შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

პედაგოგის თვითშეფასება და კლასის მართვა

0

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია მოსწავლის თვითშეფასება მისი პიროვნების განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პროცესების წარმატების უზრუნველსაყოფად პედაგოგის თვითშეფასებას სრულიად განსაკუთრებული როლი ენიჭება. ის, თუ როგორი თვითშეფასების მატარებელია პედაგოგი, ბევრად განსაზღვრავს, როგორც სწავლა-სწავლების წარმატება-წარუმატებლობას, ასევე მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესს.

     განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს პედაგოგის თვითშეფასება მოსწავლეთა კლასის მართვის პროცესში. როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, მოსწავლეთა ქცევის მართვაში განსაკუთრებით იმ პედაგოგებს  ექმნებათ პრობლემები, რომლებიც არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან. ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა – „რა კავშირშია მასწავლებლის თვითშეფასება მოსწავლეთა ქცევის მართვასთან?“ ცნობილია, რომ არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგები კოლეგებისაგან სპეციფიკური ქცევით და თავისებური პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევიან. მათი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, მომატებული შფოთიანობა, ემოციური არამდგრადობა, სტრესებისადმი მიდრეკილება, მუდმივი მარცხისა და წარუმატებლობის შიში, გაუბედაობა და შემართების უქონლობა. როგორც წესი, ყოველივე აღნიშნული აისახება პედაგოგის ქცევაში, მეტყველებაში, კოლეგებთან და ბავშვებთან ურთიერთობაში. ძალიან ხშირად, ემოციური არამდგრადობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა პედაგოგის მიმიკასა და ჟესტიკულაციაშიც კი პოულობს ასახვას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები ძალიან კარგად, როგორც წესი, უფროსებზე უკეთესადაც კი ფლობენ სხეულის ენას, მათთვის მხოლოდ მიმიკითაც კი ადვილი ხდება იმის ამოცნობა, რომ მათ წინაშე მდგომი არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგი მუდმივად საფრთხის და წარუმატებლობის მოლოდინშია. ასეთ მასწავლებელს ხშირად ხმის ტემბრზე და ტონზეც ეტყობა თვითრწმენისა და სიმტკიცის ნაკლებობა. ყოველივე აღნიშნული მოსწავლეებს, არცთუ ისე იშვიათად, შეიძლება ქვეცნობიერადაც კი თავისუფალი და ხშირად პედაგოგისთვის მიუღებელი ქცევისკენ უბიძგებს, რაც ამ უკანასკნელს კლასის მართვის სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს. აღნიშნული პრობლემის აღმოცენების შემდეგ ასეთ მასწავლებელს კლასის დამორჩილებაში ვეღარც ხმის აწევა შველის, ვერც კატეგორიული ტონი და, როგორც წესი, მუქარაც არანაირ შედეგს არ იძლევა. საკუთარი საგნის როგორი მცოდნე და განათლებულიც არ უნდა იყოს პედაგოგი, დაქვეითებული თვითშეფასება დ აქედან გამომდინარე საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შიში და მუდმივი მარცხის მოლოდინი სერიოზულ ბარიერად იქცევა მისთვის სასწავლო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. ყველაფერთან ერთად, ასეთ მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება საკუთარ მოსწავლეებში დადებითი „მე“ – კონცეფციის ჩამოყალიბება, თვითრწმენის გამომუშავება, შფოთიანობის დაძლევა და ემოციური სტაბილურობის მიღწევა.

     განსხვავებით არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგისგან, ადეკვატურზე ოდნავ მაღალი თვითშეფასების მატარებელი მასწავლებელი   ხასიათდება:

  • მაღალი შემოქმედებითი პოტენციალით,
  • შეუძლია ენერგიულად და პოზიტიურად მოქმედება,
  • გამოირჩევა აქტიურობით და ინიციატიურობით,
  • მიზანმიმართულია და მუდმივად ზრუნავს, როგორც პირადი, ასევე საკუთარი აღსაზრდელების წარმატებების მიღწევაზე  სწავლასა და შემოქმედებაში,
  • ყოველთვის მზად არის გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები,
  • წარმატებით წყვეტს მის წინაშე მდგარ ამოცანებს,
  • აქვს საკუთარი ძალების რწმენა,
  • ნაკლებად არის მიდრეკილი სტრესისა და შფოთიანობისაკენ,
  • გამოირჩევა კეთილგანწყობით მოსწავლეებისა და კოლეგების მიმართ,
  • შეუძლია მოსწავლეთა საქმიანობისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად ორგანიზება და წარმართვა,
  • არა აქვს პრობლემები კლასის მართვაში,
  • ადვილად ახერხებს აღსაზრდელებთან საერთო ენის გამონახვას და არ საჭიროებს ავტორიტარულ სტილს მათი ქცევის სამართავად.

     თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მასწავლებლის თვითშეფასება საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნების ფორმირებაზე და ასევე სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაზე, მნიშვნელოვანი იქნება იმაზე დაფიქრება, თუ რა შეიძლება უქვეითებდეს პედაგოგს საკუთარი ძალების რწმენას და როგორ დავეხმაროთ მას, როგორც თვითრწმენის გაძლიერებაში, ასევე ემოციური სტაბილურობის მიღწევაში.

     სამწუხაროდ, ბოლო წლებში, პედაგოგის თვითშეფასებაზე სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დაუხვეწაობამ, არამდგრადობამ, მუდმივმა ცვლილებებმა და პედაგოგებში გამეფებულმა სკოლის დატოვების სერიოზულმა საფრთხემ და მუდმივმა შიშმა. საკუთარი ძალების რწმენის გასაძლიერებლად მასწავლებელს მუდმივად ესაჭიროება სტაბილურობის განცდა, სოციალური უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირობების შექმნა თვითაქტუალიზაციისათვის და თავის საქმიანობაში აქცენტის გაკეთება არა ნეგატიურზე, არა წარუმატებლობასა და მარცხზე, არამედ პოზიტიურზე და წარმატებულ ნაბიჯებზე.

     დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი, შფოთიანი და სტრესისადმი მიდრეკილი პედაგოგი ვერასოდეს აღზრდის საკუთარი ძალების რწმენის მქონე, ემოციურად გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელიც ასე ესაჭიროება ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ქვეყნას.

ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები – გარიგების ინსტიტუტი

0

მე-19 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში თვალშისაცემია ქალების ერთგვარი უნუგეშო მდგომარეობა, განსაკუთრებით, ეს შეეხებოდათ სოფელში მცხოვრებ გასათხოვარ, თუნდაც – შეძლებული ოჯახის შვილებს, მით უმეტეს, გაღარიბებული მემამულეების მემკვიდრეებს და, განსაკუთრებით, ურბანულ გარემოში აღმოჩენილ გაკოტრების ზღვარზე მისულ არისტოკრატებს. უნუგეშო მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა ის მომენტი, თუკი ოჯახში დასაქორწინებელი ჭაბუკიც იყო ან, კიდევ უფრო უარესი, გასათხოვარ ქალიშვილთა რაოდენობა ორს აჭარბებდა. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ კაპიტალიზმის სიკეთეებს ზიარებულ განათლებამიღებულ ყმაწვილებს (ეს განათლება ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ზედაპირული იყო და მხოლოდ ერთი უცხო ენის ცოდნით განისაზღვრებოდა, რასაც ვირტუოზულად აღწერს პუშკინი თავის გენიალურ პოემაში „ევგენი ონეგინი“: Monsieur l’Abbé, француз убогий, Чтоб не измучилось дитя, Учил его всему шутя…)  აღარ იზიდავდათ სოფლად აღზრდილი კდემამოსილი ქალიშვილები, მათზე დაქორწინება მათთვის მხოლოდ გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაღწევას ნიშნავდა. აქ უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება ლიტერატურიდან. იშვიათობა იყო, მემამულეთა ქალიშვილებს გამართლებოდათ და სიყვარულით შეექმნათ ოჯახი (ჯეინ ოსტინის რომანი „სიამაყე და ცრურწმენა“ სწორედ ამ პრობლემას შეეხება – გაღარიბებულ ოჯახში რამდენიმე ქალიშვილი იზრდება და მათი „დაბინავება“ დედის ერთადერთი საზრუნავია. რომანის გმირი იღბლიანი აღმოჩნდება და, მკითხველის გულის გასახარად, მის და მისი დის ბედნიერ ქორწინებას სიყვარული გადაწყვეტს).

ევროპული ლიტერატურის მსგავსად ეპოქისთვის დამახასიათებელ პრობლემას ვერც ქართული ლიტერატურა აუქცევდა გვერდს. ამიტომაც ჩემმა მოსწავლემ, ქეთი კაპანაძემ, გადაწყვიტა შეესწავლა ეს თემა, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ქართველი პროზაიკოსებისა და დრამატურგებისთვის. აღმოჩნდა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურისთვის თვალის ერთი გადავლებაც კმაროდა იმისთვის, რომ გვეთქვა: ქორწინებათა იღბლიანობა/უიღბლობა შუამავლის კეთილსინდისიერების პირდაპირპროპორციული იყო. 21-ე საუკუნის ადამიანისთვის, გარიგების საკითხი სასაცილოდ ჟღერს, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს საკითხი სულაც არაა სასაცილო. თუკი თვალს გადავავლებთ ისტორიას, ლიტერატურას, შეძლებისდაგვარად შევადარებთ მსოფლიოს ისტორიასა და ლიტერატურას და მივხვდებით, რომ ქორწინებათა უდიდესი ნაწილი სწორედაც რომ გარიგების ინსტიტუტის სიძლიერეზე იდგა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა წესს, ამ წესსაც უამრავი გამონაკლისი ახლდა. ამის გამო ბევრი სასიყვარულო ისტორია ტრაგიკულადაც დასრულდა. ეს ამბები კი საინტერესო აღმოჩნდა ლიტერატურისთვის, ფოლკლორისთვის. ამგვარი ტექსტების (გარიგებით შექმნილ ოჯახებზე) რაოდენობამ ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ისტორიას იმის საკმაოდ ბევრი მაგალითი აქვს, როგორ სიამტკბილობაში, სიყვარულსა და პატივისცემაში გაგრძელებულა ურთიერთობები ამ წესით შექმნილ ოჯახებში.ზოგ ნაწარმოებში ჩანს პროტესტი იმ ადამიანისგან, ვიზეც მუშაობდა მაჭანკალი, რადგან ეს საქმიანობა ერთგვარი ზეწოლის სახეს იღებდა. ფაქტი ყოველთვის ისაა, რომ ცნობები ამ საკითხის ირგვლივ არა მარტო ქართულ, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში მოიპოვება. გარიგების ინსტიტუტი ხშირ შემთხვევაში მისასალმებელი იყო და მისი აუგად მოხსენიება არ შეიძლება.

ჰიპოთეზის სახით შესაძლებელია დავუშვათ: წარსულში, როდესაც სატრანსპორტო სისტემა აწყობილი არ იყო და ეს მისვლა-მოსვლას ართულებდა, კარგად იკვეთება შუამავლის როლი, როგორც ორ ოჯახს შორის დამაკავშირებელი რგოლი. ამ შემთხვევაში მაშვალის შემოსავალი და საარსებო წყარო დაფუძნებული იყო ორი ოჯახის გარიგებაზე.  მეცხრამეტე საუკუნეში კი ეს საპატიო ინსტიტუტი საკმაოდ დაკნინდა და შუამავლები ხშირად, მადლობის ნაცვლად, წყევლა-კრულვას იმსახურებდნენ, იყო შემთხვევებიც, როცა მათ ფიზიკურადაც ეხებოდნენ. ეს ფაქტორი იმდენად მკაფიო აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი გახდა ამის არშემჩნევა. შესამაბისად, კვლევაც აქეთ იქნა მიმართული და საკვლევმა შეკითხვამაც ასეთი სახე მიიღო: რატომ და როგორ ხდება შუამავლის, როგორც პოზიტიური პერსონაჟის, ნეგატიურ პერსონაჟად გადაქცევა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ორი ავტორის შემოქმედების შესწავლაც საკმარისია იმისთვის, რომ კითხვას პასუხი გაეცეს. დავით კლდიაშვილის და ავქსენტი ცაგარელის შემოქმედებაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ერთიდიმავე თემის მხატვრული დამუშავება, მიუხედავად იმისა, სოფლისა თუ ქალაქის გარემოში ვითარდება, ერთნაირ პრობლემად რჩება.

ნებისმიერი საკითხის შესწავლისთვის აუცილებელია იმ სპეციფიკური ტერმინოლოგიის ცოდნა, რომელიც კონკრეტულად საკითხს უკავშირდება. ლიტერატურულ ნაწარმოებებში, რომლებიც გარიგების ინსტიტუტის თემას უკავშირდება, გვხვდება რამდენიმე ტერმინი, რომელთაგან ზოგიერთი უაღრესად საინტერესო წარმომავლობისაა. ეს ტერმინებია: მაჭანკალი, მაშვალი (შესაძლოა, ეს სიტყვა „შველა“-დან მომდინარეობდეს. ამ შემთხვევაში აშკარად იკვეთება დასაოჯახებელი პირების უნუგეშო მდგომარეობა), ქაბატუა (ქაბატუა იგივე ქაბატო სიტყვა „ქალბატონოს“ დამახინჯებული ფორმაა, რომელიც აკნინებს ამ პროფესიის ადამიანს. ამ ტერმინის ქვეშ მეტწილად ქვრივად დარჩენილი სომეხი ქალები მოქმედებდნენ, რამაც გამოიწვია კიდეც ტერმინის დამახინჯებაც და მისთვის აშკარა ნეგატიური კონოტაციის მინიჭებაც), სუტკნეინა (ამ კომპოზიტის ორივე ნაწილი უცხოურ სიტყვას უკავშირდება და ქართულად ითარგმნება, როგორც ტყუილქალბატონი ან ფუჭქალბატონი. თარგმანი ცხადს ხდის და მიგვანიშნებს მის მკვეთრად ნეგატიურ კონოტაციაზე), ხანუმა (ხანუმა ხანის მდედრობითი სქესის ფორმაა და აღნიშნავს მაღალი სოციალური კლასის ქალბატონს. ეს სიტყვაც ნეგატიური კონოტაციის მატარებელია). ნიშანდობლივია, რომ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში არ მოიძებნება „მაჭანკლის“ გარდა არცერთი სიტყვა, რომელიც შუამავლის სტატუსს აღნიშნავს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, ამ ერთი სიტყვის გარდა, დანარჩენი ტერმინების გაჩენა ისტორიულმა აუცილებლობამ განაპირობა. “მაჭანკალი” ორბელიანის „სიტყვის კონაში“ შემდეგნაირადაა განმარტებული: სიძვის შუამავალი. რატომ არ იდგა სულხან-საბა ორბელიანის პერიოდში იმის საჭიროება, რომ შუამავლის პროფესიას სხვადასხვა სახელები ჰქონოდა? ჩნდება კითხვა, თუ რამ გამოიწვია ერთი პროფესიისთვის ახალი ტერმინების გაჩენა? ანდა: როდიდან ჩნდება ახალი პროფესიული ტერმინები ენაში? ამ კითხვებისთვის პასუხის გასაცემად საჭირო და სამკარისიც აღმოჩნდა სულხან-საბა ორბელიანის შემდგომი ლიტერატურის გადახედვა. პასუხის გასაცემად მოკლე ისტორიული ექსკურსი დაგვჭირდება, რადგან იკვეთება, რომ ერთი პროფესიისთვის რამდენიმე ტერმინის გაჩენა პირდაპირ უკავშირდება XIX საუკუნის შუახანებს და ეპოქაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, იმ პერიოდს, როდესაც ბატონყმობის რღვევა დაიწყო, რაც მისი გაუქმებით დასრულდა კიდეც. ამავე საუკუნის 30-50-იანი წლებიდან საქართველოში ძირითადად სტაბილური სიტუაცია მყარდება, ვითარდება სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და, რაც ყველაზე მთავარია, ვაჭრობა, რამაც უცხოელი ხალხის ქვეყანაში შემოსვლა განაპირობა – განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქებში სომხური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა, მათმა ქვრივებმა კი მომავალში ადვილად შეითავსეს ახალი პროფესია. 1864 წელს (რუსეთში ბატონყმობის გაუქმებიდან სამი წლის შემდეგ) საქართველოში ბატონყმობა გაუქმდა, რამაც საქართველოს ისტორიაში გარდატეხის პერიოდი მოიტანა. დაიწყო კაპიტალიზმის სწრაფი განვითარება, ფაბრიკების და ქარხნების აშენება და,რაც, ერთი შეხედვით, პროგრესული, მაგრამ დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოს ტიპის გეოგრაფიული ლანდშაფტის მქონე რეგიონისთვის, ქალაქების როლის ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი და სხვ.). ბატონყმობის რღვევას ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მთელი რიგი გარემოებების შეცვლა მოჰყვა. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ დიდი მნიშვნელობა მიენიჭა არა ნატურალურ პროდუქტს, არამედ – ფულს. ნებისმიერი სოციალური ფენისა და პროფესიის წარმომადგენელი – თავადიც, აზნაურიც, გლეხიც, მღვდელიც, ხელოსანიც და ვაჭარიც – მანამდე არნახული წესებით ცდილობდა ფულის შოვნას, ეს კი სულ უფრო დახვეწილი გზებისა და ხერხების ათვისებაში გამოიხატებოდა; ფულის შოვნა მთლიანად მათ მარიფათსა და მოხერხებაზე იყო დამოკიდებული. ბატონყმობის პერიოდში ფულზე მოთხოვნილება ასე მძაფრად არ იდგა, შესაბამისად, ხალხი ვერც იაზრებდა მის მნიშვნელობას და ფულიანი ადამიანის უპირატესობას დანარჩენებთან შედარებით. მანამდე დღის წესრიგში მიწა და მიწაზე მოყვანილი პროდუქტი იდგა და ამ პროდუქტის რაოდენობა განსაზღვრავდა მოსახლეობის შეხედულებას  კეთილდღეობაზე. ბატონყმობის გაუქმებასთან ერთად ეს შეხედულებაც სხვა, უკვე ახალი დროის შესაბამისმა შეხედულებებმა ჩაანაცვლა; ხალხი ნელ-ნელა გადაეწყო ახალ რელსებზე და დაიწყო ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ფული მიეღო. ვაჭრობის განვითარებასთან ერთად გამოჩნდა ფულის შოვნის ათასგვარი გამართლებული თუ გაუმართლებელი საშუალება, შესაბამისად, გაჩაღდა სერიოზული კონკურენციაც. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეიმჩნევა უკლებლივ ყველა სფეროში, კაპიტალიზმის ხელი შეეხო თითქმის ყველა პროფესიას და მოახდინა კიდეც ბევრი მათგანის ცვლილება. ეს იყო დროიდან და საჭიროებიდან გამომდინარე პროცესი. მეცხრამეტე საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს არც მაჭანკლობის ინსტიტუტი ჩამორჩა. აქამდე, თუკი შუამავალი ეთიკურ ნორმებს იცავდა და ისე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, ფულზე დახარბებამ მათ შორისაც გაზარდა კონკურენცია. ერთ ოჯახზე უკვე რამდენიმე მაჭანკალი მუშაობდა. ადრე, თუკი მაშვალი მხოლოდ შუამავლის ფუნქციას ასრულებდა, ახლა უკვე მათი შემოსავალი სარფიან გარიგებაზე იყო დამოკიდებული. ბევრმა ტყუილებიც იკადრა, რათა სამაჭანკლოს ქონება უფრო შთამბეჭდავად წარმოედგინათ. ამიტომაც საჭირო გახდა სხვადასხვა ტერმინის შემოღება თუნდაც იმიტომ, რომ მომხდარიყო პატიოსანი და არაპატიოსანი პირების ერთმანეთისგან გარჩევა-გამიჯვნა.

ის სიტუაცია, რაც საკმაოდ წარმოუდგენელი და ძნელად აღსაქმელია 21-ე საუკუნეში,  არაჩვეულებრივადაა აღწერილი მე-19 საუკუნის ლიტერატურულ ნაწარმოებებში. მხატვრული ლიტერატურა ზოგჯერ აჭარბებს და გადამეტებულ ფერებში ასახავს რეალობას, თუმცა მაინც ერთ-ერთი ყველაზე საჭირო წყაროა ეპოქის შესასწავლად. გარიგების ინსტიტუტის შესწავლისას განხილული ნაწარმოებების ანალიზისას დავრწმუნდი, რომ შუამავლის პროფესიის წარმოდგენა, თუკი მანამდე დადებით კონტექსტში ხდებოდა (აქ საუბარი არაა სიძვის შუამავალზე) სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მკვეთრად შეიცვალა და მან სრულიად ნეგატიური სახე მიიღო.

საკვლევი მასალის დამუშავებამ მიჩვენა:

1.დავით კლდიაშვილის პროზა ძირითადად სამი ტიპის შუამავალს იცნობს. აქედან პირველი ოჯახის გულშემატკივარი მაჭანკალია, რომელიც პროფესიულ სტანდარტებს იცავს, მეორე – საკუთარ გამორჩენაზე ორიენტირებული არამზადაა, რომელიც ფულის გამო ყველაფერს იკადრებს და მესამე ისეთი მაშვალია, რომელიც სიტუაციამ შექმნა. მეორე და მესამე ტიპის მაჭანკლის სახის შექმნით დავით კლდიაშვილმა დაუვიწყარი სახასიათო სახეები შეჰმატა ქართულ ლიტერატურას, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი მესამე ტიპის მაჭანკლები, ირონიული, სიტუაციის გამო მაჭანკლის პროფესიაშეთავსებული ოჯახის წევრები არიან.

  1. არანაკლებ საყურადღებო აღმოჩნდა ამ კუთხით ავქსენტი ცაგარელის პიესების შესწავლაც. მანაც, ისევე როგორც დავით კლდიაშვილმა, ერთი პროფესიის ორი ტიპური წარმომადგენლის ჩვენებით, ყველაზე უფრო შთამბეჭდავი პერსონაჟები შექმნა. თუკი მანამდე ქაბატუაც და ხანუმაც მხოლოდ პროფესიული ტერმინები იყო, დრამატურგის წყალობით, ორივე იმდენად შეესისხლხორცა პერსონაჟთა სახეებს, რომ ისინი მათ საკუთარ სახელებად იქცა. ბოლოს კი ვახტანგ ტაბლიაშვილის საუკუნის კინოშედევრმა ეს ფაქტორი კიდევ უფრო მეტად გაამყარა და მაჭანკლის პროფესია ორ საკუთარ სახელად ქცეული სიტყვით უკვდავყო.

კვლევამ წარმოაჩინა, რომ მრავალი, განსაკუთრებით კი მძიმე ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით, მანამდე პოზიტიურად მიჩნეული შუამავლები ერთიმეორის მიყოლებით იქცეოდნენ ნეგატიურ პერსონაჟებად. ისინი ასეთ ადამიანებად არ იბადებოდნენ, თუმცა, როგორც კი არსებობისთვის ბრძოლას იწყებდნენ, მაშინვე ივიწყებდნენ მორალს, ზურგს აქცევდნენ პირვანდელ სახეს და ასე კარგავდნენ არა მარტო პროფესიულ, არამედ ადამიანურ ღირსებასაც.

რაც კვლევის დასაწყისში სასაცილოდ მიმაჩნდა, უკვე კვლევის ბოლოს იმაზე აზრი შემეცვალა და დღეს უკვე დარწმუნებული აღარ ვარ, 21-ე საუკუნეშიც რომ არსებობდეს მაჭანკლობის ინსტიტუტი, იგივე არ დატრიალდებოდა: წარმმართველი ისევ ფული, სახელი, სოციალური მდგომარეობა იქნებოდა და ეს ისეთ კონკურენციას გამოიწვევდა ადამიანებში, რომ ახლაც მივიღებდით სახელწართმეულ და სახედაკარგულ ნეგატიურ პიროვნებებს.

 

„შავი ხვრელის“ საიდუმლოს ამოსაცნობად

0

როგორ გამოიყურება „შავი ხვრელი“? იქნებ, ის მართლაცაა სხვა სამყაროს პორტალი ან იქნებ, მისი გამოყენება დროსა და განზომილებაში სამოგზაუროდ შეიძლება? მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი უახლოეს მომავალში „შავ ხვრელს“ ფოტოებს გადაუღებს. ამით დადგინდება, თუ რას წარმოადგენს იგი. მსგავსი რამ პირველად გაკეთდება. მსოფლიო სენსაციის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ „შავი ხვრელი“ წარმოადგენს არეს სივრცეში ძლიერი გრავიტაციული ველით. მის არეალში მოხვედრისას სინათლესაც კი არ შეუძლია მიზიდულობისგან თავის დაღწევა. სავარაუდოდ, შავი ხვრელი წარმოიქმნება იმ დროს, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს. „შავი ხვრელების“ მასა ბევრჯერ დიდია მზისაზე, რადგან ისრუტავს ყველაფერს, რაც კი მის გვერდით მოხვდება – ვარსკვლავთშორის აირებს, ნებისმიერ კოსმიურ ნივთიერებასა თუ სხეულს. მიიჩნევა, რომ სამყაროს მასის უმეტესი ნაწილი სწორედ „შავ ხვრელებში“ იმალება. მათ არსებობას მხოლოდ რენტგენული გამოსხივება ადასტურებს, რომელიც კოსმოსის ზოგიერთ ადგილებში შეინიშნება, იქ, სადაც არც ოპტიკური და არც რადიოტელესკოპით არაფრის დანახვა არ შეიძლება.

„თუკი მკვლევრების ხელთ „შავი ხვრელის“ ფოტო აღმოჩნდება, ამ იდუმალ მოვლენას ფარდა აეხდება“, – ასეთია ახალ პროექტში ჩართული უფე გროე იორგენსენის, კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან არსებული ნილსია ბორას ინსტიტუტის თანამშრომლის მოსაზრება. „ძალიან საინტერესოა, როდესაც თეორია მტკიცდება. დღეს უკვე იმაზე ვსაუბრობთ, რომ სინათლისა და მატერიის გამოცდა შავი ხვრელის ექსტრემალურ პირობებში ხდება“, – ამატებს უფე გრეი იორგენსენი, ასტროფიზიკის კათედრის პედაგოგი და პლანეტარული კვლევების სპეციალისტი.

„შავი ხვრელის“ ფოტოგადაღება რთული საქმეა. ამისათვის საჭიროა განსაკუთრებული პირობები. მკვლევრები გამოიყენებენ ახალ გრენლანდიურ ტელესკოპს, რომელსაც გრენლანდიის ყინულოვან ფარზე დამონტაჟდება.

„შავი ხვრელის“ ფოტოების წარმატებით გადაღების შემთხვევაში, სპეციალისტებს ახალი საკვლევი მასალა გაუჩნდებათ. პროფესორ ულრიკ ინგერსლევ უგერჰეისი, ორჰეუსის ფიზიკისა და ასტრონომიის უნივერსიტეტიდან აზუსტებს, რომ: „ეს სათავეს დაუდებს ახალ მიმართულებას, რომელიც რაღაცით მოგვაგონებს დაკვირვებას გრავიტაციულ ტალღებზე. თუ „შავ ხვრელს“ კარგად გადაიღებენ, ეს იქნება ისეთივე დონის აღმოჩენა, როგორიც გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა იყო“.

აქამდე „შავ ხვრელებს“ ოპტიკური ტელესკოპებით აკვირდებოდნენ, რაც არ იძლეოდა მათი სტრუქტურის შესწავლის შესაძლებლობას. ამდენად, ის რისი დანახვაც შეიძლებოდა, იყო მხოლოდ ხვრელში მოხვედრილი მატერია. უფე გროე იორგენსონის განმარტებით, ახალ სუბმილიმეტრიანი ტელესკოპები იმდენად მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევიან,  რომ შესაძლოა „შავი ხვრელის“ სტრუქტურაც გამოჩნდეს.

სუბმილიმეტრიანი ტელესკოპის ტალღის სიგრძე ერთი მილიმეტრია. ეს არის რაღაც საშუალო ოპტიკურ და რადიოტელესკოპს შორის. სუბმილიმეტრიანი ტელესკოპი უფრო დიდ ტალღებს არჩევს, ვიდრე ჩვეულებრივი ინფრაწითელი გამოსხივება, მაგრამ არცთუ ძალიან გრძელს, რომელიც რადიოგამოსხივებისთვისაა დამახასიათებელი.

აქამდე შეუძლებელი იყო შავი ხვრელების შიგთავსის დანახვა. ამიტომ მკვლევრები რამდენიმე თეორიაზე საუბრობენ. თუ რას წარმოადგენს მეცნიერთა აზრით „შავი ხვრელი“, შეგიძლიათ ეს ფილმ „Interstellar“-ში ნახოთ. ეს არის ანალოგის არმქონე შესანიშნავი ანიმაცია, რომლის შექმნაში „შავი ხვრელების“ თემაზე მომუშავე მკვლევარ-სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი. „მათი ინტერესი იყო კონკრეტული სურათის შექმნა. ალბათ ყველაფერი მართლაც ისე გამოიყურება, როგორც ფილმშია წარმოდგენილი“, – ამბობს უფე გრეი იორგენსენი.

„შავი ხვრელის“ გადასაღებად გრენლანდიურ ტელესკოპს გააერთიანებენ ჩილესა და ჰავაიზე არსებულ ტელესკოპებთან. სამივე ტელესკოპი იფუქციონირებს როგორც ერთი დიდი აპარატი, რომლის „დიამეტრი“ მათ შორის არსებულ მანძილს გაუტოლდება, ანუ რამდენიმე ათასს კილომეტრს მიაღწევს. სამივე ტელესკოპმა მიზანში ერთი ობიექტი უნდა ამოიღოს. მნიშვნელოვანია, რომ სამივე ტელესკოპი ერთმანეთისგან რაც შეიძლება შორს მდებარეობდეს. არ შეიძლება ტელესკოპების გამოყენება დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროებზე, რადგან ამ შემთხვევაში ერთსა და იმავე დროს ციურ ობიექტზე დაკვირვება ვერ მოხერხდება.

ამ დროისათვის გრენლანდიური ტელესკოპი განთავსებულია გემზე, რომელიც აშშ-დან კაანააკში, გრენლანდიის ჩრდილოეთით გადაადგილდება. გემი დანიშნულების წერტილს ზაფხულის განმავლობაში მიაღწევს, რის შემდეგაც ტელესკოპს ააწყობენ და იმ ყინულის ფარზე დაამონტაჟებენ, სადაც საამისოდ იდეალური კლიმატური პირობებია. „გრენლანდიური ტელესკოპი სამი კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდება. ბევრი ფიქრობს, რომ იქ, სადაც წყალუხვობა და ყინულია, სინესტის მაღალი დონეა. სინამდვილეში, -30 გრადუსზე საკმაოდ მაღალი სიმშრალეა, რადგან წყალი კონდენსირდება და თოვლად გადაიქცევა. ასე რომ, ის მწვერვალი კარგი ადგილია, მაღალიცაა და მშრალიც. როგორც კი გრენლანდიურ ტელესკოპს ააწყობენ, მაშინვე უამრავ სიახლეს შევიტყობთ“, – ამბობს მკვლევარი კოპენჰაგენიდან.

მისივე თქმით: „ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით „შავი ხვრელების“ შესახებ, ამიტომ ამ თემაზე ბევრს ვიმუშავებთ. როგორია მათი გრავიტაციური ველი? რა ემართება მატერიას, რომელიც ხვრელში ხვდება? კიდევ ერთი საინტერესო შეკითხვა – შესაძლებელია თუ არა გალაქტიკის ცენტრში მდებარე დიდი „შავი ხვრელები“ სხვა დროსა და სამყაროებთან გვაკავშირებდნენ? აი, ამის შესახებ გვინდა გავიგოთ. არ ვაპირებთ ხვალვე ვიფრინოთ „შავ ხვრელებში“. ეს უაზრობაა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენმა სამუშაო პროცესმა ბევრი ახალი ინფორმაცია უნდა მოგვცეს და იქ მიგვიყვანოს, სადაც არასოდეს ვყოფილვართ“.

გრენლანდიური ტელესკოპი ერთადერთი როდია, რომლითაც დანიელი მკვლევრები „შავ ხვრელებზე“ აწარმოებენ დაკვირვებას. ეს არის პროექტის – Event Horizon Telescope-ის ნაწილი, რომელიც ცხრა ტელესკოპს აერთიანებს. ყველა ტელესკოპი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. „არ ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი, მაგრამ, ჩემი აზრით, დიდი შანსია, რომ პირველი ფოტო უახლოეს ხუთ წელიწადში გვქონდეს“, – აცხადებს პროფესორი ულრიკ ინგერსლევ უგერხეი.

ის აღნიშნავს, რომ „შავ ხვრელებზე“ დაკვირვება პროექტის ერთადერთი მიზანი როდია. „ეს არის არა მხოლოდ დიდი სამეცნიერო პროექტი, არამედ შესანიშნავი შესაძლებლობა იმისა, რომ გავლენა ვიქონიოთ გრენლანდიელ საზოგადოებაზე, გავუღვიძოთ ახალგაზრდებს მეცნიერებისადმი ინტერესი, ვუბიძგოთ მაღალი ტექნოლოგიების განვითარებისაკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა“.

ალან ფინიქსი, სამეცნიერო კვლევების კოორდინატორი ჯანდაცვის მიმართულებით გრენლანდიური გიმნაზიიდან, ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია გრენლანდიელების ინტერესის სტიმულირება საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ. ამ სფეროში გრენლანდიას მკვლევრები აშკარად სჭირდება. ამჟამად მსგავსი განათლების მიღება შეუძლებელია. ჯერ დანიაში უნდა ჩახვიდე, რაც ბევრისთვის არც ისეთი მარტივია.

ტელესკოპთან მომუშავე გრენლანდიელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ „შავი ხვრელების“ კვლევით სტუდენტებიც დაინტერესდებიან, თუმცა ჯერ ზუსტად არავინ იცის, რას მოუტანს გრენლანდიას ეს კონკრეტული პროექტი.

თუ გრენლანდიელ მოსწავლეებს ტელესკოპით სარგებლობის ნებას დართავენ, ინტერესი მათაც გაუჩნდებათ, ამბობს პედაგოგი მატიას როსდალ იენსენი. მისი აზრით, საკვლევი მასალა უამრავია – მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში 100 მლნ.-ზე მეტი „შავი ხვრელია“ და თითოეული შორეულ წარსულში აფეთქებული გიგანტური ვარსკვლავის ნარჩენს წარმოადგენს.

საბჭოთა ადამიანი და ფორთოხალი

0

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჩვენს სახლში ერთი ყუთი იტალიური ფორთოხალი გაჩნდა. ალბათ საჩუქარი იყო, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები სრულიად გულგრილად შეხვდნენ. იდეალურად მრგვალმა, წითელწარწერებიან სიფრიფანა ქაღალდში გახვეულმა ფორთოხლებმა მხოლოდ მე ამაღელვა. ბებიაჩემმა იკითხა, მხედველობას თუ რგებსო. უარს არაფერზე ამბობდა, რასაც კი მხედველობის გაუმჯობესების უნარს მიაწერდნენ. უპასუხეს, არაო, და იმანაც სამუდამოდ დაივიწყა საჩუქარი.

ყველაფერი ახალი და უცხო ცნობისმოყვარეობას მიმძაფრებდა და წარმოსახვითი თავგადასავლების ნაწილად მექცეოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოდან ჩამოტანილი ფორთოხალი გასინჯული მქონდა, მაგრამ ამას, იტალიურს, განსხვავებული შეგრძნებების გამოწვევა შეეძლო: მახსენებდა საყვარელ სიმღერებს და მომღერლებს, წიგნებში აღწერილ ქალაქებს, ვენეციის შესახებ ნანახ დოკუმენტურ ფილმს, პიცას, რომელიც ისე მესიზმრებოდა ხოლმე, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო (დიდ ტაფაზე მოშუშული მწარე წიწაკა მეგონა)…

ვიღებდი ყუთიდან ფორთოხალს, ფრთხილად ვაცლიდი შესაფუთ ქაღალდს და წარწერების წაკითხვას ჯიუტად ვცდილობდი, მიუხედავად იმისა, რომ იტალურად არც წერა შემეძლო და არც კითხვა. ჩემი მცდელობა, ცხადია, ყოველ  ჯერზე წარუმატებლად მთავრდებოდა – იძულებული ვხდებოდი, წითელწარწერებიანი ქაღალდი ოთხად გამეკეცა და რომელიმე წიგნის ქვეშ ამომედო. მერე ქაღალდშემოცლილი ფორთოხალი დიდ ოთახში მიმქონდა, სადაც იშვიათად თუ შემოდიოდა ვინმე, ფანჯარასთან ვდგებოდი, ფორთოხალს მინას ვადებდი და ხელის ნელი მოძრაობით წრეებს ვხაზავდი.

ეს იყო და ეს. არც თეფში, არც დანა, არც სურნელოვანი რბილობის მოტკბო-მომჟავო წვენი…

რაღაც ასეთი ერთ ფილმში მქონდა ნანახი. პატარა ვიყავი და ფილმს ვერაფერი გავუგე, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი სახე და სურათი სამუდამოდ დამამახსოვრდა. რა თქმა უნდა, ვერაფრით ვხვდებოდი, რა მიმართებები შეიძლება ყოფილიყო ჩემს ხელისგულს, ფორთოხალსა და ფანჯრის მინას შორის, მაგრამ თავად ამ ჟესტის რომანტიკული მომხიბვლელობა, რაღაც იდუმალი სიღრმე ეჭვმიუტანლად მეჩვენებოდა.

ბავშვები ხშირად ბაძავენ სხვებს – ალბათ, მათ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან. ბაძავენ მსახიობებსაც, თუ ისინი ყველასთვის საყვარელ როლებს ასრულებენ. მე კი, რატომღაც, ვბაძავდი ქალს, რომლისაც არაფერი მესმოდა და რომლის არაერთმნიშვნელოვანმა მოძრაობებმაც უმოწყალოდ ამიბნია თავგზა.

იტალიური ფორთოხლები, ბებიაჩემის შეკითხვა, ფანჯრის მინასთან შესრულებული რიტუალი – ეს ყველაფერი დაახლოებით თვენახევრის წინ გამახსენდა, როცა 1981 წელს გადაღებული ფილმი – „თეირანი 43“ თავიდან ვნახე. მისი ნახვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბავშვობიდან გამოყოლილმა უკმარისობის განცდამ თავი შემახსენა. მივხვდი, რომ, საბედნიეროდ, უკვე დიდი ვარ და ფილმიდან აზრის გამოტანა უკეთესად შემიძლია.

მართალია, იტალიურ წარწერებს ისევ ვერ წავიკითხავ, მაგრამ ფილმების სიუჟეტების დამახსოვრება, პერსონაჟების ერთმანეთისგან გარჩევა და მათი აშკარა თუ ფარული მოტივების მეტ-ნაკლებად გააზრება აღარ მიჭირს. ბოლო დროს სწორედ იმ ფილმებს ვირჩევ, რომლებიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ვნახე და ვერც ვნახე. ვუყურებ ერთადერთი მიზნით: ოდნავ მაინც შევამცირო იმ გაუგებრობების რიცხვი, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე გადავაწყდი; სულ მცირე სიცხადე მაინც შევიტანო საკუთარ წარსულში.

რატომ ვუყურებდი „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებას“ ათი წლის ასაკში?

რატომ არ მიკრძალავდნენ არასაბავშვო ფილმების ყურებას მაშინ, როცა სხვა დანარჩენს ერთგვარი სიხარულითაც კი მიკრძალავდნენ?

როგორც ბევრი სხვა კითხვის, ამ კითხვების პასუხებიც არ ვიცი.

საბჭოთა ფილმების ყურება ძალიან ადრე შევწყვიტე – ალბათ მაშინ, როცა გადაცემა „ილუზიონი“ აღმოვაჩინე და წიგნების კითხვამ საბოლოოდ გამიტაცა. 13-14 წლისას, ჩემი საკითხავის გარდა, აღარაფერი მახსოვდა. ფრაგმენტულად დამახსოვრებული ძველი ფილმები – ცუდიც და კარგიც – ასევე დამრჩა – რაღაც ტრავმულ მოგონებებად, ერთგვარად საშიშ, გაუგებარ სურათებად.

ძველი ფილმების თავიდან ნახვის გასამართლებლად იმის თქმაც შეიძლება, რომ მათი დახმარებით ყველაზე უკეთ ხვდები, ორ ქვეყანაში რომ გიცხოვრია, ორი სინამდვილის ილუზორულ მტვერში.  ცნობილი ამბავია: შეუძლებელია, რომელიმე ადგილას თუნდაც მცირე ხნით ცხოვრებამ თავისი კვალი არ დატოვოს კაცსა თუ ქალზე, არ აქციოს იმად, ვინც ვერ გახდებოდა იმ ხედების თვალიერების, იმ ჰაერის სუნთქვის, იმ ნივთებზე ხელის შევლების, იმ ბილიკებზე ხეტიალის გარეშე. რუკიდან გამქრალ ქვეყანაში -საბჭოთა კავშირში გატარებული წლები იმ ადამიანების ცხოვრების ნაწილია, რომლებიც დღეს სხვა ადამიანებს ზრდიან. ნეტავ რამდენად შესაძლებელია იმის განსაზღვრა, საბჭოთა ეპოქაში შექმნილი წარმოდგენების, იქიდან გამოყოლილი შიშის რა ნაწილი გადაეცემათ გოგოებს და ბიჭებს – მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, უფროსი თაობისგან?

როგორ შეიძლება გამქრალად და არარსებულად ჩაითვალოს ის, რაც უამრავი ადამიანის წარმოსახვაში განაგრძობს სიცოცხლეს?

თავს ვერ დავდებ, რომ საბჭოთა ადამიანი არ ჩანს ჩემს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ არჩევანში, ყოველდღიურ ჟესტებში, მოძრაობებში.

კვლევაზე  დაფუძნებული სწავლების მაგალითი  გეოგრაფიაში

0

კვლევის სათაური: ახდენს თუ არა გავლენას საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

კვლევის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს, დაადგინოს, რა გავლენას ახდენს  საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. გააცნობიეროს, რომ შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების  მეორადი გამოყენება  და უტილიზაცია, ისე, რომ არ მიაყენოს ზიანი გარემოს.

კვლევის ამოცანები: გამოიკვლიონ ნარჩენების სახეები; გაეცნონ საყოფაცხოვრებო  ნარჩენების გადამუშავების ხერხებს; მოიძიონ ინფორმაცია ნარჩენების მეორადი გადამუშავებისა და უტილიზაციის შედეგების შესახებ; დასახონ  საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენების გზები.

კვლევის ობიექტი: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მათი უტილიზაციისა და მეორადი გამოყენების ხერხები.

რესურსები: სპეციალური კონტეინერები ან მუყაოს ყუთები, სასწორი, პასტა, ფურცელი, კომპიუტერი, ინტერნეტი.

სამუშაოს მსვლელობა კვლევის ეტაპების მიხედვით:

  1. საკვლევი თემის შესახებ  ინფორმაციის გახსენება,  მოძიება და შეგროვება:

ა) მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაიხსენონ, რა იციან ზოგადად  ნარჩენების, და მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ. ასევე სმენიათ თუ არა რაიმე ნარჩენების გადამუშავების ხერხების შესახებ. (სავარაუდო კითხვები: რა სახის ნარჩენები არსებობს? სად  მიდის ეს ნარჩენები? ხდება თუ არა მათი მეორადი გამოყენება და რატომ? სმენიათ თუ არა რაიმე ნარჩენების დახარისხების შესახებ?  ახარისხებენ თუ არა ნარჩენებს  მათ ოჯახში და თავად თუ მონაწილეობენ ამ პროცესში? ხომ არ  სმენიათ  მეორადად გამოყენებული საგნების შესახებ? თავად ხომ არ დაუმზადებიათ რაიმე?).

ბ) შემდეგ   ეტაპზე  მოსწავლეებმა  უნდა მოიძიონ ახალი   ინფორმაცია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების, გადამუშავებისა და უტილიზაციის ხერხების შესახებ. (მაგალითი – ახალი ინფორმაცია:  ა) ადამიანები ყოველდღიურად საკმაოდ ბევრ საყოფაცხოვრებო ნარჩენს აწარმოებენ, ბუნება კი ვერ უმკლავდება მათ გარდაქმნასა და უტილიზაციას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ მოხმარებული ზოგიერთი  საგნის  გარემოში გახრწნის პერიოდი იმაზე უფრო ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. მაგ;  ნარჩენების სრულად დაშლის დრო ქაღალდის ხელსახოცისთვის 2-3 კვირაა, გაზეთისთვის – 1.5 თვე,  რძის მუყაოს ყუთისთვის – 5 წელი, პენოპლასტის ჭიქისთვის – 50 წელი, ალუმინის ჭიქისთვის – 200 წელი, პოლიეთილენის  პარკისთვის – 200- 1000 წელი.  ბ) ტერმინი – 3R შესაბამისი სამი სიტყვის (ანუ იმ სამი ქმედების) პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში. ესენია: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება, ანუ გადამუშავება).

  1. ჰიპოთეზის წამოყენება: ა)  საყოფაცხოვრებო ნარჩენები ზიანს აყენებს გარემოს და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე; ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაცია შესაძლებელია გარემოზე ზიანის მიუყენებლად; გ) შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენება.
  2. კვლევის დაგეგმვა და ჩატარება:

1-ლი ეტაპი:   ნარჩენების დახარისხება.  ერთი კვირის განმავლობაში დაახარისხეთ თქვენი ოჯახის  მიერ  მოხმარებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები შემდეგ კატეგორიებად – ქაღალდი (გაზეთები, ჟურნალები, ნახმარი ხელსახოცები, მუყაოს ყუთები და სხვ);  ლითონის ნივთები (რკინის ან ალუმინის ქილები, აეროზოლის ბალონები  და სხვ.) პლასტმასისა და პლასტიკატის ნივთები (ერთჯერადი ჭურჭელი, ბოთლები, ქილები, ცელოფნის პარკები და სხვ.), მინის ნივთები (ქილები, ბოთლები და სხვ.) და კვების ნარჩენები. ნარჩენები მოათავსეთ ცალ-ცალკე კონტეინერებში ან მუყაოს ყუთებში

მე-2 ეტაპი: ნარჩენების აწონვა.  კვირის განმავლობაში დახარისხებული ნარჩენების თითოეული კატეგორია აწონეთ  და ჩაინიშნეთ მათი მასები. მონაცემები შეიტანეთ ცხრილში და გამოთვალეთ ნარჩენის საერთო მასა. ცხრილის შესადგენად გამოიყენეთ Microsoft Excel-ის პროგრამა. მაგალითი;

ნარჩენების კატეგორია მასა
1.      ქაღალდი და მისი სახეები 1.5 კგ
2.      ლითონის საგნები 400 გრ
3.      პლასტმასის და პლასტიკატის  ნივთები 200 გრ
4.      მინის საგნები 1.5 კგ
5.      სხვა 300 გრ
სულ 3კგ. 600 გრ
  1. ედეგების დამუშავება და ანალიზი:

დავალება №1. გამოთვალეთ  საშუალოდ რამდენ საყოფაცხოვრებო ნარჩენს აწარმოებს  თქვენი ოჯახის თითოეული წევრი კვირის განმავლობაში. ამისათვის  ნარჩენების საერთო მასა  3კგ. და 600 გრ. გაყავით თქვენი ოჯახის წევრთა  რაოდენობაზე (მაგ: 3-ზე).  მივიღებთ ნარჩენების რაოდენობას ერთ სულ მოსახლეზე კვირის მანძილზე: 3კგ 600გრ /3=1კგ 200გრ.  თუ თქვენ ამ რიცხვს გაამრავლებთ თვის დღეების (მაგ; 30 დღე) ან წელიწადის  დღეების (365 დღე)  რიცხვზე მიიღებთ თქვენ მიერ  წარმოებული ნარჩენების რაოდენობას თვის ან წლის განმავლობაში. მაგ; თვის განმავლობაში მხოლოდ თქვენ მიერ წარმოებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების მასა იქნება 1.კგ 200 გრ. 30= 36 კგ.,  ხოლო წლის მანძილზე  – 1.კგ 200 გრ . 30 = 438  კგ.

დავალება №2 .  პროცენტულად გამოთვალეთ თითოეული კატეგორიის  საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

  1. ქაღალდი და მისი სახეები –  5 კგ. 100 :  3.6 კგ = 41.6%
  2. ლითონის საგნები –    4 კგ. 100 : 3.6 კგ = 11. %
  3. პლასტმასის და პლასტიკატის ნივთები –    2 კგ . 100 : 3.6 = 5. 5%
  4. მინის საგნები – 5 კგ  . 100 :  3.6 კგ = 41.6%
  5. სხვა – 0.3 . 100 : 3.6 = 0.08 %
  6. მონაცემები შეიტანეთ Microsoft Excel -ის პროგრამის ცხრილის შესაბამის გრაფაში.
ნარჩენების კატეგორია მასა %
1.      ქაღალდი და მისი სახეები 1.5 კგ 41.6
2.      ლითონის საგნები 400 გრ 11
3.      პლასტმასის და პლასტიკატის  ნივთები 200 გრ 5
4.      მინის საგნები 1.5 კგ 41.6
5.      სხვა 300 გრ 0.08
სულ 3კგ. 600 გრ 100

მიღებული მონაცემებით  ააგეთ წრიული დიაგრამა

:

როგორც ცხრილიდან და დიაგრამიდან ჩანს,  საყოფაცხოვრებო ნარჩენებს შორის ყველაზე მეტია  ქაღალდი და მინის საგნები, ხოლო ყველაზე ცოტა –  პლასტმასის ნივთები.

  1. დასკვნის გამოტანა და ჰიპოთეზის შემოწმება:

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თითოეული ჩვენთაგანის ოჯახი  საკმაოდ დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებს, რომლებსაც არ ვახარისხებთ და ისე ვყრით ურნებში, საიდანაც  გააქვთ ნაგავსაყრელებზე. ისინი უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ  გარემოზე.  გარდა ამისა, ნაგავსაყრელებზე ხდება მათი დაწვა,  რაც კიდევ უფრო აუარესებს გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას და მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, დახარისხებას, შენახვასა და გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსდაცვითი კუთხით. ნარჩენების უტილიზაციის შესამცირებლად და შესამსუბუქებლად საჭიროა მათი დახარისხება; ამრიგად, ჩვენი ჰიპოთეზები დადასტურდა.

  1. რეკომენდაციების შემუშავება;

ა). გატარდეს პროპაგანდისტული კამპანია: ”დავახარისხოთ  საყოფაცხოვრებო ნარჩენები“; ბ). დასახლებულ პუნქტებში  დაიდგას სხვადასხვა ფერად შეღებილი კონტეინერები, სადაც  დახარისხებული ნარჩენები ჩაიყრება;  გ). გაიხსნას იმ საყოფაცხოვრებო ნარჩენების  მიმღები პუნქტები, რომელთა მეორადი გამოყენებაც შესაძლებელია.  დ). სასურველია   ვნახოთ შემდეგი ფილმი: ”ადამიანის ეკოლოგიური კვალი”, 4 ნაწილი, (The human Foodprint) 2007 წ.  ტელეარხი National Geographic-ი.  https://www.youtube.com/watch?v=4LdI2JORLBE

  1. პრეზენტაცია: მოსწავლეები წარადგენენ შესრულებულ სამუშაოს.
  2. შეფასება: მოსწავლეებმა უნდა შეავსონ თვითშეფასების ანკეტა:
  3. კმაყოფილი ხართ თუ არა მუშაობის პროცესით:

ა) კი; ბ ) არა:  გ) არ ვიცი; დ)  ყოველთვის არა;

  1. მუშაობის პროცესში  შეიძინეთ თუ არა  ახალი ცოდნა: ა) კი ; ბ) არა.
  2. მუშაობის პროცესში გამოგიმუშავდათ  ან განიმტკიცეთ თუ არა რაიმე ახალი უნარი: ა) კი; ბ ) არა.
  3. რა როლს ასრულებდით ჯგუფში მუშაობისას; ა) ინიციატორი, ბ) შემსრულებელი; გ) პრეზენტატორი; დ) პასიური დამკვირვებელი.
  4. ყოველთვის ახერხებდით სამუშაო გეგმით მუშაობას: ა) კი;  ბ) არა; გ) მიჭირს პასუხის გაცემა.
  5. გაგიჭირდათ თუ არა ჯგუფში მუშაობა: ა) კი; ბ) არა.
  6. ინფორმაციის რა წყაროებთან მოგიწიათ მუშაობა: ა) ბეჭდური;  ბ) ელექტრონული; გ) სხვა.
  7. იგრძენი თუ არა თავი მკვლევრად: ა) კი;  ბ) არა;  გ) მიჭირს პასუხის გაცემა.
  8. მიიღებთ თუ არა მომავალში კიდევ მონაწილეობას კვლევაში: ა) კი;  ბ)  არა; გ) არ ვიცი.
  9. დაწერეთ, როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას მომავალში?

კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ნათქვამის ანალიზი და ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვა შეუძლია

0

რაში გამოვიყენოთ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც იწერს ადამიანის თხუთმეტწუთიან საუბარს, რამდენიმე წამში აანალიზებს ჩანაწერს და აფასებს მოსაუბრეს?

ცოდნის, ქცევებისა და კოგნიტიური პროცესების გაზომვა მათემატიკოსებმა და ფიზიკოსებმა ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყეს, რაც საფუძვლად დაედო დისციპლინა „მათემატიკური ფსიქოლოგიის“ ჩამოყალიბებას. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მეცნიერები ფსიქოლოგიური თერაპიის შედეგების გაზომვასაც ცდილობენ.

ბელგიისა და ნიდერლანდების საზღვართან მდებარე გერმანიის ისტორიულ ქალაქ აახენში 2012 წელს ახალგაზრდა იურისტმა დირკ გრატცელმა შექმნა პირველი კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ადამიანის მეტყველებაში მისი პიროვნული მახასიათებლების ამოცნობა შეუძლია.

მანამდე პროგრამის ავტორი გერმანიის ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთისა და ჰოკეის ბუნდესლიგის მწვრთნელების მრჩეველი იყო. მას მწვრთნელებისთვის სპორტსმენების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიწოდება ევალებოდა. ამით ის ხელს უწყობდა მათ შორის წარმატებული კომუნიკაციის დამყარებას. მოგვიანებით გადაწყვიტა, სხვა სამსახურებსაც დახმარებოდა. მოთხოვნები ორი ტიპისა აღმოჩნდა. პირველი: ადმინისტრაციას სურდა, ახალი თანამშრომლები ამა თუ იმ თანამდებობისთვის მათი ფსიქოლოგიური მზაობის მიხედვით შეერჩია; მეორე: ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა ყოფილიყო მარტივი და სწრაფი. ამისთვის საჭირო იყო ისეთი საზომის არსებობა, რომელიც ტექნიკურად გამართული იქნებოდა და გააანალიზებდა ნათქვამს ან ნაწერს, შედეგად კი გამოჩნდებოდა აპლიკანტის ემოციები, პიროვნული და ფსიქიკური თვისებები.

საზომი პარამეტრები ერთი წლით ადრე – 2011 წელს გამოაქვეყნა ჯეიმს პენებაკერმა. სტატიაში „გამოყენებული ნაცვალსახელები ჩვენს პიროვნებას გამოხატავს“ ავტორი წერდა, რომ ფუნქციური სიტყვები: არტიკლები, პირის ნაცვალსახელები, კავშირები, დამხმარე ზმნები, –  შინაარსის მატარებელი არ არის, მაგრამ გულწრფელობას, სტაბილურობას და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებას წარმოაჩენს.

დეპრესიული ადამიანები ძალიან ხშირად იყენებენ პირველი პირის გამომხატველ ფორმებს, რადგან საკუთარ თავზე არიან კონცენტრირებულები. მაგალითად, თუ იკითხავთ: „როგორი ამინდია?“ – დეპრესიული ადამიანი გიპასუხებთ: „მგონი, ცხელა“, –გაწონასწორებული კი პირდაპირ იტყვის, რომ „ცხელა“.

ფუნქციური სიტყვების გამოყენების მიხედვით შეიძლება იმის დადგენაც, რა პოზიცია უკავია ადამიანს სამსახურში, დაქვემდებარებული პირია თუ მას ექვემდებარებიან სხვები. სოციალურ სტატუსთან ერთად ეს სიტყვები წარმოაჩენს მოსაუბრის ემოციურ მდგომარეობას, პიროვნულ თვისებებს და ასაკსაც კი.

პენებაკერმა ნათქვამის ანალიზის მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადა. ის აანალიზებდა თავის საუბარს გარდატეხის ასაკში მყოფ ვაჟთან, მცირეწლოვან ქალიშვილსა და მეუღლესთან. აღმოჩნდა, რომ ვაჟიშვილს ცივად და მიუკარებლად ესაუბრებოდა, ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა ამას. მიზეზს მალევე მიაგნო: ვაჟიშვილს თვითონვე ეჭირა თავი ცივად და გარიყულად. მაშინ მამამ შეცვალა თავისი საუბრის სტილი, რათა ურთიერთობა დაეთბო და შვილისთვის მეგობრობა და კარგი მამობა გაეწია. აღსანიშნავია, რომ პენებაკერს საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდა ნათქვამისა და ნაწერის ანალიზისთვის.

პროგრამისტებმა, ლინგვისტებმა, ფსიქოლოგებმა და ბიზნესის ადმინისტრატორებმა იურისტსა და წარმატებული კომუნიკაციის ტრენერ დირკ გრატცელთან ერთად მრავალი კვლევა ჩაატარეს. ისინი იწერდნენ ცდისპირების საუბარს 15 წუთის განმავლობაში, თანაც რამდენჯერმე, რათა შეემოწმებინათ, რამდენად სტაბილური იყო მოსაუბრის აზრები და საუბრის სტილი, შეისწავლეს ათასობით ადამიანის ნაუბარი განსაზღვრული კითხვების მიხედვით და გაითვალისწინეს ფსიქოლოგების უახლესი აღმოჩენები. შემდეგ შექმნეს მონაცემთა ბაზა და შეადგინეს პროგრამა „Psyware“, რომელიც რამდენიმე წამში ზომავს თხუთმეტწუთიანი საუბრის ას თხუთმეტ მახასიათებელს. ეს მახასიათებლებია მოსაუბრის მიერ გამოყენებული შინაარსის მატარებელი და ფუნქციური სიტყვები, ფრაზები, პირის ნაცვალსახელები, ზედსართავი სახელები, ზმნიზედები, წინადადების წყობა, ხმის ტემბრი, პაუზები სიტყვებსა და წინადადებებს შორის და მრავალი სხვა.

დირკ გრატცელის მიზანი კეთილშობილურია: კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით პოსტტრამვული სტრესის სინდრომის, დეპრესიის, გადაღლილობის, იმედგაცრუების აღმოჩენა და ადამიანებისთვის საკუთარ თავზე სამუშაოდ სწორი გზის ჩვენება, – თუმცა პროგრამის შექმნის თავდაპირველი მიზანი დამსაქმებლებისთვის კადრების სწორად შერჩევაში დახმარება იყო.

გამოყენებული წყაროები:

Your use of pronouns reviels your personality, James W. Pennebaker, Harvard Business Reviw, 2011

Sprachanalyse per software erlaubt Blick in die Seele, Peter Trechow, www.vdi-nachrichten.com

თამაშის როლი უცხო ენის სწავლებაში

0

თამაშს ანუ გასართობ მოქმედებას – განურჩევლად იმისა, პედაგოგიურია თუ არა – სამი მიმართულება აქვს: მოტორული, აფექტური და კოგნიტიური. მოტორული თამაშები ავითარებს მოტორულ უნარებს (მოძრაობას), აფექტური – დამოკიდებულებებს, ხოლო კოგნიტიური ცოდნას სძენს ადამიანს.

 

რას მატებს თამაში უცხო ენის გაკვეთილს

უცხო ენის სწავლა-სწავლებისას თამაშს ლინგვისტურ რეალიებთან ერთად კულტურის გადამტანის როლიც აკისრია. სასწავლო მეთოდად თამაშის გამოყენებისას ცენტრშია შემსწავლელი, მისი ინტერესები და შესაძლებლობები. სასწავლო პროცესში თამაშის გამოყენება ხელს უწყობს პოზიტიური, უშუალო ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, რაც ამ მეთოდს ტრადიციული პედაგოგიური მეთოდებისგან განასხვავებს.

უცხო ენის გაკვეთილზე თამაშის გამოყენება კომუნიკაციური მიდგომის ერთ-ერთი სახესხვაობაა, რომელის მეშვეობითაც უმჯობესდება სოციალური უნარები, ზეპირმეტყველება და ინტერაქცია.

თამაშს შეუძლია, გაალღოს თანაკლასელებსა თუ ჯგუფის წევრებს შორის არსებული ყინული, წაახალისოს მონაწილეები რთული სამუშაოს შესასრულებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ხელს უწყობს ჯგუფის დინამიკას.

გარდა ამისა, თამაში სცდება ფუნქციურ მიზნებს და მიდის უფრო შორს – მეტყველებამდე, სიტყვის თქმამდე და ა.შ.

უცხო ენის გაკვეთილზე გასართობი ქმედების უმთავრესი უპირატესობა მოტივაციის ამაღლებაა. ამ დროს მონაწილე უშუალოდაა ჩართული პროცესში და თვითშემეცნებას ეწევა. ფრანგული ენის გაკვეთილზე თამაშის გამოყენება წმინდა ლინგვისტური შესაძლებლობების განვითარებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ „მოქმედებას და რეაქციას სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციაში“.

როგორ შევარჩიოთ თამაში

რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად თამაშის არჩევისას უნდა განვსაზღვროთ სამიზნე ჯგუფი. აუცილებელია, მასწავლებელი კარგად იცნობდეს მას, ითვალისწინებდეს მის ინტერესებსა და შესაძლებლობებს. გარდა ამისა, უნდა დაფიქრდეს იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში სპეციფიკური და გლობალური მიზნების მისაღწევად.

მოსაძიებელია ალტერნატიული გზებიც, რადგან შესაძლოა, თამაში შეესაბამებოდეს სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს, მაგრამ, ამასთანავე, არსებობდეს ამ მიზნების მიღწევის უკეთესი, უფრო საინტერესო საშუალებაც.

გარდა ამისა, უნდა დავფიქრდეთ ჯგუფის მობილობაზე, იმაზე, როგორ განთავსდებიან მონაწილეები და ა.შ.

 

თამაშის მიზანი: ისევე როგორც ყველა პედაგოგიურ აქტივობას, თამაშსაც სჭირდება ნათელი და კონკრეტული მიზანი – უნდა ვიცოდეთ, რისთვის მოვიხმობთ ამ მეთოდს: წერითი თუ ზეპირი უნარების განსავითარებლად, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად, გრამატიკული ერთეულების დასასწავლად… მიზანი ის მარადიული კითხვაა, რომელსაც მასწავლებელი გამუდმებით უნდა უსვამდეს საკუთარ თავს.

მონაწილეთა (მოსწავლეთა) რაოდენობა ჯგუფში: აუცილებელია, წინასწარ განისაზღვროს ისიც, თამაში ჯგუფურია თუ ინდივიდუალური, რადგან მონაწილეთა რაოდენობა ზოგიერთ თამაშში შეზღუდულია და პირიქით, არსებობს სოციალური თამაშები, რომლებიც დიდ ჯგუფებთან გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მცირესთან.

მონაწილეთა აკადემიური დონე და სოციალური უნარები: აუცილებელია ამ ფაქტორთა გათვალისწინება და მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. მაგალითად, დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე შესაძლოა იყოს ღია, დინამიკური და სიამოვნებით მიიღოს მონაწილეობა ჯგუფურ თამაშში, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლემ, რომელსაც არ აქვს განვითარებული ინტერპერსონალური უნარები, პირიქით, უარი თქვას მასზე, ამიტომ თამაშის ისეთი წესების შერჩევაა საჭირო, რომლებიც ყველა მონაწილეს მოერგება.

თამაშის დრო და ხანგრძლივობა: გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი თამაშის წესების ახსნას მეტი დრო სჭირდება, ზოგისას –  ნაკლები; ზოგი ჯგუფი უფრო იოლად ითვისებს წესებს, ზოგი – უფრო ძნელად. განსაზღვრეთ, რამდენი ხანი დაგჭირდებათ თამაშის დროს მოგროვებული ქულების დასათვლელად, რადგან ხშირად ეს პროცესი უფრო მეტ ხანს მოითხოვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

თამაშის დროს სივრცის გამოყენება: იმის გასარკვევად, გეყოფათ თი არა სივრცე, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: სად აპირებთ თამაშს – საკლასო ოთახში თუ მის გარეთ? პატარაა თუ დიდი საკლასო ოთახი? მოძრავია თუ არა მაგიდები? მოძრავია თუ არა თავად თამაში?

გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციებიც:

  • შეარჩიეთ თამაშისთვის სასურველი დრო;
  • ხელი შეუწყვეთ პოზიტიური გარემოს შექმნას;
  • აუხსენით მონაწილეებს წესები და შეამოწმეთ, ყველამ გაიგო თუ არა მითითებები.
  • თამაშის დროს გაამხნევეთ მოსწავლეები, რათა მათ აქტიური მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეთ.

თამაშის დასრულების შემდეგ:

  • შეაჯამეთ თამაში. ამასთან, სასურველია, მომავალი თამაშის იდეაც დასახოთ.

სად ვიპოვოთ პედაგოგიური თამაშები

უპირველეს ყოვლისა, თვალი გადავავლოთ ინტერნეტრესურსებს. საკმარისია, საძიებო სისტემაში ჩავწეროთ სიტყვები „jeu“ და „FLE“, რომ ვიპოვით უამრავ თამაშს, რომლებსაც ფრანგული ენის მასწავლებლები გვთავაზობენ მთელი მსოფლიოდან. თამაშის არჩევამდე წარმოსახვით უნდა გავიაროთ ყველა ზემოხსენებული ეტაპი. თამაში უფრო სანდო რომ იყოს, სასურველია, ის ოფიციალურ ვებგვერდზე შევარჩიოთ, რადგან ასეთ გვერდებზე უფრო ხშირად აზიარებენ ნაცად და ეფექტურ თამაშებს. წავიკითხოთ კომენტარებიც, სადაც მასწავლებლები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ – შესაძლოა, გამოგვადგეს.

არსებობს სახელმძღვანელოებიც, რომლებიც სწორედ თამაშის მეთოდის გამოყენების მსურველთათვისაა განკუთვნილი. სახელმძღვანელოში თამაშის შერჩევისას აუცილებელია იმავე ეტაპების გავლა.

ერთი თამაშის პრაქტიკული მაგალითი

„დაასწარი – იპოვე ზმნა და შეადგინე წინადადება“

თამაშის კომუნიკაციური მიზანი: ზეპირმეტყველების განვითარება

ენობრივი/ ლინგვისტური მიზანი: ზმნის უღლება აწმყო დროში, დასწავლილი ლექსიკური მარაგის მიზნობრივი გამოყენება

სამიზნე ჯგუფი: A1 და ზევით

რესურსი: წინასწარ მომზადებული თვალსაჩინოება

მოსამზადებელი საფეხური:

I ეტაპი

დაავალეთ მოსწავლეებს, ფურცლებზე დახატონ ხელის მტევნები, ხელისგულებზე დაწერონ ზმნის უღლება და ამოჭრან (ზმნების შერჩევა შეიძლება მიზნობრივად, იმის მიხედვით, რომელ დროს და რომელი ჯგუფის ზმნებს გადიხართ. მაგ., I ჯგუფის ზმნები აწმყო დროში – présent les verbes en -er. სასურველია, ზმნები წინასწარ დაინაწილონ მოსწავლეებმა, რათა არ გამეორდეს. რაოდენობა განსაზღვრეთ მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. სასურველია დაახლოებით 50 ზმნა).

II ეტაპი

მოსწავლეები შესრულებულ დავალებას აკრავენ ერთ დიდ ფორმატზე, ისე, რომ იკითხებოდეს. დასრულებული თვალსაჩინოება გააკარით შესამჩნევ და ხელმისაწვდომ ადგილას.

თამაშის საფეხური

I ეტაპი

◦ მონაწილეები იყოფიან ორ ჯგუფად.

◦ თითო ჯგუფიდან გამოდის თითო წარმომადგენელი, დგება თვალსაჩინოებასთან და ელოდება დავალებას.

◦ თამაშის წამყვანი (შეიძლება, ეს იყოს მასწავლებელი) ასახელებს ზმნას, რომელიც მოცემულია თვალსაჩინოებაზე.

◦ ჯგუფის წარმომადგენლები ეძებენ ზმნას, პოვნის შემთხვევაში აფარებენ ხელს (ისე, რომ დაიფაროს ნაუღლები ზმნა) და აუღლებენ ზეპირად.

◦ ამავე ზმნის გამოყენებით ადგენენ წინადადებას (თამაშის გართულებისას შეიძლება სხვა მითითებების მიცემაც, მაგალითად, რა ასო-ბგერაზეც იწყება ზმნა, იმავე ასო-ბგერაზე დაიწყოს წინადადების ყველა წევრი: Parler – Papa parle polonais).

თითოეულ შესრულებულ დავალებაში ჯგუფი იღებს თითო ქულას. გამარჯვებულია ის, ვინც დაასწრებს პასუხს (უფრო სწრაფად იპოვის ზმნას, უფრო სწრაფად აუღლებს მას და შეადგენს წინადადებას).

თამაში გრძელდება მანამდე, სანამ ჯგუფის ყველა წევრი არ გამოვა სათამაშოდ.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Haydée Silva, Le jeu en classe de langue
  2. Javier Suso Lopez, Jeux communicatifs et enseignement / apprentissage des langues étrangères

სწავლის შედეგების შიდა შეფასება (ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სკოლაში, ნაწილი II)

0

სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ სკოლაში ხარისხის უზრუნველყოფის გამართული სისტემის არსებობის აუცილებლობაზე, მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის განმარტებასა და სწავლის შედეგების ობიექტური შეფასების არსზე. ამჯერად ყურადღებას შიდა შეფასების როლსა და მნიშვნელობაზე გავამახვილებთ.

პროცესი, რომელზეც ამ სტატიაში ვაპირებთ საუბარს, შეეხება სწავლის შედეგების ობიექტურ შეფასებას და ამის დადასტურებას სახელმწიფოს მხრივ. მოდელს წარმატებით იყენებენ შოტლანდიაში, კერძოდ, პროფესიულ განათლებაში, თუმცა მსგავს პრინციპებზეა აგებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები ზოგად და უმაღლეს განათლებაშიც. პროცესის არსი ისაა, რომ დაწესებულების მიერ განხორციელებული შეფასების გადამოწმება პირველ ეტაპზე ხდება თავად სკოლაში, შიდა შემფასებლის მიერ. სასწავლო წლის განმავლობაში (მაგალითად, პირველი სემესტრის დასრულებისას) სკოლის მიერ განხორციელებულ შიდა შეფასებას ამოწმებს გარე შემფასებელი, წინააღმდეგობების აღმოჩენის შემთხვევაში აძლევს სკოლას შესაბამის რეკომენდაციებს და სასწავლო წლის ბოლოს ამოწმებს, როგორ შესრულდა ისინი. თუ ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია, მასწავლებლის მიერ დაწერილი შეფასებები ობიექტურად მიიჩნევა და მოსწავლე იღებს შესაბამის ქულას. მთელი პროცესი აგებულია შიდა და გარე შეფასებაზე, რომელსაც ვერიფიკაციას უწოდებენ.

ამჟამად პოლიტიკის დონეზე ასეთი სისტემის დანერგვა საქართველოში ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ გთავაზობთ ხარისხის უზრუნველყოფისა და სწავლის შედეგების დადასტურების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს, რომელიც სკოლამ ან დამეგობრებულმა სკოლებმა შეიძლება საკუთარი ინიციატივით გამოიყენონ ექსპერიმენტის დონეზე, ჩაატარონ კვლევა და დააკვირდნენ შედეგებს. სურვილის შემთხვევაში ამის განხორციელება სავსებით დასაშვები და მისასალმებელი იქნება.

პროცესის ეტაპებია:

  1. შიდა შეფასების დაგეგმვა;
  2. შიდა შეფასების ჯგუფის (ვალიდატორების) შერჩევა სკოლაში;
  3. შიდა ვალიდატორების მიერ მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასების გადამოწმება;
  4. რეკომენდაციების გაწევა (საჭიროებისამებრ);
  5. გარე ვალიდატორების მიერ სკოლაში ვიზიტი და გარე შეფასების განხორციელება;
  6. გარე ვალიდატორების მიერ რეკომენდაციების გაცემა;
  7. რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის შედგენა;
  8. საბოლოო გარე შეფასების განხორციელება;
  9. შედეგების შეჯამება.

შიდა შეფასება მთლიანად სკოლის პასუხისმგებლობაა. დაწესებულებამ უნდა უზურნველყოს, რომ პროცესი იყოს სანდო, ვალიდური და ობიექტური. იგი ამოწმებს, რამდენად ზუსტად იგეგმება და სამართლიანად ხორციელდება შეფასება. ეფექტური შიდა შემოწმების სისტემა ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფის არსებითი ნაწილია. ეს არის დახმარებაზე ორიენტირებული პროცესი და არამც და არამც არ გულისხმობს შეფასების შედეგების გამოყენებას დასჯის მიზნით. თუ სკოლის ადმინისტრაცია მთელ ამ პროცესს არ განიხილავს როგორც მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდამჭერ მექანიზმს, ისიც ისევე იქცევა ფორმალობად და დოკუმენტების გროვად, როგორც მრავალი სხვა. სკოლის ადმინისტრაციამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ მთავარი მოსწავლე და მის მიერ მიღებული შედეგია. შედეგის მიღება კი მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია, კარგი მასწავლებელი ჩამოყალიბდეს სტრესულ და დასჯაზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც მთავარი შეცდომების აღმოჩენაა და არა შეცდომებზე სწავლა.

განვიხილოთ შემდეგი სიტუაცია: სკოლას ჰყავს 4 ქართულის მასწავლებელი. ყველა კლასში საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულია მისაღები შედეგები. ასევე განსაზღვრულია შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა. ქართული ენის კათედრა წლის დასაწყისში ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის მონაწილეობით ირჩევს ერთ შიდა შემფასებელს, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება მასწავლებლების მიერ დაწერილი ქულების ობიექტურობას. არსებითად მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა ყველა მტკიცებულება შეაგროვონ და შეინახონ, რათა საბოლოო შედეგების დადასტურებისას არგუმენტირებულად წარმოადგინონ პოზიცია. ზეპირი გამოკითხვის დროს მტკიცებულება იქნება ვიდეოჩანაწერი, წერილობითი დავალების დროს – გასწორებული ნამუშევრები, პროექტის განხორციელების შემთხვევაში – მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები და ა.შ. შიდა შემფასებელი აკვირდება და ამოწმებს მასწავლებლის მიერ შემაჯამებელ დავალებებში გაცემულ შეფასებას, ამიტომ საჭიროა, ყველა დავალებას თან ახლდეს შეფასების რუბრიკა.

უშუალოდ შიდა შეფასების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. შიდა შეფასებისა დაგეგმვასა და ჩატარებას;
  2. მასწავლებლის (შემფასებლის) მხარდაჭერასა და ხელმძღვანელობას.

შიდა შეფასების პროცესში მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების დეტალური გაწერა/განაწილება. ადმინისტრაციის მხრივ პროცესის გამართულ მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი პირი შეიძლება იყოს ხარისხის მართვის მენეჯერი ან დირექტორის მოადგილე შესაბამის დარგში. მან უნდა უზრუნველყოს შიდა და გარე შეფასების პროცესების ორგანიზება, კოორდინირება გაუწიოს კადრების მომზადებას და განვითარებას, შიდა შემოწმების დროს ჩაატაროს პროცესის მონიტორინგი და ა.შ.

ჩვენ მოკლედ განვიხილეთ შიდა შეფასების პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მაგალითზე, მაგრამ სწავლის შედეგები ყველა საგანში უნდა დადასტურდეს. შესაბამისად, ყველა საგნის მასწავლებლებმა უნდა აირჩიონ შიდა ვერიფიკატორი, რომელსაც ანდობენ პროცესის წარმოართვას. საბოლოოდ იქმნება შიდა ვერიფიკატორთა ერთი გუნდი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შიდა შემფასებლები საგნის მასწავლებლები არიან. მათი შერჩევის კრტერიუმები შეიძლება თავად დირექციამ დაადგინოს ან კათედრამ შეიმუშაოს. მთავარია, შიდა ვერიფიკატორებმა შეაფასონ მასწავლებელთა მიერ დაწერილი ქულების ობიექტურობა, შეაგროვონ სათანადო მტკიცებულებები, შეამოწმონ, რამდენად სამართლიან და თანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს იღებენ პედაგოგები, საჭიროების შემთხვევაში ჩაატარონ გამოკითხვები და აწარმოონ ჩანაწერები. თუ სკოლაში საგნის მხოლოდ ერთი მასწავლებელია, ამ შემთხვევაში შეფასების განხორციელება სხვა სკოლის იმავე საგნის პედაგოგს შეუძლია.

ამგვარი სამუშაოს შესასრულებლად შიდა ვერიფიკატორებს შესაბამისი მეთოდოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ, რაც სკოლამ უნდა უზრუნველყოს წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად.

არსებითად მნიშვნელოვანია, სკოლამ გაიაზროს, რომ შიდა ვერიფიკატორის სტატუსი არ აძლევს მასწავლებელს რაიმე დამატებით პრივილეგიას. არ შეიძლება, ეს სკოლაში არასათანადო გარემოს შექმნის საფუძველი გახდეს. აქ გადამწყვეტი როლი სკოლის დირექციას ეკისრება, რომელიც მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პედაგოგებისთვის.

სტატიის მომდევნო ნაწილებში შიდა შეფასების პროცესის დაგეგმვასა და უშუალო წარმართვაზე ვისაუბრებთ.

წიგნებით თამაში, ზაფხული

0

მგონი, გახსოვს ჩვენი შეთანხმება, რომ ამ ზაფხულს, ბებიის სახლის ძველისძველ წიგნის თაროზე თუ სოფლის დამტვერილ ბიბლიოთეკაში, უცხო ქალაქების წიგნების მაღაზიებში თუ საკუთარ, დავიწყებულ წიგნებს შორის მე და შენ  ტექსტებს ვეძებთ, ტექსტებს სულს ვუდგამთ, ტექსტებს ვაღვიძებთ – არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ხნის მკვდარია ეს ტექსტი, თუ დაბადებიდან მკვდრადშობილი, შენი მთავარი საზაფხულო დავალება  – მათი გაღვიძება იქნება.

როგორ? ახლავე მოგიყვები!

            მოკლედ, მე ასეთი თამაში მოვფიქრე – თვალახვეული მივდივარ წიგნის თაროსთან და შემთხვევით, ალალბედზე ვიღებ წიგნს, შემდეგ, თუ მასში არ არის, მე მაინც ვცდილობ მოვძებნო ლიტერატურა, ხოლო თუ უკვე არის, – ამას რა ჯობია.

მმმ, აი, ნახე, დავბორიალობ ბიბლიოთეკის თაროებთან, მეტი ინტრიგისთვის გეტყვი, რომ ეს განყოფილება სულაც არაა მხატვრული ლიტერატურა, აქ ლექსიკონები, ლექსიკონები და კიდევ ერთხელ ლექსიკონებია – მთელი საბადო, ერთგვარი განძთსაცავი.

            მე რომ მკითხო, ლექსიკონი – ღმერთების წიგნია, აბა, სხვაგვარად როგორ უნდა მოახერხონ მათ ერთდროულად ყველგან და არსად ყოფნა – ჰოდა, ამიტომაც მგონია, რომ ანტიკური ღმერთები  ლექსიკონებში ცხოვრობენ.

ნახე, რამდენი ჯადოსნური წიგნია – განმარტებითი, ორთოგრაფიული, სინონიმთა, გეოგრაფიული სახელების, ეტიმოლოგიური,  სიმფონია-ლექსიკონები,  უცხო ენათა…

სიტყვა გამიგრძელდა, ხელისცეცებით ვსინჯავ წიგნებს, ისე ადვილად საგრძნობია წიგნების მტვერი, სხვადასხვა ფაქტურის ყდა, რბილი, მაგარი, ტყავის, მუყაოსი, ზოგი რელიეფური, ზოგი – ძალიან გლუვი, მორჩა, რაც არის, არის, ერთი წიგნი მოვიხელთე – ჩემს ბადეში მოხვდა.

            თვალს ვახელ და ვუყურებ – მოყავისფრო წიგნია, საშუალო ზომის, მაგარყდიანი – “საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი”, ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1989 წ.

მდაას, რას იტყვი, რთული მისია მხვდა თუ არა წილად? – ლიტერატურად ვაქციო, მხატვრულ ტექსტად წარმოვიდგინო მთელი ეს გეოგრაფია და ორთოგრაფია. ძნელია? ვინ იცის, ჩვენ მივყვეთ.

შესავალში ვიგებ, რომ ამ შესანიშნავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორები, გამოჩენილი ენათმეცნიერები არიან – ქართული ფილოლოგიის ღმერთები თუ ნახევარღმერთები – ეს ჩემს პასუხისმგებლობას ზრდის.

თვალსაჩინოებისათვის პირველივე გვერდს გაჩვენებ:

აარე-მდ. რაინის მარცხ. შენაკადი; შვეიცარია

აახენ-ი – ქ; ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარე;

აბა- ქ; აღმოსავლეთი ოლქი, ნიგერია;

აბადან-ი – ქ; ხუზისტანის ოსტანი, ირანი;

აბაი-ცისფერი ნილოსის სახელწოდება ეთიოპიაში;

აბასიანთა სახელმწიფო – ბაღდადის სახალიფო, არაბული ფეოდ. სახელწიფო 750-1258 წლებში;

აბაშეთი – ეთიოპიის ძვ. ქართული სახელწოდება;

აბეოკუტა- ქ; ოგუნის შტ. ადმ.ცენტრი, ნიგერია;

აბიჯანი- ქ; კოტ-დ`ივუარი;

აგუასკალიენტესი- ქ. მექსიკა;

ადელის მიწა – ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი…

და ა.შ.

          გადავდივარ თამაშის მთავარ ნაწილზე:

 მაშ ასე, აეროპლანით მოგზაურობს ჩემი წარმოსახვითი გმირი თუ თვითმფრინავით, მხოლოდ სივრცეში თუ დროშიც, ევროპიდან აფრიკამდე, სხვა პლანეტებზე თუ სულაც პარალელურ დროში,  არაფერი ისე არ აღვიძებს ფანტაზიას და ქმნის სიუჟეტს, როგორც საინტერესო ტოპონიმიკა, ხოლო ბგერითი შემადგენლობა, ემოციური აღქმა, მეხსიერების სიღრმეებიდან ამოტანილი ინფორმაცია თუ უბრალოდ, მოგონება ან ცნობიერების ნაკადი საერთოდ – ისეთ ფერად ლიტერატურულ ტილოს დახატავს, რომ წარმოდგენა შეუძლებელია.

საერთოდაც, სახელების დარქმევის ნიჭი, ერთ-ერთი პირველი ჯილდოთაგანია, რომელიც ადამიანს ებოძა.

ვმოგზაურობ ამ წიგნში, გეოგრაფიული სახელიდან გეოგრაფიულ სახელამდე, სიტყვიდან სიტყვამდე, ა წერტილიდან ბ წერტილამდე…

თავბრუდამხვევი შთაბეჭდილებაა :

“ბარსელონა” -ბავშვობაში კატა მყავდა და მას ერქვა ასე;

„დია”, ჩემი სახელის შემოკლებული ვარიანტი, ანუ როგორც ჩემი შვილი მეძახის – მდინარე ყოფილა. სწორედ ამ მდინარის პირას დაიწყება ჩემი ამბავი, უფრო სწორად ჩემი წარმოსახვითი ტექსტის გმირის, ხოლო სად დამთავრდება, ვნახოთ, ჯერ მხოლოდ ქართული ანბანის დასაწყისია…

ივლის ჩემი პერსონაჟი და ასე იმღერებს: “სან-ტომე-დე გუაიანააა”… -სიმღერა გეგონა? სინამდვილეში შტატია, ვენესუელაში.

მოკლედ, ითამაშე ლიტერატურით, ეძებე იგი იქ,  სადაც არ არის და დატკბი მისით იქ, სადაც  იპოვე. როცა სკოლაში დაბრუნდები, მეც მიამბე ანდა წამაკითხე.

ესეც კიდევ ერთი  საზაფხულო დავალება!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...