სამშაბათი, აპრილი 28, 2026
28 აპრილი, სამშაბათი, 2026

ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მთავარი  მეთოდური ორიენტირები ისტორიის სწავლებაში

0

მასწავლებლის მთავარი სამოქმედო პროგრამა  ეროვნული სასწავლო გეგმაა, რომელიც   პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციაზეა დაფუძნებული.   შესაბამისად,  ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი  მეთოდიკური  ორიენტირები მოსწავლეზე ორიენტირებული ისეთი მიდგომების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, როგორიცაა:

  • სწავლის მიმდინარეობა პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში;
  • ინტერაქცია;
  • მოსწავლის დაფასება და აღიარება;
  • მოსწავლის პასუხისმგებლობა  საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე;
  • ცოდნის კონსტრუირება არსებული ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების საფუძველზე.

 და ამ ყველაფერს  განსაზღვრავს დამოკიდებულება ზოგადად მოსწავლის და სწავლა-სწავლების მიმართ; აღიარება იმისა, რომ ყველა მოსწავლე უნიკალური და განსხვავებულია თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით.

 საგაკვეთილო საქმიანობაში ეს არც ისე მარტივად გადასაწყვეტი საკითხია, რადგან,  როგორც ვხედავთ, სახეზეა გარკვეული წინააღმდეგობა –  ერთი მხრივ, ცოდნის შეძენის პროცესს აქვს ინდივიდუალური ხასიათი და მისი ინდივიდუალიზმი „გათვალისწინებული უნდა იქნეს სწავლა-სწავლების დროს“ და, მეორე მხრივ – სწავლების ფორმა, ორგანიზება არის  „მასშტაბური“  ხასიათის – მიმდინარეობს ჯგუფში, საკლასო სივრცეში. შესაბამისად, გამოიკვეთება ცოდნის ინდივიუალიზაციისა  და მასობრივი სწავლების ჰარმონიულად შერწყმის პრობლემა. ეს ერთგვარი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის, რომლებმაც სასწავლო პროცესი – თეორიაც და პრაქტიკული სავარჯიშოებიც  სწორედ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა ააგონ, ანუ ამ შემთხვევაში მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გათვალისწინებით.

  • როგორ ვუზრუნველყოთ თითოეული მოსწავლის წარმატება სასწავლო პროცესში?
  • როგორ ვიმუშაოთ ერთდროულად კლასთანაც და თითოეულ მოსწავლესთანაც?

მასწავლებლებს დასახული ამოცანების შესასრულებლად და წინააღმდეგობების დასაძლევად სწავლის დიფერენციაციისა და ინდივიდუალიზაციის, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისთვის ყველაზე ჰუმანური გზის, ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ.

თანამედროვე დიდაქტიკაში სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზაციაში მოიაზრება  მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული სწავლის ფორმები, როგორიცაა: დისტანციური სწავლება, თვითგანათლება, სწავლება სახლში, ოჯახში, კლასში, მოსწავლეთა ინდივიდუალური საქმიანობა გაკვეთილზე, სწავლებაში ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების და პროექტების მეთოდის გამოყენება, ხოლო დიფერენციაცია გულისხმობს მოსწავლეთა დაჯგუფებას ინდივიდუალური სწავლებისათვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

როგორ  ავსახოთ ეს  მიგნებები  პრაქტიკაში, მაგალითად, როგორ წარვმართოთ  მსგავსი  ტიპის გაკვეთილი ისტორიაში?

 

გაკვეთილის პირველ ეტაპზე შეგვიძლია შევთავაზოთ დიფერენცირებული ან ინდივიდუალური დავალებები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა იციან თემის შესახებ, რაც გამოიწვევს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებასაც: მოსწავლეებს ვთავაზობთ, შეავსონ ცხრილის პირველი ორი უჯრა  (მესამე უჯრა თემის შესწავლის შემდეგ შეივსება) (ცხრილი 1). ამ დროს სამიზნე ყველა მოსწავლეა, შესაძლებლობისა და განსხვავებული დონის  მიუხედავად.

რა იცით თემის შესახებ? რის ცოდნა მოგინდებოდათ აღნიშნული თემის შესახებ? რა გაიგეთ თემის შესახებ?
     

ცხრილი 1.

  1. 2. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეთა ერთ ჯგუფს შევთავაზოთ თემის ირგვლივ შეკითხვების შედგება;
  2. მეორე ჯგუფს დავურიგოთ ბარათები დავალებებით, რომელსაც მოსწავლე დამოუკიდებლად შეასრულებს, მაგალითად, თემის „ძველი ინდოეთი“ შესწავლისას  ცალკეულ მოსწავლეებს შევთავაზოთ ასეთი ტიპის დავალებები: ა) „შეკრიბე მაგიდაზე გაფანტული ფრაგმენტები და აღადგინე  რუკა. რომელი ქვეყნისაა ეს რუკა?.. მიღებული შედეგი შეადარეთ ძველი ინდოეთის  რუკას. სწორი იყო თუ არა ძველი ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი, რომელმაც ინდოეთის რუკა რომბს შეადარა?“

     ბ) „გაიხსნეთ ყველა ბავშვისთვის საყვარელი ფილმი „მაუგლი“ და ჩამოთვალეთ ყველა ცხოველი, რომელიც იქ გხვდებათ, შემდეგ გაიხსენეთ ბუნების აღწერილობა, სადაც ცხოვრობდა პატარა ბიჭი და ისაუბრეთ ინდოეთის ადგილმდებარეობისა და გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ“ და ა.შ.

  1. შემდეგში, ახალი მასალის შესწალისას, შესაძლებელია სწავლების ინდივიდუალური ორგანიზაციისა და სხვა ფორმებიც გამოყენებაც, რომლებიც შერწყმული იქნება გონებრივ იერიშთან და ჯგუფურ მუშაობასთან. მაგალითად, „შეადგინეთ ექსკურსიის გეგმა ძველი აღმოსავლეთის რომელიმე  ქალაქის შესახებ (მაგალითად შევთავაზოთ ბაბილონი, ნინევია, პერსეპოლისი…), რომელზედაც მითითებული  იქნება ღირსშესანიშნაობები, ასე ვთქვათ, „ექსპონატები“;
  2. მასალის გამტკიცებისას მოვახდინოთ:

ა)  ჯგუფური  და ინდივიდუალური დავალებების  შეხამება – თითოეული მოსწავლე მიიღებს ინდივიდუალურ დავალებას და შედეგების შესახებ აცნობებს მთელ კლასს;

ბ) გონებრივი იერიშის და ჯგუფური მუშაობის შერწყმა – მოსწავლეებს შევთავაზოთ, იმუშაონ სურვილისამებრ – ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

ჯგუფური დავალების ნიმუში: თემა „ხამურაბის კანონები“ (ჯგუფის დაკომპლექტება ხდება ცოდნისა და უნარების დონეების მიხედვით):

I ჯგუფი – „სახლემძღვანელოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაახასიათეთ იმდროინდელი საზოგადოება“;

II ჯგუფს – დავალებად მივცეთ უფრო მცირე მოცულობის წყაროს ანალიზი, რომელსაც შინაარსობრივად ექნება ნაწილობრივი ძიების ხასიათი, მაგალითად,  „ახსენით რას ნიშნავს თვალი თვალის წინ, კბილი კბილის წინ“  და ა.შ.

III  – გამოიყენებს კიდევ უფრო მცირე მოცულობის მასალას, ძირითადად რეპროდუქტიული ხასიათისას, მაგალითად, „რა სასჯელი ელოდათ ვალის გადაუხდელობის  გამო?“ „ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი ნორმების და წესების შედგენა“ და ა.შ.  (აღსანიშნავია, რომ  ჯგუფური მუშაობა ოპტიმალური საშუალებაა წარმატების მისაღწევად და  დისკომფორტის მოსახსნელად   „სუსტი“ და „საშუალო“  მოსწავლეებისათვის).

 

გ) ინდივიდუალური დავალება:

  • რა კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა ასურეთმა?
  • რამ შეუწყო ხელი სპარსეთს, გამხდარიყო „სამყაროს მბრძანებელი“, ხოლო სპარსეთის მეფემ რატომ მიიღო ტიტული „მეფეთა მეფე“;

  1. შესწავლილი მასალის გამტკიცებისას ყურადღებას მივაქცევთ:
  • რომელი უნარ-ჩვევების გამტკიცებას ეხმარებოდა ესა თუ ის სასწავლო ამოცანა;
  • რა ხერხებისა და მიდგომების საშუალებით აითვისეს მოსწავლეებმა  მასალა;
  • რომელ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება და  რა  ფორმით უნდა შევთავაზოთ  ის?
  • რომელ მოსწავლეებს შეუძლიათ შეასრულონ შემოქმედებითი ხასიათის დავალება და რა მოცულობით?
  1. რაც შეეხება საშინაო დავალებას, საშინაო დავალების ინდივიდუალიზაცია და დიფერენციაცია იცავს მოსწავლეს გადაღლისგან, გადაძაბვისგან და ხელს უწყობს ცოდნისა და უნარების გამომჟღავნებას, მაგალითად, დავალებები შეიძლება იყოს ასეთი სახის:
  2. შეადგინეთ მოთხრობა, რომელშიც მიზანმიმართულად დაშვებულია შეცდომა (კონკრეტული ხასიათის);
  3. მოამზადეთ მოთხრობა ისტორიულ მოღვაწეზე ან მითოლოგიურ პერსონაჟზე ისე, რომ არ ახსენოთ მისი სახელი. შესთავაზე მოსწავლეებს, გამოიცნონ ის;
  4. იმუშავეთ ცნებებსა და ლექსიკონზე;
  5. გააკეთეთ ჩანახატი და აღწერეთ სურათი.

სწავლის დიფერენციაცია, ინდივიდუალიზაცია და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება ზრდის საგნობრივი ცოდნის დონეს, ინტერესს და მოსწავლეთა კომპეტენციას, ხოლო  სწორად გაკეთებული შეფასების სისტემა ხელს უწყობს მის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას.

ყოველი მეორე – ათი წლის შემდეგ

0

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, სტეფანი სენეფის მოსაზრებით, 2025 წელს აუტიზმი ყოველ მეორე ბავშვს ექნება. მან წარმოადგინა მონაცემები, სადაც ჩანს კავშირი აუტიზმის გავრცელების სიხშირესა და ჰერბიციდის – გლიფოსეიტის მომწამვლელობას, ასევე გენმოდიფიცირებული თესლის გამოყენების ზრდას შორის. საქმე ისაა, რომ გლიფოსეიტს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა მარცვლეულისა და სოიოს შესაწამლად. სწორედ ამ გზით ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში. ჰერბიციდების მწარმოებელი, თავის მხრივ, იშველიებს კვლევებს, რომლის მიხედვითაც მისი პროდუქტი უსაფრთხოა.

kudava 1

სენეფის კვლევის გამოქვეყნებისთანავე გამოჩნდა საპირისპირო მოსაზრებები. მოწინააღმდეგეები მიუთითებენ, რომ ამ მეცნიერს არანაირი პროფესიული კავშირი არ აქვს ეპიდემიოლოგიასთან, ბიოქიმიასა და მედიცინასთან. სენეფის პასუხად მათაც ააგეს მსგავსი გრაფიკი, სადაც აუტიზმის მქონე პირების რაოდენობის ზრდა ნატურალური, სასუქების გარეშე მოყვანილი ბოსტნეულის გაყიდვების სიხშირის პარალელურადაა ნაჩვენები.

kudava 2 (1)

მომატებული მაჩვენებლები შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოსტირება დაიხვეწა, მშობლებიც მეტად ინფორმირებული არიან და დროულად მიმართავენ ექიმებს.

ფაქტია, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2000-2002 წლებში აუტიზმი გვხვდებოდა ყოველ 150-ე ბავშვში; ორი წლის შემდეგ, 2004 წელს, აუტიზმი 125-დან ერთ 8 წლის ასაკის ბავშვს ჰქონდა; 2006 წელს მაჩვენებელი გაიზარდა 110-ში ერთამდე; 2008 წლის მონაცემებით – ყოველ 88 ბავშვში ერთამდე, 2014 წელს კი – ყოველ 68-ში ერთამდე. 2015 წელს პარალელურმა კვლევამ ამერიკაში უკვე 45-ში ერთი შემთხვევა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ეს თანაფარდობა საქართველოშიც და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც თითქმის იდენტურია, ანუ აუტიზმი არ ცნობს რასას, რელიგიას ან სოციალურ მდგომარეობას. თუ ამავე ტემპით გაგრძელდა, მათემატიკური პროგრესიით, სამწუხაროდ, თითქმის იმავე დიაგრამას მივიღებთ, რაც სტეფანი სენეფმა წარმოადგინა.

kudava 2 (2)

და მაინც, რა იწვევს აუტიზმს? ბევრი მშობელი, განსაკუთრებით ამერიკაში, აუტიზმის გავრცელებას აცრებს უკავშირებს. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირზე ალაპარაკდა, მკვეთრად შემცირდა ბავშვების იმუნიზაციის სიხშირე, რამაც მსოფლიო მასშტაბით წითელას მძიმე შემთხვევების დაფიქსირება გამოიწვია.

ბავშვთა ნევროლოგი და ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი უერთდება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების პოზიციას და გვირჩევს, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა ავცრათ:

„ვაქცინაციის გზით ხდება ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება, რომლის მიზანია, თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი მეტად საშიში დაავადება და მათი გართულებები. პირველი ვარაუდი აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის კავშირის შესახებ 90-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევებში გამოითქვა. 1998 წელს ცნობილმა გასტროენტეროლოგმა და მკვლევარმა ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო სამყაროში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. მან დააკავშირა წითელა-წითურა-ყბაყურის აცრა და აუტიზმი, როგორც მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთდამოკიდებულება. მისი მოსაზრებით ვაქცინის კომპონენტები იწვევდნენ ნაწლავების გარსის ანთებას, რის გამოც სისხლში ცირკულირებას იწყებდნენ მავნე პეპტიდები, რომლებიც, თავის მხრივ, თავის ტვინის დაზიანებას იწვევდნენ. ეს ჰიპოთეზა ვერცერთმა მომდევნო კვლევამ ვერ დაადასტურა. უფრო მეტიც, ეს ცნობილი მეცნიერი მოგვიანებით დისკრედიტებულ იქნა, რადგან გამოაშკარავდა მისი ფინანსური კავშირი იმ ადვოკატებთან, რომლებიც ვაქცინის მწარმოებელთა წინააღმდეგ მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ სწორედ ისინი აფინანსებდნენ უეიკფილდის მიერ წარმოებულ კვლევას. უეიკფილდი მაშინვე ჩამოაცილეს სამედიცინო საქმიანობას გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო 2010-ში სამეცნიერო ჟურნალმა “The Lancet“ ნაშრომი უკან გაიწვია. მიუხედავად ამისა, ამ ამბავმა მაინც მნიშვნელოვანად ავნო საზოგადოებაში ვაქცინაციის იმიჯს.

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ვაქცინაციაზე უარის თქმისა დაკავშირებულია მისი შემადგენელი კომპონენტის, ვერცხლის წყლის შემცველი ინგრედიენტის, თიმეროსალის გამოყენებასთან. მას აქვს ბაქტერიებისა და სოკოების საწინააღმდეგო მოქმედება და იცავს ვაქცინას ინფიცირებისგან. მისი გამოდევნა ორგანიზმიდან ძალიან მარტივად ხდება და ამ ინგრედიენტის ორგანიზმზე ზემოქმედების მავნებლობა და მიდრეკილება აუტიზმის გამოწვევისადმი არცერთი მყარი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევით არ დადასტურდა. მოსახლეობაში რომ მეტად გაეზარდათ ნდობა ვაქცინაციისადმი, 2001 წლიდან თიმეროსალი ამოღებულ იქნა ბავშვთა ვაქცინებიდან. ვაქცინაციის სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებით გამოწვეული გართულებების განვითარების საფრთხეს, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ტარდება ვაქცინაცია“.

წითელა-წუთურა-ყბაყურას ერთობლივი (და არა ცალ-ცალკე) ინექციით აცრისა და აუტიზმის კავშირის შესახებ 2016 წლის გაზაფხულზე გამოსულმა დოკუმენტურმა ფილმმა –“Vaxxed“ – კვლავ გამოიწვია ხმაური. მისი რეჟისორი სწორედ ზემოთ ნახსენები ლიცენზიაჩამორთმეული ექიმი ენდრიუ უეიკფილდია, პროდიუსერი კი – დელ ბიგთრი. ფილმი ეყრდნობა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერის, უილიამ ტომპსონის აღიარებას, რომ მან და მისმა კოლეგებმა 2004 წლის სტატიაში არ შეიტანეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია სტატისტიკური მონაცემების შესახებ, რომლის თანახმადაც 36 თვის ასაკამდე აცრილი აფროამერიკელი ბიჭები აუტიზმის დიდი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. ფილმში უამრავი მშობელი საუბრობს სავალალო შედეგებზე (პარალიზება, აუტიზმი, მწვავე გამონაყარი), რაც მათ შვილებზე ვაქცინაციის შემდეგ აისახა. რობერტ დე ნირომ, რომელიც ტრიბეკას კინოფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელია, განაცხადა, რომ ის, როგორც წესი, არ ერეოდა ხოლმე ფესტივალის პროგრამის შედგენაში, თუმცა, რადგან აუტიზმის თემა მისი ოჯახისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიიჩნევს, რომ ეს ფილმი ბევრმა უნდა ნახოს და დისკუსია ამ საკითხებზე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. საქმე ისაა, რომ ცნობილმა მსახიობმა ახლახან განაცხადა, რომ მის 18 წლის ვაჟს – ელიოტს – აუტიზმი აქვს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ნაერთი თიმეროსალი კვლავაც რჩება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობაში. ასევე მრავლადაა შემთხვევა, როცა ბავშვს არც ერთი აცრა არ აქვს ჩატარებული და მაინც აუტიზმის მქონეა.

და ისევ საზარელი სტატისტიკა. შესაძლოა 2025 წელს აუტიზმი ყოველ მეორე ბავშვს ჰქონდეს!.. ათი წელი მალე გაირბენს. ჩემი აუტიზმის მქონე ბიჭი მაშინ 15 წლის იქნება და ალბათ მეტი მშობელი შემეხმიანება იმისთვის, რომ გამოცდილება გავუზიარო. მეტ მოქალაქეს შეხვდება ქუჩაში განსხვავებული ბავშვი. გაცილებით ადვილად, ერთი შეხედვითაც გაუგებს მას და მის საჭიროებებსაც გაითავისებს. არ იფიქრებს, რომ თავხედია ან ცუდ ოჯახში აღზრდილი. მეტიც, ფაქტობრივად ყველას ეყოლება ოჯახის წევრი თუ არა, ბიძაშვილი მაინც ამ მდგომარეობით. გაცილებით ბევრი ადამიანი დაფიქრდება გამოსავლის ძიების გზებზე, მიხვდება, რომ ნიჭიერების პარალელურად აუტიზმს უამრავი სირთულე ახლავს.

იმედი ვიქონიოთ, რომ სცენარი ასე არ განვითარდება და მედიცინა მიაკვლევს აუტიზმის გამომწვევ მიზეზებს, შესაბამისად, მისი დაძლევის გზებსაც. გენეტიკის კვლევები მოწმობს, რომ აუტიზმთან ასობით გენია დაკავშირებული. მათგან ნებისმიერის მუტაციამ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ უკვე გვხვდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვის წარმატებული ერთეული შემთხვევებიც, რომლის შემდეგაც აუტიზმის მქონე ბავშვებში მდგომარეობის გაუმჯობესება შეიმჩნევა. თუმცა ჯერჯერობით ეს პრაქტიკა მსოფლიოში აქტიურად დანერგილი არ არის.

გილოცავთ შობის დღესასწაულს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო ერთგულო მკითხველებო,  ჟუნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastasvlebeli.ge”, გილოცავთ შობის დღესასწაულს!

კირიალესა

0

– აბა, წავედით, ქაწმაუნი, ზიკო! – მეუბნება უცებ სუფრიდან ამდგარი, მხარზე ხელს მომხვევს და კარისკენ მივდივართ. დედაჩემის ბიძაშვილი, ტრისტან პაჭკორია ბავშვებში მიღებული, კოლორიტული და როგორც სამეგრელოში იტყვიან, ღაბაჩა კაცია. სახელი ბიძამ აჩუქა – ხდება ხოლმე ასეთი რაღაცებიც – და ერთ სოფელში, ერთ უბანში ორი ტრისტან პაჭკორია რომ არ ყოფილიყო, თვითონ ათუნიად ჩაეწერა.

ჰოდა, ამ კეთილ კაცთან ერთად მივუყვები მოყინულ, ჩაბნელებულ ეზოს. ჩაბნელებული კია, მაგრამ ყველა კუთხე-კუნჭული ჩემი ხელის მტევანზე დაკოსებული ხალივით ვიცი, ზეპირად. ტრისტანს ფეხი რომც აერიოს, არ დავიბნევით, მხარი არ გვექცევა.

ღობესთან ჭა რომაა, იქ გავჩერდებით, ტრისტანი რამდენიმე წამით გაიხედ-გამოიხედავს, ამოისუნთქავს, მერე ღრმად ჩაისუნთქავს ჰაერს, კარის ურდულს ხმაურიანად გამოსწევს და ჩუუუ-ო, მეუბნება.

ეფენიების ეზოში მივაბიჯებთ ფეხაკრეფით. შორიდან რომ ვიღაც გვიყურებდეს, კაი სასაცილოები ვიქნებით ეს ორი ღამეული სტუმარი: ორმოცსმიტანებული დროული კაცი და რვა-ცხრა წლის ბიჭი, ჯერ რომ სიმთვრალე არ გამოუცდია. ერთ ჭკუაზე მოსულები, ერთიმეორეს აყოლილები.

– ჯოღორ ხო ვარე გოტებული? – ამბობს უცებ ტრისტანი, ჩერდება, აყურადებს.

– ვამიჩქუ. – ვეუბნები საეგებიოდ. აბა, მე რა ვიცი, ღამის თორმეტზე ეფენიებმა ძაღლი აუშვეს თუ ჯერაც ჯაჭვით ჰყავთ დაბმული. ისე, ავი ძაღლი კია, მაგის შიშით დღისითაც ფრთხილად, დაძაბული შევდივართ მეზობლის ეზოში. ღუბურ ეფენია ძველი ფეხბურთელია, დიდხანს იყო სოფლის გუნდის მეკარე და მთელი დღე ჩვენს ბურთაობას და მის ბაღ-ბოსტანში წარამარა ბურთის გადაგდებას შემწყნარებლურად ხვდება. სჯერა და ამტკიცებს, რომ ნამდვილი, დიდი ფეხბურთი წარსულში იყო, ახლა მხოლოდ „ფარაშ კეთება“ და „ბერდღი-ბურდღია“.

სახლიც გამოჩნდა. ლამფის შუქით განათებულ ფანჯარაში ლანდები მოძრაობენ. ტრისტანი ღრმად ჩაისუნთქავს, ამოისუნთქავს, ჯიბეში რაღაცას მოიჩხრეკს და:

„ახალ წანას მიგახვამანთ,
ღორონთქ გოითანუან,
ენა ჯვეში, შხვა ახალი,
ირფელამო გეეხარი!“

ბევრჯერ მომისმენია ეს სიმღერა, ოჯახ-ოჯახ რომ ჩამოივლიდნენ მეალილოები და ახალ წელს და შობას – ქირსეს – მოგვილოცავდნენ, მერე ძველით ახალ წელსაც. უფროსები ფულს ჩუქნიდნენ, ჩვენ კი ღვინოს ჩამოვუსხამდით ხოლმე ჭიქებში, მუჭებში ტკბილეულს ვუყრიდით.

„სადავოი კირიალესა, სადავოი კირიალესა!
სქან მაღაზა, სქანი ბაღი,
ლაიტიში ეფშა“.

ტრისტანს თითქოს ფრთები შეესხა და დღესასწაულის სიხარულში შესული რიტმს და სიტყვას აჰყოლოდა. დამუნჯებული ვუსმენდი, პირს ვაყოლებდი, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, სადღაც ჩემს ხორხთან გახევდებოდა და უკან ჩავიბრუნებდი, როგორც შეცდომით აღებულ ნოტს და ბგერას.

„ასე მევურქ გვალაშა,
აშ ვამმართე წანაშა,
სადავოი კირიალესა, სადავოი კირიალესა!“

კარი გაიღო და გახარებული მასპინძლები გამოჩნდნენ. თბილ ოთახში რომ შევედით, სუფრასთან დაგვსვეს და ჭიქები შეივსო, ტრისტანს გავხედე: დამცხრალი, სახედამშვიდებული იდგა, ერთი სიმღერით ვალმოხდილი – ღმერთთანაც და კაცთანაც.

როდის და როგორ შევისვენოთ ინკლუზიურ საკლასო ოთახში

0

 

„საჭირო ოთახში გავალ რა, მასწ.!

„შეიძლება წყალი დავლიო?

მუცელი მტკივა, შეიძლება დედას დავურეკო? – ეს და სხვა მსგავსი ფრაზა ხშირად გაისმის სკოლაში, მნიშვნელობა არ აქვს, სად მდებარეობის იგი. ბავშვები ნებისმიერ ასაკში კლასის დატოვებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ. მათი შემეცნებითი უნარები და ენობრივი შესაძლებლობები საკმარისდ განვითარებულია, შესაფერისი ფორმით საკლასო სიტუაციებსა და  სასწავლო გარემოს რომ დაუსხლტნენ. სასკოლო პროცესს ხომ მათთვის  გარკვეულწილად სტრესი და გაღიზიანება მოაქვს[1].

მოსწავლეები ხშირად გვიბოდიშებენ და თავაზიანად ითხოვენ-ხოლმე საკლასო ოთახიდან გარეთ გასვლას. უფროსებიც ხომ ასე ვართ. ვინც ერთხელ მაინც მჯდარა საშინლად მოსაწყენ პროფესიულ შეხვედრაზე, რამდენჯერმე მაინც უფიქრია მობოდიშება, რათა თავისი შვილის ამბის გასაგებად შინ ძიძისთვის ან ახლობლისთვის დაერეკა. უფრო დაძაბული სიტუაციებიც არსებობს.  ვიღაცის პირადი ურთიერთობა მეწყვილესთან შეიძლება ძალიან დაძაბოს გაუთავებლად ტრენინგებზე ჯდომამ. უფროსები ვართ და კარგად მოგვეხსენება  დამშვიდების მრავალფეროვანი ტექნიკების შესახებ ჩვენი სტრესების შესამცირებლად. ღრმად ჩავისუნთქავთ, ვითვლით 10-მდე ან  გარეთ გავდივართ.

სტრესის მოხსნის ეფექტური სტრატეგიები

 

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ან აუტისტ ბავშვებს უძნელდებათ სტრესის მოხსნის სტრატეგიების შესწავლა. არადა,  ეს საქმე შესაძლებელი და აუცილებელია. თუკი სკოლაში რამდენიმე სპეცმასწავლებელია, შეიძლება შექმნან როლური სიტუაცია, რომელსაც ბავშვს დაანახვებენ და აუხსნიან, რომ ასეთი ფორმით უნდა ითხოვონ შესვენება. სიმულაციების გათამაშება თანატოლებშიც შეიძლება. მთავარია, ამ არაჩვეულებრივი ბავშვების გასაგონად რამდენჯერმე გავიმეოროთ თითოეული ინსტრუქცია. მათ შეიძლება ირიბად ვკითხოთ და ურთიერთობაში შემოსაყვანად ილეისტური ფორმითაც კი მივმართოთ. მაგ., „თომას სურს შეისვენოს? რაღაც ბარათი ასე აჩვენებს. შეისვენე, თომა!“ ან: „თომას შესვენების ჯერია, მოდი, შეისვენე, თომა! შენთან ერთად მეც შევისვენებ“.

შესვენების მნიშვნელოვნება

 

შესვენება ბავშვების ცხოვრების ყველაზე პოზიტიური და აუცილებელი კომპონენტია. მის მისაღწევად ვიყენებთ ხისგან დამზადებულ ვიზუალურ მასალას, კერძოდ კი – ფერად ბარათებს, რომელთაც მოსწავლეები დაატარებენ თავიანთი  PECS წიგნებით. ეს აბრევიატურა ინგლისურად შემდეგნაირად იშიფრება: Picture Exchange Communication System (სურათხატების  ცვლის საურთიერთო სისტემა). დაახლოებით ამგვარი წიგნები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის წინათ ჩვენშიაც არსებობდა, მაგრამ დღეს მათი მხოლოდ და მხოლოდ უცოეთიდან გამოწერაა შესაძლებელი და ერთი ეკზემპლარის ფასი საკმაოდ ძვირია, თუმცა საგნების მიხედვით ყველა დონის შეძენაა შესაძლებელი, მე-10 კლასის ალგებრის ან გეომეტრიისაც კი. ხის თხელ და ფერად ბარათებს ბავშვები წიგნებით დაატარებენ ან ხშირად მერხებშიც ინახავენ-ხოლმე.

მელისა ფერი ამბობს, რომ მას, როგორც პედაგოგს, საკლასო თუ რესურსოთახში ყოფნისას შესვენების ბარათი ყოველთვის ზონარით ყელზე ჰკიდია. თუკი მოსწავლეს დაღლას შენიშნავს, ის, მისი კოლეგა ან საგნის მასწავლებელი შესვენების ბარათს უჩვენებს, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეს შესვენების დრო დაუდგა და შეუძლია, გამოიყენოს ეს უფლება. სხვა საკითხია, რამდენად ისარგბლებს იგი ამ შესაძლებლობით.

go

შესვენების მიზეზი: ადეკვატური, შესაფერისი გათავისუფლება.

შესვენების მიზანი: ემოციური და ფიზიკური აღგზნებების აღკვეთა.

შესვენების დირექტივა:

შესვენების დირექტივას მაშინ ვაძლევთ, როდესაც ქცევა გვიჩვენებს, რომ მოსწავლე  იმედგაცრუებული, გაღიზიანებული ან ხასიათწალეკილია. აუცილებელია, მოსწავლემ ისწავლოს ასეთი შემთხვევებისთვის ბარათების პირადად გამოყენება. უნდა ვასწავლოთ, მანამ აიღოს შესვენებისთვის დრო, ვიდრე  მისი ნაკლებობა მდგომარეობას გაამწვავებს და უარყოფით ქცევამდე მივა. ვუჩვენოთ შესვენების ბარათი. ხოლო თუ PECS-ის წიგნებს ვიყენებთ, უზრუნველვყოთ მაგალითები შესვენების შეთავაზებით.

 აუცილებლად უნდა მივუთითოთ მოსწავლეს შესვენების ადგილი.  ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყოფნისას ჩვენი გაოცება გამოიწვია დერეფნებში მოხატულმა იატაკებმა. ბავშვები წყნარად, ხმაურის გარეშე ხტიან და შესვენებისას კლასობანას თამაშობენ. ამგვარი ფიზიკური აქტივობა ძალების საუკეთესოდ აღმდგენი და სტიმულატორია. მათ მიერ მოხატულ სივრცეებზე თავისუფლად შეიძლება, პედაგოგებმაც  ისიამოვნონ, თუკი ამის დრო და სურვილი გააჩნიათ. ამით მოსწავლეებთანაც შემცირდება დისტანცია, განწყობაც ამაღლდება და უფრო მეგობრული ურთიერთობებიც ჩამოყალიბდება.

შესვენების დრო

 

თუკი რესურსოთახში ან საკლასო კაბინეტში ვიმყოფებით, ვინიშნავთ რამდენიმე წუთს ტაიმერზე. არ ვესაუბრებით ან ვეურთიერთებით მოსწავლეებს მანამ, ვიდრე ისინი ისვენებენ.

ტაიმერის ხმის შემდეგ დამშვიდებულ მოსწავლეს  დაწყებულ სამუშაოსთან დაბრუნებას ვთხოვთ. თუკი  იგი ჯერ კიდევ ვერ დამშვიდდა, ვეუბნებით, რომ კვლავ სჭირდება დასვენება და ახლა ცოტაოდ მცირე დროით ვრთავთ ტაიმერს. და ასე მანამ, ვიდრე ბავშვი არ დამშვიდდება.

ვასწავლით შესვენების მოთხოვნას

 

უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ვუვითარებთ  უნარს, თავად შეარჩიონ დასვენების დრო, რომ არ დაელოდონ ჩვენს მითითებას. მათ ვაძლევთ დასვენების ბარათს ან ვთავაზობთ სხვა სიგნალს, ამდენად,  მათ თავად შეუძლიათ გვანიშნონ, როდის სჭირდებათ შესვენება.

აი, ბარათიც.

go1

ჰოდა შევისვენოთ.

სასარგებლო რესურსი:

  1. https://www.friendshipcircle.org/blog/?s=breaks
  2. https://www.pecsusa.com/store/large-pecs-communication-book
  3. https://www.google.ge/search?q=break+cards&espv=2&biw=1093&bih=530&tbm=isch&imgil=noDSiPlNVpbi0M%253A%253BPa_f6W-ISljGlM%253Bhttp%25253A%25252F%25252Fdansekulski.blogspot.com%25252F2014%25252F11%25252Fbreak-cards.html&source=iu&pf=m&fir=noDSiPlNVpbi0M%253A%252CPa_f6W-ISljGlM%252C_&usg=__VQwAhkyYe_wbPeo71pjYRyELdDE%3D&ved=0ahUKEwjqz8m5kfbQAhWKCBoKHRDKCssQyjcIJA&ei=CYRSWKonipFokJSr2Aw#imgrc=noDSiPlNVpbi0M%3A

[1] წერილი მომზადდა მელისა ფერის ბლოგის მიხედვით.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...