კვირა, სექტემბერი 14, 2025
14 სექტემბერი, კვირა, 2025

რას ნიშნავს იყო კარგი მსმენელი

0

ერთხელ დედა-შვილის საინტერესო დიალოგის მოწმე გავხდი. პატარა ბიჭუნა გატაცებით უყვებოდა დედას სკოლაში იმ დღეს მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ. განსაკუთრებით მათემატიკის გაკვეთილით ვერ მალავდა აღფრთოვნებას – ეტყობოდა, წარმატებით გაერთმია თავი დავალებისთვის და მასწავლებლის ქებაც დაემსახურებინა. უცებ დედამ საუბარი შეაწყვეტინა: „ინგლისურში თუ მოამზადე საშინაო დავალება? ხომ იცი, დღეს შენთან მასწავლებელი მოდის!“ ბიჭუნამ გაოცებული და უკმაყოფილო სახით შეხედა დედას და გულისტკივილი ვერ დამალა: „როგორ, არ მისმენდი?! მე კი მეგონა, გაინტერესებდა, რასაც ვყვებოდი“. ამის შემდეგ მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია. მომავალში, როცა დედა თავად დაინტერესდება შვილის სასკოლო ან სკოლისგარე ცხოვრებით, საეჭვოა, ბავშვს კვლავ გაუჩნდეს რამის მოყოლის სურვილი. რასაკვირველია, მძიმე სამუშაოთი და ათასგვარი საზრუნავით გადაღლილი დედა ყოველთვის ვერ იქნება კარგი მსმენელი შვილისთვის, რომელიც თავის პრობლემებზე ან წარმატებებზე ესაუბრება. ასეთ დროს ალბათ უკეთესი იქნება, ბავშვს გულწრფელად ვუთხრათ, რომ დაღლილობის გამო გვიჭირს მისი მოსმენა, ვიდრე კარგი მსმენელის როლი „ვითამაშოთ“ და მისი ყოველი სიტყვა ცალი ყურიდან შევუშვათ, მეორიდან კი გავუშვათ. ბავშვები აფასებენ გულწრფელობას და, ამასთან, თანაგანცდის უნარიც უკეთესი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს.

მოსმენისუუნარობას ზრდასრული ადამიანები ხშირად არა მხოლოდ ბავშვთან, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობის დროსაც ვამჟღავნებთ. მოსმენის უნარი ეფექტური კომუნიკაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ის აუმჯობესებს კომუნიკაციის პროცესს, გვეხმარება, უკეთ გავუგოთ არა მხოლოდ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც, ხელს უწყობს პოზიტიური თვითგანცდის, ფსიქოლოგიური კომფორტისა და ემოციური სტაბილურობის გრძნობის ჩამოყალიბებას. დიდი როლის შესრულება შეუძლია სტრესისა და დაძაბულობისაგან გათავისუფლებაშიც. ის მნიშვნელოვანი შენაძენია პიროვნული სრულყოფისკენ სწრაფვის გზაზე და ადამიანის კულტურის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, კარგი მსმენელი ცოტაა და კონფლიქტური სიტუაციების მიზეზიც ყველაზე ხშირად სწორედ მოსმენისუუნარობაა. არცთუ იშვიათად ორი ადამიანის საუბარი კონფლიქტსა და უთანხმოებაში მხოლოდ იმიტომ გადაიზრდება, რომ მათ უჭირთ ერთმანეთის მოსმენა და იმასაც ვერ ხვდებიან, რომ შესაძლოა, ერთსა და იმავეს ამტკიცებდნენ, ერთი აზრი ჰქონდეთ კონკრეტული საკითხის შესახებ, მაგრამ მოსმენისუუნარობის გამო ვერ უგებდნენ ერთმანეთს და თითოეულ მათგანს ეგონოს, რომ თანამოსაუბრეს განსხვავებული პოზიცია აქვს.

ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესო იქნება კარგი მსმენელისთვის დამახასიათებელი ნიშნების გაცნობა და იმაზე საუბარი, რა დაგვეხმარება მოსმენის უნარის გამომუშავებაში.

 

რეკომენდაციები მათთვის, ვისაც სურს, კარგი მსმენელი გახდეს

  • მოსმენა რთული პროცესია. კარგი მსმენელი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებიანი და მომთმენი უნდა იყოს.
  • ნაკლები ლაპარაკი და მეტი მოსმენა კომუნიკაციის პროცესში კარგი მსმენელისთვის საჭირო უნარის გამომუშავების საუკეთესო საშუალებაა. ადამიანურ მოთხოვნილებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, გაუგოს სხვას და სხვებსაც ესმოდეთ მისი. მოსმენა ადამიანის გაგების ძალიან კარგი საშუალებაა.
  • ხშირად მოსმენის პროცესს აფერხებს წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი განსახილველ საკითხზე და განწყობა თანამოსაუბრის მიმართ. ვეცადოთ, ბოლომდე ვათქმევინოთ თანამოსაუბრეს სათქმელი, ისე მოვუსმინოთ, რომ არ შევაწყვეტინოთ, მაშინაც კი, როცა არ ვეთანხმებით ან თავად გვაკრიტიკებს; ვეცადოთ, ვაღიაროთ განსხვავებული აზრის არსებობა. აღიარება დათანხმებას არ ნიშნავს.
  • ვეცადოთ, ვიყოთ კონცენტრირებული თანამოსაუბრეზე; ყურადღებას სხვა რამეზე ნუ გადავიტანთ. მოსმენას შესაძლოა ხელი შეუშალოს როგორც გარეგანმა (ტელევიზორი, მობილური, სხვა ადამიანები), ასევე შინაგანმა (შიმშილი, წყურვილი, დაღლილობა) ფაქტორებმა. კარგი იქნება, თუ ამას საუბრის დაწყებამდე გავითვალისწინებთ.
  • ნუ მოვუსმენთ ზერელედ. ნუ გადავუხვევთ ძირითად იდეას. მოვუსმინოთ იმისთვის, რომ გავუგოთ და არა იმისთვის, რომ გაგვიგონ. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანს სურს, მოუყვეს თანამოსაუბრეს საკუთარი პრობლემის შესახებ და მასთან ერთად განიხილოს ის, მაგრამ როგორც კი ამის შანსი მიეცემა, თანამოსაუბრე აწყვეტინებს საუბარს და საკუთარ თავზე იწყებს ლაპარაკს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ არავინ არავის უსმენს. ნაცვლად იმისა, რომ ნათქვამი გაიაზრონ, თანამოსაუბრეები უბრალოდ ელოდებიან თავიანთ რიგს საკუთარი აზრის გამოსათქმელად. კარგი მსმენელი ბოლომდე უსმენს თანამოსაუბრეს და არ ელოდება, როდის ამოისუნთქავს ის, როდის შეისვენებს, რათა საუბრის ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს. კარგი მსმენელი არც იმაზეა ორიენტირებული, რომ ბოლო სიტყვა აუცილებლად მან თქვას და „გამარჯვებული“ გამოვიდეს. ის უბრალოდ ყურადღებით უსმენს თანამოსაუბრეს და საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალებას აძლევს მას.
  • საუბრის პროცესში მნიშვნელოვანია სხეულის ენის ფლობა. ჩვენი სხეულის ენამ შესაძლოა თანამოსაუბრეს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ყურადღებით ვუსმენთ. გულხელდაკრეფილი ჯდომა და სადღაც შორს მიმართული მზერა თანამოსაუბრეს იმაზე მიანიშნებს, რომ მასთან საუბარი ჩვენთვის მოსაწყენია, ეს კი აუცილებლად შეაფერხებს კომუნიკაციის პროცესს. კარგი მსმენელი მუდმივად ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს და გაურბის ზედმეტ მოძრაობებს (თმის, ტანსაცმლის გასწორებას, მობილურის ან კალმის ხელში ტრიალს), რადგან იცის, რომ თანამოსაუბრე უხერხულად იგრძნობს თავს და, დიდი ალბათობით, შეწყვეტს საუბარს.
  • კარგ მსმენელს თანაგანცდის კარგი უნარი აქვს, მოსმენილს ის უყურებს არა საკუთარი, არამედ მთხრობელის თვალით. ჩვენ არ ვართ ვალდებული, ყველაფერში დავეთანხმოთ თანამოსაუბრეს; უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, როგორ გრძნობს ის თავს. რასაკვირველია, ვერასოდეს შევძლებთ მისი ნამდვილი გრძნობების გაგებას, მაგრამ ცდა ძალიან მნიშვნელოვანია.
  • კარგი მსმენელი თავს არიდებს მზამზარეული რჩევების მიცემას. გავითვალისწინოთ: ხშირად ადამიანი იმისთვის კი არ გვესაუბრება საკუთარ პრობლემებზე, რომ ჩვენგან დაუყონებლივ მიიღოს რჩევა – შესაძლოა, მას უბრალოდ უარყოფითი ემოციებისგან დაცლა სურდეს და გრძნობს, რომ ჩვენთან საუბარი ამაში ეხმარება.
  • თუ მზად არ ვართ საუბრისთვის, სავსე ვართ ემოციებით, განცდებით და ვღელავთ, ჯობს, საერთოდ არ დავიწყოთ საუბარი, რადგან ამ დროს კარგი მსმენელი ვერ ვიქნებით.

ამრიგად, ყოველთვის კარგი მსმენელის როლში ყოფნა ძნელია, მაგრამ თუ გვინდა, სხვები გვისმენდნენ, ჩვენც უნდა მოვუსმინოთ მათ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცუდ მსმენელთან ურთიერთობა ბავშვებისთვის არის ყველაზე მტკივნეული. ალბათ, ამიტომაა, რომ წარმატებული პედაგოგის უნარ-ჩვევებს შორის მოსმენის უნარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

გადაკვეთის წერტილები

0

ამაზე ადრეც ვწერდი – ერთგვარი აზარტია, დროით და მანძილით ერთმანეთისგან დაშორებულ წიგნებში საერთო შტრიხების, ამბების, ხასიათების პოვნა.

უნამუნო-ჯავახიშვილის, მარკეს-ჭილაძისა https://mastsavlebeli.ge/?p=10879 და შოთა ჩანტლაძე-ვუდი ალენის https://mastsavlebeli.ge/index1.php?action=page&p_id=12&id=378 გადაკვეთის წერტილებზე დაწერილი სტატიები შეიძლება გახსოვდეთ კიდეც. ხომ თითქოს გადავსებულია პრესა, ტელევიზია და ელექტრონული სივრცე ყოველდღიური აღმოჩენებით, მაგრამ მაინც გიხარია, რაღაცას შენც რომ მიამატებ. გონებას გიხსნის, თავმოყვარეობას გიკმაყოფილებს, ზოგჯერ აღტაცებულიც ხარ, – მერე რა, რომ ტექნიკურ საგნებში ვერ ბრწყინავდი, ტექნიკას („ტეხნარობას“, როგორც რენე კალანდია იტყოდა) ხომ არსად ისეთი ეფექტი არა აქვს, როგორც ლიტერატურაში.

ერთხელ, წლების წინ, საღამოხანს ჭავჭავაძის გამზირზე უაზროდ მოყიალეს გოგი ანთელავა შემხვდა შვილიშვილთან ერთად. აუზზე დამყავს და შენც თუ ზევითკენ გაქვს გზა, წამოდიო. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, შევთანხმდით, რომ ანატოლ ფრანსის ნოველებს მოგვიტანდა ჟურნალისთვის და ისიც მითხრა, მარტენ პაჟის წიგნს ვთარგმნი, თითქმის ბოლოში გავედი და ერთი ძალიან საინტერესო დეტალი აღმოვაჩინეო.

მარტენ პაჟი თავის რომანში „წვიმის შესახებ“ ჩინეთის ერთი იმპერატორის ამბავს გვიყვება, რომელსაც ჭამა ძალიან უყვარდა და ერთხელაც შეჯიბრება გამართა ახალი მზარეულის შესარჩევად. იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ ქვაბებით, ხორცით, ხილითა და მწვანილით დახუნძლული მზარეულები. ყველა ცდილობდა იმპერატორის გულის მოგებას, მაგრამ იმას, ბავშობიდანვე საუკეთესო კერძებს დაჩვეულს, უკვე აღარაფერი მოსწონდა, ყველა საჭმელი მობეზრებული ჰქონდა. უცებ მის წინაშე ღარიბულად ჩაცმული მზარეული წარსდგა, ხელში შუშის პატარა ჭურჭელი ეჭირა. „რა გაქვთ ამ შუშაში?“ – ჰკითხა იმპერატორმა. „წვიმის წყალი, თქვენო ბრწყინვალებავ“ – მიუგო მზარეულმა და სახტად დარჩენილ დამსწრეთა თვალწინ თავისი გაწაფული ხელებით მოამზადა ომლეტები, ორცხობილას საფენში შემწვარი წვიმის ნაჭრები, დესერტად კი წვიმის კრემ-ბრიულე.

იმპერატორმა არნახულად მოილხინა, მადლობა გადაუხადა მზარეულს ახალი, უჩვეულო კერძისთვის და… რადგან სურდა, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მის გარდა ვერავინ ვერასდროს იგემებდა ამ კერძებს, მზარეულის სიკვდილით დასჯა ბრძანა.

აბა, თუ მიხვდები, ვის გავს, ვინ გახსენდებაო, – გამომცდელად, ღიმილით მკითხა ბატონმა გოგიმ.

მეთქი როგორ არა, მეთქი რა მაგარია!

– ხო გავს გამსახურდიას?

ჰო, რაღაცით ნამდვილად ჰგავს იმ მთავარ სიუჟეტს, კონცეფციას, რაზეც „დიდოსტატის მარჯვენაა“ აგებული და ეს ეპიგრაფშივე ჩანს: „ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“. ოღონდ რომანში მკლავის მოჭრის ლეგენდარულ ამბავს ხელისუფალის მარტივი ეგოცენტრული მიზეზი კი არ უდევს საფუძვლად, არამედ მძაფრი ადამიანური ვნებები. სასიყვარულო სამკუთხედი, გადაყენებული ხუროთმოძღვრის ინტრიგები, და ყველაფერი ის, რაც თან სდევს თავისუფალი ხელოვანის წარმატებას: შური, სიძულვილი, მარტოობა.

ამასთან ერთად, მარტენ პაჟის „იმპერატორი“ უზენაესი ხელისუფალია და მწერალს მისი ადამიანური ბუნების ჩვენება არც უნდა და არც სჭირდება; კონსტანტინე გამსახურდიას მეფე გიორგი კი ვაჟკაციც არის და მშიშარაც, კეისარს ებრძვის და ეშინია ხვიარის ფესვებისა, და თავის აღსარებაში არც იმას მალავს, მრავალი ცოდვა რომ მიუძღვის ამქვეყნად როგორც მეფეს, ისე კაცს, მაგრამ ისიც დაეფიცება, რომ თავისი ქვეყნისთვის არასოდეს უღალატია.

კიდევ ერთი დეტალია: იმპერატორი კლავს მზარეულს და მასთან ერთად კვდება წვიმისგან დამზადებული საუცხოო კერძების საიდუმლო; კონსტანტინე გამსახურდიას მეფე გიორგი გასცემს ხუროთმოძღვრისთვის მკლავის მოკვეთის ბრძანებას, მაგრამ არსაკიძის მიერ აგებული სვეტიცხოველი რჩება მარადიული ხელოვნების სიმბოლოდ (სამაგიეროდ, არსაკიძის სიკვდილის შემდეგ კვლავაც აღზევებულ ფარსმან სპარსს მიაქვს საფლავში რკინისმკვნეტელი ხმლების საიდუმლო).

კონსტანტინე გამსახურდია და მარტენ პაჟი – ესეც კიდევ ერთი გადაკვეთის წერტილი. მსგავსებები და ის განსხვავებები, რომლის პოვნის სურვილიც მსგავსების აღმოჩენისთანავე გიჩნდება. ისე, ხომ გახსოვთ, ორი თითქმის იდენტური ნახატი რომ ქვეყნდებოდა გაზეთებში მინაწერით, იპოვეთ ამდენი და ამდენი და ამდენი განსხვავებაო, ვინმემ მართლა უნდა მოიცალოს, ჩამოუაროს ამ ლიტერატურას და ეგ მსგავსებები და გადაკვეთები ამობოჭოს სათითაოდ. შთამომავლობა არ დაუვიწყებდა.

ჩემი მეგობარი ანა

0

ოქტომბრის ერთ ცივ საღამოს გადაბარგება დაიწყო.

ოქტომბრის იმ ცივ საღამოს მე უკვე ვიცოდი, რომ ამჯერად გული აღარ დამწყდებოდა. ამ კედლებს, ამ ნივთებს, ამ ამბებს მარტივად დავთმობდი, რადგან სახლი უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ მქონდა. დიდი ხანია საკუთარ სხეულში გადავბარგდი და საკუთარი თავი თუ გყავს, ეს ნიშნავს, შინ ხარ.

ამიტომაც ჩემი ყოველი ახალი სახლი, უბრალოდ, ახალი მისამართია.

ძველი მისამართიდან გადაბარგება ცივ, წვიმიან საღამოს დაიწყო. ამ დროს ბერლინი მშვენიერია, მის ბეტონის სხეულს ძალიან უხდება წვიმა.

მარტო ვიყავი ჩემოდნებითა და ჩანთებით. ვფიქრობდი, რომ ხვალიდან წიგნების ყიდვას შევეშვებოდი, რადგან ყოველი ახალი ნაყიდი წიგნი უკვე ბარგია, გადაბარგება კი- რთული, როცა მარტო ხარ. ნივთები პრობლემაა. თუ კითხვა გიყვარს, სჯობს, ესტუმრო წიგნის მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, ან სულაც ელ. რიდერი იყიდო,- დავასკვენი და ტანი ამტკივდა. წინასწარ.

უარაფრო უნდა იყო, სადა. დაატარებდე შენს თავს ასე მშვენიერს, ასე ჭკვიანს, ასე კეთილს. დაატარებდე საგანგებოდ, ამაზე მეტი ვინ გაგაჩნია, რა გაგაჩნია. ვიჯექი ჩემოდნებზე და ამეებზე ვფიქრობდი.

მერე ანა მოვიდა. მოვკიდეთ ჩემოდნებს ხელი და წავედით.

ანა ჩემი მეგობარია, ბერლინიდან მოშორებით ცხოვრობს. მაინც ჩამოვიდა, იცოდა, მარტო ვიყავი, რა გააჩერებდა. ისე დავმეგობრდით, რომ არც გვიცდია, დავმეგობრებულიყავით. ერთმანეთისთვის თავი არ მოგვიწონებია, ერთმანეთი საგანგებოდ ყავაზე არ დაგვიპატიჟებია, ისეთი უბრალოა ჩვენი მეგობრობა, თითქოს სახლში პიჟამოებით დადიოდე, გაწეწილი.

უჟმური ვარ მე. ის დრო, როცა ამის გამოსწორება შემეძლო, სხვა უსარგებლო თვისებების შეძენას მივუძღვენი. დავრჩი უიმედოდ უჟმური და როგორც ყველა ნამდვილ, სრულფასოვან უჟმურს, მეც მიყვარს წუნკლიანი ამინდები, ბნელი ოთახები, პატარა სივრცეები და ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანების გაცნობას მხოლოდ იმიტომ არ ცდილობენ, რომ ჰქონდეთ„კონტაქტები“. ის, ვინც ამბობს, რომ „კონტაქტები საჭიროა“, ცოტა ხნით მძულდება. მერე კი ვივიწყებ.

ანას კი მზე უყვარს და საერთოდაც, ეს გოგო ერთი დიდი დღესასწაულია.

დიდი გული აქვს ანას და ფართო ღიმილი.

რუსული ქუდი ახურავს, ყურებიანი. საშინლად არ უხდება. მაგრამ ძალიან ცივა ბერლინში.

ცოტათი ბიჭური სიარულით კილომეტრიდან შენიშნავთ, ანა მოდის. ანა, რომელიც მყარად დგას მიწაზე. რომელსაც მართლა სჯერა, რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად მთავრდება. ანა, რომელიც არასდროს ამბობს, როგორი კეთილია, როგორი კარგია და როგორ უყვარს ადამიანები. ანა,  რომელიც ძალიან შეუმჩნევლად მოდის ზუსტად მაშინ, როცა გიჭირს. როცა მარტო ხარ და გადაბარგება დაწყებულია.

 

ვაზის ჯიშები – კახეთი

0

კახეთი მეღვინეობის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მარგალიტია. საქართველოს ეს რეგიონი პირველ ადგილზეა როგორც მოწეული მოსავლის, ასევე უცხოეთსა და საკუთრივ საქართველოში ღვინის პოპულარობის კუთხითაც. ამიტომ კახეთს გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩვენს ღვინის წარმოებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კახეთში 200–მდე საღვინე ჯიშია აღწერილი, აქ წარმოგიდგენთ იმ ძირითადი ჯიშების აღწერილობას, რომლებიც დღეს ქართული ღვინის თანამედროვე წარმოებაში გამოიყენება.

რქაწითელი

ვაზის ეს თეთრყურძნიანი ჯიში კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის და საქართველოში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ამასთან ერთად იგი ფართოდაა გავრცელებული სხვა რეგიონებშიც. რქაწითელის ყურძნის წვენი ფიზიოლოგიური სიმწიფის დაწყებიდან თითქმის დამწიფებამდე ინარჩუნებს შაქრიან-მჟავიანობის სასურველ შეფარდებას. სრულ სიმწიფეს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე აღწევს. რქაწითელისთვის საუკეთესო მიკროზონებია: კარდენახი, ტიბაანი, წინანდალი, გურჯაანი, ნაფარეული. რქაწითელის ჯიშიდან საქართველოში დგება მაღალხარისხიანი კლასიკური და კახური ტრადიციული ღვინოები, ხშირად გამოიყენება მწვანე კახურთან ერთად.

მწვანე კახური

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, იძლევა ევროპული და კახური ტიპის  მაღალხარისხიან ღვინოს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერის გამო. მისით გაშენებული ფართობის 96% კახეთშია:  ამ ჯიშის მთლიანი ფართობის 80% მოქცეულია მხოლოდ ორ (თელავისა და საგარეჯოს) რაიონში, დარჩენილი 17% კი დანარჩენ 5 რაიონში. მწვანე მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. კახეთის თეთრ ჯიშებში მწვანე ყველაზე ნაზ და არომატულ ღვინოს იძლევა. ევროპული წესით დამზადებული მწვანის ღვინო მომწვანო ღია ჩალისფერია, აქვს ხალისიანი, ნაზი, ჰარმონიული გემო. დაძველებისას იგი ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს, რომელშიც მკაფიოდ იგრძნობა ხილის არომატი.

 ხიხვი

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საშუალო პერიოდისაა, სექტემბრის შუა რიცხვებში, ოქტომბრის მეორე ნახევარში მწიფდება. ხიხვიდან დამზადებული კლასიკური ტიპის ღვინო ხასიათდება ეგზოტიკური მცენარეული კერძოდ მინდვრის ყვავილების სურნელით. ასევე დღესდღეობით ხიხვს სხვა ჯიშებთან ერთად  ტრადიციული ტექნოლოგიით აყენებენ და საკმაოდ წარმატებულადაც.

ქისი

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. საშუალო პერიოდისაა. რამდენიმე წლის წინ ჯიშს გადაშენება ემუქრებოდა, ხოლო ამჟამინდელი მდგომარეობით იგი უკვე იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ყურძნის ჯიშად. საუკეთესო მიკროზონებია: თელავის, ყვარლისა და ახმეტის რაიონი.

კახური მცივანი

თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო კახეთში, მაგრამ დაავადებების გავრცელების შემდეგ მისმა ნარგავებმა მკვეთრად იკლო. მისგან შესანიშნავი ქვევრის ღვინო დგება, ძლიერი, ხასიათიანი და გამორჩეული არომატით.

საფერავი

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. წარმოშობით სამხრეთ საქართველოდანაა, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია კახეთში, სადაც საუკეთესო შედეგს იძლევა.

გამოიყენება მშრალი, ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. საფერავისგან შეიძლება დავამზადოთ ძლიერი, მაღალმჟავიანი, მაღალი ალკოჰოლის შემცველი, მუქი შეფერილობისა და კარგი ტანინიანი ღვინო. ტანინებთან და საღებავებთან ერთად საფერავს თავისი ჯიშური, გამორჩეული არომატები გააჩნია, რომლითაც ყოველთვის იცნობა და რაც მის უნიკალურობასაც განაპირობებს.

გამოკვლევასა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა

0

ჯონ  დიუიმ  1910  წელს  აღწერა  გამოკვლევით  სწავლის  საბაზო  ფორმატი. მას  შემდეგ  ამ  სტრატეგიის  მრავალი  ვარიანტი  განხორციელდა,  მაგრამ  იგი ძირითადად  მოიცავს  შემდეგ  ელემენტებს: მასწავლებელი  წარუდგენს  ბავშვებს  გამოსაცნობ  მოვლენას, კითხვას  ან  პრობლემას.  მოსწავლეები:

  • ახდენენ ჰიპოთეზის  ფორმულირებას,  რათა  ახსნან  მოვლენა  ან  გადაჭრან პრობლემა;
  • აგროვებენ მონაცემებსა  და  ინფორმაციას  ჰიპოთეზის  გამოსაცდელად;
  • აკეთებენ დასკვნებს;
  • განიხილავენ ორიგინალურ პრობლემას და მის გადასაჭრელად საჭირო სააზროვნო პროცესებს.

გამოკვლევის მაგალითები. ერთი  სახის  გამოკვლევაში,  მასწავლებლის  მიერ   პრობლემის  გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები სვამენ კითხვებს (რომლებზეც პასუხი  შეიძლება  იყოს  მხოლოდ ,,კი” ან ,,არა”), რათა მოაგროვონ მონაცემები და გამოსცადონ ჰიპოთეზა. ეს  საშუალებას  აძლევს  მასწავლებელს მოახდინოს  მოსწავლეთა  აზროვნების  მონიტორინგი    და  მართოს  ეს  პროცესი. მაგალითად:

  1. მასწავლებელი გააცნობს  მოსწავლეებს  განსხვავებულ  მოვლენას  (ძირითადი წესების ახსნის შემდეგ). ის ფრთხილად უბერავს სულს ფურცელს მაგიდის ზედაპირის  გასწვრივ  და ფურცელი ზევით იწევს. ის სთხოვს მოსწავლეებს გაარკვიონ, რატომ  აიწია  ფურცელი.
  2. მოსწავლეები სვამენ  კითხვებს,  რათა  მოაგროვონ  ინფორმაცია  და  გამოყონ არსებითი, რელევანტური ცვლადები. ისინი ეკითხებიან მასწავლებელს, მნიშვნელობა აქვს თუ არა ტემპერატურას (არა), არის თუ არა ფურცელი განსაკუთრებული (არა).  ისინი  ასევე  სვამენ  შეკითხვას,  არის  თუ  არა წნევა  რამენაირად  დაკავშირებული  ფურცლის  აწევასთან  (კი).  კითხვები გრძელდება….
  3. მოსწავლეები ცდიან კაუზალურ (მიზეზ-შედეგობრივ) ურთიერთობებს. ამ შემთხვევაში  ისინი  კითხულობენ,  ზედაპირზე  არსებული  ჰაერის  ბუნება იწვევს  თუ  არა  ფურცლის  აწევას  (კი);  ისინი  კითხულობენ,  ზედაპირზე ჰაერის  სწრაფი  მოძრაობა  თუ  იწვევს  ზედაპირზე  წნევის  ვარდნას  (კი). შემდეგ  ისინი  ცდიან  ამ  წესს  სხვა  მასალებზე – მაგალითად,  თხელ  პლასტმასზე.
  4. მოსწავლეები ახდენენ განზოგადებას, აყალიბებენ პრინციპს: “თუ სიბრტყის ზედაპირზე ჰაერი უფრო სწრაფად მოძრაობს ვიდრე მის ქვევით, მაშინ წნევა ზედაპირზე  ეცემა  და  ობიექტი  ზევით  იწევს.” მოგვიანებით გაკვეთილი  აფართოებს  მოსწავლეთა  მიერ  ამ  პრინციპისა  და  ფიზიკური კანონების  გაგებას  მომდევნო  ექსპერიმენტების  მეშვეობით.
  5. მასწავლებელი იწვევს  მოსწავლეებს  მათი  აზროვნების  პროცესების  განხილვასა და დებატებში. რა იყო მნიშვნელოვანი ცვლადები? როგორ დააკავშირებთ მიზეზსა და შედეგს? და ა.შ.

შირლი მაგნუსონმა და ანამარი პალინსკარმა განავითარეს მასწავლებელთა  მითითებები  კვლევითი  სამეცნიერო  ერთეულების  დაგეგმვის,  დანერგვისა და  სხვადასხვა  ფაზების  შეფასებისათვის.

მასწავლებელი,  უპირველეს  ყოვლისა, ადგენს  სასწავლო  გეგმის  არეალს  და ზოგად  კითხვებს,  ამოცანებს ან პრობლემებს. მაგალითად, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი  ირჩევს  კომუნიკაციების სფეროს/არეალს და სვამს ზოგად კითხვებს: “რატომ და როგორ  ურთიერთობენ ადამიანები და ცხოველები?” შემდეგ ისმება სპეციფიკურ საკითხზე  კონცენტრირებული  რამდენიმე  კითხვა. “როგორ  ურთიერთობენ ვეშაპები  ერთმანეთთან?” „როგორ  ურთიერთობენ  გორილები ერთმანეთთან?”  ეს  სპეციფიკური  კითხვები  ფრთხილად  უნდა  იყოს შერჩეული  და  შედგენილი,  რათა  მოსწავლეს  სწორი  მიმართულება  მისცეს. ცხოველებს  შორის  ურთიერთობის  გაგების  ერთ-ერთი  საკვანძო  აზრია  ცხოველთა შეგრძნების ორგანოებს, თვითგადარჩენის ფუნქციებსა და საცხოვრებელ არეალს შორის ურთიერთდამოკიდებულება. ცხოველებს სპეციფიკური სტრუქტურები აქვთ,  როგორიცაა  დიდი  ყურები  ან  ექოლოკატორები,  რომლებიც  ფუნქციონირებენ  საკვების  მოსაპოვებლად,  პარტნიორის  მოსაზიდად  ან  მტაცებლის  გამოსაცნობად.  ეს  სტრუქტურები  და  ფუნქციები  დაკავშირებულია ცხოველის საცხოვრებელ  ადგილთან.  ამრიგად,  კითხვები  ძირითადად  უნდა ეხებოდეს კომუნიკაციების განსხვავებულ სტუქტურებს, გადარჩენისთვის  განსხვავებულ  ფუნქციონალურ  მოთხოვნილებებსა  და  სხვადასხვა  ადგილას  მობინადრე ცხოველებს.  შეკითხვები  იმ  ცხოველების  შესახებ,  რომელთაც  ერთნაირი სტრუქტურა და ერთი საცხოვრებელი ადგილი აქვთ, გამოკვლევისთვის არ იქნებოდა ეფექტიანი.

შემდეგი  ფაზაა  მოსწავლეთა  ჩართვა  გამოკვლევაში.  მაგალითად,  შესაძლებელია მოასმენინო მათ სხვადასხვა ცხოველის ხმები და სთხოვო, გამოთქვან თავიანთი ვარაუდი კომუნიკაციების შესახებ, დაუსვა მოსწავლეებს კითხვები მათი ვარაუდებისა  და  გამონათქვამების  ირგვლივ.  შემდეგ  მოსწავლეები  ახორციელებენ კვლევას  როგორც  პირველადი,  ისე  მეორადი  წყაროების  დახმარებით. პირველადი  წყაროს  კვლევა  გულისხმობს  პირადაპირ  გამოცდილებას  და  ექსპერიმენტებს.  მაგალითად,  ღამურის  თვალისა  და  ყურების  გაზომვა  და  მათი  შედარება  ღამურის  სხეულის  ზომასთან  (ვიდეოებისა  და  სურათების გამოყენებით).  მეორადი  წყაროს  გამოკვლევისას  მოსწავლეები  იყენებენ წიგნებს,  ინტერნეტს,  ექსპერტებთან  ინტერვიუებს  და  სხვა  მასალას  სპეციფიკური  ინფორმაციის  ან  ახალი  იდეების  მოსაძიებლად.  გამოკვლევის  ნაწილია მოსწავლეების  მიერ  მოდელთა  იდენტიფიცირება. მოსწავლეებმა  შეიძლება გამოკვლევის  რამდენიმე  ციკლიც  კი  გამოიყენონ,  მოახდინონ  მოდელთა იდენტიფიცირება  და  განაცხადონ  შედეგები  ახსნის  აგებამდე  ან  საბოლოო კვლევაზე  გადასვლამდე.  კიდევ  ერთი  შესაძლო  ციკლია – საბოლოო  კვლევის განხორციელებამდე –  დასკვნის შეფასება  (ჯერ  გავაკეთოთ  და  შემდეგ  შევამოწმოთ წინასწარი დაშვებები, მოვარგოთ ახსნები ახალ სიტუაციებს).

გამოკვლევით  სწავლა  მოსწავლეებს  საშუალებას  აძლევს, ერთდროულად ისწავლონ  შინაარსიც  და  პროცესიც.  ზემოთ  მოყვანილ  მაგალითებში  მოსწავლეები სწავლობდნენ  ჰაერის  წნევის  ეფექტებს,  როგორ  დაფრინავენ  თვითმფრინავები, როგორ  ურთიერთობენ  ცხოველები  და  როგორ  არიან  დაკავშირებულნი საცხოვრებელ  ადგილთან.  ამასთან,  ისინი  სწავლობენ  თავად  გამოკითხვის  პროცესს – როგორ  შეიძლება  გადაჭრა  პრობლემები,  შეაფასო დასკვნები  და  იაზროვნო  კრიტიკულად.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა. პრობლემაზე  დაფუძნებული  სწავლის მიზანია,  დაეხმაროს მოსწავლეებს მოქნილი ცოდნის განვითარებაში, რომელიც, ინერტული  ცოდნისგან განსხვავებით, მრავალ სიტუაციაში გამოიყენება. ინერტული ცოდნა არის  ინფორმაცია,  რომელიც  დამახსოვრებულია,    მაგრამ იშვიათად  გამოიყენება.  პრობლემაზე  დაფუძნებულ  სწავლას  სხვა  მიზნებიც  აქვს: შინაგანი  მოტივაციის  გაზრდა,  პრობლემათა  გადაჭრის, თანამშრომლობისა და თვითმართული, მთელი ცხოვრების განმავლობაში  სწავლის უნარების განვითარება. პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლაში მოსწავლეები უპირისპირდებიან პრობლემას,  რომელიც  გამოსავლის  მოსაძებნად  მოითხოვს  გამოკვლევას, თანამშრომლობას. მოსწავლეებს ეძლევათ პრობლემაზე დაფუძნებული სცენარი, ისინი სვამენ და აანალიზებენ პრობლემას სცენარიდან მოხმობილი ფაქტების დახმარებით და იწყებენ ჰიპოთეზების ჩამოყალიბებას შესაძლო გადაწყვეტის შესახებ. ჰიპოთეზის  შემუშავების  შემდეგ,  ადგენენ,  რა  ინფორმაცია  აკლიათ,  რისი  გაგება  სჭირდებათ  გადაწყვეტილების  შესაფასებლად. ეს საწყის ბიძგს აძლევს თვითმართული სწავლისა  და  კვლევის  ფაზას.  შემდეგ  მოსწავლეები იყენებენ ახალშეძენილ ცოდნას, აფასებენ პრობლემის მათეულ გადაჭრას, საჭიროების  შემთხვევაში  ხელახლა  გადახედავენ  კვლევას  და  ბოლოს  იაზრებენ იმ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას, რომელიც მიიღეს.

გამოკვლევაზე და პრობლემაზე დაფუძნებული ინსტრუქტირების კვლევა.  გამოკვლევის მეთოდები ჰგავს აღმოჩენით სწავლის მეთოდს; მათ ზოგი საერთო პრობლემაც აქვთ. ასე რომ, გამოკვლევა ფრთხილად დაგეგმილი და ორგანიზებული უნდა იყოს,  განსაკუთრებით  ნაკლებად  მომზადებული  მოსწავლეებისთვის, რომელთაც შეიძლება  არასაკმარისი  ბაზისური  ცოდნა  და  პრობლემათა გადაჭრის  უნარები  ჰქონდეთ.  კვლევებმა  გვიჩვენა, რომ აღმოჩენის მეთოდები არაეფექტურია და საზიანოც კი დაბალი  შესაძლებლობების  მქონე მოსწავლეებისათვის.  როცა  ტედ  ბრედმანმა გააანალიზა  და  ურთიერთს  შეადარა  57  აქტივობაზე  დაფუძნებული სწავლისა  და  სწავლების  ტრადიციულ  მიდგომათა  შედეგები,  მან  დაასკვნა, რომ  აქტივობაზე  დაფუძნებული  მეთოდები  უფრო  შედეგიანი აღმოჩნდა როგორც კრეატიულობის, ისე საგნის შინაარსის შესწავლის თვალსაზრისითაც.

1993 წელს მსგავსი შედარება გაკეთდა პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე სამედიცინო სკოლაში. მოსწავლეები,  რომლებიც  სწავლობდნენ  პრობლემაზე  დაფუძნებული  ინსტრუქტირების  საშუალებით,  უკეთეს  შედეგებს  აჩვენებდნენ  ისეთ    უნარ-ჩვევებში,  როგორიცაა  პრობლემის  ჩამოყალიბება და  დასაბუთება,  მაგრამ  უარესები  იყვნენ  თავიანთი  მეცნიერების  საბაზისო ცოდნაში,  ისინი  მეცნიერებაში  ნაკლებ  მომზადებულად  თვლიდნენ  თავს.  შემდეგ  კვლევაში  მაგისტრატურის სტუდენტები,  რომლებმაც ისწავლეს  ცნებები  პრობლემაზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებით, უკეთესები  იყვნენ  იმ  მოსწავლეებთან  შედარებით,  რომლებმაც  ცნებები  ლექციაზე და  დისკუსიის  მეშვეობით  ისწავლეს.  მაღალი თვითრეგულირების  უნარის  მქონე  მოსწავლეებმა  შეიძლება  სხვებთან  შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენონ პრობლემაზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებაში,  ამავე  დროს,  პრობლემაზე დაფუძნებული  მეთოდების  გამოყენებამ  მოსწავლეებს  დროთა  განმავლობაში შეიძლება თვითონვე  განუვითაროს  თვითმართული  სწავლის  უნარ-ჩვევებიც.

პრობლემაზე  დაფუძნებული  სწავლის  მიზნების  გათვალისწინებით  ქინდი ჰმელო-სილვერმა მიმოიხილა კვლევები და აღმოაჩინა იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ  პრობლემაზე  დაფუძნებული  სწავლა  ხელს  უწყობს მოქნილი  ცოდნის  კონსტრუირებას  და  ავითარებს  პრობლემის  გადაჭრისა  და თვითმართული  სწავლის  უნარ-ჩვევებს.  მაგრამ  ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლაში  ყველა  ასაკის  მოსწავლეთა  მონაწილეობა შინაგნად  მოტივირებული  იყოს  ან  ასწავლოს  თანამშრომლობა. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევათა  უმრავლესობა  ჩატარებულია  მაღალკლასელებთან, ყველაზე ხშირად კი სამედიცინო სკოლებში.

საუკეთესო  მიდგომა  დაწყებით  და  საშუალო  სკოლებში  შეიძლება  იყოს შინაარსზე  ფოკუსირებული და  გამოკვლევის  ან  პრობლემაზე  დაფუძნებული მეთოდების  დაბალანსება. მაგალითად,  ევა  ტოთმა,  დევიდ  კლერმა და  ზე  ჩენმა გამოსცადეს  დაბალანსებული  მიდგომა  მეოთხე  კლასის  მოსწავლეებთან  იმის  გასარკვევად,  თუ  როგორ  გამოეყენებინათ  სხვადასხვა    სტრატეგია  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებაში      კარგი    ექსპერიმენტის ასაგებად.  მეთოდი  სამი  ფაზისაგან  შედგება:

(1) მცირე  ჯგუფებში მოსწავლეები  ახორციელებენ  აღმოჩენით  ექსპერიმენტებს  იმ  ცვლადების დასადგენად,  რომლებმაც  აიძულეს  ბურთი  დაგორებულიყო  დაქანებაზე;

 (2) მასწავლებელი  აწარმოებდა  დისკუსიებს,  ხსნიდა  საკონტროლო  ცვლადის სტრატეგიას  და  იძლეოდა  სწორი  აზროვნების  ნიმუშს  ექსპერიმენტის  აგების თაობაზე;

(3)  მოსწავლეები ატარებდნენ ექსპერიმენტს და იყენებდნენ მათ იმ ცვლადების  გამოსაცალკევებლად,  რომლებმაც  გამოიწვიეს  ბურთის  დაგორება. კვლევის, დისკუსიის, ახსნისა და მოდელირების კომბინაცია წარმატებით დაეხმარა მოსწავლეებს ცნებების გაგებაში.

მამების გავლენა შვილების ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე

0

ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა „ვისაც არ ჰყავს მამა, უნდა  იყოლიოს“. ფილოსოფოსი იმას გულისხმობდა, რომ მამებს შვილების განვითარებაში იგივე წვლილი მიუძღვით, რაც დედებს. ორივე მშობლის სიყვარულს, ისევე როგორც უარყოფას, შეუძლია მნიშვნელოვნად მოახდინოს გავლენა შვილის ემოციურ ბალანსზე, თვითშეფასებასა და გონებრივ ჯანმრთელობაზე.

რამდენიმე კვლევით დადგინდა, რომ მამის არყოფნა ბავშვებში იწვევს ადაპტაციის პრობლემებსა და ზრდასთან ერთად დესტრუქციული ქცევების გამოვლენას. რა თქმა უნდა მამის ყოფნას და მის გაგებას პოზიტიური ეფექტი აქვს – ბავშვის ადაპტაციის ხელშეწყობა და ჯანმრთელი ფსიქოლოგიური განვითარების წახალისება.

მამის ფსიქიკური მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვზე.

 

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს კვლევა, რომლითაც შეისწავლეს მამის მნიშვნელობა შვილის ცხოვრებაში. ამ კვლევის ფარგლებში შეგროვდა მასალები 730 ოჯახიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ფსიქოლოგებმა ყურადღება გაამახვილეს მამობრივი სტრესისა და ისეთი გონებრივი პრობლემების, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა, გავლენა ბავშვებზე. შედეგად მათ აღმოაჩინეს, რომ ეს პრობლემები გავლენას ახდენდნენ მამებისა და შვილების ურთიერთობასა და შვილების განვითარებაზე.

ყველაზე საინტერესო ფაქტი ის აღმოჩენაა, რომ მამის ფსიქიკურ მდგომარეობას ხანგრძლივი გამოხატულება აქვს ბავშვში, განსაკუთრებით ისეთ სოციალურ უნარებზე, როგორიცაა თვითკონტროლი და თანატოლებთან ურთიერთობის უნარი.

მაგალითად, აღმოაჩინეს, რომ როდესაც მამას ჰქონდა დეპრესია შვილის ადრეული ასაკისას ეს უფრო მეტად ახდენდა ბავშვის სოციალურ განვითარებაზე გავლენას, ვიდრე იმავე ასაკში დედის დეპრესიული მდგომარეობა. ამ კვლევამ ასევე დაადგინა, რომ მამის მაღალი სტრესი,  როდესაც ბავშვები არიან 2-დან 3 წლამდე განსაკუთრებით აზიანებს გონებრივ და მეტყველების განვითარებას.

საყურადღებო დეტალია, რომ ეს პრობლემები დედის მიერ მოხდენილი პოზიტიური გავლენის დამოუკიდებლად ვითარდება. მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, მამის გავლენა უფრო აშკარაა ბიჭებში, ვიდრე გოგონებში, ალბათ იმიტომ, რომ ბიჭები უფრო მეტად აიგივებენ საკუთარ თავს მამის ფიგურასთან და შესაბამისად, მის ქცევას უფრო დიდი გავლენა აქვს.

მამის სიყვარული ნაკლებობით გამოწვეული ზიანი

ბოლო წლებში ფსიქოლოგებმა უფრო ინტენსიურად დაიწყეს შვილის განვითარებაში მშობლების როლის შესწავლა. შესაბამისად, სხვადასხვა კვლევა ჩატარდა მამის როლის მნიშვნელობის წარმოსაჩენად. როდესაც მამაა აქტიურად ჩართული შვილის გაზდაში, ისინი გარემოს უფრო მეტი თვითდაჯერებულობით შეისწავლიან და ემოციურად უფრო სტაბილურები არიან. ასევე, აქვთ უკეთესი აკადემიური მოსწრება და სოციალური უნარები.

კონექტიკუტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეისწავლეს 36 კვლევის მონაცემები, რაც შეიცავდა 10 000 მშობლისა და მათი შვილების მონაცემებს. ამ მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, როგორ გავლენას ახდენს ცივი ან შორს მყოფი მამა შვილის განვითარებაზე. მათ აღმოაჩინეს, რომ მამისგან უარყოფილ ბავშვებს ახასიათებდათ შფოთვა და არასრულფასოვნების კომპლექსი, ისინი იყვნენ უფრო აგრესიულები და ჰქონდათ ძალადობრივი ქცევები.

ეს შედეგები ადასტურებენ. რომ მამები ისეთივე მნიშნელოვნები არიან ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის, როგორც დედები და აკისრიათ დიდი პასუხისმგებლობა  შვილების ემოციურ და გონებრივ განვითარებაში.

შეუძლიათ მამებს მათი განწყობის გამოსწორება?

მამობა არ არის მარტივი როლი, განსაკუთრებით ახალი მამებისთვის. მათთვის, ისევე როგორც დედებისთვის, ნორმალურია შიშების, არასრულფასოვნების და შფოთვის შეგრძნებები. მეტიც, მამები გრძნობენ საჭიროებას, რომ გამოჩნდნენ ძლიერები და მხარი დაუჭირონ პარტნიორს. შესაბამისად, ისინი ემოციური გადატვირთვის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სინამდვილეში, ეს სიტუაცია მათ უფრო მეტად დასტრესავს,  რასაც გავლენა ექნება ბავშვებზე.

აღიარეთ სტრესის ნიშნების არსებობა. პირველი პრობლემა მამებისთვის არის ის, რომ ისინი ჩართულები არიან ყოველდღიურ რუტინაში და გრძნობენ ვალდებულებას უზრუნველყონ ოჯახი და ამ პროცესში ვერ ხედავენ სტრესის ნიშნებს. შესაბამისად, პირველი ნაბიჯია იმის აღიარება, რომ ნერვიული და დასტრესილი ხართ. მნიშნელოვანია, დადგინდეს სტრესის გამომწვევი მიზეზები ყოველდღიურობაში, იმითვის, რომ საერთოდ გაუვნებელყოთ ისინი ან შეამციროთ მათი გავლენები.

გქონდეთ თქვენი სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ მამებს ჰქონდეთ მათი ცხოვრება ბავშვებისთვის მიცემული ზრუნვისა და ყურადღების მიღმა. დაუთმეთ დიდი დრო პარტნიორთან ყოფნას და არ მიატოვოთ თქვენი ჰობი. ეს დრო დაგეხმარებათ, რომ განიტვირთოთ და გადატვირთოთ თქვენი ბატარეები. გახსოვდეთ, რომ იმისთვის რომ მოუაროთ ბავშვს, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოუაროთ.

– გამოხატეთ თქვენ გრძნობები. თქვენს შიშზე, წუხილზე და ნერვიულობაზე საუბარი დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი. არ დაფაროთ ეს გრძნობები. მეტიც მნიშვნელოვანია თქვენმა პარტნიორმა იცოდეს, რომ განიცდით და გინდათ იყოთ კარგი მამა, მხარი დაუჭირეთ მათ, ეს გრძნობები თქვენს შორის კავშირს გაამყარებს.

წყარო: https://www.psychology-spot.com/2016/10/emotional-and-cognitive-development.html

ამბავი კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც ,,ავტობუსზე აგვიანდება”

0

ამ საკითხზე რომ დავფიქრდი, ორი ფრაზა გამახსენდა, უცებ ვერ ვიხსენებ, რომელი ნაწარმოებებიდან. პირველი _ ,,საკუთარი თავით უზომოდ აღტაცებული ქალიშვილები” და მეორე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა, ახალგაზრდა ქალებს საკუთარი თავები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჰგონიათ, თუმცა ბევრს არაფერს წარმოადგენენოანი

მე კი ახალგაზრდა ქალები, გოგონები სამყაროს ცენტრად მიმაჩნია; ასე მგონია, დედამიწა მათ ირგვლივ ბრუნავს და სწორედ მათი გადასაწყვეტია, როგორი იქნება მომავალი, ამიტომაც მოწიწებითა და შეძლებისდაგვარად დაფარული მღელვარებით შევცქერი ხოლმე უნივერსიტეტის აუდიტორიაში ჩემ პირისპირ სამრიგად ჩამწკრივებულ გოგონებს და ვცდილობ წარმოვიდგინო, სად იქნებიან ხუთი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ.

და მერე ეს ხუთი წელიც თვალსა და ხელს შუა გარბის და ვხედავ მათ, სრულიად არაისეთებს, როგორსაც მოველოდი. ახალგაზრდა ქალები ფრიად არაპროგნოზირებადი ხალხია.

foto 2

აი, თუნდაც თამარ ჩანქსელიანი. ის ერთი კადრით შემორჩა ჩემს მეხსიერებას _ საბოლოო პრეზენტაციაში ათი ქულა რომ მიიღო და აელვარდა. ახალგაზრდა ქალები, ზოგადად, ელვარე ხალხიც არის. ახლახან კი მისი სურათი ვნახე _ საკლასო ოთახში, რომელიც მეორე-მესამეკლასელებითაა გადავსებული, მერხებს შორის ფეხაკრეფით დადის; ჰოდა, მომინდა მეც გამეგო და თქვენთვისაც მომეთხრო ამბავი კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც ,,ავტობუსზე აგვიანდება”; კიდევ ერთი მასწავლებლისა, რომელიც გარდაბნის მთლიანად ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ნაწილში ასწავლის ქართულ ენას პროგრამა ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის” ფარგლებში:

,,ბევრს უკვირს, როგორ შეიძლება 23 წლის გოგო და მასწავლებელი, ბევრი არც იჯერებს (მძღოლი არ მიშვებს ხოლმე პედაგოგების ავტობუსში, მოსწავლე ვგონივარ), ზოგი დამცინის კიდევაც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მასწავლებლობა ასეთი რთული იქნებოდა. მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, თუ შენ თვითონ არ გამოცდი, ვერასოდეს გაიგებ, რას ნიშნავს იყო მასწავლებელიო.”

გარდაბნის მეექვსე საშუალო სკოლა აზერბაიჯანულია, მთლიანად აზერბაიჯანელებითაა დასახლებული სოფელი თბილწყაროც, სადაც ახალგაზრდა მასწავლებელი ცხოვრობს. როდესაც ასეთ განსხვავებულ გარემოში ხვდება ადამიანი, მის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების შენარჩუნება თითქმის გამორიცხულია, რიყავენ ან გულით იყვარებენ. თამუნას გაუმართლა და მხოლოდ სიყვარული ხვდა წილად:

,,როცა კარგი ამინდია, სოფელში ვსეირნობ. აი, მაშინ უნდა ნახო, ანი, როგორ გამოცვივდებიან, რომ დამინახონ და ,,გამარჯობა” მითხრან. ყველა თავისთან მეპატიჟება. დედოფალივით მექცევიან.

მხოლოდ ძაღლები ვერ შევიჩვიე, ყოველდღე გზაში მხვდებიან და მეც ველოდები, როდის გამოივლის ვინმე და დამეხმარება.

მაგრამ დღეს ძაღლმა ჩვეულებრივად ჩამიარა, ანუ გაიგეს ძაღლებმაც უკვე, რომ მასწავლებელი ვარ (მხოლოდ იმ მძღოლს ვერ დავაჯერე).”

გულთბილად მიიღეს სკოლაშიც, ორივე მასწავლებელი, რომელთა დამხმარედაც თამარი მუშაობს, ცდილობს საკუთარი კეთილგანწყობა და მზრუნველობა გამოავლინოს უმცროსი კოლეგის მიმართ. ამბობს, რომ ამ პერიოდში იმაზე მეტი ისწავლა, ვიდრე სტუდენტობის ოთხი წლის განმავლობაში. და სწავლობს არა მხოლოდ კოლეგებისა და საგაკვეთილო პროცესისგან, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებისაგან, რომლებისთვისაც ასეთი ახალგაზრდა და თანაც, განსხვავებული ეროვნების მასწავლებელი გამოცანაა: ის ძალიან საყვარელია, მაგრამ ჯოჯოხეთში მოხვდება, რადგან ღორის ხორცს ჭამს; ის ლამის მათსავით ახალგაზრდულად გამოიყურება, მასწავლებელზე უფრო მეგობარია, მათი მესაიდუმლეა, მაგრამ ამავე დროს, უკვე თითქმის ბებერი ყოფილა, მთელი 23 წლისა;  ნეტავ შეყვარებული მაინც თუ ჰყავს?

და ნებისმიერ შეყვარებულზე მეტ ბარათს უგზავნიან და ყვავილს სჩუქნიან.

სკოლის შემდეგ ოჯახში ბრუნდება. ხანდახან საოჯახო საქმეებშიც ეხმარება დიასახლისს, მერე კი მათ  შვილებს, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს ამეცადინებს ქართულში. თუ სცალიათ, ოჯახის უფროსებსაც, ხოლო საღამოს მეზობლებიც მოდიან ქართული ენის შესასწავლად. თამარი ოჯახის წევრია, მათთან ერთად დადის სტუმრად და ქორწილებში, სადაც სპეციალურად მისთვის ჟღერს ქართული მუსიკა.

ვფიქრობ, საქართველო თავის ეროვნულ უმცირესობებს საუკეთესო ელჩებს უგზავნის ამ შრომისმოყვარე, მონდომებული და კეთილგანწყობილი ახალგაზრდა მასწავლებლების სახით.

foto 1

და მასწავლებლებიც მხოლოდ საუკეთესოს იღებენ, პროფესიულ კვალიფიკაციას, უზარმაზარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იმ უპირობო სიყვარულსა და პატივისცემას, რომელიც ნამდვილად არ არის ყველა დამწყები სპეციალისტის ხვედრი. არის რაღაცები, რაც მხოლოდ ძალიან მიზანდასახულების უპირატესობაა:

,,ჰო, კიდევ შარშან რამდენიმე თვე თბილისიდან დავდიოდი, რადგან სტაჟირებას გავდიოდი პარლამენტში და ჟურნალისტადაც ვმუშაობდი. მაშინ დილით ვდგებოდი ექვს საათზე, მივდიოდი რკინიგზის სადგურზე, საიდანაც გარდაბანში მიმავალი სამარშრუტო ტაქსები დგებიან, მერე გაჩერებიდან სკოლამდე 25 წუთი ფეხით გავდიოდი გზას. ორზე იქიდან თბილისში ვბრუნდებოდი და საღამოს მეორე და მესამე სამსახურსაც ვასწრებდი. მოკლედ, თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია.”

შესაძლებელია ისიც, რომ ჯერ ,,ახლადგამოჩეკილმა” პედაგოგმა საგნის გამოცდა 80 ქულით ჩააბარო.

წინ კი მთელი მშვენიერი ცხოვრებაა და მომავლის გეგმები; აი, ამგვარი თანმიმდევრობით:

1) ახლა დაწყებითი კლასების მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდაც ჩავაბარო;

2) მერე სვანეთში წავიდე მასწავლებლად პროგრამით ,,ასწავლე საქართველოსთვის”;

3) ვიდრე ახალგაზრდა ვარ, ბევრი რამ მოვასწრო.

სახალისო მათემატიკური თამაშები სწავლების პირველ საფეხურზე

0

გასაკვირი არაა, რომ ბავშვებს თამაში განსაკუთრებით უყვართ. ამ დროს ისინი ითავისებენ სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარებს და ჩვევებს, იმდიდრებენ სოციალურ წარმოდგენებს და ეცნობიან რთული და პრობლემური სიტუაციებიდან თავის დაღწევის გზებს. დაწყებით კლასებში მათემატიკის საკითხების სწავლებისას დიდი მნიშვნელობა  აქვს  დიდაქტიკური თამაშების გამოყენებას.  მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება –  გთავაზობთ აქტივობებს, რომელშიც ჩანს, როგორ  შეიძლება სტრუქტურირებული თამაშებით ლამაზად შეინიღბოს სასწავლო ამოცანა  და მოსწავლე ბუნებრივად, სტრესის გარეშე დაეუფლოს ცოდნას.

მიზანი:   მათემატიკის მიმართ ბავშვის სიყვარულის გაძლიერება, ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების განვითარება.

კლასის ორგანიზება  – კლასი იყოფა 2 გუნდად, დგებიან ისე როგორც მხიარული სტარტების დროს, ერთმანეთს ეჯიბრება 2 ბავშვი, შეჯიბრება ტარდება რამდენიმე ტურად, ეს ტურებია:

  1. მათემატიკური სისწრაფის ტური.
  2. ჭადრაკის დაფის ტური.
  3. მათემატიკური პოეზიის ტური( გამოტოვებელი ადგილის შევსება).
  4. გეომეტრიული ბლოკადის ტური.
  5. ფერადი ქვების ტური.
  6. შერეული ტური.

სიტუაციის მიხედვით, კლასის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება ტური შეიცვალოს, გაუქმდეს ან განმეორდეს.

გამოსაყენებელი ამოცანები  მათემატიკური სკოლის პრაქტიკიდანაა აღებული. ზოგი ამოცანა კი  მასწავლებლის მიერ კონკრეტულ კლასზეა მორგებული.

    ამ კონკურსის სტილი მოერგება ყველა საგანს. შეიძლება საგანთა ინტეგრირება და ყველა ტურის სხვადასხვა საგანში ჩატარება.

გამოსაყენებელი  მასალა

 

მასწავლებელი მასალას ცვლის კონკრეტული კლასის  ტემპიდან გამომდინარე. შეჯიბრის დროს, სიტუაციიდან გამომდინარე,  შეიძლება მოიფიქრო  ამოცანა:

მათემატიკური სისწრაფის ტური

  1. დაფაზე დაწერილია რიცხვი 60. მოცემული რიცხვი ერთი სვლით შეგვიძლია შევამციროთ. წააგებს ის, ვინც მიიღებს 0-ს.
  2. დაფაზე დაწერილია რიცხვი 10. რიგრიგობით ემატება 1-ს, 2-ს, 3-ს ან 4-ს. მოიგებს ის, ვინც 1-ლი მიიღებს 50-ს.
  3. დაფაზე ორ ადგილას დაწერილია რიცხვი 10. დაფა გაყოფილია 2 ნაწილად, ორი ბავშვი ერთდროულად იწყებს და უმატებს  2-ს,  3-ს, 4-ს ან 1-ს. ეს რიცხვები ერთხელ მაინც უნდა გამოიყენონ. მოიგებს ის, ვინც პირველი მიიღებს  50-ს.
  4. 1, 2,  3,  4  —21. ამ რიცხვებს რიგრიგობით შლიან. თუ ბოლოს დარჩენილი 2 რიცხვის ჯამი  არის  5-ის ჯერადი, იგებს  პირველი,  თუ არა,  მეორე.
  5. დაფაზე დაწერილია რიცხვი 2. ერთ სვლაზე უფლება გვაქვს, არსებულ რიცხვს მივუმატოთ მასზე ნაკლები რიცხვი. მოიგებს მონაწილე, რომელიც   პირველი მიიღებს 1000-ს.
  6. რიცხვი 1 შეგვიძლია ერთ ჯერზე გავამრავლოთ 2-იდან 9-ის ჩათვლით ნებისმიერ რიცხვზე. იგებს ის, ვინც პირველი მიიღებს 1000-ზე მეტ რიცხვს.

ჭადრაკის   დაფის   ტური

  1. ჭადრაკის დაფაზე A1 უჯრაზე ვდებთ ეტლს , ორი მონაწილე რიგრიგობით აადგილებს მას ნებისმიერ მანძილზე ზევით ან მარჯვნივ. მოგებულია ის, ვინც პირველი მიიყვანს ფიგურას  H8 უჯრაში.
  2. ორი მოთამაშე რიგრიგობით ფარავს ჭადრაკის დაფას ქვებით ისე, რომ ერთ სვლაზე იფარება ორი მეზობელი უჯრა, აგებს ის მონაწილე, რომელიც 2 ქვას  გვერდიგვერდ ვერ  დადებს.
  3. ჭადრაკის დაფა მთლიანად დაფარულია ქვებით. ბავშვს შეუძლია, ერთ სვლაზე აიღოს ქვების ნებისმიერი რაოდენობა ან ჰორიზონტალზე ან ვერტიკალზე. ვინც ვერ აიღებს, ის აგებს.
  4. ეტლი დგას  A1  უჯრაზე. ერთი სვლით შეგვიძლია ავიყვანოთ მაღლა და მარჯვნივ 1 უჯრით, ან 1 უჯრით  დიაგონალზე. იგებს ის, ვინც პირველი მიიყვანს ეტლს   H8 უჯრაში.
  5. ორი მოთამაშე ფარავს ჭადრაკის დაფას  ჰორიზონტალზე ან ვერტიკალზე ნებისმიერი რაოდენობის ქვებით. აგებს ის, ვინც ვერ მოასწრებს დაფის დაფარვას.

 

ურ

  1. „ვეფხისტყაოსანი“ დაწერილია საოცარი სიზუსტით დათვლილი მარცვლების რაოდენობით, ყველა სტროფში   16—16 -ია. ერთის გარდა და მათი განლაგება ასეთია:

4 — 4                     4 — 4

5 — 3                     3 — 5

3 — 5                     3 — 5

5 — 3                     5 — 3

3 — 5

              ჩაწერეთ  გამოტოვებული რიცხვები ცარიელ ადგილას.

  1. გამოიცანით გალაკტიონ ტაბიძის ლექსში გამოტოვებული სიტყვა, თუ იგი სიმეტრიულადაა დაწერილი.

 აი რა მზის საზმარია

აირევი ——–

  1. გთავაზობთ ლექსს, რომელშიც გამოტოვებულია სიტყვა. გამოიცანით, რა სიტყვაა,  თუ ეს რიცხვი ძველად ყველაზე დიდს ნიშნავდა

,,ჩიტი დახტის შინდის ტოტზე, განა ერთი ————– ჩიტუნა!

წყარო მთიდან მოჩუხჩუხე, ბარში დადგა, გაიტრუნა ცივ ჩქერს

ჩიტი დაეწაფა , განა ერთი ————– ჩიტუნა!

გაზაფხულდა , ტყის ფერდობი ჩითის ფერად დაჩითულა,

             ჩიტი გალობს ტყის ფერდობზე, განა ერთი ——————– ჩიტუნა.“

ვინც სწრაფად შეავსებს გამოტოვებულ ადგილებს, იქნება გამარჯვებული

  1. წინა დავალებიდან გამომდინარე, შეავსეთ გამოტოვებული ადგილები. ფასდება სისწრაფე.

—————- თავიანი დევი

—————-თვალა მზე

—————-უღელი ხარი

—————-წყარო

————–მექოთნეს ერთმა მტეხელმა აჯობაო.

————- თხილის გული — ძმამ —-გაიყოო

მგელს რომ ———– ტყავი  გააძრო, მაინც  მგელიაო.

 ურს

გეომეტრიული ბლოკადის ტური

  1. წრეწირზე აღებულია 20 წერტილი. მოსწავლეები რიგრიგობით აერთებენ ისე, რომ წერტილებმა ერთმანეთი არ გადაკვეთოს. აგებს ის, ვინც ვერ შეძლებს პირობის დაცვას.
  2. მართკუთხედის ფორმის ფურცელზე ორი მოთამაშე ხაზავს ერთი და იმავე ზომის წრეებს ისე, რომ წრეებმა ერთმანეთი არ გადაკვეთოს. აგებს ის, ვინც ვერ დახატავს ამ მოთხოვნის შესაბამისად.
  3. იგივე სამკუთხედებზე.
  4. იგივე ოთხკუთხედებზე.
  5. 7×7-ზე ცხრილს აფერადებენ ისე, რომ მათ არ აქვთ საერთო არც გვერდი და არც წერტილი. აგებს ის, ვინც შესაბამისად ვერ გააფერადებს.
  6. 7×7-ზე ცხრილში 2-ნი რიგრიგობით აფერადებენ 2- უჯრიან მარკუთხედებს ისე რომ ორივე უჯრა გვერდიგვერდაა. აგებს ის, ვინც ვერ გააფერადებს ინსტრუქციის შესაბამისად.

შერეული ტური

  1. გამოგვადგება ნებისმიერი გვირილას მსგავსი ყვავილი, რომელსაც ერთ ფენად ექნება ფურცლები. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სვლაზე მოწყვიტონ 2 მეზობელი ფურცელი. აგებს ის,ვინც სვლას ვერ მოასწრებს.
  2. საათის ისარს სწევენ დაბლა 2 ან 3  საათით, მოიგებს ვინც პირველი მიიყვანს  ისარს 12-თან.
  3. დაფაზე წერია რიცხვი 200. ერთი მოქმედებით შეგვიძლია შევამციროთ ის ნახევარზე ნაკლები რიცხვით. აგებს ის, ვისაც სვლა არ აქვს (იგივე შეიძლება ფერადი ქვებით ან ასანთის ღერებით).
  4. გვაქვს ასანთის ღერების 2 გროვა. ერთში 10 ღერი, მეორეში 12. ერთ სვლაზე ერთ-ერთი გროვა ნებისმიერ 2 გროვად უნდა დავყოთ.

ფერადი  ქვების ტური

  1. 40 ქვა დაწყობილია გროვად, 2 ბავშვი რიგრიგობით იღებს 1,2,3 ქვას, აგებს ის, ვისაც სვლა არა აქვს.
  2. მოცემულია ქვის ორი გროვა. ერთში 15 ქვაა, მეორეში 20. ორი მონაწილე რიგრიგობით იღებს ნებისმიერი რაოდენობის ქვას  ერთ-ერთი გროვიდან. წააგებს ის, ვინც ქვას  ვერ აიღებს.
  3. მოცემულია ქვის 3 გროვა I-10 , II-15, III-20. ერთ სვლაზე უფლება გვაქვს ნებისმიერი გროვა დავყოთ 2 ნაწილად. აგებს ის, ვინც ვერ მოასწრებს დაყოფას.

  

ურ2

შემეცნებითი ტური

აქ შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი საგაკვეთილო მასალა,რომელიც დიდ დროს არ საჭიროებს და ტექსტიც არ არის ძალიან დიდი. შეფასდება სწრაფი პასუხი.

და ასე შემდეგ.

სიტუაციას მართავს მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში პედაგოგმა უცებ უნდა მოახდინოს მოდიფიკაცია.

 დიდაქტიკური თამაშებით სწავლება  მოსწავლეზე ორიენტირე­ბული სწავლებაა და ის, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.  სწავლის დროს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმ ჩვევების, უნარებისა და ცოდნის შეძენა, რასაც ბავშვი იღებს, არამედ მოზარდის ძალების განვითარება განსაზღვრული მიმართულებით. სწორედ ამ თვისებით ჰგავს სწავლა თამაშს, ანუ მოზარდის ძალების განვითარება ისეთივე სპეციფიკურია სწავლისათვის, როგორც თამაშისათვის.

 

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის  პედაგოგი

თეა ურუშაძე

იმედი ილინოისიდან

0

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის არჩევით მსოფლიოში ახალი ეპოქა იწყება. გლობალური წესრიგის დამყარებისათვის ერთმანეთს ორი ძალა ეცილება. პირველ ბანაკში გაერთიანებული არიან ჯერ კიდევ მოქმედი სისტემის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. ისინი ცდილობენ გადაარჩინონ ის სტრუქტურები, რომლებიც უთანასწორობას, საშუალო კლასის გაღარიბებას, ხალხისგან დამოუკიდებლად მოქმედი ბიუროკრატიის განვითარებას უწყობენ ხელს. მეორე ბანაკში კი პოპულისტებისა და ავტორიტარების მიერ მოტყუებული და დამორჩილებული ძალები ირიცხებიან. აღნიშნული პოლუსის ლიდერები ყველაფერს აკეთებენ სხვადასხვა ჯგუფს შორის შუღლისა და ურთიერთზიზღის გაღვივებისთვის. მათი მტკიცებით, მთელ პლანეტაზე უსამართლობისა და ქაოსის გავრცელების პასუხისმგებლობა აფროამერიკელებს, ქალებს, მიგრანტებს, მუსლიმებსა და გარემოსდამცველებს ეკისრებათ.

სასიხარულოდ, სამყაროს ბედი ამ ორი საერთაშორისო ტენდენციის ამარა არ არის დარჩენილი. მობილიზებას პროგრესული ძალებიც ცდილობენ. შეიძლება ამჟამად ისინი განსაკუთრებით წარმატებულები არ არიან, მაგრამ მოსალოდნელი შედეგიანი წინააღმდეგობის იმედის დაკარგვის საფუძველი არ არსებობს. ჩვენს მოსაზრებას ილინოისში ჩატარებული სენატის არჩევნებიც ამყარებს. ყველა ტრამპზე საუბრობს. უმრავლესობა შეშინებულია არაორდინარული, არაეთიკური, აგრესიული და არაპროგნოზირებადი პირის გაპრეზიდენტებით. ბუნებრივია, რომ ეიფორიის გამო  თითქოს უმნიშვნელო არაერთი დეტალი ჩვენი ყურადღების მიღმაც აღმოჩნდა.

ილინოისი აშშ-ის  უმნიშვნელოვანესი  ნაწილია. შტატი მდიდარია სატრანსპორტო ქსელებით, ბუნებრივი რესურსებითა და ეკონომიკური სიმძლავრეებით. ილინოისის ტერიტორიაზე მდებარეობს ხანგრძლივი და აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით გამორჩეული ქალაქები – ჩიკაგო და სპრინგფილდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ შტატის სენატორობა აღმოჩნდა ტრამპლინი პრეზიდენტ ობამას პოლიტიკური კარიერისთვის.

ილინოისის სენატორი თამი დაკვორტი გახდა. მან ამომრჩეველთა 65%-ის ნდობა დაიმსახურა. ახლადარჩეული კანონმდებლის ბიოგრაფია და პოლიტიკური პოზიციები მოწმობს, რომ იგი დონალდ ტრამპის რადიკალურ ალტერნატივას წარმოადგენს.

ტრამპი ვერ იტანს პოლიტიკურად აქტიურ ქალებს. მას ხშირად ადანაშაულებენ ქალთა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ხელშეწყობაში. მომავალი პრეზიდენტი მრავალჯერ არის მხილებული ქალების შეურაცხყოფასა და შევიწროებაში. ნებისმიერს შეუძლია ნახოს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები, სადაც გამარჯვებული პრეტენდენტი ქალ ოპონენტ კარლი ფიორინას ერთი წინადადების წარმოთქმის საშუალებასაც არ აძლევს. თუ მოინდომებთ, ვირტუალურ სივრცეში მრავალი სხვა ამგავრი ან უარესი შინაარსის ჩანაწერის აღმოჩენასაც მოახერხებთ. სენატორი დაკვორტი კი აქტიური და წარმატებული ქალია, რომელიც უკვე წლებია ახერხებს არაერთი დრომოჭმული სტერეოტიპის დანგრევას. მისი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი გენდერული დემოკრატიის ხელშეწყობა და ქალთა ემანსიპაციის, სტრუქტურული დაქვემდებარებისგან გათავისუფლებაა.

ტრამპი ვერ იტანს მიგრანტებს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის ყურადღებას ძირითადად მხოლოდ ანგლოსაქსური წარმოშობის მოქალაქეები იმსახურებდნენ. მომავალი პრეზიდენტი უპირისპირდებოდა ახლო აღმოსავლეთის ქაოსს გამოქცეულ მუსლიმ მიგრანტებს და აშშ-ში მათი შესვლის აკრძალვას მოითხოვდა. მილიარდერი მექსიკის საზღვარზე გამყოფი კედლის აშენებით აპირებს ლათინოსი მოსახლეობის მოგერიებას. მის გეგმებში 11 მილიონი ადამიანის დეპორტაციაც შედის. სენატორი დაკვორტი კი ტაილანდში, ამერიკელი მეზღვაურისა და ჩინელი მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. ის პირველი აზიელი ამერიკელია, რომელიც ილინოისიდან კონგრესში აირჩიეს. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სენატორი მონდომებით იცავს მიუსაფარი, ხიფათს გამოქცეული და დაბალანაზღაურებადი მოქალაქეების უფლებებს, ებრძვის ადამიანების რელიგიური და რასობრივი ნიშნით ჩაგვრას.

ტრამპის გაპრეზიდენტებას პესიმისტური განცხადებებით შეეგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სათემო გაერთიანებების ნაწილი. მათი აზრით, ავტორიტარული ხედვების მქონე ლიდერის მმართველობის პირობებში, თემის პრობლემების გადაწყვეტის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. თამი დაკვორტი ყოფილი სამხედროა. იგი ერაყის ომის მონაწილეა. ომის დროს სენატორი ვერტმფრენის პილოტი გახლდათ. ერთ-ერთი ოპერაციის დროს მისი ვერტმფრენი მოწინააღმდეგეებმა ჩამოაგდეს. დემოკრატიული პარტიის წევრს  ქვედა კიდურები არ აქვს. დაკვორტს დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელიც. სწორედ ამ ტრავმის შემდეგ გახდა აზიური წარმოშობის ქალი ჯერ კონგრესის, ახლა კი უკვე სენატის წევრი. 2014 წელს სენატორს შვილიც შეეძინა. ცხადია, ბევრი შშმ პირისთვის მამაცი პოლიტიკოსის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი, სამაგალითო და სიმბოლურია.

მთავარი კი მაინც ის გახლავთ, რომ ილინოისელი დემოკრატი ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და განათლების, საშუალო კლასის ოჯახებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებისა და საფინანსო ბაზრების რეგულირების მომხრეა. ასე  რომ,  ნუ გეშინიათ!  ილინოისის შტატის სენატორი სრულიად განსაკუთრებული ადამიანი – თამი დაკვორტი გახდა.

ქართული ენის სწავლების თავისებურებანი

0

თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი პრობლემაა ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირება. პედაგოგებს უჭირთ გაკვეთილზე ლიტერატურისა და ენის საკითხებზე ერთდროულად მუშაობა. ისინი უჩივიან სახელმძღვანელოებში სავარჯიშოებისა და თეორიული მასალის ნაკლებობას, მის არასისტემურობას. უკეთესი შედეგის მისაღებად უმჯობესია, ქართული ენა ცალკე ისწავლებოდეს, მაგრამ ინტეგრირების პირობებში უნდა ვეცადოთ, ქართული ენის საკითხების სწავლება უფრო მოქნილი, პრაქტიკული და შედეგიანი იყოს.

ზოგს ინტეგრირება არასწორად ესმის და მიჩნევს, რომ ქართული ენის გრამატიკა აღარ ისწავლება. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოვალეობაა, მოსწავლეს გამოუმუშაოს მართლმეტყველებისა და მართლწერის საბაზისო უნარები. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე სკოლაში ქართული ენის სწავლების სპეციფიკა რამდენჯერმე შეიცვალა. როგორ შეიძლება, მასწავლებელმა ლიტერატურასთან ერთად კარგად ასწავლოს ენის საკითხები და მართლწერაც ისე, რომ მათ ცალკე საათი არ დაუთმოს? ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დროის სწორად განაწილება. გაკვეთილებზე ენის სწავლებისთვის დათმობილი 15 წუთი განსაზღვრულ შედეგს იძლევა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ყოველ თემას მოსდევს გრამატიკული მასალა. როგორ შეიძლება გაკვეთილზე იმ პრობლემის მოგვარება, რომელზეც პედაგოგები საუბრობენ? უპირველეს ყოვლისა, აქცენტი უნდა დავსვათ მასწავლებლის როლზე. მან უნდა აირჩიოს სწავლების ისეთი სტრატეგია, რომლის გამოყენებითაც შეძლებს, მოსწავლეს განსაზღვრულ დროში გასაგებად და ხარისხიანად გადასცეს ინფორმაცია, რომლის ცოდნასა და გაგებას მომდევნო გაკვეთილზე ისევ განსაზღვრულ დროში შეამოწმებს ტესტური დავალებით. ვთქვათ, მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს (თხუთმეტი წუთის განმავლობაში) საუბრობს ფონეტიკურ პროცესებზე, მაგალითად, კუმშვაზე. იმისთვის, რომ ინფორმაცია უფრო გასაგები გახდეს, მასწავლებელი დაფაზე წერს ან იყენებს წინასწარ გამზადებულ პლაკატს. პლაკატზე წერია მხოლოდ ის ბრუნვები, რომლებშიც იკუმშება სახელი ან მხოლოდ ის ხმოვნები, რომლებიც იკუმშება. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი ამ პლაკატს კედელზე აკრავს და ტოვებს, რომ მხედველობით ინფორმაციის დამახსოვრება გაუმჯობესდეს. მომდევნო გაკვეთილზე მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს გადაცემულ ინფორმაციას ამოწმებს ტესტით და პასუხების მიხედვით გეგმავს მომავალი გაკვეთილისთვის საჭირო აქტივობას. თეორიული მასალის ცოდნის შემოწმების შემდეგ ის მოსწავლეებს ასწორებინებს რამდენიმე წინადადებისგან შემდგარ ტექსტს, სადაც სიტყვებია შესაკუმში. ე.ი. სამი გაკვეთილის ბოლო 15 წუთი შეიძლება გამოვიყენოთ არსებითი სახელის კუმშვისა და სიტყვების მართლწერის სასწავლებლად. ასევე მოვიქცევით დანარჩენი საკითხების სწავლების დროსაც. ნაწარმოებებზე მუშაობისას ტექსტში ვხვდებით როგორც მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ და სინტაქსურ შეცდომებს, ისე სტილისტურ ხარვეზებსაც. ტექსტის კითხვისას მოსწავლეს ვეუბნებით: იპოვე მოცემულ წინადადებაში მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, ან სინტაქსური შეცდომა. ის ასახელებს შეცდომის ტიპს და ასწორებს. მაგალითად, მოსწავლე კითხულობს შემდეგ ფრაზას: ,,რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც ისე დავიწყოთ“.

ამ შემთხვევაში მას ყურადღებას ვამახვილებინებთ შეცდომებზე, ვასწორებინებთ, ვასაუბრებთ მესამე ირიბობიექტური პირის ნიშნისა და მოქმედებით ბრუნვაში კუმშვადი სიტყვის მართლწერაზე და აღვანიშნინებთ, შეცდომა მორფოლოგიურია თუ სინტაქსური. ან ფრაზის წაიკითხვის დროს ვეუბნებით: „იპოვე მოცემულ წინადადებაში არსებითი სახელი და დაახასიათე იგი ჯგუფების მიხედვით“, ან „არის თუ არა ამ მონაკვეთში რომელიმე სიტყვა აღმატებით ხარისში? არის თუ არა ფრაზაში ფორმაუცვლელი სიტყვა? იპოვე კომპოზიტი და აღნიშნე, სწორად წერია იგი თუ არა“. ისიც შეიძლება, ტექსტის კითხვის დროს მოსწავლეს ვკითხოთ, როგორია მის მიერ წაკითხული წინადადება შინაარსის ან აგებულების მიხედვით, გავრცობილია თუ გაუვრცობელი და ა.შ. ამრიგად, ლიტერატურული ნაწარმოების კითხვისას შეგვიძლია, მოსწავლეები პარალელურად გრამატიკის საკითხებზეც ვამუშაოთ. თუ მასწავლებელი ასე იმუშავებს სისტემატურად, ორგანიზებულად და თანმიმდევრულად, ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულად სწავლებასაც შეძლებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...