სამშაბათი, აპრილი 21, 2026
21 აპრილი, სამშაბათი, 2026

როგორ შეუძლია მასწავლებელს მორცხვი ბავშვის დახმარება

0

მიუხედავად იმისა, რომ კლასში პიროვნების ტიპებისა და ტემპერამენტების სიმრავლე დადებითად ფასდება, მასწავლებლები და მშობლები, ბუნებრივია, შფოთავენ, როცა რომელიმე ბავშვი სულ ჩუმადაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც მორცხვ ბავშვს თავის გამოჩენაში დაეხმარება. მათი უმრავლესობა სხვა სიტუაციებშიც გამოგადგებათ.

 

  1. გაარკვიეთ, რა აინტერესებს თქვენს მორცხვ მოსწავლეს. შეგიძლიათ, მას ამის შესახებ ჰკითხოთ; გამოიყენოთ ინტერესების სფეროს კვლევა; დააკვირდეთ, რა აცვია (მაგ., დინოზავრის გამოსახულებიანი მაისურები), დააწერინოთ წიგნი საკუთარი თავის შესახებ და სხვ. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია საუბრის ან საგანმანათლებლო აქტივობების საწყის წერტილად.
  2. დაავალეთ კლასში სხვა, უფრო აქტიურ ბავშვებთან ერთად მუშაობა. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ურთიერთობებსა და ახალი მეგობრების გაჩენას.
  3. ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეებზე. თუ მორცხვი მოსწავლე წარმატებულია მათემატიკაში, დაავალეთ მას, დაეხმაროს სხვა მოსწავლეს, რომელსაც ამ სფეროში დახმარება სჭირდება.
  4. დააწყვეთ მერხები ან სკამები ისე, რომ მორცხვი მოსწავლეები მოხვდნენ მათთვის კარგად ნაცნობი ბავშვების ან მათ გვერდით, ვისაც კარგად შეუძლია სხვების ჩართვა.
  5. ასწავლეთ ბავშვებს, როგორ ჩაერთონ ჯგუფურ აქტივობებში. მაგალითად, სათამაშო მოედანზე, წააქეზეთ ბავშვი, ვინმეს ჰკითხოს: „შეიძლება, მეც ვითამაშო?“
  6. მიეცით დავალება, რომელიც გულისხმობს ოთახში გადაადგილებას და სხვებთან ურთიერთობას ან გააკეთებინეთ რამე, რაც თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს, მაგ., დაფის გაწმენდა.
  7. ყოველდღე დაუთმეთ დრო მორცხვ მოსწავლეს. ჩართეთ საუბარში. თუ თქვენთან თბილი ურთიერთობის დამყარებას მოახერხებს, შესაძლოა თავი უფრო დაცულად იგრძნოს.
  8. მოერიდეთ მორცხვი ბავშვების ისეთ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომელიც მათთვის შესაძლოა შემაწუხებელი ან სტრესის გამომწვევი აღმოჩნდეს.
  9. ასწავლეთ ბავშვებს, გაუმკლავდნენ გამოჯავრებას (მაპროვოცირებელ ქცევას). ასწავლეთ სიტყვები, რომლებიც მათ თავის დაცვაში დაეხმარება („გამოჯავრება ცუდია“. „არ მომწონს, როცა მაჯავრებ“. „გთხოვ, შეჩერდი“). მზად იყავით ჩასარევად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გამოჯავრება გარდაუვალია, გამოუმუშავეთ ბულინგისადმი შეუწყნარებლობის პოლიტიკა.
  10. იქონიეთ კონტაქტი მშობლებთან. ჰკითხეთ, რას ამბობენ სახლში ბავშვები სკოლის შესახებ. შესაძლოა, ბავშვი სკოლაში არ აქტიურობდეს, მაგრამ სახლში დადებითად ახასიათებდეს სკოლას.
  11. წაახალისეთ მშობლები, ჩაერთონ სასწავლო პროცესში, როცა ეს შესაძლებელია. ბავშვებს ეამაყებათ კლასში მშობლის ვიზიტი, დაწყებით კლასებში მაინც.
  12. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ მორცხვ მოსწავლეს შესაძლოა მორცხვი მშობლები ჰყავდეს. ამ მშობლებმა შესაძლოა უკეთ იგრძნონ თავი საკლასო ოთახში, თუ მათთვის სტრუქტურირებულ აქტივობას შეარჩევთ. რაიმე მარტივს, როგორიცაა, ვთქვათ, მასალების დაჭრა, რაც საშუალებას მისცემს მშობელს, დააკვირდეს გარემოსა და ვითარებას საუბრის აუცილებლობის გარეშე.
  13. გაარკვიეთ, რა რესურსები აქვს სკოლას. შესაძლოა იპოვოთ წიგნები, რომლებსაც შეუძლია თავდაჯერებისა და სოციალური ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
  14. გააფრთხილეთ მშობლები, რომ – ბავშვი სულ ჩუმადაა ან მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკობს, არასოდეს სარგებლობს ტუალეტით, არ სადილობს, ხშირად გამოიყურება სევდიანად ან გარიყულად, არასოდეს ან იშვიათად ეთამაშება სხვებს; როცა ესაუბრებიან, მიწას ჩაჰყურებს, უჩივის მუცლის ან თავის ტკივილებს და ა. შ. თუ პროგრესს ვერ ამჩნევთ, შესთავაზეთ მშობლებს, იფიქრონ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/shyness-is-nice/201709/how-can-teacher-help-shy-child

ლიტერატურული ტექსტების ცოდნა. ლოუტონი და ბუტაფორია

0

როცა დიდი ინგლისელი მსახიობი ჩარლზ ლოუტონი სამუშაოდ ჰოლივუდში მიიწვიეს, გაოცებული იყო სტუდიის თანამშრომლების განათლებით. რეჟისორიდან დაწყებული და გამნათებლით  დამთავრებული, ყველა გამოთქვამდა აზრს იმის შესახებ, თუ რა ფილმი უნდა გადაეღოთ შემდეგი, მოჰყავდათ კლასიკური ლიტერატურული ტექსტების სიუჟეტები და იმოწმებდნენ ცნობილ პერსონაჟებს.

როცა ლოუტონმა სტუდიის საწყობში უშველებელი თაროები ნახა, რომლებიც ცნობილი წიგნების ანოტაციებით იყო გამოტენილი, მისთვის ცხადი გახდა, რომ ეს საყოველთაო „ინტელექტი“ მხოლოდ მოჩვენებით იყო, მათ მხოლოდ ამ ანოტაციებიდან იცოდნენ წიგნების შინაარსი და წაკითხული კი ცოტას თუ ჰქონდა.

რა აზრი აქვს ლიტერატურული ტექსტის ასეთ ცოდნას?! ცხადია, არანაირი. ხელოვნების სხვა ჟანრებთან შედარებით ლიტერატურას გააჩნია გადამწყვეტი – შემეცნებითი  უპირატესობა, რომელიც მას ხელოვნების სხვა ყველა ჟანრის საფუძველთა საფუძვლად აქცევს. გონების განვითარებისთვის მთავარი წიგნის კითხვის პროცესია, და არა მოკლე შინაარსისთვის თვალის გადავლება. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ ლიტერატურის დასაბამიდან დღემდე მხოლოდ სამ ათეულამდე სიუჟეტია თავისი განშტოებებით. კარგი მკითხველი წიგნს სიუჟეტის გამო არ კითხულობს, შინაარს გამოკიდებული მკითხველი ცუდი მკითხველია.

მე მინახავს ადამიანები, რომლებიც სრულიად კმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ მეგობარმა წიგნის შინაარსი მოუყვა და წაკითხვა აზრადაც არ მოსვლიათ. ისე ჩაერთვებოდნენ საუბარში, ვერც მიხვდებოდი, რომ კონკრეტული წიგნი წაკითხული არ ჰქონდათ. ამით ადამიანები უარს ამბობენ უმთავრესზე: გონებრივ ვარჯიშზე, სულიერ და მორალურ გაძლიერებაზე და, ბოლოს და ბოლოს, ესთეტიკურ ტკბობაზე. ბევრი მუსიკის მოსმენა, ბევრი სპექტაკლის, ფილმის და სურათის ნახვა ინტელექტუალად ვერ გაქცევს. სწორედ ასეთივეა მოსმენით მიღებული ინფორმაცია ლიტერატურულ ნაწარმოებზე, ის არაფრის მომცემია, ბუტაფორიული ცოდნაა.

იგივე შეიძლება ითქვას აუდიოწიგნებზე, აუდიო წიგნებით მხოლოდ სიუჟეტს იგებ და  ლიტერატურის მთავარ დანიშნულებას მოკლებული ხარ.

კლასიკად აღიარებული წიგნების სიუჟეტები თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ცოტას თუ აქვს წაკითხული. მე მინახავს ხალხი, რომლებიც კარგი მკითხველები არიან, ყოველდღიურად კითხულობენ, მაგრამ კითხულობენ მხოლოდ თანამედროვე ან უკიდურეს შემთხვევაში მეოცე საუკუნის ლიტერატურას. მათ ვერაფრით წააკითხებ ვთქვათ „გარგანტუა და პანტაგრუელს“ ან „დონ კიხოტს“. ეს განსაკუთრებით დამწყები მწერლების პრობლემაა, რადგან წერის სწავლა მხოლოდ კლასიკური ლიტერატურის ცოდნითაა შესაძლებელი.

ცალკე ამბავია ცნობილი წიგნების ცოდნა ეკრანიზაციების საშუალებით. ეკრანიზაცია, ამ კუთხით, წიგნის პირველი მტერია. მახსოვს ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ ერთხელ პარლამენტში გამოკითხვა ჩაატარეს, თუ ვის ჰქონდა წაკითხული „დათა თუთაშხია“, აღმოჩნდა, რომ ოთხმოც პროცენტს მხოლოდ ეკრანიზაცია ჰქონდა ნანახი.

კარგი მკითხველები დამეთანხმებიან, რომ არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა სახლში მიდიხარ და იცი, რომ კარგი წიგნის წაკითხვის ბედნიერება გელოდება. მკითხველთა ორი კატეგორია არსებობს: პირველი – რომელსაც წლების შემდეგაც ახსოვს ყველაფერი, რაც წაიკითხა; და მეორე, რომელსაც წაკითხვიდან ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი ავიწყდება. მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, პატრიკ ზიუსკინდის არ იყოს, „ლიტერატურული ამნეზია“ მჭირს – მხოლოდ ის ემოცია მახსოვს, რასაც წიგნის კითხვის დროს განვიცდიდი და თვეების და წლების მერე ამით ვიხსენებ, მომწონდა თუ არა წიგნი. ყოველ ჯერზე წიგნს პირველად ვკითხულობ და, ერთი მხრივ, ეს სულაც არაა ცუდი, მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრჯერ უხერხულობაც მიგრძნია, რადგან ძალიან ცნობილი წიგნების საკვანძო სიუჟეტები და პერსონაჟების სახელებიც ვერ გამიხსენებია, თუმცა ეს არაა მთავარი, მთავარი ის ფსიქოლოგიური სიძლიერის შეგრძნებაა, რომელიც ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ გეუფლება; შეგრძნება, როცა აცნობიერებ, რომ შენთვის შეუძლებელი და მიუღწეველი არაფერია.

თეატრი მოზარდებისთვის, რომელიც 90 წლისაა

0

ჩემს მოსწავლეობაში ასე იყო: შემოაღებდა უცხო სტუმარი საკლასო ოთახის კარს, შემოაფრიალებდა ბანქოსხელა ქაღალდებს და მხიარული სახით მოგვახარებდა:

  • თეატრის აბონიმენტები! ახალი სეზონი და ახალი სპექტაკლები! შეიძინეთ!

ეს „აბონიმენტი“ პირადად ჩემთვის ფასდაუდებელი ბილეთი იყო ჯადოსნურ სამყაროში მოსახვედრად.

ჯადოსნური სამყარო კი პირველივე დღეს დავინახე, რა წამსაც თეატრი თეატრად და მაყურებლობა მაყურებლობად აღმოვაჩინე. მას მერე ეს ჩემი გაუნელებელი ვნებაა და არც ეს ჯადოსნობა ხუნდება, საბედნიეროდ.

ხოლო, რაც შეეხება „აბონიმენტს“ – ის ჩვენ მოზარდ მაყურებელთა თეატრში გვეპატიჟებოდა! ალბათ ჩემს წინა თაობაშიც ასე იყო და მგონი დღესაც ასეა, ამ წესით და ფორმით ურთიერთობენ სკოლები და თეატრი და დღესაც დადიან მოსწავლეები თვეში ერთხელ ან ორჯერ, ან რამდენჯერაც მოესურვებათ, სპექტაკლებზე. დიახ, პირველ რიგში მოსწავლეები, რადგან ამ თეატრის დაარსებაც სწორედ მათთვის მოიფიქრეს, როცა მოიფიქრეს და რა მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ეს ჩანაფიქრი სულაც პირველი დიდი იდეა გახლდათ გასული საუკუნის დასაწყისის სრულიად ამიერკავკასიაში!

დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, მოზარდებო და მასწავლებლებო! – ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი დღეს 90 წლისაა!

ჩვენ თეატრების მრავალწლოვანი ტრადიციებით განებივრებული ხალხი ვართ. თეატრალური კულტურა ჩვენი ყოფის ნაწილია დღესაც და, იყო დრო, რომ ეს ურთიერთობა – საზოგადოებისა და თეატრის – უფრო მჭიდრო იყო, უფრო ღრმა და საინტერესო. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, კონკრეტულად კი 1928 წელს, სწორედ თბილისში დაარსებულიყო ისეთი სპეციფიკისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის თეატრი, როგორიც მოზარდ მაყურებელთა თეატრია, შინაურულად და „ხალხურად“ – „მოზარდი“, როგორც ვეძახით. მისი პირველი მაყურებლები ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ. რეპერტუარიც მათთვის იქმნებოდა, მსახიობები და რეჟისორები კი სწორედ აქ, „მოზარდში“ იწყებდნენ თავიანთ პროფესიულ კარიერას.

თეატრის დაარსება ცნობილ ქართველ რეჟისორს, ალექსანდრე თაყაიშვილს უკავშირდება. პირველი სპექტაკლი კი ნ.საცის „ფრიც ბაუერი“ იყო. თეატრთან, სხვადასხვა დროს, აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი მხატვრები: ე.ახვლედიანი, ს.ვირსალაძე, პ.ოცხელი, ი.სუმბათაშვილი, ნ.ყაზბეგი, დ.თაყაიშვილი, ფ.ლაპიაშვილი, მ.მალაზონია, მ.ჭავჭავაძე, ა.რამიშვილი, მ.მურვანიძე, გ.ალექსი-მესხიშვილი…   მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში რეჟისორებმა – თ.მაღალაშვილმა, ნ.ხატისკაცმა და თ.ჩხეიძემ თავიანთი სპექტაკლებით: ,,სადა ხარ, სოფიკო?” ,,მერი პოპინსი,” ,,უბედურება,” ,,დარისპანის გასაჭირი,” ,,კიკვიძე,” ,,დონ სეზარ დე ბაზანი”.

თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რეჟისორ შალვა გაწერელიას შემოქმედებას. მან წარმატებულ მსახიობთა არაერთი თაობა აღზარდა  და 70-90-იან წლებში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სპექტაკლი დადგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში: კ.გუდრიჩისა და ა.ჰაკეტის ,,ანა ფრანკის დღიური”, ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილი,” დავით კლდიაშვის „დარისპანის გასაჭირი“…

თავდაპირველად საქართველოში ორი მოზარდ მაყურებელთა თეატრი იყო – ქართული და რუსული. გასული საუკუნის 90-იან წლებში თეატრი სერიოზული ორგანიზაციული და შემოქმედებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მას აღარ ჰქონდა საკუთარი შენობა (რუსთაველის გამზირზე მდებარე  ნაგებობა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეეწირა). ეს კი არ იძლეოდა სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას. ეს პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა.

1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები გაერთიანდა და მათ საერთო სახელი – ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური  საბავშვო თეატრი – ეწოდა. მან ბინა დაიდო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ყოფილ შენობაში, რომელსაც საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

დღეს სპექტაკლები იდგმება როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე.

თეატრს საკმაოდ დიდი დასი ჰყავს – ასზე მეტი მსახიობი. აქვს ორი სცენა – დიდი და მცირე, ანუ ექსპერიმენტული. სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი გულღიად მასპინძლობს ყველა ხელოვანს, ვისაც ექსპერიმენტული იდეები აქვს და მათი სწორედ ამ თეატრში განხორციელება სურს.

თანამედროვეობამ უამრავი რამ შეცვალა სახელოვნებო სფეროში – აღქმის, შემეცნების, გამოხატვის თვალსაზრისით. თეატრი ამ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, მით უფრო, თუ ის „მოზარდია“. მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორები და დასი ამ ამოცანებს ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდებიან.

ბევრი იდეა აქვთ. ერთ-ერთია „ზღაპრის თეატრის“ შექმნა, სადაც ბავშვებს (დაწყებითი კლასების და უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებს) მხოლოდ წარმოდგენებს კი არ შესთავაზებენ, არამედ შეასწავლიან თეატრში ქცევის წესებს, ელემენტარულ თეატრალურ ტერმინებს. მოკლედ, მიაჩვევენ მაყურებლობას. ეს კი, მოგეხსენებათ, მართლაც ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს, თორემ მერე, უკვე დიდ დარბაზში, შუა სპექტაკლის დროს  აწკრიალებულ-მობილურიან ან გაუჩერებლად მოლაპარაკე მაყურებელს, ძალიანაც რომ მოინდომო, ბოლომდე მსგავს წესებზე ვეღარ დაიყოლიებ.

თეატრი აქტიურად დადის გასტროლებზე, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში.

რეპერტუარი მრავალფეროვანია – ქორეოგრაფიული, ვიზუალური ექსპერიმენტებით დატვირთული.

იმედია, ის დღესაც რჩება მოზარდების საყვარელ სივრცედ ქალაქში. იმედია, ისევ სიხარული მოაქვს ახალი სპექტაკლების მაუწყებელ აბონიმენტებს!

ვულოცავ დაბადებიდან  90 წლის იუბილეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს და ჭკვიან, საინტერესო, ერთგულ და აქტიურ მაყურებელს ვუსურვებ!

 

 

 

 

 

საკონდიტრო „რუსზვურმი”

0

ბუდაპეშტში ცივა, საღამოს ხუთ საათზე ბნელდება და საახალწლო ბაზრობაც უკვე გაშლილია. ნაძვის ხის გარშემო ტკბილ კრედელებს ყიდიან, თუმცა მე ტკბილი კრედელები არ მეჭმევა, სამი თვეა ჯანსაღად ვიკვებები და მხოლოდ ერთი გამონაკლისის დაშვების უფლება მაქვს. უნგრეთში სამწლიანი შესვენების შემდეგ ორი მიზეზით დავბრუნდი: ბავშვობის საყვარელი ბენდის, Gorillaz-ის კონცერტს უნდა დავესწრო და ბუდაში, მეთევზეების ბასტიონთან რომ მეცხრამეტე საუკუნის საკონდიტროა და „რუსზვურმი” ჰქვია, იმ საკონდიტროში უნდა ვჭამო შუ. მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტის მოგზაურობა დავგეგმეთ, თავს სწორედ ამისთვის ვინახავ. თან, ოცდაშვიდი წელი აქ შემისრულდა და ჩემს ჭაღარას ეს მოკრძალებული საჩუქარი ნამდვილად ეკუთვნის.

 

ვინც ვეს ანდერსონის „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” ნახა და მისი ესთეტიკით ჩემსავით მოიხიბლა, ბუდა უსათუოდ უნდა ნახოს. მას შეუძლია თავს გულუბრყვილობის უფლებაც მისცეს და აქაურების მიერ ტურისტებისთვის დაგებულ ზოგიერთ მახეში განგებ გაეხვეს. მაგალითად, ბუდაში ფეხით ასვლის ნაცვლად, რაც სულ არაა რთული, ათას რვაასი ფორინტი ფუნიკულიორის ბილეთში გადაიხადოს.

 

სიცივისა და ქარის გამო, პეშტისა და ბუდას დამაკავშირებელ ხიდზე გადასვლა, ანუ დუნაის მეორე ნაპირზე მოხვედრა სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს. სიარულის დროს მოვარდნილი ქარი დროდადრო გონებიდან ფიქრებს გტაცებს და წყლის ზედაპირთან თოლიასავით ჩააქროლებს. ეგრე გამოდის, რომ პეშტიდან ბუდაში მოგონებებისგან დაცლილი გადადიხარ და თითქოს ახლიდან იწყებ ცხოვრებას. თუმცა მალევე, როცა ფუნიკულიორის კაბინაში ჩაჯდები და პატარა გორაკს აუყვები, წამიერად გაგახსენდება ის ეპიზოდი, ლობის ბიჭი გაზეთებს რომ მიარბენინებს მუსიე გუსტავთან და შენი ტვინიც წყლის ავზივით ნელ-ნელა ივსება მოგონებებით, რომლებიც თითქოსდა სამუდამოდ გაატანე დუნაის.

 

მაღლა ასული თუკი საპატიო ყარაულის სმენის ცვლილებას შეესწრები, ჩათვალე რომ იღბლიან ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული. ხო ვითომ არაფერი, ფორმაში გამოწყობილი და იარაღასხმული უნგრელები პოზიციებს უთმობენ სხვა იარაღასხმულ უნგრელებს და მათ ნაბიჯებს ბარაბნის ხმა ერთვის, მაგრამ ყარაულის მოძრაობა იმდენად სიმეტრიულია, რომ მომენტალურად ხვდები, როგორ წამოჭიმეს ამ ხალხის წინაპრებმა ისეთი არქიტექტურა, როგორიც მათ გარშემოა.

 

ქვაფენილი, რომლის კიდეებშიც ხასხასა ბალახი ამოწვერილა წარმოგადგენინებთ როგორი იყო აქაურობა უწინ, როცა აქ ჯერ ფოტოაპარატიანი ტურისტები არ მოძრაობდნენ და ეს შენობები ცხენის ნალების ბაკუნის ხმით ივსებოდა. თუმცა, ამის წარმოდგენა რთულდება, როცა გადაუღებლად წვიმს, სახე გაგეთოშა და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ხელებში სისხლი გაიყინა. ასეთ დროს შუა ქუჩაში ჩადგმული პატარა ჯიხურის დანახვა ისეთივე მისწრებაა, როგორც უდაბნოში დაკარგულისთვის ჭის აღმოჩენა. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ჯიხურს დიდი ასოებით აწერია „ცხელი ღვინო“. ერთი ნაკურთხი ჭიქა გლინტვეინი და სისხლი ძარღვებში მოძრაობას იწყებს. მერე უკვე შეგიძლია გზა განაგრძო და მეთევზეების ბასტიონამდე მიაღწიო.

 

როცა თვალს წყალს დაალევინებ, ბასტიონზეც შემოდგები და იქვე მდგომ ტაძარში ლამაზ მელოდიებს მოისმენ, შეგიძლია დამშვიდებული სანდისით ჩაუყვე ქუჩას და მიადგე ბუდაპეშტის უძველეს საკონდიტროს, შეაღო ხის კარი და შეაბიჯო კულინარიულ წარმოდგენარიუმში. არ გაუძალიანდეთ ვანილის სურნელის მაგიას, რომელიც შესვლისთანავე შემოგეფეთებათ სახეში. კაფე ძალიან პატარაა. იმდენად პატარა, რომ სხვისი შეწუხების გარეშე შემოტრიალება გაგიჭირდებათ. სამაგიეროდ, წარსული აქვს დიდი. ამ ადგილმა მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან დღემდე ორი რამ შეინარჩუნა უცვლელად – იერსახე და გემო. ტკბილეულის მრავალფეროვნებას ერთი რამ აერთიანებს – უძველესი რეცეპტები. ვეს ანდერსონი აქაც გაგახსენდებათ და გაფიქრებინებთ, რომ მენდელმა თავისი კულინარიული კარიერა სწორედ აქ დაიწყო.

 

ვიცოდი თუ არა რას შევუკვეთავდი, როცა ჭეშმარიტების მომენტი დადგებოდა? – ჯერ კიდევ სამი თვის წინ. შეკვეთამ არ დაიგვიანა. გემოს რეცეპტორები, რომლებსაც ამ ხნის მანძილზე ცირკის ლომივით ვათვინიერებდი, ინგლისური შავი ჩაით გავახურე და ლიმნით გავაღიზიანე. მალე მთავარი გმირიც მომიყვანეს. შუ ორად იყო გაპობილი. ფაფუკი, თხელი ცომისგან გამომცხვარი ტანი, რომელსაც გეომეტრიული სიზუსტით გამოყვანილი წრის ფორმა ჰქონდა, მყარად იდგა ქათქათა თეფშზე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ცომი აისბერგივით იყო – უფრო ღრმა, ვიდრე ზედაპირზე ჩანდა. მასზე იწვა ოდნავ მოყვითალო კრემი, რომელსაც მართალია ფიზიკური მასა ჰქონდა, მაგრამ თითქოს ღრუბელივით ლივლივებდა ჰაერში, თითქოს მთვარესავით დაჰნათოდა ცომს. კრემს თავზე ცილინდრივით ეხურა გაპობილი ცომის მეორე ნახევარი. ქუდი ჩემგან ოდნავ მარჯვნივ იყო გადახრილი და ეს კარგის ნიშნად ბავშვობაში ვირუსივით აკიდებული ცრურწმენის გამო. შუ სუნთქავდა. ვუყურებდი ხელოვნების ამ ნიმუშს და გული მეწურებოდა იმის გამო, რაც მისთვის უნდა მექნა. ისიც კი ვიფიქრე, სახალხოდ ხომ არ მომეხადა ბოდიში მისთვის. ბოდიში იმის გამო, რომ ეს ცოცხალი არსება რამდენიმე წამში ვერაგულად უნდა მომეკლა. რამდენიმე წამში, როცა მის კისერს ჩანგალი დავუსვი, კრემი ოდნავ გადმოიღვენთა ქვედა ტანზე. ჩვენი ერთმანეთთან მიახლება ჰგავდა ედემის ჩარაზული კარიბჭის ხელახლა გახსნას. წამიერად დავიჯერე, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს, ხოლო სტალინი, ჰიტლერი და მუსოლინი არასოდეს დაბადებულან სამყაროში. მე მომენტალურად დავკარგე კავშირი ჩემ გვერდით მჯდომ ნინიასთან, რომელმაც იგრძნო, რომ სხვაგან დავფრინავდი, თუმცა მისმა გამჭრიახობამ ისიც უკარნახა, რომ ეს შორეული მოგზაურობა ხანგრძლივი ვერ იქნებოდა.

 

გზა ბუდადან პეშტამდე გულჩათხრობილმა გამოვიარე. ვფიქრობდი შუზე, რომელმაც საკუთარი სიკვდილით ახალი სიცოცხლე მაჩუქა და ვფიქრობდი ჩემს საყვარელ ბენდზე, რომელსაც ჩემთვის ახლად ნაჩუქარი სიცოცხლე უნდა გაეხანგრძლივებინა. ჩვენ მოვაბიჯებდით წვიმასა და ყიამეთში. წვეთები სათვალეზე მეხეთქებოდა და სანაპიროს ჩირაღდნების შუქს თხაპნიდა. დუნაის ხედზე უწინდელივით მკაცრი ქარი ქროდა, მაგრამ მას აღარ ჰქონდა იმის ძალა, რომ ჩემთვის წაერთმია მოგონება შუზე.

მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული დავალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

0

თანამედროვე განათლების სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ერთი მათგანია სწავლებაში მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება. მდგრადი განვითარება საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემას გულისხმობს, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ არსებული საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლება, რადგან ცნობიერების დაბალი დონე ხელს უშლის ამ პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის ზრდას. საზოგადოებასთან ერთად, მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება აუცილებელი გახდა საჯარო დაწესებულებებში, კერძო სექტორში, აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდობაში.

მდგრადი განვითარება გულისხმობს მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენების გზით, ხოლო ამ უკანასკნელისთვის აუცილებელია ქვეყანათა მწარმოებლურობის ზრდა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანურ კაპიტალზე, ამიტომ დიდ გამოწვევად აღიქმება კონკურენტუნარიანი თაობის მომზადება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხანაში კი იმაზე უკეთეს ადამიანურ რესურსს, ვიდრე განათლებული საზოგადოებაა, ვერ ვიპოვით, ამიტომ მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მიიჩნევა ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის, რამდენადაც თითოეული სხვა მიზნის შესრულების რეალურობა და დონე თავდაპირველად სწორედ ზემოაღნიშნულის მიღწევაზეა დამოკიდებული.

თუ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩავრთავთ მდგრად  განვითარებაზე ორიენტირებულ დავალებებს, ამით ხელს შევუწყობთ მომავალ თაობებს, მომზადებულნი შეხვდნენ ცხოვრების გამოწვევებს. ამის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ სასწავლო დისციპლინაში, მათ შორის – ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზეც.

რა ტიპის შეიძლება იყოს ასეთი გაკვეთილი? – ნებისმიერი ტიპისა! თუნდაც, მაგალითად, ახალი ცოდნის შეძენისკენ მიმართული, რომლის მიზანი იქნება:

ა) გლობალური პრობლემების მოგვარების საჭიროებისა და გზების შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და განზოგადება;

ბ) გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო თანამშრომლობის როლის წარმოჩენა;

გ) განსაკუთრებით აქტიური სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების გამოკვეთა და გამოცდილების გაზიარება.

მდგრად  განვითარებაზე ორიენტირებული დავალებები ხელს უწყობს:

  • მოსწავლეთა ინფორმირებას იმის შესახებ, როგორ აიცილონ თავიდან ეკოლოგიური კატასტროფა;
  • იმ ძირითადი ორგანიზაციების საქმიანობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც კოორდინირებას უწევენ საზოგადოების მიზანმიმართულ საქმიანობას ამ კუთხით.

აღნიშნულ მიზანს კი მოსწავლეები მიაღწევენ შემდეგი მიდგომების გამოყენებით:

  • ტექსტიდან ძირითადი ნაწილის გამოყოფით;
  • განსაზღვრული მახასიათებლების მიხედვით ინფორმაციის დაჯგუფებით და დასკვნების გამოტანით (რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ზოგადი საგანმანათლებლო კომპეტენციების, ტექსტთან დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებასა და ფორმირებას).

რა ძირითად ცნებებსა და განმარტებებს უნდა შეიცავდეს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო ტექსტები? ასეთი ცნებებია მშვიდობა, დემოკრატია, სამართლიანობა და ა.შ. მდგრადი განვითარების პირობებში ისინი თვისებრივად ახალ დატვირთვას შეიძენენ. მათი მთავარი მახასიათებელი გლობალურისა და ლოკალურის, უნივერსალურისა და ეთნიკურის ჰარმონიზაცია იქნება, ხოლო მათ კონტექსტს შეადგენს ისეთ ცნებებზე აქცენტირებული ტექსტები, როგორებიცაა:

  • გლობალური ეკოლოგიური კატასტროფა – გამოწვეული გარემოში ადამიანის მავნე საქმიანობით, რომელიც კვალს აჩნევს ადამიანის და, საზოგადოდ, ყოველივე ცოცხალის ცხოვრებას, დამანგრევლად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე და საფრთხეს უქმნის ცივილიზაციის არსებობას;
  • მთლიანი ეროვნული პროდუქტი – შექმნილი როგორც მოცემული ქვეყნის საზღვრებში, ასევე საზღვარგარეთ;
  • გაერო – გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) – 1945 წელს ჩამოყალიბებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარება;
  • OAS (ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია) – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ალიანსი, რომელიც დაარსდა 1947 წელს დასავლეთ ნახევარსფეროს გარე აგრესიისგან დაცვის მიზნით;
  • OAU (აფრიკის ერთობის ორგანიზაცია) – აფრიკის ქვეყნების რეგიონული სამთავრობათაშორისო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 1963 წელს აფრიკის ქვეყნების ერთიანობისა და სოლიდარობის განმტკიცების, მათი საქმიანობის კოორდინაციისა და მათ შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
  • LAS (არაბეთის ქვეყნების ლიგა) – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1945 წლის მარტში დაარსდა. აერთიანებს 20-ზე მეტ სახელმწიფოს (ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ლიბია, ალჟირი და ა.შ.), რომელთა მიზანს წარმოადგენდა არაბული ქვეყნების პოლიტიკური გაერთიანება;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი – საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც 1944 წელს დაარსდა მსოფლიოში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და მხარდაჭერის მიზნით;
  • ნატო – ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც შეიქმნა ხელშეკრულების ხელმოწერის საფუძველზე 1949 წლის აპრილში;
  • TNC (ტრანსნციონალური კორპორაციები) რომელთაც, გაეროს მონაცემებით, აქვთ ყველაზე მსხვილი ფულადი ბრუნვა – დაახლოებით $ 100 მილიონი; აქვთ ფილიალები მსოფლიოს, სულ მცირე, ექვს ქვეყანაში და რომელთა აქტივების მინიმუმ 25% სხვა ქვეყანაში მოქმედებს;
  • ეთნიკური კონფლიქტები – ერებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებული კონფლიქტები, რომლებიც ნაციონალიზმის იდეების მტკიცების პირდაპირი შედეგია.

ეს ძირითადი ცნებები კი მიბმული აღმოჩნდება მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ძირითად მოვლენებსა და თარიღებზე, როგორებიცაა:

1972 წ., 1992 წ. – საერთაშორისო კონფერენციები გარემოს დაცვის შესახებ;

1992 წ. – აშშ-ს სამშვიდობო ოპერაცია სომალიში;

1994 წ. – აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებთან (მათ შორის – რუსეთთან) ნატო-ს პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა;

1996 წ. – სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი ბოსნიაში;

1998 წ. – ერაყში აშშ-ს სამხედრო ოპერაცია;

1999 წ. – უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ნატოში გაწევრება;

1999 წ. – ნატო-ს სამხედრო ოპერაცია იუგოსლავიის წინააღმდეგ

და სხვ.

მასწავლებელს შეუძლია, ასეთი ტექსტი ან თვითონ შეუდგინოს მოსწავლეებს, ან ამუშაოს სახელმძღვანელოს ტექსტზე (ისტ. XII.1.8; სამოქ. IX):

გაკვეთილის ნიმუში:

  • რესურსების მომზადება (პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, დაფა, მარკერი, წიგნი, რვეული);
  • მოსწავლეთა ორგანიზება;
  • მასწავლებლისა და მოსწავლეების აქტივობები:
  1. მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს: დაასახელეთ მსოფლიოს ყველაზე მნიშნელოვანი, გლობალური მოვლენები.
  2. მოსწავლეები: ესენია კაცობრიობის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, ეთნიკური და რეგიონული კონფლიქტები;
  3. მასწავლებელი: მაგრამ პრობლემის დასახელება, მისი მიზეზების გამოვლენა, პრობლემის მოგვარების მხოლოდ ნაწილია. აუცილებელია პრობლემის გადაჭრის გზის მოძიება და თავად პრობლემის დაძლევა. შევეცადოთ, გაკვეთილზე გამოვიკვლიოთ, შესაძლებელია თუ არა გლობალური პრობლემების თავიდან აცილება, გავერკვეთ, როგორ ცდილობს მსოფლიო საზოგადოება ამ პრობლემების გადაჭრას და რამდენად შეუფერხებლად მიმდინარეობს ეს პროცესი.
  4.  მასწავლებლის თხოვნის შესაბამისად, ხდება აქტივობათა უფრო ფართოდ გაშლა:

თემის შესახებ ცოდნის აქტუალიზაცია, რომლის დროსაც მოსწავლეები წინარე ცოდნის საფუძველზე უპასუხებენ მასწავლებლის შეკითხვებს (პასუხები შეიძლება გამნტკიცდეს პრეზენტაციით, სლაიდ-შოუთი მოწყობით და ა.შ.), მაგალითად:

ა) როგორ გესმით „კაცობრიობის გლობალური პრობლემები”? რით განსხვავდება ისინი იმ პრობლემებისგან, რომლებიც თან ახლდა კაცობრიობის მთელ ისტორიას? (იხ. სლაიდი 1)

გლობალური პრობლემები:

 

 

 

სლ.1.

ბ) როგორ დააჯგუფებთ ძირითად პრობლემებს? რომელი პრობლემები იცით ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის კურსიდან?

მოსწავლეები პასუხის დროს გამოყოფენ პრობლემათა სამ ძირითად ჯგუფს:

 

გ) რატომ მიიღო პრობლემებმა გლობალური ხასიათი მხოლოდ XX საუკუნეში? რომელია მათ შორის უპირატესი? შეუძლია თუ არა თანამედროვე საზოგადოებას, გაუმკლავდეს ამ პრობლემებს? რომელი პრობლემის გადაწყვეტაში მიიღებდი მონაწილეობას?

  

გ) მასწავლებელი: რადგან გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტა ერთი ქვეყნის ძალებით შეუძლებელია, გაეროს ეგიდით 1972 წელს გარემოს დაცვის გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, ხოლო 1992 წელს – მეორე, რომელზეც მიიღეს კაცობრიობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების კონცეფცია და დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით აღიარეს ადამიანის პასუხისმგებლობის პრინციპი. ამის შედეგად შედგა მრავალი სხვადასხვა სახის თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის, ჩატარდა მრავალი კვლევა და შეხვედრები, მაგრამ საზოგადოების განვითარების ანალიზი გვიჩვენებს, რომ გარემოზე ყველაზე მავნე ზემოქმედება ეკონომიკურ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთანაა დაკავშირებული. მეცნიერები ცდილობენ, იპოვონ გზები, რომ შედეგები კატასტროფული არ აღმოჩნდეს.

მასწავლებლის დავალება: მოცემული ტექსტის მიხედვით (მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თავის შედგენილ ტექსტს ან მიუთითებს სახელმძღვანელოს შესაბამის მონაკვეთზე (ისტ. XII, 1-8; სამოქ. IX) და სტრატეგია „ინსერტის“ (სურ. 1) გამოყენებით გამოყავით პრობლემის თავიდან აცილების გზები:

„!“ „+“ „-“ „?“
დასვით აღნიშნული ნიშანი იმ ტექსტის გასწვრივ, რომელიც ადეკვატური ინფორმაციის შემცველია დასვით აღნიშნული ნიშანი იმ ტექსტის გასწვრივ, რომლით გადმოცემული ინფორმაციაც თქვენთვის ახალია დასვით აღნიშნული ნიშანი იმ ტექსტის გასწვრივ, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რაც უკვე იცით დასვით აღნიშნული ნიშანი იმ ტექსტის გასწვრივ, რომელიც გაუგებარია

მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და გამოყოფენ და აჯგუფებენ იმ ძირითად ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ პრობლემის გადაჭრაზე და პოულობენ იმ ინფორმაციასაც, სადაც საუბარია პრობლემის მოგვარების გზებსა და ინსტრუმენტებზე (იხ. სურ.2):

გლობალური ინსტიტუტები
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (მიზანი: მსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზაცია)
მსოფლიო სავალუტო ფონდი (მიზანი: ვალუტის კურსის სიმყარის შესანარჩუნებლად კრედიტების გაცემა)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (მიზანი: ჯანდაცვის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა)

 

დ) რა წინააღმდეგობები არსებობს ამ მიმართულებით?

ესენია:

  • დიდი ქვეყნების გავლენა პოლიტიკაზე;
  • ზოგიერთი სახელმწიფოს ხელში კაპიტალისა და სამხედრო ძალის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თავმოყრა;
  • დემოკრატიულ პრინციპებზე ძალის გამოყენებით უარის თქმა;
  • ევროპის სახელმწიფოთა ხარჯზე ნატოს სამხედრო ბლოკის გაზრდა

და ა. შ.

ე) მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია იმის შესახებ: 

  • რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში მდგრადი განვითარების კონცეფციის მუშაობასთან დაკავშირებით და ეცნობიან ოფიციალურ საიტებს:

იხ. ლინკები:

https://ka.wikipedia.org/wiki/მდგრადი_განვითარება

www.moe.gov.ge/ka/თემები/mdgradi-ganvitareba

younggreens.ge/მდგრადი-განვითარება

იზრდება თუ სუსტდება მათი გავლენა საქართველოში? მოიყვანეთ არგუმენტები.

  • როგორია თქვენი აზრი მსგავს საკითხებზე?

ვ) მასალის განმტკიცება და შეჯამება

მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდას, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას, აქტიურ კომუნიკაციას, საგანმანათლებლო კომპეტენციების ამაღლებას და სასწავლო ამოცანების ეფექტურ გადაჭრას.

ამ მარტივი დავალებებით მასწავლებელს შეუძლია ხელი შეუწყოს თანამედროვე მიდგომებით შეიარაღებული მოსწავლის აღზრდას, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის და, საზოგადოდ, კაცობრიობის მომავალზეც.

რას ითხოვს ჩვენგან მუსიკის გაკვეთილები (III ნაწილი)

0

სიმართლე უნდა ითქვას, მუსიკოსად, განსაკუთრებით პროფესიონალად ჩამოყალიბების გზას ვერაფრით ვუწოდებთ მოკლესა და მარტივს. ბავშვისთვის ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლის პროცესი ადვილი არ არის. სირთულეები ყველაზე ნიჭიერ ბავშვთანაც კი წარმოიქმნება, თუნდაც ნაკლებად მოძრავი ინდივიდუალური სწავლების გამო. პირველ ყოვლისა, სირთულე უკავშირდება ყოველდღიურ შრომასა და ნებისყოფის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და შრომის უნარიანობას, მოთმინებასა და სიბეჯითეს.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა მევიოლინემ ინტერვიუში აღიარა, რომ მამა მუსიკალური პასაჟის იმდენჯერ გამეორებას აიძულებდა, რამდენი ასანთის ღერიც იყო კოლოფში. მამა დაცლილ ყუთში ასანთის ღერებს თანდათან უკან აბრუნებდა, მისი ნიჭიერი და მშრომელი შვილი კი იმავე პასაჟს კიდევ და კიდევ დაუღალავად „ხვეწდა“. გასაკვირი არ იქნებოდა, მომავალში გამოჩენილ მევიოლინეს საკრავის სამუდამოდ გადაგდების სურვილი გასჩენოდა. შეგახსენებთ, ბავშვობაში იძულებითი მეცადინეობებით „განებივრებულნი“ გენიალური ბეთჰოვენი და მოცარტიც იყვნენ.

ზოგადად ინტერესი, ხშირად არასტაბილურია და თუ ჩვენ მხოლოდ მას დავეყრდნობით, შესაძლოა ბავშვმა იმედები გაგვიცრუოს. დგება მომენტი, როდესაც იგი უნდა ვაიძულოთ გამოიჩინოს ნებისყოფა და ისწავლოს. ამავე დროს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მუსიკის სწავლება, ისევე  როგორც საქმიანობის ყველა სხვა სახეობა, საჭიროა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ავაგოთ.

როგორ ჩავრთოთ ბავშვი რუტინულ შრომაში? მისი ცხოვრება მხოლოდ საკრავთან ჯდომით არ უნდა შემოიფარგლოს. მეცადინეობების გამრავალფეროვნებისთვის კარგი იქნება, თუ ბავშვი მუსიკას სხვა გატაცებებსაც შეუთავსებს: მეგობრებთან გართობას, ფიზიკურ ვარჯიშებს, კითხვას, ფილმების ცქერას და ა.შ. სიტუაციის მშვიდი გაანალიზებითა და გონივრული მიდგომით მოსწავლის ჭირვეული „არ მინდა“ შექცევადია.

გვახსოვდეს, სასურველი შედეგის მისაღწევად მბრძანებლური ტონი არ არის საუკეთესო გამოსავალი. ბევრად უფრო ეფექტური და ჰუმანურია თუ ბავშვის ინტერესს მეცადინეობის მიმართ გართობის ფონზე გავაღვივებთ. შეცდომისთვის არ დავსჯით. არც შექებას დავიზარებთ და სიურპრიზებსაც მოვუწყობთ.

იძულება ხშირ შემთხვევაში ბავშვის გაღიზიანებასა და ნერვულ აშლილობას იწვევს. არსებობს ორი განსხვავებული მოსაზრება. ერთნი მიიჩნევენ, რომ ბავშვის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად სწავლის „დაძალება“ აუცილებელია და თუ მომავალში ნაყოფს გამოიღებს, მომავალი მუსიკოსი მადლიერი დაგვრჩება. მეორენი თვლიან, მშობლებმა მოსწავლეს ინტერესის გასაღვიძებლად შესაბამისი გარემო პატარაობიდანვე უნდა შეუქმნან. აქ უმთავრესია მუსიკასთან მუდმივი შეხება: მოსმენა, დაკვრა, სიმღერა, რაც ბავშვს უვითარებს მუსიკალურ მონაცემებს, აჩვევს შრომას, ნებისყოფას უმუშავებს, საკუთარ ძალებში არწმუნებს და თვითშეფასებას უმაღლებს. ამიტომ მასწავლებლებისა და მშობლების მუდმივი ზრუნვის საგანი ბავშვის თავიდანვე შრომასთან შეჩვევა უნდა გახდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კლასიკურ მუსიკას. მოსმენის პროცესი ძალდაუტანებელი უნდა იყოს. ის შეიძლება ფონად ჟღერდეს გართობისა და სხვადასხვა საქმიანობის დროს. ასეთ შემთხვევაში მუსიკა თავად შეაღწევს ბავშვის ცნობიერებაში და შეუმჩნევლად დაიწყებს მასზე ზემოქმედებას. ისეთი ვიდეოჩანაწერები აჩვენეთ, სადაც მისი ასაკის ნიჭიერი ბავშვები უკრავენ ან მღერიან. ეს მათ ძალიან დააინტერესებთ და იმავეს გაკეთებას მოისურვებენ.

სასურველია ბავშვის სამუშაო ადგილი მიმზიდველად და მყუდროდ მოაწყოთ. და კიდევ ერთი რამ, მოტივაციის ასამაღლებლად ყოველი მცირე მიღწევისთვისაც გულწრფელად და ზომიერად შეაქეთ და წაახალისეთ. მცირე ასაკიდან მუსიკით გარემოცული ბავშვი მუსიკას ეჭვგარეშე შეიყვარებს.

 

მუსიკალური სკოლის მოსწავლეებს ხშირად უჭირთ პროგრამის დაძლევა. მათ არ ესმით რატომ არის აუცილებელი გამების, ეტიუდების დაკვრა, რა საჭიროა სოლფეჯიოს შესწავლა. მათთვის ყოველივე ეს მოსაწყენია და სწავლის გაგრძელება აღარ სურთ. მაგრამ როდესაც მიხვდებიან, რომ სწავლის პროცესი შეიძლება სრულიადაც არ იყოს მოსაწყენი, მათი დამოკიდებულება მეცადინეობების მიმართ მკვეთრად შეიცვლება. მოსწავლეებს გაკვეთილებზე საკუთარი წარმატება ძალიან ახარებთ, მიღწევებს დიდი სიამოვნებით აფიშირებენ და ბედნიერები არიან მუსიკასთან და მასწავლებელთან ურთიერთობით. სწორედ წარმატება ხდება მათი ენთუზიაზმისა და მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო მიზეზი.

ალბათ ვიცით, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს, მეხსიერებას, ლოგიკას, კრეატიულ აზროვნებას, კონცენტრაციისა და წარმოსახვის უნარს, სამყაროს მრავალფეროვან აღქმას, მოძრაობის კოორდინაციას და ა.შ. ფორტეპიანოზე დაკვრას მოაქვს სიამოვნება, სიხარული და ყოველგვარი დადებითი ემოციები.

 

მოსწავლის პრობლემები

თუ თქვენმა შვილმა მუსიკისადმი ინტერესი დაკარგა, შინ არ მეცადინეობს, პროგრესი არ შეიმჩნევა, დაელაპარაკეთ და შეეცადეთ პრობლემების მიზეზები დაადგინოთ. მიზეზები შესაძლოა იყოს:

  1. ძალიან დაკავებულია და მუსიკისთვის ცოტა დრო რჩება
  2. მასწავლებელი არ მოსწონს
  3. ახალი ინტერესები გაუჩნდა
  4. პირადი ხასიათის პრობლემები აღელვებს

 

დაინტერესდით შვილის რეჟიმით, როგორ ანაწილებს დროს.

მოინახულეთ მასწავლებელი და გაეცანით სწავლის შედეგებს.

თუ თქვენ შვილს ახალი ინტერესები გაუჩნდა, დაეხმარეთ გატაცების უპირატესობის შეფასებაში მუსიკის სწავლასთან შედარებით.

გამოხატეთ თანაგრძნობა და დაეხმარეთ შვილს წინააღმდეგობების გადალახვაში. მას თქვენი გაგება ესაჭიროება იმ სირთულეების დასაძლევად, რომელსაც შეეჯახა.

 

 

მეცადინეობების გრაფიკი

 

სწავლის პროცესის ეფექტურობა უშუალო კავშირშია გაკვეთილების კარგად გააზრებულ ორგანიზებასთან. არ დაგვავიწყდეს გრაფიკის შედგენა სხვა დისციპლინებთან შეთანხმებით და მეცადინეობების ხანგრძლივობის დადგენა. სწავლის ხარისხი დამოკიდებული არ არის დროის ხანგრძლივობაზე. შესაძლოა ორი საათის მეცადინეობით იმის ნახევარი ეფექტი ვერ მიგვეღო, რასაც 30 წუთიანი კარგად გააზრებული მეცადინეობით მივაღწევდით.

 

 

დამოუკიდებლობა

 

როდესაც ბავშვი მუსიკის ძირითად საფუძვლებს დაეუფლება და რეგულარული პრაქტიკული მუშაობის ჩვევას გამოიმუშავებს, მიეცით თავისუფლება და სწავლების მთელი პასუხისმგებლობაც მას დააკისრეთ. კარგი იქნება თუ რეგულარული პრაქტიკისა და მიღწევებისათვის შექების სისტემას გამოიმუშავებთ. შეგახსენებთ, შექების დროს ადამიანის ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა.

 

პოტენციალი

ნიჭიერებას თუ თან ახლავს სიბეჯითე და თვით ბავშვის სურვილი ისწავლოს მუსიკა, ეს აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს. როდესაც ბავშვი დაინტერესებულია მუსიკით, დამჯერია და დიდხანს და დაძაბულად შეუძლია მუშაობა.

მოზარდმა შესაძლოა უარი თქვას მუსიკაში მეცადინეობის გაგრძელებაზე, თუ გრძნობს, რომ ტიტანური შრომის მიუხედავად პროგრამის ათვისებას ვერ ახერხებს. გვახსოვდეს, მეცადინეობები სიკეთის მომტანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მისი შემოქმედებითი უნარები პროგრამის მოთხოვნებს შეესაბამება.

 

თუ მოსწავლე მუსიკას არ გაჰყვება

მშობლებო, ერთ მშვენიერ დღეს, თუ თქვენ შვილს ნოტების გარჩევა მობეზრდება და მეცადინეობას შეწყვეტს და თუ თქვენი ოცნება ვერ ახდა შვილის მუსიკალური პროფესიის დაუფლების თვალსაზრისით, გახარჯული ენერგია სარგებელს მაინც მოიტანს… ბავშვზე მუსიკის გავლენა ძალზე დიდი იქნება. ნუ დაივიწყებთ, მუსიკაში წვდომა და ამით სიამოვნების მიღება თქვენი ბავშვის ცხოვრებას ესთეტიკურად გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს. მუსიკალურ განათლებაში უმთავრესი ამოცანა მუსიკის გაგება და შეგრძნებაა. ფორმირებული ჩვევები ცოდნასთან ერთად გემოვნებასა და კულტურას ავითარებს.

 

 

რატომ ტირიან ბავშვები

0

რამდენიმე დღის წინ, სამსახურისკენ მიმავალი, ავტობუსში ორი ქალბატონის დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. ერთი მათგანი, საბავშვო ბაღის ახალგაზრდა აღმზრდელი, თავის გასაჭირს უზიარებდა მეგობარს: „არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ჩემს ჯგუფში ყველა ბავშვი ტირის. ბევრის დამშვიდებას და გაჩერებას ვახერხებ, მაგრამ ერთი პატარა ბიჭუნა სერიოზულ პრობლემად მექცა, ვერაფრით დავაწყნარე, გაუთავებლად ტირის. დედამისი დამემუქრა, თუ ჩემს შვილს არ მიხედავთ, დირექციასთან გიჩივლებთ და სამსახურს დაგატოვებინებთო. ნუ შემოიყვანდა ორი წლის ბავშვს ბაღში და პრობლემაც არ იარსებებდა!“ – აღშფოთებას ვერ მალავდა შეწუხებული ქალი. მეგობარმა თანაგრძნობით მოუსმინა და ასეთი რჩევა მისცა: „იცი, რას გეტყვი? იმ მშობელს გადაეცი, რომ ტირილი სასარგებლოა ბავშვისთვის, სწორედ ტირილის დროს უვითარდება მას ფილტვები, ამიტომ დიდად ნუ შეწუხდება, თუ ბავშვი ტირის“.

მაინც, რა არის ტირილი, რას გვეუბნება ბავშვი თავისი ცრემლებით? როგორ მოვიქცეთ, თუ პატარა გამუდმებით ტირის და „ჭკუიდან გადაჰყავს“ უფროსები? სანამ ატირებული ბავშვის დასამშვიდებლად რაიმე სტრატეგიას შევიმუშავებდეთ, აუცილებლად უნდა გავერკვიოთ ტირილის ბუნებაში, მის მიზეზებში. ამასთან, საჭიროა, გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკიც, ვინაიდან სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე ტირილის მიზეზი შეიძლება სრულიად სხვადასხვა რამ იყოს. ვფიქრობ, შეუძლებელია ისეთი ბავშვის პოვნა, რომელსაც არასოდეს უტირია. ტირილი თითოეული მათგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც კი ბავშვი ამ ქვეყანას მოევლინება, ტირილს იწყებს. პირველ ტირილთან ერთად ახალშობილის ფილტვებში ხვდება ჰაერის პირველი ულუფა. ცხადია, ჯანმრთელმა პატარამ უნდა იტიროს. ჩვილს არ შეუძლია, სხვაგვარად გაგვაგებინოს თავისი მოთხოვნილებებისა და უსიამოვნებების შესახებ. ურთიერთობის ერთ-ერთ ძირითად ხერხს მისთვის ტირილი წარმოადგენს. ის საუკეთესო საშუალებაა გარშემო მყოფთა ყურადღების მისაპყრობად. ტირილი ძლიერი ფსიქიკური განცდის გამოხატულებაა, თავისებური ემოციური აფეთქება, რომელიც აღმოცენდება წინმსწრები დაძაბულობის ფონზე. ის შეიძლება იყოს დაძაბულობის განმუხტვის შედეგი. მდგომარეობის შემსუბუქება, რომელსაც განიცდის ბავშვი ტირილის შემდეგ, გარკვეული აზრით, ხელს უწყობს გუნება-განწყობის გაუმჯობესებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ტირილი ემოციური ტონუსის რეგულაციის საშუალებას წარმოადგენს.

 

ტირილის ძირითადი მიზეზები

  • სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვის ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. ამ ასაკში, როგორც წესი, ის ტირის იმიტომ, რომ შია, სწყურია, ეძინება, ჩასველებულია, ძალიან სცხელა ან ძალიან სცივა. ბავშვს ჯერ არ შეუძლია ლაპარაკი და თავის ყველა სურვილს ტირილით გამოხატავს მშობლების ყურადღების მისაპყრობად. მოგვიანებითაც, როცა პატარა ისწავლის პირველი სიტყვების წარმოთქმას და თითქოს უკვე სიტყვიერად უნდა გამოხატოს თავისი სურვილები, ის მაინც ტირის და ჭირვეულობს, როცა რამე სურს. ეს რეფლექტორულად ხდება, ვინაიდან ქვეცნობიერში ჩადებულია ინფორმაცია სურვილების ასეთი ხერხით ასრულებაზე.
  • ხშირად ბავშვები ტირილს იწყებენ უცხო ადამიანების გარემოცვაში მოხვედრისას. თუ ამას თან სდევს დედის მუქარაც: „შეწყვიტე ზლუქუნი, თორემ, აი, იმ დეიდას გავატან შენს თავს“, – ძალიან ძნელი იქნება ბავშვის დამშვიდება. თუ დედის სიტყვებს უცნობი ქალბატონიც გამოეხმაურა: „მომეცით, მომეცით, წავიყვან“, – ბავშვი შეიძლება პანიკაში ჩავარდეს მთელი სიცოცხლის უცხო ადამიანების გარემოცვაში გატარების პერსპექტივის გამო. ვინაიდან პატარა უფროსების ნათქვამს პირდაპირ აღიქვამს, ასეთი „საფრთხე“ მასში ავითარებს უცხო ადამიანების მიუღებლობას და მომავალში თავისუფლად, ლაღად და უსაფრთხოდ თავს მხოლოდ ნაცნობ გარემოში, ნაცნობებისა და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში იგრძნობს.
  • გაღიზიანების, ცრემლებისა და ჭირვეულობის მიზეზი ხანდახან დღის განმავლობაში შთაბეჭდილებებით უზომო გადატვირთვაა. თუ ბავშვი დროის განსაზღვრულ მონაკვეთში წავიყვანეთ მაღაზიებში, სტუმრად, ვასეირნეთ პარკში, მოვატარეთ ზოოპარკი და კარუსელებზეც ვატრიალეთ, მისთვის ძნელი იქნება ამ მოცულობის ინფორმაციის აღქმა, გაგება და გადახარშვა. დიდი ალბათობით, ის ჭირვეულობას და ტირილს დაიწყებს.
  • თუ ბავშვი ვერ პოულობს ვერავითარ გასართობს და განიცდის მშობლებთან უშუალო ურთიერთობის მოთხოვნილებას, უფროსების ყურადღების მისაპყრობად მან შესაძლოა თავისი სურვილი ტირილით, ცრემლების ღვრით და ქვითინით გამოხატოს.
  • ბავშვის ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს საშინელი სიზმრები, კოშმარები. ამასთან, მან შეიძლება ტირილი დაიწყოს არა მხოლოდ საშინელი სიზმრის გამო. სამყაროში არსებობს ბევრი ისეთი რამ, რაც ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის და ვერ ხსნის. აქედან მოდის ძლიერი შიშიც და პატარა იწყებს ტირილს ისტერიკამდე და მტკივნეულ სპაზმებამდე.
  • როდესაც ბავშვი ავად ხდება და არ შეუძლია აგვიხსნას, რა სტკივა, ის იწყებს ტირილს, ჭირვეულობს, უარს ამბობს ჭამაზე, ძილში შფოთავს.
  • ტირილი ბუნებრივი რეაქციაა, თუ პატარა დაეცა და რამე იტკინა. საერთოდ, ბავშვები ძალიან სერიოზულად აღიქვამენ თავიანთ მარცხს. მაშინაც კი, როცა არცთუ ისე ძლიერად ეცემიან – ამისგან მაინც მთელ ტრაგედიას ქმნიან. მათთვის ხომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციონ, თანაუგრძნონ და შეიბრალონ.
  • ხშირად ბავშვი იმიტომ ტირის, რომ არ სურს საბავშვო ბაღში წასვლა. ის მიეჩვია, რომ დედა ყოველთვის მის გვერდითაა. უცხო გარემოში მოხვედრისას და მხედველობის არიდან მშობლის დაკარგვისას ბავშვს ეუფლება შიში, დაუცველობის განცდა, იწყებს დედის ძებნას და როცა ვერ პოულობს, უკმაყოფილებას ტირილით გამოხატავს.
  • ბავშვი ტირილით გამოხატავს უკმაყოფილებას მაშინაც, როცა რამე არ გამოსდის. მაგალითად, წინდების დამოუკიდებლად ჩაცმა. ამ დროს ის იწყებს ნერვიულობას, ტირილს და ამით ცდილობს უფროსების ყურადღების მიპყრობას, რომ დაეხმარონ.

ბავშვის ტირილს უამრავი სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, მკვდარი პეპლის, ძაღლის ან კატის დანახვა, ზღაპრის საყვარელი პერსონაჟის მიმართ თანაგრძნობა.

 

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ტირის – რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • ნუ ევეცდებით ნებისმიერი ხერხით მის გაჩუმებას. ამით სერიოზულად გავრისკავთ და მხოლოდ დისტანციას კი არ გავზრდით ჩვენსა და ბავშვს შორის, არამედ გულგრილობისა და გაუგებრობის ნამდვილ კედელს აღვმართავთ.
  • არც ის შეიძლება, საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ტირილს – ამით შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მივაყენოთ უფროსების მიმართ ბავშვის ნდობას.
  • როდესაც ტირილი აშკარად ისტერიკის ხასიათს ატარებს, ყველაზე უკეთესია, არ განვამტკიცოთ ის გადაჭარბებეული ყურადღებით და შევქმნათ პირობები ნერვული დაძაბულობის გარეთ გამოსასვლელად.
  • შევეცადოთ დასჯის გამოუყენებლობის გარანტიით ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის დამყარებას ბავშვთან ტირილის მიზეზების დასაძლევად.
  • თუ ბავშვი ავადმყოფობის გამო ტირის, ნუ მივყოფთ ხელს თვითმკურნალობას – სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს.
  • ავადმყოფობის დროს, როგორც წესი, ბავშვი მადას კარგავს. ძალით ნუ ვაჭმევთ. ნურც საწოლში გავაჩერებთ ძალით – ბავშვის დიდხანს წოლას, როცა მას ეს არ სურს, თან სდევს ტირილი. გავითვალისწინოთ, რომ პატარა ტირილზე არანაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე სიარულზე. ჩავაცვათ ტემპერატურული რეჟიმის შესაბამისად, მაგრამ კომბოსტოსავით ნუ შევფუთავთ. გავითვალისწინოთ, რომ გადახურება სახიფათოა ბავშვისთვის, განსაკუთრებით – როცა ავად არის.
  • თუ ბავშვი ტირის, ჭირვეულობს და ექიმთან არ მოგვყვება, ავუხსნათ, რატომ მიგვყავს პოლიკნინიკაში და როგორ ჩაივლის ეს ვიზიტი. ექიმისადმი ბავშვის დამოკიდებულება მშობლების საშუალებით ყალიბდება, ამიტომ უნდა ავუხსნათ, რომ ამ ვიზიტში არაფერია სახიფათო, რომ მას იქ არაფერს ატკენენ. ნუ შევაშინებთ ბავშვს ნემსით და საავადმყოფოთი – ამგვარად შესაძლოა, ჩვენდა უნებურად ჩავუნერგოთ მას თეთრხალათიანი ადამიანების შიში და მიუღებლობა, რომელიც, დიდი ალბათობით, მთელი ცხოვრება გაჰყვება.
  • თუ ბავშვი იმიტომ ტირის, რომ არ უნდა საბავშვო ბაღში წასვლა, მოვერიდოთ მის ძალით წაყვანას, ყვირილს და იმით დაშინებას, რომ თუ ტირილს არ შეწყვეტს, აღარ მივაკითხავთ. საბავშვო ბაღში სიარულს ფსიქოლოგიურ ტრავმად ნუ ვაქცევთ. გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს პატარას ნამდვილად აქვს ნერვიულობის და შფოთვის მიზეზი – ის ხვდება უცხო გარემოში საყვარელი, ახლობელი ადამიანების გარეშე. ამასთან, ადაპტაციის პერიოდი სხვადასხვა ბავშვისთვის სრულიად სხვადასხვანაირია – ერთი ბაღს შეიძლება ძალიან სწრაფად შეეგუოს, მეორეს კი გარკვეული დრო დასჭირდეს. კარგი იქნება, თუ პატარას წინასწარ ავუხსნით, რატომ მიგვყავს საბავშვო ბაღში. დავარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტო, რომ მოგვბეზრდა ის ან მისი მოვლით დავიღალეთ, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს და მისი თავიდან მოცილება გვინდა, არამედ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, უფრო საინტერესოდ და შინაარსიანად გაატაროს დრო. საჭიროა ძალისხმევა და მოთმინება, რომ ბავშვი ახალ გარემოს შეეგუოს. ვესაუბროთ საბავშვო ბაღზე, იმაზე, თუ რას გააკეთებს იქ. აუცილებლად ვუთხრათ, რომ უკვე დიდია და ვამაყობთ მისით – ის ხომ ახლა ისევე დადის საბავშვო ბაღში, როგორც ჩვენ – სამსახურში. დავარწმუნოთ, რომ იქ მას არ აწყენინებენ, რომ იქ არიან სხვა ბავშვებიც, არის სათამაშოებიც. დავრთოთ ნება, თან წაიღოს საყვარელი სათამაშო, რათა თავი უფრო მშვიდად იგრძნოს. ამ დროს სათამაშოს სახით სახლის ნაწილია მასთან და ბავშვიც უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ძალიან მზრუნველ მშობლებსაც კი არ შეუძლიათ შვილის დაცვა ცხოვრებისეული უსიამოვნებებისგან. ბავშვი გარე სამყაროსგან მუდმივად იზოლირებული ვერ გვეყოლება და არც უნდა გვყავდეს. ამიტომ მტირალ პატარასთან ურთიერთობისას ყველაზე უბრალო ტაქტიკაა – ნუ გავღიზიანდებით, ვიყოთ მის გვერდით და ვაგრძნობინოთ, რომ მზად ვართ მის დასახმარებლად. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყური მივუგდოთ ბავშვის ტირილს, გავიგოთ მისი აზრი. გავითვალისწინოთ, რომ ტირილი ბავშვისთვის ურთიერთობის ენაა. ნუ ვიქნებით ყრუ მის მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ამ ენაზე საუბარი დაგვავიწყდა.

ვენის დიაგრამის პრაქტიკული გამოყენება

0

ზღაპარი და მითი, ფენტეზი და ფანტასტიკა 

 

ვენის დიაგრამა კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი ერთ-ერთი ეფექტური და ეფექტიანი საშუალებაა. ეს საორგანიზაციო სქემა შეგვიძლია გამოვიყენოთ მასალის ათვისების ნებისმიერ ეტაპზე (ახალი მასალის ახსნა, უკვე ნასწავლის შეჯამება, ტექსტის დამოუკიდებლად დამუშავება, საშინაო დავალების ფორმა და ა.შ.). ამჯერად ლიტერატურის გაკვეთილებზე ტერმინებისა და ცნებების შესწავლის, მათ შორის განსხვავებებისა და მსგავსებების სწავლების პროცესს შევეხებით.

 

აქტივობის შესახებ

ვენის დიაგრამა გამოისახება ორი ურთიერთგადამკვეთი წრეწირის სახით. წრეწირების გადაკვეთის შედეგად მიღებულ საერთო სეგმენტში იწერება ის საერთო, რაც ორ განსხვავებულ ობიექტს აქვს, მარცხნივ და მარჯვნივ კი მათი დამახასიათებელი ინდივიდუალური თავისებურებები აღინუსხება. მეთოდის აღწერიდან ცხადი ხდება, რომ ვენის დიაგრამის გამოყენება შესაძლებელია ისეთი ცნებების დამუშავებისას, რომლებსაც საერთოც აქვთ და განსხვავებულიც.

ამ გრაფიკული მაორგანიზებლის სახელწოდება მომდინარეობს ჯონ ვენის – ინგლისელი ფილოსოფოსის სახელისგან, რომელმაც დაამუშავა, აღწერა და გამოიყენა მსგავსი დიაგრამა. წიგნში „სიმბოლური ლოგიკა“ ჯონ ვენს განხილული აქვს მოვლენის, ცნების, ობიექტის შედარების მეთოდი სხვა, მსგავს მოვლენასთან, ცნებასა თუ ობიექტთან.

 

პრაქტიკა

ლიტერატურის გაკვეთილებზე ხშირად გვიწევს ცნებების, პერსონაჟების, სხვადასხვა ლიტერატურული მოვლენისა თუ თეორიის შედარება. ვენის დიაგრამის გამოყენება საშუალებას გვაძლევს, განვავითაროთ ტექსტის ანალიზის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი, დავაკვირდეთ, შეუძლია თუ არა მოსწავლეს მონაცემების დახარისხება და ორგანიზება, ორ ობიექტს შორის ურთიერთმიმართების დადგენა.

სანიმუშოდ განვიხილოთ ტექსტის ფუნქციური ტიპების შესწავლისას დასამუშავებელი საკითხები – მითი და ზღაპარი.

საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს ამ ცნებებს შორის განსხვავებები, შესაძლოა, ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული არ ჰქონდეთ. მათთვის მითი და ზღაპარი უძველესი ლიტერატურული ფორმებია, რომლებიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა უხსოვარ დროში. იმაზე დაკვირვება, რამდენად განსხვავდება მითი და ზღაპარი ერთმანეთისგან – საინტერესოცაა და შემეცნებითიც.

თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვოთ იმ ზღაპრებისა და მითების გახსენება, რომლებიც იციან, წაუკითხავთ ან შეუსწავლიათ. ამ საუბრის შემდეგ ავუხსნათ მათ ვენის დიაგრამის სპეციფიკა და დავიწყოთ შესაბამისი გრაფების შევსება.

კითხვების მეშვეობით მსჯელობა წარვმართოთ ისე, რომ აშკარად გამოიკვეთოს მითსა და ზღაპრებს შორის განსხვავებები და მსგავსებები.

 

სანიმუშო კითხვები:

  1. ამ ორი ფორმიდან რომელი იწყება სიტყვებით „იყო და არა იყო რა“ და სრულდება სიტყვებით „ჭირი იქა, ლხინი აქა“? (ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ზღაპარს ახლავს დასაწყისისა და დასასრულის აღმნიშვნელი ე.წ. სიტყვიერი ფორმულები, რომლებიც მითში არ გვხვდება)
  2. რა მოტივები, რა თემები ხვდებათ ზღაპრებში და რა – მითებში? (ზღაპრებისთვის დამახასიათებელია ჯადოსნური ელემენტები – უკვდავების წყალი, ჯადოსნური ჯოხი, უჩინმაჩნის ქუდი… მითებში კი ასახულია ადამიანების წარმოდგენები სამყაროს სტრუქტურის, ბუნებრივი მოვლენების, ადამიანების ბედის, სეზონური ცვლილებების შესახებ)
  3. რომელში გვხვდება გმირების სახელები? (ზღაპრის გმირებს, უმეტესად, მოიხსენიებენ საზოგადო სახელებით: ხელმწიფის შვილი, მზეთუნახავი, უმცროსი ძე, – ან მეტსახელებით, რომლებშიც ხასიათის/გარეგნობის თავისებურებაა ხაზგასმული: ნაცარქექია, წითელქუდა, კოკროჭინა, მუჭანახევარა… მითების გმირებს კი საკუთარი სახელები აქვთ: ამირანი, იახსარი, კოპალა, ზევსი, პრომეთე და სხვა)
  4. სად არის დაკონკრეტებული გეოგრაფიული არეალი? (მითებში, წესისამებრ, გეოგრაფიული ადგილები სახელდებულია და მკითხველსა თუ მსმენელს ზუსტი წარმოდგენა ექმნება იმის შესახებ, სად ხდება მოქმედება, ზღაპრებში კი ადგილმდებარეობა ზოგადად, დაუკონკრეტებლადაა მონიშნული: ცხრა მთას იქით, შორეულ სახელწიფოში, ტყის მახლობლად და ა.შ.)
  5. ძველად მსმენელებისთვის რომელი უფრო დამაჯერებელი და სარწმუნო იყო – მითი თუ ზღაპარი? (მითსა და ზღაპარს შორის ეს განსხვავება აშკარაა. მითები ადამიანებისთვის სამყაროს შესახებ „სარწმუნო“ ცნობებს შეიცავდა. მსმენელებს ნამდვილად სწამდათ იმისა, რასაც მითებით იგებდნენ. ძველი ბერძენისთვის სეზონური ცვლილებები მარტივად „იხსნებოდა“ იმით, რომ დედა გლოვობდა ქვესკნელში გატაცებულ ქალიშვილს. ზღაპრის მსმენელმა კი იცის, რომ ის გამოგონილ, არარეალურ, ჯადოსნურ ამბავს ისმენს. შესაბამისად, მითის ფუნქცია სამყაროს ახსნაა, ზღაპრისა კი – გართობასთან ერთად სწავლება/შემეცნება).
  6. სად იმარჯვებს კეთილი და მარცხდება ბოროტი? უმეტესად რომელ მხატვრულ ფორმაშია დაცული ეს კანონზომიერება? (ზღაპრებისთვის ბოროტი ძალის დამარცხება უმნიშვნელოვანესი ასპექტია. მითებში ეს კანონზიმიერება არ გვხვდება. კეთილი, მამაცი გმირები იქ ხშირად იღუპებიან ან უბედურებას გადაეყრებიან ხოლმე, მარცხდებიან ან დასახულ მიზანს ვერ აღწევენ. ასეთი რამ ზღაპარში იშვიათია, რადგან ზღაპრის დანიშნულება მორალური ორიენტირების დასახვაც არის. ზღაპრებში მოქმედი გმირების გზაზე არსებული უამრავი დაბრკოლებაა ასახული, მაგრამ იმავდროულად ნაჩვენებია მათი გადალახვის გზებიც. ამ მხრივ ზღაპარს სოციალური/შემეცნებითი/აღმზრდელობითი დანიშნულებაც ჰქონდა. ბედნიერი დასასრული ამ შემთხვევაში საკვანძო მოცემულობაა).

 

მოცემულ კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ მასწავლებელი ან თავად ავსებს ვენის დიაგრამის გრაფებს, ან მოსწავლეებს სთხოვს მათ რიგრიგობით შევსებას. საბოლოოდ მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები შეივსება განმასხვავებელი ნიშან-თვისებების ჩამონათვალით, საერთო გრაფაში კი მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაწერონ ის საერთო, რაც მითსა და ზღაპარს შორის დაინახეს, და კლასს წარუდგინონ. კარგი იქნება წყვილებად ან ჯგუფებად მუშაობაც.

 

მოსწავლეები ხშირად ინტერესდებიან იმით, რა განსხვავებაა დღესდღეობით ძალიან პოპულარულ ფენტეზის ჟანრსა და ფანტასტიკას შორის. ამ საკითხის დამუშავება ვენის დიაგრამის გამოყენებით თვალნათივ წარმოაჩენს განსხვავებებს ორ, ბგერობრივად მსგავს, შინაარსობრივად კი სრულიად განსხვავებულ ჟანრს შორის.

 

ჩვენ მიერ ვენის დიაგრამაზე დატანილი ცნობები ასევე საორიენტაციო ხასიათისაა. მოსწავლეებს ფანტასტიკური და ფენტეზის ჟანრის ტექსტების შედარების საფუძველზე შეუძლიათ თავად გამოიტანონ დასკვნა, რომ ფანტასტიკურ ტექსტებში აღწერილი არარეალური ამბები მეტი „დამაჯერებლობით“ გამოირჩევა და ავტორები ცდილობენ, თხრობა ლოგიკური ან ფსევდოლოგიკური, მეცნიერული ან ფსევდომეცნიერული სტილით წარმართონ, ფენტეზის ჟანრის ტექსტებში კი მოვლენების ლოგიკური ახსნა არ გვხვდება, რადგან მკითხველმა იცის, რომ ჯადოსნურ, მაგიურ, ირეალურ სამყაროში იწყებს მოგზაურობას. მიმართება დაახლოებით იგივეა, რაც ზღაპრის შემთხვევაში, როდესაც მსმენელები წინასწარ იყვნენ განწყობილნი გამოგონილი ამბების მოსასმენად. ნიშანდობლივია ისიც, რომ ფენტეზის ჟანრის ტექსტებში ზღაპრული, მაგიური, ჯადოსნური მოტივები და ატრიბუტები ხშირია. ასევე ვხვდებით ალუზიებს მითოლოგიიდან, ზღაპრებიდან. ფანტასტიკურ ტექსტებში კი ალტერნატიულ სამყაროს ვეცნობით. ავტორი ყოველთვის ცდილობს, დააჯეროს მკითხველი და უხსნის მას ფანტასტიკური დაშვების წინაპირობას (რატომ არის ისე, როგორც არის, რა მოხდა, რამ გამოიწვია ის არსებითი ცვლილებები, რომლებიც აღწერილია ტექსტში).

ვენის დიაგრამის შევსების შემდეგ, მასალის განსამტკიცებლად, სასურველია, მოსწავლეებმა შეასრულონ წერითი დავალება, სადაც ისინი განავრცობენ მიღებულ ცნობებს, მიმოიხილავენ მოცემულ საკითხებს, მოიყვანენ კონკრეტულ მაგალითებს.

ფილმები, რომლებიც მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობაზე გვიყვება

0

ფილმები მასწავლებლების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და საინტერესოა. სცენარი ძირითადად კლასიკურია – მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნოს და დაარწმუნოს, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ.

ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ამ თემაზე გადაღებული ფილმი, თანხმდება, რომ გავლენა ფილმის დასრულების შემდეგ მართლაც დიდია.

კინოსურათებში ვხვდებით კონფლიქტებს, აურზაურს, გაურკვევლობას და უიმედობას, ანუ ყველაფერ იმას, რაც ჩვეულებრივი რამაა მასწავლებლისა და მოსწავლის ყოველდღიური ურთიერთობისთვის.

მასწავლებლების დიდი როლი ჩვენს ცხოვრებაში კინემატოგრაფმა არაერთხელ დააფასა და მოდი, გავიხსენოთ ფილმები, რომლებიც ამ როლს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

კარგი იქნება, თუ ამ ფილმებს სკოლაში, მოსწავლეებთან ერთად უყურებთ. ამ შემთხვევაში ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ თქვენ მათი მეგობრები ხართ, მათზე ზრუნავთ და ერთმანეთს ძალიან სჭირდებით.

 

მკვდარი პოეტების საზოგადოება (Dead Poets Society)

ის თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყველა დროის საუკეთესო ფილმად, რაც კი ამ თემაზე გადაღებულა. მასწავლებელი, რომლის როლსაც არაჩვეულებრივად ასრულებს რობინ უილიამსი, უშურველად უზიარებს მოზარდებს თავის ოცნებებს, დამოკიდებულებებსა და იდეებს, გვიჩვენებს, რამხელა ადგილი შეიძლება დაიკავოს რიგითმა მასწავლებელმა მოსწავლის ცხოვრებაში.

 

მონა ლიზას ღიმილი (Mona Lisa Smile)

არაჩვეულებრივი ისტორია ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომელშიც რეჟისორი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მასწავლებლის ფუნქციას. იმას, რამხელა გავლენა აქვთ პედაგოგებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, აზროვნებასა და ცხოვრებაზე.

 

თავისუფლების მწერლები (Freedom Writers)

ჩემი ნება რომ იყოს, ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელსაც მოსწავლეებს ვაჩვენებდი, სწორედ „თავისუფლების მწერლები“ იქნებოდა. სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება. ახალგაზრდა მასწავლებელი, რომლის როლსაც ორი „ოსკარის“ მფლობელი ჰილარი სუონკი ასრულებს, მოსწავლეებს შთააგონებს, იყვნენ ტოლერანტები, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგაც განაგრძონ სწავლა.

 

ძვირფასი (Precious)

ფილმის სიუჟეტი 1987 წელს ჰარლემში ვითარდება. 16 წლის კლერის ჯონსი, მეტსახელად ძვირფასი, აფროამერიკელი გოგოა, რომელიც უკვე მეორედ არის ფეხმდძიმედ საკუთარი მამისგან, დედა კი სასტიკად ექცევა. „Preciousსაკმაოდ რთული, ემოციური და სევდიანი ფილმია, რომელიც შეგვახსენებს მოსწავლეების ცხოვრებაში მასწავლებლების როლს და კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ აუცილებელია, მასწავლებელი მოსწავლის მეგობარი იყოს.

 

კლასი (The Class)

სხვა ფილმებისგან განსხვავებით, აქ მთელი სიუჟეტი ერთ სივრცეში – სკოლაში ვითარდება. ფილმი დოკუმენტური სიცხადით გვიჩვენებს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობას. იმას, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ პრობლემებს, მოვაგვაროთ კონფლიქტები და დავამყაროთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან.

საშინაო დავალების ეფექტური მეთოდები

0

სანთლის  შუქი, გაყინული თითები, მწვანე რვეულები და ლურჯი, ბურთულიანი კალმით – „ტ“-ების, „რ“-ების, „ღ“-ების გამოწერაში გათენებული ღამეები, გამრავლების ტაბულის „გაზუთხვით“ ჩაშხამებული ზაფხულის არდადაგები, უზარმაზარი ლექსების დაზეპირებით  გამწარებული საღამოები, ნერვებმოშლილი მშობლები და ცრემლიანი მოსწავლეები. 90-იანი წლების ეს კოშმარი დღესაც გრძელდება, თუმცა შეიცვალა ერთი: „ლამპა“ ელექტროენერგიამ ჩაანაცვლა, მწვანეყდიანი რვეულები – ფერადყდიანებმა, კალმების არჩევანიც უფრო მეტია, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა: რუტინა ისევ რუტინაა. არაფრისმომცემი ლექსების ზუთხვაში თუ ასო-ბგერების ლამაზად გამოწერებში ისევ იღლებიან შვილები და მშობლები; პატარა, მოუქნელი თითები ისევ თხუპნიან თეთრ ფურცლებს – რასაც უამრავი საყვედური და შენიშვნა მოჰყვება. და ბოლოს ფიქრი: „ნუთუ ეს არის სკოლა, ის ადგილი, სადაც მისვლაზე ასე ვოცნებობდი?“ და აი პირველი იმედგაცრუება, ბრაზი, შიშიც სახეზეა. რომელსაც, არც მეტი და არც ნაკლები,  ის დაწესებულება და ის ადამიანი იწვევს, სულ პირიქით რომ უნდა იყოს და რომ უნდა იდგნენ პატარას შინაგანი სიმშვიდის სადარაჯოზე. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მეასეხარისხოვანია, მთავარი ისაა რომ „ბ“ ლამაზად მოიხაზოს, „ე“ „დ“-ს გადაებას, და ცხრაჯერ ხუთი რამდენია ღამითაც კი რომ გააღვიძებენ უცებ სხაპასხუპით უპასუხონ. დიახ, მთავარი ესაა  ძალიან ბევრი მშობლისთვის. და მასწავლებლების უმრავლესობაც  მათ სურვილს პატივს სცემს.

უამრავი დავალება სახლში – მშობლისთვის  იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ყველაფერი რიგზეა, მისი შვილი სრულყოფილად ეუფლება ცოდნას, მასწავლებელიც ყოჩაღია, ბევრ დავალებას აძლევს პატარას. შედეგად კი გადაღლილ და ვალდებულებებით დამძიმებულ მოსწავლეებს ვიღებთ, ჯერ კიდევ დაწყებით საფეხურზე.  სკოლის, სწავლის მიმართ პოზიტივი კი ნელ-ნელა ქრება, მოტივაცია ნულამდე ეცემა – რაც შემდგომში მათ მოსწრებაზე და განვითარებაზე არც ისე კარგად აისახება.

მოსწავლის წარმატებებისთვის, მისი პიროვნული განვითარებისთვის და ზოგადად კარგი აკადემიური მოსწრებისთვის უმნიშვნელოვანესია მისი მოტივაცია. რა განწყობით მიდის სკოლაში, როგორ ამზადებს დავალებებს; შინაგანად სურს გარკვეული საგნის მომზადება, აინტერესებს, თუ მხოლოდ და მხოლოდ ქულისთვის ან ვალდებულებისთვის. ვფიქრობ, რომ მასწავლებელი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, რომ მის საგანში დავალების მომზადება მოსწავლეს უხაროდეს, მოსწონდეს და სიამოვნებას ანიჭებდეს. ამიტომ დავალებების შერჩევა დიდ  ყურადღებას და ფანტაზიას მოითხოვს. განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, როდესაც ყალიბდება დამოკიდებულებები სკოლის და დისციპლინების მიმართ.

დავალებები უმნიშვნელოვანესი იარაღია მასწავლებლის ხელში.  მთელი რიგი  პრობლემების მოგვარება და გადაჭრა შეიძლება კარგად შერჩეული და მომზადებული დავალებებით. დავალებაში არ იგულისხმება მხოლოდ წერა-კითხვა, განსაკუთრებით დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში.  კარგია, როდესაც  საშინაო დავალება განსხვავებულია იმისგან, რასაც კლასში აკეთებს მოსწავლე – საინტერესო, სახალისოა, მრავალფეროვანი, სიურპრიზებით და მოლოდინებით აღსავსეა. ასე უყვარდებათ ბავშვებს ის, რასაც სწავლობენ და აკეთებენ.  ეს აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჯანსაღი ნერვული სისტემა შერჩეთ; რომ სტრესი, გადაღლა, უკმაყოფილება და რუტინა სიხარულმა და ამაღლებულმა მოტივაციამ ჩაანაცვლოს.

მასწავლებელს შეუძლია რამდენიმე დისციპლინა და სოციალური საკითხებიც კი ერთ დავალებაში გააერთიანოს. მაგალითად –  თუ კლასში არის ბავშვი, რომელიც თანაკლასელებისგან განსხავევბული, ჩაკეტილია, ანუ კლასში ურთიერთობების პრობლემაა; ამავე დროს გვინდა, რომ პატარებმა სახლში წერაშიც გაივარჯიშონ, გააზრებაზეც იმუშაონ, ინფორმაციაც მიიღონ და  თან დავალება სახალისოდ შეასრულონ, ეცადეთ:

  • ბავშვებს წაუკითხეთ იაპონური ანიმაციის, ანიმეს შესახებ.  აუხსნათ ანიმეს თავისებურებები და მახასიათებლები – რით განსხვავება ჩვეულებრივი ანიმაციისგან, რომ აქ ემოციების და გრძნობების გამოხატვაა მთავარი და მნიშვნელოვანი.
  • მოკლედ დაგეგმეთ გაკვეთილი ამ თემაზე, შემდეგ კი სახლში საყურებლად მიეცით ფილმი: „როდესაც მარნი იყო ჩემთან“ – (რეჟისორი: HIROMASA YONEBAYASHI, გამოშვების წელი: 2014) და თან გაატანეთ წინასწარ გამზადებული „ემოციების და შთაბეჭდილების წიგნი“, რომლის ერთ-ერთ ვარიანტსაც აქ გთავაზობთ. ასეთი სამუშაო ფურცლები უამრავი შეგიძლიათ შექმნათ ბავშვის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით. (გირჩევდით რომ ააწყოთ პროგრამაში: Microsoft Office PowerPoint Presentation და შემდეგ PDF-ად აქციოთ). ჯერ ერთი, ანიმაციის ყურება ყველა ბავშვისთვის ძალიან სასურველი და სასიხარულოა, მეორეც, ფილმის ყურების შემდგომი სამუშაო ფურცლების შევსებითაც ისინი ძალიან ისიამოვნებენ. აი, ამ სახალისო დავალებით, რამდენიმე უნარ-ჩვევაზე ვმუშაობთ: გააზრება, ვიზუალურად გამოსახვა (ხატვა), პერსონაჟების გამოყოფა/დახასიათება, შედარება, წერილის წერის სტილი და სხვ. აქვე შეგიძლიათ გრამატიკული საკითხებიც ჩართოთ და მათემატიკაც კი მიაბათ. ამდაგვარადვე შეიძლება სხვა ფილმების და ანიმაციების დამუშავება, საკლასო პრობლემებზე მსჯელობა და მათი გაანალიზება, ჩაგვრის გათვითცნობიერება, განსხავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლისა და სხვა ეროვნების, რელიგიის ბავშვების პატივისცემა და სხვ.  ნებისმიერ თემაზე მოიძებნება, ფილმი, ანიმაცია, მოკლე ვიდეო (რომლებითაც სავსეა https://www.youtube.com/ – short animacion), დოკუმენტური ფილმი და სხვ.
  • ასევე  შეიძლება დამუშავდეს სხვადასხვა თემა: ეკოლოგია, დედამიწის  პრობლემები, ცხოველთა სამყარო, კოსმოსი და სხვ.  მსგავსი დავალებები გაზრდის მოსწავლის მოტივაციას; სწავლის მიმართ პოზიტიურ განწყობილებას ჩამოუყალიბებს მას; კიდევ უფრო გააფართოვებს მის თვალსაწიერს. თქვენ კი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ მოახდინოთ რამდენიმე დისციპლინის ინტეგრირება, თქვენთვის სასურველ და საჭირო თემებზე აქცენტის გაკეთება, კლასში არსებული პრობლემების განხილვა – ისე, რომ პროცესი იყოს შემოქმედებითი, სასურველი, სასიამოვნო, სახალისო  და არა დამთრგუნველი, დამღლელი და უამრავი შიშის, ფობიის, კომპლექსის გამომწვევი.

 

მნიშვნელოვანია არ შევაშინოთ  ის  პატარა არსებები, რომლებიც ჩვენ მოგვენდნენ, ჩვენი სჯერათ და ფიქრობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე საყვარელი მასწავლებელი, მხოლოდ მისი მასწავლებელია.

(ფილმის ყურების შემდეგ…)

ფილმის დასაწყისში რა იყო ანას პრობლემა? რა აწუხებდა მას?

——————————————————————————————————————————

——————————————————————————————————————————–

——————————————————————————————————————————–


რა ჟანრისაა, შენი აზრით, ფილმი? რატომ ფიქრობ ასე?

——————————————————————————————————————————————————————

——————————————————————————————————————————————————————

—————————————————————————————————————————————————————-

ანას რომ იცნობდე (შენი კლასელი რომ იყოს), როგორ დაეხმარებოდი? რა ემოცია გამოიწვია შენში ფილმმა? როგორ გრძნობდი თავს ფილმის ყურების დასრულებისას?

—————————————————————————————————————————————————————-

—————————————————————————————————————————————————————

დახატე                                                                                                                                                                              დაწერე 

——————————————————————————

—————————————————————————–

—————————————————————————–

—————————————————————————–

—————————————————————————-

—————————————————————————-

 

რამ გამოიწვია შენში გაოცება? ელოდი ასეთ დასასრულს? თუ ელოდი, რომელმა მომენტმა მიგახვედრა?

—————————————————————————————————————————————————————

—————————————————————————————————————————————————————

 

მისწერე წერილი ანას ან მარნის

————————————————————————————————————————————————————————–

————————————————————————————————————————————————————————

დახატე ნახატი, რომელსაც ანას ან მარნის გაუგზავნიდი                                         შეცვლიდი თუ არა დასასრულს? როგორ დაასრულებდი? 

———————————————————————————

———————————————————————————

———————————————————————————

———————————————————————————

———————————————————————————

——————————————————————————-

 

შენ რომ ანიმეს ქმნიდე, როგორი სიუჟეტი (შინაარსი) ექნებოდა მას? ვინ იქნებოდნენ პერსონაჟები? რა პრობლემები ექნებოდათ მათ?

 

 პერსონაჟი                                                                                                                                                                            ტექსტი 

                                                                                                                                                ———————————————————————————

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...