყურადღებოა ბავშვი, რომელიც ძალიან დამჯერია. ამის მიზეზიც შესაძლოა იყოს მასზე განხორციელებული ძალადობა. გამოდის, რომ ფსიქოლოგთან მისვლის მიზეზი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს? რასაკვირველია, არა. თუ ბავშვმა დროებით უკლო სწავლას, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თუ მან საერთოდ ჩაიქნია ხელი სწავლაზე, აქ უკვე საეჭვო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მშობლის და მასწავლებლის ყურადღება ბავშვის უეცარმა ცვლილებამ უნდა მიიპყროს. ბავშვი მშვიდი თუ იყო და უცბად ნერვული და კონფლიქტური გახდა, ან პირიქით, ყოველთვის ხალისიანობით გამოირჩეოდა და მისი შინაგანი განწყობა რადიკალურად შეიცვალა, დროა რაიმე მოიმოქმედოთ.

საგანგაშო მდგომარეობის კიდევ ერთი სიმპტომია პრობლემები, რომლებიც არ ქრება. თუ ბავშვმა სწავლა უარყო, რაც საკმაოდ ხშირად ხდება 12-13 წლის ასაკის მერე, გამოკვეთილი პრობლემებიც რომ არ ჰქონდეს, პროფილაქტიკის მიზნით, კარგია ბავშვის ფსიქოლოგთან კონსულტაცია. ბავშვის ცხოვრების ხარისხი ამ შემთხვევაში გაცილებით უმჯობესდება.

თუმცა არსებობს განგაშიც, რომელსაც ტყუილად ტეხენ. მაგალითად, ვიღაცის ოჯახში აუტისტი ბავშვია და სხვა მშობელს ეჩვენება, რომ მისი შვილიც ჟესტიკულირებს, დადის ფეხისწვერებზე, ანუ მშობელი გარეგნულ, არარსებულ ნიშნებსაა გამოკიდებული და ნერვიულობას იწყებს. ანდა დედა და შვილი განსხვავებული ტემპერამენტისაა. დედა მშვიდია, მელანქოლიური, ბავშვი კი მოძრავი და აქტიური. ამიტომ დედას ეჩვენება, რომ მის შვილს რაღაც პრობლემები აწუხებს. ვიღაც კი იმაზე წუხს, რომ მისი შვილი სათამაშოების გამო ბევრს ჩხუბობს და ეშინია, ბავშვი აგრესიული არ გაიზარდოს.

ხშირად პრობლემები დაკავშირებულია ასაკის თავისებურებებთან, რამდენად შეუძლია ბავშვს ემოციების დარეგულირება. მშობლების ტიპური ჩივილებია, რომ ბავშვებს არ აინტერესებთ წიგნები, მარტო გართობაზე ფიქრობენ, სხვების მიმართ მოუთოკავ აგრესიას იჩენენ, კაპრიზობენ, შიშები აქვთ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ გარკვეულ ასაკამდე ბავშვის თავის ტვინის ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია კონტროლზე, ჯერ განვითარებული არ არის. მისი განვითარება კი დამოკიდებულია გარემოზე, ახლობელ ადამიანებთან სწორ ურთიერთობაზე.

ამბავი ამბისა-როგორ მივიტანოთ მხატვრული ტექსტები მოსწავლეებამდე

0

იკითხეთ ნებისმიერ რამეზე – „რა არის ეს?“. პასუხი ერთ რამემდე შეიძლება დავიყვანოთ, რომ ეს ამბავია. ამბავი ვარ მე, შენ, კომპიუტერი, რომელშიც ამ ბლოგს ვწერ, ეს ბლოგიც ამბავია. მათემატიკური ამოცანები, ქიმიური ფორმულები ამბებია სამყაროს თავისებურების, მისი მოწყობისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ. ყველაზე მეტი გამომხატველობით კი ამბავი მხატვრულ ლიტერატურაში გვხვდება და ის ათასგვარია თავისი სიმძაფრით, შინაარსით, სათქმელის ფორმით, გამოხატვის ტექნიკით.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ კაცობრიობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ყოველდღიურობაში მასმედიის როლის საოცარი ზრდა გამოწვია. სურვილის მიუხედავად, ადამიანი ჩაერთო ინფორმაციის ნაკადში, რომელიც უწყვეტად მოედინება სოციალური ქსელებიდან, საინფორმაციო გადაცემებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან. სახლში, მანქანაში, ქუჩაში ჩვენ მუდმივად ვართ ინფორმაციის მიმღები და ხშირად ამ ინფორმაციის მსხვერპლიც კი, როცა მისი სწორად მიღება და, მით უმეტეს, სწორი ინფორმაციის არასწორისგან, არასაჭიროსგან გარჩევა არ ვიცით.

ძველ რომში იყო ქვის სვეტები, რომლებზეც ყოველდღიურ ახალ ამბებს, ძირითადად სენატის გადაწყვეტილებებს აკრავდნენ. გამოქვაბულებში ნახატი ბიზონები, ვიღაც პირველყოფილმა რომ ალბათ ნანადირევის ძვლით ან გალესილი ქვით ამოკაწრა, ასევე ამბავია. ამის შემდეგ კაცობრიობა თანდათან უფრო მეტად ხდებოდა ცნობისმოყვარე, რაც პირდაპირპროპორციულად მის განვითარებასა და ზრდაზე იყო და არის დამოკიდებული.

ამბავი, თავისი შინაარსით, განსხვავებულია. როგორც უკვე ვთქვი, ამბავი ვარ მეც, თუ ვინმეს უნდა გამიგოს, როგორც ამბავი, უნდა დამაკვირდეს ყოველდღე, გამოიკვლიოს წარსული და ნახავს, რომ ეს ასეა. ამბავია ისიც, რასაც პირდაპირ ჩართვაში ჟურნალისტები გადმოსცემენ და ამბავია ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში. დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი ყველა ნივთმტკიცებაც ამბავია და ისინი ბევრ რამეს გვიყვებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტუალური თუ ვერბალური გამომხატველობით არ ხდება.  , თუ არა ასე?!. ჩემი დაკვირვებით, მხატვრული ტექსტების სკოლაში სწავლებას იშვიათად და ნაკლებად ახლავს ის დიდი ცნობისმოყვარეობა, რაც ახლავს რაღაც ახალი ამბის წაკითხვით თუ მოსმენით გაგებას. შესაძლოა მასწავლებელთა ნაწილი მოსწავლეებს ტექსტებს ასე არ აწვდის და ამიტომ. ეს ყველაფერი კი შემდგომ მოტივაციაზეც მოქმედებს.

სწავლების პროცესში ზოგჯერ დადგენილი წესები უფრო საზიანოა. მოდი, დავავიწყოთ მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმა და ლიტერატურის წიგნებში წინდაწინ გაწერილი შეკითხვები ტექსტის გააზრებაზე და დავალებები, რომლებიც მუდმივად ერთი შინაარსისაა, რომ მათ პერსონაჟთა ხასიათი განიხილონ და ა.შ. და ა.შ., რომელიც ჩვენ სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების შესრულებაში გვჭირდება. საგაკვეთილო პროცესის ერთ ნაწილში დავივიწყოთ ეს ყველაფერი ისე, რომ ეს მოსწავლეებმაც იგრძნონ. დავდგეთ და მათ წავაკითხოთ უბრალოდ ამბები, არა საშინაო დავალებები, ან შემდგომი საგაკვეთილო მასალა და ასეთი ჯადოები, რაც ჩვენც – მასწავლებლებსაც მობეზრებული გვქონდა ჩვენი მოსწავლეობის დროს. არა, მოვუყვეთ ამბავი. წავაკითხოთ „ალუდა ქეთელაური“, ისე, როგორც პირდაპირი ჩართვა ხდება ხოლმე რაღაც შემთხვევის ადგილებიდან – ასეთი სიმძაფრით, ყურადღების ასეთი დაძაბვით და ვნახავთ, რომ ჩვენ ისღა დაგვრჩება, დაველოდოთ, როდის დაიწყებს მოქმედებას თვითონ ამბავი, რომელიც უკვე გაცოცხლდა და ყველა თავისკენ მიახედა.

მწერლები სკოლებში. (ნაწილი პირველი)

0

დიახ, ის ხალხი, ვინც წერს მოთხრობებსა და ლექსებს, მიდიან სკოლებში და ბავშვებს მწერლობის შესახებ უყვებიან… გადავწყვიტე, გესაუბროთ სკოლებში მოწვეულ მწერლებზე. უფრო სწორად, მწერლების შეხვედრებზე მოსწავლეებთან, მათ მიერ წაკითხულ ლექციებზე თუ ჩატარებულ გაკვეთილებზე. ეს ბევრგან მიღებული და გამოცდილი პრაქტიკაა, განსაკუთრებით, ინგლისურენოვან ქვეყნებში. ახლგაზრდა თუ უფრო გამოცდილი და ხნოვანი მწერლები შეხვედრაზე უთანხმდებიან სკოლას ან მწერალს ბავშვებთან შესახვედრად სკოლა თავისი შეხედულებისამებრ იწვევს.  ასეთ ღონისძიებებს, როგორც წესი, აფინანსებს სახელმწიფო (განათლების სამინისტრო, რაიონული განყოფილება ან მსგავსი საჯარო ინსტიტუტი) ადგილობრივ მწერალთა კლუბები/ასოციაციები და სკოლები. მაგალითად, ირლანდიაში, პროგრამა სახელად Writers in Schools ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი და პოპულარული ღონისძიებაა, რომელიც 1977 წლიდან ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ირლანდიელი მოსწავლეების თაობებსა და მწერლებს უკვე 500,000-ზე მეტი შეხვედრა აქვთ  ჩატარებული. მწერლებისა და ბავშვების შეხვედრები თუ გაკვეთილები მხოლოდ სკოლის შენობებში არ მიმდინარეობს. ხშირია სკოლის გარეთ აქტივობებიც, როგორებიცაა, შეხვედრები კაფეებში, მწერალთა სახლებში, კოლექტიური კითხვის საღამოები თუ მცირე კონკურსები სკოლის ასაკის მწერლებისა და პოეტებისათვის. როგორც ჩვენი თანამედროვე, ცნობილი ირლანდიელი საბავშვო მწერალი ქალი, შიონ პარკინსონი (Siobhán Parkinson) ამბობს,  „პროგრამა Writers in Schools  ბავშვებს საშუალებას აძლევს კლასიდან გაუსვლელად შეიძინონ შეუფასებელი ახალი გამოცდილება ლიტერატურაში. ქვეყანაში ყველა სკოლის ყველა მოსწავლეს წელიწადში ერთხელ მაინც ეძლევა საშუალება, შეხვდეს ცოცხალ მწერალს, მოისმინოს მისი საუბარი, მისი ისტორიები და შეეხოს სამყაროს მისეულ აღქმას. ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა“.

ალბათ ვერაფერი შეედრება იმ პროცესს, როდესაც მწერალი ბავშვებთან საკლასო ოთახში მარტო რჩება. მრავალწლიანმა გამოცდილებამ სხვადასხვა ქვეყანის კულტურულ სივრცეში ნათლად აჩვენა, რომ ეს შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვის, წერისა და შემოქმედებითი პროცესის მძაფრ აღქმას. ქვემოთ გთავაზობთ იმ შესაძლებელ შედეგებს, რომლებიც მწერლების ბავშვებთან შეხვედრებს შეიძლება მოჰყვეს:

კითხვის წახალისება

როდესაც მოსწავლეები წიგნის ან მოთხრობის „შიდა ისტორიების“ შესახებ იგებენ, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოიდგინონ ის სიძნელეები თუ სიხარული, რომელთანაც მწერალს წერის დროს, ტექსტის რედაქტირებისა და წიგნის გამოცემის პროცესში უწევს შეხება. ეს ისტორიები სულ სხვანაირად წარმოჩინდება მათთან, რადგან ისინი უშუალოდ ავტორისგან მოდის.

შეხვედრები საშუალებას იძლევა „დიდი წიგნების“ ავტორები მოსწავლეებისათვის რეალურ ადამიანებად იქცნენ. ეს მათთვის იმ სამყაროს ხსნის, რომელსაც მკითხველისა და მწერლის ურთიერთობა ჰქვია. მათ საკუთარი ყურით ესმით იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ავტორი კონკრეტულ წიგნს წერდა. მოსწავლეებს შეუძლიათ, გაიგონ იმ არჩევნისა თუ წინააღმდეგობების შესახებ, რომლის წინაშეც ავტორი მოთხრობის სიუჟეტის შექმნისას წიგნის გმირებთან ერთად იდგა. ეს მოსწავლეებს „კარგი მკითხველის“ დამახასიათებელი თვისებების განვითარებაში ეხმარება, როგორებიცაა, ასოციაციები, მოთხრობილი ამბის შესაძლო დაბოლოება, სიუჟეტის განვითარების სხვადასხვა ვერსიების წინასწარგანჭვრეტა და სხვა.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ბავშვთან, რომელსაც „ჰარი პოტერის“ ციკლის წიგნები მრავალჯერ აქვს წაკითხული და უყვარს ამ საოცარი ზღაპრის გმირები, საკლასო ოთახში ჯოან კ. როულინგი მივიდეს და ჰარი პოტერის, პროფესორი დამბლდორის ან ჰერმიონა გრეინჯერის გმირების შექმნის პროცესის შესახებ მოუთხროს… დიახ, ეს დაუვიწყარი გამოცდილება და შთაბეჭდილება იქნება თქვენი შვილისთვის.  

წერის სურვილის წახალისება

როდესაც ავტორი საკლასო ოთახში შედის, მას შეუძლია ბავშვებს მოუთხროს მისთვის დამახასიათებელი სამწერლო „ხერხებისა” თუ მისი „საფირმო ეშმაკობების“ შესახებ. უმეტეს შემთხვევაში, ეს მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს და ახლგაზრდებს (არა მხოლოდ იმათ, ვისაც კითხვა უყვართ) რამის დაწერის სურვილს უღვივებს. იმის მოსმენა, თუ როგორ მიმდინარეობდა ცნობილი მწერლის შემოქმედებისა და ცხოვრების პროცესი – ნაწარმოების იდეიდან გამოქვეყნებულ წიგნამდე – ბავშვებში ახლა უკვე უცნობ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას წარმოშობს. ხშირად მოსწავლეებს მოთხრობების ან ლექსების წერა, მწერლის ვიზიტიდან კარგა ხნის შემდეგ უცდიათ.

შემოქმედების პროცესისთვის „საიდუმლოების“ საბურველის მოხსნა – დემისტიფიკაცია

ავტორები – პოეტები თუ პროზაიკოსები, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ხშირად, ჩვენ მათ, როგორც უნიკალური და გენიალური ტალანტის მქონეთ, მაღალ პიედესტალზე მივუჩენთ ხოლმე ადგილს. ამ დროს მწერალი ის ადამიანია, რომელიც ხშირად მარტოობაში ატარებს დღეებს და ძირითად დროს წერას უთმობს. მაგრამ იგივე მწერალი ჩვენსავით დგას სალაროს რიგებში, აგვარებს სახლის საქმეებს, თუ ცოცხით გვის ოთახებში დაგროვილ მტვერს… არის მცირე განსხვავებაც – ავტორები თავიანთი შეუპოვრობითა და მოთმინებით ხდებიან ავტორები. დიახ, ტალანტი, ნიჭიერება ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას რომელიმე საქმე უფრო ადვილად გამოსდის, მაგრამ სიტყვების წერა და მათი ნაწარმოებად გადაქცევა არასდროს ყოფილა ადვილი საქმე. მწერლობისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გეგმა, რომელიც გონებაში დაიბადა. მწერალი კედლებს ახლის თავს და ყოველთვის სურს თავი მიანებოს დაწყებულ ტექსტს. ყოველი ახალი ისტორია მას იმის მძაფრ შეგრძნებას უჩენს, რომ არ იცის, რას აკეთებს…

ეს ყველაფერი შემოქმედების პროცესია და ავტორებს ნამდვილად შეუძლიათ ამის ბავშვებისათვის მოყოლა.

რისკის წახალისება

როდესაც ბავშვები სასკოლო დავალებას წერენ, მათი მკითხველი აუდიტორია მხოლოდ მასწავლებელია. მოსწავლეები, უმეტეს შემთხვევაში იმას აკეთებენ, რაც საჭიროა ნორმალური შეფასების მისაღებად და ძირითადად, დამატებითი ძალისხმევით არ იწუხებენ თავს. მით უფრო, თუ ამ „დამატებით აქტივობას“  მასწავლებლის უკმაყოფილების გამოწვევა შეუძლია. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მწერლების (და არა მასწავლებლის) ბავშვებთან შეხვედრას, როდესაც იგი ახალგაზრდებს თვითონვე მოუთხრობს წერის პროცესზე, მის შეგრძნებებსა და განცდილ ემოციებზე, შეუძლია ბავშვებში მათი იდეების,  სამყაროსადმი დამოკიდებულებისა და, ზოგადად, მათი ფილოსოფიის ქაღალდზე გადატანის სურვილი გააჩინოს და წაახალისოს მოსწავლეები, რისკი გასწიონ: თავისებურად, საკუთარი სიტყვებით, მათ ხელთ არსებული სამწერლო „არსენალით“ აღწერონ მათი უნიკალური ისტორია; გამოხატონ განცდილი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი  ინდივიდუალური ფორმით.

შემოქმედებითი ენერგიის გამოვლინების წახალისება

სკოლაში ცნობილი მწერლის ვიზიტს არა მხოლოდ „სამწერლო პროექტების“ ხელშეწყობა, არამედ (როგორც ხშირად მომხდარა) ადამიანში არსებული ოცნების წახალისება შეუძლია. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უთქვამთ, რომ ავტორის ვიზიტის შემდეგ, მათ თავიდან გასჩენიათ სურვილი აესრულებინათ ის ოცნება, რომელიც უკვე დიდი ხანია ჰქონდათ, მაგრამ რიგი მიზეზებისა თუ გარემოებების გამო მალავდნენ, ჩქმალავდნენ თუ თრგუნავდნენ მას.

ერთ შემთხვევაში, სკოლაში ჩატარებული შეხვედრის განხილვის შემდეგ, მასწავლებელი ავტორთან მივიდა და გაუმხილა, რომ თავს ვერ პატიობს, რომ აქამდე თვითონვე თრგუნავდა მასში არსებულ ხატვის სურვილს და ახლა აუცილებლად გახსნის აკვარელების ყუთს, რომელიც სხვენში იმტვერება.

სხვის მიერ განვლილი გზის შესახებ მოსმენილ ამბავს დიდი ძალა ახლავს თან.

განამტკიცებს მასწავლებლის რეპუტაციას

მასწავლებლებს ხშირად უთქვამთ, რომ ის თემები, რომლებზეც მუდმივად „უჩიჩინებდნენ“ და უყვებოდნენ მოსწავლეებს, ბავშვებისთვის მისაღები და საყურადღებო მწერალთან შეხვედრის შემდეგ გამხდარა.

სასკოლო განათლების თავისებურებებისა და პროცესის ხანგრძლივი ფორმატის გამო, ხშირად მასწავლებელი მოსწავლისათვის ოჯახის წევრის მსგავს ადამიანად გადაიქცევა ხოლმე – ბავშვები ეჩვევიან სელექციურ მოსმენას (ერთ ყურში შეშვებას და მეორედან გამოშვებას), ან მასწავლებლისგან მომდინარე ინფორმაციის ფილტრაციას, რაც დროთა განმავლობაში ვითარდება. მაგრამ როდესაც იმავე საკითხს, ამბავს თუ თემას, სხვა ადამიანისგან (მწერლისგან, რომელიც მოსწონთ), მისივე ინტერპრეტაციით გაიგებენ, მათთვის ეს ინფორმაცია უფრო ფასეული და რეალური ხდება. ისინი თავიდან აღმოაჩენენ იმას, რაც უკვე გაგონილი ჰქონდათ, ოღონდ ყურადღების მიღმა დატოვეს.

წარმოშობს ახალ მეგობრობას

ბევრი ცნობილი მწერალი, სკოლებში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ წერდა, რომ მათ ახალი მეგობრები შეიძინეს, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან ელექტრონული წერილები მიიღეს. მოსწავლეებმა თუ მასწავლებლებმა მწერლები „ფეისბუქზე“ და სხვა ელექტრონულ პლატფორმებზე მოძებნეს და იქ მისწერეს. ბავშვები იზრდებიან და მწერლებს უზიარებენ თავიანთ ნაწერს, ნახატებს, პერსონალურ ახალ ამბებს თუ თავს გადამხდარ ისტორიებს. მასწავლებლები კი ხშირად მხატვრული წერის გაკვეთილებზე იწყებენ სიარულს, იღებენ კონსულტაციებს „სამწერლო გაკვეთილების“ შესახებ, აგრძელებენ მწერლების საკლასო ოთახში მიწვევას გარკვეულ თემებზე სასაუბროდ და სხვა. მაგრამ ყველაზე ფასეული მწერლისთვის ალბათ ის არის, რომ ისინი ახალ ურთიერთობებს იწყებენ მოსწავლეებთან მათგან მიღებული ნაწერის კითხვით. მწერლებთან შეხვედრების შემდეგ ბევრ სკოლაში „სამწერლო კლუბები“, „კრიტიკოსების წრეები“ ან „ერთად წერის“ ჯგუფები გაჩენილა. მოსწავლეთა სურვილითა და თვითორგანიზებით ბავშვებს ახალი სამყარო გაუჩნდათ, სადაც მათ ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების გარემოში თვითგამოხატვის საშულება მიეცათ; მათ თანამოაზრეები და „სულიერი“ მეგობრები შეიძინეს; მათ ახალი გატაცება და ვნება აღმოაჩინეს. ვნება კი ხშირად გადამდებია. გატაცებას, ცნობისმოყვარეობას, ნამდვილ ვნებას, ინტერესსა თუ სიყვარულს მთების გადაბრუნება შეუძლია. ბავშვების ბიოლოგიურად და ევოლუციურად განპირობებული ინტერესი, ლტოლვა ახლის გაგებისა და ერთად გართობისკენ, ადამიანის ალბათ ყველაზე ძლიერი მამოძრავებლები არიან. გატაცებას და ოცნებისკენ სიარულს, შემეცნებისა და ახლის სწავლის პროცესი შეუძლია სასურველი და საყვარელი გახადოს.

ხომ არ არის ეს ის, რაც ჩვენ ჩვენი ბავშვებისთვის გვსურს?

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

გამოყენებული წყაროები:

https://www.literary-arts.org/what-we-do/wits-home/students-teachers-parents-say/

https://deblund.com/debs-services/author-visits/benefits-of-author-visits/

ფენდამოკიდებულები…

0

რა ვქნა, სიმართლე გაგანდოთ? მე ფენდამოკიდებული ვარ. ეს სევდანარევ ხუმრობად ჩავთვალოთ, რომელშიც სიმართლის მარცვალიც არის. ფენდამოკიდებული ნიშნავს, რომ ყოველ კვირას სილამაზის სალონში დავდივარ და თმებს ვისწორებ. სხვანაირად ჩემს თავს უკვე ვეღარ აღვიქვამ. რამდენ სალონში აღარ ვყოფილვარ, აქაც და სხვა ქვეყნებშიც. ყველგან სხვადასხვანაირად იქცევიან. მახსოვს  ერთი ქალაქის სალონში სტუმრობისას სტილისტი ქალბატონი ყოველ ორ წუთში ერთხელ მეკითხებოდა, როგორ ვიყავი. ისეთი განცდა დამრჩა, რომ თმებს კი არ მვარცხნიდნენ, არამედ  რაიმე ქირურგიულ ჩარევას მიტარებდნენ. სხვა ქალაქში კი ბორბლებზე შემდგარი, სვირინგიან-რგოლებიანი (ცხვირში, წარბებზე, ლოყებზე) გოგონა დამხვდა. თან თმებს მისწორებდა, თან ჩემ გარშემო დაჰქროდა, თან მუსიკის თანხლებით ცეკვავდა. სხვათა შორის, თავისი ხელობა ბრწყინვალედ იცოდა. თუმცა, ყველანაირ სალონს ერთი საერთო წესი აქვს.  აქვე დავწერ, რომ მე ამ წესს ვარღვევ. თუ დარღვევის უფლებას არ მომცემენ, იმ სალონიდან უკანმოუხედავად მივდივარ.

თავის დაბანაზე ვწერ. თქვენც ხომ იცით, როგორ ბანენ. ჯდები სპეციალურ სავარძელში, თავს უკან ხრი, ისე, რომ თმები იქვე მიდგმულ ნიჟარაში მოთავსდეს და სტილისტი ან მისი დამხმარე გბანს. ეს სტანდარტია. ოღონდ თავის დროზე ვინც მოიფიქრა, იმან ეტყობა ადამიანის ანატომია არ იცოდა. ერთი-ორჯერ მეც დამბანეს ასე და სალონიდან გამოსულმა ვერ ვიგრძენი თავი კარგად. არ მესიამოვნა და მორჩა. ამიტომ შემდეგ მისვლაზე თავაზიანად ვითხოვე, გადავიხრები და მამა-პაპურად  დავიბან-მეთქი. იქ სადაც, ამ თხოვნაზე უარს მეუბნებიან, შავ სიაში შემაქვს და ახლოს აღარ ვეკარები.

ერთ-ერთ გადაცემაში ამბავი მოვისმინე ამერიკელ ქალბატონზე, რომელმაც რომელიღაც შტატში სილამაზის სალონს სასამართლოში უჩივლა და…  250000 დოლარი მოუგო. მართალია, ჩივილი მას შემდეგ შეძლო, რაც ინსულტის გამო სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. ინსულტის მიზეზადაც ექსპერტიზამ სწორედ ზემოთ აღწერილი დაბანის წესი დაასახელა. იმ ქალბატონს ჯერ თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება ჰქონია,  შემდეგ წონასწორობას კარგავდა თურმე და სალონის სტუმრობიდან ორი კვირის თავზე ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. აღმოჩნდა, რომ ასე თავის უკან გადაწევა, ჩვენთვის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობა არ არის, თავის ტვინის სხვადასხვა უბანში სისხლის მიმოქცევა ფერხდება. ასევე შეიძლება სისხლძარღვის კედელი დაზიანდეს,  იქ თრომბი წარმოიქმნას და სწორედ მან გაუკეთოს ინსულტს პროვოცირება. ოღონდ ეს მაშინვე არ მოხდება, ასე ორი კვირის შემდეგ.  ეს ყველაფერი აქამდე არ ვიცოდი, მაგრამ იმგვარად დაბანა არ მსიამოვნებდა და ჩემდა უნებურად, თურმე სწორედ ვიბანდი თავს.

ამის შემდეგ, სალონებში ალბათ დაფიქრდებიან და წესს ნელ-ნელა შეცვლიან. მანამდე კი, ჩვენს თავს თავადვე უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან ჩვენთან 250000 დოლარი რეალური  არ არის, ჩვენთან რეალური მხოლოდ ინსულტია.

რადგან სალონებზე დავიწყე წერა, დავფიქრდი ჩემთვის, კიდევ რა საფრთხე შეიძლება იქ გველოდებოდეს-მეთქი? სისუფთავეზე საერთოდ არ ვსაუბრობ, თუ სალონში შეამჩნევთ, რომ სისუფთავესთან მწყრალად არიან, დაუფიქრებლად უკან გამოტრიალდით და აღარასდროს გაეკაროთ ახლოს.

სხვა?

თმის შეღებვა ჩვეულებრივი პროცესია… ჩვეულებრივი ქიმიური პროცესი… საღებავი  ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც კანის ქიმიური დამწვრობის  გამოწვევა შეუძლიათ. საღებავის გამხსნელი ისეთ ძლიერ მჟანგავსაც შეიცავს, როგორიც წყალბადის პეროქსიდია. სტანდარტით 12%-ზე ზედა კონცენტრაციის გამოყენება დაუშვებელია, პროფესიონალი საღებავების გამხსნელი 6%-იანი კონცენტრაციის უნდა იყოს. საფრთხეა თმების  გაუფერულების დროსაც.  სხვათა შორის, კანი თავს თავადვე იცავს და ოფლისგან და ცხიმისგან წარმოქმნის აპკს. ამას  ცხიმოვანი ჯირკვლები გამოიმუშავებენ. თუ თმის შეღებვას ვაპირებთ და შეღებვამდე რამდენიმე საათით ადრე თავს დავიბანთ, ეს ფენა განადგურდება და გამხსნელში შემავალი დამჟანგველებით თავის კანის ქიმიური დამწვრობის მიღების უფრო მაღალი ალბათობა იქნება.

კიდევ რა საფრთხე შეიძლება იყოს? ახლა რატომღაც თმის ლაქებზე ალერგია მახსენდება. ალერგია შესაძლოა თმის მუსმაც გამოიწვიოს, მაგრამ ლაქზე უფრო მეტი ალბათობაა, რადგან  ჰაერში მიმოფრქვევისას იოლად ხვდება სასუნთქ გზებში.

მოკლედ, მე სტილისტებს მინილექციებს ვუტარებ ხოლმე, რის გამოც, ალბათ გულში ბრაზდებიან, მაგრამ მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირში მიცინიან და მეთანხმებიან.

ახლა ერთი სალონი მაქვს ამოჩემებული. მის გვერდით სუპერმარკეტია. სალონიდან გამოსული ყოველთვის შევდივარ ხოლმე და სხვა პროდუქტებთან ერთად ხაჭოს ვყიდულობ. თაროზე მრავალნაირი ხაჭოა. ერთმანეთისგან ძირითადად ცხიმის შემცველობით განსხვავდებიან. მე ვყიდულობ უცხიმოს და ხანდახან  4%-იანს. იქ ცხიმის უფრო მაღალი პროცენტული შემცველობაც არის, მაგრამ მასეთ ხაჭოებს პოტენციურ საკვებად საერთოდ არ განვიხილავ. ამიტომ ახლა თქვენს თვალწინ უცხიმო და 4%-იან ხაჭოს შევადარებ ერთმანეთს.

ხაჭო ფაქტობრივად ყველის მომზადების საწყისი სტადიაა. ზოგიერთ ხაჭოს ინგლისურად ასეც აწერია ხოლმე – „სოფლის ყველი“. კალორია, ბუნებრივია, იქნება იქ, სადაც მეტი ცხიმია, ანუ 4%-იანში. თურმე 100გრ. ასეთი ხაჭო 95 კკალორიაა. კალორიები უცხიმო ხაჭოშიც არის, ოღონდ 100 გრამზე მხოლოდ 72 კკალორია.

კიდევ რა შეიძლება იყოს? ქოლესტერინი. 100გრ. უცხიმო ხაჭო  7 ერთეულს შეიცავს, 4%-იანი -14 ერთეულს.

A ვიტამინი მხოლოდ ცხიმიანშია, 100გრ-ში 140 ერთეული. ცილა კაზეინი კი უფრო მეტი უცხიმოში გახლავთ. ჰოდა, მე ერთსაც მივირთმევ და მეორესაც, თუმცა უფრო ხშირად უცხიმოს ვანიჭებ უპირატესობას.

კალციუმზე დამავიწყდა დაწერა, რა თქმა უნდა, ცხიმიან ხაჭოში გაცილებით მეტია. კალციუმის იონები ძვლის ქსოვილის წარმოქმნაში, ნერვული სისტემის მოქმედებაში მონაწილეობენ. ინფექციების მიმართ ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს ზრდიან. ახასიათებთ ანტიალერგიული და სისხლის შემადედებელი მოქმედება. ააქტიურებენ ფერმენტებს და ამცირებენ ტოქსინების მოქმედებას.

კალციუმის ბუნებრივი ნაერთები მრეწველობასა და ყოფა-ცხოვრებაშიც ფართოდ გამოიყენება. მინის წარმოებაში კირქვებს ჩაუმქრალი კირისა და ცემენტის მისაღებად იყენებენ, ცარცი რეზინის და საღებავების დასამზადებლად გამოიყენება. მარმარილო – მშენებლობაში, მოსაპირკეთებელ მასალად. მჟავა ნიადაგის მოსაკირიანებლად ხმარობენ კირქვას და კირს – ნიადაგის მჟავიანობის შემცირების მიზნით და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

გამომწვარი თაბაშირი, ალებასტრი გამოიყენება სამშენებლო სატიხრე ფილების, პანელების, სხვადასხვა ნაკეთობისთვის ჩამოსასხმელი ფორმებისთვის. მედიცინაში თაბაშირის სახვევის დასამზადებლად იყენებენ.

თუ სკოლის ქიმიის კაბინეტში კალციუმის კარბიდი გაქვთ, შეგიძლიათ ერთი მარტივი ცდით ყველა მოსწავლის გული მოიგოთ. კალციუმის კარბიდი წყალთან რეაქციაში შედის და კალციუმის ჰიდროქსიდს და აცეტილენს წარმოქმნის. აიღეთ პლასტმასის ბოთლი, ჩაასხით შიგნით წყალი, ჩაამატეთ ცოტა წყალბადის პეროქსიდი და ჩაყარეთ კალციუმის კარბიდის რამდენიმე ნაჭერი. ბოთლს სწრაფად ჩამოაცვით გასაბერი ბუშტი. დაინახავთ, როგორ აივსება ბუშტი აცეტილენით. როდესაც საკმარისად გაიბერება, ფრთხილად მოხსენით, შეკარით, რომ გაზი არ გამოვიდეს და ბენგალური ცეცხლის ფირფიტა მოარგეთ. ფირფიტას ცეცხლი მოუკიდეთ და ბუშტს რაც შეიძლება დიდ მანძილზე მოშორდით. აცეტილენით სავსე ბუშტი აფეთქდება. ბუნებრივია, დიდი სიფრთხილე გმართებთ. სჯობს ეს ცდა სკოლის ეზოში გააკეთოთ.

ზემოთ ვთქვი, ფენდამოკიდებული ვარ-მეთქი. ბავშვობაში და შემდეგ, სკოლის პერიოდშიც, გრძელი ნაწნავი მქონდა. ერთი კლასელი გოგო შემიჩნდა, ვინღა დადის ნაწნავით, შეიჭერი, უფრო კარგად იქნებიო. თითქოს სხვების ჭკუაზე არასდროს მივლია, მაგრამ ამ გოგოს რატომღაც დავუჯერე. ისე დამარწმუნა, რომ დედაც ვერაფერს გახდა და აზრი ვერ შემაცვლევინა. ჰოდა, შევიჭერი ეს ჩემი ნაწნავი. მახსოვს, სტილისტი ჩემს დალალებს რა ბედნიერი ინახავდა. ჩემი კლასელი გოგოს გაბრწყინებული სახეც მახსოვს… შეჭრის პროცესს შემთხვევით შეესწრო. ისიც მახსოვს, რომ სრულიად ჩვეულებრივი გავხდი, მაშინ როცა, ნაწნავი რაღაც ჩემეულს და ორიგინალურს მმატებდა. მერე ისევ გავიზარდე თმები, მაგრამ ეს უკვე ის აღარ იყო.   ერთხელ სალონში გავისწორე, შემდეგ მეორედ… აღმოვაჩინე, რომ გასწორების გარეშე თმა აღარ მომწონდა და ასე დავდივარ სალონში ყოველ კვირა.

ადრე ლიკანში ვისვენებდი. ასე თორმეტიოდე წლის გოგო დედას უმტკიცებდა, თბილისში რომ ჩავალ, სულ ერთია, ამ ნაწნავს მოვიჭრიო. დედა საპირისპიროს არწმუნებდა. გოგოს უთხარი, არ მოიჭრა, თორემ ინანებ-მეთქი. არაო, ნიშნის მოგებით მითხრა. დედამ დაამატა, კლასელი აგულიანებს და რა მოუხერხო არ ვიციო.

არ ვიცი, რა ქნა იმ ბავშვმა. ალბათ, თმა  მაინც მოიჭრა და სრულიად ჩვეულებრივი გახდა. მერე წამოიზარდა და შეიძლება სალონში მოუნდა თმის გასწორება. ჯერ ერთხელ, მერე მეორედ…

დღეს ალბათ ფენდამოკიდებულია…

მეთოდოლოგიური მოთხოვნები მოსწავლეთა შეფასების ინსტრუმენტებისა და წესების მიმართ

0

 

ეროვნული სასწავლო გეგმის შესავალ ნაწილში შეტანილი ზოგიერთი ცვლილება სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას ეხება და ძირითად მეთოდოლოგიურ ორიენტირებს განსაზღვრავს, ის ასევე არსებით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა შეფასების შინაარსსა და პროცედურებზეც. მაგალითად:

  1. ესგ 2011-16 წლების ვარიანტში აქცენტი დასმულია მოსწავლეზე/პიროვნებაზე და შედეგზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესზე, როგორც დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირების ეფექტურ საშუალებაზე. 2017-23 წლების ვერსიაში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას. კერძოდ, მისი მოთხოვნაა, რომ „მოსწავლის შეფასება იყოს სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს“.

  1. ესგ 2011-16 წლების ვარიანტის მიხედვით სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული და რომელიც მოსწავლის არსებულ ცოდნას, გამოცდილებასა და შეხედულებებს ეფუძნება.  2017-23 წლების ვერსიაში კი დაფიქსირებულია, რომ სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. კერძოდ, მის მიხედვით „მოსწავლის შეფასების ძირითადი ამოცანაა: ა) მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესის მიმდინარეობისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების ჩვენება“.

  1. ესგ 2011-16 წლების ვარიანტის მიხედვით, განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად სკოლამ მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი. სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება გულისხმობს მრავალგვარი მეთოდის, მიდგომის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებას. 2017-23 წლების ვერსიაში სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას; სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). კერძოდ, მის მიხედვით „მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა; ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში“.

განახლებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისი მეთოდოლოგიური მოთხოვნები მოსწავლეთა შეფასებისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი დავალებებისა და მათი რელევანტური რუბრიკების მიმართ შეიძლება დაიყოს ხუთ ნაწილად: შეფასების მიზნების ფორმულირებები, დავალების დიზაინი (შერჩევის ან შექმნის შედეგად), რუბრიკის დიზაინი,  შეფასების ადმინისტრირების წესები და ქულების მინიჭების ან ნიშნების დაწერის სისტემა.

შეფასების მიზნებთან დაკავშირებით ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ:

  1. მათში უნდა აისახოს არსებითი ცოდნა და სხვა სახის კომპეტენციები, რომლის ფლობა ფასეული და ნაყოფიერია მოსწავლეებისთვის;
  2. მათში უნდა აისახოს სწავლის გაზომვადი შედეგები;
  3. მათ უნდა დააკვალიანონ მასწავლებელი შემაჯამებელი დავალების/აქტივობის შერჩევაში.

ამასთანავე, შემაჯამებელი დავალება:

  1. უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს;
  2. არ უნდა ამოწმებდეს შემთხვევით, წინასწარ განზრახული კომპეტენციების მიღმა/გარეშე მახასიათებლებს;
  3. უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი;
  4. მოსწავლეს უნდა სძენდეს ღირებულ სასწავლო გამოცდილებას.

რუბრიკების მიმართ მოთხოვნები ასეთია:

  1. რუბრიკაში კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს მიზნებსა და დავალებას;
  2. კრიტერიუმები ფორმულირებული უნდა იყოს მოსწავლის დაკვირვებადი ქცევის ან მის მიერ შექმნილი პროდუქტის მახასიათებლების ენაზე;
  3. რუბრიკები დაწერილი უნდა იყოს მარტივ, მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე;
  4. რუბრიკის მიხედვით მისანიჭებელი ქულები გონივრულად უნდა იყოს შერჩეული;
  5. სხვადასხვა ქულების მინიჭების წესი სრულიად ცალსახა და ცხადი უნდა იყოს;
  6. კრიტერიუმების ფორმულირება უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი.

შეფასების ადმინისტრირებაში იგულისხმება:

  1. დავალების შინაარსთან და შესრულების წესთან დაკავშირებით ცხადი და მოსწავლეებისთვის გასაგები ინსტრუქციების მიწოდება;
  2. დავალების შესრულებისთვის საჭირო ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა;
  3. მოსწავლეებისთვის რუბრიკების წინასწარ გაცნობა.

ქულების მინიჭების, მათი განმარტებისა და გამოყენების მიმართ მოთხოვნები წარმოადგენს რუბრიკის სპეციფიკურ მახასიათებლებს:

  1. ორმა დამოუკიდებელმა შემფასებელმა რუბრიკის გამოყენების შედეგად ერთი მოსწავლის ნამუშევარისთვის ერთი და იგივე ქულების მინიჭება უნდა შეძლოს;
  2. ერთმა და იმავე შემფასებელმა სხვადასხვა დროს რუბრიკის გამოყენების შედეგად ერთი და იმავე ქულების მინიჭება უნდა შეძლოს;
  3. ქულების მინიჭებაში დახმარების მიზნით შემფასებელს ხელი უნდა მიუწვდებოდეს დავალების შესრულების ნიმუშზე;
  4. მოსწავლის ნამუშევრისთვის საბოლოო, ჯამური ქულის მინიჭების ან ნიშნის დაწერის წესი რუბრიკასთან კავშირში სრულიად ცხადად უნდა იყოს წარმოდგენილი;
  5. შეფასების შედეგები ადვილად გამოყენებადი უნდა იყოს სწავლების და შეფასების გაუმჯობესების მიზნით.

მაგალითად, მათემატიკაში მოსწავლის შეფასებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტის მახასიათებლები ასე წარმოგვიდგება:

დავალება მნიშვნელოვანია – შეესაბამება ესგ მოთხოვნებსა და საგნობრივი პროგრამის შედეგებს, მოითხოვს არსებით მათემატიკურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, მოსწავლეებს უბიძგებს ააგონ, დახვეწონ ან გამოიყენონ მნიშვნელოვანი მათემატიკური მოდელები;

დავალება ათენტურია – მოიცავს უშუალოდ მათემატიკის აზრიან, საყოფაცხოვრებო გამოყენებას, არ არის ხელოვნურად შეზღუდული ამოხსნის მხრივ (მრავალნაირად შეიძლება ამოიხსნას/შესრულდეს);

დავალება მიუკერძოებელია – განსხვავებული მიდრეკილებებისა და პროფილის სტუდენტებს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ნიჭის გამოსავლენად და მოსწავლეებს პრობლემის გადასაწყვეტად საკუთარი გამოცდილების გამოყენება შეუძლიათ;

დავალება მრავალწახნაგიანია – მოიცავს პოტენციალს განვრცობისა და კავშირების გამოვლენისთვის და მოსწავლეებისგან ფორმულების საფუძველმდები იდეების გააზრებას მოითხოვს;

დავალება დაძლევადია – მოსწავლისთვის ასაკობრივად/განვითარების დონის შესაფერისია, შესრულებადია და არ გამოიწვევს სტრესს;

დავალება ცხადია – გარკვეულია, რას ითხოვს იგი მოსწავლისგან;

დავალების შესრულების შემდეგ შესაძლებელია ნამუშევრისთვის ქულების მინიჭება – დავალების თანმხლები რუბრიკა ადვილად გამოყენებადია;

დავალება მოსწავლის აქტიურობას მოითხოვს – მოსწავლე ასრულებს სამუშაოს და იღებს გადაწყვეტილებებს ან ურთიერთობს სხვებთან, იყენებს მათემატიკურ მოდელებს პრობლემის წვდომისა და გადაჭრისთვის;

დავალება ხელმისაწვდომია მოსწავლეთა ფართო ფენებისთვის – მოსწავლეთა მათემატიკური შესაძლებლობების ფართო სპექტრის არსებობის შემთხვევაშიც კი ყველა მოსწავლეს ძალუძს დავალებაზე აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა.

შეფასების ამგვარი ინსტრუმენტის შესაქმნელად მიზანშეწონილია მასწავლებელმა იხელმძღვანელოს გარკვეული ინსტრუქციით, რომლის შესრულებისთვის მან უნდა შეავსოს ქვემოთ მოტანილი სქემა შესაბამისი განმარტებების საფუძველზე (იხ. ქვემოთ).

შეფასებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტის შექმნისთვის შესაფერისი სქემა

თემა:                                                            საკითხი:

 

კლასი:

 

ძირითადი ცნებები:

 

საგნობრივი უნარ-ჩვევები:

 

დავალების ფორმულირება ან მონახაზი:

 

არის თუ არა მოსწავლისთვის გასაგებად ჩამოყალიბებული?

კრიტერიუმები დავალებისთვის (დავალების გზამკვლევი):

 

რა კომპონენტებისგან შედგება დავალება?

რა გსურთ, რომ წარმოაჩინონ, ახსნან ან შექმნან მოსწავლეებმა?

დრო დავალების შესრულებისთვის:

 

დავალების შესრულებისთვის გამოყავით ადეკვატური დრო?

 

რუბრიკა ან/და შეფასების სქემა:

 

რის საფუძველზე ან რომელი მტკიცებულებების მიხედვით დაასკვნით, რომ მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი დავალებას?

როგორ გამოიყურება სანიმუშო ამოხსნა ან/და პროდუქტი?

ამ სქემის ნაყოფიერად შევსებისთვის მიზანშეწონილია უპასუხოთ შეკითხვებს:

ძირითადი ცნებები – რომელი საკვანძო ცნებები და „დიდი“ იდეები უნდა იცოდეს მოსწავლემ?

მათემატიკური უნარჩვევები – რომელ უნარ-ჩვევებში უნდა წარმოაჩინოს გაწაფულობა მოსწავლემ?

არსებითი შეკითხვები – რა შეკითხვების დასმაა საჭირო, რომ მოსწავლემ პასუხად წარმოაჩინოს ძირითადი ცნებებისა და მათემატიკური უნარ-ჩვევების ურთიერთდაკავშირებული კომბინაცია? მოსწავლეთა ნაშრომებში უნდა წარმოჩნდეს პასუხი ამ კითხვაზე. მაგალითად, თუ ძირითადი ცნებაა შკალის მასშტაბი, ხოლო უნარ-ჩვევაა შკალის მასშტაბის პოვნა პროპორციული დამოკიდებულების შემცველ ვითარებაში, მაშინ არსებითი შეკითხვა იქნება: როგორ გამოიყენებს შკალის მასშტაბს უცნობი ზომის საპოვნელად პროპორციული დამოკიდებულების შემცველ ვითარებაში?

დავალების ფორმულირება ან მონახაზი – მოსწავლეს რამდენიმე წინადადებით ან აბზაცით უნდა ავუხსნათ, რაშია პრობლემა და რა უნდა გააკეთოს მან. იგი შეიცავს ცხად გამოწვევას მოსწავლეებისთვის, რომ მათ რაც შეიძლება სრულად და ზუსტად მოახდინონ თავიანთი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირება მნიშვნელოვან მათემატიკურ იდეებთან დაკავშირებით.

დავალების შესრულების კრიტერიუმები – რა სამუშაოების შესრულებაა საჭირო სრული ოსტატობისა და გააზრებისთვის? როგორ უნდა შესრულდეს დავალება – ინდივიდუალურად, წყვილში თუ ჯგუფურად? როგორ უნდა გაფორმდეს ნამუშევარი?

ქულების მინიჭება – რაგვარად შესრულებულ ნამუშევარს მიენიჭება უმაღლესი ქულა, როგორც სამაგალითოს?

ვიმედოვნებთ, რომ მოცემულ ნაშრომში მოტანილი რეკომენდაციები წაადგება ხარისხიანი შეფასების ინსტრუმენტების შექმნასა და დანერგვას სასწავლო პროცესში, რომელიც განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე წარიმართება.

სოციალური გარიყულობა, როგორც უცვლელი რეალობა

0

კლასიკური განმარტების თანახმად, ადამიანები სოციალურად  გარიყულები არიან მაშინ, როდესაც არ მონაწილეობენ იმ ურთიერთობებში, რომლებშიც ჩვეულებრივ ადამიანთა უმრავლესობაა ჩართული – ოჯახი, მეგობრების წრე, საზოგადოება და დასაქმება. ღარიბი ადამიანები, მარტოხელა მოხუცები, ქუჩის ბავშვები, უნარშეზღუდული ადამიანები, შეიძლება ითქვას, რომ გარიყვის რისკის წინაშე დგანან. ეს გულისხმობს არა მხოლოდ უქონლობას, არამედ პრობლემებს სოციალურ ურთიერთობებში, მათდამი უპატივცემულობის ჩათვლით, სოციალურ იზოლაციას და სოციალურ დაუცველობას. აღნიშნულ ჯგუფებს დაუცველ ჯგუფებადაც იხსენიებენ ხოლმე.

ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში სოციალურად გარიყულები ვართ, ვყოფილვართ ან შესაძლოა ვიყოთ აქ მცხოვრები ადამიანების უმეტესობა და გარიყულობა გამოწვიოს არა მხოლოდ მძიმე სოციალურმა პირობებმა, არამედ  არამეგობრულმა გარემომ, არასასურველმა რეჟიმმა, უკონტროლო სამუშაო პირობებმა და ცუდად მოქმედმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ, არასწორად დალაგებულმა პრიორიტეტებმა, ემპათიის ნაკლებობამ, გარშემომყოფების აგრესიამ და ათასმა სხვა რამემ.

თუ ოდესმე თავი გარიყულად გიგრძვნია, გეცოდინება,  როგორი ძნელია იმ ვნებებისგან, სირცხვილისა და სიმძიმისგან გათავისუფლება, რასაც სოციუმისგან განცალკევება ჰქვია. დღეები, თვეები და წლები შეიძლება დაგჭირდეს იმისათვის, რომ ჭაობიდან ამოძვრე, ჭუჭყი მოიშორო, თვალები გაუსწორო შემხვედრებს, სალაპარაკო თემები იპოვო ნაცნობების ნახვისას, საერთოდ, ნაცნობების ნახვა შეძლო. იმდენად ძნელია,  შეიძლება საბოლოოდ არც კი გამოგივიდეს  ეს ყველაფერი. მეტისმეტად რთული აღმოჩნდეს და დარჩე ცალკე, შენს გასაჭირთან ერთად გარიყული და თუ ასე მოხდება, შენ ვეღარ შეძლებ ილაპარაკო შენი და სხვების ცხოვრების დამამძიმებელ გარემოებებზე, ვერ მიაწვდენ ხმას სხვებს, უხილავი გახდები და მხოლოდ სხვები, უფრო კეთილმოწყობილები ილაპარაკებენ იმაზე, რომ შენნაირები არსებობენ სადღაც, ჩვენს შორის.

ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან მარტივია, სოციალურად იზოლირებული გახდე. შესაძლოა რამდენიმე მიზეზიც კი გქონდეს  ისეთი, რაც ცხოვრებას მოგწყვეტს. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად,  საქართველოში  ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების მხრიდან თანხების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან. 36-59 თვის ბავშვთა მხოლოდ 58%-ს აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი. ანგარიშში მოცემული ციფრების უკან დგანან ბავშვები, რომლებიც სკოლებსა და ბაღებში ვერ დადიან სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთვებიან შინამეურნეობებში, კარგავენ ბავშვობის სიამეებს, სილაღეს. სტატისტიკა ბავშვებთან ერთად მშობლებს, ბებია-ბაბუებს, მასწავლებლებს და გარშემომყოფებსაც მოიცავს. ამავე კვლევის თანახმად, ბავშვიან ოჯახებში გაცილებით მეტია სიღარიბე, ვიდრე უბავშვო ოჯახებში, ბავშვიან ქალებს უჭირთ დასაქმება და ქალების ხელფასი წლიდან წლამდე თითქმის არ იზრდება. იმისათვის, რომ შემცირდეს შიმშილთან პირისპირ მდგარი ბავშვების რაოდენობა, სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს მათ საჭიროებებს არგებს და ვინაიდან ქვეყანაში ფულის უზღვავი რაოდენობა არ არსებობს, ბავშვებისკენ მომართული ფული მეორე, ასევე ძალიან დაუცველ ჯგუფს, მოხუცებს, ანუ მათ ბებია-ბაბუებს აკლდებათ. ბავშვების საკმაოდ დიდი რაოდენობა კვლავ სკოლისა და ბაღის გარეთ რჩება და ესენი, უფრო ხშირად, რეგიონებში მცხოვრები ბავშვები არიან. იქ, სადაც შესაძლოა,  ზრდასრული ადამიანის ერთადერთი  სამსახური სკოლა ან ბაღი იყოს, ზოგჯერ ასეთი დაწესებულებები საერთოდ არ არის ან  თუ არის, მათი კეთილმოწყობის საკითხი მაინც მწვავედ დგას. ასე იზრდებიან ბავშვები ჩვენს თვალწინ და რას ვაკეთებთ ჩვენ? უკეთეს შემთხვევაში, ვხედავთ და ვიაზრებთ პრობლემების სიმწვავეს, ცუდ შემთხვევაში, საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით და მსგავსი ამბებისგან ვდისტანცირდებით. რეალობას არც ერთი პოზიცია არ ცვლის.

სოციალური გარიყულობა ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებისთვის წლიდან წლამდე უცვლელი რეალობაა, რომელზეც თვითონ ვერც კი საუბრობენ. ასე მაგალითად, 2016 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალოების შესრულებისას დაიღუპა 40 და დაშავდა 33 ადამიანი. ჩვენს ქვეყანაში შრომის ინსპექცია არ არსებობს. თბილისში უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო ტრანსგენდერებზე თავდასხმამ, რომელთა ნაწილიც მსხვერპლებისთვის ფატალურად დასრულდა. თითოეულ საქმეზე უფლებდამცველები ცდილობენ, რომ გამოძიებამ სიძულვილი განსაკუთრებულ მოტივად განიხილოს. განსხვავებულების მიღება გადაულახავი პრობლემაა.

დაახლოებით 1300 ბავშვი სხვადასხვა სახის პანსიონატებში ცხოვრობს და იღებს განათლებას. სახელმწიფოს მათ მიმართ ერთიანი მიდგომა არ აქვს და ასე დაუსრულებლად.

ალუზიები _ გალაკტიონის „მშობლიური ეფემერას“ სწავლებისათვის

0

გალაკტიონის პოეზიაში ხშირად გვხვდება ალუზიები, რომლებიც ლექსის მხატვრული დრო-სივრცის არეალს აფართოებენ და ხელს უწყობენ პოეტური სათქმელის ღრმა გააზრებას. ამ ლექსშიც გვხვდება ალუზიები, რომლებსაც მკითხველი ლექსის განზომილებიდან სხვაგან გაჰყავს, რათა იმ „სხვის“ გაცნობიერებით უკეთესად გაიაზროს კონკრეტული მხატვრული სახეები და სიმბოლოები.  სქემატურად ეს ასე შეიძლება გამოვსახოთ:

ჰ

“წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,

ძაფი ნერვის არ არის ჩემში  არაპოეტის”, _ წერს გალაკტიონი “ეფემერაში”. სწორედ ეს ქართული სისხლი აწერინებს მას ასეთი ტკივილით სავსე სტრიქონებს. “ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, /ის პოეზიას ჩემსას გაიგებსო”, _ საქართველოს კულტურა, მისი აწმყო, წარსული და მომავალი არის ის ძლიერი ფესვი, რომლიდანაც გალაკტიონის პოეზიაა ამოზრდილი. მის ლექსებში არის “სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი”.

ამ ლექსში  კი _ “მშობლიური ეფემერა” _ წარმოჩენილია საქართველოს დაკარგული თავისუფლების გამო ტკივილი. ეფემერა _ ხანმოკლეს, წარმავალს ნიშნავს. გალაკტიონს უყვარდა ეს სიტყვა და ხშირად გვხვდება მის პოეზიაში: “ეფემერა”, “ისევ ეფემერა”, “საახალწლო ეფემერა”. ცნობილია წუთისოფლის ეფემერულობა. ბიბლიური სიბრძნე ღაღადებს: “ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო”.  ეფემერა სწორედ ამაოების სინონიმია.  პოეტს ზოგადსაკაცობრიო სატკივართან ერთად, მშობლიური ქვეყნის ტკივილი აწუხებს. პირველივე სტრიქონში იხატება ლირიკული გმირის გაუცხოება სამშობლოსთან:

“ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს,

ზამთარს ბილიკი დაუტანია…

,,დიდი ხანია?’ – მივმართავ ტყეებს

და ტყე გუგუნებს: დიდი ხანია!”

რატომ ვეღარ ცნობს იგი მშობლიურ ხეებს, ქვეყანას? “ვცნობილობ”_ დიალექტური ფორმაა, რატომ გამოიყენა პოეტმა? ალბათ, იმიტომ, რომ უფრო მეტი მშობლიურობის განცდა შეექმნა. იმიტომ ვეღარ ცნობს, რომ სამშობლო, მისი სალოცავი ხატი, მის წარმოდგენაში არის ძლიერი, ამაყი, დაუმორჩილებელი. ახლა კი ხედავს დაბეჩავებულს, ღირსებააყრილს, თავისუფლებადაკარგულს. “ზამთარს ბილიკი დაუტანია” _ ლექსში იხატება ზამთრის პეიზაჟი. თოვლს დაუფარავს ბილიკები. აქ ზამთარი და ბილიკი სიმბოლურადაც უნდა გავიაზროთ. ზამთარი დასდგომია ქვეყანას _ ზამთარში ყოველივე კვდება. ბილიკები კი ხსნის გზაა. რა თქმა უნდა, პოეტი დაკარგულ დიდებას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას მისტირის. იგი იმიტომ ვეღარ ცნობს სამშობლოს, რომ  არ უნდა ასეთი დაინახოს.

აქ არის ალუზიები  გრიგოლ ორბელიანის პოემა “სადღეგრძელოსი” და ლექსისა “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”.  თამადა ფარნავაზ მეფის სადღეგრძელოს ამბობს:

“ეს ვინ გამოჩნდა,

ვისი აჩრდილი დაჰმზერს ივერსა გაკვირვებითა,

ნუთუ ვეღარა უცვნია შვილი,

მისგან აღზრდილი ტრფიალებითა”.

უცებ გამოჩენილი დიდი მეფის, ფარნავაზის აჩრდილი გაკვირვებით დაჰყურებს საქართველოს და ვეღარ უცვნია. ეს მით უფრო გასაოცარია, რომ ფარნავაზმა გააერთიანა ქვეყანა, შექმნა სახელმწიფო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის დროს შეიქმნა ქართული ანბანი. ლეონტი მროველი ამას გვამცნობს “ქართლის ცხოვრებაში”. გრიგოლ ორბელიანს ამ ეპიზოდით იმის თქმა უნდა, რომ საქართველო ის აღარ არის, რაც იყო. თავისუფალი, ძლიერი. იგივე აზრი უფრო მძაფრად წარმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა ლექსში “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”. აქ თამარ მეფე ვეღარ სცნობს ტაძარში სალოცავად მისულ ქართველს _ ლირიკულ გმირს. რატომ?

“და მე ვეღარ მცნობ

გულშემუსვრილსა,

დამცირებულსა,

ხმა-მიღებულსა,

ბედდაკარგულის ივერიის ძეს.

ეჭვით აღვსილსა,

უსასოდ ქმნილსა,

გულ-უიმედოს, გაუხარებელს”.

სასოწარკვეთა ეუფლება პოეტს: “ვაჰ, თუ რაც წახდეს,/ ვეღარა აღსდგეს, /ვეღარ აყვავდეს ახლის შვენებით, /და რაც დაეცა, /ის წარიტაცა შავმან ყორანმა, /ვით უმწე მსხვერპლი”. გალაკტიონის ლექსის ლირიკული გმირიც ვეღარ ცნობს სამშობლოს, რადგან ვერ წარმოუდგენია ქართველი ასეთი დაბეჩავებული, ბედსშეგუებული.

სამშობლოს ვერცნობა ტრაგედიაა მშობლისთვისაც და შვილისთვისაც. ამგვარი განცდა უმომავლობას, დაღუპვას ნიშნავს. გალაკტიონის სხვა ლექსებშიც არის ეს განცდა, მაგალითად, ჩნდება ალუზია  ლექსისა “გემი დალანდი”:

“მაგრამ სამშობლოს ძველ გზებით ვეღარ მოვაგენ

და არ მახსოვდა, მქონდა იგი თუ მომაგონდა”.

აქ ტკივილით გაისმის სტრიქონი: “მქონდა იგი თუ მომაგონდა” _ ეჭვებით სავსე გული მოჩანს ამ სტრიქონში. იქნებ არც არასოდეს მქონია ისეთი სამშობლო, როგორიც წარმომედგინაო. ლექსში ვკითხულობთ:

,,დიდი ხანია?’ – მივმართავ ტყეებს

და ტყე გუგუნებს: დიდი ხანია!”

დიდი ხანია, რაც ამ დღეშია ქვეყანა? _ ეკითხება ლირიკული გმირი გარემოს? სასოწარკვეთა გაისმის მის ამ შეკითხვაში და ტყე გუგუნებს _ დიდი ხანია. ამ გაპიროვნებით კარგად წარმოაჩინა პოეტმა, როგორ გაჟღენთილა ამ სატკივრით ყოველივე.

მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს ალუზია ოთარ ჭილაძის რომანისა “გოდორი”, რომელშიც აღწერილია, რომ მეთექვსმეტე საუკუნეში საქართველოსკენ გამოემართა ცნობილი იტალიელი მისიონერი ლუდოვიკო ბოლონიელი, მან იცოდა საქართველოს დიდებული ისტორიის შესახებ და სურდა საკუთარი თვალით ეხილა, თან საგანგებო მისიით მოდიოდა, მაგრამ როცა მოაღწია იმ გეოგრაფიულ სივრცეს, სადაც ეს მშვენიერი ქვეყანა ეგულებოდა, საქართველო იქ აღარ დახვდა, რა თქმა უნდა, ეს მეტაფორაა და მიუთითებს ქართული სულის გაქრობაზე. ეს იწვევს ალუზიას თანამედროვე პოეტის, ბესიკ ხარანაულის, სტრიქონებისას: “საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია”.

გალაკტიონის ლექსში ვკითხულობთ:

“შეხავსებია კლდეები კლდეებს,

იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.

,,ამირანია?” – მივმართავ ტყეებს

და ტყე გუგუნებს: ამირანია!”’

ლირიკულ გმირი ხედავს დახავსებულ კლდეებს. ეს დახავსებულობაც წარმოაჩენს იმას, რომ ქვეყანა უმოძრაოა. ხავსი სევდისა და წუხილის სიმბოლოა. ქართული ანდაზაა: “აგორებულ ქვას ხავსი არ ეკიდებაო”. ესე იგი, ხავსი უმოძრაობაა, სიკვდილია. კლდეებიდან კვნესა გაისმის. ჩნდება ალუზია ილიას “ელეგიისა”:

“არსაიდან ხმა, არსით ძახილი,

მშობელი შობილს არრას მეტყოდა,

ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი,

ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა”.

ქართველი კვნესით გამოხატავს თავის უნუგეშო მდგომარეობას. იქ, სადღაც, კავკასიონის მთებში, პოეტს მიჯაჭვული ამირანი ეგულება. სწორედ მისი კვნესა გაისმის, რადგან დატყვევებას ვერ შეგუებია მისი დაუმორჩილებელი სული. მითის მიხედვით, ღმერთი ამირანს სჯის და კავკასიონის კლდეზე მიაჯაჭვავს, იმიტომ, რომ თავისი ძალითა და გამარჯვებით გაამაყებულმა ამირანმა მასთან შებრძოლებაც კი მოინდომა.

ამირანი, როგორც საქართველოს სიმბოლო, აკაკიმ დაამკვიდრა პოეზიაში, ამიტომაც შემოიჭრება ალუზია “თორნიკე ერისთავის” იმ ეპიზოდისა, რომელშიც ქართველთა ჯარი მღერის:

“კავკასიის მაღალ მთებზე

მიჯაჭვული ამირანი

არის მთელი საქართველო

და მტრები კი _ ყვავ-ყორანი,

მოვა დრო და თავს აიშვებს,

იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთაგმირი,

სიხარულად შეეცვლება

იმდენი ხნის გასაჭირი” (“თორნიკე ერისთავი”).

აკაკი ისტორიულ პოემაში (მეათე საუკუნის ამბავი) თანამედროვეობის (მეცხრამეტე საუკუნის) სულისკვეთება და სატკივარი მიჯაჭვული ამირანის სიმბოლოთი ამგვარად გამოხატა. საოცრად შთამბეჭდავია ტყის გუგუნით დასტური, რომ მთებში სწორედ ამირანი კვნესის. ესე იგი, საქართველო ცდილობს თავდახსნას, ჯერ არ გამქრალა იმედი.  თუმცა ეჭვი მაინც გაჰკრავს და ჩნდება ალუზია აკაკის ლექსისა  “ჭაღარა”:

“მაგრამ ვაიმე, რომ ეჭვი

მოუგზავნია ჯოჯოხეთს:

მაცდურ სარკეში მახედებს,

ოცნებას მიკლავს… გულს მიხეთქს!..

ამბობს: “ფრიდონ და ავთანდილ

ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!…

და შენც ტარიელს მოჰგავხარ

ისე, ვით კატა ლომსაო” (“ჭაღარა”).

მკითხველს უჩნდება ალუზია  გალაკტიონის სხვა ლექსისაც, რომელშიც წერია:

„ამ ბნელი ღამით ვიღაც დადის საქართველოში,

ამ ბნელი ღამით ვიღაცა კვნესის,

ვახსენოთ ჩვენ ის უკანასკნელ სადღეგრძელოში“ (“ამ ბნელი ღამით”).

ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს უკვდავი სულია, რომელიც ხანდახან რომელიმე მამულიშვილის სხეულში განხორციელდება ხოლმე. მამულიშვილს კი “ძილშიც არ სძინავს მამულის ბედით გულ-აღტყინებულს” (ილია). ლადო ასათიანი ამას ასე ლამაზად ამბობს:

“დავიღლები საქართველოს სიყვარულში,

სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ” (“სალაღობო”).

გალაკტიონის ლექსში ვკითხულობთ:

“ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,

ის გული ისევ ჩემი გულია…

,,დაკარგულია? ‘ – მივმართავ ტყეებს

და ტყე გუგუნებს: დაკარგულია!”

ტყის გუგუნი: “დაკარგულია” _ საოცარ სევდას ბადებს, მაგრამ ამ სევდას ლექსში არღვევს თერგის ხმაური. თერგი ხომ დაუდეგარი ცხოვრების სიმბოლოა ილიასთვის. თერგი თითქოს საქართველოს სულია. აქ ჩნდება ალუზიები გრიგოლ ორბელიანისა და ილიას პოეზიიდან. გრიგოლ ორბელიანი წერს: “თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან” (“საღამო გამოსალმებისა”). “თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა…” (ილიას “მგზავრის წერილები”).

“გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,

მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი… “

“ჯერ კი შორსაა ბინდი” _ სიმბოლურად მიანიშნებს, რომ იმედი არის გადარჩენისა. დრო კიდევ არის ბრძოლისა, მზე ჯერ სულ არ ჩასულა. საქართველოს წარსული ხომ ხშირად ედარება ხოლმე დიდებულად ჩასვენებულ მზეს. ეს სტრიქონები ალუზიაა გრიგოლ ორბელიანის ლექსისა “საღამო გამოსალმებისა”. იქაც მზის ჩასვლაა აღწერილი და ამ ფონზე _ თერგის ხმაური, რომელიც ირგვლივ გამეფებულ სიმშვიდეს არღვევს. მზის ჩასვლას, დაისს, საოცარი, არამიწიერი ფერადოვნება ახლავს. სწორედ ამ ფერებს მოიხელთებს გალაკტიონი, იგი ფერადების ჯადოქარია. ნახეთ, როგორ ხატავს ამ ფერებს, რომლებიც ჰორიზონტს მზის ჩასვლისას ედება:

“ფერების ჭევრი ირევა ბევრი,

ლალების ტევრი – ლილა და შვინდი”.

აქ ფერები იხატება  ძვირფასი ქვით _ ლალით, იგი მუქი წითელია, ძოწისფერია, ელვარე წითელია, მაგრამ მხოლოდ ლალის ხსენება თუ წარმოადგენინებს მკითხველს, რა ფერშია შეღებილი ჩამავალი მზის ზეცა. ლალი _ ეს ძვირფასი ქვა ხშირად მეტაფორულად  გვხვდება “ვეფხისტყაოსანში”.  საგულისხმოა, რომ პოეტი კი არ წერს: შინდისფერიო, არამედ პირდაპირ ასახელებს შვინდს, თითქოს თვითონ შვინდი მოჩანს ცაზე _ ისეთი ხასხასა და ცოცხალია ეს ფერები. სხვა ლექსში წერს:

“ფერებს ყაზბეგზე სწერენ სხივები

მარადიული ოქროს კალმებით” (“მარადიული ოქროს კალმებით)”.

საოცარი მეტაფორაა. ჯერ ფერების განცდაა, მერე მუსიკისა და მხოლოდ შემდეგ გამოიკვეთება აზრი და ემოცია. მზის სხივებს თითქოს ხელში მარადიული ოქროს კალმები უპყრიათ და წერენ ფერებს _ აფერადებენ.

ფერი გალაკტონის პოეზიაში მუსიკასავით მნიშვნელოვანია. მის ლექსებში გასაოცარი ფერები გვხვდება.  მაგალითად, ივლისისფერი ყინვა, თოვლთა დაფნა, დაბინდულქლიავისფერი მთები. ლექსში ალუზიაა ყაზბეგისა. ეს მწერალი ძალიან უყვარდა გალაკტიონს. მის შემოქმედებაში ხომ საუკეთესოდ წარმოჩნდა თავისუფალი საქართველოს სული:

“მე კავკასიის ქედები მთხოვენ,

მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის,

ვუსმინო ყაზბეგს, ხევის ბეთჰოვენს”.

ბეთჰოვენის ქარიშხლიან მუსიკას შედარა მისი შემოქმედება.

 ამ ლექსში კი:

“ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით

და ცა ალუბლით სავსეა… კმარა,”

ცა ალუბლებით სავსეა _ ამ არაჩვეულებრივი მეტაფორით წარმოჩენილია ცის ფერადოვნება, რასაც უფრო ამძაფრებს მეტაფორა: “ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ”. თითქოს ციდან ფერადი ყვავილები ცვივა. თან თითქოს სისხლზეა მინიშნება, არა მხოლოდ მიწაა გაჟღენთილი დაღვრილი სისხლით, არამედ _ ცაც. “დარიალიდან ზარავდა ზარა”. დარიალს მოაქვს თავისუფლების სუნთქვა. მკითხველს უჩნდება ალუზიები ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის ლექსებისა. ტიციან ტაბიძე რომ წერს:  “და დარიალით გადარეული /თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს” (“მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე”). ან კიდევ: “დარიალიდან გადავარდნილი /ხაზარეთისკენ მისცურავს წერო” (გიორგი ლეონიძე “ღამე ივერიისა”).

თავისუფლების გზა რომ დაკარგულია, ეს კარგად ჩანს ლექსში: “ღრუბლები ჰგავდნენ ამღვრეულ ტვინებს”, რომელშიც აღწერილია საშინელი ავდარი  და მიმავალი მგზავრი, რომელსაც გზა ვეღარ გაუგნია, რადგან “დაკარგულია გზა მოხევესი”. აქ არის ალუზია ილიას “მგზავრის წერილების” მოხევე ლელთ ღუნიასი, რომელიც ხსნის გზას დამოუკიდებლობის მოპოვებაში ხედავდა: “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო”. ამ ლექსში  კი ვკითხულობთ:

“სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად,

შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო,

მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს,

იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!”

მხოლოდ მოგონებები ასულდგმულებენ ლირიკული გმირის სასოწარკვეთილ გულს. ლექსის ბოლო სტროფში ლირიკული გმირი გასძახის კლდეებს:

,,ამირანია? ‘ _ კვლავ ვკითხავ ტყეებს

და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!”

ეს პასუხი მაინც იმედიანად გაისმის, რადგან ამირანი კვნესის, ესე იგი, ბედს არ შეგუებია ქვეყნის სული და აუცილებლად გათავისუფლდება. მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს ალუზია ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურისა: “ლიტერატურული საღამო”, რომელშიც აღწერილია, რომ გმირს, მამულის სიყვარულით აღტაცებულს, როგორ გაუფაქიზდა სმენა, მას ირგვლივ ყოველივე მხოლოდ ერთ რამეზე ესაუბრება: მყინვარი, მისი ფანჯრიდან რომ მოჩანს და ჩაესმის მისი ქალწულივით ნაზი ხმა; მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევებისა, მდინარე რიონი მხოლოდ ერთს ამბობენ: “მოუარეთ საქართველოს” და  გულშიჩამწვდომია  სტრიქონი: “ნუთუ გუშინწინ კოკისპირულმა წვიმამ რომ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა: “მოუარეთ საქართველოს!” გალაკტიონის ეს ლექსიც საქართველოს მოვლის მოვალეობას შეახსენებს მკითხველს. ლექსი დაგვაფიქრებს სამშობლოზე, მის ბედზე, მის აწმყოსა, წარსულსა თუ მომავალზე.

   ანტარქტიდა                                                      

0

ანტარქტიდა ყველაზე ბოლოს აღმოჩენილი კონტინენტია და დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო მდებარეობს. ანტარქტიდის ცენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი კი სიფრეს კონცხია.

ანტარქტიდის ტერიტორია გეოგრაფიულ რეგიონებად და რაიონებად იყოფა, რომლებიც წლების წინ სხვადასხვა მოგზაურის მიერ იქნა აღმოჩენილი. მათ სახელი აღმომჩენის, მისი გამომკვლევის ან სხვა რომელიმე პირის  პატივსაცემად დაერქვა და მას „მიწას“უწოდებენ. ანტარქტიდის მიწებია: ადელის, ალექსანდრე I-ის, ვიქტორიას, ვილჰელმ II-ის, გეორგ V-ის, გრეიამის, კემპის, დედოფალ ელისაბედის, დედოფალ მოდის, დედოფალ მერის, კოტსის, მაკ-რობერტსონის, მერი ბერდის, პალმერის, პრინცესა ელისაბედის, უილკსის, ელსუორტის, ენდერბის მიწები და ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული. მათ გარდა, ანტარქტიდას ასევე კუთვნის ბერკნერის, სამხრეთი ორკნეის, სამხრეთი შეტლანდისა და ბალენის კუნძულები.

ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ სამხრეთში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კონტინენტი, რომელიც აწონასწორებდა ჩრდილოეთის ნახევარსფეროში არსებულ უკვე ცნობილი კონტინენტების ტერიტორიებს. წიგნში „ანტარქტიდა — დიდებული მოთხრობები გაყინული კონტინენტიდან “ ნათქვამია, რომ, „ვინაიდან ჩრდილოეთის ნახევარსფერო „არქტოსის“,  ანუ დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ მდებარეობს, არისტოტელეს  (384—322 წწ. ძვ. წ.) აზრით, სამხრეთში არსებული უცნობი მიწა უნდა ყოფილიყო „ანტარქტიკოსი“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულიად საპირისპირო”, ანუ ანტიპოდი.  ამგვარად, ანტარქტიდას, ფაქტობრივად, სახელი მის აღმოჩენამდე დაახლოებით 2 000 წლით ადრე დაერქვა!

1772 წელს ინგლისელმა მკვლევარმა და კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა ამ ნავარაუდევი სამხრეთი კონტინენტის მოსაძებნად სამხრეთის მიმართულებით გაცურა. მან მიაღწია ქარისგან დაუცველ კუნძულებსა და უზარმაზარ აისბერგებს, ანუ, როგორც თავად უწოდა მათ, „ყინულის კუნძულებს“. „ზოგი მათგანი, — წერდა ის, — გარშემოწერილობით თითქმის სამი კილომეტრი იყო, სიმაღლით კი 20 მეტრი, მაგრამ ზღვის ტალღების ძალა მაინც იმხელა იყო, რომ ტალღები მათ ზემოდან ეცემოდა“. კუკმა სამხრეთის მიმართულებით მოგზაურობა განაგრძო და 1773 წლის 17 იანვარს მისი გემი „რეზოლუშენი“ და მისი თანმხლები „ადვენჩერი“ იმ ხომალდებიდან პირველები იყვნენ, რომლებმაც სამხრეთის პოლარული წრე გადაკვეთეს. კუკი შეუპოვრად მიუყვებოდა თავის გზას პაკის ყინულებში, სანამ, საბოლოოდ, მათში არ ჩაიკეტა. „სამხრეთის მიმართულებით, ყინულის გარდა, ვერაფერს ვხედავდი“, — დაწერა მან თავის სავახტო ჟურნალში. ფაქტობრივად, ანტარქტიდასთან მას მხოლოდ 120 კილომეტრი აშორებდა, როდესაც ის უკან მობრუნდა.

ყინულოვანი კონტინენტის აღმოჩენის ოფიციალურ თარიღად 1820 წლის 28 იანვარი ითვლება. ამ დღეს რუსულმა ექსპედიციამ თადეოზ ბელინჰაუზენისა და მიხეილ ლაზარევის მეთაურობით ანტარქტიდის ნაპირებს მიაღწია. ადამიანებმა კი ფეხი ჩვენი პლანეტის ყველაზე  ცივ კონტინენტზე  პირველად 1895 წლის 24 იანვარს დადგეს. ადერის კონცხს ნორვეგიული ხომალდი „ანტაკტიკი“ მიადგა და ოთხი ადამიანი – კაპიტანი ლ. კრისტენსენი, ექსპედიციის ხელმძღვანელი ჰ. ბული, პოლარული მკვლევარი კ. ბერჰგრევინკი და მეზღვაური ა. ფონ ტუნცელმანი ნაპირზე გადავიდნენ. მათ სანაპიროზე მღიერების, ხავსებისა  და ქანების  ნიმუშები შეაგროვეს. 1909 წელს ნორვეგიელმა მოგზაურმა რუალ ამუნდსენმა სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად მზადება დაიწყო. 1911 წლის 14 დეკემბერს ნორვეგიელები ანტარქტიდაზე გადავიდნენ და სამხრეთ პოლუსს მიაღწიეს. მათ 99 დღე-ღამის განმავლობაში  ორივე მიმართულებით 2800 კმ. გაიარეს. სამხრეთ პოლუსის დაპყრობას პარალელურად ცდილობდა ინგლისელთა ექსპედიციაც რობერტ სკოტის მეთაურობით, მაგრამ  მათ პოლუსს  დაგვიანებით მიაღწიეს და უკანა გზაზე  სურსათის უკმარისობისა და ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაიღუპნენ.

ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე მაღალი კონტინენტია, რომლის ზედაპირის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან   2000 მეტრზე მეტს შეადგენს, ხოლო კონტინენტის ცენტრში  4000 მეტრს აღწევს. ამ სიმაღლის დიდ ნაწილს შეადგენს კონტინენტის მუდმივი ყინულის საფარი, რომლის ქვეშაც დაფარულია კონტინენტალური რელიეფი. კონტინენტის ყველაზე მაღალი წერტილია ზ.დ-დან  4892 მეტრი სიმაღლის ვინსონის მასივი ელსუორტის მთებში. ხოლო ყველაზე დაბალი ადგილი დასავლეთ ანტარქტიდაზეა, სავარაუდოდ, რიფტული წარმოშობის ბენტლის ღრმული. მისი სიღრმე, რომელიც ყინულითაა სავსე,  2555 მეტრია ზღვის დონიდან დაბლა. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ყველზე სამხრეთით მდებარე კონტინენტის დაახლოებით მესამედი მსოფლიო ოკეანის დონის დაბლაა.

ანტარქტიდა გამოირჩევა უკიდურესად მკაცრი, ცივი კლიმატით. 1983 წლის 21 ივლისს აღმოსავლეთ ანტარქტიდაში საბჭოთა ანტარქტიდულ სადგურ ”ვოსტოკში” დაფიქსირდა ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე მეტეოროლოგიური  დაკვირვებებისა და გაზომვების მთელი ისტორიის მანძილზე — – 89,2 °C. ეს რაიონი ითვლება დედამიწის სიცივის პოლუსად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ  2013 წლის 9 დეკემბერს ამერიკის გეოფიზიკური კავშირის კონფერენციაზე ამერიკელი მკვლევრების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს ანტარქტიდის ერთ-ერთ წერტილში ჰაერის ტემპერატურა −93,2 °С-მდე (-135,8 F) დაეცა. ეს ინფორმაცია გამოაშკარავდა ნასას თანამგზავრული მონაცემების ანალიზის შედეგად, მაგრამ ამ ინფორმაციის ერთ-ერთი ავტორის, ტ. სკამბოსის (ინგლ. Ted Scambos) აზრით, მიღებული მონაცემი არ იქნება დარეგისტრირებული,  როგორც რეკორდული, რადგანაც ის გამოვლინდა თანამგზავრული აღრიცხვის შედეგად და არა თერმომეტრის მეშვეობით.  ანტარქტიდა არა მხოლოდ ყველაზე ცივი, არამედ ყველაზე ქარიანი კონტინენტიცაა დედამიწაზე. აქ ქარის სიჩქარე არცთუ ისე იშვიათად საათში 300 კმ აღწევს.  გეოლოგებმა დაადგინეს, რომ ანტარქტიდის წიაღი  მნიშვნელოვანი რაოდენობით სასარგებლო წიაღისეულს შეიცავს – რკინის მადანს, ქვანახშირს. ასევე  ნაპოვნია სპილენძის, ნიკელის, ტყვიის, თუთიის, მოლიბდენის, მთის ბროლის, გრაფიტის მადნის კვალი. გარდა ამისა, ანტარქტიდაზე მდებარეობს მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 80%, რომლის უკმარისობაც უკვე  ბევრ ქვეყნაში შეინიშნება. ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი მსოფლიოს მყინვარების 90%-ს შეადგენს. თუ მთელი ანატრქტიდის ყინული დადნება, მაშინ მსოფლიო ოკეანის დონე 61 მეტრით აიწევს. თუმცა საშუალო ტემპერატურა აქ -37 გრადუსია, ამიტომ მსოფლიოს დატბორვა არ ემუქრება.

მუდმივი მოსახლეობა ანტარქტიდაზე არაა. აქ 40-ზე მეტი მუდვივმოქმედი პოლარული სადგური ფუნქციონირებს, სადაც სეზონის მიხედვით  ზაფხულში 4000 ადამიანი, ხოლო  ზამთარში 1000 ადამიანამდე ცხოვრობს. არგენტინელი ემილიო მარკოს პალმა პირველი ადამიანია დედამიწაზე, რომელიც ანტარქტიდაზე დაიბადა და ამიტომაც გინესების წიგნშია შეყვანილი. იგი 1987 წლის 7 იანვარს პოლარულ სადგურ ”ესპერანსაში” დაიბადა. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამ ფაქტს  არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ 1913 წელს ანტარქტიდაში ნორვეგიელი სოლვეიგ გუნბერგ იაკობსენი დაიბადა, მაგრამ ეს  კუნძულ სამხრეთ გეორგიაზე  მოხდა, რომელსაც ანტარქტიდას ვერ ვუწოდებთ.

საერთაშორისო შეთანხმებით ანტარქტიდა ერთადერთი რეგიონია ჩვენს პლანეტაზე, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. სამხედრო ობიექტების განლაგება, ასევე სამხედრო და შეიარაღებული გემების შესვლა სამხრეთი განედის 60-ე გრადუსის სამხრეთით აკრძალულია. 1980-იან წლებში ანტარქტიდა გამოაცხადეს უბირთვო ზონად, რამაც გამორიცხა მის ტერიტორიულ წყლებში გემ-ატომმავლების გამოჩენა, ხოლო მატერიკზე — ატომური ენერგობლოკების განლაგება. დღეისათვის ხელშეკრულების მონაწილეა 50  სახელმწიფო (ხმის უფლებით) და ათობით ქვეყანას კი დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

ანტარქტიდაზე ყველა სასაათო სარტყელი გადის. კონტინენტს  მინიჭებული აქვს ინტერნეტის პირველადი დომენი .aq და სატელეფონო პრეფიქსი +672.

ანტარქტიდა ადამიანებისთვის ბოლო სარეზერვო რესურსია დედამიწაზე. სხვა კონტინენტებზე ნედლეულის ამოწურვის შემდეგ ადამიანები სავარაუდოდ მის რესურსებს აითვისებენ. რადგანაც ანტარქტიდა მსოფლიოს ქვეყნებისათვის რესურსების ერთადერთ წყაროდ დარჩება. შეიძლება ითქვას, რომ მისი რესურსებისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია, რაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაცხარებულ სამხედრო კონფლიქტშიც კი გადაიზარდოს.

დღეისათვის კონტინენტზე მიმდინარეობს კლიმატურ და მეტეოროლოგიურ პროცესებზე დაკვირვება, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გოლფსტრიმის თბილის დინების მსგავსად, კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია მთელი დედამიწისთვის. ანტარქტიდაში ასევე შეისწავლება კოსმოსური სივრცის ზეგავლენა და პროცესები, რომლებიც დედამიწის ქერქში მიმდინარეობს.

გლობალური დათბობის გამო ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე აქტიური ფორმირება დაიწყო ტუნდრამ. მეცნიერთა პროგნოზით, 100 წლის შემდეგ ანტარქტიდაზე შეიძლება გაჩნდეს პირველი ხეები. ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ოაზისს  400 კმ² ფართობი უკავია, ოაზისების საერთო ფართობი კი ჯამში  10 ათასი კმ²-ია, ხოლო იმ რაიონების ფართობი (თოვლს გარეშე კლდეების ჩათვლით), რომელზეც ყინული არ არსებობს  30—40 ათას კმ²-ს შეადგენს.

მიუხედავად ანტარქტიდის მკაცრი ბუნებრივი პირობებისა, მას ყოველწლიურად  დაახლოებით 6 ათასი ტურისტი სტუმრობს. მათი უმრავლესობა  ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე გადადის, სადაც ტურისტული ბაზა და აეროდრომია განლაგებული.  1990-იანი  წლებიდან ტურისტებმა როსის ზღვისკენაც აიღეს გეზი.  ტურისტების უმრავლესობა ანტარქტიდულ კრუიზებს  გემებით აწყობს.

ამრიგად, ფაქტობრივად, ანტარქტიდა  შეიძლება უზარმაზარ ბუნებრივ ლაბორატორიად ჩავთვალოთ, რომელიც დედამიწისა და მისი ატმოსფეროს, ისევე როგორც გარემოში გლობალური ცვლილებების, მათ შორის, ადამიანთა საქმიანობასთან დაკავშირებული  ცვლილებების შესასწავლად არის განკუთვნილი.

ტექსტის გააზრება და აკადემიური წერა

0

ჰუმანიტარული საგნების პროგრამები მოსწავლეებისაგან სხვადასხვა ტიპის წერილობითი დავალებების შესრულებას მოითხოვს. მოსწავლეთა კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ტექსტის შინაარსის დაწერა. ეს სავარჯიშო იდეალურია მეტყველების კულტურის განვითარებისა და საგნობრივი ტერმინოლოგიის ათვისებისთვის.

შინაარსის დაწერა – წაკითხულისა და მოსმენილის წერილობითი ფორმით გადმოცემა – შემოქმედებითი საქმიანობაა. ის  არ გულისხმობს მოსმენილი ტექსტის სიტყვასიტყვით ჩაწერას. საჭიროა მხოლოდ ძირითადის, საინტერესოს, მნიშვნელოვნის გადმოცემა და ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რატომ მიაქცია ავტორმა ყურადღება ამ საკითხებს.

ბავშვები შინაარსის წერას 5-6 კლასში სწავლობენ.  ეს მნიშვნელოვანია, რადგან  ამის გარეშე სწავლის ზედა საფეხურებზე წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია. საბაზისო უნარების განვითარებაზე ზრუნვა ნებისმიერ გაკვეთილზე შეიძლება (განსაკუთრებით ჰუმანიტარულ საგნებში), სადაც მრავალფეროვან  დავალებებს ასრულებენ მოსწავლეები: კითხულობენ, აღწერენ სურათებს, ავსებენ სქემებს, პასუხობენ კითხვებს, განმარტავენ ცნებებს, მსჯელობენ, აკეთებენ დასკვნებს, იღებენ შეფასებებს და ა. შ. მასწავლებელს შეუძლია ამ უნარების გააქტიურებისთვის მოსწავლეებს მარტივი დავალებები მისცეს, თუნდაც სთხოვოს   მიმდინარე გაკვეთილის შინაარსის გადმოცემა ჯერ ზეპირად, შემდეგ – წერილობით, ან   დაავალოს, აღწერონ  სასკოლო ცხოვრების  ერთი  დღე და ა. შ.

არსებობს ზოგადი მეთოდური მითითებები, თუ როგორ უნდა შევასწავლოთ მოსწავლეებს  შინაარსის დაწერა.

  1. ვთხოვოთ მოსწავლეს, მოსმენილიდან (წაკითხულიდან) გამოყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. დავალების  შესრულების გაადვილებისთვის ყურადღება გავამახვილებინოთ   ექვს ძირითად მომენტზე,   ანუ პასუხი გავაცემინოთ  ექვს შეკითხვაზე: ვინ? რა?  როდის? სად? რისთვის? რატომ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემით მოსწავლე  ავტომატურად ფოკუსირდება ძირითად საკითხზე. როგორც წესი, ეს შეკითხვები საკმარისია მთავარი ინფორმაციის მიღებისთვის. ეს არ იქნება  რთულად შესასრულებელი დავალება, რადგან სასკოლო სახელმძღვანელოების  ინფორმაცია  ხშირად  ვერც  პასუხობს  ექვსივე  შეკითხვას.
  2. ტექსტი წავიკითხოთ   ნელა, შესვენებებით,  რათა მოსწავლემ მოასწროს  გააზრება და აღქმა, ან  მივცეთ საშუალება, დამოუკიდებლად გაეცნოს  ინფორმაციას  მისთვის სასურველი დროის განმავლობაში; შესაძლებელია  ტექსტის  განმეორებითი  წაკითხვაც.
  3. დროდადრო შევახსენოთ მოსწავლეს, რა არის დავალების მიზანი და რას მოითხოვენ მისგან.
  1. ყურადღებით განვუმარტოთ, რისგან შედგება შინაარსი; მის ნაწერში  უნდა ჩანდეს:
  • ძირითადი იდეა – მთავარი თემა ანდა ტექსტის ცენტრალური იდეა;
  • მნიშვნელოვანი დეტალები – ტექსტის ის ნაწილები, რომლებიც ამყარებენ მთავარ იდეას;
  • შინაარსის  დასაწყისი  მსგავსი უნდა იყოს  ტექსტის შესავალი  ნაწილის;
  • მომდევნო ეტაპი  –  მინიშნება იმაზე, რაც  (და რატომაც)  მოხდა შემდეგში;
  • კულმინაცია – იმ ვითარების აღწერა, როდესაც ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა  ხდება;
  • დაბოლოება – ტექსტის დასკვნითი ნაწილის მიხედვით;
  • პერსონაჟების სახელები, ხასიათი, როლი, ფუნქცია;
  • გარემოების დეტალები –  სად და როდის მოხდა მოქმედება.
  1. განვუმარტოთ  მოსწავლეებს,  რომელია ყველაზე  მნიშვნელოვანი  დეტალი – წავიკითხოთ ტექსტი მოსწავლეებთან ერთად და დავწეროთ შინაარსი; ავუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი  ესა თუ ის დეტალი, რა კავშირი აქვს ძირითად იდეასთან, რისთვის და რატომ უნდა მიაქციონ მას ყურადღება. ერთად დაწერილი  შინაარსი  ყველაზე ნათელია მაგალითი იქნება იმისა, თუ რას მოითხოვენ  მათგან;
  2. განვუმარტოთ დეტალების მნიშვნელობა (მაგალითად, თუ ტექსტი ისტორიულ მოვლენას ეხება, მოსწავლემ უნდა იპოვოს  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ  სად და როდის მოხდა ეს მოვლენა);
  3. ვასწავლოთ, როგორ იპოვონ ძირითადი იდეა. როდესაც მას იპოვიან, მოსწავლეები გაიგებენ, რაზეა ტექსტი;
  4. თემის შეჯამებისთვის ვასწავლოთ თემის დასათაურება: მოვთხოვოთ, გაარკვიონ,  სად და როდის  ხდება ტექსტის მნიშვნელოვანი მოვლენა,  ვთხოვოთ დაასახელონ, განსაზღვრონ, რა მოვლენა იყო ეს. ამით დაასათაურებენ  კიდეც შინაარსს, რადგან სათაურში გამოჩნდება ძირითადი იდეაც და მიზანიც (მაგალითად, ამგვარი  სათაური შეიძლება იყოს „1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლა“, რომელშიც მოსწავლე გადმოგვცემს, აჯამებს დიდგორის ბრძოლის შესახებ არსებულ ინფორმაციას).
  5. ვასწავლოთ გრაფიკული სქემების გამოყენება ძირითადი დეტალების ჩაწერისთვის.

შინაარსის დაწერა მოსწავლისთვის სასიამოვნო საქმიანობად უნდა გადავაქციოთ. შეიძლება დროდადრო  კლასში  აღვნიშნოთ, ვინ უფრო საინტერესოდ და უფრო ზუსტად  დაწერა, რისთვის და რატომ გამოარჩია ზოგიერთი მომენტი, ან  წავიკითხოთ რომელიმე მოსწავლის მიერ დაწერილი შინაარსი და დანარჩენებმა თვალი ადევნონ საკუთარ ნამუშევრებს და დამოუკიდებლად შეაფასონ გაწეული საქმიანობა. მთავარია, რომ მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, ნათლად დაინახონ  საკუთარი შესაძლებლობები.   თუ მოსწავლე შედეგს ვერ აღწევს და  ვერ ასრულებს დავალებას, ეს ნიშნავს, რომ მას მახსოვრობის და ყურადღების პრობლემა აქვს. მასწავლებელს მისთვის დამატებითი სავარჯიშოების მიცემა მოუწევს (განსაკუთრებით გამეორებაზე ორიენტირებული დავალებების).

შინაარსის დაწერა, ერთი შეხედვით, თხზულების დაწერას ჰგავს, მაგრამ ფაქტობრივად ძალიან განსხვავდება მისგან. თხზულების დაწერისთვის აუცილებელია  ინტერპრეტაცია,  შეთხზვა, საკუთარი აზრებისა და გრძნობების გადმოცემა, შინაარსის დაწერა კი გულისხმობს ტექსტის ყურადღებით მოსმენას, გეგმის შედგენას და ამ გეგმის მიხედვით მოსმენილის ან წაკითხულის  გადმოცემას.  ამავე დროს შინაარსის სტრუქტურა, ფორმა და სტილი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამოსავალ, ანუ ძირითად  ტექსტს.

არსებობს  ტექსტის  შინაარსის გადმოცემის  რამდენიმე მეთოდი:

  • ინდუქციური – როდესაც მასალის შინაარსი მიმართულია კერძოდან ზოგადისკენ, საერთო დასკვნებისკენ;
  • დედუქციური – შინაარსში ზოგადის მაგივრად  ყურადღება  გამახვილებულია   კერძო ნაწილზე, კონკრეტულ ფაქტებზე, მაგალითებზე;
  • ანალოგიის მეთოდი – პარალელების, შედარებების გამოყენება მოვლენების, ფაქტების გადმოცემისას;
  • კონცენტრაციის მეთოდი – როდესაც მასალა დალაგებულია მთავარი პრობლემის გარშემო, ავტორი ზოგადი დახასიათებიდან გადადის და აქცენტს აკეთებს მთავარ, ძირითად პრობლემაზე, ღრმა ანალიზზე;
  • საფეხურებრივი/სტადიური მეთოდი – საკითხების თანმიმდევრობითი გადმოცემა;
  • ისტორიული მეთოდი – მასალის დალაგება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, დროდადრო მომხდარი ცვლილებების აღწერა და ანალიზი.

განვიხილოთ მოსწავლეთა სავარჯიშოები დაწყებითი განათლების კურსიდან, რომელ საფეხურზეც ბაზისური უნარების ათვისებას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის შემდგომი წარმატებისთვის.

1) განსაზღვრეთ,  რომელი  ხერხი  უნდა გამოვიყენოთ ამ ინფორმაციის  შინაარსის დასაწერად „საზღვრების როლს ხშირად ბუნებრივი ზღუდეები ასრულებს: მდინარე, ქედის თხემი, მთა, უღელტეხილი და სხვა. ადრე სამფლობელოს საზღვრად ბუნებრივად შექმნილ ვიწრო ხეობებს ან კლდეკარებს იყენებდნენ, რადგან მტრის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში მათი ჩაკეტვა ადვილი იყო. ისტორიულად საქართველოს საზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი დარიალის ხეობა იყო; როგორც წესი, საზღვრის იმ მონაკვეთზე, სადაც მეზობელ ქვეყნებს გზა აერთებს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი და საბაჟოა მოწყობილი. აქ მგზავრებისა და ტვირთების გატარებაზე მომიჯნავე სახელმწიფოების კონტროლია დაწესებული. საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო ესაზღვრება. ყველაზე გრძელი საზღვარი ჩვენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან აქვს – 800 კმ-ზე მეტი“  (ჩვენი საქართველო, V კლ.):

  • ინდუქციური;
  • კონცენტრაციის;
  • დედუქციური;
  • საფეხურებრივი/სტადიური.

პასუხი: მოცემული მასალა კონცენტირებულია გარკვეულ საკითხზე, ამიტომ შინაარსის წერისას შენარჩუნებული უნდა იყოს იგივე ხერხი –  კონცენტრაციის  (ამ შემთხვევაში შინაარსი კონცენტრირებული იქნება  „საქართველოს საზღვრებზე“).

2) ანსაზღვრეთ,  რომელი  ხერხით უნდა დაიწეროს შემდეგი ინფორმაციის    შინაარსი „კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არსებობდა ისეთი განვითარებული სახელმწიფოები, როგორებიც იყო ძველი ეგვიპტე, ძველი შუამდინარეთი, ძველი საბერძნეთი, ძველი რომი; ისტორიის ამ მონაკვეთში ცხოვრობდნენ მცირე აზიის ძველი ხალხები: ხეთები, ხურიტები; კავკასიის რეგიონში არსებობდა ურარტუს სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კი – ქართული სახელმწიფოები – კოლხეთი და იბერია. შუა საუკუნეებში  ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში მსოფლიო რელიგიები გაბატონდა, ასეთი იყო ქრისტიანობა და ისლამი. ამ რელიგიებმა ადამიანთა აზროვნებაზე, ცხოვრების წესზე, მათი საქმიანობის ძალიან ბევრ  სფეროზე  მოახდინა  გავლენა“ (ჩვენი საქართველო, VI კლ.):

  • ინდუქციური;
  • კონცენტრაციის;
  • დედუქციური;
  • ისტორიული.

პასუხი –  ისტორიული, რადგან  მასალა ისტორიულ-ქრონოლოგიურ პრინციპზეა აგებული და შინაარსის დაწერასაც ასეთივე ფორმით მოითხოვს.

3) განსაზღვრეთ,  რომელ  ხერხს მოითხოვს  ამ ინფორმაციის შინაარსის  დაწერა –  „ვახუშტი ბაგრატიონი დაახლოებით 300 წლის წინ მოღვაწეობდა. იგი იყო გეოგრაფი, ისტორიკოსი და გეოგრაფიული რუკების შემდგენელი. მან დაწერა თხზულება „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს თითოეული კუთხის ბუნება, მოსახლეობა, მეურნეობა, ზნე-ჩვეულებები და ა. შ. ერთ-ერთ რუკაზე დახატულია  სამეფო-სამთავროების გერბები, რომლებშიც სიმბოლურადაა ასახული თითოეული სამეფოსთვის თუ სამთავროსთვის დამახასიათებელი ნიშან­-თვისებები…“(ჩვენი საქართველო, კლ.):

  • ინდუქციური;
  • კონცენტრაციის;
  • დედუქციური;
  • ანალოგიის.

პასუხი –  დედუქციური, რადგან  მასალა დედუქციურადაა დალაგებული და შინაარსიც  ამ ხერხით უნდა აიგოს.

4) რომელი  ხერხი უნდა გამოვიყენოთ  შემდეგი ინფორმაციის შინაარსის  დასაწერად – „მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი, მდინარეების – მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობს. მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა მასალამ მეცნიერებს წარმოდგენა შეუქმნა მცხეთის საქალაქო ცხოვრებაზე. მოსახლეობის რაოდენობით (რვა ათასამდე მცხოვრებით) დღევანდელი მცხეთა პატარა ქალაქია. მცხეთაზე გადის თბილისი­სამტრედიის რკინიგზის ხაზი და საავტომობილო მაგისტრალები გორისა და სტეფანწმინდის მიმართულებებით. ქალაქის ღირსშესანიშნაობათა შორის მნიშვნელოვანია სვეტიცხოვლის ტაძარი, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების დროს აიგო. სვეტიცხოველი საკათალიკოსო ტაძარია და ქართველ მეფეთა საძვალე. მცხეთობას, ანუ სვეტიცხოვლობას 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. 50 წლის წინ მცხეთა ქალაქ­მუზეუმად გამოცხადდა. დღეს ქალაქს უამრავი ტურისტი სტუმრობს“.

  • ინდუქციური;
  • ისტორიული;
  • დედუქციური;
  • საფეხურებრივი/სტადიური.

პასუხი –  ინდუქციური, რადგან  მასალა კერძოდან  (მცხეთის კერძო გაგებიდან) ზოგადისკენ (რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის) არის მიმართული და შინაარსშიც ეს პრინციპი უნდა ჩანდეს.

5) რომელი  ხერხით გადმოსცემთ მოცემული მასალის შინაარსს – „ძველ საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული მეთუნეობა, ანუ კერამიკული ჭურჭლის დამზადების ხელოვნება. სხვადასხვა ეპოქაში საბერძნეთში კერამიკული ნაწარმის მოხატვის სხვადასხვა ხერხი იყო პოპულარული: ძვ. წ. VI ს-ში გავრცელდა მოხატულობის შავფიგურიანი  სტილი, მოგვიანებით კი, ძვ. წ. V ს-დან – ე. წ. წითელფიგურიანი სტილი. შავ და წითელფიგურიან კერამიკაზე მხატვრები გამოსახავდნენ ანტიკური მითების გმირებს, სცენებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს და სხვ.“ (ხელოვნება, VI):

  • ინდუქციური;
  • ისტორიული;
  • ანალოგიის;
  • საფეხურებრივი/ სტადიური.

პასუხი – საფეხურებრივი/სტადიური, რადგან ინფორმაციაში საფეხურებრივადაა გადმოცემული ძველ საბერძნეთში კერამიკის განვითარების ხელოვნება და შინაარსში ეს დინამიკა უნდა ჩანდეს.

  • აირჩიეთ შინაარსის  გადმოცემის  ხერხი – „ცნობილი ფაქტია, რომ თუ სასწორის პინაზე ერთნაირი წონის მქონე საგნები დევს, მაშინ სასწორი წონასწორობაშია. ასევეა სურათზეც  – თუ სიმეტრიის ღერძის ორივე მხარეს თანაბარი მოცულობის მქონე გამოსახულებებია განაწილებული, მაშინ კომპოზიციაში წონასწორობაა დაცული, ანუ კომპოზიცია გაწონასწორებულია“ (ხელოვნება, V):
  • ისტორიული;
  • კონცენტრაციის;
  • დედუქციური;
  • ანალოგიის.

პასუხი –  ანალოგიის, რადგან  ინფორმაციაში აქცენტი გაკეთებულია ანალოგიაზე და შინაარსიც შესაბამისი უნდა იყოს.

თუ მოსწავლეს  ავათვისებინებთ  მასალის დალაგებისა  და შინაარსის დაწერის ამ ექვს ფორმულას, მაშინ ნებისმიერი  ტექსტის  შინაარსის  დაწერისას ის მაქსიმალურად ზუსტად  შეასრულებს დავალებას. ცხადია, რა სტრუქტურულ-სტილისტური ფორმითაც იქნება მასალა მოწოდებული, დაწერილი შინაარიც მას გაიმეორებს. ამ შემთხვევაში  შინაარსი  შეიძენს  მეორადი  ტექსტის მნიშვნელობას, მაგრამ მასში შენარჩუნებული იქნება ამოსავალი ტექსტის ყველა ღირებულება.

შინაარსის დაწერა ავითარებს მოსწავლის წარმოსახვას, ტექსტის ანალიზის უნარს და,  ზოგადად, კოგნიტურ უნარებს, იწვევს  და ზრდის შემოქმედებით ინტერესს, საგნის ათვისების ხარისხს. ის  შედეგის ეფექტიანობის  მნიშვნელოვანი  მაჩვენებელია.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...