სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

ალბომი ახალგაზრდობისთვის

0

მეოცნებე კომპოზიტორს რობერტ შუმანს ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრს წერდა მათთვის. „დიდებისა“ და „ბავშვებისთვის“ განკუთვნილ მუსიკას შორის ის მკაფიო ზღვარს არ ავლებდა და ერთნაირად აქსოვდა მათში მუსიკალურად მდიდარ შინაარსს.

საბავშვო საფორტეპიანო ლიტერატურას, კერძოდ, კრებულებს „საბავშვო სცენები“, „12 პიესა პატარა და დიდი ბავშვებისთვის“, „საბავშვო მეჯლისი“ და „ალბომი ახალგაზრდობისთვის“, წამყვანი როლი ენიჭება შუმანის შემოქმედებაში, თავად ამ უკანასკნელს კი საბავშვო რეპერტუარში დამსახურებულად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი.

ალბომში შემავალი პიესები ზედმიწევნით ითვალისწინებს პატარა მუსიკოს-შემსრულებელთა შესაძლებლობებს. შუმანი მათში ბავშვების მხიარულ და გასაოცარ, ზღაპრულ სამყაროს გადმოსცემს.

შუმანის საბავშვო მუსიკა და ნაწილობრივ – „ალბომი ახალგაზრდობისთვის“ საკმაოდ განსხვავდებოდა იმ დროის საბავშვო მუსიკალური ლიტერატურისგან უჩვეულო სირთულით, გულწრფელობით, აღმაფრენით, სიფაქიზითა და პროგრამულობით. „პიესები, რომელებსაც ბავშვები უნდა სწავლობდნენ, ძალიან უხარისხოა“, – წერდა კომპოზიტორი ერთ-ერთ ჩანაწერში. მას მოაფიქრდა, შეექმნა და გამოეცა კრებული ბავშვებისთვის. კრებულის შექმნის ისტორიას მჭიდრო კავშირი აქვს კომპოზიტორის მამობრივ მუსიკალურ-აღმზრდელობით ცდასთან. ეს ის დროა, როდესაც მისი შვილები მუსიკის შესწავლას იწყებენ. პირველი საფორტეპიანო პიესები შუმანმა უფროსი ქალიშვილის მარიას დაბადების დღის (1848 წლის 1 სექტემბერი) აღსანიშნავად დაწერა. სწორედ ეს ნამუშევრები დაედო საფუძვლად კრებულს „ალბომი ახალგაზრდობისთვის“.

ეს „მოწიფული“ საბავშვო კრებული, რომელსაც ატყვია შუმანის სტილისთვის დამახასიათებელი სიღრმე და ორიგინალობა, სავსებით მისაწვდომია ბავშვებისთვის. ალბომი, მასში წარმოდგენილი ფართო ინტონაციური სამყაროთი, სამართლიანად მიიჩნევა კომპოზიტორის ყველაზე უნივერსალურ ნაწარმოებად. უბრალოებითა და გამჭვირვალობით გამორჩეული კრებული აგებულია სერიოზულობისა და თამაშის კონტრასტზე. „ალბომი ახალგაზრდობისთვის“ მოიცავს 2 რვეულს 43 პროგრამული პიესით. პირველი რვეული პატარებისთვის არის განკუთვნილი. რვეულში შემავალ პიესებს საერთო ტონალობა – დო მაჟორი აერთიანებს. მეორე რვეული კი, რომელიც სამი უსათაურო ლირიკული პიესისგან შედგება, მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი. ალბომში თავმოყრილ „მუსიკალურ ნოველებს“ იმ მრავალფეროვან სამყაროში შევყავართ, რომლითაც გარემოცულია ბავშვი. ეს არის სახლი, საბავშვო ოთახი, ბუნების სურათები, სოფლის სცენები და ა.შ.

გაკვეთილზე მეცადინეობის ნიმუში:

ყოველი შეცნობა აღქმით იწყება, ამიტომ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ბავშვებს მუსიკის მოსმენა ვასწავლოთ. თანდათან შევაჩვიოთ მუსიკალური ნაწარმოების ხასიათის, ჟანრული განსაკუთრებულობის, ფორმის წარმოქმნის მომენტების განსაზღვრას, მუსიკალური ენის გაგებას.

სოლფეჯიოს პროგრამა მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზს ითვალისწინებს. განიხილება ნაწარმოების ხასიათი, ფრაზების რაოდენობა, კილო, აღმავალი და დაღმავალი საფეხურებრივი სვლები, მყარი და მერყევი საფეხურების მოძრაობა, ზომა, ტემპი, რიტმი, მაჟორული და მინორული სამხმოვანების განსაზღვრა, ტონიკური სამხმოვანების, ინტერვალებისა და დინამიკური შეფერილობების ამოცნობა და ა.შ

დღეისთვის შევარჩიე რობერტ შუმანის მეტ-ნაკლებად ადვილად ამოსაცნობი პიესა „მამაცი მხედარი“. სასწავლო-მეთოდური მიზნით ის უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.

უპირველეს ყოვლისა, მოვისმინოთ და გამოვიცნოთ, როგორი ხასიათია გადმოცემული მუსიკით და რას მოგვითხრობს ეს პიესა. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მუსიკას საკუთარი ენა აქვს და ის ბგერებით „ჰყვება“.

ბავშვებს მარტივად ავუხსნათ, რომ პიესა „მამაცი მხედარი“ სწრაფია, ენერგიული, მხიარული, ლაღი, გაბედული; მამაცი მხედარი დაბრკოლებათა გადალახვით უშიშრად მიაქროლებს ცხენს. ამის შემდეგ პიესა კიდევ ერთხელ მოვასმენინოთ. ყურადღება მივაქციოთ რიტმსა და ტემპს.

საინტერესო მოსასმენი იქნება ბავშვების პასუხი კითხვაზე, რატომ ჰქვია პიესას „მამაცი მხედარი“. მოსმენით მიღებული შთაბეჭდილება ბავშვების წარმოდგენაში აუცილებლად დაუკავშირდება ცხენის სწრაფი ქროლას და ჩლიქების თქარუნს. მათ ასევე უნდა დაადგინონ, იცვლება თუ არა პიესაში მუსიკის ხასიათი და რამდენ ნაწილად შეიძლება დაიყოს ის. თუ სწორი პასუხი ვერ მივიღეთ, ავუხსნათ, რომ პიესის დასაწყისში და დასასრულს მუსიკა ერთნაირია – ენერგიული, გამბედავი, ხოლო შუაში ჟღერადობის შეფერილობა იცვლება; ის მღელვარე და მოუსვენარია, ვინაიდან მხედარს საფრთხეებთან გამკლავება უწევს. შესაბამისად, პიესა 3 ნაწილისგან შედგება.

ახლა გადავხედოთ მუსიკალურ გამომსახველობით ხერხებს. ერთმანეთისგან განვასხვაოთ წყვეტილი ჟღერადობა, მახვილები, ტემპი, რეგისტრი, დინამიკა.

მასწავლებლებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ, შუმანისავე პიესების „მელოდიისა“ და „მარშისგან“ განსხვავებით, „მამაც მხედარში“ პატარა მუსიკოსის საშემსრულებლო ამოცანა რიტმის (ტრიოლური) თვალსაზრისით უფრო რთულია. აქ, ერთი მხრივ, აკორდებში ხელების სწრაფი კოორდინაცია და დინამიკური ბალანსი მოითხოვება, მეორე მხრივ კი – დომინირებულ სტაკატოებთან ერთად აქა-იქ გადაბმით დაკვრა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მელოდიასა და აკომპანემენტს შორის ჟღერადობის ბალანსის მიღწევა.

პიესას მარტივი სამნაწილიანი ფორმა აქვს ზუსტი რეპრიზით. შუა ნაწილში მელოდია და აკომპანემენტი „სივრცის“ შეგრძნებას ბადებს. მინიატურის მთავარი სახე მხედრის „პორტრეტია“ – გმირის აღფრთოვანება საკუთარი თავგანწირვით, სიმამაცითა და მოხერხებულობით. მხედრის სახისა და ემოციური ატმოსფეროს შესაქმნელად კომპოზიტორი ძალზე ზუსტად არჩევს გამომსახველობით ხერხებს.

დაწერილია 6/8 ზომაში, მინორულ ტონალობაში. მოტივები ერთმანეთზეა „გადაჯაჭვული“ და შეუჩერებელი რიტმული პულსაციით მიქრის. სწრაფი, მოუსვენარი ტემპით აკომპანემენტის წყვეტილი აკორდები გადმოსცემს ნახტომისებურ რიტმს. მელოდია ზევით, კულმინაციისკენ მიისწრაფვის. მელოდიური ხაზის საფუძველში ჩადებული აღმავალი კვარტებით სვლა დამახასიათებელია შუმანის მუსიკისთვის.

მეოთხედებზე მითითებულ sforzando-ს მოკლე ლიგებთან შეხამებით უთანაბრობისა და ბიძგების შეგრძნება შეაქვს საერთო მოძრაობაში. ასეთი აქტიური და ოპტიმისტური განწყობა მცირეწლოვან მუსიკოსზე ძალზე დადებით გავლენას ახდენს.

განვიხილოთ მეორე პიესაც – „ჯარისკაცის მარში“. ის დაწერილია მარტივი სამნაწილიანი ფორმით ყველა ნაწილის გამეორებით. პიესა ნათელი, მხნე, ენერგიული და შეუპოვარი ხასიათისაა. სათაურის არცოდნის შემთხვევაშიც კი ნაწარმოების ჟანრის (მარში) ამოცნობა ადვილია – მასზე მიუთითებს ზომა 2/4, პუნქტირული რიტმი და მწყობრი ნაბიჯის ტემპი. ამავე დროს, გვაოცებს მარშისთვის ნაკლებად დამახასიათებელი მსუბუქი, სკერცოზული, თითქმის საცეკვაო ხასიათი.

სისადავითა და ბუნებრიობით გამორჩეულ მელოდიას არ ახასიათებს ნახტომები, ჭარბობს საფეხურებრივი მოძრაობა აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით, რაც მელოდიური ტალღების ასოციაციას იწვევს. ქვედა ხმაში მელოდიის დუბლირება ინტერვალ დეციმაში მიმდინარეობს. ნაწარმოებზე მუშაობისას უნდა ვეცადოთ, დანაწევრებისკენ მიდრეკილმა პაუზებმა ხელი არ შეგვიშალოს ფრაზის გამთლიანებაში.

პიესის უცვლელი, თანაბარი ხასიათის გამო ნაგებობაში მელოდიური კულმინაცია არ გვხვდება, თუ არ ჩავთვლით ორ – მეორე ოქტავის მი (e 2) და სოლ (g 2) – მწვერვალს. მთლიანობაში პიესა არ შეიცავს კონტრასტულ სახეებსა და თემებს.

ამ პიესის ანალიზის შემდეგ პარალელების გასავლებად სასურველია ამავე ჟანრის სხვა პიესებიც განვიხილოთ.

***

შუმანის 1848 წელს გამოცემული „ალბომი ახალგაზრდობისათვის“ დღემდე მიიჩნევა პედაგოგიური რეპერტუარის უბადლო ნიმუშად და მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საბავშვო ენციკლოპედია“.

უნდა ითქვას, რომ ჩაიკოვსკიმ არა მხოლოდ მაღალი შეფასება მისცა ამ კრებულს, არამედ თავადაც შექმნა შესანიშნავი „საბავშვო ალბომი“. კომპოზიტორი წერდა: „მსურს, შევქმნა პატარა, მსუბუქი პიესების წყება მიმზიდველი სათაურებით, როგორებიც აქვს შუმანს“.

იმედი დავიტოვოთ, რომ პედაგოგების მზერა მუდამ იქნება მიმართული რობერტ შუმანის აღმზრდელობითი დანიშნულების მდიდარი შემოქმედებისკენ.

პინგ-პონგი

0

ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში, ერთი ოთხსართულიანი შენობა იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავატარე იქ და სოფლის სასაფლაოთი დაწყებული, თითოეული ოჯახით დამთავრებული, გარშემო ყველაფერი მოვლილი მქონდა, იმ შენობაში არასდროს შევსულვარ. სკოლის გვერდით იდგა, სულ რაღაც ასიოდე მეტრის დაშორებით. სკოლა ერთსართულიანია, შორიდან გეგონება, მიწითაა აშენებული; ახლოს მისული, ხვდები, რომ უცნაური ფერის ბლოკითაა ნაგები, მეტალოპლასტმასის ფანჯრები აქვს და იფიქრებ, შიგნითაც იქნება რამე სასწავლო სიკეთეებიო, მაგრამ შესვლისთანავე ამოჩრილ ფიცარს წამოსდებ ფეხს და სამასწავლებლოში შევარდები.

იქ ორი-სამი ახალი კარადა დგას, ერვანდ ვარდერესიანმა, სერგო აპინიანმა და მე რომ ავაწყვეთ და ადგილი მივუჩინეთ. ოთახი, სადაც ინფორმატიკის გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს, ჩაკეტილია. იქ ღუმლის დადგმა შეუძლებელია და მუდმივად ყინავს.

სკოლის გვერდით მდგარ დიდ შენობაზე ვსაუბრობდი… არ მახსოვს, რა იყო იქ საბჭოთა პერიოდში, რისთვის ააშენეს, მაშინ კი, როცა იმ სოფელში ვმუშაობდი, მეორე სართულზე მხოლოდ ბილიარდისა და პინგ-პონგის თითო მაგიდა იდგა და თბილ დღეებში თამაშობდნენ სოფლის ახალგაზრდები.

იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც იქ ვიყავი, ის დიდი შენობა რამდენჯერმე გარემონტდა. ჯერ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს, მერე, შიგნითაც მოაწყვესო, ამბობდნენ, თუმცა დანიშნულება არაფერი ჰქონდა, გარდა იმ ერთი ოთახისა, სადაც სათამაშოდ იკრიბებოდნენ.

მერე ვიღაცები იძახდნენ, ასე ფული კეთდება – წერენ ხარჯებს, რომ მთლიანად რემონტდება, ცოტას გააკეთებენ, დანარჩენს კი ჯიბეში იდებენო. მე ეს ამბები არ ვიცი და არც შეთქმულების თეორიებს ვიჯერებ ადვილად, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუნდაც მთელი მუნიციპალური ხარჯი უკანასკნელ თეთრამდე მოხმარებოდა პროექტით გაწერილ სამუშაოებს, ასე დახარჯული ფული მაინც წყალშია გადაყრილი.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვა რეგიონებში, სოფლებსა და დაბებშიც უაზროდ, უმიზნოდ იხარჯება თანხები, რომლებიც მუნიციპალიტეტებმა შეიძლება საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის გადაანაწილონ. იქ, კარწახში, ჩემი მოსწავლეები ისე ამთავრებდნენ სკოლას, რომ ზოგიერთი მათგანი არათუ ქვეყნის დედაქალაქში, ახალქალაქშიც კი არ ყოფილა და როდესაც მცირე თანადაფინანსება მოვითხოვეთ თბილისში მოსწავლეთა ექსკურსიისთვის, შვიდი სკოლის მოსწავლეებისთვის მხოლოდ ერთი ტრანსპორტის გამოყოფა მოახერხეს.

ჩვენ ვაშენებთ ტაძრებს, მაღაზიებს, სახლებს, ვაკეთებთ გზებს, ვხარჯავთ ამისთვის ადმინისტრაციულ რესურსს, მაგრამ გვავიწყდება მთავარი – ადამიანების, მოსწავლეების სიკეთეებზე ზრუნვა. თანხებისა და სხვა რესურსების დაბანდება განათლებაში, ყოველდღიურობაში.

ოთხი წელია, კარწახში აღარ ვყოფილვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის შენობა ისევე ისე დგას – მეტალოპლასტმასის ფანჯრებით და ბათქაშჩამოცვენილი ჭერით, სველი კედლებით. ორი-სამი მოცლილი ახალგაზრდა თამაშობს პინგ-პონგს და საუბრობს. კარგია ასეთი სივრცე, თუმცა იქვე, სულ რაღაც ასიოდე მეტრზე, სკოლაა, რომლის მოსწავლეებსაც არათუ ლეპტოპი, პროექტორი ან ფლიპჩარტი არ გააჩნიათ, აზრადაც არ მოსდით, რომ ყოველი დღე სკოლაში შეიძლება უფრო საინტერესო, მიმზიდველი და ხალისიანი იყოს და რომ მათ ამის უფლებაც აქვთ.

ჩემი სკოლის დირექტორის ძმა

0

***

წვრილი, ხორხოშელა თოვლით დაიწყო ზამთარი სოფელში. ფანჯარასთან მიდგმულ ტახტზე ძაღლივით მუხლებზე ვარ  დაყუნცული და შუბლით მინას ვებჯინები. დედაჩემის ხელით გულისმომკვლელად თანაბარი გვირისტით აკინძული სახიანი, გახამებული თეთრი ნახევარფარდა, რომელიც, მგონი, მარტო ჩვენღა გვიკიდია, თავზე მაქვს გადაფარებული და ვუყურებ, როგორ იფიფქება დეკემბერში ჯერ კიდევ გაშლილი ვარდები. ჩემ გვერდით კი, რაფაზე, დეკემბერა იგიჟებს თავს, ლამის შუშა ჩაამსხვრიოს ყვავილებით  და თოვაში გააბიჯოს. ფიფქები სწრაფად  იკიდებენ ფეხს მშრალ მიწაზე. სულ მალე ერთი შავი წერტილიც კი აღარსად მოჩანს.

***

წელს შეშის თადარიგი დროულად ვერ დავიჭირეთ.  აქამდე ძველი მოგვყვა  და სწორედ დღეს ველოდებით, ორთვალათი უნდა მოგვიტანონ. აქ ასეა, „ორთვალობით“ ან „კოლხოზნიკობით“ იზომება შეშა. თუ იმდენი ფული არ გაქვს, რომ სამხიდიანი მანქანით თავიდანვე ერთ გზად მოიტანო, მერე მთელი ზამთარი ასე უნდა იწუნწურო: თვეში ერთხელ შეიპირო ვინმე და ხან შედარებით მშრალ, ხან პირდაპირ იმ დღეს მოჭრილ ჭონჭოხ ხის  კოტრებს 50-60 ლარად მოგიტანენ სახლში. თუ ცუდი ამინდები წაეწყო, როცა ტყეში შესვლა ჭირს, უფრო მეტიც ღირს. სოფლის ოჯახების უმეტესობას, ჩვენსავით, მარტო ამ მეორეზე მიუწვდება ხელი.

Image6187

***

გარედან  ამოიღლიავებული, წინა წლიდან შემორჩენილი ხმელი შეშა შემოაქვს დედაჩემს და ქოშინით ამბობს:

– შეშას კი მოგვიტანენ, მაგრამ, ვის დავაჭრევინოთ?- უფრო თავის თავს ეკითხება. იცის, მე ამ საქმეში  ვერ დავეხმარები, სკოლის დამთავრების შემდეგ სულ წასული ვარ და თითქმის აღარავის ვიცნობ სოფელში. – ავდგები და იმ ბიჭს ვეტყვი ისევ, ჩემს ძველ მეზობელს, შარშანაც იმას დავაჭრევინე. დღიურ მუშად დადის, პატიოსანი ბიჭია, ლევანასავით არ გაგვიჯანჯლებს.

– ვინ ბიჭს, ლევანას გარდა ახალგაზრდა ვინ  მოგივა აქ შეშის დასაჭრელად? მაგასაც ისე აქვს კუდი ყავარზე გადებული, რომ არ შიოდეს, ფეხს არ მოადგამდა. მთელი დღე  ბრიოლინით გადაგლესილი ქოჩრის სწორებას  და მობილურზე ლაპარაკს უნდება. ნეტა ის მაინც გამაგებინა, ვინ ურეკავს! – დედაჩემი სინანულით მიქნევს თავს. –  ლევანას, თუ გამოჩნდა, ისე მივცეთ რამე. ის ბიჭი ვინ არის, ვისზეც თქვი, ვეტყვიო?

– ჩემი ტოლი ბიჭია. –  მეღიმება, ბიჭს რომ ამბობს, მაგრამ არ მიკვირს. მეც გოგოებად და ბიჭებად ვიხსენიებ ჩემს ორმოცს გადაცილებულ მეგობრებს და ვიცი, ასე იქნება ყოველთვის. მაგრამ დედაჩემის ნათქვამ „ბიჭზე“ რაღაც მწყდება გულში. ალბათ იმიტომ, რომ ამ „ბიჭის“ უკან, რომლის სახელიც ჯერ არ ვიცი, ბავშვი და ყმაწვილი ქალი დედაჩემი დგას, რომელიც თავისი ბავშვობის ზამთრებში ამ „ბიჭთან“ ერთად სკოლაშიც წასულა ნაქსოვი ბადით ჩანთაზე ჩამოკიდებული სამელნის კონწიალით, გზად მიმავალს მასთან ერთად უგუნდავია კიდეც და გალიპულ „საცურაოზეც“ არაერთხელ უსრიალია; და ალბათ, კიდევ იმიტომ, რომ  სწორედ ეს „ბიჭი“ და მისი ნაცნობი სხვა „გოგო-ბიჭებიღა“ დაატარებენ მოგონებებს ერთმანეთის ახალგაზრდობის წლებზე.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ***

ლამბერსექსუალი – შეუძლებელია არაფერი გსმენოდათ  2015 წლის მამაკაცური მოდის ამ ახალ  ტენდენციაზე. ლამბერსექსუალ მამაკაცს ოდნავ უხეში გარეგნობა, მოვლილი, გრძელი წვერი ჰქონდა და ფლანელის უჯრულა პერანგი ეცვა, სახელი კი ინგლისური სიტყვიდან – “lumberjack” – “შეშის მჭრელი”- მომდინარეობს. თუ მოხდა ისე, რომ ეს მოვლენა თქვენი ყურადღების მიღმა დარჩა, მაშინ იმას მაინც აუცილებლად შეამჩნევდით, ბოლო დროს ჩვენში ლამის სანთლით საძებარი რომ გახდა წვერგაპარსული ახალგაზრდა კაცი. ეს ამბავი კი იმან გამახსენა, რომ შეშის მოტანიდან რამდენიმე დღეში ჩვენს ეზოში შეიძლება ყველაზე არამოდურმა, მაგრამ, ალბათ, მაინც  ყველაზე ნამდვილმა “lumberjack”-მა შემოანათა თავისი პრიალა ნაჯახით.

***

მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი იყო. ფართოშუბლიანი. მორიდებით შემოვიდა, თვალი სწრაფად მოავლო ეზოს და  სიტყვის უთქმელად გაემართა დახვავებული კოტრებისკენ. ერთი კოხტა, საშუალო ზომის კოტრი ამოარჩია, ნაჯახის წვერით თავისკენ გადმოითრია და პირველი მოზრდილი ნაჭერი მსუბუქად, მოკლე ჩახანით ჩამოათალა. მერე მეორე მიაყოლა, მერე მესამე. ბახ, ჭახ, ჩახ… ერთმანეთს ენაცვლებოდა დაგუდული და მჭახე ხმები. დაპობილი შეშა სწრაფად მატულობდა და უსაშველოდ დიდი ზომის ყელგადაკეცილი სამხედრო  ჩექმები ნელ-ნელა წიფლისა და რცხილის თეთრ-წითელი ნაჭრების გროვაში იმალებოდა. დრო და დრო ორი-სამი წუთით შეისვენებდა, სიგარეტს მოუკიდებდა და მორზე შემოდგმულ ძლიერ მუხლზე იდაყვით დაყრდნობილი, რომაელივით გახედავდა ხოლმე ჩვენს ბებერ ლეღვს, როგორც სიწმინდეს.

***

– რა ჰქვია? –  ვეკითხები ღუმელს მიფიცხებულ დედაჩემს ჩვენს შეშის მჭრელზე და თავს  ეზოსკენ ვაბრუნებ.

– არავის გაგონებს სკოლიდან? – კითხვას მიბრუნებს დედაჩემი.

– არა, ვის უნდა მაგონებდეს?

– ირაკლი ჰქვია, შენი სკოლის დირექტორის, თემოს, ძმაა.

–  სიმაღლით კი ჰგავს.  ოღონდ თემოს უფრო რბილი ნაკვთები და ღაჟღაჟა სახე  ჰქონდა, არა?

– რა ვიცი, ფერი რაღა მახსოვს, რამდენი წელია აღარ არის, საწყალი!

– სთხოვე, იქნებ ცოტა ხნით შემოვიდეს, ან არაყი დალიოს გასათბობად, ან ერთი-ორი ლუკმა შეჭამოს.

– არ შემოვა, – თავდაჯერებით მპასუხობს, მაგრამ მაინც მიდის. ვიცი, თვითონაც უნდოდა ამის გაკეთება.

– ხომ გითხარი – სანამ შებინდდება და ყინვა მოუჭერს, დავჭრი, იქნებ დღეს მოვრჩეო, – უარით და შეფაკლული სახით ბრუნდება უკან დედაჩემი.

***

სკოლის დამთავრების შემდეგ არასოდეს გამხსენებია ჩემი სკოლის დირექტორი. უფრო სწორად, ალბათ გამხსენებია, მაგრამ რაიმე შემთხვევითობის გამო – ან მასზე ლაპარაკს მოვკარი ყური, ან მის შესახებ მკითხა ვინმემ რამე, ან მისი გვარი ამოვიკითხე სადმე… ჩემდა სამარცხვინოდ, მისი გარდაცვალების ამბავიც კი არ ვიცოდი დიდხანს.

იმას ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მახსოვდა მასზე, რომ დამავიწყდა მისი „მარადიული“ ნაცრისფერი პიჯაკი, მისი სახასიათო მანერები, სპეციფიკური მეტყველება,  ფართო შუბლი და გამორჩეული სიმაღლე, რბილი ბუნება, და, ზოგჯერ, სკოლის დერეფნებში უმიზეზოდ აწეული ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწავლეებს, და, ეჭვი მაქვს, მასწავლებლებსაც, ცოტაოდენი შიში ან მორიდება მაინც ჰქონოდათ; მისი დირექტორობის დროინდელი რამდენიმე ამბის გახსენებაც შემიძლია, თუნდაც, ჩემი კლასის გახმაურებული „დიდი გასეირნებისა“, შატალოსი, მეზობელი ლეკების სოფელში, კინაღამ ყველანი რომ გაგვრიცხეს სკოლიდან… და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ჩემი სკოლის დირექტორი  მაინც არასოდეს გამხსენებია…

***

…ჩვენ რომ სკოლაში, ვინ მოთვლის, რამდენჯერ, ერთ გზაზე მიმავლებს ერთხელ მაინც გვერდიგვერდ „თანასწორი“ ადამიანებივით გვევლო და არა ქუჩის სხვადასხვა მხარეს, როგორც უცხოებს, როგორც უფროსსა და უმცროსს, ჩვენ რომ ერთხელ მაინც, ერთად გაგვეკვალა დილით ჩვენს ქუჩაზე ფეხდაუკარებელი თოვლი, ან ის რომ წინ წასულიყო, თავისი დიდი ფეხსაცმელებით, მე კი მის ნაკვალევში ჩავმდგარიყავი, და  ამ სიარულში ჩვენს შორის ასეთი „არაფრის მომცემი“ დიალოგი გაბმულიყო:

– მე: რამხელა თოვლი მოვიდა, არა, მას!

– დირექტორი: აბა!.. მიყვარს დიდი თოვლი. ჩემს ბავშვობაში ამაზე დიდიც მოდიოდა, მაგრამ  თოვლი მაშინ უფრო კარგია, თუ შეშა დამარაგებული გაქვს სახლშიც და სკოლაშიც.

– მე: სკოლაში ხომ გვაქვს  შეშა, მას.

– დირექტორი: სკოლაში ხო, სახლში ვერ მოვასწარი წელს მოტანა.

– მე: თქვენ ციგით სრიალებდით ხოლმე, მას, ბავშვობაში?

– დირექტორი: როგორ არა, ჩემი ხელით გაკეთებული ციგა მქონდა, სამი-ოთხი ბავშვი ვეტეოდით ზედ.

– მე: ძნელია, დირექტორობა, მას?

– დირექტორი (თვალს მიკრავს): ადვილი არ არის, სცადე თუ გინდა, დიდი რომ გახდები…

მერე, შენობაში შესვლის წინ, ერთი რბილი გუნდა რომ ესროლა ჩემთვის, თოვლიანი ფეხები ერთად რომ დაგვეფერთხა დერეფანში და მეორე სართულზე, იმას თავისი კაბინეტისკენ გაეხვია ღიმილით, მე კი ჩემი კლასისკენ კმაყოფილს გამეგრძელებინა გზა…

გამახსენდებოდა, აუცილებლად გამახსენდებოდა!..

***

ირაკლის დაჭრილი შეშა გადახურულში  დავაწყვეთ მე და დედაჩემმა, ქვიტკირის კედელს  მეორე, შეშის კედელიც ავაყოლეთ. მერე მე ფოტოც გადავიღე ამ კედლის ფონზე და ფეისბუკში დავდე. წინასწარ ვიცი, ბევრი მოწონება ექნება, ჩემ გამო არა, სიგრძე-სიგანეზე მართლა კოხტად დაწყობილი შეშის გამო.

მეც მიყვარს შეშის დაჭრა. სოფელში ისე არ ჩავალ, გასართობად, ანუ „ხილად“, როგორც დედაჩემი ამბობს, ჩემი დაჭრილი ერთ-ორი ნაჭერი არ შევუკეთო ღუმელში. შეიძლება თქვენც შეგიყვარდეთ, თუ ერთხელ მაინც უყურეთ, როგორ ოსტატურად ჭრიან ირაკლისნაირი ნამდვილი “lumberjack”-ები შეშას. მთავარია, უკოჟრო, საშუალო ზომის კოტრი  აირჩიოთ, მიწაზე მოხერხებულად დადოთ, დასარტყმელი ადგილი თვალით  წინასწარ მოინიშნოთ და მაღლა აწეული ნაჯახი შეძლებისდაგვარად ძლიერად და მყარად დაუშვათ ზევიდან. ვინ იცის, იქნებ მერე ამ ამბავმა თქვენც გაგახსენოთ რაიმე ძველი ისტორია, ან ვინმე დიდი ხნის დავიწყებული ადამიანი. სულაც არ არის აუცილებელი, ის თქვენი სკოლის დირექტორი იყოს.

სქემატური რუკების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე

0

სასწავლო პროცესში რუკების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს: ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა სივრცითი და გრაფიკული აზროვნების განვითარებას და ეხმარება მათ საგნობრივი კომპეტენციების დაუფლებაში. რუკებს შორის გამოიყოფა სქემატური რუკები. მათზე მონიშნულია რუკის მხოლოდ ძირითადი ელემენტები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ ისტორიული პროცესის აღსაწერად. გეოგრაფიული რუკებისთვის დამახასიათებელი მრავალი ატრიბუტი აქ არ გვხვდება. უფრო მეტიც: ასეთ რუკებზე ხშირად უგულებელყოფილია დედამიწის მხარეების მკაცრი ორიენტაციაც და ხაზგასმულია მხოლოდ ობიექტების სივრცობრივი მდებარეობა. გამოსახულების სიმარტივე, ვიზუალი, ზედმეტი ელემენტებისგან თავისუფლება სქემატური რუკების მნიშვნელოვანი უპირატესობებია.

გაკვეთილზე სქემატური რუკების გამოყენება ხელს უწყობს ისტორიული ფაქტების გააზრებას კონკრეტული გეოგრაფიული გარემოს გათვალისწინებით, ამიტომ ისინი მოხერხებულია ცალკეული თემებისა და საკითხების შესასწავლადაც და ცოდნის ორგანიზებისთვისაც, რის გამოც მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენს, განსაკუთრებით – რთული პოლიტიკური ვითარებისა და საომარი სიტუაციების გადმოსაცემად.

განვიხილოთ მარტივი სქემატური რუკების როგორც ცოდნისა და უნარების გააქტიურების და მასალის ორგანიზების საშუალების გამოყენების მაგალითები VIII კლასის ისტორიის სწვალების კურსიდან. დროთა განმავლობაში, როდესაც მოსწავლე დაძლევს ამ ტიპის მარტივ დავალებებს და გაუვარჯიშდება ხედვა/ორიენტაცია რუკაზე, შესაძლებელი გახდება უფრო რთული დავალებების მიცემაც, რაც გაზრდის მოსწავლეთა კომპეტენციასა და სწავლის ხარისხს.

I – თემა: კონფლიქტები ევროპაში, ისტ. VIII. 2

ანოტაცია: შვიდწლიანი ომი ევროპაში ახალი ისტორიის კურსის შემადგენელი ნაწილია, აღნიშნული თემა ვიზუალური მასალის თანხლებით გაცილებით ადვილად აღსაქმელი იქნება მოსწავლისათვის (რის საშუალებასაც მოცემულ შემთხვევაში არ იძლევა სახელმძღვანელო).

სქემატური რუკა„სამხედრო პოლტიკური გაერთიანებები ევროპაში შვიდწლიანი ომის წინ“

f1

დავალება: რუკის გამოყენებით და სახელმძღვანელოს ტექსტზე დაყრდნობით:

  • ა. ჩამოთვალეთ კონფლიქტში მონაწილე ქვეყნები;
  • ბ. დაასახელეთ კონფლიქტის მხარეები;

 (2) გ. ვის მხარეზეა ტერიტორიული უპირატესობა?

 (1) დ. რა იცით ამ კონფლიქტის შედეგებზე? რით დასრულდა ის?

 (1) ე. რა გავლენა მოახდინა ამ დაპირისპირებამ მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ მდგომარეობაზე?

მოცემული სქემატური რუკა დაეხმარება მოსწავლეს, წარმოიდგინოს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სივრცობრივი მასშტაბები, ხოლო დამატებითი აქტივობების გამოყენებით – კითხვებით, რომლებსაც ერთვის შეფასების კრიტერიუმები შეგვიძლია მოსწავლეს შევაჯამებინოთ აღნიშნული საკითხი.

II – თემა: ბიზანტია-ირანის ომები, ისტ. VIII, 2.

ანოტაცია: ბიზანტიისა და ირანის ომები VII ს-ში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები იყო, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ამიერკავკასიის და, კერძოდ, საქართველოს იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე.

დაკვირვებით შეისწავლეთ „ხაზართა განსახლებების რუკა“ (VII ს-ის 20-იანი წ.წ.) და შეასრულეთ დავალებები:

f2

(3) ა. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ ხაზართა განსახლების ძირითადი არეალი VII ს-ის 20-იანი წლებისთვის;

(2) ბ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით ჩამოთვალეთ ხაზართა მეზობლები აღნიშნული პერიოდისთვის;

(3) გ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ ხაზართა ექსპანსიის მიმართულებები აღნიშნული დროისთვის;

(2) დ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ, რომელი გზით უნდა შემოსულიყვნენ ხაზარები საქართველოში.

მოცემული სქემატური რუკის გამოყენებით მოსწავლეს შეუძლია წარმოიდგინოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ხაზარების ჩართულობის ხელშემწყობი პირობები, ხაზარების კონკრეტული ექსპანსიის მიმართულებები და 627-628 წლებში ქართლში ხაზარების შემოსვლის უშუალო მიზეზი და გზა.

III – თემა: პოლიტიკური კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ისტ. VIII, 2

ანოტაცია: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბირთვული იარაღის გავრცელებამ მსოფლიო პოლიტიკაში ძალისმიერი დაპირისპირების საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა ამ საფრთხის მასშტაბსა და დაძაბულობის შექმნაში კონკრეტული ქვეყნების „წვლილზე“ მოსწავლე გაცილებით მეტს გაიგებს მოცემული სქემატური რუკის დახმარებით და მითითებული დავალებების შესრულებით:

f3

დავალება:

(2) ა. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყნები;

(2) ბ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ ქვეყნები, სადაც სხვა ქვეყნის იარაღი გამოსცადეს;

(3) გ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ, სსრ კავშირის რომელ მხარეში ტარდებოდა უმთავრესად ბირთვული იარაღის გამოცდა;

(3) დ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ ბირთვული იარაღის მასშტაბური გამოცდის ადგილი (100-ზე მეტი).

მოცემული სქემატური რუკა მეოცე საუკუნის მსოფლიო გლობალური პრობლემების მათლიანობაში წარმოდგენის საშუალებასაც მისცემს მოსწავლეს და კონკრეტული რეგიონების შესახებ გაცილებით მეტის გაგებაშიც დაეხმარება.

IV – თემა: მსოფლიო ომები, ისტ. VIII, 2

ანოტაცია: მეორე მსოფლიო ომი XX ს-ის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ ომს თავისი მასშტაბურობის გამო მსოფლიო ომების ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. სქემატური რუკის გამოყენებით მოსწავლეს შეუძლია, ადვილად წარმოისახოს ომის არა მარტო მასშტაბი, არამედ პირველი ნაბიჯებიც კონფლიქტის გაჩაღების გზაზე და მონაწილე მხარეთა შემდგომი აქტიურობაც.

f4

დავალება:

  • ა.მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ კონფლიქტის პირველი კერის ადგილმდებარეობა და თავდასხმის მიმართულებები;
  • ბ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ, სად და როდის შეიქმნა ომის მეორე კერა;

(3) გ. აღწერეთ „ღერძის ბლოკის“ გეგმები;

(1) დ. რომელ წლებში მიმდინარეობდა აღნიშნული მსოფლიო ომი?

2) დაკვირვებით შეისწავლეთ რუკა „გეგმა ბარბაროსა“ და შეასრულეთ დავალებები:

 (3) ა.მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ გერმანელების შეტევის 3 ძირითადი მიმართულება;

(2) ბ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ გერმანელთა მხარეზე მყოფი ფინური არმიის მიმართულებები;

(1) გ. მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მიუთითეთ გერმანელთა მხარეზე მებრძოლი რუმინული არმიის შეტევის მიმართულებები;

(2) დ. გაიხსენეთ, ძირითადად რომელი არმიის მიმართულებებს ევალებოდა თბილისის აღება და რით დასრულდა ეს;

(2) ე. ისაუბრეთ ომის შედეგებზე.

f5

3) წინა ორი დავალების პასუხების საფუძველზე შეასრულეთ ტესტური დავალება:

 (1) 1. დაასახელეთ ომში მონაწილე მხარეები …………………………………………….

 (2) 2. რომელ წლებში მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი?……………………

 (2) 3. შეადგინეთ მეორე მსოფლიო ომის გეგმა ………………………………….

 (2) 4. გამოყავით ომის ძირითადი რეგიონები …………………………………….

 (2)5.იმსჯელეთ, რატომ ეწოდებოდა ამ ომს „მსოფლიო ომი“……………………………………………………………………………………………………………………..

 (1) 6. რა გამოარჩევს ამ ომს სხვა ომებისგან?……………………………..

ამ ტიპის სქემატური რუკები კონკრეტული მიზნების მიღწევაში ეხმარება მოსწავლეებს და ამავე დროს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეამოწმოს მოსწავლის სივრცესა და დროში ორიენტირების ხარისხი, სივრცობრივ აღქმაზე დამოკიდებული ფაქტობრივი მასალის ცოდნა და ანალიზის უნარებიც, ამიტომ ისინი, როგორც სასწავლო მასალის ორგანიზების მნიშვნელოვანი რესურსი, წარმატებით გამოიყენება საგაკვეთილო პროცესში.

ქართული ენის გაკვეთილები: ზმნისწინი

0

თუ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს გადაშლით, შესაძლოა გაგიჭირდეთ მთელ წიგნში მიმობნეული გრამატიკული საკითხების თავმოყრა. გრამატიკის კარგად სწავლებაზე ორიენტირება მოითხოვს დამატებით რესურსს, დროსა და ენერგიას, რომლებიც უმეტესად ტექსტში მოცემული სავალდებულო მხატვრული ტექსტების სიღრმისეულ სწავლებაზე იხარჯება.

ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორის, ავთანდილ არაბულის თქმით, ქართული ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა. გრამატიკა ენის სისტემის აღწერის მხოლოდ ნაწილია და ის ბავშვს დაბადებიდან ეძლევა. გრამატიკა ყველაზე მცირე პრობლემაა ენობრივ კომპეტენციაში. აი, ლექსიკური მარაგის სიღარიბესა და დაუხვეწავ ზეპირმეტყველებაზე წუხილი ნამდვილად გვმართებს.

ჩვენს წიგნებში პარაგრაფებად გაბნეულ ენობრივ ამოცანებს სპეციალისტები პრაქტიკულ გრამატიკას უწოდებენ. ის მიზნად ისახავს სწავლებას ენობრივ მასალაზე დაკვირვების გზით. უნდა ითქვას, რომ ამ სიახლის მიღება გამოცდილ კადრებს უფრო უჭირთ, რადგან მასწავლებლის პროფესია მაინც რუტინულია და წლების განმავლობაში შემუშავებულ მიდგომებს ძნელად ელევა ადამიანი, თუმცა არსებობენ „ექსპერიმენტატორებიც“, რომლებსაც შესაძლოა ენის თეორიული ნაწილი ალილუიასავით გაზეპირებული არ ჰქონდეთ, მაგრამ გრძნობდნენ ენობრივ ნორმებს, შეეძლოთ მათზე დაკვირვება და ამ პროცესში მოსწავლეების სათანადოდ ჩართვაც.

დღევანდელი სასკოლო სახელმძღვანელოები პრაქტიკული გრამატიკის კურსს მიჰყვება. დაწყებითი საფეხურის გრამატიკული მასალა მოიცავს ფრაზეოლოგიას, ფონეტიკას, სიტყვების ფორმაცვალებასა და სიტყვათშეხამებას, რაც, თავის მხრივ, მშობლიური ენის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლების მეთოდს ეფუძნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართული გრამატიკის მასწავლებლად ლიტერატურა გვევლინება – მწერლისეული ლექსიკა მოსწავლის ლექსიკონის გამდიდრებაზე ზრუნავს, თანაც უშუალოდ მოქმედების ეპიცენტრში – მხატვრულ ტექსტში – გვაძლევს სიტყვის მართლწერასა და ფორმაცვალებაზე დაკვირვების საშუალებას. გრამატიკულ-ენობრივი ნორმების დაცვით შესრულებული ნამუშევარი კი შესანიშნავ თვალსაჩინოებას წარმოადგენს. მაგალითად ავიღოთ „ნეკერჩხლის ღუდღუდა ფოთოლი“ – მოსწავლე მხოლოდ ლექსიკონს კი არ იმდიდრებს უცნობი სიტყვით, არამედ წარმოსახვაში ქმნის სიტყვის ვიზუალურ ხატსაც (ნეკერჩხლის ფოთოლი შემოდგომაზე წითლდება, ე.ი. სიტყვა „ღუდღუდა“ ნეკერჩხლის ფოთოლივით წითელს ნიშნავს). ამგვარად, სიტყვები მნიშვნელობასთან ერთად ფორმას, ფერსა და სხვადასხვა თვისებასაც იძენს.

მხატვრული ტექსტების დახმარებით ფრაზეოლოგიზმების/ იდიომური გამონათქვამების გამოყენებასაც ვეჩვევით. მათზე დაკვირვებისა და მათი გაშიფვრის უნარის განვითარება მოსწავლის ენობრივ კომპეტენციას ერთმნიშვნელოვნად ამაღლებს.

ენა ცოცხალი ორგანიზმია, ის ეპოქიდან ეპოქამდე იცვლება. ხანდახან ზედმეტი გამარტივება ენას აღარიბებს. ამიტომაც მიმაჩნია აუცილებლად, ხშირად მივუბრუნდეთ გასული საუკუნეების ლიტერატურულ საგანძურს. თანამედროვე მოზარდების უმეტესობის სასაუბრო ლექსიკა შემაშფოთებლად მწირია. ისინი ინტერნეტსივრცეში განთავსებული „პოსტების“ ენით გვესაუბრებიან და თხზულებებსაც ამავე ფორმატში წერენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ სწავლებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. კარგია, რომ გრამატიკული საკითხები მხატვრულ ტექსტს ერწყმის და მეტიც – ტექსტს დასაკვირვებელ მასალად იყენებს, თუმცა სწავლების მაღალ საფეხურზე ლიტერატურული მასალის გაზრდამ ენობრივ-გრამატიკული მასალის შემცირება გამოიწვია. აღსანიშნავია მოსწავლეთა რაოდენობა და დროის სიმცირეც, რაც შეუძლებელს ხდის ერთი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლის შემოწმებას და იმავდროულად – ლიტერატურული და ენობრივი მასალის ახსნას.

დაწყებით საფეხურზე ენობრივ კომპეტენციებზე მუშაობას ძალზე მცირე დრო ეთმობა, თუმცა პრაქტიკული გრამატიკის მეთოდები ამ საფეხურზე განსაკუთრებით ამართლებს. პატარები პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით აკვირდებიან სიტყვას, მის ადგილს სამეტყველო სიტუაციებში, სიტყვების დამეგობრება-შეერთებას და ა.შ.

ზმნა გრამატიკის, ასე ვთქვათ, ყველაზე მსუყე ნაწილია, თუმცა დაწყებით საფეხურზე მისი სწავლა ფაქტობრივად არ სცდება მოქმედების მიმართულებას, ზმნის ცვალებადობაზე დაკვირვებას, სხვადასხვა დროსა და პირში მის ჩასმას.

წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ მესამე ან მეოთხე კლასში და თქვენი გაკვეთილის თემა ზმნისწინია. პირადად მე პირველივე მცდელობის დროს მივხვდი, რომ დაფაზე ჩამოწერილი თავსართების დასწავლა მხოლოდ დროებით შედეგს გამოიღებდა, ამიტომ მოსწავლეთა ნაწილი ე.წ. მხარნაქცევ ზმნებად ვაქციე, ნაწილს კი მათთვის გეზის შეცვლა დავავალე. „ზმნისწინები“ გზააბნეულ მოქმედებებს მიმართულებას უცვლიდნენ. მოსწავლეები ხან ერთი „ნაპირიდან“ მეორეზე გადახტნენ, ხან კი მაგიდის ქვეშ შეძვრნენ-გამოძვრნენ… ასე გამოიკვეთა ზმნისწინის მთავარი დანიშნულება – მიმართულების მართვა.

  • ზევიდან ქვევით: და/ჩა (და/ჩა – ვარდა; და/ჩა-ხტა, და/ჩა-ენარხცა, და/ჩა -ასხა…)
  • ქვევიდან ზევით: ა/ამო (ა/ამო-ვიდა, ა/ამო-ვარდა, ა/ამო-ვიდა, ა/ამო-იყვანა…)
  • გარედან შიგნით: შე/შემო (შე/შემო-ვიდა, შე/შემო-ვარდა, შე/შემო-იარა…)
  • შიგნიდან გარეთ: გა/გამო (გა/გამო-ვიდა, გა/გამო-იხედა, გა/გამო-ვიდა…)

მოსწავლეებმა ისიც დაიმახსოვრეს, რომ ზმნისწინი მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვის ნაწილია და ის სიტყვის თავში უნდა ვეძებოთ.

აქტივობის დასასრულს მოქმედების დაწყებისა და გაგრძელების ადგილის გარკვევა აღარავის უჭირდა.

მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების თავსართების გამოყოფითა და მათზე დაკვირვებით მოსწავლეებმა ზმნისწინების კლასიფიკაციაც შეძლეს. გაირკვა, რომ ზმნისწინი ორი ტიპისაა – მარტივი და რთული, ამასთან, რთული ზმნისწინები მარტივებზე „მო“-ს დართვით მიიღება (ა-მო, ჩა-მო, შე-მო, გა-მო, წა-მო, გად-მო…)

ამის შემდეგ დაფაზე არეულად ჩამოვწერე ზმნები, რომლებიც საერთოდ არ დაირთავს ზმნისწინს (უყვარს, აქვს, ჰყავს და სხვ.), მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები, რომლებიც ზმნისწინის გარეშე არ გამოიყენება (მოდის, გავიგე, გადაფრინდა და სხვ.) და ზმნები, რომლებიც ზმნისწინითაც და მის გარეშეც გვხვდება. მათი საერთო ნიშნებით დაჯგუფების შემდეგ მოსწავლეები თავადვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არსებობს:

  • ზმნები, რომლებიც საერთოდ არ დაირთავს ზმნისწინს;
  • ზმნები, რომლებიც უზმნისწინოდ არ გამოიყენება;
  • ზმნები, რომლებსაც შეუძლია, ზმნისწინი დაირთოს ან არ დაირთოს.

ვფიქრობ, მოსწავლეებს აუცილებლად დააინტერესებთ ზმნის ქცევის კვლევაც, რადგან თავსართები, მოქმედების მიმართულებასთან ერთად, დროზეც მოქმედებს. ზოგი ზმნისწინი მოქმედების დასრულებაზე მიუთითებს, ზოგი კი მოქმედების პროცესს აღწერს.

დაფაზე ჩამოვწერთ ზმნის წყვილებს, მაგალითად:

ვხატავ / დავხატე

ვდებ / დავდე

ვამზადებ / გავამზადე

პირველ მწკრივში ჩამოთვლილი მოქმედებები დაუსრულებელია, მეორეში – დასრულებული, შესაბამისად, მოქმედება სხვადასხვა დროში მიმდინარეობს. შეგვიძლია, ზმნები ერთმანეთში ავურიოთ და მოსწავლეებს მათი საერთო მახასიათებლების მიხედვით დალაგება ვთხოვოთ, მერე კი სიტყვის შინაარსზე დაკვირვების საშუალებაც მივცეთ.

ზმნისწინი აწმყოს ფორმებისგან მომავალ დროსაც აწარმოებს, მაგალითად:

ხატავს –> დახატავს

შლის –> წაშლის

წერს –> დაწერს

ზმნისწინს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლაც შეუძლია, მაგალითად:

მო-იგო (თამაში) –> გა-იგო (ამბავი)

ჩა-აგო (ხმალი ქარქაშში) –> წა-აგო (თამაში) –> და-აგო (ლოგინი)

მიმაჩნია, რომ წარმოდგენა, თითქოს გრამატიკის გაკვეთილები აუცილებლად რთული და მოსაწყენი უნდა იყოს, ნელ-ნელა აუცილებლად შეიცვლება, თუ ენობრივ მასალას სახალისო აქტივობებით და ნოვაციური მიდგომებით გავამდიდრებთ.

ფრანსუა ტრიუფო – თამაშის გაგრძელება

0

„როდესაც მესმის, ზრდასრულ ადამიანს როგორ ენატრება ბავშვობა, მგონია, რომ მას, უბრალოდ, ცუდი მეხსიერება აქვს“, – წერდა ფრანსუა ტრიუფო, ბავშვობის სიმძიმეზე, ხილულ თუ უხილავ წინაღობებზე გადაღებული საუკეთესო ფილმის, „400 დარტყმის“ ავტორი. მართალია, სისასტიკითა და ძალადობით სავსე სამყაროში ასეთი ფილმები ბევრს ვერაფერს ცვლიან, მაგრამ რეჟისორს მაინც სწამდა, რომ მისი თითოეული ნამუშევარი კვალს დატოვებდა; სწამდა ცვლილების შესაძლებლობის და იმისაც, რომ ფილმის გადაღება ბავშვობის თამაშების გაგრძელებაა.

მაყურებლის მეხსიერებაში ჩარჩენილი თორმეტი წლის ბიჭის – ანტუან დუანელის სახე ამოცანას ყოველთვის თავს გაართმევს: გულმავიწყ უფროსებს ბავშვობის წლებს გაახსენებს, მტანჯველი გაურკვევლობით, მოულოდნელი ტკივილის შიშით, ყოველდღიური წყენითა და დიდების სამყაროს უაზრობის განცდით სავსეს. კითხვებიც გაჩნდება: იქნებ მხოლოდ ანტუან დუანელის, ისევე როგორც თავად ფრანსუა ტრიუფოს ბავშვობა იყო მეტისმეტად მძიმე და განზოგადებას თავი უნდა ავარიდოთ? იქნებ მხოლოდ იმიტომაა მიშელ უელბეკის რომანებში შავბნელი სინამდვილე, მწერალს დედის სითბო და ალერსი რომ არასდროს ღირსებია? (ეს კითხვა ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში მოვისმინე). სახელდახელო ფსიქოანალიზის საფრთხეს თუ უკან მოვიტოვებთ, მარტივ პასუხებამდე მისასვლელი გზაც გამოჩნდება.

ბავშვობის განცდები არც არავის ავიწყდება.

„400 დარტყმაში“, დიდწილად ავტობიოგრაფიულ ფილმში, ფრანსუა ტრიუფომ მაყურებელს ბავშვობის სირთულეები დაუფარავად აჩვენა. მოგვიანებით კი დაწერა: „მინდა იცოდეთ – ჩემი გამოცდილება კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რაც ფილმში გადმოვეცი“. მისი ჩანაწერების კითხვისას თვალშისაცემი სწორედ ეს სურვილია – იყოს ბოლომდე გულწრფელი, თქვას ძნელად მოსასმენი სიმართლე, არც საკუთარი თავი დაზოგოს და არც – სხვები. ქართულ ენაზე ცოტა ხნის წინ გამოსულ მისი ესეების კრებულში „რაც თვალს სიამოვნებს“ (მთარგმნელი – ნუცა ალექსი-მესხიშვილი) ვკითხულობთ: „როდესაც ჩემს მეგობარ მარსელ მუსისთან ერთად სცენარის წერა დავიწყე, ორივემ ვიგრძენით, რომ ეს ამბავი უნდა განგვევრცო და მისთვის სრულმეტრაჟიანი ფილმის განზომილება მიგვენიჭებინა. ჩვენს მუშაობას გასდევდა ერთი იდეა: გველაპარაკა ბავშვობაზე არა ჩვეული სევდიანი ნოსტალგიით, არამედ, პირიქით, აღგვეწერა ის, როგორც „მძიმე ხანა“, რომელიც უნდა გადააგორო“.

იშვიათი გულახდილობით დაწერილი ამ ესეების წაკითხვას, ისევე როგორც „400 დარტყმის“ ნახვას ყველას ვურჩევდი, ვისაც ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, ასევე მათ, ვინც პედაგოგიური პრაქტიკის დაწყებას აპირებენ.

ცამეტი წლისა მოუთმენლად ველოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ ყველანაირი ცუდი საქციელი დაუსჯელად ჩამედინაო, – აღიარებს ფრანსუა ტრიუფო და მაშინვე საკუთარი მეხსიერების გადასინჯვას ვიწყებთ: ჩვენ რას ვფიქრობდით ცამეტი წლის ასაკში? რა გვსურდა ყველაზე მეტად? როგორ წარმოგვედგინა ჩვენი თავი დიდების სამყაროში?

თხუთმეტი წლისა, ხულიგნობის გამო, ვილჟუიფის არასრულწლოვანთა კოლონიაში მოხვდა.

მე კი სწორედ ამ ასაკში ვნახე პირველად მისი ფილმი – „მეზობელი ქალი“, დაუვიწყარი ფანი არდანით და ჟერარ დეპარდიეთი, რომელსაც ფრანგული კომედიებიდან ვიცნობდი – ერთ შაბათ საღამოს, გადაცემა „ილუზიონში“. მსგავსი არაფერი მენახა და შთაბეჭდილებით გაბრუებული დავდიოდი მომდევნო დღეებში. მოზარდობის ხანაში სიმართლეს სულ სხვაგვარი გულმოდგინებით ეძებ. გეჩვენება, რომ ყველა რაღაცას გიმალავს. დიდების სამყაროს საიდუმლოებები გიზიდავს და ამავე დროს გაშინებს კიდეც. ცოტაც და ამ სამყაროს ნაწილი გახდები, საიდუმლოსაც ფარდა აეხდება, მაგრამ ვერ ითმენ – წარმოსახვა წაკითხულისგან, ნანახისა და ყურმოკრულისგან ახალ სინამდვილეს ქმნის, რომელიც ისევე საეჭვოდ გამოიყურება, როგორც სხვა დანარჩენი. ფრანსუა ტრიუფოს გმირები კი შენიანები არიან – ამას თავიდანვე გრძნობ და მშვიდად აგრძელებ ფილმის ყურებას. უკვე დიდი ხარ. აღარაფერს გიმალავენ.

„თავის შემოქმედებაში ფრანსუა ტრიუფო ორ თემას უტრიალებს სულ – სიყვარულსა და ბავშვებს. მოზრდილები, მაშინაც კი, როცა მათი ურთიერთობა ვნებიან სიყვარულს გამოხატავს, ტრიუფოსთან ყოველთვის ბავშვებს ჰგვანან. ისინი თამაშობენ სიყვარულით და თამაშს არ წყვეტენ მაშინაც კი, როცა სიყვარული სახიფათო ხდება; მაშინაც კი, როცა აშკარაა – სიყვარულობანას თამაში სიკვდილთან თამაშში გადადის“ (გოგი გვახარია, „ფრანსუა ტრიუფოს კინო ურჩევნია“). რა გასაკვირია, რომ ამ სიტყვების წაკითხვისას სწორედ „მეზობელი ქალი“ გამახსენდა – მივხვდი, რამ გახადა შეუძლებელი ამ ფილმის დავიწყება.

ფრანსუა ტრიუფო ამბობდა, ფილმებს ბავშვობის ოცნებების ასასრულებლად ვიღებო. ბავშვობის აჩრდილები მუდმივად თავს დასტრიალებდნენ, ის კი მათ სულაც არ უფრთხოდა, თამაშის გაგრძელება უხაროდა და იცოდა, რომ ყოველი ფილმის გამოსვლისას სამყაროში რაღაც იცვლებოდა.

თვითგანსაზღვრა, ავტონომია და მოტივაცია

0

თვითგანსაზღვრის  თეორია  ვარაუდობს,  რომ  ყველაფერი,  რაც  ჩვენ  გვინდა – ეს  არის  კომპეტენტურობა და უნარიანობა გარემო სამყაროსთან ურთიერთობაში, არჩევნის გაკეთების უფლება და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შეგრძნება, აგრეთვე კავშირი სხვებთან, სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობა. ეს მოთხოვნილებები  ემთხვევა ბაზისური მოთხოვნილებების კონცეპტებს: კომპეტენტურობა (მიღწევა), ავტონომია  და  კონტროლი  (ძალაუფლება)  და  მიკუთვნებულობა (აფილაცია).

ავტონომიის მოთხოვნილება ცენტრალური საკითხია თვითგანსაზღვრაში, რადგან ესაა სურვილი – გვქონდეს ჩვენი საკუთარი სურვილები და ჩვენს ქცევას არ განსაზღვრავდეს  გარეშე  ჯილდო  ან  ზეწოლა.  ადამიანებს  სურთ,  თვითონ  მართავდნენ საკუთარ  ქცევას.  ისინი  იბრძვიან  სხვათა  მიერ  დაწესებული  ისეთი გარე ზეწოლის  წინააღმდეგ,  როგორიცაა  წესები,  სქემები, კანონები და შეზღუდვები.

ვითგანსაზღვრა კლასში. ისეთი  საკლასო  გარემო,  რომელიც მხარს უჭერს მოსწავლის თვითგანსაზღვრასა და ავტონომიას, შედეგად გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესების მაღალ ხარისხს, კომპეტენტურობის გრძნობას, კრეატიულობას,  კონცეპტუალურ  დასწავლას. როდესაც მოსწავლეს შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი, მას უფრო მეტად სწამს, რომ სამუშაო  მნიშვნელოვანია,  მაშინაც კი, თუ ეს მას არ ართობს. ამდენად, იგი ახდენს განთლების მიზნების ინტერნალიზებას და მას წარმოადგენს, როგორც საკუთარს.

ავტონომიის მხარდამჭერი საკლასო გარემოსგან განსხვავებით, კონტროლირებად გარემოში ყურადღება ამოცანების ზეპირად დამახსოვრებას ენიჭება. როდესაც მოსწავლეებს სთხოვენ გამოვიდნენ გაკვეთილზე, ისინი იწყებენ ამ საკითხის ყველაზე ადვილ, სწრაფ გადაწყვეტას. ერთი საოცარი აღმოჩენა ისაა, რომ მოსწავლეებსაც და მშობლებსაც მაკონტროლებელი მასწავლებელი ურჩევნიათ, მიუხედავად  იმისა,  რომ  მოსწავლეები  უფრო  მეტს  სწავლობენ მასწავლებლისგან,  რომელიც  მათ  გარკვეულ  ავტონომიას  ანიჭებს. თუ გსურთ გაილაშქროთ პოპულარული იმიჯის წინააღმდეგ,  როგორ  შეძლებთ  მოსწავლის  ავტონომიის უზრუნველყოფას? ერთი პასუხი ამ კითხვაზე ისაა, რომ მოსწავლეებთან  ურთიერთობისას  ფოკუსირება უნდა  მოახდინოთ  ინფორმაციაზე  და  არა  კონტროლზე.

ინფორმაცია და კონტროლი.  სასკოლო დღის განმავლობაში  მოსწავლეების თავს  ბევრი  რამ ხდება. მათ აქებენ, აკრიტიკებენ, ახსენებენ უკანასკნელ ვადებს, უწერენ ნიშნებს,  უკითხავენ  წესებს  და  ა.შ.  შეფასების კოგნიტური თეორია ხსნის,  თუ  როგორ  ახდენს  ეს ფაქტორები გავლენას მოსწავლის შინაგან მოტივაციაზე იმით, რომ მოქმედებს მათი  თვითგანსაზღვრულობისა და კომპეტენტურობის შეგრძნებაზე. ამ თეორიის მიხედვით,  ყოველ  მოვლენას  ორი  ასპექტი  აქვს,  მაკონტროლებელი  და ინფორმაციული.  თუ  მოვლენა  მაღალი დონის კონტროლს მოითხოვს, ანუ თუ ის ზეწოლას ახდენს მოსწავლეზე, განახორციელოს  გარკვეული  ქცევა,  მაშინ მოსწავლეს  ნაკლებად  ექნება  კონტროლის  განცდა,  შესაბამისად,  შემცირდება მისი  შინაგანი  მოტივაცია.  თუ,  მეორე  მხრივ,  მოვლენა  ინფორმაციულია,  რაც ზრდის  მოსწავლის  კომპეტენტურობას,  გაიზრდება  შინაგანი  მოტივაციაც. რა თქმა  უნდა,  როდესაც  ინფორმაცია  ამცირებს  მოსწავლის  კომპეტენტურობას, ეს თავისთავად    მოტივაციასაც შეამცირებს.

მაგალითად,  მასწავლებელმა  მოსწავლე  შეიძლება  ამ  სიტყვებით  შეაქოს: „კარგია!  შენ  მიიღე  უმაღლესი  შეფასება,  რადგან,  როგორც  იქნა,  სწორად  შეასრულე ჩემი    მითითებები”.  ესაა მაღალმაკონტროლებელი განცხადება, რომელიც ამცირებს მოსწავლის თვითგანსაზღვრულობის გრძნობასა და შინაგან მოტივაციას. მასწავლებელს  შეუძლია  იგივე  სამუშაო  შემდეგნაირად  შეაქოს: „კარგია!  თქვენეული  გაგება  ავტორის  მიერ  გამოყენებული  მეტეფორებისა ქების  ღირსია.  თქვენ  დაიმსახურეთ  უმაღლესი  შეფასება”.  ეს  განცხადება  უზრუნველყოფს ინფორმაციას  მოსწავლის  მზარდი  კომპეტენტურობის  შესახებ და  გაზრდის  შინაგან  მოტივაციას.

რა  შეუძლია  მასწავლებელს  გააკეთოს,  რომ  ხელი  შეუწყოს  მოსწავლის კომპეტენტურობისა და ავტონომიის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას?  პირველი საფეხური  არის  მაკონტროლებელი  მესიჯების  შეზღუდვა  მოსწავლეთა მისამართით.  მასწავლებელი  დარწმუნებული  უნდა  იყოს,  რომ  ინფორმაცია, რომელსაც  გასცემს,  ხაზს  უსვამს  მოსწავლის  მზარდ  კომპეტენტურობას.  როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი თვითგანსაზღვრულობისა და ავტონომიურობის განცდას? აქ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია:

  • მიეცით ნება და წააქეზეთ მოსწავლეები, გააკეთონ არჩევანი;
  • დაეხმარეთ მათ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და განახორციელონ საკუთრივ არჩეული მიზნები;
  • მოსწავლეები აუცილებელია პასუხისმგებელი იყვნენ საკუთარი არჩევნის შედეგებზე;
  • შეზღუდვებსა და წესებს რაციონალური ახსნა მოუძებნეთ;
  • გააცნობიერეთ, რომ მასწავლებლის მხრიდან კონტროლს ლოგიკურად მოსდევს ნეგატიური ემოციები;
  • მიმართეთ არამაკონტროლებელ, პოზიტიურ უკუკავშირს;
  • ცუდ ნიშნებს ან არასასურველ ყოფაქცევას ნუ განიხილავთ, როგორც კრიტიკის ობიექტს. განიხილეთ ის, როგორც პრობლემა, რომელიც უნდა გამოსწორდეს;

მიკუთვნებულობის მოთხოვნილება. მიკუთვნებულობის მოთხოვნილება – ესაა სურვილი, დაამყარო ახლო ემოციური კავშირი სხვებთან. როდესაც მასწავლებლები და  მშობლები იღებენ პასუხისმგებლობას და ამჟღავნებენ, რომ მათ აღელვებთ ბავშვების  კეთილდღეობა  და  ინტერესები,  ეს  ზრდის  ბავშვების  შინაგან  მოტივაციას.  მაგრამ  როდესაც  ბავშვები  უფროსებისაგან ვერ  იღებენ  იმას,  რასაც  ელიან,  მაგალითად,  როდესაც  უფროსები  არ  რეაგირებენ მათ მოთხოვნილებებზე, ისინი კარგავენ შინაგან მოტივაციას. მოსწავლეები,  რომლებიც განიცდიან მიკუთვნებულობას მასწავლებლებთან, მშობლებთან ან თანატოლებთან, უფრო ემოციურად არიან ჩართულნი სასკოლო საქმიანობაში. ამას გარდა, ემოციური და ფიზიკური დარღვევები, დაწყებული კვების დარღვევით, დამთვარებული სუიციდით, უფრო იმ ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთაც ნაკლები  სოციალური  კავშირები  აქვთ.

ახალი სასწავლო გეგმა – მეტი მედიაწიგნიერება განათლებაში

0

 

ონლაინტექნოლოგიების განვითარებამ ტრადიციული სასწავლო გეგმის ბედი და მომავალი ვეებერთელა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. საქმე ისაა, რომ ონლაინტექნოლოგიების მეშვეობით სასწავლო გეგმაში გარკვეული ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, რათა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის აეწყოთ ფეხი. შესაბამისად, მსოფლიო განათლების სისტემაში გარდაუვალი გახდა სასწავლო გეგმების ცვლილება.

მაშ, რა ახალი ელემენტები შეიძინა სასწავლო გეგმამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? როგორ შეკვეცეს და რა დაამატეს მას?

პირველი საკითხი ახალი საგანი (International Baccalaureate (IB) Program) – საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებია. მაგალითად, თუ 2009 წლისა და 2015 წლის შედეგებს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოში საერთაშორისო განათლების მისაღებად მოსამზადებელი სპეციალური გაკვეთილები სკოლებში 46%-ით გაიზარდა. მაჩვენებელი ასეთია – მსგავსი გაკვეთილები სხვადასხვა ქვეყნის უკვე 3 968 საკლასო ოთახში ტარდება და 4 972 განსხვავებული შეთავაზება მოქმედებს.

რას გულისხმობს საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამების გაკვეთილები? საქმე ისაა, რომ სწორედ 3 968 სკოლაში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (10-11 კლასი) კვირაში ერთხელ ან ორჯერ უტარდებათ პრეზენტაციები იმ უნივერსიტეტების შესახებ, სადაც ისინი, სავარაუდოდ, სწავლას გააგრძელებენ. პრეზენტაციები კონკრეტული უნივერსიტეტების ისტორიასა და მათ განვითარებას, მიმდინარე ფაკულტეტების სასწავლო მიმართულებებსა და საგნებს შეეხება. მათ აწოდებენ ინფორმაციას ლექტორებისა და სასწავლო ლიტერატურის შესახებაც. ახლოს აცნობენ, თუ როგორ შეიძლება კონკრეტულ უნივერსიტეტში სასწავლო გრანტის მოპოვება; ასევე, რა კლასგარეშე აქტივობები აქვთ მათ და რისთვის არის რეკომენდებული განათლება და დიპლომი, რომელსაც მოსწავლეები მომავალში მიიღებენ. მსგავსი გაკვეთილები სკოლაში ძალიან ეხმარება მოსწავლეებს, ახლოს გაიცნონ მომავალი საბაკალავრო ცხოვრება და ზუსტად განსაზღვრონ, თუ სად სურთ სწავლის გაგრძელება.

მეორე ცვლილება, რაზეც მსოფლიოს არაერთი სკოლა ერთხმად შეთანხმდა მედიაწიგნიერებაა. მედიაწიგნიერება ის მთავარი საკითხი აღმოჩნდა, რომელიც თანამედროვე გლობალიზებულ სკოლას აუცილებლად სჭირდება.

ეს საგანი მასწავლებლების მთავარი იარაღი გახდა, რათა ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი მოსწავლეები აბსოლუტურად ზუსტად გაართმევენ თავს ინტერნეტში მასალების სწორად გარჩევას და შეძლებენ ონლაინსამყაროს ქაოსისთვის თავის გართმევას. მედიაწიგნიერება მოსწავლეებს შეასწავლის ყველაფერს, რაც ინტერნეტს ინფორმაციის მიღების საუკეთესო წყაროდ აქცევს. ამ საკითხს სხვადასხვა ასაკის სტუდენტებს სხვადასხვანაირად შეასწავლიან. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობენ, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტის გამოყენების დროს არასასურველი ინფორმაციისგან, როგორ მოიძიონ ინფორმაცია სწორად. ამ დროს უფროსკლასელები სწავლობენ, როგორ გააუმჯობესონ ვიკიპედიაზე გამოქვეყნებული სტატია.

შეუმდგარი ვუნდერკინდის ისტორიიდან

0

უილიამ ჯეიმს საიდისი XX საუკუნის ყველაზე ცნობილი ვუნდერკინდი გახლდათ. ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი იყო – ბიჭმა აქ 9 წლის ასაკში ჩააბარა. სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა ის მომაბეზრებელ რეპორტიორთა ლუპის ქვეშ. ჟურნალისტები მას არასოდეს ასვენებდნენ. ვუნდერკინდის ნიჭიც სწორედ მათ დაღუპეს.

ბიჭუნაზე ამბობდნენ, რომ ექვსი წლის ასაკში ის რვა ენაზე ლაპარაკობდა, მისი IQ კი ფანტასტიკურ 200-300 ბალს აღწევდა. თუმცა სამყაროს ამ საოცარი ადამიანისგან არაფერი მიუღია: განმარტოების სურვილით შეპყრობილი ვუნდერკინდი იძულებული გახდა, პრესას დამალვოდა და დაბალანაზღაურებად სამუშაოზე ემუშავა.

უილიამ ჯეიმს საიდისი ებრაელ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა. მამამისი, ბორის საიდისი, ნიუ-იორკიდან 1886 წელს პოლიტიკურ დევნას გაექცა, დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და ფსიქოლოგიის პედაგოგობას მიჰყო ხელი. 1898 წლის 1 აპრილს შეძენილ ვაჟიშვილს ბორისმა და მისმა მეუღლე სარამ მეჯვარის, ამერიკელი ფილოსოფოსის უილიამს ჯეიმსის სახელი დაარქვეს.

საიდის უფროსის სამეცნიერო ინტერესთა სფერო ფსიქოპათოლოგია იყო. უილიამსმა ისწავლა თუ არა ლაპარაკი, მამამისის ექსპერიმენტების ობიექტად იქცა. მას ადრეული ასაკიდანვე ასწავლეს წერა-კითხვა. წელიწად-ნახევრის ის უკვე „ნიუ-იორკ თაიმს“ კითხულობდა. ორწლინახევრის მშვენივრად ბეჭდავდა საბეჭდ მანქანაზე ინგლისურად და ფრანგულად. ხუთი წლის ასაკში კი შეეძლო მეხსიერებაში აღედგინა სხვადასხვა მიმართულებით გასული მატარებლების განრიგი.

ცხრა წლის უილიამსმა ლოგარითმული სისტემა შეიმუშავა. ამაყი მამა შვილის მიღწევებზე სამეცნიერო ჟურნალებში წერდა. 1911 წელს გამოცემულ წიგნში „ობივატელი და გენიოსი“ საიდისი განათლების ამერიკულ სისტემას აკრიტიკებდა და შინ სწავლების სასარგებლოდ საილუსტრაციოდ შვილის მაგალითი მოჰქონდა. წიგნის გამოცემის დროს უილიამსს აშშ-ში უკვე კარგად იცნობდნენ. ექვსი წლის ბავშვი მშობლებმა ბრუკლინის სახელმწიფო სკოლაში გააგზავნეს სასწავლებლად, სადაც მან ექვს თვეში შვიდი წლის სასწავლო პროგრამა წარმატებით აითვისა და მსხვილი ბეჭდური გამოცემების ყურადღება მიიქცია.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვს რეპორტიორები გასაქანს არ აძლევდნენ. თუმცა მსოფლიო საზოგადოების საჯარო ყურადღება მან ჰარვარდში ჩაბარების შემდეგ მიიპყრო. მაშინ ის მხოლოდ ცხრა წლისა იყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო მცირეასაკოვანი სტუდენტის ლექციებზე დაშვება და მისი მიღების თანხმობა მხოლოდ ორი წლის შემდეგ გასცა. 11 წლის საიდისმა ჰარვარდის უნივერსიტეტის მათემატიკის კლუბში  წაიკითხა ლექცია ოთხგანზომილებიანი სივრცის შესახებ.

უილიამსის არაჩვეულებრივი ნიჭიერების ისტორიები გაზეთების პირველ გვერდებს აჭრელებდნენ. ჟურნალისტები ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, როდის გააკეთებდა ახალ აღმოჩენას ვუნდერკინდი, რა თემაზე, რა ასაკში. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მრავალი დისკუსიის მონაწილეები ორ ბანაკად დაიყვნენ: ერთნი მიიჩნევდნენ, რომ საიდისი ბუნებრივად ნიჭიერი იყო; სხვები კი წერდნენ, რომ ეს მამამისის ინოვაციური აღზრდის მეთოდების დამსახურების შედეგი იყო. მამამ ბავშვს ფიქრი მცირე ასაკიდანვე ასწავლა.

1910-1912 წელს გამოქვეყნებული ასობით საგაზეთო სტატია იუწყებოდა, რომ უფასო სახელმწიფო სკოლები დროის ფუჭად ხარჯვა იყო და მას ბავშვებისთვის სარგებელზე მეტად ზიანი მოჰქონდა. მაგალითად კი საიდისის შემთხვევას იშველიებდა. ბევრი ჟურნალისტი პატარა ვუნდერკინდის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობასაც უსვამდა ხაზს. ისინი კიცხავდნენ მამას, რომელმაც ბავშვს ბავშვობა წაართვა. ასეთი იყო „Science“-ში 1910 წელს დაბეჭდილი სტატია, რომლის ავტორის მოსაზრების თანახმად, მშობლები გენიოსთა გამოზრდაზე იყვნენ გადართული, სინამდვილეში საკუთარ შვილებს ტრავმას აყენებდნენ.

თუმცა ის ფაქტი, რომ მამამ უილიამს ბავშვობა წაართვა, არაფერი იყო იმ წნეხთან შედარებით, რომელსაც ბიჭუნა პრესის წარმომადგენლებისგან განიცდიდა. ეს მის ჯანმრთელობაზე დამღუპველად აისახა. 1910 წელს ბავშვს ნერვული შეტევა დაემართა, რის შემდეგაც თავი სანატორიუმში ამოჰყო. ჰარვარდში საიდისი დათრგუნული და საკუთარ თავში ჩაკეტილი დაბრუნდა. ის აღარ ატარებდა ლექციებს, გაურბოდა ადამიანებთან ახლო კონტაქტს. 1914 წელს მან ხელოვნებაში ბაკალავრის დიპლომი მიიღო.

ჟურნალისტები გენიოსზე მომართული წნეხის შემსუბუქებას არც ამის შემდეგ გეგმავდნენ. გაზეთ „Boston Herald“-ის რეპორტიორმა ინტერვიუს დროს 16 წლის საიდისს სქესობრივი ცხოვრების დეტალები გამოსტყუა. სენსაცია იმის შესახებ, რომ ვუნდერკინდმა საერთოდ უარყო ასეთი ცხოვრება, „ნიუიორკ თაიმსმა“ აიტაცა და ახალგაზრდა გენიოსის პირადი ამბები სრულიად ამერიკის განსასჯელი გახადა. მას ყველა დასცინოდა.

1915 წლის ბოლოს საიდისი ჰიუსტონში, უილიამ მარშ რაისის უნივერსიტეტში მათემატიკას კითხულობდა. პარალელურად სადოქტორო დისერტაციაზეც მუშაობდა. თუმცა განმარტოებისა და სიმშვიდის საშუალება  არც აქ მიეცა. დასავლეთ სანაპიროს მსხვილი გამოცემები რეგულარულად აქვეყნებდნენ მასზე სტატიებს, დასცინოდნენ მის ცუდ მანერებს, აბუქებდნენ ქალებთან და სტუდენტებთან ურთიერთობაში დაშვებულ ლაფსუსებს. დამცირებული საიდისი ბოსტონში დაბრუნდა და ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს ფაკულტეტი მან მესამე კურსზევე მიატოვა.

1919 წელს უილიამსი სოციალისტთა დემონსტრაციის დროს დააპატიმრეს. ის წითელ დროშას აფრიალებდა. ახალგაზრდა კაცს 18-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მამამისმა შეძლო სასამართლოსთან გარიგება და შვილის დახსნა, მაგრამ პატიმრობამ კვლავ გამოაცოცხლა საიდისის მიმართ მინელებული ინტერესი და პრესამ მოუთოკავად გააგრძელა მის ნერვებზე თამაში.

საჯარო ყურადღებისგან თავის დასაღწევად საიდისმა ყველა კვლევა მიატოვა. ის ხშირად გადადიოდა ქალაქიდან ქალაქში, იცვლიდა გვარ-სახელს. ერთხელაც რიგითი კლერკის სტატუსით მომუშავე საიდისი „The New York Herald“-ის რეპორტიორმა უოლ-სტრიტის ერთ-ერთ ოფისში შენიშნა. ამ ფაქტმა დამცირების ახალი ტალღა ააგორა. „1909 წლის ვუნდერკინდი გამომთვლელი მანქანის ოპერატორად მუშაობს, კვირაში სულ რაღაც 23 დოლარის სანაცვლოდ“, – დამცინავი ტონით წერდნენ ჟურნალისტები ადამიანზე, რომელსაც შეიძლებოდა ბრწყინვალე მომავალი ჰქონოდა.

ამის შემდეგ „მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანმა ადამიანმა“ ჟურნალისტების რადარებიდან ათი წლით გაქრობა შეძლო. ეს დრო მან სიმშვიდესა და კომფორტში გაატარა, წერდა რომანებს. მისი  მთავარი გატაცება ტრამვაის ბილეთების კოლექციონირობა და მკვიდრ ამერიკელთა ერთ-ერთი ტომის ყოფა-ცხოვრების შესწავლა იყო. გენიალურ წარსულთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას გაღიზიანებული პასუხობდა ან საერთოდ თავს არიდებდა პასუხებს. 1927 წელს საიდისმა უარი თქვა, დასწრებოდა მამის დასაფლავებას.

ვუნდერკინდის მიერ აღმართული ანონიმურობის ციხე 1937 წელს გატყდა. მან თავის ნაცნობ ქალს მცირე ინტერვიუ მისცა, რომელსაც ეყრდნობოდა ჟურნალ New Yorker-ში გამოქვეყნებული მასალა. საიდისი იქცა გმირად ციკლისა „სად არიან ისინი ახლა?“. ციკლისა, რომელიც საჯარო სივრციდან გაუჩინარებულ ცნობილ ადამიანებს ეხებოდა. სტატიაში საიდისი წარმოაჩინეს როგორც „უშნოდ ყბამოქცეული, მსუქანი, მსხვილკისრიანი და ჟღალულვაშებიანი კაცი, მოუქნელი და ბავშვურად კუშტი, რომელიც აზრის გამოსათქმელად დიდხანს უშედეგოდ ეძებს სიტყვებს“. ასეთი დახასიათებით შეურაცხყოფილმა საიდისმა გამოცემას პირად ცხოვრებაში შეჭრისთვის უჩივლა. მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საიდისი საჯარო ფიგურა იყო, მაშასადამე, მისი წარუმატებლობა თუ სისუსტე საზოგადოების მხრიდან ბუნებრივი ინტერესის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო.

1944 წლის ივლისში საიდისი ბოსტონის საერთო საცხოვრებელში ნაქირავებ ოთახში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. შეუმდგარი ვუნდერკინდი 47 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...