ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
21 მაისი, ოთხშაბათი, 2025

რისთვის გვქირაობს სახელმწიფო ?

0

დიახ, სახელმწიფო მასწავლებლებს გვქირაობს – კონკრეტული მიზნით, კონკრეტული საქმიანობისათვის, კონკრეტული მოვალეობის შესასრულებლად და არა მხოლოდ იმისათვის, რომ გვიყვარდეს ბავშვები, არც მხოლოდ რომელიმე საგნის სწავლებაა ჩვენი დასაქმების მიზანი, მით უფრო, არ უნდა გვეგონოს, რომ მასწავლებლად დაგვიქირავეს ლამაზი თვალების, ბავშვებისათვის „დედიკოს“ ძახილისა და მოსწავლეებისათვის იმის მტკიცების გამო, რომ მათზე დარდით ღამეებს თეთრად ვათენებთ.

არა, მასწავლებლები სხვა რამის გამო დაგვიქირავეს – ჩვენ განათლების სფეროში სახელმწიფოს ეროვნული პოლიტიკის მიზნების გამტარებელი უკანასკნელი და უმთავრესი რგოლი ვართ. რაც გინდა წერონ კანონებში, რა მეტაფორებითაც არ უნდა ილაპარაკოს განათლების მინისტრმა, რა დადგენილებებიც არ უნდა მიიღოს მთავრობამ, პარლამენტმა, თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ, თუ ჩვენ არ გვესმის და, შესაბამისად, ვერც  მოსწავლეს ვაგებინებთ, მაშინ ამაოა იქ, ზემოთ, წერა-კითხვა, მსჯელობა, ფიქრი, კანონშემოქმედებითი საქმიანობა .

სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ განათლების სისტემის მოწყობა, კერძოდ, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი, სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: განათლების და სწავლების შინაარსი (რა ვასწავლოთ?), სწავლების მეთოდოლოგია (როგორ ვასწავლოთ?) და მასწავლებელი (ვინ ასწავლოს?). ამ სამი მიმართულების პრაქტიკული რეალიზაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ  მეთოდოლოგიურ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა ხდებოდეს, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრული უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკური პოზიციით – როგორი მოქალაქის აღზრდა სურს მას. ეს პოზიცია არის განათლების მიზანი (ვინ აღვზარდოთ?). როგორც მსჯელობიდან ვხვდებით, სწორედ ამ უკანასკნელით, განათლების პოლიტიკის განსაზღვრით, იწყება სახელმწიფოში ზოგადი განათლების სფეროში ყველანაირი მოქმედება, მათ შორის პედაგოგთა დასაქმებაც.

 ჩვენ, მასწავლებლებს, გვქირაობენ, რათა განათლების სფეროში არსებული უმთავრესი პოლიტიკის დოკუმენტი – „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“ სასკოლო ცხოვრებაში განვახორციელოთ. აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, სკოლა დაცლილი/დაცული უნდა იყოს პოლიტიკისგანო, ფაქტობრივად, სასაცილო მდგომარეობაში ვიგდებთ თავს. თუ დავუკვირდებით, პირიქითაა, სწორედ სკოლა წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ერთ-ერთ მძლავრ, უმთავრეს სუბიექტს, რადგან იგი სახელმწიფოს მიერ სტრატეგიული ხედვის შესაბამისად შემუშავებულ პრინციპებს უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში ნერგავს და ავითარებს (აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს მიზანი პოლიტიკურ-ეკონომიკური პლატფორმის ცვლილებასთან ერთად იცვლება და მოდერნიზდება). ამგვარად, მასწავლებლებიც ჩვენი საგნის ფარგლებში ვახორციელებთ სახელმწიფოს ხედვას – ვზრდით ისეთ ადამიანს, როგორსაც ქვეყნის პოლიტიკა გვკარნახობს. სწორედ ამაში ხედავს სახელმწიფო ჩვენს დანიშნულებასა და საღმრთო ვალს, სწორედ ამისთვის გვქირაობს.

როდესაც სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორი პროდუქტი უნდა მიიღოს ზოგადი განათლების საფეხურდამთავრებული მოქალაქისაგან, შემდეგ იწყებს მუშაობას განათლების პოლიტიკის მიზნის მისაღწევი შინარსის შექმნაზე. შესაბამისად, აღზრდის მიზანს ექვემდებარება განათლებისა და სწავლების  შინაარსიც (რა ვასწავლოთ?). ჩვენს შემთხვევაში განათლების შინაარსის დოკუმენტს წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმა. მისი შემუშავება, ანუ იმ სასწავლო მასალის დადგენა, რომელსაც უნდა დაეუფლოს მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მხოლოდ ,,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების’’ საფუძველზეა  შესაძლებელი. თავის მხრივ, ესგ-ის დოკუმენტი წარმოადგენს ცოდნათა და უნარ-ჩვევათა კრებულს, რომლის მიზანი პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის აღზრდაა. შესაბამისად, გამოდის, რომ სახელმწიფოს პედაგოგიური საზოგადოება სჭირდება განათლების სფეროში პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, რისთვისაც ხელთ გვაძლევს დოკუმენტს და გვთხოვს, საგაკვეთილო პროცესი მას დავაფუძნოთ. ესეც მეორე მიზეზი ჩვენი დაქირავებისა.

 ცალკე აღნიშვნის ღირსია დამსაქმებლისგან დაკვეთილი განათლებისა და სწავლების მეთოდოლოგიის (როგორ აღვზარდოთ?) ფლობა, რომლის ხასიათიც, ასევე, აღზრდის მიზნითაა განპირობებული. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სწავლების ეფექტურობა, ვფიქრობთ, დიდწილადაა დამოკიდებული მასწავლებლის მიერ არჩეულ ცოდნა-ჩვევების გადაცემის ხერხზე. მეთოდოლოგია, რომელსაც მასწავლებელი იყენებს სწავლებისას, ყველაზე მეტად განაპირობებს პიროვნების ამა თუ იმ სპეციფიკური უნარის ფორმირებას სწავლა- აღზრდის პროცესში. უნდა ითქვას, რომ თუ ადრე მეთოდიკის სახელმძღვანელოები მკაცრად უნიფიცირებულ და კონტროლირებად ხასიათს ატარებდა, ამჟამად მათი რაოდენობა უზღვავია და  სწორედ პედაგოგის დიდოსტატობაზეა დამოკიდებული სწორი არჩევანი. შესაბამისად, სახელმწიფოც ამ არჩევანის მართებულობისათვის გვქირაობს.

დაბოლოს, მასწავლებელი (ვინ ასწავლოს?) – ადამიანი, რომლის გარეშე ჩემ მიერ ზემოთ ნამსჯელს იოტისოდენა ფასიც არ აქვს. სკოლაში სწავლების ხარისხსა და ეფექტურობას განსაზღვრავს მასში მოღვაწე პედაგოგიური პოტენციალი – თავისი ცოდნით, უნარებითა და პიროვნული თვისებებით. სავსებით ნათელია, რომ როგორიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიზანი განათლების მიმართ, მის მიერ შემუშავებული დოკუმენტების ხარისხი და, ზოგადად, სახელმწიფოს დამოკიდებულება სასკოლო სისტემისადმი, სწორედ მასწავლებელია სასწავლო პროცესის წარმმართველი, ძალა, რომლის ხელითაც რეალიზდება ყველა სახელმწიფო დოკუმენტი. განათლების სისტემის საკანონმდებლო რეგულაციები, სტანდარტები და სხვა მისთანანი ჩვენს ხელში ან ქმედით ძალას იძენს ან სრულიად უფასურდება. სწორედაც ამიტომ, გაიაზრა რა  სამასწავლებლო კადრის მნიშვნელობა, სახელმწიფომ პედაგოგობა რეგულირებად, განსაკუთრებულად ყურადღებამისაქცევ პროფესიად დასახა და დაუწესა ნორმების წყება – კანონები, სტანდარტები, სქემები, კითხვარები, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებები და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ. და ეს ყველაფერი, ალბათ, იმისთვის, რომ არ მოვდუნდეთ, არ ჩაგვეძინოს, არ შევწყვიტოთ კითხვა, განვითარება და უმთავრეს მიზანს – ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალ პიროვნების ჩამოყალიბებას – ხინჯი რამ არ მოვსდოთ. ვინ ვინ და სახელმწიფომ ყველაზე კარგად იცის, რომ უმასწავლებლებოდ, უჩვენოდ, ისეთივე ავ დღეში ჩავარდება, როგორშიც ნაცარქექია ჭყინტი ყველისა და სადგისის გარეშე. ჰოდა,  თავს ზემოთ ძალა არაა  და  ამიტომაც გვქირაობს.

სიბნელის შიში ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც მისი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე არ განუცდია შიში რაიმეს ან ვინმეს მიმართ. საყურადღებოა, რომ ეს გრძნობა მთელი თავისი მრავალფეროვნებით ბავშვობის პერიოდში იჩენს თავს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სიბნელის შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია  ბავშვებში. როგორც წესი, სიბნელის შიში ამ პერიოდში დროებით ხასიათს ატარებს, მაგრამ, თუ ის დროულად არ იქნება დაძლეული, შეიძლება დიდობაშიც გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მოზრდილ ადამიანებში შიშის გამომწვევი მიზეზები მათ ადრეულ ბავშვობას უკავშირდება.

     ალბათ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ იმ ბავშვთა მშობლები, რომელთაც სიბნელის შიში აწუხებთ, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. უპირველეს ყოვლისა, ასეთ ბავშვს უჭირს ჩაძინება, ხშირად უარს ამბობს საძინებელ ოთახში შესვლაზე, საკუთარ საწოლში ჩაწოლაზე, პანიკაში აგდებს ოთახში სინათლის ჩაქრობა, დაჟინებით ითხოვს საძინებელი ოთახის კარის ღია დატოვებას, ხშირად ესიზმრება კოშმარები, შუაღამისას იღვიძებს შეშინებული, უხმობს მშობლებს და არწმუნებს მათ, რომ მის ოთახში ურჩხულები და მოჩვენებები დადიან. ასეთ დროს მშობელთა უმრავლესობა გამოსავალს იმაში პოულობს, რომ საკუთარ საძინებელში გაჰყავს ბავშვი და მასთან ერთად აგრძელებს ძილს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც შიშისაგან პანიკაში ჩავარდნილ ბავშვს საყვედურობენ, ცდილობენ დაარწმუნონ, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ მოეჩვენა რაღაც და აიძულებენ საკუთარ საწოლში გააგრძელოს ძილი. მშობლების მხრიდან ბავშვის შიშის მუდმივად იგნორირების შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია მას ჩამოუყალიბდეს საკუთარ თავში დაურწმუნებლობის, სირცხვილის, დაუცველობის გრძნობა; ამასთან ერთად, თავი იჩინოს დეპრესიამ და აგრესიულობამაც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი პრობლემას მოგვარების ნაცვლად კიდევ უფრო გაამძაფრებს და შესაძლოა უმართავიც კი გახადოს ის. ამდენად, სასურველია, რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვიზრუნოთ ბავშვში აღმოცენებული სიბნელის შიშის დაძლევაზე. მაგრამ, იმისათვის, რომ პრობლემას წარმატებით გავართვათ თავი, აუცილებელია ზუსტად განვსაზღვროთ ის მიზეზები, რამაც შეიძლება ეს პრობლემა წარმოშვას.

     სიბნელის შიშის გამომწვევი მიზეზები:

  • წინარე, არასასიამოვნო გამოცდილება. რაიმე შემთხვევის წყალობით, სიბნელის ხიფათთან, არასასიამოვნო მოულოდნელობასთან დაკავშირება. მაგ. თუ ერთხელ, როცა ბავშვი ბნელ ოთახში აპირებდა შესვლას, იქიდან მკვეთრი მოძრაობით გადმოხტა ოჯახის კატა ან ძაღლი, რამაც ის შეაშინა, ადვილი შესაძლებელია, რომ მომავალში ბნელი ოთახი მან დააკავშიროს ხიფათთან, საფრთხესთან, შიშთან, მოულოდნელობასთან და უარი განაცხადოს იქ შესვლაზე;
  • მშობლების, ახლობლების, აღმზრდელების მიერ ბავშვისთვის გაუცნობიერებლად თავსმოხვეული, შთაგონებული შიში. მაგ. როცა ბავშვი დიდხანს არ იძინებს და მშობლები დაშინებით ცდილობენ მის დაძინებას – „გადაბრუნდი და დახუჭე თვალები, თორემ გუდიანი კაცი მოვა და წაგიყვანს“, ადვილი შესაძლებელია, ბნელ ოთახში მარტოდ დარჩენილ ბავშვს მოეჩვენოს, რომ მის გარშემო საშინელი არსებები დადიან, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააძლიერებს სიბნელის შიშს;
  • ძილის წინ ისეთი მულტფილმების ყურება, სადაც საშინელი არსებებია პერსონაჟებად გამოყვანილი და ნეგატიურ სიუჟეტზეა აგებული. სახიფათო კომპიუტერული თამაშებით გართობამ ასევე შეიძლება პრობლემები შეუქმნას ბავშვს ძილის წინ. არსებობს იმის საფრთხე, რომ ნანახი პერსონაჟები მოჩვენებებად „გამოეცხადოს“ და ძილი დაუფრთხოს მას;
  • ოჯახური კონფლიქტები, ყოველდღიური ჩხუბი და უსიამოვნო საუბრები მშობლებს შორის, სხვა უარყოფით შედეგებთან ერთად, დიდი ალბათობით, შეიძლება ბავშვში სიბნელის შიშის აღმოცენების მიზეზად იქცეს. მას უჩნდება უნდობლობის გრძნობა დედ-მამის მიმართ, ფიქრობს, რომ ის მათ არ სჭირდებათ და უსაფრთხოდ და დაცულად ვეღარ გრძნობს თავს. ასეთ დროს აღმოცენებულმა უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება არა მხოლოდ ხელი შეუწყოს ბავშვში სიბნელის შიშის აღმოცენებას, არამედ განამტკიცოს კიდეც ის იმდენად ძლიერად, რომ მოზარდი ამ შიშისაგან გარდამავალ ასაკშიც კი ვერ განთავისუფლდეს;
  • ოჯახური ურთიერთობების რღვევა ან ოჯახის რომელიმე წევრის სერიოზული ავადმყოფობა ასევე შეიძლება ბავშვში სიბნელის შიშის აღმოცენების მიზეზი გახდეს;
  • ჰიპერმზრუნველობა ოჯახის წევრთა მხრიდან, ბავშვის გარე სამყაროსაგან მოწყვეტა და შესაძლო გარე გამღიზიანებლებისაგან მისი გამიჯვნა, შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. თანატოლთა წრისა და გარე სამყაროსაგან მოწყვეტილი ბავშვი, როგორც წესი, იკეტება ვიწრო ოჯახურ წრეში, სადაც მუდმივი კონტროლი და მეურვეობა დამთრგუნველად მოქმედებს მის ემოციურ ცხოვრებაზე და უძლიერებს შიშის, საფრთხის, საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობას;
  • ბავშვის პრობლემის იგნორირება, უარყოფა შესაძლებელია ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს. არის შემთხვევები, როცა უფროსები ბავშვს, რომელსაც სიბნელის ეშინია, დასცინიან, უწოდებენ მხდალს ან საერთოდ კეტავენ ბნელ ოთახში იმ იმედით, რომ ეს დაეხმარება მას შიშის დაძლევაში. შედეგად ვიღებთ იმას, რომ სიბნელის შიში კიდევ უფრო ძლიერდება და მას სხვა პრობლემებიც ემატება.

რეკომენდაციები სიბნელის შიშის დასაძლევად:

  • პრობლემის მოგვარება მისი აღიარებით უნდა დავიწყოთ. პრობლემის იგნორირება ნამდვილად არ იქნება ჩვენი დამხმარე ასეთ სიტუაციაში;
  • ნუ შევეცდებით ბავშვის წინაშე მდგარი პრობლემის გამარტივებას. ჩვენი სიტყვები -„სიბნელეში არაფერია საშიში“- ვერ დაეხმარება მას და არ მისცემს იმ ემოციების და გრძნობების ახსნის საშუალებას, რომელსაც ის განიცდის. ამიტომ, არ არის საჭირო დავამშვიდოთ ბავშვი სიტყვებით: „აქ არაფერია ისეთი, რის გამოც უნდა გეშინოდეს“; „მე არ მეშინია“. მსგავსი სიტყვებით დაძლევის ნაცვლად შეიძლება უფრო გავაძლიეროთ შიში. ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად, უკეთესი იქნება თანაგანცდა, მხარდაჭერა და სიყვარული;
  • დავანახოთ და ვაგრძნობინოთ ბავშვს, რომ ჩვენ გვჯერა მისი, მისი შესაძლებლობების, გვჯერა, რომ ის თავს გაართმევს მის წინაშე მდგარ პრობლემას. მშობლები, რომლებსაც ეჭვი არ ეპარებათ საკუთარ შვილში, ადვილად შეძლებენ მის დახმარებას სირთულის დაძლევის პროცესში. ნდობისა და სიყვარულის დეფიციტის პირობებში კი ბავშვი კარგავს საკუთარ თავში დარწმუნებულობის გრძნობას, თავს გრძნობს მარტოსულად და დაუცველად, ხდება შფოთიანი, რაც ნამდვილად ვერ დაეხმარება მას პრობლემის დაძლევაში;
  • მშობლების დადებითი მაგალითი. ნუ მოვერიდებით ბავშვთან იმის აღიარებას, რომ ერთ დროს ჩვენც გვქონდა ასეთი შიში, ჩვენც გვტანჯავდა ის, თუმცა, შევძელით მისი დამარცხება. გავუზიაროთ მას სიბნელის შიშთან ბრძოლაში ჩვენი ბავშვობის დროინდელი გამოცდილება;
  • მოვარიდოთ ბავშვი ძილის წინ მულტფილმების ყურებას. უმჯობესი იქნება, თუ ამით ის დღის განმავლობაში დაკავდება;
  • ნუ წავუკითხავთ ბავშვს საშიშ ზღაპრებს, ზღაპრებს ისეთი პერსონაჟებით, რომლებიც აშინებს პატარას. უმჯობესი იქნება მოვუყვეთ ბავშვს ისტორიები კეთილი პერსონაჟებით და ბედნიერი დასასრულით;
  • მოვერიდოთ ზედმეტ მეურვეობასა და მზრუნველობას; მივცეთ ბავშვს თანატოლებთან და გარე სამყაროსთან მეტი ურთიერთობის საშუალება. გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირად საფრთხე იმდენად გარე სამყაროში არ არის, რამდენადაც ჩვენს შინაგან სამყაროში;
  • ნუ დავადანაშაულებთ ბავშვს, ნუ ვეჩხუბებით და ნუ დავსჯით მას იმის გამო, რომ ეშინია, დაუცველი და უსუსურია. ეს განსაკუთრებით ბიჭების მამებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგანაც, როგორც წესი, ისინი თვლიან, რომ ბიჭები უნდა იყვნენ თამამები, მამაცები, ძლიერები და ამტანები, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ მათი ვაჟები, პირველ რიგში, ბავშვები არიან, რომელთაც სიყვარული, თანადგომა, გაგება და მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ, ვიდრე საყვედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მშობელთან დამალავენ თავის შიშს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს პრობლემას;
  • ნუ ვაიძულებთ ბავშვს დაიძინოს ჩაბნელებულ ოთახში იმ მოტივით, რომ განათებულ ოთახში ძილი საზიანო იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. ღამეების გატარება მუდმივ შიშში ბევრად უფრო სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის, მისი ფსიქიკისთვის, ვიდრე განათებულ ოთახში ძილი.

     დაბოლოს, სიტუაციის სწორად გაანალიზება, სამოქმედო სტრატეგიის ადეკვატურად შერჩევა, ბავშვის უპირობო სიყვარული და მისი შესაძლებლობების ძლიერი რწმენა სიბნელის შიშის დამარცხების აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა.

როგორ ვასწავლოთ

0

გლენ დომანი: „ბავშვის ჰარმონიული განვითარება“

დასაწყისისთვის მინდა გამოვეხმაურო ყველა იმ ავტორს, რომელიც აფრთხილებს მშობლებს, რომ თუ ზედმიწევნით არ შეასრულეს მათი მითითებები, მეთოდი ვერ იმუშავებს. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ მინდა ვთქვა: რაც არ უნდა ცუდად ასწავლიდეთ საკუთარ შვილს, ეს მაინც უკეთესია, ვიდრე საერთოდ არაფერი ასწავლოთ.

მოდით, ახლა განვიხილოთ, რა უნდა გვახსოვდეს თავად ბავშვის შესახებ და შემდეგ განვიხილოთ საკითხი – როგორ ვასწავლოთ.

  1. რაც უფრო პატარა ასაკისაა ბავშვი, მით მეტი ინფორმაციის ათვისება შეუძლია;
  2. ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვს შეუძლია, ძალიან სწრაფად აღიქვას ესა თუ ის ინფორმაცია;
  3. რაც უფრო ბევრ ინფორმაციას ითვისებს პატარა, მით უფრო მეტი რჩება მის მეხსიერებას;
  4. ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვს შემეცნების დიდი წყურვილი აქვს;
  5. მას შეუძლია ყველაფრის სწავლა, თუ თქვენ სწავლის პროცესს წარმართავთ გულწრფელად, ხალისით და, რაც მთავარია, ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით;
  6. ყველა ბავშვი პატარა გენიოსია ლინგვისტური უნარებით, რომელსაც შეუძლია ისწავლოს იმდენი უცხო ენა, რამდენის სწავლებასაც თქვენ შეძლებთ;

ინტელექტუალური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა კითხვა. კითხვა ეს ადამიანის თავის ტვინის უმაღლესი ფუნქციაა. დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი არსებიდან კითხვა მხოლოდ ადამიანს შეუძლიათ. ამას გარდა, კითხვის უნარზეა დაფუძნებული ადამიანის მთელი შემდგომი განათლება.

ადამიანის ინტელექტი ეფუძნება ცოდნას, რომლის გარეშეც მისი არსებობა შეუძლებელია. ჩვენ მიერ შემუშავებული სწორი სწავლების პრინციპები, გამოსადეგია კითხვის,  მათემატიკისა და ნებისმიერი თქვენ მიერ არჩეული საგნის შესასწავლად. თითოეული ჩვენგანი საკუთარი განათლების პროდუქტია. სწორედ ამიტომ შვილების სწავლებისას ძალაუნებურად ვუშვებთ შეცდომებს და ვაიძულებთ მათ აკეთონ ის, რის გაკეთებაც ბავშვობაში თავადაც ძალიან გვძულდა.

ნებისმიერ მშობელს ემახსოვრება მასწავლებლის წითელი კალამი, რომლითაც ის შეცდომებზე მიგვითითებდა და პრაქტიკულად ისე გამოდიოდა, რომ მართებულ პასუხებს არად დაგიდევდათ. ამიტომ, თუ გინდათ, თქვენი შვილის სწავლებისას შედეგს მიაღწიოთ, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც თავად „შეგემთხვათ“ სწავლების პროცესში.

 

რა ასაკიდან დავიწყოთ სწავლება?

 

 პასუხი ძალიან მარტივია: დაბადებისთანავე. ჩვენ ხომ ვესაუბრებით ახალშობილს? ეს კი ავითარებს მისი სმენის აპარატს. ჩვენ ბავშვისთვის ინფორმაციის ვიზუალური ფორმით მიწოდებაც შეგვიძლია, რისთვისაც შესაბამის ბარათებს გამოვიყენებთ. ამით მას მხედველობით შეგრძნებებს განვუვითარებთ. სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ორი რამ:

  • მშობლის ურთიერთობები და დამოკიდებულება;
  • სასწავლო მასალის მოცულობა და მისი მიწოდების რიგითობა.

მშობლის ურთიერთობები და დამოკიდებულება; თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ასწავლოთ საკუთრ შვილს, მაშინ დაიწყეთ ახლავე. გამორთეთ ტელეფონი და კარზე დაკიდეთ წარწერა: „კვალიფიციური დედა მუშაობს – გთხოვთ, არ შეაწუხოთ!“.

შემეცნება – ცხოვრების უდიდესი თავგადასავალი და ყველაზე საინტერესო განმავითარებელი თამაშია. ამიტომ უმთავრესია გვახსოვდეს: „სწავლების პროცესისაგან სიამოვნება უნდა მიიღონ როგორც მშობლებმა, ასევე ბავშვებმაც“. მშობლებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ შემეცნება – არ არის რუტინული სამუშაო. ის პრივილეგიაა და არა სასჯელი და რომ თავად ბავშვებში ის დაბადებისთანავეა ჩადებული.

არსებობს უსაფრთხოების კანონი, რომელიც მუდამ უნდა ახსოვდეს ყველა მშობელს. „თუ თქვენ ან თქვენს შვილს არ აინტერესებს სწავლის პროცესი, მაშინ შეწყვიტეთ მეცადინეობა“. სავარაუდოდ, თქვენ მას არასწორად წარმართავთ. პირველ რიგში დაისვენეთ და გაიხსენეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თამაშია, რომელშიც წაგებული არ უნდა არსებობდეს.

 

პატივისცემა და ნდობა. შვილები მშობლებს სრულად ენდობიან, ასევე უნდა იქცეოდნენ მშობლებიც. ბავშვები კარგად გრძნობენ მშობლის დამოკიდებულებას. ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვებს ცოდნის მიღების ყველაზე დიდი სურვილი აქვთ და ამიტომ მშობლებმა მათ ეს შესაძლებლობა უნდა მისცენ. სწავლების პროცესი წარმოუდგენელია ურთიერთნდობის გარეშე. მშობელმა უნდა აღჭურვოს შვილი ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი ინფორმაციით და ბავშვი ნამდვილად შეძლებს მის ათვისებას.

 

ყოველთვის უთხარით ბავშვს სიმართლე. ბავშვები დარწმუნებული არიან, რომ ის, რასაც მათ მშობლები ეუბნებიან, სრული სიმართლეა. არასოდეს არ უნდა მისცეთ შვილს საბაბი, რომ ეჭვი შეეპაროს თქვენს სიმართლეში და სხვებსაც არ მისცეთ ამის უფლება. თუ თქვენ დაიწყებთ პატარას მოტყუებას, მაშინ შესაძლებელია მისი სიყვარული შეინარჩუნოთ, მაგრამ პატივისცემას დაკარგავთ.

 

როდესაც ბავშვი გისვამთ შეკითხვას, უპასუხეთ მას გულწრფელად. ასეთ შემთხვევაში ბავშვი დაასკვნის, რომ თქვენ ყველაფერი იცით და ფლობთ ულევ ინფორმაციას. როდესაც ბავშვი უფროსს ენდობა, ის უამრავ ორიგინალურ და რთულ შეკითხვას სვამს. თუ თქვენ იცით პასუხი, დაუყოვნებლივ უპასუხეთ, თუ – არა, გულწრფელად უთხარით ამის შესახებ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია და ესაუბრეთ მასზე.

 

თამამად გამოხატეთ საკუთრი მოსაზრება, რადგან ბავშვს სურს მისი ცოდნა. არასოდეს დაივიწყოთ, რომ თქვენ პატარას აწვდით არა მხოლოდ გარკვეულ ინფორმაციას, არამედ ასწავლით მას, როგორ ასწავლოს მომავალში საკუთარ შვილებს.

 

საუკეთესო დრო სწავლებისათვის. არასოდეს დაუწყოთ შვილს რაიმეს სწავლება, თუ ის ან თავად თქვენ, რაღაც მიზეზის გამო თავს უბედურად გრძნობთ. ან თუ ბავშვი გაღიზიანებულია, მშიერია, დაღლილია. ასეთ დღეებში სასურველია სწავლება რამდენიმე ხნით გადადოთ და შესაფერის მომენტს დაელოდოთ.

 

შესაფერისი გარემო. იმისათვის, რომ სწავლის პროცესში ბავშვის ყურადღება არაფერმა მიიქციოს, სასურველია შექმნათ გარემო, რომელიც თავისუფალი იქნება რაიმე ტიპის გამღიზიანებლებისაგან.

მეცადინეობების ოპტიმალური ხანგრძლივობა. როგორც წესი, მცირე ასაკის ბავშვებისათვის სწავლების დრო უნდა იყოს ძალიან ხანმოკლე. ვფიქრობთ, პროფესიონალი მშობლები თავად მიხვდებიან, როდის არის სასურველი მეცადინეობის შეწყვეტა.

გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მასწავლებელი და არა თქვენი ბავშვი, ამიტომ არ მისცეთ მას უფლება, შეცვალოს თქვენ მიერ დადგენილი პროგრამა და რიტმი. მართალია, რომ პატარა მსოფლიოში საუკეთესო მოსწავლეა, სამაგიეროდ, თქვენ ხომ მსოფლიოში საუკეთესო მასწავლებელი ხართ. თუ თქვენ მოახერხებთ და ყოველთვის იმაზე უფრო ადრე შეწყვეტთ მეცადინეობას, ვიდრე ამას ბავშვი მოითხოვს, ამ შემთხვევაში მას უფრო მეტად გაუძლიერებთ სწავლისადმი თანდაყოლილ ლტოლვას.

 

სწავლების ხერხი და მანერა. რის სწავლებასაც არ უნდა ცდილობდეთ კონკრეტულ მიკროგაკვეთილზე, გახსოვდეთ, რომ ყველაფრის გასაღებია – ენთუზიაზმი. არ გაურთულოთ ცხოვრება საკუთარ შვილს. ესაუბრეთ მას ხმამაღლა, მკაფიოდ და მხიარულად. ამ დროს ისინი საშრობივით ისრუტავენ თქვენს ინფორმაციას. ბავშვებს უყვართ, როდესაც სწავლება მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფად, ამიტომ თქვენი სადემონსტრაციო მასალაც სწრაფად უნდა აჩვენოთ.

უფროსებისაგან განსხვავებით, ბავშვები სულაც არ თვლიან, რომ შემეცნების პროცესი მძიმე და აუტანელია. წარმატების მისაღწევად საჭიროა სწრაფი მოქმედება, რადგან სისწრაფე სიამოვნებას ანიჭებს პატარას, ხოლო შენელება კლავს ბავშვის თანდაყოლილი შემეცნების უნარს. სასწავლო მასალა უნდა იყოს მკაფიო და ნათელი. ბავშვებისათვის სულაც არ არის აუცილებელი რაღაცის დიდხანს თვალიერება – ისინი ყველაფერს სწრაფად ისრუტავენ. სწავლების პროცესში შესაძლოა, ენთუზიაზმი ჩაგიქრეთ, ქმედებებში ავტომატიზმი და ხმაში კი სიუხეშე შეგეპაროთ. როგორც კი მსგავს რამეს შეამჩნევთ სასწრაფოდ ეცადეთ მის გამოსწორებას, ეს თქვენი პატარისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.

 

ახალი მასალის ათვისება. ახლა მინდა ვისაუბრო იმ გარემოებაზე, რომ ბავშვებს განსხვავებული სისწრაფით შეუძლიათ კითხვის, თვლის და ა.შ… ათვისება. მშობელი იმისათვისაც უნდა იყოს მზად, რომ სწავლების პროცესში ბავშვი იქნება წამყვანი და არა მშობელი. ზოგჯერ შესაძლებელია თქვენ გაგაოცოთ შვილის შემეცნებითმა „შიმშილმა“ და ათვისების სისწრაფემ. ახალი ინფორმაცია ეს არის სწორედ ყოველი პროგრამის არსი, როდესაც ბავშვის ადრეულ განვითარებაზეა საუბარი. მასზეა დამოკიდებული წარმატება. როდესაც ბევრია ახალი ინფორმაცია, თქვენ და თქვენი შვილი თავს ისე კარგად იგრძნობთ, რომ ვერც კი მიხვდებით, როგორ გავა დრო. ბავშვის პირადი სამყარო მუდამ გაფართოვდება და ამაში მდგომარეობს მისი ცხოვრების ყოველი დღის მიზანი.

ჩვენ ისეთ სასწავლო გარემოში აღვიზარდეთ, სადაც ფაქტების 100%-ით დამახსოვრებას გვთხოვდნენ. ამისათვის საჭირო იყო გამუდმებული გამეორება, რის შედეგადაც ყოველგვარ ინტერესს ვკარგავდით როგორც თავად ფაქტების, ასევე სწავლების მიმართაც. საბედნიეროდ, არსებობს განსხვავებული მეთოდიც, რომლის მიხედვით ბავშვს ვაწვდით გაცილებით მეტ ფაქტს და არ ვაიძულებთ მათ სრულყოფილად დამახსოვრებას. ამის ნაცვლად ვაღვივებთ პატარას თანდაყოლილ ცნობისმოყვარეობას. სწორედ, ამაში მდგომარეობს პატარა ბავშვების სწავლების საიდუმლო.

აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ყოველთვის მზად უნდა იყოთ საკუთრი მიდგომის შესაცვლელად. პატარა ბავშვები, ხომ მუდმივად იზრდებიან. პირველად, როდესაც ბავშვს შევამჩნევთ, რომ ის რაღაც ისეთს აკეთებს, რაც ადრე არასდროს გაუკეთებია, ვხვდებით, რომ პატარა უკვე რაღაცნაირად განსხვავებულად უყურებს სამყაროს. როცა თქვენ აითვისებთ სწავლების ახალ მიდგომას, მიხვდებით, რომ თქვენს პატარას უკვე რაღაც განსხვავებული სურს. უფროსებს – კარგად გაკვალული გზებით სიარული უყვართ, პატარები – ყოველთვის სიახლეებისაკენ მიილტვიან.

 

ორგანიზებულობა და თანამიმდევრულობა. სწავლების დაწყებამდე საჭიროა საკუთრი ქცევებისა და სასწავლო მასალის თანამიმდევრულობაზე კონტროლი. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მეტი სიამოვნება მიიღოთ სწავლებისაგან. იმისათვის, რომ თქვენ მიერ დასახული სწავლების გეგმა იყოს სასარგებლო, კარგი იქნება საშუალო ინტენსივობის პროგრამის შერჩევა. თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო მოგიხდებათ მეცადინეობის შეჩერება და მოგვიანებით მოახერხებთ მის გაგრძელებას, აუცილებელია სწავლება ზუსტად იმავე ადგილიდან განაახლოთ.

 

ტესტირება. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა – არ შეამოწმოთ თქვენი შვილების წარმატებები. ბავშვებს უყვართ შემეცნების პროცესი, მაგრამ არ უყვართ, როდესაც მათ შემოწმებას იწყებენ. ტესტირება დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. რაც უფრო ხშირად ამოწმებთ ბავშვებს, მით უფრო ცუდად ისწავლის ის. რა არის ტესტი? პრინციპში ეს არის იმის მცდელობა, გაიგოთ, რა არ იცის თქვენმა შვილმა. ფაქტობრივად, ეს არის ბავშვის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების გამომჟღავნება, რადგან ის ხვდება, რომ თქვენ არ გჯერათ რომ მან იცის, სანამ ის ამას არ დაგიმტკიცებთ. არ დაუწყოთ შემოწმება ბავშვს და არც სხვებს შეამოწმებინოთ მისი ცოდნა. ტესტირების ნაცვლად გამოიყენეთ უნარების გამოვლენის მეთოდი, რომლის მიზანია, ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა საკუთრი ცოდნის დემონსტრირება მოახდინოს, ოღონდ მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში.

 

სასწავლო მასალის მომზადება. ბავშვის სწავლებისათვის განკუთვნილი მასალები ძალიან მარტივია. ისინი შექმნილია სპეციალისტების მიერ, რომლებიც სწავლობენ ბავშვის ტვინის განვითარების საკითხებს. მასალა უნდა იყოს მარტივი, ადვილად გასაგები. ბავშვებს არ უყვართ განმეორება, უკვე განვლილ მასალასთან მიბრუნება, ის მათთვის მოსაწყენი ხდება. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ: არასოდეს მიუბრუნდეთ უკვე განვლილ მასალას.

დასკვნის სახით ჩამოგიყალიბებთ ბავშვის ადრეული სწავლების ძირითად პრინციპებს:

  • სწავლა დაიწყეთ რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან;
  • ასწავლეთ სიამოვნებით;
  • ენდეთ და პატივი ეცით საკუთრ შვილს;
  • ასწავლეთ მხოლოდ მაშინ, როცა ორივე მხარეს ამის სურვილი და განწყობა ექნება;
  • შექმენით შესაფერისი სასწავლო გარემო;
  • მანამდე შეწყვიტეთ მეცადინეობა, სანამ ბავშვი გეტყვით ამას;
  • ხშირად მიაწოდეთ ახალი მასალა;
  • მთავარია, იყოთ თანამიმდევრული და მობილიზებული;
  • არ შეამოწმოთ ბავშვის ცოდნა;
  • საგულდაგულოდ მოამზადეთ სასწავლო მასალა;
  • გახსოვდეთ უსაფრთხოების ძირითადი წესი: თუ თქვენ ან თქვენს შვილს არ აინტერესებს, შეწყვიტეთ მეცადინეობა. სავარაუდოდ, რაღაცას არასწორად აკეთებთ.

ქართველი ავტორის აღმოსაჩენად

0

ამ ბოლო დროს თბილისის წიგნის ფესტივალებზე სასიხარულო ტენდენცია გამოიკვეთა: ქართველი ავტორების წიგნები ბესტსელერები  ხდება. ეს შესაძლოა ავტორის პირადად ნახვისა და ავტოგრაფის მიღების სურვილითაც იყოს განპირობებული. თუმცა ბოლო წლების ერთგვარი ტრადიცია რომ იცვლება და ნათარგმნ ლიტერატურას ღირსეულად ეჯიბრება ქართული, ორიგინალური პროზა თუ პოეზია, უდავოდ მისასალმებელია. საქართველოში ნამდვილად მაღალი დონის ლიტერატურა იქმნება და ის არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე ევროპულ თუ ამერიკულ პოეზიას, რომანს, მოთხრობას თუ დრამატურგიას. როდესაც სოციალურ ქსელში სიხარულით ვამცნე ხალხს კიდევ ერთი ქართველი ავტორის წიგნის უცხო ქვეყანაში გამოცემის ამბავი, მახსოვს, ერთმა ქალმა დაწერა, სირცხვილია, ჩვენ ჯერ ქართულად არ გავცნობივართ და უკვე ევროპელებს შეუძლიათ წაიკითხონო.

უნდა ვაღიარო, რომ მეც, თავის დროზე, ცოტა არ იყოს დამეზარა ზაზა ურუშაძის „მანდარინებზე“ წასვლა კინოთეატრში. ხოლო როცა აღიარება მოიპოვა, მაშინღა დავინტერესდი და მოვახერხე კიდეც ფილმის ნახვა. ამ შემთხვევის შემდეგ ვცდილობ არც ერთი ქართული ფილმი არ გამომრჩეს. სამწუხაროდ არ მაქვს ქართველი დიზაინერების სამოსიც. არადა ნებისმიერი სახის ეროვნული პროდუქტის გაცნობა და შეძენა ერთგვარი სოლიდარობის აქტია თანამოქალაქის მიმართ.

ქართველი ავტორების წიგნებს ძალიან ცოტა მკითხველი ჰყავს იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ენაზე კითხვა სულ ოთხ მილიონამდე ადამიანს თუ შეუძლია. რომ არაფერი ვთქვათ იმ სავალალო შედეგებზე, რასაც მაგალითად 2016 წლის ქართული წიგნის ბაზრის კვლევა აჩვენებს – საქართველოში თანამედროვე ავტორებს მხოლოდ გამოკითხულთა 7% კითხულობს. უფროსი (55 წლის და მეტი) ასაკის მკითხველები უპირატესობას მეტწილად მხოლოდ კლასიკურ ნაწარმოებებს ანიჭებენ, ხოლო თანამედროვე ავტორებს უფრო ახალგაზრდები (16-34 წლის) კითხულობენ. მასწავლებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს კითხვის პოპულარიზაციის საქმეში, რადგან მოსწავლისათვის ის ავტორიტეტია. როგორც აღმოჩნდა, მკითხველების ნახევარზე მეტი (53%) წიგნის შერჩევისას ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციით ხელმძღვანელობს. ამიტომ კარგი იქნება ქართველი კლასიკოსების წიგნებთან ერთად თქვენს მოსწავლეებს თანამედროვე მწერლების ნაწარმოებების გაცნობასაც თუ ურჩევთ. მასალის მოძიების პროცესში ვფიქრობ, კარგ სამსახურს გაგიწევთ თანამედროვე ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები, ლიტერატურული პრემიების გრძელი და მოკლე სიები. სასურველია, სკოლები აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა აქციაში, რომელიც წიგნთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დღეების, დღესასწაულების აღნიშვნას ემსახურება. ერთ-ერთია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რომელსაც 2017 წელს საქართველო მეორედ უერთდება. წელს ეს დღე 16 თებერვალს აღინიშნება. შეგიძლიათ მოაწყოთ თანამედროვე ქართული პროზის, პოეზიის, დრამატურგიის კვირეულები, ეწვიოთ წიგნის წარდგინებებს, დაესწროთ თანამედროვე დრამატურგების პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს, მოიწვიოთ მწერლები სკოლაში და ა. შ.

ეს ღონისძიებები უკვე აქტიურადაა დამკვიდრებული ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, „მწერლები სკოლებში“ შესანიშნავი პროექტია, რომლის შესახებაც მეტს შეიტყობთ ამ სტატიებიდან, სადაც ლევან ალფაიძე ირლანდიის, აშშ-სა და კანადის გამოცდილებას გვიზიარებს ამ მიმართულებით. https://mastsavlebeli.ge/?p=12302 და https://mastsavlebeli.ge/?p=12456

ნორვეგიას, რომლის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ემთხვევა საქართველოსას, ასეთი ტრადიცია აქვს: სახელმწიფო ყოველწლიურად შეისყიდის გამომცემლებისგან ნორვეგიელი მწერლების ახალი წიგნების ტირაჟიდან 700 ეგზემპლარს და ამარაგებს ბიბლიოთეკებს ქვეყნის მასშტაბით. ეს ცხადია, დიდი ხელშეწყობაა როგორც საგამომცემლო სფეროსთვის, ისე მწერლისთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი წიგნი ყველა რეგიონში მცხოვრები მკითხველისათვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს თავისთავად მოქმედებს ლიტერატურის განვითარებაზეც.

ამ ახალი წლისთვის ერთ-ერთმა ბანკმა თავის მომხმარებელს წიგნები რომ გაუგზავნა საჩუქრად ტკბილეულისა თუ საახალწლო აქსესუარების ნაცვლად, უკვე მნიშვნელოვანი ფაქტი მგონია. ამასთან, არჩევანი გაკეთდა სწორედ ქართველ ავტორებზე, რაც ხელის წაშველებაა ქართული ლიტერატურისათვის, სტიმულის მიმცემია მწერლებისათვის, სავარაუდოდ გაზრდის კიდეც მათ პოპულარობას საზოგადოებაში. ამ აქციას მალევე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, ხან შინაარსს უწუნებდნენ წიგნებს, ხან კი ქილიკობდნენ, რომ ეს საგანმანათლებლო პროექტი არ არის და არც შეიძლება, ადამიანს ის აჩუქო, რაც არ აინტერესებსო. ამგვარი, სამწუხაროდ ნაკლებპოპულარული პროდუქტის საჩუქრად გაცემა, ნამდვილად შეიცავდა რისკებს, თუმცა ვფიქრობ ბანკის მხრიდან ეს ღირსეული გადაწყვეტილება იყო. ამ აქციის მეშვეობით რამდენიმე ადამიანი მაინც თუ აღმოაჩენს ახალ ქართველ ავტორს, ჩემი აზრით, კამპანია წარმატებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ხოლო საჩუქარს რომ კბილი არ გაესინჯება, მგონი ყველამ კარგად ვიცით.

მახსოვს, სკოლაში მასწავლებელმა ერთხელ სახალისო დავალება მოგვცა: დაფაზე მხოლოდ სამი სტრიქონი დაგვიწერა და გვითხრა, რომ ნაკლებადცნობილი ავტორის ლექსი ჩვენი ფანტაზიით უნდა გაგვეგრძელებინა. დავალებამ ლექსის ბევრი საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოშვა, რამდენიმე ვერსიამ ორიგინალსაც კი აჯობა. ქართულის და სხვა საგნების მასწავლებლებსაც ვურჩევ, რომ ინტერესი თუნდაც ერთი სტრიქონით, ერთი ფრაზით გააღვივონ და მერე ქართველი ავტორის აღმოსაჩენად პატარა ტალღა თავისთავად აგორდება. აი, თუნდაც ეს სტრიქონები გამოგადგებათ თავისუფალი წერისთვის, პრეზენტაციისთვის, დისკუსიისთვის როგორც ქართულის, ისე ბუნებისა თუ ისტორიის გაკვეთილებზე:

„ჩვენ ვართ ნაძვები“. (ნინო სადღობელაშვილის ლექსიდან „მეგობრებს“)

 

„სად არის 
ჩემი სამშობლო  
ლტოლვილი ბავშვის ცრემლში
თუ სახელმწიფო დროშის 
მოფრიალე ღიმილში?..“

(ტანკა იაკი კაბესი (ფსევდონიმი ირაკლი კაკაბაძისა))

„ეს მე ვარ, ფიროსმანი“. (სათაური შორენა ლებანიძის დეტექტიური რომანისა, რომელიც დიდ მხატვარს უფრო ახლობელს ხდის მკითხველისათვის)

„გვიანი გაზაფხულის ამ მზიან დღეს, ქერჩის ქუჩაზე, „დებილების სკოლის“ ძველ აბანოში, დგას ლელა ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ თავდახრილი, ოდნავ მხრებაწურული და ფიქრობს: …“. (დაასრულეთ წინადადება ნანა ექვთიმიშვილის რომანიდან „მსხლების მინდორი“, რომელიც შშმ პირების, უდედმამო მოზარდებისა და თვრამეტ წელს გადაცილებული ინტერნატელების გაუსაძლის ყოფაზე მოგვითხრობს).

რობერტი – კლარა – იოჰანი

0

მუსიკა უნივერსალური ხელოვნებაა. როდესაც რაიმეს გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელი ხდება, კომპოზიტორები თავიანთ ყველაზე ხელშეუხებელ და მძაფრ განცდებს ბგერების საშუალებით გადმოსცემენ.

 

შეუძლებელია რობერტ შუმანზე საუბრისას არ გაგვახსენდეს მისი მუზა, მეუღლე კლარა ვიკი და იქვე იოჰან ბრამსი. გამოვკვეთოთ რამდენიმე შტრიხი რობერტის არცთუ მარტივ ურთიერთობაზე 9 წლით უმცროს მეუღლესთან და კლარაზე 14 წლით უმცროს ახალგაზრდა კომპოზიტორ იოჰან ბრამსთან. სამი ადამიანის გულში ჩასახული მთრთოლვარე გრძნობები, ეს სასიყვარულო სამკუთხედი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებული ისტორიაა.

დასაწყისში რობერტისა და კლარას ცხოვრება იდეალურ შთაბეჭდილებას ქმნიდა. ამ უსაზღვროდ შეყვარებულ წყვილს ერთმანეთის მუდამ უსიტყვოდ ესმოდა. მათ ძალიან უყვარდათ იმ წუთს შექმნილი ნაწარმოებების ერთმანეთისთვის მიძღვნა საჩუქრის სახით. ოჯახის შექმნის შემდეგ, დროთა განმავლობაში უნიჭიერესი პიანისტი – კლარა ვერ ეგუებოდა აზრს სცენის დატოვების შესახებ. რობერტის თხოვნით მეუღლეს თავი მთლიანად ოჯახისთვის უნდა მიეძღვნა… კლარა ხომ მისთვის ისეც უდიდეს პიანისტად რჩებოდა. შეგახსენებთ, კლარა ვიკი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ქალი პიანისტი იყო. ღრმა და ქარიზმატული კლარას დაჩრდილვა ვერ შეძლეს უბრწყინვალესმა ლისტმა, პაგანინიმ. „აღწერა მიჭირს ეს განდგომა რა რთულად დასაძლევია. ბავშვები ვერც კი წარმოიდგენენ რამდენად ძლიერია ჩემი მათდამი სიყვარული, რისთვისაც სიტყვით აღუწერელი მსხვერპლის გაღება მიწევს“, – გულის ტკივილით წერდა კლარა თავის დღიურში.

ქორწინებიდან კლარას და შუმანს 8 შვილი შეეძინათ. უფრო მცირე რაოდენობაც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ კლარას დაკვრის სურვილი დაეკარგა. იგი მხოლოდ ოჯახური ბედნიერებით ვერ კმაყოფილდებოდა. მაგრამ კლარა ის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, რომელიც მოღვაწეობას შეწყვეტდა. სულით ხორცამდე პიანისტი საკონცერტო ცხოვრებას ვერ ჩამოშორდა… მუსიკა მისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო!

რობერტი, რომელიც მუსიკაში გრძნობებს წარმოუდგენელი გამომსახველობით გადმოსცემდა, ცხოვრებაში გულჩათხრობილი და ურთიერთობებში მოუქნელი იყო. კლარა კი პირიქით, გახსნილი და არტისტული. განსაკუთრებულად გამახვილებული შეგრძნებების კომპოზიტორი კლარას ხშირად უმეორებდა, როგორ გრძნობდა მის სულს დისტანციაზე, როგორ ხედავდა მის თვალებს ათასობით კილომეტრის დაშორებით. სიყვარულისა და შემოქმედებითი ბედნიერების მიუხედავად, გულის სიღრმეში ფარულ ტკივილს – გონების დაბინდვის მუდმივ შიშს ატარებდა.

1853 წელს, ოქტომბრის თვეში ცოლ-ქმრის ურთიერთობა სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა. მოსიყვარულე ოჯახში იოჰან ბრამსის სტუმრობით სამი მუსიკოსის ცხოვრების გზები სამუდამოდ გადაიკვეთა. „იგი ჩვენ წინ იდგა, როგორც ღმერთის დესპანი. იოჰანი გატაცებით უკრავდა საკუთარ ნაწარმოებებს აღსავსეს ფანტაზიებით, გულწრფელობითა და ოსტატობით. ახალგაზრდა კომპოზიტორის წარმოსაჩენად რობერტმა ბევრი რამ გააკეთა. მაგრამ ვინ იცის, რა ხდებოდა მის სულში?..“ – იხსენებდა კლარა.

რობერტ შუმანს არ გამოჰპარვია 20 წლის ბრამსის შეყვარებული მზერა მისი უმშვენიერესი 35 წლის მეუღლის მიმართ. ვინ იცის, გულის სიღრმეში რამდენჯერ უკითხავს კლარასთვის ფრანსუაზა საგანის რომანიდან გულის გამგმირავი ორი სიტყვა – „გიყვარს ბრამსი?“. მართლაც, უყვარდა კლარას ბრამსი? შეუძლებელი იყო რობერტს არ ეგრძნო იოჰანსა და კლარას შორის სიყვარულისა და ვნების მზარდი ვიბრაცია, რაც შეყვარებული მუსიკოსების სამჯერად ბგერაში რეზონირებდა. რობერტის ბგერა ყველაზე გულმოკლული ბგერა იყო.

მძიმე ნერვული დაავადების გამო რობერტი საზოგადოებისგან უფრო და უფრო იზოლირებული ხდებოდა. ეს განმარტოება – გარშემომყოფებთან საურთიერთობო უნარის დაკარგვა წარმოუდგენლად რთული იყო პირველ ყოვლისა მისთვის და შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის. ჭეშმარიტად ტრაგიკულია გონების დაბინდვა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქა-იქ სიცხადის დაბრუნებისას ადამიანი თავად გრძნობს ჭკუიდან შეშლას, რაც მას საბოლოოდ გულს უკლავს და ანადგურებს.

როგორც არაერთხელ თქმულა, ხელოვანები ოსტატობის პიკში სიგიჟის ზღვარზე არცთუ იშვიათად აღმოჩენილან. კლარასთვის ყოველივე ეს – საყვარელი ადამიანის ჩრდილის ცქერა სრულიად გაუსაძლისი იყო.

კლარას დაკარგვის ცნობიერი თუ არაცნობიერი შიში მის მყიფე მენტალურ ბალანსს სუიციდის მხარეს გადაწონის. მაგრამ აქაც მარცხდება… წარუმატებელი თვითმკვლელობის გამო. რობერტმა ჩამოცილება არჩია, რომ მძიმე დეპრესიული შემოტევებით უსაყვარლესი კლარა არ აეღელვებინა. სულიერად დაავადებულთა ჰოსპიტალში საკუთარი სურვილით მოხვდა.

რობერტის გარდაცვალებამდე და განსაკუთრებით მის შემდეგ ბრამსი ბუნებრივად გახდა ამ ოჯახის განუყოფელი ნაწილი. იოჰანი კლარასთვის იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ ოჯახის ახლობელი, მეგობარი თუ სულის ჩამდგმელი. ერთგული იოჰანი კლარასა და მის შვილებზე ზრუნავდა, მუსიკის გაკვეთილებით მოპოვებული ფულით ოჯახის სამეურნეო საკითხებს აგვარებდა. ცხადი იყო, იოჰან ბრამსი უგონოდ იყო შეყვარებული 14 წლით უფროს არაორდინარულ კლარაზე. იგი ქმნიდა მუსიკას, რომელიც სასიყვარულო ვნებებით სუნთქავდა. ამ სიყვარულით შექმნა უნგრული ცეკვები ოთხ ხელში. როგორც ჩანს, ნაწარმოების შესრულებისას საშუალება ეძლეოდა რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო საოცნებო ადამიანთან. შესაძლოა ეს შეყვარებული ადამიანის უწყინარი ფანდიც იყო.

როგორც ცნობილია მათ ფიზიკური სიახლოვე არ ჰქონიათ (ალბათ რობერტის დიდი პატივისცემის გამო), თუმცა მათი ცხოვრება აღსავსე იყო უმაღლესი სულიერი და შემოქმედებითი სიყვარულით.

კლ

კლარა შუმანისა და იოჰან ბრამსის წერილები მათ მღელვარე სიყვარულზე უტყუარად მეტყველებს. პედაგოგისა და კომპოზიტორისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, სიყვარულით „მომაკვდავმა“ იოჰანმა კლარას სიყვარულისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა. ასეთი დიდი სიყვარულის მიუხედავად, რობერტის გარდაცვალების შემდეგ მათ ამ თავისუფლებით არ უსარგებლიათ. კლარა შუმანი არასდროს გამხდარა კლარა ბრამსი. ბრამსი არასდროს დაქორწინებულა.

კლარასა და იოჰანის ამაღელვებელი რომანტიკული სიყვარული დასრულდა, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა მთელი სიცოცხლე (40 წელი) გრძელდებოდა.

საინტერესოა, რომ კლარა საკონცერტო მოღვაწეობას 72 წლის ასაკამდე ეწეოდა. ის მხოლოდ შუმანისა და ბრამსის ნაწარმოებებს ასრულებდა. 1896 წელს კლარა ინსულტით დაავადდა. კლარას გარდაცვალებიდან 9 თვის შემდეგ კიბოთი დაავადებული იოჰანიც გარდაიცვალა.

მუსიკის ისტორიის მკვლევრები დღემდე კამათობენ კლარასა და იოჰანის ურთიერთობაზე. იყვნენ კი ისინი მხოლოდ მეგობრები? (კლარას თხოვნით ქალიშვილის მიერ განადგურდა სასიყვარულო მიმოწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი). თვით ფაქტი წერილების განადგურებისა მეტყველებს: რა იყო ის, რისი გაზიარებაც უსულგულო სამყაროსთვის კლარას არ სურდა გარდაცვალების შემდეგაც კი.

როგორც მოსწრებულად აღინიშნა, კლარას გარეშე ევროპული მუსიკა საგრძნობლად ღარიბი და მოსაწყენი იქნებოდა, როგორც ის დღიური, საიდანაც ყველაზე საინტერესო ფურცლებია ამოგლეჯილი. ის იყო ქალბატონი, რომელიც რობერტ შუმანის უკვდავ ნაწარმოებებში საუკუნეები იცოცხლებს.

ცხოვრებისეული დრამის მიუხედავად, მაესტრო შუმანმა შეასრულა საკუთარი მისია… შთამომავლობას ულამაზესი იდუმალი მუსიკა დაუტოვა, რომლის ამოცნობას ყოველი მსმენელი დღემდე თავისებურად ცდილობს.

პოეზიის აფთიაქი

0

შესავალი

ლექსი არის წამალი
სინანულის სინდრომის
ანუ გამოსავალი
სამყაროზე მინდობის,
სხვა ვერ გშველის ვერც ერთი
ჯიბეს ამოკერილი,
ლექსი არის რეცეპტი,
ღმერთის გამოწერილი.

კოტე ყუბანეიშვილი

 

ერთი უბრალო მეტაფორა ზოგჯერ იმაზე მეტს აკეთებს და ამბობს, ვიდრე ამას ათეულობით დაწერილი და წაკითხული წიგნი გააკეთებდა. მაინც რას აკეთებს ასეთს მეტაფორა…? ვითომ ძალიან უმნიშვნელოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანს და ისევ მეტაფორით რომ გამოვხატოთ, ეს არის „ფოკუსის შეცვლა“. რაკურსის და ფოკუსის  ცვლილება კი ყველაფერს ცვლის. სხვა ფოკუსით დანახული საგანი აღარ არის ის, რაც მანამდე ჩანდა… თუმცა ობიექტიც იგივეა და ისიც, ვინც მას უყურებს და აკვირდება. უბრალოდ, დამკვირვებელმა ობიექტის სხვა დეტალზე გადაიტანა მზერა, ფოკუსი და, შესაბამისად, ყურადღებაც.

„პოეზიის აფთიაქის“ მეტაფორით იმ აზრს გამოვხატავთ, რომ პოეტურად გამოთქმულ სიტყვას ზემოქმედების დიდი ძალა აქვს ადამიანზე, ცვლის და ბედნიერს ხდის მას (ჩვენი აფთიაქი მხოლოდ ბედნიერებაზე და პოზიტივზეა ორიენტირებული). გახსოვთ, როგორ მკურნალობდა ადამიანებს ცნობილი ფსიქოლოგი და ფარმაცევტი, ემილ კუე. როცა წამლების გაცემისას მან აღმოაჩინა, რომ მისი სიტყვა გაცილებით უკეთ მოქმედებდა, ვიდრე წამალი, შეისწავლა ეს პროცესი და ადამიანებს ასწავლიდა, თვითშთაგონებით და აფირმაციებით (სწორად ჩამოყალიბებული პოზიტიური წინადადებებით) როგორ უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ. დიახ, ეს პლაცებოს ეფექტია და კიდევ სიტყვის ძალა.

ჩვენ ვკითხულობთ (ვინც კითხულობს) ლექსებს და მოგვწონს მხოლოდ ისეთები, რომლებსაც ვთვლით, რომ „ჩვენია“. რას ნიშნავს „ჩვენი ლექსები?“ ესეც ხომ მეტაფორაა? რა თქმა უნდა, უმეტესად არც ვფიქრობთ და არც ვაანალიზებთ, რატომ არის „ჩვენი ლექსი“, „ჩვენი ადამიანი“, „ჩვენი პოეტი“, ჩვენი… ჩვენი…. და თუმცა, ვერბალურად არ (ვერ) ვხსნით, შინაგანი ცოდნა მაინც გვაქვს….

16665939_1460093450676947_2378407249418732186_o

რას ვეძებთ პოეზიაში? ალბათ იმას, რასაც ცხოვრებაში, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, პოეზიის ფორმა აქვს აზრს… რასაც ეძებთ, ალბათ იცით, ან – არ იცით, მაგრამ მაინც ეძებთ… საკუთარ თავს ეძებთ….? ანუ  დაკარგული გაქვთ? და როგორ მიხვდებით, რომ იპოვეთ? ან – როდის დაკარგეთ? ან იქნებ არც დაგიკარგავთ…? სად  დაიკარგეთ: ცხოვრებაში…? ტექსტში…? სიყვარულში…?

სხვადასხვა რამეს ეძებენ ადამიანები და როცა ლექსებში შინაგან კითხვებზე პასუხს პოულობენ, მაშინ სული თითქოს თავისუფლდება და ბედნიერებაც უფრო მოსახელთებელი ხდება.

პოეზია კურნავს… ბევრი ადამიანისაგან გამიგონია, რომ თავის ტკივილს „ვეფხისტყაოსნის“ დაბალი შაირით მკურნალობს, წნევასაც რუსთაველის სტრიქონები არეგულირებს  და ასე შემდეგ.

უფრო შორს წავალთ, თუ სულიერი ტკივილების სამკურნალოდ მივმართავთ პოეზიას. პოეზიაში გზადაკარგულები პოულობენ გზას, ტკივილით სავსე ადამიანები – ტკივილგამაყუჩებელს, სევდიანები – სევდის მიზეზს, შეყვარებულები – ნუგეშს, წყალწაღებულები – ხავსს ეჭიდებიან… ცალსახად ვერ ვიტყვით, განსხვავებული ადამიანებისთვის განსხვავებული ტკივილგამაყუჩებელი სტრიქონები არსებობს…

თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ რთულ მდგომარეობებში ჩვენ სულ მზად გვაქვს პოეზიიდან რაღაც სტანდარტიზებული ნიმუშები, რომლებითაც „თავს ვიმშვიდებთ“… ცუდი ის კი არ არის, რომ რთულ სიტუაციებში პოეზიას მივმართავთ, არამედ ის, რომ „ტკივილგამაყუჩებლები“ მოძველდნენ, ვადა გაუვიდათ, გაცვდნენ, „შეგვეჩვიენ“ და დაკარგეს ჩვენზე გავლენის ძალა.

ადამიანი რომ ყველაფრით დაიღლება, გამოიცანით, რომელი ლექსი გაახსენდება პირველ რიგში? რა თქმა უნდა, შექსპირის 66-ე სონეტი…

„ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება…“

მარტოსული და მიტოვებული ხართ? მაშინ გალაკტიონის „მერის“ ფინალი გაგახსენდებათ და თავს ინუგეშებთ:

„ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი – ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული…“

სწავლამ გადაგღალათ? ტანჯვად გექცათ გამოცდები? მაშინ ინუგეშეთ თავი:

„სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“.

მიზნის მისაღწევად ბევრს იღწვით? მაშინ გაიხსენეთ: „არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან?“

სიკვდილ-სიცოცხლეზე ფიქრმა თუ გადაგიყოლათ, ტერენტი თქვენი წამალია, რომელიც გეტყვით: „არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ – რაღაც სხვა…“ შესაძლოა, ამ „რაღაც სხვას“, ვერც ვერასდროს მიაგნოთ, მაგრამ ეგ არაფერი, იმედი მაინც რჩება, რომ სადღაც არსებობს…

პოეზიასთნ რეზონანსი ჩვენ გვამსუბუქებს, ჩვენს ტკივილებს უფრო ასატანს ხდის, გვაბრუებს, ხანდახან რეალობას გვწყვეტს, ხანაც ახალი ძალით გვავსებს და გვაბრუნებს  ცხოვრებაში…

მაგრამ წამალს არ უნდა შეეჩვიოთ, ხშირად უნდა ცვალოთ, რადგან ‘შეჩვეული“, როგორც გითხარით, ეფექტს კარგავს… შეჩვევაზე ერთი ლექსი მაქვს:

უნდა შეეჩვიო იმას: რომ არაფერს არ უნდა შეეჩვიო…

რომ შეჩვევა იწვევს მოწამვლას…

რომ სინამდვილეში, სიკვდილი კი არა,

შეჩვევა კლავს…

შეჩვეულ სამყაროში მზე აღარ ამოდის….

შეჩვეული სიყვარული – მკვდარი სიყვარულია…

დაარღვიეთ (შე)ჩვევები….

და ნურც იმას შეეჩვევით:

რომ არაფერს არ უნდა შეეჩვიოთ….

ასე რომ, ბევრი ახალი ლექსია, რომელიც თქვენს სულს განკურნავს და ბედნიერებას დაუბრუნებს… მე  შეგირჩევთ „პოეზიის აფთიაქიდან“  თქვენთვის საუკეთესოს… და გთხოვთ, რომ შედეგების შესახებ მაცნობოთ…

 

ცშირად უნდა ცვალოთ, რადგან ‘შეჩვეული“, როგორც გითხარით, ეფექტს კარგავს… შეჩვევაზე ერთი ლექსი მაქვს:

უნდა შეეჩვიო იმას: რომ არაფერს არ უნდა შეეჩვიო…

რომ შეჩვევა იწვევს მოწამვლას…

რომ სინამდვილეში, სიკვდილი კი არა,

შეჩვევა კლავს…

შეჩვეულ სამყაროში მზე აღარ ამოდის….

შეჩვეული სიყვარული – მკვდარი სიყვარულია…

დაარღვიეთ (შე)ჩვევები….

და ნურც იმას შეეჩვევით:

რომ არაფერს არ უნდა შეეჩვიოთ….

ასე რომ, ბევრი ახალი ლექსია, რომელიც თქვენს სულს განკურნავს და ბედნიერებას დაუბრუნებს… მე  შეგირჩევთ „პოეზიის აფთიაქიდან“  თქვენთვის საუკეთესოს… და გთხოვთ, რომ შედეგების შესახებ მაცნობოთ…

 

 

დისკუსია, როგორც საგანმანათლებლო რესურსი

0

დისკუსიაში მონაწილეობა ყველას გვიყვარს. ზოგიერთი პედაგოგისგან განსხვავებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ამით შესანიშნავად სარგებლობენ: დღეს რადიოთი თუ ტელევიზიით ხშირად ვისმენთ დისკუსიას სტუდიაში მოწვეული ექსპერტებისა თუ ჩვეულებრივი მოქალაქეების მონაწილეობით.

დისკუსიას როგორც სწავლების მეთოდს იმაზე ხშირად იყენებენ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ასეთი თავისუფალი საუბრების დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრება და მოუსმინონ თანაკლასელებს. ზოგიერთი პედაგოგი მოკლე და სპონტანურად წამოჭრილ დისკუსიებს იყენებს როგორც კითხვებზე აგებული საუბრის ბუნებრივ გაგრძელებას.

მოდი, განვიხილოთ მიზანმიმართული დისკუსიის ორგანიზება კლასში ან დიდ ჯგუფში.

როდის არის უპრიანი დისკუსიის გამოყენება

დისკუსიები ღირებულია შემდეგ სიტუაციებში:

  1. როცა პედაგოგს აინტერესებს მოსწავლეთა მოსაზრება ან ერთი მოსწავლის აზრი და გამოცდილება საინტერესო და მნიშვნელოვანია დანარჩენებისთვის, მაგალითად:
  • სემინარზე, სადაც მედიცინის გამოცდილი მუშაკები აფასებენ მუშაობის ძველი მეთოდების ეფექტურობას და განიხილავენ ახალ მიდგომებს;
  • სოციალური აღზრდის გაკვეთილზე, როდესაც მოსწავლეები განიხილავენ აგრესიულ ქმედებებს სკოლაში;
  • როდესაც საკითხი ეხება არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ ღირებულებებს, ურთიერთობებსა და გრძნობებს, მაგალითად:

◦ გენდერული სტერეოტიპების შესწავლისას;

◦ ქიმიის გაკვეთილებზე უსაფრთხოების ტექნიკის განვითარების ან მისდამი დამოკიდებულების შეცვლის მიზნით;

  1. როდესაც მოსწავლეებს სჭირდებათ საკუთარი აზრის ფორმირებისა და სხვისი მოსაზრების განხილვის უნარის განვითარება, მაგალითად:
  • ჰამლეტის პიროვნების განხილვისას ლიტერატურის გაკვეთილზე;
  • უმუშევრობის შედეგების განხილვისას ლიტერატურის გაკვეთილზე.

დისკუსიის მეშვეობით სწავლებისათვის, რა თქმა უნდა, არ გამოგვადგება ის თემა, რომელიც ფაქტებს ეყრდნობა და დადასტურებულია. მრავალი პედაგოგი მოსწავლეებს წაახალისებს, ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი იმ მასალის შესახებ, რომელსაც ის აწვდის. ამ შემთხვევაში დისკუსია იდეალური მეთოდია.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ მენეჯერი ქსელურ მაღაზიაში, რომელიც პრესტიჟულ ქუჩაზე მდებარეობს და ამ თანამდებობაზე რვა წელია მუშაობთ. სათავო ოფისმა მიგავლინათ კვალიფიკაციის ასამაღლებლად მაღაზიის მართვის კუთხით. ერთ-ერთი მეცადინეობა ეხებოდა კლიენტის მიმართ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი რასიზმის გამოვლენის საკითხს. როგორი რეაქცია გექნებოდათ, სესიაზე რომ მოგესმინათ:

* იმ პედაგოგის მოხსენება, რომელმაც გამოიკვლია რასიზმის გამოვლინებები მაღაზიათა ქსელში და ახლა დაწვრილებით ხსნის, როგორ უნდა შეცვალონ მაღაზიის მენეჯერებმა მუშაობის სტილი, რათა ამ მიმართულებით ვითარება გააუმჯობესონ?

* დისკუსია, რომლის დროსაც პედაგოგი ჯერ აყალიბებს მაღაზიებში  გააზრებული თუ გაუაზრებელი რასიზმის გამოვლენის ფაქტებს, მერე კი ისმენს მენეჯერთა მოსაზრებებს და მათ ხედვას სიტუაციის გაუმჯობესების შესახებ?

პირველ ვარიანტზე უმრავლესობას ასეთი რეაქცია ექნებოდა: „საერთოდ რა იცის მან მაღაზიის მართვის შესახებ?!“ შედეგად კომპანია ვერაფერს მიიღებს, გარდა პედაგოგთან დაპირისპირებისა და შედეგად – უკვე არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა.

მეორე ვარიანტზე, დიდი ალბათობით, რეაქცია დადებითი იქნება, რადგან მსმენელებს მოსწონთ საკუთარი აზრის გამოხატვის პროცესი. როცა მსმენელთა მოსაზრებებს ინტერესით ისმენენ, ისინიც გულმოდგინედ იღებენ პედაგოგის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

შესაძლოა შეგვეკამათოთ, რომ დისკუსია „მცდარი“ მოსაზრების გამოთქმის საშუალებას მისცემს ზოგიერთ მათგანს. „მცდარი“ მოსაზრება შეიძლება გასწორდეს, თუ ეჭვქვეშ დადგა, ამისთვის კი აუცილებელია, საშუალება მივცეთ, ეს მოსაზრება გულახდილად გამოთქვან.

დისკუსია როგორც სწავლების ფორმა მოიცავს „დაფარულ შეტყობინებას“ – პედაგოგი, ფაქტობრივად, მიმართავს მოსწავლეებს: „მე ვაფასებ თქვენს გამოცდილებას და მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები“. ამის საპირისპიროა სწავლების მშრალი, ლექციური ფორმა, რომლის მესიჯიც ასეთია: „მოსწავლეებმა ისეთი არაფერი იციან, რაც ჩემი ყურადღების ღირსია“.

კარგად ორგანიზებული დისკუსიები უსაფრთხო გარემოს ქმნის აზრთა გაცვლა–გამოცვლისა და შეცვლისათვის (თუმცა აზრის შეცვლა ხდება მოგვიანებით, რეფლექსიის სტადიაზე). დისკუსია შეფასებისა და სინთეზის დონეზე აზროვნების სტიმულაციას ახდენს. ის მნიშვნელოვანია აღზრდის კუთხით, მაგალითად, ემპათიის განვითარებისთვის, სოციალურ-ზნეობრვი ღირებულებების ფორმირებისთვის და ა.შ. დისკუსია მოსწავლეებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებას აძლევს, რაც განსაკუთრებით ღირებულია კლასის შესაკავშირებლად.

დისკუსიის დაგეგმვა

ნებისმიერი დისკუსიისთვის (გარდა სპონტანურად წამოჭრილი განხილვებისა), წამყვანმა უნდა გაითვალისწინოს გადასაჭრელი ამოცანა. როცა ამოცანა გარკვეულია, აუცილებელია გეგმის შედგენა. გეგმა შეიძლება შედგებოდეს მოკლე ინფორმაციული შეტყობინებებისგან, რომლებიც განხილვის საფუძველს მოგვცემს და საკვანძო საკითხების ჩამონათვალისგან. ეფექტური დისკუსიები, ჩვეულებრივ, ზედმიწევნითაა დაგეგმილი, თუმცა მონაწილეები ამას შესაძლოა ვერც კი მიხვდნენ.

სტრუქტურულად კარგად აგებული დისკუსიის დროს დაწვრილებით განიხილება არსებული მტკიცებულებები, წარმოდგენები და ღირებულებები, რის საფუძველზეც მონაწილეებს შეუძლიათ საკუთარი აზრის ფორმირება. პოპულარული ტელეგადაცემების მონაწილეები მეტწილად სრულიად დაუსაბუთებლად გამოთქვამენ საკუთარ აზრს. ასეთი მოდელი, რასაკვირველია, პედაგოგიური მიზნებისთვის გამოუსადეგარია, თუმცა მოგვიწევს, ზოგი მოსწავლე გადავაჩვიოთ ასეთ მანკიერებას.

ზოგჯერ დისკუსია ღიად ტოვებს საკითხს. ამ შემთხვევაში მასწავლებლისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, მოისმინოს მოსწავლეთა აზრი, ვიდრე მზა დასკვნებამდე მიიყვანოს ისინი. მაგალითად, მან შეიძლება დაიწყოს ლანდშაფტის დიზაინის კურსი და შესთავაზოს მოსწავლეებს, აღწერონ თავიანთი ბაღები, რათა უკეთ გაიცნოს ყოველი მათგანი.

ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს, აღწერონ რომანის თითოეული პერსონაჟის მოტივაცია. ასეთ შემთხვევებში კარგი იქნება, წინასწარ მომზადდეს კითხვარი განხილვითვის. დისკუსიის დროს მას შესაძლოა გვერდიც ავუაროთ, მაგრამ საერთო ჯამში ის გვეხმარება.

დისკუსიის სხვა სახეობებს კონკრეტული საგანმანათლებლო მიზნები აქვს. წარმოვიდგინოთ კლასში სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ტექნიკის საკითხის განხილვა. ასეთი განხილვისას კითხვარი ვერ უზრუნველყოფს ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრას.

დასკვნები, რომლებიც განხილვის მონაწილეებმა უნდა გამოიტანონ, მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია მათი ჩაწერა გამოტანისთანავე.

კითხვების შერჩევა განხილვისთვის

ცნობილია, რომ არსებობს კითხვების ორი ტიპი:

  • დახურული კითხვები, რომლებზეც შეიძლება ვუპასუხოთ მხოლოდ „კი“ ან „არა“, მაგალითად: „სახიფათოა თუ არა ზღვაში ნავთობის ჩაღვრა?“
  • ღია კითხვები, რომლებიც უფრო დაწვრილებით და დასაბუთებულ პასუხს მოითხოვს. მაგალითად: „რა შემთხვევაში შეგიძლიათ რისკზე წასვლა?“

ცხადია, ღია კითხვები უკეთ ასტიმულირებს განხილვას. თუ მოსწავლე ღია კითხვაზე მოკლე პასუხს იძლევა, გამოიყენეთ მხედველობითი კონტაქტი და ჟესტების ენა, რათა ბიძგი მისცეთ საუბრის გასაგრძელებლად.

დასვით კითხვები და აღნიშნეთ დასკვნები ისე, რომ მათ ხელი შეუწყონ დისკუსიის მიზნის მიღწევას. თუ დისკუსია დაუგეგმავია, ის შეიძლება აზრების უმიზნო გამოთქმამდე დავიდეს. მოსწავლეები ვერც ღირებულ დასკვნებს გამოიტანენ და დროც ფუჭად დაიხარჯება. უკეთესია, დაიწეროს დისკუსიის გეგმა. არავის გააღიზიანებს წამყვანი, რომელსაც წინ ფურცელი უდევს და ჩანაწერით ხელმძღვანელობს (თუ  ტელევიზიაში ხდება ასეთი რამ, ესე იგი ეს ნორმალურია!).

ქვემოთ მოცემული კითხვებიდან რომელი გამოდგება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ტექნიკის საკითხის განხილვისთვის?

1. მნიშვნელოვანია თუ არა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა?

2. ვინმეს შეუძლია, დამისახელოს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევის მაგალითები?

3. როგორ ფიქრობთ, გაზვიადებული ხომ არ არის უსაფრთხოების პროცედურებისადმი ასეთი ყურადღება?

4. თქვენი აზრით, რა უქმნის ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს თქვენს სამუშაო ადგილზე?

საუკეთესო პასუხების მისაღებად დასვით ღია, არაერთგვაროვანი და პირადული კითხვები. პირველი კითხვა დახურული და ერთმნიშვნელოვანია, ამიტომ დისკუსიისთვის გამოუსადეგარია. მეორე კითხვა პირადულია, მესამე – პირადული და არაერთგვაროვანი, ამიტომ განხილვისას ორივე გამოდგება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ გამოვრიცხავთ „დიახ“ და „არა“ პასუხებს. როგორ შეაფასებდით მეოთხე კითხვას?

როგორ წარვმართოთ დისკუსია

წარმატებული დისკუსიის გასამართავად დახელოვნებაა საჭირო, მით უმეტეს, თუ თქვენ წინაშე კონკრეტული ამოცანა დგას.

თავდაპირველად განსაზღვრეთ მონაწილეთა განლაგების სქემა. ისინი კარგად უნდა ხედავდნენ ერთმანეთს, ამიტომ წრეზე განლაგება საუკეთესო ვარიანტია. თუ ეს ვერ ხერხდება, სინჯეთ ისეთი ვარიანტი, როდესაც მოსწავლეს მხოლოდ შემობრუნება მოუწევს.

დაწყება

წარმოადგინეთ თუ არა საწყისი ინფორმაცია? დისკუსიის დაწყება ყოველთვის ადვილი როდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მონაწილეები თავშეკავებულნი არიან ან უცხო გარემოში აზრის გამოთქმისა ერიდებათ. უკეთესი იქნება, თუ წამყვანი მოამზადებს ფაქტობრივ ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დაიწყოს დისკუსია. თუ განსახილველი თემა არაერთგვაროვანია, შესავალი ნაწილი რაც შეიძლება მიუკერძოებელი უნდა იყოს. წარმოადგინეთ აზრთა ორივე პოლუსი, მოიყვანეთ ამონარიდები განსხვავებული წყაროებიდან. ნუ გამოთქვამთ საკუთარ აზრს – ამან შესაძლოა დააბრკოლოს მონაწილენი საპირისპირო მოსაზრების გამოხატვისას.

შესავალი ინფორმაციის შემდეგ დასვით კითხვა. ის უნდა იყოს ღია, გასაგები, ლაკონიური. განხილვის „გასახურებლად“ უკეთესია, პირველი კითხვა იყოს საპირისპირო ან ყოველი მონაწილის აზრის გამოთქმას მოითხოვდეს, როგორც შემდეგ მაგალითში:

„შეუძლია თითოეულ თქვენთაგანს, მოკლედ აგვიხსნას თავისი ფუნქციები კომპანიაში?“

„ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მასალის მიმოხილვა სასწავლო დროის ამაო ხარჯვაა?“

ნუ დასვამთ გაუგებარ კითხვებს, მაგალითად, ასეთს: „მაშ ასე, თქვენ გაეცანით ძირითად ფაქტებს. რას ფიქრობთ ამაზე?“

კითხვებს, რომლებიც დისკუსიის თითოეული მონაწილის პასუხს მოითხოვს, „რაუნდები“ ეწოდება. მათი გამოყენება ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება, მაგალითად:

„როგორ რეაგირებას მოახდენდით ასეთ სიტუაციაზე?“

„ამ პროცედურაში ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?“

არ დაგავიწყდეთ, ყველა პასუხზე გამოხატეთ დადებითი რეაქცია.

სტიმული მიეცით მონაწილეებს, უფრო დაწვრილებითი პასუხი გაგცენ. დაუსვით დამატებითი კითხვები: „აი, ეს საინტერესოა. რატომ მოგაჩნიათ ასე?“

დიდ ჯგუფებში განხილვისას თავდაჯერებული მონაწილეები დომინირებენ. ამ მიზეზით ზოგი მასწავლებელი კლასის მცირე ჯგუფებად დაყოფას ამჯობინებს. როცა ჯგუფში 12 ადამიანზე მეტია, ძნელია მივაღწიოთ ყოველი მათგანის აქტიურ ჩართულობას.

ხშირად დისკუსია პინგ-პონგს ემსგავსება, სადაც კომენტარები ასე გადაეცემა:

მასწავლებელი – მოსწავლე – მასწავლებელი – მოსწავლე…

იდეალურ შემთხვევაში უნდა შედგეს კომუნიკაცია „მოსწავლე – მოსწავლე“.

შეგიძლიათ, არავერბალურად წაახალისოთ მოსწავლეები აზრის გამოთქმისკენ:

·  როცა მოსწავლე გამოთქვამს მოსაზრებას, თვალებში უყურეთ და თავი უქნიეთ.

·  როცა მოსწავლე შეჩერდება, განაგრძეთ ყურება, რათა მიაღწიოთ იმას, რომ მან განაგრძოს საუბარი.

·  როდესაც თქვენ საუბრობთ, მზერა მოავლეთ დისკუსიის ყველა მონაწილეს.

·  როცა ახალ კითხვას სვამთ, იპოვეთ მოსწავლე, რომელსაც ჯერ არ გამოუთქვამს აზრი და მზერა არ მოაცილოთ. ეს მას უბიძგებს, ადგეს და საუბარი დაიწყოს.

·  ნუ ისაუბრებთ ხმადაბლა და დუნედ – ეს „აცივებს“ დისკუსიას. გამოიყენეთ ძლიერი ტემბრი, გამოხატეთ ინტერესი და ენთუზიაზმი.

ასევე შეიძლება მოსწავლეთა ვერბალური წახალისება აზრის გამოსათქმელად და ისეთი კითხვების დასასმელად, რომლებსაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გააჩნია.

·  „ეს ძალიან საინტერესოა. რატომ მიგაჩნიათ ასე? შეგიძლიათ, უფრო ვრცლად გვესაუბროთ ამის შესახებ?“

·  შეასრულეთ „ეშმაკის ადვოკატის“ როლი: „მაშ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ თეთრკანიანისა და ფერადკანიანის ქორწინებაში ცუდი არაფერია?“

თუ რომელიმე ჯგუფში დისკუსია ცუდად წარიმართა, ვითარება დაიძაბა, ღიად მიმართეთ მონაწილეებს – ჰკითხეთ, მათი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ დისკუსია საინტერესო გავხადოთ.

დ

 

დისკუსიის სტილი

ადამიანთა უმრავლესობა ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს დისკუსიას და დებატებს.

დებატები ითვალისწინებს საპირისპირო აზრთა შეჯახებას, დისკუსია კი არაკონკურენტულია და უფრო ძიებითი ხასიათისაა. აქ უნდა არსებობდეს კოლექტიური სურვილი, მივიდნენ საერთო დასკვნამდე და ჯგუფის წევრები აგრესიას არ უნდა გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ. დებატებისგან განსხვავებით, დისკუსია მონაწილეებს ინტერპრეტაციის თავისუფლებასა და აზრის შეცვლის საშუალებას აძლევს.

სასარგებლო იქნება, განვსაზღვროთ დისკუსიაში მონაწილეობის წესები: არ გავაწყვეტინოთ ერთმანეთს; არ ვილაპარაკოთ ერთ წუთზე მეტხანს; პატივი ვცეთ ყველა მოსაზრებას; არ გავაკეთოთ შეურაცხმყოფელი კომენტარები.

თუ კი ჟგუფის მონაწილეები ერთ აზრზე არიან, მაშინ რთული იქნება დისკუსიის დაწყება. მოსინჯეთ „ეშმაკის ადვოკატის“ როლი: გამოთქვით საწინააღმდეგო მოსაზრება, მიუხედავად იმისა, ეთანხმბით მას თუ არა. ჩვეულებრივ ამგვარი სვლა, გამოაცოცხლებს განხილვის პროცესს.

წამყვანის როლი დისკუსიაში

თქვენ შეგიძლიათ, იყოთ ჯგუფის წევრი: „რას ვფიქრობთ ამაზე?“ – ან გაემიჯნოთ ჯგუფს: „რას ფიქრობთ ამაზე?“

თქვენ მიერ შედეგების შეჯამება მეტად მნიშვნელოვანია – ეს მოსწავლეებს იმის გააზრებაში დაეხმარება, რას შეიძენენ დისკუსიაში მონაწილეობით. ძირითადი მომენტები უმჯობესია ჩაიწეროთ ან დასარიგებელ მასალას ჩაურთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მალე დაივიწყებენ. ამავე მიზეზით ნახევარსაათიანზე ვრცელ დისკუსიას საეჭვოა საგანმანათლებლო ღირებულება ჰქონდეს.

წამყვანთა უმრავლესობას უჭირს იმ მონაწილეთა გაჩუმება, რომლებიც დისკუსიის თემას გადაუხვევენ, მაგრამ მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ, თუ შეძლებთ და ჯგუფის სახელით ჩაერევით. ეცადეთ, კორექტულად იმოქმედოთ. მომდევნო კითხვით მას მიმართეთ, ვისაც ჯერ არ გამოუთქვამს აზრი ან უბრალოდ თქვით: „მიპასუხოს მან, ვისაც აზრი ჯერ არ გამოუთქვამს“. ზოგი პედაგოგი დისკუსიის ბოლოს აზრის გამოთქმას აიძულებს ყველას, ვინც მანამდე ჩუმად იყო. ვიცნობდი ერთ პედაგოგს, რომელიც კარგი პასუხის გამცემ მოსწავლეებს იმით „აჯილდოებდა“, რომ მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში უკრძალავდა აზრის გამოთქმას.

უმჯობესი იქნება, თუ საკუთარ აზრს დისკუსიის ბოლომდე დამალავთ ან საერთოდ არ გამოთქვამთ.

ამრიგად, დისკუსია სახალისოა. ის მაღალ დონეზე აზროვნების სტიმულირებას ახდენს, მაგალითად, შეფასების დონეზე, და ხელს უწყობს აზრის, ღირებულებებისა და ურთიერთობების ფორმირებას. დისკუსია შეიძლება იყოს თავისუფალი, მაგრამ, ჩვეულებრივ, საჭიროა კითხვების სერიით ბიძგის მიცემა. ენერგიული განხილვისათვის ეს კითხვები უნდა იყოს ღია, პირადული და სადავო. მნიშვნელოვანია კითხვის მოკლედ და გასაგებად ჩამოყალიბება.

დისკუსიაში მონაწილეობის მოტივირება შეიძლება როგორც პასუხების წახალისების, მონაწილეთა მოსაზრებით დაინტერესებისა და მათი აღიარების გზით, ასევე არავერბალურადაც – მზერითი კონტაქტით, ჟესტებითა და მოკლე პასუხების შემდეგ პაუზის გამოყენებით.

თუ მასწავლებელი კლასთან მუშაობისას დისკუსიას იყენებს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მოსწავლეთა ცოდნასა და მოსაზრებებს აფასებენ. ამიტომ დისკუსია საუკეთესო მეთოდია ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფთან საგანმანათლებლო მუშაობისას. თუ გსურთ, განხილვის პროცესში ყველა აქტიურად იყოს ჩაბმული, აღკვეთეთ შეურაცხყოფა და მუქარა, მონაწილეთა მხრივ დისკუსიის მონოპოლიზება, არავის მისცეთ ჩაკეტვის საშუალება.

სტიმული მიეცით გადაწყვეტილების მიღებისას, მოახდინეთ ძირითადი დასკვნების რეზიუმირება, გამოაცოცხლეთ განხილვა, როცა რაიმე საკითხზე კონსენსუსია მიღწეული ან თემა იწურება.

შეაჯამეთ დისკუსიის შედეგები. ამასთანავე, სასურველია, მონაწილეებს წერილობითი რეზიუმე დაუტოვოთ.

თვითშემოწმებისთვის ვცადოთ სავარჯიშო

 

წარმოვიდგინოთ გამოცდილი პედაგოგის მიერ ორგანიზებული ათწუთიანი დისკუსია. როგორ აიცილებს ის თავიდან შემდეგ პრობლემებს?

  1. ყველა ერთდროულად ცდილობს ლაპარაკს.
  2. ზოგი მონაწილე თავს არიდებს აზრის გამოთქმას.
  3. დისკუსიაში ერთი მონაწილე დომინირებს.
  4. მონაწილეები თემიდან უხვევენ.
  5. მონაწილენი ბრაზდებიან ერთმანეთზე.
  6. კლასი დაბნეულია, რადგან მონაწილეებს არ შესწევთ აზრის მკაფიოდ გამოთქმის უნარი.
  7. მოსწავლეებს არ ესმით, რა დასკვნა უნდა გამოიტანონ დისკუსიიდან.
  8. მოსწავლეები გამოთქვამენ ცუდად ფორმულირებულ და დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რადგან ინფორმაცია არ აქვთ.

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p. 254-263.

მასწავლებელი სადახლოდან

0

სადახლოს მიმართულებით მიკროავტობუსი ყველაზე ადრე, სამგორის სადგურიდან დილის  რვა საათზე გადის. თუ ახალი მგზავრი ხარ, ჯობია წინა საღამოს დაურეკო მძღოლს და შეუთანხმდე რომ ადგილი შეგინახოს. შაკო – სამარშრუტოს მძღოლი  მიჩვეულია, რომ ადგილი შეუნახოს მგზავრებს, ოღონდ ერთი პირობით – არ უნდა დაიგვიანონ.

 მძღოლის გვერდით , წინა ადგილები თბილისიდან – მარნეულისკენ მიმავალ მასწავლებლებს უკავიათ. ისინი გზადაგზა, მარნეულის სხვადასხვა სოფლებში ნაწილდებიან. თითქმის, ყველა ქართულის მასწავლებელია და უკვე რამდენიმე წელია ეს მათი ყოველდღიური მარშრუტია.  ნათია ტრაპაიძე სადახლოსკენ მიმავალ მიკროავტობუსს  მარნეულში ხვდება, შაკოს მისთვის ადგილი აქვს გადანახული.

ნათია სადახლოს ნომერ პირველ  საჯარო სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც.  ეს მისთვის უკვე მეოთხე სკოლაა, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს სახელმწიფო ენას შესწავლაში ეხმარება. თავიდან იყო კახეთი, გარდაბანი, ბოლნისი   და ახლა უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც სადახლოს სკოლაში   განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამის „არაქართულენოვან სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფარგლებში“  ქართულ ენას  წარმატებით შეასწავლის  აზერბაიჯანელ მასწავლებლებს და მოსწავლეებს .

16651294_1445603635452196_881063452_o

16651200_1445603762118850_1144945046_o

,,2009 წლის მაისში მეგობარმა მითხრა, რომ მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში მასწავლებლებს აგზავნიდა “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ” და ვაკანსიები იყო გამოქვეყნებული. კონკურსი წარმატებით გავიარე და პროექტის „ასწავლე საქართველოსათვის“ მონაწილე გავხდი. ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი მასწავლებლობა. კასრისწყალში სკოლა ქართულენოვანი იყო, მაგრამ ეთნიკურ ქართველებთან ერთად  ეთნიკური აზერბაიჯანელები და ეთნიკური სომხები სწავლობდნენ. ამ სოფელში ორი წელი ვიცხოვრე და ძალიან მნიშვნელოვანი პედაგოგიური თუ ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. სკოლებში წასვლამდე ტრენინგები გავიარეთ გაკვეთილის დაგეგმვაში, კლასის მართვასა და ფსიქოლოგიაში, მაგრამ დასაწყისში მაინც ძალიან გამიჭირდა. ხშირად ვურეკავდი ჩემს ქართულის მასწავლებელს და რჩევას ვთხოვდი. იქ ვნახე ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული ენა , მაგრამ ძალიან უნდოდათ შვილებს განათლება მიეღოთ და სახელმწიფო ენა სცოდნოდათ. ეს იყო ჩემი შეხება ეთნიკურ უმცირესობებებთან მასწავლებლის ამპლუაში’’- იხსენებს ნათია.

16586525_1445603498785543_1936349088_o

სადახლო, მოსახლეობით  საქართველოში ერთ-ერთი დიდი და საზღვრისპირა სოფელია. სოფელში   ორი სკოლაა, სადაც   სულ 1500 მოსწავლეა რეგისტრირებული. სკოლაში, სადაც ნათია ასწავლის,  700-მდე მოსწავლე სწავლობს და 72 მასწავლებელია. საგაკვეთილო პროცესი რვა საათზე იწყება. ნათია ქართული ენის კაბინეტში შედის, ღუმელში ცეცხლს უკეთებს და გაკვეთილისთვის იწყებს მზადებას. საკუთარ პროექტორს  ზურგჩანთიდან იღებს და მოსწავლეებთან შესახვედრად ემზადება.  კედლებზე ქართველი მწერლების პორტრეტებია, რომლებიც  მათი ბიოგრაფიებით და ნაწარმოებებით არის  გაფორმებული. ნათიას პირველი გაკვეთილი მეხუთე კლასთან აქვს. ამბობს, რომ ძალიან მონდომებულები არიან და კარგი შედეგებიც აქვთ.

16593846_1445603442118882_371961817_o

სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ ქართული არ იცის და B1 დონეს ახლა 6 მასწავლებელს ასწავლის. B1  დონის ცოდნის დროს, მასწავლებელს უკვე შეუძლია პროფესიული განვითარების ტრენინგს დაესწროს, მოისმინოს და გაიგოს ინფორმაცია და გამოიყენოს მიღებული ცოდნა მოსწავლეებთან.  ქართულის კაბინეტს  რუსალა სტუმრობს. ნათია მასაც ქართულ ენის შესწავლაში ეხმარება. რუსალამ თბილისში ილიას უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა თავისი სოფლის სკოლაში  ინგლისურ ენას  ასწავლის. ამასობაში, ქართულის კაბინეტს აიაზ მასწავლებელი სტუმრობს და ნათიას ტელეგადაცემა „ეტალონის“ ტესტებში გასარკვევად  დახმარებას სთხოვს. ნათია ამბობს, რომ ყველა ძალიან მონდომებულია, ოლიმპიადებზე სიხარულით რეგისტრირდებიან, რადგან  მოსწავლეებსაც   და  მასწავლებლებსაც გააზრებული აქვთ , რომ მარტო  წარმატების მიღწევა კი არა, ცხოვრებაც ძნელია ქვეყანაში, რომლის მოქალაქე ხარ, მაგრამ ენა არ იცი. ამიტომ, არ უკვირს რომ ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება იზრდება ინტერესი ქართული ენის მიმართ.

16558938_1445603855452174_243017267_n

და მარტო გაკვეთილებიც არ არის! არის კიდევ, ერთი პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომლის ფარგლებში  ეწყობა საზაფხულო ბანაკები. ნათია სადახლოელ მოსწავლეებთან ერთად უკვე ორ ბანაკში იყო, ბაკურიანში და კეჩხობში, სადაც მოსწავლეები კარგ დროს ატარებენ  და საშუალება აქვთ თავიანთ თანატოლებთან ურთიერთობისას მიღებული ცოდნა დიალოგის დროსაც გამოიყენონ და ენის ცოდნა გაიღრმავონ. ეს  მოსწავლეები  მხოლოდ ბიჭები არიან, რადგან გოგონებს  საზაფხულო  ბანაკში არ უშვებენ და ნათია ამბობს, რომ ისინი ამ ფაქტს  ისედაც შეგუებულები არიან.  გოგონებს, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ ქართული და ძალიან აქტიურები იყვნენ  კლასში, მიუხედავად ამ უპირატესობისა,  არცერთ მათგანს  არ გამოუთქვამს ბანაკში  წასვლის სურვილი.  ნათია ამბობს, რომ გოგონები შეგუებეულები არიან, რომ  მაინც არაფერი გამოვა და სურვილსაც არ გამოთქვამენ. თუმცა, დირექტორს ჰქონდა სურვილი შეხვედროდა მათ მშობლებს და ამ საკითხზე ელაპარაკათ.

ნათია კვირაში რვა საათს მასწავლებლებს ასწავლის ქართულს, დანარჩენი დრო მოსწავლეებისაა. საახალწლო არდადეგებზე ორჯერ იყო სადახლოში მარნეულიდან ასული, რომ რაღაც საკითხებში დახმარებოდა სადახლოელ  მასწავლებლებს. ნათია დილის ცხრის ნახევრიდან  ათამდე მასწავლებლებს ამეცადინებს, შემდეგ უკვე გაკვეთილები ეწყება. თერთმეტის ოც წუთზე ქართული ენის და ლიტერატურის კაბინეტში მეხუთე კლასი შემოდის. ნათია პროექტორს რთავს და ქართული ენის გაკვეთილიც იწყება.

16523723_1445603538785539_1362175080_o

„რაქსანა, რამიზი,უმიდი? უმიდი ბორჯომშია. ფიდანი, თაბანი, ელვინი, მურადი,ფარდი, სევგი, გუმბათი, რამალი, მემათი, აგშინი, ხარმინი, ისმაილ, საფია, მაგამედი, ჯამალი, აინური, ორუჯი, შახინი, მეთუნი, ფარიდი, საფურა, ჯაპანდარი, მალიკი. მალიკი ავადაა “ – ნათია კლასის სიას ენერგიული ხმით და შემართებით კითხულობს და გაკვეთილიც იწყება.

გაკვეთილის თემა – წყლის ცხოველებია. გაკვეთილს სკოლის დირექტორი საიათ ხალილოვიც ესწრება და ყურადღებით უსმენს  ნათია მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს  ახალ სიტყვებს უხსნის. გაკვეთილის პროცესში თითქმის ყველა მოსწავლე ჩართულია. ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სიტყვა გაიხსენონ და გამოიყენონ წყლის ცხოველებთან დაკავშირებით.  შემდეგ, ახალ  თემაზე გადადიან და  მეხუთეკლასელები  ცდილობენ სოფლისა და ქალაქის განმასხვავებელ ნიშნებზე ისაუბრონ .  მომდევნო გაკვეთილი მეთორმეტე კლასელებთანაა. უფროსკლასელები  ბავშვის უფლებებზე საუბრობენ  და  აქტიურად განიხილავენ, რა შეიძლება იყოს ბავშვის უფლება, როგორ გარემოში უნდა ცხოვრობდნენ ბავშვები და ვინ უნდა დაიცვას მათი უფლებები. გაკვეთილის პროცესში ყველა ჩართულია და ყველა ცდილობს თავისი აზრი გამოხატოს.

16522727_1445603732118853_173645057_n

ბოლო შეკითხვაზე, როგორი გამოცდილებაა მასწავლებლისთვის  უცხოენოვან გარემოში მუშაობა,  ნათია მპასუხობს:   ,,აზერბაიჯანულენოვან სკოლაში მუშაობა ძნელიცაა და სასიამოვნოც. მაგრამ, როცა შენი მოსწავლე მაღალ ქულას იღებს საატესტატო გამოცდაზე ქართულ ენაში, ხვდები,რომ შენ კიდევ ერთ გამარჯვებას მიაღწიე,ხოლო შენმა მოსწავლემ კი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ცხოვრების გზაზე“.

ოსი ბიჭის ამბავი

0

საშვიდნოემბრო არდადეგები გვქონდა. წვიმდა, ქართლის ველებს შეჩვეული ქარი ქროდა და ძველ დივანზე „გულივერის მოგზაურობასთან“ განმარტოებას არაფერი მერჩია, მაგრამ ერთ  შორეულ ნათესავთან გამგზავნეს. ის ნათესავი ბებიაჩემს ორ თავ კომბოსტოს შეჰპირებოდა. დაბალმა, შავკაბიანმა, ჩემი მაშინდელი შეფასებით, ასი წლის ქალმა სამ დიდრონ კომბოსტოზე მკლავები შემომახვევინა, ორი ასეთივე თავი კი მათ ზემოდან დაადო.

ატალახებულ გზაზე მოვდიოდი. ფეხი მიცურავდა. ხელები დამეღალა. ცოტაც და შინ მისატანს გზისპირას დავყრიდი. გული მომდიოდა ბებიაჩემზე, წიგნის კითხვას რომ მომწყვიტა და იმ შავკაბიან ქალზეც, გულუხვობის საზღვარი რომ ვერ გაეგო.

სწორედ ამ დროს დავინახე ძაგოევების სტუმარი. ველოსიპედზე იჯდა და გეზი ჩემკენ აეღო. ვიცოდი, ვინც იყო, მაგრამ მისალმებას არ ვაპირებდი – თვითონ ხომ არ მიცნობდა. თან ტალახში ამოსვრილი ჩექმები მეცვა. თან ცირკის მასხარასავით მოვათრევდი ამ ვეება კომბოსტოებს.

მოახლოებულმა სვლა შეანელა და რაღაც მკითხა რუსულად.

არ შემიხედავს. გზა ხმის ამოუღებლად გავაგრძელე.

ველოსიპედი შეაჩერა და მითხრა, დაგეხმარებიო.

გმადლობ, არ მინდა-მეთქი.

არ მომეშვა, მომეცი ეგ კომბოსტოები – მე წამოვიღებო. ნაბიჯს ავუჩქარე. ხმას რომ აღარ გავცემ, თავს დამანებებს-მეთქი.

ლამაზი ბიჭი იყო – ჩემზე ერთი-ორი წლით უფროსი იქნებოდა. ველოსიპედიც ახალი და ლამაზი ჩანდა.

ძაგოევების გარდა, კიდევ რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა სოფელში. შერეული ოჯახებიც იყო. ძირითადად, ქალები მოჰყავდათ ოსური სოფლებიდან და მერე თავს იწონებდნენ მათი გამომცხვარი მთვარესავით ხაბიზგინებით. მაილევების ბავშვებიც მახსოვს – ახლა დიდი კაცები იქნებიან. ცხინვალი ახლოს იყო – გორში თუ ლამაზ საკაბეს ვერ იშოვიდნენ, ქალები იქაურ მაღაზიებში გარბოდნენ. გორში თუ რომელიმე წამლის დეფიციტი გაჩნდებოდა, ოსებსაც და ქართველებსაც ცხინვალის აფთიაქები ეიმედებოდათ.

ისიც მახსოვს, ოსებზე რომ ქილიკობდნენ – წითელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უყვართ და „შენი ჭირიმე“-ს ნაცვლად „სენი წირიმე“-ს ამბობენო. მიბაძვისას ხმას იწვრილებდნენ და ნახატი ფილმების თაგვებივით აწრიპინდებოდნენ ხოლმე.

სამაგიეროდ, ყველას მოსწონდა ოსური ცეკვა – სასკოლო ცეკვის წრე არ იყო, „სიმდი“ არ დაედგათ.

მე „ნართების“ კითხვა მომწონდა, და მამაჩემის მოყოლილი ამბები იმ წლებზე, როცა უმცროსი ლეიტენანტი იყო და ცხინვალში გამომძიებლად მუშაობდა.

მიუხედავად ყველაფრისა, იმ ბიჭს – ძაგოევების ნათესავს – სახელი არ ვუთხარი. წვიმაში ნელა მომყვებოდა და მთხოვდა, ორ კომბოსტოს მაინც წამოვიღებო.

ხმას არ ვცემდი. თავისი სახელი და გვარი მითხრა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.

მერე ის მოხდა, რის გარდაუვლობასაც უკვე შეგუებული ვიყავი: წავიქეცი. გაშლილი ხელებით დავეცი ტალახიან გზაზე. წამომაყენა, შორიახლო გაბნეული კომბოსტოს თავები წამოკრიფა და თავის ქურთუკში გამოკრა, ქურთუკი კი ველოსიპედზე დაამაგრა. მერე ცალი ხელი სახელურს მოჰკიდა და ნელი ნაბიჯით, უხმოდ გამომყვა. სახლს რომ მივუახლოვდით, სახელი კიდევ ერთხელ მკითხა. მხოლოდ მადლობა გადავუხადე.

ბებიაჩემს ტალახში ამოსვრილი ჩემი ხელებისა და ტანსაცმლის დანახვისას ფერი დაეკარგა.

აღარ მახსოვს, „გულივერის მოგზაურობის“ კითხვა გავაგრძელე თუ არა. ალბათ ძალიან მრცხვენოდა. ალბათ ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ კი ეს დამარცხება სამუდამოდ დამვიწყებოდა.

მეორე დღეს, საშვიდნოემბრო ზეიმზე წასასვლელად გამზადებული, სუფთად ჩაცმული და თმადავარცხნილი, იმ ბიჭს ისევ გადავეყარე. ველოსიპედით ჩამიქროლა და სიცილით მომაძახა:

– კაპუსტა!

ბოლომდე დამსახურებული სახელი იყო.

არდადეგები ისე არ ჩაივლიდა, ეს ხმა და ეს სიტყვა არ მომესმინა. მთელ სოფელს უვლიდა თავისი ველოსიპედით. გულიანი სიცილი იცოდა და ყოველთვის მზად იყო სოფლელებისთვის ხელის შესაშველებლად, ძირს გაბნეულის წამოსაკრეფად, ვინმე ჩემნაირის გასამხნევებლად და დასახმარებლად.

დიდი ხნის წინ დავიწყებული ეს ბიჭი – ძაგოევების ნათესავი სამხრეთ ოსეთიდან – ერთმა შემთხვევამ გამახსენა. ცოტა ხნის წინ ოს სტუმრებს ველოდებოდით და ჩემს მშობლებს ვკითხე, 90-იანებში, ყველაზე მძიმე დროსაც კი, როცა გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ოსები ბინებს ყიდდნენ და სამუდამოდ მიდიოდნენ, აქ, სოფელში, ხომ არაფერი დამუქრებიათ, ხომ უშიშრად ცხოვრობდნენ-მეთქი. თურმე ვცდებოდი. ძალიან ვცდებოდი. მიპასუხეს, ოსური ოჯახების სოფლიდან გასახლებაზე ლაპარაკი დაიწყეს, ავიწროებდნენ, აშინებდნენ, სულ საფრთხის მოლოდინში იყვნენო. უბრალოდ, ქვეყანაში ვითარება სწრაფად შეიცვალა და ვერ მოასწრესო.

ძაგოევებზე ვეღარაფერი ვკითხე. შემეშინდა.

კვლავ გეოგრაფიაზე და სიყვარულზე, ანუ რას წერენ ჩვენი მოსწავლეები ჩვენზე და არა მარტო ჩვენზე

0

კვლავ გეოგრაფიაზე და სიყვარულზე მინდა წერა. მოტივატორები ისევ და ისევ ჩემი მოსწავლეები არიან.

რატომ ვწერ ამ სტატიას? ალბათ მომენატრნენ. მომენატრა მათი სახეები, ღიმილი, სევდა თუ ანცობა.

ყოფიერებამ კვლავ ჩამითრია, სასკოლო პროგრამის მოსწრება, შემაჯამებელი წერები, ახალი პროექტები, ახალი სქემები, იმედგაცრუება და მაინც მომავლის იმედები… არადა, თაობები მიდიან, იცვლებიან, ვეძებთ მოტივაციის ამაღლების მეთოდებსა და გზებს და ხანდახან გვავიწყდება მათი მისწრაფებები, ფიქრები, ოცნებები…

გვრჩება კი ამისთვის დრო? ჩვენ უფროსებს – არა.

ყოველთვის არიან ისინი, ვისთანაც გიხარია მისვლა, ურთიერთობა; ვინც გელის, გენდობა და მოგყვება.

„კარს შემოაღებს ღიმილით,

მოგვესალმება მზისფერად,

გადაშლის ჩვენ წინ სამყაროს

სულ ყველას გვეალერსება“.

ეს მათი სიტყვებია, მეათეკლასელი ლალუკა ჩვენზე, მასწავლებლებზე წერს. ამაზე ლამაზად ვერ ვიტყოდი. ან კიდევ: „არ ემუქრება სიბერე, სიყვარული აქვს იმხელა“- ესეც მასწავლებელს ეძღვნება. ჩვენ კი ამ სიყვარულს რით ვპასუხობთ?

მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლება გვჭირდებაო და სოციალურ ქსელებში კი უამრავი უარყოფითი კომენტარი და კურიოზი იწერება. არადა, ბავშვები ასე არ ფიქრობენ. მათ მასწავლებელი უყვართ და პატივს სცემენ.

აი, რას წერენ ჩვენზე კიდევ ბავშვები: „ჩემს უსაყვარლეს, არაორდინალურ და ძვირფას მასწავლებელს …  ძალიან მიხარია თქვენთან ურთიერთობის ბედნიერება რომ მაქვს. მართლა ბევრი რამ ვისწავლე ამ მოკლე დროში თქვენგან და უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა, რომ ხართ ასეთი საინტერესო!!!” – არადა, თუ იცის ამ პატარა გოგონამ, რომ მისი სიტყვები, სიამაყისა და სიხარულის გარდა, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ არ გვაქვს უფლება სხვანაირები ვიყოთ. ნეტავ თუ გრძნობს, რომ ჩვენც, მასწავლებლებიც მათგან რამდენ რამეს ვსწავლობთ? სამყაროს მათი თვალით დანახვას ვსწავლობთ, სამყაროს, რომლის დაშლაც სურთ:

„რა მშვენიერია ჩემი სამყარო,

მსურს ეს ამბავი ყველას ვახარო.

მრავლად ნახულო და კიდეც სანახო

მინდა სამყარო შენ დაგანახო.

გადმოვიხედოთ მტკვარის კიდედან

ვარსკვლავნი იქნება ჩვენთვის ხიდებად.

მე ამ სამყაროს დავშლი ფიქრებად

და შენ მოგიძღვნი მე ყვავილებად“. –  მე -11 კლასელი სანდრო.

დეკემბრის სუსხიან დღეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლები ლიტერატურულ სალონში მიგვიწვიეს. ორიგინალური მოსაწვევები ჩვენივე ფოტოებით გაეფორმებინათ. ვფიქრობდი, რომ დამხვდებოდა ჩვეულებრივი საღამო, სადაც ლექსებს წაიკითხავდნენ. არადა, რამდენჯერმე შემახსენეს, ხომ მოხვალთო? (რომ არა განსაკუთრებული დამოკიდებულება მათ მიმართ, არ დავესწრებოდი). ოთახიც თავად მოაწყვეს, სტუმრებიც საგანგებოდ დაპატიჟეს. ღონისძიების სახელწოდებამ კი დამაფიქრა: „მე ამ სამყაროს დავშლი ფიქრებად“. მათ საკუთარი კლასელების სანდროსა და ნინის ლექსები, სალომეს ჩანახატები წაგვიკითხეს, მოცარტის და ბეთჰოვენის საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს… სალომე რომ წერდა, ვიცოდით, ნინი და სანდრო კი ყველასთვის აღმოჩენა იყო. „ასე უყვარდათ საქართველოში“ …. საქართველოში ახლაც ასე უყვართ. არ ვიცი, რომელი მათგანი მიაღწევს პოეზიისა თუ პროზის მწვერვალებს, როდის და ვინ გაუმართავთ საღამოებსა თუ შეხვედრებს, მაგრამ სანდროს, ნინის და სალომეს მეგობრების მიერ მოწყობილი სალონი არასოდეს დაავიწყდებათ. მათი გვერდში დგომა, მხარდაჭერა და აღიარება მთელი ცხოვრება გაჰყვებათ და გააძლიერებთ. რომ არა რეზი, ნიკა, გოგა, ქეთი ეს საღამო არ შედგებოდა (ამისთვის როგორ მიყვარხართ!).

ამ თეთრი ზამთრის ცივმა დღეებმა

მოგონებების ალში გამხვია.

თითქოს როგორი ცივი წელია,

მაგრამ დათბება მალე ძალიან. – ბავშვებო, თქვენ ჩვენი გულები გაათბეთ.

„და თუ, მოხვდებით ოდესმე ამ ბაღთან, შედით შიგ, გაუხვიეთ მარცხნივ და დაინახეთ ხე, შეეცადეთ მაინც, რომ დაინახოთ. მიდით მასთან და საკუთარი ფიქრებით გაერთეთ. მიდით, ოღონდ მარტო. მიდით, ოღონდ არეული ფიქრებითა და ბევრი სათქმელით“ – ეს 15 წლის სალომეს ჩანაწერია. წრფელი გულიდან ამოხეთქილი, უზარმაზარი სამყაროს პატარა, თუმცა ღრმა და ძლიერი ადამიანის ნაფიქრალი. შეიძლება, რომ ამან არ დაგაფიქროს, ან არ მოგანდომოს უფრო ახლოს გაიცნო მისი განცდები, იგრძნო და მოეფერო.

წლების წინ მეგობარმა მითხრა: შენში არსებული სიყვარულის დასაფარად უხეშობას იყენებო. დავფიქრდი და მას მერე ვცდილობ, ვიყო ის, ვინც ვარ. ჩემს სიყვარულს მიმართულება მივეცი. დავფიქრებულვართ რატომ არიან უხეშები ჩვენი ბავშვები? გარეგნულად უზადო გოგონა უკარება და ამპარტავანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.  ერთხელაც მოვიცალეთ და ვისაუბრეთ, პროექტს ვგეგმავდით. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ყოველი პროექტი თუ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გაკვეთილებისა და საკლასო ოთახის ფარგლებს სცდება, ერთმანეთთან  გვაახლოებს, მათთან ერთად ახალი აღმოჩენების გაკეთება გვიხდება.

ამ ფოტოზე ერთ-ერთი მათგანია. სახეს სანახევროდ გვიჩვენებს … თითქოს არ სურს დავინახოთ, ხელს იფარებს. შორიდან, ძალიან შორიდან გვიღიმის…

  • ბებიაჩემის გამხდარ ხელებს ნახატი დინჯად, მაგრამ კანკალით ეჭირა. რომ შევხედე უცნაური სიამოვნება ვიგრძენი. ,,ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენ გარშემო’’ – ფიოდორ დოსტოევსკი. – ამასაც 15 წლის გოგონა წერს.
  • ცხოვრება ჩვენშია და ზოგჯერ მგონია, ჩვენ გარეშე მიედინება. უჩვენოდ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.

ჩვენ სხვა თაობა ვართ: უფრო ემოციური, მოსიყვარულე, პატრიოტი. ეს თაობა იმას ვერ გაიგებს, ვერ იგრძნობს, რასაც ჩვენო. გრძნობენ, იგებენ, სამყაროს ფიქრებად დაშლაც სურთ და უდიდეს სიყვარულსაც ატარებენ. ამას დანახვა უნდა. მოვიცალოთ ჩვენი ბავშვებისთვის, გვიყვარდეს ისეთები, როგორებიც არიან! მათ ჩვენი ყურადღება სჭირდებათ. შეიძლება ეს ლექსები პოეზიის ნიმუშებად არ ჩათვალოთ (მათ უკეთესებიც დაუწერიათ), მაგრამ სამყაროს მათეული აღქმა ჩანს: „გადაშლის ჩვენ წინ სამყაროს“,

„მე ამ სამყაროს დავშლი ფიქრებად!“

პ.ს. 2017 წელი ზამთრის არდადეგები.

 – გეოგრაფია სად არის??

–  ჩვენ გარშემო.  ჩვენ ხომ გეოგრაფიულ გარემოში ვართ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...