პარასკევი, ივნისი 13, 2025
13 ივნისი, პარასკევი, 2025

ის ორი ეპიზოდი

0

რომელზეც ყოველთვის, ყოველ ნახვაზე, სადაც არ უნდა ვიყო, გული ამომიჯდება და თუ მარტო ვარ, ცრემლის შეკავებას არც ვცდილობ. სხვები თუ არიან გარშემო, სევდას ან სიხარულს (ან ორივეს ერთად) გულში ჩავიბრუნებ ხოლმე და გაქვავებული და დაძაბული ვუყურებ ეკრანს.

„პირველი მერცხალი“ ყველამ ვიცით: ნანა მჭედლიძემ ამ ფილმში მგონი ყველაფერს ერთიანად მოუყარა თავი, რაც ქართველ კაცს უხსოვარი დროიდან გამოჰყოლია ბედად, ხასიათში და გუნებაში. მოქმედება რომ სამეგრელოში ხდება, ამას დიდი გამოცნობა არ უნდა, იმასაც კარგად ვხედავთ, რას და რატომ აუნთია ასე ერთბაშად ეს ამდენი კაცი. მაგრამ ერთ ეპიზოდში არის რაღაც საოცარი ადამიანური სიხარული, გამარჯვების სიმსუბუქე და ამასთან ერთად, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი განწირულობის შეგრძნება.

მოყვარული გუნდის ფეხბურთელებს უკვე გული აქვთ თამაშზე აყრილი: ზოგიერთი მათგანი ეჭვმა შეიპყრო, ერთმა ოჯახი მიატოვა, მეორეს მევალე არ ასვენებს, ხალხის აღიარებაც ძალიან აგვიანებს, და ამ უიმედო მდგომარეობაში გუნდის მთავარი მხარდამჭერი (მის როლს ვასილ ჩხაიძე ასრულებს) გაზეთ „ივერიის“ ახალ ნომერს შემოიტანს.

– თქვენთვის სიურპრიზი მაქვს! – ეუბნება ერთად შეკრებილ ფეხბურთელებს და უკითხავს გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას:

„პოპულარული ინგლისური თამაში ფუტბოლი, ჩვენებურად ფეხბურთი, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე მთელ ევროპაში იკიდებს ფეხს. ამ მოვლენას არც ქართველები ჩამორჩნენ. ქალაქ ფოთში შეიქმნა ფეხბურთის მოთამაშეთა გუნდი. „მერცხალმა“ რამდენიმე საერთაშორისო თამაში ჩაატარა და ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა, „მერცხალი“ ამართლებს თავის სახელწოდებას: თამაშობს სწრაფად, მსუბუქად და ლამაზად. გუნდის ცენტრფორვარდია იასონ კვირკველია, რომელიც ევროპაში ზარბაზნად არის ცნობილი, „მერცხალის“ კარს იცავს ხვიჩა ქარცხია, ეს გახლავთ ნამდვილი კატა, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს მიღებული. გუნდში თამაშობენ ფოთელები: ბეჟან კანკია, ვახტანგ მამფორია, ჭოლა ქადეიშვილი, ჭიჭიკო ოდიშარია, ივანე თავაძე, ჯემალ ეძგვერაძე, დუტუ ჩიჩუა, იასონ კალანდაძე, ნური ხომერიკი და ბარდღა ჯიქია. ვუსურვოთ „მერცხალს“ დიდი წარმატებები ქართული ფეხბურთის სადიდებლად“.

ოპერატორის თვალი ფეხბურთელიდან ფეხბურთელზე მონაცვლეობს და მათ შემკრთალ, გაოცებულ და აღტაცებულ სახეებს აღბეჭდავს. მაგრამ ყველაზე საკვანძო და შთამბეჭდავი მომენტია ის კადრი, როცა მაგიდასთან მჯდომი  იასონ კვირკველია (დოდო აბაშიძე) გაზეთს შემოაბრუნებს და გვერდის ბოლოში მიწერილ ოთხ სიტყვას დამარცვლით წაიკითხავს:

„რედაქტორ-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე“.

ეს არის შემობრუნების, ნიჰილიზმის დაძლევის ღვთაებრივი წამი: ერთ წუთში, ერთი დიდი კაცი, თავისი გვარ-სახელით ისე სამაგალითოდ აცამტვერებს ამ უიმედობას, სასოწარკვეთას, ურწმუნობას, დაზაფრულობას, რომ ხელჩაქნეული ხალხი წელში გაიმართება, თავის საქმეს და საკეთებელს ირწმუნებს, აენთება. და სწორედ აქ ჩანს ჩვენი საბედისწერო განწირულობაც. ის ტრაგედია, რომ ენთუზიასტ ადამიანებს მაინც და მაინც დიდი კაცის ბეჭედი სჭირდებათ, თავისი თავისაც რომ ირწმუნონ და სხვებიც დააჯერონ, სასარგებლო რამეს ვაკეთებთო. კიდევ კარგი, ამ შემთხვევაში მათ უმართლებთ და ქომაგი დროზე გამოუჩნდებათ, თორემ რამდენი ვიცით, ვისაც უკვალოდ დაფერფვლია თავისი ნატვრა და ჩანაფიქრი, ფუჭად დაუხურდავებია თავისი ნიჭი და ადამიანური შესაძლებლობები…

„შერეკილებს“ (რეჟ. ელდარ შენგელაია, სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე) პირველად ბიძაშვილების სახლში ვუყურე და არასოდეს დამავიწყდება, ფილმის ბოლოსკენ, როგორ აუწყლიანდა თვალები ბოჩო თოლორაიას, ბებიაჩემის ძმას, და უხერხულობისგან თავის დახსნა მხოლოდ სახელდახელო რეპლიკით შეძლო, – აი ის, ქრიშობელას როლს რომ თამაშობს, ჩვენებურია, ჩემი ნაცნობიაო. ბოჩო ბაბუა უცნაური კაცი იყო, ჩუმი, თავისნათქვამა, ჩაკეტილი და სევდიანი. ხშირად მთხოვდა, ჩვენი ბიბლიოთეკიდან წიგნები მიმეტანა და ამ წიგნებს თავისი მარნის კართან, ღია ცის ქვეშ, ერთთავად სკამზე ჩამომჯდარი კითხულობდა. იშვიათად შეეტყობოდა კმაყოფილება, სიხარული, ღიმილიც ძუნწად იცოდა.

„შერეკილების“ ტელევიზორში გაშვება იმ ოთხსაათიან გრაფიკს დაემთხვა, როცა შუქის წასვლის საშიშროება აღარ იყო და თავიდან ბოლომდე ვუყურე უმამოდ დარჩენილი და თანასოფლელების ვალებაკიდებული ერთაოზ ბრეგვაძის თავგადასავალს. ქალაქში ჩასვლას, მარგალიტასთან გამიჯნურებას, მერე ციხეში მოხვედრას, ქრისტეფორესთან ერთად ცათმფრენის აგების იდეით შეპყრობას, ბოლოს ცათმფრენის აგებას. იმასაც, მარგალიტას მოტაცების წარუმატებელი მოტაცების შემდეგ თავის სოფელს რომ უბრუნდება და დარჩენილ ვალებს ჩამოარიგებს.

დოლი, ნაბადი და ღვინით სავსე ტიკი – ეს ყველაფერი ხელშესახებია, მაგრამ ერთაოზი არც ქრიშობელა კუპატაძესთან მამამისის მიერ დადებულ სანაძლეოზე დაიხევს უკან:

– ქრიშობელა, ახლა იმფერ ხასიათზე ვარ, დაგიბრუნო უნდა შენი ვალი! – და „ჩიტი-გვრიტი მოვფრინავდაო“, რომ დაიწყო, ერთი კი გავაპარე ბოჩო ბაბუასკენ თვალი, მაგრამ ცრემლით მქონდა სავსე და არც ის მინდოდა, მას რომ შეემჩნია. სანამ სიმღერა და მერე ფილმი ჩამთავრდებოდა, ერთმანეთისკენ არ გაგვიხედავს, „შერეკილების“ დარდს, სიხარულს, იმედს, იღბალსა და უიღბლობას ვიგუბებდით გულში, როგორც ღარიბი – ბოლო ლუკმას მშიერი ზამთრის ღამეებში გასაძლებად.

რევაზ ხოფერია – დასაშვებია თუ არა რელიგიური სიმბოლოები სკოლაში?

0

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სკოლა ვალდებულია დაიცვას ნეიტრალურობა და არ დაუშვას დისკრიმინაცია.

საჯარო სკოლაში დაუშვებელია სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციისთვის გამოყენება. ამასთან, კანონის თანახმად, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს. ანუ საქართველოში რელიგიური სიმბოლოების სკოლაში განთავსება, ზოგადად, არ შეიძლება. თუმცა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკა არ გვაქვს. ამიტომ საინტერესოა, რა სასამართლო პრაქტიკაა სხვა ქვეყნებში.

ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება მსგავს საკითხზე მიღებულია 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. საქმე ეხება ლაუტსის (Lautsi) და სხვათა დავას იტალიის წინაღმდეგ. საქმის გარემოებები ასეთია:

მოსარჩელის ბავშვები იტალიის ერთ-ერთ საჯარო (სახელმწიფო) სკოლაში სწავლობდნენ. სკოლის ყველა აუდიტორიაში განთავსებული იყო ქრისტიანული სიმბოლოები, რაც მოსარჩელემ სეკულარიზმის პრინციპთან შეუსაბამოდ მიიჩნია. სკოლაში, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბავშვების მშობელმა სკოლის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ აუდიტორიებში ჯვარცმის განთავსება არ შეესაბამებოდა სეკულარიზმის პრინციპს და სთხოვა მათი ჩამოხსნა. სკოლის გადაწყვეტილებით, მშობლის თხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მშობელმა იტალიის ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა გასაჩივრება წარუმატებელი აღმოჩნდა. შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი რესურსის ამოწურვის შემდეგ, მშობელმა მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. მისი აზრით, სკოლაში რელიგიური სიმბოლოების განთავსება ეწინააღმდეგებოდა აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას და არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლს, ასევე ამავე კონვენციის მე-2 მუხლს, რომლის მიხედვითაც გარანტირებულია განათლების უფლება.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მშობლის სარჩელი. სასამართლოს აზრით, სკოლაში რელიგიური სიმბოლოების განთავსებით არ ირღვევა განათლების უფლება; ასევე არ ირღვევა აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. სასამართლომ განმარტა, რომ საკლასო ოთახში რელიგიური სიმბოლოების განთავსების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფოს უფლებამოსილებაა, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ამ საკითხზე საერთო კონსენსუსი ევროპულ სახელმწიფოებში არ არსებობს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იწვევდეს რელიგიურ ინდოქტრინაციას. ის ფაქტი, რომ იტალიის საჯარო სკოლებში თვალშისაცემია სახელმწიფოში ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიის სიმბოლოები, თავისთავად არ გულისხმობს რელიგიურ ინდოქტრინაციას. ამიტომ, რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა იწვევდეს ასოცირებას ქრისტიანული რელიგიის იძულებით სწავლებასთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საფუძველი ვარაუდისა, რომ სახელმწიფო ორგანოები არატოლერანტულად ექცეოდნენ განსხვავებული მრწამსისა და შეხედულებების მოსწავლეებს. ამასთანავე, მშობელს ჰქონდა უფლება, ბავშვები აღეზარდა საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებების შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკამათოა და დისკუსიის საგანია. თუმცა ამ გადაწყვეტილებიდან ერთი რამ ცალსახა და ცხადია: სახელმწიფომ და სკოლამ არ უნდა დაუშვას რელიგიური ინდოქტრინაცია და ამ მიზნით საჯარო სკოლაში რელიგიური სიმბოლოების განთავსება.

კიდევ ერთხელ ბავშვთა ფეხბურთზე

0

ნებისმიერ  ქომაგს სურს, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობდეს, ჩვენი კლუბები კი სხვადასხვა ევროტურნირებზე წარმატებით გამოდიოდნენ.

უკვე რამდენი წელია, რაც ქართული ფეხბურთის მესვეურები მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ. საქმე ისაა, როგორ ცდილობენ და რა გზებით. რა კეთდება მდგომარეობის გამოსასწორებლად, იხარჯება თუ არა სწორად ფინანსები, როდის უნდა მიექცეს ყურადღება ინფრასტრუქტურას, როდის უნდა მოხდეს მწვრთნელთა გადამზადება და სხვა უამრავი საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

გულშემატკივარი ყოველთვის მომთხოვნია და ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს ჩვენი ფეხბურთელებისგან. მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა და ეს სპორტსმენების ბრალი ნაკლებად არის. საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა არ უჩიოდა კარგი ფეხბურთელების ნაკლებობას, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ფეხბურთის დონემ დაღმასვლა დაიწყო და თავისთავად შედეგებიც ცუდი იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების იქით არაფერი არ არსებობს. ალბათ ასეთი მუშაობით ახლანდელი შედეგიც მაქსიმუმია.

მდგომარეობის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ნაბიჯების გადადგმა დღესვე უნდა დავიწყოთ. ვიღაცას დაებადება კითხვა – წლების წინ, მართალია საბჭოეთის სახელით გამოვდიოდით, მაგრამ  თბილისის “დინამო“ წარმატებული კლუბი იყო და ქართული ფეხბურთიც მაღალ საფეხურზე იდგა.

რა თქმა უნდა, მაშინ ნაკლები პირობები იყო დღევანდელთან შედარებით, მაგრამ მაშინ უფრო დიდი იყო ფეხბურთისადმი სიყვარული, სხვანაირად ეკიდებოდნენ საქმეს სპორტსმენები. ცხოვრების განვითარებასთან ერთად ფეხბურთშიც ბევრი რამ შეიცვალა. მაგრამ ამით თავს ვერ გავიმართლებთ, მარტო ჩვენთვის არ შეცვლილა ყველაფერი.

სახლის აშენება საძირკვლიდან იწყება და არა სახურავიდან. საჭიროა მიზეზები თავში ვეძებოთ, საძირკველი კი ბავშვთა ფეხბურთია, რომელიც საქართველოში უსუსურ მდგომარეობაშია. გარკვეული გამონათებები მისასალმებელი და სასიხარულოა, მაგრამ ეს ვერ იმოქმედებს ჩვენი ფეხბურთის განვითარებასა და წინსვლაზე. ბავშვთა ფეხბურთში სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია. ესენი ზეგანვითარებული ქვეყნებია, მაგრამ სამაგალითოდ სხვა ქვეყნების მოტანაც შეიძლება, თუნდაც ჩვენი მეზობელი თურქეთი ავიღოთ, თურქეთის ფეხბურთის დონე ჩვენი ფეხბურთის დონეს ბევრად უსწრებს.

ეს იმის ფონზე, როდესაც ძველი „დინამო“ თურქეთის გუნდებს თითქმის ყოველთვის უგებდა. მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიას დარჩა. დღეს რეალობა სხვაგვარია, მათმა შრომამ შედეგი გამოიღო და ახლა ისინი ჩვენზე ბევრად წინ არიან. თურქების მიდგომა განსაცვიფრებელია. ისინი არა დღევანდელი ნაკრებისთვის, არამედ 2026 წლისთვის ემზადებიან. უდიდესი ყურადღება ექცევა ბავშვთა ფეხბურთს, მათ აღზრდას, განათლებას, ასევე ყველა ასაკობრივ ნაკრებს. ყველაფერი, კონტროლის ქვეშაა, შემდეგ კი ამ ყველაფრით ეროვნული ნაკრები მარაგდება.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ 400 ყველაზე ნიჭიერი ბავშვი სრულიად უფასოდ ემზადება და საერთოდ, თუ ბავშვი რამეს იხდის, მხოლოდ თავიდან, ისიც სულ მცირეს, როდესაც ბურთის გორაობას იწყებს. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, თუ ვინ არის მწვრთნელი, მისი კვალიფიციურობა გარკვეული უნდა იყოს, უნდა ხდებოდეს მწვრთნელების გადამზადება. მიუხედავად იმისა, რომ თურქები ჩვენზე წინ არიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ჩვენზე ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავთ. უბრალოდ მათი მიდგომა პროფესიონალურია და მომავალზე გათვლილი პროექტები აქვთ. რატომ იკარგებიან ტალანტები ჩვენთან -იმიტომ, რომ არ გადიან იმ გზას, რაც ახალგაზრდამ უნდა გაიაროს, რათა პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის გადასახადია, რომელიც ბავშვთა ფეხბურთშია. საშუალოდ 50-100 ლარი – ეს ის თანხაა,  რომელიც მშობლებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ ბავშვმა ფეხბურთზე იაროს. არ უნდა იყოს ამხელა გადასახადი, მით უმეტეს, დღევანდელი პირობების  გავითვალისწინებით.

მწვრთნელს ანაზღაურებას ფედერაცია უნდა უნიშნავდეს და ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, შეძლებენ თუ არა მისი მშობლები გადასახადის გადახდას; არ უნდა ჰქონდეს შიში იმის გამო, რომ გადაუხდელობის გამო ფეხბურთს ჩამოშორდება. აი აქედან უნდა დაიწყოს საქმის კეთება. საჭიროა სწორი და გამართული გეგმებისა და პროექტების შექმნა. უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი სისტემა, რომელზეც ქართული ფეხბურთი იქნება აგებული. სწორად მუშაობის შედეგად ეროვნული ნაკრებისა და ქართული კლუბების თამაში აუცილებლად გაუმჯობესდება. ვინც მოითმენს, ის მოიგებს.

ბერლინის „ჰერტაში“, რომელიც გერმანულ კლუბებს შორის ერთ-ერთი სახელოვანია, ამ კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი მიდგომა აქვთ ბავშვების მიმართ, როდესაც მშობლებს 6-7 წლის ბავშვი ფეხბურთზე „ჰერტას“ აკადემიაში შეჰყავთ, 12 წლამდე ის სრულიად უფასოდ ვარჯიშობს. მერე უკვე თვითონ ბავშვზეა დამოკიდებული, რამდენად გამოავლენს საკუთარ ნიჭს და შესაძლებლობებს. თუ მან ეს ყველაფერი წარმატებით გაიარა, მას კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი ელის. ნამდვილად შესაშური ამბავია. როდესაც გამოჩნდება ბევრად მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა და მათ ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგ კი ჩაირიცხებიან ქართულ კლუბებში, თვითონ გუნდებსაც გაუჩნდებათ ბევრად მეტი სპონსორი, რაც ფეხბურთის დონის ამაღლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შემდეგ ნიჭიერი ქართველის ყიდვა მოუნდება რომელიმე უცხოურ გრანდს. ამით კი ქართული კლუბი დამატებით სოლიდურ თანხას მიიღებს, როგორც ხდება ხოლმე საფეხბურთო სამყაროში. მაგრამ ჩვენ ფეხბურთელების გაყიდვით რამე არ უნდა მოგვაკლდეს, ამიტომ არის საჭირო გამართული სისტემა, რომელიც ახალს აღმოაჩენს, გავყიდით ერთ ტალანტს, ავიყვანთ მეორეს – შეიძლება ასე ითქვას.

დრო აღარ არის. დღეს ვიშრომოთ ხვალინდელი წარმატებისთვის, ის აუცილებლად მოვა!

სწრაფი კითხვა   

0

მეცნიერთა და პედაგოგთა ხანგრძლივმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ სწრაფი კითხვა ხშირად არა მხოლოდ ხელს უწყობს, არამედ განაპირობებს კიდეც  მოსწავლეთა წარმატებას.

„ადამიანები ვერც კი ხვდებიან რა შრომა და დრო სჭირდება კითხვის სწავლას. მე ამისთვის 80 წელი დამჭირდა და ვერ ვიტყვი, რომ  მიზანს მივაღწიე“. ეს სიტყვები დიდ გერმანელ პოეტსა და მეცნიერს გოეთეს  ეკუთვნის, რაც  კიდევ  ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რა ძნელად გადასაჭრელია კითხვის პრობლემა.

            დღეს  ჩვენ ვისაუბრებთ სწრაფი კითხვის მეთოდებზე.

            ადამიანები კითხულობდნენ საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ 21-ე საუკუნეში დადგა საკითხი, თუ როგორ შევასწავლოთ მათ სწრაფი კითხვა.

            სწრაფი კითხვის სწავლება დაიწყო ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სტუდენტმა ეველინ ნელსონ ვუდმა სტატია მიუტანა პროფესორ ლისს, რომელსაც ამ ნაშრომზე რეცენზია უნდა დაეწერა. სტუდენტი გაოცდა, როდესაც დაინახა, თუ რა სისწრაფით წაიკითხა მან სტატია და შენიშვნებიც მიაწერა. რეცენზია მზად იყო. ვუდმა დაიწყო თავისი დაკვირვებები და აი, რა დასკვნამდე მივიდა: ყველა ადამიანი, ვინც სწრაფად კითხულობს, იყენებს კითხვის ერთსა და იმავე მეთოდს, კერძოდ:

  • კითხულობს ზემოდან ქვემოთ და არა მარცხნიდან მარჯვნივ, როგორც ჩვეულებრივი მკითხველი;
  • ერთდროულად აღიქვამს სიტყვათა ჯგუფს და არა ერთ ან ორ სიტყვას, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება;
  • იშვიათად მიმართავს რეგრესიას, (ანუ ჩერდება, რათა ხელმეორედ წაიკითხოს სიტყვა, ან გაუგებარი სიტყვები).

ეს სამი თავისებურება დაედო საფუძვლად ეველინ ვუდის სისტემას, სახელწოდებით: „დინამიკური კითხვა“.

            ამერიკელმა მეცნიერებმა რაციონალური კითხვის შესასწავლად სპეციალური  ლაბორატორია შექმნეს. რაციონალურ კითხვაში მოიაზრება მაქსიმალურად სწრაფი კითხვა, მაქსიმალური ინფორმაციის მიღება და წაკითხულის ზედმიწევნით შეთვისება.

            ამ ლაბორატორიის შექმნისას ისინი ითვალისწინებდნენ მოსწავლეების კითხვის სისწრაფესა  და ათვისების ხარისხს.

            ყოველი პედაგოგისათვის ნაცნობია ასეთი სიტუაცია: მოსწავლეთა ნაწილი, რომელმაც შეასრულა მიცემული დავალება, ელოდება დანარჩენ მოსწავლეებს, რომელთაც ეს სამუშაო ჯერ არ დაუმთავრებიათ. ეს იმით აიხსნება, რომ, ჩვეულებრივ, ტექსტები გათვლილია საშუალო შესაძლებლობის მოსწავლეებზე და მცდელობა იმისა, რომ მოსწავლე შეეჩვიოს ტემპს, რომელიც მისთვის ან ძალიან ნელია, ან ძალიან სწრაფი, ნაკლებეფექტურია. ამიტომ შემუშავდა ტესტი, რომელიც მკითხველს თავისი შესაძლებლობების შეფასების საშუალებას აძლევს.

                                               ტესტი

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა-100

  • კითხვის დაწყებამდე გაქვთ  თუ  არა  ყოველთვის  განსაზღვრული  მისი მიზანი  და  მოტივი?

 ა) მიზანი ყოველთვის განსაზღვრული  და მოტივირებული მაქვს;                  10

 ბ) მიზანი დაახლოებით განსაზღვრული მაქვს, კითხვა მოტივირებულია;        6

 გ) ზოგჯერ;                                                                                                                        4

 დ) იშვიათად;                                                                                                                   2

  ე) არასდროს.                                                                                                                   0

2) ცვლით  თუ  არა  კითხვის  სისწრაფეს ?

  ა) მუდმივად  ვცვლი;                                                                                              10

   ბ) ზოგჯერ;                                                                                                                 6

   გ) სისწრაფეს კითხვის დაწყებამდე განვსაზღვრავ;                                           4

   დ) ყოველთვის საშუალო სისწრაფით ვკითხულობ;                                         2

    ე) ყოველთვის ნელა ვკითხულობ.                                                                       0

3) ახერხებთ  თუ  არა  კითხვისას  ყურადღების  სრულ  მობილიზებას?

  ა) ყოველთვის;                                                                                                            10

   ბ) ძირითადად ვახერხებ;                                                                                          6

   გ) ზოგჯერ, თუ მასალა საინტერესოა;                                                                    4

   დ) იშვიათად;                                                                                                              2

    ე)  ვერ ვახერხებ.                                                                                                         0

4) შეგიძლიათ  თუ  არა  ტექსტის  სტრუქტურის სწრაფად  გაგება?

  ა) ყოველთვის;                                                                                                             10

   ბ) სწრაფად შემიძლია განვსაზღვრო  ჩემთვის საინტერესო მონაკვეთი;          6

   გ) სტრუქტურას განვსაზღვრავ მცირე ნაწილის წაკითხვის შემდეგ;                 4

   დ) სტრუქტურას განვსაზღვრავ მთლიანი ტექსტის წაკითხვის შემდეგ;          2

   ე) სტრუქტურას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას.                                               0

5) შეგიძლიათ  თუ  არა  წაკითხვისთანავე  გაიგოთ  მთავარი (საკვანძო)   წინადადების  აზრი?

   ა) ყოველთვის;                                                                                                          10

    ბ) შემიძლია თუ ტექსტი ადვილია;                                                                       6

    გ) ზოგჯერ;                                                                                                                  4

    დ) იშვიათად;                                                                                                             2

    ე) არ შემიძლია.                                                                                                          0

 6) უბრუნდებით  თუ  არა  თვალით  წაკითხულ   ტექსტს?

     ა) არასდროს;                                                                                                                           10

ბ) თუ გაუგებარი ადგილებია, ვუბრუნდები;                                                                    6

გ) იშვიათად ვუბრუნდები, თუ სიტყვები არ მესმის;                                                       4

დ) ზოგჯერ, როცა ტექსტის აზრი არ მესმის;                                                                        2

 ე) სხვადასხვა მიზეზით ხშირად ვუბრუნდები.                                                                 0

7) ტექსტს  თითს  ან  ფანქარს  აყოლებთ  თუ  თავის  მოძრაობით ადევნებთ  თვალს?

  ა) თავი და ხელები უმოძრაოდ მაქვს;                                                                                  10

ბ) ზოგჯერ თავს ვამოძრავებ;                                                                                                   6

  გ) მნიშვნელოვანი ადგილების კითხვისას თითს ვაყოლებ;                                                4

 დ) ხშირად;                                                                                                                                   2

 ე) ყოველთვის ასე ვიქცევი.                                                                                                       0

8) იმეორებთ  თუ  არა  ხმამაღლა ან თქვენთვის იმას, რასაც კითხულობთ?

      ა) ყოველთვის ჩუმად ვკითხულობ;                                                                                  10

      ბ) ზუსტად ვერ გიპასუხებთ;                                                                                               6

      გ) გამოვთქვამ ზოგიერთ რთულ სიტყვას;                                                                        4

      დ) ხშირად ვიჭერ თავს, რომ ვიმეორებ წაკითხულს;                                                     2

      ე) ყოველთვის არტიკულაციით ვკითხულობ.                                                                 0

9) გაქვთ  თუ  არა  წარმოსახვითი  ასოციაციები  იმ  ტექსტთან დაკავშირებით,   რომელსაც  კითხულობთ?

       ა) ყოველთვის;                                                                                                                     10

       ბ) ზოგჯერ;                                                                                                                            6

       გ) მიჭირს პასუხის გაცემა;                                                                                                 4

       დ) იშვიათად;                                                                                                                       2

       ე) არასდროს.                                                                                                                        0

10) როგორ მოძრაობს თქვენი თვალი კითხვისას?

          ა) სწრაფად და ფურცლის შუაში;                                                                                  10

          ბ) ზიგზაგურად, ხაზიდან ხაზზე;                                                                                  6

          გ) დიაგონალურად;                                                                                                           4

          დ) ყოველ ხაზზე შეჩერებით;                                                                                          2

          ე) ყოველ სიტყვაზე შეჩერებით.                                                                                       0

ამ ტესტის შედეგები დაახლოებით ასეთია: პროფესიონალი მკითხველი აგროვებს 100 ქულას, სწრაფი კითხვის მეთოდებს დაუფლებული – 70-80 ქულას, ერუდირებული – 40-50 ქულას, ხოლო მკითხველთა უმეტესობა – 20-დან 30 ქულამდე.

 შედეგების გადასამოწმებლად ეს ტესტი შევთავაზე მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს. აღმოჩნდა, რომ წარმატებულ მოსწავლეთა უმეტესობამ 60-დან 70-მდე ქულა მოაგროვა. შედეგებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა სწრაფი კითხვის მეთოდების შესწავლის აუცილებლობაში.

შესაძლებელია თუ არა ამ მონაცემთა გაუმჯობესება?

 ყოველ მკითხველს კითხვის თავისი ალგორითმი, თავისი წინაპროგრამა აქვს. მათგან ბევრი ნამდვილად არ არის ეფექტური. საკმაოდ ხშირად გვხდება არაორგანიზებული კითხვის შემთხვევები.

  შესაძლებელია, თუ არა მოსწავლე მივაჩვიოთ წიგნთან ორგანიზებულ მუშაობას?  მეცნიერები თვლიან,  რომ შესაძლებელია.

 სწრაფი კითხვის მეთოდების ასათვისებლად ადამიანს უნდა ჩამოუყალიბდეს რიგი ჩვევებისა. მათი ჩამოყალიბების ერთ-ერთ საშუალებად მეცნიერები ინტეგრალურ ალგორითმს მიიჩნევენ.

ალგორითმი – ეს არის იმ კონკრეტულ ოპერაციათა ერთობლიობა, რომელიც უნდა განხორციელდეს გარკვეული თანმიმდევრობით. ამ შემთხვევაში ეს არის ის გონებრივი ქმედებები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ კითხვისას.

 ინტეგრალური – მიგვანიშნებს იმაზე, რომ  ალგორითმის მოქმედება მთელ ტექსტზე ვრცელდება.

  რატომ  უნდა ჩამოყალიბდეს ალგორითმის საშუალებით კითხვის უნარი?

               1)  ალგორითმის გამოყენება აწესრიგებს კითხვის პროცესს და უფრო

ორგანიზებულს ხდის მას;

    2) დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ინტეგრალური ალგორითმით კითხვისას

        ყალიბდება უნარი,  რომელიც უზრუნველყოფს რაციონალურ ქმედებათა

        განსაზღვრულ თანმიმდევრობას;

   3) თანამედროვე ლინგვისტები ამტკიცებენ, რომ კონკრეტული მკითხველისათვის საინტერესო ტექსტის მხოლოდ 25%-ია. ინტეგრალური ალგორითმი ეხმარება მკითხველს სწორდ  ამ ნაწილზე  გაამახვილოს ყურადღება;

              4 ) ალგორითმის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დროს, რომელიც

საჭიროა ინფორმაციის დახარისხებისათვის.

         ი ნ ტ ე გ რ ა ლ უ რ ი   ა ლ გ ო რ ი თ მ ი

                            სახელწოდება

                                  ავტორი

                     წყარო და მისი მონაცემები

                    ძირითადი შინაარსი, თემა

                   ფაქტობრივი მონაცემები

           ის საკითხები, რომლებიც საკამათოა

  რაში მდგომარეობს მოცემული მასალის სიახლე         და როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში

სწრაფი კითხვის დაუფლებისათვის  ასევე აუცილებელია პერიფერიული მხედველობის განვითარება. რა არის პერიფერიული მხედველობა და როგორ უნდა განვითარდეს იგი?

კითხვისას ჩვეულებრივი მკითხველის თვალი მოძრაობს ერთი და იმავე ტრაექტორიით – მარცხნიდან მარჯვნივ, სტრიქონით ქვემოთ და ისევ მარცხნიდან მარჯვნივ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის თვალს სხვაგვარადაც შეუძლია ნაწერის აღქმა. მას შეუძლია ისე დაინახოს მთელი სტრიქონი, რომ მზერა კონცენტრირებული იყოს  სტრიქონის ცენტრში და გადაადგილდეს მხოლოდ ზემოდან ქვემოთ, ანუ ვერტიკალურად.

ამ სირთულის დასაძლევად შექმნილია მრავალი რეკომენდაცია და სავარჯიშო. ერთ-ერთი მათგანია, ეგრეთ წოდებული, შულტეს ცხრილი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

                                                შულტეს ცხრილი
 
 
        01                                                                16
 
03                                                                                                                                                                                                                                08
 
15                                                                                                                                                                                                                                05
                                 დისტანცია
04                                                                                                                                                                                                                                13
                                        0
07                                                                                                                                                                                                                                11
                                        F
14                                                                                                                                                                                                                                12
 
       05                                                                 09
 
       06                                                                02
 

ცხადია, სწრაფი კითხვის დაუფლება შრომატევადი საქმეა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სტატისტიკას, რომელიც გვიჩვენებს, რომ წარმატების ერთ-ერთი საწინდარი სწრაფი კითხვაა და მოსწავლეთა  80%, ის ვინც მაღალი მოსწრებით გამოირჩევა, სწრაფად კითხულობს, მაშინ ღირს დავფიქრდეთ, საჭიროა თუ არა ამ მეთოდების შესწავლა. ეს მეთოდები დანერგილია მთელ მსოფლიოში და წარმატებით ხორციელდება, როგორც სწავლების დაწყებით საფეხურზე, ასევე ზრდასრულ ადამიანებშიც.

            დასასრულ, მინდა შემოგთავაზოთ რეკომენდაციები, რომლებიც სასურველია გაითვალისწინოს ყველა მკითხველმა.

                         ს წ რ აფ ი   კ ი თ ხ ვ ი ს  10  წ ე ს ი

 №1  იკითხეთ რეგრესიის გარეშე. ყველანაირი სირთულის ტექსტი წაიკითხეთ მხოლოდ ერთხელ. ტექსტის დასრულებისა და წაკითხულის გააზრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, წაიკითხეთ ხელმეორედ.

 №2  კითხვისას ინფორმაცია განათავსეთ ინტეგრირებული ალგორითმის ბლოკებში. მუდმივად ეძებეთ პასუხები ალგორითმის ბლოკებში განთავსებულ შეკითხვებზე.

 №3  იკითხეთ არტიკულაციის გარეშე. წარმოთქმა სწრაფი კითხვის ყველაზე დიდი მტერია.

 №4  იკითხეთ თვალების ვერტიკალური მოძრაობით. განივითარეთ პერიფერიული მხედველობა. ამისათვის ჯერ წაიკითხეთ გაზეთის წვრილშრიფტიანი სვეტი, შემდეგ წიგნის ფურცელზე, შუაში,  ჩამოუსვით ხაზი და ისე წაიკითხეთ.

 № 5  კითხვისას იყავით მაქსიმალურად  ყურადღებით.

 №6  შეეცადეთ  კითხვის პროცესშივე გაიგოთ წაკითხულის აზრი. ამისათვის გამოყავით საკვანძო სიტყვები. გახსოვდეთ, რომ კითხვა არის ძიებისა და აზრის ჩამოყალიბების პროცესი.

 №7  კითხვისას გამოიყენეთ დამახსოვრების სხვადასხვა მეთოდი. მაგალითად: ჯერ დაიმახსოვრეთ მხოლოდ ის, რაც გასაგებია, შემდეგ – ავტორის აზრები და იდეები. არ დაიმახსოვროთ ცალკეული სიტყვები და ფრაზები!

№8  ხშირად შეცვალეთ კითხვის სიჩქარე. ყოველ ჯერზე  თქვენთვის სასურველი სისწრაფე შეარჩიეთ.

 № 9  დააწესეთ თქვენი დღიური ნორმა, ის  რაც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

 № 10   მთავარი წესი – იკითხეთ ბევრი.

           გამოყენებული ლიტერატურა:

  • ლეზერი ფ. – „რაციონალური კითხვა“

  • გეცოვი გ.  – „წიგნზე მუშაობის რაციონალური მეთოდები“

  • რუბიკინი ნ. – „რჩეული“

  • კუზნეცოვი ო., ხრომოვი ლ., – „სწრაფი კითხვის ტექნიკა“

  • სწრაფი კითხვის 35 საიდუმლო

ევროპული სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი  რუსუდან ბრეგაძე

დამხმარე ლიტერატურა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის

0

მასწავლებლები ხშირად გამოთქვამენ სურვილს, რომ მათ ჰქონდეთ  ინფორმაცია საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის საჭირო წიგნების შესახებ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სისტემატურად აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, სოციალურ ქსელსა თუ ელექტრონულ ჟურნალ Maswavlebeli.ge-ზე ინფორმაციას ცენტრის მიერ მომზადებულ მეთოდურ ლიტერატურაზე.  მასწავლებლებს სჭირდებათ ისეთი ლიტერატურა, რომელიც მათ საგნობრივი ცოდნის განახლება-გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე მიაწვდის მათ მასალას, რომელსაც ისინი ეფექტიანად გამოიყენებენ კლასში მოსწავლეებთან  სამუშაოდ.   ვფიქრობ, სტატაიში წარმოდგენილი წიგნები დააინტერესებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.

ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლა მეათე კლასში ყოველთვის პრობლემებს ქმნის, რადგან ენობრივი და მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით ისინი მოსწავლეებისათვის რთულად აღსაქმელია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს წიგნი „ქართული ჰაგიოგრაფია“, რომელშიც  წარმოდგენილია სამი

in1
ჰაგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების”, “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” – პარალელური ტექსტები. ამ პარალელური ტექსტებიდან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემა  დაეხმარება მასწავლებლებს მათ სწავლებაში, მოსწავლეებს კი  გაუიოლებს ტექსტების აღქმასა და სიღრმისეულ წვდომას.

ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად სახელმძღვანელოებში  შემოკლებებით იბეჭდება. ამ გამოცემაში “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტები მინიმალურად არის შემოკლებული, ხოლო “შუშანიკის წამება” სრული სახითაა წარმოდგენილი. ტექსტებს წინ უძღვის ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის შესავალი წერილები, რომლებშიც ღრმა ცოდნითა და პოპულარული ენით არის მოწოდებული ის ძირითადი ასპექტები – ისტორიული, რელიგიური, ლიტერატურული და სხვა – რომელთა გათვალისწინებითაც გაცილებით ღრმად ჩავწვდებით ქართული მწერლობის ამ შესანიშნავ ნიმუშებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ მოსწავლეებისათვის არგუმენტირებული და ანალიტიკური ესეს წერა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ მათ შეძლონ ამ სირთულეებთან გამკლავება, მნიშვნელოვანია მივაწოდოთ მათ მსჯელობის სტრუქტურის ელემენტები (მსჯელობის სქემები), რომლებსაც წარმატებით მოარგებენ ნებისმიერ განსახილველ საკითხს, შეძლებენ აბზაცის დანიშნულების გააზრებას, არგუმენტებისა და ფაქტების მოხმობას, დასკვნების ჩამოყალიბებას და, საბოლოოდ, ნაწერის რედაქტირებას, მართლწერის წესების  დაცვით აზრის მკაფიოდ და სწორად ჩამოყალიბებას. სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებსაც ნანა შავთვალაძის აკადემიური წერის საფუძვლები და იამზე ვაშაკიძის ქართული ენის პრაქტიკული კურსი და აკადემიური წერის საფუძვლები“.

წიგნი „აკადემიური წერის საფუძვლები“, ქართული აკადემიური წერის სასკოლო კურსი, დამხმარე სახელმძღვანელოა იმ მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც სურთ უკეთესად წერონ.

in2

წიგნი დაეხმარება აბიტურიენტებსა და უფროსკლასესელებს (X, XI, XII) უცხო ტექსტის ადვილად აღქმაში; მთავარი და დამხმარე ინფორმაციის სწრაფად გამოყოფასა და განცალკევებაში; თითოეული აბზაციდან მთავარი აზრის გამოტანასა და  მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დეტალების აღნიშვნაში, აბზაცის ძირითადი აზრის შეჯამებაში.

მოსწავლეები შეისწავლიან წერის სტრატეგიებს და გაიწაფებიან ამ სტრატეგიების გამოყენებაში. ისინი შეძლებენ თემისა თუ არგუმენტირებული ესეს კონკრეტულ დროში სწრაფად დაგეგმვასა და წერას.

ახალგაზრდებს ეცოდინებათ აკადემიური სტანდარტის მიხედვით ესეს სამივე ნაწილის – შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა – გამართულად წერა. სახელმძღვანელოს ყველა თავს ახლავს გრამატიკული მასალა ცხრილის სახით და ერთი სავარჯიშო რედაქტირებისათვის.  ეს ხელს შეუწყობს ორთოგრაფია-მორფოლოგიისა და სინტაქსის  ცოდნის განმტკიცებას, მართლწერის საკითხებში გავარჯიშებას.

იამზე ვაშაკიძის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო: “ქართული ენის პრაქტიკული კურსი და აკადემიური წერის საფუძვლები“ შედგება შესავალისა და ოთხი ნაწილისაგან.  შესავალში წარმოდგენილია ქართველთა მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ენის ისტორიის ზოგადი საკითხები, რომლებიც ხშირად გვხვდება ტესტური დავალებების სახით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდის ტესტებში.

წიგნის პირველი ნაწილი ეთმობა მართლწერის წესებს; ყურადღება გამახვილებულია  ზეპირი მეტყველებისა და უცხო ენის გავლენით დაშვებულ შეცდომებზე; თეორიულ მასალას თან ახლავს პრაქტიკული სავარჯიშოები.

მეორე ნაწილში წარმოდგენილია ლექსიკოლოგიის საკითხები, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში განხილულია საერთოქართველური სიტყვები, დიალექტური ლექსიკა, საერთაშორისო ლექსიკა, ბარბარიზმები და კალკები, ასევე ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ძირითადი ბაზა და თანამედროვეობის პრობლემები. ყველა პარაგრაფის ბოლოს წარმოდგენილია აბიტურიენტთა და სტუდენტთა ნაშრომებში შემჩნეული ლექსიკურ-სტილისტური ხარვეზების ანალიზი.

მესამე ნაწილში განხილულია სტილისტიკისა და სტილის საკითხები.

მეოთხე ნაწილში წარმოდგენილია აკადემიური წერის საფუძვლები; აქ თანმიმდევრობით არის განხილული აკადემიური ტექსტის სტრუქტურა, აბზაცი, როგორც ტექსტის სტრუქტურულ-სემანტიკური ელემენტი; არგუმენტირებული ესე, თვალსაზრისის დასაბუთების კულტურა; სამეცნიერო ნაშრომის ზოგადი დახასიათება, ავტორისათვის სავალდებულო მოთხოვნები,  ნაშრომის წყაროების მოძიებისა და დამუშავების ხერხები, პლაგიატის პრობლემა; ასევე  სამეცნიერო ნაშრომის სახეები:  კრიტიკა, ანალიტიკური რეფერატი, სამეცნიერო სტატია; საჯარო გამოსვლის სპეციფიკა.

დიდფორმატიან სახელმძღვანელოში სავარჯიშოებთან ერთად წარმოდგენილია ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკისა და აკადემიური წერის ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია გამართული ზეპირი თუ წერითი კომუნიკაციისათვის. ნაშრომის მრავალფეროვანი საილუსტრაციო მასალის ერთი ნაწილი დამოწმებულია თანამედროვე ოფიციალურ მეტყველებაში, ძირითადი ნაწილი კი ავტორის მიერ მოძიებულია სხვადასხვა უნივერსიტეტში მრავალწლიანი პედაგოგიური მუშაობის პროცესში.

ვფიქრობთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წიგნი დაეხმარება როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს.

საიდუმლო გეგმა

0

ბავშვები გაიზარდნენ.

მე ვერ ვხედავ, ისინი საღამოობით საკუთარ ოთახებში როგორ უჩინარდებიან, მე არც მათ მეგობრებს ვიცნობ და ბევრი არც იმ საყმაწვილო ლიტერატურისა გამეგება, რომელსაც ახლა უკვე თავად არჩევენ, ახალი თარგმანებია, ახალი ავტორები. მე მათ დიდი ვნებით მხოლოდ ჰარიზე შემიძლია ველაპარაკო, ეგ გვაერთიანებს. მხოლოდ ხანდახან, სკაიპით ლაპარაკისას ვხვდები, გაიზარდნენ ბავშვები.

თომა საცხენოსნო სკოლაში შევიდა. თომა რომელიღაც საერთაშორისო ოლიმპიადაზე დარეგისტრირდა. თომამ ახალი უცხო ენის შესწავლა გადაწყვიტა. თომამ მითხრა, რომ იმ საცხენოსნო სკოლაში მზად არიან, დაბადების დღე გადაუხადონ, უფასოდ. მე მიკვირს. თომა აკონკრეტებს, რომ იქ კეთილი ხალხი მუშაობს, რომლებსაც დაუმეგობრდა და რომლებსაც ცხოველები ძალიან უყვართ. ის, ვისაც ცხოველები და მცენარეები უყვარს, შეუძლებელია, ბოროტი იყოს,- ამატებს იქვე. მე ვჩუმდები და მახსენდება ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ჭეშმარიტად სძულს ფლორა და ფაუნა და მიუხედავად ამისა, მსოფლიოს კეთილი ადამიანების ათეულში დაუფიქრებლად შევიყვანდი.

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, სინანულით ვეუბნები დედაჩემს.

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, სინანულით მეთანხმება დედაჩემი.

მე ძალიან მეშინია, რომ გაზრდილი ბავშვები ჩემთან მეგობრობას აღარ მოინდომებენ და ვიღებ გადაწყვეტილებას:

  1. გადავხედო ახალ თარგმანებს
  2. გავიგო მეტი ცხოველებზე, რადგან, სამწუხაროდ, ისიც კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება შინშილა, რომელზეც თომა თურმე აგერ მთელი წელია ოცნებობს. მე გატაცებით ვცრუობ და ვუქებ შინშილას, რომლის სახელის ჟღერადობაც უკვე ნეგატიურად განმაწყობს.
  3. მივყო ხელი მცენარეთა მოშენებას. შიგადაშიგ გადავუღო ფოტოები, ავტვირთო ჩემს ფეისბუქ კედელზე და დაველოდო თომას რეაქციას. თომას შეფასებას. თომას დაფასებას. დაველოდო ჩემს გარდაქმნასაც. იქნებ, თომა მართალია და ყველაზე კეთილი ადამიანები მცენარეებისა და ცხოველების მოყვარულები არიან. იქნებ, უფრო გავკეთილდე. იქნებ სიკეთე მართლა მაკლია.
  4. დავუსვა ის კითხვები, რომლებიც სულელურად ჟღერს და რომლებზე პასუხებიც ისე მაინტერესებს, ბერლინიდან ხუთ შინშილას გავუგზავნიდი გულის მოგების მიზნით. მაგრამ, რადგან ბავშვები გაიზარდნენ, იმატა საფრთხემაც, რომ გამოგიჭერენ. საჩუქრებით მოსყიდვა ისედაც მდაბალი საქციელია, ასე რომ მეთოდურად უნდა დავგეგმო, რა ფორმით ვკითხავ იმას, რაც საშინლად მაინტერესებს. იცით… იცით, მე ერთი სული მაქვს გავიგო, ჰყავს თუ არა თომას შეყვარებული.
  5. ვეცადო, გაზრდილი ბავშვების თვალში ძველი დიდება არ დავკარგო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ისინი მაღმერთებდნენ. და რაკი მაინც ჩუმად, ჩემთვის გულის სიღრმეში მგონია, რომ მე კეთილი და კარგი ვარ და თუ ისევ მენდობიან, თუ ისევ ისე ვეყვარები, ჩემგან მხოლოდ კარგის სწავლა შეუძლიათ, აუცილებლად, ძველებურად გმირად უნდა დავრჩე. რადგან მომისმინონ. ხანდახან მაინც. თავის მოკატუნებაც დამჭირდება, ვითომ ვერ ვხვდები, როგორს მხედავენ. სავარაუდოდ, შესანიშნავს.

ისინი ვერასდროს დამინახავენ იმედგაცრუებულს, გულგატეხილს, მარტოს, სასოწარკვეთილს.

ერთხელაც, როცა კიდევ უფრო გაიზრდებიან და მე დავინახავ მათ იმედგაცრუებულებს, გულგატეხილებს, მარტოებსა და სასოწარკვეთილებს, ვინანებ, რომ მათ თავის დროზე ვერ დამინახეს იმედგაცრუებული, გულგატეხილი, მარტო, სასოწარკვეთილი. ეს რომ ენახათ, მათ ეცოდინებოდათ, რომ ადამიანები ხანდახან უბედურებიც არიან, მაგრამ გადარჩენა გარდაუვალია.

მაინც როგორ გაიზარდნენ, სოციალურ ქსელებსაც ისე ოსტატურად იყენებენ, გაგიკვირდებათ.  თუ ეს პოსტი ხელში ჩაუვარდათ, მოსალოდნელია, მათ თვალში ელვის უსწრაფესად დავკნინდე. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, რასაც აქ წაიკითხავთ, საიდუმლოდ შეინახოთ.

სწავლის სტრატეგიები და ტაქტიკა

0

სწავლის სტრატეგიები სწავლის ამოცანების შესასრულებლად საჭირო იდეებია, რომლებიც შეიძლება შევადაროთ ფართომასშტაბიან გეგმას, სწავლის ტაქტიკა კი სპეციფიკური ტექნიკაა, რომელიც გეგმის შედგენაში გვეხმარება.

სწავლის სტრატეგიებისა და უნარ-ჩვევების გამოყენება კარგი აკადემიური მოსწრების საწინდარია მაღალ კლასებში სწავლის დროს.

მკვლევრებმა დაადგინეს რამდენიმე ძირითადი პრინციპი:

  • აუცილებელია, მოსწავლეები იცნობდნენ სწავლის განსხვავებულ სტრატეგიებს. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ზოგადით, გააცანით მათ ზოგიერთი სპეციფიკური სტრატეგიაც, მაგალითად, გრაფიკული.
  • მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, როდის, სად და რატომ გამოიყენონ ესა თუ ის სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასწავლებელს კარგად ესმის პირობების ცოდნის აუცილებლობა, მათი უმრავლესობა ამას უგულებელყოფს.
  • მოსწავლეებმა შესაძლოა იცოდნენ, როდის და როგორ გამოიყენონ სტრატეგია, მაგრამ სანამ ამ უნარ-ჩვევების გამოყენების სურვილი გაუჩნდებათ, სწავლის მხოლოდ ზოგადი უნარების ცოდნა და გამოყენება საქმეს სასიკეთოდ ვერ წაადგება. სწავლის სტრატეგიების პროგრამათა უმრავლესობა მოტივაციის ასამაღლებელ კომპონენტსაც მოიცავს.
  • მოსწავლეებმა უნდა მიიღონ პირდაპირი ინსტრუქტაჟი სქემატური ცოდნის შესახებ. ეს სტრატეგიების გამომუშავების პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მთავარი იდეის დასადგენად და მასალის არსის გასაგებად თქვენ უნდა გქონდეთ მასალის გააზრების სათანადო სქემა. რა თქმა უნდა, ძნელია დასკვნის გამოტანა იმ ტექსტის შესახებ, სადაც საუბარია იქტიოლოგიაზე, თუ თევზების შესახებ სათანადო ცოდნა არ გაგაჩნიათ.
  • სწავლის პროცესის პირველი საფეხური ყურადღების კონცენტრაციაა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის დადგენა, რა არის მთავარი მოცემულ მასალაში, რაც საკმაოდ რთულია. ხშირად მოსწავლეები მიმზიდველ დეტალებს ან კონკრეტულ მაგალითებს აქცევენ ყურადღებას, რადგან, შესაძლოა, ისინი უფრო საინტერესო იყოს. ალბათ ადვილად გაიხსენებთ მასწავლებლის ხუმრობას ან მის მიერ მოყვანილ საინტერესო მაგალითს, მაგრამ იმავდროულად აღიარებთ, რომ ვერ მიხვდით, რა იყო გაკვეთილის მიზანი. მთავარი იდეის ამოცნობა განსაკუთრებით რთულია, თუ არ გაგაჩნიათ საბაზისო ცოდნა კონკრეტულ სფეროში და ერთდროულად დიდი მოცულობის ახალ ინფორმაციასთან მოგიწიათ შეჭიდება. მასწავლებელი შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეებს, თუ გამოიყენებს ტექსტში არსებულ ე.წ. სასიგნალო ინფორმაციას – სათაურს, მსხვილი შრიფტით დაწერილ სიტყვებს, ძირითად პრინციპებს ან სხვა ინდიკატორებს, რათა მოსწავლეებმა დაადგინონ მთავარი ცნებები და ძირითადი იდეა. ასევე სასარგებლო იქნება, თუ მოსწავლეებს ვასწავლით მასალის შეჯამებას.

შეჯამება. შეჯამება მოსწავლეებს ეხმარება სწავლის პროცესში, მაგრამ სწავლის გარეშე ისინი ვერ შეძლებენ მასალის შეჯამებას. ჟან ორმროდი გვთავაზობს რეკომენდაციებს იმის შესახებ, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს მასალის შეჯამება. შეჯამების დროს მოსწავლეებს უნდა ვთხოვოთ:

  • იპოვონ და დაწერონ მთავარი წინადადება თითოეული პარაგრაფისთვის ან ქვეთავისთვის;
  • დაადგინონ რამდენიმე სპეციფიკური აზრის მომცველი ძირითადი იდეები;
  • იპოვონ ყოველი ძირითადი იდეის შესაბამისი დამხმარე ინფორმაცია;
  • წაშალონ ნებისმიერი ზედმეტი ინფორმაცია ან უსარგებლო დეტალები.

რეზიუმეს წერა დაიწყეთ ადვილად გასაგებ და კარგად ორგანიზებულ ტექსტებზე მუშაობით. მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებს უფრო რთული და დიდი მოცულობის ტექსტები შესთავაზეთ. ყოველთვის დაავალეთ მოსწავლეებს, ერთმანეთის შეადარონ რეზიუმეები და განხილვის პროცესში დაასაბუთონ თავიანთი მოსაზრებები.

მთავარი იდეის დადგენის კიდევ ორი სტრატეგია არსებობს: ტექსტში მნიშვნელოვანი ადგილების მონიშვნა/ხაზგასმა და ჩანაწერების წარმოება.

ხაზგასმა და ინფორმაციის გამოყოფა. ხაზს უსვამთ ან გამოყოფთ თუ არა სახელმძღვანელოში მთავარ ფრაზებს? აღსანიშნავია, რომ ხაზგასმისა და ჩანაწერების წარმოების სტრატეგიებს, ჩვეულებრივ, მაღალი კლასის მოსწავლეები იყენებენ, თუმცა ხშირად უეფექტოდ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოსწავლეებს სჩვევიათ ბევრი წინადადების ხაზგასმა და მონიშვნა. გაცილებით ეფექტიანია ხაზგასასმელი ინფორმაციის სწორად შერჩევა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწავლის პროცესი გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც სპეციალური კვლევის დროს მოსწავლეებს ერთგვარი შეზღუდვა დაუწესეს – ყოველ პარაგრაფში მხოლოდ ერთი წინადადების ხაზგასმის უფლება მისცეს.

მოსწავლეს, გარდა იმისა, რომ უნდა ისწავლოს სწორად შერჩევა, უნდა შეეძლოს მონიშნული ინფორმაციის საკუთარი სიტყვებით გადმოცემაც. ნუ მიეჯაჭვებით წიგნის სიტყვებს. ყოველთვის დაადგინეთ კავშირი იმ ინფორმაციებს შორის, რომელსაც ახლა ეცნობით და რაც ამ საკითხის შესახებ უკვე გქონდათ. კავშირის ილუსტრაციისთვის დახაზეთ დიაგრამაა. დაბოლოს, ყურადღება მიაქციეთ მასალაში მოცემულ ორგანიზაციულ მოდელებს და გამოიყენეთ ისინი ხაზგასმისას და შენიშვნების ჩაწერისას.

ჩანაწერების წარმოება. თქვენ ესწრებით გაკვეთილს და ცდილობთ აწარმოოთ ჩანაწერები. მასწავლებელი ჩვეული ტემპით (საკმაოდ სწრაფად) გაწვდით ინფორმაციას. გიჩნდებათ კითხვა: რა მნიშვნელობა აქვს, ვაწარმოებ თუ არა ჩანაწერებს გაკვეთილზე? გარწმუნებთ – საკმაოდ დიდი, თუ

ამ პროცესს სწორად წარმართავთ:

  • ჩანაწერების კეთება გეხმარებათ ყურადღების კონცენტრაციასა და ინფორმაციის კოდირებაში. აქედან გამომდინარე, ის ქმნის საფუძველს, მიღებული ინფორმაცია დაილექოს თქვენს გრძელვადიან მეხსიერებაში. მთავარი იდეების საკუთარი სიტყვებით ჩასაწერად მოგიწევთ ინფორმაციის ინტერპრეტაცია, არსებულ ცოდნასთან მისი დაკავშირება, ჩამოყალიბება და სტრუქტურირება. ჩანაწერების წარმოება ხელს უწყობს სწავლის პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეს არ გააჩნია ინფორმაციის/მასალის საბაზო ცოდნა. მაგრამ თუ ჩანაწერების წარმოება ხელს გიშლით მოსმენასა და გაგებაში, მათი წარმოება უეფექტოა.
  • ჩანაწერები საშუალებას მოგცემთ, დაუბრუნდეთ და ხელახლა გააანალიზოთ მიღებული ინფორმაცია. ისინი შეიძლება ინფორმაციის “საწყობს” შევადაროთ. დადგენილია, რომ მოსწავლეები, რომლებიც ჩანაწერებს აწარმოებენ, უკეთ წერენ ტესტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩანაწერი ბევრი და ხარისხიანია. რაოდენობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორად შერჩეული და ჩაწერილი ინფორმაცია ძირითადი იდეისთვის ალღოს აღებაში, ცნებების გაგებასა და კავშირების დადგენაში გეხმარებათ.
  • მოსწავლეებმა, რომლებიც ექსპერტის დონეზე ფლობენ ჩანაწერების წარმოების ტექნიკას, იციან, როგორ გამოიყენონ ჩანაწერი მიზნის მისაღწევად და ეფექტიანად ცვლიან სტრატეგიებს ტესტირებისა და შესაბამისი დავალებების შესრულების შემდეგ; ისინი იყენებენ პირად კოდებს რთული და მათთვის ახალი ინფორმაციის მოსანიშნავად; იციან, როგორ შეავსონ ნაკლული ინფორმაცია და ამისთვის მიმართავენ სხვადასხვა წყაროს (მათ შორის – თანაკლასელებსაც); სიტყვასიტყვით იწერენ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ, თუ მსგავსი სიტყვა-სიტყვითი პასუხი მოეთხოვებათ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი სტრატეგიულად უდგებიან ჩანაწერების წარმოების საკითხს.
  • ზოგიერთი მასწავლებელი ჩანაწერების წარმოებაში დასახმარებლად მოსწავლეებს სთავაზობს სპეციალურ მატრიცებს და რუკებს. გახსოვდეთ: პირველ ეტაპზე, როდესაც მოსწავლეებისთვის სრულიად უცხოა ასეთი რუკების დახმარებით მუშაობა, სამუშაოს მეტი წილის შესრულება თავად მოგიწევთ. თუ რუკებსა და მატრიცებს იყენებთ, ურჩიეთ მოსწავლეებს გაუცვალონ ერთმანეთს თავიანთი შევსებული რუკები და გაუზიარონ მოსაზრებები.

როგორ ვითანამშრომლოთ მშობლებთან

0

განათლებისადმი თანამედროვე მიდგომები მშობელს მოიაზრებს საგანმანათლებლო პროცესის სუბიექტად და უფლებამოსილად, იყოს ინფორმირებული აღზრდის, სწავლა-სწავლების პრინციპების შესახებ, მონაწილეობა მიიღოს სასკოლო გადაწყვეტილებების მიღებაში. გადაწყვეტილება კი მაშინ შეიძლება იყოს სწორი და ეფექტური, როცა ის სრულფასოვან ინფორმაციას ეყრდნობა.

მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარში პირველი შესაფასებელი სფერო „სკოლაში (მასწავლებლებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან) ვამყარებ პოზიტიურ კომუნიკაციას, კეთილგანწყობილ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს“ ამ მიმართებით თვითშეფასებას მოიცავს.

მშობლებთან კომუნიკაციას და კეთილგანწყობილ თანამშრომლობას, პედაგოთა ერთი ნაწილის აზრით, საკმაო სირთულეები ახლავს. „საერთოდ არ კითხულობენ შვილების სწავლა-აღზრდის ამბებს“, „ჩვენი ურთიერთობა ხშირად კონფლიქტით მთავრდება, სულ პრეტენზიები აქვს შვილის აკადემიური მოსწრების გამო…“, „რომ ვუთხრა, რამე უნდა გასწავლოთ–მეთქი, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ, საკმარისი ვიცითო“, – აღნიშნავენ ისინი.

თემა აქტუალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელს ახალ მოსწავლეებთან ერთად მათ მშობლებთანაც უწევს ურთიერთობის დამყარება. ეს საკმაოდ შრომატევადი და მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით – კლასის დამრიგებლებისთვის, რომლებსაც სკოლასა და ოჯახს შორის მოკავშირის მოვალეობა აკისრიათ.

ბავშვის აღზრდის პროცესი ოჯახში იწყება, სკოლამდელ დაწესებულებაში გრძელდება და შემდეგ სასკოლო სივრცეში გადადის. რამდენად ეფექტურად თანამშრომლობენ სკოლა და ოჯახი, ამაზე ბევრად არის დამოკიდებული აღზრდისა და სწავლა-სწავლების შედეგები. დამრიგებელმა თავდაპირველადვე უნდა მოახერხოს მშობლის ამომწურავი და მკაფიო ინფორმირება სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკაზე, სწავლა-სწავლების მიზნებსა და მეთოდებზე, შეფასების ფორმებზე, იმ მხარდამჭერ აქტივობებზე, რომლებშიც მშობლების მონაწილეობა აუცილებელია.

დამრიგებლისა და მშობლების ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ნდობასა და პატივისცემას, ურთიერთდახმარებასა და მხარდაჭერას. ზემოხსენებული ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად საჭიროა ზრუნვა მშობლების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ განათლებაზე. ინფორმაცია ამ საკითხების შესახებ თითქოს ყველასთვის ხელმისაწვდომია და მშობლები, თუ დაინტერესდნენ, დამოუკიდებლადაც მოიძიებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია მშობელთა ის ნაწილი, რომელსაც ასეთ წყაროებზე ხელი არ მიუწვდება ან მათი გაცნობა არ სურს. დამრიგებლის სამუშაო გეგმა უნდა მოიაზრებდეს მშობელთა ინფორმირებას ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების, მოტივაციის ამაღლების ხერხების, ინტერესების შესწავლისა და სწავლაში მხარდაჭერის ფორმების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდება მოხდეს მიზნობრივად, კონკრეტულ მაგალითებთან მიმართებით, გამოცდილებაზე დაყრდნობით და პოპულარული ენით.

ურთიერთობები მშობელსა და სკოლას შორის დაწყებით საფეხურზე იწყება. აღზრდის პროცესი ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონებრივ განვითარებაზე ზრუნვას მოიცავს. სკოლის ვალდებულებაა, აღზარდოს ინფორმირებული, პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, რომელსაც ექნება უნარი, სწორად დაგეგმოს თავის მომავალი ცხოვრება, შეაფასოს თავის გარშემო არსებული პრობლემები და ეძებოს მათი დაძლევის გზები, შეეძლოს მიღებული ცოდნი გამოყენება საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, როცა მშობელი და მასწავლებელი შეთანხმებულად უჭერენ მხარს მოსწავლეს.

მშობლებთან საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვისას მასწავლებელმა ზრდასრულთა განათლების პრინციპები უნდა გაითვალისწინოს. ზრდასრულ ადამიანებს უკვე აქვთ თავიანთი წარმოდგენები აღზრდაზე და ეს ანგარიშგასაწევია. უპირველესი მაინც მშობლებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათი ნდობის მოპოვებაა. მათ თავი პროცესის მნიშვნელოვან მონაწილედ უნდა ვაგრძნობინოთ, დავინტერესდეთ მათი აზრით, ყურადღება მივაქციოთ მათ საჭიროებებს. ამით გაიზრდება მშობლის სურვილი და მოტივაცია, ხელი შეუწყოს პროცესში სხვა მშობლების მონაწილეობას, თავისი წვლილი შეიტანოს მათი ინტერესების გამოკვლევაში, შვილების ხელშემწყობ აქტივობებში. შემდგარი თანამშრომლობის პირობებში მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს ეხმარებიან, რათა შეიცნონ მოსწავლის სოციალური და ემოციური პრობლემები, ჩასწვდნენ მის წინაშე არსებული სირთულეების მიზეზებს, მერე კი ერთად დაგეგმონ, როგორ დაეხმარონ მას უკეთესი შედეგების მიღწევაში.

გამოცდილება მოწმობს, რომ მშობელსა და პედაგოგს შორის ურთიერთობა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით. ზოგიერთი ფორმა ცნობილი და ნაცადია, მაგრამ კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით პედაგოგის განსხვავებულ, შემოქმედებითმა მიდგომამ შესაძლოა გაცილებით უკეთესი შედეგი გამოიღოს. საბაზისო ფორმად ისევ მშობელთა კრება რჩება. ეს ფორმა მოხერხებულია, როცა მასწავლებელი და მშობლები უნდა გაეცნონ ერთმანეთს, მიიღონ საერთო ინფორმაცია, იმსჯელონ საერთო პრობლემებზე. მთავარია, კრებაზე გამოთქმულ ყველა კითხვას გაეცეს გასაგები და კონკრეტული პასუხი, მშობლების სურვილები და მოთხოვნები არ დავტოვოთ რეაგირების ან სათანადო ახსნა-განმარტების გარეშე.

შემდგომი კომუნიკაციის გასამარტივებლად, სადაც ეს შესაძლებელია, მოხერხებულია სოციალურ ქსელებში კლასის მშობელთა დახურული ჯგუფის შექმნა. აქაც გასათვალისწინებელი იქნება ის გარემოება, რომ საერთო სივრცე გამოვიყენოთ მხოლოდ ზოგადი ინფორმირებისთვის, ზოგადი სადისკუსიო თემების განსჯისთვის, სასარგებლო რესურსების შეთავაზებისთვის. ჯგუფის წევრებთან ერთად შევთანხმდეთ კორექტული დიალოგის აუცილებლობაზე. რაც შეეხება მოსწავლეთა პირად ინფორმაციას აკადემიურ თუ სხვა საკითხებზე, აქ კონფიდენციალურობა აუცილებელ პირობად რჩება და მშობელს მხოლოდ პირადად ვაწვდით ინფორმაციას.

კრებებს შორის მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა წარიმართება შეხვედრების, კონსულტაციების, მიმოწერის, სატელეფონო საუბრებისა და სხვა ფორმით. დამრიგებლები უწევენ ორგანიზებას მშობლებისა და საგნის მასწავლებლების შეხვედრას.

მშობელთა პედაგოგიური განათლების მოხერხებული და ეფექტური ფორმაა სკოლის დამრიგებელთა ან სულაც სკოლების თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში „მშობელთა სკოლის“ ჩამოყალიბება, რომელშიც საკუთარი სურვილით გაერთიანდებიან მოტივირებული მშობლები. წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთება საკითხები, რომლებიც საინტერესო იქნება მსმენელებისთვის. ეს შეიძლება იყოს სკოლის, მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის უფლება-მოვალეობები, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, აღზრდისა და სწავლების თეორიები, ჯანსაღი ცხოვრების საკითხები, ინკლუზიური განათლება, არჩევითი პროგრამები და მრავალი სხვა თემა, რომლებიც გზადაგზა იჩენს თავს. რესურსების გაერთიანება სკოლას/სკოლებს საშუალებას მისცემს, შესთავაზონ მშობელს მაღალ დონეზე მომზადებული საუბრები, კონსულტაციები, ტრენინგები, დისკუსიები და სხვა. ასეთი ფორმა ეფექტური იქნება როგორც მშობელთა ცნობიერების ასამაღლებლად და, ამის კვალობაზე, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გასაზრდელად, ისე დამრიგებლების პროფესიული განვითარებისთვის, სკოლისა და თემის, სამოქალაქო საზოგადოების, უმაღლესი სასწავლებლების ურთიერთობის გაღრმავებისთვის. რაც მთავარია, ეს დადებითად აისახება მოსწავლისა და სკოლის შედეგებზე.

როგორ წავუკითხოთ ბავშვებს სწორად

0

მშობლების უმრავლესობა უკითხავს შვილებს წიგნებს. ჩვენ ვიცნობთ გამოკვლევებს ბავშვებისთვის კითხვის მარგებლობის შესახებ და ეს თითქოს აუცილებელ საქმიანობად გვექცა – მინიმუმად, რომელიც მშობელმა უნდა გააკეთოს შვილის წარმატებისთვის. მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს მიზანს.

ზოგჯერ შვილებს წიგნებს ვუკითხავთ არა იმისთვის, რომ ენობრივი უნარები განვუმტკიცოთ, არამედ იმისთვის, რომ დავაძინოთ ან საშინაო დავალება დავაწერინოთ. ვარჩევთ ღამის წიგნებს ძილისწინა რიტუალისთვის (როგორც ბავშვის აღზრდის ექსპერტები გვირჩევენ), ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვების დასამშვიდებლად და სხვა. ზოგჯერ სხვადასხვა პერსონაჟის სხვადასხვა ხმით ამეტყველებასაც ვახერხებთ, მიუხედავად დახვავებული ჭურჭლისა, ელექტრონული ფოსტისა, დღის დასრულებით გამოწვეული სასოწარკვეთისა და იმისა, რომ ეს ისევ ის წიგნია.

საუკეთესო დღეებში ვუკითხავთ ბავშვებს განსხვავებული სამყაროების საჩვენებლად. ვიყენებთ იგავებს, რათა ბავშვიც ჩაერთოს, როცა ფრთხილად მიმოვიხილავთ გრძნობებისა და ურთიერთობების შესახებ აბსტრაქტულ ცნებებს. ვყიდულობთ ამერიკელი გოგონას წიგნს „თავის მოვლა და ზრუნვა“ („The Care and Keeping of You“) ჩვენი ქალიშვილისთვის მისი განვითარებადი სხეულის შესასწავლად. ვარჩევთ წიგნებს ბულინგზე, როცა ჩვენს ვაჟიშვილს სკოლაში უსამართლოდ აწუხებენ.

ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ წიგნები შესაძლოა გაცილებით სასარგებლოც იყოს. მხოლოდ ის უნდა ვისწავლოთ, რომ თავი დავანებოთ შვილებისთვის წიგნების უბრალოდ კითხვას და ამ საქმეში მათი აქტიურად ჩართვა დავიწყოთ.

არსებობს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ზრდასრულებს, რომლებიც მოკლე მხატვრულ ტექსტებს კითხულობენ, უკეთ ესმით სხვების ფსიქიკური მდგომარეობა (კიდი და კასტანო, 2013). მხატვრულ ლიტერატურაში პერსონაჟის ფიქრებისა და გრძნობების საფუძვლიანი აღწერა საშუალებას აძლევს მკითხველს, შეივსოს წარმოდგენა პერსონაჟის მოტივაციისა და პერსპექტივის შესახებ, ეს კი ემპათიის თანდაყოლილ გრძნობას აძლიერებს.

საბავშო წიგნების უმრავლესობას არ აქვს წერისა და ნიუანსის ეს დონე, მაგრამ სწორი მიდგომის შემთხვევაში ნებისმიერი წიგნი გამოდგება ემპათიისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის განსავითარებლად. ყველაზე საშინელი წიგნებიც კი.

მაშ, როგორ გამოვიყენოთ წიგნები განსხვავებულად? ავიღოთ კონფლიქტი. წავიკითხოთ ბულინგის ამბავი, სანამ ბავშვებს შორის ურთიერთობა დაიძაბება, მერე კი შევჩერდეთ და წიგნი დავხუროთ. ჰკითხეთ შვილს, როგორ მოიქცეოდა პერსონაჟის ადგილას. ერთად ჩამოყარეთ ვერსიები, მერე კი ისევ გადაშალეთ წიგნი და ბოლომდე მიჰყევით ავტორს.

ნეირომეცნიერების პერსპექტივიდან, მშობელთა უმეტესობა ყოველღამე უშვებს ხელიდან წარმოუდგენელ შესაძლებლობას, გამოიყენოს გამოგონილი კონფლიქტი ცხოვრებისთვის შვილის მოსამზადებლად. წიგნში „შენ დედაჩემი ხარ?“ („Are You My Mother?“) კონფლიქტი მაშინვე ხდება: ბარტყი მარტო იღვიძებს ბუდეში და დედა წასულია. შენ რას იზამდი, ბარტყო? თქვენმა შვილმა ერთად 216-ჯერ წაკითხულ წიგნებშიც კი შეიძლება აღმოაჩინოს პერსონაჟის მოქმედების განსხვავებული გზა, განსხვავებული გადაწყვეტილება, რომელიც პერსონაჟმა შეიძლება მიიღოს.

საგანმანათლებლო კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ სწორედ რეფლექსიის პროცესი უწყობს ხელს ღრმა, საფუძვლიან სწავლას. კითხვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ხშირად მას შემდეგ დგება, რაც წიგნს გადადებ. ამბის ღირებულება ჩვენი შვილების გონებაში იფილტრება – მათი ვარაუდებისა და მათ მიერ შექმნილი სამყაროს საწინააღმდეგოდ აღძრულ ფიქრებში. ჩააფიქრებს თუ არა წიგნი მათ დახურვის შემდეგ?

კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ თუ რაღაცის შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ის უკეთ გამახსოვრდება. ტვინის მოქმედება უმჯობესდება იმის მიმართ, რასაც პრაქტიკაში ახორციელებს და რეფლექსიით ბავშვი აქტიურად ვარჯიშდება გადაწყვეტილების მიღებაში, განსხვავებით წიგნის პასიური მოსმენისაგან. ეს აქტიური პრაქტიკა იწვევს სინაფსურ ცვლილებებს და აძლიერებს ნეირონულ გამტარ გზებს.

როგორც მშობლები, ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენი შვილების შინაგან და ძლიერ განცდებს. ყველას გვსურს, ჩვენი შვილი კითხვაში გაიწაფოს. მაგრამ, უფრო ღრმა დონეზე, რა გვინდა ჩვენი შვილებისათვის? ემპათია შეიძლება გამომუშავდეს მარტივად, სხვისი თვალთახედვის გაზიარებით. ეს იოლი გზაა, გაძლიერებული ემპათიის შედეგები კი შთამბეჭდავია: ემპათიური ადამიანები უფრო კმაყოფილნი არიან ცხოვრებით, უკეთესი ურთიერთობები და განქორწინებათა უფრო დაბალი პროცენტი აქვთ. ემპათიური ადამიანები უკეთესი ხელმძღვანელები, თანამშრომლები, შუამავლები და მეგობრები არიან.

დიდებული ხერხია მშობლებისათვის: თქვენ ჩვეულებრივ წიგნს აქცევთ თავგადასავლად, რომელსაც თვითონ ირჩევთ, ისე რომ ის ემსგავსება რეალურ კონფლიქტს, ცხოვრებას. ეს შეამზადებს ბავშვებს ზრდასრული ცხოვრებისათვის და რადგან განვითარებადი ტვინი ასეთი მოქნილია, ადვილია ასწავლო ემპათია ახლა, მაგრამ რთულია შემდეგ შესასწავლად.

ბავშვებისთვის წიგნების კითხვა პაუზის ან რეფლექსიის გარეშე იგივეა, რაც მათი მიტოვება ფილმის საყურებლად. ჩვენ გვითრევს სიუჟეტი, მოუთმენლად ველით, რა მოხდება შემდეგ. მაგრამ ჩვენ მაინც გარეშე დამკვირვებლები ვართ და ვუყურებთ, როგორ მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა. ნამდვილი მაგია კი ჩვენსავე თავებში ხდება, როდესაც ვინმე სხვის ცხოვრებას მოვირგებთ.

აუცილებელია, წიგნის ყოველი წაკითხვისას შევჩერდეთ და დავფიქრდეთ? არა, რადგან ზოგჯერ მხოლოდ სწრაფი კითხვისთვის გვრჩება ენერგია, დაე, თუნდაც რამდენიმე გვერდს გადავახტეთ, ოღონდ ძილის დრო მალე მოვიდეს (ყველას გამოგვიცდია ეს). მაგრამ თუ საამისო დრო გვაქვს, არა მარტო წავუკითხოთ, არამედ დავფიქრდეთ კიდეც და აღმოვაჩენთ, რომ შედეგად უფრო ბედნიერი, უფრო შეგნებული და გაცილებით უფრო ემპათიური შვილები გვყავს.

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/neuroparent/201609/neuroscientist-how-really-read-kids

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...