შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

ვინ ხართ თქვენ – ხელმძღვანელი თუ ფასილიტატორი?

0

ვინ უნდა აკონტროლებდეს სწავლების პროცესს – მოსწავლე თუ მასწავლებელი? – ეს ის მთავარი კითხვაა, რომელსაც უნდა უპასუხოთ.

პედაგოგთა უმეტესობის სამუშაო სტილი „ხელმძღვანელსა“ და „ფასილიტატორს“ შორის მერყეობს. განვიხილოთ ორივე მათგანი.

ხელმძღვანელი

 

ეს არის პედაგოგი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. პედაგოგი-ხელმძღვანელი გეგმავს და წარმართავს მოსწავლეთა საქმიანობას, იძელევა რეცეპტურულ დავალებებს დასახული ამოცანების გადასაჭრელად. ყურადღება ექცევა წინასწარ მიცემული ცოდნისა და ჩვევების ათვისებას. აქცენტი დაისმის შედეგზე – მოსწავლემ დავალება უშეცდომოდ და ფაქიზად უნდა შეასრულოს. მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეების ცოდნას, რათა აღმოაჩინოს შეცდომები და ეხმარება მათ, თავიდან უხსნის რა შესაბამის მასალას.

მოსწავლეთა შემოწმება და შეფასებაც პედაგოგის პრივილეგიაა.

ამგვარი მიდგომა კრიტიკას იმსახურებს, რადგან დამოუკიდებლობის საშუალებას არ იძლევა. ასეთ დროს ყალიბდება „დამოკიდებულება სწავლებისას“ და „სასწავლო უუნარობა“ – მოსწავლე დარწმუნებულია, რომ მისი სწავლა მთლიანად პედაგოგზეა დამოკიდებული, რადგან არ გააჩნია უნარი, დაუხმარებლად გააკეთოს რამე. შედეგად ვიღებთ პასიურ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ისინი ასრულებენ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებს, მაგრამ მათი ცოდნა ზედაპირულია.

დავუშვათ, მასწავლებელი ჯგუფს სთავაზობს, შეისწავლონ უმუშევრობისადმი უფროსების დამოკიდებულება. აძლევს მათ საკვლევ თემას, მუშაობის საფეხურებრივ მეთოდიკას, საჭირო ლიტერატურის ჩამონათვალს და მზა კითხვარს ქუჩის გამოკითხვისთვის. ამ შემთხვევაში მოსწავლეები ვერ ისწავლიან საკუთარი კვლევების დაგეგმვას, განხორციელებასა და გაანალიზებას, თუმცა კვლევის შედეგს მიიღებენ.

ფასილიტატორი

ახლა კი წარმოვიდგინოთ ალტერნატიული მიდგომა, როცა მოსწავლეს ეძლევა მეტი კონტროლის საშუალება. ამის განხორციელება გაკვეთილზე ან ლექციაზე ევრისტიკული საუბრის გზით შეიძლება. პედაგოგი სვამს კითხვას: „საინტერესოა, როგორია უმუშევრობისადმი უფროსი თაობის დამოკიდებულება?“ – და მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს ან სტუდენტებს, კითხვაზე პასუხის გასაცემად დამოუკიდებლად ჩაატარონ კვლევა.

ახალგაზრდები თავად გეგმავენ, ასრულებენ და აანალიზებენ კვლევით სამუშაოს, თუმცა პედაგოგი მთელ პასუხისმგებლობას მათ არ აკისრებს. ის თვალს ადევნებს სამუშაო პროცესის დაგეგმვას და აუცილებლობის შემთხვევაში აძლევს მითითებებს, იმავდროულად, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა სამუშაოს დიდი ნაწილი მოსწავლეებმა თავად შეასრულონ. თუ რომელიმე მათგანს კითხვა გაუჩნდა, ის პასუხის ნაცვლად მიზნობრივ კითხვებს აძლევს, რათა მოსწავლემ თავად მიაგნოს პასუხს და თუ გაუძნელდა, მხოლოდ მაშინ უხსნის და მიჰყავს პასუხამდე.

ასეთი მიდგომის საბოლოო შედეგი უმუშევრობისადმი ზრდასრული ადამიანების დამოკიდებულების გარკვევაა, მაგრამ, იმავდროულად, საშუალებას ვაძლევთ მოსწავლეებს, გამოიმუშაონ გამოკითხვის ჩატარებისა და მისი შედეგების ანალიზის პროცესუალური უნარები. შეიმუშავებენ რა საკუთარი ანკეტის მოდელს, მოსწავლეებს, დიდი ალბათობით, ინტერესი გაუჩნდებათ, მიიღონ ხარისხიანი შედეგი. ისინი თავს პროცესის ბატონ-პატრონებად იგრძნობენ და უფრო მეტ აქტიურობას გამოიჩენენ.

ზემოთ აღწერილი სასწავლო პროცესი, სადაც მოსწავლეებს შესთავაზეს სოციოლოგიური გამოკითხვის დამოუკიდებლად წარმოება, ფასილიტაციური მიდგომის მაგალითს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში პედაგოგის ნაცვლად თავად მოსწავლეები აკონტროლებენ საკუთარი სწავლების პროცესს ანუ სწავლობენ სწავლებას. პედაგოგი ფასილიტატორის როლშია (უქმნის პირობებს, თანადგომას უწევს), ყველა მოსწავლეს აძლევს საშუალებას, აიღონ პასუხისმგებლობა და აკონტროლონ პროცესი, საჭიროების შემთხვევაში კი დახმარებას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ აქ სწავლების პროცესზე დაისმის აქცენტი და არა შედეგზე, შეცდომები კი აღიქმება როგორც სწავლის შესაძლებლობა და არა როგორც რაიმე დაუშვებელი.

ხშირად მოსწავლეები შეცდომის შიშით და თავდაჯერების ნაკლებობის გამო ვერ იღებენ საუკეთესო შედეგს, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მხარდამჭერი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას. ფასილიტატორი პედაგოგები ცდილობენ, თავი მოსწავლის ადგილას დააყენონ (განივითარონ ემპათიის განცდა), მხარში ამოუდგნენ მოსწავლეს და აფასებენ მათ პიროვნებას, განურჩევლად მათი მიღწევებისა.

მოსწავლეები მხოლოდ მაშინ შეძლებენ საკუთარ სწავლებაზე პაუხისმგებლობის თამამად აღებას, როცა დაძლევენ პედაგოგის მხრივ კრიტიკის შიშს და საკუთარი ძალების რწმენა ექნებათ.

მენეჯმენტის სტილის მკვლევრებმა ხელმძღვანელები, რომლებიც უფლებამოსილებათა დელეგირებას ახდენენ, შეადარეს ხელმძღვანელებს, რომლებსაც ყველაფერი საკუთარი კონტროლის ქვეშ აქვთ მოქცეული. ზოგიერთი მენეჯერი თანამშრომელს არათუ ავალებს, არამედ დაწვრილებით ინსტრუქციასაც აძლევს დავალების შესასრულებლად. კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ხელმძღვანელების თანამშრომლები ნაკლებად ინიციატივიანები არიან და სამუშაო ნაკლებად აინტერესებთ, პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას ნაკლებად ამჟღავნებენ შემოქმედებით მიდგომას.

იმ მენეჯერის გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობის დელეგირებას ახდენს, გამოირჩევა კრეატიულობით და მეტ ინიციატივას იჩენს.

ასევეა მოსწავლეებთანაც – როცა საკუთარ სწავლებაზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ მათ ეკისრებათ, ისინი გაცილებით მონდომებულები და ინიციატივიანები არიან.

ხელმძღვანელ-ფასილიტატორის სკალა

მეცნიერები და წარმატებული პედაგოგები ფასილიტაციური მეთოდის მომხრენი არიან, თუმცაღა პრაქტიკაში არსებობს კონტინიუმი ანუ სკალა პედაგოგ-ფასილიტატორისა და პედაგოგ-ხელმძღვანელის პოლუსებს შორის.

 

 

 

 

          ‹———————————————————————————–

ხელმძღვანელი: კონტროლი ფასილიტატორი:
პედაგოგი

აკონტროლებს

ყველაფერს

გადანაწილებულია

პედაგოგსა და მოსწავლეს შორის

 სწავლება

კონტროლირდება

მოსწავლეების მიერ

სკალის რომელ ნაწილში უნდა იმუშაოთ თქვენ? სწავლის ან სწავლების რომელ ასპექტებზე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი მოსწავლეები და რა უნდა აკონტროლონ მათ?

პედაგოგთა უმეტესობა სკალის პოლუსებს შორის შუალედურ პოზიციას ირჩევს, სიტუაციურად უფრო შესაფერის სტილს. ისინი მიმართავენ ხელმძღვანელის სტილს ახალი მასალის შეტანისას და ფასილიტატორის სტილს, რათა დაეხმარონ ბავშვებს სირთულეთა დაძლევაში ან წინასაგამოცდო განხილვისას.

სწავლებისას, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება ერთი პრინციპით – „დანიშნულების შესატყვისად“. მიუხედავად ამისა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელმძღვანელობის ავტორიტატული სტილი, თუმცაღა ფართოდაა გავრცელებული, არაეფექტურია.

ფასილიტაციური სტილის მიღება განსაკუთრებული ხერხებისა და მეთოდების ათვისებას არ მოითხოვს – ეს, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებათა ნაკრებია. ფასილიტატორებს მიაჩნიათ, რომ მოსწავლეთათვის პასუხისმგებლობისა და კონტროლის დელეგირებას შემდეგი უპირატესობები აქვს:

  • სწავლებას ხდის სიღრმისეულსა და აქტიურს, ნაცვლად ზედაპირულისა და პასიურისა;
  • საშუალებას იძლევა, არა მარტო შედეგი მივიღოთ, არამედ განვუვითაროთ მოსწავლეებს თვითორგანიზებისა და სწავლის ცოდნის უნარ-ჩვევები;
  • ხელს უწყობს მოსწავლეებს, დაძლიონ დამოკიდებულება და უსუსურობის შეგრძნება, ავითარებს დამოუკიდებლობას და საკუთარი თავის რწმენას;
  • მასწავლებლისთვის ნაკლებად დაძაბულს და მეტად საინტერესოს ხდის მუშაობის პროცესს, ეხმარება მას მოსწავლეთა შორის ავტორიტეტის მოპოვებაში, რადგან ისინი მისგან პატივისცემას გრძნობენ.

განსავითარებელი ამოცანები

რისი მიღწევა გსურთ თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობით? ეს ძალზე რთული საკითხია, მაგრამ როგორც კი შეეცდებით, პასუხი გასცეთ, ბევრი რამ ნათელი გახდება. რასაკვირველია, გსურთ, თქვენი მოსწავლეები კარგად სწავლობდნენ, მაგრამ შესაძლოა, გქონდეთ სხვა მიზნებიც, მაგალითად, განუვითაროთ მათ:

  • თქვენი საგნისადმი ინტერესი და ცნობისწადილი;
  • საკუთარი თავის რწმენა;
  • კრიტიკული აზროვნება და ინტელექტუალური დამოუკიდებლობა;
  • ემპათია და მორალური პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • თვითგამოხატვა და თვითსრულყოფა;
  • სულიერება;
  • სხვა კულტურებისა და ხალხების აღქმა;
  • გაათვითცნობიეროთ სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებში

ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი საკითხია თქვენს პიროვნებასთან ახლოს, რომელი გაღელვებთ? იქნებ სხვა ღირებულებების განვითარება გსურთ? შესაძლოა, საკუთარი პედაგოგიური კრედოს ჩამოსაყალიბებლად ერთი წელი დაგჭირდეთ, ხოლო ეფექტური მეთოდის მიგნებას და პრაქტიკაში მის დანერგვას მთელი პედაგოგიური კარიერა დასჭირდეს. ამასთან, თქვენი პედაგოგიური კრედო შთაგაგონებთ, სამუშაო პროცესი კი უფრო საინტერესო, შინაარსიანი, ეფექტური და სასიამოვნო გახდება.

როგორც პედაგოგს, მოგიწევთ სხვების მიერ დასახული ამოცანების გადაჭრაც. მოსწავლეებმა გამოცდები კარგად უნდა ჩააბარონ და არ უნდა გადაწვან კლასი. მაგრამ ამ გარეგნული შეზღუდვების ფარგლებშიც კი საკმაო თავისუფალი სივრცე გაქვთ, რათა ხარისხიანი განათლების თქვენეული ხედვა განავითაროთ და საკუთარი არჩევანი იქონიოთ.

წყარო:

  1. Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.. 2009, p. 162-166

როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მიზნად ისახავს მასწავლებელზე ორიენტირებული ავტორიტარული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით, რომელიც მოსწავლის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს ითვალისწინებს. ინტერაქტიულ სწავლებას პედაგოგიკაში სწავლებისა და ცოდნის ახალი სტრატეგიები შემოაქვს. იცვლება სწავლების მიზანი. იგი ორიენტირებული ხდება არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.

მოსწავლე ინტერაქტიული  სწავლების სუბიექტი და მისი აქტიური მონაწილეა.

სწავლებას საფუძვლად ედება მოსწავლის პირადი გამოცდილება, პირადად მისი თვისებები და ცოდნა.

სწავლების პროცესისადმი ეს მიდგომა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმდინარეობას – კონსტრუქტივიზმს ეყრდნობა. მისი ძირითადი იდეა ის არის, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ ძველი და ახალი ცოდნის შედარებით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება.

კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდი გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას, მათ წახალისებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია.

ამ ტიპის გაკვეთილი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი და, რაც ყველაზე მთავარია, შეძლონ ანალიზი. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობასა და ინტერესს. კონსტრუქტივისტული მეთოდით სწავლების შემთხვევაში მასწავლებელი პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელისშემწყობია.

სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპებია:

  • სწავლა აქტიური პროცესია. მოსწავლე აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში. მოსწავლე ყველაზე უკეთ მაშინ ითვისებს, როდესაც საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით წყვეტს პრობლემას;
  • სწავლა გულისხმობს მნიშვნელობის წვდომას. მასწავლებლის მიზანია, ისე წარმართოს სასწავლო აქტივობები, რომ მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი იდეები და აღმოჩენები კარგად გაიაზრონ.
  • სწავლა სოციალური ურთიერთობების გზით აიგება. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალება თანამშრომლობითი სწავლების გამოყენებაა, მაგ. ჯგუფური მუშაობები დისკუსიები…
  • სწავლა ყოველთვის გულისხმობს კონტექსტს. მოსწავლე ყველაზე კარგად ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია განვლილს უკავშირდება.

სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები:

  • ახალი იდეების დაკავშირება არსებულ ცოდნასთან;
  • მოდელირება – მასწავლებელი მიმართავს რთულ დავალებას და ცდილობს მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გახადოს ის ნაბიჯები, რომლებიც ამ დავალების შესასრულებლადაა საჭირო;
  • ”ხარაჩოს” მეთოდი – მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დახმარების გარეშე გაუჭირდებათ. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხებით ეხმარება მოსწავლეებს. დახმარებას თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისათვის თავის გართმევას;
  • არტიკულაცია – საკუთარი შეხედულებების გამოთქმა ვერბალიზაციის გზით და მათი დაცვა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მასალის უკეთ გააზრებაში.
  • რეფლექსია – მოსწავლეები ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ეს ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. სხვაგვარად ამ პროცესს ”მეტაკოგნიცია”, ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ეწოდება.
  • თანამშრომლობა – კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს ურთიერთსწავლებას, ერთობლივ მუშაობას;
  • არჩევანი – მოსწავლეებს ეძლევათ არჩევნის საშუალება, რაც ხელს უწყობს სწავლის პროცესს: იზრდება ჩართულობა და ინტერესი სასწავლო პროცესისადმი;
  • მოქნილობა – კონსტრუქტივისტული მეთოდის თანახმად, მასწავლებელი საჭიროებისამებრ მოქნილად ცვლის გაკვეთილის მიმართულებას;
  • ადაპტაციის უნარი – მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან;
  • მრავალმხრივი რეალობა – მრავალმხრივი რეალობის გააზრება დაეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ, რომ ყოველთვის ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. ეს უვითარებს მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას. ამისთვის მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს რამდენიმე ალტერნატიული შეხედულება ერთსა და იმავე საკითხის შესახებ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე აქტივობას, რომელთა განხორციელებაც საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს  გახდის:

  1. ინტერვიუსამი ნაბიჯი

შესასწავლი თემა – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ („ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“)

კლასი X

სასწავლო მიზანი – განუვითაროს მოსწავლეებს მიზანმიმართული კითხვის დასმის, ინფორმაციის ლოგიკურად და ლაკონურად ჩამოყალიბების, აქტიური მოსმენის,  ჩანაწერების გაკეთებისა და შეჯამების უნარი.

მიმდინარეობა:

მოსწავლეებს ვავალებ, გაეცნონ  ტექსტს და ამის შემდეგ მოამზადონ კითხვები პრობლემის ირგვლივ  (ინტერვიუსთვის), რათა გამოუმუშავდეთ შეკითხვის დასმის ჩვევა.

კლასს ვყოფთ სამკაციან ჯგუფებად და ვუხსნი მეთოდის არსს. ტრიადის თითოეული მონაწილე იქნება ინტერვიუერი, რესპოდენტი და დამკვირვებელი.

პირველი ნაბიჯი: ინტერვიუერი იღებს ინტერვიუს რესპონდენტისგან, ხოლო დამკვირვებელი აკეთებს ჩანაწერებს, ინიშნავს არსებითს ინტერვიუერისა და რესპოდენტის საუბრიდან.

მეორე და მესამე ნაბიჯი – როლები იცვლება (თითოეული ინტერვიუსთვის განკუთვნილია 5 წუთი, ჯამში –  15 წუთი).

შემდეგ ორ-ორი სამკაციანი ჯგუფი ერთიანდება ექვსკაციან ჯგუფად. ჯგუფის ექვსივე წევრი დამკვირვებლის როლშია და, შესაბამისად, ჩანაწერებსაც აკეთებენ. ექვსივე რიგრიგობით წარმოუდგენს დანარჩენ მოსწავლეებს თავისი ჩანაწერიდან არსებითს. ბოლოს ჯგუფი აჯამებს დამკვირვებლების ჩანაწერებს და აკეთებს პრეზენტაციას.

მასწავლებელი ისმენს პრეზენტაციას. ბოლოს მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით აჯამებენ და აფასებენ მიღებულ ინფორმაციას.

ამ მეთოდის გამოყენება ეფექტურია, როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლად, ასევე თემის შესაჯამებლად.

ეს მეთოდი გვეხმარება, განუვითაროთ მოსწავლეებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, რაც სწავლის ხარისხის ამაღლებისა და სოციალიზაციის უნარის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

2.დაკარგული (გამოტოვებული) სიტყვები

შესასწავლი თემა – აკაკი წერეთლის „გამზრდელი“

კლასი XI

სასწავლო მიზანი: ტექსტზე მუშაობისას მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება; კონტექსტური გასაღებების ამოცნობა და გამოყენება; წინარე ცოდნის გააქტიურება; მასალის მთლიანობაში გააზრება.

 

მიმდინარეობა:

დამოუკიდებელი კითხვისა და მოსწავლეთა ყურადღების მობილიზაციის მიზნით მოსწავლეებს ვურიგებ ტექსტს (მეოთხე თავი), რომელშიც გამოტოვებულია სიტყვები. მოსწავლეები კითხულობენ დაკვირვებით და ცდილობენ გამოტოვებული ადგილების შევსებას.  სიტყვები  უნდა დანომრონ ისე, როგორც ტექსტშია მოცემული (მაგალითად: „არც გვარით, არც ვაჟკაცობით, არც სიმდიდრით, არც ქონებით, – ჰაჯი უსუბ ცნობილია მხოლოდ  1… და 2… „ )

შემდეგ წყვილდებიან და განიხილავენ ერთმანეთის ნამუშევარს. შესაძლებელია, ერთის ნაცვლად რამდენიმე სავარაუდო პასუხმა მოიყაროს თავი. მოსწავლეები მსჯელობენ და სხვადასხვა ფერის მარკერით წერენ საკუთარ სიტყვებს, რათა  არ გაუჭირდეთ საკუთარი ჩანაწერის მოძებნა.

 ყოველივე ამის შემდეგ ვუკითხავ ტექსტის სწორ ვარიანტს. ბოლოს  მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ საინტერესო ვარიანტებს.

ეს მეთოდი გვეხმარება მოსწავლეთა ცოდნის გააქტიურებაში, გაგებასა და ტექსტის   გააზრებაში. გარდა ამისა, მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საგამოცდო პროგრამა და დამხმარე ლიტერატურა (კრებულიდან: „როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდისთვის, ეროვნული ცენტრი. თბილისი 2012);
  2. 2. სწავლება და შეფასება – დამხმარე სახელმძღვანელო (II);

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2008.

მეხსიერების ინფორმაციის გადამუშავების მოდელი: სენსორული მეხსიერება

0

მეხსიერების შესახებ მრავალი თეორია არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ინფორმაციის გადამუშავების ახსნა. მოდი, გავეცნოთ სწავლისა და მეხსიერების შესწავლის ამ კარგად გამოკვლეულ სისტემას.

მეხსიერების ინფორმაციის გადამუშავების ადრეული შეხედულებები მოდელად კომპიუტერს იყენებს. ადამიანის გონება, კომპიუტერის მსგავსად, იღებს ინფორმაციას, ახორციელებს ოპერაციას მასზე მისი ფორმისა და შინაარსის შესაცვლელად, ინახავს, საჭიროების შემთხვევაში ხელახლა პოულობს მას და გენერირებას უწევს მასზე გაცემულ საპასუხო რეაქციებს. ამრიგად, გადამუშავება მოიცავს: ინფორმაციის დაგროვებას და მის ორგანიზებას უკვე არსებული ცოდნის საფუძველზე, მის კოდირებას, შენარჩუნებას, შენახვას და, საჭიროების შემთხვევაში, მის აღდგენას. მთელ ამ სისტემას ხელმძღვანელობს მმართავი პროცესი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ და როდის გაედინება და შემოედინება სისტემაში ინფორმაცია.

კოგნიტიური ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის კომპიუტერული მოდელი უბრალო მეტაფორაა ადამიანის გონებრივი აქტივობის შესახებ, მაგრამ სხვა მეცნიერები, კერძოდ, ისინი, ვინც ხელოვნურ ინტელექტს შეისწავლიან, ცდილობენ, შექმნან და დააპროგრამონ ისეთი კომპიუტერი, რომელიც ადამიანივით აზროვნებას და პრობლემების გადაჭრას შეძლებს. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ტვინი მუშაობს როგორც რამდენიმე ერთდროულად მომუშავე ძალიან ნელი კომპიუტერი, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ, სპეციფიკურ დავალებას ასრულებს. ამ მოდელის უკეთ გასააზრებლად, მოდი, განვიხილოთ მისი ელემენტები – სენსორული მეხსიერება, მუშა მეხსიერება და ხანგრძლივი მეხსიერება.

სენსორული მეხსიერება

გარემოს სტიმულები (ხედები, ხმები, სუნები და ა.შ.) განუწყვეტლივ „ბომბავს“ ჩვენი სხეულის – მხედველობის, სმენის, გემოვნების, ყნოსვისა და შეგრძნების – მექანიზმებს. სენსორული მეხსიერება არის საწყისი გადამუშავება, რომელიც შემომავალ სტიმულებს ინფორმაციად გარდაქმნის, რათა მათგან აზრი გამოვიტანოთ. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება თუ ხმა შეიძლება წამის მეასედების განმავლობაში გაგრძელდეს, ეს ტრანსფორმაციები (ინფორმაცია), რომელიც შეგრძნებებს წარმოადგენს, მოკლედ ინახება სენსორულ სარეგისტრაციო ან სენსორულ საინფორმაციო ბანკში.

მეხსიერების მოცულობა, ხანგრძლივობა და შინაარსი. სენსორული მეხსიერების მოცულობა ძალიან დიდია და იმაზე მეტ ინფორმაციას იტევს, ვიდრე ადამიანს შეუძლია ერთბაშად გაუმკლავდეს, მაგრამ სენსორული მეხსიერების ეს დიდი მოცულობა ხანმოკლეა და ერთიდან სამ წამამდე გრძელდება.

სენსორული ინფორმაციის შინაარსი წააგავს ორიგინალური სტიმულის შეგრძნებებს. ვიზუალური შეგრძნებები მოკლედაა კოდირებული სენსორული სარეგისტრაციო მექანიზმის მიერ გამოსახულებების სახით, თითქმის ფოტოსურათებივით. სმენითი აღქმა კოდირებულია ხმოვანი პატერნების სახით, რომლებიც ექოებს ჰგავს. შესაძლოა, სხვა შეგრძნებებიც კოდირებული იყოს. ამრიგად, რამდენიმე წამის განმავლობაში სენსორული გამოცდილების მონაცემები უცვლელი რჩება. ამ მომენტებში გვეძლევა შანსი, ავირჩიოთ ინფორმაცია და მოვახდინოთ მისი ორგანიზება შემდგომი გადამუშავებისთვის. ამ საფეხურზე აღქმა და ყურადღება უმნიშვნელოვანესია.

აღქმა. სტიმულის აღმოჩენისა და მისთვის მნიშვნელობის მინიჭების პროცესს აღქმა ეწოდება. ეს მნიშვნელობა ეფუძნება როგორც გარემოს ფიზიკურ ასახვას, ისე ჩვენს ცოდნას. მაგალითად, განვიხილოთ ნიშანი „I3“. თუ გვკითხავენ, რა ასოა ეს, ჩვენ ვუპასუხებთ: „B“. თუ გვკითხავენ, რა რიცხვია, ვუპასუხებთ: „13“. თავდაპირველი ნიშნები იგივე რჩება. მათი მნიშვნელობა იმის შესაბამისად იცვლება, მათში ასოს ამოცნობას მოელით თუ რიცხვისას. ბავშვისთვის, ციფრებისა და ასოების შესაბამისი ცოდნის გარეშე, ეს ნიშნები ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნება.

აღქმის ზოგიერთი თანამედროვე გაგება ეფუძნება საუკუნის დასაწყისში გერმანიაში (მოგვიანებით – აშშ-ში) ჩატარებულ კვლევებს იმ ფსიქოლოგების მიერ, რომლებსაც „გეშტალტ თეორეტიკოსებს“ უწოდებდნენ. სიტყვა „გეშტალტი“, რაც გერმანულად სტრუქტურას ან კონფიგურაციას ნიშნავს, აღნიშნავს ადამიანის ტენდენციას, მოაწესრიგოს სენსორული ინფორმაცია სტრუქტურის ან ურთიერთმიმართების სახით. მას, ნაცვლად ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის ნაწილებისა, აღვიქვამთ მოწესრიგებულ, აზრიანი მნიშვნელობის მქონე მთლიანობად.

გეშტალტის პრინციპები აღქმის გარკვეული ასპექტების რაციონალური ახსნაა, თუმცა ამ პროცესის მთლიანად წვდომის საშუალებას არ იძლევა. ინფორმაციის გადამუშავების თეორიაში ორი სხვა განმარტებაც არსებობს იმის ასახსნელად, როგორ ვგმობთ პატერნებს და ვანიჭებთ მნიშვნელობას სენსორულ ინფორმაციას. პირველს ჰქვია მახასიათებელთა ანალიზი, ანუ აღმავალი გადამუშავება, რადგან სტიმული გაანალიზებულ უნდა იქნეს მახასიათებლების ან კომპონენტების მიხედვით და დაჯგუფდეს საზრისის მქონე სტრუქტურაში „ქვემოდან ზემოთ“. მაგალითად, ასო A შედგება ორი სწორი ხაზისგან, რომლებიც 45–გრადუსიან კუთხეს ქმნის. შუაში მათ ჰორიზონტალური ხაზი კვეთს. ყოველთვის, როცა ვხედავთ მახასიათებლებს ან მათ მიმსგავსებებს, მაგალითად A, A, A–ს, ჩვენ მათში ისევ ძველ A-ს ამოვიცნობთ. ეს ხსნის იმას, რომ ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანების ხელნაწერის გარჩევა და წაკითხვა. გონებაში ასევე შენახული გვაქვს A-ს პროტოტიპი (საუკეთესო მაგალითი ან კლასიკური შემთხვევა), რომელიც მახასიათებლებთან ერთად გვეხმარება სხვადასხვა შემთხვევაში ამ ასოს ამოცნობაში.

აღქმა მთლიანად მახასიათებლებსა და პროტოტიპებს რომ ეყრდნობოდეს, სწავლა ძალიან ნელი პროცესი იქნებოდა. საბედნიეროდ, ადამიანებს შეუძლიათ აღქმის მეორე ტიპის გამოყენებაც, რომელიც ეფუძნება ცოდნასა და მოლოდინს, ე.წ. დაღმავალ გადამუშავებას. იმისთვის, რომ პატერნები უცებ ვიცნოთ და გავარჩიოთ, ვიყენებთ ცოდნას, რომელიც უკვე გვაქვს მსგავს სიტუაციაზე – იმას, რაც უკვე ვიცით სიტყვების, სურათების ან სამყაროს ზოგადი მოწყობის შესახებ. მაგალითად, ზემოთ მოყვანილ ნიშნებს ასო A-ად ვერ აღიქვამდით, ლათინური ანბანის შესახებ ცოდნა რომ არ გქონოდათ. ამრიგად, ის, რაც უკვე იცით, დიდ გავლენას ახდენს იმაზე, რის აღქმას შეძლებთ.

ყურადღების როლი. მუშა მეხსიერება რომ ფერში, მოძრაობაში, ხმაში, სუნში, ტემპერატურაში მომხდარი ყოველი ცვლილების საბოლოო სამყოფელი ყოფილიყო, ცხოვრება შეუძლებელი გახდებოდა, მაგრამ ყურადღება სელექციური (შერჩევითი) ბუნებისაა. ამორჩეული სტიმულისთვის ყურადღების მიქცევით და სხვების იგნორირებით ვზღუდავთ აღქმისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ის, რასაც განსაზღვრულ დონეზე ყურადღებას ვაქცევთ, იმით იმართება, რაც უკვე ვიცით და რისი ცოდნაც გვჭირდება. ყურადღებაზე გავლენას ახდენს ისიც, რაც იმ მომენტში ხდება გარშემო, ისევე როგორც დავალების სირთულე და ყურადღების კონცენტრაციის ან მისი კონტროლის უნარი. ზოგ მოსწავლეს, რომელსაც ყურადღების დეფიციტი აქვს, ძალიან უჭირს ყურადღებაზე კონცენტრირება და სხვა ხელის შემშლელი სტიმულების იგნორირება.

ყურადღებას ძალისხმევა სჭირდება და ის შეზღუდული რესურსია. ვფიქრობ, თავადაც გიწევთ ცოტა წამუშავება, რათა ყურადღება მიაქციოთ ამ სიტყვებს ყურადღების შესახებ! ჩვენ მოცემულ დროში შეგვიძლია ყურადღება მივაპყროთ ერთ კოგნიტიურ დავალებას. მაგალითად, როდესაც ადამიანი მანქანის მართვას სწავლობს, იმადროულად რადიოს მოსმენა არ შეუძლია. ცოტაოდენი პრაქტიკის შემდეგ შესაძლოა მოახერხოს ამ ორი საქმის ერთდროულად კეთება, მაგრამ როცა გზა გადატვირთული იქნება, რადიოს გათიშავს, მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ კი ის მოახერხებს ერთსა და იმავე დროს რადიოს მოსმენას, გაკვეთილის გეგმის შემუშავებას და საუბარსაც მართვის დროს. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ ბევრი პროცესი, რომლებიც თავდაპირველად ყურადღებასა და კონცენტრაციას მოითხოვს, ვარჯიშის შედეგად ავტომატური ხდება. ჩვენ არ ვართ სრულიად ავტომატურები, თუმცა მეტ-ნაკლებად ავტომატურად ვმოქმედებთ და ეს, ერთი მხრივ, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გავარჯიშებულნი ვართ, მეორე მხრივ კი სიტუაციაზე. მაგალითად, ყველაზე გამოცდილი მძღოლებიც კი ძალიან ყურადღებიანები ხდებიან ძლიერი ნისლის დროს.

ყურადღება და სწავლება. სწავლის პირველი ნაბიჯი ყურადღების მიპყრობაა. მოსწავლეებს არ შეუძლიათ იმ ინფორმაციის გადამუშავება, რომელსაც ვერ ცნობენ ან ვერ აღიქვამენ. მოსწავლის ყურადღებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. გაკვეთილის დასაწყისში თვალისმომჭრელმა ან გასაოცარმა ვიზუალურმა გამოსახულებებმა თუ ქმედებებმა შესაძლოა მიიპყროს მოსწავლის ყურადღება. მასწავლებელმა ჰაერის წნევის შესახებ გაკვეთილი შეიძლება დაიწყოს ბუშტის გასკდომამდე გაბერვით. კაშკაშა ფერები, ხაზგასმა, დაწერილი ან წარმოთქმული სიტყვების წინა პლანზე წამოწევა, სახელით მიმართვა, მოულოდნელი მოვლენები, დამაინტრიგებელი კითხვები, დავალებათა მრავალფეროვნება და სასწავლო მეთოდები, ხმის ტემბრისა და განათების ცვლილებები ან აქეთ-იქით სიარული – ყოველივე ეს ყურადღებას იპყრობს, მოსწავლეებმა კი უნდა შეინარჩუნონ ყურადღება და ფოკუსირებულნი იყვნენ სასწავლო სიტუაციის მნიშვნელოვან მომენტებზე.

მუშა და ხანგრძლივ მეხსიერებებს შემდეგ სტატიებში შევეხებით.

ლექსის ტიპები

0

ლიტერატურის სწავლებისას თეორიული ნაწილი ყველაზე ნაკლებად ხიბლავთ ბავშვებს. არა მგონია, ეს მათი ბრალი იყოს. სასკოლო სისტემა დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევს მათ, რომ ლიტერატურის კვლევა მწერლის სათქმელის ამოცნობაა. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურის თეორია პროგრამითაც გათვალისწინებულია და მეტ-ნაკლებად სახელმძღვანელოებშიც შედის, ამ ნაწილში ყველაზე მეტად მოიკოჭლებენ და, შესაბამისად, უჭირთ კვლევა, უჭირთ შესაბამის ენაზე მეტყველება, ნაწარმოების მხატვრული თუ ფორმობრივი ანალიზი.

ქვემოთ შემოგთავაზებთ ლექსის ტიპებს, რომელთა გაცნობაც სასურველი იქნება უფროსკლასელებისთვის და თუ ერთი გაკვეთილის ფარგლებში მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალის ათვისების შემდეგ თავადაც მოიძიებენ ამა თუ იმ ტიპის ლექსის ნიმუშს და კლასს წარუდგენენ, შესაძლოა, გაკვეთილი არანაკლებ ცოცხალი და საჭირო გამოვიდეს, ვიდრე რომელიმე ნაწარმოების სათქმელის ირგვლივ გამართული დისკუსია.

ლექსი „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ ახსნილია როგორც პოეტური ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს თავისებური რიტმი და, როგორც წესი, რითმა. ყველამ ვიცით, რომ ლექსი პროზის საპირისპირო სახეა და წყობილსიტყვაობასთან ერთად, წესისამებრ, გარკვეულ გრაფიკულ ფორმასაც გულისხმობს. ყოველი სტროფი ახალი ტაეპით იწყება და რითმიანი ლექსის ტაეპში მარცვალთა რაოდენობა განსაზღვრულია. მარცვალთა რაოდენობით განსაზღვრული რიტმი და რითმა, რომელიც ხმოვანთა და თანხმოვანთა თანხვედრას გულისხმობს, ქმნის კომპოზიციურ, ემოციურ და შინაარსობრივ ერთობლიობას.

ქართულ სინამდვილეში ლექსის ტიპებზე საუბარი შაირით უნდა დავიწყოთ. „შაირი“ არაბული ტერმინია (შაჰირ) და ლექსს ნიშნავს.

სიტყვა „შაირს“ ქართულში სხვადასხვა შინაარსი აქვს. რუსთაველთან ის ზოგადად ლექსის სინონიმია: „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთ დარგი“; „მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე სთქვას ერთი-ორი“.

შაირს იყენებენ მოკლე, ერთსტროფიანი ლექსის აღმნიშვნელადაც, სადაც მეოთხე ტაეპი წინა სამის შემაჯამებელ აზრს გადმოგვცემს და „და“ კავშირით იწყება. მაგალითად:

„სოფლის მიმდონი ყოველნი სდევენ და ემოყვრებიან,

არც დაუნდვია, არც ინდობს, ვინც დასანდობლად სცდებიან,

უტვინოს ძვალთა მწოველნი გაძღებად ცუდად შვრებიან

და რაცა სხვათა უყო, შენც გიზამს, ასე უმოქმედებიან.

(„ქილილა და დამანა“)

შაირი ხალხურ ლექსსაც ეწოდება. აქ იგი, ჩვეულებრივ, რვამარცვლიანია:

„ქალავ, ისეთი თეთრი ხარ,

როგორც საყდარში კირიო,

მალიმალ მამაგონდები,

ჩამოვჯდები და ვტირიო“.

შაირი ჰქვია, როგორც ვიცით, რუსთველისეულ საზომსაც, რომელიც თექვსმეტმარცვლიანია, მაგრამ იყოფა რვამარცვლიან მუხლებად. შაირი გაბატონებული იყო ქართულ პოეზიაში აღორძინების ხანის ჩათვლით.

შავთელური ქართული ლექსის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის დამკვიდრებაც იოანე შავთელის („აბდულმესიანის“ ავტორი, მეთორმეტე საუკუნე) სახელთანაა დაკავშირებული. ლექსი ოთხსტრიქონიანია. თითოეულ სტრიქონში ოცი მარცვალია. სტრიქონი იყოფა ოთხ მუხლად. ახასიათებს გარეგანი და შინაგანი რითმები:

„შემოკრბით, ბრძენნო, ათინელთ ძენო, თამარს ვაქებდეთ მეფედ ცხებულსა,

კრიტს, ალაბს, მაღრიბს, ეგვიპტეს, მაშრიყს, ჩინეთ–მაჩინეთს, თარშის ქებულსა,

რომელნი ელნით, რომელნი ელნით თავს სოგრატისებრ სწავლით გებულსა,

ვარსკვლავთ–მრიცხველნო, სხვათ ბრძენთ მკიცხველნო, ვერ ძალ–გიცთ ქებად, თავს ჰყოფთ ვნებულსა“.

ჩახრუხაული სტროფებისა და მარცვლების რაოდენობით ემთხვევა შავთელურს. განსხვავება ისაა, რომ მუხლები ოთხ-ხუთმარცვლიანია. პირველ მუხლებში შიდა რითმებია, ბოლოს კი, როგორც წესი, ქალური.

ჩახრუხაულის შემოტანა უკავშირდება მეთორმეტე საუკუნის პოეტს ჩახრუხაძეს, რომელიც „თამარიანის“ ავტორადაა ცნობილი:

„თამარ, შენ გიძნობ! ასულად გიცნობ: მზე დაუვალი, შუქ–მომფინარი,

მხიარულ იქმენ! ნაქმარი გიქენ, გესმნეს ნატიფნი და მშვიდი, წყნარი,

ელვა–ეთერი და სიტყვიერი, დარმანის ველი, ედემს მაღნარი,

არს ცნობათ მოთხე, ვითა სამოთხე, წყლად წყალი მრწყველი მუნვე მდინარი“.

სონეტი იტალიური სიტყვაა და სიმღერას ნიშნავს. ეს სალექსო ფორმა წარმოიშვა იტალიაში, განსაკუთრებით გავრცელდა საფრანგეთში. სონეტის ცნობილი ოსტატები არიან დანტე, პეტრარკა, შექსპირი, პუშკინი.

სონეტის ჟანრულ თავისებურებას ქმნის ტაეპთა აგებისა და გარითმვის წესები. სონეტი, როგორც წესი, თოთხმეტი სტრიქონისგან შედგება, რომლებიც იყოფა ორ ოთხტაეპედად და ორ სამტაეპედად. გვხვდება რკალური და პარალელური რითმები.

რობაი ლირიკული ლექსის მეტად გავრცელებული სახეა აღმოსავლურ პოეზიაში. იგი სამიჯნურო და ფილოსოფიური მნიშვნელობისაა. შედგება ოთხი ტაეპისგან. გარითმულია ყველა, გარდა მესამისა.

„ტირიფის მსგავსად გათრთოლებდეს ბედი და ხვედრი,

თან დღენიადაგ იმედოვნე ცვლილება მკვეთრი.

მე საბოლოო ფერად შავი ფერი მსმენია,

მაშ, ეს შავი თმა, მითხარ, რაღამ გახადა თეთრი?“

(ჰაფეზი)

ყაზალი არაბულ-სპარსულ პოეზიაში ორტაეპიანი სტროფი ან ასეთი სტროფებით შედგენილი ლექსია:

სანამ სადოქედ აზელილა ჩვენი ტალახი

ღვინით ამივსე თავის ქალა, ისე ვით ჯამი,

ჩვენთვის უცხოა მწირობა და განდეგილობა,

კამკამა ღვინით დაგვლოცე და გვაამე ამით.

ჰაფეზ, სწორია, ვინც ამქვეყნად ღვინო იწამა,

ამ გზას დაადექ, არ დაფიქრდე არც ერთი წამით“.

(ჰაფეზი)

ტანკა იაპონური სიტყვაა და მოკლე ლექსს ნიშნავს. სულ 31 მარცვლისგან შედგება. მარცვალთა რაოდენობა ტაეპებში შემდეგნაირად უნდა იყოს განაწილებული – 5:7:5:7:7.

„არ მიყვარს ბღენძი,

ცრუბრძენი და ჭკუისკოლოფი,

 ლოთთან დავჯდე, უმჯობესია.

 დათვრება მაინც

 და ერთს გულწრფელად წამოიტირებს“.

(ოტომო ტაბიტო)

ჰაიკუ სიმბოლური დატვირთვის მქონე მოკლე ემოციური ლექსია, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების მსოფლმხედველობით ჭრილში გადმოცემა. კლასიკური ჰაიკუ სამი ტაეპისგან შედგება და 17–მარცვლიანია. ტრადიციისამებრ, მასში უნდა ერიოს წელიწადის დროის გამომხატველი სიტყვა. თუმცა კლასიკოს იაპონელ მწერლებთანაც კი ჰაიკუს სტრუქტურა ხშირად ირღვევა.

„უკვე მარტო ვარ,

წარწერას ქუდზე: „ჩვენ ორნი ვართ“ –

როგორმე ბრინჯით ჩამოვრეცხავ“.

მაცუო ბაშო

ბალადა ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, საგმირო ხასიათის სიუჟეტიანი ლექსია. წარმოიშვა შუა საუკუნეების საფრანგეთში, მაგრამ სრულყოფილი ფორმა იტალიაში მიიღო. თავიდან ცეკვასთან ერთად შესასრულებელი სასიმღერო ტექსტი იყო, რომელსაც აუცილებლად ჰქონდა რეფრენი. მეცხრამეტე საუკუნიდან ცნობილია ილიას „ბაზალეთის ტბა“. გვხვდება მეოცე საუკუნის პოეტთა შემოქმედებაშიც (გ. ლეონიძე, ო. ჭილაძე…). უფრო ცნობილია ხალხური ბალადა („ლექსი ვეფხისა და მოყმისა“).

ლექსის ტიპები მრავლადაა და მათი გაცნობა პოეზიის კვლევისთვის შესაძლოა ბიძგის მიმცემი აღმოჩნდეს.

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი გეოგრაფიაში

0

 

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტიპია, რომლის ჩატარებაც მასწავლებელს მოეთხოვება. გეოგრაფიის გაკვეთილზე არაერთი პრობლემის დასმა და გადაჭრაა შეასაძლებელი. პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილზე ხდება კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც ამა თუ იმ საკითხისადმი გონივრულ მიდგომას გულისხმობს.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. იგი აქტიურ სწავლაშია ჩართული და რეალური პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დროს მოსწავლე გამოიმუშავებს კოგნიტიურ უნარებს, რომლებიც მას უჩვეულო და მოულოდნელი სიტუაციის ანალიზში ეხმარება.

გთავაზობთ მასალას და აქტივობებს პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილისთვის.

კლასი იყოფა ჯგუფებად. ტექსტი – „ატმოსფერო და კლიმატური ცვლილებები“ – დაყოფილია ნაწილებად. თითოეული ნაწილი ცალკე ფურცელზეა დაწერილი. ფურცლები არეულია და კონვერტებშია ჩაწყობილი (კონვერტების რაოდენობა განისაზღვრება ჯგუფების რაოდენობის მიხედვით).

თითოეულ ჯგუფს ურიგდება კონვერტები ბარათებით. ჯგუფებმა უნდა ააწყონ ტექსტი ისე, რომ დააკავშირონ მოსაზრებები მიზეზისა და შედეგის შინაარსობრივი ურთიერთდამოკიდებულების მიხედვით, დააწებონ ბარათები ფორმატის ქაღალდზე და ისრებით მიუთითონ მათი თანმიმდევრობა.

ტექსტის აწყობის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ შემდეგი დავალებები:

  1. ატმოსფეროს შემადგენლობა გამოსახონ სქემის სახით;
  2. ააგონ ატმოსფეროს შემადგენლობის წრიული დიაგრამა;
  3. შეავსონ მიზეზშედეგობრივი კავშირების სქემა, რომელიც გამოსახავს ატმოსფეროს დაბინძურების გავლენას კლიმატის ცვლილებებზე (ფიშბოუნი);
  4. მოვლენათა ჯაჭვის სქემის სახით წარმოადგინონ ჰაერის დაბინძურების ძირითადი შედეგები და იმსჯელონ მის დაცვაზე (მოვლენათა ჯაჭვი);
  5. წარმოადგინონ პრობლემის მოგვარებუის მათეული ხედვა.

 

სქემა 1.

 

s

 

 

 

s1
ტექსტი: ატმოსფერო და კლიმატის ცვლილებები

დედამიწა გარშემორტყმულია ჰაერის გარსით – ატმოსფეროთი. იგი გვაწვდის ჟანგბადს და გვიცავს მზის სხივების საზიანო ეფექტისგან, ამასთან, ერთგვარ ფარად გვევლინება მეტეორების ცვენის დროს.

ატმოსფერო 10 სხვადასხვა აირისგან შედგება, რომელთა შორის ძირითადია აზოტი (78%) და ჟანგბადი (21%).

ატმოსფერო 4 ძირითადი შრისგან შედგება. ესენია ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზოსფერო და თერმოსფერო. ტროპოსფერო ყველაზე თხელი შრეა და დედამიწიდან დაახლოებით 12 კმ-ზეა გადაჭიმული. ის ყველზე ცხელიცაა, რადგან მზის სხივები დედაწის ზედაპირს ეცემა და ჰაერს ათბობს. რაც უფრო ვშორდებით დედამიწას, მით უფრო იკლებს ტემპერატურა.

ამინდი ტროპოსფეროში წარმოიქმნება. ამინდის ცვალებადობას ჰაერის წნევის ცვლილება განაპირობებს. ორ წერტილში არსებულ წნევათა სხვაობა აიძულებს ჰაერს, იმოძრაოს მაღალი წნევიდან დაბალისკენ. ჰაერის მოძრაობას ჩვენ ქარის სახით შევიგრძნობთ.

ატმოსფერო ასიათასობით წელია იცავს ბუნებრივ ბალანს, მაგრამ ახლა ადამიანის დაუდევრობის წყალობით გარემოს დაბინძურების გამო სიცოცხლის დამცავი შრე სერიოზული საფრთხის წინაშეა. დედამიწას ემუქრება: ე.წ. სათბურის ეფექტი, გლობალური დათბობა, ჰაერის დაბინძურება, ოზონის ფენის გათხელება და მჟავა წვიმები.

ცნობილია, რომ მილიარდობით ადამიანი სუნთქავს მომწამვლელი აირებით დაბინძურებული ჰაერით. ამის შედეგად იმატა გულისა და ფილტვების დაავადებებმა, განსაკუთრებით – ბავშვებსა და მოზარდებთან. გაიზარდა კანის კიბოთი დაავადებულთა რიცხვიც.

გარემოს, განსაკუთრებით – ჰაერის, დაბინძურების პრობლემის აქტუალობა დღითი დღე იზრდება, ამიტომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობები მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებენ. მათ შორისაა ენერგოშეზღუდვა და ალტერნატიული წყაროების გამოყენება, ტყეების გაჩეხვის მასშტაბების შემცირება და სხვა.

საზოგადოდ, ატმოსფეროს დაბინძურება არის ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობის ცვლილება მასში დამბინძურებელ ნივთიერებათა მოხვედრის შედეგად. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას განაპირობებს დაბინძურების როგორც ტექნოგენური, ისე ბუნებრივი წყაროების არსებობა, მაგრამ უმთავრესი დამბინძურებლები ანთროპოგენური წყაროებია: ტრანსპორტი, სამრეწველო საწარმოები, ენერგეტიკული ობიექტები და სოფლის მეურნეობა. დედამიწის მოსახლეობის ზრდამ, სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა, ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესების სწრაფმა განვითარებამ გაზარდა მოთხოვნა ენერგო–, საკვებ და სხვა რესურსებზე. იზრდება მსოფლიოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, რაც მრავალ გარემოსდაცვით პრობლემას უქმნის მსოფლიოს ურბანულ ცენტრებს. ენერგეტიკული სექტორის სიმძლავრე – საშუალოდ ყოველ 12 წელიწადში, ხოლო სამრეწველო სექტორისა ყოველ 15 წელიწადში ორმაგდება. ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ხარჯვა და არასრულყოფილი ტექნოლოგიების გამოყენება საგრძნობლად ზრდის გარემოზე ანთროპოგენურ დატვირთვას და ეკოსისტემების უარყოფით ცვლილებას იწვევს.

კაცობრიობამ მხოლოდ მე-20 საუკუნეში უფრო მეტი წიაღისეული საწვავი მოიხმარა (ქვანახშირი, ტორფი, ბუნებრივი აირი, ნავთობი სხვადასხვა ნავთობპროდუქტის სახით), ვიდრე მთელი დანარჩენი ისტორიის განმავლობაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური კომისიის მონაცემებით, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში კაცობრიობას ჰყოფნიდა 3 მილიარდი ტონა ნავთობი, ხოლო ყველა სახის ენერგორესურსის ხარჯი შეადგენდა 8 მილიარდ ტონას; სადღეისოდ ყველა სახის ენერგორესურსის მოხმარება გასამმაგდა და წელიწადში 25 მილიარდ ტონას შეადგენს. ატმოსფერული ჰაერი უმთავრესად წვის პროცესების შედეგად ბინძურდება ისეთი მავნე ნივთიერებებით, როგორებიცაა: ნახშირბადის მონოოქსიდი, აზოტისა და გოგირდის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, არამეთანური აქროლადი ორგანული ნაერთები (ააონ), ბენზ(ა)პირენი, დიოქსინ/ფურანები და სხვა. ისინი ჰაერში დაგროვებისას ცვლიან ჰაერის ბუნებრივ ფიზიკურ-ქიმიურ შემადგენლობას და კონცენტრაციის გარკვეულ დონემდე მიღწევის შემდეგ უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებსა და მატერიალურ ფასეულობებზე.

გაკვეთილის რეფლექსიის ფაზა: მოსწავლეები აჯამებენ აქტივობებს SWOT–ის დახმარებით, მერე კი პრიორიტეტების მიხედვით ალაგებენ პრობლემის მოგვარების გზებს.

 

ეს ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას გეოგრაფიის გაკვეთილზე. შეიძლება უამრავი სხვა საკითხის დასმაც. მაგალითად, გლობალიზაცია – პერსპექტივა თუ საფრთხე? ტურიზმი – საფრთხე და პერსპექტივა და ა.შ.

 

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://sangu.ge/images

მშობელთა სკოლა

0

ვისაც სკოლაში მუშაობის საწყის ეტაპზე მთავარ სირთულედ კლასის მართვა ან სასკოლო საზოგადოებასთან ინტეგრირება წარმოუდგენია, ძალიან ცდება. მოსწავლეებთან ურთიერთობა მასწავლებლის პროფესიის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. თუ თქვენი საქმის ხარისხიანად გაკეთებას აპირებთ, არც ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა გაგიჭირდებათ. აი, მშობლების „მოთვინიერება“ კი არცთუ ისე ადვილი საქმეა.

ვინც სასკოლო ცხოვრების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ სკოლა ჰგავს ბაზარს, სადაც ყველანაირ ადამიანს შეხვდებით. აქ უბრალო პროდუქტს კი არა, ცოდნას „ყიდიან“, ამიტომაც კმაყოფილი „მუშტარი“ იშვიათი ფუფუნებაა. თუ გსურს, ერთ სასწავლო წელიწადში არ ამოწურო მთელი ცხოვრების სამყოფი ემოციის რესურსი, უპირველეს ყოვლისა, უსამართლო და უადგილო კომენტარების მოსმენა უნდა ისწავლო. თქვენი ყველაზე ახლო მეობრები გახდებიან სიტყვები: „გავითვალისწინებ თქვენს რჩევას“, „მესმის თქვენი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით“, „აუცილებლად გავარკვევ და შეგეხმიანებით“ და სხვ.

ქცევის მიხედვით, მშობლები შეგვიძლია რამდენიმე კატეგორიად დავყოთ:

  • ყველაფრით კმაყოფილი მშობლები (ამ ჯგუფს უმეტესად უპრეტენზიო და დაკავებული ადამიანები მიეკუთვნებიან);
  • ძნელად აღსაზრდელი (ჰიპერაქტიურობა, დისლექსია და სხვ.) შვილის მადლიერი მშობლები ან, პირიქით, მასწავლებლის თითოეული ნაბიჯის გამკრიტიკებელი „პროკურორები“;
  • წარმატებული მოსწავლის თვითკმაყოფილი მშობლები, რომლებიც შეიძლება ყველაზე საშიშ კატეგორიას მივაკუთვნოთ, რადგან მათთვის შვილის ერთი საფეხურით დაბლა ჩამოსვლა ყველაზე მიუღებელ რეალობას წარმოადგენს;
  • ნეიტრალური (სასკოლო ცხოვრებაში მინიმალურად ჩართული) მშობლები;
  • ობიექტური მშობლები, რომლებსაც ესმით, რა ძალისხმევას დებს სკოლა თითოეული ბავშვის აღზრდაში.

ახლა, ალბათ, ხვდებით, რატომაა მშობელთა გუნდის მართვა უფრო რთული, ვიდრე ბავშვებისა. ისინი იშვიათად გენდობიან, ჩასაფრებულები გითვალთვალებენ და არც ერთ უმნიშვნელო შეცდომას არ უშვებენ ხელიდან, რომ გაგაკრიტიკონ.

არადა, სკოლასა და მშობლებს მომავალი თაობის აღზრდის ვალდებულება აკავშირებთ. წარმატებული აღზრდის წინაპირობასაც მშობლის, მოსწავლისა და მასწავლებლის ერთიანობა წარმოადგენს.

რამდენიმე ათეული წლის წინ განათლების საკითხი მშობლებისთვის ნაკლებპრობლემური იყო, რადგან მათ არ ჰქონდათ სკოლის არჩევის შესაძლებლობა. ბავშვები იღებდნენ იდენტურ საშუალო განათლებას ყველა სკოლისთვის საერთო საგანმანათლებლო პროგრამით. ამ მხრივ დღეს სასწავლო დაწესებულებები ბევრად უფრო მრავალფეროვანია. საჯარო სკოლების მიღმა ერთმანეთს პირველობაში მუდამ ეცილებიან კერძო საგანმანათლებლო სტრუქტურები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, მრავალფეროვანი და ნოვაციური სასწავლო პროგრამებით იწონებენ თავს. თუმცა არჩევანის გაკეთების დროს მშობლები უმეტესად ისეთი თვალსაჩინო ფაქტორებით ხელმძღვანელობენ, როგორებიცაა კომფორტული გარემო და სკოლის რეიტინგი.

წინათ მშობელი მაქსიმალურად იყო ჩართული შვილის აღზრდის პროცესში, ახლა კი მთელ თავის ენერგიას შვილის განათლებისთვის საჭირო რესურსის მოსაპოვებლად ხარჯავს. კერძო საგანმანათლებლო სტრუქტურების მომრავლებამ, მშობლის უკუკავშირის დასუსტებასთან ერთად, მასწავლებლისა და სკოლის ავტორიტეტის დაცემაც გამოიწვია. გამოდის, რომ მშობელი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ ყიდულობს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების კომპეტენციაში ჩარევისა და ეთიკური ნორმების უგულებელყოფის უფლებას. მოსწავლის ცნობიერებაზე საზოგადოებრივი ინსტიტუტის გავლენაც ნელ–ნელა სუსტდება.

ყველაზე საშიში მშობლის გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვებაა, ამიტომ სკოლამ სწავლის დაწყებამდე უნდა გამართოს საგანმანათლებლო–სოციალური პროგრამების პრეზენტაცია. გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას ვაწყდებით მშობლებისგან, რომლებმაც წინასწარ იციან, რას მიიღებს მათი შვილი კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულებისგან მთელი წლის განმავლობაში.

მშობლის უარყოფითი დამოკიდებულების კორექტირებას გააადვილებს რომელიმე სასკოლო აქტივობის (დასკვნითი კონცერტის ან გასვლითი ღონისძიების) ორგანიზების პროცესში მისი ჩართვაც. საკლასო ოთახებში, მერხებთან ჩამწკრივებული მშობლები ადრე თუ გვიან შვილების ცხოვრების ნაწილად იგრძნობენ თავს და სასურველ უკუკავშირსაც ადვილად მიიღებთ.

კარგი იქნებოდა, სწავლის დაწყებამდე სკოლის წარმომადგენლებს პირველკლასელთა მშობლებიც „შეემოწმებინათ“ სასკოლო მზაობის თვალსაზრისით. პირველი კლასი ყველაზე რთულ საფეხურს წარმოადგენს სკოლის ბაზაზე, პირველკლასელთა მშობლებს კი ყოველთვის სჭირდებათ თავიანთი როლის მკაფიოდ განსაზღვრა ერთიანი აღზრდის პროცესში. იმავდროულად, მათ საშუალება ეძლევათ, უკეთ გაიცნონ ადმინისტრაცია და პედაგოგები, სწორად გაიაზრონ მოსწავლის/მშობლის უფლება–მოვალეობები.

როცა მშობელი მოზარდზე მეტად ღელავს შვილის საგანმანათლებლო პროცესების მიმდინარეობის გამო, ის უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს, მაგალითად:

  • ირგებს მასწავლებლის როლს და შვილს არა მარტო გაკვეთილის მომზადებაში ეხმარება, არამედ მის ნამუშევრებსაც ასწორებს და ახალ მასალასაც თავისი შეხედულებისამებრ უხსნის. არადა, შეუძლებელია, ერთდროულად მასწავლებელიც იყო და მშობელიც, რადგან დროთა განმავლობაში სწავლების პროცესი კონფლიქტში გადაიზრდება. გარდა ამისა, როცა ბავშვს გამუდმებით ვინმე ეხმარება, დამოუკიდებლად სწავლის ინტერესს კარგავს და ელოდება, როდის გააკონტროლებენ მის მუშაობას.

არავინ ამტკიცებს, რომ მშობელი შვილს არ უნდა დაეხმაროს, მაგრამ რუტინად ქცეული ერთობლივი მეცადინეობის ნაცვლად, უმჯობესია, მას საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება ასწავლოს, მაგალითად, გაგზავნოს მაღაზიაში მსხვილი კუპიურით, რათა მას მოუწიოს ხურდის დათვლა, დაავალოს უმცროსი ძმისთვის/დისთვის ზღაპრის წაკითხვა ძილის წინ და სხვა.

  • მომდევნო შეცდომა, რომელიც ასევე ხშირად მოსდის ახალბედა მშობელს, ესაა მისწრაფება სრულყოფილებისკენ. ზოგიერთი მშობელი შვილის განათლებაზე ზრუნვას ლამის აკვნიდან იწყებს და სკოლამდელი ასაკის ბავშვი უკვე რამდენიმე რეპეტიტორთან დაჰყავს. ამის მიზანი შვილის შესაძლებლობათა რაც შეიძლება ადრიანად განვითარებაა. შედეგად კი შესაძლოა სწავლის მიმართ გულგრილი, ყურადღების დეფიციტით გატანჯული, ჰიპერაქტიური ან დეპრესიული მოზარდი მივიღოთ.

ხშირად მოზარდები ჩივიან, რომ მშობლებს მხოლოდ მათი აკადემიური მოსწრება აინტერესებთ. ამ ტიპის ოჯახების მთავარი საზრუნავი შვილის განათლებაა. აკადემიური მოსწრების მნიშვნელობის გაზვიადება ჩრდილში აქცევს მოზარდის ემოციურ განვითარებას. განათლების უდიდეს მნიშვნელობას არავინ უარყოფს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ბავშვის აღზრდისა და განვითარების შემდეგი მიზნები: საზოგადოებასთან ადაპტირების უნარი, რომელიც უმეტესად სოციალური თამაშების პროცესში ყალიბდება, მოტორული უნარ–ჩვევები, რომელთა განსავითარებლადაც აუცილებელია ეზოს თამაშები და კულტურული ღონისძიებები (თეატრი, კინო, გამოფენა), რომლებზე დასწრებაც ფიქრის უნარის გამომუშავების საკმაოდ ძლიერ მოტივატორს წარმოადგენს.

მშობლებს სჩვევიათ მაღალი აკადემიური მოსწრების გამო შვილების განებივრება. განათლების ექსპერტები კი ამგვარ მიდგომას შეცდომად მიიჩნევენ. მოსწავლის წასახალისებლად მხოლოდ გარეგანი მოტივატორების გამოყენება ხელს უშლის სიღრმისეული განათლების მიღებას, რადგან მოსწავლე უმეტესად იზუთხავს სასწავლო მასალას მაღალი ქულის მიღების მიზნით. მაღალი აკადემიური მოსწრება აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ არასწორია ამის გამო მოსწავლის საჩუქრებით განებივრება – ამის შედეგად ბავშვი მატერიალური სტიმულის მონა ხდება.

ყველაზე ეფექტურ მოტივატორად მიიჩნევა ბავშვის სასწავლო უნარების განვითარებაზე ყურადღების გამახვილება. თუ სისტემატურად შევაჯამებთ მის მიღწევებს ამ თვალსაზრისით, ბევრ სასიამოვნო სიახლეს აღმოვაჩენთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის სირთულე, რომელიც მოსწავლემ დაძლია, მერე კი შეფასდეს სწავლის უნარი, რომელიც მან განსაზღვრულ დონემდე განივითარა. ასე უფრო მკაფიოდ გავიაზრებთ შვილის წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს. დაბალი ქულა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოინათლოს მოსწავლის წარუმატებლობად, რადგან ამგვარი დამოკიდებულება საგრძნობლად ასუსტებს თვითშეფასების უნარს.

სკოლაში ხშირად შეხვდებით სულსწრაფ მშობლებს, რომლებსაც სურთ, რაც შეიძლება მალე დაინახონ შედეგი. მათმა შვილებმა სკოლაში შესვლამდე უნდა ისწავლონ წერა–კითხვა და ანგარიში, ალაპარაკდნენ უცხო ენაზე. არადა, სასკოლო მზაობა სულაც არ ნიშნავს განსაზღვრული რაოდენობის ინფორმაციის ათვისების თანდაყოლილი უნარის გამოყენებას. დღემდე ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, დანიაში) პირველკლასელები შვიდი წლის ასაკში ხდებიან.

მშობლის კიდევ ერთ უხეშ შეცდომად სასკოლო მეთოდიკის უგულებელყოფა მიიჩნევა. მშბლები აშკარად ეწინააღმდეგებიან საგანმანათლებლო დაწესებულების ხედვას და მეთოდებს, რომლებითაც მათი შვილი სკოლაში განათლებას იღებს, თვითნებურად ზრდიან ან ამცირებენ შესასრულებელი სამუშაოს რაოდენობას, ცვლიან სწავლების სტილს და სასწავლო მასალების შერჩევის პროცესშიც კი ერევიან. შედეგად მოსწავლე იბნევა და საერთო სასკოლო რიტმიდან ამოვარდნას იწყებს.

ზოგიერთი მშობელი ცდილობს, საკუთარი სასკოლო გამოცდილება შვილთან მიმართებით გამოიყენოს. სკოლა წლიდან წლამდე იცვლება, ბავშვები – მით უმეტეს. ცხადია, რამდენიმე ათეული წლის წინ სკოლადამთავრებული მშობლის მიდგომები ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ, თავს მოახვიონ შვილებს საკუთარი გამოცდილება და ინტერესები, ასწავლონ ის საგნები, რომლებიც მოწაფეობის პერიოდში თავად ყველაზე მეტად აინტერესებდათ ან, პირიქით, რომელთა საფუძვლიანად ათვისება ვერ შეძლეს. შვილზე ამგვარი ზემოქმედების გზით მშობელი თითქოს უბრუნდება საკუთარ ბავშვობას და მის „შევსებას“ცდილობს, რაც თავისთავად არასწორია.

ბავშვის უფლებათა გადამეტებული დაცვისა თუ მასწავლებლის გავლენის შესუსტების გამო პედაგოგს დღეს უფრო უჭირს კლასში სათანადო დისციპლინის შენარჩუნება. მშობელი, რომელიც გამუდმებით ეწინააღმდეგება მასწავლებელს, შვილსაც ხშირად აქეზებს უარყოფითი კომენტარებით. მოსწავლეც იწყებს მიღებული ინფორმაციით მანიპულირებას და ნელ–ნელა კარგავს მასწავლებელთან კავშირს. შედეგად ვიღებთ უტიფარ მოზარდს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემებით.

მშობელთა ნაწილი მთელი ძალით ცდილობს ყველაფრის საქმის კურსში ყოფნას და დეტექტივის როლში გვევლინება: სხვა მშობლებთან ამოწმებს საშინაო დავალებების სისწორეს, არჩევს ბავშვებს შორის მომხდარ უთანხმოებას, პედაგოგს, რომლის მეთოდიკა ან ხასიათი არ მოსწონს, მიკერძოებულად ნათლავს, ცდილობს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო ხედვის კორექტირებას და ა.შ. ამ ტიპის მშობლები უმეტესად საკუთარ თავზე იღებენ შვილის სასწავლო ვალდებულებებს და ცდილობენ, მისი შეუსრულებელი დავალება საკუთარი მოუცლელობით ან მასწავლებლის არაკომპეტენტურობით გაამართლონ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შვილის აღზრდის პროცესში გადაჭარბებულ ჩართულობას შედეგი არ მოაქვს. ჯობს, შორიდან დააკვირდე მის მოქმედებებს და მაკონტროლებელი კითხვებით ყოველ წუთს თავი არ მოაბეზრო.

ყველაფერი იწყება იდეიდან…. მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები

0

„აუდიტორია შედგება მრავალი ჯგუფისგან,  რომლებიც ჩვენ,

მწერლებს, გვიყვირიან: გამართე, მითანაგრძნე, დამანაღვლიანე,

მაოცნებე, მაცინე, მატირე, მაფიქრე…“

გი დე მოპასანი

„თუ თქვენი გონება გამუდმებულად დაკავეულია, მას არ შეუძლია კრეატიული იდეების დაბადებათანამედროვე ადამიანის მთავარი პრობლემააგადარბენააუცილებელია, შეანელოთ სვლა….“ 

John Cleese

 

თანამედროვე სამყარო იმდენად განსხვავებული გახდა რიტორიკული გამოხატვის თვალსაზრისით, რომ ტრადიციული რიტორიკული კანონები უნდა გადაიხედოს. თითოეული პრეზენტატორი „მწერალი“ უნდა „გახდეს“, შექმნას ამბავი, ისტორია, არა მხოლოდ ფაქტებით და ინფორმაციით, არამედ ემოციებით სავსე, რადგან ამბავი წარმოადგენს აზრის გადაცემის ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტს, უფრო საიმედოს, ვიდრე ხელოვნების სხვა რომელიმე დარგი. „საუკეთესო საშუალება, გააერთიანო იდეა ემოციასთან, – ეს არის დამარწმუნებელი ამბის მოყოლა. ამბავი იძლევა საშუალებას, რომ გადმოსცე ინფორმაცია და გაუღვიძო მსმენელებს ემოცია და ენერგია…“ ( Nansy Duarte, „Resonate”)

ტექნოლოგიებმა კომუნიკაციაში მრავალფეროვანი საშუალებები შემოიტანა, ამიტომ ვერბალური კომუნიკაცია ერთადერთი არხი არ არის, რომლის მეშვეობითაც აზრს გამოვხატავთ და გადავცემთ. ვიზუალური აღქმის გააქტიურებამ კი საჯარო გამოსვლა მრავალფეროვან პრეზენტაციად აქცია. ამ გზით იდეის წარდგენა კიდევ უფრო ეფექტური და საინტერესო გახდა. მაგრამ კრეატიულობის გარეშე ვერბალური გამოსვლაც და პრეზენტაციაც  შეიძლება ძალიან მოსაწყენი და უინტერესო იყოს.

უნდა ვაღიაროთ, რომ „ყურადღების მიქცევა“ და ვინმეს „ყურადღების დაპყრობა“ ადვილი არ არის. ფაქტობრივად, ყველაზე დიდი განძი, რისკენაც ადამიანები მიისწრაფვიან, სწორედ ეს არის – ყურადღება. საზოგადოება, მასმედია, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები, უცნობები – ყველა ამისკენ ილტვის. ხშირად გვიწევს „თავი დავიცვათ“ და „თავი დავაღწიოთ“ სხვა ადამიანთა გავლენას, ზოგჯერ კი – სიამოვნებითაც კი ვნებდებით…

ბევრი ადამიანის ყურადღების დაპყრობა და ყურადღების მიქცევა, წარმატებულს ხდის თქვენს იდეას, თქვენს ბიზნესს, თქვენს ცხოვრებას.

საიდან უნდა დავიწყოთ…?

ყველაფერი იწყება იდეიდან, რომელსაც წარადგენთ. როგორ იდეას სთავაზობთ სამყაროს? მანამ, ვიდრე პრეზენტაციის მომზადებაზე გადახვიდოდეთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამდენად ძლიერად გინდათ, რომ თქვენმა იდეამ იცოცხლოს?

ყველაფერი დამოკიდებულია იმ ენერგიასა და ძალიასხმევაზე, რომელსაც თქვენ დებთ იდეაში.

შექმენით „კუს აკვარიუმი“ – ოაზისი განმარტოებისთვის

ამიტომ ყველაფერი იწყება ფიქრით… ხოლო ფიქრისთვის უნდა განმარტოვდეთ და გონება დაცალოთ გარე ხმაურისაგან.

მწერალი და მსახიობი ჯონ კლიზი 2008 წელს გამართულ ფორუმზე: Creativity World – საინტერესო სიტყვით გამოვიდა კრეატიულობის შესახებ თანამედროვე სამყაროში. მისი თქმით, ეპოქა აჩქარებულია, ადამიანი კი – გადარბენაზე, რაც ხელს უშლის შემოქმედებითობას, რადგან შემოქმედება მოითხოვს განცალკევებას, განმარტოებას და ფოკუსირებას ერთ რომელიმე იდეაზე… სხვაგვარად არც კრეატიული გამოვა პრეზენტაცია…

„თუ თქვენი გონება გამუდმებულად დაკავეულია, მას არ შეუძლია კრეატიული იდეების დაბადება…

თანამედროვე ადამიანის მთავარი პრობლემაა – გადარბენა… აუცილებელია, შეანელოთ სვლა….“  John Cleese

ჯონ კლიზის აზრით, ადვილი არ არის გამოეყო ამ ხმაურიან სამყაროს, ამისთვის ის გირჩევთ შექმნათ თქვენი პატარა დაურღვეველი ოაზისი, სადაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შემოაღწევს… მეტაფორულად კლიზი ამას უწოდებს „კუს აკვარიუმს“. კუს მეტაფორას, ჩემი აზრით, კლიზი არჩევს როგორც აჩქარებულ სამყაროში „შენელების“ სინონიმს, როლო აკვარიუმი – შემოსაზღვრულობის მეტაფორაა.

აუცილებელი არ არის თქვენი „კუს აკვარიუმი“ მაინცდამაინც შინ ან სამსახურში მოაწყოთ, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადგილი: კაფე, პლაჟი, პარკი… მთავარია, შეიქმნათ სიმყუდროვე და კონცენტრირდეთ იდეაზე ღრმად, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი შემოქმედებითი სიღრმეების მოხელთება.

საიმონ სინეკი წიგნში “Start with Why“(Simon Sinek) წერს იმის შესახებ, რომ გავლენიანი ლიდერები თავის გამოსვლას იწყებენ პასუხით კითხვაზე: რასაც აკეთებენ, რატომ აკეთებენ? თითქმის ყველას შუძლია იმაზე ისაუბროს, რას აკეთებს, მაგრამ ძალიან ცოტაა, რომელიც დაასაბუთებს, რასაც აკეთებს, რატომ აკეთებს?

დაიწყო კითხვით „რა?“ – ადვილია და ჩვეულებრივი… მაგრამ ეს საკამრისი არ არის. „ადამიანები არ ყიდულობენ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ისინი ყიდულობენ იმას, რატომაც თქვენ აკეთებთ მას“( Simon Sinek).

ჰარი რეინოლდსი  (Harry Reynolds, Presentation Zen. New Riders, 2008) პრეზენტატორებს, ვიდრე გამოსვლას დაიწყებენ, ურჩევს, პასუხი გასცენ კითხვებს: რა არის გამოსვლის მთავარი აზრი და რატომ არის ეს აზრი მნიშვნელოვანი?

რას ჰგავს თქვენი იდეები და რატომ…?

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი თინა სილიგი წიგნში „შექმენი საკუთარი თავი“ გთავაზობთ ძალიან საინტერესო სავარჯიშოს თქვენი იდეის დასახასიათებლად. ამ კითხვით მიმართავს ის თავის სტუდენტებს დღესაც.

კითხვა ასეთია: რას ჰგავს თქვენი იდეები და რატომ…? მეტაფორად შეგიძლიათ ნებისმიერი რამ აირჩიოთ, თქვენ როგორც განიცდით და ხედავთ იდეას.

სტუდენტების პასუხი იყო განსხვავებული. მაგალითად, ასეთი:

იდეები ჰგავს ბავშვებს, რადგან ყველას ჰგონია, რომ მისი შვილი საუკეთესოა;

იდეები ჰგავს ფეხსაცმელს, რადგან ფეხსაცმელი უნდა მოირგო, რაც ნიშნავს, რომ დროა საჭირო იმისათვის, რომ მიიღო ახალი იდეა;

იდეეები ჰგავს ღვეზელს, ყველაზე საუკეთესოა ახალგამომცხვარი;

იდეები ჰგავს ავტომობილს, რადგან შეგიძლია ნებისმიერი მიმართულებით იმოძრაო;

იდეები ჰგავს ფიფქებს, რადგან ზოგიერთი უბრალოდ დნება, ზოგისგან კი შეიძლება რაღაც გრანდოზული შექმნა;

იდეები ჰგავს ნაყინს, რადგან თუ დიდხანს გააჩერებ, დადნება და დაკარგავს გემოს და ფერს;

იდეები ჰგავს გოგონას, რდგან თუ შენ არ მიაქცევ მას თავის დროზე სათანადო ყურადღებას, გამოჩნდება სხვა, ვინც ამას გააკეთებს;

იდეები ჰგავს ფრთებს, რადგან მისი მეშვეობით შეგიძლია აფრინდე და იგრძნო ფრენის სიხარული!

P.S. ახლა კი კითხვა მკითხველისთვის: თქვენი ვარიანტი…?

გამოცდები… გამოცდები…

0
Mist Abstract

პირველი გამოცდა მერვე კლასში ჩავაბარე. საგნის გამოცდაზე ვსაუბრობ, თორემ  ცხოვრებისეული გამოცდა პირველი რა იყო, აღარც მახსოვს. გამოცდა გეოგრაფიაში მქონდა. მას შემდეგ ვაბარებ და ვაბარებ. მეგონა დასრულდა-მეთქი, მაგრამ აგერ სამიოდე კვირის წინ ისევ გამოცდაზე გავედი, ამჯერად თურქული ენის პირველი დონის პირველ ნაწილში. მოკლედ,  დამწყების გამოცდა გახლდათ.  დაწერა დამავიწყდა, რომ გეოგრაფიის იმ პირველ  გამოცდაზე ძალიან ვღელავდი. შემდეგ, რაც დრო გადიოდა და გამოცდების ჩაბარების გამოცდილება მემატებოდა, ღელვაც უფრო ნელდებოდა და ამ ბოლო თურქულის გამოცდაზე აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არანაირი ემოცია აღარ მქონდა. უბრალოდ, გამოცდას ვაბარებდი ენაში, რომელშიც ჯერ დამწყები ვარ და რომლის  კარგად სწავლასაც ვაპირებ.

გამომცდელი თურქი იყო, რომელიც ირწმუნებოდა, სიტყვა არ ვიცი ქართულადო. შეიძლება სულ პირიქითაც იყო საქმე და მშვენივრადაც ბაასობდა ან ესმოდა მაინც, მაგრამ ამაში არ ტყდებოდა. ჯერ ვწერეთ, მერე წავიკითხეთ, რაღაცასაც მოვუსმინეთ და ბოლოს ჯერი საუბარზე მიდგა. ჩემ მიერ ამოღებულ ბილეთში ორი სასაუბრო თემა იყო. ჯერ  სახლსა და ოჯახზე   ვისაუბრეთ. დავიწყე იმით, რომ   „მზესუმზირა“ ოჯახი მაქვს, ანუ ძალიან პატარა. გამოთქმა „მზესუმზირის ოჯახი“  სწორედ პატარა ოჯახზე მიანიშნებს. სხვათა შორის, ჩემი ერთი თურქი მეგობარი სოციალურ ქსელში თავისი ოჯახის სურათებს სათაურად აწერს ხოლმე – „ჩემი მზესუმზირა ოჯახიო“. მე კიდევ მეგონა, რომ მის ოჯახში ყველას მზესუმზირის ყვავილი უყვარდა და ერთმანეთს ხუმრობით  მზესუმზირებს ეძახდნენ. არა ბატონო, თურმე პატარა ოჯახიო ამბობდა.

შემდეგი სასაუბრო თემა ფერებზე  იყო.  რომელი ფერები იცით? – იყო შეკითხვა. რატომღაც სახუმარო განწყობაზე დავდექი და ვიფიქრე კონსტანტინე გამსახურდიასეული  ფერები ხომ არ ჩამოვთვალო-მეთქი. ხვლიკისფერი, თაფლისფერი, ისრიმისფერი, ცერცვისფერი, ქორისფერი, ფეტვისფერი…

არა, მაშინვე გადავიფიქრე, ჩემი თურქულის მარაგით ამ ფერებს ვერ გამოვთქვამდი. ამიტომ ჩვეულებრივი ფერების გახსენება დავიწყე: ყვითელი, წითელი, მწვანე, იისფერი…  თურქმა გამომცდელმა შემაწყვეტინა: ახლა მითხარით, ეს ფერები რა ასოციაციას გიჩენენო. ყვითელი – მზე; წითელი – გული; მწვანე – ფოთოლი; იისფერი… – იოდი…

დიახ, ფრანგი წარმოშობის ქიმიკოსი ბერნარ კურტუა წერდა ნივთიერებაზე, რომელიც გაცხელებისას ულამაზეს იისფერ ორთქლად გარდაიქმნებოდა. ეს ნივთიერება იოდი იყო.

ბუნებაში იოდის დამოუკიდებლად ნახვა რთულია. იოდი ჰალოგენია (ბერძნული „ჰალოს“ – მარილი და „გენოს“ – დაბადება). ანუ მარილმბადი. ყველა ჰალოგენი აქტიური მჟანგავია.  ამიტომ ჰალოგენები ბუნებაში მხოლოდ ნაერთების სახით გვხვდებიან. ფთორი, ქრომი, ბრომი, იოდი ყველა ჰალოგენია. წესით  ასტატზეც უნდა ვთქვათ რამე, მაგრამ ასტატი რადიოაქტიურია, ამიტომ ამჯერად თავს შევიკავებ. იოდი ჩვენს პლანეტაზე დიდი რაოდენობით არ არის. დედამიწის ქერქში მისი შემცველობა მხოლოდ 0, 00004%-ია. ზღვის წყალში დაახლოებით ასჯერ  მეტია. ზღვის მიკროორგანიზმებს, წყალმცენარეებს იოდის დაგროვება შეუძლიათ.

ის მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს. საფრანგეთი დაუსრულებელ ომებში იყო ჩართული. ამიტომ მუდმივად დენთი სჭირდებოდათ. ეს კიდევ ნახშირისგან, გოგირდისგან და სელიტრისგან მზადდებოდა. იმ პერიოდში ძირითადად ინდოეთის, კალიუმის გვარჯილას იყენებდნენ. ამავე დროს ჩილეში ნატრიუმის სელიტრის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. ჩილეს გვარჯილა ჰიგროსკოპულია, ამიტომ მასზე დამზადებული დენთი მაინცდამაინც არ ვარგოდა. ჩილეს გვარჯილის დამუშავება ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტით დაიწყეს. ეს უკანასკნელი ბევრ კალიუმს შეიცავს. ამ საქმით მრავალი დაკავდა, მათ შორის ბერნარ კურტუაც. ერთ დღესაც შეამჩნია, რომ სპილენძის ქვაბი, სადაც ზღვის წყალმცენარეების ნახარშს აორთქლებდა, მალე იფარებოდა ჟანგით. რაღაც ნივთიერება ფაქტობრივად ჭამდა სპილენძს. კურტუა წერდა უცნაურ ნივთიერებაზე, რომელსაც წყალმცენარეების ნახარში შეიცავდა. თუ ამ ნახარშს გოგირდმჟავას დაასხამთ და რეტორტაში გააცხელებთ, ეს ნივთიერება ლამაზი იასამნისფერი ორთქლის სახით გამოიყოფაო. ნივთიერებას იოდი უწოდეს, ბერძნულიდან „იოდეს“, რაც იასამნისფერს ნიშნავს. კურტუა იმაზეც წერდა, რომ მყარი იოდი გაცხელებისას კი არ ლღვებოდა, მაშინვე ორთქლად გარდაიქმნებოდა.

იოდს მანქანების გამუქებული მინების შექმნაშიც იყენებენ. იოდი ჰალოგენებიდან ერთადერთია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში მყარ მდგომარეობაშია. მისი კრისტალები ერთი შეხედვით, გრაფიტსაც წააგავს. გრაფიტის მსგავსად, ელექტრულ დენსაც ატარებს. წყალში ცუდად იხსნება, სპირტში უკეთესად. მისი ხსნარები სხვადასხვა ფერისაა. წყალში მოყავისფერო-ყვითელია, სპირტში მუქ მოწითალოში გადადის. ნავთში ან ბენზინში თუ გავხსნით, მაშინ იისფერს მიიღებს. იოდის მარილების მეშვეობით კი შეფერილ მინებს ამზადებენ. მას სპეციალური პოლაროიდული მინის დასამზადებლადაც იყენებენ. პლასტმასში ან მინაში შეყავთ იოდის მარილების კრისტალები. ასეთ მინაში შუქი ყველა მიმართულებით ვერ აღწევს. წარმოიქმნება პოლაროიდის, ე.წ. ფილტრი, რომელიც შემხვედრ სინათლეს პირდაპირ არ ატარებს. ასეთ მინებს იყენებენ ავტომანქანებში, ასევე მოცულობითი სურათის მისაღებად. მაგალითად, 3D  სათვალეების მინები პოლაროიდის ფილტრია.

იოდს ჰალოგენის ნათურებშიც შეხვდებით.

როგორაა მოწყობილი ჩვეულებრივი ნათურა? ის კოლბის მსგავსია. შიგნით ორი ელექტროდია, მათ შორის სპირალია გაჭიმული. ეს სპირალი ვოლფრამისგან მზადდება. ძალიან ძნელად ლღობადია. ასეთ ნათურაში ენერგიის მხოლოდ 2% გარდაიქმნება სინათლედ. პროცენტული მაჩვენებელი რომ გავზარდოთ, სპირალის შიგნით ტემპერატურას უნდა მოვუმატოთ. თუმცა, რაც მაღალი იქნება ტემპერატურა, მით უფრო ინტენსიურად აორთქლდება სპირალის ზედაპირიდან ვოლფრამი. ნათურა გადაიწვება. ამერიკელმა ქიმიკოსმა ირვინ ლენგმიურმა წინა საუკუნეში გამოსავალი იპოვა. მან ნათურას ჰალოგენების ორთქლი დაამატა. კერძოდ, იოდის. იოდი რეაქციაში შედიოდა ვოლფრამის აორთქლებულ ატომებთან, მიიღებოდა ვოლფრამის იოდიდი, რომელიც გახურებული სპირალის ახლოს იშლებოდა და მეტალი კვლავ სპირალის ზედაპირზე ილექებოდა. ასეთ ნათურებს ჰალოგენის ნათურებს უწოდებენ და მათ დასამზადებლად კვარცის მინას იყენებენ, მაღალ ტემპერატურას რომ  გაუძლოს. თვითონ ნათურებს ნახავთ სხვადასხვა ტექნიკის მოწყობილობაში.

რა საერთო აქვს იოდს ცხიმებთან?

ცხიმების უჯერობა დამოკიდებულია მათ შემადგენლობაში უჯერი ცხიმოვანი მჟავების არსებობაზე. უჯერი ნაერთები ყოველი ორმაგი ბმის ადგილას ადვილად იერთებენ ჰალოგენის ორ-ორ ატომს. ჩვეულებრივ უჯერობის ხარისხს საზღვრავენ იოდის რიცხვით. იოდის რიცხვი განისაზღვრება იოდის გრამების რაოდენობით, რომელსაც 100გ. ცხიმი მიიერთებს.

ზეთების (ცხიმების) ყველაზე მნიშვნელოვან მაჩვენებელს სწორედ იოდის რიცხვი წარმოადგენს. მისი მეშვეობით შესაძლებელია მსჯელობა ცხიმის უჯერობის ხარისხზე, მისი გამძაღებისა და სხვა გარდაქმნების უნარზე, რაც მიმდინარეობს საკვები და ტექნიკური ზეთების შენახვისას ან გადამუშავებისას.

ორმაგ ბმებთან, იოდის გარდა, სხვა ჰალოგენებიც ურთიერთქმედებენ, მაგრამ ისინი არა მხოლოდ ორმაგ ბმებს უკავშირდებიან, არამედ მათ შეუძლიათ წყალბადის ატომების ჩანაცვლება რადიკალებშიც. იოდი კი გარკვეულ პირობებში უპირატესად ორმაგ ბმებთან ურთიერთქმედებს.

იოდის რიცხვის განსაზღვრა შემდეგნაირად შეიძლება.

250მლ. მოცულობის მშრალ, კონუსურ, მილესილსაცობიან კოლბაში ათავსებენ საკვლევ ზეთს. კოლბაში ზეთის გასახსნელად ამატებენ 25მლ სპირტს. თუ ზეთი ცუდად იხსნება, კოლბას ათბობენ წყლის აბაზანაზე. მეორე კოლბაში საკონტროლო ცდას ატარებენ და მასში ასხამენ მხოლოდ 25მლ სპირტს. ორივე კოლბაში ცალ-ცალკე ამატებენ 12,5მლ. იოდის 0,2N სპირტხსნარს, მოურევენ და 100მლ. გამოხდილ წყალს დაამატებენ. შეანჯღრევენ და 5 წუთის შემდეგ კოლბების შემცველობას ტიტრავენ თიოსულფატის 0,1N ხსნარით. გავტიტრავთ ჯერ მკრთალი ყვითელი ფერის წარმოქმნამდე. შემდეგ დავამატებთ 1 მლ სახამებლის ხსნარს და გავტიტრავთ ლურჯი შეფერილობის გაქრობამდე.

იოდის რიცხვის გამოსათვლელად კონტროლის ნიმუშის გატიტვრაზე დახარჯული ნატრიუმის თიოსულფატის რაოდენობას გავამრავლებთ საცდელი ნიმუშის გატიტვრაზე დახარჯული ნატრიუმის თიოსულფატის  რაოდენობაზე.  გავამრავლებთ 0,0127-ზე (თიოსულფატის ტიტრი იოდის მიხედვით) და 100-ზე. ნამრავლს გავყოფთ  აღებული ზეთის რაოდენობაზე.

  წერილის დასაწყისში გამოცდებზე ვწერდი. გარშემო სულ გამოცდებია. სტუდენტებს უკვე ჰქონდათ… მოსწავლეებსაც… მათგან ზოგიერთს საშემოდგომო ექნებათ.  შემოდგომამდე კი   აბიტურიენტების ჯერია…

 ჰო, მეც  შემდეგ დონეზე გადასასვლელი კიდევ ერთი  გამოცდა მექნება თურქულში.

ბავშვობაში სკოლაში სახელდახელოდ გამოგონილი სასაცილო ლექსით  ხუმრობდნენ ხოლმე:

გამოცდები, გამოცდები,

გამოცდების გამო ვცდები,

რა კარგია გამოცდები,

გამოცდებს, რომ გამოცდები.

არჩევანის თავისუფლება – სწავლაში  წარმატების რეალური მოტივი

0

ცნობილია, რომ  ადამიანს ნებისმიერი საქმის მიმართ გაუჩნდება ინტერესი და გაბედულება, თუ საშუალებას მივცემთ ეს საქმე თვითონ აირჩიოს, მოღვაწეობის პროცესში კი ამ ადმიანის  მთელი ცოდნა და უნარი გამოვლინდება. ის, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს დაინახავს და საშუალება მიეცემა, როგორც ინდივიდს, თავისივე გადაწყვეტილებების განხორციელების პირობებში საკუთარი პიროვნების ფორმირება მოახდინოს  .

თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ხელი შევუწყოთ მოსწავლეს პიროვნული სრულყოფის გზაზე. მაგრამ ასეთი პირობების შექმნა მაინც არაა ადვილი, რადგან  მასწავლებელს შეიძლება გაუჭირდეს მოსწავლის განვითარებისათვის საჭირო სიტუაციის სწორად შერჩევა,  ან მოსწავლეები შეიძლება არ აღმოჩნდნენ  მზად ადექვატური ქმედებებისათვის. ფაქტი ისაა, რომ თუ მოსწავლეს გავუღვივებთ შემოქმედებით სიხარულს,  ისეთ პირობებს შევუქმნით, სადაც ის თავს საჭიროდ და მნიშვნელოვანად ჩათვლის, მას აუცილებლად გაუჩნდება პოზიტიური დამოკიდებულება შესასრულებელი სამუშაოს მიმართ.

ასეთი წინაპირობის შექმნისთვის ეფექტურია ემოციაზე გათვლილი მოტივატორების გამოყენება, რომელთა შორისაა „მოსწავლის მიერ დავალების დამოუკიდებლად  არჩევის,  ანუ სიტუაციის არჩევანის  მეთოდიც“,  რომელიც ეფექტური ემოციური მოტივატორია სწავლაში რეალური წარმატების მისაღწევად.

გაკვეთილზე  სიტუაციის   შემთხვევითი   არჩევა   არ ხდება.  მას   მასწავლებელი აგებს, ის წინასწარ აკეთებს მის  მოდელს და შემდეგ ახორციელებს მას,   ანუ  არჩევანის  სიტუაციის  შექნა –  ესაა მოტივაციური  სამუშაო, რომელიც „მიბმულია“ მასწავლებლის  მიერ  დაგეგმილ  გაკვეთილის   ეტაპზე, ესაა სიტუაცია, როდესაც მოსწავლეები დგანან უცილებლობის წინაშე – მიანიჭონ უპირატესობა რომელიმე   სასწავლო ამოცანას, შეარჩიონ კონკრეტული დავლება და  აიღონ პასუხისმგებლობა   მისი  გადასაწყვეტისთვის.   ასეთი  არჩევანის  გაკეთება  მარტივი არაა – გადაწყვეტილების მიღებისას გამოვლინდება მათი   ცოდნა  და უნარები და ამიტომ   მოსწავლეები სიფრთხილეს  იჩენენ და  ერიდებიან საკუთარი  აქტივობის,  აზროვნების,  ინდივიდუალური  სტილის,  დამოუკიდებლობის  უნარის  წარმოჩენას.

 „მოსწავლის თავისუფალი   არჩევანი“   ბევრ ბარიერს უხსნის მოსწავლეს სწავლის გზაზე და ცოდნისა და უნარის კონცენტრაციაში ეხმარება. საგანამანათლებლო მეთოდის   წარმატებისთვის  უმნიშვნელოვანესია, რომ  მოსწავლეებს:  კარგად ავუხსნათ  რას გულისხმობს „თავისუფალი არჩევანი“; შევქმნათ გაკვეთილზე თავისუფალი არჩევანის საშუალება; შევიმუშაოთ გარკვეული სქემა მოსწავლეთა თანმიმდევრული მუშაობისთვის; სასწავლო ამოცანებიდან გამოვყოთ ის აუცილებელი, რომელიც  გაკვეთილზე ასეთი  სიტუაციის  შექმნაში დაგვეხმარება.

არჩევანის სიტუაციის სწორად დაგეგმვით მოსწავლე თავს იგრძნობს  შემომქმედ და „საქმიან“ ადამიანად,  ჩამოუყალიბდება საკუთარი კომპეტენციის  განცდა  და განვითარდება როგორც პიროვნება. რაც შეეხება საგნობრივ განსხვავებებს,   ცალკეული სასწავლო  დისციპლინების   სპეციფიურობის  მიუხედავად   მაინც შეიძლება გამოიყოს  საერთო ეტაპები  სხვადასხვა  გაკვეთილებზე ასეთი სიტუაციების შექმნისთვის.

გაკვეთილზე  თავისუფალი არჩევანის სიტუაციის   ეტაპებია:   

  • მიზნის (ამოცანის) ჩამოყალიბება;
  • გაკვეთილზე მიზნის შესაბამისი სათანადო ქმედების განსაზღვრა;
  • განსაზღვრული დროის გამოყოფა (რადგან ის გაკვეთილის კონკრეტულ, რომელიმე ეტაპს მოიცავს);
  • კონკრეტული სასწავლო მასალის მითითება, რომლის შესწავლაც არის დაგეგმილი;
  • საყრდენი ცოდნისა და უნარების გარკვეული ხარისხის  არსებობა, მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინება;
  • შემოქმედებითი ინტერესის გააქტიურება;
  • ამოცანების ვარიანტების მომზადება (რომელთა გადაჭრის გზებსაც თვითონ, საკუთარი სურვილით აირჩევენ მოსწავლეები);
  • სასწავლო ამოცანების წინასწარი ანალიზი;
  • საკუთარ ქმედებებზე მოსწავლეთა პასუხისმგებლობის მზაობა;
  • მოსწავლეებისათვის (ინდივიდუალურად და ჯგუფურად) არჩევანის თავისუფლების შეთავაზება;
  • თითოეული მოსწავლის აქტიურობის უზრუნველყოფა არჩეული მიზნის მისაღწევად.

 

იმისათვის  რომ  მოსწავლეებს  ვასწავლოთ საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით არჩევანის გაკეთება,  მასწავლებელმა წინასწარ, დრო და დრო უნდა გამოსცადოს მეთოდი და შექმნას  ადექვატურად მუშაობის პირობები,  გაკვეთილიდან გაკვეთილამდე გაზარდოს არჩევანის ვარიანტები, გაართულოს მოსწავლეთა გადასაჭრელი ამოცანები, შედეგად  კი თანდათან გაიზრდება მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ხარისხიც  და  კომპეტენციაც.

როდის მიდის მასწავლებელი ამ  კონკრეტულ  ნაბჯზე? დავალების არჩევის  სიტუაცია უნდა შეიქმნას მაშინ, როდესაც გამოიკვეთება  მოსწავლეთა აქტუალური მოთხოვნილებების,  მათ  ინტერესების შესრულების აუცილებლობა და მასწავლებელი მოამზადებს  პირობებს, სადაც მოსწავლეს შეეძლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი პრობლემების გადაჭრის გზები და საშუალებები  და   პასუხისმგებლობაც   შედეგებზე.  ამავე  დროს  არჩევანის გაკეთებამ  უნდა გამოიწვიოს  მოსწავლის ინტელექტუალური წინსვლა,   მისი ცოდნისა და უნარების გაზრდა, მოსწავლემ რეალურად უნდა განიცადოს საქმის მსვლელობის თითოეული დეტალი, თავისი გადაწყვეტილების, თავისი არჩევანის შედეგები,  რაც მას მისცემს   საკუთარი ფასეულობების ჩამოყალიბების   და სრულყოფის გამოცდილებას.

გასათვალისწინებელია  ისიც რომ, მსგავს სიტუაციებში   მოსწავლე-მასწავლებლის ხარისხობრივი განსხვავება  მოსწავლეს  არათანაბარ სიტუაციაში აყენებს, ამიტომ მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს მოსწავლის საკუთარი შეცდომებიდან დაცვის მექანიზმი, რათა  არ   შეექმნას წარუმატებლობის  განცდა,  არ  დაიხიოს  უკან და ხელი არ ჩაიქნიოს.  თუ  ყველა ეს ეტაპი მზად არაა, მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს მისი განხორციელებისაგან.

არჩევანის სიტუაციის პროცედურები:

  1. არჩევანის სიტუაციის  მიზანმიმართულების გამოკვეთა (მოცემულ სიტუაციას მასწავლებელი ქმნის არა ვალდებულების გამო, არამედ განსაზღვრული მიზნით. მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვრონ, დასახული მიზნის შესაბამისად, გაკვეთილის რომელ ეტაპზე და რა მასალის შესწავლისას უნდა მისცეს მოსწავლეს არჩევანის თავისუფლება);
  2. არჩევანის გაკეთებისთვის მოსწავლეთა სტიმულაცია (ამის მიზნით მასწავლებელი გარკვევით გაანალიზებს თითოეული ვარიანტის შინაარსს, დაანახებს მისი შესრულების მნიშნელობას, გააცნობს შეფასების კრიტერიუმებს);
  3. დავალების არჩევა – მოსწავლეების მიერ დავალების სირთულის დამოუკიდებლად არჩევა;
  4. არჩევანის არგუმენტირება (მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი არჩევანის დასაბუთება, არგუმნეტირება – რატომ მიანიჭეს ამათუ იმ არჩეულ ვარიანტს უპირატესობა);
  5. თავისუფალი არჩევანის   ხარისხის განსაზღვრა  (მასწავლებელმა მკვეთრად უნდა განსაზღვროს თავისუფლების ხარისხი: მუშაობის პროცესში რამდენად იქნება (თუ არ იქნება) ის  მკაცრად რეგულირებული);
  6. „ერთად გავიმარჯვოთ“ – წარმატებული  და „ჩამორჩენილი“  მოსწავლეების ერთად მუშაობის შეთავაზება;
  7. არჩევანის წარმატება (სასწავლო ამოცანების შეთავაზებით, მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოსწავლეები ფლობენ საკმარისი რაოდენობის ცოდნას და  უნარებს, რომელიც აუცილებელია მათი წარმატებული  გადაჭრისათვის);
  8. საკუთარი შეცდომებისგან  მოსწავლეთა  დაცვის მექანიზმის  შემუშავება (მოწავლეები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ აქვთ წარმატების და  წარუმატებლობის უფლება. მასწავლებელმა მთლიანი პროცესის,  მოსწავლის თითოეული ქმედების გაანალიზება უნდა შეძლოს და კორექტურად აუხსნას წარუმატებლობის მიზეზები და აუცილებლად აღნიშნოს ის, რაშიც მოსწავლემ მიაღწია წარმატებას).
  9. არჩეული ვარიანტის  შედეგების  შეფასება  (ამავე დროს მასწავლებელი შეაფასებს მთლიანად შესრულებულ სამუშაოს შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ არამარტო შეაფასოს საბოლოო შედეგი, არამედ გაანალიზოს მთლიანი პროცესი);
  1. უკუკავშირი  – გაწეულ შრომასა და მიღწეულ შედეგებს შორის კავშირის წარმოჩენა;
  2. მოსწავლეთა გამოკითხვა –  რა სირთულეების გადალახვა დაჭირდათ არჩევანის შესრულებისთვის და როგორ  დაძლიეს ის.

  გაკვეთილზე  თავისუფალი  არჩევანის  სავარაუდო   სიტუაცია,   მაგალითად, შეიძლება ასეთი იყოს:

  • ისტორიის მასწავლებელი ბევრ დავალებას აძლევს მოსწავლეს და ისინი თვითონ ირჩევენ, მათგან რომელი შეასრულონ;
  • ინგლისურის მასწავლებელი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, თავად აირჩიონ, რომელი სიტყვები ჩამოწეროს მასწავლებელმა დაფაზე სასწავლად;
  • ლიტერატურის მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს მხოლოდ რეფერატს, მაგრამ მოსწავლეები თავად განსაზღვრავენ, რომელი მასალის მიხედვით დაწერონ ის;
  • VII კლასის მოსწავლეებს  საშუალება მისცეს, თავად აერჩიათ რომელ საგნებს მოამზადებდნენ ხვალისთვის;
  • ფიზიკის მასწავლებელმა თავად აარჩევინა მოსწავლეებს საკითხები, რომელზეც საკონტროლოს დაწერენ
  • და ა.შ.

 

მრავალფეროვანია  ის  პედაგოგიური  მიდგომები,   რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს რეალურად  ისარგებლობს „თავისუფალი არჩევანით“. ძირითადად ესაა:

  • სხვადასხვა ხარისხის სასწავლო დავალებების შეთავაზება -(რეპროდუქტიული, პროდუქტიული, პრობლემური);
  • ორი დავალებდან ერთ-ერთის არჩევა, სადაც ერთ ვარიანტში რამდენიმე საშუალებაა ამოცანის გადაჭრისთვის, მეორეში კი – სწრაფი გადაჭრის მექანიზმი;
  • სოციალური მოტივის მიხედვით შერჩევა;
  • შემეცნებითი ინტერესის მიხედვით არჩევა;
  • ზნეობრივი კრიტერიუმის მიხედვით არჩევა;
  • და სხვ.

ზოგადად  თავისუფალი  არჩევანის  სამუშაოს ვარიანტები შესაძლებელია იყოს:

  • ტესტი;
  • ამოცანის ამოხსნა;
  • შემოქმედებითი ხასიათის დავალების შესრულება.

 

განვიხილოთ გაკვეთილზე სიტუაციური არჩევანის რამდენიმე მაგალითი:

ა)  IX  კლასში  ისტორიის  გაკვეთილზე ახალი მასალის ათვისების ეტაპზე, როდესაც შეისწავლება   XX ს-ს  დამდეგის  პოლიტიკური  პროცესები  რუსეთის იმპერიაში, მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გაარკვიონ, როგორ მოხდა საქართველოს მიერ  დამოუკიდებლობის  გამოცხადება. დავალების  შესრულებისთვის  შეუძლიათ  გამოიყენონ   სახელმძღვანელოს  ტექსტი.  მასწავლებელი დაფაზე  ჩამოწერს   საკითხების ორ  ვარიანტს:

I  ვარიანტის  პასუხისთვის საკმარისია მითითებული ლიტერატურა;

II ვარიანტის პასუხები   მოსწავლისგან  ითხოვს  გაცილებით მეტის ცოდნას და უნარს, როგორიცაა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება, ადრე ნასწავლ მასალასთან უკუკავშირი და სხვ.

შედეგების შემოწმების   დროს  მასწავლებელი   ჯერ    შეაფასებს  I  ვარიანტის  შედეგებს, შემდეგ  მოუსმენს II ვარიანტს  და   შეაფასებს  შედეგებს.

I ვარიანტი II ვარიანტი
1. რა პირობებმა განსაზღვრეს… 1.რატომაა მნიშვნელოვანი შევისწავლოთ, როგორ მოხდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება?
2. რა მოსდის ხელისუფლებას, როდესაც  იზრდება  საზოგადოების წინააღმდეგობა?

 

2. რამდენად სწორია მოსაზრება, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება  ქართველი  სოციალ-დემოკრატების ბრძოლის შედეგი იყო?

ბ) ისტორიის გაკვეთილის თემაა „მეორე მსოფლიო ომი“.  მასწავლებელი  მოსწავლეებს   სთავაზობს, უპასუხონ    შეკითხვას: „როგორ მიმდინარეობდა ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ?“  მოსწავლეებს  შეუძლიათ პასუხის მისაღებად გამოიყენონ ოთხი სახის წყარო:

  • სასწავლო მასალა (სახელმძღვანელო);
  • ისტორიული დოკუმენტების და მასალების კრებული;
  • დამხმარე ისტორიული მასალა „ისტორიის  ნარკვევები“;
  • ისტორიული რუკები.

პასუხის მოსამზადებლად მოსწავლე თვითონ ირჩევს წყაროს ტიპს.

გ) დაწყებით კლასებში ბუნების გაკვეთილზე  მოსწავლეები შეისწავლიან თემას „ფრინველები“,  პრობლემის  გადაჭრისთვის მოსწავლეებს სთავაზობენ:

  • დაწერონ შესაფერისი  ფრაზები, გამონათქვამები, რომელიც უკავშირდება ფრინველებს;
  • შეადგინონ კროსვორდი;
  • დაწერონ მოთხრობა ფრინველებზე.

მოსწავლეები, თავიანთი ცოდნისა და უნარების შესაბამისად, თვითონ აირჩევენ დავალებას.

 რაც  შეეხება  შეფასებას, პედაგოგიკის მეცნიერებაში აღიარებულია მსგავს სიტუაციებში შეფასების მხოლოდ ინდივიდუალური ნორმების გამოყენება  (Heckhausen, H. Hoffnung und Furcht in der Leistungsmotivation. Meisenheim Glan: Hain, 1963. (b). რადგან  მუშაობისას ძლიერი და სუსტი მოსწავლეები თანაბარი   ძალისხმევით მუშაობენ, ორივეს საკლასო ჟურნალში ჩაეწერებათ  მაღალი შეფასება, თუმცა რეალური დონე ამ მოსწავლეებისა სრულიად განსხვავებული იქნება.  ამ მომენტმა  მოსწავლეების გარკვეული გაღიზიანება რომ არ გამოიწვიოს და, ზოგადად,  არცერთი მოსწავლის  მოტივი არ ჩაქრეს,   გამოსავალია  მასწავლებელის მიერ   მიმდინარე შეფასების   სისტემის გამოყენება (თემის შესწავლის  პროცესის განმსაზღვრელი შეფასება), ხოლო თემის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეასრულებენ   შემაჯამებელ  დავალებას და მასწავლებელიც შესაბამისად შეაფასებს. ამავე დროს  სავალდებულო  არაა თითოეული მოსწავლის  შეფასების ქულის  კლასში ხმამაღლა გამოცხადება. ასეთი დამოკიდებულებით  „სუსტი“ მოსწავლე შეეცდება „შემაჯამებელი“  დავალების შედეგები აწიოს  „მიმდინარე“ შეფასების ქულამდე  (მნიშვნელობა  არ აქვს, რამდენად დაბალი იყო „შემაჯამებელი“ დავალების ქულა), მას აქვს უკვე იმის  განცდა, რომ წინსვლა და მეტის გაკეთება შეუძლია,  ძლიერ მოსწავლეს კი კიევ უფრო აუმღლდება კომპეტენციის  გრძნობა.

გაკვეთილზე არჩევანის სიტუაციის შექმნა მოსწავლის ინდივიდუალური სრულყოფისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მეთოდია, რომლის დროსაც    მოსწავლეს არამარტო  რეალურად ირჩევს სასურველ დავალებას,   არამედ მასწავლებელიც რეალურად,  კონკრეტულად ეხმარება თავისი განუმეორებლობის ფორმირებაში, ამიტომ სასწავლო პროცესში მსგავსი ტიპის  მეთოდების გამოყენება ეფექტური და სასარგებლოა.

გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“_ სწავლებისათვის

0

თამარ მეფე გრიგოლ ორბელიანისათვის მარადის სათაყვანებელი და სალოცავი ხატი იყო, ამიტომაც უძღვნიდა შესანიშნავ სტრიქონებს. პოეტს თამარს მოანატრებინებდა `ტყვედქმნილი მამულის~ უნუგეშო ბედი. სასოწარკვეთილ პოეტს თავისუფლებისთვის სული უკვნესოდა და იტანჯებოდა. თან ისიც იცოდა, რომ „თავისუფლება უმსხვერპლოდ, უსისხლოდ მოუსყიდიეს?“ (`აღსარება~). ბედკრული, ქედმოდრეკილი ივერია უმწყემსო ცხვარივით გზადაბნეული მგელს მინდობოდა, `შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას~ და `წინაპართ სისხლი აწ ჩვენს შორის არღა მდინარებს~. Pპოეტმა იცოდა, რომ ეს იყო შედეგი და ნაყოფი მონობისა, რაც მოიტანა, უპირველესად, „საღმრთო ვალის~ დავიწყებამ. (`ჰე, ივერიავ~).

დღიურში `მგზავრობა ჩემი ტფილისიდან პეტერბურღამდის~ თავადი ივანე აფხაზი გრიგოლ ორბელიანს გულმტკივნეული შესჩივლებს: „აწინდელი ჩვენი საზოგადოება არს მკვდარი მამულისათვის. Hსცხოვრობენ უსაგნოდ, დაეხეტებიან უგზოდ, ვითარცა ბნელსა ღამესა შინა; ყოველი ფიქრობს საკუთარისა თავისისა სარგებლობისათვის, რომლისა  მისაღებელად არა არა მიხედვენ არცა სირცხვილსა და არცა უპატიურსა გზასა“. წარსული იქცა ერთადერთ მანუგეშებელ თავშესაფრად  პოეტისთვის. რომანტიკული მგზნებარებით შეტრფოდა იგი ძველ დროსა და გმირებს:

    „დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა,

     მამულისადმი გულს აღბეჭდილად,

     როს ერთგულება, სარწმუნოება,

     ივერთ თვისებას შეადგინებდნენ“.

იდგა 1877 წელი. 45 წელი გასულიყო 1832 წლის „ფერმკრთალი შეთქმულებიდან“ (გალაკტიონი). Aამაოდ ჩაევლო მამულიშვილთა თავგამოდებას. თითქოს ბედისწერად ქცეულ ღალატს ერი კვლავ დაეხლიჩა და დაესუსტებინა. პოეტს თუმცა მშვიდობიანად, მაგრამ სულზე დარჩენილი ჭრილობებით გამოევლო გადასახლებები. მართლაც, დიდი დრო გასულიყო იმ უძლური გაბრძოლებიდან, საქართველოსთვის თავისუფლება რომ უნდა მოეტანა. გრიგოლ ორბელიანს თავისი ბიოგრაფია გამარჯვებებით გაემდიდრებინა, მაგრამ რუსული ჯარის გენერალი იყო და რუსეთის იმპერიის ინტერესებისთვის იბრძოდა. Aასეთი ტრაგიკული ბედი ჰქონდათ ქართველებს. საკუთარი მამული ტყვედ ეგულებოდათ, ვერ გამოეხსნათ და სისხლს იმისთვის ანთხევდნენ, ვისაც უნდა შებრძოლებოდნენ. ამიტომაც საყვედურობდნენ გრიგოლ ორბელიანის თაობას   თერგდალეულები;

„ჩვენი ქვეყანა

 მკვდარი თქვენგანა

 თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია“.

   (ილია, „პასუხის პასუხი“).

გრიგოლ ორბელიანის შემოქმედება სავსეა ცრემლითა და გოდებით. მხოლოდ ღვთის რწმენა  ანიჭებდა პოეტს შვებას. ხშირად შედიოდა ტაძრებში და გულმხურვალედ ლოცულობდა ხატების წინ. ღვთის შექმნილი ბუნებაც კი ლოცვისთვის განაწყობდა. Dღღიურში აღწერს, მშვენიერი პეიზაჟით აღატაცებულმა როგორ აღაპყრო ხელები: „არაოდეს არ მილოცნიეს ესრედ გულმოდგინედ და ესრედ მხურვალებით, ვითარ მას წამსა“.

პოეტმა ღვთისკენ მისწრაფება განსაკუთრებული სიმძაფრით „ფსალმუნში“ გამოხატა:

„ვინ აღვიდეს მაღალსა მას მთასა წმიდასა,

სადა ჰგალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას“ („ფსალმუნი“).

 ამ მაღალი მთისკენ, სიმბოლურად, ღვთის საუფლოსკენ, მიისწრაფოდა და სჯეროდა:

„ყველა იცვალოს, ყველა მოკვდეს, დამიწდეს,

და მხოლოდ წრფელი სული,წმიდა, ცხოველი,

მღვთადა აღვიდეს ნაწილაკი მღვთაებრი“ („ჩემი ეპიტაფია“).

ბეთანიაში კი ყველაზე მეტად მიუწევდა გული, რადგან აქ შვებას გრძნობდა.  შემდგომში გალაკტიონიც ასევე მოინატრებს ბეთანიას:

„წამყე ბეთანიისაკენ, აქ სადღაცა ახლო-მახლო

იყო ორბელიანების და ერეკლეს სამოსახლო“ („წამყე ბეთანიისაკენ“).B

ბეთანია ხომ ღვთის სახლი იყო. ამ ადგილას, ეკლესიის გრილ ფილაქანზე მუხლმოდრეკილი პოეტი მხურვალე ლოცვითა და სინანულის მდუღარე ცრემლებით განიწმინდებოდა. Yყოველდღიური ფაციფუცით, ყოფის ამაოებით გატანჯული „მკვდარი“ აღდგებოდა, ფხიზლდებოდა არამტკიცე რწმენის ძილისაგან. Mმაცხოვარმა ხომ სწორედ ბეთანიაში აღადგინა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე. თითქოს პოეტიც, უიმედობისაგან სნეული, ელოდა დაძახებას: „ლაზარე, გამოვედ გარე!“ ღვთის წინაშე შემწედ კი პოეტს წმინდა თამარი ეგულებოდა, რომლის ფრესკა ასეთი დიდი სიყვარულითა და მოწიწებით გამოეხატა უცნობ ხატმწერს ტაძრის გახუნებულ კედელზე. სწორედ ამ ფრესკის წინ მლოცველად წარმოგვიდგება პოეტი ლექსში „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“.

თამარ მეფის ფრესკა დღემდე ოთხ ტაძარშია შემონახული: ბეთანიის, ვარძიის, ბერთუბნისა და ყინწვისის ეკლესიებში. Yყოველი მათგანი გამოირჩევა სისადავითა და ამაღლებულობით. Bბეთანიის ტაძრის კედელზე გამოხატული ფრესკაც იშვიათი ოსტატობითაა შესრულებული.

თამარ მეფე 1179 წლიდან მამასთან, გიორგი III-თან ერთად, ხოლო 1184 წლიდან კი მარტო მართავდა ქვეყანას. ღვთივგანბრძნობილ მეფეს ღმერთი შეეწეოდა და მტერთან ბრძოლაში გაამარჯვებინებინებდა. თამარი ქვეყნისთვის იყო „მზე მზეთა და  ნათელი-ნათელთა“ და „დედოფალთა დედოფალი“. საღმრთო საქმეებმა თამარს სახელი გაუთქვეს და, როგორც მემატიანე იტყოდა, იგი იყო დიდი სახელით, მაგრამ უფრო უდიდესი _ საქმით.  შამქორის ბრძოლის წინ თამარ მეფემ გასცა ბრძანება, ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა აღევლინათ. შეკრებილ ლაშქარს კი ასე მიმართა: „ძმანო, ნუ შეგაშინებთ მტრის რიცხვმრავლობა… მხოლოდ ღმერთს მიენდეთ და იმედი ქრისტეს ჯვარზე დაამყარეთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით შედით ბრძოლაში“. თვითონ კი ფეხშიშველა წამოვიდა თბილისში და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში ილოცა მანამ, სანამ არ შეატყობინეს შამქორში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ. Aშამქორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ თამარმა ღვთის სადიდებელი იამბიკო დაწერა, რომელშიც ვკითხულობთ:

„…შენგან, ქალწულო, რომელსა შენთვის დავით

როკვიდა, ძისა ღმრთისა ზედ შენდა ყოფად,

მე, თამარ, მიწა შენი და მეურვე,

ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა“.

ბასიანის ბრძოლაშიც ნეტარმა თამარმა ფეხშიშველამ ჯვრით  ხელში გააცილა ჯარი, თვითონ ვარძიის მონასტერში მიბრუნდა და ლოცულობდა. ცხოვრების ბოლო წლები კი თამარმა ვარძიაში განუწყვეტელ ლოცვაში გაატარა. მოწყალე, კეთილი, ბრძენი, ღვთისმოყვარე მეფის სახელზე საქართველოში უამრავი ეკლესია აშენდა. თამარი შეეწეოდა უცხოეთში არსებულ ეკლესია-მონასტრებსაც.

სწორედ ბეთანიაში, ტყეში შეყუჟულ ნახევრადდანგრეულ, უპატრონოდ მიტოვებულ ტაძარში პოეტს უცებ მანუგეშებლად შემოანათა თამარის ფრესკამ. Aაქ, ამ გრილ ფილაქანზე დაჩოქილმა თითქოს უფრო მწარედ შეიგრძნო მამულის დაცემა. საგულისხმოა, რომ ბეთანია ორბელიანთა საგვარეულო სახლის მიერაა აშენებული, თამარ მეფის მიერ განმტკიცებული და გაძლიერებული. თამარი აქ ლაშა-გიორგისთან ერთადაა გამოსახული. Bბეთანიის ტაძარი XI_XII საუკუნეებშია აგებული და გამოირჩევა უბრწყინვალესი ფრესკებით. გრიგოლ ორბელიანი კი დედის მხრიდან ბაგრატიონებს ენათესავება და თამარი მისი უშუალო წინაპარიცაა.

ბეთანიაში განმარტოებული პოეტი თავდავიწყებას მიესწრაფვის, რათა ვეღარ დაინახოს და იგრძნოს ის, რაც ხდება მისდროინდელ საქართველოში. Eერი, თავისუფლებადაკარგული და ღირსებააყრილი, ივიწყებს მამულსაც, ენასაც და სარწმუნოებასაც. თამარის ფრესკა კი პოეტის წარმოსახვაში აცოცხლებს დიდებულ წარსულს, როდესაც ღირსეულნი ქართველნი, რწმენით განმტკიცებულნი,  დარაჯად ედგნენ ქვეყნის თავისუფლებას.

„მიხარის გიმზერ,

ვწუხვარ და გიმზერ

             და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,

არ გამოვფხიზლდე,

რომ აღარ ვჰგრძნობდე

            ჩემი სამშობლოს სულით დაცემას“.

პოეტი დიალოგს მართავს წარსულთან. იგი იწვევს ჩავლილ დიდებას ოცნებით. თამარს ესაუბრება და უმხელს გულისწუხილს:

„ყვავილოვანი წალკოტი შენი,

               შენის დიდების სხივ-მოკლებული,

Aაღარა ჰშვენის,

Aაღრ გვიბრწყინავს,

               შავ დროთა ძალით ფერ_წახდენილი“.

პოეტი თამარ მეფეს ბნელ ფერებში უხატავს ქვეყნის მდგომარეობას. მამულის წახდენის უპირველესი მიზეზი კი ისაა, რომ თამარის დიდება მოაკლდა ერს. შავმა დროებამ ფერი წაუხდინა და დააჭკნო წალკოტი. შავი დრო, პოეტისავე შენიშვნით, გულისხმობს შემოსევებს ლანგ-თემურისას და შაჰ-აბასისას, რომელთაც საშინლად ააოხრეს ქვეყანა.

პოეტს ეჭვი იპყრობს, იყო კი საერთოდ ის დრო, როდესაც ძლევამოსილი საქართველო მტერს იგერიებდა? ტკბილი სიზმარივით გაქრა ძველი დიდება და თამარის დრო მზესავით დიდებულად ჩაესვენა. Aახლა პოეტს ეს მოგონებაღა აცოცხლებს. „ცის შემრისხავი“ ქართველნი წარწყმედის პირას არიან:

 „ვიგონებთ შენს დროს,

 გული გვიმაგროს,

               სრულად არ წავსწყმდეთ ცის შემრისხავნი!“

პოეტი ჩივის თავის უძლურებაზეც, ხნის სიმრავლეზე, დაღლაზე, დაღონებასა და სასოწარკვეთილებაზე. Lლექსი წააგავს აღსარებასაც. პოეტი წმინდა მეფის წინაშე აღიარებს თავის უძლურებას, უმოქმედობას, მცირედმორწმუნეობას.

Lლექსში იქმნება საოცარი კავშირი პოეტსა და წინაპარს შორის. თითქოს ირღვევა დროთა თანმიმდევრობა, პოეტს რწმენა აღავსებს, რომ თამარს ახლაც შეიძლია ჯვარით აკურთხოს ერი, რათა:

„შენი ივერი

აღსდგეს ძლიერი

  და დადგეს ერად სხვა ერთა შორის“.

ძველად, თამარის დროს, ოქროს ხანაში, საქართველო იდგა ერად სხვა ერთა შორის. E„ერად დგომა“ გულისხმობს, უპირველესად, სახელმწიფოებრიობას, ამისთვის კი აუცილებელია ბევრი რამ, მათ შორის პოეტი გამოყოფს უმთავრესს:

           „წმიდით საყდარით,

ენით მდიდარით,

              სწავლისა შუქით განათებული!

ზნე ამაღლებით,

ძლევის დიდებით,

              სამშობლო მიწის სიყვარულითა!”

თუ ერი მოიპოვებს, ან უფრო ზუსტად, აღიდგენს იმას, რაც ჰქონდა _ წმინდა საყდარს, მდიდარ ენას, განათლებულობას,  მაღალ ზნეს, ძალას, სიმტკიცესა და სიყვარულს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ერთიანი, მტკიცე ქვეყნიდან წარმოიშვას ისეთი გენია, როგორიც იყო რუსთველი (ქართული კულტურის სიმბოლო), რომელმაც  „ვეფხისტყაოსნით“ დააგვირგვინა ქვეყნის დიდებულება.

რუსთველის სიტყვას აქვს ძალა ერის გამოღვიძებისა, გაცოცხლებისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერს დახშობია თითქოს სმენა ჭეშმარიტი სიტყვის მოსასმენად. „უმეცრების ბნელს“ შეუპყრია ქვეყანა. საგულისხმოა, რომ ერის ძლიერების საწინდართა შორის პოეტი, უპირველეს ყოვლისა, ასახელებს „წმინდა საყდარს“.

პოეტი ისეა აღტაცებული თამარის ფრესკის ცქერით, რომ ამ გულამოსკვნილი აღსარებისას შვება ეწვევა. წარმოიდგენს ერის აღდგენას, ამოძრავებას, მაგრამ უცებ კვლავ წარეკვეთება სასო. თითქოს ზეციდან მიწაზე ჩამოვარდება, ოცნება დაემსხვრევა. წარსულთან კავშირი კვლავ ირღვევა. წამიერ თავდავიწყებას ცვლის მტკივნეული გამოფხიზლება. რეალობა აჩენს კლანჭებს:

„მაგრამ ცად თვალნი

გაქვს მიქცეულნი,

           მე ვეღარა მცნობ გულ-შემუსვრილსა,

დამცირებულსა,

ხმა-მიღებულსა,

           ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს“.

თამარმა როგორღა უნა იცნოს დამცირებული, დაბეჩავებული, უბედური, უიმედო ძე?

წინაპართა მიერ შთამომავალთა „ვერცნობა“, საზოგადოდ, მტკივნეული თემაა ორბელიანისათვის. Gგავიხსენოთ, „სადღეგრძელოში“ მეფე ფარნაოზი ვერ სცნობს ივერიას:

„ეს ვინ გამოჩნდა, ვისი აჩრდილი

დაჰმზერს ივერსა ჩაფიქრებითა?

Nნუთუ ვეღარა უცვნია შვილი…

Mმისგან აღზრდილი ტრფიალებითა?“

თითქოს ყველანაირი კავშირი გაწყვეტილა წარსულთან, არადა, წარსულის ხსოვნის გარეშე ხომ არც მომავალი  იარსებებს. „ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი  თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა“ (ილია, „ერი და ისტორია“).

ამიტომაც ლექსში შემოიჭრება სასოწარკვეთილება:

„ვაჰ, თუ რაც წახდეს,

ვეღარა აღსდგეს,

             ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით“.

კონკრეტული სატკივარი ზოგადდება და პოეტი შეიცნობს წუთისოფლის მუხანათ წარმავლობას. Aამიტომაც მოთქვამს:

„ჰე, ცრუ სოფელო,

დაუნდობელო,

             შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?“

 სოფლის სამდურავი კერძო ტკივილს განაზოგადებს და სიცოცხლის წარმავლობას წყევლაკრულვიან საკითხავად აქცევს.

 „ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა,

ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა“, _ საუკუნეთა სიღრმიდან ეხმიანებოდა რუსთაველი, რომელსაც სჯეროდა, „მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა“.

გრიგოლ ორბელიანი თვალნათლივ შეიგრძნობს რეალობის სისასტიკეს _ „დაყრუებულ, გზაშეუვალ“, უდაბურ ტყეში დარღვეულ ტაძარს, მაგრამ იმედი მაინც გამოკრთის ლექსიდან. თუმცა ნახევრად დანგრეულია, მაგრამ ხომ მაინც დგას ტაძარი, სადაც ანათებს წმინდა თამარ მეფის ფრესკა ძველი კედლიდან. ხომ მიაგნო ერთმა ქართველმა მაინც ტაძარს და მუხლმოდრეკილი შეევედრა უფალს საქართველოს ხსნას, მაშ, ყველაფერი დაკარგული არ ყოფილა. კვლავ აღდგება ფერწახდენილი ქვეყანა და დაიბრუნებს თამარის დროინდელ დიდებას, რადგან ერთი ქართველის მეხსიერებაში უკვე დაინთო რწმენის ნაპერწკალი, რომელიც სიტყვის ძალით დიდ ცეცხლად იქცევა.

ლექსის საოცარი რიტმი ლოცვისას მიაგავს. ხუთ დაAათმარცვლიანი სტრიქონები (5-5-10) ისეა დალაგებული, რომ თვალნათლივ წარმოჩნდეს შინაგანი რითმები. Mმთელი ლექსი მკითხველსაც ლოცვისთვის განაწყობს. თითქოს ჩვენც ვევედრებით თამარს: „წმიდათა შორის საკვირველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდესა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლირე მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველისა ერისანი, ხოლო მარჯვენითა შენითა დაამხვენ სპანი აგარიანთანი. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი“.

ასე ავლენს პოეზია თავის ძლიერ, პიროვნების სულიერად გარდამქმნელ ძალას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...