კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

”ქალაქი წყალზე” და სარკე წყლის ფსკერზე

0

სალომე ბენიძის წიგნის შესახებ

საზაფხულო ეკობანაკში, სადაც ეკოლოგიასთან ერთად მოსწავლეებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ესაუბრებიან, გენდერულ საკითხებზე უნდა წამეკითხა ლექცია. ვირჯინია ვულფის ესე, ”საკუთარი ოთახი” წავიღე და გადავწყვიტე ბავშვებთან ამ წიგნზე მელაპარაკა; წიგნზე, რომელიც შესანიშნავად უხსნის მკითხველს, თუ რატომ იყო საუკუნეების მანძილზე ლიტერატურა ცარიელი ქალების სახელებისგან, ლიტერატურის მსგავსად კი, თითქმის ნებისმიერი სფერო, რომელშიც კაცები ასე გაბედულად და ხმაურიანად ტოვებდნენ საკუთარ ნაკვალევს. ჩანთაში მეორე წიგნიც მედო, სალომე ბენიძის ”ქალაქი წყალზე”, რომლის კითხვაც წინა დღეს დავიწყე და ლექციის დაწყებამდე ბოლოში გავედი. როცა წიგნის უკანასკნელი ფურცელი ჩავიკითხე, ზუსტად ვიცოდი, რომ ვირჯინიას ესესთან ერთად ამ წიგნზეც ვილაპარაკებდი, როგორც იმის ხორცშესხმულ, მკაფიო ნიმუშზე, რაზეც ვულფი საუკუნის წინათ ოცნებობდა. ვულფი ამბობდა, რომ თუ ქალი, რომელსაც წერის ნიჭი აქვს, მოიპოვებს საკუთარ ოთახს და სტაბილურ შემოსავალს, ის აუცილებლად გახდება კარგი მწერალი. მეოცე და ოცდამეერთე საუკუნე გაივსო ქალი ავტორების სახელებით. ისინი აღარ არიან წარმოუდგენელი გამონაკლისები, რომლებზეც ვინმეს შეუძლია უპირობო სკეპტიციზმით, ან გაოცებით ილაპარაკოს. დღეს ავტორის სქესის ხაზგასმა თითქმის ყოველთვის უადგილოა ლიტერატურის კითხვისას და შეფასებისას, მაგრამ სალომეს ნაწერის კითხვამ დამაფიქრა იმაზე, რომ თავის ესეში ვირჯინია ვულფი ქალებისგან კიდევ ერთ რამეს ითხოვდა – სქესზე ფიქრისგან თავისუფალი, ანდროგენული გონებით წერას, მაგრამ ამავდროულად გაბედულად წერას იმაზე, რაც ქალს შეიძლება მამაკაცისგან განასხვავებდეს. ქალი უნდა გათავისუფლდეს კომპლექსისგან, რომ თუ ის აირჩევს განსაზღვრულ თემატიკას, ვთქვათ, დაწერს სიყვარულზე, მას მოუწევს ბეწვის ხიდზე სიარული, რომ ”ზედმეტი არ მოუვიდეს”, რომ მკითხველმა სენტიმენტალურის, გადამლაშებულის, ”ქალური ნაწერის” იარლიყი არ მიაწებოს მის პროზას თუ პოეზიას. ეს იარლიყი ხშირად მამაკაცი ავტორების წიგნებსაც ეხება, მაგრამ თუ ავტორი ქალია, ის მითუმეტეს დგება რისკის ქვეშ, მისი ნაწერები გატეხილი გულის გაბმულ კვნესად ან უთავბოლო კეკლუცობად მონათლონ. გოეთეს ”ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი” ქალს რომ დაეწერა, ალბათ მამაკაცების მხრიდან არ მოყვებოდა ამდენი თვითმკვლელობა; შეიძლება არც მილან კუნდერას წიგნები ყოფილიყო ისეთი პოპულარული, როგორიც არის. ამიტომ ის ქალები, რომლებიც არიან ფილოსოფიურები, წერენ ომზე, სოციალურ უსამართლობაზე, გლობალურ კატაკლიზმებზე, ნაკლები დარტყმის ქვეშ ექცევიან მკითხველის მხრიდან. მთელ ამ თემატიკაზე წერა შესანიშნავია, თუკი ეს გაწუხებს, მაგრამ თუ რაღაც მომენტში გადაწყვიტე, რომ უნდა დაწერო სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, ცვალებად ვნებებზე, ჭრელი, სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილებზე, ფრიალა კაბებზე, ლამაზ, მოშინაურებულ ნივთებზე, სამზარეულოს სურნელებზე, სუნამოებზე, ტკბილ გემოებზე, მლაშე ცრემლებზე და გულისგამწყალებელ მოლოდინზე,  და თუ მოგინდა დაწერო არა აგრესიით, არამედ სინაზით, რომელიც შეიძლება ყველაფერ ამაზე ფიქრისას გავსებდეს, არ უნდა შეგეშინდეს. არ უნდა შეგეშინდეს წინადადების საკუთარი წყობის – ჩახვეულის, ზოგჯერ მშვენიერი, სხვებისთვის ”ზედმეტი” აქსესუარებით ამოვსებულის. აი, ამაზე ოცნებობდა თავის ესეში ვირჯინია ვულფი; ასეთ უშიშარ ავტორებზე, რომლებიც უნივერსალურს შექმნიან საკუთარი შეგრძნებებიდან გამომდინარე და არა იქიდან, თუ რას მოითხოვს მათგან მკითხველი, თუნდაც ყველაზე გაწაფული, ინტელექტუალურად სნობი. სალომე ბენიძის ”ქალაქი წყალზე” სწორედ ასეთი წიგნია. ის სავსეა ქალურობით, ქალი პერსონაჟებით, რომლებიც თანადროულად არიან ძლიერებიც და ლამაზებიც, საკუთარი ცხოვრების, გადაწყვეტილებების, ტრაგედიების განმკარგავებიც კი. ისინი თან გვანან და თან არ გვანან ერთმანეთს. ისინი ანდერსენის ქალთევზას მემკვიდრეები არიან – სიყვარულზე მეოცნებეები, სიყვარულისთვის მებრძოლები, ხელმოცარულები, დაღუპულები და მაინც ჯადოქრულები. წიგნი სურეალისტურია და მასში სუნთქავს წყალი, შენობები, ნივთები, ყველაფერი, რასაც ქალები ეხებიან. ისინი განსხვავდებიან ვნებებით, საქმით, რომელიც ბედნიერებას ანიჭებთ; განსხვავდებიან მამაკაცები რომლებიც მათ ზრდიან და მამაკაცები, რომლებიც მათ უყვარდებათ. მამაკაცები მათი მთავარი ძალა და წყევლაა – მამები, რომლებიც მათ ზურგს უმაგრებენ და შეყვარებულები, რომლებსაც ძალა არ შესწევთ, იყვნენ ერთგულები. მათ ისტორიებს თან გასდევს განცდა, რომ ბედნიერება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ქალები ამის გამო არ ნებდებიან. ისინი ქსოვენ ერთმანეთის ისტორიების გაგრძელებას. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ყველა წინა ქალის მემკვიდრე, პირველ პირში მოლაპარაკე, წერს

14030859_10153688256660951_1726082073_n

”ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს თუთუს ხე იდგა, მთელ ქუჩას აწვდიდა ტოტებს. მაისის ბოლოდან შავ ნაყოფს ისხამდა, შავად ღებავდა ასფალტს, მანქანების სავალ გზას, ორივე ტროტუარს. შუაღამისას შინ დაბრუნებული, მანქანას ყოველთვის თუთის ქვეშ ვაყენებდი. არც არავინ მეცილებოდა. არავის უნდოდა, დილით ტკბილი ნაყოფით მოთხვრილი მანქანა დახვედროდა. აი, მე კი, სახლიდან რომ გამოვდიოდი და თუთას ვხედავდი, ვხედავდი ჩემს გაშავებულ მანქანას და ფეხქვეშ გაწებილი ასფალტი და მტვერში აზელილი ნაყოფი მედებოდა, სიცოცხლეს ვგრძნობდი. თუთის ხე იყო ერთადერთი, რაც სამყაროსთან მაკავშირებდა. დავდიოდი თუთებდაყრილი მანქანით და ზოგჯერ, წამიერად გამიელვებდა ფიქრი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს.” – ამ პასაჟმა ლეღვის ხე გამახსენა სილვია პლათის ავტობიოგრაფიული რომანიდან ”ზარხუფი”. შეიძლება ავტორის მხრიდან, რომელიც შესანიშნავად იცნობს პლათის ნაწერებს, ეს გაცნობიერებული ალუზიაც იყოს. ახალგაზრდა ქალი დეპრესიის მომენტში, ვისთვისაც ხე, წებოვანი, ხრწნადი ნაყოფით სავსე, ცხოვრების სიმბოლოა; დაკარგული შესაძლებლობების, ხელმოცარვის, ტკივილის, რომელსაც ყველა გაურბის. მაგრამ ანა-ულრიკეს (მთხრობელს) შეუძლია თვალი გაუსწოროს ასეთ ცხოვრებას, ჩაეჭიდოს სიცოცხლის სურვილს და ტკივილი აქციოს გამოცდილებად.

ფოლკნერის მსგავსად, სალომემ გამოიგონა თავისი ოლქი, თავისი იოკნაპატოფა, ქალაქი, სადაც ცალკეული ადამიანების ისტორიები ერთმანეთშია გადაჯაჭვული. ამ წიგნში მოთხრობები კრავს რომანს, შეგვეძლო გვეთქვა, ვრცელ ზღაპარს. ალბათ ავტობიოგრაფიული ელემენტია ის, რომ ქალაქი ჩრდილოეთის ქარებით სუნთქავს და მთავარი პერსონაჟების სახელებიც ზღაპრულად ჩრდილოეთურია.

თხრობას გაბმულად გასდევს ქალის ხმის ტემბრი. სხვა შემთხვევაში ასეთ შეფასებას თვითონ გავაპროტესტებდი, მაგრამ სალომეს წიგნში, დარწმუნებული ვარ, მიზანდასახულადაა ეს ტემბრი ასე ხაზგასმული – ის, თავისი მოხიბლავი, მისტიური, ძლიერი ხმით გითრევს წყლის ფსკერზე, სადაც სარკე გველოდება.

ვირჯინია ვულფი წერდა, რომ საუკუნეების მანძილზე ქალები გავდნენ სარკეებს, რომელშიც მამაკაცები იმაზე ორჯერ უფრო დიდებულები ჩანდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. ვინ მოისურვებს ასეთი სარკის დაკარგვას.  სალომე თავის სარკეს გვთავაზობს, რომელშიც ქალი საკუთარ თავს უნდა დააკვირდეს, იმაზე ბევრად უფრო ძლიერს, ვიდრე ის საუკუნეების მანძილზე ჩანდა.

ზრდასრულთა განათლება: პროფესიული განვითარების ტრენინგის დაგეგმვისა და ხარისხის შეფასების სტანდარტები

0

პროფესიული განვითარება აუცილებელია, რათა ადამიანი არა მხოლოდ კონკურენტუნარიანი იყოს შრომის ბაზარზე, არამედ დასახული მიზნის მიღწევაც შეძლოს. პროფესიულ განვითარებაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, განაჩენია მომავალი პიროვნული და პროფესიული წინსვლისთვის. მთელი სიცოცხლე სწავლის აუცილებლობაზე დღეს აღარავინ დავობს. პროფესიული განვითარების იდეას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე თუნდაც ხუთი წლის წინ ჰყავდა. რეალურად, ეს იდეა აღარც კი ექვემდებარება დისკუსიას მათთვის, ვისაც აქვს პრეტენზია, იყოს პროფესიონალი, განურჩევლად იმისა, მასწავლებელია, ექიმი, მშენებელი თუ სტილისტი. განათლების მიღება და პროფესიული განვითარება მზარდი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა.

ზრდასრულთა ამ მოთხოვნას შესაბამისად უპასუხა შრომის ბაზარმა და შეიქმნა მთელი წყება ორგანიზაციებისა, რომლებიც პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს მსმენელს. ორი დაინტერესებული მხარე პასუხობს ერთმანეთის საჭიროებებს: ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, მიიღონ უახლესი ცოდნა და განივითარონ ახალი უნარები, შეისწავლონ უცხო ენა ან ახალი კომპიუტერული პროგრამები, ხოლო მეორე მხარეს – ამ ცოდნის გადამცემი ორგანიზაციები, რომლებმაც ზრდასრულთა ეს დაკვეთა უნდა შეასრულონ.

როდესაც ადამიანს სურს, პროფესიულად განვითარდეს, ის შესაძლებლობის ძიებას იწყებს. ამ სტატიის მთავარი კითხვაც სწორედ ესაა: როგორ მოვახერხო მე, მსმენელმა, პროფესიული განვითარების ხარისხიანი შესაძლებლობის პოვნა და გამოყენება?

უამრავი ორგანიზაცია, კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულება ზრუნავს დღეს ამგვარი სერვისის მიწოდებაზე. „ტრენინგი“ ჯადოსნური სიტყვაა და ასოცირდება პროფესიულ განვითარებასთან, საქმიან იმიჯთან, წინსვლასთან. მაგრამ ყველამ, ვინც რამდენიმე ტრენინგზე მაინც ყოფილა, იცის, რას ნიშნავს წარმატებული და წარუმატებელი ტრენინგი. ტრენინგი, რომელზეც ღრუბელივით ისრუტავ სიახლეებს და ტრენინგი, რომლისთვის დაკარგულ დროსაც ნანობ. როგორ მივხვდეთ წინასწარ, სასარგებლო იქნება ტრენინგი ჩვენთვის თუ არა? ხარისხიანი იქნება თუ უხარისხო? უპასუხებს თუ არა ჩვენს საჭიროებებს? გაამართლებს თუ არა ტრენერი იმედს? ღირს თუ არა ამ ტრენინგისთვის დროის დაკარგვა?

რეალურად, სასარგებლო ტრენინგზე მოხვედრა თავად მსმენელის ხელთაა. მსმენელს შეუძლია დაგეგმოს, გამოადგება თუ არა ტრენინგი პროფესიული განვითარების კუთხით, მიიღებს ღირებულ ინფორმაციას თუ იმავე ცოდნით დატოვებს ტრენინგს, რომლითაც მივიდა. შეთავაზებული ტრენინგის კრიტიკული ანალიზი აუცილებელია როგორც მსმენელისთვის, ისე ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაციისთვისაც. თუ ტრენინგი არ შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს, ეს აუცილებლად თქვით. ტრენერმა ან იმაში უნდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ტრენინგი საჭიროა თქვენთვის, ან იმაში, რომ სხვა ტრენინგი გჭირდებათ. „ტრენინგი არ მომწონს და სახლში წავალ“ გამოსავალი არ არის. „ტრენინგი არ მომწონს, მაგრამ მაინც დავრჩები“ კიდევ უფრო არასწორი გადაწყვეტილებაა. ორივე შემთხვევაში უნდა დაასაბუთოთ, რატომ.

არსებობს წარმატებული ტრენინგის პოვნის რამდენიმე სტანდარტი, რომელთა დაცვა წარმატებით აისახება თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე.

სტანდარტი 1. გადაწყვეტილების მიღება

სანამ პროფესიული განვითარების ღონისძიებაში ჩაებმებოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა უნდა შეასრულოთ: მიიღოთ გადაწყვეტილება.

ამ ეტაპზე კარგად უნდა გაიაზროთ, გაქვთ თუ არა განვითარების სურვილი, ხედავთ თუ არა პროფესიული განვითარების ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ საკუთარ თავში უკეთეს პიროვნებას ან უკეთეს პროფესიონალს. თუ პასუხი დადებითია, იღებთ გადაწყვეტილებას. ვითარდებით პროფესიულად და/ან პიროვნულად.

რა მიზანი აქვს პროფესიულ განვითარებას, რისი მიღწევა გსურთ? ამ კითხვას ყველა მსმენელი უსვამს საკუთარ თავს, როდესაც ტრენინგზე დასასწრებად მიდის. პროფესიული განვითარება ორგვარია: მინიმალური და გასაუმჯობესებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროფესიულად ან იმისთვის ვვითარდებით, რომ პროფესიასთან დაკავშირებული მოთხოვნების მინიმალური სტანდარტი დავაკმაყოფილოთ, ან იმისთვის, რომ უფრო მეტი ცოდნა და უნარი შევიძინოთ, რათა ჩვენს პროფესიაში მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი გავხდეთ. მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება უმთავრესად იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებსაც დიდი ხანია არ უმუშავიათ პროფესიით და თავიდან იწყებენ კარიერას, ხოლო გასაუმჯობესებელ ტრენინგებს, როგორც წესი, ის ხალხი ესწრება, ვისაც განუწყვეტლივ უდევს ხელი საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების მაჯაზე, სიახლეების ძიებაშია და იცის, რომ ცოდნა ყველაზე ეფექტური იარაღია შრომის ბაზარზე.

  1. ორგანიზაციის შერჩევა

ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი – ორგანიზაციის შერჩევა. რომელ ორგანიზაციას მივანდოთ ჩვენი პროფესიული განვითარება? ამ ეტაპზე საჭიროა ინფორმაციის მოძიება იმ ტრენინგცენტრების ან სხვა მსგავსი ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ზრდასრულებს პროფესიული განვითარების ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებს სთავაზობენ.

ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტური საშუალებებია პროფესიული კონტაქტები და ინტერნეტი. კოლეგას ან ტრენინგებში გამოცდილ ადამიანს შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამა თუ იმ ტრენინგის ან ტრენერის შესახებ. ამ ფაზაში თქვენ მიერ დასმულ კითხვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

  • რატომ აირჩია კოლეგამ ესა თუ ის ორგანიზაცია ტრენინგისთვის?
  • მოხდა თუ არა წინასწარ მსმენელთა საჭიროებების იდენტიფიცირება?
  • მოქნილი იყო თუ არა ტრენერი და შეეძლო თუ არა მსმენელთა საჭიროებებზე სწრაფად რეაგირება?
  • ინტერაქტიული იყო ტრენინგი თუ ლექციის სახე ჰქონდა?
  • როგორი გარემო იყო სატრენინგო ოთახში?
  • სასწავლო-საკითხავი მასალა იყო თუ არა პრაქტიკული და საკმარისი?

მოკლედ, დასვით კითხვა ყველა იმ კრიტერიუმის შესახებ, რომლებიც, თქვენი აზრით, ახასიათებს წარმატებულ ტრენინგს. საბოლოოდ ტრენინგის ავკარგიანობაზე, რა თქმა უნდა, საკუთარი აზრი ჩამოგიყალიბდებათ, მაგრამ ინფორმაციის მოძიების ეტაპზე გამოცდილი კოლეგის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

ამა თუ იმ ტრენინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტშიც შესაძლებელია. შეიძლება იმ ორგანიზაციის ვეგბვერდის დათვალიერებაც, რომელიც ორგანიზებას უწევს ტრენინგს. გაარკვიეთ, არის თუ არა ორგანიზაცია ან თავად ტრენინგპროგრამა აკრედიტებული, აქვს თუ არა ხარისხის მაჩვენებელი რაიმე სხვა ნიშანი, თუნდაც ყოფილი მსმენელების ფორუმი ან მსმენელთა უკუკავშირის დამდასტურებელი დოკუმენტები.

  1. ტრენინგის ღირებულება

საკმაოდ მტკივნეული საკითხია ტრენინგის ღირებულება. პროფესიული განვითარების ხარისხიანი ტრენინგები, როგორც წესი, საკმაოდ ძვირია და მათზე ყველას არ მიუწვდება ხელი. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციის მხარდაჭერა, სადაც მუშაობთ. როცა ორგანიზაცია დაინტერესებულია პერსონალის განვითარებით, ის ტრენინგებსაც უკვეთავს მათთვის. თუ დამოუკიდებლად აპირებთ ტრენინგში მონაწილეობას, ფულის წინასწარ დაზოგვა მოგიწევთ, რათა სასურველ ტრენინგს დაესწროთ. ზოგიერთი პროფესიის ადამიანებს, რომელთა შორისაც საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებიც არიან, სახელმწიფო მთლიანად უფინანსებს პროფესიული განვითარების ტრენინგებს.

  1. ტრენინგის ხარისხობრივი მაჩვენებლები

ტრენინგს ოთხი მხარე აქვს: შინაარსობრივი, პიროვნული, პრაქტიკული და საორგანიზაციო. მსმენელმა, სანამ ტრენინგზე დასწრებას გადაწყვეტდეს, ოთხივე კარგად უნდა გააანალიზოს.

  1. შინაარსობრივი მხარე: უნდა ვიცოდეთ, როგორია ტრენინგის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები, სწავლების რომელი ფორმები და მეთოდები იქნება გამოყენებული ტრენინგზე და შეესაბამება თუ არა ისინი სწავლის მიზანს. დამწყები მსმენელისთვის ეს ადვილი შესაფასებელი არ არის, ტრენინგებში გამოცდილს კი ძნელად გამოეპარება ტრენინგის შინაარსობრივი მხარის ხარვეზები. თუ ახალბედა ბრძანდებით, სასურველია, ამის თაობაზე ინფორმაცია გამოცდილი კოლეგისგან მიიღოთ. უნდა არსებობდეს მსმენელთა მიერ ტრენინგით კმაყოფილების შეფასების კითხვარიც.
  2. პიროვნული მხარე: ვინ მართავს ტრენინგს? აქვს თუ არა თავად ტრენერს სათანადო პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, რათა ამ მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდოს? არის თუ არა ტრენერის შესახებ ინფორმაცია, მისი CV ხელმისაწვდომი ონლაინ- ან სხვა ფორმით?
  3. პრაქტიკული მხარე: პრაქტიკულად რამდენად გამოსადეგია ტრენინგი მსმენელისთვის და შეიცავს თუ არა ის საკმაო რაოდენობის პრაქტიკულ მაგალითს? სხვა სიტყვებით, რამდენად გამომადგება ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია პროფესიულ ცხოვრებაში? გამოუყენებლად ხომ ყოველგვარი ცოდნა მკვდარია. შესაბამისად, მსმენელისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკული ღირებულება ჰქონდეს.
  4. საორგანიზაციო მხარე: სად ტარდება ტრენინგი? ადვილია თუ არა იქამდე მისვლა ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით? აღჭურვილია თუ არა სასწავლო ოთახები შესაბამისი ინფრასტრუქტურით? გათვალისწინებულია თუ არა დრო შესვენებისთვის? გთავაზობენ თუ არა წყალს, ყავას, ჩაი ან სხვა გამამხნევებელ საშუალებებს? რამდენსაათიანია ტრენინგი?

ზოგიერთი ორგანიზაცია მსმენელებს სთავაზობს დაუსწრებელ სწავლებას ან ტრენინგს ელექტრონული ფორმით e-learning ფორმატში. ეს ფორმა საქართველოში კარგად ჯერ კიდევ არ არის განვითარებული, თუმცა ტენდენცია მზარდია და მსმენელისგან მოითხოვს ისეთ კომპეტენციებს, როგორებიცაა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა, დროის მენეჯემენტის უნარი.

 

  1. ტრენინგის დასრულების დამადასტურებელი საბუთი

ის ფაქტი, რომ პროფესიულად ვითარდებით, აუცილებლად უნდა იყოს დოკუმენტირებული, ერთი მხრივ, თქვენს პროფესიულ ბიოგრაფიაში (CV), მეორე მხრივ კი ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტით.

სანამ კონრეტულ ტრენინგპროგრამაში მონაწილეობას გადაწყვეტდეთ, აუცილებლად გაარკვიეთ, რა დამადასტურებელ დოკუმენტს მიიღებთ ტრენინგის დასრულების შემდეგ. აქ საქმე მხოლოდ სერტიფიკატს ან სხვა ცნობას არ ეხება – მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ხდება თუ არა ტრენინგის განმავლობაში მსმენელების პროგრესის გაზომვა, ითვალისწინებს თუ არა ტრენინგი პოსტტესტირებას, შესაბამისად, ტარდება თუ არა პრეტესტი ან მისი ეკვივალენტი, რათა ტრენერმა დაადგინოს მსმენელების ცოდნისა და გამოცდილების დონე ტრენინგის თემატიკასთან მიმართებით. თუმცა ტესტი არც ერთადერთი საშუალებაა საამისოდ და არც საუკეთესო. მთავარია, დაგეგმილი იყოს მსმენელების წინარე დონისა და პროგრესის გაზომვა რომელიმე ეფექტიანი ხერხით.

სტატია მომზადებულია გერმანიის პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის მიერ გამოცემული პუბლიკაციის მიხედვით: Borowiec/ Mettin/Zöller: Checkliste beruflicher Weiterbildung”, BIBB, 2016

    სიყვარული გურიაში

0

არ ვიცი რატომ – ალბათ ჩემი ღრმა და არმოსატანი ბავშვობის ამბების ბრალია _ სულ მიკვირდა ადამიანების, ვინც დილით ჩაისა და კარაქიან პურს მიირთმევდა.  სად შემიძლია მე ეგეთი სიმშვიდე, რაც ამ პროცესს ახლავს _ მიუწვდომელი საქმეა! ალბათ ახლაც უსაუზმოდ უნდა გადავატარო. არასამუშაო დღეა, ვითარცა უხმობენ _ უიქენდი. უიქენდი და ვაი ქენდი შენ _ ბებიაჩემი ჩასახლდა ჩემში და მალევე ამოსახლდა _ წერა უნდა დავიწყო.

      ქმრისა და ცოლის შერთვის ამბები ახლა კი ევროპიულადაა დიდწილად, მაგრამ ძველი წესებიც არ იშლიან თავისას: თუ გარიგება, თუ ვინმეს ქელეხში ბიჭისთვის გოგოს დანახვება და ან პირიქით;  მით უფრო ოცდაათს გვარიანად გადამცდარი / გადაცილებული ,,გოგოსა და ბიჭისთვის“. ადრე ხომ  იყო და იყო. განსაკუთრებით _ მთიან ნაწილში, გომისმთაზე _ მგლის ნაწოლზე, და ბამხაროს პატარა ფაფარაში, სადაც გურული და აჭარული ისტორიები ერთმანეთთან ქორწინდებიან.

***

     ოთხმოცდაათიანებში გურიაში (და ალბათ სხვაგანაც) თუ ცოლი ან ქმარი გარდაიცვლებოდა და მეორე მათგანი ცოცხალი იყო, საფლავის ქვაზე აუცილებლად დაატანინებდა საკუთარ სურათს („ხარჯი ნაქნარიას“ პრინციპით).  და აწერია დაბადების თარიღი და ტირე, სიკვდილის თარიღის მოლოდინში. საოცარი სანახავია. ერთ სოფელში ასეც მოხდა; გათხოვდა ახალგაზრდა ქვრივი. საფლავზე დარჩა სურათი ძველი ქმრის გვერდით, არავის მოუშლია, რადგან გურული სიყვარული უცნაურია და დიდი.

     არყის გამოხდა ღელის პირას, ღრუბლიან საღამოს _ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური აქტი _ წითელი მიწა, ორე, ნახევრადგამჭვირვალე ოცლიტრიანი და ტალახი. თუ რამე უნდა გაგახსენდეს საჯარო თავყრილობათაგან გურიაში, ეს არის; და კიდევ _ სიმინდის ან თხილის დარჩევა შემოდგომის ღამეებში _ ნადი და ხმამაღალი საუბარი. და უცნაურად თხელი ჰაერი და თითქოს გამჭვირვალე მთვარე. სხვა ჩასუნთქვა. სხვა ფერები… თითქოს რაღაც დიდის დასასრულს რომ განიშნებს _ დაუძლეველი ტკივილის მერე მოულოდნელ და განწირულ, ოღონდ მომხიბლველ სიმსუბუქეს. მე რამდენჯერმე მიყვარდა. მაშინაც და მერეც. სულ დარდით და დრამატულად. ისე, ჩემს გარეგნულ ქცევა-„იმიჯებს“ რომ ძნელად მიამსგავსებ. და როცა სიყვარული  მთავრდებოდა, სულ ეს ამინდი დგებოდა ჩემში – შუა შემოდგომა, ცივი, თხელი და გამჭვირვალე, ნათელი ღამეებით, სიმინდის სუნით და შრიალით. ეგრე _ რომანტიკულ-სენტიმენტალურად. მაგრამ იყო მესამეც _ აკუმულატორი, ციცქნა ტელევიზორი და სერიალი. აი, ამურ-კუპიდონი მანდ უნდა გენახათ, განსაკუთრებით _ მოეროტიკულო სცენებისას. ქალების მოულოდნელი შორისდებული ქმრების ოდნავ შეჭმუხნულ შუბლსა და ირიბ მზერას გულისხმობდა. ქმრები ამ მხრივ უფრო თავისუფლები იყვნენ  _ „იფ,იფ, რა ქალია მონიკა!“ „არ გეღირსოს უკეთესი,“ _ ყველაზე თამამი პასუხი კაცთგან. მაგრამ უფრო საინტერესო მათი სახეები იყო, ვინც თითქოს არაფერს გამოხატავდა. მიშტერებული მზერით, ოდნავ წყლიანი თვალებით, კუთხეში, ჯორკოზე მჯდარი უყურებდა შორეული ბრაზილიის თუ ვენესუელის ყოფას _ როგორც ლამა გასცქერის სივრცეს, სადღაც შორს, ყველაფრის მიღმა. მერე წავიდოდნენ, ლამფას აანთებდნენ სახლში. მერე ლოგინში შეწვებოდნენ. ალბათ, ცოტა ხანს იქაც ღია ჰქონდათ თვალები _ ოდნავ წყლიანი. არის ამაში მსოფლიო სევდის ნაწილაკები _ ყოველგვარი ირონიის გარეშე. იმაზე მეტი, ვიდრე ლექსებშია, ახლა რომ ვწერთ.

     ***

     გელამ, ჩემმა მამიდაშვილმა,  რომელიც ახლა მამა დავითია  ანუ მღვდელი, ერთი სახალისო ამბავი მომიყვა – პატიოსანი, სიტყვასანდობი კაცის, ადგილობრივი მოძღვრის მონათხრობი. გურიის სოფელში, რომლის სახელსაც, ჩვენი ძველი მწერლებისა არ იყოს, ახლა არ დავასახელებ, ერთი ცნობილი ათეისტი კაცი კვდებოდა, „მიყობოდა მიქელას“. ვერც მის სახელს გეტყვით, თუმცა იქაურები და მიდამო მცხოვრებნი ადვილად მიხვდებიან ამა საქმეს დაფარულსა და მის გმირებს. მოკლედ, კვდებოდა ეს კაცი და არ აღიარებდა ღმერთის არსებობას არაფრით. რა არ იღონეს მისმა მორწმუნე შვილებმა, რაღას არ დაჰპირდნენ სააქაოს და საიქიოსთვის, მაგრამ ამაოდ. ერთ დღეს მოულოდნელად ბრძანა: „ღვდელი მეიყვანეთ, ახსარება უნდა უთხრაო“, მოიყვანეს გახარებულებმა. შევიდა და მალევე გამოვიდა ავადმყოფიდან. ღიმილს ვერ იკავებდა: „მითხრა, რომ მოვკდვები, ტაძრის შესასვლელში დამმარხეთ, ქალებს შევუჭვრიტინებო“.

მე კი სოფელში საქანელაზე ვიჯექი. სიკორწიალაზე. მეზობელთან. შემოვიდა ერთი გოგო, სხვა ოჯახში სტუმრად ჩამოსული, შავი თმებით და დამცინავი თვალებით. ნორა ბებიამ გთხოვათ, ერთი ბანკა შაქარიო, კოფისთვისო. ერთი კვირითო. სანამ ავთონა ქალაქში წავა. მე კიდევ საქანელას ავუჩქარე. გული კინაღამ გამისკდა ისე იყურებოდა ეს გოგო. მეგონა მე მიყურებდა და მინდოდა ერთ ქილა კი არა, ტომარა შაქარი მქონოდა, შაქრის ქარხანა მქონოდა. შებრუნდა და ეს შავი თმები ისე გაიქნია, ნიშნისმოგებით – მერე სადაც ვინმეს შავთმიანს ვხედავი, ყველა ის მეგონა და რომ მეგონა, რაც მომდიოდა, იცით სიყვარულში გამოცდილმა ხალხმა. და მაშინ დავწერე პირველი ლექსი.  გაბრაზებულზე. პოემა. ვაჟას სტილში. ოღონდ ამბები ხდებოდა შაქრის პლანტაციებში და მე ვკლავდი შაქრის პლანტატორს და მონებს ვატანდი სავსე ტომრებს ამ გოგოსთან, რომელიც ცხოვრობდა შორეულ ადგილას, სახელად ელემანდრაში. მაღალი საქმეა სიყვარული.

სოკრატეს პარტნიორებო

0

დღეს სადაო ვერავისთვის იქნება ფაქტი, რომ  ბევრით ვართ დავალებული სოკრატესგან, რომლის, როგორც იდეალური მასწავლებლის ხატი სწორედ მისმა მოწაფეებმა – პლატონმა და ქსენოფონტემ დაგვიტოვეს. სოკრატული მეთოდის შესახებ თითქმის ყველამ ვიცით – კი არ ვიქადაგოთ, არამედ დიალოგში გამოვიწვიოთ მოწაფეები და ამ გზით თავად შევაცნობინოთ ჭეშმარიტება. ეს ფართოდ გავრცელებული ინტერაქტიული მეთოდია, უკვე ასე ნაცნობი და ორგანული, ისევე როგორც აღსზრდელებისადმი სოკრატეს დამოკიდებულება: ისინი ინტელექტუალურ პარტნიორებად მივიჩნიოთ და დიალოგებში არასოდეს გავამჟღავნოთ ჩვენი უპირატესობა.

პირადი მაგალითი და პრაქტიკული საქმიანობა ხომ  სოკრატემ საკუთარი მოწაფეების ზნეობის მკაცრი კრიტერიუმებით  ჩამოყალიბებისთვის პრიორიტეტად დაისახა და ამგვარად უთხრა უარი დამოძღვრის ფორმას, რომელშიც ნამდვილად გაძნელდებოდა მუდმივად  „პარტნიორების“ მონაწილეობა. სწორედ იმ დროიდან მოყოლებული, პირადი მაგალითი ზნეობრივი აღზრდის ძირითად ფაქტორად სახელდება. ნაზარეველის გახსენება რად ღირს, შემდეგ იმისი მოწაფეების, აკი ილია ჭავჭავაძეც თავის თხზულებებში  განსაკუთრებულ მნიშვნელობას მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს ანიჭებს. იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის, ქუთაისის პირველი ქართული გიმნაზიის (1880) დამაარსებლის  იოსებ ოცხელის და სხვათა  პედაგოგიური მოღვაწეობა საუკეთესო პირადი მაგალითებია. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი პარტახტიანი ტიფით დასნებოვნებული, მომაკვდავი მოწაფის მონახულების შემდეგ იმავე სენით გარდაცვლილა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და საორგანიზაციო კრების თავმჯდომარეს, სიმონ ყაუხჩიშვილის, დიმიტრი უზნაძის, არნოლდ ჩიქობავას, ვიქტორ ნოზაძის, გიორგი ახვლედიანის, კონსტანტინე გამსახურდიას… აღმზრდელს  საკუთარ თავისი პედაგოგიური ვალი ასე აღუსრულებია.

აკაკი ბაქრაძე თავის წერილში „კეთილშობილების გაკვეთილი“ ანტიკური ფილოლოგიისა და ისტორიის მკვლევრის, აკად. კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, თეკერეის, კეროლის, გოლზუორთისა და სხვათა ქართულად მთარგმნელის, ალექსანდრე გამყრელიძის პედაგოგიურ ღვაწლსა და გარდაცვალებას ასე იხსენებს: სამუშაო დღის ბოლოს ინსტიტუტიდან გასულ ალექსანდრე გამყრელიძეს ჯერ ბუკინისტურ მაღაზიაში დიდი სიხარულით ივანე ჯავახიშვილის «დიპლომატიკა» შეუძენია, მერე კოლმეურნეთა მოედანზე საზამთრო უყიდია. შინმიმავალს დაუნახავს, რომ ასე 20-22 წლის ორ ახალგაზრდას უცნობი ქალისთვის ჯერ ლაპარაკი დაუწყიათ, მერე ხელებით ბღლარძუნზეც გადასულან. გათავხედებულებს პანღურიც კი ამოუკრავთ ქალისთვის, რომელიც მოძალადეებს ვერა და ვერ იცილებდა. ალექსანდრე გამყრელიძე უცნობ ქალს გამოსარჩლებია. არამკითხე მოამბეობისთვის ერთ-ერთ ხულიგანს საშასთვის სახეში გაურტყამს. დარტყმისთანავე სათვალე დავარდნია საშას… დაიხარაო და ხულიგნებსაც დრო უხელთიათ: საშასათვის წიხლები დაუშენიათ. ასე ცემით საძილე არტერია გაუწყვეტიათ და მოუკლავთ.

თავად დაუვიწყარი და სამაგალითო პედაგოგი – აკაკი ბაქრაძე – ამგვარ ფაქტს უბრალოდ ვერ გაატარებდა. მისი ეს წერილი მოსეირე და გულდამშვიდებული ბრბოს, შეურაცხყოფილი და შემდეგ გაუჩინარებული ქალის, მოძალადეების წინააღმდეგ მიმართული სამხილიცაა  და პასუხიც საზოგადოების შეკითხვაზე:  „ღირს კი ადამიანმა სხვისთვის თავი გაწირო თუ იგი, ვისთვისაც საკუთარი სიცოცხლე გაიმეტე, სასამართლოზეც არ მოვა, რომ მოსამართლეს სწორი და ზუსტი ჩვენება მაინც მისცესო?“ იგი მისეული დამაჯერებლობით პასუხობს, რომ „ღირს, რამეთუ ადამიანის უპირველესი ვალი მოყვასის შველაა, თუნდაც იგი (მოყვასი) სულმდაბალი პიროვნება აღმოჩნდეს. მე არ ვიცი, მიჰყვებოდა თუ არა ალ. გამყრელიძის კუბოს ჩუმად, სხვებისაგან შეუმჩნევლად, ის უცნობი ქალი, ვისთვისაც საშამ საკუთარი სიცოცხლე გასწირა, მაგრამ მე ვიცი, რომ ალ. გამყრელიძეს უკანასკნელ სავანემდე გვერდიგვერდ თავჩაქინდრული მიაცილებდა ადამიანის კეთილშობილება და ადამიანის უმადურება. ალბათ ცხოვრება ამ ორი საწყისის ბრძოლაც არის და ყოველმა კაცმა მათ შორის უნდა აირჩიოს თავისი ადგილი. ალ. გამყრელიძემ თავის საქციელით უბრალოდ გვითხრა, ადამიანი კეთილშობილების მხარეს უნდა იდგეს და ეს იყო მისი უკანასკნელი გაკვეთილის აზრი. 50-იან წლებში, უნივერსიტეტში ჩემ თაობას ალექსანდრე გამყრელიძე ლათინურ ენას ასწავლიდა. 70-იან წლებში კი კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაგვიტარა – ვაჟკაცური კეთილშობილების გაკვეთილი“. მეცნიერული და მხატვრული თარგმანის ერთნაირად უზადოდ შემსრულებელი ალექსანდრე გამყრელიძის ცხოვრება, კეთილშობილური საქციელის გაკვეთილის გვერდით, კეთილშობილური შრომის გაკვეთილიცააო, – დასძენს იმავე წერილში აკაკი ბაქრაძე, რომლის ყოველი ლექცია ასევე კეთილშობილური საქციელისა და შრომის დაუვიწყარ გაკვეთილებად დაგვამახსოვრდა აღზრდილთ.

ძვირფას მკითხველს თავადაც არაერთი ამგვარი მაგალითი გაახსენდება – დაფასებისა და მოგონების, მუდამ გათვალისწინების ღირსი მაგალითები, პროფესიული არჩევანის გამართლების განცდას რომ შეგვაგრძნობინებენ. ისინი ხომ დროში უკვდავი მაგალითებია, არა ისეთი, მშობელთა კრებაზე თუ მშობელთან პირად საუბარში რომ გაუჟღერებია საჯარო სკოლის ზოგიერთი სამარცხვინო კოლეგას: „ამ ხელფასით რასაც ვაკეთებ, მათთვის ეგეც ზედმეტია“; „საგაკვეთილო დრო არ ჰყოფნით თქვენს შვილებს, დამისვით და კერძოდ გიმეცადინებთ“; „საკუთარი შვილებისთვის თქვენ თუ არ გცალიათ, ჩვენ რა ვქნათ?!“ – ამგვარი მიდგომები კლავს მოტივაციას, კრეატიულობას, აქრობს სწავლის სიყვარულს და შემდეგ ძნელი მისახვედრი აღარაა, თუ რატომ სძულთ ბავშვებს სკოლა, პედაგოგები და წიგნებიც, მათგან გამომდინარე.

ჟაკ ლაკანი ამბობს, ეგო ნევროზების ადგილსამყოფელიაო. ჰოდა სკოლა მით უფრო არ არის ის ადგილი, სადაც ეგოიზმმა და აგრესიამ, ნევროზებმა უნდა იწინამძღვროს. სკოლა თითოეული ბავშვის სიხარულის, შთაგონების, მოტივაციის, ზეიმის, ბედნიერების ადგილსამყოფლად უნდა ვაქციოთ. სიყვარული და პატიოსნება, პროფესიონალიზმი კი ამ ყველაფერში ძალიან დაგვეხმარება.  სიყვარულით ნათქვამი თუნდაც ერთი ფრაზა: „ძვირფასო პარტნიორებო!“, მოწაფეების გულამდე მიგვიყვანს და მათ გონებას სასიკეთოდ აგვანთებინებს. მთავარია, თავად დავიჯეროთ ამ სასწაულის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. შეროზია, ლ., პირადი მაგალითი, როგორც ზნეობრივი აღზრდის ძირითადი ფაქტორი,  პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009. გვ.69-73.
  2. ჭავჭავაძე, ილია, „პედაგოგიური თხზულებანი“, თბილისი,1938.

სკოლის შიში და მისი დაძლევის გზები  

0
Young children walking to school

 

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი სკოლა, რომელსაც, თავისი ისტორიის განმავლობაში,  ისე დაეწყო სასწავლო წელი, რომ ერთი-ორი ატირებული, დედის კალთას მიკრული პირველკლასელის დასამშვიდებლად რაიმე ზომების გატარება არ დასჭირვებოდა. ასეთი ბავშვები საზეიმოდ მორთულ სკოლის ეზოში გვინახავს წარსულში, გვხვდებიან დღეს და, დიდი ალბათობით, მომავალშიც ვიხილავთ. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი რამდენიმე დღეში მშვიდდებიან და ხალისით ერთვებიან სასწავლო პროცესში. თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც უარს აცხადებენ საკლასო ოთახში შესვლაზე, თუ იქ დედაც არ შეჰყვებათ; ზოგჯერ ისინი მშობლის დერეფანში ყოფნის პირობითაც თანახმანი არიან მიუსხდნენ სასკოლო მერხებს.

     ასეთი ბავშვების ქცევა, როგორც წესი, განპირობებულია სკოლაში  სიარულის პანიკური  შიშით. ამ  შიშის  დაძლევის გარეშე სკოლასთან  ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულდება და მოგვიანებით, ის შეიძლება სასწავლო პროცესში ბავშვის ჩართვის სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინოს. ამდენად, აუცილებელია ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება დროულად დავძლიოთ ბავშვში სკოლის შიში. თუმცა იმისთვის, რომ ეს მოვახერხოთ, უნდა გავარკვიოთ ამ შიშის გამომწვევი მიზეზები, რადგანაც, როცა შიშის გამომწვევი მიზეზი ცნობილია, მისი დაძლევა გაცილებით იოლად ხერხდება.

      ალბათ ყველა მშობლისთვის და პედაგოგისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ რა შეიძლება იწვევდეს სკოლის პანიკურ შიშს ბავშვში, რომელიც არც კი იცნობს სკოლას და ჯერ ერთი დღეც კი არ გაუტარებია იქ.

       სკოლის შიშის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • უპირველეს ყოვლისა, სკოლის შიში შეიძლება იყოს რაიმე ნეგატიური გამოცდილების შედეგი. მაგ. შეიძლება სკოლისათვის მოსამზადებელ პერიოდში, ბავშვი ესწრებოდა საბავშვო ბაღში ჩატარებულ მეცადინეობებს, სადაც მიიღო უარყოფითი შეფასება უფროსის მხრიდან, რამაც გამოიწვია ნეგატიური  ემოციები, რომლებიც შემდეგ გადაიზარდა ამ მდგომარეობის კვლავ განცდის შიშში, თავად უფროსის ან უარყოფითი შეფასების მიღების შიშში. შეიძლება ბავშვი შეაშინა უფროსის აწეულმა ტონმა და ყვირილმა. შიშის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე კონფლიქტური სიტუაციები თანატოლებთან მეცადინეობების პროცესში. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს იმის შიში, რომ ისინი მას დასცინებენ არასწორი პასუხების, მეტყველებისას დაშვებული შეცდომების, ქცევის  გამო;
  • ძალიან ხშირად, ბავშვში სკოლის შიშს იწვევს მშობლებისგან ან უფროსი და-ძმებისგან მიღებული უარყოფითი, არასასურველი ინფორმაცია სკოლის შესახებ. მომავალ მოსწავლეში შფოთიანობის დონემ შეიძლება მნიშვნელოვნად მოიმატოს ბავშვის მიუღებელი ქცევის გამო მშობლების მიერ მისი მისამართით და მის დასაშინებლად გამოყენებულმა ფრაზებმა: “აი, წახვალ სკოლაში და იქ გასწავლიან როგორ უნდა მოიქცე, როგორ ელაპარაკო უფროსებს; იქ ისე ვერ ირბენ, ვერც იხტუნავებ შენს ნებაზე, და თუ ასე მოიქცევი, შენთან არავინ იმეგობრებს, ცუდ ნიშნებს მიიღებ, დირექტორთანაც შეგიყვანენ და დაგსჯიან“.  ხშირად უფროსი და-ძმებიც სერიოზულ მონაწილეობას იღებენ ბავშვის სკოლით დაშინებაში. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ოჯახის უფროსი წევრების მიერ განებივრებულ, ტელევიზორთან ან კომპიუტერთან მჯდომ ან თუნდაც   თამაშით გართულ ხუთი-ექვსი წლის ბავშვს სასკოლო დავალებების შესრულებით დაკავებული, თავისუფლებას მონატრებული უფროსი და-ძმა ნიშნისმოგებით მიმართავს: „წახვალ სკოლაში და დამთავრდება შენი თავისუფლება. ხომ არ გგონია მაშინაც ასე ითამაშებ – როცა გინდა და როგორც გინდა. დაიწყება შენი წამება, სულ სამეცადინო გექნება. ასე რომ, გამოემშვიდობე თავისუფლებას“.  ცხადია, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ სკოლის ხსენება და იქ სწავლის დაწყება ბავშვში მხოლოდ უარყოფით ემოციებს და შიშს აღძრავს;
  • სკოლის მიმართ შიშის აღმოცენების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე ბავშვის სოციალური განვითარების არასათანადო დონე. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა უცხო გარემოში და უცხო ადამიანებთან ყოფნას მიუჩვეველ პატარას ეშინია და უჭირს ახლობლების გარეშე სადმე დარჩენა. ეს პრობლემა განსაკუთრებით იმ ბავშვებთან გვხვდება, რომელთაც საბავშვო ბაღში არასოდეს უვლიათ. ასეთ ბავშვებს არ უყვართ მარტო სეირნობა, გაურბიან უცხო ადამიანებს, კომფორტულად ვერ გრძნობენ თავს სტუმრად. უპირატესობას ანიჭებენ ადამიანთა გარკვეულ, ვიწრო წრესთან ურთიერთობას. სკოლაში წასვლა მათთვის დაკავშირებულია გაურკვევლობასა და უცხო გარემოში მოხვედრასთან, რაც მათი შიშის მიზეზი ხდება.

რეკომენდაციები სკოლის შიშის დასაძლევად  სასკოლო ცხოვრების საწყის ეტაპზე:

  • შევეცადოთ, პირველ დღეებში მაინც, არ გამოვიყენოთ უარყოფითი შეფასებები. მივცეთ ბავშვს ისეთი დავალება, რომელსაც ის წარმატებით გაართმევს თავს და შევაქოთ შესრულებული დავალების გამო;
  • მოვერიდოთ აწეული ტონით ლაპარაკს, მით უმეტეს – ყვირილს, მაშინაც კი, თუ ის ჩვენს მითითებებს ზუსტად ვერ ასრულებს;
  • დავეხმაროთ ბავშვს თანატოლებთან უკონფლიქტო და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ნუ დავუშვებთ, რომ თანატოლებმა მას დასცინონ და აწყენინონ, შევუქმნათ სოციალურად უსაფრთხო გარემო;
  • ვიზრუნოთ იმაზე, რომ მშობლების და ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვს არ ჩამოუყალიბდეს უარყოფითი დამოკიდებულება სკოლის მიმართ; და, თუ ასეთი დამოკიდებულება უკვე ჩამოყალიბებულია, რეალური მაგალითებით დავარწმუნოთ პატარა, რომ სკოლა მისთვის სრულიად უსაფრთხო ადგილია. აქ მას შეუძლია როგორც სწავლა, ასევე გართობა და თამაშიც კი.
  • და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სკოლის შიშის დაძლევაში ბავშვს დიდ დახმარებას გაუწევს სკოლაში მისვლის პირველსავე დღეს მასწავლებლის კეთილგანწყობილი, გაღიმებული, სიყვარულით სავსე სახის დანახვა.

     დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ მოსწავლესთან, მით უმეტეს, უმცროსკლასელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მშობლებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. ვერც პედაგოგი და ვერც მშობელი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება ზემოაღნიშნულ პრობლემას. მისი გადაწყვეტა მხოლოდ მათი ერთობლივი ძალისხმევით და თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.

ათენეფი აქ არიან

0

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ – ჩვენ გვინდა დავიჯეროთ, რომ დრო შეიცვალა, სინამდვილეში კი, კიდევ ერთხელ და მერამდენედ, ჩვენ თვალწინ ბრუნდება ძველი დრო თავისი განუყოფელი პერსონაჟებით. იმ ადამიანებით, ვინც ჩვენს ბავშვობაში დაწინაურებული იყო და სახელმწიფოს სათავეში იდგა. მათ წესით ბევრი რამ უკეთესობისკენ უნდა შეეცვალათ, მაგრამ მხოლოდ ომი, სისხლისღვრა და განუკითხაობა მოიტანეს. შემდეგ თვალს მიეფარნენ და გაყუჩებული ელოდნენ ხელსაყრელი დროის დადგომას.

ჩვენ რომ საარაკოდ მეხსიერებადაქვეითებული ხალხი ვართ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. საუბედუროდ, დღესაც და მომავალშიც არაერთხელ მოგვიწევს იმ თავხედობის, უტიფრობის, სისულელის, და რაც მთავარია – სამშობლოს გამყიდველთა ჭკუისდამრიგებლური სიტყვების მოსმენა. ეს ჩვენ დავიმსახურეთ: გულგრილობით, პირადი ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებით, საკუთარი არჩევანის უპატივცემლობით, ტყუილისა და კონფორმიზმის დაკანონებით, მკვლელებისა და მოძალადეების შეწყალებით.

ეს ჩვენ დავიმსახურეთ: ხალხმა, რომელსაც დიდი უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი დევნილი, ნაღალატევი და გაუბედურებული ყველას თვალწინ მოუკლეს და იმის უფლებაც არ მისცეს, ამ უკანონობისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ამ დანაშაულზე საქვეყნოდ ხმა ამოეღო.

ეს ჩვენ ვიწვნიეთ: თავზე დამხობილი ქვეყანა, დარბეული და აოხრებული კუთხეები, დაკარგული თუ გასხვისებული მიწები, და შემდეგ – შეურაცხმყოფელ კავშირებსა და გაერთიანებებში ნებაყოფლობით შესვლა.

თითქოს ეს გუშინ იყო, თითქოს ეს დიდი ხნის ჩავლილი გვეგონა. თურმე ჯერ სად ხარ –ყველაზე ბნელი სიზმრიდან გადმოსული პერსონაჟები ჯერ ქუჩებში გამოჩნდნენ თამამად, ქორწილებსა და გასვენებებში მოუხშირეს სიარულს, მერე და მერე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თავშეყრის ადგილებზეც და… იქიდან კი ტელეეკრანამდე ერთი ნაბიჯია!

არსად ისე არ ჭირს მტყუან-მართლის გარჩევა, როგორც შოუებში. არსად ისე ადვილი არ არის მხედრიონელი ქალის მომღერალ ბანოვანად გადაქცევა, როგორც შოუში, რომელსაც ყოველკვირეულად მთელი ქვეყანა ელოდება. არც კრიმინალური ბიოგრაფიის გასუფთავებაა ძნელი, თუკი წარსულს არ გაგახსენებენ, ჩამჭრელი შეკითხვებით ძალიან არ გაგაღიზიანებენ და ხელოვნებაზე, კულტურაზე, მხატვრობაზე დაგეკითხებიან აზრს.

უფრო მეტიც, ამ ორიოდე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა და ავადსახსენებელმა მინისტრმა ისე ერთიანად ამოიღო დაგროვილი ჯავრი, რომ დაკვირვებული კაცი გაიფიქრებდა, აჰა, სადაცაა იარაღსაც დააჟღარუნებსო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი: რამდენიმე დღეში თენგიზ კიტოვანმა საქართველოს მთავრობას სთხოვა მისთვის და მისი ბიჭებისთვის იარაღის ტარების უფლება მიეცა.

უქმად არც სკკპ ცეკას ყოფილი პირველი მდივანი და ექსპრეზიდენტი ყოფილა. ის დროდადრო ჭკუისდამრიგებლური საუბრებით გვანებივრებდა კრწანისის ველიდან და თავისი მაგალითით აგულიანებდა მასსავით პენსიაზე გასულ და ყველა მზაკვრობაშერჩენილ თანამოაზრეებს, ნუ გგონიათ, რომ ჩვენმა მატარებელმა ჩაიარა, გულს ნუ გაიტეხთ, კიდევ დავჭირდებით და მოგვძებნიანო.

ერთხელ იყო, გამზირზე დაჩოქება არ ვითაკილეთ და ახლა აზრის გამოთქმას დავუშლით ვინმეს?! უფრო პირიქით: შევეხვეწებით, ოღონდ რამე გვითხრან, ოღონდ გამოჩნდნენ, დაგვენახონ, ჩვენ ხომ ისინი მოგვენატრა! – მათი ხმის გაგონება, მათი სახის დანახვა. როგორ მოტეხილან, მოფამფალებულან, გაჭაღარავებულან! არადა, რა მხნედ იყვნენ, როცა დავშორდით, რა ომახიანად, როგორი შემართებით.

ზურაბ კიკნაძე თავისი ჩანაწერების წიგნში ერთ ამბავს იხსენებს: გასული საუკუნის ოციან წლებში, ბოლშევიზმის მძვინვარების ხანაში, მღვდელი ილია შალამბერიძე თურმე ასე ანუგეშებდა ნოქალაქევში მასთან სტუმრად ჩასულ დისწულს: „ნუმ გოშქურუ, ლუკა. გიჩქუდას, ქეგესკიდუნა ათენეფი ვერჩხის…“, ანუ: „ნუ გეშინია, ლუკა. იცოდე, გაირიყებიან ესენიო“.

ამ დანუგეშების შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარაო, – ამბობს ჩანაწერის ავტორი, – რისხვამ გადაიარა ქვეყანაზე, ხალხზე, ერზე და ბერზე. ყველაფერი მოხდა, რასაც შიშის გამოწვევა შეეძლო, თუმცა ის ნუგეში ამაო არ ყოფილაო. როცა ჟამი ამოიწურა და სამოცდაათმა წელმა განვლო, სისხლიანად, მაგრამ წავიდნენ ათენეფი. ბოლშევიკების, საბჭოთა ცნობიერების ეს წასვლა ზღვის მიქცევას ჰგავდა. წავიდნენ და უკან მობრუნდნენ, როგორც დამნაშავე ბრუნდება დანაშაულის ადგილზე. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ათენეფი ისევ აქ არიანო.

ათენეფი ისევ აქ არიან – ტელეშოუებიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან დაწყებული რეაბილიტაცია სულ რამდენიმე წელიწადში მათ პოპულარიზაციაში გადაიზარდა და გუშინდელი ჯალათები, ძალადობის პროპაგანდისტები და საბჭოთა იდეოლოგიის მედროშეები ჩრდილიდან გამოვიდნენ. თავიდან წერტილოვანი დარტყმებით, ნიადაგის მოსინჯვით, ნიჰილისტური განცხადებებით („ეს რა გვჭირს?“, „ამას ვიმსახურებდით?“, „ხედავთ, რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ?“, „ამის გამო ღირდა ყველაზე სტრატეგიული და ერთმორწმუნე მეზობლის გადაკიდება?“) დაძრული ნაკადი თვალსა და ხელს შუა აზვირთდა და სანამ ჩვენ ამაზე სოციალურ ქსელსა და პირად საუბრებში ვქირქილებდით, ხელისუფლების წარმომადგენლები კი პილატეს ჩაურევლობას არჩევდნენ (მეტიც, ზოგიერთი პარლამენტარი მგზნებარე ბოლშევიკადაც მოგვევლინა), ის სერიოზულ ძალად, ყოველდღიურ თემად იქცა: უკვე სისტემატურად ტარდება კომპარტიის ყრილობისმაგვარი ღონისძიებები (თავისი ყველანაირი ატრიბუტიკით), პროლეტარიატის ბელადისადმი მიძღვნილი მასშტაბური შეკრებები, სხვადასხვა სატელევიზიო არხი, საინფორმაციო სააგენტო და გაზეთი უკვე დაუფარავად ტირაჟირებს საბჭოთა იდეოლოგიას.

2013 წელს ბერძენი ფეხბურთელი გიორგოს კატიდისი, რომელმაც გამარჯვების გოლი ნაცისტური სალმით აღნიშნა, სამუდამოდ მოკვეთეს ეროვნული ნაკრებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და აღიარა, შეუგნებლად მომივიდა, თორემ ჰიტლერთან და ნაციზმთან არავითარი იდეოლოგიური საერთო არა მაქვსო, ოფიციალურ საფეხბურთო წრეებს ეს გადაწყვეტილება არ გადაუსინჯავთ.

დარწმუნებული ვარ, ვიღაცები თავს გამოიდებენ – ნაციზმი და ბოლშევიზმი, ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს როგორ შეადარაო, მაგრამ ჩემდათავად, დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, იმის მტკიცებაც კი ზედმეტად მიმაჩნია, რომ ნაციზმი და ბოლშევიზმი ორი თანაბარი მნიშვნელობის ბოროტება იყო და კაცობრიობას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა: მილიონობით ადამიანი დახოცა და მილიარდობით კიდევ ათწლეულების განმავლობაში ტერორსა და მონობაში ამყოფა. სწორედ ამიტომაც ამ ორი ბოროტების იდეოლოგიური რეაბილიტაციის მცდელობაც კი საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან მკაცრად უნდა დაიგმოს.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ, როცა საბჭოური მემკვიდრეობისგან უნდა ვთავისუფლდებოდეთ და ნამდვილი, პირუთვნელი ისტორიის დაწერას ვცდილობდეთ, თითქოს თვალს ვხუჭავთ, ვიბრმავებთ იმ ყველაზე ძვირფასზე – თავისუფლებაზე, რაც ბრძოლით მოვიპოვეთ; თითქოს ზურგს ვაქცევთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს იმისთვის, რომ ჩვენ დამონებულ, მორალურად განადგურებულ იმპერიის პროვინციაში კი არა, თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვრა.

აბა, სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ათენეფი ისევ აქ არიან – წარსულის აჩრდილები, მაოხრებელი მკვდრები, უნიათო ხელისუფლებისგან გათამამებული კრიმინალები, რუსეთუმე პოლიტიკოსები, საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით შეპყრობილი ხალხი. ამიტომ ჯერაც უდაბნოში მღაღადებელ ხმად ისმის – „ნუმ გოშქურუ“, „ნუმ გოშქურუ“. შიშისა და სიფრთხილის ბევრი მიზეზი გვაქვს, რადგან ჯერ არ დაგვიტოვებია მონობის სახლი, ბოლომდე არ მიგვიფურთხებია მონური ბუნებისთვის, ის ბიბლიური მონობის ორმოცი წელიც არ გასულა, რომელიც თავისუფლებისკენ სწრაფვას არ გვანებებს და დროდადრო მაჯლაჯუნების სახით გვეცხადება, რომ დაგვაბნიოს, დაგვზაფროს, დაგვაშინოს.

ჩვენ კი მხოლოდ იმ იმედით ყოფნა, რომ ესენი ერთხელაც გაირიყებიანო, ვერაფერს გვიშველის. თუ ჩვენ თვითონვე არ მოვთხოვეთ პასუხი, თუ ყოველ წუთას, ყოველი საჯარო გამოსვლისას არ შევახსენეთ, რომ წლების წინ მათ მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ დაგვვიწყებია, კარგად გვახსოვს, სამუდამოდ გვემახსოვრება.

ზაფხულის ორი კვირა

0

აგვისტოს ორი თავისუფალი კვირა სკეიტით სხვების განსაცვიფრებელად მოგონილი ხრიკების  შესწავლასა და შეყვარებულთან დაშორებას მივუძღვენი.

 

სკეიტბორდი

დამწყები სკეიტერი პირველად მაშინ იბნევა, როცა აღმოაჩენს, რომ მსოფლიო ოთხ ბორბალზე მდგარ ხის მგორავ დაფას სკეიტბორდის გარდა სხვა დასახელებებითაც იცნობს: მაგ. ლონგბორდი და პენიბორდი. გააკეთო არჩევანი ამ სამს შორის მაშინ, როცა მანამდე არცერთზე არასდროს მდგარხარ, რთულია. თითოეულს კი ზომისა და ფორმის გარდა,  ფუნქცია და დანიშნულებაც განსხვავებული აქვს. ერთით უკეთესად გამოგდის ხრიკები, მეორეთი- მარტივად და სწრაფად დიდ მანძილებზე გადაადგილდები, მესამე კი მცირე ზომისაა, მსუბუქი, მოქნილი და მოკლე მარშრუტებზე გათვლილი. სანამ ამ ყველაფერში გაერკვევი, ხარბად ათვალიერებ ონლაინ მაღაზიებს და თვალს ლამაზად მოხატული დაფები გჭრის. ცდუნებას რომ ავყოლოდი, მანათობელ, პლასტიკატის პენიბორდს ვიყიდიდი, 80- იანების პოპვარსკვლავივით ფერადი ქვედაბოლოთი და გამჭვირვალე ბადე- ბლუზით შევიმოსებოდი, თმაზე ბაფთას მივიბნევდი და „I wanna dance with somebody”- ის ღიღინით ჩავიქროლებდი ჩრდილო რაინ- ვესტფალიის პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩებში.

მე  სკეიტბორდი ვიყიდე, მფრინავი ადამიანებისთვის.

ის დილის ათზე მუყაოს გრძელი ყუთით მომიტანეს. მთელი ღამე ბავშვურმა მოლოდინმა არ დამაძინა და ზარი რომ დარეკეს, უკვე ვიცოდი, კართან კეთილი ბიძია იდგა და ხელში ჩემი მფრინავი დაფა ეჭირა, ჩემი ალადინის ხალიჩა, ჩემი ნიმბუს 2000. ხელის კანკალით გავხსენი და მთელი ჯადოსნობა წამში გაქრა: დიახ, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ოღონდ არასრულყოფილი სახით, ნაწილებად დაშლილი და შეფუთული. ცალკე ბორბლები, ცალკე დაფა თუ  ლითონის გაურკვეველი დეტალები. ჩუმად ჩავედი სარდაფში, ხელსაწყოების ყუთი ამოვიტანე და მივხვდი, რომ სრულიად მარტო დავრჩი ბრტყელტუჩასთან და ჩემი ხელით ასაწყობ ოცნებასთან, რომელიც უკვე საკმაოდ არარომანტიულად გამოიყურებოდა.

შესაძლოა, თქვენ ფლობდეთ ხუთ ან მეტ უცხო ენას, რამდენიმე დიპლომს, საკმარის თავდაჯერებულობას, მაგრამ თავი მაინც ძალიან უსუსურად იგრძნოთ ლითონის ამდენი უცნაური ნივთის წინაშე.

მაგრამ გამოწვევა მივიღე და ღირსეულადაც გადავლახე.

შემდეგი გამოწვევა სკეიტერის სახელის დამკვიდრება გახლდათ. ამაზე დღემდე დაუღალავად ვმუშაობ.

იანი

მანამდე არცერთ ურბანისტს არ ვიცნობდი.  უზარმაზარი ქალაქების, ამ ცოცხალი ორგანიზმების დაბალანსება შესანიშნავი საქმეა- მეთქი, გავიფიქრე და დავინტერესდი. გერმანული მარტი იდგა ანაც აპრილის დასაწყისი და ის მსოფლიოს ყველა სხვა მარტსა ან აპრილის დასაწყისზე უფრო  ნაცრისფერი და წვიმიანია. ჩვენი გაცნობა, შესაძლოა, ყოფილიყო საკმარისად რომანტიკულიც, მაგალითად ნიუ- იორკში, უმჯობესი იქნებოდა, ბიჭს ხელში ყვითელი ქოლგა სჭეროდა, რომელიც შენ ოდესღაც რომელიღაც წვეულებაზე დაგრჩა, მაგრამ ეს საერთოდ არ აღმოჩნდა რომანტიკული, არც- ლეგენდარული, რადგან ჩვენ არ ვიყავით საკულტო ამერიკული სერიალის (How I met your mother) პერსონაჟები.

იმ წვიმიან მარტსა თუ აპრილის დასაწყისში მარკეტის შესასვლელში საიმედოდ დაპარკინგებული ველოსიპედი მომპარეს. გადავწყვიტე, რომ საშინლად უბედური ვიყავი, ასფალტზე დავჯექი და ავბღავლდი. გამოცდები ახლოვდებოდა, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა და ვიღაც უნამუსომ ამ დროს ველოსიპედის მოპარვა გამიბედა. ქურდები ძალიან არაკეთილშობილები არიან, ისინი ვერასდროს არჩევენ სწორ დროს.

„ორი კვირის შემდეგ მაინც მოეპარათ“,-  გერმანულად მივმართე ბიჭს,  რომელიც ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მერე კი ქართულად გავაგრძელე საკუთარი უიღბლობის გამოტირება, სასოწარკვეთილს ყველა სხვა ენა მავიწყდება ქართულის გარდა.

ის ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა, შესანიშნავიც კი. მაგრამ გავა დრო და უხერხულად დამისვამს კითხვას ჩემი ერთადერთი ტატუს შესახებ, მეც მშრალად ვუპასუხებ რომ ეს სპილოა, რომელიც გველმა გადაყლაპა, ანაც გველი, რომელმაც სპილო გადაყლაპა, ზოგიერთისთვის შლაპა და საერთოდაც, რამდენიმე დღის შემდეგ „პატარა პრინცს“ ვაჩუქებ. გავა დრო და იანი ამ წიგნს ბოლომდე არ წაიკითხავს, რადგან მისი აზრით, ზედმეტად ბავშვურია. მე  გული დამწყდება. ჩემი მეგობრები თავს გააქნევენ. თითოეულ მათგანს სახეზე „ასეც ვიცოდი“ ან  „ხომ გეუბნებოდი“ გამომეტყველება აღებეჭდება და აი, ეს კი ძალიან ემსგავსება სცენას  ამერიკული საკულტო სერიალიდან, როცა ტედი აღმოაჩენს, რომ მის საყვარელ ქალს „ვარსკვლავური ომები“ არ მოეწონა. უფრო მეტიც, ერთ დიდ სისულელედ შერაცხა.

ამის გამო, როგორც წესი, არ შორდებიან. შესაძლოა, სამარცხვინო საქციელია ჩემი მხრიდან. მაგრამ სულ მახსენდება, როგორი უძლური ვიყავი სიტყვების წინაშე, რომელიც „ბავშვურობისთვის“ ყველაზე გენიალურ წიგნს სჯიდა.

შეიძლება, თქვენ ფლობდეთ ხუთ ან მეტ უცხო ენას, რამდენიმე დიპლომს, საკმარის თავდაჯერებულობას, მაგრამ თავი მაინც ძალიან უსუსურად იგრძნოთ სიტყვების წინაშე.

 

 

ლიტერატურული კონკურსი – “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე”!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი  “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ფარმაცეტული კომპანია „PSP“ მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“,  რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია,  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე  ფულადი პრიზი:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.

ადამიანები და… სხვა ცხოველები

0

ცოტა ხნის წინ  ჩვენ ყველანი შემზარავი ფაქტის მომსწრე და…თანამონაწილე გავხდით. ბავშვებმა ლეკვი აწამეს. საბრალო, უდანაშაულო არსება დაიღუპა. დაიწყო დიდი მითქმა-მოთქმა, დაპირისპირება, ერთნი ბავშვების უპირობო დასჯას ითხოვდნენ, მათ მიმართ არანაკლები სისასტიკის გამოვლენისკენაც მოუწოდებდნენ სხვებს, მეორენი ამ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებას და შესაბამისი ზომების მიღებას ემხრობოდნენ.

რამდენიმე დღის წინ ჩემმა13 წლის გოგონამ დამირეკა აღშფოთებულმა. სოფელში ისვენებს და მიყვებოდა, როგორ ეპყრობოდნენ ბავშვები ეზოში ლეკვს – კი არ ურტყამენ ან ცემენ, უბრალოდ სათამაშო ჰგონიათ და ხან ნაჭრებში ახვევენ და აძინებენ და ხან კოვზით ვითომ-ვითომ  საჭმელს ტენიანო. როცა ვუთხარი, ცოცხალი არსებაა და არა სათამაშო, ასე ნუ ექცევითო, ბავშვების დედამ უხეშად მითხრა, მათი ლეკვია და რასაც უნდათ, იმას უზამენო. ეს თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ეს ბავშვები იმიტომ კი არ იქცევიან ასე, რომ ბუნებით ბოროტები და სასტიკები არიან, არამედ იმიტომ, რომ უფროსები არასწორად ზრდიან და ცუდ მაგალითს აძლევენ მათ.

და ერთი ამბავიც შესავლის ნაცვლად – ცოტა ხნის წინ უკრაინელი კოლეგები მყავდა სტუმრად. ცხადია, შემთხვევა ხელიდან არ გავუშვით და ჩვენი გამოცდილება ერთმანეთს გავუზიარეთ. მათგან ძალიან საინტერესო და ამ თემებთან დაკავშირებული სოციალური პროექტის შესახებ შევიტყვე. წერილის დაწერაც სწორედ ამ ფაზლის ნაწილებივით ერთმანეთთან დაკავშირებულმა ამბებმა გადამაწყვეტინა – ვალერა და ანია გატაცებით მიყვებოდნენ, როგორ ახორციელებენ თავიანთ სკოლაში  ძაღლების თავშესაფრის ბინადრებთან  ბავშვების დამეგობრების პროექტს.

მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა კონკერტული სასწავლო-შემეცნებითი პროექტები ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან დაწყებით კლასებში. შესაძლოა, სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სასწავლო რესურსებში არის კიდევაც გაწერილი რაიმე ღონისძიებები ბავშვებისთვის ცხოველების უფლებების გაცნობისა და მათ მიმართ პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბების მიმართულებით, თუმცა პრობლემა რომ თვალსაჩინოა და სამუშაო – კოლოსალური, ფაქტია.

თავიდან აღვნიშნე, საბრალო ლეკვის მკვლელობის მომსწრე და თანამონაწილეებიც გავხდით მეთქი. თანამონაწილეობაში კი უშუალოდ პროცესში მონაწილეობის მიღება არ მიგულისხმია, ცხადია. დავსვათ კითხვა – რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი იმისთვის, რომ ბავშვებს სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ ცოცხალი არსებების მიმართ? ვსაუბრობთ თუ არა სკოლაში ცხოველთა უფლებებზე? გარდა საუბრისა, კიდევ რას ვაკეთებთ ან რისი გაკეთება შეგვიძლია? მხოლოდ საუბარი, შეგონება და სახელმძღვანელოში ილუსტრაციების გაცნობა საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება. მინდა ის რამდენიმე იდეა გაგიზიაროთ, რაც ვალერასგან და ანიასგან შევიტყვე.

სოციალური პროექტების სერია თავშესაფარში მცხოვრები ცხოველების დასახმარებლად

გამოვკვებოთ თავშესაფრის ბინადრები

მასწავლებელი წინასწარ უკავშირდება ცხოველთა თავშესაფრის ადმინისტრაციას. არკვევს იქ შეფარებული ცხოველების რაოდენობას. ათანხმებს ვიზიტის დროს და ეცნობა უსაფრთხოების ზომებს. სთხოვს ადმინისტრაციას, უზრუნველყოს იმ ცხოველების გარიდება, რომლებიც ბავშვების მიმართ აგრესიას გამოხატავენ. ასევე წინასწარ უთანხმებს, რომ ბავშვები ცხოველებთან საკვებს ან სხვა საჭირო ნივთებს მიიტანენ. ადგენს სიას.

მოსწავლეებთან მოსამზადებელი საუბრის და საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ იგეგმება თავშესაფარში ვიზიტის დღე. სტუმრობის წინა დღეს ბავშვები ოჯახის წევრების თანხმობით და დახმარებით ამზადებენ საკვებს ცხოველებისთვის. ეს შეიძლება იყოს ბურღულეულის ფაფა, სპეციალური მშრალი საკვები, პური. შესაძლოა, თავშესაფარში დასჭირდეთ მედიკამენტები, ძველი პლედები ან თბილი ტანსაცმელიც ლეკვების და ავადმყოფი ძაღლების მოსავლელად. თავშესაფარში მისული მოსწავლეები და მასწავლებლები ცხოველებთან შეხვედრამდე კიდევ ერთხელ გაიმეორებენ უსაფრთხოების წესებს და მომვლელების თანხლებით გამოკვებავენ თავშესაფრის ბინადრებს.

შრომის გაკვეთილები

სკოლაში, რომელშიც ჩემი კოლეგები ასწავლიან, არის შრომის გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა მასალისგან სხვადასხვა ნივთის დამზადებას სწავლობენ. მეოთხე კლასის ხელობის გაკვეთილების ერთი სემესტრი მთლიანად ეთმობა პატარა სახლების ან თავშესაფრისთვის საჭირო სხვა ნივთების ( თაროები, სათავსოები, ჯამები…)მშენებლობას და დამზადებას. მოსწავლეები მასწავლებლის და მშობლების დახმარებით აგებენ პატარა სახლებს ძაღლებისა და ლეკვებისთვის, რომლებიც შემდეგ თავშესაფარში მიაქვთ. სურვილის და მონდომების შემთხვევაში, მშობლების ჩართვით, ჩვენთანაც შესაძლებელია ისეთი პროექტის დამუშავება, რომელშიც მონაწილეობას ბავშვებთან ერთად მათი მშობლებიც მიიღებენ. საჭირო მასალისა და ნივთების შესაძენად შეიძლება კაფეს ან ბაზრობის ორგანიზება, სადაც მოსწავლეები მათ მიერვე დამზადებულ საკვებს ან ნივთებს გაყიდიან, მიღებული შემოსავლით კი საჭირო ინვენტარს შეიძენენ. ეს ფასდაუდებელი გამოცდილება იქნება ბავშვებისთვის.

ლიტერატურის გაკვეთილებზე

თავშესაფრებს ან სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფს ხშირად აქვთ ვებგვერდები, სადაც იტვირთება გასაჩუქებელი ცხოველების ფოტოები. გასაჩუქებელი ცხოველების შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჩუქების მსურველებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. ლიტერატურის გაკვეთილებზე ბავშვებს შეგვიძლია ვთხოვოთ, დაწერონ ისტორიები იმ ცხოველებზე, რომლებიც მოსიყვარულე და მზრუნველ პატრონს ელოდებიან. მათ შეუძლიათ სახელებიც დაარქვან ლეკვებს, გააპიროვნონ ისინი და პირველ პირში დაწერონ მათი ისტორია – როგორ აღმოჩნდნენ თავშესაფარში, რას გრძნობენ, რას ელიან, რა სწყინთ და რა უხარიათ. ემპათიის უნარი უმნიშნელოვანესია და ეს სამუშაო ძალიან დაეხმარება ბავშვებს, თავადაც შეიგრძნონ ამ საბრალო არსებების განცდები. დაწერილი ისტორიების ატვირთვა შესაბამის რესურსებზე მასწავლებლის დახმარებით გახდება შესაძლებელი.

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – ურთიერთობა

თავშესაფრების ბინადარ ცხოველებს აკლიათ ადამიანებთან ურთიერთობა. ძაღლები სოციალური, კონტაქტური არსებები არიან. სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია თავშესაფრებში მცხოვრები ცხოველებისთვის, მათთან ურთიერთობაა. შეიძლება დაიგეგმოს მათთან სტუმრობა უბრალოდ გასასაირნებლად ან მათთან სათამაშოდ. ცხადია, ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებით და ისევ და ისევ უსაფრთხობის ზომების დაცვით.ისინი შეარჩევენ ძაღლებს, რომელთა გასეირნება ღვედით უსაფრთხო და სასარგებლო იქნება როგორც მათთვის, ასევე ბავშვებისთვისაც.

მედიასაშუალებების გამოყენება

თითოეული ამ პროექტის განხორციელების პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მიღებული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება და ინფორმაციის გავრცელება. „სიკეთე გადამდებია“. მსგავსი ღონისძიებების გაშუქებით კი, შესაძლოა, სხვებსაც აღეძრათ სურვილი იმავეს გაკეთების. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გადავიღოთ და დაუყონებლივ ავტირთოთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში განხორციელებული პროექტები. დახმარება უფროსკლასელებს შეიძლება ვთხოვოთ. ისინი სიამოვნებით და ინტერესით გადაიღებენ მასალას, ჩაწერენ ინტერვიუებს პროექტში მონაწილე ბავშვებთან, უზრუნველყოფენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში თუ ვებგვერდზე ინფორმაციის გავრცელებას. თავისუფლად შეგვიძლია დავუკავშირდეთ ოფიციალურ მედიასაშუალებებსაც. რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს და ჩაერთვება მსგავს პროექტში, მით უფრო სწრაფად მივიღებთ სასურველ შედეგს.

ვიზუალური აზროვნებიდან ვერბალური აზროვნებისაკენ  და პირიქით

0

მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები

კარგი პრეზენტაცია ნიშნავს უბრალოდ ინფორმაციის გადაცემას კი არა, არამედ იმგვარ გადაცემას, რომელიც ჩვენი გონების მყარ დისკზე ჩაიწერება, ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ინფორმაცია იქნება ცოცხალი: შეგვეძლება მისი წარმოდგენა, შეგრძნება, შემეცნება, დამახსოვრება კი თავისთავად მოხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია პრეზენტაციის ვიზუალურად გაფორმება. რადგანაც ვიზუალური ხატი ერთბაშად იპყრობს მსმენელს, ხოლო ვერბალური კომუნიკაცია მიმდინარეობს დროში და დანაწევრებულია. ორივე ერთად კი წარმოადგენს მთლიან აზრს. მართალია, ვერბალური და ვიზუალური განსხვავებული სტრუქტურის ელემენტებია და სხვადასხვა სემიოტიკურ სისტემებს მიეკუთვნება, მაგრამ მათი სინთეზი, წარმატებული ურთიერთქმედება აზრის დაბადებას, აზრის გამოთქმას ემსახურება.

ცალ-ცალკე ორივე სისტემა ნაკლულია აზრის გამოსათქმელად. მაგალითად,  ავიღოთ ქიმიური ნაერთი –  წყალი H2O – იგი შედგება ორი ატომი წყალბადისაგან და ერთი ატომი ჟანგბადისაგან. ცალ-ცალკე ეს ელემენტები არცერთი წყალი არ არის, ასევე ნაწილობრივად წარმოადგენენ აზრს ვიზუალური და ვერბალური სისტემები პრეზენტაციისას.

რა კავშირია ვერბალურსა და ვიზუალურს შორის?

თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის პრობლემა განპირობებულია იმით, რომ ენის მეშვეობით მეტყველება ავტომატიზებულ პროცესად იქცა. ამაში „დამნაშავე“ ენა არ არის, აჩქარებული სამყაროს ადამიანი ყველაფერს ამარტივებს და კომუნიკაცია დაჰყავს უბრალოდ ინფორმაციის გადაცემამდე. დაიკარგა (უმრავლეს შემთხვევაში) ემოცია, განცდა, გრძნობა, რაც სიტყვებს უნდა მოჰყვებოდეს. ის წარმოსახვები, რომლებიც კონცეპტუალურ კომუნიკაციას ახლავს, გაუფერულდა, გაიცრიცა და გაქრა. თითქოს ცალკე არსებობს ადამიანი (შინაგანი ადამიანი)  და „ენობრივი ადამიანი“, რომლებიც სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს. დაქვეითდა ენის ძირითადი ფუნქცია, ექსპრესიული ფუნქცია, შესამაბისად, ურთიერთგაგებინების პროცესიც ადამიანებს შორის, ხალხებს შორის, კულტურებს შორის სულ უფრო პრობლემატური გახდა. ზოგ შემთხვევაში, ენა ურთიერთგაგებინების ნაცვლად იქცა ურთიერთგაუგებრობის წყაროდ.

რატომ ხდება ასე და რას ნიშნავს, რომ ენა ავტომატიზებული პროცესია?

ბგერითი ენა ნიშნავს, რომ ადამიანი აზრს, ემოციას, გრძნობას გარდაქმნის სიტყვებად, ცნებებად, ანაწევრებს და გამოთქვამს და ასე გამოიხატება. რა სახით გვეძლევა აზრი…? როგორ იქცევა აზრი, როგორც მენტალური წამოდგენა, ცნებებად და როგორ შეგვიძლია, რომ ჩვენი აზრი სრულყოფილად გავუზიაროთ მეორე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს?

აი, აქ იწყება აზრის გადაცემის რთული ფსიქო-ფიზიოლოგიური პროცესი. ეს ძალიან ჰგავს თარგმნის პროცესს, მაგრამ გაცილებით უფრო რთულს, რადგან „თარგმნა“ გვიწევს არა სხვა ენიდან, არამედ აზრის მრავალფეროვანი სემიოტიკური რაკურსებიდან ვერბალურ, ბგერით ენაზე… ჩვენს ცნობიერებაში წარმოქმნილ ვიზუალურ ხატებს სიტყვები უნდა შევუსაბამოთ და როდესაც სიტყვები „არ გვეყოფა“, მაშინ მეტაფორებს უნდა მივმართოთ. წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ უნდა გადაიტანოს სიტყვებში ენამ (ენის მომხმარებელმა)…? დაანაწევროს ერთიანი სურათი, მერე შეაერთოს სხვადასხვა ტიპის განცდა, რომ საბოლოოდ შეძლოს აღადგინოს ერთიანი სურათი და ეს უნდა მოახერხოს, არც მეტი და არც ნაკლები, პირობით ნიშანთა სისტემით. დიახ, ბგერები, სიტყვები, ცნებები მხოლოდ პირობითი ნიშნებია აზრის გადმოსაცემად. ნიშნის პირობითობა ხომ ენის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპია. ენის ჩვეულებრივი მომხმარებელი არ არის ვალდებული, ენისა და აზროვნების თეორიებს ფლობდეს და ენისა და მეტყველების ფუნქციებში ერკვეოდეს (ეს მეცნიერების საქმეა), მაგრამ ის ახორციელებს სწორედ ცნობიერად თუ არაცნობიერად აზრის სიტყვებით შეფუთვის ურთულეს პროცესს…

წარმოიდგინეთ, რომ ზღვაზე ხართ, დაისია… და თქვენ უნდა უამბოთ თქვენს მეგობარს მზის ჩასვლის შესახებ, თან ისე, რომ ყველა განცდა, რომელიც თქვენშია, გადაიტანოთ სიტყვებში, როგორც სიგნალებში, რომელთა მოსმენის შემდეგ თქვენს მეგობარს უნდა გაუჩნდეს იგივე ემოციები და იგრძნოს ის, რაც თქვენ იგრძენით ამ დაისის  მზერისას…

პრაქტიკულად შეუსრულებელი ამოცანაა…

მხატვარი ამას უფრო ადვილად შეძლებდა ფუნჯისა და ფერების მეშვეობით, მაგრამ ენაში აზრის მატერიალიზაცია მხოლოდ ბგერებითაა შესაძლებელი. მისტიკოსები იტყვიან, რომ ის, ვისაც შეუძლია ასეთი სურათის ნახვისას ილაპარაკოს, ვერაფერს ვერ გრძნობს… მაგრამ მეორე დღეს ეს განცდა რომ სიტყვებით გააფორმო, მოჰყვე, ნამდვილი ხელოვნებაა საჭირო… ამრიგად, გამოდის, რომ კომუნიკაციის პროცესში ერთიან ვიზუალურ წარმოდგენებს ვანაწევრებთ ბგერებად და გარდავქმნით კონცეპტუალურ, ცნებით აზროვნებად. რით განსხვავდება ერთი მეორისგან? ვიზუალური ხატი გვეძლევა ერთიანი სახით, ხოლო სიტყვებით ხდება მისი დანაწევრება და გადატანა. ვანაწევრებთ და გადაგვაქვს რა ვიზუალური ვერბალურში, შემდეგ იწყება პირიქით პროცესი: ენამ, ანუ პირობით ნიშანთა სისტემემ, კომუნიკაციის ადრესატზე უნდა მოახდინოს იმგვარი გავლენა, რომ ვერბალური, ცნებითი აზროვნება კვლავ გადრაისახოს ვიზუალურ ხატში. საინტერესო იქნებოდა, სუბიექტის მიერ გადაცემული და ადრესატის მიერ აღქმული ვიზუალური ხატების შედარება, ისინი ალბათ ვერასდროს დაემთხვეოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მაქსიმალური დაახლოევება არის ენის მიზანი; თუმცა აზრთან მიმართებით ვერბალური მეტყველება ყოველთვის დარჩება  ინპერპრეტაციად.

არსებობს ისეთი ტექსტები, რომლებიც თავისი მხატვრულობით მყისიერად წარმოქმნიან ვიზუალურ ხატებს. მაგალითად, ასეთია კობიაში ისას ეს ჰაიკუ:

„ჩემს ძველ სახლში,

რომელიც დავტოვე,

ალუბალი ყვავის…“

თუ კარგად გავიაზრებთ იმას, რაც აქამდე ვთქვი, აუცილებლად გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ საერთოდ შეუძლებელია ორი ადამიანის ასეთი ღრმა ურთიერთგაგება… ამიტომ ყველაფერი პირობითია და ზუსტი სიტყვები არ არსებობს ჩვენი მრავალფეროვანი შინაგანი განცდების გადმოსაცემად. ეს კარგად უწყიან პოეტებმა, ამიტომაც ამბობენ:

..Как сердцу высказать себя?

Другому как понять тебя?

поймет ли он, чем ты живешь?

Мысль изреченная есть ложь… (Тютчев, «Silentium)

მაგრამ ამის მიუხედავად, ვიდრე დედამიწაზე ვართ და ადამიანურ ფორმაში და ვიდრე ენა ჩვენი გამოხატვის ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად რჩება, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ყველა სიღრმე, რაც ენით გამოთქმას უფრო მიახლოებულს გახდის. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვერბალურ ენას შეუძლია შექმნას სიტყვებით ვიზუალური ხატებიც, მუსიკაც და გამოიწვიოს კინესთეტიკური შეგრძნებებიც… პრეზენტაციის დროს განსხვავებული სემიოტიკური სისტემებით აზრის გამოთქმა შესაძლოა იმაზეც მიანიშნებდეს, რომ ეს სისტემები დამოუკიდებლადაც ქმნიან მთლიანობას (მაგალითად, თავისთავად სრულყოფილებაა მოცარტის მუსიკის მოსმენა, ან მხატვრის ტილო, ან პოეტის ტექსტი…) და სინთეზით კი – ახალ შესაძლებლობას, რათა გააცოცხლონ ავტომატიზებული მეტყველება და შეიტანონ მასში სიცოცხლე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...