ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

დიახ, დედამიწა ნამდვილად მრგვალია!

0

ოდესღაც მოგზაურებს რომ არ აღმოეჩინათ, დედამიწა მრგვალია,

ამას ოდესმე აუცილებლად შეძლებდნენ მკითხველები…

ავტორი

როცა წერა ამიტანს და რაღაც იდეა მომივა თავში, პირველ რიგში, ვგუგლავ ხოლმე ამ თემას, რომ  ახალი იდეით შეპყრობილმა ველოსიპედი ხელახლა არ გამოვიგონო და ტყუილა არ მოვკვდე სიხარულით… ახლა ეს წესი  დავარღვიე იმიტომ,რომ აზრი არ ჰქონდა: იმდენი რამ დაწერილა და თქმულა ამ საოცარ წიგნზე, რაღა დაგუგვლა ამას უნდა?! მაგრამ მაინც უნდა დავწერო,რადგან მართლა საოცარი და უიშვიათესი გრძნობაა,როცა კლასში შედიხარ, არდადეგებიდან დაბრუნებული ბავშვები თვალებანთებულები გელოდებიან,რომ მოგახარონ,როგორ ძალიან მოეწონათ….უკლებლივ ყველას! ბევრი კარგი წიგნი არსებობს,მაგრამ, მენდეთ, ასეთი რამ მაინც იშვიათად ხდება.

დიახ, ყველაფერი რ.ჯ. პალაციოს ,,საოცრებათი“ დაიწყო. ამ წიგნზე ისევ ის  ჩემი უსაყვარლესი წარწერა მახსენდება,რომლის გამო სრულიად უცნობი გერმანელი ავტორის წიგნი ვიყიდე – აეროპორტის მაღაზიაში შემთხვევით გადავაწყდი, ყდაზე ეწერა: ,,მიუხედავად იმისა, რომ ბესტსელერია, მაინც ძალიან კარგი წიგნია“. არც დავფიქრებულვარ,ისე ვიყიდე.

ოღონდ ახლა მხოლოდ პალაციოს ,,საოცრებაზე“ არ უნდა გელაპარაკოთ,უნდა მოგიყვეთ, როგორ ,, ვიმოგზაურეთ“  ორ განსხვავებულ სამყაროში და როგორ დაასკვნეს ბავშვებმა,რომ დედამიწა ნამდვილად მრგვალია.

დავუბრუნდები იმას, რომ კლასში შესულს საოცარი მუხტი დამხვდა.რაღაც სხვანაირი თანაგრძნობით ყვებოდნენ ავგუსტზე, რომელიც უიშვიათესი დაავადებით, ,,ერთნუკლეოტიდიანი დელეციური მუტაციით “, დაიბადა.

უცნაურ და უიშვიათესად კარგ სკოლის დირექტორზეც ჭიკჭიკებდნენ, რა მაგარი ვინმე იყო, მოსწავლის დახატული თავისი პორტრეტი ეკიდა ოთახში,სადაც გოგრას ჰგავდაო. ყველაზე მაგარი რამე ასწავლაო: ,, …არ კმარა,უბრალოდ კეთილი იყო. იმაზე კეთილი უნდა იყო, ვიდრე საჭიროაო“.

იმაზეც ილაპარაკეს, ყოველი ბავშვის ხასიათი და პრობლემა მშობელთან რომ მიდის და  მშობლობა ძალიან ძნელი რომაა.

თავიანთ საოცნებო სკოლებზეც ილაპარაკეს… კიდევ ბევრ რამეზე, მაგრამ ყველაზე ბევრი მაინც ავგიზე.

მივხვდი, რომ ეს საოცარი ემპათია არ უნდა გამეხუნებინა და ჩვენი კითხვის ორშაბათობებისთვის არ უნდა მეცადა. ახლა სხვა სამყაროდან უნდა დამენახვებინა იგივე პრობლემა.

არის ერთი, არანაკლებ საოცარი და საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ლამაზი სათაურით ,,პეპლების ცირკი“ –

( რომელიც ყოფილმა მოსწავლემ, ჩემმა ,,ფილმოლოგმა“,  აღმომაჩენინა)

ერთ-ერთ მთავარ როლს ასევე უიშვიათესი ანომალიით დაბადებული ნიკ ვუიჩიჩი ასრულებს. ,,საოცრებასავით“  მარტივად გასაგები, ემოციური და ლამაზი ფილმია. ყველა ასაკის ადამიანზე რომ ერთნაირად მოქმედებს.

მეორე დღეს თავი მოვიყარეთ და ერთად ვუყურეთ. ისევ აღფრთოვანდნენ. ძალიან ადვილად დაიჭირეს რეჟისორის სათქმელი: მთავარი საკუთარი თავის პოვნაა და ამაში ხშირად ადამიანები გვეხმარებიან ( გაიხსენეს,როგორ ეხმარებოდა ავგის ოჯახი და რამდენიმე მეგობარი). კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამ დაასკვნეს: ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია! უბრალოდ უნდა გვახსოვდეს: ,,რაც უფრო რთულია ბრძოლა,მით უფრო დიდებულია გამარჯვება“.

მხოლოდ ორმა იცოდა, რომ ნიკ ვუიჩიჩი რეალური პიროვნება იყო. ახლა სახლში მის შესახებ ცნობების მოძიება დავავალე. მოვიდნენ მეორე დღეს, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ, აღფრთოვანებულები ყვებოდნენ მის ,, ყოვლისშემძლეობაზე“. მოიტანეს უამრავი ფოტო მისი ბავშვობით დაწყებული, ლამაზი ცოლ-შვილით დასრულებული. ნიკი სერფერობისას,ნიკი გოლფს თამაშობს,ნიკი ბავშვებთან ერთად, ნიკი მილიონიანი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოდის … რაც მთავარია, შეამჩნიეს, რომ ნიკი სულ იღიმება და ეს ღიმილი კიდევ ერთხელ არწმუნებს ამ პატარა ადამიანებს,რომ დიახ,ადამიანთა შესაძლებლობები შუზღუდავია!

მერე პატარა ადამიანებმა ილაპარაკეს, რომ საქართველოში ძალიან ძნელია ასეთი თავდაჯერების პოვნა. და ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ისიც კი თქვეს, რომ რაც უფრო დემოკრატიული და განვითარებულია საზოგადოება, მით უფრო მეტია მათში ადამიანის თანადგომის,ხელშეწყობისა,თანაგრძნობის სურვილი.

რადგან ასე იფიქრეს, ძალიან მომინდა, მეჩვენებინა,რომ საქართველოშიც ფიქრობენ და წერენ ამ პრობლემებზე. რომ მართლები არიან, ყველაფერი საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული. ნაირა გელაშვილის ,,მთავრით განათებული ბაღი“ გამახსენდა. ვიცოდი,რომ მათთვის უფრო ძნელად აღსაქმელი და უფრო მტკივნეულიც იქნებოდა, მაგრამ ჩავთვალე, მზად იყვნენ ასეთ საზოგადოებასთან შესახვედრად.

ისევ უკლებლივ ყველამ წაიკითხა, მაგრამ მეორე დღეს აღარ ჭიკჭიკებდნენ,რაღაცნაირად ყურებჩამოყრილები დამხვდნენ. დიდად ვერ გავიგეთო. გაუჭირდათ საუბრის დაწყება. ერთმა გარისკა და მერე აყვა დანარჩენი,ისევ არ აცდიდნენ ერთმანეთს, არ ელეოდათ სათქმელი:

ყველაზე კარგი ის იყო, დირექტორს რომ დაუწერა:  თუკი სასაცილო არაფერია, ვინმე გააცინო – მოტყუებააო!

იმ რეჟისორსაც არ სჯეროდა მათი, მაშინ შეცდა, ,, ლილიპუტების თეატრი“ რომ დააწერაო.

იმ ფილმში თუ ადამიანი დაეხმარა სხვა ადამიანებს საკუთარი თავის აღმოჩენაში, აქ წიგნებმა შეძლეს ყველაფერიო.

ის ცირკის დირექტორი რა საზარლად იცინოდა,რა კარგად არის აღწერილიო.

მხოლოდ იმ ბიჭმა დაინახა და განიცადა ის სპექტაკლი,რადგან მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, რა სიმაღლის დამიანები თამაშობდნენ,მთავარია, გულით ასრულებდნენო.

კითხვებიც დასვეს, ,,მთვარით განათებული ბაღი“ რატომ ჰქვიაო. ერთმანეთს უპასუხეს: ალბათ, იმიტომ, რომ როგორც მთვარის შუქი არ არის საკმარისი სამყაროს კარგად დასანახავად, ასე ვერ ხედავს საზოგადოება ამ ადამიანების გულებსო … ვაააჰ!

მერე იმ ბიჭთან დაკავშირებით ანდერსენის ,,მეფის ახალი კაბაც“ გავიხსენეთ,ბავშვები ყველაზე კარგად რომ ხედავენ სიმართლეს,რეალობას, რადგან გულწრფელები არიან.

– მააასწ, დედამიწა მრგვალია, აბა, რა – სულ სხვადასხვა მხარეს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვა ადამიანები ერთნაირ პრობლემაზე ფიქრობენ, დარდობენ, განიცდიანო!

ჩავთვალე,მეტის გაგრძელება ახლა ნამდვილად არ იყო საჭირო.

ამ პარასკევს დიდების ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბშიც“  მოვიწვევთ.თავიანთ  ,,ლიტერატურულ დღიურებშიც“ ჩაინიშნავენ განცდილ-გაგონილს და ამით დასრულდება მათი რიგითი ,,მოგზაურობა“ განსხვავებულ სამყაროში.

ჰოდა,უბრალოდ, მინდოდა, მეთქვა,ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პატარ-პატარა ,,მოგზაურობები“ პატარა ადამიანების გაზრდისთვის, პიროვნებად და ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის. ურთულესია პარალელების გავლება სხვადასხვა სამყაროს შორის და მაღალ სააზროვნო უნარებს უვითარებს მათ,კარგად ამახსოვრებინებს უკვე განცდილს.

რა ვქნა, ბევრი სკეპტიკოსისგან განსხვავებით,მე მჯერა,რომ კარგი წიგნი აკეთილშობილებს ადამიანს და ადამიანმა წიგნი იმიტომ შექმნა, რომ მერე წიგნს შეექმნა ადამიანი!

86

0

„ომებზე თუ დაწერთ, სისხლზე თუ დაწერთ, მოკლულ, დასახიჩრებულ, დაობლებულ ადამიანებზე, გვამებზე და შიშზე, თქვენს ნაწერს არავინ არ წაიკითხავს!“ – მითხრა ერთმა ნაცნობმა ახალგაზრდა პოეტების „100 ლექსის“ წარდგენაზე. ეტყობა ამდენი დამთრგუნველი ემოციისგან დაგროვილი სიმძიმე ვეღარ დაიტია და ჩემთან დაიცალა.

– უნდა მოეშვათ ამ ჭრილობის გაღიზიანებას, უნდა შეეშვათ! რა გახდა, ომი და დევნილობა ვის არ გამოუცდია, ბიჭო! მოიცა რა, დეპრესიაც ჩვენზე კარგად იციან და კრიზისებიც.

– ჩვენ ჩერნობილის თაობა ვართ, არ დაგავიწყდეს. – მხოლოდ ეს ვუთხარი პათეტიკამოსხმულმა, სხვა ვერაფერი მომაფიქრდა, და იმწამსვე ვინანე: არ იყო დამაჯერებელი არგუმენტი, მასთან ვერ გაჭრიდა.

ბირთვული კატასტროფიდან ყოველდღიურ ტერორისტულ აქტებამდე გაწოლილ დროში ჩვენ გაზრდა და რაღაცის ნახვა კი მოვასწარით, მაგრამ დაკარგვითაც იმდენი დავკარგეთ, ალბათ არ გაგვემტყუნება, იუმორი თუ დაგვიჩლუნგდა. სილაღე, სიმსუბუქე დაგვაკლდა, ჩვეულებრივი, ადამიანური განცდები გაგვიუცხოვდა და იმდენად სერიოზულები გავხდით, მეტი რომ არ შეიძლება. ვინც სტრესმა, გაჭირვებამ და უმუშევრობამ ვერ მოცელა, ძალიან სერიოზულ თემებს ვალაგებთ უკვე ან ძალზე მოდურ ტკივილებზე ვწერთ.

90-იანი წლები ოცი წლის წინ იყო, მაგრამ ეტყობა მუდმივ მძევლებად დაგვიტოვა თავისთან, რომ სხვა რამეზე (უკეთესზე ან უარესზე, სულერთია) ფიქრიც კი ამოვიგდოთ თავიდან. მისი სიტყვებით ვილაპარაკოთ, მისი სცენები განვასახიეროთ, მისი იარაღი ვაჟღარუნოთ. როცა ტრავმა თუ ტრაგიკული გამოცდილება ხელოვნებად გარდაიქმნება, ის თავისთავს ამოჭამს ხოლმე და ამის შემდეგ მისი მუდმივი გამოძახება, გაღიზიანება მაზოხისტურ სეანსებს უფრო ემსგავსება.

ეტყობა რთულია რაღაც მოინელო – ტანჯული, სასოწარკვეთილი, უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილი ხალხის სტატუსი ისე მშობლიური, მგრძნობიარე გახდა ჩვენთვის, სულ რომ განვითარების აღმავალი ხაზით ვიაროთ, ეგ სასოწარკვეთა სისხლში გვექნება ყოველთვის.

სხვაზე რა უნდა ვთქვა, რამდენიმე წლის წინ ნოველების წიგნი „ყიფლიბანდი“ რომ გამოვეცი, ისე შავ-თეთრი, დამთრგუნველი სიუჟეტებითა და განწყობებით ავავსე, ზოგიერთი რიგიანი ნოველა გადაყლაპა ერთიანად. ისინი ხომ დავკარგე (დაიჩაგრა და დაიჩრდილა ამ ერთფეროვნებაში) და მეც ვერ გამოვთავისუფლდი ამ ტრავმებისგან. ჩემი და სხვისი ამერია ერთმანეთში, რასაც ვწერდი ან რის დაწერასაც ვაპირებდი, ყველაფერი ერთმანეთს ემსგავსებოდა.

არა, არ ვართ ჩერნობილური 86-ის, კონფლიქტების, გადატრიალებებისა და ომში მამებდაღუპული ბავშვების თაობა. უფრო სწორად, მარტო ეს არ ვართ. მე პირადად ის თაობაც ვარ, ორ თვეში, სულმოუთქმელად რომ წააკითხა ასტრიდ ლინდგრენის მთელი შემოქმედება ნანი მოსიძემ, სანთლის შუქზე; გერონტი ნაჭყებია რომ ცდილობდა ერთი ჩვენგანისგან მაინც ფეხბურთელი გამოეყვანა, რომელიც მერე ატალახებულ სტადიონის წუმპედან ქართულ ფეხბურთს ამოათრევდა; ის თაობაც ვარ, მორიდებული ძმაკაცების საჩუქრების მიტანას რომ რისკავდა მათი შეყვარებულების სახლში, მათი მშობლებისა და ურიცხვი ცნობისმოყვარე ადამიანის თვალწინ; ის ცხრამეტი-ოცი წლის ბიჭებიც, მონასტერში რომ წავიდნენ, ოღონდ მხოლოდ იმის გამო კი არა, „ცხოვრებაში თავისი ადგილი რომ ვერ იპოვეს“ ან „ერში წამლის გადაგდება არ გამოვიდა“, არამედ რაღაც ისეთი წმინდა და ყველაზე ნამდვილი ნახეს მონასტერში, რამაც „უკან“ დაბრუნება არ დაანებათ.

სხვაც ბევრია – ვინც და რამაც გაგვაძლებინა, და ჩვენს თავზე, პრობლემებზე, კრიზისზე ფიქრისას/წერისას უსამართლოდ მიგვავიწყდა. ტრაგედიამ უფრო მეტი მუშტარი შეიძინა, ვიდრე შვებამ, ამ ტრაგედიიდან თუნდაც ხანმოკლე გამოსავალმა, რაც დღემდე ძალას გვმატებს და ჰარაკირის გაკეთებას არ გვანებებს.

ნიჰილიზმს რომ ვეჭიდავებით და სიყალბისგან თავის დაღწევას ვცდილობთ – ალბათ ეგ ორია ჩვენი თაობის მთავარი გამოწვევა. დანარჩენი ტექნიკის, იღბალისა და ნებისყოფის საქმეა. ან 90-იანების მძევლებად დავრჩებით, ან რამენაირად გადავალთ შემდგომ კლასში. როგორც სხვა დროს გადავსულვართ არაერთხელ, „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“ დაგვიმარცხებია ჩვენს თავში, პირადზე მაღლა ქვეყანა დაგვიყენებია. გვაქვს ამის მონაცემები, ოღონდ ტრავმამოშუშებული ფეხბურთელივით, კარგად უნდა გავიხსენოთ, თამაში და ბრძოლა როგორ უნდა და ამის გაკეთება ვცადოთ.

მაშინ კი, ეჭვი არ მეპარება, მალევე შევეშებით გადაღეჭილ თემებს, ძალიან სერიოზულადაც არ ვიფიქრებთ ყოველი მეორე ნიჭიერი ახალგაზრდის პოლიტიკაში შეთრევაზე, ახალ ნაკადებს შემოვუშვებთ და 90-იანების უსათაურო პარაგრაფსაც დროზე დავარქმევთ სახელს.

რას ხვდება ზღაპარში მოხვედრილი თორმეტი წლის ბიჭი

0

ლევან ბოლქვაძის ერთადერთი წიგნის შესახებ

პირველად ინტერნეტგაზეთში Mastsavlebeli.Ge წერილის გაგზავნის სურვილი მაშინ გამიჩნდა “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რომ წავიკითხე. მომინდა, რაც შეიძლება ბევრი მოსწავლისთვის გამეზიარებინა შთაბეჭდილებები, შუამდგომლობას კი მასწავლებლებზე უკეთ ვინ გამიწევდა. დღეს თქვენს გვერდით აღმოვჩნდი (ზღაპარივით ამბავი მოხდა) და თავს ვალდებულადაც კი ვთვლი სწორედ ამ წიგნზე საუბრით დავიწყო.

უმცროსი თაობის წიგნით დაინტერესება რთული საქმეა, მაგრამ გამოსავალიც რომ ყოველთვის მოიძებნება, ჯიუტად მჯერა. კითხვის შეყვარების დიდოსტატი დანიელ პენაკი გვირჩევს, “წიგნის წაკითხვა კი არ დაავალოთ, წაკითხვით გამოწვეული ემოციები გაუზიარეთ მოსწავლეებსო“ თურმე, სასურველი შედეგი მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა. ვცადოთ, იქნებ ერთად გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები.

აქვე იმასაც აღვნიშნავ, ნაწარმოებს ზღაპარი თუ ჰქვია სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პატარებისთვის დაწერეს. ლევან ბოლქვაძის ზღაპარი მოზარდების, მათი მშობლებისა და პედაგოგების  წასაკითხი წიგნია. ყველაზე მეტად კი სწორედ მასწავლებლების ყურადღება მინდა მივიპყრო, ერთი უბრალო მიზეზის გამო – საუკეთესო კლასგარეშე საკითხავი რომ შესთვაზონ მოსწავლეებს.

thumb_7924360283

ფათერაკებიანი ავტორის ერთადერთი წიგნი

ზღაპარს არც ლევან ბოლქვაძის ცხოვრება ჰგავდა: 21 წლისა გადაასახლეს და სამი წელი გულაგში გაატარა. ავტობიოგრაფიული მომენტები ნაწარმოების დასაწყისიდანვე თვალშისაცემია. ავტორი მთავრ გმირ კონსტატნტინეს, მეტსახელად ჭაბუკას ასე გვაცნობს: “მკითხველო, შესაძლოა 12 წლის ბიჭი არც ისე პატარა გეჩვენოს, მაგრამ, როცა გიამბობ თავს რაც გადახდა, მაშინ დამეთანხმები, რომ მისთვის ასეთი ფათერაკები ნამდვილად ნაადრევი იყოო.“ ძალაუნებურდ პარალელს ვავლებთ: შესაძლოა მავანს 21 წლის ბიჭი არც ისე პატარად ეჩვენა, გადასახლებაში გასაგზავნად გაიმეტა, თუმცა, რაც თავს გადახდებოდა, ეტაპით მგზავრობიდან დაწყებული დაბრუნებამდე, დარწმუნებული ვარ, ნაადრევი იქნებოდა მისთვის.

1978 წელს გამომცემლობა “ნაკადულის“ რედაქტორმა, არჩილ სულაკაურმა “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რისკის ფასად გამოსცა. იმჟამინდელი პოლიტიკური ატმოსფეროდან გამომდინარე რუსებმა ნაწარმოებს პოლიტიკური პამფლეტი უწოდეს და თარგმანზე უარი განაცხადეს. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, წიგნი სათანადოდ არც ქართველმა მკითხველმა მიიღო და გაითავისა.

ლევან ბოლქვაძის მწერლური ბედი გამონაკლისი როდია. პოლიტიკური შეხედულებების გამო არაერთი ავტორი ყოფილა მიჩქმალული. საბავშვო მწერლებიდან ჯანი როდარის მაგალითიც გამოდგება: კომუნისტური მსოფლმხედველობის გამო მას იტალიაში არ აღიარებდნენ, მაშინ როდესაც, როდარის ზღაპრები საბჭოთა კავშირის ლამის ყველა რესპუბლიკაში გადათარგმნეს, მისი ნაწარმოებების მიხედვით ანიმაციურ თუ მხატვრულ ფილმებს იღებდნენ, სპექტაკლებს დგამდნენ. თუმცა, დრომ დამოკიდებულებები შეცვალა, ჩიპოლინო, ჯელსომინო თუ სხვა მსოფლიოს ნებისმიერი ბავშვისთვის საყვარელ გმირებად იქცა. დღეს, დიდი თუ პატარა ჯანი როდარის ზღაპრებს რომ კითხულობს, მწერლის პოლიტიკური წარსული სულაც არ ანაღვლებს.

ვფიქრობ, დროა ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორიაში ლევან ბოლქვაძის ერთადერთ წიგნსაც მივუჩინოთ საკადრისი ადგილი, მითუმეტეს, რომ თანამედროვე მოზარდს ამ ნაწარმოების გასაგებად, სულაც არ დასჭირდება ზედმეტი ახსნა-განმარტება, იმის გარკვევა, როგორ ცხოვრობდა ხალხი საბჭოთა კავშირში. XXI საუკუნის ახალგაზრდა მკითხველი ყველაფერს მშვენივრად მიხვდება, ვნაიდან ნაწარმოები დღესაც რელევანტური, ადვილად გასაგები და გამაფრთხილებელია. გამაფრთხილებელია, ვინაიდან მასში აღწერილი მეფე ჩიგიდის სამეფო, სადაც დრო მეფეს დაუტყვევებია, სინამდვილეში ავტორიტარული რეჟიმის ნათელი მაგალითია.

თემები წიგნში და წიგნის გარშემო

როგორი გაუცხოვებულიც არ უნდა იყოს მოზარდი წიგნთან, ერთ მშვენიერ დღეს უსათუოდ დაუბრუნდება, ვინაიდა “კი არ დაკარგულა, გზა აბნევია“ (კვლავ პენაკისეულ ოპტიმიზმს ვიშველიებ). გზების მაჩვენებლებად კი ჩვენ ვიქცეთ, წინა პლანზე წამოვწიოთ მათთვის საინტერესო თემები, რომელთა მოძებნა ლევან ბლქვაძესთან ნამდვილად არ გაჭირდება. ამ ხერხით ახალგაზრდებს იოალდ მოვახვედრებთ “ზღაპარში“ და იმასაც მივახვედრებთ რისი თქმა სურდა ავტორს, ნახევარი საუკუნის შემდეგაც თანადროული რომ დარჩა.

ორიგინალური პარალელების გავლება შეგვიძლია ჯორჯ ორუელის ცნობილ წიგნთან “1984“ (მოზარდებს წაკითხული თუ არ აქვთ, ინტერესს გავუღვივებთ და ორ კურდღელსაც დავიჭერთ). გავიხსენოთ იქ აღწერილი იერარქიული რეჟიმი, ფიზიკურ და სულიერ მონობაზე დაფუძნებულ წყობა, მასობრივი შიშის თესვა, გაუტანლობა, დასმენები, თავისუფალი აზროვნების უარყოფა, ტვინიდან “ფანტაზიის ცენტრის“ მოსპობის მცდელობა. ორუელისეული ოკეანიასა და ლევან ბოლქვაძისეულ მეფე ჩიგიდის ქვეყანაში მუდმივად მტრებს დაეძებენ, მოქალაქეების პირადი ცხოვრება კი სრული კონტროლის ქვეშ მოუქცევიათ.

დილაობით ადამიანებმა არ იციან მეფე ჩიგიდი რა ამინდს გამოაცხადებს და გარეთ გამოსასვლელად ტანსაცმელს ვერ არჩევენ. თუ გამოცხადდა ზამთარიაო, მზით გაჩახჩახებული დღეც რომ იყოს, ბუხრებს ანთებენ, ქურქებში ეწყობიან, ციგურებით სრიალებენ, გუნდაობენ, სახურავებს თოვლავენ, გზებზე ნაცარს ყრიან, იმასაც კი ყვებიან, რომელიღაც უბანში ლოლუა მოწყდა, მეფის ერთგულ ქალს დაეცა, იქვე გაათავა და მეფემ მისი სახელმწიფო ხარჯზე დაკრძალვა ბრძანაო.  ჯანიანი, ბიჭები დაძრწიან და ამოწმებენ, ეჭვი ხომ არავის ეპარება ეზოში თოვლი რომ დევს.

ციხე, მიუხედავად იმისა, რომ მას “ოქროს გალია“ ჰქვია, არავის იზიდავს, ამიტომ მთელი ქლაქი ერთმანეთს ეჯიბრება ვინ უფრო მოიგიჟიანებს თავს. “რაც უფრო მეტ უაზრობას სთხოვენ ხალხს, მით უფრო მეტი ხალისითა და გატაცებით ასრულებს ყველა მოძალადის სურვილს,“ – დასძენს ლევან ბოლქვაძე. ამ სიტყვების არსი მას ხომ მშვენივრად ესმოდა, იცოდა “ოქროს გალიაში“ რატომ სვამდნენ ადამიანებს. იცოდა და ჭაბუკას თავგადასავალს ზღაპრულად ამგვანებდა სინამდვილეს.

7185372114

წიგნში კომიზმით დატვირთული უამრავი პასაჟია, თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ სახელმწიფოში ორგვარი კანონი ჰქონდათ: ურღვევი და მეორე. სასახლის “სიკეთის დეტექტორის“ ისარი ნულს თუ გაუთანაბრდებოდა, ობლებს მოაგროვებდნენ, დააპურებდნენ და როგორც კი ისარი ერთი ერთეულით აიწევდა, კინწისკვრით ყრიდნენ. საყოველთაო განუკითხაობას ისიც ემატებოდა, რომ “დიდი მათემატიკოსი“ პირველი მინისტრი ცდილობდა ყველაფერი ფორმულებით აეხსნა: “დაწინაურებას ახარისხებას ეძახდა, დამცრობას ფესვის ამოღებას, თუ ვინმე შაეავიწრვებდა იტყოდა შევკვეცოთო, ადამიანი სახელმწიფო ინტერესებს თუ შეეწირებოდა – ნულამდე დავიყვანეო.“

ავტორიტალური რეჟიმისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულებაა განსხვავებულად მოაზროვნეებისადმიც: მეფე ჩიგიდი ამჩნევდა, რომ კომპოტინი ყველ მის მინისტრზე ჭკვიანი იყო, ამიტომ ბრძანა გიჟად გამოაცხადეთო, თუმცა, ბოლომდე არ გასწირა, სასახლეშივე გაუხსნა “სიკეთოლოგიის ლაბორატორია“ და პენსიაც დაუნიშნა. ამ შემთხვევაში პარალელი გურამ დოჩანაშვილის “სამოსელ პირველთან“ შეგვიძლია გავავლოთ: ტანხვლიკიანი მარშალი ედმონდო ბეტანკური სამწვანეთის ბინადრებზე ამბობს: “მაგათ მე მგონი, ერთმანეთიც არ სძულთ და ეგ ვერაა კარგი ამბავი!.. უნდა დავქსაქსოთ! არა-დააა ძალით უხერხულია… ტყე გავუჩეხოთ… მერე კი ვიღას ენდომება ხრიოკი სამშობლო და გადაგვარდებიანო!“ ტბიანი სოფლების მკვიდრ მოსახლეობას, ცასა და მცენარეებს რომ იკვლევენ, “მზრუნველი“ მარშალი საუკეთესო მზარეულებს, ცხარე სანელებლებით შეკმაზული ღორის ხორცით კვებას და ღვინით თრობას გამოუწერს “ცისა და ქვეყნის გაგების სურვილი ძღომის სურვილად რომ  გადაექცეთ და გაბედულება დაკარგონ.“

ტექსტის მაღალმხატვრული ღირებულება განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. შთამბეჭდავია გლიცინიის დაბრუნების მომენტი, როდესაც მცენარეს სასახლის აივანზე ცხოვრება და იქ გამეფებული უსამართლობის ატანა აღარ შეუძლია, გარბის, ჭიშკარს ევლება, მაგრამ იჭერენ და პირვანდელ ადგილზე ძალით აბამენ. ექსპრესიული რიტუალებით დატვირთულია ყვავილების დატირება: ტიტებს, მიხაკებს, ნარგიზებს, გიაცინტებს ძვირფას ტახტრევანზე ასვენებენ, სასახლის გალავნის ჭიშკრიდან გამხმარი ხეები და ბუჩქები ურმებით გამოაქვთ, საყვარელ ყვავილებს პრინცესა ძვირფას ქოთნებში ასვენებს და თავის სარკმელთან, ბაღში მარხავს.

მხატვრული ხერხებითა და ირონიული ქვეტექსტებით გამორჩეული თავია “მშვიდი ქალაქი.“ იქაური  ცხოვრების წესი “მეცნიერულად გამართლებული“ და სანიმუშოა სხვა ქვეყნებისთვის, თუმცა, სინანულს იწვევს ოთახის ფინიებივით გაწრთვნილი, ეშვებდაცლილი გარეული ცხოველები, კეთილი ბებიების თანამდებობა, თმის ფერის მიხედვით შექმნილი ოჯახები და რადიკალიზმის სხვა მავნე შედეგები.

დარწმუნებული ვარ, გამოგონილ ქალაქებში მოგზაურობა მოსწავლეებს “აღმოჩენებისთვის“ განაწყობს, არაერთ საინტერესო თემას წამოწევენ და პარალელებს არა მხოლოდ სხვა წიგნებთან, ისტორიასთანაც გაავლებენ.

მიუხედავად იმსა, რომ „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბიდან“ მრავალი პასაჟი მოვიყვანე, არითმეტიკულად რომ წარმოიდგინოთ, ზღაპრის მხოლოდ ერთი მეთექვსმეტედი გიამბეთ. წიგნში უამრავ საინტერესო პერსონაჟს შეხვდებით, აღარაფერს ვამბობ სულკატიანების უბანზე, მენაცვალეს ყოვლისგამძლე კუჭზე, ბარონესა ცუკერტორტის ტიტულებზე, ჯამბაზ ვინის სატირულ სიმღერებზე, კოდურ სიტყვებზე, გულებსა თუ სახლებს შორის გაბმულ სასიყვარულო და სახიფათო თოკებზე.

მთავარი გმირი – შენელებული მოქმედების ნაღმი

ბოლოს კი მთავარ გმირზეც მოგახსენებთ: წიგნის ყდიდანვე მოჩანს კითხვა რომ უყვარს, წიგნების გარემოცვაში ცხოვრობს და როგორც აღმოჩნდება, წიგნის გამო მეგობრებთან თამაშსაც კი თმობს ხოლმე. მას შემდეგ, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად აღმოვაჩენთ როგორ სიმამაცეს, ერთგულებასა და სიყვარულს გამოიჩენს ჭაბუკა, როდესაც დავრწმუნდებით, რომ მთავარი გმირი მისაბაძი და ამავე დროს თანამედროვე ბიჭია, კარგი საშუალება გვეძლევა ყურადღება გავამახვილოთ მის უმთავრეს ღირსებაზე – კითხვა რომ უყვარს!!!

საბავშვო თუ საყმაწვილო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება მსგავსი გმირები,  უამრავი დადებითი თვისებით აღჭირვილები და ამავე დროს წიგნიერები. ეს ერთგვარი ნელი მოქმედების ნაღმია, მწერალი საკუთარ აბზაცებში შეგნებულად რომ დებს. მისი აფეთქება კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – პროპაგანდა გაუწიოს კითხვას, დაარწმუნოს უმცროსი თაობა, რომ ნაკითხი ადამიანები ყოველთვის შეძლებენ უწიგნური ადამიანების მართვასა და ლოგიკური დასკვნების გამოტანას.

პროექტზე ორიენტირებული გაკვეთილი

0

დეფინიცია

სიტყვა პროექტი ლათინური სიტყვაა და  განზრახვას, გეგმას ნიშნავს. პროექტგაკვეთილზე მოსწავლეები და მასწავლებლები ერთობლივ მიზანს ისახავენ, რომლის მიღწევაც განსაზღვრულ დროში სურთ. პროექტი გულისხმობს პროცესს ერთობლივი დაგეგმვის ფაზიდან მიღებული შედეგების პრეზენტაციამდე. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს არა რაიმე ცალკეულ მეთოდს, არამედ სხვადასხვა მეთოდების ერთობლიობას, სადაც ტრადიციულმა ფრონტალურმა გაკვეთილმაც კი შეიძლება გარკვეული ადგილი დაიკავოს. პროექტგაკვეთილს სხვა სასწავლო ფორმებისგან უპირველეს ყოვლის პედაგოგის  სახეცვლილი როლი განასხვავებს. მასწავლებელი იქცევა მოსწავლეთა გუნდის წევრად. სასწავლო პროცესის ორგანიზებაში ის აღარ არის მონოპოლისტი და ახდენს კლასის ინტეგრირებას  დაგეგმვისა და მსვლელობის ყველა ფაზაში, თუმცა ამავდროულად  ინარჩუნებს ხელმძღვანელის ფუნქციასაც, მაგრამ გადაწყვეტილებებს გაკვეთილის დაგეგმვის შესახებ ჯგუფთან მოლაპარაკების შემდეგ იღებს. პროექტგაკვეთილი უნდა ჩატარდეს საკუთარ კლასში ან ჯგუფში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის საპროექტო კვირის ფარგლებში იმართება,  მისი წევრობა, როგორც წესი, ნებაყოფლობითია. პროექტის დასასრულ  (ჩვეულებრივ) იქმნება პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს გაკვეთილის ღია ფორმას, ვინაიდან გადაწყვეტილებების მიღება სასწავლო პროცესის განმავლობაში ხდება, პროექტის შედეგი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა და მისი ამოსავალი წერტილიც საგაკვეთილო პროცესია.

თვალსაჩინოებისთვის ერთერთი ევროპული სკოლის პრაქტიკიდან წარმოგიდგენთ მაგალითს:

 

რამდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ფეხბურთის ტურნირის ჩასატარებლად სკოლებს (კენჭისყრის საშუალებით) სხვადასხვა ქვეყნის სახელი მიანიჭეს, რათა შემდგომ მოსწავლეთა გუნდები იმ ქვეყნის ნაციონალური გუნდის სახელით გამოსულიყვნენ, რომლის სახელსაც ყუთიდან ამოიღებდნენ. ერთ-ერთ სკოლას ეკვატორული გვინეის გუნდი ხვდა წილად. გეოგრაფიის გაკვეთილზე გაირკვა, რომ ამ ქვეყნის შესახებ მოსწავლეებს ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ასე წარმოიშვა ეკვატორული გვინეის შესახებ პროექტის დაგეგმვის იდეა და დაისვა პირველი შეკითხვაც – რა შეიძლება გაკეთდეს ტექსტების კითხვისა და სურათების თვალიერების გარდა? ერთ-ერთ გუნდი შემოვიდა წინადადებით, შეექმნათ სამოგზაურო გზამკვლევი, მეორე ჯგუფმა განავრცო ეს აზრი და კლასს ტურისტულ კომპანიად გადაქცევა შესთავაზა, რომელიც მსურველებს ეკვატორულ გვინეაში სათავგადასავლო ტურებით უმასპინძლებდა. პროექტის მსვლელობისას უნდა შექმნილიყო კატალოგი, რომელიც შემუშავებული მარშრუტების გარდა, ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შემცველიც იქნებოდა. მოსწავლეები ტურისტული სააგენტოს –  „სათავგადასავლო მოგზაურობა ეკვატორულ გვინეაში“ – თანამშრომლებს განასახიერებენ. მასწავლებელმა ფირმის ხელმძღვანელის როლი მოირგო. Google Earth-ის საშუალებით ჯერ ყველა მალიბუს აეროპორტამდე გაემგზავრა, შემდეგ კი ერთობლივად განიხილეს, რა უნდა შესულიყო ტურისტულ კატალოგში და როგორ უნდა გამხდარიყო ის მიმზიდველი კლიენტებისთვის. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა დავალება დაურიგდათ შესასრულებლად:

1. სამოგზაურო მარშრუტები,  განთავსების პირობები და ფასები,  ხარჯები;

2. ქვეყნის პორტრეტი;

3. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის აღწერა.

დასასრულს კლასმა მოაწყო ტურისტული სააგენტოს გახსნის ცერემონიალი  და მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად შეაჯამეს, თუ რა ისწავლეს მათ ამ პროექტიდან.

 

ზემოთ მოტანილი მაგალითიდან იკვეთება შემდეგი ფაზები, რომლებიც ზოგადად ყველა პროექტისთვის არის დამახასიათებელი:

  • მიზეზი პრობლემა, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა პროექტგაკვეთილის ჩატარება და რომელიც ასევე კავშირშია მოსწავლეთა გამოცდილებასა და წინარე ცოდნასთან;
  • იდეების შეგროვება;
  • იდეების განხილვა/შეფასება, თუ რამდენად რეალისტურია ისინი.
  • გადაწყვეტილებების მიღება;
  • გადაწყვეტილების მიღება, თუ რა სახის პროდუქტი უნდა შეიქმნას დასასრულს;
  • დავალებების განაწილება;
  • სამოქმედო გეგმის გაწერა;
  • რეალიზებაზე მუშაობა;
  • პირველადი შედეგების განხილვა;
  • მათი ერთობლივ პროდუქტად თავმოყრა;
  • შედეგების პრეზენტაცია;
  • რეფლექსია.

პროექტგაკვეთილის უპირატესობები

პროექტგაკვეთილს ყველა სხვა საგაკვეთილო ფორმაზე მეტად შეუძლია მოსწავლეთა ინტერესების ინტეგრირება და მათი მოტივაციის ამაღლება.

პროექტგაკვეთილი ერთგვარად აკმაყოფილებს მოსწავლეთა პრაქტიკული ქმედების სურვილს. აქედან გამომდინარე უფრო ღრმადაც ილექება მეხსიერებაში.

პროექტგაკვეთილი აკავშირებს კოოპერატიულ სწავლას ინდივიდუალიზების შანსთან. ყველა მონაწილეს შეუძლია წვლილი შეიტანოს წარმატებაში თავისი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

შესაძლო პრობლემები

პროექტგაკვეთილის თითქმის ერთადერთ უარყოფით მხარედ შეიძლება ქაოსისადმი შიში დასახელდეს. ამის თავიდან ასაცილებლად პროექტში მონაწილე მოსწავლეები კარგად უნდა ფლობდნენ მეთოდებსა და სამუშაო ტექნიკას. შემდეგი საშიშროება ის გახლავთ, რომ პროექტი შესაძლოა ცალმხრივად აქტიური  გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ თამაშზე, ხელგარჯილობაზე (გამოჭრა, დაწებება…) იქნება ორიენტირებული.

კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას, ვისაც არ შეუძლია რუკის წაკითხვა, მარშრუტსაც ვერ დაგეგმავს. მას კი,  ვისაც  უშეცდომოდ ანგარიში უჭირს, არ უნდა ვანდოთ ხარჯთაღრიცხვა.  ერთობლივი დაგეგმვის ფაზაში უნდა მოხდეს იმის თემატიზება, თუ რა კომპეტენციებია საჭირო პროექტის განსახორციელებლად და როგორ უნდა მოხდეს მათი გავარჯიშება.

პრეზენტაციის ფორმები და პროდუქტები

  • გამოფენები;
  • პლაკატები;
  • კედლის გაზეთები;
  • გამოკითხვის შედეგები;
  • კვლევის შედეგები;
  • შემოქმედებითი პროდუქტები;
  • მოსწავლეთა ექსპერიმენტების დოკუმენტაცია;
  • ფოტორეპორტაჟები;
  • მოსწავლეების მიერ განხორციელებული საინფორმაციო ღონისძიებები;
  • ელექტრონული პრეზენტაციები;
  • ფილმი;
  • გამოქვეყნებები (ბროშურები, დოკუმენტაციები, რეცეპტების კრებული);
  • სასწავლო თამაშები;
  • ხელნაკეთი ნივთები;
  • ხელოვნების ნიმუშები;
  • გასალამაზებელი ღონისძიებები (კლასი, სკოლის ეზო, შენობა);
  • საინფორმაციო დაფა, სკოლის ბაღი;
  • ღონისძიებები გარემოს დაცვის კუთხით.

სასცენო პრეზენტაციები

  • სპექტაკლი/სკეტჩი;
  • როლური თამაში;
  • კაბარე;
  • თოქშოუ;
  • პანტომიმა;
  • ცეკვა, მუსიკა;
  • მოდების ჩვენება (პოდიუმი);
  • სპორტი;
  • კადრი (უსიტყვო და უძრავი სცენა).

        კიდევ ერთხელ შვილებისა და ზღაპრების შესახებ

0

ადრე უკვე მომიყოლია ერთი პატარა ბიჭის შესახებ, რომელმაც სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, ხატვა ისწავლა. ისიც განახეთ, როგორ ავალაპარაკე მისი ნახატები, როგორ მივყევი მის მინიშნებებს და ჩვენი ერთობლივი, საინტერესო თამაში როგორ შევქმენით.  მინდა კიდევ რამდენიმე ზღაპარი გაგიზიაროთ და განახოთ, რომ ამ მეთოდით, შეგიძლიათ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზეც ესაუბროთ თქვენს შვილებსა თუ მოსწავლეებს, მრავალი საჭირბოროტო თემა განიხილოთ.

  1. ორი

გი1

იყო ერთი ცალრქა ცხენი, თეთრი, მოვერცხლისფრო ფაფრით და გრძელი წამწამებით. ჩვეულებრივი ცალრქა იყო, ჩვეულებრივი ზღაპრული ცალრქა, მაგრამ ერთი უცნაური თვისება ჰქონდა – თავისი თავის გარდა ვერავის ხედავდა. მხიარულად დარბოდა ყაყაჩოების მინდორსა თუ ხორბლის ყანაში, სვამდა გამჭვირვალე, ცივ წყალს ანკარა წყაროებიდან, დიდხანს უყურებდა ლურჯ, ვარსკვლავებით მოჭედილ ზაფხულის ცას და ეგონა, რომ მხოლოდ თვითონ იყო ამ საოცარ, ფერად და ჯადოსნურ ქვეყანაზე. ჩაიხედავდა ტბაში – მხოლოდ საკუთარ ანარეკლს ხედავდა, მომყუდროვდებოდა უღრანი ტყის სიმშვიდეში- მხოლოდ ის იყო და სხვა არავინ…

იქვე ახლოს მეორე ცალრქა ცხენი ცხოვრობდა, ნაცრისფერი, პრიალა ფაფრით, ნაღვლიანი მზერით… ხშირად ხედავდა თეთრ, თავისნათქვამა, უცნაურ ცხენს, რომელიც ისე იქცეოდა, თითქოს მხოლოდ თვითონ იყო ამ სამყაროში. მოსწონდა  და თანაც როგორ ! ძალიან, ძალიან მოსწონდა, გაცნობაც უნდა, ნამიანი ბალახის ერთად მოკიკნაც, ერთად ჯირითი, გასწრობანას თამაში და ჩანჩქერის ვერცხლისფერ, ყინულიც ჩქერებში ერთად წუწაობაც, მაგრამ ვერაფრით დაანახა თავი თეთრ ცხენს. გაურბენდა, გამოურბენდა, ხან კესანეებს მოუწყვეტდა, ხან ოქროსფერი ხორბლის თაველებს, მაგრამ ვერაფრით, ვერაფრით დაანახა თავი…

-დე, შეხედე, ეს ორი ცალრქა ცხენი თითქოს ერთია – უთხრა გიომ დედას.

-ერთი? არა, ორნი არიან, დე!

-ორია, მაგრამ თითქოს ერთიცაა – თქვა გიორგიმ და ისინი ერთად, ყელგადაჭდობილები დახატა.

თეთრმა ცხენმა ბიჭის ნახატში, როგორც ტბის ანარეკლში ისე ჩაიხედა და დაინახა სულახლოს მყოფი, ნაცრისფერი ცალრქა ცხენი, პრიალა ფაფარით და ნაღვლიანი თვალებით.

„ მარტო აღარ ვყოფილვარო“ – გაიფიქრა თეთრმა ცხენმა და გადაწყვიტა ნაცრისფერი ცხენი კარგად გაეცნო…

აი, ასეთი ამბები ხდება ზოგჯერ პატარა ბიჭის ნახატებში.

გი2

ერთ დღეს დედიკომ გიორგი გააბრაზა.

ხომ იცით, ასეც ხდება ხოლმე, რამდენ რამეს ვერ ხვდებიან ეს უფროსები.

ხან საჭმელს გაძალებენ, ხან პიჟამას ჩაცმას გაიძულებენ, ხან წამალს გასმევენ, ხან დაყრილი სათამაშოების გამო გეჩხუბებიან, ხან დაპირებას არ ასრულებენ, ხან კი, იმ სათამაშოს ნაცვლად, რომელიც ძალიან გინდოდა, ის მოაქვთ, რომელსაც მაღაზიაში შემთხვევით წააწყდნენ.

ასეც ხდება. როგორ გააბრაზა?

-იცით, არ ლაპარაკობს – უთხრა ნაცნობს, რომელიც ჯიუტად ცდილობდა თავის არცთუ ჭკვიანურ კითხვაზე გიორგის პასუხი მოესმინა.

-არ ვლაპარაკობ?  – გაბრაზდა გიორგი – ამდენს ვხატავ, ვწერ, ვძერწავ და ვმღერი, ვფიქრობ და მძინავს და ყოველთვის, ყოველთვის ვლაპარაკობ, როცა საჭიროა,  უბრალოდ თქვენ არ გესმით – გაიფიქრა და დედაზე გაბრაზდა.

რადგანაც ძალიან კარგი და კეთილი ბიჭი იყო, გაბრაზება არ შეიმჩნია, მაგრამ გულში ხომ იცოდა, როგორი გაბრაზებულიც იყო?

-მე გაბრაზებული ვარ – ფიქრობდა თავისთვის, გულში და გონებაში.  არაფრით გამოუმჟღავნებია, ერთი ის იყო, რომ სახლში მისვლისთანავე დედას კალთაში არ ჩაუხტა და ლოყაზე არ აკოცა.

ითამაშა, სათამაშოები აალაგა, იბანავა, ივახშმა და ისე, რომ არავისთვის უთქვამს, დასაძინებლად წავიდა.  დედამ ჰკითხა  – აბა, ძილის წინ რა წავიკითხოთო. მან კი შუქი ჩავაქროთ და დავიძინოთო, ითხოვა.

დედას გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ძილი ნებისა უსურვა, აკოცა და ოთახიდან გამოვიდა. გიორგის ხმა არ ამოუღია.

ბიჭი გულაღმა იწვა თავის საწოლში, ვარსკვლავებიანი პიჟამა ეცვა და ნეონის ვარსკვლავებიან ჭერს ასცქეროდა, ახსოვდა, რომ გაბრაზებული იყო და გული სწყდებოდა, რომ არავინ შეამჩნია ეს.

-შუშის ჭიქაში რომ პატარა გემი დაცურავს, ასე ვარ, ვერსად გავცურდები – იფიქრა ბოლოს და გული მოეწურა.

-დიანა დედიკო – დაუძახა დედას.

დედა მოვიდა, მალევე, როგორც ყოველთვის.

-ხო, დე.

-წყალი დამალევინე

დედამ წყალი დაალევინა, ჩაეხუტა  და წყენა  თითქოს არც ყოფილა, მისი პატარა გემი  წყალს თან გაჰყვა.

მიხვდა, რომ გაბრაზება დიდხანს არ უნდა დაიტოვო გულში, უნდა თქვა ანდა დაივიწყო, მითუმეტეს, როცა საყვარელ ადამიანებს ეხება. თორემ ბრაზი დიდხანს, დიდხანს დაცურავს და არსად მიდის, როგორც გემი შუშის ჭიქაში.

-ღამე მშვიდობისა, დე – უთხრა დედას, აკოცა და დაიძინა.

დილით კი თავისი გაბრაზება დახატა.

აი, ასე.

  სიცილშია ჭეშმარიტება

0

დიდხანს მეც, სხვების მსგავსად, მეგონა, რომ ჭეშმარიტება ღვინოში (ლათ. in vino veritas) იყო. მაგრამ პირველ კურსზე აღმოვაჩინე, რომ ეს გამონათქვამი თავდაპირველად ღვინოზე კი არა, სიცილზე შეიქმნა (ლათ. in risu veritas). არადა, ვინც იცის, რა რთულია კომიკური ელემენტების შექმნა, მიხვდება, რომ ჭეშმარიტების ამ გზით მიღწევაც საკმაოდ რთულია. რა იწვევს სიცილს? სსრკ-ში ერთი ლეგენდა დადიოდა: თითქოს რომელიღაც საბჭოური კომედია უცხოეთში ფესტივალზე წარუდგენიათ. ფილმის პერსონაჟი ონკანს უშვებს და იქიდან წყალი არ წამოვა. ამაზე დარბაზი გულიანად ახარხარებულა. ის, რაც ჩვეულებრივი იყო საბჭოთა მაყურებლისთვის და სულაც არ იყო სასაცილო, ეგექტური და სასაცილო აღმოჩნდა უცხოელი მაყურებლისთვის მოულოდნელობის გამო. ერთი სულელური, მაგრამ სსრკ-ში მოდური იტალიური ფილმი „ჭირვეულის მორჯულება“ გვიჩვენებს, რომ მთავარ გმირს, ელიას, რომელსაც ჩელენტანო ასრულებს, ტელევიზორის ყურებისას კომედიურ ფილმზე არ ეცინება მაშინ, როდესაც მეორე პერსონაჟი, ლიზა, რომელსაც ორნელა მუტი ასახიერებს, იმავე სცენაზე კარგად ხალისობს. ლიზა ელიას უხსნის, რომ სასაცილოა, როდესაც კომედიური ფილმის გმირი ძირს ვარდება და ტკივა. ელიას არ ესმის, როგორ შეიძლება ვინმეს ტკივილმა გაგვახალისოს. უცნაურია, მაგრამ სწორედ მსგავსი ელემენტები გვგვრის სიცილს, როდესაც კომედიური ჟანრის ფილმს ვუყურებთ. იმავე ელემენტის შეტანა ტრაგედიაში არ გაგვაცინებს. რატომ? მიზეზი ბევრია და გთავაზობთ, ერთი გაკვეთილი სწორედ ამ მიზეზების ძიებას დაუთმოთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად მაშინ, როდესაც ისეთ ნაწარმოებს გაივლით ქართული ლიტერატურიდან, რომელზეც გემრიელად იცინიან თქვენი მოსწავლეები. მანამდე კი მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ, რომლის გახსენებაც ბევრ საინტერესო საკითხს მოჰფენს ნათელს.

კანადელი იუმორისტი მწერალი სტივენ ლიკოკი დამწყებ იუმორისტებს, თუკი მათ კარგი იუმორის შექმნა სურდათ, ასეთ რჩევას აძლევდა: „ფურცელზე ჩამოყარეთ აზრები, აზრების ჩამოყრა სულაც არაა ძნელი“… და შემდეგ ისე საუბრობს სიტყვებსა და ფრაზებზე, თითქოს იუმორის შექმნა კერძის მომზადება იყოს. ერთი შეხედვით, ლიკოკის მიერ შემოთავაზებული ეს მარტივი გამოსავალი, თავადაა იუმორის შედევრი, რადგან ალბათ ყველაზე რთული სწორედ მაღალი ხარისხის იუმორისტული ნაწარმოების შექმნაა.

ამ მხრივ საინტერესოა პლატონის მოსაზრებაც, რომელსაც ფილოსოფოს სოკრატეს ათქმევინებს. „ნადიმის“ დასასრული ასეთ სცენას აღწერს (ეს პასაჟი სხვა წერილში ადრეც დავიმოწმე, ამჯერად კი იმიტომ ვიმეორებ, რომ მე ამაზე უკეთესი მაგალითი არ ვიცი, რომელშიც გამოხატულია, როგორ შეიძლება ტრაგიკული კომიკურად იქცეს და პირიქით): აგათონის სახლში გამართულ წვეულებაზე გვიან ღამით შეზარხოშებულ თანამეინახეებს ჩაეძინათ, ზოგმაც სუფრა დატოვა და სახლში წავიდა, საუბარს კი მხოლოდ სამი, თავად მასპინძელი, სოკრატე და კომედიოგრაფი არისტოფანე აგრძელებდნენ. მეოთხეს, სოკრატეს მიერ „ჩანგალზე აყვანილ“ არისტოდემოსს ძლიერ ეძინებოდა, ამიტომაც მოსმენის თავი აღარ ჰქონდა, ხან ჩათვლემდა, ხანაც თვალს გაახელდა და ალაგ-ალაგ ისმენდა საუბარს. არადა, ამ დიალოგს წლების შემდეგ სწორედ ეს არისტოდემოსი გვიყვება, რომელმაც წესიერად ვერც კი მოისინა საუბარი. შესაბამისად, ზუსტად რაზე საუბრობდნენ სუფრას შემორჩენილები, რას შეეხებოდა, რამ გამოიწვია მათი დისკუსია, უცნობია, თუმცა შეგვიძლია, ვარაუდები გამოვთქვათ და შეძლებისდაგვარად აღვადგინოთ იგი. თურმე სოკრატე კომედიების ავტორ უნიჭიერეს არისტოფანეს უმტკიცებდა, რომ ტრაგედიის ავტორი კომედიის ავტორიცაა. ეს ფრაზა შეგვიძლია შემდეგნაირად გავიგოთ: ერთი პატარა გადაცდომა და ტრაგედია ტრაგედია კი აღარ იქნება, არამედ მასხარაობა, ამიტომაც ტრაგიკოსს უფლება არა აქვს, სიტყვით ან ზედმეტი პათეტიკით გადაამეტოს, მან ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, თუ უნდა, დიადი ნაწარმოები შექმნას. თუმცა ამ პასაჟს სხვაგვარი ახსნაცა აქვს. იმ დროს, როდესაც არისტოდემოსს ეძინა, სოკრატე ალბათ საპირისპიროსაც დაუმტკიცებდა არისტოფანეს: კომედიის ავტორიც მარტივად შეიძლება გადაიქცეს ტრაგედიის ავტორად. აქ კი ფილოსოფოსმა თავად არისტოფანე იგულისხმა, რომლის კომედია-შედევრი „ღრუბლები“ სოკრატეს სასამართლო პროცესზე მთავარ ბრალდებას წარმოადგენდა, ხოლო კენჭისყრის შედეგმა აჩვენა, რომ ბრალი რეალურ სოკრატეს კი არა, ლიტერატურულ პერსონაჟს წაუყენეს და რეალურ სოკრატეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. სოკრატემ კი იწინასწარმეტყველა, როგორ შეიძლებოდა კომედიოგრაფის, ერთი შეხედვით, უწყინარი კომედია, ადამიანის ტრაგედიის დასაწყისი გამხდარიყო. არადა, არისტოფანე „ღრუბლებში“ ხომ ფილოსოფოსს კი არა, იმ უგუნურ ხალხს დასცინოდა, რომლებსაც არ ესმოდათ ბრძენის შეგონებანი და მის სიტყვებს ინტერპრეტირებას უკეთებდნენ. გენიალურმა არისტოფანემ სწორედ ამის ასახვა მოინდომა, ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოკრატეს სახეც ძალიან სასაცილო გამოუვიდა.

ათენში ასეთი წესი იყო, თეატრში უკლებლივ ყველა მოქალაქე დადიოდა, იმიტომ კი არა, რომ ასე უნდოდათ, იმიტომ რომ თეატრი დიონისეს კულტთან იყო გადაჯაჭვული და ყველა სპექტაკლი დიონისიების დღესასწაულზე სრულდებოდა. თანაც კომედია ათენელ მოქალაქეებს გულის მოოხების საშუალებას აძლევდა. ვის არ იხილავდით სცენაზე, მექრთამე პოლიტიკოსებს, ვერშემდგარ პოეტებს, სარდლებს, ჭკუასუსტ ვითომფილოსოფოსებს, ვიგინდარებს, გაიძვერა და გარყვნილ მოქალაქეებს. მათი ამოცნობა ადვილად შეიძლებოდა, რადგან ავტორები ხშირად სახელსაც არ უცვლიდნენ პერსონაჟებს. ლიტერატურული პერსონაჟები ხშირად ჟიურის წევრებიც იყვნენ, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მაყურებელთა შორის ისხდნენ და იძულებულნი იყვნენ, აეტანათ სცენიდან დაცინვა, გვერდით მჯდომისგან კი – გაკილვა და ხარხარი, მისკენ შეტრიალებული თავები, ინტერესით სავსე მზერა და თითის გაშვერა. ერთ-ერთი ცნობა გვეუბნება, რომ „ღრუბლების“ პრემიერას არაათენელებიც ესწრებოდნენ, ისინი სოკრატეს არ იცნობდნენ და ინტერესით კითხულობდნენ, რომელი იყო და სად იჯდა ფილოსოფოსი. სოკრატე ისე დაღალა ცნობისმოყვარე უცხოელების ათვალიერებ-ჩათვალიერებამ, რომ ბოლოს ფეხზე წამოდგა, კარგად რომ დაენახათ და სპექტაკლის ყურება ასე ფეხზე მდგარმა გააგრძელა. ესეც და სხვა უამრავი მაგალითი გვიჩვენებს, რომ კომედიის წარმატება პირდაპირ კავშირშია ათენის პოლიტიკურ წყობილებასთან, ანუ დემოკრატიასთან. თავად კომედიური ჟანრი მეხუთე საუკუნეზე ადრე წარმოიშვა და ფალიკურ პროცესიებს უკავშირდებოდა. მისთვის დამახასიათებელი იყო უხამსობები და უწმაწურობები არა მარტო სიტყვიერ, არამედ კოსტიუმების დონეზეც. ბერძნული კერამიკის მოხატულობა ნათელს ჰფენს ამ სანახაობის ამორალურ მხარეს. ნელ-ნელა ფალიკური პროცესიები სცენაზე ავიდა, თუმცა უხამსი სიტყვა-პასუხები და, ხშირ შემთხვევაში, სამოსი მაინც მის განუყოფელ ნაწილად დარჩა.

ცხადია, ქრისტიანობის შემოსვლა მსგავს ჟანრს ვერ შეეგუებოდა (დასაწყისში ქრისტიანობამ, გასაგები მიზეზების გამო, ანუ დიონისესთან პირდაპირი კავშირის გამო ვერც ტრაგედია იგუა და ამიტომაც, „დიდი სჯულის კანონში“, რომელშიც პირველი საეკლესიო კრებების ანგარიშებია შესული, ისეთი მუხლებიც გვხვდება, რომლის თანახმადაც, არა მარტო მსახიობები, არამედ მსახიობებთან დაახლოებული პირებიც უზიარებელნი უნდა დარჩენილიყვნენ. ამიტომაც, კომედია ჰაგიოგრაფიამ ჩაანაცვლა და შემდეგ რამდენიმე საუკუნე დასჭირდა უძველესი ჟანრის აღორძინებას). სამწუხაროდ, ჟანრის იმ სახით აღორძინება, როგორითაც ის დემოკრატიულ ათენში არსებობდა, რაც ავტორის სრულ თავისუფლებასაც გულისხმობდა, დღემდე ვერ მოხერხდა.

შუასაუკუნეებში კომედია ნებისმიერ ბედნიერ დასასრულს გულისხმობდა. ალბათ დანტეს უკვდავი ნაწარმოების სათაური სახტად დატოვებდა ათენელ მაყურებელს, თუმცა დღევანდელ მკითხველსაც მცირე განმარტება დასჭირდება, თუ რატომ უწოდებს დანტე ალიგიერი „ღვთაებრივ კომედიას“ საიქიოს აღწერას.

ქრისტიანობის წნეხი მაინც დაძლია ჟანრის სიყვარულმა და ნელ-ნელა ჟანრის ფარგლებში ქვეჟანრებიც გაჩნდა, კომედიისთვის დამახასიათებელი ელემენტები კი სხვა ჟანრებმაც შეითვისა. ასეთი ელემენტები იყო ნებისმიერი რამ, რაც სიცილს გამოიწვევდა, ტანსაცმლით დაწყებული და მეტყველების ნაკლოვანებებით დამთავრებული. არისტოფანე რთული შედგენილი სიტყვებით ცდილობდა მაყურებლის სიცილის გამოწვევას (მაგ. მისი შეთხზულია 171ასოიანი სიტყვა – გაუგონარი კერძის დასახელება. ეს სიტყვა lopado­temacho­selacho­galeo­kranio­leipsano­drim­hypo­trimmato­silphio­parao­melito­katakechy­meno­kichl­epi­kossypho­phatto­perister­alektryon­opte­kephallio­kigklo­peleio­lagoio­siraio­baphe­tragano­pterygon გინესის რეკორდების წიგნშიცაა შესული).

ბერძენი კომედიოგრაფის მეთოდმა გაამართლა, უკვე გვიანდელი ავტორებიც მის გზას დაადგნენ და, მაყურებლის სიცილის გამოსაწვევად, იმავე ხერხებს მიმართავდნენ, ამ ხერხებს შორის იყო პერსონაჟების სახასიათო მეტყველება, გარეგნობა, ჩაცმულობა, სიბეცე. თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, არისტოფანეს ვერცერთმა გვაინდელმა კომედიოგრაფმა ვერ აჯობა. სიცილის გამომწვევი სხვა ექსპერიმენტებიდან კი ყველაზე მეტად მხატვრული სახეების აქტიურმა გამოყენებამ გაამართლა, განსაკუთრებული სიყვარულით ჰიპერბოლა სარგებლობდა. ტექსტის წაკითხვის შემდეგ, თუკი მკითხველი სწორად დაადგენს პარადიგმას, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და არც იმის გამოცნობა გაჭირდება, რა მიზნითაა ჰიპერბოლა გამოყენებული – სიცილის გამოსაწვევად თუ აღსაფრთოვანებლად. ერთი პატარა ნაბიჯი, ოდნავი გადამეტება და, შეიძლება, მარტო მკითხველმა კი არა, ავტორმაც დაუშვას შეცდომა და ნანატრი ამაღლებული მხატვრული სახის შექმნის ნაცვლად კომიკური ან პაროდიული პერსონაჟი შექმნას. ასეთ დროს ავტორს (უცნობსაც და ნაცნობსაც) ოსტატობა სჭირდება, მკითხველს კი კომპეტენციასთან ერთად – ინტუიციაც. გავიხსენოთ კომედიები, პაროდიული და სატირული თხზულებები და აღმოვაჩენთ, რომ მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების შესაქმნელად ავტორები იმავე მხატვრულ სახეებს იყენებენ, რომლებიც ჟანრის (ან პარადიგმის) შეცვლის შემთხვევაში ადვილად ტრანსფორმირდებიან დრამატული პერსონაჟების სახეთა შექმნის ატრიბუტებად (ჰიპერბოლის შესახებ იხ. წერილი https://mastsavlebeli.ge/?p=9496).

კომიკურ ელემენტებს დროთა განმავლობაში სესხულობდა სხვადასხვა ჟანრი და ის, რაც მანამდე მხოლოდ კომედიის საკუთრებას წარმოადგენდა, ნელ-ნელა გადავიდა პროზაში, პოეზიასა და არა მხოლოდ მხატვრულ, არამედ პუბლიცისტურ ლიტერატურაშიც. დღეს კი, 21-ე საუკუნეში, სატელევიზიო შოუებიც კი ძველბერძენ ავტორთა მიგნებებს იყენებენ და მათ დახვეწას ცდილობენ, რამდენად გამოსდით ეს და რამდენად უწონებენ მაყურებლები ამ მიგნებებს, ეს უკვე მაყურებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ჩემთვის საინტერესო ის არის, როგორ გადმოვიდა და რა სიახლე შესძინა კომედიას ქართულმა მწერლობამ, კერძოდ, მე-19 საუკუნის პროზამ და დრამამ, კომიკური სახეების შექმნისას. როდესაც ქართულ მწერლობაში კომიკურ სახეებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად შევნიშნავთ, რომ ქართული მწერლობაც არაა გამონაკლისი და ავტორები სიცილის აღძრის მიზნით იმავე მეთოდებს მიმართავენ, რომლებსაც მსოფლიოს კლასიკოსები, ე.ი. პერსონაჟის უჩვეულო გარეგნობა (მაგ. ილიას „მგზავრის წერილების“ პირველივე პასაჟი, ლამაზისეულის ან სხვა პერსონაჟების პორტრეტები), ამ უჩვეულო გარეგნობაში ჰიპერბოლების და სხვადასხვა მხატვრული ხერხების ჩართვა, ჩაცმულობა და მეტყველება (იდიომების, ბუნდოვანი და ორაზროვანი სიტყვების, უცხო ენის არასწორად გამოყენება, რაც ყველაზე ხშირად ანეკდოტებში გვხვდება), უხერხული ან მოულოდნელი სიტუაციების აღწერა, რომელთაც ხან პერსონაჟთა სიბეცე, ხანაც სხვა რამ იწვევს. თუმცა ხშირად ქართული მწერლობის კომიკურ პერსონაჟებს, არაქართული წარმომავლობის გამო, ქართულად მეტყველება უჭირთ და სწორედ ეს მომენტი ხდის ტექსტს სასაცილოს. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მე-19 საუკუნეში შექმნილი პიესები გამოირჩევა, რომლებშიც, ძალიან ხშირია არაქართველი პერსონაჟის შემოყვანა არა მარტო საკითხის აქტუალობის ანდა ისტორიული ვითარების გამო, არამდე სწორედ იმიტომაც, რომ მათი მეტყველება სასაცილოს გახდიდა ნაწარმოებს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ენის არცოდნა მწერლების საყვარელი ხრიკია, რათა ესა თუ ის პასაჟი კომიკური გახდეს. გავიხსენოთ თუნდაც ალექსანდრე ყაზბეგის „ნამწყემსარის მოგონებანი ანდა აკაკი წერეთლის მიერ მოთხრობილი მსგავსი უამრავი ამბავი ჩემი საყვარელი ამბავია, როგორი მარტივად გაიგო მწერალმა ბავშვობაში რუსული იდიომა, რომელიც „გაცამტვერებას“ ნიშნავს და რუსული სიტყვები „პუხ“ და „პრახ“ შეიარაღებულ მებრძოლებად გამოიყვანა.

მოკლედ, ჩემი აზრით, მოსწავლეებთან ერთად დაფიქრება და საკითხის – თუ რა იწვევს სიცილს – გარჩევა, მეტად საინტერესო პასუხებამდე მიგვიყვანს (თქვენ შეიძლება, სხვა ახალი ელემენტებიც გაიხსენოთ) და ჩვენს ჩატარებულ გაკვეთილსაც, იმედია, დაუვიწყარს გახდის.

მოგზაური ქალები

0

ცნობილი და გამოჩენილი მოგზაურების შესახებ ბევრი წიგნი დაწერილა და ფილმი გადაღებულა. მათში კი ყველგან მთავარი მოქმედი გმირები მამაკაცები არიან – სწორედ ისინი სერავდნენ ოკეანის უკიდეგანო სივრცეებს, იპყრობენ მთების მიუვალ მწვერვალებს, აღმოაჩენდნენ ახალ მიწებს და ცხოვრობდნენ ველურ ტომებს შორის. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ერთი მოგზაურის დასახელება მაინც, მაგრამ არა მგონია რომელიმეს ქალი მოგზაური გაგვახსენდეს.

როცა ჩვენ თავგადასავლების მამაც მოყვარულებზე, უშიშარ მოგზაურებსა და ახალი მიწების აღმომჩენებზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, მამაკაცები გვყავს მხედველობაში. არადა, გეოგრაფიული აღმოჩენებისა და კვლევების ისტორიაში ცნობილია ქალებიც, რომლებმაც დაარღვიეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და თავგადასავლების საძიებლად გაემგზავრნენ. ყველაზე ცნობილი მოგზაური ქალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმიტომ მოგზაურობდნენ, რომ თვალსაწიერი გაეფართოვებინათ, ან საყვარელ ადამიანებს მიჰყვებოდნენ, ან სულაც იმიტომ, რომ სახლში ჯდომა აღარ უნდოდათ. გავიცნოთ ზოგიერთი მათგანი.

ჰუდრიდურის, ამ საოცარი ქალის, ისტორია ისლანდიურმა საგამ შემოგვინახა. ჰუდრიდური 980 წელს დაიბადა. თავის მეუღლესთან და მის ვიკინგებთან ერთად მან ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს მიაღწია. მოგვიანებით მან ასევე იმოგზაურა რომში, სადაც თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები თავად რომის პაპს მოუყვა. ამიტომაც ჰუდრიდური სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს პირველ მოგზაურ ქალად.

ბოტანიკოსი და მკვლევარი ანა ბარე, პირველი ქალია, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. 1776 წელს 26 წლის ბარემ ფრანგ ბოტანიკოსთან ფილიბერ კომერსონთან დაიწყო მუშაობა, როგორც მამაკაცმა. მალე კომერსონი ბუჰენვალის ექსპედიციასთან ერთად მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრა და მამაკაცის სამოსგადაცმული (ქალებს იმხანად გემბანზე არ უშვებდნენ) ანაც თან გაჰყვა. ერთი ვერსიით ბარეს საიდუმლო კუნძულ ტაიტზე გამჟღავნდა. მეორე ვერსიით კი კომერსონმა იმთავითვე იცოდა სიმართლე თავისი თანაშემწის შესახებ და სინამდვილეში ანა მისი სატრფო იყო. იგი ფილიბერთან ერთად მცენარეების ნიმუშებს აგროვებდა და შეისწავლიდა. როცა გამჟღავნდა, რომ ბარე ქალი იყო, იგი კომერსონთან ერთად კუნძულ მავრიკიაზე ჩამოსვეს. საფრანგეთში 10 წლის შემდეგ დაბრუნდა და მთავრობამ ბოტანიკაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ბარეს სახელს ატარებს მთები პლუტონზე.

ლედი ესტერ სტენჰოუპი 1776 წელს გრაფ ჩარლზ სტენჰოულის ოჯახში დაიბადა. მოგზაურობის სურვილი ესტერს ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, როცა იგი ნავით შეეცადა საფრანგეთში გადასვლას, მაგრამ მალევე მიაგნეს და სახლში დააბრუნეს. აქტიურმა, დამოუკიდებელმა და ჭკვიანმა გოგონამ 1803 წელს ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის უილიამ პიტ უმცროსის პირად მდივნად დაიწყო მუშაობა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მას პენსია დაენიშნა და სწორედ ამ თანხით მოახერხა მოგზაურობა. ესტერი ჯერ საბერძნეთში, ათენში გაემგზავრა, შემდეგ კი ეგვიპტეში. ქაიროსკენ მიმავალ გზაზე, როდოსთან მათი გემი ძლიერ შტორმში მოჰყვა. ლედი ესტერი გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად მოგზაურობდა. მან 2 წლის განმავლობაში პალესტინა, სირია და ლიბანი მოიარა. ლედი ესტერი პირველი ევროპელია, რომელმაც აღმოსავლეთის ზოგიერთი ქალაქი მოინახულა.

ცნობილი ამერიკელი ალპინისტი ენი სმიტ პეკი 1850 წელს პროვიდენსში დაიბადა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიპყრო ჩრდილეოთი და სამხრეთი ამერიკის, ასევე ევროპის თითქმის ყველა მწვერვალი. 58 წლის ენი სმიტი ანდების მწევრვალ ჰუასკარანზე (6656 მ), ხოლო 61 წლის ასაკში კოროპუნაზე (6377 მ) ავიდა, ხოლო უკანასკნელი ასვლა ენიმ 82 წლის ასაკში განახორციელა. თავისი მოგზაურობების შთაბეჭდილებების შესახებ ენი ლექციებს კითხულობდა და წიგნებიც დაწერა.

მოგზაურობისა და ბუნების სიყვარული ჰარიერტ ჩალმერს ადამსს მამისგან გადმოეცა, რომელსაც ქალიშვილი ხშირად დაჰყავდა მთებში. უკვე 14 წლის ჰარიეტი მამას ერთწლიან ექსპედიციაში მექსიკაში ახლდა და ლათინური ამერიკით მოიხიბლა. ჰარიეტს არც დაოჯახების შემდეგ შეუწყვეტია მოგზაურობა. მან და მისმა მეუღლემ ფრენკმა სამხრეთი ამერიკა მოიარეს. თავისი მოგზაურობის ამსახველი კადრები და შთაბეჭდილებები ჰარიეტმა წიგნად გამოსცა. მან ასევე იმოგზაურა აზიაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რადგან იმ დროისათვის ქალებს არ შეეძლოთ გამხდარიყვნენ გეოგრაფიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ჰარიეტ ადამსმა „ქალ-გეოგრაფთა საზოგადოება” დააარსა და მისი პირველი თავჯდომარეც გახდა.
ნელი ბლაი, წარსულში ელიზაბეტ კოკრენი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია ქალ მოგზაურთა სიაში. ჟურნალისტი ნელი ბლაის მოგზაურობების და თავგადასვლების დიდი ნაწილი გაზეთ „New York World”-ში მის მუშაობას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, ნელიმ დასაბამი მისცა, ე.წ. სენსაციური ჟურნალისტიკის ეპოქას. ნელი ბლაი პირველი და ერთადერთი ქალია, რომელმაც გადაწყვიტა ჟიულ ვერნის რომანის „80 დღე მსოფლიოს გარშემო” გმირის ფილეას ფოგის რეკორდი მოეხსნა. ნელი სამოგზაუროდ 1889 წლის 14 ნოემბერს გაემართა ერთადერთი „კოზირით” – განსაკუთრებული პასპორტით, რომელიც აშშ-ის გენერალური მდივნის მიერ იყო ხელმოწერილი. საფრანგეთში ბლეი ჟიულ ვერნს შეხვდა, რომელიც ფიქრობდა, რომ ნელი მოგზაურობას 79 დღეში დაასრულებდა, და არა 75 დღეში, როგორც თავად ნელი ვარაუდობდა. ბლეიმ გადაცურა რამდენიმე ზღვა, სუეცის არხი, მოიარა კოლომბო და ადენი, ესტუმრა კეთროვანთა კოლონიას ჩინეთში, იყიდა მაიმუნი და ნიუ-იორკში დაბრუნდა, მთელ მოგზაურობას ნელიმ 72 დღე, 6 საათი, 10 წუთი და 11 წამი მოანდომა.

ანნი კოენ კოპჩოვსკი პირველი ქალია, რომელმაც 1894 წელს დედამიწის გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა. თანაც იმ დროს უკვე სამშვილიანი დედა იყო, მაგარმ ამ ფაქტორმაც კი ვერ ააღებინა ხელი განზრახვაზე.
ცნობილი მოგზაურისა და მწერლის ჯორჯ კინგსლის ქალიშვილი მერი კინგსლიც მამის მსგავსად მოგზაურობით იყო გატაცებული. მან აფრიკა გამოიკვლია. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მერის ასწავლეს, როგორ უნდა გადაერჩინა თავი ჯუნგლებში, რამაც მას საშუალება მისცა, საკმაოდ სახიფათო და მიუვალ ადგილებში წასულიყო. მან ჩანაწერებში აფრიკის ბევრი ადგილი, მცენარე და ცხოველი აღწერა.

ინგლისელ ქალს ფრეია სტრაკს ნეკროლოგში „უკანასკნელი რომანტიული მოგზაური” უწოდეს და ეს არცაა გასაკვირი. თავისი ხანგრძლივი (ფრეია თითქმის 100 წელი იცოცხლა) და თავგადასავლებით მდიდარი ცხოვრების განმავლობაში მან თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. ბავშვობაში ფრეიას წიგნი „1001 ღამე” აჩუქეს და მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, ის აღმოსავლეთით „მოიწამლა”. ფრეიამ ლათინური, არაბული და სპარსული ენები შეისწავლა და 1930 წელს ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ის პირველი ევროპელი ქალია, რომელმაც არაბეთის უდაბნოში იმოგზაურა. მან ასევე მოიარა ჩინეთი, თურქეთი, ავღანეთი, გაიარა ალექსანდრე მაკედონელის გზა კილიკიიდან კარიამდე. თავის მეორე წიგნში „ასასინების ხეობა” ფრეია სტარკი აღწერს, როგორ გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც ირანში, ლურისტანში იმოგზაურა და როგორ ნახა პირველად ასასინების დანგრეული ციხე-სიმაგრე. ფრეიამ დაახლოებით 30 წიგნი დაწერა თავისი მოგზაურობების შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველთა შორის. ფრეია სტარკი 1974 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს.

„ყინულის ქალი” ასე უწოდეს ამერიკელ ლუიზა ბოიდს. ლუიზა იმითაა ცნობილი, რომ გამოიკვლია გრენლანდია და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში წყალქვეშა მასივი აღმოაჩინა. ლუიზა პირველი ქალია, რომელმაც 1955 წელს თვითმფრინავით ჩრდილოეთ პოლუსს გადაუფრინა.

პოლონელი კრისტინა ჰოინოვსკაია-ლისკევიჩი კი პირველი იახტსმენი ქალია, რომელმაც 1978 წელს თავისი იახტით სახელწოდებით „მაზურკა” მარტომ შემოურა დედამიწას. მან გადაცურა ატლანტის ოკეანე და პანამის არხი, შემდეგ წყნარი ოკეანე და ავსტრალიის ნაპირებს მიაღწია. შემდეგ ინდოეთის ოკეანე გადასერა, შემოურა კეთილი იმედის კონცხს და ისევ ატლანტის ოკეანეში გავიდა და მოგზაურობაც დამთავრა. მოგვიანებით პოლონელმა მოგზაურმა გამოქვეყნა წიგნი „პირველი დედამიწის გარშემო”.

ნორვეგიელი არისტოკრატი, მკვლევარი და მოგზაური ლივ არნესენი არაერთგზის მოუხსენიებიათ ფრაზით „პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც…”. 1991 წელს სკოლის ყოფილი მასწავლებელი ლივ არნესენი პირველი ქალი გახდა მსოფლიოში, რომელმაც დაგეგმა, მოაწყო და უხელმძღვანელა ქალთა პირველ ექსპედიციას გრენლანდიაზე. მართალია, პირველი მცდელობა მარცხით დამთავრდა, მაგრამ შემდეგ წელს ლივმა და მისმა მეგობარმა გრენლანდია 23 დღეში გადაკვეთეს. ამის შემდეგ ლივმა მარტო დაიპყრო სამხრეთი პოლუსი და ამ შემთხვევაშიც პირველი ქალის ტიტული ერგო. ამ მოგზაურობას 50 დღე დასჭირდა. ლივი მინუს 40-გრადუსიან ყინვაში გადაადგილდებოდა და თან 85 კგ-იანი მარხილი და 15 კგ-იანი ზურგჩანთა მიჰქონდა. ლივი ასევე პირველი ქალია მსოფლიოში, რომელმაც ჩრდილოეთ პოლუსსაც მიაღწია.
ბევრი მამაცი მოგზაური ქალია ჩვენს დროშიც.
ამერიკელმა როზი სუეილ-პოუპმა 2003 წელს 57 წლის ასაკში დაიწყო დედამიწის გარშემო მოგზაურობა, გინდ დაიჯერეთ, გინდ არადა, არც მეტი არც ნაკლები, ფეხით. მან 32 ათასი კმ. გაიარა, რასაც 5 წელი მოანდომა.
ინგლისელ ელენ მაკარტურს „ტალღებზე მორბენალს” უწოდებენ. 34 წლის ელენმა 2005 წელს მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როცა იახტით დედამიწას გარშემო 71 დღეში შემოუარა. მისი საოცარი თავგადასავლის შესახებ ფილმი „The Official Record Breaking Story” ინტერნეტშიც შეგიძლიათ ნახოთ.

ესპანელი ედურნე პასაბანი პირველი ქალია, რომელმაც 8000 მ-იანი 14 მწვერვალი დაიპყრო. მისი რეკორდი ავსტრიელმა ჰერლინდა კალტენბრუნერმა გაიმეორა, თანაც ჟანგბადის ბალონის გარეშე.

რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული სია იმ მამაცი ქალი მოგზაურებისა, რომლებიც არ ეპუებიან პრობლემებს და მიზანმიმართულად მიდიან თავიანთი ოცნებების ასასრულებლად. მათი შემხედვარე კი მართლაც ფიქრობ, რომ ჩვენთვის, ქალებისთვის არაფერია შეუძლებელი.

განათლების სისტემის დაგეგმვის საფუძვლები

0

შესავალი

ქვეყანაში მიმდინარე სარეფორმო პროცესების ფონზე მკითხველებისთვის საინტერესო იქნება განათლების სისტემის დაგეგმვის, ორგანიზებისა და მენეჯმენტის აქტუალური საკითხების განხილვა. ჟურნალი იწყებს სტატიების ახალ ციკლს, რომლის ფარგლებშიც, შევეცდებით, დაინტერესებულ საზოგადოებას გავაცნოთ სექტორის სწორი დაგეგმვისა და მართვის ის ნიუანსები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის განათლების სისტემის ჰარმონიული განვითარებისთვის. ვიმედოვნებთ, ჩვენი ინფორმაცია საინტერესო და სასარგებლო იქნება განათლების მოქმედი და მომავალი მენეჯერებისთვის, პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის.

რუბრიკის ფარგლებში შევეხებით სისტემის მაკრო და მიკრო დონეებზე მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განათლების სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება; განათლების პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია; სისტემის დაფინანსების ნიუანსები და მოდელები; დეცენტრალიზებული მართვის პრინციპები; ხარისხის უზრუნველყოფისა და მართვის საკითხები; მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სკოლის ბაზაზე არსებული პროფესიული განვითარება; მიკროდაგეგმვა და სკოლების დარუქება და ბევრი სხვა.

განათლების სისტემის დაგეგმვის საფუძვლები

ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ინფორმაციის გაცვლის ტემპმა და ხარისხმა შესამჩნევად იმატა. შესაბამისი ცვლილებები განიცადა განათლების სისტემათა რეფორმირების პოლიტიკამ და სტრატეგიებმა. ინტერნეტისა და სოციალური ქსელების განვითარებამ ახალი იმპულსი შესძინა გლობალურ პროცესებს და წარმოშვა აუცილებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები უფრო აქტიურად გამოყენებულიყო სწავლისა და სწავლების პროცესში. დღეს მრავალი ქვეყანა ცდილობს, საკუთარი განათლების სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ ეკონომიკურ რეალობასა და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი.

ამა თუ იმ ქვეყნის შემდგომი განვითარების ხარისხი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ მოახერხებს ქვეყანა საკუთარი განათლების სისტემის ისე მოდერნიზებას, რომ იგი სავსებით პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და, ამასთან, სწრაფად ცვალებად გარემოში მყისიერ რეაგირებასა და მოქნილ თვითგანვითარებაზე იყოს ორიენტირებული. საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი განათლების სისტემის მოუქნელობის, კონსერვატიულობის, ინვესტიციების გრძელვადიანი ეფექტის და ა.შ. შესახებ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ აქტუალობას კარგავს. საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მეტწილად განათლების სისტემის მოქნილობასა და გამოწვევებზე სათანადო რეაგირების ხარისხზე იქნება დამოკიდებული. იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს სისტემის წინაშე მდგარი ამოცანები, შეფასდეს და გაანალიზდეს რისკები და დაისახოს განვითარების ოპტიმალური გზები, აუცილებელია განათლების სისტემის ჰარმონიულ განვითარებაზე ორიენტირებული სწორი და გეგმაზომიერი პოლიტიკის წარმოება.

რას წარმოადგენს განათლების სექტორის დაგეგმვა

 განათლების სექტორის დაგეგმვა (Education Sector Planning (ESP)) წარმოადგენს დაგეგმვით პროცესს, რომლის შედეგადაც განისაზღვრება სისტემის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში მისაღწევი მიზნები და ამოცანები, სამომავლო ორიენტირები. განათლების დაგეგმვის მრავალი დეფინიცია არსებობს. მისი ძირითადი მიმართულებები და დონეები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. განათლების სექტორის დაგეგმვა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ტექნიკური პროცესი. ის მეტწილად ორგანიზებულ სოციალურ პროცესს წარმოადგენს, მასში ჩართული დაიტერესებული აქტიორების მრავალგვარობის გათვალისწინებით.

განათლების დაგეგმვის დომინირებადი კონცეპტები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ცვლილებებს განიცდიდა დროის კონკრეტულ მონაკვეთებში სისტემის წინაშე მდგარი ამოცანები და ძირითადი პროცესები. იცვლებოდნენ მონაწილე აქტიორებიც. ამჟამად უმთავრესად გავრცელებულია ე.წ. სტრატეგიული დაგეგმვის მიდგომა შესაბამისი დონეებითა და კომპონენტებით. XX საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით – მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, დასავლეთის ქვეყნებში დამკვიდრდა ე.წ. ტრადიციული დაგეგმვის მიდგომა. მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ზოგიერთმა ქვეყანამ სტრატეგიულ დაგეგმვაზე გადასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული დაგეგმვა იყენებს ტრადიციული დაგეგმვის ზოგიერთ ელემენტსა და მახასიათებელს, ძირითადი განსხვავება მაინც ახალი მენეჯერული კულტურის დანერგვაშია, რომელიც ეფუძნება მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. ეს არის პროცესი, რომელიც ბევრ დროს მოითხოვს სასურველი შედეგის მისაღებად, განსაკუთრებით – ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც სამოქალაქო სერვისების სისტემათა ნაკლებად განვითარებული საბაზო პირობები აქვთ. ქვემოთ, ცხრილში, მოყვანილია ორი მიდგომის რამდენიმე ძირითადი განსხვავება.

ტრადიციული დაგეგმვა სტრატეგიული დაგეგმვა
შენატანზე ორიენტირებული შედეგზე ორიენტირებული
ტექნოკრატიული მონაწილეობითი
ნეიტრალური მობილიზაციის ინსტრუმენტი
სწორხაზოვანი დაგეგმვა ინტერაქტიული დაგეგმვა
ხისტი იმპლემენტაცია მოქნილი იმპლემენტაცია
რუტინაზე დაფუძნებული ცვლილებებზე ორიენტირებული
შეგუებითი მონიტორინგი შემოქმედებითი მონიტორინგი
აქცენტი გეგმის დოკუმენტზე აქცენტი გეგმის იმპლემენტაციაზე

 

სტრატეგიული დაგეგმვის ძირითადი დონეები

განათლების სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა, ისევე როგორც სხვა სექტორებისა, ოთხ საკვანძო კითხვაზე პასუხების მოძიების სისტემატურ პროცესს წარმოადგენს. თითოეული კითხვა კავშირშია კონკრეტულ დაგეგმვით პროცესთან, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია ნაჩვენები:

კითხვა დაგეგმვის ეტაპები და პროცესები
სად ვიმყოფებით ამჟამად? დიაგნოსტირება: სექტორში არსებული სიტუაციის ანალიზი
სად გვინდა აღმოვჩნდეთ მომავალში? რომელ მიმართულებას ავირჩევთ ამისთვის? პოლიტიკის ფორმულირება: მიზნების და სტრატეგიების არჩევა
როგორ (რა მექანიზმით, რა რესურსებით, შეფასების რომელი სპეციფიკური კრიტერიუმებით და სხვა) მივაღწევთ დასახულს? მიზნების დაგეგმვა და გეგმის ოპერაციონალიზაცია: რეალისტური მიზნების დასახვა და მიღწევის გზების განსაზღვრა
სწორი გეზი გვაქვს აღებული? რა ცვლილებებია განსახორციელებელი? მონიტორინგი პროგრესის გაზომვა და შეფასება, კორექტირების პროცესის განხორციელება

კითხვების წამოწევა განსაზღვრული ლოგიკური თანმიმდევრობით ხორციელდება, ხოლო პასუხები ურთიერთდამოკიდებულია და ურთიერთგავლენას განიცდის. მაგალითად, გადაწყვეტილების, სად გვინდა ვიყოთ მომავალში, ერთხელ გადახედვის შემთხვევაში გადახედვას ექვემდებარება ამ მიზნის მიღწევის გზებიც. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს დაგეგმილი ამოცანებისა და განხორციელების სტრატეგიების ცვლილებას. ასე რომ, სტრატეგიული დაგეგმვა უნდა განვიხილოთ როგორც პერიოდულად განმეორებადი პროცესი, რომელიც მოიაზრებს განსაზღვრული კითხვების ხელახალ გააქტიურებას და ცვლილების შესაბამისი დაგეგმვითი პროცედურების განხორციელებას.

დაგეგმვითი პროცესები არ მთავრდება მაშინვე, როგორც კი გეგმის განხორციელება დაიწყება. საშუალოვადიანი თუ გრძელვადიანი გეგმა ერთხელ და ყველა სიტუაციისთვის კი არ დგება, არამედ ექვემდებარება ტრანსფორმაციას ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში, რომელიც, თავის მხრივ, რეგულარულ განახლებას მოითხოვს.

დაგ

მოცემული სქემა ასახავს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის თანმიმდევრულ ეტაპებსა და განსახორციელებელ აქტივობებს. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ (ეს თვალნათლივ ჩანს სქემაში) დაგეგმვითი პროცესის ცენტრალური ფაზა ყოველწლიური გეგმების შემუშავებისა და მონიტორინგის ციკლებია. აღნიშნული ფაზები ხელს უწყობს სტრატეგიული გეგმების მოქნილობას და ცვალებად გარემოში გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფას.

გადაწყვეტილების ზოგიერთი მიმღებისთვის მნიშვნელოვანია დროის მოკლე მონაკვეთში ხელშესახები შედეგების დაფიქსირება, რაც ნაკარნახევია პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა მიზეზებით. ამ პირობებში ნაკლებად მიმზიდველია ხანგრძლივი, კომპლექსური და ხარჯიანი (რესურსების მხრივ) პროცესის წამოწყება ან გაგრძელება. განათლების მესვეურნი უპირატესობას ანიჭებენ ე.წ. ოპერატიულ მოქმედებას, რაც წამოჭრილი პრობლემების სწრაფ მოგვარებას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც წესი, უფრო დახურული და ნაკლებად ტრანსფარენტული ხდება, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებთა წრე საგრძნობლად ვიწროვდება. საბოლოო ჯამში პრობლემების ოპერატიულად მოგვარების მეთოდი, რომელსაც ნაკლები კავშირი აქვს სტრატეგიულ დაგეგმვასთან, იძლევა მოკლევადიან ეფექტს და აბსოლუტურად ვერ უზრუნველყოფს პრობლემის საბოლოო მოგვარებას.

სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის განხორციელებისას მნიშვნელოვანია მისი ყოველი ეტაპისა და რგოლის გავლა. რომელიმე ერთი რგოლის ნაწილობრივი ან სრული ამოვარდნა აზრს უკარგავს პროცესის თანმიმდევრულ განხორციელებას. შედეგად ვიღებთ სექტორში განსახორციელებელი რეფორმების არათანმიმდევრულობას და ფრაგმენტულობას; გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ხშირ ცვლილებებს ვალიდური საფუძვლების გარეშე; სარეფორმო პროცესების სრულ ან ნაწილობრივ დისკრედიტაციას და საზოგადოების მხრივ მიუღებლობის უმაღლეს ხარისხს. ამ შემთხვევაში ფუნდამენტურად ირღვევა სტრატეგიული დაგეგმვის ძირითადი პრინციპები (მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღება და მაქსიმალური ჩართულობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა) და პროცესი იღებს ზემოდან ქვემოთ მიმართულ ხასიათს. საბოლოო ჯამში, დაგეგმვითი პროცესის იგნორირების ან არასწორად წარმართვის სავალალო შედეგები პირდაპირპროპორციულად აისახება სექტორის განვითარების პერსპექტივებზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Maureen Woodhall. 2004. Cost-benefit analysis in educational planning. Fundamentals of educational planning No. 80, Paris: IIEP-UNESCO (Chapters 1, 6, 9, 11 and 12)
  • Olivier Bertrand. 2004. Planning human resources: methods, experiences and practices. Fundamentals of educational planning No. 41, Paris: IIEP-UNESCO (Chapters 1, 2, 4 and 7)
  • Philip Coombs. 1970. What is educational planning? Fundamentals of educational planning No. 1, Paris: IIEP-UNESCO

სიგარეტი ლაშასთვის

0

როგორც აღმოჩნდა, როცა შენ სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ითვლიდი, მე, ვახო და ზურაბი თბილისის გზას ვადექით. მამაჩემის ტელეფონზე მამაშენმა დარეკა და ძმას ბღავილით შესჩივლა, რომ შენ ცოცხალი აღარ იყავი. ზურაბს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. ვახომ დაჭრილი დათვივით დაიღრიალა და საჭეს სწრაფად გადაკრა ხელი, რათა მანქანა გაეჩერებინა. მხოლოდ მე ვიყავი უმოქმედოდ. ვიჯექი უკანა სავარძელზე, სახე გამეხებული მქონდა, წარბები შუბლს მაღლა ატანილი და ვცდილობდი თან არ  გავყოლოდი იმ ტალღას, რომელმაც ტანში დამიარა, როცა შენი სიკვდილის ამბავი გავიგე.

გახსოვს ბავშვობავში ტალღებს რომ ვებრძოდით? მაშინ, როცა დამსვენებლებით გადავსებულ სანაპიროზე საცვლების გამოცვლის ჯერაც არ გვრცხვენოდა,  ბიძაშვილები ხაზზე ჩავმწკრივდებოდით და ვცდილობდით ნაპირზე მოვარდნილ, უკვე დასუსტებულ ტალღებს გავმკლავებოდით. თუმცა, შენ ზღვის კაცი არასოდეს ყოფილხარ. ვიფიქრებდი, რომ ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებს ყელში გქონდა ამოსული ზღვა, მაგრამ ეს ასე არ არის. “მმმდინარეზე არ წწწევდეთ?” – ხშირად ამბობდი აჭარული კილოთი, რომელსაც განსაკუთრებულობას შენი ლოგონევროზი სძენდა. მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, რომ შენ ზღვა კი არა, ხალხმრავლობა გღლიდა. ვერ წარმოიდგენ როგორ ვნანობ, რომ ერთხელაც არ წამოგყევი.

არადა, სად აღარ წამოგყოლივარ – კომუნისტების დროინდელი საკონსერვო ქარხნის მიტოვებული, უშველებელი ტერიტორიის ყოველი კუთხე-კუნჭული ერთად გვაქვს ათვისებული; მიტოვებულ შენობებში კონსერვის ქილების ეტიკეტები განძივით აღმოგვიჩენია; სოსისების ქარხნის გადაღმა, გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” გაყვითლებულ ქაღალდში გახვეული გამხმარი მაყვლის ფოთოლი მოგვიწევია; ღორების ფერმის გვერდით, ჯერ კიდევ მკვახე მაყვალი გვიჭამია; სხვენში ნაპოვნი, ბრეჟნევის დროინდელი ლიმონმჟავით დაგვითუთქია გულ-მუცელი; ლიმონათის ქარხანაში „მეგრელების კლანთან“ გვიჩხუბია; გელაურში გადასასვლელად მატარებლის ქვეშ გავმძვრალვართ; ტურბაზაში ორი ლარის ამარა წავჩერჩეტებულვართ მიმტანი გოგონების გასაცნობად და ამაოდ ვმსხდარვართ ზღვის პირას, სანამ კოკისპირულად არ დაუშვა.

ის ზაფხულიც გეხსომება, წვიმას რომ თითქმის არ გადაუღია. ჩვენ დღეებს ვატარებდით მეორე სართულზე, ტელევიზორის წინ. ზოგი საწოლზე ვისხედით, ზოგი იატაკზე, ზოგი ბამბუკის კიბეზე. ალუმინის სახურავზე წვიმის წვეთები საოცრად მყუდრო მელოდიას უკრავდა, მონიტორზე კი ერთმანეთის მიყოლებით ხან “სისხლიანი სპორტი” გადიოდა, ხან “ორმაგი დარტყმა”, ხან “გარჩევა პატარა ტოკიოში”. ზოგჯერ ინდური ფილმი “მტერი” მიტჰუნ ჩაკრაბორტის მონაწილეობით. ღმერთო, მისი პერსონაჟების სახელები დღემდე ძილისპირული ლოცვასავით მახსოვს: რაკეში, კალიჩარნი, რუბჩანდი, სუდჯეტა, გიტა, დაკოსტა, ლაკშმი… ჰეჰ, გახსოვს როგორ მიუხვდა რაკეში რუბჩანდს მზაკვრულ ჩანაფიქრს, სადღესასწაულო სანათის ანთებისას მისი აფეთქება რომ უნდოდა? ან რა ოსტატურად გამოასალმა სიცოცხლეს დაკოსტა კანალიზაციის მილში მას შემდეგ, რაც მან ლაკშმი მოსტაცა.

ისე, შენც მოგტაცეს ერთი გოგო. რაკეშისგან განსხვავებით, შენ მისი დაბრუნება ვერ შეძელი. ახლა რომ ვუკვირდები, სწორედ მაშინ წავიდა შენი გზა თავქვე. რაც ჭკუაში ჩავცვივდით, მე სულ უფრო იშვიათად ვსტუმრობდი ქობულეთს ზაფხულობით. ჟან-კლოდ ვან დამის ეპოქა წავიდა, სახლის სახურავზე მორახუნე წვიმის ხმამ სიმყუდროვე დაკარგა, კონსერვების ეტიკეტებმა კი – შემსყიდველუნარიანობა. ჩვენ გადავიქეცით ადამიანებად, რომლებსაც ერთმანეთთან ბედნიერი წარსული აკავშირებდათ და აწმყოში ვერ პოულობდნენ დროს სამომავლო ფათერაკების დასაგეგმად. შორიდან მომდიოდა ხმები, რომ ბოლო დროს ცხოვრებას აღარ უძალიანდებოდი და მის დინებას ისე მიჰყვებოდი, რომ არ იცოდი, სადამდე მიგიყვანდა.

საავადმყოფოში რომ მიგიყვანეს, ჯერ კიდევ მეგონა, რომ აქაურობისკენ მოგაბრუნებდნენ. მერე ანალიზებს ჩავხედე და ჩემთვის, უკანასკნელი დილეტანტისთვისაც კი ნათელი გახდა, რომ შენი ორგანიზმი გაიფიცა. ორგანოებმა გადაწყვიტეს აღარ ემუშავათ. შენ მოსანახულებლად ჩამოსული, რეანიმაციაში არ შემოვედი. არ ვიცი, იქნებ არ მინდოდა ისეთი მენახე, როგორადაც ჩვენები აღგწერდნენ – გაწამებული, ფორთოხლისფერი, უხალისო და ძალაგამოცლილი.

ძალა მოვიკრიბე და საკუთარი თავი ვაიძულე დამენახა ის, რისი დანახვაც არ მინდოდა. ამბობენ, რომ თუკი შენი ახლობლის ცხედარი არ გინახავს, ის კვლავ ცოცხალი გგონია და იმედი გაქვს, რომ როცა მის ქალაქში ჩახვალ, ისიც იქ დაგხვდება, გაგიღიმებს, გადაგეხვევა და გკითხავს: „რრრაფერ ხარ?“. მე შენ დაგინახე არა ისეთი, როგორიც მახსოვდი და როგორადაც ყოველთვის დარჩები ჩემს მეხსიერებაში, არამედ ისეთი, როგორადაც სიკვდილმა გაქცია – გაფითრებული და გაყინული. ალბათ თავის მოტყუება არ მინდოდა და იმიტომ. როგორც შენ ოდესღაც მასწავლე, ტალღას ვერ შეეწინააღმდეგები – ის უნდა მიიღო, მას უდა აჰყვე. მე გადავწყვიტე სრულად მიმეღო შენი დანაკარგისგან გამოწვეული ტკივილიც.

განა ტკივილის გამო არ არის, გარდაცვლილ კაცს რომ გესაუბრები? თითქოს რამეს იგებდე. ჩემს გულში ნათქვამს ვერც მაშინ გაიგებდი, როცა ციხისძირის მიწაში გიშვებდით. სწორედ იმ ადგილას, სადაც კარტოფილის მეურნეობის დაწყება გინდოდა. ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას, სწორედ ამაზე მელაპარაკე. მართალია თვალებში უწინდელი ხალისი აღარ მოგიჩანდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მაცნობდი დიდი მეურნეობის შექმნის სურვილს.

შენი უკანასკნელი სურვილი, როგორც მითხრეს, ერთი ღერი სიგარეტი ყოფილა, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, საავადმყოფოში არ მოგაწევინეს. უცნაურია, როგორ ჰგავხართ სურვილებითა და უიღბლობით შენ და ის პოეტი, რომელიც შენსავით მხოლოდ უნაპირო ზღვებს, ცოტა სიყვარულსა და ერთ ღერ პაპიროსს ირჩევდა. ამიტომაც, ისეთივე გულწრფელობით გეტყვი, როგორც ჩარლი გორდონი ამბობს წიგნის „ყვავილები ელჯერნონისთვის“ დასასრულს. 28 აპრილს, როცა ჩემი ერთ წლიანი მოუწევლობის პერიოდი დასრულდება, თუკი არ გადავიფიქრე და მოწევის გაგრძელება გადავწყვიტე, პირობას გაძლევ, რომ სუფთა ჰაერზე გავალ, ერთ სიგარეტს ჩემთვის გავუკიდებ, მეორეს კი – შენთვის და წარმოვიდგენ, რომ ერთად ვეწევით, ისევე როგორც ძველ, კარგ დროს, ზღვის პირას, როცა ზღვას, ჩვენი ოცნებების მსგავსად, ჰორიზონტი არ უჩანდა.

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ

0

ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მას ბავშვთან ცოტა უჩვეულო და არცთუ ისე სასიამოვნო თემებზე უწევს საუბარი. ერთ-ერთი ასეთი თემა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. როგორ ველაპარაკოთ ბავშვს სიკვდილის შესახებ, ღირს თუ არა მასთან საუბარი იმაზე, რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერს და მათ შორის ადამიანის სიცოცხლესაც აქვს დასასრული. თუ ბავშვი მოულოდნელად დაგვისვამს ამ თემაზე შეკითხვას, რა ვუთხრათ და რაზე გავჩუმდეთ, რისი თქმისაგან შევიკავოთ თავი. ალბათ ბევრი მშობლისთვის საინტერესო იქნება აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხის მიღება. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია,  თუ რა ასაკის ბავშვთან გვაქვს საქმე. სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის სიკვდილის აღქმა და წარმოდგენა სიკვდილზე სრულიად განსხვავებულია. ხუთ  წლამდე  პატარებს არ ესმით, რომ სიკვდილი ნიშნავს ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს, რომ სიკვდილი შეუქცევადია. ისინი მას აღიქვამენ როგორც ძილს,  დროებით მოვლენას, მოგზაურობას, სადმე გამგზავრებას. სიკვდილის არსის პირველი გაცნობიერება ჩვეულებრივ ხუთი წლის ასაკში იწყება. ამ პერიოდში ფართოვდება ბავშვის წარმოდგენა სამყაროზე და საკუთარ თავზე ამ სამყაროში. საყურადღებოა მოზარდთა დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთან, მათი დაინტერესება აღნიშნული თემით. ცნობილი ფაქტია, რომ გარდამავალ ასაკში მოზარდში იღვიძებს ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების უნარი. ამ პერიოდში მათ, როგორც წესი, უჩნდებათ შემდეგი სახის შეკითხვები: „ვინ ვარ მე?“, „რატომ მოვედი ამ ქვეყნად?“, „რა მოხდება, როცა მოვკვდები?“ და ა.შ. მათ თავისუფლად შეუძლიათ იმის გაგება, რომ სიკვდილი გარდაუვალი და შეუქცევადი პროცესია. ამდენად, როცა ბავშვთან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე საუბარს გადავწყვეტთ, აუცილებლად გავითვალისწინოთ კონკრეტული პერიოდისთვის დამახასიათებელი  თავისებურებები.

     პირველი შეკითხვები სიკვდილთან დაკავშირებით ბავშვს, როგორც წესი, მაშინ უჩნდება, როცა პირდაპირ „ეჯახება“  სიკვდილს,  მაშინაც, თუ ის მკვდარ ცხოველს ან ფრინველს ხედავს. იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება დედა, მამა, ბებია ან სხვა ახლობელი დაკარგოს, აშინებს ბავშვს, ბადებს მასში კითხვებს, იწვევს მწვავე განცდებს და შფოთვას.

     ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ სიმართლის თქმით შეაშინებს პატარას და არ უნდა მისი ტრავმირება. უნდა დავუმალოთ თუ არა ბავშვს სიმართლე იმ მოტივით, რომ არ შევაშინოთ ის. რა პასუხი გავცეთ მის შეკითხვებს: „ყველა მოკვდება?“, „მეც მოვკვდები?“ როგორ დაველაპარაკოთ ბავშვს სიკვდილზე ისე, რომ ეს მისთვის მატრავმირებელი არ აღმოჩნდეს. ვფიქრობ, ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხების ძიებას,  ადრე თუ გვიან,  ყველა მშობელი იწყებს.

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • უპირველეს ყოვლისა, არ არის სასურველი, რომ ბავშვის შეკითხვები სიკვდილთან დაკავშირებით ყურს მიღმა გავუშვათ და მისი ყურადღება სხვა, უფრო „მხიარულ“ თემებზე გადავიტანოთ;
  • ნუ ვამყოფებთ ბავშვს გაურკვევლობაში. არ შეიძლება, რომ სიკვდილის თემა და ამ ქვეყნიდან წასვლა ტაბუდადებულად „გამოცხადდეს“ ოჯახში. როგორც წესი, უფროსებს თავად არ გვიყვარს სევდიან, ნაღვლიან საკითხებზე ფიქრი და ლაპარაკი. ჩვენ გავურბივართ პასუხებს ბავშვის შეკითხვებზე და გვსურს  დავიცვათ ის. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ასეთი ქცევა უფრო მეტი პრობლემის აღმოცენების  მიზეზი ხდება;
  • თუ ჩვენ მოწყენილი და ნაღვლიანი ვართ ახლობლის გარდაცვალების გამო, ნუ დავუმალავთ ჩვენს გრძნობებს ბავშვს და ამასთან, ავუხსნათ კიდეც, თუ რატომ ვართ მოწყენილი. ნუ შეგვაშინებს ბავშვისთვის სულიერი სიმშვიდის დარღვევა. შევეცადოთ ვიყოთ რაც შეიძლება ბუნებრივი. დედის „გაქვავებული“ და უგრძნობი სახის ყურება მაშინ, როცა ის ძლიერ ემოციებს განიცდის, ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის გაცილებით უფრო საშინელია, ვიდრე მისი ცრემლები. თუ ტირილისგან თავშეკავება გვიჭირს, ვიტიროთ, მაგრამ ავუხსნათ ბავშვს, რა გვაწუხებს. თუ ბავშვი ჩვენთან ერთად ტირის, დავამშვიდოთ, მაგრამ ნუ შევეცდებით მის გადართვას სხვა მიმართულებით. შევეცადოთ ავუხსნათ ბავშვს, რომ როცა ვინმე კვდება, მწუხარება ნორმალური მოვლენაა და გარკვეული დროის შემდეგ ის გაივლის. ნებისმიერი ახალი ინფორმაცია ასეთ დროს გარკვეულ ემოციურ განცდებს იწვევს და ეს სრულიად ბუნებრივია;
  • ვესაუბროთ ბავშვს რაც შეიძლება მარტივი და მისთვის გასაგები ენით, ვერიდოთ სიტყვაუხვობას;
  • მზად ვიყოთ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ნებისმიერ, ყველაზე მოულოდნელ შეკითხვასაც კი;
  • ნუ შეგვაშინებს ჩვენთვის საკმაოდ მძიმე და არცთუ სასურველ თემაზე საუბარი. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბრისას ჩვენ დისკომფორტს განვიცდით, უხერხულად ვგრძნობთ თავს და გვეშინია კიდეც, ის შეწყვეტს შეკითხვების დასმას და ჩვენი შიში მასაც გადაეცემა. ამიტომ, საჭიროა მოვემზადოთ საუბრისთვის და მშვიდი ტონით ვუპასუხოთ ნებისმიერ, ყველაზე უცნაურ შეკითხვასაც კი;
  • ბავშვთან საუბარი აღნიშნულ თემაზე მხოლოდ მაშინ დავიწყოთ, როცა ის შეკითხვებს დაგვისვამს. ამასთან, ვუპასუხოთ მხოლოდ მის მიერ დასმულ შეკითხვებს, ნუ განვავრცობთ სასაუბრო თემას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არიან შედარებით უფრო ჩაკეტილი ბავშვები, რომლებიც კითხვების დასმას გაურბიან. ასეთ დროს საჭირო იქნება ჩვენი მხრიდან ინიციატივის გამოჩენა და საუბრის წამოწყება;
  • ნუ მოვატყუებთ ბავშვს, ველაპარაკოთ მხოლოდ სიმართლე. სიკვდილი ბუნებრივი მოვლენაა, ჩვენი ცხოვრების ნაწილია; თუ ჩვენ უფროსები ამას ასე აღვიქვამთ და ჩვეულებრივ ვისაუბრებთ მასზე, ბავშვსაც გაუადვილდება მისი მიღება და გაგება;
  • აღნიშნულ თემაზე ბავშვთან საუბრისას მოვერიდოთ მეტაფორების გამოყენებას, ვისაუბროთ პირდაპირ, ნუ შევადარებთ სიკვდილს ძილს და ნუ ვეტყვით ბავშვს, რომ გარდაცვლილმა ადამიანმა „სამუდამოდ დაიძინა“ ან „უცხო სამყაროში“ გაემგზავრა. ხშირად ბავშვები მეტაფორებს პირდაპირ იგებენ და ასეთი სიტყვების შემდეგ შეიძლება პატარამ უარი თქვას ძილზე ან მოგზაურობაზე იმის შიშით, რომ შეიძლება მასაც რამე მოუვიდეს. თუ ადამიანის გარდაცვალებას დაძინებას შევადარებთ, ამით, ჩვენდა უნებურად პროვოცირებას გავუკეთებთ დაძინების, მარტო დარჩენის, ბნელ ოთახში ყოფნის შიშს;
  • შევეცადოთ არ ჩავვარდეთ პანიკაში, როცა ბავშვთან ახლობლის გარდაცვალების შესახებ საუბარს დავაპირებთ. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვს აშინებს არა თავისთავად სიკვდილი, არამედ ჩვენი შიში სიკვდილის მიმართ;
  • ახლობელი, ძვირფასი და საყვარელი ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებული დიდი ტკივილისა და მწუხარების ჟამს ბევრი ზრდასრული ადამიანისთვის ძნელია იმაზე ფიქრი, თუ როგორ უთხრას ბავშვს, რომ მისი საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა; ამიტომ, პოულობენ ყველაზე მარტივ გამოსავალს – მიყავთ ბავშვი სახლიდან, ტოვებენ რომელიმე ნათესავთან და მხოლოდ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ეუბნებიან, რომ მათი ოჯახის წევრი გარდაიცვალა. ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს – ბავშვს გაუჩნდეს ახლობლების მიმართ უნდობლობის გრძნობა, რომლის დაძლევა მომავალში სერიოზულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ამდენად, უკეთესი იქნება, თუ ახლობლის გარდაცვალების ამბავს ბავშვს დროულად გავაგებინებთ და ამასთან, აჯობებს, თუ ამას მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი გააკეთებს, ის, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს და ვისაც ენდობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვთან სიკვდილზე საუბრის დროს ჩვენი ემოციების და ქცევის მართვისთვის ვფიქრობ, საკმაოდ ძნელია „მზამზარეული  რეცეპტების“ გამოწერა. თუმცა, ერთი რამ ცხადია – გულწრფელობის ნაკლებობა და სიყალბე ასეთ დროს ბავშვის ნდობის დაკარგვის სერიოზული მიზეზი შეიძლება გახდეს.  გავითვალისწინოთ, რომ რამდენადაც ძნელია ბავშვის ნდობის მოპოვება, იმდენად ადვილია მისი დაკარგვა. ნდობის გარეშე კი სერიოზული პრობლემები ბავშვთან ურთიერთობაში გარდაუვალია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...