ლიტერატურა, როგორც აბსურდი
რა უნდა დავიტოვოთ ლიტერატურიდან ან რა უნდა შევმატოთ მას და რატომ? ეს კითხვები ყველა მოსწავლეს უჩნდება, თანაც უფრო მეტად – მათ, რომლებიც ნაკლებ ინტერესს იჩენენ საგაკვეთილო პროცესის დროს.
დაანახო მოსწავლეს სასწავლო მასალის ცხოვრებაში გამოყენების საჭიროება, ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. უფრო რთული, ვიდრე ახსნა, გაგება და გააზრება. ყოველივე ამას როგორმე მოახერხებს მასწავლებელი სასწავლო რესურსების გამოყენებით, საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის დახმარებით, მაგრამ რეალურად აგრძნობინო მოზარდს, რომ ამა თუ იმ ავტორის ტექსტი ცხოვრებაში გამოადგება, ძალიან ძნელია.
ეს იმაზეც კია დამოკიდებული, რა არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, რაში ხარჯავს ის ყველაზე მეტ ფულს, რომელ სფეროში აღწევენ ყველაზე მეტ წარმატებას ადამიანები და აქვთ მატერიალურად თუ სხვა მხრივ უზრუნველყოფილი ცხოვრება. მახსოვს, როგორ მითხრა ჯავახეთში ჩემმა მოსწავლემ, რომ ქართული ენის სწავლა არ სჭირდებოდა, რადგან თუ ცხვრის ფარას გარეკავდა მთაში და ორი თვე უდარაჯებდა, რამდენიმე ათასი ლარით მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე მე მთელი წლის განმავლობაში. მაშინ ვერაფერი მოვიფიქრე ჩემი პოზიციის დასაცავად. ვიცოდი, რომ მისი ოჯახისთვის პრიორიტეტი ფინანსური მოგება იყო და არა სწავლა, პიროვნული განვითარება და ა.შ.
მივხვდი, რომ იმ დღეს ვერაფერს მივაღწევდი, რადგან ბავშვმა არ იცოდა, რა სიკეთე მოაქვს განათლებას, რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდისკენ სწრაფვა, საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე მუშაობა, რომ ყოველივე ამას საბოლოოდ მატერიალური თუ სოციალური სარგებელიც მოაქვს. ეს იგივე იქნებოდა, უიდიპურში ინდოელისთვის აგეხსნა, რა საოცარი სუნი აქვს მცხეთის ჯვრის კედლებს, როცა ძველი ქვა მზის სხივებისგან ცხელდება.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ლიტერატურათმცოდნეობისა და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე ჩამბარებელთა უმეტესობა, ვისთანაც მისაუბრია (და ასეთია ყოველწლიურად ჩარიცხულთა არცთუ მცირე ნაწილი), ელის, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ რომელიმე სკოლაში მასწავლებლად იმუშავებს ან რეპეტიტორობას დაიწყებს. მასწავლებლის საშუალო ხელფასი საქართველოში ძალიან მცირეა, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის კარგად სწავლა მოსწავლეთა საკმაო ნაწილისთვის მომავალ ფილოლოგობასთან ასოცირდება.
ეს არასწორი აღქმა ამცირებს საგნისადმი ინტერესს, აბრკოლებს შემოქმედებით მიდგომას. რჩება რამდენიმე ვარიანტი:
- მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას იმ საგამოცდო პროგრამების მიხედვით, რომლებიც ერთიან ეროვნულ და საატესტატო გამოცდებზე სჭირდებათ. გამოცდები კი ნებისმიერ შემთხვევაში შეჯიბრებითობაზეა დაფუძნებული. მოსწავლე სწავლობს იმდენს, რამდენიც აუცილებელია კარგი შედეგის მისაღწევად, ამიტომ მას აღარ აქვს შემოქმედებითობის სურვილი, მცდელობა, ლიტერატურა აღიქვას პიროვნების, კარგი მოქალაქის განვითარების უდიდეს საშუალებად.
- ლიტერატურა და ენა რჩება გაგებული და გააზრებული იმ დონეზე, რაც სკოლაში მოითხოვება. მოსწავლეთა ნაწილი ფიქრობს, რომ მათ იციან სახელმწიფო ენა, შეუძლიათ კომუნიკაცია, იციან რამდენიმე დიდი მწერლის მოკლე ბიოგრაფია და მნიშვნელოვანი ტექსტების შინაარსი, რაც სავსებით საკმარისია. ისინი ხელმძღვანელობენ ლოგიკით, რომ ლიტერატურა, ენა კომუნიკაციის საშუალებაა და მეტი არაფერი. მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არ უჭირთ, ყველაფერი დანარჩენი კი მათთვის ზედმეტია და უსარგებლო.
ასეთ დროს ყველაფერი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული, იქცევა აბსურდად და თავად ეროვნული სასწავლო გეგმის სრულყოფილი შესრულებაც კი არ ნიშნავს იმას, რომ ლიტერატურა ახლოა მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის მაინც. ყველაფერი ისეთივე აბსურდული ჩანს, როგორც რომ უიდიპურის ინდოელს მცხეთის ჯვარზე ესაუბრო.
პატარძლების ისტორია, რომელსაც ფინალი არ აქვს
უქმრო და დეპრესიული ქალები, ციხის დამთრგუნველი ატმოსფერო და იქვე გამომწყვდეული, ცხოვრების ნორმალური რიტმიდან ამოვარდნილი კაცები. რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „პატარძლები” სწორედ იმ ატმოსფეროს ასახავს, რომელმაც თავის დროზე ლამის მთელი ქვეყანა შეძრა. რადგან ოფიციალური ქორწინების გარეშე ცოლებს პატიმარ ქმრებთან არ უშვებენ, ისინი ციხეში ხელის მოსაწერად შეჰყავთ. ბადრაგი კართან შეჰყვირებს – „კარი გააღეთ, პატარძლები მოდიან!” და ისინიც შედიან სხვადასხვა ასაკის, სოციალური წრისა და ბედის – ახალგაზრდა თუ შუახნის ქალები, სოფლიდან ჩამოსული ხანშიშესული ქალბატონები. ხელის მოწერა იქვე ხდება, ბედნიერებისთვის სულ ათი წუთია გამოყოფილი, დანარჩენი უკვე დრამა და ბედისწერაა.
უყურებ ფილმს და ხვდები, რომ ეს არ არის უბრალოდ ამბის თხრობა, არამედ აქ ორი ადამიანის ბედისწერაა, რომელიც თითქოს წინასწარვეა განსაზღვრულია. ფილმიც მათ გამოუვალ მდგომარეობაზეა, დახშულ სივრცეზე, რომელსაც ვერ გაარღვევ; სხვისი წესებით ნაკარნახევ ცხოვრებასა და ფატალიზმზე, როდესაც ზარიდან ზარამდე, პაემნიდან პაემნამდე მხოლოდ რუტინა და დიდი დანაშაულის განცდაა დროებითი გატაცების გამო.
თინათინ ყაჯრიშვილი რეალურად კარგად გააზრებულ, დრამატურგიულად აწყობილ და მაყურებლისკენ სწორად მიმართულ ფილმს გვთავაზობს. ჩვენმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რა ხდება ციხეებში. მაგრამ მხოლოდ პატიმრების ოჯახების წევრებმა იციან, რა რეალობაა მის კედლებს მიღმა. რეალობა კი პატიმრის პატრონის დამცირება, დაუსრულებელი რიგები, ლოდინი და სასჯელის ვადის დასრულების მოლოდინში გასული წლებია. სწორედ ასე ცხოვრობს ნუცა, მარი კიტიას გმირი, რომელიც ქმრის, ორი შვილის მამის ციხეში მონახულების სანაცვლოდ რამდენიმე წუთით პატარძლად იქცევა და პატიმარზე ქორწინდება.
ციხეში პატარძლები მოდიან, მაგრამ მათ აქ არც თაიგულებს ახვედრებენ, არც გაშლილ სუფრას და არც ტორტის დაჭრას აპირებს ვინმე. მეტიც, მათ პირველი ღამის უფლებაც არ აქვთ, რადგან ცოლად ქურდებს, ყაჩაღებსა და მკვლელებს გაჰყვნენ. შემდეგ ყველაფერი ისევ ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება: ლოდინი, რიგები, უკანასკნელი კაპიკების თვლა და დამცირება, რომელთან ბრძოლასაც ფილმის მთავარი პერსონაჟი, ნუცა გამუდმებით ცდილობს. პატიმრის ცოლის სტატუსს უარყოფს და იტყუება, რომ მისი ქმარი ერაყში იბრძვის, შვილსაც ატყუებენ და საბოლოოდ მამა მათ თვალში გმირია, რომელიც ბოროტებას ებრძვის.
სინამდვილეში ასეც არის, მამა ყველაზე დიდ ბოროტებას – მარტოობას ებრძვის. პირველი 24-საათიანი პაემნის დროსაც კი ცოლ-ქმარი საკანს საკუთარი სახლივით აწყობს, თითქოს ამით დროისა და სივრცის არევა სურთ. თუმცა ფანჯრის იქით გისოსები ჩანს, რომელიც ფილმის პერსონაჟებსაც და მაყურებელსაც გამუდმებით ახსენებს, რომ წესებს აქ სხვა გვკარნახობს.
თინათინ ყაჯრიშვილმა გადაიღო წმინდა ადამიანური დრამა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ კადრში ხშირად ჩანს არც თუ ისე სახარბიელო საყოფაცხოვრებო პირობები, აქ აქტი გმირების არა ფინანსურ, არამედ სულიერ სიცარიელეზე კეთდება.
როგორც ცნობილია, სცენარზე მუშაობის დროს თინათინ ყაჯრიშვილი პირად გამოცდილებასაც იზიარებდა. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ფილმის პრაქტიკულად ყველა სცენა ძალიან რეალური და ხელშესახებია.
პაემანი სრულდება, პატარძლები საკნებს ერთდროულად იმედითა და სიცარიელით სავსეები ტოვებენ, თუმცა ავტორი ისტორიას არ ამთავრებს, არ გვეუბნება ამ ამბავს როგორი ფინალი ექება და ამით მთელ ტკივილს ერთად უყრის თავს. არავინ იცის, როგორი ფინალი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ისტორიებს.
ერთი გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა-მარტყოფის ომი – გიორგი სააკაძე
(ეს გაკვეთილი რამდენიმე საათზეა გათვლილი. მასწავლებელს შეუძლია სურვილისამებრ შეამციროს იგი.
მოსწავლე აანალიზებს და აფასებს მარტყოფის ომისა და გიორგი სააკაძის შესახებ არსებულ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და მსჯელობს იმ ფაქტორებზე, რომ-ლებმაც განაპირობა კონკრეტული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციების არ-სებობა.
აქტივობა 1: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეხედონ სააკაძის სურათს და დასვან შეკითხვები (შეკითხვები „სტიკერებზე“ იწერება. მოსწავლეები მას აკრავენ კედელზე). მასწავლებელი ეცნობა შეკითხვებს, რომ დააკვირდეს, გაეცა თუ არა პასუხები ამ კითხვებს გაკვეთილის ბოლოს.
აქტივობა 2: მინილექცია ან მინი ვიდეო
საქართველო XVII საუკუნის დასაწყისში
გიორგი სააკაძე ქართლის მეფის – ლუარსაბ II დროს დაწინაურდა. იგი გახდა თბილისის, ცხინვალისა და დვალეთის მოურავი. 1609 წ. ქართლში ოსმალთა ჯარი შემოიჭრა. მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებას სათავეში ჩაუდგა გიორგი სააკაძე. ბრძოლა ტაშისკართან გაიმართა. გიორგი სააკაძის სარდლობით ქართველებმა გამარჯვება მოიპოვეს. გიორგი სააკაძე კიდევ უფრო განდიდდა, თუმცა მალე ქართლის დიდებულებმა მოახერხეს მასსა და ლუარსაბ II-ს შორის შუღლის ჩამოგდება. მეფე შეეცადა, მოეკლა გიორგი, თუმცა მან თავს გაქცევით უშველა. გიორგი სააკაძე ირანში შაჰ-აბას I-თან ჩავიდა და მის სამსახურში ჩადგა. 1619 წელს შაჰ-აბასმა ქართლის მეფედ მცირეწლოვანი სიმონ-ხანი დაამტკიცა. ქართლის გამგებლად კი გიორგი სააკაძე დანიშნა, თუმცა მალევე უკან გაიწვია.
1625 წლის დასაწყისში ირანიდან ქართლისაკენ დიდი არმია დაიძრა. ომი მარტყოფთან წარიმართა. 25 მარტს ქართველთა ჯარმა 30 ათასი ირანე¬ლი დაამარცხა.
ირანელები იმავე წლის ივნისში კვლავ შემოიჭრნენ საქართველოში. ომი ქვემო ქართლში, მდინარე ალგეთის ხეო¬ბა¬ში, მარაბდის ველზე გაიმართა. მარაბდაზე 10 000 ქართველი მებრძოლი დაეცა.
დამარცხების მიუხედავად ქართველ მეომრებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. გიორგი სააკაძემ თავისი ჯარი პატარა გუნდებად დაჰყო და ყიზილბაშებს პარტიზანული ომი გამოუცხადა. ერთ-ერთი შეტაკებისას ქართველებმა ქსნის ხეობაში ყიზილბაშთა 12 000-იანი ლაშქარი დაამარცხეს.
შაჰ აბასი დაარწმუნა, რომ ვერ შეძლებდა ქართლ-კახეთის ამოგდებას და მეფე- თეიმურაზთან მოლაპა¬რაკება დაიწყო. შერიგების პირობად შაჰი მოითხოვდა, თეიმურაზს კავ¬შირი გაეწყვიტა ოსმალეთთან. შეთანხმება შედგა და შაჰმა თეიმუ-რაზი ქართლ-კახეთის მეფედ ცნო. თეიმურაზ I-ის ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა გიორგი სააკაძე.
1626 წლის შემოდგომაზე ბაზალეთის მიდამოებში ერთმანეთს დაუპირისპირდა გიორგი სააკაძე და ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I. გიორგი დამარცხდა და ოსმალეთში გადაიხვეწა, სადაც 1629 წელს პირველი ვეზირის ბრძანებით მოკლეს.
აქტივობა 3: მარტყოფის ომი წყარო ა-ს ანალიზი
წყარო ა თურქი ისტორიკოსი მუსტაფა ნაიმა – “ქვეყნის დამამშვენებელი XVII ს. I ნახ.
შაჰს აცნობეს, ქართველები ისევ მომრავლდნენ და ლაშქრობის შემთხვევაში ათი ათასი ხმლიანი ქართველი შეიძლება მოგროვდესო. ამაზე თქვენი ბრძანება როგორი იქნებაო? შაჰმაც ზემოხსენებული კორუჯი-ბაში, ყარჩიხა ხანი და რამდენიმე ათასი ყიზილბაში მოურავ ბეგის თანხლებით საქართველოში გაგზავნა ვითომდა ჯარების შესამოწმებლად. სხვების დასანახად ყარჩიხა ხანს უბრძანა, რომ მოურავთან თათბირის გარეშე არცერთი საქმე არ დაეწყო, მისგან საიდუმლო წერილსა და ბრძანებას დალოდებოდა და მის შესაბამისად ემოქმედა. ყარჩიხა ხანი და მოურავ ბეგი საქართველოში ჩამოვიდნენ და გამოსცეს ბრძანება, რომ ფეიქარ სულთნის მორჩილებით შაჰთან კეთილად განწყობილი მოქალაქეები ამა და ამ ადგილს გამოცხადდნენ, რათა ჩატარდეს შემოწმება და გაიცეს საბოძვარიო.
თორმეტი ათასი ქართველი შეგროვდა და დანიშნული ადგილისაკენ გაემართა. საიდუმლო ბარათში შაჰი წერდა: `შენ რომ კორუჯი-ბაში ხარ, გმართებს დათვალიერების მიზნით შეგროვილი ქართველები მთლიანად ამოხოცო, მოურავიც არ გაუშვა ცოცხალი, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა მოკლა~. წერილი შიკრიკს გაატანა და თან გააფრთხილა, რომ ის მოურავისთვის არ ეჩვენებინა. მაგრამ მოხდა გაუგებრობა _ შიკრიკმა იმ საიდუმლო შეთანხმებაზე არაფერი იცოდა და შაჰის ბრძანება უკუღმა გაიგო _ წერილი მისცა მოურავ ბეგს და არა კორუჯი-ბაშს. როდესაც მოურავმა ეს წერილი წაიკითხა და ვითარებას გაეცნო, დასათვალიერებლად მომზადებულ თორმეტი ათას ქართველს ყველაფერი შეატყობინა. ქართველებს ასეთი რამ ვერ წარმოედგინათ და არც დაიჯერეს. როცა დაინახა რომ ქართველებს ვერ დააჯერებდა, მოურავი გაყუჩდა, ვნახოთ რა მოხდებაო. მან ჯარი შემოიკრიბა და სიფრთხილესა და სიფხიზლეს მოუხმო. შემთხვევით ფეიქარ სულთანმაც ქართველები შეკრიბა დასათვალიერებლად. ისინი მთის ხეობიდან ველზე გამოვიდნენ. ყიზილბაშები მზადყოფნაში იყვნენ. ხეობიდან გამოსული ქართველები ხმლით აკუწეს. ამგვარად დახოცეს ოთხასამდე ქართველი. რამდენიმე ჩამორჩენილი უკან გამოიქცა. ეს ამბავი რომ მოიტანეს, ქართველები მოურავის სიმართლეში დარწმუნდნენ, შეწუხდნენ. მაშინ მოურავი საიდუმლოდ ქართველ მეომრებს შეუთანხმდა, რომ დილით ყიზილბაშებს თავს დაესხმოდნენ და ამოხოცავდნენ.
ქართველი მეომრები მოემზადნენ და დილაადრიან მოურავთან შეგროვდნენ. მოურავიც ამხედრდა, აიღო შუბი და მივარდა ყარჩიხა ხანის კარავს. ხანო, რას გაჩერებულხარ, თეიმურაზი მოვიდა, თავს დაგვესხაო. ყარჩიხა ხანი კარავიდან გამოვიდა და როგორც კი ცხენზე შეჯდა, მოურავმა მას გვერდში შუბი აძგერა და მოკლა. როგორც ეს უკვე ზემოთ ვთქვით, წყეულმა ყარჩიხა ხანმა აქ მიიღო სამაგიერო იმისა, რაც მან არდებილის ლაშქრობაში მაჰმადის ჯამაათს უყო.
ამრიგად, ამდენი ხანი და ათასობით ყიზილბაში ამოხოცეს. ამის შემდეგ მოურავმა დამოუკიდებლობისა და საქართველოს შაჰობის პრეტენზია გამოაცხადა. მან ფული მოაჭრევინა თავის სახელზე წარწერით: „მონა სიწმინდის მეფისა მოურავ შაჰი“…
კითხვები:
1. ვინ არის წყაროს ავტორი?
2. რამდენად შეუძლია მას გადმოგვცეს დეტალური და ზუსტი ინფორმაცია მომხდარის შესახებ?
3. რა სტატუსი აქვს მას (არის რიგითი მოქალაქე, პოეტი, ლიტერატორი, მემატიანე თუ სხვ)?
4. რა არის ავტორის მიზანი?
5. ვისთვის წერს მუსტაფა ნაიმა ამ წყაროს?
6. რა მეთოდებს იყენებს იგი (აღწერს მხოლოდ ფაქტებს, აკეთებს დასკვნებს, იძლევა შეფასებებს)?
7. იყენებს თუ არა წყაროს ავტორი სხვა წყაროებს?
აქტივობა 4-წყარო ბ-ს ანალიზი
წყარო ბ – ბერი ეგნატაშვილი – `ახალი ქართლის ცხოვრება” XVIII ს. II ნახ.
`ხოლო შემდგომად ამისასა იყვნენ ხანსა რასმე მუხრანსა და იყვნენ მზადებაშია, რამეთუ სწადდათ აყრა ქართლისა. ჰქონდა მოურავს ჩვეულება, წარვიდოდა და მოუტევდა ქორსა. დღესა ერთსა კუალად განვიდა ქორის მოსატევად ხევსა ლოჭინისასა და ნახა, რომე ერთი შათირი მოვიდოდა, და იცნა ყაენის შათირობაზედ. უხმო მოურავმან შათირსა და მას მისვლად მის თანა, ხოლო შათირმან არა უსმინა, და ვინათგან არა მორჩილ ექმნა შათირი იგი, მიეწია ცხენითა და შეიპყრა, იძულებით გაჩხრიკა და უნახა წიგნი. წაიკითხა და ესრეთ ეწერა ყარჩიხა-ხანთანა ყაენისაგან, ვითარმედ: `რაჟამს მოსრათ კახნი, აჰყარეთ ქართლი და წამოასხით, ხოლო მოურავს უღალატე, მოსჭერ თავი და გამომიგზავნე~. და რა წარიკითხა მოურავმან ესე, მაშინ შათირი იგი მოკლა. აღუხდა სიცრუე მისი თხემსა ზედა, შეწუხდა დიდად და ეძებდა ღონესა რასმე. მას ჟამსა იყო ნუგზარ ერისთავი მოყუარე და მოყვასი მოურავისა. და ეპყრა ძესა მისსა ზურაბს ერისთაობა, და ცოლი ზურაბ ერისთავსა ისპაანს დარჩომოდა და შვილი პაატა მოურავსა ისპაანს დარჩომოდა. მაშინ მოურავმან უთხრა რჩევით ზურაბს, რომე `მოდი ქართლს ნუ ამოვსწყუეტთო, თორემ სულიც დაგუეკარგვისო და არც ჩვენ დაგვინდობენო; მრავლის ლიქნითა და სიტყვის რჩევითა და მრავლის ცდილობით დასთმო ზურაბ ცოლი თვისი და მოურავმან შვილი თვისი პაატა დასთმო~.
კითხვები:
1. ვინ არის წყაროს ავტორი?
2. რამდენად შეუძლია მას გადმოგვცეს დეტალური და ზუსტი ინფორმაცია მომხდარის შესახებ?
3. რა სტატუსი აქვს მას?
4. რა არის ავტორის მიზანი? ვისთვის წერს ბერი ეგნატაშვილი ამ წყაროს?
5. რა მეთოდებს იყენებს იგი?
6. იყენებს თუ არა წყაროს ავტორი სხვა წყაროებს?
აქტივობა 5 -დავალება: სქემაში ორივე წყაროდან გამომდინარე გამოყავი მთავარი მოვლენა, მიზეზები, ფაქტები და შედეგები:
• როგორია მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთმიმართება წყარო ა-სა და წყარო ბ-ს შორის?
• რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული ასეთი მიმართება?
აქტივობა 5 -დავალება: სქემაში ორივე წყაროდან გამომდინარე გამოყავი მთავარი მოვლენა, მიზეზები, ფაქტები და შედეგები
- როგორია მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთმიმართება წყარო ა-სა და წყარო ბ-ს შორის?
- რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული ასეთი მიმართება?

• შეადარეთ ეს ორი წყარო ერთმანეთს – რა აქვთ საერთო? რა აქვთ განსხვავებული?
• რა დასკვნის გაკეთება შეიძლება მხოლოდ მუსტაფა ნაიმას წყაროზე დაყრდნობით?
• რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ორივე წყაროზე დაყრდნობით? რატომ?
წყარო ა წყარო ბ
• შეადარეთ ეს ორი წყარო ერთმანეთს – რა აქვთ საერთო? რა აქვთ განსხვავებული?
• რა დასკვნის გაკეთება შეიძლება მხოლოდ მუსტაფა ნაიმას წყაროზე დაყრდნობით?
• რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ორივე წყაროზე დაყრდნობით? რატომ?
აქტივობა 7- წყარო გ – გივი ჯამბურია – გიორგი სააკაძე, XXს.
გიორგი სააკაძეს აჯანყება, რომლისთვისაც იგი დიდი ხანია ემზადებოდა, ირანშივე გადაუწყვეტია. ეს ამბავი მას, პლ. იოსელიანის ცნობით, ირანში გაუმჟღავნებია ქართლის კათალიკოსისა და წილკნელი ეპისკოპოსის, პართენისათვის. საქართველოში კი ზურაბსაც განდობია. ზურაბი შეყოყმანებული და გიორგისათვის საყვედური უთქვამს: რატომ ირანშივე არ მითხარი, ცოლს არ დავტოვებდიო. `აწ რაღა ვჰქნა, ცოლის სირცხვილს თავს მადებ და სამარს მითხარ~. გიორგის, არჩილ მეფის სიტყვით უპასუხია:
`მუნ ამისთვის არ გაცნობე, ცოლს თან არ გამოგატანდნენ,
ვთქვი: თუ უთხრა და არა ქნას, ბოლოს რისთვინ დიქ მივიყვან, საქართველოს წახდენაზედ ცრემლს დავადენ,
მე შვილს დავთმობ ქვეყნისათვის, ამას ეს ყოს, იყოს აზდენ~.
გიორგი ზურაბს დაჰპირებია ლუარსაბის დას, ლელა ბატონიშვილს, რომელიც ადრე შაჰ-აბასის მეუღლე იყო, ახლა კი კახეთის მმართველს ფეიქარ-ხანს ჰყავდა (შაჰი ლელას ლუარსაბის დახრჩობის შემდეგ გაეყარა და ფეიქარ-ხანს მისცა). ზურაბი გიორგის დაეთანხმა და მასთან ერთად აჯანყების სამზადისს შეუდგა.
საპატარძლო და მისი `მაყრები~ 1625 წლის ადრე გაზაფხულზე მოვიდნენ ქართლში. თბილისში დიდი ქორწილი მოაწყვეს. რამდენიმე დღეს `იყვის მღერა, – მოგვითხრობს როსტომ მეფე, – ნადიმი და მეჯლიში, ბურთაობა და ყაბახის სროლა~, რომლის მიზანი დიდი ჯარის მოსვლით შეშფოთებული ქართველების დამშვიდება იყო~.
კითხვები:
1. ვინ არის წყაროს ავტორი?
2. რა არის წყაროს დაწერის მიზანი?
3. მსგავსია თუ განსხვავდება მისი მიზანი ზემოთ მოცემული ავტორებისგან? Pპასუხები დაასაბუთეთ.
4. პირველადია თუ არა წყარო?
5. ვის წყაროს ეყრდნობა ავტორი?
6. რა არის მსგავსი პირველ და მეორე წყაროებთან?
7. რა არის განსხვავებული ამ წყაროში?
აქტივობა 8-დავალება: შეავსეთ ცხრილი და უპასუხეთ კითხვებს:
| წყარო | ავტორი | ავტოს სტატუსი | ავტორის მიზანი | მეთოდები | ვინ არის მკითხველი |
| 1
|
|||||
| 2 |
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
კითხვები:
წყაროებში მარტყოფის ომის შესახებ რატომ ვხდებით განსხვავებულ ინტერპრეტაციებს? რომელი წყაროა თქვენთვის უფრო სანდო? რატომ?
რას ფიქრობთ გიორგი სააკაძის შესახებ მოცემული მასალიდან გამომდინარე? როგორ აფასებთ მას და მის როლს? დაასაბუთეთ თქვენი პოზიცია.
აქტივობა 9: გიორგი სააკაძის ფილმიდან 1-წუთიანი ამონარიდი (ამოარჩიეთ ამონარიდი, სადაც ის „გმირული“ სიტყვით გამოდის ან სადაც მხოლოდ მისი პოზიტიურობა იკვეთება. (მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფილმი მისი განდიდებაა, მაინც შეიძლება ასეთი ადგილების გამოკვეთა).
გვახარია წითელი ზონა-გიორგი სააკაძე ან სხვა მცირე (2-წუთიანი ვიდეო), სადაც ალტერნატიული აზრი ჩანს.
აქტივობა 10 იგივე -აქტივობა 1: გაკვეთილის დასასრულ მასწავლებელი სვამს შეკითხვას – არის თუ არა გაცემული პასუხი გაკვეთილის დასაწყისში თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე (თუ პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა, მოსწავლეებს თავად სთხოვეთ, მოიძიონ მასზე პასუხები შემდეგ გაკვეთილზე).
გაკვეთილის შეჯამება (ეს ისეთივე მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც მაგალითად, გაკვეთილის დასაწყისი. შეიძლება შეჯამება მოხდეს ერთი კითხვით, (მაგალითად, უნდა იყოს თუ არა გიორგი სააკაძის ძეგლი… ან უბრალოდ ანალიზით იმ აქტივობებისა, რაც გაკვეთილის ან გაკვეთილების პროცესში გაკეთდა).
აქტივობა: დებატები დებატებს სჭირდება წინასწარ მომზადება, მოსწავლის მიერ წყაროების (დამატებითი) კვლევა. დებატები არის კვლევა, ფაქტებში, ანალიზსა და სპონტანურობაში მოსწავლეთა აზრების არგუმენტირებული შეჯიბრება. ერთია – მოსწავლემ რა გამოიკვლია, მეორე კი – როგორი კონტრარგუმენტებით შეხვდება ოპონენტს.
დებატების ფორმატი (ზოგადი ვერსია)
| გუნდი, რომელიც ამტკიცებს სააკაშვილის პოზიტიურ როლს | გუნდი, რომელიც ამტკიცებს სააკაშვილის ნეგატიურ როლს | |
| 1 მომხსენებელი:
გუნდთან ერთად შექმნილი პოზიციის წარდგენა. პოზიცია: შესავალი/2-3 არგუმენტი/დასკვნა. |
1 მომხსენებელი
პირველი ოპონენტი მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ მისი მოვალეობაა გააბათილოს არგუმენტები კონტრ-არგუმენტებით. |
|
| 2 მომხსენებელი:
(გამოდის პირველი ოპონენტის შემდეგ) მისი ფუნქციაა ოპონენტის მიერ გაბათილებული პოზიციისა თუ არგუმენტების აღდგენა.
|
2 მომხსენებელი:
გამოდის მეორე ოპონენტის შემდეგ. მისი მიზანია გაბათილებული არგუმენტების კვლავ აღდგენა და გაძლიერება. |
|
| 3 მომხსენებელი“
(გამოდის მეორე ოპონენტის შემდეგ) მისი ფუნქციაა თამაშის შეჯამება; საკუთარი გუნდის ძლიერი მხარეებისა და ოპონენტების სისუსტეების ხაზგასმა და ანალიზი; აკეთებს დასკვნას, რომელშიც კვლავ ხაზს უსვამს საკუთარი გუნდის უპირატესობას, მაგრამ მხოლოდ არგუმენტაციით. |
3 მომხსენებელი:
(გამოდის მხოლოდ მესამე ოპონენტის გამოსვლის შემდეგ). ამიტომ როგორც ყველა, ისიც ყურადღებით ინიშნავს ოპონენტის მიერ წარმოდგენილ პოზიცია-შეჯამებას. მისი მოვალეობაა წარმოაჩინოს საკუთარი გუნდის უპირატესობები. როდის, რომელი არგუმენტი იყო მათი ძლიერი მხარე, რომელი არ გაბათილდა (ან ვერ გაბათილდა) ოპონენტების მიერ და რა დასკვნა-ანალიზის გაკეთება შეიძლება საერთოდ თამაშიდან. მნიშვნელოვანია, რომ თუ მტკიცებითი გუნდი იწყებს თამაშს, ანუ ხსნის მას, მისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად გუნდის პირველ მომხსენებლის მიერ წარდგენილ პოზიციაზეა დამოკიდებული თამაშის ძლიერება. ასევე უარმყოფელი გუნდის ბოლო მომხსენებელი ასრულებს თამაშს. ამდენად, დებატებში ბალანსი დაცულია და ასევე დიდი დატვირთვა აქვს დამამთავრებელ სიტყვას. |
მუსიკალური ენის საიდუმლო
მელოდიის სინტაქსური სტრუქტურა
სიტყვის მუსიკალობა
სიტყვა უპირველესად გონებისკენ არის მიმართული, მერე კი – გრძნობებისკენ. ზოგჯერ, როცა სათქმელის სიტყვებით გადმოცემა ვერ ხერხდება, მუსიკა გვევლინება მხსნელად. მუსიკის ენა სიტყვას კონკრეტიკით თუ ჩამოუვარდება, სამაგიეროდ, ემოციურ ფლანგზე იმარჯვებს, ერთად კი ისინი ყოვლისშემძლენი ხდებიან. დიახ, რასაც სიტყვიერი ტექსტი სრულყოფილად ვერ აღწერს, მისი გამოხატვა მუსიკალურ ტექსტს შეუძლია. მუსიკა სიტყვას ფრთებს ასხამს და უფრო მღელვარეს ხდის, სიტყვა კი მეტ განსაზღვრულობას სძენს მუსიკას. ამიტომ არის, რომ სიტყვა და მუსიკა მუდამ შერწყმისკენ მიისწრაფვიან.
მუსიკისა და ლიტერატურის მჭიდრო კავშირი ოდითგანვე ცნობილია. მოგეხსენებათ, პოეზია ლიტერატურის ყველაზე მუსიკალური ფორმაა და თითქმის ყველა იმ გამომსახველობითი ელემენტისგან შედგება, რომლისგანაც მუსიკა. მასში გვხვდება: ინტონაცია, რიტმი, ტემპი, რითმა, დინამიკა, პაუზები. პაუზებს იგივე ფუნქცია აკისრია, რაც მეტყველებაში – სასვენ ნიშნებს. სასვენი ნიშნები, ფრაზის ხანგრძლივობა თუ ლექსის საერთო ზომა იმ განუმეორებელ მუსიკას ქმნის, რომელიც თითქმის ყოველი კარგი ლექსიდან მოისმის.
მუსიკისა და ლიტერატურის საზღვრები ერთმანეთისთვის ღიაა. ლიტერატურა სრულყოფას მუსიკაში პოვებს, ხოლო მუსიკა – ლიტერატურაში. მაგალითად, პოეტს ძალუძს, მუსიკის სიღრმე და მისი გამომსახველობა გვაგრძნობინოს, კომპოზიტორს კი პოეტური და პროზაული სახეების სრულად გახსნა შეუძლია.
ადვილი მისახვედრია, რომ ის, რაც მუსიკასა და ლიტერატურას საერთო აქვთ – ბგერაა.
მუსიკა, პოეზიისა და პროზის მსგავსად, დროში ჟღერს და ჩვენს აზროვნებაში მისი აღქმა ერთმანეთის მომდევნო ნაწილების საშუალებით ხდება. მუსიკალური ფორმის არსს ეს თვისება განსაზღვრავს. მუსიკალური ფორმა, რომელიც ერთიან განვითარებას წარმოადგენს, ამავე დროს, შეიძლება დანაწევრდეს. ამით მუსიკა მეტყველებასთან არის ახლოს, ვინაიდან ფორმის დიდი ნაწილები ლიტერატურული ნაწარმოების ცალკეულ თავებს მოგვაგონებს, ხოლო შედარებით მცირე – აბზაცებს, სხვადასხვა სიგრძის ფრაზებს, სიტყვებს.
მუსიკაში მელოდია, როგორც წინადადება (სიტყვის ფართო გაგებით) ანუ მთლიანობის პირველადი ფორმა, თავის შინაგან სტრუქტურას ქმნის, სადაც სხვადასხვა მასშტაბის იერარქიული ერთეულები იძებნება, ერთეულებს შორის კი განსაზღვრული ურთიერთკავშირი ყალიბდება. მაგალითად, დანაწილების შემთხვევაში მეტყველების შემადგენელ ელემენტებად მარცვლებს, სიტყვებს, ფრაზებსა და წინადადებებს ვიღებთ. მარცვლები სიტყვებად ერთიანდება, სიტყვები – ფრაზებად, ხოლო ფრაზები – წინადადებებად. მსგავსი აგებულება აქვს მუსიკალურ მელოდიასაც და ანალოგიურადვე შეიძლება მისი დანაწილებაც. მელოდიის გამოთქმა-გადმოცემის სისტემაში მოტივი ლექსიკურ ერთეულად გვევლინება, როგორც სიტყვა – სამეტყველო ფრაზაში. ის წინადადების ყველაზე მცირე ნაწილია. მოტივები ფრაზებად ერთიანდება, ფრაზები – წინადადებებად, ხოლო წინადადებები – ერთ მთლიან მელოდიად.
მთლიანობის ფორმირებისთვის და მკაფიო მხატვრული სახეების მისაღებად საჭიროა სამეტყველო და მუსიკალური ნაკადის წიგნიერად და ლოგიკურად ორგანიზება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებაზე დაყრდნობით: ერთი მხრივ, მეტყველების ცალკეულ ელემენტებად დაყოფა (მარცვლები, სიტყვები, ფრაზები, წინადადებები; მუსიკაში – მოტივები, ფრაზები და ა.შ.), მეორე მხრივ, მათი მთლიან კონსტრუქციად გაერთიანება.
მუსიკის ესთეტიკური ღირსება, მისი მხატვრულ-გამომსახველობითი შინაარსი, მსმენელზე ზემოქმედების ძალა ფრაზირების ცოდნაზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, ბუნებრივად როგორ „გამოთქვა“ მუსიკალური აზრი, გამოავლინო ინტონაციური ელემენტების ერთიანობა და, ამავე დროს, მათი დანაწევრებულობა.
მუსიკალური მეტყველება
მოგეხსენებათ, მუსიკა იდუმალებაა. ის მიუწვდომელია. მისით მხოლოდ უნდა დავტკბეთ. მაგრამ მას, ვინც მუსიკა თავის პროფესიად აქცია, ტკბობაზე მეტი მოეთხოვება. უფრო ზუსტად, ის ვალდებულია, ტკბობის მიზეზი იცოდეს. ამის მისაღწევად მუსიკის „გარეგან ფორმას“ ისე უნდა „შეხედოს“, როგორც ბავშვობაში სათამაშოს ათვალიერებდა, აკვირდებოდა, შეისწავლიდა – შლიდა, აწყობდა და ამით სიამოვნება იღებდა. ასევე შეიძლება მოვეპყროთ მელოდიასაც. მელოდიის აგებულების ცოდნა მუსიკასთან ურთიერთობას გვიადვილებს. მუსიკაც ხომ აზრია, რომელშიც უნდა გავერკვეთ.
მრავალწლიანი დაკვირვება ცხადყოფს, რომ მუსიკა ორგანიზებული ჟღერადობის სამყაროა, ხოლო მუსიკალური ენა – სისტემა, განკუთვნილი ბგერითი სტრუქტურის, მუსიკალური აზრის ფორმირებისთვის.
ნებისმიერი სიმღერა თუ ნაწარმოები ერთ მთლიან, დასრულებულ ნაგებობას წარმოადგენს, მაგრამ, ამავე დროს, ის მცირე მუსიკალურ ნაწილებადაც არის დაყოფილი. მაგალითად, მეტყველებისას ცალკეულ ასოებს ან სიტყვებს თუ წარმოვთქვამთ, აზრს ვერავინ გამოიტანს, მით უფრო, ვერ იგრძნობს მის ხასიათსა და ემოციურ შეფერილობას. ასევეა მუსიკალურ მეტყველებაშიც, აუცილებელია ცალკეული ნოტების – მოტივების ფრაზებად დაჯგუფება. ფრაზირების განსაკუთრებულობა ვოკალურ ნაწარმოებებში ნათლად იგრძნობა. როგორც წესი, ვოკალისტი სუნთქვას აზრობრივ ფრაზებს შორის იღებს, ამიტომ მუშაობის პროცესში, სიმღერის შესწავლისას, ლოგიკური ფრაზები ჩვენში ბუნებრივად მწკრივდება.
ძალზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ელემენტებისგან შედგება მუსიკა. ამაში კი მუსიკალური სინტაქსი დაგვეხმარება. სინტაქსი მუსიკალური მეტყველების აგებულებას შეისწავლის, ნაწარმოების მცირე ნაწილაკების – მოტივის, ფრაზის, წინადადების, პერიოდის – გააზრებულ ურთიერთქმედებას, რაც საბოლოოდ ნაწარმოების მუსიკალურ ფორმას წარმოქმნის.
მუსიკალურ ნაწარმოებში ნაწილების გამიჯვნის მომენტს ანუ წერტილებს, სადაც სინტაქსური სტრუქტურები იყოფ , ცეზურა ეწოდება. ცეზურა მუსიკალურ ნაგებობებს ერთმანეთისგან გამოაცალკევებს და მუსიკის უფრო მკაფიოდ აღქმაში გვეხმარება.
ცეზურის ძირითადი ნიშნებია:
- პაუზა;
- შედარებით მეტი გრძლიობის ბგერაზე შეჩერება.
უფრო მარტივად კი, ცეზურა იქ შეიგრძნობა, სადაც მუსიკა „ჩერდება“, როდესაც ჟღერადობა რეალურად წყდება, ანუ პაუზა ჩამოვარდება. ცეზურა ასევე შეიგრძნობა დიდ გრძლიობებთან.
მაგალითად, ლექსში ცეზურა პაუზაა (სასვენი ნიშანი), რომელიც სტრიქონს ნაწილებად ყოფს.
მოტივი
მოტივი როგორც „აზრის ჩანასახი“ მელოდიის ყველაზე მცირე გამომსახველობითი ნაწილაკია, უმცირესი აზრობრივი სტრუქტურული ერთეული. მოტივს, ისევე როგორც სიტყვას, ერთი აქცენტი აქვს და ხშირად ერთ ტაქტს უტოლდება. აქცენტი შეიძლება იყოს მოტივის დასაწყისში, შუაში ან ბოლოს. მოტივი შედგება არანაკლებ ორი ნოტისგან და ცეზურით არ იყოფა, თუმცა, ზოგიერთ ნაწარმოებში, ტემპის, ზომისა და ფაქტურის გათვალისწინებით, შესაძლოა 2 ტაქტზე გაშლილი მოტივიც შეგვხვდეს. ზოგჯერ მოტივი უფრო მცირე ნაწილებად – სუბმოტივებად იყოფა. სუბმოტივს როგორც მხოლოდ მთლიანის ნაწილს აზრობრივი დატვირთვა არ გააჩნია.
მეტყველებაში მოტივი შეიძლება სიტყვას შევადაროთ.
ფრაზა
ერთ მუსიკალურ ნაგებობაში მოტივების გაერთიანებით უფრო დიდ ნაწილს – ფრაზას ვიღებთ, ანუ ორი ან სამი მოტივის დაჯგუფება ფრაზას წარმოქმნის.
რა არის მუსიკალური ფრაზა? ეს არის წინადადების ნაწილი, რომელსაც სრულად განვითარება არ შეუძლია. ის შუალედური ნაგებობაა მოტივსა და წინადადებას შორის, ანუ მოტივზე გრძელია და წინადადებაზე მოკლე.
მელოდიაში მუსიკალური ფრაზების დადასრულზე რიტმული შეჩერებები ანუ პაუზები მიუთითებს. მელოდიაში ყოველი გამეორება – ზუსტად ან რაიმე ცვლილებით – ახალი მუსიკალური ფრაზის შეგრძნებას ქმნის. ფრაზის დაბოლოება, როგორც წესი, აპოსტროფით ანუ „ჩიტით“ აღინიშნება.
წინადადება. პერიოდი
ორი ან სამი ფრაზის გაერთიანება წინადადებას წარმოქმნის, ორი წინადადებისგან შემდგარი მელოდია – პერიოდს. პერიოდი მუსიკალური აზრის გადმოცემის დასრულებული ფორმაა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: შევარჩიოთ რაიმე მელოდია და მის დასაწყისს გამადიდებელი შუშა მივუახლოოთ. ჩვენს თვალწინ მელოდიის ერთი პატარა ნაწყვეტი – მოტივი გამოიკვეთება. მოტივს მოტივი მოჰყვება, მათი ერთობლიობა ფრაზას წარმოქმნის, ფრაზებისა – წინადადებებს, ხოლო წინადადებები – დასრულებულ მუსიკალურ აზრს, პერიოდს.
დავალება. მელოდიაში მოძებნეთ და აღნიშნეთ:
- ყოველი მოტივის, ფრაზისა და წინადადების დასაწყისი და დასასრული;
- მელოდიური და რიტმული მონახაზის მიხედვით ფრაზების მსგავსება;
- ყოველი ცეზურის ადგილმდებარეობა.
ულამაზესი, ლაქებიანი ტბის ისტორია
დედამიწაზე უამრავი გეოგრაფიული ობიექტია, რომლის გაცნობა მოსწავლეებში აღძრავს ცნობისმოყვარეობას და ინტერესს – უფრო დაწვრილებით გაეცნოს და მეტი გაიგოს მასზე. ერთ-ერთი მათგანია ლაქებიანი ტბა, რომელიც კანადაში, აშშ-ს საზღვარზე, მდებარეობს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მას ანალოგი არ გააჩნია. რაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებულობა? ტბა წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფერისაა ანუ მთელი წლის განმავლობაში ფერს იცვლის – ხან თეთრია, ხან ყვითელი, ხან მწვანე, ხანაც ყავისფერი. ზაფხულის ცხელ სეზონზე ტბის წყალში მარილების მაღალი კონცენტრაციის და განსაკუთრებული კლიმატური პირობების გამო ლაქებიანი ტბა კილუკი რამდენიმე ტბის ერთობლიობად იქცევა. ამ დროს ვიზიტორს თავისუფლად შეუძლია ამ პატარა,ფერადი ტბების გარშემო „იმოგზაუროს“ და დატკბეს ულამაზესი სანახაობით
ლაქებიანი ტბა თავისი სილამაზითა და უცნაურობით უამრავ მოგზაურს იზიდავს. ის მდიდარია სხვადასხვა მინერალებით: მაგნიუმის სულფატით, კალციუმისა და ნატრიუმის სულფატებით. იგი მაღალი კონცენტრაციით 8 სხვადასხვა სახის მინერალს და მცირე დოზით 4 ძვირფას მინერალს შეიცავს. მათ შორის- ვერცხლს და ტიტანს.
ტბის “გუბურები” განსაკუთრებით დიდდებიან გაზაფხულზე. ხოლო ზაფხულში ისინი სასარგებლო წიაღისეულის საბადოდ იქცევიან (წყალი ორთქლდება და მინერალები ამ “გუბურების” კიდეებზე რჩება). სწორედ ამ მინერალების გამოა “გუბურების” შეფერილობა ასეთი მრავალფეროვანი – თეთრი, ღია ყვითელი, მწვანე ან ლურჯი ფერის. ლაქების ფერებს ძირითადად მაგნიუმის სულფატის კონცენტრაცია განაპირობებს. “გუბრებს” შორის კი ფერადი “ბილიკები” რჩება.
პირველი მსოფლიო ომის დროს, ამ ტბისგან ამოღებული წიაღისეულით საბრძოლო მასალას აწარმოებდნენ. ჩინელი მუშები ხელით იღებდნენ ამ წიაღისეულს და გზავნიდნენ აღმოსავლეთ კანადის ქარხნებში, სადაც ბომბები მზადდებოდა.
მარილების წყალობით, ტბის წყალს სამკურნალო თვისებები აქვს და ამის გამო, თავის დროზე, დიდი დაპირისპირება დაიწყო ადგილობრივ ინდიელებსა და კოლონისტ ევროპელებს შორის. აბორიგენი მოსახლეობისთვის კილუკი არის წმინდა ადგილი, რომელსაც მრავალი ლეგენდა და თქმულება უკავშირდება, ამიტომაც ის ადგილობრივი კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ტერიტორიის კანონიერმა მეპატრონემ გადაწყვიტა, ეს ადგილი რეკრეაციულ კურორტად ექცია, ადგილობრივ მოსახლეობაში ამას მწვავე რეაქცია მოყვა. ინდიელები 20 წლის განმავლობაში იბრძოდნენ ამ ადგილისთვის და 2001 წელს შეძლეს მისი შეძენა. მას შემდეგ ტბასთან წვდომა შეიზღუდა. იქ მოსახვედრად აუცილებელია უხუცესების თანხმობა,რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა შეუძლებელიც არ არის.
ეკოსაგანმანათლებლო ტურები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
გარემოსდაცვითი განათლების მიზანია მოხდეს თაობების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, რათა მათ შეძლონ სწორად შეაფასონ გარემოზე საკუთარი ზემოქმედება, განუვითარდეთ მათ პასუხისმგებლობის გრძნობა და სიყვარული იმ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისადმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, გაუჩნდეთ სურვილი იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში, დაიცვან და მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ ეს უნიკალური საგანძური.
საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგანძური – ულამაზესი ბუნება და უნიკალური ბიომრავალფეროვნება, თითქმის ხელუხლებლად არის წარმოდგენილი დაცულ ტერიტორიებზე. დაცული ტერიტორიების უპირველესი დანიშნულება უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა – შენარჩუნებაა.
მოახლოვდა ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის ყველაზე აქტიური ექსკურსიების პერიოდი. მთელი ზამთარი მოუთმენლად ელოდებიან ბავშვები გაზაფხულის დადგომას, რათა ბუნების გამოღვიძებასთან ერთად ისიამოვნონ ექსკურსიებით შეიცნონ გარემო.
დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურების განხორციელებით შესაძლებელია ბუნებაში სასიამოვნო დასვენებას ერთდროულად შეუთავსოთ სასარგებლოც. სპეციალური შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამები ეხმარება მოზარდს მიიღოს შესაბამისი ცოდნა და ხელს უწყობს ბუნებაში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
დაცულ ტერიტორიაზე სტუმრობისას გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა თქვენი ვიზიტი გახადოთ მაქსიმალურად საინტერესო.
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში არსებობს 88 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორია. კერძოდ, 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 42 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი.
საქართველოს რეგიონებში წარმოდგენილი დაცული ტერიტორიები ხელმისაწვდომია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.
დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება დაცული ტერიტორიების, იქ არსებული ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა უნიკალური ფაქტების შესახებ; დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოტურისტული მარშრუტები კი დაუვიწყარს გახდის თქვენს მოგზაურობას.
დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტურისტული ბილიკები წარმოდგენილია სირთულეების მიხედვით – მარტივი, საშუალო, რთული და გათვალისწინებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.apa.gov.ge
ან დაგვიკავშირდით:
- ნატო სულთანიშვილი – დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მობ. 595999908, ელფოსტა: natosultanishvili@gmail.com;
- მარიამ თათარაშვილი – დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მობ. 577 10 18 51, ელფოსტა: tatarashvilimariami@gmail.com.



















